შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი. დაბრუნება. [თავი 1]


18-09-2022, 17:21
ავტორი ჰაიკო
ნანახია 1 150

- დასაწყისამდე -

...სალემში, თომას ჯეფერსონის სახელობის კოლეჯის მესამე მეოთხე სართულზე, მსოფლიოს ისტორიის საკლასო ოთახში ალიაქოთი სუფევდა, ახალი სასწავლო წლის დასაწყისით აღფრთოვანებულ სტუდენტებს ყველა დადებითი გრძნობა გაეშიშვლებინათ და ახლა ერთმანეთს სიცილ-კისკისით უყვებოდნენ საზაფხულო არდადეგებზე თავსგადახდენილ ისტორიებს, ამიტომ ყურადღება არ მიუქცევიათ ტანმაღალი, ქერა მამაკაცისთვის, რომელიც დაფასთან, კლასისკენ ზურგშექცევით იდგა და რაღაცას წერდა. იგი იყო საშუალოზე კარგად მაღალი, ახოვანი, ქერა თმა ყურის ბიბილოებს ოდნავ ჩამოცდენოდა, შავი, იდაყვებამდე აკეცილი ხალათი ხაზს უსვამდა მისი ჩამოსხმული სხეულის და ფოლადისმაგვარი მკლავების მოყვანილობას, მარცხენა ხელის არათითზე რკინის მსხვილი ბეჭედი იწონებდა თავს, უაღრესად ქირურგიული სიზუსტით შესრულებული გვირგვინის გამოსახულებით, ჩანდა, იუველირს ზედმეტად გულმოდგინედ ემუშავა.
მამაკაცმა წერა დაასრულა, ერთბაშად შემობრუნდა და აყაყანებულ კლასს ცივი, გამჭოლი მზერა მოავლო, უკიდურესად ნაცრისფერი, თითქმის უფერული თვალებიდან ერთდროულად იღვრებოდა ამოუცნობი მიმზიდველობა, თავდაჯერება, მომნუსხველობა, ძალა და სისასტიკე, თითქოს მთელი სხეულით მრისხანებას ასხივებდა. მისი ასეთი ვიზუალით მონუსხული და თითქმის შეშინებული კლასი გაჩუმდა, ოთახში ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა.
მან ფრთხილად, უხმაუროდ დადო ცარცი მაგიდაზე, მკერდზე მკლავები გადაიჯვარედინა და წინა მერხზე მოკალათებულ წაბლისფერთმიან გოგონას და ფოლადისფერთვალებიან ბიჭს უცნაური, ამოუცნობი მზერა შეავლო, ერთხანს თვალებმოჭუტული აკვირდებოდა.. შემდეგ მზერა შეკრებილ აუდიტორიაზე გადაიტანა და თხელი ტუჩები ძლივსშესამჩნევმა ღიმილმა გაუპო, თუ ტუჩების ოდნავ მორკალვას ღიმილი შეიძლება ეწოდოს.
- მოგესალმებით, - მისი ფოლადივით მჭრელი ხმა ცივად, მრისხანედ და ოფიციალურად ჟღერდა, - გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მე თქვენი ახალი ლექტორი ვიქნები, ძველი საბერძნეთის და რომის ისტორიას შეგასწავლით, სახელად კი... - ის წამიერად შეყოვნდა, - შეგიძლიათ დოქტორი ლუციუსი დამიძახოთ.

- 1 -

...თავდაპირველად იყო სიტყვა, და სიტყვა იგი იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა...
მამაკაცმა მცირე ზომის წიგნი, რომლის ყდაზე ვერცხლისფერი ჯვარი იყო გამოსახული, დახურა და სივრცეს გაუშტერა თვალი. ის ჩრდილო-ამერიკელ ინდიელთა ტრადიციის შესაბამისად პირდაპირ მიწაზე იჯდა, მათი წესისამებრ მოერთხა ფეხი, იდაყვებით მუხლებს ეყრდნობოდა, მძლავრ მხრებს გრიზლის კარგად გამოყვანილი ტყავის მოსასხამი უმშვენებდა, შავგვრემან სახეზე ნახშირივით შავი თვალები უელვარებდა, სწორი ცხვირი, მკაცრი ნაკვთები და კუთხოვანი ნიკაპი მისი ხასიათის სიმტკიცეზე მეტყველებდა. გრძელი, შავი თმა თავის ზედა მხარეს წვრილ ზოლებად დაეწნა, ბოლოში შეეკრა და მისი ბოლო მხარზე გადმოეგდო, საფეთქლები ორივე მხარეს წმინდად აეპარსა და ზედ უცნაური სიმბოლოები ტატუებად დაყროდა.
სახეს თხელი, შავი წვერი უმშვენებდა.
ასე, უმოძრაოდ იჯდა და გაყინული მზერით მიჩერებოდა შორეთს, სადაც შებინდების ნისლი თავის ნაცრისფერ საბურველში ახვევდა ხშირ ფიჭვნარს..
მამაკაცის მუხლებთან თავის ჯიშთან შეუსაბამოდ დიდი ტანის და მძლავრი აღნაგობის ცხოველი იწვა, შავად მოელვარე ბეწვი აბურძგნოდა, დრო და დრო სიამოვნებისგან ყრუდ იღრინებოდა და პატრონს მადლიერების გამომხატველი მზერით ახედავდა, რომელიც მის ხშირ ბალანში გაუცნობიერებლად დააცურებდა თითებს..

*****

ფლორიდის შტატი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და შეერთებული შტატების ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენს მსგავსად სხვა შტატებისა, თუმცა მათგან განსხვავებით მართლაც გამორჩეულია ბუნებით, ისტორიით და ახლო წარსულში მიმდინარე მოვლენებით. ესაა ადგილი, რომლის მოსახლეობას მკვიდრი წითელკანიანი ინდიელები წარმოადგენდნენ, კეთილი და მამაცი ხალხი, რომელთაც მუდმივი ბრძოლა უწევდათ გადარჩენისთვის ბუნებასთან და ასევე ოკეანის გაღმიდან მოსულ თეთრკანიან, წვეროსან ურჩხულებთან. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ადგილობრივ ინდიელთა და თეთრკანიანთა შორის დაპირისპირება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ერთმანეთს ცვლიდნენ ესპანელები, ფრანგები და ინგლისელები, საბოლოოდ კი ამ მშვიდობიანი, თავისუფლებისმოყვარე ერის აღგვა-განადგურების მისია შეერთებულმა შტატებმა და მისმა ავადსახსენებელმა პრეზიდენტმა - ენდრიუ ჯეკსონმა დაიწყო და დასრულდა 1842 წელს. ინდიელების უმრავლესობა ომს შეეწირა, დანარჩენები კი სხვადასხვა შტატებში გაასახლეს. ეს ფაქტი სამარცხვინო ფურცლად ჩაიწერება ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში..

*****

მასაჩუსეტსის შტატში, სალემიდან ორიოდე მილში, ტყესთან მოსაზღვრედ საკმაოდ კოხტა სახლი იდგა, ხის მორებით შეკრული კედლები და ასევე ხის, კარგად გამოყვანილი სახურავი სიმყუდროვის ელფერს სძენდა, წინა მხარეს ვერანდა მიეშენებინათ, სადაც მიწის ზედაპირიდან სულ სამიოდე კიბით შეიძლებოდა მოხვედრა.
ამ ღამესაც, ისევე როგორც წელიწადის უმრავლეს ღამეს, უსიამოვნო, ცივი ქარი ქროდა, ცაში სწრაფად მოძრავი ტყვიისფერი ღრუბლები ერთმანეთს ცვლიდნენ, რომელთა შორის დრო და დრო ავისმომასწავებლად გაიელვებდა ხოლმე უზარმაზარი, სავსე მთვარე.. ამინდის სიუჟმურით შეშინებულ-შეციებული ტყის ბინადრები გაყურსულიყვნენ, საკუთარ მყუდრო ბუნაგებში განმარტოებულიყვნენ და ამინდის სიშლეგისთვის მიენდოთ გარშემო ყველაფერი, ცადატყორცნილი ხის კენწეროები ერთმანეთს ეხეთქებოდა და ტყის პირას მდგარ სახლამდე უცნაური, იდუმალი და შიშის მომგვრელი, არარეალური ხმები აღწევდა, მაგრამ სახლში მაცხოვრებლები ამას ყურადღებას არ აქცევდნენ, რადგან მათთვს ეს ჩვეულებრივი ღამე იყო, წელიწადის სხვა მსგავს ღამეთაგან არაფრით გამორჩეული.
მთვარის მისტიკური შუქით განათებულ ოთახში, საწოლზე მამაკაცი ბორგავდა, შავგვრემანი სახე და მკერდი ოფლის მსხვილი წვეთებით დაფარვოდა, ქუთუთოების ქვეშ სწრაფად, ქაოსურად მოძრავი თვალები მისი სულის ფორიაქზე და წამებაზე მეტყველებდა. მოულოდნელად ის სწრაფად წამოიჭრა, საწოლზე წამოჯდა და ელდანაკრავი თვალებით მიმოიხედა, ღრმად და სწრაფად სუნთქავდა.
- ისევ კოშმარები? - სუსტი ხმა მოისმა გვერდიდან.
- ისევ.. - ჩაიბუზღუნა მამაკაცმა, - დაიძინე, - დაიხარა, ცოლს წაბლისფერ თმაზე მსუბუქად ეამბორა და პირსაბანს მიაშურა.
სახეზე რამდენიმე პეშვი ცივი წყალი შეისხა, რომელიც სახეზე გამოჟონილ ოფლს შეერია, პატარა ნაკადულებად დაიძრა და ნიკაპთან შეერთდა.
მამაკაცი ორივე ხელით პირსაბნის ნიჟარას დაეყრდნო და საკუთარ გამოსახულებას დააკვირდა სარკეში, თუმცა..
ის დენდარტყმულივით შეხტა, მკერდიდან მოგუდული ყვირილის ხმა აღმოხდა, გველცემულივით მოშორდა სარკეს და კედელს ზურგით შეენარცხა, თუმცა სარკიდან მომზირალ სილუეტს თვალს ვერ წყვეტდა.
სილუეტმა სისხლისფერი თვალები შეანათა, კბილები მრისხანედ დაკრიჭა და საზარლად გადაიხარხარა..
- დამშვიდდი, დამშვიდდი, ეს მხოლოდ სიზმარია, მხოლოდ სიზმარი.. - მონოტონურად იმეორებდა წაბლისფერთმიანი ქალი, საწოლის საზურგეს მიყრდნობოდა, მამაკაცის თავი მკლავებში ესვენა და ნაზად ეფერებოდა შუბლზე, თან ნაღვლიანი მზერით გაჰყურებდა ჩანაცრისფრებული ტყის მასივიდან ამომავალ წითელ ბურთს.
მამაკაცმა უხეშად მოიშორა ქალის ხელები, საბანი მოისროლა, წამოდგა და ფანჯარას მიაშურა, საიდანაც ამწვანებული ველის და ტყის უზარმაზარი მასივის შესანიშნავი ხედი იშლებოდა.
ქალი წამოჯდა და ქმრის ზურგს ტკივილით გაჟღენთილი მზერა მიაპყრო, ყელში ბურთი მოაწვა, თვალები აეწვა, გრძნობდა, ყოველი ასეთი ღამე როგორ აშორებდა საყვარელ ადამიანს. თუმცა თავს სძლია, ბურთი გადაყლაპა და ღრმად ამოისუნთქა.
- უკვე მეათე წელია გრძელდება ეს.. ყოველი ღამე, - მშვიდი და თბილი ხმით თქვა მან.
ერთხანს სიჩუმემ იმეფა.
- ჩემგან რას ითხოვ? - უკანმოუხედავად იკითხა მამაკაცმა.
- შენ შემპირდი, რომ სპეციალისტს გაესაუბრებოდი.. ხვალ ჩემი ბიძაშვილი ჩამოდის ტორონტოდან, იქნებ.. - ფრთხილად თქვა ქალმა.
მამაკაცი მკვეთრად შემობრუნდა და ბრაზით სავსე თვალებით გაბურღა ქალი.
- მე გიჟი არ ვარ, - კბილების კრაჭუნით წარმოთქვა, საწოლთან მდგარი პატარა მაგიდიდან სიგარეტის კოლოფი აიღო, ერთი ღერი ამოაძვრინა, მოუკიდა და ხარბად დაარტყა ნაფაზი, შემდეგ კედელს მიეყედნო, ასე უყურებდა ცოლს, საჩხუბრად გამზადებული, გამომწვევი მზერით.
- შენ შენს თავს აღარ გავხარ, - ამოიოხრა ქალმა და წაბლისფერი კულული თითზე დაიხვია, ფრთხილად არჩევდა სიტყვებს, - ჩვენ შენ გყავართ.. მე და ჩვენი ბიჭი, ჩვენ გვიყვარხარ და არ გვინდა ასეთ მდგომარეობაში გხედავდე ყოველ ღამეს.. ეს ძალიან მტკივნეულია და.. მე მეშინია.. - თავჩაღუნულს ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე.
კაცი უხმოდ უსმენდა, თითქოს მოლბა, მრისხანე და გამომწვევი მზერა დაბნეულობით შეეცვალა.
- გეშინია.. ჩემი გეშინია?
- არა.. შენი არა. ამ ყველაფრის, ამ სიტუაციის.. ყველაფერი უფრო და უფრო უარესდება, - მან თავი ასწია და ქმარს უტეხი მზერა მიაბჯინა, ამჯერად მისი თვალებიდან ძუ ვეფხვი იმზირებოდა, - მე არ დავუშვებ, რომ ჩვენმა შვილმა ამის გამო ფსიქოლოგიური სტრესი მიიღოს.. და არც შენ მოგცემ ამის საშუალებას!
მამაკაცმა ამოიოხრა, თუმცა არაფერი უთქვამს.
- ბიძაშენი მთელი შტატის მასშტაბით ცნობილი და დაფასებული პიროვნებაა, - განაგრძო ქალმა, - თუ შენ ამ ყველაფერზე, შენს მდგომარეობაზე, ჩვენზე, და საერთოდ.. კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ მიიღებ, მომიწევს მას გავესაუბრო.
მამაკაცს არც ამჯერად უთქვამს რამე, ზანტად მიუახლოვდა წინა ვნებიანი ღამის დასტურად იატაკზე მიმოფანტულ ტანსაცმელს და ჩაცმა დაიწყო.
კართან მისული ჩაფიქრდა, ცოლს გაუბედავად გამოხედა, შემდეგ სამი ფართო ნაბიჯით გაჩნდა მასთან, გულში ჩაიკრა და სახე დაუკოცნა.
- გპირდები, რომ ამაზე ვიფიქრებ... რამეს ვიზავ.. ახლა სამსახურში მაგვიანდება, იქ ბიძაჩემის სახელი ვერ ჭრის, - გაიღიმა მან.
ცოლმაც გაუღიმა, კუთხოვან, მტკიცე ნიკაპში თითებით ჩაეჭიდა, თავისკენ მიიზიდა და ნაზად აკოცა.
- მიყვარხარ და რაც არ უნდა მოხდეს, შენთან ვიქნები.
- მეც მიყვარხარ, - ქმარმა გაუღიმა, შუბლზე აკოცა და კარს მიაშურა, - სტეიკი მექსიკურად შემწვარი კარტოფილით, - კიდევ ერთხელ გაიღიმა და კარს მიღმა გაუჩინარდა.
- აუცილებლად, - მიაყოლა ქალმა, შემდეგ შეიცადა, სანამ მანქანის ძრავის ხმა მიწყდებოდა, ტელეფონი მოიმარჯვა და ნომრების ჩამონათვალში სასურველი ნომერი შეარჩია, ერთხანს ყოყმანობდა, შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო და CALL სენსორს დააწვა. მაშინვე უპასუხეს.
- რებეკა... მე ვარ. შენთან მინდა საუბარი.. დიახ, სასწრაფოა.. სად შევხვდეთ? აჰ.. კარგი, ერთი წუთით, - ის წამოხტა, ჟურნალების დაბალ მაგიდაზე კალამი და ფურცელი მოიძია, - კარგი.. კარგი.. დიახ, დიახ.. აუცილებლად.. ნახვამდის.

*****

ტეხასის შტატი. სან-ანტონიო.
პიტერს დილაადრიან მოესწრო ბარის გაღება, დღეს ხომ უიკენდი იყო, თან გარეთ ძალიან ციოდა და ეს ორი მიზეზი სრულიად საკმარისი იყო ქალაქის ჭრელი საზოგადოებისთვის, რომ ბარში ძველ ნაცნობებს შეხვედროდნენ, დაუსრულებლად ეკითხათ ერთმანეთის სანათესაო, გაეხსენებინათ შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსში თავსგადახდენილი ამბები, ესვათ უზომო რაოდენობის ვისკი, ღვინო, მექსიკური არაყი, რომელიც კონტრაბანდული გზით შემოდიოდა შტატში, ტეხასი ხომ მექსიკის მოსაზღვრე იყო. შემდეგ, როდესაც ალკოჰოლი ძარღვებში სისხლის რაოდენობას გადააჭარბებდა, მოეგონებინათ ბრძოლაში დაღუპული თანამებრძოლები, ზოგს გულწრფელი ცრემლი ჩამოეგდო, ზოგსაც - ნიანგის.. გარდა ამისა, აქ იკრიბებოდნენ ვაჭრები, მუშები, ხელოსნები, ბანდიტები, მაფიოზები, ქუჩის კახპები, ნარკომნები.. მოკლედ, ყველანაირი რჯულის, პროფესიის, ჯიშის და ჯილაგის ხალხი, რომელთაც უბრალოდ გადაეწყვიტათ რომ დასვენების დღეები პიტერთან, მის ბარში გაეტარებინათ. რა გასაკვირია, რომ ეს ბარი ქალაქში არსებულ ყველა ბართან შედარებით ყველაზე პოპულარული იყო და ისე, სიმართლეს გაუმარჯოს, მართლაც ხარისხიანი ვისკი იყიდებოდა აქ და უგემრიელესი სტეიკი მზადდებოდა.
ერთიანად შავ ტანსაცმელსა და ასევე შავ ლაბადაში გამოწყობილმა მამაკაცმა უხმაუროდ გადაკვეთა ბარის პიტერის ბარის შიდა სივრცე, მაღალ გრძელ მაგიდას მიაშურა და სკამზე ჩამოჯდა, შემდეგ შემობრუნდა, მხიარულად მოქეიფე საზოგადოებას თვალი მოავლო და სახეზე ცინიკური ღიმილი გადაეფინა.
- რაღაცეები არასდროს იცვლება, - გონებაში აღნიშნა მან კმაყოფილებით.
- სერ... - მაგიდის მეორე მხრიდან მოირბინა აჭარხლებულმა ოფიციანტმა, რომელიც კოხტად გამოწყობილიყო, ერთ ხელში ვისკის დაბალი, სქელი შუშის ჭიქა ეჭირა, მეორეში - ტილო, რომლითაც ჭიქებს აპრიალებდა ხოლმე ტრადიციულად, - სერ.. ნუთუ ეს თქვენ ხართ? არ მჯერა.. აი, გიყურებთ ამ ჩემი ელამი თვალებით და მაინც ვერ ვიჯერებ, სასწაულად გამოიყურებით.. მართლაც სასწაულად..
- ლაყბობას მორჩი, - უხეშად შეაწყვეტინა მეორე მამაკაცმა, რომელიც ოფიციანტისგან განსხვავებით დინჯი, მოზომილი და აუჩქარებელი ნაბიჯით მიუახლოვდა სტუმარს, რომელმაც საწყალი ოფიციანტის ესოდენი აღფრთოვანება გამოიწვია.
სტუმარმა, რომელიც ამ სცენას უხმოდ და მოწყალე ღიმილით ადევნებდა თვალს, მსუბუქად ჩაახველა და მამაკაცს, რომელმაც ოფიციანტი დატუქსა, ვისკით ნახევრადსავსე ჭიქა ჩამოართვა.
- პიტერ, პიტერ.. - ცივი ღიმილით წარმოთქვა, - კარგად გაგიფართოებია ბიზნესი ამ ტვინგამორეცხილი ცხვრის ფარის დახმარებით, - მოქეიფე ხალხზე მიუთითა, - თუმცა, მიხარია ისევ აქ რომ გხედავ, კმაყოფილს.. და ჯანმრთელს, - ბოლო სიტყვა ხაზგასმით წარმოთქვა და პიტერს, ბარის მეპატრონეს თვალი თვალში გაუყარა.
უცნაური სტუმარი ძალიან სასიამოვნო შესახედაობის გახლდათ, ეს მაშინვე თვალში მოგხვდებოდათ ბარში ღრეობას გადაყოლილი ინდივიდების ფონზე. მაღალი, შავგვრემანი, წყვდიადივით შავი თვალებით, სწორი ცხვირი, ოდნავ თხელი, პროპორციული ტუჩებით, თმა ყურს სულ ოდნავ ჩამოცდენოდა და შავად ბზინავდა, ლოყებს და ნიკაპს თხელი, შავი წვერი უმშვენებდა, მძლავრი კისერი, განიერი მხრები და თითქოს ფოლადისგან ნაჭედი მკერდი სუსტი სქესის წარმომადგენლებს და არამარტო, ვნებიან ფიქრებს აღუძრავდა აუცილებლად. დაბალი, მშვიდი ხმით საუბრობდა, თუმცა მასთან მოსაუბრე სულაც ვერ იგრძნობდა სიმშვიდეს, მის ხმაში წარმოუდგენელი სისასტიკე და ცინიზმში აზელილი სიხისტე გამოსჭვიოდა, რაც მის თანამოსაუბრეს წინააღმდეგობის გაწევის სურვილს დასაწყისშივე უხშობდა და მასზე საოცრად დამთრგუნველად მოქმედებდა.
უძვირფასესი შავი ქსოვილის ტანსაცმელი და ლაბადა მის გემოვნებაზე და სიმდიდრეზე მეტყველებდა.
- პიტერ.. - გაიმეორა მამაკაცმა და ბოროტებით აღსავსე წყვდიადივით შავი თვალებით ჩააცქერდა, - მე შენი დახმარება მჭირდება.
ბარის მეპატრონემ შუბლზე გამოჟონილი ცივი ოფლი აკანკალებული ხელისგულით მოიწმინდა და ძლივს გაუსწორა თვალი.
- სერ, მე..
- ვალის დაბრუნების დრო მოვიდა, პიტერ, - ჩუმად, საშინელი ღიმილით თქვა სტუმარმა და მარცხენა ხელის არათითზე წამოცმული გვირგვინოსანი რკინის ბეჭედი ავბედითად შეისწორა.
პიტერს ენა დაება, ალუღლუღდა, სიტყვებს ძლივს მოუყარა თავი, იცოდა, საშინელი სტუმარი, ვისთან შეხვედრასაც შიშით ელოდა მრავალი წელი, არ დაზოგავდა.
- იმედი მქონდა, რომ... კიდევ მცირე ხანს მადროვებდით, - დანებების ნიშნად წაიბუტბუტა მან, - ამდენი ფული ახლა არ მაქვს, მაგრამ..
სიტყვა სტუმრის ხმამაღალმა, ცივსისხლიანმა სიცილმა შეაწყვეტინა, რომელიც თავისი შავი თვალებით დაცინვით უმზერდა.
- ფული? - კვლავ გაიცინა მან, - ფული, ჯანდაბა.. ასეც ვიფიქრე. დამშვიდდი, მეგობარო, ფული არაფერ შუაშია.
პიტერს გაოგნებისგან შუბლზე აუვიდა თვალები, თუმცა გონს მალევე მოეგო და შვებით ამოისუნთქა, მაგრამ.. ის ისევ ეჭვმა და შიშმა შეიპყრო, თუ ფული არა, მაშ რაში სჭირდებოდა მისი დახმარება იდუმალ სტუმარს?
პიტერმა გამბედაობას უხმო, როგორც ჩანს, სტუმარი სულაც არ აპირებდა მის მოკვლას.
- რა შემიძლია, თქვენთვის გავაკეთო? - საქმიანი ტონით იკითხა მან.
- აი, ეს მომწონს, - კვლავ გაიღიმა წყვდიადისფერთვალებიანმა და ვისკი დაისხა, - ჩვენს თანამშრომლობას გაუმარჯოს, საიდანაც ყველა მოგებული და კმაყოფილი დავრჩებით, - მან პიტერს თვალი ჩაუკრა და ვისკი მოსვა, შემდეგ კოსტიუმის შიგნიდან ძველი, გაცრეცილი ფოტოსურათი ამოიღო, პიტერს წინ დაუდო და ზედ თითი დააკაკუნა, - მისი ადგილსამყოფელის გარკვევაში უნდა დამეხმარო.
ბარის მეპატრონეს მაშინვე არ მიუცია დაპირება, ფოტოზე გამოსახული პიროვნება გულდასმით შეათვალიერა და შემდეგ სტუმარს გახედა.
- ვიცი შენი კავშირების შესახებ მთელ ქვეყანაში, - კვლავ ცივად გაუღიმა სტუმარმა, - ბოლოს და ბოლოს, ეს ბარი ხომ მხოლოდ შენი ბნელი საქმეების შესანიღბად გჭირდება, არა? - მან დაცინვით გადაიხარხარა და სიგარეტს მოუკიდა.
- ეს საკმაოდ შრომატევადი საქმე იქნება, - ყოყმანით მიუგო პიტერმა, - თუმცა, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია..
სტუმარი ერთხანს უხმოდ უთვალთვალებდა, შემდეგ წამოდგა, ლაბადა შეისწორა და ტუჩები ყურთან მიუტანა.
- მწამს, რომ ყველაფერს გააკეთებ, პიტერ.. შიში უდიდესი მოტივატორია.. არ მიყვარს, როცა იმედებს მიცრუებენ, ასე რომ.. შენს ზარს დაველოდები.
თითქოს სუსტმა ნიავმა დაქროლა და როცა მთელი ტანით აცახცახებულმა პიტერმა მოიხედა, სტუმარი აღარსად ჩანდა, მან სტუმრის ვისკის ჭიქის ქვეშ ამოდებულ ასდოლარიან კუპიურას სტაცა ხელი და კალმით დაწერილ ტელეფონის ნომერს ყურადღებით დააკვირდა.
- ის საერთოდ არ შეცვლილა, ოდნავადაც კი, - ოფიციანტის ჩურჩულმა გამოარკვია, - სულ არ შეცვლილა, არადა თითქმის ათი წელიწადი გავიდა...
- კლიენტებს მიხედე, მე არ მცალია, არ შემაწუხოთ, - უხეშად შეუღრინა პიტერმა, ბარის მეორე სართულის დამაკავშირებელ კიბეს აუყვა, მის მიერ კაბინეტად მონათლულ ვიწრო და ბნელ ოთახში სავარძელში მოწყვეტით ჩაეცა და ტელეფონს გახედა, მის გონებაში კვლავ ზარივით რეკდა საშინელი სტუმრის სიტყვები.
"არ მიყვარს, როცა იმედებს მიცრუებენ.. "


ჩემგან: გამარჯობა. ძალიან დიდი ხნის შემდეგ გადავწყვიტე რაღაცის დაწერა და ვაღიარებ მაგრადაც ვიწვალე, აღმოვაჩინე, რომ როდესაც დიდი ხნის განმავლობაში აღარ წერ, ფანტაზიის უნარი ჩლუნგდება. თუმცა, იმედია ნელნელა ამასაც გამოვასწორებ. აქედანვე გეტყვით, რომ არ ვიცი რა გამოვა ამით, დიდი იმედები ნურავის ექნება, ჩავთვალოთ რომ საცდელია. ვნახოთ რა გამოვა..



№1  offline წევრი goddess

დაბრუნებას გილოცავ ... როგორც ყოველთვის დასაწყისი საინტერესო და ჩამთრევია ... ველოდები გაგრძელებას

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთა

თვალებს არ ვუჯერებ. მართლა შთამბეჭდავი დაბრუნება გამოვიდა. სიმართლე გითხრა, ამ რომანმა დანაკლისის შეგრძნება დამიტოვა, თითქოს შუა გზაზე გაწყდა. მიხარია შენი გამოჩენა, გელი მოუთმენლად

 


№3  offline წევრი ჰაიკო

goddess
დაბრუნებას გილოცავ ... როგორც ყოველთვის დასაწყისი საინტერესო და ჩამთრევია ... ველოდები გაგრძელებას


გმადლობ და მიხარია ისევ აქ რომ გხედავ.

სტუმარი ქეთა
თვალებს არ ვუჯერებ. მართლა შთამბეჭდავი დაბრუნება გამოვიდა. სიმართლე გითხრა, ამ რომანმა დანაკლისის შეგრძნება დამიტოვა, თითქოს შუა გზაზე გაწყდა. მიხარია შენი გამოჩენა, გელი მოუთმენლად


მადლობა კომენტარისთვის, გამიხარდა ძველი მკითხველის დანახვა. შუაზე არ გამწყდარა, უბრალოდ ბევრი ფიქრის შემდეგ ისე დავასრულე რომ მომავალში თუ მომინდებოდა გამეგრძელებინა :) და აი, მომინდა.
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 


№4 სტუმარი თმთ

მიხარია შენი დანახვა, ამ ნაწარმოების გაგრძელებას მაინტერესებს გამიხარდა რომ დაბრუნდი

 


№5  offline წევრი 《Sunshine》

არ მჯერა რომ დაბრუნდი ❤️
წარმატებები

 


№6  offline წევრი ჰაიკო

თმთ
მიხარია შენი დანახვა, ამ ნაწარმოების გაგრძელებას მაინტერესებს გამიხარდა რომ დაბრუნდი


მეც მიხარია რომ არ დაგვიწყებიხართ და არ დაგვიწყებიათ ეს ისტორია.
დიდი მადლობა♥️

《Sunshine》
არ მჯერა რომ დაბრუნდი ❤️
წარმატებები


დაიჯერე :)
მადლობა კეთილი სურვილებისთვის♥️
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინა

უმაგრეს განწყობაზე დავდექი????მადლობა ამ საჩუქრისათვის

 


№8 სტუმარი სტუმარი ჰაიკო

სტუმარი ნინა
უმაგრეს განწყობაზე დავდექი????მადლობა ამ საჩუქრისათვის


მიხარია ასეთი სიტყვების მოსმენა, მართლა.
მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent