კომუნისტი (თავი 6)
მიუხედავად სიბნელისა მძღოლი მოხერხებულად მართავდა ავტომობილს, სწრაფად და უხმაუროდ ფარავდა მანძილს. მართალია ვერ ვხედავდი სად მივდოდით, მაგრამ მიხვეულ-მოხვეული გზებით მივხვდი, რომ უღელტეხილზე გადავდიოდით, სიმაღლის სწრაფი ცვლისგან ყურები დამიგუბდა. თითქმის ორ საათიანი მგზავრობის შემდეგ, ავტომობილმა ძირითადი გზიდან გადაუხვია, გრუნტიანი გზით ვიწრო ორღობეებში შეძლებისდაგვარად უხმაუროდ ვმოძრაობდით. აქეთ - იქით ინტერესით ვიყურებოდი, მინდოდა რამე გამერჩია, მაგრამ ყურთასმენას მხოლოდ შორიდან მომავალი ძაღლების ყეფა წვდებოდა, რითაც მხოლოდ იმის გაგება შემეძლო, რომ დასახლებული პუნქტიდან არც თუ ისე შორს ვიყავით. საბოლოოდ როგორც იქნა გამოჩნდა ცივილიზაციის მცირედი ნიშანიც. პატარა ეზოში მდგომი ჩაბნელებული ქვითკირის სახლი. ავტომობილი ისე გავააჩერეთ, რომ შემთხვევით გამვლელს არ შეემჩნია, საბარგულში ჩალაგებული იარაღი და ზურგჩანთები ამოვალაგეთ და ეზოში შევლაგდით. სახლამდე მისასვლელი გზა ერთიანად დაეფარა გამეჩხერებულ, წლობით მოუთიბავ ბალახს. სახლის ორიოდე მცირე ზომის ხის ფანჯრაზე ალაგ-ალაგ მიეკრათ რკინის გისოსები, რომელთაც ქურდებისგან დაცვის ნაცვლად, ალბათ, ფანჯრების საყრდენის ფუნქცია უფრო ქონდა, მოძველებული ხის კარზე საკეტის ფუნქცია მოზრდილი რკინის დაჟანგებული კლიტეს უნდა ეკისრა, თუმცა ფაქტია ვიღაცას საკმაოდ უხეშად მოეგლიჯა და იქვე მიეგდო. დაუზეთავი ანჯამები ღრიჭინით ამოძრავდა და შიგნით შევედით. ნესტისა და შმორის სუნი იდგა შენობაში, მაგრამ ეს არცერთს არ გვაღელვებდა. ზურგჩანთიდან სანთელი ამოიღო აჩიმ და როგორც იქნა ოთახიც განათდა. ასე მინიმალისტურად მოწყობილი სახლი პირველად ვნახე, ფანჯარასთან მდგომ ერთად - ერთ მაგიდაზე ნავთის ლამფა იწონებდა თავს, ხელნაკეთი ორი ხის კარადა, რომელთაგან ერთს სამზარეულოს ბუფეტის ფუნქცია შეეთავსებინა, ხოლო მეორეს გარდეროფის. ჩვენსდა გასახარად იქვე იდგა ჩუგუნის ნავთქურა, ე.წ. „კერასინკა“ და ოთახის შუაში, კერიაზე ჯაჭვზე ჩამოკიდებული რკინის ჩაიდანი. და-ძმაზე დაუპატიჟებელი სტუმრები ნამდვილად არ ითქმოდა. საკმაოდ შინაურულულად მოძრაოდნენ, იცოდნენ სად რა ინახებოდა, ლოგინის ქვემოდან მცირე ზომის რკინის „კანისტრა“ გამოიღეს, ნავთი ლამფაშიც ჩააასხეს და „კერასინკაშიც“, არც კერიაში ცეცხლის დანთება გაჭირვებიათ. ეზოში არსებული ჭიდან აჩიმ ისეთი ცივი წყალი შემოიტანა, დალევისას კბილებიც კი გამეყინა. უცებ ადუღდა წყალი, მანჩომ ხის კარადიდან რკინის ფინჯნები (კრუშკებში) გამოიღო, ზურგჩანთიდან ნატეხი შაქარი და ჩაი ფერი ამოალაგა, ამას მოყვა შავი პური, ძეხვი და უცებ გაიშალა სუფრაც. კერიის გარშემო ვისხედით სამივე, ჩაის დიდი მოყვარული არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ვერ აღვწერ იმ წუთებში რამდენად მსიამოვნებდა ცხელი სითხე. - ამაღამ აქ გავჩერდებით, ახლა მოძრაობა სახიფათოა, ხვალ კი ვიდრე სოფელი ამოძრავდება დავიშლებით. თქვენ მთისკენ წახვალთ, მე - კი თბილისში. - მიხსნიდა აჩი - იარაღის ხმარება იცი?! - კი, რა თქმა უნდა. - რუკის ცნობა? - აჩი, პატარა ბავშვები არ ვართ! - გაღიზიანება შეეტყო მანჩოს. - ნუ ბრაზდები, - მაგიდაზე რუკა გაშალა ვაჟმა - ლურჯადაა მონიშნული ადგილები, სადაც შეგიძლიათ ღამე გაატაროთ. - რაიმე სტრატეგიული ობიექტებია? -ინტერესით ჩავეკითხე. - ასეც შეიძლება ითქვას! - ჩემ კითხვაზე სიცილი ვეღარ შეიკავა - ტყეში მონადირეებისა და მწყემსების ქოხებია, ცხადია კომფორტი არც იქ დაგხვდებათ, მაგრამ გაჩერებას შეძლებთ. ეცადეთ, ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოთ და ერთ ადგილზე დიდხანს არ გაჩერდეთ. - არის, აჩი უფროსო! - სამხედრო სალამივით შუბლზე მიიდო ოთხი თითი მანჩომ. - სულაც არაა სასაცილო, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, წესით კუდი არ უნდა აგვყოლოდა, მაგრამ ვერც მშვიდად ვიქნებით. - რვეული ხომ განადგურდა, რაღა აზრი აქვს ჩვენ დევნას? - ინტერესით ჩავეკითხე. - მათი ნაბიჯების განსაზღვრა რთულია, ვერაფერს გაუგებ, მაგრამ მაინც მგონია, რვეულის ძებნას მაინც გააგრძელებენ. ახალი სამიზნის შერჩევამდე, არც თქვენზე თვალთვალი შეწყდება. - იქნებ თქვენ მაინც ამიხსნათ, რა საიდუმლოს მალავდა ის ფურცლები? ვაჟმა გვერდულად გამომხედა, თითქოს მაფასებდა შეეძლო თუ არა ჩემი ნდობა. - ბევრს ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ჩვენი ისტორია საბჭოთაკავშირით არ დაწყებულა. დღეს მართალია მსოფლიო აღარ გვიცნობს, მაგრამ იყო დრო საქართველო დამოუკიდებელი და ძლიერი სახელწიფო გახლდათ, მისი ტრადიციებით, მებრძოლი სულით! - უკანასკნელი სიტყვები განსაკუთრებული მახვილით წარმოთქვა - წლები დაჭირდათ ამ ყველაფრის მოსასპობად, გასაქრობად. ერი თუ გინდა წაშალო ტრადიცია და ზნეობა უნდა გაუქრო, რწმენა დაუკარგო, მოადუნო და გააზულუქო, აღარ დაგვიტოვეს არც ენა, აღარც სარწმუნოება. არ ჩათვალოთ, რომ ეს ყველაფერი მარტივი მისაღები იყო, ცხადია ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ ძალა აღმართს ხნავს, მათი ნაწილი დახვრიტეს, გადაასახლეს, ნაწილი ისე გაქრა, ოჯახისწევრებმა დღემდე არ იციან რა დაემართათ, არც მკვდარი უნახავთ და არც ცოცხალი. შიში და ტერორი ისე ჩანერგეს, რომ ადამიანებს ერთმანეთის ნდობა გაუქრა. ვერც გაამტყუნებ, ვიღაც ცხოვრებაზე დაბოღმილი, ხარბი ადამიანების ანონიმური წერილების საფუძველზე, ყოველგვარი კვლევისა და გამოძიების გარეშე იმეტებდნენ ხალხს. იცი რამდენჯერ მომხდარა, რომ სხვისი ქონების ხელში ჩაგდების მიზნით შეუთითხნიათ სიბინძურე?! გაუშვებდნენ წერილს, რომ თითქოსდა ანტისაბჭოთა იდეოლოგიის, პროპაგანდისტული იდეები ქონდა და ჰოპ, გაქრებოდა შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი. მამაჩემმა ასე დაკარგა მშობლები. ბებია უგზო-უკვლოდ გაქრა, ხოლო პაპაჩემი წლების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, სხვისი სახელითა და გვარით მთავრობისგან ჩამორთმეულ საკუთარ სახლში გახსნილ გასტრონომში ყარაულად მუშაობდა. ბინძურ, ნესტიან სარდაფში ერთი პატარა ოთახი ქონდა გამოყოფილი და იქვე ეძინა. მახსოვს, მამას ყველასგან მალულად როგორ მივყავდით მე და მანჩო იმ მაღაზიაში. მხოლოდ წლების შემდეგ მოახერხა ეყიდა ეს პატარა სახლი და მოხუცი მამა აქ გადამოეყვანა. - დაიტვირთებოდა, უყიდდა ყველაფერს რაც ჭირდებოდა მოხუცს, ჩაგვისვავდა ბავშვებს და მოვდიოდით. ვერ ვიგებდი რატომ დავდიოდით ქალაქის ბოლოში ყველასგან მოშორებით მდგომ სახლში ჩია ყარაულის სანახავად! - საუბარში ჩაერთო მანჩოც - რომელსაც ჯიბეში ყოველთვის ქონდა ჩვენთვის ორი პატარა მედლის ფორმის შოკოლადი, პლიტკა. მოგვცემდა და ბედნიერები ვიყავით. - შემდეგ გავიგეთ, რომ ჩვენი ბაბუა იყო. ვაღიარებ, არ მესმოდა მამაჩემის. ვერ ვიგებდი, როგორ შეძლო მშობელი მამის არსებობის დამალვა. სიმხდალედ ჩავუთვალე, გამიჭირდა იმის აღქმა, რატომ ვერ ამხელდა, ამას ბოლომდე ვერც ახლა ვხდები. მამა კი საკუთარ საქციელს ოჯახის უსაფრთხოებაზე ზრუნვით ამართლებდა. - ჩაერთო აჩიც. - შეიძლება ვერ ვამართლებთ, მაგრამ ვეცადეთ გაგვეგო, რამხელა ტკივილს ატარებდა ბავშვთა სახლში აღზრდილი, ობლად შერაცხული მამა. - მღელვარებისგან ხმა უთრთოდა გოგონას - მოკლედ ფაქტია, ნებით თუ ძალით დაგვადუმეს და გაგვაჩუმეს. - რვეულს რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან? - გავიზარდეთ და ნელ-ნელა რეალობის აღქმაც მოვახერხეთ. საბედნიეროდ, მამა სულაც არ ყოფილა მშიშარა, არც იდეოლოგიის მონა, კიდევ უარსებიათ საღად მოაზროვნე ადამაინებს, მართალია ფარულად, მაგრამ მაინც გვიჩვენეს გადარჩენისთვის საჭირო, სწორი გზა. - ვერ მიგიხვდით... - შეუძლებელია ოჯახი გაგინადგურონ და დაგავიწყდეს. იდეოლოგია სისხლის ყივილს ვერ აჯობებს. ნებისმიერ წყობას აქვს დასაწყისი და დასასრული. ძალმომრეობა და ტერორი დიდხანს ვერ გააჩერებს თავისუფლების სიყვარულს, იმედი გვაქვს ამჯერად მაინც მოვახერხებთ დაკარგული ღირსებისა და თავისუფლების დაბრუნებას. - რა თქმა უნდა, - დას დაეთანხმა აჩიც - ადრე თუ გვიან საბჭოთა კავშირიც დაიშლება, ამის წინა პირობა უკვე არსებობს და გარდაუვალია. - გჯერათ რასაც ამბობთ?! - ოცნებას უფრო გავდა მათი სიტყვები. - რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი გარდაუვალია. - გინდათ დამარწმუნოთ, რომ თქვენი პატარა ქვეყანა შეძლებს ამხელა იმპერიის დარღვევას?! - ცუდად გვიცნობთ, ბატონო პიერ, აშკარად ვერ გვაფასებთ. ეს პატარა, დღეს ერთ-ერთ პროვინციად ქცეული ქვეყანა გურჯთა სამშობლოა. - იმდენად დიდი სიამაყით წარმოთქვა, სუნთქვა შემეკრა. - რას ნიშნავს გურჯი? - თქვენც ხედავთ, საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც გარშემო მუსულმანური ქვეყნები ერტყა. ჩვენი წარსული ბრძოლაა დიდ ბუმბერაზ იმპერიებთან საკუთარი ენისა და სარწმუნოების გადარჩენისთვის. წარმოუდგენლადაც კი მეჩვენება, როგორ მოახერხა ჩვენმა ქვეყანამ დღემდე მოსვლა და რაც მთავარია ეროვნულობის შენარჩუნება. ჩვენზე, ქართველების შეუპოვარ ხასიათზე ბევრი სხვადასხვა სახის ლეგენდა არსებობს. მაშინდელი ცივილზებული სამყარო იძულებული იყო ეღიარებინა კავკასიაში არსებული ერთი ციდა ქვეყნის ძლიერება და ანგარიშიც გაეწია. - მე პირადად დღემდე არაფერი მსმენია თქვენ ქვეყანაზე. - ალალად ვაღიარე საკუთარი უცოდინრობა. - საბჭოთაკავშირი ებრძვის ყველაფერ ეროვნულს. დღეს ჩვენ საბჭოთა კავშირის მოქალაქეები ვართ. - ზიზღით აღნიშნა აჩიმ. - სულაც არა, ჩვენ ქართველები ვართ, - თვალებში ცეცხლი ჩაუდგა მანჩოს - ამით ყველაფერია ნათქვამი. ისტორიულ წყაროებში სხვადასხვა სახელით მოგვიხსენიებდნენ. მაგალითად, აღმოსავლეთში გავრცელებული იყო სპარსულ-არაბული ტერმინი - გურჯი, სპარსელთათვის - „გორჯი“, „ქურჯი“ და „გურჯი“ - არაბულად, რაც ნიშნავდა ქართველს, აქედან იყო ნაწარმოები ტოპონიმი სპარსულად -„გორჯესტან“, არაბულად - „გურჯისტან“, იგივე — საქართველოს. - ძველ სპარსულ წყაროებში ასევე გვხვდება ტერმინი „ვრკანა“, იგივე „მგელთა ქვეყანა“; - საუბარში ჩაერთო მანჩოც - აქედან მოდის რუსული „გრუზინ“, ოსური „გიურძი“ და, სავარაუდოდ, ევროპული „გეორგია“, ული ფორმიდან „ჯორჯიაც“ („გურზ“) წარმოიქმნა. - ანუ თქვენი მეფის გვარი გორგასალი მანდედანაა ნაწარმოები? - გამახსენდა მეტეხთან მდგარ ძეგლზე ამოტვიფრული წარწერა. - გვიწოდეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვამდე ჩვენი ქვეყანა საყრდენი იყო კავკასიისთვის, თუმცა ერთია საბჭოთაკავშირის დაშლა და მეორე დამოუკიდებლობის შენარჩუნება, დაქსაქსული და დაშლილი პატარა ნაწილაკები, ცალ-ცალკე ვერ გაუმკლავდებიან ვერც რუსეთს და ვერც რომელიმე სხვა ქვეყანას. - ძლიერი მოკავშირე გჭირდებათ, მფარველი. ევროპა ან თუნდაც ამერიკა. - ნებისმიერი „მოკავშირე“, როგორც თქვენ მათ უწოდეთ, საბოლოოდ ავლენდა მის რეალურ სახეს და დამპყრობლად გვევლინებოდა, ასე იყო ისტორიულად და ალბათ, მომავალშიც ასე იქნება. არც რუსეთი მოსულა მტრულად. - ვერ მიგიხვდით, თუ მოკავშირეები არ გსურთ, როგორღა აპირებთ თავის გატანას? - იარსებებს კიდევ ერთი გაერთიანება, ერთიანი და ძლიერი კავკასია. - ამაყად გამომხედა მანჩომ. - ხუმრობთ? - მოსმენილი იმდენად წარმოუდგენლად მომეჩვენა ვერაფრით ვერ ვიჯერებდი. - არა. ჩანაწერები, რომელსაც ასე გამალებით ეძებენ, ერთიანი კავკასიის მემორანდუმია. ჯერჯერობით ცხადია მხოლოდ შავი ვარიანტი, მაგრამ დაიხვეწება ათასჯერად რომ დაიკარგოს, მაინც აღვადგენთ. რაც მთავარია გაერთიანების სურვილი ჩვენ გულებში არსებობს, დრო მოვა და მსოფლიოს ისტორიაშიც იტყვის მის სიტყვას. მომკალით და ვერაფრით ვერ ვიჯერებდი მოსმენილს. არადა კერიასთან მსხდომი და-ძმა ისეთი გატაცებით საუბრობდნენ, ისეთი აღტაცებით იხსენებდნენ მათი ქვეყნის დიდებულ წარსულს. იმდენად განიცდიდნენ. ვეღარ მოვითმინე, ზურგჩანთის შიდა ჯიბიდან საგულდაგულოდ გადამალული ჯერ კიდევ გაუმჟღავნებელი ლენტი ამოვიღე და წინ დავუდევი. - არ ვიცი რამდენად მოახერხებთ ამ ყველაფერს, სიმართლე გითხრათ ცოტა ეჭვი მეპარება, მაგრამ თქვენი რვეულის აღდგენა რომ შემიძლია, ეს კი ფაქტია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.