მარიონეტი (მერვე თავი)
წითელი ფერის ავტომობილმა სწრაფი სიჩქარით გადაკვეთა გაგარინი და სააკაძის მოედნისკენ აიღო გეზი. - ნეტა გიორგი სააკაძე ჩვენზე რას იფიქრებდა? - ირონიულად გაეცინა დათუნას. - ერთი მაგის მოღალატე... - უწმაწურად შეიგინა ლევანჩომ. - ღალატი ზოგჯერ პირობითია. - პროვოკაციულად აღნიშნა ვაჟმა. - ანუ?! - ერთს ღალატობს, მეორეს გმირად ევლინება. - ჩვენ ძმობას ვფიცავარ, რაღაც „სტრანნად“ ბაზრობ, ხომ იცი?! - გვერდულად გამოხედა მძღოლმა. - შეიძლება. ვერ ხედავ, შენ რომ მოღალატეს უწოდებ, ვიღაცისთვის გმირია და ძეგლიც დაუდგეს. - რამდენი გიჟია ასე სად დათვლი? - იქნებ ვინმეს ჩვენც გიჟები ვგონივართ?! - ერთი მაგათიც!.. - გულიანად შეიგინა ბიჭმა. ხელი სიგნალს რომ დააჭირა აღება არც კი უფიქრია, ასე გაბმული სიგნალითა და საბურავების წუილით საპატიო წრე დაარტყა ძეგლს, კოლონებად მიმავალ შავდროშიან ავტომობილებში მოხერხებულად შეძვრა და ტელევიზიისკენ გაქანდა. - სწრაფად დოლიძისკენ! - ერთ-ერთი მანქანიდან გამოსძახეს უცნობმა ბიჭებმა. - რა ხდება? -ამჯერად თითქმის სირბილით მიმავალ საშუალო ასაკის ქალს გასძახეს. - ამბობენ, ტაშკენტის ქუჩიდან რუსის ჯარი მოდისო! - ბიჭებისკენ არც კი გამოუხედავს გეპეის (ახლანდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის შენობაში) მიიმალა ქალი. - ტაშკენტის?! - გააცია დათუნას. - სახლში როგორ ავიდეთ? - მისი აშკარად არ ესმოდა ლევანს. - ნინო!.. - ვაჟის გამოთვლით გოგონა სწორედ იქ უნდა ყოფილიყო - შეუძლებელია! -ხელისგულები გაუოფლიანდა იმის წარმოდგენაზეც კი, რომ ახლა იქ მარტო იყო. - დროშა ჩამოიღე! - ფიქრებიდან ლევანის ღრიალმა გამოიყვანა. პეკინზე ბეტეერები მოხრიგინებდნენ. რუსის ჯარისკაცები გამეტებით ურტყამდნენ ფეხით მოსიარულე, დაპანიკებულ ხალხს. ბიჭებმა სპორტის სასახლის მიმართულებით გადაუხვიეს და თავი ერთ-ერთ „ბარაკის“ ტიპის ვიწრო ეზოს შეაფარეს. - ამის დედაც! - ავტომობილი გაჩერდა თუ არა, გადმოხტა დათუნა. - გაგიჟდი, სად გარბიხარ? - მყისვე წამოეწია ლევანი და ქეჩოთი შეანჯღრია. - ნინო, ტო!... - ბოლო ხმაზე ღრიალებდა აფართხალებული ვაჟი. - გონს მოდი, ნინოს აქედან ვერაფერში დაეხმარები!. - დათუნაზე ბევრად ძლიერ ვაჟს პატარა ბავშვივით ქეჩოთი ყავდა გაკავებული ბიჭი. წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოასწრო. ეზოში მათ მსგავსად რუსის ჯარისკაცებისგან გამოქცეული რამდენიმე ვაჟი შემოვარდა. ერთ-ერთი სახლის მოძველებულ ხის კარების ეცა, სწრაფად გახსნა და მეგობრები შენობაში შეუშვა. - მანდ რას უდგახართ, დროზე შემოდით! - ერთმანეთში მოძიძგილავე ბიჭებს გამოსძახა უცნობმა. ლევანს დიდხანს არ უფიქრია, ერთი ხელის მოქნევით სახლში შეაგდო დათუნაც და თავადაც უკან მიჰყვა. - ფარდები გააფარეთ! - მასპინძელი შესაშური სისწრაფით მოძრაობდა. რკინის გისოსებით დაფარულ ორ მცირე სარკმელს სწრაფად გადააფარა ღამის სქელი ფარდები. ჩამობნელდა ოთახში. ისედაც მცირე ზომის ოთახში ძლივს იმართებოდნენ დამალულები. უადგილობის გამო დათუნა იატაკზე ჩამოჯდა და გულგრილი მზერა მოავლო ოთახს, რომლის მთელ ინვენტარს ძველებური რკინის ზამბარიანი ლოგინი, ტანსაცმელების ცალ კარმოგლეჯილი ხის კარადა, შუაში მდგომი იგივე მასალის მაგიდა და ორიოდე სკამი წარმოადგენდა. ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდნენ, დაძაბულები ისმენდნენ გარედან შემოსულ მინისა და რკინის მტვრევის ხმას. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ჯარისკაცები ეზოში გაჩერებულ ავტომობილს ამტვრევდნენ. ლევანს გულმა არ მოუთმინა, ფარდა სულ ოდნავ გაწია და კუთხიდან გაიხედა. ჩუმად უმზერდა როგორ ამტვრევდნენ მამამისის მანქანას. რბევა დიდხანს არ გაგრძელებულა, ან რა დრო დასჭირდებოდა ერთი ავტომობილის განადგრებას?! ნათლად დაინახა სამხედროებმა ავტომობილში დატოვებული შავი მანდილი ჩამტვრეული მინიდან როგორ ამოიღეს და ამაზრზენი ხარხარით ნაკუწებად აქციეს. თითქოს ნაჭრის ნაგლეჯზე ცდილობდნენ მთელი ბოღმის გადმონთხევას. - ოხ, მე ამათი!.. - გარეთ გასავარდნად კარებისკენ გაიწია ლევანმა, თუმცა უშედეგოდ. - შენ ბიჭო, ნორმალური ხარ?! - მუშტებ შემართული მასპინძელი წინ გადაუდგა. - გამატარე! - კბილებში ღრენით გამოსცრა ვაჟმა. - ასე იოლად გაგვიმეტებ?! დაძაბული სახით მომზირალ ბიჭებს ერთი კი შეავლო თვალი და თავადაც დათუნასთან ჩაიკეცა. საკუთარი უსუსურობისგან პატარა ბავშვივით, ხელებში თავჩარგული, უხმოდ ზლუქუნებდა ორმეტრიანი კაცი. რუსის ჯარისკაცებმა კიდევ დიდხანს იბობოქრეს. ხან სარდაფი შეამოწმეს, ხან ფანჯრებში შეხედვა სცადეს, რადგან საინტერესო ვერაფერი ნახეს, მალევე დატოვეს ეზო. უცნაური რამ ყოფილა შიში. ოთახში გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ ბიჭების გამალებული გულისცემა არღვევდა. საბოლოოდ როგორ იქნა, გარეთ გახედვა გაბედეს და დარწმუნდნენ თუ არა, რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდათ, ნელ-ნელა დაიწყეს შენობიდან გამოსვლა, სულ რამდენიმე წამში დაიშალნენ და ეზოში მხოლოდ დათუნა, ლევანი და მასპინძელი დარჩნენ. - მომკლავს მამაჩემი! - დანანებით უმზერდა ლევანი კონსერვის ქილასავით გაბრტყელებულ ავტომობილს. - მთავარია ცოცხლები ვართ, მანქანას ჩივიხარ?! - გვერდულად გამოხედა მასპინძელმა. - ეგეც მართალია! - სიმწრით გაეცინა ვაჟს. - მთავარია ცოცხლები!... - მასპინძლის სიტყვები გაიმეორა დათუნამ. იდგნენ ასე სამნი და ერთმანეთს უსიტყვოდ აკვირდებოდნენ. უცნაური შეგრძნება ჰქონდათ, სიძულვილის, შიშის, ადრენალინის. მიუხედავად ყველაფრისა, ისიც ფაქტი იყო, რომ მაინც ბედნიერები იყვნენ. - საინტერესოა! - ბიჭების კმაყოფილი სახეების დანახვაზე ახარხარდა დათუნა. კმაყოფილება გაოცებამ შეცვალა. ლევანი და მასპინძელი თვალებგაფართოებულებულები უმზერდნენ სიცილისგან ცრემლებამდე მისულ დათუნას. შემდეგ გაეღიმა ლევანს, მასპინძელიც აჰყვა და ორ ხმაში ახარხარდნენ. თითქოს არ ეცინებოდათ, არც ეტირებოდათ, თუმცა ვერც ჩერდებოდნენ. ასე იდგნენ სამნი, ცრემლებამდე მისულნი, ისტერიულად ხარხარებდნენ და გაჩერებას ვერა და ვერ ახერხებდნენ. ვიდრე დათუნა ბიჭებთან ერთად ხარხარებდა, ალბათ უმჯობესია ისევ ნინოს მივუბრუნდეთ. როგორც უკვე გითხარით, უცნობი ვაჟი გამეტებით ურტყამდა წიხლებს ერთ-ერთ ბინის კარს. - შენ ბიჭო სულელი ხომ არ ხარ?! - ვიღაც საშუალო ასაკის მამაკაცმა გაცოფებულმა გამოხსნა კარი, თუმცა გათიშული გოგონას დანახვაზე გამომეტყველება მყისვე შეეცვალა - შემოდი, სწრაფად შემოდი! - მისაღებისკენ მიუთითა მამაკაცმა. ფრთხილად, ციმ-ციმ დააწვინა ნინო იქვე მდგომ მდივანზე. - მიშველეთ, დამეხმარეთ! - შეშინებული ბიჭი გაფითრებული უმზერდა როგორ უსინჯავდა გოგონას პულსს მამამაკაცი, რომელიც პერიოდულად უკმაყოფილოდ აქნევდა თავს. - მოკვდა?!. - მისი დუმილით გაღიზიანებულმა ვეღარ მოითმინა და აბსურდული კითხვაც დასვა. გაეღიმა მასპინძელს, თუმცა არ შეიმჩნია. - სამზარეულოში შედი, ბუფეტში ნიშადურის სპირტია და მომიტანე! მამაკაცს სიტყვაც არ ჰქონდა დასრულებული, ვაჟი უკვე კარადის უჯრებში იქექებოდა. - უჯრაში არა, თაროზე ნახე! - ისევ მიაძახა მამაკაცმა. თუმცა ბიჭს სასურველი სითხისთვის უკვე მიეგნო და თეთრი სპირტიანი ბოთლით უკვე მისაღებში გამოსულიყო. - დედას გაფიცებ, ოღონდ გონზე მოდი, დედას გაფიცებ! - ცხვირზე ადებდა თავმოხდილ ბოთლს და მხურვალედ ემუდარებოდა ბიჭი. - ნუ გეშინია, შენი მეგობარი უბრალოდ შეშინდა, ყოჩაღი გოგონა ჩანს, მალე გამოვა მდგომარეობიდან! - მეგობრულად დაუტყაპუნა მამაკაცმა მხარზე ხელი. - დარწმუნებული ხართ? – თუმცა მამაკაცს ბოლომდე მაინც ვერ ენდო, მიუხედავად მისი ნათქვამისა, ბოთლი ისევ ნესტოებთან მიუტანა. ნელ-ნელა გონს მოდიოდა ნინო. სადღაც შორიდან, ფრაგმენტულად ჩაესმოდა მათი საუბარიც. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟს არც კი იცნობდა, რატომღაც მაინც უზომოდ სიამოვნებდა უცნობის ხმაში გაპარული შიში. უნდოდა ხმა გაეცა, ენიშნებინა, რომ ცნობიერება უბრუნდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერც თვალებს ახელდა და ვერც პასუხის მიცემას ახერხებდა. ბავშვობიდან ვერ იტანდა ნიშადურის სურნელს. აეწვა ცხვირის ნესტოები. შუბლშეკრულმა რამდენიმეჯერ დააცემინა და თვალები მძიმედ გაახილა. - როგორც იქნა!- სიხარული ვერ დამალა ბიჭმა. - ხომ გეუბნებოდი?! სოლ ცოტა კიდევ მოვითმინოთ და შენი მეგობარი რამდენიმე წუთში ფეხზეც წამოხტება!... - არანაკლებად უხაროდა მამაკაცსაც. ახლაღა შენიშნა ნინომ ვაჟის უკან მდგომი უცნობი. თვალი მოავლო ოთახს, აშკარად არ ეცნო გარემო. გულში შიშიც შეეპარა. - სად ვარ, აქ როგორ მოვხდი? - აცახცახებულმა წამოსადგომად წამოიწია, მაგრამ ისევ თავბრუ დაეხვა. ვაჟმა მყისვე ხელი წაავლო, თუმცა გოგონამ ახლოს არ გაიკარა, უხეში მოძრაობით გაინთავისუფლა მკლავი მისი მარწუხებივით მოჭერილი თითებისგან და წინასწორობის შესანარჩუნებლად სავარძელს დაეყრდნო. - აქ რატომ ვარ? თქვენთან როგორ მოვხვდი? - კითხვების დასმას არ წყვეტდა ნინო. - პანიკას მორჩი!... - ნებისყოფამ საბოლოოდ უღალატა ბიჭს - გადარჩენისთვის მადლობას ასე გვიხდი? - გადარჩენის? - თვალები გაუფართოვდა ნინოს. - შენი მეგობარი ოდნავ აბუქებს! უბრალოდ გული შეგიწუხდა და... - მისი დამშვიდება ამჯერად მამაკაცმა სცადა. - ჩვენ მეგობრები არ ვართ! - ღრენით გამოსცრა კბილებში ნინომ. - ვითომ?! არა მგონია უცნობ ადამიანზე ასე ღელავდნენ. - ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა მამაკაცს. - საბედნიეროდ, ასეთი ხიფათიანი მეგობრები ნამდვილად არ მყავს! - ირონიულად გაეცინა ბიჭს - ამ სცენას იმისთვის დგამ, რომ მადლობა არ გადაგვიხადო?! დავაშავე, ცუდად მყოფი აქ რომ შემოგიყვანე?! - მე, მე... - აირია ნინო. - თუმცა, ამას არსებითი მნიშველობა ნამდვილად არ აქვს. - სიტყვა უხეშად შეაწყვეტინა ბიჭმა - თქვენი სტუმართმოყვარეობით აშკარად ბოროტად ვისარგებლეთ. ჩვენი წასვლის დროა. შხამს ისე კარგად აფრქვევ, მგონი დახმარების გარეშე წამოსვლასაც შეძლებ? - უხერხულად აწურულ გოგოს გაბრაზებულმა გამოხედა და სახლი დატოვა. - უკაცრავად, თქვენი წყენინება არც კი მიფიქრია, დიდი ბოდიში შეწუხებისთვის! - გულწრფელად ნანობდა ქალიშვილი. - ეგ არაფერი. მთავარია შენ იყო კარგად. - ალალად გაუღიმა მამაკაცმა - იმედია მეგობარსაც შეირიგებ! - უკვე სადარბაზოში მდგომს დაეწია მისი ხმა. - ჩემი მეგობარი არაა! - ისევ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და ქუჩაში გავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.