შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი. დაბრუნება. [ თავი 2 ]


27-09-2022, 14:10
ავტორი ჰაიკო
ნანახია 851

სალემის ცენტრში, მყუდრო, ორსართულიანი სახლის ეზოში, სავარძელში მამაკაცი მოკალათებულიყო, ფეხი ფეხზე გადადებული ყურადღებით ჩაჰკირკიტებდა ადგილობრივი ყოველდღიური პრესის დილის სიახლეებს, დრო და დრო ყავას წრუპავდა და სახეზე კმაყოფილი ღიმილი ეფინებოდა, ჩუმად, შეფარვით გახედავდა ხოლმე ბაღის მრგვალი მაგიდის მეორე მხარეს მჯდომ, დილის მზის სხივებს მიფიცხებულ თვალდახუჭულ ულამაზეს ქალს, რომლის წაბლისფერ თმაზე მზის პირველი სხივები ირეკლებოდა. ქალს ორივე ხელი ტალღოვან თმაში შეეცურებინა და თითქოს რაღაც საჭირბოროტო საკითხზე ჩაფიქრებულიყო, რასაც ზოგჯერ მის მშვენიერ სახეზე მუქ ჩრდილთა გაელვება მოწმობდა. მამაკაცს არ გამოპარვია ეს, გაზეთი აკურატულად დაკეცა, გვერდით გადადო, ლამბაქის მარჯვენა მხარეს ამოდებული ნაზი ქსოვილის ხელსახოცი არისტოკრატული მანერით მიიდო ტუჩებზე და ყურადღების მიქცევის მიზნით სუსტად ჩაახველა, ყელი ჩაიწმინდა.
ქალმა ჩაიღიმა, შოკოლადისფერი თვალები გაახილა და კაცს დაკვირვებით შეხედა, თუმცა ღიმილი სახიდან არ მოშორებია, რადგან ყოველთვის, როდესაც ის თავისი სულის მეორე ნახევარს, თავისი ცხოვრების უდიდეს და ერთადერთ სიყვარულს უყურებდა, რომელიც მრავალი წელია ზრუნავდა მასზე, უფრთხილდებოდა და მუდამ მის გვერდით იყო, ვერ იშორებდა იმ თბილ ტალღას, რაც მუდმივად სხეულში უვლიდა, და პრინციპში სულაც არ იყო წინააღმდეგი, მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში იგივე განეცადა.
- მნიშვნელოვანი არაფერია, - თქვა მამაკაცმა და მოკლე, ჟღალი წვერი მოიწიწკნა, ხელის მოძრაობაზე ავისმომასწავებლად გაიელვა მარცხენა ხელის არათითზე წამოცმულმა გვირგვინოსანმა რკინის ბეჭედმა.
- ასეც ვფიქრობდი.. მშვიდობა ძალიან კარგია, თუმცა.. - ქალი ჩაფიქრდა, მამაკაცის უკიდურესად ცისფერი, თითქმის უფერული თვალების რენტგენისებური გამოხედვისგან თავის დაღწევას ცდილობდა.
სუსტმა სიომ დაქროლა და მამაკაცს კოხტად გადავარცხნილი ქერა თმა აუწეწა. მან ქალს თვალი მოაშორა, ოდნავ მოჭუტა და გარემოს მოავლო დაკვირვებული და ყოვლისმჩხრეკველი მზერა, შემდეგ ისევ თანამოსაუბრეს მიუბრუნდა.
- ბოლო დროს ჩაფიქრებული მეჩვენები, - თქვა მან და სუსტად გაიღიმა.
- უარყოფას არ ვაპირებ.. - ყოყმანით მიუგო ქალმა და ლამაზად მოვლილ ფრჩხილებს დახედა, აშკარად სიტყვებს არჩევდა.
- გისმენ, თუ შემიძლია, რამით დაგეხმარო.. - ქერა მამაკაცი სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
ჭიშკართან მანქანის სიგნალი გაისმა.
ქალმა მობილურზე ნომერი აკრიფა.
- რამდენიმე წუთში შემოდი, - თქვა წყნარად და შემდეგ მამაკაცს მიაჩერდა უცნაური მზერით.
- რა ხდება? - ეჭვნარევი ხმით იკითხა კაცმა და წელში გასწორდა, სახე დაეძაბა.
- აქ მია ჯეკსონია, ჭიშკართან.
ამ სიტყვებს რამდენიმე წუთიანი დუმილი მოყვა მამაკაცის მხრიდან.
- უცნაურია.. - თქვა ბოლოს, - მეგონა..
- ყველაფერს აგიხსნი, მდგომარეობა არც ისე კონტროლირებადია, - თავი გააქნია ქალმა, წამოდგა და ახალგაზრდა ქალს შეეგება, რომელიც ჭიშკარს სწრაფი ნაბიჯით გამოცდა, მასპინძელს გადაეხვია და შემდეგ მასთან ხელგაყრილი დაიძრა მაგიდისკენ.
მამაკაცი ფეხზე მდგარი დახვდა მათ, როგორც ჯენტლმენური ეტიკეტი მოითხოვს. ეს იყო საშუალოზე მაღალი, ახოვანი, ქერა, უკან გადავარცხნილი თმით და ცისფერი, თითქმის უფერული თვალებით, საიდანაც ერთდროულად იღვრებოდა ძალა და სიცივე.
ქალები მისგან ორიოდე ნაბიჯის მოშორებით შედგნენ, სტუმარს სახე შეეფაკლა, როდესაც მამაკაცის გაკვირვებული გამომეტყველება დაიჭირა და თვალები დახარა.
- მის ჯეკსონ.. - წარმოთქვა მამაკაცმა, ზურგზე ხელები დაიწყო და ზრდილობიანად დაუკრა თავი, - მოხარული ვარ, რომ ისევ გხედავთ, გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ისევ ისეთი ლამაზი და მშვენიერი ხართ, როგორც წლების წინ, როგორც ვხედავ, თქვენ არათუ დაგვიწყებიათ ყველაფერი, არამედ რებეკასთან მეგობრობას აგრძელებთ კიდეც, - მან ღიმილით შეავლო თვალი მეუღლეს, - აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩემთვის ოდნავ გასაკვირია, რომ ამდენი წლის განმავლობაში ერთხელაც არ მომიკითხეთ.. - მის ხმაში წყენამ გაიჟღერა.
სტუმარმა ამოიოხრა, რებეკას ხელი გაუშვა, სწრაფად გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი და მამაკაცის წინ შედგა, ერთხანს ეშმაკურად შეჰყურებდა, შემდეგ ფეხისწვერებზე აიწია და ნაზად აკოცა ლოყაზე.
ყინული გადნა. მამაკაცმა დანებების ნიშნად ამოიოხრა და სტუმარს სავარძელზე მიუთითა.
- ათი წელიწადი არც ისე დიდი დროა უკვდავი არსებებისთვის, ლუციუს, - გაიღიმა მიამ და მიპატიჟება მიიღო, სავარძელში ჩაეფლო და მამაკაცს მიაპყრო მზერა.
- ყავას მოვიტან, - რებეკა სწრაფი ნაბიჯით გაემართა სახლისკენ.
ლუციუსი ერთხანს ცოლს გაჰყურებდა, შემდეგ მიას მიუბრუნდა.
- გაზრდილხარ, - უბრალოდ, შინაურული ღიმილით უთხრა და სიგარეტს მოუკიდა.
მიამ თავი დაუქნია, უხერხულობის დასაფარად მაგიდის გადასაფარებლის კუთხეს დაუწყო წვალება.
- როგორც მივხვდი, რებეკას მიერ განხორციელებულმა მასობრივმა შთაგონებამ შენზე არ იმოქმედა.
- ასეა.. - მიუგო მიამ, - დიდი დრო გავიდა.. მინდა, რომ გამიგო, ლუციუს, არც ჩემთვის ყოფილა ეს მარტივი, მინდოდა ყველაფერი თავიდან დამეწყო, სუფთა ფურცლიდან..თუმცა არასდროს დამვიწყებიხარ, ყოველთვის ვეკითხებოდი შენს ამბებს რებეკას... - მიამ მუდარით შეხედა ქერა მამაკაცს.
- ალბათ როდესმე გაპატიებ ამას, თუმცა ვერ შეგპირდები, - მკაცრად თქვა ლუციუსმა, მის ცივ თვალებში სიმკაცრე იკითხებოდა.
მიამ თავი დახარა.
- მადლობა, რომ ისევ ჩემს გვერდით ხარ, - ჩუმად თქვა, თუმცა ლუციუსის მახვილ სმენას ეს რა თქმა უნდა, არ გამოპარვია.
ქერა მამაკაცის შინაგანი ბუნება ყოველთვის უარყოფდა სენტიმენტალობის და ადამიანური გრძნობების ყოველგვარ გამოვლენას, ის ხომ ცივი, უგრძნობი ყინული იყო, მტაცებელი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ ცხოველურ ინსტინქტებზე დაყრდნობით მოქმედებდა, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც პრიმუმთა კლანის - ძალით და ზებუნებრივი უნარებით სხვა არამიწიერ არსებებისგან გამორჩეულ დაჯგუფებაში გამოჩნდა ულამაზესი, წაბლისფერთმიანი და შოკოლადისფერთვალებიანი ქალი, რომელმაც ლუციუსის - ვამპირთა კანონის წიგნის მცველის გაყინულ გულში ის ადამიანური სიმები შეარხია, რასაც სიყვარული და თანაგრძნობა ჰქვია, თუმცა საქმე ასე მარტივადაც არ ყოფილა, საუკუნეები დაჭირდა, რომ საკუთარ სხეულში და გონებაში გამომწყვდეული სისხლისმწყურვალე დემონი, რომელსაც ადამიანივით ორი ხელი და ორი ფეხი ჰქონდა და ადამიანის მსგავსად მეტყველებდა, ადამიანური გრძნობების და ინსტინქტებისთვის დაემორჩილებინა. შემდეგ იყო სალემი, სადაც პრიმუმთა კლანის კიდევ ერთი სისხლსმოწყურებული წევრის - კოვაქსის კვალში დევნამ მოიყვანა, აქ კი გაიცნო პატარა, დაუცველი და დაუნდობელი სამყაროს ჯუნგლებში დაკარგული გოგონა, რომელზეც მთელი ზებუნებრივი სამყარო ნადირობდა, და საბოლოოდ, თავისდაუნებურად გახდა ამ საბრალო გოგონას მცველი და მეგობარი, მას შემდეგ თითქმის ათი წელიწადი გავიდა, გოგონა გაიზარდა, რაღაც-რაღაცეები შეიცვალა, ვიღაცები გაქრნენ მათი ყოველდღიური ცხოვრებიდან, ვიღაცები დაემატნენ, თუმცა რაღაცები მაინც არ შეცვლილა, მაგალითად ის, რომ ახლაც კი, ათი წლის შემდეგ, მია ჯეკსონი კვლავ მასთან მოვიდა და როგორც მეგობარს, მისი იმედი ჰქონდა, ლუციუსი კი, საკუთარი მეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა უარს არაფერზე ეტყოდა, და არც ჰქონდა ამის სურვილი.
- მოდი, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და შეკითხვები შემდეგისთვის გადავდოთ, - დუმილი დაარღვია რებეკამ, ყავის ლანგარი და კრუასანები მაგიდაზე დაალაგა და სავარძელში ჩაეშვა. მისი სიტყვები უმეტესად ლუციუსისადმი იყო მიმართული.
ლუციუსი ერთხანს ფიქრობდა, საკუთარ უსწრაფესად მოაზროვნე გონებაში სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავდა, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია ამდენი წლის შემდეგ მდგომარეობის გაუარესება და მია ჯეკსონის ჩრდილიდან გამოსვლა, თუმცა როდესაც ლოგიკურ ახსნას ვერ მიაგნო, დანებების ნიშნად მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
- პირდაპირ ვიტყვი, ყოველგვარი შესავლის გარეშე, - თქვა რებეკამ და თანამოსაუბრეებს მზერა შეავლო, - ჩემი უნარები დაბრუნდა..
ამ სიტყვებს განსხვავებული რეაქციები მოყვა, ლუციუსს აშკარა გაკვირვება გამოესახა უემოციო სახეზე, მიას თითქოს არ გაკვირვებია.
- ეს რას ნიშნავს? - იკითხა ქერა ვამპირმა და ჟღალი წვერი ჩვეული მოძრაობით მოიწიწკნა.
- ჯერ არ ვიცი, - მიუგო რებეკამ, - მაგრამ ერთი რამის თქმა ზუსტად შემიძლია, როდესაც მე სალემი მასობრივი შთაგონების ქვეშ მოვაქციე, ჩემი უნარები გაქრა, ამ შთაგონებამ თითქმის მთელი ძალები დამაკარგვინა, მაგრამ ახლა ბრუნდება, ამას ვგრძნობ..
ლუციუსმა სწრაფი მოძრაობით მოუკიდა სიგარეტს და მეუღლეს დაკვირვებული მზერა შეავლო.
- მაინც ვერაფერს ვხვდები.
- ჩემი უნარების და შეგრძნებების გაძლიერება იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც ხდება, და ეს რაღაც არ არის კარგი, - დაასრულა რებეკამ და ყავა მოსვა.
- გასაგებია, - მიუგო ლუციუსმა და ჩაფიქრდა, შემდეგ მიას გახედა, რომელიც აქამდე ჩუმად იჯდა, - თუმცა ეს ფაქტი სულაც არ ხსნის იმას, თუ რატომ იმყოფება აქ მის ჯეკსონი.
მია შეიშმუშნა, კითხვის გამომხატველი მზერით გახედა რებეკას და როდესაც მისგან უხმო თანხმობა მიიღო, ღრმად ამოისუნთქა და ლუციუსისკენ შემობრუნდა.
- მარკს პრობლემა აქვს.. ბოლო სამი წელიწადია კოშმარები ტანჯავს, ის საკუთარ თავს აღარ გავს, - ამოიოხრა მან და თავი ჩაღუნა, - ხასიათი შეეცვალა, თითქოს... - ჩაფიქრდა, რომ შესაფერისი სიტყვა შეესაბამებინა, - თითქოს უფრო უემოციო, მოჩხუბარი და ფეთქებადი გახდა, უფრო საშიში.. მზერაც შეეცვალა, ახლა თითქოს ის უფრო ჰგავს...
- მარკუსს, - შეაწყვეტინა ლუციუსმა და მკაცრი სახე უფრო შეუვალს და ქვისგან გამოთლილს დაემსგავსა.
- ჰო.. - კვლავ ამოიოხრა მიამ, - მეშინია.. ძალიან.. არ ვიცი, რა გავაკეთო, მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება, - მან რიგ-რიგობით შეხედა ჯერ ლუციუსს, შემდეგ რებეკას, თითქოს მათგან ითხოვდა შველას.
- მაგრამ მარკუსი მკვდარია, მისი სხეული განადგურებულია და სული რიტუალის გარეშე ვერ დაბრუნდება რომელიმე სხეულში, - ხელები გაშალა ლუციუსმა, თუმცა გრძნობდა, რომ მარკის კოშმარები სულაც არ იყო ის მთავარი პრობლემა, რის შესახებაც მიყავდათ საუბარი ქალებს.
რებეკამ და მიამ ერთმანეთს გადახედეს.
- ეს ჯერ არ ვიცით, - თქვა რებეკამ.
- რას გულისხმობ? - შუბლი შეკრა ლუციუსმა.
მიამ ჩანთიდან კიდეებგაცვეთილი და ყდაშემოხეული წიგნი ამოიღო, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე გიჟი მკვლევარიც კი სულმოუთქმელად გამოიკვლევდა.
- ეს რა არის? - წიგნს თვალი შეავლო ქერა ვამპირმა.
- ეს ჩემი ძველი სახლის სარდაფში ვიპოვე, - თქვა მია ჯეკსონმა, - როდესაც ტალიას სხეული სარდაფიდან გაქრა, იქაურობის მოწესრიგება გადავწყვიტე და ეს ვიპოვე.
ლუციუსმა წიგნი აიღო, ყველა მხრიდან ყურადღებით დაათვალიერა, შემდეგ გადაშალა და დროის ულმობლობისგან გაყვითლებულ ფურცლებს პირქუში მზერა შეავლო, შემდეგ მაგიდაზე დაუშვა და უკმაყოფილო მზერა შეავლო თანამოსაუბრეებს.
- მაგრამ აქ არაფერი წერია, სუფთა ფურცლებია.
- ცდები, - გაიღიმა რებეკამ, - მე ისევე მშვენივრად ვხედავ ამ ფურცლებზე ტექსტს, როგორც შენს თითებში სიგარეტს. ამ წიგნს შელოცვა ბლოკავს, და მისი წაკითხვა მხოლოდ ისეთი უნარების მქონე ზებუნებრივ არსებას შეუძლია, როგორიც მე ვარ.
ლუციუსი შეფიქრიანდა.
- ეს ნერვიულობის საბაბს გვაძლევს? - მიუთითა წიგნზე.
- დიახ, - მიუგო მიამ, - ზუსტად ამის შესახებ გვსურდა საუბარი, ლუციუს.
- ფიქრობთ, რომ რებეკას უნარების დაბრუნება და მარკის კოშმარები ამასთან რამე კავშირშია?
- დიახ, - გაიმეორა მიამ.
- კარგი.. - ჩაერია რებეკა, წიგნი მუხლებზე მოათავსა, გადაშალა, ორივე ხელისგული ფურცლებს დაადო და თვალები დახუჭა, - მოდი ვნახოთ, რა წერია აქ.

*****

„უკვე არაერთხელ ითქვა, რომ სალემის კუდიანთა სამსჯავრო ის კლდეა, რომელზეც თეოკრატია დაიმსხვრა.“ ჯორჯ ლინკოლნ ბური.

1693 წელი.სალემი.
დასახლება წყვდიადს მოეცვა, კუპრისფრად ჩამუქებულ ცაზე აქა-იქ ელვის ზოლი ჩნდებოდა, წვიმას იწყებდა.. ქარი, რომელიც თანდათანობით ძლიედებოდა და ხის სახლების და საზოგადოებრივი ნაგებობების კედლებს აზანზარებდა, ცრუმორწმუნე მოსახლეობის გულებში საზარელ შიშს იწვევდა, მით უმეტეს დღეს, როდესაც ბოლოს და ბოლოს მოიშორეს წყევლა და სამსჯავროს მიერ სოფლის ყველაზე საშინელ ჯადოქრად და კუდიანად შერაცხული თავიდან მოიშორეს, თუმცა მის სიკვდილს მისტიურად დაემთხვა უეცრად ამოვარდნილი ქარიშხალი, ჭექა-ქუხილი და წვიმა.
სოფლის დაცარიელებულ, ატალახებულ ცენტრში, თუ ამას დასახლების ცენტრალური უბანი შეიძლება ეწოდოს, წრიული ფორმის მოედანზე, სადაც საზოგადოებრივი თავყრილობები იმართებოდა, ხის ოთხკუთხა ნაგებობა მოჩანდა, ნაგებობა, რომელზეც ასევე ხის კიბით შეიძლებოდა მოხვედრა, ბოძზე ჩამოკიდებული სხეული მდორედ ირხეოდა, ხელები ზურგს უკან მსხვილი თოკით შეეკრათ, თავზე ტომარა ჩამოეცვათ.. თავი მკერდზე ჩამოვარდნოდა. აღნიშნული სურათი წყვდიადის, ტალახის, ტალახში ამოგანგლული ვაშლების, დამპალი ბოსტნეულის და ზოგიერთი გადარჩენილი ლაყე კვერცხების ფონზე, რომელსაც ქარის უცნაური სტვენა, ნისლი და წვიმის ფარდა ემატებოდა, საზარლად მოჩანდა. სახრჩობელის თავზე შემომჯდარმა ყორანმა დაიჩხავლა, გვამის წინ უძრავად მდგარ მამაკაცს დახედა, ფრთები აიქნია და წყვდიადს შეერია.
მამაკაცი იყო მაღალი, ერთიანად შავ ტანსაცმელსა და შავ, უხეშ, ქუსლმოღრეცილ მაღალყელიან ფეხსაცმელში გამოწყობილი, კუნაპეტივით შავ მოსასხამში გამოწყობილი ძეგლივით იდგა და ყურადღებას არ აქცევდა ამინდის მრისხანე შემოტევას, მოკლე, შავი წვერი აბურძგნოდა, მოსასხამს შიგნიდან იკვეთებოდა უზომოდ სიმპათიური შავგვრემანი სახე, გრძელი შავი თმა და უცნაურად მოელვარე თვალები.
- დაუჩქარე, - ჩაფიქრებული, იდუმალი უცნობი გონებაში გაელვებულმა ხმამ გამოარკვია, თავი აწია, ხელის სწრაფი მოძრაობით გვამს ტომარა მოგლიჯა თავიდან და გვერდით ისროლა, შემდეგ მოსასხამის შიგნიდან მოკლე ხანჯალი ამოიღო, გვამს თმის მცირე ნაწილი მოჭრა და შეინახა.
- მზადაა, - ასევე გონებაში უპასუხა.
- დაგვეწიე, - მისცეს ინსტრუქცია და ხმა დადუმდა.
მამაკაცმა უკმაყოფილოდ დაიღრინა, მიმოიხედა, ერთხელ კიდევ შეავლო თვალი სახრჩობელის ერთადერთ პატრონს და წამის უსწრაფესად გაუჩინარდა.

*****

რებეკას ორივე ხელისგული გაუხურდა, სახე დაეძაბა, საფეთქლებთან, წაბლისფერი თმიდან ოფლის წვეთებმა გამოჟონა. ის უხსოვარ წარსულში გონებით დაქროდა, ეს კი მის უზარმაზარ ენერგიას, უნარებს და ძალებს შეუბრალებლად ნთქავდა. მთელი სხეული დაეჭიმა და აუკანკალდა, იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო, კბილები ერთმანეთს დააჭირა.
ლუციუსი და მია ჯესკონი თვალდაუხამხამებლად მიჩერებოდნენ.
უეცრად რებეკამ დაიკვნესა, ხელები წიგნს მოაშორა და უღონოდ მიეყრდნო სავარძლის საზურგეს.
- ბოლომდე არ მიშვებს, - ბრაზით ამოთქვა და თვალები გაახილა, რომელიც უკიდურესი დაღლილობით ავსებოდა.
- შეხედეთ, - დაიჩურჩულა მიამ, რომელიც თვალებგაფართოებული მიშტერებოდა წიგნს.
წიგნის ფურცლები ნელ-ნელა დაიფარა თეთრი კვამლით, შემდეგ უეცრად იფეთქა და ცეცხლში გაეხვია.
- ჯანდაბა, - ლუციუსი წამოხტა და წყლის გრაფინს სტაცა ხელი.
- არ შეეხო, - შეაჩერა რებეკამ.
გავიდა რამდენიმე წამი და წიგნის ადგილას მხოლოდ ოთხკუთხა ფორმის ფერფლი დარჩა.
- ეს რა იყო? - გაოგნებამ გამოჟონა მიას ხმაში.
არანაკლებ გაოცებული იყო ქერა ვამპირიც.
- თვითგანადგურების შელოცვა, - მიუგო რებეკამ, თავზე ხელები შემოიჭდო და საფეთქლები დაიზილა.
ლუციუსი სავარძელზე დაეშვა.
- რა ნახე?
- არც ისე ბევრი რამ, - ჩაფიქრდა რებეკა და ფერფლს თვალი გაუშტერა, - კადრები ქაოსურად იცვლებოდა, უცნობი ხალხი, უცნაური გარემო, ნისლი, სისხლის წვიმა..
ლუციუსი მოიღუშა.
- ეს წიგნი ტალიას ეკუთვნოდა, - თქვა რებეკამ, - მაგრამ არ ვიცი, მის ხელში საიდან მოხვდა.. ვნახე მსხვერპლშეწირვის კადრები, ნახევრადშიშველი ხალხი, ქურუმები, სისხლით მოსვრილი კერპები, გამოქვაბული, ბავშვები..
- ბავშვები? - იკითხა მიამ.
- ბავშვები, - გაიმეორა რებეკამ და ლუციუსს ჩააშტერდა უფერულ, რენტგენისებურ თვალებში, - შენ მითხარი, რომ პრიმუმთა სამსჯავროზე, სადაც გაბრიელს განაჩენი გამოუტანეთ, მოულოდნელად ასმოდეუსი გამოჩნდა და უხუცესთა საბჭო გაანადგურა..
- დიახ, - თავი დაუქნია ლუციუსმა.
- ასმოდეუსი, პირველი ვამპირი, საიდანაც დაიწყო ვამპირთა ხაზის შექმნა.
ლუციუსი კვლავ დაეთანხმა თავის ქნევით.
რებეკა ჩაფიქრდა.
- მე ის ვნახე იქ, წარსულში და კიდევ ოთხი..
ლუციუსი წინ გადმოიხარა და რებეკას ყურადღებით დააკვირდა.
- მაღალი, თმადაწნული, საფეთქლებზე ტატუთი, ეს ასმოდეუსია?
- დიახ, - ლუციუსის ნერვები უკიდურესად დაიჭიმა.
- კიდევ ერთი, ისიც მაღალი, გრძელთმიანი, მკერდზე ჯვარედინი ნაიარევით, ცალთვალა..
ლუციუსმა წარბები შეკრა, სახეზე ჩაფიქრება დაეტყო.
- არ ვიცი..
- მესამე, გამხდარი, მაღალი, ქერა თმით, - რებეკამ თვალები დახუჭა, - ერთი თვალი შავი, მეორე ცისფერი, ბოროტი ღიმილი, ბოროტი აურა.. - ის უეცრად დენდარტყმულივით შეხტა და ელდანაცემი მზერით გადახედა მიას.
- რა ხდება? - სწრაფად იკითხა ლუციუსმა.
- მეოთხე.. - დაიჩურჩულა ქალმა, - მაღალი, შავგვრემანი, შავი თვალები, შავი თმა, სახეზე ნაიარევი, დაცლილი გამოხედვა, უემოციო..
მიას თვალები გაუფართოვდა, შიშით აევსო, სკამზე მიელურსმა, თითქოს მოძრაობის და ლაპარაკის უნარი დაკარგა.
ლუციუსს სახეზე უკიდურესი გაოგნება გამოესახა.
- მარკუსი.. - თქვა მან, - შეუძლებელია! - ის წამოხტა და მაგიდის გასწვრივ ბოლთის ცემა დაიწყო, რაც, მისი სისწრაფიდან გამომდინარე დროში გადაადგილებას უფრო ჰგავდა, ვიდრე უბრალოდ სიარულს.
- ასმოდეუსი და მარკუსი, - იმეორებდა შიგდაშიგ, - რა კავშირი აქვთ მათ? ან ვინ არის ის ორი უცნობი მათთან ერთად? - ლუციუსი შეჩერდა და მაგიდას დაუბრუნდა, - რებეკა, ეს რამდენად შესაძლებელია?
ქალმა უღონოდ გაიღიმა, ხელი გაიწოდა და ნაზად ჩამოუსვა სახეზე ლუციუსს.
- მე წინასწარმეტყველი არ ვარ, ლუციუს, მე ის დავინახე რაც ზუსტად რეალურად მოხდა წარსულში..
ლუციუსმა მორიგ სიგარეტს მოუკიდა.
- ეს ძალიან ბევრ რამეს ცვლის, - ჩაფიქრებით თქვა მან, - ძალიან ბევრ რამეს..
- ეს ეჭვქვეშ აყენებს მოსაზრებას, რომ ასმოდეუსით დაიწყო ვამპირთა ხაზის არსებობა, - ჩაურთო რებეკამ, - ის ორი მამაკაცი არავის ჰგავს, ვისაც რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში ვიცნობდი, ამას ემატება მარკუსი, რომელიც აბსოლიტურად არალოგიკურად ზის საერთო სურათში..
ლუციუსმა წვერი მოიწიწკნა.მზის სხივებზე ავისმომასწავებლად გაიელვა გვირგვინოსანმა ბეჭედმა.
- მარკუსი.. - ხმა ამოიღო მიამ, - მე არ მინდა ის დაბრუნდეს.. მეშინია, ძალიან მეშინია..
- დამშვიდდი, - გახედა ლუციუსმა, თუმცა მისი ხმა სულაც არ ჟღერდა მშვიდად, - მარკუსის სხეული საუკუნეების წინ გაანადგურა კოვაქსმა და რებეკა ამაში დამემოწმება.
თუმცა რებეკა ჩაფიქრებული ჩანდა.
- მე ვნახე დანახშირებული, დანაწევრებული სხეული, მარკუსის ტანისამოსით და ბეჭდით, - თქვა ბოლოს, - მაგრამ, - მან თავი აწია და ლუციუსს მტკიცე მზერა მიაპყრო, - თუმცა ბოლომდე დარწმუნებით არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნამდვილად მარკუსის სხეული იყო.
- მაგრამ შენ მისი სული მარკის სხეულში გამოაღვიძე, - გაუბედავად თქვა მიამ.
რებეკამ თავი გააქნია.
- ეს მაინც არ ამტკიცებს იმას, რომ მარკუსის სხეული განადგურდა.. მოკლედ, ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა.
ლუციუსს სახეზე შავმა ღრუბელმა გადაუარა.
- მხოლოდ ორი პიროვნება ვიცი, ვისაც რამის ახსნა შეუძლია, - თქვა მან, - ასმოდეუსი და კოვაქსი.
შავგვრემანი უკვდავის სახელის ხსენებაზე მიას შიში ჩაუდგა თვალებში.
- ჩვენ არ ვიცით, სად უნდა ვეძებოთ ისინი, - თქვა რებეკამ, ფრთხილად ცდილობდა, საყვარელი ადამიანისთვის უკვე მიღებული გადაწყვეტილება შეეცვლევინებინა.
ლუციუსმა ცივად გაიღიმა.
- როცა გარშემო რამე არაბუნებრივი ხდება და როცა რაიმე საეჭვოა, შეუძლებელია, ამ ყველაფერმა კოვაქსის გარეშე ჩაიაროს.. დარწმუნებული ვარ, მან იცის რაღაც, რასაც შეუძლია სწორ გზაზე დამაყენოს, ამისთვის კი მისი მოძებნა და მასთან საუბარი მომიწევს.
რებეკამ დანებების ნიშნად ამოიოხრა.
- ვფიქრობ ვიცი, სადაც უნდა მოვძებნო ის, და იმედი მაქვს ის ისევ ისეთივე საღად მოაზროვნე და ბოროტებისგან დაცლილი დამხვდება, როგორიც გავუშვი ათი წლის წინ აქედან.
ლუციუსმა სიტყვა დაასრულა, ყავის ფინჯანი მოიმარჯვა, სავრძლის საზურგეს მიეყრდნო და ჩაფიქრდა. მის უსწრაფესად მოაზროვნე გონებაში მომავალი სამოქმედო გეგმები ისახებოდა, მის საყვარელ ადამიანს და ახლობლებს გარკვეველი, უცნაური სიტუაცია მორევივით ითრევდა და ამას ასე ვერ და არ დატოვებდა, ვამპირთა კანონის წიგნის მცველი მოქმედებას იწყებდა.



№1  offline წევრი 《Sunshine》

როგორ მიხარია რო დაბრუნდი და გააგრძელე ეს არაჩვეულებრივი ისტორია წარმატებები❤️

 


№2  offline წევრი ჰაიკო

《Sunshine》
როგორ მიხარია რო დაბრუნდი და გააგრძელე ეს არაჩვეულებრივი ისტორია წარმატებები❤️


ძალიან ძნელი იყო დაბრუნება, მაგრამ იმდენად მენატრებოდა ეს ისტორია, პერსონაჟები და წერის დროს მიღებული ადრენალინი რომ გადავწყვიტე გამეგრძელებინა.
მადლობა რომ მკითხულობ♥️

[b][/b]მეგობრებო, ერთი თხოვნა მაქვს და წინასწარ ბოდიშს ვიხდი თუ თავხედურად გამომივა. მოკლედ, მე არ ვარ ამ საიტის Facebook ჯგუფში და თუ ძალიან არ დაგეზარებათ თუ შეგიძლიათ რომ ამ ისტორიის თავები გააზიაროთ ხოლმე.
მადლობა წინასწარ.
[H]
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 


№3 სტუმარი სტუმარი კეტრინი

ვაუ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ვნახოთ რას მალავს ასმოდეუსი ახალი პერსონაჟია როგორ ვხვდები ერთი სული მაქვს გაირკვეს რა ხდება

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინა

ინტრიგის სუნი მცემს.როგორ მომწონს,მადლობა.

 


№5 სტუმარი სტუმარი ჰაიკო

სტუმარი კეტრინი
ვაუ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ვნახოთ რას მალავს ასმოდეუსი ახალი პერსონაჟია როგორ ვხვდები ერთი სული მაქვს გაირკვეს რა ხდება


ასმოდეუსი ახალი პერსონაჟი არ არის, წყურვილის საწყის ისტორიის ბოლო თავში იყო და ნელნელა გაგაცნობთ მასაც. მადლობა რომ ელოდებით და მადლობა კომენტარისთვის.

სტუმარი ნინა
ინტრიგის სუნი მცემს.როგორ მომწონს,მადლობა.


ოო ინტრიგა, ინტრიგა.. ინტრიგები საკმარისად იქნება:)
მადლობა თქვენ რომ კითხულობთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent