მკვლელობა შავი იებით (თავი 1)
შავი, ყვავილებით გაწყობილი გრძელი ატლასის კაბა ეცვა ახალგაზრდა ქალს, რომელიც უსულოდ გართხმულიყო იატაკზე. მის სიახლოვეს ხნიერი მამაკაცი ესვენა. მათ შორის მანძილი ყვავილებს დაეფარა. იები, იისფერი იები მიმოპნეულიყო ირგვლივ ისე, თითქოს ვიღაცას უცაბედად სათითაოდ გაუვარდა ხელიდანო. არავითარი სისხლი, არავითარი კვალი დანაშაულისა არსად ჩანდა. მხოლოდ ნახევრად დაცლილი ღვინის ორი ბოკალი იდო მაგიდაზე. სწორედ მათზე დარჩენილი ნათითურები მოწმობდა, რომ სასმელი ნაწილობრივ ორივეს დაელია. კაცმა დიდი მონდომებით და გულისყურით დაათვალიერა კაბინეტის ყველა კუთხე-კუნჭული და რამდენიმესაათიანი მუშაობის, დაკვირვებისა და ფიქრის შემდეგ ეზოში გავიდა. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ჩაფიქრებული გაუყვა ქუჩას. როგორ დაიღუპნენ ისინი?! მოკლეს? ვინ? რამ? არსად სისხლი! არც საწამლავი ღვინოში! არავითარი გარეშე პირის ანაბეჭდები! რა იყო მკვლელობის მოტივი, თუ ეს მკვლელობაა? უბრალოდ, ერთმანეთი დახოცეს?! როგორ? თუ ასეა, რაიმე კვალი რატომ არ ჩანს?! სიმართლე მხოლოდ გამომძიებელს უნდა გაეგო, რომელსაც იოტისოდენა სამხილიც არ ჰქონდა ხელთ, გარდა გარდაცვლილთა თითის ანაბეჭდებისა, ისიც მხოლოდ ბოკალებზე! ყვავილები?! ვის ეჭირა ყვავილები?! ვითომ ეს ყვავილები იყო მოწამლული? _ ფიქრობდა კაცი, მაგრამ ყვავილების ანალიზმაც არ უჩვენა საწამლავის კვალი... *** გაბრაზებულმა გამომძიებელმა მკვლელობის საქმის საქაღალდე დახურა და ფეხზე წამოიჭრა. არავინ იყო იქ მათ გარდა! არავის გაუგონია კაბინეტში მათი კამათის ხმა! არც ჩხუბის კვალი ჩანდა არსად! მაშ, როგორ გარდაიცვალნენ? თანაც ორივე ერთად?! რა არის ეს, დამთხვევა თუ დაგეგმილი განზრახ მკვლელობა?! ეჭვს ყვავილების გარდა არაფერი იწვევს! ყოველი ნივთი თუ საბუთი ადგილზეა, ყველაფერი მოწესრიგებული! ყვავილები კი იატაკზე ყრია. რა იმალება მათში?! თუ ორივე ყვავილებმა მოწამლა, რატომ არ აღმოჩნდა საწამლავის კვალი ან ორგანიზმში, ან ყვავილებში?! ვინ მიიტანა ყვავილები იქ?! _ გამომძიებელს ათასი კითხვა უტრიალებდა თავში და პასუხი არც ერთზე არ ჰქონდა. ბოლოს გადაწყვიტა, კვანძის გახსნა ყვავილებიდან დაეწყო... ვინ შეიტანა ყვავილები კაბინეტში?! საიდან მოიტანეს?! დღეები ძიებაში გადიოდა. მალე გაირკვა, რომ ყვავილები თავად გარდაცვლილ ქალს იქვე ახლოს მდებარე ბაღიდან მოეტანა. რამდენიმე თანამშრომლის დაკითხვის მიუხედავად, მაინც არაფერი ჰქონდა ხელჩასაჭიდი და საინტერესო. გარდაცვლილი ხნიერი მამაკაცი მცირე კომპანიის ხელმძღვანელი იყო. რამდენიმე თანამშრომელი ჰყავდა, რომელთაც საქმეები გადანაწილებული ჰქონდათ. მეორე მსხვერპლი, ქალი, 3 წლის წინ აყვანილი თანამშრომელი აღმოჩნდა, რომელსაც კოლეგები იშვიათად ხედავდნენ ოფისში, რადგან სამუშაო განრიგით იგი ძირითადად სახლში მუშაობდა. გამომძიებელმა ძველი თანამშრომლების სიაც მოიპოვა და ახლა უკვე წინ ედო ყოფილი თუ მოქმედი თანამშრომლების ყველა დოსიე. ბოლოს მისი ყურადღება მიიპყრო ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა, რომლის ადგილიც გარდაცვლილ ქალს დაეკავებინა. მან ქალის ფოტოს დახედა: რატომ დატოვა სამუშაო თავისი ნებით?! თუ აიძულეს?! ან რატომ წავიდა ისე, რომ სამსახურის საქმეები არავისთვის გადაუბარებია?! რა მოხდა ისეთი, ასე ნაუცბათევად რომ მიატოვა მუშაობა?! იცნობდა კი გარდაცვლილ ქალს?! ქვეყნის დატოვება და ასე შორს გადახვეწა რამ აიძულა? სამუშაოს მიტოვება ხომ არ იყო მისი მოულოდნელი გაქცევის მიზეზი? რაიმე ხიფათი ელოდა და ამის თავიდან აცილება სურდა?! გამომძიებელმა საქაღალდე ხელში აიღო და თავის თანაშემწეს უხმო. რამდენიმე წუთის შემდეგ ფრანკო უკვე კაბინეტში იყო და უფროსს ანგარიშს დეტალურად აბარებდა: _ ყოფილი თანამშრომელი ქალბატონი მალე ჩამოვა! ბილეთი ზუსტად ერთი კვირის წინ, მკვლელობიდან ორ-სამ დღეში დაუჯავშნია. მთავარი ისაა, რომ ამ ქალბატონს სახელი და გვარი გამოუცვლია და ახლა სრულიად სხვა სახელითა და გვარით ცხოვრობს. ეს კი მისი ძველი და ახალი ფოტოებია! აქ არის მისი ახლანდელი მისამართიც. _ თქვა და გამომძიებელს მასალები წინ დაუდო. ქალი ძველ და ახალ ფოტოებში სრულიად ერთნაირად გამოიყურებოდა! გამომძიებელი ბოლთის ცემით დადიოდა კაბინეტში და ფიქრობდა: `სახელი და გვარი შეუცვლია. რატომ? ვინმეს თუ ემალება, მაშინ გარეგნულ სტილსაც შეიცვლიდა, მაგრამ მხოლოდ გვარ-სახელის შეცვლას დასჯერდა~. მონაცვლეობით დასცქეროდა გარდაცვლილი ქალისა და ყოფილი თანამშრომლის ფოტოებს. რა აკავშირებთ მათ ერთმანეთთან, გარდა სამსახურისა! იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს?! გაურკვევლობა ღამეც არ ასვენებდა, ყავას სვამდა და ისევ და ისევ ბურუსით მოცული მკვლელობის საქმეს უბრუნდებოდა. ამჯერად ორ გარდაცვლილ ადამიანზე ფიქრს ყოფილ თანამშრომელზე ფიქრიც ემატებოდა... *** იები დაკრიფა და იისფერ პატარა ლარნაკში ჩააწყო. მუქი ფერის თითქმის შავ იებს ღეროები მწვანე ჰქონდა, მაგრამ არა იისფერი ფურცლები. ლარნაკში წყალი ჩაასხა და სითხეც შეურია, რომ იები მალე არ მომკვდარიყვნენ, თუმცა ახლა მათ სიკვდილსაც აიტანდა. მისთვის ეს შავი ყვავილები ისედაც მკვდარი იები იყო. კარი გააღო, გარეთ გავიდა. მინდორი ნელა გადაიარა, ცხენისკენ წავიდა, რათა ბუნებაში გაესეირნა. ლამაზ შავ ცხენს მოეფერა, ზედ ამხედრდა და ბუნებას შეუერთდა. დიდი ხანია ამ დღეს ელოდა. უკან უნდა დაბრუნდეს, იმ ქვეყანაში, რომელიც 3 წლის წინ მიატოვა, მიატოვა ტკივილის გამო და აქეთ გამოიქცა... ამიერიდან თავის ქვეყანაში გააგრძელებს მუშაობას, იქ ააწყობს ბიზნესს... ნახევარი საათი ხეებს შორის იარა, მერე ლამაზ მწვანე მდინარეში შეიყვანა ცხენი, ხელით წყალი შეასხურა და მოეფერა. ცოტა ხანში მეორე ნაპირზე გავიდა, ერთხანს კიდევ ისეირნა და უკან დაბრუნდა. ცხოველი საჯინიბოში დააბა, საჭმელი თავისი ხელით მიაწოდა და აკოცა: _ შენ ყოველთვის ჩემი ლამაზი მოგონება იქნები, ამ 3 წელიწადში ლამაზი დღეების მომნიჭებელი, _ უთხრა ცხენს, აკოცა და სახლისკენ გაეშურა. მწვანე ხასხასა მდელო, რომლის გარშემო ვეება ხეები ჩამწკრივებულიყვნენ, კვლავ გადაიარა. სწორედ მათ წინ, მთელ სიგრძეზე მდებარე ბაღში იყო დარგული შავი იები, პატარა რუთი რომ ირწყვებოდა. გარემოს თვალი შეავლო, მერე იები დაკრიფა. უკვე იცოდა, რომ აქ დღეის მერე ნამდვილი, ლამაზი იისფერი იები აყვავილდებოდა და შავები აღარ იარსებებდა. რუს მიადგა. იები შიგ ჩაყარა და წყალს გაატანა. გზა ისევ განაგრძო. შინ შესულმა სააბაზანოს მიაშურა, წყალი გადაივლო და უკან შემობრუნებულმა უკანასკნელად მოათვალიერა თავისი ოთახი. ლურჯგადასაფარებლიან ლამაზ საწოლს თვალი შეავლო. დიდხანს უცქირა... მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საწოლმა, ამ ლოგინმა და ბალიშმა იცოდნენ მისი საიდუმლო ცრემლების ისტორია. მერე იქაურობას მზერით დაემშვიდობა და კარი გაიხურა. ბარგი უკვე მზად ჰქონდა. სახლს მალე თავისი პატრონი დაუბრუნდებოდა. ქალს უხაროდა, რომ ნამდვილ მეპატრონეს ცხენიც და ეს სახლ-კარიც თავის მინდორიანად არანაკლებ უყვარდა და მათზე იზრუნებდა. ახლა კვლავ სამშობლოში ბრუნდებოდა, სადაც თავისი საქმიანობის ფილიალი გახსნა და მუშაობას იქ უნდა შესდგომოდა. სახლს შავი `მერსედესი~ მოადგა, ჭიშკარში შემოვიდა და ხეებსა და ყვავილებს შორის დატოვებულ სამანქანო გზას პირდაპირ დაუყვა. მძღოლმა მანქანა ხეების ზოლის დასასრულს მოატრიალა და გაჩერდა. 30-წუთიანი ლოდინის შემდეგ კაცი მანქანიდან გადმოვიდა, სახლის დროებით მფლობელს წინა სალონის კარი გამოუღო და მოწიწებით მიესალმა. _ გამარჯობათ, ქალბატონო! _ მთელი 3 წელიწადია გავიძახი, ასე ნუ მმომართავ და კარის გაღებაზეც ნუ წუხდები, არაა საჭირო-მეთქი, მაგრამ ახლა ვეღარ გეუბნები, მაინცდამაინც ბოლო დღეს როგორ აგიკრძალო? _ თქვა ქალმა და კაცს გაუცინა, _ დანიელასთან ხომ მშვიდობაა?! _ შეეკითხა კაცს, რომელიც 2 წელია მისი მძღოლი იყო. _ მშვენივრად... გმადლობთ. ძალიან მოენატრებით აქ ყველას. _ მეც მომენატრებით ყველანი. _ მადლობა, ქალბატონო, ყველაფრისთვის მადლობას გიხდით. _ თქვა მძღოლმა და მანქანა დაძრა. ეზოდან გავიდნენ და `მერსედესი~ ქუჩას გაუყვა. კარგა ხნის მერე კაცმა მანქანა გააჩერა. ქალს კარი ისევ გაუღო და გადმოსვლაში მიეხმარა. კიბე აიარა. კონსიერჟი წინკართან შეეგება და თავი დაუკრა. ქალი ლიფტში შევიდა და სართულის ღილაკს თითი მიაჭირა. კარი უკვე იკეტებოდა, როცა მოულოდნელად პატარა გოგონა მოვარდა და პირდაპირ ლიფტის ზღურბლზე გაჩერდა. სწრაფად სტაცა ხელი ბავშვს, რომ კარებს შუა არ მოყოლილიყო. გოგონას შეეშინდა, მაგრამ გულში რომ ჩაიკრა, აკოცა და გაუღიმა, ისიც გამოცოცხლდა, შიში გადაავიწყდა. _ რაო, ლამაზო, სად არიან შენი მშობლები?! ლიფტში ასე რატომ შემოვარდი?! ცელქი ხარ?! _ შეეკითხა და გაუცინა. ბავშვს ახლა იმის შეეშინდა, უცხოსთან მარტო რომ იყო და ატირდა. _ ნუ გეშინია, შენებთან მიგიყვან, არ დაიკარგები, _ დაუყვავა პატარას, ლიფტი მე-7 სართულზე გააჩერა და დაცვის ოთახის კარზე დააკაკუნა. _ დიახხხ! _ გამოიხედა ფორმიანმა კაცმა. ბავშვის დანახვაზე ენა დაება, შეშინდა, გოგონამ ხომ არაფერი დააშავაო. _ პატარა ანგელოზი დაეკარგათ მშობლებს. ღილაკს დავაჭირე თუ არა, უცებ შემოვარდა ლიფტში. _ ოოო, ახლავე გამოვაცხადებ, რომ ბავშვი მე-7 სართულზეა. კარგია, რომ იპოვეთ, თორემ ამ 30 სართულზე ნამდვილად დაიკარგებოდა, _ თქვა დაცვის თანამშრომელმა და ბავშვს მიეფერა. 10 წუთში გარედან ტირილნარევი ხმა მოისმა: _ ოო, ემილია, ჩემო გოგო, მადლობა უფალს, რომ უვნებელს გხედავ. _ თქვენი შვილი ამ ქალბატონმა იპოვა და გადაარჩინა. ბავშვი ლიფტში შევარდნილა და კინაღამ კარში მოყოლილა. ქალბატონი ტელეფონზე საუბრობდა თურმე. ბავშვი საფრთხეში რომ დაინახა, ტელეფონი გაუვარდა და ხელი ბავშვს სტაცა. ჟაკლინი ქალბატონს გადაეხვია და მადლობა დიდხანს უხადა, მერე კი ტელეფონის საზღაურის გადახდა შესთავაზა. _ არა, რას ამბობთ, საჭირო არ არის! ძალიან ლამაზი და ცელქი გოგონა გყავთ, _ თქვა და ბავშვს გაუღიმა, _ ახლა უკვე დედასთან ხარ და აღარ იტირო. _ გმადლობთ, ქალბატონო. _ კიდევ ერთხელ გადაუხადა დედამ მადლობა შვილის გადარჩენისთვის. _ არაფრის, კარგად ბრძანდებოდეთ! _ დაემშვიდობა იგი დედა-შვილს, ისევ ლიფტში შებრუნდა და 30-ე სართულზე ავიდა. დიდი ჰოლი გაიარა და ვერანდაზე გავიდა. ლამაზად მორთულ მაგიდებზე უკვე დაელაგებინათ დელიკატესები და სასმელები. ქალის გამოჩენას ყველა სტუმარი ღიმილით შეხვდა. ალეხო მისკენ დაიძრა, მიესალმა, ხელკავი გამოსდო და გვერდით დაიყენა. _ ხომ არ მიბრაზდებით?! _ თქვენობით მიმართა ქალს და გაუღიმა. _ არა, რას ამბობთ, რატომ? განა რამე დააშავეთ?! _ დიახ! თქვენი სახლი და ცხენი მძღოლიანად რამდენიმე საათის შემდეგ ჩემი გახდება! ქალს გაეცინა: _ ცდებით! გაკვირვებულმა ალეხომ კითხვანარევი მზერით შეხედა. _ ცდებით, ბატონო ალეხო! ჩემი სახლი, ცხენი და მძღოლი, ასევე ის მინდორი თავისი ბაღით დღეს, 5 საათში კი არ გახდება თქვენი, უკვე წლებია, თქვენია და მე გიხდით მადლობას, რომ არ გამომაგდეთ იქიდან! _ ოოო, ძალიან მოენატრებით ყველას და მათ შორის ცხენსაც, რომელსაც ასე ძლიერ შეაყვარეთ თავი... _ კაცს თავისსავე ხუმრობაზე გაეცინა. ორივენი მხიარულად, სიცილით საუბრობდნენ. ალეხო ხელს არ უშვებდა ქალს, რომელიც აგერ, უკვე 3 წელია, მისი მეგობარი და პარტნიორი გამხდარიყო. ქალს მოსწონდა, რომ ეს თავდაჭერილი კაცი პატიოსნად უძღვებოდა თავის საქმეს და ქალის მიმართ მხოლოდ პარტნიორულ-მეგობრულ ურთიერთობას ამჟღავნებდა. ცალკე მაგიდასთან დასხდნენ და კარგა ხანს ისაუბრეს საერთო საქმეზე. _ დღეს სულ შენ დაისაკუთრე ჩემი დაქალი?! მეც მაქვს მასთან საჭორაო! _ ალეხოს მიმართა გაბიმ და კაცი ლამის ძალით გააგდო სასმლის მოსატანად. _ როგორც ყოველთვის. _ ერთდროულად წამოიძახა ორივე ქალბატონმა, რაზეც გულიანად გაეცინათ. _ ჩემთან ხომ ჩამოხვალ? _ ჰკითხა ქალმა, _ ახალი ფილიალი ახლოდან უნდა დაგათვალიერებინო. _ კი, აუცილებლად... და მისი მფლობელსაც უნდა შევხედო ერთი, როგორი ქალია. _ გაეხუმრა გაბი და ჩაეხუტა, _ მომენატრები! _ მეც, ჩემო კარგო! _ მიუგო მეგობარმა და ლოყაზე აკოცა. მხოლოდ 3 ჭიქა სასმელი დალია და ადგა. რამდენიმე ნაბიჯი გაიარა და აივნიდან გადახედა გარემოს. მის წინ დიდი ლამაზი შენობები მოჩანდა, თავს რომ იწონებდნენ თავიანთი ახალი სტილით. მერე ჭიქით ხელში შემოტრიალდა და საათს დახედა. ცარიელი ბოკალი ოფიციანტს დაუდო სინზე და იქვე მდგარ ალეხოს მიუახლოვდა, რომელიც გაბის ესაუბრებოდა: _ ჩემი წასვლის დროა. ყველაფრისთვის მადლობას გიხდი, ალეხო. იმისთვის, რაც ამ 3 წლის განმავლობაში ჩემთვის გააკეთე... შენი ვალიდან ვერასდროს ამოვალ... ერთადერთი ადამიანი იყავი, ვინც ჩამოსვლის პირველსავე დღეს გვერდით დამიდგა და ცხოვრების ხალისი დამიბრუნა... _ ჩემი ვალი ნამდვილად არ გაქვს, _ მიუგო მამაკაცმა, _ მით უფრო, რომ ეს მშვენიერი, ახლა უკვე ახალი კომპანიის მმართველი ქალი გავიცანი, _ თქვა და გაბი მიიხუტა, _ შენ კი წარმატებებს გისურვებ იქ, შენს სამშობლოში... _ მადლობას გიხდი, ალეხო, მეც წარმატებებს გისურვებ... _ თქვა და ორივეს გადაეხვია, დაემშვიდობა, გადაკოცნა და თავის მძღოლს დაუძახა. ქუჩებში ლამპიონები კაშკაშებდნენ. ზღვის სანაპიროს რომ ჩაუარეს, ფანჯარა ჩამოსწია, რათა შეეგრძნო ამ სამყაროს თავისუფლების გრილი ჰაერი და მძღოლს გახედა. ისიც მიუხვდა და სვლა შეანელა. ცოტა ხნის მერე კი კვლავ მოუმატა სიჩქარეს. მალე მიაღწიეს სახლამდე. მძღოლმა მანქანა ჭიშკრის წინ გააჩერა. თავის უკვე ყოფილ ოთახში შევიდა. შავი გრძელი კაბა, რომელიც თავისი ხელით გაკეთებული იების ფორმის შავი თვლებით იყო გაწყობილი, გაიხადა და ლოგინზე დადო. აბაზანაში წყალი ჩაასხა, ქაფი დაამატა და ამ ქაფში გაეხვია. თვალები მთელი ძალით დახუჭა, ცდილობდა იქ გატარებული ბოლო წლები დაევიწყებინა და გონებიდან ამოეგდო, უკან აღარ დაებრუნებინა ის საშინელი მოგონებები, მაგრამ მაინც შეშინებული ჩასჭიდებოდა აბაზანის კედელს. ტელეფონის ზარი გაისმა და იმავ წუთს კარზეც დაუკაკუნეს. _ ქალბატონო, ტელეფონზე გთხოვენ! _ მომიტანეთ, თუ შეიძლება!! _ ითხოვა და ისევ აბაზანაში დარჩა... _ გისმენთ! _ მე ვარ... გაიგე ახალი ამბავი? ის ერთი კვირის წინ დაიღუპა... _ აუწყა ქალის ხმამ და დადუმდა. ქალმა ხელი უფრო მოუჭირა აბაზანის კედელს და თვალები კვლავ მაგრად დახუჭა: _ უკვე ვიცი, _ წარმოთქვა და შეშინებულს უცებ ამოუტივტივდა 7 დღის წინ ნანახი სიზმარი: შავი კაბა ეცვა, გრძელი, სადა ნაჭრის, შავი იებით გაწყობილი... ხელშიც შავი იები ეჭირა და თოვლიან გზას მიუყვებოდა. არემარე მთლიანად სითეთრეში იყო ჩაფლული. კარგა მანძილი გაიარა თოვლში. როგორც კი ხეებს გასცდა, სახლიც გამოჩნდა, შავი, ჩაბნელებული სახლი და შიგნით შევიდა. ოთახში ფეხი შედგა თუ არა, იატაკზე ქალის სხეული დაინახა. იქვე მკაცრი, ბოროტი გამომეტყველების კაცი იდგა, რომელიც ქალს ოდესღაც თავისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ წამებს პარავდა და ანადგურებდა. მათ მაღალი, სევდიანი სახის კაცი უახლოვდებოდა, მაგრამ ქალის განადგურებულ სახეს ბედნიერებას ვეღარ უბრუნებდა. უკან დაიხია ქალის ტკივილიანი მზერის დანახვისას, არ იცოდა რა მოემოქმედებინა და როგორ გამოეტაცა ქალი ამ ბოროტი კაცის კლანჭებიდან. შავ კაბაში შემოსილი ქალი უცბად იმ ქალსა და კაცს შორის გაჩერდა, ქალს დააკვირდა და ახლაღა შენიშნა მისი გაცივებული სხეული, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. მერე კაცს შეხედა, რომელმაც იგი იცნო და გაყინული მზერით მიაშტერდა. ქალმა ხმა ამოიღო: _ ვიცი, მიცანი! ვიცი, თვალწინ დაგიდგა 3 წლის წინ ჩადენილი შენი საშინელი საქციელი, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ქალი ტკივილმა მოკლა, შენი ერთი კოცნის გამო არ მოვმკვდარვარ! _ და სახეში შეაყარა შავი იები. კაცი კვლავ გაყინული მზერით იდგა. არც ახლა იხდიდა ბოდიშს, არც სინანულის გრძნობა ჰქონდა, მასში არაფერი არ იყო ადამიანური. კეთილმა კაცმა ქალს შეხედა, ბედნიერი ღიმილით შეხედა და მადლობა გადაუხადა ამ კაცის სიკვდილის გამო, მერე უსულო ქალის სხეული ხელში აიტატა და სახლი დატოვა. ქალის ლანდი გარეთ გამოვიდა, იგრძნო ბედნიერება, იგრძნო სიხარული, იგრძნო თეთრი თოვლისგან მონიჭებული სუფთა ჰაერი... ტყეს გაუყვა და გაქრა... შავი ლანდი იებით ხელში... _ იმედია კარგად ხარ. ცოტა დამშვიდდი? _ ტელეფონზე მოსაუბრის შეკითხვამ რეალობაში დააბრუნა, გამოაფხიზლა და მაშინვე ამოხტა აბაზანიდან. _ კი კარგად ვარ. მალე გნახავთ. რამდენიმე საათში თვითმფრინავში ჩავჯდები. _ ამ სიტყვებით დაემშვიდობა მას და სიზმრის დავიწყებას შეეცადა. შიშველმა სააბაზანოში აქეთ-იქით სიარული დაიწყო, თან თავს აქნევდა, რომ როგორმე ამოეგდო უსიამოვნო ფიქრები გონებიდან. მერე ტანი შეიმშრალა და შავ კაბას გადახედა, რომელიც სიზმარს აგონებდა და შეშინებულმა სამოსი მაშინვე სანაგვე ყუთში ჩააგდო... `ელლე~ დაისხა, თავისი საყვარელი `ელლე~ და გაუხარდა, მისი არომატი რომ შეიგრძნო. ოქროსფერი პატარა საყურე გაიკეთა, ოქროსფერი საათი. უჯრა გამოაღო, სადაც მხოლოდ დღეს ჩასაცმელი ტანსაცმელი ჰქონდა დატოვებული. ოქროსფერი კაბა აიღო და ტანზე მოირგო. მოეწონა საკუთარი თავი სარკეში. გაიღიმა, შემდეგ თავის ოთახს ისევ შეავლო თვალი: ერთ კედელთან ლურჯგადასაფარებლიანი საწოლი იდგა, რომელსაც ზემოდან გამჭვირვალე ფარდა ჩამოჰყვებოდა. მას ნიავი არხევდა და გარემოს ჰაეროვნებას ანიჭებდა. მეორე კედელზე მოჩანდა სვაროვსკის თვლებით მოოჭვილი სარკე, რომელიც სააბაზანოს პირდაპირ მდგარ დიდი გარდერობის კარზე იყო მიმაგრებული. კიდევ _ პატარა დივანი, რომელიც აივანზე იდგა და მაგიდა ესკიზების დასახატად. ასევე როიალი, ფანჯარასთან რომ იდგა. მასზე უკრავდა, როცა ხასიათზე იყო. ახლა თავის მესაიდუმლე ლოგინს უფრო ემშვიდობებოდა, ვიდრე ინტერიერის დანარჩენ ნივთებს. `შენც მომენატრები!~ _ თქვა და როიალის კლავიშებს შეეხო. ისევ შეიგრძნო ინსტრუმენტის სუნი და თავისი სუნამოს სურნელიც, რომელიც კლავიშებს შერჩენოდა. რამდენიმე ნოტმა გაიჟღერა თუ არა, როიალი დახურა. მერე კარი გამოიხურა და კიბეს ჩაუყვა. ქვემოთ ჩასული ყველას დაემშვიდობა, გარემოს მოავლო თვალი და ბოლოს თავის სახელოსნოში შეიხედა. ბედნიერებით სავსემ მაგიდას შეახო ხელი და აქ გატარებული ყოველ წუთი გაიხსენა. თვალზე მომდგარი ცრემლი სწრაფად მოიწმინდა, მერე ცხენსაც დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა. ყველა ჩემოდანი, სახელწოდებით `ელლე“, უკვე თვითმფრინავის ბაგაჟში იყო მოთავსებული. მხოლოდ ჩანთა ეჭირა ხელში, როცა მანქანიდან გადავიდა. რეგისტრაცია გაიარა და თვითმფრინავში ასულმა თავისი ადგილი დაიკავა. აღელვებულმა გადახედა აეროპორტს, რომელიც ღამის მოკაშკაშე ნათურების ფონზე ულამაზესი ჩანდა... ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ თვითმფრინავი დაეშვა. რეგისტრაცია აქაც გაიარა და მისი სუნამოს სურნელი ამჯერად რიგას, ლატვიის დედაქალაქს შეუერთდა... მაღაზიებში შეიარა. აქ სულ რამდენიმე წლის წინ იყო, გავლით. მაშინ ძალიან ციოდა და აეროპორტიდან არც გასულა, ახლა კი დრო ჰქონდა და ქალაქში გასეირნება გადაწყვიტა. ქალაქი ახლა არც ისე ცივი იყო, სხეულს ისე ძლიერ აღარ უყინავდა, როგორც მაშინ. და ეს ესიამოვნა კიდეც. ახლა შენიშნა არტ-ნუვოს არქიტექტურა და მისი დანახვით დატკბა. რიგას ამ მხრივ მხოლოდ ვენა, პრაღა და ბარსელონა თუ შეედრებოდა. შემდეგ მდინარე რიზდენეს სანაპიროზე გაისეირნა და ტაქსით აეროპორტში დაბრუნდა. ბარგი უკვე წაეღოთ და სანამ ჩავიდოდა, ადგილზეც მიიტანდნენ. სამწუხაროდ, ტელეფონი, რომელიც ლიფტში დაუვარდა, აღარ ჰქონდა და არც ახალი უყიდია. თვითმფრინავში რომ ავიდა, მაშინღა იგრძნო, როგორ დაღლილიყო და დაძინება გადაწყვიტა, მაგრამ თვალი ვერ მოხუჭა. *** 3 წლის წინ სტამბულიდან გადაფრინდა. თვითმფრინავი ნელა დაეშვა ბოსტონის აეროპორტის საფრენ ბილიკზე. დაინახა თუ არა ზემოდან 1923 წელს გახსნილი აეროპორტი, ზღვაში ჩაძირულივით რომ მოჩანდა, გაოცდა, ისეთი მშვენიერი ადგილი იყო. აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ბოსტონის მიწას ფეხი დაადგა და თითქოს ახალი სიცოცხლის სურნელი შეიგრძნო. არ იცოდა, იქ რას გააკეთებდა, მაგრამ თავის ქვეყანაში გაჩერება იმ დროს ძალიან უჭირდა, ერთი სულელური ტყუილის გამო იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა და გაქცეულიყო. გაექცა ტკივილს და სისასტიკეს, რომელსაც ირგვლივ მყოფნი მას უნებურად აყენებდნენ. როცა ქალაქში ჩაფრინდა, არც იცოდა, სად მოხვდებოდა. ბოსტონის ზღვის ხედით მოჯადოვდა. სანაპიროზე გასეირნებისას წყლის გრილი შხეფები სახეზე ესხმებოდა, რაც დიდ სიამოვნებას გვრიდა. იმდენად სიამოვნებდა, რომ თავის ტკივილს ავიწყებდა. სანაპიროს ქვაფენილს დაუყვა და ზღვას გახედა. ,ოლდ ატლანტიკ ავენიუსთან მდებარე აკვარიუმი დაინახა და შენობა აათვალიერა. მოეწონა და შევიდა. აკვარიუმი 9-დან 5 საათამდე მუშაობდა, აქ 20 000 სახეობის ულამაზეს ზღვის მობინადრეს დაედო ბინა. ლურჯ კამკამა წყალში მოცურავე აფრიკული პინგვინები იქვე დაყრილ ქვებზე ამოდიოდნენ და თავს იწონებდნენ მაყურებლის წინაშე. ირგვლივ ლამაზი ნიჟარები მიმოფანტულიყო. კუები, მწვანე წყალმცენარეები, ზღვის ცხენები, თევზები, მარმარილოს სკაროსი, გველთევზები _ კონგერები საოცარი სანახავი იყო... საიმპერატორო პომაკანტის თევზები, ულამაზესი ფერებითა და ზოლებით, ნებისმიერ დიზაინერს აღუძრავდა შურს ფერების შეხამებით. გარეთ გამოსულმა ზღვის გრილი ჰაერი ჩაისუნთქა, ძალა მოიკრიბა და გზიდან გადავიდა თუ არა, გაითიშა. კინაღამ მანქანა დაეჯახა. როცა გაიაზრა, რომ ახლა სხვაგან იყო, შორს თავისი ქვეყნისგან, შეეშინდა და გული წაუვიდა. იგი ალეხომ იპოვა, ამჟამად მისმა ბიზნესპარტნიორმა, გულწასული ხელში აიყვანა და როცა გონს მოიყვანა, თავისთან დაპატიჟა. უარი უთხრა. ალეხოს გაუკვირდა, მაგრამ მის უარს პატივი სცა და სასტუმრომდე მიაცილა. მალე მისი დახმარებით მუსიკის მასწავლებლობა დაიწყო. ბავშვებს ასწავლიდა, მუსიკაში რამდენი ნოტი იყო, მუსიკის ნიშნებს და ზომას. რა იყო პრიმა, სეკუნდა, ტერცია, კვარტა, კვინტა, სექსტა, სეპტიმა, ოქტავა... სამხმოვანებას და დომინანტსეპტაკორდს თავისი შებრუნებებით უხსნიდა მოსწავლეებს, უყვებოდა მუსიკის ისტორიაზე, კომპოზიტორების ცხოვრებასა და შემოქმედებაზე... ბავშვები კი მას ხან უხატავდნენ, ხან თავიანთ ბავშვურ ისტორიებს უყვებოდნენ. შესვენების მერე ისევ ფორტეპიანოს მიუსხდებოდნენ და მეცადინეობას განაგრძობდნენ. ასე ასწავლიდა მათ, ყოველ მეორე დღეს მათთან იყო. ღამე კი დაჯდებოდა და ხატავდა. მის წინ უამრავი ახალი, საინტერესო მასალის ესკიზები ეყარა, სადანაც საუკეთესო ნახატებს არჩევდა. მერე ძილი მოერეოდა და ლოგინზე მიწვებოდა, ზოგჯერ ტანსაცმლიანად. უხაროდა, რომ ადგილი ჰქონდა, თავისი ნახატების ალაგება და სადმე შენახვა აღარ უწევდა. უცებ კარზე დააკაკუნეს. ზანტად წამოდგა და გააღო. _ რა მოგივიდა?! _ იყვირა შეშინებულმა ალეხომ. ხელზე დაიხედა, შავი საღებავით ჰქონდა მოთხვრილი. გაახსენდა შავი იები, რომელმაც აიძულა გაქცევაზე ეფიქრა. სააბაზანოში შევიდა, ხელები დაიბანა და მოწესრიგებული გამოვიდა. ალეხოს მისი ნახატები აეღო ხელში და ათვალიერებდა. _ ბოდიში, რომ შეგაშინე და დაგაყოვნე, _ უთხრა ალეხოს და ყავაზე დაპატიჟა. _ თუ ასე ხატვას გააგრძელებ, არა უშავს, ამ შიშს გადავიტან, _ თქვა მამაკაცმა და ნახატები უკან დაუბრუნა, _ არ გითქვამს, თუ ხატავდი. მეგონა მხოლოდ მუსიკალური განათლება გქონდა. _ განათლება ორივე მათგანში მაქვს, მაგრამ არცთუ განსაკუთრებული. _ ერთი-ორი ესკიზი რომ მაჩუქო და ამიხსნა, როგორ ხედავ, შეიძლება? _ დიახ, _ მიუგო და თავისი რამდენიმე ნახატის შინაარსი ზედმიწევნით აუხსნა. ერთი კვირის თავზე ალეხო კვლავ ესტუმრა ხელში პატარა ლამაზი ყუთით. _ აბა, გამოიცანი რა მაქვს?! _ შეეკითხა ქალს და ყუთი გაუწოდა. _ საჩუქრები არ მიყვარს, ამიტომ ნუ დამაძალებ მის მიღებას! _ მკაცრად წარმოთქვა და მამაკაცი ოთახში შემოუშვა. ალეხომ ყუთს ბანტი მოხსნა. ოქროსფერი ლენტით გადაკრული შავი ყუთი მთლიანად გაიხსნა. ქალმა შიგ ჩაიხედა და გაოცდა: თავისი დახატული 5 სამკაული მის წინაშე ახლა სრულიად სრულყოფილი იდო, ნამდვილი და არა დახატული. _ არ არსებობს! _ შესძახა და ხელში აიღო ის, რაც ერთი კვირის წინ ალეხოს მხოლოდ ესკიზებად გადასცა. ახლა კი ცოცხალ არსებასავით ეჭირა. მის ხელში ეს 5 სამკაული თითქოს სუნთქავდა და ის მათ სიცოცხლეს შეიგრძნობდა. გადატანილი ტკივილის მიუხედავად, ქალი მათ ეფერებოდა და სიხარულისგან მთელ ტანში აჟრჟოლებდა. _ ახალი სამუშაო გაქვს, გილოცავ. მუსიკასაც ასწავლი და დახატავ კიდევაც. _ უთხრა ალეხომ და მისი გამომცხვარი პიცა ჩაკბიჩა. ასე დაიწყო საქმიანობა მუსიკიდან სამკაულების ესკიზების ხატვამდე. დღე და ღამე მუშაობდა, ახალ-ახალი სამკაულების სტილს იგონებდა.ზოგჯერ არც ეძინა, ჭამაც კი ეზარებოდა და მუშაობდა. ღამის 3 საათზეც ეღვიძა და ხატავდა, თან ახალ მასალებს ეცნობოდა, რის შემდეგაც ახალი იდეები მოსდიოდა თავში. ხატავდა ყელსაბამებს, საყურეებს, სამაჯურებს, საათების ესკიზებს, თმის სამაგრებს, ბეჭდებს. დახატულ მასალას ალეხოს ანახვებდა და თუ მას მოეწონებოდა, სახელოსნოში მიჰქონდა. ზოგჯერ მასთან ერთად ესკიზებს ცვლიდა და ახალს ხატავდა. ისინი ერთად ვახშმობდნენ, გეგმებს აწყობდნენ და კონტრაქტებს აფორმებდნენ, ახალ მასალას ეცნობოდნენ და ხვეწდნენ. ბევრი დრო დასჭირდა ქალს, რომ ქვების სახელები დაემახსოვრებინა და მათი ცნობა ესწავლა. აქამდე ყველა ქვას მხოლოდ ფერითა და ბრწყინვალებით გამოარჩევდა, მაგრამ მერე და მერე უკვე იცოდა, რა ქვა რა ფერის იყო, რა რას უხდებოდა და რა რასთან არ შეიძლებოდა. მის მაგიდაზე ზოგჯერ ქაღალდების ნაცვლად ქვების ნაკრებები ელაგა და სკამზე დამჯდარი მათ ბრწყინვალებას შესცქეროდა. შემდეგ რამდენიმეს ამოარჩევდა ესკიზისთვის და მსჯელობდა, რა როგორ სჯობდა და საბოლოოდ რა გამოუვიდოდა. მანამ აკეთებდა, სანამ არ მოეწონებოდა და მისი სილამაზით არ დატკბებოდა. უხაროდა, რომ პირველი იყო, ვინც იდეას ქაღალდზე გადაიტანდა და ნაკეთობას ახალ სულს, ახალი სიცოცხლის სახეს აძლევდა... დრო გავიდა. წინ წაიწია. მუსიკის სწავლებას თავი დაანება. დროებით მწვანე მინდორში მდგომ სახლში გადავიდა, რომელიც ალეხომ დაუთმო. სახელოსნოც იქვე იყო და სულ იქ მუშაობდა. ძირითადად სახელოსნო და თავისი ოთახი არსებობდა მისთვის. სახლი მხოლოდ პრესტიჟის გამო შეაცვლევინეს, თორემ ისევ ძველ, პატარა, 2-ოთახიან ბინაში დარჩებოდა და ისევ იქ დახატავდა. მის ოთახში როიალი იდგა და მასზე უკრავდა ხოლმე. თუმცა 5 წუთის მერე გულს ვერ უდებდა, აზრები ეფანტებოდა, სკამიდან წამოხტებოდა და გარეთ გასული ცხენით სეირნობდა. დასაძინებლად დაწვებოდა თუ არა, თავისი ქვეყანა ახსენდებოდა და მასთან ერთად ტკივილიც, რომელიც გულს უკლავდა. ძირითადად ღამე მუშაობდა, რამდენიმე საათს თუ წაუძინებდა მხოლოდ. დილითაც ადრე დგებოდა, რომ წარსულის საშინელი კოშმარები აღარ დასიზმრებოდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.