შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობა შავი იებით (თავი 2)


4-10-2022, 12:57
ნანახია 9 263

დასევდიანებულმა ქალმა გასაღები აიღო და მძღოლს დაემშვიდობა. მანქანა დაძრა და სახლიდან გავიდა. კარგა მანძილი რომ გაიარა, დაამუხრუჭა. მარკეტში ერთი ბოთლი ღვინო აარჩია და მანქანაში ჩადო. მერე ქალაქში გაისეირნა და სახლისკენ წავიდა. `უნდა იარო მშვიდად და ყურადღებით, ისე, რომ არაფერი დაგემართოს! სიკვდილზე ვეღარ იფიქრებ! არ გაქვს სიკვდილზე ფიქრის უფლება! მხოლოდ ამის უფლება არ აქვს ადამიანს და არც შენ გაქვს! შენ მხოლოდ ბრძოლის და სიცოცხლის გაგრძელების უფლება გაქვს! უნდა იბრძოლო საკუთარი თავისთვის და უნდა იპოვო გზა! გადარჩენის და ამ ტკივილის დამარცხების გზა! წარსულის დავიწყების და იარების მოშუშების გზა! არ გაქვს უფლება, იფიქრო წარსულის ტკივილის შეგრძნებებით!~ _ ელაპარაკებოდა თავის თავს...
სახლისკენ გადაუხვია, ოთახში შევიდა და ბოთლით ხელში დივანზე ჩამოჯდა, თან ერთი ბოკალიც მოიყოლა.
კაცმა კარზე დააკაკუნა და შემოვიდა.
_ დამიძახე მაინც და შენთან ერთად დავლევ, მარტო რომ თვრები. _ უთხრა და იქვე ჩამოჯდა.
_ მარტო ყოფნაც მინდა! _ თქვა სევდიანმა და ღვინო მოსვა.
_ ისედაც მარტო ხარ აქ! მეც დამისხი!
_ ჩემდენს ვერ დალევ! _ თქვა ქალმა და ბოკალი მოიყუდა.
_ მერამდენეა?! _ ჩაეკითხა კაცი და ბოთლი ხელში აიღო.
_ მეხუთე ჯერ!
_ ხოდა საკმარისია! არ მეგონა, ერთდღიანი ლოთი თუ იყავი. _ გაეხუმრა და ისიც დივანზე ჩამოჯდა.
_ აქ რას აკეთებ?! _ შეეკითხა ქალი და ახლაღა გახედა კაცს, რომელმაც პირველმა გამოიწოდა მისკენ ხელი, რომელიც არასდროს აყენებდა ტკივილს და იარებით არ სერავდა.
_ სამკაულების ალბომი მოგიტანე, დღეს ვანახვებ-მეთქი.
_ დატოვე და ვნახავ!
_ წავიდე?!
_ კი, მარტო ყოფნა მინდა! _ თქვა სევდიანი ხმით და ბოთლს დასწვდა.
_ კარგი. თავს გაუფრთხილდი და მეტი აღარ დალიო, ხვალ თავი გეტკიება! _ დაემშვიდობა ალეხო და წავიდა.
ქალმა ბოთლი დაცალა და კატალოგს დასწვდა. რამდენიმეჯერ გადაათვალიერა ყველა გვერდი და ბოლოს ალეხოსაც შეეხმიანა, კატალოგი მოუწონა და დასაძინებლად დაწვა...
დილით გაბრუებული ადგა, გულისრევის შეგრძნებაც ჰქონდა. აბაზანის წინ იჯდა და სახეს ცივი წყლით იბანდა, მერე მთელი დღე ეზოში დაიარებოდა ჩაფიქრებული, ისევ იხსენებდა წარსულის ტკივილს. ისევ იხსენებდა იმ საშინელ დღეს. ქარის შეხება იგრძნო სახეზე და ცრემლები წამოუვიდა, უცბად მოიმშრალა ცრემლი და სახელოსნოში შევარდა. მაშინვე ფანქრებს ეცა და ხატვას შეუდგა, რამდენიმე ნახატი დახატა და ნაგვის ყუთში გადაუძახა.
_ არ მოგცემ ჩემი განადგურების უფლებას! არ მოგცემ ჩემი გათელვის უფლებას! შენ მე ვერ მომკლავ! შენ ვერ მომიღებ ბოლოს! შენ ვერ გაიმარჯვებ ჩემზე! _ უყვირა თავის ფიქრებს და ფანქარი მოისროლა.
გაბრაზებული ადგა და საჯინიბოსკენ გასწია, სიმთვრალისგან ისედაც დაღლილი და გამოფიტული უფრო გამოიფიტა, მაინც ცხენისთვის ჩაევლო შიშველი ხელები და მიაჭენებდა. ნატკენი ხელები უფრო და უფრო აწუხებდა, უარესად ესერებოდა ჭენებისგან, მაგრამ მაინც მიიკვლევდა გზას და სრულიად აღარ აღელვებდა ეს ჭრილობები, სისხლი და ხელებზე მისგან დამჩნეული ხაზები. გაბრაზებულმა გააჩერა ცხენი და თითებს დახედა. ხაზად მიუყვებოდა სიწითლე და სისხლის წვეთები.
_ სისხლიც კი არ მაცლის იმ კოცნის ნაკვალევს! ნეტავ შორეულ წარსულში, როცა ქალის ხელს ეამბორებოდნენ, როგორი იყო ეს კოცნა?! ისიც ასეთი საძულველი?! არა! ის ასეთი ამაზრზენი და საძულველი არ იქნებოდა! იმ დროს არც ასეთი მამაკაცები არსებობდნენ! როცა საკუთარი ქცევით ქალს, უბრალოდ, ანადგურებდნენ! ნეტავ არასდროს დაფიქრებულა ამ ნაბიჯზე?! რატომ ჩაიდინა ეს! არ მჭირდება მადლობის გადახდა! არავისგან! არავისგან! _ თქვა და კვლავ ჩაავლო დასერილი ხელები აღვირს. ცხენიც სწრაფად მოსწყდა ადგილს...
უკან დაბრუნებული ჩამოქვეითდა, ცხენს საჭმელი დაუყარა და სახლში შევიდა. განადგურებული დააბიჯებდა აივანზე და ღამეულ ცას თვალს არ აშორებდა:
_ შენ! შენ გადაწყვიტე ჩემი ბედისწერა და გადამარჩინე იმ დღეს... _ თქვა ჩუმად და ხელები თავზე მიიჭირა, _ შენ რომ არა, ვინ იცის, როგორ დავიკარგებოდი იმ დღეს... ვინ იცის, იქნებ სახლში არც დავბრუნებულიყავი არასოდეს... _ თქვა და იქვე ჩაიმუხლა: _ მხოლოდ შენ... შენ შეძელი ჩემი დაცვა და ფეხზე დაყენება, მხოლოდ შენ შეძელი გადარჩენა... შენ... _ თქვა ჩუმად და იქვე მდგარ დივანს მიადო თავი. თვალები დახუჭა და ხელები მუხლებზე დაასვენა...
დილის ცას პირდაპირ გაუსწორა მზერა და აივანი მოათვალიერა. სწრაფად წამოდგა ზეზე და დაღლილმა და ნაბახუსევმა მსწრაფლ ჩაავლო ხელი დივანს. ცოტა ხანში გასწორდა და სააბაზანოსკენ გაეშურა... საუზმის მერე გაემზადა და სამსახურში წავიდა. რამდენიმე გადაღებას დაესწრო გათიშული და ისევ ხატვას შეუდგა. ხატავდა, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევდა და კმაყოფილი არ დარჩებოდა ნახატით. სამუშაოს მორჩა და სახლში წავიდა. ივახშმა და დაწვა, სურდა დაეძინა, მაგრამ ფიქრებით სხვაგან ქროდა. რამდენჯერ დასიზმრებია სახლი, სადაც ცხოვრობდა, რომელიც დატოვა, დასიზმრებია ის დღე, რომელსაც გაურბოდა, რომლის გახსენებაც არ უნდოდა, მაგრამ მაინც ახსენდებოდა. სკოლა გაახსენდა, წიგნები, გაკვეთილები, სკოლის მეგობრები. მათთან არასდროს კამათობდა, წყნარი, მშვიდი გოგონა იყო. ბიჭების გრძნობებს ყურადღებას არ აქცევდა, სულ წიგნებში იქექებოდა. სახლში მისული გაკვეთილებს ჩაუჯდებოდა, მერე მაღაზიაში ჩაირბენდა რაიმეს საყიდლად და თან მოდის ჟურნალებს შეიძენდა და იქ წარმოდგენილი სამოსითა და სამკაულებით იხიბლებოდა. ისე მოსწონდა ისინი, რომ გადაწყვიტა ხატვა ესწავლა და სცადა კიდევაც. ახლა ეცინებოდა იმდროინდელ ნახატებზე და უკვირდა, ნუთუ მართლა ჩემი დახატულიაო. მაგრამ არასდროს დაუმალავს, მისი დახატული რომ იყო. პირიქით, დიდი სიყვარულით ინახავდა თავის პირველ დახატულ სამოსის ნიმუშებს, რომელიც ახლა ძალიან უბრალოდ და სასაცილოდ გამოიყურებოდნენ. მუსიკაზეც იარა, თანდათან შეეჩვია და შეუყვარდა მუსიკა. სიმღერების მოსმენა ყოველთვის იტაცებდა, განსაკუთრებით ღამით უყვარდა მოსმენა. მუსიკა პირველი იყო, რაც ცხოვრებაში უყვარდა. როცა დრო ჰქონდა, პიანინოს მიუჯდებოდა და ნოტებს არჩევდა. მაგრამ ახლა მუსიკასთან ახლოს ყოფნა უჭირდა, იმ დღის მერე უჭირდა მასთან საერთოს გამონახვა და დიდი ხანი აღარც უკრავდა. უნივერსიტეტში ბევრს ხაზავდა, ხატავდა, ლექციებს არ აცდენდა, ყოველდღე დადიოდა მუსიკაზეც და ხატვაზეც. რამდენიმე ბიჭს მოსწონდა, მაგრამ არ ხვდებოდა, თავისი საქმე უფრო აინტერესებდა. სწავლის დამთავრების მერე ცოტა ხანში სამსახური იშოვა და მუშაობას შეუდგა, მაგრამ ის პერიოდი კრახით დასრულდა და სამსახური დატოვა. რამდენი პაემანი ჰქონია? ცოტა ძალიან... ისე, არასდროს დაუთვლია, მაგრამ სია რომ შეედგინა, სულ მცირე გამოუვიდოდა. კოცნაც უწვნევია, მაგრამ იმ ერთ კოცნაში იყო რაღაც საზარელი, საზიზღარი, ამაზრზენი და ამის გამო მთელ ქვეყანას გაექცა სადღაც შორს, ათასობით კილომეტრის იქით. წავიდა და მორჩა! ბარგი ჩაალაგა, გამოაცხადა, წავედიო და დიდი ბრძოლის მერე გაემგზავრა. არც ფიქრობდა, ვინმეს მისი წასვლა გულს თუ ატკენდა. იმ დროს მხოლოდ ის იცოდა, რომ მას ეტკინა. ეტკინა პირდაპირ გულში, ეტკინა და არა მხოლოდ თავის ჭრილობას, არამედ სხვისთვის მისაყენებელ ჭრილობასაც გაექცა. გაექცა და სადღაც სრულიად უცხო ქალაქში ჩავიდა.
***
თვითმფრინავიდან ჩამოვიდა თუ არა, მაშინვე იგრძნო, მსუბუქი ჰაერი როგორ შეეხო მის ფილტვებს და რაღაცნაირი შვების აღმძვრელი გრძნობა დაეუფლა. სრულიად განთავისუფლდა თავისი ტყუილისა და ტკივილისაგან, მაგრამ იცოდა, რომ ეს დროებითი იყო. მაინც ყოველღამე ახსენდებოდა ის სულელური, სასტიკი ბედისწერის დღე.
ჩაისუნთქა ჰაერი, რომელიც სამი წელია, არ შეუგრძნია, რომელიც მის გულში უკვე აღარ არსებობდა და გახარებული კიბეს ჩამოუყვა. მზე იყო, მაგრამ ქარიც ქროდა. იგი ქალის თმას არხევდა, ელამუნებოდა და ეს სიამოვნებდა. თვალებზე ჩამოშლილი გაშლილი თმა ხელის აქნევით სახიდან გადაიწია.
კაცი მანქანასთან იდგა. ქალი დაინახა თუ არა, კარი გაუღო.
ქალმა გაუღიმა, მადლობა გადაუხადა.
_ კარის გაღება საჭირო არ არის. მხოლოდ დღეს ხართ ჩემთან, ხვალ ისევ თქვენს სამუშაოს დაუბრუნდებით. _ თქვა და კარის გაღებაზე თავისი მძღოლი გაახსენდა. გაეღიმა. ახლა ბედნიერი ღიმილით გაეღიმა და მანქანაში მარჯვენა ფეხი შედგა.
იქვე ახლოს მდგარი მეორე კაცი ქალს თვალს არ აცილებდა, როცა იგი კიბიდან ჩამოდიოდა და მანქანისკენ მიემართებოდა. მერე გვერდით მდგარ მეგობარს მიუბრუნდა:
_ ეს ქალია! _ თქვა და გაკვირვებულმა მზერა ისევ მასზე შეაჩერა, მისი ოქროსფერი კაბა აათვალიერა. მერე მისკენ გაეშურა, უკან მიჰყვა, სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა და როცა ქალმა ჩაჯდომა დააპირა, ზურგიდან მიმართა:
_ ქალბატონო ემა გალიანი!
_ დიახ, _ თქვა ქალმა ისეთი არაამქვეყნიური ხმით, რომ თვითონაც ვერ იცნო და უცებ მოტრიალდა. მანქანას მიეყრდნო კაცის ხმის გაგონებაზე, რომ არ წაქცეულიყო. გაღებულ კარს ფრჩხილებით ისე ჩაეჭიდა, გეგონებოდათ, მინა დაჩხაპნაო.
ქალს კაცის მტკიცე და ავტორიტეტული ხმა მოესმა:
_ განყოფილებაში უნდა წამოხვიდეთ! _ უბრძანა ხმამაღლა და კვლავ მისკენ დაიძრა.
_ რამე დავაშავე?! _ თქვა და კაცის შავ სამოსს თვალი ააყოლა.
_ როცა მივალთ, გავარკვევთ!
_ და თუ გარკვეული არ არის, რატომ მაპატიმრებთ?!
_ დაპატიმრება არ მიხსენებია, გამოდის, რაღაცის გეშინიათ!
ახლა უკვე მის წინ იდგა კაცი და ცდილობდა დაეჭირა მისი მზერა, რომელსაც ქალი სათვალის ქვეშ მალავდა.
_ კარგი, _ უპასუხა ემამ და ხელები წინ გაიშვირა, _ ბორკილები უნდა დამადოთ თუ შემიძლია მანქანაში ჩავჯდე და უკან გამოვყვე თქვენს ჯართს?! _ და იმ მანქანისკენ მიიხედა, რომელიც პოლიციელს ეკუთვნოდა.
_ ეს ჯართი არ არის და არც ჩემია! _ თქვა გაბრაზებულმა პოლიციელმა და გააგრძელა, _ თუ ამ ჯართში არ ჩაჯდებით, _ და მანქანისკენ გაიხედა, _ მაშინ მე უნდა ჩავჯდე ამ შავ ჯართში თქვენთან ერთად! _ და მანქანას შემოუარა.
ემამ ისევ შედგა მარჯვენა ფეხი მანქანაში და კარიც მიხურა.
_ ჩამოსვლას არ გაცდიან! _ უთხრა თავის თავს და ჩაფიქრდა.
_ მე მითხარით რამე?!
_ დიახ! _ ხმამაღლა მიაძახა. _ აქ რომ არ დამხვედროდით და სახლში მოსულიყავით, არა?!
_ ეგრევე სახლში მეპატიჟებით?! _ ისეთი ტონით შეეკითხა ქალს, რომ ემა მხოლოდ ახლა მიხვდა, ეს კაცი ამას პირდაპირ კი არა, სხვანაირად გაიგებდაო და ისევ მიუბრუნდა:
_ ჩამოსვლა მაინც გეცლიათ, პირდაპირ აქ რომ მომადექით!
_ ბოდიში, სახლში რომ არ მოგაკითხეთ!
_ მორჩით ამ სულელურ რეპლიკებს! სახლი ვიგულისხმე და არა სხვა რამე! იდიოტი! _ თქვა ბოლოს ხმადაბლა და ფანჯარაში გაიხედა.
_ იდიოტი კი არა, კომისარ-გამომძიებელი ერიკ ფრანკი!
ქალს გაეცინა, გამომძიებელმა მისი სიტყვა რომ გაიმეორა.
_ მაინც რას იძიებთ ჩემთან დაკავშირებით?!
_ განყოფილებაში რომ მივალთ, გაგარკვევთ!
ქალმა პასუხი არ გასცა და გაჩუმდა. 5 წუთის მერე გაახსენდა, თავისიანები რომ არ ელოდებოდნენ აეროპორტში და ამოისუნთქა, მერე ფანჯარა ნახევრად ჩასწია და თავი მინას მიადო...
ცივი ჰაერი იგრძნო, შესცივდასავით, ფანჯარა ისევ ასწია და ფიქრებში წავიდა. _ თავისი სიკვდილით მოკვდა და მე რა შუაში ვარ?! _ ჰკითხა თავის თავს. არავის უთქვამს, ჩამოხვალ და დაგიჭერენო. ან რისთვის იჭერენ?! რამე დააშავა, აქედან რომ გაიქცა? არც არაფერი, მხოლოდ მოიტყუა, ტკივილით სავსე სიმართლე ვერ თქვა და გაიქცა, მეტი მას არაფერი დაუშავებია. არც იცის, ის როგორ მოკვდა ან რანაირად, უბრალოდ, სიზმარში ნახა და მორჩა! მაგრამ ამ სიზმარს წინ ნამდვილი ამბავი ერთვოდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გადახდა, რამაც ემა გალიანს გული მოუკლა, რამაც მისი სიცოცხლე აქ, თავის სამშობლოში შეიწირა და გააქცია.
_ ქალბატონო ემა! _ მოესმა ხმა და გამოფხიზლდა. ისევ ის კაცი ეძახდა, რომლის ხმის გაგონებისას სახე უხურდა, _ მოვედით! _ დააყოლა კაცმა და მანქანიდან გადავიდა.
ქალმა კარი გააღო, გადმოვიდა და უკან მიჰყვა. მერე მძღოლს მიუბრუნდა, მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა.
ქალს ხელში მხოლოდ ჩანთა ეჭირა. შიგ საფულე, პასპორტი, ბილეთები ედო, რომელსაც არ გადაყრიდა და შეინახავდა, როგორც ყოველი მგზავრობის მერე შვრებოდა.
კაცი ოფისში შევიდა. ის უკან მიჰყვებოდა ამ კაცს, მერე მის გვერდით დადგა და ლიფტში შევიდნენ. არც ერთს ხმა არ ამოუღია. გამომძიებელმა თავისი კაბინეტის კარი გააღო და პირველი შევიდა, მერე ქალი გამოატარა, კარი კი დახურა. ქალმა სათვალე მოიხსნა და ჩანთაში ჩადო. ერიკმა შეხედა, შემდეგ გაბრაზებულმა გვერდით ისე ახლოს ჩაუარა, რომ ქალის კაბას შეეხო და ორივემ ინსტინქტურად უკან გადადგა ნაბიჯი. ემა შეტორტმანდა. როგორ ვერ იტანდა შეხებას. გაახსენდა: `თავდასხმა რომ მომხდარიყო“... მხოლოდ ეს სიტყვები ამოუტივტივდა და ჩაიკეცა. ერიკმა ხელი შეაშველა და სკამზე დასვა. გონს მოიყვანა, მის ცხელ სახეს ხელს უსვამდა და წყალს აპკურებდა, რათა ქალი გონს მოეყვანა. ეხებოდა კაცი მის სახეს და ეგონა, ხელი მეწვისო. ერთი სული ჰქონდა, მოესულიერებინა, რომ დროზე გასცლოდა. გაახილა თვალები თუ არა, ქალმა კაბაზე დაიხედა. ოქროსფერი კაბა კაცს შემთხვევით გაეხია. იგი ხმას ვერ იღებდა. ქალმა ოთახი მოათვალიერა და მიუბრუნდა:
_ კამერები არ არის. ახლა მეც შემიძლია დაგდოთ ბრალი... თავდასხმაში!
_ ამ სისულელეს არავინ დაიჯერებს. _ თქვა კაცმა და ქალს მოშორდა თუ არა, სავარძელში ჩაჯდა. ამ დროს მოესმა:
_ აქ რომ არ ჩამოვსულიყავი, რას იზამდით?!
_ კითხვებს აქ მე ვსვამ! _ უყვირა კაცმა და მის კითხვას არ უპასუხა.
_ ტუალეტში რომ გავიდე, შეიძლება?! მერე რაც გინდათ, ის მკითხეთ!
_ იქიდან რომ გაიქცე, მაგიტომ?!
_ წამომყევით, თუ ასეა და შიგნითაც შემომყევით! _ თქვა ქალმა მკაცრად და ადგა, ჩანთა სკამზე დატოვა. _ სანამ დავბრუნდები, შეგიძლიათ ჩანთაშიც იქექოთ, დრო გაქვთ! _ უთხრა და კარში გავიდა. კაცმა ანიშნა, სადაც იყო ტუალეტი. ქალმა კარი გააღო და აღარ დახურა. კაცი კართან გაჩერდა.
ქალს მიაშტერდა, რომელსაც კაბა შემთხვევით გაუხია და შიშველი ზურგი მოუჩანდა. ქალი დაიხარა, წყალი მოუშვა. კაცისგან ზურგით მდგარმა ხელთათმანები წაიძრო და ხელების დაბანის მერე ფიქრები მოეძალა, რამდენიმეჯერ ისევ დაისველა ხელები და სახეც მოიბანა, რათა გამოფხიზლებულიყო, რადგან მიხვდა, რომ აქ არც დრო იყო და არც ადგილი ძველი ჭრილობის გასახსენებლად. მერე ხელთათმანები ისევ ჩაიცვა და წყალსაც მოშორდა.
ამ დროის მანძილზე კაცი მზერას არ აცილებდა, თან ფიქრობდა: `მარტო ხელების და სახის დასაბანად შემოვიდა აქ?~
_ არ გავქცეულვარ! _ უთხრა ქალმა და კაბინეტისკენ დაიძრა. თვითონვე შეაღო კარი და ისევ სკამზე დაჯდა.
_ ახლა შეგიძლიათ დაიწყოთ...
კაცმა ხელსახოცი მიაწოდა სახის გასამშრალებლად. ქალმა არც გამოართვა და არც არაფრით შეუმშრალებია სახე...
_ სახელი და გვარი რატომ შეიცვალეთ?! _ ჩაეკითხა კაცი და მაგიდას დაეყრდნო პასუხის მოლოდინში.
_ ჩემი სახელი და გვარი აღარ მომწონდა! დანაშაული არ არის სახელისა და გვარის შეცვლა! _ თქვა ქალმა ჩვეულებრივი ტონით და კაცს შეხედა, რომელიც მისგან ოდნავ მოშორებით სავარძელში იჯდა.
_ კარგი! _ თქვა კაცმა და ქალს დამკვირვებლის თვალით შეხედა, _ ერთი კვირის წინ სად იყავით?!
_ სახლში, ბოსტონში!
_ რას აკეთებდით?!
_ ვმუშაობდი!
_ სახლში ვიყავიო, თქვით!
_ სახლში ვმუშაობდი!
_ სიმართლე თქვით, ამას გადავამოწმებ!
_ გადაამოწმეთ, პრობლემა არ არის!
_ თქვენი სახლის მისამართი და მეგობრებიც ვიცით. ასე რომ, ტყუილს მაინც ვერ დამალავთ!
_ გადაამოწმეთ-მეთქი, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს!
კაცმა ქალს მისამართი გაუწოდა: _ ესაა თქვენი მისამართი?! _ სადაც მხოლოდ ერთი მისამართი ეწერა. აინტერესებდა, მეორესაც თუ იტყოდა.
_ დიახ! მაგრამ მეორე მისამართიც მაქვს. აქ მივაწერო? ძველი. _ ჩაეკითხა და კაცს შეხედა.
_ ვიცი. საჭირო არ არის! ერთი კვირის წინ ზაანი და დანიელა მოკლეს. მათ იცნობდით?!
_ დანიელას არა.
_ ზაანის იცნობდით?!
_ დიახ, რაღაც პერიოდში მასთან ვმუშაობდი.
_ რატომ დატოვეთ სამსახური?!
_ სამუშაომ აღარ დამაინტერესა და დავტოვე.
_ უფროსთან კამათი ან რაიმე უთანხმოება ხომ არ გქონიათ?!
_ არა, ასეთი რამ არ მომხდარა.
_ იცოდით, რომ დანიელამ თქვენი ადგილი დაიკავა?!
_ არა, ეს არ ვიცოდი. უკვე დიდი ხანია სამსახური დავტოვე.
_ ბოსტონში, თქვენი სახლის მინდორში იები იზრდება?!
_ დიახ, შავი იები.
_ რა ფერის?! _ გაუკვირდა კაცს და უცბად ზეზე წამოდგა.
_ შავი ფერის! _ თქვა ხმამაღლა ქალმა და თვითონაც ფეხზე ადგა, რამაც კაცის გაკვირვება გამოიწვია.
ქალი მიუხვდა და მაშინვე წარმოთქვა:
_ დიდხანს ვიყავი თვითმფრინავში. ხომ შეიძლება ცოტა ხნით ავდგე?! _ თქვა და ფანჯრისკენ დაიძრა. კაცმა მზერა გააყოლა და მკაცრად მიმართა:
_ რატომ იყო შავი ფერის?! მისმა ფერმა არ გაგაკვირვათ?!
_ ფესვები საღებავისგან შეეღება, ამიტომაც შავი გამოვიდა. მიყვარს იები. მისმა ფერმა დამაინტერესა, რამაც შთამაგონა ახალი კოლექციაც, ამიტომაც დავტოვე ისეთი, როგორი ფერიც გამოვიდა.
_ მდიდრული სახლი გქონიათ ბოსტონში, ცხენი, მძღოლი, მოსამსახურეები... ამდენს საიდან მიაღწიეთ, გავლენიანი საყვარლების დახმარებით?!
ქალი უცებ მოშორდა ფანჯარას, კაცს მიუახლოვდა და სილა გააწნა. კაცმა ძლივს გააცნობიერა, რომ ქალმა გაარტყა. უცებ შეაბრუნა სახე, ქალის მკაცრი, ამავე დროს ნაზი ქსოვილში ჩამალული ხელი რომ მოხვდა. ქალს მაჯებში ხელი წაავლო და ისე მაგრად დაუჭირა, რომ ემამ ნაბიჯი ვეღარ გადადგა და თვალებში შეხედა.
_ თუ გგონიათ თქვენი მეშინია, ძალიან ცდებით! მხოლოდ ჩემი მუშაობით და არა საყვარლებით! _ მიმართა ხმამაღლა, მაგრამ მისგან ხელის გათავისუფლებას არც კი ცდილობდა.
_ აქ სახლი ან სამსახური ნუ გგონია, შემიძლია აქედან არც კი გაგიშვა! _ თქვა კაცმა და ქალს ხელი გაუშვა.
ემა არ დამჯდარა.
_ თუ ასეა, რაღას უცდით, დამაპატიმრეთ და საკანშიც ჩამსვით!
_ ჯერ დაკითხვა არ დამისრულებია შენი სულელური გამოხტომების გამო!
_ მეტ კითხვას აღარ ვუპასუხებ! _ უყვირა ქალმა და მის რეაქციას დაელოდა.
_ თუ ასეა, კარგი! რამდენიმე საათი ან დღე საკმარისი იქნება, რომ აზრზე მოხვიდე, ვისთან გაქვს საქმე! და საუბარი მოგინდეს! ფრანკო! _ გასძახა თანამშრომელს: _ საკანი მოამზადე ამ ქალბატონისთვის!
ქალს არაფერი უთქვამს. ჩუმად ელოდა.
ფრანკო შემოვიდა. ერიკმა ემას ხელი წაავლო მკლავში და საკნისკენ წაიყვანა, კარი გააღო და ქალი შიგნით შეაგდო.
ემას საკანში ვიღაც კაცი დახვდა, რომელიც მტრულად უმზერდა. ემამ შეხედა, მიესალმა და სკამზე ჩამოჯდა. ცოტა ხანში მოჰბეზრდა და ფეხშიშველმა ბოლთის ცემა დაიწყო.
_ რატომ ჩაგსვეს, ლამაზო?! _ მოესმა კაცის ხმა და მისკენ მიტრიალდა.
ემას გაეცინა: _ ვინ ჩამსვა, უნდა გეკითხათ.
_ რატომ ჩაგსვეს-მეთქი, ეგ გკითხე! _ მოესმა მკაცრი ხმა, მაგრამ ემამ მშვიდად და უპასუხა, _ მკვლელობის გამო!
_ ლამაზი მკვლელი ყოფილხარ!
ემამ გაიცინა, _ გმადლობთ! თქვენ რატომ ხართ აქ?!
_ რამდენიმე ქალი გავაუპატიურე, _ მოიფიქრა უცბად და ქალს შეხედა.
ემას ისევ ის დღე გაახსენდა, ფიქრებში წავიდა და კაცს შეხედა.
_ არ ჰგავხართ დამნაშავეს! რატომ ისეთი ქალი ვერავინ ნახე, ვინც თავისი ნებით იქნებოდა შენთან?!
_ ქალებს ვერაფერს გაუგებს კაცი!
_ მართალია! იმ იდიოტ გამომძიებელსაც არ ესმის ქალების!
_ გამომძიებელს თუ გალანძღავ, აქ დიდხანს მოგიწევს ყოფნა!
_ არა უშავს! შენთან ვისაუბრებ, თუ არ შეგაწუხებ.
_ არა, ლამაზი მკვლელი მაინტერესებს. ვინც მოკალი, გაგაბრაზა?!
_ ვინც მკვდარია, დიდი ხანია სრულიად არ მაინტერესებს! ამიტომაც მასთან არანაირი საქმე არ მქონია და ვერც გამაბრაზებდა! ვიღაცამ თუ მოკლა, ეს მისი საქმეა და არა ჩემი!
კაცს გაეცინა, _ აქ ყველა ამას ამბობს. არ მომიკლავს, არ მომიპარავს, უდანაშაულო ვარო!
_ მაშინ შენც გეთქვა, არავინ გამიუპატიურებია, მაბრალებენო!
_ მე სიმართლეს ვამბობ, ლამაზო. _ კაცი ფეხზე წამოდგა და მასთან მივიდა, _ მე დავაშავე და ვაღიარებ!
_ გილოცავ, ზოგი ამას არც აღიარებს!
_ ისევე როგორც შენ არ მიმხელ, რომ მოკალი!
_ არავინ მომიკლავს!
_ მაშინ აქ რატომ ხარ ასე მშვიდად და არ ყვირიხარ, უდანაშაულო ვარო?!
_ ჩავთვალოთ, რომ ეს საკანი მაინტერესებდა და იმ იდიოტის გახარება არ მინდა. წყნარად რომ ვარ, ამაზე უფრო გაგიჟდება!
_ არც ერთ ნორმალურ ქალს არ აინტერესებს საკანი!
_ ეჭვმიტანილებს, როგორც ვიცი, ბანდიტებთან უშვებენ, რომ შეეშინდეთ და აღიარონ სიმართლე, მაგრამ შენ ბანდიტს არ ჰგავხარ! კი გაქვს ჩალურჯებები სახეზე, მაგრამ ქალზე თავდამსხმელს არ ჰგავხარ!
_ იმ იდიოტმა მცემა, როგორც შენ ეძახი!
ემას გაეცინა, _ იდიოტმა თუ ცემა იცოდა, არ მეგონა, სულელი გამომძიებელი უფროა, ვიდრე მოჩხუბარი!
_ ისეთი მუშტი აქვს, ალბათ კარგად ვარჯიშობს!
ემა დაჯდა. ცოტა ხანი ჩუმად იყო, მერე კედელს მიაყრდნო ზურგი და საკანი დაათვალიერა: ორი ლოგინი იდგა, მასზე სქელი პლედი ეგო. ქალმა პლედი გადააგდო და ნახევრად წამოწვა.
_ დიდი ხანია აქ ხარ გამოკეტილი?!
_ ერთი კვირაა. ხან რა საზიზღრობას მომიტანენ და მაჭმევენ, ხან რას!
_ ის იდიოტიც ალბათ მაგ საზიზღრობას მიირთმევს! _ თქვა ქალმა და მთლიანად წამოწვა.
_ პლედი დაიგე, ლამაზო, გვერდები გეტკინება! _ თქვა კაცმა და ახლოს მივიდა.
ემა უცებ წამოხტა. _ მადლობა, მაგრამ შენს თბილ ლოგინს დაუბრუნდი!
_ რომ არ დავუბრუნდე?! _ წამოიყვირა კაცმა და ქალს ხელი მოკიდა თუ არა, ემამ ფეხი ამოარტყა. კაცი ჩაიკეცა. ემა გვერდზე გახტა. ამ დროს ერიკი მოვიდა და კარი გააღო. _ ფრანკო, მეორე დამნაშავეს მიხედე! _ დაიყვირა, ქალს ხელი წაავლო და კვლავ თავის კაბინეტში შეიყვანა.
_ კაცს დაესხი თავს!
_ თვითონ მესხმოდა თავს!
_ და ასე დაიცავი თავი?!
_ ჰოო! ასეთებს უფრო უარესი უნდა მოუვიდეთ!
_ რაღა უარესი, ფეხი ამოარტყი!
_ ღირსი იყო!
_ იქნებ რომ მოგეკლა, ჯობდა?!
_ მე მკვლელი არ ვარ და შეუშვი მაგ შენს იდიოტ ტვინში!
ერიკი წამოდგა და მიუახლოვდა. _ ჩემი შეურაცხყოფის გამო თავს რომ დაგესხა, მეც იმავეს მიზამ?!
_ თუ საჭიროდ ჩავთვლი, კი!
კაცმა სკამს მოჰკიდა ორივე ხელი და ქალი თავისკენ მიაჩოჩა.
_ საუბარი ხომ არ მოგინდა მკვლელობაზე?!
_ არა! ჩემი შეგეშინდა?! თუ ერთი რამის დაკარგვის?!
_ ქალს თავს არ ვესხმი!
_ მე კი მგონია, რომ როცა ჩამოვედი, უკვე მაშინ დამესხი თავს!
_ შენ ადამიანები მოკალი!
_ არ მომიკლავს!
_ აბა, ბრძანება გაეცი, მოეკლათ?!
_ ამ საკითხთან არანაირი შეხება არ მაქვს!
_ შენიანებს შეეხმიანე, ინერვიულებენ! _ თქვა და ქალს ჩანთა გაუწოდა.
_ საჭირო არ არის, გმადლობთ. იქ დავბრუნდები, თუ შეიძლება.
კაცს გაუკვირდა, რომ არც დარეკა და ამავე დროს უკან, საკანში დაბრუნება ითხოვა. _ კარგი, თუ ასეა. კიდევ დავიცდი, იქნებ გამოფხიზლდე და მიხვდე, სადაც ხარ!
_ ერიკ, ხომ ხედავ, რომ იმ კაცის სულ არ ეშინია. ისე მაგრად ამოჰკრა ფეხი, რომ ძლივს გადარჩა. გეგონა, ჩვენი თანამშრომელი ქალს ბანდიტი ეგონებოდა, მაგრამ შენმა გეგმამ არ გაჭრა. არც დრომ გაჭრა მასზე, უკვე 2 საათია ლოგინზე ზის და რაღაცას ფიქრობს... _ თქვა ფრანკომ, რომელიც ვიდეოთვალს აკონტროლებდა. ახლა ქალს ორივე უყურებდა.
ემას ხელი დაედო ნარზე, თავისი ხელთათმანებით ძლიერად აწვებოდა და თავი წინ მდგომი კედლისთვის გაესწორებინა. ერთ წერტილს უყურებდა ჩაფიქრებული, ისევ ეშვებოდა წარსულის ტკივილიან დღეებში...
ფრანკომ საკნის კარი გააღო და ქალს ამცნო, უფროსი გეძახითო. ქალმაც კედელს მოაშორა მზერა და ფეხზე წამოდგა.
ემა შევიდა და მაგიდასთან ახლოს გაჩერდა. ჩანთა ისევ სკამზე იდო, ხელუხლებელი, მაგრამ გაახსენდა, რამდენიმე საათის წინ კაცი რომ შეეხო ჩანთას და მას მიაწოდა.
_ კიდევ დიდი ხანი გინდათ საკანში ყოფნა?! იქნებ ადვოკატს დაურეკოთ, რომ შევთანხმდეთ და დროებით მაინც წახვიდეთ სახლში.
_ რაში მადანაშაულებთ ან რა სამხილით არ მიშვებთ!
_ დაუმორჩილებლობისთვის, შეურაცხყოფისთვის!
_ ადვოკატები დამნაშავეებს ჰყავთ, მე კი დამნაშავე არ ვარ და არც ადვოკატი მჭირდება.
_ მაშინ ასე მოვიქცეთ, _ თქვა გამომძიებელმა და ფრანკოს გასძახა, _ ადვოკატ როჩეს შეეხმიანეთ, მოვიდეს.
_ საჭირო არ არის, _ მიმართა ამ დროს კაცს ემამ და სკამზე ჩამოჯდა.
_ კარგი ადვოკატია და სამართლიანი!
_ ტელეფონს თუ მათხოვებთ, დავრეკავ!
_ ტელეფონი არ გაქვთ? აქამდე რატომ არ თქვით?! _ წამოიძახა გაკვირვებულმა კაცმა და ქალს ტელეფონი გაუწოდა.
_ დასარეკი წეღან არავისთან მქონდა!
ახლა გაახსენდა ქალს, რომ ნომერი ხეირიანად არც ახსოვდა და ჩაეცინა, _ ალბერტო როჩეს ნომერი ალბათ გექნებათ და იქნებ მითხრათ!
ქალს ხელი გაუწოდა, რომ ტელეფონი გამოერთმია. მაგიდაზე დაუდო და ხელში არ მიაწოდა. კაცი ჩაფიქრდა მის საქციელზე, მერე ნომერი აუკრიფა და ტელეფონი მანაც მაგიდაზე დადო.
_ მე დაგტოვებთ და ისაუბრეთ, _ უთხრა ქალს და ფეხზე წამოდგა.
_ საჭირო არ არის, დასამალი არაფერი მაქვს! დარჩით! _ მიმართა ემამ და როგორც კი ტელეფონში ხმა გაიგონა, ალბერტოს მიესალმა.
_ ემა! _გაკვირვებული შეძახილი მოისმა მობილურიდან, _ როგორ ხარ? ამ ნომერთან რა შეხება გაქვს. საიდან?!
_ ჩამოვედი, მაგრამ ვიღაც სულელმა ერიკმა... _ გვარი დაავიწყდა, _ რაღაცის გამო დამაპატიმრა და განყოფილებაში ვარ გამოკეტილი! გამოძინებული რომ ვიყო, ახლა არ შეგაწუხებდი და ხვალ დილით დაგირეკავდი! ბოდიშს გიხდი!
_ ერიკ ფრანკი! ახლავე გამოვალ და 20 წუთში მოვალ.
_ ჰო, ეგ იდიოტი! კარგი, გელოდები. მადლობა და ბოდიში. _ თქვა და ტელეფონი გათიშა.
_ გმადლობთ, _ თქვა ქალმა და ტელეფონი ისევ მაგიდაზე დადო.
ერიკი მიხვდა, იდიოტი მას რომ უწოდეს, მაგრამ არაფერი თქვა, მხოლოდ ჩაიღიმა და ქალს მიუბრუნდა:
_ აკი არ ვიცნობ ადვოკატსო?!
_ გვარი რომ ახსენეთ, მაშინ გამახსენდა.
_ ადრეც შეგიწუხებიათ?!
_ არა! ხომ უკვე გადაამოწმეთ მონაცემებში, რომ არაფერი დამიშავებია!
_ იმ დღემდე არა, მაგრამ იმ დღეს რა ჩაიდინეთ, მაგას გავარკვევ!
_ აბა თქვენ იცით! წარმატებები!
_ დაჯექი და დაელოდე! ფეხზე უნდა იდგე?!
ემა დაჯდა და საფულეს ჩახედა.
_ ოჯახის წევრებთან რატომ არ დარეკეთ?! ტყუილად ათვალიერებთ საფულეს, არავის უქექია შიგნით!
_ უკვე გვიანია, არ ღირს გაღვიძება და არც იცოდნენ, რომ ჩამოვდიოდი, ზეგ მელოდებიან წესით.
_ და თქვენმა სულელურმა საქციელმა ყველას ჩააშხამა თქვენი ჩამოსვლა.
_ რატომ?! აქ კი არ ვრჩები, ზუსტად 20 წუთში წავალ აქედან! _ ირონიულად უთხრა ემამ და გაიღიმა.
_ აბა აქ რა ხდება, ხომ არ გიჩხუბიათ?! _ მოისმა ამ დროს ხმა და ოთახში შემოსული მამაკაცი მაშინვე ემასკენ დაიძრა, მოეხვია, ჩაეხუტა.
_ ჩემო ემა, როგორ ხარ?
ერიკი ორივეს ეჭვით უყურებდა, ასე რომ ჩაეხუტნენ ერთმანეთს.
_ 3 წელია არ მინახავხარ. როგორც იქნა, დაბრუნდი უკან, არა?
_ კი, გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი სახლში და არა აქ! _ თქვა გაბრაზებულმა ემამ და ერიკს მიხედა, რომელიც მათ შესცქეროდა.
კაცი ერიკს მიესალმა და მოიკითხა.
_ რამე ხომ არ დაგიშავა ამ კაცმა, ემა?!
_ დამიშავა, _ თქვა ქალმა და მიბრუნდა, _ ეს მისი ნამოქმედარია. _ და ადვოკატს გახეული კაბა დაანახვა.
_ რაო?! ერთმანეთს უკვე ეჩხუბეთ?! რომელმა მოიგო?! _ გაიხუმრა მან, მერე კი სერიოზული ხმით იკითხა, _ მართლა, ეს რა არის?!
_ შემთხვევით მოხდა, კარში შემოვდიოდი, საათი გამოვდე კაბას და გაიხა.
_ ჰო, აბა რა! ახლა მე გეტყვი სიმართლეს: ეს კაცი თავს დამესხა და აი, ეს არის ამის დასტური! _ ხმის აწევით თქვა ქალმა და დახეული კაბა კვლავ დაანახვა ადვოკატს.
_ გეყოფა ტყუილები, თორემ ვერც ალბერტო გაგიყვანს აქედან! ჯერ აქ დარჩები საკანში და მერე ციხეში!
_ კარგი, მორჩა! _ ერიკს მიუტრიალდა კაცი და სკამისკენ დაიძრა, _ თუ შეიძლება ემას მარტო დაველაპარაკები, _ თქვა და ქალის წინ ჩამოჯდა.
ერიკმა კარი გაიჯახუნა.
_ ახლა მომიყევი ყველაფერი, ეს მართლა თავს დაგესხა?! _ და კარისკენ გაიშვირა ხელი.
_ არა, შემთხვევით მოხდა. არ ვუჩივი, ნუ ეშინია. დაუძახე და მოვრჩეთ ამ საქმეს, დასამალი არაფერი მაქვს.
ალბერტომ ერიკს გასძახა და ისიც შემოვიდა.
_ კაბის საქმე გაირკვა, შემთხვევითობა ყოფილა, ახლა კი იმას მივხედოთ, აქ რატომაც დაიბარე ემა.
_ ამ ქალმა 1 კვირის წინ ორი ადამიანი მოკლა, ზაანი და დანიელა, მკვლელობის ადგილზე კი შავი იები დატოვა!
_ ჰო, აბა რა, პირდაპირი რეისით ჩამოვედი ამის გამო 1 კვირის წინ და მერე ისევ უკან გავბრუნდი! მეტი საქმე არ მქონდა!
_ მოიცადე, ემა! _ იყვირა ალბერტომ. _ და რა საფუძველზე დააკავე?!
_ მკვლელობის ადგილას ერთადერთი სამხილი იები იყო! ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ იები რაღაც პერიოდში შავი იყო! გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ შავი იები ბოსტონში, ამის სახლში იზრდებოდა. ასევე მის ერთ-ერთ კოლექციას, `შავი იები“ ერქვა და მოკლულ კაცს იცნობდა.
_ მიზეზი? რატომ უნდა მომეკლა?!
_ ამის მიზეზი შენ უნდა გვითხრა ნებით თუ არა, ძალით!
_ თუ სხვა სამხილები არ გაქვს, სახლში გაუშვი!
_ მან შავი იები წამოსვლის წინ გაანადგურა და ასევე შავი კაბა, რომელზედაც იები იყო დაბნეული.
_ მისი სახლიდან რამე სამხილი მაინც თუ გაქვთ აქ?!
_ არა, ის უკვე აღარ არსებობს. მხოლოდ დანაშაულის ადგილზე იყო შავი იები!
_ და შენ როგორ ფიქრობ, რატომ უნდა მოეკლა ან რისთვის?!
_ არ ვიცი!
_ სამხილებს როცა იპოვით, მერე დააპატიმრე, თუ ასე ძალიან გინდა, ახლა კი თითის ანაბეჭდები აუღე და წავალთ, _ მერე ქალს მიუბრუნდა: _ მე წაგიყვან.
ერიკი წამოდგა. ქალს ანიშნა, ხელი აქ დაადეო და ქალიც ადგა. ხელთათმანები ნელა გაიძრო და ჩანთაზე ზანტად დადო, თითქოს დროს წელავდა. ერიკმა გაბრაზებულმა ახედა, ასე რომ იქცეოდა. ქალმა თითი შეახო სითხეს და ანაბეჭდები დატოვა. მერე გაშავებულ თითებს დახედა, ღრმად ჩაისუნთქა და უცბად გამოსტაცა ხელიდან კაცს ხელსახოცი, შავი ლაქები მოიშორა და ხელთათმანებს დასწვდა. ეგონა, ვინმე იგრძნობს ჩემს ტკივილს ხელის დანახვისასო და სწრაფად მოირგო ხელთათმანები, თან ერიკს გააყოლა თვალი, რომელმაც ანაბეჭდები გაიტანა კაბინეტიდან.
_ როგორი იყო ეს სამი წელი?! _ მოესმა ერიკს ალბერტოს სიტყვები და კარს მიღმა შეყოვნდა, რათა მათი საუბრისთვის ყური მიეგდო.
_ ძალიან კარგი და მშვენიერი...
_ აქ დარჩები?!
_ სახლში კი, მაგრამ არა აქ! _ გაეცინა, _ როდის გამიშვებს ეს იდიოტი!
_ როცა პასუხს მოიტანენ, ხარ თუ არა დამნაშავე! _ თქვა ალბერტმა.
ცოტა ხანში ერიკი დაბრუნდა, თავის სავარძელს მიაშურა და ქალის სხეული აათვალიერა. ისევ ხელთათმანებზე შეაჩერა მზერა და მის ქცევებზე ჩაფიქრდა.
_ დამნაშავე არ ვარ! _ წამოიძახა ქალმა და ფეხზე წამოიჭრა. წყლისკენ წავიდა. ის იყო, ჩამოსახმელად დააჭირა ხელი კნოპს, რომ კაცის ხმა მოესმა, _ ჯერ უნდა იკითხო, შეიძლება თუ არა-თქო!
`შეიძლებაო?! იმ ნაძირალასაც არ უკითხავს ეს, ეგრევე გული მომიკლა, ისე გადმოვიდა პირდაპირ ჩემს ხელზე!~ _ გაიფიქრა და ისე ძლიერად მოუჭირა ხელი პლასტმასის ჭიქას, რომ წყალი იატაკზე დაიღვარა. ქალმა უნებურად უკან დაიხია და გამოფხიზლდა.
_ ბოდიში. _ თქვა ჩუმად, ხელი მომუშტა, ნაბიჯი გადადგა და სკამს დაუბრუნდა. _ არა უშავს, _ თქვა გამომძიებელმა და ემას თვალებში შეხედა. თითქოს სევდა ამოიკითხა მათში და უცბად მივარდა წყალს, ჩამოასხა და ქალს წინ დაუდგა. ახლა შენიშნა მისი მომუშტული ხელი და ჩაფიქრებული სავარძელში ჩაეშვა.
ქალმა ჩუმად თქვა, მადლობაო, წყალი ბოლომდე დალია და ჭიქის გადასაგდებად ადგა. ნაბიჯი რომ გადადგა, იატაკზე დაღვრილ წყალში ჩაყო ფეხი და აუსრიალდა. წამოიკივლა თუ არა, ხელის შეხებაც იგრძნო ზურგზე და ერიკის მზერაც, რომელიც სახეში შესცქეროდა. გამომძიებელმა ხელი შეახო თუ არა, გაითიშა, სრულიად დაავიწყდა, სადაც იყო და უეცრად ქალზე ფიქრებში გადაეშვა. მისი ცივი ზურგი შეიგრძნო და მთელ ტანში გააჟრჟოლა. ქალმა, როგორც კი კაცის ხელი შეეხო, თვალები დახუჭა და ნერწყვი გადაყლაპა: `ეს შეხება~... _ უჩურჩულა გონებას და უცბად გაახილა თვალები, გული მძლავრად აუჩქარდა და გონებიდან ყველაფრის გამოდევნას შეეცადა.
კაცმა წელში გაასწორა ხელზე გადაწვენილი ქალის სხეული და უცბად დაიხია უკან, იატაკიდან ჭიქის აღება დააპირა, მაგრამ ამ დროს ქალის შიშველი ფეხებისკენ გაექცა მზერა. ემამ მსწრაფლ დაიხია უკან და სკამზე უსიტყვოდ დაჯდა. სამარისებურ სიჩუმეში ისხდნენ სამივენი, როცა ფრანკო შემოვიდა და ერიკს ექსპერტიზის პასუხი წინ დაუდო.
ერიკმა ქალს დანანებით შეხედა და ფეხზე ადგა: _ ჯერჯერობით თავისუფლები ხართ... _ თქვა. ემა წამოდგა, ჩანთა აიღო ხელში, უხმოდ მიტრიალდა და კარისკენ გაემართა მშვიდი ნაბიჯებით, რომელიც მისთვის სრულიად არ იყო მშვიდი...
ალბერტო დაემშვიდობა ერიკს და ქალთან ერთად გავიდა. ქალმა ნიავი შეიგრძნო, სახიდან გადაიწია გაშლილი თმა და ალბერტოს მანქანაში ჩაჯდა.
ერიკს გაახსენდა, ქალმა ფეხსაცმელები რომ გაიხადა საკანში და ადვოკატის მოსვლის წინ ჩაიცვა. მის ფეხებს გააყოლა მზერა და როგორც კი ისინი გავიდნენ, თვითონაც გამოიყვანა მანქანა და უკან მალულად მიჰყვა ადვოკატის მანქანას. გაახსენდა ემამ სილა რომ გააწნა, ხელთათმანშიც კი ისეთი თბილი ხელი ჰქონდა, ამის გახსენებაზე გააჟრჟოლა. თან როგორი ძლიერი და სასტიკი ხელი ჰქონდა, გეგონებოდა, კაცმა მოიქნია სილაო. ემა... ამას არ გაპატიებ! შენს დანაშაულს ამასაც დავუმატებ! მათი საუბარი რომ არ ესმოდა, ამაზე ბრაზობდა, ბრაზობდა, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ და ახლა ერთად იყვნენ მანქანაში.
_ სასტუმრო `პრემიერში“ დამტოვე, _ სთხოვა ალბერტოს ქალმა და მშვიდად გაუღიმა.
_ სასტუმროში რა გინდა, სახლი ხომ გაქვს?!
_ სახლში რამდენი წელია, არ ვყოფილვარ, არ მინდა ასე დეპრესიულ და ცუდ ხასიათზე მივიდე, თორემ ვიცი, მერე მთელი წლები გამყვება ამ იდიოტის მოგონილი სისულელე!
_ კარგი, როგორც გინდა. მაშ `პრემიერში“, _ თქვა კაცმა და მანქანა წრეზე მოატრიალა.
_ როგორ ფიქრობ, ჟურნალისტებმა უკვე იციან ამაზე რამე?! ან ის კაცი თვალთვალს დამიწყებს?!
_ თვალთვალს ალბათ დაგიწყებს, ჯერ კაბა არავისთვის შემოუხევია შემთხვევითაც კი, _ გაეცინა ალბერტოს.
_ რატომ, ცისფერია?!
_ არა, რას ამბობ! ეს მას არ უთხრა, თორემ მერე მართლა გაგლახავს!
_ დიდი რამე, სილა უკვე მოხვდა ისედაც!
_ მოიცადე, ხელი გაგარტყა?!
_ არა, მე გავარტყი!
_ რააააა?! სულ გაგიჟდი?! კი მაგრამ, ამდენი ხანი იქ რომ იყავი, დაგავიწყდა აქაური კაცის ხასიათი და მით უმეტეს, გამომძიებლის?! ხელი რატომღა გაარტყი?!
_ ასეთი სახლი საიდან გაქვს, საყვარლებისგანო?! ამიტომაც გავარტყი! რომ მქონოდა საყვარლებისგან, არ გავარტყამდი!
ალბერტოს გაეცინა, _ მჯერა, რომ მაგ შემთხვევაში აღარ გაარტყამდი.
მანქანა გაჩერდა. მოშორებით ერიკმაც დაამუხრუჭა.
ემა მანქანიდან გადმოვიდა. ალბერტომ თავისი კოსტიუმი მოახურა.
_ არ მინდა ვინმემ რაიმე სისულელე იფიქროს, კარგად კი გაუხევია კაბა იმ იდიოტს, როგორც შენ ეძახი, _ ადვოკატს გაეცინა.
ქალმაც გაიცინა.
ორივენი აუყვნენ კიბეს და შიგნით გაუჩინარდნენ.
ემამ რეცეპშენში ოთახის გასაღები აიღო და ალბერტოს დაემშვიდობა.
_ გაცილება არ მინდა, ისედაც შეგაწუხე და დიდი მადლობა. თუმცა ცოტა ხანი ალბათ ისევ მომიწევს შენი შეწუხება. _ ამ სიტყვებით დაემშვიდობა, ლიფტში შევიდა და კოსტიუმი მიაწოდა.
ქალბატონი ლამის ციხეში იჯდა, ახლა იცინის კიდევაც და თან ალბერტოც მიჰყავს სასტუმროში?! სახლში ვერ მიდის თუ იქ ალბერტოს ვერ დაპატიჟებს? ერიკი ორივეს ეჭვიანი თვალებით უყურებდა. ალბერტოს რომ არ ვიცნობდე, ვიტყოდი, ადრე საყვარლები იყვნენ-მეთქი და იქნებ ახლაც?! _ გაიფიქრა და მანქანიდან გადმოვიდა. როცა სასტუმროს ვესტიბიულიდან გამოსული ალბერტო მანქანაში ჩაჯდა, ფანჯარაზე დაუკაკუნა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent