მეორე სიცოცხლე (თავი IV)
კოტეჯისკენ მირბოდა, მეტი წასასვლელი არც ჰქონდა. უმწეობის შეგრძნება გულ-მუცელს უწვავდა. როდის გახდა ასეთი მშიშარა? ასეთი დაუცველი. მასზე ბევრად დიდს ეჭიდებოდა და ყოველ ჯერზე მარცხდებოდა. არადა მარცხს მიჩვეული არც ყოფილა, ბოლო დრომდე. ყოველთვის შეუპოვარი იყო, პატარაობიდანვე დამოუკიდებელი. საათობით იცვამდა ტანსაცმელს თავად, სანამ ისე არ გამოეწყობოდა, როგორც უნდოდა. ყველაფერი აინტერესებდა. თევზაობით გატაცებულ მამას უთენია თავზე წამოადგებოდა უკვე ჩალაგებული ჩანთით და ენთუზიაზმით მიჰყვებოდა ახალ-ახალ, უცნობ ადგილებში. მამასთან ყოველთვის ახლოს იყო მანამ, სანამ ზურაბი საქმეებით ისე არ დაიტვირთა, რომ ოჯახისთვის აღარც ეცალა. ნანოს დაბადებამ კიდევ უფრო შეცვალა, მზრუნველი დის როლი შეითავსა და მის აღზრდაში იმდენად იყო ჩართული, რამდენადაც ნინო. ბევრი გეგმა ჰქონდა და ის იყო ნამდვილი ცხოვრება უნდა დაეწყო, როცა ყველაფერი თავდაყირა დაუდგა. სუნთქვა აღარ ყოფნიდა, ცრემლები ახრჩობდა, ფეხი აებლანდა და წაიქცა. თავჩაქინდრული საკუთარ უმწეობას მისტიროდა და ბოლო ძალებს იკრეფდა, ოთახამდე რომ მიეღწია. სწრაფი ნაბიჯების ხმა მოესმა. მიხვდა თავისი მუდმივი მეთვალყურე მოსდევდა. წამოდგა, ოთახში აირბინა, კარი ჩაკეტა და იქვე ჩაიკეცა. თავი მუხლებში ჩარგო და ცრემლების ახალ ნაკადს გასაქანი მისცა. -ელა, კარგად ხარ?-კარს მიღმა ალექსის ხმა მოესმა. -კარგად ვარ, ცოტა ხანს მარტო ვიქნები, გთხოვ... -კარგი, უკეთ რომ იქნები მინდა ვილაპარაკოთ და შეთანხმებულად ვიმოქმედოთ,-წყნარად უთხრა და პასუხს აღარ დალოდებია, ისე გაბრუნდა. მიხვდა, აღელვებულ ელასთან ახლა ვერაფერს გააწყობდა. აივანზე გამოსული ალექსანდრე ნანოს შეეჩეხა. ახალმოკიდებული სიგარეტი ჩააქრო და გოგონას გაუღიმა. -ელა სად არის?-წარბებშეკრულმა იკითხა. -თავის ოთახშია, ისვენებს. -შეიძლება შევიდე? უნდა ვთხოვო ბადმინტონი მეთამაშოს -ცოტა ხანს ვაცადოთ, კარგი?-გრძელ სკამზე ჩამომჯდარ გოგონას გვერდით მიუჯდა და ტყისკენ გაიხედა. -აღარ მინდა ასე იყოს,-ნანომ თავი მოწყენით ჩახარა და თითებს წვალება დაუწყო,-სულ მოწყენილია, აღარც ადრინდელივით მეთამაშება და აღარც ფილმებს ვუყურებთ. ადრე სულ ერთად ვიყავით, სკოლაშიც თვითონ მაკითხავდა ხოლმე გოჩა ბიძიასთან ერთად. -გოჩა ბიძია ვინ არის? -ჩვენი მძღოლი იყო ადრე. -დიდი ხანია ელა აღარ გაკითხავს? -იმის მერე, რაც სკოლიდან იმ კაცმა წამიყვანა, დღეს ტელევიზორში რო იყო. მგონი გავაბრაზე რო არ დაველოდე,-თავი ჩაქინდრა გოგონამ,-იმის მერე დედას და მამას დავყავარ. ალექსმა ბავშვს შეხედა, ეცადა ინფორმაცია რაც შეიძლება ფრთხილად მიეღო. -უცხო ადამიანებს ასე მარტივად არ უნდა გაყვე, ყველა კეთილი არ არის, ნანო. მაგრამ დარწმუნებული ვარ ელა ამაზე არ გაგიბრაზდებოდა. უბრალოდ ახლა რთული პერიოდი აქვს. -ვიცი,-გოგონამ ამოიოხრა. -იმ კაცმა სად წაგიყვანა, გაისეირნეთ? -სულ მანქანაში ვიყავით, დიდხანს დავდიოდით. მერე პარკში დამტოვეს და ცოტა ხანში ელაც მოვიდა. -რამე გითხრა? -მითხრა ახალი მძღოლი ვარ და დღეს ელა ვერ მოვაო. მერე მანქანიდან გადავიდა და ისე ლაპარაკობდა ტელეფონზე. ალექსი ჩაფიქრდა, მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირებას ცდილობდა. -ადრე ელაც მაგ კაცმა წაიყვანა?-ისევ განაგრძო ბავშვმა. -კი ნანო, მან წაიყვანა. -შენ ხო აღარ გაატან? -აღარ. -მაშინ პირობა მომეცი,-ნეკა თითი გაუწოდა ბავშვმა. ალექსანდრემ ნანოს პატარა ხელს დაბნეულმა დახედა. -ასე უნდა ქნა, ბავშვობაში არ აკეთებდი?-სიცილით უთხრა ნანომ და თავისი ნეკა თითი ალექსისას კაუჭივით გამოსდო. -მორჩა, პირობა დადებულია,-გაიცინა და წამოხტა-არ გინდა ბადმინტონი ვითამაშოთ?-თვალებგაბრწყინებულმა შეხედა გოგონამ და იქვე დაგდებული ჩოგანი გაუწოდა. -მინდა, როგორ არა. ალექსი წამოდგა, მინდორზე ჩავიდნენ და თამაშს შეუდგნენ. ბავშვის კისკისის ხმაზე ცოტა ხანში ელაც გამოჩნდა. გაოგნებულმა ღიმილი ვერ შეიკავა, როცა ალექსი ვარდისფერი ჩოგნით დაინახა, რომელიც ცდილობდა ბურთისთვის რაც შეიძლება ფრთხილად დაერტყა და პატარას სიმაღლეზე ესროლა. ალექსანდრემაც როგორც კი შეამჩნია აივანზე მდგომი ელა, ნანოს დაუძახა შესვენებას ვაცხადებო და აივნის კიბეზე აირბინა. -აბა, თუ მოხვედი ხასიათზე, ვილაპარაკოთ. -ერთი პირობით,-ცხვირი აიბზუა გოგონამ. -არ მეგონა პირობებით თუ ვსაუბრობდით,-ალექსანდრემ გულზე ხელი დაიკრიფა და კიბის სვეტს მიეყუდა. -ცოტახანს აქედან გავიდეთ. პირი გააღო გასაპროტესტებლად, მაგრამ ელამ არ აცადა. -სხვა შემთხვევაში მარტო მირჩევნია ყოფნა,-შებრუნება დააპირა, როცა ალექსიმ ავტომატურად ხელი მისი მკლავისკენ წაიღო და შეაჩერა. გაოგნებული ელა შემოტრიალდა, ხელს დახედა და შემდეგ წყნარად ახედა ალექსს, რომელმაც დანებების ნიშნად ხელები მაღლა ასწია და ამოიოხრა. -კარგი, ოღონდ შორს ვერ წავალთ. -თანახმა ვარ. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ შავი ვოლვო კოჯრის გზაზე მიქროდა. ელას ფანჯარა ჩამოეწია, სახეზე ქარი სცემდა და თმას უწეწავდა. სახლში გამოკეტილს, ეს გრძნობაც კი მონატრებოდა. ალექსი დროდადრო მისკენ თვალს აპარებდა. როგორც შეთანხმდნენ, შორს არ წასულან. მანქანა გზის პირზე გადააყენეს და ტყისკენ ფეხით დაიძრნენ. -აქვე გადასახედია, შეგვიძლია ფეხით ავიდეთ. გოგონამ თავი დაუქნია და ღრმად ჩაისუნთქა ტყის გემრიელი ჰაერი. უხმოდ მიდიოდნენ, სანამ აღმართის ბოლოში არ ავიდნენ და შორს, ბუღში გამოკიდული დედაქალაქის ხედი გადაეშალათ. -კარგი, დაპირება ავასრულე, ახლა შენი ჯერია,-მორზე ჩამოჯდა ალექსანდრე და სიგარეტის ღერი კოლოფიდან ამოაძვრინა. -რაზე უნდა ვილაპარაკოთ? -რატომ გაიქეცი? -იცი რატომაც. -არ ვიცი, ელა. იმ საქაღალდის გარდა შენზე არაფერი ვიცი. -და რისი ცოდნა გჭირდება? -რატომ დანებდი ასე მარტივად?-გამჭოლი მზერით გახედა. ელა ამ კითხვის გარდა ყველაფერს ელოდა. ალექსანდრეს ლურჯ სფეროებს თვალი აარიდა. გაბრაზდა, იმ ციხესიმაგრეს რომ უმსხვრევდნენ, რომელსაც თავის გარშემო საგულდაგულოდ იშენებდა. -მარტივად არ დავნებებულვარ. საერთოდ რატომ გგონია რომ დასკვნების გამოტანის უფლება გაქვს?-ხმის გაკონტროლება ვეღარ შეძლო გოგონამ,-მოდიხარ და ლექციებს მიკითხავ როგორ მოვიქცე, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ალექსანდრეც წამოენთო. -ასე ნუ მელაპარაკები,-კრიჭაშეკრულმა უპასუხა,-სანამ შენ შენს ემოციებში ყალიბდები, ხალხი ზარალდება.ახლა შენ ხარ ერთადერთი, ვისაც დახმარება შეუძლია და ეს უნდა გესმოდეს, ელა. -მე უკვე ყველაფერი ვცადე. როცა სასწორზე ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლეა, ვეღარ გავრისკავ, ამის ძალა აღარ მაქვს. -ნანო რატომ წაიყვანეს? -რა... საიდან... გოგონა თვალებგაფართოებული უყურებდა, ალექსის სიახლოვე აბნევდა, ნაბიჯი უკან გადადგა. -ნანო სკოლიდან რა მიზეზით გაიტაცეს? ელამ ხმა არ ამოიღო, შებრუნდა და ქვემოთ ჩასვლა გადაწყვიტა. ალექსანდრე წინ გადაუდგა. -არა ელა, გეყოფა გაქცევა. მითხარი, რომ დახმარება შევძლო. -და რატომ უნდა გენდო?-წარბებშეკრულმა ახედა გოგონამ. -ჯერ ვერ დავამტკიცე რომ მეც შენ მხარეს ვიბრძვი? ირონიულად დახედა. ემოციების გაკონტროლება უკვე თვითონაც უჭირდა. -კარგი,-ამოისუნთქა და განაგრძო,-მაშინ მეც გაგიმხელ საიდუმლოს, იმ კაცმა ჩემი ოჯახის წევრის სიცოცხლე შეიწირა. ამაზე რაღას იტყვი? ელა გაფითრდა, ამას ნამდვილად არ ელოდა. თვალები აუწყლიანდა, ხელები სახეზე აიფარა. -როგორ შეიძლება ყველაფერი ასე ჩახლართული იყოს. ყველაფერი მინდა რომ დამთავრდეს, ძალიან მინდა. -თუ დამელაპარაკები, ერთად შევძლებთ რომ დავასრულოთ. ნანო სკოლიდან რატომ წაიყვანა? გოგონა ისევ ჩამოჯდა. თავისი კითხვის მიუხედავად, ალექსანდრეს ნამდვილად ენდობოდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ზაზას გამოგზავნილი იყო, მეორეც იმიტომ, რომ ეტყობოდა, ელაზე გულწრფელად ღელავდა. მისი ცივი ხასიათი და დამოკიდებულება აფორიაქებდა, თუმცა თავის მხირვ ალექსანდრეც თავის საქმეს ასრულებდა და ელამ იცოდა, მისგან არანაირ გულისხმიერებას არ უნდა დალოდებოდა. ფიქრებში გართულმა ქალაქს გახედა და იქ მომხდარი წარსული ამბების გახსენება დაიწყო. -საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ძალიან ცუდად ვიყავი, სიცოცხლე არ მინდოდა. თვითმკვლელობაც ვცადე. მერე მივხვდი რამხელა ტკივილს ვაყენებდი ჩემს ოჯახს, ნანოს... ამიტომ ფსიქოთერაპევტთან ვიზიტებს დავთანხმდი. ამან საშუალება მომცა, სიტუაცია უკეთ გამეაზრებინა. ძალები მოვიკრიბე და გადავწყვიტე, საკუთარი რესურსით ლევანის წინააღმდეგ სამხილები მომეპოვებინა. ერთი წელი ვცდილობდი მეტის გარკვევას. მალულად ვაკითხავდი იმ ხალხს, ვინც გატაცების პერიოდში ვნახე. ამ საქმეში უბრალო ხალხზე მაქვს საუბარი, მოსამსახურეებსა და მძღოლებზე, თუმცა ისინიც ბევრის მომსწრე შეიძლება ყოფილიყვნენ. მათი დარწმუნება და ინფორმაციის გამოტყუება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა რაღაცების გარკვევა მაინც შევძელი. -სამართალდამცავები რატომ არ ჩართე? -მეშინოდა, რომ ლევანი გაიგებდა და ისევ საშინელებას ჩაიდენდა. ეგ კაცი შეურაცხადია,-ელას გააკანკალა,-ზაზა მუდმივ კონტაქტზე იყო ჩემთან, თუმცა ჩემ პატარა თავგადასავლებზე ჯერ ვერაფერს ვეუბნებოდი. ერთ დღესაც ნანოსთან სკოლაში გამოსაყვანად მისულს მითხრეს, რომ ბიძაჩემმა წაიყვანა,-გოგონამ ღრმად ამოისუნთქა,-ბიძა არ მყავს, ალექსანდრე. -ძალიან გავბრაზდი ბავშვი რომ სრულიად უცხოს გაატანეს. წარმოდგენა გაქვს რა დამემართებოდა? მითუმეტეს ვიცი, რისი გამკეთებლები არიან. 1 საათში დამირეკეს. თვითონ ლევანიმ დარეკა. მითხრა, რომ ან თავს დავანებებდი, ან ჯერ ნანოს მოკლავდა, შემდეგ მე. დავპირდი, რომ არადროს ხმას არ ამოვიღებდი. ნანო ჩვენს სახლთან ახლოს, პარკში დამხვდა. უვნებელი იყო, მითხრა ახალმა მძღოლმა გამასეირნაო. იმის მერე გავჩერდი და მხოლოდ დეპრესიას და შფოთვასღა ვებრძვი,-სევდიანად ჩაიღიმა. -ჩვენება მარტო ირაკლის წინააღმდეგ რატომ მიეცი? ისედაც გარდაცვლილი იყო. -ყოველთვის ჩემი დით მემუქრებოდნენ. ვერ აღგიწერ იქ რა ხდებოდა, ან მე როგორ გამოვედი ცოცხალი... ღამე კოშმარებს კი არ ვნახულობ, იქ ყოფნის კადრები მელანდება... მე... ელა წამოდგა, საუბარი ვეღარ გააგრძელა, კანკალმა აიტანა და სუნთქვა გაურთულდა. ალექსანდრე ცოტა ხანს ჩუმად იყო. მის დამშვიდებას დაელოდა. -არ მინდა იფიქრო, რომ ვერ ვხვდები რაც გადაიტანე. ამ ყველაფრის გაძლება წარმოუდგენელია... ცოტა ხანს შეყოვნდა, მიხვდა რომ ელას ტუჩი მოებრიცა და თვალებიც სატირლად აუწყლიანდა. საერთოდ ასეა, რაც უფრო ვცდილობთ ვანუგეშოთ ადამიანი, მით მეტ ემოციას ვიწვევთ. -მაგრამ რაღაც უნდა გთხოვო,- თვალებში ჩახედა,-მინდა გთხოვო, რომ კიდევ ერთხელ მოიკრიბო ძალა. დღეს ნანოს პირობა მივეცი, რომ მეტჯერ საფრთხე აღარ დაგემუქრება და ამ პირობას შევასრულებ. ოღონდ მჭირდება, რომ შენც ჩემთან იყო, ერთ მხარეს ვიბრძოლოთ და არა ცალ-ცალკე, კარგი? -კარგი,-ელა თვალზე ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად მოიწმინდა, ალექსანდრეს ახედა, ოდნავ გაუღიმა და დარწმუნებით გაუმეორა,-კარგი. -ერთი რაღაც არ გითქვამს,-ის იყო მანქანაში ჩასხდნენ, ალექსანდრემ ელას რომ გადახედა. -რა? -როცა შენით ეძებდი... სამხილებს... კონკრეტულად რას ეძებდი და რა იპოვე? ელამ ამოისუნთქა და ახალი ამბის მოყოლა უნდა დაეწყო, სალონის მყუდროება ტელეფონის გაბმულმა ზარმა რომ დაარღვია. -დიახ ზურაბ. -სად ხართ, ალექსანდრე?-პანიკა და მუქარა ერთად გაისმა კაცის ხმაში. ელა დაიძაბა, ალექსს მიაშტერდა. -აქვე ვართ, წუთი-წუთზე აგარაკზე მოვალთ. -რომ მოხვალთ ჩემთან ამოდი თუ შეიძლება, დალაპარაკება მინდა. -კარგი. -რა ხდება?-ჰკითხა ელამ როგორც კი ალექსანდრემ მანქანა მოატრიალა და აგარაკისკენ მაღალი სიჩქარით დაიძრა. -ზურაბს უნდა ჩემთან ლაპარაკი. -ხომ მშვიდობაა? -კი. ეზოში შესვლისთანავე კარებიდან ნინო გამოეგებათ. მარჯვენა წარბსა და შუბლის ნახევარზე ბინტი ჰქონდა გადაკრული. -დედა, რა ხდება? -არაფერი ელა, პატარა ავარიაში მოვყევით. -რა? როგორ ხარ? მამა როგორაა? -კარგადაა, მხარი იტკინა მხოლოდ, დიდი არაფერი,-დამამშვიდებლად გაუღიმა, თუმცა აფორიაქებული ჩანდა. -მე ზურაბთან ავალ. ელამ და ალექსანდრემ მზერები გაცვალეს. ელამ იცოდა, ალექსისგან მაინც გაიგებდა სიმართლეს, ამიტომ ნინოს აღარ ჩაეკითხა. სამზარეულოში გავიდნენ და მოფუსფუსე ლალისა და ნანოს შეუერთდნენ. ალექსანდრე კაბინეტისკენ დაიძრა, თუმცა იქ ზურაბი არ დახვდა. სანამ მოვიდოდა, კომოდზე დაწყობილი სურათების თვალიერება დაიწყო. ყურადღება ერთ-ერთმა მიიქცია, სადაც დაახლოებით 15-16 წლის ელა თხელ, ფერად კაბაში გამოწყობილი იდგა, აწეული თმითა და სახეზე ბედნიერი ღიმილით. ხელში მედალი ეჭირა და ობიექტივს სიამაყით აჩვენებდა. -სანამ ყველაფერი აირეოდა, ელა ტანმოვარჯიშე იყო,-ზურგსუკან მოესმა ზურაბის ხმა,-მერე ყველაფერს თავი დაანება. -ნინომ ავარიაზე გვითხრა, როგორ ხართ? -ნორმალურად, არც ისე ძლიერად დაგვეჯახნენ. მგონია, რომ ეს შემთხვევითი ავარია არ იყო ალექსანდრე, განგებ მოაწყეს. მანქანა, რომელიც დაგვეჯახა რაღაც დროით მოგვყვებოდა, როგორც კი გზატკეცილზე გადმოვუხვიე, სიჩქარეს მოუმატა და მოსახვევში დაგვეჯახა, შემდეგ კი გაუჩინარდა. -ფიქრობთ ამას ლევანის დაბრუნებასთან აქვს საერთო? -რა თქმა უნდა,-წვერზე ხელი ნერვულად მოისვა კაცმა,-ვატყობ ლევანის ძველი ამბების განახლება უნდა. რაც სურდა ის შედეგი მაინც ვერ მიიღო, ამიტომ არ გაჩერდება. თუმცა ამჯერად მზად დავხვდები. სანამ აქ არ იყავით, ზაზას ველაპარაკე. აქტიურ მოქმედებაზე გადავდივართ, თუმცა ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მჭირდება ელას, ნინოს და ნანოს უსაფრთხოებაა. ჩემს ცოლს და ნანოს საიმედო ადგილას ვუშვებ. ახლა, რადგან ელას შენ ჰყავხარ და თვითონაც ნდობა გაუჩნდა, მინდა მასზე შენ იზრუნო. მინდა ცოტა ხანს აქედან წაიყვანო. ალექსანდრემ თავი დაუკრა. -ბიჭებსაც გამოგაყოლებ. -არაა საჭირო, ზაზამ ზუსტად ამ საქმისთვის გუნდი გამოყო. მათ ყველაზე მეტად ვენდობი, ელას უსაფრთხოებაში შეგიძლიათ ბოლომდე იყოთ დარწმუნებული. -ძალიან კარგი. მიხარია, რომ აქ ხარ. გული მიგრძნობს, ბევრად დიდ ჭაობში ვდგამთ ფეხს, ვიდრე ეს უბრალოდ ორი კომპანიის დაპირისპირებაა. ----- გამარჯობა მეგობრებო, მადლობას გიხდით მათ, ვინც კითხულობთ ისტორიას. უზომოდ გამახარა წინა თავის ნახვების რაოდენობამ და თქვენმა შეფასებებამაც! რაც შეეხება თვითონ ისტორიას, სამწუხაროდ, ასეთი უბედურებებიც ხდება და ხშირად დამნაშავეები დაუსჯელები რჩებიან. ამიტომ საკმაოდ მიჭირს წერა, მინდა პერსონაჟების ემოციური მდგომარეობა კარგად გადმოვცე და რეალობას არ ავცდე. ვეცდები, ახალი თავითაც მალე დაგიბრუნდეთ. სიყვარულით, Enne |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.