შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობა შავი იებით (თავი 3)


9-10-2022, 20:38
ნანახია 667

_ რომელ ნომერშია?!
_ რა იყო, ახლა შიშველიც გინდა ნახო?!
_ მითხარი!
_ მე-7 ოთახში!
_ მეტი ნომერი არ იყო? თუ ჰგონია, იქნებ ასე მაინც გამიმართლოსო?!
_ გეყოფა და წადი, დაიძინე! დაასვენე ეს ქალი, იგი ჩემი მეგობარია და ვიცი, რომ დამნაშავე არ არის!
_ იქნებ შენი საყვარელიცაა?!
ალბერტოს გაეცინა.
_ მხოლოდ მეგობრები ვართ და ვიქნებით. არც შენი საყვარელი არ გახდება. ეს ისე ზუსტად ვიცი, როგორც ის, რომ დამნაშავე არ არის! ახლა კი წავედი და ეს ქალი არ შეაწუხო ხვალამდე მაინც! ჰოო მართლა, ოთახამდე არ მიმაცილებინა თავი და შეამოწმე, თუ არის ნომერში! და კიდევ, აქაური ვალუტა არ აქვს, სასტუმროს ნომერი მე ვუქირავე. ამიტომ აცალე, გათენდეს და გადაახურდაოს, მერე ვალს დააბრუნებს, 2 დღის სასტუმროს ფულს. _ გაიცინა ადვოკატმა, მანქანა დაქოქა და წავიდა.
ემა ოთახში შევიდა. ეგრევე სააბაზანოს მიაშურა, ცხელი წყალი მოუშვა და შიგ ჩაწვა.
ერიკმა მის პირდაპირ დაიქირავა ნომერი და ქალის ფანჯრებს დაუწყო თვალთვალი.
დაინახა სააბაზანოში შესულმა სამოსი როგორ გაიძრო და როგორ ჩაიმალა წყალში. კარგა ხნის მერე მოთენთილი ქალი წყლიდან ამოვიდა და პირდაპირ ლოგინს მიაშურა. ცოტა ხანს კიდევ შესცქეროდა მის ფანჯრებს, მაგრამ ემა არ ამდგარა და თვითონაც მიიძინა. ქალსაც ისე უცებ მიეძინა, ფიქრისთვის ვერ მოიცალა.
დილით პირსახოცშემოხვეულმა სასტუმროს მოსამსახურე ქალბატონი დაიბარა.
_ ტანსაცმლის ყიდვა მინდა, ხომ შემიძლია თქვენ დაგავალოთ?!
_ დიახ, გისმენთ.
_ რაიმე ტანსაცმელი მიყიდეთ, ზომა 37, მთლიანი კაბა თუ იქნება, კარგია ან მაისური და შორტი, როგორი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, ასევე ჩანთა. ეს ყველაფერი `ელლე~-ს ფირმის უნდა იყოს. ფეხსაცმელი დაბლებზე, 36 ზომა. _ და ფული მიაწოდა, _ გადაახურდავეთ. რამდენიც დასჭირდება საყიდლებს და ტაქსით წასვლა-წამოსვლას, მოიხმარეთ. ტაქსი უკვე გამოძახებულია, დაბლა გელოდებათ. გმადლობთ და ბოდიში, ქალბატონო მერი.
ემამ მოსამსახურე გაისტუმრა და ისევ სააბაზანოს მიაშურა. 5 წუთის მერე კარზე ზარი დაირეკა. ემამ პირსახოცი ისევ შემოიხვია და კარი გააღო.
_ რაიმე პრობლემაა, ქალბატონო მერი?! _ იკითხა და ახლაღა შეხედა ზღურბლთან მდგარ სილუეტს. _ თქვეეენ?! _ თქვა ხმამაღლა და გაშეშდა, სულ გადაავიწყდა, თითქმის შიშველი რომ იყო.
_ დიახ!
_ თუ ისევ იქ უნდა წამოვიდე, მაშინ ამ პირსახოცით მომიწევს წამოსვლა!
ერიკმა ხელი გაიშვირა მისკენ. _ ეს წუხანდელის გამო, _ და ქალს კაბა გაუწოდა, მაგრამ რახან ქალი ხელებით პირსახოცს იჭერდა, იქვე კამოდზე ჩამოდო.
_ მადლობა, მაგრამ საჭირო არაა. თუ 40 წუთს დაიცდით, ტანსაცმელს მომიტანენ და გამოგყვებით. დაჯექით-მეთქი არ მითქვამს, ეს თქვენი კაბინეტი არ გეგონოთ! _ თქვა გაბრაზებულმა და კაცს შეხედა.
_ აა... კარგი! _ მიუგო ერიკმა, სკამიდან ადგა და ფანჯრიდან გადაიხედა. _ ლამაზი ხედია.
_ ალბათ! დატკბით 40 წუთი! _ თქვა ემამ და სანამ მამაკაცი ფანჯარაში იყურებოდა, გავიდა.
_ ქალბატონო ემა, _ ერიკი მოტრიალდა. სად წავიდა პირსახოცშემოხვეულიო, ჰკითხა თავის თავს. ამ დროს ტელეფონმა დარეკა.
_ მოსამსახურე პერსონალიდან ვინმე მერი გაგზავნა სადღაც ემა გალიანიმ.
_ ჰო, მართლა ახსენა მისი სახელი. გაიგე, სად წავა და რას გააკეთებს!
ამ დროს ხმა გაიგონა სააბაზანოდან და ტელეფონი გათიშა.
სააბაზანოს კარის კედელს მიეყუდა, მისი შიშველი სხეულის ჩრდილი რომ არ დაენახა კარის მინაში. პოლიციელი მის ოთახშია, ლამისაა დავაპატიმრო და ეს კიდევ აბაზანაში ნებივრობს?! _ უთხრა თავის თავს გაბრაზებულმა.
_ ჯანდაბა! როგორ მოვკლავდი ადამიანს მაშინ, როცა 3 წლის წინ თავიც კი ვერ მოვიკალი იმ საშინელი დღის მერე! _ და ემას ცრემლები წამოსცვივდა. ახლაც სტკივა ის შავი ლაქა, ის შავი ლაქა! უკან იმიტომ დაბრუნდა, რომ იფიქრა, ეს ამბავი დაივიწყესო, ამაზე არც კითხვები ექნებათ და არც პასუხს მომთხოვენო. ან რაზე უნდა აგოს პასუხი, მას ხომ არაფერი ჩაუდენია: ერთ ურჩხულს მასთან მიახლოება აპატია, ერთი ნაძირლური კოცნა აპატია და მისგან გაიქცა. ეს ტკივილი ვერავის გაუმხილა, ტყუილი თქვა და წავიდა. ახლა კი ეს ვიღაც იდიოტი ეუბნება, შენ მოკალიო! `ჰო. მე სიზმარში მას მოველანდე ისევე, როგორც მე მომელანდა და მელანდებოდა მთელი ეს წლები, მაგრამ მე ის არ მომიკლავს. მოკვლა რომ შემძლებოდა, თავს მოვიკლავდი იმ ტკივილის გამო, რადგან ამ ტკივილს აქ ვეღარ ვუძლებდი. ახლა იგივე მეორდება! ამიტომაა, რომ არავის ვეხები და არც მე მინდა შემეხონ, ამიტომაა, რომ სხვის კოცნას ვიშორებ და ისე ვირეცხავ წყლით, რომ იქნებ ის საშინელი კოცნაც ჩამოვირეცხო ჩემი ტუჩებიდან და ჩემი ჭრილობებიდან~. ემას თავი ასტკივდა, გაახსენდა 3 ბოკალი რომ დალია წამოსვლისას და ახლა შეახსენა თავმა. ამ დროს კარზე კაკუნი შემოესმა და უცბად გამოფხიზლდა, აბაზანიდან გადმოვიდა, სახეზე წყალი შეისხა და სარკეში ჩაიხედა. როცა დარწმუნდა, რომ ცრემლების კვალი აღარ ემჩნეოდა, გამოსვლა დააპირა.
კაცს 20 წუთში ტელეფონით ისევ მოახსენეს: _ ფული გადაახურდავა, დაახლოებით 500 $. ტანსაცმელი იყიდა, ჩანთა, ფეხსაცმელი, ტაქსი ელოდებოდა, არ გაუშვია. ქალი უკან ბრუნდება.
_ ქალბატონო ემა, თქვენთან არიან, _ და ერიკმა კარზე დაუკაკუნა.
_ ახლავე, _ თქვა ქალმა და გამოვიდა. კაცმა მაშინვე იგრძნო ემას ახალი სურნელი და უკან დაიხია. მისი სახე გაახსენდა მანქანაში და მოსამსახურის სიტყვებმაც გამოაფხიზლა:
_ ქალბატონო, მოგიტანეთ, რაც მთხოვეთ! აქ ყველაფრის ჩეკია.
ემამ სამოს შეხედა, ფეხსაცმელი ჩაიცვა, მოეწონა და მერის მადლობა გადაუხადა.
_ ეს კი დარჩენილი თანხაა, _ თქვა მოსამსახურემ და ემას გაუწოდა.
_ დაიტოვეთ! გმადლობთ.
_ ქალბატონო, აქ ხომ 50 დოლარია! ამას ვერ დავიტოვებ!
_ დაიტოვეთ! და თუ შეიძლება, ორივემ დამტოვეთ, რომ ჩავიცვა.
_ ქალბატონო, გმადლობთ, მაგრამ....
ემამ აღარ დაასრულებინა: _ გთხოვთ! უნდა ჩავიცვა, ეს ბატონი მელოდება! _ და კარი მიხურა, როცა კაციც გავიდა. ფიქრებით სავსე ერიკი კედელს მიეყრდნო. ისევ ემაზე ფიქრებმა წაიღო და დერეფანში სიარულს მოჰყვა.
თეთრი ფერის `ელლე~-ს კაბა ჩაიცვა. ზუსტად მოერგო, მისი სხეული თეთრ ფონზე უფრო გარუჯული გამოჩნდა. ფეხსაცმელს დახედა, ზომა რომ დაემთხვა, გაუხარდა. `ელლე~-ს ჩანთა აიღო, მერე ლოგინზე დადებულ ძველ კაბას დააცქერდა, აიღო და ხელი მოუჭირა თუ არა, უცბად, დენდარტყმულივით მოისროლა შორს, შემდეგ ხელი გადაიბანა, ხელთათმანები მოირგო და ოთახიდან გავიდა.
ერიკი კართან რომ არ დახვდა, იფიქრა, ქვევით არისო და ლიფტში შევიდა. ხელი ღილაკს დააჭირა თუ არა, ერიკიც მის წინ გაჩნდა, ისე უცებ, რომ ემას პატარა ცელქი გოგონა გაახსენდა, 2 დღის წინ ლიფტში რომ შეუხტა და მისი ტელეფონი შეიწირა. ჩაეცინა.
_ რატომ იცინით?!
_ რაღაც ამბავი გამახსენდა და იმიტომ!
_ მაინც?
_ პატარა ბავშვი თქვენსავით შემომივარდა ლიფტში ბოსტონში და მანვე შეიწირა ჩემი ტელეფონი, ისევე როგორც წუხელ თქვენ შეიწირეთ ჩემი სამოსი.
_ ქურდი იყო?!
_ არა... _ და ემას გაეცინა. _ პატარა, 10 წლის გოგონა, სართულებზე დაიკარგა და პირდაპირ ლიფტის კარებში გაიჩხირა, რომელიც იხურებოდა. შემეშინდა, შიგ არ მოყვეს-მეთქი, ტელეფონზე ვსაუბრობდი. ტელეფონი დამივარდა და ბავშვს ხელი ვტაცე.
_ საინტერესო ტყუილია. _ შენიშნა ერიკმა, და მისი მონაყოლი სიცრუედ მიიჩნია. _ უჩემოდ მიდიოდით?!
_ ქვემოთ მეგონეთ! არ მეგონა, თუ ასე მაკონტროლებდნენ!
_ ქალს ფული რისთვის აჩუქეთ?! შემდეგში ადვილად რომ დაიმონოთ და ისევ რაიმე სთხოვოთ?!
_ არა, ვიკითხე, ყველაზე დაბალი ხელფასი ვისაც აქვს, ის გამომიგზავნეთ-მეთქი და ამიტომაც ვაჩუქე ის თანხა. თანაც ფეხსაცმლის კარგი არჩევის გამო დაიმსახურა, _ და თავის ფეხსაცმელს შეხედა.
ერიკმა რაღაცის თქმა დააპირა, როცა კარი გაიღო და ლიფტიდან უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ ამ დროს ვიღაცამ ემას მიმართა:
_ ემააა! აი, საოცრება, აქ რას აკეთებ?! თანაც ისე, რომ მე არაფერი ვიცი!
_ ანიტა! წუხელ ღამე ჩამოვედი და ვეღარ გაგაფრთხილე, დღეს ვიქნები შენი სტუმარი. _ და უცნობს ჩაეხუტა. _ მომენატრე...
_ ოო, ემა, მეც მომენატრე. _ მან ემას აკოცა. საუბედუროდ, ემა ყველას კოცნას იშორებდა იმ დღის მერე, მაგრამ ეს კოცნა იმ კოცნისგან განსხვავებით არ სძულდა და არც აღიზიანებდა, თუმცა რატომღაც, მის გულს მაინც არ ათბობდა.
_ წამოდი... რესტორანში დავსხდეთ და ვისაუბროთ! მართლა, სტუმრების სიაში შენ არ ხარ! _ თქვა ქალმა და ემას გაუღიმა.
_ მეგობარმა ალბერტო როჩემ ამიღო ნომერი იმის გამო, რომ აქაური ფული არ მქონდა. დღეს ორი ვალი უნდა დავაბრუნო. და კიდევ, ფული შენს თანამშრომელს ვაჩუქე. იმედია, პრობლემა არ არის!
_ არა, ემა, რას ამბობ. ისე, რომ გეთქვა, ნომერი ვიქირავე და თანხა გადავიხადეო, შენც გაგიბრაზდებოდი და კონსიერჟსაც! წამო, ვილაპარაკოთ, თან ჯერ ადრეა და ვისაუზმოთ. აქაური სამზარეულო მოგენატრებოდა.
_ მარტო არ ვარ, ამიტომ სხვა დროისთვის გადავდოთ, _ უთხრა ქალს თბილად და ხელი ჩაჰკიდა.
_ არა, რატომ, მე პრობლემა არ მაქვს. მე წავალ და რამდენიმე საათის მერე გნახავთ, თქვენ ისაუზმეთ, _ ერიკი ორივე ქალბატონს დაემშვიდობა და წავიდა.
_ ანიტა! _ მიმართა ემამ რბილად და ქალს ახედა: _ სანამ შეკვეთას გაამზადებდნენ, რომ გავიდე, ხომ არ არის პრობლემა? 30 წუთში მოვალ, ოღონდ ტაქსი გამომიძახე!
_ რა თქმა უნდა. რა შევუკვეთო შენთვის, როგორც ყოველთვის?!
_ ჰო. პიცა, სოკო, ანანასი და ბროწეული. _ მერე ანიტა საჩქაროდ გადაკოცნა, მადლობა გადაუხადა და გარეთ გავარდა.
მზე სახეზე მიელამუნა თუ არა, სათვალე გაიკეთა და თვალები დახუჭა. ამჯერად ესიამოვნა მზის სხივების შეხება და გათბა. იმწამსვე გაახსენდა, წუხელ საკანში რომ იყინებოდა, მაგრამ რაღაც მაინც ათბობდა და ეს აშინებდა კიდევაც, აშინებდა ის მომენტიც, როცა იხსენებდა, თუ როგორ შეეხო მანქანის ფანჯრებს მისი ფრჩხილები... ტაქსის კარი თვითონვე გააღო და ჩაჯდა. ფანჯარა ჩამოსწია, სახე ჰაერს შეუშვირა და გაიღიმა.
***
_ ერიკ, სად ხარ?
_ სახლში მივდივარ ცოტა ხნით. რა იყო?
_ ახლახან შენმა ობიექტმა სასტუმრო დატოვა!
_ რაააა?! იქ დავტოვე მეგობართან ერთად, უნდა ესაუზმათ! ეგ ოხერი ქალი, თვალსა და ხელშუა იტყუება! სად წავიდა, ახლა სადაა?!
_ ახლახან ტაქსიში ჩაჯდა, შავი მანქანაა, _ და ფრანკომ ნომერიც უკარნახა.
_ კარგი! მე გავყვები!
_ თუ შეიძლება, გადასახურდავებელ ჯიხურთან გამიჩერეთ და დამელოდეთ. _ სთხოვა ემამ მძღოლს და მანქანიდან გადავიდა.
მაღაზიაში შევიდა, ხელთ რა თანხაც ჰქონდა, მთლიანად გადაახურდავა. მერე ბანკში შევიდა და თანხა ალბერტოს ბარათზე დასვა, რადგან იცოდა, რომ ადვოკატი ვალს არ გამოართმევდა.
სხვა მაღაზიაში კი ახალი ტელეფონი შეიძინა და ნომერი აიღო.
შემდეგ ალბერტოს დაურეკა, _ ეს ჩემი ნომერია, რომ დაგჭირდეს, _ უთხრა. კაცს ხმაზე შეატყო, რომ უკვე იცოდა თანხის ჩარიცხვის შესახებ. _ ჰო, არ დაიწყო ახლა, რატომ ჩამირიცხეო, _ მიუხვდა ემა.
_ ემა! რომ გნახავ, პირდაპირ იქ წაგიყვან, იმასთან. ისედაც, წუხელს აქეთ შენზე ფიქრობს, ალბათ, _ სიცილი გაისმა ტელეფონში.
_ მორჩი რა, აჯობებს საქმეს მიხედო. ხომ იცი, ვალები არ მიყვარს. მხოლოდ ერთი ვალი მაქვს, რომელსაც ვერ ვაბრუნებ და შენ მაინც ნუღარ დამიშლი ვალის დაბრუნებას.
_ კარგი, ჰო. შეგაწუხა ჩემმა მეგობარმა?!
_ ჯერ არა, მაგრამ ვიცი, მალე შემაწუხებს! კარგი, უნდა წავიდე. _ თქვა და ტელეფონი გათიშა. მერე ჩანთიდან ამოიღო ალბერტოს ნაწერი და კვლავ ტელეფონს მიუბრუნდა. რამდენიმე წუთში გადარიცხვის ოპერაცია განახორციელა.
ერიკს სმს მიუვიდა თანხის ჩარიცხვაზე. გაკვირვებული კითხულობდა: _ ეს რა არის? საიდან?! უცბად ალბერტოს ნათქვამი გაახსენდა, ემა ვალებს აბრუნებსო და მიხვდა. `ეს სულელი ქალი! წუხელ ჩემი მობილურით რაც ილაპარაკა, იმის თანხა დამიბრუნა~.
ემა ტაქსით უკან დაბრუნდა. `ჭკუას გასწავლი ამ ყველაფრის და ასევე სილის გამო~, _ იმუქრებოდა გამომძიებელი და ემას ტაქსის კვალში მიჰყვებოდა.
ქალი სასტუმროში შევიდა და პირდაპირ დაჯავშნილი მაგიდისკენ აიღო გეზი. ანიტა იქვე დახვდა და ერიკმა აღარ შეაწუხა ისინი, შორიდან უცქეროდა.
ქალებმა ისაუბრეს, საჭმელი მიირთვეს, ერთი ბოკალი ღვინოც დალიეს და ემამ შეკვეთილი წვენიც დააყოლა. იცინეს, ძველი ამბები გაიხსენეს. მუსიკის ლექციები, აუდიტორიაში ერთად ყოფნა, ერთად მხიარულება, კონცერტებზე სიარული, და ქეიფი დაბადების დღეებზე. ბედნიერი ბავშვობის ისტორიები თუ სასწავლებლის დღეები გაიხსენეს, ადღეგრძელეს ერთად გატარებული დრო და ემა 3 საათისკენ ნომერში ავიდა. ტელეფონში მუსიკა ხმადაბლა ჩართო და ფანჯარასთან მშვიდად დაჯდა. ფიქრებით ისევ ბოსტონში გადაფრინდა...
***
ერთ დღეს ალმას მიადგა სახლში, ფსიქოლოგს. არ იცოდა, რას ეტყოდა, რას მოუყვებოდა და გაანდობდა. მიესალმა და შავ დივანზე მოკალათდა. მხოლოდ თავისი სახელი და გვარი უთხრა და მაშინვე წასვლა დააპირა, რადგან საუბარი ვერ აეწყო და დაემშვიდობა. მეორე დღეს ისევ მივიდა მასთან და ისევ მშვიდად დაჯდა დივანზე. ქალს შეხედა, რომელმაც ხელში ფანქარი აათამაშა. მერე ფანქარი მას გაუწოდა და დახატვა სთხოვა, თან საუბარში შეიყოლია და ემამაც დაიწყო იმ დღის ამბის მოყოლა:
_ სწავლის დამთავრების მერე მუშაობა დავიწყე, პირველად გადავდგი ნაბიჯი საქმიანობისკენ და მაშინვე დასრულდა ყველაფერი _ სწავლაც, მუშაობაც და ცხოვრებაც!
იმ დღეს რამდენიმე თანამშრომელი ვიყავით ოთახში. ზოგი ადრე წავიდა, ჩვენ ორნი დავრჩით, ახალ პროექტზე უნდა გვემუშავა. დავიწყეთ მუშაობა. მან რამდენიმეჯერ მადლობა გადამიხადა, წინა დავალება კარგად რომ შევუსრულე, მერე უცებ ხელზე მაკოცა... ეს არ მომეწონა, მაგრამ საქმე გავაგრძელეთ. დავასრულეთ თუ არა, წამოვედი, კაბინეტიდან გამოვედი და კიბეზე ჩავირბინე. ისიც გვერდით მომყვებოდა. გარეთ გამოვედით და დავემშვიდობე, ის კი ორ წამში მოტრიალდა და მითხრა, კიდევ როდის ვისაუბრებთ სამუშაოზეო... ეს სიტყვები ცუდად მომხვდა და იმწამს რაც მომაფიქრდა, ის ვუთხარი, ორი დღის მერე, მანამდე ამ საქმეს დავასრულებ-მეთქი. გაგაცილებ, სადაც მიდიხარო. ამაზე უარი ვუთხარი და ქუჩაში სწრაფად გავედი... მოვშორდი მას და უკვე ვგრძნობდი, რომ სუნთქვა მიძნელდებოდა, აღარაფერი მინდოდა... ტელეფონი გამივარდა ხელიდან და არც კი დამნანებია, თუ გატყდებოდა, არც მაღელვებდა... იმწამს ყველაფერი სწრაფად წარიმართა და ჩემ წინ დიდი შავი ტკივილი გაჩნდა, რომლითაც სუნთქვა აღარ შემეძლო.
_ დამშვიდდი, ემა... რამეს დალევ, რომ დამშვიდდე?!
_ არა, გმადლობთ... მირჩევნია ჩემით გადავიტანო. შეიძლება მაზოხისტობა გამომდის, მაგრამ მირჩევნია მევე ვიბრძოლო...
_ კარგი, ბოდიში, რომ შეგაწყვეტინე... გისმენ. მინდა ეს დღე ბოლომდე მომიყვე.
ქუჩაში ვიდექი, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი ან რა გამეკეთებინა... ნელ-ნელა გული მეკუმშებოდა და ვაიძულებდი ჩემს თავს, მშვიდად ვყოფილიყავი... მთელი გზა ამაზე ვფიქრობდი... გული საშინლად მტკიოდა, რომ სილა ვერ გავარტყი, ახლაც ისე მინდა ხელი მოვუქნიო... მაგრამ არ შემიძლია... ეს ერთადერთი ვალია, რომელიც ვერ დავაბრუნე. ახლაც მინდა მოხვდეს სილა, სილა იმ ხელიდან, რომელიც ასე ძლიერ მატკინა... სახლში მივედი და მთელი ორი დღე ვიწექი, მარტო ვიყავი იმ დღეებში. ვიწექი და ვტიროდი... ნელ-ნელა შიში მიტანდა, ღამე სულ იმაზე ვფიქრობდი, სულ სხვა რამ რომ მომხდარიყო... ამ ამბის მერე, რამდენიმე საათში, დამირეკა. ძალით ველაპარაკებოდი და მივხვდი, რომ მისი ხმაც კი მაგიჟებდა და გულს მიკლავდა. იმ ღამესვე დავწერე განცხადება წამოსვლის თაობაზე, ვუთხარი, რომ მივდიოდი და მისი საქციელი არ მომეწონა... არაფერი უთქვამს, არც ბოდიში, არც ის, ასე არ მინდოდა გამომსვლოდაო. არაფერი არ უთქვამს. იმ დღის მერე მასთან საერთოდ აღარ მისაუბრია, საქმეების გამო მხოლოდ თანამშრომლებს ვხვდებოდი და მხოლოდ ისინი მეხმიანებოდნენ მისი დავალებით...
მთელი ღამე ამ ამბისგან შეწუხებული ვიყინებოდი. ისე ძლიერ დავიკარგე, რომ გეთქვათ, საოცნებო იტალიაში იმოგზაურებ ან იმ საქმეს მოჰკიდებ ხელს, რაც გსურსო, ესეც კი აღარ მსურდა... მტკიოდა ეს ამბავი და სიზმარშიც გრძელდებოდა ტკივილი, იმ ურჩხულს ვნახულობდი და მისგან გავრბოდი...
მხოლოდ უფლის მადლობელი ვარ, იმ დღეს მისი ბინძური გეგმებიდან ასე რომ გამათავისუფლა და მიმახვედრა, მასთან აღარ უნდა მემუშავა. მილიონი რომც მოეცა, იქ არ დავბრუნდებოდი. მისი არაფერი მინდოდა! მხოლოდ ჩემი ტკივილის მოშორება მსურდა! ის ჩემთვის ერთი ურჩხულია და სხვა არაფერი... იმ დღის მერე თითქოს ყველაფერი ინგრეოდა ჩემში და ჩემ გარშემო, არაფერი აღარ მინდოდა: არც სიცოცხლე, არც მეგობრობა, არც სიყვარული და არც რაიმე საქმე... ვინმე სამუშაოს თუ ახსენებდა, ამაზე ვგიჟდებოდი, გული მეკუმშებოდა და ისე ძლიერად, მეგონა, იქვე მოვკვდებოდი. ფიქრი სამუშაოზეც კი მკლავდა და ისე მანადგურებდა, მთელ ჩემს ცხოვრებას და სუნთქვას წამში აყენებდა ტკივილს. თავს ვუმეორებდი, ცოტა დამშვიდდი-მეთქი... არც სიცოცხლე მინდოდა და არც სიკვდილი... ყველაფერი იმ დღეს გაუფერულდა და გაიყინა ჩემში. ყველგან, სადაც უნდა ვყოფილიყავი, ეს დღე მახსენდებოდა და ხელახლა ვკვდებოდი. რამდენიმეჯერ გზაზე მანქანამ კინაღამ დამარტყა, შემთხვევითობა იყო, არავითარი განზრახვა. ეს ის იყო, როცა არ ვიცოდი, ცხოვრებაში წინ წავსულიყავი თუ უკან დამეხია... ზოგჯერ მგონია, რომ სადღაც დავიკარგე და ჩემს თავს ვერ ვპოულობდი. იმ დღის მერე შევიცვალე. რატომ შემცვალა ამ პატარა რამემ?! არ ვიცი... რატომაა, როცა სიკვდილი გინდა და არ კვდები. ვერც ეს გავიგე. როცა ამის გამო გული ძლიერ მტკივა, თითქოს ვიღაც ურჩხული ვხდები, რომელიც მზადაა მოკლას მტერი და მერე თვითონაც მოკვდეს. რატომ?! მხოლოდ ამ ტკივილის გამო! ზოგჯერ მგონია, რომ გული ჩერდება და სადაცაა დავეცემი, მაგრამ არ ვეცემი და ეს მიკვირს. სადაც უნდა გავქცეულიყავი, რაც უნდა მეყიდა ან გამეკეთებინა, თავს ცუდად ვგრძნობდი და ის ნაყიდი ნივთი აღარ მიხაროდა... მას მერე არც ერთი საჩუქარი თუ რაიმე ნივთი, რომელიც მომწონებია, აღარ მიხაროდა და აღარც მსურდა! მხოლოდ მაშინ შეიგრძნობ სხვის ტკივილს, როცა მას საკუთარ თავზე გამოცდი! მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, როგორი იყო სხეულის ტკივილი... როგორია, როცა გაქვს ხელი და არ გინდა ამ ხელის სიახლოვეს ყოფნა... თავიდან ჩემი ხელისაც მეშინოდა და გავურბოდი, როცა მეხებოდა, გვერდით ვწევდი,... თითქოს ჩემს ხელს რამე დაეშავებინოს ან გაეფუჭებინოს...
ამ ამბის მერე სასტიკი დღეები დამიდგა. არავითარი ნათელი წერტილი, რომელსაც ჩემი გათბობა შეეძლო, რომ ამ სითბოთი ის სიყვარული და გრძნობები არ გამეთელა, რაც გარშემო მყოფებთან და ოჯახთან მაკავშირებდა. თითქოს იმ დღის მერე მეც სასტიკი ურჩხული გავხდი. შესაძლებლობა რომ მქონოდა, იმ ადამიანის ცხოვრება დამენგრია და მომეშორებინა, აუცილებლად გავაკეთებდი ამას. ასეთი ყოფაში გავექეცი იქაურობას და წავედი შორს ნაცნობებისგან, ბოსტონში გავემგზავრე. იმ ქალაქიდან გავიქეცი, სადაც ჩემი გული ტკივილით შთაინთქა და გაიყინა... როგორ მინდოდა ეს ამბავი ერთხელ მაინც მომეყოლა ვინმესთვის და მეგრძნო, რომ დამნაშავე არ ვიყავი, მე ხომ არაფერი ჩამიდენია! მე არაფერი ჩამიდენია! არ ვარ დამნაშავე, არ ვარ! დამნაშავე არ ხარ! სულ ვუმეორებდი ჩემს თავს და არავინ ჩანდა, ვინც ამ სიტყვებს მეტყოდა და ჩემს გულს დაამშვიდებდა. ზოგჯერ მინდა ვიღაცამ სევდა ამოიკითხოს ჩემს თვალებში და მითხრას, შენ არაფერი დაგიშავებიაო! მაგრამ ჩემი თვალების მზერის წამკითხავი არავინ ჩანდა და ასე მარტოდ ვიღუპებოდი. მაგრამ ვიცოდი, რომ მე თვითონვე უნდა გადამერჩინა თავი! სხვა გზა არ იყო! რატომ?! არაა საჭირო ვიღაცას თავი მსხვერპლად მოაჩვენო, რათა შეებრალო.
რატომ შემხვდა ასეთი ბედისწერა მე?! _ სიზმრებში ვყვიროდი ამ სიტყვებს, გამოღვიძებისას ვტიროდი და სარკეში ჩემს თავს ვუმეორებდი, რომ დამნაშავე არ ვიყავი! არ ვიცი, ამას რატომ განვიცდი ასე! ბედისწერას როგორ უყვარს ადამიანებთან თამაში! ამ ამბავზე უფრო ის განვიცადე, რომ მისი სიკვდილი ფიქრებში დავუშვი! ამით მან ჩემს სულში ღრმა ტკივილი დატოვა! იმ დღეს კარი გამოვიხურე და წამოვედი, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოხდა, ასე რომ მოვიქეცი. მან, ალბათ, იფიქრა, რადგან არაფერი თქვა, უკან დაბრუნდებაო და უბრალოდ, გამიშვა! არ ვიცი... ალბათ თავისი პოზიცია ასე მოსინჯა?! არც ეს ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ ერთმა ხელზე კოცნამ, თუნდაც მისთვის ეს უბრალოდ კოცნა ყოფილიყო, მთელი ჩემი სამყარო შეაზანზარა და დაანგრია! როგორ მტკიოდა ეს შეხება, ბინძური შეხება და როგორ მინდოდა სიცოცხლის დასრულება. მე ხომ არავის კოცნა არ მინდოდა ჩემი შესრულებული სამუშაოსთვის?! არც ჩემი სიკეთისთვის მოვითხოვდი ამას! მაგრამ ეს მოხდა, მოხდა და საიდუმლოდ დავტოვე! რადგან შემეშინდა, ჩემი თავის შემეშინდა. შემეშინდა და ეს სიმართლე სულ სხვანაირად მოვყევი და ჩემი თავი ნამდვილ მატყუარად ვაქციე. ვის გამო, მხოლოდ იმ უსირცხვილო ურჩხულის გამო?! არა, არა, ეს არ უნდა მომხდარიყო. სულ მტკივა... როგორ უნდა მოვიშუშო ეს იარა, როგორ?! რამდენ სისულელეს აკეთებს ადამიანი და უფალი მაინც გვიცავს. იმ დღესაც დამიცვა, რომ უფრო საშინელი რამ არ მომხდარიყო, და რომ მომხდარიყო, მაშინ ხომ თავი უნდა მომეკლა? მაგრამ ესეც რომ მკლავს და მანადგურებს?! ძლივს ვნახე ისეთი სამუშაო, სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ და ახლა ბედნიერი ვარ... მაგრამ გული დაიღალა. მეც ყველაფრისგან დავიღალე! ცხოვრების ჩვეულებრივი მოვლენებისგანაც კი: ადგომა, ჭამა, გამზადება, დარეცხვა, მილაგება, ძილი... ყველაფრისგან დავიღალე იმ დღის მერე... ზუსტად იმ დღის მერე დავიკარგე და გატყდა ჩემში ყველაფერი. ერთადერთი ფსიქოლოგი თვითონ უფალია ჩემთვის, ამიტომაც არასდროს მივსულვარ უცხო ადამიანთან სალაპარაკოდ, მაგრამ ახლა აქ ვარ... ადამიანებმა საკუთარ თავს რომ გაუგონ, არც კი ცდილობენ! _ დაამთავრა ემამ და ფანქარი მაგიდაზე დადო.
_ ცოტა ხანი შეისვენე, ემა, და წყალი მაინც დალიე, აქამდე არ მინდოდა შემეწყვიტებინა შენი საუბარი, მაგრამ ახლა მითხარი, რას ფიქრობდი მასთან, იქ, იმწუთას?!
_ იქ არ შემშინებია, მადლობა უფალს. მშვიდი, გაწონასწორებული ვიყავი. დავემშვიდობე და წამოვედი. გზაში მივხვდი, რომ გული მეტკინა, სულამდე მეტკინა. რატომ?! ეს პირველი დამოუკიდებელი სამუშაო იყო! ეს ის იყო, ჩემს თავს რომ ვუმტკიცებდი, მუშაობას შევძლებ-მეთქი! სამაგიეროდ, ახლა ვიცი, არავინ იქნება ჩემი უფროსი. ასეთ კაცს შევიძულებ და შევიზიზღებ. სახლში დავფიქრდი და დავითრგუნე, როცა უფრო ჩავუღრმავდი. მთელი ღამე მიჭირდა ამის გადახარშვა.
_ თავი ურჩხული რატომ გეგონა?!
_ ფიქრებში სიკვდილი რომ ვუსურვე. მაგრამ ეს ამბავი ძალიან მეტკინა! ამის გამო მეგონა ჩემი თავი ურჩხული!
_ მის სახელის გაგონებაზე რას გრძნობ?!
_ ეს დიდი ჭრილობაა! მისი სახელი მაშინებს, მთრგუნავს და იმ დღეს რომ მახსენებს, თავიდან ვკვდები. მაღიზიანებს ამ ამბავთან დაკავშირებული პატარა ამბავიც კი! მაგრამ ვიტან და ჩემს თავს ვეუბნები, დამშვიდდი, ცოტაც და გადაივლის-მეთქი.…
_ ახსენე სიზმარი. რა ხდება იქ, იმ სიზმარში?
_ მისგან გავრბივარ და არ მინდა გამახსენდეს! იქაც კი! ეს ძლიერი ინსტინქტია. დახმარებას ვეძებ სიზმარში, რომ მისგან გავიქცე და ვიღაცები მეხმარებიან კიდევაც. ეს მშველის, იქაც კი მშველის და ეს მამშვიდებს...
ზოგჯერ არა რეალობა, არამედ ის სიზმრები მაშინებდნენ, სადაც მას ვხედავდი და მისგან გავრბოდი, ვყვიროდი და ხელს ვკრავდი, მთელი ძალითა და სიძლიერით ყველაფერს ვაკეთებდი, გავქცეულიყავი მისგან და სხვასთან მივრბოდი დასახმარებლად. სხვაც ხელს მიწვდიდა და მეხმარებოდა, არ ნებდებოდა და არც მე ვნებდებოდი, ძუ ვეფხვივით ვიცავდი თავს, ხელს ვკრავდი, ვიშორებდი, დაუძლეველ ბარიკადებს ვლახავდი და ვშორდებოდი მის საშინელ სახეს... სიზმრადაც კი ისეთი სასიამოვნოა, როცა ვიღაც გეხმარება და გიცავს, გიცავს იმისგან, რაც აღარ გინდა შენს სინამდვილესთან ახლოს იყოს! ის ჩემთვის სიზმრებში ისევ ურჩხულად რჩებოდა და ყველა დაბრკოლებას ვლახავდი, ოღონდაც მომეშორებინა თავიდან!
როცა ის მეძებს სიზმარში, იმდენად მინდა მომშორდეს, სუნთქვასაც კი ვიკავებ, რომ მკვდარი ვეგონო და წაეთრეს ჩემგან. ვაკვირდები, შორს რომ წავა, მხოლოდ მაშინ ამოვიდე სამალავიდან და უფრო შორს გავიქცე, რათა აღარ მომძებნოს და ვეღარც მიპოვოს. როცა ამაზე სიზმარშიც ფიქრობ, იქაც თავდაცვის ინსტინქტი ირთვება, თავისთავად გამომუშავებული თავდაცვის ინსტინქტი, რომ მე თავიდან მოვიშორო!
_ მშვიდად გძინავთ, თუ ამ ამბავს არ გაიხსენებთ?!
_ დიახ! მაგრამ მაინც მახსენდება.
_ რატომ?!
_ განა ტკივილი გავიწყდება ადამიანს?!
_ მაგრამ რომ დაფიქრდე, ეს სტრესია მხოლოდ...
_ დიახ, ასეა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში დამარცხების სტრესია. მაშინ, როცა სხვებს და საკუთარ თავს მინდა დავუმტკიცო, რომ შემიძლია მუშაობა და ამ ნაბიჯის გადადგმას ვიწყებ, წინ კი არა, სადღაც უკან მივდივარ და ვიკარგები! ბრძანებები არასდროს მიყვარდა! ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ვერ ავიტანდი ოჯახის წევრების გარდა ვერავის ბრძანებას. დედას ყოველ ჩახუტებაზე ჩემს თავს ვეუბნებოდი, დედა, ბოდიში ამ ამბის დამალვის გამო-მეთქი, რადგან არ მინდოდა სტკენოდა... და ამ ამბის დამალვით ჩემს თავს ვაყენებდი ჭრილობას....
_ როგორ ფიქრობთ, რომ დარჩენილიყავით, რა მოხდებოდა?
_ უფრო დიდ სტრესს მივიღებდი. ყოველდღე მისი დანახვისას გამახსენდებოდა ეს ამბავი და უფრო დავითრგუნებოდი, ალბათ, მერე კი ადვილად მოვკვდებოდი...
_ სიკვდილზე ფიქრს თავი უნდა დაანებოთ. შეეცადეთ ესეც დაივიწყოთ და ისიც.
_ რაც უნდა გავაკეთო, ბედნიერებას ვერ შევიგრძნობ. იმ დღის მერე ბედნიერებას ვერ ვგრძნობ. თითქოს ეს შეგრძნება სადღაც გაქრა და დაიკარგა ისე, როგორც მე დავიკარგე! სადღაც შუაში დიდი კითხვის ნიშანთან დავიკარგე და გავტყდი! რა მინდოდა იმ დღის მერე, უკვე აღარ ვიცოდი! აღარც ჩემი ოცნებები მინდოდა, აღარც რაიმე გეგმა ან ჩანაფიქრი! ერთადერთი, რაც მსურდა, სიკვდილი იყო, ოღონდ გული გამჩერებოდა. ბევრჯერ დავწოლილვარ და ღამე მიფიქრია, ახლა მოვკვდები-მეთქი... მეტის ატანა აღარ შემიძლია. ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე ვფიქრობდი, რომ არ უნდა გადამედგა, ყოველ გადაწყვეტილებაზე ვფიქრობდი, რომ შეცდომა იყო და არ გამომდიოდა არაფერი, რაც მინდოდა!
_ შენ გაწონასწორებულად უყურებ ყველაფერს, მაგრამ წარმოიდგინე ის ადამიანები, ვინც მართლა მოხვდა ასეთ ინტრიგაში, ვისაც მართლა შეემთხვა საშინელება. ზოგს თავს დაესხნენ, ზოგი დაჭრეს, ზოგს გაცილებით მეტი შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი როგორ იქნებიან ახლა, როგორ განიცდიან და სტკივათ ისე, რომ სიცოცხლე აღარ უნდათ, სიკვდილთან ახლოს დგანან და ჭაობში ვარდებიან. შენ კი შენი თავი შენვე დაამშვიდე და გზა უჩვენე მას, მაგრამ მაინც ხარ ამ სტრესით შეპყრობილი... შენს თავს უნდა აიძულო, რომ ეს სტრესი განდევნო ფიქრებიდან...
_ ჩემში იმ დღიდან ყველაფერი დაინგრა. ჩემში მხოლოდ ბოროტებამ დაისადგურა, მინდოდა, ის ადამიანი ამის გამო მომკვდარიყო და განადგურებულიყო.... დღეების მერე ვინანე, ეს რომ ვისურვე, მაგრამ ეს რეალობა იყო, იმ დღეს ჩემს გულს ბოროტება შეეხო... იმ კაცმა ჩემი გეგმები დაანგრია, გაანადგურა და ფეხქვეშ გათელა ყველა ჩემი ჩანაფიქრი და გეგმა! იმ დღის მერე აღარაფერი აღარ მსურდა! ძნელია ავდგე და ის დღე განვდევნო ჩემი ფიქრებიდან. ეს ძნელია.
_ რატომ არ თქვი ეს ამბავი თავიდანვე?!
_ იმიტომ, რომ ბავშვობიდან მოყოლებული ყველანი ყოველ სურვილს და ახირებას მისრულებდნენ და არ მინდოდა ამ ტკივილის გამო ჩემი ოცნებები შეესრულებინათ და ეფიქრათ, ასე მოიშუშებს ტკივილსო. ზოგჯერ ადამიანი პრინციპებს იმიტომ აყენებს, რომ თავი დაიცვას. _ უყვებოდა ემა ფსიქოლოგს და თან ფანჯარაში იხედებოდა, სადღაც შორს იყურებოდა, რომ სადმე იქ, სიმშვიდე ეპოვა.
რამდენიმე დღე მიდიოდა ქალთან და ესაუბრებოდა. ფსიქოლოგი გამგზავრების წინა დღესაც ნახა. მან წარმატებები უსურვა და დაარიგა, რომ ეს სტრესი მხოლოდ მას შეეძლო დაემარცხებინა... ემამ ქალს ხელი ჩამოართვა და კარი მშვიდად გამოიხურა.
თავის სამშობლოში ჩასვლისას კი იმათ ხვდებოდა და ნახულობდა, ვისაც დახმარება სჭირდებოდა. მათაც უზიარებდა თავის ტკივილს და ურჩევდა, დაემარცხებინათ თავიანთი სტრესი, წინ ევლოთ და არა უკან... თავის ტკივილს უზიარებდა და ცდილობდა ადამიანები დაეშვიდებინა, რათა ისინი ყველაფრის მიუხედავად წინ წასულიყვნენ...
როცა იკარგები, ცხოვრება გაძლევს გზას, სადაც სრულიად სხვანაირი ხდები და სხვას აღმოაჩენ შენში, ვისაც სულ სხვა სამყაროში მიჰყავხარ ახალი გეგმებით და იმედებით სავსე. თუ ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ არაფერი გინდა და არაფერი გახარებს, ეძებე ის, რაც გაგახარებს და მოგანიჭებს ბედნიერებას _ საქმე, ხელობა, ჰობი თუ ადამიანი. _ ამ სიტყვებს უმეორებდა იმ ადამიანებსაც და მათ თვალებშიც ხედავდა გაცილებით დიდ სევდას.
უნდა იბრძოლო და ის გააკეთო, რაც გიყვარს და გაბედნიერებს! ის უნდა იპოვო, რაც სიხარულს განიჭებს! ვიპოვე ჩემი კრისტალები! მაგრამ მაშინაც კი ვერ ვგრძნობ ხანგრძლივ ბედნიერებას! ნუთუ ასე პატარა და წარმავალია ბედნიერება?! ნუთუ ასე მცირედია ამ ცხოვრებაში ბედნიერების ნათელი წერტილი?! მაგრამ კარგად იცი, რომ ამ მცირედი ბედნიერების ნაპერწკლითაც უნდა დაკმაყოფილდე! რატომ?! ამ კითხვის მერე ყოველთვის ვიხსენებდი იმათ, ვისაც სრულიად არაფერი გააჩნდათ ამქვეყნად, არც ბედნიერება, არც სიხარული, არც წუხილი, არც სიცოცხლის მამოძრავებელი ძალა. არაფერი ხელჩასაჭიდი ამქვეყნად, იმათ, ვისაც არც ტანსაცმელი აქვს, არც მეგობარი ჰყავს ან სულ მცირე სიყვარული აქვს... ეს ცხოვრება გაძლევს შანს... ცხოვრების გაგრძელების შანს! მთავარია ამის გჯეროდეს და დანახვა შეძლო...
ადამიანი თუ სტრესშია, მან უნდა დაინახოს ან დაანახვოთ ის, რასაც ასეთ სიტუაციაში ჩაეჭიდება და გადარჩენისკენ უბიძგებს. სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ზღვარი გადის იმ ადამიანზე, ვინც სტრესს თავისით უმკლავდება. ასეთი ადამიანი, დამიჯერეთ, სუსტიცაა და ძლიერიც! ძლიერია იმით, რომ ეს განახორციელა და სუსტია იმით, რომ ეს გაიფიქრა. ამ დროს არაა საჭირო მიანიშნო, რომ მას დახმარება სჭირდება ან სტრესშია, ძალიან კარგია თუ ამ დროს თავის საყვარელ საქმეს მოჰკიდებს ხელს. კარგია თუ მას მეგობრულად დაელაპარაკება ვინმე. ამ დროს მთავარია მას მომავალი დაანახვოთ, საჭირო და მნიშვნელოვანი, რათა სიცოცხლე მოუნდეს და საქმეს მოჰკიდოს ხელი, უნდა იცოდეს, რომ ეს დასასრული არაა. ეს დასასრულის დასაწყისია! სადაც ყველაფერი კარგი შეიძლება დაიწყოს თუნდაც იმ ცუდი ამბის მერე...
ყველას ვუსურვებ გაფრთხილებას ცხოვრებაში, იმის მიხვედრას, რომ დროა წასვლის და კარის მიხურვის და ახალი ცხოვრების დაწყების თუნდაც სხვა გრძნობებით, სხვა პროფესიით და სხვა გარემოთი... _ ასე ილაპარაკა იმ ადამიანების გარემოცვაში. მერე დაემშვიდობა ყველა მათგანს და წარმატებები უსურვა...
ფანჯარას მოსცილდა, დაასრულა თუ არა ბოსტონსა და წარსულზე ფიქრები, კარი გააღო და გარეთ გავიდა. სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა სასტუმროს წინ, რამდენიმე წუთი დაყო სიგრილეში და უკან დაბრუნდა...
ტირილი წასკდა ნომერში. ის დღე იყო საშინელი და სასტიკი, ყველა მომენტი გაახსენდა, ყველა დეტალი, კვლავ ტკივილი იგრძნო და უფრო ატირდა.
რატომ არ ვთქვი სიმართლე?! შემეშინდა ჩემი თავის! მე თვითონვე შემეშინდა! შემეშინდა დამარცხების აღიარების! შემეშინდა, ვინმეს ამის გამო სულელი, გიჟი არ ვგონებოდი! იქნებ ვინმეს ეთქვა, ასე წახვედი ამის გამოო? და დამცინებდა! მაგრამ უკვე აღარ შეეეძლო აქ გაჩერება! რაღაც შიგნით მანადგურებდა და გულს მისერავდა. უნდა გავქცეულიყავი, მაგრამ არ მინდოდა გაქცევა! არ მინდოდა გავქცეოდი მათ, ვინც მიყვარდა და ვისაც ვუყვარდი! ვიღაც ნაძირალას გამო რატომ უნდა დამეზარალებინა ის ადამიანები, ვისაც ვუყვარდი და მიყვარდა? დრო გადიოდა და ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, მაგრამ მისი გახსენებისას უკან, იმ ტკივილს ვუბრუნდებოდი! უბრალოდ აქ ვეღარ ვსუნთქავდი და წავედი... სადღაც შორს წავედი, პატარა, მშვიდი ცხოვრების დასაწყებად!
_ და ახლა, ამდენი წლის მერე, ისევ აქ ვარ, სამშობლოში, თუმცა ჯერ სასტუმროში! _ თქვა ხმამაღლა და ცრემლები მოიწმინდა. კაბის გახდა დააპირა, როცა ხმაური შემოესმა და მოტრიალდა. მოტრიალდა და ხელზე რაღაც ცივი მოხვდა. ემა ბოსტონში თავდაცვას სწავლობდა. თავდამსხმელს ეგრევე მუშტი მოუქნია და ისიც მაშინვე გავარდა... ლოგინისკენ დაიძრა, ჭრილობა რომ გადაეხვია. ტელეფონზე დარეკა და დაიყვირა: მე-7 ნომერში სასწრაფო გამოიძახეთ! _ და გული წაუვიდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent