შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აზარია


16-10-2022, 14:56
ავტორი ტერიკო74
ნანახია 2 985

მეტეხის ხიდზე იჯდა. გაცრეცილი შავი ჯინსი,ნაცრისფერი მაისური და ამავე ფერის კედები ეცვა.ხელები მუხლებზე ჩამოეკიდა და თვალდახუჭული მძიმედ სუნთქავდა.ფეხებ შორის გიტარა ედო.იქვე, წინ კი შავი ქუდი ამოტრიალებული,სადაც ხურდა ფული ბზინავდა მზის შუქზე. გამვლელი ბევრი იყო,სიკეთის გამცემი ცოტა.
იმ ცოტათაგანმა შეაღვიძა. გაკვირვებული თვალებით ახედა თავს წამომდგარ ასაკოვან ქალს.
-აზარია, ცუდად ხომ არ ხარ,შვილო?- მზრუნველი ხმა ეუცნაურა ბიჭს.
- აზარია?!
-ხო,შვილო,- თავზე მიეფერა და სევდიანად გაუღიმა.
- მე..მე ბაჩანა მქვია,ქალბატონო,- უხერხულად შეიშმუშნა ბიჭი.
-ბაჩანა?-ქალს ტკივილმა გადაურბინა სახეზე.
-დიახ,ქალბატონო,- ფეხზე წამოდგა.
-აბა,აზარია სად არის? - ბიჭთან ახლოს მივიდა და თვალებში ჩახედა. ბაჩანას გაუკვირდა ქალის საქციელი,თუმცა არ განძრეულა.
-თქვენ რა გქვიათ,ქალბატონო?
- მე აზარიას დედა ვარ,შვილო,- უცებ გაიელვა სხივმა მის მზერაში.
-სად არის აზარია?- ხმადაბლა ჰკითხა ბიჭმა.
ქალი ჯერ ბაჩანას დააკვირდა,შემდეგ მტკვარს ჩახედა და ისევ ბაჩანას მიუბრუნდა.
- დედამ გენაცვალოს..რამდენი გეძებე, -უთხრა და სახეზე ხელი დაუსვა.
ბაჩანა გაშეშდა. თითქოს ხმა წაერთვა, სიტყვაც ვერ დაძრა.
მიხვდა.
ტანში ჩაეღვარა ცრემლი.
ეს სიტყვები არასდროს გაეგონა,არადა როგორ უნდოდა,თუნდაც ერთხელ ენახა დედა და ასე თბილი მზერით ეყურებინა მისთვის.
-წამოდი სახლში, დაისვენე..სულ ამ მტკვარს ჩასცქერი,- ბაჩანას ხელი ხელში ჩაავლო.
-მე..მე..- ბაჩანამ დაბნეული მზერა გააცეცა.
- რამდენი გელოდე,შვილო?! ასე უნდა სახლის დავიწყება? გულიღა ამოვიჭამე დარდით და თურმე აქა ყოფილხარ,- იმედიანად გაუღიმა ქალმა და გულში ჩაიკრა. მონატრებული ეფერებოდა თავზე და ცრემლიანი თვალით უკოცნიდა სახეს.
- ხომ მოხვალ? გენაცვალოს დედამ,- შემკრთალმა შეხედა ბიჭს.
- საღამოს მოვალ,-ძლივს ამოიდგა ენა ბაჩანამ.
-სულ მასე მეუბნები და არ მოდიხარ! - წყენა გაურია ხმაში. - მამაშენივით ნუ მიმატოვებ..
- მოვალ,-გაუაზრებლად დაუქნია თავი ბაჩანამ.
-არ დაიგვიანო,ამ დღისთვის ვცოცხლობდი.. ჩემს თავსაც ნუ გაატან ამ წყალს,- ფეხის წვერებზე აიწია და ბიჭს შუბლზე აკოცა.
ბაჩანამ ტკივილი იგრძნო მკერდში.
-გელოდები,აზარია,- უთხრა ქალმა და ხიდს ტაატით გაუყვა.
ბაჩანა კარგა ხანს იდგა გაშეშებული და მიმავალ ქალს უყურებდა.
-აზარია..დედა..-ჩაიბუტბუტა და გიტარას დასწვდა. აღარ ჰქონდა დაკვრის ხალისი. ქუდიდან ხურდები ამოკრიფა.არც დაუთვლია ისე ჩაიყარა ჯიბეში და სწრაფი ნაბიჯით გაუყვა ქალის ნაბიჯებს.
დინჯად მიდიოდა ქალი.სანამ ხიდს არ გასცდა,იქამდე არ აუჩქარა ნაბიჯს. ბაჩანაც შორიახლოს მიჰყვებოდა. ერთ-ერთ ძველებურ ეზოსთან შეჩერდა ქალი,ღია ფანჯარაში გადმომდგარ ასაკოვან კაცს მიესალმა და ბედნიერი ღიმილით ახარა.
- გრიგოლ,იცი? დღეს აზარია მოვა!
კაცმა საწყლად შეხედა.
- ჰო? - ერთი ეს თქვა და დარდიანად ამოიხვნეშა.
- ჰო,გრიგოლ,ჰო.. მეტეხის ხიდზე ვნახე,ვიცოდი იქ გამოჩნდებოდა..რამდენი მალოდინა,ეეჰ.. ასე იცოდა დაკარგვა..აიკიდებდა იმ გიტარას და დადიოდა აღმა-დაღმა.. საღამოს მოვალო, შემპირდა.. წავედი, უნდა მოვუმზადო რამე..შენც მოდი,გრიგოლ..- კაცს გაბრწყინებული თვალებით შეხედა. -არ გაგიხარდა? რატომ მიყურებ მასე?
- როგორ არ გამიხარდა,ელისაბედ..გამიხარდა და თანაც ძალიან,- ნაძალადევად გაიღიმა კაცმა.
- ხო მოხვალ?- ისევ შეახსენა.
- მოვალ..მოვალ..- თავი დაუქნია.
- ღვინოცა მაქვს,განა?- თქვა და ფრთაშესხმული შევიდა ეზოში.
გრიგოლმა რამდენჯერმე გააქნია თავი სინანულით. მერე სიგარეტს გაუკიდა და კვამლს ფიქრი ააყოლა.

ბაჩანა კარს მიუახლოვდა და ეზოს სიღრმეში შეიხედა.
-ვის ეძებ?- გრიგოლმა ინტერესით აათვალიერა ბიჭი და უცებ შეცბა.
"არაა,წამოუდგენელია" - გაიფიქრა და თავი გააქნია.
- აქ ერთი ქალბატონი შევიდა წეღან..
- ელისაბედი ჰქვია..- არ დაასრულებინა სათქმელი.
- მისი ნახვა მინდა,რომელ სახლში ცხოვრობს?
- რა გქვია შენ შვილო?- გრიგოლმა პასუხის მოლოდინში სუნთქვა შეკრა.
-ბაჩანა,- უთხრა და ისევ ეზოს მოატარა თვალი.
- ვაჰ.. ბაჩანა.. არადა როგორ გავხარ..- ჩაილაპარაკა გრიგოლმა.
- ვის ვგავარ?- ბაჩანა ახლოს მივიდა ფანჯარასთან.
- რა საქმე გაქვს ელისაბედთან?- ეჭვით ჩამოხედა კაცმა.
- წეღან თავის შვილს მიმამსგავსა,მგონი
გარდაცვლილი ჰყავს..უნდა ვუთხრა,რომ მე არ ვარ..- დამნაშავესავით ჩაილაპარაკა ბაჩანამ.
-დაიცა..დაიცა,შვილო..დამელოდე,ეხლავე გამოვალ,არ შეხვიდე ჯერ,-დაფაცურდა გრიგოლი.
ბაჩანა უარესად დაიბნა. სანამ რამეს იტყოდა,მამაკაცი უკვე მის წინ იყო ასვეტილი.
- წამომყევი,შვილო,- გრიგოლმა მხარზე მოკიდა ხელი.
ბაჩანამ გაკვირვებით შეხედა.
- მოდი..მოდი,ნუ გეშინია..უნდა დაგელაპარაკო,- ხელით მსუბუქად უბიძგა ხიდის მიმართულებით.

- აი,ჩახედე მტკვარს,- როგორც კი ხიდზე მივიდნენ ,გრიგოლი მოაჯირს დაეყრდნო და წყლის დინებას სინანულით ჩააცქერდა. ბაჩანამაც მიბაძა.
მრავალი ვარამის მნახველი მტკვარი მდორედ მიედინებოდა.დარდი და ნაღველი ადგა თავს.ფერიც ისე გამუქებოდა,თითქოს ეს ესაა რაც თალხი გადაეცვა.
უხმოდ იდგა გრიგოლი.
უხმოდ იდგა ბაჩანაც.

- შემოდგომის ბოლო იყო..- მძიმედ დაიწყო გრიგოლმა. - წინა დღით ისეთი წვიმა მოვიდა,წარღვნა გეგონებოდა. გაავებული მტკვარიც ერთიანად ხვეტდა თუკი რამეს წაავლებდა მკლავს და გავეშებული ახეთქებდა აქეთ-იქით ჯებირებს. გარეთ არ გაისვლებოდა. ყველანი შეყუჟულები ვიყავით სახლებში და ფანჯრებიდან ვადევნებდით თვალს ბუნების ბობოქრებას. შორიდანვე მოვკარი თვალი აზარიას. ისე აუჩქარებლად,უდარდელი ღიმილით მოდიოდა,რომ ნასვამი მეგონა. ზუსტად ამ ადგილზე შეჩერდა. მოაჯირს ხელები ჩაავლო და მტკვარს დააკვირდა. უცებ ისე შეხტა,მივხვდი რაღაც დაინახა. აღელვებულმა გაიხედ-გამოიხედა, მერე უცებ გაიძრო ტანზე და ფეხზე და თავით გადაეშვა წყალში. ენა ჩამივარდა. გიჟივით გავვარდი გარეთ. წამებში მივირბინე ხიდზე. ძლივს გავარჩიე ორი სხეული. აზარია თმაში ჩაფრენოდა იმ საცოდავ გოგოს და რაც ძალი და ღონე ჰქონდა,მაღლა სწევდა,რომ მისი სახე წყლისთვის აეცილებინა. კარგი მოცურავე კი იყო,მაგრამ იმ ღვარცოფთან რას გახდებოდა? ორივე ერთად გადაყლაპა წყალმა. ჩემს თვალწინ დასრულდა ორი სიცოცხლე.. ვერაფერი ვუშველე,ან კი რას ვუშველიდი?- ხელი ჩაიქნია გრიგოლმა და გაჩუმდა.
ბაჩანა შუბლშეჭმუხნული იდგა და წყლის დინებას უხმოდ გასცქეროდა.

- იმ დღეს ჭკუიდან შეცდა ელისაბედი..- ნიკაპი აუკანკალდა გრიგოლს. - არადა, მასზე ძლიერი ქალი არ დაიარებოდა ამ ქალაქში. ულამაზესი იყო. განათლება არ აკლდა და კარგი ოჯახიშვილობა. იმდენი მთხოვნელი ჰყავდა, სულ ნარჩევი ვაჟკაცები.არავინ გაიკარა ახლოს. იმ პირველი სიყვარულის ერთგულად დარჩა დღემდე,რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა და ელისაბედის გულიც გაიყოლა. ბიჭა ერქვა, მოჭიდავე იყო. ისეთი ძალ-ღონის პატრონი, რომ ცხენი ერთი ატაცებით აჰყავდა ხელში. მისი მომრევი კაცი არ იყო. ძალიან უყვარდა ელისაბედი. ამხელა გოლიათი მისი დანახვისას პატარა ბავშვს ემსგავსებოდა. აგე იქით,ქუჩის გადაღმა დადგებოდა და ელისაბედის გამოსვლას მოთმინებით ელოდა ხოლმე. ქორწილის დღეც დათქვეს, ვარდობის თვეში. ლამის ნახევარი დედაქალაქი იყო დაპატიჟებული. აი,აქ..ზუსტად მტკვარზე უნდა გამართულიყო. საგანგებოდ შეაკვრევინა ტივები ბიჭამ..მაგრამ.ეჰ.. წინა დღით გაქრა კაცი. ვერავინ გაიგო მისი ასავალ-დასავალი. ეჭვიც ვერავისზე მიიტანეს, ყველას უყვარდა და პატივს სცემდა, არავინ იკადრებდა ბიჭას ცუდს..
- ელისაბედი?- დახშული ხმა ამოუშვა ბაჩანამ.
- ელისაბედი..- ხელი ჩაიქნია გრიგოლმა. - იმ დღიდან ქვად იქცა.. არ უტირია,ერთი ცრემლიც კი არ ჩამოვარდნია. გაყინული მზერით გადასქეროდა ხოლმე მტკვარზე მოტივტივე ტივებს..
-აბა,აზარია?- ბაჩანას მოუთმენლობა დაეტყო.
- აზარიას გამოჩენამ მოაბრუნა ამ ქვეყანაზე. ისევ ის ძველი ელისაბედი დაგვიბრუნდა,თვალში სხივჩამდგარი,თუმცა სიმკაცრე თან სდევდა.. არავინ მიიკარა გულს.. ორი თვისა იყო აზარია, როცა სახლში მოიყვანა ელისაბედმა.. საიდან,როგორ? ან ვისი იყო,არავინ ვიცოდით. ვერც კი გაუბედავდი კითხვას. ერთი ეს თქვა, ჩემი შვილიაო და მორჩა! იქ დაამთავრა ყველაფერი. დროთა განმავლობაში კი მივხვდით,რომ ბიჭას შვილს ზრდიდა.ისე ჰგავდა მამამისს.
საუკეთესო ვაჟკაცი აღზარდა. ყველას გვიყვარდა აზარია. მთელი უბნის გაჭირვების ტალკვესი იყო. სიკეთით და სიყვარულით სავსე. ზუსტად ამ ადგილას იდგა ხოლმე გიტარით ხელში და ყველა გამვლელს სიმღერას უძღვნიდა. არ უნდა წაეყვანა ღმერთს,არა..- დანანებით თქვა გრიგოლმა.

- ვერ მოვატყუებ,- სევდიანად შეხედა ბაჩანამ გრიგოლს.
- შენი საქმისა შენ იცი,შვილო..არადა,ისე გავხარ იმ საცოდავს, გაჭრილი ვაშლივით..უცნაური კია ღმერთმანი.. თან როგორ გელოდება? ასეთი სიხარული ელისაბედის სახეზე წლებია არ მინახავს..- დანანებით თქვა გრიგოლმა და ბაჩანას თვალი გაუსწორა. - მშობლები გყავს?- სიფრთხილით ჰკითხა.
- ალბათ მყავს..თუმცა არასდროს მინახავს..- ცრემლი მოაწვა ბაჩანას.
- ვაჰ.. რა მოხდა?- გაკვირვებით შეხედა ბიჭს.
- არ ვიცი.. ბავშვთა სახლში გავიზარდე..
- მდაა.. სამწუხაროა..- სახე ნერვულად მოისრისა გრიგოლმა. - ვინაობა არ იცი?
-არაფერი ვიცი,გარდა იმისა,რომ ვიღაცის კარზე მიპოვეს..მაპატიეთ,უნდა წავიდე..- დაზაფრულმა თქვა და შეტრიალდა.
- ბაჩანა?!- უკან დაედევნა გრიგოლი. ბიჭი შედგა.
- ღმერთს გაფიცებ,წამომყევი.. ელისაბედისთვის შვება ხარ და შენი შვებაც ელისაბედი იქნება,დამიჯერე,- მუდარით შეხედა.
- ვერ შევძლებ..- თავი გააქნია ბიჭმა და გზას გაუყვა.
- ეს შეხვედრა შემთხვევით არ იყო,დაიმახსოვრე!- ხმამაღლა მიაძახა გრიგოლმა.
ბაჩანა შეყოვნდა.
წარბებქვეშ გამოხედა მამაკაცს,ცოტა ხანს უყურა.. მერე ხელი ჩაიქნია და ნაბიჯს აუჩქარა.
- რა გავაკეთო,ღმერთო?- მეტეხის ტაძარს სასოწარკვეთით გახედა გრიგოლმა. თითქოს ზეცა გამოეხმაურაო,გუმბათზე ზარების რეკვა ატყდა.

გულამღვრეული მიდიოდა ბაჩანა.გრიგოლის სიტყვებზე ეფიქრებოდა. არადა,როგორ ესიამოვნა ელისაბედის სითბო და სიტყვები "დედამ გენაცვალოს".. სულში გაუჯდა და ვეღარ დაეხსნა იმ მონატრებულ,სხივჩამდგარ თვალებს..
"დედამ გენაცვალოს,რამდენი გეძებე.."
"დედამ გენაცვალოს,შვილო"..
" დედამ გენაც..."
ერთიანად აირია და აეფოთლა სხეული ბაჩანას. შეშლილივით მოტრიალდა და სირბილით წავიდა ნაცნობი ეზოსკენ.
ზედ ეზოს კართან მიუსწრო გრიგოლს.
უხმოდ მიუხვდნენ სათქმელს ერთმანეთს.
გრიგოლმა გულზე მიიკრა ბიჭი და ეზოში შეუძღვა.

-ელისაბედ! აზარია მოვიდა! - დასჭექა გრიგოლმა.

- დედამ გენაცვალოს,მოხვედი, შვილო?!

დასასრული



№1 სტუმარი სტუმარი სალომე

ნინა, სასწაულია♥️!

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

ნინა ამეტირა იცი როგორ? დამეწვა გული. ნუიცი ხოლმე ასე. ამიფორიაქებს მთელ ორგანიზმს. აზარია
ჯერ სახელები. მერე სიუჟეტი. საუკეთესო ხარ

 


№3 სტუმარი One

Saswauli khar tavad da saocrebebs qmni❤️
Emociebma damamuja …

 


№4  offline წევრი ანა1

მშვენიერია, რომ ორმა უცხო ადამიანმა ერთმანეთის სახით დედა და შვილი დაინახეს. . ღრმა აზრი დევს. ნეტა რეალურადაც ხდება ხოლმე ესე?

 


№5 სტუმარი სტუმარი ელენე

ნინაა Ჩემო საოცარო გოგო❤❤❤❤????????

 


№6  offline წევრი თ. ა.

როგორ იცი ხოლმე ასე სევდიანი მოთხრობით ხალხის გულამდე სწორად მისვლა. თუკი დაიწყებ პირველი აბზაციდანვე მიეჯაჭვები და ვეღარ მოშორდები ხანდახან ბევრჯერ შეიძლება მიუბრუნდე და კიდევ და კიდევ იკითხო.

 


№7 სტუმარი სტუმარი sofi

როგორი ადამიანური ხარ, როგორი მდიდარი სულის პატრონი, იმდენად ღრმა და დიდი სითბოს მქონე რომ ძნელად იპოვის ადამიანი მსგავსს და უზომოდ მიხარია რომ ხარ, ამ ისტორიამაც როგორც ყველა შენმა გული გაათბო და იმხელა ემოცია მოიტანა ძნელია ეს სიტყვები ახსნა

 


№8 სტუმარი სტუმარი Lika

Is rac am istoriam magrdznobina
Saocarze bevrad meti iko..
Namdvilad igrdznoba crfeli adamianuri emociebi da sikvaruli, monatreba, ojaxis aucilebloba. Bachanam sheidzleba gvian magram deda ipova. Is deda romelic arasdros hkolia. Qals ki shvili daubrunda.. mshvenieria da mshvenierze bevras metic ❤️

 


№9  offline წევრი izabella

ძალიან ემოციური იყო❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent