შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობა შავი იებით (თავი 6)


23-10-2022, 23:11
ნანახია 658

უკვე ბნელოდა. ცოტა ხანს კიბესთან იდგა და სახეს ჰაერს უშვერდა მოსაფხიზლებლად.
_ ჩემთან წავიდეთ, შენი ნივთები ავიღოთ და სახლში დაგაბრუნებ. _ მოესმა კაცის ხმა და ქალი მისი მანქანისკენ დაიძრა.
_ იმ კაცმა ხომ არაფერი დაგიშავა, რომ გაგიტაცა?!
_ არაფერი.
_ კარგი. რამე გაწუხებს, ემა?!
_ არაფერი.
სახლში შევიდნენ თუ არა, ემა მაშინვე თავის ნივთებს დასწვდა და ხელში აიღო.
_ ნახვამდის. _ თქვა და სწრაფად მიტრიალდა.
_ ემა... საჭმელი ჭამე და მერე მე წაგიყვან. _ თქვა კაცმა ხმადაბლა და ქალს შეხედა.
ქალი ნივთებით ხელში კარისკენ მიდიოდა, როცა კაცს მიაძახა:
_ არ მინდა, მადლობა, სახლში დავბრუნდები, დავიღალე. _ თქვა და კარი გააღო. კაცი გაეკიდა, მანქანის კარი გააღო და შესთავაზა, მე წაგიყვანო.
გზაში ორივე ჩუმად იჯდა, ემას ჩასთვლიმა. მანქანა გაჩერდა თუ არა, იგრძნო და გამოფხიზლდა.
_ ნახვამდის, _ უთხრა კაცს გადმოსვლისას ისე, რომ არც შეხედა და კარი ფრთხილად მიკეტა.
_ ემა... _ დაეწია ერიკის ხმა და მოიხედა.
_ მიგაცილებ... _ ძლივს წარმოთქვა კაცმა და ქალს გვერდით ამოუდგა.
ემა წინ მიდიოდა, უკან კაცი მიჰყვებოდა. ბინის კართან ქალმა გასაღები მოძებნა და ერიკს შეხედა. გასაღები მას ეჭირა ხელში. გამოართვა და გაუცინა: _ მადლობა და ნახვამდის, _ თქვა და კარი გააღო.
_ კარგად, ემა... _ დაემშვიდობა კაცი და კიბეს დაუყვა.
სახლში მისულს იქაურობა ცარიელი და უსულო მოეჩვენა, სამზარეულოში შევიდა. ქალის გაკეთებული კერძი გამოიღო, შეათბო და მაგიდას მიუჯდა. გემრიელად ჭამა და დასაძინებლად გაემართა. მალე ისევ ადგა, ქალის ოთახში შევიდა და მის ლოგინში ჩაწვა... მასზე ფიქრები მოეძალა და ძილიც დაუფრთხა. წამოდგა, შუქი აანთო და იქაურობას თვალი მოავლო. ოთახში გამეფებული სიმშვიდე და ემას დატოვებული სურნელი შეისუნთქა, თავი ბალიშს დაადო, ხელები მოხვია და ძილს მიეცა ისე, თითქოს მასთან ბალიში კი არა, ქალი იყო და მის სხეულს ეხებოდა. ასე ჩაეძინა.
***
ემას როგორც კი გაახსენდა, მკვლელსაც ექნებოდა გასაღებიო, ვეღარ გაძლო, თავისი ნივთები ისევ აიღო და სახლი დატოვა. ანიტას სასტუმროს ნომერი სთხოვა, მაგრამ დაქალმა თავისთან მიიპატიჟა.
ანიტასთან ერთად ჩაფიქრებულმა ივახშმა, მერე საბანაოდ შევიდა. წყლის ნაკადს შეუშვირა სახე. ტირილი მოუნდა, მაგრამ აღარ უნდოდა სხეულის ისევ გამოფიტვა, ცრემლი მოიშორა და წყალს შეუშვირა სახე. დროა, წინ იარო, ემა... წინ და არა უკან! დროა იცოდე, სად მიდიხარ, რატომ, როგორ და რისთვის! _ თქვა და სააბაზანოდან გამოვიდა. თეთრი პირსახოცი შემოეხვია სხეულზე და ახლა მიხვდა, რომ ტანსაცმელი აქ არ ჰქონდა. ანიტამ ხალათი მიუტანა. ემას გაეცინა:
_ ეს დღეები... დავიღალე! _ თქვა და დაქალს მიუბრუნდა: _ არ გეწყინოს, ხომ იცი, არ მიყვარს სხვისი ტანსაცმელი... ახალიც კი.. _ თქვა ჩუმად და თავი დახარა.
_ კარგი, ემა, _ გაეღიმა ანიტას და დაქალს შეხედა: _ სახლში მარტო ვარ. შეგიძლია პირსახოცით იარო ან ხალათით.
_ მადლობა, _ თქვა ემამ და დაქალს აკოცა.
ცოტა ხანში კარზე ზარი დაირეკა. ემა შემოსასვლელში გავიდა და კარი პირსახოცშემოხვეულმა გააღო. მის წინ მდგომი კაცი გაგიჟებული მზერით ათვალიერებდა ქალის ნახევრად შიშველ სხეულს.
_ აქ რა გინდა, კიდევ რამე მოხდა?! _ იყვირა ემამ და ზღურბლზე დადგა გაბრაზებული.
_ მოხდა! ვერ დავიძინე და შენს სახლში მივედი! იქ გავარკვიე, რომ აქ იყავი და მოგაკითხე! შემომიშვი!
_ რატომ?! წადი აქედან! თავი დამანებე!
_ ემა! _ თქვა კაცმა და მისკენ დაიძრა.
ქალს ამ დროს ლიფტის ხმა მოესმა და მიხვდა, ვინც მოდიოდა, ამიტომ მაშინვე განზე გაიწია და კაცს უჩურჩულა:
_ შედი და ჩუმად იყავი!
_ რა იყო, კიდევ ელოდები ვინმეს?!
_ ჩუმად იყავი! _ დაუყვირა და ნაბიჯების ხმაც გაიგონა. კაცი მის უკან კართან დადგა და სმენად გადაიქცა.
_ გამარჯობა, ქალბატონო ემა... ყველა ჩანთა აქ არის. _ მოესმა კაცის ხმა ერიკს და გაბრაზებული იცდიდა, ქალმა ამ ფორმაში რომ გაუღო კარი.
_ გამარჯობა, ბატონო კარლო... დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მე შევიტან. _ თქვა და კაცს დაემშვიდობა.
ერიკი მაშინვე გამოვიდა, ჩანთებს დასწვდა, შიგნით შეიტანა და ქალმაც ჩაკეტა კარი.
_ ასე აღებ ხოლმე კარებს?!
_ მორჩი! ტანსაცმელი არ მქონდა! გამახსენდა, რომ ოფისში მიიტანეს! დავრეკე და აქ მომიტანეს! გიჟი კი არ ვარ, ასე გავაღო კარი!
_ უკვე გააღე ამწუთას, ორი კაცის წინაშე და სასტუმროშიც!
_ თუ აქ საჩხუბრად ან ჭკუის დასარიგებლად მოხვედი, წადი!
_ დასაძინებლად მოვედი!
_ რაა?! ვითომ რატომ უნდა დაიძინო აქ?! ეს ანიტას სახლია, მე კი მისი სტუმარი ვარ!
_ შენ ჩემს სახლში გეძინა! ახლა დროა, ვალი დააბრუნო და მე დავიძინო აქ! გაახსენდა ქალის ვალის დაბრუნების ამბავი და მიხვდა, რომ ემა უარს ვერ ეტყოდა. მოაფიქრდა და უცბად მიახალა ქალს, ეს ვალიც დაებრუნებინა.
ხმაურზე ანიტასაც გაეღვიძა და გამოვიდა. კაცის სიტყვები რომ მოისმინა, ღიმილით წარმოთქვა:
_ რა პრობლემაა, ემა, ოთახის მეტი რა მაქვს. ამ ოთახში დაიძინე! _ და ქალმა კაცს ხელით ანიშნა ცარიელ ოთახზე.
ემა ჩანთებს მიუბრუნდა. ერთი ჩანთა გახსნა, ღამის პერანგი ამოიღო და თავისი ოთახისკენ წავიდა. კაცის მზერას ყურადღება არ მიაქცია. კარი მოიხურა თუ არა, პირსახოცი მოიშორა და პერანგი გადაიცვა. მერე გამოვიდა და იმ ოთახის კარზე დააკაკუნა, სადაც კაცი ეგულებოდა.
_ ემა, აქ ვართ! _ მოესმა ანიტას ხმა და სამზარეულოსკენ გაემართა.
ორივე მაგიდასთან იჯდა და ჩაის მიირთმევდნენ. ერიკი მშვიდად ესაუბრებოდა ქალს ბოლოდროინდელ მოვლენებზე. მერე ემას შეხედა, რომელიც ზღურბლთან იდგა.
_ აქ რა გინდა! წადი შენს სახლში! მე ანიტას სტუმარი ვარ! _ შენიშნა ერიკმა.
_ იდიოტი! _ თქვა გაბრაზებულმა და სამზარეულოდან გავარდა.
_ ემა, ჩემი ვალი გაქვს, ეს შენი სახლი არაა! _ მიაძახა კაცმა.
გაცოფებული ემა უკან მობრუნდა.
_ მე სახლი არ მაქვს ჯერ! შენ გამო! ვიღაც მკვლელი შემოვიდა ჩემს სახლში და მას ჩემი გასაღები ჰქონდა! იმ სახლში აღარ ვაპირებ ცხოვრებას! სულ შენი ბრალია!!!
_ სწორია! დროა ახალი სახლი მონახო!
_ შენ ყველაზე უკეთ იცი, სად რა არის, ვინ როდის სად წავიდა! ადექი და მოძებნე ერთი ნორმალური სამოთახიანი ბინა, იქ გადავალ და შენს ვალსაც დაგიბრუნებ. _ დაუყვირა და თავის ოთახში შევარდა.
კაცმა ღიმილით გააყოლა თვალი მის თხელ პერანგს და ანიტას შეხედა: _ ბოდიში, ასე შემოჭრისთვის.
_ არა უშავს, კიდევ რამდენჯერ უნდა მომიხადოთ ბოდიში, მიირთვით, მიირთვით და მერე დაიძინეთ. _ თქვა და კაცს დაემშვიდობა.
კაცმა ჩაი დალია და მისთვის განკუთვნილ ოთახში გავიდა. მერე ტელეფონზე ილაპარაკა ცოტა ხანს და ბოლოს დასაძინებლად ტანსაცმლიანად დაწვა...
***
დილას ადრე წამოდგა და მაშინვე ემა მოძებნა. ქალი ეგრევე მისკენ მიტრიალდა, მაგრამ არაფერი უკითხავს.
_ დილა მშვიდობისა, ემა.
_ დილა მშვიდობისა! _ თქვა ქალმა და ზურგი აქცია.
_ სახლს გაყიდი?!
_ კი! აბა რად მინდა!
_ მყიდველი გიშოვე.
_ რააა?!
_ ახალი სახლი ხომ უნდა იყიდო, ეს კი გაყიდო.
_ ვის უნდა მერე, შეენ?! შენ არ მოგყიდი!
_ მე უკვე მაქვს სახლი! მართლა გინდა გაყიდვა?!
_ კი! _ თქვა ქალმა მკაცრად და ფანჯარაში გაიხედა.
_ გასაღები მომეცი და მყიდველს ვაჩვენებ.
_ ასე ადვილად როგორ გაყიდი?!
_ გარემონტებული, ლამაზი და კარგი ბინაა.
ემამ ერიკს გასაღები მიაწოდა და როცა კაცი წასასვლელად მიტრიალდა, ქალის ნაზი ხმა მოესმა:
_ ერიკ!
კაცი შეჩერდა და შემობრუნდა.
_ მართლა არ მინდა შენ იყიდო ის ბინა, ის სახლი ჩემთვის არაფერს ნიშნავს და არც მომწონდა... _ თქვა და ჩაფიქრდა: _ მას მერე, რაც შენს სახლში მეძინა, მას მერე... _ ჩუმად წარმოთქვა და კაცის ხმაც გაიგონა: _ რამდენს დააფასებ?!
_ რამდენსაც გადაიხდიან. _ მიუგო რბილად და ისევ ფანჯრისკენ მიტრიალდა. კარის გაჯახუნების ხმაზე იქვე დივანზე ჩამოჯდა და ფიქრებში ჩაიძირა. ცოტა ხნის მერე ანიტასთან ერთად გემრიელად ისაუზმა და დაქალს უთხრა:
_ ჩემებთან უნდა წავიდე და ჩანთებს შენთან დავტოვებ, ვეცდები, დიდხანს არ შეგაწუხოთ მეც და იმანაც! _ დაამატა გაბრაზებულმა.
ანიტას გაეცინა:
_ აბა შენ იცი, დიდხანს არ შემაწუხოთ, _ უთხრა და ისევ გაეცინა.
***
ემამ წინა ღამით დარეცხილი უკვე გამშრალი ტანსაცმელი ჩანთაში ჩაკეცა, გაემზადა და ახალი კაბითა და ორი ჩანთით ხელში გავიდა სახლიდან. ათ წუთში უკვე ტაქსიში იჯდა და მშობლებთან მიიჩქაროდა.
მალე უკვე შინ იყო. ზარი დარეკა და დაიცადა.
_ შვილო! _ კარის გაღებისთანავე მოესმა დედის ხმა.
_ დედა... _ თქვა რბილად და ჩაეხუტა, ლოყაზე აკოცა. დედის კოცნაც იგრძნო და უეცრად მოლბა, ყველაფერი გადაავიწყდა და ბედნიერმა გაუღიმა მამას, რომელიც მისკენ მოეშურებოდა.
_ როდის ჩამოხვედი?!
_ წინა დღეებში, მაგრამ დღეს მოვახერხე მოსვლა. _ თქვა ჩუმად და ორივეს შეხედა.
_ რატომ არ გაგვაფრთხილე, შვილო, დაგხვდებოდით.
_ სიურპრიზის გაკეთება მინდოდა. _ თქვა და გაიფიქრა: `კიდევ კარგი, იმ სულელური ბრალდების შესახებ არ იციან ჩემებმა! იდიოტმაც დამახვედრა სიურპრიზი, თურმე მკვლელი ვყოფილვარ და არ ვიცოდი!~ ნაძალადევად გაიღიმა და მშობლებს ისევ ჩაეხუტა. ჩანთა იატაკზე დადო და ხელების დასაბანად შევიდა სააბაზანოში. მერე დედ-მამას სამსახურის ამბებს მოუყვა. ბოლოს დივანზე გადაინაცვლეს.
_ შვილო... გვითხარი, რატომ მოინდომე ასე უცბად იქ წასვლა, თან ამდენი ხნით?! _ შეეკითხა დედა.
ემამ ღრმად ჩაისუნთქა და ქალს თვალებში შეხედა:
_ მხოლოდ 3 წელი გავიდა, დედა... _ თქვა და გაჩუმდა. მერე ეგრევე მიაყოლა ჩამოსვლის ამბები, მშვიდად, აუღელვებლად ილაპარაკა შავ იებზე და კაბაზეც... როგორც კი დაასრულა მოყოლა, დედას შეხედა. გაუღიმა, ხელი შეახო და ხმადაბლა უთხრა:
_ მეტი არაფერი იკითხოთ! არც არაფერი მაქვს სათქმელი! ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და სულაც არ მაინტერესებს ეს ამბები... _ თქვა და წამოდგა. _ მალე უნდა წავიდე... ჩემზე ნუ ინერვიულებთ, მოვალ და აქაც ვიცხოვრებ ხოლმე. ახლა კი ჩემს სამსახურს უნდა მივხედო.
შემდეგ მოტანილი ჩანთა გახსნა და მშობლებს საჩუქრები ჩამოურიგა.
_ ასე ნუ მიყურებთ... ახლა კარგად ვარ, თავიდან მიჭირდა ამ ამბავზე ფიქრი, მაგრამ ახლა კარგად ვარ... _ თქვა და ორივეს მოეფერა. _ არ დაიწყო რა, ტირილი... დედა... იცოდე, წავალ!
დედაც დამშვიდდა. რამდენიმე ხნის მერე ერთად დალიეს ჩაი და ნამცხვარიც დიდი სიამტკბილობით მიირთვეს.
***
ერიკი მანქანაში იჯდა, ემას მშობლების სახლთან ახლოს და მის გამოსვლას ელოდებოდა, მაგრამ უკვე ოთხი საათი იყო, ქალი არ გამოდიოდა.
_ ალბათ აქ რჩება. ისე დადის, თითქოს არაფერი დაეშავებინოს! შენ ჯერ მხოლოდ ის დაგიშავა, რომ სილა გაგაწნა! _ უთხრა თავის თავს და გაბრაზებულმა მანქანა დაქოქა. ფიქრებში ჩაძირული გზას ნელა გაუყვა.
ამ დროს ემაც გამოვიდა სადარბაზოდან და ტაქსის ხელი აუქნია თუ არა, ერიკმა მოსახვევში ეგრევე შეამჩნია. სწრაფად დახია უკან მანქანა და დაასიგნალა. ქალმა დიდი სიჩქარით უკან მომავალ მანქანას გახედა. ერიკმა მანქანა გააჩერა და ქალს დაუძახა:
_ დაჯექი!
_ ტაქსიში ვჯდები!
კაცმა გაბრაზებულმა გაუშვა ტაქსი. ქალს მანქანის კარი გაუღო და იმანაც ცხვირაბზუებულმა დაიკავა წინა სავარძელი.
_ რა მოატყუე მშობლებს?!
_ არაფერი!
_ აბა, უთხარი მკვლელი ვარო?!
_ არ ვარ მკვლელი და არც მითქვამს ეს სისულელე! ეს შენი მოგონილი ბრალდება იყო, რომელიც უკვე დასრულდა! და ტყუილად ნუ მემუქრები!
_ სად მიდიხარ? _ ჰკითხა და მზერა შეავლო ქალს, რომელსაც შავი კაბა ეცვა.
_ სამსახურში! _ მისამართი უთხრა და მიუბრუნდა: _ თუმცა უკვე გეცოდინება მისამართი, ყველაფერი იცი ერთი რამის გარდა!
_ რა არ ვიცი?!
_ მკვლელი რომ არ ვარ!
_ ლამაზი მკვლელი იქნებოდი! _ თქვა და ქალს გადახედა, რომელიც ზედაც არ უყურებდა საუბრისას. _ ბინა ვანახე ერთ წყვილს, მოიფიქრებენ და შემეხმიანებიან, _ დაამატა ბოლოს.
ქალმა არც ამჯერად შეხედა, ისე უპასუხა:
_ ძალიან კარგი!
_ გასაღები მოგცე?!
_ არა! დაიტოვე, არაფერში მჭირდება. იმ სახლიდან ყველაფერი წამოვიღე.
_ მე მეგონა უშიშარი იყავი, თურმე გეშინია!
_ მე არ მეშინია! ის სახლი აღარ მჭირდება!
_ კარგია! ახალ ბინას მე გიშოვი, ოღონდ დრო მომეცი!
_ ვნახოთ, კარგი! _ თქვა მკაცრად და ჩანთაში ჩაიხედა.
ემა მალევე მიიყვანა სამსახურთან. ქალი შენობის კარს მიუახლოვდა. კაცი უკან მისდევდა, მაგრამ სანამ შიგნით შეჰყვებოდა, ემა მოუტრიალდა:
_ ხომ მორჩი ჩემს საქმეს! ახლა დამანებე თავი! წადი, შენი გზით იარე!
_ ჩემი გზა შენთან მოდის! _ თქვა ერიკმა ყრუდ, _ საქმე კი ჯერჯერობით დახურული არ არის!
ამ სიტყვებით ქალთან ერთად გაიარა პირველი სართული, რომელიც ცარიელი იყო. მალე დაცვაც გამოჩნდა. ემა ყველას მიესალმა, ბედნიერი დღე უსურვა და ორივენი ლიფტისკენ წავიდნენ. ერთად იდგნენ შუქით განათებულ სარკეებიან ლიფტში. კაცი ისევ ემას უყურებდა და მის სხეულს ათვალიერებდა. ლიფტი მე-9 სართულზე გაჩერდა. ემამ თავისი კაბინეტისკენ აიღო გეზი. მდივანიც მიესალმა და ესკიზების რამდენიმე კატალოგი მიაწოდა, მანაც გამოართვა და შეათვალიერა.
_ ქალბატონო, ყველაფერი მზადაა. თქვენი ნივთები უკვე კაბინეტშია. ჩაის მიირთმევთ?!
_ მადლობა, კამილა, ემა დამიძახე მხოლოდ. ჩაისაც დავლევთ და შენთვისაც წამოიღე, _ უთხრა და კარი შეაღო.
ფეხი შედგა თავის ახალ კაბინეტში და ბედნიერებით, სიცოცხლითა და სრულყოფილებით სავსე მიუახლოვდა თავის მაგიდას. სავარძელში ჩაჯდა, ჩანთა ძირს დადო და ახალი ესკიზები გადაშალა. ფეხი ფეხზე გადაიდო და თვალიერება დაიწყო. გაახსენდა, ბოსტონის სახლსა და მინდორში როგორ შექმნა ახალი კოლექციის ნიმუშები. ესკიზები თანმიმდევრობით დაალაგა მაგიდაზე.
ახლაღა შეხედა ფეხზე მდგარ კაცს და ქვევიდან ახედა.
_ ასე უნდა იდგე?!
_ ეს შენი კაბინეტია და ვიცი, არ მოგეწონებოდა, ნებართვის გარეშე რომ დავმჯდარიყავი!
_ თუ არ მიდიხარ, დაჯექი! _ თქვა მკაცრად.
კაციც მაშინვე დაჯდა.
_ შენ მგონი მართლა მაქცევ მკვლელად. უნდა ვინატრო, რომ ვინმე მოკლან, რათა შენ გამოსაძიებლად წახვიდე და მომშორდე! _ კბილებში გამოცრა.
ამ დროს მდივანმა კარზე დააკაკუნა და ემამაც რბილად გასძახა, მობრძანდითო.
კაცმა მხოლოდ გაღიმება მოახერხა და ემას შეხედა, რომელიც ასე რბილად შეეხმიანა ქალს, სამი ჩაის ფინჯნით რომ მოდიოდა. მდივანმა ჩაი გაანაწილა გვერდით მდგომ პატარა მაგიდაზე. სამივენი ერთად მიუსხდნენ მაგიდას. კამილამ შემდეგ ჯერზე მეორე ლანგრით ტკბილეული მოიტანა და ემას შეხედა, რას დამავალებთო.
_ შენც ჩვენთან ერთად დალიე და დაისვენე ცოტა, _ თქვა და მდივანს შეხედა, რომელსაც გაოცება შეამჩნია.
ემამ გაიცინა:
_ დაჯექი და მიირთვი, მერე აქაური ამბები მომიყევი.
კამილა სკამზე ჩამოჯდა და ჩაის ფინჯანს დასწვდა. ემა ერიკს უკვე აღარ აქცევდა ყურადღებას, ჩაის სვამდა და თან ტკბილეულს აგემოვნებდა.
_ სამზარეულოში მშვიდობაა?! უკმაყოფილო ხომ არ არის ვინმე?! _ შეეკითხა მდივანს.
_ არა, ყველას ძალიან მოსწონს იქაურობა, როცა შესვენებაზე გადიან.
_ ხელოსნები კარგად მუშაობენ?!
_ დიახ. ამ დღეებში ყველაფერი მზად ექნებათ.
_ რამდენი ხანი მოუნდნენ ამ კატალოგს? _ შეეკითხა და მაგიდაზე დადებულ ესკიზებს გადახედა.
_ მხოლოდ სამი თვე.
_ დაცვა რას შვრება?!
_ სიწყნარეა, ერთმანეთს ცვლიან და მუშაობენ.
_ შენ რას აკეთებ?!
_ ხელოსნებს ვნახულობ, მზარეულს, დაცვას, მოსაწვევებს ვამზადებ და ჩვენების ოთახს...
_ კარგია. ხელფასით კმაყოფილი ხარ?!
_ დიახ...
_ დანარჩენები?!
_ ყველანი, ქალბატონო... _ თქვა ჩუმად კამილამ და ჩაი მოსვა.
_ ემა... ემაა მქვია! _ თქვა ემამ. მაგიდიდან ადგა და ქალს კატალოგი მიაწოდა. _ ისეა დალაგებული, თანმიმდევრობა როგორც უნდა იყოს! _ ჩააყენა მდივანი საქმის კურსში, _ ხელფასები ამ სამ თვეში დროზე რიგდებოდა?!
_ დიახ...
_ კარგი, მადლობა. ახლა დაისვენე, თუ არაფერი საქმე გაქვს და ცოტა ხანში ყველა შეკრიბე მე-3 სართულზე, დარბაზში. ჩაისა და ტკბილეულისთვის კი მადლობა.
კამილამ მაგიდის ალაგება გადაწყვიტა, მაგრამ ემამ იყოსო, უთხრა და ისიც კატალოგით ხელში გავიდა.
_ ქედმაღალი, მკაცრი და რბილი უფროსიც ყოფილხარ... _ მოესმა ემას და კაცს ახლაღა შეხედა.
_ ერიკ... საქმე არაფერი გაქვს სამსახურში?!
_ არა, ემა... _ თქვა და ქალს გაუღიმა.
_ თუ ასეა, სხვა სამსახური მოძებნე! ამ სულელურ სამსახურს მაინც აჯობებს, ან მძღოლი გახდი და მე დაგიქირავებ!
_ მართლააა?! _ გაუკვირდა მომღიმარ კაცს.
_ მართლა! _ მიუგო ქალმა.
კაცმა მისკენ ხელი გაიწვდინა:
_ მაშინ მძღოლობას დავიწყებ! სანამ უსაქმურად ვიქნები ჩემს სულელურ სამსახურში!
ემამ ხელი გაუწოდა და ჩამოართვა:
_ გილოცავ! _ თქვა და კაცის თბილი შეხებაც იგრძნო ხელზე.
ამ დროს კარის ხმა მოესმა და უცბად გამოსტაცა კაცის თავისი მარჯვენა. კამილა შემოვიდა:
_ მაპატიეთ, ყველა გავაფრთხილე. ეს კი კარლომ გამომატანა, აუცილებლად წაუღეო. ბოდიში მოგიხადათ, ადრევე ვერ მოვამზადეო... _ თქვა და ქალს წინ თეფშით დესერტი დაუდო.
_ დიდი მადლობა გადაეცი... _ თქვა ემამ და გაიღიმა. მდივანი გავიდა და ემამ თეფში პატარა მაგიდაზე გადაიტანა.
_ ესეც გასინჯე და წადი!
_ უკვე მაგდებ?! შენი მძღოლი ვარ და თბილად მელაპარაკე, თორემ სამსახურიდან წავალ... _ თქვა და მის წინ მოკალათდა.
ემამ გაყო ანანასის დესერტი, ნახევარი კაცს მიაწოდა, მეორე ნახევარი კი თვითონ დააგემოვნა და თვალებიც მიეხუჭა:
_ უგემრიელესია... _ თქვა და უცბად თვალები გაახილა, რადგან კაცის კოცნა იგრძნო.
_ ერიკ! _ სასწრაფოდ წამოხტა და ტელეფონის ღილაკს თითი დააჭირა, _ ახლავე წადი! ან დაცვა გაგაგდებს აქედან!
_ მართლაც გემრიელია! _ თქვა კაცმა და წამოდგა. _ ჩემი ნომერი უკვე იცით, ქალბატონო ემა. როცა მანქანა დაგჭირდებათ, დამირეკეთ, _ თქვა და დაემშვიდობა, გარეთ გასული კი კვლავ სარკეებიან ლიფტში შევიდა.
ამჯერად მარტო იყო, მაგრამ სარკის ანარეკლებში ისევ ქალის სხეულს ხედავდა და მძიმედ მიეყრდნო კარს. გაიღო თუ არა, უცბად გამოვარდა, დაცვას დაემშვიდობა და გაბრაზებული მანქანაში ჩაჯდა. მოპარული კოცნა ახსენდებოდა და მხოლოდ ამით ცდილობდა დამშვიდებას, მაგრამ მის გონებაში უფრო და უფრო ირეოდა ყველაფერი...
ემამ დესერტი დაასრულა, თან კოცნაც ახსენდებოდა და ვეღარ მიხვდა, ანანასით ტკბებოდა ასე თუ კოცნის გახსენებით. ბოლოს მესამე სართულზე ავიდა. გამოფენისთვის განკუთვნილი დარბაზი მოათვალიერა და იმ ოთახში შევიდა, სადაც თანამშრომლები უნდა მიეღო.
ერთმანეთის მისალმებისა და მოკითხვის მერე მრგვალ მაგიდასთან ისხდნენ და ემას უსმენდნენ.
ემამ იგივე კითხვები დასვა, რომელიც მდივანს დაუსვა: ხელოსნებზე, ხელფასზე და სამზარეულოსთან დაკავშირებით, ასევე _ კატალოგის მიხედვით სამკაულების დამზადებაზე. იგივე პასუხები მიიღო და მოწონების ნიშნად კამილას გაუღიმა, რადგან ქალმა ყველაფერი ზედმიწევნით იცოდა. შემდეგ ხელოსნებს ესკიზებზე უფრო დეტალურად ესაუბრა და მზარეულს მიუტრიალდა. დესერტისთვის მადლობა გადაუხადა და ხმამაღლა უთხრა:
_ მენიუზე მინდა გითხრათ, კარლო. ხელოსნებს და დაცვას რაც მოუნდებათ, ის მოუმზადეთ, ამიტომაც წინასწარ შეთანხმდით, რაც გენდომებათ და თქვენს ჯანმრთელობას შეუწყობს ხელს... _ თქვა და ყველას სათითაოდ მოავლო თვალი. _ ისე მიყურებთ, მგონია, სასტიკი უფროსი ვარ... _ თქვა და გაეცინა, როცა ყველას გამხიარულებული სახე დაინახა. _ თუ რამე პრობლემა შეგექმნებათ, შემატყობინეთ, თუ დასვენება დაგჭირდეთ, არც ამაზე მოგერიდოთ. ერთი დღე ერთად დავისვენებთ და სადმე ქალაქგარეთ გავისეირნებთ. რაც შეეხება სიგარეტს, ახლომახლო ვერ ავიტან! თქვენი ჯანმრთელობისთვისაც ჯობს აქ თავი დაანებოთ... თუ რამე დაგჭირდეთ, შემეხმიანეთ. _ დაასრულა და ყველას დაემშვიდობა.
კაბინეტში შესულს მდივანიც უკან მიჰყვა. ემამ მაგიდაზე დადებული თეფშები და ფინჯნები ერთ ლანგარზე მოათავსა.
_ მე ავალაგებ, არ შეწუხდეთ... _ მოესმა კამილას ხმა და მდივანს გახედა:
_ არ ვწუხდები, კამილა, არაფერია. გინდოდა რამე?! სახლში უნდა წავიდე, უფრო სწორად, დაქალთან, ცოტას კიდევ დავისვენებ და ხვალ დილიდან მოვალ.
_ არა, არაფერი... ყველამ მადლობა გადაგიხადათ, თბილი და კეთილიაო...
ემას გაეცინა:
_ კეთილი კი და თბილი არა მგონია... _ უთხრა თავის თავს, მერე მდივანს თავისი მობილურის ნომერი დაუტოვა და გავიდა. ლიფტში შესულმა სარკეში ჩაიხედა, თავისი თავით კმაყოფილი დარჩა და გამოვიდა თუ არა, დაცვას ხმაც გაიგონა:
_ ქალბატონო, უკვე გელოდებათ თქვენი მძღოლი.
ემამ დაცვას გაუღიმა, მადლობა გადაუხადა და კარისკენ წავიდა.
_ ხომ გითხარი წადი-მეთქი, ერიკ?!
_ წავედი, თავს მივხედე და მოვედი! სად წაგიყვანოთ?!
_ მართლა ჩემი მძღოლი კი არ ხარ! სახლში წადი და დაიძინე, უკვე ღამდება!
_ სახლში წაგიყვან, ემა... მერე მეც დავისვენებ და დავიძინებ.
ემა მის გვერდით მოკალათდა. კაცმაც მშვიდად დაძრა მანქანა.
_ შენ გამო სახლი არ მაქვს! _ უთხრა მკაცრად კაცს და ჩანთა კალთაში ჩაიდო. _ მშობლებთან წამიყვანე!
_ მე რა შუაში ვარ?! შენ სახლში მკვლელმა მიგიყვანა და ლოგინშიც იმან ჩაგაწვინა!
_ კიდევ კარგი, რომ არ თქვი, ჩაგიწვინაო! _ თქვა გაბრაზებულმა და კაცს გადახედა. უცბად კოცნა გაახსენდა და უფრო გაბრაზდა, ხელები მომუშტა, როცა კაცის სიტყვები მოესმა: _ მკვლელმაც კი იცის, გადარეული რომ ხარ და ადვილად რომ არ ჩაუწვებოდი! ისეთი მუშტი-კრივი იცი!
_ მოკეტე და მანქანა ატარე! _ დაისისინა ქალმა და ლამპიონებით განათებულ ქუჩებს გახედა.
_ ხელი როგორ გაქვს?! გტკივა?! _ ჰკითხა კაცმა და შეხედა.
ემამ იმწუთასვე ხელზე დაიხედა.
_ არა უშავს, ისე ძალიან აღარ... _ თქვა ჩუმად და კაცის შეხება გაახსენდა, გული რომ წაუვიდა და უცბად გაჩუმდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent