შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობა შავი იებით (თავი 8)


29-10-2022, 22:33
ნანახია 693

`ემა, ეს თანხა შენია. 70 000 დოლარი~. წაიკითხა ემამ. ამ დროს ხველება აუტყდა.
_ სახლის სეიფში იყო. კოდი _ `მკვლელობა შავი იებით~. გილოცავ! შურისძიებაც მორჩა და გამდიდრდი კიდევაც!


ჯანდაბა! აქ რომ მოდიოდა, აპირებდა დისშვილის გადარჩენისთვის მადლობა ეთქვა, მაგრამ როცა გზაში დაურეკეს და უთხრეს, ფედერიკოს სახლში სეიფი ვიპოვეთო, მაშინვე იქ გაჩნდა. სეიფი გააღეს, სადაც ეს თანხა და ემასთვის განკუთვნილი წერილი იდო. ვიღაცა ჰაერზე რატომ უნდა ჩუქნიდეს 70 000 დოლარს, თუ დამნაშავე არ არის?!
_ მომბეზრდა ეს ყველაფერი! _ იყვირა ემამ და წამოხტა: _ ალბერტოს დაურეკე და უთხარი, მაგ თანხას რამე მოუხერხოს! მე არაფერში მჭირდება ეს ფული!
_ რატომ, ბინძური ფულია და მაგიტომ?! თუ სისხლითაა მოსვრილი?!
ემამ წვენი აიღო და სახეში შეასხა.
_ ჩემს კაბინეტში ყვირილს ვერავინ გაბედავს, მით უმეტეს, შენ! საქმე დაიხურა და მომშორდი! დაცვა! _ იყვირა ემამ და უცბად ორი კაცი შემოვარდა.
_ ახლავე გააცილეთ ეს ბატონი აქედან!!!
_ ემა... ამას არ შეგარჩენ, იცოდე, ხომ არ დაგავიწყდა, ვინ ვარ!
_ ერთი იდიოტი! _ მიაძახა ქალმა და კარიც მიხურეს.
ემა მაგიდას დაუბრუნდა და მშვიდად ჭამა გააგრძელა. მერე მაგიდა თვითონვე აალაგა და ხელოსნებთან ჩავიდა. სამკაულებს ხელი შეახო, გაეღიმა, ყველას მადლობა გადაუხადა ასეთი სილამაზის შექმნისთვის. რამდენიმე ხანი დაყო სახელოსნოში, სამკაულები გულდასმით დაათვალიერა, მერე სამზარეულოში შევიდა და კარლოს მიადგა.
_ ამას გავსინჯავ, თუ შეიძლება... _ თქვა და ბედნიერმა მოსვა მწკლარტე გრილი წვენი, შემდეგ კაცს ახედა: _ შოკოლადის შეფმა შოკოლადი გამასინჯა, უარი ვეღარ ვუთხარი და დავაგემოვნე... _ კალათას გადახედა, რომელიც კამილას ჩამოატანინა სამზარეულოში და მოფუსფუსე პერსონალს მიუბრუნდა: _ ყველამ მიირთვით, _ დაიბარა და წვენის ჭიქით დაიძრა კარისკენ...
მდივნის მაგიდასთან მივიდა, რომელზეც კამილას მობილური იდო და გაუჩერებლად რეკავდა. ტელეფონს დააცქერდა, მერე მაგიდაზე შემოდებულ ქაღალდებს დაავლო ხელი. ამ დროს მდივანიც გამოჩნდა.
_ ემა, აქ ვარ. გინდათ რამე?!
_ არა. რა იყო, მორბოდი?!
_ ვიფიქრე, რამე ხომ არ უნდა-თქო და ამოვირბინე.
_ მე არა, _ თქვა და გაეცინა, _ ტელეფონზე გირეკავდნენ. ჯობს გადაურეკო, ვიღაცა შენზე ნერვიულობს...
_ მე, ემა...
_ შეყვარებულის არყოლა არ მიბრძანებია ჯერ! _ თქვა სიცილით და კაბინეტს მიაშურა.
სამომავლო გეგმა ჩამოწერა და კალამი მაგიდაზე დადო. კარგა ხანს კი იმუშავა. საათს დახედა, ათი დაწყებულიყო. აივანზე გავიდა და გადაიხედა. რომ მიხვდა, ერიკი არ მივიდოდა, მშვიდად გამოვიდა ოთახიდან. მდივანს გეგმა დაუტოვა, დაემშვიდობა და ლიფტში შევიდა. ეზოში გასულმა ფეხით გაისეირნა, მინდორს თვალი მოავლო, სადაც ყვავილები წამოზრდილიყვნენ და ქვაფენილზე განაგრძო სიარული. მუხრუჭების ხმაზე უცბად გაჩერდა.
_ წინ იყურე! _ დაუყვირა ერიკს, მანქანას მოუარა, ჩაჯდა და კარი მოიჯახუნა, _ რატომ მოხვედი! მეგონა, არ მოხვიდოდი!
_ მე სიტყვას ყოველთვის ვასრულებ! _ უპასუხა ერიკმა და მანქანა დაძრა...
_ სახლში ჩემი და და დისშვილია, _ დაიწყო კაცმა, მაგრამ ემამ სიტყვა არ დაასრულებინა.
_ სასტუმროში წამიყვანე და ჩემი ჩანთები ცოტა ხნით შეიფარე!
_ არ მითქვამს სასტუმროში წადი-მეთქი! უბრალოდ, გითხარი, რომ ჩამოვიდნენ! _ თქვა და მანქანა თავის კორპუსთან გააჩერა.
ემა სახლში შეატარა. ამ დროს ბავშვი გამოვარდა შესახვედრად და ემას დანახვაზე შეჩერდა.
_ გამარჯობა, პრინცესა... _ მიესალმა ემა და გაუღიმა, _ არ ჩამეხუტები?! _ ბავშვმა ხელი მოხვია და აკოცა. _ რა საყვარელი ხარ... ამ იდიოტის დისშვილი როგორ ხარ!
ხმაურზე ერიკის დაც გამოვიდა.
_ გამარჯობა, ემა, როგორ ხართ?!
_ კარგად, გმადლობთ, თქვენ?!
_ მეც კარგად.
_ მე, უბრალოდ, ჩანთებს ავიღებ და წავალ...
_ არა, რას ამბობ! მე სხვა ოთახში გადავბარგდი უკვე, შენ ჩემს ოთახში დაიძინე. საჭმელი გავამზადე, ხომ შეჭამ ჩვენთან ერთად?!
_ მეე... ცოტას, მაშინ. _ თქვა და მისთვის განკუთვნილ ოთახს მიაშურა გამოსაცვლელად. რამდენიმე წუთის შემდეგ საშინაო ფორმაში გამოწყობილი შევიდა სამზარეულოში, სადაც ბავშვის ტიტინი და კაცის ხმა ისმოდა.
_ შენ რატომ არ გძინავს, პატარა ქალბატონო?! _ შეეკითხა ბავშვს, რომელმაც მისკენ მოიხედა.
_ მე ჯერ არ მეძინება, თან მშია... შენ გელოდებოდით.
_ ემილია! _ დაუძახა დედამ შვილს.
ბავშვი დაიჭყანა, შენიშვნა რომ მისცეს და მაშინვე გაჩუმდა.
_ მაშინ ბოდიში... ახლა შეგიძლია მიირთვა საჭმელი, _ ღიმილით მიმართა პატარას ემამ და სხვებთან ერთად სავახშმოდ დაჯდა.
ჭამას რომ მორჩა, მადლობა გადაუხადა ერიკის დას და თავის საძინებელს მიაშურა, ლოგინი გაიმზადა და კვლავ სამზარეულოში გატრიალდა წვენის დასალევად. სიბნელეში მოულოდნელად მის გვერდით ვიღაცამ ჩაახველა. შეცბუნებული მოტრიალდა.
_ მეგონა, უკვე გეძინა!
_ ჯერ არა! _ ცივად თქვა და ჭიქა დადო თუ არა, ისევ თავისი ოთახისკენ გასწია.
***
დილას ერიკმა და და დისშვილი გააცილა, ცოტა ხნით დედასთან გადავალთო და მარტო დარჩა თუ არა ემასთან, ჩაეღიმა. ქალმა გაიღვიძა, სააბაზანოში შევიდა და წყალი მოუშვა. თავის საყვარელ შამპუნს დაუწყო ძებნა, რომელსაც სულ ხმარობდა და თაროზე დატოვა... მაგრამ არსად იყო... მერე ოთახში გავიდა პირსახოცმოფარებული, მაგრამ იქაც ვერსად იპოვა. ისევ უკან შებრუნდა... არადა, ბოთლი სავსე იყო, გამოდის, აბაზანის იქით არსად წაიღებდა. იფიქრა, ბავშვს ხომ არ დაუმალეს სადმეო და ისევ გარდერობს მიუბრუნდა, ზემოთ განლაგებულ მინის თაროებს ახედა და რომ ვერ ნახა, გაკვირვებული ისევ სააბაზანოში გავიდა.
_ ამას ხომ არ ეძებ?! _ მოესმა ამ დროს და უცბად პირსახოცი ჩამოუვარდა სხეულიდან, ფეხიც გაუსრიალდა, მაგრამ დაცემას გადარჩა, რადგან დაიჭირეს. სხეულზე ცივი ხელების შეხება იგრძნო და იყვირა:
_ შენ!!! მითვალთვალებდი? როგორ არ გრცხვენია!
_ შიშველ ქალს ვუყურო თუ არა, შენ არ დაგეკითხები!
_ გამიშვი! ნუ მიყურებ მაინც! სულ არ გრცხვენია!!!
_ ლამაზი ქალის დანახვისას არა!
_ გავიყინე! ამ ცივ კაფელზე ასე დიდი ხანი უნდა ვიდგე?!
ერიკმა ხელში აიტაცა, სააბაზანოდან გაიყვანა და ლოგინზე დააგდო, მერე პლედი გადააფარა და ისევ მკლავებში მოიმწყვდია.
_ ქალს სულ ასე სულელურად იჭერ?!
_ კი. პირველად დავიჭირე ასეთი ცივი მშვენიერი ქალი შიშველი, თანაც აბაზანაში! _ ერიკმა ჭრილობა შეამჩნია მის ხელზე და დის ნათქვამი გაახსენდა. ქალს ხელი დაუჭირა, ტუჩებთან მიიტანა და ნაზად შეეხო მის ნაიარევს.
ქალს გააჟრჟოლა და დაუყვირა:
_ როგორ არ გრცხვენია, ბავშვი და შენი დაა სახლში!
_ დედასთან წავიდნენ! ნუ გეშინია, მარტონი ვართ! რატომ არ მითხარი, ჩემს დისშვილს და დას ასე ახლოს თუ იცნობდი?!
_ იმიტომ, რომ შენ მარტო მკვლელობა გაინტერესებდა! ჩემთან ხომ 70 000-მა დოლარმა მოგიყვანა, თუმცა დაგაგვიანდა! ეგ თანხა მე არ მაქვს! ასე რომ, სხვა მდიდარ ქალს შეუვარდი აბაზანაში!
_ ვისაც მინდოდა, იმას შევუვარდი და კმაყოფილიც ვარ იმის დანახვით, რაც ვიხილე! შამპუნს ისე ეძებდი, მომინდა, ეს სხეული უფრო ახლოს მენახა, ამიტომაც გამოვჩნდი, მოურჯულებელო!
_ გეყოფა, მორჩი! _ ემამ გაიბრძოლა და შიშველი სხეულით აფართხალდა. ერიკმა ხელი არ გაუშვა, ისევ დახედა ქალის ნაიარევს და კვლავ აკოცა. მერე უცბად მოშორდა და უკან დაიხია. ქალმა გაბრაზებულმა ახედა კოცნის გამო და იდიოტოო, დაუყვირა! ერიკს ჩაეღიმა და ქალს დახედა, პლედს რომ იფარებდა შიშველ ტანზე და კმაყოფილმა უთხრა:
_ კაბინეტიდან რომ გამომაგდე, აბა რა გეგონა... _ ამ სიტყვებით კარისკენ დაიძრა.
გაბრაზებული ქალი წამოვარდა და პლედიანად შევარდა სააბაზანოში. შამპუნის ბოთლი მოიმარჯვა, მაგრამ ხელიდან გაუსრიალდა.
_ რატომ?! რატომ აღწევს ეს ადამიანი ჩემში! რატომ მავიწყებს ტკივილს... _ თქვა და წყლის ცივ ჭავლს შეუდგა, რომ გამოფხიზლებულიყო.
_ რომ არ გავქცეულიყავი, გავიცნობდი ამ კაცს?! რომ არ გავქცეულიყავი და ეს კაცი გამეცნო, იქნებ ის ამბავი არც მომხდარიყო?! რატომ მოვხვდი მაინცდამაინც ჩემი უფროსის კლანჭებში და რატომ არ მომეცა იმ დროს ძალა, მისთვის გამერტყა, რატომ შევიკავე თავი? შიშის გამო თუ იმის გამო, რომ იქიდან სუფთად გამომეღწია? მე არაფერი დამიშავებია, არაფერი! არაფერი დამიშავებია, არაფერიიიი! არაფერი დამიშავებია!!! _ ბოლო სიტყვები განწირულივით დაიყვირა და აბაზანიდან გადმოვიდა. პირსახოცს ხელები მოუჭირა და თავი დახარა. ამ დროს ხელის შეხება იგრძნო და უცბად ასწია თავი.
_ რატომ თქვი, არაფერი დამიშავებიაო?! რა მოგივიდა, ემა... ამიხსენი! _ შეეკითხა კაცი და ორივე ხელით მხრებში ჩააფრინდა.
_ გამიშვი! შენი საქმე არაა! _ დაუყვირა ერიკს და მისი ხელების მოშორება სცადა. ფრჩხილები მწარედ ჩაასო მაჯებში. კაცი გაოცებული მისჩერებოდა.
ქალმა სახეზე წყალი შეისხა:
_ არ იფიქრო! არ იფიქრო! _ შეუძახა თავის თავს, _ მაინც ვფიქრობ! მაინც ვფიქრობ! ვერ მოვიშორე ეს ფიქრები! ეს საშინელი ფიქრები! _ წამოიძახა და ისევ შეისხა სახეზე წყალი, _ დამანებე თავი! დამანებოს თავი იმ დღემ და მომშორდეს! რატომ მიძვრება ტვინში და რატომ მახსენებს იმ სასტიკ დღეს! როგორ ვნანობ! ვნანობ, რომ იქ მოვხვდი! ვნანობ!!! _ თქვა და როგორც კი ერიკი კვლავ შეეხო, მზერა მოარიდა და ოთახისკენ გაიქცა.
_ ემა! რატომ გარბიხარ და იმალები? ამიხსენი!
_ დამანებე თავი! _ იყვირა კარს მიღმა. _ შენ ვინ ხარ, ანგარიში რომ ჩაგაბარო! არავინ არ ხარ, ერიკ! დაუბრუნდი შენს საქმეებს, მე დამანებე თავი!
_ კარგი, ემა! _ თქვა კაცმა და კარს მოშორდა.
ემამ სწრაფად ჩაიცვა, თმა გაიშრო, ჩანთებს ხელი დაავლო და მაშინვე გარეთ გავარდა. კართან მიახლოებულმა კაცს გასძახა, მადლობა ოთახისთვისო. ამ დროს ერიკი გადაეღობა წინ და მაჯაში ხელი წაავლო:
_ სად მიდიხარ?!
_ სასტუმროში!
_ არ მომიცია წასვლის ნება!
_ არც მე მითხოვია ნებართვის აღება! მინდა და მივდივარ! _ თქვა და ისევ ჩანთებს დასწვდა. მერე ქარივით გაიჭრა გარეთ და ძირს ჩასულმა ტაქსი გააჩერა..
სასტუმროს ნომერი აიღო, ჩანთები იქვე დაალაგა და იმავე ტაქსით სამსახურში წავიდა. კამილას მიესალმა და კაბინეტში შევიდა. მდივნის შემოტანილ გეგმას დახედა და მერეღა ჩაეშვა სავარძელში ჩაფიქრებული.
თვალები დახუჭა, ფიქრებში ჩაიძირა. ცოტა ხანში ჩათვლიმა. ძილ-ბურანში ისევ უმეორებდა საკუთარ თავს, არაფერი დამიშავებიაო. ხმამაღლაც წამოიძახა და უცბად იგრძნო ხელზე შეხება, თან ხმაც გაიგონა:
_ ემა... გაიღვიძე, სიზმარი იყო, ცუდი სიზმარი, _ ერიკი მის გაღვიძებას ცდილობდა.
ემამ თვალები გაახილა და კაცს ხელი ჰკრა:
_ წადი! წადი!
_ არა, ემა არა!
_ წადი, ერიკ, წადი... _ თქვა ჩუმად და წამოდგა, აივნისკენ გადადგა ნაბიჯი.
_ არა, აქ მინდა ყოფნა... დღეს ვერ გცნობ, ცუდად ხარ... _ თქვა კაცმა.
ემა მსწრაფლ მისკენ მიტრიალდა:
_ ერიკ! უნდა წახვიდე! წადი! _ მკაცრი ტონით წარმოთქვა და აივნისკენ ნაბიჯი გადადგა.
***
ემას გამო დაბოღმილი გამომძიებელი შინ რომ დაბრუნდა, მის ოთახში შევიდა და საწოლზე ფული დაინახა. გაბრაზებულმა მაშინვე ქალის სამსახურისკენ აიღო გეზი. კაბინეტთან მისულს ხმა მოესმა და ეგრევე ოთახში შევარდა. ქალი ძილში საუბრობდა, რისიც ძალიან შეეშინდა, სულ დაავიწყდა ხელში ჩაკუჭული ფული.
ერიკმა ახლაღა დახედა ფულს, რომელიც ხელში ეჭირა.
_ მე ეს ფული არ მინდა! _ კბილებში გამოცრა და მაგიდაზე დაუგდო. მერე ჯიბიდან კონვერტი ამოიღო და ფულს ზედ დაადო, _ ეს ფული შენი გაყიდული ბინისაა! კარგად იყავი. _ დაამატა და კარი გაიჯახუნა.
მანქანას მიაქროლებდა და გულში ფიქრობდა: `არაფერი დამიშავებიაო, ძილში ყვიროდა. ნუთუ რეალურად მართლა რამე დააშავა და ამიტომაც სძინავს ასე ცუდად? მე რომ გავიგონე მისი ნათქვამი, ამიტომ გამომაგდო?! მაინც რა დააშავა ასეთი?! არა, ასეთი ვერ იქნება, ქალი, რომელიც მე მომეწონა, ვერ იქნება ასეთი!~ _ გამწარებული კაცი საჭეს ურტყამდა ხელს.
მდივნის და დაცვის სიტყვები, უკაცრავად, ვერ მოვასწარით მისი შეკავებაო, ემას აღარ აინტერესებდა. აივანზე გავიდა, სკამზე ჩამოჯდა და გარემოს გადახედა. ცოტა ხანს ასე იჯდა გარინდებული, მერე კვლავ კაბინეტში შებრუნდა. ამდენი ფიქრისგან გაბრუებულმა და დაღლილმა მაგიდას მოავლო თვალი, ფულს დასწვდა და უჯრაში გადაუძახა.
მერე სასმელი ჩამოისხა და ყინულით სავსე ბოკალი ხელებში მოიქცია. შეანჯღრია. მერე ისევ ჩაამატა ყავისფერი სითხე...
უაზროდ იყო. გარდერობი გამოაღო და ტანსაცმლის შელაგებას შეუდგა. რამდენიმე კაბა ჩამოკიდა საკიდარზე და ისევ ჩანთისკენ დაიხარა დანარჩენი ტანსაცმელის ამოსაღებად.
მერე კვლავ ბოკალს დასწვდა. კაბების რიგს თვალი გადაავლო და ისევ მოსვა ყინულიანი სასმელი...
_ ბატონო, არ შეიძლება-მეთქი! _ მოესმა ამ დროს კამილას ხმა.
_ სადაა?! _ კაცი გაცეცხლებული ყვიროდა და ზუსტად ამ დროს კარიც შემოგლიჯა.
_ დაგვტოვე! _ უღრიალა ერიკმა მდივანს. ემამაც თავი დაუქნია კამილას და ისიც გაუჩინარდა.
_ ვიფიქრე, მუშაობს-მეთქი, შენ კიდევ სასმელში იხრჩობი! _ იქვე დადებული ბოკალი შენიშნა კაცმა და ქალს შეხედა, რომელიც გარდერობში ტანსაცმელს ალაგებდა.
_ ნუ ყვირი! _ მშვიდად ჩაილაპარაკა ქალმა, თან გარდერობი მიხურა.
_ მითხარი, ემა, რა მოხდა. დაგეხმარები... მომიყევი... _ კაცი ქალს წინ აესვეტა, ხელები მოხვია, მიიხუტა და ჩუმად გააგრძელა, _ დაივიწყე შენი ცივი, ჭირვეული ხასიათი და თბილად ვილაპარაკოთ... _ მერე თავზე ხელი გადაუსვა, უკან გადაუწია და თვალებში ჩახედა. ემამ თვალები დახუჭა. ერიკმა ხელში აიყვანა, დივანზე დააწვინა, თვითონ კი გვერდით ჩამოუჯდა და მის თმას შეეხო: _ დაივიწყე ყველა და ყველაფერი... დაივიწყე ალეხო ტორეც და წარსულიც... ემამ ჩუმად ამოილაპარაკა:
_ ის ჩემი პარტნიორია...
_ ზუსტადაც!
_ ბიზნესპარტნიორი და არა სხვა პარტნიორი, _ თქვა ქალმა და გაეღიმა. შემდეგ ჯერ კაცის ხელი იგრძნო, მერე კოცნა და გულმა გამალებით დაუწყო ცემა. ამწუთას ყველა ტკივილი დააავიწყდა და მოდუნდა. ერიკი მისი სახიდან ყელს ჩამოუყვა...
_ გეყოფა, ერიკ... _ თქვა ემამ და თვალების გახელა დაეზარა, როცა კაცმა მიუგო:
_ ჩუ... დამშვიდდი, დაწყნარდი... ყველაფერი ცუდი დაივიწყე... _ და თვალებში ჩახედა, გაუღიმა. კაცი დივანს მიეყრდნო და ქალის სხეული ზურგით მიიხუტა.
_ სად იყავი წუხელ და ვის შეხვდი?! _ შეეკითხა.
_ ჟურნალისტებს შევხვდი. მერე შოკოლადის ქარხანაში ვიყავი, მაინტერესებდა, როგორ აკეთებენ შოკოლადს და უფროსსაც ველაპარაკე. _ მშვიდად გაისმა ემას ხმა.
_ რაზე?!
_ ჩვენების საქმეზე, _ თქვა და მისკენ მიაბრუნა სახე, _ ამოწმებ, გატყუებ თუ არა?! _ იკითხა და ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ კაცმა ისევ ჩაიხუტა.
_ არ დაგავიწყდეს, მე ვინ ვარ... ყოველთვის ვიცი, როდის ამბობ ტყუილს და როდის არა... ვიცი, როგორ მალავ გაბრაზებული მომუშტულ ხელთათმანიან ხელს... _ თქვა და ქალს თვალებში ჩახედა: _ ჩემი გეშინია?!
ქალმა შეხედა და ჩაეღიმა:
_ არა, _ უთხრა და კაციც ბედნიერი დაიხარა მის საკოცნელად...
უეცრად ქალი წამოხტა და კვლავ გარდერობს მიაშურა საქმის გასაგრძელებლად... კაცი მის მოძრაობას ყურადღებით აკვირდებოდა. ბოლოს ღიმილით თქვა:
_ მგონი გამოფხიზლდი და სიარულიც აღარ გიჭირს... _ ამ სიტყვებით ბოკალს ხელი დაავლო და ქალის ხმაც გაიგონა: _ სად მიგაქვს?!
_ უკვე აღარ გჭირდება, გადავაქცევ... _ თქვა და სააბაზანოში გავიდა. მალევე მობრუნდა უკან, ისევ დივანზე მოკალათდა და რბილად დაიწყო: _ არ მეტყვი, რისი გეშინია?! რა არ გასვენებს?!
_ ახლა არა... _ თქვა ქალმა და დაცარიელებული სამგზავრო ჩანთა გარდერობში შედო.
საქმეს მორჩა თუ არა, ისევ სავარძელში ჩაესვენა, კაცსაც ანიშნა, ახლოს დაჯექიო, თვითონ კი სადღაც დარეკა...
უკვე ცივ წვენს სვამდნენ ორივენი და ერთმანეთს თვალებში შეჰყურებდნენ. ქალს ჩაეღიმა და კაცს მზერა მოარიდა:
_ ვიცი, გამომძიებელი ხარ, მაგრამ მაინც ვერ გაიგებ, რატომ წამოვედი სამსახურიდან... _ თქვა და მაგიდაზე შემოდებული ნახატები ერიკისკენ შეატრიალა: _ რომელიმე მოგწონს?!
კაცი წამოდგა, ემას მიუახლოვდა, ნახატები გვერდზე გასწია, ქალის სავარძელს ხელი ჩაავლო და თავისკენ მისწია: _ შენ მომწონხარ... _ თქვა და საკოცნელად მიეტანა. ქალმა თავი გვერდზე მიაბრუნა და კაცმაც უკან დაიხია, მერე ნახატებს გადახედა, _ ყველა ლამაზია...
ქალმა მადლობა გადაუხადა, ბინის გაყიდვაში რომ დაეხმარა. ერიკი კვლავ საკოცნელად მიეტანა, მაგრამ ემამ მკაცრად ახედა:
_ კმარა! ერიკ! დროა წახვიდე! _ უთხრა და ადგა. კაცმა ქალის ხელი თავის ხელში მოიქცია და ქალი მიიზიდა. ემას გაახსენდა, ერიკმა კაბა რომ გაუხია და ხმამაღლა უთხრა: _ ერთი ჩემი კაბა უკვე შეიწირე განყოფილებაში და ამასაც ნუ შეიწირავ, თორემ ძვირი დაგიჯდება...
კაცს გაეცინა:
_ შენი ბრალია... _ უჩურჩულა და ქალის ტუჩებისკენ დაიხარა...
ქალი ძლივს სუნთქავდა მის კოცნაში ჩაფლული. თავზე ხელის შეხებაც რომ იგრძნო, უფრო მოდუნდა. ეგონა, მთლიანად დამიცარიელეს თავი ტკივილისა და ფიქრებისგანო და მშვიდად დაჰყვა კოცნას, რომლითაც ტკბებოდა და მასში იძირებოდა.
კაცი ქალს მოშორდა და აივანზე გავიდა. კედელს მიეყუდა და როგორც კი ჰაერი იგრძნო, გონს მოვიდა. კოცნისგან მიღებულ ქალის სითბოსა და სიმშვიდეს ისევ გრძნობდა და უკან დაბრუნდა. ქალს სავარძელში თვალები დაეხუჭა და იღიმებოდა. ახსენდებოდა კაცის კოცნა, მისი ხელის შეხება თავზე და ტკივილის განდევნა. კაცმა სავარძელი შეატრიალა და ქალმაც გაახილა თვალები. ერიკმა ნიკაპი აუწია, თვალებში ჩახედა და ჩუმად უჩურჩულა:
_ ძალიან მომწონხარ... _ მერე ხელი გადაუსვა ქალის ბაგეებს: _ მომწონს შენი ტუჩების ყველანაირი გემო... _ და აკოცა...
ცოტა ხანში ქალის სავარძელს მოშორდა და გასასვლელისკენ დაიძრა: _ აღარ დალიო... _ უთხრა, როგორც კი კარი გააღო: _ არავინ დავინახო შენს სიახლოვეს შენი პარტნიორების გარდა და ისინიც კონტროლში გყავდეს! _ მკაცრად წარმოთქვა და გავიდა.
ემამ დღის გეგმას დახედა და ჩაეღიმა.
_ შოკოლადი... _ თქვა და დასახატად წამოდგა. ბევრი ჰქონდა დასახატი და ახლა ფანტაზიაც მოეძალა. 3 საათი იმუშავა და კაცის კოცნაზე ჩაფიქრებული იძირებოდა თავის ნახატებში... კოცნა ახსენდებოდა, რომელიც გულს უთბობდა და ყველა ტკივილს შთანთქავდა. სიამოვნებით იხსენებდა მის სიახლოვეს და ფანქარს ხელში ათამაშებდა.
უცებ სმს მიიღო: _ ერიკ ფრანკი, 1000 დოლარი.
ერიკს სმს გაუგზავნა: _ არ მეგონა, ასე იაფი თუ ვღირდი!
`ეგ მხოლოდ შენი კაბის ფულია და თუ აკლია, მითხარი~.
`კაბაზე მეტი ვალი გაქვს! იმის გამო, რომ მანდ მაყურყუტე მაგ კაბით~.
`ისედაც ნახევრად გახდილი იყავი, ბარემ ისიც გაგეხადა, გადაურჩებოდა დახევას და გადაგდებას~.
`არ გადამიგდია! ვერ ვიცვამ იმიტომ, რომ იქაურობას მაგონებს!~
`აქაურობა ცუდია?! კაბა უკვე გაკერე?~
ემამ ღიმილი გაუგზავნა: `არ მეგონა, თუ კარგი იყო საკანში ქალის გამომწყვდევა. ჯერ არ გამიკერავს~.
`მართალია, არ იცი როგორია შენნაირი ქალის იქ გამოკეტვა!~
ემას გაეღიმა და სმსი აღარ მისწერა. ტელეფონს დახედა და კაცის სმსი წაიკითხა: `ემა! მხოლოდ იმიტომ გამოგკეტე საკანში, რომ ისევ არ შემომეხია შენთვის კაბა, ისეთი საინტერესო იყავი~... _ წაიკითხა ქალმა და უცბად ფანქარი ხელიდან გაუვარდა. გაბრაზებული დაიხარა მის ასაღებად.
`მადლობაც მაქვს სათქმელი?!~
`კოცნით~... _ წაიკითხა და გაბრაზებულმა მისწერა: `ერიკ, იმუშავე და ნუ მაცდენ!~
`კარგი...შეხვედრამდე!~
`შეხვედრამდე~, _ მხოლოდ ეს ერთი სიტყვა გაუგზავნა ქალმა და საქმეს მიუბრუნდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent