შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობა შავი იებით (თავი 9)


1-11-2022, 17:47
ნანახია 649

ემა სასტუმროში არ მისულა. უკვე 10 საათი იყო. ერიკი ელოდებოდა. მერე გაგიჟებული, რომ ქალი აღარ გამოჩნდა, ისევ სამსახურში მიეჭრა, მაგრამ იქაც ვერ იპოვა. ბოლოს ტელეფონს ეცა და დაურეკა, მაგრამ არავინ უპასუხა.
_ გამაგიჟებს ეს ქალი! _ გაბრაზებული ისევ სასტუმროში დაბრუნდა, ემას ნომერში შევიდა, შუქი არც აუნთია, ისე მიაღწია მის ლოგინთან, ზედ დაჯდა და ფრანკოს დაურეკა:
_ ახლავე გაიგე, სად არის ემა და სასწრაფოდ დამირეკე!
3 წუთში ფრანკომ დარეკა:
_ ვიღაც კაცთან ერთად არის ოთახში.
ერიკმა შეჰყვირა და ნომრიდან გასავარდნად მოემზადა.
_ ჰო, კაცთან ერთად, _ წარმოთქვა ამ დროს სიცილით ქალმა, ლოგინთან მივიდა და მობილური ხელიდან აართვა კაცს. _ ფრანკო, მადლობა... _ ჩასძახა ტელეფონში და გათიშა.
_ სად იყავი? რამდენი ხანია გირეკავ! სულ გაგიჟდი?!
_ ინერვიულე?! _ იკითხა ქალმა და ისევ გაიცინა.
კაცმა ხელი წაავლო და ლოგინზე დასვა:
_ რაო, რამდენი მაქვს ვალი?! _ შეეკითხა ქალს და წამოაწვინა თუ არა, კოცნა დაუწყო... ქალმა უცბად ტელეფონის ფარანი აანთო და კაცს შეხედა.
_ რა გინდა ჩემს ნომერში?!
_ ვალს გადაგიხდი და წავალ! _ თქვა კაცმა, ტელეფონი წაართვა და შუქი აანთო. ის იყო, ისევ უნდა მოფერებოდა, რომ ემამ უცბად წამოიძახა:
_ არ მინდა...
კაცმა გაბრაზებულმა ახედა:
_ აბა რა გინდა?!
`რას მიშვრება ასეთს, ყველაფერს რომ მავიწყებს და წარსულის ტკივილს ვეღარ ვიხსენებ?..~ _ გაიფიქრა სასოწარკვეთილმა და უცბად მიუტრიალდა კაცს: _ ძილი ნებისა... სახლში წადი და დამასვენე.
კაცი ლოგინიდან წამოდგა.
_ ემა... მართლა წავიდე?! არ გინდა ვილაპარაკოთ?!
_ არა! _ დაუყვირა ქალმა.
კაცი ტელეფონს დასწვდა და ჩუმად გაიხურა კარი...
ემა მიხვდა, რომ ერიკის მოთმინების ძაფი გაწყდა და გაღიმებულმა აივანს მიაშურა.
***
ერიკმა ხელში აიღო ქალის შარფი. შეიგრძნო მისი სურნელი. ქალის კოცნა გაახსენდა და საწოლზე წამოწვა:
_ ემა... რატომ გაქვს ზოგჯერ ცივი და ზოგჯერ თბილი შემოხედვა... რატომ ხარ ხან მკაცრი, ხან თბილი... _ ჩაფიქრებული ადგა, მაგიდიდან საქაღალდე აიღო, ლოგინზე გაშალა და ქალის ფოტოს დააშტერდა. _ შენ მაინც რაღაც გაკავშირებს ამ მკვლელობასთან... რაღაც მაინც გაკავშირებს ამ ამბავთან... რატომ მოგცა ფული ფედერიკომ, თუ ერთმანეთს არ იცნობდით?.. რატომ არის შენს აივანზე იები?.. რატომ მოხვდა იები მკვლელობის ადგილზე?.. რას მალავ და რატომ მალავ?! _ წამოიძახა გაბრაზებულმა და ქაღალდები ხელში მოიქცია. რამდენიმე ფურცელი დაეჭმუჭნა და უცებ გაასწორა. მერე ერთად მოუყარა თავი ყველას და საქაღალდეში ჩააბრუნა. ისევ მკვლელობის ადგილს დაუბრუნდა მისი გონება. ისევ გაიხსენა სახელები, გვარები და ჩაფიქრებულმა საქაღალდე მაგიდაზე დადო. თვითონ კვლავ წამოწვა და ფიქრებში მიეძინა...
მეორე დილით სამსახურში მისულმა ფრანკო იხმო.
_ გაქცევა... _ თქვა ჩუმად და თანაშემწეს ახედა, მის წინ რომ იდგა გაკვირვებული.
_ ვინ გაიქცა?! _ შეეკითხა იგი და სკამზე დაჯდა.
_ ემა! _ დაიყვირა ერიკმა და ფრანკოც წამოხტა:
_ როგორ? სამსახურშია და...
ერიკმა საქაღალდე გადაშალა:
_ ახლა კი არ გაიქცა, სამი წლის წინ გაიქცა და ზუსტად იმ დროს დაბრუნდა, როცა მკვლელობა მოხდა!
_ ეს მან გითხრათ?!
_ ეს ქალი ტყუილის გარდა არაფერს ამბობს! ყოველთვის ცდილობს მომარიდოს მზერა, რომ მის თვალებში არაფერი წავიკითხო! ყველა მისი ფოტო მჭირდება! სასწრაფოდ!!! _ დაუყვირა ფრანკოს და ისიც დაფეთებული გაემართა კარისკენ.
_ უნდა ვიცოდე, ბოსტონში ვის ხვდებოდა! ალეხო ტორეს გარდა ვინ იყო მის სიახლოვეს, ყველა უნდა ვიცოდე! _ დაადევნა თანაშემწეს.
ფედერიკოს ნაჩუქარი ფული ემამ ალბერტო როჩეს გადასცა, რომელმაც იგი ღარიბებს დაურიგა, ამიტომ ემას ახლა სრულიად არ აინტერესებდა არც ფული და არც ეს მკვლელობები. მშვიდად იჯდა თავის კაბინეტში საქმეებში ჩაფლული.
მაგიდაზე იმდენი ფერადი ქვები დაალაგა, რომ ოთახი მათი ბრჭყვიალებისგან გაკაშკაშდა. ერთი ქვა ხელში აიღო და ესკიზებთან მიიტანა, კარგა ხანს აკვირდებოდა. მერე ქსოვილში გაახვია ყველა და სახელოსნოში გაგზავნა, თვითონ კი სამკერვალოში წავიდა.
დიდხანს დაყო სამკერვალოში. თხელი, სრიალა, გამჭვირვალე მასალა მუჭში მოიქცია და 30 ცალი დაუკვეთა, ზომების მიხედვით.
ემამ დახედა თავის ხელს, რომელიც უკვე მორჩენოდა და თავისუფლად გაიკეთა მაჯაზე საათი. სასტუმროს ოთახს ერთხელაც გადახედა და ჩაეღიმა, ისევ წარმოიდგინა კაცის აქ ყოფნა წინა ღამით. ის იყო უნდა გასულიყო და კარი დაეკეტა, რომ უცბად გაშეშდა, რადგან კურიერი დაინახა თაიგულითა და ბარათით ხელში.
ბარათი შეათვალიერა და გაკვირვებულმა წაიკითხა:
`მსურს თქვენთან ერთად ვივახშმო რესტორანში საღამოს 7 საათისთვის. გთხოვთ შემატყობინოთ, სად მოგაკითხოთ... არა იდიოტი ან კომისარ-გამომძიებელი, არამედ უბრალოდ ერიკ ფრანკი~... _ წაიკითხა და გაღიმებულმა დახედა თაიგულს. მისი სურნელი ქალის სხეულს მოედო და სრულიად გადაფარა სუნამოს არომატი, წამის წინ რომ იპკურა. მთელი გრძნობით შეისუნთქა თაიგულის სურნელი და ბედნიერმა გაიღიმა:
_ რა სურნელია... ცივი და ამასთანავე დამათრობელი...
სამსახურში მისულმა თაიგული თვითონ ჩააწყო ლარნაკში და კმაყოფილმა შეავლო მზერა წითელ ყვავილებს.
მერე მაგიდას მიუჯდა და ოქროსფერი კალმით მადლობის წერილი მისწერა ერიკს.
კაცმა გახარებულმა დახედა ოქროსფერ წარწერას და თავის სამუშაოს მიუბრუნდა, უნდოდა დრო საქმეებში გაეყვანა და ქალისთვის საღამოს მიეკითხა სამსახურში, როგორც ქალმა შეატყობინა.
***
კაბინეტში დაღვრილ ახალ სურნელში იჯდა ქალი და ესკიზებს ხატავდა...
ახალი ესკიზების ხატვაში საათები გაატარა. კარგა ხანი კიდევ ათვალიერა პირველი კოლექციის საბოლოო მონახაზი. კმაყოფილი იჯდა კამილას გვერდით და ჩაის მიირთმევდა, თან მასთან საუბარში ერთობოდა...
კამილას მოტანილ მოსაწვევებს გადაავლო თვალი და ღიმილიანი სახით უთხრა: _ ეს ყავისფერი ძალიან მომეწონა. კარგი გამოვიდა. წინა დღეებში გამზადებული ესკიზებიდან ერთ-ერთი რომ განათავსე საჩვენებლად მთავარ გვერდზე. _ მერე ერთი ბარათი აიღო, მაგიდისკენ წავიდა, თავისი კალმით მოაწერა ხელი და კამილას მიუბრუნდა: _ მოწვეული სტუმრებიდან მხოლოდ ერთ გამარჯვებულს ექნება უფლება, აირჩიოს ჩვენებაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიდან ის სამკაული, რომელიც მოეწონება და მას უფასოდ მიიღებს... _ უთხრა ქალს და ბარათი დაუბრუნა: _ ხელმოწერილი იქნება მხოლოდ ერთი, გამარჯვებულის ბარათი, დანარჩენები კი ხელმოწერის გარეშე.
კამილას დაემშვიდობა, მერე თაიგულს გადახედა, ხელი გადაუსვა და გარდერობს მიაშურა.
შავი კლასიკური გრძელი კაბა ეცვა, ყელს კი ოქროსფერი სამკაული უმშვენებდა წითელი ქვებით... კართან მდგომ ქალის სილუეტს თვალი ააყოლა კაცმა, გაუღიმა, მიესალმა და ლოყაზე კოცნა დაუტოვა. უთხრა თუ არა ერიკს, მადლობას გიხდი საოცარი თაიგულისთვისო, ბედნიერი ღიმილი შენიშნა მის სახეზე და თვითონაც გათბა. მიავიწყდა თავისი ტკივილი და გამხიარულებულმა ხელკავი გაუყარა კაცს, რომელსაც შავი კოსტიუმი ჩაეცვა და სრულიად არ ჰგავდა არც საქმეებზე მორბენალ კომისარ-გამომძიებელს და არც იდიოტს, როგორც ემა ეძახდა. ახლა იგი სრულიად განსხვავებული, საოცარი და მომაჯადოებელი იყო. იგი ძლივს მიჰყვებოდა კაცს ახლოს, რომ არ დამთვრალიყო...
ლიფტში შევიდნენ თუ არა, ერიკმა მაშინვე აკოცა და ღიმილით მიმართა:
_ ძალიან ლამაზი ხარ, ემა. კაბინეტთან გვიყურებდნენ, ამიტომ დავაგვიანე ეს დამათრობელი კოცნა... _ თქვა და ლიფტის სარკეს მიეყუდა.
_ მადლობა... ესე იგი ლამაზი მკვლელი ვარ?! _ ჩაეკითხა კაცს და გაეღიმა.
_ მე მგონი, ფიქრებით მკვლელი ხარ... _ მიუგო კაცმა.
ქალი სწრაფად გავიდა ლიფტიდან, რომ კაცის მზერისთვის თავი აერიდებინა, რათა ერიკს მის თვალებში რამე არ წაეკითხა.
მანქანა დაძრა თუ არა, ერიკი უცებ ემასკენ გადაიხარა და უჩურჩულა:
_ აღიარე, რომ ერთხელ მაინც იყავი ფიქრებში მკვლელი...
_ რატომ უნდა ვყოფილიყავი?! ვინმემ რამე დამიშავა?!
_ ალბათ... _ თქვა კაცმა და სიჩქარეს მოუმატა. თან ქალს გადახედა, რომელსაც სრულიად არ ესმოდა მანქანის არც სწრაფი და არც ნელი სვლა. კაცმა მოულოდნელად დაამუხრუჭა და ქალს თვალებში შეხედა:
_ ახლა ამ წამს... დღეს... მინდა, რომ მთლიანად დაივიწყო ყველაფერი და ფიქრებითაც არ იყო მკვლელი... _ უთხრა და ქალს მანქანიდან გადმოსვლაში მიეხმარა, მაგრამ ემამ გადმოაბიჯა თუ არა, ერიკმა ხელი სტაცა და შეაჩერა.
_ დღეს მხოლოდ ის ქალი მინდა იყო, რომელიც მომეწონა და ერთად მხიარულად ვივახშმოთ... _ თქვა და წელზე მოხვია ხელი.
ემა შეირხა და კაცის მხარს დაეყრდნო, იგრძნო მისი ხელის სითბო და სრულიად მიავიწყდა მანქანაში მოვარდნილი ფიქრები... კაცისკენ გადაიხარა და რესტორნის შესასვლელშივე უჩურჩულა:
_ ახლა სრულიად არ ხარ არც კომისარ-გამომძიებელი და არც იდიოტი... ახლა სიმპათიური 32 წლის მამაკაცი ხარ...
_ ჩემი წლოვანება გცოდნია, კიდევ იცი რამე ჩემზე?!
კაცის სიტყვებზე ემას გაეღიმა.
_ შენ ვერ შეგედრები ინფორმაციის მოპოვებაში... შენგან განსხვავებით ცოტა რამ ვიცი შენზე, შენ კი ბევრი იცი ჩემზე...
კაცმა გაიღიმა და ორივენი მაგიდას მიუსხდნენ.
მშვიდი, წყნარი მუსიკის ფონზე ერთმანეთს შესცქეროდნენ და ვახშმობდნენ. ფიქრებითაც ერთმანეთზე ფიქრობდნენ... ქალმა ერიკის და და დისშვილი მოიკითხა.
_ მშობლებთან არიან... კიდევ ერთი სტუმარი აკლია ჩემს ბინას... _ უთხრა და ქალის ხელს ხელი ჩასჭიდა: _ რატომ გაიქეცი ჩემი სახლიდან?!
_ დაპირება დაგავიწყდა, რომ არ ვისაუბრებდით ასეთ საკითხებზე, _ თქვა ქალმა და წამოდგა. კაციც წამოხტა, ქალს ხელი წაავლო და ბოდიში მოუხადა, იმის შიშით, არ დამტოვოსო. ქალმა დაამშვიდა, საპირფარეშიში შევალ და დავბრუნდებიო. ამან დაამშვიდა და მიმავალ ქალს მზერა გააყოლა...
მუსიკის ფონზე ნაზად და ნელად ირხეოდნენ მაგიდასთან ახლოს... კაცმა ქალი უფრო ახლოს მოიზიდა, თვალებში ჩახედა:
_ ვინ ხელმძღვანელობს ზაანის საქმეებს, არ გაინტერესებს? _ იკითხა უცბად. ოდნავ შემთვრალმა ქალმაც არ დააყოვნა პასუხი:
_ საერთოდ არ მაინტერესებს.
_ როცა დრო მოვა, გათქმევინებ სიმართლეს შენი ნებით ან ჩემი დახმარებით...... _ უთხრა, თან ახლოს მიიხუტა ქალი, რომელიც გაქცევას ცდილობდა: _ გაქცევა გჩვევია... ჩემგან კი ყოველთვის ვერ გაიქცევი, ამის უფლებას აღარ მოგცემ... _ თქვა, ხელი ჩასჭიდა, ფული მაგიდაზე დაყარა და ქალი ქარეთ გაიყვანა.
_ შენ პირობა დაარღვიე! მხოლოდ იმიტომ დამპატიჟე, რომ ჩემთვის დაკითხვა მოგეწყო! მე არაფერი დამიშავებია! _ თქვა გაბრაზებულმა ემამ და კაცს ხელი გამოგლიჯა, მაგრამ მან კვლავ ხელში მოიქცია მისი სუსტი სხეული და თვალებში ჩახედა:
_ მე დამნაშავეს კი არ ვეძებ... _ და ქალს ახლოს მიუტანა სახე, _ მინდა, რომ მენდო! მინდა, რომ შენით მომიყვე ყველაფერს, რაც გაწუხებს! ვიცი, რომ ალეხო ტორეს გარდა, კომპანიის საქმეების გამო ხვდებოდი სხვებსაც, მათ შორის გაბის და ალმას... _ მერე თავზე ხელი გადაუსვა და უჩურჩულა: _ სასტუმროში წაგიყვან. _ და მანქანისკენ გაემართა...
კაცმა მანქანა გააჩერა.
ქალმა წინ გაიხედა და გაოცდა:
_ აქ რა გვინდა?!
_ მინდა, უბრალოდ მენდო და დაისვენო ფიქრებისა და მოგონებებისგან... _ თქვა და მანქანიდან გადავიდა. ქალიც უკან მიჰყვა. ცოტა ხანში ორივე ცას ასცქეროდა ღამის სიბნელესა და სიჩუმეში, სადაც მათი ხმებიც კი არ ისმოდა...
მერე ქალი მისკენ შებრუნდა.
_ მინდა ახლა მკითხო, რა კითხვაც გაწუხებს და მეტად აღარ მომიწყო დაკითხვა!
_ და არ გამიბრაზდები?!
_ არა... _ თქვა ქალმა და კაცს თვალებში შეხედა.
_ რატომ შეიცვალე სახელი და გვარი?!
_ ჩემი სახელი და გვარი აღარ მომწონდა! დანაშაული არ არის სახელისა და გვარის შეცვლა!
_ ეს კარგად დაგიმახსოვრებია, _ თქვა კაცმა და ჩაეღიმა, _ რატომ დატოვე სამსახური?! ისე უცბად, რომ არავის გადააბარე შენი საქმეები?!
_ ჩემი თავი იმ საქმიანობაში უკვე აღარ წარმომედგინა.
_ რატომ მოგცა ფედერიკო რაირამ ფული!
_ არ ვიცი.
_ რატომ წაგიყვანა მან ან რატომ დაგაბრუნა უკან!
_ არც ეს ვიცი.
ერიკმა კითხვების პასუხები ადრე მოსმენილ პასუხებს შეადარა და ჩაეღიმა, რადგან მიხვდა, ქალი ისევ მალავდა საიდუმლოს და უთხრა:
_ მომწონს... მომწონს შენში დამალული საიდუმლო, რომელსაც ხელთათმანების მიღმა ფარავ ხოლმე. შენი ფოტოები ვნახე ხელთათმანებით და მის გარეშე...
_ შეგიძლია ახალი საქმე დაიწყო! _ თქვა ქალმა გაბრაზებით, _ დაფარული საიდუმლო, ხელთათმანების მიღმა! _ თქვა და მანქანას მიაშურა. კაციც გაჰყვა.
_ დაივიწყე ეს სიცივე და დამშვიდდი... _ თქვა და ქალს ხელი წაავლო: _ ჯერ არ მივდივართ!
_ მივდივარ... _ თქვა ქალმა და ნაბიჯი გადადგა.
კაცმა დაუძახა:
_ გაიქეცი, ემა... გაიქეცი ისევე, როგორც წლების წინ გაექეცი რაღაცას!
_ ნუ მესხმი თავს!
_ თორემ შენც დამესხმები, არა?!
_ დიახ! _ დაუყვირა და უცებ ჩურჩულზე გადავიდა, _ არ შემიძლია თავს დავესხა ადამიანებს... შენგან განსხვავებით! ჩამოსვლის დღიდან თავს მესხმი და არ მაძლევ მშვიდად ყოფნის საშუალებას! დახურე ეს საქმე და დაანებე ამ დაკითხვებს თავი!
_ საქმე უკვე დავხურე! მხოლოდ იმის გამო, რომ ფედერიკო რაირამ აღიარა დანაშაული! მაგრამ მინდა ვიცოდე, რას მალავ და რატომ, რის გამო იტყუები!
_ ჩემი საქმე და წარსული შენი საქმე არაა! შენი საქმე ახალი მკვლელობების გამოძიებაა და მაგას მიხედე! _ რამდენი ნაბიჯიც ქალმა გადადგა, კაციც იმდენი ნაბიჯით მიჰყვა უკან. უეცრად ქალის ფეხსაცმლის ქუსლი მიწაში ჩაეფლო და ემამ წამოიყვირა. კაცმა ხელი სტაცა და აიტატა:
_ მართალი ხარ. ჩემი საქმე გამოძიებააა! ახლა კი ახალი საქმე მაქვს _ დაფარული საიდუმლო ხელთათმანებს მიღმა! _ წარმოთქვა და ქალის გაბრაზებისა და ყვირილის მიუხედავად, მანქანაში ჩასვა და დაიძრა...
ემა კარგა ხანს ლანძღავდა ერიკს მანქანაში. კაცმა ცოტა ხანს აცალა, მაგრამ ემა რომ არ გაჩუმდა, დაამუხრუჭა. ემა გადასვლას ითხოვდა და თან კარს ებღაუჭებოდა. კაცმა ქალის ხელები ხელში მოიქცია და მუდარით უთხრა:
_ გპირდები... გპირდები, ემა... არ გავაგრძელებ ამ საქმის გამოძიებას, არც ახალს დავიწყებ ამ საქმეზე არაფერს, მაგრამ დამპირდი, რომ არ გადახვალ ახლა და უფლებას მომცემ, სასტუმრომდე მიგაცილო... უფლება მომეცი, გნახო ხოლმე. გპირდები, სიტყვასაც კი აღარ დავძრავ ამ საკითხთან დაკავშირებით... ოღონდ ასე ნუ გამირბიხარ... ნუ გამირბიხარ... არ მინდა გამექცე... _ ისე თბილად და მომაჯადოებელი ხმით უთხრა, ქალი უცებ გადაიხარა მისკენ და ჩაეხუტა. კაცმა აკოცა... ქალს სიამოვნებისგან ყველაფერი გადაავიწყდა, მშვიდად მიეყრდნო მანქანის საზურგეს და მალევე ჩაეძინა.
***
ერიკმა ლოგინზე მიაწვინა ემა და მის მშვიდ სახეს დახედა. როგორ შეეძლო ამ სილამაზეს, ვინმე მოეკლა... თუმცა ფიქრი... ფიქრში კი შეეძლო, მაგრამ ამის მიზეზი ექნებოდა... _ გაიფიქრა და უცბად განდევნა ფიქრები გონებიდან. ქალს ლოყაზე აკოცა, ლოგინის წინ მდგომ დივანზე ჩამოჯდა და ემას თვალიერებას შეუდგა. მალე თვითონაც მიეძინა დაღლილს. გამოღვიძებისთანავე ისევ აკოცა. ის ძილში შეირხა. ქალის სახეს დააკვირდა და თითქოს თვითონაც იგრძნო რაღაც შიში. მის გვერდით წამოწვა, ხელი მოხვია და მიიხუტა. მისი სურნელი, მისი გულის ძგერა შეიგრძნო და ბედნიერს ჩაეღიმა, რომ ქალი არა სასტუმროში, არამედ თავისთან, სახლში ჰყავდა.
ემა ისევ შეირხა, იგრძნო მისი სიახლოვე, მისი ხელის შეხება, მაგრამ არც წამომდგარა და არც გადატრიალებულა, მისკენ მიიწია, უფრო მიეხუტა, ხელი გადახვია და მშვიდად გააგრძელა ღამის სიზმრები... პირველად ეძინა ასე ტკბილად ამდენი ხნის მერე. პირველად ხედავდა მშვიდ სიზმრებს მისი ჩახუტებისთანავე და ღიმილიანი გაუხდა სახე. კაცმა ქალის ლოყას ხელი ჩამოუსვა. ქალმა თითქოს იგრძნო ხელები, თითქოს იგრძნო მის გვერდით ყოფნა. კაცის მკერდს დაადო თავი და უშფოთველად გააგრძელა ძილი...
კაცს თითქოს გული გაუჩერდა მისი სიახლოვისგან. ყველაფერი მიავიწყდა, ყველა გმოსაძიებელი საქმე დაივიწყა, თითები შეუცურა ქალს თმაში და ჩამოუშალა. მერე ხელი წაიღო მისი ტუჩებისკენ, მაგრამ ქალს გამოეღვიძა და უცებ გვერდზე გადაქანდა. კაცმა დაიჭირა, ქალმა გაიბრძოლა, მაგრამ ერიკმა ქვეშ მოიქცია გაბრძოლებული. თავი მკერდზე ჩამოადო და თვალები დახუჭა. მისი თითები კი თავისაში ჩახლართა.
ქალმა თვალები დახუჭა. აჩქარებული გული დაუმშვიდდა. მერე თავის სუნთქვას დაუგდო ყური და შეიგრძნო სრულიად თავისუფალი ბედნიერი მარია... ქალი, რომელიც მიივიწყა და მიატოვა... იგრძნო, რომ თავისუფალი ფრენა შეეძლო და ბედნიერი იყო. მაგრამ მალე ისევ შეეშინდა...
ამ დროს კაცის ხმაც მოესმა:
_ ემა... მშვიდად იყავი, არაფერი არ გემუქრება... ჩემთან არაფერი არ დაგემუქრება... _ კაცის ხმა ისეთი მომაჯადოებელი აღმოჩნდა, რომ ბოლომდე მოდუნდა... სხეული ბედნიერებით გაევსო და გულიც რიტმულად აუძგერდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent