სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ ( 2 )
- დედა იქ დარჩა, დედააა -კივილით მივარდა ელი კარს და მუშტები დაუშინა, -გააღე, ახლავე გააღე, იქ დედა დარჩა არ გესმის? -გულამომჯდარი მიყვიროდა და საკეტს ეჯაჯგურებოდა, ვიცოდი რომ ვერ გააღებდა, ვიცოდი კიდეც რომ გაეღო კარს იქით აღარაფერი დახვდებოდა, ვიცოდი ახლა რასაც გრძნობდა, უბრალოდ ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა, ბეტონის იატაკზე ვიჯექი ნაწყვეტ-ნაწყვეტად ვსუნთქავდი და ვცდილობდი საღი გონებით მეფიქრა იმ ყველაფერზე რაც მოხდა თუმცა სულ ცოტა მაკლდა და ალბათ ჭკუიდან შევიშლებოდი, როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფერზე საღი გონებით ფიქრი, საკუთარი თვალით დავინახე როგორ დაიღუპა რუბი, როგორ დაიფერფლა ელის დედა, ახლა კი ვირთხასავით ვუყავი ამ ბუნკერში გამოკეტილი და კაცმა არ იცის როდის ამომხდებოდა სული... - ვაი, ხელი დამეწვა, -საცოდავად იკივლა ელიმ და მაშინღა მივაქციე ყურადღება, მძიმედ წამოვდექი და კართან მივედი, ხელშეუხებლადაც ვიგრძენი სიმხურვალე რომელსაც გამოსცემდა, მეტალი გავარვარებული იყო და თვალსაჩინოდ ჩანდა როგორ იცვლიდა ფორმას, ნელ-ნელა იბერებოდა და შიგზით იზნიქებოდა, გამახსენდა ცოტა ხნის წინ როგორ გასკდა კიბის თავში მდებარე კარი... - მოდი ჩემთან, -ელის ხელი დავავლე და უკან დავქაჩე. - გამიშვი, იქ დედაა, გარეთ უნდა გავიდე, -მიყვირა და მკლავზე ისეთი ძალით ჩამაფრინდა ფრჩხილების კვალი დამიტოვა, გაუაზრებლად მოვიქნიე გაშლილი ხელი, გაოცებული შედგა, ერთხანს უხმოდ მიყურებდა ცრემლჩამდგარი მწვანე თვალებით, მერე აწითლებულ ლოყაზე მიიდო ხელისგული, თავი ჩაღუნა, ფეხათრევით მივიდა ერთ-ერთ კედელთან, იატაკზე ჩაჯდა და ბეჭებით მიეყრდნო კედელს, ისეთი პატარა ჩანდა, ისეთი სუსტი, ისეთი უმწეო... თავი საშინლად ვიგრძენი თუმცა სულ რაღაც რამდენიმე წამით, ახლა ვეღარაფერზე ვფიქრობდი გარდა იმისა რომ ცოტა ხანში შესაძლებელი იყო ეს კარიც გამსკდარიყო და მაშინ... ჩვენ... მაშინ უკვე საფიქრალიც აღარაფერი იქნებოდა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი ასე გაშეშებული, რამდენიმე წუთი? იქნებ რამდენიმე საათი? ბოლოს როცა მივხვდი რომ კარი ფორმას აღარ იცვლიდა გავბედე და მივუახლოვდი, ისევ ცხელი იყო ოღონდ არც იმდენად როგორც ცოტა ხნის წინ, რაც არ უნდა მომხდარიყო აშკარა იყო რომ დამთავრდა და ჩვენ გადავრჩით, ახლა ერთი რამღა დაგვრჩენოდა, უნდა დავლოდებოდით როდის მოვიდოდნენ ჩვენს გადასარჩენად, ანდა უბრალოდ კარს გავაღებდით როგორც კი გაცივდებოდა და ხელის შეხება შესაძლებელი იქნებოდა და გარეთ გავიდოდით, ელის მივუახლოვდი და მის გვერდით დავჯექი... - მაპატიე რომ დაგარტყი, -ჩემი ჩახლეჩილი ხმა თვითონაც ძლივს ვიცანი, თავი ასწია და აწყლიანებული თვალებით ამომხედა, მისმა უსაყვედურო მზერამ კიდევ ერთხელ მაგრძნობინა თავი საშინელ ადამიანად. - დედა? -მკითხა ათრთოლებული ტუჩებით. - ვწუხვარ, -ვუპასუხე და როცა დავინახე როგორ ჩაქრა მის თვალებში ოდნავ მბჟუტავი იმედის ნაპერწკლები, გონებაში ჩემი თავი უშვერი სიტყვებით შევამკე იმის გამო რომ ასეთი დაუფიქრებელი ვიყავი. მხრები აუცახცახდა, თავის შეკავება სცადა მაგრამ არ გამოუვიდა, მთელი ხმით აღრიალდა, მუჭებით იწმენდდა ცრემლებს და ცხვირიდან ჩამომავალ სისველეს, არაფერი გამიკეთებია, ვაცადე რომ ემოციებისგან დაცლილიყო, ბოლოს ტირილისგან დაღლილს მოვხვიე ხელი და მივიხუტე, მუხლებზე ამომაცოცდა, ორივე ხელი კისერზე შემომხვია და ჩამეხუტა, ჩემს თმებში რომ ჩარგო ცრემლებისგან სულ მთლად სველი სახე, მეც ვეღარ შევიკავე თავი და ავტირდი, ვტიროდი უხმოდ, ცრემლები თავისთავად უკითხავად ჩამოდიოდნენ სახეზე და ყელს და გულისპირს მისველებდნენ, ასე ჩახუტებულებს ჩაგვეძინა. თვალები გავახილე და ჩემს ძველისძველ საათს დავხედე, ვეცადე ხელები გამემოძრავებინა მაგრამ სულ ტყუილად, ექვსი საათი იყო გასული მას შემდეგ რაც ჩაგვეძინა, ცივ ბეტონზე გაუნძრევლად ჯდომამ თავისი ქნა და ახლა გაყინული და გაშეშებული ვიყავი, ფრთხილად შევაღვიძე ელი რომელსაც მშვიდად ეძინა ჩემს მუხლებზე მოთავსებულს, ისეთი თვალებით შემომხედა და ისე მიმოიხედა ირგვლივ მივხვდი რომ ის რაც მოხდა სიზმარი ეგონა, როგორც კი გაითავისა რომ ყველაფერო სინამდვილე იყო ისევ ასლუკუნდა. - ნუ ტირი პატარავ, აღარ იტირო კარგი? -თმაზე მოვეფერე, წამოვაყენე და გაჭირვებით წამოვდექი მასთან ერთად, -დამშვიდდი, აღარ იტირო, ახლა ვეცდებით რომ აქედან გავიდეთ, -კართან მივედი და შევამოწმე, ცივი იყო შეგვეძლო გახსნა გვეცადა მაგრამ რა დაგვხვდებოდა გარეთ? რამდენად ჭკვიანური იქნებოდა ახლა ამ კარის გაღება? ჩემი ტვინი გამალებით მუშაობდა, ვფიქრობდი იმაზე თუ რა უნდა მომხდარიყო, ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური ვერსია ატომური აფეთქება იყო, მაგრამ თუ ატომური აფეთქება მოხდა რამდენად იყო შესაძლებელი თუნდაც ის რომ ამ ბუნკერში ჯერ ისევ გვქონოდა ელექტრო ენერგია, სავენტილაციო სისტემაც მუშაობდა, იქნებ ამ ყველაფერს გენერატორი ამუშავებს? იმ მილიონერს თუ ეს ყველაფერი ატომური აფეთქებისგან თავდასაცავად ჰქონდა აშენებული ალბათ სავენტილაციო სისტემას ფილტრებიც აქვს... აქ ყველანაირად დაცულები ვართ, არ ვიცით რისგან ან როდემდე მაგრამ... - რაზე ფიქრობ? -ელი ამომიდგა გვერდით და მაისურზე დამქაჩა, ჩაფიქრებულმა დავხედე არსებას რომელსაც ახლა მხოლოდ მე ვყავდი და მხოლოდ ჩემი იმედი ჰქონდა. - იმაზე ვფიქრობ უნდა გავაღოთ თუ არა ეს კარი. - რომ არ გავაღოთ ესე იგი აქ უნდა დავრჩეთ? -ისევ სატირლად მობრიცა ტუჩები, უნდა მეცადა, ბოლოს და ბოლოს რა მნიშვნელობა ჰქონდა ახლა მოვკვდებოდი თუ რამდენიმე დღის ან წლის შემდეგ, რა აზრი ჰქონდა, შეიძლება უდიდეს შეცდომას ვუშვებდი მაგრამ მაინც უნდა მეცადა, სახელურს მოვეჭიდე, გადავატრიალე და ჩამოვწიე, ძვრა ვერ ვუყავი, კიდევ ერთხელ ვცადე, მერე კიდევ ერთხელ... გამწარებულმა მივარტყი ფეხი და მთელი ხმით ვიყვირე. - არ იღება, დეფორმირებულია, წასულია ჩვენი საქმე, -აღმომხდა და ფეხებში ძალა გამოცლილი იქვე ჩავჯექი. - რა თქვი? ვერაფერი ვერ გავიგე, -ელი ცნობისმოყვარეობით სავსე თვალებით მიყურებდა, დაბნეულმა შევხედე. - რა ვერ გაიგე? - ცოტა ხნის წინ რაღაც თქვი სხვა ენაზე. - აა ჰო, ეტყობა ქართულად ვთქვი, ეს ჩემი მშობლიური ენაა, იმას ვამბობდი რომ კარი არ იღება, დეფორმირებულია, მოგვიწევს აქ დავრჩეთ და დაველოდოთ როდის მოვა ვინმე ჩვენს გადასარჩენად. - მალე მოვლენ? - მალე მოვლენ, -ნაძალადევად გავუღიმე და წამოვდექი, რაკი ლოდინი მოგვიწევდა მაშინ აქაურობა უნდა შემესწავლა, რამე უნდა გამეკეთებინა რომ იმ ყველაფერზე არ მეფიქრა რაც ვნახე თორემ შევიშლებოდი, იქნებ ამ ბუნკერის შესწავლისას გარე სამყაროსთან დაკავშირების რამე გზაც მეპოვნა. - ტელეფონი მაინც მქონდეს, -ჩავილაპარაკე და მართლა ძალიან ვინანე რომ დედაჩემთან ჩხუბის შემდეგ კედელზე მივაფშვენი, ახლა რომ მქონოდა, იქნებ დარეკვა მეცადა. - მე მაქვს ტელეფონი, -ელმა ჯიბიდან ვარდისფერი ბრჭყვიალა ნახატებით მორთული ტელეფონი ამოაძვრინა და გამომიწოდა. - 911-ზე დარეკავ? - ჰო რათქმაუნდა პირველ რიგში სწორედ მათ დავურეკავ ვეტყვი სადაც ვართ და მოვლენ, -ჩამოვართვი და ეკრანს დავხედე, გამიკვირდა როცა დავინახე რომ მიღება ჰქონდა თუმცა რა იყო გასაკვირი, მიწისქვეშ ბუნკერში ვიყავით სადაც ასეთი საშინელი აფეთქების მიუხედავად ელექტრო ენერგია გვქონდა და ვენტილაცია მუშაობდა რა იყო გასაკვირი იმაში რომ ტელეფონსაც ემუშავა, ის იყო ნომერი უნდა ამეკრიბა რომ ჩემი სამაჯური მომხვდა თვალში და ისე ავკრიბე რატის ნომერი 911-ის მაგივრად ვერც მივხვდი, რამდენიმე წამს სუნთქვაშეკრული ველოდი როდის გავიდოდა ზარი... - გისმენთ, -ნაცნობი ხმა რომ მომესმა გავშრი და ერთი სიტყვაც ვერ ვთქვი. - გისმენთ, -გაიმეორა და პასუხი რომ ვერ მიიღო, უშვერად შეიგინა ქართულად, -უკვე ეს ტელეფონიც აღარ მუშაობს, ამის დედაც, -გულმოსულმა ჩაიბურტყუნა. - რატი მირა ვარ, -როგორც იქნა მოვახერხე ხმის ამოღება. - მირა? მირა ღმერთო ჩემო, შენ ცოცხალი ხარ, კარგად ხარ... - კარგად ვარ... - სად ხარ? დარეკვა როგორ მოახერხე? -გაოცებული ხმა ჰქონდა, შეშფოთებული და შეიძლებოდა მე მეჩვენებოდა ასე მაგრამ გახარებულიც. - რას ნიშნავს როგორ მოვახერხე? არ გახსოვს? თვითონ მომეცი ტელეფონის ნომერი. - ამას არ ვგულისხმობ მირა, შენ რა არ იცი რა მოხდა? იცი რომ ახლა ეს საუბარი სასწაულს უდრის, არაფერი აღარ მუშაობს... ყველაფერს ბლოკავენ... - არ ვიცი რა მოხდა, ქალაქგარეთ ვიყავით, მეგობრებს ვეხმარებოდი ჰუმანიტარული ტვირთის განაწილებაში, მერე რაღაც აფეთქდა და... ყველა დაიღუპა რატი გესმის? ჩემი თვალით ვნახე როგორ დაიფერფლენ ჩემი მეგობრები და ნაცნობები... -ძლივს შეკავებული ცრემლების და ემოციების გამო ყელში რაღაც მომაწვა და ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ცოტაც და გავიგუდებოდი. - როგორ გადარჩი? -ისეთი ხმა ჰქონდა წარმოვიდგინე როგორი მოღუშული და დაძაბული იყო, როგორ აბრიალებდა იმ ლამაზ შავ თვალებს... - ბომბებისგან თავდასაცავ ბუნკერში ვარ პატარა გოგონასთან ერთად ჩაკეტილი, ბუნკერი იმ შენობის ქვემოთ იყო საიდანაც ჰუმანიტარული ტვირთის განაწილება ხდებოდა, ახლა კარის გაღება ვცადე მაგრამ... - არ გაბედო და გარეთ არ გამოხვიდე, -ისეთი ხმით იყვირა ტანში გამცრა, შენ წარმოდგენაც არ გაქვს რა ხდება ახლა გარეთ, მთელი მსოფლიო შეიშალა, რომ გამოხვიდე დაიღუპები, ვერ გადარჩები მირა, მანდ დარჩი, კარი არ გააღო და არც იფიქრო რომ პოლიციას ან სამაშველოს დაურეკო... - კი მაგრამ... - არავის ენდო მირა, არსად დარეკო, ვიცი სადაც არის ის ადგილი რომელიც შენ აღმიწერე, მე მოგაკითხავ, გპირდები აუცილებლად მოვალ, გესმის ჩემი? მირა... მირა.... ხმა გაითიშა, კავშირი გაწყდა, ერთხანს ისტერიულად ვცდილობდი დარეკვას, სხვადასხვა ნომერს ვკრებდი, ჩემს მეგობრებთან დავრეკე, დედაჩემთანაც კი, ბოლოს როგორც იქნა მივხვდი რომ ტელეფონი უბრალოდ აღარ მუშაობდა, არ მინდოდა იმაზე მეფიქრა რომ... ჯანდაბა, რატიმ თქვა რომ მთელი მსოფლიო შეიშალა, ეს იმას ნიშნავდა რომ მხოლოდ აქ არ მომხდარა ასეთი რამ, იქნებ საქართველოშიც... - დამშვიდდი, მირა, დამშვიდდი, -საკუთარ თავს ხმამაღლა მივმართე, -რატი შეგპირდა რომ მოვიდოდა, მოვა, აუცილებლად მოვა, მოვა... - რა ხდება? ვერ გავიგე რას ლაპარაკობდით? მოვლენ ჩვენს გადასარჩენად? -ელი იმედით სავსე თვალებით შემომცქეროდა. - მოვლენ, რათქმაუნდა მოვლენ, -ხელები გავშალე რომ გულში ჩამეკრა და მასაც არ დაუყოვნებია, მაშინვე კისერზე ჩამომეკიდა, მაგრად შემოვხვიე ხელები გამხდარ ზურგზე და მასთან ერთად წამოვდექი, ნელ-ნელა ვიწყებდი იმის გაცნობიერებას თუ რამდენად იღბლიანი ვიყავი რომ ამ სარკოფაგში მარტო არ მომიწევდა ყოფნა, ცოტა არ იყოს ეგოისტურად ჟღერს არა? აქ მარტო ყოფნა გამაგიჟებდა ახლა კი ერთმანეთი გვყავდა, სიცოცხლისთვის და არსებობისთვის მიზეზი მქონდა, ამ პატარაზე უნდა მეზრუნა. - ახლა რა უნდა გავაკეთოთ მირა? -ტირილისგან ჩახლეჩილი ხმით მკითხა და მაისურის სახელოთი მოიწმინდა აწითლებული ცხვირი. - ახლა მე და შენ უნდა ვითამაშოთ, -მის წინ ჩავიმუხლე, მთელი ძალა მოვიკრიბე და შეძლებისდაგვარად მხიარულად ჩავუკარი თვალი. - რა უნდა ვითამაშოთ, -იმით გაკვირვებულმა შემომხედა რომ მე ზრდასრული და ჭკუადამჯდარი ადამიანი ასეთ სიტუაციაში თამაშზე ვფიქრობდი. - მე და შენ მკვლევარები ვიქნებით. - ეს რას ნიშნავს? - ეს იმას ნიშნავს რომ აქაურობა უნდა გამოვიკვლიოთ, იმ კარს ხომ ხედავ? -კედელში ჩატანებულ რკინის კარზე მივუთითე, -იმ კარის მიღმა უამრავი რაღაც არის გამოსაკვლევი. - მაინც რა? -ცნობისმოყვარეობისგან თვალები გაუფართოვდა და ადგილზე აცმუკდა, -მაინც რა არის ბავშვობა, აღარც კი ახსოვდა რა მდგომარეობაში ვიყავით და მე ძალიან მიხაროდა რომ თუნდაც რამდენიმე წუთით მისთვის ამის დავიწყება შევძელი. - რა არის იქ? -ვერ ისვენებდა. - მეც არ ვიცი რა არის, ზუსტად ამიტომ მჭირდება შენი დახმარება? -ხელი ჩავჭიდე და კართან მივიყვანე, -სანამ თამაშს დავიწყებთ წესები უნდა გაგაცნო, ვინც უფრო მეტ საინტერესო რაღაცას იპოვის გამარჯვებულიც ის იქნება, შევთანხმდით? -ხელი გავუწოდე და მანაც თავისი პატარა ხელისგული დაარტყა, ღრმად ამოვისუნთქე და სახელური დაბლა ჩამოვწიე... - დაკეტილია, -ჩავილაპარაკე და ელის გადავხედე რომელიც მოუთმენლად შემომყურებდა, -არა რა როგორ ვიფიქრე რომ ღია იქნებოდა, ამის ბედი ვინ მომცა, უიღბლობაც ასეთი უნდა, -საკეტის გვერდით კედელზე მიმაგრებულ ეკრანს ხელი გამწარებულმა დავცხე. - შესასვლელად კოდია საჭირო, -მშვიდად ჩაილაპარაკა ელიმ. - მართლა? შენ რომ არ გეთქვა ისე როგორ მივხვდებოდი, -გაბოროტებულმა ქართულად ჩავიბურტყუნე და მერეღა გავაცნობიერე რაც მითხრა. - მოიცადე, შენ საიდან იცი კოდის შესახებ? - რამდენჯერმე მინახავს დედა როგორ აღებდა ხოლმე კარს, -დედამისი ახსენა თუ არა სახე შეეცვალა, ვხედავდი ეს ერთი ციდა ბავშვი როგორ ცდილობდა თავის ხელში აყვანას და ბოლოს გამოუვიდა კიდეც, მშვიდად შემომხედა და გამიღიმა კიდეც, რატომღაც შემრცხვა იმის რომ ამ მომენტში ის ჩემზე ძლიერი იყო, არადა მე უნდა დამეცვა ის, მე უნდა გამემხნევებინა... - გავაღო? -მკითხა და ეკრანის დამცავი მინა გადმოხსნა, უხმოდ დავუქნიე თავი, სწრაფად აკრიბა ექვსციფრიანი კომბინაცია, რაღაც გატკაცუნდა და ნათურა რომელიც აქამდე წითლად ციმციმებდა გამწვანდა. - ყოჩაღ, კარგი მეხსიერება გქონია, -გულწრფელად შევაქე და მანაც ასეთივე გულწრფელი ღიმილი დამიბრუნა უკან, კარი გავაღე, შევედით თუ არა განათება ჩაირთო, ნაცრისფრად შეღებილი დერეფნის ორივე მხარეს ყავისფერ კარიანი ოთახები იყო ჩარიგებული, ახლა ისღა დაგვრჩენოდა რიგრიგობით ყველა მათგანში შევსულიყავით და დაგვეთვალიერებინა, დაახლოებით ნახევარ საათში უკვე ყველა ოთახი დათვალიერებული გვქონდა, დერეფნის ცალ მხარეს სამუშაო ოთახი რომლის ყველა კედელი წიგნებით სავსე თაროებით იყო დაფარული, საკმაოდ დიდი სპორტდარბაზი, საცურაო აუზი, აბაზანა და სამედიცინო ოთახი იყო ჩარიგებული, მეორე მხარეს კი ორი საძინებელი, სამზარეულო, საწყობი რომელიც იმდენი რამით იყო სავსე ალბათ ერთი კვირა ვერ მოვრჩებოდით დათვალიერებას და იარაღით სავსე უზარმაზარი დარბაზი იყო მოთავსებული, ყველაზე მეტად სწორედ ამ დარბაზმა დაგვაინტერესა, რომლის ერთი კედელი სხვადასხვა იარაღით სავსე თაროებით იყო დაფარული, დანარჩენი ადგილი კი სხვადასხვა სანიშნეებს და საბრძოლო მოწყობილობებს ეკავა. - შეიძლება რომ ვისროლო? -ელი აღფრთოვანებული უსვამდა ხელს კედელზე ჩამოკიდებულ მშვილდს რომლის გვერდითაც ისრებით სავსე კაპარჭი ეკიდა. - ხელი არაფერს ახლო, ეს იარაღია და საშენო არ არის გესმის? -ცოტა არ იყოს უხეშად გამომივიდა, ტუჩებგაბუსხულმა გამომხედა და თვალები აუცრემლიანდა. - მინდა ქეთნისივით კარგად ვიცოდე ისრის სროლა, -ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა და კიდევ ერთხელ გააპარა მზერა მშვილდისკენ. - კარგი, რაკი ასეა საქმე შეგვიძლია ვცადოთ, -ვუთხარი და გამეღიმა როცა მისი გახარებული სახე დავინახე, -ქეთნისივით კარგი არ ვარ ამ საქმეში მაგრამ რაც ვიცი გასწავლი. - იცი ვის ვგულისხმობ? შენც გიყვარს შიმშილის თამაშები? - აბა რა, ძალიან მიყვარს. - მაგარია, შეგვიძლია დანის სროლაშიც ვივარჯიშოთ და ჩხუბშიც, -მთელი ძალით გამოექანა და წელზე მომეხვია, როგორც კი ჩვენს შორის რაღაც საერთო იპოვა მაშინვე გამითამამდა. - მშია, -მორცხვად ჩაილაპარაკა და მომშორდა, -შიმშილით ვკვდები. - ახლაღა გამახსენდა რომ უკვე კარგა ხანი იყო არაფერი გვეჭამა და დაგველია, შიმშილმა მთელი ძალით შემომიტია და მუცელი უსიამოვნოდ შემეკუმშა, დაღლილობაც რატომღაც ახლა ვიგრძენი, ახლა არჩევანის გაკეთების საშუალება თუ მომეცემოდა ძილს ავირჩევდი, მაგრამ მარტო არ ვიყავი ელიზე უნდა მეფიქრა მას საჭმელი სჭირდებოდა... - წამოდი, ვნახოთ რისი გაკეთება შეგვიძლია, -ხელი ჩავკიდე და თან გავიყოლე, ცოტა ხანში სამზარეულოში ვიჯექით, წინ შვრიის ფაფა და წყალი გვედო და უგემურად ვილუკმებოდით. - ახლა ეს ვჭამოთ და მერე სხვა რამეს გავაკეთებ, საწყობიდან კონსერვები გამოვიტანოთ, შეგვიძლია ლობიო გავაკეთოთ ან სოკო შევწვათ, ფქვილიც შევამჩნიე და შაქარიც, შეგვიძლია კრეპები... - საჭმელზე ნუ დარდობ მირა, მე შვრიაც მიყვარს, -საუბარი შემაწყვეტინა, კიდევ ერთი კოვზი გადასანსლა და გამიღიმა, აშკარად მიხვდა როგორ ვნერვიულობდი რომ სხვა ვერაფრის გაკეთება ვერ მოვახერხე, ეს პატარა გოგო ნამდვილი სასწაული იყო, უთქმელად ესმოდა ჩემი. ჭამას როგორც კი მოვრჩი აბაზანაში შევიყვანე, კიდევ ერთხელ გამაკვირვა იმან რომ წყალი გვქონდა თანაც თბილი, უზარმაზარი აბაზანის ერთ კედელზე გაყოლებული კარადა პირსახოცებით და ხალათებით იყო სავსე, ორივემ ერთად მივიღეთ შხაპი, თავზე პირსახოც შემოხვეულები გამოვედით დერეფანში. - შეგიძლია შენ აირჩიო რომელი საძინებელი გინდა, -ორ ერთმანეთის გვერდით მდებარე კარზე მივუთითე. - შეიძლება რომ ერთად დავიძინოთ? -ისეთი საცოდავი ხმით მკითხა თავი ვერ შევიკავე რომ არ ჩავხუტებოდი, -რათქმაუნდა შეიძლება საყვარელო, რაკი ერთად უნდა დავიძინოთ მოდი ის საძინებელი ავარჩიოთ სადაც უფრო დიდი საწოლი დგას კარგი? - კარგი? -გახარებულმა დამიქნია თავი. ასე აღმოვჩნდით მე და ელი იმ მილიონერის საძინებელში რომელმაც ეს თავშესაფარი ააშენა და რომელიც შეშლილად მიმაჩნდა როცა რუბი მიყვებოდა მის შესახებ, მაგრამ იმაში რომ სულაც არ ყოფილა შეშლილი სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ მშვენივრად დავრწმუნდი, მისი საძინებელი რომ იყო იმით მივხვდით რომ კარადები მამაკაცის ნივთებით, სამოსით, პიჟამოებით და საცვლებით იყო სავსე, მაშინვე მივხვდი რომ მეორე საძინებელში ვიპოვიდით იმას რაც გვჭირდებოდა და არც შევმცდარვართ, ეს საძინებელი აშკარად მისი ქალიშვილისთვის იყო განკუთვნილი, კომოდის უჯრებიდან პიჟამოები ამოვალაგეთ და გამოვიტანეთ. - დღეისთვის ესენი გვეყოფა ხვალ კი შეგვიძლია სხვა რაღაცეებიც გადმოვიტანოთ, -ვარდისფერი პიჟამა მივაწოდე და ხალათი გავიხადე. - ეს ძალიან დიდია, -საცოდავად დახედა რამდენიმე ზომით დიდ საღამურს. - არა უშავს დღეს როგორმე ჩაიცვი ხვალ კი თუ გინდა გადავჭრათ და გადავაკეთოთ. - არ გაგვიბრაზდებიან? - ვინ უნდა გაბრაზდეს? -უცბად ვერ მივუხვდი რისი თქმა უნდოდა. - ეს ხომ ჰელენის საღამურია, ცოტა ბრაზიანია, აქ მომუშავეებს ყოველთვის ეჩხუბებოდა ხოლმე, სულ იმას იძახდა აქაურობა ჩემია და არ გაბედოთ ჩემს ნივთებთან შეხებაო, რომ დავჭრათ და მერე გაბრაზდეს? ჯობია ასე თუ ჩავიცმევ, გავძლებ ცოტა ხანს, მაინც მალე წავალთ აქედან. - ხომ მალე წავალთ მირა, -მკითხა როცა მიხვდა რომ ხმის გაღებას არ ვაპირებდით, თავი დავუქნიე და საბანი გადავწიე რომ ჩავწოლილიყავი... ჩემს მკლავზე თავმიდებულს ჩაეძინა, საშინელი დაღლილობის მიუხედავად თვალი ვერ მოვხუჭე, ვცდილობდი საკუთარი თავი მომეტყუებინა რომ არაფერი უსაშველო არ ხდებოდა, ვცდილობდი გამეღიმა, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, არ მეტირა არ მეყვირა და ნერვებს არ ავყოლოდი, ვცდილობდი არ მეფიქრა იმაზე რაც მოხდა, ჩემი გონება ორად იყო გაყოფილი და ყველანაირად ვცდილობდი რომ რეალურად და საღად მოაზროვნე ნაწილი ცოტა ხნით მაინც დამეთრგუნა, ასეთი გრძნობათა ჭიდილი კი დაძინების და დასვენების საშუალებას არ მაძლევდა, თვალებს ვერ ვხუჭავდი რომ დამეძინა... მთელი სამყაროსგან მოწყვეტილნი ბუნკერში ვიყავით გამოკეტილები, კაცმა არ იცის რა მოხდა გარეთ და აქედან გასვლის შემდეგ რათქმაუნდა თუ გასვლას მოვახერხებდით რა გველოდა, არ ვიცოდი რამდენ ხანს მოგვიწევდა აქ ყოფნა, არ ვიცოდი რამდენი ხნის სამყოფი საკვები და წყალი გვქონდა, არ ვიცოდი კიდევ ერთხელ თუ მოხდებოდა მსგავსი აფეთქება აქაურობა გაუძლებდა თუ არა, არ ვიცოდი როგორ იყვნენ ჩემი მეგობრები საქართველოში, არ ვიცოდი სად და როგორ იყო რატი... ჯანდაბა, ღმერთო ჩემო არაფერი არ ვიცოდი და ეს გაურკვევლობა მანადგურებდა... მშვიდად მძინარეს ფრთხილად გამოვაცალე თავქვეშიდან მკლავი, წამოვდექი, ფეხი რამდენიმე ზომით დიდ ოთახის ჩუსტებში წავყავი და უხმაუროდ გამოვედი დერეფანში, ბარბაცით გავუყევი კედელს, მკერდზე ხელმიჭერილი ძლივს ვსუნთქავდი და ყელში მომდგარი სასოწარკვეთილი კივილის შეკავებას ვცდილობდი, იარაღის დარბაზის კარი გავაღე და საგულდაგულოდ მივხურე ზურგს უკან, განათებამ ახლაც ავტომატურად გაანათა იქაურობა, უკვე ვეღარ ვსუნთქავდი, არ მაინტერესებდა ხმა გავიდოდა თუ არა გარეთ, სავარჯიშო ხალიჩაზე მუხლებით დავეცი და მთელი ხმით ვიყვირე, მერე კიდევ ერთხელ... კიდევ ერთხელ... იქამდე ვყვიროდი ვიდრე ხმა არ ჩამეხლიჩა, იქამდე ვყვიროდი ვიდრე მთელი ძალა არ გამომეცალა და უღონოდ არ დავეცი გულაღმა, ახლა უბრალოდ ვტიროდი, უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყვი რომ ვბღაოდი, გვერდზე გადავბრუნდი, ორად მოვიკეცე და ხელები მუხლებზე შემოვიჭდე, თავი ასე მარტოდ არასოდეს მიგრძვნია, ასე მიტოვებულად, ასე უიმედოდ, რატომ რისი გულისთვის ვებღაუჭებოდი ამ ყველაფერს, რატომ? ღირდა კი ასეთი ცხოვრება? თუ ღირდა რისთვის? - კარგად ხარ მირა? -ნამძინარევი ხმა მომესმა და წამოვჯექი, მუჭით მოვიწმინდე ცრემლები და შევხედე, თავზე თმაგაჩეჩილი ელი მადგა, თვალებს სასაცილოდ ახამხამებდა და საღამურის შარვალს იჭედა ცალი ხელით რომ არ ჩაძვრომოდა. - რატომ ტიროდი მირა? - მე... მე არ ვტიროდი, უბრალოდ... - მატყუებ, ტიროდი, თუ არ ტიროდი თვალები ცრემლიანი რატომ გაქვს? თანაც ხმაც გავიგონე, -ცრემლებისგან სველ ლოყაზე ჩამომისვა პატარა თითები და ჩემს გვერდით ჩაიმუხლა. - შენც გენატრება დედა? -სევდიანი ხმით მკითხა. - არა, არ მენატრება და ეს ძალიან ცუდია, -ნაძალადევი ღიმილით გავაქნიე თავი. - რატომ არ გენატრება? - იმიტომ რომ.. იმიტომ რომ... რა მნიშვნელობა აქვს, -ხელი ჰაერში ავიქნიე და თავი ჩავღუნე. - მაშინ ვინ გენატრება მითხარი. - ახლა უნდა გეძინოს, წადი დაიძინე, -შევეცადე უხეშად მეთქვა მაგრამ რატომღაც არ გამომივიდა. - მითხარი რატომ ტიროდი და წავალ, -ისეთი სახით შემომხედა მაშინვე მივხვდი როგორ ჯიუტ არსებასთანაც მქონდა საქმე. - ერთი ბიჭია რატი ჰქვია და ძალიან მომწონს, -თვითონაც არ ვიცი ახლა და თანაც მასთან თორმეტი წლის ბავშვთან რატომ დავიწყე რატიზე საუბარი. - შენი შეყვარებულია? -თვალები გაუბრწყინდა. - არა, შეყვარებული არ არის. - მას მოსწონხარ? - მგონი კი. - რა კარგია, -პატარა ხელები ერთმანეთს შემოჰკრა და გაიცინა. - მივხვდი, მასზე ფიქრობდი მოგენატრა და იმიტომ ტიროდი? ნუ გეშინია ცოტა ხანში აქედან გავალთ და ნახავ რატის, -საყვარლად მეტიტინებოდა და მამშვიდებდა. - მითხრა რომ აუცილებლად მოვა ჩემთან, -ამოვიოხრე და გაჩეჩილ თმაზე ხელი გადავუსვი. - ლამაზია? მუხლებზე იდაყვით დაეყრდნო, იდაყვზე ნიკაპით და ეშმაკურად აციმციმებული თვალებით შემომხედა, წამსვე თვალწინ წარმომიდგა რატის ულამაზესი შავი თვალები, სახის დახვეწილი ნაკვთები, ვნებიანი ტუჩები, ძლიერი სხეული, გრძელი, თლილი თითები... სუნთქვა შემეკრა და კინაღამ მოვკვდი ისე ძალიან მომინდა მისი ნახვა, მისი შეგრძნება, ჩახუტება... - ძალიან ლამაზია, -ხრინწგარეული ხმით ვუპასუხე. - მეც მყავს შეყვარებული ტედი ჰქვია და ისიც ძალიან ლამაზია, დიდი ცისფერი თვალები აქვს და სკოლაში ყოველთვის მოაქვს ხოლმე ჩემთვის შოკოლადი, -ამაყად გამომიცხადა, -იცი ერთხელ რა მითხრა ტედიმ? ძალიან ძლიერი გოგო ხარ და ამიტომ მომწონხარო, სხვა მტირალა გოგონებს არ ჰგავხარო, დედაც სულ მეუბნებოდა რომ ძლიერი ვარ. - ამიტომ ცდილობ რომ არ იტირო? - ძლიერი გოგონები არ ტირიან მირა, შენც ძლიერი ხარ ამიტომ აღარ იტირო კარგი? ერთად დაველოდოთ რატი როდის მოვა. - დაველოდოთ პატარავ, დაველოდოთ, -მისი მსჯელობით და აზროვნებით გაოგნებულმა ვუპასუხე. - წამოდი რა მეძინება, -წამოდგა და ხელი გამომიწოდა, -ადექი თორემ აქ ასე გაცივდები და ცუდად გახდები, -მუქარით დამიქნია თითი და გასასვლელისკენ წატყაპუნდა, კიდევ ერთხელ გამიელვა თავში რომ ძალიან იღბლიანი ვიყავი, ღიმილით, ნელი ნაბიჯით ავედევნე უკან... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.