შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობა შავი იებით (თავი 12)


23-11-2022, 19:36
ნანახია 598

დილით ემამ გაიღვიძა თუ არა, ლოგინზე წითელი ვარდები დახვდა, გარშემოც სულ ვარდები ეყარა.
_ დილა მშვიდობისა, ემა, _ მიესალმა ერიკი და ტუჩებში აკოცა.
_ რა მაგარიაააა! _ იყვირა ქალმა და ყვავილებზე ხელისგული გადაატარა. _ რააა მაგარიააა! როდის მოასწარი?!
_ ღამე! ისე საყვარლად გეძინაა... ცოტაც და ხელში ჩაგიგდებდი! შემეცოდა ჩემი თავი!
_ რატომ?! _ იკითხა ქალმა და გადაიხარხარა.
_ რომ ბოლომდე ვერ ჩაგიგდე ხელში!
ქალმა მოხვია კისერზე ხელი და კოცნა დაუწყო.
_ ძალიან ლამაზია. მადლობა... _ და მკერდზე მიეკრა.
_ ჰო, მართლა, ჩემს კაბინეტში მოხსენი ის შენი სისულელეები! თანაც დღესვე!
_ გვიან მივალ და მოვხსნი. ჯერ ჩემთან უნდა იყო, ერთად ვისაუზმოდ.
_ არა... _ თქვა ქალმა და კაცს უბიძგა, ლოგინზე მიაგდო. _ მე საჭმელს მოგიმზადებ, დაპირებულ საჭმელს, _ და სამზარეულოში გავიდა.
კაცი უკან მიჰყვა. სამზარეულოში მოფუსფუსე ქალი რომ დაინახა, ჩაეღიმა და დანა გამოართვა ხელიდან, თან უჩურჩულა, ამას მე მივხედავო.
ქალმა გაუღიმა და და დააკვირდა, ერიკი ხახვს როგორ ჭრიდა.
_ როცა რამეს ჭრი, დანას უნდა უყურო, რომ ხელი არ გაიჭრა! _ გაიცინა ემამ, დანა ხელიდან გამოსტაცა და ხახვის მერე ხორცის დაჭრას შეუდგა. ერიკი სკამზე ჩამოჯდა და ქალს თვალი მიადევნა.
_ დღეს უგემრიელესი საჭმელი მექნება, ვატყობ!
ემა კარგა ხანს ათუხთუხებდა ქვაბს. ბოლოს კერძს დაჭრილი მწვანილი მოაყარა და გაზქურა გამორთო.
_ მზადაა. _ თქვა და კერძი ქვაბიანად მაგიდაზე შემოდგა. მერე თითო-თითო ულუფა თეფშებზე გადმოიღო და ერთი ერიკს მიაწოდა.
_ მიირთვი! _ ერიკმა არ გამოართვა თეფში, სამაგიეროდ ქალს წელზე მოავლო ხელი და მიიზიდა.
_ ერიკ, თეფშს გადამაგდებინებ! _ უყვირა კაცს, რომელიც მის სხეულს მიჰკვროდა და კოცნიდა. _ შენი ხელები ჩემს წელს კი არა, კერძს უნდა ეხებოდეს ახლა. მორჩი! ხომ გშიოდა!
ერიკმა ემას თეფში ხელიდან გამოგლიჯა და მაგიდაზე დადო. ქალიც დაჯდა.
_ თუ გაცივდა, გემრიელი აღარ იქნება. ჭამე... _ უთხრა კაცს და თვითონაც ჩაიდო ლუკმა პირში.
კარგა ხანს უსიტყვოდ ილუკმებოდნენ. მერე კაცმა ისევ კოცნით გადაუხადა ქალს მადლობა საჭმლისთვის და წასასვლელად მოემზადნენ. ქალი კისერზე ჩამოეკიდა და თავი მკერდზე მიადო:
_ ერიკ... მიყვარხარ... _ თქვა და მის ტუჩებს დაეწაფა.
კაცმა ხელი მოხვია, კარისკენ კოცნით წაიყვანა, თან უჩურჩულა:
_ კიდევ გამიმეორე...
_ მიყვარხარ... აბა, ისე ხომ არ გამოგყვებოდი ცოლად, უსიყვარულოდ! _ უთხრა ემამ და გაუღიმა, _ მიყვარხარ, მაგრამ ახლა წავედი.
კაცმა ხელი გაუშვა.
_ მოვა დრო, ვერსად გაიქცევი! ვერ გამექცევი!
_ არ მეშინია! _ მიაძახა ემამ და გარეთ გავარდა.
კაცი უკან დაედევნა:
_ მოიცადე, ემა!
_ რა იყო?! _ ქუჩაში გასული ქალი შემოუტრიალდა.
_ მე წაგიყვან!
_ რატომ?! ისევ ჩემი მძღოლი ხარ?!
_ კი! _ უთხრა და მაჯაზე ხელი წაავლო: _ მე წაგიყვან!
_ გაგაცნო?!
_ ის კაცი?!
_ ჰო, რობერტო! რას ერჩი, კარგი ადამიანია!
_ გავიცნობ!
_ მინდა გითხრა, პირველი შთაბეჭდილება შეცდომით ცუდი გრჩება ადამიანზე, ისევე როგორც ჩემზე დაგრჩა!
_ საიდან მოიტანე, რომ შენზე ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა?!
_ მკვლელი გეგონე!
_ ემა... იმ კაცთან მომუშავე ყველა ადამიანი შევისწავლე და გამოვიკვლიე... შენ ერთადერთი იყავი, ვინც გაიქცა და ის ერთადერთიც, ვინც მომეწონა...შენი ფოტოები რომ ვნახე, მაშინვე დამაინტერესა... ბოსტონშიც მოვდიოდი, მაგრამ გავიგე, რომ აქეთ აპირებდი ჩამოსვლას, ამიტომაც დავიცადე, თანაც სახელი და გვარი გქონდა შეცვლილი.
_ იქ რომ ჩამოსულიყავი, მერე?!
_ დაგახრჩობდი ოკეანეში!
_ ძალიან ლამაზი კი არის იქ ოკეანე!
_ შენც ლამაზი ხარ! _ უთხრა და წაეპოტინა. ემამ მოიშორა და მანქანა ყურადღებით ატარეო, გააფრთხილა.
_ მოვედით! _ თქვა კაცმა და გაუცინა. ემა შუბლშეკრული გადავიდა მანქანიდან და შენობაში შეიმალა.
_ აბა, როგორ გეძინა, რობერტო?! _ იკითხა, როცა კაბინეტში შევიდა.
_ მშვენივრად. ისე მშვენივრად, რომ უკვე ვიფიქრე მოდელების განლაგებაზე და კარგიც გამოვა...
_ მაგარია. მე შენი ყოველთვის მჯეროდა, _ შესძახა გახარებულმა და მეგობარს ჩაეხუტა. _ ქალაქს დაგათვალიერებინებ და თან ვჭამოთ რამე.
_ კამილამ უკვე მომართვა გემრიელი საუზმე, _ თქვა კაცმა და ემასთან ერთად ლიფტში შევიდა. დაბლა ჩავიდნენ.
_ გაიცანით ერთმანეთი. ეს ერიკია, ეს კი ჩემი მეგობარი რობერტო, _ კაცები ერთმანეთს გააცნო ემამ.
_ აჰ, ესაა ის კაცი, ვინაც შენი თავი წაგვართვა?! _ იკითხა რობერტომ და ორივეს გაუღიმა.
ემამაც გაიცინა და ერიკიც აჰყვა:
_ მე ვარ ის, ვინც ამ ქალის გული მოინადირა, _ მიუგო ერიკმა და ქალს ხელი მოხვია წელზე.
მერე სამივენი მანქანაში ჩასხდნენ, ქუჩებში გაისეირნეს და ლამაზი ხედებით დატკბნენ.
ერიკმა ცოტა ხნის მერე ისინი ერთად დატოვა, მაგრამ თვალთვალი არ შეუწყვეტია.
კარგა ხნის შემდეგ კვლავ ოფისში დაბრუნდნენ. რობერტომ თავისი საბოლოო გეგმა გააცნო ემას. ისევ იჩხუბეს და იკამათეს. ბოლოს, როგორც იქნა, შეთანხმდნენ.
რობერტო მართლაც ორ დღეში გაემგზავრა, რათა კედლების ნიმუშები გაემზადებინა და ჩამოეტანა.
ემა გახარებული იყო, ისეთი გამოდიოდა პირველი და მეორე სართული, როგორიც მას ჰქონდა ჩაფიქრებული...
_ ემა! მე სულ დაგავიწყდი! რამდენჯერ დავრეკე, დაგიმესიჯე, მაგრამ მაინც არ შემეხმიანე! _ ერიკი მის კაბინეტში შევარდა.
_ როცა შენს მიკროფონებს მოაშორებ აქედან, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ!
ერიკმა ყველგან მოხსნა მიკროფონები და ემას მაგიდაზე დაუყარა.
ემამ შეხედა:
_ მე ჩემი სიტყვა არ მავიწყდება და არც შენ დამვიწყებიხარ ჯერ!
_ ვერც დამივიწყებ, რომც ეცადო! _ ქალი თავისკენ მიიზიდა. მოულოდნელად დააკაკუნეს.
_ ჯანდაბა! _ იყვირა ერიკმა და ქალს მოსცილდა.
_ მობრძანდით.
_ მაპატიეთ, ქალბატონო, ქეტრინის გამოგზავნილი დოკუმენტები მოიტანეს.
_ მადლობა, კამილა, _ უთხრა მდივანს და ქაღალდები გამოართვა. ერიკმა გამოგლიჯა ისინი და მაგიდაზე დააგდო.
_ სულ ასე უნდა შემაწყვეტინონ ხოლმე?!
ემას გაეცინა.
_ და ვინ გითხრა, გაჩერდიო?!
კაცმა ხელი მოხვია და ყელზე დაეწაფა.
_ კარი ღიაა, ერიკ... _ დაიჩურჩულა ემამ.
კაცმა სწრაფად ჩაკეტა კარი და ისევ ქალს მიეჭრა.
_ კარი სულ ღია რომც იყოს, არასდროს შემაწყვეტინო შენი მოფერება! _ თქვა და ემას შეხედა. მის თვალებში უსაზღვრო სითბო ამოიკითხა და გახელებულმა მთელი სხეული დაუკოცნა... ქალს სიამოვნებისაგან შეაჟრჟოლა და კაცს მოდუნებული მზერით ახედა.
_ მიყვარხარ... მიყვარხარ, ემა... ახლა კი ჯობს, წავიდე... _ თქვა ბოლოს კაცმა, მაგიდაზე დაყრილ თავის ნივთებს დასწვდა და ქალს გაუღიმა, დროებითო, უთხრა და გავიდა.
***
ერიკი ლოგინზე წამოწვა. ქალის სითბოზე ფიქრობდა და ქალის კოცნით თითქოს თავიდან ძღებოდა... რამდენიმე ხანში მარტომ ისადილა, მერე სახლი მიალაგა თავისი ჭკუით და ემას ნომრის გასაღების ასლი ამოიღო ჯიბიდან.
უკვე გვიანი იყო. ემას დაურეკა და ჰკითხა, სად იყო, მერე მაშინვე დატოვა სახლი და მასთან წავიდა.
ემამ სამ კონვერტში გაანაწილა ფოტოები, ჩანთაში ჩაიდო, დაემშვიდობა დაცვას და სასტუმროსკენ გასწია. ნომერში შევიდა, შუქი აანთო. თავის ოთახშიც შედგა ფეხი და შუქის ჩამრთველს მიაჭირა თითი, მაგრამ სინათლე არ აინთო.
_ ჯანდაბა! რა მოხდა?! _ წამოიძახა და ტელეფონს დასწვდა გასანათებლად. ამ დროს კაცის ხმა მოესმა:
_ მომენატრე! _ და ქალს ხელი წაავლო. ემამ იკივლა და დაუყვირა:
_ ერიკ! შენ გამორთე სინათლე?!
_ კი...
_ რატომ?!
_ შუქი მოვა! თუ ჩანთებს ჩაალაგებ!
_ მერე?!
_ ჩემს სახლში წამოხვალ!
_ ჯერ არა!
_ მაშინ შუქი არ გექნება! არც აბაზანაში!
_ ერიკ! ერიკ! _ ეძახოდა მამაკაცს, მაგრამ ის ხმას არ სცემდა.
ემამ ბარგი ჩაალაგა და ერიკთან გადაბარგდა.
***
ემა კონვერტით ხელში კაცისკენ დაიძრა. კაცმა გახსნა თუ არა, ბედნიერმა აკოცა ქალს და ისევ ფოტოებს მიუბრუნდა, ყველა დაათვალიერა და ქალი კედელთან მიიმწყვდია:
_ ეს გემიდან გადაგვიღე?! _ ქალმა თავი დაუქნია.
_ კარგი სიურპრიზია, მადლობა... _ თქვა კაცმა და ქალს აკოცა. კონვერტები დადო და ისევ წაიკითხა ყდაზე წარწერა _ და-ძმის სახელები. მერე ქალი ხელში აიყვანა, ლოგინზე მიაწვინა და ჩურჩულით შესთავაზა, თუ გშია, რამეს მოგიტანო. ქალი დაეთანხმა. ერიკი გავიდა და სამზარეულოდან მალევე სავსე ლანგრით დაბრუნდა.
_ აბა, ამოალაგე ახლა შენი ტანსაცმელი, გარდერობი უკვე მზადაა! თუ არ მოგწონს, ხვალვე ახალს ვიყიდი, რომელიც მოგეწონება.
ქალმა ოთახს თვალი მოავლო:
_ კარგი ოთახია, გარდერობიც მომწონს, დიდია და ნორმალური, მაგრამ რად უნდა ამოლაგება, იქნებ არ მოგყვები ცოლად... _ გაიხუმრა, მაგრამ ნივთების ამოლაგება მაშინვე დაიწყო.
ერთიმეორის მიყოლებით ამოჰქონდა ჩანთებიდან კაბები, მაისურები, შარვლები, შორტები, პალტოები, სვიტრები, რომლებიც სათითაოდ დაახარისხა და გარდერობში მიუჩინა ადგილი. მერე კაცს მიუბრუნდა, რომელიც ღიმილით ადევნებდა თვალს მის საქმიანობას.
_ ესენი მოვრჩი... _ თქვა ემამ და დოინჯი შემოიყარა, _ მაგრამ სად წავიღო სუნამოები, სამკაულები და სახატავი რაღაცები?!
_ ეს ამდენი რამე ჩანთაში გაქვს კიდევ?!
_ ხოო!
_ ეს სარკიანი უჯრები სულ შენია და ყველაფერი ჩაგეტევა, _ უთხრა ერიკმა და ცარიელი უჯრები გამოუღო.
ქალი სკამზე დაჯდა, რამდენიმე სუნამო ამოიღო და დაალაგა. შემდეგ წამოდგა სამკაულების ასაღებად და ისევ დაჯდა.
_ მე მოგიტან, რა მოგიტანო?! _ იკითხა კაცმა და ჩანთისკენ დაიხარა.
_ ისევ სამკაულების კოლოფი! _ თქვა ემამ.
ერიკი ქალს აწოდებდა, რასაც ეტყოდა და ისიც თავის გემოვნებით უჯრებში ალაგებდა. მალევე ჩაალაგა: სუნამოები, სამკაულები, სათვალეები, თმის სამაგრები და უჯრები მიხურა. მერე საღებავები და სამხატვრო ნივთები ბოლო ორ უჯრაში გაანაწილა და დაკეტა.
_ დღეს მოვრჩი! მადლობა... _ თქვა და წამოდგა.
_ ბარემ ბოლომდე ამოალაგე და ამ ჩანთებსაც შევინახავთ! _ ურჩია ერიკმა და ქალის ჩანთისკენ დაიხარა. ფეხსაცმელები დაინახა და ქალს მიუბრუნდა: _ რომელი ფერის გნებავს ჯერ?!
_ ერიკ! მორჩი საუბარს და შავები მომაწოდე! _ უთხრა და გარდერობის წინ დაჯდა ფეხმოკეცილი.
მამაკაცმა შავის ნაცვლად თეთრი მიაწოდა და ქალმაც არ დაახანა:
_ დალტონიკი ხარ?!
_ რა თქვი?! _ ისე იყვირა კაცმა, რომ ქალი შეხტა.
კაცმა ხელი მოხვია, თავზე აკოცა და თვალებში ჩახედა:
_ საიდუმლო ხარ! _ მერე გასაღებს დაავლო ხელი, _ არაფერი მიალაგო, სანამ არ მოვალ! _ თქვა მკაცრად და გარეთ გავარდა.
ერიკმა სამსახურში მიირბინა, მკვლელობის საქმის ჩანაწერები გამოართვა ფრანკოს და მისი კაბინეტი დაიკავა. სწრაფად გადახედა ყველაფერს და სულ რაღაც ერთმა სიტყვამ მიახვედრა მკვლელობის საიდუმლოს. როცა მუშაობა დაამთავრა, მასალები ფრანკოს დაუბრუნა და სახლისკენ გაბრუნდა.
სახლში შესულმა ქალს უცბად მოხვია ხელები და თვალებში ჩახედა. ჩახედა და თითქოს მიხვდა... მიხვდა ყველაფერს, წამის წინ აწყობილი გამოძიების მასალები დადასტურდა. ეს თვალები, რომლებიც რაღაცის დამალვას ცდილობდნენ, მისთვის უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენდა. სასმელი აიღო და ბოთლით მოიყუდა. ქალი გაკვირვებული მიუახლოვდა და კაცს ბოთლი დაუჭირა.
_ არ გითქვამს, ცუდი უფროსი იყოო... არადა, უნდა გეთქვა... _ თქვა კაცმა დაბოხებული ხმით და ქალს ნიკაპი ორი თითით დაუჭირა, _ ცუდი კაცი იყო ზაანი?!
_ კი, _ თქვა ქალმა ჩუმად.
ერიკმა ბოთლი მოისროლა.
_ ჯანდაბა! ამიტომაც მოიშორა ფედერიკომ ის! რატომ არ მითხარი? ყველაფრის მოყოლას არ ვითხოვდი, მხოლოდ ის გეთქვა, რაც გკითხე _ გეთქვა, ცუდი ადამიანი იყოო!
_ მერე იმასაც მკითხავდი, რატომ იყო ცუდიო! _ თქვა გაბრაზებულმა ემამ და აივნისკენ გავარდა. კაცი უკან მიჰყვა.
_ მხოლოდ ერთი სიტყვა, ერთი სიტყვა კმაროდა, რომ გეთქვა და გავიგებდი შენს გრძნობებს... დავინახავდი შენს თვალებში დამალულ საიდუმლოს, დავინახავდი შენი ხელთათმანების მიღმა დამალულ საიდუმლოს!
_ ერიკ! _ თქვა ქალმა და ისევ ოთახში დაბრუნდა, _ დროა, ახლა შავები მომაწოდო, _ უთხრა და ისევ გარდერობის წინ ჩამოჯდა.
ერიკმა შავი ფეხსაცმელი მიაწოდა. ქალმა გაუღიმა და მადლობა გადაუხადა. რამდენიმე ხანი ფეხსაცმელებს აწყობდნენ თავიანთ ფიქრებში ჩაძირულები. ბოლოს კაცმა ხელები მოხვია და ჩაიხუტა. სარკის წინ იდგნენ, მამაკაცმა ქალს სარკეში შეხედა და ჩაეღიმა.
_ კმაყოფილი ხარ ოთახით?! _ შეეკითხა ქალს და ლოყაზე აკოცა.
_ მე შენთან ყველაფრით კმაყოფილი ვარ! _ უთხრა ემამ და კაცს კისერზე ჩამოეკიდა, _ მეძინება, ერიკ!
_ მერე? ლოგინი აქვეა!
_ მაგრამ შენ აქ არ დაიძინებ! _ თქვა ქალმა და კაცს გაუღიმა.
_ დავიძინებ!
_ არა!
_ დავიძინებ! ჯერ არ დამისრულებია შენთან ეს ღამე! _ უთხრა, ქალს ხელი წაავლო და ლოგინზე მიაწვინა.
_ რას აპირებ?! _ ძლივს წარმოთქვა ქალმა და თავი ასწია, რომ მის თვალებში წაეკითხა მისი ფიქრები.
_ სალაპარაკო გვაქვს. არ გაინტერესებს, სად გავიქეცი ამაღამ?! ან ის, რომ მკვლელობის საქმე მხოლოდ ფედერიკოს აღიარების შემდეგ დავხურე და მიზეზი კი არ გაგვირკვევია? არ გაინტერესებს მკვლელობის მიზეზი?!
_ არა... _ თქვა ქალმა და მაშინვე წამოდგა საწოლიდან, როგორც კი მისი პასუხით გაკვირვებულმა კაცმა ხელი გაუშვა.
_ რატომ?! იცი პასუხი და ამიტომ არ გაინტერესებს?!
_ მორჩა, ერიკ! ისიც მითხარი ბარემ, შენ დაგეგმე ეს მკვლელობაო! _ თქვა გაბრაზებულმა და პირსახოცს წაავლო ხელი, თან გააგრძელა, _ აბაზანაში შევდივარ და გთხოვ, დატოვო ჩემი ოთახი...
კაცმა მიმავალი ქალის სილუეტს თვალი გააყოლა და ლოგინზე მიწვა.
ემა წყლის ქვეშ იდგა და ფიქრობდა. ამწუთას მისი ფიქრები მკვლელობას და თავის თავზე გადახდენილ ამბებს უკავშირდებოდა. სევდაშეპარულმა ცოტა ხანში გადაკეტა წყალი და გამოვიდა. გარდერობი გამოაღო, პიჟამას დაავლო ხელი, ჩაიცვა და ფეხაკრეფით დაიძრა აივნისკენ, ერიკი არ გავაღვიძოო. თმას ქარი ურხევდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა. ფიქრებში გართული უცქერდა სამყაროს და თავს ხან ასწევდა, ხან ჩაღუნავდა. ამ დროს ერიკიც მიუახლოვდა და ჩუმად წარმოთქვა:
_ ხელთათმანებს მხოლოდ იმიტომ აღარ ატარებ, რომ ეჭვი გამიფანტო?!
ქალი შემოტრიალდა, მოაჯირს ზურგით მიეყრდნო და კაცი აათვალიერა.
_ და გავფანტე ეს ეჭვი?! _ იკითხა.
_ მე კითხვა დაგისვი და მიპასუხე, ემა...
_ ისევ დაკითხვაზე ვარ?! _ გაეცინა ქალს და ოთახში შებრუნდა, _ ვცდილობ, ეჭვი გაგიფანტო. _ თქვა და ლოგინში ჩაწვა.
როცა ერიკმა გვერდით მიწოლა დააპირა, ემამ ცივად დაითხოვა საძინებლიდან, მარტო დარჩენა ისურვა. მამაკაცი გავიდა თუ არა, წამოდგა. ერიკის ბოთლში დარჩენილი ღვინო დალია და ისევ დაწვა. კარგა ხანს იწრიალა შეფიქრიანებულმა, უნდოდა ერიკისთვის მოეყოლა ყველაფერი, მაგრამ არ ეგონა, ასე უცბად თუ მოვიდოდა ეს დღე...
_ ჯანდაბა!... მინდა ვუთხრა, მაგრამ როგორ მოვუყვე ან საიდან დავიწყო?! მინდა სიმართლე იცოდეს... სიმართლე... ეს საშინელი სულელური სიმართლე! _ ყურებზე მოიჭირა ხელი და თავი გააქნია: _ წადი! წადი ჩემი გონებიდან, წადი! უნდა დავივიწყო, დავივიწყო! _ თქვა და წამოხტა.
სამზარეულოში გავიდა სასმლის მოსაძებნად. ყველა უჯრა გამოაღო და როგორც იქნა, მიაგნო. ბოთლს თავი მოხსნა და მოიყუდა. ისევ ის დღე გაახსენდა, უფრო აეშალა ფიქრები და სასმლით ხელში გავიდა სამზარეულოდან ფეხშიშველი. ცივ მეტლახზე ფეხები გაეყინა, მაგრამ ვერც კი გრძნობდა.
_ ერიკ! _ მოესმა კაცს ემას ხმა და ოთახიდან გამოვარდა.
_ არა, არ შემიძლია, არ შემიძლია! _ თქვა ემამ და ისევ მოიყუდა ბოთლი.
ერიკმა აცრემლებულ ემას შეხედა.
_ ემა...
_ აქ რა გინდა?! _ ძლივს ამოთქვა.
_ რატომ დალიე, რამე მოხდა?! _ მამაკაცმა თითქმის ცარიელ ბოთლს შეხედა.
_ არაფერი! _ თქვა ქალმა მკაცრად და ისევ მოიყუდა ბოთლი.
_ გასაკვირი არ არის?! გამოდის, იმ რიცხვში თვრები, როცა ისინი მოკლეს?!
_ მომშორდი, არ მინდა შენი დახმარება! _ ხელი ჰკრა კაცს და ოთახის კართან დადგა.
_ ემა! ძლივს დადიხარ!
_ მერეეე შენნნ რაა?! ახლა გიინდა მთვრალს მაინც მათქმევინო სიიიმართლე?! ისეთი მთვრააალი არასდროს ვარ, რომ ის ვთქვა, რაც არ მიინდა! _ ძლივს ამოილუღლუღა და განზე გადგა.
_ დამშვიდდი... აღიარე, რომ იცი მკვლელობის მიზეზი. მე მაინც მომყავხარ ცოლად... უბრალოდ, მინდა სახეში მიყურო და სიმართლე მითხრა!
_ მეტი საქმე არა მაქვს, ვიღაც ნაძირალას გამო ციხეში ვიჯდე! მე მართალი ვარ ჩემს თავთან, მე უდანაშაულო ვარ! თვალებში კი ზოგჯერ იმიტომ არ გიყურებ, რომ არ მინდა სიმართლის თქმა! _ თქვა და ლოგინზე ჩამომჯდარი ატირდა.
_ ემა, მე შენს გულს ვცნობ, მითხარი, რა გაწუხებს ასე... რა არის, რისი თქმაც გინდა და ვერ ამბობ... მითხარი, მოგისმენ...
_ არ მინდა! _ წამოიყვირა ქალმა და უცბად წამოდგა ფეხზე. კაცმა დაიჭირა და ლოგინზე დააწვინა.
_ კარგი, ემა, დაიძინე! ვნახოთ, ხვალ რა გემახსოვრება!
_ ყველაფერი მემახსოვრება და კარგად დავიმახსოვრებ!
_ ეს დალიე და თავის ტკივილი გაგივლის! _ უთხრა ერიკმა და ჭიქა გაუწოდა.
_ არ მინდა! _ ემა ადგა, მაგრამ უცებ ყველაფერი დატრიალდა. იქვე ლოგინზე ჩამოჯდა, ჭიქისკენ დაიხარა და ერთბაშად დალია.
_ ნელა დალიე!
_ რა გინდა?! თქვი და წადი!
_ წეღან მითხარი, ღირსი იყო და მოვკალიო!
_ მართლა?! _ გაიკვირვა ქალმა. _ მე კი მეგონა გითხარი, ერთხელ გავიფიქრე, მაგრამ არ განმიხორციელებია-მეთქი!
_ ეგეც მითხარი! მერედა, აღიარე!
_ იმას, რაც არ ჩამიდენია, არ ვაღიარებ! იმიტომ, რომ არ ჩამიდენია!
_ ძალიან მოურჯულებელი დამნაშავე ხარ!
_ დამანებე თავი!
_ ჩემთან ტონს დაუწიე ხოლმე!
_ რისთვის მოხვედი?! _ წამოიძახა ქალმა ისევ.
მამაკაცი ხელში სწვდა და ქალის სხეული თავისკენ მოსწია:
_ ხმადაბლა მელაპარაკე! მთვრალმა დამიძახე და მოვედი, შენზე ვნერვიულობ... ამიხსენი, უბრალოდ, მომიყევი, რაც სათქმელი გაქვს, შენ დალიე, თანაც იმ რიცხვში, როცა ისინი მოკვდნენ!
ემას ფერი ეცვალა: ნუთუ დამთხვევაა? ზუსტად იმ რიცხვში როგორ მოკვდნენ, როცა ეს ამბავი გადამხდა?!
_ როდის მოკვდნენ, გამახსენე თვე და რიცხვი!
მოისმინა თუ არა, ისევ ფიქრებში წავიდა: `ზუსტად მომხდარი ამბის დრო დაემთხვა! წარმოუდგენელია ასეთი დამთხვევა!~
_ ამდენი ხანი პასუხს ეძებ?!
_ რა კითხვა გაქვს?!
_ რატომ გინდოდა მათი მოკვლა?!
_ არ მომიკლავს! მაჩვენე დამამტკიცებელი საბუთი, დაპატიმრების ორდერი და წამიყვანე!
_ მე არ მითქვამს, შენ გაბრალებ-მეთქი, მე მაინტერესებს, რატომ გინდოდა მათი მოკვლა?!
ქალი წამოდგა და კაცს გაბრაზებულმა შეხედა:
_ დანიელას არ ვიცნობდი! მას არაფერი დაუშავებია ჩემთვის!
კაცი წამოდგა, ქალი ჩაიხუტა და თავზე აკოცა:
_ ვიცი... ვიცი, იმ კაცმა გატკინა, მაგრამ არ მეუბნები, არ მიყვები არაფერს... კარგი, დამშვიდდი და დაიძინე... ამდენი არ უნდა დაგელია, ან ასე უცბად როგორ მოასწარი...
_ ერიკ... _ ჩაილაპარაკა ჩუმად ქალმა და თვალები დახუჭა.
_ გისმენ... ემა... _ თქვა კაცმა ისეთი რბილი ტონით, ქალს გულში სითბო ჩაეღვარა და კაცს ხელი მოხვია.
_ არ მინდა ტიროდე... არავის გამო... _ ერიკმა ქალს სახეზე გადაუსვა ხელი, _ დაივიწყე ყველაფერი, ცუდი დაივიწყე და მოიშორე... _ უთხრა და აკოცა.
_ მინდა ვილაპარაკოთ... _ დაიჩურჩულა ემამ, ლოგინზე დაჯდა და თავი დახარა.
_ გისმენ. მოდი ჩემთან, რისი თქმა გინდა, მოგისმენ, _ თქვა და ქალი კალთაში ჩაისვა. _ რატომ დალიე... რა მოხდა ისეთი, რომ დალიე. მომიყევი. მე ყველაფერს გავიგებ...
ემამ თავი დაადო მხარზე.
`როგორ დავიწყო... ან საიდან... საიდან~... _ ფიქრობდა ემა და თვალებიდან ცრემლები სცვიოდა.
_ ის კაცი, რომლის მკვლელობასაც მაბრალებდი... მართლა მინდოდა მისი სიკვდილი...
_ რატომ?!!!
ქალმა ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა, ასე დაიწყო საუბარი. ყველაფერი მოუყვა პირველი სამუშაო დღიდან მოყოლებული, ყოველი დეტალი, ყოველი წვრილმანი. სახეზე ხან თვითონ იმშრალებდა ცრემლებს, ხან კაცის ხელების შეხებით გამთბარი დუნდებოდა და ძლიერდებოდა. კაცმა სახეში ჩახედა და თვალებზე აკოცა, ქალმა ჯერ გაახილა თვალები, მერე კი უცბად დახუჭა. კაცის მკაცრი, სევდიანი მზერა დაინახა და, ამოისუნთქა, შემდეგ გააგრძელა:
_ იმ დღეს უფროსთან ერთად ვამოწმებდი მასალებს... სამუშაოზე მესაუბრებოდა, ცოტა ხანი გაჩერდა... ჩემი... ჩემი ხელი დაიჭირა ხელში... უცებ მაკოცა ხელზე და მადლობა გადამიხადა შესრულებული სამუშაოსთვის...
ემა აღელვებული ჰყვებოდა იმ დღის ამბებს. ყველაფერს დაწვრილებით მოუყვა ერიკს.
_ იმ დროს იმ კაცის მოკვლა მინდოდა და რომ შემძლებოდა, დავახრჩობდიი! _ ნაწყვეტ-ნაწყვეტ აგრძელებდა ემა, _ როგორ მინდოდა იმ დღეს, იმ წუთას, შემძლებოდა და მისთვის სილა გამერტყა... ახლა ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი... სახლში მივედი. ჩემები არ იყვნენ, ორი დღით სხვაგან გაემგზავრნენ და ორი დღე ვიწექი ლოგინში და ვტიროდი... ჭამაც მეზარებოდა... ყველაფერი მძულდა და მეზიზღებოდა... ჩემი თავიც მეზიზღებოდა და მძულდა... მერე მისი ზარი შემოვიდა ტელეფონში და ზიზღით ავიღე ხელში... მისი ხმა რომ გავიგე, ისეთი სიძულვილი ვიგრძენი, მალევე დავასრულე საუბარი და იმ ღამესვე მივწერე, სამუშაოდან მივდივარ-მეთქი, არც თქვენი მამობრივი მზრუნველობა არ მომეწონა და არც თქვენი საქციელი-მეთქი! იმ დღის მერე აღარც მასთან მისაუბრია და არც მისგან მომსვლია რაიმე, ერთი სიტყვაც კი: არ მეგონა, ასე ცუდად თუ გამოვიდოდაო... არც ბოდიში! არაფერი! სრულიად არაფერი... მე კი ვიტანჯებოდი... არ მეგონა თუ ერთი კოცნით ვინმე ასე მატკენდა გულს... მერე თანამშრომლებს მივაწოდე ჩემი მასალები და ყველაფერი დავასრულე. მთელი ღამეები ვფიქრობდი ამ ამბავზე და მის დავიწყებას ვცდილობდი, მაგრამ ვიძირებოდი ამ ტკივილში. იმ დღის მერე ბედნიერება, სიცოცხლის სურვილი, იმედები, გეგმები, ოცნებები ყველაფერი სადღაც გამიქრა და დაიკარგა. არაფერი არ მინდოდა, არაფერი... ვიწექი და ვტიროდი, ვტიროდი და ველოდებოდი... ველოდებოდი, როდის მოვიდოდა სიკვდილი. მინდოდა სიკვდილი... მინდოდა... არ ვიცი, ამ კოცნამ რატომ იმოქმედა ჩემზე ასე დამანგრევლად... ნერვიულობისგან ხელებს ვმუშტავდი და ჩემს თავს ვეუბნებოდი: მოითმინე, მარია, მოითმინე! ცოტაც და დასრულდება ეს ტკივილი... ყველაფერი აირია ჩემში... რა მინდოდა ან რა უნდა გამეკეთებინა, აღარაფერი ვიცოდი... მინდოდა, რომ დავმშვიდებულიყავი და ეს ტკივილი დამვიწყებოდა... იმ დღის მერე შევიცვალე... ახლა რას ვნანობ?! მარტო იმას, რომ მისი ან ჩემი სიკვდილი გავიფიქრე გონებაში... ვნანობ, რომ თავი შევიკავე და სილა არ გავარტყი... მაგრამ ალბათ ჩემმა თავშეკავებამ მიშველა იმ დღეს, რადგან მჯერა, რომ გამერტყა, გაცილებით უარესი და სასტიკი რამე მოხდებოდა... ამასობაში დრო გავიდა და უბრალოდ, სახლიდან წასვლა მომინდა და წავედი ბოსტონში... ავდექი და გავემგზავრე. წავედი აქედან, აქ თითქოს რაღაც მაშინებდა, მანადგურებდა და მყინავდა, აქ ყველაფერი ცივი, სასტიკი და საშინელი მეჩვენებოდა... ჩემი საყვარელი ადგილი საფრანგეთი და იტალია იყო, მაგრამ არც ერთ ქვეყანაში არ მდომებია წასვლა, რადგან არ მინდოდა ამ ტკივილით მომევლო იქაური ქუჩები, ის ადგილები, რომლებიც ძალიან მაინტერესებდა და მიყვარდა შორიდან... იმ დღეებში რომ ეთქვათ, მარია, იტალიაში წახვალ თუ საფრანგეთშიო, ვიტყოდი: დავიწყების ადგილას, სადაც ამ ამბავს დავივიწყებ და მშვიდად ვიცხოვრებ, ვიმუშავებ ისეთ ადგილას, სადაც მე ვიქნები უფროსი-მეთქი... მხოლოდ ამას ვიტყოდი... მას მერე მხოლოდ იმ ერთ დღეს ვცდილობ, სასმელში დავიცალო იმ ტკივილის მარწუხებისგან, რომელიც იმ დღემ მომიტანა, იმ წარსულის დღემ... გადარჩენასა და ბედისწერასთან ერთად... მერე კი ახალ გარემოში, ახალ სამყაროში, ახალი იმედებით, ახალი სახელით და გვარით თითქოს სიცოცხლე შევიძინე, მაგრამ ბოლოს გამიჭირდა და ალმას ამაზე ვესაუბრებოდი... მასთან მივდიოდი და ვესაუბრებოდი... აქ ჩამოსვლის მერე როგორც იქნა, მშობლებსაც მოვუყევი ყველაფერი და თითქოს დამშვიდდი, მაგრამ მაინც მახსენდება ის დღე... თითქოს მაგნიტივით მიზიდავს ამ ტკივილის გახსენება... _ თქვა ჩუმად და მძიმედ ამოიოხრა, მერე კი გაიღიმა და დამშვიდებულმა წარმოთქვა: _ შენთან ყოფნა მამშვიდებს...
ქალმა ერიკის ხელები იგრძნო სახეზე, თვალები გაახილა და კაცის ხელს დახედა:
_ ერიკ... ერიკ... _ იყვირა და ლოგინიდან წამოხტა. კაცს ხელი ჩაავლო და სააბაზანოსკენ დაიძრა: _ ეს იმიტომ კი არ ვთქვი, რომ გეტირა და ეს გაგეკეთებინაა! _ იყვირა და კაცს ჩაეხუტა. მერე წყალი მოუშვა და ერიკს გასისხლიანებული ხელი გადააბანინა, სახეც მობანა.
ერთმანეთს ჩაეხუტნენ.
_ შენ ჩემს დას ეხმარებოდი ასეთი ტკივილიანი და მე კიდევ რა სისულელეებს გაბრალებდი... რომც მოგეკლა, ღირსი იქნებოდა!
_ არ მინდოდა შენც გტკენოდა გული, ერიკ, ამიტომაც არ მოგიყევი...
_ ახლა, რაც მომიყევი მას მერე ისევ გტკივა ეს ამბავი თუ მოიშუშე?!
_ არის ტკივილი, რომელსაც ადამიანი იშუშებს, არის, რომელსაც დრო ისევ სჭირდება ან საერთოდაც ვერ იშუშებს, არ ვიცი ჯერ. ეს ტკივილი მახსოვს, რადგან ფიქრებში ყოველთვის მომდის ის აზრი: კოცნის გარდა სხვა რამე რომ მოენდომებინა და განეხორციელებინა, მაშინ ხომ აქ არ ვიქნებოდი და არც დედამიწაზე...
_ ემა, ამას ნუ ამბობ, მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ დაივიწყო ის ტკივილი. შენ მან ვერ დაგამარცხა და ვერ დაგიმორჩილა! ის მკვდარია... შენ ის აღარ შეგეხება! აღარ მოვა შენთან და აღარ გატკენს გულს! ის უკვე იქ არის, შენ კი ჩემთან ხარ და სამუდამოდ ასე იქნება!
_ ზოგჯერ მგონია, რომ მართლა შავი ლანდი ვარ იებით ხელში... ან ცოცხალ-მკვდარი დავიარები...
_ არა, ემა, არა... შენ ცოცხალი ხარ და ბედნიერი იქნები. ჩემთან ერთად იქნები ბედნიერი... შენ სამუდამოდ ჩემი იქნები, ჩემი ემა იქნები და არა ის ლანდი შავი იებით ხელში... მე შენ მიყვარხარ! დანახვისთანავე შემიყვარდი. მიხარია, რომ მენდე და მომიყევი... რომ გამანდე შენი ტკივილი...
_ ერიკ! მე აღარ მტკივა! ახლა ბედნიერი ვარ! პირველად მოვყევი ეს ამბავი ჩემი ნებით და თანაც შენთან! _ თქვა და კაცს ხელები მოხვია: _ ბედნიერი ვარ! _ უჩურჩულა და ლოგინზე მიწვა.
ცოტა ხანში წამოდგა და კაცს გაჭრილი ხელი შეუხვია.
_ ისე ვიყავი გართული მოყოლით, ხელი როგორ გაიჭერი, არ გამიგია... ბოდიში...
_ ემა, მე გიხდი ბოდიშს... _ უთხრა რბილად კაცმა და აკოცა: _ ბოდიში, რომ საკანში მოხვდი... ახლა გასაგებია. ხელთათმანებს იმიტომ ატარებდი, რომ ის კოცნა დაგევიწყებინა... და შენი ხელი დაგემალა...
_ და რომ არავინ შემხებოდა... ამიტომაც ადამიანებს ხელს არ ვართმევ... მაგრამ ნუ მკითხავ, რომელი ხელი იყო, უბრალოდ, იცოდე, რომ მე შენი კოცნა არ მტკივა... პირიქით, ძალიან მაბედნიერებს და ტკივილს მავიწყებს... შენ ჩემთვის დიდი ბედნიერება ხარ... იმ დღეს კი უარი იმიტომ გითხარი, რომ ამ ამბის მოყოლის გარეშე ვერ მივიღებდი შენს წინადადებას... _ თქვა ჩუმად და კაცს შეხედა.
_ ანუ თანახმა ხარ?!
_ რაზე ვარ თანახმა?! _ იკითხა ქალმა და კაცს გაუღიმა. როგორც კი მოესმა, თანახმა თუ ხარ, ჩემი ცოლი გახდეო, ქალი წამოიწია, ხელები მოხვია და ბედნიერმა წამოიყვირა:
_ თანახმა ვარ...
_ ჩემი ერთადერთი ბედნიერება ხარ. მიყვარხარ ისე, როგორც ჯერ არავინ მყვარებია, _ უთხრა ერიკმა და ქალს შეხვეული ხელი მოხვია წელზე. მეორე ხელი მის თმაში შეაცურა, კოცნა დაუწყო. მის ალერსში ჩაიძირა ქალი, სრულიად მიავიწყდა გადატანილი ტკივილი, თავის ხელს უყურებდა და ბედნიერი იღიმებოდა ბეჭდიანი ხელის დანახვაზე, კაცს კი მისი ორივე ხელი მოექცია ხელში და კოცნიდა..
***
ემას დილას გაეღვიძა და ვეღარ გაინძრა, მთელი სხეულით ჩაეხუტებინა კაცს და აღარ უშვებდა.
_ ერიკ! _ ხმა გაიმკაცრა. უნდოდა გაეღვიძებინა, მაგრამ ხელებს ვერ ამოძრავებდა, ბოლოს კაცს ბეჭზე უკბინა.
_ ეს რა იყო?! _ წამოხტა ერიკი.
_ მკვლელის კბილები! გამატარე! _ სიცილით დაიყვირა ქალმა და ისევ აფართხალდა.
_ ხოდა, ამ მკვლელს მოხვდება! _ უთხრა კაცმა და მის სხეულს მიეკრო.
_ ერიკ! გამიშვი!
_ სად მიდიხარ?! სამსახურში?!
_ აბაზანაში მინდა!
_ მაშინ თავისუფლებას გაძლევ! _ უთხრა და გვერდით გაიწია.
ქალი მალევე გამოვიდა სააბაზანოდან, ტანსაცმელი აიღო და ჩაიცვა.
_ მე შენ სააბაზანოში გაგიშვი და არა ჩასაცმელად! _ კაცმა ხელი წაავლო.
_ დღეს კონტრაქტი მაქვს დასადები!
_ სხვა დღეს დადებ! არა უშავს!
_ არა, ერიკ! გამიშვი!
_ არა, ემააა!
_ ერიკ! მე შენს ბრძანებებს არ ავიტან! _ თქვა და ჩანთას დასწვდა. მერე მასთან მივიდა, კალთაში ჩაუჯდა და ხელები მოხვია: _ ერიკ! მე შენ მიყვარხარ! შენი ბრძანებებიც მიყვარს და შენი ჩახუტებაც. მაგრამ კონტრაქტი უნდა დავდო! ალეხო, გარდა იმისა, რომ მეგობარია, საქმიანი პარტნიორიცაა და არ შემიძლია დავაღალატო! _ უთხრა და აკოცა, შემდეგ კი გაღიმებული დაემშვიდობა.
***
ემას თეთრი მოკლე ქვედაკაბა ეცვა, ზემოდან შავი მაისური ეცვა, წინ მოკლე და უკან გრძელი, რომელიც ქვედაკაბას სანახევროდ ფარავდა. შავი საყურე ეკეთა და თავის სამუშაო მაგიდასთან იჯდა.
ქეტრინთან კონტრაქტის გაფორმების დასრულებისთანავე აღნიშნეს ახალი საქმის დაწყება.
ერიკი შინ დარჩა. ქალის ტკივილს იხსენებდა და გული ეწურებოდა. მისი ნახვა და ჩახუტება სურდა. საღამომდე ძლივს მოითმინა... სურდა ემა რესტორანში წაეყვანა...
პატარა ვარდების რკალში ორი სანთელი ანათებდა მაგიდას. ერიკი ქალის წინ ცდილობდა მშვიდად მჯდარიყო და ვახშამი მიერთმია. ქალის ღიმილიან სახეს უცქეროდა და ბედნიერს თვითონაც ეღიმებოდა, როცა იხსენებდა თავის კაბინეტში ქალის მიერ გაწნულ სილას. ემას ხელი დაადო და თავის ხელში მოიქცია:
_ ვერ წარმოვიდგენდი, ასეთი ქალი თუ სილას გამარტყამდა... მაგრამ ვიცი, ეს ისეთი სილა იყო, თითქოს იმ კაცს უბრუნებდი ტკენის სამაგიეროდ... მაგრამ როგორც კი წახვედი როჩესთან ერთად, მივხვდი, რომ ეს სილა თბილიც მომეჩვენა და ცივიც...
_ მე... არ მინდოდა... ეს... იმის გამოც იყო, რომ მომეწონე.. _ თქვა ჩუმად ემამ.
ამ დროს კაცის ხელის შეხება იგრძნო წელზე და უცბად გამოფხიზლდა. კაცს უკვე საცეკვაოდ შუა დარბაზისკენ მიჰყავდა. მერე ხელი მოხვია და მიიხუტა ნაზი მუსიკის ფონზე... ქალს ჩამოვარდნილი თმის ნაწილი გადაუწია ყურს უკან და უჩურჩულა:
_ მშვენიერია შენთან ერთად ცეკვა...შენი ასე ახლოს ყოფნა და შენი გულის ძგერის შეგრძნება...
ცეკვის დასრულების შემდეგ კაცმა მჭიდროდა მიიხუტა გვერდიდან და მასთან ერთად გასასვლელისკენ დაიძრა.
მიხუტებულები მისეირნობდნენ ღამის გრილ ქუჩებში. პირველ შეხვედრას იხსენებდნენ და იცინოდნენ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent