შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობა შავი იებით (თავი 13)


25-11-2022, 18:41
ნანახია 653

დილას ავტობუსი მზად იყო, ყველა ქალაქგარეთ მიდიოდა დასასვენებლად ემასთან ერთად. მდივანი, შეფმზარეული და ხელოსნები _ ყველას მოეყარა თავი და ავტობუსში ადგილებს იკავებდნენ. მხიარულებაში გაატარეს მთელი გზა, ხმადაბლა მუსიკაც ჩაერთოთ და ასე ატარებდნენ დროს. ემაც ხან დაჯდებოდა, ხან ადგებოდა და გაივლიდა ავტობუსში, გამოელაპარაკებოდა თანამშრომლებს და ისევ თავის ადგილს უბრუნდებოდა. რამდენიმე საათის მერე ქალაქგარეთ აღმოჩნდნენ, მწვანე ტყისკენ გადაუხვიეს და ავტობუსი ლამაზ მინდორთან გაჩერდა. ყველამ დატოვა ავტობუსი და ფეხით განაგრძეს გზა. ბალახებში მიაბიჯებდნენ, წინ მიიწევდნენ ქვით ნაგები ლამაზფიგურებიანი შენობის სანახავად. შენობა სამად იყო გაყოფილი და მრგვლად განლაგებული, შუაში სამი როიალი იდგა, ყველა როიალის გვერდით ორ ადგილას კი ლამაზი მწვანე პალმები. ქვაზე ამოტვიფრული იყო ნახატები და წარწერები. შენობას შიგნით კიბე მიუყვებოდა, სადაც ზემოთ, მრგვალ მოედნებზე მწვანე ბალახი ხასხასებდა. იქ შეგეძლო მშვიდად დაჯდომა, ქეიფი, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა: აქაც შუაში ერთ მხარეს სამი როიალი იდგა, მათ გვერდს პალმები უმშვენებდნენ. მეორე მხარეს კი ყვავილები სამ სვეტად იყო განლაგებული. მის უკან ტყე მოჩანდა, საიდანაც ჩიტების ჟივილ-ხივილის დამატკბობელი ხმები მოისმოდა. ფოტოები გადაიღეს სამი როიალის შუაში, მერე კიბეს აუყვნენ და სადილიც გაშალეს, ზემოთ მდგარ მრგვალ ადგილას. სასმელები: წვენი და ღვინო ერთმანეთს ენაცვლებოდა, სადღეგრძელოებიც დალიეს და შეფმზარეულის გამომცხვარი ტკბილეულობაც დააგემოვნეს. მშვიდ გარემოში ისხდნენ, ლაპარაკობდნენ და ერთობოდნენ, ცოტა მუსიკაც აახმაურეს და ისევ დაუბრუნდნენ გემრიელ საჭმელებს და ღვინოს. ფოტოებიც ერთმანეთს ენაცვლებოდა და მატულობდა. ემას გვერდით ერიკი და ქეტრინი ისხდნენ, მათ გვერდით _ კამილა და კარლო. საუბარი საქმეებს შეეხებოდა და პირად შეხედულებებსაც სამუშაოსთან დაკავშირებით. მერე ერიკი ადგა, ყველას გადახედა, თქვენს უფროსს ცოტა ხნით მოგაშორებთ და მშვიდად გაერთეთო, გაიხუმრა. ყველას გაეცინა. მან ემას ხელი მოჰკიდა, წამოაყენა და კიბეზე დაეშვნენ.
_ ერიკ! სად მიგყავარ?!
_ აქვე ტყეა, უმშვენიერესი და უღრანი! იქ უნდა დაგტოვო!
_ რატომ?!
_ არც იცი, რატომ?! _ ქალი კიბეზე შეაჩერა და კედელთან დააყენა მკლავებში მოქცეული.
_ არა... _ უპასუხა აღელვებულმა და კაცს სახეში შეხედა. ისიც დაიხარა და ქალის ტუჩებს მისწვდა, მერე ემა უცებ მხარზე გადაიკიდა და ასე გააგრძელა საფეხურებზე ჩასვლა. მერე ქალის თხოვნას, ასე ცუდად გავხდებიო, დაემორჩილა და ძირს დასვა. გარეთ გავიდნენ და რამდენიმე ნაბიჯში ტყესაც მიაშურეს.
_ რას მიპირებ?!
_ მალე ნახავ!
_ მითხარი!
_ რა იყო, ვერ ითმენ?!
_ ვერა!
_ ისე, ვერც მე ვითმენ უშენობას, _ თქვა და გაჩერდა, მერე ქალს ხელი წაავლო, ხეს ზურგით მიაყრდნო, მისი სხეული მიიხუტა და კოცნა დაუწყო. ქალმა დაუყვირა:
_ ერიკ! რას აკეთებ, ზედმეტი მოგდის!
_ ემა! შენ თქვი, ვერ ვითმენო და ვერც მე მოვითმინე! _ თქვა და მაშინვე დაიხია უკან. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ქალს თვალების დახუჭვა და ხელის წინ გამოწევა სთხოვა. ქალიც დაემორჩილა, თუმცა წინ გაწეული ხელის ეშინოდა.
_ რატომ უნდა გამოვწიო ხელი?!
_ ემა, გამოსწიე ხელი! _ ემას მისი სიმკაცრე გაახსენდა და უცბად დაემორჩილა. იგრძნო კაცის ხელზე შეხება, მისი გადმოტრიალება და ხელისგულზე რაღაცის შეხება. თვალები გაახილა და გახარებულმა წამოიყვირა:
_ ჭიამაიაააა... რა საყვარელიააა... აქ სად იპოვე?!
_ შენს ლამაზ თმაში დასეირნობდა!
_ მერე იქნებ იქ სეირნობა ერჩივნა!
_ ვერ ავიტან ვერავის სეირნობას ამ თმაში, _ თქვა ერიკმა და ხელებით ემას თმაში ჩაეფლო, ქალს ორივე ლოყაზე აკოცა და შუბლი მის შუბლს მიადო: _ ემა! სულით და გულით მიყვარხარ...
_ დავიჯერო?! _ ჩაეკითხა ქალი და ამ შეკითხვით კაცი გააბრაზა. მან ქალს ხელი წაავლო და მასთან ერთად გაიქცა ტყისკენ.
_ აქვე ტბაა! იცოდე, იქ დაგახრჩობ და...
_ თუ დავიხრჩვე, ერიკ, მით უმეტეს, ვერ დავიჯერებ შენს სიყვარულს! ნუ მიმარბენინებ, დამსვი! მიყვარხარ! მეც მიყვარხარ! სულით, გულით, სხეულით! ერიკ! დამსვი. მიყვარხარ და მჯერა შენი ყველა სიტყვის! დამსვი!
_ ტბაზე მუქარამ ასე შეგაშინა?! _ მან ქალი დასვა და ხელი მოხვია.
_ ჰოოო!
_ რატომ?! ცურვა არ იცი?!
_ არა!
_ მართლა?! მაშინ ვისწავლოთ!
_ არა! არ მინდა! მადლობა! ახლა კი უკან დავბრუნდეთ!
ისევ შეუერთდნენ სუფრის წევრებს და მალევე ყველამ ტყისკენ გასწია. ტყეც სამად იყო გაყოფილი, ტყეების შუაში თითო-თითო შენობა იდგა, რომელშიც პირველ სართულზე ყვავილების ორანჟერეა იყო გაკეთებული, მეორე სართული მთლიანად სურათებს ეკავა, მესამე სართულზე განლაგებული იყო ოთახები, სადაც ვინმე ფილიპე თურმე თავისი ცოლ ფელისიასთან ერთად ცხოვრობდა. ულამაზესი კლასიკური სტილით გაწყობილი ოთახები ერთმანეთისგან სილამაზითაც განსხვავდებოდნენ. ლოგინის თავთან ამოტვიფრული იყო ცოლ-ქმრის სახელი, რომელიც სახლის მფლობელებს ეკუთვნოდათ.
მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ქმარმა, რადგან მის ცოლს ყვავილები ძალიან უყვარდა, პირველი სართული მთლიანად ყვავილებს დაუთმო და მთელი მოგზაურობის განმავლობაში ქალს ყვავილებს უგზავნიდა, მებაღე კი ამ ყვავილებს პირველ სართულზე განალაგებდა. საუკუნეების მიერ დამჭკნარი ქმრის გამოგზავნილი ყვავილები ისევ ერთად იყო მოგროვებული პირველ სართულზე და ყველას თარიღი და გამომგზავნის სახელი ეწერა, მინის ყუთში იყო მოთავსებული და ასე მინის მიღმა უძლებდა წლებს. მრავალი გადაღებული ფოტო ამშვენებდა მეორე სართულს. სახლის ყველა კუთხეში გადაღებული ფოტოები ისევ ეკიდა კედელზე და თითქოს საუკუნეების წინანდელ ამბავს ახლა ჰყვებოდა ჩარჩოებიდან. მესამე სართულზე ოთახები მოწყობილი იყო ნოხებით, ავეჯით, ფარდებით. მას მერე, რაც ქმარი მოგზაურობიდან დაბრუნდა, ცოლის თხოვნით ორი სახლი ააშენებინა თავისი დების გამო, რომლებიც მათი დასრულებისთანავე გადმოვიდნენ თავიანთ ახალ საცხოვრებელ სახლში. სამივე შენობას მათი ცხოვრების დეტალები ჰქონდა ამოტვიფრული, როიალთან მდგარ შენობასაც მათი ცხოვრების რაღაც ნაწილი ჰქონდა შემორჩენილი. სამივე და აქ, ამ შუა წრეში როიალთან იჯდა და ერთად უკრავდნენ ხოლმე. ფილიპეს ცოლი გაგიჟებით უყვარდა, ქალს ხელს მოხვევდა ხოლმე და მთელი დღეები იქვე მინდორში წამოწვებოდნენ, გადახედავდნენ თავიანთ სამფლობელოს და ქმარი ქალს თავის ჩანაწერებს უკითხავდა მოგზაურობებისა და თავისი გრძნობების შესახებ. სიყვარულთან დაკავშირებული გრძნობები კი მას მხოლოდ თავის ერთადერთ სიყვარულთან, ცოლთან აკავშირებდა...
ერიკმა ყველა მოათვალიერა, ემა ვერსად დაინახა და მაშინვე მრგვალ კიბეზე დაეშვა. ყვავილებისკენ წავიდა და დაინახა კიდევაც ემა. გული აუჩქარდა. ისე უცქერდა მისი თვალები ყვავილებს, ისეთი ფიქრიანი და ნაზი მზერით, კაცი ჩუმად დაიძრა მისკენ და ხელი მოხვია: თუ სადმე დამეკარგე, ესე იგი ყვავილებთან უნდა დაგიწყო ძებნა, განსაკუთრებით კი ამ იასამნისფერ იებთანო. ქალმა მის ხელებს ხელები ჩასჭიდა და ისევ ყვავილებს შეხედა: რამდენი ფერია სამყაროში, მაგრამ ეს ფერი განსაკუთრებულად მოქმედებს ჩემზე, რადგან საინტერესოა, საიდუმლოებით აღსავსეც, ამოუცნობიც და საშიშიც...
_ მაშ, შენ გგავს, ემა...
ქალმა კაცს გადახედა და ისევ ყვავილებს მიუბრუნდა, მის ფერს თავისი ყავისფერი თვალები მოავლო და კაცს შეეკითხა:
_ ახლა ვდგავართ ნამდვილ იებთან და არა შავ იებთან... შავი ლანდი იებით ხელში... მინდა ახლა გავიგო მკვლელობის მიზეზი... _ თქვა ემამ ჩუმად და კაცს ხელი მოხვია. კაცმა იებს გადახედა, ქალს ლოყაზე აკოცა და ჩურჩულით მოუთხრო:
_ ფედერიკოს დანიელა ჰყვარებია, ერთმანეთს ჩუმად ხვდებოდნენ. ქალი ჩვეულებრივი ოჯახიდან იყო, კაცი კი მდიდარი ოჯახიდან. მისი მშობლები ვერასდროს მიიღებდნენ ოჯახში დანიელას მსგავს რძალს, ამიტომაც შეხვედრებს მალავდნენ. ქალი დაიღალა, კაცთან ურთიერთობის გაწყვეტა მოინდომა, რადგან გრძნობდა, რომ შეყვარებულის ოჯახი არ მიიღებდა. მათ შორის უთანხმოება ჩამოვარდა, რაც დანიელას უფროსმაც გამოიწვია, რომელიც ქალის მიმართ ინტერესს იჩენდა. ფედერიკომ ეს ამბავი გაიგო და გაბრაზებული ცდილობდა კაცის თავიდან მოშორებას, მაგრამ ქალი სამუშაოს თავს არ ანებებდა.
ფედერიკომ გაიგო, რომ დანიელას უფროსი მასთან დაახლოებას ცდილობდა, გაბრაზდა და მთელი თვეები შხამზე ექსპერიმენტს დაუთმო... შხამზე, რომლითაც საყვარელ ქალს კაცს ჩამოაშორებდა. უფროსმა ვერ გათვალა დანიელათი დაინტერესება, ვერ იფიქრა, მისკენ გადადგმული ნაბიჯები საბედისწერო და სიკვდილთან დამაახლოვებელი თუ იქნებოდა.
ერთზე გათვლილმა მკვლელობამ ორის სიკვდილი გამოიწვია.
ფედერიკომ მოწამლული შავი იებით მკვლელობა დაგეგმა და განახორციელა. როგორც კი ქალმა ბაღში იები დაკრიფა, ფედერიკომ მის ჭიქაში მაშინვე ანტიდოტი ჩაყარა, იები კი მოწამლა. მაგრამ საბედისწერო აღმოჩნდა ის, რასაც არ ელოდა. ღვინის წვეთმა მთლიანად გაანადგურა ქალის სხეულში ანტიდოტი და მანაც შეისრუტა ფედერიკოს გამოგონილი ახალი შავი ნივთიერება, საწამლავი, რომელმაც რამდენიმე ხანში მოქმედების უნარი დაკარგა და ყვავილებმაც სრულიად იისფერი შეფერილობა დაიბრუნა, მაგრამ ამავდროულად ორივე იმსხვერპლა. ფედერიკომ ის ვეღარ გაითვალისწინა, რომ ქალი ღვინოს დალევდა და მოწამლული შავი იები მასზედაც იმოქმედებდა. უფროსი კი გაკვირვებული დააშტერდა ყვავილებს შავი ფერის გამო. ქალი ფერს ვერ ცნობდა, რადგან მისთვის ყველაფერი შავი ფერის გამხდარიყო, მხოლოდ იმიტომ, რომ დალტონიკი იყო, ის სრულიად ვერ შეამჩნევდა იისფერის ნაცვლად შავ იებს... როცა შენ დალტონიკი ახსენე, მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი თავიდან უნდა გადამეკითხა და თავიდან უნდა ამეწყო მკვლელობის ყველა დეტალი. ფედერიკოს არ სურდა ქალის მოკვლა, მხოლოდ კაცის სიკვდილი სურდა, მაგრამ არ მესმოდა, რატომ უნდოდა მისი სიკვდილი, მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა ჟაკლინის უფროსი გავიხსენე... ყველაფერი თავიდან გავიხსენე და მივხვდი... მიხვდი, რომ ის უფროსიც ისეთივე იყო... სასტუმროში შენზე თავდასხმა კი იმიტომ მოხდა, რომ მისმა შვილმა გაიგო ის, რასაც არ ვამხელდით, რომ შენ ჩვენთან დაკითხვაზე გვყავდი ამ მკვლელობის გამო. ამიტომაც არ მოგიწია არც სასამართლოში მისვლამ, არც სხვაგან დაკითხვებზე წასვლამ და არც სხვა დაკითხვებზე მოსვლამ... ფედერიკომ კი გაიგო, რომ შენც გაქცეული შეშინებული ქალი იყავი, ამიტომაც უნდოდა შენი დახსნა და გაგიტაცა, მაგრამ მერე ისევ დაგაბრუნა... ჩემთან დაგაბრუნა... _ თქვა კაცმა და ქალი მიიხუტა. მერ თვითონაც გაიხედა იებისკენ და მინაში ჩასმულ იებს ხელი გადაუსვა:
_ მართლაც რომ ცივია... იდუმალი და ლამაზი... შენსავით, _ დააბოლოვა სიტყვა და ქალს ნიკაპქვეშ ამოსდო თითი.
_ მას შეეცოდე... მიხვდა, რომ გაიქეცი და ფული გაჩუქა, შენ კი ის ფული გააჩუქე... თუმცა ნახევარზე მეტი მის ოჯახს გადაეცი.
_ მე არა, ადვოკატმა, _ თქვა ქალმა და გაიცინა, _ შენ რა, იმ ფულს მისტირი?!
_ არა... მე შენს გატაცებას უფრო მივტიროდი! შენ არ უნდა გამქცეოდი! _ თქვა კაცმა და აკოცა. _ და არ გამქცევიხარ, ვერ გაიქეცი და ვერც გაიქცევი...
_ ვწუხვარ ასეთი ბედისწერის გამო, მაგრამ არანაირ შურისძიებას არ ვეთანხმები და არ ვამართლებ! ეს ადამიანმა არ უნდა ჩაიდინოს, უნდა ეცადოს, რომ შური არ იძიოს... ის მოწამლული შავი იებიც კი საშინელებაა... _ თქვა ჩუმად: _ დაე, მშვიდად იძინონ იქ, იმ სამფლობელოში ოთხივემ, რადგან მე ტკივილის მომნიჭებელ ადამიანს უკვე ვაპატიე... _ თქვა და კაცს ხელები მოხვია. ამ დროს ხმა მოესმათ, თანამშრომლები კიბეზე ჩამოდიოდნენ.
ქალს გაეღიმა და კაცს მიუბრუნდა: _ დროა, წავიდეთ.
ყველა მხოლოდ ამ სამ შენობასა და ახლად დანახულ გარემოზე საუბრობდა. კარგა ხნის მგზავრობის შემდეგ ქალაქში დაბრუნდნენ.
***
_ ემა! ლოგინი განსაკუთრებული იყო! _ უთხრა ქალს ერიკმა სახლში შესვლისთანავე.
_ ლოგინი იყო კლასიკურად გაწყობილი, ლამაზი მდიდრული ორნამენტით და გადასაფარებლით!
_ ეგ არ მიგულისხმია! მათ სამი ლამაზი შვილი გაუჩნდათ!
ქალს გაეცინა:
_ იმედია, მათსავით ლოგინში არ გამაჩენინებ შვილებს და სამშობიაროში წამიყვან!
კაცმა ხელი მოხვია:
_ მე ყველაზე კარგი ქმარი და თბილი მამა ვიქნები! მაგრამ მამა რომ ვიყო, საჭიროა პატარა არსებები მაჩუქო!
_ მოვა მაგის დროც, ერიკ! ახლა დამასვენე, მეძინება! შენ კიდევ რამდენი რამ დამავალე ამ ღამეს, _ გაეცინა, _ ცოლობა და სამი ბავშვი... _ თქვა და გაღიმებულმა შეაბიჯა სააბაზანოში.
_ ემა, ფოტოები?! _ მალევე კარზე მიუკაკუნა კაცმა.
_ ხვალ მოიტანენ სახლში!
_ ძალიან კარგი! მაინტერესებს, როგორი იქნები იმ ფოტოებში!
_ ისე ცუდი ვარ?! _ გამოხედა ემამ გაბრაზებული სახით.
_ ასე ძალიან საყვარელი, ჯიუტი, ცივი, ქედმაღალი და ლამაზი ხარ!
ქალს გაეცინა, გვერდი აუარა და პირდაპირ ლოგინზე წამოწვა, ისე რომ მთლიანი საწოლი დაიკავა სხეულით.
_ ჩემი ადგილიც დატოვე და მიიჩოჩე! _ მოესმა კაცის ხმა, მაგრამ არც ამოტრიალდა, არც გაინძრა და ისე უპასუხა:
_ ის ლოგინი მოგეწონა. წადი, იქ დაიძინე! დღეს აღარ მაქვს სატირალი არაფერი და არ მჭირდება თანაგრძნობა... _ მერე უცბად წამოდგა, კაცის ხელი ხელში მოიქცია და ახალი სახვევის დადებას შეუდგა. კაცმა გადახედა:
_ გინდა მისმა ქმარმა მომკლას?!
_ შენ ლოგინზე წვები თუ მკვდარი ქალის გვერდით?! _ გადაიხარხარა ემამ.
ერიკი ქალს ძლიერად ჩაეხუტა
_ ჩემი სიყვარული ხარ შენ... მხოლოდ შენ...
_ მართლა?! არავინ გყვარებია?!
_ კი, მაგრამ ასე არავინ!
_ არც მე მყვარებია ასე არავინ... _ უთხრა და კაცს შუბლზე აკოცა: _ მიყვარხარ....
***
ფოტოები დილას კამილამ მოიტანა. ერიკი დივანზე მოკალათდა და თვალიერება დაუწყო. ქალიც გვერდზე მიუჯდა, მაგრამ კაცმა ფოტოები ასწია და ემას არ მისცა მათი ნახვის უფლება. მიუხედავად თხოვნისა, ქალს მაინც არ ანახვებდა ფოტოებს და თავისთვის აკეთებდა კომენტარს:
_ მაგარია... ძალიან საყვარელი და ლამაზი ხარ...
ემამ ფოტოებს შორიდან შეავლო თვალი:
_ შენც არა გიშავს... _ თქვა და გაუღიმა: _ ძალიან საყვარელი და სიმპათიური ხარ...
კაცმა ხელში აიყვანა, კალთაში ჩაისვა და მასთან ერთად დაიწყო ფოტოების თვალიერება.
***
ემა ქეტრინთან მივიდა. საქსოვი და საკერავი მანქანებით სავსე დიდი დარბაზი გაიარა, ყველას მიესალმა და კაბინეტთან მივიდა თუ არა, დააკაკუნა.
_ ქეტრინ! რა მაგარია, ახალი მანქანები ვნახე.
_ კი, ემა, ბოლოს აქ რომ იყავი, არ გვქონდა და მერე ვიყიდეთ. რას დალევ?!
_ ყავას. ცოტა გამოფხიზლება მინდა.
_ რატომ?!
_ ერიკთან საუბარში გვიან დამეძინა... _ თქვა და გაეცინა. _ მასთან თავს ბედნიერად და მშვიდად ვგრძნობ. პირველად ვარ ასე მშვიდად და დაცულად... _ თქვა და ჩვენებისთვის გამზადებულ ესკიზებს დახედა.
***
თბილი მგრძნობიარე დღეები სუფევდა ორივეს გულში. ერთმანეთს ბედნიერებით უცქეროდნენ და საღამოს ვახშამს ხან სახლში, ხან რესტორანში შეექცეოდნენ. ორივე სხვადასხვა კერძს უკვეთდა და ღიმილიანი სახით ერთმანეთს ასინჯებდნენ თავიანთი ულუფებიდან.
_ ერიკ! მე შენ დახმარებას შემპირდი და არა არევას, _ ემას გაეცინა, ერიკის შეშინებული სახე რომ დაინახა, როცა კაცმა ფეხი წამოჰკრა ყვავილებით სავსე ყუთს ისე ძლიერად, რომ ყვავილები ჰაერში აფრინდნენ და ზემოდან დაიწყეს ცვენა. მეგობარი იქვე იყო, უცბად ციფრული მოიმარჯვა და ამ სცენის გადაღებას შეუდგა. ემას თავზე ყვავილები სცვიოდა, ერიკი მისკენ მიემართებოდა და სიამოვნებდა ქალის სიცილი, რომელსაც თავზე ყვავილები ეყრებოდა, ზემოთ იხედებოდა და ამ სილამაზით ტკბებოდა. ერიკი მასთან მივიდა, აკოცა.
_ მაპატიე, არ მეგონა ასე თუ გაფრინდებოდნენ ყვავილები, _ თქვა და მასაც გაეცინა.
_ კიდევ კარგი, რომ ეს უბრალო ყვავილები იყო და არა კრისტალების, თორემ ვეღარ გადამირჩებოდი! _ თქვა ქალმა და მიმოპნეულ ყვავილებს გადახედა.
_ კიდევ ვიხდი ბოდიშს... _ გაისმა კაცის რბილი ხმა და ქალმაც დასამშვიდებლად აკოცა.
საღამოს მარტო ერიკი და ემა დარჩნენ ოთახში და თავიანთ საქმეებს აგრძელებდნენ: ემა ესკიზის მიხედვით ყვავილებს და ქვებს ალაგებდა კედელზე, ერიკი კი იატაკზე მოდელებს და აუზის დეტალებს ამზადებდა. ემას კიბეზე ასვლა მოუნდა. რამდენიმე საფეხური აიარა და მაღლა აიწია ყვავილებით ხელში. ერიკი მოტრიალდა და ემას მიაძახა:
_ ახლავე ჩამოდი მანდედან! მე ავალ, რას აკეთებ!
_ ნუ გეშინია, ბოლო მონაკვეთიღა დამრჩა. ამ კედელსაც მოვრჩები და ხვალ მეორე სართულზე გადავალ, შენ კი ისევ აქ იქნები! _ და კოცნა გაუგზავნა.
ერიკი კიბეზე ავიდა და წელზე მოხვია ხელი.
_ რომ გეუბნები, ჩამოდი-თქო, უნდა ჩამოხვიდე! _ ქალს ტუჩებში აკოცა და უცებ შეეშვა, იფიქრა, არ ჩამოვარდესო. მასთან ერთად ბოლო მონაკვეთიც დაამაგრა და დაბლა ჩავიდა. ემას მესამე საფეხურიდან ხელი გაუწოდა და ხელში ატატებული ჩამოიყვანა.
_ მშვენიერია, ერიკ! _ თქვა ემამ და კედლებს შეხედა, სადაც ქვები და ყვავილები სილამაზისგან ანათებდნენ.
_ დავიჯერო, ჩემს კოცნაზე მშვენიერია?!
_ ერიკის კოცნა უფრო მშვენიერი და გემრიელია. _ მიუგო ქალმა და მის ბაგეებს მიუბრუნდა საკოცნელად. მერე ყელს ჩამოუყვა კოცნით და კაცის ბოხი ხმაც გაისმა:
_ ემა, კარი ღიაა!
_ არა უშავს, კოცნის გარდა არაფერს ვაშავებ... _ თქვა ქალმა და კაცს მოშორდა.
უკვე ორივე სართული გამზადებული იყო... ორივე სართულზე სილამაზე სუფევდა.
***
რამდენიმე მანქანა მაღალი შენობის წინ გაჩერდა. სტუმრებმა `ამეთვისტოს~ პირველ სართულიდან მეორეზე გადაინაცვლეს. ყველა კედელი სარკეებით იყო მოჭედილი, შუაში როიალი იდგა, რომელიც ქვებში გაბნეული ყვავილების მთელ სილამაზეს სარკეებში ირეკლავდა და იქაურობას საოცარ ელფერს სძენდა. ნაზი მუსიკის ხმა გაისმა და ნეფე-დედოფალმა თავისი ადგილი დაიკავა. ხელის მოწერის შემდეგ ბედნიერ წყვილს ნათესავები, მეგობრები, თანამშრომლები ულოცავდნენ გაბედნიერებას.
ერიკის გვერდით ალეხო ტორე იდგა. ერიკი ემას უცქეროდა, რომელიც ბედნიერი იღიმებოდა და მეგობრებთან ერთად ფოტოებს იღებდა. ნეფემ ალეხოს გადახედა და გაღიმებულმა რამდენიმეჯერ გადაუხადა მადლობა ემაზე მზრუნველობის გამო...
კედლები ბრწყინავდნენ. ემამ რამდენიმე ფოტო გადაიღო ყვავილებთან ცალკეც და ერიკთან ერთადაც. შემდეგ ყვავილებში ჩაფლულ როიალთან დაჯდა. ერიკის საყვარელი ნოტები აჟღერდა. კაცი მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა:
_ ეს ხალხი რომ არ იყოს, ახლავე მოგესიყვარულებოდი. ახლა მივხვდი, შენი ხელები ჩახუტებისას ასე ნაზად და სასიამოვნოდ რატომ ეხებოდნენ ჩემს სხეულს, _ და ქალს ტუჩებში მოწყვეტით აკოცა. ქალმა დაასრულა დაკვრა, ერიკი მოფარებულ ადგილას გაიყვანა და ვნებიანად აკოცა, მერე კი გაიქცა და სტუმრებს შეუერთდა.
უკვე გვიან იყო, როცა სტუმრები დაიშალნენ. ერიკმა ქალს ბედნიერმა გაუღიმა და უჩურჩულა, სახლში წასვლის დროაო...
ერიკმა ემა საძინებელში შეიყვანა, ხელებში მოიმწყვდია და კაბა გახადა. ლოგინზე დააწვინა და მის ტუჩებს მთელი გრძნობით დაეწაფა. ორი შიშველი სხეული ერთმანეთს ეკვროდა ისე, თითქოს ერთი მთლიანი გამხდარიყვნენ და ერთმანეთს თავიანთ ცეცხლოვან ალერსში პირველად ხვევდნენ.
***
დილით ერიკმა ემას ყვავილები და საუზმე ლოგინში მიართვა.
_ დღეს არ უნდა ადგე! _ უბრძანა ცოლს და აკოცა.
_ რატომ?! _ წამოიძახა ქალმა და ლოგინიდან წამოიწია. კაცი გვერდით მიუჯდა.
_ უნდა იწვე და ჩამეხუტო. მე ასე მინდა! შენ რა, სამსახურში აპირებდი წასვლას?! _ მოჩვენებითი გაბრაზებით ქალს თითი დაუქნია.
ემას გაეცინა.
_ როგორ ახერხებ, ასე სწრაფად ქალი შენკენ მოატრიალო, არ მესმის, _ ღიმილით თქვა ემამ.
_ მე შენზე ძლიერი ვარ და ამიტომ!
_ შენი სიძლიერე იმ დღეს ვნახე, კაბა რომ შემომახიე!
კაცს გაეცინა და ხელები მოხვია...
_ ბიჭი მინდა, _ წარმოთქვა მოულოდნელად და ქალს თვალებში ჩააშტერდა. ემამ სახეში შეხედა:
_ წინასწარ რა ვიცი, ვინ იქნება! გოგო რომ იყოს, არ გინდა?! _ ჩაეკითხა ნაწყენი ხმით, თავი ბალიშზე დადო და ჭერს ახედა.
_ ბავშვი მინდა და არ აქვს მნიშვნელობა, გოგო იქნება თუ ბიჭი, _ მიუგო ერიკმა, ემას ხელები მოხვია, პლედი გადაიფარა და ქალის სხეულის შესწავლას ხელახლა შეუდგა...
***
ემა და ერიკი ბოსტონში ჩაფრინდნენ. აეროპორტში ალეხო და გაბი დახვდნენ. მანქანამ მინდორი გადაიარა და სახლის წინ გაჩერდა. ერიკმა თვალი მოავლო იქაურობას და გაეცინა, გაახსენდა, ქალს რომ უთხრა, საყვარლებმა გაჩუქეს სახლიო და ამის გამო სილა მოხვდა. ცოლს ხელი გადასდო მხარზე და თვალებში ჩააშტერდა:
_ ეს სახლია, რის გამოც პირველად მომხვდა სილა ქალისგან?!
_ ჰო! ესაა ის სახლი... საყვარლებისგან! _ თქვა ქალმა და გადაიხარხარა.
_ აი, იებიც! _ შესძახა კაცმა და ემასთან ერთად იებისკენ გაემართა. კაცი მორაკრაკე რუსთან გაჩერდა.
_ ლამაზი ფერი აქვს ამ ყვავილს: იდუმალი და ამოუცნობი!
_ კი, ასეა! _ დაეთანხმა ქალი.
კაცმა უცებ ხელში აიტაცა იგი და ვნებიანი ჩურჩულით შეეკითხა:
_ საით წავიდე?
ქალმა ხელით ანიშნა. სახლში შესულმა ერიკმა ცოლი საწოლზე წამოაწვინა, თბილი სამოსი შემოაძარცვა და მიეალერსა. მერე ოთახს შეავლო თვალი.
_ ისევეა აქ ყველაფერი, როგორც ადრე?!
_ კი, მარტო ამ ოთახში!
_ ლამაზი ოთახია, შენ გგავს. ეტყობა, ვისი ხასიათითაც არის დალაგებული.
_ ჩანთები ამოსატანია და ამოსალაგებელი, _ გაახსენდა ქალს.
_ ჯერ ვჭამოთ, თორემ კუჭი გამიხმა! მერე ამოვალაგოთ ტანსაცმელი... _ უთხრა ცოლს და მასთან ერთად სამზარეულოს მიაშურა.
როცა ჭამას მორჩნენ, გარდერობში შეალაგეს თავიანთი ბარგი და აივანზე დასხდნენ. მზის ჩასვლას სიამოვნებით უმზერდნენ. მზეს, უკვე დრო იყო, ადგილი დაეთმო მთვარისთვის. მან თავისი გზა განვლო და ახლა ღამის მნათობის ჯერი დამდგარიყო. წყვილი ერთმანეთს მიეხუტა, თვალებდახუჭულებმა ჩაისუნთქეს გრილი ჰაერი. ამასობაში მთვარეც ამოვიდა. ემამ და ერიკმა ჩაბნელებულ მინდორს გადახედეს. სიბნელეში აქა-იქ შუქი მოჩანდა და საოცრად ანათებდა მწვანე მინდორსა და ყვავილების მწკრივს. ხეები ირხეოდნენ და შრიალებდნენ, ფოთლები ჰაერში ფრიალებდნენ და ქარის მიმართულებით მიფრინავდნენ იქით, საითკენაც ნიავი უბერავდა.
დილით, ისაუზმეს თუ არა, ქალაქში გაისეირნეს. დაათვალიერეს ბოსტონის ზღვის ხედები და ფოტოებიც გადაიღეს. მერე გემზე ავიდნენ, ადგილები დაიკავეს და ზღვის ტალღებს თვალი გააყოლეს. მის აზვირთებულ ტალღებს უცქეროდნენ და გარემოსაც ათვალიერებდნენ. შემდეგ გემზევე ისადილეს და კვლავ ზღვას მიაჩერდნენ. გემი ტალღებს ჭრიდა და წინ მიიწევდა, ქალაქისკენ. მცირე მოგზაურობის შემდეგ ხმელეთზე გადავიდნენ. ემა დაღლილი იყო ამდენი რწევისგან და ძლივს დადიოდა. ერიკს მისთვის წელზე ხელი შემოეხვია და ლოყაზე კოცნიდა, თან ესაუბრებოდა. ერთმანეთს უყვებოდნენ დღის შთაბეჭდილებებს და თან სახლისკენ მიუყვებოდნენ გზას...
მეორე დილას ერიკი ემას ძახილმა გააღვიძა. ქალს ხელში პატარა ტორტი ეჭირა, ქმრის სხეულს ზემოდან მოქცეოდა და აღვიძებდა:
_ ერიკ! ერიკ! ერიკ!
კაცმა თვალები სწრაფად გაახილა და გაკვირვებულმა შეხედა, თან მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.
_ ამ დილაუთენია ჩემს სხეულზე რატომ ამობობღებულხარ??! _ იკითხა გაკვირვებულმა და ქალი აათვალიერა.
_ ერიკ.... დაბადების დღეს გილოცავ... _ დაიყვირა ემამ ხმამაღლა, ტორტი ახლოს მიუტანა და მკერდზე დაადო კაცს.
ერიკს გაეცინა. ტორტზე დანთებულ სანთელს სული შეუბერა და ქალს აკოცა.
_ მადლობა, ჩემო ლამაზო ცოლო...
_ ახლა იუბილარის ტორტი მივირთვათ... _ თქვა ემამ, ლოგინზე გადაიარა და ტორტი როიალზე შემოდო.
_ ასე შიშველმა უნდა იარო?!
_ ჰოოო! ესაა შენი საჩუქარი! შენ სხვა საჩუქარი გინდა?!
_ სხვა საჩუქარიც მინდა! _ თქვა კაცმა, ქალი თავისკენ მოატრიალა, აკოცა და განმარტა, _ პატარა ბავშვი!
ქალს გაეცინა და დანა აიღო:
_ ჯერ ადრეა პატარა ბავშვებამდე! ასე უცბად იმედი ნუ გექნება. აჯობებს, ტორტი დაჭრა, მშია!
ერიკმა ტორტი ჩაჭრა და ქალს უჩურჩულა:
_ როიალია შენი ახალი მაგიდა?!
_ კი! მე გამხდარი ვარ და შემიძლია როიალზე ჩამოვჯდე, შენ კი სკამზე დაიკავე ადგილი, _ ანიშნა ქმარს, ტორტი თეფშებზე გადმოიღო და კაცისკენ წაიღო ჩანგალზე წამოცმული ლუკმა.
_ მარტო ამას გაჭმევ! დანარჩენი შენით მიირთვი...
_ შენ მაჭამე! _ უთხრა რბილად კაცმა და ქალს ბედნიერმა ახედა, რომელიც მართლა როიალზე შემოჯდა.
_ აქედან ვერ გაჭმევ, ერიკ... _ მოისაწყლა ემამ თავი.
მაშინ ერიკმა ხელი სტაცა და კალთაში ჩაისვა:
_ აი, ასე მაჭამე! დღეს იუბილარი ვარ და ყველაფერი უნდა შემისრულო!
ტორტი რომ დააგემოვნეს, ქმარმა ცოლი ისევ როიალზე გადასვა.
_ აქ ძალიან ლამაზი ხარ... იჯექი და მიირთვი შენი გემრიელი ტორტი, მერე კი საჩუქარს დაველოდები! _ უთხრა კაცმა და ქალის ჩუმი ხმაც მოესმა: _ რა საჩუქარი?!
_ მორჩი ჭამას და ლოგინს დაუბრუნდი! _ უჩურჩულა და სკამს მოსცილდა. ქალიც მაშინვე უკან მიჰყვა. კაცი მოტრიალდა და თვალებში ჩახედა:
_ შენ სად მოდიხარ?!
_ შენ მოგყვები!
_ ჰოოო?! ძალიან კარგი, _ თქვა და ხელი წაავლო, ლოგინზე დააწვინა, მუცელზე აკოცა და უჩურჩულა: _ პატარა ბავშვი მინდა, ემააა...
_ დღეს ვერა. სხვა დროს შეგისრულებ მაგ სურვილს, ერიკ... ასე უცებ ვერა! _ გაეცინა და კაცის სახეს ხელი შეახო: _ სხვა საჩუქარი მაქვს და თუ გამიშვებ, მოგიტან!
ერიკმა ყელზე აკოცა:
_ ჯერ შენ მინდიხარ საჩუქრად, სხვას მერე ვნახავ... _ თქვა და მისი სხეულს დაეწაფა...
მოგვიანებით ემამ ქმარს საჩუქარი შემოუტანა. კაცმა კოლოფს თავი ახადა.
_ ყოველთვის დაგიცავს, სადაც უნდა იყო, ყოველთვის შეისმენს შენს გულწრფელ თხოვნას და შენ გვერდით იქნება... _ თქვა ემამ. კაცმა ხელი შეახო კულონს და ქალს აკოცა: მადლობა, ჩემო ერთადერთო!
ქალმა გაღიმებულმა ჩამოჰკიდა ქმარს კულონი მკერდზე...
***
ბოსტონში ერთი კვირა გაატარეს. სეირნობდნენ ბაღშიც, მინდორშიც და ცხენითაც იჯირითეს.
რამდენიმე დღე გაბისთან და ალეხოსთან ერთად გაისეირნეს ქალაქში და დაღლილები გვიან დაბრუნდნენ სახლში.
ერიკმა ცოლს ხელი მოხვია, ორივენი ხეებთან ამოზრდილ ნამდვილ იებთან მისეირნობდნენ, წყლის დინებას გაუყვნენ:
_ ძალიან მიყვარხარ! _ მოესმა ქალს და კაცის კოცნაც იგრძნო.
_ მეც მიყვარხარ, ჩემო სიმპათიურო და თბილო... _ თქვა და მიეხუტა: _ ერიკ... ძალიან მიყვარხარ და ბედნიერი ვარ!
_ მეც ძალიან მაბედნიერებს შენ გვერდით ყოფნა. _ მიუგო კაცმა და ხელში აიყვანა.
_ მჯერა!
_ ახლა კი ძილის დროა, _ თქვა ქალმა და მალევე მშვიდად ჩაეძინა მის მკლავებში და სრულიად დაავიწყდა გონებაში მოფუთფუთე წარსულის მოგონებები...
დილით ბარგი ჩაალაგეს. ალეხოს, გაბის, ალმას და სხვა ნაცნობებს დაემშვიდობნენ და აეროპორტისკენ დაიძრნენ...
ჩამოსვლის შემდეგ კვლავ საქმეში ჩაეფლნენ. დღეები მხიარულებასა და მუშაობაში გადიოდა. ერიკის დასაც უხაროდა მათი ბედნიერება. ბავშვსაც ეფერებოდნენ და ერთად მიჰყავდათ გასართობად. სამსახურში ერიკი ხან თავის პროექტებს ხაზავდა, ხან ემასთან იყო კაბინეტში და როცა მას არ ეცალა, ქალს უსიტყვოდ უცქეროდა, ხან კი ერთად ისხდნენ ჩახუტებულნი და ბედნიერებით სავსენი მეცხრე სართულის აივნიდან იცქირებოდნენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent