შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიირთვით ცივად ! (2)


30-11-2022, 23:26
ავტორი Qetatoo
ნანახია 855

მოდით ვიყოთ რეალისტები და მარტივად ვთქვათ- ცხოვრება ერთი დიდი გაურკვევლობით სავსე ორმოა, სადაც მანამ ვცდილობთ სოროს გათხრას, სანამ პირში სული გვიდგას. არ თქვათ რომ ნეგატიურად ვუდგები, იქ სადაც გიწევს იფიქრო მომავალზე, ვერ შეჩერდები მზის მცხუნვარების და წყლის სიკამკამის ხარისხის შესაფასებლად,ჩვენ აქ გადარჩენისთვის ვიბრძვით და წვრილმანების ღმერთმა დაე მათ აჩუქოს ღაჟღაჟა სხივები, ვისაც ბედის ვარსკვლავმა ყველაფერი მშვენიერი უბოძა დაბადებისას...
გამოღვიძება უცნაური იყო, ახალი სახლის შეღებულ აივნის კართან მაისურისამარა ჩამომდგარი ეს ქალბატონი, თვალს უჭუტავდა ყავის ორთქლს და ჯერ კიდევ ამომავალი მზის შემყურე ფიქრობდა, როგორ დაღალა ბოლო ერთმა კვირამ.რესტორნიდან წამოსვლის ბოლო ღამე ჯოჯოხეთური იყო ინციდენტის შემდეგ, საგულიდან ამოვარდნილ ანიტას გულს ამშვიდებდა და წამდაუწუმ უმეორებდა რომ ყველაფერი კარგად იყო. ცხოვრების ძველი, ჩაჟანგული კარი დაიხურა და თან მიაყოლა ყველაფერი ის, რაც აღარ გამოადგებოდა. ახალი ეტაპი სავსე იყო წინასწარი გათვლებით და თავს მშვიდად გრძნობდა.ბოლო 7 დღის მანძილზე აშენდა ახალი გონება, შეიცვალა სივრცე და ადამიანი. ახალი სახლი ართობდა, მეპატრონემ ავეჯი მთლიანად დაუტოვა და კუთხეში მიწყობილი ყუთები ნელ-ნელა დაცარიელდა კარადების ასავსებად. ფეხშიშველმა გაიარა საძინებლის სივრცე და შეღებულ კარადაში საგულდაგულოდ დაუთოვებულ პიჯაკს თითის ბალიშებით შეეხო. სამზარეულოში ონკანის ხმა გაისმა და მიხვდა რომ ახალი სივრცის მეორე ბინადარმაც ინება წამოდგომა.
-ასე ადრიანად რატომ გაიღვიძე?...-ნიჟარასთან ჩამომდგარს წააწყდა და კარის ჩარჩოში გაჭედილმა გაკვირვებით იკითხა...-გუშინ გვიანობამდე მეცადინეობდი და დილით მაინც დაიძინე.
-საუზმეს მოგიმზადებ და ემოციურ მხარდაჭერას გამოგიცხადებ...-სრული სერიოზულობით ამოთქვა თმაგაწეწილმა ჩალისფერთმიანმა...-ნერვიულობ?
-არა!...-უემოციოდ ამოთქვა და ჩაიდანი გაზზე შემოდგა...-ამიყვანს და შენც იცი რომ სანერვიულო არაფერი გვაქვს.
-გიხდება ეგ ფერი...-ფინჯანში ყავას ყრიდა და ისე ამოთქვა მისთვის არც კი შეუხედავს...- მაინც იმას იცვამ?
-ანიტა ამაზე ათასჯერ ვილაპარაკეთ!...-მწვანე ვაშლს თავი მიანება და ქვაბში გემრიელად აფუშფუშებულ შვრიის ფაფას მიუბრუნდა მოუთმენლად.
-როგორც ჩანს ყველაფერს მოუხერხე რაღაც, ტონის გარდა...-არც თავად ჩამორჩა აფეთქებაში...-გადააგდე ეგ საზიზღრობა! ისედაც ძვალი და ტყავი დარჩი, ვერ ატყობ?
-გეყოფა!...-ხელიდან წაგლეჯილი დანა დაიბრუნა, მის თვალებში ჩალაგებულ მარგალიტებს მზერა აარიდა და ისევ ვაშლს მიუბრუნდა...-სწავლას მიხედე და მალე ისე მოვახერხებ რომ იმ საზიზღარი რესტორნიდანაც წამოხვიდე...-თავს უკვე კარგა ხანია იმართლებს, მაგრამ როგორც ჩანს თანამობინადრისთვის ვერც ერთხელ აღმოჩნდა საკმარისი.
-წადი ჩაიცვი, დანარჩენს მე ვიზამ...-დაუთბა ხმა და სინანული შეეპარა ტუჩის კუთხეებს.
სარკე ირეკლავდა სრულ გამოსახულებას. სწორ ხაზს მიყოლილი ლავიწები, ერთიანად ჩამოთხელებული მკლავები, თლილი ხელები შეეხო გულისპირს და შავი პერანგის ღილები შეიკრა სავსე მკერდთან, ჯერ კიდევ მადიანად იცქირებოდნენ სრული გვერდები და წელამდე ამოსულმა კლასიკურმა შარვალმა დაფარა სიშიშვლის ყველა მამხილებელი საბუთი, ჟილეტ მოცმულმა ხელი დაავლო პიჯაკს და მაღალი ქუსლების ხმა გაისმა მისაღების კერამო გრანიტზე.მადა აქ არაფერ შუაში იყო, ყველაფერი დისციპლინას ექვემდებარებოდა, ამიტომ სანამ ანიტა ამრეზით შესცქეროდა, მანამ თავად წარბშეუხრელად დააგემოვნა მომზადებული საუზმე.
-ჩანთაც შავია?...-ხუმრობის ადგილს ამ სივრცეში ნამდვილად ვერ ნახავდა...-როგორც კი შეხვედრიდან გამოხვალ ხომ მომწერ?...-ნამდვილმა, გულწრფელმა კითხვამ იჩინა თავი.
-არავის უთხრა ახალი მისამართი...-ახლაღა გაახსენდა მთავარი სათქმელი...-სარკის კარადასთან ფული დაგიტოვე და იცოდე წესიერად ჭამე სანამ ლექციაზე შეხვალ! წავედი.
-ელა...-კარისკენ წასულს მიასწრო და ხელი წაავლო...-დაფიქრდი...-თვალებში დარდი შეუძვრა, იქნებ ეს შიში უფრო იყო?...-ჯერ კიდევ შეგვიძლია ყველაფერი...
-და ისევ იმ ნაგავში დავბრუნდეთ?...-დამცინავი იყო მისი გაყინული სახის კუთხეებიდან გამოჟონილი ერთადერთი მიმიკა...-დასაკარგი ისედაც არაფერია...
გამოსახულებები ერთმანეთს ცვლიდა, ქალაქში ახლად შემობიჯებულმა ზაფხულის მცხუნვარებამ გააშიშვლა კანიც და ყველა კუთხე-კუნჭულის ხალხმრავლობაც.ანიტაზე ფიქრმა გაიტაცა, ჯერ კიდევ ბავშვი იყო და სჯეროდა სწორი გზების, სასწაულებრივად აქაფქაფებული ცხოვრებისეული მოლოდინების.თავად კი მშვენივრად ახსოვდა როგორ ჩაუმსხვრიეს სხეულში ძვლების არსენალი, ჩამოანგრიეს მისი რუდუნებით ნაშენები მომავლის ბრწყინვალება და ცხოვრების წინაშე ისე დატოვეს როგორც დანგრეული სახლის ეული ბინადარი ზამთრის გამყინავ სუსხში.ახალი შანსი თავად შექმნა, არ დალოდებია კოსმოსის კეთილ ნებას და ხელისგულიდან ამოჭმული ბროწეულის სიმჟავის ფასად მიღებული ეს ღაჟღაჟა შესაძლებლობა მთელი სხეულით უნდა დაეგემოვნებინა.ახსოვდა როგორ მოისროლეს მისი პირველი საოცნებო სამსახურიდან,ჯერ კიდევ ახლად უნივერსიტეტ დამთავრებული, სისხლმჩქეფარე, დაუზარელი და შეპყრობილი.ღამენათევს და მაკიაჟის საფარის ქვეშ დამალულ ჩაშავებულ უპეებიანს ისე მარტივად შეელივნენ თითქოს სარეველა ბალახი ყოფილიყო და ზიზღით ამოეძირკვოთ. ხოდა ისიც ადგა და წამოვიდა...აი ასე მარტივად... უბრალოდ მოხვია თავის ნივთებს ხელი და ისე გამოიძურწა იმ შენობიდან, თითქოს დედიშობილასთვის წაესწროთ და სირცხვილის დასამალად ძალაც აღარ შერჩენოდა.იმედები ისე უეცრად გახდნენ შორეული წარსულის ზმანებები რომ ვეღარც გეტყოდათ რეალობა იყო თუ უბრალოდ შორეული წარსულის მითი.
სამაგიეროდ ახლა აქ იყო.უზარმაზარი შენობის წინ და მშვენივრად იცოდა,რომ ყველაფერი რისი მიღებაც სურდა, სამართლიანად ეკუთვნოდა.ცხოვრება თავის ჭუჭყიან მკლავებს ვეღარ მოხვევდა და თუ აქამდე მხოლოდ ფართოდ შეღებულ კარებს ეძებდა, ამჯერად მთლიანი შენობისთვის იწყებდა ბრძოლას.ნაბიჯი წინ...და შენ უკვე ცეცხლთან დგახარ.
შესასვლელში შემოეგება კადრების განყოფილების თანამშრომელი გოგონა და ღიმილით მიუთითა გრძელი ჰოლისკენ. მეორე სართულზე ასულმა ერთადერთი კარის გასწვრივ ჩამოსმხდარ ორ გოგონას თვალი შეავლო. მომლოდინეების გვერდით ჩამოჯდომისკენ მიუთითეს და ამ სიჩუმეში აღმოჩენილმა, სხვებისგან შეუმჩნევლად ჩაბღუჯა ხელებში მოქცეული ჩანთა.იქნებ არც ისე მარტივადაა ყველაფერი, როგორც თვითონ წარმოედგინა? იქნებ ზედმეტად გაიტაცა ყველაფრის კონტროლის შესაძლებლობამ?ნერვული სისტემა აირია და სისხლი სახეზე მოაწვა.
კაბინეტის კარი სინათლის სისწრაფით გამოაღეს და სანამ მთელ ყურადღებას მიმართავდა, მანამ სილუეტმა ჩქარი ნაბიჯით ჩაუქროლა და მხოლოდ ზურგსღა მისწვდა გუგების სიფართოვე. მისი სახელი გაისმა სანახევროდ ღიად დარჩენილი სივრციდან და ყურთასმენა დაძაბულმა გაშალა მოკეცილი ფეხები. წამომდგარმა საკუთარ თავს ჩასძახა სახეზე ნერვის თამაში არ დაგეტყოსო და როგორც ჭამ ისე ამოსძახა შინაგანმა ხმამ ამჯერად არ გიმტყუნებო. ნაბიჯი მტკიცე იყო, თვალის სისწრაფემ მოათვალიერა სივრცის დაუსრულებლობა, გრძივად ამოჭრილ ფანჯარასთან კაკლის ხის პრიალა მაგიდის მიღმა იჯდა მისი სამიზნე.საბუთებს ჩასცქეროდა,თუმცა სახეზე ჯერ კიდევ დასთამაშებდა სიბრაზის ნაოჭის ნერვიული გაბრძოლება. როგორც კი ნაბიჯის ხმა მისწვდა თავაუღებლად გამოაცხადა დაბრძანდითო და სიჩუმეჩამოწოლილი უხერხულობა გაარღვია შეცბუნებამ.
-შენ ხარ?!...-მძიმედ გადაყლაპა ყელში მოწოლილი ბურთი და თვალი თვალში გაუყარა ურცხვად...-ელისაბედი...-როგორღაც თბილად წარმოთქვეს სახელი და დაძაბულობა მიკუჭა სხეულში...-ჩემი გადამრჩენელი.
-გადამრჩენელი?...-წარბები ასწია და გაიკვირვა...
-შენ ხომ ის ოფიციანტი გოგონა ხარ?!...-უკან არ დაუხევია...-თქვენმა მზარეულმა რომ კინაღამ შემიწირა და შენ...
-აწითლებული სახის და შესიებული კისრის გარეშე ბევრად სასიამოვნო გარეგნობის ყოფილხართ...-თავხედობა, პირველი წესია! ან ბოლომდე ჩამოდიხარ, ან სახლში ხელცარიელი ბრუნდები.იცნობდა მისნაირ კაცებს, მათ რაღაც ახალი, აქამდე გამოუცდელი სჭირდებათ, თუნდაც მწარე იყოს, მერე რა?...
-ნუთუ?!...-სასაცილოდაც არ ეყოო იფიქრებდით, ისე ხალისიანად აუნათდა სახე უკვე თავისუფლად მჯდომს...-შენც ბევრად თამამი ყოფილხარ ოფიციანტის კოსტუმის გარეშე.
-მე ვიტყოდი რომ პირდაპირი...-გულის აჩქარებას რა ხელი ჰქონდა ამ კომიკურობაში...-მაგრამ ჩავთვლი რომ უბრალოდ ვერ შენიშნეთ.
-გასაუბრებაზე ყოველთვის ასეთი...-წამიერად შეიცადა და შემფასებლურად აათვალიერა...-პირდაპირი ხარ ელისაბედ?
-მხოლოდ მაშინ, როცა ვიცი რომ აზრი აღარ აქვს თავის მოწონებას...-ესეც თქვენი გადამწყვეტი მომენტი.
-გგონია გამოცდილება და განათლება არ გეყოფა?...-სიტუაციით დაინტერესებულმა ხელში შეათამაშა ფურცელი და ელისაბედი მიხვდა რომ მხოლოდ ახლაღა დაიმსახურა მისმა კურუკულუმ ვიტაემ დაინტერესება.
-არა! მგონია რომ თავადვე გეტყვით უარს და ახლა უბრალოდ დროს გართმევთ.
-შენ მეტყვი უარს?...-ვამბობ, თქვენ ის უნდა შესთავაზოთ რაც ჯერ არ გამოუცდიათ...-ვითომ რატომ? შენს მოთხოვნებს არ ვაკმაყოფილებთ?
-მე საჭირო დროს აღმოვჩნდი საჭირო ადგილას...-ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო...-თქვენი მადლიერების გრძნობა პირდაპირ სახეში მეცა, როგორც კი პირველად შემომხედეთ.
-და რას ხედავ ამაში, ცუდს?...-ვერ მიუხვდა მსხვერპლი.
-დიდი ხანია მსგავს პოზიციაზე მუშაობა შევწყვიტე, უბრალო ოფიციანტად ყოფნა საკმაოდ მარტივი და შემოსავლიანი იყო...-თვალებში გაუკრთა ზიზღი მონოლოგის ავტორს...-ახლა ისევ გადავწყვიტე საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და არ ვაპირებ ეს იქ გავაკეთო, სადაც მხოლოდ მადლიერების გრძნობის გამო შეიძლება ამიყვანონ.
-გგონია იმიტომ აგიყვან, რომ იმ ღამით სასწრაფოს მხოლოდ სამი წუთით აჯობე?...-ეს დაცინვა არ იყო, სრული სერიოზულობის ეფექტს შეჭმუხნილი წარბები და მოშვებული ტუჩის კუთხეები ქმნიდნენ.
-რა მნიშვნელობა აქვს?...-ფეხზე წამოიმართა და დარწმუნებით ამოთქვა...-მე ხომ მუდმივად მექნება ეს აზრი ქვეტექსტად?!...-ხელი გაუწოდა და რბილი ხელისგული შეეხო თითებს...-მადლობა ბატონო დავით,რომ დრო დამითმეთ.სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა.
-თავხედი ხარ!...-კართან მისულს პირდაპირ ზურგში ეცა სიტყვები.ეს არ იყო შეურაცხყოფა, მშვიდად წარმოთქმულმა ამ შემკობამ ადგილზე გააქვავა...-იმდენად, რომ საგულდაგულოდ ემზადები, გეგმავ, წინასწარ შერჩეული კოსტუმით იპრანჭები, გათვლილი სიტყვებით და ჟესტებით აპირებ ახალი ცხოვრების დაწყებას...-სახე აუჭარხლდა და ამდენი ხნის მანძილზე პირველად იგრძნო შიში, გამომჟღავნების...-მაგრამ მოდიხარ და ამბობ რომ თურმე აქეთ უნდა გიმტკიცო მადლიერების გრძნობის გამო არ აგიყვანთქო.
-...აპირებთ?...-არ შეუმჩნევია კომპლიმენტები, წარბაწევით შემოუბრუნდა და გაყინული ხელები მაქსიმალურად დააშორა ერთმანეთს კანკალი რომ არ შეტყობოდა...-აპირებთ ჩემს დარწმუნებას?...-საუკუნოდ გაიწელა სივრცე და დრო.
-შანსს მოგცემ...-ჭინკები აუთამაშდა წამწამებთან და წინ წამოწეულმა შეთქმულივით დაიწყო ჩურჩული...-დაივიწყე ყავის აქეთ-იქეთ ტარება! დამარწმუნე რომ ბევრად მეტს იმსახურებ!
-ცხრათავიანი გველეშაპი დავამარცხო? თუ ოკეანე გადავცურო ნატვრის თვალისთვის? სადმე კოშკში გამომწყვდეული პრინცესა ხომ არ გეგულებათ?...-სასაცილოდაც არ ეყო ეს მაღალფარდოვანი სიტყვებით შეფუთული მოთხოვნა.ნუთუ ისევ ეყოფოდათ გამბედაობა და ფეხების გაშლას ასე მაღალფარდოვნად მოთხოვდნენ?
-წესი პირველი, დაიმახსოვრე, ეს მთავარი წესია!...-მაგიდას შემოუარა კაცმა და მისკენ ნელი, მწვალებლურად ფრთხილი ნაბიჯით წამოვიდა...-შენ მე არ დამცინი! სუსტი გული მაქვს.
-წესი მეორე?...-საუბარი საინტერესო ხდებოდა, სივრცე კი უხილავი.
-უნდა გენდობოდე!
-ყავაში მარილს არ ჩაგიყრით, სხვა მხრივ ნდობა რაში გამოიხატება?...-ამჯერად თვითონ იყო აბნეული.
-თუ ასეთი შემართებით დასცინებ ჩემს პარტნიორებსაც მაშინ შეგვიძლია შენს მომავალზე ვისაუბროთ...-დივანზე ჩამომჯდარმა ღიმილით მიუთითა მოპირდაპირე მხარისკენ, მაგრამ არ იძვროდა ჟესტის ადრესატი...-დაჯექი ელისაბედ!
ნაბიჯ უკან წადგმული სიმწრით იმართება და წამიერად ათვალიერებს მის წინ გამკაცრებულ ამ შუახნის კაცს.ჩანთას დივანზე აგდებს და თავადაც ყავისფერი ტყავის სირბილეში თავსდება, მუხლებზე ჩამოდებულ ნიდაყვებს ხრის, თითის ბალიშები ერთმანეთს ეწებება და მზადაა, სატყუარა კარგა ხანია წყალში გადააგდო, თევზი კი დაუფიქრებლად წამოეგო ანკესს.
-ვიღაც მჭირდება ვინც სახლს და სამსახურს ერთმანეთს დააკავშირებს და ჩემს ცხოვრებას მარტივს გახდის...-ჩამოყალიბებული, ზრდასრული მამაკაცი, გამომწვევი ბიზნესით და მილიონიანი ბრუნვით.თეორია არ ცდებოდა, ყველაფრისდა მიუხედავად, დღის ბოლოს მათ დედიკო სჭირდებათ ცხელი წვნიანით ხელში...-ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რამდენად შეგიძლია ჩემი ცხოვრებით ცხოვრება.
-გინდათ რომ თქვენი ცხოვრებით ვიცხოვრო?...-ვერ მიუხვდა მიმართულებას.
-აქამდე რამე ღირებული შეგიქმნია ელისაბედ?...-ახლა თავს უკანასკნელ ადამიანად აგრძნობინებდნენ, ესეც მშვენივრად ესმოდა...-ახლა შანსი გაქვს, გამოიყენე!
-და რით ვიმსახურებ ამ შანსს? ან ამხელა ნდობას?...-თავში ათასი აზრი დაუტრიალდა, მაგრამ ის მაინც ვერ წარმოიდგინა, წაც წინ გამოცდილი ვაჭარივით დაულაგეს და უქეს.
-უკვე გგონია, რომ იმსახურებ?...-ეს სუფთა ბიზნესი იყო, ამჯერად აღარ აპირებდნენ შერბილებული ტონით მასთან საუბარს. უნდოდა პირდაპირობა და მიიღებდა კიდეც...-ისე თავმომწონედ აფრიალებ შენს აკადემიურ მოსწრებას სივში, მაგრამ გამოცდილებას მალავ ყველაზე დიდი სირცხვილივით. გეთაკილება ოფიციანტად მუშაობა ჩემო გოგო?...-სარკაზმი აცოცხლებდა მის საზიზღარ სისხლს...-არც საკონტაქტო პირებშია დიდი მრავალფეროვნება, რომ ვერ გიპოვოთ? ერთი ადამიანიც არაა ვისაც შენზე ვკითხავთ?
-არ დაგჭირდებათ...-ეს მარტივი ჭეშმარიტება იყო...-მე არც ხურდა ფული ვარ და არც წინა დღის გაზეთი რომ პოვნა დაგჭირდეთ.
-საინტერესო შედარებაა...-ნიადაგს სინჯავდა...-მარტივად ვთქვათ. შენ ჩემი დაცვის ბიჭებს გაიცნობ, პარტნიორებს და ოჯახის წევრებს.მართალია არც მე ვარ ხურდა ფული, მაგრამ თუ ვინმეს ჩემი პოვნა გაუჭირდება შენ გეცოდინება სად ვარ.
-ანუ თქვენი საკონტაქტო პირი ვხდები?...-წესი პირველი ჯერ ძალაში არ იყო, თანხმობა არ გაჟღერებულა.
-შენ ჩემი პირი უნდა იყო! აი ასე მარტივად...-იქნებ ამ კაცმა იცოდა რაც უნდოდა?!
-თავს დავდებ, საინტერესო იქნება ჩემი შრომითი ხელშეკრულება.
-გგონია შრომით ხელშეკრულებას გავაფორმებთ და სახელფასო ბარათს შევუკვეთავ შენთვის?...-სავარძლის საზურგეს ისევ თავისუფლად მიეყრდნო და ინტერესით დააკვირდა.
-გგონიათ იმდენად სულელი ვარ,რომ მთელი ჩემი ცხოვრების მისაკუთრების უფლებას მოგცემთ და ამას უანგაროდ გავაკეთებ?...-სარკე იყო, თვალი თვალის წილ.
-დამიჯერე გასამრჯელო უკანასკნელია რაზეც აწუწუნდები...-ნდობა საიდან გაჩნდა, საინტერესოა.
-ერთი კვირა დამჭირდება, თქვენი ცხოვრება არც ისეთი ცარიელი ჩანს რომ ერთ დღეში შევისწავლო ყველა და ყველაფერი...-ეს უკვე ნამდვილად იყო თანხმობა.
-და გგონია ერთი კვირა გეყოფა იმის სასწავლად რასაც მე ორმოცდაშვიდი წელია ვაშენებ?...-როგორც კი მიხვდა პასუხს დამიბრუნებსო, ხელის აწევით გააჩერა და თავად გააგრძელა...-ალბათ ხვდები,რომ შენზე ყველაფერს გავიგებთ, ხო? გიჟი კი არ ვარ ჩემს ცხოვრებაში გაშლილი ხელებით ბრმად შემოგიშვა.
-რამე საინტერესოს თუ იპოვით, არ გამომაპაროთ...-ეცინებოდა ამ გამოწვევაზე.
-ნიკოლოზი სახლში წაგიყვანს,რომ შენი ზუსტი მისამართი დაიმახსოვროს. ხვალ დილის რვა საათზე მოგიყვანს ჩემთან. ჩემს მეუღლეს გაგაცნობ, სახლს დაათვალიერებ და გასწავლი დღის განრიგთან მუშაობას...-ალბათ გაუგრძელებდა კიდეც, რომ არა კარის ხმა და ყურადღების ახალი ადრესატების გამოჩენა.
-დავით...-მოუთმენლად გაიჟღერა და ჩადუმდა სათქმელი, როგორც კი ოთახში უცხო პირი დალანდეს.ელისაბედი წამოდგა და მშვიდად დააკვირდა ოთახში შემოსულ ორ მამაკაცს.
-ნიკოლოზ, ელისაბედი სახლში წაიყვანე და მალევე დაბრუნდი...-თუ თავის დაქნევას დაუჯერებდა ნიკოლოზი ის წაბლისფერთმიანი ახალგაზრდა ბიჭი უნდა ყოფილიყო, რომელმაც მითითების მიღებისთანავე კარი გამოაღო...-მოითმინე გაბრიელ, მოითმინე...-სამაგიეროდ გაჟღერებული სახელის ავტორს ჰქონდა უშინაარსო მზერა და ისე გადმოხედა იმ თავისი სიმაღლიდან, თითქოს მის მნიშვნელობას აფასებსო...-სასიამოვნო იყო შენთან შეხვედრა ელისაბედ, იმედია ასევე სასიამოვნოდ გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა.
-იმედია ბატონო დავით, იმედია...-გამოწვდილ ხელისგულს შეაგება თითები და ზედმეტი ცერემონიების გარეშე დატოვა კაბინეტის სივრცე.
გამიზნულად ნელი ნაბიჯით მიმავლის სმენას მხოლოდ რამდენიმე სიტყვა მისწვდა, მაგრამ ისიც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მიმხვდარიყო- ყველაფერი იმაზე კარგად გამოვიდა, ვიდრე გეგმაში ჰქონდა.
-ეს ვინღაა?
-ოო, ეს ჩემო გაბრიელ მე ვარ...ოღონდ ქალის ფორმაში.
სატყუარაზე იმაზე დიდი თევზი წამოეგო, ვიდრე როდისმე წარმოიდგენდა.



№1 სტუმარი ნეს

"თვალის სისწრაფემ მოათვალიერა სივრცის დაუსრულებლობა" -- იცი ხომ რომ ასეთებისთვის მიყვარხარ და მიყვარს შენი კითხვა?! არ ვიცი ჯერ რა სახის ურთიერთობა ქონდათ მანამდე ელისაბედს და დავითს, მაგრამ, ეს უკანასკნელი საკუთარი ხელით რომ ითხრის დასაკლავ დანას, კი მივხვდი... ჰმმმ, იყავი და დარჩები დიდი ინტრიგანი )))) შემდეგ თავს როგორ ველოდები კი იცი )))

P.s. კურუკულუმ ვიტაე დავგუგლე ))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent