შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,მკვლელობა შავი იებით'' (სრულად)


4-12-2022, 23:08
ნანახია 7 136

შავი, ყვავილებით გაწყობილი გრძელი ატლასის კაბა ეცვა ახალგაზრდა ქალს, რომელიც უსულოდ გართხმულიყო იატაკზე. მის სიახლოვეს ხნიერი მამაკაცი ესვენა. მათ შორის მანძილი ყვავილებს დაეფარა. იები, იისფერი იები მიმოპნეულიყო ირგვლივ ისე, თითქოს ვიღაცას უცაბედად სათითაოდ გაუვარდა ხელიდანო. არავითარი სისხლი, არავითარი კვალი დანაშაულისა არსად ჩანდა. მხოლოდ ნახევრად დაცლილი ღვინის ორი ბოკალი იდო მაგიდაზე. სწორედ მათზე დარჩენილი ნათითურები მოწმობდა, რომ სასმელი ნაწილობრივ ორივეს დაელია.
კაცმა დიდი მონდომებით და გულისყურით დაათვალიერა კაბინეტის ყველა კუთხე-კუნჭული და რამდენიმესაათიანი მუშაობის, დაკვირვებისა და ფიქრის შემდეგ ეზოში გავიდა. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ჩაფიქრებული გაუყვა ქუჩას.
როგორ დაიღუპნენ ისინი?! მოკლეს? ვინ? რამ? არსად სისხლი! არც საწამლავი ღვინოში! არავითარი გარეშე პირის ანაბეჭდები! რა იყო მკვლელობის მოტივი, თუ ეს მკვლელობაა? უბრალოდ, ერთმანეთი დახოცეს?! როგორ? თუ ასეა, რაიმე კვალი რატომ არ ჩანს?! სიმართლე მხოლოდ გამომძიებელს უნდა გაეგო, რომელსაც იოტისოდენა სამხილიც არ ჰქონდა ხელთ, გარდა გარდაცვლილთა თითის ანაბეჭდებისა, ისიც მხოლოდ ბოკალებზე!
ყვავილები?! ვის ეჭირა ყვავილები?! ვითომ ეს ყვავილები იყო მოწამლული? _ ფიქრობდა კაცი, მაგრამ ყვავილების ანალიზმაც არ უჩვენა საწამლავის კვალი...
***
გაბრაზებულმა გამომძიებელმა მკვლელობის საქმის საქაღალდე დახურა და ფეხზე წამოიჭრა.
არავინ იყო იქ მათ გარდა! არავის გაუგონია კაბინეტში მათი კამათის ხმა! არც ჩხუბის კვალი ჩანდა არსად! მაშ, როგორ გარდაიცვალნენ? თანაც ორივე ერთად?! რა არის ეს, დამთხვევა თუ დაგეგმილი განზრახ მკვლელობა?! ეჭვს ყვავილების გარდა არაფერი იწვევს! ყოველი ნივთი თუ საბუთი ადგილზეა, ყველაფერი მოწესრიგებული! ყვავილები კი იატაკზე ყრია. რა იმალება მათში?! თუ ორივე ყვავილებმა მოწამლა, რატომ არ აღმოჩნდა საწამლავის კვალი ან ორგანიზმში, ან ყვავილებში?! ვინ მიიტანა ყვავილები იქ?! _ გამომძიებელს ათასი კითხვა უტრიალებდა თავში და პასუხი არც ერთზე არ ჰქონდა. ბოლოს გადაწყვიტა, კვანძის გახსნა ყვავილებიდან დაეწყო...
ვინ შეიტანა ყვავილები კაბინეტში?! საიდან მოიტანეს?!
დღეები ძიებაში გადიოდა. მალე გაირკვა, რომ ყვავილები თავად გარდაცვლილ ქალს იქვე ახლოს მდებარე ბაღიდან მოეტანა. რამდენიმე თანამშრომლის დაკითხვის მიუხედავად, მაინც არაფერი ჰქონდა ხელჩასაჭიდი და საინტერესო.
გარდაცვლილი ხნიერი მამაკაცი მცირე კომპანიის ხელმძღვანელი იყო. რამდენიმე თანამშრომელი ჰყავდა, რომელთაც საქმეები გადანაწილებული ჰქონდათ. მეორე მსხვერპლი, ქალი, 3 წლის წინ აყვანილი თანამშრომელი აღმოჩნდა, რომელსაც კოლეგები იშვიათად ხედავდნენ ოფისში, რადგან სამუშაო განრიგით იგი ძირითადად სახლში მუშაობდა. გამომძიებელმა ძველი თანამშრომლების სიაც მოიპოვა და ახლა უკვე წინ ედო ყოფილი თუ მოქმედი თანამშრომლების ყველა დოსიე.
ბოლოს მისი ყურადღება მიიპყრო ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა, რომლის ადგილიც გარდაცვლილ ქალს დაეკავებინა. მან ქალის ფოტოს დახედა: რატომ დატოვა სამუშაო თავისი ნებით?! თუ აიძულეს?! ან რატომ წავიდა ისე, რომ სამსახურის საქმეები არავისთვის გადაუბარებია?! რა მოხდა ისეთი, ასე ნაუცბათევად რომ მიატოვა მუშაობა?! იცნობდა კი გარდაცვლილ ქალს?! ქვეყნის დატოვება და ასე შორს გადახვეწა რამ აიძულა? სამუშაოს მიტოვება ხომ არ იყო მისი მოულოდნელი გაქცევის მიზეზი? რაიმე ხიფათი ელოდა და ამის თავიდან აცილება სურდა?!
გამომძიებელმა საქაღალდე ხელში აიღო და თავის თანაშემწეს უხმო.
რამდენიმე წუთის შემდეგ ფრანკო უკვე კაბინეტში იყო და უფროსს ანგარიშს დეტალურად აბარებდა:
_ ყოფილი თანამშრომელი ქალბატონი მალე ჩამოვა! ბილეთი ზუსტად ერთი კვირის წინ, მკვლელობიდან ორ-სამ დღეში დაუჯავშნია. მთავარი ისაა, რომ ამ ქალბატონს სახელი და გვარი გამოუცვლია და ახლა სრულიად სხვა სახელითა და გვარით ცხოვრობს. ეს კი მისი ძველი და ახალი ფოტოებია! აქ არის მისი ახლანდელი მისამართიც. _ თქვა და გამომძიებელს მასალები წინ დაუდო.
ქალი ძველ და ახალ ფოტოებში სრულიად ერთნაირად გამოიყურებოდა!
გამომძიებელი ბოლთის ცემით დადიოდა კაბინეტში და ფიქრობდა: `სახელი და გვარი შეუცვლია. რატომ? ვინმეს თუ ემალება, მაშინ გარეგნულ სტილსაც შეიცვლიდა, მაგრამ მხოლოდ გვარ-სახელის შეცვლას დასჯერდა~. მონაცვლეობით დასცქეროდა გარდაცვლილი ქალისა და ყოფილი თანამშრომლის ფოტოებს. რა აკავშირებთ მათ ერთმანეთთან, გარდა სამსახურისა! იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს?!
გაურკვევლობა ღამეც არ ასვენებდა, ყავას სვამდა და ისევ და ისევ ბურუსით მოცული მკვლელობის საქმეს უბრუნდებოდა. ამჯერად ორ გარდაცვლილ ადამიანზე ფიქრს ყოფილ თანამშრომელზე ფიქრიც ემატებოდა...
***
იები დაკრიფა და იისფერ პატარა ლარნაკში ჩააწყო. მუქი ფერის თითქმის შავ იებს ღეროები მწვანე ჰქონდა, მაგრამ არა იისფერი ფურცლები. ლარნაკში წყალი ჩაასხა და სითხეც შეურია, რომ იები მალე არ მომკვდარიყვნენ, თუმცა ახლა მათ სიკვდილსაც აიტანდა. მისთვის ეს შავი ყვავილები ისედაც მკვდარი იები იყო.
კარი გააღო, გარეთ გავიდა. მინდორი ნელა გადაიარა, ცხენისკენ წავიდა, რათა ბუნებაში გაესეირნა. ლამაზ შავ ცხენს მოეფერა, ზედ ამხედრდა და ბუნებას შეუერთდა. დიდი ხანია ამ დღეს ელოდა. უკან უნდა დაბრუნდეს, იმ ქვეყანაში, რომელიც 3 წლის წინ მიატოვა, მიატოვა ტკივილის გამო და აქეთ გამოიქცა... ამიერიდან თავის ქვეყანაში გააგრძელებს მუშაობას, იქ ააწყობს ბიზნესს... ნახევარი საათი ხეებს შორის იარა, მერე ლამაზ მწვანე მდინარეში შეიყვანა ცხენი, ხელით წყალი შეასხურა და მოეფერა. ცოტა ხანში მეორე ნაპირზე გავიდა, ერთხანს კიდევ ისეირნა და უკან დაბრუნდა. ცხოველი საჯინიბოში დააბა, საჭმელი თავისი ხელით მიაწოდა და აკოცა:
_ შენ ყოველთვის ჩემი ლამაზი მოგონება იქნები, ამ 3 წელიწადში ლამაზი დღეების მომნიჭებელი, _ უთხრა ცხენს, აკოცა და სახლისკენ გაეშურა. მწვანე ხასხასა მდელო, რომლის გარშემო ვეება ხეები ჩამწკრივებულიყვნენ, კვლავ გადაიარა. სწორედ მათ წინ, მთელ სიგრძეზე მდებარე ბაღში იყო დარგული შავი იები, პატარა რუთი რომ ირწყვებოდა. გარემოს თვალი შეავლო, მერე იები დაკრიფა. უკვე იცოდა, რომ აქ დღეის მერე ნამდვილი, ლამაზი იისფერი იები აყვავილდებოდა და შავები აღარ იარსებებდა. რუს მიადგა. იები შიგ ჩაყარა და წყალს გაატანა. გზა ისევ განაგრძო. შინ შესულმა სააბაზანოს მიაშურა, წყალი გადაივლო და უკან შემობრუნებულმა უკანასკნელად მოათვალიერა თავისი ოთახი.
ლურჯგადასაფარებლიან ლამაზ საწოლს თვალი შეავლო. დიდხანს უცქირა... მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საწოლმა, ამ ლოგინმა და ბალიშმა იცოდნენ მისი საიდუმლო ცრემლების ისტორია. მერე იქაურობას მზერით დაემშვიდობა და კარი გაიხურა.
ბარგი უკვე მზად ჰქონდა. სახლს მალე თავისი პატრონი დაუბრუნდებოდა. ქალს უხაროდა, რომ ნამდვილ მეპატრონეს ცხენიც და ეს სახლ-კარიც თავის მინდორიანად არანაკლებ უყვარდა და მათზე იზრუნებდა.
ახლა კვლავ სამშობლოში ბრუნდებოდა, სადაც თავისი საქმიანობის ფილიალი გახსნა და მუშაობას იქ უნდა შესდგომოდა.
სახლს შავი `მერსედესი~ მოადგა, ჭიშკარში შემოვიდა და ხეებსა და ყვავილებს შორის დატოვებულ სამანქანო გზას პირდაპირ დაუყვა. მძღოლმა მანქანა ხეების ზოლის დასასრულს მოატრიალა და გაჩერდა.
30-წუთიანი ლოდინის შემდეგ კაცი მანქანიდან გადმოვიდა, სახლის დროებით მფლობელს წინა სალონის კარი გამოუღო და მოწიწებით მიესალმა.
_ გამარჯობათ, ქალბატონო!
_ მთელი 3 წელიწადია გავიძახი, ასე ნუ მმომართავ და კარის გაღებაზეც ნუ წუხდები, არაა საჭირო-მეთქი, მაგრამ ახლა ვეღარ გეუბნები, მაინცდამაინც ბოლო დღეს როგორ აგიკრძალო? _ თქვა ქალმა და კაცს გაუცინა, _ დანიელასთან ხომ მშვიდობაა?! _ შეეკითხა კაცს, რომელიც 2 წელია მისი მძღოლი იყო.
_ მშვენივრად... გმადლობთ. ძალიან მოენატრებით აქ ყველას.
_ მეც მომენატრებით ყველანი.
_ მადლობა, ქალბატონო, ყველაფრისთვის მადლობას გიხდით. _ თქვა მძღოლმა და მანქანა დაძრა. ეზოდან გავიდნენ და `მერსედესი~ ქუჩას გაუყვა.
კარგა ხნის მერე კაცმა მანქანა გააჩერა. ქალს კარი ისევ გაუღო და გადმოსვლაში მიეხმარა.
კიბე აიარა. კონსიერჟი წინკართან შეეგება და თავი დაუკრა. ქალი ლიფტში შევიდა და სართულის ღილაკს თითი მიაჭირა. კარი უკვე იკეტებოდა, როცა მოულოდნელად პატარა გოგონა მოვარდა და პირდაპირ ლიფტის ზღურბლზე გაჩერდა. სწრაფად სტაცა ხელი ბავშვს, რომ კარებს შუა არ მოყოლილიყო. გოგონას შეეშინდა, მაგრამ გულში რომ ჩაიკრა, აკოცა და გაუღიმა, ისიც გამოცოცხლდა, შიში გადაავიწყდა.
_ რაო, ლამაზო, სად არიან შენი მშობლები?! ლიფტში ასე რატომ შემოვარდი?! ცელქი ხარ?! _ შეეკითხა და გაუცინა.
ბავშვს ახლა იმის შეეშინდა, უცხოსთან მარტო რომ იყო და ატირდა.
_ ნუ გეშინია, შენებთან მიგიყვან, არ დაიკარგები, _ დაუყვავა პატარას, ლიფტი მე-7 სართულზე გააჩერა და დაცვის ოთახის კარზე დააკაკუნა.
_ დიახხხ! _ გამოიხედა ფორმიანმა კაცმა. ბავშვის დანახვაზე ენა დაება, შეშინდა, გოგონამ ხომ არაფერი დააშავაო.
_ პატარა ანგელოზი დაეკარგათ მშობლებს. ღილაკს დავაჭირე თუ არა, უცებ შემოვარდა ლიფტში.
_ ოოო, ახლავე გამოვაცხადებ, რომ ბავშვი მე-7 სართულზეა. კარგია, რომ იპოვეთ, თორემ ამ 30 სართულზე ნამდვილად დაიკარგებოდა, _ თქვა დაცვის თანამშრომელმა და ბავშვს მიეფერა.
10 წუთში გარედან ტირილნარევი ხმა მოისმა: _ ოო, ემილია, ჩემო გოგო, მადლობა უფალს, რომ უვნებელს გხედავ.
_ თქვენი შვილი ამ ქალბატონმა იპოვა და გადაარჩინა. ბავშვი ლიფტში შევარდნილა და კინაღამ კარში მოყოლილა. ქალბატონი ტელეფონზე საუბრობდა თურმე. ბავშვი საფრთხეში რომ დაინახა, ტელეფონი გაუვარდა და ხელი ბავშვს სტაცა.
ჟაკლინი ქალბატონს გადაეხვია და მადლობა დიდხანს უხადა, მერე კი ტელეფონის საზღაურის გადახდა შესთავაზა.
_ არა, რას ამბობთ, საჭირო არ არის! ძალიან ლამაზი და ცელქი გოგონა გყავთ, _ თქვა და ბავშვს გაუღიმა, _ ახლა უკვე დედასთან ხარ და აღარ იტირო.
_ გმადლობთ, ქალბატონო. _ კიდევ ერთხელ გადაუხადა დედამ მადლობა შვილის გადარჩენისთვის.
_ არაფრის, კარგად ბრძანდებოდეთ! _ დაემშვიდობა იგი დედა-შვილს, ისევ ლიფტში შებრუნდა და 30-ე სართულზე ავიდა.
დიდი ჰოლი გაიარა და ვერანდაზე გავიდა.
ლამაზად მორთულ მაგიდებზე უკვე დაელაგებინათ დელიკატესები და სასმელები. ქალის გამოჩენას ყველა სტუმარი ღიმილით შეხვდა. ალეხო მისკენ დაიძრა, მიესალმა, ხელკავი გამოსდო და გვერდით დაიყენა.
_ ხომ არ მიბრაზდებით?! _ თქვენობით მიმართა ქალს და გაუღიმა.
_ არა, რას ამბობთ, რატომ? განა რამე დააშავეთ?!
_ დიახ! თქვენი სახლი და ცხენი მძღოლიანად რამდენიმე საათის შემდეგ ჩემი გახდება!
ქალს გაეცინა: _ ცდებით!
გაკვირვებულმა ალეხომ კითხვანარევი მზერით შეხედა.
_ ცდებით, ბატონო ალეხო! ჩემი სახლი, ცხენი და მძღოლი, ასევე ის მინდორი თავისი ბაღით დღეს, 5 საათში კი არ გახდება თქვენი, უკვე წლებია, თქვენია და მე გიხდით მადლობას, რომ არ გამომაგდეთ იქიდან!
_ ოოო, ძალიან მოენატრებით ყველას და მათ შორის ცხენსაც, რომელსაც ასე ძლიერ შეაყვარეთ თავი... _ კაცს თავისსავე ხუმრობაზე გაეცინა.
ორივენი მხიარულად, სიცილით საუბრობდნენ. ალეხო ხელს არ უშვებდა ქალს, რომელიც აგერ, უკვე 3 წელია, მისი მეგობარი და პარტნიორი გამხდარიყო. ქალს მოსწონდა, რომ ეს თავდაჭერილი კაცი პატიოსნად უძღვებოდა თავის საქმეს და ქალის მიმართ მხოლოდ პარტნიორულ-მეგობრულ ურთიერთობას ამჟღავნებდა.
ცალკე მაგიდასთან დასხდნენ და კარგა ხანს ისაუბრეს საერთო საქმეზე.
_ დღეს სულ შენ დაისაკუთრე ჩემი დაქალი?! მეც მაქვს მასთან საჭორაო! _ ალეხოს მიმართა გაბიმ და კაცი ლამის ძალით გააგდო სასმლის მოსატანად.
_ როგორც ყოველთვის. _ ერთდროულად წამოიძახა ორივე ქალბატონმა, რაზეც გულიანად გაეცინათ.
_ ჩემთან ხომ ჩამოხვალ? _ ჰკითხა ქალმა, _ ახალი ფილიალი ახლოდან უნდა დაგათვალიერებინო.
_ კი, აუცილებლად... და მისი მფლობელსაც უნდა შევხედო ერთი, როგორი ქალია. _ გაეხუმრა გაბი და ჩაეხუტა, _ მომენატრები!
_ მეც, ჩემო კარგო! _ მიუგო მეგობარმა და ლოყაზე აკოცა.
მხოლოდ 3 ჭიქა სასმელი დალია და ადგა. რამდენიმე ნაბიჯი გაიარა და აივნიდან გადახედა გარემოს. მის წინ დიდი ლამაზი შენობები მოჩანდა, თავს რომ იწონებდნენ თავიანთი ახალი სტილით. მერე ჭიქით ხელში შემოტრიალდა და საათს დახედა. ცარიელი ბოკალი ოფიციანტს დაუდო სინზე და იქვე მდგარ ალეხოს მიუახლოვდა, რომელიც გაბის ესაუბრებოდა:
_ ჩემი წასვლის დროა. ყველაფრისთვის მადლობას გიხდი, ალეხო. იმისთვის, რაც ამ 3 წლის განმავლობაში ჩემთვის გააკეთე... შენი ვალიდან ვერასდროს ამოვალ... ერთადერთი ადამიანი იყავი, ვინც ჩამოსვლის პირველსავე დღეს გვერდით დამიდგა და ცხოვრების ხალისი დამიბრუნა...
_ ჩემი ვალი ნამდვილად არ გაქვს, _ მიუგო მამაკაცმა, _ მით უფრო, რომ ეს მშვენიერი, ახლა უკვე ახალი კომპანიის მმართველი ქალი გავიცანი, _ თქვა და გაბი მიიხუტა, _ შენ კი წარმატებებს გისურვებ იქ, შენს სამშობლოში...
_ მადლობას გიხდი, ალეხო, მეც წარმატებებს გისურვებ... _ თქვა და ორივეს გადაეხვია, დაემშვიდობა, გადაკოცნა და თავის მძღოლს დაუძახა.
ქუჩებში ლამპიონები კაშკაშებდნენ. ზღვის სანაპიროს რომ ჩაუარეს, ფანჯარა ჩამოსწია, რათა შეეგრძნო ამ სამყაროს თავისუფლების გრილი ჰაერი და მძღოლს გახედა. ისიც მიუხვდა და სვლა შეანელა. ცოტა ხნის მერე კი კვლავ მოუმატა სიჩქარეს. მალე მიაღწიეს სახლამდე. მძღოლმა მანქანა ჭიშკრის წინ გააჩერა.
თავის უკვე ყოფილ ოთახში შევიდა. შავი გრძელი კაბა, რომელიც თავისი ხელით გაკეთებული იების ფორმის შავი თვლებით იყო გაწყობილი, გაიხადა და ლოგინზე დადო.
აბაზანაში წყალი ჩაასხა, ქაფი დაამატა და ამ ქაფში გაეხვია. თვალები მთელი ძალით დახუჭა, ცდილობდა იქ გატარებული ბოლო წლები დაევიწყებინა და გონებიდან ამოეგდო, უკან აღარ დაებრუნებინა ის საშინელი მოგონებები, მაგრამ მაინც შეშინებული ჩასჭიდებოდა აბაზანის კედელს.
ტელეფონის ზარი გაისმა და იმავ წუთს კარზეც დაუკაკუნეს.
_ ქალბატონო, ტელეფონზე გთხოვენ!
_ მომიტანეთ, თუ შეიძლება!! _ ითხოვა და ისევ აბაზანაში დარჩა...
_ გისმენთ!
_ მე ვარ... გაიგე ახალი ამბავი? ის ერთი კვირის წინ დაიღუპა... _ აუწყა ქალის ხმამ და დადუმდა.
ქალმა ხელი უფრო მოუჭირა აბაზანის კედელს და თვალები კვლავ მაგრად დახუჭა:
_ უკვე ვიცი, _ წარმოთქვა და შეშინებულს უცებ ამოუტივტივდა 7 დღის წინ ნანახი სიზმარი:
შავი კაბა ეცვა, გრძელი, სადა ნაჭრის, შავი იებით გაწყობილი... ხელშიც შავი იები ეჭირა და თოვლიან გზას მიუყვებოდა. არემარე მთლიანად სითეთრეში იყო ჩაფლული. კარგა მანძილი გაიარა თოვლში. როგორც კი ხეებს გასცდა, სახლიც გამოჩნდა, შავი, ჩაბნელებული სახლი და შიგნით შევიდა.
ოთახში ფეხი შედგა თუ არა, იატაკზე ქალის სხეული დაინახა. იქვე მკაცრი, ბოროტი გამომეტყველების კაცი იდგა, რომელიც ქალს ოდესღაც თავისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ წამებს პარავდა და ანადგურებდა. მათ მაღალი, სევდიანი სახის კაცი უახლოვდებოდა, მაგრამ ქალის განადგურებულ სახეს ბედნიერებას ვეღარ უბრუნებდა. უკან დაიხია ქალის ტკივილიანი მზერის დანახვისას, არ იცოდა რა მოემოქმედებინა და როგორ გამოეტაცა ქალი ამ ბოროტი კაცის კლანჭებიდან. შავ კაბაში შემოსილი ქალი უცბად იმ ქალსა და კაცს შორის გაჩერდა, ქალს დააკვირდა და ახლაღა შენიშნა მისი გაცივებული სხეული, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. მერე კაცს შეხედა, რომელმაც იგი იცნო და გაყინული მზერით მიაშტერდა. ქალმა ხმა ამოიღო:
_ ვიცი, მიცანი! ვიცი, თვალწინ დაგიდგა 3 წლის წინ ჩადენილი შენი საშინელი საქციელი, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ქალი ტკივილმა მოკლა, შენი ერთი კოცნის გამო არ მოვმკვდარვარ! _ და სახეში შეაყარა შავი იები. კაცი კვლავ გაყინული მზერით იდგა. არც ახლა იხდიდა ბოდიშს, არც სინანულის გრძნობა ჰქონდა, მასში არაფერი არ იყო ადამიანური. კეთილმა კაცმა ქალს შეხედა, ბედნიერი ღიმილით შეხედა და მადლობა გადაუხადა ამ კაცის სიკვდილის გამო, მერე უსულო ქალის სხეული ხელში აიტატა და სახლი დატოვა. ქალის ლანდი გარეთ გამოვიდა, იგრძნო ბედნიერება, იგრძნო სიხარული, იგრძნო თეთრი თოვლისგან მონიჭებული სუფთა ჰაერი... ტყეს გაუყვა და გაქრა... შავი ლანდი იებით ხელში...
_ იმედია კარგად ხარ. ცოტა დამშვიდდი? _ ტელეფონზე მოსაუბრის შეკითხვამ რეალობაში დააბრუნა, გამოაფხიზლა და მაშინვე ამოხტა აბაზანიდან.
_ კი კარგად ვარ. მალე გნახავთ. რამდენიმე საათში თვითმფრინავში ჩავჯდები. _ ამ სიტყვებით დაემშვიდობა მას და სიზმრის დავიწყებას შეეცადა. შიშველმა სააბაზანოში აქეთ-იქით სიარული დაიწყო, თან თავს აქნევდა, რომ როგორმე ამოეგდო უსიამოვნო ფიქრები გონებიდან. მერე ტანი შეიმშრალა და შავ კაბას გადახედა, რომელიც სიზმარს აგონებდა და შეშინებულმა სამოსი მაშინვე სანაგვე ყუთში ჩააგდო...
`ელლე~ დაისხა, თავისი საყვარელი `ელლე~ და გაუხარდა, მისი არომატი რომ შეიგრძნო. ოქროსფერი პატარა საყურე გაიკეთა, ოქროსფერი საათი. უჯრა გამოაღო, სადაც მხოლოდ დღეს ჩასაცმელი ტანსაცმელი ჰქონდა დატოვებული. ოქროსფერი კაბა აიღო და ტანზე მოირგო. მოეწონა საკუთარი თავი სარკეში. გაიღიმა, შემდეგ თავის ოთახს ისევ შეავლო თვალი: ერთ კედელთან ლურჯგადასაფარებლიანი საწოლი იდგა, რომელსაც ზემოდან გამჭვირვალე ფარდა ჩამოჰყვებოდა. მას ნიავი არხევდა და გარემოს ჰაეროვნებას ანიჭებდა. მეორე კედელზე მოჩანდა სვაროვსკის თვლებით მოოჭვილი სარკე, რომელიც სააბაზანოს პირდაპირ მდგარ დიდი გარდერობის კარზე იყო მიმაგრებული. კიდევ _ პატარა დივანი, რომელიც აივანზე იდგა და მაგიდა ესკიზების დასახატად. ასევე როიალი, ფანჯარასთან რომ იდგა. მასზე უკრავდა, როცა ხასიათზე იყო. ახლა თავის მესაიდუმლე ლოგინს უფრო ემშვიდობებოდა, ვიდრე ინტერიერის დანარჩენ ნივთებს. `შენც მომენატრები!~ _ თქვა და როიალის კლავიშებს შეეხო. ისევ შეიგრძნო ინსტრუმენტის სუნი და თავისი სუნამოს სურნელიც, რომელიც კლავიშებს შერჩენოდა. რამდენიმე ნოტმა გაიჟღერა თუ არა, როიალი დახურა. მერე კარი გამოიხურა და კიბეს ჩაუყვა.
ქვემოთ ჩასული ყველას დაემშვიდობა, გარემოს მოავლო თვალი და ბოლოს თავის სახელოსნოში შეიხედა. ბედნიერებით სავსემ მაგიდას შეახო ხელი და აქ გატარებული ყოველ წუთი გაიხსენა. თვალზე მომდგარი ცრემლი სწრაფად მოიწმინდა, მერე ცხენსაც დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა.
ყველა ჩემოდანი, სახელწოდებით `ელლე“, უკვე თვითმფრინავის ბაგაჟში იყო მოთავსებული.
მხოლოდ ჩანთა ეჭირა ხელში, როცა მანქანიდან გადავიდა. რეგისტრაცია გაიარა და თვითმფრინავში ასულმა თავისი ადგილი დაიკავა. აღელვებულმა გადახედა აეროპორტს, რომელიც ღამის მოკაშკაშე ნათურების ფონზე ულამაზესი ჩანდა...
ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ თვითმფრინავი დაეშვა. რეგისტრაცია აქაც გაიარა და მისი სუნამოს სურნელი ამჯერად რიგას, ლატვიის დედაქალაქს შეუერთდა...
მაღაზიებში შეიარა. აქ სულ რამდენიმე წლის წინ იყო, გავლით. მაშინ ძალიან ციოდა და აეროპორტიდან არც გასულა, ახლა კი დრო ჰქონდა და ქალაქში გასეირნება გადაწყვიტა.
ქალაქი ახლა არც ისე ცივი იყო, სხეულს ისე ძლიერ აღარ უყინავდა, როგორც მაშინ. და ეს ესიამოვნა კიდეც. ახლა შენიშნა არტ-ნუვოს არქიტექტურა და მისი დანახვით დატკბა. რიგას ამ მხრივ მხოლოდ ვენა, პრაღა და ბარსელონა თუ შეედრებოდა.
შემდეგ მდინარე რიზდენეს სანაპიროზე გაისეირნა და ტაქსით აეროპორტში დაბრუნდა.
ბარგი უკვე წაეღოთ და სანამ ჩავიდოდა, ადგილზეც მიიტანდნენ. სამწუხაროდ, ტელეფონი, რომელიც ლიფტში დაუვარდა, აღარ ჰქონდა და არც ახალი უყიდია. თვითმფრინავში რომ ავიდა, მაშინღა იგრძნო, როგორ დაღლილიყო და დაძინება გადაწყვიტა, მაგრამ თვალი ვერ მოხუჭა.
***
3 წლის წინ სტამბულიდან გადაფრინდა. თვითმფრინავი ნელა დაეშვა ბოსტონის აეროპორტის საფრენ ბილიკზე. დაინახა თუ არა ზემოდან 1923 წელს გახსნილი აეროპორტი, ზღვაში ჩაძირულივით რომ მოჩანდა, გაოცდა, ისეთი მშვენიერი ადგილი იყო. აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ბოსტონის მიწას ფეხი დაადგა და თითქოს ახალი სიცოცხლის სურნელი შეიგრძნო.
არ იცოდა, იქ რას გააკეთებდა, მაგრამ თავის ქვეყანაში გაჩერება იმ დროს ძალიან უჭირდა, ერთი სულელური ტყუილის გამო იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა და გაქცეულიყო. გაექცა ტკივილს და სისასტიკეს, რომელსაც ირგვლივ მყოფნი მას უნებურად აყენებდნენ. როცა ქალაქში ჩაფრინდა, არც იცოდა, სად მოხვდებოდა.
ბოსტონის ზღვის ხედით მოჯადოვდა. სანაპიროზე გასეირნებისას წყლის გრილი შხეფები სახეზე ესხმებოდა, რაც დიდ სიამოვნებას გვრიდა. იმდენად სიამოვნებდა, რომ თავის ტკივილს ავიწყებდა.
სანაპიროს ქვაფენილს დაუყვა და ზღვას გახედა. ,ოლდ ატლანტიკ ავენიუსთან მდებარე აკვარიუმი დაინახა და შენობა აათვალიერა. მოეწონა და შევიდა. აკვარიუმი 9-დან 5 საათამდე მუშაობდა, აქ 20 000 სახეობის ულამაზეს ზღვის მობინადრეს დაედო ბინა. ლურჯ კამკამა წყალში მოცურავე აფრიკული პინგვინები იქვე დაყრილ ქვებზე ამოდიოდნენ და თავს იწონებდნენ მაყურებლის წინაშე. ირგვლივ ლამაზი ნიჟარები მიმოფანტულიყო. კუები, მწვანე წყალმცენარეები, ზღვის ცხენები, თევზები, მარმარილოს სკაროსი, გველთევზები _ კონგერები საოცარი სანახავი იყო... საიმპერატორო პომაკანტის თევზები, ულამაზესი ფერებითა და ზოლებით, ნებისმიერ დიზაინერს აღუძრავდა შურს ფერების შეხამებით.
გარეთ გამოსულმა ზღვის გრილი ჰაერი ჩაისუნთქა, ძალა მოიკრიბა და გზიდან გადავიდა თუ არა, გაითიშა. კინაღამ მანქანა დაეჯახა. როცა გაიაზრა, რომ ახლა სხვაგან იყო, შორს თავისი ქვეყნისგან, შეეშინდა და გული წაუვიდა. იგი ალეხომ იპოვა, ამჟამად მისმა ბიზნესპარტნიორმა, გულწასული ხელში აიყვანა და როცა გონს მოიყვანა, თავისთან დაპატიჟა. უარი უთხრა. ალეხოს გაუკვირდა, მაგრამ მის უარს პატივი სცა და სასტუმრომდე მიაცილა. მალე მისი დახმარებით მუსიკის მასწავლებლობა დაიწყო. ბავშვებს ასწავლიდა, მუსიკაში რამდენი ნოტი იყო, მუსიკის ნიშნებს და ზომას. რა იყო პრიმა, სეკუნდა, ტერცია, კვარტა, კვინტა, სექსტა, სეპტიმა, ოქტავა... სამხმოვანებას და დომინანტსეპტაკორდს თავისი შებრუნებებით უხსნიდა მოსწავლეებს, უყვებოდა მუსიკის ისტორიაზე, კომპოზიტორების ცხოვრებასა და შემოქმედებაზე...
ბავშვები კი მას ხან უხატავდნენ, ხან თავიანთ ბავშვურ ისტორიებს უყვებოდნენ. შესვენების მერე ისევ ფორტეპიანოს მიუსხდებოდნენ და მეცადინეობას განაგრძობდნენ. ასე ასწავლიდა მათ, ყოველ მეორე დღეს მათთან იყო.
ღამე კი დაჯდებოდა და ხატავდა. მის წინ უამრავი ახალი, საინტერესო მასალის ესკიზები ეყარა, სადანაც საუკეთესო ნახატებს არჩევდა. მერე ძილი მოერეოდა და ლოგინზე მიწვებოდა, ზოგჯერ ტანსაცმლიანად. უხაროდა, რომ ადგილი ჰქონდა, თავისი ნახატების ალაგება და სადმე შენახვა აღარ უწევდა.
უცებ კარზე დააკაკუნეს. ზანტად წამოდგა და გააღო.
_ რა მოგივიდა?! _ იყვირა შეშინებულმა ალეხომ.
ხელზე დაიხედა, შავი საღებავით ჰქონდა მოთხვრილი. გაახსენდა შავი იები, რომელმაც აიძულა გაქცევაზე ეფიქრა. სააბაზანოში შევიდა, ხელები დაიბანა და მოწესრიგებული გამოვიდა.
ალეხოს მისი ნახატები აეღო ხელში და ათვალიერებდა.
_ ბოდიში, რომ შეგაშინე და დაგაყოვნე, _ უთხრა ალეხოს და ყავაზე დაპატიჟა.
_ თუ ასე ხატვას გააგრძელებ, არა უშავს, ამ შიშს გადავიტან, _ თქვა მამაკაცმა და ნახატები უკან დაუბრუნა, _ არ გითქვამს, თუ ხატავდი. მეგონა მხოლოდ მუსიკალური განათლება გქონდა.
_ განათლება ორივე მათგანში მაქვს, მაგრამ არცთუ განსაკუთრებული.
_ ერთი-ორი ესკიზი რომ მაჩუქო და ამიხსნა, როგორ ხედავ, შეიძლება?
_ დიახ, _ მიუგო და თავისი რამდენიმე ნახატის შინაარსი ზედმიწევნით აუხსნა.
ერთი კვირის თავზე ალეხო კვლავ ესტუმრა ხელში პატარა ლამაზი ყუთით.
_ აბა, გამოიცანი რა მაქვს?! _ შეეკითხა ქალს და ყუთი გაუწოდა.
_ საჩუქრები არ მიყვარს, ამიტომ ნუ დამაძალებ მის მიღებას! _ მკაცრად წარმოთქვა და მამაკაცი ოთახში შემოუშვა.
ალეხომ ყუთს ბანტი მოხსნა. ოქროსფერი ლენტით გადაკრული შავი ყუთი მთლიანად გაიხსნა. ქალმა შიგ ჩაიხედა და გაოცდა: თავისი დახატული 5 სამკაული მის წინაშე ახლა სრულიად სრულყოფილი იდო, ნამდვილი და არა დახატული.
_ არ არსებობს! _ შესძახა და ხელში აიღო ის, რაც ერთი კვირის წინ ალეხოს მხოლოდ ესკიზებად გადასცა. ახლა კი ცოცხალ არსებასავით ეჭირა. მის ხელში ეს 5 სამკაული თითქოს სუნთქავდა და ის მათ სიცოცხლეს შეიგრძნობდა. გადატანილი ტკივილის მიუხედავად, ქალი მათ ეფერებოდა და სიხარულისგან მთელ ტანში აჟრჟოლებდა.
_ ახალი სამუშაო გაქვს, გილოცავ. მუსიკასაც ასწავლი და დახატავ კიდევაც. _ უთხრა ალეხომ და მისი გამომცხვარი პიცა ჩაკბიჩა.
ასე დაიწყო საქმიანობა მუსიკიდან სამკაულების ესკიზების ხატვამდე.
დღე და ღამე მუშაობდა, ახალ-ახალი სამკაულების სტილს იგონებდა.ზოგჯერ არც ეძინა, ჭამაც კი ეზარებოდა და მუშაობდა. ღამის 3 საათზეც ეღვიძა და ხატავდა, თან ახალ მასალებს ეცნობოდა, რის შემდეგაც ახალი იდეები მოსდიოდა თავში.
ხატავდა ყელსაბამებს, საყურეებს, სამაჯურებს, საათების ესკიზებს, თმის სამაგრებს, ბეჭდებს. დახატულ მასალას ალეხოს ანახვებდა და თუ მას მოეწონებოდა, სახელოსნოში მიჰქონდა. ზოგჯერ მასთან ერთად ესკიზებს ცვლიდა და ახალს ხატავდა. ისინი ერთად ვახშმობდნენ, გეგმებს აწყობდნენ და კონტრაქტებს აფორმებდნენ, ახალ მასალას ეცნობოდნენ და ხვეწდნენ. ბევრი დრო დასჭირდა ქალს, რომ ქვების სახელები დაემახსოვრებინა და მათი ცნობა ესწავლა. აქამდე ყველა ქვას მხოლოდ ფერითა და ბრწყინვალებით გამოარჩევდა, მაგრამ მერე და მერე უკვე იცოდა, რა ქვა რა ფერის იყო, რა რას უხდებოდა და რა რასთან არ შეიძლებოდა. მის მაგიდაზე ზოგჯერ ქაღალდების ნაცვლად ქვების ნაკრებები ელაგა და სკამზე დამჯდარი მათ ბრწყინვალებას შესცქეროდა. შემდეგ რამდენიმეს ამოარჩევდა ესკიზისთვის და მსჯელობდა, რა როგორ სჯობდა და საბოლოოდ რა გამოუვიდოდა. მანამ აკეთებდა, სანამ არ მოეწონებოდა და მისი სილამაზით არ დატკბებოდა. უხაროდა, რომ პირველი იყო, ვინც იდეას ქაღალდზე გადაიტანდა და ნაკეთობას ახალ სულს, ახალი სიცოცხლის სახეს აძლევდა...
დრო გავიდა. წინ წაიწია. მუსიკის სწავლებას თავი დაანება. დროებით მწვანე მინდორში მდგომ სახლში გადავიდა, რომელიც ალეხომ დაუთმო. სახელოსნოც იქვე იყო და სულ იქ მუშაობდა. ძირითადად სახელოსნო და თავისი ოთახი არსებობდა მისთვის. სახლი მხოლოდ პრესტიჟის გამო შეაცვლევინეს, თორემ ისევ ძველ, პატარა, 2-ოთახიან ბინაში დარჩებოდა და ისევ იქ დახატავდა. მის ოთახში როიალი იდგა და მასზე უკრავდა ხოლმე. თუმცა 5 წუთის მერე გულს ვერ უდებდა, აზრები ეფანტებოდა, სკამიდან წამოხტებოდა და გარეთ გასული ცხენით სეირნობდა.
დასაძინებლად დაწვებოდა თუ არა, თავისი ქვეყანა ახსენდებოდა და მასთან ერთად ტკივილიც, რომელიც გულს უკლავდა. ძირითადად ღამე მუშაობდა, რამდენიმე საათს თუ წაუძინებდა მხოლოდ. დილითაც ადრე დგებოდა, რომ წარსულის საშინელი კოშმარები აღარ დასიზმრებოდა...
***
დასევდიანებულმა ქალმა გასაღები აიღო და მძღოლს დაემშვიდობა. მანქანა დაძრა და სახლიდან გავიდა. კარგა მანძილი რომ გაიარა, დაამუხრუჭა. მარკეტში ერთი ბოთლი ღვინო აარჩია და მანქანაში ჩადო. მერე ქალაქში გაისეირნა და სახლისკენ წავიდა. `უნდა იარო მშვიდად და ყურადღებით, ისე, რომ არაფერი დაგემართოს! სიკვდილზე ვეღარ იფიქრებ! არ გაქვს სიკვდილზე ფიქრის უფლება! მხოლოდ ამის უფლება არ აქვს ადამიანს და არც შენ გაქვს! შენ მხოლოდ ბრძოლის და სიცოცხლის გაგრძელების უფლება გაქვს! უნდა იბრძოლო საკუთარი თავისთვის და უნდა იპოვო გზა! გადარჩენის და ამ ტკივილის დამარცხების გზა! წარსულის დავიწყების და იარების მოშუშების გზა! არ გაქვს უფლება, იფიქრო წარსულის ტკივილის შეგრძნებებით!~ _ ელაპარაკებოდა თავის თავს...
სახლისკენ გადაუხვია, ოთახში შევიდა და ბოთლით ხელში დივანზე ჩამოჯდა, თან ერთი ბოკალიც მოიყოლა.
კაცმა კარზე დააკაკუნა და შემოვიდა.
_ დამიძახე მაინც და შენთან ერთად დავლევ, მარტო რომ თვრები. _ უთხრა და იქვე ჩამოჯდა.
_ მარტო ყოფნაც მინდა! _ თქვა სევდიანმა და ღვინო მოსვა.
_ ისედაც მარტო ხარ აქ! მეც დამისხი!
_ ჩემდენს ვერ დალევ! _ თქვა ქალმა და ბოკალი მოიყუდა.
_ მერამდენეა?! _ ჩაეკითხა კაცი და ბოთლი ხელში აიღო.
_ მეხუთე ჯერ!
_ ხოდა საკმარისია! არ მეგონა, ერთდღიანი ლოთი თუ იყავი. _ გაეხუმრა და ისიც დივანზე ჩამოჯდა.
_ აქ რას აკეთებ?! _ შეეკითხა ქალი და ახლაღა გახედა კაცს, რომელმაც პირველმა გამოიწოდა მისკენ ხელი, რომელიც არასდროს აყენებდა ტკივილს და იარებით არ სერავდა.
_ სამკაულების ალბომი მოგიტანე, დღეს ვანახვებ-მეთქი.
_ დატოვე და ვნახავ!
_ წავიდე?!
_ კი, მარტო ყოფნა მინდა! _ თქვა სევდიანი ხმით და ბოთლს დასწვდა.
_ კარგი. თავს გაუფრთხილდი და მეტი აღარ დალიო, ხვალ თავი გეტკიება! _ დაემშვიდობა ალეხო და წავიდა.
ქალმა ბოთლი დაცალა და კატალოგს დასწვდა. რამდენიმეჯერ გადაათვალიერა ყველა გვერდი და ბოლოს ალეხოსაც შეეხმიანა, კატალოგი მოუწონა და დასაძინებლად დაწვა...
დილით გაბრუებული ადგა, გულისრევის შეგრძნებაც ჰქონდა. აბაზანის წინ იჯდა და სახეს ცივი წყლით იბანდა, მერე მთელი დღე ეზოში დაიარებოდა ჩაფიქრებული, ისევ იხსენებდა წარსულის ტკივილს. ისევ იხსენებდა იმ საშინელ დღეს. ქარის შეხება იგრძნო სახეზე და ცრემლები წამოუვიდა, უცბად მოიმშრალა ცრემლი და სახელოსნოში შევარდა. მაშინვე ფანქრებს ეცა და ხატვას შეუდგა, რამდენიმე ნახატი დახატა და ნაგვის ყუთში გადაუძახა.
_ არ მოგცემ ჩემი განადგურების უფლებას! არ მოგცემ ჩემი გათელვის უფლებას! შენ მე ვერ მომკლავ! შენ ვერ მომიღებ ბოლოს! შენ ვერ გაიმარჯვებ ჩემზე! _ უყვირა თავის ფიქრებს და ფანქარი მოისროლა.
გაბრაზებული ადგა და საჯინიბოსკენ გასწია, სიმთვრალისგან ისედაც დაღლილი და გამოფიტული უფრო გამოიფიტა, მაინც ცხენისთვის ჩაევლო შიშველი ხელები და მიაჭენებდა. ნატკენი ხელები უფრო და უფრო აწუხებდა, უარესად ესერებოდა ჭენებისგან, მაგრამ მაინც მიიკვლევდა გზას და სრულიად აღარ აღელვებდა ეს ჭრილობები, სისხლი და ხელებზე მისგან დამჩნეული ხაზები. გაბრაზებულმა გააჩერა ცხენი და თითებს დახედა. ხაზად მიუყვებოდა სიწითლე და სისხლის წვეთები.
_ სისხლიც კი არ მაცლის იმ კოცნის ნაკვალევს! ნეტავ შორეულ წარსულში, როცა ქალის ხელს ეამბორებოდნენ, როგორი იყო ეს კოცნა?! ისიც ასეთი საძულველი?! არა! ის ასეთი ამაზრზენი და საძულველი არ იქნებოდა! იმ დროს არც ასეთი მამაკაცები არსებობდნენ! როცა საკუთარი ქცევით ქალს, უბრალოდ, ანადგურებდნენ! ნეტავ არასდროს დაფიქრებულა ამ ნაბიჯზე?! რატომ ჩაიდინა ეს! არ მჭირდება მადლობის გადახდა! არავისგან! არავისგან! _ თქვა და კვლავ ჩაავლო დასერილი ხელები აღვირს. ცხენიც სწრაფად მოსწყდა ადგილს...
უკან დაბრუნებული ჩამოქვეითდა, ცხენს საჭმელი დაუყარა და სახლში შევიდა. განადგურებული დააბიჯებდა აივანზე და ღამეულ ცას თვალს არ აშორებდა:
_ შენ! შენ გადაწყვიტე ჩემი ბედისწერა და გადამარჩინე იმ დღეს... _ თქვა ჩუმად და ხელები თავზე მიიჭირა, _ შენ რომ არა, ვინ იცის, როგორ დავიკარგებოდი იმ დღეს... ვინ იცის, იქნებ სახლში არც დავბრუნებულიყავი არასოდეს... _ თქვა და იქვე ჩაიმუხლა: _ მხოლოდ შენ... შენ შეძელი ჩემი დაცვა და ფეხზე დაყენება, მხოლოდ შენ შეძელი გადარჩენა... შენ... _ თქვა ჩუმად და იქვე მდგარ დივანს მიადო თავი. თვალები დახუჭა და ხელები მუხლებზე დაასვენა...
დილის ცას პირდაპირ გაუსწორა მზერა და აივანი მოათვალიერა. სწრაფად წამოდგა ზეზე და დაღლილმა და ნაბახუსევმა მსწრაფლ ჩაავლო ხელი დივანს. ცოტა ხანში გასწორდა და სააბაზანოსკენ გაეშურა... საუზმის მერე გაემზადა და სამსახურში წავიდა. რამდენიმე გადაღებას დაესწრო გათიშული და ისევ ხატვას შეუდგა. ხატავდა, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევდა და კმაყოფილი არ დარჩებოდა ნახატით. სამუშაოს მორჩა და სახლში წავიდა. ივახშმა და დაწვა, სურდა დაეძინა, მაგრამ ფიქრებით სხვაგან ქროდა. რამდენჯერ დასიზმრებია სახლი, სადაც ცხოვრობდა, რომელიც დატოვა, დასიზმრებია ის დღე, რომელსაც გაურბოდა, რომლის გახსენებაც არ უნდოდა, მაგრამ მაინც ახსენდებოდა. სკოლა გაახსენდა, წიგნები, გაკვეთილები, სკოლის მეგობრები. მათთან არასდროს კამათობდა, წყნარი, მშვიდი გოგონა იყო. ბიჭების გრძნობებს ყურადღებას არ აქცევდა, სულ წიგნებში იქექებოდა. სახლში მისული გაკვეთილებს ჩაუჯდებოდა, მერე მაღაზიაში ჩაირბენდა რაიმეს საყიდლად და თან მოდის ჟურნალებს შეიძენდა და იქ წარმოდგენილი სამოსითა და სამკაულებით იხიბლებოდა. ისე მოსწონდა ისინი, რომ გადაწყვიტა ხატვა ესწავლა და სცადა კიდევაც. ახლა ეცინებოდა იმდროინდელ ნახატებზე და უკვირდა, ნუთუ მართლა ჩემი დახატულიაო. მაგრამ არასდროს დაუმალავს, მისი დახატული რომ იყო. პირიქით, დიდი სიყვარულით ინახავდა თავის პირველ დახატულ სამოსის ნიმუშებს, რომელიც ახლა ძალიან უბრალოდ და სასაცილოდ გამოიყურებოდნენ. მუსიკაზეც იარა, თანდათან შეეჩვია და შეუყვარდა მუსიკა. სიმღერების მოსმენა ყოველთვის იტაცებდა, განსაკუთრებით ღამით უყვარდა მოსმენა. მუსიკა პირველი იყო, რაც ცხოვრებაში უყვარდა. როცა დრო ჰქონდა, პიანინოს მიუჯდებოდა და ნოტებს არჩევდა. მაგრამ ახლა მუსიკასთან ახლოს ყოფნა უჭირდა, იმ დღის მერე უჭირდა მასთან საერთოს გამონახვა და დიდი ხანი აღარც უკრავდა. უნივერსიტეტში ბევრს ხაზავდა, ხატავდა, ლექციებს არ აცდენდა, ყოველდღე დადიოდა მუსიკაზეც და ხატვაზეც. რამდენიმე ბიჭს მოსწონდა, მაგრამ არ ხვდებოდა, თავისი საქმე უფრო აინტერესებდა. სწავლის დამთავრების მერე ცოტა ხანში სამსახური იშოვა და მუშაობას შეუდგა, მაგრამ ის პერიოდი კრახით დასრულდა და სამსახური დატოვა. რამდენი პაემანი ჰქონია? ცოტა ძალიან... ისე, არასდროს დაუთვლია, მაგრამ სია რომ შეედგინა, სულ მცირე გამოუვიდოდა. კოცნაც უწვნევია, მაგრამ იმ ერთ კოცნაში იყო რაღაც საზარელი, საზიზღარი, ამაზრზენი და ამის გამო მთელ ქვეყანას გაექცა სადღაც შორს, ათასობით კილომეტრის იქით. წავიდა და მორჩა! ბარგი ჩაალაგა, გამოაცხადა, წავედიო და დიდი ბრძოლის მერე გაემგზავრა. არც ფიქრობდა, ვინმეს მისი წასვლა გულს თუ ატკენდა. იმ დროს მხოლოდ ის იცოდა, რომ მას ეტკინა. ეტკინა პირდაპირ გულში, ეტკინა და არა მხოლოდ თავის ჭრილობას, არამედ სხვისთვის მისაყენებელ ჭრილობასაც გაექცა. გაექცა და სადღაც სრულიად უცხო ქალაქში ჩავიდა.
***
თვითმფრინავიდან ჩამოვიდა თუ არა, მაშინვე იგრძნო, მსუბუქი ჰაერი როგორ შეეხო მის ფილტვებს და რაღაცნაირი შვების აღმძვრელი გრძნობა დაეუფლა. სრულიად განთავისუფლდა თავისი ტყუილისა და ტკივილისაგან, მაგრამ იცოდა, რომ ეს დროებითი იყო. მაინც ყოველღამე ახსენდებოდა ის სულელური, სასტიკი ბედისწერის დღე.
ჩაისუნთქა ჰაერი, რომელიც სამი წელია, არ შეუგრძნია, რომელიც მის გულში უკვე აღარ არსებობდა და გახარებული კიბეს ჩამოუყვა. მზე იყო, მაგრამ ქარიც ქროდა. იგი ქალის თმას არხევდა, ელამუნებოდა და ეს სიამოვნებდა. თვალებზე ჩამოშლილი გაშლილი თმა ხელის აქნევით სახიდან გადაიწია.
კაცი მანქანასთან იდგა. ქალი დაინახა თუ არა, კარი გაუღო.
ქალმა გაუღიმა, მადლობა გადაუხადა.
_ კარის გაღება საჭირო არ არის. მხოლოდ დღეს ხართ ჩემთან, ხვალ ისევ თქვენს სამუშაოს დაუბრუნდებით. _ თქვა და კარის გაღებაზე თავისი მძღოლი გაახსენდა. გაეღიმა. ახლა ბედნიერი ღიმილით გაეღიმა და მანქანაში მარჯვენა ფეხი შედგა.
იქვე ახლოს მდგარი მეორე კაცი ქალს თვალს არ აცილებდა, როცა იგი კიბიდან ჩამოდიოდა და მანქანისკენ მიემართებოდა. მერე გვერდით მდგარ მეგობარს მიუბრუნდა:
_ ეს ქალია! _ თქვა და გაკვირვებულმა მზერა ისევ მასზე შეაჩერა, მისი ოქროსფერი კაბა აათვალიერა. მერე მისკენ გაეშურა, უკან მიჰყვა, სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა და როცა ქალმა ჩაჯდომა დააპირა, ზურგიდან მიმართა:
_ ქალბატონო ემა გალიანი!
_ დიახ, _ თქვა ქალმა ისეთი არაამქვეყნიური ხმით, რომ თვითონაც ვერ იცნო და უცებ მოტრიალდა. მანქანას მიეყრდნო კაცის ხმის გაგონებაზე, რომ არ წაქცეულიყო. გაღებულ კარს ფრჩხილებით ისე ჩაეჭიდა, გეგონებოდათ, მინა დაჩხაპნაო.
ქალს კაცის მტკიცე და ავტორიტეტული ხმა მოესმა:
_ განყოფილებაში უნდა წამოხვიდეთ! _ უბრძანა ხმამაღლა და კვლავ მისკენ დაიძრა.
_ რამე დავაშავე?! _ თქვა და კაცის შავ სამოსს თვალი ააყოლა.
_ როცა მივალთ, გავარკვევთ!
_ და თუ გარკვეული არ არის, რატომ მაპატიმრებთ?!
_ დაპატიმრება არ მიხსენებია, გამოდის, რაღაცის გეშინიათ!
ახლა უკვე მის წინ იდგა კაცი და ცდილობდა დაეჭირა მისი მზერა, რომელსაც ქალი სათვალის ქვეშ მალავდა.
_ კარგი, _ უპასუხა ემამ და ხელები წინ გაიშვირა, _ ბორკილები უნდა დამადოთ თუ შემიძლია მანქანაში ჩავჯდე და უკან გამოვყვე თქვენს ჯართს?! _ და იმ მანქანისკენ მიიხედა, რომელიც პოლიციელს ეკუთვნოდა.
_ ეს ჯართი არ არის და არც ჩემია! _ თქვა გაბრაზებულმა პოლიციელმა და გააგრძელა, _ თუ ამ ჯართში არ ჩაჯდებით, _ და მანქანისკენ გაიხედა, _ მაშინ მე უნდა ჩავჯდე ამ შავ ჯართში თქვენთან ერთად! _ და მანქანას შემოუარა.
ემამ ისევ შედგა მარჯვენა ფეხი მანქანაში და კარიც მიხურა.
_ ჩამოსვლას არ გაცდიან! _ უთხრა თავის თავს და ჩაფიქრდა.
_ მე მითხარით რამე?!
_ დიახ! _ ხმამაღლა მიაძახა. _ აქ რომ არ დამხვედროდით და სახლში მოსულიყავით, არა?!
_ ეგრევე სახლში მეპატიჟებით?! _ ისეთი ტონით შეეკითხა ქალს, რომ ემა მხოლოდ ახლა მიხვდა, ეს კაცი ამას პირდაპირ კი არა, სხვანაირად გაიგებდაო და ისევ მიუბრუნდა:
_ ჩამოსვლა მაინც გეცლიათ, პირდაპირ აქ რომ მომადექით!
_ ბოდიში, სახლში რომ არ მოგაკითხეთ!
_ მორჩით ამ სულელურ რეპლიკებს! სახლი ვიგულისხმე და არა სხვა რამე! იდიოტი! _ თქვა ბოლოს ხმადაბლა და ფანჯარაში გაიხედა.
_ იდიოტი კი არა, კომისარ-გამომძიებელი ერიკ ფრანკი!
ქალს გაეცინა, გამომძიებელმა მისი სიტყვა რომ გაიმეორა.
_ მაინც რას იძიებთ ჩემთან დაკავშირებით?!
_ განყოფილებაში რომ მივალთ, გაგარკვევთ!
ქალმა პასუხი არ გასცა და გაჩუმდა. 5 წუთის მერე გაახსენდა, თავისიანები რომ არ ელოდებოდნენ აეროპორტში და ამოისუნთქა, მერე ფანჯარა ნახევრად ჩასწია და თავი მინას მიადო...
ცივი ჰაერი იგრძნო, შესცივდასავით, ფანჯარა ისევ ასწია და ფიქრებში წავიდა. _ თავისი სიკვდილით მოკვდა და მე რა შუაში ვარ?! _ ჰკითხა თავის თავს. არავის უთქვამს, ჩამოხვალ და დაგიჭერენო. ან რისთვის იჭერენ?! რამე დააშავა, აქედან რომ გაიქცა? არც არაფერი, მხოლოდ მოიტყუა, ტკივილით სავსე სიმართლე ვერ თქვა და გაიქცა, მეტი მას არაფერი დაუშავებია. არც იცის, ის როგორ მოკვდა ან რანაირად, უბრალოდ, სიზმარში ნახა და მორჩა! მაგრამ ამ სიზმარს წინ ნამდვილი ამბავი ერთვოდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გადახდა, რამაც ემა გალიანს გული მოუკლა, რამაც მისი სიცოცხლე აქ, თავის სამშობლოში შეიწირა და გააქცია.
_ ქალბატონო ემა! _ მოესმა ხმა და გამოფხიზლდა. ისევ ის კაცი ეძახდა, რომლის ხმის გაგონებისას სახე უხურდა, _ მოვედით! _ დააყოლა კაცმა და მანქანიდან გადავიდა.
ქალმა კარი გააღო, გადმოვიდა და უკან მიჰყვა. მერე მძღოლს მიუბრუნდა, მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა.
ქალს ხელში მხოლოდ ჩანთა ეჭირა. შიგ საფულე, პასპორტი, ბილეთები ედო, რომელსაც არ გადაყრიდა და შეინახავდა, როგორც ყოველი მგზავრობის მერე შვრებოდა.
კაცი ოფისში შევიდა. ის უკან მიჰყვებოდა ამ კაცს, მერე მის გვერდით დადგა და ლიფტში შევიდნენ. არც ერთს ხმა არ ამოუღია. გამომძიებელმა თავისი კაბინეტის კარი გააღო და პირველი შევიდა, მერე ქალი გამოატარა, კარი კი დახურა. ქალმა სათვალე მოიხსნა და ჩანთაში ჩადო. ერიკმა შეხედა, შემდეგ გაბრაზებულმა გვერდით ისე ახლოს ჩაუარა, რომ ქალის კაბას შეეხო და ორივემ ინსტინქტურად უკან გადადგა ნაბიჯი. ემა შეტორტმანდა. როგორ ვერ იტანდა შეხებას. გაახსენდა: `თავდასხმა რომ მომხდარიყო“... მხოლოდ ეს სიტყვები ამოუტივტივდა და ჩაიკეცა. ერიკმა ხელი შეაშველა და სკამზე დასვა. გონს მოიყვანა, მის ცხელ სახეს ხელს უსვამდა და წყალს აპკურებდა, რათა ქალი გონს მოეყვანა. ეხებოდა კაცი მის სახეს და ეგონა, ხელი მეწვისო. ერთი სული ჰქონდა, მოესულიერებინა, რომ დროზე გასცლოდა. გაახილა თვალები თუ არა, ქალმა კაბაზე დაიხედა. ოქროსფერი კაბა კაცს შემთხვევით გაეხია. იგი ხმას ვერ იღებდა. ქალმა ოთახი მოათვალიერა და მიუბრუნდა:
_ კამერები არ არის. ახლა მეც შემიძლია დაგდოთ ბრალი... თავდასხმაში!
_ ამ სისულელეს არავინ დაიჯერებს. _ თქვა კაცმა და ქალს მოშორდა თუ არა, სავარძელში ჩაჯდა. ამ დროს მოესმა:
_ აქ რომ არ ჩამოვსულიყავი, რას იზამდით?!
_ კითხვებს აქ მე ვსვამ! _ უყვირა კაცმა და მის კითხვას არ უპასუხა.
_ ტუალეტში რომ გავიდე, შეიძლება?! მერე რაც გინდათ, ის მკითხეთ!
_ იქიდან რომ გაიქცე, მაგიტომ?!
_ წამომყევით, თუ ასეა და შიგნითაც შემომყევით! _ თქვა ქალმა მკაცრად და ადგა, ჩანთა სკამზე დატოვა. _ სანამ დავბრუნდები, შეგიძლიათ ჩანთაშიც იქექოთ, დრო გაქვთ! _ უთხრა და კარში გავიდა. კაცმა ანიშნა, სადაც იყო ტუალეტი. ქალმა კარი გააღო და აღარ დახურა. კაცი კართან გაჩერდა.
ქალს მიაშტერდა, რომელსაც კაბა შემთხვევით გაუხია და შიშველი ზურგი მოუჩანდა. ქალი დაიხარა, წყალი მოუშვა. კაცისგან ზურგით მდგარმა ხელთათმანები წაიძრო და ხელების დაბანის მერე ფიქრები მოეძალა, რამდენიმეჯერ ისევ დაისველა ხელები და სახეც მოიბანა, რათა გამოფხიზლებულიყო, რადგან მიხვდა, რომ აქ არც დრო იყო და არც ადგილი ძველი ჭრილობის გასახსენებლად. მერე ხელთათმანები ისევ ჩაიცვა და წყალსაც მოშორდა.
ამ დროის მანძილზე კაცი მზერას არ აცილებდა, თან ფიქრობდა: `მარტო ხელების და სახის დასაბანად შემოვიდა აქ?~
_ არ გავქცეულვარ! _ უთხრა ქალმა და კაბინეტისკენ დაიძრა. თვითონვე შეაღო კარი და ისევ სკამზე დაჯდა.
_ ახლა შეგიძლიათ დაიწყოთ...
კაცმა ხელსახოცი მიაწოდა სახის გასამშრალებლად. ქალმა არც გამოართვა და არც არაფრით შეუმშრალებია სახე...
_ სახელი და გვარი რატომ შეიცვალეთ?! _ ჩაეკითხა კაცი და მაგიდას დაეყრდნო პასუხის მოლოდინში.
_ ჩემი სახელი და გვარი აღარ მომწონდა! დანაშაული არ არის სახელისა და გვარის შეცვლა! _ თქვა ქალმა ჩვეულებრივი ტონით და კაცს შეხედა, რომელიც მისგან ოდნავ მოშორებით სავარძელში იჯდა.
_ კარგი! _ თქვა კაცმა და ქალს დამკვირვებლის თვალით შეხედა, _ ერთი კვირის წინ სად იყავით?!
_ სახლში, ბოსტონში!
_ რას აკეთებდით?!
_ ვმუშაობდი!
_ სახლში ვიყავიო, თქვით!
_ სახლში ვმუშაობდი!
_ სიმართლე თქვით, ამას გადავამოწმებ!
_ გადაამოწმეთ, პრობლემა არ არის!
_ თქვენი სახლის მისამართი და მეგობრებიც ვიცით. ასე რომ, ტყუილს მაინც ვერ დამალავთ!
_ გადაამოწმეთ-მეთქი, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს!
კაცმა ქალს მისამართი გაუწოდა: _ ესაა თქვენი მისამართი?! _ სადაც მხოლოდ ერთი მისამართი ეწერა. აინტერესებდა, მეორესაც თუ იტყოდა.
_ დიახ! მაგრამ მეორე მისამართიც მაქვს. აქ მივაწერო? ძველი. _ ჩაეკითხა და კაცს შეხედა.
_ ვიცი. საჭირო არ არის! ერთი კვირის წინ ზაანი და დანიელა მოკლეს. მათ იცნობდით?!
_ დანიელას არა.
_ ზაანის იცნობდით?!
_ დიახ, რაღაც პერიოდში მასთან ვმუშაობდი.
_ რატომ დატოვეთ სამსახური?!
_ სამუშაომ აღარ დამაინტერესა და დავტოვე.
_ უფროსთან კამათი ან რაიმე უთანხმოება ხომ არ გქონიათ?!
_ არა, ასეთი რამ არ მომხდარა.
_ იცოდით, რომ დანიელამ თქვენი ადგილი დაიკავა?!
_ არა, ეს არ ვიცოდი. უკვე დიდი ხანია სამსახური დავტოვე.
_ ბოსტონში, თქვენი სახლის მინდორში იები იზრდება?!
_ დიახ, შავი იები.
_ რა ფერის?! _ გაუკვირდა კაცს და უცბად ზეზე წამოდგა.
_ შავი ფერის! _ თქვა ხმამაღლა ქალმა და თვითონაც ფეხზე ადგა, რამაც კაცის გაკვირვება გამოიწვია.
ქალი მიუხვდა და მაშინვე წარმოთქვა:
_ დიდხანს ვიყავი თვითმფრინავში. ხომ შეიძლება ცოტა ხნით ავდგე?! _ თქვა და ფანჯრისკენ დაიძრა. კაცმა მზერა გააყოლა და მკაცრად მიმართა:
_ რატომ იყო შავი ფერის?! მისმა ფერმა არ გაგაკვირვათ?!
_ ფესვები საღებავისგან შეეღება, ამიტომაც შავი გამოვიდა. მიყვარს იები. მისმა ფერმა დამაინტერესა, რამაც შთამაგონა ახალი კოლექციაც, ამიტომაც დავტოვე ისეთი, როგორი ფერიც გამოვიდა.
_ მდიდრული სახლი გქონიათ ბოსტონში, ცხენი, მძღოლი, მოსამსახურეები... ამდენს საიდან მიაღწიეთ, გავლენიანი საყვარლების დახმარებით?!
ქალი უცებ მოშორდა ფანჯარას, კაცს მიუახლოვდა და სილა გააწნა. კაცმა ძლივს გააცნობიერა, რომ ქალმა გაარტყა. უცებ შეაბრუნა სახე, ქალის მკაცრი, ამავე დროს ნაზი ქსოვილში ჩამალული ხელი რომ მოხვდა. ქალს მაჯებში ხელი წაავლო და ისე მაგრად დაუჭირა, რომ ემამ ნაბიჯი ვეღარ გადადგა და თვალებში შეხედა.
_ თუ გგონიათ თქვენი მეშინია, ძალიან ცდებით! მხოლოდ ჩემი მუშაობით და არა საყვარლებით! _ მიმართა ხმამაღლა, მაგრამ მისგან ხელის გათავისუფლებას არც კი ცდილობდა.
_ აქ სახლი ან სამსახური ნუ გგონია, შემიძლია აქედან არც კი გაგიშვა! _ თქვა კაცმა და ქალს ხელი გაუშვა.
ემა არ დამჯდარა.
_ თუ ასეა, რაღას უცდით, დამაპატიმრეთ და საკანშიც ჩამსვით!
_ ჯერ დაკითხვა არ დამისრულებია შენი სულელური გამოხტომების გამო!
_ მეტ კითხვას აღარ ვუპასუხებ! _ უყვირა ქალმა და მის რეაქციას დაელოდა.
_ თუ ასეა, კარგი! რამდენიმე საათი ან დღე საკმარისი იქნება, რომ აზრზე მოხვიდე, ვისთან გაქვს საქმე! და საუბარი მოგინდეს! ფრანკო! _ გასძახა თანამშრომელს: _ საკანი მოამზადე ამ ქალბატონისთვის!
ქალს არაფერი უთქვამს. ჩუმად ელოდა.
ფრანკო შემოვიდა. ერიკმა ემას ხელი წაავლო მკლავში და საკნისკენ წაიყვანა, კარი გააღო და ქალი შიგნით შეაგდო.
ემას საკანში ვიღაც კაცი დახვდა, რომელიც მტრულად უმზერდა. ემამ შეხედა, მიესალმა და სკამზე ჩამოჯდა. ცოტა ხანში მოჰბეზრდა და ფეხშიშველმა ბოლთის ცემა დაიწყო.
_ რატომ ჩაგსვეს, ლამაზო?! _ მოესმა კაცის ხმა და მისკენ მიტრიალდა.
ემას გაეცინა: _ ვინ ჩამსვა, უნდა გეკითხათ.
_ რატომ ჩაგსვეს-მეთქი, ეგ გკითხე! _ მოესმა მკაცრი ხმა, მაგრამ ემამ მშვიდად და უპასუხა, _ მკვლელობის გამო!
_ ლამაზი მკვლელი ყოფილხარ!
ემამ გაიცინა, _ გმადლობთ! თქვენ რატომ ხართ აქ?!
_ რამდენიმე ქალი გავაუპატიურე, _ მოიფიქრა უცბად და ქალს შეხედა.
ემას ისევ ის დღე გაახსენდა, ფიქრებში წავიდა და კაცს შეხედა.
_ არ ჰგავხართ დამნაშავეს! რატომ ისეთი ქალი ვერავინ ნახე, ვინც თავისი ნებით იქნებოდა შენთან?!
_ ქალებს ვერაფერს გაუგებს კაცი!
_ მართალია! იმ იდიოტ გამომძიებელსაც არ ესმის ქალების!
_ გამომძიებელს თუ გალანძღავ, აქ დიდხანს მოგიწევს ყოფნა!
_ არა უშავს! შენთან ვისაუბრებ, თუ არ შეგაწუხებ.
_ არა, ლამაზი მკვლელი მაინტერესებს. ვინც მოკალი, გაგაბრაზა?!
_ ვინც მკვდარია, დიდი ხანია სრულიად არ მაინტერესებს! ამიტომაც მასთან არანაირი საქმე არ მქონია და ვერც გამაბრაზებდა! ვიღაცამ თუ მოკლა, ეს მისი საქმეა და არა ჩემი!
კაცს გაეცინა, _ აქ ყველა ამას ამბობს. არ მომიკლავს, არ მომიპარავს, უდანაშაულო ვარო!
_ მაშინ შენც გეთქვა, არავინ გამიუპატიურებია, მაბრალებენო!
_ მე სიმართლეს ვამბობ, ლამაზო. _ კაცი ფეხზე წამოდგა და მასთან მივიდა, _ მე დავაშავე და ვაღიარებ!
_ გილოცავ, ზოგი ამას არც აღიარებს!
_ ისევე როგორც შენ არ მიმხელ, რომ მოკალი!
_ არავინ მომიკლავს!
_ მაშინ აქ რატომ ხარ ასე მშვიდად და არ ყვირიხარ, უდანაშაულო ვარო?!
_ ჩავთვალოთ, რომ ეს საკანი მაინტერესებდა და იმ იდიოტის გახარება არ მინდა. წყნარად რომ ვარ, ამაზე უფრო გაგიჟდება!
_ არც ერთ ნორმალურ ქალს არ აინტერესებს საკანი!
_ ეჭვმიტანილებს, როგორც ვიცი, ბანდიტებთან უშვებენ, რომ შეეშინდეთ და აღიარონ სიმართლე, მაგრამ შენ ბანდიტს არ ჰგავხარ! კი გაქვს ჩალურჯებები სახეზე, მაგრამ ქალზე თავდამსხმელს არ ჰგავხარ!
_ იმ იდიოტმა მცემა, როგორც შენ ეძახი!
ემას გაეცინა, _ იდიოტმა თუ ცემა იცოდა, არ მეგონა, სულელი გამომძიებელი უფროა, ვიდრე მოჩხუბარი!
_ ისეთი მუშტი აქვს, ალბათ კარგად ვარჯიშობს!
ემა დაჯდა. ცოტა ხანი ჩუმად იყო, მერე კედელს მიაყრდნო ზურგი და საკანი დაათვალიერა: ორი ლოგინი იდგა, მასზე სქელი პლედი ეგო. ქალმა პლედი გადააგდო და ნახევრად წამოწვა.
_ დიდი ხანია აქ ხარ გამოკეტილი?!
_ ერთი კვირაა. ხან რა საზიზღრობას მომიტანენ და მაჭმევენ, ხან რას!
_ ის იდიოტიც ალბათ მაგ საზიზღრობას მიირთმევს! _ თქვა ქალმა და მთლიანად წამოწვა.
_ პლედი დაიგე, ლამაზო, გვერდები გეტკინება! _ თქვა კაცმა და ახლოს მივიდა.
ემა უცებ წამოხტა. _ მადლობა, მაგრამ შენს თბილ ლოგინს დაუბრუნდი!
_ რომ არ დავუბრუნდე?! _ წამოიყვირა კაცმა და ქალს ხელი მოკიდა თუ არა, ემამ ფეხი ამოარტყა. კაცი ჩაიკეცა. ემა გვერდზე გახტა. ამ დროს ერიკი მოვიდა და კარი გააღო. _ ფრანკო, მეორე დამნაშავეს მიხედე! _ დაიყვირა, ქალს ხელი წაავლო და კვლავ თავის კაბინეტში შეიყვანა.
_ კაცს დაესხი თავს!
_ თვითონ მესხმოდა თავს!
_ და ასე დაიცავი თავი?!
_ ჰოო! ასეთებს უფრო უარესი უნდა მოუვიდეთ!
_ რაღა უარესი, ფეხი ამოარტყი!
_ ღირსი იყო!
_ იქნებ რომ მოგეკლა, ჯობდა?!
_ მე მკვლელი არ ვარ და შეუშვი მაგ შენს იდიოტ ტვინში!
ერიკი წამოდგა და მიუახლოვდა. _ ჩემი შეურაცხყოფის გამო თავს რომ დაგესხა, მეც იმავეს მიზამ?!
_ თუ საჭიროდ ჩავთვლი, კი!
კაცმა სკამს მოჰკიდა ორივე ხელი და ქალი თავისკენ მიაჩოჩა.
_ საუბარი ხომ არ მოგინდა მკვლელობაზე?!
_ არა! ჩემი შეგეშინდა?! თუ ერთი რამის დაკარგვის?!
_ ქალს თავს არ ვესხმი!
_ მე კი მგონია, რომ როცა ჩამოვედი, უკვე მაშინ დამესხი თავს!
_ შენ ადამიანები მოკალი!
_ არ მომიკლავს!
_ აბა, ბრძანება გაეცი, მოეკლათ?!
_ ამ საკითხთან არანაირი შეხება არ მაქვს!
_ შენიანებს შეეხმიანე, ინერვიულებენ! _ თქვა და ქალს ჩანთა გაუწოდა.
_ საჭირო არ არის, გმადლობთ. იქ დავბრუნდები, თუ შეიძლება.
კაცს გაუკვირდა, რომ არც დარეკა და ამავე დროს უკან, საკანში დაბრუნება ითხოვა. _ კარგი, თუ ასეა. კიდევ დავიცდი, იქნებ გამოფხიზლდე და მიხვდე, სადაც ხარ!
_ ერიკ, ხომ ხედავ, რომ იმ კაცის სულ არ ეშინია. ისე მაგრად ამოჰკრა ფეხი, რომ ძლივს გადარჩა. გეგონა, ჩვენი თანამშრომელი ქალს ბანდიტი ეგონებოდა, მაგრამ შენმა გეგმამ არ გაჭრა. არც დრომ გაჭრა მასზე, უკვე 2 საათია ლოგინზე ზის და რაღაცას ფიქრობს... _ თქვა ფრანკომ, რომელიც ვიდეოთვალს აკონტროლებდა. ახლა ქალს ორივე უყურებდა.
ემას ხელი დაედო ნარზე, თავისი ხელთათმანებით ძლიერად აწვებოდა და თავი წინ მდგომი კედლისთვის გაესწორებინა. ერთ წერტილს უყურებდა ჩაფიქრებული, ისევ ეშვებოდა წარსულის ტკივილიან დღეებში...
ფრანკომ საკნის კარი გააღო და ქალს ამცნო, უფროსი გეძახითო. ქალმაც კედელს მოაშორა მზერა და ფეხზე წამოდგა.
ემა შევიდა და მაგიდასთან ახლოს გაჩერდა. ჩანთა ისევ სკამზე იდო, ხელუხლებელი, მაგრამ გაახსენდა, რამდენიმე საათის წინ კაცი რომ შეეხო ჩანთას და მას მიაწოდა.
_ კიდევ დიდი ხანი გინდათ საკანში ყოფნა?! იქნებ ადვოკატს დაურეკოთ, რომ შევთანხმდეთ და დროებით მაინც წახვიდეთ სახლში.
_ რაში მადანაშაულებთ ან რა სამხილით არ მიშვებთ!
_ დაუმორჩილებლობისთვის, შეურაცხყოფისთვის!
_ ადვოკატები დამნაშავეებს ჰყავთ, მე კი დამნაშავე არ ვარ და არც ადვოკატი მჭირდება.
_ მაშინ ასე მოვიქცეთ, _ თქვა გამომძიებელმა და ფრანკოს გასძახა, _ ადვოკატ როჩეს შეეხმიანეთ, მოვიდეს.
_ საჭირო არ არის, _ მიმართა ამ დროს კაცს ემამ და სკამზე ჩამოჯდა.
_ კარგი ადვოკატია და სამართლიანი!
_ ტელეფონს თუ მათხოვებთ, დავრეკავ!
_ ტელეფონი არ გაქვთ? აქამდე რატომ არ თქვით?! _ წამოიძახა გაკვირვებულმა კაცმა და ქალს ტელეფონი გაუწოდა.
_ დასარეკი წეღან არავისთან მქონდა!
ახლა გაახსენდა ქალს, რომ ნომერი ხეირიანად არც ახსოვდა და ჩაეცინა, _ ალბერტო როჩეს ნომერი ალბათ გექნებათ და იქნებ მითხრათ!
ქალს ხელი გაუწოდა, რომ ტელეფონი გამოერთმია. მაგიდაზე დაუდო და ხელში არ მიაწოდა. კაცი ჩაფიქრდა მის საქციელზე, მერე ნომერი აუკრიფა და ტელეფონი მანაც მაგიდაზე დადო.
_ მე დაგტოვებთ და ისაუბრეთ, _ უთხრა ქალს და ფეხზე წამოდგა.
_ საჭირო არ არის, დასამალი არაფერი მაქვს! დარჩით! _ მიმართა ემამ და როგორც კი ტელეფონში ხმა გაიგონა, ალბერტოს მიესალმა.
_ ემა! _გაკვირვებული შეძახილი მოისმა მობილურიდან, _ როგორ ხარ? ამ ნომერთან რა შეხება გაქვს. საიდან?!
_ ჩამოვედი, მაგრამ ვიღაც სულელმა ერიკმა... _ გვარი დაავიწყდა, _ რაღაცის გამო დამაპატიმრა და განყოფილებაში ვარ გამოკეტილი! გამოძინებული რომ ვიყო, ახლა არ შეგაწუხებდი და ხვალ დილით დაგირეკავდი! ბოდიშს გიხდი!
_ ერიკ ფრანკი! ახლავე გამოვალ და 20 წუთში მოვალ.
_ ჰო, ეგ იდიოტი! კარგი, გელოდები. მადლობა და ბოდიში. _ თქვა და ტელეფონი გათიშა.
_ გმადლობთ, _ თქვა ქალმა და ტელეფონი ისევ მაგიდაზე დადო.
ერიკი მიხვდა, იდიოტი მას რომ უწოდეს, მაგრამ არაფერი თქვა, მხოლოდ ჩაიღიმა და ქალს მიუბრუნდა:
_ აკი არ ვიცნობ ადვოკატსო?!
_ გვარი რომ ახსენეთ, მაშინ გამახსენდა.
_ ადრეც შეგიწუხებიათ?!
_ არა! ხომ უკვე გადაამოწმეთ მონაცემებში, რომ არაფერი დამიშავებია!
_ იმ დღემდე არა, მაგრამ იმ დღეს რა ჩაიდინეთ, მაგას გავარკვევ!
_ აბა თქვენ იცით! წარმატებები!
_ დაჯექი და დაელოდე! ფეხზე უნდა იდგე?!
ემა დაჯდა და საფულეს ჩახედა.
_ ოჯახის წევრებთან რატომ არ დარეკეთ?! ტყუილად ათვალიერებთ საფულეს, არავის უქექია შიგნით!
_ უკვე გვიანია, არ ღირს გაღვიძება და არც იცოდნენ, რომ ჩამოვდიოდი, ზეგ მელოდებიან წესით.
_ და თქვენმა სულელურმა საქციელმა ყველას ჩააშხამა თქვენი ჩამოსვლა.
_ რატომ?! აქ კი არ ვრჩები, ზუსტად 20 წუთში წავალ აქედან! _ ირონიულად უთხრა ემამ და გაიღიმა.
_ აბა აქ რა ხდება, ხომ არ გიჩხუბიათ?! _ მოისმა ამ დროს ხმა და ოთახში შემოსული მამაკაცი მაშინვე ემასკენ დაიძრა, მოეხვია, ჩაეხუტა.
_ ჩემო ემა, როგორ ხარ?
ერიკი ორივეს ეჭვით უყურებდა, ასე რომ ჩაეხუტნენ ერთმანეთს.
_ 3 წელია არ მინახავხარ. როგორც იქნა, დაბრუნდი უკან, არა?
_ კი, გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი სახლში და არა აქ! _ თქვა გაბრაზებულმა ემამ და ერიკს მიხედა, რომელიც მათ შესცქეროდა.
კაცი ერიკს მიესალმა და მოიკითხა.
_ რამე ხომ არ დაგიშავა ამ კაცმა, ემა?!
_ დამიშავა, _ თქვა ქალმა და მიბრუნდა, _ ეს მისი ნამოქმედარია. _ და ადვოკატს გახეული კაბა დაანახვა.
_ რაო?! ერთმანეთს უკვე ეჩხუბეთ?! რომელმა მოიგო?! _ გაიხუმრა მან, მერე კი სერიოზული ხმით იკითხა, _ მართლა, ეს რა არის?!
_ შემთხვევით მოხდა, კარში შემოვდიოდი, საათი გამოვდე კაბას და გაიხა.
_ ჰო, აბა რა! ახლა მე გეტყვი სიმართლეს: ეს კაცი თავს დამესხა და აი, ეს არის ამის დასტური! _ ხმის აწევით თქვა ქალმა და დახეული კაბა კვლავ დაანახვა ადვოკატს.
_ გეყოფა ტყუილები, თორემ ვერც ალბერტო გაგიყვანს აქედან! ჯერ აქ დარჩები საკანში და მერე ციხეში!
_ კარგი, მორჩა! _ ერიკს მიუტრიალდა კაცი და სკამისკენ დაიძრა, _ თუ შეიძლება ემას მარტო დაველაპარაკები, _ თქვა და ქალის წინ ჩამოჯდა.
ერიკმა კარი გაიჯახუნა.
_ ახლა მომიყევი ყველაფერი, ეს მართლა თავს დაგესხა?! _ და კარისკენ გაიშვირა ხელი.
_ არა, შემთხვევით მოხდა. არ ვუჩივი, ნუ ეშინია. დაუძახე და მოვრჩეთ ამ საქმეს, დასამალი არაფერი მაქვს.
ალბერტომ ერიკს გასძახა და ისიც შემოვიდა.
_ კაბის საქმე გაირკვა, შემთხვევითობა ყოფილა, ახლა კი იმას მივხედოთ, აქ რატომაც დაიბარე ემა.
_ ამ ქალმა 1 კვირის წინ ორი ადამიანი მოკლა, ზაანი და დანიელა, მკვლელობის ადგილზე კი შავი იები დატოვა!
_ ჰო, აბა რა, პირდაპირი რეისით ჩამოვედი ამის გამო 1 კვირის წინ და მერე ისევ უკან გავბრუნდი! მეტი საქმე არ მქონდა!
_ მოიცადე, ემა! _ იყვირა ალბერტომ. _ და რა საფუძველზე დააკავე?!
_ მკვლელობის ადგილას ერთადერთი სამხილი იები იყო! ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ იები რაღაც პერიოდში შავი იყო! გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ შავი იები ბოსტონში, ამის სახლში იზრდებოდა. ასევე მის ერთ-ერთ კოლექციას, `შავი იები“ ერქვა და მოკლულ კაცს იცნობდა.
_ მიზეზი? რატომ უნდა მომეკლა?!
_ ამის მიზეზი შენ უნდა გვითხრა ნებით თუ არა, ძალით!
_ თუ სხვა სამხილები არ გაქვს, სახლში გაუშვი!
_ მან შავი იები წამოსვლის წინ გაანადგურა და ასევე შავი კაბა, რომელზედაც იები იყო დაბნეული.
_ მისი სახლიდან რამე სამხილი მაინც თუ გაქვთ აქ?!
_ არა, ის უკვე აღარ არსებობს. მხოლოდ დანაშაულის ადგილზე იყო შავი იები!
_ და შენ როგორ ფიქრობ, რატომ უნდა მოეკლა ან რისთვის?!
_ არ ვიცი!
_ სამხილებს როცა იპოვით, მერე დააპატიმრე, თუ ასე ძალიან გინდა, ახლა კი თითის ანაბეჭდები აუღე და წავალთ, _ მერე ქალს მიუბრუნდა: _ მე წაგიყვან.
ერიკი წამოდგა. ქალს ანიშნა, ხელი აქ დაადეო და ქალიც ადგა. ხელთათმანები ნელა გაიძრო და ჩანთაზე ზანტად დადო, თითქოს დროს წელავდა. ერიკმა გაბრაზებულმა ახედა, ასე რომ იქცეოდა. ქალმა თითი შეახო სითხეს და ანაბეჭდები დატოვა. მერე გაშავებულ თითებს დახედა, ღრმად ჩაისუნთქა და უცბად გამოსტაცა ხელიდან კაცს ხელსახოცი, შავი ლაქები მოიშორა და ხელთათმანებს დასწვდა. ეგონა, ვინმე იგრძნობს ჩემს ტკივილს ხელის დანახვისასო და სწრაფად მოირგო ხელთათმანები, თან ერიკს გააყოლა თვალი, რომელმაც ანაბეჭდები გაიტანა კაბინეტიდან.
_ როგორი იყო ეს სამი წელი?! _ მოესმა ერიკს ალბერტოს სიტყვები და კარს მიღმა შეყოვნდა, რათა მათი საუბრისთვის ყური მიეგდო.
_ ძალიან კარგი და მშვენიერი...
_ აქ დარჩები?!
_ სახლში კი, მაგრამ არა აქ! _ გაეცინა, _ როდის გამიშვებს ეს იდიოტი!
_ როცა პასუხს მოიტანენ, ხარ თუ არა დამნაშავე! _ თქვა ალბერტმა.
ცოტა ხანში ერიკი დაბრუნდა, თავის სავარძელს მიაშურა და ქალის სხეული აათვალიერა. ისევ ხელთათმანებზე შეაჩერა მზერა და მის ქცევებზე ჩაფიქრდა.
_ დამნაშავე არ ვარ! _ წამოიძახა ქალმა და ფეხზე წამოიჭრა. წყლისკენ წავიდა. ის იყო, ჩამოსახმელად დააჭირა ხელი კნოპს, რომ კაცის ხმა მოესმა, _ ჯერ უნდა იკითხო, შეიძლება თუ არა-თქო!
`შეიძლებაო?! იმ ნაძირალასაც არ უკითხავს ეს, ეგრევე გული მომიკლა, ისე გადმოვიდა პირდაპირ ჩემს ხელზე!~ _ გაიფიქრა და ისე ძლიერად მოუჭირა ხელი პლასტმასის ჭიქას, რომ წყალი იატაკზე დაიღვარა. ქალმა უნებურად უკან დაიხია და გამოფხიზლდა.
_ ბოდიში. _ თქვა ჩუმად, ხელი მომუშტა, ნაბიჯი გადადგა და სკამს დაუბრუნდა. _ არა უშავს, _ თქვა გამომძიებელმა და ემას თვალებში შეხედა. თითქოს სევდა ამოიკითხა მათში და უცბად მივარდა წყალს, ჩამოასხა და ქალს წინ დაუდგა. ახლა შენიშნა მისი მომუშტული ხელი და ჩაფიქრებული სავარძელში ჩაეშვა.
ქალმა ჩუმად თქვა, მადლობაო, წყალი ბოლომდე დალია და ჭიქის გადასაგდებად ადგა. ნაბიჯი რომ გადადგა, იატაკზე დაღვრილ წყალში ჩაყო ფეხი და აუსრიალდა. წამოიკივლა თუ არა, ხელის შეხებაც იგრძნო ზურგზე და ერიკის მზერაც, რომელიც სახეში შესცქეროდა. გამომძიებელმა ხელი შეახო თუ არა, გაითიშა, სრულიად დაავიწყდა, სადაც იყო და უეცრად ქალზე ფიქრებში გადაეშვა. მისი ცივი ზურგი შეიგრძნო და მთელ ტანში გააჟრჟოლა. ქალმა, როგორც კი კაცის ხელი შეეხო, თვალები დახუჭა და ნერწყვი გადაყლაპა: `ეს შეხება~... _ უჩურჩულა გონებას და უცბად გაახილა თვალები, გული მძლავრად აუჩქარდა და გონებიდან ყველაფრის გამოდევნას შეეცადა.
კაცმა წელში გაასწორა ხელზე გადაწვენილი ქალის სხეული და უცბად დაიხია უკან, იატაკიდან ჭიქის აღება დააპირა, მაგრამ ამ დროს ქალის შიშველი ფეხებისკენ გაექცა მზერა. ემამ მსწრაფლ დაიხია უკან და სკამზე უსიტყვოდ დაჯდა. სამარისებურ სიჩუმეში ისხდნენ სამივენი, როცა ფრანკო შემოვიდა და ერიკს ექსპერტიზის პასუხი წინ დაუდო.
ერიკმა ქალს დანანებით შეხედა და ფეხზე ადგა: _ ჯერჯერობით თავისუფლები ხართ... _ თქვა. ემა წამოდგა, ჩანთა აიღო ხელში, უხმოდ მიტრიალდა და კარისკენ გაემართა მშვიდი ნაბიჯებით, რომელიც მისთვის სრულიად არ იყო მშვიდი...
ალბერტო დაემშვიდობა ერიკს და ქალთან ერთად გავიდა. ქალმა ნიავი შეიგრძნო, სახიდან გადაიწია გაშლილი თმა და ალბერტოს მანქანაში ჩაჯდა.
ერიკს გაახსენდა, ქალმა ფეხსაცმელები რომ გაიხადა საკანში და ადვოკატის მოსვლის წინ ჩაიცვა. მის ფეხებს გააყოლა მზერა და როგორც კი ისინი გავიდნენ, თვითონაც გამოიყვანა მანქანა და უკან მალულად მიჰყვა ადვოკატის მანქანას. გაახსენდა ემამ სილა რომ გააწნა, ხელთათმანშიც კი ისეთი თბილი ხელი ჰქონდა, ამის გახსენებაზე გააჟრჟოლა. თან როგორი ძლიერი და სასტიკი ხელი ჰქონდა, გეგონებოდა, კაცმა მოიქნია სილაო. ემა... ამას არ გაპატიებ! შენს დანაშაულს ამასაც დავუმატებ! მათი საუბარი რომ არ ესმოდა, ამაზე ბრაზობდა, ბრაზობდა, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ და ახლა ერთად იყვნენ მანქანაში.
_ სასტუმრო `პრემიერში“ დამტოვე, _ სთხოვა ალბერტოს ქალმა და მშვიდად გაუღიმა.
_ სასტუმროში რა გინდა, სახლი ხომ გაქვს?!
_ სახლში რამდენი წელია, არ ვყოფილვარ, არ მინდა ასე დეპრესიულ და ცუდ ხასიათზე მივიდე, თორემ ვიცი, მერე მთელი წლები გამყვება ამ იდიოტის მოგონილი სისულელე!
_ კარგი, როგორც გინდა. მაშ `პრემიერში“, _ თქვა კაცმა და მანქანა წრეზე მოატრიალა.
_ როგორ ფიქრობ, ჟურნალისტებმა უკვე იციან ამაზე რამე?! ან ის კაცი თვალთვალს დამიწყებს?!
_ თვალთვალს ალბათ დაგიწყებს, ჯერ კაბა არავისთვის შემოუხევია შემთხვევითაც კი, _ გაეცინა ალბერტოს.
_ რატომ, ცისფერია?!
_ არა, რას ამბობ! ეს მას არ უთხრა, თორემ მერე მართლა გაგლახავს!
_ დიდი რამე, სილა უკვე მოხვდა ისედაც!
_ მოიცადე, ხელი გაგარტყა?!
_ არა, მე გავარტყი!
_ რააააა?! სულ გაგიჟდი?! კი მაგრამ, ამდენი ხანი იქ რომ იყავი, დაგავიწყდა აქაური კაცის ხასიათი და მით უმეტეს, გამომძიებლის?! ხელი რატომღა გაარტყი?!
_ ასეთი სახლი საიდან გაქვს, საყვარლებისგანო?! ამიტომაც გავარტყი! რომ მქონოდა საყვარლებისგან, არ გავარტყამდი!
ალბერტოს გაეცინა, _ მჯერა, რომ მაგ შემთხვევაში აღარ გაარტყამდი.
მანქანა გაჩერდა. მოშორებით ერიკმაც დაამუხრუჭა.
ემა მანქანიდან გადმოვიდა. ალბერტომ თავისი კოსტიუმი მოახურა.
_ არ მინდა ვინმემ რაიმე სისულელე იფიქროს, კარგად კი გაუხევია კაბა იმ იდიოტს, როგორც შენ ეძახი, _ ადვოკატს გაეცინა.
ქალმაც გაიცინა.
ორივენი აუყვნენ კიბეს და შიგნით გაუჩინარდნენ.
ემამ რეცეპშენში ოთახის გასაღები აიღო და ალბერტოს დაემშვიდობა.
_ გაცილება არ მინდა, ისედაც შეგაწუხე და დიდი მადლობა. თუმცა ცოტა ხანი ალბათ ისევ მომიწევს შენი შეწუხება. _ ამ სიტყვებით დაემშვიდობა, ლიფტში შევიდა და კოსტიუმი მიაწოდა.
ქალბატონი ლამის ციხეში იჯდა, ახლა იცინის კიდევაც და თან ალბერტოც მიჰყავს სასტუმროში?! სახლში ვერ მიდის თუ იქ ალბერტოს ვერ დაპატიჟებს? ერიკი ორივეს ეჭვიანი თვალებით უყურებდა. ალბერტოს რომ არ ვიცნობდე, ვიტყოდი, ადრე საყვარლები იყვნენ-მეთქი და იქნებ ახლაც?! _ გაიფიქრა და მანქანიდან გადმოვიდა. როცა სასტუმროს ვესტიბიულიდან გამოსული ალბერტო მანქანაში ჩაჯდა, ფანჯარაზე დაუკაკუნა.
_ რომელ ნომერშია?!
_ რა იყო, ახლა შიშველიც გინდა ნახო?!
_ მითხარი!
_ მე-7 ოთახში!
_ მეტი ნომერი არ იყო? თუ ჰგონია, იქნებ ასე მაინც გამიმართლოსო?!
_ გეყოფა და წადი, დაიძინე! დაასვენე ეს ქალი, იგი ჩემი მეგობარია და ვიცი, რომ დამნაშავე არ არის!
_ იქნებ შენი საყვარელიცაა?!
ალბერტოს გაეცინა.
_ მხოლოდ მეგობრები ვართ და ვიქნებით. არც შენი საყვარელი არ გახდება. ეს ისე ზუსტად ვიცი, როგორც ის, რომ დამნაშავე არ არის! ახლა კი წავედი და ეს ქალი არ შეაწუხო ხვალამდე მაინც! ჰოო მართლა, ოთახამდე არ მიმაცილებინა თავი და შეამოწმე, თუ არის ნომერში! და კიდევ, აქაური ვალუტა არ აქვს, სასტუმროს ნომერი მე ვუქირავე. ამიტომ აცალე, გათენდეს და გადაახურდაოს, მერე ვალს დააბრუნებს, 2 დღის სასტუმროს ფულს. _ გაიცინა ადვოკატმა, მანქანა დაქოქა და წავიდა.
ემა ოთახში შევიდა. ეგრევე სააბაზანოს მიაშურა, ცხელი წყალი მოუშვა და შიგ ჩაწვა.
ერიკმა მის პირდაპირ დაიქირავა ნომერი და ქალის ფანჯრებს დაუწყო თვალთვალი.
დაინახა სააბაზანოში შესულმა სამოსი როგორ გაიძრო და როგორ ჩაიმალა წყალში. კარგა ხნის მერე მოთენთილი ქალი წყლიდან ამოვიდა და პირდაპირ ლოგინს მიაშურა. ცოტა ხანს კიდევ შესცქეროდა მის ფანჯრებს, მაგრამ ემა არ ამდგარა და თვითონაც მიიძინა. ქალსაც ისე უცებ მიეძინა, ფიქრისთვის ვერ მოიცალა.
დილით პირსახოცშემოხვეულმა სასტუმროს მოსამსახურე ქალბატონი დაიბარა.
_ ტანსაცმლის ყიდვა მინდა, ხომ შემიძლია თქვენ დაგავალოთ?!
_ დიახ, გისმენთ.
_ რაიმე ტანსაცმელი მიყიდეთ, ზომა 37, მთლიანი კაბა თუ იქნება, კარგია ან მაისური და შორტი, როგორი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, ასევე ჩანთა. ეს ყველაფერი `ელლე~-ს ფირმის უნდა იყოს. ფეხსაცმელი დაბლებზე, 36 ზომა. _ და ფული მიაწოდა, _ გადაახურდავეთ. რამდენიც დასჭირდება საყიდლებს და ტაქსით წასვლა-წამოსვლას, მოიხმარეთ. ტაქსი უკვე გამოძახებულია, დაბლა გელოდებათ. გმადლობთ და ბოდიში, ქალბატონო მერი.
ემამ მოსამსახურე გაისტუმრა და ისევ სააბაზანოს მიაშურა. 5 წუთის მერე კარზე ზარი დაირეკა. ემამ პირსახოცი ისევ შემოიხვია და კარი გააღო.
_ რაიმე პრობლემაა, ქალბატონო მერი?! _ იკითხა და ახლაღა შეხედა ზღურბლთან მდგარ სილუეტს. _ თქვეეენ?! _ თქვა ხმამაღლა და გაშეშდა, სულ გადაავიწყდა, თითქმის შიშველი რომ იყო.
_ დიახ!
_ თუ ისევ იქ უნდა წამოვიდე, მაშინ ამ პირსახოცით მომიწევს წამოსვლა!
ერიკმა ხელი გაიშვირა მისკენ. _ ეს წუხანდელის გამო, _ და ქალს კაბა გაუწოდა, მაგრამ რახან ქალი ხელებით პირსახოცს იჭერდა, იქვე კამოდზე ჩამოდო.
_ მადლობა, მაგრამ საჭირო არაა. თუ 40 წუთს დაიცდით, ტანსაცმელს მომიტანენ და გამოგყვებით. დაჯექით-მეთქი არ მითქვამს, ეს თქვენი კაბინეტი არ გეგონოთ! _ თქვა გაბრაზებულმა და კაცს შეხედა.
_ აა... კარგი! _ მიუგო ერიკმა, სკამიდან ადგა და ფანჯრიდან გადაიხედა. _ ლამაზი ხედია.
_ ალბათ! დატკბით 40 წუთი! _ თქვა ემამ და სანამ მამაკაცი ფანჯარაში იყურებოდა, გავიდა.
_ ქალბატონო ემა, _ ერიკი მოტრიალდა. სად წავიდა პირსახოცშემოხვეულიო, ჰკითხა თავის თავს. ამ დროს ტელეფონმა დარეკა.
_ მოსამსახურე პერსონალიდან ვინმე მერი გაგზავნა სადღაც ემა გალიანიმ.
_ ჰო, მართლა ახსენა მისი სახელი. გაიგე, სად წავა და რას გააკეთებს!
ამ დროს ხმა გაიგონა სააბაზანოდან და ტელეფონი გათიშა.
სააბაზანოს კარის კედელს მიეყუდა, მისი შიშველი სხეულის ჩრდილი რომ არ დაენახა კარის მინაში. პოლიციელი მის ოთახშია, ლამისაა დავაპატიმრო და ეს კიდევ აბაზანაში ნებივრობს?! _ უთხრა თავის თავს გაბრაზებულმა.
_ ჯანდაბა! როგორ მოვკლავდი ადამიანს მაშინ, როცა 3 წლის წინ თავიც კი ვერ მოვიკალი იმ საშინელი დღის მერე! _ და ემას ცრემლები წამოსცვივდა. ახლაც სტკივა ის შავი ლაქა, ის შავი ლაქა! უკან იმიტომ დაბრუნდა, რომ იფიქრა, ეს ამბავი დაივიწყესო, ამაზე არც კითხვები ექნებათ და არც პასუხს მომთხოვენო. ან რაზე უნდა აგოს პასუხი, მას ხომ არაფერი ჩაუდენია: ერთ ურჩხულს მასთან მიახლოება აპატია, ერთი ნაძირლური კოცნა აპატია და მისგან გაიქცა. ეს ტკივილი ვერავის გაუმხილა, ტყუილი თქვა და წავიდა. ახლა კი ეს ვიღაც იდიოტი ეუბნება, შენ მოკალიო! `ჰო. მე სიზმარში მას მოველანდე ისევე, როგორც მე მომელანდა და მელანდებოდა მთელი ეს წლები, მაგრამ მე ის არ მომიკლავს. მოკვლა რომ შემძლებოდა, თავს მოვიკლავდი იმ ტკივილის გამო, რადგან ამ ტკივილს აქ ვეღარ ვუძლებდი. ახლა იგივე მეორდება! ამიტომაა, რომ არავის ვეხები და არც მე მინდა შემეხონ, ამიტომაა, რომ სხვის კოცნას ვიშორებ და ისე ვირეცხავ წყლით, რომ იქნებ ის საშინელი კოცნაც ჩამოვირეცხო ჩემი ტუჩებიდან და ჩემი ჭრილობებიდან~. ემას თავი ასტკივდა, გაახსენდა 3 ბოკალი რომ დალია წამოსვლისას და ახლა შეახსენა თავმა. ამ დროს კარზე კაკუნი შემოესმა და უცბად გამოფხიზლდა, აბაზანიდან გადმოვიდა, სახეზე წყალი შეისხა და სარკეში ჩაიხედა. როცა დარწმუნდა, რომ ცრემლების კვალი აღარ ემჩნეოდა, გამოსვლა დააპირა.
კაცს 20 წუთში ტელეფონით ისევ მოახსენეს: _ ფული გადაახურდავა, დაახლოებით 500 $. ტანსაცმელი იყიდა, ჩანთა, ფეხსაცმელი, ტაქსი ელოდებოდა, არ გაუშვია. ქალი უკან ბრუნდება.
_ ქალბატონო ემა, თქვენთან არიან, _ და ერიკმა კარზე დაუკაკუნა.
_ ახლავე, _ თქვა ქალმა და გამოვიდა. კაცმა მაშინვე იგრძნო ემას ახალი სურნელი და უკან დაიხია. მისი სახე გაახსენდა მანქანაში და მოსამსახურის სიტყვებმაც გამოაფხიზლა:
_ ქალბატონო, მოგიტანეთ, რაც მთხოვეთ! აქ ყველაფრის ჩეკია.
ემამ სამოს შეხედა, ფეხსაცმელი ჩაიცვა, მოეწონა და მერის მადლობა გადაუხადა.
_ ეს კი დარჩენილი თანხაა, _ თქვა მოსამსახურემ და ემას გაუწოდა.
_ დაიტოვეთ! გმადლობთ.
_ ქალბატონო, აქ ხომ 50 დოლარია! ამას ვერ დავიტოვებ!
_ დაიტოვეთ! და თუ შეიძლება, ორივემ დამტოვეთ, რომ ჩავიცვა.
_ ქალბატონო, გმადლობთ, მაგრამ....
ემამ აღარ დაასრულებინა: _ გთხოვთ! უნდა ჩავიცვა, ეს ბატონი მელოდება! _ და კარი მიხურა, როცა კაციც გავიდა. ფიქრებით სავსე ერიკი კედელს მიეყრდნო. ისევ ემაზე ფიქრებმა წაიღო და დერეფანში სიარულს მოჰყვა.
თეთრი ფერის `ელლე~-ს კაბა ჩაიცვა. ზუსტად მოერგო, მისი სხეული თეთრ ფონზე უფრო გარუჯული გამოჩნდა. ფეხსაცმელს დახედა, ზომა რომ დაემთხვა, გაუხარდა. `ელლე~-ს ჩანთა აიღო, მერე ლოგინზე დადებულ ძველ კაბას დააცქერდა, აიღო და ხელი მოუჭირა თუ არა, უცბად, დენდარტყმულივით მოისროლა შორს, შემდეგ ხელი გადაიბანა, ხელთათმანები მოირგო და ოთახიდან გავიდა.
ერიკი კართან რომ არ დახვდა, იფიქრა, ქვევით არისო და ლიფტში შევიდა. ხელი ღილაკს დააჭირა თუ არა, ერიკიც მის წინ გაჩნდა, ისე უცებ, რომ ემას პატარა ცელქი გოგონა გაახსენდა, 2 დღის წინ ლიფტში რომ შეუხტა და მისი ტელეფონი შეიწირა. ჩაეცინა.
_ რატომ იცინით?!
_ რაღაც ამბავი გამახსენდა და იმიტომ!
_ მაინც?
_ პატარა ბავშვი თქვენსავით შემომივარდა ლიფტში ბოსტონში და მანვე შეიწირა ჩემი ტელეფონი, ისევე როგორც წუხელ თქვენ შეიწირეთ ჩემი სამოსი.
_ ქურდი იყო?!
_ არა... _ და ემას გაეცინა. _ პატარა, 10 წლის გოგონა, სართულებზე დაიკარგა და პირდაპირ ლიფტის კარებში გაიჩხირა, რომელიც იხურებოდა. შემეშინდა, შიგ არ მოყვეს-მეთქი, ტელეფონზე ვსაუბრობდი. ტელეფონი დამივარდა და ბავშვს ხელი ვტაცე.
_ საინტერესო ტყუილია. _ შენიშნა ერიკმა, და მისი მონაყოლი სიცრუედ მიიჩნია. _ უჩემოდ მიდიოდით?!
_ ქვემოთ მეგონეთ! არ მეგონა, თუ ასე მაკონტროლებდნენ!
_ ქალს ფული რისთვის აჩუქეთ?! შემდეგში ადვილად რომ დაიმონოთ და ისევ რაიმე სთხოვოთ?!
_ არა, ვიკითხე, ყველაზე დაბალი ხელფასი ვისაც აქვს, ის გამომიგზავნეთ-მეთქი და ამიტომაც ვაჩუქე ის თანხა. თანაც ფეხსაცმლის კარგი არჩევის გამო დაიმსახურა, _ და თავის ფეხსაცმელს შეხედა.
ერიკმა რაღაცის თქმა დააპირა, როცა კარი გაიღო და ლიფტიდან უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ ამ დროს ვიღაცამ ემას მიმართა:
_ ემააა! აი, საოცრება, აქ რას აკეთებ?! თანაც ისე, რომ მე არაფერი ვიცი!
_ ანიტა! წუხელ ღამე ჩამოვედი და ვეღარ გაგაფრთხილე, დღეს ვიქნები შენი სტუმარი. _ და უცნობს ჩაეხუტა. _ მომენატრე...
_ ოო, ემა, მეც მომენატრე. _ მან ემას აკოცა. საუბედუროდ, ემა ყველას კოცნას იშორებდა იმ დღის მერე, მაგრამ ეს კოცნა იმ კოცნისგან განსხვავებით არ სძულდა და არც აღიზიანებდა, თუმცა რატომღაც, მის გულს მაინც არ ათბობდა.
_ წამოდი... რესტორანში დავსხდეთ და ვისაუბროთ! მართლა, სტუმრების სიაში შენ არ ხარ! _ თქვა ქალმა და ემას გაუღიმა.
_ მეგობარმა ალბერტო როჩემ ამიღო ნომერი იმის გამო, რომ აქაური ფული არ მქონდა. დღეს ორი ვალი უნდა დავაბრუნო. და კიდევ, ფული შენს თანამშრომელს ვაჩუქე. იმედია, პრობლემა არ არის!
_ არა, ემა, რას ამბობ. ისე, რომ გეთქვა, ნომერი ვიქირავე და თანხა გადავიხადეო, შენც გაგიბრაზდებოდი და კონსიერჟსაც! წამო, ვილაპარაკოთ, თან ჯერ ადრეა და ვისაუზმოთ. აქაური სამზარეულო მოგენატრებოდა.
_ მარტო არ ვარ, ამიტომ სხვა დროისთვის გადავდოთ, _ უთხრა ქალს თბილად და ხელი ჩაჰკიდა.
_ არა, რატომ, მე პრობლემა არ მაქვს. მე წავალ და რამდენიმე საათის მერე გნახავთ, თქვენ ისაუზმეთ, _ ერიკი ორივე ქალბატონს დაემშვიდობა და წავიდა.
_ ანიტა! _ მიმართა ემამ რბილად და ქალს ახედა: _ სანამ შეკვეთას გაამზადებდნენ, რომ გავიდე, ხომ არ არის პრობლემა? 30 წუთში მოვალ, ოღონდ ტაქსი გამომიძახე!
_ რა თქმა უნდა. რა შევუკვეთო შენთვის, როგორც ყოველთვის?!
_ ჰო. პიცა, სოკო, ანანასი და ბროწეული. _ მერე ანიტა საჩქაროდ გადაკოცნა, მადლობა გადაუხადა და გარეთ გავარდა.
მზე სახეზე მიელამუნა თუ არა, სათვალე გაიკეთა და თვალები დახუჭა. ამჯერად ესიამოვნა მზის სხივების შეხება და გათბა. იმწამსვე გაახსენდა, წუხელ საკანში რომ იყინებოდა, მაგრამ რაღაც მაინც ათბობდა და ეს აშინებდა კიდევაც, აშინებდა ის მომენტიც, როცა იხსენებდა, თუ როგორ შეეხო მანქანის ფანჯრებს მისი ფრჩხილები... ტაქსის კარი თვითონვე გააღო და ჩაჯდა. ფანჯარა ჩამოსწია, სახე ჰაერს შეუშვირა და გაიღიმა.
***
_ ერიკ, სად ხარ?
_ სახლში მივდივარ ცოტა ხნით. რა იყო?
_ ახლახან შენმა ობიექტმა სასტუმრო დატოვა!
_ რაააა?! იქ დავტოვე მეგობართან ერთად, უნდა ესაუზმათ! ეგ ოხერი ქალი, თვალსა და ხელშუა იტყუება! სად წავიდა, ახლა სადაა?!
_ ახლახან ტაქსიში ჩაჯდა, შავი მანქანაა, _ და ფრანკომ ნომერიც უკარნახა.
_ კარგი! მე გავყვები!
_ თუ შეიძლება, გადასახურდავებელ ჯიხურთან გამიჩერეთ და დამელოდეთ. _ სთხოვა ემამ მძღოლს და მანქანიდან გადავიდა.
მაღაზიაში შევიდა, ხელთ რა თანხაც ჰქონდა, მთლიანად გადაახურდავა. მერე ბანკში შევიდა და თანხა ალბერტოს ბარათზე დასვა, რადგან იცოდა, რომ ადვოკატი ვალს არ გამოართმევდა.
სხვა მაღაზიაში კი ახალი ტელეფონი შეიძინა და ნომერი აიღო.
შემდეგ ალბერტოს დაურეკა, _ ეს ჩემი ნომერია, რომ დაგჭირდეს, _ უთხრა. კაცს ხმაზე შეატყო, რომ უკვე იცოდა თანხის ჩარიცხვის შესახებ. _ ჰო, არ დაიწყო ახლა, რატომ ჩამირიცხეო, _ მიუხვდა ემა.
_ ემა! რომ გნახავ, პირდაპირ იქ წაგიყვან, იმასთან. ისედაც, წუხელს აქეთ შენზე ფიქრობს, ალბათ, _ სიცილი გაისმა ტელეფონში.
_ მორჩი რა, აჯობებს საქმეს მიხედო. ხომ იცი, ვალები არ მიყვარს. მხოლოდ ერთი ვალი მაქვს, რომელსაც ვერ ვაბრუნებ და შენ მაინც ნუღარ დამიშლი ვალის დაბრუნებას.
_ კარგი, ჰო. შეგაწუხა ჩემმა მეგობარმა?!
_ ჯერ არა, მაგრამ ვიცი, მალე შემაწუხებს! კარგი, უნდა წავიდე. _ თქვა და ტელეფონი გათიშა. მერე ჩანთიდან ამოიღო ალბერტოს ნაწერი და კვლავ ტელეფონს მიუბრუნდა. რამდენიმე წუთში გადარიცხვის ოპერაცია განახორციელა.
ერიკს სმს მიუვიდა თანხის ჩარიცხვაზე. გაკვირვებული კითხულობდა: _ ეს რა არის? საიდან?! უცბად ალბერტოს ნათქვამი გაახსენდა, ემა ვალებს აბრუნებსო და მიხვდა. `ეს სულელი ქალი! წუხელ ჩემი მობილურით რაც ილაპარაკა, იმის თანხა დამიბრუნა~.
ემა ტაქსით უკან დაბრუნდა. `ჭკუას გასწავლი ამ ყველაფრის და ასევე სილის გამო~, _ იმუქრებოდა გამომძიებელი და ემას ტაქსის კვალში მიჰყვებოდა.
ქალი სასტუმროში შევიდა და პირდაპირ დაჯავშნილი მაგიდისკენ აიღო გეზი. ანიტა იქვე დახვდა და ერიკმა აღარ შეაწუხა ისინი, შორიდან უცქეროდა.
ქალებმა ისაუბრეს, საჭმელი მიირთვეს, ერთი ბოკალი ღვინოც დალიეს და ემამ შეკვეთილი წვენიც დააყოლა. იცინეს, ძველი ამბები გაიხსენეს. მუსიკის ლექციები, აუდიტორიაში ერთად ყოფნა, ერთად მხიარულება, კონცერტებზე სიარული, და ქეიფი დაბადების დღეებზე. ბედნიერი ბავშვობის ისტორიები თუ სასწავლებლის დღეები გაიხსენეს, ადღეგრძელეს ერთად გატარებული დრო და ემა 3 საათისკენ ნომერში ავიდა. ტელეფონში მუსიკა ხმადაბლა ჩართო და ფანჯარასთან მშვიდად დაჯდა. ფიქრებით ისევ ბოსტონში გადაფრინდა...
***
ერთ დღეს ალმას მიადგა სახლში, ფსიქოლოგს. არ იცოდა, რას ეტყოდა, რას მოუყვებოდა და გაანდობდა. მიესალმა და შავ დივანზე მოკალათდა. მხოლოდ თავისი სახელი და გვარი უთხრა და მაშინვე წასვლა დააპირა, რადგან საუბარი ვერ აეწყო და დაემშვიდობა. მეორე დღეს ისევ მივიდა მასთან და ისევ მშვიდად დაჯდა დივანზე. ქალს შეხედა, რომელმაც ხელში ფანქარი აათამაშა. მერე ფანქარი მას გაუწოდა და დახატვა სთხოვა, თან საუბარში შეიყოლია და ემამაც დაიწყო იმ დღის ამბის მოყოლა:
_ სწავლის დამთავრების მერე მუშაობა დავიწყე, პირველად გადავდგი ნაბიჯი საქმიანობისკენ და მაშინვე დასრულდა ყველაფერი _ სწავლაც, მუშაობაც და ცხოვრებაც!
იმ დღეს რამდენიმე თანამშრომელი ვიყავით ოთახში. ზოგი ადრე წავიდა, ჩვენ ორნი დავრჩით, ახალ პროექტზე უნდა გვემუშავა. დავიწყეთ მუშაობა. მან რამდენიმეჯერ მადლობა გადამიხადა, წინა დავალება კარგად რომ შევუსრულე, მერე უცებ ხელზე მაკოცა... ეს არ მომეწონა, მაგრამ საქმე გავაგრძელეთ. დავასრულეთ თუ არა, წამოვედი, კაბინეტიდან გამოვედი და კიბეზე ჩავირბინე. ისიც გვერდით მომყვებოდა. გარეთ გამოვედით და დავემშვიდობე, ის კი ორ წამში მოტრიალდა და მითხრა, კიდევ როდის ვისაუბრებთ სამუშაოზეო... ეს სიტყვები ცუდად მომხვდა და იმწამს რაც მომაფიქრდა, ის ვუთხარი, ორი დღის მერე, მანამდე ამ საქმეს დავასრულებ-მეთქი. გაგაცილებ, სადაც მიდიხარო. ამაზე უარი ვუთხარი და ქუჩაში სწრაფად გავედი... მოვშორდი მას და უკვე ვგრძნობდი, რომ სუნთქვა მიძნელდებოდა, აღარაფერი მინდოდა... ტელეფონი გამივარდა ხელიდან და არც კი დამნანებია, თუ გატყდებოდა, არც მაღელვებდა... იმწამს ყველაფერი სწრაფად წარიმართა და ჩემ წინ დიდი შავი ტკივილი გაჩნდა, რომლითაც სუნთქვა აღარ შემეძლო.
_ დამშვიდდი, ემა... რამეს დალევ, რომ დამშვიდდე?!
_ არა, გმადლობთ... მირჩევნია ჩემით გადავიტანო. შეიძლება მაზოხისტობა გამომდის, მაგრამ მირჩევნია მევე ვიბრძოლო...
_ კარგი, ბოდიში, რომ შეგაწყვეტინე... გისმენ. მინდა ეს დღე ბოლომდე მომიყვე.
ქუჩაში ვიდექი, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი ან რა გამეკეთებინა... ნელ-ნელა გული მეკუმშებოდა და ვაიძულებდი ჩემს თავს, მშვიდად ვყოფილიყავი... მთელი გზა ამაზე ვფიქრობდი... გული საშინლად მტკიოდა, რომ სილა ვერ გავარტყი, ახლაც ისე მინდა ხელი მოვუქნიო... მაგრამ არ შემიძლია... ეს ერთადერთი ვალია, რომელიც ვერ დავაბრუნე. ახლაც მინდა მოხვდეს სილა, სილა იმ ხელიდან, რომელიც ასე ძლიერ მატკინა... სახლში მივედი და მთელი ორი დღე ვიწექი, მარტო ვიყავი იმ დღეებში. ვიწექი და ვტიროდი... ნელ-ნელა შიში მიტანდა, ღამე სულ იმაზე ვფიქრობდი, სულ სხვა რამ რომ მომხდარიყო... ამ ამბის მერე, რამდენიმე საათში, დამირეკა. ძალით ველაპარაკებოდი და მივხვდი, რომ მისი ხმაც კი მაგიჟებდა და გულს მიკლავდა. იმ ღამესვე დავწერე განცხადება წამოსვლის თაობაზე, ვუთხარი, რომ მივდიოდი და მისი საქციელი არ მომეწონა... არაფერი უთქვამს, არც ბოდიში, არც ის, ასე არ მინდოდა გამომსვლოდაო. არაფერი არ უთქვამს. იმ დღის მერე მასთან საერთოდ აღარ მისაუბრია, საქმეების გამო მხოლოდ თანამშრომლებს ვხვდებოდი და მხოლოდ ისინი მეხმიანებოდნენ მისი დავალებით...
მთელი ღამე ამ ამბისგან შეწუხებული ვიყინებოდი. ისე ძლიერ დავიკარგე, რომ გეთქვათ, საოცნებო იტალიაში იმოგზაურებ ან იმ საქმეს მოჰკიდებ ხელს, რაც გსურსო, ესეც კი აღარ მსურდა... მტკიოდა ეს ამბავი და სიზმარშიც გრძელდებოდა ტკივილი, იმ ურჩხულს ვნახულობდი და მისგან გავრბოდი...
მხოლოდ უფლის მადლობელი ვარ, იმ დღეს მისი ბინძური გეგმებიდან ასე რომ გამათავისუფლა და მიმახვედრა, მასთან აღარ უნდა მემუშავა. მილიონი რომც მოეცა, იქ არ დავბრუნდებოდი. მისი არაფერი მინდოდა! მხოლოდ ჩემი ტკივილის მოშორება მსურდა! ის ჩემთვის ერთი ურჩხულია და სხვა არაფერი... იმ დღის მერე თითქოს ყველაფერი ინგრეოდა ჩემში და ჩემ გარშემო, არაფერი აღარ მინდოდა: არც სიცოცხლე, არც მეგობრობა, არც სიყვარული და არც რაიმე საქმე... ვინმე სამუშაოს თუ ახსენებდა, ამაზე ვგიჟდებოდი, გული მეკუმშებოდა და ისე ძლიერად, მეგონა, იქვე მოვკვდებოდი. ფიქრი სამუშაოზეც კი მკლავდა და ისე მანადგურებდა, მთელ ჩემს ცხოვრებას და სუნთქვას წამში აყენებდა ტკივილს. თავს ვუმეორებდი, ცოტა დამშვიდდი-მეთქი... არც სიცოცხლე მინდოდა და არც სიკვდილი... ყველაფერი იმ დღეს გაუფერულდა და გაიყინა ჩემში. ყველგან, სადაც უნდა ვყოფილიყავი, ეს დღე მახსენდებოდა და ხელახლა ვკვდებოდი. რამდენიმეჯერ გზაზე მანქანამ კინაღამ დამარტყა, შემთხვევითობა იყო, არავითარი განზრახვა. ეს ის იყო, როცა არ ვიცოდი, ცხოვრებაში წინ წავსულიყავი თუ უკან დამეხია... ზოგჯერ მგონია, რომ სადღაც დავიკარგე და ჩემს თავს ვერ ვპოულობდი. იმ დღის მერე შევიცვალე. რატომ შემცვალა ამ პატარა რამემ?! არ ვიცი... რატომაა, როცა სიკვდილი გინდა და არ კვდები. ვერც ეს გავიგე. როცა ამის გამო გული ძლიერ მტკივა, თითქოს ვიღაც ურჩხული ვხდები, რომელიც მზადაა მოკლას მტერი და მერე თვითონაც მოკვდეს. რატომ?! მხოლოდ ამ ტკივილის გამო! ზოგჯერ მგონია, რომ გული ჩერდება და სადაცაა დავეცემი, მაგრამ არ ვეცემი და ეს მიკვირს. სადაც უნდა გავქცეულიყავი, რაც უნდა მეყიდა ან გამეკეთებინა, თავს ცუდად ვგრძნობდი და ის ნაყიდი ნივთი აღარ მიხაროდა... მას მერე არც ერთი საჩუქარი თუ რაიმე ნივთი, რომელიც მომწონებია, აღარ მიხაროდა და აღარც მსურდა! მხოლოდ მაშინ შეიგრძნობ სხვის ტკივილს, როცა მას საკუთარ თავზე გამოცდი! მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, როგორი იყო სხეულის ტკივილი... როგორია, როცა გაქვს ხელი და არ გინდა ამ ხელის სიახლოვეს ყოფნა... თავიდან ჩემი ხელისაც მეშინოდა და გავურბოდი, როცა მეხებოდა, გვერდით ვწევდი,... თითქოს ჩემს ხელს რამე დაეშავებინოს ან გაეფუჭებინოს...
ამ ამბის მერე სასტიკი დღეები დამიდგა. არავითარი ნათელი წერტილი, რომელსაც ჩემი გათბობა შეეძლო, რომ ამ სითბოთი ის სიყვარული და გრძნობები არ გამეთელა, რაც გარშემო მყოფებთან და ოჯახთან მაკავშირებდა. თითქოს იმ დღის მერე მეც სასტიკი ურჩხული გავხდი. შესაძლებლობა რომ მქონოდა, იმ ადამიანის ცხოვრება დამენგრია და მომეშორებინა, აუცილებლად გავაკეთებდი ამას. ასეთი ყოფაში გავექეცი იქაურობას და წავედი შორს ნაცნობებისგან, ბოსტონში გავემგზავრე. იმ ქალაქიდან გავიქეცი, სადაც ჩემი გული ტკივილით შთაინთქა და გაიყინა... როგორ მინდოდა ეს ამბავი ერთხელ მაინც მომეყოლა ვინმესთვის და მეგრძნო, რომ დამნაშავე არ ვიყავი, მე ხომ არაფერი ჩამიდენია! მე არაფერი ჩამიდენია! არ ვარ დამნაშავე, არ ვარ! დამნაშავე არ ხარ! სულ ვუმეორებდი ჩემს თავს და არავინ ჩანდა, ვინც ამ სიტყვებს მეტყოდა და ჩემს გულს დაამშვიდებდა. ზოგჯერ მინდა ვიღაცამ სევდა ამოიკითხოს ჩემს თვალებში და მითხრას, შენ არაფერი დაგიშავებიაო! მაგრამ ჩემი თვალების მზერის წამკითხავი არავინ ჩანდა და ასე მარტოდ ვიღუპებოდი. მაგრამ ვიცოდი, რომ მე თვითონვე უნდა გადამერჩინა თავი! სხვა გზა არ იყო! რატომ?! არაა საჭირო ვიღაცას თავი მსხვერპლად მოაჩვენო, რათა შეებრალო.
რატომ შემხვდა ასეთი ბედისწერა მე?! _ სიზმრებში ვყვიროდი ამ სიტყვებს, გამოღვიძებისას ვტიროდი და სარკეში ჩემს თავს ვუმეორებდი, რომ დამნაშავე არ ვიყავი! არ ვიცი, ამას რატომ განვიცდი ასე! ბედისწერას როგორ უყვარს ადამიანებთან თამაში! ამ ამბავზე უფრო ის განვიცადე, რომ მისი სიკვდილი ფიქრებში დავუშვი! ამით მან ჩემს სულში ღრმა ტკივილი დატოვა! იმ დღეს კარი გამოვიხურე და წამოვედი, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოხდა, ასე რომ მოვიქეცი. მან, ალბათ, იფიქრა, რადგან არაფერი თქვა, უკან დაბრუნდებაო და უბრალოდ, გამიშვა! არ ვიცი... ალბათ თავისი პოზიცია ასე მოსინჯა?! არც ეს ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ ერთმა ხელზე კოცნამ, თუნდაც მისთვის ეს უბრალოდ კოცნა ყოფილიყო, მთელი ჩემი სამყარო შეაზანზარა და დაანგრია! როგორ მტკიოდა ეს შეხება, ბინძური შეხება და როგორ მინდოდა სიცოცხლის დასრულება. მე ხომ არავის კოცნა არ მინდოდა ჩემი შესრულებული სამუშაოსთვის?! არც ჩემი სიკეთისთვის მოვითხოვდი ამას! მაგრამ ეს მოხდა, მოხდა და საიდუმლოდ დავტოვე! რადგან შემეშინდა, ჩემი თავის შემეშინდა. შემეშინდა და ეს სიმართლე სულ სხვანაირად მოვყევი და ჩემი თავი ნამდვილ მატყუარად ვაქციე. ვის გამო, მხოლოდ იმ უსირცხვილო ურჩხულის გამო?! არა, არა, ეს არ უნდა მომხდარიყო. სულ მტკივა... როგორ უნდა მოვიშუშო ეს იარა, როგორ?! რამდენ სისულელეს აკეთებს ადამიანი და უფალი მაინც გვიცავს. იმ დღესაც დამიცვა, რომ უფრო საშინელი რამ არ მომხდარიყო, და რომ მომხდარიყო, მაშინ ხომ თავი უნდა მომეკლა? მაგრამ ესეც რომ მკლავს და მანადგურებს?! ძლივს ვნახე ისეთი სამუშაო, სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ და ახლა ბედნიერი ვარ... მაგრამ გული დაიღალა. მეც ყველაფრისგან დავიღალე! ცხოვრების ჩვეულებრივი მოვლენებისგანაც კი: ადგომა, ჭამა, გამზადება, დარეცხვა, მილაგება, ძილი... ყველაფრისგან დავიღალე იმ დღის მერე... ზუსტად იმ დღის მერე დავიკარგე და გატყდა ჩემში ყველაფერი. ერთადერთი ფსიქოლოგი თვითონ უფალია ჩემთვის, ამიტომაც არასდროს მივსულვარ უცხო ადამიანთან სალაპარაკოდ, მაგრამ ახლა აქ ვარ... ადამიანებმა საკუთარ თავს რომ გაუგონ, არც კი ცდილობენ! _ დაამთავრა ემამ და ფანქარი მაგიდაზე დადო.
_ ცოტა ხანი შეისვენე, ემა, და წყალი მაინც დალიე, აქამდე არ მინდოდა შემეწყვიტებინა შენი საუბარი, მაგრამ ახლა მითხარი, რას ფიქრობდი მასთან, იქ, იმწუთას?!
_ იქ არ შემშინებია, მადლობა უფალს. მშვიდი, გაწონასწორებული ვიყავი. დავემშვიდობე და წამოვედი. გზაში მივხვდი, რომ გული მეტკინა, სულამდე მეტკინა. რატომ?! ეს პირველი დამოუკიდებელი სამუშაო იყო! ეს ის იყო, ჩემს თავს რომ ვუმტკიცებდი, მუშაობას შევძლებ-მეთქი! სამაგიეროდ, ახლა ვიცი, არავინ იქნება ჩემი უფროსი. ასეთ კაცს შევიძულებ და შევიზიზღებ. სახლში დავფიქრდი და დავითრგუნე, როცა უფრო ჩავუღრმავდი. მთელი ღამე მიჭირდა ამის გადახარშვა.
_ თავი ურჩხული რატომ გეგონა?!
_ ფიქრებში სიკვდილი რომ ვუსურვე. მაგრამ ეს ამბავი ძალიან მეტკინა! ამის გამო მეგონა ჩემი თავი ურჩხული!
_ მის სახელის გაგონებაზე რას გრძნობ?!
_ ეს დიდი ჭრილობაა! მისი სახელი მაშინებს, მთრგუნავს და იმ დღეს რომ მახსენებს, თავიდან ვკვდები. მაღიზიანებს ამ ამბავთან დაკავშირებული პატარა ამბავიც კი! მაგრამ ვიტან და ჩემს თავს ვეუბნები, დამშვიდდი, ცოტაც და გადაივლის-მეთქი.…
_ ახსენე სიზმარი. რა ხდება იქ, იმ სიზმარში?
_ მისგან გავრბივარ და არ მინდა გამახსენდეს! იქაც კი! ეს ძლიერი ინსტინქტია. დახმარებას ვეძებ სიზმარში, რომ მისგან გავიქცე და ვიღაცები მეხმარებიან კიდევაც. ეს მშველის, იქაც კი მშველის და ეს მამშვიდებს...
ზოგჯერ არა რეალობა, არამედ ის სიზმრები მაშინებდნენ, სადაც მას ვხედავდი და მისგან გავრბოდი, ვყვიროდი და ხელს ვკრავდი, მთელი ძალითა და სიძლიერით ყველაფერს ვაკეთებდი, გავქცეულიყავი მისგან და სხვასთან მივრბოდი დასახმარებლად. სხვაც ხელს მიწვდიდა და მეხმარებოდა, არ ნებდებოდა და არც მე ვნებდებოდი, ძუ ვეფხვივით ვიცავდი თავს, ხელს ვკრავდი, ვიშორებდი, დაუძლეველ ბარიკადებს ვლახავდი და ვშორდებოდი მის საშინელ სახეს... სიზმრადაც კი ისეთი სასიამოვნოა, როცა ვიღაც გეხმარება და გიცავს, გიცავს იმისგან, რაც აღარ გინდა შენს სინამდვილესთან ახლოს იყოს! ის ჩემთვის სიზმრებში ისევ ურჩხულად რჩებოდა და ყველა დაბრკოლებას ვლახავდი, ოღონდაც მომეშორებინა თავიდან!
როცა ის მეძებს სიზმარში, იმდენად მინდა მომშორდეს, სუნთქვასაც კი ვიკავებ, რომ მკვდარი ვეგონო და წაეთრეს ჩემგან. ვაკვირდები, შორს რომ წავა, მხოლოდ მაშინ ამოვიდე სამალავიდან და უფრო შორს გავიქცე, რათა აღარ მომძებნოს და ვეღარც მიპოვოს. როცა ამაზე სიზმარშიც ფიქრობ, იქაც თავდაცვის ინსტინქტი ირთვება, თავისთავად გამომუშავებული თავდაცვის ინსტინქტი, რომ მე თავიდან მოვიშორო!
_ მშვიდად გძინავთ, თუ ამ ამბავს არ გაიხსენებთ?!
_ დიახ! მაგრამ მაინც მახსენდება.
_ რატომ?!
_ განა ტკივილი გავიწყდება ადამიანს?!
_ მაგრამ რომ დაფიქრდე, ეს სტრესია მხოლოდ...
_ დიახ, ასეა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში დამარცხების სტრესია. მაშინ, როცა სხვებს და საკუთარ თავს მინდა დავუმტკიცო, რომ შემიძლია მუშაობა და ამ ნაბიჯის გადადგმას ვიწყებ, წინ კი არა, სადღაც უკან მივდივარ და ვიკარგები! ბრძანებები არასდროს მიყვარდა! ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ვერ ავიტანდი ოჯახის წევრების გარდა ვერავის ბრძანებას. დედას ყოველ ჩახუტებაზე ჩემს თავს ვეუბნებოდი, დედა, ბოდიში ამ ამბის დამალვის გამო-მეთქი, რადგან არ მინდოდა სტკენოდა... და ამ ამბის დამალვით ჩემს თავს ვაყენებდი ჭრილობას....
_ როგორ ფიქრობთ, რომ დარჩენილიყავით, რა მოხდებოდა?
_ უფრო დიდ სტრესს მივიღებდი. ყოველდღე მისი დანახვისას გამახსენდებოდა ეს ამბავი და უფრო დავითრგუნებოდი, ალბათ, მერე კი ადვილად მოვკვდებოდი...
_ სიკვდილზე ფიქრს თავი უნდა დაანებოთ. შეეცადეთ ესეც დაივიწყოთ და ისიც.
_ რაც უნდა გავაკეთო, ბედნიერებას ვერ შევიგრძნობ. იმ დღის მერე ბედნიერებას ვერ ვგრძნობ. თითქოს ეს შეგრძნება სადღაც გაქრა და დაიკარგა ისე, როგორც მე დავიკარგე! სადღაც შუაში დიდი კითხვის ნიშანთან დავიკარგე და გავტყდი! რა მინდოდა იმ დღის მერე, უკვე აღარ ვიცოდი! აღარც ჩემი ოცნებები მინდოდა, აღარც რაიმე გეგმა ან ჩანაფიქრი! ერთადერთი, რაც მსურდა, სიკვდილი იყო, ოღონდ გული გამჩერებოდა. ბევრჯერ დავწოლილვარ და ღამე მიფიქრია, ახლა მოვკვდები-მეთქი... მეტის ატანა აღარ შემიძლია. ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე ვფიქრობდი, რომ არ უნდა გადამედგა, ყოველ გადაწყვეტილებაზე ვფიქრობდი, რომ შეცდომა იყო და არ გამომდიოდა არაფერი, რაც მინდოდა!
_ შენ გაწონასწორებულად უყურებ ყველაფერს, მაგრამ წარმოიდგინე ის ადამიანები, ვინც მართლა მოხვდა ასეთ ინტრიგაში, ვისაც მართლა შეემთხვა საშინელება. ზოგს თავს დაესხნენ, ზოგი დაჭრეს, ზოგს გაცილებით მეტი შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი როგორ იქნებიან ახლა, როგორ განიცდიან და სტკივათ ისე, რომ სიცოცხლე აღარ უნდათ, სიკვდილთან ახლოს დგანან და ჭაობში ვარდებიან. შენ კი შენი თავი შენვე დაამშვიდე და გზა უჩვენე მას, მაგრამ მაინც ხარ ამ სტრესით შეპყრობილი... შენს თავს უნდა აიძულო, რომ ეს სტრესი განდევნო ფიქრებიდან...
_ ჩემში იმ დღიდან ყველაფერი დაინგრა. ჩემში მხოლოდ ბოროტებამ დაისადგურა, მინდოდა, ის ადამიანი ამის გამო მომკვდარიყო და განადგურებულიყო.... დღეების მერე ვინანე, ეს რომ ვისურვე, მაგრამ ეს რეალობა იყო, იმ დღეს ჩემს გულს ბოროტება შეეხო... იმ კაცმა ჩემი გეგმები დაანგრია, გაანადგურა და ფეხქვეშ გათელა ყველა ჩემი ჩანაფიქრი და გეგმა! იმ დღის მერე აღარაფერი აღარ მსურდა! ძნელია ავდგე და ის დღე განვდევნო ჩემი ფიქრებიდან. ეს ძნელია.
_ რატომ არ თქვი ეს ამბავი თავიდანვე?!
_ იმიტომ, რომ ბავშვობიდან მოყოლებული ყველანი ყოველ სურვილს და ახირებას მისრულებდნენ და არ მინდოდა ამ ტკივილის გამო ჩემი ოცნებები შეესრულებინათ და ეფიქრათ, ასე მოიშუშებს ტკივილსო. ზოგჯერ ადამიანი პრინციპებს იმიტომ აყენებს, რომ თავი დაიცვას. _ უყვებოდა ემა ფსიქოლოგს და თან ფანჯარაში იხედებოდა, სადღაც შორს იყურებოდა, რომ სადმე იქ, სიმშვიდე ეპოვა.
რამდენიმე დღე მიდიოდა ქალთან და ესაუბრებოდა. ფსიქოლოგი გამგზავრების წინა დღესაც ნახა. მან წარმატებები უსურვა და დაარიგა, რომ ეს სტრესი მხოლოდ მას შეეძლო დაემარცხებინა... ემამ ქალს ხელი ჩამოართვა და კარი მშვიდად გამოიხურა.
თავის სამშობლოში ჩასვლისას კი იმათ ხვდებოდა და ნახულობდა, ვისაც დახმარება სჭირდებოდა. მათაც უზიარებდა თავის ტკივილს და ურჩევდა, დაემარცხებინათ თავიანთი სტრესი, წინ ევლოთ და არა უკან... თავის ტკივილს უზიარებდა და ცდილობდა ადამიანები დაეშვიდებინა, რათა ისინი ყველაფრის მიუხედავად წინ წასულიყვნენ...
როცა იკარგები, ცხოვრება გაძლევს გზას, სადაც სრულიად სხვანაირი ხდები და სხვას აღმოაჩენ შენში, ვისაც სულ სხვა სამყაროში მიჰყავხარ ახალი გეგმებით და იმედებით სავსე. თუ ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ არაფერი გინდა და არაფერი გახარებს, ეძებე ის, რაც გაგახარებს და მოგანიჭებს ბედნიერებას _ საქმე, ხელობა, ჰობი თუ ადამიანი. _ ამ სიტყვებს უმეორებდა იმ ადამიანებსაც და მათ თვალებშიც ხედავდა გაცილებით დიდ სევდას.
უნდა იბრძოლო და ის გააკეთო, რაც გიყვარს და გაბედნიერებს! ის უნდა იპოვო, რაც სიხარულს განიჭებს! ვიპოვე ჩემი კრისტალები! მაგრამ მაშინაც კი ვერ ვგრძნობ ხანგრძლივ ბედნიერებას! ნუთუ ასე პატარა და წარმავალია ბედნიერება?! ნუთუ ასე მცირედია ამ ცხოვრებაში ბედნიერების ნათელი წერტილი?! მაგრამ კარგად იცი, რომ ამ მცირედი ბედნიერების ნაპერწკლითაც უნდა დაკმაყოფილდე! რატომ?! ამ კითხვის მერე ყოველთვის ვიხსენებდი იმათ, ვისაც სრულიად არაფერი გააჩნდათ ამქვეყნად, არც ბედნიერება, არც სიხარული, არც წუხილი, არც სიცოცხლის მამოძრავებელი ძალა. არაფერი ხელჩასაჭიდი ამქვეყნად, იმათ, ვისაც არც ტანსაცმელი აქვს, არც მეგობარი ჰყავს ან სულ მცირე სიყვარული აქვს... ეს ცხოვრება გაძლევს შანს... ცხოვრების გაგრძელების შანს! მთავარია ამის გჯეროდეს და დანახვა შეძლო...
ადამიანი თუ სტრესშია, მან უნდა დაინახოს ან დაანახვოთ ის, რასაც ასეთ სიტუაციაში ჩაეჭიდება და გადარჩენისკენ უბიძგებს. სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ზღვარი გადის იმ ადამიანზე, ვინც სტრესს თავისით უმკლავდება. ასეთი ადამიანი, დამიჯერეთ, სუსტიცაა და ძლიერიც! ძლიერია იმით, რომ ეს განახორციელა და სუსტია იმით, რომ ეს გაიფიქრა. ამ დროს არაა საჭირო მიანიშნო, რომ მას დახმარება სჭირდება ან სტრესშია, ძალიან კარგია თუ ამ დროს თავის საყვარელ საქმეს მოჰკიდებს ხელს. კარგია თუ მას მეგობრულად დაელაპარაკება ვინმე. ამ დროს მთავარია მას მომავალი დაანახვოთ, საჭირო და მნიშვნელოვანი, რათა სიცოცხლე მოუნდეს და საქმეს მოჰკიდოს ხელი, უნდა იცოდეს, რომ ეს დასასრული არაა. ეს დასასრულის დასაწყისია! სადაც ყველაფერი კარგი შეიძლება დაიწყოს თუნდაც იმ ცუდი ამბის მერე...
ყველას ვუსურვებ გაფრთხილებას ცხოვრებაში, იმის მიხვედრას, რომ დროა წასვლის და კარის მიხურვის და ახალი ცხოვრების დაწყების თუნდაც სხვა გრძნობებით, სხვა პროფესიით და სხვა გარემოთი... _ ასე ილაპარაკა იმ ადამიანების გარემოცვაში. მერე დაემშვიდობა ყველა მათგანს და წარმატებები უსურვა...
ფანჯარას მოსცილდა, დაასრულა თუ არა ბოსტონსა და წარსულზე ფიქრები, კარი გააღო და გარეთ გავიდა. სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა სასტუმროს წინ, რამდენიმე წუთი დაყო სიგრილეში და უკან დაბრუნდა...
ტირილი წასკდა ნომერში. ის დღე იყო საშინელი და სასტიკი, ყველა მომენტი გაახსენდა, ყველა დეტალი, კვლავ ტკივილი იგრძნო და უფრო ატირდა.
რატომ არ ვთქვი სიმართლე?! შემეშინდა ჩემი თავის! მე თვითონვე შემეშინდა! შემეშინდა დამარცხების აღიარების! შემეშინდა, ვინმეს ამის გამო სულელი, გიჟი არ ვგონებოდი! იქნებ ვინმეს ეთქვა, ასე წახვედი ამის გამოო? და დამცინებდა! მაგრამ უკვე აღარ შეეეძლო აქ გაჩერება! რაღაც შიგნით მანადგურებდა და გულს მისერავდა. უნდა გავქცეულიყავი, მაგრამ არ მინდოდა გაქცევა! არ მინდოდა გავქცეოდი მათ, ვინც მიყვარდა და ვისაც ვუყვარდი! ვიღაც ნაძირალას გამო რატომ უნდა დამეზარალებინა ის ადამიანები, ვისაც ვუყვარდი და მიყვარდა? დრო გადიოდა და ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, მაგრამ მისი გახსენებისას უკან, იმ ტკივილს ვუბრუნდებოდი! უბრალოდ აქ ვეღარ ვსუნთქავდი და წავედი... სადღაც შორს წავედი, პატარა, მშვიდი ცხოვრების დასაწყებად!
_ და ახლა, ამდენი წლის მერე, ისევ აქ ვარ, სამშობლოში, თუმცა ჯერ სასტუმროში! _ თქვა ხმამაღლა და ცრემლები მოიწმინდა. კაბის გახდა დააპირა, როცა ხმაური შემოესმა და მოტრიალდა. მოტრიალდა და ხელზე რაღაც ცივი მოხვდა. ემა ბოსტონში თავდაცვას სწავლობდა. თავდამსხმელს ეგრევე მუშტი მოუქნია და ისიც მაშინვე გავარდა... ლოგინისკენ დაიძრა, ჭრილობა რომ გადაეხვია. ტელეფონზე დარეკა და დაიყვირა: მე-7 ნომერში სასწრაფო გამოიძახეთ! _ და გული წაუვიდა.
***
თვალები გაახილა. მის გვერდით ანიტა დაინახა შეშინებული სახით. ქალი გამოფხიზლდა:
_ ბოდიშს გიხდი, აქ სიკვდილი რომ დავაპირე.
_ ემა, გაგიჟდი? რაებს ბოდავ, ისედაც შემაშინე მეც და ყველანი!
ემამ ალბერტოც შეამჩნია და სასწრაფოს ხალხიც.
_ სასწრაფო გაუშვით, საჭირო აღარაა, კარგად ვარ, _ თქვა და თვალები დახუჭა.
ანიტა მასთან მივიდა, ხელი ჩასჭიდა:
_ რამე გინდა? არ გშია? რას დალევ?!
ალბერტო მის გვერდით ჩამოჯდა:
_ დაისვენე და ხვალ მოყოლა მოგიწევს, რა შეგემთხვა.
_ იმის დანახვა არ მინდა, დღეს მაინც დამასვენოს! და აღარ დამენახვოს! _ მკაცრად უთხრა ემამ. _ ბროწეულის წვენი მინდა. სისხლი ხომ არ გადაუსხამთ? _ გაახსენდა და იკითხა.
_ არა, დროულად დარეკე და მოგისწარით!
ახლა გახედა ემამ ოთახს და მიხვდა, სხვა ოთახში რომ იყო.
_ აქ რატომ ვარ?!
_ იქაურობას ათვალიერებენ... _ მოესმა ალბერტოს ხმა და ლოგინზე თავი დადო.
_ კარგი, _ თქვა ემამ და მოტანილი ბროწეულის წვენი დალია.
_ წავალ ცოტა ხნით, მერე ისევ შემოვალ, ქალებს მარტო დაგტოვებთ. _ უთხრა ორივეს და გავიდა.
_ ემა, რა მოხდა, მეტყვი? _ ჰკითხა მეგობარს და ჩაეხუტა.
_ არ მინდა ამაზე საუბარი! მარტო ყოფნა მინდა, არ გეწყინოს! თან წყლის გადავლებაც!
_ კარგი, მაგრამ ცოტა ხანი არ უნდა ადგე, მერე იბანავე. არაფერს შეჭამ?!
_ არა, არ მშია! დიდი მადლობა... _ თქვა ჩუმად და ანიტას ლოყაზე აკოცა.
***
_ რა ხდება, ერიკ?!
_ არც ანაბეჭდებია და არც კამერამ დააფიქსირა ამ ოთახში ვინმეს შემოსვლა. მარტო სისხლია და ისიც ემასი.
_ ფიქრობ, თავს იკლავდა?!
_ თუ ასეა, ბოლოს რატომ დარეკა საშველად, სიკვდილის შეეშინდა?!
_ ემა... ამას არ იზამდა! თავს დაესხნენ, _ ამ სიტყვების გაგონებაზე ორივე მამაკაცი შემოტრიალდა.
_ რაა?! რამეს მოგიყვა?! _ ერიკი ანიტას მიუბრუნდა.
_ არა, მარტო ყოფნა უნდა და ჯერ არავის ნახვა არ სურს.
ემა ისეთი დაღლილი იყო, ძლივს ადგა. სარკეში ჩაიხედა. არ შეშინებია საკუთარი თავის, არც სიკვდილის, მაგრამ ის დღე აშინებდა და მისი სიტყვები. ახლა გაახსენდა, როგორ შემოვიდა ოთახში და მაშინვე როგორ იგრძნო, ვიღაც მის მკლავებს რომ ეძგერა. ემამ გაიბრძოლა, ხელი მოიქნია და უცებ ცივი დანის შესობა იგრძნო ხელში. მაგრამ ვერ გაიგო, რატომ არ მოკლეს და რატომ ეცადნენ მის შეშინებას, ან ერიკი რა შუაში იყო? რატომ თქვეს ეს შურისძიებისა და ერიკისგანო! ან ერთი ან მეორე რა შუაში იყო? ალბათ ესეც იმ ურჩხულს უკავშირდება და ვერ მოიშორა მასთან დაკავშირებული ტკივილი. მაგრამ ერიკს რა შურისძიება სურს?! განა სილის გამო ვიღაცა ვიღაცას კლავს?! ნუთუ სილის გამო მკლავდა ერიკი?! რა შუაში იყო აქ ერიკი, ვერ გაეგო ემას. ტიროდა. ტიროდა არა იმიტომ, რომ დანა მოხვდა ხელში და არა სხვაგან, არამედ იმიტომ, რომ ერიკიც იყო ამ საქმეში გარეული. და არ იცოდა, ეს რატომ სტკიოდა ასე. ახლა გაახსენდა ის ხმა, მასში რაღაც რომ გამოიწვია და წამოანთო, სანამ იმ კაცის სახეს დაინახავდა. მეგონა, მკვლელები შესახედავადაც ურჩხულები იყვნენ და არა სიმპათიურები... _ ფიქრებში იყო ჩაფლული, როცა კარზე დააკაკუნეს.
_ ემა, შეიძლება?
_ დიახ, შემოდით, _ და სააბაზანოს კარი მიხურა.
_ რატომ ადექი, გაგიჟდი?! ჯერ ისევ უნდა იწვე! _ ანიტა დაქალს მივარდა.
_ არა უშავს, კარგად ვარ.
_ წეღან რატომ მკითხე, სისხლი გადამისხესო?!
_ არ მინდა სხვისი სისხლი და იმიტომ!
_ და რომ მომკვდარიყავი?!
_ დიდი რამე!
_ ისე ამბობ, გეგონება, თავს იკლავდი! ნუ გამაგიჟე ახლა, მორჩი და მე მაინც მითხარი, რა მოხდა! მითხარი, ემა!
_ მოკვლას გამბედაობა უნდა და არა სისუსტე! ზუსტად ის გამბედაობა ჰქონდა იმ ბიჭს!
_ ბიჭი დაგესხა თავს?! _ იყვირა ანიტამ.
_ ჰოოო! კიდევ რა შეკითხვა დაგაბარა იმან! _ მიხვდა ემა, რომ ერიკი და ალბერტო გამოგზავნიდა ანიტას.
_ ძალა ხომ არ იხმარა?! ისევ გამოვიძახო სასწრაფო?! ან ფსიქოლოგი?!
_ ტანსაცმელი შემოხეული არ მქონია, ანუ არა! არც ერთი მათგანი აღარაა საჭირო!
_ მოიცა, არ გახსოვს?!
_ მახსოვს! დანა რომ ჩამარტყა და სისხლი იგრძნო, გაიქცა. მხოლოდ ხელის მოქნევა მოვახერხე, ამიტომაცაა კარის მინაზე ბზარი... დაუძახე იმასაც და თავის სულელურ შეკითხვებზე გავცემ პასუხს! _ თქვა და ლოგინში ჩაწვა.
მალე ერიკიც შემოვიდა ნახევრად ღია კარში!
ანიტა გავიდა და ორივენი მარტონი დარჩნენ.
_ როგორ ხარ? ხომ არაფერი გინდა?! _ ჰკითხა ემას და სახეში შეხედა.
_ კარგად ვარ... არაფერი. _ ლაკონიურად უპასუხა ისე, რომ არ შეუხედავს.
ალბერტოც შემოვიდა.
_ აბა, მშვიდობაა?
_ ჯერ კი. _ უთხრა ემამ და მიაჩერდა.
ერიკს გაუკვირდა, ალბერტოს რომ შეხედა და მას არა.
უცებ გარედან ხმაური შემოესმათ და ალბერტო კარისკენ დაიძრა. ამ დროს კარიც გაიღო.
_ ალეხოოო! _ იყვირა გაკვირვებულმა ემამ, ლოგინს გადაახტა, კაცისკენ გაიქცა და ჩაეხუტა.
კაცმაც მკლავები მოხვია და უთხრა:
_ ახლა ყველაფერი კარგად იქნება! _ მერე იქ მყოფ კაცებს მიუბრუნდა. _ ბატონო ერიკ!.. ალეხო ტორე, _ თქვა და ხელი გაუწოდა.
_ ემა რომ ბოსტონში წავიყვანო, წინააღმდეგი ხართ?!
_ არა. _ ალბერტომ მაშინვე უპასუხა, ერიკი კი ისევ ჩუმად იდგა ჩაფიქრებული, ასე რომ ჩაეხუტა ქალი კაცს.
_ არა, არსად არ მივდივარ, აქ ვრჩები! _ თქვა ქალმა მოულოდნელად და ლოგინისკენ გაემართა.
_ ემა! წამოხვალ, უკან ვბრუნდებით!
_ არა-მეთქი და მორჩა! აქ ამისთვის ტყუილად ჩამოხვედი! მე არსად მოვდივარ, გაქცევას არ ვაპირებ, მე არაფერი დამიშავებია და არც გასაქცევი მაქვს რაიმე!
_ სულ გაგიჟდი, შენი მოკვლა უნდოდათ! ამიტომაც აქ არ დარჩები! ახლავე აეროპორტში მივდივართ! _ და ალეხომ ემას ხელი ჩასჭიდა.
_ მე არსად არ წავალ, აქ მინდა ვიყო, ალეხო! _ იყვირა და ისევ ლოგინისკენ დაიხია. ალეხომ ხელი მოხვია და მიიხუტა.
_ ბატონო ალეხო, _ მიმართა ერიკმა. _ მასზე ნუ ინერვიულებთ, დაცვა ეყოლება, ამაზე პირადად მე ვიზრუნებ!
გაბრაზებული ემა ალეხოს მოსცილდა და ერიკს ყვირილით მივარდა:
_ შენი დაცვა არ მჭირდება, შენთვის შეინახე! _ მერე გარეთ გავიდა და ლიფტისკენ დაიძრა.
_ გაუძელი... _ მიმართა ალბერტომ ერიკს და ორივენი მიმავალთ უკან გაჰყვნენ.
ემა და ალეხო ერთად მიაბიჯებდნენ. ერიკი მათ თვალს არ აცილებდა. ემამ ალეხოს ყურში რაღაც უჩურჩულა. გახარებულმა კაცმა ქალი ხელში აიტაცა და მანქანაში ისე ჩასვა.
შავი `მერსედესი~ დაიძრა და გზას გაუყვა. უკან ერთი მანქანაც მიჰყვა, ალეხოს და ამიერიდან ემას დაცვა. მათ შორიახლოს ერიკიც მისდევდა.
შავი `მერსედესი~ აეროპორტში გაჩერდა. ემა მანქანიდან გადმოვიდა და ალეხოსთან ჩახუტებული კიბეს აუყვა...
ორივე თვითმფრინავში ავიდა. ერიკმა მზერა გააყოლა კიბისკენ მიმავალ ქალს. `მაინც დაითანხმა და მიჰყავს... მაინც გაჰყვა და გაიქცა~... _ ფიქრობდა ერიკი და თვალს ადევნებდა მიმავალთ.
ცოტა ხანში ემა სირბილით დაეშვა კიბეზე, კაციც უკან მიჰყვა:
_ ემააა, გაგიჟდი?! ხომ დამპირდი, მოვდივარო?!
_ შენ უნდა წახვიდე, _ უთხრა უკვე მის გვერდით მდგომ ალეხოს. _ მე აქ ვრჩები! წადი, გთხოვ, წადი! არ მინდა ამ საქმეში ჩაერიო. დამპირდი, რომ არაფერს გააკეთებ და არც ვინმეს დაემუქრები. დამპირდი!
_ კარგი, მაშინ ჩემს დაცვას აქ დავტოვებ და მანქანასაც.
_ არა, ისინიც შენთან ერთად მოდიან! აქ არ დარჩებიან! გთხოვ, დაგიჩოქებ, გინდა? გთხოვ!
_ კარგი, ემა, კარგი, ეს მეტჯერ აღარ მითხრა, იცოდე, თორემ მაწყენინებ! ამ საქმეში არ ჩავერევი მხოლოდ იმიტომ, რომ ერიკი და ალბერტო სამართლიანი ადამიანები არიან. მათი საქმეები ვიცი, ორივე სუფთაა! და კიდევ... ერიკის დას იცნობ!
_ საიდან! ვინაა?! _ გაუკვირდა და იყვირა ქალმა.
_ პატარა ცელქი გოგონა ლიფტში მისი დისშვილია!
_ რაააა, ის და ეს და-ძმანიიი?! სასაცილოა! _ თქვა გაკვირვებულმა ემამ და ახლა შეამჩნია, რომ მანქანიდან უთვალთვალებდნენ. მიხვდა, რომ ერიკი იქნებოდა.
_ შენ აქედან როგორ წახვალ?! ან აქ რომ რამე მოხდეს?!
ქალმა გამომძიებლის მანქანაზე ანიშნა, მერე კაცს დაემშვიდობა.
ემამ თვითმფრინავს გააყოლა მზერა და როცა მოტრიალდა, მანქანა უკვე მის გვერდით იდგა.
ერიკმა კარი გაუღო და ქალს შესთავაზა, თუ გინდა, ტაქსის გამოვიძახებო, რაზეც ქალმა უარი უთხრა და ლამის გაყინული მანქანაში ჩაჯდა.
ერიკმა იგრძნო, ემას რომ სციოდა, გათბობა ჩართო და შეხედა:
_ ჩემთან რომ წაგიყვანო, წინააღმდეგი ხომ არ ხარ?!
`თუ მკვლელს თავისი ანგარიში აქვს, მასთან რომ ვიქნები, ვერ გამისწორდება, მაგრამ თუ ერიკსაც აქვს ანგარიში, ერთ მკვლელს მაინც დავაღწევ თავს და სამაგიეროდ მეორეს ჩავუვარდები ხელში. არა უშავს~, _ მსწრაფლ მოეთათბირა თავის თავს და ერიკს უთხრა:
_ წინააღმდეგი არ ვარ.
_ კარგად ხარ?! რამე ხომ არ გტკივა?!
_ არაფერი, კარგად ვარ, გმადლობ.
_ გცივა თუ გათბი?!
_ გავთბი, მადლობა... _ ჩუმად მიუგო და გზას გახედა. ერიკმა სასტუმროდან წამოიღო მისი ნივთები, _ ერთი ჩანთა და პარკი მიაწოდა ემას, სადაც წინა დღის ნაყიდი ტანსაცმელი ეწყო, მათ შორის ერიკის ნაჩუქარი კაბაც. ქალმა მადლობა გადაუხადა და პარკი კალთაში ჩაიდო, ჩანთასთან ერთად.
_ ჩემი სახლი შენს სახლს არ ჰგავს, იმედია, არ შეგეშინდება... _ თქვა და ქალს გადახედა, რომელმაც არც კი შეხედა, ისე უპასუხა:
_ დიდი სახლები არ მიყვარს, არ შემეშინდება!
_ აბა, იქ დიდ სახლში რატომ ცხოვრობდი?!
_ ეს საქმეს სჭირდებოდა... ალეხო სხვაგან ცხოვრობდა და თავის სახლი დროებით მე დამითმო.
_ კარგი, უკვე მოვედით, _ თქვა გამომძიებელმა და მანქანა გააჩერა. ფეხით აიარეს კიბის რამდენიმე საფეხური. კაცმა კარი გააღო და ქალს დაუთმო გზა.
ემამ გადააბიჯა თუ არა კარის ზღურბლს, ხმადაბლა თქვა, ბედნიერი იყოს ჩემი ფეხიო, თან ირონიული სიცილით დაამატა: _ თუმცა მკვლელი გგონივარ და რაღა ბედნიერი იქნება! _ თქვა და ფეხსაცმელი იქვე გაიხადა.
კაცს გაეცინა, მადლობა გადაუხადა და ქალის შიშველ ფეხს შეხედა:
_ არ გაიხადო, გეცვას!
_ რატომ? არ მეკადრება გახდა?!
_ იმედია, კაბასაც აქვე არ გაიხდი! _ თქვა გამომძიებელმა მკაცრად და მისი გაღიზიანება სცადა.
_ ოთახში გავიხდი! სად ვიძინებ? _ ცივად იკითხა და მიმოიხედა.
_ ამ ოთახში შეგიძლია დაიძინო, _ ხელით ანიშნა ერიკმა და კარი გაუღო, _ ჩემი დის ტანსაცმელია გარდერობში, რომელიც მოგეწონოს, შეგიძლია ჩაიცვა, მგონი, მოგერგება.
_ ძილი ნებისა! _ თქვა ემამ და კარი მიხურა.
კაცი ისევ იქ იდგა, კითხვები ჰქონდა, მაგრამ რადგან ქალმა არ დაანება, გადაწყვიტა ხვალისთვის გადაედო.
ემამ კარი მიხურა თუ არა, მაშინვე საწოლზე მიწვა. ისეთი დაღლილი და აფორიაქებული იყო, ლოგინს შეეხო თუ არა, ჩაეძინა. პირველად ჩაეძინა ასე უცებ. ბალიშს შეეხო თუ არა, მშვიდად იგრძნო თავი და თვალების დახუჭვისთანავე მიეძინა.
ცოტა ხანში გამოიღვიძა და გარეთ გამოვარდა. შუქი დაინახა და კაცისკენ წავიდა:
_ სააბაზანო სადაა?!
მამაკაცი მაშინვე წამოდგა და კარი აჩვენა.
_ მეგონა, გეძინა.
_ მეძინა! _ მკვახედ მიუგო ემამ და კარი ცხვირწინ მიუხურა, მაგრამ ეგრევე გამოაღო და კაცს გასძახა: _ პირსახოცი არ გაქვს?!
ერიკმა მაშინვე მიაწოდა. ქალმა კი ისე ძლიერად გამოგლიჯა ხელიდან, კაცს გაუკვირდა და უცბად მოშორდა კარს.
_ რა ჯიუტი და უხეშია! _ თქვა ჩუმად და სამზარეულოში გავიდა.
ემამ სხეული წყალს შეუშვირა და დამშვიდდა, კარგა ხანი ინებივრა აბაზანაში და მერე პირსახოცშემოხვეული დადგა სარკის წინ. კაბა ხელში დაიჭირა და პირსახოცშემოხვეული გამოვიდა. მერე უცებ თავის ოთახს მიაშურა. ამ დროს ხმაც მოესმა.
_ არ გშია?!
_ არა! _ დაუყვირა კარს შიგნიდან და პლედში გაეხვია. თმას ხელი წაავლო და რამდენიმეჯერ დასუნა, _ კარგი სუნია. _ თქვა და დაწოლილს ნელ-ნელა ისევ ჩაეძინა თმის არომატში.
***
დილით თვალები ნელა გაახილა და გამოფხიზლდა, ცოტა ხანი იკოტრიალა ლოგინში და წამოდგა. ისევ ის ტანსაცმელი ჩაიცვა, რაც წინა ღამეს ეცვა, საკუთარ სხეულს შეხედა და თავის თავს გაუღიმა:
_ პირველად მეძინა ასე, ნორმალურად და მშვიდად! _ თქვა ხმამაღლა და კარი გააღო.
რამდენიმე ნაბიჯი ფეხშიშველმა გაიარა, ერთი კარი ღია დაინახა და ოთახისკენ დაიძრა. ფეხის შედგმისთანავე კრივის ხელთათმანებს მოჰკრა თვალი, გაეღიმა და ხელზე მოირგო.
_ მართალია, ცოტა დიდია, მაგრამ ცოტა ხნით ვითხოვებ. _ თქვა თავისთვის და ბალიშს მუშტი დაარტყა. მერე ისევ დაარტყა და თანდათან აზარტში შევიდა.
ბოსტონში დაბრუნდა მისი გონება: ალეხო კრივის ილეთებს ფლობდა, ემამ თავდაცვის სწავლება სთხოვა და რაღაც ილეთებიც ისწავლა. დილით ადგებოდა, კრივში ვარჯიშობდა, ჩხუბობდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავის ტკივილს ეჩხუბებოდა და ბალიშზე ხელის მოქნევით თითქოს საკუთარ ტკივილს და გაქცევას ამარცხებდა... ნელ-ნელა შეეჩვია ხელის მოქნევას და აღარც ხელები სტკიოდა. როცა ვინმეზე ან რამეზე გაბრაზდებოდა, მაშინვე ხელთათმანებს ეცემოდა და ისევ საკუთარ თავთან ჩხუბს იწყებდა. ხანდახან ხელები ეტკინებოდა, მაგრამ მაინც არ ანებებდა მუშტების ქნევას თავს. ახლაც, ახალ ხელთათმანებს უცებ შეეჩვია და ჩხუბი ისევ განაგრძო.
_ ახლა გასაგებია, ხელის მოქნევა საიდან იცი! _ მოესმა მკაცრი ხმა და შემოტრიალდა.
_ რომ დამშვიდდე, თუ გინდა, შენც დამარტყი იმ სილის გამო!
ერიკმა სხვა ხელთათმანები ჩაიცვა და ქალის წინ ხელებაწეული დადგა ორთაბრძოლის დასაწყებად. ქალთან ახლოს მივიდა და ერთ ნაბიჯში დაუდგა. ემა მიიწია და მათ შორის მანძილი შეამცირა. მოთელვას მორჩენილმა ქალმა ხელი მოიქნია. ერიკმაც უპასუხა და მუშტი ორივემ აიცილა. ემას ხელი ერიკს მოხვდა, სახეს ოდნავ შეეხო და ერიკი ახლაღა მოეგო გონს, რომ ერთმანეთს ერკინებოდნენ და სულაც არ ხუმრობდნენ. ემას ხელი მოუქნია და ძირს დასცა, რბილ ლეიბზე. მერე ხელებით დაიჭირა და ადგომის საშუალება არ მისცა.
_ გამიშვიიი!!! _ თქვა ქალმა და თვალები დახუჭა, მისი შეხებისგან უჰაერობა იგრძნო.
_ რომ არ გაგიშვა, მესამეჯერ მუშტს დამარტყამ?!
_ გაწიე შენი ხელები და შენი სხეულიც მომაშორე! გამიშვიიი!!!
_ მშვიდად რომ იყო ცოტა ხნით მაინც, არ შეიძლება?! რაც შენ ჩამოხვედი, ნორმალურად არ მძინებია! მკვლელობა, თვითმკვლელობა და მკვლელები მესმის სულ. ვინ ხარ, კი მაგრამ? მოურჯულებელი რომ ხარ, გეტყობა, მშვიდად ყოფნა არ შეგიძლია... ახლაც კი!
_ გამიშვი, რომ გითხარი, გამიშვი! ხელი მეტკინა! ნამდვილი ტირანი ხარ!
ერიკი უცბად ადგა და ემაც ააყენა. ახლა გაახსენდა გაჭრილი ხელი. მერე ემა ხელში ძალით აიყვანა.
_ ჯანდაბა` დამსვიიიი!!!
გარდერობიდან სახვევები გამოიღო და ემა ლოგინზე დააგდო. ხელებიდან ორივე ხელთათმანი მოხსნა, ნატკენ ხელზე სახვევი მოაშორა და სპირტით გაუწმინდა თუ არა, ისევ ახალი ბინტით შეუხვია. მეორე ხელს ხელი მოჰკიდა, ისიც სპირტით გაუწმინდა და ახლაღა დააკვირდა ხელს.
_ ეს რა არის? ვინმე ტირანს ეჩხუბე?!
_ ლიფტში ვიტკინე.
_ როდის?!
_ ბოსტონში პატარა გოგონას ფეხი გაეჭედა კარში და 2 წუთით ლიფტის გაჩერება მომიხდა. უკვე მოვყევი ამ ამბავს! სხვათა შორის, იმ კაბით, შენ რომ მითხარი, შავი კაბა ეცვა იმ ქალს იებითო! იმ კაბით ვიყავი ლიფტში და მერე ის კაბა გადავაგდე! არ ვიცოდი, თორემ გაჩუქებდი!
ამის გაგონებაზე ერიკი ისევ ეცა ემას და მკლავებში მოიმწყვდია.
_ ახლა აღიარებ დანაშაულს?!
_ მე არაფერი ჩამიდენია! ის კაბა უბრალოდ ჰგავს იმ კაბას!
_ ის, ვინც დაგესხა თავს, იცი ვინაა?! ან რამე გითხრა?!
_ არაფერი, რა უნდა ეთქვა?!
_ არ ვიცი!.. სასტუმროდან რომ გავედი, შენც მაშინვე რატომ წახვედი, როგორც კი მე მომიშორე?! _ შუბლი შეკრა გამომძიებელმა
_ საქმეები მქონდა. ტელეფონი ვიყიდე, თანხა გადავახურდავე და ვალები გავისტუმრე!
_ ყოველთვის აბრუნებ ვალებს?!
_ კი!
_ ამიტომაც ჩამირიცხე ალბერტოსთან შენი ნასაუბრების საფასური?!
_ ჰო!
_ სულელი ხარ! ალეხოსთან თვითმფრინავში რატომ ახვედი, თუ არ მიდიოდი მასთან ერთად?!
_ არ მივდიოდი. მოვატყუე და თვითმფრინავში დავტოვე, ამიტომაც გაჩერდა და ჩამოვიდა უკან.
_ რას გეუბნებოდა მთელი 10 წუთი?!
_ დაცვას და მანქანას დავტოვებო!
_ მარტო ეგ გითხრა?!
_ მე უფრო მეტი ვუთხარი!
_ რა?!
_ საქმეში არ ჩაერიო და არც ვინმეს დაემუქრო-მეთქი!
_ ვის უნდა დამუქრებოდა, მეე?!
_ ჰო!
_ მე ვერავინ დამემუქრება და ვერც შენი საყვარელი!
ემას გაეცინა.
_ ალეხო რომ ჩემი საყვარელი იყოს, ახლა შუბლში დაგახლიდა ტყვიას, აქ რომ ხარ!
_ შენ არ მოგკლავდა?! ჩემს სახლში ხარ!
_ იცის, რომ სხვის ლოგინში არ ვწვები!
_ ნუთუ ასე ადვილად დაგტოვა მკვლელთან! თუ არ ეშინია, რადგან შენ უფრო მაგარი მკვლელი ხარ და თანაც კარგად იქნევ მუშტს?!
_ ჩემი სიტყვის და უდანაშაულობის სჯერა და ისიც იცის, რომ მე რასაც ვიტყვი, შევასრულებ!
_ მაინც რის შესრულებას დაჰპირდი?
_ დაგიჩოქებ, თუ არ წახვალ-მეთქი!
_ მერე მაგით რა?!
_ რა და, სხვებისგან განსხვავებით, ქალს არ ამცირებს!
_ და მე რით დაგამცირე?!
_ სახლი საყვარლებისგან გაქვსო, რომ მითხარი!
_ ქედმაღალი რომ იყავი, გეტყობოდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა მანქანაში ჯდებოდი აეროპორტში!
_ მაინც რაში შემამჩნიე ეგ?!
_ პოლიციის მანქანაში ჩაჯდომა რომ არ იკადრე!
_ ააა, კარგი, ასე იყოს! _ თქვა ქალმა, როგორც კი პირველი დღე გაახსენდა და გაჩუმდა.
_ ის ორი რატომ მოკალი?!
_ მე არ მომიკლავს!
_ ამას რით დაამტკიცებ?!
_ არ ვიცი, შენ ამიხსნა იქნებ!
_ ვინ დაგესხა თავს, არ იცი?! მისი არ გეშინია?!
_ ამ სახლშიც შემოვარდება?!
_ არა მგონია! თუ გაიქცა, ალბათ, ჯერ ცოტა ხნით არ შეგაწუხებს!
_ კარგია, მადლობა!
_ მადლობას რისთვის მიხდი!
_ ცოტა ხანი რომ არ შემაწუხებს და დამასვენებს!
_ მე რა ვიცი, ჩემი აზრი ვთქვი, თორემ როდის გამოჩნდება, არ ვიცი!
_ მე მეგონა, გეცოდინებოდა!
_ რაებს ბოდავ!!! _ თქვა კაცმა ხმამაღლა და ქალს თვალებში ჩახედა.
_ მან დამკვეთის სახელი მითხრა!
_ რააააა?! აქამდე რატომ არ მითხარი! ვინააა?! _ თქვა გაბრაზებულმა კაცმა.
_ შენ!
_ რა!!! სულ გაგიჟდი?! და დაუჯერე?! _ და ქალს ხელებზე მოუჭირა.
_ კი! ჩამოსული არ ვიყავი, რომ მეცი და რატომ არ უნდა დამეჯერებინა, კაცი მკლავდა და სიმართლეს ამბობდა!
_ ეს ტყუილია! მე ამას რატომ გავაკეთებდი?!
_ რა ვიცი, სილის გამო ალბათ!
_ სილის გამო ადამიანს არ კლავენ! და არც შენი მოკვლა მდომებია!
_ რითი დაამტკიცებ?!
_ მე არავინ დამიქირავებია, ემა, _ და გაბრაზებულმა ქალს ხელები უფრო ძლიერად მოუჭირა. _ ეს როგორ დაიჯერე! მაშინ რატომ წამომყევი სახლში?!
_ ან ერთ მკვლელს უნდა დავლოდებოდი სხვაგან, ან მეორე მკვლელთან ვყოფილიყავი! და მეორე ვარიანტი ავირჩიე!
_ მე არავის მოკვლა არ დამივალებია!
_ არ მჯერა!
_ გეყოფა, ემა, გეყოფა!!! მე ეს არ გამიკეთებია!
_ რითი დაამტკიცებ, რომ შენ არ დაგივალებია?!
_ სიტყვას უნდა ენდო!
_ შენ არ ენდობი ჩემს სიტყვას და მე რატომ უნდა გენდო?!
_ მხოლოდ იმიტომ, რომ მე მკვლელი არ ვარ!
_ აბა, მე ვარ?!
_ ხარ თუ არა, მალე გავარკვევ! მე რა ვქნა, მე კი არ გაბრალებ რამეს, სამხილებს შენამდე მოვყავარ. შავი იები იქაც იყო, შენს ბაღში და შავი კაბაც!
_ ხო, აბა რა! კაბა გავიხადე და იქიდან შიშველი წამოვედი?! _ ქალს ამაზე გაეცინა.
_ რა მოგივა თავში, არ ვიცი, იმედია, შიშველი არ წამოსულხარ!
_ იმ დროს ბოსტონში ვიყავი!
_ სხვას დაავალე და შენი კაბის ანალოგი და იები გამოატანე?! ზაანიმ და დანიელამ რამე დაგიშავა?! შენი ვალი ჰქონდათ?!
_ არავისთვის არაფერი დამივალებია! არც მათ ჰქონდათ რაიმე ვალი და არც მე მქონდა მათი ვალი!
_ ზაანის ანგარიშზე რამდენიმე წლის წინ თანხა ჩარიცხა უცნობმა პირმა! არც ამასთან გაქვს კავშირი?!
_ არა!
_ რაღაცას მალავ და არ ამბობ!
_ მორჩი და დამასვენე!
_ თვალებში რატომ არ მიყურებ ზოგჯერ, გეშინია სიმართლე არ წავიკითხო მაგ თვალებში?!
_ სიმართლეს რომ კითხულობდე, იმასაც წაიკითხავდი, რომ მე მკვლელი არ ვარ!
_ მაგას დამტკიცება უნდა!
_ შენც უნდა დაამტკიცო, რომ ჩემი მოკვლა არ დაგივალებია! _ უყვირა ემამ და მისი მოშორება სცადა. _ გამიშვი ხელი!
_ კარგი. ახლა ვისაუზმოთ. ბოდიში, ხელი რომ გატკინე. _ თქვა ერიკმა და წამოდგა, ქალს კი ხელი უშვა.
_ არა უშავს! _ თქვა ემამ მკაცრად და ოთახიდან ერთად გავიდნენ.
_ დაბრძანდი. _ მიიპატიჟა ერიკმა და ქალი მაშინვე დაჯდა. კაცმა თეფშები დაალაგა, მერე დანა-ჩანგლები, ხელსახოცები და ემას შეხედა, რომელიც მის სიარულს აკვირდებოდა.
_ რა იყო?! ბოდიში, მე მოსამსახურეები არ მყავს!
_ არც მე მყავს აქ!
_ დღეს გყავს! _ თქვა, წვენი დაუსხა ქალს და წინ დაუდგა. მერე საუზმეც შემატა სუფრას, _ კვერცხს და სალათას შეჭამ?
_ დიახ! უცხოპლანეტელი არ ვარ! ორივე გამისინჯავს! _ თქვა და ჭამას შეუდგა.
_ მოურჯულებელი ხარ და არა უცხოპლანეტელი! _ ერიკს გაეღიმა. თვითონაც გადაიღო კერძი და მშვიდად შეუდგა ჭამას. ემამ ჩანგალი პამიდორს დაარჭო და პირისკენ გააქანა. საკუთარი ქვეყნის საჭმელი მაინც სხვაა, სულ სხვა გემო და სუნი აქვსო, გაიფიქრა და გემრიელად მიირთვა. ერიკმა რამდენიმეჯერ შეხედა მის მშვიდ ჭამას და ჩაეღიმა, პირველად გრძნობდა, რომ ქალი ასე აინტერესებდა, თანაც ეჭვმიტანილი. ლამაზი ეჭვმიტანილი, _ გაიფიქრა და წვენი მოსვა. ქალმაც სწორედ ამ დროს მოსვა წვენი და მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა... ორივემ შენიშნა, რომ თვალების ფერი ერთნაირი ჰქონდათ, ყავისფერი. მზერა გაუსწორეს ერთმანეთს და ისე უცბად წამოდგნენ სუფრიდან, თითქოს რაღაც წაიკითხეს ერთმანეთის თვალებშიო.
_ მადლობა... _ თქვა ქალმა და ნიჟარაში ჩააწყო თავისი ჭურჭელი.
_ არაფრის. დღეს განყოფილებაში უნდა წავიდე. შენც წამოხვალ!
_ რატომ?!
_ ახლა ცოტა ხნით ჯობია, ჩემთან ერთად იყო, სახლში ვერ დაგტოვებ, შენს დაცვაზე უნდა ვიფიქრო!
_ მარტო დამიცავ?!
_ კი! ეჭვი გეპარება?!
_ ჰო! _ თქვა მკაცრად და ტანზე დაიხედა, _ ტანსაცმელი მინდა! განყოფილებიდან მაღაზიებში გავივლი! რომელზე მორჩები საქმეებს?!
_ 3 საათში!
_ 3 საათი განყოფილებაში უნდა ვიყოოო?! _ წამოიყვირა და მზერა გაუმკაცრდა: _ სახლში ვიქნები ან მარტო წავალ საყიდლებზე!
_ არა! სამი საათი განყოფილებაში იქნები და მერე მე წამოგყვები საყიდლებზე!
_ ახლა ამ ტანსაცმლით წამოვიდე?! წუხელ მეცვა ეს!
_ ჩემი დის ტანსაცმლიდან აარჩიე რაიმე, ან ის ჩაიცვი, მე რომ მოგიტანე, თუ არ გადაგიგდია.
_ კაცის არჩეულ ტანსაცმელს არ ვიცვამ, არც სხვისი ტანსაცმელი ჩამიცვამს არასდროს! მირჩევნია ასე წამოვიდე! _ თქვა და ფეხსაცმლისკენ წავიდა. უცბად კაცისკენ მიტრიალდა, გვერდით ჩაუარა ფეხსაცმლით ხელში და სააბაზანოს მიაშურა. ფეხსაცმელი გაასუფთავა, სახე მოიბანა, ხელებიც გადაიბანა და ფეხსაცმელი კართან დადო.
_ მე უკვე მზად ვარ! _ დაიყვირა და იქვე დადგა.
ერიკიც უმალ მასთან გაჩნდა და ქალმა აათვალიერა.
_ ჩაცმა სცოდნია! _ თქვა თავისთვის, ფეხსაცმელი ჩაიცვა და ჩანთას დასწვდა, რომელიც შემოსასვლელთან დადო, პარკი კი იქვე დატოვა. ჩანთა გახსნა, სუნამო ამოიღო და კაცმა გაკვირვებით შეხედა სუნამოს ფლაკონს, რადგან არ ეცნო, მაგრამ ემამ რომ მიიპკურა, მერე მიხვდა, ჩაეღიმა და გასაღები აიღო. გაიარა თუ არა, სუნამოს არომატი შეიგრძნო და ემას შეხედა. `ეს ქალი მალე ჭკუიდან გადამიყვანს!~ _ გაიფიქრა და კარი გააღო.
_ სამი საათი განყოფილებაში უნდა იყო, ტყუილად იპრანჭები!
_ შენ რომ არა, ახლა სულ სხვა ფორმაში ვიქნებოდი! შენ რომ შეგხვდი მას მერე წესიერად არ მცმია! _ თქვა ემამ და გავიდა. არ დაელოდა, სანამ ერიკი კარს დაკეტავდა, ნელა ჩაუყვა კიბეს. კაცი უკან მიჰყვა, გაუსწრო და ქვემოდან ამოხედა:
_ ჩემი დაცვის ქვეშ ხარ! ასე კი არ უნდა გარბოდე! ფრთხილად უნდა იყო და გეშინოდეს! მაგრამ არ გეშინია და ესაა საინტერესო! უშიშრად ადგამ ნაბიჯებს და წინ გარბიხარ!
_ უკან უკვე დავიხიე წლების წინ და დავიკარგე! ახლა ისე აღარ ვიკარგები და წინ მივდივარ! _ თქვა თავისთვის, მამაკაცს გვერდი აუარა და კიბეს დაუყვა, თან მოაძახა უკან მოტოვებულ კაცს: _ მე წინ მივდივარ და არ მეშინია წინ წასვლის!
_ ოხ, ეს მოურჯულებელი ქალი! _ თქვა გამომძიებელმა და მანქანა გააღო. ემა თავისი კარის გაღებას არ დაელოდა, თვითონვე ჩაჯდა მანქანაში.
_ ჩემით შემიძლია გავაღო კარი, მოსამსახურე არ მჭირდება! _ თქვა ქალმა. კაცს მოესმა თუ არა მისი სიტყვები, კარი მთელი ძალით მოაჯახუნა.
_ შენი მანქანის კარებზე იყრი ჯავრს?!
_ მინდება ხელი წაგიჭირო და დაგახრჩო!
_ მიდი მერე! შენ იქნები მკვლელი და არა მე!
_ ხმა აღარ ამოიღო აქ და განყოფილებაშიც! _ უბრძანა ერიკმა და მანქანა დაქოქა.
ემა ქუჩებს აყოლებდა თვალს, რამდენიმე ნაცნობი ქუჩაც დაინახა და გაეღიმა, რამდენჯერ გადასულა ამ ქუჩებზე სწავლის დროს, რამდენჯერ გაუვლია ამ მაღაზიებთან ახლოს, კაფეში კი მეგობრებთან ერთად ბედნიერებით სავსეს უქეიფია იმ დროს, როცა ჯერ ისევ სწავლობდა, მშვიდად და ბედნიერად...
ერიკმა მანქანა გააჩერა. ორივენი განყოფილებაში შევიდნენ. კაბინეტში შესვლისთანავე ერიკმა ემას ანიშნა, დაჯექიო. ისიც ჩუმად დაჯდა და ჩანთა მაგიდაზე დადო. მერე ტელეფონი მოიმარჯვა და ანიტას მისწერა, უთხრა სადაც იყო. ბოლოს ტელეფონი ჩანთაში ჩადო და ბილეთებს დახედა. გაახსენდა, ბილეთებს რომ ყოველთვის ინახავდა. სახლში ერთი ყუთი სავსე ჰქონდა ნამგზავრი ბილეთებით. მან ბილეთიც ჩააბრუნა ჩანთაში. ამ დროს მობილურზე დაურეკეს და მანაც მაშინვე უპასუხა:
_ კარგად, შენ?.. ხო, გათიშული მქონდა, ახლახან ჩავრთე ტელეფონი. კარგად იმგზავრე?.. ძალიან კარგი, ჩემგანაც მოკითხვა გადაეცი, უთხარი, კარგად არის, არ ინერვიულო-თქო... _ ელაპარაკა ვიღაცას და ერიკს შეხედა, რომელიც მას უსმენდა. ემა კი აგრძელებდა: _ დიდი მადლობა გადაეცი... გაკოცეთ. _ თქვა და მოსაუბრეს დაემშვიდობა.
_ ვის უგზავნი კოცნას?!
ემამ არ უპასუხა.
_ შენ გეკითხები!
_ შენ არ მითხარი, არ ილაპარაკოო?!
_ მერე ტელეფონზე რატომ ილაპარაკე?! თუ ასე კარგად დაგამახსოვრდა, რაც გითხარი!
_ ალეხო იყო და ვერ დავტოვებდი უპასუხოდ!
_ რატომ?!
_ ის ჩემი ახლობელია!
_ ვის უნდა გადასცეს მადლობა?!
_ დაქალს! რა იყო?! მეგობარმა მომიკითხა და მეც რომ მოვიკითხო, არ შეიძლება?! _ თქვა და ფეხზე წამოდგა. კარისკენ დაიძრა, მაგრამ კაცის ხმაზე მოტრიალდა და წარმოთქვა:
_ ხელებს დავიბან და მოვალ, თუ გინდა, გამომყევი! _ ამ სიტყვებით კარი გაიჯახუნა.
კაცმა თავზე მოიკიდა ხელი და ამოიხვნეშა, ისევ განაგრძო საქმეების კეთება, ფრანკოსთანაც გავიდა, ელაპარაკა და ისევ კაბინეტში დაბრუნდა. ემა უკვე სკამზე იჯდა, ფეხი ფეხზე გადაედო, საზურგეს მიყრდნობოდა, თვალები მიეხუჭა და ფიქრებში იძირებოდა. გაახსენდა აქ შემოსვლის პირველი დღე და გააკანკალა, ახლა გაახსენდა სახეზე მისი წყლიანი ხელის შეხება და მოულოდნელად წამოხტა:
_ შენ გაბედე და შემეხე აქ იმ დღეს?!
_ რა გეტაკა?! რაებს ბოდავ?!
_ რომ წავიქეცი და გავითიშე, შენ შემეხე?!
_ შენს სახეს შევეხე, რომ გამომეფხიზლებინე!
_ მივდივარ! _ წამოიყვირა და კარისკენ გავარდა, მაგრამ უცებ ხელი სტაცეს და ისევ სკამზე დააბრუნეს.
_ აქ იყავი წყნარად და მშვიდად! რა გეტაკა, მაინც არ მესმის!
_ ვერ ვიტან, როცა მეხები! _ დაუყვირა ემამ და ისევ ფეხზე წამოვარდა.
_ ხოდა, თუ არ გინდა შეგეხო, დაჯექი და მაცალე მუშაობა! კიდევ ერთხელ იტყვი რამეს ან ფეხზე ადგები და მაშინვე საკანში შეგათრევ! ამჯერად უტანსაცმლოდ!
_ უტანსაცმლოდ რატომ?! _ წარმოთქვა და იგრძნო თუ არა მამაკაცის ხელები, თვალები დახუჭა...
როცა გაახილა, ისევ გისოსები დაინახა და ეგრევე ეცა შავ გისოსებს:
_ იდიოტო, მორჩი და გამომიშვი აქედან!
_ ნუ ყვირით! _ უთხრა ვიღაც უცხომ და ახლაღა შეამჩნია ნაცნობი მესაკნის სახე. _ შენ?! შენ მანდ ამ ფორმით... პოლიციელი ხარ?! _ დაიბნა უცბად და გისოსებს მოშორდა.
_ კი! და თუ არ გაჩუმდები, იმის გამო დაგსჯი, რაც იმ დღეს გააკეთე!
_ ღირსი იყავი!
_ შეხედე ამას, არც კი ეშინია, ისე მელაპარაკება!
_ შენნაირი და იმისნაირი იდიოტების არ მეშინია! დაუძახე!!!
_ ის რომ მოვიდეს, თავის მუქარას შეასრულებს და შიშველი დარჩები. ეს გინდა?!
_ დაუძახე-მეთქი!!! გამომიშვას აქედან!
_ მორჩი ყვირილს! გარეთაც ისმის შენი ხმა! _ მშვიდად წარმოთქვა ერიკმა და საკანს მოადგა.
_ მერე გარეთ თუ ისმის, შენს კაბინეტში ვერ გაიგე, რომ მოსულიყავი?!
_ მოვედი! და რა ვქნა, კაბა მართლა გაგხადო, რომ მორჯულდე?!
გასაღებების ასხმა ამოიღო, საკნის კარი გააღო, ნაბიჯი გადადგა და ხელებგადაჯვარედინებული ქალს წინ დაუდგა.
_ მზად ხარ, რომ აქ შიშველმა იარო?
ქალმა მოულოდნელად ხელი აიქნია და კაცს ლოყაში მოარტყა. ერიკმა მაშინვე დაიჭირა და ზურგით ჩაიხუტა. მერე კაბაზე ხელი წაავლო და ქალის სხეული ახლოს მიიხუტა:
_ ახლავე თუ არ მოხვალ გონს, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ! უკაბოდ დარჩები, ეს კი არ მინდა! ერთი საათიც მოიცადე, წავალთ მაღაზიებში და დამშვიდდები! _ ქალს ყურთან უჩურჩულა და კაბას ხელი გაუშვა. მერე გავიდა საკნიდან, კარი ღია დატოვა და ქალს ისე მიაძახა, არც მიბრუნებულა: _ წამომყევი კაბინეტში!
ქალიც მიჰყვა, მისი შეხებისგან აფორიაქებული. ფეხსაცმლის ქუსლების კაკუნიც კი აღარ ჩაესმოდა, ისე წაეღო კაცის შეხებას მისი ფიქრები. სკამზე ჩამოჯდა და თავის ჩანთას დასწვდა, რომელიც აქ დატოვა. ტელეფონს დახედა, მძიმედ ჩაისუნთქა, ისევ ერთი საათი აქ რომ უნდა ყოფილიყო და ერიკს შეხედა. უცბად სწრაფად დახარა თავი, ხელები მაგიდაზე შემოდო, თავი ზედ დაადო და თვალები დახუჭა.
კაცი მიხვდა, რომ ემა დაიღალა და ყავა მოუტანა.
_ მიირთვი!
_ ყავას არ ვსვამ!
_ რატომ? მოწამლული არაა!
_ არ მიყვარს!
_ აბა, რას დალევ?!
_ ჩაის! თუ არსებობს აქ. _ თქვა ისე, რომ თავი ისევ ხელებზე ედო და იატაკს მიშტერებოდა.
ცოტა ხანში ჩაის შეთავაზების ხმაც მოესმა და თავაწეულმა პირდაპირ შეხედა კაცს თვალებში.
_ რა იყო?! ყავა არ მიყვარს! ჩაისთვის მადლობა! _ თქვა და ფინჯანი ხელებში მოიქცია. თითები შეუთბა და ჩაი პირთან მიიტანა. ბრჭყვიალა, უფეროპომადიანი ვარდისფერი ტუჩები გაბუშტა და ცხელ სითხეს სული შეუბერა. მერე მოსვა და მთელ სხეულში სითბომ დაუარა.
კაცმა უცბად მოაშორა მზერა, ისიც ცდილობდა ქალი განეგდო ფიქრებიდან. ახლა ნანობდა, აქ რომ წამოიყვანა.
_ მადლობა... გემრიელია. _ თქვა ემამ რბილად და ფინჯანი დადგა.
_ არაფრის! ყავა რატომ დაიწუნე?!
_ არ ვსვამ... დიდი ხანია, არ მიყვარს, ბავშვობიდან მოყოლებული!
_ რატომ?!
_ ერთ დღეს, მეზობელთან, ყავის რამდენიმე მარცვალი შევჭამე და ცუდად გავხდი, მერე ბევრი რძე დავლიე, რომ გამოვკეთებულიყავი! მას მერე ყავა არ მიყვარს, მისი სუნიც კი აღარ მომწონს. _ დაასრულა სათქმელი და ჩაი კვლავ მოსვა. ახლაღა გააცნობიერა, რომ შავი გიპიურის ხელთათმანები ეკეთა, რამდენიმე ბრჭყვიალა თვლით გაწყობილი. ხელებს დახედა და ისევ ის დღე გაახსენდა. უცებ დადგა ფინჯანი, სკამს მიეყრდნო და ამოისუნთქა.
_ კარგად ხარ?!
_ კი... _ თქვა და კვლავ ჩაის დასწვდა.
_ არ მეგონა, თუ ყავა გაშინებდა. მამაკაცები სულ არ გაშინებს, თავისუფლად ყვირიხარ მათთან!
_ ყავა არ მაშინებს! მისი გემო არ მომწონს! ამიტომაც ჩაი მირჩევნია, ან რაიმე წვენი! _ ჩაი მოსვა და კაცს შეხედა. _ ბოდიში გაცდენისთვის, თქვენს საქმეს დაუბრუნდით, მე ჩუმად ვიქნები... _ უთხრა ერიკს და ისევ და ჩაი მოსვა.
კაციც მაშინვე თავის ადგილს დაუბრუნდა, რამდენიმე საქაღალდე აიღო და გავიდა. ვიღაცეებს დაელაპარაკა და დაბრუნდა. ქალს ჩაი დაელია და კვლავ ხელებზე ჩამოედო თავი. სახე არ უჩანდა, არც კარის ხმაურზე განძრეულა, ისევ ისე იყო თავდახრილი მაგიდასთან.
`რატომ ზის ასე, ვერ ვხვდები~. _ გაიფიქრა ერიკმა და მიუახლოვდა.
_ წასვლის დროა... _ მოესმა ემას და მაშინვე გასწორდა, თან ჩანთას დაავლო ხელი.
კაცს ჩაეღიმა, ქალი ასე უცებ რომ გამოფხიზლდა. ერიკმა ჯერ ქალი გაატარა, მერე კი თვითონაც უკან მიჰყვა და კაბინეტი ჩაკეტა.
***
ქალმა მაღაზიის სახელი უთხრა და რამდენიმე წუთში ერიკმა მანქანა სწორედ იმ მაღაზიის წინ გააჩერა. ემა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ჰაეროვნად გადავიდა მანქანიდან და კიბეს აუყვა. კაცი გვერდით მიჰყვა, უკმაყოფილო იმით, რომ ახლა აქ დიდხანს მოუწევდა ყოფნა, სანამ ქალი ყველაფერს არ იყიდდა. მძიმედ შეაბიჯა მაღაზიის კარში. ქალს გააყოლა თვალი, რომელიც სამოსის ასარჩევად მიმოდიოდა. იქვე დივანი შენიშნა და ჩამოჯდა, თან მას ადევნებდა თვალს. ემამ რამდენიმე ხელი ტანსაცმელი აიღო და გასახდელი ოთახისკენ გაემართა. ფარდა გააფარა თუ არა, გაიხადა და კაბა გადაიცვა, თან ქუსლებზე შედგა და მხოლოდ მერე ჩაიხედა სარკეში. თავისი თავი შეათვალიერა, მოეწონა, კაბა გამყიდველს მიაწოდა, ფული გადაიხადა და კვლავ შებრუნდა გამოსაცვლელად. ფარდა გადასწია და კაცისკენ დაიძრა. კაცმა ახლა შეხედა მისკენ მომავალ ნაცრისფერ ფეხსაცმელს, მზერა ნელ-ნელა ზემოთ ააყოლა და ქალი მწვანე კაბაში დაინახა თუ არა, ფეხზე წამოხტა. გაშლილი თმით პირველად დაინახა ემა, რომელსაც თმა უკან გადაეყარა და წინიდან ყურებზე გადაეწია. კიდევ ერთხელ აათვალიერა მისი გამოყვანილი სხეული და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
_ წავედით, მშია! _ თქვა ემამ და გასასვლელისკენ დაიძრა.
კაცი შემდეგი სიტყვებით გაეკიდა:
_ უკვე მორჩი? ასე მალე?!
_ ჰო! რა იყო, რახან ბოსტონიდან ჩამოვედი, მთელი მაღაზიის ყიდვას კი არ ვაპირებ! ტანსაცმელი მაქვს!
_ აბა, რაღას იყიდე, თანაც ეს ფერი?! ახლა შავი სამოსით უნდა დადიოდე, რომ ყურადღება არ მიიქციო! შენ კიდევ რა ფერის კაბა გაცვია?!
_ რა იყო, უკვე გეშინია ჩემი დაცვა?! თუ ასეა, შენ შენი გზით წადი, მე ჩემი გზით წავალ სახლში, სადაც ტანსაცმელი ოხრად მაქვს და აღარ დამჭირდება მაღაზიებში სიარული!
მანქანასთან მივიდნენ.
_ რას შეჭამ?! _ შეეკითხა ერიკი.
_ სახლში გამზადებულ ნორმალურ საჭმელს!
_ მე მზარეული არ ვარ!
_ გამოდის, ყველა დიასახლისი სახლში მზარეულია?!
_ არა, ეს არ მიგულისხმია!
_ სახლში წავიდეთ და რამე ვიყიდოთ! მე გავაკეთებ საჭმელს!
_ საჭმლის კეთება იცი?! მეგონა მზარეულები გიმზადებდნენ საჭმელს იქ!
_ მიმზადებდნენ ხანდახან! როცა ვასვენებდი, მე ვაკეთებდი! ხორცი ვიყიდოთ, კარტოფილი და ხახვი, კვერცხი, პური! _ დააყოლა ბოლოს რბილად.
როცა კაცმა მანქანა მარკეტთან გააჩერა, ემა ეგრევე გადავიდა. მარკეტში ერთდროულად შევიდნენ და მაშინვე იგრძნეს რამდენიმე ცნობისმოყვარის მზერა. ისინი ქალის შესანიშნავ მწვანე კაბას მისჩერებოდნენ, რომელშიც ემა დიდებულად გამოიყურებოდა. მას არც მათი მზერა და არც მათი აზრი არ აინტერესებდა. პროდუქტი აარჩიეს, იყიდეს და გამოვიდნენ.
***
პარკები ერიკს ეჭირა ხელში, ამიტომ ბინის გასაღები ემას გადააბარა. ის იყო, ქალმა გასაღები გადაატრიალა, რომ მოულოდნელად შიგ ჩაუტყდა.
_ არ მინდოდა... ბოდიში, _ თქვა ისე რბილად და საწყლად, რომ კაცმა გაუღიმა:
_ არაუშავს, რამდენიმე საათი მოგვიწევს გარეთ ყურყუტი. _ თქვა და სადღაც წავიდა. მალევე დაბრუნდა სამუშაო იარაღებით ხელში, მკლავები დაიკაპიწა და კარის გაღებას შეეცადა. 30 წუთში კარი გააღო და ქალი შეატარა, თვითონ კი ისევ კარს დაუწყო გარემონტება.
ემამ ფეხსაცმელი შემოსასვლელში დატოვა და სამზარეულოში გავიდა, მაგრამ მალევე უკან მობრუნდა:
_ დანა და დაფა მინდა. _ თქვა.
კაცმა შეხედა ქალს, რომელიც ფეხშიშველა ისევ მწვანე კაბით იდგა მის წინ.
_ სამზარეულოშია! _ თქვა კაცმა და ისევ გააგრძელა კარის საკეტის შეკეთება.
_ ეგ ვიცი! სხვის ნივთებს ვერ დავუწყებ ძებნას. მომეცი და მერე გააგრძელე ეგ! _ თქვა და კაცს დაელოდა, სანამ სამზარეულოში გაჰყვებოდა. ერიკმა ყველა ნივთი წინ დაუდო და შეხედა:
_ კიდევ რამე გინდა?!
_ ქვაბი თუ გაქვს?
კაცმა ქვაბიც დაუდო წინ.
_ მადლობა. _ თქვა ქალმა და დაფაზე ხორცის დაჭრას შეუდგა. როცა ხორცი ცეცხლზე შემოდგა, ისევ ერიკს მიაშურა.
_ ხორცის მოსაქაფი მინდა... _ ამასობაში კაცმა დაამთავრა საკეტის შეკეთება და კარი ჩაკეტა.
_ მოვრჩი.
_ ბოდიში...
_ არა უშავს... დასაფიქრებლად ბევრი დრო მქონდა. _ მიუგო და ქალს მოსაქაფი მიაწოდა, თვითონ კი სააბაზანოში შევიდა.
რამდენიმე ხნის მერე გამოვიდა, ნაბანავებს ტანსაცმელი გამოეცვალა. სამზარეულოში შევიდა თუ არა, ქალმა მაშინვე იგრძნო მისი სურნელი და სუნთქვაშეკრულმა სულის მოსათქმელად წყალი დალია. ერიკი ემას შესცქეროდა, რომელიც ზურგით იდგა და ხორცს კოვზით ურევდა. ქალი მიტრიალდა, გამზადებული კარტოფილი ჩაყარა და ქვაბს თავზე დაახურა. მწვანილებიც დაეჭრა უკვე. მერე კაცს შეხედა, თვითონაც აათვალიერა და თეფშები და დანა-ჩანგალი მოსთხოვა. იმანაც მყისიერად გამოიღო და მაგიდაზე დააწყო.
_ სუნელები გაქვს?! _ შეეკითხა ქალი და ერიკმაც უჯრა გამოუღო.
_ ვინ ალაგებს აქაურობას?
_ ამრევი არავინ მყავს! _ მიუგო კაცმა მოკლედ და თავისი ოთახისკენ წავიდა. საძინებელში შესულმა სარკეში ჩაიხედა და თავზე ხელი გადაისვა. მერე თავის თავს უთხრა: _ რა პრობლემაა ეს ქალი! _ და ისევ მკვლელობაზე ჩაფიქრდა. რამდენიმე ხანი მასალებს ჩაჰკირკიტებდა და შეინახა თუ არა, ისევ სარკეს მიუბრუნდა ქალზე შეფიქრიანებული. სწორედ ამ დროს მისი ლანდიც შეამჩნია და გაიფიქრა, ისე ვფიქრობ მასზე, სარკეშიც მელანდებაო და უცებ შეტრიალდა.
ქალმა კაცის სხეულს ახედა:
_ საჭმელი მზადაა! _ უთხრა და ოთახისკენ ნაბიჯი გადადგა.
კაცი ახლაღა გამოფხიზლდა. ქალი მართლა მის ოთახში იყო. როცა იგი გავიდა, ერიკმა დაუყვირა:
_ დაუკაკუნებლად რატომ შემოხვედი?!
_ კარი ღია იყო! ნუ გეშინია, სამხილებს და საიდუმლო მასალებს არ მოგპარავ! არ მაინტერესებს!
_ არ იყო ღია, მე მივხურე! _ უთხრა მკაცრად და ქალს თვალებში ჩახედა: _ არც ის გაინტერესებს, სამხილებს შენამდე რომ მოვყავარ?!
_ მე ღია დამხვდა! _ ცივად შეეწინააღმდეგა ქალი და კაცს ჯიქურ მიაშტერდა: _ არ მაინტერესებს! ჩემამდე მხოლოდ შავ იებს და კაბას მოჰყავხარ, მაგრამ შეცდომით! _ თქვა და სუფრასთან დაჯდა. კაცმა წვნიანს ახლაღა შეხედა და სუნიც ეცა. მაშინვე სკამზე დაეშვა და კოვზს ხელი წაავლო. სრულიად გადაავიწყდა ქალთან საუბარი და თავის თეფშს დახედა, რომელიც ემამ წვნიანით გაუვსო:
_ მადლობა... ამდენი რა საჭიროა, მსუნაგი ვარ?!
_ არა, მაგრამ ძალა გჭირდება, რომ დამიცვა! _ თქვა ქალმა და თვითონაც ჭამას შეუდგა.
_ გემრიელია. _ თქვა კაცმა პირველივე ლუკმის შემდეგ.
_ მადლობა. _ თქვა ემამ ჩუმად.
უხმოდ ისადილეს. ბოლოს ქალი წამოდგა, სუფრა აალაგა და ჭუჭყიანი თეფშების გარეცხვა დაიწყო.
_ დაისვენე, მე გავრეცხავ. _ მოესმა ერიკის ხმა და გაეცინა.
_ ქვაბსაც?!
_ კი! არ შეიძლება?!
_ როგორ არა, მაგრამ მე მივხედავ.
_ მწვანე კაბა არ გეცოდება?!
_ არა უშავს, გაირეცხება. _ უპასუხა და სამზარეულოს დალაგებას შეუდგა.
_ შენი ტელეფონი რეკავს. _ აუწყა ამ დროს კაცმა და მანაც მაშინვე ჩანთას მიაშურა, კაცს ხელიდან გამოსტაცა და ტელეფონი ამოიღო. ზარი ნახა. ალეხო ურეკავდა თურმე. გადაურეკა.
_ რა იყო, მოხდა რამე?!
_ დედაშენმა დარეკა, ამ დღეებში ველოდებიო. მე ვუთხარი, საქმეზეა წასული და რამდენიმე დღეში ჩამოვა-თქო.
_ დიდი მადლობა და ბოდიში.
_ როდის უნდა უთხრა სიმართლე, რატომაც წამოხვედი იქიდან?!
_ არ ვიცი, ძნელია ადგე და უთხრა, ხომ იცი, მეძნელება...
_ ვიცი... მეც კი არ მითხარი, მხოლოდ ალმას გაენდე და მერე მალევე უკან გაგვექეცი.
_ აქ შევხვდებით ერთმანეთს, _ ჰაეროვანი კოცნით დაემშვიდობა ემა ალეხოს და ტელეფონი გათიშა.
_ მშვიდობაა?! _ ჰკითხა ერიკმა ქალს, როცა შეამჩნია, როგორ შეეცვალა სახეზე ფერი.
_ კი, დედაჩემს დაურეკავს ბოსტონში. ხვალ სახლში უნდა მივიდე და მშობლები ვნახო.
_ მერე, არ გიხარია?!
_ არ ვიცი... _ თქვა დაბნეულად და საქმეს მიუბრუნდა. როცა მილაგებას მორჩა და შემობრუნდა, კაცი ისევ იქ იდგა და გაკვირვებული შესცქეროდა.
_ რამე მოხდა?! რატომ არ გიხარია?! _ დაინტერესდა ერიკი.
_ ეს ჩემი საქმეა! ჩემი პრობლემაა და მეტი არავისი! _ თქვა გაღიზიანებულმა და სააბაზანოში შევიდა ხელების გადასაბანად, მერე კი თავის ოთახს მიაშურა. კარი ჩაკეტა და ლოგინს მიეკრო.
_ როცა სახლში მივალ, უნდა ავხსნა, რატომ წავედი, რისთვის! არ მინდა ამაზე საუბარი! არ მინდა არაფრის ახსნა! არაფრის მოსმენა ამასთან დაკავშირებით! _ თქვა და სახე ბალიშში ჩარგო. ატირებული იხუტებდა ბალიშს, რომ ერიკს მისი ტირილის ხმა არ გაეგონა.
ჩაეძინა, ისევ კოშმარი ესიზმრა. ამჯერად უკვე ნაცნობ ლანდთან ერთად თავდამსხმელიც დაესიზმრა. ისიც მკვდარი იყო და უცბად გამოეღვიძა. ლოგინიდან წამოხტა. რასაც სიზმარში ვხედავ, ყველაფერი ამიხდა. ნუთუ ესეც უნდა ახდეს?! არა, აღარ მინდა მეტი! მე მკვლელობა არ დამიგეგმავს, არც შურისძიებაზე მიფიქრია! მაგრამ რატომ მოდის ეს ლანდი და რატომ მიხდება ყველა სიზმარი?! ხელები სახეზე აიფარა, ცრემლები მოიწმინდა და ჩანთას ხელი დაავლო. ოთახიდან გასვლა დააპირა, როცა კაკუნი მოესმა და კაცის ხმაც:
_ ჩაი მოგიმზადე, დალევ?!
კარი გააღო და კაცს ჩაით სავსე ფინჯანი გამოართვა, მაგრამ ერიკი შიგნით არ შეუშვა.
_ ემა... რა მოგივიდა?! შემომიშვი!
_ არა! მარტო მინდა ყოფნა! ჩაისთვის მადლობა. _ თქვა და კარი ცხვირწინ მიუხურა.
კაცი უკან გაბრუნდა ჩაფიქრებული. უკვირდა ქალის ასე შეცვლა ალეხოს ზარის მერე და მიხვდა, რომ ქალი რაღაცას მალავდა. ისევ უკან მიბრუნდა. უნდა დაეკაკუნებინა, რომ მოულოდნელად კარი გაიღო და ქალი დაინახა ჩანთით ხელში.
_ სახლში მივდივარ! _ თქვა მან, გვერდით გაუარა და ფეხსაცმელი ჩაიცვა.
_ არა, ვერ წახვალ! _ კაცი წინ გადაუდგა და რომ შეხედა, შეამჩნია მისი აწითლებული გუგები. ქალისკენ ხელი გაიშვირა. ახლა შეამჩნია ხელზე ხელთათმანები და გაკვირვებულმა ჰკითხა
_ რატომ მიდიხარ?! აქ იმიტომ ხარ, რომ მე დაგიცვა!
_ ჩემს სახლში მინდა ყოფნა! _ თქვა ემამ და ტელეფონს უპასუხა.
_ მოშორებულია... _ გაიგონა და ტელეფონიც გაითიშა.
ემას ტელეფონი ხელში გაუშეშდა. ერიკიც მაშინვე თავის ტელეფონს მივარდა და ვიღაცას დაურეკა, მერე ისევ ქალთან დაბრუნდა:
_ ახლავე ჩაიცვი და მივდივართ! თავდამსხმელი მკვდარია!
ქალს ფერი შეეცვალა. უკან გაჰყვა ჩაფიქრებული.
გამომძიებელმა მანქანა მალევე გააჩერა და ქალიც უკან მიჰყვა.
_ იქ უნდა შევიდე?! _ გააკანკალა ქალს და თვალები დახუჭა. _ ფოტო რომ მანახვო მკვდრის? არ მინდა იქ შესვლა... _ თქვა და კაცს შეშინებული თვალებით შეხედა.
ერთად შევიდნენ ოთახში. ქალმა თავდამსხმელი დაინახა:
_ ისაა თუ არა, არ ვიცი, სახე არ დამინახავს სიბნელეში... _ თქვა კანკალით და კარისკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართა.
_ ჭრილობა აქვს პატარა, ბეჭდის ნაკაწრივით! _ უთხრა კაცმა. ამ დროს ერიკს მეორე თანამშრომელმა ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ერიკმა ემას ხელი წაავლო და კედელთან დააყენა.
_ ვის ესაუბრე წეღან, როცა დაგირეკეს?!
_ არ ვიცი!
_ ემა, ვის ესაუბრე?!
_ არ ვიცი, ვიღაც კაცი იყო... _ თქვა ჩუმად და კედელს მიეყრდნო.
_ რა უნდოდა, რა გითხრა?! მითხარი.
_ მოშორებულიაო და გათიშა.
კაცმა შეაჯანჯღარა:
_ შენ მითხარი, ამას არ ვიცნობო და მისი მოკვლა მაინც დაავალე?! ამის მერე კიდევ არაფერ შუაში ხარ?! ფრანკო! ახლავე წაიყვანე და ისევ საკანში მიაბრძანე!
ემას ხმა არ ამოუღია, ისე ჩაჯდა მანქანაში. ჩუმად იჯდა, თავდახრილი და ფიქრებს მისცემოდა: _ ვინ აკეთებს ამას და რატომ? ეს თუ შურისძიებაა, ვისია და მე რატომ მხვევს ამ საქმეში?! _ და უცებ შეჯახების ხმა გაისმა.
_ ემა! ემააა! _ ვიღაც კაცმა მათთან მიირბინა. ქალს ხელი წაავლო და გადმოიყვანა, მერე საჭესთან მჯდომ კაცს მიუბრუნდა, მაღალ, სევდიანი სახის ახალგაზრდა კაცს, თვალებში ჩახედა, შემდეგ იარაღი ამოიღო და ქალის ხმაც მოესმა: _ ეგ არ მოკლათ!
უცნობმა იარაღი დაუშვა.
_ თუ ასე გინდა, დავინდობ! _ თქვა და ფრანკო მანქანიდან გადმოიყვანა თუ არა, აფეთქების ხმაც გაისმა. მანქანა ცეცხლის ალში გაეხვია.
ამასობაში ერიკმაც მოირბინა. ფრანკოს მივარდა და დამწვარ მანქანას შეხედა: _ ემა სად არის?! _ დაუყვირა: _ კარგად ხარ?! როგორ მოხდა ეს ყველაფერი! სად არის ემა!
_ წაიყვანეს ვერტმფრენით... გათიშული იყო, მხოლოდ ის უთხრა ჩემზე, არ მოკლათო და იმანაც დამინდო, _ თქვა ფრანკომ ენის ბორძიკით, ჯერაც ვერ მოსულიყო აზრზე.
***
_ ვინ ხართ და ჩემგან რა გინდათ?! _ ძლივს ამოილაპარაკა ემამ. _ მეც უნდა მომკლათ?!
_ არა, ჩემი ნუ გეშინია, დამშვიდდი. კუნძულზე მივფრინავთ. რამდენიმე ხანში სახლში იქნები და დაისვენებ. _ უცნობმა ემას წყალი მიაწოდა და ქალიც გამოფხიზლდა.
_ კარგია, რომ არაფერი დაგიშავდა! ის კაცი რატომ არ უნდა მომეკლა?!
_ მას არაფერი დაუშავებია!
_ მაგრამ დაპატიმრებული ჰყავდი!
_ ეს არ უნდა ჩაგედინათ!
_ მე შური ვიძიე!
_ რა საჭირო იყო! ან რისთვის?! ან რა იცით თქვენ?! ან მე რა შუაში ვარ?! _ თქვა ძლივს და თავზე მოიკიდა ხელი.
_ მე ყველაფერი ვიცი... შურისძიება საჭირო იყო! _ თქვა კაცმა და ქალს თვალებში შეხედა.
ემა გამოფხიზლდა, ახლაღა შეხედა კაცს და გაოგნდა:
_ თქვენ... თქვენ ხომ ის... თქვენ ხომ სიზმარში გნახეთ... წარმოუდგენელია! მე ვნახე ის მკვლელობა და ეს მკვლელობაც! ანუ მე მოწმე ვარ, მეც უნდა მომკლათ?! რატომ მესიზმრა ეს ორი სიზმარი, რომელიც აცხადდა, რატომ?! მინდა დავმშვიდდე და ნორმალურად ვიცხოვრო! რატომ მიშლით ყველა ხელს! _ თქვა გაბრაზებულმა და თვალები მაგრად დახუჭა.
_ არა, შენ არავინ გკლავს, ვინც შენი მოკვლა გადაწყვიტა, ის მკვდარია! დამშვიდდი! მე შური ვიძიე ჩემი შეყვარებულის გამო! მკვლელობა დასრულებულია!
_ თქვენი შეყვარებული ის გოგოა? იქ, მასთან ერთად რომ იპოვეს?! შავი კაბით?! _ თქვა ძლივს და ბუნდოვნად გაიგონა კაცის ნათქვამი:
_ ჰო.
_ სახლში მინდა, ჩემს სახლში! აქ არ მინდა ყოფნა! არ მინდა თქვენთან ყოფნა! არ მინდა აქ ყოფნაა! დავიღალეე! დავიღალეეე! დამანებეთ ყველამ თავიი! _ დაიყვირა და გული წაუვიდა.
კაცი მიუახლოვდა, ხელი მოჰკიდა და წაიყვანა. რამდენიმე ხანში მან ემას სახლის კარი შეაღო, გასაღები იქვე დადო, ქალი ლოგინზე მიაწვინა და მაშინვე დატოვა იქაურობა...
***
გამოიღვიძა... თვალები გაახილა, მიხვდა, სადაც უნდა ყოფილიყო და შეშინებული წამოხტა. გარემოს თვალი მოავლო და ოთახი იცნო, თავისი სახლის საძინებელი.
_ როგორ ხარ?! _ მოესმა მკაცრი ხმა, რომელიც აივნიდან შემოდიოდა.
`ისევ ეს!~ _ გაიფიქრა და კაცს გახედა.
_ კარგად.
_ მეც კარგად ვარ, _ უპასუხა მან დაუსმელ შეკითხვას და სკამზე ჩამოჯდა. _ კარგი გეგმა იყო, ვერაფერს დაუწუნებ! მკვლელობები, გატაცებები, აფეთქებები! ახლა რაღა დაგრჩა?!
ქალს თავი სტკიოდა. მიხვდა, რომ ერიკი ახლაც მას დაადანაშაულებდა ამ ამბებში. ფეხზე ისე წამოიჭრა და ისე ახლოს აღმოჩნდა მის მხარზე თავმიდებული, შეშინებულმა ვერც კი გააცნობიერა თავისი საქციელი. ერიკმა ქალის სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა, მერე ნელ-ნელა მისი ბაგეებისკენ მიმართა მზერა. ქალს თმა ჩამოეშალა, კაცმა კალთაში ჩაისვა და აკოცა...
ერიკი არ ჩერდებოდა, მის ბაგეებს არ ეშვებოდა და არც ემას თმას უშვებდა ხელს. ნაზად დაასრიალებდა თითებს მასში, გრძნობდა ქალის სუნამოს სურნელებას და მის პრიალა კანს! ემამ გაიბრძოლა, წინააღმდეგობა გაუწია, უკან დახევას ცდილობდა, მაგრამ ბოლოს მინებდა მის ალერსს. მინებდა და იგრძნო, რომ ეს კოცნა სიძულვილს არ განაცდევინებდა. სახე გაუხურდა, ისე როგორც მისი ხმის გაგონებისას ემართებოდა და თავისი ხელები კაცის მკერდს ააყოლა. იგრძნო მისი სუნთქვა, მისი გაგიჟება, რომელიც ამ კოცნით გამოიწვია და მის ბაგეებში ჩაიძირა.
`ეს ქალი პირველსავე დანახვისთანავე შემოიჭრა ჩემს გულში, ახლა სულშიც შემომეჭრა და ყველაფერს მავიწყებს! მაგრამ მკვლელობები?! როგორ შეიძლება ასეთი ქალი მკვლელი იყოს ან ალეხოს ეკუთვნოდეს!~ _ გაახსენდა ის კაცი, გაახსენდა მასთან ჩახუტება, როგორ გაიქცა თავდასხმის დღეს მის დანახვაზე და ემას ტუჩებს მოსცილდა. ზეზე წამოიჭრა! ემამ ისევ ხელი მოიქნია სილის გასარტყმელად, მაგრამ ერიკმა მისი დაჭერა მოასწრო, ქალი ლოგინზე დააგდო და თვითონაც ზედ მოექცა.
_ ჩემთან ეს ქალური ხრიკები არ ჭრის, ამით თავს ვერ დაიძვრენ! _ კბილებში გამოცრა და ქალს ბორკილები დაადო. _ ახლა იქ წაგიყვან, სადაც უნდა იყო! _ თქვა და ქალი ლოგინიდან წამოაგდო. კარი დაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო.
_ ხან თავს მესხმიან, ხან მიტაცებენ, რა დავაშავე? _ თქვა ჩუმად ემამ და თავი გააქნია, რათა ფიქრები გაეფანტა.
როგორც კი მანქანა წითელზე შეაჩერა კაცმა, ემა მის ყელს ბორკილებით შეეხო. მუქარისა და ბრძოლის მიუხედავად, მაინც ვერაფერს გახდა.
_ იცოდე, მოგკლავ! _ ემუქრებოდა გაბრაზებული ემა, იმის გამო, რომ ამ კაცმა აკოცა და მისდამი სიძულვილი არ იგრძნო.
_ თუ ასეა, მომკალი! რას ელოდები! კიდევ ერთი მკვლელობა დაემატება შენს საქმეს!
_ იდიოტო!!! _ დაიყვირა გაბრაზებულმა, როგორც კი კაცმა ხელში აიყვანა.
_ დამშვიდდი, მაინც ვერაფერს იზამ! _ თქვა კაცმა, ემა თავის კაბინეტში სკამზე დასვა და დააბა.
_ ალბერტოს უნდა დავურეკო!
_ აქ არაა, სხვაგანაა, შენთვის არ სცალია, _ მოუჭრა ერიკმა მოკლედ და გაკოჭილ ქალს შეხედა.
_ წყალი მწყურია! _ იყვირა ემამ და კაცმაც პირთან მიუტანა სავსე ჭიქა. ემამ ცოტა მოსვა და გადაყლაპა, მერე ისევ მოსვა და ერიკს სახეში შეასხა პირში დაგუბებული წყალი.
_ ოხ შენი! _ შეიგინა გამომძიებელმა, მაგრამ ხელის გარტყმა გადაიფიქრა. _ დაბმულ ქალს თავს არ ვესხმი! _ თქვა, თავის მაგიდას დაუბრუნდა, ხელსახოცით სახე შეიმშრალა და დაჯდა.
`შენ ამას მოიწმენდ და არ გეტკინება, მაგრამ მე რამდენჯერაც მოვიწმენდ, იმდენჯერ მტკივა და მესობა გულში! იმდენჯერ განვიცდი სიკვდილს~... _ ფიქრობდა ემა. ცრემლის წვეთი ჩამოუგორდა ლოყაზე და მიხვდა, ახლა არ უნდა ეტირა, სხვის შესაცოდებლად არ უნდა ეტირა, და რომ სტკიოდა, არც ამის გამო უნდა ეტირა. თავი ძირს დახარა, რომ კაცს მისი ცრემლი არ შეემჩნია.
უცბად ორივეს სროლის ხმა მოესმა და შეშინებულმა ემამ იყვირა. ერიკი გარეთ გავარდა. 20 წუთის მერე შემოვარდა და ემას მიმართა:
_ ფედერიკო რაირას იცნობ?
_ არა... _ თქვა ჩუმად და კაცს ახედა: _ რა მოხდა გარეთ?!
_ ნუ მატყუებ!
_ არ ვიცი ვინაა, ფოტო მაჩვენე და გეტყვი! _ თქვა ჩუმად და ხელებზე დაიხედა, როცა კაცი ბორკილებს ხსნიდა.
ქალი თავდახრილი მიჰყვა უკან.
_ ემა! გამოფხიზლდი, გაახილე თვალები და შეხედე! ემა! _ მოესმა თუ არა კაცის ხმა, დახედა ძირს გაშხლართულ სხეულს და უეცრად უკან გაიქცა ოთახისკენ, კართან გაჩერდა.
ერიკი მიხვდა, რომ ქალს შეეშინდა, ხელში აიყვანა და თავის ოთახში შეიყვანა. სკამზე დასვა და ისევ წყალი მიაწოდა. ემა გონს მალე მოვიდა და თვითონვე დაიწყო მოყოლა, სანამ ერიკი რამეს შეეკითხებოდა:
_ ფრანკომ რომ წამიყვანა, მანქანა დაგვეჯახა. მერე ნიღბიანი კაცი მოვიდა. მე გადმომიყვანა. იარაღი დაუმიზნა ფრანკოს და რომ ვუთხარი, არ მოკლა-მეთქი, იარაღი დაუშვა, მანქანიდან გადმოიყვანა და მანქანა ააფეთქა. რამდენიმე ხანი ვერტმფრენში ვიყავით, ვუთხარი, სახლში მინდა-მეთქი. მითხრა, დანიელა ჩემი შეყვარებული იყოო... მერე გული წამივიდა და რომ გამოვფხიზლდი, სახლში გამეღვიძა.
ფრანკო შემოვარდა.
_ ერიკ, გამახსენდა, გამახსენდა! იმ კაცს ემა რომ მიჰყავდა, ეს ლამის გულწასული იყო და სახელს იძახდა.
_ რა სახელს? _ იკითხა ერიკმა და ქალს შეხედა.
ემას გაახსენდა, ვისაც ეძახდა და გაწითლდა. `არა, ეს ტყუილია, არ ვიძახდი ამ იდიოტის სახელს!~
და ფრანკომაც დააყოლა: _ ერიკს, ერიკს ეძახდა!
გამომძიებელი ემას მიუბრუნდა:
_ მე რატომ მეძახდი?!
_ არ ვიცი... _ თქვა ქალმა და თავი დახარა: _ დავიღალე... ეს კაცი როგორ მოკვდა?! _ გაახსენდა ემას ის კაცი და ერიკს ახედა.
_ თავი მოიკლა და მარტო ის თქვა, ეს ჩემი ჩადენილი მკვლელობა იყო, ემა არაფერ შუაშიაო.
_ თუ ასეა, აქ რატომ ვარ, ისევ ეჭვმიტანილად ვითვლები?!
_ რადგან მოჰყევი ის, რაც იცოდი, აღარ, მაგრამ რამდენიმე კითხვა მაინც მაქვს.
_ გისმენ!
_ ამ კაცმა წერილი დაგიტოვა. _ და დაკეცილი ფურცელი ემას მიუტრიალა, როგორც კი ქალმა თითებზე ხელთათმანები მოირგო.
_ შენ წაიკითხე, _ უთხრა ქალმა და არ გამოართვა.
_ `მკვლელობა შავი იებით~. მხოლოდ ეს სამი სიტყვა წერია და გასაღებია! _ თქვა კაცმა და ემას გასაღები დაანახვა. _ იცი, რისი გასაღებია?!
_ მე არა და შენ?
_ ალბათ კიდევ რაღაც საიდუმლოსი!
_ მომბეზრდა ეს ყველაფერი! ეგ წერილიც და გასაღებიც შენ დაიტოვე! _ ემა ადგა.
_ მე წაგიყვან!
_ საჭირო არ არის! გამოიძიე ეს ყველაფერი და თავი დამანებე! _ თქვა და გარეთ გავარდა.
უკვე ბნელოდა. ცოტა ხანს კიბესთან იდგა და სახეს ჰაერს უშვერდა მოსაფხიზლებლად.
_ ჩემთან წავიდეთ, შენი ნივთები ავიღოთ და სახლში დაგაბრუნებ. _ მოესმა კაცის ხმა და ქალი მისი მანქანისკენ დაიძრა.
_ იმ კაცმა ხომ არაფერი დაგიშავა, რომ გაგიტაცა?!
_ არაფერი.
_ კარგი. რამე გაწუხებს, ემა?!
_ არაფერი.
სახლში შევიდნენ თუ არა, ემა მაშინვე თავის ნივთებს დასწვდა და ხელში აიღო.
_ ნახვამდის. _ თქვა და სწრაფად მიტრიალდა.
_ ემა... საჭმელი ჭამე და მერე მე წაგიყვან. _ თქვა კაცმა ხმადაბლა და ქალს შეხედა.
ქალი ნივთებით ხელში კარისკენ მიდიოდა, როცა კაცს მიაძახა:
_ არ მინდა, მადლობა, სახლში დავბრუნდები, დავიღალე. _ თქვა და კარი გააღო. კაცი გაეკიდა, მანქანის კარი გააღო და შესთავაზა, მე წაგიყვანო.
გზაში ორივე ჩუმად იჯდა, ემას ჩასთვლიმა. მანქანა გაჩერდა თუ არა, იგრძნო და გამოფხიზლდა.
_ ნახვამდის, _ უთხრა კაცს გადმოსვლისას ისე, რომ არც შეხედა და კარი ფრთხილად მიკეტა.
_ ემა... _ დაეწია ერიკის ხმა და მოიხედა.
_ მიგაცილებ... _ ძლივს წარმოთქვა კაცმა და ქალს გვერდით ამოუდგა.
ემა წინ მიდიოდა, უკან კაცი მიჰყვებოდა. ბინის კართან ქალმა გასაღები მოძებნა და ერიკს შეხედა. გასაღები მას ეჭირა ხელში. გამოართვა და გაუცინა: _ მადლობა და ნახვამდის, _ თქვა და კარი გააღო.
_ კარგად, ემა... _ დაემშვიდობა კაცი და კიბეს დაუყვა.
სახლში მისულს იქაურობა ცარიელი და უსულო მოეჩვენა, სამზარეულოში შევიდა. ქალის გაკეთებული კერძი გამოიღო, შეათბო და მაგიდას მიუჯდა. გემრიელად ჭამა და დასაძინებლად გაემართა. მალე ისევ ადგა, ქალის ოთახში შევიდა და მის ლოგინში ჩაწვა... მასზე ფიქრები მოეძალა და ძილიც დაუფრთხა. წამოდგა, შუქი აანთო და იქაურობას თვალი მოავლო. ოთახში გამეფებული სიმშვიდე და ემას დატოვებული სურნელი შეისუნთქა, თავი ბალიშს დაადო, ხელები მოხვია და ძილს მიეცა ისე, თითქოს მასთან ბალიში კი არა, ქალი იყო და მის სხეულს ეხებოდა. ასე ჩაეძინა.
***
ემას როგორც კი გაახსენდა, მკვლელსაც ექნებოდა გასაღებიო, ვეღარ გაძლო, თავისი ნივთები ისევ აიღო და სახლი დატოვა. ანიტას სასტუმროს ნომერი სთხოვა, მაგრამ დაქალმა თავისთან მიიპატიჟა.
ანიტასთან ერთად ჩაფიქრებულმა ივახშმა, მერე საბანაოდ შევიდა. წყლის ნაკადს შეუშვირა სახე. ტირილი მოუნდა, მაგრამ აღარ უნდოდა სხეულის ისევ გამოფიტვა, ცრემლი მოიშორა და წყალს შეუშვირა სახე. დროა, წინ იარო, ემა... წინ და არა უკან! დროა იცოდე, სად მიდიხარ, რატომ, როგორ და რისთვის! _ თქვა და სააბაზანოდან გამოვიდა. თეთრი პირსახოცი შემოეხვია სხეულზე და ახლა მიხვდა, რომ ტანსაცმელი აქ არ ჰქონდა. ანიტამ ხალათი მიუტანა. ემას გაეცინა:
_ ეს დღეები... დავიღალე! _ თქვა და დაქალს მიუბრუნდა: _ არ გეწყინოს, ხომ იცი, არ მიყვარს სხვისი ტანსაცმელი... ახალიც კი.. _ თქვა ჩუმად და თავი დახარა.
_ კარგი, ემა, _ გაეღიმა ანიტას და დაქალს შეხედა: _ სახლში მარტო ვარ. შეგიძლია პირსახოცით იარო ან ხალათით.
_ მადლობა, _ თქვა ემამ და დაქალს აკოცა.
ცოტა ხანში კარზე ზარი დაირეკა. ემა შემოსასვლელში გავიდა და კარი პირსახოცშემოხვეულმა გააღო. მის წინ მდგომი კაცი გაგიჟებული მზერით ათვალიერებდა ქალის ნახევრად შიშველ სხეულს.
_ აქ რა გინდა, კიდევ რამე მოხდა?! _ იყვირა ემამ და ზღურბლზე დადგა გაბრაზებული.
_ მოხდა! ვერ დავიძინე და შენს სახლში მივედი! იქ გავარკვიე, რომ აქ იყავი და მოგაკითხე! შემომიშვი!
_ რატომ?! წადი აქედან! თავი დამანებე!
_ ემა! _ თქვა კაცმა და მისკენ დაიძრა.
ქალს ამ დროს ლიფტის ხმა მოესმა და მიხვდა, ვინც მოდიოდა, ამიტომ მაშინვე განზე გაიწია და კაცს უჩურჩულა:
_ შედი და ჩუმად იყავი!
_ რა იყო, კიდევ ელოდები ვინმეს?!
_ ჩუმად იყავი! _ დაუყვირა და ნაბიჯების ხმაც გაიგონა. კაცი მის უკან კართან დადგა და სმენად გადაიქცა.
_ გამარჯობა, ქალბატონო ემა... ყველა ჩანთა აქ არის. _ მოესმა კაცის ხმა ერიკს და გაბრაზებული იცდიდა, ქალმა ამ ფორმაში რომ გაუღო კარი.
_ გამარჯობა, ბატონო კარლო... დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მე შევიტან. _ თქვა და კაცს დაემშვიდობა.
ერიკი მაშინვე გამოვიდა, ჩანთებს დასწვდა, შიგნით შეიტანა და ქალმაც ჩაკეტა კარი.
_ ასე აღებ ხოლმე კარებს?!
_ მორჩი! ტანსაცმელი არ მქონდა! გამახსენდა, რომ ოფისში მიიტანეს! დავრეკე და აქ მომიტანეს! გიჟი კი არ ვარ, ასე გავაღო კარი!
_ უკვე გააღე ამწუთას, ორი კაცის წინაშე და სასტუმროშიც!
_ თუ აქ საჩხუბრად ან ჭკუის დასარიგებლად მოხვედი, წადი!
_ დასაძინებლად მოვედი!
_ რაა?! ვითომ რატომ უნდა დაიძინო აქ?! ეს ანიტას სახლია, მე კი მისი სტუმარი ვარ!
_ შენ ჩემს სახლში გეძინა! ახლა დროა, ვალი დააბრუნო და მე დავიძინო აქ! გაახსენდა ქალის ვალის დაბრუნების ამბავი და მიხვდა, რომ ემა უარს ვერ ეტყოდა. მოაფიქრდა და უცბად მიახალა ქალს, ეს ვალიც დაებრუნებინა.
ხმაურზე ანიტასაც გაეღვიძა და გამოვიდა. კაცის სიტყვები რომ მოისმინა, ღიმილით წარმოთქვა:
_ რა პრობლემაა, ემა, ოთახის მეტი რა მაქვს. ამ ოთახში დაიძინე! _ და ქალმა კაცს ხელით ანიშნა ცარიელ ოთახზე.
ემა ჩანთებს მიუბრუნდა. ერთი ჩანთა გახსნა, ღამის პერანგი ამოიღო და თავისი ოთახისკენ წავიდა. კაცის მზერას ყურადღება არ მიაქცია. კარი მოიხურა თუ არა, პირსახოცი მოიშორა და პერანგი გადაიცვა. მერე გამოვიდა და იმ ოთახის კარზე დააკაკუნა, სადაც კაცი ეგულებოდა.
_ ემა, აქ ვართ! _ მოესმა ანიტას ხმა და სამზარეულოსკენ გაემართა.
ორივე მაგიდასთან იჯდა და ჩაის მიირთმევდნენ. ერიკი მშვიდად ესაუბრებოდა ქალს ბოლოდროინდელ მოვლენებზე. მერე ემას შეხედა, რომელიც ზღურბლთან იდგა.
_ აქ რა გინდა! წადი შენს სახლში! მე ანიტას სტუმარი ვარ! _ შენიშნა ერიკმა.
_ იდიოტი! _ თქვა გაბრაზებულმა და სამზარეულოდან გავარდა.
_ ემა, ჩემი ვალი გაქვს, ეს შენი სახლი არაა! _ მიაძახა კაცმა.
გაცოფებული ემა უკან მობრუნდა.
_ მე სახლი არ მაქვს ჯერ! შენ გამო! ვიღაც მკვლელი შემოვიდა ჩემს სახლში და მას ჩემი გასაღები ჰქონდა! იმ სახლში აღარ ვაპირებ ცხოვრებას! სულ შენი ბრალია!!!
_ სწორია! დროა ახალი სახლი მონახო!
_ შენ ყველაზე უკეთ იცი, სად რა არის, ვინ როდის სად წავიდა! ადექი და მოძებნე ერთი ნორმალური სამოთახიანი ბინა, იქ გადავალ და შენს ვალსაც დაგიბრუნებ. _ დაუყვირა და თავის ოთახში შევარდა.
კაცმა ღიმილით გააყოლა თვალი მის თხელ პერანგს და ანიტას შეხედა: _ ბოდიში, ასე შემოჭრისთვის.
_ არა უშავს, კიდევ რამდენჯერ უნდა მომიხადოთ ბოდიში, მიირთვით, მიირთვით და მერე დაიძინეთ. _ თქვა და კაცს დაემშვიდობა.
კაცმა ჩაი დალია და მისთვის განკუთვნილ ოთახში გავიდა. მერე ტელეფონზე ილაპარაკა ცოტა ხანს და ბოლოს დასაძინებლად ტანსაცმლიანად დაწვა...
***
დილას ადრე წამოდგა და მაშინვე ემა მოძებნა. ქალი ეგრევე მისკენ მიტრიალდა, მაგრამ არაფერი უკითხავს.
_ დილა მშვიდობისა, ემა.
_ დილა მშვიდობისა! _ თქვა ქალმა და ზურგი აქცია.
_ სახლს გაყიდი?!
_ კი! აბა რად მინდა!
_ მყიდველი გიშოვე.
_ რააა?!
_ ახალი სახლი ხომ უნდა იყიდო, ეს კი გაყიდო.
_ ვის უნდა მერე, შეენ?! შენ არ მოგყიდი!
_ მე უკვე მაქვს სახლი! მართლა გინდა გაყიდვა?!
_ კი! _ თქვა ქალმა მკაცრად და ფანჯარაში გაიხედა.
_ გასაღები მომეცი და მყიდველს ვაჩვენებ.
_ ასე ადვილად როგორ გაყიდი?!
_ გარემონტებული, ლამაზი და კარგი ბინაა.
ემამ ერიკს გასაღები მიაწოდა და როცა კაცი წასასვლელად მიტრიალდა, ქალის ნაზი ხმა მოესმა:
_ ერიკ!
კაცი შეჩერდა და შემობრუნდა.
_ მართლა არ მინდა შენ იყიდო ის ბინა, ის სახლი ჩემთვის არაფერს ნიშნავს და არც მომწონდა... _ თქვა და ჩაფიქრდა: _ მას მერე, რაც შენს სახლში მეძინა, მას მერე... _ ჩუმად წარმოთქვა და კაცის ხმაც გაიგონა: _ რამდენს დააფასებ?!
_ რამდენსაც გადაიხდიან. _ მიუგო რბილად და ისევ ფანჯრისკენ მიტრიალდა. კარის გაჯახუნების ხმაზე იქვე დივანზე ჩამოჯდა და ფიქრებში ჩაიძირა. ცოტა ხნის მერე ანიტასთან ერთად გემრიელად ისაუზმა და დაქალს უთხრა:
_ ჩემებთან უნდა წავიდე და ჩანთებს შენთან დავტოვებ, ვეცდები, დიდხანს არ შეგაწუხოთ მეც და იმანაც! _ დაამატა გაბრაზებულმა.
ანიტას გაეცინა:
_ აბა შენ იცი, დიდხანს არ შემაწუხოთ, _ უთხრა და ისევ გაეცინა.
***
ემამ წინა ღამით დარეცხილი უკვე გამშრალი ტანსაცმელი ჩანთაში ჩაკეცა, გაემზადა და ახალი კაბითა და ორი ჩანთით ხელში გავიდა სახლიდან. ათ წუთში უკვე ტაქსიში იჯდა და მშობლებთან მიიჩქაროდა.
მალე უკვე შინ იყო. ზარი დარეკა და დაიცადა.
_ შვილო! _ კარის გაღებისთანავე მოესმა დედის ხმა.
_ დედა... _ თქვა რბილად და ჩაეხუტა, ლოყაზე აკოცა. დედის კოცნაც იგრძნო და უეცრად მოლბა, ყველაფერი გადაავიწყდა და ბედნიერმა გაუღიმა მამას, რომელიც მისკენ მოეშურებოდა.
_ როდის ჩამოხვედი?!
_ წინა დღეებში, მაგრამ დღეს მოვახერხე მოსვლა. _ თქვა ჩუმად და ორივეს შეხედა.
_ რატომ არ გაგვაფრთხილე, შვილო, დაგხვდებოდით.
_ სიურპრიზის გაკეთება მინდოდა. _ თქვა და გაიფიქრა: `კიდევ კარგი, იმ სულელური ბრალდების შესახებ არ იციან ჩემებმა! იდიოტმაც დამახვედრა სიურპრიზი, თურმე მკვლელი ვყოფილვარ და არ ვიცოდი!~ ნაძალადევად გაიღიმა და მშობლებს ისევ ჩაეხუტა. ჩანთა იატაკზე დადო და ხელების დასაბანად შევიდა სააბაზანოში. მერე დედ-მამას სამსახურის ამბებს მოუყვა. ბოლოს დივანზე გადაინაცვლეს.
_ შვილო... გვითხარი, რატომ მოინდომე ასე უცბად იქ წასვლა, თან ამდენი ხნით?! _ შეეკითხა დედა.
ემამ ღრმად ჩაისუნთქა და ქალს თვალებში შეხედა:
_ მხოლოდ 3 წელი გავიდა, დედა... _ თქვა და გაჩუმდა. მერე ეგრევე მიაყოლა ჩამოსვლის ამბები, მშვიდად, აუღელვებლად ილაპარაკა შავ იებზე და კაბაზეც... როგორც კი დაასრულა მოყოლა, დედას შეხედა. გაუღიმა, ხელი შეახო და ხმადაბლა უთხრა:
_ მეტი არაფერი იკითხოთ! არც არაფერი მაქვს სათქმელი! ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და სულაც არ მაინტერესებს ეს ამბები... _ თქვა და წამოდგა. _ მალე უნდა წავიდე... ჩემზე ნუ ინერვიულებთ, მოვალ და აქაც ვიცხოვრებ ხოლმე. ახლა კი ჩემს სამსახურს უნდა მივხედო.
შემდეგ მოტანილი ჩანთა გახსნა და მშობლებს საჩუქრები ჩამოურიგა.
_ ასე ნუ მიყურებთ... ახლა კარგად ვარ, თავიდან მიჭირდა ამ ამბავზე ფიქრი, მაგრამ ახლა კარგად ვარ... _ თქვა და ორივეს მოეფერა. _ არ დაიწყო რა, ტირილი... დედა... იცოდე, წავალ!
დედაც დამშვიდდა. რამდენიმე ხნის მერე ერთად დალიეს ჩაი და ნამცხვარიც დიდი სიამტკბილობით მიირთვეს.
***
ერიკი მანქანაში იჯდა, ემას მშობლების სახლთან ახლოს და მის გამოსვლას ელოდებოდა, მაგრამ უკვე ოთხი საათი იყო, ქალი არ გამოდიოდა.
_ ალბათ აქ რჩება. ისე დადის, თითქოს არაფერი დაეშავებინოს! შენ ჯერ მხოლოდ ის დაგიშავა, რომ სილა გაგაწნა! _ უთხრა თავის თავს და გაბრაზებულმა მანქანა დაქოქა. ფიქრებში ჩაძირული გზას ნელა გაუყვა.
ამ დროს ემაც გამოვიდა სადარბაზოდან და ტაქსის ხელი აუქნია თუ არა, ერიკმა მოსახვევში ეგრევე შეამჩნია. სწრაფად დახია უკან მანქანა და დაასიგნალა. ქალმა დიდი სიჩქარით უკან მომავალ მანქანას გახედა. ერიკმა მანქანა გააჩერა და ქალს დაუძახა:
_ დაჯექი!
_ ტაქსიში ვჯდები!
კაცმა გაბრაზებულმა გაუშვა ტაქსი. ქალს მანქანის კარი გაუღო და იმანაც ცხვირაბზუებულმა დაიკავა წინა სავარძელი.
_ რა მოატყუე მშობლებს?!
_ არაფერი!
_ აბა, უთხარი მკვლელი ვარო?!
_ არ ვარ მკვლელი და არც მითქვამს ეს სისულელე! ეს შენი მოგონილი ბრალდება იყო, რომელიც უკვე დასრულდა! და ტყუილად ნუ მემუქრები!
_ სად მიდიხარ? _ ჰკითხა და მზერა შეავლო ქალს, რომელსაც შავი კაბა ეცვა.
_ სამსახურში! _ მისამართი უთხრა და მიუბრუნდა: _ თუმცა უკვე გეცოდინება მისამართი, ყველაფერი იცი ერთი რამის გარდა!
_ რა არ ვიცი?!
_ მკვლელი რომ არ ვარ!
_ ლამაზი მკვლელი იქნებოდი! _ თქვა და ქალს გადახედა, რომელიც ზედაც არ უყურებდა საუბრისას. _ ბინა ვანახე ერთ წყვილს, მოიფიქრებენ და შემეხმიანებიან, _ დაამატა ბოლოს.
ქალმა არც ამჯერად შეხედა, ისე უპასუხა:
_ ძალიან კარგი!
_ გასაღები მოგცე?!
_ არა! დაიტოვე, არაფერში მჭირდება. იმ სახლიდან ყველაფერი წამოვიღე.
_ მე მეგონა უშიშარი იყავი, თურმე გეშინია!
_ მე არ მეშინია! ის სახლი აღარ მჭირდება!
_ კარგია! ახალ ბინას მე გიშოვი, ოღონდ დრო მომეცი!
_ ვნახოთ, კარგი! _ თქვა მკაცრად და ჩანთაში ჩაიხედა.
ემა მალევე მიიყვანა სამსახურთან. ქალი შენობის კარს მიუახლოვდა. კაცი უკან მისდევდა, მაგრამ სანამ შიგნით შეჰყვებოდა, ემა მოუტრიალდა:
_ ხომ მორჩი ჩემს საქმეს! ახლა დამანებე თავი! წადი, შენი გზით იარე!
_ ჩემი გზა შენთან მოდის! _ თქვა ერიკმა ყრუდ, _ საქმე კი ჯერჯერობით დახურული არ არის!
ამ სიტყვებით ქალთან ერთად გაიარა პირველი სართული, რომელიც ცარიელი იყო. მალე დაცვაც გამოჩნდა. ემა ყველას მიესალმა, ბედნიერი დღე უსურვა და ორივენი ლიფტისკენ წავიდნენ. ერთად იდგნენ შუქით განათებულ სარკეებიან ლიფტში. კაცი ისევ ემას უყურებდა და მის სხეულს ათვალიერებდა. ლიფტი მე-9 სართულზე გაჩერდა. ემამ თავისი კაბინეტისკენ აიღო გეზი. მდივანიც მიესალმა და ესკიზების რამდენიმე კატალოგი მიაწოდა, მანაც გამოართვა და შეათვალიერა.
_ ქალბატონო, ყველაფერი მზადაა. თქვენი ნივთები უკვე კაბინეტშია. ჩაის მიირთმევთ?!
_ მადლობა, კამილა, ემა დამიძახე მხოლოდ. ჩაისაც დავლევთ და შენთვისაც წამოიღე, _ უთხრა და კარი შეაღო.
ფეხი შედგა თავის ახალ კაბინეტში და ბედნიერებით, სიცოცხლითა და სრულყოფილებით სავსე მიუახლოვდა თავის მაგიდას. სავარძელში ჩაჯდა, ჩანთა ძირს დადო და ახალი ესკიზები გადაშალა. ფეხი ფეხზე გადაიდო და თვალიერება დაიწყო. გაახსენდა, ბოსტონის სახლსა და მინდორში როგორ შექმნა ახალი კოლექციის ნიმუშები. ესკიზები თანმიმდევრობით დაალაგა მაგიდაზე.
ახლაღა შეხედა ფეხზე მდგარ კაცს და ქვევიდან ახედა.
_ ასე უნდა იდგე?!
_ ეს შენი კაბინეტია და ვიცი, არ მოგეწონებოდა, ნებართვის გარეშე რომ დავმჯდარიყავი!
_ თუ არ მიდიხარ, დაჯექი! _ თქვა მკაცრად.
კაციც მაშინვე დაჯდა.
_ შენ მგონი მართლა მაქცევ მკვლელად. უნდა ვინატრო, რომ ვინმე მოკლან, რათა შენ გამოსაძიებლად წახვიდე და მომშორდე! _ კბილებში გამოცრა.
ამ დროს მდივანმა კარზე დააკაკუნა და ემამაც რბილად გასძახა, მობრძანდითო.
კაცმა მხოლოდ გაღიმება მოახერხა და ემას შეხედა, რომელიც ასე რბილად შეეხმიანა ქალს, სამი ჩაის ფინჯნით რომ მოდიოდა. მდივანმა ჩაი გაანაწილა გვერდით მდგომ პატარა მაგიდაზე. სამივენი ერთად მიუსხდნენ მაგიდას. კამილამ შემდეგ ჯერზე მეორე ლანგრით ტკბილეული მოიტანა და ემას შეხედა, რას დამავალებთო.
_ შენც ჩვენთან ერთად დალიე და დაისვენე ცოტა, _ თქვა და მდივანს შეხედა, რომელსაც გაოცება შეამჩნია.
ემამ გაიცინა:
_ დაჯექი და მიირთვი, მერე აქაური ამბები მომიყევი.
კამილა სკამზე ჩამოჯდა და ჩაის ფინჯანს დასწვდა. ემა ერიკს უკვე აღარ აქცევდა ყურადღებას, ჩაის სვამდა და თან ტკბილეულს აგემოვნებდა.
_ სამზარეულოში მშვიდობაა?! უკმაყოფილო ხომ არ არის ვინმე?! _ შეეკითხა მდივანს.
_ არა, ყველას ძალიან მოსწონს იქაურობა, როცა შესვენებაზე გადიან.
_ ხელოსნები კარგად მუშაობენ?!
_ დიახ. ამ დღეებში ყველაფერი მზად ექნებათ.
_ რამდენი ხანი მოუნდნენ ამ კატალოგს? _ შეეკითხა და მაგიდაზე დადებულ ესკიზებს გადახედა.
_ მხოლოდ სამი თვე.
_ დაცვა რას შვრება?!
_ სიწყნარეა, ერთმანეთს ცვლიან და მუშაობენ.
_ შენ რას აკეთებ?!
_ ხელოსნებს ვნახულობ, მზარეულს, დაცვას, მოსაწვევებს ვამზადებ და ჩვენების ოთახს...
_ კარგია. ხელფასით კმაყოფილი ხარ?!
_ დიახ...
_ დანარჩენები?!
_ ყველანი, ქალბატონო... _ თქვა ჩუმად კამილამ და ჩაი მოსვა.
_ ემა... ემაა მქვია! _ თქვა ემამ. მაგიდიდან ადგა და ქალს კატალოგი მიაწოდა. _ ისეა დალაგებული, თანმიმდევრობა როგორც უნდა იყოს! _ ჩააყენა მდივანი საქმის კურსში, _ ხელფასები ამ სამ თვეში დროზე რიგდებოდა?!
_ დიახ...
_ კარგი, მადლობა. ახლა დაისვენე, თუ არაფერი საქმე გაქვს და ცოტა ხანში ყველა შეკრიბე მე-3 სართულზე, დარბაზში. ჩაისა და ტკბილეულისთვის კი მადლობა.
კამილამ მაგიდის ალაგება გადაწყვიტა, მაგრამ ემამ იყოსო, უთხრა და ისიც კატალოგით ხელში გავიდა.
_ ქედმაღალი, მკაცრი და რბილი უფროსიც ყოფილხარ... _ მოესმა ემას და კაცს ახლაღა შეხედა.
_ ერიკ... საქმე არაფერი გაქვს სამსახურში?!
_ არა, ემა... _ თქვა და ქალს გაუღიმა.
_ თუ ასეა, სხვა სამსახური მოძებნე! ამ სულელურ სამსახურს მაინც აჯობებს, ან მძღოლი გახდი და მე დაგიქირავებ!
_ მართლააა?! _ გაუკვირდა მომღიმარ კაცს.
_ მართლა! _ მიუგო ქალმა.
კაცმა მისკენ ხელი გაიწვდინა:
_ მაშინ მძღოლობას დავიწყებ! სანამ უსაქმურად ვიქნები ჩემს სულელურ სამსახურში!
ემამ ხელი გაუწოდა და ჩამოართვა:
_ გილოცავ! _ თქვა და კაცის თბილი შეხებაც იგრძნო ხელზე.
ამ დროს კარის ხმა მოესმა და უცბად გამოსტაცა კაცის თავისი მარჯვენა. კამილა შემოვიდა:
_ მაპატიეთ, ყველა გავაფრთხილე. ეს კი კარლომ გამომატანა, აუცილებლად წაუღეო. ბოდიში მოგიხადათ, ადრევე ვერ მოვამზადეო... _ თქვა და ქალს წინ თეფშით დესერტი დაუდო.
_ დიდი მადლობა გადაეცი... _ თქვა ემამ და გაიღიმა. მდივანი გავიდა და ემამ თეფში პატარა მაგიდაზე გადაიტანა.
_ ესეც გასინჯე და წადი!
_ უკვე მაგდებ?! შენი მძღოლი ვარ და თბილად მელაპარაკე, თორემ სამსახურიდან წავალ... _ თქვა და მის წინ მოკალათდა.
ემამ გაყო ანანასის დესერტი, ნახევარი კაცს მიაწოდა, მეორე ნახევარი კი თვითონ დააგემოვნა და თვალებიც მიეხუჭა:
_ უგემრიელესია... _ თქვა და უცბად თვალები გაახილა, რადგან კაცის კოცნა იგრძნო.
_ ერიკ! _ სასწრაფოდ წამოხტა და ტელეფონის ღილაკს თითი დააჭირა, _ ახლავე წადი! ან დაცვა გაგაგდებს აქედან!
_ მართლაც გემრიელია! _ თქვა კაცმა და წამოდგა. _ ჩემი ნომერი უკვე იცით, ქალბატონო ემა. როცა მანქანა დაგჭირდებათ, დამირეკეთ, _ თქვა და დაემშვიდობა, გარეთ გასული კი კვლავ სარკეებიან ლიფტში შევიდა.
ამჯერად მარტო იყო, მაგრამ სარკის ანარეკლებში ისევ ქალის სხეულს ხედავდა და მძიმედ მიეყრდნო კარს. გაიღო თუ არა, უცბად გამოვარდა, დაცვას დაემშვიდობა და გაბრაზებული მანქანაში ჩაჯდა. მოპარული კოცნა ახსენდებოდა და მხოლოდ ამით ცდილობდა დამშვიდებას, მაგრამ მის გონებაში უფრო და უფრო ირეოდა ყველაფერი...
ემამ დესერტი დაასრულა, თან კოცნაც ახსენდებოდა და ვეღარ მიხვდა, ანანასით ტკბებოდა ასე თუ კოცნის გახსენებით. ბოლოს მესამე სართულზე ავიდა. გამოფენისთვის განკუთვნილი დარბაზი მოათვალიერა და იმ ოთახში შევიდა, სადაც თანამშრომლები უნდა მიეღო.
ერთმანეთის მისალმებისა და მოკითხვის მერე მრგვალ მაგიდასთან ისხდნენ და ემას უსმენდნენ.
ემამ იგივე კითხვები დასვა, რომელიც მდივანს დაუსვა: ხელოსნებზე, ხელფასზე და სამზარეულოსთან დაკავშირებით, ასევე _ კატალოგის მიხედვით სამკაულების დამზადებაზე. იგივე პასუხები მიიღო და მოწონების ნიშნად კამილას გაუღიმა, რადგან ქალმა ყველაფერი ზედმიწევნით იცოდა. შემდეგ ხელოსნებს ესკიზებზე უფრო დეტალურად ესაუბრა და მზარეულს მიუტრიალდა. დესერტისთვის მადლობა გადაუხადა და ხმამაღლა უთხრა:
_ მენიუზე მინდა გითხრათ, კარლო. ხელოსნებს და დაცვას რაც მოუნდებათ, ის მოუმზადეთ, ამიტომაც წინასწარ შეთანხმდით, რაც გენდომებათ და თქვენს ჯანმრთელობას შეუწყობს ხელს... _ თქვა და ყველას სათითაოდ მოავლო თვალი. _ ისე მიყურებთ, მგონია, სასტიკი უფროსი ვარ... _ თქვა და გაეცინა, როცა ყველას გამხიარულებული სახე დაინახა. _ თუ რამე პრობლემა შეგექმნებათ, შემატყობინეთ, თუ დასვენება დაგჭირდეთ, არც ამაზე მოგერიდოთ. ერთი დღე ერთად დავისვენებთ და სადმე ქალაქგარეთ გავისეირნებთ. რაც შეეხება სიგარეტს, ახლომახლო ვერ ავიტან! თქვენი ჯანმრთელობისთვისაც ჯობს აქ თავი დაანებოთ... თუ რამე დაგჭირდეთ, შემეხმიანეთ. _ დაასრულა და ყველას დაემშვიდობა.
კაბინეტში შესულს მდივანიც უკან მიჰყვა. ემამ მაგიდაზე დადებული თეფშები და ფინჯნები ერთ ლანგარზე მოათავსა.
_ მე ავალაგებ, არ შეწუხდეთ... _ მოესმა კამილას ხმა და მდივანს გახედა:
_ არ ვწუხდები, კამილა, არაფერია. გინდოდა რამე?! სახლში უნდა წავიდე, უფრო სწორად, დაქალთან, ცოტას კიდევ დავისვენებ და ხვალ დილიდან მოვალ.
_ არა, არაფერი... ყველამ მადლობა გადაგიხადათ, თბილი და კეთილიაო...
ემას გაეცინა:
_ კეთილი კი და თბილი არა მგონია... _ უთხრა თავის თავს, მერე მდივანს თავისი მობილურის ნომერი დაუტოვა და გავიდა. ლიფტში შესულმა სარკეში ჩაიხედა, თავისი თავით კმაყოფილი დარჩა და გამოვიდა თუ არა, დაცვას ხმაც გაიგონა:
_ ქალბატონო, უკვე გელოდებათ თქვენი მძღოლი.
ემამ დაცვას გაუღიმა, მადლობა გადაუხადა და კარისკენ წავიდა.
_ ხომ გითხარი წადი-მეთქი, ერიკ?!
_ წავედი, თავს მივხედე და მოვედი! სად წაგიყვანოთ?!
_ მართლა ჩემი მძღოლი კი არ ხარ! სახლში წადი და დაიძინე, უკვე ღამდება!
_ სახლში წაგიყვან, ემა... მერე მეც დავისვენებ და დავიძინებ.
ემა მის გვერდით მოკალათდა. კაცმაც მშვიდად დაძრა მანქანა.
_ შენ გამო სახლი არ მაქვს! _ უთხრა მკაცრად კაცს და ჩანთა კალთაში ჩაიდო. _ მშობლებთან წამიყვანე!
_ მე რა შუაში ვარ?! შენ სახლში მკვლელმა მიგიყვანა და ლოგინშიც იმან ჩაგაწვინა!
_ კიდევ კარგი, რომ არ თქვი, ჩაგიწვინაო! _ თქვა გაბრაზებულმა და კაცს გადახედა. უცბად კოცნა გაახსენდა და უფრო გაბრაზდა, ხელები მომუშტა, როცა კაცის სიტყვები მოესმა: _ მკვლელმაც კი იცის, გადარეული რომ ხარ და ადვილად რომ არ ჩაუწვებოდი! ისეთი მუშტი-კრივი იცი!
_ მოკეტე და მანქანა ატარე! _ დაისისინა ქალმა და ლამპიონებით განათებულ ქუჩებს გახედა.
_ ხელი როგორ გაქვს?! გტკივა?! _ ჰკითხა კაცმა და შეხედა.
ემამ იმწუთასვე ხელზე დაიხედა.
_ არა უშავს, ისე ძალიან აღარ... _ თქვა ჩუმად და კაცის შეხება გაახსენდა, გული რომ წაუვიდა და უცბად გაჩუმდა.
* * *
ემა დედამისთან იჯდა დივანზე, ეხუტებოდა და ამშვიდებდა, რადგან ის ისევ ნერვიულობდა შვილის მოყოლილ სამუშაოს ამბავზე.
გაუღიმა:
_ რომ იცოდე, რა სულელური სამუშაო იყო, დედა. შენც ხომ იცი. მიხარია კიდეც, რომ წამოვედი იმ სულელი კაცის სამსახურიდან! შენ გგონია ეს ტყუილი და ფარსი მასულდგმულებდა?! უფრო მეტად მკლავდა და მახრჩობდა! ამიტომაც გადავწყვიტე წასვლა. მე იქ მშვიდად და ბედნიერად ვცხოვრობდი!
_ მაგრამ ჩვენგან შორს იყავი, შვილო და მარტო!
_ ხელოვნებაა ის, რაც მასულდგმულებს, ამიტომაც არ ჩამითვლია, რომ მარტო ვიყავი. მხოლოდ სამი წელი, სამი წელი, დედა, ახლა მე აქ ვარ და ეს მიხარია... აღარ მინდა იმ სისულელეზე საუბარი და ფიქრი! ვინ რა თქვა ან რა იფიქრა, ესეც კი აღარ მაინტერესებს! მე მაქვს ჩემი საქმე და ჩემი გადაწყვეტილებები! ახლა ვიცი, რომ ჩემი თავის წინ არავის დავაყენებ, არავის მივცემ უფლებას, მეუფროსოს და რაიმე მიბრძანოს! აქ ვრჩები და ჩემს სამუშაოს უნდა დავუბრუნდე. ამაზე ნუღარ ინერვიულებთ. ის დრო მორჩა და დასრულდა! მხოლოდ ერთ დღეში მორჩა და დასრულდა! რაღაც ცუდში არის რაღაც კარგიც, რომლის დანახვაც ადამიანმა უნდა შეძლოს და იპოვოს ეს რაღაც კარგი. თუნდაც სიკვდილამდე მოუწიოს ლოდინმა, უნდა იპოვოს! მე ვიპოვე. წავედი იქ, რამაც ჩემი თავი და ბედნიერება მაპოვნინა...
_ ახლა ხარ ბედნიერი, შვილო?!
_ კი, დედა! მიყვარს ჩემი სამუშაო და მიხარია, რომ ჩემი თავის უფროსი მე ვარ! _ თქვა, დედას აკოცა და დამშვიდებული წავიდა საძინებლისკენ.
***
ერიკი სახლში წავიდა. თავისი ოთახიდან საქმის მასალები გამოიტანა და დის ოთახში შევიდა. ლოგინზე ჩამოჯდა და ბედნიერმა გადახედა ბალიშს, რომლიდანაც ისევ იგრძნობოდა ქალისგან დატოვებული სურნელი. გაეღიმა იმის გაფიქრებაზე, ქალს მძღოლობაზე რომ დათანხმდა. მთელ ლოგინზე გაშალა მასალები, რომლებიც ფედერიკო რაირას პიროვნებას ეხებოდა. როგორც იქნა, გაარკვია, რომ ის დანიელას შეყვარებული იყო და ერთმანეთს ჩუმად ხვდებოდნენ.
* * *
ემამ მშობლებთან გემრიელად ისაუზმა და ანიტასთან გავლა გადაწყვიტა. ახალი ტანსაცმელში გამოეწყო და კმაყოფილი გამოვიდა სახლიდან.
მაღალი ქუსლებით მისეირნობდა ქუჩაში და ღიმილით ისრუტავდა დილის ჯერ კიდევ სუფთა ჰაერს, სადაც გაუღვიძებელი მანქანების სიჩუმე მთელი სისავსით იგრძნობოდა.
ტაქსის ხელი აუწია და დაუშვა თუ არა, თავის ხელთათმანებზე შეაჩერა მზერა. ორივე ხელი მომუშტა და ჩაფიქრებულმა გამოაღო ტაქსის კარი.
_ არ მესმის... არ მესმის და ძნელი დასაჯერებელია, რატომ, ან რისთვის აღმოჩნდა ეს ერთი პატარა ამბავი ჩემთვის ასეთი შემაშინებელი, დამთრგუნველი, რომ დავიკარგე და საერთოდ აღარ მომინდა ვყოფილიყავი ის, ვინც სინამდვილეში ვარ... სრულიად სხვა, ახალ, უცხო არსებად ვიქეცი, რომელიც ვეღარც საკუთარ თავს ცნობს და აღარც უნდა ნამდვილი მარია იყოს... _ თქვა ჩუმად და მძღოლს ახლაღა შეხედა, რომელიც ჯერ ისევ უმეორებდა, სად მიბრძანდებითო. ქალი უცბად გამოფხიზლდა, მისამართი უთხრა და ფიქრებში ჩაიძირა: `აქამდე მეგონა, რომ ტყუილი ძნელი სათქმელი იყო, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ადვილია მოატყუო საკუთარი თავიც და სხვებიც, თითქოს ბედნიერი ხარ...~
მანქანიდან გადავიდა, შენობაში შევიდა, დაცვას მიესალმა და ლიფტში შეაბიჯა. სარკეში შეხედა თავის ორეულს და ისევ ფიქრებში გადაეშვა. `ფიქრები ბუმერანგივით ბრუნდებიან უკან. გაბრაზებულმა და გულნატკენმა ადამიანის სიკვდილზე ვიფიქრე და მართლა შემარქვეს მკვლელის სახელი~... _ ხელი მომუშტა, ისევ გაშალა და თითებზე დაიხედა:
_ რატომ... რატომ არ მშორდება ეს ტკივილი? ეს პატარა ტკივილი როგორი საბედისწერო აღმოჩნდა ჩემთვის, სრულიად დამიმონა, ისე, რომ საკუთარი სახელი და გვარი დამაკარგვინა! _ თქვა და ლიფტიდან გავიდა. წინ მომღიმარი ქალი შემოხვდა და თვითონაც გაუღიმა. მისალმებისა და მოკითხვის შემდეგ კაბინეტს მიაშურა. ნელა მიხურა კარი და ზურგით მიეყრდნო. ხელში მოქცეული ჩანთა დივანზე მიაგდო და აივნისკენ დაიძრა.
ჰაერი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში. გარემოს მოავლო თვალი და დილას მდივნის მიერ მოტანილ იებს მიაშურა. გაღიმებულმა ყვავილის ფურცლებს ხელი შეახო.
_ რა ნაზია... ნაზია და სათუთი, თითქოს ერთი ხელის შეხება, პატარა შეხებაც კი მისთვის სასიკვდილო და საბედისწერო აღმოჩნდება. _ თითები გადაუსვა ხავერდივით სქელ ფოთლებსაც და წაიჩურჩულა: _ თითქოს ეს სქელი ფოთლები იცავენ თავიანთ ყვავილებს და მფარველობას უწევენ, მაგრამ მე... მე ვინ დამიცავს მათსავით და ვინ დამიფარავს... მხოლოდ მე ვიცი, რომ იმ მბზინავი კრისტალივით დროებითი ვარ, რომელიც შეიძლება ძირს დავარდეს და მილიონ ნამსხვრევად დანაწევრდეს და ვერ გამთელდეს... _ თქვა და იებს მოშორდა. _ როგორც წამში იცვლება ხოლმე ცაზე განლაგებული ღრუბლები, ისე შეიცვალა წამში ჩემი ცხოვრებაც, როცა მარიადან ემა გავხდი და დავივიწყე... დავივიწყე პატარა თბილი გოგონა, ბედნიერი, სიცოცხლით სავსე... _ თქვა და კაბინეტში შებრუნდა.
ყუთებიდან რამდენიმე ნივთი ამოალაგა, მაგიდასა და თაროებზე დააწყო და ისევ ყუთებს მიუბრუნდა. მერე თავისი მაგიდის უჯრა გამოაღო, ფანქრებისა და საღებავების ყუთები ჩააწყო და ხელი გადაუსვა მრავალ ფერთა პალიტრას.
_ ადამიანებიც ფერებივით არიან... მათაც შეუძლიათ შეიცვალონ და გახდნენ სხვადასხვა ფერის დროის და გარემოს მიხედვით... _ თქვა და უჯრა მიხურა. ქაღალდების მთელი შეკვრა იქვე ჩააწყო დიდ ყუთში და ფეხზე წამოდგა.
მდივანს უთხრა, სახელოსნოში ჩავდივარო და გზა გააგრძელა.
ხელებიდან ხელთათმანები წაიძრო, შესასვლელში მდგარ თანამშრომელს რეზინის გამოართვა და ხელოსნების უფროსისკენ გაემართა. ემამ გაუღიმა კაცს, მოიკითხა და მის გვერდით დადგა. ხელში მოიქცია ახალი ქვა და მის ფერებს დახედა. მწვანე, ლურჯ, ყვითელ ფერთა გამა ერთმანეთში შერწყმულიყო და ალაგ-ალაგ მოჩანდა ყავისფერ ქსელში გადაკრულ ფერებში.
რეზინის ხელთათმანიანი ხელი გადაუსვა და კაცს შეხედა:
_ საოცრებაა... ნამდვილი საოცრება... ჯადოსნურ ქვას ჰგავს, რომელიც ყველა საიდუმლო ფერს ინახავს და მისი შეხება არაამქვეყნიურ გრძნობებს აღვიძებს... _ თქვა და ხელოსანს გაუღიმა.: _ ასე თბილად ეპყრობით და ხელთათმანით ეხებით. ვიცი, რომ ასეც გრძნობთ მის სულს, მაგრამ არ გინდებათ შიშველი ხელით შეეხოთ და უფრო ახლოს იგრძნოთ?!
კაცს გაეღიმა და ემას შეხედა: _ შიშველი ხელით შეხება უფრო მიმაჯაჭვებს მის ფერებს და ჭაობივით გამხვევს თავის ყავისფერ ქსელში...
ემას გაეღიმა, ნაზად დადო რბილ ქსოვილზე ოპალის ქვა.
_ ჯერ კიდევ მჭირდებით და ნამდვილად არ მინდა მის ქსელში გაებათ, _ უთხრა კაცს და გამობრუნდა.
მეორე თანამშრომელთანაც მივიდა. რამდენიმე ქვას შეავლო ხელი და კარისკენ დაიძრა. ხელთათმანები გაიძრო, მაგიდაზე დატოვა და ჩაფიქრებული გაუყვა გზას ლიფტისკენ.
მდივანს გაუღიმა და ისევ კაბინეტში შეაბიჯა. თავისი სავარძელი დაიკავა. დაფაზე ქაღალდის დამაგრების მერე ხელში ფანქარი და სახაზავი აიღო. ყავისფერ ქსელში გადაკრულ ფერებში ნელ-ნელა იძირებოდა და ახალ ესკიზებს ხატავდა.
თვალწინ წარმოუდგა დიდ ზღვაზე გაშლილი ოპალის ქვები, მთლიანად რომ ანათებდა ღამის სიბნელეში და იქაურობას საოცრად იდუმალ და ჯადოსნურ იერს აძლევდა. დაკვირვებული მზერით შეხედა ნახატს და ფანქარი დაფაზე დაამაგრა თუ არა, ჩაფიქრებული დაიძრა ფერთა პალიტრის გასამზადებლად.
ქალს უხელთათმანო თითები სხვადასხვა ფერის საღებავით დაეთხუპნა. პალიტრას დახედა, ფერები დაამატა და ისევ დაუბრუნდა ახალ ესკიზებს.
რამდენიმე საათი კაბინეტში მოძრაობდა. ხან ახალ ესკიზებზე ფიქრობდა, ხან თავის დაფას უბრუნდებოდა. ბოლოს გადახედა ახალშექმნილ ესკიზებს, პალიტრა მაგიდაზე გადადო და ხელის დასაბანად სააბაზანოს მიაშურა.
ალმას რამდენიმე ხანს ესაუბრა თან მშვიდად, თან აფორიაქებულმა, რადგან ძალაუნებურად წარსულის ის დღეც ამოუტივტივდა. ისევ აივანზე გავიდა გონების ნეგატივისგან გასათავისუფლებლად... გარემოს თვალი მოავლო, ცას ახედა, ქუჩებსაც შეავლო მზერა და მის გარშემო მდგარ მოძრავ და უძრავ სივრცესაც. მცირე ხნის შემდეგ ისევ ესკიზებს დაუბრუნდა, შორიდან გადახედა ფერებს და მუშაობა გააგრძელა...
***
ქალი ლოგინზე მიწოლილიყო. თავი ბალიშზე დაედო და თვალები დაეხუჭა. ზმანებაში იძირებოდა და ბალიშს ჩაბღაუჭებული ხელებს უფრო უჭერდა.
ერიკი სამსახურიდან გამოვიდა და ანიტას ბინას მიადგა. ქალს მიესალმა, მერე ოთახები გაიარა და ერთ-ერთში შევიდა.
თეთრ ბალიშზე ქალს თავი დაედო, ხელებით ბალიშს ჩაბღაუჭებოდა და სრულიად არ აქცევდა ყურადღებას სახეზე დაყრილ თმის ღერებს. კაცი მისკენ დაიძრა თუ არა, ქალმა თმა გადაიწია და კაცმაც უკან დაიხია. მის ყელს დააკვირდა, რომელზედაც შარფი ეკეთა. თეთრ ვარდისფერბურთებიან პლედს შეავლო თვალი და ქალის ხელს ხელი გადაუსვა, მაგრამ უცებ დაიხია უკან. ქალი მაჯაში სწვდა. ამ დროს მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა და მის მაჯას ჩაფრენილი ქალი წამოიწია.
_ აქ რა გინდა?
_ კარგად გაწვრთნილი ხარ! გეძინა, მაგრამ მოახლოება იგრძენი თუ არა, მაშინვე მეცი!
_ ფხიზლად მძინავს!
_ ალბათ გეშინია და რაღაც არ გაძინებს! იქნებ მკვლელობა?!
_ მკვლელობას ნუღარ მიხსენებ! რას გადამეკიდე! დაწერე დასკვნა, რომ საქმე გამოძიებული და დასრულებულია! მე თავი დამანებე!!! _ დაუყვირა და კაცს როგორც შეეძლო, მაჯაზე ხელი მოუჭირა.
_ სიმართლე უნდა აღიარო!
_ დავიღალე შენი ბრალდებებით! _ კაცს ხელი გაუშვა და ორივე მაჯა წინ გასწია: _ დამაპატიმრე, თუ ასე ძალიან გსურს!
ერიკმა ხელი მისკენ გაიწვდინა და უსწრაფესად მოხსნა ყელზე შარფი.
_ ეს ახლა აღარ გინდა! _ თქვა და შეხედა. ქალი კი მისკენ იწევდა და უყვიროდა, დამიბრუნეო. კაცმა მკაცრად უთხრა, ჩემიაო და ქალს ხელი წაავლო: _ სახლში რატომ ხარ?!
_ ყელი მტკივა!
_ ხმამაღლა მელაპარაკები და იმიტომ!
_ არა, ცივი წვენი დავლიე და მაგიტომ!
_ ახლა თბილი რამე დალიე და თან მეც მომიმზადე!
_ მეტი საქმე არ მაქვს, შენ გემსახურო!
_ ემაა!
_ რა გინდა! _ იყვირა ისევ ქალმა და კაცს შეხედა.
_ ბოდიში, ქალბატონო, ბევრი საუბრისთვის! მაგრამ ანიტას ქმარი ჩამოუვიდა და ახლა შენ აქ ზედმეტი ხარ! სახლი უკვე გიპოვე, დროებითი ჯერ! გააჩნია, როგორ აგიტანს მასპინძელი! _ თქვა და გაუღიმა.
მერე ხელი მოჰკიდა, ლოგინიდან წამოაგდო, მის ჩანთას დაავლო ხელი და პირზე ხელაფარებული ქალი მანქანაში ჩასვა...
_ მე ზედმეტი არასდროს ვარ, იდიოტო!!! _ განრისხებით დაუყვირა ქალმა კაცს, რომელიც მანქანას ქოქავდა.
_ თქვენს თანამშრომლებს რბილად და მშვიდად ექცევით და მეც იმავეს ვითხოვ, მეც ხომ თქვენთან ვმუშაობ უკვე!
_ ყველა გამომძიებელი ამდენს საუბრობს?!
_ ძირითადად კი, დამნაშავე რომ გამოტეხონ!
_ მაინც რამდენი საქმე გაქვს გახსნილი, ერთი?! _ შეეკითხა და გაეცინა.
_ ბევრი! _ უპასუხა გაბრაზებულმა.
_ მაინც?!
_ მკვლელობები, გატაცებები, ქურდობები, ჯამში 20.
_ ძალიან ცოტაა!
_ შენ რამდენ სამკაულს აკეთებ ხოლმე?!
_ თვეში 50-ს ან მეტს!
_ იმიტომ, რომ ადვილია! _ მიუგო მკაცრად და მანქანა გააჩერა თუ არა, კარი მიაჯახუნა და ქალის შენიშვნებს აღარ მოუსმინა.
_ უკვე მოვედით! მასპინძელს უყვარს სიმშვიდე და სიწყნარე! _ თქვა და ლიფტისკენ წავიდა.
_ შენს ბინაში მიქირავე ოთახი?! ნამდვილი იდიოტი ხარ!
_ არა! _ სერიოზული ტონით თქვა კაცმა, თავისი ბინის კართან დადგა, გააღო, ქალს ხელი წაავლო და შიგნით შეიყვანა. _ მე მოგაქირავე ერთი ოთახი! _ ღიმილით დააბოლოვა.
_ როდის მომშორდები! _ იყვირა უცებ ემამ და კაცი ხელში ჩააფრინდა:
_ ჩუმად, თორემ მასპინძელი გარეთ გაგაგდებს!
_ იდიოტი! _ თქვა ისევ ქალმა, კაცს ხელი გამოგლიჯა და ფეხსაცმელი შესასვლელში დატოვა.
_ შენს დროებით ოთახში შედი! უკვე იცი სადაცაა, თუ არ დაგავიწყდა!
ქალი გაბრაზებული წავიდა ოთახისკენ, კარი შეაღო და იქვე ჩანთები დაინახა. მაშინვე უკან გამოვარდა:
_ ჩემს ჩანთებს აქ რა უნდა?!
_ ანიტასგან წამოვიღე, არაფერი დამიტოვებია იქ, რადგან ვიცოდი, რომ აქ დაგჭირდებოდა!
ისევ თავისი ოთახისკენ მიტრიალებულს კაცის ხმა დაეწია:
_ არაფრის. _ და კარი ისე მოიჯახუნა, სიტყვა არ უთქვამს.
ერთი ჩანთა გახსნა და რაღაცას დაუწყო ძებნა.
_ რა გინდა?! _ უცებ იკითხა ქალმა, ისე, რომ მაღლა არც აუხედავს. _ რამე გინდა?! დამანებე თავი!
_ არც ამოგიხედავს, ისე მიხვდი, რომ აქ ვიდექი! უბრალოდ, ჩუმად ვიქნები და გიყურებ!
_ ეგრე უნდა იდგე კარებში?! შემოდი და დივანზე დაჯექი!
_ ისეთი ფორმით დამხვდი ანიტასთან, სულ დამავიწყდა, შოკოლადი რომ მოგიტანე! იქაც მოგიტანე და შენს სახლშიც, შენ კი მადლობაც არ გითქვამს! _ მოჩვენებითი გაბრაზებით თქვა კაცმა.
_ მე დაცვას ველოდებოდი, ჩანთები რომ მოეტანა და არა შენ! ჩემს სახლშიც დაუპატიჟებლად შემოიჭერი! შენი შოკოლადი არ მჭირდება! ამიტომაც დავტოვე ჩემს სახლშიც და ანიტასთანაც!
_ შენი სახლიდან წამოვიღე! _ თქვა და ფილა ლოგინზე დაუდო: _ მიირთვი, იქნებ დატკბე!
ქალმა შუბლშეკრულმა გახედა, ხელი მომუშტა, მაგრამ მოულოდნელად გააცნობიერა, ვინ იდგა მის წინ და მზერაც მოაშორა და ხელებიც მოადუნა. მერე ლოგინისკენ დაიძრა:
_ არ მინდა... _ თქვა და პლედს დაავლო ხელი, _ მეძინება... დამტოვე.
კაცი მიუახლოვდა, ლოგინზე დასვა, შოკოლადი პირთან მიუტანა და წარმოთქვა: _ გასინჯე...
_ ჯერ შენ ჭამე, იქნებ მოწამლულია.
კაცმა ცოტა მოატეხა, შეჭამა და დანარჩენი ისევ მას მიაწოდა:
_ უგემრიელესია. ახლა კი შენი ჯერია.
ქალმა ხელიდან გამოგლიჯა შოკოლადი და სანამ ჩაკბეჩდა, თქვა:
_ რადგან ჯერ ისევ ცოცხალი ხარ, ესე იგი მეც არ მომკლავს! _ თქვა და ჩაკბიჩა.
კაცს ჩაეცინა.
_ როგორია?
_ არა უშავს. _ მიუგო ქალმა და მზერა გააყოლა კაცს, რომელმაც ძილი ნებისა უსურვა და კარისკენ გაემართა, მაგრამ უცბად მოტრიალდა.
_ დღეს დაგჭირდებით? _ შეეკითხა.
_ არასდროს დამჭირდები!
ერიკმა კარი გაიხურა. ქალი გაბრაზებული წამოვარდა ლოგინიდან. ცოტა ხანში იბანავა და ფენით თმის გაშრობას შეუდგა, თან შოკოლადს გადახედა, რომელიც იქვე კარადაზე დაეტოვებინა კაცს.
უეცრად ვიღაცამ კარი შემოგლიჯა. ემამ მიიხედა და შეშინებულმა ფენი გათიშა.
_ ოთახში რას მივარდები?! _ დაუყვირა კაცს.
_ ხმა, რომ გავიგონე, შემეშინდა! ვერ ვიფიქრე, რომ ფენის ხმა იქნებოდა, ბოდიში...
_ წადი, დაიძინე! და დაკაკუნება ისწავლე! _ თქვა და ფენი ისევ ჩართო.
მორჩა თუ არა თმის გაშრობას, შუქი ჩააქრო და დაწვა.
მეორე დღის გეგმებზე ფიქრებში მშვიდად ჩაეძინა.
ერიკი ოთახში შევიდა, რბილად დაწვა, ხელი ქალის შარფს შეახო და ფიქრებში წასულმა ჩათვლიმა...
* * *
დილით ემა ადგა, ივარჯიშა, წყალი გადაივლო და ჩაცმას შეუდგა. მოკლე ლურჯი ქვედაბოლო ჩაიცვა, ზემოდან თეთრი თავისუფალი შიფონის ბლუზა გადაიცვა. ლურჯი ყელსაბამით ყელი დაიმშვენა და სანამ საათს მაჯაზე დაიბნევდა, ნატკენ ხელს საჩვენებელი თითი გადაუსვა. შემდეგ მარლით შეიხვია და ლურჯი საათი ზემოდან გაიკეთა. ღია ფერის პომადა წაისვა, თეთრ მაღალქუსლებიან ფეხსაცმელზე შედგა, თხელი თეთრი პალტო ჩაიცვა, თეთრი ჩანთა, რომელშიც პასპორტი, საფულე, ტელეფონი და ბარათები ჩააწყო, მხარზე გადაიკიდა და სუნამოც დაიპკურა. მერე ფლაკონი ჩანთაში ჩააგდო, მეორე ჩანთას დაავლო ხელი და ოთახიდან გასულმა შემოსასვლელში მდგარ სარკეში ჩაიხედა.
ამ დროს ერიკი გამოვიდა და ქალი შეათვალიერა.
_ დილა მშვიდობისა... ასე ადრიანად საით გაგიწევია?! _ მოესმა ქალს, როცა სარკეში იხედებოდა.
_ შენ ვინ ხარ?! _ სარკიდან შეხედა ქალმა, რომელიც მის გვერდით ისე იდგა, რომ სარკეში ჩანდა.
_ ერიკ ფრანკი!
_ კომისარ-გამომძიებელი! _ თქვა ქალმა და კაცს თვალი თვალში გაუყარა: _ ანგარიშს ბოლოს გაგისტუმრებ, დავითვლი შენს სახლში გათენებულ დღეებს, დავუმატებ მძღოლის საათებს! ახლა კი წავალ! _ უთხრა და კარისკენ შეტრიალდა. როცა ხელი გასწია მის გასაღებად, კაცის ხმაც გაისმა:
_ ვნახოთ, როგორ წახვალ!
_ რააა?! _ ემა მკვეთრად შემობრუნდა.
ერიკმა გასაღები დაანახვა და ჯიბეში ჩაიდო.
_ მომეცი გასაღები! შენ უსაქმურად ხარ, მე კი უამრავი საქმე მელოდება! _ თქვა გაბრაზებულმა და კაცისკენ დაიძრა.
მის წინ დადგა და ისევ გაუმეორა, კარი გაეღო.
_ შენი ბრალდებებისგან ძალიან დავიღალე და მეტად ნუ მომიშლი ნერვებს, გააღე კარი! _ ბრძანების ტონით თქვა და კაცს თვალი თვალში გაუყარა.
_ შოკოლადი მაინც შეჭამე და მერე წადი, _ თხოვნა გაურია ხმაში ერიკმა და შოკოლადი გამოუტანა. ქალმა ერთი-ორჯერ ჩაკვნიტა ფილა.
_ მადლობა... დანარჩენი შენ მიირთვი, _ უთხრა და კართან დადგა.
კაცმა კარი გააღო და ქალს უჩურჩულა, დროებითო.
მის თბილ ხმას ყური მოჰკრა თუ არა, ემა მოულოდნელად გვერდზე გადგა და კაცს შეხედა, მაგრამ მსწრაფლ მოაშორა მზერა, კარი ბოლომდე გამოაღო და კიბეზე დაეშვა.
_ რატომ აქვს ასეთი თბილი ხმა... რატომ აქვს ასეთი ბარიტონი... _ თქვა ჩაფიქრებულმა და ქუჩას ფეხით გაუყვა. _ ეს შოკოლადიც რატომაა ასეთი ტკბილი და გემრიელი, როცა ვერასდროს ვიტანდი შოკოლადს. ახლა კი... ძნელია არ დააგემოვნო... _ ჩაილაპარაკა და ქუჩა გადაჭრა. ფეხით კარგა მანძილზე გაისეირნა და ტაქსის ხელი დაუქნია. უცბად გააჟრჟოლა, რადგან გვერდით მანქანამ დაამუხრუჭა. გაბრაზებული ქალი ფანჯარას ყვირილით მივარდა:
_ რა გინდა, რა!!!
_ დაჯექი, მე წაგიყვან სამსახურში! _ უთხრა ერიკმა და ქალს თავით ანიშნა.
ემა ჩაჯდა და კარი მთელი ძალით მოიჯახუნა.
_ ცოტა ნაზად! _ ირიბად გახედა ქალს, _ ნაზად უნდა ისწავლო საუბარი და მოქცევა.
_ მოკეტე! _ დაუღრინა ქალმა, თან მისამართი უკარნახა, სადაც ერიკს უნდა მიეყვანა.
ერთხანს უხმოდ იარეს.
_ დაიღალე?! _ ღიმილით შეეკითხა კაცი.
_ რითი?!
_ რომ არ ყვირიხარ და ასე ჩუმად ზიხარ, გამიკვირდა.
_ როცა თავს მესხმიან, მეც ვესხმი, _ უპასუხა ემამ, _ შენ კი ჩამოსვლისთანავე დამესხი თავს!..
ამასობაში მანქანა გაჩერდა.
_ წადი! არ დამელოდო! _ გულგრილად უთხრა ემამ.
_ შენი ძმა ნახევარ საათში სამსახურში უნდა იყოს, ასე რომ, მასთან მეტხანს ვერ დარჩები. ამიტომ დაგელოდები! _ თქვა და გაუცინა.
გაბრაზებულმა ქალმა კარი მიაჯახუნა და ლიფტს მიაშურა. კაბინის კარი გაუღეს თუ არა, მაშინვე დაიძახა:
_ მეც მოვედიიი! _ და ჯერ ძმას ჩაეხუტა, მერე რძალს, ბოლოს კი პატარა ბავშვს წაავლო ხელი: _ ჩემი ბიჭი როგორ არის?!
_ მაამ...მაამ... _ თქვა ბავშვმა და ემას ჩაეხუტა. ემამ ხელში აიყვანა იგი და კოცნით გაძღა თუ არა, ჩანთას დასწვდა.
_ ჩემს გემრიელს საჩუქრები მოვუტანე, _ ამის თქმაზე ბავშვი მაშინვე ფეხზე ააცოცდა და ჩაეხუტა: _ მააამ.
_ მამიდა, მამიდა, _ გაუსწორა ემამ და გაუცინა. მერე საჩუქრები ამოიღო და რძალს მიმართა, _ ეს ჩანთა ამ ცელქისაა... ეს კი თქვენი, _ თქვა და ადგა, _ ახლა კი უნდა წავიდე. აბა, მითხარი, კარგად, მამიდა-თქო, _ გაუცინა ბავშვს, ჩაკოცნა და ხელი დაუქნია, ამით ყველას დაემშვიდობა...
ერიკი დაინახა, მანქანა გააღო და ჩაჯდა.
_ სამსახურში! _ უბრძანა და ჩანთა კალთაში ჩაიდო.
ერიკმა მანქანა დაქოქა და ქუჩას გაუყვა.
_ როგორ ვართო?!
_ კარგად! _ მოკლედ მოუჭრა ემამ და გზას გახედა.
_ ბავშვმა რაო?!
_ მამ დამიძახა და მაკოცა.
_ ისეთი ცივი ხარ... შენ არ აკოცე?!
_ ვაკოცე და ჩავეხუტე! ძალიან საყვარელია და გემრიელი!
`შენც!~ _ თქვა გულში ერიკმა და ქალს გახედა: _ არ ყოფილხარ მთლად ცივი...
მანქანა გაჩერებული რომ დაიგულა, ქალი გადავიდა და ოფისისკენ ამაყად გაემართა.
_ მალე გამოხვალ თუ საღამოს მოგაკითხო?!
_ 9 საათზე მოვრჩები! _ მიაძახა ქალმა და შენობაში შევიდა. ამ დროს ლიფტისკენ მომავალი კარლო შეამჩნია და დაელოდა. ერთმანეთს მიესალმნენ და ლიფტში ერთად შევიდნენ.
_ თანამშრომლებს ვეუბნები, სახლში ჭამეთ-თქო და მე თვითონ უჭმელი მოვდივარ, _ ღიმილით თქვა.
კარლოსაც გაეღიმა:
_ მაშინ მე მოგიმზადებთ რაიმეს. უკვე ყველას მენიუ ვიცი, ერთის გარდა.
_ და ის ერთი მე ვარ?! _ ჩაეცინა ქალს: _ დილას და საღამოს ცოტა მსუბუქი. შუადღეს კი შედარებით მსუყე, მაგრამ მხოლოდ დღეს ვითხოვ დილის საჭმელს.
_ კარგი, მალევე გაგიმზადებთ. _ უთხრა კარლომ.
ქალმაც მადლობა გადაუხადა და დროებით დაემშვიდობა. კაცი თავის სართულზე გავიდა. ემამ კი მე-9 სართულისკენ გააგრძელა სვლა. მდივანს მიესალმა, გაუღიმა, ბედნიერი დღე უსურვა და კაბინეტის კარი შეაღო.
ესკიზები უკვე გამშრალიყო. ჩაფიქრებულმა ჩანთა და პალტო დივანზე დადო. მოსასვენებელ ოთახში გავიდა და რამდენიმე ხანში შავი თავისუფალი კაბით გამოვიდა. ფუნჯები, ფანქრები, პალიტრა გაამზადა და ისევ ხატვას შეუდგა.
ფიქრებში გართულს მდივანმა საუზმე შემოუტანა. გაღიმებულმა ემამ სააბაზანოში ხელები გადაიბანა და მხოლოდ ამის მერე დააგემოვნა კარლოს გამოგზავნილი საჭმელი. ყოველი ლუკმის შემდეგ ესკიზებს გადახედავდა და ისევ ახალ კოლექციაზე ფიქრში აგრძელებდა ჭამას.
შოკოლადი გაახსენდა და უცბად ზეზე წამოიჭრა. მუზა ესტუმრა. მის წარმოსახვაში თითქოს გრძელი გზა გამოჩნდა, ყვავილებითა და ქვებით მორთული. რამდენიმე შავი შოკოლადისფერი სილუეტი დაიძრა ფერადი ქვებით სავსე გზაზე. მათ შოკოლადისფერ სხეულზე მხოლოდ სამკაულები ბრწყინავდა...
მაშინვე ფანქარი მოიმარჯვა და ყოველივე ამის დასახატად პალიტრას დაუბრუნდა...
***
ერიკი ფრანკოს ესაუბრა ტელეფონზე, მერე გზიდან გადაუხვია სხვა საქმის მოსაგვარებლად. რამდენიმე საათის შემდეგ მაღაზიებში გაიარა. სახლში პარკებით დახუნძლული შევიდა თუ არა, ხმაურიც შემოესმა.
_ ემა! ემააა! _ ყვიროდა პატარა გოგონა და ემასკენ ხელს იშვერდა. _ დეეეე, ისააა, ის!
_ ჰო, შვილო, ემააა!
აქაც ემას სახელი ესმოდა და იფიქრა, ეს ქალი ისევ მელანდება, როგორც სიზმარში მეძახდაო. მასაც შემოესმა სახლში შესვლისას ემას ხმა. დისშვილისკენ გავარდა და დაინახა, რომ ემა ტელევიზორის ეკრანიდან შემოსცქეროდა.
`დღეს როგორც იქნა კომპანია `ამეთვისტოს~ სათავეში ჩაუდგა და მუშაობა განაახლეს~, _ კომენტარს აკეთებდა ჟურნალისტი, თან ემას კითხვებს უსვამდა ოფისის მე-13 სართულზე, გამოფენების დარბაზში.
_ აქ როგორ მოხვდა ბოსტონიდან?! _ გაკვირვებულმა დამ თავისთვის ჩაილაპარაკა.
_ დაოოოო, ჩემო პრინცესააა... _ იყვირა კაცმა და ორივეს ჩაეხუტა, მერე დას შეეკითხა: _ რატომ ყვირის მის სახელს, საიდან იცით, ვინაა?!
_ ბავშვი ლიფტში გაიჭედა და ემამ უშველა, ხელზე ჭრილობა აქვს, კარს მიარტყა.
ერიკს ახლა გაახსენდა, ეს ამბავი ემამ რომ მოუყვა და ტყუილი რომ ეგონა.
_ გამოდის, არ მოვუტყუებივარ და მან ჩემი დისშვილი გადაარჩინა... _ გაიფიქრა და გაეღიმა.
***
_ ემას, ბატონო, ახლა 2-საათიანი შეხვედრა აქვს და გთხოვთ, დაიცადოთ. _ უთხრა მდივანმა და ერიკი კაბინეტში არ შეუშვა.
ისიც იძულებული გახდა, დივანზე ჩამომჯდარიყო.
_ ემა! ერიკ ფრანკი გკითხულობთ!
_ ახლა დაკავებული ვარ. უთხარი, 2 საათში მოვიდეს, თუ სასწრაფო არაფერია!
კამილამ სიტყვასიტყვით გადასცა გამომძიებელს ქალის დანაბარები.
ერიკმა დაცდა ამჯობინა. დაახლოებით 10 წუთში ვერტმფრენის გუგუნის ხმა გაისმა.
_ რა ხმაა?! ვერტმფრენი... საიდან ისმის? _ ფეხზე წამოიჭრა მამაკაცი.
_ ქალბატონ ემას შეხვედრა აქვს, ამიტომაც გადაფრენა უწევს, ზემოთ ასასვლელი მისი კაბინეტიდანაა. ზუსტად 2 საათში დაბრუნდება.
_ მე გამომძიებელი ვარ. ვისთან აქვს შეხვედრა?!
_ ბატონო, ამის თქმის უფლება არ მაქვს. თავად ქალბატონ ემას ჰკითხეთ... _ თქვა ქალმა და კაცს დასალევი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
ერიკი ფანჯარას მიუახლოვდა და გადაიხედა.
ვერტმფრენი დაჯდა თუ არა, ემა ჩამოვიდა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა დიდი ყავისფერი შენობისკენ. თეთრ ხალათში გამოწყობილმა დიდ მანქანებს და დანადგარებს გვერდით ჩაუარა. დააკვირდა, როგორ ნაზად ისხმებოდა შავი სითხე ყალიბებში და როგორ ეყრებოდა ყველა მათგანს ქოქოსის შემდეგ თხილი, როგორ ცივდებოდა და იფუთებოდა ერთდროულად ერთად გამზადებული ამდენი შოკოლადი.
ემამ ხალათი გაიხადა და გამჭვირვალე მინის კედელს გასცდა. რამდენიმე საფეხური აიარა, ფართო კაბინეტში შევიდა.
მაურისიო რამოსთან საუბრის შემდეგ გაღიმებულმა გამოართვა კაცს შოკოლადით სავსე კალათა, დაემშვიდობა და ისევ ვერტმფრენში ავიდა.
სანამ უკან დაბრუნდებოდა, ემამ მდივანს დაურეკა:
_ მანდ არის?!
_ დიახ! _ უპასუხა კამილამ და ემამაც სთხოვა, სადილი შეეკვეთა ორ კაცზე და კაბინეტში შეეტანა.
მდივანი მაშინვე დაფაცურდა.
ამასობაში ემაც დაბრუნდა.
მწვანე ზედა, თეთრი მოკლე ქვედაკაბა და თეთრი ფეხსაცმელი ეცვა, რომელსაც გარშემო თვლები ჰქონდა ჩაყოლებული. ფეხსაცმელს ძირზე კი კომპანიის სახელი და ლოგო ეხატა, რომლის მფლობელიც ემა იყო. ხელში მწვანე ჩანთა ეჭირა. იგი ვერტმფრენიდან ჩამოვიდა და იმავე გზით კაბინეტში დაბრუნდა. ჩანთა დადო, სააბაზანოში, რომელიც მის კაბინეტს ესაზღვრებოდა, ხელები დაიბანა და მდივანს დაურეკა, შემოვიდესო.
ერიკი რომ შემოვიდა, ემა არც კი განძრეულა.
_ გამარჯობა, _ თქვა კაცმა და მისკენ დაიძრა. ემამ შეამჩნია, უცნაურად რომ უყურებდა და მკაცრად მიმართა:
_ გამარჯობა, ბატონო ერიკ... ხომ არ გვესადილა? _ და მაგიდისკენ ანიშნა.
_ გმადლობ, არ მშია. _ უპასუხა გაბრაზებულმა.
_ თუ ასეა, მარტო მივირთმევ, პრობლემა არ არის. _ თქვა ქალმა, ადგა, გვერდით ჩაუარა გამომძიებელს და მაგიდას მიუჯდა. ერიკმა თვალი გააყოლა. ახლა დააკვირდა, რომ ტანსაცმელი გამოეცვალა. დილით სხვა ეცვა, ახლა სხვა. გაუკვირდა, მაგრამ არ შეიმჩნია, ქალს უკან მიჰყვა და მაგიდასთან ცარიელი სკამი დაიკავა.
ემა ჭამას შეუდგა.
_ რა ხდება, რამ შეგაწუხა?! _ თან ილუკმებოდა, თან შეეკითხა.
_ არც ისეთი მატყუარა ყოფილხარ, ზუსტად 2 საათში დაბრუნდი! _ ცინიკურად შენიშნა კაცმა.
_ ზუსტად ვიცი, როცა შეხვედრაზე მივდივარ, რაზე უნდა ვილაპარაკო და რამდენ ხანს! _ და ისევ გააგრძელა ჭამა. _ 2 საათია აქ ხარ. ჭამე რამე, არ მოგწამლავ!
`უკვე ბევრჯერ მოვიწამლე შენი კოცნით და სილითაც~. _ უნდოდა ეთქვა, მაგრამ შერცხვა და თვითონაც გადაიღო თეფშზე ცოტა საჭმელი.
_ ტანსაცმელი სად გამოიცვალე?!
_ აქ. რა იყო?!
_ აქ სად გქონდა ტანსაცმელი?!
_ გარდერობში მაქვს ცალკე, რაც შეხვედრების დროს დამჭირდება!
_ ჩემს დას რომ იცნობ, იცი?!
_ ვიცი. _ მიუგო და დაამატა, _ ჭამის დროს ლაპარაკი არ შეიძლება! _ ისეთი მკაცრი ტონით წარმოთქვა, რომ მიახვედრა, მაცალე ჭამა და მერე გააგრძელე შენი სისულელეებიო. ერიკიც გაჩუმდა და თავის თეფშს მიუბრუნდა.
_ ფედერიკოს სეიფი გავაღეთ, იქ კი შენს სახელზე წერილი ვიპოვეთ, _ თქვა ერიკმა და ქალს წერილი გაუწოდა:
`ემა, ეს თანხა შენია. 70 000 დოლარი~. წაიკითხა ემამ. ამ დროს ხველება აუტყდა.
_ სახლის სეიფში იყო. კოდი _ `მკვლელობა შავი იებით~. გილოცავ! შურისძიებაც მორჩა და გამდიდრდი კიდევაც!
ჯანდაბა! აქ რომ მოდიოდა, აპირებდა დისშვილის გადარჩენისთვის მადლობა ეთქვა, მაგრამ როცა გზაში დაურეკეს და უთხრეს, ფედერიკოს სახლში სეიფი ვიპოვეთო, მაშინვე იქ გაჩნდა. სეიფი გააღეს, სადაც ეს თანხა და ემასთვის განკუთვნილი წერილი იდო. ვიღაცა ჰაერზე რატომ უნდა ჩუქნიდეს 70 000 დოლარს, თუ დამნაშავე არ არის?!
_ მომბეზრდა ეს ყველაფერი! _ იყვირა ემამ და წამოხტა: _ ალბერტოს დაურეკე და უთხარი, მაგ თანხას რამე მოუხერხოს! მე არაფერში მჭირდება ეს ფული!
_ რატომ, ბინძური ფულია და მაგიტომ?! თუ სისხლითაა მოსვრილი?!
ემამ წვენი აიღო და სახეში შეასხა.
_ ჩემს კაბინეტში ყვირილს ვერავინ გაბედავს, მით უმეტეს, შენ! საქმე დაიხურა და მომშორდი! დაცვა! _ იყვირა ემამ და უცბად ორი კაცი შემოვარდა.
_ ახლავე გააცილეთ ეს ბატონი აქედან!!!
_ ემა... ამას არ შეგარჩენ, იცოდე, ხომ არ დაგავიწყდა, ვინ ვარ!
_ ერთი იდიოტი! _ მიაძახა ქალმა და კარიც მიხურეს.
ემა მაგიდას დაუბრუნდა და მშვიდად ჭამა გააგრძელა. მერე მაგიდა თვითონვე აალაგა და ხელოსნებთან ჩავიდა. სამკაულებს ხელი შეახო, გაეღიმა, ყველას მადლობა გადაუხადა ასეთი სილამაზის შექმნისთვის. რამდენიმე ხანი დაყო სახელოსნოში, სამკაულები გულდასმით დაათვალიერა, მერე სამზარეულოში შევიდა და კარლოს მიადგა.
_ ამას გავსინჯავ, თუ შეიძლება... _ თქვა და ბედნიერმა მოსვა მწკლარტე გრილი წვენი, შემდეგ კაცს ახედა: _ შოკოლადის შეფმა შოკოლადი გამასინჯა, უარი ვეღარ ვუთხარი და დავაგემოვნე... _ კალათას გადახედა, რომელიც კამილას ჩამოატანინა სამზარეულოში და მოფუსფუსე პერსონალს მიუბრუნდა: _ ყველამ მიირთვით, _ დაიბარა და წვენის ჭიქით დაიძრა კარისკენ...
მდივნის მაგიდასთან მივიდა, რომელზეც კამილას მობილური იდო და გაუჩერებლად რეკავდა. ტელეფონს დააცქერდა, მერე მაგიდაზე შემოდებულ ქაღალდებს დაავლო ხელი. ამ დროს მდივანიც გამოჩნდა.
_ ემა, აქ ვარ. გინდათ რამე?!
_ არა. რა იყო, მორბოდი?!
_ ვიფიქრე, რამე ხომ არ უნდა-თქო და ამოვირბინე.
_ მე არა, _ თქვა და გაეცინა, _ ტელეფონზე გირეკავდნენ. ჯობს გადაურეკო, ვიღაცა შენზე ნერვიულობს...
_ მე, ემა...
_ შეყვარებულის არყოლა არ მიბრძანებია ჯერ! _ თქვა სიცილით და კაბინეტს მიაშურა.
სამომავლო გეგმა ჩამოწერა და კალამი მაგიდაზე დადო. კარგა ხანს კი იმუშავა. საათს დახედა, ათი დაწყებულიყო. აივანზე გავიდა და გადაიხედა. რომ მიხვდა, ერიკი არ მივიდოდა, მშვიდად გამოვიდა ოთახიდან. მდივანს გეგმა დაუტოვა, დაემშვიდობა და ლიფტში შევიდა. ეზოში გასულმა ფეხით გაისეირნა, მინდორს თვალი მოავლო, სადაც ყვავილები წამოზრდილიყვნენ და ქვაფენილზე განაგრძო სიარული. მუხრუჭების ხმაზე უცბად გაჩერდა.
_ წინ იყურე! _ დაუყვირა ერიკს, მანქანას მოუარა, ჩაჯდა და კარი მოიჯახუნა, _ რატომ მოხვედი! მეგონა, არ მოხვიდოდი!
_ მე სიტყვას ყოველთვის ვასრულებ! _ უპასუხა ერიკმა და მანქანა დაძრა...
_ სახლში ჩემი და და დისშვილია, _ დაიწყო კაცმა, მაგრამ ემამ სიტყვა არ დაასრულებინა.
_ სასტუმროში წამიყვანე და ჩემი ჩანთები ცოტა ხნით შეიფარე!
_ არ მითქვამს სასტუმროში წადი-მეთქი! უბრალოდ, გითხარი, რომ ჩამოვიდნენ! _ თქვა და მანქანა თავის კორპუსთან გააჩერა.
ემა სახლში შეატარა. ამ დროს ბავშვი გამოვარდა შესახვედრად და ემას დანახვაზე შეჩერდა.
_ გამარჯობა, პრინცესა... _ მიესალმა ემა და გაუღიმა, _ არ ჩამეხუტები?! _ ბავშვმა ხელი მოხვია და აკოცა. _ რა საყვარელი ხარ... ამ იდიოტის დისშვილი როგორ ხარ!
ხმაურზე ერიკის დაც გამოვიდა.
_ გამარჯობა, ემა, როგორ ხართ?!
_ კარგად, გმადლობთ, თქვენ?!
_ მეც კარგად.
_ მე, უბრალოდ, ჩანთებს ავიღებ და წავალ...
_ არა, რას ამბობ! მე სხვა ოთახში გადავბარგდი უკვე, შენ ჩემს ოთახში დაიძინე. საჭმელი გავამზადე, ხომ შეჭამ ჩვენთან ერთად?!
_ მეე... ცოტას, მაშინ. _ თქვა და მისთვის განკუთვნილ ოთახს მიაშურა გამოსაცვლელად. რამდენიმე წუთის შემდეგ საშინაო ფორმაში გამოწყობილი შევიდა სამზარეულოში, სადაც ბავშვის ტიტინი და კაცის ხმა ისმოდა.
_ შენ რატომ არ გძინავს, პატარა ქალბატონო?! _ შეეკითხა ბავშვს, რომელმაც მისკენ მოიხედა.
_ მე ჯერ არ მეძინება, თან მშია... შენ გელოდებოდით.
_ ემილია! _ დაუძახა დედამ შვილს.
ბავშვი დაიჭყანა, შენიშვნა რომ მისცეს და მაშინვე გაჩუმდა.
_ მაშინ ბოდიში... ახლა შეგიძლია მიირთვა საჭმელი, _ ღიმილით მიმართა პატარას ემამ და სხვებთან ერთად სავახშმოდ დაჯდა.
ჭამას რომ მორჩა, მადლობა გადაუხადა ერიკის დას და თავის საძინებელს მიაშურა, ლოგინი გაიმზადა და კვლავ სამზარეულოში გატრიალდა წვენის დასალევად. სიბნელეში მოულოდნელად მის გვერდით ვიღაცამ ჩაახველა. შეცბუნებული მოტრიალდა.
_ მეგონა, უკვე გეძინა!
_ ჯერ არა! _ ცივად თქვა და ჭიქა დადო თუ არა, ისევ თავისი ოთახისკენ გასწია.
***
დილას ერიკმა და და დისშვილი გააცილა, ცოტა ხნით დედასთან გადავალთო და მარტო დარჩა თუ არა ემასთან, ჩაეღიმა. ქალმა გაიღვიძა, სააბაზანოში შევიდა და წყალი მოუშვა. თავის საყვარელ შამპუნს დაუწყო ძებნა, რომელსაც სულ ხმარობდა და თაროზე დატოვა... მაგრამ არსად იყო... მერე ოთახში გავიდა პირსახოცმოფარებული, მაგრამ იქაც ვერსად იპოვა. ისევ უკან შებრუნდა... არადა, ბოთლი სავსე იყო, გამოდის, აბაზანის იქით არსად წაიღებდა. იფიქრა, ბავშვს ხომ არ დაუმალეს სადმეო და ისევ გარდერობს მიუბრუნდა, ზემოთ განლაგებულ მინის თაროებს ახედა და რომ ვერ ნახა, გაკვირვებული ისევ სააბაზანოში გავიდა.
_ ამას ხომ არ ეძებ?! _ მოესმა ამ დროს და უცბად პირსახოცი ჩამოუვარდა სხეულიდან, ფეხიც გაუსრიალდა, მაგრამ დაცემას გადარჩა, რადგან დაიჭირეს. სხეულზე ცივი ხელების შეხება იგრძნო და იყვირა:
_ შენ!!! მითვალთვალებდი? როგორ არ გრცხვენია!
_ შიშველ ქალს ვუყურო თუ არა, შენ არ დაგეკითხები!
_ გამიშვი! ნუ მიყურებ მაინც! სულ არ გრცხვენია!!!
_ ლამაზი ქალის დანახვისას არა!
_ გავიყინე! ამ ცივ კაფელზე ასე დიდი ხანი უნდა ვიდგე?!
ერიკმა ხელში აიტაცა, სააბაზანოდან გაიყვანა და ლოგინზე დააგდო, მერე პლედი გადააფარა და ისევ მკლავებში მოიმწყვდია.
_ ქალს სულ ასე სულელურად იჭერ?!
_ კი. პირველად დავიჭირე ასეთი ცივი მშვენიერი ქალი შიშველი, თანაც აბაზანაში! _ ერიკმა ჭრილობა შეამჩნია მის ხელზე და დის ნათქვამი გაახსენდა. ქალს ხელი დაუჭირა, ტუჩებთან მიიტანა და ნაზად შეეხო მის ნაიარევს.
ქალს გააჟრჟოლა და დაუყვირა:
_ როგორ არ გრცხვენია, ბავშვი და შენი დაა სახლში!
_ დედასთან წავიდნენ! ნუ გეშინია, მარტონი ვართ! რატომ არ მითხარი, ჩემს დისშვილს და დას ასე ახლოს თუ იცნობდი?!
_ იმიტომ, რომ შენ მარტო მკვლელობა გაინტერესებდა! ჩემთან ხომ 70 000-მა დოლარმა მოგიყვანა, თუმცა დაგაგვიანდა! ეგ თანხა მე არ მაქვს! ასე რომ, სხვა მდიდარ ქალს შეუვარდი აბაზანაში!
_ ვისაც მინდოდა, იმას შევუვარდი და კმაყოფილიც ვარ იმის დანახვით, რაც ვიხილე! შამპუნს ისე ეძებდი, მომინდა, ეს სხეული უფრო ახლოს მენახა, ამიტომაც გამოვჩნდი, მოურჯულებელო!
_ გეყოფა, მორჩი! _ ემამ გაიბრძოლა და შიშველი სხეულით აფართხალდა. ერიკმა ხელი არ გაუშვა, ისევ დახედა ქალის ნაიარევს და კვლავ აკოცა. მერე უცბად მოშორდა და უკან დაიხია. ქალმა გაბრაზებულმა ახედა კოცნის გამო და იდიოტოო, დაუყვირა! ერიკს ჩაეღიმა და ქალს დახედა, პლედს რომ იფარებდა შიშველ ტანზე და კმაყოფილმა უთხრა:
_ კაბინეტიდან რომ გამომაგდე, აბა რა გეგონა... _ ამ სიტყვებით კარისკენ დაიძრა.
გაბრაზებული ქალი წამოვარდა და პლედიანად შევარდა სააბაზანოში. შამპუნის ბოთლი მოიმარჯვა, მაგრამ ხელიდან გაუსრიალდა.
_ რატომ?! რატომ აღწევს ეს ადამიანი ჩემში! რატომ მავიწყებს ტკივილს... _ თქვა და წყლის ცივ ჭავლს შეუდგა, რომ გამოფხიზლებულიყო.
_ რომ არ გავქცეულიყავი, გავიცნობდი ამ კაცს?! რომ არ გავქცეულიყავი და ეს კაცი გამეცნო, იქნებ ის ამბავი არც მომხდარიყო?! რატომ მოვხვდი მაინცდამაინც ჩემი უფროსის კლანჭებში და რატომ არ მომეცა იმ დროს ძალა, მისთვის გამერტყა, რატომ შევიკავე თავი? შიშის გამო თუ იმის გამო, რომ იქიდან სუფთად გამომეღწია? მე არაფერი დამიშავებია, არაფერი! არაფერი დამიშავებია, არაფერიიიი! არაფერი დამიშავებია!!! _ ბოლო სიტყვები განწირულივით დაიყვირა და აბაზანიდან გადმოვიდა. პირსახოცს ხელები მოუჭირა და თავი დახარა. ამ დროს ხელის შეხება იგრძნო და უცბად ასწია თავი.
_ რატომ თქვი, არაფერი დამიშავებიაო?! რა მოგივიდა, ემა... ამიხსენი! _ შეეკითხა კაცი და ორივე ხელით მხრებში ჩააფრინდა.
_ გამიშვი! შენი საქმე არაა! _ დაუყვირა ერიკს და მისი ხელების მოშორება სცადა. ფრჩხილები მწარედ ჩაასო მაჯებში. კაცი გაოცებული მისჩერებოდა.
ქალმა სახეზე წყალი შეისხა:
_ არ იფიქრო! არ იფიქრო! _ შეუძახა თავის თავს, _ მაინც ვფიქრობ! მაინც ვფიქრობ! ვერ მოვიშორე ეს ფიქრები! ეს საშინელი ფიქრები! _ წამოიძახა და ისევ შეისხა სახეზე წყალი, _ დამანებე თავი! დამანებოს თავი იმ დღემ და მომშორდეს! რატომ მიძვრება ტვინში და რატომ მახსენებს იმ სასტიკ დღეს! როგორ ვნანობ! ვნანობ, რომ იქ მოვხვდი! ვნანობ!!! _ თქვა და როგორც კი ერიკი კვლავ შეეხო, მზერა მოარიდა და ოთახისკენ გაიქცა.
_ ემა! რატომ გარბიხარ და იმალები? ამიხსენი!
_ დამანებე თავი! _ იყვირა კარს მიღმა. _ შენ ვინ ხარ, ანგარიში რომ ჩაგაბარო! არავინ არ ხარ, ერიკ! დაუბრუნდი შენს საქმეებს, მე დამანებე თავი!
_ კარგი, ემა! _ თქვა კაცმა და კარს მოშორდა.
ემამ სწრაფად ჩაიცვა, თმა გაიშრო, ჩანთებს ხელი დაავლო და მაშინვე გარეთ გავარდა. კართან მიახლოებულმა კაცს გასძახა, მადლობა ოთახისთვისო. ამ დროს ერიკი გადაეღობა წინ და მაჯაში ხელი წაავლო:
_ სად მიდიხარ?!
_ სასტუმროში!
_ არ მომიცია წასვლის ნება!
_ არც მე მითხოვია ნებართვის აღება! მინდა და მივდივარ! _ თქვა და ისევ ჩანთებს დასწვდა. მერე ქარივით გაიჭრა გარეთ და ძირს ჩასულმა ტაქსი გააჩერა..
სასტუმროს ნომერი აიღო, ჩანთები იქვე დაალაგა და იმავე ტაქსით სამსახურში წავიდა. კამილას მიესალმა და კაბინეტში შევიდა. მდივნის შემოტანილ გეგმას დახედა და მერეღა ჩაეშვა სავარძელში ჩაფიქრებული.
თვალები დახუჭა, ფიქრებში ჩაიძირა. ცოტა ხანში ჩათვლიმა. ძილ-ბურანში ისევ უმეორებდა საკუთარ თავს, არაფერი დამიშავებიაო. ხმამაღლაც წამოიძახა და უცბად იგრძნო ხელზე შეხება, თან ხმაც გაიგონა:
_ ემა... გაიღვიძე, სიზმარი იყო, ცუდი სიზმარი, _ ერიკი მის გაღვიძებას ცდილობდა.
ემამ თვალები გაახილა და კაცს ხელი ჰკრა:
_ წადი! წადი!
_ არა, ემა არა!
_ წადი, ერიკ, წადი... _ თქვა ჩუმად და წამოდგა, აივნისკენ გადადგა ნაბიჯი.
_ არა, აქ მინდა ყოფნა... დღეს ვერ გცნობ, ცუდად ხარ... _ თქვა კაცმა.
ემა მსწრაფლ მისკენ მიტრიალდა:
_ ერიკ! უნდა წახვიდე! წადი! _ მკაცრი ტონით წარმოთქვა და აივნისკენ ნაბიჯი გადადგა.
***
ემას გამო დაბოღმილი გამომძიებელი შინ რომ დაბრუნდა, მის ოთახში შევიდა და საწოლზე ფული დაინახა. გაბრაზებულმა მაშინვე ქალის სამსახურისკენ აიღო გეზი. კაბინეტთან მისულს ხმა მოესმა და ეგრევე ოთახში შევარდა. ქალი ძილში საუბრობდა, რისიც ძალიან შეეშინდა, სულ დაავიწყდა ხელში ჩაკუჭული ფული.
ერიკმა ახლაღა დახედა ფულს, რომელიც ხელში ეჭირა.
_ მე ეს ფული არ მინდა! _ კბილებში გამოცრა და მაგიდაზე დაუგდო. მერე ჯიბიდან კონვერტი ამოიღო და ფულს ზედ დაადო, _ ეს ფული შენი გაყიდული ბინისაა! კარგად იყავი. _ დაამატა და კარი გაიჯახუნა.
მანქანას მიაქროლებდა და გულში ფიქრობდა: `არაფერი დამიშავებიაო, ძილში ყვიროდა. ნუთუ რეალურად მართლა რამე დააშავა და ამიტომაც სძინავს ასე ცუდად? მე რომ გავიგონე მისი ნათქვამი, ამიტომ გამომაგდო?! მაინც რა დააშავა ასეთი?! არა, ასეთი ვერ იქნება, ქალი, რომელიც მე მომეწონა, ვერ იქნება ასეთი!~ _ გამწარებული კაცი საჭეს ურტყამდა ხელს.
მდივნის და დაცვის სიტყვები, უკაცრავად, ვერ მოვასწარით მისი შეკავებაო, ემას აღარ აინტერესებდა. აივანზე გავიდა, სკამზე ჩამოჯდა და გარემოს გადახედა. ცოტა ხანს ასე იჯდა გარინდებული, მერე კვლავ კაბინეტში შებრუნდა. ამდენი ფიქრისგან გაბრუებულმა და დაღლილმა მაგიდას მოავლო თვალი, ფულს დასწვდა და უჯრაში გადაუძახა.
მერე სასმელი ჩამოისხა და ყინულით სავსე ბოკალი ხელებში მოიქცია. შეანჯღრია. მერე ისევ ჩაამატა ყავისფერი სითხე...
უაზროდ იყო. გარდერობი გამოაღო და ტანსაცმლის შელაგებას შეუდგა. რამდენიმე კაბა ჩამოკიდა საკიდარზე და ისევ ჩანთისკენ დაიხარა დანარჩენი ტანსაცმელის ამოსაღებად.
მერე კვლავ ბოკალს დასწვდა. კაბების რიგს თვალი გადაავლო და ისევ მოსვა ყინულიანი სასმელი...
_ ბატონო, არ შეიძლება-მეთქი! _ მოესმა ამ დროს კამილას ხმა.
_ სადაა?! _ კაცი გაცეცხლებული ყვიროდა და ზუსტად ამ დროს კარიც შემოგლიჯა.
_ დაგვტოვე! _ უღრიალა ერიკმა მდივანს. ემამაც თავი დაუქნია კამილას და ისიც გაუჩინარდა.
_ ვიფიქრე, მუშაობს-მეთქი, შენ კიდევ სასმელში იხრჩობი! _ იქვე დადებული ბოკალი შენიშნა კაცმა და ქალს შეხედა, რომელიც გარდერობში ტანსაცმელს ალაგებდა.
_ ნუ ყვირი! _ მშვიდად ჩაილაპარაკა ქალმა, თან გარდერობი მიხურა.
_ მითხარი, ემა, რა მოხდა. დაგეხმარები... მომიყევი... _ კაცი ქალს წინ აესვეტა, ხელები მოხვია, მიიხუტა და ჩუმად გააგრძელა, _ დაივიწყე შენი ცივი, ჭირვეული ხასიათი და თბილად ვილაპარაკოთ... _ მერე თავზე ხელი გადაუსვა, უკან გადაუწია და თვალებში ჩახედა. ემამ თვალები დახუჭა. ერიკმა ხელში აიყვანა, დივანზე დააწვინა, თვითონ კი გვერდით ჩამოუჯდა და მის თმას შეეხო: _ დაივიწყე ყველა და ყველაფერი... დაივიწყე ალეხო ტორეც და წარსულიც... ემამ ჩუმად ამოილაპარაკა:
_ ის ჩემი პარტნიორია...
_ ზუსტადაც!
_ ბიზნესპარტნიორი და არა სხვა პარტნიორი, _ თქვა ქალმა და გაეღიმა. შემდეგ ჯერ კაცის ხელი იგრძნო, მერე კოცნა და გულმა გამალებით დაუწყო ცემა. ამწუთას ყველა ტკივილი დააავიწყდა და მოდუნდა. ერიკი მისი სახიდან ყელს ჩამოუყვა...
_ გეყოფა, ერიკ... _ თქვა ემამ და თვალების გახელა დაეზარა, როცა კაცმა მიუგო:
_ ჩუ... დამშვიდდი, დაწყნარდი... ყველაფერი ცუდი დაივიწყე... _ და თვალებში ჩახედა, გაუღიმა. კაცი დივანს მიეყრდნო და ქალის სხეული ზურგით მიიხუტა.
_ სად იყავი წუხელ და ვის შეხვდი?! _ შეეკითხა.
_ ჟურნალისტებს შევხვდი. მერე შოკოლადის ქარხანაში ვიყავი, მაინტერესებდა, როგორ აკეთებენ შოკოლადს და უფროსსაც ველაპარაკე. _ მშვიდად გაისმა ემას ხმა.
_ რაზე?!
_ ჩვენების საქმეზე, _ თქვა და მისკენ მიაბრუნა სახე, _ ამოწმებ, გატყუებ თუ არა?! _ იკითხა და ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ კაცმა ისევ ჩაიხუტა.
_ არ დაგავიწყდეს, მე ვინ ვარ... ყოველთვის ვიცი, როდის ამბობ ტყუილს და როდის არა... ვიცი, როგორ მალავ გაბრაზებული მომუშტულ ხელთათმანიან ხელს... _ თქვა და ქალს თვალებში ჩახედა: _ ჩემი გეშინია?!
ქალმა შეხედა და ჩაეღიმა:
_ არა, _ უთხრა და კაციც ბედნიერი დაიხარა მის საკოცნელად...
უეცრად ქალი წამოხტა და კვლავ გარდერობს მიაშურა საქმის გასაგრძელებლად... კაცი მის მოძრაობას ყურადღებით აკვირდებოდა. ბოლოს ღიმილით თქვა:
_ მგონი გამოფხიზლდი და სიარულიც აღარ გიჭირს... _ ამ სიტყვებით ბოკალს ხელი დაავლო და ქალის ხმაც გაიგონა: _ სად მიგაქვს?!
_ უკვე აღარ გჭირდება, გადავაქცევ... _ თქვა და სააბაზანოში გავიდა. მალევე მობრუნდა უკან, ისევ დივანზე მოკალათდა და რბილად დაიწყო: _ არ მეტყვი, რისი გეშინია?! რა არ გასვენებს?!
_ ახლა არა... _ თქვა ქალმა და დაცარიელებული სამგზავრო ჩანთა გარდერობში შედო.
საქმეს მორჩა თუ არა, ისევ სავარძელში ჩაესვენა, კაცსაც ანიშნა, ახლოს დაჯექიო, თვითონ კი სადღაც დარეკა...
უკვე ცივ წვენს სვამდნენ ორივენი და ერთმანეთს თვალებში შეჰყურებდნენ. ქალს ჩაეღიმა და კაცს მზერა მოარიდა:
_ ვიცი, გამომძიებელი ხარ, მაგრამ მაინც ვერ გაიგებ, რატომ წამოვედი სამსახურიდან... _ თქვა და მაგიდაზე შემოდებული ნახატები ერიკისკენ შეატრიალა: _ რომელიმე მოგწონს?!
კაცი წამოდგა, ემას მიუახლოვდა, ნახატები გვერდზე გასწია, ქალის სავარძელს ხელი ჩაავლო და თავისკენ მისწია: _ შენ მომწონხარ... _ თქვა და საკოცნელად მიეტანა. ქალმა თავი გვერდზე მიაბრუნა და კაცმაც უკან დაიხია, მერე ნახატებს გადახედა, _ ყველა ლამაზია...
ქალმა მადლობა გადაუხადა, ბინის გაყიდვაში რომ დაეხმარა. ერიკი კვლავ საკოცნელად მიეტანა, მაგრამ ემამ მკაცრად ახედა:
_ კმარა! ერიკ! დროა წახვიდე! _ უთხრა და ადგა. კაცმა ქალის ხელი თავის ხელში მოიქცია და ქალი მიიზიდა. ემას გაახსენდა, ერიკმა კაბა რომ გაუხია და ხმამაღლა უთხრა: _ ერთი ჩემი კაბა უკვე შეიწირე განყოფილებაში და ამასაც ნუ შეიწირავ, თორემ ძვირი დაგიჯდება...
კაცს გაეცინა:
_ შენი ბრალია... _ უჩურჩულა და ქალის ტუჩებისკენ დაიხარა...
ქალი ძლივს სუნთქავდა მის კოცნაში ჩაფლული. თავზე ხელის შეხებაც რომ იგრძნო, უფრო მოდუნდა. ეგონა, მთლიანად დამიცარიელეს თავი ტკივილისა და ფიქრებისგანო და მშვიდად დაჰყვა კოცნას, რომლითაც ტკბებოდა და მასში იძირებოდა.
კაცი ქალს მოშორდა და აივანზე გავიდა. კედელს მიეყუდა და როგორც კი ჰაერი იგრძნო, გონს მოვიდა. კოცნისგან მიღებულ ქალის სითბოსა და სიმშვიდეს ისევ გრძნობდა და უკან დაბრუნდა. ქალს სავარძელში თვალები დაეხუჭა და იღიმებოდა. ახსენდებოდა კაცის კოცნა, მისი ხელის შეხება თავზე და ტკივილის განდევნა. კაცმა სავარძელი შეატრიალა და ქალმაც გაახილა თვალები. ერიკმა ნიკაპი აუწია, თვალებში ჩახედა და ჩუმად უჩურჩულა:
_ ძალიან მომწონხარ... _ მერე ხელი გადაუსვა ქალის ბაგეებს: _ მომწონს შენი ტუჩების ყველანაირი გემო... _ და აკოცა...
ცოტა ხანში ქალის სავარძელს მოშორდა და გასასვლელისკენ დაიძრა: _ აღარ დალიო... _ უთხრა, როგორც კი კარი გააღო: _ არავინ დავინახო შენს სიახლოვეს შენი პარტნიორების გარდა და ისინიც კონტროლში გყავდეს! _ მკაცრად წარმოთქვა და გავიდა.
ემამ დღის გეგმას დახედა და ჩაეღიმა.
_ შოკოლადი... _ თქვა და დასახატად წამოდგა. ბევრი ჰქონდა დასახატი და ახლა ფანტაზიაც მოეძალა. 3 საათი იმუშავა და კაცის კოცნაზე ჩაფიქრებული იძირებოდა თავის ნახატებში... კოცნა ახსენდებოდა, რომელიც გულს უთბობდა და ყველა ტკივილს შთანთქავდა. სიამოვნებით იხსენებდა მის სიახლოვეს და ფანქარს ხელში ათამაშებდა.
უცებ სმს მიიღო: _ ერიკ ფრანკი, 1000 დოლარი.
ერიკს სმს გაუგზავნა: _ არ მეგონა, ასე იაფი თუ ვღირდი!
`ეგ მხოლოდ შენი კაბის ფულია და თუ აკლია, მითხარი~.
`კაბაზე მეტი ვალი გაქვს! იმის გამო, რომ მანდ მაყურყუტე მაგ კაბით~.
`ისედაც ნახევრად გახდილი იყავი, ბარემ ისიც გაგეხადა, გადაურჩებოდა დახევას და გადაგდებას~.
`არ გადამიგდია! ვერ ვიცვამ იმიტომ, რომ იქაურობას მაგონებს!~
`აქაურობა ცუდია?! კაბა უკვე გაკერე?~
ემამ ღიმილი გაუგზავნა: `არ მეგონა, თუ კარგი იყო საკანში ქალის გამომწყვდევა. ჯერ არ გამიკერავს~.
`მართალია, არ იცი როგორია შენნაირი ქალის იქ გამოკეტვა!~
ემას გაეღიმა და სმსი აღარ მისწერა. ტელეფონს დახედა და კაცის სმსი წაიკითხა: `ემა! მხოლოდ იმიტომ გამოგკეტე საკანში, რომ ისევ არ შემომეხია შენთვის კაბა, ისეთი საინტერესო იყავი~... _ წაიკითხა ქალმა და უცბად ფანქარი ხელიდან გაუვარდა. გაბრაზებული დაიხარა მის ასაღებად.
`მადლობაც მაქვს სათქმელი?!~
`კოცნით~... _ წაიკითხა და გაბრაზებულმა მისწერა: `ერიკ, იმუშავე და ნუ მაცდენ!~
`კარგი...შეხვედრამდე!~
`შეხვედრამდე~, _ მხოლოდ ეს ერთი სიტყვა გაუგზავნა ქალმა და საქმეს მიუბრუნდა.
***
ემა სასტუმროში არ მისულა. უკვე 10 საათი იყო. ერიკი ელოდებოდა. მერე გაგიჟებული, რომ ქალი აღარ გამოჩნდა, ისევ სამსახურში მიეჭრა, მაგრამ იქაც ვერ იპოვა. ბოლოს ტელეფონს ეცა და დაურეკა, მაგრამ არავინ უპასუხა.
_ გამაგიჟებს ეს ქალი! _ გაბრაზებული ისევ სასტუმროში დაბრუნდა, ემას ნომერში შევიდა, შუქი არც აუნთია, ისე მიაღწია მის ლოგინთან, ზედ დაჯდა და ფრანკოს დაურეკა:
_ ახლავე გაიგე, სად არის ემა და სასწრაფოდ დამირეკე!
3 წუთში ფრანკომ დარეკა:
_ ვიღაც კაცთან ერთად არის ოთახში.
ერიკმა შეჰყვირა და ნომრიდან გასავარდნად მოემზადა.
_ ჰო, კაცთან ერთად, _ წარმოთქვა ამ დროს სიცილით ქალმა, ლოგინთან მივიდა და მობილური ხელიდან აართვა კაცს. _ ფრანკო, მადლობა... _ ჩასძახა ტელეფონში და გათიშა.
_ სად იყავი? რამდენი ხანია გირეკავ! სულ გაგიჟდი?!
_ ინერვიულე?! _ იკითხა ქალმა და ისევ გაიცინა.
კაცმა ხელი წაავლო და ლოგინზე დასვა:
_ რაო, რამდენი მაქვს ვალი?! _ შეეკითხა ქალს და წამოაწვინა თუ არა, კოცნა დაუწყო... ქალმა უცბად ტელეფონის ფარანი აანთო და კაცს შეხედა.
_ რა გინდა ჩემს ნომერში?!
_ ვალს გადაგიხდი და წავალ! _ თქვა კაცმა, ტელეფონი წაართვა და შუქი აანთო. ის იყო, ისევ უნდა მოფერებოდა, რომ ემამ უცბად წამოიძახა:
_ არ მინდა...
კაცმა გაბრაზებულმა ახედა:
_ აბა რა გინდა?!
`რას მიშვრება ასეთს, ყველაფერს რომ მავიწყებს და წარსულის ტკივილს ვეღარ ვიხსენებ?..~ _ გაიფიქრა სასოწარკვეთილმა და უცბად მიუტრიალდა კაცს: _ ძილი ნებისა... სახლში წადი და დამასვენე.
კაცი ლოგინიდან წამოდგა.
_ ემა... მართლა წავიდე?! არ გინდა ვილაპარაკოთ?!
_ არა! _ დაუყვირა ქალმა.
კაცი ტელეფონს დასწვდა და ჩუმად გაიხურა კარი...
ემა მიხვდა, რომ ერიკის მოთმინების ძაფი გაწყდა და გაღიმებულმა აივანს მიაშურა.
***
ერიკმა ხელში აიღო ქალის შარფი. შეიგრძნო მისი სურნელი. ქალის კოცნა გაახსენდა და საწოლზე წამოწვა:
_ ემა... რატომ გაქვს ზოგჯერ ცივი და ზოგჯერ თბილი შემოხედვა... რატომ ხარ ხან მკაცრი, ხან თბილი... _ ჩაფიქრებული ადგა, მაგიდიდან საქაღალდე აიღო, ლოგინზე გაშალა და ქალის ფოტოს დააშტერდა. _ შენ მაინც რაღაც გაკავშირებს ამ მკვლელობასთან... რაღაც მაინც გაკავშირებს ამ ამბავთან... რატომ მოგცა ფული ფედერიკომ, თუ ერთმანეთს არ იცნობდით?.. რატომ არის შენს აივანზე იები?.. რატომ მოხვდა იები მკვლელობის ადგილზე?.. რას მალავ და რატომ მალავ?! _ წამოიძახა გაბრაზებულმა და ქაღალდები ხელში მოიქცია. რამდენიმე ფურცელი დაეჭმუჭნა და უცებ გაასწორა. მერე ერთად მოუყარა თავი ყველას და საქაღალდეში ჩააბრუნა. ისევ მკვლელობის ადგილს დაუბრუნდა მისი გონება. ისევ გაიხსენა სახელები, გვარები და ჩაფიქრებულმა საქაღალდე მაგიდაზე დადო. თვითონ კვლავ წამოწვა და ფიქრებში მიეძინა...
მეორე დილით სამსახურში მისულმა ფრანკო იხმო.
_ გაქცევა... _ თქვა ჩუმად და თანაშემწეს ახედა, მის წინ რომ იდგა გაკვირვებული.
_ ვინ გაიქცა?! _ შეეკითხა იგი და სკამზე დაჯდა.
_ ემა! _ დაიყვირა ერიკმა და ფრანკოც წამოხტა:
_ როგორ? სამსახურშია და...
ერიკმა საქაღალდე გადაშალა:
_ ახლა კი არ გაიქცა, სამი წლის წინ გაიქცა და ზუსტად იმ დროს დაბრუნდა, როცა მკვლელობა მოხდა!
_ ეს მან გითხრათ?!
_ ეს ქალი ტყუილის გარდა არაფერს ამბობს! ყოველთვის ცდილობს მომარიდოს მზერა, რომ მის თვალებში არაფერი წავიკითხო! ყველა მისი ფოტო მჭირდება! სასწრაფოდ!!! _ დაუყვირა ფრანკოს და ისიც დაფეთებული გაემართა კარისკენ.
_ უნდა ვიცოდე, ბოსტონში ვის ხვდებოდა! ალეხო ტორეს გარდა ვინ იყო მის სიახლოვეს, ყველა უნდა ვიცოდე! _ დაადევნა თანაშემწეს.
ფედერიკოს ნაჩუქარი ფული ემამ ალბერტო როჩეს გადასცა, რომელმაც იგი ღარიბებს დაურიგა, ამიტომ ემას ახლა სრულიად არ აინტერესებდა არც ფული და არც ეს მკვლელობები. მშვიდად იჯდა თავის კაბინეტში საქმეებში ჩაფლული.
მაგიდაზე იმდენი ფერადი ქვები დაალაგა, რომ ოთახი მათი ბრჭყვიალებისგან გაკაშკაშდა. ერთი ქვა ხელში აიღო და ესკიზებთან მიიტანა, კარგა ხანს აკვირდებოდა. მერე ქსოვილში გაახვია ყველა და სახელოსნოში გაგზავნა, თვითონ კი სამკერვალოში წავიდა.
დიდხანს დაყო სამკერვალოში. თხელი, სრიალა, გამჭვირვალე მასალა მუჭში მოიქცია და 30 ცალი დაუკვეთა, ზომების მიხედვით.
ემამ დახედა თავის ხელს, რომელიც უკვე მორჩენოდა და თავისუფლად გაიკეთა მაჯაზე საათი. სასტუმროს ოთახს ერთხელაც გადახედა და ჩაეღიმა, ისევ წარმოიდგინა კაცის აქ ყოფნა წინა ღამით. ის იყო უნდა გასულიყო და კარი დაეკეტა, რომ უცბად გაშეშდა, რადგან კურიერი დაინახა თაიგულითა და ბარათით ხელში.
ბარათი შეათვალიერა და გაკვირვებულმა წაიკითხა:
`მსურს თქვენთან ერთად ვივახშმო რესტორანში საღამოს 7 საათისთვის. გთხოვთ შემატყობინოთ, სად მოგაკითხოთ... არა იდიოტი ან კომისარ-გამომძიებელი, არამედ უბრალოდ ერიკ ფრანკი~... _ წაიკითხა და გაღიმებულმა დახედა თაიგულს. მისი სურნელი ქალის სხეულს მოედო და სრულიად გადაფარა სუნამოს არომატი, წამის წინ რომ იპკურა. მთელი გრძნობით შეისუნთქა თაიგულის სურნელი და ბედნიერმა გაიღიმა:
_ რა სურნელია... ცივი და ამასთანავე დამათრობელი...
სამსახურში მისულმა თაიგული თვითონ ჩააწყო ლარნაკში და კმაყოფილმა შეავლო მზერა წითელ ყვავილებს.
მერე მაგიდას მიუჯდა და ოქროსფერი კალმით მადლობის წერილი მისწერა ერიკს.
კაცმა გახარებულმა დახედა ოქროსფერ წარწერას და თავის სამუშაოს მიუბრუნდა, უნდოდა დრო საქმეებში გაეყვანა და ქალისთვის საღამოს მიეკითხა სამსახურში, როგორც ქალმა შეატყობინა.
***
კაბინეტში დაღვრილ ახალ სურნელში იჯდა ქალი და ესკიზებს ხატავდა...
ახალი ესკიზების ხატვაში საათები გაატარა. კარგა ხანი კიდევ ათვალიერა პირველი კოლექციის საბოლოო მონახაზი. კმაყოფილი იჯდა კამილას გვერდით და ჩაის მიირთმევდა, თან მასთან საუბარში ერთობოდა...
კამილას მოტანილ მოსაწვევებს გადაავლო თვალი და ღიმილიანი სახით უთხრა: _ ეს ყავისფერი ძალიან მომეწონა. კარგი გამოვიდა. წინა დღეებში გამზადებული ესკიზებიდან ერთ-ერთი რომ განათავსე საჩვენებლად მთავარ გვერდზე. _ მერე ერთი ბარათი აიღო, მაგიდისკენ წავიდა, თავისი კალმით მოაწერა ხელი და კამილას მიუბრუნდა: _ მოწვეული სტუმრებიდან მხოლოდ ერთ გამარჯვებულს ექნება უფლება, აირჩიოს ჩვენებაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიდან ის სამკაული, რომელიც მოეწონება და მას უფასოდ მიიღებს... _ უთხრა ქალს და ბარათი დაუბრუნა: _ ხელმოწერილი იქნება მხოლოდ ერთი, გამარჯვებულის ბარათი, დანარჩენები კი ხელმოწერის გარეშე.
კამილას დაემშვიდობა, მერე თაიგულს გადახედა, ხელი გადაუსვა და გარდერობს მიაშურა.
შავი კლასიკური გრძელი კაბა ეცვა, ყელს კი ოქროსფერი სამკაული უმშვენებდა წითელი ქვებით... კართან მდგომ ქალის სილუეტს თვალი ააყოლა კაცმა, გაუღიმა, მიესალმა და ლოყაზე კოცნა დაუტოვა. უთხრა თუ არა ერიკს, მადლობას გიხდი საოცარი თაიგულისთვისო, ბედნიერი ღიმილი შენიშნა მის სახეზე და თვითონაც გათბა. მიავიწყდა თავისი ტკივილი და გამხიარულებულმა ხელკავი გაუყარა კაცს, რომელსაც შავი კოსტიუმი ჩაეცვა და სრულიად არ ჰგავდა არც საქმეებზე მორბენალ კომისარ-გამომძიებელს და არც იდიოტს, როგორც ემა ეძახდა. ახლა იგი სრულიად განსხვავებული, საოცარი და მომაჯადოებელი იყო. იგი ძლივს მიჰყვებოდა კაცს ახლოს, რომ არ დამთვრალიყო...
ლიფტში შევიდნენ თუ არა, ერიკმა მაშინვე აკოცა და ღიმილით მიმართა:
_ ძალიან ლამაზი ხარ, ემა. კაბინეტთან გვიყურებდნენ, ამიტომ დავაგვიანე ეს დამათრობელი კოცნა... _ თქვა და ლიფტის სარკეს მიეყუდა.
_ მადლობა... ესე იგი ლამაზი მკვლელი ვარ?! _ ჩაეკითხა კაცს და გაეღიმა.
_ მე მგონი, ფიქრებით მკვლელი ხარ... _ მიუგო კაცმა.
ქალი სწრაფად გავიდა ლიფტიდან, რომ კაცის მზერისთვის თავი აერიდებინა, რათა ერიკს მის თვალებში რამე არ წაეკითხა.
მანქანა დაძრა თუ არა, ერიკი უცებ ემასკენ გადაიხარა და უჩურჩულა:
_ აღიარე, რომ ერთხელ მაინც იყავი ფიქრებში მკვლელი...
_ რატომ უნდა ვყოფილიყავი?! ვინმემ რამე დამიშავა?!
_ ალბათ... _ თქვა კაცმა და სიჩქარეს მოუმატა. თან ქალს გადახედა, რომელსაც სრულიად არ ესმოდა მანქანის არც სწრაფი და არც ნელი სვლა. კაცმა მოულოდნელად დაამუხრუჭა და ქალს თვალებში შეხედა:
_ ახლა ამ წამს... დღეს... მინდა, რომ მთლიანად დაივიწყო ყველაფერი და ფიქრებითაც არ იყო მკვლელი... _ უთხრა და ქალს მანქანიდან გადმოსვლაში მიეხმარა, მაგრამ ემამ გადმოაბიჯა თუ არა, ერიკმა ხელი სტაცა და შეაჩერა.
_ დღეს მხოლოდ ის ქალი მინდა იყო, რომელიც მომეწონა და ერთად მხიარულად ვივახშმოთ... _ თქვა და წელზე მოხვია ხელი.
ემა შეირხა და კაცის მხარს დაეყრდნო, იგრძნო მისი ხელის სითბო და სრულიად მიავიწყდა მანქანაში მოვარდნილი ფიქრები... კაცისკენ გადაიხარა და რესტორნის შესასვლელშივე უჩურჩულა:
_ ახლა სრულიად არ ხარ არც კომისარ-გამომძიებელი და არც იდიოტი... ახლა სიმპათიური 32 წლის მამაკაცი ხარ...
_ ჩემი წლოვანება გცოდნია, კიდევ იცი რამე ჩემზე?!
კაცის სიტყვებზე ემას გაეღიმა.
_ შენ ვერ შეგედრები ინფორმაციის მოპოვებაში... შენგან განსხვავებით ცოტა რამ ვიცი შენზე, შენ კი ბევრი იცი ჩემზე...
კაცმა გაიღიმა და ორივენი მაგიდას მიუსხდნენ.
მშვიდი, წყნარი მუსიკის ფონზე ერთმანეთს შესცქეროდნენ და ვახშმობდნენ. ფიქრებითაც ერთმანეთზე ფიქრობდნენ... ქალმა ერიკის და და დისშვილი მოიკითხა.
_ მშობლებთან არიან... კიდევ ერთი სტუმარი აკლია ჩემს ბინას... _ უთხრა და ქალის ხელს ხელი ჩასჭიდა: _ რატომ გაიქეცი ჩემი სახლიდან?!
_ დაპირება დაგავიწყდა, რომ არ ვისაუბრებდით ასეთ საკითხებზე, _ თქვა ქალმა და წამოდგა. კაციც წამოხტა, ქალს ხელი წაავლო და ბოდიში მოუხადა, იმის შიშით, არ დამტოვოსო. ქალმა დაამშვიდა, საპირფარეშიში შევალ და დავბრუნდებიო. ამან დაამშვიდა და მიმავალ ქალს მზერა გააყოლა...
მუსიკის ფონზე ნაზად და ნელად ირხეოდნენ მაგიდასთან ახლოს... კაცმა ქალი უფრო ახლოს მოიზიდა, თვალებში ჩახედა:
_ ვინ ხელმძღვანელობს ზაანის საქმეებს, არ გაინტერესებს? _ იკითხა უცბად. ოდნავ შემთვრალმა ქალმაც არ დააყოვნა პასუხი:
_ საერთოდ არ მაინტერესებს.
_ როცა დრო მოვა, გათქმევინებ სიმართლეს შენი ნებით ან ჩემი დახმარებით...... _ უთხრა, თან ახლოს მიიხუტა ქალი, რომელიც გაქცევას ცდილობდა: _ გაქცევა გჩვევია... ჩემგან კი ყოველთვის ვერ გაიქცევი, ამის უფლებას აღარ მოგცემ... _ თქვა, ხელი ჩასჭიდა, ფული მაგიდაზე დაყარა და ქალი ქარეთ გაიყვანა.
_ შენ პირობა დაარღვიე! მხოლოდ იმიტომ დამპატიჟე, რომ ჩემთვის დაკითხვა მოგეწყო! მე არაფერი დამიშავებია! _ თქვა გაბრაზებულმა ემამ და კაცს ხელი გამოგლიჯა, მაგრამ მან კვლავ ხელში მოიქცია მისი სუსტი სხეული და თვალებში ჩახედა:
_ მე დამნაშავეს კი არ ვეძებ... _ და ქალს ახლოს მიუტანა სახე, _ მინდა, რომ მენდო! მინდა, რომ შენით მომიყვე ყველაფერს, რაც გაწუხებს! ვიცი, რომ ალეხო ტორეს გარდა, კომპანიის საქმეების გამო ხვდებოდი სხვებსაც, მათ შორის გაბის და ალმას... _ მერე თავზე ხელი გადაუსვა და უჩურჩულა: _ სასტუმროში წაგიყვან. _ და მანქანისკენ გაემართა...
კაცმა მანქანა გააჩერა.
ქალმა წინ გაიხედა და გაოცდა:
_ აქ რა გვინდა?!
_ მინდა, უბრალოდ მენდო და დაისვენო ფიქრებისა და მოგონებებისგან... _ თქვა და მანქანიდან გადავიდა. ქალიც უკან მიჰყვა. ცოტა ხანში ორივე ცას ასცქეროდა ღამის სიბნელესა და სიჩუმეში, სადაც მათი ხმებიც კი არ ისმოდა...
მერე ქალი მისკენ შებრუნდა.
_ მინდა ახლა მკითხო, რა კითხვაც გაწუხებს და მეტად აღარ მომიწყო დაკითხვა!
_ და არ გამიბრაზდები?!
_ არა... _ თქვა ქალმა და კაცს თვალებში შეხედა.
_ რატომ შეიცვალე სახელი და გვარი?!
_ ჩემი სახელი და გვარი აღარ მომწონდა! დანაშაული არ არის სახელისა და გვარის შეცვლა!
_ ეს კარგად დაგიმახსოვრებია, _ თქვა კაცმა და ჩაეღიმა, _ რატომ დატოვე სამსახური?! ისე უცბად, რომ არავის გადააბარე შენი საქმეები?!
_ ჩემი თავი იმ საქმიანობაში უკვე აღარ წარმომედგინა.
_ რატომ მოგცა ფედერიკო რაირამ ფული!
_ არ ვიცი.
_ რატომ წაგიყვანა მან ან რატომ დაგაბრუნა უკან!
_ არც ეს ვიცი.
ერიკმა კითხვების პასუხები ადრე მოსმენილ პასუხებს შეადარა და ჩაეღიმა, რადგან მიხვდა, ქალი ისევ მალავდა საიდუმლოს და უთხრა:
_ მომწონს... მომწონს შენში დამალული საიდუმლო, რომელსაც ხელთათმანების მიღმა ფარავ ხოლმე. შენი ფოტოები ვნახე ხელთათმანებით და მის გარეშე...
_ შეგიძლია ახალი საქმე დაიწყო! _ თქვა ქალმა გაბრაზებით, _ დაფარული საიდუმლო, ხელთათმანების მიღმა! _ თქვა და მანქანას მიაშურა. კაციც გაჰყვა.
_ დაივიწყე ეს სიცივე და დამშვიდდი... _ თქვა და ქალს ხელი წაავლო: _ ჯერ არ მივდივართ!
_ მივდივარ... _ თქვა ქალმა და ნაბიჯი გადადგა.
კაცმა დაუძახა:
_ გაიქეცი, ემა... გაიქეცი ისევე, როგორც წლების წინ გაექეცი რაღაცას!
_ ნუ მესხმი თავს!
_ თორემ შენც დამესხმები, არა?!
_ დიახ! _ დაუყვირა და უცებ ჩურჩულზე გადავიდა, _ არ შემიძლია თავს დავესხა ადამიანებს... შენგან განსხვავებით! ჩამოსვლის დღიდან თავს მესხმი და არ მაძლევ მშვიდად ყოფნის საშუალებას! დახურე ეს საქმე და დაანებე ამ დაკითხვებს თავი!
_ საქმე უკვე დავხურე! მხოლოდ იმის გამო, რომ ფედერიკო რაირამ აღიარა დანაშაული! მაგრამ მინდა ვიცოდე, რას მალავ და რატომ, რის გამო იტყუები!
_ ჩემი საქმე და წარსული შენი საქმე არაა! შენი საქმე ახალი მკვლელობების გამოძიებაა და მაგას მიხედე! _ რამდენი ნაბიჯიც ქალმა გადადგა, კაციც იმდენი ნაბიჯით მიჰყვა უკან. უეცრად ქალის ფეხსაცმლის ქუსლი მიწაში ჩაეფლო და ემამ წამოიყვირა. კაცმა ხელი სტაცა და აიტატა:
_ მართალი ხარ. ჩემი საქმე გამოძიებააა! ახლა კი ახალი საქმე მაქვს _ დაფარული საიდუმლო ხელთათმანებს მიღმა! _ წარმოთქვა და ქალის გაბრაზებისა და ყვირილის მიუხედავად, მანქანაში ჩასვა და დაიძრა...
ემა კარგა ხანს ლანძღავდა ერიკს მანქანაში. კაცმა ცოტა ხანს აცალა, მაგრამ ემა რომ არ გაჩუმდა, დაამუხრუჭა. ემა გადასვლას ითხოვდა და თან კარს ებღაუჭებოდა. კაცმა ქალის ხელები ხელში მოიქცია და მუდარით უთხრა:
_ გპირდები... გპირდები, ემა... არ გავაგრძელებ ამ საქმის გამოძიებას, არც ახალს დავიწყებ ამ საქმეზე არაფერს, მაგრამ დამპირდი, რომ არ გადახვალ ახლა და უფლებას მომცემ, სასტუმრომდე მიგაცილო... უფლება მომეცი, გნახო ხოლმე. გპირდები, სიტყვასაც კი აღარ დავძრავ ამ საკითხთან დაკავშირებით... ოღონდ ასე ნუ გამირბიხარ... ნუ გამირბიხარ... არ მინდა გამექცე... _ ისე თბილად და მომაჯადოებელი ხმით უთხრა, ქალი უცებ გადაიხარა მისკენ და ჩაეხუტა. კაცმა აკოცა... ქალს სიამოვნებისგან ყველაფერი გადაავიწყდა, მშვიდად მიეყრდნო მანქანის საზურგეს და მალევე ჩაეძინა.
***
ერიკმა ლოგინზე მიაწვინა ემა და მის მშვიდ სახეს დახედა. როგორ შეეძლო ამ სილამაზეს, ვინმე მოეკლა... თუმცა ფიქრი... ფიქრში კი შეეძლო, მაგრამ ამის მიზეზი ექნებოდა... _ გაიფიქრა და უცბად განდევნა ფიქრები გონებიდან. ქალს ლოყაზე აკოცა, ლოგინის წინ მდგომ დივანზე ჩამოჯდა და ემას თვალიერებას შეუდგა. მალე თვითონაც მიეძინა დაღლილს. გამოღვიძებისთანავე ისევ აკოცა. ის ძილში შეირხა. ქალის სახეს დააკვირდა და თითქოს თვითონაც იგრძნო რაღაც შიში. მის გვერდით წამოწვა, ხელი მოხვია და მიიხუტა. მისი სურნელი, მისი გულის ძგერა შეიგრძნო და ბედნიერს ჩაეღიმა, რომ ქალი არა სასტუმროში, არამედ თავისთან, სახლში ჰყავდა.
ემა ისევ შეირხა, იგრძნო მისი სიახლოვე, მისი ხელის შეხება, მაგრამ არც წამომდგარა და არც გადატრიალებულა, მისკენ მიიწია, უფრო მიეხუტა, ხელი გადახვია და მშვიდად გააგრძელა ღამის სიზმრები... პირველად ეძინა ასე ტკბილად ამდენი ხნის მერე. პირველად ხედავდა მშვიდ სიზმრებს მისი ჩახუტებისთანავე და ღიმილიანი გაუხდა სახე. კაცმა ქალის ლოყას ხელი ჩამოუსვა. ქალმა თითქოს იგრძნო ხელები, თითქოს იგრძნო მის გვერდით ყოფნა. კაცის მკერდს დაადო თავი და უშფოთველად გააგრძელა ძილი...
კაცს თითქოს გული გაუჩერდა მისი სიახლოვისგან. ყველაფერი მიავიწყდა, ყველა გმოსაძიებელი საქმე დაივიწყა, თითები შეუცურა ქალს თმაში და ჩამოუშალა. მერე ხელი წაიღო მისი ტუჩებისკენ, მაგრამ ქალს გამოეღვიძა და უცებ გვერდზე გადაქანდა. კაცმა დაიჭირა, ქალმა გაიბრძოლა, მაგრამ ერიკმა ქვეშ მოიქცია გაბრძოლებული. თავი მკერდზე ჩამოადო და თვალები დახუჭა. მისი თითები კი თავისაში ჩახლართა.
ქალმა თვალები დახუჭა. აჩქარებული გული დაუმშვიდდა. მერე თავის სუნთქვას დაუგდო ყური და შეიგრძნო სრულიად თავისუფალი ბედნიერი მარია... ქალი, რომელიც მიივიწყა და მიატოვა... იგრძნო, რომ თავისუფალი ფრენა შეეძლო და ბედნიერი იყო. მაგრამ მალე ისევ შეეშინდა...
ამ დროს კაცის ხმაც მოესმა:
_ ემა... მშვიდად იყავი, არაფერი არ გემუქრება... ჩემთან არაფერი არ დაგემუქრება... _ კაცის ხმა ისეთი მომაჯადოებელი აღმოჩნდა, რომ ბოლომდე მოდუნდა... სხეული ბედნიერებით გაევსო და გულიც რიტმულად აუძგერდა...
***
დილას თვალები გაახილა და მიხვდა, ისევ იმავე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისი ხელები ისევ კაცის თბილი ხელების ქვეშ დამალულიყო, მისი სხეულიც კაცის სხეულს დაეფარა. როგორც კი თავი გასწია და ჩამოყრილ თმას დაუწყო სულის შებერვა, უკვე დიდი ხნის გამოფხიზლებული კაციც შეირხა, ჩაეცინა ქალის საქციელზე. თავი ასწია და თვითონაც შეუბერა სული... ქალს სახე გამოუჩნდა, ამჯერად ისევ გაბრაზებული და კაცს მკაცრად ამოხედა:
_ გამიშვი ხელი!
კაცს ჩაეცინა და მისკენ მიიწია... მან უცბად დახუჭა თვალები და კაცის კოცნაც იგრძნო. ახლაღა გააცნობიერა, რა სიძლიერით უჭერდა კაცს ხელებს. ფრჩხილებით ესობოდა კანში. ღამე ეს სრულიად არ უგრძნია. უცბად წარმოიდგინა ფანჯრის მინაზე ჩავლებული ფრჩხილები და კაცს ხელი შეუშვა. თავადაც იგრძნო თავისი ფრჩხილების კანიდან ამოსვლა. წამოხტა. სააბაზანოსკენ გაიქცა, მაგრამ ზედ კართან კაცი დაეწია და წინ გადაუდგა. გაუღიმა. ქალი მაშინვე კაცის თითებს დააცქერდა და უცბად წამოიყვირა:
_ ეს სიმშვიდე კი არა, საშინელებაა!
კაცმა დაიხედა წითელი ლაქებით აფორაჯებულ ხელზე და შვებით ამოისუნთქა, მიხვდა, ქალი მხოლოდ ამას რომ გულისხმობდა საშინელებაში და მისკენ ნაბიჯი გადადგა. ქალმა უკან დაიხია. ჩუმად მიიწევდა და არ იცოდა, საით. ბოლოს კედელთან აღმოჩნდა და თავი დაღუნა. კაცმა ორივე ხელი მის მხრებთან ახლოს კედელზე მიაბჯინა, მისი დახრილი თვალებისკენ დაიხარა და უჩურჩულა:
_ დილა მშვიდობისა...
როცა სალამზე პასუხი მიიღო, ქალის ნიკაპი აუწია და თვალებში ჩახედა.
_ თვალები არ დახუჭო, _ გაიგონა ქალმა, მაგრამ მაინც დახუჭა.
_ თვალებიი! _ ისევ მოესმა ამჯერად გაახილა. კაცს ჩაეღიმა, აკოცა და ხელი ჩაჰკიდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, რათა თბილი წყალი მოეშვა. მერე ქალის ხელები თავის ხელებიანად წყალს შეუშვირა. ქალი კაცის ხელებში მოქცეულ თავის ხელებს დააკვირდა და როგორც კი იგრძნო არა სიცივე ან ტკივილი, არამედ სითბო და მზრუნველობა, დაწყნარდა. კაცმა ოთხივე ხელი ალოეს შამპუნით გასაპნა და წყლით გადაბანა. ბოლოს კმაყოფილი დასწვდა პირსახოცს და ქალს ხელები გაუმშრალა, თავისი ხელები კი ასწია და გაიღიმა:
_ ჩვეულებრივი ფერის ხელები დამიბრუნდა... _ მერე მის ხელებს დააკვირდა და ბედნიერმა წარმოთქვა: _ შენი ლამაზი ხელებიც სუფთაა და ჩვეულებრივი შეფერილობის, თან თბილი...
ისევ ჩასჭიდა ქალს ხელი და მის სხეულიც მიიხუტა.
_ საუზმეს მოგიმზადებ... _ ჩურჩულით თქვა და სამზარეულოს მიაშურა.
ქალი მაშინვე ტანსაცმლიანად შევარდა შხაპის ქვეშ. მის ზემოთ ნელ-თბილი წყალის ნაკადი ქალის ცხელ სხეულს ესხმებოდა და მაინც ვერ ამშვიდებდა.
რატომ ვგრძნობ სიმშვიდეს აქ, მასთან?! რატომ არ მტკივა ხელები აქ, მასთან?! რატომ ცდილობს რაიმე მათქმევინოს?! _ გაიფიქრა და ონკანი დაკეტა. სველი გადმოვიდა და ბოლთის ცემას მოჰყვა სააბაზანოში. თავის ხელებს რამდენიმეჯერ დახედა და ისევ ძირს დაუშვა, რამდენიმეჯერ გადაუსვა ხელი ერთმანეთს და დასუნა. იგრძნო თუ არა გრილი ალოეს სურნელი და კაცის შეხებაც გაახსენდა, უცბად გავარდა კარისკენ. გაბრაზება მაშინვე გადაავიწყდა, ამოტივტივებული კითხვებიც ამოუვარდა გონებიდან და სამზარეულოსკენ გაემართა. ნაბიჯების ხმაზე კაცი მოტრიალდა როგორც კი ქალის სველი სხეული დაინახა, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. აათვალიერა და მოულოდნელად გაბრაზებულმა წამოიძახა:
_ ჩემი დის ოთახში აარჩიე რამე და ჩაიცვი!
ქალიც მოჯადოებულივით გაბრუნდა და მაშინვე გარდერობს მიაშურა ყოყმანით, რადგან არასდროს სხვისი სამოსი არ სცმია. მოკლე სპორტულები მაინც მოძებნა, გადაიცვა და მშვიდად დაიძრა სამზარეულოსკენ.
საუზმობდნენ და ხმას არ იღებდნენ. ქალი საერთოდ არ უყურებდა კაცს, ის კი მაინც გამომძიებლის თვალით აკვირდებოდა.
_ ვფიქრობ, პირველად გეძინა მშვიდად... _ მოესმა ქალს და უცებ წვენი გადასცდა. კაცი წამოდგა, წყალი დაუსხა და მიაწოდა: _ შენსავით ცივია და მოგიხდება... _ თქვა რბილად და ქალის ზემოთ მოცქირალ თვალებს ჩახედა: _ როცა კითხვას გისვამ, სულ გეშინია და გგონია, რომ დაკითხვაზე მყავხარ და გაპატიმრებ.
_ არ გაგიჭირდება საკანში ჩემი გამომწყვდევა! _ ცივად მიუგო ქალმა. კაცმა ხელი წაავლო კისერში და აკოცა, მერე კი ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
_ გაუცემელ კითხვებზედაც მაქვს პასუხები, _ თქვა კაცმა და გადაიხარხარა: _ ოღონდ არა ჩემი პასუხები! _ თქვა მკაცრად და ფეხზე წამოდგა.
_ უნდა წავიდე. _ თქვა ქალმა.
კაცმა ხელი წაავლო:
_ ვინ გითხრა, წადიო?
_ შენ არავინ გეკითხება! _ მიუგო ქალმა მკაცრად.
კაცმაც მშვიდი ტონით გააგრძელა:
_ ჩემი დის ტანსაცმლით...
ქალი მოულოდნელად გაშეშდა და ოთახს მიაშურა, რაც ეცვა, ყველაფერი გაიხადა და სააბაზანოში დააწყო სარეცხის მანქანასთან, თვითონ კი თავისი სველი კაბა ჩაიცვა და კარისკენ დაიძრა.
_ აღიარე, რომ მშვიდად გეძინა! _ დაეწია კაცის ხმა.
ქალმა სახელური გამოსწია და რომ ვერ გააღო, უკან გამოტრიალდა. ცალი წარბი ასწია და გაბრაზებული შეაცქერდა კაცს. მას ჩაეცინა და ქალის აწეულ წარბს გადაუსვა თითი:
_ შენი არ მეშინია... შენ კი გეშინია.
_ მომეცი გასაღები! _ თქვა ქალმა ხმამაღლა და ხელი გაუშვირა.
კაცმაც მაშინვე გაუმეორა:
_ აღიარე, რომ აქ მშვიდად გეძინა!
_ არა! _ თქვა ქალმა.
კაცმა ხელი სტაცა.
_ იცოდე, აქედან ვერსად წახვალ, სანამ მე არ გადავწყვეტ! აღიარე, რომ აქ მშვიდად გეძინა! აღიარე!
_ მეძინა! _ თქვა ქალმა მკაცრად და ისევ დაუყვირა, გასაღები მომეციო. კაცმა ისევ გაუმეორა შეკითხვა და როცა ქალმა იყვირა, აქ მშვიდად მეძინაო! _ მხოლოდ მაშინ გაუშვა ხელი, კარი გაუღო და ქალის ნოტიო სხეულს გააყოლა მზერა, გაბრაზებული კიბეზე რომ ჩადიოდა. მერე დაავლო გასაღებს ხელი და ქალს გაეკიდა. შენობიდან გასულს დაეწია, მაჯა დაუჭირა, თავისკენ შემოატრიალა და სანამ ქალი ყვირილს დაუწყებდა, თვითონ უყვირა:
_ მე წაგიყვან სასტუმროში, ამ სველი კაბით რომ არ გაცივდე! _ და მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, მანქანაში მაინც ჩასვა.
***
ახალ ყავისფერ კაბაში გამოწყობილი ემა ალეხოს გვერდით იდგა და ღიმილით სავსე ჯდებოდა მანქანაში, როცა ერიკმა დაინახა და გაბრაზებულმა დაარტყა საჭეს ხელი:
_ ბედავს და ჩემს გოგოს კაბის ელვას უკრავს!!! _ თქვა ხმამაღლა და ქალს გახედა, რომელსაც ალეხომ გახსნილი ელვა შეუკრა.
გაბრაზებულმა ერიკმა მანქანა მოატრიალა და სახლში წავიდა, სადაც და და დისშვილი ელოდებოდა.
სასტუმროს ნომერში ემამ ორ კაცზე შეუკვეთა ვახშამი. გაბის დაელაპარაკა და ნომერი მოულოდნელად უჩუმრად დატოვა. ალეხო შავი კოსტიუმით გამოვიდა და მიმოიხედა... მის წინ სუფრასთან მჯდარ ქალს გახედა. ჩაეღიმა, თვითონაც ქალის მოპირდაპირედ დაჯდა და მზერა შეავლო, მერე შამპანურის ბოთლი გახსნა. ხმაურზე ქალი შეხტა. კაცი მის წინ დადებულ ბოკალს დასწვდა, სასმელი ჩამოუსხა და მიაწოდა. მათი ხელები ერთმანეთს შეხვდნენ და თითქოს აქ, ამ ქალაქში დაიმუხტნენ ერთმანეთის გრძნობებით. ქალის ხელი მუჭში მოიმწყვდია. მას ბოკალი წაექცა და შეშინებულმა, რომ კაცს სამოსი დაუსველა, უკან გადაიწია. კაცს გაეცინა და უჩურჩულა:
_ ყოველთვის, როცა გხედავ, ვგრძნობ, რომ ჩემი გეშინია და გამირბიხარ... _ ამ სიტყვებით მისკენ საკოცნელად გადაიხარა...
როგორ დიდხანს ელოდა ქალი ამ კოცნას და აქ, ამ უცხო ქალაქში აუხდა ეს ოცნება. გახარებულმა ალეხოს ხელები მოხვია და ჩაეკრა.
უეცრად დაიძაბა. შეშინებულმა გაითავისუფლა თავი კაცისგან და გაიქცა. ფეხზე წამომდგარმა ალეხომ შამპანური დაისხა, დალია და ცარიელი ბოკალი მაგიდაზე დადო. შემდეგ ქალისკენ დაიძრა, რომელსაც ზურგზე ელვა ჩახსნოდა.
_ ამას მე გავაკეთებდი, _ უთხრა და ქალი თავისკენ შემოატრიალა. მან თვალებში შეხედა და გაეღიმა:
_ მეე... ელვა გამიფუჭდა და გაიხსნა... _ თქვა. კაცმა ხელი მიაფარა ბაგეებზე გასაჩუმებლად და უჩურჩულა:
_ ძალიან კარგი... _ და მისი კაბის გახდას ნელა შეუდგა...
ერიკი უკვე ფანჯარასთან იდგა და ბოლთას სცემდა გაბრაზებული. ლანდი, ლანდი, ორი ლანდის ასე ახლოს დანახვაზე მაშინვე კარს ეცა და დააბრახუნა.
_ ნეტავ ვინ არის? ემა დღეს არ მოვიდოდა, თავის დაქალთანაა! _ თქვა გაბიმ და ალეხოს შეხედა, რომელიც მის სხეულს იხუტებდა.
_ ვნახოთ, ის გამომძიებელი ხომ არ არის! _ თქვა ალეხომ და კარის გასაღებად დაიძრა.
წელზევით შიშველს იმწუთასვე ყბაში მოხვდა მუშტი.
_ როგორ გაბედე აქ ჩამოთრევა და ჩემი გოგოს ლოგინში ჩაწვენა! შენც მოგკლავ და იმასაც! _ უყვირა ერიკმა და ოთახში შევარდა.
გაბი შეშინებული გამოვარდა.
_ ემა დაქალთანაა. აქ მარტო ჩვენ ვართ! _ თქვა და ერიკს გახედა, რომელიც უკვე ოთახებში დარბოდა.
ერიკმა ყველა ოთახი შეამოწმა, მაგრამ ემა არსად ჩანდა. ორ ნახევრად შიშველ სხეულს თვალი შეავლო, ბოდიში მოიხადა და გარეთ გავარდა.
გაბიმ ალეხოს ცივი დაადო ლოყაზე, მერე ბევრი აკოცა და მკერდზე მიეკრა. კაცმა ქალს ხელი მაგრად მოხვია:
_ ვისაც უნდა ხვდებოდე, იცოდე, რომ დღეიდან ვერავის შეხვდები! _ უთხრა და ქალი მიიზიდა...
ახლა ანიტას სახლში ისმოდა ერიკის ყვირილი:
_ ჯერ დაიკარგე და ახლა დალაპარაკებაც არ გინდა! შენს ნომერში სხვები დამხვდნენ, მე კი ეჭვიანობით გამაგიჟე!
_ შენ რა, სულ გააფრინე?! ნომერში მიხვედი და ჩვენი გეგმა ჩაფუშე? ნამდვილი იდიოტი ხარ! _ გაცეცხლებული გამოვარდა ემა.
_ ჰო, იდიოტი ვარ, შენ რომ გადაგეყარე!
_ კარგი, დასხედით და მორჩით ყვირილს. _ მიუბრუნდა ანიტა ორივეს.
ერიკმა ემას ხელი წაავლო.
_ გამიშვი!!! _ ყვიროდა ქალი, მაგრამ ერიკი არ უსმენდა, მხარზე გადაიკიდა და კბილებში გამოცრა:
_ გაჩუმდი, ნუ ყვირი! მაინც არ გაგიშვებ ხელს! _ და გაბრაზებულმა ჩასვა მანქანაში.
_ არ მინდა არსად წამოსვლა! _ დაიყვირა ქალმა.
_ სამაგიეროდ, მე მინდა! _ მიუგო კაცმა და მანქანა დაძრა.
ქალი მანქანიდან გადახტომას შეეცადა, კაცმა დაამუხრუჭა, ქალს ხელები გაუკოჭა და კარები ავტომატურად ჩაკეტა. როცა სახლთან მივიდა, ქალი ისევ მოიგდო მხარზე და შინ აიყვანა. კართან გააფრთხილა:
_ ჩუმად იყავი... ემილიას სძინავს! _ ოთახში შეიყვანა და ლოგინზე მიაწვინა. ხელები გაუხსნა და ქალს თვალებში ჩახედა:
_ ეს ხომ იცი, რაცაა?! შენი შარფია...შენი სურნელი ასდის და შენს საიდუმლოს ატარებს ჩემთან ერთად... _ თქვა და აკოცა: _ მხოლოდ მე ვიცი, რომ ხელთათმანი საიდუმლოს ინახავს... მაგრამ რა საიდუმლოა, ეს არ ვიცი და ახლა რაც მაინტერესებს, იმას გავაკეთებ!
ისეთი თვალებით უყურებდა კაცი, ქალს ხმა აღარ ამოუღია. ერიკი გავიდა. ემამ თვალი გააყოლა, ლოგინიდან არც წამოწეულა. რამდენიმე წუთში კაცი დაბრუნდა და ქალმა გაკვირვებულმა შეავლო თვალი ლანგარზე მოთავსებულ საჭმელსა და ხილს.
_ დღეს არაფერი მიჭამია! სულ შენი ბრალია! ხან ალეხო გიკრავდა ელვას! ხან შენს სასტუმროს ნომერში ეფერებოდა სხვა ქალს!
_ რააა! _ წამოიყვირა ქალმა და უცებ ხელი მიიფარა პირზე. _ მაპატიე... _ აჩურჩულდა: _ ვინ ქალთან იყო ალეხო?!
_ გაბისთან! _ თქვა კაცმა.
გახარებული ქალი წამოხტა და ბოლთის ცემას მოჰყვა ოთახში, შიგადაშიგ გაჩერდებოდა და საჭმელს აგემოვნებდა.
_ მე არ მაჭმევ?! _ ჰკითხა ერიკმა და ქალმაც გაუწოდა ხელიდან ლუკმა. ორივენი ჩუმი მზერით გადახედავდნენ ერთმანეთს და საჭმელს საკუთარი ხელიდან აწოდებდნენ ურთიერთს.
ერიკმა ქალს ხელი მოხვია და ლოგინზე დააწვინა. ქალი უსიტყვოდ უცქეროდა. კაცმა მიიხუტა თუ არა, ემას თვალები მიეხუჭა და ერთბაშად გათბა. მისი სხეული სრულიად დაიცალა წარსულისაგან.
მალე ორივეს ჩაეძინა.
დილით ერიკმა ადრე გაიღვიძა, ქალს დახედა და ჩაეღიმა, კაბიანს რომ ეძინა. ზეზე წამოდგა. ემაც შეირხა და თვალები გაახილა.
_ კაბა გაგხევია... _ თქვა კაცმა ჩუმად, _ მე არ გამიხევია, მაგრამ თუ საჭიროა, დავიბრალებ და თანხას გადაგიხდი, _ ამ სიტყვებით ირიბად გახედა მწოლიარეს, მაგრამ რომ შენიშნა, ქალი არ ბრაზობდა, დამშვიდდა.
ემამ კაბა დაათვალიერა, ნახა თუ არა, რომ მართლა გახეოდა, კაცს გადახედა და ბალიშზე დადო თავი, ისე, რომ არაფერი უთქვამს.
_ მეგონა, გაბრაზდებოდი... _ ჩაილაპარაკა კაცმა და ქალის ხმაც მოესმა: _ ამის გამო გამაღვიძე?! მეძინება... _ თქვა და თვალები დახუჭა. კაცმა მის გვერდით მოიკალათა და ჰკითხა:
_ როგორ გეძინა?!
_ მშვიდად... _ მიუგო ქალმა და მისი კოცნაც იგრძნო. ორივენი ერთად ათვალიერებდნენ ოთახს და მშვიდად გადახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს.
ემა წამოდგა. კაცმა ხელი სტაცა:
_ სად მიდიხარ?!
_ სასტუმროში!
_ ჯერ არ წახვიდე.
_ აბა ამ გახეული კაბით ვიარო?!
_ ხოდა, ვერ ივლი! მე წავალ და მოგიტან კაბას.
გარეთ გასულს ქალმა მიაძახა:
_ ჩემს ნომერში შენი ნაჩუქარი კაბაა, ჯერ არ ჩამიცვამს და ის მომიტანე!..
ემას ტელეფონმა დარეკა. ქალმა უპასუხა.
_ რომ იცოდე, იმ შენმა გიჟმა მუშტი დამარტყა! _ აცნობა ალეხომ.
ქალს გაეცინა:
_ ჩემს პარტნიორს მოხვდა მუშტი? სამაგიეროდ გაბი დაგამშვიდებდა და უფრო მოგივლიდა, _ ალერსიანად უთხრა.
ალეხომ შეატყობინა, ჩვენ მივდივართ და გასაღებს რეგისტრატურაში ვაბარებთო.
სწორედ ამ დროს ალეხომ ერიკი დაინახა კარში, რომელმაც მას ხელი გაუწოდა ბოდიშის მოსახდელად:
_ მაპატიეთ ჩემი საქციელი, გთხოვთ.
_ აქ რას აკეთებთ?! _ გაოცდა ალეხო.
_ ემამ მთხოვა, მისი ტანსაცმელი წამომეღო, მხოლოდ ერთი კაბა მინდა მისი გარდერობიდან...
***
ემა ერიკს კისერზე ჩამოეკიდა, აკოცა და კაბა გამოართვა, მერე კი უთხრა:
_ ეს იმის გამო, რომ კაბა მიყიდე, _ და გაღიმებული ოთახში შევიდა. კარი ცხვირწინ მიუხურა კაცს. კაცი გაჩერდა, ცოტა ხანს დაიცადა და მერე ღიმილიანი სახით სამზარეულოსკენ გასწია.
ემამ სარკეში ჩაიხედა და კმაყოფილმა დაისვა ხელი ახალ სამოსზე. ისეთი ნაზი, თბილი და ლამაზი იყო კაბა, სახე გაებადრა. ამ დროს ოთახში ერიკიც შემოვიდა. ქალი აათვალიერა, ხელი მოხვია და მიიხუტა:
_ ძალიან... ძალიან ლამაზი ხარ, შენ კი თავიდან უარი თქვი ამ კაბაზე! _ უთხრა ბოლოს და აკოცა. მერე ჩაკიდა ხელი და სამზარეულოში გაიყვანა. ემილიას ხმა მოესმა ემას. ჩუმად მიეპარა ბავშვს და აკოცა. ბავშვმა მიიხედა და ჩაეხუტა. ემამ თავზე გადაუსვა ხელი:
_ ჭამე, პრინცესა, საჭმელი, თუ მე მელოდები?! _ შეეკითხა.
ბავშვმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ემამ კოვზს დაავლო ხელი და ემილიას დანაყრებას შეუდგა.
მხიარულად ისხდნენ სუფრასთან ყველანი და საუზმობდნენ. მერე ცოტა ხანს ბავშვს ეთამაშა და თავის ოთახს მიაშურა. დაინახა თუ არა ლოგინზე დადებული პატარა ყუთი, ხელში აიღო და მაშინვე გახსნა.
უკან ერიკი შენიშნა და მისკენ შებრუნდა.
_ როგორც ჩანს, ჩემი საჩუქარი მოგეწონა, _ თქვა კაცმა და მის ყურებს შეხედა.
_ კი, ძალიან ლამაზი საყურეა. შენ შეარჩიე?!
_ კი. კაბისთვის რომ წავედი, მაღაზიაშიც შევიარე.
_ მაგარია! აწი ყველაფერი შენ მიყიდე ხოლმე! _ თქვა ქალმა და კაცს შეხედა, რას მეტყვისო.
_ თანახმა ვარ! _ უპასუხა ერიკმა.
_ ახლა კი სამსახურში უნდა წავიდე, _ თქვა ქალმა, _ შენც მიხედე შენს სულელურ გამომძიებლობას. _ და როგორც კი დას და დისშვილს დაემშვიდობა, კარისკენ დაიძრა.
***
სამსახურში მისულმა გამზადებულ ესკიზებს თვალი გადაავლო, ზოგი მოეწონა, ზოგი ჩაასწორა, შეცვალა და საგამოფენო დარბაზში ჩავიდა. ტერიტორიას თვალი მოავლო და მომავალ პირველ ჩვენებაზე ჩაფიქრდა.
_ ფრანკო, ერიკი სად არის, არ იცი?! _ კაბინეტში დაბრუნებულმა განყოფილებაში დარეკა.
_ არა, სამსახურიდან რაც წავიდა, არ მინახავს. 3 დღეა უკვე.
_ რააა! რატომ წავიდა?!
_ არ ვიცი, წასვლა მოითხოვა.
_ კარგი. ნახვამდის, _ თქვა ქალმა და ტელეფონი გათიშა.
ერიკი ემილიას ეთამაშებოდა. დაც გვერდით მიუჯდა და გადახედა:
_ სამსახური გენატრება?!
_ კი!
_ მერე რატომ წამოხვედი?!
_ ჩემს გოგოს არ მოსწონდა და აღარც მე მომწონდა.
ჟაკლინს გაეცინა.
_ ასეთი არ მინახავხარ ჯერ! შეყვარებული ჩანხარ!
_ ალბათ! ჰოო... ჰოოო, _ თქვა კაცმა და გაჩუმდა.
_ მერე რა იყო, რატომ დაიბენი?!
_ მას არ ვიცი, ვუყვარვარ თუ არა.
_ ჰკითხე და გაარკვიე. დამშვიდდი, ყველაფერი საუკეთესოდ იქნება, შენ მსოფლიოში ყველაზე კარგი და კეთილი ძმა ხარ! _ თქვა ჟაკლინმა და აკოცა.
საღამოს ერიკმა ემას დაურეკა და სთხოვა, სავახშმოდ მასთან მისულიყო. ემა მოვიდა. ბავშვი მისკენ გაექანა. ქალი დაიხარა და და ხელში აიყვანა:
_ ლამაზი პრინცესა... _ თქვა და აკოცა. მერე ჟაკლინს გადაეხვია და ერიკსაც ლოყაზე აკოცა.
_ მე შენზე ვარ გაბრაზებული, თავი რომ არ წამომაყვანინე და შენით მოხვედი. ამის მერე კიდევ ლოყაზე მკოცნი?
_ დაწყნარდი! _ თბილად უთხრა ემამ და ხელი შეახო ლოყაზე, თან გაუღიმა.
ქალებმა კარგა ხანს ისაუბრეს, გაიხსენეს ბოსტონში გაცნობის ამბავი, თან ბევრი იცინეს.
_ ბოსტონში დიდი ხნით იყავი? _ შეეკითხა ემა ჟაკლინს.
_ არა, მხოლოდ რამდენიმე თვით. შენ?
_ 3 წელი.
_ კარგია, რას აკეთებდი, თუ საიდუმლო არ არის?!
_ საიდუმლო ნამდვილად არაა. თავიდან მუსიკას ვასწავლიდი, მერე ესკიზებს ვხატავდი. საქმე წინ რომ წავიდა, მეგობარმა დროებით თავისი სახლი დამითმო და იქ სახელოსნო მოვაწყვეთ, რომ მემუშავა.
_ კარგია კარგი დაქალები.
_ არა, ალეხო კაცია და ახლა ჩემი მეგობრის შეყვარებულია. შემთხვევით ბედმა განსაზღვრა ყველაფერი, ჩემი სამუშაოც და წინსვლაც. _ თქვა და ახლაღა გაახსენდა, ერიკს რომ არაფერი უთქვამს სამსახურის დატოვების თაობაზე, მაგრამ ამაზე სიტყვაც არ დაუძრავს, ისევ ჟაკლინს მიუბრუნდა, _ შენ რას საქმიანობ, გარდა ამ ლამაზი გოგონას მოვლისა?
_ ბავშვი ჯერ პატარაა, თან ცელქი, ამიტომაც ძირითადად მას ვუთმობ დროს.
_ რაზე გიმუშავია?!
_ ერთი პერიოდი ქსოვილებზე ვმუშაობდი, მათ შექმნაზე. მერე მიზეზების გამო დავანებე თავი და არ მიმუშავია.
ემამ გაიღიმა.
***
ორივენი რესტორანში ისხდნენ.
_ ემაა... ფრანკომ რომ თქვა, შენი გატაცების დღეს ემა შენ გეძახდაო, სიმართლე იყო?! _ შეეკითხა ერიკი.
_ კი... _ თქვა ქალმა და ჩაეღიმა.
_ მე რატომ მეძახდი?!
_ არ ვიცი... ალბათ მეგონა, რომ დამიცავდი... _ თქვა და ოფიციანტს შეხედა, რომელმაც ანგარიში მოიტანა. ერიკმა თანხას ჩახედა და ის იყო, ფული უნდა ამოეღო, რომ ოფიციანტმა უთხრა: _ სერ, გადახდილია!
_ ვინ გადაიხადა?! _ გაუკვირდა ერიკს და გაოცებული მიაჩერდა ოფიციანტს.
_ თქვენმა მეგობარმა ქალბატონმა _ მიუგო და ემას მიაჩერდა.
ემა წამოიჭრა:
_ რა? მე არაფერი გადამიხდია!
ერიკმა ემას სილა გააწნა.
_ შენ მე დამამცირე!!!!
_ მე არაფერი გადამიხდია, ერიკ! _ იყვირა ემამ.
_ ყველაფერი დასრულებულია._ მიახალა ქალს და იქაურობა დატოვა.
ემამ ტაქსი გამოიძახა და სასტუმროში წავიდა.
ნომერში ასულმა სარკეში ჩაიხედა.
_ ახლა აღარ მოვა! ახლა აღარ ჩამეხუტება! როგორ დაიჯერა, რომ ასე დავამცირებდი! _ თქვა გაბრაზებულმა და წამოწვა.
ამ დროს ტელეფონზე ჟაკლინის შეტყობინება მოუვიდა: `შენს საყურეებს და ვარდებს უყურებს, უკან რომ გამოუგზავნე და გაშოტილი წევს~...
`არა უშავს, მოუხდება! არც მომისმინა, ისე გამარტყა სილა!~
`ხელი გაგარტყა?!~ _ მოსწერა აღშფოთებულმა ჟაკლინმა.
სახლში კი ეს სიტყვები ხმამაღლა წამოიყვირა და ძმისკენ გაქანდა ისე, რომ ემას პასუხი აღარ წაუკითხავს.
_ ემას ხელი როგორ გაარტყი! _ დაუყვირა ძმას, როგორც კი კარი შეაღო.
_ გამაბრაზა მისმა სულელურმა საქციელმა. დამამცირა, თავი მდიდარი ქალბატონი ჰგონია, რომელსაც შეუძლია ყველაფერი იყიდოს! მათ შორის მეც!
_ მოგესმინა მაინც! ეგრე ფიქრობდი, დამნაშავეაო და ბოლოს შენც კარგად იცი, რაც მოხდა! _ თქვა გაბრაზებულმა და კარი გაიჯახუნა.
***
დღეები გავიდა. ემა თავის საქმეებში ჩაეფლო. ერიკმა ახალი სამსახური იშოვა, თავისი ძველი ხელობა გაიხსენა და არქტიტექტურული პროექტების ხაზვას მიჰყო ხელი. ჟაკლინმაც მიიღო შეთავაზება და ქსოვილების ესკიზებზე შეკვეთები მიიღო, რითაც ბედნიერი იყო. საღამოობით, ძმას დაინახავდა თუ არა სახლში მოსულს და ჩაფიქრებულს, ღიმილით შეეგებებოდა, თავის სამუშაოზე იწყებდა მოყოლას და ასე ცდილობდა დაევიწყებინა მისთვის სილა... სილა, რომელიც კაცმა ქალს გაარტყა. ახლა კი ბოდიშის მოხდა უკვე დაგვიანებული და შეუძლებელიც იყო.
...ემა მაღაზიაში შევიდა, საჩუქარს არჩევდა ანიტასთვის. მერე ახალი კაბა მოეწონა და გასასინჯ ოთახში შეიტანა.
უცბად იგრძნო, ვიღაც ჩაეხუტა. შეშინებული მოტრიალდა და როგორც კი ერიკი დაინახა, გაუხარდა, მაგრამ გაბრაზებულმა მოიშორა კაცი და წადიო, უთხრა.
_ მშვენიერი ხარ... _ თქვა კაცმა და ქალს შეხედა, _ თუ არ მოგენატრე, იყვირე, გაძლევ ყვირილის ნებას! _ თქვა და აკოცა. ქალმა ხელი მოუქნია და სილა უთავაზა. ერიკმა უკან დაიხია და ნელა დაიძრა გასასვლელისკენ. ქალმა კაბა დააბრუნა და მაშინვე დატოვა მაღაზია.
ერიკი უკან შებრუნდა, მაშინვე იყიდა კაბა და ქალს მანქანით უკან გაჰყვა.
ნახევარი საათის შემდეგ ქალი მხიარულად საუბრობდა რამდენიმე ადამიანის გარემოცვაში. ანიტას დაბადების დღე იყო და ილხენდა. ის იყო, ტორტის ნაჭერი გადაიღო და უნდა დაეგემოვნებინა, რომ უცბად ფეხზე წამოხტა.
_ შენ აქ რას აკეთებ?!
_ მე დავპატიჟე, _ მოესმა ანიტას ხმა.
ემამ გაბრაზებულმა გახედა ერიკს.
_ ახლავე წადი აქედან! ან მე წავალ! _ თქვა და კარისკენ გაემართა.
კაცმა ხელი წაავლო და უჩურჩულა:
_ მაპატიე... მე წავალ, _ თქვა და სწრაფად დატოვა იქაურობა.
ემამ აივანს მიაშურა. ბოკალს ხელი მოუჭირა:
_ ერიკს რა თამამად გავაწანი რამდენჯერმე სილა. რატომ ვერ შევძელი იმისთვის გამერტყა? ნუთუ შემეშინდა? შემეშინდა, რომ ხელს შემომიბრუნებდა? _ თქვა და სასმელი მოსვა, _ რომ შემეძლოს დავიწყება! რომ შეიძლებოდეს გონებიდან წაშლა, რა ბედნიერება იქნებოდა!
ანიტასგან წამოსული ფეხით მისეირნობდა ქუჩაში. სიო უბერავდა და ცრემლებით დასველებულ სახეზე უფრო მეტად სციოდა. მაინც ტიროდა... გული გამალებით უძგერდა, უხურდა მთელი სხეული და ეძაბებოდა. _ მოითმინე... _ შეუძახა თავის თავს და ცრემლები მოიწმინდა, რომელიც ნელ-ნელა ყელისკენ მიდიოდა და მკერდისკენ იკაფავდა გზას.
ემა ნომერში შევიდა, შუქი აანთო და უცბად გაშეშდა. ერიკი მისკენ დაიძრა და ისიც კარს მიეყრდნო. კაცმა ხელი მოჰკიდა და მაგიდასთან დასვა. ერიკი წინ დაუჯდა და მისი ხელი ხელში მოიქცია.
_ იმ დღეს ცუდად მოგექეცი, ბოდიშს გიხდი... გთხოვ, მაპატიე... _ თქვა კაცმა და ქალს თვალებში შეხედა. _ თურმე ერთ ქალს გადაუხდია, ვისაც მე მოვწონვარ. და ოფიციანტისთვის ფული მიუცია, რომ ეთქვა, თითქოს შენ გადაიხადე დანახარჯი, რათა მე შენზე გავბრაზებულიყავი. მაპატიე. დამიბრუნე ვალი და გამარტყი ხელი, თუ გინდა...
ამ დროს ემამ დაინახა კაბა, საყურეები და ვარდები, რომლებსაც ჭკნობა შეპარვოდათ და ფეხზე წამოხტა.
_ გამაბრაზე, ესენი უკან რომ დამიბრუნე! საჩუქარი უკან არასდროს დამიბრუნო, ემა! _ უთხრა ქალს, _ ჯერ კიდევ მაშინ დავინტერესდი შენით, როცა შენი ფოტოები ვნახე... როცა ოქროსფერი კაბით დაგინახე კიბეზე და მანქანაში ჯდებოდი. ისეთი საიდუმლო და საინტერესო იყავი ჩემთვის, სათვალე რომ მოგეხსნა, თავს ვერ შევიკავებდი და გაკოცებდი მანქანაშივე, მაგრამ თავს ამის უფლებას ვერ ვაძლევდი. როცა სათვალე მოიხსენი და შენი თაფლისფერი თვალები დავინახე, მაშინ მხოლოდ ჩემმა საათმა გიშველა, კაბაზე რომ გამოგედო. იმ წამს ისე შეხტი, იძულებული გავხდი, ხელი ამეღო ჩემს განზრახვაზე. მაშინ შენ გული წაგივიდა, მე კი ხელში აგიყვანე და მოგასულიერე...
_ ვხედავდი, როგორ აპარებდი მანქანაში ჩემკენ მზერას, _ გაიღიმა ქალმა. კაცმა ხელი მოხვია და თვალებში ჩახედა:
_ მითხარი, მაპატიე?!
_ თუ ტორტს არ მაჭმევ, არა... _ უპასუხა ქალმა და ისევ გაიღიმა. დანა აიღო ტორტის გასაჭრელად. ამ დროს ქალის ხელი შეეხო. ორივემ ერთად ჩამოჭრა ორი ნაჭერი, რომელიც თეფშებზე გადაანაწილეს და თავიანთი ადგილი დაიკავეს.
ემამ ტორტი გასინჯა და კაცს გაუღიმა:
_ ახლა გაპატიე...
კაცმა ისევ პატიება სთხოვა და მანაც დაიწყო ტორტის ჭამა.
მერე ქალი ადგა. კაცს მიუახლოვდა, ხელი მოხვია და თვალებში ჩახედა:
_ ყოველთვის ვერ დააბრუნებს ადამიანი თავის ვალს... _ თქვა და ლოყაზე აკოცა.
იმავდროულად კაცის ხელი შეეხო ლოყაზე და იმანაც აკოცა, თან უჩურჩულა:
_ ბოდიში... ბოდიში, რომ ამ თბილ ლოყაზე გაგარტყი, ძალიან ვნანობ...
ქალმა გაუღიმა:
_ რომ დამშვიდდე, ჩემთან დაგტოვებ, ოღონდ ძალიან მეძინება... _ თქვა და საძინებლისკენ წავიდა.
ქალი დაწვა, კაციც გვერდით მიუწვა. ქალმა თვალები დახუჭა.
_ ძილი ნებისა, _ თქვა და კაცს მიეხუტა.
კაცმა მჭიდროდ მიიკრა ქალის სხეული და თავზე აკოცა:
_ ბედნიერი სიზმრები, ემა...
ქალმაც აკოცა და ჩუმად წარმოთქვა:
_ ძილი ნებისა, ერიკ, დაივიწყე ის სილა. იმ დროს მეტკინა, მაგრამ ახლა არ მტკივა, ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და ბედნიერი ვარ.
ერთად ჩახუტებულებს მალევე ჩაეძინათ, მშვიდად და უდრტვინველად.
მოგვიანებით ემა ადგა და დატრიალდა. სუფრა სახელდახელოდ გააწყო.
მაგიდა ლამაზი იყო, იებით დამშვენებული, სანთლებით სავსე.
ორივენი იცინოდნენ, თან ვახშამს მიირთმევდნენ ნომერში.
კაცმა ღვინის ჭიქა ასწია და ქალს გაუღიმა:
_ იმ დღის იყოს, აქ რომ ჩამოხვედი და მაშინვე ჩემი მოჯადოება მოახერხე!
ერთმანეთს გაუღიმეს და ჭიქები მიუჭახუნეს. კაცმა ემას ხელი ხელში მოიქცია და ჰკითხა:
_ ჩემი სახლი მოგწონს?
_ კი... ლამაზი და მყუდრო ბინაა, თან შეიძლება კაცმა ივარჯიშოს კიდეც! _ თქვა ქალმა მხიარულად.
კაცმა აკოცა. ემა თითქოს მიეყინა სკამს, მთელ სხეულში დაუარა თბილ-ცივმა არეულმა სისხლმა. კაცმა კოლოფი ამოიღო ჯიბიდან და გახსნა. იქაურობა თითქოს გაანათა ლამაზმა ბეჭედმა. ემა შეცბა.
_ მიყვარხარ, ემა... ცოლად გამომყვები?! _ მოესმა სიტყვები და მაშინვე გონს მოეგო.
_ მე მეე... არაა... არ შემიძლია... _ ძლივს ამოიჩურჩულა და უცბად წამოდგა: _ წადი... _ თქვა ჩუმად და საძინებლისკენ დაიძრა.
ერიკმა რამდენიმე ყლუპი კიდევ მოსვა და ქალს გახედა, რომელიც ლოგინზე ჩამომჯდარიყო ჩაფიქრებული.
_ არა... არა... ახლა არ შემიძლია, არ შემიძლია თანხმობა ვუთხრა, როცა არაფერი იცის იმ წარსული სულელური დღის შესახებ. ამის გამო არ შემიძლია... ღმერთო, ამ სისულელის გამო როგორ ვამბობ უარს მის მზრუნველობასა და სითბოზე, მის სიყვარულსა და მის გვერდით ყოფნაზე... _ თქვა ჩუმად და ცრემლები წამოუვიდა. _ ის საშინელი ერთი დღე! ის საშინელი! საშინელიიი! _ თქვა და თავი ხელებში მოიქცია.
კაცს ვერ გაერკვია, როგორ მოქცეულიყო.
_ ნუთუ არ ვუყვარვარ? ნუთუ არაფერს გრძნობს ჩემ მიმართ! გრძნობს... გრძნობს! ჩემთან მშვიდადაა... მშვიდად და დაცულად გრძნობს თავს... _ თქვა თავისთვის და ქალისკენ წავიდა. სახიდან ხელები ჩამოაწევინა, თვალებში შეხედა. თითქოს ორივემ ჩაიხედეს ერთმანეთის ტკივილში და უცბად ორივე წელში გასწორდა. ჩუმად იდგნენ და ერთმანეთს შესცქეროდნენ.
_ მეე... მეე... _ ძლივს დაილაპარაკა ქალმა ნამტირალევი ხმით და კაცს სახეზე ხელი გადაუსვა: _ არ მეგონა... არ მეგონა, წარმოუდგენელი იყო ეს წინადადება ჩემთვის და...
_ ემაა... დამშვიდდი... იფიქრე... არ გაჩქარებ... _ თქვა კაცმა, ქალის თვალებს მიშტერებულმა. ცრემლი მოსწმინდა: _ გპირდები... ცოტა ხანი არ შეგეხები, არ გაკოცებ... ფიქრის დროს მოგცემ... რაც უნდა იყოს შენს წარსულში, რასაც გინდა მალავდე, ამის გამო უარი არ თქვა... _ ძლივს წაილუღლუღა და ქალის სხეული ჩაიხუტა: _ არ მინდა ახლა აქედან წასვლა... არ მინდა წასვლა...
_ არ წახვიდე... _ მოესმა ქალის სიტყვები, რამაც უცბად გამოაფხიზლა, უცბად მიავიწყდა წამის წინ განცდილი სასტიკი `წადი~, და ქალს ხელები მოხვია, საწოლზე მიაწვინა და თვითონაც გვერდით მიუწვა. კაცი ქალისკენ გადატრიალდა და მის სახეს დაუწყო შესწავლა თითქოს ისევ თავიდან.
_ მაპატიე.... _ მოესმა ქალის ჩუმი ხმა, _ არ მინდოდა ასე უარის თქმა...
_ უარი არც მიმიღია! დრო მოგეცი დაფიქრების და გადაწყვეტის! მართალია, ძალიან მატკინე, მაგრამ ახლა აქ ვარ და ეს მამშვიდებს... _ თქვა ჩუმად და ქალს თავზე ხელი გადაუსვა.
ქალი უფრო მჭიდროდ მიეხუტა:
_ გინდა რამე ფილმს ვუყუროთ?
კაცის თანხმობა მიიღო თუ არა, გახარებულმა აიღო ხელში პულტი და ტელევიზორის არხიდან არხზე გადართვა დაიწყო.
ორივენი ერთმანეთს მიხუტებულები უცქერდნენ ფილმს და იცინოდნენ. მერე ქალმა ხელები კვლავ მოხვია, თავი მკერდზე დაადო და რბილად წარმოთქვა:
_ მე შენთან მშვიდად მძინავს...
კაცმა სახე დაუკოცნა.
_ მითხარი, რომ იფიქრებ და დღეს უარს არ მეუბნები... ხომ იფიქრებ?! მშვიდად იფიქრებ... დღეს უარს არ ამბობ... დროს გაძლევ დაფიქრებისთვის...
ქალმა თავი დაუქნია და ჩუმად წარმოთქვა:
_ ვიფიქრებ... ბოდიში, დღეს პასუხი რომ არ გითხარი...
_ ჩუუუ... მთავარია, `არა~ არ გითქვამს... _ თქვა კაცმა, _ უარი არ გითქვამს! დაფიქრდები რამდენი ხანიც დაგჭირდება გადასაწყვეტად...
ქალმა თავი დაუქნია და თვალები დახუჭა. ცოტა ხანში გაახილა და... კაცმა მისი კოცნაც და ცრემლიც ერთდროულად იგრძნო.
_ არ იტირო... _ შეეხვეწა და თვალებში ჩახედა.
_ მაპატიე... _ თქვა ქალმა და მის სახეს სახე მიადო.
_ მშვიდად დაიძინე, ემა... არაფერზე ინერვიულო... _ თქვა და მკერდზე მიიკრა...
დილას ერიკმა იგრძნო ემას კოცნა და უცებ ზურგზე ამოატრიალა.
_ ცუდი თამაში დაიწყე წუხანდელი ღამიდან მოყოლებული, _ უთხრა.
ქალმა თვალები დახუჭა, ისევ ბოდიში მოიხადა წუხანდელი უარის გამო.
_ ბოდიშს მივიღებ, თუ საუზმეზე დამპატიჟებ, _ უჩურჩულა ერიკმა, რაზეც ქალი დაეთანხმა და საუზმეც შეუკვეთა.
ერიკს მხოლოდ ერთი ფიქრიღა აწუხებდა, რისი ეშინოდა ემას ასე ძალიან, მაგრამ ამ თემაზე აღარ უსაუბრია.
დამშვიდობებისას ისევ გაუმეორა, დროს გაძლევ მოსაფიქრებლადო და ქალმაც თავი დაუქნია, ლოყაზე აკოცა და ნომრის კარი მიხურა.
***
დილით ემა სამუშაოზე მივიდა, ჟაკლინის ახალ უფროსს, თავის მეგობარ ქეტრინს ხვდებოდა. ქეტრინი ჯერ კიდევ უნივერსიტეტის დროს გაიცნო, მას თავიდანვე დაუმეგობრდა და ერთად დადიოდნენ კაფეში, რესტორნებში სხვა საერთო მეგობრებთან ერთად. მის მეგობარს სამი ლამაზი შვილი ჰყავდა და საუკეთესო ქმართან ერთად ზრდიდა შვილებს, თან თავის სამუშაოს უძღვებოდა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის დაწყებული ჰქონდა სამუშაო, სანამ ემა დაბრუნდებოდა... დილით ყველაზე პატარას ბაღში ხან ქეტრინი მიიყვანდა, ხან მისი უფროსი შვილები, თვითონ კი სკოლისკენ მიიჩქაროდნენ, რომელიც იქვე რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობდა. საღამოს კი ორივეს მოჰყავდა უკან სახლში თავიანთი პატარა, როცა ცეკვის გაკვეთილს მორჩებოდნენ...
მას მერე, რაც ემა საზღვარგარეთ იყო, იძულებული გახდა, მეგობრებსაც მოშორებოდა, მაგრამ მაინც შეინარჩუნა მათთან ურთიერთობა და ანიტასა და ქეტრინთან ერთად გასართობად იკრიბებოდნენ. უკვე ყველას ოჯახი ჰყავდა ემას გარდა. ის ამას დიდად არც განიცდიდა, მით უფრო მას მერე, რაც თავს გადახდა, მას მერე მისთვის სულერთი გახდა სამყარო და მთელი ცხოვრებაც...
ემამ რამდენიმე ესკიზი გადადო და სახელოსნოში ჩავიდა ხელოსნებთან სასაუბროდ.
_ ეს ქვა ცოტა სხვანაირი მინდა, უფრო გამოიყვანეთ და კუთხეები ოდნავ შეუცვალეთ! _ დაავალა ხელოსანს. მერე კიდევ რაღაცეები მოიწონა და შენიშვნაც მისცა. ბოლოს ყველას მისამართით თქვა, თუ რამე პრობლემა გექნებათ, შემატყობინეთო და კვლავ თავის კაბინეტს მიაშურა.
_ ქალბატონი ქეტრინი კაბინეტში გელოდებათ, _ უთხრა მდივანმა და ღიმილით სავსე ემაც ოთახში შევიდა.
ჩაეხუტა მეგობარს.
_ ბავშვობაში ერთად მუშაობა დავგეგმეთ, მაგრამ მე ჩემი ახირებების გამო სამკაულები ავირჩიე, შენ კი ტანსაცმელი. ახლა დროა ისევ მოვილაპარაკოთ და შევერთდეთ... _ თქვა და დაჯდა, _ შენს შექმნილ ქსოვილს შემიძლია ადგილი დავუთმო მაღაზიაში, რომელიც პირველ და მეორე სართულზე განლაგდება, ოღონდ სულ სხვანაირად: სამოსები და სამკაულები ერთმანეთს შეეხამება და ასევე, ყველა სამოსი ეცმევა მოდელს. ასე რომ, ყველა მოდელი ყველაფრიანად სრულყოფილი იქნება. მოდელები განლაგდება წრეში და გასწვრივ რამდენიმე მწკრივად. კიდევ არის ერთი იდეა, რომელსაც მერე გადავწყვეტ და მივხედავ. თუ თანახმა ხარ, მოიფიქრე და მოსალაპარაკებლად ისევ მესტუმრე. რაც შეეხება კომპანიის სახელს, შენიც იქნება. ალეხო თანახმაა, მაგრამ უფლება არ მაქვს, ჩვენი კომპანიის სახელი შევცვალოთ და შევერთდეთ. უბრალოდ, კონტრაქტი გაფორმდება და შენ შენი სახელი დაგრჩება, ჩვენ _ ჩვენი!
_ ემა, ჩვენ ცოტა ვალი გვაქვს, ამიტომ არ ვიცი, ამას შევძლებთ თუ არა.
_ ქსოვილი ხომ მზადდება? ეს ქსოვილი განსაკუთრებული და სხვანაირია. შეკერვითაც კარგი სტილის იკერება, მოდური, უბრალოდ, ტანსაცმელებს აქ მოიტანთ, მეტი არაფერი. ოღონდ მე უნდა ვნახო ხოლმე, სანამ მაღაზიაში გამოვფენთ. ვალს ჩვენ გავისტუმრებთ კონტრაქტის დადების შემდეგ. მერე ცოტა თანხას დაზოგავ ნელ-ნელა და ვიღაცის ვალის არ შეგეშინდება, მერე სრულ თანხას აიღებ და მორჩა. თქვენი მოგებიდან 20% ჩვენი იქნება, დანარჩენი მთლიანად თქვენი. სამოსი შემოწმდება და ფასი ისე დაედება.
_ მარტო 20% რატომ?!
_ ეს 20% მხოლოდ ადგილის დათმობის და მეგობრობის გამო... ბევრია?! _ იკითხა გაკვირვებულმა ემამ.
_ არა, რას ამბობ, ძალიან ცოტაა...
_ მაგრამ თავიდან მხოლოდ 30%-ს ავიღებთ ვალის გასტუმრების გამო. ალეხო თანახმაა, რომ მარტო სამკაულები არ იყოს მაღაზიაში. თვითონ მხოლოდ სამკაულები აინტერესებს, მეტი არაფერი და თავისი საცოლე. _ ემამ გაიცინა. _ ქსოვილები აქაურობას უფრო გაამრავალფეროვნებს და გაალამაზებს, არ მინდა მარტო სამკაულები იყოს გამოფენილი. 1-ელ და მე-2 სართულზე მაღაზიები იქნება. მე-3 სართული უფრო დიდია, ამიტომ გამოფენებს დაეთმობა, მე-4 სართულიც იმავე ზომისაა და ჩვენებები იქ გაიმართება, იქვეა მოსამზადებელი და მაკიაჟის ოთახები. მე-5 სართული ინვენტარს ეკუთვნის: სკამები, დივნები, მაგიდები... ის, რაც მერე გვჭირდება ჩვენებებისა და გამოფენისთვის. მე-6 სართული ხელოსნებისაა, მე-7-ზე კი სამზარეულოა განლაგებული. მე-8 სართულზე დაცვის ოთახებია, მე-9-ზე ახლა ვართ. მე-10 სართული ვერტმფრენის ასაფრენი მოედანია. ცუდი ის არის, რომ აქ ვერ გადმოგიყვან, რადგან შენს ქსოვილებს უნდა მიხედო. ასე რომ, მოიფიქრე, მანამდე კი ვისადილოთ.
ცოტა ხანში წამოდგნენ. ემამ შიდა ტელეფონს უპასუხა.
_ ბატონი ერიკია მოსული და თქვენი ნახვა სურს.
ერიკმა დაინახა, ემას სამსახურში რომ შევიდა ქალი, რომელსაც თავისი დისგან იცნობდა, და მიხვდა, რომ ჟაკლინის ბედნიერი სამუშაო ემას დამსახურება იყო. მაშინვე ემას მდივანს დაურეკა, რადგან ემა ტელეფონს არ პასუხობდა.
_ უთხარი, რომ სააბაზანოში ვარ მეგობართან ერთად და ახლა არ მცალია! ქეტრინს მართლაც შეჰყვა სააბაზანოში, რათა ხელი დაებანათ. ემამ საუბარი იქაც გააგრძელა:
_ ლოგო უნდა დავბეჭდოთ, ამიტომ სრული ვერსია მოიფიქრე, რომელიც რამდენიმე წელი მაინც არ შეიცვლება, მერე თუ ახალი მოგინდება, შეცვლი.
_ რისი ლოგო?!
_ ტანსაცმლისთვის!
ემამ გაიცინა. ქეტრინიც აჰყვა და მადლობის ნიშნად ჩაეხუტა.
_ ჯერ ადრეა მადლობის თქმა... _ ამ დროს კარიც გაიღო.
_ ემა! _ იყვირა ერიკმა, მაგრამ ქალი რომ დაინახა, თბილი ტონით გააგრძელა: _ ბოდიში, რომ შემოგეჭერით... _ და ქალი, რომელიც მისკენ წამოვიდა, მოიკითხა.
_ საიდან იცნობთ ერთმანეთს?!
_ ჩემი დის უფროსს ვიცნობ, მის ძველ უფროსსაც ვიცნობდი... _ თქვა ერიკმა და გაჩუმდა.
_ გასაგებია. მაშინ ერთად ვისადილოთ, _ თქვა ემამ და სამივენი კაბინეტში გავიდნენ.
მდივანმა ისევ დარეკა.
_ გისმენ!
_ ქალბატონო, ანდრესს უნდა თქვენი ნახვა.
_ სამკაულებთან დაკავშირებით?!
_ არა, პირადულიაო.
_ შემოვიდეს.
კარზე მალევე დააკაკუნეს.
_ მობრძანდით, _ ემა სტუმრის შესახვედრად გაემართა.
_ მაპატიეთ, არ ვიცოდი, თუ სტუმრები გყავდათ. სხვა დროს მოვალ... _ თქვა კაცმა და გაჩუმდა.
_ არა უშავს, წამოდი, _ და სტუმარი წინ გაატარა.
ემა მოსულთან ერთად აივანზე გავიდა, ერიკი და ქეტრინი კაბინეტში დარჩნენ.
_ ბატონო ერიკ... კარგი და გყავთ.
_ კი, კარგი გოგოა... ვიცი, რომ ემამ სამსახური უშოვა ჩემს დას. იმედია, ჟაკლინი ბეჯითად მუშაობს...
_ დიახ, ძალიან თბილი და ნიჭიერი გოგოა... კარგად გამოსდის საქმე.
ემამ აივნის კარი მოხურა და მოაჯირს მიეყრდნო.
_ გისმენ, ანდრეს, პირდაპირ მითხარი, არაფერი პრობლემა არ არის, არც სანერვიულო!
_ მე... მე _ და კაცი დაიბნა, გაჩუმდა, მერე ისევ გააგრძელა, _ მე ანხელა მომწონს და არ ვიცი, თუ რაიმე პრობლემაა, მაშინ სამუშაოდან წავალ...
ემას გაეცინა.
_ მე ერთხელ გითხარით ყველას, ტყვეები არ ხართ-მეთქი! შენ კიდევ ამხელა კაცს ჩემთან საუბრის გეშინია! ხომ წაგიკითხეთ აქ მოსვლისთანავე ჩემეული ზნეობრივი მორალი, რომელიც არ უნდა დაგერღვიათ! _ ხმა ოდნავ გაიმკაცრა ემამ.
_ დიახ, მაგრამ მე ის მომეწონა და მასაც... _ კაცმა თავი ჩაღუნა.
_ რამე სერიოზულს რომ დააშავებ, მაშინ ჩაღუნე თავი! ქალი თუ მოგწონს, მაგის გამო არაა საჭირო ასე თავის ჩაღუნვა! არ დავუშვებ რაიმე ზედმეტს და ცუდს, სამუშაოს მერე ორივენი თავისუფლები ხართ თქვენს გრძნობებში, ეს მხოლოდ თქვენი საქმეა! თუ ქალს არ მოატყუებ და კარგადაც მოექცევი, პრობლემა არ არის, მე წინააღმდეგი არ ვარ. თქვენი ურთიერთობა თქვენ ორის საქმეა, მხოლოდ თქვენ ორის! და იცოდე, სამუშაოში ნუ აურევთ ამ ურთიერთობას, ამას ვერ ავიტან! ახლა მშვიდად შეგიძლია წახვიდე და შენს ქალბატონს ყველაფერი უთხრა! კიდევ რაიმე პრობლემა ან სათქმელი ხომ არ გაქვს?!
_ არა, ქალბატონო, დიდი მადლობა! _ და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
ემამ ხელი ჩამოართვა და ჩაიხუტა კიდევაც: _ იმედები არ გამიცრუო და დამშვიდდი! არც ისეთი ცუდი და მკაცრი ვარ! ორივე ამოდით ბარემ! _ მიაძახა ბოლოს და აივანზე დაიცადა. _ ცოტა ხანი და შემოვალ, ხომ არ მოიწყინეთ?! გამოსძახა ერიკს და დაქალს, თვითონ კი ალეხოს მესიჯი გაუგზავნა და ეს ამბავი შეატყობინა. იცოდა, ალეკო წინააღმდეგი იყო სამსახურებრივი რომანის.
_ არა, ემა! _ უპასუხა დაქალმა და ერიკს შეხედა, ქალს თვალს რომ არ აცილებდა.
_ ჩვენი სიძეობა ხომ არ გადაიფიქრეთ?!
_ არა... ჯერ ემა უნდა დამთანხმდეს, დრო მივეცი!
_ ძალიან კარგი... _ თქვა ქალმა და წვენი მოსვა.
_ ბავშვობის მეგობრები ხართ?!
_ არა, უნივერსიტეტის.
_ კარგია.
რამდენიმე წუთში ემა მოსაუბრეებს შეუერთდა.
_ მაპატიეთ, რომ ასე მიგატოვეთ.
ამ დროს მისი მობილური აწკრიალდა.
_ გისმენ! _ ემამ უპასუხა.
_ კარგია რომ მისმენ, ემა, როგორ ხარ?!
_ კარგად, გაბი, შენ?! შენი საქმრო სადა?!
_ ჩვენც კარგად! გადავეცი შენი თანამშრომლების სიყვარულის ამბავი და თანახმაა. იცის, რომ სამუშაოს და ურთიერთობას არ აურევთ ერთმანეთში!
_ ჰოო?! რა უქენი მაგ კაცს?! იმ დღეს ნომერში?! _ და გაიცინა.
_ აზრზე მოვიდა, _ უპასუხა გაბიმ.
_ ქალბატონებო, ნუ ჭორაობთ ჩემზე! _ მოესმა ემას ალეხოს ხმაც.
_ კარგი, აბა თქვენ იცით! და როდის ჩამოვა ის ცივსისხლიანი?!
გაბის გაეცინა და უთხრა: ხვალ ჩამოდისო.
_ ჰოოო?! ჯანდაბა, მაგას რა გაუძლებს! აქაურობას ჰაერში ასწევს!
_ შენს ნომერში დაპატიჟე ვინმე ქალთან ერთად და იქნებ შეუყვარდეს! ოღონდ ერიკს არ გააკარო, თორემ ვინ ვის მოერევა, არ ვიცი! _ და ისევ გადაიკისკისა.
_ ხოო ეგ კარგი აზრია, მოვიფიქრებ! თუმცა ისედაც ვიცი, რომ ჩემს კაბინეტში ჩასახლდება და არა სასტუმროში! კარგი, წავედი, ხვალისთვის უნდა მოვემზადო ცივსისხლიანთან შესახვედრად! _ და ტელეფონი გათიშა.
_ ვინ უნდა მოვიდეს შენთან ნომერში?! _ ახლაღა ამოიღო ერიკმა ხმა და ქალს თვალებში ჩააშტერდა!
_ ბოსტონელი არქიტექტორი, რომელმაც უნდა დააპროექტოს მაღაზიები პირველ და მეორე სართულზე. იმედი მაქვს, ორი დღის მერე წავა!
_ ორი დღე ეყოფა მაღაზიას?! _ იკითხა გაკვირვებულმა დაქალმა.
_ არა. ორი დღე უნდა ავუხსნა, რა მინდა და მერე წავა, რომ მოიფიქროს და გაამზადოს, რაც გვინდა! თუმცა ორი დღე დარჩება თუ მეტი, ჯერ არ ვიცი!
ცოტა ხანი ისევ იჭორავეს, ისადილეს კიდევაც და ქეტრინი წასასვლელად მოემზადა. ერიკიც წამოდგა, მოიმიზეზა, საქმეები გამომიჩნდაო, ქალებს დაემშვიდობა და წავიდა. გადაწყვიტა საღამოს სტუმრებოდა ემას და ახლა არ მოეწყო მისთვის დაკითხვა.
***
ემა საძინებელში შევიდა და წამოწვა. მალევე ჩაეძინა. ესკიზები გვერდით ედო და ისე ეძინა. ერიკმა კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა. იფიქრა, ნომერში არ არისო და უკან გაბრუნებას აპირებდა, რომ ამ დროს ემამაც გააღო ისე, მისი სახე რომ არ დაუნახავს. კაცის ზურგს შეხედა და რა გნებავთო, ჰკითხა. ერიკი მოტრიალდა და ქალი ზანტად აათვალიერა.
_ ისევ ასე უღებ უცხო კაცებს კარს?!
ემამ ახლაღა გააცნობიერა, რომ თეთრი გამჭვირვალე გიპიურის პიჟამა ეცვა და მაშინვე შებრუნდა მოსაცმელისთვის.
_ უფრო უარესადაც, _ მიახალა ერიკს და გაახსენდა, პირსახოცმიფარებულმა რომ გაუღო ამას წინათ კარი.
კაცი შემოვიდა და გაჩერდა.
_ რამ მოგიყვანა ასე გვიან?!
_ შენ უშოვე ჩემს დას სამსახური?! _ და ხმას აუწია.
_ დიახ. _ თქვა და ემამ თავი დახარა.
ერიკი მოლბა, ასე რომ უპასუხა და ქალს მიუახლოვდა. ემა გაშეშებულივით იდგა და ერიკს გაბრაზებას ელოდებოდა.
მან ხელი მოუჭირა ორივე მკლავში და სახეში შეხედა, რომელიც განზე იყურებოდა.
_ ჩემი გრცხვენია?!
_ არა, _ უთხრა ემამ.
_ აბა, სახეს რატომ მარიდებ?!
_ რომ არ...
ერიკმა არ დაასრულებინა:
_ სილის გარტყმას არ ვაპირებ!
_ რომ არ გაკოცო, იმიტომ! _ დაიჩურჩულა ემამ და ერიკიც მის ტუჩებს მისწვდა საკოცნელად.
ორივე ნელ-ნელა კოცნით მიიწევდა საძინებლისკენ. კაცი გათბა მისი ტუჩებით და თვალებში ჩააშტერდა.
_ შენ მე უარი მითხარი, ემა, და გაიქეცი! გაქცევა ამჯობინე!!! _ ცივად წარმოთქვა უცებ ერიკმა და ქალს მკლავზე ხელი მოუჭირა. _ გამაგდე და მომიშორე! მე ფიქრის დრო მოგეცი, მაგრამ არ გიფიქრია! არ მოსულხარ ჩემთან და თანხმობა არ გითქვამს!! _ და ხელი გაუშვა.
_ შენ არ იცი, ერიკ... _ თქვა ჩუმად ქალმა და კაცს შეხედა.
_ არ ვიცი! გითხარი, მენდე და მომიყევი, რაშიც გგონია, რომ დამნაშავე ხარ-თქო, მაგრამ არ მენდე! შენ მე არ მენდე!!! უცხო ქალს, ალმას ენდე, მაგრამ მე არა! _ თქვა და კარისკენ დაიძრა.
ქალმა უეცრად თავი სუსტად იგრძნო და ჩუმად ამოიჩურჩულა:
_ წარსულის ჭრილობა... _ და გული წაუვიდა.
გაოცებულმა ერიკმა ხელში აიყვანა, ლოგინზე წააწვინა და სახეზე წყალი შეასხურა.
_ ემაა... გამოფხიზლდი! _ დაუყვირა და ქალმაც თვალები გაახილა. ერიკმა ჩაიხუტა და თავზე ხელი გადაუსვა: _ მხოლოდ ეს თუ არის უარის მიზეზი ჩემთან ცხოვრებაზე, დაივიწყე და დამთანხმდი. როცა შენ გენდომება, მხოლოდ მაშინ მომიყევი ის, რაც ასე გაშინებს, გაწუხებს და გტკივა...
_ არა, ერიკ, არა, ჯერ არ შემიძლია... _ თქვა ქალმა და წამოდგა, _ ჯერ არ მინდა იგივე წინადადება მოვისმინო... _ თქვა და დაინახა თუ არა თავდახრილი კაცი, გვერდით მიუჯდა და მიეხუტა: _ რამეს დალევ?!
კაციც დათანხმდა და ორივემ თითო ბოკალი დალია.
_ დღეს მინდოდა საუბარი, მაგრამ ვერ მოიცალე ჩემთვის... _ თქვა კაცმა და ქალს გადახედა, რომელიც მეორე ბოკალს სვამდა.
_ ერთმა გამომძიებელმა არია თავიდან ყველაფერი და მისი სისულელეების გამო გეგმები ცოტა გადამეწია! _ თქვა ქალმა და სასმელი მოსვა.
_ ჰოო?! სულელი კაცი! _ თქვა და ემას გადახედა. _ იცი, რატომ დავთანხმდი ჩემი დის მუშაობას?!
_ იმიტომ, რომ ემუშავა და საქმე ჰქონოდა. მიხარია, რომ ქმარსაც შეურიგდა.
_ იმიტომ, რომ უფროსად ქალი ეყოლებოდა... _ და გაჩუმდა.
_ კაცი რომ ყოფილიყო, უარს ეტყოდი? რატომ?! _ იკითხა ემამ და გაბრაზებულმა მაგიდის ქვეშ ხელები მომუშტა.
_ ძველი უფროსი ცუდი კაცი იყო. ჩემს დას ცუდად მოექცა.... ამის გამო ჰქონდა ქმართანაც დაძაბული ურთიერთობა.
_ მითხარი, რა მოხდა?! _ ემამ ერიკის სახეს ხელი შეახო.
_ ჩემი დის შეცდენა.... სცადა... _ ძლივს თქვა და სასმელი მოსვა.
_ ანუ გეგმა ჩაეშალა?!
_ ჰო, ემა, ჰო! _ კაცი ემას ჩაეხუტა და ატირდა.
ქალი ფიქრებში წავიდა: `გეგმა რომ ჰქონოდა, ხომ პირდაპირ განახორციელებდა და ჟაკლინი თავს ვერ დააღწევდა ამ სისასტიკეს!~ _ და ისევ წლების წინ მომხდარი ამბავი ამოუტივტივდა. ბოლოს გამოფხიზლდა, კაცის ცრემლი მის სახეს რომ შეეხო და ერიკს ცრემლიანი თვალები დაუკოცნა.
_ კარგი, მთავარია, რომ არაფერი არ მოხდა... დამშვიდდი. ყველაფერი კარგადაა და კარგად იქნება... ასეთი ადამიანი ყველა დაისჯება, ერიკ... ამაზე შენ არ უნდა იძიო შური! შენი დაც მოირჩენს ჭრილობებს და კარგად იქნება... ჩათვალე, რომ ეს ნიშანი იყო, პატარა ნიშანი, რომ შენი და იქიდან წამოსულიყო და იმ ურჩხულთან არ დარჩენილიყო! ქეტრინი კარგი უფროსიაა... კეთილია და შეგნებული... მალე ერთად კონტრაქტს დავდებთ და უფრო კარგად ექნებათ საქმე... მერე კონკურსს მოვაწყობთ და რამდენიმე ბეჯით თანამშრომელს ცოტა ხნით სხვა ქვეყანაში გავუშვებთ... მე იმედი მაქვს, რომ შენი დაც მოხვდება მათ სიაში და დროებით წავა. ბავშვს კი ქმარი თუ ვერ მიხედავს, ჩვენ ჩავიბარებთ...
_ ემა... შენ ისეთი თბილი და გამგები ხარ... _ თქვა ერიკმა და ქალს ხელი მოხვია. _ მაგრამ ვიცი, რომ ჟაკლინს ის ტკივილი დღესაც ახსენდება და ეს მის სრულ ბედნიერებას უშლის ხელს! რომ იცოდე, როგორი ბედნიერია, შენ სამსახური უშოვე და საქმე დაიწყო. მადლობას გიხდი ამისთვის. _ ქალს თავზე ხელი გადაუსვა და თვალები დახუჭა: _ ემააა... _ თქვა რბილად და სევდიანად, _ ეს სურნელი... შენი სხეულის სითბო... ეს გულისცემა... შენ მავიწყებ ყველა ტკივილს და ბედნიერებას მანიჭებ, _ და ქალს ხელი ძლიერად მოხვია.
ემამ გაიღიმა და კაცის თმაში შეაცურა თითები.
_ შენც მავიწყებ ყველაფერს, ერიკ... შენც ბედნიერებას მანიჭებ... _ თქვა, სასმელს დასწვდა და დაისხა. მძიმედ გადაყლაპა სხეულში დაგროვილი ტკივილიანი ნერწყვი. ბოკალი მოიყუდა. ერიკმა ხელი ჩაავლო და გააჩერა. ემამ ისე გადახედა, კაცმა ხელი გაუშვა და ნება მისცა, დაელია. მერე თვითონაც დაცალა ერთი ბოკალი და ქალს გაუღიმა: _ ახლა ორივე რომ ისე დავთვრეთ, ხვალ ტანსაცმლის გარეშე გავიღვიძოთ, ამაზე რა რეაქცია გექნება?!
ქალს სრულიად დაავიწყდა წარსულის ტკივილი, სიცილი აუტყდა და კაცს გადახედა:
_ სიმთვრალეში არაფერი გვემახსოვრება, ამიტომ ეს ნაბიჯი არ მომეწონებოდა...
კაცმა გაუღიმა და ქალს ბოკალი ხელიდან აართვა.
_ ჯობს მეტი აღარ დალიო, თორემ მთვრალს ვერ დაგტოვებ და მერე შეიძლება რაღაცები დამაბრალო... _ და ორივე ბოკალი მაგიდაზე დააბრუნა. შემოტრიალდა და ქალი ლოგინზე მიწოლილი დახვდა. თვალები დაეხუჭა და ფიქრებში წასულიყო. კაცის შეხება იგრძნო თუ არა, გაახილა თვალები და კაცს ხელები მოხვია.
_ შენ ერიკ... შენც ხომ არ მოგეწონებოდა, მთვრალები ასე რომ მოვქცეულიყავით?!
_ მე ყველა შენს სუნთქვას, ყველა შენს გულის ძგერას დავიმახსოვრებდი... _ თქვა კაცმა და მიეალერსა, _ არ მომეწონებოდა, რომ მთვრალი ჩემი გამხდარიყავი... _ ამ სიტყვებით ქალის სხეული მიიხუტა და ჭერს ახედა.
_ ერიკ... იმ ამბავზე შენს დას ესაუბრები ხოლმე?!
_ ყოველთვის არა, რადგან მინდა დაივიწყოს, მაგრამ ვიცი, რომ სტკივა და განიცდის...
_ დრო მოვა და დაივიწყებს... ვფიქრობ, ამ ამბავმა უფრო ძლიერი გახადა, ეს კი კარგია... _ თქვა და თვალები მაგრად დახუჭა.
ცოტა ხანში ჩათვლიმა. ერიკმა დახედა, გაეცინა და უჩურჩულა:
_ ისე გძინავს, რომ გაგხადო, არც გემახსოვრება...
ქალს გაეცინა:
_ დამაძინე, ერიკ! და ნუ ოცნებობ... _ თქვა ჩურჩულით და კაცის სხეულს მიეხუტა. _ შენს დას გაუმართლა, რომ მის ტკივილს ასე განიცდი... მაგრამ ამის გახსენებას სჯობს, რაც მოსწონს და გააბედნიერებს, ის ერთად გავუკეთოთ, რომ ის დღეები დაივიწყოს. ადრე თუ გვიან ყველა ტკივილი ქრება, ერიკ... რა უყვარს შენს დას, რამ შეიძლება ძალიან გაახაროს?! _ ჩაეკითხა კაცს.
_ აეროპლანით ფრენა და იქიდან გადმოხტომა...
_ ხოდა, გავაკეთოთ. ხვაალვე!
_ მერე შენი სტუმარი?! აქ როგორ უნდა ვიგუო შენთან?!
_ საღამოს ჩამოვა! ჩვენ კი წავიდეთ ერთად და გავერთოთ!
_ კარგი, ემა, დიდი მადლობა.
***
დილით ისაუზმეს თუ არა, ერიკმა და ემამ მაშინვე აეროპლანისა და პარაშუტის საქმეები მოაგვარეს და ჟაკლინი გააფრთხილეს, საღამოს მზად იყავი, სხვაგან მივდივართო.
საღამოს უკვე ყველაფერი მზად იყო და სამივე აეროპლანში მოთავსდნენ.
_ დაო, გადმოხტომა თუ გინდა, ეს ჩაიცვი! _ და პარაშუტი გაუწოდა.
_ ძაან მაგარია! _ ჟაკლინი აღტყინებული იცინოდა, _ ძველი ბედნიერი დღეები გამახსენდა, _ უთხრა ძმას და მიეკრა.
_ ეს ემას იდეა იყო.
ჟაკლინმა ქალს აკოცა და მადლობა გადაუხადა.
_ შენ რატომ არ იცვამ პარაშუტს?! _ შეეკითხა ერიკი ემას.
_ ამისი არაფერი გამეგება და არც მიყვარს!
_ რატომ? ერთად გადავხტებით!
_ არააა! _ იყვირა ემამ, _ არ შემიძლია! მე აი, იქ დაგელოდებით, _ და გემზე ანიშნა. _ იქ უნდა ჩამოფრინდეთ, იქ დაგხვდებით.
ორივენი გადმოხტნენ, აეროპლანი კი გემისკენ გაფრინდა და დაჯდა. ემა უყურებდა, როგორ მართავდა და-ძმა პარაშუტს და თან ფოტოებს უღებდა. როცა მოახლოვნდნენ, მათკენ გაიქცა. ჟაკლინი გახარებული იყო, რაც ერიკსაც უხაროდა. ის ორივე ქალს ჩაეხუტა და თავისკენ მიიზიდა. ორივე მიყვარხართო, უთხრა მათ და აკოცა.
_ ძმაო! ჯერ ემას უნდა აკოცო და მერე მე!
_ არა უშავს, ემას ეს არ ეწყინება! სხვა დღეს პირველს მას ვაკოცებ! _ და ქალებს გაუცინა.
ზღვის პროდუქტები მიირთვეს და გემზე გაშლილ შეზლონგებზე მიწვნენ. ჰაერი სასიამოვნო და გრილი იყო, ცაზე ვარსკვლავები კაშკაშებდნენ და მათი ყურებით ტკბებოდნენ. ერიკი შუაში მოქცეულიყო და მათთან ჩახუტებული ცისკენ იყურებოდა. უცბად ვარსკვლავი ჩამოვარდა და ჟაკლინმა იყვირა, სურვილი ჩაიფიქრეთ, აგისრულდებათო!
ერიკმა ჩაიფიქრა. ემამაც: ტკივილის მოშუშება, ბედნიერება და ცოდვების მიტევება... ახლა გაახსენდა, რამდენი ხანი ელოდა ციდან ვარსკვლავის ჩამოვარდნას. ეს მას არასდროს ენახა და უნდოდა ერთხელ მაინც დაენახა ეს წამი და სურვილი ჩაეფიქრა. მთელი გავლილი წლები ცაზე ვარსკვლავს თუ დაინახავდა, უყურებდა და ოცნებობდა, ჩამოვარდეს, რომ სურვილი ჩავუთქვაო და ახლა, ამდენი ხნის მერე ნატვრა აუსრულდა. 24 წლისამ დაინახა პირველად ეს ლამაზი წამი და გაიფიქრა: `რა არის ცხოვრება? ჩვენ სურვილს ვისრულებთ მისი ჩამოვარდნით და თან ამ დროს ვიღაცა კვდება! ვიღაცის სიკვდილის ხარჯზე ჩვენ უფლება გვაქვს, სურვილი ჩავუთქვათ და გვიხარია, რომ ველოდებით ვარსკვლავის ჩამოვარდნას... ანუ რა გამოდის? სიკვდილი გვიხარია?! გვიხარია, რომ ვიღაც კვდება?!~ _ მაშინ მიხვდა ემა, რომ არ უნდოდა არც სურვილის ასრულება და არც ვარსკვლავის ჩამოვარდნა.
_ გამიგია უდიდესი ვარსკვლავები: უსი, ალდებარანი, არქტური, რიგელი... თუმცა არც კი ვიცი ცაზე ვარსკვლავების განლაგება. _ ჟაკლინს გახედა და შეეკითხა: _ მართლა ახდება ასე სურვილი?!
_ კი, ემა, არ გჯერა?
_ არ ვიცი! ძნელია ვიღაცის სიკვდილის დროს შენ სურვილი ჩაიფიქრო, რათა აგიხდეს!
_ ამაზე არ მიფიქრია! _ უთხრა ჟაკლინმა და ძმას მიუბრუნდა.
_ შენ გჯერა, რომ სურვილი აგიხდება?!
_ კი! _ და ემას მიუბრუნდა, _ ახლავე შევამოწმებ, გინდა?!
_ არაა... ერიკ, ახლა არაა... _ თქვა ემამ და კაცს ხელი დაადო მკერდზე: _ სხვა დროს, სხვა დროს, როცა ამის დრო მოვა... _ და კაცის ლოყას თავისი მიადო.
_ ემა... მხოლოდ ის მინდა ვიცოდე, რას ფიქრობ ჩემზე და რას გრძნობ... _ თქვა კაცმა და ქალს თვალებში ჩახედა: _ თუ გინდა, ახლა არ მიპასუხო...
ქალი წამოიწია. ფეხზე წამოდგა და ამ დროს ჟაკლინის ხმაც გაისმა:
_ მე წავალ სახლში, თქვენ კი ამ საოცარი ღამის ცის ქვეშ ისაუბრეთ. მადლობას გიხდით ორივეს, განსაკუთრებით შენ, ემა... _ თქვა და ემას ჩაეხუტა, მერე ძმას დაემშვიდობა და ტაქსით წავიდა.
ემამ გემბანზე გადადგა ნაბიჯი და ერიკს მიმართა:
_ შენს სახლში წავიდეთ... _ ამ დროს კაცის ჩახუტება იგრძნო ზურგიდან.
_ ჯერ არა, აქ ვიყოთ... _ თქვა კაცმა და ქალს ხელი მოხვია.
ემამ დაიჟინა, წავიდეთ შენს სახლშიო და კაციც დანებდა.
...ემა ლოგინზე წამოწვა და კაცს შეხედა, რომელიც საათს იხსნიდა. ქალმა კაცის მზერას მოჰკრა თვალი და გაუღიმა.
_ ერიკ... შენ გვერდით თავს დაცულად და ბედნიერად ვგრძნობ. მინდა, რომ შენ გვერდით ვიყო და სულ გხედავდე... მიყვარხარ... _ თქვა და როგორც კი კაცმა ხელში აიყვანა და ჰაერში დაატრიალა, თავბრუ დაეხვა. თვალები დახუჭა და ერიკის მკლავებს მიენდო. ერიკმა ქალი ჩამოსვა და ლოგინზე დააწვინა, როგორც კი მიხვდა, რომ ემა კარგად იყო და უღიმოდა, თვითონაც ბედნიერს გაეღიმა და ემას სხეული მიიხუტა.
_ ჩემიი... ჩემი ემა... _ თქვა კაცმა და ქალს კოცნის მერე ისევ გაუმეორა რამდენჯერმე, მიყვარხარო.
როგორც კი ერიკი დასაბანად შევიდა, ემა ჩუმად წამოდგა, ტაქსი გამოიძახა და აეროპორტისკენ გასწია, რადგან ღამის 2 საათზე არქიტექტორი ჩამოდიოდა.
არქიტექტორი ერთი დიდი ჩანთით ჩამოვიდა.
`ოჰ, მაგარია. იმედია, მეტი ჩანთა არ აქვს, ანუ დიდი ხანი არ მომიწევს მისი ატანა! თორემ ვიცი, ყოველდღე ვიყვირებ~, _ გაიფიქრა ემამ, კაცს მიეახლა და გადაკოცნა.
_ როგორც იქნა, გნახე, _ კაცი ემას ლოყას შეეხო.
_ ჰოო! კარგ ხასიათზე ხარ?! გშია?!
_ კი, ძალიან მშია. რას მაჭმევ?!
_ სასტუმროში მივალთ 20 წუთში და გემრიელ კერძებს გაჭმევ.
_ და სამსახურში რომ წავიდეთ, არა? _ იკითხა კაცმა და ქალს შეხედა.
ემა ჩაფიქრდა.
_ რატომაც არა, თანახმა ვარ, წავიდეთ. მერე იქვე შეძლებ გამოძინებას, თუ დაძინება მოგინდება.
ემამ ჯერ პირველ სართულზე შეიყვანა, მერე მეორეზე ავიდნენ შიდა კიბით. დაათვალიერებინა, რამდენი ფართობი იყო გამოყოფილი მაღაზიებისთვის და მერე დივანზე ჩამოსხდნენ.
_ აქ სარკეები მინდა ყველგან, _ ორი კედლისკენ ხელი გაიშვირა. _აქ კიდევ სულ თვლები და ყვავილები იქნება და აქაც, დანარჩენ ორ კედელზე, _ ხელით მიანიშნა. _ დივნები იქნება განლაგებული ისე, რომ მოდელები კარგად გამოჩნდნენ. რაც შეეხება მეორე სართულს, ვერ გადავწყვიტე, ანალოგი იყოს თუ რაიმე სხვა დიზაინი. რაც შეეხება განათებას, ისე მინდა შუქი მოხვდეს, რომ ქვების სიკაშკაშემ მოდელები არ დაჩრდილოს...
_ არავითარ სარკეებს არ ვეთანხმები, _ უცბად იყვირა რობერტომ, _ სისულელეა! ამას არ გავაკეთებ!
_ მე ასე მინდა, რატომ არ იქნება ლამაზი?! _ ისე ყვიროდნენ ორივენი, რომ გარეთ მანქანაში მოთვალთვალე ერიკსაც ესმოდა.
_ მაშინ კედლები რით გავალამაზო?! _ ბოლოს ისევ უყვირა კაცს ემამ და შეხედა.
_ სადა რომ იყოს და არა ასე გადატვირთული?!
_ არა! მე აქ პატარა აუზებიც მინდა მოდელების გვერდით!
_ არაა!
_ პატარა აუზი, ალეხო თანახმაა!
_ მაშინ მაგას გააკეთებინე!
_ კარგი რა, დაფიქრდი, რატომ იქნება ცუდი? ქვები ხომ ჩვენს საქმეშია, ამიტომაც მჭირდება კედლებზე ქვები. ხოლო მარტო ქვები რომ არ იყოს, ამიტომაც მინდა ორი ლამაზი ნივთი: ყვავილები და როიალი. წარმოიდგინე, ქალი სარკეში იხედება და მას უკან ლამაზი ქვები, ყვავილები და როიალი უმშვენებენ ზურგს. ეს ხომ ნამდვილი სილამაზეა. ამდენი ქვის არეკვლა სარკეში ხომ ბრწყინვალეა!
_ მოდელები აუზთან უნდა იდგნენ?!
ემა მასთან ახლოს მივიდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, მერე მოშორდა, დივანზე დაჯდა და უთხრა, მეტს არაფერს გეტყვი, დაჯექი და იფიქრე, მერე კი ჩემს კაბინეტში ავიდეთო.
ერიკი გაბრაზდა, ქალი მასთან ასე ახლოს რომ იყო და ყურში რომ რაღაც უჩურჩულა. უნდოდა შიგნით შესულიყო, მაგრამ თავი შეიკავა, რადგან გაახსენდა ეჭვიანობის ძველი სცენები და შერცხვა.
რობერტო ემას გვერდით მიუჯდა და გარემოს გადახედა.
_ კარგი, ვიფიქრებ! ახლა კი რამეს მაჭმევ?!
ემა სამზარეულოში ავიდა, რამდენიმე კერძი აარჩია კაცისთვის და თავის კაბინეტში აიტანა.
_ ლამაზი კაბინეტია, მშვენიერი, _ თქვა რობერტომ და მერე აივანზეც გავიდა.
_ აი, მესმის! ჩემი მოწონებული კაბაც აქ ყოფილა! _ თქვა, როცა გარდერობი გამოაღო.
_ კი, ეგ პირველი კაბაა, რომელიც ჩემი სამუშაოს დაწყების წინ მომიწონეს!
_ ჰოო, მართალია, კარგად იცვამდი ადრეც, დახვეწილს, მაგრამ ახლა უფრო მშვენიერი ხარ!
ემამ მაგიდა გაამზადა და მშვიდად შეუდგნენ ჭამას. კაცი ჩაფიქრებული უყურებდა ხან საჭმელს, ხან ქალს.
_ იმ ბოლო სიტყვებით დამითანხმე! _ უთხრა ქალს.
ემაც წამოხტა და ჩაეხუტა:
_ მაგარიააააა! მადლობააა! და მეორე სართულზე რას ვიზამთ?!
_ სხვა რამეს, განსხვავებულს, მოდელები ისევ დარჩებიან და კედლებს მივხედოთ.
_ ჰოო, როიალი დავდგათ ქვებით მოჭედილი და კედლებზე სუყველგან სარკეები გავაწყოთ. მაგარი იქნება! _ ისევ მოაფიქრდა ემას და შეხედა კაცს, რომელსაც ყველა ცივსისხლიანს ეძახდა.
_ კარგი, მოვიფიქრებ. მე ძირითადად მოდელების და აუზის საქმეებს მოვაგვარებ, ასევე დავითვლი, რამდენი ყვავილი ან თვლებია საჭირო. სხვა რამე საქმე გაქვს ჩემთან?!
_ ეგენი უკვე დავითვალე და ნახაზიც აქ მაქვს, _ უთხრა და კაცს მიაწოდა ნახაზი, სადაც ყვავილები, ქვები იყო ჩახატული და რა რამდენი იყო საჭირო, ზედვე ეწერა.
_ კარგად გამოგიანგარიშებია! ოღონდ იმედია, ეს ფერები დარჩება, სადა და არავითარი ჭრელი?!
_ კი. ეგ ზუსტი ასლია. თუ შენც დაეთანხმები ფერებს და განლაგებას! აქ ქვები ისეა განლაგებული. რომ შორიდან ჩვენი კომპანიის სახელიც ამოიკითხება და მეორე პარტნიორის ლოგოც.
_ კარგი, კარგი, ახლა უკვე დავმშვიდდი და დავიძინებ აქ, შეიძლება?! _ ხელით ანიშნა დივანზე.
_ კი, რატომაც არა! _ თქვა ემამ და ფეხზე წამოდგა.
გაცოფებული ერიკი ადგილს ვერ პოულობდა. დაინახა, კაცი სააბაზანოშიც რომ შევიდა ემასთან ერთად, გარდერობშიც შეუხტა და ისიც მოისმინა, რომ დაძინებასაც იქ აპირებდა, ამიტომ ლიფტს თითი მიაჭირა და მე-9 სართულზე ავიდა.
_ კარგი, მე წავალ, რობერტო, მეგობარი მელოდება, უფრო სწორად, საქმრო... _ უთხრა ემამ და მეგობარს დაემშვიდობა.
გავიდა თუ არა, კინაღამ გაბრაზებულ ერიკს დაეჯახა.
_ სულ გაგიჟდი?! როდემდე უნდა იყო ასეთი?! _ ემამ ერიკს შეხედა.
ერიკმა ხელი მოჰკიდა ქალს და ლიფტისკენ წაიყვანა.
_ არ მითხრა ახლა, რომ შენც აქ უნდა დარჩე მასთან ერთად და აქ უნდა დაიძინო!
_ შენ საიდან იცი, რომ ის აქ იძინებს?!
_ ვიცი!
_ შენ! გაბედე და ჩემს კაბინეტში მოსასმენი აპარატი დააყენე?! კამერები?!
_ არა, მხოლოდ მოსასმენი... _ თქვა ჩუმად ერიკმა, _ შენ ჩემი ხარ, ჩემი! ჩემი ცოლი!
_ საცოლე! _ შეუსწორა, _ რომელმაც შეიძლება გადაიფიქროს და არ გამოგყვეს ცოლად!
_ ემა! ამას ნუ მეუბნები, ასე ნუ მაშინებ! _ უთხრა ქალს, ხელში ჩაბღუჯა, მიიზიდა და ტუჩებში ეცა. მერე გაბრაზებულს ხელი უფრო ძლიერად მოხვია და მანქანაში ძალით ჩასვა.
_ დღეს გაიპარე! არაფერი მითხარი და მარტო წახვედი აეროპორტში!
ქალს გაეცინა:
_ რა იყო, კიდევ ხომ არ მოგინდა ჩემი აეროპორტიდან წამოყვანა და საკანში ჩასმა?!
_ ემა! ვეჭვიანობ!
_ ტყუილად ეჭვიანობ! _ მიუგო ქალმა და ირგვლივ მიმოიხედა. _ მე არ მითქვამს, სახლში წამოგყვები-მეთქი!
_ მე მომინდა! _ წამოიძახა კაცმა, ქალს მანქანის კარი გაუღო, გადმოსვლაში მიეხმარა, ხელი ჩაავლო და მასთან ერთად აირბინა საფეხურებზე. შემდეგ ემა ლოგინზე წამოაწვინა და თვითონაც გვერდით მიუწვა.
_ ხვალვე მიბრძანდები, როცა სტუმარი იქ არ იქნება კაბინეტში და შენს სისულელეებს მოაშორებ იქიდან, თორემ იცოდე, ჩემს პირობას დავარღვევ!
ემა ისე ყვიროდა, როგორც რობერტოს უყვიროდა წეღან. ერიკი ამაზე გაბრაზდა და ქალს ძალით აკოცა.
_ შენ ვერ იტყვი უარს, ახლა ვეღარ მეტყვი უარს!
_ ვითომ რატომ, რისი შემეშინდება, შენი?!
_ ემაააა! არ გამაბრაზო და ასე ნუ მიყვირი! მოსასმენი აპარატი იქ დარჩება და შენც აქ დარჩები, ჩემს სახლში. იცოდე, ხვალ აქედან ფეხს ვერ გაადგამ! და საერთოდაც, ამდენი ხანია გელოდები და გიცდი, რომ შენი გონება როგორმე გამოფხიზლდეს და დამთანხმდეს ყველაფერზე! გეყოფა ამდენი ფიქრი! გეყოფა ამდენი დროის გაწელვა, რაც გაცალე, საკმარისია!
_ გამიშვი, ხელი გამიშვი!
_ მორჩი! რამდენიც გინდა, იყვირე, _ კაცმა ჩაიხუტა მისი სხეული და აღარ უშვებდა, _ ხვალაც აქ იქნები, იცოდე და ფეხს არსად გაადგამ!
ემა ცოტათი ჩაცხრა და ერიკს მიუბრუნდა:
_ რას ფიქრობდი, იქ მიკროფონებს რომ აყენებდი?!
_ იმას, რომ გამეგო, შენს ცდუნებას ვინმე თუ გადაწყვეტდა!
_ მერედა, რა გაიგე?!
_ ის, რომ რობერტოს აბაზანაში შეჰყევი და შენს გარდერობშიც შეძვრა.
_ ის დიზაინერია და თუ უნდა, კაბებსაც დაათვალიერებს და კედლებსაც!
_ იცოდე, ძალიან გავბრაზდები, სხვა რომ შეგეხოს, ხელი ოდნავადაც რომ გახლოს! რაც გაგიცანი, მის მერე ვერავინ უნდა შეგეხოს, ვერავინ!!! მანამდე თუ რამე ხდებოდა, ალბათ შენ ასე გსურდა. ეს წარსულია და შენი საქმეა! ახლა არ დავუშვებ ამას, არ შევეგუები!
_ კარგი, დამშვიდდი. მე რა მინდოდა და რა არა, ეს შენ არ იცი! არის წარსული, რომელზედაც არ ვლაპარაკობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე შენ მოგატყუე და ახლა საყვარელი მყავს!
_ მინდა ყველაფერი ვიცოდე, ემა... მაგრამ, როცა შენ გენდომება, მაშინ მოგისმენ...
_ მეძინება... _ თქვა ქალმა ჩუმად და თვალები დახუჭა. კაცი მის გვერდით მოკალათდა და ქალს მიეხუტა:
_ წეღან როგორ მიმატოვე...
ემას ჩაეღიმა:
_ იქ რომ წამეყვანე, ვიცი, გალახავდი, ამიტომ მარტო წავედი, ახლა კი დამშვიდდი და დაიძინე, ერიკ...
***
დილით ემამ გაიღვიძა თუ არა, ლოგინზე წითელი ვარდები დახვდა, გარშემოც სულ ვარდები ეყარა.
_ დილა მშვიდობისა, ემა, _ მიესალმა ერიკი და ტუჩებში აკოცა.
_ რა მაგარიაააა! _ იყვირა ქალმა და ყვავილებზე ხელისგული გადაატარა. _ რააა მაგარიააა! როდის მოასწარი?!
_ ღამე! ისე საყვარლად გეძინაა... ცოტაც და ხელში ჩაგიგდებდი! შემეცოდა ჩემი თავი!
_ რატომ?! _ იკითხა ქალმა და გადაიხარხარა.
_ რომ ბოლომდე ვერ ჩაგიგდე ხელში!
ქალმა მოხვია კისერზე ხელი და კოცნა დაუწყო.
_ ძალიან ლამაზია. მადლობა... _ და მკერდზე მიეკრა.
_ ჰო, მართლა, ჩემს კაბინეტში მოხსენი ის შენი სისულელეები! თანაც დღესვე!
_ გვიან მივალ და მოვხსნი. ჯერ ჩემთან უნდა იყო, ერთად ვისაუზმოდ.
_ არა... _ თქვა ქალმა და კაცს უბიძგა, ლოგინზე მიაგდო. _ მე საჭმელს მოგიმზადებ, დაპირებულ საჭმელს, _ და სამზარეულოში გავიდა.
კაცი უკან მიჰყვა. სამზარეულოში მოფუსფუსე ქალი რომ დაინახა, ჩაეღიმა და დანა გამოართვა ხელიდან, თან უჩურჩულა, ამას მე მივხედავო.
ქალმა გაუღიმა და და დააკვირდა, ერიკი ხახვს როგორ ჭრიდა.
_ როცა რამეს ჭრი, დანას უნდა უყურო, რომ ხელი არ გაიჭრა! _ გაიცინა ემამ, დანა ხელიდან გამოსტაცა და ხახვის მერე ხორცის დაჭრას შეუდგა. ერიკი სკამზე ჩამოჯდა და ქალს თვალი მიადევნა.
_ დღეს უგემრიელესი საჭმელი მექნება, ვატყობ!
ემა კარგა ხანს ათუხთუხებდა ქვაბს. ბოლოს კერძს დაჭრილი მწვანილი მოაყარა და გაზქურა გამორთო.
_ მზადაა. _ თქვა და კერძი ქვაბიანად მაგიდაზე შემოდგა. მერე თითო-თითო ულუფა თეფშებზე გადმოიღო და ერთი ერიკს მიაწოდა.
_ მიირთვი! _ ერიკმა არ გამოართვა თეფში, სამაგიეროდ ქალს წელზე მოავლო ხელი და მიიზიდა.
_ ერიკ, თეფშს გადამაგდებინებ! _ უყვირა კაცს, რომელიც მის სხეულს მიჰკვროდა და კოცნიდა. _ შენი ხელები ჩემს წელს კი არა, კერძს უნდა ეხებოდეს ახლა. მორჩი! ხომ გშიოდა!
ერიკმა ემას თეფში ხელიდან გამოგლიჯა და მაგიდაზე დადო. ქალიც დაჯდა.
_ თუ გაცივდა, გემრიელი აღარ იქნება. ჭამე... _ უთხრა კაცს და თვითონაც ჩაიდო ლუკმა პირში.
კარგა ხანს უსიტყვოდ ილუკმებოდნენ. მერე კაცმა ისევ კოცნით გადაუხადა ქალს მადლობა საჭმლისთვის და წასასვლელად მოემზადნენ. ქალი კისერზე ჩამოეკიდა და თავი მკერდზე მიადო:
_ ერიკ... მიყვარხარ... _ თქვა და მის ტუჩებს დაეწაფა.
კაცმა ხელი მოხვია, კარისკენ კოცნით წაიყვანა, თან უჩურჩულა:
_ კიდევ გამიმეორე...
_ მიყვარხარ... აბა, ისე ხომ არ გამოგყვებოდი ცოლად, უსიყვარულოდ! _ უთხრა ემამ და გაუღიმა, _ მიყვარხარ, მაგრამ ახლა წავედი.
კაცმა ხელი გაუშვა.
_ მოვა დრო, ვერსად გაიქცევი! ვერ გამექცევი!
_ არ მეშინია! _ მიაძახა ემამ და გარეთ გავარდა.
კაცი უკან დაედევნა:
_ მოიცადე, ემა!
_ რა იყო?! _ ქუჩაში გასული ქალი შემოუტრიალდა.
_ მე წაგიყვან!
_ რატომ?! ისევ ჩემი მძღოლი ხარ?!
_ კი! _ უთხრა და მაჯაზე ხელი წაავლო: _ მე წაგიყვან!
_ გაგაცნო?!
_ ის კაცი?!
_ ჰო, რობერტო! რას ერჩი, კარგი ადამიანია!
_ გავიცნობ!
_ მინდა გითხრა, პირველი შთაბეჭდილება შეცდომით ცუდი გრჩება ადამიანზე, ისევე როგორც ჩემზე დაგრჩა!
_ საიდან მოიტანე, რომ შენზე ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა?!
_ მკვლელი გეგონე!
_ ემა... იმ კაცთან მომუშავე ყველა ადამიანი შევისწავლე და გამოვიკვლიე... შენ ერთადერთი იყავი, ვინც გაიქცა და ის ერთადერთიც, ვინც მომეწონა...შენი ფოტოები რომ ვნახე, მაშინვე დამაინტერესა... ბოსტონშიც მოვდიოდი, მაგრამ გავიგე, რომ აქეთ აპირებდი ჩამოსვლას, ამიტომაც დავიცადე, თანაც სახელი და გვარი გქონდა შეცვლილი.
_ იქ რომ ჩამოსულიყავი, მერე?!
_ დაგახრჩობდი ოკეანეში!
_ ძალიან ლამაზი კი არის იქ ოკეანე!
_ შენც ლამაზი ხარ! _ უთხრა და წაეპოტინა. ემამ მოიშორა და მანქანა ყურადღებით ატარეო, გააფრთხილა.
_ მოვედით! _ თქვა კაცმა და გაუცინა. ემა შუბლშეკრული გადავიდა მანქანიდან და შენობაში შეიმალა.
_ აბა, როგორ გეძინა, რობერტო?! _ იკითხა, როცა კაბინეტში შევიდა.
_ მშვენივრად. ისე მშვენივრად, რომ უკვე ვიფიქრე მოდელების განლაგებაზე და კარგიც გამოვა...
_ მაგარია. მე შენი ყოველთვის მჯეროდა, _ შესძახა გახარებულმა და მეგობარს ჩაეხუტა. _ ქალაქს დაგათვალიერებინებ და თან ვჭამოთ რამე.
_ კამილამ უკვე მომართვა გემრიელი საუზმე, _ თქვა კაცმა და ემასთან ერთად ლიფტში შევიდა. დაბლა ჩავიდნენ.
_ გაიცანით ერთმანეთი. ეს ერიკია, ეს კი ჩემი მეგობარი რობერტო, _ კაცები ერთმანეთს გააცნო ემამ.
_ აჰ, ესაა ის კაცი, ვინაც შენი თავი წაგვართვა?! _ იკითხა რობერტომ და ორივეს გაუღიმა.
ემამაც გაიცინა და ერიკიც აჰყვა:
_ მე ვარ ის, ვინც ამ ქალის გული მოინადირა, _ მიუგო ერიკმა და ქალს ხელი მოხვია წელზე.
მერე სამივენი მანქანაში ჩასხდნენ, ქუჩებში გაისეირნეს და ლამაზი ხედებით დატკბნენ.
ერიკმა ცოტა ხნის მერე ისინი ერთად დატოვა, მაგრამ თვალთვალი არ შეუწყვეტია.
კარგა ხნის შემდეგ კვლავ ოფისში დაბრუნდნენ. რობერტომ თავისი საბოლოო გეგმა გააცნო ემას. ისევ იჩხუბეს და იკამათეს. ბოლოს, როგორც იქნა, შეთანხმდნენ.
რობერტო მართლაც ორ დღეში გაემგზავრა, რათა კედლების ნიმუშები გაემზადებინა და ჩამოეტანა.
ემა გახარებული იყო, ისეთი გამოდიოდა პირველი და მეორე სართული, როგორიც მას ჰქონდა ჩაფიქრებული...
_ ემა! მე სულ დაგავიწყდი! რამდენჯერ დავრეკე, დაგიმესიჯე, მაგრამ მაინც არ შემეხმიანე! _ ერიკი მის კაბინეტში შევარდა.
_ როცა შენს მიკროფონებს მოაშორებ აქედან, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ!
ერიკმა ყველგან მოხსნა მიკროფონები და ემას მაგიდაზე დაუყარა.
ემამ შეხედა:
_ მე ჩემი სიტყვა არ მავიწყდება და არც შენ დამვიწყებიხარ ჯერ!
_ ვერც დამივიწყებ, რომც ეცადო! _ ქალი თავისკენ მიიზიდა. მოულოდნელად დააკაკუნეს.
_ ჯანდაბა! _ იყვირა ერიკმა და ქალს მოსცილდა.
_ მობრძანდით.
_ მაპატიეთ, ქალბატონო, ქეტრინის გამოგზავნილი დოკუმენტები მოიტანეს.
_ მადლობა, კამილა, _ უთხრა მდივანს და ქაღალდები გამოართვა. ერიკმა გამოგლიჯა ისინი და მაგიდაზე დააგდო.
_ სულ ასე უნდა შემაწყვეტინონ ხოლმე?!
ემას გაეცინა.
_ და ვინ გითხრა, გაჩერდიო?!
კაცმა ხელი მოხვია და ყელზე დაეწაფა.
_ კარი ღიაა, ერიკ... _ დაიჩურჩულა ემამ.
კაცმა სწრაფად ჩაკეტა კარი და ისევ ქალს მიეჭრა.
_ კარი სულ ღია რომც იყოს, არასდროს შემაწყვეტინო შენი მოფერება! _ თქვა და ემას შეხედა. მის თვალებში უსაზღვრო სითბო ამოიკითხა და გახელებულმა მთელი სხეული დაუკოცნა... ქალს სიამოვნებისაგან შეაჟრჟოლა და კაცს მოდუნებული მზერით ახედა.
_ მიყვარხარ... მიყვარხარ, ემა... ახლა კი ჯობს, წავიდე... _ თქვა ბოლოს კაცმა, მაგიდაზე დაყრილ თავის ნივთებს დასწვდა და ქალს გაუღიმა, დროებითო, უთხრა და გავიდა.
***
ერიკი ლოგინზე წამოწვა. ქალის სითბოზე ფიქრობდა და ქალის კოცნით თითქოს თავიდან ძღებოდა... რამდენიმე ხანში მარტომ ისადილა, მერე სახლი მიალაგა თავისი ჭკუით და ემას ნომრის გასაღების ასლი ამოიღო ჯიბიდან.
უკვე გვიანი იყო. ემას დაურეკა და ჰკითხა, სად იყო, მერე მაშინვე დატოვა სახლი და მასთან წავიდა.
ემამ სამ კონვერტში გაანაწილა ფოტოები, ჩანთაში ჩაიდო, დაემშვიდობა დაცვას და სასტუმროსკენ გასწია. ნომერში შევიდა, შუქი აანთო. თავის ოთახშიც შედგა ფეხი და შუქის ჩამრთველს მიაჭირა თითი, მაგრამ სინათლე არ აინთო.
_ ჯანდაბა! რა მოხდა?! _ წამოიძახა და ტელეფონს დასწვდა გასანათებლად. ამ დროს კაცის ხმა მოესმა:
_ მომენატრე! _ და ქალს ხელი წაავლო. ემამ იკივლა და დაუყვირა:
_ ერიკ! შენ გამორთე სინათლე?!
_ კი...
_ რატომ?!
_ შუქი მოვა! თუ ჩანთებს ჩაალაგებ!
_ მერე?!
_ ჩემს სახლში წამოხვალ!
_ ჯერ არა!
_ მაშინ შუქი არ გექნება! არც აბაზანაში!
_ ერიკ! ერიკ! _ ეძახოდა მამაკაცს, მაგრამ ის ხმას არ სცემდა.
ემამ ბარგი ჩაალაგა და ერიკთან გადაბარგდა.
***
ემა კონვერტით ხელში კაცისკენ დაიძრა. კაცმა გახსნა თუ არა, ბედნიერმა აკოცა ქალს და ისევ ფოტოებს მიუბრუნდა, ყველა დაათვალიერა და ქალი კედელთან მიიმწყვდია:
_ ეს გემიდან გადაგვიღე?! _ ქალმა თავი დაუქნია.
_ კარგი სიურპრიზია, მადლობა... _ თქვა კაცმა და ქალს აკოცა. კონვერტები დადო და ისევ წაიკითხა ყდაზე წარწერა _ და-ძმის სახელები. მერე ქალი ხელში აიყვანა, ლოგინზე მიაწვინა და ჩურჩულით შესთავაზა, თუ გშია, რამეს მოგიტანო. ქალი დაეთანხმა. ერიკი გავიდა და სამზარეულოდან მალევე სავსე ლანგრით დაბრუნდა.
_ აბა, ამოალაგე ახლა შენი ტანსაცმელი, გარდერობი უკვე მზადაა! თუ არ მოგწონს, ხვალვე ახალს ვიყიდი, რომელიც მოგეწონება.
ქალმა ოთახს თვალი მოავლო:
_ კარგი ოთახია, გარდერობიც მომწონს, დიდია და ნორმალური, მაგრამ რად უნდა ამოლაგება, იქნებ არ მოგყვები ცოლად... _ გაიხუმრა, მაგრამ ნივთების ამოლაგება მაშინვე დაიწყო.
ერთიმეორის მიყოლებით ამოჰქონდა ჩანთებიდან კაბები, მაისურები, შარვლები, შორტები, პალტოები, სვიტრები, რომლებიც სათითაოდ დაახარისხა და გარდერობში მიუჩინა ადგილი. მერე კაცს მიუბრუნდა, რომელიც ღიმილით ადევნებდა თვალს მის საქმიანობას.
_ ესენი მოვრჩი... _ თქვა ემამ და დოინჯი შემოიყარა, _ მაგრამ სად წავიღო სუნამოები, სამკაულები და სახატავი რაღაცები?!
_ ეს ამდენი რამე ჩანთაში გაქვს კიდევ?!
_ ხოო!
_ ეს სარკიანი უჯრები სულ შენია და ყველაფერი ჩაგეტევა, _ უთხრა ერიკმა და ცარიელი უჯრები გამოუღო.
ქალი სკამზე დაჯდა, რამდენიმე სუნამო ამოიღო და დაალაგა. შემდეგ წამოდგა სამკაულების ასაღებად და ისევ დაჯდა.
_ მე მოგიტან, რა მოგიტანო?! _ იკითხა კაცმა და ჩანთისკენ დაიხარა.
_ ისევ სამკაულების კოლოფი! _ თქვა ემამ.
ერიკი ქალს აწოდებდა, რასაც ეტყოდა და ისიც თავის გემოვნებით უჯრებში ალაგებდა. მალევე ჩაალაგა: სუნამოები, სამკაულები, სათვალეები, თმის სამაგრები და უჯრები მიხურა. მერე საღებავები და სამხატვრო ნივთები ბოლო ორ უჯრაში გაანაწილა და დაკეტა.
_ დღეს მოვრჩი! მადლობა... _ თქვა და წამოდგა.
_ ბარემ ბოლომდე ამოალაგე და ამ ჩანთებსაც შევინახავთ! _ ურჩია ერიკმა და ქალის ჩანთისკენ დაიხარა. ფეხსაცმელები დაინახა და ქალს მიუბრუნდა: _ რომელი ფერის გნებავს ჯერ?!
_ ერიკ! მორჩი საუბარს და შავები მომაწოდე! _ უთხრა და გარდერობის წინ დაჯდა ფეხმოკეცილი.
მამაკაცმა შავის ნაცვლად თეთრი მიაწოდა და ქალმაც არ დაახანა:
_ დალტონიკი ხარ?!
_ რა თქვი?! _ ისე იყვირა კაცმა, რომ ქალი შეხტა.
კაცმა ხელი მოხვია, თავზე აკოცა და თვალებში ჩახედა:
_ საიდუმლო ხარ! _ მერე გასაღებს დაავლო ხელი, _ არაფერი მიალაგო, სანამ არ მოვალ! _ თქვა მკაცრად და გარეთ გავარდა.
ერიკმა სამსახურში მიირბინა, მკვლელობის საქმის ჩანაწერები გამოართვა ფრანკოს და მისი კაბინეტი დაიკავა. სწრაფად გადახედა ყველაფერს და სულ რაღაც ერთმა სიტყვამ მიახვედრა მკვლელობის საიდუმლოს. როცა მუშაობა დაამთავრა, მასალები ფრანკოს დაუბრუნა და სახლისკენ გაბრუნდა.
სახლში შესულმა ქალს უცბად მოხვია ხელები და თვალებში ჩახედა. ჩახედა და თითქოს მიხვდა... მიხვდა ყველაფერს, წამის წინ აწყობილი გამოძიების მასალები დადასტურდა. ეს თვალები, რომლებიც რაღაცის დამალვას ცდილობდნენ, მისთვის უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენდა. სასმელი აიღო და ბოთლით მოიყუდა. ქალი გაკვირვებული მიუახლოვდა და კაცს ბოთლი დაუჭირა.
_ არ გითქვამს, ცუდი უფროსი იყოო... არადა, უნდა გეთქვა... _ თქვა კაცმა დაბოხებული ხმით და ქალს ნიკაპი ორი თითით დაუჭირა, _ ცუდი კაცი იყო ზაანი?!
_ კი, _ თქვა ქალმა ჩუმად.
ერიკმა ბოთლი მოისროლა.
_ ჯანდაბა! ამიტომაც მოიშორა ფედერიკომ ის! რატომ არ მითხარი? ყველაფრის მოყოლას არ ვითხოვდი, მხოლოდ ის გეთქვა, რაც გკითხე _ გეთქვა, ცუდი ადამიანი იყოო!
_ მერე იმასაც მკითხავდი, რატომ იყო ცუდიო! _ თქვა გაბრაზებულმა ემამ და აივნისკენ გავარდა. კაცი უკან მიჰყვა.
_ მხოლოდ ერთი სიტყვა, ერთი სიტყვა კმაროდა, რომ გეთქვა და გავიგებდი შენს გრძნობებს... დავინახავდი შენს თვალებში დამალულ საიდუმლოს, დავინახავდი შენი ხელთათმანების მიღმა დამალულ საიდუმლოს!
_ ერიკ! _ თქვა ქალმა და ისევ ოთახში დაბრუნდა, _ დროა, ახლა შავები მომაწოდო, _ უთხრა და ისევ გარდერობის წინ ჩამოჯდა.
ერიკმა შავი ფეხსაცმელი მიაწოდა. ქალმა გაუღიმა და მადლობა გადაუხადა. რამდენიმე ხანი ფეხსაცმელებს აწყობდნენ თავიანთ ფიქრებში ჩაძირულები. ბოლოს კაცმა ხელები მოხვია და ჩაიხუტა. სარკის წინ იდგნენ, მამაკაცმა ქალს სარკეში შეხედა და ჩაეღიმა.
_ კმაყოფილი ხარ ოთახით?! _ შეეკითხა ქალს და ლოყაზე აკოცა.
_ მე შენთან ყველაფრით კმაყოფილი ვარ! _ უთხრა ემამ და კაცს კისერზე ჩამოეკიდა, _ მეძინება, ერიკ!
_ მერე? ლოგინი აქვეა!
_ მაგრამ შენ აქ არ დაიძინებ! _ თქვა ქალმა და კაცს გაუღიმა.
_ დავიძინებ!
_ არა!
_ დავიძინებ! ჯერ არ დამისრულებია შენთან ეს ღამე! _ უთხრა, ქალს ხელი წაავლო და ლოგინზე მიაწვინა.
_ რას აპირებ?! _ ძლივს წარმოთქვა ქალმა და თავი ასწია, რომ მის თვალებში წაეკითხა მისი ფიქრები.
_ სალაპარაკო გვაქვს. არ გაინტერესებს, სად გავიქეცი ამაღამ?! ან ის, რომ მკვლელობის საქმე მხოლოდ ფედერიკოს აღიარების შემდეგ დავხურე და მიზეზი კი არ გაგვირკვევია? არ გაინტერესებს მკვლელობის მიზეზი?!
_ არა... _ თქვა ქალმა და მაშინვე წამოდგა საწოლიდან, როგორც კი მისი პასუხით გაკვირვებულმა კაცმა ხელი გაუშვა.
_ რატომ?! იცი პასუხი და ამიტომ არ გაინტერესებს?!
_ მორჩა, ერიკ! ისიც მითხარი ბარემ, შენ დაგეგმე ეს მკვლელობაო! _ თქვა გაბრაზებულმა და პირსახოცს წაავლო ხელი, თან გააგრძელა, _ აბაზანაში შევდივარ და გთხოვ, დატოვო ჩემი ოთახი...
კაცმა მიმავალი ქალის სილუეტს თვალი გააყოლა და ლოგინზე მიწვა.
ემა წყლის ქვეშ იდგა და ფიქრობდა. ამწუთას მისი ფიქრები მკვლელობას და თავის თავზე გადახდენილ ამბებს უკავშირდებოდა. სევდაშეპარულმა ცოტა ხანში გადაკეტა წყალი და გამოვიდა. გარდერობი გამოაღო, პიჟამას დაავლო ხელი, ჩაიცვა და ფეხაკრეფით დაიძრა აივნისკენ, ერიკი არ გავაღვიძოო. თმას ქარი ურხევდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა. ფიქრებში გართული უცქერდა სამყაროს და თავს ხან ასწევდა, ხან ჩაღუნავდა. ამ დროს ერიკიც მიუახლოვდა და ჩუმად წარმოთქვა:
_ ხელთათმანებს მხოლოდ იმიტომ აღარ ატარებ, რომ ეჭვი გამიფანტო?!
ქალი შემოტრიალდა, მოაჯირს ზურგით მიეყრდნო და კაცი აათვალიერა.
_ და გავფანტე ეს ეჭვი?! _ იკითხა.
_ მე კითხვა დაგისვი და მიპასუხე, ემა...
_ ისევ დაკითხვაზე ვარ?! _ გაეცინა ქალს და ოთახში შებრუნდა, _ ვცდილობ, ეჭვი გაგიფანტო. _ თქვა და ლოგინში ჩაწვა.
როცა ერიკმა გვერდით მიწოლა დააპირა, ემამ ცივად დაითხოვა საძინებლიდან, მარტო დარჩენა ისურვა. მამაკაცი გავიდა თუ არა, წამოდგა. ერიკის ბოთლში დარჩენილი ღვინო დალია და ისევ დაწვა. კარგა ხანს იწრიალა შეფიქრიანებულმა, უნდოდა ერიკისთვის მოეყოლა ყველაფერი, მაგრამ არ ეგონა, ასე უცბად თუ მოვიდოდა ეს დღე...
_ ჯანდაბა!... მინდა ვუთხრა, მაგრამ როგორ მოვუყვე ან საიდან დავიწყო?! მინდა სიმართლე იცოდეს... სიმართლე... ეს საშინელი სულელური სიმართლე! _ ყურებზე მოიჭირა ხელი და თავი გააქნია: _ წადი! წადი ჩემი გონებიდან, წადი! უნდა დავივიწყო, დავივიწყო! _ თქვა და წამოხტა.
სამზარეულოში გავიდა სასმლის მოსაძებნად. ყველა უჯრა გამოაღო და როგორც იქნა, მიაგნო. ბოთლს თავი მოხსნა და მოიყუდა. ისევ ის დღე გაახსენდა, უფრო აეშალა ფიქრები და სასმლით ხელში გავიდა სამზარეულოდან ფეხშიშველი. ცივ მეტლახზე ფეხები გაეყინა, მაგრამ ვერც კი გრძნობდა.
_ ერიკ! _ მოესმა კაცს ემას ხმა და ოთახიდან გამოვარდა.
_ არა, არ შემიძლია, არ შემიძლია! _ თქვა ემამ და ისევ მოიყუდა ბოთლი.
ერიკმა აცრემლებულ ემას შეხედა.
_ ემა...
_ აქ რა გინდა?! _ ძლივს ამოთქვა.
_ რატომ დალიე, რამე მოხდა?! _ მამაკაცმა თითქმის ცარიელ ბოთლს შეხედა.
_ არაფერი! _ თქვა ქალმა მკაცრად და ისევ მოიყუდა ბოთლი.
_ გასაკვირი არ არის?! გამოდის, იმ რიცხვში თვრები, როცა ისინი მოკლეს?!
_ მომშორდი, არ მინდა შენი დახმარება! _ ხელი ჰკრა კაცს და ოთახის კართან დადგა.
_ ემა! ძლივს დადიხარ!
_ მერეეე შენნნ რაა?! ახლა გიინდა მთვრალს მაინც მათქმევინო სიიიმართლე?! ისეთი მთვრააალი არასდროს ვარ, რომ ის ვთქვა, რაც არ მიინდა! _ ძლივს ამოილუღლუღა და განზე გადგა.
_ დამშვიდდი... აღიარე, რომ იცი მკვლელობის მიზეზი. მე მაინც მომყავხარ ცოლად... უბრალოდ, მინდა სახეში მიყურო და სიმართლე მითხრა!
_ მეტი საქმე არა მაქვს, ვიღაც ნაძირალას გამო ციხეში ვიჯდე! მე მართალი ვარ ჩემს თავთან, მე უდანაშაულო ვარ! თვალებში კი ზოგჯერ იმიტომ არ გიყურებ, რომ არ მინდა სიმართლის თქმა! _ თქვა და ლოგინზე ჩამომჯდარი ატირდა.
_ ემა, მე შენს გულს ვცნობ, მითხარი, რა გაწუხებს ასე... რა არის, რისი თქმაც გინდა და ვერ ამბობ... მითხარი, მოგისმენ...
_ არ მინდა! _ წამოიყვირა ქალმა და უცბად წამოდგა ფეხზე. კაცმა დაიჭირა და ლოგინზე დააწვინა.
_ კარგი, ემა, დაიძინე! ვნახოთ, ხვალ რა გემახსოვრება!
_ ყველაფერი მემახსოვრება და კარგად დავიმახსოვრებ!
_ ეს დალიე და თავის ტკივილი გაგივლის! _ უთხრა ერიკმა და ჭიქა გაუწოდა.
_ არ მინდა! _ ემა ადგა, მაგრამ უცებ ყველაფერი დატრიალდა. იქვე ლოგინზე ჩამოჯდა, ჭიქისკენ დაიხარა და ერთბაშად დალია.
_ ნელა დალიე!
_ რა გინდა?! თქვი და წადი!
_ წეღან მითხარი, ღირსი იყო და მოვკალიო!
_ მართლა?! _ გაიკვირვა ქალმა. _ მე კი მეგონა გითხარი, ერთხელ გავიფიქრე, მაგრამ არ განმიხორციელებია-მეთქი!
_ ეგეც მითხარი! მერედა, აღიარე!
_ იმას, რაც არ ჩამიდენია, არ ვაღიარებ! იმიტომ, რომ არ ჩამიდენია!
_ ძალიან მოურჯულებელი დამნაშავე ხარ!
_ დამანებე თავი!
_ ჩემთან ტონს დაუწიე ხოლმე!
_ რისთვის მოხვედი?! _ წამოიძახა ქალმა ისევ.
მამაკაცი ხელში სწვდა და ქალის სხეული თავისკენ მოსწია:
_ ხმადაბლა მელაპარაკე! მთვრალმა დამიძახე და მოვედი, შენზე ვნერვიულობ... ამიხსენი, უბრალოდ, მომიყევი, რაც სათქმელი გაქვს, შენ დალიე, თანაც იმ რიცხვში, როცა ისინი მოკვდნენ!
ემას ფერი ეცვალა: ნუთუ დამთხვევაა? ზუსტად იმ რიცხვში როგორ მოკვდნენ, როცა ეს ამბავი გადამხდა?!
_ როდის მოკვდნენ, გამახსენე თვე და რიცხვი!
მოისმინა თუ არა, ისევ ფიქრებში წავიდა: `ზუსტად მომხდარი ამბის დრო დაემთხვა! წარმოუდგენელია ასეთი დამთხვევა!~
_ ამდენი ხანი პასუხს ეძებ?!
_ რა კითხვა გაქვს?!
_ რატომ გინდოდა მათი მოკვლა?!
_ არ მომიკლავს! მაჩვენე დამამტკიცებელი საბუთი, დაპატიმრების ორდერი და წამიყვანე!
_ მე არ მითქვამს, შენ გაბრალებ-მეთქი, მე მაინტერესებს, რატომ გინდოდა მათი მოკვლა?!
ქალი წამოდგა და კაცს გაბრაზებულმა შეხედა:
_ დანიელას არ ვიცნობდი! მას არაფერი დაუშავებია ჩემთვის!
კაცი წამოდგა, ქალი ჩაიხუტა და თავზე აკოცა:
_ ვიცი... ვიცი, იმ კაცმა გატკინა, მაგრამ არ მეუბნები, არ მიყვები არაფერს... კარგი, დამშვიდდი და დაიძინე... ამდენი არ უნდა დაგელია, ან ასე უცბად როგორ მოასწარი...
_ ერიკ... _ ჩაილაპარაკა ჩუმად ქალმა და თვალები დახუჭა.
_ გისმენ... ემა... _ თქვა კაცმა ისეთი რბილი ტონით, ქალს გულში სითბო ჩაეღვარა და კაცს ხელი მოხვია.
_ არ მინდა ტიროდე... არავის გამო... _ ერიკმა ქალს სახეზე გადაუსვა ხელი, _ დაივიწყე ყველაფერი, ცუდი დაივიწყე და მოიშორე... _ უთხრა და აკოცა.
_ მინდა ვილაპარაკოთ... _ დაიჩურჩულა ემამ, ლოგინზე დაჯდა და თავი დახარა.
_ გისმენ. მოდი ჩემთან, რისი თქმა გინდა, მოგისმენ, _ თქვა და ქალი კალთაში ჩაისვა. _ რატომ დალიე... რა მოხდა ისეთი, რომ დალიე. მომიყევი. მე ყველაფერს გავიგებ...
ემამ თავი დაადო მხარზე.
`როგორ დავიწყო... ან საიდან... საიდან~... _ ფიქრობდა ემა და თვალებიდან ცრემლები სცვიოდა.
_ ის კაცი, რომლის მკვლელობასაც მაბრალებდი... მართლა მინდოდა მისი სიკვდილი...
_ რატომ?!!!
ქალმა ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა, ასე დაიწყო საუბარი. ყველაფერი მოუყვა პირველი სამუშაო დღიდან მოყოლებული, ყოველი დეტალი, ყოველი წვრილმანი. სახეზე ხან თვითონ იმშრალებდა ცრემლებს, ხან კაცის ხელების შეხებით გამთბარი დუნდებოდა და ძლიერდებოდა. კაცმა სახეში ჩახედა და თვალებზე აკოცა, ქალმა ჯერ გაახილა თვალები, მერე კი უცბად დახუჭა. კაცის მკაცრი, სევდიანი მზერა დაინახა და, ამოისუნთქა, შემდეგ გააგრძელა:
_ იმ დღეს უფროსთან ერთად ვამოწმებდი მასალებს... სამუშაოზე მესაუბრებოდა, ცოტა ხანი გაჩერდა... ჩემი... ჩემი ხელი დაიჭირა ხელში... უცებ მაკოცა ხელზე და მადლობა გადამიხადა შესრულებული სამუშაოსთვის...
ემა აღელვებული ჰყვებოდა იმ დღის ამბებს. ყველაფერს დაწვრილებით მოუყვა ერიკს.
_ იმ დროს იმ კაცის მოკვლა მინდოდა და რომ შემძლებოდა, დავახრჩობდიი! _ ნაწყვეტ-ნაწყვეტ აგრძელებდა ემა, _ როგორ მინდოდა იმ დღეს, იმ წუთას, შემძლებოდა და მისთვის სილა გამერტყა... ახლა ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი... სახლში მივედი. ჩემები არ იყვნენ, ორი დღით სხვაგან გაემგზავრნენ და ორი დღე ვიწექი ლოგინში და ვტიროდი... ჭამაც მეზარებოდა... ყველაფერი მძულდა და მეზიზღებოდა... ჩემი თავიც მეზიზღებოდა და მძულდა... მერე მისი ზარი შემოვიდა ტელეფონში და ზიზღით ავიღე ხელში... მისი ხმა რომ გავიგე, ისეთი სიძულვილი ვიგრძენი, მალევე დავასრულე საუბარი და იმ ღამესვე მივწერე, სამუშაოდან მივდივარ-მეთქი, არც თქვენი მამობრივი მზრუნველობა არ მომეწონა და არც თქვენი საქციელი-მეთქი! იმ დღის მერე აღარც მასთან მისაუბრია და არც მისგან მომსვლია რაიმე, ერთი სიტყვაც კი: არ მეგონა, ასე ცუდად თუ გამოვიდოდაო... არც ბოდიში! არაფერი! სრულიად არაფერი... მე კი ვიტანჯებოდი... არ მეგონა თუ ერთი კოცნით ვინმე ასე მატკენდა გულს... მერე თანამშრომლებს მივაწოდე ჩემი მასალები და ყველაფერი დავასრულე. მთელი ღამეები ვფიქრობდი ამ ამბავზე და მის დავიწყებას ვცდილობდი, მაგრამ ვიძირებოდი ამ ტკივილში. იმ დღის მერე ბედნიერება, სიცოცხლის სურვილი, იმედები, გეგმები, ოცნებები ყველაფერი სადღაც გამიქრა და დაიკარგა. არაფერი არ მინდოდა, არაფერი... ვიწექი და ვტიროდი, ვტიროდი და ველოდებოდი... ველოდებოდი, როდის მოვიდოდა სიკვდილი. მინდოდა სიკვდილი... მინდოდა... არ ვიცი, ამ კოცნამ რატომ იმოქმედა ჩემზე ასე დამანგრევლად... ნერვიულობისგან ხელებს ვმუშტავდი და ჩემს თავს ვეუბნებოდი: მოითმინე, მარია, მოითმინე! ცოტაც და დასრულდება ეს ტკივილი... ყველაფერი აირია ჩემში... რა მინდოდა ან რა უნდა გამეკეთებინა, აღარაფერი ვიცოდი... მინდოდა, რომ დავმშვიდებულიყავი და ეს ტკივილი დამვიწყებოდა... იმ დღის მერე შევიცვალე... ახლა რას ვნანობ?! მარტო იმას, რომ მისი ან ჩემი სიკვდილი გავიფიქრე გონებაში... ვნანობ, რომ თავი შევიკავე და სილა არ გავარტყი... მაგრამ ალბათ ჩემმა თავშეკავებამ მიშველა იმ დღეს, რადგან მჯერა, რომ გამერტყა, გაცილებით უარესი და სასტიკი რამე მოხდებოდა... ამასობაში დრო გავიდა და უბრალოდ, სახლიდან წასვლა მომინდა და წავედი ბოსტონში... ავდექი და გავემგზავრე. წავედი აქედან, აქ თითქოს რაღაც მაშინებდა, მანადგურებდა და მყინავდა, აქ ყველაფერი ცივი, სასტიკი და საშინელი მეჩვენებოდა... ჩემი საყვარელი ადგილი საფრანგეთი და იტალია იყო, მაგრამ არც ერთ ქვეყანაში არ მდომებია წასვლა, რადგან არ მინდოდა ამ ტკივილით მომევლო იქაური ქუჩები, ის ადგილები, რომლებიც ძალიან მაინტერესებდა და მიყვარდა შორიდან... იმ დღეებში რომ ეთქვათ, მარია, იტალიაში წახვალ თუ საფრანგეთშიო, ვიტყოდი: დავიწყების ადგილას, სადაც ამ ამბავს დავივიწყებ და მშვიდად ვიცხოვრებ, ვიმუშავებ ისეთ ადგილას, სადაც მე ვიქნები უფროსი-მეთქი... მხოლოდ ამას ვიტყოდი... მას მერე მხოლოდ იმ ერთ დღეს ვცდილობ, სასმელში დავიცალო იმ ტკივილის მარწუხებისგან, რომელიც იმ დღემ მომიტანა, იმ წარსულის დღემ... გადარჩენასა და ბედისწერასთან ერთად... მერე კი ახალ გარემოში, ახალ სამყაროში, ახალი იმედებით, ახალი სახელით და გვარით თითქოს სიცოცხლე შევიძინე, მაგრამ ბოლოს გამიჭირდა და ალმას ამაზე ვესაუბრებოდი... მასთან მივდიოდი და ვესაუბრებოდი... აქ ჩამოსვლის მერე როგორც იქნა, მშობლებსაც მოვუყევი ყველაფერი და თითქოს დამშვიდდი, მაგრამ მაინც მახსენდება ის დღე... თითქოს მაგნიტივით მიზიდავს ამ ტკივილის გახსენება... _ თქვა ჩუმად და მძიმედ ამოიოხრა, მერე კი გაიღიმა და დამშვიდებულმა წარმოთქვა: _ შენთან ყოფნა მამშვიდებს...
ქალმა ერიკის ხელები იგრძნო სახეზე, თვალები გაახილა და კაცის ხელს დახედა:
_ ერიკ... ერიკ... _ იყვირა და ლოგინიდან წამოხტა. კაცს ხელი ჩაავლო და სააბაზანოსკენ დაიძრა: _ ეს იმიტომ კი არ ვთქვი, რომ გეტირა და ეს გაგეკეთებინაა! _ იყვირა და კაცს ჩაეხუტა. მერე წყალი მოუშვა და ერიკს გასისხლიანებული ხელი გადააბანინა, სახეც მობანა.
ერთმანეთს ჩაეხუტნენ.
_ შენ ჩემს დას ეხმარებოდი ასეთი ტკივილიანი და მე კიდევ რა სისულელეებს გაბრალებდი... რომც მოგეკლა, ღირსი იქნებოდა!
_ არ მინდოდა შენც გტკენოდა გული, ერიკ, ამიტომაც არ მოგიყევი...
_ ახლა, რაც მომიყევი მას მერე ისევ გტკივა ეს ამბავი თუ მოიშუშე?!
_ არის ტკივილი, რომელსაც ადამიანი იშუშებს, არის, რომელსაც დრო ისევ სჭირდება ან საერთოდაც ვერ იშუშებს, არ ვიცი ჯერ. ეს ტკივილი მახსოვს, რადგან ფიქრებში ყოველთვის მომდის ის აზრი: კოცნის გარდა სხვა რამე რომ მოენდომებინა და განეხორციელებინა, მაშინ ხომ აქ არ ვიქნებოდი და არც დედამიწაზე...
_ ემა, ამას ნუ ამბობ, მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ დაივიწყო ის ტკივილი. შენ მან ვერ დაგამარცხა და ვერ დაგიმორჩილა! ის მკვდარია... შენ ის აღარ შეგეხება! აღარ მოვა შენთან და აღარ გატკენს გულს! ის უკვე იქ არის, შენ კი ჩემთან ხარ და სამუდამოდ ასე იქნება!
_ ზოგჯერ მგონია, რომ მართლა შავი ლანდი ვარ იებით ხელში... ან ცოცხალ-მკვდარი დავიარები...
_ არა, ემა, არა... შენ ცოცხალი ხარ და ბედნიერი იქნები. ჩემთან ერთად იქნები ბედნიერი... შენ სამუდამოდ ჩემი იქნები, ჩემი ემა იქნები და არა ის ლანდი შავი იებით ხელში... მე შენ მიყვარხარ! დანახვისთანავე შემიყვარდი. მიხარია, რომ მენდე და მომიყევი... რომ გამანდე შენი ტკივილი...
_ ერიკ! მე აღარ მტკივა! ახლა ბედნიერი ვარ! პირველად მოვყევი ეს ამბავი ჩემი ნებით და თანაც შენთან! _ თქვა და კაცს ხელები მოხვია: _ ბედნიერი ვარ! _ უჩურჩულა და ლოგინზე მიწვა.
ცოტა ხანში წამოდგა და კაცს გაჭრილი ხელი შეუხვია.
_ ისე ვიყავი გართული მოყოლით, ხელი როგორ გაიჭერი, არ გამიგია... ბოდიში...
_ ემა, მე გიხდი ბოდიშს... _ უთხრა რბილად კაცმა და აკოცა: _ ბოდიში, რომ საკანში მოხვდი... ახლა გასაგებია. ხელთათმანებს იმიტომ ატარებდი, რომ ის კოცნა დაგევიწყებინა... და შენი ხელი დაგემალა...
_ და რომ არავინ შემხებოდა... ამიტომაც ადამიანებს ხელს არ ვართმევ... მაგრამ ნუ მკითხავ, რომელი ხელი იყო, უბრალოდ, იცოდე, რომ მე შენი კოცნა არ მტკივა... პირიქით, ძალიან მაბედნიერებს და ტკივილს მავიწყებს... შენ ჩემთვის დიდი ბედნიერება ხარ... იმ დღეს კი უარი იმიტომ გითხარი, რომ ამ ამბის მოყოლის გარეშე ვერ მივიღებდი შენს წინადადებას... _ თქვა ჩუმად და კაცს შეხედა.
_ ანუ თანახმა ხარ?!
_ რაზე ვარ თანახმა?! _ იკითხა ქალმა და კაცს გაუღიმა. როგორც კი მოესმა, თანახმა თუ ხარ, ჩემი ცოლი გახდეო, ქალი წამოიწია, ხელები მოხვია და ბედნიერმა წამოიყვირა:
_ თანახმა ვარ...
_ ჩემი ერთადერთი ბედნიერება ხარ. მიყვარხარ ისე, როგორც ჯერ არავინ მყვარებია, _ უთხრა ერიკმა და ქალს შეხვეული ხელი მოხვია წელზე. მეორე ხელი მის თმაში შეაცურა, კოცნა დაუწყო. მის ალერსში ჩაიძირა ქალი, სრულიად მიავიწყდა გადატანილი ტკივილი, თავის ხელს უყურებდა და ბედნიერი იღიმებოდა ბეჭდიანი ხელის დანახვაზე, კაცს კი მისი ორივე ხელი მოექცია ხელში და კოცნიდა..
***
ემას დილას გაეღვიძა და ვეღარ გაინძრა, მთელი სხეულით ჩაეხუტებინა კაცს და აღარ უშვებდა.
_ ერიკ! _ ხმა გაიმკაცრა. უნდოდა გაეღვიძებინა, მაგრამ ხელებს ვერ ამოძრავებდა, ბოლოს კაცს ბეჭზე უკბინა.
_ ეს რა იყო?! _ წამოხტა ერიკი.
_ მკვლელის კბილები! გამატარე! _ სიცილით დაიყვირა ქალმა და ისევ აფართხალდა.
_ ხოდა, ამ მკვლელს მოხვდება! _ უთხრა კაცმა და მის სხეულს მიეკრო.
_ ერიკ! გამიშვი!
_ სად მიდიხარ?! სამსახურში?!
_ აბაზანაში მინდა!
_ მაშინ თავისუფლებას გაძლევ! _ უთხრა და გვერდით გაიწია.
ქალი მალევე გამოვიდა სააბაზანოდან, ტანსაცმელი აიღო და ჩაიცვა.
_ მე შენ სააბაზანოში გაგიშვი და არა ჩასაცმელად! _ კაცმა ხელი წაავლო.
_ დღეს კონტრაქტი მაქვს დასადები!
_ სხვა დღეს დადებ! არა უშავს!
_ არა, ერიკ! გამიშვი!
_ არა, ემააა!
_ ერიკ! მე შენს ბრძანებებს არ ავიტან! _ თქვა და ჩანთას დასწვდა. მერე მასთან მივიდა, კალთაში ჩაუჯდა და ხელები მოხვია: _ ერიკ! მე შენ მიყვარხარ! შენი ბრძანებებიც მიყვარს და შენი ჩახუტებაც. მაგრამ კონტრაქტი უნდა დავდო! ალეხო, გარდა იმისა, რომ მეგობარია, საქმიანი პარტნიორიცაა და არ შემიძლია დავაღალატო! _ უთხრა და აკოცა, შემდეგ კი გაღიმებული დაემშვიდობა.
***
ემას თეთრი მოკლე ქვედაკაბა ეცვა, ზემოდან შავი მაისური ეცვა, წინ მოკლე და უკან გრძელი, რომელიც ქვედაკაბას სანახევროდ ფარავდა. შავი საყურე ეკეთა და თავის სამუშაო მაგიდასთან იჯდა.
ქეტრინთან კონტრაქტის გაფორმების დასრულებისთანავე აღნიშნეს ახალი საქმის დაწყება.
ერიკი შინ დარჩა. ქალის ტკივილს იხსენებდა და გული ეწურებოდა. მისი ნახვა და ჩახუტება სურდა. საღამომდე ძლივს მოითმინა... სურდა ემა რესტორანში წაეყვანა...
პატარა ვარდების რკალში ორი სანთელი ანათებდა მაგიდას. ერიკი ქალის წინ ცდილობდა მშვიდად მჯდარიყო და ვახშამი მიერთმია. ქალის ღიმილიან სახეს უცქეროდა და ბედნიერს თვითონაც ეღიმებოდა, როცა იხსენებდა თავის კაბინეტში ქალის მიერ გაწნულ სილას. ემას ხელი დაადო და თავის ხელში მოიქცია:
_ ვერ წარმოვიდგენდი, ასეთი ქალი თუ სილას გამარტყამდა... მაგრამ ვიცი, ეს ისეთი სილა იყო, თითქოს იმ კაცს უბრუნებდი ტკენის სამაგიეროდ... მაგრამ როგორც კი წახვედი როჩესთან ერთად, მივხვდი, რომ ეს სილა თბილიც მომეჩვენა და ცივიც...
_ მე... არ მინდოდა... ეს... იმის გამოც იყო, რომ მომეწონე.. _ თქვა ჩუმად ემამ.
ამ დროს კაცის ხელის შეხება იგრძნო წელზე და უცბად გამოფხიზლდა. კაცს უკვე საცეკვაოდ შუა დარბაზისკენ მიჰყავდა. მერე ხელი მოხვია და მიიხუტა ნაზი მუსიკის ფონზე... ქალს ჩამოვარდნილი თმის ნაწილი გადაუწია ყურს უკან და უჩურჩულა:
_ მშვენიერია შენთან ერთად ცეკვა...შენი ასე ახლოს ყოფნა და შენი გულის ძგერის შეგრძნება...
ცეკვის დასრულების შემდეგ კაცმა მჭიდროდა მიიხუტა გვერდიდან და მასთან ერთად გასასვლელისკენ დაიძრა.
მიხუტებულები მისეირნობდნენ ღამის გრილ ქუჩებში. პირველ შეხვედრას იხსენებდნენ და იცინოდნენ...
***
დილას ავტობუსი მზად იყო, ყველა ქალაქგარეთ მიდიოდა დასასვენებლად ემასთან ერთად. მდივანი, შეფმზარეული და ხელოსნები _ ყველას მოეყარა თავი და ავტობუსში ადგილებს იკავებდნენ. მხიარულებაში გაატარეს მთელი გზა, ხმადაბლა მუსიკაც ჩაერთოთ და ასე ატარებდნენ დროს. ემაც ხან დაჯდებოდა, ხან ადგებოდა და გაივლიდა ავტობუსში, გამოელაპარაკებოდა თანამშრომლებს და ისევ თავის ადგილს უბრუნდებოდა. რამდენიმე საათის მერე ქალაქგარეთ აღმოჩნდნენ, მწვანე ტყისკენ გადაუხვიეს და ავტობუსი ლამაზ მინდორთან გაჩერდა. ყველამ დატოვა ავტობუსი და ფეხით განაგრძეს გზა. ბალახებში მიაბიჯებდნენ, წინ მიიწევდნენ ქვით ნაგები ლამაზფიგურებიანი შენობის სანახავად. შენობა სამად იყო გაყოფილი და მრგვლად განლაგებული, შუაში სამი როიალი იდგა, ყველა როიალის გვერდით ორ ადგილას კი ლამაზი მწვანე პალმები. ქვაზე ამოტვიფრული იყო ნახატები და წარწერები. შენობას შიგნით კიბე მიუყვებოდა, სადაც ზემოთ, მრგვალ მოედნებზე მწვანე ბალახი ხასხასებდა. იქ შეგეძლო მშვიდად დაჯდომა, ქეიფი, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა: აქაც შუაში ერთ მხარეს სამი როიალი იდგა, მათ გვერდს პალმები უმშვენებდნენ. მეორე მხარეს კი ყვავილები სამ სვეტად იყო განლაგებული. მის უკან ტყე მოჩანდა, საიდანაც ჩიტების ჟივილ-ხივილის დამატკბობელი ხმები მოისმოდა. ფოტოები გადაიღეს სამი როიალის შუაში, მერე კიბეს აუყვნენ და სადილიც გაშალეს, ზემოთ მდგარ მრგვალ ადგილას. სასმელები: წვენი და ღვინო ერთმანეთს ენაცვლებოდა, სადღეგრძელოებიც დალიეს და შეფმზარეულის გამომცხვარი ტკბილეულობაც დააგემოვნეს. მშვიდ გარემოში ისხდნენ, ლაპარაკობდნენ და ერთობოდნენ, ცოტა მუსიკაც აახმაურეს და ისევ დაუბრუნდნენ გემრიელ საჭმელებს და ღვინოს. ფოტოებიც ერთმანეთს ენაცვლებოდა და მატულობდა. ემას გვერდით ერიკი და ქეტრინი ისხდნენ, მათ გვერდით _ კამილა და კარლო. საუბარი საქმეებს შეეხებოდა და პირად შეხედულებებსაც სამუშაოსთან დაკავშირებით. მერე ერიკი ადგა, ყველას გადახედა, თქვენს უფროსს ცოტა ხნით მოგაშორებთ და მშვიდად გაერთეთო, გაიხუმრა. ყველას გაეცინა. მან ემას ხელი მოჰკიდა, წამოაყენა და კიბეზე დაეშვნენ.
_ ერიკ! სად მიგყავარ?!
_ აქვე ტყეა, უმშვენიერესი და უღრანი! იქ უნდა დაგტოვო!
_ რატომ?!
_ არც იცი, რატომ?! _ ქალი კიბეზე შეაჩერა და კედელთან დააყენა მკლავებში მოქცეული.
_ არა... _ უპასუხა აღელვებულმა და კაცს სახეში შეხედა. ისიც დაიხარა და ქალის ტუჩებს მისწვდა, მერე ემა უცებ მხარზე გადაიკიდა და ასე გააგრძელა საფეხურებზე ჩასვლა. მერე ქალის თხოვნას, ასე ცუდად გავხდებიო, დაემორჩილა და ძირს დასვა. გარეთ გავიდნენ და რამდენიმე ნაბიჯში ტყესაც მიაშურეს.
_ რას მიპირებ?!
_ მალე ნახავ!
_ მითხარი!
_ რა იყო, ვერ ითმენ?!
_ ვერა!
_ ისე, ვერც მე ვითმენ უშენობას, _ თქვა და გაჩერდა, მერე ქალს ხელი წაავლო, ხეს ზურგით მიაყრდნო, მისი სხეული მიიხუტა და კოცნა დაუწყო. ქალმა დაუყვირა:
_ ერიკ! რას აკეთებ, ზედმეტი მოგდის!
_ ემა! შენ თქვი, ვერ ვითმენო და ვერც მე მოვითმინე! _ თქვა და მაშინვე დაიხია უკან. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ქალს თვალების დახუჭვა და ხელის წინ გამოწევა სთხოვა. ქალიც დაემორჩილა, თუმცა წინ გაწეული ხელის ეშინოდა.
_ რატომ უნდა გამოვწიო ხელი?!
_ ემა, გამოსწიე ხელი! _ ემას მისი სიმკაცრე გაახსენდა და უცბად დაემორჩილა. იგრძნო კაცის ხელზე შეხება, მისი გადმოტრიალება და ხელისგულზე რაღაცის შეხება. თვალები გაახილა და გახარებულმა წამოიყვირა:
_ ჭიამაიაააა... რა საყვარელიააა... აქ სად იპოვე?!
_ შენს ლამაზ თმაში დასეირნობდა!
_ მერე იქნებ იქ სეირნობა ერჩივნა!
_ ვერ ავიტან ვერავის სეირნობას ამ თმაში, _ თქვა ერიკმა და ხელებით ემას თმაში ჩაეფლო, ქალს ორივე ლოყაზე აკოცა და შუბლი მის შუბლს მიადო: _ ემა! სულით და გულით მიყვარხარ...
_ დავიჯერო?! _ ჩაეკითხა ქალი და ამ შეკითხვით კაცი გააბრაზა. მან ქალს ხელი წაავლო და მასთან ერთად გაიქცა ტყისკენ.
_ აქვე ტბაა! იცოდე, იქ დაგახრჩობ და...
_ თუ დავიხრჩვე, ერიკ, მით უმეტეს, ვერ დავიჯერებ შენს სიყვარულს! ნუ მიმარბენინებ, დამსვი! მიყვარხარ! მეც მიყვარხარ! სულით, გულით, სხეულით! ერიკ! დამსვი. მიყვარხარ და მჯერა შენი ყველა სიტყვის! დამსვი!
_ ტბაზე მუქარამ ასე შეგაშინა?! _ მან ქალი დასვა და ხელი მოხვია.
_ ჰოოო!
_ რატომ?! ცურვა არ იცი?!
_ არა!
_ მართლა?! მაშინ ვისწავლოთ!
_ არა! არ მინდა! მადლობა! ახლა კი უკან დავბრუნდეთ!
ისევ შეუერთდნენ სუფრის წევრებს და მალევე ყველამ ტყისკენ გასწია. ტყეც სამად იყო გაყოფილი, ტყეების შუაში თითო-თითო შენობა იდგა, რომელშიც პირველ სართულზე ყვავილების ორანჟერეა იყო გაკეთებული, მეორე სართული მთლიანად სურათებს ეკავა, მესამე სართულზე განლაგებული იყო ოთახები, სადაც ვინმე ფილიპე თურმე თავისი ცოლ ფელისიასთან ერთად ცხოვრობდა. ულამაზესი კლასიკური სტილით გაწყობილი ოთახები ერთმანეთისგან სილამაზითაც განსხვავდებოდნენ. ლოგინის თავთან ამოტვიფრული იყო ცოლ-ქმრის სახელი, რომელიც სახლის მფლობელებს ეკუთვნოდათ.
მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ქმარმა, რადგან მის ცოლს ყვავილები ძალიან უყვარდა, პირველი სართული მთლიანად ყვავილებს დაუთმო და მთელი მოგზაურობის განმავლობაში ქალს ყვავილებს უგზავნიდა, მებაღე კი ამ ყვავილებს პირველ სართულზე განალაგებდა. საუკუნეების მიერ დამჭკნარი ქმრის გამოგზავნილი ყვავილები ისევ ერთად იყო მოგროვებული პირველ სართულზე და ყველას თარიღი და გამომგზავნის სახელი ეწერა, მინის ყუთში იყო მოთავსებული და ასე მინის მიღმა უძლებდა წლებს. მრავალი გადაღებული ფოტო ამშვენებდა მეორე სართულს. სახლის ყველა კუთხეში გადაღებული ფოტოები ისევ ეკიდა კედელზე და თითქოს საუკუნეების წინანდელ ამბავს ახლა ჰყვებოდა ჩარჩოებიდან. მესამე სართულზე ოთახები მოწყობილი იყო ნოხებით, ავეჯით, ფარდებით. მას მერე, რაც ქმარი მოგზაურობიდან დაბრუნდა, ცოლის თხოვნით ორი სახლი ააშენებინა თავისი დების გამო, რომლებიც მათი დასრულებისთანავე გადმოვიდნენ თავიანთ ახალ საცხოვრებელ სახლში. სამივე შენობას მათი ცხოვრების დეტალები ჰქონდა ამოტვიფრული, როიალთან მდგარ შენობასაც მათი ცხოვრების რაღაც ნაწილი ჰქონდა შემორჩენილი. სამივე და აქ, ამ შუა წრეში როიალთან იჯდა და ერთად უკრავდნენ ხოლმე. ფილიპეს ცოლი გაგიჟებით უყვარდა, ქალს ხელს მოხვევდა ხოლმე და მთელი დღეები იქვე მინდორში წამოწვებოდნენ, გადახედავდნენ თავიანთ სამფლობელოს და ქმარი ქალს თავის ჩანაწერებს უკითხავდა მოგზაურობებისა და თავისი გრძნობების შესახებ. სიყვარულთან დაკავშირებული გრძნობები კი მას მხოლოდ თავის ერთადერთ სიყვარულთან, ცოლთან აკავშირებდა...
ერიკმა ყველა მოათვალიერა, ემა ვერსად დაინახა და მაშინვე მრგვალ კიბეზე დაეშვა. ყვავილებისკენ წავიდა და დაინახა კიდევაც ემა. გული აუჩქარდა. ისე უცქერდა მისი თვალები ყვავილებს, ისეთი ფიქრიანი და ნაზი მზერით, კაცი ჩუმად დაიძრა მისკენ და ხელი მოხვია: თუ სადმე დამეკარგე, ესე იგი ყვავილებთან უნდა დაგიწყო ძებნა, განსაკუთრებით კი ამ იასამნისფერ იებთანო. ქალმა მის ხელებს ხელები ჩასჭიდა და ისევ ყვავილებს შეხედა: რამდენი ფერია სამყაროში, მაგრამ ეს ფერი განსაკუთრებულად მოქმედებს ჩემზე, რადგან საინტერესოა, საიდუმლოებით აღსავსეც, ამოუცნობიც და საშიშიც...
_ მაშ, შენ გგავს, ემა...
ქალმა კაცს გადახედა და ისევ ყვავილებს მიუბრუნდა, მის ფერს თავისი ყავისფერი თვალები მოავლო და კაცს შეეკითხა:
_ ახლა ვდგავართ ნამდვილ იებთან და არა შავ იებთან... შავი ლანდი იებით ხელში... მინდა ახლა გავიგო მკვლელობის მიზეზი... _ თქვა ემამ ჩუმად და კაცს ხელი მოხვია. კაცმა იებს გადახედა, ქალს ლოყაზე აკოცა და ჩურჩულით მოუთხრო:
_ ფედერიკოს დანიელა ჰყვარებია, ერთმანეთს ჩუმად ხვდებოდნენ. ქალი ჩვეულებრივი ოჯახიდან იყო, კაცი კი მდიდარი ოჯახიდან. მისი მშობლები ვერასდროს მიიღებდნენ ოჯახში დანიელას მსგავს რძალს, ამიტომაც შეხვედრებს მალავდნენ. ქალი დაიღალა, კაცთან ურთიერთობის გაწყვეტა მოინდომა, რადგან გრძნობდა, რომ შეყვარებულის ოჯახი არ მიიღებდა. მათ შორის უთანხმოება ჩამოვარდა, რაც დანიელას უფროსმაც გამოიწვია, რომელიც ქალის მიმართ ინტერესს იჩენდა. ფედერიკომ ეს ამბავი გაიგო და გაბრაზებული ცდილობდა კაცის თავიდან მოშორებას, მაგრამ ქალი სამუშაოს თავს არ ანებებდა.
ფედერიკომ გაიგო, რომ დანიელას უფროსი მასთან დაახლოებას ცდილობდა, გაბრაზდა და მთელი თვეები შხამზე ექსპერიმენტს დაუთმო... შხამზე, რომლითაც საყვარელ ქალს კაცს ჩამოაშორებდა. უფროსმა ვერ გათვალა დანიელათი დაინტერესება, ვერ იფიქრა, მისკენ გადადგმული ნაბიჯები საბედისწერო და სიკვდილთან დამაახლოვებელი თუ იქნებოდა.
ერთზე გათვლილმა მკვლელობამ ორის სიკვდილი გამოიწვია.
ფედერიკომ მოწამლული შავი იებით მკვლელობა დაგეგმა და განახორციელა. როგორც კი ქალმა ბაღში იები დაკრიფა, ფედერიკომ მის ჭიქაში მაშინვე ანტიდოტი ჩაყარა, იები კი მოწამლა. მაგრამ საბედისწერო აღმოჩნდა ის, რასაც არ ელოდა. ღვინის წვეთმა მთლიანად გაანადგურა ქალის სხეულში ანტიდოტი და მანაც შეისრუტა ფედერიკოს გამოგონილი ახალი შავი ნივთიერება, საწამლავი, რომელმაც რამდენიმე ხანში მოქმედების უნარი დაკარგა და ყვავილებმაც სრულიად იისფერი შეფერილობა დაიბრუნა, მაგრამ ამავდროულად ორივე იმსხვერპლა. ფედერიკომ ის ვეღარ გაითვალისწინა, რომ ქალი ღვინოს დალევდა და მოწამლული შავი იები მასზედაც იმოქმედებდა. უფროსი კი გაკვირვებული დააშტერდა ყვავილებს შავი ფერის გამო. ქალი ფერს ვერ ცნობდა, რადგან მისთვის ყველაფერი შავი ფერის გამხდარიყო, მხოლოდ იმიტომ, რომ დალტონიკი იყო, ის სრულიად ვერ შეამჩნევდა იისფერის ნაცვლად შავ იებს... როცა შენ დალტონიკი ახსენე, მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი თავიდან უნდა გადამეკითხა და თავიდან უნდა ამეწყო მკვლელობის ყველა დეტალი. ფედერიკოს არ სურდა ქალის მოკვლა, მხოლოდ კაცის სიკვდილი სურდა, მაგრამ არ მესმოდა, რატომ უნდოდა მისი სიკვდილი, მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა ჟაკლინის უფროსი გავიხსენე... ყველაფერი თავიდან გავიხსენე და მივხვდი... მიხვდი, რომ ის უფროსიც ისეთივე იყო... სასტუმროში შენზე თავდასხმა კი იმიტომ მოხდა, რომ მისმა შვილმა გაიგო ის, რასაც არ ვამხელდით, რომ შენ ჩვენთან დაკითხვაზე გვყავდი ამ მკვლელობის გამო. ამიტომაც არ მოგიწია არც სასამართლოში მისვლამ, არც სხვაგან დაკითხვებზე წასვლამ და არც სხვა დაკითხვებზე მოსვლამ... ფედერიკომ კი გაიგო, რომ შენც გაქცეული შეშინებული ქალი იყავი, ამიტომაც უნდოდა შენი დახსნა და გაგიტაცა, მაგრამ მერე ისევ დაგაბრუნა... ჩემთან დაგაბრუნა... _ თქვა კაცმა და ქალი მიიხუტა. მერ თვითონაც გაიხედა იებისკენ და მინაში ჩასმულ იებს ხელი გადაუსვა:
_ მართლაც რომ ცივია... იდუმალი და ლამაზი... შენსავით, _ დააბოლოვა სიტყვა და ქალს ნიკაპქვეშ ამოსდო თითი.
_ მას შეეცოდე... მიხვდა, რომ გაიქეცი და ფული გაჩუქა, შენ კი ის ფული გააჩუქე... თუმცა ნახევარზე მეტი მის ოჯახს გადაეცი.
_ მე არა, ადვოკატმა, _ თქვა ქალმა და გაიცინა, _ შენ რა, იმ ფულს მისტირი?!
_ არა... მე შენს გატაცებას უფრო მივტიროდი! შენ არ უნდა გამქცეოდი! _ თქვა კაცმა და აკოცა. _ და არ გამქცევიხარ, ვერ გაიქეცი და ვერც გაიქცევი...
_ ვწუხვარ ასეთი ბედისწერის გამო, მაგრამ არანაირ შურისძიებას არ ვეთანხმები და არ ვამართლებ! ეს ადამიანმა არ უნდა ჩაიდინოს, უნდა ეცადოს, რომ შური არ იძიოს... ის მოწამლული შავი იებიც კი საშინელებაა... _ თქვა ჩუმად: _ დაე, მშვიდად იძინონ იქ, იმ სამფლობელოში ოთხივემ, რადგან მე ტკივილის მომნიჭებელ ადამიანს უკვე ვაპატიე... _ თქვა და კაცს ხელები მოხვია. ამ დროს ხმა მოესმათ, თანამშრომლები კიბეზე ჩამოდიოდნენ.
ქალს გაეღიმა და კაცს მიუბრუნდა: _ დროა, წავიდეთ.
ყველა მხოლოდ ამ სამ შენობასა და ახლად დანახულ გარემოზე საუბრობდა. კარგა ხნის მგზავრობის შემდეგ ქალაქში დაბრუნდნენ.
***
_ ემა! ლოგინი განსაკუთრებული იყო! _ უთხრა ქალს ერიკმა სახლში შესვლისთანავე.
_ ლოგინი იყო კლასიკურად გაწყობილი, ლამაზი მდიდრული ორნამენტით და გადასაფარებლით!
_ ეგ არ მიგულისხმია! მათ სამი ლამაზი შვილი გაუჩნდათ!
ქალს გაეცინა:
_ იმედია, მათსავით ლოგინში არ გამაჩენინებ შვილებს და სამშობიაროში წამიყვან!
კაცმა ხელი მოხვია:
_ მე ყველაზე კარგი ქმარი და თბილი მამა ვიქნები! მაგრამ მამა რომ ვიყო, საჭიროა პატარა არსებები მაჩუქო!
_ მოვა მაგის დროც, ერიკ! ახლა დამასვენე, მეძინება! შენ კიდევ რამდენი რამ დამავალე ამ ღამეს, _ გაეცინა, _ ცოლობა და სამი ბავშვი... _ თქვა და გაღიმებულმა შეაბიჯა სააბაზანოში.
_ ემა, ფოტოები?! _ მალევე კარზე მიუკაკუნა კაცმა.
_ ხვალ მოიტანენ სახლში!
_ ძალიან კარგი! მაინტერესებს, როგორი იქნები იმ ფოტოებში!
_ ისე ცუდი ვარ?! _ გამოხედა ემამ გაბრაზებული სახით.
_ ასე ძალიან საყვარელი, ჯიუტი, ცივი, ქედმაღალი და ლამაზი ხარ!
ქალს გაეცინა, გვერდი აუარა და პირდაპირ ლოგინზე წამოწვა, ისე რომ მთლიანი საწოლი დაიკავა სხეულით.
_ ჩემი ადგილიც დატოვე და მიიჩოჩე! _ მოესმა კაცის ხმა, მაგრამ არც ამოტრიალდა, არც გაინძრა და ისე უპასუხა:
_ ის ლოგინი მოგეწონა. წადი, იქ დაიძინე! დღეს აღარ მაქვს სატირალი არაფერი და არ მჭირდება თანაგრძნობა... _ მერე უცბად წამოდგა, კაცის ხელი ხელში მოიქცია და ახალი სახვევის დადებას შეუდგა. კაცმა გადახედა:
_ გინდა მისმა ქმარმა მომკლას?!
_ შენ ლოგინზე წვები თუ მკვდარი ქალის გვერდით?! _ გადაიხარხარა ემამ.
ერიკი ქალს ძლიერად ჩაეხუტა
_ ჩემი სიყვარული ხარ შენ... მხოლოდ შენ...
_ მართლა?! არავინ გყვარებია?!
_ კი, მაგრამ ასე არავინ!
_ არც მე მყვარებია ასე არავინ... _ უთხრა და კაცს შუბლზე აკოცა: _ მიყვარხარ....
***
ფოტოები დილას კამილამ მოიტანა. ერიკი დივანზე მოკალათდა და თვალიერება დაუწყო. ქალიც გვერდზე მიუჯდა, მაგრამ კაცმა ფოტოები ასწია და ემას არ მისცა მათი ნახვის უფლება. მიუხედავად თხოვნისა, ქალს მაინც არ ანახვებდა ფოტოებს და თავისთვის აკეთებდა კომენტარს:
_ მაგარია... ძალიან საყვარელი და ლამაზი ხარ...
ემამ ფოტოებს შორიდან შეავლო თვალი:
_ შენც არა გიშავს... _ თქვა და გაუღიმა: _ ძალიან საყვარელი და სიმპათიური ხარ...
კაცმა ხელში აიყვანა, კალთაში ჩაისვა და მასთან ერთად დაიწყო ფოტოების თვალიერება.
***
ემა ქეტრინთან მივიდა. საქსოვი და საკერავი მანქანებით სავსე დიდი დარბაზი გაიარა, ყველას მიესალმა და კაბინეტთან მივიდა თუ არა, დააკაკუნა.
_ ქეტრინ! რა მაგარია, ახალი მანქანები ვნახე.
_ კი, ემა, ბოლოს აქ რომ იყავი, არ გვქონდა და მერე ვიყიდეთ. რას დალევ?!
_ ყავას. ცოტა გამოფხიზლება მინდა.
_ რატომ?!
_ ერიკთან საუბარში გვიან დამეძინა... _ თქვა და გაეცინა. _ მასთან თავს ბედნიერად და მშვიდად ვგრძნობ. პირველად ვარ ასე მშვიდად და დაცულად... _ თქვა და ჩვენებისთვის გამზადებულ ესკიზებს დახედა.
***
თბილი მგრძნობიარე დღეები სუფევდა ორივეს გულში. ერთმანეთს ბედნიერებით უცქეროდნენ და საღამოს ვახშამს ხან სახლში, ხან რესტორანში შეექცეოდნენ. ორივე სხვადასხვა კერძს უკვეთდა და ღიმილიანი სახით ერთმანეთს ასინჯებდნენ თავიანთი ულუფებიდან.
_ ერიკ! მე შენ დახმარებას შემპირდი და არა არევას, _ ემას გაეცინა, ერიკის შეშინებული სახე რომ დაინახა, როცა კაცმა ფეხი წამოჰკრა ყვავილებით სავსე ყუთს ისე ძლიერად, რომ ყვავილები ჰაერში აფრინდნენ და ზემოდან დაიწყეს ცვენა. მეგობარი იქვე იყო, უცბად ციფრული მოიმარჯვა და ამ სცენის გადაღებას შეუდგა. ემას თავზე ყვავილები სცვიოდა, ერიკი მისკენ მიემართებოდა და სიამოვნებდა ქალის სიცილი, რომელსაც თავზე ყვავილები ეყრებოდა, ზემოთ იხედებოდა და ამ სილამაზით ტკბებოდა. ერიკი მასთან მივიდა, აკოცა.
_ მაპატიე, არ მეგონა ასე თუ გაფრინდებოდნენ ყვავილები, _ თქვა და მასაც გაეცინა.
_ კიდევ კარგი, რომ ეს უბრალო ყვავილები იყო და არა კრისტალების, თორემ ვეღარ გადამირჩებოდი! _ თქვა ქალმა და მიმოპნეულ ყვავილებს გადახედა.
_ კიდევ ვიხდი ბოდიშს... _ გაისმა კაცის რბილი ხმა და ქალმაც დასამშვიდებლად აკოცა.
საღამოს მარტო ერიკი და ემა დარჩნენ ოთახში და თავიანთ საქმეებს აგრძელებდნენ: ემა ესკიზის მიხედვით ყვავილებს და ქვებს ალაგებდა კედელზე, ერიკი კი იატაკზე მოდელებს და აუზის დეტალებს ამზადებდა. ემას კიბეზე ასვლა მოუნდა. რამდენიმე საფეხური აიარა და მაღლა აიწია ყვავილებით ხელში. ერიკი მოტრიალდა და ემას მიაძახა:
_ ახლავე ჩამოდი მანდედან! მე ავალ, რას აკეთებ!
_ ნუ გეშინია, ბოლო მონაკვეთიღა დამრჩა. ამ კედელსაც მოვრჩები და ხვალ მეორე სართულზე გადავალ, შენ კი ისევ აქ იქნები! _ და კოცნა გაუგზავნა.
ერიკი კიბეზე ავიდა და წელზე მოხვია ხელი.
_ რომ გეუბნები, ჩამოდი-თქო, უნდა ჩამოხვიდე! _ ქალს ტუჩებში აკოცა და უცებ შეეშვა, იფიქრა, არ ჩამოვარდესო. მასთან ერთად ბოლო მონაკვეთიც დაამაგრა და დაბლა ჩავიდა. ემას მესამე საფეხურიდან ხელი გაუწოდა და ხელში ატატებული ჩამოიყვანა.
_ მშვენიერია, ერიკ! _ თქვა ემამ და კედლებს შეხედა, სადაც ქვები და ყვავილები სილამაზისგან ანათებდნენ.
_ დავიჯერო, ჩემს კოცნაზე მშვენიერია?!
_ ერიკის კოცნა უფრო მშვენიერი და გემრიელია. _ მიუგო ქალმა და მის ბაგეებს მიუბრუნდა საკოცნელად. მერე ყელს ჩამოუყვა კოცნით და კაცის ბოხი ხმაც გაისმა:
_ ემა, კარი ღიაა!
_ არა უშავს, კოცნის გარდა არაფერს ვაშავებ... _ თქვა ქალმა და კაცს მოშორდა.
უკვე ორივე სართული გამზადებული იყო... ორივე სართულზე სილამაზე სუფევდა.
***
რამდენიმე მანქანა მაღალი შენობის წინ გაჩერდა. სტუმრებმა `ამეთვისტოს~ პირველ სართულიდან მეორეზე გადაინაცვლეს. ყველა კედელი სარკეებით იყო მოჭედილი, შუაში როიალი იდგა, რომელიც ქვებში გაბნეული ყვავილების მთელ სილამაზეს სარკეებში ირეკლავდა და იქაურობას საოცარ ელფერს სძენდა. ნაზი მუსიკის ხმა გაისმა და ნეფე-დედოფალმა თავისი ადგილი დაიკავა. ხელის მოწერის შემდეგ ბედნიერ წყვილს ნათესავები, მეგობრები, თანამშრომლები ულოცავდნენ გაბედნიერებას.
ერიკის გვერდით ალეხო ტორე იდგა. ერიკი ემას უცქეროდა, რომელიც ბედნიერი იღიმებოდა და მეგობრებთან ერთად ფოტოებს იღებდა. ნეფემ ალეხოს გადახედა და გაღიმებულმა რამდენიმეჯერ გადაუხადა მადლობა ემაზე მზრუნველობის გამო...
კედლები ბრწყინავდნენ. ემამ რამდენიმე ფოტო გადაიღო ყვავილებთან ცალკეც და ერიკთან ერთადაც. შემდეგ ყვავილებში ჩაფლულ როიალთან დაჯდა. ერიკის საყვარელი ნოტები აჟღერდა. კაცი მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა:
_ ეს ხალხი რომ არ იყოს, ახლავე მოგესიყვარულებოდი. ახლა მივხვდი, შენი ხელები ჩახუტებისას ასე ნაზად და სასიამოვნოდ რატომ ეხებოდნენ ჩემს სხეულს, _ და ქალს ტუჩებში მოწყვეტით აკოცა. ქალმა დაასრულა დაკვრა, ერიკი მოფარებულ ადგილას გაიყვანა და ვნებიანად აკოცა, მერე კი გაიქცა და სტუმრებს შეუერთდა.
უკვე გვიან იყო, როცა სტუმრები დაიშალნენ. ერიკმა ქალს ბედნიერმა გაუღიმა და უჩურჩულა, სახლში წასვლის დროაო...
ერიკმა ემა საძინებელში შეიყვანა, ხელებში მოიმწყვდია და კაბა გახადა. ლოგინზე დააწვინა და მის ტუჩებს მთელი გრძნობით დაეწაფა. ორი შიშველი სხეული ერთმანეთს ეკვროდა ისე, თითქოს ერთი მთლიანი გამხდარიყვნენ და ერთმანეთს თავიანთ ცეცხლოვან ალერსში პირველად ხვევდნენ.
***
დილით ერიკმა ემას ყვავილები და საუზმე ლოგინში მიართვა.
_ დღეს არ უნდა ადგე! _ უბრძანა ცოლს და აკოცა.
_ რატომ?! _ წამოიძახა ქალმა და ლოგინიდან წამოიწია. კაცი გვერდით მიუჯდა.
_ უნდა იწვე და ჩამეხუტო. მე ასე მინდა! შენ რა, სამსახურში აპირებდი წასვლას?! _ მოჩვენებითი გაბრაზებით ქალს თითი დაუქნია.
ემას გაეცინა.
_ როგორ ახერხებ, ასე სწრაფად ქალი შენკენ მოატრიალო, არ მესმის, _ ღიმილით თქვა ემამ.
_ მე შენზე ძლიერი ვარ და ამიტომ!
_ შენი სიძლიერე იმ დღეს ვნახე, კაბა რომ შემომახიე!
კაცს გაეცინა და ხელები მოხვია...
_ ბიჭი მინდა, _ წარმოთქვა მოულოდნელად და ქალს თვალებში ჩააშტერდა. ემამ სახეში შეხედა:
_ წინასწარ რა ვიცი, ვინ იქნება! გოგო რომ იყოს, არ გინდა?! _ ჩაეკითხა ნაწყენი ხმით, თავი ბალიშზე დადო და ჭერს ახედა.
_ ბავშვი მინდა და არ აქვს მნიშვნელობა, გოგო იქნება თუ ბიჭი, _ მიუგო ერიკმა, ემას ხელები მოხვია, პლედი გადაიფარა და ქალის სხეულის შესწავლას ხელახლა შეუდგა...
***
ემა და ერიკი ბოსტონში ჩაფრინდნენ. აეროპორტში ალეხო და გაბი დახვდნენ. მანქანამ მინდორი გადაიარა და სახლის წინ გაჩერდა. ერიკმა თვალი მოავლო იქაურობას და გაეცინა, გაახსენდა, ქალს რომ უთხრა, საყვარლებმა გაჩუქეს სახლიო და ამის გამო სილა მოხვდა. ცოლს ხელი გადასდო მხარზე და თვალებში ჩააშტერდა:
_ ეს სახლია, რის გამოც პირველად მომხვდა სილა ქალისგან?!
_ ჰო! ესაა ის სახლი... საყვარლებისგან! _ თქვა ქალმა და გადაიხარხარა.
_ აი, იებიც! _ შესძახა კაცმა და ემასთან ერთად იებისკენ გაემართა. კაცი მორაკრაკე რუსთან გაჩერდა.
_ ლამაზი ფერი აქვს ამ ყვავილს: იდუმალი და ამოუცნობი!
_ კი, ასეა! _ დაეთანხმა ქალი.
კაცმა უცებ ხელში აიტაცა იგი და ვნებიანი ჩურჩულით შეეკითხა:
_ საით წავიდე?
ქალმა ხელით ანიშნა. სახლში შესულმა ერიკმა ცოლი საწოლზე წამოაწვინა, თბილი სამოსი შემოაძარცვა და მიეალერსა. მერე ოთახს შეავლო თვალი.
_ ისევეა აქ ყველაფერი, როგორც ადრე?!
_ კი, მარტო ამ ოთახში!
_ ლამაზი ოთახია, შენ გგავს. ეტყობა, ვისი ხასიათითაც არის დალაგებული.
_ ჩანთები ამოსატანია და ამოსალაგებელი, _ გაახსენდა ქალს.
_ ჯერ ვჭამოთ, თორემ კუჭი გამიხმა! მერე ამოვალაგოთ ტანსაცმელი... _ უთხრა ცოლს და მასთან ერთად სამზარეულოს მიაშურა.
როცა ჭამას მორჩნენ, გარდერობში შეალაგეს თავიანთი ბარგი და აივანზე დასხდნენ. მზის ჩასვლას სიამოვნებით უმზერდნენ. მზეს, უკვე დრო იყო, ადგილი დაეთმო მთვარისთვის. მან თავისი გზა განვლო და ახლა ღამის მნათობის ჯერი დამდგარიყო. წყვილი ერთმანეთს მიეხუტა, თვალებდახუჭულებმა ჩაისუნთქეს გრილი ჰაერი. ამასობაში მთვარეც ამოვიდა. ემამ და ერიკმა ჩაბნელებულ მინდორს გადახედეს. სიბნელეში აქა-იქ შუქი მოჩანდა და საოცრად ანათებდა მწვანე მინდორსა და ყვავილების მწკრივს. ხეები ირხეოდნენ და შრიალებდნენ, ფოთლები ჰაერში ფრიალებდნენ და ქარის მიმართულებით მიფრინავდნენ იქით, საითკენაც ნიავი უბერავდა.
დილით, ისაუზმეს თუ არა, ქალაქში გაისეირნეს. დაათვალიერეს ბოსტონის ზღვის ხედები და ფოტოებიც გადაიღეს. მერე გემზე ავიდნენ, ადგილები დაიკავეს და ზღვის ტალღებს თვალი გააყოლეს. მის აზვირთებულ ტალღებს უცქეროდნენ და გარემოსაც ათვალიერებდნენ. შემდეგ გემზევე ისადილეს და კვლავ ზღვას მიაჩერდნენ. გემი ტალღებს ჭრიდა და წინ მიიწევდა, ქალაქისკენ. მცირე მოგზაურობის შემდეგ ხმელეთზე გადავიდნენ. ემა დაღლილი იყო ამდენი რწევისგან და ძლივს დადიოდა. ერიკს მისთვის წელზე ხელი შემოეხვია და ლოყაზე კოცნიდა, თან ესაუბრებოდა. ერთმანეთს უყვებოდნენ დღის შთაბეჭდილებებს და თან სახლისკენ მიუყვებოდნენ გზას...
მეორე დილას ერიკი ემას ძახილმა გააღვიძა. ქალს ხელში პატარა ტორტი ეჭირა, ქმრის სხეულს ზემოდან მოქცეოდა და აღვიძებდა:
_ ერიკ! ერიკ! ერიკ!
კაცმა თვალები სწრაფად გაახილა და გაკვირვებულმა შეხედა, თან მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.
_ ამ დილაუთენია ჩემს სხეულზე რატომ ამობობღებულხარ??! _ იკითხა გაკვირვებულმა და ქალი აათვალიერა.
_ ერიკ.... დაბადების დღეს გილოცავ... _ დაიყვირა ემამ ხმამაღლა, ტორტი ახლოს მიუტანა და მკერდზე დაადო კაცს.
ერიკს გაეცინა. ტორტზე დანთებულ სანთელს სული შეუბერა და ქალს აკოცა.
_ მადლობა, ჩემო ლამაზო ცოლო...
_ ახლა იუბილარის ტორტი მივირთვათ... _ თქვა ემამ, ლოგინზე გადაიარა და ტორტი როიალზე შემოდო.
_ ასე შიშველმა უნდა იარო?!
_ ჰოოო! ესაა შენი საჩუქარი! შენ სხვა საჩუქარი გინდა?!
_ სხვა საჩუქარიც მინდა! _ თქვა კაცმა, ქალი თავისკენ მოატრიალა, აკოცა და განმარტა, _ პატარა ბავშვი!
ქალს გაეცინა და დანა აიღო:
_ ჯერ ადრეა პატარა ბავშვებამდე! ასე უცბად იმედი ნუ გექნება. აჯობებს, ტორტი დაჭრა, მშია!
ერიკმა ტორტი ჩაჭრა და ქალს უჩურჩულა:
_ როიალია შენი ახალი მაგიდა?!
_ კი! მე გამხდარი ვარ და შემიძლია როიალზე ჩამოვჯდე, შენ კი სკამზე დაიკავე ადგილი, _ ანიშნა ქმარს, ტორტი თეფშებზე გადმოიღო და კაცისკენ წაიღო ჩანგალზე წამოცმული ლუკმა.
_ მარტო ამას გაჭმევ! დანარჩენი შენით მიირთვი...
_ შენ მაჭამე! _ უთხრა რბილად კაცმა და ქალს ბედნიერმა ახედა, რომელიც მართლა როიალზე შემოჯდა.
_ აქედან ვერ გაჭმევ, ერიკ... _ მოისაწყლა ემამ თავი.
მაშინ ერიკმა ხელი სტაცა და კალთაში ჩაისვა:
_ აი, ასე მაჭამე! დღეს იუბილარი ვარ და ყველაფერი უნდა შემისრულო!
ტორტი რომ დააგემოვნეს, ქმარმა ცოლი ისევ როიალზე გადასვა.
_ აქ ძალიან ლამაზი ხარ... იჯექი და მიირთვი შენი გემრიელი ტორტი, მერე კი საჩუქარს დაველოდები! _ უთხრა კაცმა და ქალის ჩუმი ხმაც მოესმა: _ რა საჩუქარი?!
_ მორჩი ჭამას და ლოგინს დაუბრუნდი! _ უჩურჩულა და სკამს მოსცილდა. ქალიც მაშინვე უკან მიჰყვა. კაცი მოტრიალდა და თვალებში ჩახედა:
_ შენ სად მოდიხარ?!
_ შენ მოგყვები!
_ ჰოოო?! ძალიან კარგი, _ თქვა და ხელი წაავლო, ლოგინზე დააწვინა, მუცელზე აკოცა და უჩურჩულა: _ პატარა ბავშვი მინდა, ემააა...
_ დღეს ვერა. სხვა დროს შეგისრულებ მაგ სურვილს, ერიკ... ასე უცებ ვერა! _ გაეცინა და კაცის სახეს ხელი შეახო: _ სხვა საჩუქარი მაქვს და თუ გამიშვებ, მოგიტან!
ერიკმა ყელზე აკოცა:
_ ჯერ შენ მინდიხარ საჩუქრად, სხვას მერე ვნახავ... _ თქვა და მისი სხეულს დაეწაფა...
მოგვიანებით ემამ ქმარს საჩუქარი შემოუტანა. კაცმა კოლოფს თავი ახადა.
_ ყოველთვის დაგიცავს, სადაც უნდა იყო, ყოველთვის შეისმენს შენს გულწრფელ თხოვნას და შენ გვერდით იქნება... _ თქვა ემამ. კაცმა ხელი შეახო კულონს და ქალს აკოცა: მადლობა, ჩემო ერთადერთო!
ქალმა გაღიმებულმა ჩამოჰკიდა ქმარს კულონი მკერდზე...
***
ბოსტონში ერთი კვირა გაატარეს. სეირნობდნენ ბაღშიც, მინდორშიც და ცხენითაც იჯირითეს.
რამდენიმე დღე გაბისთან და ალეხოსთან ერთად გაისეირნეს ქალაქში და დაღლილები გვიან დაბრუნდნენ სახლში.
ერიკმა ცოლს ხელი მოხვია, ორივენი ხეებთან ამოზრდილ ნამდვილ იებთან მისეირნობდნენ, წყლის დინებას გაუყვნენ:
_ ძალიან მიყვარხარ! _ მოესმა ქალს და კაცის კოცნაც იგრძნო.
_ მეც მიყვარხარ, ჩემო სიმპათიურო და თბილო... _ თქვა და მიეხუტა: _ ერიკ... ძალიან მიყვარხარ და ბედნიერი ვარ!
_ მეც ძალიან მაბედნიერებს შენ გვერდით ყოფნა. _ მიუგო კაცმა და ხელში აიყვანა.
_ მჯერა!
_ ახლა კი ძილის დროა, _ თქვა ქალმა და მალევე მშვიდად ჩაეძინა მის მკლავებში და სრულიად დაავიწყდა გონებაში მოფუთფუთე წარსულის მოგონებები...
დილით ბარგი ჩაალაგეს. ალეხოს, გაბის, ალმას და სხვა ნაცნობებს დაემშვიდობნენ და აეროპორტისკენ დაიძრნენ...
ჩამოსვლის შემდეგ კვლავ საქმეში ჩაეფლნენ. დღეები მხიარულებასა და მუშაობაში გადიოდა. ერიკის დასაც უხაროდა მათი ბედნიერება. ბავშვსაც ეფერებოდნენ და ერთად მიჰყავდათ გასართობად. სამსახურში ერიკი ხან თავის პროექტებს ხაზავდა, ხან ემასთან იყო კაბინეტში და როცა მას არ ეცალა, ქალს უსიტყვოდ უცქეროდა, ხან კი ერთად ისხდნენ ჩახუტებულნი და ბედნიერებით სავსენი მეცხრე სართულის აივნიდან იცქირებოდნენ.
* * *
მალე ახალი სამკაულები და სამოსი უნდა გამოეტანათ მაღაზიაში. მანამ ჩვენება უნდა გამართულიყო. ემამ მოდელები დაიბარა, რათა ჩვენებისთვის მოემზადებინა. ერთ კვირაში ყველაფერი მზად ჰქონდა _ სულ 50 სამოსი და 100 სამკაული _ საყურეები, სამაჯურები, ყელსაბამები... ალეხოც ჩამოდიოდა ცოლით, რომელსაც უკვე მუცელი დასტყობოდა. ყველა იკრიბებოდა ჩვენებაზე: ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, ცნობილი ადამიანები.
ემამ მოდელი კრისტალ დელევინი დაიბარა გადაღებაზე, რომელსაც ჩვენება უნდა დაეხურა.
კარში მაღალი, გამხდარი გოგონა შემოვიდა, ყავისფერი თმა აწეული ჰქონდა, თვალებზე ყავისფერი ბრჭყვიალა და შავი ფანქარი ესვა, პომადა _ წითელი. იგი ულამაზეს ქალთევზას ჰგავდა. კრისტალი ემასკენ ღიმილით გაემართა. ქალმა ჩაიხუტა და გადაკოცნა.
_ დღეიდან გადაღებები გექნება. ახალი პორტფოლიო, სადაც მინდა 50 ფოტო შევიდეს, მაგრამ მხოლოდ სტუდიური ფოტოები არ მინდა. სხვადასხვა ადგილას გადაგიღებენ, ერთ კვირაში ყველა ფოტო უნდა მქონდეს მზად ჩვენებისთვის!
გოგონას გაუხარდა და მაშინვე გასახდელისკენ გაეშურა, ფოტოგრაფის რამდენიმე რჩევა გაითვალისწინა და გადაღებისთვის მოემზადა.
ემამ ცოტა ხანი უყურა გადაღებას, მერე ყველას დაემშვიდობა და სახლში წავიდა.
გადაღებები 1 კვირა გაგრძელდა. ერთ კადრში გოგონა ბუნებაში იდგა, ყვავილებს ჰაერში ყრიდა და სულს უბერავდა. მეორეში კაბით, მაღალ ქუსლებზე, როიალზე იდგა, ცა მთლიანად ლურჯი ფერის მოჩანდა. მესამეში გოგონა სამკაულებით გარემოცული ტყეში იჯდა შიშველი ზურგით, ერთი ყელსაბამი ხელში ეჭირა და ზურგზე იდებდა. მეოთხეში საჰაერო ბუშტში იჯდა და ერთმანეთზე გადაბმული სამკაულები ბუშტიდან გადმოშვებული მიწას ეხებოდა. შემდეგ კადრებში მოდელი ზღვის ზედაპირზე იწვა მწვანე კაბით და ლურჯ ყელსაბამს ყელზე იკეთებდა. და ბოლოს, ქალი შიშველი სხეულით ზურგით იდგა, ხელები ზევით აეწია და მხოლოდ ბეჭედი ეკეთა ხელზე, რომელიც ჩვენების მთავარი ნაწილი იყო...
გადაღებები დასრულდა, ფოტოებიც მზად იყო და ქეტრინისთვის შეკვეთილი სამოსიც. ჩვენებისთვის ემზადებოდნენ ყველანი _ მოდელებიც, თანამშრომლებიც, ემაც და ქეტრინიც. ემა პოდიუმისთვის უკვე სცენას ამზადებდა. სარკის ფილები ეგო პოდიუმზე, რომელიც გააფართოეს და გაადიდეს. ემამ პირველი რიგის სკამები უკან ჩასწია და სცენას მოაცილა. მერე ყველას დაემშვიდობა და ოფისში ავიდა. ესკიზებს კიდევ ერთხელ თვალი შეავლო და დაჯდა.
ყველა სამკაული მის მაგიდაზე იდო თავისივე იასამნისფერი ყუთებით და ზედ ამოქარგული წარწერით: `ამეთვისტო~. ემამ ყველა სამკაული დაათვალიერა და ისევ ყუთებში მოათავსა.
***
იასამნისფერი იებით გაფორმებული კედლის თაღიდან მოდელები გამოდიოდნენ, ყვავილებიდან იწყებდნენ გამოსვლას. მთელი პოდიუმი გაიარეს, მერე უკან მობრუნდნენ და კვლავ პოდიუმისკენ დაიძრნენ, შემდეგ სცენის მთელ სიგრძეზე ადგილები დაიკავეს, ერთმანეთისგან სიმეტრიული დაშორებებით. უცბად პოდიუმის სცენა მოდელების წინ ვეებერთელა მინით ჩაიკეტა და წყლის ნაკადმა იხუვლა. როცა იგი მთლიანად გაივსო, მოდელებმა ცურვა დაიწყეს თავიანთი კაბებითა და სამკაულებით, თითქოს ქალთევზებად გადაიქცნენ. ფოტაგრაფებმაც მაშინვე ააჩხაკუნეს კამერები. რამდენიმე წუთის შემდეგ წყლით გავსებულ მინის ყუთში გოგონები ზევით აცურდნენ და მინის აუზი დატოვეს. შემდეგ წყლით სავსე მინის ყუთში იების აურაცხელი რაოდენობა ჩამოიპნა და წყლის ზედაპირი ყვავილებმა მთლიანად დაფარა. ბოლოს ერთი მოდელი კვლავ წყალში გადახტა და ფსკერისკენ გაცურა. ფოტოგრაფები იღებდნენ და იღებდნენ ამ საოცარ სანახაობას. გოგონა იებით სავსე წყალში დაცურავდა და თავისი სამოსისა და სამკაულების დემონსტრირებას ახდენდა. ბოლოს სამკაულებმაც იწყო ფსკერისკენ ჩაძირვა _ ბეჭდები, საყურეები, ყელსაბამები ნელ-ნელა იყრებოდა წყალში და ფსკერისკენ მიიწევდა. გოგონამ რამდენიმე ჰაეროვანი კოცნა გაგზავნა პუბლიკისკენ თავისი მთავარი ბეჭდით, ყველას დაემშვიდობა და ზემოთკენ გაცურა.
ჩვენება ასე დასრულდა.
ემა ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, მან თავისი ახალი მოდელი წარუდგინა საზოგადოებას, თან დაამატა, რომ დელევინი ბევრს შრომობდა იმისთვის, რათა ცურვისას ჰაერი ჰყოფნოდა, მთელი დღეები ცურვის სპეციალისტთან ატარებდა და მის გაკვეთილებს ითვისებდა. ემაც მიდიოდა და ნახულობდა გოგონას, მოსწონდა მისი სახე, მისი სხეული და მისი შრომაც. ემამ გოგონა შეაქო და განაცხადა, ჩემი კომპანიის სახედ ავიყვანო. გარდა ამისა, ის იქნებოდა ძირითადი მოდელი, რომელიც ყველა ჩვენებას დახურავდა...
ემამ მადლობა გადაუხადა ყველა სტუმარს. ბოლოს ბანკეტი გაიმართა.
მან ბევრი მილოცვა მიიღო და მისმა მეგობარმა ქეტრინმაც, რომელმაც ამ დღის მერე უფრო ბევრი კონტრაქტი და შემოთავაზება მიიღო.
ჩვენების შემდეგ ყველა სამოსი და სამკაული მაღაზიაში გამოფინეს. და ყველა წარმატებით გაიყიდა. ემა კმაყოფილი იყო, მისი ოცნება ასრულდა. ახლა უკვე ახალი ჩვენებისთვის უნდა დაეწყო მზადება, ამიტომ მოდელები კვლავ დაიბარა და სთხოვა, არ მოდუნდეთ, მუშაობა გააგრძელეთო. განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც კრისტალ დელევინისადმი იჩენდა. ახლა ის იყო მისი მთავარი კოზირი.
მორიგი ჩვენება სულ რაღაც ორ თვეში უნდა გამართულიყო. კრისტალი გადაღებებს არ აცდენდა, უამრავ ფოტოს უღებდნენ და ახალი ჩვენებისთვის ამზადებდნენ.
გავიდა რვა კვირა და მართლაც ყველაფერი ზედმიწევნით მზად იყო. ემამ მოასწრო და სწორედ ისეთი თეატრალური წარმოდგენისთვის მოემზადა, როგორიც ჩაფიქრებული ჰქონდა. ალა-ფურშეტი პატარა მაგიდებზე გაიშალა, ხილი, წვენები, ალკოჰოლიანი სასმელები. ჩვენებას სახელიც შეურჩიეს _ `შოკოლადიანი ქვები~.
საღამოს 8 საათზე სცენა განათდა. სინათლე მხოლოდ სცენის წინა კედელს შეეხო. ზემოდან შავი იები ცვიოდა, ცოტა ხანში კი მთელი ტერიტორია იასამნისფერმა იებმა დაფარეს. მოდელები წამოვიდნენ, თანაც სულ შავი შოკოლადისფერები. მათი გამჭვირვალე სამოსი, რომელიც ემამ შეუკვეთა, მთლიანად შავი შოკოლადით იყო გაჟღენთილი, მხოლოდ თვალებზე ჰქონდათ იასამნისფერი მაკიაჟი. შოკოლადის შავ სხეულს ფერადი სამკაულები ამშვენებდა. სამკაულები გარშემო უამრავ ფერს აფრქვევდნენ, ყვავილების გზას მიაპობდნენ და შავ შოკოლადში ამოვლებული მოდელები წინ მიიწევდნენ. შემდეგ პოდიუმზე ქეტრინის სამოსში გამოწყობილი მოდელები გამოჩნდნენ, რასაც ისევ ენაცვლებოდა შავშოკოლადიანი ქალები და ბოლოს კვლავ ქეტრინის კომპანიაში შექმნილი ტანსაცმელი...
მოწვეულ სტუმრებს მთელი ჩვენების განმავლობაში შოკოლადით უმასპინძლდებოდნენ, სხვა დესერტიც დაარიგეს და სტუმრებს უფლება მისცეს, იქვე ენახათ შოკოლადის ჩამოსხმის პროცესი, თან ახალი სახეობა _ ლეღვიანი შოკოლადიც დააგემოვნებინეს...
ფოტოები კედლებსა და სტენდებზე უკვე გამოფენილი იყო. შოკოლადისფერ კრიალა სხეულს სამკაულები ანათებდნენ და თავიანთი ბრჭყვიალებით მუქ ფერს მთლიანად შთანთქავდნენ, მხოლოდ სამკაულების ფერები ხვდებოდა დამთვალიერებელს თვალში. რჩეული ოპალი ემას ყველაზე დიდი ზომის ფოტოზე გამოესახა და ცენტრში მოეხვედრებინა. როგორც კი სტუმრები გამოფენის დარბაზში შეაბიჯებდნენ, მაშინვე თვალში ხვდებოდათ ამ საოცარ ფერთა შერწყმა _ ახალგამობრწყინებული და დაბადებული ოპალისა.
ყველა სტუმარს დაურიგეს შოკოლადებით სავსე კალათა... მერე გათამაშება გაიმართა და ოპალისთვლიანი ულამაზესი ყელსაბამი ერთ-ერთ ჟურნალისტს ხვდა წილად. ემამ მიულოცა მას გამარჯვება და ყელსაბამი თავისი ხელით გაუკეთა ყელზე...
ჩვენების მეორე დღეს ყველაფერი მაღაზიაში გამოფინეს და გაყიდვაც დაიწყო.
***
საღამოს, სანამ ოფისიდან გავიდოდა, ემამ უჯრა გამოაღო და ვერ იპოვა, რასაც ეძებდა. მერე გაახსენდა და ჩანთაში ჩაიხედა. ამოიღო და ზედმიწევნით დააკვირდა:
_ ერიკის გამო ჩანთაში ჩავაგდე, რომ არ ენახა და ძლივს არ ვნახე? _ თქვა და უცბად ზეზე წამოხტა. ჩანთას ხელი დააავლო და გარეთ გავარდა. ტაქსი მალევე გააჩერა, უკვე მშვიდად იყო. თვალები დახუჭა და თავის მუცელს მიეფერა:
_ გამოდის, პატარა გვეყოლება, რომელიც ლამაზ კაბებს ჩაიცვამს და გულში ჩავიკრავ, ან პატარა ბიჭუნა, ერიკისნაირი.
ემას ტაქსიში კინაღამ ჩაეძინა. მძღოლის ხმამ გამოაფხიზლა, თვალები მაშინვე გაახილა და მანქანიდან გადმოსულმა სახლს მიაშურა.
_ ერიკ..._ თქვა ჩუმად, როგორც კი ჰოლში შევიდა. კაცმა ხმა არ გასცა, დივანზე წამოწოლილი ელოდებოდა ცოლს. ემამ ტანსაცმელი გამოიცვალა, ოთახში შევიდა, შუქი აანთო და დაიყვირა:
_ ერიკ! რომ გეძახი, არ გესმის?!
_ ასე ადრე რატომ მოხვედი, მოგენატრე?! _ თქვა კაცმა და ქალს წაეტანა.
_ ერიკ, არ გინდა, _ თქვა ჩუმად და კაცს შეხედა.
_ რა, ცუდად ხარ?!
_ არა, დასვენება მინდა! _ და ქმარს ჩაეხუტა. _ მომენატრე.
_ წეღან არ გახსოვდა, რომ გენატრებოდი!
_ ასე რატომ მიყურებ?!
_ იმიტომ, რომ მიყვარხარ!
_ მეც მიყვარხარ, ერიკ, _ უთხრა და შუბლზე აკოცა. _ აქაურობა ძალიან აგირევია!
_ ჰოო, ბოდიში, მათზე ვიყარე ჯავრი!
_ მშია, გვაქვს რამე?
_ ვახშამი მზადაა, თუ მიირთმევ.
_ ერთად ვივახშმოთ, კარგი?
ორივე სამზარეულოსკენ დაიძრა. როცა ვახშმობას მორჩნენ, ემამ დაღლილი ხმით წარმოთქვა:
_ ერიკ, მე წამოვწვები, კარგი?
_ კარგი, ემა, მეც ახლავე შემოგიერთდები...
ერიკმა ცოტა ხანში კარი შეაღო და ქალს შეხედა, რომელიც ლოგინზე იწვა და ესკიზებს ათვვალიერებდა.
_ ერიკ! მანდ სარკესთან რომ დევს, მომაწოდე, რა, ბანტით რომაა შეკრული!
_ რა არის ეს! _ კაცმა დახედა და თვალთან ახლოს მიიტანა.
_ ხოო, რამე აწერიაა?!
_ კიი... ეს... მოიცა! ეს ისაა?!
_ რა ის?! _ ვითომ გაიკვირვა ემამ და ფეხზე ადგა.
_ შენ რა, ორსულად ხარ?! ემაააა! ორსულად ხარ! _ იყვირა ერიკმა და ქალმაც თავი დაუქნია. კაცმა ხელები მოხვია და კოცნა დაუწყო, _ ჩემი გოგოოო... ემა, რა მაგარიააა, მაგარიიი! ორივენი მიყვარხართ ძალიან... _ მან ცოლს კაბა აუწია და მუცელს შეხედა. მერე ხელი მიადო და აკოცა, _ ჩემი გემრიელებიიი...
_ ბავშვს ესმის, ერიკ...
_ ხოდა, დედიკო, აღარ უნდა იტირო და აღარც უნდა იფიქრო იმ სულელურ წარსულზე! _ თითი დაუქნია და ისევ მუცელს შეხედა, მერე მოატრიალა და გვერდულად დააყენა: _ ჯერ არ ჩანს!
ქალს გაეცინა:
_ ჯერ ძალიან პატარაა...
_ მაგრამ დედამ უკვე ჭირვეულობა დაიწყო, _ თქვა და ქალს ხელი მოხვია, თან თვალებში ჩახედა: _ ახლა ცოტას მოგეფერები მხოლოდ, ბევრს არა. აწი მე ვარ შენი და მისი უფროსი! _ თქვა და ქალის სახე კოცნით გაათბო. _ აბა, რა გნებავთ, ჩემო გემრიელებო?!
_ მეძინება, ერიკ, _ მიუგო ემამ და მის გვერდით მიწვა. კაცმა ძლიერად მოხვია მკლავები და ბედნიერებებით ავსებულებს მალევე ჩაეძინათ...
ღამე ემამ შეიღვიძა, მუცელზე ხელი გადაისვა და ბედნიერმა წაიჩურჩულა: _ ჩემი... ჩემი და ჩვენი პატარა არსება... პატარა არსება, საოცარი ქმნილება და სიცოცხლის მომნიჭებელი, ყველაფრის დამავიწყებელი და მომშუშებელი... _ ხელი გადაისვა მუცელზე და შეაჟრჟოლა: _ ჩემო პატარა... აქ ხარ შენ, აქ, ჩემ შიგნით და აქვე უნდა გაიზარდო... ახლა უნდა ვიზრუნო ჩემზეც და შენზეც... ჩემი საოცრება, ჩემი სიყვარული... _ თქვა, კაცს ჩუმად აკოცა და ჩურჩულით გააგრძელა: _ თქვენ ჩემი სიყვარულები ხართ. ეს კი შენი მამიკოა, ჩემო პატარა... _ და ისევ ჩაიძინა.
ემილია რამდენიმე დღე ბებიასთან იყო, ჟაკლინი და ქეტრინის რამდენიმე თანამშრომელი კი შვებულებით სამოგზაუროდ წავიდნენ. აღფრთოვანებულებმა დაათვალიერეს ევროპის ღირსშესანიშნაობები და ქსოვილების მაღაზიებსაც ესტუმრნენ...
ახლა ჟაკლინი სრულიად სხვანაირი დასეირნობდა ქუჩებში... შვილს რამდენიმე კაბა უყიდა და სასოებით დასცქეროდა ტანსაცმელს, რომელიც მალე მისი საყვარელი ემილიასი გახდებოდა...
***
დილას ერიკი ადრე ადგა, ვიბანავებ და მერე საუზმეს მოვამზადებო, იფიქრა. წყალი მოუშვა და ღიღინით თავზე შამპუნი დაისხა: ჩვენი პატარა... მალე მამიკო გავხდები და ერთად ავურევთ სახლს დედიკოს...
გამოვიდა თუ არა სააბაზანოდან, სარკის წინ მდგარი ემა დაინახა.
_ დიდი ხანია აქ ხარ?!
_ უკვე 5 წუთია!
_ რატომ, მერე?!
_ მომინდა აქ ყოფნა და იმიტომ! არ შეიძლება?!
_ როგორ არა, _ მიუგო და ხელი შეავლო ქალს, _ ვიფიქრე, ვიბანავებ და სანამ გაეღვიძება, საჭმელს მივუტან ლოგინში თქო.
ქალს გაეცინა, საძინებლისკენ გაბრუნდა და ქმარს მიაძახა:
_ დავწვები. ერთ წამში გავიღვიძებ და საჭმელი მომიტანე, _ უთხრა და ლოგინში შეწვა.
კაცმა ლანგრით მიუტანა საუზმე. ქალმა დახედა და დაიწყო:
_ ეს მინდა, ეს არაა... ეს მინდაა, ეს არააა. ეს რაა, რა უნდა ამას აქ, წაიღე! _ იყვირა უეცრად და ქმარს ხელით ანიშნა.
_ აი, უკვე ჭირვეულობს... _ თქვა კაცმა და ღიმილით ააცალა ქალს წინ დადებული საჭმლის ნაწილი. მერე უჩურჩულა: _ კიდევ რა გნებავთ?!
_ ჯერ ესენი და მეორე ლანგრითაც მოიტანე შენთვის!
კაცს გაეღიმა და მისი თხოვნა შეასრულა. მერე მის გვერდით დაჯდა. უყურებდა, ემა როგორ ჭამდა და თვითონაც ისაუზმა მასთან ერთად.
მერე ემა ადგა, აივანზე გავიდა, სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა, ოთახში შემობრუნდა და ხელებაწეულმა რამდენიმე ვარჯიში გააკეთა.
ცოტა ხანში სამსახურში წასასვლელად გაემზადა. შავი შარვალი ჩაიცვა და მწვანე ზედა. ერიკის ნაჩუქარი ბეჭედიც გაიკეთა, ქორწილის ბეჭედიც და კაცს მიუბრუნდა.
_ მე მზად ვარ, _ თქვა და სახლიდან ორივენი ერთად გავიდნენ.
ქუჩაში ერთმანეთს აკოცეს, მერე ქალი კაცს დაემშვიდობა და თავთავიანთი სამსახურებისკენ დაიძრნენ.
ემა დარბაზში შევიდა. ყველამ მისკენ გაიხედა.
_ იმედია, ჩემი დანახვა გიხარიათ, _ თქვა მან და გაიღიმა, მაგიდას დაეყრდნო. _ ხართ მზად ახალი საქმის დასაწყებად?! _ იკითხა და თანხმობის მიღების მერე ყველანი მაგიდას მიუსხდნენ.
_ დღეიდან გავამზადებთ სასაჩუქრე კოლოფებს, რომელზეც ჩვენი სამკაულები იქნება მოხატული, ასევე ყველა კოლოფში იქნება ადრესატისადმი მიძღვნილი წერილი, რომელსაც მყიდველი დაუტოვებს მას, ვისაც ჩვენს სამკაულს აჩუქებს... თითოეული ჩვენი დიზაინით შექმნილ ყუთში იქნება მოთავსებული, ასევე შესავსებად გამზადებული ბარათი... _ გამოაცხადა და ფეხზე წამოდგა, შემდეგ დიზაინერებს მიუბრუნდა: _ დღეიდან შეგიძლიათ სასაჩუქრე კოლოფებზე იფიქროთ და ესკიზები გაამზადოთ. _ ამ სიტყვებით კამილასთან ერთად კაბინეტისკენ დაიძრა, სადაც კიდევ ერთხელ უნდა გადაევლოთ თვალი ორ ჩვენებაში შემოსული თუ დახარჯული ხარჯებისთვის.
***
სამსახურში მისვლისთანავე ერიკი მუშაობას შეუდგა და კარგა ხანს თავი არ აუწევია. მერე ემასთან შეიარა. ისე ჩუმად შეიპარა მის კაბინეტში, ქალმა ვერც გაიგო. თვალდახუჭული ზურგით იდგა და ახალდაფრქვეული სუნამოს არომატს ისრუტავდა..
_ ღმერთო, როგორ შემაშინე?! _ იყვირა, როცა ერიკმა მოულოდნელად ყელზე აკოცა.
_ უკვე გაშინებ კიდევაც?!
_ ასე ნუღარ შემოიპარები აქ, ერიკ! მე მხოლოდ შენი ვარ და სხვა არავისი!
_ ვიცი, ემა, ვიცი და ჩამეხუტე... მომენატრეთ ორივენი.
ემამ ხელები მოხვია:
_ ჩვენც მოგვენატრე, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ, დღეს შედარებით ადრე დავბრუნდები. ისე, 8 თვეში მამა გახდები!
_ მიხარია. ჩვენ შენი დედიკო და მამიკო ვიქნებით, _ ქმარი ცოლს ჩაეხუტა, ხელები მოხვია და მუცელზე აკოცა. _ მალე მოდით, მინდა ორივეს მოგეფეროთ, _ გააფრთხილა ქალი და გავიდა.
ერიკმა სადილი გაუმზადა ცოლს და კმაყოფილი დაელოდა მის მოსვლას.
ემა მართლაც ადრე მოვიდა და გაშლილი სუფრის დანახვაზე გაოცებულმა შესძახა:
_ ერიკ, რამე ხდება?! რა ლამაზიააა?!
_ თქვენი მოსვლა აღვნიშნე, _ უთხრა მამაკაცმა. მერე გემრიელად ივახშმეს და დივანზე წამოწვნენ. ერიკმა ემას მუცელზე დაადო თავი.
_ რა ბედნიერებაა, ჩვენ პატარა გვეყოლება! ერთად გავზრდით, ერთად მოვეფერებით! მერე ვასწავლით, ჭკუას დავარიგებთ და ბევრს ვაკოცებთ... 8 თვე როგორ უნდა მოვიცადოო?!
ემას გაეცინა და კაცს თავზე ხელი გადაუსვა.
_ უნდა მოიცადო და მოემზადო მამობისთვის...
_ როგორ? რა უნდა გავაკეთო?!
_ ჯერ მოგიწევს ჩემს წუწუნს და ჭამას მიხედო. რომ დაიბადება, ხელში უნდა დაიჭირო და ცოტა ელაპარაკო, ზღაპრები წაუკითხო, ზოგჯერ აჭამო. რომ გაიზრდება, ეთამაშო, ჭკუა დაარიგო და ასწავლო, რა არის ცუდი და კარგი... ესაა მთავარი. იცოდე, ყველაფერზე კის ნუ ეტყვი!
_ ჩემი პატარა. აბა, როგორ ვუთხრა არა-თქო!
_ ერიკ! რაც არ შეიძლება, უნდა დაუშალო და გააგებინო, რომ არ შეიძლება! ცემით არ უნდა ვცემოთ, სიტყვით უნდა გააგებინო და სიტყვით უნდა გაუბრაზდე! გაიგეე?!
_ ამდენი რამე მევალება?!
_ ვერ ვიტან, როცა მამა მოვა სამსახურიდან, ბავშვს ერთხელ აკოცებს და მერე დედას მიუგდებს მისახედად. ზოგჯერ მამამაც უნდა მიხედოს ბავშვს, გოგო იქნება თუ ბიჭი, მამამაც უნდა მიხედოს, ეთამაშოს და მასთან ახლოს იყოს. ის შენი ნაწილიცაა, ერიკ... უნდა მოეფერო, ეთამაშო, გაუწყრე და შეაქო.
_ კარგი მამა რომ ვერ ვიყო?!
_ ერიკ... შენ კარგი ქმარი ხარ და მამაც კარგი იქნები. მის გარეშე ვერ გაძლებ, სამუშაოზეც გაგახსენდება და გამოიქცევი, ვნახო ჩემი ცოლი და შვილიო! აი, ემილიასთან როგორც ხარ, ისე იქნები, ეთამაშები, მოეფერები და ზღაპრებს წაუკითხავ.
_ კარგია, ცოტათი დამაწყნარე. ანუ კარგი მამა ვიქნები?!
_ ჰოო ერიკ... ის, ვინც კარგი ქმარია, კარგი მამაცააა! შენ კი კარგი ქმარი ხარ! კარგი და სიმპათიური! ჩემი სიმპათიური! _ თქვა და კაცს აკოცა.
***
ემას წინ საღებავები ედო. ხატავდა და თან ტილოს მისჩერებოდა ჩაფიქრებული. ერიკი ჩუმად მიუახლოვდა და შეეხო თუ არა, ქალი შეხტა. კაცმა ჩაიღიმა, ფუნჯს ხელი მოჰკიდა, საღებავში ჩააწო და ნახატზე თავისი ფერი ჩაასხა.
_ მთავარი ბოლო მომენტია, ემა. _ თქვა და ქალი შემოატრიალა, მერე უცებ საღებავიანი ფუნჯი მოუსვა ლოყაზე და გაუცინა.
გაბრაზებულმა ემამ ხელი მოისვა დასვრილ ლოყაზე, მაგრამ კაცმა გააჩერა:
_ მე მოგაშორებ, თუმცა გიხდება წითელი ლოყა, _ თქვა და სველი ტილოთი მოწმინდა ქალს საღებავი. მერე ცოლს ხელი დაუქნია და წავიდა.
_ ოხ, ერიკ, ერიკ... _ თქვა ჩუმად ქალმა და ხატვა ღიმილით გააგრძელა.
***
_ ერიკ! ერიკ! რომ გეძახი, რატომ არ მპასუხობ?! _ თქვა, ჩანთა სკამზე გადაკიდა და მასთან მივიდა.
_ ნახაზებს ვაკეთებ. თან მინდოდა აქ მოსულიყავი, _ ქალს ხელი წაავლო და ჩაიხუტა. _ აბა, რისთვის ეძახდი ერიკს?
_ რას აკეთებ?! _ ემამ ხელი წაავლო ხის ნიმუშებს.
_ ეს პატარასია. მომავალი პატარასი... _ მუცელზე აკოცა.
ემას გაეცინა.
_ ბევრი რამის შესრულება მოგიწევს ამ პატარას გამო!
_ თანახმა ვიქნები ყველაფერზე და ყველა ახირების შესრულებაზე. მალე ჩვენს პატარას თავისი საწოლი ექნება და იქ ინებივრებს ხოლმე. ემა, მე შენზე ყოველთვის გავგიჟდები, ისე, როგორც პირველი დანახვისას გამაგიჟე და მიმახვედრე, რომ შენს ხელში აღმოვჩნდებოდი! და რომ არ შემეშინებინე, იმ დღესვე ჩემს კაბინეტში მოგეფერებოდი!
_ ჰმმ! _ თქვა ქალმა და კაცს ახედა: _ მერედა ვინ გაძლევდა მაგის უფლებას?! თანაც მკვლელ ქალს უბედავდი მაგას?!
_ მე მაინც გავბედავდი! _ ერიკმა გაუღიმა, _ მაგრამ შენ არ ხარ ის შავი ლანდი იებით ხელში, შენ მხოლოდ ჩემი ემა ხარ და მუდამ ჩემი იქნები, რათა ის სულელური დღე დაგავიწყო და წავშალო შენი მეხსიერებიდან, ისე, რომ მხოლოდ მე და ეს პატარა და კიდევ დანარჩენი პატარა არსებები ვიყოთ მხოლოდ აქ, შენს სულში... ის რომ არ მომკვდარიყო, მე მოვკლავდი და შენს თავს მაინც ხელში ჩავიგდებდი ისე, როგორც ახლაა, _ ამ სიტყვებით მის ყელს მოეფერა, მერე კი გულთან გააჩერა ხელი. _ ეს გული მიყვარს და ამ გულის პატრონიც _ ემა გალიანი!
_ ერიკ ფრანკ, ამ გულის პატრონი ახლა უკვე შენც ხარ!
_ შენ ჩემი გული დაატყვევე, ემა და დაიმორჩილე კიდეც იმ დღიდან, როდესაც შენი ფოტოები ვნახე, სანამ აქ ჩემთან ჩამობრძანდებოდი! _ უთხრა და ქალის ტუჩებს დაეწაფა.
_ შენთან ჩამოვბრძანდი თუუუ?! მე ჩემს საქმეზე ჩამოვბრძანდი! ახლა გასაგებია, რატომაც მომაჯადოე პირველივე საუბრისას...
_ ამას უყურე! დედა რას ამბობს, შვილო! შენთან კი არა, საქმეზე ჩამოვედიო! _ შესძახა კაცმა ღიმილით.
_ ჰო, საქმეზე!
_ მერე? ესეც საქმეა! _ მუცელზე ანიშნა და ქალს ხელი მოხვია.
***
ემას მუცელი თანდათან ეზრდებოდა. რამდენიმე თვე კიდევ დადიოდა სამსახურში, ხატავდა ესკიზებს და ქეტრინის გამოგზავნილ ტანსაცმელს ნახულობდა, ამოწმებდა და მაღაზიაში ისე შეჰქონდათ. ყველა მანეკენის გარშემო პატარა აუზებიდან ლამაზი შუქი ანათებდა და საოცარ გარემოს ქმნიდა ორივე სართულზე. მოდელები მოძრაობდნენ, იცვლებოდნენ და ახალ-ახალი სამოსის დემონსტრირებას ახდენდნენ. მუცელგაბერილი ემა დაჯდებოდა და ახალ ესკიზებზე ფიქრს მიეცემოდა, მერე ისვენებდა. კარლოს გამზადებულ საჭმელს დაიდებდა წინ და მადიანად მიირთმევდა. წელში გამოყვანილი ტანსაცმელი მალე თავისუფალი სტილის სამოსით ჩაანაცვლა, გრძელი გაშლილი კაბებით დადიოდა, თავისუფლად და ლამაზად. თავის პატარას ხელს ადებდა და ეფერებოდა, ხან ჭკუას არიგებდა, ხან ზღაპარს წაუკითხავდა ჯერ კიდევ მუცელში მყოფ არსებას. შემდეგ ისევ ხატვას უბრუნდებოდა. ამ უჩვეულო მდგომარეობაში მყოფი ქალი ხანდახან როიალთან დაჯდებოდა. შავ-თეთრ კლავიშებზე რამდენიმე მოკლე ნაწარმოებს აახმოვანებდა, მერე მუცელს დაადებდა ისევ ხელს და დაელაპარაკებოდა, მოეწონა თუ არა პატარას ეს მუსიკა. ცოტა ხნით სასეირნოდაც გადიოდა.
_ შვილო, ახლა სუფთა ჰაერიც გვინდა, ზღაპრების და მუსიკის მერე, ჩემო ლამაზო. შენ ჭკვიანი და კეთილი უნდა იყო... მამიკოსა და დედიკოს საყვარელი ჭკვიანი ბიჭუნა ან გოგონა. _ პარკს გაუყვებოდა და შეისუნთქავდა გრილ ჰაერს. დილასაც გადიოდა სასეირნოდ და მერე იწყებდა მუშაობას. ბოლო თვეებში სახლში იყო, თავის საკერავთან იჯდა და ჩვილისთვის სამოსს კერავდა, ბავშვის თეთრი და ლურჯი ტანსაცმელი ისეთი საოცარი და ლამაზი იყო, ქალი ბედნიერებისგან დაფრინავდა, ეგონა, ფრთებიც ჰქონდა, გაფრინდებოდა და ამჯერად ვერანაირი მტერი ვერ შეძლებდა მის დაჭერას და გულის ტკენას.
სახლში მოსვლის შემდეგ ერიკი მთელ დროს ემას უთმობდა, მარკეტში გავარდებოდა, თუ ცოლს რამე მოუნდებოდა და მოუტანდა, ღამე მის გვერდით იწვა და თან დარაჯობდა, რამე არ დასჭირდესო. ყოველ მის გამოძრავებაზე ფეხზე იდგა, რა გინდა, რას დამაბარებ საყიდლადო. მუცელს ყურს მიადებდა და უსმენდა, ესაუბრებოდა და თვითონაც უყვებოდა ლამაზ ამბებს ან ზღაპრებს ჯერ დაუბადებელ შვილს. მერე ნაზად ხელს ადებდა და უცდიდა, როდის მოარტყამდა ჩვილი ფეხს. გაბრაზებული დგებოდა, როცა მის შეხებას ვერ გრძნობდა ან იმ დროს ირხეოდა ბავშვი, როცა ემასთან არ იყო, ქალს უბღვერდა და გაბრაზებული იყო, რომ მხოლოდ დედას ეხმაურებოდა პატარა.
შაბათ-კვირას დილაობით ცოლ-ქმარი ერთად სეირნობდა ფეხით, მერე სახლში ბრუნდებოდნენ და ბავშვის შესახებ წიგნს კითხულობდნენ, ხან ერთი, ხან მეორე.
იმ დღეს ერიკი სახლში იყო, როცა ემა წამოდგა და მიაშტერდა. მის სახეს ერთდროულად აჩნდა სიმშვიდე და ფორიაქი, შიში და სიხარული. ერიკი მაშინვე მიხვდა, რაც ხდებოდა და ცოლი სამშობიაროში გააქანა...
ეგრევე შეიყვანეს ბლოკში. ერიკი გარეთ წრიალებდა და ვერ ისვენებდა. მაინც ეშინოდა, ცოლს მშობიარობა არ გართულებოდა და სამშობიაროს ცივ ფილაქანს მიუყვებოდა ჩაფიქრებული...
_ არა, არა, ეს მძიმე ბედისწერის დღეა... _ თქვა მისმა გონებამ და ერიკი გაშეშდა, ლამის გაითიშა... მისი გული შენელდა... ემაში! მაშინვე უკან გამობრუნდა, სამშობიარო ბლოკს მიაშურა...
_ ემა! ისუნთქე, ისუნთქე! ნახე, შენი ბავშვი უკვე დაიბადა და გელოდება, როდის შეიგრძნობს შენს სხეულს! ემა! ისუნთქე! _ სადღაც შორიდან ჩაესმოდა ემას. შეფიქრიანებული წინ მიიწევდა. გრძელი თეთრი გზა შავ გზას ენაცვლებოდა. რამდენიმე საფეხური აიარა და ის დაინახა, ადამიანი-ურჩხული, რომელიც შიშს, მარცხს, ტკივილს, სიკვდილს, _ ყველაფერს იწვევდა მასში. კვლავ ჩაირბინა კიბეზე და პატარა ბავშვი შეეფეთა ხელებგაშვერილი, ელოდებოდა, რომ ქალი ჩაიკრავდა გულში და ხელში აიტატებდა. ბავშვისკენ გაიქცა და მისკენ დახრა სცადა, მაგრამ ვერ დაიხარა, ხელები არ დაემორჩილა, რომ აეწია მისი პატარა, მოლოდინით სავსე სხეული, ვერც მისი ლამაზი თვალების შეხება შეძლო და ცრემლები წასკდა. გახევებული იდგა ემა, ტიროდა და გაქცევა სურდა სადღაც შორს, თავის დასაღწევად...
მერე ბუნდოვნად ჩაესმა კაცის მკაცრი ხმა. ერიკი იყო. მან ქალს ხელი ხელში ჩაავლო და კოცნა დაუწყო:
_ ემა... ჩემო სულო! ასე ვერ დამტოვებ! მოვკვდები უშენოდ! ჩვენი პატარა ასე როგორ უნდა მიატოვო?! იცოდე, თუ მიმატოვებ, მეც შენთან წამოვალ! პატარა მაინც შეიცოდე! მას ხომ შენ სჭირდები, ემააა! ჩემ გამო კი არა, მხოლოდ ბავშვის გამო უნდა ისუნთქო! ღმერთო, არ მისცე უფლება დაგვტოვოს, მას ხომ არაფერი დაუშავებია... _ ევედრებოდა უფალს ემას გვერდით მყოფი ერიკი, _ ის ხომ უბრალოდ პატარა შეშინებული მსხვერპლი იყო, როცა მისი სიკვდილი გონებაში გაიფიქრა, ის ხომ პატარა შეშინებული არსება იყო, როცა სიცოცხლის შეეშინდა და აღარაფერი აღარ სურდა... მიეცი შანსი... სულ მცირე შანსი, ჩვენთან დაბრუნების და ცხოვრების თავიდან დაწყების... მოგვეცი სამივეს შანსი, რომ ისევ ერთად ვიყოთ და ცხოვრება გავაგრძელოთ... გთხოვ... _ მამაკაცმა ხელი მოუჭირა ქალის ხელს, _ ემა, ეს ჩვენი პატარააა, რომელსაც ორივე ვჭირდებით, _ თქვა და ბავშვი ახლოს მიუყვანა.
ქალმა ხელი გაშალა და ბავშვს შეეხო თუ არა, თითქოს ცრემლებიც და წარსულის ყველა ლანდიც სადღაც დაიფერფლა, მოკვდა. თვალები გახილა, ბავშვს აკოცა და მის სხეულს აღარ იშორებდა...
_ ჩვენი პატარა პრინცი... _ დაიჩურჩულა. ჩვილი სხეულზე მიიკრა, იგრძნო მისი სითბო, მისი სუნი და თვალები ისევ დახუჭა...
ერიკმა ბავშვი მუცელზე მოხერხებულად დაუწვინა:
_ გაახილე თვალი, ემა! იცოდე, არასდროს გაპატიებ ამას! არასდროს! ჩვენ ორივეს გვიყვარხარ და ჩვენთან უნდა დაბრუნდე! _ თქვა და მის ბაგეებს შეეხო, უნდოდა გაეთბო და მისთვის შეგრძნებები დაებრუნებინა. მის ტუჩებს ეხებოდა და უფრო ეშინოდა მისი დაკარგვის. უკან დაიხია და ქალს თავი დაადო გულზე: _ ემა, დაგვიბრუნდი! დამიბრუნდი, ხომ გიყვარვარ! მეც მიყვარხარ და ვერ მიმატოვებ! ემააა! უშენოდ მოვკვდები და ჩვენი პატარა მარტო დარჩება! გთხოვ, ემა, დამიბრუნდი! დაგვიბრუნდი ორივეს! _ ყვიროდა კაცი და ქალს თავზე ხელს უსვამდა. _ მე თუ არა, პატარა მაინც შეიცოდე! როგორ წევს ახლა შენს მკერდზე და უნდა, რომ მოეფერო და ხელები მოხვიო! უთხრა, რომ დედამისი ხარ და შენი ხმა უნდა, რომ გაიგონოს! მეც მინდა შენი ხმა, შენი სიტყვები მესმოდეს! მინდა ისევ მოვისმინო ჩემი საყვარელი ქალის სიტყვები და სიყვარული ვიგრძნო! მინდა ისევ ვიგრძნო, რომ გიყვარვარ! გიყვარვარ და გჭირდები!
ემას კაცის სიტყვები ბუნდოვნად ჩაესმოდა, და ავიწყდებოდა, ბავშვიც რომ მუცელზე ეწვინა. შიში, ტკივილი, სიკვდილი, ყველაფერი ერთმანეთში აერია და თავი ისე იგრძნო, ახლა რომ შესძლებოდა, წარსულის ყველა ლანდს მოკლავდა. ყველა მათგანს მოიშორებდა და გაანადგურებდა. მთელი ტკივილი გაახსენდა, რაც იმ ჭრილობამ მიაყენა, რომ ასე დაიკარგა და სიცოცხლე აღარ უნდოდა... მაგრამ ბავშვი გაახსენდა და ისევ მას დაუწყო ძებნა, ცოტა ხნის წინ მის ხელებში რომ იყო...
_ შვილო! _ დაიყვირა უცებ და თვალები გაახილა. ერიკმა ჩვილი ისევ დაუწვინა მკერდზე ქალს. მანაც ხელები მოხვია და კოცნა დაუწყო.
_ ის მოკვდა, ემა! მოკვდა და შენ არ მისცემ უფლებას, რომ დაგამარცხოს! მაშინ არ მიეცი უფლება, რომ ბოლომდე დაემარცხებინე! ახლაც არ მისცე უფლება, დაგამარცხოს! ის მკვდარია! შენ კი ცოცხალი ხარ და უნდა დაბრუნდე! უნდა დაბრუნდე ჩვენთან, ემა! ის მხოლოდ ლანდია! შენ კი ცოცხალი ხარ! ცოცხალი! მარიაააა! მარიაა! მარიააააა! _ მოესმა ქალს და უცბად ყველა მოლანდება გაქრა სადღაც, ის კაციც წაიყოლა თან და თეთრი გზა გამოჩნდა. წინ გაიხედა და კაცი დაინახა, რომელშიც ერიკის სახე შეიცნო და გაუღიმა... სხეულში სისხლმა დაიწყო დენა, მთელი ორგანიზმი გაიარა და გულსაც მიაღწია. გულმაც მოუხშირა ფეთქვას და ემამ თანაბრად სუნთქვა დაიწყო...
_ ემაააა... ემაააა.... მარიააა... _ ორივე სახელს იმეორებდა თავგზააბნეული კაცი.
_ პაციენტის გული ნორმალურად მუშაობს! გთხოვთ, ერიკ, ახლა გადით! ისედაც მოგეცით უფლება, ბავშვიანად აქ ყოფილიყავით! _ დაუყვირა ექიმმა და ანიშნა, გასულიყო, მაგრამ ემას ხელი მოეჭირა მისთვის და არ უშვებდა.
_ ემა, გესმის ჩემი?! მიყვარხარ. ვიცი, რომ იბრძოლე! არ დანებდი. დღეს იბრძოლე იმ ურჩხულთან და შენს თავთანაც! არასდროს არ მოვა ის შენთან რეალობაში! ის შენთან მომავალში ვერასდროს მოვა და ვერ გატკენს! ემააა... ემაა...
_ ექიმო, თვალები გაახილა!
_ ერიკ! დამშვიდდი! ბავშვი გაიყვანეთ!
ემამ თვალები გაახილა, გაიგონა, ბავშვი რომ უნდა წაეყვანათ და თავი გააქნია, მერე მუცელზე წამოწვენილ ჩვილს ზურგზე ხელი მოუსვა და ამოილაპარაკა:
_ კარგგადდ ვარრრ... ერიკკკ...
_ მდაა! პირველი შემთხვევაა, პაციენტის გამო მე მაგდებენ! _ თქვა ექიმმა და ემას გაუღიმა: _ მე წავალ, თქვენ ერთად უფრო კარგად იქნებით... _ თქვა და გავიდა.
_ ბავშვი უნდა წაიყვანონ... _ მოესმა ქალს ერიკის ხმა და თავი გააქნია.
_ უნდა ჭამოს, ემა... შენ კი სუსტად ხარ.
_ არააა! მე ვაჭმეევ! _ ამოიჩურჩულა ემამ და წამოწევა სცადა. ერიკიც მიეხმარა და შემოსული ექთანიც. ერიკს ცალი ხელით ბავშვი ეჭირა, მეორე კი ემასთვის ჩაეკიდა. როგორც კი იგრძნო ემამ ჩვილის პატარა სუსტი ბაგეები მკერდზე, მაშინვე ენერგიაზე მოვიდა და სულ დაავიწყდა წამის წინ განცდილი ზმანება. ბავშვს მკერდზე იკრავდა და დედობრივი ბედნიერებით ტკბებოდა, ამასთან, სიცოცხლის სურვილი და ხალისი უბრუნდებოდა. მთელ სხეულში დაუარა სითბომ. ჭამას მორჩა თუ არა პატარა არსება, ერიკს სთხოვა, ისევ მუცელზე დაეწვინა. ქალი თავის პატარას ეფერებოდა და აღარც ახსოვდა, რომ პალატაში იწვა და არა თავის თბილ სახლში.
_ ერიკ...ბოდიში... შეშინებისთვის... _ ამოთქვა და კაცს შეხედა, რომელსაც ჯერაც ეჭირა მისი ხელი თავის ძლიერ ხელებში.
_ რადგან აქ ხარ და ორივე ერთად მაბედნიერებთ, დარდმა გადამიარა... _ თქვა ქმარმა და ცოლს აკოცა. _ წეღან რომ გაკოცე, იგრძენი?!
_ კი, ყველაფერი მესმოდა, ისიც, ბავშვი რომ მოიყვანე, შენი ხელის შეხებაც და კოცნაც... ჩემი ნამდვილი სახელიც!
_ ემა! მადლობა უფალს, რომ ისევ ჩემთან ხარ და ორივეს გვავსებ შენი სიყვარულით. რომ იცოდე, როგორ იყო შენს მკერდზე მოკალათებული და როგორ წოვდა... ეს დიდი ბედნიერებაა ჩემთვის... მადლობა, რომ ამ გულმა ჩვენთან ყოფნა ამჯობინა.
_ ერიკ... დამშვიდდი... გარეთ ნერვიულობენ?!
_ არავის გავაგებინეთ... მხოლოდ ჟაკლინია გარეთ!
_ მადლობაა... _ თქვა ჩუმად ქალმა და კაცს თავზე გადაუსვა ხელი. ერიკმა გაუღიმა.
_ გილოცავ, ერიკ... _ თქვა ჩუმად ემამ.
_ აბა, როგორ ხართ ჩვენო ყოჩაღებო?!! ახლა მამაცმა დედამ უნდა დაიძინოს! _ მხიარული სახით შემოვიდა ექიმი და ბავშვს დასწვდა წასაყვანად. _ შენ დროებით სხვა პალატაში უნდა მიგაბრძანო, პატარა, _ მიმართა ჩვილს და ემას შეხედა. _ ცოტა ხანი უნდა დაიძინო! არ გაჯიუტდე! ყველაფერი რიგზეა...
ემამ თავი დააქნია, მერე კი ერიკს მიუბრუნდა:
_ წადი შინ და თავს მიხედე.
_ კარგი, ემაა...
_ დამპირდი...
_ გპირდები, წავალ სახლში და თავს მივხედავ.
ქალმა აკოცა ქმარსა და შვილს და მშვიდად დაიძინა.
***
_ ემაა, ზოგჯერ ისევ სევდას ვხედავ შენს თვალებში... _ შენიშნა ერიკმა, ქალს ნიკაპზე ხელი წაავლო და თვალებში ჩახედა.
_ ახლა ბედნიერი ვარ, ჩემი ლამაზი სიყვარულის და ამ პატარას გამო, _ ქალმა ხელი გადაუსვა ჩვილს, რომელიც მუცელზე ეწვინა.
_ მინდა ის დღე სამუდამოდ წაიშალოს შენს მეხსიერებაში! _ თქვა მოქუფრულმა ერიკმა.
_ კარგი, მამიკო. სახლში წაგვიყვან თუ აქ დატოვებას გვიპირებ? _ ღიმილით ახედა ქმარს. ერიკმა დედის მუცელზე მძინარეს ზურგზე აკოცა, მერე ჩანთას დასწვდა, ცოლიც ააყენა, ჩვილი ხელში მიაჩეჩა და პალატიდან გაიყვანა. ეზოში ჩასულმა ორივე ფრთხილად ჩასვა მანქანაში.
ბინის კარის გაღებისთანავე ემას ყვავილებით მორთული ჰოლი ეცა თვალში და გაოცებულმა იკითხა, სტუმრები გვყავსო?!
_ საღამოს. ყველას ვუთხარი, დაისვენებს და საღამოს მოდით-მეთქი...
_ მერედა, სუფრა?!
_ ჩემი და და ქეტრინი მიხედავენ მაგ საქმეს.
_ ვის ელოდები?!
_ როცა მოვლენ, ნახავ. ახლა ჩვენი ოთახიც ვნახოთ, ჩვენო პატარავ, _ ბავშვს აკოცა და ცოლ-ქმარი ჩვილის ოთახის სანახავად გაეშურა.
ქალმა კარი შეაღო თუ არა, გაეღიმა:
_ მამამ მოაწყო თუ დაც დაეხმარა?!
_ მამიდამ, მაგრამ დანარჩენი მე გავაკეთე! საკუთარი ოთახი აქვს ჩემს ბიჭს!
ემამ ჩვილი პატარა საწოლში ჩააწვინა და დაარწია. დააძინა თუ არა, სამზარეულოში ქმარს შეუერთდა და ისადილა. მერე ორივენი სასტუმრო ოთახში გავიდნენ და დივანზე დასხდნენ.
_ ემა, ბევრი რამ უნდა ვისწავლო?! _ ღიმილით შეეკითხა ერიკი.
_ ჰო, ბავშვის დაჭერა, ჭამა, გამოცვლა და დანარჩენს მერე მოვიფიქრებ!
_ მე გავაკეთე ეს ბავშვი. საკმარისი არაა?!
_ მე კიდევ გავაჩინე! თუ გეზარება შვილთან ახლოს ყოფნა, ბარემ თქვი!
_ მე ახლა არაფერი მეზარება, შენი მოფერებაც კი, მაგრამ დღეს დაგასვენებ!
_ ოჰ, მადლობაა. _ გაიცინა ემამ, კაცს ხელები მოხვია და აკოცა. მერე უცებ წამოდგა და ლარნაკში ჩადებულ ყვავილებს ხელი შეახო: _ ნაზი, ნამდვილი იები... ყვავილები, რომელიც ძალიან მიყვარს! ძალიან დიდი მადლობა.
_ თქვენთვის არაფერი მენანება, _ გაიღიმა ერიკმა.
_ რა ხდება კომპანიაში?! არაფერი მოუტანიათ?!
_ ნუ დარდობ. ეს კვირა მე ვიყავი მათი უფროსი და მშვიდობაა! ახლა დაისვენე და იცოდე, რომ მიყვარხარ და ჯერ არსად წასვლის უფლებას არ მოგცემ! იცოდე, არსად წასვლის უფლება არ გაქვს უჩემოდ!
_ არც სამსახურში?! _ თქვა ქალმა და გაიცინა.
_ ემა! ახლახან გამოხვედი სამშობიაროდან და ბავშვს უნდა მიხედო!
ემას გაეცინა.
_ რამდენიმე თვე მე სახლში ვიქნები და შენ?!
_ მე ზოგჯერ ვიმუშავებ, ზოგჯერ ორივესთან ვიქნები და მოგივლით. _ ერიკმა ცოლს, რომელიც საძინებელში გავიდა და საწოლზე წამოწვა, პლედი მიაფარა, _ ახლა დაისვენე, მე და ჟაკლინი კი სუფრას მივხედავთ. _ თქვა და გავიდა.
ემამ თვალები დახუჭა. ბედნიერებით სავსე იხსენებდა კაცის მონატრებულ ალერსს, ბავშვის სითბოსა და სურნელს. მალევე ჩაეძინა...
საღამოს სახლი სტუმრებით გაივსო. გახარებული ბებია-ბაბუები სიყვარულით უცქეროდნენ დედა-შვილს და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მერე გაშლილ სუფრას მიუსხდნენ და ქეიფი გაჩაღდა. სადღეგრძელოს სადღეგრძელო ცვლიდა. ემა მადლობას იხდიდა და იღიმოდა. ცოტა ხანში სუფრას ფრანკოც შემოუერთდა, ქეტრინი და კრისტალიც, მიულოცეს მშობლებს პატარას დაბადება და სუფრა ისევ გამხიარულდა.
სტუმრები გვიან დაიშალნენ. ერიკი ცოლს მოეხვია:
_ ჩემი ლამაზი ძლიერი ცოლი... მიყვარხარ, ემა, და ძალიან ბედნიერი ვარ!
ისევ იგრძნეს ერთმანეთის სუნთქვა, გახშირებული და ბედნიერებით აღსავსე...
***
დღეები გადიოდა. ემა პატარას ხელს მოხვევდა და მკერდზე მიიხუტებდა, რათა ეჭმია და მის ყოველ ჭამაზე ბედნიერებითა და სითბოთი ივსებოდა, თავის პირმშოს დასცქეროდა და უღიმოდა, ელაპარაკებოდა. დაიძინებდა თუ არა, ჩააწვენდა საწოლში და ისევ განაგრძობდა მასთან საუბარს. ერიკიც უცქერდა ამ სურათს და ბედნიერებით ივსებოდა. ემა თუ რამეს აკეთებდა, ერიკი დახედავდა ბავშვს და ცდილობდა საუბრით ან ზღაპრებით დაემშვიდებინა და ემასთვის არ დაეძახა. ნელ-ნელა შეეჩვია, ხელშიც იჭერდა და აღარ ეშინოდა მისი აყვანის. ისეთი თბილი იყო მისთვის პატარას პირველად დაჭერა, კანკალებდა და გული უხტოდა ასეთი ციცქნა არსების ხელში დაკავებისას.
დედის რძის მერე ბოთლს ძლივს მიეჩვია, ხან ერიკს ეჭირა ხელში თბილი ბოთლი, ხან ემას და ბავშვს მორიგეობით აჭმევდნენ, ქალი კი ხან რეცხავდა, ხან საჭმელს აკეთებდა. ღამით ჩვილს მშვიდად ეძინა და ამით მშობლებმაც დაისვენეს.
დღისით პატარას შუაში ჩაიწვენდნენ, ერთად ეთამაშებოდნენ, ეფერებოდნენ და ერთმანეთს უფრო მეტი სითბოთი და სიყვარულით ექცეოდნენ.
***
ემა სამზარეულოში საქმიანობდა, ერიკი ბავშვთან იჯდა იატაკზე და ორივენი სათამაშოებით ერთობოდნენ. ამ დროს ემა გამოვიდა და ბავშვს შეხედა, რომელიც უკვე ფეხზე დადგომას ცდილობდა.
_ უკვე მალე დაიწყებს სიარულს და ყველა ნივთი დასამალი გაგვიხდება, რომ არაფერი დაამტვრიოს, _ თქვა ქალმა. ამ დროს ბავშვი ბაჯბაჯით წამოვიდა დედისკენ, მაგრამ შექანდა და სანამ დაეცემოდა, ემამ დაიჭირა. _ ჩემი ბიჭი მალე სიარულს ისწავლის და მამიკომ და დედიკომ უკან უნდა სდიონ, _ ქმარს შეხედა და გაუღიმა.
_ ჩვენ ახლა ცოტა ხნით გავისეირნებთ, რადგან დედამ სახლი უნდა დაალაგოს და ხელს არ შევუშლით, _ თქვა ერიკმა და ცოლს აკოცა: _ მალე მოვალთ.
_ მალე სახლს ვერ დავალაგებ!
_ არა უშავს, მეც მოვალ და მოგეხმარები.
_ ისე, ამ სათამაშოებით შენ თამაშობდი და შენვე მიალაგე! _ გაიცინა ემამ. ერიკმა ყელზე აკოცა, თან უჩურჩულა: _ მოვალთ და ერთად მივალაგებთ ბიჭები! ახლა კი დედას დავემშვიდობოთ.
ქალმა ორივეს აკოცა და სამზარეულოს მიაშურა, ერიკმა კი ბავშვი ეზოში ჩაიყვანა.
ბავშვი მიბაჯბაჯებდა, ერიკი კი უკან მისდევდა. ისე საყვარლად მიაბიჯებდნენ პატარა და დიდი ერთად, ემა მათ დანახვაზე ბედნიერი იღიმოდა და თან საჭმელს ამზადებდა.
***
ქალი ერიკთან მივიდა სამსახურში. იგი თავის ნახაზებს ჩაჰკირკიტებდა. ემამ ერთხანს შორიდან უყურა ქმარს და ეღიმებოდა.
_ მოიცა, შენ გინდა მაგ ვიღაცას სააბაზანო თავის კაბინეტთან გაუკეთო?! _ სიცილით იკითხა ქალმა. მოულოდნელობისგან ერიკს სახაზავიც და ფანქარიც ხელიდან გაუვარდა.
_ ემა!
_ არ მელოდი?!
_ მართალია, არ გელოდი.
_ აბა, სააბაზანოს სად აკეთებ?! _ ისევ იკითხა ქალმა, ქმარს მიუახლოვდა, ფანქარი აიღო და ნახაზს დაადო, _ არ გაბედო ვიღაცას ისეთი ინტერიერი გაუკეთო, როგორიც მე მაქვს!
_ რატომ, კანონით ისჯება?!
_ ეს იდეის მოპარვაა და მეტი არაფერი! არავის აქვს უფლება, ჩემი იდეა მოიპაროს!
_ სააბაზანო იქნება, მაგრამ არა გარდერობიანი! ის კაცია, რად უნდა ქალის გარდერობი სააბაზანოში!
_ კარგი, რახან ასეა, წავალ დათმობაზე!
_ რის სანაცვლოდ?! _ თქვა კაცმა და ქალის ფანქრიან ხელს მისწვდა.
_ მე არაფერს არ ვცვლი რაიმეს სანაცვლოდ!
_ ეს ძალიან კარგია! მაგრამ მე ვცვლი! _ შესძახა ერიკმა და უცბად აკოცა ქალს, რომელიც ნელ-ნელა ფანჯარასთან მიიმწყვდია.
_ რატომ მოხვედი, ემა? _ ჰკითხა ცოლს, როცა ხელი შეუშვა.
_ მოსაწვევი უნდა გადმოგცე და გაგაფრთხილო, თბილად ჩაიცვა ზეგ 7 საათზე.
ერიკმა ქალს ხელიდან გამოსტაცა მოსაწვევი და დახედა.
_ რა მაგარია! იმედი მაქვს, შენთან ერთად წავალ!
_ იმედი მაქვს, რაიმე სკანდალს არ მოაწყობ ქალებთან დაკავშირებით! _ გაიხუმრა ქალმა და კაცს ლოყაზე ხელი თბილად ჩამოუსვა.
_ იმედს ვიტოვებ, არავინ მომიწყობს სცენებს! _ გაიღიმა კაცმა და ქალის სხეული უფრო ძლიერად ჩაიხუტა.
_ მიხარია, რომ გეფერები შენ და ამ მეორე გოგოს, მუცელში რომ ზის. _ მერე მუცელზე თავი დაადო. _ ჩემი ესმის ნეტავ?!
_ კიი...
_ მაშინ, ჩემო პატარა, იცოდე, რომ ძალიან, ძალიან გვიყვარხარ მეც და დედიკოსაც და შენი ორი წლის ძამიკოც გელოდება. ამბობს, როდის მოვა მეორე თოჯინა და როდის მეთამაშებაო!
_ კარგი, მე წავალ. სამსახურში უნდა მივიდე. _ თქვა ემამ და კარისკენ დაიძრა.
_ გამოგივლი ერთ საათში! _ კარამდე მიაცილა ერიკმა.
ქალმა ხელი მიაჭირა ლიფტის ღილაკს და უცბად დაინახა, რომ მაჯაზე ახალი საათი ეკეთა. მიხვდა ქმრის ოინებს და ეგრევე დაურეკა:
_ ერიკ, ძალიან ლამაზია, მადლობა...
_ საათია, უბრალოდ, ჩემგან სახსოვრად. უკანა მხარეს წარწერაა ამოტვიფრული.
ქალმა მოიხსნა სამაჯური, გადაატრიალა და წაიკითხა: `ერიკ ფრანკი, სიყვარულით მარიას~. მაშინვე კედელს მიეყრდნო და გაღებულ ლიფტს აღარ მიაქცია ყურადღება. ერიკის ხმამ გამოაფხიზლა, მაგრამ ტელეფონი გათიშა და ლიფტში შევიდა...
***
ქალი სავარძელში იჯდა და იებს შეჰყურებდა ჩაფიქრებული.
_ მარ...ია... _ დამარცვლით წარმოთქვა თავისი სახელი, იების ქოთანს დასწვდა, ხელში მოიქცია და თავისკენ მისწია.
_ იები... მკვლელობა შავი იებით... _ გაწელილად წარმოთქვა და იების ახლად გამოსულ ყვავილებს შეავლო მზერა. _ იები... პატარა.. .სუსტი, ნაზი იები... _ თქვა და ხელი გადაუსვა მის მწვანე სქელ ფოთლებს. _ მხოლოდ ამ ფოთლებს, ამ სქელ ფოთლებს აფარებს, ალბათ, თავის პატარა სიფრიფანა ყვავილებს... მარ...ია... _ წარმოთქვა ისევ ჩუმად, _ არასდროს ვიქნები შავი ლანდი იებით ხელში... არასდროს! _ მერე თავის თავს ხმამაღლა შემოუძახა, _ მე არ მეშინია ამ ძლიერი სიტყვის, რომელსაც არასდროს ჰქვია...
_ არასდროს... _ მოესმა ამ დროს, თითქოს ექოსავით გაჟღერებულიყოს კარიდან წამოსული ძლიერი ბოხი ხმა. ემას არ გაუხედავს, მხოლოდ ყვავილებს დააცქერდა. იგრძნო სილუეტის მოახლოება. თავი სწრაფად ასწია და კაცის სახეს ახედა. ერიკი მის გვერდით იდგა და აკვირდებოდა. მან სწრაფი მოძრაობით გასწია ქოთანი და ქალს ხელში სწვდა:
_ არასდროს! არასდროს! მეტისმეტად რთული სიტყვაც კი ვერ შეგაშინებს! _ თქვა და ქალს თავზე დაადო ხელი, _ რა თბილ სურნელს აფრქვევ ასე გაბრაზებულიც კი, ემა... შენ ხომ არ იცი, არ იცი... ვერ შეგაშინებს სახელი, რომელსაც ასე ემალები... ვერ შეგაშინებს მარ-ია... _ მერე ქალის სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა: _ მარია-ემა... მიყვარს... მიყვარს შენი ცივი და თბილი გამოხედვა... მიყვარს, როცა ხელებს ძლიერად მიჭერ, რომ დაივიწყო ამდენი ხნის მერეც კი ის საშინელი შავი ლანდი იებით ხელში და მკვლელობა შავი იებით... და ისიც... მიკვირს და მაგიჟებს კიდევაც, ერთმა პატარა ამბავმა რომ ასე შეგძრა, ასე შეგაშინა და სრულიად გამოცვალა მარია და ემად გადააქცია... ემა... _ კაცი ბაგეებზე დაეწაფა, _ ვიცი, ძნელია... ძნელია ამის დავიწყება ამდენი წლის შემდეგაც კი, ამიტომ თავს უსუსურად ვგრძნობ, როცა არ შემიძლია შენი გონებიდან იმ დღის ამოშლა... ეს რომ შეიძლებოდეს... ეს რომ შემეძლოს... შენ ხარ ერთადერთი ძლიერი ქალი, რომელიც ჩემთვის მუდამ დაუმორჩილებელი მსხვერპლი იქნება, რომელიც მიყვარს...
ქალს უცბად სიცილი აუტყდა. კაცი გაკვირვებული შესცქეროდა ცოლს და მისი სიცილის მიზეზს ვერ ხვდებოდა. ქალმა მისი დაბნეული მზერა შეამჩნია, ხელები მხრებზე ჩაავლო და მის კისერში ჩარგო თავი, თან თბილად წამოიძახა:
_ ერიკ! ემაა! მე ეს სახელები მომწონს, ერთმანეთს ძალიან უხდება... თუნდაც მარია დამიძახო, ეს არ გამაბრაზებს და ჩემი სახელიც არ მაშინებს... შენ გვერდით არ მეშინია, ერიკ... მე შენ მიყვარხარ.
_ მე კი მეგონა, რომ დამცინოდი... _ კაცი ცოტათი დამშვიდდა.
ქალს ისევ გაეცინა.
_ არა, მხოლოდ იმაზე გამეცინა, რომ დაუმორჩილებელი მსხვერპლი მიწოდე. მე მსხვერპლი ვარ, მხოლოდ შენი მსხვერპლი აქ ჩამოსვლის დღიდან, _ თქვა ღიმილით სავსემ და კაცს მიეხუტა: _ მსხვერპლი... მხოლოდ შენი... შენი...
კაცმა ქალს თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა:
_ მიყვარს ჩემი ლამაზი საიდუმლო მსხვერპლი... _ თქვა და ცოლს თბილი მოსასხამი მოაფარა. ქალმაც ბედნიერმა ახედა კაცს და მის მხარს მიყრდნობილი კარისკენ დაიძრა...
ლიფტში შევიდნენ თუ არა, ქალს მუცელზე ხელი გადაუსვა და ბავშვს დაუწყო საუბარი:
_ აბა, ჩემი გოგო, შენც მუშაობ?! დედა გაძლევს სამუშაოს, ხოოო?! ჩემი ჭკვიანი გოგო იქნება ეს!
_ ბიჭიც ჭკვიანია, არაა?! _ იკითხა ქალმა და კაცს ახედა, რომელიც მაღლიდან დასცქეროდა ცოლს.
_ კიი, ჩემი გადარეული ვაჟკაცი, ალბათ ახლა სახლს ანგრევს...
_ არა უშავს. ხან ბებია-ბაბუები დაალაგებენ, ხან მამა, ხან დედა, როგორც ვალაგებდით. _ თქვა და ლიფტიდან გავიდა.
***
რამდენიმე თვე ემამ შინ გაატარა, ბავშვს უვლიდა და მშობიარობის მოლოდინშიც იყო. შვილთან ერთად ხან თამაშობდა, ხან ზღაპრებს უყვებოდა პატარას. დედა შვილს ვერ სწყდებოდა, მის ლამაზ ღიმილსა და გაბუტულ ტუჩებს ეფერებოდა, როცა ბიჭი რამეზე განაწყენდებოდა და სატირლად გაემზადებოდა.
_ ჩემი ბიჭი... ჩემი დიდი ბიჭი ხარ შენ, დე, და აღარ უნდა იტირო. თუ გაგიბრაზდებით, იმიტომ, რომ მინდა კარგი ბიჭი გაიზარდო. ახლა კი ჭამის დროა... _ ეტყოდა მას და ძირს ჩამოსვამდა, თან ხელს შეაშველებდა. მერე ორივენი ერთად გადიოდნენ სამზარეულოში. ერიკი მოსვლისთანავე ორივეს გემრიელად ჩაკოცნიდა და დღის ამბებს იკითხავდა. სანამ ის ნაყრდებოდა, ემა ყველაფერს უყვებოდა, მერე კაცს ხელს მოხვევდა და ბედნიერი მიეხუტებოდა.
_ დაიღალე?!
_ ცოტათი, ჩემი გაბერილი გოგო... ხომ არ გიჭირს სიარული?!
_ ისე რა.
_ გეძინა დღეს?!
_ მხოლოდ ცოტა ხანს, სანამ შენს პრინცს ეძინა, მეც წავუთვლიმე. ჩემები რომ მოდიან, მაშინ კარგად ვისვენებ. ერთი საჭმელს აკეთებს, მეორე კი ამ პატარას არეულ სათამაშოებს ალაგებს.
_ ჩემი ბიჭი! _ ერიკმა ბავშვი კალთაში ჩაისვა.
_ მაააა...
_ გისმენ, ჩემო პატარა. ძალიან მიყვარხარ.
_ ისიც გეყვარება? _ და დედის მუცელზე ანიშნა.
_ კი, ჩემო ბიჭო, მალე შენც შეგიყვარდება, ისეთი კარგი და თბილი იქნება. _ იგი მოეფერა შვილს და ცოლს გადახედა:
_ პირველს ხომ მამაჩემის სახელი დავარქვით, ახლა დედაშენის სახელის დარქმევის ჯერია... _ თქვა და ქალმაც წამოიყვირაა:
_ მგონი, უკვე დროა, ერიკ!
მაშინვე დაფაცურდნენ. ბავშვი ემას მშობლებს მიუყვანეს სახლში, თვითონ კი სამშობიაროსკენ გაეშურნენ. მოვლითი ტკივილებით გატანჯული ემა მაინც ცდილობდა გაეღიმა ერიკისთვის, რომელსაც უკვე მეორეჯერ უწევდა ნერვიულობა მის მშობიარობაზე...
_ ემა! იცოდე, არც გაბედო იმ შენი კოშმარული ამბის დღეს გახსენება, გესმის? ახლა მაინც არ დამტანჯო!
_ ერიკ! გპირდები, კარგად ვიქნები! არ ინერვიულო! _ უთხრა ემამ ქმარს და თავი მხარზე მიადო.
ემა უკვე შეიყვანეს სამშობიარო ბლოკში. ამ დროს ერიკმა გინეკოლოგს მოჰკრა თვალი და კინაღამ გული შეუწუხდა. ელვის უსწრაფესად დატრიალდა მის გონებაში წინა ორსულობის ამბავი და თითქოს ემას ელაპარაკებაო, დაიჩურჩულა:
_ არ გაბედო მაშინდელივით გული მატკინო, ემა, ყოჩაღად იყავი, იცოდე! _ მერე კი თავის კანტურით დაამატა: _ ჩემი ჯიუტი ლამაზი ცოლი...
უცებ კარი გაიღო და ექიმმა დაუძახა, შეგიძლიათ მშობიარობას დაესწროთო. ერიკი გიჟივით შევარდა ბლოკში.
ცოლმა მოხედა თუ არა, მაშინვე მისკენ დაიძრა, ხელი მოჰკიდა და აკოცა:
_ ყველაფერი კარგად იქნება. შენ ჩემი ძლიერი გოგო ხარ, მიყვარხარ, ემა.
_ მეც... _ მიუგო ცოლმა და იმწამსვე გაითიშა.
ერიკს შეეშინდა, დაიბნა, ექიმს ეცა. მან კი დაამშვიდა და უთხრა, ან უყურე ბავშვის გაჩენას, ან გადიო. ერიკმა ისევ მოკიდა ცოლს ხელი და დაელოდა, როდის გამოჩნდებოდა მისი მეორე შვილი. როცა თავი დაინახა, გული უარესად აუჩქარდა. მთელ სხეულში მოემატა სიმხურვალე, პირველი ბავშვი გაახსენდა. ამ დროს ექიმი დაინახა მაკრატლით ხელში და შეშინებულმა შეჰყვირა, იმან კი მაკრატელი მიაწოდა და თვალდახუჭულმა ერიკმა ექიმთან ერთად გადაჭრა ჭიპლარი. ბავშვი სწრაფად გაიყვანეს გასასუფთავებლად. უეცრად სასწაული მოხდა. ერიკმა შესძახა, მეორეც მოდისო. გაოცებულმა თვალები დააჭყიტა. ექიმმა გაიცინა:
_ ეს სიურპრიზი იყო თქვენი მეუღლისგან.
ერიკი ლამის ჩაიკეცა. გინეკოლოგმა შეუძახა, გამოაფხიზლა და გადაჭრეს თუ არა ჭიპლარი, შვებით ამოისუნთქა. კედელს მიეყრდნო გაოცებისგან ძალაგამოცლილი.
_ გილოცავთ. ახლა ტყუპი ქალ-ვაჟის მამა გახდით! ემა კარგადაა, მალე გამოიღვიძებს და ნახვაც შეგეძლებათ...
ერიკმა სახე მოიბანა, ცოლის ნაჩუქარ კულონს დახედა და ბედნიერმა უფალს მადლობა გადაუხადა ყველაფრის მშვიდობიანად დასრულებისთვის, მერე კი ექიმის კაბინეტს მიაშურა. როცა მისგან ბავშვების დაბადების მონაცემები აიღო, ბედნიერი დაიძრა ბავშვების მინის მიღმა სანახავად. ესენიც ისეთი პაწაწუნები იყვნენ, როგორიც პირველი ვაჟი.
ემამ მშვიდად გაიღვიძა და ბავშვები ნახა თუ არა, დამშვიდდა. ბედნიერს ორივე ბავშვი ერთად ეწვინა და იღიმოდა.
ერიკი ცოლისკენ დაიხარა და უჩურჩულა:
_ ძალიან დიდი მადლობა ამ სიურპრიზისთვის... მართლა გამაოცე. როგორ არ წამოგცდა ერთხელ მაინც ეს ამბავი? _ შეეკითხა და ქალს თავზე ხელი გადაუსვა.
ქალმა გაიღიმა და ბედნიერმა წარმოთქვა:
_ ერიკ... საოცრებები არიან... გოგონა... როგორი საყვარელია. მადლობა... მადლობა სიყვარულისთვის, ბედნიერებისა და სიცოცხლისთვის... _ თქვა და კაცისკენ საკოცნელად გაიწია.
სამი დღის მერე ემა გაწერეს და გახარებული ცოლ-ქმარი სახლში დაბრუნდა.
ყოველ ჯერზე მორიგეობით აჭმევდა ჩვილებს, მერე კი ერიკს ფრთხილად გადაჰყავდა ისინი თავის გაკეთებულ ახალ საწოლში, ამჯერად ორადგილიანში.
უფროსი ბიჭი გაკვირვებით ათვალიერებდა ხოლმე პატარებს. ერთხელაც დედას შეეკითხა:
_ დე, ესენი იყვნენ მანდ?! _ ხელი მუცელზე მიადო ემას. დედამ ხელი წაავლო, მიიხუტა ბიჭი და კოცნა დაუწყო. მერე თვალებში ჩახედა:
_ შენც აქ იყავი და ისინიც. _ აუხსნა უფროსს და ბავშვის გაკვირვებულ სახეს რომ შეხედა, გაეღიმა.
დღეები ბავშვების ტირილში, ჭამასა და დალაგებაში გადიოდა. ემა ცოტას ჭამდა, რათა არ გასუქებულიყო და ძველ ფორმას იბრუნებდა. ახლა გაცილებით მშვიდად იყო და თავის სამ პატარაზე ფიქრობდა... ისევ უკითხავდა უფროსს ზღაპრებს და თითქოს პატარებიც უსმენდნენ, თუკი ეღვიძათ. შემდეგ ატირდებოდნენ და ქალიც ხან აჭმევდა, ხან პამპერსს უცვლიდა. მერე ერთს ერიკი აიყვანდა, ხოლო მეორეს _ ემა... ხან ერთს დაიწვენდა მუცელზე და ეფერებოდა, ხან მეორეს. ისეთი საყვარელი მზერით უცქერდნენ დედას მის მუცელზე მწოლიარენი, ემას ყველაფერი ავიწყდებოდა და მხოლოდ ამ ბედნიერებით და სითბოთი ტკბებოდა.
_ დეეე, მეეეც მინდაა... _ წამოიძახებდა უფროსი და ლოგინზე ავიდოდა, ემა კი ჩურჩულით შეუძახებდა:
_ ჩუმად იყავი ცოტა ხანს და მერე შენც დაგიწვენ მუცელზე. _ მერე უფროსს ხელს მოჰკიდებდა, პატარებთან მიიყვანდა, მოაფერებინებდა და ეტყოდა, _ ესენი შენი და და ძმაა, უნდა მოეფერო, აკოცო და მათზე იზრუნო. ახლა შენ ხარ დიდი ბიჭი, ესენი კი პატარები არიან ჯერ დეე...
როცა ჩვილებს ლოგინში ჩააწვენდა, მერე უფროსს დაიწვენდა მუცელზე. ისიც გაიტრუნებოდა და დედის საუბარს და ზღაპრებს ასე უსმენდა. ბოლოს ემა დასვენებას ითხოვდა და ბავშვთან ერთად სამზარეულოში გადიოდა საჭმელად...
***
ყოველ წელს, ზუსტად იმ რიცხვში, როცა ემას ის ამბავი შეემთხვა, მძაფრად ახსენდებოდა ყველა დეტალი. თავის თავთან მარტო დარჩენილი ისევ და ისევ იმ ამბავზე ფიქრობდა... რა მოხდებოდა იმ დღეს... სხვა რამე რომ მომხდარიყო? როგორ ვნანობ, რომ სამუშაოდ მასთან მოვხვდი და არა სხვაგან... მაგრამ ვინ იცის, ეს სხვაგან იქნებ უარესიც ყოფილიყო... გაპატიე... მაგრამ მაინც მახსენდება ის დღე... დღე, როდესაც მინდოდა შენც მომკვდარიყავი და მეც... მხოლოდ იმიტომ, რომ ეს დღე სამუდამოდ გამექრო ცხოვრებიდან და ჩემი გონებიდან...
_ წელიწადში ერთ დღეს ყოველთვის ძუ ვეფხვივით ხარ, გაღვიძებული ფრჩხილებს მასობ სხეულში და მეხუტები ისე, როგორც არასდროს... ისევ იმავე სიზმრებს ხედავ? _ შეეკითხა ერიკი მასზე მიკრულ ქალს.
_ მკვლელობა შავი იებით... _ თქვა ჩუმად ემამ და კაცს აკოცა: _ დამშვიდდი ერიკ, კარგად ვარ!
_ ისევ გესიზმრება ის ურჩხულიი?!
_ კი...
_ რა უნდა ვქნა, რომ შენმა გონებამ იგი განდევნოს და დაისვენო?!
_ წელიწადში ერთ დღეს ჩემი გავეფხვება უნდა აიტანო, ძვირფასო. _ სიცილით უთხრა ქალმა.
კაცმა უფრო მჭიდროდ მიიხუტა და მთელი სხეულით გადაეფარა:
_ მე შენ დაგიცავ, ემა! დაგიცავ წარსულისგან! მიყვარხარ და ვერავინ წამართმევს შენს თავს... ვერც მკვდარი და ვერც ცოცხალი.
_ ერიკ, ცოტა ამომასუნთქეე... _ იყვირა ემამ და კაცს გაუღიმა: _ ცოტაც და დამახრჩობდი.
_ ბოდიში, ჩემო ვეფხვო. არ გინდა მომიყვე სიზმარი?!
_ არაა! სულ ერთი და იგივეა, მას ვხედავ და მისგან გავრბივარ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ გზიდან ჩამოვიშორო... მისი საუბარიც კი მაღიზიანებს და შორს მივდივარ! მერე კი მკვლელობის დღე მესიზმრება, თითქოს იქ ვიყავი...
_ ემა, შენ ძლიერი ხარ! ეს სიზმარია, მხოლოდ გონებაში შემოჭრილი სიზმარი! უნდა დაიჯერო, რომ ის არაფერს დაგიშავებს! შენ მასზე ძლიერი ხარ! ჩემი ძლიერი გოგო ხარ! ყველა კი ვერ შეძლებდა შენსავით ყველაფერი ხელაღებით მიეტოვებინა.
_ ერიკ... ყველას არ უმართლებს. ზოგი იძულებულია, აიტანოს ტკივილი იმიტომ, რომ ფული ჰქონდეს და საჭმელი, ოჯახი არჩინოს და დააპუროს! მე გამიმართლა იმაში, რომ იმ დროს ფული ჩემთვის მთავარი არ იყო და ამან განაპირობა ჩემი ნაბიჯი! თავს ნამდვილ ტყვედ ვგრძნობდი, დაკარგულ ტყვედ, გამომწყვდეული ვიყავი ტკივილში და გასასვლელი გზა არსად მოჩანდა.
_ ემა... მაპატიე, რომ აქ ჩამოსვლისას იმ ურჩხულის გამო უხეშად მოგექეცი!
ქალი მის სახეს შეეხო და უჩურჩულა:
_ ის ურჩხული რომ არა, არ დაგაინტერესებდა ემა გალიანი.
_ სამაგიეროდ, ახლა მე შენთან ვარ და ყოველთვის დაგიცავ! მიყვარხარ ძლიერ და უსასრულოდ... ჩემთვის შენ ყველაზე მშვენიერი ქმნილება და ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხარ!
ემამ ქმარს ხელი მოხვია:
_ ყველა ქვა, კრისტალი შეიძლება გატყდეს და დაიმსხვრეს. ის არც შეწებდება და აღარც გამთლიანდება, თუნდაც მილიონი ღირდეს, მაგრამ თუ ადამიანი გატყდა, მას ორი გზა აქვს: ან გამტყდარი დარჩეს, ან გამთლიანდეს! ამას ადამიანი ყოველთვის თვითონ წყვეტს!
_ შენ, ემა?
_ მე ერთმა გამომძიებელმა გამამთლიანა. _ მიუგო ემამ და მაშინვე მისი ტუჩები დააგემოვნა.
ერიკმა ხელი მოხვია და მიიხუტა. მერე მძინარე ბავშვებს გადახედეს ბედნიერებით გადავსებულებმა და ერთად მიიძინეს.
***
წლები გავიდა...
_ დედააა... უთხარი მამას, მეგობრებთან მივდივარ.
_ მერე უარს გეუბნება?! სანამ დაღამდება, სახლში მოხვალ და თვალს არ მოგაცილებო?
_ დედაა...
_ მარია, მამას ვემხრობი. შენ გოგონა ხარ და ყოველი შენი ნაბიჯი უნდა იცოდეს მამამ და თვალს არ მოგაცილებს! მანამ, სანამ წესიერ ბიჭს არ ნახავ, სანამ 23 წლის არ გახდები, როგორმე აიტანე და შეეგუე, რომ მამა და მეც თვალს არ მოგაშორებთ, სხვამ ტკივილი რომ არ მოგაყენოს!.. თქვენ რას იცინით?! თქვენც, დანარჩენებო, თვალს არ გაშორებთ! _ თქვა ემამ და თავის სამ შვილს თვალი მოავლო.
_ ნეტავ ვიცოდე, საიდან გვაკონტროლებენ?! _ თქვა უფროსმა და დისკენ წავიდა. _ დაო, სხვა გზა არ გვაქვს, კონტროლში ვართ! _ თქვა და გაეცინა, დედ-მამა მათ ნაბიჯებს რომ აკონტროლებდა...
ემა და ერიკი შვილებს ზრდიდნენ და მუშაობდნენ. ემა ყოველთვის თავისი გოგონას გვერდით იყო... ყოველთვის ფიქრობდა, რომ გოგონა ერთადერთი იყო, რომელიც ძლიერი ჩანდა და ტკივილის ადვილად გადამტანი, მაგრამ როცა დგება საბედისწერო დღე... სულ პატარა რამეს შეუძლია ერთი ჩვეულებრივი გოგონას იდეები გაანადგუროს და ფიქრებში მკვლელად აქციოს... ყოველთვის დაჰყვებოდა თავის გოგონას და მის გვერდით იყო... საკუთარი გამოცდილებით მან უკვე იცოდა, რომ ქალიშვილს მანამ გაჰყვებოდა გვერდით, სანამ იცოცხლებდა და ის თავის სიყვარულს არ იპოვიდა...
გოგონა უკვე დიდი იყო, ემას წინ იჯდა კაბინეტში და საკუთარ გრძნობებზე უყვებოდა, ემაც თავისას ანდობდა, წარსულის იმ დღესაც იხსენებდა და ცხოვრების ახალ გეგმებზეც ესაუბრებოდა...
_ მარია, მე შენ მოგიყევი ჩემი ერთი საბედისწერო დღე... არ იცი, როგორია ამ ტკივილით და შიშით იცხოვრო. იცოდე, არასდროს მისცე უფლება, სხვამ გული გატკინოს ისე, რომ ვერ მოიშუშო... შეიძლება ვინმე შეგიყვარდეს გულით და სულით, მაგრამ ის შენი ნახევარი არ იყოს და წლების მერე დაგავიწყდეს.. გეტკინება გული და სული, მაგრამ ამ ტკივილს მოიშუშებ, რადგან ეს ტკვილი არ იქნება ძლიერი და მოუშუშებელი. მერე სხვა შეგიყვარდება და მოგეწონება, იქამდე, ვიდრე იმ ერთადერთს არ იპოვი... ისევე როგორც ერიკია... შენ ვერ გათვლი სხვის გეგმებს და ჩანაფიქრს! მაგრამ ყოველთვის უნდა იყო გაწონასწორებული და მტკიცე! და იცოდე, სადღაც აუცილებელია რაღაც დაასრულო და კარი გამოიხურო, მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო არ გეტკინოს გული. ყოველთვის იფიქრე შენს ცხოვრებაზე და არაფერი გააკეთო ისეთი, რაც შენს გულს ტკივილს მიაყენებს, სამუდამო ტკივილს და არა რამდენიმე წლის ტკივილს... შენვე უნდა შეგეძლოს თავის დაცვა... შენვე უნდა აკონტროლო, გარშემო მყოფები როგორ მოვლენ შენთან და როგორ წავლენ! წავლენ ისე, რომ შენ არ გეტკინოს და არ დაიტანჯო... ერთწლიანი ტკივილი არაფერია... სამუდამო ტკივილია სასიკვდილო...
უცბად უკნიდან ხელის შეხება იგრძნო და შეშინებული მოტრიალდა...
_ ერიკ! _ დაზაფრულმა იყვირა.
_ რა იყო? როგორც აქედან ჩასვლა შემიძლია გარედან, ისე შემიძლია გარედან ამ სართულზე ამოვიდე და ჩაგეხუტო... მარია, იცი დედაშენი რატომაა ცოცხალი იმ ტკივილის მერე? მე შევუყვარდი, მხოლოდ მე... მხოლოდ მე ვუყვარვარ! და ვეყვარები... _ ერიკი დივანზე მოკალათდა და ცოლი კალთაში ჩაისვა.
_ მეც მიყვარს... _ უცებ ერთად თქვეს ეს სიტყვები ამ დროს ოთახში შემოსულმა ძმებმა და ყველანი მშობლებს ჩაეხუტნენ.
ქალმა გაკვირვებულმა გადახედა კაცს და წაიჩურჩულა:
_ მთლად სამივე ნუ ჩამიჯდებით მთელი წონით, მამიკოც შეიცოდეთ... _ თქვა და ბედნიერმა ცოლ-ქმარმა შვილებს გადახედა, რომელთაც ერთმანეთში გადაეხლართათ ხელები. შვილებმა მალევე სათითაოდ დივანზე ცალ-ცალკე გადაინაცვლეს.
ჯერ ერიკი იჯდა, მერე უფროსი ბიჭი, მერე გოგონა და მისი ტყუპისცალი ბიჭი. ბავშვები ერთმანეთს არ ჰგავდნენ. გოგონა და უფროსი თითქოს მამას ჰგავდა, მეორე ბიჭი კი დედას. ოთხივე დედისკენ იყურებოდა, რომელიც თავის სავარძელში გადამჯდარიყო და ცხოვრებით კმაყოფილი შესცქეროდა თავის მონაგარს.
_ ესაა ის, რაზედაც მთელი ცხოვრების მანძილზე ვოცნებობდი.
_ რაზეე?! _ იკითხა კაცმა.
_ ლამაზ, თბილ, მეგობრულ, მოსიყვარულე ოჯახზე...
_ მეც, ჩემო სიყვარულო, _ მიუგო ერიკმა, მერე ბავშვებს მიუბრუნდა, _ ახლა კი დროა, ჩვენი დედიკო მოვიტაცოთ და მოვემზადოთ ერთკვირიანი შვებულებისთვის ამ ქალბატონის დროებითი სახლისკენ ბოსტონში! _ ამის გაგონებაზე ხუთივენი წამოიშალნენ ადგილებიდან.
***
ალეხო ტორე თავის სახლში იყო, რომელიც ემას ცოტა ხნით დაუთმო წლების წინ და ცოლსა და შვილებთან ერთად ლაღად ცხოვრობდა. მან ემა და ერიკი ოჯახიანად მიიპატიჟა ბოსტონში. ბავშვები ახლა იქ იყვნენ და ბოსტონურ ბუნებას ათვალიერებდნენ. გემზეც ერთად გაისეირნეს და ზღვის ხედებით ტკბებოდნენ, აკვარიუმშიც ახლოდან ნახეს უამრავი თევზი, კუ, პინგვინები და ბედნიერებით სავსენი ატარებდნენ დროს ბოსტონის თბილ გარემოში. წყალშიც ჭყუმპალაობდნენ და მინდორში. გაზონი ისევ ლამაზი იებით აყვავებულიყო. ემა ქმართან, შვილებთან და მეგობრებთან ერთად მხიარულობდა და ცხოვრებას უკვე ბედნიერებით აღსავსე უყურებდა. იმ საბედისწერო წარსულის მერე მის ცხოვრების გზაზე ახალი, ლამაზი მომავალი დაიწერა...
როცა დრო მოვიდა წასვლის, შინისკენ გამოფრინდნენ.
***
ქალს შუშის ბოთლი ეჭირა ხელში. მასში ჩასხმულ სითხეს შეხედა და უცებ ძირს დაუვარდა. სითხემ მიწაში ჩაღწევა დაიწყო. კაცმა მაინც მოასწრო მისი დანახვა და ქალს შეხედა.
_ ეს... ეს... ემა!
_ შავი საღებავი! თუ გინდა, შხამი დაარქვი! _ დაიყვირა ემამ და თვალებზე ცრემლი მოადგა, _ ეს პატარა ბოთლი ბოსტონში ყვავილებიდან აღებული სითხეა, რომელიც ჩემი წამოსვლისთანავე შეიცვალა. ეს სითხე... შეიძლება იგივეა, რაც იმ ყვავილებზე! _ თქვა ქალმა და მამაკაცს შეხედა. _ ოღონდ ახლა არ მითხრა, შენ დაგეგმე ეს მკვლელობაო! _ ემამ მიწას დახედა. ხელში ფურცელი აიღო, მიწას დაადო და უცბად ახედა მამაკაცს, რომელიც ქალს გაბრაზებული დასცქეროდა. ქალმა ფურცელი აიღო, წელში გასწორდა და მამაკაცს ცხვირწინ აუფრიალა.
_ გამოდის იქ! იქ მოუპარავს იმ კაცს ეს შხამი! _ თქვა ძლივს და ქმარს შეხედა: _ ბოლოს და ბოლოს, კომისარ-გამომძიებლის ცოლი ვარ და რაღაცებს მეც ვხვდები! თუ შენ ფიქრობ, რომ მე?..
_ მე ვფიქრობ, რომ ეს შენ და მე არ გვკლავს, იმათ კი საფლავში ჩაჰყვა შხამის ის ნაწილი, რაც ამას დაუმატეს! ის შხამი იმ კაცმა ჩაამატა, საიდან მოიტანა, ამას ვერასდროს გავიგებთ. _ თქვა ერიკმა, ქალს სითხით გაჟღენთილი ფურცელი გამოართვა და გადააგდო.
_ ისედაც ვიცი, რომ არაფერი აჩვენა მიწაზე დაქცეულმა სითხემ... ჩვეულებრივი მიწის გარდა, მასში არაფერი იყო, _ თქვა ქალმა, _ უბრალოდ, შავი სითხე იყო, იებისგან მიღებული შავი სითხე!
_ მაგრამ მე მგონია, რომ, პირიქით, უფრო მეტი იყო! _ კაცმა ქალს ორაზროვნად შეხედა.
_ მართალი ხარ. ეს მეტი იყო. მეტი, ვიდრე სიკვდილი ან შხამი! ეს მკვლელობა იყო! სამი წელი, სამი საშინელი წელი, რომელიც მარტომ გავატარე ჩემს თავთან! ჩემი ტკივილი მიწამაც კი გაიგო და ჩემი წარსულივით გამუქდა და გაშავდა! ამდენი ტკივილისგან თავადაც გაშავდა და მოიშხამა! მაგრამ მე ეს შევაჩერე აქ, გულში, სიყვარულის გამო! თუმცა განგებამ შურისძიება არ შეაჩერა, ის არასდროს არ შეაჩერებს ამას! _ თქვა ქალმა და ფეხზე წამოდგა: _ დამაპატიმრებ თუ... _ იკითხა და მამაკაცს გაუღიმა.
კაცი ხმას არ იღებდა.
_ ახლა ვერ დამაპატიმრებ, გიყვარვარ! და თანაც დამნაშავე არ ვარ... _ თქვა რბილად და მამაკაცს მიუახლოვდა. ერიკმა ხელები შემოხვია და აკოცა.
_ დამნაშავე არა ხარ, არაფერში არა ხარ დამნაშავე... _ თქვა სევდიანად, _ დაივიწყე ეს ყველაფერი, უბრალოდ, დაივიწყე!
_ ვერასდროს დავივიწყებ! მკვლელობა ჩვენი სიყვარულის დასაწყისი გახდა! რომ არა ეს მკვლელობა, შენ ჩემს შურისძიებას ვერ შეაჩერებდი, მაგრამ მკვლელობის საქმე სხვანაირად იქნებოდა!
_ მაინც როგორ?! _ იკითხა კაცმა და ცოლი გულში ჩაიხუტა იმის გაფიქრებაზე, რომ იგი ისევ განიცდიდა წარსულს.
_ ნელა მოვკლავდი... სამი წელი... ნელა...
_ და შენც სამი წლის მერე მოკალი... _ თქვა კაცმა და ჩაეცინა: _ მშვენიერია...
_ განგება უფრო მშვენიერია... _ მიუგო ემამ და გაუღიმა იმის ნიშნად, რომ მამაკაცმა უკვე ყველაფერი იცოდა... იცოდა, რომ ქალმა მიწასთან, იების ფესვებთან და მის საღებავებთან შეზავებული სითხე აიღო, მაგრამ შხამი... ბოლოს დამატებულ შხამთან ქალს საერთო არ ჰქონდა. ეს მას არ გაუკეთებია. ამიტომ ერიკმა მშვიდად აკოცა ცოლს...
_ მარია... _ თქვა და თავზე გადაუსვა ხელი: _ ამ სახელზე კვლავაც რეაგირებ... და ეს გული გაცილებით სწრაფად ფეთქავს...
_ ერთხელ კიდევ გავიგონებ ამ სახელს და ბავშვების მარტო გაზრდა მომიწევს! _ თქვა ემამ.
_ მომკლავ?!
_ შენ უკვე მოკვდი ჩემი სიყვარულით! _ გამომწვევად მიუგო და მიეხუტა.
_ ემა... _ დაიჩურჩულა ერიკმა და ქალის გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება. ხელი, რომელიც თავიდან ხელთათმანების მიღმა იმალებოდა და თავის ბედისწერას შავი გიპიურის ქვეშ მალავდა. მისი ორივე ხელი მუჭში მოიქცია და უთხრა, _ მიყვარხარ და მკვლელიც რომ ყოფილიყავი, მაინც მეყვარებოდი... მაინც სამუდამოდ შეგიყვარებდი და გამოგკეტავდი ჩემი გულის ერთადერთ საკანში... მადლობას გიხდი, რომ ეს ბედნიერება მაჩუქე...
ქალს გაეღიმა, თვალები უცბად დახუჭა და შეფიქრიანებულმა ამოიჩურჩულა:
_ მაშ უკვე შემიძლია გითხრა, რომ მე ჩავიდინე `მკვლელობა შავი იებით“...
ემამ ქმრის კოცნა იგრძნო და ეგრევე გაახილა თვალები.
_ შენ ხარ ქალი, რომელიც ჭიანჭველასაც კი არ მოკლავს, მაგრამ მამაკაცს კი... სიყვარულით მხოლოდ, _ გაიცინა ერიკმა და ცოლს შეხედა. ემამ მშვიდად დახუჭა ცრემლიანი თვალები, რაც ამჯერად ბედნიერების წვეთებად გადაქცეულიყო, რადგან კაცი უკვე კარგად იცნობდა მის სულიერ სამყაროს...
***
შენს ცხოვრებაში შემოპარულ სისასტიკეს არასოდეს დანებდე...
მინდა ყველამ, პატარამ თუ დიდმა, იმათ, ვინც ახლა სადღაც დგანან განცალკევებით და ფიქრობენ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არჩევანის გაკეთებაზე, გაითავისონ, რომ სიკვდილის არჩევანი მხოლოდ უფალს უნდა მიანდონ, ცხოვრება კი ახალი გზით დაიწყონ და დახურონ ის კარი, მე რომ მოვიხურე წარსულის იმ საბედისწერო დღეს, რომელიც სასტიკი და საშინელი მეგონა, მაგრამ სინამდვილეში ახალი ცხოვრების დაწყების შანსი ყოფილა.
როცა იკარგები, ცხოვრება გაყენებს გზაზე, სადაც სრულიად სხვანაირი ხდები და სხვა `მეს~ აღმოაჩენ შენში, რომელსაც სულ სხვა სამყაროში გადაჰყავხარ ახალი გეგმებითა და იმედებით სავსე. თუ ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ არაფერი გინდა და გახარებს, ეძებე ის, რაც გაგახარებს და ბედნიერებას მოგანიჭებს _ საქმე, ხელობა, ჰობი თუ პიროვნება.
თუ ერთხელ არ გამოგივა რაღაც, იბრძოლე სამართლიანად, იბრძოლე ბევრჯერ და საბოლოოდ მაინც მიაღწევ იმას, რაც კეთილი გულით გსურს...
ეს ცხოვრება გაძლევს შანს... ცხოვრების გაგრძელების შანს! მანამ, სანამ მას არ გამოიყენებ. ცხოვრება ყოველთვის გაძლევს შანსს! მთავარია გჯეროდეს და ამის დანახვა შეძლო...
ია გაჩეჩილაძე, 2015 წელი.



№1 სტუმარი მე

წავიკითხავ აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent