შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაორება


19-12-2022, 23:42
ავტორი ტერიკო74
ნანახია 1 282


-როგორ მეგონა, რომ ჩემი მებაღე იქნებოდა და ამ სულში გადამხმარ ყვავილებს გამიხარებდა.. განა რა იყო , ის ერთი პეშვი წყალი? მწყურვალი რომ დამახრჩო და მომკლა.. მიყვარხარო და დავუჯერე.. იმიტომ დავუჯერე ,რომ მე მიყვარდა და მეგონა ჩემსავით სურდა გზად ნაგები ეკალ-ბარდის გაკაფვა.. მერე იმ გაკაფულზე ჩვენი ხელით აგება პატარა ქოხისა.. ჰო, ბუხარსაცა ვოცნებობდი.. ზამთარში რომ მივუსხდებოდით შეციებულნი და ათას სისულელეს მოვყვებოდით სიცილით.. მერე ერთმანეთის სიყვარულით გამთბარი, დავწვებოდით, თავს მის მკერდზე დავდებდი, ის მკლავს მომხვევდა და ასე ჩავიძირებოდით სიზმრის სამყაროში. რაღა მომკლავდა? უკვდავებაზე ვაწერდი ხელსა.. უსასრულო, ბედნიერ სიცოცხლეზე..მერე..?

აისრულა საწადელი და ყვავილებს წყლის ნაცვლად შხამი მოაფრქვია..სულიც მომიწამლა და ხორციც. დღემდე მტკივა და ვერაფერი მიამებს და მკურნავს. დავდივარ გამოშიგნულივით.. ვეღარც სისხლსა ვგრძნობ და ვეღარც ჰაერსა.. არადა ლამაზი ხარ ნაინაო..ნეტავ, იმას ვისაც შენი ღიმილი ეღირსებაო.. როგორ შემომნატროდნენ.. ეხლა კიდევა ქვეყნის მასხარად მაქციეს.. შიშით გზაზე ვერ გამივლია, მომკივიან ტურებივით. სულ ჩემ ქილიკში არიან. არც კაცი მინდობს და არც ქალი.. დავიჯერო სიყვარული არ გამოუცდიათ? ვენდე,ჰო.ვენდე.. ჩემს თავს ვუწყრები გამუდმებით,რომ ვერ მივხვდი მის ზრახვას და ასე, ალალად ვანდე ჩემი სულ-გული. ამ სიყვარულის გამო ათასი ტალახი მესროლეს და მესვრიან დღემდე.. რა შეუბრალებლები არიან?! აქამდე თუ ჩემ მზეს ფიცულობდნენ,ეხლა ფეხქვეშ მთელავენ. არაფერს გაპატიებენ.. წაქცეულსაც კი გირტყამენ.. აბა ეს არის ადამიანობა? თითქოს ჩასაფრებულები ყოფილიყვნენ, როდის გადამიბრუნდებოდა ფეხი..
იმ უბედურს კი საზარელი სიკვდილით მოეღო ბოლო. თითქოსდა ჩემმა ცოდვამ სდია და არ მოასვენა. არადა , ღმერთმა იცის, მისი ცუდი არ მდომებია. ერთხელაც არ წამომცდენია აუგი. ჩემთვინ, გულში ვიკლავ წყენას და განსაცდელს ჩემით ვუმკლავდები. ამის შემდეგ უარესად შემიძულეს. გრძნეულიაო, გაიგეთ? ჯადოქარია ნაინაო.. სასიკვდილო ჯადო გაუკეთაო! მე და ჯადოქრობა? ღვთის შვილსა ეს რა ჩირქსა მცხებენ. ჩემი არა მყოფნის? დღენიადაგ არეული ვარ და იმ სირცხვილს ვერ ვიშორებ სულიდან.
დავიჯერო , მართლა შენი შვილები არიან, უფალო? დავიჯერო ერთი სიკეთეც ვერ ისწავლეს შენგან? - გულმოკლული ბუტბუტებდა ნაინა და ნაწყენი თვალები ცრემლით გავსებოდა.

დღისით ერიდებოდა გარეთ გასვლას, ხალხის რისხვისა ეშინოდა. გვარიანად შებინდებულზე გაუყვებოდა ხოლმე გზას სანაგვისკენ. ხან რას მოათრევდა სახლში,ხან რას. სავსე ჰქონდა ოთახები ძველმანებით.
აბა, ამის გადაგდება იქნებოდაო? კოხტად მოირგებდა ხოლმე ტანზე ვიღაცის გაცვეთილ კაბას და სარკის წინ ცეკვავდა. ცალი საყურეც კი იპოვა, ოქროსფერი, ფირუზისფერი თვლით. ისეთი ლამაზი იყო, კარგა ხანს უყურებდა მონუსხული. ნეტავ,ვის დაეკარგაო? ფიქრობდა. თუმცა ვერავის გაუბედა კითხვა. ისედაც ათას რამეს აბრალებდნენ და ეხლა ქურდობაზეც დასწამებდნენ ცილს. სათუთად შეინახა მუყაოს პატარა ყუთში.

***
ღამე იყო, ისევ ნაცნობ გზას რომ დაადგა. აღმართი შეუსვენებლივ აიარა. თან უკან იყურებოდა, ვინმეს თვალი ხომ არ მომდევსო. ნაგავსაყრელს მთვარე დასცქეროდა და ისე ალაპლაპებდა გორებად დამდგარ ნაგავს, რომ არა ის მყრალი სუნი, თოვლიანი მთები გეგონებოდა. ნელა მიიწევდა წინ ნაინა. დიდი სიფრთხილით არჩევდა სათითაო შეკვრას და თუკი რამ მოეწონებოდა ჯვალოს ტომარაში აწყობდა.
რაღაცა ცივი რომ მოხვდა ხელზე, ელდანაცემივით წამოხტა და კარგად დააკვირდა.
ვაიმეო, ერთი ეს წამოიძახა და იქვე გაიშოტა გულწასული.
როცა გონს მოვიდა, ხელიც ვერ გაანძრია, ისე ჰყავდა შებორკილი რაღაცას. თავი წამოსწია და მის ტანზე შემოხვეული გველის დანახვაზე, ეკალმა დააყარა ტანზე. გული აღარ წასვლია, შიშისგან კი დაიკივლა და ეცადა თავის დახსნას. რამდენჯერაც გაიბრძოლა, იმდენჯერ მეტად ეხვეოდა და გასაქანს არ აძლევდა ქვეწარმავალი.
- გამიშვი! - სიმწრით დაუყვირა ნაინამ.
გველმა თავი მაღლა წამოსწია და ქალის სახეს დაუპირისპირა. სიბნელის მიუხედავად ნაინამ კარგად დაინახა გველის ანთებული თვალები. ისე დაჟინებით უყურებდა , მიხვდა, აქედან ცოცხალი ვერ გავაღწევ, დამგესლავს და ამ ნაგავსაყრელზე მომეღება ბოლოო.
შეცდა.
გველმა ნელნელა მოადუნა ტანი და ნაინას სხეულს მოშორდა.
-ღმერთო!- აღმოხდა ნაინას და სიფრთხილით წამოდგა ფეხზე. თან თვალს არ აცილებდა იქვე ყალყზე მდგომ გველს.
- გამიშვებ?- კანკალით ჰკითხა და ტომარა აღარც გახსენებია, ისე დაიწყო უკუსვლა.
გველი არ განძრეულა.

***
- ღამე ვეღარ წავალ იმ ადგილას, ერთხელ გადავრჩი და მეორედ ალბათ გამიმეტებს,-თქვა გულამოვარდნილმა და კარი შეაღო.
- თან როგორ მიყურებდა? რამხელა თავი ჰქონდა? დავიჯერო შევეცოდე? კი გადავრჩი და..
შიშნაჭამმა იმდენი წყალი დალია,სული ძლივს მოითქვა. თვალებიდან არ ამოსდიოდა ის ორკაპა ენა,წარამარა რომ ჰყოფდა გარეთ.
- თან რა ცივი იყო, უჰ..- ტანში გასცრა.
აღარ ჰქონდა ხალისი სარკესთან ტრიალის. ლოგინში მიიკუნტა და ეცადა ჩასძინებოდა. თვალს რული ვერაფრით მიაკარა. განცდილი არ აძლევდა საშუალებას.
- მეზობლებს დაენახათ ჩემი თავი?! მაშინ კი დადასტურებით იტყოდნენ ნაინა ჯადოქარია და გველიც კი მოაჯადოვაო,- თავის ნათქვამზე სევდიანად გაეცინა.
კარგა ხანს იწრიალა საწოლში, ხან თავქვე მოექცა,ხან ზურგზე.. როდის,როდის ძილმაც სძლია.
უთენია გამოაღვიძა სიცივის შეგრძნებამ. მუცელი გაყინვოდა. ხელი მოისვა და გაშეშდა. იგივე შეგრძნება და განცდა.
დახვეული იწვა გველი ნაინას მუცელზე და თავი მის გულზე დაედო.
ზეწარი ფრთხილად გადაიძრო და სტუმარს თვალი გაუსწორა.
სტუმარიც არ დარჩა ვალში. თავი წამოსწია და ნაინას პირქუში მზერა მიაპყრო.
- მიდი, აღასრულე ჩანაფიქრი და გამიშვი ამ ცოდვიან მიწიდან!- შეუბღვირა გველს.
გველი არ განძეულა.

-რაღას ელოდები? მაინც და მაინც შიშით უნდა მოვკვდე და მერე გადამყლაპო? რას მიყურებ? მიდი!- ხელი ქვეწარმავლის თავისკენ წაიღო. პირი რომ გააღო და ეშვები გამოაჩინა, მაშინ კი დაუარა ცხელების ტალღამ ნაინას.
-მორჩა!- ერთი ეს თქვა და თვალები დახუჭა. სიმშვიდეც კი დაეუფლა, ისე მოუშვა სხეული და მის ტანზე დახვეულს დანებდა.
სიკვდილი იგვიანებდა.
მოლოდინში დრო რომ გაიწელა და ნაინამ თვალი გაახილა.
გველი ისევ პირისპირ მიჩერებოდა.
მის მზერაში აღარ იყო ბოროტების ნაპერწკალი.
- იმ საყურესავით ფირუზისფერი თვალები გაქვს,- უჩურჩულა ქვეწარმავალს.
გველმა თავი აამოძრავა და ნაინას უფრო ახლოს მიუტანა პირი.
- არ ვიცი, რატომ მიხანგრძლივებ ტანჯვას? რას ელოდები? ხომ ხედავ, ეს გაქვავებული გული არ მისკდება.. შიშსაც გაუვიდა ფერი.. არადა მეგონა სულიც გამძვრებოდა შენს დანახვაზე,- ჯიქურ გაუსწორა მზერა და ირონიულად გაუღიმა.

ნაინას გასაკვირად გველმა გაყინული ცხვირი ცხვირზე მიადო, შემდეგ ჩამოსრიალდა ქალის სხეულიდან და გაუჩინარდა.

- ღმერთო, ეს რა იყო?! - ფრთხილად წამოდგა საწოლიდან და ადგილზე გაშეშდა.
ბალიშზე ოქროსფერი ფირუზისთვლიანი საყურე იდო, ზუსტად იმის ცალი, თვითონ რომ ჰქონდა.
შეშლილივით წამოხტა და მუყაოს ყუთი გახსნა.
- არ არსებობს!- წამოიძახა გაოგნებულმა და საყურე ყუთიდან ამოიღო.

ვერაფრით ხვდებოდა რას ნიშნავდა გველის საქციელი. საიდან, ან რატომ მოუტანა მეორე ცალი.
ან კი იყო გველიო?
მომეჩვენა, თუ გავგიჟდიო?
დიდხანს ათვალიერებდა თავს სარკეში და ცდილობდა პასუხი მის სახეზე ეპოვა.

შუადღე იყო გარედან ჩოჩქოლის ხმა რომ შემოესმა. ჩუმად გაიხედა ფანჯრიდან და მის ჭიშკართან ხალხის დანახვაზე შეკრთა.
- ეს დაწანწალებს ყველგან, ეს ჯადოქარი ესა ! ამის გაკეთებული იქნება!
- ცოცხლები აღარ იკმარა, მკვდრებსაც დაერია ,ეს ცეცხლწასაკიდებელი ესა!

ნაინა შეშინებული მოშორდა ფანჯარას. ვერაფრით მიხვდა, რას ერჩოდნენ და რას აბრალებდნენ.
-ნუთუ ის ძველმანი კაბები, ნაგავზე რომ ვიპოვე, ჰგონიათ, რომ ვინმეს მოვპარე?!- თქვა გაოგნებულმა და პირზე ხელი აიფარა.
- გამოდი, შე წყეულო, სანამ წაგიკიდეთ ცეცხლი! - მუქარას ჭიშკრის გაღების ხმა მოჰყვა.
შეშინებული ნაინა აქეთ-იქით მიაწყდა. ეხლა კი მართლა მოვიდა აღსასრულიო, გაიფიქრა და კედელს აეკრა.

- ვაიმე! რამხელაა! - შეკივლების ხმაზე ყურთასმენა დაძაბა ნაინამ.
-აგე ხალხო, ხომ გითხარით, გრძნეულია ეს ქალი,მეთქი!
- მართლა ჯადოქარია, ეს ეშმაკის ნასხლეტი!
კაც-ქალიანად ადგილზე გახევდნენ და ნაინას სახლის კარზე ყალყზე წამომდგარ გველს შეშინებული მიაჩერდნენ.
გველს ფირუზისფერ თვალებში სისხლი ჩადგომოდა და ავად უმზერდა ბრბოს.
- ფიწალი მოიტანეთ, გავუჩეჩქოთ თავი!
- ეს რასა ხედავს ჩემი თვალები?!- ვიღაცამ უკან დაიხია და ეზოდან შიშმორეული გაიქცა, რამოდენიმემ მას მიბაძა და კუდში მიჰყვნენ.
ცოტა გაბედულებმა კი ქვები მოიმარჯვეს და გველს დაუშინეს.
გველმა ჯერ პირი დააღო, თითქოს დაიყვირაო, ისე ასწია თავი მაღლა, შემდეგ ჯიქური მზერა გაუსწორა მტრად მოსულთ და არც მორიდებია ქვებს, ისე წავიდა მათკენ მთელი სისწრაფით.
ვაიო, ერთხმად დაიყვირეს და ჭიშკარს ეცნენ. ერთმანეთს ასწრებდნენ , ისე გადარბოდნენ.

როგორც კი მიწყნარდა ეზო, ნაინა ფეხაკრეფით მივიდა კართან და ოდნავ გამოაღო.
- ვაიმე! - ერთი შეჰკივლა და ადგილზე გახევდა.
გველი იწვა და თავიდან სისხლი გასდიოდა. ვიღაცას მიზანში მოერტყა მისთვის ქვა.
- ეს რა დაგმართეს ჩემს გამო?!- სასოწარკვეთილმა თქვა და ქვეწარმავლისკენ დაიხარა. ვერც შიშმა და ვეღარც მისმა სიცივემ დაახევინა უკან. გველს ტანზე გადაუსვა ხელი და ეცადა აეყვანა. მოულოდნელად ყალყზე დადგა გველი და ნაინას მტრულად შეხედა.
- მე არაფერს დაგიშავებ, მომიშვი..დაგეხმარო,- ჩუმად უთხრა და კიდევ სცადა მისი ხელში აყვანა.
გველმა დაისისინა, პირი დააღო და ისევ ეშვები გამოაჩინა.

- რა უცნაური ხარ?!- გაუბრაზდა ნაინა და წელში გასწორდა.
- ვიცი, შენც მოგკლავენ და მეც .. გრძნეული ვგონივარ და შენი საქციელით კი გაუმტკიცდათ ეჭვი..ღმერთო მაღალო, დამეხმარე, - თქვა და ზეცას მიაჩერდა.
გველი ჩაცხრა, მოეშვა და მიწაზე გაწვა. გახეთქილი თავიდან კიდევ მოუჟონავდა სისხლი.
- უნდა მენდო! გესმის?! უნდა მენდო! - ბრძანებასავით გაისმა ნაინას ხმა .
ქვეწარმავალი აღარ განძრეულა.
- რა მძიმე ხარ და გაყინული.. - ძლივს ასწია ორივე ხელით.
გველმა როგორც კი იგრძნო ქალის სიახლოვე, მაშინვე მოცოცხლდა და ისე სწრაფად შემოეხვია კისერზე , ნაინამ გააზრებაც ვერ მოასწრო.

- დავიჯერო დამახრჩობ?- სიმწრით გაეღიმა ქალს . გველმა სახე ახლოს მიუტანა და ნაინას მზერა გაუსწორა.
- მერამდენედ მაკვირდები?!- კბილებში გამოსცრა ქალმა.
გველმა როგორც დილით, ისევ მიადო გაყინული ცხვირი ცხვირზე ნაინას, მერე მისი სხეულიდან ჩამოსრიალდა და გაუჩინარდა.

ნაინა დალურსმნულივით დარჩა იმავე ადგილას. მისი გონება ქაოსში გაეხვა.
"რა უნდა, საიდან მოვიდა? ან რატომ გადამარჩინა? " შეშლილივით ატრიალებდა თვალებს.

ხის სამფეხა სკამზე მჯდომიარეს ჩამოაღამდა. არც წყალი გახსენებია და არც პური. ფიქრს ვერ აღწევდა თავს.
რა მკვდრებიო, რას მერჩოდნენო, ვერაფრით ხვდებოდა.
მძიმედ წამოდგა სკამიდან, ფეხები დაბუჟებოდა. ლამის წაიქცა, ძლივს აამოძრავა დაგუბებული სისხლი ვენებში.
ნეტა ამ საყურეზე ხომ არ ამბობდნენო, ერთი კი გაიფიქრა და მუყაოს ყუთი გახსნა. საყურეები ამოიღო და დააკვირდა.
ვერაფერი გავიგეო, მხრები აიჩეჩა და სარკესთან მივიდა. მისი ერთადერთი მეგობარი იყო სარკე. რამდენს ელაპარაკებოდა, ხან უბრაზდებოდა,ხან უცინოდა.. ცეკვა? როგორ უყვარდა ძველმან კაბებში გამოწყობილს მასთან ერთად ცეკვა. დღე არ გავიდოდა თავისი ლამაზი სხეული რომ არ გამოემზეურებინა სარკისთვის.ხან სინანულით შეითვალირებდა თავს. როგორ დამაბეჩავა და დამაგდო იმ ერთმა დაუფიქრებელმა ქცევამო, იტყოდა სინანულით და თვალები ცრემლებით გაევსებოდა. ხან კი სულაც ივიწყებდა დარდს და თითქოს ბედნიერება ნაწვევი, მთელი სიხალისით ცეკვავდა დაღლამდე.

კარგა ხანს ატრიალა ხელში საყურეები, ტყუილად არ მომიტანდა მეორე ცალსო, გაიფიქრა და ფრთხილად მოირგო ყურებზე.
- რა ლამაზებია?!- აღტაცებით წამოიძახა. წამიერად გადაავიწყდა დილანდელი ამბავი, ყელი მოიღერა და თავის ანარეკლს გაუღიმა.

უსიამოვნო, დამწვრის სუნი რომ ეცა, მაშინღა მოშორდა სარკეს. ფანჯრიდან გაიხედა და თავზე იტაცა ხელები. მისი ეზო ცეცხლის ალში იყო გახვეული.

ალქაჯებივით დარბოდნენ ადამიანთა ჩრდილები. ან სად მოეგროვებინათ იმდენი რეზინის საბურავი, მთელი სახლის ირგვლის განელაგებინათ და აებრიალებინათ. ისეთი შავი კვამლი ტრიალებდა, ნაინას ელდა ეცა.
- ღმერთო, დავიჯერო ცოცხლად მწვავენ?! - შეშლილივით გაიქცა კარისკენ.
ცეცხლის ალმა უცებ აუწვა კანი, მაინც არ შეჩერდა, კაბაზე ცეცხლწაკიდებულმა გადასერა ეზო სირბილით.
- გარბის! გარბის!- ყვირილით დაედევნა ბრბო.
სიმწრისგან და ტკივილისგან ძალა ეცლებოდა, სანაგვისკენ აღმართზე სირბილით ავიდა და მიწაზე გაგორდა. ზუსტად იმ გველივით იკლაკნებოდა. ცეცხლის ენებს მოესწროთ და მისთვის სხეული ამოეჭამათ.
ხალხის ყიჟინა რომ მოესმა, ძლივს წამოდგა ფეხზე.
ნაინას განწირულმა ხმამ მთა და ბარი შეძრა. ზეცა გამოეხმაურა. ისეთი გრუხუნი ატყდა, თითქოს ჩამოქცვას აპირებდა.
ჯერ თავსხმა წვიმა წამოვიდა, მერე ქარი და სეტყვა აირია ერთმანეთში. კაკლისოდენა ყინულები ცვიოდა გადაშავებულ ციდან.
ვერაფერმა შეაკავა გავეშებული ხალხი. ფეხდაფეხ სდიეს ნახევრად დამწვარ ნაინას.
ძლივსღა გარბოდა. სანაგვე გორები რომ გადაირბინა, სასაფლაოსკენ აიღო გეზი. იქნებ შეშინდნენ და თავი დამანებონო.
მაინც მისდიეს.
ველურებივით ყვიროდნენ.
ეშმაკი უნდა დამარცხდესო..

ნაინა წამით შეჩერდა. გაქვავებულ არეს თვალი გაუწვდინა. ყოველთვის ზარავდა საფლავების დანახვა. ჯერ მტრული მზერა მოატარა ირგვლივ, მერე რაღაც გაუგებარი სიტყვები აღმოხდა და ხარხარი ატეხა...

***
- მერე დედა?- თაიას ნიკაპი აუკანკალდა.
- იქვე დამარხეს ცოცხლად, - დედამ თავი ჩაჰკიდა და ცრემლები წასკდა.
- რატომ?! რისთვის?! რას ერჩოდნენ?! - თაია ტირილით წამოხტა ფეხზე.
- აბა რა ვიცი.. - ცრემლიანი თვალებით გახედა შვილს.
- წარმოუდგენელია ასეთი სისასტიკე!- გიჟივით აქნევდა თავს თაია.
- სასაფლაოდან ყოველ ღამე ისმის მისი ხარხარიო, ასე ამბობენ,- თქვა დედამ და ჩაფიქრდა.
- ის გველი აღარ გამოჩენილაო?
- ერთხელ ნახეს, მის საფლავზე იწვა, მთელ სიგრძეზე ჰქონდა გაშილილი ტანიო. ზოგმა თქვა, თვითონ გრძნეული ნაინა იყოო..
- საწყალი გოგო..- ისევ ტირილი მოერია თაიას.
- ხომ დაწერ?- ნაღვლიანად შეხედა დედამ.
- მისი სახლი უნდა ვნახო,- გადაჭრით თქვა თაიამ.
- გაგიჟდი? იქ რომ დაგინახოს ვინმემ, შეიძლება უბედურებაში გაეხვე,- შეშინებული წამოხტა დედა.
-არ მეშინია!
-თაია, შენ ხალხს არ იცნობ.. ისინი დაუნდობლები არიან!
- დედა! დავიჯერო იმ სოფელში ადამიანი აღარ დარჩა?!
- ადამიანი რომ ყოფილიყო ვინმე, ეს ამბავი არ მოხდებოდა!
- უნდა ვნახო!- მტკიცედ დადგა თაია.
- არც გაბედო, თაია!
- არაფერი მომივა, აი, ნახავ!- თქვა თაიამ და თავის ოთახში გავიდა.
მთელი ღამე არ უძინია, თეთრად გაათენა ნაინაზე ფიქრში.
ლამაზი ყოფილაო.. იქნებ მისი სილამაზე ვერ აიტანეს? შურმა დააბრმავათ და უმეცრებამაც..

უთენია ადგა და ისე გაიპარა სახლიდან , დედისთვის არაფერი უთქვამს. ავტობუსი ერთ საათში გავაო, მოლარემ მოახსენა.
- უჰ, არადა მეჩქარება,- მოუთმენლად დახედა მაჯის საათს.
- მაშინ ფეხით გადადი, განა ძალიან შორია,- გაუცინა მოლარემ.
- ფეხით გზა არ ვიცი..- დანანებით ჩაილაპარაკა.
- აგე, იასე სულ მასე დადის, გაჰყევი..
- ვინ იასე?- ინტერესით შეხედა ქალს.
- აგე, იქ რომ დგას..- თითის გაშვერით ანიშნა მოშორებით მდგომ ბიჭზე.
- რომ არ ვიცნობ?- უხერხულად გაიღიმა თაიამ.
- დაიცა.. იასე! ბიჭო, იასე!- ხმას აუწია ქალმა.
ბიჭი დაძახილზე უცებ წამოვიდა მათკენ.
რა ხდებაო, თვალებით იკითხა და თაია აათვალიერა.
- შენს სოფელში მოდის და ეჩქარება.. ფეხით ხომ გადაიყვან?
- წამოვიდეს რა..- იასემ თაიას ოდნავ გაუღიმა. - შეძლებ სიარულს?- თან ფეხებზე დახედა.
- შევძლებ!- ისე იყო მონდომებული თაია, ალბათ ფეხით გადაივლიდა ცხრა მთას.
-წამოდი,- თავით ანიშნა ბიჭმა და ზურგჩანთა მოიგდო მხარზე.

უხმოდ მიდიოდნენ. თაია გრძნობდა ბიჭის შეფარულ მზერას. რამდენჯერმე დააპირა რაღაც ეკითხა მისთვის, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ვაიდა შემიყაროს სოფელიო, ისევ სიჩუმე ამჯობინა.
-აქედან მოკლეზეა გადასასვლელი, ოღონდ სასაფლაოზე, ხომ არ გეშინია?- გვერდულად გახედა ბიჭმა.
- არ მეშინია!- დამაჯერებლად კი თქვა თაიამ, თუმცა შიშის ტალღამ კი დაუარა სხეულში.
- ცოცხლები არიან საშიშები, თორემ მკვდარმა რა უნდა გიყოს?- თავის ნათქვამზე გაეცინა იასეს.
- ეგ მართალია,- კვერი დაუკრა თაიამ ღიმილით.
- აქეთ ვისთან მიდიხარ?- ეჭვით შეხედა იასემ.
ბიჭის კითხვამ დააბნია თაია. არა,სიმართლეს ვერ ვიტყვიო, გაიფიქრა და სახელდახელო ტყუილი გამოაცხო.
- ძველი საყდარი ყოფილა თქვენს სოფელში და იმისი ნახვა მინდა..
- ბევრი ძველი საყდარია, შენ რომელი გაინტერესებს?
ჩამჭრელმა კითხვამ უარესად დააბნია თაია და სახეზე აილეწა.
- სად მიდიხარ, მითხარი?- ჩაეცინა იასეს.
- გენდო?- წარბაწევით შეხედა ბიჭს.
- ამხელა გზაზე თუ მენდე და წამომყევი?- ისევ გაეცინა.
თაია შეჩერდა. იასეც გაჩერდა.
- ნაინას სახლი უნდა ვნახო,- თქვა და ბიჭს დააკვირდა.
- ეუჰ.. - სახე შეეცვალა იასეს.
- რა იყო?- თაია შეცბა.
- რად გინდა?- უკმაყოფილოდ ჰკითხა.
- მაინტერესებს!- შეუბღვირა ბიჭს.
- შარს გადაეყრები, გაბრუნდი!
- უნდა ვნახო!- გაჯიუტდა თაია.
- არ ვიცი, ვინა ხარ და რა ძალა გადგას?- მხრები აიჩეჩა იასემ.
- მართლა გრძნეული გგონიათ ის გოგო? შენც იმათნაირი ხარ?! - კბილებში გამოსცრა და ავად დაუბრიალა თვალები.
- წამოდი!- ბიჭმა მაჯაში უხეშად წაავლო ხელი.
- მეტკინა!- ეცადა ხელი დაეხსნა.
- ერთადერთი ჩემი ოჯახი იყო, რომელსაც არასდროს დაუჯერებია ნაინას ჯადოქრობა. ამის გამო ლამის ჩვენი სახლიც კი გადაწვეს! მისი საფლავიდან ამოღებაც კი უნდოდათ, მაგრამ მიწა არ ითხრება! თითქოს გაქვავებულია მთელი ზედაპირი. ვინც კი მიეკარა იმ ადგილს, ყველას უბედურება დაემართა. შიშით სასაფლაოზეც ვეღარ ადიან, დარჩათ უსაკურთხოდ ყველა მკვდარი!
- შენ როგორ ადიხარ, აბა? არ გეშინია?- გაფითრდა თაია.
- არ მეშინია! ჩუმად მიმაქვს ხოლმე ყვავილები ღამღამობით და იცი რა ხდება ხოლმე მერე?!
- რა?!- პირი დააღო თაიამ.
- სულ რომ მოწმენდილი იყოს ცა, მაშინ იწყებს წვიმას. სოფელში არა.. მარტო სასაფლაოზე წვიმს, გესმის?!
- ვაიმე..- გაოგნებულმა თაიამ პირზე ხელი აიფარა.
- იცი, რა ლამაზი იყო? ქალღმერთი არ მინახავს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ნაინასნაირია,- დანანებით თქვა იასემ.
- გიყვარდა?- თვალები გაუფრთოვდა თაიას.
- მიყვარდა.. არავინ იცოდა.. არც ნაინამ..
- რატომ არ უთხარი? რატომ?!- მკერდზე მიჰკრა ხელები ბიჭს.
- არ ვიცი..ვერ გავბედე..
- ლაჩარო! მშიშარავ! შეგეძლო გადაგერჩინა და იმ ბრბოს ხელში არ ჩაგეგდო!- ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა თაიას და ბიჭის ცემას განაგრძობდა.
- სიყვარულს ყველაფერი შეეძლო.. ყველაფერი.. უნდა გაგერიდებინა აქაურობისთვის!
- ვიფიქრე, განა არ ვიფიქრე?!
- მერე?!
- მერე მთელ ოჯახს ამომიხოცავდნენ. არ მაპატიებდნენ " ეშმაკთან" შეკვრას..გესმის? ყველას დღემდე ღრმად სწამს რომ ნაინა გრძნეულია, ბოროტია და უბედურება მოიტანა სოფლისთვის..
- ღმერთო..დაუჯერებელია ასეთი აზროვნება..- თაია გაოგნებული იყურებოდა აქეთ-იქით.
- ბავშვებიც კი დააშინეს.. ნაინას სახლისკენ არავის ახედებენ. იქაურობა სულ ეკალ-ბარდშია გახვეული. ვერც მიეკარები.
- უნდა მაჩვენო! - გაშმაგებული მიიჭრა იასესთან.
- იცოდე, ცეცხლს ეთამაშები!
-არ მეშინია!- გადაჭრით თქვა თაიამ და ბიჭს ანიშნა წავედითო.

სასაფლაოს გარღვეულ ღობეში რომ გაძვრა იასე, მაშინ კი შეყოვნდა თაია.
- მოდი, - დაუძახა ბიჭმა და ხელი შეაშველა.
- ცოტა მეშინია,- გამოტყდა თაია.
- უცებ გავივლით, ძირს იყურე, საფლავებს ნუ შეხედავ,- მზრუნველად მოკიდა ხელი.
- ნაინას საფლავი მაჩვენე, - თავი არ აუწევია, ისე უთხრა ხმადაბლა.
- ოჰ..-თავი გააქნია იასემ..- რა ჯიუტი ხარ!
- აქამდე მოვსულვარ და..- ცოტა ხმაგაპარულმა კი თქვა.
- აქეთ წამოდი,- მარჯვენა მხარეს უბიძგა თაიას. მდუმარედ მისდევდა ბიჭს. თან შიშისგან ტაოს აყრიდა.
იასე რომ შეჩერდა, თაია მიხვდა, თავი ვერ ასწია, თავდახრილი გაჩერდა და სუნთქვა შეკრა.
- არ დახედო, დროზე მიტრიალდი უკან!- იასეს დაზაფრულ ხმაზე, თაია დაიბნა და საფლავს გახედა.
- ვაიმე!- ერთი დაიკივლა და იქვე გაიშოტა.

გონს რომ მოვიდა, შებოჭილი სხეული ვერ აამოძრავა. ტანზე დაიხედა და შეჰკივლა. გველს ისე ჰყავდა მომწყვდეული და ისე უჭერდა თავის სრიალა ტანს , ლამის სისხლი გაუჩერდა თაიას.
- ვიცი, ნაინას ანგელოზი ხარ! არ მომკლავ, არა!- გიჟივით იქნევდა თავს და ცდილობდა თავის დაძვრენას.
გველმა ცოტა მოადუნა ტანი, სახე თაიას სახეს დაუპირისპირა, პირი დააღო და ეშვები გამოაჩინა.
- იასეე! იასეე!- განწირული ყვირილი გააბა თაიამ.
იასე არსად ჩანდა.
-არ დამგესლო, შენ არ ხარ ბოროტი, მე შენი მჯერა, ნაინა! - გაუაზრებლად მიმართა გველს.
გველს ფირუზისფერი თვალები ჩაუწითლდა, ცოტა ხანს უყურა თაიას, შემდეგ გაყინული ცხვირი ცხვირზე მიადო, გოგოს სხეულიდან ჩამოსრიალდა და გაუჩინარდა.
-ღმერთო! ეს რა იყო? დამინდო?! არ მჯერა!- ძლივს წამოდგა ფეხზე და ნაინას საფლავს დააკვირდა. მარცხენა კუთხეში ხვრელი ჩანდა,საკმაოდ ღრმა.
- მგონი ვგიჟდები!- თავზე იტაცა ხელები თაიამ და უკან-უკან წავიდა.
- იასე! იასეე!- შეშლილივით ეძებდა ბიჭს საფლავებს შორის.
თითქოს ცამ ჩაყლაპაო, არსად ჩანდა.
თაიას აერია გზა და კვალი, ვეღარ პოულობდა გასასვლელს.
სირბილში ხან რომელ საფლავს მიაწყდა, ხან რომელს. წამით შეჩერდა და ირგვლივ მოატარა თვალი.
უცებ შეეყინა მზერა ერთ ქვაზე, საიდანაც იასეს სურათი უმზერდა.
- არააა!- თაიას ხმამ მდუმარე სასაფლაოს ექოსავით გადაუარა.
- გავგიჟდი..კი, კი..გავგიჟდი..- ბუტბუტებდა შეშლილი სახით და ნაგვის გორებს მოუყვებოდა. ბუნდოვნად ხედავდა გზას, ვიწრო ბილიკად რომ მიედინებოდა სოფლისკენ.

- ვისი ხარ, შვილო? - ხანშიშესული კაცი ნახირს მიერეკებოდა.
- საყდარი.. სად არის აქ საყდარი?- ერთიანად კანკალებდა თაია.
- რამე ხომ არ გიჭირს? - კაცი წარბშეკრული დააკვირდა.
- მითხარით, სად არის აქ საყდარი?- თვალებს უმისამართოდ ატრიალებდა.
- ვა, რა დაგმართნია? აღარ იტყვი, შვილო?- კაცი მიუახლოვდა და ხელი წაავლო.
- იასე სად ცხოვრობს?- მაშინღა შეხედა კაცს.
- ვინ იასე, შვილო? ერთი იასე იყო ამ სოფელში და ისიც შარშან გარდაიცვალა.
- ახალგაზრდა?- ხელებს ვერ იმორჩილებდა, ისე ცახცახებდა თაია.
- ჰო, ახალგაზრდა.. გველმა დაგესლა, ვერ გადაარჩინეს, - დანანებით თქვა კაცმა.
- გველმა? ნაინას გველმა?- თქვა და ტანი დაეფოთლა.
- შენ საიდან იცი? ვინა ხარ?!- კაცმა უკან დაიხია.
- საყდარი საით არის?!- თვალები დააკვესა თაიამ.
- აგე, იმ ბილიკს გაუყევი, ვაკეზე გახვალ და დაინახავ,- დაფიქრებული ხმა ჰქონდა კაცს.
თაიას აღარაფერი უთქვამს, მაშინვე ბილიკისკენ წავიდა. გიჟივით გარბოდა,ერთი სული ჰქონდა მიეღწია საყდრამდე.

შავებში ჩაცმული ქალი ტრიალებდა ხატების წინ და სანთლის ნამწვებს აგროვებდა. თაიას დანახვაზე, თითქოს ეშმაკი გამოცხადებოდეს, ისე იტაცა გულზე ხელი.
- აქაც არ მასვენებ შე ნასხლეტო?! ფუი, ეშმაკს, ფუი ეშმაკს!- კედელს აკრული პირჯვირის წერას მიჰყვა ქალი.
- მე.. მე.. ქალბატონო? - თაია შეშინებული დააკვირდა ქალს.
- შვილი ხომ მომიკალი? რაღა გინდა? მთელი სოფელი უნდა ააოხრო?!
- მე არავინ მომიკლავს, ქალბატონო?!
- მიწიდანაც არ გვასვენებ! რა გახდი ამისთანა?!
- მე თაია ვარ, ცოცხალი ვარ, რა მიწა?- ცრემლები წამოსცვივდა თაიას.
- გრძნეული ხარ, ჯადოქარი! ან საყდარში როგორ გაბედე მოსვლა?!- დაუყვირა თაიას და გარეთ გავარდა.
იმხელა ხმაზე კიოდა, მიშველეთო, თაიას გული გადაუცივდა. ვერაფრით მიხვდა, რას მერჩოდა, ან რა მოეჩვენაო?
ხატებთან დადგა მუხლებზე და ბუტბუტს მოჰყვა. ოღონდაც აქედან მშვიდობით გამაღწევინეო, ევედრებოდა ღმერთს.

-აქ არის ხალხო, შიგნით! საყდარიც კი წაბილწა!- ნაცნობი ხმა მოესმა თაიას.
ფეხზე წამოდგა და გარეთ გაიხედა. მოშორებით იდგა ხალხი, ზოგს ბარი ეჭირა ხელში და ზოგს ფიწალი.
- აგე, ხომ დაინახეთ თქვენი თვალით?!- შავისანი დედაკაცი თითს იშვერდა თაიასკენ.
უცებ დაიძრა ბრბო ყიჟინით.
- დავიღუპე!- ერთი ეს თქვა თაიამ და გარეთ გავარდა.
-დაიჭირეთ და ერთხელ და სამუამოდ დავასამაროთ ეს ჯადოქარი!
- ღმერთო, ოღონდაც ეხლა მიშველე!- გარბოდა თაია ყვირილით.
უკან მოსდევდნენ ჯალათები.
ზოგი ქვას ესროდა, ზოგი წყევლიდა.

-არა, ეს სიზმარია..სიზმარი!- გულგახეთქილი შევარდა ეკალ- ბარდში და მიიკუნტა.
- სად გაქრა? სადა?- ხმები შორიახლოდან ესმოდა.
- გაქრობა და დამალვა გაუჭირდებოდა მაგ ჯადოს,მაგასა!

კარგა ხანს იჯდა განაბული ეკლებში თაია. არც დაკაწრულ პირსახეს დარდობდა და არც დასისხლიანებულ კაბას. ოღონდაც გადავრჩეო, ბუტბუტებდა.
ხალხის ხმა რომ მიწყდა, მაშინღა დაიწყო გაძრომა ბარდებში. ვიღაცის ეზოში აღმოჩნდა, სადაც პატარა სახლი იდგა, გამურულ- გაშავებული. ჯერ შორიდან დაზვერა, ჩამიჩუმი არ ისმოდა შიგნიდან. სიფრთხილით მიუახლოვდა სახლს და კარი შეაღო.
ნესტის სუნმა ცხვირი აუწვა.
-აქ არის ვინმე?- ჩუმად დაიძახა და ოთახის სიღრმისკენ წავიდა.
- ნეტავ, სად ვარ?- თქვა და ირგვლივ მოატარა მზერა. კედელზე თავის სურათს რომ მოკრა თვალი, გაოგნდა.
- მე აქ რა მინდა?! - თქვა და სურათი ჩამოხსნა კედლიდან.
- ეს საყურეები? ფირუზები? - სურათზე ფირუზისთვლიანი საყურეები ეკეთა თაიას.

***
- რა გქვია?- კეთილად გაუღიმა.
- ნაინა.
-თაია ვინ არის?
- არ ვიცნობ.
- წერ რამეს?
- კი..ვხატავ კიდეც..
- მაჩვენებ?
- შეგეშინდება,- ირონია აღებეჭდა სახეზე.
- მაჩვენე,- ისევ გაუღიმა.
გოგო წამოდგა და ბალიშის ქვეშიდან სუფთა ფურცელი გამოაძვრინა.
კაცმა დაკვირვებით ჯერ ფურცელს დახედა, შემდეგ გოგოს შეხედა.
- ამიხსნი?- ღიმილით ჰკითხა.
- რას?
- რა დახატე?
- შენც ვერ ხედავ,- უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა გოგომ და საწოლისკენ მიბრუნდა.
- მეძინება,- თქვა და კარისკენ ანიშნა კაცს.
კაცი მძიმედ წამოიმართა.

***
- უკვე სამი თვეა ერთი და იგივე,- ქვითინებდა ქალი ექიმის კაბინეტში.
- ცოტა რთულია, მაგრამ შევძლებთ,- დამაიმედებელი ხმა ჰქონდა კაცს.
- როდის?- თვალცრემლიანმა შეხედა.- ნეტავ, სულ არ დაეწყო წერა..
- გამოვა, დამიჯერეთ.. მარტივად არ ხდება მის მიერ შექმნილ სამყაროში შესვლა და მისი იქიდან გამოყვანა, თუმცა უარესებიც დაგვიძლევია.

-უნდა ვნახო!- ქალი ფეხზე წამოდგა.
- შიგნით ვერ შეგიყვანთ, - კატეგორიულ უარზე დადგა ექიმი.
- გარედან მაინც..- მუდარით შეხედა კაცს.
კაცმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

***
- შენ გიყვარს ნაინა და ვიცი არ დაგესლავ,- ზეწარი გველივით დაეხვია ტანზე თაიას და ესაუბრებოდა.

- მოგიკვდეს დედა!
ქალმა მთელი ძალით დაჰკრა ხელები კედელს.

დასასრული



№1 სტუმარი One

Ghmerto…. Rogor shegidzlia aseti saocrebrebebi wero, unichieresi khar nina❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent