დედა
- მოხვედი, რამაზ? -აჩიკო ვარ, დედა. -აჩიკო? - ხო, დედა.. -რამაზი სად არის ? -მამა შარშან გარდაიცვალა,დედა..- ძლივს ამოვთქვი. - რას მეუბნები,აჩიკო?! - სახეზე ტკივილი აღებეჭდა. -წამლები არ დალიე?- ტუმბოს გავხედე, აბები ხელუხლებელი იდო. -რად მინდა წამალი? ავად ვარ?- გაბრაზებით შემომხედა. - დედა..- სიმწრით გავაქნიე თავი და მისკენ წავედი. - როდის მოვალო? - არაფრისმთქმელი მზერა მომაპყრო. - ვინ დედა? - რამაზიმ. -დაჯექი და ეს გამომართვი,- ხელში ვარდისფერი აბი ჩავუდე. ამრეზით დახედა. - მე ეს არ მჭირდება! - დედა.. გთხოვ.. - დაურეკე რამაზის! გადაჰყვა მეგობრებს. ხომ იცის,რომ ველოდები?! - აბი უკან მომაწოდა და ნაწყენი ჩამოჯდა საწოლზე. -ეს დალიე და დავურეკავ. -მპირდები? - ეჭვიანად შემომხედა. დამაჯერებლად დავუქნიე თავი. - წყალი მომაწოდე. მალევე დაუმშვიდდა სახე. მზერაც აზრიანი გაუხდა. - დილით თინა იყო მოსული,- საქმიანად წამოიწყო. - ჰო? რა უნდოდა? - გამიკვირდა დეიდაჩემის სტუმრობა. რაც დედა ავად გახდა, სულ ორჯერ მოაკითხა. ისედაც არ ყოფილა ხშირი სტუმარი, მიზეზს ვერ ვხდებოდი,რატომ ჰქონდათ ასეთი გულგრილი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი. - ჩემთან გადმოდიო,- მხრები აიჩეჩა. - სისხლმა უყივლა?- ცალყბად ჩამეცინა. - არ ვიცი, რამ უყივლა, ყოველ შემთხვევაში სისხლმა ნამდვილად არა. - არასად წახვალ! - კატეგორიულად განვუცხადე. - არც ვაპირებ.. რამაზიმ თინას სახლი არ იცის.. რომ მოვიდეს,სად მეძებოს? წამიერად შევაჩერე სუნთქვა. - დედა! - რა დაგემართა?- გაოცებულმა შემომხედა. - დედა, რამაზი.. მამა შარშან გარდაიცვალა! - მოთმინებამ მიღალატა. - აჩიკო, ეგ მეორედ არ თქვა! - მოდი დავიძინოთ..ძალიან დაღლილი ვარ,- ძალაგამოცლილი მივწექი დედას ლოგინზე. დედაც მომიწვა და თმა ამიჩეჩა. -რამდენი წლის ხარ,აჩიკო? ხელმეორედ შემეკრა სუნთქვა. - ოცდაექვსის დედა,- ვთქვი და თვალები დავხუჭე. -რას ამბობ? - შეიცხადა და თავი წამოსწია. - შენ რამდენის ხარ? - მეც წამოვწიე თავი. -მე? მე და რამაზი ტოლები ვართ. დაგუბებული ხმა ძლივს ჩავახშე,რომ არ მეყვირა. -ჰო,ტოლები ხართ,- დავეთანხმე და ბალიშზე გულაღმა გადავწექი. -რატომ არ ურეკავ?!- ხელი მსუბუქად გამკრა მხარზე. დედას შევხედე,ისევ არეოდა მზერა. მძიმედ წამოვდექი,შემოსასვლელ ოთახში გავედი და ტელეფონის ყურმილს დავწვდი. - ბატონო ელდარ, ნაპირელი ვარ..დიახ.. ქალბატონ მედეას შვილი. დედას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.. დიახ.. მადლობა..- დავკიდე ყურმილი და ცოტა შვებით ამოვისუნთქე. იმედი მომეცა.ან წამლის დოზას გაუზრდიდა ,ან სხვა უფრო ეფექტურს დაუნიშნავდა. საღამოს მოვიდა. კარზე ზარი რომ დაირეკა,დედა წამოხტა. -რამაზი იქნება!- გაბრწყინებული სახით წავიდა კარისკენ. ექიმის დანახვა არ ესიამოვნა,თუმცა არც ახსოვდა ვინ იყო. - რა გნებავთ? - უხასიათობა უცებ დაეტყო ხმაში. - ქალბატონო მედეა,- გაუღიმა ექიმმა.- შესანიშნავად გამოიყურებით. - თქვენ რა? კომპლიმენტის სათქმელად მოხვედით?- გაკვირვებულმა, ჯერ ექიმი შეათვალიერა,შემდეგ მე შემომხედა. -და არა მარტო..- დედას თავი დაუკრა და სახლში შემოვიდა. - აჩიკო,ვინ არის ეს კაცი და რა უნდა?- ცნობისმოყვარე მზერა გააყოლა ელდარს. - ექიმია დედა. - ვინ არის ცუდად? შენ აჩიკო?- შეშფოთდა. - არავინ დედა, ცოტას გაგვესაუბრება. - მაგათი ცოტა ვიცი მე! რამაზის ჰკითხე თუ გინდა?! ბუზს აქლემად აქცევენ! რომც არ გტკიოდეს რამე,მაინც აგატკივებენ! - უნდობლად განწყობილი მომყვა უკან. -ქალბატონო მედეა.. - იცით რა ბატონო ჩემო? - სიტყვა არ დაამთავრებინა,აგრესიულად აენთო თვალები დედას.- ჩვენ საექიმო არაფერი გვჭირს,ვინ გამოგაგზავნათ?! -დედა! - ხმამაღლა მომივიდა. -აჩიკო? - ჩემი ტონი ეხამუშა და სკამზე ნელა დაჯდა. - დახმარება გჭირდება,დედა..- ხმას დავუწიე. - ქალბატონო მედეა, მასე ნუ განეწყობით ჩემს მიმართ,ჩათვალეთ,რომ თქვენი მეგობარი ვარ,- ისევ გაუღიმა ელდარმა. - აჰ..მეგობარი.. კი, რა თქმა უნდა?! - სიმწრით გაეცინა დედას. -დიახ,მეგობარი.. -კეთილი. რაზე უნდა ვისაუბროთ?- გამომწვევად შეხედა დედამ. - მომიყევით რამე თქვენზე?- თაბახის ფურცელი დაიდო წინ ელდარმა. - ა, მე მოგიყვებით და თქვენ ჩაიწერთ?- ირონიულად დახედა ფურცელს. - არა,პატარა ჩანიშვნას გავაკეთებ,- დასერიოზულდა ექიმი . - საინტერესოაა.. -მრავალმნიშვნელოვნად დააქნია თავი დედამ.- სახელდობრ რა გაინტერესებთ ჩემზე? მე დაძაბული ვადევნებდი თვალს. ვატყობდი დედას სახე უფრო და უფრო ერეოდა. - თუნდაც ბავშვობიდან დავიწყოთ..როგორი ბავშვობა გქონდათ? - არაჩვეულებრივ გარემოში გავიზარდე.. დედისერთა ვიყავი, მშობლებიც და ორივე მხარე, ბებია-ბაბუა მანებივრებდნენ,-სიამაყით თქვა და ნიშნისმოგებით შეხედა ექიმს. მე შევცბი. დედა დედისერთა არ იყო და არც ჯანსაღ გარემოში გაიზარდა. საკმაოდ ტრავმირებული ბავშვობა ჰქონდა. ეს ყველაფერი თავიდანვე იცოდა ექიმმა, რატომ გადაწყვიტა ეთქვა ტყუილი,ვერ მივხვდი. - ქალბატონო მედეა, ყველაზე ბედნიერი დღე,რომელიც დაგამახსოვრდათ? - ყველაზე ბედნიერი დღე..- ფიქრებში წავიდა დედა.- ყველაზე ბედნიერი ის დღე იყო,როდესაც მამაჩემმა სახატავი საღებავები და ფუნჯები მიყიდა,- თქვა სახემოქუფრულმა. მე თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე ზუსტად ის სცენა,რომელიც დედასგან გადმოცემით ვიცოდი,თუ როგორ დაუმტვრია ყველა ფუნჯი მთვრალმა ბაბუაჩემმა და დედას სილაც კი გააწნა, ხატვა კი არა, სადილები ისწავლე,ქმარს ნახატს აჭმევო?! -მშვენიერია,-მოჩვენებითი აღტაცებით თქვა ელდარმა.- თქვენი პირველი ნახატი რა იყო?- ისევ ჩაეკითხა. -ჩემი პირველი ნახატი..- დედას ცრემლი მოაწვა.. ლამის მეც ავტირდი. პირველი ნახატი დედამისის პორტრეტი იყო,რომელიც მამამისმა მეგობრების თანდასწრებით დაუხია. - შველი..შველი დავხატე..შემცბარი და მარტოსული,- წარსულს ირონიით გაუღიმა. აქაც იცრუა. გულში უსიამოვნოდ გამკრა. -და რატომ მარტოსული?- ყურადღებით დააკვირდა. - მას დედა მოუკლეს! - სადღაც სივრცეს გაუშტერა თვალი. - დედასთან მეგობრული დამოკიდებულება გქონდათ? - ექიმი ჩემთვის გაურკვეველ ინიციალებს წერდა ფურცელზე. - დიახ..ჩვენ დიდი მეგობრები ვიყავით,- თავდახრილმა თქვა. "ისევ ტყუილი" - გავიფიქრე და გულისრევა ვიგრძენი. არა დედას სიტყვებზე,არამედ ნათლად წარმოდგენილ ბებიაჩემზე,რომელმაც თავი ჩამოიხრჩო და დედა მონსტრს შეატოვა ხელში. ექიმმა ჩემს დაძაბულ გამოხედვაზე თავი ოდნავ დამიქნია, რითიც მანიშნა,რომ დავმშვიდებულიყავი. - მომიყევით დედაზე,- ისევ მედეას მიუბრუნდა. დედამ შუბლი შეკრა. - მგონი საკმარისად ვისაუბრეთ,-თქვა და ფეხზე წამოდგა,რაც იმის მანიშნებელი იყო,რომ ექიმი უნდა წასულიყო. - რა გაეწყობა? - ცივად გაეღმა ელდარს.-რადგან აღარ გსურთ საუბარი. -ჰო,მართლა..- დედამ მზერა გაუსწორა ექიმს.- მე სრულ ჭკუაზე ვარ და არ ვსაჭიროებ თქვენს დახმარებას,მეორედ ნუღარ შეწუხდებით,-უთხრა და დემონსტარციულად დატოვა ოთახი. ხმაგამშრალი მივაჩერდი ექიმს. -არჩილ, მდგომარეობა გართულებულია, პრეპარატს დავუმატებ,თუმცა სტანციონარში უკეთესი იქნება მკურნალობის გაგრძელება,- მითხრა დაფიქრებულმა. -არ დამთანხმდება და ძალით ვერ წავიყვან,- უიმედოდ ვთქვი. - ნება შენია,თუმცა მისთვის უკეთესი იქნება,-მითხრა და წამლების გამოწერას შეუდგა. *** - აჩიკო, მე გითხარი,რომ რამაზისთვის დაგერეკა და არა ამ ჩემთვის გაურკვეველი ექიმისა!- დედა ნაწყენი თვალებით მომაჩერდა. - ჩაიცვი! - ნერვებმა მიმტყუნეს და ვუყვირე. - მაცვია,-გაკვირვებულმა დაიხედა ტანზე. - საგარეო სამოსი! -სად მივდივართ? - ჩაიცვი დედა, სადღაც უნდა წაგიყვანო,- ცოტა ხმას დავუწიე,თუმცა ისე მაკანკალებდა,მინდოდა დამემსხვრია ყველაფერი. - სასეირნოდ?! - ისეთი გაბრწყინებული თვალებით შემომხედა,შემრცხვა. მაშინღა დავფიქრდი ,რომ დედასთან ერთად სასეირნოდ ღრმა ბავშვობის შემდეგ აღარ ვყოფილვარ. -ჰო..- უცებ შევცვალე აზრი. არადა,ისე ვიყავი გამწარებული,მინდოდა მამას საფლავზე ამეყვანა,რომ რეალობა დაენახა. - ღმერთო ჩემო, აჩიკო?!-სიხარულისგან ბავშვივით აცქმუტდა.- ახლავე ჩავიცვამ..ახლავე.. მის ქცევაზე გული მომეწურა. " რა უცებ გაბედნიერდა"- გავიფიქრე და სინანულით გავაქნიე თავი. *** - იცი? ჩემი და რამაზის პირველი პაემანი ზუსტად პუშკინის სკვერში შედგა,- მითხრა და სკვერს სევდიანად გახედა. -გინდა, გადავიდეთ იქით მხარეს?- დედას ხელმკლავი გამოვდე. -გადავიდეთ,-სიხარულით დამთანხმდა. მიწისქვეშა გასასვლელიდან ავედით თუ არა, დედა შედგა და სკვერში მდგარ ერთ სკამს გაუშტერა თვალი. მივხვდი მოგონებებში ჩაიძირა. ხელი არ შემიშლია,კარგა ხანს ვიდექით. ბოლოს შემომხედა და ცრემლიანი თვალებით გამიღიმა. -წავედით აჩიკო,- ხელი მომკიდა. - ავიდეთ ფუნიკულიორზე? - დედას თითები მუჭში მოვიქციე. - მე და რამაზი ხშირად ავდიოდით,ხელიც იქ მთხოვა,- თქვა დანანებით. " რა ძალიან უყვარს.. მკვდარიც კი.. ნეტავ, მე თუ ვეყვარები ასე სოფოს? მაგრამ არა,არ მინდა ! მე რომ მოვკვდე და ასე ინერვიულოს,მეორედ მოვკვდები"- უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა. -ხოდა ავიდეთ,- ვეცადე მხიარულად გამომსვლოდა. - დღეს არა,აჩიკო..- ღიმილით შემომხედა.- მოდი,ყავა დავლიოთ სადმე, რამდენი ხანია არ ვყოფილვარ კაფეში. უფრო წამიხდა ხასიათი. მე და სოფო ლამის ყოველ დღე დავდიოდით კაფეში,ამ მხრივ დედა არასდროს დამიპატიჟია სადმე. ნერვები მომეშალა ჩემს თავზე. "ცუდი შვილი ვარ!"- სიბრაზით გავიფიქრე. -კარგი,- ვუთხარი და იქვე ახლო მდებარე კაფეში შევედით. დედამ სიამაყით გადმომხედა,როდესაც სკამი გამოვუწიე დასაჯდომად. -ისე,ხანდახან მამაშენის მანერები გაქვს,- გაიცინა. -ჰო?- ყრუდ ვთქვი. - ჰო.. გავხარ.. სულ მისი ასლი ხარ,-თბილი გამომეტყველებით დამაკვირდა. - ხასიათიც?-თვალი მოვჭუტე. - ო, ხასიათი ცოტა მძიმე გაქვს.. - მართლა? -კი.. ცოტა უჟმურიც ხარ. - კიდევ?- გამეცინა. - ცოტა უყურადღებოც. -მართალი ხარ,- თავი დავუქნიე. - არა, საწყენად არ მითქვამს..- შეცბა ჩემს გამეხებულ ღიმილზე.- შენ ჩემი შვილი ხარ და მე ყველანაირი მიყვარხარ..უხეშიც,უჟმურიც, მოსიყვარულეც.. - არ მწყენია,- ვეცადე რაც შეიძლება ბუნებრივად გამეცინა. არ გამომივიდა,შემატყო. - გეწყინა,- სევდინად მითხრა და ჩემსკენ გადმოიწია.- აჩიკო, ახლა ყავას რომ მივირთმევთ, იქ წამიყვანე,სადაც გქონდა ჩაფიქრებული. ადგილზე შევხტი. - რა მქონდა ჩაფიქრებული? - რამაზის საფლავზე უნდა აგეყვანე,ვიცი.. -დედა..? - ჰო, ნუ იცრუებ.. ვიცი,რომ გარდაცვლილია.. ვერ ვეგუები..მიჭირს..ძალიან მიჭირს..-ცრემლები მოაწვა. -დედა,გთხოვ..- ყელში მომაწვა სპაზმი. - ხან ისე ცხადად ვხედავ, მგონია,რომ ხელითაც შევეხები,- თქვა და მძიმედ ამოიოხრა. ხმა ვეღარ ამოვიღე. ვუყურებდი დედას და ცრემლი ტანში მეღვრებოდა. - დედასაც ვხედავ..ისევ ისე ქანაობს სხვენში ჩამობმულ თოკზე და მეც ისევ ხმაჩამწყდარი შევყურებ.. ამ ყველაფრის დავიწყება მინდა.. მთლიანი წარსული მინდა ამოვარდეს და წაიშალოს ჩემი გონებიდან.. არ გამომდის..- უღონოდ დახარა თავი. -მაპატიე,დედა..- ძლივს ამოვთქვი და მისი ხელები ჩემს ხელებში მოვიქციე. - შენ არაფერი გჭირს საპატიებელი,აჩიკო..ეს მე უნდა მაპატიო,დაგტანჯე. ვუყურებდი დედას და მიკვირდა,იმდენად საღად აზროვნებდა,თითქოს არც არასდროს ყოფილა ავად. სახლის კართან რომ მივედით, დედა შედგა და შეაყოვნა შესვლა. - გავყიდოთ ეს სახლი,აჩიკო,- მითხრა და სახელური დასწია. მივხვდი, ერთერთი გამოსავალი წარსულისგან გაქცევისა ,ამ სახლში ჩაბუდებული მოგონებები იყო. - გავყიდოთ,- შეფიქრიანებული დავეთანხმე. *** ღამე მშვიდად ეძინა დედას. სამჯერ შევიხედე მის ოთახში. მე მოუსვენრად ვწრიალებდი,ათასმა ფიქრმა მოსვენება არ მომცა. დილისკენ ისე ღრმად ჩამძინებია,მაღვიძარას ხმაც ვერ გავიგე. სწრაფად წამოვხტი და პირველი რაც მოვიმოქმედე,დედას ოთახში შევედი. თვალები ჭერისთვის მიეპყრო და გაუნძრევლად იწვა. - დედა?!- მივუახლოვდი და მსუბუქად შევანჯღრიე. - მოხვედი,რამაზ?- არც შემოუხედავს,ისე მკითხა. პირში სიმწარე ვიგრძენი. " ისევ დაეწყო"- გავიფიქრე და საწოლზე ჩამოვჯექი. - იცი? გუშინ აჩიკომ გამასეირნა.. სკვერში რატომ არ დამხვდი?!- თავი ჩემსკენ გადმოატრიალა და არაფრისმთქმელი მზერა მომაპყრო. - აჩიკო ვარ,დედა.. - ვინ აჩიკო?- წამოიწია და დამაკვირდა. -მოდი,წამლები დავლიოთ,- ტუმბოდან აბები ავიღე და მივაწოდე. - მე წამლები არ მჭირდება! " ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ან კლინიკაში უნდა გადავიყვანო,ან დამხმარე ავიყვანო."- გავიფიქრე სასოწარკვეთილმა. - კარგი,როგორც შენ გინდა,- უკან დავიხიე. გაკვირვებით შემომხედა. - მალე მოვა რამაზი? - კი დედა..მალე მოვა. - მართლა?!- სიხარულმა გადაურბინა სახეზე. - მართლა..მართლა.. - სადილი უნდა მოვუმზადო,- სწრაფად წამოდგა ფეხზე. - ჯერ ეს დალიე,გთხოვ..- ისევ მივაწოდე წამალი. - კარგი,- უცებ დამთანხმდა და ენის ქვეშ მოითავსა ვარდისფერი აბი. შვებით ამოვისუნთქე. სამსახურში ვეღარ წავიდოდი,სანამ მშვიდად არ დავიგულებდი დედას.უფროსს დავურეკე, უკმაყოფილება არ გამოუთქვამს,იცოდა ჩემი მდგომარეობა. - მწვანილები არ მქონია, აჩიკო!- სამზარეულოდან მომესმა დედას აფორიაქებული ხმა. ჩვენს ქუჩაზევე იყო ხილ-ბოსტანის მაღაზია. უცებ ჩავირბინე,ვჩქარობდი,მეშინოდა დედას მარტო დატოვება. სახლში ასვლისას, კართანვე შემომესმა ქვითინის და ჩხუბის ხმა. - აღარ დარეკო,თინა! აღარ! შენი ბრალია ყველაფერი! რომ არა შენი ენაჭარტალობის ამბავი, დედა თავს არ მოიკლავდა! შენი დანახვაც არ მინდა! დაივიწყე ჩემი არსებობა! გაოგნებული დავრჩი კართან. პირველად მესმოდა დეიდაჩემის ბრალეულობა ბებიაჩემის სიკვდილში. - დედა, რა ხდება?!- აკანკალებულს ყურმილის დაკიდვაც ვერ მოეხერხებინა. - არაფერი,- დაბნეულმა შემომხედა. - რა არაფერი?! გავიგონე! - მომიტანე მწვანილი?- ეცადა ყურადღება სხვაგან გადაეტანა. - რა დროს მწვანილია? ამიხსნი რა ხდება?! - დედაჩემს სხვა კაცი უყვარდა! - მომახალა და ატირდა. - რა? - ვერაფრით წარმოვიდგინე. - ჰო, უყვარდათ ერთმანეთი და ეს ყველაფერი მამაჩემის ბრალია! მან უბიძგა..ჰო,ნუ მიყურებ მასეთი თვალებით!- ლამის იერიშზე გადმოვიდა. - მერე?! - მე ვიცოდი..უფრო სწორად ვხვდებოდი და ძალიან მიხაროდა,თუნდაც ცოტა ხნით მაინც რომ იყო დედა ბედნიერი. მამა სულ სვამდა და დედას სცემდა, ზუსტად მორიგ ცემაში მიახალა თინამ, რომ დედას სხვა კაცი უყვარდა,- სიმწრით ჩაიცინა. ძლივს გადავყლაპე ნერწყვი,ისე მქონდა გამშრალი პირი. პირველად მესმოდა ეს ამბავი. - მაშინ მამამ სასტიკად სცემა დედა.. ის ხმა არ ამომდის ყურებიდან.. დედაჩემის განწირული ხმა.. მერე ჩვენც მოგვდგა. დედას დაემუქრა, მოგკლავ და ამათაც მოგიწვენ გვერდშიო.. იყო გამკეთებელი. იმ ღამეს მეზობელმა შეგვიფარა.. დილით კი..- გაჩუმდა. " დილით კი ბებიამ თავი ჩამოიხრჩო"- დავასრულე გონებაში. - ჰო..- ჩემს თვალებში წაიკითხა დედამ. - და თინას დღემდე ვერ პატიობ? - ვერა.. - ის ხომ ბავშვი იყო,დედა?! - თინა მაშინ ჩვიდმეტი წლის იყო, აღარ ეთქმოდა ბავშვი. - რატომ უთხრა? - არ ვიცი.. თინა ეგოისტია, ვერ აიტანა დედას წამიერი ბედნიერება.. სულ ემუქრებოდა, ვიცი ყველაფერი და მამას ვეტყვიო.. აშანტაჟებდა..აბა რამეზე შენიშვნა მიეცა, მაშინვე მუქარაზე გადადიოდა. ამის გამო ხშირად მქონდა კამათი თინასთან. შენც დედასნაირი ხარო, ზიზღით მეუბნებოდა. - ახლა ნანობს? - ამხელა უფსკრულს ვერ წარმოვიდგენდი, გაოცებული ვუყურებდი დედას. - თინა და სინანული? არაა.. მაგის ცრემლების არ მჯერა.. მან დედა მომიკლა! - კარგი, წამოდი, დაისვენე..- უცებ გამახსენდა,რომ სანამ ისევ აერეოდა გონება, წამალი უნდა მიმეცა. - რაღაცას ვაკეთებდი.. დამავიწყდა..- დაბნეულმა მიიხედ-მოიხედა. - მე გავაკეთებ, წამოდი შენ ცოტა ხანს დაიძინე,- ხელი მოვხვიე და გულზე მივიკარი. - აჩიკო, არასდროს აღმართო ხელი ქალზე.. ეცადე სითბო და სიყვარული აჩვენო და ის ასმაგად დაგიბრუნებს,- მითხრა და შუბლზე მაკოცა. სადილის გაკეთება მე ვითავე. რამოდენიმეჯერ შევიხედე ოთახში, დედას ეძინა. სოფოს დავურეკე, ნაწყენი ჩანდა. ავუხსენი სიტუაცია, მაინც ვერ გამიგო ბოლომდე. დააწვინე კლინიკაშიო, ცოტა უხეშად მითხრა.. არ მესიამოვნა და მეც ვეუხეშე. ბოლოს მიყვირა, აღარ დამირეკოო და ყურმილი დამიხეთქა. ისე გავმწარდი, კედელს ვურტყი მუშტები. მიუხედავად სიბრაზისა,მაინც გადავწყვიტე წავსულიყავი სოფოსთან და პირისპირ ამეხსნა მდგომარეობა. რადგან დედა მშვიდად დავიგულე, სახლიდან უჩუმრად გავედი. სოფო ჩემს დანახვას არ ელოდა. ისეთი შეცვლილი მეჩვენა, არ მესიამოვნა. ცივად შემხვდა, არც კი გადამკოცნა. სიტყვის თქმაც არ მაცადა ,ისე მომახალა. - აჩიკო, ჩვენ დავასრულეთ! - მიზეზი?- კბილებში გამოვცერი. - ჩემთვის არ გცალია, სახლში კი მუდმივი პრობლემა გაქვს. - შენ რა, არჩევანის წინაშე მაყენებ?! - მე ასე არ შემიძლია! - მედეა ცუდად არის,დახმარება სჭირდება.. ჩემს გარდა არავინ ჰყავს. - ხოდა დაეხმარე,- მხრების ჩეჩვით მითხრა. - ასე ზერელედ როგორ უყურებ?! - ბრაზმა მომიცვა. - აჩიკო, მარტო ეს არ არის მიზეზი.. - აბა?! - მედეას სერიოზული ფსიქიკური პრობლემა აქვს, ეს გენეტიკურად გადადის, ვაი,თუ მერე.. - რა მერე?!- სისხლი ამაწვა თავში. - ჩვენი მომავალიც.. არ ვიცი..მეშინია და სჯობს აქვე დავასრულოთ. " ნუთუ ეს ქალი მიყვარდა?"- გავიფიქრე და მივხვდი, რომ წარსულში ვახსენე. მართლაც წუთში დასამარდა ჩემი გრძნობა სოფოს მიმართ. გულისრევაც კი ვიგრძენი. დამშვიდობების ღირსადაც არ ჩავთვალე, ისე წამოვედი,უკან აღარც მიმიხედავს. სახლში მივედი,დანა პირს არ მიხსნიდა. დედა სამზარეულოში დამხვდა. დამშვიდებული და აზრიანი თვალებით. - სად იყავი, აჩიკო? - ცნობისმოყვარედ დამაკვირდა. - საქმეზე,- მოკლედ მოვუჭერი. - დიდი ხანია სოფო აღარ მოსულა ჩვენთან, ხომ არ იჩხუბეთ? ადგილზე შევხტი. ალბათ სახეზე მეწერა ყველაფერი. - დავშორდით,- ხმადაბლა ვთქვი. - რატომ? რამე ხომ არ აწყენინე?- აფორიაქდა. - არაფერი დედა.. უბრალოდ მივხვდით, რომ ასე სჯობია. - აღარ გიყვარს? - აღარ.. - მიზეზი, აჩიკო? რა მოხდა? გიჟდებოდი სოფოზე..ასე უცებ არ ქრება სიყვარული. - ზუსტად უცებ ქრება, დედა,- დანანებით ჩამეცინა. - მაპატიე, აჩიკო,- ზურგიდან მომხვია ხელები და ნიკაპი თავზე ჩამომაყრდნო. - რაზე,დედა?- თვალები დავხუჭე. - იცი შენ..- თქვა და თავზე მაკოცა. იმ წუთში სიკვდილი ვინატრე, გულწრფელად მინდოდა ღმერთს წავეყვანე, ოღონდაც დედა არ მიმხვდარიყო მიზეზს. ღამე დედასთან დავწექი, როგორც მაშინ, ბავშვობაში, ისე ჩავრგე მის ყელში ცხვირი და დიდხანს, დიდხანს ვიმახსოვრებდი დედის სუნს. ჩემზე მკლავებმოხვეული გაუნძრევლად იწვა. გული ისე აუდ-ჩაუდიოდა, ვგრძნობდი,რომ მოწოლილ ცრემლს ყლაპავდა. " არასდროს მიგატოვებ..არასდროს!"- ვიმეორებდი გონებაში. *** -ეს ქალბატონი ხომ არ გინახავთ?!- ყველა გამვლელს ვეკითხებოდი და დედას შავ-თეთრ ფოტოს ვაჩვენებდი. -არა.. -უკაცრავად,არა.. - არა, არ მინახავს.. თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი სკვერისკენ,იმედი მქონდა იქ დამხვდებოდა სკამზე მჯდომარე. გიჟივით ავირბინე კიბე და უიმედოდ ჩამოვყარე მხრები. " დედა" "დედა" "დედა" გული თავისით აყვირდა. *** მამაჩემის საფლავზე იწვა. ვარდისფერი აბების ყუთი ცარიელი ეგდო მის თავთან. დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.