შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულო გალაქტიკები


5-03-2023, 23:45
ავტორი ლიცია
ნანახია 638

ყველაფერი ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო სანამ პირველად ვიტირებდი მკვეთრი შუქის, სიცივის და უსიამოვნო აურის გამო, ან იქნებ უფრო ადრეც. როგორც წესი ამბავი ჩვენს დაბადებამდე იწყება, სხვადასხვანაირად, მაგრამ ჩვენგან დამოუკიდებლად, უნებართვოდ ისე, როგორც უამრავი ადამიანი და მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში.ალბათ მაშინვე იცოდა ვიღაცამ სადღაც, რომ მე უსასრულო სამყაროს წერტილივით პლანეტის, ასეთივე პატარა ქვეყნის,სკოლის ფსიქოლოგი ვიქნებოდი და ამ პატარა სკოლაში უსასრულობები ივლიდნენ. უსასრულო დარდებით, ფიქრებით, განცდებით და ბედნიერებებით.
კვირაში რამდენჯერმე მსგავსი ფიქრებით ვაღებ დიდი მწვანე შენობის ყავისფერ კარს და თვალებით ვეძებ უსასრულობებს, რომლებიც იკავებენ ჩემს პირდაპირ მდგომ სკამს და ყვებიან მრავალწერტილებით, გრძნობენ და განიცდიან ბევრი კითხვისა და ძახილისნიშნით, არასოდეს იყენებენ მძიმეს და არც წერტილს სვამენ სადმე. უბრალოდ სხედან და ყვებიან. შიგადაშიგ ამომხედავენ მწვანე, შავი ან თაფლისფერი, მოციმციმე ან ჩამქრალი თვალებით და აკვირდებიან ჩემს რეაქციას, ემოციას და ეძებენ პასუხებს ჩემგან და ჩემში. ეძებენ გზებს როგორ გამოვიდნენ ჩიხიდან ან ლაბირინთიდან, მაგრამ მე არასდროს მაქვს მზა პასუხები, მე მხოლოდ ერთი ხიდის მოაჯირი ვარ, ისიც დროებითი, მეორე ნაპირამდე მისასვლელად და მხოლოდ უკიდურესი გაჭირვების ჟამს დასაყრდნობად, შემდეგ კი ვქრები. ესაა და ეს მთელი ჩემი უსასრულობა და ჯადოსნობა. მთელი ჩემი სამსახურის ტრაგიზმიც და ბედნიერებაც.
დროთა განმავლობაში უსასრულო მაგნიტებს ისე მივეკარი საკუთარ თავში ყოველ წუთს ვებრძვი მოულოდნელად გაჩენილ მიკუთვნებულობის განცდას. და მაინც დილის ათ საათზე ჩემს მაგიდასთან ასვეტელ მაღალ სხეულს ვხედავ. დამინახა თუ არა ჩემსკენ გამოიწია. ისევ დავინახე მოლოდინისფერი თვალები და თქმა დავასწარი -ისევ რაღაც მოხდა. გაეღიმა და თავი დამიქნია -ისევ აურზაური, მიდასტურებს ღიმილიანი სახით, გცალიათ? წარბები ერთმანეთთან ახლოს მიმაქვს, სახეს ვჭმუხნი, ხვდება ჩემს პასუხს
- როგორც ყოველთვის ისევ გარბიხართ, მაშინ შემდეგ იყოს.
- ძალიან სასწრაფოა? შემიძლია ცოტა ხანს დავრჩე.
-აღარაფერი შეიცვლება ასე რომ მოგვიანებით იყოს.- სევდიანი ღიმილით დამემშვიდობა და მოლოდინის რეჟიმში დამტოვა.
საუბარი დროებით გადაიდო. მეთერთმეტე კლასში გაკვეთილზე შევდიოდი,ნახევარი კლასი მესწრებოდა, თეთრი, ცივი კარი გამოვაღე და ოთახის შუაში სკამზე დავიკავე ადგილი. ფერადი გალაქტიკები წამოიშალნენ, სკამები აიღეს და ჩემს ირგვივ წრეზე დასხდნენ.
- აბა დღეს რას ვშვებით?- მეკითხება ყავისფერი აციმციმებული თვალებით,
- დღეს მინდა ერთმანეთის სულის ფერები დავინახოთ, ვეუბნები ღიმილიანი სახით და თავს ვაქნევ დარწმუნების ნიშნად. ოთოს ეცინება
- კაით რა, რაღაც უცნაურს ვაკეთებთ ხო? ,
-იმაზე უცნაურს არა რაც აქამდე გაგვიკეთებია, - მეცინება მეც, შემდეგ თვალს ყველას ერთად ვავლებ და წრეზე დადგომას ვთხოვ.
- ხელები გაშალეთ, ხელის გულები ჩემსკენ შემოატრიალეთ, მე მუსიკას ჩავრთავ, თქვენ უბრალოდ ერთმანეთის პირისპირ დადექით თვალებში უყურეთ და თუ სურვილი გექნებათ იმოძრავეთ, ხელები პარტნიორის ხელებთან ახლოს გქონდეთ, დააკვირდით თქვენს შეგრძნებებს, თუ სურვილი გაქვთ შეეხეთ ერთმანეთს, ყოველი მუსიკის ცვლილებასთან ერთად ვიცვლით პარტნიორსაც. აშკარად დავაინტერესე, ზოგი მონდომებულია, ზოგი არ იმჩნევს, ეღიმებათ და ერთმანეთის ყურებას იწყებენ. ოთახს ვალსი ფერებით ავსებს, მზის სხივები ოთახის ნახევარს ანათებენ, ლეო დაჟინებუთ უყურებს ლილის, ლილი თავიდან ისტერიულ სიცილს იწყებს, ლეო არც კი იღიმის, მომენტალურად ლილიც ითიშება, თითქოს ლეოს შავ უსასრულობაში ჩაიკარგა, მისმა მზერამ ლილის უხერხულობა შთანთქა, მომენტალურად ლილი სიცილს წყვეტს, თაფლისფერები შეშდებიან, მოძრაობასაც წყვეტენ, მტვრის ნაწილაკები ჰაერში იყინებიან, ლილი წამის მეათასედით ფრთხილად ახებს თითებს ლეოს თითებს, თითქოს იქედან წამოსულმა მუხტმა შეაშინა, შემდეგ უკან აბრუნებს და ეღიმება, გულრწფელად, ღრმად, ნამდვილი ემოციით, ახლა ლეო იხრება ლილისკენ, ძალიან ფრთხილად ეხება თითის ბალიშებით, მეორე მხრიდან წამოსული დაბნეულობა არ აშინებს და დაჟინებით აგრძელებს ყურებას. იმ წამს უძრაობიდან, სადღაც შავი გალაქტიკის სიღრმეში თაფლისფერი სითბო წამოვიდა. მეღიმება, თითქოს მეც ვგრძნობ რაღაც ახალს. გიორგი და ნუცა სიცილისგან წითლდებიან, ხან ერთი ფხუკუნებს ხან მეორე და ერთმანეთს აცინებენ,თითქოს ზედმეტად არასერიოზულად აღიქვამენ ყველაფერს, მაგრამ მალევე ოთახში გავრცელებული ველი მათაც ითრევს, შემდეგ უბრალოდ ჩერდებიან, უყურებენ და სანდომიანად უღიმიან ერთმანეთს. მეცნიერი ნიკა ყველას გვაკვირდება, მის წინ მდგომი ანა კი ნიკას, ვიცი რამდენად რთულია მისთვის ახლა ანას გალაქტიკების შემჩნევა, უჩევნია თავი აარიდოს, უკუკავშირის დროს კი ისაუბროს იმ ლოგიკაზე, რომელიც ამ მოქმედებაში დევს. ანას დაჟინებული მზერა მაინც აიძულებს ნიკას თავის მიტრიალებას, არც იღიმის, არც იძაბება, უბრალოდ იკარგება, შემდეგ ისევ ბრუნდება და ისაა ვინც საუკუნეა აღარ ყოფილა, საკუთარი თავი. ლოგიკისა და აიქიუსგან შექმნილი აბჯარი მძიმედ ეცემა იატაკზე, ანა იღიმის, ნიკა საოცრად მსუბუქია. ვაკუმისგან გამოსული სხეულის თაფლისფერები ნაცრისფერში ირევა და რაღაც ახალ ფერს ქმნის. ოთახში ვალსის მელოდიის ფონზე გეფიცებით ჩრდილოეთის ციალი ცეკვავს, ისაა რაც უნდა იყოს, იმას გრძობენ რაც არის. იმდენად ლამაზები არიან ახლა, ყველანარი ტანსაცმლისგან და სტერეოტიპებისგან შემოძარცვულნი, უსასრულო ფერადი გალაქტიკები, ვეღარ ვიტევ ჩემში გაჩენილ ემოციებს, ღიმილად იღვრებიან და მათ ღიმილს უერთდებიან, ჩემი ცისფერები ახლა ანათებენ. არ უნდათ შეჩერდნენ, მეც ხელი გამიშეშდა და მელოდიას ვერ ვაპაუზებ, წამს ვიჭერ, ვფიქრობ ისინიც, მაგრამ მაინც დასრულდა.
ისევ წრეზე სხდებიან, უკუკავშირს არცერთი იწყებს, თითქოს ართქმული სიტყვები ჰაერში იფანტებიან და ჯერ არშეცნობილ ველს ქმნიან. გულის ყველა გატოკებას ვგრძნობ და მისი ხმა მაყრუებს, ველოდები ვინ იქნება პირველი. იღიმიან, მეჩვენება, რომ ეს სხვა ღიმილია, აღარც ცინიკური, აღარც უხერხული, აღარც ისეთი, როგორიც ბავშვობაში. ბუნებრივია და საოცრად მეტყველი. მათ თვალებში აღბეჭდილი უამრავი ფერი ჩანს. ძალებს ვიკრებ, -დაინახეთ?, ვეკითხები ღიმილით,
-იყო რაღაც,- მეუბნება ნიკა.
- როგორი იყო ეს ,,რაღაც’’?
-არალოგიკურად ლოგიკური და ძალიან ლამაზი, -იღიმის და მეღიმება მეც.
არავინ საუბრობს, აღარცაა საჭირო. ზარის ხმა მესმის, დასრულდა ვფიქრობ,- შემდეგისთვის განვაგრძოთ- ვიღიმი და ისევ თავს ვუქნევ დარწმუნების ნიშნად. თითებით ვეხები გამთბარ კარს და დერეფანში გამოდივარ. გალაქტიკები დარბიან,ერთმანეთს ასკდებიან, უღიმიან, ეკამათებიან, თვალებით ტკივილებს და ბედნიერებებს აზიარებენ. რამდენია, რამდენი ისტორიაა, არ იციან რამდენად უსასრულოები არიან. მეღიმება, ყველაფერი წინაა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent