შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომუნისტი (მეშვიდე თავი)


20-03-2023, 16:59
ავტორი murachashvili
ნანახია 2 101

7 თავი

ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა რა ემოცია მოჰყვა ფირის გამოჩენას, ამიტომ და-ძმის რეაქციების აღწერით თავს არ შეგაწყენთ, თუმცა იმას ნამდვილად გეტყვით, რომ იმ საღამოს საკუთარი თავით მეც ამაყი და კმაყოფილი ვიყავი. ასეთი ემოციებით დატვირთული გრძელი ღამე არასოდეს ყოფილა, წინ რთული და თავგადასავლებით სავსე გზა კი გველოდა, მაგრამ მაინც შინაგანად კმაყოფილი ვიყავი.
როგორც იქნა გათენდა და მეც მომეცა საშუალება დღის შუქზე დამენახა ჩვენი დროებითი სადგომი.
ხეობაში მყოფ, ერთ-ერთ პატარა, ყველასგან მიტოვებულ სოფელში ვიმყოფებოდით. მთებით გარშემორტყმული დასახლებას ცენტრალური გზისგან მდინარე ყოფდა, სოფელი ტყის მასივში ისე იყო ჩაფლული არც ჩანდა, შემთხვევითი მგზავრი იქ ალბათ ვერც მოხვდებოდა. ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად-ერთი დამაკავშირებელი ბეწვის ხიდი იყო, რომელიც წუხელ ავტომობილით გადმოვკვეთეთ. ხიდი იმდენად იყო დაზიანებული გამიკვირდა კიდეც, როგორ მოახერხა აჩიმ გადმოსვლა.
სუნთქვა შეკრული ვუმზერდი ხშირი ტყის საფარით დაფარულ მთებს, სიმაღლის ცვლასთან ერთად ნელ-ნელა რომ მეჩხერდებოდა, მოშიშვლებულ წვერებს ალაგ-ალაგ ჯერ კიდევ შერჩენილი ქონდა თოვლი. საქართველო ლამაზი ქვეყანა იყო, მაგრამ ვაღიარებ ამ ადგილმა ნამდვილად მომხიბლა.

შეთანხმებისამებრ გამთენიისას დავიშალეთ, აჩი ისევე უხმაუროდ გადავიდა ხიდზე, როგორც მოვედით. ჩვენც გავანადგურეთ ჩვენი იქ ყოფნის დამადასტურებელი ფაქტები, ავიკიდეთ ტვირთი და გზას დავადექით. ვუმზერდი თავზე წამომდგარ მთას, ჩვენი სამიზნე სწორედ ის გახლდათ. თითქოს აქვე იყო, ხელის გაწვდენაზე, მაგრამ რაც უფრო ვუახლოვდებოდით, უფრო გვშორდებოდა.
სიტყვაუხვობით არცერთი არ გამოვირჩეოდით. მძიმე ზურგჩანთები არ გვქონდა, გზაში თანდათან დამძიმდა, თავიდან თუ სწრაფად მივდიოდით, ნელ-ნელა სიჩქარეც შევამცირეთ. თითქოს ფიზიკურად სპორტულ ფორმაში მყოფს, არ უნდა გამჭირვებოდა სიარული, მაგრამ ტყე-ტყე, ბილიკ-ბილიკ სიარული სულაც არ გავდა სტადიონზე სირბილს. აჩის რჩევას ვითვალისწინებდით, გვერდს ვუვლიდით ნებისმიერ დასახლებულ პუნქტებს, მწყემსებს. თითქოს ჯიბრით მზემ დააჭირა, ვერაფრით ვიფიქრებდი მთაში შუადღით ასეთი მწველი სიცხე თუ იქნებოდა. გზადა-გზა ვიხდიდით სამოსს, მანჩო არ წუწუნებდა, ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ ვატყობდი ვეღარ მოდიოდა. ცოტახანს შესვენება ნამდვილად არ გვაწყენდა. ტყის შუაგულში ერთი პატარა მდელო იყო. სხვადასხვა სახეობის მინდვრის ყვავილები თითქოს განგებ პეშვით მოეპნიათ. შუაში წყარო მოჩუხჩუხებდა, ამაზე უკეთეს ადგილს გასაჩერებლად ვერც კი ვინატრებდით. ბრტყელი სიპი ქვა ვიპოვეთ, მაგიდის ფუნქციას ნამდვილად შეითავსებდა. ზურგჩანთებიდან საგზლად წამოღებული ბუტერბროდები ამოვალაგეთ და ისე ხარბად მივირთვის თითქოს საუკუნის უჭმელები ვყოფილიყავით.
გამოკვებილები, ცივი წყაროს წყლით გაგრილებულები მინდვრის ყვავილებით გადაპენტილ სარეცელზე ვიწექით და ცაში მოცურავე თეთრ ღრუბლებს ისე ვუმზერდით თითქოს არც პრობლემები გვქონდა და არც სადარდებელი.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავით ასე, იმდენად მესიამოვნა მოდუნება, მგონი წამთვლიმა კიდეც. აზრზე მანჩოს ხმამ მომიყვანა.
- გზას თუ არ გავაგრძელებთ, ტყეში დაგვაღამდება.
ბარგის ჩალაგებას დიდი დრო არ ჭირდებოდა, ჩანთებში სიმძიმე ისე გადავანაწილე, რომ ტვირთის ძირითადი ნაწილი ჩემზე გადმოსულიყო, მზე გადავიდა თუ არა, ისე აცივდა თბილი ქურთუკები ჩავიცვით.
მალე დაბნელდა, გზას ფანრები გვინათებდა, მივიწევდით წინ და ტყე მისი ხმაურით გვაცილებდა. უცნაური ხმა აქვს ტყეს, დაკვირვებიხართ? თითქოს სიჩუმეა, მაგრამ სადღაც ფოთოლი შრიალებს, შორიდან ბუკნაჭოტის ხმა ისმის, ნადირი ყმუის, სადღაც კი იარაღსაც ისვრიან. ხშირ ტოტებში ალაგ-ალაგ აღწევდა ვარსკვლავების ნათება. ჩვენ კი, იმის ნაცვლად რომ შეგვშინებოდა, დაღლილები აჩის დატოვებულ რუკას მივყვებოდით, არადა გზა არ სრულდებოდა.
შუაღამეს კაი ხნის გადაცდენილი იყო, სიბნელეში გზის გაკვლევა გვიჭირდა. მართალია აჩისთან ორივემ ერთხმად ვთქვით, რომ რუკის ცნობა შეგვეძლო, მაგრამ აღნიშნული ცარიელი კვეხნა გამოგვივიდა. ჩვენი გამოთვლით, წესით მონადირეების ქოხამდე ბევრად ადრე უნდა მივსულიყავით, ერთმანეთს არ ვუტყდებოდით, მაგრამ აშკარად აგვერია. ერთი და იგივე ადგილას რამდენიმეჯერ რომ გავიარეთ, მხოლოდ მაშინღა ვაღიარეთ წრეზე რომ დავდიოდით. სხვა გზა არ გვქონდა. უაზროდ ასე სიარულს, ისევ იქვე დაბანაკება ჯობდა. საგზლის ის მცირე ნაწილი, რაც სადილის დროს გადაგვირჩა, სასაუზმოდ ვიმყოფინეთ. არ მეგონა საველე პირობებში ყოფნა ღია ცის ქვეშ ღამის გათევასაც თუ გულისხმობდა. ფიქრებში ჩაძირული მიწაზე მწოლიარეები, საძილე ტომრებში შეფუთულები ვუყურებით ცეცხლის ალისგან ოდნავ განათებულ ქვემოდან მომზირად პირდაფჩენილ ხევს და ნელ-ნელა ვეთიშებოდით რეალურ სამყაროს.
არ ვიცი რამდენ ხანს გვეძინა, მაგრამ როცა თვალები გავახილე, მზე ნელ-ნელა ცდებოდა მთის წვერს. მანჩოს ალბათ შეცივდა, ტომარაში ისე ჩამძვრალიყო სახეც არ უჩანდა. ნაღვერდალს ჯერ კიდევ ასდიოდა კვამლი. მაგრამ წუხანდელისგან განსხვავებით მარტონი არ ვიყავით. სავარაუდოდ 30-35 წლამდე მამაკაცი ჩვენ ჩანთებში უცერემონიოდ იქექებოდა. საფულეები ისე მიყარა, რთული მისახვედრი არ იყო, რომ თანხას არ ეძებდა. იარაღი იმდენად შორს იყო ვერ მივწვდი, არადა მისი წელში უდიერად გაჩრილი პისტოლეტი ავისმომასწავლებლად იმზირებოდა. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, იქვე მიგდებულ ხის ტოტს დავწვდი და შეძლებისდაგვარად უხმაუროდ წამოვდექი.
დაკვირვებიხართ, რომ რაც უფრო ცდილობ ჩუმად იმოძრაო, ზოსტად მაშინ იწვევ ყველაზე მეტ ხმაურს? ასე დამემართა მეც. ფეხქვეშ ტოტი ისე გატყდა, მეგობა ზალპი გასკდა. ჩემგან განსხვავებით უცნობს წამიც არ დაჭირდა რეაგირებისთვის, იარაღის ლულის შუბლზე შეხებისას ინსტინქტურად თვალები დავხუჭე. სულ მაინტერესებდა რას გრძნობდა ადამიანი სიკვდილის წინ. თურმე არაფერს. დამეფიცება შიშიც კი ვერ ვიგრძენი. გახევებული მხოლოდ საკუთარ გულისცემას ვუგდებდი ყურს და ველოდი როდის გამოკრავდა სასხლეტს ხელს, თუმცა არ ჩქარობდა. ეს რამდენიმე წამი საკმარის აღმოჩნდა ელდისა და შიშის გადასალახად, თვალები გავახილე და წინ მდგომს დავაკვირდი. შავი თვალებით მუქარით მიმზერდა მომხდური.
- სადაა წიგნი? - ქართული აქცენტით ინგლისურად წარმოთქმულმა ფრაზამ რეალობაში დამაბრუნა.
- ინგლისურად არ ვსაუბრობ. - არ მინდოდა შიში შემტყობოდა, მაგრამ ხმამ მაინც გამყიდა.
- სადაა წიგნი, თუ არც რუსული იცი? - გაღიზიანებულმა იარაღის ტარი ისეთი ძალით გამარტყა სახეში, რომ წონასწორობა ვეღარ შევიკავე და წავიქეცი.
- არანაირი წიგნი არ არსებობს. - პისტოლეტ მომარჯვებული ზიზღით უმზერდა მანჩო ვაჟს.
- სადაა წიგნი? - ქალიშვილის ხელში იარაღი საფრთხედ აშკარად არ აღუქვია, ამჯერად მისკენ დაიძრა.
- ნუ მაიძულებ გესროლო! - ჰაერში გამაფრთხილებლად გაისროლა გოგონამ.
საბრძოლო ხელოვნებაში დიდად ვერ ვერკვეოდი, მაგრამ იმას კი ნამდვილად მივხვდი, რამდენად პროფესიონალურად განაიარაღა მამაკაცმა.
- გმირობანა არაა ქალის საქმე! - საკუთარი პისტოლეტივე მიადო მკერდზე.
პირის ღრუ სისხლით ამევსო. ვაჟკაცობაზე პრეტეზია არასოდეს მქონია, არც ორთაბრძოლების მცოდნედ გამომიდია თავი, არ ვიცი ან მხნეობა საიდან მოვიკრიბე, ან ძალა საიდან მომივიდა, ერთი ნახტომით დავფარე ჩვენ შორის არსებული მანძილი, ჩემგან წინააღმდეგობას აშკარად არ ელოდა, ვაჟს ხელიდან გაუვარდა იარაღი, მოწყვეტით გადავარდა უფსკრულისკენ და მეც გადამიყოლა, სამწუხაროდ თავის შეკავება ვერც მე მოვახერხე გორაობით დავეშვი პირდაფჩენილი ხევისკენ. ვცდილობდი შეჩერებას, გზა და გზა ბალახებსა და ფესვებს უშედეგოდ ვებღაუჭებოდი, თუმცა საბოლოოდ მაინც ფოთლებში ჩავვარდი, უკანასკნელი რაც ვარდნისას ვიგრძენი ტორსის ქვეშ დაყოლილი ფეხი იყო, წვივი ისე მომყვა ტკივილისგან გონება დავკარგე.
არ ვიცი ასე რამდე ხანს ვიყავი, შეიძლება წუთები შეიძლება საათებიც. გონს რაღაც სველი, ხაოინის შეხებამ მომიყვანა. თვალების გახელა და სიმწრით ისევ დახუჭვა ერთი იყო, თავზე ვეებერთელა თავგასიებული მეცხვარე ძაღლი დამდგომოდა და ისე მაკვირდებოდა თითქოს ვერ გაერკვია რა ჯიშის ცხოველი ვიყავი. ძაღლმა თავიდან ბოლომდე შემისწავლა, ადგილი არ დარჩა რომ არ დავეყნოსე და წკმუტუნითა და ყეფით გაიქცა.
შორს ჩანდა ადგილი, საიდანაც სულ ცოტა ხნის წინ ვიფქრინე, არც კი მჯეროდა იქიდან გადმოვარდნილი ადამიანის გადარჩენის შანსი თუ არსებობდა. რის ვაი-ვაგლახით წამოვდექი, თითქოს მოტეხილი არაფერი მქონდა, მაგრამ ფეხი ისე მტკიოდა სიარულს ნამდვილად ვერ მოვახერხებდი. გარემო ყურადღებით დავათვალიერე, ხევის სიღრმეში გაუნძრევლად ეგდო უცნობი მომხდური, მისი სხეულის გარშემო არსებული სისხლის მოზრდილი გუბე კარგზე არაფერზე მიუთითებდა.
ცხოვრება უცნაურობებითაა სავსე, რეალური საქართველოს გაცნობის თაობაზე უწყინარი სურვილი, ვერც კი მივხვდი სახიფათო თამაშში როგორ გადაიზარდა, აქამდე თუ მხოლოდ ძებნილი ვიყავი ყველა სიკეთესთან ერთად მკვლელადაც ვიქეცი.
- პიერ, პიერ! - წერტილივით მოჩანდა მანჩოს ჩიჩილაკივით გაჩეჩილი თმა.
ხელი დავუქნიე - სიარულს შეძლებ?- ნატკენ ფეხზე ვანიშნე - დამელოდე, არსად წახვიდე! - ისე ჩამომძახა, თითქოს იქ ყოფნის გარდა კიდევ მქონდა სხვა არჩევანი.
ალბათ, საათზე მეტი მაინც გავიდა. ფეხის ტკივილი უფრო და უფრო მემატებოდა, მანჩო კი არადა არ ჩანდა. იმედი გადამეწურა, იქვე დაგდებული მოზრდილი ხის ტოტი ავიღე, ყავარჯნის მაგივრობას გამიწევდა და ნელ - ნელა გავყევი ბილიკს საითაც ცოტა ხნის წინ ბანჯგვლიანი არსება გაიქცა.
- ხომ გაგაფრთხილე არ გემოძრავა?! - ხელნაკეთ ყავარჯენზე დაყრდნობილს მოულოდნელად წინ ამესვეტა ცხენებზე ამხედრებული მანჩო და ცოტა არ იყოს და უცნაურად ჩაცმული მამაკაცი. ჩემ წარმოსახვაში ზუსტად ასეთი იქნებოდა თოვლის კაცი, ჭაღარაშერეულ წვეროსანს მხრებზე ლაბადის ფორმის, კუბიკივით, უხეში შავი შალის მოსასხამი მოეხვია და თავზეც ცხვრის ტყავისგან შეკერილი მრგვალი გაბურძგნილი ქუდი ეფარა.
უსიტყვოდ ჩამოქვეითდა უცნობი, ცხენზე შეჯდომაში დამეხმარა და თავადაც უკან შემომიჯდა.
აშკარად კარგად იცნობდა იქაურ გარემოს, სწრაფად და თამამად მიაგელვებდა ბედაურს, ცხენი არც კი იმჩნევდა ზედმეტ მგზავს, ლაღად მიაპობდა სივრცეს. ტოლს არ გვიდებდა მანჩოც, თავიდან გვერდით მოგვყვებოდა, მაგრამ მალევე მოსწყინდა და წინ გაიჭრა. სუნთქვა შეკრული ვუმზერდი ველურ ამორძალს. ულამაზესი სანახავი იყო მწითურ ცხოველზე ამხედრებულ, ცხენი და ქალი თითქოს ერთ არსებად ქცეულნი, ქარი უწეწავდა გრძელი თმას, მაგრამ გოგონას სულაც არ ადარდებდა.

დიდხანს არ გვივლია, სულ რამდენიმე წუთში ავიარეთ აღმართი, რომლის გავლასაც ფეხით ალბათ მთელ დღეს მოვანდომებდით. ფერდობებზე ტყე ნელ-ნელა შეთხელდა და ბალახმა შეცვალა. იმდენად საოცარი სანახაობა გადამეშალა თვალწინ რომ ფეხის ტკივილიც დამავიწყდა. ფერდობებზე შეფენილი ცხვრის ფარა თეთრი ბურთებივით მიმოპენტილიყო. იქვე ცანდა მწყემსების სადგომიც. ხის მცირე ქოხების ფორმის ნაგებობებს ალბათ სადგომებად იყენებდნენ, იქვე ჩანდა რკინის სათლები და ღია ფაცხებში კაუჭებზე ჩამოკიდებული ტომრები და ხურჯინები.
შორიახლოს ჩვენი თანამგზავრის მსგავსად ჩაცმული მამაკაცი ბალახზე იჯდა და დრო სალამურზე დაკვრით გაყავდა, ბომბორა ძაღლიც პატრონს უმშვენებდა გვერდს. შორიდანვე შეგვნიშნა ოთხფეხა მეგობარმა, ყეფითა და წკმუტუნით გამოიქცა შესაგებებლად, დინჯი ნაბიჯით მოგვიახლოვდა მწყემსიც. ჩვენ თანამგზავრთან შედარებით მწყემსი ბევრად ახალგაზრდა ჩანდა, სახეს მუქი ფერის წვერი უფარავდა, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა სახის ნაკვთები იმდენად მიუგავდათ ერთმანეთს მამა- შვილი თუ არა, ერთმანეთის ნათესავები ნამდვილად იქნებოდნენ.
ცხენიდან დახმარების გარეშე ჩამოვხტი და მტკივანმა ფეხმაც მყისიერად შემახსენა თავი. ნაბიჯის გადადგმა ვეღარ მოვახერხე.
წონასწორობის შესანარჩუნებლად ხელი შემაშველა ახალგაზრდა მწყემსმა. ბაჟი გამოცდილი ეტყობოდა პირველად დახმარებაში, უცებ დატრიალდა, თითებით შეამოწმა მოტეხილი ხომ არ მქონდა ფეხი, ჩემდა გასაკვირად ჩანთითად ქათმის კვერცხები ამოალაგა, დაამტვრია, ფქვილში აურია, მარლისებულ ნაჭერში ამოავლო და გასიებულ წვივზე შემომავხია.
- აცადეთ გაშრეს, ცოტახანს არ იმოძრაოთ! - დამარიგა მაშველად მოვლენილმა „ექიმმა“.
- რაც მტავარია მოტეხილი არაა, სახვევს თუ არ მოიხსნი, რამდენიმე დღეში ირბენ კიდეც. - კმაყოფილი ჩანდა მანჩო.
- რა დამადო, ექიმბაშია?!
- ცხვარში ყოფნისას ბევრ რამეს სწავლობ. - გამართული რუსულით მიპასუხა ვაჟმა- მთაში ტრავმატოლოგს ვინ მოგვიყვანს, თაბაშირის ნაცვლად კვერცხს და ფქვილს ხშირად ვიყენებთ.
დამატებით ფიქსატორის ნაცვლად აქეთ-იქიდან სიგრძეზე ტოტები დამამაგრეს და შარფით არტახისებურად მჭიდროდ ისე გადამიჭირეს რომ დაბიჯებისას ტერფი მიწაზე არ დამედგა.
- ამაი, ცხორში ყოფნა გაუჭირდების! - მანჩოს მიმართა შედარებით ასაკიანმა, მართალია მისი სიტყვების მნიშვნელობას დიდად ვერ ვიგებდი, მაგრამ იმდენს კი მივხვდი, რომ საუბარი ჩვენს მომავალს ეხებოდა - არც ქალის ალაგია ამფერ ჭიუხში, თორღვა ამაღამ სოფლად წაგიყვანთ!
- თქვენი შეწუხება არ გვინდა, თუ ცხენებს გვათხოვებთ...
- იყუჩე, შვილო!.. - მკაცრად გააჩუმა კაცმა - თავს ხიფათ რამ არ აუტეხოთ. მთას მისი წესები აქვს, ქალის ფეხი ყველგან არ დაიდგმის და არც ყველაფერი ითქმის.
მანჩომ დამნაშავე ბავშვივით დახარა თავი. ჩემთვის აზრი ცხადია არც არავის უკითხავს.
შებინდებისას დათქმულივით ამოძრავდა ფარა, თითქოს ცხოველებმაც და ადამიანებმაც ზუსტად იცოდნენ მათი როლი, აქამდე პატრონის ფეხებში ზანტად მწოლიარე თავგასიებული ძაღლი, ახლა ძუნძულით ურტყამდა ფარას წრეს, ბატკნებსა და ალაგალაგ გაბნეულ ცხვარს ერთად უყრიდა თავს. ახალგაზრდა მწყემსი შეძახილებით ერეკებოდა ცხვარს საბძელისკენ. იქვე იყო მანჩოც. ერთ-ერთი მწყემსის გახუნებულ, მონაცრისფრო „ბუშლატა“-ში გამოწყობილ გოგონას ფეხებზე მათივე ბევრად დიდი ბოტები ამოეცვა, თავზე ცხვრის ფაფახი დაემხო, ხელში დიდი სახრით მხიარული შეძახილებით ნახირის საბძელში შერეკვაში ეხმარებოდა. სასაცილო სანახავი იყო მუხლამდე გრძელ ბუშლატასა და ვეებერთელა ბოტებში გამოწყობილი, მისი შემხედვარე ღიმილს ვერ ვიკავებდი. ასაკიანმა იქვე დამხობილი რკინის ჭურჭელი გაასუფთავა, ხელები საგულდაგულოდ დაიბანა და საწველად შევიდა. მალევე გამოჩნდა თეთრი სითხით სავსე სათლებით ხელში. რძე სუფთა ჭურჭელში გადაწურა და წამოსადუღებლად ცეცხლიც დაანთეს.
- ლამაზი ბალღია, ყოჩაღი, გულიანი, არ გავს ქალაქელს! - მისი ნათქვამის შინაარსი მართალია არ მესმოდა, მაგრამ მივხვდი ფიქრებს მიმიხვდა ასაკიანი, თანხმობის ნიშნად ინსტინქტურად თავი დავუქნიე. - უცებ წავიხემსოთ და გზასაც გაუდგებით!
მცირე ზომის ტაბლაზე საკვებს ალაგებდნენ მწყემსები. მანჩო ამჯერად ყოჩაღი დიასახლისის როლში მოგვევლინა. კიტრი-პომიდიორი, ხელით დამტვრეული ცივი შოთის პური, შებოლილი წვრილად დაჭრილი ხორცი და ყველი. რკინის „კრუშკებში“ მოდუღებული ქაფქაფა რძე.
სოფლის ცხოვრება არასოდეს მიზიდავდა, რატომღაც არასოდეს დავინტერესებულვარ როგორ მზადდებოდა რძის პროდუქტები. გაოცებული ვუმზერდი ცეცხლზე შედგმულ ქვაბში როგორ იხარშებოდა ყველი, მწყემსებმა ნელ-ნელა ამოწურეს და იქვე მდებარე დიდ ტყავის ტომარაში მოათავსეს.
- ტომრებში რატომ დებთ? - პირველად ვნახე ყველის ასეთი შენახვის მეთოდი.
- ეს გუდის ყველია, მთაში ასე ინახავენ, ცხვრის რძისგან მზადდება. - ჩუმად მიხსნიდა მანჩო.
- გემრიელია?
- აჩის უყვარს.
- შენ?
- მე დიდად არა. - ალალად აღიარა და ხრაშუნით ჩაკბიჩა კიტრი.
- არ შეგვარცხვინო სტუმართან! - სიცილით გამოხედა ცეცხლთან მოფუსფუსე თორღვამ.
- გემოვნებაზე არ დაობენ, ცოტა სპეციფიური გემო აქვს. - სახე დამანჭა გოგონამ.
- ნამდვილი ყველი არ გაგისინჯავს და იმიტომაც იჯღანები. - მოზრდილი შოთი შუაზე გაჭრა, შიგ ყველის ნაჭერი მოათავსა და გამომიწოდა მასპინძელმა. უარის თქმის მომერიდა, მანჩოს ეჭვით აწეულ წარბებს ყურადღება აღარ მივაქციე, გემრიელად ჩავკბიჩე. არ ვიცი შიმშილის ბრალი იყო, თუ გარემომ იმოქმედა, ვაღიარებ ასეთი გემრიელი ყველი მართლა არ მიჭამია - ვერ გავიგე, რატომ იწუნებ?!
- ხომ გითხარით, გემოვნებაზე არ დაობენ! - მხრები აიჩიჩა გოგონამ.
სწორედ ამ დროს კელიიდან გამურულ ტაფაში მოთავსებული საეჭვო ფორმის თეთრი, ობშერეული მასა გადგმოდგა თორღვამ და ტაბლაზე დადგა. აი მის საკვებად ვარგისიანობაში ნამდვილად ეჭვი შემეპარა, სკეპტიკურად ვუმზერდი ტაფაში აზელილ თეთრ ბურთებს.
- ეს დამბალი ხაჭოა. - ჩემდა გასაკვირად, ამჯერად ხვეწნა ნამდვილად არ დაჭირდა, ცხიმში შემწვარი მასა პატიჟის გარეშე გადაიღო მანჩომ - გასინჯე, არ ინანებ! - პური ამოავლო ქალიშვილმა და ისე გემრიელად დაღეჭა ცდუნებას ვერც მე გავუძელი. ვაღიარებ გემო ნამდვილად ბევრად უკეთესი ქონდა ვიდრე ვიზუალი.
როგორც იქნა, თორღვამ დაასრულა მზადება. ცხენებზე ამხედრებულები, დატვირთულები, ხურჯინებ აკიდებულები ვიწრო ბილიკებზე ფრთხილად მივყვებოდით წინ მიმავალ თორღვას. მტკივანი ფეხით მხედრობა ვაღიარებ მარტივი სულაც არ იყო, თუმცა ცხენები აშკარად მიჩვეული იყვნენ ამ ბილიკებზე სიარულს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიყვებოდა წინ მიმავალს.
- დაბლა არ იყუროთ! - ბრძანებასავით გაისმა თორღვას ხმა.
რატომაა რომ რაც უფრო გაფრთხილებენ, ყოველთვის საპირისპიროდ იქცევი, დაკვირვებიხართ?! ფრიალო კლდეზე გადასვლისას რამდენიმეჯერ გამექცა თვალი დაბლა, სიმაღლის შიში თითქოს არასდროს მქონია, მაგრამ ისეთი თავბრუსხვევა ვიგრძენი, მთელი ძალით მივეკარი ოთხფეხა მეგობრის გავას. ალბათ რთული წარმოსადგენი არაა როგორ ვიმგზავრეთ, თავს აღარ შეგაწყენთ ჩვენი მგზავრობის აღწერით, თუმცა იმას კი გეტყვით, რომ ბარად დაშვების ნაცვლად, ჩვენ კიდევ უფრო ზემოთ მივიწევდით.
ფრიალო კლდეები და მთები ისეთ შთაბეჭდილებს ტოვებდა, რომ აქ ადამიანს ფეხი საერთოდ არ დაედგა. სად მივდიოდით? ვისთან?
უჩვეულოდ დადუმებული მანჩო უხმაუროდ მომყვებოდა გვერდით. არც მე გამოვირჩეოდი სიტყვაუხვობით, ცხოვრებაში პირველად ვიყავი გეგმის გარეშე, უცხო ადამიანებზე დამოკიდებული, რაც დიდად არ მომწონდა. ყველაზე მატად მათი უდარდელობა მაღიზიანებდა, თავი ისე ეჭირათ, თითქოს ეს ყველაფერი მე არ მეხებოდა, არც რამის ახსნით იწუხებდნენ თავს, არც სამომავლო გეგმებს მიზიარებდნენ, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ერთმანეთში საუბრობდნენ, მაგრამ მაინც ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ორივემ იცოდა მათი როლიც და ფუნქციაც. იქნებ წინასწარ შეთანხმდნენ, იქნებ არც თორღვა მოგვევლინა მხსნელად შემთხვევით და არც ის მოხუცი მწყემსები იყვნენ მწყემსები?!
ათასი აზრი მომდიოდა თავში, ათასი უაზრო, უმისამართო კითხვა, ეჭვი საშინელი რამაა, საზიზღარი შეგრძნება, როცა გინდა ენდობოდე, გჯეროდეს, მაგრამ არ გამოგდის, გგონიათ მინდოდა?! არა, მაგრამ არ გამოდიოდა, ვამჩნევდი, რომ ამდენ გაურკვევლობაში გაღიზიანებას ვეღარ ვმალავდი. თითქოს ყველაფერი ზუსტად ასე უნდა ყოფილიყო, ვიღაცის დაწერილი სცენარის ეპიზოდური როლის მოთამაშედ ისე მაქციეს, ჩემთვის აზრიც არ უკუთხავთ, იქნებ არ მინდოდა?! იქნებ არ მსურდა საბჭოთა წყობის ქვეყანაში ცარჩენა, უფრო მეტიც ძებნილად ქცევა, არც მკვლელობის სურვილით გამოვირჩეოდი და არც ტყე-ღრე წანწალის დიდი სიყვარულით, მაშ ვინ მისცა ამ სრულია უცნობ ადამიანებს ჩემი ცხოვრების ასე თავადყირა დაყენების უფლება? როდის ან როგორ ჩავერთე და ჩავიძირე ვიღაცის დაგეგმილ თამაშში?
დაჟინებულმა მზერამ გამომარკვია, მანჩო კი ისე იქცეოდა თითქოს არც არაფერი ხდებოდა, სიტყვაც არ დაცდენია, გამომეტყველებაზე ემჩნეოდა, რომ ხვდებოდა ჩემ ფიქრებს. იქნებ ნათელმხილველობის ნიჭიც ქონდა, ან უბრალოდ ნორმალურ რეაქციად თვლიდა ჩემ ეჭვებს?!
დიდხანს ფიქრი აღარ დამცალდა, თორღვამ ორ მთას შორის შემავალ წვრილ ბილიკზე გადაუხვია და ჩვენც მორჩილად მივყევით. გაოცებული შევჩერდი, როცა სიმწვანე უცებ გორებად დადგმულმა ქვა - ღორღმა შეცვალა, ღიად დარჩენილ ჭრილობასავით ამაზრზენი შესახედი იყო პირდაფჩენილი მოგლეჯილი მთის დიდი მასივი. სხეულში ჟრუანტელმა დამიარა მეწყერისგან დაფარულ მასაში ალაგ-ალაგ ჩამარხული სახლების სახურავების დანახვაზე.
- ზოგჯერ მთამ სახიფათო მტრობა იცის, ჩემი გვარი აქედანაა. სულ რამდენიმე წლის წინ აქ სოფელი იყო, სიცოცხლე ჩქეფდა, მაგრამ ნელ-ნელა მოსახლეობისგან დაიცალა, ახალგაზრდობა, მეც მათ შორის ბარად მივდიოდით და უკან დაბრუნება აღარავის გვინდოდა. დარჩა სოფელი თითო-ოროლა მოხუცის იმედად. არ გვაპატია მთამ ღალატი, მიტოვებულ სახლებსა და ეზოებს,გავერანებულ სახლებს თავად დაეპატრონა. - გვიყვებოდა თორღვა.
- რა ბედი ეწია ხალხს?
- რამდენიმე წელში ისედაც დაიცლებოდა სოფელი მოსახლეობისგან, მეწყერმა დააჩქარა, როგორც უკვე ვთქვი, სოფელი მოსახლეობისგან ისედაც დაცლილი იყო, ვინც იყო დარჩენილი ისინიც ბარად ჩაასახლეს, მამა-პაპისეული ადგილების სანაცვლოდ ახალი ნაკვეთები გამოუყვეს და სახლების ასაშენებლად მასალაც მისცეს. იქ სადაც ადრე სიცოცხლე ჩქეფდა, ახლა სასაფლაოა, ნასახლარების სასაფლაო.
- თქვენც შეიცვალეთ საცხოვრებელი?
- ნაკვეთი ჩვენც მოგვცე, თუმცა დასახლებით არ დავსახლებურვართ. მამაჩემი ამ არემარეს ვერ ელევა, მე კი მამას ვერ ვტოვებ.
არ დამიჯერებთ ალბათ, მაგრამ ნანგრევებად ქცეულ, ქვა-ღორღით დაფარულ სოფელში ერთი უჩვეულო ნაგებობა მაინც შემორჩენილიყო. უცნაურია ალბათ, მიუხედავად ყველაფრისა ტაძარი მაინც იდგა. თითქოს საგანგებოდ, მეწყერს ორივე მხრიდან გვერდი აევლო ეკლესიისთვის. ქვების მდინარე მარჯვნიდანაც და მარცხნიდანაც ზოლად უვლიდა შენობას.
ტაძრის დანახვაზე პირჯვარი გადაიწერეს თანამგზავრებმა. მორწმუნე არ ვარ, მითუმეტეს არც მართლმადიდებელი, მაგრამ იმ წუთას ღმერთის არსებობა მეც კი ვიწამე. უცნაურად იმოქმედა ტაძრის დანახვამ. გავერანებულ გარემოში რაღაც სიცოცხლის ნიშანწყლის არსებობამ იმხელა სტიმული მომცა, რომ ეჭვები და გაღიზიანება საერთოდ დამავიწყდა, ცხენს მათრახი გადავუჭირე და წინ წასულ თორღვას და მანჩოს მივყევი.



იმდენად დიდი დრო გავიდა ბოლო თავის ატვირთვიდან აღარც მეგონა თუ გააგრძელებდი. მიხარია რომ დაბრუნდი და იმედია შემდეგი თავი მალე იქნება.

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

რუსკიმარუსია
იმდენად დიდი დრო გავიდა ბოლო თავის ატვირთვიდან აღარც მეგონა თუ გააგრძელებდი. მიხარია რომ დაბრუნდი და იმედია შემდეგი თავი მალე იქნება.

გეთანხმებით. ვეცდები გამოვსწორდე და დიდხანს აღარ გალოდინოთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent