შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხმა არსაიდან ( 2 )


24-03-2023, 00:45
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 991

საღამურებში გამოწყობილი ვიჯექი სავარძელში და ჩემს საწოლში მშვიდად მძინარე ჯენას თვალს არ ვაშორებდი, საძინებელში ამოვედით თუ არა მაშინვე დაიძინა და ვეღარ შევძელი მისთვის კითხვები დამესვა, ერთადერთი იმის გარკვევა მოვახერხე რომ მართალია მასაც ჩემსავით ესმოდა ხმები მაგრამ ის რაც მესმოდა მე და რაც ესმოდა მას ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, დაზაფრული სახით მიყვებოდა თუ რა საშინელი ხმები ესმოდა, საზარელი, სულისგამყინავი, კივილის, ღრჭიალის, გოდების ხმები, მომიყვა თუ რა საშინელ სიზმრებს ხედავდა, ლანდებს, გაურკვეველ გამოსახულებებს...
როცა ვთხოვე დაწვრილებით მოეთხრო ჩემთვის თუ ვინ იყო და როგორ გამოიყურებოდა ის ვინც ჩემს შესახებ ელაპარაკებოდა და უბრძანებდა მშობლებისთვის ჩემი ჩამოყვანა ეთხოვა, ბევრი ვერაფერი მითხრა, მთლიანად შავებში შემოსილი კაპიუშონიანი მამაკაცი აღწერა მშვიდი სასიამოვნო ხმით, ეს იყო და ეს...
საუბრით დაღლილს ჩაეძინა, კაცმა რომ თქვას არც მინდოდა ზედმეტად თავი მომებეზრებინა მისთვის, რაც არ უნდა ყოფილიყო ჯერ აქედან წასვლას არ ვაპირებდი და აუცილებლად გავარკვევდი რა ხდებოდა, საწოლის მოპირდაპირე კედელზე დაკიდებული საათი ღამის ოთხ საათს აჩვენებდა და გულისგამაწვრილებლად წიკწიკებდა, ვერასდროს ვიტანდი საათის წიკწიკს, წამოვდექი, ჩამოვხსენი, ელემენტი ამოვაცალე, ისევ უკან დავკიდე და სამარისებური სიჩუმით ნასიამოვნებმა გავიღიმე, ვერ ვიძინებდი, ვერაფრით ვახერხებდი დაძინებას, ალბათ იმის ბრალი იყო რომ დღისით კარგად გამოვიძინე, დაბნეული ვიყავი, უზარმაზარი ფაზლის ნაწილები დაცურავდნენ ჩემს გონებაში და ვერაფრით ვახერხებდი მათი კუთვნილი ადგილი მეპოვა, უკვე ვხვდებოდი რომ ჩემი და ჯენას ურთიერთობა ბევრად გასცდებოდა ფსიქოლოგის და პაციენტის ურთიერთობას და რას მომიტანდა მე ეს ყველაფერი? რისი მოლოდინი უნდა მქონოდა? ჯერ არ ვიცოდი, არა ვტყუი, ვიცოდი და ჯიუტად ვარიდებდი თავს იმაზე ფიქრს რომ ეს ყველაფერი ჩემთან იყო პირდაპირ კავშირში...
ფანჯარასთან მივედი და ფარდა გადავწიე, სავსე მთვარე ანათებდა ბაღს, მსუბუქი ნიავი არხევდა ხეებს, ერთხანს გაღიმებული ვათვალიერებდი მისტიურ ჩრდილებში ჩაფლულ გარემოს და ის იყო შემობრუნება დავაპირე რომ დავწოლილიყავი, თვალი რაღაც უჩვეულომ მომტაცა, ფანჯრის რაფას დავეყრდენი და შევეცადე უკეთ გამერჩია, ღობის განაპირას უზარმაზარი ხის ქვეშ ვიღაც იდგა, მთლიანად შავ ტანსაცმელში გამოწყობილი, თავზე კაპიუშიონ წამოფარებული, მის სახეს ვერ ვხედავდი მაგრამ ვგრძნობდი რომ მე მიყურებდა, ერთხანს გაუნძრევლად იდგა, მერე ხელი ასწია და ოდნავ გააქნია ჰაერში თითქოს მომესალმაო...
იმდენად ვიყავი დაძაბული ზურგზე შეხება რომ ვიგრძენი ერთ ადგილზე შევხტი, შევყვირე და შემოვტრიალდი, ჩემს წინ ჯენა იდგა, პირზე ხელი ავიპარე რომ ყელიდან ამომსკდარი კივილი როგორმე შემეკავებინა, ფართოდ გახელილი თვალები მთლიანად თეთრი გაუმჭვირვალე გარსით ჰქონდა დაფარული, ჩემს წინ იდგა და წინ და უკან ირწეოდა.
- ჯენა, ჩემო გოგო, რა გჭირს კარგად ხარ? -მის წინ ჩავიმუხლე და მხარზე დავადე ხელი, გაურკვევლად ამოიზმუვლა რაღაც, კარისკენ გაიშვირა თითი და შებრუნდა, ნელი ნაბიჯით დაიძრა, წამოვდექი და უნებურად ეზოსკენ გამექცა თვალი, ხის ქვეშ აღარავინ იდგა, თუმცა ახლა ჯენა უფრო მაინტერესებდა რომელიც საძინებლიდან გავიდა და პირველ სართულზე ჩამავალი კიბისკენ გაემართა ბარბაცით, უკან მივყვებოდი, ვიცოდი არასწორად ვიქცეოდი, ვიცოდი საძინებლიდან არ უნდა გამეშვა და ლილისთვის უნდა დამეძახა მაგრამ ცნობისმოყვარეობას ვერაფერს ვუხერხებდი, კიბეზე ჩასვლაში დავეხმარე რომ არ წაქცეულიყო და რამე არ დაეშავებინა, ეზოში გასასვლელი კარისკენ წავიდა, დაპროგრამებული რობოტივით ადგავდა ნაბიჯებს, უკან არ იხედებოდა, მიდიოდა და თან ჩემთვის გაუგებრად ბუტბუტებდა რაღაცას, კარი გააღო და გავიდა, გავყევი, ვერანდიდან ეზოში რომ დააპირა ჩასვლა ერთი წამით შევყოყმანდი ვიფიქრე რომ უნდა შემეჩერებინა მაგრამ საკუთარ თავს ვერაფრით ვაჯობე, სახლს უკან შემოუარა და ეზოში გავიდა, უკანა კედელთან ვიდექით, იმ ადგილზე რომელსაც ჩემი საძინებლის ფანჯარა გადმოჰყურებდა, გაუნძრევლად მდგარ ჯენას მივუახლოვდი და მხარზე ხელი დავადე, იმ შემზარავი თეთრი თვალებით ამომხედა და ღობისკენ გაიშვირა თითი, მის თითს გავაყოლე მზერა, ხის ქვეშ ზუსტად იქ სადაც ფანჯრიდან დავინახე, ის უცნობი იდგა და მიყურებდა, მის თვალებს ვერ ვხედავდი მაგრამ მთელ სხეულს მიწვავდა მისი მზერა, თავს ცუდად მაგრძნობინებდა, უსიამოვნოდ, შებოჭილად, ნაბიჯის გადადგმა ვცადე და მივხვდი რომ ვერცერთ კიდურს ვერ ვამოძრავებდი, ხმის ამოღება ვცადე, არ გამომივიდა, ჯენა შებრუნდა და სახლისკენ გაუყვა ბილიკს, ასე უმწეოდ გაშეშებული, ფეხშიშველი ვიდექი შუა ეზოში და ერთადერთი რასაც ვახერხებდი სუნთქვა იყო...
- ხის ჩრდილს რომ გამოეყო და ჩემსკენ ნელი, უდარდელი ნაბიჯებით რომ წამოვიდა, მივხვდი რომ უკვე დრო იყო შემშინებოდა, შიშის საცეცები ფეხის თითებიდან შემიძვრნენ სხეულში და წამის უსწრაფესად მოედვნენ ყველა უჯრედს, ცალკე საკუთარი თავი და მდგომარეობა მადარდებდა და ცალკე ის რომ შეიძლებოდა ჯენას რამე ცუდი დამართნოდა და ამაში მე ვიქნებოდი დამნაშავე.
- როგორც იქნა შევხვდით, -უკვე კარგად ნაცნობმა ხმამ ბასრი ხანჯალივით გაიარა ჩემში და ისეთი შეგრძნება დამიტოვა თითქოს სულ ცოტაც და სისხლისგან დავიცლებოდი, ის იყო ვინც მეძახდა და აქ ჩამოსვლისკენ მიბიძგებდა, ჩემს წინ იდგა, ორი ნაბიჯის მოშორებით, ერთი ხელის გაწვდენაზე...
- ააჰ მაპატიე, ვერ ლაპარაკობ არა? -ჩაეცინა როცა დაინახა როგორ ვწვალობდი და როგორ ვმანჭავდი სახეს რომ თუნდაც ერთი სიტყვა მეთქვა, ჯიბეებში ჩაიწყო ხელები რომლებზეც თხელი ტყავის ხელთათმანები ეცვა და თავი უკან გადახარა, მთვარის შუქი პირდაპირ სახეზე ეცემოდა უფრო სწორად იმ ადგილზე სადაც წესით სახე უნდა ჰქონოდა თუმცა მე ვერაფერს ვხედავდი წყვდიადის გარდა, მისი სახის მაგივრად უკუნეთი წყვდიადი შემომცქეროდა, უმთვარო ღამის და ნისლის ნარევი, ვუყურებდი და არ ვიცი როგორ ვახერხებდი თავის შეკავებას რომ შიშისგან სული არ გამეცხო...
- გულადი ჩანხარ ნანე, ასე რომ არ იყოს მიუხედავად იმისა რომ გეძახდი და გიხმობდი ყველანაირად თავს აარიდებდი აქ ჩამოსვლას, ან იქნებ სულაც არ ხარ გულადი და უაზრო ცნობისმოყვარეობამ მოგიყვანა ჩვენამდე, რაც არ უნდა იყოს დრო მოვიდა რომ ის გააკეთო რისთვისაც აქ ხარ...
კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ, თავი ასე უმწეოდ და უსუსურად არასდროს მიგრძვნია, ნეტავ რას მიპირებდა? ვინ იყო და ჩემგან რა უნდოდა? ხელი რომ ასწია, ხელთათმანი გაიძრო და თითები ჩემი სახისკენ წამოიღო, თვალები მაგრად დავხუჭე და ვიგრძენი ერთადერთი ცრემლი როგორ დაეშვა ღამის გრილი ჰაერისგან გათოშილ ლოყაზე, ახლოს, სულ ახლოს ვგრძნობდი მისი თითებიდან წამოსულ სიმხურვალეს, ის იყო უნდა შემხებოდა რომ ნაცნობმა მუსიკის ხმამ გაიჟღერა ჰაერში და გაოგნებულმა გავახილე თვალები, ასე ხმამაღლა და ასე ახლოდან არასოდეს გამიგია ეს მუსიკა და თუ ჩემს წინ მდგარი არსების ჰაერში გაშეშებულ მოცახცახე ხელს და უშვერ გინებას გავითვალისწინებთ მასაც ესმოდა, ცდილობდა ჩემთან უფრო ახლოს მოსულიყო, ცდილობდა შემხებოდა მაგრამ რაღაც აკავებდა, რამდენიმე წუთიანი წვალების შემდეგ ხელები ჩამოუშვა და უკან დაიხია, მე კი ნელ-ნელა მომიდუნდა დაჭიმული სხეული და საოცრად გამიხარდა როცა ვიგრძენი რომ მოძრაობა შემეძლო, მუსიკა ერთხანს კიდევ მესმოდა, თითქოს ვიღაც სპეციალურად ჩემთვის უკრავდა, მხოლოდ იმიტომ რომ თავი კარგად მეგრძნო და დავმშვიდებულიყავი, ასეც იყო უკვე უკეთ ვიყავი, როგორც კი ნაბიჯის გადადგმა შევძელი და ლაპარაკის უნარი დამიბრუნდა მუსიკაც ნელ-ნელა მიჩუმდა...
- ასე არა? რატომ ვერ ისვენებ? ამით რას გინდა რომ მიაღწიო? -ჩემს წინ მდგარმა თავი დახარა და მუშტები შეკრა, მივხვდი რომ მე არ მგულისხმობდა, ვიღაც სხვას ესაუბრებოდა, -ხელს რატომ მიშლი როცა ვცდილობ რომ დაგეხმარო, მე შენსკენ და შენ ეშმაკებისკენ არა? -ჩაილაპარაკა და მოულოდნელად გულიანად გადაიხარხარა.
- ხომ ასე ამბობთ ხოლმე ადამიანები? -ახლა მე მომმართა.
- რას გულისხმობ? -შიშისგან და დაძაბულობისგან ხრინწგარეული ხმით ვკითხე.
- მე შენსკენ და შენ ეშმაკებისკენო, შენს ქვეყანაში ამ სიტყვებს ხშირად იყენებენ ხომ ასეა?
- ვერ ვხვდები რას გულისხმობ, რა ხდება? ვინ ხარ და ჩემგან რა გინდა? -არც კი ვიცოდი საიდან ვპოულობდი ძალას და ენერგიას იმისთვის რომ მასთან ასე მშვიდად მესაუბრა.
- ადრიანი, -ხელი გამომიწოდა, ხოლო მეორე ხელით კაპიუშონი გადაიძრო, ჩალისფერი კულულები უწესრიგოდ ჩამოეშალა სახეზე რომლის დანახვასაც აქამდე რატომღაც ვერ ვახერხებდი და რომელსაც ახლა მთელი სიცხადით ვხედავდი.
- რაა... მე... ეს... -საცოდავად ავბლუყუნდი.
- ადრიანი, ადრიანი მქვია, -გაიღიმა და რომ მიხვდა ხელის ჩამორთმევას არ ვაპირებდი თითები უკან გასწია, იმისდა მიუხედავად რომ ყურებამდე გაღიმებული მიყურებდა თვალები რომელსაც ვერ ვარჩევდი რა ფერის იყო საოცარი სიცივით ჰქონდა სავსე.
- არ მეტყვი ვინ ხარ და რა გინდა? -ძლივს მოვაბი თავი ორიოდე სიტყვას.
- აუცილებლად გაიგებ ოღონდ ჯერ არა, არსად გვეჩქარება შენ ხომ ჯერ არასად წასვლას არ აპირებ, -თვალი ჩამიკრა და შებრუნდა, -ჯერჯერობით იყოს ისე როგორც მას უნდა, ჩვენ კი კიდევ შევხვდებით ნანე, -უკვე ღობესთან მისულმა მომაძახა და ისე გაუჩინარდა როგორ უცნაურადაც გამოჩნდა.
- ჯანდაბა, ცუდად ვარ, ძალიან ცუდად ვარ, -აღმომხდა სასოწარკვეთილს და წინ გადახრილი მოცახცახე მუხლებს დავეყრდენი რომ როგორმე წონასწორობა შემენარჩუნებინა.
- კარგად იქნები, ოღონდ აქედან უნდა წახვიდე, წადი ნანე, აქაურობას მოშორდი, -ჩამესმა ხმა, წელში გავსწორდი და თვალები დავხუჭე, ყურადღება დავძაბე, ადრიანის ხმას არ ჰგავდა განხვავებული იყო, თბილი მაგრამ ძალიან სუსტი, მინავლებული...
-
- დილა მშვიდობის ნანე, აქ რას აკეთებ? -ლილის ხმა გავიგე და თვალები გავახილე, გავახილე და კიდევ ერთხელ დამჭირდა მთელი ჩემი სამსახიობო მონაცემების გამოყენება იმისთვის რომ გაოცებისგან ხმამაღლა არ მეყვირა, არ ვიცი რამდენი ხანი გავატარე უკანა ეზოში ერთ ადგილზე მდგომმა მაგრამ ახლა უკვე დღე იყო, ახალი ამოწვერილი მზე ანათებდა და ჩემს წინ მდგომი ლილი ისეთი სახით მიყურებდა რომ მივხვდი ან სასწრაფოდ უნდა მომეფიქრებინა რამე მიზეზი თუ რატომ ვიდექი ბაღში ფეხშიშველი, თმაგაწეწილი და საღამურებში გამოწყობილი, ან პირდაპირ უნდა ჩამელაგებინა ბარგი და წავსულიყავი, მეორე ვარიანტი არანაირად არ მაწყობდა ასე რომ...
- დილა მშვიდობის, -რაც შემეძლო გულითადად გავუღიმე და ყველანაირად ვეცადე რომ სახეზე არ შემტყობოდა თუ რა საშინლად მტეხდა სახსრებში, -ცოტა ხნის წინ გამოვედი გარეთ, მოგეხსენება ნიუ იორკში ვცხოვრობ და ხშირად არ მაქვს იმის საშუალება რომ მიწაზე ფეხშიშველმა გავიარო, არადა ბებია ყოველთვის მასწავლიდა რომ დილით მზის ამოსვლას თუ ფეხშიშველი და მიწაზე მდგომი შევხვდებოდი მთელი დღე ბუნების დადებითი ენერგიით ვიქნებოდი დამუხტული, ჩემს ქვეყანაში დიდი სახლი გვქონდა დიდი ბაღით და ხშირად ვიქცეოდი ასე, მაგრამ რაც ამერიკაში გადმოვედი მიმავიწყდა, თქვენი არაჩვეულებრივი, ულამაზესი ბაღი რომ დავინახე გულმა არ მომითმინა.
მონოლოგი ერთი ამოსუნთქვით დავასრულე და რომ დავინახე ლილის სახეზე ეჭვები როგორ შეცვალა დადებითმა ემოციებმა შვებით ამოვისუნთქე, ფეხზე გაიხადა და ჩემს გვერდით დადგა.
- რა კარგია რომ მასწავლე, ყოველ დილით გავაკეთებ ხოლმე, დადებითი ემოციები ნამდვილად არ მაწყენდა, -შემომცინა და წელზე შემომხვია ხელი, -არადა რა არ ვიფიქრე.
- იფიქრე რომ თავში ყველაფერი რიგზე ვერ მქონდა არა? -შევეცადე გულიანად გამეცინა და მგონი გამომივიდა, ლილიც ამყვა.
- ჯენას გამო მე და მაიკი ისეთ დღეში ვართ უკვე რაღაცეები გვეჩვენება, წამოდი ყავა დავლიოთ, -წინ გამიძღვა და მეც ბარბაცით მივყევი უკან, სხეულს ფაქტიურად ვეღარ ვგრძნობდი, ასე მეგონა ფეხის თითები მოყინული მქონდა.
- წყალს გადავივლებ და ჩამოვალ, -ვუთხარი სამზარეულოსკენ მიმავალს.
- ჯენა გააღვიძე და წამოიყვანე, -მომაძახა და ზურგს უკან კარი მიიხურა, შეშინებულმა ავიფარე პირზე ხელი, ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას რომ მხოლოდ ახლა გამახსენდა ჯენა, გულამოვარდნილი შევვარდი საძინებელში და საწოლში მშვიდად მძინარე რომ დავინახე აცახცახებული დავეცი მუხლებზე, თავი ხალიჩაზე დავდე და ავტირდი...
-
თბილი შხაპის მერე გონს მოსული ვიჯექი სამზარეულოში და ლილის მოდუღებულ ყავას შევექცეოდი, ჯენა ჩემს პირდაპირ იჯდა და გემრიელად ილუკმებოდა, აშკარა იყო რომ არ ახსოვდა რაც წუხელ მოხდა.
- რაზე ფიქრობ? -ლილი გვერდით მომიჯდა და დაჭრილი ხილით სავსე თეფში მომიწია, -შეჭამე რამე თორემ საშინლად ხარ გამხდარი.
- სერიოზულად? მართლა ასე ძალიან ვარ გამხდარი? -თეატრალურად შევიცხადე მაგრამ ახლა სულ არ მადარდებდა ჩემი წონა.
- ვიხუმრე, მშვენივრად გამოიყურები, ეჰ რას არ მივცემდი შენნაირი სხეული რომ მქონდეს, ჯენას შემდეგ ძალიან გამიჭირდა წონაში დაკლება, შენ კი იდეალური ხარ, სიმაღლეც კი იდეალური გაქვს, საშუალო...
- რაღაც უნდა გკითხო, მაინტერესებს ერთ პიროვნებას თუ იცნობ, სადღაც აქვე ახლოს უნდა ცხოვრობდეს, -ოსტატურად შევცვალე სასაუბრო თემა.
- მკითხე, მართალია დიდი ხანი არ არის რაც ამ ქალაქში ვცხოვრობთ მაგრამ სრულიად შესაძლებელია რომ ვიცნობდე.
- გვარი არ ვიცი, ბენი ჰქვია, მონადირეა...
- ააა გამახსენდა, ან როგორ შეიძლება რომ ბენი არ მახსოვდეს, მაღალი მოხუცი კაცი თეთრი თმით და წვერით? -სახე მოეღუშა და ჩაფიქრდა, - საიდან იცნობ?
- გზაში შევხვდი, ცოტა ვისაუბრეთ, სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.
- ვინ იმ ველურმა? -წარბი მაღლა აზიდა ლილიმ.
- მაგას ბენზე ამბობ? -ახლა მე გავიკვირვე.
- არ ვიცი თავი როგორ მოგაჩვენა მაგრამ უცნაური და საშიში კაცია, მისმინე ახლა ყველაფერს მოგიყვები, ამ სახლში ახალი გადმოსულები ვიყავით რომ მოგვადგა და სკანდალი მოაწყო, ნასვამი იყო, გვმიმტკიცებდა ეს სახლი დაწყევლილია აქედან სასწრაფოდ წადით თუ არ გინდათ რომ რამე საშინელება შეგემთხვეთო, სახლში შემოჭრა უნდოდა, პოლიციის გამოძახება დაგვჭირდა რომ მოგვეშორებინა, ჩვენთან მოახლოება აუკრძალეს, მას შემდეგაც ხშირად შემიმჩნევია როგორ დგას ხოლმე მოშორებით და გვითვალთვალებს...
- რას ამბობ, ასეთი არ ჩანდა.
- ვერ გაიგებ როგორია, როგორც ვიცი ამ ქალაქში ყველას ძალიან უყვარს, უბრალოდ რატომღაც ჩვენ ამოგვიჩემა, არ გირჩევ მასთან დაახლოებას.

ვერ ვიტყვი რომ ლილის სიტყვებმა არ ჩამაფიქრა, თუმცა მისი რჩევის გათვალისწინებას ბენთან დაახლოების შესახებ ნამდვილად არ ვაპირებდი, მან რაღაც იცოდა, ეს რაღაც ამ სახლთან და ჩემთან იყო დაკავშირებული და აუცილებლად უნდა გამეგო რა ხდებოდა.
სამი დღე ისე გავიდა არაფერი უცნაური აღარ მომხდარა არადა ყოველ დღე და ღამე ველოდი რომ ისევ გამოჩნდებოდა ის უცნობი, არანაირი უცნაური ხმა აღარ გამიგია, ჯენაც მშვიდად იყო, კარგად ეძინა, კარგად ჭამდა, სწავლა დაიწყო, მთელ დღეს ეზოში ატარებდა, ვმეცადინეობდით, ვთამაშობდით, ლილი და მაიკი უბედნიერესები იყვნენ, ერთი სიტყვით ყველაფერი იდეალურად იყო მაგრამ ვიცოდი ადრე თუ გვიან საგულდაგულოდ დამალულ ნაღმს დავაბიჯებდი და...
- როგორ არის? -ლილი ჩემს გვერდით დაჯდა ბალახზე და სიყვარულით სავსე მზერით შეხედა საქანელაზე მჯდარ ჯენას.
- ყველაფერი კარგად არის, ჯენა კარგადაა მაგრამ ცოტა ხანი, რამდენიმე დღე კიდევ მჭირდება რომ დაზუსტებით გითხრათ რამე.
- ოჰ, ისეთი ბედნიერი ვარ, აღარ მეგონა თუ ისევ ვნახავდი ასეთ ჯენას, იცი მაიკიც რა მადლიერია? ლამისაა შენზე დაიწყოს ლოცვა, -გულიანად გადაიკისკისა და მეც ამიყოლია.
- ყველაფერი კარგად იქნება ლილი, -ბალახებზე გადავწექი, სახე ჩამავალი მზის სხივებს მივუშვირე და ხელები თავქვეშ ამოვიდე, -რაღაც მინდა გკითხო, ამ ქალაქში, ახლომახლო, არის ისეთი ადგილი სადაც დღეს საღამოს წავალ და ერთ ჭიქა ლუდს დავლევ, ცოტა განტვირთვა არ მაწყენდა.
- აქვე ახლოს არის ერთი ბარი მაგრამ არა მგონია მოგეწონოს, მამაკაცებით არის ხოლმე სავსე, ის ბენიც სულ იქ დადის, წეღან ბაზრიდან რომ მოვდიოდი დავინახე როგორ შედიოდა ბარში, ნამდვილი ლოთია, როცა არ ნადირობს მთელი დღე სვამს.
ჩამეღიმა, მეც სწორედ ეს მინდოდა, ლილიმ უნებურად მომაწოდა ჩემთვის სასურველი ინფორმაცია, ბენი აუცილებლად უნდა მენახა და დავლაპარაკებოდი.

საღამოს ათი საათი იქნებოდა ბარში რომ შევაბიჯე და მივხვდი რომ შესვლისთანავე მივიქციე ყურადღება, ლილი მართალი აღმოჩნდა, ბარი მამაკაცებით იყო სავსე, სვამდნენ, ხმაურობდნენ, მოურიდებლად ბილწსიტყვაობდნენ, თითის წვერებზე შევდექი და კისერი წავიგრძელე რომ იქაურობა მომეთვალიერებინა და ბენი მეპოვა.
- სასმელზე დაგპატიჟებ, -მომემა უკნიდან, მივბრუნდი, ჩემს წინ ოცდაათიოდე წლის ახალგაზრდა მამაკაცი იდგა, გაბურძგნული წვერით, უზარმაზარი ღიპით და ლუდის ჭიქით ხელში.
- ჩემთან ერთად ლუდს დალევ? -კითხვას ბოყინი და სასმლის და ნივრის სურნელის ნაზავი მოაყოლა, უსიამოვნოდ შევჭმუხნე ცხვირი და პასუხის გაცემას ვაპირებდი მაგრამ აღარ დამჭირდა.
- შენს თავს მიხედე ბონ ეს გოგო ჩემთან არის, -მომესმა ნაცნობი ხმა და ბენი ამომიდგა გვერდით.
- ამას შეხედე ერთი, -ბონად წოდებულმა გაოცებულმა გაშალა ხელები და თავის ქიცინით მოგვშორდა, ბენს მივუბრუნდი, ღიმილით მიყურებდა თუმცა თვალებში ისევ ბრაზნარევი სევდა ედგა.
- ჯიუტი გოგო, ესე იგი არ დამიჯერე და აქ ხარ.
- აქ ვარ და შენთან საუბარი მინდა, დარწმუნებული ვარ ხვდები რაზეც.
- უხმოდ დამიქნია თავი, ბარმენს ორი ჭიქა ლუდი გამოართვა და ბარის სიღრმეში მდგარი ერთადერთი თავისუფალი მაგიდისკენ გამიძღვა...





- ბოლომდე მაინც არ მეუბნები რა ხდება, -უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე და აღარ დამისხათქო ვანიშნე, აქ დასათრობად ნამდვილად არ მოვსულვარ, ერთი ჭიქა ლუდი სრულიად საკმარისი იყო, ვიჯექი გვარიანად შემთვრალი ბენის პირდაპირ და ვბრაზობდი, მასზეც, საკუთარ თავზეც და იმ უცნობზეც ვინც ამ გადასაკარგავში ჩამოსვლა მაიძულა... ჰო, ნამდვილად მაიძულა, ახლა უკვე ვხვდებოდი, დარწმუნებული ვიყავი რომ მართლაც არაფერი მომხდარა შემთხვევით და ჩემი აქ ჩამოსვლა ერთი დიდი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, ოღონდ არ ვაპირებდი ასე უდარდელად ჯდომას და მოცდას იქამდე სანამ ამ გეგმის ავტორი სასურველს არ მიიღებდა და ყველაფერს ბოლომდე არ მიიყვანდა...
- მეტი სათქმელი არაფერი მაქვს, -ბენმა ხელები გაშალა და გამიღიმა, -უნდა წახვიდე, შენთვის აქ ყოფნა სახიფათოა, სიმართლე რომ გითხრა არ ვიცი ამ ყველაფერთან რა შუაში ხარ თუმცა ფაქტია რომ ასეთი დამთხვევები ასე უბრალოდ არ ხდება.
- კარგი, ყველაფერი გასაგებია, აზრი აქ აქვს, მივხვდი რომ შენგან ვერაფერს გავიგებ, -ხელი ჩავიქნიე და ასადგომად წამოვიწიე მაგრამ შემაჩერა, -იმ სახლს მოშორდი შვილო, რაც შეიძლება შორს წადი იქიდან, -ისეთი იდუმალი ხმით მითხრა ტანში ცივად გამცრა და მოვიბუზე.
- ვერ ვხვდები იმ სახლს რას ერჩი, სულაც არ არის საშიში.
- სახლი არა, ის არის საშიში რაც მის შიგნითაა, -თქვა და ტუჩებზე აიფარა ხელი, მერე კი უშვერად შეიგინა მოურიდებლად, -მაინც წამომცდა.
- კარგი, მოდი გავაგრძელოთ ბენ, -რაკი ასეთი რამ წამოცდა ახლა უკან დახევას აღარ ვაპირებდი, ვანიშნე რომ კიდევ მოეტანათ სასმელი და როცა კიდევ ერთი ჭიქა დაცალა უფრო თამამად გავაგრძელე დაკითხვა, -მითხარი რა ან ვინ არის იმ სახლში ასეთი საშიში, ბენეტების ოჯახს გულისხმობ?
- ხუმრობ? -გულიანად გაეცინა და მერე ისევ დაუსერიოზულდა სახე, -ბენეტები არაფერ შუაში არიან, მათი ოჯახიც შენსავით მსხვერპლია...
- მსხვერპლი? ფიქრობ რომ მე მსხვერპლი ვარ? ვისი ან რისი?
- იმ... იმ... იმ არსების, -როგორც იქნა ამოთქვა და კიდევ ერთი დაცლილი ჭიქა დაახეთქა მაგიდაზე, უკვე ძალიან იყო მთვრალი და ეჭვი მეპარებოდა რომ მისგან ღირებული ინფორმაციის მიღებას შევძლებდი.
- მისმინე ბენ, -მშვიდი შემპარავი ხმით დავიწყე, -იმ სახლში ბენეტების გარდა არავინ ცხოვრობს, იქ სხვა ადამიანი არ მინახავს.
- ადამიანი ვინ ახსენა? -ჩაიხითხითა და ჩემს ნახევრად დაცლილ ჭიქას დასწვდა.
- აბა რა იგულისხმე?
- ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ის სახლი მე და ჩემმა მეგობარმა ლუდვიგმა საკუთარი ხელებით ავაშენეთ ორმოცი წლის წინ, მაშინ ახალგაზრდები ვიყავით...
- სულაც არ გავს ასე ძველს, -სიტყვა შევაწყვეტინე, ახლა სულაც არ მინდოდა მისი ახალგაზრდობის ისტორიის მოსმენა.
- მაცადე უნდა მოგიყვე, ხომ გაინტერესებდა, -რატომღაც უცბად მოვიდა ლაპარაკის ხასიათზე, -მე ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, ოცი წლის ვიყავი როცა ლუდვიგი აქ ჩამოვიდა საცხოვრებლად და ის მიწა შეიძინა რომელზეც ახლა ის სახლი დგას სადაც ბენეტები ცხოვრობენ, ჩემზე შვიდი წლით დიდი იყო, მდიდარი, უცნაური და იდუმალი.
- რატომ იდუმალი? -მაინც ვერ შევიკავე თავი რომ არ მეკითხა, -ბენმა ამოიოხრა და ისეთი სახე მიიღო თითქოს შეურაცხყოფა მივაყენე სიტყვა რომ შევაწყვეტინე.
- იდუმალი იმიტომ რომ ურთიერთობებს ერიდებოდა, უამრავი ფული ჰქონდა, სხვა ქალაქიდან ჩამოიყვანა მუშები სახლის ასაშენებლად, შეიძლება მუშები არც იყვნენ ახლაც არ ვიცი, არავისთან კონტაქტობდნენ, ნაკვეთს გარშემო უზარმაზარი ღობე შემოავლეს და არავინ იცოდა რას აკეთებდნენ შიგ, ჩემს მეზობლად ერთი მოხუცი მშენებელი ცხოვრობდა, ერთხელ ლუდვიგს შევხვდით ქუჩაში მე და მარტინი და მივესალმეთ, მარტინი გაეხუმრა, იმდენი მიწა გამოაქვთ შენი ნაკვეთიდან გეგონება სახლის საძირკველს კი არ ჭრი გვირაბს თხრი მიწის ქვეშო, ლუდვიგი შეცბა და იუარა, მარტინი კი გაჯიქდა და აღარ გაჩერდა, მითხარი რას აკეთებ და რისთვის თხრი იმდენ მიწასო, მეორე დილით მარტინი მკვდარი იპოვეს სახლში...
- ღმერთო ჩემო, -შეძრწუნებულმა ავიფარე პირზე ხელი, -შენ ფიქრობ რომ ლუდვიგმა...
- ვფიქრობ კი არა დარწმუნებული ვარ ოღონდ ეს მაშინ არ ვიცოდი, დაახლოებით ათი წლის წინ გავიგე.
- ამაზე ასე მშვიდად როგორ საუბრობ?
- ვიცი რომ ამისთვის მიზეზი ჰქონდა, თუ მაცდი ყველაფერს მოგიყვები, ერთი სიტყვით არ ვიცი როგორ და რატომ მაგრამ ლუდვიგი მე დამიახლოვდა, დამიმეგობრდა, არ ვიცი რა განზრახვა ჰქონდა, შეიძლება უნდოდა რომ ამ ქალაქში ერთი ადამიანი მაინც ყოლოდა ვისაც ენდობოდა, შეიძლება მართლაც სჭირდებოდა მეგობარი, თავის თავზე არაფერს მიყვებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ორიოდე კვირაში ისე დავახლოვდით, უკვე მისი სახლის მშენებლობაშიც კი ვიღებდი მონაწილეობას, თვითონ ხშირად უწევდა ქალაქიდან წასვლა და ყველაფერს მე ვმეთვალყურეობდი, რამდენიმეჯერ ვკითხე იმ იდუმალი ზარების და გამოძახებების შესახებ მაგრამ არასდროს გაუცია პასუხი...
- საინტერესოა ვინ იყო?
- ჰო, მართლაც, მეც მაინტერესებდა მაგრამ კარგად მალავდა საკუთარ პიროვნებას და საქმიანობას, თუმცა იმ პერიოდში მე ნამდვილად კეთილ ანგელოზად მომევლინა, მაში საკმაოდ ცუდად მიმდიოდა საქმეები, მამაჩემი ახალი დაღუპული იყო, ფინანსურადაც მიჭირდა...
- მანაც მეგობრობის სანაცვლოდ დახმარების ხელი გამოგიწოდა? -ზიზღით ავიბზუე ცხვირი, ვერ ვიტანდი ისეთ ადამიანებს სხვის მდგომარეობას რომ სათავისოდ იყენებენ.
- შეიძლება ასეც იყო, -ჩემდა გასაკვირად ბენმა არ იუარა ჩემი სიტყვები, -შეიძლება იმ დროს მიყენებდა მაგრამ ხელი ხელს ბანსო ხომ გაგიგია, ერთი სიტყვით უნდა გითხრა რომ მარტინი მართალი აღმოჩნდა და ლუდვიგის სახლი სულაც არ იყო უბრალოდ სახლი, სახლის ქვემოთ მიწაში საკმაოდ ღრმად რამდენიმე ოთახია, დერეფნები, გვირაბი რომლსაც პირდაპირ სახლის ქვეშ ჩაყავხარ...
- რა მიზანი ჰქონდა ლუდვიგს როცა ასე საიდუმლოდ აშენებდა ამ ყველაფერს? -დაძაბულობისგან ხმაწასულმა ვკითხე, ნერვები დაწყვეტაზე მქონდა, მთელი სხეული დაჭიმული და ვეღარ ვითმენდი, ერთი სული მქონდა როდის დაასრულებდა ბენი თხრობას.
- ერთი სიტყვით როცა ქვედა მხარე დავასრულეთ, ამ საიდუმლო მიწისქვეშა შენობის ზემოდან სახლი ავაშენეთ, ის სახლი სადაც ახლა შენ რჩები, როცა თავიდან ბოლომდე დასრულდა ყველაფერი ლუდვიგმა მშენებლებს ანგარიში გაუსწორა, ავტობუსი დაუქირავა და ქალაქიდან გაუშვა, ორი დღის შემდეგ ვნახე ცნობა გაზეთში რომ ავტობუსი ხიდიდან გადავარდა და ერთი მათგანიც კი არ გადარჩენილა ცოცხალი...
- ჯანდაბა, -აღმომხდა გაოგნებულს, -შენი ლუდვიგი ნამდვილი მანიაკი ყოფილა, როგორ შეგეძლო ასეთ ადამიანთან ურთიერთობა.
- მას საკუთარი სერიოზული მიზეზები ჰქონდა.
- არ არსებობს მიზეზი რომელიც ამდენ ცივსისხლიან მკველობას გაამართლებს, ისე არ გიკვირს რომ შენც არ მოგიშორა?
- მე რატომ უნდა მოვეშორებინე?
- იმიტომ რომ მისთვის აშკარად ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ მისი საიდუმლო სარდაფის შესახებ არავის ცოდნოდა, შენ კი ყველაფერი იცოდი.
- შევპირდი რომ არავის არაფერს ვეტყოდი, ის მენდობოდა.
- ჰმ, გენდობოდა არა? როგორ შეგეძლო ასე უბრალოდ...
- გეყოფა, ხომ გითხარი, იმ პერიოდში მაწყობდა და თვალს ვხუჭავდი, ისედაც მაწუხებს რომ მაშინ ვერაფერს ვხვდებოდი.
- რაღაც არ გეტყობა რომ ნანობდე, -ალმაცერი მზერა შევავლე სასმლისგან სახეაწითლებულს და უკვე ნახევრად გათიშულს.
- არც მითქვამს რომ ვნანობ, -ჩაიბურტყუნა და ჩემსკენ გადმოიხარა, სახე სახესთან მომიტანა ახლოს და თვალებში ჩამხედა, -არ ვნანობ იმიტომ რომ მართალია თავიდან არაფერი ვიცოდი და მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ახლოს ვიყავით თავის საქმეებში არ მახედებდა მაგრამ ათი წლის წინ...
- ანუ ოცდაათი წელი ისე მეგობრობდით არ იცოდი რას საქმიანობდა ან იმ სარდაფში რას აკეთებდა? იქნებ მანიაკი იყო და გატაცებულ ხალხს აწამებდა, ან ქალებს აუპატიურებდა ან რა ვიცი სულაც მსხვერპლთშეწირვას ატარებდა ხოლმე...
- ნუ გაუტიე, რა შუაში მსხვერპლთშეწირვა, აქ უფრო სერიოზულ რამესთან გვაქვს საქმე ვიდრე ეგ სულელური მსხვერპლთშეწირვაა, ათი წლის წინ როცა ყველაფერი მომიყვა საკუთარი საქმიანობის შესახებ უკვე ძალიან იყო ავად, სიმსივნე ჰქონდა, მეტასტაზები მთელ სხეულში იყო მოდებული, ექიმები ერთ პროცენტ გადარჩენის შანსსაც კი არ აძლევდნენ, რაც არ უნდა იწვალო და იმკურნალო მაქსიმუმ ორ წელიწადს თუ იცხოვრებო, თუმცა შეცდნენ, მას შემდეგ კიდევ ხუთი წელიწადი იცოცხლა, ერთი სიტყვით, ათი წლის წინ ჩამიყვანა პირველად სახლის ქვეშ...
- იქ რა ნახე, -თვალებგაფართოებული ორივე ხელით დავეყრდენი მაგიდას და წამოვიწიე, -მითხარი ბოლოს და ბოლოს რა ნახე.
- ვერ გეტყვი, -მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და თვალი მომარიდა, არ ვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ მის სახეზე წამიერად გაკრთა შიში... -იქ რა ვნახე ვერ გეტყვი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრა, ხუთი წლის წინ როცა ლუდვიგი კვდებოდა, საავადმყოფოში მე ვიდექი მის სასთუმალთან, მან მითხრა რომ მიწისქვეშ ჩასასვლელი საიმედოდ დამემალა და მთხოვა ყურადღება მიმექცია რომ სულ მცირე ათი წელი მაინც არავინ დასახლებულიყო აქ, უნდოდა ჩემთვის გადმოეფორმებინა ყველაფერი თუმცა კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, უცბად გაუუარესდა მდგომარეობა და ვეღარ მოასწრო...
- ანუ ბენეტების ოჯახი...
- აღმოჩნდა რომ ლუდვიგს შვილი ჰყოლია, როგორც კი მამის დაღუპვის შესახებ შეიტყო, ჩამოვიდა, სახლი გაარემონტა და გაყიდა.
- სარდაფის არსებობა როგორ ვერავინ შეამჩნია? თუნდაც რემონტის დროს.
- ვერ შეამჩნევდნენ, სახლის პროექტში სარდაფი ნახსენები არ არის, შესასვლელს რაც შეეხება... არც შესასვლელია სახლში.
- აბა სად არის.
- ამას ვერასოდეს გაიგებ, -სიცილით დამიქნია თითი, -ეს მხოლოდ მე ვიცი და პროექტის ერთადერთი ნამდვილი ნახაზიც მე მაქვს.
- ბენეტებმა როგორ შეიძინეს სახლი? -სასწრაფოდ გადავიტანე საუბარი მათზე რომ ბენს არ შეემჩნია თავისდა უნებურად როგორ გამიმხილა საიდუმლო.
- როგორც კი ლუდვიგის შვილმა სახლი გასაყიდად დადო მაშინვე გამოჩნდნენ ბენეტები და შეიძინეს, თუმცა ვფიქრობ რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა.
- ფიქრობ რომ ისინიც რამეში არიან გარეულები?
- არა თუმცა ვიღაცას აშკარად ძალიან უნდოდა რომ სახლი მათ ეყიდათ, შენი აქ ჩამოსვლაც მასვე აწყობდა, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში.
ბენის სიტყვები ნამდვილად არ იყო ლოგიკას მოკლებული, თუმცა მას რომ არ ეთქვა ისედაც ვიცოდი რომ არაფერი რაც ჩემს გარშემო ხდებოდა დამთხვევა არ იყო, ვუყურებდი ბენს რომელიც თვალებს ძლივს ახელდა და ვმერყეობდი, ვყოყმანობდი, ვერაფრით ვახერხებდი გადაწყვეტილების მიღებას, ორი გზა მქონდა, შემეძლო აქედან წასვლა, ნიუ იორკში დაბრუნება და ყველაფრის დავიწყება, ვიცოდი რომ შემეძლო მაგრამ მეორე გზაც არსებობდა, ბენეტების ოჯახი როგორმე აქაურობისთვის უნდა გამერიდებინა და მერე სარდაფში ჩასასვლელი უნდა მომეძებნა...
- რა გავაკეთო ბენ? როგორ მოვიქცე? -მისთვის არ მიკითხავს, უფრო ჩემს თავს ვკითხე.
- წადი აქედან, -ჩაიბურტყუნა ბენმა და თავი გვერდზე გადაუვარდა, დაეძინა, ბევრი აღარ მიფიქრია იქვე მივიღე გადაწყვეტილება და უკვე რამდენიმე წუთში, ბონის დახმარებით ვსვავდი ბენს ავტომობილში, სახლამდე მივიყვანე და გაჭირვებით შევიყვანე, მარტო ცხოვრობდა და ეს საქმეს მიადვილებდა, დივანზე დავაწვინე, პლედი გადავაფარე და იქაურობა მოვათვალიერე, არც თუ ისე დიდ სახლში მარტივად ვიპოვე უამრავი სხვადასხვა ნივთით, წიგნებით და ძველისძველი ქაღალდებით სავსე ოთახი, ცოტა ხანში გულზე გრაგნილივით დახვეული ლუდვიგის სახლის გეგმა მქონდა ახუტებული და ქურდივით მივიპარებოდი ქალაქის ქუჩებში...
-
რატომღაც მეგონა რომ ბენი ყველაფერს მიხვდებოდა და მომძებნიდა მაგრამ იმ დღის შემდეგ თვალითაც არ მინახავს, ქალაქში მოვიკითხე და მითხრეს რომ სანადიროდ იყო წასული, ხანდახან მთელი კვირა იკარგება ხოლმეო, გამიკვირდა რომ ასე უბრალოდ ადგა და წავიდა იმის მერე რაც ვისაუბრეთ და რაც მომიყვა, თუმცა თავისი საქმის თვითონ იცოდა, მე კი მიუხედავად იმისა რომ ერთი სული მქონდა სარდაფის ძიება დამეწყო ჯერ მთავარი საქმე უნდა მომეგვარებინა, ჯენა ამ ყველაფრისთვის უნდა გამერიდებინა, ეს ბავშვი მომწონდა და არ მინდოდა რომ ვიღაც მანიაკის სულელურ გეგმებს შეწირვოდა, დარწმუნებული ვიყავი რომ მხოლოდ აქაურობისგან შორს ყოფნა უშველიდა, სხვა ვერავინ და ვერაფერი მოახერხებდა მის დახმარებას, შემდეგი ერთი კვირა იმას დავუთმე რომ ლილისთვის აქედან გადასვლა შთამეგონებინა, ძალიან არ გამჭირვებია, ლილის გონება იმთავითვე მზად იყო იმისთვის რომ ის დაეჯერებინა რასაც ვეუბნებოდი, როგორც იქნა მივახვედრე რომ ჯენას მხოლოდ აქედან წაყვანით თუ გადაარჩენდა, ერთი კვირის თავზე აიბარგნენ ბენეტები, სახლი გასაყიდად გაიტანეს და სამუდამოდ წავიდნენ ქალაქიდან, როცა ვემშვიდობებოდი, ჯენა ჩამეხუტა.
- რაღაც უნდა გითხრა ნანე, -იდუმალი ხმით ჩამჩურჩულა.
- მითხარი, -გამეღიმა და თავზე ხელი გადავუსვი.
- წუხელ ისევ ვნახე სიზმარი, ოღონდ ამჯერად საშინელი არ ყოფილა, ის ჩემთან მოვიდა და მითხრა რომ კარგი გოგო ვარ და აღარასოდეს შემაწუხებს.
შვებით ამოვისუნთქე, ახლა ნამდვილად დავრწმუნდი რომ სწორი გადაწვეტილება მივიღე როცა ბენეტებს აქედან წასვლა ვურჩიე, ლილისგან ნებართვა ვითხოვე რომ სახლის გაყიდვამდე აქ დავრჩენილიყავი და წავიდნენ თუ არა მაშინვე იმ გეგმას ჩავუჯექი რომელიც ასე უსირცხვილოდ მოვიპარე და ჯერ არც კი გადამეშალა.
ის იყო მუშაობა უნდა დამეწყო რომ ტელეფონი აწკრიალდა, ნათია რეკავდა, რამდენიმე წამს ვიყოყმანე რომ არ მეპასუხა არ გამოვიდოდა, ნამდვილად არ მინდოდა შეშინებოდა და აქ ჩამოეკითხა.
- როგორ ხარ დაკარგულო? რა ხდება? როგორ მიდის შენი მუშაობის საქმე, ჯენა როგორ არის? -ჩვეულებისამებრ ერთბაშად მომაყარა.
- მშვენივრად არის მაგრამ მგონი მაინც ჯობია კიდევ რამდენიმე დღე დავრჩე, -ისე მოვატყუე საერდ არ შევუწუხებივარ სირცხვილის გრძნობას.
- მატყუარა, -ისე იყვირა კინაღამ დამაყრუა, -ვიცი რომ მანდ აღარ ცხოვრობენ.
- საიდან იცი? -გავიკვირვე.
- საიდან და დღეს საკმაოდ სოლიდური თანხა ჩაგვირიცხეს, მერე ლილიმ დარეკა და ძალიან ბევრი მესაუბრა შენზე, აღფრთოვანებულია შენით, ორივე ისიც და მაიკიც შენი უზომოდ მადლობლები არიან.
- კარგია თუ ასეა, -ავტომატურად რობოტივით ვუბრუნებდი პასუხებს და თან ჩემს წინ მაგიდაზე გაშლილ ნახაზსს დავყურებდი.
- კარგად ხარ ნანე? -ხმა დაუსერიოზულდა ნათიას.
- კარგად ვარ და ახლა არ დაიწყო ხუმრობა ვიღაც დაკუნთულ ტიპებზე.
- როგორ მიხვდი რომ ასე უნდა მეხუმრა? -გულიანად გადაიკისკისა.
- როგორ და კარგად გიცნობ, ვიცი გაინტერესებს რატომ დავრჩი, პატარა მყუდრო და ლამაზი ქალაქია და ვიფიქრე რამდენიმე დღით დასასვენებლად დავრჩენილიყავი.
- კარგი ჰო, როგორც გინდა, თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე, მაქსი მოვიდა უნდა გავთიშო, -უცბად დაასრულა საუბარი და გამითიშა, გაღიმებულმა გადავდე ტელეფონი და შეწყვეტილ საქმეს მივუბრუნდი.
ყველაფერში მარტივად გავერკვიე, ბენი მართალი აღმოჩნდა როცა მითხრა რომ შესასვლელი სახლში არ იყო, როგორც გეგმაზე ჩანდა საიდუმლო კარი სახლიდან ოდნავ მოშორებით ღობის იქით ტყეში უნდა მეძებნა, ჩემი მასპინძლების წასვლიდან მეორე დღეს, დილით გადავწყვიტე ძიების დაწყება, მოსახერხებელი სპორტული შარვალი, დაბალძირიანი ფეხსაცმელი და გრძელმკლავიანი მაისური ჩავიცვი, იქვე სამზარეულოში ნაპოვნი ფანარი ავიღე და უკანა ეზოში გავედი.
- კარგი იქნებოდა რომ იარაღი მქონოდა, -ჩავილაპარაკე და ნელი ნაბიჯით წავედი ღობისკენ, არადა მართლა კარგი იქნებოდა, ვინ იცის რა მელოდება სარდაფში, იქნებ ზომბები ან ორთავიანი ძაღლები, როგორც იმ ფილმში ‘’ბოროტების სავანე’’
- კარგი რა ნანე, -თვითონვე გამეცინა საკუთარ სულელურ ფიქრებზე, დაბალ ღობეს მოხერხებულად გადავევლე და ტყეში შევედი, გაგიკვირდებათ და შესასვლელს საკმაოდ მარტივად მივაგენი თუმცა უნდა ვაღიარო, ისე იყო შენიღბული გეგმა რომ არ მქონოდა ვერასდროს მოვახერხებდი მის პოვნას.
სუროთი და სხვადასხვა მცენარეებით დაფარულ სქელი მასიური ხისგან შეჭედილ კარს მღელვარებისგან აცახცახებული თითებით ვასუფთავებდი, საბოლოოდ ხელში უზარმაზარი ბოქლომი რომ შემრჩა კინაღამ ავტირდი, წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა გამეღო.
- ხომ არ დაგეხმარო? -მომესმა ზურს უკნიდან უკვე ნაცნობი ხმა, შევბრუნდი, ჩემი ღამეული სტუმარი ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იჯდა კუნძზე და გულითადი მეგობარივით მიღიმოდა, ისევ ისე ეცვა როგორც იმ ღამით განსხვავება ის იყო რომ ახლა კარგად ვხედავდი მის სახეს და თავისუფლად შემეძლო მეთქვა რომ ასეთი სრულყოფილება არასდროს მენახა, ეს ცივი მზერა რომ არა...
წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა თუ არა შეშინებულმა დავიხიე უკან და ზურგით ავეკარი კარს, გაეცინა, მომიახლოვდა და ერთ ადგილზე გაშეშებული ხელის ფრთხილი მოძრაობით გამწია გვერდზე.
- ნუ გეშინია, შენთვის არაფრის დაშავებას არ ვაპირებ, მითუმეტეს ახლა როცა ჩვენი სურვილები ერთმანეთს ემთხვევა, -უდარდელი ხმით ჩაილაპარაკა, მერე საკეტს ხელი მიადო და მიაწვა, რაღაცამ გაიტკაცუნა და კარი ფართოდ გაიღო.
- შეგიძლია შეხვიდე, -ხელით მანიშნა და გვერდზე გადგა, -მე ვერ წამოგყვები , არ შემიძლია თუმცა ვფიქრობ თვითონაც მშვენივრად გაართმევ თავს ყველაფერს.
გაბრუებულმა დავუქნიე თავი და ის იყო გვირაბში ფეხი უნდა შემედგა რომ ნაცნობი მუსიკის ჰანგები გაჟღერდა ჩემს გონებაში, ოღონდ ამჯერად სუსტად მესმოდა, ძლივსგასაგონად.
- ისევ იგივე, -ჩაიღრინა ჩემს გვერდით მდგარმა და ხელი მთელი ძალით დასცხო კარს.
- შენც გესმის? -ძლივს გავბედე რომ მეკითხა.
- მესმის, რათქმაუნდა მესმის მაგრამ ამჩნევ რომ მუსიკის ხმა ნელ-ნელა სუსტდება?
- ვამჩნევ.
- ეს იმას ნიშნავს რომ ცოტა დრო რჩება ნანე, ძალიან ცოტა, ყურს ნუღარ უგდებ და ნუღარ აყოვნებ, მას შენი დახმარება სჭირდება, წადი, -მსუბუქად მიბიძგა ზურგში და მეც პირველი ნაბიჯი გადავდგი უკუნეთ სიბნელეში...



№1 სტუმარი One

Auu rogori sainteresoa, rodos dadeb momdevno tavs? Veli moutmenlad))
Lilagogo❤️

 


№2 სტუმარი სნა

საოცრება ხარ

 


№3  offline წევრი ლილა ნესი

One
Auu rogori sainteresoa, rodos dadeb momdevno tavs? Veli moutmenlad))
Lilagogo❤️


ვფიქრობ რომ ოთხშაბათს შევძლებ შემდეგი თავის დადებას blush heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent