შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს პარალელურ სამყაროში


28-05-2023, 17:49
ავტორი ვე რა
ნანახია 1 771

შენს პარალელურ სამყაროში
1
რასაც შენ ვერ ხედავ...

ყორანი :

ბავშვობის და მოზარდობის რთული და ბნელი დღეებიდან, უამრავი ტკივილი დამრჩა. როგორც ნაიარევები, თუმცა არც უმათობაა. დამრჩა ასევე უცნაური ფობიები და სიმართლე რომ ვთქვა, გამაოცა იმან , რომ ყოველ ფობიას საკუთარი სახელი რქმევია უკვე. ეს ხომ პირდაპირი მნიშვნელობით იმას ნიშნავს, რომ ჩემამდე ვიღაც სხვასაც აწამებდნენ?!
თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც გამიმართლა, რადგან ამ საუკუნეში დავიბადე. ინტერნეტის საუკუნე რომ ჰქვია.
არარეალიზებული და არშემდგარი ადამიანი ვარ, არცთუ განსაკუთრებული ვიზუალით. ერთი რიგითი უფერული ლანდი ჭრელი სოციუმიდან.
სრულიად გამოუსადეგარი უნარებით. მაგალითად მთვარეულობა, ყოველ შემთხვევაში აქამდე ვერაფერში გამოვიყენე. რას წარმოვადგენ? ალბათ არაფერს!

ხოდა ამ ყველაფერს პლიუს პანდემია. გაგანია ზაფხული, იწვის ყველაფერი და მე ვზივარ ციმციმა მონიტორის წინ. ვქმნი სრულიად ახალ აქაუნთს. სახელით "ყორანი" და ვიწყებ წერას.
ჯერ გაუბედავად, პატარ_ პატარა აბზაცებით. და ჩემდა გასაოცრად თქვენ ეს მოგწონთ. განიერ თაღის კედლებს შორის გადებულ სავარჯიშო ძელზე, მამაჩემი რომ მაიძულებდა ზედ ვარჯიშს ღრმა და სევდიან ბავშვობაში, სწორედ იმაზე ჩამობმულ სიცოცხლისათვის დასასმელ წერტილს, სქელ ყულფად გაკვანძულ თოკს ცალი თვალით გავცქერი და სიმწრის ნერწყვს ვყლაპავ. მორჩა! მე უარს ვამბობ რეალურ სამყაროზე, იმდენად რამდენადაც ამის შესაძლებლობას ირეალური სამყარო მომცემს. ეს ახლა ჩემი სხეულის ხსნის ერთადერთი გზაა. სხეულის თორემ სულის არც მჯერა .
დედამიწაზე მიღებული ტანჯვა, ტკივილი და იმედგაცრუება ალბათ კიდევ ას სიცოცხლეში მეყოფოდა სულის, სამოთხის , რეინკარნაციის და სხვა აბდაუბდა პარალელური სამყაროსი რომ მჯეროდეს.

რამდენიმე კვირაში ასობით გამომწერი მყავს, და ჩემი გამბედაობაც
იზრდება, როგორც მთიდან დაგორებული ზვავი. მე თავად ვემსგავსები სტიქიურ მოვლენას. მთელ ჩემს დაგროვილ ემოციას მკითხველებს ვუზიარებ და არავის ვუშლი ისეთად წარმომიდგინოს , როგორიც თავად სურს.
რამდენიმე თვეა ჩემს ახალ და უკვე საკმაოდ რეალურ, ირეალურ სივრცეში მძიმე ღუზასავით ვარ ჩაძირული, ჩემსავე მყიფე სიცოცხლეზე უმსხვილესი ჯაჭვით გამობმული, და ჩემდა გასაოცრად თავს საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ.

ამ არამდგრად ნირვანაში მყოფს, ერთ დღეს ერთ_ერთი მკითხველისგან უბრალო შეტყობინება მომდის:

_ რატომ ყორანი?

_იმიტომ რომ..._ ვშლი. ვფიქრობ. მართლაც და რატომ ყორანი? ალბათ იმიტომ რომ ჩემგან განსხვავებით ლამის უკვდავია, ლეგენდებში 300 წელს ცოცხლობს? ან იმიტომ რომ ჩემგან განსხვავებით გარემოსთან ადაპტაციის შესაშური უნარი აქვს?
არა , იმიტომ რომ ფრენა შეუძლია. მე კი ზემოთხსენებული ღუზით ვარ დედამიწას გამობმული.

_ მინდა რომ ვგავდე!
ვპასუხობ._ მშურს მისი!

_ ყორნის გშურს?

_ კი ის თავისუფალია, თამამი, ისაა რაცაა, არაფერს მალავს!

_ და შენ რას მალავ?

_ საკუთარ თავს!

_ როგორც ყველა!

_ შეიძლება!

_ რასაც წერ, შენზე წერ?

_ ზოგს კი, ზოგს არა!

_ მე შენს ამბებში შენსავე სამყაროს ვხედავ!

_ ვითომ?_ ირონიულად მეღიმება მე სუსტსა და გაუბედავზე არასდროს ვწერ.
მე ჩემგან სრულიად განსხვავებულ პერსონაჟებს ვიგონებ. ისინი ჩემი სრული ანტიპოდები არიან. და აბა როგორღა ხედავს ის ჩემს მოგონილ ამბებში ჩემს რეალურ სამყაროს?!

_ გინდა დაგიმტკიცო?

_ მიდი!!!

_ დამპირდი, რომ არ მომატყუებ!

_ გპირდები!_ დარწმუნებული ვარ ცდება. თამამად ვპირდები.

_ მარტოსული ხარ!
არ ვპასუხობ.

_ დუმხარ, ესეიგი მართალი ვარ!

_აქამდე არცერთი ოცნება არ აგისრულდა!
ისევ არ ვპასუხობ.

_ ამაშიც მართალი ვარ! არა? საკუთარი თავი არ გიყვარს, უფრო მეტიც გძულს!

_ შეწყვიტე!_ ვცოფდები მასზე.

_ მე შენს თავში გაელვებულ აზრებსაც ვხედავ. იმ დაგრეხილ თოკსაც ვხედავ, ჩამოხსნას რომ ვერ ბედავ!
აქ კი სკამზე შევხტი ხელები გამეყინა.
მხედავს? მიცნობს? თან ყულფად განასკვულ თოკს შევყურებ შემკრთალი.
თოკი თითქოს დამცინავად მიღიმის.

_ სად ხარ?_ ვეკითხები. დარწმუნებული ვარ, მითვალთვალებს სადმე ახლომახლო ფანჯრიდან.

_ შენს პარალელურ სამყაროში!_
მპასუხობს და მხოლოდ ახლა ვაკვირდები მის ავატარს და სახელს. უზარმაზარი ნაცნობი მთვარე და სახელი
" მთვარეული".
მესინჯერს ვხურავ და გამოვდივარ .

კომპიუტერის მთავარ ეკრანზე მისი ავარატის ზუსტი ასლი მიყენია.
რა ჯანდაბა ხდება????

მთვარეული :

რომ გავიღვიძე , გავვოცდი. არა უფრო სწორედ მაგრად შევშინდი. ვერ მივხვდი აქ რა მინდოდა, როგორ და რანაირად მოვახერხე, სახლიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ტბასთან მისვლა. ვიდექი თხელ საღამურში, ფეხშველი, მუხლამდე წყალში, მციოდა და მგონი სწორედ ამ სიცივემ გამომაფხიზლა.
უცნაური გრძნობა მქონდა შიშთან ერთად. თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი ვიპოვნე.
თითქოს სწორედ იქ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. სარკესავით კრიალა წყალში ღამის ცა ირეკლებოდა. წყალში უამრავი ვარსკვლავი კრთოდა და ციმციმებდა. ტბის შუაგულში სავსე კრიალა მთვარე ირეკლებოდა. ცას ავხედე და შემცბარმა უკან დავიხიე. ასეთი ცა თუ გვქონდა არასდროს შემინიშნავს. ოთახის ფანჯრიდან არასდროს ჩანდა ცა ასეთი ჯადოსნურად ბრჭყვიალა. წამით გამეფანტა ფიქრი. მაგრამ მალევე გამოვფხიზლდი.
რა მინდოდა აქ? ამაზე პასუხი უბრალოდ არ მქონდა და სწორედ ამიტომ მეშინოდა. ტბას ზურგი ვაქციე და ნელა დავუყევი ქალაქისკენ მიმავალ ჯერ კიდევ გაუთელავ ბილიკს, რომელზეც უკვე განთიადის ცვარი ბრწყინავდა....


2
მე შენ გხედავ

მთვარეული:

არ მახსოვს როდიდან ვხედავ არეულ სიზმრებს. უფრო სწორად მახსოვს, იმიტომ რომ დედამ მომიყვა. ყველაფერი იმ საშინელი ავარიის შემდგ დაიწყო. მე გადავრჩი, დედა გადარჩა, მამა ვერა...
სადღაც ქალაქგარეთ ვიყავით, შაბათ_ კვირას გასული და ასე ჩაგვშხამდა. მაგრამ იმ ავარიაში ჩემზე მეტად ერთი პატარა ბიჭი დაზარალდა თურმე. მე დედა მაინც დამრჩა, იმას_ არავინ. იმ ღამეზე თითქმის
არაფერი არ მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ ექვსი წლის ვიყავი. მხოლოდ დიდი უზარმაზარი სავსე მთავარე და მისი შეშინებული სახე, მისი ხმა და ტირილი: "მეშინია!"

ამოტრიალებული მანქანა, ზუსტად ჩემს გვერდით, ჩამსხვრეული შუშებით და მე ხელს ვუწვდი, მინდა დავამშვიდო. ისიც პატარა თითებით ჩემს ხელს ებღაუჭება: " არ დამტოვო!" მთხოვს და ღვედით დაბმულს, თავდაყირა დაკიდულს მსხვილი ცრემლები მოუგორავს არა ლოყებზე, არამედ შუბლზე.

სწორედ იმ საზარელი ღამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდით. სტრესის ნიადაგზე წარმოქმნილი კოშმარები გვეგონა, მაგრამ....

პირველად, როცა სხვა ადგილას გავიღვიძე, ავარიიდან სამი თვე იყო გასული. შუაღამისას სახლიდან კილომეტრის მოშორებით გაჩერებაზე ვიჯექი და არ ვიცოდი, სად ვაპირებდი წასვლას.
მეორედ ეზოშივე დამიჭირა დედამ.
მესამედ მერვე სართულის აივნის მოაჯირიდან ჩამომიყვანა და ამ დღის შემდეგ, ყოველ ღამე, ყველაფერს გულდაგულ კეტავს და გასაღებს ბალიშქვეშ მალავს.

არ ვიცი, მიხვდა ჩემი ქვეცნობიერი რომ ვეღარ გავიქცეოდი, თუ რა მოხდა, მაგრამ მორიგი რამდენიმე მთვარეული ღამის უშედეგო გაქცევის მცდელობის შემდეგ, ავარიიდან ხუთი წლის თავზე ის მოიყვანა ჩემთან.
თუმცა არ ვიცოდი, ვინ იყო. მაგრამ სიზმარში მის ცხოვრებას ვხედავდი. მის ტკივილს , სევდას და მარტოობას ვიზიარებდი. მის შიშებს განვიცდიდი. მისი არც სახელი ვიცოდი, არც გვარი. მასზე არაფერი ვიცოდი. მხოლოდ ვგრძნობდი მის ემოციას და ფრაგმენტულად ვხედავდი მის ცხოვრებას. არ მიშველა არც ექიმმა, არც წამლებმა, არც მკურნალობამ. და ასე მასთან ერთად და მის ემოციებში გავიდა კიდევ ათი წელი.

ბოლოს მივხვდი, რომ მას უბრალოდ მივეჩვიე. შევითვისე, გავიშინაურე. ახლა უკვე ვიცი, რას მალავს ყველაზე ღრმა ფიქრებში. ვიცი, რაზე ოცნებობს და ვგრძნობ მის საშინნელ იმედგაცრუებას ცხოვრებით, ხალხით, ყველაფრით. ის საკუთარ მარტოობაში ჩაიძირა და სადაცაა ჩაიხრჩობა კიდეც. ვხედავ მისივე ხელით მოწყობილ სახრჩობელას, და მეშინია მის გამო.
და უცებ სრულიად მოულოდნელად ვხედავ მისი კომპიუტერის ეკრანს, სწორედ იმას, რასაც ამ წამს უყურებს.
" ყორანი"

საოცრად აღტყინებული ვიღვიძებ. ნოუთბუკს ვხსნი და მის გვერდს ვპოულობ და სწორედ იმ წამს ვაცნობიერებ, რომ ეს ყველაფერი მართლაც სიმართლეა , გულზე მეშვება. მე არც გიჟი ვარ და არც სამკურნალო. რაღაც მანქანებით, რაღაც ამოუცნობი ძალით, მე ამ ადამიანს ვხედავ, რასაც შენ ვერ ხედავ, არ ნიშნავს, რომ ვერ ხედავს სხვაც. მე ამ ადამიანს განვიცდი. უნდა გავიგო, რა ხდება ჩვენს თავს....

ყორანი:

დამფრთხალი და გაცოფებული ვდგები სკამიდან.
ვინ არის ეს ადამიანი? ქალია თუ კაცი? ფანჯარასთან ფრთხილად მივდივარ და მოპირდაპირე ფანჯრებს ვუთვალთვალებ ფარდის მიღმიდან. ნახევარ საათს მაინც ვაკვირდები, მაგრამ ვერაფერს საეჭვოს ვერ ვხედავ. მთელი ცხოვრება მტანჯავს ფიქრი, რომ ვიღაც მაკვირდება. ხანდახან მის ლანდსაც ვხედავ, ხანდახან მისი ხმაც მესმის. ჩემს უსასრულო სიმარტოვეში ამ უცნობი ლანდის არსებობა ბოლოს სრულიად ასატანიც კი გახდა. ბავშვობაშივე მივხვდი, ამაზე ხმამაღლა საუბარი არ ღირდა და გავჩუმდი. მივხვდი, ჯობდა თუ დანარჩენებს დავემსგავსებოდი. და ჩემს ხილვებზე არავის არაფერს მოვუყვებოდი. მაგრამ ამ ბობოქარმა და ამოუხსნელმა ემოციებმა დამჯაბნეს. ვეღარ ვუძლებ. სიზმარში ხშირად ვხედავ, დასახმარებლად გამოწვდილ პატარა ხელს. მაგრამ ეს უფრო მაშინებს, რადგან ეს პატარა უმწეო ხელი თავადადაც დახმარებას საჭიროებს, მგონი... სულ სისხლიანი და იარებით დაფარულია. ისევე, როგორც ჩემი საკუთარი მარჯვენა ხელი. საკუთარ იარებს ვუყურებ. გადმოცემით ვიცი, რომ როცა ექვსი წლის ვიყავი, როცა ავარიაში მოვყევი, მაგრამ ეს არ მახსოვს. მახსოვს, რა იყო იქამდე და იმის შემდეგ. მახსოვს მტარვალი და ლოთი მამა. მახსოვს უსუსური და სუსტი დედა. მახსოვს მუდამ მტირალი და გამტყდარი საკუთარი თავი. მახსოვს მამის სიტყვები:

" ქალაჩუნა!"
" ბიჭები არ ტირიან!" " საცოდავო!"
" სუსტო!"
" შენს გაკეთებას, სკამი გამეკეთებინა!" და ვერ გეტყვით , რომ მეწყინა მისი სიკვდილი.
უბრალოდ მე ავარიამდეც გატეხილი ვიყავი...

სწორედ ამაზე ვფიქრობდი ფარდის მიღმა ატუზული.

მოვბრუნდი და საწოლში დავწექი. თვალები დავხუჭე. უკვე დიდი ხანია სიზმრებში მთვარეს ვხედავ. ჩემს ყველა სიზმარში მთვარეა.
მთვარე...
მთვარეული?
ვინ ხარ მთვარეულო?
მეძინება...




3

სიმარტოვეში ხელისცეცებით.

ყორანი:
მეძინა და სიზმარში მთვარეს ვხედავდი, ტბის თავზე დაკიდულ უზარმაზარ მთვარეს . ვიდექი და ვიღაცას ველოდი. ველოდი და უხმოდ ვეძახდი. ვიცოდი მოვიდოდა და ამიტომ ეს ლოდინი არ მღლიდა. არ ვღელავდი, თითქოს შფოთვა და სტრესი სადღაც ცხად სამყაროში დავტოვე და მე აქ ის ვიყავი, ვინც მსურდა, რომ ვყოფილიყავი.
ვერცხლისფერი ტბის ერთი ნაპირიდან მეორეს გავცქეროდი და დავინახე, როგორ მოადგა ის ნაპირს. როგორ შეაბიჯა ტბაში ისე, რომ თვალებიც კი არ გაუხელია, რამდენიმე ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგა და მე შემეშინდა. მის გამო შემეშინდა. მინდოდა დამეძახა, შემეჩერებინა და ხმა არ მქონდა, უმწეოდ ვივლებდი ყელზე ხელს. მინდოდა მისკენ გავქცეულიყავი, მაგრამ ფეხები არ მომყვებოდნენ, თითქოს ჭაობში ვიყავი ჩაფლული. საკუთარი სხეულის სიმძიმეს ვერ ვერეოდი. ვუყურებდი და ვხედავდი, როგორ დანდობილად მოიწევდა ჩემკენ და როგორ თანდათან ფარავდა ტბის ჩამუქებული წყალი. მთელი ძალა მოვიკრიბე, მთელი ჩემი ენერგია და ხმამაღლა დავიყვირე: _გაიღვიძე!

გაოფლილი წამოვხტი ფეხზე. ამოვისუნთქე, ეს მხოლოდ სიზმარი იყო და მეტი არაფერი. მხოლოდ ცუდი სიზმარი.
საწოლზე გულაღმა დავემხე. ჩემს ცხოვრებაზე ადევნებული ეს ლანდი ასე ცხადად პირველად ვნახე. პირველად შემეშინდა საკუთარი თავის გარდა სხვის გამო. ისევ ის, დამსხვრეული ფანჯრის მინიდან გამოწვდილი, დაკაწრული ხელი გამახსენდა.
ნეტავ სადაა? ნეტავ როგორაა? მე იმ გოგოს პოვნა ბევრჯერ მინდოდა, მაგრამ ყოველთვის მეშინოდა. ჩემი ცუდი მამის გამო მომხდარ ავარიას მისი კარგი მამაც ხომ ემსხვერპლა. ალბათ ვერ მიტანდა ახლა. ალბათ ვძულდი მამაჩემის ცოდვების გამო.
მისი არ ვიცი , მაგრამ რაღაც მხრივ იმ ავარიამ გამანთავისუფლა. ფიზიკურ ტკივილებს ამარიდა, მაგრამ მარტოობის უძირო ორმოში გადამიძახა.
ერთი ჯოჯოხეთიდან პირდაპირ მეორე ჯოჯოხეთში.
როცა პატარა ვიყავი , იმდენად პატარა, რომ წესიერად არც კი მესმოდა სპორტი რა იყო, მამამ კარატეზე შემიყვანა. მითხრა , რომ ნამდვილი კაცების სპორტი იყო. მაგრამ მოწინააღმდეგემ მაჯობა. მთელი გზა დარბაზიდან სახლამდე წარბი არ გაუხსნია მამას. მე კი სულ რაღაც ექვსი წლის ბიჭუნა აფუზული ვიჯექი, მოსალოდნელი საშინელების წინაშე.
სახლში მისულმა იატაკზე სიმინდის მარცვლები დაყარა და მითხრა ზედ მუხლებით დავმდგარიყავი. გამიკვირდა, თან გამიხარდა, ვიფიქრე მის მძიმე ხელს გადავურჩი , ჩვეულად დავემორჩილე. დედა სამზარეულოს კარიდან ცრემლით სავსე თვალებით მიყურებდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. პირველივე წამიდან მივხვდი, რა საშინელი წუთები მელოდა წინ. ჯობდა ვეცემე, ჯობდა სარდაფში ჩავეკეტე, ჯობდა მშიერი დავეტივებინე, ჯობდა საყვარელი სათამაშო დაემტვრია, ამ წამებას ყველაფერი სჯობდა. არ ვიცი რამდენ ხანს ვუძლებდი ტკივილებს, მე ხომ ექვსი წლის ვიყავი და ჯერ საათის ცნობაც არ შემეძლო.
ბოლოს ხსნა თავისით მოვიდა , მე გული წამივიდა.
მხოლოდ იმაზე მწყდებოდა გული, რომ იმ ავარიამ ბავშვობის მოგონებებიც არ წამართვა. მამაზე არა, არც დედაზე, მე მხოლოდ ამაზე ვწუხდი ავარიის შემდეგ .
ადამიანებს ტკივილები მოაქვთ. რაც უფრო ახლობელია ადამიანი, მით უფრო მწარეა მისგან მოყენებული ტკივილი.

მივხვდი ამ აბურდულ ფიქრებში გახვეულს აღარ დამეძინებოდა და ნოუთბუკი მოვიწიე ახლოს. გავხსენი და მთვარეულის მესიჯი დამხვდა.

_ იცი, რა მოხდა ყორანო? ვერც დაიჯერებ! სადღაც ტბაზე მიმიყვანა ამ ღამეს მთვარემ. არ ვიცი რატომ, არ ვიცი, რა ხდება ჩემს თავს. მეც შენსავით მეშინია.

ისევ გამეყინა თითები. მთელ სხეულში დამიარა სიცივის უცნაურმა ქარბორბალამ.
ნუთუ მთვარეულია ჩემი სუზმრისეული ლანდი? ეს როგორ ხდება?

მთვარეული:
მიუხედავად სინათლისა,მიუხედავად ფერებისა, მიუხედავად ხალხმრავლობისა დედამიწა მაინც მარტოსულების პლანეტაა. მარტოობის და მარტოსულების.
სინათლეს, სითბოს მზეს მოაქვს იმედი. მაგრამ ზოგჯერ მზეც არაა საკმარისი, რომ მყუდროება და რწმენა შეგმატოს. ზოგჯერ ისეთი დღეები თენდება, რომ გინდა მალე დაღამდეს. რომ ღამემ დამალოს შენი სევდა და უიმედობა. ზოგჯერ მზესაც ემალები ადამიანი და ბრაზობ, რომ ვერ ახერხებს შენი გულის გათბობას. გულში კი სევდის მახრა ზის და მას შიგნიდან ხრავს. ეს ყველაფერი ზოგჯერ მხოლოდ ერთ სიტყვას შეუძლია შეცვალოს. ზოგჯერ ადამიანია შენი მზე. მას კი მხოლოდ სიჯიუტის გამო არ სურს დღე გაგინათოს. შენ კი სევდა გჭამს და რჩები ნახევარი ადამიანი. ის კი გიყურებს და ფიქრობს რომ შენ ის აღარ ხარ , ვინც უწინ იყავი და რჩები 6 მილიარდიან პლანეტაზე მარტო, მარტოსული, მარტო სული, სანამდე სხეული არ შემოგეძარცვება და სული კი ...ან არსებობს და ან არა!....

ამ კაშკაშა წყვდიადში ადამიანები ხელისცეცებით დავეძებთ ერთმანეთს. და იმედი გვაქვს, რომ მივაგნებთ.
ვის მოვუყვები ჩემს თავს გადამხდარ უცნაურობებს, თუ არა ჩემი სიზმრების სტუმარს?
ამიტომ ყორანს მესიჯს ვწერ. ვფიქრობ ისიც ისევე გაუგებს ჩემს მარტოობას , როგორც მე მესმის მისი სიმარტოვის. იქნებ ერთმანეთს დავეხმაროთ? ვინ იცის?!


4

თან ასე ახლოს და თან ასე შორს...

ყორანი:
მე ინტერნეტი დამცავი ფარივით მქონდა მორგებული. არ ვჩანდი და ამ უჩინრობით თავს დაცულად ვგრძნობდი. მაგრამ იმის აღმოჩენამ, რომ მთვარეული როგორღაც ამ უხილავ ბარიერს ამსხვრევდა ამაღელვა და შემაშინა. როგორ ხდებოდა ეს? რა კავშირი უნდა მქონოდა მასთან? ხანდახან მაინც მიელავდა ფიქრი, რომ მისი ნახვა აუცილებელიც კი იყო, მაგრამ შემდეგ ისევ შიში და საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსი მიპყრობდა.
ათასი "ვაითუ", ფეთქავდა ჩემს არეულ ტვინში.
მაგრამ გაქცევა და დამალვაც აღარ შემეძლო.
ან კი სიზმრებს სად გავექცეოდი?

_ შეგიძლია მითხრა, სად არის ის ტბა?_ ვკითხე და პასუხს დაველოდე.

_ რა თქმა უნდა! მდებარეობას ჩაგიგდებ, მაგრამ რად გინდა?_ ვიცოდი აუცილებლად მკითხავდა. ბოლო წამამდე არ მქონდა გადაწყვეტილი აღიარება, მაგრამ ჩემდაუნებურად მაინც გავბედე.

_ ის ჩემი სიზმარი იყო!

_ რა იყო შენი სიზმარი?_ არ გაოცებულა, მხოლოდ დაინტერესდა.

_ მე გხედავდი, შენ რომ ტბაში შემოხვედი, მე გაგაღვიძე!

_ იქ ნაპირზე შენ იდექი?_ ნერვიულობისგან შუბლი ოფლმა დამიცვარა. დაუჯერებელი რამ ხდებოდა იმ წამს.

_ კი მე ვიყავი! რატომღაც არ გიკვირს?!

_ მართალი ხარ არ მიკვირს! მთელი ცხოვრებაა შენ მესიზმრები, სხვისი უცნაური სიზმრის როგორღა გამიკვირდება?

_ რას გულისხმობ? ანუ მოთვალთვალე ან ვინმე მანიაკი არ ხარ?_ მე თავად გამეცინა ჩემს პანიკურ აკვიატებაზე, წამდაუწუმ ფანჯარას რომ ვამოწმებდი ხოლმე მის გამოსაჭერად.

_ არა! იცი რას ვფიქრობ? ჩვენ იმ ტბასთან ერთმანეთს უნდა შევხვდეთ! ყველაფერი საბოლოოდ უნდა გავარკვიოთ და თუ ღმერთი გწამს ჩამოხსენი ძელიდან ის საშინელი თოკი!

თოკს გავხედე და ცხოვრებში პირველად აღარ შემშინებია მისი. წამოვდექი და მივუახლოვდი.

_ შენ მართალი ხარ! მისი ჩამოხსნის დრო მოვიდა!_ ვუთხარი, აღარ მიმიწერია, რადგან ვიცოდი აუცილებლად გაიგონებდა. სკამზე ავძვერი და თოკი , რომელიც ამდენი წლის მანძილზე ჩემი ერთადერთი მეგობარი , იმედი და გამოსავალი იყო ძირს ჩამოვაგდე.

მთვარეული:

რა უცნაურია ეს სამყარო? შეიძლება ადამიანი ასე შორს იყოს შენგან, თან ასე ახლოს? შეიძლება სულ არ იცნობდე და ყველაზე მეტად ესმოდეს შენი?
დრო მოვიდა, ყველაფრის გაგების.
და სანამ მე ვეტყოდი რამეს , თავად დაინტერესდა. ვიცი, რომ გაუბედავია. ვიცი, რომ საკუთარი თავის არ სჯერა. ვიცი, რომ მარტოსულია. მაგრამ დღეს ამაყი ვიყავი მისით, ადგა და ის საზარელი თოკი ჩამოხსნა. მას არ სჯერა საკუთარი თავის, მაგრამ მე მჯერა მისი.
სულ მალე, ერთმანეთს ვნახავთ, იმ იდუმალ ადგილას, ტბასთან შემდეგ პარასკევს ერთმანეთს შევხვდებით. დამშვიდება არ შემიძლია. გული გამალებით მიცემს.

პარასკევი სავსემთვარობა

საღამოს ორივე თითქმის ერთდროულად გამოვიდა საკუთარი სახლიდან და ერთი მიმართულებით გაემართა. ტბისკენ მიმავალ ბილიკს რამდენიმე წუთის სხვაობით შეუდგნენ. წინ მთვარეული მიდიოდა, როგორც ყორანის ნავიგატორი. უკან ყორანი მოსდევდა, როგორც მთვარეულის ხანგრძლივი მომავალი.
თუმცა ერთმანეთს არ იცნობდნენ, მაინც გრძნობდნენ საოცარ მიზიდულობას. თითქოს ორივეს უხმობდა მთვარე. სწორედ ის, რომელიც წლების წინაც ანათებდა იგივე გარემოს. სწორედ ის, რომელმაც იცოდა მათი გადავიწყებული ამბავი.
ტბას მიუახლოვდა და გაჩერდა, თვალი მოავლო იქაურობას. არავინ სჩანდა. იქვე ნაპირას ჩამოჯდა ფიქრებში ჩაფლული. რაღაც დავიწყებული მოგონება არ ასვენებდა. რაღაც, რაც აიძულებდა მთვარეს ასდევნებოდა. საღამო იყო , მაგრამ უზარმაზარი მთვარის ვერცხლისფერი კონტური უკვე ნათლად მოსჩანდა ცაზე.
ფეხის ხმა მოესმა , წამოდგა და უკან მოიხედა. მაშინვე მიხვდა, ყორანი იყო. გაუღიმა და ხელი თამამად გაუწოდა.

_ თაია!_უთხრა ნამდვილი სახელი. ცოტა ხანს უნდობლად დასცქეროდა კაცი გამოწვდილ ხელს, მაგრამ რადგან აქ მოვიდა გამბედაობაც უნდა მოეკრიბა. ამ ქვეყნად ტყუილად ხომ არაფერი ხდება?!

_ შიო!_ ლამის ჩურჩულს ამოაყოლა საკუთარი სახელი სუნთქვას და ხელი შეაგება. როგორც კი ერთმანეთს შეეხო მათი თითები უცნაურად მსგავსი ნაიარევებით ,
წამით ყველაფერი შეიცვალა. წამით დრო გაჩერდა და უკან წარსულში დააბრუნა ორივე.

_ მეშინია!_ტიროდა პატრა თავდაყირა დაკიდული ბიჭუნა .

_ ნუ გეშინია!_ დაკაწრულ ხელს უწვდიდა უფრო პატარა გამხდარი გოგონა დამსხვრეული შუშიდან.

_ არ დამტოვო!_ ისევ ტიროდა ბიჭუნა.

_ შეხედე რამხელა მთვარეა. მამაცი გოგონა საკუთარი თავის და მის დამშვიდებას ცდილობდა , მაგრამ ბიჭს მაინც პანიკურად ეშინოდა.

_ მთვარეს გეფიცები, არ დაგტოვებ! არასდროს!_ გულწრფელ პირობა მისცა ბავშვური წრფელი გული. მთვარეს კი ესმოდა მისი ფიცი. და ამიტომ ის აუცილებლად შეახვედრებდა მათ ერთმანეთს.

იქ სადღაც სამყაროს სხვა კუთხეში, მათ პარალელურ სამყაროში კი სულაც მეგობრები არიან უკვე და ერთად თამშობენ ტბის პირას. სადღაც კიდევ სხვა სამყაროში, ჯერ არც გაუცვნიათ ერთმანეთი, მაგრამ აუცილებლად გაიცნობენ. და კიდევ უამრავ პარალელში არსებობს მათი გადაკვეთის წერტილი. ეს იცის მთვარემ, რადგან იმ სამყაროებსაც ეს მთვარე ანათებს , როგორც სამყაროების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდი.

_ ნუთუ ეს შენ ხარ?_ გაიცდა შიო.

_ ეს ნამდვილად შენ ხარ!_ თავი დაუქნია თაიამ.

ეს მოხდა აქ? ან აქ არ მომხდარა ! განა იმას რამე აზრი აქვს, თუ სად მოხდა ეს ამბავი? მთავარია გჯეროდეს , რომ თუ ვინმეს ეძებ და თუ ვინმეს მართლა სჭირდები, აუცილებლად იპოვნით ერთმანეთს, მხოლოდ ლოდინით არ დაიღალოთ. თქვენ უეჭველად შეხვდებით ერთმანეთს ამ ან ამის პარალელურ სამყაროში!

ცოტა უცნაური ამბის დასასრული...

ვე რა



№1 სტუმარი One

Ucnauri magram saintereso))
Momwons tqveni shemoqmedeba, yoveltvis gonivruladaa gadmocemuli da sasiamovnod ikitkheba))
Xshirad gagvanebivret❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

One
Ucnauri magram saintereso))
Momwons tqveni shemoqmedeba, yoveltvis gonivruladaa gadmocemuli da sasiamovnod ikitkheba))
Xshirad gagvanebivret❤️

მადლობა, მამხნევებს დადებითი კომენტარები. სტიმულია . ვეცდები, უფრო უკეთ გამომივიდეს.

 


№3 სტუმარი ნია

ძალიან კარგად და საინტეტესოდ წერთ. სტოკჰოლმის სინდრომსის დასასრულს როდის დადეებთ? ძალიან გვაინტეტესებს ძვირფასო ვერა. გთხოვთ გაითვალისწინოთ

 


№4  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ნია
ძალიან კარგად და საინტეტესოდ წერთ. სტოკჰოლმის სინდრომსის დასასრულს როდის დადეებთ? ძალიან გვაინტეტესებს ძვირფასო ვერა. გთხოვთ გაითვალისწინოთ

ჯერ მადლობას გეტყვით)) აუცილებლად დავდებ, მაგრამ ჯერ ნაწყვეტების მეტი არაფერი დიწერია. როცა დავასრულებ ავტვირთავ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent