გაელვება ( სრულად )
- ლუდი ამოიტანეთ ვინმემ, -გაგამ მაგიდაზე ფული დაყარა და თვალებ მინაბული მიესვენა ჩემს საყვარელ დივანზე, ერთხანს უაზროდ დავყურებდი სომხური დრამის საკმაოდ სქელ შეკვრას და მერე ისეთი ხარხარი ამიტყდა კარგა ხანს ვერ დავწყნარდი. - ეს საიდან მოიტანე? - ჯიბიდან, -საცოდავად ამოილუღლუღა და საეჭვოდ აატრიალა თვალები. - ლარი არ გაქვს? - ეგ მაქვს და კიდევ ასი ევრო ოღონდ სახლში, არ მინდა ახლა სახლში, იქ დეიდაჩემი დამხვდება და ტვინს შემიჭავს ცოლი ცოლიო, რა დროს ცოლია, -ბავშვივით ამოიტირა და მერე ერთბაშად გაყუჩდა. - დღეს ყველაფერს მე ვიხდი, -აქამდე ჩუმად მჯდარმა დათომ ისეთი ხმით იღრიალა ცოტა ხანში თავზე მეზობლების მიერ გამოძახებული პატრული რომ დაგვდგომოდა არ გამიკვირდებოდა, ჯიბიდან საფულე ამოიღო, გახსნა, ერთხანს მოღუშული ჩაჩერებოდა შიგ, მერე რატომღაც პერანგი გაიხადა, საგულდაგულოდ დაკეცა, იქვე მდგარ უთევზო და უწყლო აკვარიუმში ჩადო და წელსზემოთ შიშველი, ცალი წინდით და შეხსნილი შარვლით წავიდა კარისკენ. - სად მიდიხარ? -გავძახე და წამოვდექი თუ არა ისეთი ბრაგვანის ხმა მომესმა სულ ფართხა-ფურთხით გავვარდი შემოსასვლელში, დათო იატაკზე იჯდა, ზურგით ფეხსაცმლის კარადას ეყრდნობოდა და თვალდახუჭული მშვიდად ფშვინავდა, ჩაფიქრებულმა მოვიქექე კეფა, სარკეში შევათვალიერე საკუთარი თავი რომელსაც ყველაზე მინიმუმ ორად ვხედავდი, გაგას გაკვეთილი გამახსენდა, თუ არ გინდა ვინმემ შეგატყოს რომ დაბოლილი ხარ, მზის სათვალე გაიკეთე და კეთილგანწყობილი ადამიანივით გაიღიმეო, დედაჩემის ვარდისფერ ჩარჩოიანი სათვალე ჩამოვხსენი, მოვირგე, სიბრძნის კბილის ჩათვლით ოცდაცამეტი კბილი გამოვაჩინე და ასე გაღიმებულმა გავიხურე კარი. სადარბაზოდან გავედი თუ არა ქვედა სართულის მეზობელს ნათელა ბებოს შევეჩეხე, რომელმაც რაღაც საეჭვოდ შემათვალიერა და ისე გადააქნია თავი ეჭვი მქონდა ხვალ დილითვე ეცოდინებოდა საფრანგეთში მყოფ დედაჩემს როგორ მოძრაობდა მისი ერთადერთი ვაჟი ღამის თერთმეტ საათზე ქუჩაში მზის სათვალით და უცნაური ღიმილით, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი თუ არა მოსაწევმა უფრო მოიტანა და სულ ცეკვა-ცეკვით შევედი მაღაზიაში, ლუდი და ჩიფსების უზარმაზარი შეკვრა ვიყიდე, გოგონებს წავეფლირტავე და სახლისკენ რომ წამოვედი შევატყვე რომ რაღაც ვერ ვიყავი კარგად, იქვე სკვერში ჩამოვჯექი რომ სული მომეთქვა. - მიდი დაიწყე, -მარჯვენა მხარზე პაწაწუნა თეთრ ფრთიანი ანგელოზი რომ დამასკუპდა არ გამკვირვებია, ამ ბოლო დროს ხშირად მსტუმრობდა ხოლმე და შეჩვეული ვიყავი. - რა დავიწყო? -მშვიდი ხმით ვკითხე. - მომიყევი რა გაწუხებს. - არ მოუყვე, არ შეგაცდინოს, ინტრიგანია ეგ, გალაპარაკებს, საიდუმლოებებს დაგცინცლავს და მერე სათავისოდ გამოიყენებს, -მარცხენა მხარზე სიმხურვალე რომ ვიგრძენი დაფეთებული შევბრუნდი, თავზე ცეცხლმოდებული პატარა რქიანი არსება ფეხმორთხმით იჯდა, ხელში სამკაპს ათამაშებდა და ანგელოზივით მიღიმოდა. - მაგას ნუ უსმენ, ეშმაკია ეგ, მაგის ერთი სიტყვაც კი არ დაიჯერება, -საკუთარ თავში დარწმუნებული კაცივით გამოაცხადა თეთრფრთიანმა და ეშმაკს ნიშნისმოგებით გადახედა. - მე რაც ვარ ის ვარ ძველო მეგობარო, ანგელოზებივით არ ვთამაშობ და ინტრიგებს არ ვხლართავ, -ეშმაკმა უდარდელად დაუსტვინა და მერე მე მომიბრუნდა, -მიდი ჰე დაიწყე ახლა და მოყევი რა გაწუხებს თორემ ეს ისეთია არ მოისვენებს და მაიძულებს ღერა-ღერა დავაპუტო ის ფრთები არადა დღეს არ ვარ ჩხუბის ხასიათზე. ჩაფიქრებული, გაოგნებული და უკვე ცოტათი შეშინებული ვუსმენდი მათ საუბარს, არა მაინც რამ მომაწევინა ამდენი? - დაიწყე გისმენთ, -სამკაპი ისეთი ძალით ჩამაჭირა მხარში თავი ძლივს შევიკავე რომ არ მეყვირა, მივხვდი რომ ჩემთვის თავის დამნებებლები არ იყვნენ. - დავიღალე, ძალიან დავიღალე, -საცოდავად ამოვიოხრე. - ასე რამ დაგღალა შე საწყალო, შენი მშობლების ფულის ხარჯვამ, ქალებში სიარულმა თუ მოსაწევმა და სასმელმა, -ეშმაკმა ისე ირონიულად ჩაიქირქილა და ამ ქირქილის დროს ისე აუბრიალდა თავზე ცეცხლის ალი ცოტა არ იყოს და დამცხა. - უნდა ვეცადოთ რომ გავუგოთ, -ანგელოზმა ხელი აღმართა და ანიშნა გაჩუმდიო, -ასე თუ ცხოვრობს ამისთვის მიზეზიც აქვს, ახლახანს დაამთავრა უნივერსიტეტი და ჯერ კიდევ ვერ იშოვა სამსახური, ხანდახან ერთობა მეგობრებთან ერთად, ქალებში კი ვის არ უვლია? - შენ არ გივლია შე უბედურო, -გადაიხარხარა ეშმაკმა. - შენ რა იცი რომ ლაპარაკობ, -საეჭვოდ დაიძაბა ანგელოზი. - მე თუ არ ვიცი სხვამ ვინ იცის აბა. - გეყოფათ ბოლოს და ბოლოს, -მთელი ხმით ვიღრიალე გამწარებულმა, -თქვენ რომ გკითხოთ კაცმა ჩემს დახმარებას ცდილობთ, არადა საერთოდ არ ფიქრობთ ჩემზე, გაინტერესებთ რამ დამღალა? ერთფეროვნებამ, ჩემს ცხოვრებაში არაფერი არ ხდება, საერთოდ არაფერი, ყოველ დღე ერთი და იგივე, არაფერი აღარ მახარებს და მახალისებს, უკვე საჭმელსაც კი ერთი გემო აქვს, ქალებიც ერთმანეთს გვანან... - ხედავ რაში ყოფილა საქმე? გართობა მოუნდა ბიჭს, -ეშმაკმა ანგელოზს უცნაურად სერიოზული მზერა გაუცვალა და ისიც რატომღაც უსიტყვოდ დაეთანხმა. - ჰოდა მივცეთ რაც უნდა ჩვენი რა მიდის. - ჩემი რა მიდის თორემ, შენ თუ წესებს არ დაემორჩილები შეიძლება სამოთხეში აღარ შეგიშვან და შემევედრები მერე შენთან მიმიღეო. - მეტი ჩემი მტერი არ არის მე შენ არ შეგევედრო. - მაგასაც ვნახავთ, შენ ეგრე წაღმა-უკუღმა არღვიე წესები და... - წესები იმისთვის არსებობს რომ დაარღვიო, -ანგელოზმა მხიარული ღიმილით ჩაუკრა თვალი და ხელი გაუწოდა, -მიდი სანამ წვიმა დაწყებულა მოვაგვაროთ ეს საკითხი, დაარტყი ხელი... - მას მერე რაც ანგელოზი და ეშმაკი თავ-თავის გზაზე წავიდნენ მგონი კიდევ კარგა ხანს ვიჯექი ასე უაზროდ გაშეშებული და ჩემი ცხოვრების ამაოებაზე ვფიქრობდი, რა იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში რამე შეცვლილიყო, რამე ისეთი მომხდარიყო რაც ჩემს არსებობას აზრს შეძენდა, წკრიალა ხმამ და ნაზმა შეხებამ მომიყვანა გონს. - კარგად ხართ? დახმარება ხომ არ გჭირდებათ? გაჭირვებით ავწიე თავი, ჩემს წინ ულამაზესი გრძელფეხება არსება იდგა და ისეთი სახით მიყურებდა აშკარა იყო რომ ძალიან ვეცოდებოდი, გრძელი ჰაეროვანი შავი კაბა ეცვა, უკუნი ღამესავით შავი თმა ჰქონდა და უჩვეულოდ ღია ფერის კანი, მსხვილ სისხლისფერ ტუჩებს დრო და დრო ენით ისველებდა და შავ თვალებს არ მაცილებდა, ნამდვილი საოცრება იყო, ასეთი მშვენიერება ასე ახლოდან, ხელმისაწვდომ მანძილზე არასდროს მენახა... - გესმით ჩემი? ცუდად თუ ხართ სასწრაფოს გამოვუძახებ, -კიდევ ერთხელ მითხრა და რატომღაც მომეჩვენა რომ ჰაერში დაიწყო ლივლივი, ბარბაცით წამოვდექი და სათვალე მოვიხსენი, მისკენ ნაბიჯი გადავდგი თუ არა შეშინებულმა დაიხია უკან. - არ მომეკაროთ, მე უბრალოდ მინდოდა დაგხმარებოდით, არ მომიახლოვდეთ, -ხმა აუკანკალდა, ზურგით ხეს რომ მიეჯახა და მიხვდა წასასვლელი აღარსად ჰქონდა სახეზე შიში გამოესახა, არ ვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ აშკარად ვხედავდი რომ აცრემლიანებული თვალები წითლად აუელვარდა, უეცრად დაიქუხა, გაიელვა და ელვის შუქზე დავინახე მის ზურს უკან ჰაერში ლანდივით როგორ გაკრთა ღამურის მაგვარი ფრთები, ტუჩები ოდნავ შეხსნა და წვეტიანი კბილები გამოაჩინა, ამ ყველაფრის მიუხედავად არ შემშინებია, რატომღაც უჩვეულოდ მიზიდავდა მისი ულამაესი სახე და მთრთოლვარე სხეული, მივუახლოვდი, მხრებში ხელი ჩავჭიდე და მისკენ დავიხარე რომ უკეთ ჩამეხედა თვალებში... მერე რაც მოხდა ბუნდოვნად მახსოვს და ვერაფრით ვახერხებ ბოლომდე აღვიდგინო ყველაფერი, დავიხარე თუ არა რაღაც უცნაური ხმა მომესმა, რაღაც ყეფასა და ღრენას შორის საშუალო, მერე საშინელი ტკივილი ვიგრძენი ყელში, გაოცებული მოვშორდი, დავინახე ცერა თითით როგორ მოიწმინდა ტუჩის კუთხეში შერჩენილი სისხლი და როგორ გამიღიმა სატანურად... მისგან თავის დახსნა როგორ მოვახერხე, სახლში როგორ დავბრუნდი და საწოლამდე როგორ მივაღწიე არ მახსოვს, დილით დათოს ბურდღუნმა გამომაღვიძა. - მინერალური წყალი არ გაქვს? პირი მიშრება. - მაცივარში ნახე და მე შემეშვი რა, ფარდა ჩამოაფარე სანამ გახვალ, ეს მზე საშინლად მაწუხებს, -გადავბრუნდი, ბალიში ჩავიხუტე და თვალები მაგრად დავხუჭე, თავს ძალას ვატანდი მაგრამ ვერაფრით ვიხსენებდი რა მოხდა პარკში, ნაწყვეტ-ნაწყვეტ მახსოვდა ულამაზესი გოგო, ფრთები, კბილები, ღრენა, ტკივილი... - მგონი ყველაფერი დამესიზმრა, მოსაწევის ბრალია, -დავასკვენი, ჩემი დასკვნით დამშვიდებული წამოვდექი და ბარბაცით წავედი აბაზანისკენ, სარკის წინ დავდექი, მაისური გადავიძვრე და გაოგნებული გავშეშდი ერთ ადგილზე, გასისხლიანებულ წელზე აშკარად მეტყობოდა ნაკბილარი... იმ დღის მერე მთელი კვირა ჩაბნელებულ სახლში ვიყავი გამოკეტილი და ველოდი როდის გადავიქცეოდი ვამპირად, მეგობრებს ჩამოვშორდი და ცოტა ხნით მათთან ურთიერთობა გავწყვიტე, შემოსასვლელ კარზე დამატებითი საკეტი დავაყენე თითქოს ეს შეაკავებდა გაცოფებულ ვამპირს, სათითაოდ შევამოწმე ყველა კარი და ფანჯარა და მერე შედარებით დამშვიდებულმა მთელი შვიდი დღე ამ საშინელ არსებებზე ინფორმაციის მოძიებას დავუთმე, ზოგადად არ ვიყავი მშიშარა, ის კი არადა ბებიაჩემი ჩემზე ამბობდა ხოლმე ამას მამალი მგლისაც კი არ ეშინიაო, ჩემი ერთადერთი აკვიატება და ღამის კოშმარი ვამპირების შესაძლო არსებობა იყო, მათი ისე მეშინოდა ფილმებსაც კი ვერ ვუყურებდი მათ შესახებ, ერთხელ მეგობრებმა მოტყუებით წამიყვანეს კინოთეატრში სასტუმრო ტრანსილვანიის საყურებლად და მერე მთელი თვე მესიზმრებოდა ის დაჯღანული მასხარა დრაკულა როგორ მწოვდა სისხლს. იმის მერე რაც შემემთხვა იძულებული გავხდი ვამპირების შესახებ ინფორმაცია მომეძიებინა, ურთიერთგამომრიცხავი რაღაცეები წავიკითხე, ბინდის ყველა სერიას ვუყურე და საბოლოოდ დავასკვენი რომ მხოლოდ ერთი კბენით არ შეიძლებოდა ვამპირი გამხდარიყავი, თანაც აშკარად არ მემუქრებოდა საფრთხე იმ არსებას ჩემი დევნა რომ დაეწყო აქამდე მიპოვნიდა და ყელს გამომღადრავდა, ეს ყველაფერი გავიაზრე თუ არა, გულზე მომეშვა, წამიერად გამიქრა გრძნობა რომ მზის სხივებს ვერ ვიტანდი და მუცელმაც ისეთი ხმები გამოსცა აშკარად მანიშნებდა რომ შიმშილით ვკვდებოდი, სასწრაფოდ გადავწიე ფარდები, ოთახები დღის შუქით გავაჩახჩახე, საჭმელი მოვამზადე და აივანზე მოვკალათდი. - სასწრაფოდ სამსახური უნდა ვიშოვო, -ხმამაღლა გამოვუცხადე საკუთარ თავს. - არ დალევ? -გაგამ ჭიქა გამომიწოდა და წარბი მაღლა აზიდა გაკვირვების ნიშნად როცა ცივი უარი მიიღო, უკვე ერთი კვირა გავიდა რაც სამსახურს ვეძებდი როგორც იქნა ორ დღეში საკმაოდ კარგ ადგილზე ვიწყებდი მუშაობას და ამას მეგობრებთან ერთად ერთ საკმაოდ მყუდრო ბარში აღვნიშნავდი. - ვერ დავლევ, ისედაც გამოსაცდელი ვადით მიმიღეს, ყოველ წუთას კი ვერ ვიშოვი ასეთ სამსახურს, თვალებდასიებული ვერ მივალ პირველ დღეს, კარგი შთაბეჭდილება უნდა მოვახდინო. - რა გჭირს? აღარ სვამ, აღარ ეწევი, -დათომ ხელები გაშალა და ეჭვიანი მზერით შემათვალიერა, -რატომ არ გვეუბნები რა მოხდა იმ დღეს, მაგის მერე შეიცვალე, მართალია ბუნდოვნად მახსოვს მაგრამ გულამოვარდნილი რომ მოხვედი სახლში მაგას ვერ ვივიწყებ. - ჰო ისე იყო თითქოს ვიღაც მოჩვენება მოსდევდა, -კვერი დაუკრა გაგამ და ტანზე მოტმასნილ უნიფორმაში გამოწყობილ მიმტანს ამღვრეული მზერა გააყოლა. - კარგი გეყოფათ, უბრალოდ ცხოვრების წესის შეცვლა გადავწყვიტე და ეგ არის, იმ ღამეს რაც შეეხება უბრალოდ ზედმეტი მქონდა მოწეული და რაღაცეები მომეჩვენა, ეს იყო და ეს, -მოკლედ მოვუჭერი, ნამდვილად არ მინდოდა მათთვის მომეყოლა რაც მომეჩვენა და მერე მთელი წელი მათი დაცინვის საგანი ვყოფილიყავი. - ჰოდა ძალიან კარგი, მე და დათოც შენ მოგბაძავთ, ოღონდ ჯერ იმ ჩიტუნიას უნდა გავესაუბრო, -გიგა წამოდგა და მიმტანისკენ დაიძრა რომელსაც აშკარად დაესრულებინა ცვლა და ახლა თანამშრომლებს ემშვიდობებოდა, ღიმილით ვუყურებდით როგორ გაცვალეს ერთმანეთში რამდენიმე სიტყვა და მერე ხელჩაკიდებულები როგორ გავიდნენ ერთად. - ვერ ვხვდები ასე ორი სიტყვით როგორ ახერხებს და თავგზას ურევს ასეთ გოგონებს, -დათო კარგად რომ არ მცნობოდა ვიფიქრებდი რომ გაგასი შურდა. - უნდა წავიდე ხვალ ადრე ვარ ასადგომი რაღაც საბუთები მაქვს შესაგროვებელი, -წამოვდექი და უცნაურად მოტივირებულმა გავუღიმე წყნარ, მშვიდ და სტაბილურ მომავალს. - - ზურა გაუშვეს, -ჭორიკანა მაკომ გახარებულმა მახარა ახალი ამბავი. - ვინ გაუშვა, რატომ? -ისე გავიკვირვე თითქოს დაწვრილებით არ მცოდნოდა, უბრალოდ არ მინდოდა მაკოსთვის ის სიამოვნება მომეკლო ახალი ამბების ჩვენთვის გადმოცემით რომ იღებდა ხოლმე. - მთლად უფროსმა გაუშვა, -საჩვენებელი თითი გაფშიკა და ზემოთ აღმართა, -ამ ბოლო დროს რაღაც-რაღაცებში გამოიჭირეს და ეტყობა არ აპატია. - ჰოო, ცუდია, -ისე უემოციოდ ჩავილაპარაკე მაშინვე მიხვდა რომ რაც მითხრა უკვე ვიცოდი. - შე მატყუარა, -მუქარით დამიქნია თითი, -სხვა ამბავიც მაქვს და დარწმუნებული ვარ არ გეცოდინება, გინდა რომ გითხრა? - მითხარი, -საქმეს თავი მივანებე და გაღიმებული მივეყრდენი საზურგეს, -წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, სანამ არ მეტყოდა ოფისიდან გამსვლელი არ იყო. - განყოფილებას ახალი შეფი ჰყავს, სამზე შეხვედრაა დანიშნული საკონფერენციო დარბაზში და გაგვეცნობა, ყველა უნდა დავესწროთ. - ჰო, მადლობა რომ მითხარი, გადი ახლა საქმე მაქვს დასამთავრებელი, -ხელით ვანიშნე კარისკენ და დაუსრულებელ პროექტს მივუბრუნდი. - უჟმურო, -ჩაიბურტყუნა და მაღალქუსლიანების კაკუნით გავიდა გარეთ. უკვე სამი თვე იყო რაც ჩემი ოცნების სამსახურში ვმუშაობდი, ერთ თვიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ ერთ წლიანი ხელშეკრულება გავაფორმე და ორი თვის შემდეგ უფროსი იმდენად კმაყოფილი დარჩა ჩემი მუშაობით დამაწინაურეს კიდეც, მთელი ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შევცვალე, სამსახურზე იმდენად ვიყავი გადართული სხვა რამისთვის ისედაც აღარ მრჩებოდა დრო, მეგობრები კი მეწუწუნებოდნენ მაგრამ მე ნამდვილად კმაყოფილი ვიყავი ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებებით, მარტო დედაჩემის ბედნიერი და კმაყოფილი სახე მიღირდა ერთ რამედ, უკვე აღარც კი მახსოვდა რა თავქარიანი ბავშვივით ვიქცეოდი სამიოდე თვის წინ, ახლა უკვე ღიმილით ვიხსენებდი იმ საღამოს როცა მოსაწევის გამო კინაღამ ჭკუიდან შევცდი. თვალები დავხუჭე, თავი უკან გადავწიე და საჩვენებელი თითი ფრთხილად გადავიტარე იმ ადგილზე სადაც ჯერ კიდევ მეტყობოდა ნაკბილარი, ნაკბილარი რომლის არსებობასაც ვერაფრით ვხსნიდი თუმცა იმას მივაღწიე რომ რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო ნაკლებს ვფიქრობდი ამ საკითხზე, საათს შევხედე, სამს თხუთმეტი წუთი აკლდა, საკონფერენციოში წასვლის დრო იყო. - ამბობენ რომ ძალიან ახალგაზრდაა ამ თანამდებობისთვის, -დაბოღმილმა გადმომილაპარაკა ჩემს გვერდით მჯდომმა აკაკიმ და ნახევრად გამელოტებულ თმაზე ნერვიულად გადაისვა ხელი, მისი ასეთი დამოკიდებულება არ გამკვირვებია, მშვენივრად ვიცოდი რომ ზურას ადგილზე ეჭირა თვალი. - ძალიან ლამაზი ყოფილა, ამბობენ უფროსთან აქვს ურთიერთობა და იმიტომ დანიშნაო, -მაკომ ისეთი იდუმალი ხმით ჩამჩურჩულა გეგონებოდა სახელმწიფო საიდუმლოება გამანდოო, უკმაყოფილოდ შევკარი წარბები, ნამდვილად არ მიმაჩნდა სწორად ასეთ უაზრობაზე საუბარი. დაძაბულები ვისხედით და ველოდით, სამი გახდა თუ არა კარი გაიღო და შემოვიდა... თვალი გავაყოლე მოკლე შავ კაბაში და თეთრ პერანგში გამოწყობილ აშოლტილ სხეულს და უნებურად გამეღიმა როცა აკაკის აღფრთოვანებული გამომეტყველება დავინახე, ახალი უფროსი ჩვენსკენ რომ შემობრუნდა და მისი სახის კარგად შეთვალიერება რომ მოვახერხე მაშინ კი შემეკრა სუნთქვა და ცოტა დამაკლდა გულის შეტევამდე, ჩემს პირდაპირ ჩემი სამი თვის წინანდელი ღამეული კოშმარი იდგა და რატომღაც მე მიყურებდა, არა, ნამდვილად არ მომჩვენებია, თვალს არ მაშორებდა და უცნაურად მიღიმოდა, პულსი ამიჩქარდა და რატომღაც საშინლად მეტკინა მუცელი, ვერ ვხვდებოდი რა უნდა დამერქმია იმისთვის რასაც ვგრძნობდი, ღელვა თუ შიში, ასეთი დამთხვევების არ მჯეროდა, დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემთვის მოვიდა, ის იყო, იმ განსხვავებით რომ ულამაზესი თვალები შავად უელავდა და არა წითლად, მთლიანი მინის კედლიდან მზე შემოდიოდა, მართლა ვამპირი რომ ყოფილიყო ახლა ან უნდა დაფერფლილიყო ან ალმასივით ებრჭყვიალა... - მაპატიეთ, უნდა გავიდე, -ჩავარდნილი ხმით ჩავილუღლუღე, წამოვდექი და პასუხს არ დავლოდებივარ ისე გამოვედი გარეთ, არ მახსოვს როგორ ჩავაღწიე ეზომდე და ხის ქვეშ მდგარ სკამზე როგორ ჩამოვჯექი, სამ თვეზე მეტია ჩემ თავს ვარწმუნებდი რომ მაშინ ყველაფერი არასწორად გავიგე და ახლა რატომ გამომეცხადა, იქნებ სულაც არ არის რაღაც არსება და უბრალოდ მისი ფრთები და წითელი თვალები მომეჩვენა... - შეიძლება ჩამოვჯდე? -ნაცნობი ხმა რომ მომესმა დაფეთებულმა დავაჭყიტე თვალები, თავზე მადგა და გულითადი მეგობარივით მიღიმოდა, პასუხს არ დალოდებია ისე მომიჯდა გვერდით. - შეხვედრიდან რატომ გამოიქეცი, -ძლივსშეკავებული ღიმილით მკითხა, გაკვირვებულმა შევხედე, ვერ ვხვდებოდი თუ რატომ ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება ჩემს მიმართ. - არ გამოვქცეულვარ, თავს შეუძლოდ ვგრძნობ, -გაბზარული ხმით ვუპასუხე. - შემიძლია დავიფიცო რომ ჩემს შემოსვლამდე მშვენივრად გრძნობდი თავს, -გაეღიმა. - ჩემგან რა გინდა? -პირდაპირ ვკითხე, გაოცებულმა აზიდა წარბი, ერთხანს სერიოზული სახით მიმზერდა და მერე გულიანად გადაიკისკისა. - რა უნდა მინდოდეს, უბრალოდ ბოდიშის მოხდას ვაპირებდი იმ საღამოს გამო. - იმ საღამოს გამო? - ჰო არ მითხრა რომ არ გახსოვს, აშკარად მაგრად იყავი დაბოლილი მაგრამ არც ისე რომ ყველაფერი დაგვიწყებოდა. - შეგიძლია მომიყვე რა მოხდა? -როგორც იქნა ძალა მოვიკრიბე რომ მეკითხა, ის თუ მოჰფენდა ნათელს ამ ყველაფერს. - ვსეირნობდი, მერე შენ შეგამჩნიე, ცუდად გამოიყურებოდი, გკითხე დახმარება ხომ არ გჭირდებოდა, აშკარად ვერ იყავი გონზე, ფეხზე წამოდექი, მიახლოვდებოდი და რაღაცას ბოდავდი, წითელი თვალები გაქვსო მეუბნებოდი, ფრთებს ვხედავო, ვიფიქრე რომ დაბოლილთან ერთად გიჟიც იყავი და შემეცოდე, იმიტომ რომ ძალიან სიმპათიური ხარ და დამენანე სიგიჟისთვის, მერე ჩემსკენ დაიხარე... - აღარ გააგრძელო, -ხელის აწევით შევაჩერე და წამოვდექი. - ჰო მაგრამ ჯერ მთავარი არ მომიყოლია. - არ გინდა, ისედაც ყველაფერი გასაგებია და მართლა ძალიან მრცხვენია, შენ კი არა მე მაქვს ბოდიში მოსახდელი, -დარცხვენილმა გავუღიმე და მანაც შავი თვალები შემომანათა. - უფროსი ჩემი მეგობარია, დიდი ხანია რაც ზურას გათავისუფლებას აპირებდა და მთხოვდა შენ გადმოდი ჩემთან სამუშაოდო, უარს ვეუბნებოდი, ისედაც კარგ ადგილზე ვმუშაობდი, რამდენიმე დღის წინ ვიყავი აქ მასთან მოსული და სრულიად შემთხვევით დაგინახე, მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება... - ამით რისი თქმა გინდა? - აქ მუშაობა შენს გამო დავიწყე, -ასე პირდაპირ გამომიცხადა და ისე გამიღიმა მთელი სამყარო დამავიწყა. - - უკვე ერთი თვეა ერთმანეთს ვხვდებით და დროა ვიღაც გაგაცნო რომელსაც წესით უკვე იცნობ მაგრამ არ გახსოვს, -გამომიცხადა ერთ დღესაც როცა სამსახურიდან სახლამდე მივაცილე. - ასეთი ვინ უნდა გამაცნო? - სიურპრიზია, -ეშმაკურად გამიღიმა და ზურგი შემაქცია. - ასე აპირებ წასვლას? -მკლავში ვწვდი, ჩემსკენ შემოვაბრუნე და საყვარლად გამობურცულ ბაგეებზე დავწვდი, წამსვე ამეკრა სხეულზე და პატარა საყვარელი, ფუმფულა ფისოსავით აკრუტუნდა, ვერ ვხვდებოდი როგორ მოახერხა და ამ ერთ თვეში მთელი ჩემი ცხოვრების აზრი გახდა, ერთადერთ რამეში ვიყავი დარწმუნებული, სიგიჟემდე მიყვარდა. - ხომ გახსოვს რომ ხვალ არ ვმუშაობთ, საღამო რვაზე ჩვენს კაფესთან გელოდები, -ხელი დამიქნია და სადარბაზოში გაუჩინარდა, ბედნიერებისგან პირთამდე სავსე მივედი სახლში, მეორე დღეს ზუსტად რვა საათზე ვიყავი კაფესთან ის უკვე იქ მელოდა, ის შავი კაბა ეცვა რომელიც მშვენივრად მახსოვდა ჩვენი პირველი შეხვედრიდან, როგორც ყოველთვის ულამაზესი იყო, ავტომობილიდან გადავედი და უკმაყოფილოდ ავხედე ზეცას, ქუხდა, ელავდა, სადაც იყო წვიმას დაიწყებდა. - მოდი, გელოდები, -გაღიმებულმა დამიქნია ხელი, -ერთი სული მაქვს ჩემი პატარა გაგაცნო. მივიხედ-მოვიხედე მარტო იყო, არავინ ჩანდა, ნეტავ ვის გულისხმობდა? მივუახლოვდი, წელზე ხელი მოვხვიე, მისკენ დავიხარე თუ არა გაიელვა, საშინელი ღრენის ხმა მომესმა, ღია ზურგჩანთიდან პატარა მახინჯმა არსებამ ამოყო თავი, უზარმაზარი ნემსივით წაწვეტებული კბილები გამოაჩინა და ყელში მეცა... - - იცოდე ბოლოჯერ გეუბნები რომ აირჩიო ან ის ან მე, -გაგულისებულმა გამოვუცხადე ჩემს მუცელგაბერილ და ლოყებაწითლებულ მეუღლეს. - რათქმაუნდა მას ვირჩევ, -დაუფიქრებლად მიპასუხა და ცარიელი თეფში გამომიწოდა, -ჩვენს ბიჭს კიდევ უნდა ყიყლიყო, -საყვარლად გამეკრიჭა და საძაგელ ჩიხუახუას რომელიც წამითაც არ შორდებოდა მის მუცელს და მასთან მიკარების საშუალებასაც არ მაძლევდა თავზე აკოცა. - ესე იგი ეს მონსტრი გირჩევნია ჩემს თავს? -მისკენ გავიშვირე თითი და მანაც არ დააყოვნა, კბილები დაკრიჭა და ავად შემომიღრინა. - ამ უწყინარ არსებას მონსტრს ნუ ეძახი თორემ გაგებუტები, -საყვარლად აუცრემლიანდა თვალები. - უწყინარი? შეგახსენო რამდენჯერ მიკბინა, ორჯერ ყელში, სამჯერ ფეხზე და დღეს დილით მკლავზე, შენთან მოახლოების საშუალებასაც კი არ მაძლევს, რით ვერ შემეჩვია. - ხვდება რომ მისი გეშინია და გჩაგრავს. - მოდი და ნუ შეგეშინდება, -გამწარებულმა ჩავიბურტყუნე, თეფშს ხელი დავავლე და სამზარეულოსკენ წავედი, ჩემი გოგო ამ ორსულობამ ისეთი მგრძნობიარე გახადა ახლა ნამდვილად არ ღირდა მასთან კამათი, სხვა გზა უნდა მომეძებნა, ტელეფონი ამოვიღე და საჭირო ნომერი მოვძებნე. - გიგა დათო მანდ არის? -იდუმალი ხმით ვკითხე. - ჩემთან არის რა ხდება? - თქვენი დახმარება მჭირდება, ახლა კარგად მომისმინეთ და გეგმას გაგაცნობთ, ერთი არსება უნდა მოვიშოროთ... - დ ა ს ა ს რ უ ლ ი - - ეს ჩემი პირველი ისტორიაა საიტზე, დანარჩენებსაც გაგაცნობთ სულ მალე :) ვიმედოვნებ რომ მოგეწონებათ, გამახარებთ თუ აზრს დააფიქსირებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.