მთვარის სონატა
2017 წელი 09:43 ————————————— ———————— სარკის წინ დგას, დგას და საკუთარ თავს ამოუცნობი მზერით უყურებს... რაღაც თითქოს სიბრალულია, სევდა, ზიზღი. არ გეგონოთ რომ რომელიმე მათგანს სხვისი მიმართულებით ისვრის, სრულებითაც არა. ერთად-ერთი არსება რომელიც ეზიზღება საკუთარი თავია, ერთად-ერთი რაც ამძიმებს საკუთარი სხეულია, ერთად-ერთი რაც სიბრალულს უღვივებს თავისი სულია და სევდის მიზეზი ამოუცნობი და ამავდროულად როგორი ნაცნობია. ონკანი დაარეგულირა და ყინულივით ცივი წყალი ნატიფ კანს შეახო, რომ არა კარის მეზობელი, არ აპირებდა ცხელი წყალი ჰქონოდა, არც სინათლე. უნდოდა ამ ყველაფერს მოკლებულიყო, არ მიიჩნევდა თავს ღირსად ცხოვრებისგან მინიმალური სიამოვნებაც კი მიეღო. გაგეცინებათ, რა სიამოვნება ეს ხომ უბრალოდ წყალი და სინათლეაო. ჩემო ძვირფასებო, ადამიანი რომელიც ერთ ნაჭერ აწ უკვე გამხმარ პურს და ხშირ შემთხვევაში ყავას ეტანება, მისთვის ეს ფრიად სიამოვნებაა. თავის მოწესრიგებას მორჩა და მძიმე ნაბიჯებით დატოვა სააბაზანო, ოთახის აღმოსავლეთით წავიდა და ერთად-ერთ ნათელ კუთხეში სანთელი დაანთო. მუხლებზე დაემხო და აკანკალებული სხეულის დამორჩილებას შეუდგა. ტუჩები რომლებიც თავის დროზე ალუბალივით უელავდა ახლა სრულიად სიცარიელეს მოეცვა. არც ლურჯი იყო, არც შავი სადღაც შუაში, მონაცრისფრო... ერთმანეთს შეეხსნა და ტკივილნარევი სუნთქვა აღმოხდა. მშვენიერი კულულა თმები ახლა წყლის წვეთებს დაესველებინათ და სანთლის შუქზე აკიაფებულიყვნენ. ცალი თვალით რომ გადაგეხედათ, ქუჩაში შეგხვედროდათ ვერც კი შეამჩნევდით, გაფიქრებაც კი შეგრცხვებოდათ რომ ცხოვრებაში საერთოდ ტკივილი უგრძვნია. -ერთხელ მაინც.. ერთხელ მაინც რომ გადმოგეხედა მოწყალე თვალით..-აძაგძაგებდა, საშინელი სანახაობა გადაიშლებოდა თქვენს წინ, გეგონებოდათ ეშმაკი ესტუმრა და ცდილობდა ხორცი და სული ერთმანეთს მტკივნეულად დაეშორებინა-ახლა ასე არ ვიქნებოდი გესმის?!... შენზე არა.. ვერ ვბრაზობ.. საკუთარი თავი მაცოფებს, სულელივით მეგონა რომ შემეძლო წრფელად გამეღიმა და რა მივიღე?! ვინც კი მიბოძე ყველა ხელებიდან გამომაცალე..-სუნთქვა მეტად და მეტად უმძიმდებოდა, ჰაერშიც კი იგრძნობდით ტკივილის სუნს...-ახლა კი აქ დამტოვე.. მე რატომ არ მიგყავარ?! წამოყვირება და სანთლის ჩაქრობა ერთი იყო. სწორედ ეს იყო. ისევ იწყებოდა.. იგივე მეორდებოდა. ძველად ძლიერი და გაწონასწორებული მამაკაცის სხეული ნელ-ნელა კონტროლს კარგავდა. თითქოს თვალთ ბინდი გადაეკრა და არემარე ბურუსს მოეცვა. ხელთ რაც მოხვდებოდა ყველაფერს თვალის დახამხამებაში აცალმტვერებდა, სახეს იხოკავდა და გაუგებარი მიმართულებით ყვიროდა. ბოლოს ამისგანაც დაიღალა, აღარ შეეძლო ადგა და თავს იატაკს მანამ ურტყამდა სანამ გონებას დაკარგავდა. სულ არ ადარდებდა ფიზიკური ტკივილი, ვეღარც კი გრძნობდა, თუმცა ხორციელი ვერც შეედრებოდა მის სულიერ მდგომარეობას. 13:31 ——————————————— —————————— კვლავ ეღვიძება.. არადა როგორ ეგონა, რომ გაქცევა შეძლო... იმედი დიდი ხანია რაც დაკრძალა, თუმცა გულის სიღრმეში მაინც სჯეროდა რომ თავს დააღწევდა ამოუცნობი ობიექტის მარწუხებიდან... ეღვიძა თუმცა თვალს არ ახელდა.. არ უნდოდა კვლავ სიცარიელე ეგრძნო, სიზმრებსაც ვეღარ ხედავდა, არც ისინი უფერადებდნენ შავებში შემოსილ გონებასა და სულს.. ვეღარ გაუძლო, რადგან გრძნობდა როგორ უმზერდნენ წყვილი თვალები.. -ვიცი რომ გღვიძავს გაბრიელ...-მშვიდმა ხმამ ზარის წკრიალივით გაარღვია ოთახში დასადგურებული, სამარისებული სიჩუმე და გაბრიელის ყურებამდე მიაღწია-კვლავ ისე გიპოვე... სანთელი გადმობრუნებული იყო და..-ხმა ჩაუწყდა როდესაც ბიჭის მზერას წააწყდა, თავი ხელში აიყვანა და გააგრძელა-და ს..სურათს ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული.. იცი მაინც რა მოხდებოდა ხმა რომ არ გამეგონა?! -რა გააკეთე?!-ფრთხილად წამოჯდა და გამჭოლი, არაფრისმთქმელი თვალები მიანათა ისედაც დაბნეულ გოგონას-სესილია, რა გააკეთე?! ხმის ტემბრით თუ ვიმსჯელებდით, იფიქრებდით რომ გოგონამ სასიკვდილო შეცდომა დაუშვა და მხოლოდ ლინჩის წესით შეიძლებოდა გასამართლება. -შემოვედი გაბი... გადაგარჩინე...-წლების შემდეგ მხოლოდ მას ჰქონდა უფლება ასე მიემართა თუმცა ახლა ეს ფაქტი ოდნავ აფრთხობდა. -გაბრიელი! ჩემი სახელია გაბრიელი, ეს კარგად იცი სესილია...-სწრაფად გამოცრა კბილებში და წამოხტა, გოგონამ გაუაზრებლად იგივე გააკეთა და გაუბედავად მიუახლოვდა მამაკაცის აფორიაქებულ სხეულს-გადამარჩინე?!-მწარედ ჩაეცინა-გაგაფრთხილე! გითხარი რომ თუ კი შესაძლებლობა იქნებოდა არ გამოჩენილიყავი! გითხარი რომ წასვლის უფლება მოგეცა...-ხელებს ჰაერში იქნევდა.. სესილია უხმოდ ამცირებდა მანძილს მათ სხეულებს შორის და ცდილობდა ემოციებს არ აჰყოლოდა. ახლა მყარად უნდა ყოფილიყო, არ უნდა ეჩვენებინა მამაკაცისთვის რომ სუსტი იყო, ეს კიდევ ერთხელ არ უნდა გაეკეთებინა. -გგონია შემიძლია გაგიშვა?! მართლა გგონია ამის ძალა შემწევს?! მაგისთვის საკმარისად ძლიერი არ ვარ..-ბოლო სიტყვები კატის კნავილს წააგავდა, ხელი გაბრიელის სახისკენ წაიღო თუმცა ჰაერში გაუშეშდა, როდესაც მამაკაცმა ზიზღით სავსე მზერით გადაწყვიტა ეპასუხა. თითქოს და მართლა ზიზღი ყოფილიყო.. ასე ისურვებდა, ენდომებოდა გამოსვლოდა, თუმცა მის მზერაში სადღაც კუთხეში, ღრმად მიმალულ გრძნობას დაინახავდით, იმდენად მიმალულს რომ უფლებაც არ მაქვს სახელი შევურჩიო.. -რა თქმა უნდა...-კვლავ ჩაიცინა და თავი გააქნია-ძლიერი?! ეს რომ გეთქვა მეტად სასაცილო იქნებოდი.. ისე ადექი და დამტოვე უკან არ მოგიხედავს.. ახლა კი აქ ხარ, თვეებია აჩრდილივით დამსდევ და მიცხადებ რომ არ შეგიძლია სიკვდილის უფლება მომცე?! ნუ დამცინი... ნუ მცდი და ნუ გეცოდები სესილია!-გველივით ამოისისინა და გოგონას სახეს თავისი საგრძნობლად მიუახლოვა. -ჩვენ...-სუნთქვა შეეკრა, გულმკერდი სწრაფად უმოძრავებდა და ნაბიჯის უკან გადადგმა სცადა, თუმცა მამაკაცის ხელებმა გააკავეს, კიდევ ერთხელ.. ეს შეხება სხვანაირი იყო, აი ისეთი აქამდე რომ არასდროს ეგრძნო, არც სიყვარული იდგა ამ შეხების უკან, არც სიძულვილი, ეს უფრო სხვანაირი იყო თან სუნთქვას უკრავდა, თან ყველაზე დიდ შვებას აგრძნობინებდა-მე შვილი დავკარგე... მე..მე არ შემეძლო გესმის?! ჩვენი სამი წლის გოგონა გაბრიელ... ჩემი უნდა გესმოდეს..-ხმა გაუტყდა, ვეღარც ისე მყარად იდგა როგორც გეგმაში ჰქონდა და მამაკაცის მარწუხებიდან თავის დაღწევა სცადა. -არც გაბედო! არ გაბედო რომ ასე ილაპარაკო! შენ არ დაგიკარგავს, ის ჩვენ დავკარგეთ!-კონტროლ დაკარგული ვერც კი იაზრებდა რომ საყვარელ ქალს სახეში შეჰყვიროდა- ის ჩემი ნუციკოც იყო! ჩვენი შვილი სესილია, ჩვენი! შეუშვი ამ სულელ ტვინში!-საჩვენებელი თითი საფეთქელზე ძლიერად მიარტყა-ერთმანეთი გვჭირდებოდა... ჩემთან უნდა ყოფილიყავი... ისევ დასუსტდა. ტუჩები აუკანკალდა და თვალიდან ერთი ობოლი ცრემლი გადმოაგდო. სასაცილოა, როგორ შეუძლია ამ უბრალო გოგონას აატიროს მამაკაცი, რომელსაც წელიწად ნახევარია თვალებიც კი აღარ აცრემლიანებია. -მაპატიე გაბი..მაპატიე-ცრემლებს შორის აღმოხდა გოგონას და შუბლი მამაკაცის მკერდს მიადო-მაპატიე გთხოვ..არ შემეძლო, ყველგან მას ვხედავდი.. მისი კისკისი მესმოდა.. მერე ტირილი.. საავადმყოფო და მისი დაუძლურებული სხეული. გესმის?!-ნელ-ნელა აურა მეტად აუტანელი ხდებოდა-შენს თვალებში... შენს კარამელისფერ თვალებში მხოლოდ ჩვენს პატარას ვხედავდი გაბი... გაბრიელი ჩუმად იდგა, სესილიას ტირილი ყურებში ექოდ ჩაესმოდა, გულმკერდი მძიმედ უმოძრავებდა. -ჩამეხუტე-ესღა აღმოხდა და გოგონას სხეული ძლიერად ააკრო თავის მკვრივ გულმკერდს. 2012წელი, 29 თებერვალი ———————————— ———————— ორი ერთმანეთზე ძლიერ შეყვარებული ადამიანის სხეული, ერთმანეთში იყო ახლართული, მამაკაცის ხელი გოგონას ოდნავ წამოზრდილ მუცელზე ესვენა და ნაზად წრეებს ხაზავდა. გოგონას თავი საყვარელი მამაკაცის ყელში ჩაერგო და ხარბად ისუნთქავდა მის სურნელს. სულ ახალგაზრდები იყვნენ ბიჭი ახლად შესრულებული იყო ოცდასამი წლის გოგონა კი ჯერ 20 წლის იყო. -გაბი, რა დავარქვათ?!-ძლივს მოსწყდა სესილია მამაკაცის ყელს და ახლა მუქ, ჭაობივით ღრმა თვალებს ჩააშტერდა. თვალების კონტაქტმა სულ რამდენიმე წამს გასტანა, გოგონას დააჟრიალა, მთელ სხეულზე ბუსუსებმა დააყარა და უცებ აარიდა მზერა. ბიჭმა გახალისებულმა ჩაიცინა. -ჩემო სულელო, დღეს ოთხი წელი გავიდა რაც ერთად ვართ და კვლავ ვერ უძლებ ჩემს მზერას-ეშმაკური მზერით დააჯილდოვა დაბნეული გოგონა და ტუჩის კუთხე ჩაეტეხა-არვიცი მშვენიერო, სულ რომ ქეთინო დაარქვა მაინც მეყვარება-მხიარულად წარმოთქვა და მუცელზე ნაზად ეამბორა. სიჩუმე გოგონას ბედნიერმა კისკისმა გაარღვია -ორმოცი წელი რომ გავიდეს ამ მზერას მაინც ვერ გავუძლებ, ჩემო პრინცო-სიცილებს შორის წამოიძახა და ორივე თვალი დაუკოცნა-ქეთინოს რას ერჩი გაბი?!-ოდნავ ნაწყენმა წარმოთქვა. რა თქმა უნდა, ქეთინო ხომ სესილიას დედას ერქვა?! ბიჭს ისეთი არაფერი უთქვამს რაც გოგონას გაანაწყენებდა, მაგრამ ოხ ეს ორსულები.. როგორი ემოციურები არიან.. ბიჭმა უხერხულად გაიცინა და კეფა მოიქავა. -ვხუმრობ, ქეთინოს არაფერს ვერჩი, უბრალოდ... სიტყვის მასალა-წამით დაფიქრდა-ჰო, ჰო სიტყვის მასალად გამოვიყენე. წამოჯდა და სესილიას ზემოდან დახედა. -მაშინ ნუცა დავარქვათ-გახალისებულად წამოიძახა. -კარგი იყოს ნუცა. ნუცა ბერუაშვილი-მხრებში ამაყად გაიმართა და მუცელთან დაიხარა-გამარჯობა ნუციკო, დედიკოს და მამიკოს ძალიან, ძალიან უყვარხარ. საყვარელი მამაკაცის სისაყვარლეზე შემყურე სესილიამ თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები წასკდა. სრუტუნზე გაბრიელმა აიხედა და წარბები შეჭმუხნა.-რა გატირებს ძვირფასო?-ალერსიანი ხმით ჰკითხა. -არაფერია...-ცრემლები მოიწმინდა და სუსტი ხელები ძლიერად მოხვია-უბრალოდ ვერ ვხვდები რით დაგიმსახურე... ძალიან მიყვარხარ.. ახლა კი გაბრიელმა ვერ შეძლო ღიმილის შეკავება -ეს მე არ დამიმსახურებიხარ შენ..-შუბლზე მიაკრო ტუჩები-მიყვარხარ. შეუძლებელია წარმოიდგინო კავშირი ორ სულს შორის თუ კი შენი უხილავი ძაფები ჯერ კვლავ ჩამოშლილია, მაგრამ მინდა გითხრათ რომ გაბრიელსა და სესილიას შორის სიყვარულზე მეტი იგრძნობოდა. სხვანაირი მუხტი ჰქონდა ყველაფერს, სხვანაირი ფერები. გაბრიელის ნაცრისფერი სამყარო ფერადმა ქალბატონმა სრულიად ამოატრიალა და ახლა ისიც ფერად ცისარტყელას ხედავდა. ურთიერთობის ოთხი წლის თავს გაცნობის ადგილას, ბუნებაში აღნიშნავდნენ. პლედებისა და ხილის ამარა. გაბრიელი და სესილია. სესილია და გაბრიელი. სესილია, გაბრიელი და მთვარე. სწორედ ასე გაიცნეს ერთმანეთი, ერთი მთვარის სონატაზე ცეკვავდა, მეორე კი მთვარის სონატას მელოდიაზე იცლებოდა ემოციებისგან. და ახლა.. სულ რამდენიმე თვეში ტრიო დაირღვეოდა და პატარა არსება შეუერთდებოდათ. წარმოუდგენელია, შეეძლოთ კი ამაზე კარგი ენატრათ რაიმე?!... 2022წელი, 23 ნოემბერი ——————————————- ———————— მუხათგვერდის სასაფლაოს შესასვლელთან შავი მანქანა გაჩერდა და იქიდან სამი სხეული გადმოვიდა. ორი დიდი, ერთიც პატარა. -დედიკო, დედიკო მომეცი მე წამოვიღებ-დაახლოებით სამი წლის ბიჭუნა ქალთან მიბაჯბაჯდა და მაისურზე დაქაჩა. ქალმა ღიმილით დახედა შვილს და ორქიდეების ბუკეტი ნაზად გაუწოდა. მამაკაცი ორივე მათგანს გვერდით ამოუდგა და ვაჟიშვილი ხელში აიტაცა. არემარეს თვალი სევდიანად მოავლო და გაუბედავად გადადგა ნაბიჯები წინ. დანიშნულების ადგილას რომ მივიდნენ ბიჭი ნაზად ჩამოსვა და თავზე აკოცა. -მოდი ესენი აქ ჩავაწყოთ-ლარნაკიდან დამჭკნარი გვირილები ამოიღო და იქვე გადადო. ბიჭუნა ნელა მიუახლოვდა და ახლა უკვე ცარიელი ლარნაკი ნაზი ორქიდეებით გაავსო. კაცი და ქალი სურათის წინ ჩამოსხდნენ და ტკივილნარევი მზერით შესცქეროდნენ წინ გადაშლილ ხედს. პატარა ბიჭუნა გულმოდგინედ წმენდდა სურათს და როდესაც მორჩა ქვაზე გამოსახულ პატარა ანგელოზს კოცნა დაუტოვა. ქალს სუნთქვა შეეკრა და ისე ძლიერ ჩასჭიდა მამაკაცს ხელი თითქოს წართმევას უპირებდნენ. მამაკაცის გონებაში მოგონებები ერთმანეთის მიყოლებით ცოცხლდებოდა და ცრემლმორეული ღიმილით გაჰყურებდა თავის შვილებს. ნელა მიუახლოვდა ქვას და წინ დაიხარა. ხელი ისე ნაზად და ფაფუკად გადაატარა, თითქოს უფრთხილდებოდა არ სტკენოდა. -ჩემო პატარავ...-სუნთქვა შეკრულმა ამოილუღლუღა და კვლავ გაიღიმა. დაახლოებით ერთი საათი ასე უხმოდ გაატარეს, ქალი იქვე კუთხეში იჯდა და ცრემლები სცვიოდა, ისინიც ურცხვად უსველებდნენ წითლად აკაშკაშებულ ლოყებს და მდინარესავით მიედინებოდნენ მიწისაკენ. მამაკაცი ისევ ისე, ისევ ისე საბრალოდ მოხრილიყო და თვალს არ აშორებდა, კიდევ ვერ დაეჯერებინა, კიდევ ვერ დაევიწყებინა მისი კისკისი და გონებას ამოშლის უფლებას არ აძლევდა. სიჩუმე პატარა ფეხის ნაბიჯებმა დაარღვია. ბიჭუნა ნელა მიუახლოვდა მძიმე სხეულს და პატარა ხელი მხარზე გამბედავად შეახო. კაცი შეცბა და მზერა შვილს მიაბყრო. -მამა-ტკბილი ხმით ამოილაპარაკა ბავშვმა-როგორც ნუციკო გეუბნებოდა, ყველაფერი კარგად იქნება. მამაკაცს აოცებდა თავისი სამი წლის ბიჭუნას გონება. ღიმილით თავი დაუქნია და ნელა წამოდგა, ხელში აიყვანა თავისი შვილი, მეორე ხელი ძლიერად ჩასჭიდა საყვარელ ქალს და კიდევ ერთხელ, საბოლოოდ შეათვალიერა წარწერა: "ნუციკო ბერუაშვილი 2012-2015" ——————————————————— —————————————— გაბრიელსა და სესილიას რა თქმა უნდა ნუციკო არ დავიწყებიათ, კვირაში რამდენიმეჯერ აკითხავდნენ თავიანთ ქალიშვილს, ხან ახალ ამბებს აცნობდნენ, ხანაც ზღაპრებს უყვებოდნენ. ბევრს იცინოდნენ, ბევრსაც ტიროდნენ. მათთვის მეორე სახლი იყო. ტკივილი არ განელებიათ, უბრალოდ ისწავლეს მასთან ერთად ცხოვრება. ისწავლეს თავიანთი ახალი სიცოცხლისთვის, თავიანთი ბიჭუნასთვის. ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაოა, თუმცა ცდებიან, როგორც აღვნიშნე ჩვენ ვეგუებით და ვათავსებთ ჩვენ ცხოვრებას მასთან მორგებულად. ეს არ იყო სესილიას და გაბის ამბის დასასრული, ეს სწორედაც რომ დასაწყისი იყო იმ გზისა რაც თავიანთ პატარა ალექსანდრესთან ერთად უნდა განევლოთ. ასეც მოიქცნენ. ერთმანეთს ხელები ისე ძლიერ ჩასჭიდეს, რომ ქვეყანაზე არც-ერთ ამ ქვეყნიურ ძალას შეეძლო ისინი დაეცალკევებინა. მაშინ დააფასეს ის მინიმალური, რომელსაც მაქსიმალურის სურვილისას კარგავდნენ. ლხენაც ნახეს და გაჭირვებაც. ეტკინათ და იზეიმეს კიდეც. გარდაიცვალენ და თავიდან დაბადებაც შეძლეს. გზა დაავიწყდათ და სიყვარულის ლაბირინთში დაიკარგნენ, საიდან გზის გაკვლევასაც არც-ერთი ცდილობდა. მე ეს ვიცი. მე ეს დავინახე. მე ეს გავიგონე. მაინც ვერ შევძელი სამყარო 360 გრადუსით დამენახა. და შენ?! შენ რა იცი? შენ რა დაინახე?! შენ რა გაიგონე?! რა ვიცით ჩვენ ცხოვრებაზე?! რა ვიცით ჩვენ სიყვარულზე?!... ——————————————————————— ———————————————— ————————— არ ვიცი წაიკითხავთ თუ არა ან თუ მოგეწონებათ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.