შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი ცრემლი


6-07-2023, 17:00
ავტორი ენოტი
ნანახია 903

თოთხმეტი წლის ვიყავი. უკვე გამოსული იმ ასაკიდან, როცა შვილიშვილი ბაბუას მეტადრე უცნაურ და ხშირ შემთხვევაში აბსურდულ კითხვებს უსვამს. ეს ის ასაკია როცა ჩემი თავი არნახულ გენიოსად მიმაჩნდა და ჩემი ,,გენიოსობა“ უფლებას არ მაძლევდა ვინმესთვის რაიმე სახის კითხვა დამესვა. რაც უფრო ვიზრდებოდი მით მეტ ყურადღებას ვაკლებდი ბაბუას, ამ ყურადღებას კი ჩემ მეგობარ გოგონებს ვუთმობდი, რომლებიც ჩემებრ ფიზიოლოგიური განვითარების პროცესში იყვნენ. ამ ასაკში ბიჭებს სიყვარულზე მეტად საკუთარი მოჭარბებული ჰორმონები აწუხებთ და საერთოდ არ აინტერესებთ თუ რას ყბედობს ცალფეხკუბოშიმდგომი მიხრწნილი ბაბუა. არ ვიცი იმ დღეს ეს როგორ მოხდა, თუმცა ბაბუასთან ერთად მისი მერსედესის მარკის ავტომობილით სასაფლაოს გზას დავადექით, რომლის ყოველდღიური სტუმარიც ბაბუა გახლდათ.
ბაბუა მეტად დაბეჩავებული, ასაკისთვის შეუფერებლად დაჩაჩანაკებული, თვალებჩაცვენილი მოხუცი იყო. ცხოვრების ჭირ-ვარამი ზედ შუბლზე ნაოჭებად დამჩნეოდა, ხოლო მისებრ ჭაღარა წვერ-ულვაშა კაცი არც მანამდის და არც მას შემდგომ არსად არ მენახა.
მთელი გზა დუმილით მივდიოდით, არაფერი არ მითქვამს მისთვის, ჩემს სმარტფონში თავით ჩამძვრალი ახალ გოგოს ვწერდი. თხუთმეტწუთიანი მგზავრობის შემდეგ დანიშნულების ადგილს მივადექით, ჩემდა გასაკვირად ინსტიქტურად ტელეფონი გავთიშე და მანქანის უკანა სავარძელში დავდე. უცებ ბაბუას მზერა შემომეფეთა, ცოცხალის არაფერი ეტყობოდა, ფერმკრთალი და ჩასისხლიანებული თვალები საზარელ შესახედაობას აძლევდა თითქოს ჩემს წინ არა ცოცხალი არამედ ქვაში უნიჭოდ გამოკვეთილი კაცი იდგა. მანქანიდან გადავიდა, ზეცას ახედა, თუმცა არც ერთი ნერვი არ აუტოკდა მიუხედავად იმისა, რომ მზე თვალს სჭრიდა. მეც გავყევი. ბებიაჩემის საფლავთან მისული მის მიერ დადგმულ პატარა რკინის სკამზე ჩამოჯდა, რომელსაც გარს ვარდები და ათასგვარი მინდვრის ყვავილები ეკრა. ეს ერთადერთი საფლავი იყო მთელ ქალაქში, რომელშიაც არც საფლავის ქვა იდგა და არც რაიმე სახის ნიშანი ინიციალებით რათა მიმხვდარიყავი, რომ ეს სასაფლაოა და არა ბაღი.
- ორმოცი წელი.
მშვიდი ხმით წარმოთქვა მან. დავიბენი სახეზე სიწითლე შემოეპარა და კაცი, რომელიც ორიოდე წუთის წინ მკვდარს გავდა, ახლად აყვავილებულ ვარდს დაემსგავსა.
- დღეს ზუსტად ორმოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნატალი წავიდა. (ბებიაჩემზე სიტყვას მოკვდა ან გარდაიცვალას არასდროს არ იტყოდა, მის სინონიმებად წავიდა, გაფრინდა ან დაგვტოვა შემოიღო) უკვე მივხვდი, რომ დღეს ნატალის გარდაცვალებიდან 40 წელი გასულიყო, როგორც დედა მეუბნებოდა ბაბუაჩემს მას შემდეგ არავინ არასდროს არ ყვარებია, რაც ჩემთვის წარმოუდგენლად გაუგებარი იყო მით უმეტეს, ბებიის ,,გაფრენისას“ ბაბუა ოცდახუთი წლისაც არ იყო. არ ვიცოდი რა მეთქვა ჩუმად ვუსმენდი და მომდევნო მთელი საუბრის მანძილზე ხმა არ ამომიღია. ვეცდები ზუსტად გადმოვცე ის სიტყვები, რაც ბაბუამ მითხრა და რომელმაც ჩემს სულიერ კათარზისში დიდი როლი იქონია.
- ნატალის პირველად შენს ასაკში შევხვდი. დაიწყო მეტად მშვიდად და აუღელვებლად. - ისიც ჩემი ტოლი იყო, მე მასზე ორმოცი დღით უფროსი ვიყავი. მისებრ მშვენიერი გოგო თვალით არ მენახა ის დღე დღევანდელი დღესავით მახსოვს. სკამზე ვიჯექი რომელსაც ერთი ხელი მორყეული ქონდა და მას ვაწვალებდი, ჩვეულებრივი სექტემბრის თბილი დღე იდგა გრილი ნიავი საამოდ მხვდებოდა სახეზე. ოოჰ, ამინდიც რა კარგი იცოდა უწინ. ღრმად ვსუნთქავდი რათა ბოლომდე დავმტკბარიყავი ჰაერით. თვალები დავხუჭე ღრმად ჩავისუნთქე ფილტვები ჰაერით გავბერე და მშვიდად ამოვისუნთქე, თვალები გავახილე, თვალები გავახილე და...
ბაბუა უცებ გაჩერდა სიმშვიდე საოცარმა აღტკინებამ და მშფოთვარებამ ჩაანაცვლა, ტუჩები აუკანკალდა, ყვავილებს დახედა და ისევე ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა, როგორც ყვებოდა. ამოისუნთქა და კვლავ განაგრძო.
- თვალები გავახილე და ვიგრძენი, რომ ირგვლივ ყველაფერმა ფერი იცვალა, ნატალი ვნახე, პირდაპირ ჩემკენ მოდიოდა. ოო, ღმერთო ის სახე, სამარის კარამდე გამყვება, ის გრძნობა კი, ის გრძნობა კი ... შემიყვარდა. ვხედავდი ჩემსკენ მოდიოდა ხოლო მის უკან ყველაფერი შეიცვალა, მინდვრის ყვავილებმა გალობა დაიწყეს, ვხედავდი ნიავმა როგორ გამოიცეკვა ახალტოტებაყრილი ტირიფი და როგორ აუშრიალა თმა. თითქოს მთებმა, მედიდურად გადმოხედეს კაცობრიობას და საკუთარი დიდებულებით მოხიბლულნი ღრმა ძილს მიეცნენ. უცნაურია უწინაც ხომ იდგნენ ის მთები იქ მაგრამ მხოლოდ მაშინ შევამჩნიე ან იქნებ ეს ყველაფერი რაც უწინ მკვდარი მეგონა ჩემკენ მომავალმა გოგონამ გააცოცხლა. მოდიოდა და მოჰქონდა სიცოცხლე, საოცარი ტკივილი ვიგრძენი მუცელში, საამო ტკივილი, რომელიც კიდევ ბევრჯერ დამატყდა თავს მასთან ყოფნისას. სისხლი მომაწვა ხელები დამიბუჟდა ჰაერი, რომელიც წუთის წინ იმდენი იყო ახლა არც კი მყოფნიდა, დამძიმდა და რთული გახდა. კბილები კანკალმა აიტანა თვალები არ მემორჩილებოდა და რაც უფრო ახლოვდებოდა მით უფრო მიჩქარდებოდა გული თითქოს საცაა აფეთქდესო და მთელ ქვეყანას ეს გრძნობა მოჰფინოსო. ჩემგან მხოლოდ ორი ნაბიჯი აშორებდა და შეჩერდა გამიღიმა, ოო, ის ღიმილი ალბათ ვერც ერთი მხატვარი ვერ შეძლებს ტილოზე გადმოიტანოს ის ღიმილი, რომელმაც ჩემთვის დრო გააჩერა. თვალი თვალში გამიყარა და იცი რა ვნახე მის თვალებში? მთელი გალაქტიკა მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ღმერთიც კი რომელიც მშვიდად მიყურებდა და ოდნავ ჩაფიქრებულიო, ბოლოს ოდნავ თავი დამიკრა თითქოს ამირჩია, მერე საოცარი გულისტკივილი აღებეჭდა სახეზე და გაუჩინარდა, მივხვდი, რომ მან ეს არსება მე ჩამაბარა რათა დამეცვა ადამიანთა რასის ბოროტებისგან.
შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე ის მღელვარება, რომლითაც იგი ამ სიტყვებს მეუბნებოდა, თითქოს იმ გრძნობებს მეც განვიცდიდი თითქოს ჩემთვისაც გაჩერდა დრო და სამუდამოდ ამ სასაფლაოზე გამოვიკეტე ამ მოხუცთან ერთად, რომელიც უკვე საოცრად ლამაზად მეჩვენებოდა. ერთი სული მქონდა სწრაფად გაეწყვიტა ეს წუთიანი დუმილი რომელის თითოეული წამი ჯოჯოხეთურად მიწვავდა გულს. როგორც იქნა დამშვიდდა და ისეთივე სიმშვიდით განაგრძო როგორც დაიწყო.
- ერთმანეთს ვუყურებდით ორი ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ადამიანი, მაგრამ მე მას დიდი ხნის წინათაც ვიცნობდი, ჯერ კიდევ მანამდე სანამ ღმერთი სულს შემბერავდა ისიც ამას გრძნობდა, ვგრძნობდი, რომ გრძნობდა. ჩემში ჩაიღვარა გრძნობა, რომელიც ალბათ ჯოჯოხეთშიც მეყოფა იმისთვის, რომ სამარადჟამოდ ბედნიერი იყოს ჩემი გახუნებული სული კუპრისა და ლავის თუხთუხში. მისი ტუჩები ვარდისფერ ღრუბლად ეფინა მყინვარისფერ კბილებს, რომლებიც შემომცინოდნენ და მიტოკებდნენ სულის სიმებს. მისი ყელი რომელიც მედიდურად სვეტად იყო აწვდენილი განგებას იმისთვის გაუჩენია, რათა ამ ღვთისმშობლურ სილამაზეს ლარნაკად დადგომოდა. მის ხალი, იმდენად უღმერთო იყო, რომ ახლად შობილი მკერდი მას კაცობრიობას უმალავდა თავისი დიდებულებით. მისი წყვდიადისფერი თმის თოკით ნებისმიერი მოკვდავი ისურვებდა ხის ტოტზე უსასრულოდ კონწიალს, მეც მათ შორის.
ბაბუა გაჩერდა, საფლავს დააცქერდა თითქოს ჩაფიქრდა და ჩემი იქ ყოფნა სულაც გადაავიწყდა. უკვე ავთრთოლდი სახეზე ცნობისმოყვარეობა დამეტყო მაინტერესებდა თუ რატომ მივიდა ნატალი ბაბუასთან. ალბათ მან შეამჩნია ჩემი ინტერესი და განაახლა საუბარი.
- იცი რა მითხრა? თასმა შემიკარიო და მარჯვენა ფეხი მაჩვენა, სადაც თასმები შეხსნოდა. თოთხმეტი წლისამ თასმის შეკვრა არ იცოდა, არც მას შემდეგ უსწავლია ისე დაგვტოვა. ვერ შევუკარი ისე მიკანკალებდა ხელები, ჩემს წინ საოცარი პორტრეტი იდგა რომლის დანახვაზე ალბათ ეშმაკსაც კი აუტოკდებოდა ღიმილის ნერვი ბოროტებისაგან დაღრეჯილ სახეზე. გვერდზე მომიჯდა, გამიცინა და დამამშვიდა იქამდე არ წავიდა სანამ არ დავმშვიდდი. როგორღაც ის ნასკვი შევკარი რომლითაც სამუდამოდ გადავაბი ჩემი უფერული ცხოვრება მის ცისარტყელისფერ ცხოვრებას. ნასკვი ბოლომდის არ იყო შეკრული, რომ ჩვენ უკვე ერთმანეთი გვიყვარდა, ეს ისეთი სიყვარული იყო, რომელსაც არავის არ ვუსურვებ იმდენად მტკივნეული და იმდენადვე აღტკინებული. შემდეგ მალევე გამოვუტყდით ერთმანეთს სიყვარულში, პირველი ის გამომიტყდა თორე აბა მე საიდან მაგდენი გამბედაობა. სწორედ იმ დღეს მაკოცა პირველად, ოო, ღმერთო რას არ გავიღებდი ოღონდ ერთი წუთით დამაბრუნებინა დრო, მხოლოდ ერთი წუთით. ის გრძნობა საოცრება იყო, ვიგრძენი როგორ ავფრინდი ცაში და ჩემს გარშემო როგორ დაიწყეს ვარსკვლავებმა კისკისი. როცა მისი ბაგე ჩემს დაბუჟებულ ტუჩებს შეეხო ისევ ის ტკივილი ვიგრძენი მუცელში, სხეულის თითოეული უჯრედი მეწვოდა, თვალები დავხუჭე მაგრამ წყვდიადის ნაცვლად ველი დავინახე, მწვანე მოლი, სადაც ერთადერთი მუხა იდგა რომელთანაც თეთრანაფორიანი მოხუცი იჯდა მე მიყურებდა სახეზე სევდა დამჩნეოდა. ვინ იცის იქნებ ნატალის უბიწო სხეულის წაბილწვაში მე მდებდა ბრალს. ორივენი ასე გაუნძრევლად ვიყავით, ვგრძნობდი მასაც როგორ აუჩქარდა გულისცემა ხელისგულები გაუოფლიანდა და ერთიანად კანკალმა აიტანა, თავი ჩაქინდრა. მე მას მოვეხვიე მისი თავი ჩემს მკერდს მივაყრდენი, მან კი თვალი დახუჭა თითქოს ჩემი გულის ცემას უსმენდა. ჩემი ასაკისთვის შეუფერებლად მიყვარდა, ახლაც მიყვარს ზუსტად ისე როგორც მაშინ, ამ საფლავზე მოსვლისას იმავე ტკივილს ვგრძნობ მუცელში ოღონდ კი არ განელებულა პირიქით მოიმატა კიდეც.
კიდევ ბევრი რამ მითხრა ბაბუამ, ნატალიზე. მათი სიყვარულის ყოველი გიჟური ისტორია. ამას არ დავწერ, დაე მკითხველმა თავად წარმოიდგინოს ისინი რითაც ამ წყვილის ცხოვრება შემდგომ წარიმართა. ამბის მოყოლას იქიდან გავაგრძელებ საიდანაც ყველაფერი აირია.
- ... შემდეგ ლილიც დაიბადა, ღმერთო რა ბედნიერი ვიყავი, პაწაწინა ნატალის გავდა. თვალები, ტუჩები, თმა, უკვე ორი ქალის პატრონი ვიყავი და არა ჩვეულებრივი არამედ განკაცებული სამოთხის ქალებისა. როგორც დღევანდელ ფილმებში ხდება ყველაზე ბედნიერ დროს იწყება ყოველგვარი უბედურება, მეც ასე შემემთხვა. მშობიარობის შემდეგ ნატალის თავის ტკივილები დაეწყო, ყოველდღე რაღაცას უჩიოდა. ექიმთან წავიყვანე, არც კი მიფიქრია, რომ რაიმე სერიოზული შეიძლება ყოფილიყო, ექიმმა დაგვამშვიდა გვითხრა, რომ ეს მხოლოდ მშობიარობის შემდგომი პერიოდის ტკივილებია. მეც ასე ვფიქრობდი, ან რა უნდა მეფიქრა? ნატალი ოცდახუთი წლის იყო, როგორ შეიძლებოდა რამე დამართნიდა. ერთ დღესაც გონება დაკარგა, მკვდრისფერი დაედო, ვხედავდი როგორ ჩაიკეცა ჩემ თვალწინ. მე... მე.. მე ვერ მოვასწარი დაჭერა დაეცა. წამიერად ისევ ის სახე გამომეცხადა, აი, ნატალის თვალებში, რომ დავინახე, აღარ იღიმოდა, ერთი ცრემლი ჩამოუვარდა გუგებიდან და სამუდამოდ გაუჩინარდა. ორი კვირა უგონოდ იყო ნატალი, ორი კვირის თავზე კი გაფრინდა. ვხედავდი როგორ მოვიდა ჩემთან თეთრხალათიანი სიკვდილის ანგელოზი და მითხრა ,,ჩვენ რაც ჩეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ. ვწუხვარ." არაფერი მიგრძვნია, არც ერთი ცრემლი არ ჩამომვარდნია, არც გული ამჩქარებია, ნელი ნაბიჯით შევედი რეანიმაციაში. როცა პირველად მისი გვამი დავინახე არ დავიჯერე, რომ იქ სული არ იყო, სუდარა გადავხადე და ჩემ თვალწინ ნატალის შიშველი ჯერ კიდევ თბილი უსულო სხეული გადაიშალა. თითქოს მიღიმოდა... ნტალი.... თითქოს მიღიმოდა, მაგრამ ერთბაშად შეიცვალა ყველაფერი. თვალებში სადაც უწინ მთელ გალაქტიკას ვხედავდი, ისეთი სიცარიელე იყო, როგორიც ჩემებრ ცოდვილი სულისთვისაა განკუთვნილი ჯოჯოხეთის ყველაზე მიყრუებულ კუნჭულში. თმა გაუხუნდა, ვარდისფერი ტუჩები გაუყვითლდა, ხალი კი... ხალი კი... თითქოს არც არასდროს ყოფილიყოს იქ გაუჩინარდა. მე კი ფართოდ გახელილი თვალებით ვუყურებდი ადამიანს, რომლის გარეშე სიცოცხლე ერთი წამითაც არ შემეძლო. მაგრამ დღეს აქ ვარ, ლილის გამო მთელი ჩემი სიყვარული ნატალის მიმართ რაც გამაჩნდა ლილიმ შთანთქა, ის მიმსუბუქებდა ყოველგვარ ტკივილს, ის იყო ჩემი ელემენტი, რომელიც გულს მიმუშავებდა. რომ მკითხო, ცხოვრების უკან დაბრუნება, რომ შეიძლებოდეს იგივე გზას გაივლი? გიპასუხებ, რომ კი მხოლოდ იმიტომ, რომ ნატალი ვნახო. მე საბრალო კიდევ უფრო მეტ ტკივილს გავუძლებ, ნატალის ისევ თუნდაც ერთი წუთით სანახავად კი თანახმა ვარ სამუდამო სატანჯველში ამოვყო თავი.
ბაბუამ დაასრულა, საუბრის ბოლოს მშვიდად იყო. მინდოდა მეკითხა, როგორ გადაიტანა ამდენი ტკივილის შემდეგ დედაჩემის, ლილის გარდაცვალება, მაგრამ გადავიფიქრე. სახლამდის ისე მივედით, რომ არცერთს ხმა არ ამოგვიღია. დღის ბოლოს ბაბუას ოთახში შევედი, თუმცა იქ არ დამხვდა, ლოგინის გვერდზე პატარა მაგიდაზე კი საძილე წამლების კოლოფი ედო, ბაბუა არასდროს არ სვამდა საძილე წამლებს მივხვდი, რომ ის დაიღალა. არაფერი არ ვქენი, ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვედი მიუხედავად იმისა რომ იქ არავინ არ იყო. ორი საათის შემდეგ შევედი ოთახში, აბებს უკვე მოქმედება დაეწყოთ, სკამზე დავჯექი და ბაბუას ხელს ხელი მოვხვიე, მე მეტად ვეღარ გავუხანგძლივებდი ტანჯვას საბრალო მოხუცს, ვინ იცი იქნებ მაშინ, რომ გადამერჩინა უარესის მნახველი გამხდარიყო და მეტად დატანჯულიყო ვიდრე ახლა. მან სუნთქვას მოუკლო, ერთი წამით თვალი გაახილე, შემომხედა შემდეგ კვლავ დახუჭა, ერთი ამოისუნთქა და თან ამოაყალო ტანჯული სული. თვალებიდან მხოლოდ ერთი ცრემლი ჩამოუვარდა. განგებამ მისი ცხოვრება ართ ცრემლში ჩაატია. ცრემლში, რომელიც გაჟღენთილი იყო არაადამიანური სიყვარულით და ამავდროულად ჯოჯოხეთული ტანჯვით. ცრემლი, რომელიც იმდენად მწარე იყო შეეძლო ტიტანიუმი გაედნო და ამავდროულად იმდენად ტკბილი, რომ ის ერთი წვეთი საკმარისი იყო მთელ ქვეყანაზე სიყვარული გაევრცელებინა. ცრემლი, რომელიც ამ მიხრწნილი კაცის ცხოვრებასა და ტანჯვა-წამებას ასახავდა ერთი უბრალო ცხვირსახოცით მოვწმინდე და სამუდამოდ ისტორიას გადავეცი ბაბუაჩემის ცხოვრების ქრონიკები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent