შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორედ (თავი 3)


12-08-2023, 12:01
ავტორი EllaTriss
ნანახია 2 295

ვინაიდან გარეთ ისევ ძალიან წვიმს კაფეტერიაში ჩავდივართ. სამარისებული სიჩუმეა. ინსტიქტურად ვიყურები საათზე. საინტერესოა, ჯერ კიდევ დილიდან ვცდილობ სახლში წასვლას, უკვე საღამოა და მაინც აქ ვარ. რაღაცაც არსებობს. წამიერად ვიყურები ფანჯარაში და მერე მის წინ ვჯდები მაგიდასთან.
-გინდა რამე?
- კი, სახლში მინდა. - შინაგანად გულწრფელად, თუმცა გარეგნულად ზედმეტად ირონიულადაც გამომდის.
ეღიმება. ძალიან კარგად ვიცი ჭამა რომ იგულისხმა, თუმცა ახლა და მით უმეტეს მის წინ, რა უნდა მოხდეს რომ დავთანხმდე.
-სახლში თუ გინდოდა ლექციაზე რატომ დარჩი? მით უმეტეს არ გაინტერესებდა.
- რა კარგი კითხვა იყო, ყოჩაღ.
- კითხვების დასმა ჩემი საქმეა. - კმაყოფილი იჩეჩავს მხრებს.
- დაგავიწყდა, რომ პასუხების გაცემა ჩემი აღარ.
ეცინება. მერე რაღაც, სხვანაირი მზერა გადმოაქვს ჩემზე და ჩვეულებრივი თვალების ომიც იწყება. მიყურებს, ვუყურებ და საერთოდ არ მიჭირს ეს. უფრო მისი ფიქრების გამოცნობა მიჭირს, რომელიც მართლა მაინტერესებს, განსაკუთრებით ამ წამს.
-როდის მოასწარი ასე გაზრდა... - ეს ნამდვილად აღარ ყოფილა კითხვა. - რამდენი დრო გავიდა...
- რამდენი წელიც მოგემატა იმდენი.
ინსტიქტურად ვიწყებ თითების თამაშს მაგიდაზე, სულ წამიერად გადმოაქვს მზერა, თუმცა მერე ისევ ჩემს თვალებს უბრუნდება.
-მაინც გადაწყვიტე რომ კითხვის გარეშე გეპასუხა?
- ხო, აბა კი, ვეღარ ვითმენდი, ისე მენატრებოდა შენს კითხვებზე პასუხის გაცემა. -ირნოიულ ღიმილსაც ვურთავ თან.
- შეგიძლია სემინარზე შემომიარო.
- მადლობა, მაგრამ რასაც გხედავ, ვფიქრობ საკმარისია.
ამას უკვე სრული სერიოზულობით ვეუბნები. მასაც ეცვლება გამომეტყველება. მერე მზერას მაშორებს და ფიქრდება. წამიერი სიჩუმე. არ ვიცი ჩემთვის იწელება დრო თუ ზოგადად, მაგრამ...
-მე იმ დღესაც გითხარი და... -კიდევ ჩერდება. ვსო, დაიწყო. მინდა არ მინდა გონებაც იწყებს უკვე წარსულის გახსენებას.
-და ახლაც გაგიმეორებ, რომ შენს შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შემპარვია. შენი ხელმძღვანელობა მინდოდა, მართლა, მაგრამ არ გამოვიდა. გულით გგულშემატკივრობდი საბაკალვროს რომ იცავდი და ზუსტად ვიცოდი, რომ იდეალურ ქულას აიღებდი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არ მომისმინე და ალბათ რომც მოგესმინა მაინც არ დაიჯერებდი, გულწრფელად გეუბნები, რომ ჩემი დამოკიდებულება შენდამი არასდროს შეცვლილა.
ღრმად ვსუნთქავ. უნდა ვაღიარო, რომ კარგ ზღაპარს მიყვება.
-რაღაც-რაღაც გარემოებები ხშირად ხდება რაღაცის მიზეზი. გვინდა არ გვინდა ასეა, თოფურია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოდესმე ჩვენი მეგობრობა შემიწყვიტავს.
- ალბათ გულში აგრძელებდი, ხო? -მაინც მეღიმება.
-შეიძლება შენთვის ირონიულად ჟღერს, მაგრამ მასეა.
- ჭირა იქა, ლხინი აქა. თუ აგრძელებ კიდევ?
მზერას მაშორებს. ისევ წამიერი სიჩუმე.
-იცი რაზე მწყდება გული? - არ ვიცი რატომ, მაგრამ მინდა პირდაპირ ვუთხრა ყველაფერი. - არც მაშინ და არც ახლა არ მეუბნები პირდაპირ არაფერს. ბუნებრია, მაშინ მე ჩემს დასკვნებს რომ ვაკეთებ, მერე მოდიხარ და მეუბნები რომ ჩემი დასკვნები არასწორია, შენ ჩვენი მეგობრობა არ შეგიწყვიტავს... აბა რა გააკეთე? ამიხსენი, რატომ არის ჩემი დასკვნები არასწორი. რითი ადასტურებ რომ არასწორი ვარ. სხვა რამეს მეუბნებოდი და სხვა რამე გააკეთე.
- ვიცი, მაგიტომ არ განგსჯი არასდროს.
- დიდი შეღავათი იყო ეგ პასუხი. მაგრამ არა, ისიც მიღწევაა პირველ ზღაპარს რომ აღარ მიყვები ისევ, მადლობა. იმის აღიარება მაინც გამოგივიდა მაშინ რომ ის მიზეზი ტყუილი იყო.
- მე ეს არ მითქვამს, თოფურია.
- ეგრე გამოვიდა, ტატო.
მზერას ვაშორებ. ისიც. ისევ სიჩუმე.
ფანჯრისკენ ვაპარებ თვალს. ისევ წვიმს. ისევ ზუსტად ისევე წვიმს.
-გასაგებია, ზუსტად ისეთივე ნაწყენი ხარ, როგორიც მაშინ.
- მე შენგან მეწყინა ასე, სხვა არავისგან მეწყინებოდა.
- ვიცი.
- იმიტომ რომ ჩვენი მეგობრობის მჯეროდა. ჩემთვის რთულ პერიოდში შენი გვერდით დგომის მჯეროდა. იმ პერიოდში თამარასგანაც კი არ განსხვავებდი და მაგარი იდიოტიც ვიყავი ალბათ. მაგრამ იცი რაა, კარგიცაა ასე რომ მოხდა, მას შემდეგ დავინახე და ვისწავლე ბევრი რამ.
აღარ მიყურებს. ჩემში ისეთი ქაოსი ხდება, უკვე ვეღარც იმას ვაკონტროლებ რას ვამბობ.
-კარგი, მაპატიე მე შენი როგორც ლექტორის გადაწყვეტილება რომ განვსაჯე და ახლაც რომ მაგას ვაკეთებ კიდევ, რა თქმა უნდა, შენ უკეთ იცი ვისთვის უნდა გეხელმძღვანელა და ვისთვის არა. მაინც წარსულია უკვე ყველაფერი და მართლა აჯობებს დავივიწყოთ უკვე.
- ბოდიშს ნუ მიხდი.
- იმიტომ არ გიხდი, რომ იგივეზე მიგანიშნებ. მინდა რომ უბრალოდ სწორი ვიყო.
სულ ოდნავ ეღიმება, თუმცა ისევ არ მიყურებს.
-და ალბათ არც ის იქნება სწორი ამდენი წლის შემდეგ, თუ კიდევ ამ თემას მივუბრუნდებით ოდესმე. ისედაც დავინახე, რომ რეალურ მიზეზს არასდროს მეტყვი.
- თოფურია...
- არ მინდა, ამას არც გთხოვ, ტატო. დარჩეს ისე როგორც არის. თუკი თვლი, რომ არ უნდა ვიცოდე, ნუ მეტყვი. მოდი უბრალოდ დავივიწყოთ და მორჩა, ასე ორივესთვის უკეთესი იქნება. მესმის რომ ჩემი ქცევებით უხერხულ მდგომარეობაში გაყენებდი და ასეთს აღარაფერს გავაკეთებ. ნუ, ვეცდები, რომ არ გავაკეთო. შეიძლება მეგობრები არა, მაგრამ კოლეგები მაინც ვართ და ბოლოს და ბოლოს, ასეთი თანამშრომლური ურთიერთობა მაინც შეგვიძლია.
უბრალოდ თავს მიქნევს.
-კარგი, მადლობა რომ ამდენი წლის შემდეგ კიდევ მომისმინე ამაზე, გპირდები აღარ განმეორდება. ნუ ვეცდები.- ნელა ვდგები ფეხზე. თუმცა წასვლამდე მაჩერებს.
- თოფურია... -ვბრუნდები. თვალს რომ ვუსწორებ, თითქოს მაშინ წყვეტს რომ აღარ გააგრძელოს. თვალებით ვეკითხები. თვითონაც დგება ფეხზე.
- იმისთვის არ დამიწყია ამაზე საუბარი, რომ შემაწუხე, მართლა.
- მაგრამ შემაწუხებელი ვარ. - მეღიმება. - არაფერია, ზოგჯერ მეც მაწუხებს ჩემი თავი. ვიცი, რომ ბავშვივით ვიქცევი, მართლა. უბრალოდ ამ ეტაპზე ცოტა არეული ვარ და ემოციების კონტროლი მიჭირს.
- არ ხარ ვალდებული რომ ამიხნსა, მესმის, მართალი ხარ, რომ ძველი მეგობრობა აღარ გინდა.
უბრალოდ ღრმად ვსუნთქავ. წამიერი დუმილი.
-კარგი, მე წავალ, მადლობა კიდევ ერთხელ მოსმენისთვის და დროებით. -ახლა მართლა ვაქცევ ზურგს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ცრემლები მაწვება. გონება არეული მაქვს. მხოლოდ ერთი ვიცი, ეს ასე არ უნდა იყოს...

***
თამარასთან მივდივარ. არაფერს ვწერ, არც ვურეკავ, პირდაპირ ასე, კარზე ვუზარუნებ. მალევე მიღებს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი გზა ცუდად ვიყავი და თავს ვებრძოდი ვგრძნობ, რომ უკვე ამის ძალაც მეცლება. უთქმელად მატარებს შიგნით.
საკმაოდ დიდი ძალისხმევა მჭირდება იმისთვის, რომ ხმა ამოვიღო, თუმცა საბოლოოდ როგორღაც ვახერხებ. ასე მგონია ყველაზე გრძელი დღე იყო რომელიც ვერაფრით დამთავრდა. ჩემი ემოციურობისა და არეული გრძნობების ფონზე რამდენად ნორმალურად შევძელი მოყოლა ნამდვილად არ ვიცი, თუმცა ბოლო სიტყვამდე არ გაუწყვეტინებია თამარას. უნდა ვაღიარო, როდესაც მის კალთაში მაქვს თავი და თმაზე მეფერება, ყოველთვის მგონია რომ დედას ვუყვები, ამაზე მშვიდად ალბათ ვერასდროს ვერსად ვიგრძნობ თავს.
-ანა... -რომ ხვდება რომ აღარ ვაგრძელებ ძალიან ფრთხილად იწყებს.
თვალებს ვახელ, თუმცა არ ვიცი მის მოსასმენად თუ ვარ მზად.
-საკუთარ თავს უნდა მოუსმინო და არა ებრძოლო, მე ეს ადრეც მითქვამს შენთვის.
- მინდა ისე მოვიქცე როგორც სწორია.
- ვიცი, შენ სულ გინდოდა რომ დიდი ყოფილიყავი, ბავშვური საქციელების გარეშე.
არ ვუყურებ, თუმცა ვიცი რომ ახლა ეღიმება.
-გიყვარს... -იმდენად ჩუმად ამბობს, ძლივს მესმის.
წამსვე ვწევ თავს და მზერას ვუწორებ.
-არა.
-კი, ისევ ისე გიყვარს როგორც მაშინ...
- არასდროს მყვარებია, გეყოფა. -გონებაში განგაშის სიგნალი ირთვება. სერიოზულად, ვგრძნობ, რომ ყველაფერი ისევ მერევა შინაგანად.
- ანა, მომისმინე... საკუთარ თავს არ უსმენ, მაგრამ მე მაინც მომისმინე. -მკლავზე მადებს ხელს. - მაშინაც ვიცოდი და ახლაც ვიცი, ეს ყველაფერი რატომ გაართულე ასე. მეგობრობას აფარებ, მაგრამ ასე არაა. ხო, შეიძლება თავიდან მეგობრობა იყო, მაგრამ გულწრფელად სხვანაირადაც ხომ...
- თამარა, არა მეთქი! -ხელს ვაშვებინებ, ინსტიქტურად მეწევა ტონისთვის.
- ბავშვს სძინავს, გთხოვ... შენს თავს შეხედე სარკეში. წლები გავიდა, დაინახე და განგიახლდა? არა, არც არასდროს დაგვიწყებია, უბრალო თავს ამაზე ფიქრის საშუალებას არ აძლევდი, გეგონა სადღაც მიჩქმალავდი და მორჩა. ნიკაზე გათხოვებით ყველაფერთან ერთად ეცადე საკუთარი თავისთვის რაღაცებიც დაგემტკიცებინა. შენ გგონია ვერ ვხვდები? ძალიან კარგად გიცნობ და ვიცი როგორი ამაყიც ხარ შიგნიდან. ერთი გინდა და მეორეს აკეთებ, აი რატომ დაგწყდა გული და მოგაწვა ცრემლები.
- ასე არ არის.
-უბრალოდ შენ არ გინდა რომ ეგრე იყოს. მომისმინე, ძალიან ბევრს ცდილობ რომ სწორი იყო, მაგრამ სანამ საკუთარ თავს და გულს არ მოუსმენ სწორად ვერაფერს გააკეთებ.
ჩერდება.
-და ის?
- ნუ... -ეღიმება.
- მითხარი. - მართლა ვერ ვხვდები აქ რატომ ეღიმება.
- მე მგონია რომ მასაც უყვარხარ... -ამას ძალიან ფრთხილად ამბობს.
მეცინება.
-ახლა ბავშვი იტირებს და შენც დაიჯერებ რომ ზღაპარში არ ვცხოვრობთ.
-გეყოფა. -რომ ხვდება რომ ისტერიკულ სიცილში გადამდის ხელს მარტყამს მკლავზე.
- რა ვუყვარვარ, თამარა, კარგი რაა. ჯერ იყო და იქიდან მომისროლა... -ხელითაც ვაკეთებ- აუდიტორიიდან, გადამიარა ჩვეულებრივად, ნაგლად. მერე კოლეგის ამპლუაში რომ მნახა ამის გამო ინანა ცოტა, იფიქრა რომ ურთიერთობის გამოსწორება გახდა საჭირო და ცდილობდა რაღაცას. ცოტა მეც დავგესლე, როგორც შენ იტყოდი და შეწუხდა, სულ ეგაა.
- ანუ შენ ფიქრობ რომ მისი საქციელი ყალბია?
- რა თქმა უნდა.
- და გული რას ფიქრობს?
- გული საერთოდ საჭირო არაა, მთავარი ცივი გონებაა.
- რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად ცდება.
ღრმად ვსუნთქავ.
-ჯობია გულსაც მოუსმინო.
- გულს არ მოვუსმენ ზუსტად იმიტომ, რომ ამჯერად მაინც დავიცვა ტკივილის მიყენებისგან.
- ოხ, ანა... -დანანებით აქნევს თავს. -სულ შენს ჭკუაზე იქცევი. მე მაინც მგონია რომ სწორად ვფიქრობ. თვითონ არ მითხარი იმის აღიარება მაინც გამოუვიდა რომ მაშინდელი მიზეზი ტყუილი იყოვო?
- ხო, დიდად არ უნდოდა მაგრამ... საერთოდ ამას არ აქვს მნიშვნელობა. პირდაპირ მაინც არაფერს მეუბნება, თუმცა რა თქმა უნდა. იმას ხომ ვერ მეტყვის მომბეზრდი შენც და შენი პრობლემებიც და ნაგლად მოგიშორეო...
- ანა, კარგი რაა, შენ ახლა მართლა ასეთი ცუდი ადამიანი გგონია ტატო?
- და ნიკა თუ მეგონა კარგი ადამიანი, რა?
- ის რომ ნიკასთან მიმართებითაც ცდები და ტატოზეც.
- და შენ რადგან ნიკაზე არ შეცდი და თავიდანვე მეუბნებოდი ცოლად არ გაყვეო, გამორიცხულია რომ ტატოზე შეცდე?
- გამორიცხული არ არის, მაგრამ მე ვიცნობ ტატოს და ისეთი ცუდი ადამიანი არ არის როგორადაც ცდილობ ახლა წარმოაჩინო.
- შენ მე უფრო მენდობი თუ ტატოს? - ვფიცავ უკვე ნერვებს მიშლის.
- შენ ცდილობ საკუთარი თავი დაიცვა, მაგრამ მე გეუბნები რომ დაფიქრდი, იქნებ ამის გაკეთება საჭირო არაა. -სპეციალურად მაიგნორებს. - რომელი შენს ინტუიციას არასდროს მოუტყუებიხარ...
-თამარაა...
- დაფიქრდი, მართლა გეუბნები.
- იცი რა, ამ თემაზე საუბარი საერთოდ აღარ მინდა. ტატოსაც ვუთხარი დავივიწყოთ მორჩა მეთქი და შენც გეუბნები ახლა. ადრე ხომ თვითონ მითხარი რომ ჯობია მოვლენებს გავყვე.
- ეგრე მიჯერებდე ყველაფერს ნეტა...
მეცინება. გაბრაზებულიც ძალიან საყვარელია.
-კარგი, წავედი, მოვა შენი საყვარელი მეუღლეც უკვე. -საათზე ვიყურები.
- დარჩი, თან ძალიან მოენატრე ბექასაც.
მაინც ვდგები ფეხზე.
-არა, ჯობია წავიდე, სხვა დროს ვნახავ, ცოტა უფრო დამშვიდებული ემოციური მდგომარეობა რომ მექნება.
თვითონაც ეღიმება.
-კარგი, მაშინ გაგაცილებ.

***
თამარასთან საუბარი ბევრ რამეზე მაფიქრებს და პირველ რიგში იმაში ვრწმუნდები, რომ როდესაც რაღაცაზე ფიქრის მეშინია, ან არ მინდა გონება ავტომატურად გადადის სხვა რამეზე. მახსოვს, თავიდან ამაში რამხელა ძალისხმევა მჭირდებოდა, მაგრამ იმდენი წელია ამას ვაკეთებ, ისიც კი გამომეპარა რომ უკვე ავტომატურად ხდება ასე. არ ვიცი კარგია ეს თუ არა. რამეზე მართლა უნდა ვიფიქრო თუ არა. ან რამდენად საჭიროა ეს. ძალიან არეული ვარ. ამ ბოლო პერიოდში იმდენი რამ მოხდა რაღაცნაირად დავისტრესე კიდეც. ყავას ვაკეთებ და მერე აივანზე გავდივარ. გარეთ სასიამოვნოდ გრილა. თითქოს წვიმამ ყველაფერი შეცვალა. უცნაურია. ვფიქრდები. მერე ტელეფონს ვიღებ ჯიბიდან და სოციალურ ქსელში შევდივარ. რამდენიმე წამს უაზროდ ვუყურებ ეკრანს, თუმცა ბოლოს მაინც გადავდივარ მის პროფილზე და ბლოკს ვხსნი. წარსულის გარეშე... თუ მინდა რომ ბავშვივით მოქცევა აღარ გამომივიდეს მოვლენებს უნდა მივყვე წარსულის გარეშე. ასე ყველაზე სწორია.
ძალიან მიჭირს თამარას სხვა სიტყვებზე დაფიქრება. უფრო არ მინდა. მნიშვნელობა არ აქვს რა იყო წარსულში. სიმართლეც რომ იყოს, ამას აღარ აქვს ახლა მნიშვნელობა ისევე როგორც სხვა არაფერს. რაც იყო ზუსტად იქვე დარჩა სადაც იყო.

***
დილას სრულიად სხვა ენერგიით ვიღვიძებ. გუშინდელისგან განსხვავებით ფარდაში მზის სხივები აღწევენ. უნდა ვაღიარო რომ კარგი ამინდი მართლა კარგად მოქმედებს. საათს ვამოწმებ და მომზადების პარალელურად ხელოსანთან ვრეკავ. მეორე ცდაზე მპასუხობს, თუმცა ისეთი ხმაურია მესამედ დარეკვა მაინც მჭირდება. ბოდიშების წვიმით იწყებს, თუმცა მისი აღსარების მოსმენის თავი არ მაქვს და ვაჩერებ. გუშინდელი მისი მეტრა ნახევრიანი შეტყობინებაც მეყო. საბოლოოდ როგორც იქნა ვთანხმდებით რომ დღეს საღამოსთვის მართლა ყველაფერი დასრულებული ექნება და როგორც იქნა ვუთიშავ. ხო, საერთოდ მისი არაპუნქტუალურობა ნერვებს მიშლის, თუმცა მასზე მეტად ვერავის ვენდობი და როგორღაც ვიტან.
ამჯერად უნივერსიტეტამდე ავტობუსით მივდივარ. დღეს თავგადასავლების ხასიათზე ნამდვილად აღარ ვარ. ტელეფონში სალექციო მასალას ვამოწმებ რომ სოციალური ქსელიდან თეკლას მეგობრობის შემოთავაზების შეტყობინება მომდის. ღმერთო, ეს გოგო აღარც მახსოვდა. საერთო მეგობრებში მამიდაჩემს მიჩვენებს. ვთანხმდები. მერე კი რატომღაც მის პროფილზე გადავდივარ. ჩვეულებრივი ,,პრანჭიაა“. თავს დავდებ მთავარი ფოტოს ასეთ ხარისხზე ბევრი აქვს ნაშრომი. ერთ-ერთი აუდიტორიის კართან დგას უნივერსიტეტში, ფანჯრიდან შემოჭრილი მზის სხივები დასთამაშებს სახეზე, ხელში რაღაც საქაღალდე უჭირავს და ოდნავ იღიმის. ფოტოს მოწონებების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ ცნობად სახემდე აღარაფერი უკლია. მისი პროფილიდან გამოსვლას ვაპირებ რომ თვალში მამიდაჩემის კომენტარი მხვდება. ,,ულამაზესი თეკლა“. მეღიმება. მამიდა გიჟდება ასეთი კომენტარის დაწერაზე. იქვე თეკლას პასუხიცაა, რომელიც მხოლოდ გულით შემოიფარგლება. მათი სიყვარულის შემხედვარე რაღა ვთქვა. სოციალური ქსელიდან გამოვდივარ და ისევ ჩემს საქმეს ვუბრუნდები.
*
თეკლაზე ფიქრი ამეკვიატა. უნივერსიტეტში შევდივარ და თან საათს ვამოწმებ ტელეფონზე. ცოტა ადრეა. ვიფიქრე არ დამაგვიანდეს მეთქი და მგონი პირიქით ხდება. გარეთ ძალიან კარგი ამინდია. მართალია ცოტა შემოდგომის სიცივეც იგრძნობა, თუმცა აუტანელ სიცხეს მაინც სჯობს, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. ცოტა ხანს ვჩერდები, მაგრამ ბოლოს მაინც შევდივარ შენობაში. დაცვის თანამშრომელი პირდაპირ ჩემკენ მოდის.
-ქალბატონო ანა.
ვჩერდები. არ ვიცი როგორ მიცნობს, მაგრამ კარგი.
-ერთი ქალბატონი გკითხულობდათ.
- ვინ ქალბატონი? -ვიბნევი.
- არ უთქვამს, რომ გაიგო მოსული არ იყავით დაველოდებიო, აი იქით. -ხელით მანიშნებს პატარა სტუდენტური სივრცისკენ, რომელიც ამჟამად თითქმის ცარიელია. მის ხელს ვაყოლებ მზერას და ასე თუ ისე ნაცნობ პიროვნებასაც ვხედავ. ჩემს დანახვაზე სწრაფად დგება ფეხზე, სახეზე ღიმილს იკრავს და ჩემკენ იღებს გეზს.
- მადლობა. -ონდავ ვუღიმი დაცვის თანამშრომელს და მეც მისკენ მივდივარ.
მანანა თეკლას დედაა. ისიც ალბათ ბოლოს მაშინ ვნახე სოფელში როცა თეკლა, თუმცა მისი ცნობა არ მიჭირს. რომ ვთქვა რომ ძალიან შეცვლილია საერთოდ არა, უბრალოდ თმა აქვს სხვა ფრად. მასე ალბათ მეც. მაინცდამაინც ჩემს მოსაკითხად მოვიდა თქო ვერ ვიტყვი, ამის ნამდვილად არ მჯერა, თუმცა ფაქტია რომ რაღაც უნდა.
-ანა, ჩემო საყვარელო შვილო, როგორ ხარ? - ისე მეხუტება გეგონება მართლა ასე ძალიან ვუყვარდე.
- თქვენ როგორ ხართ მანანა დეიდა? -ოდნავ ვუღიმი.
- რა ვიცი, შვილო, ღმერთის წყალობით. მომენატრე ძალიან, სულ დაგვივიწყე, სულ. როგორ გაზრდილხარ, შენ სულ ლამაზი იყავი, მაგრამ ახლა კიდევ უფრო ლამაზი ხარ.
ღმერთო, ასე იგი რაღაც სერიოზული უნდა.
-მადლობა, თქვენც კარგად გამოიყურებით.
- გაიხარე, შვილო. თეკლამ რომ მითხრა ჩვენი ანა ჩემს უნივერსიტეტში მუშაობსო ისე გამეხარდა, ისე გამეხარდა. ყოველთვის ძალიან ჭკვიანი და კარგი გოგო იყავი და სულ მჯეროდა იმის რომ ძალიან ბევრს მიაღწევდი.
-მადლობა. -ისევ ოდნავ ვუღიმი.
- შვილო გაქვს ცოტა ხანი? ვისაუბროთ, ძალიან მომენატრა შენთან ლაპარაკი. თუ არ გცალია დაგელოდები
- არა, მცალია, დავსხდეთ. - ხელით ვანიშნებ იქით სადაც ცოტა ხნის წინ თვითონ იჯდა.
- აქაურობა ძალიან კარგია, გარემო, ბავშვები, სიცოცხლე ჩქეფს, რომ ვუყურებ სულ ჩემი ახალგაზრდობა მახსენდება. მიხარია რომ ჩემი თეკლა აქ სწავლობს. სულ ოცნებობდა პრესტიჟულ უნივერსიტეტში ესწავლა. -ისევ იქ ჯდება სადაც ცოტა ხნის წინ.
მეც ვუჯდები გვერდით.
-მითხრა რომ მობილობით გადმოვიდა.
-ხო, შვილო, რეგიონის უნივერსიტეტში სწავლობდა ჩვენთან, ცუდი კი არ იყო, რას ამბობ, მე რა, იქ არ ვსწავლობდი? მაგრამ ხომ იცი ეს ახალგაზრდობა. თავისი მეგობრები, კლასელები ყველა აქეთ წამოვიდნენ. ბავშვი გარიყული დარჩა, ძალიან ვნერვიულობდი მასზე. თვითონაც განიცდიდა. ბოლოს მითხრა, დედა, გადავალ, ვიმუშავებ და შევძლებო, ძალიან უნდოდა, ხომ გესმის. თავის ორ მეგობართან ერთად წამოვიდა აქეთ. ვიფიქრე, როგორ ვერ უნდა შევძლო ბავშვს ცოტა მეც დავეხმარო მეთქი. სემესტრის დასაწყისში გადმოვიდნენ.
-ძალიან კარგია. -ვერ ვხვდები ამ ყველაფერს რატომ მიყვება.
- შენთან რა ხდება შვილო, ხომ ხარ კარგად?
-მადლობა, კი.
- მამიდაშენმა კი მითხრა შენი და ნიკას ამბავი, ძალიან ვწუხვარ რომ დაშორდით.
- მე არ ვწუხვარ და თქვენც ნუ წუხხართ, ქალბატონო მანანა. -ვუღიმი. -ალბათ ასე იყო საჭირო.
თავს მიქნევს. მერე ოდნავ ფიქრდება და ვხვდები, რომ ახლა იწყებს მთავარ სათქმელს.
-სიმართლე გითხრა, რაღაც მინდა რომ გთხოვო.
ხომ ვამბობდი.
-გისმენთ.
- ძალიან კი მერიდება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ჩემს თეკლას ეხება...
თავს ვუქნევ.
-როგორც გითხარი აქეთ ორ მეგობართან ერთად წამოვიდა. თავიდან ძალიან კარგად ცხოვრობდნენ ერთად, რა ვიცი. მერე ჩხუბი მოუვიდათ. იჩხუბეს და ნუ იტყვი, ჩემი საბრალო ბავშვი ლამის თმით ითრია თურმე ერთ-ერთმა. განადგურებულმა დამირეკა თეკლამ, დედა მე მაგათთან ფეხს აღარ შევდგამო. მაშინვე კი ჩამოვედი. ცოცხალი თავით არ მეუბნება რაზე იჩხუბეს, მაგრამ განადგურებულია ბავშვი. შემოვიარე ყველაფერი, შუა სემესტრია ლამის, არც კი ვიცი ბინა როგორ უნდა ვუპოვო, თან ნუ იტყვი ფასებს.
თავს ვუქნევ. ფასებზე ვიცი.
-სამნი რომ იყვნენ და იყოფდნენ კიდევ არა უშავდა, ახლა არც ვიცი რომც ვუპოვო რამე როგორ შევძლებთ მარტო გადახდას. თეკლა კი მუშაობს მაგრამ ხომ იცი, სტუდენტს ბევრი სჭირდება. თანაც ვერც ვპოულობ ასე სწრაფად ამ შუა სემესტრში რამე ნორმალურ ბინას ნორმალურ ფასად. ანა, შვილო -მკლავზე მადებს ხელს. -იქნებ თეკლა ცოტა ხნით შენთან დარჩეს, თან შენც მარტო ხარ ახლა. გეფიცები, მშვიდი და მორიდებული ბავშვია, ზედმეტად არ შეგაწუხებს ხომ ვიცი.
ვფიქრდები. მშვიდი და მორიდებული ნამდვილად არ ვიცი რამდენად შეესაბამება რეალურს.
-სწავლობს, მუშაობს, დილიდან საღამომდე სულ გასულია. დასაძინებლად თუ მოვა, მის არსებობასაც ვერ იგრძნობ სახლში. გთხოვ, შვილო, იქნებ დაგვეხმარო. 2 დღეა სასტუმროში რჩება, მეტის გადახდის საშუალება მე უბრალოდ არ მაქვს. მეუბნება თუ სოფელში წამიყვან და გადამიყვან აღარ ვისწავლიო.
შანტაჟიც ამას ქვია. ბრავო თეკლა. არც კი ვიცი რა უნდა ვუთხრა. მანანამ რაღა დააშავა, ეტყობა რომ გულწრფელად განიცდის.
ღრმად ვსუნთქავ. მე რომ თეკლას ვიცნობდი მაშინ ძალიან პატარა იყო, არ ვიცი ახლა როგორია და საერთოდ როგორ ცხოვრობს, მაგრამ როგორ უნდა ცხოვრობდეს? ბოლოს და ბოლოს ნიკას ვუძლებდი და მასზე უარესი ხომ არ იქნება. თანაც როცა ასე აცრემლებული მთხოვს უარი რანაირად უნდა ვუთხრა. მართლა არ ვიცი.
-ანა, შვილო, გეფიცები მე ბინის ძებნას გავაგრძელებ. -სიჩუმე რომ მიგრძელდება ისევ თვითონ აგრძელებს საუბარს. - უბრალოდ ასე სწრაფად ვერ ხერხდება, გპირდები თეკლა დიდხანს არ შეგაწუხებს, როგორც კი ვიპოვით რამე შესაფერისს გადავა, ოღონდ იქნებ ახლა დაგვიდგე გვერდით.
თავს ვუქნევ.
-კარგი, გადმოვიდეს.
სახე უბრწყინდება. მერე ისე უცებ მეხვევა გააზრებასაც ვერ ვასწრებ.
-გაიხარე შვილო, სულ დალოცვილი იყავი. ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე, თითქოს მძიმე ტვირთი მომეხსნა. შენთან რომ იქნება მეც მშვიდად ვიქნები ყურადღებასაც მიაქცევ. ისე ერიდებოდა თვითონ შენთვის რამის თქმა, მაგრამ მე სულ ვიცოდი რომ ძალიან კეთილი ხარ.
უბრალოდ ვუღიმი.
-კარგი შვილო, ვეტყვი ჩემს თეკლას, ძალიან გაუხარდება. თვითონაც განიცდიდა ბავშვი. დაგირეკავს ან გნახავს აქ. -ფეხზე დგება. მეც ვდგები.
- მადლობა შვილო კიდევ ერთხელ.
-არაფერს, რას ამბობთ. პირიქით, თუ დაგეხმარეთ, მიხარია.
- ჩემს ქმარსაც ვერ ვტოვებ მარტო, ხომ გესმის, ახლა მშვიდად წავალ სოფელში. გაიხარე კიდევ ერთხელ.
კარამდე ვაცილებ. ხომ ვამბობდი, ვგრძნობდი მისი გამოჩენა უბრალოდ არ მომხდარა თქო. იმედი მაქვს იმის ნახევარი დადებითი თვისებები მაინც აქვს რაც მანანამ მითხრა. წინააღმდეგ შემთხვევაში მართლა არ ვიცი როგორ შეიძლება ნორმალურად შედგეს ჩვენი თანაცხოვრება.

***
დღეს ყველაზე დიდი შუალედები მაქვს სემინარებს შორის. ტყუილად ლოდინი უფრო მეზარება ვიდრე საქმე. ყოველთვის ასე იყო, სტუდენტობისასაც და ახლაც. ერთ-ერთი შუალედისას მირეკავს თეკლა. იქიდან გამომდინარე რომ მამიდაჩემს ასეთი ახლო ურთიერთობა აქვს ნათესავებთან არ მიკვირს რომ ჩემი ნომრის გაგება შეძლო. მადლობებით იწყებს, შემდეგ იმაზე გამოთქვამს წუხილს რომ უნივერსიტეტში ვერ მპოულობს. ვაპირებ ვუთხრა რომელ აუდიტორიაშიც ვარ, თუმცა იქამდე მასწრებს თქმას რომ გარეთ ისეთი კარგი ამინდია შიგნით შემოსვლა მაინც ეზარება. მეღიმება. რანაირი ხასიათი აქვს მაინც ვერ ვგებულობ. თემიდან თემაზე ხტება და საბოლოოდ როგორ მიდის ისევ თავის ამბამდე ვერ ვგებულობ. დალოდებას მთავაზობს, თუმცა როგორც კი გებულობს რომ მანქანით არ ვარ და სასტუმრომდე ვერ გავყვები რომ ნივთების წამოღებაში დავეხმარო გეგმას ცვლის და თავისით მოსვლაზე მთანხმდება. ტელეფონს ვთიშავ და გვერდით ვდებ. მერე ვფიქრდები. ნეტავ ხომ არ შევცდი რომ დავთანხმდი? წარმოდგენა არ მაქვს აცრემლებული მანანასთვის უარი როგორ უნდა მეთქვა, მაგრამ ისიც არ ვიცი ერთად ცხოვრება საერთოდ გამოგვივა თუ არა. თეკლა სხვანაირია, თან ძალიან სხვანაირი. მართალია ჯერ სულ ორჯერ ვესაუბრე, მაგრამ მაინც მგონია რომ მასთან მიმართებით არ ვცდები. რაღაცები რომ მახსენდება ბავშვობიდან მაშინაც ასეთი იყო. მანანასთან დამარცხებული არასდროს მინახავას, თავისი ,,თამაშით“ ყოველთვის იღებდა იმას რაც უნდოდა. პირველად რომ ვნახე მაშინაც შევამჩნიე რომ თამაშობდა. ყალბი ღიმილისა და თვალების ამოცნობა არ მიჭირს. ამიტომ უფრო მეეჭვება როგორ შევძლებთ ერთ სახლში ყოფნას. კარგი, არ ვიცი, ამაზე ფიქრს აზრიც არ აქვს. ჯობია აქაც უბრალოდ მოვლენებს გავყვე და რაც იქნება იყოს. ბოლოს და ბოლოს ერთხელ არ შევმცდარვარ და როგორღაც ყველაფერი გადამაქვს.
საათზე ვიყურები. სტუდენტებიც იწყებენ აუდიტორიაში შემოსვლას, როგორც იქნა შესვენება დასრულდა.

***
ბოლო სემინარსაც ვამთავრებ. ფანჯრიდან მზის სხივები უკვე გამქრალია. შუადღეც გადადის. ინსტიქტურად ვამოწმებ საათს და ნელა ვდგები ფეხზე. დღეს მართლა ძალიან დავიღალე. დერეფანში სამარისებული სიჩუმეა, ვერ ვხვდები ასე მალე როგორ წავიდა ყველა, ჩვეულებრივ ასე არ ხდება ხოლმე. კიბეებზე ავდივარ, მაინც მგონია რომ ეს სიჩუმე შეიძლება მხოლოდ ნულ სართულს ახლდა თან, თუმცა პირველზეც რომ იგივე მხვდება უკვე ვჩერდები. რაღაც ხდება? არა, რა უნდა ხდებოდეს. სულ წამიერად მივლის შიში და იმის მიუხედავად რომ იქვე ვუარყოფ, მაინც არ მიქრება. გონებაში ცუდი აზრები თავისით მომდის. გასაფანტად ტელეფონს ვიღებ და გზას ასევე ნელა ვაგრძელებ. თამარას შეტყობინებები მხვდება. მისთვის ჯერ-ჯერობით არ მითქვამს თეკლაზე. დარეკვას ვაპირებ, პარალელურად გასასვლელსაც ვუახლოვდები. არც დაცვის თანამშრომელი მხვდება ადგილზე. შემოსასვლელი კარისკენ ვაპარებ თვალს და ზუსტად იქ ვხედავ შეგროვილთ. ტელეფონს ჯიბეში ვაბრუნებ და ნაბიჯს ვუჩქარებ. ვიცოდი, ვიცოდი რომ რაღაც ხდებოდა. კართან რამდენიმე სტუდენტი მატარებს და როგორც იქნა გარეთ გავდივარ. უამრავი ადამიანია შეგროვილი, თითქმის ყველა, თუმცა პირველი რაც თვალში მხვდება ეს სასწრაფო დახმარების მანქანაა. იქ კიდევ უფრო მეტი ადამიანია. ძლივს იკვლევს მძღოლი მათ შორის ადგილს და მანქანაში ბრუნდება. გული თავისით მიჩქარდება. ნელ-ნელა ყველა შენობაში იწყებს შესვლას. კიბეებზე მომავალ დაცვის თანამშრომელს ვხედავ და ძლივს ვიფიქრებ რომ გავაჩერო.
-უკაცრავად, რა მოხდა? ვინაა ცუდად?
- ერთ-ერთი სტუდენტი, ქალბატონო ანა, გადაჰყავთ, დეტალები არ ვიცი.
მისი ბოლო სიტყვები ნორმალურად არც კი მესმის, ირგვლივ ყველა სხვა ხმას სასწრაფო დახმარების მანქანის სირენის ხმა ფარავს. კიდევ უფრო მიმძაფრდება ორგანიზმში არსებული ფორიაქი, თითქმის მთელს ტანში მივლის და ძალა მეცლება. მანქანა ნელ-ნელა გვშორდება, თუმცა თითქოს გონებაში უფრო და უფრო მკაფიოდ ჩამესმის ეს ხმა. კადრებად მეშლება თვალწინ ის, რის გახსენებასაც ჩვეულებრივ ყოველთვის გავურბივარ. ძალა არ მაქვს და ვერც გონებას ვიმორჩილებ. ჰაერი აღარ მყოფნის. არეული ნაბიჯებით შევდივარ უნივერსიტეტში. უკან დაცვის თანამშრომელიც მომყვება, რამდენჯერმე მეკითხება კარგად ვარ თუ არა, რაზეც მხოლოდ თავის დაქნევით ვპასუხობ და ხელით ვანიშნებ რომ აღარ გამომყვეს. ინსტიქტურად მივდივარ საპირფარეშოსკენ. გონებაში ისევ სირენის ხმა მაქვს. დედა მახსენდება... მაშინაც ზუსტად ასეთი სირენის ხმა იყო, ზუსტად ასეთი. ვგრძნობ როგორ მაწვება თვალებში და ნელ-ნელა მებინდება. თავს ძალას ვატან რომ გავახილო. საპირფარეშოში შესვლისთანავე ვუშვებ ონკანს, თუმცა ვერც წყალთან შეხება მაცოცხლებს. წამიერი თვალის დახუჭვა და ჩვენი ავარია მიდგება თვალწინ. თამარას განწირული კივილი და დედა, რომელიც არ სუნთქავდა. წყალს ვისხამ სახეზე. გული იმდენად სწრაფად მიცემს, მგონია, რომ ცოტაც და ვეღარ გავუძლებ. სახესთან ერთად წინ ჩამოშლილი თმაც სულ მისველდება. გონებაში ისევ იგივე კადრები მაქვს. ვცდილობ ყურადღება გადავიტანო. ჩანთაში წამალს ვუწყებ ძებნას და მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ მთელი სხეული მიკანკალებს. ისევ ყველაფერს ვპოულობ მის გარდა. ბოლოს როგორც იქნა მასაც. გადაყლაპვას ვაპირებ, თუმცა ბოლოს ვჩერდები. საშინელი გემო აქვს, მაგრამ გონება მასზე გადადის, შეიძლება წამით, მაგრამ ეს წამიც რაღაცაა. იქვე ვიკეცები. სირენის ხმა მშორდება. მესმის, მაგრამ უკვე შორიდან. ძალა არ მაქვს, მეტი ძალა არ მაქვს. კედელს ვადებ თავს და თითქოს თავისით მწყდება ხელები. ონკანი ისევ ღიაა. მეშინია. ეს გრძნობა უკვე მთელს ორგანიზმში მაქვს, ბოლოს ყელამდეც ამოდის. თვალებშიც მაწვება და ამჯერად უკვე ერთდროულად მიგროდება ცრემლები. დაჭიმულობა მეხსნება, მაგრამ ძალა ისევ არ მაქვს.
ონკანი, წყლის ხმა, ღმერთო, მხოლოდ წყლის ხმა...

***
უკანა ეზოში გამოვდივარ. ცივი ჰაერის შეხება ოდნავ მაფხიზლებს. ცრემლები აღარ მომდის, თუმცა ჯობია ვტიროდე და შიგნიდან არ მანადგურებდეს. ძალა ისევ არ მაქვს. პირველივე სკამზე ვჯდები და ფეხებს ვიკეცავ. ამდენი ემოციისგან უკვე გული მერევა. ამასთან ერთად კიდევ როგორ ვცხოვრობ მართლა არ ვიცი. წამლები რომ არა ალბათ ასეთ შეტევებს ვერ გავუძლებდი. იქნებ ჯობია კიდეც რომ ვერ გავუძლო... რა აზრი აქვს რომ ვცხოვრობ? ისევ მაწვება ცრემლები. არა, ღმერთო, აღარ. შუბლზე ვისვამ ხელს. თმა ისევ ისეთი სველი მაქვს. იმდენჯერ შევისხი წყალი სახეზე მარტო თმა კი არა, თუკი რამე მესვა სახეზე ყველაფერი ერთმანეთში აიზილა. კიდევ ერთხელ ვიყურები ტელეფონის კამერაში, თუმცა მაშინვე ვთიშავ და ისევ ჩანთაში ვაბრუნებ. სისულელეა, თითქოს რაიმე აზრი ჰქონდეს ახლა. კიდევ ერთხელ მოდის ქარი. თავს ვხრი და მუხლებზე ვდებ. მინდა რომ გავქრე. რომ ვეღარ ვგრძნობდე. აღარ მინდა ასე... აღარ მინდა. გონება აღარ ფიქრობს. აღარც გული მიცემს ისე სწრაფად, მაგრამ ცუდად ვარ, ვგრძნობ, რომ ძალიან ცუდად ვარ. ორგანიზმიდან ამ საშინელებას ვერ ვაქრობ. ამას კი ვეღარ ვუძლებ. მთელს ტანში მივლის. ხელები მეყინება, თვალებში კი აუტანელ სიცხეს ვგრძნობ. თითქოს ჯოჯოხეთში ვარ, ვიწვი და თან არც. ფეხის ხმა მესმის, რომელსაც ფოთლების შრიალიც ერთვის. მგონია, რომ მეჩვენება, თუმცა მისი ხმის გაგონება და ვრწმუნდები, რომ ვცდები.
-ფანჯრიდან დაგინახე. აქ მარტო რას აკეთებ? - ვგრძნობ, რომ გვერდით მიჯდება.
თავის აწევა არ მინდა, ღმერთო, რაღა მაინცდამაინც ამ წუთას?
-ახლა არა, ტატო, წადი, გთხოვ... -საკუთარ ხმას თვითონაც ვერ ვცნობ. საშინლად მიშრება ყელი.
-მოხდა რამე?
არაფერს ვეუბნები. ან რა ვუთხრა? რა უნდა ვუთხრა? არ მინდა, რომ ასეთს მიცნობდეს და ასეთ მდგომარეობაში მიყურებდეს.
-თოფურია... -მკლავზე მეხება. მაშინვე ვუკრავ ხელს და თავს ვწევ. მერე სახეზე ვიფარებ ხელებს. ღმერთო, არ შემიძლია. რაც წეღან ვერ ვიტირე ყველაფერი მაინცდამაინც ახლა რატომ მაწვება ვერ ვხვდები. სახიდან შუბლზე ამაქვს ხელები, მერე თმაზე. ძლივს ვახერხებ ამოსუნთქვას.
-წადი, უბრალოდ წადი. -ინსტიქტურად ვუსწორებ თვალს. მიყურებს. მზერაში საოცრად დიდი გაურკვევლობა და დაბნეულობა აქვს. არ მეუბნება, თუმცა ვხვდები. იმასაც ვხვდები, რომ ასე უბრალოდ არ წავა. ისევ მაწვება ემოციები. მგონია, რომ სუნთქვასაც მიჭერს. მაინცდამაინც ახლა რატომ. თავს ვეღარ ვიკავებ და ისევ ხელებს ვიფარებ.
-ანა... -პირველად. ამდენი წლის შემდეგ პირველად მომმართა სახელით. ვერ აღვწერ რამდენად სხვანაირია მისი ნათქვამი ,,ანა“. ამაზეც მეტირება. თავს ვეღარ ვიკავებ. იმდენი ემოცია მაქვს ვეღარ ვუძლებ. თითქოს ყველაფერი ერთიანადაა. ისევ ირთვება გონება, ვხვდები, რომ მალე ისევ საშინელებას დაატრიალებს და პირველად, ამდენი წლის შემდეგ პირველად ვუსმენ გულს. ყველანაირი გააზრების გარეშე ვიწევი მისკენ და დაუფიქრებლად ვეხვევი. ვხვდები, რომ ჩემი ქცევა შოკში აგდებს, თუმცა ამის კვალობაზეც კი მაინც მალევე მხვევს ხელებს. ის გრძნობა ქრება. არ ვიცი როგორ, მაგრამ მის შეხებაზე თითქოს ის ყველაზე საშინელი გრძნობა მაშინვე ქრება სადღაც. ემოციები ისევ მაქვს ყელში, მაგრამ ის გრძნობა აღარ. თვალების გახელა არ მინდა, მგონია, რომ ყველაფერი მორჩება და ისევ იმ რეალობას ვერ გავუძლებ. ვგრძნობ როგორ ინაცვლებს თმაზე და ფრთხილად მიწევს სახიდან. მაინც არ შემიძლია თვალების გახელა. არ შემიძლია რომ ახლა შევხედო. მკერდზე ვადებ შუბლს და ვგრძნობ, რომ ზუსტად გულთან ვხვდები. ვმშვიდდები. არ ვიცი, როგორ, მაგრამ რაღაცნაირად თავისით ვმშვიდდები. მისი გულისცემა მესმის და გონება აღარ ფიქრობს. პირველად ხდება ასე. ისევ ატარებს ჩემს თმაზე თითებს, მერე ჩერდება. თმის ბოლოს იქცევს თითებს შორის და ვხვდები, რომ იპოვა. ჩემი ერთადერთი ცისფერი...
ზუსტად თმის იმ ნაწილს მიწევს წინ. მერე ნიკაპქვეშ მიცურებს თითებს.
-შემომხედე.
-არ მინდა, ტატო. -ვხვდები, რომ ისევ ბავშვივით ვიქცევი, მაგრამ ახლა არა. ხელს ვუკრავ
და ისევ შუბლს ვადებ.
-მე მინდა.
- მე არ მინდა -მეთქი.
ვგრძნობ, რომ ეღიმება.
-ისევ ისეთი ჯიუტი ხარ... -ისევ იმ თმის ბოლოს იქცევს თითებში.
-თვალებში მაინც არაფერი არ არის.
- შენ რა იცი რომ არ არის?
- არ არის მეთქი.
-ანა...
ჯანდაბა, იმდენად მივეჩვიე რომ სახელით არ მომმართავდა, ახლა ძალიან მიჭირს.
-შემომხედე, მიდი...
ვნებდები. ერთი ნელი ამოსუნთქვის მერე ვაშორებ შუბლს და ფრთხილად ვახელ თვალებს. დარწმუნებული ვარ, რომ იმ რამდენიმე ცრემლმა მაინც იმოქმედა. პირდაპირ ვეჩეხები მის მზერას. ახლა სხვანაირად მიყურებს. სულ სხვანაირად. რაღაც მომენტში ჩვენი წარსული მირბენს თვალწინ და გონება თამარას სიტყვებსაც მახსენებს ბონუსად.
-არ არსებობს არაფერი ისეთი, რის გადალახვაც ანას არ შეუძლია, ამაში დარწმუნებული ვარ.
- მე არ ვარ. -თავს ვხრი. მან არ იცის, მაგრამ ის რომ ანას იცნობდა, ის ანა აღარც არსებობს.
- არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ გამოსავალს იპოვი და გაუმკლავდები. სად წავიდა ის გოგო საკუთარი თავის რწმენით რომ იბრძოდა?
მეღიმება, თუმცა გულწრფელი არაა, სინანულით უფრო.
-ჩემი წარსულისგან აღარაფერი არაა, ტატო. თითქოს ქარიშხალმა გადაიარა და ის გოგოც გაიყოლა, რომელიც საკუთარი თავის რწმენით იბრძოდა. ახლა არაფერი არაა ისე, როგორც მაშინ. მომენტებში გადარჩენის რწმენაც კი არ მაქვს. -მხრებს ვიჩეჩავ.
წამიერი დუმილი. არაფერს მპასუხობს.
-კარგი, მაპატიე, წლები გავიდა და მე ისევ ჩემი პრობლემებით გაწუხებ, უსასრულოა მოკლედ. -საკუთარ თავზე მეცინება.
-არ მაწუხებ, თოფურია... -ამჯერად თვითონ მარიდებს თვალს, თან ისე, გეგონება თვითონ იყოს რამეში დამნაშავე.
- მე წავალ. -ფეხზე ვდგები.
თვითონაც დგება.
-უკაცრავად, რომ ჩემი ასეთ მდგომარეობაში ნახვა მოგიწია, ნამდვილად არ მინდოდა ასე გამოსულიყო და მადლობა, რომ მომისმინე.
-ანა...-ვბრუნდები, თუმცა ისევ მკლავზე მკიდებს ხელს. ამჯერად აღარ ვუკრავ. თვითონვე მიდგება წინ.
- თუ საუბარი მოგინდება, მოგისმენ, მართლა. არასდროს მაწუხებდი, არ მინდა რომ ასე ფიქრობდე.
მეღიმება, თუმცა აქ კი ვაშვებინებ ხელს.
-დროებით.
ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება, თუმცა ახლა არა.
ახლა აღარ...



№1  offline წევრი likuu_s

ვაახ.

მოკლედ, ძალიან რთული წლები ჰქონია ანას, ძალიან ცუდია, არ იმსახურებს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ რთულ პერიოდს რაღაცნაირად ერთხელად წერტილი დაესმება და ძალიან გაბედნიერდება და ამაში, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი ტატოს ექნება შეტანილი.

ისე ანა რომ თამარას უჯერებდეს, კარგი იქნებოდა. :დდ უცხო თვალი როგორ კარგად ამჩნევს ტატოსა და ანას შორის არსებულ გრძნობებს და ჩახლართულობას. ამდენი ხანი უერთმანეთოდ რანაირად გაძლეს? ან ახლა როგორ უძლებენ? არ მესმის რა :დდ როგორ კარგავენ დროს, მაგრამ უნდა გააანალიზონ ყველაფერი, ჩამოყალიბდნენ და მერე დაიწყონ რაც დასაწყებია და მალე რა თუ შეიძლება! :დდდდ

ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტში ადრე ყველა გრძნობდა ანასა და ტატოს ასეთ ახლო ურთიერთობას და ტატომ სწორედ ამის გამო უთხრა უარი ადმინისტრატორობაზე. სხვა მიზეზი არ ვიცი, რა შეიძლება იყოს.

არ გიხსენებია, თუმცა ის ცუდად გამხდარი სტუდენტი თეკლა მეგონა, მეც კი თავიდან ბოლომდე დამიარა, ისე შემეშინდა.

თეკლამ დიდი შთაბეჭდილება ვერ დატოვა ჩემზე, თუმცა იმედი მაქვს, აზრი შემეცვლება და ანასთანაც კარგი ურთიერთობა ექნება. მანანას თხოვნაზე მოდი სხვა კომენტარს არ გავაკეთებ, სჯობს :დდდდ

კარგი თავი იყო, მომეწონა. ველი ტატოს და ანას კიდევ უფრო მეტად დაახლოებას და ერთად ყოფნას.

გელი!

წარმატებები!❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი EllaTriss

likuu_s
ვაახ.

მოკლედ, ძალიან რთული წლები ჰქონია ანას, ძალიან ცუდია, არ იმსახურებს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ რთულ პერიოდს რაღაცნაირად ერთხელად წერტილი დაესმება და ძალიან გაბედნიერდება და ამაში, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი ტატოს ექნება შეტანილი.

ისე ანა რომ თამარას უჯერებდეს, კარგი იქნებოდა. :დდ უცხო თვალი როგორ კარგად ამჩნევს ტატოსა და ანას შორის არსებულ გრძნობებს და ჩახლართულობას. ამდენი ხანი უერთმანეთოდ რანაირად გაძლეს? ან ახლა როგორ უძლებენ? არ მესმის რა :დდ როგორ კარგავენ დროს, მაგრამ უნდა გააანალიზონ ყველაფერი, ჩამოყალიბდნენ და მერე დაიწყონ რაც დასაწყებია და მალე რა თუ შეიძლება! :დდდდ

ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტში ადრე ყველა გრძნობდა ანასა და ტატოს ასეთ ახლო ურთიერთობას და ტატომ სწორედ ამის გამო უთხრა უარი ადმინისტრატორობაზე. სხვა მიზეზი არ ვიცი, რა შეიძლება იყოს.

არ გიხსენებია, თუმცა ის ცუდად გამხდარი სტუდენტი თეკლა მეგონა, მეც კი თავიდან ბოლომდე დამიარა, ისე შემეშინდა.

თეკლამ დიდი შთაბეჭდილება ვერ დატოვა ჩემზე, თუმცა იმედი მაქვს, აზრი შემეცვლება და ანასთანაც კარგი ურთიერთობა ექნება. მანანას თხოვნაზე მოდი სხვა კომენტარს არ გავაკეთებ, სჯობს :დდდდ

კარგი თავი იყო, მომეწონა. ველი ტატოს და ანას კიდევ უფრო მეტად დაახლოებას და ერთად ყოფნას.

გელი!

წარმატებები!❤️❤️❤️

ლიკუნა,მიხარია რომ აქ ხარ<3
რა თქმა უნდა ყველა ცუდს მოჰყვება კარგი. პირველ რიგში ამის რწმენაა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. საერთოდ მჯერა ამის. ანასთან მიმართებითაც თავისთავად.
უცხო თვალზე გეთანხმები, თუმცა თამარა იმდენად ახლოსაა ამ ყველაფერთან რომ ვერ შეემჩნია ალბათ ეგ უფრო იქნებოდა გასაკვირი.
როცა არ ფიქრობ თითქოს რაღაცებიც მარტივია, მაგრამ სამუდამოდაც ალბათ ასე ვერაფერს გააკონტროლებ.
დროის დაკარგვაც არ ვიცი რამდენადაა გაანალიზებული. საერთოდ მე ვფიქრობ ეს ყველას უჭირს, არადა, თითოეული დღე ხომ საჩუქარია. არავინ იცის სად და როდის დასრულდება ყველაფერი, სევდიან ნოტაზე არ მინდა გამოვიდეს თუმცა ასეა. ადამიანები ამას რომ იაზრებდნენ კარგი იქნებოდა.

ტატოს უარზე აღარ ვაკეთებ კომენტარს, ვფიქრობ ისედაც გასაგებია რომ იყო რაღაც.
დანარჩენი თვითონ თქვას :დ
თეკლაზეც ვნახოთ, ვნახოთ.

პ.ს მადლობა!
მიყვარს შენი კომენტარები.
<3

 


№3 სტუმარი Tatia Tatii

აუ ძაან კარგები არიან❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი EllaTriss

Tatia Tatii
აუ ძაან კარგები არიან❤️❤️❤️

❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი თამო

რა სასიამოვნო თავი იყო და ბოლო ხომ საერთოდ.თამარას ვეთანხმები რომ ტატოს გრაზნობები ოქნდა ანას მიმართ ტყუილად უარს არ ეტყოდა ანას ასე მგონია მე იქნება მანდ მიზეზი საპატიო.მომწონს ეს წყვილი

 


№6  offline წევრი EllaTriss

სტუმარი თამო
რა სასიამოვნო თავი იყო და ბოლო ხომ საერთოდ.თამარას ვეთანხმები რომ ტატოს გრაზნობები ოქნდა ანას მიმართ ტყუილად უარს არ ეტყოდა ანას ასე მგონია მე იქნება მანდ მიზეზი საპატიო.მომწონს ეს წყვილი

თამო, ტყუილად ნამდვილად არაფერი ხდება, ორი აზრი არაა რომ მანდ ვთანხმდებით.
თამარა მიყვარს ყველანაირად, ალბათ არც ანას გაუჭირდებოდა რამის მიხვედრა საკუთარ თავს რომ ბოლომდე უსმენდეს❤️
მიხარია რომ მოგწონს❤️
მადლობა!❤️

 


№7 სტუმარი One

Emociuri tavi iyo))
Mjera rom ana shedzlebs da gaumklavdeba warsulis mdzime emociebs))iswavlis, martos ganwyobebi)))
Zogadad, dzalian cxovrebiseuli siujetia, realuri emociebit da amas shenanishnavad gadmoscem chemo gogo❤️
Bodishi rom dagvianebit wavikitkhe, arada ise veli axals))
Gonieri chveni, shemdegamde*^*

 


№8  offline წევრი EllaTriss

One
Emociuri tavi iyo))
Mjera rom ana shedzlebs da gaumklavdeba warsulis mdzime emociebs))iswavlis, martos ganwyobebi)))
Zogadad, dzalian cxovrebiseuli siujetia, realuri emociebit da amas shenanishnavad gadmoscem chemo gogo❤️
Bodishi rom dagvianebit wavikitkhe, arada ise veli axals))
Gonieri chveni, shemdegamde*^*

მეც მჯერა ყველაფერი კარგის, ნათელი ფერების, ზოგადადაც, აქაც, რა თქმა უნდა.
ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია ჯერ რწმენა იყოს ამის.
ანაც ჰო, ძალიან ჰგავს რეალობას და რაღაცების ამოცნობაც ვხვდები, რომ რთული არაა ნამდვილად, ამიტომ არ მიკვირს რომ დაინახე.
საბოდიშო არაფერია, მთავარია აქ ხარ❤️
ძალიან ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეს, მადლობა!❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent