დაკარგული ცა (სრულად)
(გამარჯობა, ეს ისტორია ცოტა განსხვავებულია, ვინც ჩემს ამბებს კითხულობთ ,კი მიხვდებიდით, რომ რამე კონკრეტულ ჟანრში არ ვწერ. იმას ვწერ, რაც მეხალისება. ამიტომ გეტყვით, რომ ეს ამბავი ფენტეზია, და ვისაც არ გიყვართ მსგავსი თემატიკა უბრალოდ გვერდი აუარეთ, ან თუ მაინც წაიკითხავთ, არ დამიწყოთ მერე რეალური არაა, დრო დავკარგე, ასე და ისე, და კაცმა რომ თქვას, ვისაც რაიმე სარწმუნოების სწამს, ანგელოზების ყველას უნდა სჯეროდეს, მაგრამ რატომღაც მათზე მოყოლილი ამბების არავის სჯერა. უბრალოდ წაიკითხეთ და ისიამოვნეთ)))) თავი 1 როდესაც დიაგნოზს გისვამენ, სწორედ მაშინ მთავრდები. რადგან შენ უკვე ამოხსნილი ამოცანა ხარ . თავს სიბრალულით იქნევენ და გულში კი უხარიათ, რომ შენ უცხო ხარ მათთვის. სხვისი დარდი, სხვისი ტკივილი. უბრალოდ მათიანი არ ხარ. რეალურ ადამიანს ისე გაგწირავენ, თითქოს არც გიარსებია. ყველა გაგირბის ნელ_ ნელა. რატომ? იმიტომ , რომ ისინ უბრალოდ ადამიანები არიან და ამ ოხერ დაავადებასაც საშიში სახელი ჰქვია: " მანიაკალური დეპრესია." რა უცნაურ ასოციაციებს იწვევს არა? მანიაკალური? ამის დედაც.... იციან მაინც, რას ნიშნავს ეს სიტყვა? ისე გარბიან ჩემგან, ისე მიყურებენ, როგორც .... ანდაც იქნებ მეჩვენება? არ ვიცი. იქნებ ჯობდეს დავიჯერო, რომ მეჩვენება? მთელი დღე ლოგინზე ვგდივარ. ვხედავ არეულ სიზმრებს, არეულ ლანდებს. ვხედავ რომ სიზმარში დავფრინავ ვხედავ რომ გარშემო ყველაფერი დუღს და იწვის. ვგრძნობ რაღაც დავკარგე და ეს ძალიან მტკივა. თითქოს რაღაც სხეულიდან ამაგლიჯეს. მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ რა! ღამდება, თენდება და პირიქით. რა ხანია სამსახურშიც აღარ დავდივარ. მეუბნებიან , რომ მუშაობა მიყვარდა არაფერი მახსოვს... ხანდახან, იშვიათად მაგრამ მაინც, ატყდება კარზე ბრახუნი. ყურადღებას არ ვაქცევ და ახლა მესიჯი მომდის: _მანიშნე, რომ ცოცხალი ხარ! საწოლის გვერდით დადგმულ წყლიან ჭიქას კედლისკენ ვისვრი. ხმაურით წყდება და კაკუნიც წყდება. _ საჭმელი მოგიტანე, კართან გიტოვებ. ჭამე! გთხოვ! თავს ადგომას ვაიძულებ, კარს ვხსნი და ქვედა ბაქანზე რემოს სუნთქვა მესმის. _ მადლობა._ ვამბობ ხმადაბლა და სახლში ვბრუნდები მოზრდილი პარკით ხელში. ბნელდება , ქალაქი იძინებს და მეც მარტოობაში სასეირნოდ მივდივარ. რკინის ხიდს გადავივლი და მატარებლის რელსების გასწვრივ ვაგრძელებ გზას. შორიდანვე მესმის ბორბლების დგაფუნი: _ მანია_ კალური დეპ_ რესია, მანია_ კალური დეპრესია, დეპ_რესია, დეპ_ რესია...._გაჰკივიან ბორბლები მონოტონურად. რელსებზე ვწვები , ზანზარი გაუდით რელსებს. მერამდენედ ვფიქრობ; იქნებ დაველოდო და დავასრულო? იქნებ სწორედ დასასრული მჭირდება ახალი დასაწყისისთვის?! როგორც კი ამაზე ფიქრს ვიწყებ კუსლიკა მოდის, ჩემი ძაღლი. უფრო სწორედ, ჩემი, ოცდახუთი წლის წინ, მკვდარი ძაღლი, მისი ძვლებიც რომ აღარ ყრია მიწაში და სველი დრუნჩით სახეზე მეხება. ავარიის შემდეგ ჩემს დაჩეხილ და არეულ მეხსიერებასთან ერთად მხოლოდ კუსა დაბრუნდა. არ მახსოვს მშობლები, არ მახსოვს სკოლა, მხოლოდ კუსლიკა მახსოვს და ნათელი ფრაგმენტები ჩემი ცხოვრებიდან. ახლა ეს ორი მეგობარი დამრჩა, იმ ურიცხვი ბრბოსგან გარს რომ მეხვია ალბათ, იმ წინა ცხოვრებაში. მკვდარი კუსლიკა და რემო. ორი ძაფი სიცოცხლესთან. რელსებიდან ვდგები. ჯიბეში ხელს ვიყოფ და წამლის ოთხკუთხედ, ოთხად გაყოფილ კონტეინერს ვიღებ. ისევ ოთხი აბია. ჯანდაბა! დღეს დალევა დამვიწყებია. ერთ მოზრდილ თეთრ აბს, რაგბის ბურთს რომ მაგონებს, ყელში ვიგდებ, ისე ღრმად, რომ უწყლოდ გადაყლაპვა შევძლო. ძალაგამოცლილი ვდგები და სახლისკენ მივლასლასებ. კუსლიკა კუდის ქიცინით მომდევს. რა შეიძლება იყოს ამაზე რეალური?! თენდება.... უცნაურია, მაგრამ კარგად მახსოვს, რა იყო ავარიამდე. მახსოვს ბედნიერების ის ყოვლისმომცველი შეგრძნება. მახსოვს მისი გაცნობა, მასზე ყველაფერი მახსოვს. მახსოვს, როგორ იდგა რემოს გვერდით, ლამაზი , ნათელი, ფერადი. მახსოვს რემოს ბრაზი, როცა მისმა ძმამ სიყვარული ამიხსნა. მახსოვს ქორწილი, ჩემი თეთრი კაბა, მისი ღიმილი. მახსოვს ჩემი ორსულობა, რამაც მე და აბელი რემოსთან შეგვარიგა. მახსოვს, როგორ დამსვა საჭესთან , მახსოვს თვალისმომჭრელი სინათლე და მერე წყვდიადი.... ამ წყვდიადმა ჩაყლაპა ის, ჩემი არდაბადებული შვილიც და მეც ჩამყლაპა. ამ წყვდიადში დავრჩი . ამ წყვდიადშია ალბათ ჩემი ადგილი. უცნაურად აღტყინებული ვიღვიძებ. ვერ ვიგებ რა მიხარია! მიხარია? ნუთუ ეს სიხარულია? და უცებ სიზმარი მახსენდება: იქ მთებში მელოდება ვიღაც, ვიღაც ვისაც ვჭირდები. ვიცი, რომ აუცილებლად უნდა მოვძებნო. იმედი მიჩნდება, იქნებ ისიც კუსლიკასავით დაბრუნდა და იქ მიცდის? სხვას ვის დავჭირდები? სხვა ვინ დამიძახებს? სხვა ხომ ყველა დავივიწყე, ალბათ არც არავის ჰქონდა მნიშვნელობა ჩემთვის, თორემ ვერ დავივიწყებდი. ფურცელზე ვწერ: " რემო, მთებში მივდივარ! " ჩანთაში ნივთებს დაუდევრად ვყრი. ზურგზე ვიგდებ და სახლიდან აჩქარებული ნაბიჯებით გავდივარ. _ წამოდი ბიჭო!_ ვეძახი კუსლიკას. სხვა რომ ვერ ხედავს, ეგ არაფერი. მე ხომ ვიცი, რომ ჩემთან არის და ეს სრულიად მყოფნის. წერილს კარებში ვარჭობ. მანქანაში ვჯდები და ქალაქს ვტოვებ. ექიმი ამბობს, რომ ჩემი ავადმყოფობა თავის ტრამვის და სტრესის შედეგია. ამბობს, რომ სწორი მკურნალობით ყველაფერი მოგვარდება. მაგრამ როგორ მოგვარდება? ეს დანაშაულის შეგრძნება მჭამს. მე რომ საჭესთან არ ვმჯდარიყავი ... მე რომ...მე რომ....მე რომ.... ვგრძნობ გულისცემა როგორ მიჩქარდება, პანიკა მეწყება, ვცდილობ ღრმად ვისუნთქო, ვითვლი: ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი.... კუსლიკა ჩემს შფოთვას გრძნობს და წკმუის. _ნუ გეშინია!_ ვის ვამშვიდებ? მას, თუ საკუთარ თავს? მანქანა გზიდან გადამყავს. ვგრძნობ ძილი მერევა. თვალებს მორჩილად ვხუჭავ. ძილიანობა წამლის გვერდითი მოვლენაა. ისევ სიზმარს ვხედავ. წელს ზემოთ შიშველი დგას, გრძელი დატალღული თმა წელამდე აყრია. მაგრამ რატომ არის ქერა? მას ხომ მუდამ შავი თმა ჰქონდა? ცალი ხელით თმას წინ იყრის. _ ძალიან მტკივა!_ ამბობს კვნესით. ბეჭებზე ორი სახიჩარი ჭრილობა აქვს . საზარელი და პირგახსნილი, შეუხორცებელი ორი ნახეთქი. ეს რა ჯანდაბაა? ვერ ვხვდები. _ ლილიტ უნდა დამეხმარო! _ ამბობს კვლავ უკან მოუხედავად . _მოვდივარ, ცოტაც გაუძელი! _ ვამბობ, და მთელი არსებით ვგრძნობ თუ როგორ ვჭირდები მას. მის ტკივილსაც ვცნობ, თითქოს მსგავსი რამ ოდესმე თავადაც გამომიცდია. ვიცი, რამდენად სტკივა, აუტანელი სურვილი მიჩნდება დავეხმარო. მაგრამ ვხვდები, უკვე მღვიძავს. მანქანას ვქოქავ და გზას ვაგრძელებ . პირველად ვფიქრდები იმაზე, რომ არც კი ვიცი სად მივდივარ , მაგრამ გზას უყოყმანოდ და შეურყევლად ვადგავარ. თითქოს ეს გზა ადრეც გამივლია. თითქოს ნავიგატორი ვიყო. ვიცი სადაცაა ის ადგილი, მაგრამ აზრზე არა ვარ, საიდან ვიცი. რომელიღაც ქალაქს ვუახლოვდები, პატარა ქალაქია. განათებაზე და ციმ_ციმზე ეტყობა. უკვე საკმაოდ ბნელა . კი ნამდვილად აქ მოვდიოდი, მაგრამ სახელიც კი ვიცი, რა ქალაქია. მე მოვედი! ვაჩერებ რომელიღაც პატარა მაღაზიასთან და შიგნით შევდივარ. _ გამარჯობა !_ მესალმება არცთუ სათნო სახის , გაურკვეველი ასაკის ქალი. კუბოკრულ აგურისფერ კაბაში. _ ხომ ვერ მეტყვით, უახლოესი სასტუმრო სად ვნახო?_ ვეკითხები მე და იაფფასიან ძეხვს, პურს, უცნაურ კოლას და რამდენიმე სასუსნავს ვყიდულობ . _ სასტუმრო? _ უცნაურად იოცებს ქალი _ სახლში აქირავებენ ოთახებს, მაგრამ სასტუმროს ვერც დაარქმევ ამას. დარწმუნებული ხარ, რომ აქ ღამის გათევა გინდა? _ არაუშავს, _ ყველაფერზე თანახმა ვარ მე, ოღონდ სადმე ღამე გავათიო. _ აქ რამ მოგიყვანა?_ მეკითხება ქალი ცნობისმოყვარედ. _ჩვენთან არც თუ ხშირად მოდიან უცხოები! უცხო? მიკვირს, ნუთუ ამ ქალაქში ყველას სახეზე ცნობს? _ სიზმარმა!_ ვპასუხობ ორაზროვნად. ანგარიშს ვუსწორებ და კარისკენ მივდივარ . უცებ რაღაც მახსენდება. _ ქალაქის აბრა გამომრჩა ალბათ, ვერ მეტყვით სად ვარ ?_ ნახევრად ვბრუნდები ლამის კართან მისული. _ ცოდვის კარში!_ მპასუხობს ქალი და მისი ხმა უცნაურად საშიშად მეჩვენება. არაფერს ვამბობ. ხომ არაა გამორიცხული, ესეც ჩემი მორიგი სიზმარი იყოს. მართლაც, სწორად მიმასწავლა. ცოტა ხნის შემდეგ მისამართს ვაგნებ. _ წასულთა ქუჩა 6!_ ვბურტყუნებ ჩემთვის. კუსლიკა ფანჯრიდან იყურება. ორ თათზე დამდგარი გამაფრთხილებლად წკმუის. გარემოს ათვალიერებს. აშკარად არ ჩანს კმაყოფილი. მაგრამ მერე რა! კუსლიკაც ხომ მხოლოდ მეჩვენება. მანქანის წინა ფანჯრიდან ვათვალიერებ სახლს. ძველებური, ოდესღაც ალბათ ქათქათა თეთრი საღებავით შეთეთრებული, ახლა კი გახუნებული და აქერცლილი, ორ სართულიანი სახლია. დიდი არაფერი , მაგრამ ღამის გასათევად კი გამოდგება. კარს ვაღებ , ჩანთას მხარზე ვიკიდებ და გადავდივარ. კუსლიკა უკვე გარეთაა. ისე, მოჩვენებას ერთი პლიუსი აქვს. სადაც უნდა დაუკითხავად შევა და გამოვა.სახლის პარმაღამდე კუდის ქიცინით მომსდევს და როგორც კი პარმაღზე ფეხს ვადგამ უჩინარდება . გაოცებული ვიხედები გარშემო. _ კუსლიკა! კუსლიკ!_ არსად არაა. მხრებს ვიჩეჩავ და ზარს ვრეკავ. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ჩამიჩუმი არ ისმის. პარმაღიდან ჩამოვდივარ, რათა ფანჯრებს შორიდან ავხედო და კუსლიკაც ბრუნდება . შევცბი. თითქოს რაღაცას ვხვდები. ისევ ავდივარ კიბეზე. ძაღლი ისევ ქრება. პარმაღის ძირს ვაკვირდები. რაღაც თეთრი ზოლივით მიუყვება კიბის ძირს. _ რა ჯანდაბაა?_ მიკვირს და სახლს რამდენიმე ნაბიჯით ვშორდები. _ ალბათ სახლში არავინაა!_ სრულიად ჩაბნელებულ ფანჯრებში სიცოცხლის ნიშან_ წყალს ვერ ვხედავ . მანქანაში ვბრუნდები. ჩემს უღიმღამო ვახშამს მივირთმევ და კვლავ სახლს გავცქერი. სადმე წასვლას აზრი არ აქვს. გვერდზე კუსლიკა მიზის. ისიც სახლს გაჰყურებს. უცნაურად ცმუკავს. წამალს ვსვამ და დაღლილს მეძინება კიდეც. ისევ არეულ სიზმარს ვხედავ, ხალხი შეშინებული გარბის სადღაც, მაგრამ მიწის პირი თითქოს იხსნება,მთელ სიფელს ყლაპავს. აღარავინ რჩება. მე კი მათ თავზე ჰაერში ვლივლივებ და მაშინებს ის სიხარულის და კმაყოფილების განცდა, რასაც ამ სოფლის განადგურებით განვიცდი. შემდეგ ისევ ის ქერათმიანი ბიჭი მესიზმრება. თუმცა იმდენად რეალურად , არც კი ჰგავს სიზმარს . მხრებზე ისევ უზარმაზარი ჭრილობები ემჩნევა. ან ასე სწრაფად რა მოურჩენდა? _ მიხარია, რომ მოხვედი! გელოდებოდი!_ მეუბნება ტკივილებისგან გათანგული . _ ვინ ხარ?_ ვეკითხები, რადგან წარმოდგენა არ მაქვს, ვის ვეძებ. _ მე რაზიელი ვარ!_ მპასუხობს ის და ეს სახელი სრულიად არაფერს მეუბნება. _ რა გჭირს? სად ხარ? ან რატომ მელოდები? _ მხოლოდ შენ გესმის ჩემი და მხოლოდ შენ მხედავ. ამიტომ გელოდები შენ!_მპასუხობს და ნაბიჯს ჩემკენ დაგამს. მოულოდნელად უფრო მეტად მაოცებს. ფეხზე ჯაჭვი აბია. _ რა ხდება მეტყვი? ვერაფერს ვიგებ! _იქ მთებში უნდა მიპოვნო! ხმაური მაღვიძებს. გათენებულა. ფანჯარასთან პატარა გაფითრებული გოგონა დგას, ნაცრისფერი კაბით და ხელში ნაჭრის გაქუცული თოჯინით. თითით მინაზე აკაკუნებს და ინტერესით მიყურებს. _ გამარჯობა!_ ვესამლები მე. _ ვინ ხარ?_ მეკითხება ის ბავშვური პირდაპირობით. _ სტუმარი!_ ვუღიმი მე და საღამოს მორჩენილ ტკბილეულს ვუწვდი მუჭით. ცოტა ხანს მაცქერდება, მერე აქეთ_ იქით იყურება მალულად, ტკბილეულს მართმევს და სწრაფად იყრის ჯიბეში . თითქოს არ უნდა, რომ ვინმემ დაინახოს. _სად ცხოვრობ?_ ვეკითხები გოგონას. თავის გაქნევით სახლზე მანიშნებს. უცებ ერთი უცნაური აზრი მომდის. თუ რაზიელი აქაურია ალბათ ბავშვს ეცოდინება, თუნდაც აქ გავლით ყოფილიყო, ამ ქალაქში მეტი სასტუმრო ხომ არ არის. მასაც ჩემსავით აქ მოუწევდა მოსვლა. ამიტომ პირდაპირ ვეკითხები: _ რაზიელს ხომ არ იცნობ?_ ბავშვი უცებ მიშტერებს მზერას, შემკრთალი და გაოცებული ჩანს ამ კითხვით. _ და შენ არ იცნობ?_ მიბრუნებს კითხვას. _ არც ისე კარგად!_ გულწრფელობას ვამჯობინებ. _ კი, იქ არის ეკლესიაში!_ თითით სადღაც ქუჩის მიღმა მანიშნებს. _ ეკლესიაში?_ ჩემთვის მიკვირს მე. სახელიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მღვდელი ან ბერი უნდა იყოს, თუმცა სიზმარში არ ჰგავდა ბერს. _ სახლში არ იყავით გუშინ? _ ვეკითხები ბავშვს. _ სახლში ვიყავით!_ მპასუხობს და სახლიდან გამომავალი მოქუფრული ქალის დანახვისას იბუზება შეშინებული. _ სარა!_ უკივის ქალი_ რამდენჯერ უნდა გითხრა, უცნობებს ნუ ელაპარაკები! გაავებული ქალი პირდაპირ ჩემკენ მოდის . ვფიქრობ, უკეთესია თუ მანქანიდან გადავალ.ასეც ვიქცევი. კუსლიკა ქალსა და ბავშვს შორის დგება და ავად იღრინება. ვერცერთი ხედავს, მაგრამ მისი ქცევა მაოცებს. აშკარად ბავშვის დაცვას ცდილობს. _ გამარჯობა ქალბატონო!_ ვცდილობ, რაც შეიძლება კეთილისმსურველი სახე მქონდეს. _ მე თქვენთან ოთახის დაქირავება მსურდა! ქალი ჩერდება, მაგრამ წარბს არ ხსნის . _ ცარიელი ოთახი არ მაქვს!_ მპასუხობს მცირე ხნის შემდეგ. ვხედავ სარა რა გაოცებული აჰყურებს ქალს და ვხვდები მატყუებს. თუმცა ვერაფრით ვიგებ, რა მიზნით. _ გასაგებია!_ ვპასუხობ ქალს და სიმართლე რომ ვთქვა, გულზე მეშვება. იმ სახლში ცხოვრება სულაც არ მეხალისება. მანქანას ვქოქავ და უკანა ხედვის სარკეში ვხედავ , როგორ მიათრევს ის არანორმალური ქალი საწყალ ბავშვს სახლში. კუსლიკას სხვა გზა არ აქვს მომყვება, მაგრამ ფანჯრიდან გასცქერის მათ და ისევ იღრინება. _ რა მოხდა ბიჭო?_ ვეკითხები ნეტავ ლაპარაკიც შეეძლოს. რამდენიმე მიმართულებით ავყევი ქუჩებს, მაგრამ ეკლესიას, ტაძარს და მსგავსს ვერაფერს წაავაწყდი. დავფიქრდი. _ კუსლიკ, იქნებ სასაფლაოზეა ჰა?_ როგორც წესი, სასაფლაოზე ყოველთვის დგას ერთი ტაძარი. ქალაქში უჩვეულო სიცარიელეა. წამლად არ გამოიარა არავინ, რომ გზა მეკითხა. ისევ საკუთარ ინტუიციას ვენდე, წესით სასაფლაო ქალაქის განაპირას უნდა მეძებნა და მართალიც აღმოვჩნდი. დაახლოებით ერთ საათიანი ხეტიალის შემდეგ სასაფლაოს მივაგენი. უცნაური სასაფლაო იყო, იმათ შორის, რაც კი მენახა. თითქოს საუკუნის მიტოვებული. ქვებს და საფლავზე მდგარ ჯვრებს დავაკვირდი და გავვოცდი. 1946 წელს ზემოთ არავინ დაღუპულიყო თითქოს. _რა ჯანდაბაა?_ გამიკვირდა მე. გარემო ყურადღებით მოვათვალიერე და მოშორებით მოზრდილ ეკლესიასაც მოვკარი თვალი. წითელი აგურით ნაშენი, მრუმე ეკლესია იყო. წითელივე კრამიტით დახურული. შავი მაღალი ჯვრით თავზე. ისიც მიტოვებული და გაუბედურებული ჩანდა. ნუთუ ეკლესიაშიც არავინ დადიოდა? სწრაფი ნაბიჯით მივუახლოვდი და გამაოცა იმან, რომ კარები საგულდაგულოდ დაეკეტათ. ზედ მსხვილი ჯაჭვი ედო. გარს შემოვუარე, პატარა შესაჭყიტინებელიც ვერ ვუპოვნე. ალბათ სარა გამეხუმრა! ან რამე აურია. ნეტა ბავშვის რა უნდა გამკვირვებოდა? ამხელა ქალი ვურევდი ცხადსა და სიზმარს. წამოსვლა დავაპირე , მაგრამ კუსლიკა არ გამომყვა. ეკლესიის კართან დაცუცქდა და აწკმუტუნდა. _ რა იყო კუს?_ ვკითხე და მან შავ_თეთრი თავი კარისკენ გაიქნია. თითქოს მთხოვდა შევიდეთო. _ კარგი! როგორც შენ იტყვი!_ ვუთხარი ძაღლს და მიწა მოვათვალიერე. მოზრდილი ქვა ვიპოვნე. მივადექი ჯაჭვზე დადებულ ჟანგიან ბოქლომს და მისი გატეხვა ვცადე. თითები გადამიტყავდა , მაგრამ ბოქლომს ძვრაც ვერ ვუყავი. ოც წუთიანი წვალების შემდეგ დაქანცული ჩამოვჯექი კარებთან. ხელებს ბჟუილი გაუდიოდათ. თავი კარს მივაყრდენი და დავფიქრდი. რა ჯანდაბას ვაკეთებდი ამ უცხო ქალაქში? სასაფლაოზე ეკლესიის გატეხვას ვცდილობდი და რა ახსნა მაქონდა? შიზოფრენიკი ვარ და სიზმარში ნანახ ვიღაც ზურგგადაგლეჯილ რაზიელს ვეძებ მეთქი? გამეცინა. თუმცა ერთმა აღმოჩენამ გამაოცა: მთელი დღე იყო, ჩემი დეპრესია არათუ არ გამხსენებია, არც კი მომძალებია ჩვეული აპათია. თავს მხნედ და ცოცხლად ვგრძნობდი. გამეღიმა. წამოვდექი და ბოქლომს დავხედე. _ ერთი წუთი დამაცადე!_ ვუთხარი კუსლიკას და მანქანისკენ გავიქეცი. მანქანაში მინი ჰიდრავლიკური ამწე მქონდა, მოვათრიე და ეკლესიის კარს მივაბჯინე ძირით. ჯაჭვი ჩავდე შიგ და ავამუშავე. რამდენიმე ტონას ძრავდა იდეაში და ამ დაჟანგულ ჯაჭვს ვერ გაწყვიტავდა ვითომ? ჯაჭვი აიქაჩა, აჭრიალდა, ბოქლომი ამოიღუნა და გატყდა . ესეც ასე! ამწე გადავდე. რკინის ორფრთიანი კარები ფართოდ შევაღე და შევაბიჯე. ეკლესია ცარიელი იყო, განსხვავებული და სრულიად ცარიელი, მტვრიანი და აბლაბუდით სავსე. შიგ სადღაციდან შემომძვრალ პაწაწინა ღამურებს დაედოთ ბინა. წრიპინით აფრთხიალდნენ. რადგან იქ იმაზე მეტად ბნელოდა, ვიდრე მოველოდი, მობილურის ფანარი გავანათე , გაოცებისგან და მოულოდნელობისგან შევხტი. ტაძრის შუაგულში უზარმაზარი ქანდაკება იდგა, უნაკლო , მშვენიერი , კაცის ქანდაკება. მხოლოდ იმან გამაოცა, რომ ეს მშვენიერი ხელოვნების ნიმუში ვანდალურად დაესახიჩრებინათ. იატაკზე ნამსხვრევები ეყარა, როგორც მივხვდი ანგელოზის ფრთები ჰქონდა ჩამომტვრეული. უკნიდან მოვუარე უზარმაზარი ფრთების ადგილას ნამსხვრევებღა მოუჩანდა. დაბალ კვარცხლბეკზე, რაზეც ქანდაკება იდგა. გამოკვეთილი ტვიფარი მოსჩანდა: " რაზიელი, ღმერთის საიდუმლო" ფეხზე კი მსხვილი ჯაჭვი შეებათ და იატაკზე გაკეთებულ მსხვილ რკინის ჟანგიან საბმელზე მიემაგრებინათ. თავად საბმელი კი რკინის უზარმაზარ ფირფიტაზე გამოებათ. თითქოს მიწაში გაჭრილი კარის სახელური იყო. თითქოს ფრთების მომტვრევა საკმარისი არ იყო და ქანდაკება სადმე გაექცეოდათ. მხრები ავიჩეჩე, რა გიჟების ქალაქიამეთქი! ჩავილაპარაკე. _ესაა რაზიელი? ანუ ამხელა გზა ქანდაკების გამო გამოვიარე? ანუ რაზიელი ანგელოზის ქანდაკებაა? უფრთო ანგელოზი ვის გაუგია კუს? _ ჩავილაპარაკე იმედგაცრუებულმა და ეკლესია დავტოვე. მანქანაში ჩავჯექი და სავარძლის საზურგეს მივეყუდე. არ ვიცოდი , ახლა რა ჯანდაბა მექნა? სად მეძებნა სიზმრისეული ანგელოზყოფილი? ისიც კი არ ვიცოდი , ჩემი ადგილი სად იყო დედამიწაზე და მას როგორღა მივაგნებდი?! თავი 2 სახლში დაბრუნებას გადავწყვიტავდი, მე რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვყიფილიყავი, მაგრამ მე ხომ ფსიქოზის დიაგნოზი დამისვეს?! ამის გახსენებაზე წამლების ორგანაიზერს ვიღებ და უზარმაზარ აბის გადასაყლაპად სულიერად ვემზადები. მაგრამ ვხედავ, რომ წამლები გამთავებია, ჯანდაბა! მეცინება, მე ვის რა უნდა ვუშველო, როცა წამლების მიღებასაც კი ვერ ვახერხებ დროულად. კი ნამდვილად დავბრუნდებოდი უკან , დასაბრუნებელად მცირე მიზეზი მაინც რომ მქონოდა. მაგრამ არა! მე მხოლოდ ახლა ვიგრძენი თვითგვემაზე და სუიციდურ ფიქრებზე უფრო მძლავრი რამ. ეს ინტერესი იყო. ინტერესი, რომელიც მოძრაობისკენ მიბიძგებდა. ხოლო მოძრაობა კი თვითგადარჩენისკენ მიმავალი ერთადერთი გზა იყო. თუ რაზიელი ფრთებდამსხვრეულ ანგელოზზე მეტს წარმოადგენდა, მე მას აუცილებლად მივაგნებდი. რატომ მაინც და მაინც მე? პასუხი ამ კითხვაზეც მქონდა. იმიტომ, რომ მე ჩემი არეული გონების წყალობით, როგორც სჩანს, იმას ვხედავდი, რასაც ჩვეულებრივ ვერავინ ხედავს. თქვენ ახლაც ზიხართ მყუდროდ საკუთარ სახლებში და გგონიათ ცხოვრება მხოლოდ ისაა, რასაც საკუთარი გრძნობის ორგანოები გთავაზობთ. ალბათ მეც ასე ვიყავი ავარიამდე. მერე კი... მერე კი მითხრეს , რომ გავგიჟდი და მეც დავიჯერე. არასდროს დამიშვია, რომ ეს ყველაფერი, რასაც მე ვხედავდი რეალური იყო. როგორც კი პალატაში თვალი გავახილე, ჩემს საწოლთან სკამზე მძინარე რემოს გვერდით, დაყურსული კუსლიკა დავინახე. მაშინვე ვერც მივხვდი, რომ ცოცხალ ძაღლს კი არა მის აჩრდილს ვხედავდი. _ პალატაში ძაღლი როგორ შემოუშვეს მეთქი?_ ეს იყო ჩემი პირველი კითხვა სამთვიანი კომის შემდეგ. ცოტა ხანში კი, ამ და სხვა უამრავი უცნაური კითხვის გამო პოსტტრამვული სინდრომი, შემდეგ დეპრესია და ბოლოს ფსიქოზი დამიდგინეს. დიაგნოზი დამისვეს თუ წერტილი, არ ვიცი! ბოლოს, ზუსტად მაშინ დავიღალე, რემოს თვალებშიც რომ გაჩნდა სიბრალული და გავჩუმდი. უბრალოდ ბრძოლა შევწყვიტე. ისინიც დამშვიდდნენ, მაგრამ ჩემი სიჩუმით კუსლიკა არსად გამქრალა. მაშინ ვიფიქრე, იქნებ ავარიის შემდეგ კი არ დაბრუნდა, სულაც თავიდანვე ჩემთან იყო, უბრალოდ მე ვერ ვხედავდი? ხომ დამტკიცებული ფაქტია , რომ ადამიანი ტვინის და საკუთარი შესაძლებლობების 5% პროცენტსაც კი ვერ იყენებს სრულად. იქნებ თავის ტრამვამ ტვინის, რაღაც მანამდე დაბლოკილი, ნაწილი გაააქტიურა ჩემს თავში? არავის უნდა დაიჯეროს, რომ გიჟია! არც მე მინდა! მაგრამ მიწევს ჩუმად ვიყო. ვერავის ვეტყვი, რომ სამყარო ისეთი სულაც არაა, როგორის დანახვასაც მივეჩვიეთ. მანქანით ქალაქის ქუჩებს მივუყვები, და პირველად ვიწყებ იმის დაჯერებას , რომ გიჟი სულაც არ ვარ. უბრალოდ ჩემი ტვინი, რაღაც ახალ, აქამდე უცნობ ტალღაზეა გადართული. ქუჩების სახელებს ვკითხულობ და ვხვდები, მსგავს სახელწოდებებებს მგონი სულაც პირველად ვხედავ: " უკანასკნელი საყვირის ქუჩა" " დაცემულთა ქუჩა" "შვიდი ლამპრის ქუჩა" " ბოლო ჟამის" ქუჩა "ცოცხალ ძვალთა " ქუჩა. _რა უბედურებაა?!_ ვფიქრობ ჩემთვის. _ მოიცა, იმას რა ერქვა? ა, ჰო "წასულთა" ქუჩა. რაღაც უსიამო შეგრძნება მიპყრობს. თითქოს საიდანღაც მეცნობა ეს სახელები. თითქოს სადღაც უკვე წამიკითხავს. აჰა კიდევ, " ოთხი ქარის" ქუჩა. უცებ გონება მინათდება. დაცემული, ანგელოზი, საყვირი, ოთხი ქარი. მანქანას მკვეთრად ვამუხრუჭებ. _ეს ხომ ბიბლიაა? ბიბლიური სიმბოლოები?_ გონება გამალებით ფიქრობს. ყველაფერს, ნანახს, ერთმანეთს უკავშირებს . ჯიბეში მობილურს ვეძებ , ვხსნი და გუგლში ერთადერთ სიტყვას ვკირიფავ: "რაზიელი" და გაოცებისგან ვუსტვენ, თითქმის არაფერია გუგლში. ამ ყოვლისმცოდნე, თანამედროვე საოცრებაში რაზიელზე მხოლოდ რამდენიმე წინადადება წერია. თითქოს ვიღაცამ მასზე ინფორმაცია საგულდაგულოდ გააქრო ინტერნეტიდან. ამოკითხული ინფორმაციის მიხედვით რაზიელი ერთ_ერთი მთავარანგელოზია. რომელც ფლობს "ღვთის საიდუმლოს" და საჭიროების შემთხვევაში ადამიანთა დასახმარებლად შეუძლია მისი გამოყენება. ამიტომ რაზიელს ღვთის საიდუმლოს მცოდნესაც უწოდებენ. საზურგეს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე. რას მაძლევდა ამ მცირე ინფორმაციის ცოდნა? მხოლოდ ერთი რამ იყო ცხადი, რომ რაზიელმა რაღაც ისეთი იცოდა, რის გამოც შესაძლოა მისი დატყვევება მოესურვებინა ვინმეს. ხოლო კონკრეტულად რა იცოდა მან, ამაზე წარმოდგენაც კი არ მქონდა. ვიგრძენი ძალიან მშიოდა. თუმცა არც ერთი კაფე ან რამე მსგავსი დაწესებულება არსად შემინიშნავს. ამიტომ ისევ ნაცნობ მაღაზიას დავუბრუნდი. ნაცნობ გამყიდველს მივესალმე და თაროებს ჩამოვუარე. წინაზე არ დავკვირვებივარ, მაგრამ ახლა კი ერთი უცნაურობა მეცა თვალში. პროდუქტის არცერთი ნაცნობი დასახელება არ შემინიშნავს თაროებზე. ის სასმელიც კი, რაც მე იმ საღამოს კოლად მივიჩნიე, სრულიად უცნობი დასახელების იყო. მაგრამ რადგან დიდი არჩევანი არ მქონდა, ბევრიც არ მიფიქრია, რაც მჭირდებოდა ავიღე და სალაროსთან დავბრუნდი. _ დარწმუნებული ხართ, რომ ქალაქში სხვა სასტუმრო არ არის?_ ვკითხე დაბღვერილ ქალს და ყურადღება მივაქციე, რომ იგივე კაბა ეცვა, რაც წინა საღამოს. "ალბათ სახლში არც კი მისულამეთქი", გავიფიქრე. მან ნავაჭრი დამიანგარიშა და ცელოფანში ჩამიწყო. _ რა თქვით, რა მიზნით გვესტუმრეთ?_ თითქოს კითხვა ვერ გაიგონა, თავადაც კითხვით მიპასუხა. რადგან წარმოდგენა არ მქონდა რას ვეძებდი, გადავწყვიტე ღიად მემოქმედა . _ მე მეგობარს ვეძებ! ქერა ლამაზი კაცია, გრძელი თმით, რაზიელი ჰქვია!_ ყურადღებით მისმენდა და როგორც კი რაზიელი ვახსენე მაშინვე ვიგრძენი, როგორ შეიცვალა მის გარშემო აურა. _ რაზიელი?_ ჩაილაპარაკა ერთდროულად შიშით და ინტერესით. ყურადღებით შემათვალიერა და მისმა მზერამ დამარწმუნა, რომ იმაზე ბევრად მეტი იცოდა, ვიდრე წარმომედგინა. _ ასეთს არავის ვიცნობ!_ სწრაფად იუარა მან. გამეცინა, აშკარად ცრუობდა. _ არადა ის დამიკავშირდა და მითხრა, რომ აქ შემხვდებოდა, თუმცა ვერსად ვიპოვნე. _ გულუბრყვილოდ ავიჩეჩე მხრები. _ დაგიკავშირდა?_ დაბნეულად ჩაიჩურჩულა ქალმა და ამით კიდევ ერთხელ გაყიდა თავი. _ თქვენ ღამისგასათევზე მეკითხებოდით ხომ? _ უცებ შეცვალა თემა. _ ზოიას, სასტუმროს მეპატრონეს მიმართეთ ჩემი სახელით , უთხარი მელანიამ გამომიშვათქო და დაგითმობთ ოთახს.რატომღაც შენობითიდან თქვენობითზე გადავიდა და ოდნავ დათბა. აშკარად ჩემი გულის მოგებას ცდილობდა. ნუთუ რაზიელის ხსენებამ იმოქმედა ასე? _ ქალაქში დიდი ხალხმრავლობა არაა და ვერ ვიგებ, უარი რატომ მითხრა!_ მართლა ვერ გამეგო, ამ არც თუ შეძლებულ ქალაქში ღვთის წყალობასავით მოვლენილი სტუმარის, რომლისგანაც ცოტაოდენი ფულის შოვნა შეეძლოთ, უარით გასტუმრება როგორ შეძლეს. _ ზოიას არ უყვარს უცხო ხალხი! ალბათ ეს თუ იყო უარის მიზეზი!_ გამართლება მოუნახა მელანიამ მეგობარ ქალს. ანუ სასტუმროს მფლობელს არ უყვარდა უცხო ხალხი?! ესეც ახალი ამბავი. _ კარგი მადლობა!_ ვუთხარი და გამოვბრუნდი. უკან აღარ მიმიხედავს, ისედაც ვგრძნობდი მის გამჭოლ მზერას. აშკარა იყო, ჩემგან რაზიელის ხსენებამ მოულბო გული. კვლავ ნაცნობ სასტუმროს დავუბრუნდი, სასტუმროს რა, როგორც ავღნიშნე, უფრო იაფფასიან ღამის გასათევს. _ კუს!_მანქანიდან სანამ გადავიდოდი, მივუბრუნდი ძაღლს,_ ვიცი, ვერ შემოხვალ, მაგრამ არ იდარდო! მოვიფიქრებთ რამეს! კუსლიკამ კუდი გამიქიცინა. როგორ შეიძლებოდა დამეჯერებინა მისი არ არსებობა, როცა ასე ესმოდა ჩემი?! სახლს მივუახლოვდი. დღის შუქზე დიდი არაფერი, აღარც ის უცნაური სახიფათო მუხტი მიგრძვნია. თეთრი ორ სართულიანი უღიმღამო კომუნისტური პროექტის სახლი, მსგავსი გასულ წლებში უამრავი აშენდა, ლამის ყველა ერთმანეთის მსგავსი. პარმაღზე სარა იჯდა და ნაჭრის ღილისთვალა თოჯინას ეთამაშებოდა. _ გამარჯობა სარა!_ გავუღიმე მე. ამომხედა, თვალები აუციმციმდა, მაგრამ არაფერი უპასუხია. _ არ მომესალმები?_ ვკითხე და მივუახლოვდი. _ დედამ, უცნობებს არ ელაპარაკოო!_ მითხრა ჩურჩულით. _ მართალი უთქვამს!_ ვუპასუხე მეც ჩურჩულით. რატომღაც ვიფიქრე, არ მაწყენდა თუ ამ პატარა გოგოს ნდობას თუ მოვიპოვებდი. _ მადლობა, წინაზე რომ დამეხმარე!_ დავიხარე და მის გვერდით მაღაზიაში ნაყიდი ორცხობილა დავდე. კიბე ავიარე და კარზე მივაკაკუნე. კარი მაშინვე გამიღეს, თითქოს მელოდნენ კიდეც. _ გამარჯობა, მე მელანიამ გამომაგზავნა._ პირდაპირ მივახალე , რათა მისი შესაძლო უარი თავიდან ამეცილებინა. _ მელანიამ?_ მკითხა, მაგრამ ჩემი დანახვა აშკარად არ გაკვირვებია. _ მობრძანდით!_ გვერდზე გადგა და სახლში შემატარა. გარედან კიდევ რა უშავდა, მაგრამ შიგნიდან ნამდვილად ვერაფერი სასიამოვნო იყო. ძველებური, გახუნებული და აქერცლილი. არც რამე თანამედროვე ტექნიკა ჩანდა, ტელევიზორიც კი არ იდგა. მხოლოდ ძველებური ტელეფონი და კედელზე დაკიდული პატარა რადიო. ორი დიდი გახუნებული მწვანე დივანი. ერთი სარწეველა სავარძელი და მრგვალი ერთფეხზე შემდგარი მაგიდა. ეს იყო ამ უცნაური სახლის მისაღების მთელი ავლადიდება. _ როგორ მოგმართოთ?_დიასახლისს აშკარად ჩემი ვინაობა აინტერესებდა. _ ლილიტი დამიძახეთ!_ ჩემი სახელის გაგონებაზე თვალები გამოექაჩა და შორიდანაც გავიგონე, როგორ გადაყლაპა ნერწყვი. _ ლილიტ შენ ხარ? როგორ შეცვლილხარ, მე სხვანაირი მახსოვდი!_ მომესმა ზურგს უკან სარას ხმა. და სანამ პასუხს გავცემდი დავინახე, როგორ დაუბრიალა დედამ თვალები. რომ შევბრუნდი სარა უკვე ადგილიდან გამქრალიყო. "არაუშავს, _გავიფიქრე გულში_ სარასთან საუბრისთვის დროს აუცილებლად ვიპოვნი. ამ გოგონამ აშკარად ჩემზე მეტი იცის. " _ ლილიტ, თქვენი ოთახი მეორე სართულზეა, ვიცი დიდი ვერაფერია, მაგრამ მხოლოდ ამის შემოთავაზება შეგვიძლია. გუშინდელის გამო კი ბოდიშს გიხდით, უბრალოდ ისეთი დროა, უცხოს ვერ ენდობი! მელანიას რომ არ გაეწია თქვენთვის რეკომენდაცია, ალბათ ახლაც უარს გეტყოდით ._ მლიქვნელური სახით მომჩერებოდა დიასახლისი. აშკარა იყო რაზიელის ხსენებამ იმოქმედა გამყიდველზეც და სახლის მეპატრონეზეც. ქალმა ოთახამდე მიმაცილა და გამაფრთხილა, რომ ვახშამი საღამოს ცხრა საათზე გვექნებოდა. თავი დამიკრა და კიბეზე დაეშვა. ოთახში შევედი. ხის საწოლი იდგა, პატარა სარკიანი კარადა, ყვავილებიანი ფარდები, პატარა მოცუცქნული სააბაზანო და ერთი ეზოზე გამავალი ფანჯარა. ფანჯრიდან გადავიხედე და ეზო მოვათვალიერე. ფანჯრის ქვეშ ერთგულად იჯდა კუსლიკა და კუდის ქიცინით ამომცქეროდა. არა, რაღაც გზა უნდა მეპოვნა და ძაღლი როგორმე შემომეყვანა, უმისოდ თავს მარტოსულად ვგრძნობდი. ნივთები დავაწყვე და კვლავ დაბლა ჩავედი. _ უკაცრავად ზოია, ხომ ვერ მიმასწავლით სადაა ქალაქის ბიბლიოთეკა?_ ვკითხე ქალს, რომელიც, როგორც ყველა დიასახლისი ვახშმის სამზადისში იყო გართული. ინტერესით და გაკვირვებით ამომხედა, თითქოს ბიბლიოთეკის კი არა მორგის მისამართს ვეკითხებოდი. _უკანასკნელი საყვირის ქუჩაზე მიაგნებთ!_ ყოყმანით მიპასუხა ქალმა. სახლიდან გამოვედი და მანქანაში ჩავჯექი. კუსლიკა წამში გაჩნდა ჩემს გვერდით. _ კარგიიი!_ ჩავილაპარაკე მე. ბიბლიოთეკაში იმ იმედით მივდიოდი, იქნებ ქალაქზე ან რაზიელზე , რაიმე ცნობა მაინც მეპოვნა. არა მაინც საიდან მოიგონეს ეს უცნაური სახელები? საყვირის ქუჩა? ცოტა რამ მსმენოდა ბიბლიურ საყვირზე, რომლითაც წინასწარმეტყველურ გამოცხადებას ამცნობდნენ ხალხს. უცნაური იყო ისიც, რომ აქმდე საერთოდ არ გამეგონა ამ ქალაქზე არაფერი. "ცოდვის კარი" სახელი ქალაქის სასარგებლოდ აშკარად არ მეტყველებდა. ბიბლიოთეკას მალე მივაგენი. ან რა მიგნება უნდოდა, მთელი ქუჩა ათიოდე შენობისგან შედგებოდა. ბიბლიოთეკა ერთ_ერთი მოცუცქნული შენობა იყო. კარი შევაღე და შევედი. იქვე, პატარა მაგიდასთან , ჭაღარა ბიბლიოთეკარი იჯდა. ნაცრისფერი, ორმოციანი წლების სტილის გახუნებულ კაბაში და გადაქანცული სახით. ერთი უბრალო და უღიმღამო ქალი. _ რით შემიძლია დაგეხმაროთ?_ მომეგება დაღლილი ხმით. _ გამარჯობა, არ მჭირდება დახმარება, რადგან არც კი ვიცი, რას ვეძებ. თუ შეიძლება საკითხავს თავად ავარჩევ._ ვუპასუხე მე. ქალმა თავი დამიქნია და სარეგისტრაციო უზარმაზარი, მაგრამ მთლად ცარიელი ჟურნალი გადაშალა. _ თქვენი პირადობის დამადასტურებელი საბუთები, თუ შეიძლება!_ მთხოვა ზანტად. ჩანთიდან ამოვიღე და მივაწოდე. _ ლილიტ აშკარელი?_ სათვალიდან ამომხედა . უკვე აშკარად ნერვებს მიშლიდა ასეთი უცნაური გაოცება ჩემი სახელის ხსენებისას . _ რამე პრობლემაა?_ ვკითხე ქალს სერიოზული ხმით._ როგორც კი ჩემი სახელი ესმის ყველას უკვირს. მიზეზი კი ვერ გამიგია! ქალი დაიბნა, თვალი ამარიდა და ჟურნალს ჩააცქერდა. _ უბრალოდ უცნაური, იშვიათი გვარია._ ჩაილაპარაკა დაბნეულმა. სასწრაფოდ დამიმზადა საშვი და ისე მომაჩეჩა, რომ სახეში არც კი შემოუხედავს. თითქოს ეშინოდა ჩემი . თითქოს არ სიამოვნებდა, იქ რომ ვიყავი. საშვი გაბრაზებულმა გამოვართვი და დარბაზში შევაბიჯე. სულ რვა მაღალი მტვრიანი თარო გასდევდა დარბაზს სიგრძეზე. მათ შორის რამდენიმე სანათიანი მაგიდა იდგა. ვიფიქრე ანბანის მიხედვით გავყოლოდი წიგნებს და ასეც მოვიქეცი. უცნაური სიძველის, წიგნის და მტვრის ერთმანეთში შერწყმული სუნი იდგა. თითი ა_ ასოს დავადე და ნელა გავყევი თაროს. თაროზე დადებულ უწყვეტი მტვრის ზოლს ემჩნეოდა, რომ ბიბლიოთეკას თითქმის არავინ სტუმრობდა. ასარჩევიც დიდი არაფერი, ზოგი ნაცნობი , ზოგიც უცნობი ავტორი, თუმცა არც ერთი ახალი და თანამედროვე. ეტყობოდა წლები იყო ეს ბიბლიოთეკა არავის განეახლებინა. "ანგელოზები" თვალი მომჭრა სათაურმა . მოზრდილი, სქელყდიანი, წითელი წიგნი იყო. ბარხატგადაკრული. აშკარად ძალიან ღირებული, არა მარტო სიძველის გამო. იქვე მაგიდასთან ჩამოვჯექი და წიგნი გადავშალე. ანგელოზის განმარტებიდან მოყოლებული, ანგელოზთა სახელებით დამთავრებული რა აღარ ეწერა შიგ. წიგნი, როგორც ჩანს, სხვადასხვა დროს იყო შევსებული. თავდაპირველად ძველი, ჩემთვის გაუგებარი ხელნაწერები იყო. შემდეგ კი სხვადასხვა ენაზე შესრულებული განსხვავებული ხელწერით შედგენილი ტექსტები. სიხარულის შეძახილი აღმომხდა , როცა ბოლოსკენ ქართულ თანამედროვე ენაზე შესრულებულ ხელნაწერს მოვკარი თვალი. არც ავტორის ვინაობა ეწერა და არც ჩანაწერის გაკეთების თარიღი. თითქოს ვიღაცის დღიურის ნაგლეჯს ვკითხულობდი. " 1940 წლის 19 მაისი. გერმანიის მე_6 არმიამ შელდეს მოაღწია. დაზვერვამ არ იმუშავა და დიუნკერკთან ალყაში აღმოვჩნდით. 27 მაისს დაიწყო ჩვენი ევაკუაცია.სრულიად მოულოდნელად ფონ რუნდშტედმა ბრძოლის შეწყვეტის ბრძანება გასცა და სწორედ ამან გვიშველა. თუმცა უზარმაზარი დანაკარგი გვქონდა. მე ბედის რა მაქინაციებით აღმოვჩნდი ბრიტანეთის არმიაში, ამაზე აქ არ ვისაუბრებ, ალბათ ყველაფერი სწორედ ასეც უნდა მომხდარიყო. მკლავში დაჭრილი ლაზარეთში ვიწექი. ჩემს გვერდით სასიკვდილოდ დაჭრილი უილიამ სმიტი წევს, იცის ვერ გადარჩება. _ ბრიტანელს არ ჰგავხარ დევიდ!_ მეუბნება და სასუბროდ უკანასკნელ ძალებს იკრებს. მომაკვდავის მოტყუება რა ღირსეული საქციელია?! რომც მიხვდეს, არა მგონია ჩემს ორმაგ აგენტობაზე საჩივრის წერა მოასწროს. ამიტომ სიმართლეს ვირჩევ. _ არც ვარ უილიამ! მე ქართველი ვარ, კავკასიიდან!_ ვპასუხობ მშვიდად. _ შენი სამშობლო შორსაა ამ წყეული გერმანიისგან? _ უცნაურ კითხვას მისვამს. _ საკმაოდ შორსაა, უილიამ!_ ვპასუხობ გაკვირვებული. მომაკვდავ კაცს რაში აინტერესებს, სადაა ჩემი სამშობლო? _ ქრისტიანები ხართ?_რატომღაც ახლა ჩვენი სარწმუნოებით დაინტერესდა. _ თავგადაკლულად ქრისტიანები!_ ვუთხარი მე. _ ვატყობ დიდი დრო აღარ დამრჩა, დევიდ!_ აქცენტით ამბობს ჩემს სახელს._ როგორც ქრისტიანს გაევალება კიდეც ამის გაკეთება. მიყურებს და ხელს მიწვდის. დაიფიცე, რომ ეს ნივთი რაიხის ხელში არ მოხვდება. _ მაფიცებს და საკუთარ სამხედრო ჩანთას მიწვდის. _ დაიფიცე დევიდ! წაიღე აქედან და თვალის ჩინივით გაუფრთხილდი! დედამიწაზე არაა მისი ადგილი! ინსტიქტურად ვართმევ ჩანთას და ბალიშის ქვეშ ვაჩოჩებ. იმ ღამეს უილიამი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ თვალებში შემომხედა და უსიტყვოდ კიდევ ერთხელ დამაფიცა, რომ უკანასკნელი პირობა ამესრულებინა მისთვის. 1946 წელს დავბრუნდი საქართველოში და ეს უცნაური ნივთიც თან ჩამოვიტანე. ჩემს მშობლიურ ქალაქს "ცოდნის კარს" მივაშურე. ოჯახი შევქმენი და უილიამის წიგნიც საიმედოდ გადავმალე. დიახ, წიგნი. ოქროს ყდიანი უცნაური წიგნი! სახელად " რაზიელის საიდუმლო წიგნი". კომუნისტური წყობა და მმართველიბა დიდად ვერ მეგობრობს ღმერთთან და ანგელოზებთან, და ამიტომაც ამ წიგნზე არავის ვუყვები. მშვიდი ცხოვრება მინდა...." აქ მთავრდებოდა დღიურის ნაწყვეტი. და თავად ეს წიგნიც . ანუ რამე არტეფაქტს ვეძებდი? მაგიურ ნივთს? მართლა წიგნს გულისხმობდა ? ან რა კავშირი ჰქონდა ორი ქალაქის მსგავს დასახელებას ერთმანეთთან? კითხვები აბეზარი კოღოების ლაშქარივით ამეშალა. თუ ამდენად ძველი იყო ეს წიგნი, რამდენი წლის გამოდიოდა რაზიელი? ანუ მართლა ის იყო , ვინც მე მეგონა? ტელეფონი ამოვიღე და სურათები გადავუღე საჭირო გვერდებს. შემდეგ წიგნი თაროზე დავაბრუნე. ისევ გავაგრძელე ძიება. ქალაქის დაარსებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ვეძებდი, მაგრამ "ცოდვის კართან" დაკავშირებული ვერაფერი ვერ მივაგენი. "ცოდნის კარზე" კი ეწერა, რომ ეს ადგილი ადრე სოფელი იყო, შემდეგ დაბად და ბოლოს ქალაქად გადაიქცა. რომ ომის დამთავრების შემდეგ, მცირე ხნიანი აღმავლობის ხანა დაუდგა, თუმცა მალევე ეს წარმატება წარუმატებლობამ შეცვალა და 1951 წელს, მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ქალაქი და მთლიანად მისი მოსახლეობა სრულიად გაუჩინარდა. მსგავსი მიწისძვრა რაჭაში მოხდა მახსოვდა, მაგრამ სხვა ასეთ მაშტაბურ მიწისძვრაზე ამ წამამდე წარმოდგენაც არ მქონდა. როგორც ჩანს კომუნისტურმა რეჟიმმა, რაღაც მიზეზით, იზრუნა რომ ამ ამბავს დღის შუქი არ ენახა. სხვა ვერანაირი ახსნა ვერ მოვუნახე ამ ყველაფერს. მაგრამ თუ მთელი ქალაქი განადგურდა, აბა ეს ყველაფერი რა იყო? რატომ არ ემჩნეოდა აქაურობას მცირე ნგრევის კვალიც კი? სიძველის და დროში გაყინულის ეფექტს აშკარად ახდენდა, მაგრამ დანგრეულის არაფერი ემჩნეოდა. ახლაც ფოტოები გადავუღე საჭირო ინფორმაციას და რადგან უკვე ბინდდებოდა სახლში დაბრუნება გადავწყვიტე. ადამიანის გონება ასეა მოწყობილი, ყველაფერს, რასაც ვხედავთ გონიერ და მარტივ ახსნას ვუძებნით. თითქოს საკუთარი თავის დაცვას ვცდილობთ იმ შოკური ინფორმაციისაგან, რასაც შეუძლია ჩვენი ფსიქიკა დააზიანოს. ბიბლიოთეკარს ჟურნალში ხელი მოვუწერე. _ იპოვეთ რასაც ეძებდით?_ მკითხა ქალმა . _ ვიპოვნი! აუცილებლად ვიპოვნი!_ ვუთხარი დაფარული მუქარით და გასასვლელისკენ გავემართე. _ წავედით კუსლიკ!_ დავუძახე ძაღლს. _ ვის მიმართავთ?_ შეცბა ქალი. _ ჩემს ძაღლს!_ მივაძახე ჯინაზე და თვალებგაფართოებული დაუმშვიდობებლად დავტოვე. ათი წუთიც კი არ დამჭირდა სახლში დასაბრუნებლად. კიბის წინ დაყრილ რაღაც ჯანდაბას ფეხსაცმლის წვერი გავკარი ნერვებმოშლილმა. თეთრი ფხვნილი ოდნავ გაიფანტა. _ რა ჯადოა? ჯანდაბა ამათ თავს!_ თან და თან აუხსნელი ზიზღის გრძნობა მიპყრობდა ამ უფერული და უჟმური ქალაქის მიმართ. თითქოს, რაღაც დაეშავებინა ჩემს წინაშე და აღარ მახსოვდა, მაგრამ სწორედ ეს, ძველად განცდილი, იმედგაცრუება იწვევდა ჩემში ამ უცნაურ ბრაზს და სიძულვილს. მისაღებში სარა შემხვდა, სარწეველა სკამში იჯდა და თოჯინას არწევდა. საღამოს საკმაოდ ციოდა, მეც კი ქურთუკი მეცვა და გამაოცა სარას თხელმა ნაცრისფერმა ყვითელ ყვავილებიანმა კაბამ . სრულიად შეუფერებელი რომ იყო ასეთი გრილი საღამოსთვის. რამდენიმე ნაბიჯით გავცდი და გავჩერდი. სარას მოვხედე. მეოცა , ეს ხომ ის კაბა იყო , რაც მას ჩვენი პირველი შეხვედრისას ეცვა? ახლა მელანია გამახსენდა და მისი ერთფეროვანი სამოსიც. თვალები მოვჭუტე და სამზარეულოსკენ წავედი. საკუთარ ეჭვებში დასარწმუნებლად სახლის დიასახლისი უნდა მენახა. ჩუმი ნაბიჯებით შევედი სამზარეულოში. საქმეში გართულ ქალს ჩემი მიახლოებაც კი არ გაუგია. ცომს აბრტყელებდა გამალებით და მასაც ზუსტად იგივე კაბა ეცვა , რაც პირველი შეხვედრისას. რაღაც გაუგებარი მიზეზის გამო ქალაქის მაცხოვრებლებს ერთი და იგივე სამოსის ტარება ჩვევაში ჰქონდათ. უსიტყვოდ გამოვბრუნდი და ოთახში ავედი. საოცრად დაღლილმა, ვიფიქრე ვახშმამდე დარჩენილ ერთ საათს დასასვენებლად გამოვიყენებდი. საწოლზე გაუხდელად მივწექი და უბრალოდ ჩამეძინა. უცნაური სიზმარი ვნახე, თითქოს ანგელოზი ვიყავი, ერთადერთი განსხვავებული სხვა ანგელოზებს შორის, თუმცა კი არ ვიცოდი რით. და ეს სხვაობა იმდენად მაწუხებდა, რომ ცა მივატოვე. იქ წავედი, სადაც ბევრი ჩემნაირი ცხოვრობდა. როგორც კი მიწაზე ფეხი დავდგი. მისი კითხვა გახმაურდა ჩემს ბედნიერ გონებაში: _ ლილიტ, დარწმუნებული ხარ შენს გადაწყვეტილებაში? _ ისე, როგორც არასდროს!_ ვუპასუხე მეც ფიქრებში . ჩემი პასუხისთანავე, საკუთარი თავისუფლების საზღაური გავიღე. ის მთავარი რამ დავკარგე, რაც მე ანგელოზად მაქცევდა. ანუ ფრთები! და მასთან ერთად შინ დასაბრუნებელი გზაც სამუდამოდ ჩაიხერგა. ტკივილმა მხრები დამისერა. საკუთარმა კივილმა გამომაღვიძა. მხრები ისე მეწვოდა , როგორც სიზმარში. ფეხზე წამოვხტი. მაისური გადავიძრე და კარადის სარკეში საკუთარ გახურებულ ბეჭებს მივაჩერდი. ორი წითელი ჭრილობა მიჩანდა მხრებზე, სწორედ ისეთი, როგორიც რაზიელს. თუმცა თანდათან ჩემმა ჭრილობებმა პირი შეიკრეს და ასე ჩემს თვალწინ ისე გაუჩინარდნენ თითქოს, არც არასდროს არსებულან. მძიმედ და ხშირად ვსუნთქავდი. დამშვიდებას ვცდილობდი. რა იყო ეს? ჩვეული მოლანდება? არა, შეუძლებელია წარმოსახვა ამდენად ცხადი და მტკივნეული ყოფილიყო . ეს უფრო დავიწყებულ მოგონებას ჰგავდა. უცებ გამახსენდა, რომ მთელი დღე წამალი არ გადამიყლაპავს. ავარიის შემდეგ, რაც დიაგნოზი დამისვეს, თუნდაც დაგვიანებით, მაგრამ დღეში ორჯერ სტაბულურად ვსვამდი ანტიდეპრესანტებს, რაც ჩემი უცნაური სიგიჟის მართვაში მეხმარებოდა. მაგრამ დღეს პირველად მოხდა, რომ წამლის დალევა სრულიად გადამავიწყდა. სასწრაფოდ ამოვიღე ჯიბიდან ცარიელი ორგანაიზერი, გავხსენი და წამლებით შევავსე. ერთი რაგბის ბურთი ყელში ჩავიტენე და თავს მისი გადაყლაპვა ვაიძულე. _ რას შვები ლილიტ!_ შევკივლე მოულოდნელად საკუთარ თავს გონებაში. სააბაზანოში შევვარდი, ორი თითი ყელში ჩავიყავი და ავამოძრავე. ლავასავით დაიძრა კუჭიდან სიმჟავე და ასე უნიტაზზე დაყუდებულმა ვარწყიე ყველაფერი, რაც კი დილის აქეთ დავლიე თუ ვჭამე. ჯერ გადაყლაპვა თქვით იმ უზარმაზარი აბის და ახლა უკან ამოყლაპვა! მთელი საყლაპავი თან ამოვაყოლე. თითქოს ხორხი ამომგლიჯეს. გამოვლასლასდი და საწოლზე ჩამოვჯექი. არა! თუ ამ უცნაური ამბის გარკვევა მსურდა , წამალზე უარი უნდა მეთქვა. აშკარა იყო, ჩემი წარმოსახვა დიდ დახმარებას გამიწევდა თუ მის წამლებით დათრგუნვას შევწყვეტდი. კუჭი ამეწვა. ასე მშივრად თავი რა ხანია აღარ მეგრძნო, მაგრამ შიმშილის საშინელი გრძნობის მიუხედავად, ჩემი ამოგლეჯილი საყლაპავით, ფაქტია ერთ ლუკმას ვერ გადავყლაპავდი. ისევ საწოლზე მოვიკუნტე და ფიქრებში ჩავიძირე. თავი 3 იმ ღამეს ქვემოთ აღარ ჩავსულვარ. ყველაფრის გააზრებას ვცდილობდი. ყველაზე მთავარი ის იყო, მე რა ადგილი მეკავა ამ ისტორიაში? იმ ღამესვე მივხვდი, რომ წამლები აღარ უნდა დამელია. ჩემი სიგიჟე ჩემს თვალსაწიერს უზომოდ ზრდიდა. გონება გამალებით მიმუშავებდა და დეპრესიის კვალიც კი აღარ იგრძნობოდა ჩემს ფიქრებში. კარზე სარამ მომიკაკუნა და მორიდებით მკითხა, ვაპირებდი თუ არა სავახშმოდ ჩასვლას. უარი ვუთხარი, დაღლილობა მოვიმიზეზე. _ ძალიანაც კარგი, სწორი გადაწყვეტილებაა!_ გაუხარდა ჩემი უარი ბავშვს და ამ სიტყვებით უარესად დამაბნია. _იცი, მომწონხარ! შენც მამასავით კეთილი ხარ, ძალიან ჰგავხარ დათო მამას!_ჩემი მამამისთან შედარებებით ცოტა არ იყოს გამაოცა სარამ. მაგრამ ისე სევდიანად გამოიყურებოდა მამაზე საუბრისას აღარაფერი აღარ მითქვამს მისთვის. _ რატომ ხარ სულ მოწყენილი სარა? არც ერთი შენი მეგობარი არ დამინახავს აქ!_ ვკითხე და მართლაც გავიაზრე, რომ სარას გარდა ქუჩებში არცერთი ბავში არ შემინიშნავს. ბავშვი კი არა, შინაური ცხოველისთვისაც კი არ მომიკრავს თვალი. სარას სევდიანად გაეღიმა. _ აქ ბავშვები არ არიან ლილიტ! ისიც კი არ ვიცი, თავად მე თუ ვარ კიდევ ბავშვი! _ ქვემოდან დიასახლისის ანჩხლი ძახილი მოისმა. სარას უხმობდა . ბავშვი შეკრთა, თითქოს დანაშაულზე წაასწრეს მხრებში აიწურა. _ თუ შეძლებ იპოვნე რაზიელი და ..._ სიტყვის დამთავრება ვერც მოასწრო. _სარააა! არ გესმის ჩემი ხმა?_ მძიმედ ამოვიდა კიბეებზე გაავებული ზოია. _ მოვდივარ დედა!_ მორჩილად უპასუხა გოგონამ, განუყრელი თოჯინა გულში ჩაიკრა და კიბეზე დაეშვა. _ არ შემოგვიერთდებით ლილიტ?_ მკითხა ყალბი კეთილგანწყობით ქალმა. მის ზურგს უკან თვალი მოვკარი , როგორ გაიქნია უარის ნიშნად მუდარით თავი სარამ. და თვალს მიეფარა. _ ძალიან დავიღალე და დაძინება მირჩევნია!_ ვიუარე მე. სარას და ჩემს წინათგრძნობას ვენდე. _ კარგი, მაგრამ უვახშმოდ დაწოლა არ იქნება! აქ მოგიტანთ, რომ შეჭამთ მხოლოდ ჭურჭელი გამოდგით გარეთ და მივხედავ!_ ხმა თაფლივით ტკბილი და მზრუნველი ჰქონდა. აი თვალები კი შხამიან გველს მიუგავდა, ცბიერი და ცივი. თავი დავუქნიე. მასთან საუბრის სურვილიც კი აღარ მქონდა. თითქოს ჩემგან ენერგიას ვამპირივით იწოვდა. წავიდა და ცოტა ხანში მშვენიერი ვახშამი მომართვა. წამით მადაც კი აღმიძრა. მაგრამ სარას მუდარით სავსე თვალები გამახსენდა და საჭმელი, რომ არ ვცდუნებულიყავი, ნაგვის ყუთში გადავყარე. ლანგარი და ცარიელი თეფშები კი დაპირებისამებს კარის წინ მდგარ კარადაზე დავტოვე. აშკარა იყო, აქ მცნობდნენ. თუ რაზიელის სახელის ხსენებაზე უბრალოდ შეკრთნენ, ჩემი აშკარად შეეშინდათ. ჩაძინებულს, კუსლიკას ყეფის ხმა მომესმა. საათს დავხედე. ღამის სამი იყო. საწოლზე ტანსაცმლიანად მიწოლილს ჩამძინებოდა. კუსა გაავებით ყეფდა. მისი ხმა კი ჩემ გარდა , რა თქმა უნდა , არავის ესმოდა. წამოვდექი და ფარდის მიღმიდან გადავხედე ეზოს. რამდენიმე ადამიანი შემოვიდა და ეზოში რაღაცას ბჭობდა. ზოიამ ხელით ჩემი ოთახისკენ მიუთითა, ვიღაც წვერიან, სამხედრო ფარაჯიან კაცს. მანაც სწრაფად ამოხედა ჩემს ფანჯარას. გეფიცებით თვალების ნაცვლად უძირო შავი ორმოები ჰქონდა. ასეთ საშიშ ადამიანს ალბათ არასდროს შევხვედროდი. თუმცა ჩემი დაკარგული მეხსიერების პატრონი ასე გადაწყვეტითაც ვერ ვიტყოდი ამას. მოულოდნელად კარზე კაკუნი გაისმა, სუსტი, თითქმის უხმო. კარს კატასავით უჩუმრად მივუახლოვდი, სწრაფად გამოვაღე და სარას გაწვრილებულ მკლავში წავატანე ხელი. გოგონა შიშისგან შეხტა. თუმცა პირსმომდგარი კივილი როგორღაც შეიკავა და გაფართოებული თვალებით მომაჩერდა. _ სარა შენ?_ ვკითხე გაოცებულმა. _ ლილიტ, შენ ხომ ის ლილიტი ხარ? _ მკითხა ტუჩების მოძრაობით. _ რას მეკითხები სარა?_ მეც ხმას დავუწიე. _ უნდა წახვიდე ლილიტ, ისინი შენც დაგიჭერენ. როგორც რაზიელი დაიჭირეს ისე! გაიქეცი ლილიტ! დრო ცოტა გაქვს!_ ხელი გამომტაცა და გაიქცა. _ შენ რატომ მეხმარები სარა?_ მივაძახე გაქცეულს. _ იმიტომ რომ დავიღალე, ამ ყველაფრით! იმიტომ რომ მათ მამა მომიკლეს! მამა შენ გენდობოდა, ამიტომ მეც გენდობი! მეტი არაფერი უთქვამს. დერეფანი გაირბინა და საკუთარ საძინებელში შეიკეტა. ბევრი არც მე მიფიქრია. ჩანთაში ჩავყარე ჩემი ნივთები და ისევ ეზოს გადავხედე. გარეთ აღარავინ იყო, მხოლოდ კუსლიკა მიყურებდა მოლოდინით და ერთ ადგილას წრიალებდა. ის იყო ფანჯარა გავაღე, რომ კარის სახელური დაქაჩეს. კარს უკან ჩურჩული გაისმა. _ ახლა უნდა ეძინოს , საჭმელში შევაპარე წამალი,_ გარკვევით გავიგონე ჩემი მზრუნველი დიასახლისის ხმა. დასაკარგი დრო არ მქონდა. ფანჯრიდან პარმაღის სახურავზე გადავძვერი. შემდეგ ნელა ჩავსრიალდი მის კიდემდე და ეზოში ფრთხილად ჩავხტი. კუსლიკასთან ერთად მანქანისკენ გავიქეცი. ეტყობა იმდენად იყვნენ დარწმუნებულები, რომ ჩემ დაჭერას მარტივად შეძლებდნენ გეგმა B_ზე არც უფიქრიათ. და რომ არა სარას გაფრთხილება, ვინ იცის რა მოხდებოდა. იმედია ჩემს გამო მას არ დასჯიდნენ! მანქანაში ჩავხტი და იმ შავთვალა წვერებიანმა კაცმაც გადმოიხედა ჩემი ფანჯრიდან. _გაგვექცა! დროზე!_ გასძახა დამქაშებს. ადრენალინმა ისე ამავსო, ფეხი თავისთავად დავაჭირე გაზს და მთელი სიჩქარით გავიქეცი ამ საშინელი ქალაქიდან. არ ვიცი შიშის ბრალი იყო , თუ ადრენალინის თუ ორივესი ერთად, მაგრამ ამ სწრაფი ქროლვისას, ქალაქის ნაცვლად მხოლოდ ნანგრევებს ვხედავდი. აი რა იყო ამ ქალაქის ნამდვილი სახე. არა, შეუძლებელი იყო ეს ყველაფერი მომჩვენებოდა. მე თავადაც არ ვიცი როგორ, მაგრამ სასაფლაოსთან შევაჩერე მანქანა. დარწმუნებული ვიყავი მდევარი აქ არ მომძებნიდა. მანქანიდან გადმოვედი და ეკლესიაში შევაბიჯე. უკვე თენდებოდა. ვუყურებდი ამ მშვენიერ ქანდაკებას და მიუხედავად მისი დამახინჯებული ფრთებისა, მაინც აღფრთოვანებული ვიყავი მისი სინატიფით. ოსტატს ყოველი კუნთი, ყოველი ძარღვი დეტალურად გამოესახა. თითქოს ცოცხალი ადამიანი იყო. ხელი შევახე ცივ მარმარილოს ხელზე. თითი მკლავზე ავაყოლე და სწორედ იმ ადგილას დავადე სადაც გული უნდა ჰქონოდა. სრულ სიჩუმეში გარკვევით მომესმა გულის ცემის ხმა. მოულოდნელობისაგან შემკრთალმა უკან დავიხიე. ქანდაკების სახეს ავხედე. ნუთუ ესეც ყველა დანარჩენი ხილვებივით მომელანდა? მივუახლოვდი და დასარწმუნებლად მკერდზე ყური მივადე. არა, არ მომჩვენებია. ქანდაკებას გული უცემდა. _ რაზიელ?_ ვკითხე და საკუთარ თავზე გამეცინა. ახლა მართლა საბუთიანი გიჟი ვიყავი, უკვე ქანდაკებებს ვესაუბრებოდი. მის კვარცხლბეკთან ჩამოვჯექი და მობილურში ბიბლიოთეკაში გადაღებულ სურათებს გადავხედე. ანგელოზების სახელებს ჩამოვუყევი. რაზიელზე ისედაც ყველაფერი ზეპირად ვიცოდი უკვე, მაგრამ მაინც ხელახლა დავიწყე კითხვა. როგორც ჩანს რამდენიმე საინტერესო გვერდი ყურადღების მიღმა დამრჩენოდა. რაზიელი ღმერთთან ყველაზე ახლოს მდგომი მაღალი რანგის ანგელოზი იყო. მას სიბრძნის ანგელოზსაც უწოდებდნენ. ღმერთისავე ნებით მას უფლება ჰქონდა თავისი ცოდნა ზოგჯერ ადამიანების სასიკეთოდ მოეხმარა. რაზიელმა ყველა ღვთაებრივი საიდუმლო მოაგროვა და ერთ წიგნში მოუყარა თავი, ამ წიგნს "რაზიელის საიდუმლო წიგნი" უწოდეს. აქ კი გავჩერდი და დავფიქრდი. ნუთუ ეს ის არტეფაქტი იყო? უილიამ სმიტმა დევიდს რომ გამოატანა საქართველოში? ისევ კითხვა გავაგრძელე და ყურადღება გავაორმაგე. მაშინ როცა ადამი და ევა განიდევნენ ედემიდან, მხოლოდ რაზიელს შეებრალა ისინი. რადგან მან იცოდა ყველა საიდუმლო და იცოდა ისიც, რომ ადამის და ევას შეცდენა წინასწარ დაწერილი იყო და ყველაფერი სწორედ ასე უნდა მომხდარიყო. ამის მიუხედავად ბოლოს არავინ დაეხმარათ და მთელი ბრალი მხოლოდ მათ აჰკიდეს, როგორც ყველაზე სუსტებს სამოთხეში. განდევნილი ადამი ტიროდა და ლოცულობდა რაზიელის მიმართ, რადგან იცოდა მისი შემწყნარებლობა. ამიტომაც შეწყალებას და დახმარებას სთხოვდა ყველაზე ადამიანურ ანგელოზს ანგელოზებს შორის. შეებრალა რაზიელს ისინი და გამოატანა მათ საიდუმლო წიგნი, სადაც მოთხრობილი იყო, ედემში დაბრუნების გზების შესახებ. მაგრამ შეცდა რაზიელი, მათი ადამიანური ბუნება ბევრად უფრო მიწიერი აღმოჩნდა, ვიდრე ის ფიქრობდა. ადამმა წიგნი დანიშნულებისამებრ არ გამოიყენა. ცაში დაბრუნების ნაცვლად, გაბოროტებულმა წიგნი საკუთარი თავის განსადიდებლად მოიხმარა , რადგან იქ სხვა საიდუმლოებებს შორის მოთხრობილი იყო ალქიმიის საიდუმლოც. ასე რომ ადამი კვლავ ინტერესმა და საკუთარმა სიხარბემ დაღუპა. ალქიმიამ დამაინტერესა, ეს მეცნიერება იყო, თუ მაგია? რომელი იყო უფრო? კონკრეტულად თავადაც არ ვიცოდი. ალქიმია და მარადიული სიცოცხლე! ალქიმია და მარადიული სიმდიდრე! ალქიმია და ძალაუფლება! მხოლოდ ეს სიტყვები მახსენდებოდა. ნუთუ ეს წიგნი იყო ამ ქალაქის არსებობის საიდუმლო? ნელ_ ნელა ფაქტებს, ნანახს და წაკითხულს ერთმანეთს ვუკავშირებდი და ასე თუ ისე ყველაფერს ნათელი ეფინებოდა. წიგნი საუკუნეების მაძილზე დედამიწაზე დარჩა და ხელიდან ხელში გადადიოდა. ადამის შემდეგ კაენი, შვილს, ენოქს ჰქონდა. მის შემდეგ ენოქისსავე შვილიშვილს ნოეს ერგო. სწორედ ამ წიგნის დახმარებით შეძლო ნოემ და თავი დააღწია წყალდიდობას. ანუ ისტორიას სულ სხვაგვარად გვიყვებოდნენ, ჩვენ კი ყველაფერი გვჯეროდა. აი როგორ გაიგო ნოემ წარღვნის შესახებ და როგორ მოახერხა სრულიად მარტომ კიდობნის აგება. არავითარი ღმერთის რჩეული ის არ ყოფილა, გამოდის ყველაზე დიდი ძებნილი იყო დედამიწაზე. და უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ანგელოზების მიერ ერთგვარი წითელი ცირკულარით იძებნებოდა. სწორედ საიდუმლო წიგნმა გადაარჩინა ის და მისი შთამომავლები. ანუ რა გამოდიოდა? რომ არანაირი ღმერთის რჩეულები არ არსებობდნენ? და ყველაფერი მხოლოდ ადამიანის ფლიდი ბუნების ამბავი იყო? ნახსენები იყო ასევე სოლომონი და აჰა, ესეც სოლომონის ენით აღუწერელი სიმდიდრისა და დიდების ამბავი. კაცმა რომ თქვას, მართლაც რა იქნებოდა, თუ არა ალქიმია? ერთი სიტყვით ადამიანებმა უღალატეს რაზიელს, ერთადერთს ვინც მათ დახმარების ხელი გამოუწოდათ, მაშინაც და ახლაც. არავის ადარდებდა დაკარგული ცა, რის გამოც გულუბრყვილო რაზიელმა ღმერთის საიდუმლო გაანდო ადამს. ცაში დაბრუნებაზე არც უფიქრიათ. დედამიწას კარგად მოერგნენ. საკუთარი დამოუკიდებელი სამყარო შექმნეს, სადაც ღმერთი და ანგელოზები სულაც აღარ სჭირდებოდათ. რადგან აქ თავად იყვნენ ღმერთები და მათ ხელში იყო ძალაუფლება. და მთელი ამბავიც ისე მოყვნენ, როგორც თავად აწყობდათ. ჰმ, ღმერთის რჩეულები?! რჩეულები თუ მოღალატეები და გამყიდველები?! თუ ამ წიგნში ამხელა სიბრძნე ინახებოდა, ალბათ ანგელოზების შეპყრობაზეც ეწერებოდა ორიოდე სიტყვა. ამიტომ ეძებდა მას მესამე რაიხიც. იმ ავადმოყოფ, განდიდების მანიით შეპყრობილ ჰიტლერს ხომ აკვიატებად ექცა უძველესი არტეფაქტები. ეს წიგნი უნდა მეპოვნა, მაგრამ სად? სად დამალავდნენ? სად შეინახავდნენ ამხელა განძს? _ კუსლიკ? როგორ გგონია, ვინ და რატომ მოკლა სარას მამა? ან საერთოდ ვინ იყო მამამისი? აქ სასაფლაოზე იქნება რამე მინიშნება, დარწმუნებული ვარ. დამეხმარე კუსლიკ!_ ძაღლმა უცნაურად შემომხედა. თითქოს გაიგო ჩემი ნათქვამი. ფეხზე წამოხტა და ეკლესიიდან გავარდა, მეც მაშინვე უკან მივყევი. ბევრი არ უძებნია, მაშინვე მიადგა ერთ ღობემორღვეულ საფლავს. როგორც ჩანდა, წლები იყო ამ სასაფლაოს აღარავინ აკითხავდა. ფანარი გავანათე და ქვას მივუახლოვდი. ქვაზე ეპიტაფია გაეკეთებინათ: "საყვარელ მეუღლესა და მამას, ქალაქის დამაარსებელს, მადლიერი ქალაქისგან. დავით იაკობის ძე აშკარელს. 1900_1951" რაოო? აშკარელიო? როგორ შეიძლებოდა ეს დამთხვევა ყოფილიყო? მე ლილიტ აშკარელი აქ ჩემი სავარაუდო წინაპრის საფლავთან ვიდექი? ისე სულ ვფიქრობდი, რა უცნაური გვარი მქონდა. სადღაც, რომელიღაც სოფლის სახელისგან წარმოქმნილი. და საკუთარი თავის გარდა ამ გვარისას არც არავის ვიცნობდი. აი ახლა კი სწორედ ჩემი მოგვარის საფლავს ვადექი ზედ და ეს დამთხვევა ვერაფრით ვერ იქნებოდა. იქნებ ყველაზე მთავარი, რაც გამომრჩა სწორედ ჩემი ვინაობა იყო? ვინ იყო ლილიტ აშკარელი? და რატომ მიიჩნევდნენ მას ამ ქალაქის მაცხოვრებელები ამხელა საფრთხედ?! თავი 4 დაკარგული ცა 4 ხანდახან, ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც, ზოგიერთი გონებაგახსნილი ადამიანი ამჩნევდა ამ უცნაური საიდუმლოს კვალს და სვამდა აკრძალულ კითხვებს. მაგრამ ჩვენ ვისწავლეთ როგორ გაგვეჩუმებინა ესეთი მოფიქრალი ადამიანები. სწორედ იმ მარტივი და ყოვლისმომცველი ერთი სიტყვით, რითაც ჩემი დამორჩილება შეძლეს, როცა მე იმ ხილვებზე ავლაპარაკდი, რასაც ვხედავდი. _გაგიჟდა!_ აი ის მაგიური სიტყვა, რომელიც ყველა მოაზროვნეს პირზე ბოქლომს ადებდა და აშინებდა. საფლავთან მდგარს საბოლოოდ გადამეწმინდა გონება. კი, ჯერ ისევ არ მახსოვდა საკუთარი ვინაობა, მაგრამ ეპიტაფიაზე მიწერილი საკუთარი გვარი, ნათლად ამბობდა, რომ მე არანაირი გიჟი არ ვიყავი. ამან საკუთარი თავის რწმენა შემმატა. დავფიქრდი, იქნებ აქ თუ არა, იქ ჩვენი წარმოშობის ადგილზე შემეტყო რაიმე ჩემს წარმომავლობაზე. ისევ ეკლესიაში დავბრუნდი. სხვაგან წასასვლელი არც არსად მქონდა. ქანდაკების კვარცხლბეკს მივეყრდენი და ჯერ კიდევ გაუფანტავ დილის სიბნელეს თვალი შევაჩვიე. ეკლესიის კედლებზე უცნაურ მოხატულობას მოვკარი თვალი. მობილურის ფანარი გავანათე და ფრესკებს მივუახლოვდი. რამდენიმე სრულიად ჩვეულებრივი, ნაცნობი სიუჟეტი ეხატა. ამბიონის თავზე უზარმაზარი ჯვარცმის სცენა დაეხატა მხატვარს. შუქი მივანათე და დავაკვირდი. ნაცნობმა პატარა ფიგურამ მიმიზიდა. გონება დავძაბე. ჯვარცმის ფონზე მაღლა ცაში უცნაური რამ ეხატა. ერთი შეხედვით ვარსკვლავს ჰგავდა, მაგრამ კარგად თუ დააკვირდებიდით, უცნაურ საფრენ აპარატს მოგაგონებდათ, შიგ ჩახატული პატარა ადამიანით. რა იყო ეს? პირველი თავში კოსმოსური ხომალდი ამომიტივტივდა. მერე გამეცინა, არა! ახლა მართლა დაუკრეფავში გადავდიოდი. მაგრამ სხვა რა უნდა ყოფილიყო? რაც უფრო ვცდილობდი გახსენებას , მით უფრო მებინდებოდა გონება. _ რაზიელ, სად ხარ რაზიელ!_ დავიძახე ხმამაღლა და იქვე იატაკზე მისი ქანდაკების ჯაჭვის სამბულთან ჩავჯექი დაღლილი. თითებს მონოტონურად ვაკაკუნებდი იატაკზე და საკმაო ხნის შემდეგ გავიაზრე, რომ კაკუნის ხმა ფილის უკან სიცარიელეზე მიუთითებდა. გავშრი. როგორ აქამდე ვერ მოვიფიქრე? მუხლებზე დავდექი და მუშტი გამეტებით დავცხე ლითონის ფირფიტას. შემდეგ ჯაჭვის რგოლს დავეჯაჯგურე უიმედოდ. ნუთუ ამდენად სულელები იყვნენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საიდუმლოს ამდენად სააშკარაოზე დამალავდნენ? მაგრამ, კაცმა რომ თქვას, ჩემ გარდა რომელ გიჟს მოუნდებოდა ჩაკეტილ ეკლესიაში საიდუმლო სამალავების ძებნა? მანქანასთან დავბრუნდი ისევ ამწე ამოვიღე და კუსლიკა გავაფრთხილე. _ გარეთ მიდარაჯე კუს! არამგონია იმ სარდაფში იმაზე საშიში რამ დამხვდეს, ვიდრე ამ სოფლიდან მემუქრება!_კუსამ შეჰყეფა და სახით სოფლისკენ დაჯდა. _ ჩემო ჭკვიანო!_ შევაქე და ისევ სარდაფს დავუბრუნდი. ამწე საბმულს შევუყენე და მოვმართე. ნელ_ ნელა აქაჩა რგოლი. და ზუსტად მაშინ, როცა ვიფიქრე ამწე ვერ გაუძლებდა, გაისმა მტვრევის ხმა და ჟანგიანი საიდუმლო სარდაფის ლუქი მთლიანად ამოტყდა ოთხივე სამაგრიდან. სუხარულით ხმამაღლა შევძახე. ამწე გადავწიე და მუხლებზე მდგარმა სქელი რკინის სახურავი გვერდზე გადავაჩოჩე. ჯერ შიგ ჩავიხედე. დილის რიჟრაჟი პირველ სამ საფეხურსაც სუსტად ანათებდა, უფრო დაბლა კი წყვდიადი იწვა. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე მართლაც და ტყუილად ხომ არაფერი ხდება? რადგან აქამდე მოვაღწიე, გზაც აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა. ფანარი ჩავანათე და მტკიცედ ჩავაბიჯე იქ, სადაც ალბათ ძალიან ბევრი წელი იყო ადამიანს ფეხი აღარ დაედგა. სინესტის სუნი ისე მძაფრად იგრძნობოდა, რომ ფილტვები კინაღამ დამიხშო. რაც უფრო დაბლა ჩავდიოდი, მით უფრო მძიმდებოდა ჰაერი. ქვის კიბეები კი სპირალურად ეშვებოდნენ უძირო სიღრმეში. დაახლოებით ოცი ოცდაათი წუთი ვეშვებოდი იმ უცნაურ წყვდიადში და უიმედობის თუ შიშის უცნაურ საცეცებს საკუთარ გულში ვგრძნობდი. რაღაც მომენტში ვიგრძენი ზურგი მიხურდა. თავიდან დაღლილობას დავაბრალე, მაგრამ რაც უფრო ვუახლოვდებოდი მიზანს, მით უფრო მტკიოდა ბეჭები, თითქოს ცეცხლი მეკიდა. სიმწრის ცრემლებმა ამივსეს თვალები. _ სულ რომ მოკვდე ტკივილისგან, გაჩერება არ გაბედო ლილიტ!_ შევუძახე საკუთარ თავს და ნაბიჯს ავუჩქარე. სარდაფის ფსკერს გაჭირვებით მივაღწიე და გავვოცდი. გარშემო წრეზე რამდენიმე საკანი დამხვდა. ფანარის შუქიც კი ძლივს ანათებდა ამ ბლანტ სიბნელეს. _ რაზიელ!_ დავიჩურჩულე. თითქოს ვინმე ჩემს ხმას გაიგებდა. _ რაზიელ!_ უფრო ხმამაღლა დავუძახე. სუსტი კვნესა მომესმა და ხმას მივყევი. მესამე საკანში ვიპოვნე, რაღაც ადამიანის მაგვარი არსება, საოცრად გამხდარი და გასაცოდავებული. გრძელ აბურდულ და ჭუჭყიან თეთრ თმებში გამოხვეული. ნუთუ ეს იყო რაზიელი? რაღაც საერთოთ არ ჰგავდა დიად ანგელოზს. წამით შევყოყმანდი. ვაითუ საბედისწერო შეცდომას ვუშვებდი? კაცმა არ იცის რა დანაშაულის გამო ჰყავდათ ეს არსება აქ გამოკეტილი, მე კი დღის სინათლეზე ვაპირებდი მის გამოშვებას. ეჭვები, რომელიც ბლანტ სიბნელედ მეხვეოდა გარს, ისევ მისმა უმწეო კვნესამ გამიფანტა. მისკენ დავიხარე და აბურდული თმა გადავუწიე. შვკრთი, ორი უზარმაზარი ჭრილობა მიმზერდა მისი მხრებიდან. ორი პირღია უფსკრული. გადამტვრეულ ძვლებ ამოჩრილი ორი საზარი იარა. ეჭვი არ იყო, სწორედ ეს იყო, რაზიელი. ბრძენი ბრძენთა შორის და ერთდროს ამაყი ქერუბიმი. ღმერთის ფერხთით მჯდომი და მისი საიდუმლოს მცველი. ახლა კი ადამის ძეთა მიერ მოტყუებული განაწამები და სასიკვდილოდ მიტოვებული. _ რაზიელ!_ გადმოვაბრუნე სახით ჩემსკენ. თვალები ძლივს გაახილა. დამაკვირდა და სუსტად გაიღიმა. _ ლილიტ შენ მიპოვნე! თავი 5 დაკარგული ცა 5 #დაკარგულიცა _ ეს როგორ მოხდა რაზიელ? როგორ მოახერხეს მათ ეს? _ მის ფეხზე გამობმულ წვრილ ჯაჭვს დავეჯაჯგურე. სასაცილო იყო, ეს ჯაჭვი ზედმეტად წვრილი იყო ანგელოზისთვის, მაგრამ ადამიანისთვის სრულებით სამყოფი. გულმა მიგრძნო, რომ ასე ადვილი არ იქნებოდა მისი გაწყვეტა. _ მაგას ვერ გახსნი ლილიტ!_ გაეღიმა რაზიელს სუსტად._ უკვე ათასჯერ ვცადე. _ აბა რა უნდა ვქნა?!_ ისევ ჩემი ამწე გამახსენდა. წამოვხტი და კირისკენ გავიქეცი. _ საით?_ მომაძახა შეშფოთებულმა. ალბათ ეგონა ვტოვებდი. _ რამე იარაღს მოვიტან და გაგანთავისუფლებ!_ ვუთხარი მტკიცედ. რაზიელს გაეცინა. _ ამას ადამიანი ვერ გაწყვიტავს ლილიტ! ეს ანგელოზებისთვისაა! _ მაშინ შენ რატომ არ..._ გავჩუმდი. მის თვალებში უზომო ტკივილი ჩანდა. _ შენც ანგელოზობა წაგართვეს არა?_ მივუხვდი საწუხარს. _სწორი ხარ. მართალი იყო მამა. მათი ნდობა არ შეიძლება. ყველაფრის მიუხედავად, ნახე რა მიქნეს! ვერ წარმოვიდგენდი, ვერ დავიჯერებდი, რომ მე, მათ ერთადერთ მოამაგეს ასე გამომეტებდნენ._ ტკივილი მისი მისივე სიტყვებიდან იღვრებოდა. _ რა ვქნა რაზიელ? მითხარი რა ვქნა?_ უმწეოდ გავშალე ხელები. _ შენ უნდა გაიხსენო ვინ ხარ! საკუთარი თავი უნდა დაიბრუნო! _ ნესტიან კედელს მიეყრდნო ზურგით და ჭრილობებმაც მაშინვე შეახსნეს თავი. _ და ვინ ვარ? დამეხმარე რაზიელ! დამეხმარე, რომ შენი გადარჩენა შევძლო!_ უმწეობისგან და უძლურებისგან თანდათან ვცოფდებოდი და ეს სიბრაზე ჩემში ლავასავით იწყებდა დუღილს. _ ვინ ვარ მე რაზიელ?_ ვგრძნობდი მასთან სიახლოვისგან ჩემი ემოციები რაღაც ბარიერს ანგრევდა ჩემში. _ შენც ანგელოზი ხარ ლილიტ!_ მითხრა რაზიელმა თან ჩემს ემოციას ინტერესით დააკვირდა._ რატომ არ გახსოვს ეს? _ მან მე ანგელოზობა წამართვა!_ გამახსენდა, როგორ წამართვეს ფრთები. _ მან? მამამ? _ რაზიელმა ჩემდა მოულოდნელად გადაიხარხარა._ ეს შეუძლებელია! შენ მხოლოდ ანგელოზი არ ხარ, შენ ქალის საწყისი ხარ, პირველშობილი მდედრი და ერთადერთი! შენი მსგავსი სხვა არავინაა! სწორედ ამიტომ შენი განადგურება უბრალოდ შეუძლებელია! სამყაროს ბალანსისთვის სჭირდები! გაიხსენე ლილიტ! გაიხსენე, როგორ აღმოჩნდი დედამიწაზე. მისი სიტყვები გონებაში შემიძვრნენ და ჩემი მეხსიერების დახშული ლანირინთები სათითაოდ გაანათეს. ყველა სიბნელით დაგმანული კარი შელეწეს და მე ყველაფერი გამახსენდა. _ მე აქ ქალების გამო დავბრუნდი, რომ თავი მარტო აღარ მეგრძნო?!_ თან ვთქვი თან საკუთარი ნათქვამი დავადასტურე. _ მას კი არ მოეწონა ჩემი გადაწყვეტილება! ამიტომ დამსაჯა მეხსიერების დაკარგვით?_ შევხედე რაზიელს გაცოფებულმა. _ რატომ არავინ დამეხმარეთ? რატომ არავინ წახვედით მის წინააღმდეგ?! _ ჩვენ მორჩილება გვმართებს! ვინც განუდგა, კი იცი რადაც იქცა!_ მზერა ამარიდა რაზიელმა._ მე მხოლოდ ერთხელ დავარღვიე მისი ნება და აი შედეგიც! გლეული ხელით ჯაჭვი გაარაჩხუნა. ახლაღა გამახსენდა ეს ჯაჭვი. _ მე ერთხელ უკვე ვიყავი აქ რაზიელ! მაგრამ სამწუხაროდ მაშინ დავაგვიანე! იმ ამბავს ერთადერთი კარგი ადამიანიც შეეწირა! _ გავუაზრე, რომ მე კი არ ვიყავი დავით აშკარელის შთამომავალი, არამედ ის იყო ჩემი, კაცმა არ იცის მერამდენე, თაობა. ახლა სარა გამახსენდა. ანუ გამოდის სარაც ჩემი შთამომავალი იყო? ამ ჭიანჭველების სიავეს და სიხარბეს შეეწირა ჩემი გვარი! ჰაერი ჩავისუნთქე. მთელი სიბრაზე საკუთარი გონებისკენ მივმართე. მე არ ვიყავი ჰაერი, მე არ ვიყავი მიწა, არც წყალი ვიყავი და არც ცეცხლი. მე თავად სიცოცხლე ვიყავი. სამყაროს ქალური საწყისი. საუკუნეთა მიჯნაზე გადამალული სიმართლე. ძალმოსილება და უფლება თავისუფლების. მე ვგრძნობდი, როგორ ვინთებოდი შიგნიდან და ვხვდებოდი ვეღარ იტევდა ამ ძალას ჩემი ადამიანური სხეული. თვალები დავხუჭე და თვალდახუჭულსაც კი მომჭრა კაშკაშა სინათლემ თვალი. ის ნესტიანი დილეგი ალმასივით აკაშკაშდა. და როცა თვალი გავახილე მე ცეცხლისფერიანი და ცეცხლისფერფრთიანი ანგელოზი ვიყავი. ერთადერთი ქალი ანგელოზი სამყაროს დაბადებიდან დღემდე. უცნაური სიმშვიდე დამეუფლა. ყველა მარწუხმა დასტოვა ჩემი სხეულიც და ჩემი გონებაც. ფერხთით დაგდებულ ჯაჭვს ხელი მოვკიდე და ოდნავ მოვქაჩე. მეტალი წამსვე დამემორჩილა. აალდა და ჩაიფერფლა. რაზიელს ხელი გავუწოდე. მანაც ღიმილით ჩამჭიდა ხელი. _ წამოდი, დროა დავასრულოთ ეს ცირკი!_ ვუთხარი და ჰაერში ავიტაცე. სამალავის თავზე კუსლიკა იდგა და კარის მიმართულებით ყეფდა. კარში კი ის საცოდავი ბრბო გახირულიყო. შეცბუნებით და შიშით სავსე თვალებით. შიშზე უფრო კი სიძულვილს ვხედავდი მათ მზერაში. მაშ შურდათ ჩვენი, და ვძულდით იმის მიუხედავად , რომ ამ საცოდავ სიცოცხლის ნაგლეჯს ჩვენ გვიმადლიდნენ. ცოცხლებიც კი არ ერქვათ, აი უკვე ლამის ნახევარ საუკუნეზე მეტი, რაზიელის ენერგიით იკვებებოდნენ. სანახევროდ აჩრდილები. მათ წინ ის შავწვერა ფარაჯიანი კაცი იდგა. თვალის ფოსოები წყვდიადით ჰქონდა სავსე. მივხვდი ვისი მსახურიც იყო. _ რამდენს ბედავ შე საბრალო?_ ვკითხე და მისკენ გადავდგი ნაბიჯი. მსურდა ადგილზე გამესრისა, როგორც რაღაც ბინძური მწერი. _ სული გაყიდე არა? შენს თვალებში ვხდავ სიბნელეს!_ გაეცინა. სხვებმა შიშით გადახედეს. _ რაო არ იცოდით?_ გამეღიმა მე. _ ამ სატანის ნაშიერმა მოკლა დავით აშკარელი! თუ დავითიც გადაივიწყეთ ისევე, როგორც რაზიელი?! მე ვნახე მისი მივიწყებული საფლავი ზოია! _ ახლა სარას დედას გავხედე კუშტი მზერით. თვალი ამარიდა და ბატონის უკან მიიმალა. _ რატომ გააკეთეთ ეს? რატომ უღალატეთ რაზიელს? რატომ დაუთმეთ მას თქვენი წმინდა სულები? ნუთუ ვერ ხედავთ, რას დაგამსგავსათ?_ მამისგან ვიცოდი, რომ სინანული არასდროს იყო გვიანი. მინდოდა თუნდაც ერთ მათგანში მაინც დამენახა ის სინანული. სწორედ ის , რასაც მამა უშედეგოდ ეძებდა წარღვნის წინ ნოეში. _ კიი, ჩვენც გვახსოვხარ ლილიტ!_ საშინელი ხმა ჰქონდა იმ სულგაყიდულს. თითქოს პირდაპირ ჯოჯოხეთიდან საუბრობდა პატრონის პირით. _ კარგად გვახსოვს შენი სასჯელი! შენი ბრალია, რაც ახლა გვჭირს! ხომ ასეა?! _ ავად გახედა ზურგს უკან მდგომთ. შიშის თუ იმის გამო, რომ მისი სჯეროდათ ყველამ, როგორც ერთმა თავი დაუქნია. და ეკლესიაში შემოლაგდნენ. _ მე შანსი მოგეცით, როგორც მაშინ! მაგრამ თქვენ არ ინდომეთ! იყოს ნება თქვენი!_ ვთქვი და თავისით გაიშალა ჩემი უზარმაზარი ცეცხლოვანი ფრთები. ანუ სწორად ეშინოდათ ჩემი, რადგან სწორედ მე გავანადგურე მაშინ მათი შხამიანი კრაზანების ბუდე და ახლაც აშკარად იგივეს ვაპირებდი. შავწვერას ავად ჩაეცინა. უბეში ხელი ჩაიყო და მის ხელში ოქროსფერმა გაიელვა. _ ლილიტ წიგნი!_ შეჰყვირა საკუთარი ქანდაკების ძირში აქამდე უხმოდ მჯდარმა რაზიელმა. ავი ღიმილით გადაშალა შავწვერამ წიგნი და მეც რაღაც საშინელებისთვის მოვემზადე. რაღაც ისეთისთვის, რამაც ერთხელ უკვე დამიხშო გონება და მეხსიერება ამდენი წლით წამიშალა. იმ ცოდვის ბუნაგმა კი დამცინავი ღიმილით გადაშალა წიგნი და უცებ შეკრთა. დახურა, გადააბრუნა და გადმოაბრუნა. წამდი ტრაგედია კომედიით შეიცვალა. ლამის სიცილი ამიტყდა მის უმწეო სახეზე. _ ზოია!_ იღრიალა შეშინებულმა._ სადაა სარა?! ეკლესია მოვათვალიერე. სარა არსად სჩანდა. დავფიქრდი და მივხვდი, სად შეიძლებოდა დაემალა იმ საზრიან ბავშვს ის, რაც იმ ოქროსფერი ყდიდან მოიპარა. _ აბა დავიწყოთ, ნუღარ ვალოდინებთ შენს პატრონს!_ გავუღიმე შავწვერას და სანამ რამეს იტყოდა ეკლესიის კარები მოიხურა. ყველა დაკეტილ რკინის კარს მიაწყდა, მაგრამ, ვერაფერს ვიტყვი, საკმაოდ გამძლე კარი შეებათ რაზიელის საპატიმროსთვის. ხოდა დაუფასდათ კიდეც ეს მონდომება. ზუსტად ცენტრში ჰაერში ავიწიე. ქარიშხალივით დავტრიალდი. ცეცხლი მოედო ყველაფერს, მაგრამ ეს არ იყო ის ცნობილი ჯოჯოხეთის სიცოცხლის შემმუსვრელი მტანჯველი ლავა. ეს სიცოცხლის წყარო იყო, სიცოცხლის და სიწმინდის. დაახლოებით ისეთი, ეკლესიაში ანთებულ სანთლს რომ აძლევს ენერგიას და მლოცველის ლოცვა ზეცაში რომ ააქვს. ამ ცეცხლს ერთი უნიკალური თვისება აქვს, ყველაფერს პირვანდელ სახეს უბრუნებს, და გამოაჩენს შენიღბულ სინამდვილეს. როცა ცეცხლი გაქრა, დამწვრობის კვალიც კი არ ეტყობოდათ შენობის კედლებს. მხოლოდ ხალხი აღარ სჩანდა არსად. ძირს გადაშლილი ეგდო რაზიელის წიგნის ოქროს ყდა. შავწვერას სახსენებელიც კი გამქრალიყო ამ სამყაროში მთელი მისი სულგაყიდული სექტიანად. უკან მოვიხედე და ქანდაკების ადგილას მშვენიერი , სრულყოფილი ანგელოზი დავინახე. უნაკლო სხეულით, გრძელი ქერა თმით და ქათქათა ფრთებით. _ კეთილი იყოს შენი დაბრუნება რაზიელ!_ გავუღიმე მე. _ კეთილი იყოს შენი დაბრუნება ლილიტ!_ გამიღიმა მანაც. ეკლესიიდან გამოვედით და დავით აშკარელის საფლავისკენ გავემართეთ. საფლავის მორყეულ, ჟანგიან რკინის ჯვართან იჯდა სარა. ისევ განუყრელი ნაცრისფერი კაბით და ხელში ნაჭრის ტიკინით. გვერდით კი ენაგადმოგდებული კუსლუკა ეჯდა. _ სარა, კარგად ხარ?_ ვკითხე და მის წინ ჩამოვჯექი. მან რაზიელს გახედა სევდიანად. _ გამარჯობა რაზიელ!_ გაუღიმა წრფელი ბავშვური ღიმილით._ მგონი ეს შენია და უნდა დაგიბრუნო! მამა ამბობდა, რომ ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო!_ ნაჭრის თოჯინას მუცელი გაუხსნა და იქიდან წიგნის შუაგული ამოიღო. რაზიელს გაუწოდა. რაზიელმა საპასუხოდ გაუღიმა, ფურცლები აიღო და იმ ოქროს ყდაში ფრთხილად ჩადო. _მგონი ჩვენი წასვლის დროა!_ ისევ ღიმილით უთხრა სარას. _ ნამდვილად დროა! მგონი დაიღალა კიდეც მამაჩემი ლოდინით!_ სარა ფეხზე წამოდგა და რაზიელს ხელი ჩაკიდა. _ შენ არ წამოხვალ ლილიტ?!_ ისე მკითხა, რომ ჩემი პასუხი აშკარად იცოდა. _ არა, ვფიქრობ ჩემი ადგილი მიწაზეა! კიდევ რამდენიმე წყვდიადის შვილი მყავს მოსანახულებელი!_ ამას რომ ვამბობდი, ჩემი მთავარი ექიმის სიბნელით სავსე თვალები გამახსენდა და სიამოვნებით ჩამეღიმა. _ ალბათ რემოც მელოდება, გაგიჟდებოდა საწყალი!_ ვთქვი თავისუფლებით ბედნიერმა. _ კარგი, ვფიქრობ, ეს არ დაგჭირდება!_ წიგნი დამანახა რაზიელმა._ ისედაც დიდი აყალ_მაყალი გამოიწვია. სამწუხაროდ არაა ამ ცოდნისთვის მზად დედამიწა. შენ კი უკან დასაბრუნებელი გზა არ დაგჭირდება, რადგან შენ არ დაგიკარგავს ცა, ეს ცამ დაგკარგა შენ! _ მხოლო ერთი რამ დარჩა!_ შეაჩერა სარამ და თავისუფალი ხელი კუსლიკასკენ გაიშვირა_ მისი ადგილიც აქაა, და ისიც იმსახურებს ერთ შანსს, არ მეთანხმები? თვალი ჩაუკრა რაზიელს. _ ოჰ, ეს ადამიანები თავიანთი ადამიანური სისუსტეებით!_ თავი გადააქნია რაზიელმა და ბოლოჯერ გადაშალა თავისი წიგნი დედამიწაზე. _ დარჩი თუკი ეს შენი ნებაა!_ უთხრა ბოლოს კუსლიკას. ძაღლმა დაიყეფა და კუდის ქიცინით გამოიქცა ჩემთან. _ მშვიდობით რაზიელ, მშვიდობით სარა!_ ცრემლიც კი მომადგა თვალზე. _ ვფიქრობ ჩვენ ისევ შევხვდებით!_ თვალი ჩამიკრა რაზიელმა, სარამ თავისი მუცელგახსნილი აწ უკვე უფუნქციო ნაჭრის ტიკინა მამამისის საფლავზე დადგმულ რკინის ჯვარს მიუსვა გვერდით, თითქოს მან უკვე შობა საკუთარი საიდუმლო და ვალიც მოიხადა. ალბათ ოდესღაც სწორედ მამამ აჩუქა. რაზიელმა თეთრი ფრთები დაიქნია და სარასთან ერთად ზეცად აიჭრა. _ ხოო!_ გადავხედე ოთხფეხა ერთგულ მეგობარს_ აბა რას ვაპირებთ?! ძაღლმა შემომყეფა და მანქანისკენ გაიქცა. მეც ღიმილით გავყევი უკან. _ ვნახოთ ერთი რას იტყვის ბატონი რემო, როცა დაგინახავს!_ წინასწარ ვტკბებოდი იმის შეგრხნებით, თუ რა საქმეებიც მელოდა წინ. ხელის თითები სიამოვნებით გადავუსვი ერთმანეთს. ბოლოს წამით მოვხედე დავითის საფლავს. იისფერ მეზემბრიებს სულ დაეფარათ ამ პატიოსანი ადამიანის საფლავი. იისფერი ყვავილი ხალიჩასავით ეფინა მიწას. ზოგჯერ სიკვდილი სიცოცხლის გაგრძელების ერთადერთი ჭეშმარიტი გზა იყო, სჯეროდათ თუ არა ამის ადამიანებს მაინც. რადგან ფაქტი ფაქტად რჩებოდა, რომ ამ უზარმაზარ, უძველეს სასაფლაოზე მხოლოდ დავითის საფლავს ფარავდნენ ეს მშვენიერი ყვავილები. შორს კი, მწვანედ აფოფრილ დაგრეხილ მთებში ჩამავალი მზის ფონზე, მირაჟივით მოჩანდა ოდესღაც ლამაზი ქალაქის უსახური ნანგრევები. (დასასრული) ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.