შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მერე რა ( 1 )


23-12-2023, 21:43
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 264

- უკვე გადიხარ? -კართან დახვდა კოტე, ხელში საქაღალდეები ეჭირა, დაღლილი სახე ჰქონდა და უძილობისგან ჩაწითლებული თვალები.
- გავდივარ და ჯობია შენც თუ გახვალ, ცოტა დაისვენე თორემ გადაიწვები.
- რა დროს დასვენებაა, რაღაცები მაქვს შესასწორებელი, ეს პროექტი თუ მოეწონათ და დაგვიმტკიცეს ხომ წარმოგიდგენია როგორ წავიწევთ წინ.
- გოგა სად არის?
- არაბებთან იყო შეხვედრაზე და საღამოს სადღაც კლუბში მიდის მათთან ერთად, ამტკიცებს ხვალ შეთანხმებაზე ხელს უპრობლემოდ მოვაწერინებო, დაიბარა ტატო აღნიშვნისთვის მოემზადოსო.
იცოდა ტატომ რასაც ნიშნავდა აღნიშვნა გოგას ენაზე, ბარი, დალევა და ქალები, მიუხედავად იმისა რომ ცოლშვილი ჰყავდა მაინც არ იშლიდა თავისას.
- კარგი ძმაო, წავედი, ხვალ დილით ადრე მოვალ და გავაგრძელოთ, -მხარზე დაკრა ხელი კოტეს და ლიფტისკენ წავიდა, ათი წლის წინ ორ მეგობართან ერთად ჩამოაყალიბა სამშენებლო ფირმა და ახლა ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს და უძლიერეს კომპანიას წარმოადგენდნენ, გარეთ გამოსულმა უზარმაზარ შენობას ახედა და გაეღიმა როცა გაახსენდა თუ როგორ დაიწყეს ყველაფერი, მხოლოდ ერთი პატარა ნაქირავები ოფისი ჰქონდათ და უამრავი ვალი სხვადასხვა ბანკში, დღე ად ღამე მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, უამრავი სიძნელე გადალახეს რომ აქამდე მოეღწიათ, ისეთი დროც იყო როცა ფიქრობდნენ რომ სჯობდა დანებებულიყვნენ თუმცა ყველაფერს გაუძლეს, ყველაფერი გადაიტანეს...
ლიფტის უკანა კედელზე დატანებულ სარკეში შეათვალიერა საკუთარი თავი, საშუალოზე მაღალი იყო, სპორტული აღნაგობის მქონე, შავი, საფეთქლებთან ოდნავ შეჭაღარავებული თმით, მუქი შოკოლადისფერი თვალებით, სახის დახვეწილი ნაკვთებით და მოკლედ შეჭრილი წვერით, ნიკაპზე ჩამოისვა, გრძელი მოქნილი თითები და საკუთარ ანარეკლს გაუღიმა, არ მოეწონა როცა სარკეში ნაძალადევად აპრეხილი ტუჩის კუთხეები და უმეტყველო მზერა დაინახა...

- მარიკო სახლში ხარ? მოვედი, -საშინლად დაღლილმა შეაბიჯა ტატომ მისაღებში და სახე გაუბრწყინდა დაბალ მაგიდასთან ხალიჩაზე ფეხმორთხმით მჯდარი, წიგნებში და რვეულებში თავჩარგული თექვსმეტიოდე წლის გამხდარი, გრძელთმიანი, ულამაზესი გოგონა რიომ დაინახა.
- მამიკო მოხვედი? -ფეხზე წამოხტა გოგონა, სირბილით წამოვიდა მისკენ და ჩაეხუტა, გული გაუთბა, მოდუნდა, თითქოს მთელი დღის დაღლილობა და დაძაბულობა სადღაც გაქრა, მისი სახე ხელებში მოიქცია და საყვარლად აწითლებული ლოყები დაუკოცნა.
- ისევ მეცადინეობ პატარავ? მგონი ძალიან იტვირთები ამ ბოლო დროს თათი, არ გინდა სადმე ერთად წავიდეთ რამდენიმე დღით, დავისვენოთ.
- მე და შენ? -თვალები გაუბრწყინდა თათიას.
- მე შენ და დედა.
- დედაც? -წამში სადღაც გაქრა ცოტახნის წინანდელი სიხარული, რაღაცნაირად ეტკინა ტატოს, ან იქნებ ეწყინა მისი ასეთი დამოკიდებულება.
- ისევ იჩხუბეთ? ახლა რაღა მოხდა? სად არის? -იკითხა თუმცა უკვე წინასწარ იცოდა პასუხი.
- არაფერი არ მომხდარა, როგორც ყოველთვის, ცოტა ვიკამათეთ და მერე თავის დაქალებთან ერთად წავიდა გასართობად, გვიან მოვალო დაგიბარა, -თვალები აუწყლიანდა თათიას და ზურგი შეაქცია მამას, ისევ გაკვეთილებს მიუბრუნდა, დაჯდა, წიგნებში ჩარგო თავი, არ გამოპარვია ტატოს მისი მოცახცახე მხრები და აკანკალებული თითები რომლებითაც ამაოდ ცდილობდა კალმის სწორად დაჭერას, მიუახლოვდა, მის გვერდით ჩაიმუხლა, ხელი მოხვია და მაგრად მიიხუტა მკერდზე.
- მომიყევი რა მოხდა, ასე რატომ ნერვიულობ, ასეთი რა გააკეთა.
- მე და საბა დაგვინახა ერთად, სახლამდე მომაცილა სკოლის შემდეგ და აქვე პარკში ვისხედით, ნაყინს ვჭამდით, ვსაუბრობდით.
- საბა? შენი კლასელი?
- ჰო.
- კარგი ბიჭია.
- მართლა ასე ფიქრობ? -მამის მკლავებიდან თავი დააღწია და გაბრწყინებული თვალებით ახედა ქვემოდან, -საბა მართლა მოგწონს?
გაეღიმა ტატოს, ისეთი საყვარელი იყო თათია, ისეთი ლამაზი, ისეთი ჭკვიანი, ისეთი გულწრფელი და მიამიტი, ღმერთს მუდამ მადლობას სწირავდა რომ ასეთი შვილი ჰყავდა.
- თვალები ზუსტად ისე გიბრწყინავს საბას ხსენებისას როგორც მას უბრწყინავს როცა შენ გხედავს ხოლმე, -ცხვირზე ფრთხილად დაკრა თითი და მისი სირცხვილისგან აწითლებული ღაწვების დანახვაზე გულიანად გაეცინა, -რაო, რა უნდოდა დედაშენს.
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი, -ჯიუტად გააქნია თავი, იცოტა ტატომ თათია დედამისის უფრო მეტად გაბრაზებას ერიდებოდა, ეს თითისტოლა გოგო ცდილობდა მისთვის ხასიათის შეწყობას როცა მარიკო საერთოდ არაფერს აკეთებდა ქმართან და სვილთან ურთიერთობის დასალაგებლად.
- მომიყევი, ხომ იცი მას არაფერს ვეტყვი, უბრალოდ მინდა ვიცოდე რა მოხდა.
- მართლა არ ეტყვი?
- როდისმე ვინმესთვის მითქვამს ჩვენი რომელიმე საიდუმლო?
თავი გააქნია თათიამ უარის ნიშნად, მართლა ასე იყო, ყოველთვის ყველაფერს უყვებოდა მამას და ისიც პირნათლად უნახავდა ყოველ საიდუმლოს, მძიმედ ამოიოხრა, ეტყობოდა როგორ უჭირდა საუბრის დაწყება.
- რომ დაგვინახა მიყვირა მადენ ხანს სად ხარ და ქუჩაში რატომ ზიხარო, ძალით წამომიყვანა სახლში მერე კი მითხრა არ გაბედო და ჩემი მეგობრის შვილთან არ იმეგობროო, მეორედ საბასთან ერთად არ დაგინახო თორემ ცოცხალი ვერ გადამირჩები, ჩემს მეგობრებთან ნუ მარცხვენო, რა უნდა მამა, რას მერჩის, მე რა შუაში ვარ იმასთან რომ ის და საბას დედა დაქალები არიან ან რატომ არ უნდა ვიმეგობრო მასთან, არავისთან ურთიერთობის საშუალებას არ მაძლევს, სულ მეჩხუბება, მლანძღავს, მამცირებს, შენი ბრალია მე და მამაშენს რომ ურთიერთობა გაგვიფუჭდაო ასე მითხრა...
- ასე თქვა? -კბილი კბილს დააჭირა ტატომ და მუშტები შეკრა გაბრაზებულმა.
- ჰო ასე თქვა, არ ვუყვარვარ მამა, რატომ არ ვუყვარვარ, ასეთი რა დავუშავე, ყოველთვის ვცდილობ რომ კარგად მოვიქცე და არ შევარცხვინო, ახლა კი უნდა რომ საბასაც დამაშოროს, მითხარი ხომ არ მისცემ ამის უფლებას? შემპირდი რომ საბასთან ურთიერთობას არ დამიშლის, შემპირდი.
- გპირდები პატარავ, გპირდები რომ ყველაფერს მოვაგვარებ, -შეპირდა თუმცა არ იცოდა ამას როგორ მოახერხებდა, წინასწარ იცოდა რომ დიდი ომის გადატანა მოუწევდა, მარიკოსთან ჩხუბი და კამათი კი უკვე ყელში ჰქონდა ამოსული.
- ასე იმიტომ მექცევა ასე რომ თქვენი ნამდვილი შვილი არ ვარ? -დაუფიქრებლად წამოსცდა თათიას და ამ რამდენიმე სიტყვას ისეთი ტკივილი ამოაყოლა ტატო მთლიანად შეძრა.
- ეს მეორედ აღარ თქვა, -ზედმეტად ხმამაღლა გამოუვიდა და თათია რომ შეხტა მაშინღა მიხვდა ამას, თავზე გადაუსვა ხელი და ნაზად მიეფერა ლოყაზე, -მეორედ აღარ თქვა რომ ჩვენი შვილი არ ხარ, შენ ჩემი პატარა ხარ, ჩემი ერთადერთი სიხარული, რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაგაჩინა, ჩვენ გაგზარდეთ გესმის? გვიყვარხარ, მარიკოსაც უყვარხარ უბრალოდ ამას ვერ გამოხატავს, შეუძლებელია შენნაირი საოცარი ბავშვი ვინმეს არ უყვარდეს.
- მაპატიე მა, -მკერდში ჩაეკრა და ასლუკუნდა, მაპატიე, შენი წყენინება არ მინდოდა, უბრალოდ დედამ მითხრა იძულებული რომ არ ვყოფილიყავი არ გიშვილებდითო, რატომ იყავით იძულებულები, ეს რას ნიშნავს? ასე რატომ მითხრა?
თვალები დახუჭა ტატომ, უკვე ოცდათოთხმეტი წლის იყო და ახლაც გუშინდელივით ახსოვდა ის დღე როცა ის და მარიკო ბავშვთა სახლში მივიდნენ პატარის წამოსაყვანად, მას შემდეგ თორმეტი წელი გავიდა, თათია უკვე თექვსმეტი წლის ხდებოდა, დრო იყო ისე დალაპარაკებოდა როგორც ზრდასრულს, დარწმუნებული იყო ყველაფრის გაგებას შეძლებდა.
- ყველაფერს მოგიყვები თუ მომისმენ, -მის მკლავებში მობუზულს დახედა ზემოდან და თბილად გაუღიმა, თანხმობის მიღების შემდეგ კი უფრო მოხერხებულად მოეწყო...

მე და მარიკო ძალიან ახალგაზრდები ვიყავით როცა დავქორწინდით, მე ოცის ის თვრამეტის იყო, შეიძლება ახლა ოცი წლის ადამიანი ძალიან დიდად გეჩვენება მაგრამ ასე არ არის, მაშინ არცერთი არ ვიყავით მზად ოჯახის შესაქმნელად, ბევრ რამეს ვერ ვიაზრებდით, ერთად ყოფნა გვინდოდა თუმცა მომავალ სიძნელეებზე და ოჯახურ ტვირთზე არცერთს არ გვიფიქრია, ერთ სკოლაში ვსწავლობდით, მეათე კლასში ვიყავი ჩვენთან რომ გადმოვიდა სასწავლებლად, მალევე გავიცანი და დავახლოვდით, სკოლა რომ დაამთავრა ხელი ვთხოვე, დამთანხმდა, ჩვენი მშობლები წინააღმდეგები იყვნენ თუმცა არავის არ ვათხოვეთ ყური, ამ ასაკში ხომ გგონია თითქოს ყველაფერი მხოლოდ შენ იცი სწორად და მთელი სამყარო შენს წინააღმდეგ არის ამხედრებული, ჩვენი გავიტანეთ და მათ უჩუმრად დავქორწინდით.



- შენ რომ გამოგყვა ცოლად იმის გამო ვეღარ გააგრძელა სწავლა დედამ? -შეაწყვეტინა თათიამ.
- ეს საიდან მოიტანე?
- გავიგონე ერთხელ როგორ გითხრა შენი ბრალია პროფესია რომ არ მაქვსო, ისედაც სულ შენ გაბრალებს ყველაფერს.
- ჰოო, ზოგადად ადამიანებს გვჩვევია ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება, -მწარედ გაეღიმა ტატოს, -მე არასდროს არაფერი დამიშლია მისთვის, ყოველთვის ყველაფერში მხარს ვუჭერდი, ჩვენი ქორწინების პირველ წელს თვითონ გადაწყვიტა რომ უნივერსიტეტში ჩაბარება ცოტა ხნით უნდა გადაედო, ვეუბნებოდი მერე გაგრძელება გაგიჭირდებათქო მაგრამ არ დამიჯერა, უნდა დავისვენო და ცხოვრებით დავტკბეო ამბობდა, მე ვმუშაობდი და თან ვსწავლობდი...
- დედა რას აკეთებდა?
- დიასახლისობდა, მეგობრებთან ერთად ერთობოდა, დროდადრო წვეულებებს მართავდა, როგორც თვითონ ამბობდა ცხოვრებით ტკბებოდა.
- შენ როგორ ახერხებდი თან სწავლას და თან მუშაობას?
- სხვა გზა არ მქონდა, მასზე დაქორწინებით პასუხისმგებლობა ავიღე, უკვე ოჯახი მყავდა, მომავალზე უნდა მეფიქრა, დასაკარგი დრო ნამდვილად არ მქონდა, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ჩემმა და მისმა მშობლებმა იმაზე დაიწყეს საუბარი რომ შვილი არ გვიჩნდებოდა არადა უკვე დრო იყო.
- რას ნიშნავს უკვე დრო იყო?
- მათი აზრით სხვა რისთვის ქორწინდება ადამიანი თუ არა შვილის გასაჩენად, არადა შვილის გაჩენა სულაც არ არის ვალდებულება, არც სხვისთვის რამის დამტკიცება, არც ისაა ტრაგედია თუ საერთოდ არ გეყოლება არადა მარიკო ძალიან განიცდიდა მათ თითქმის ყოველდღიურ შემოტევებს, ნერვიული გახდა, მთელი დღეები იჯდა სახლში გამოკეტილი და ტიროდა, გამოკვლევებზე ერთად წავედით, მკურნალობა დავიწყეთ თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ექიმმა გამოგვიცხადა რომ მას ერთი პროცენტიც კი არ ჰქონდა შანსი შვილის ყოლის.
- ალბათ ძალიან ინერვიულა, -დამრგვალებული თვალებით ამოხედა ტატოს თათიამ, მის სახეზე გულწრფელი ღელვა და მწუხარება ჩანდა.
- უფრო მეტად იმაზე ნერვიულობდა თუ რას იტყოდნენ სხვები, მთელი კვირა ტიროდა დედაჩემი და დედაშენი რას იტყვიან თუ გაიგებენ რომ უშვილო ვარო, ამიტომაც შევთანხმდით იმაზე რომ ყველას ეტყოდა თითქოს მე ვიყავი უშვილო, ამის შემდეგ ცოტა დაწყნარდა.
- და შენზე რა თქვეს?
- ვინ?
- თქვენმა მშობლებმა?
- მაგას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს, მთავარია რომ მარიკო იყო მშვიდად.
- მე როგორ მიშვილეთ?
- უკვე ოცდაოთხი წლის ვიყავი როცა ერთხელ სახლში მოსულს მარიკომ გამომიცხადა სერიოზული საქმე მაქვს შენთანო, მითხრა იქნებ ბავშვი აგვეყვანაო, ძალიან გამიხარდა, თქმას ვერ ვუბედავდი თორემ უკვე დიდი ხანია მინდოდა ამის გაკეთება, ბავშვთა სახლში მივედით, შენობის შესასვლელთან დაგვხვდა დირექტორი, მარიკო მას ესაუბრებოდა, ეზოს მოვავლე თვალი და იქვე ქვიშაში მოთამაშე ბავშვებს შორის დაგინახე, თავიდან ფეხებამდე ქვიშაში და ტალახში იყავი ამოსვრილი, პლასტმასის ნიჩაბს გამეტებით ურტყამდი შენზე ორი თავით მაღალ ბიჭს და ისე საყვარლად აბრიალებდი დიდ ლურჯ თვალებს...
- ასეთი რამ არ მახსოვს, -თვალები დააწვრილა თათიამ და გახსენება სცადა თუმცა ვერაფრით იხსენებდა ვერცერთ წუთს ბავშვთა სახლში გატარებულს, მისთვის იმ წუთიდან იწყებოდა ცხოვრება როცა ტატომ პირველად ჩაიხუტა გულში, მის მხარზე თავმიდებულს ჩამოეძინა და ახალ სახლში, ახალ საძინებელში გაახილა თვალები, ფუმფულა საწოლში იწვა, საძინებელს ვარდისფერი კედლები ჰქონდა და უამრავი სათამაშო ეწყო იატაკზე...
- გასაკვირი არ არის რომ არ გახსოვს, ოთხი წლის იყავი, -თავზე ნაზად აკოცა ტატომ.
- ჩემი საძინებელი მახსოვს, ბუნდოვნად მაგრამ მახსოვს როგორ მომეწონა როცა გავიღვიძე და ვარდისფერი კედლები დავინახე, რაღაც უნდა გკითხო და არ გეწყინოს მა, მე რატომ წამომიყვანეთ?
- ეს რა კითხვაა?
- ყოველთვის პატარა ბავშვები მიყავთ ხოლმე მე კი ოთხი წლის ვიყავი.
- რა მნიშვნელობა აქვს რამდენის იყავი, ისე გჭირდებოდა მზრუნველობა როგორც დანარჩენებს, დაგინახე თუ არა მაშინვე მივხვდი რომ ჩემი პატარა გოგო შენ უნდა ყოფილიყავი.
- დედასაც დანახვისთანავე მოვეწონე? -იმედიანი ხმით ჰკითხა თუმცა თვალები ეჭვებით ჰქონდა სავსე, გაახსენდა ტატოს რამხელა ბრძოლის გადატანა მოუხდა იმისთვის რომ მარიკო თათიას წამოყვანაზე დათანხმებოდა, ჩემები რას იტყვიანო მთელი ხმით ყვიროდა, ისედაც სხვისი ბავშვი უნდა ვზარდო და ეს რატომ უნდა წავიყვანო ვერ ხედავ რას ჰგავსო.
- რათქმაუნდა მოეწონე, -ღიმილით დახედა ულამაზეს გედად ქცეულ მახინჯ იხვის ჭუკს...

ჩაბნელებულ ღია ვერანდაზე მოწნულ სავარძელში იჯდა ტატო, გვერდით მაგიდაზე სასმლით სავსე ჭიქა ედგა, თუმცა არ სვამდა, იშვიათად თუ მოუნდებოდა დალევა და ეს დღე აშკარად არ იყო იმ იშვიათ დღეებს შორის, ფეხშიშველი იყო, სიამოვნებდა შიშველ ფეხისგულებზე გრილი ფილაქანის შეხება, თხელი სპორტული შარვალი და მოკლემკლავიანი გულმოღეღილი მაისური ეცვა, ტელეფონს დახედავდა ხოლმე მალიმალ თუმცა არ დაურეკავს, უკვე კარგა ხანი იყო რაც აღარ ურეკავდა ხოლმე მარიკოს როცა ქალბატონი გვიანობამდე არ მოდიოდა სახლში, ახლაც თორმეტი ხდებოდა...
ამოიოხრა და უკან გადააგდო თავი, ცა მოწმენდილი და უჩვეულოდ ლამაზი იყო, ვარსკვლავებით მოჭედილი, სავსე მთვარე დაჰყურებდა თავზე, ის დრო გაახსენდა ის და მარიკო უჩუმრად რომ იპარებოდნენ ხოლმე სკოლის სახურავზე და პირდაპირ ბეტონზე გაშლილ პლედებზე წამოწოლილები აჰყურებდნენ ცას, რამდენ რამეზე ოცნებობდნენ მაშინ, მომავლის გეგმებს აწყობდნენ, ათას რამეს წარმოიდგენდნენ ხოლმე, დაადებდა მკერდზე თავს მარიკო, ნაზად მოხვევდა მკლავებს და ეჩურჩულებოდა უამრავ სასიამოვნო სიტყვას...

- მაინც ვერ მოიშალე ჩემი ლოდინი, როცა ვაგვიანებ არ მირეკავ მაგრამ ყოველთვის მელოდები, უჩემოდ არ იძინებ, მომწონს ასე რომ იქცევი, -სიგარეტის წევისგან ხრინწგარეულმა ხმამ გამოარკვია წარსულის მოგონებებიდან, უსიამოვნოდ შეჭმუხნა წარბები როცა სასმლის სუნი იგრძნო, წამოიწია და უემოციოდ აათვალიერა ერთ ადგილზე მობარბაცე სხეული, მაღალქუსლიანები ეცვა, ვიწრო, მოკლე შავი კაბა, ქერა თმა გაშლილი ჰქონდა როგორც ყოველთვის, წითელი ტუჩსაცხი ოდნავ ჰქონდა გადღაბნილი მარცხენა ტუჩის კუთხეში, უაზროდ აცეცებდა სასმლისგან ამღვრეულ ნაცრისფერ თვალებს.
- წამოდი დავიძინოთ, -წამოდგა და ხელი ჩასჭიდა მაჯაში თუმცა მარიკომ არ დაანება.
- არ მკითხავ სად ვიყავი?
- არ გკითხავ, ახლა დასვენება და გამოძინება გჭირდება, ხვალ დილით ვისაუბროთ.
- ადრე მეკითხებოდი ხოლმე, მირეკავდი, გაინტერესებდა სად ვიყავი და რას ვაკეთებდი, ახლა საერთოდ აღარ მაქცევ ყურადღებას, აღარ გიყვარვარ? იმიტომ გადამიყვარე რომ შვილი ვერ გაგიჩინე?
- გეყოფა, სისულელეებს ნუ ბოდავ, -კბილებში გამოსცრა ტატომ და ძალით წაიყვანა შესასვლელისკენ, -შვილი გვყავს და აქეთ-იქით სიარულს და შუაღამემდე სმას ჯობია მას მიაქციო ყურადღება.
- კიდევ ენა მოგიტანა მაგ ლაწირაკმა? -მთელი ხმით იკივლა და უკან დახეული ზურგით მიეჯახა მოჩუქურთმებულ კარადას, ტკივილისგან ამოიკვნესა, -ის ჩემი შვილი არ არის, სწორედ მის გამოა რომ შენი ყურადღება მომაკლდა.
- გაჩუმდი თორემ გაიღვიძებს, -პირზე ააფარა ტატომ ხელი გველივით ასხმარტალებულს, -გინდა გაიგოს რასაც ამბობ? ასე ძალიან გინდა რომ შეგიძულოს?
- გამიშვი, ხელი მომაშორე, მშვენივრად იცი რომ არ მაინტერესებს რას იფიქრებს, დედაჩემს და დედაშენს რომ არ დაეჟინათ ბავშვი აიყვანე თორემ ტატო გაგეყრებაო იმ ბავშვთა სახლში არასდროს მივიდოდი.
- რას ამბობ მარი, -უღონოდ ჩამოუცვივდა მკლავები ტატოს და ერთ ადგილზე გაშეშდა, პირველად ესმოდა ასეთი რამ, რატომღაც ყოველთვის ეგონა რომ მარიკოსაც უნდოდა ბავშვის აყვანა, მისი საქციელის და თათიას მიმართ სიცივის მიუხედავად არ უნდოდა დაჯერება რომ გოგონა არ უყვარდა, ყოველთვის ცდილობდა მისი საქციელისთვის გამართლება მოეძებნა.







ეტყობოდა მარიკოს რომ საერთოდ არ ან აღარ ადარდებდა ტატოს გრძნობები და განცდები, ერთადერთი იმაზე ფიქრობდა ერთბაშად მიეხალა მისთვის პირში ის ყველაფერი რაც ამდენი ხანი ასე აწუხებდა და ამძიმებდა, ყოველთვის ასე იყო, მოსწონდა როცა სხვებს ადანაშაულებდა იმაში რომ ვერა და ვერ იპოვა კუთვნილი ბედნიერება, ამშვიდებდა ის რომ სხვაში პოულობდა საკუთარი ჩამქრალი ცხოვრების მიზესს, არადა იქნებ სულ ოდნავი ხელის განძრევა, თვალის უკეთ გახელა და თბილი გულწრფელი ღიმილი იყო იმისთვის საჭირო რომ საყვარელ მამაკაცთან ერთად ბედნიერად ეცხოვრა, იქნებ თვითონაც უნდა დაეთმო რაღაც, თვითონაც ეცადა სხვისი გაგება, იქნებ როგორმე გაეთავისებინა ის რომ სამყარო მის გარშემო არ ბრუნავდა და სხვებსაც გააჩნდათ გრძნობები, სურვილები, ოცნებები...
- საკმარისია, გთხოვ წამომყევი, წამოდი დავიძინოთ, -კიდევ ერთხელ მოერია საკუთარ თავს, კიდევ ერთხელ ჩათვალა რომ ამ ყველაფერს ჭარბად მიღებული სასმელი ალაპარაკებდა და სინამდვილეში სულაც არ იყო ასეთი გულცივი და უგრძნობი, სადღაც გულის კუთხეში მბჟუტავ იმედს რომ ერთხელაც ყველაფრის გამოსწორებას და დალაგებას შეძლებდა ვერაფერს უხერხებდა, თუმცა ახლა ისეთი საშინელი იყო მარიკოს მზერა, ცივი, ბოღმით, სიძულვილით და კიდევ რაღაც გაურკვეველი გრძნობების ნაზავით სავსე...
- არ წამოვალ, არსად არ წამოვალ სანამ ყველაფერს არ გეტყვი, -ჰაერში შემართა თითი და სცადა ერთ ადგილზე გასწორებულიყო, -შენ არაფერი არ იცი, არადა უნდა იცოდე, უნდა იცოდე როგორ ვიტანჯებოდი შენს გამო, დედაჩემი ყოველთვის ტვინს მიბურღავდა უშვილო ხარ და ნახე თუ არ დაგშორდესო, მერე დედაშენიც დაემატა, დრო მოვა და ჩემი შვილი ისეთ ქალს იპოვის ვინც ბავშვს გაუჩენსო, ვიფიქრე თუ პატარა ბიჭს ავიყვანდით ყველაფერი გამოსწორდებოდა, მირჩიეს მიდი დაელაპარაკე, უთხარი რომ ბავშვის აყვანა გინდაო, მეც გითხარი, ვერც წარმომედგინა თუ ასე ძალიან გაგიხარდებოდა, მერე ბავშვთა სახლში წავედით და შენ მაიცდამაინც ის მახინჯი აარჩიე რომელმაც მთელი ცხოვრება მომიწამლა, იძულებული გავხდი შენი ყურადღება და სიყვარული მასთან გამენაწილებინა, ღმერთო, ვერ წარმოიდგენ რა ცუდად ვიგრძენი თავი როცა პირველად დამიძახა დედა, მოდიოდა, მეხუტებოდა, მაიძულებდა მის მიმართ ყურადღება გამომეჩინა, იძულებული ვიყავი ჩემი და შენი ოჯახის წევრების დამცინავი გამოხედვა და გადალაპარაკებები ამეტანა მის შესახებ, იცი რა ცუდად ვიყავი როცა ჩემი დაქალები თავიანთ შვილებზე საუბრობდნენ და მე ვერაფერს ვამბობდი, რა მექნა იმ არსებაზე მესაუბრა რომელსაც ერთი წვეთი სისხლიც კი არ აქვს ჩემი? ვიტანდი, ვუძლებდი და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ რომ შენ შემენარჩუნებინე, ამდენი წელი ვითმენდი მის არსებობას ჩვენს ცხოვრებაში თუმცა ახლა ვხვდები რომ მაინც დაგკარგე, არაფერს არ ჰქონდა აზრი...
გაშეშებული, გაფითრებული ტატოსთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე წაბარბაცდა სამზარეულოსკენ, ხმაურით შეაღო კარი, თავი ასწია ტატომ და მეორე სართულზე ამავალი კიბის თავზე მდგარ ვარდისფერ საღამურებში გამოწყობილ თმააჩეჩილ თათიაზე გაუშეშდა მზერა რომელსაც ლოყებზე ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები...
-
- აღვნიშნოთ? -გოგამ თაროდან ვისკის ჭიქები გადმოიღო და მაგიდაზე დაალაგა, სასმელი დაასხა და მოპირდაპირედ მსხდომ ტატოს და კოტეს გადააწოდა, ამჯერად საერთოდ არ დაფიქრებულა ტატო ისე გამოცალა ჭიქა და ისევ გაუწოდა.
- დაასხი.
წარბი ასწია გოგამ გაკვირვების ნიშნად, დაუსხა და კოტეს ანიშნა თვალით რა ხდებაო, მხრები აიჩეჩა კოტემ და უკვე ცარიელ ჭიქას გააყოლა თვალი.
- კარგად ხარ? მგონი ძალიან გადაიღალე, -გოგას ანიშნა მეტი აღარ დაუსხაო და წამოდგა, -უკვე ათი საათია ხომ არ ჯობია სახლში წავიდეთ, დასვენება არ გვაწყენდა, შენ მითუმეტეს, მთელი კვირაა თავაუღებლად მუშაობ წადი კარგად გამოიძინე ხვალ საერთოდ ნუ მოხვალ, ჩვენ მივხედავთ ყველაფერს.
- მართლა არ მაწყენდა რამდენიმე დღით დასვენება, -კეფაზე შემოიჭდო თითები ტატომ და ნაძალადევად გაიღიმა, -რაკი ეს პროექტი დავასრულეთ და ყველაფერი კარგად არის, მგონი მართლა ვიმსახურებთ ცოტა მოდუნებას, ალბათ აგარაკზე ავალ ორი დღით.
- ცოლ შვილთან ერთად?
- არა, მარტო წავალ, მარიკო დედამისთან ერთად პარიზშია დასასვენებლად, თათია ორი დღის წინ ნათლიამისთან გავუშვი კახეთში, რამდენიმე დღე იქ დარჩება.
- მარტო ხომ არ იქნები, მე და კოტეც წამოვალთ, გოგოებსაც ამოვიყვანთ, -თავისი ახალი იდეით აღფრთოვანებულ გივიკოს თვალები უბრწყინავდა.
- ხომ იცი არ მიყვარს ასეთი რაღაცები, -უარის ნიშნად თავი გააქნია ტატომ.
- არ გიყვარს და მე და კოტე გავერთობით, შენ ისევ წმინდანივით გააგრძელე ცხოვრება რა პრობლემაა, ისე ძმაო შენნაირი კაცის მნახველი არ ვარ, როგორ შეგიძლია ასეთ გართობაზე უარის თქმა.
- შეეშვი ვერ ხედავ რომ დასვენება სჭირდება? -კოტემ თავში წამოარტყა გალექსილ გოგას, -შენ კიდევ ჯობია დაანებე თავი იმ გოგოებს და ცოლშვილს მიხედე, იცოდე გაიგებს ნატა ყველაფერს და არ გაპატიებს, დაჯექი მერე და იტირე და იწუწუნე.
- კარგად ბიჭებო, -ხელის აწევით დაემშვიდობა ორივეს ტატო და უხმაუროდ გამოიხურა ოფისის კარი, სახლში მისვლა არც უფიქრია, აგარაკზე ყველაფერი ჰქონდა, მხოლოდ საჭმლის საყიდლად მოუწევდა მაღაზიაში შევლა, სულ რაღაც ერთი საათის შემდეგ ტყეში გაჭრილ ვიწრო, მიხვეულ მოხვეულ გზას მიუყვებოდა, ფანჯრები ღია ჰქონდა და ღამის გრილი ნიავი ელამუნებოდა სახეზე, სასიამოვნო მუსიკა იღვრებოდა სალონში, კარგა ხანი იყო რაც თავი ასე მშვიდად და კარგად არ ეგრძნო, თითქოს ყველასა და ყველაფრისგან თავისუფალი იყო, ყველა პრობლემა სადღაც შორს იყო დარჩენილი...

- ეს რა ჯანდაბაა, ამის დედაც, -ხმამაღლა შეიგინა როცა მოულოდნელად გადმოუხტა წინ ვიღაც, ძლივს მოასწრო დამუხრუჭება, დროზე გაჩერდა, გაცოფებული გადავიდა და ზუსტად ავტომობილის წინ რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით ასფალტზე მჯდარ, პატარა, გამხდარ, შიშისგან მოცახცახე სხეულს მიუახლოვდა, გოგონა იყო ალბათ ოცი ოცდაორი წლის თუ იქნებოდა, ფარების შუქზე უბზინავდა მხრებამდე ჩამოშლილი მუქი თმა ფერადი ბოლოებით, თეთრი თხელი სარაფანი ეცვა და დაბალძირიანი სპორტული ფეხსაცმელი, მისი აკანკალებული ხელები და ნიკაპი რომ შეამჩნია მაშინვე სადღაც გაქრა სურვილი მოეკლა და რაღაც უცნაური თანაგრძნობისმაგვარი გრძნობა გაუჩნდა.
- კარგად ხარ? -ჰკითხა და მანაც მაშინვე ამოხედა ქვემოდან აცრემლიანებული დიდი ლურჯი თვალებით, გაშრა ტატო, ადგილზე გაშეშდა, ვეღარაფერი თქვა, გული ისე აუჩქარდა ეგონა ცოტაც და გაუსკდებოდა, არ იცოდა ამ გრძნობისთვის რა დაერქვა, ასეთი რამ არასდროს განუცდია...
მისი დანახვისას სატირლად მოებრიცა ტუჩები გოგონას, გადაყვლეფილ მუხლს დახედა და წამოდგომა სცადა, ინსტიქტურად შეაშველა ხელი ტატომ, წამოაყენა და შებარბაცებული გულზე მიიხუტა.
- მაპატიეთ, მე... უბრალოდ თავბრუ დამეხვა, -მაშინვე გაითავისუფლა მისი მკლავებიდან თავი გოგონამ, ტატოს იასამნის გრილი, სასიამოვნო სურნელი შეატოვა და ავტომობილს დაეყრდნო, გარემოს მოავლო თვალი ტატომ, ირგვლივ უკაცრიელი ტყეების მეტი არაფერი ჩანდა, კაციშვილი ჭაჭანებაც კი არ იყო.
- აქ როგორ მოხვდი? რა შეგემთხვა? -გამომცდელად აათვალიერა საცოდავად აწურული, ისეთი სახით შეხედა გოგონამ აშკარად ეტყობოდა რომ ძალიან იყო შეშინებული და ახლა უჭირდა მისი ნდობა.
- მე... მე უბრალოდ დახმარება მჭირდება, აქვე ახლოს მივდიოდი და...
- მოდი დაჯექი და ისე ვისაუბროთ, თანაც იქ მიგიყვან სადაც მიდიოდი კარგი? ნუ გეშინია შენთვის რამის დაშავებას არ ვაპირებ, -ღიმილით დაამატა როცა შეამჩნია როგორ შეშინებულმა მიმოიხედა ირგვლივ.
როგორც კი ორივე მოთავსდნენ, გათბობა ჩართო და ძრავი აამუშავა, უჯრა გამოაღო და სველი ხელსახოცი გადააწოდა.
- სისხლი მოიწმინდე, -გადაყვლეფილ მუხლზე ანიშნა, -გამოართვა, მადლობის ნიშნად გაუღიმა და თხელი გრძელი თითები გაუწოდა.
- მე ელა ვარ.
- ტატო, -მაშინვე შეაგება ხელი და ოდნავ მოუჭირა, -მითხარი სად მიგიყვანო.
მისამართის გაგების შემდეგ ავტომობილი დაძრა, არც თუ ისე შორს იყო მისი აგარაკიდან მიიყვანდა და მერე მობრუნდებოდა უკან.
- მაინც არ მეუბნები აქ ამ უღრან ტყეში ასე მარტო როგორ მოხვდი, -ცნობისმოყვარეობას ვერ მოერია, ტუჩი მოიკვნიტა ელამ და ამოიოხრა.
- ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე მივდიოდი, თავის აგარაკზე მართავს წვეულებას, თბილისიდან ტაქსით წამოვედი, მძღოლი შუახნის მამაკაცი იყო და საკმაოდ ნასვამი, ხელების ფათური დამიწყო, რომ შევეწინააღმდეგე შუა გზაზე ჩამომაგდო, ტელეფონი და ჩანთაც კი არ ამიღია, ძალიან შემეშინდა, თქვენ რომ არა... -ტირილი გაურია ხმაში და თავი შეაბრუნა რომ ცრემლები ტატოსთვის არ დაენახვებინა...
-
-
-
კვირაში ერთხელ აუცილებლად აიტვირთება ახალი თავი :)



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

თქვენი ყველა იდსტორია განსხვავებული და საინტერესოა. ესეც არ არის გამონაკლსი. იმედია დიდხანს არ გვსლოდინებთ და მალე დადებთ გაგრძელებას

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი ნანა
თქვენი ყველა იდსტორია განსხვავებული და საინტერესოა. ესეც არ არის გამონაკლსი. იმედია დიდხანს არ გვსლოდინებთ და მალე დადებთ გაგრძელებას


heart_eyes ყველანაირად ვეცდები რომ მალე ავტვირთო heart_eyes

 


№3 სტუმარი ნია

რა საინტერესო და კარგია. სუპპერრრ. ველით გაგრძელებას. იმედია ლოდინით არ დაგვღლით

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინა

გთხობთ გააგრძელეთ. საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. იმედია არ შეწყვეტთ ისტორიას და ბოლომდე მიიყვანთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent