შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წრე (სრულად)


9-01-2024, 00:53
ავტორი nestandarejan
ნანახია 63 531

I თავი
ნაცრისფერ ჰორიზონტს გამოექცა ღამენათევი მზე, წითლად შეღება ტოტებს გამოკიდებული მოყვითალო ფოთლები დაცვენას რომ აპირებდნენ ნიავის პირველივე კოცნისთანავე.
სხივები გააძვრინა ნახევრად გაშიშვლებულ ხეებს შორის და მიზანში ამოღებული ისარივით დაესო მის თვალებს. უსიზმრო სიბნელე გადაფარებოდა ნანას გონებას, მზის შუქმა უსაგნოდ ამოუნათა თვალები და უკმაყოფილოდ შეიშმუშნა.
ნელ-ნელა შემოეცალა თიში და როგორც კი სავარძლის საზურგეზე გადავარდნილი თავის და კისრის ტკივილი იგრძნო, მაშინვე დაქაჩა თვალები.
გათენდა. რა მალე გათენდა...
გულაფრთხიალებულმა დახედა მაჯის საათს და უკაცრიელ ეზოს დაკვირვებული, გამჭოლი მზერა გადაატარა.
შვიდს აკლდა თერთმეტი წუთი.
სარკეში ჩაუხედავად გადმოვიდა მანქანიდან და რომ სცოდნოდა, ასეთი კარგი შეგრძნება იქნებოდა გრილი ნიავისა და გაშლილი სხეულის შეგრძნება, არც დაიძინებდა ალბათ მანქანაში.
პოლიციის განყოფილების ეზოს მიუახლოვდა რამდენიმე ნაბიჯით. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ყველას ესმოდა მისი ნაბიჯების ხმა.
ნიავმა მოუბერა და დაუნდობლად მიყარა გამხმარი ფოთლები წვიმისგან გაშავებულ ასფალტზე.
დაცვა იდგა მხოლოდ შესასვლელის კართან.
მჭიდროდ შემოიხვია ტყავის ქურთუკი ტანზე და ირგვლივ მიმოიხედა.
ჩუმად გაეღიმა კმაყოფილს. ესე იგი, ჯერ არავინ იცის მის გარდა. ექსკლუზივი ექნება.
ჟრუანტელი აუზუზუნდა გულში და ბრინჯივით გაებნა მთელს სხეულში.
ტელეფონი დატენილი აქვს. კამერა ჩართული ყოველი შემთხვევისთვის, არავინ იცის რა მოხდება და როდის.
მოუთმენლად გააბაკუნა ფეხები.
ევას ნომერი გამოძებნა და მიწერა, რომ სამსახურში წავიდა ადრიანად. ილიასთან არ დასცდებოდა, იმედია, თორემ აუცილებლად პრობლემები შეექმნებოდა თავგასული და ჩუმჩუმელა საქციელის გამო.
ფიქრები მაშინვე გადარეკა გონებიდან, როგორც კი შავი, დაბურულმინებიანი მანქანა შემოსრიალდა ეზოში და საბურავების ჭრიალით გაჩერდა რკინის ჭიშკართან.
ხმაური ჯერ კიდევ არ იყო ჩაწყნარებული, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ჭაღარა, წარმოსადეგი კაცი რომ გადმოფრინდა იქედან და შევარდენივით გავარდა შესასვლელისაკენ.
მოუჩქარა ნაბიჯს ნანამაც. ვერ მირბოდა, არ უნდოდა რამე გამორჩენოდა მის ყურთასმენას, თუმცა იმხელა ხმაზე აყვირდა დაცვასთან შეჩერებული კაცი, რთული იქნებოდა, ვინმეს რამე გამორჩენოდა.
სწრაფად შევარდა ეზოში. არავის ცხელოდა მისთვის. დაჭრილი მხეცივით ღრიალებდა დაცვასთან მიჭრილი მამაკაცი და შესასვლელისკენ მიიწევდა.
-თქვენ გააფრინეთ?! ჩემი შვილის ნახვა მინდა! რას ჰქვია, არ შეიძლება, გამაგებინეთ! რას ჰქვია, არ შეიძლება! იცით თქვენ, ვინ ვარ მე?! იცით?!
დაცვა ენაგადაყლაპული ცდილობდა მის შეჩერებას. ჩართული კამერა დაუმიზნა ნანამ, კარგად რომ დაეფიქსირებინა კადრი და თავადაც მიუახლოვდა ბრძოლის ველს.
-რა ხდება? რატომ არ უშვებთ ბატონ გელას თავისი შვილის მოსანახულებლად? -ამჯერად პოლიციისკენ მიმართა კამერა. სწრაფად აუფრიალა ხელი დაცვის თანამშრომელმა.
შიგნიდან გამორბოდნენ სხვა თანამშრომლებიც. გაზლაზნილად ირეკლავდა მათ სხეულებს პრიალა, თეთრი იატაკი.
ერთიანად დაირღვა ათი წუთის წინანდელი განთიადის სიმშვიდე პოლიციის თანამშრომლებს.
-მოაშორე ეგ კამერა! -მაგრად ჩააფრინდა ხელში გელას დაცვა ნანას, კამერის გამორთმევა სცადა.
-მაცადეთ საქმის კეთება, -ცივად დაუცაცხანა ნანამ, ველური გახდომოდა გამოუძინებელი თვალები, -მართალია, რომ თქვენმა შვილმა თქვენი სიძე მოკლა?!
მისკენ მობრუნდა ამჯერად გელა ბარათელი. ჩაწითლებული სახე და თვალები სულისშემძვრელ კონტრასტს ქმნიდა თეთრ საყელოიან პერანგთან. უსიამოვნო, გულისრევისმაგვარი შეგრძნება აუბუყბუყდა გულში ნანას. თვალებზე არ დატყობია არაფერი. ტელეფონი ისე ეჭირა, ვეღარავინ იფიქრებდა, რომ რამეს იღებდა.
-მომაშორე ეს გოგო აქედან! დროზე! -დაცვას მიმართა ნანას მაგივრად.
-ანუ არ უარყოფთ, რომ თქვენმა შვილმა თქვენი სიძე მოკლა?!
-ჩემს შვილს არავინ მოუკლავს! -ისე დაიღრიალა გელამ, თითქოს დაიღალაო ამის მტკიცებით. -გურამ, მოაშორე ეს გოგო აქედან! რა უფლებით არ მიშვებთ პოლიციის განყოფილებაში?! ვინ გიბრძანათ, ვინ მოგცათ მითითება?!
ვინ რას ეტყოდა გელა ბარათელს. პოლიტიკოსი იყო. ოპოზიციონერი. მთავრობის დაუძინებელი მტერი, სინათლე მათი სიბნელეში შეჩურთული, ბინძური საიდუმლოებებისთვის. ამისთვის მოსთხოვეს პასუხი ახლა.
უხეშად ჩაავლო ხელში გურამმა ნანას. ბრძოლას და წინააღმდეგობას არც ჰქონდა აზრი იმხელა სხეულის წინააღმდეგ. კივილით გაათრია ეზოდან და იმ მანქანაში ჩატენა, საიდანაც წეღან შურდულივით გამოვარდა გელა ბარათელი.
-გამომიშვი! გაიგე, შენ?! -ფანჯრის მინას ურტყამდა მუშტებს, ხმა ჩაწყვეტოდა ყვირილისაგან.
მერე გახელებულმა მოიმარჯვა ტელეფონი, კარგად უყურა გადაღებულ ვიდეოს და მაშინვე გადაუგზავნა თავის თანამშრომელს.
„დროზე ატვირთეთ, გელა ბარათელის შვილი დააკავეს სიძის მკვლელობისთვის, წუხანდელი ამბავია. პოლიციის განყოფილებაში არ უშვებენ.“

მზის სხივზე უფრო სწრაფად გავრცელდა ნანას ექსკლუზივი ინტერნეტში.
ყველას ეკრანზე მოჩანდა გელა ბარათელის გაგიჟებული სახე, გაწბილებული პოლიციელები. ისმოდა ნანას ხმაც, თუმცა შორიდან და გაუგებრად. ათასი კითხვა დაისვა. ვინ, სად, როდის, რატომ, როგორ...
დაცვასთან ერთად რომ დაბრუნდა გელა თავის მანქანაში პოლიციასთან წაგებული ბრძოლის შემდეგ, წინა სავარძლიდან გადმოხედა დაღლილმა უკანა სავარძელში გამეხებული სახით მჯდომ ჟურნალისტს.
-გაავრცელე ხომ უკვე? -ჰკითხა უხეშად და ხელი გაუწოდა. -მომეცი ტელეფონი.
-გამიღეთ კარი! -არ გარყეულა ნანა. ველური მზერით მისჩერებოდა მის წინ მჯდომს. მაგრად მოუჭირა ტელეფონს ხელი.
-შენი სახელი მითხარი.
-რისთვის? -წინ გადაიხარა ოდნავ. თვალები მოჭუტა და ისე ჰკითხა, -ჩემთვის რამის დაშავებას თუ აპირებთ, სულელური ნაბიჯი იქნება თქვენგან წინასაარჩევნოდ!
-შენთვის რამის დაშავებას რომ ვაპირებდე, შენი სიკვდილის გზაზე იქნებოდა გაყენებული ჩემი მანქანა. რა გქვია და ვინ გითხრა ამის შესახებ?
-ნანა ჩადუნელი. -მოკლედ მოუჭრა და ისეთი სახით შეხედა, აგრძნობინა ბარათელს, მისგან მეტს რომ ვერაფერს გაიგებდა. ინფორმაციის წყაროს სიცოცხლის ფასადაც არ გაამხელდა. –„ნაკადულის“ ჟურნალისტი. არავის უთქვამს, მე თვითონ გავიგე.
ერთხანს უყურა გელამ. მერე რაღაც ანიშნა გურამს და მანქანის საკეტის ხმა გაისმა სალონში.
მაშინვე არ გადავარდნილა ნანა. ამით აგრძნობინა, რომ არ ეშინოდა მათი და არც გასაქცევად ჰქონდა საქმე.
-დიმა ჩადუნელს იცნობ?
ელოდა კიდეც. მიჩვეული იყო ამ შეკითხვის გაგონებას ნანა თავისი გვარის გაჟღერების შემდეგ.
ხომ არიან ადამიანები, შეკითხვები, ქმედებები, საგნები ჩვენს ცხოვრებაში, რომლებსაც ვეჩვევით? დაბადებიდან რომ თან მოგვყვება და რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ მათთან ბრძოლას, წინააღმდეგობას ვწყვეტთ, გვღლის ჰაერში ხელების ქნევა და წყლის ნაყვა. ვეგუებით და რეაქცია აღარ გვაქვს... ან იშვიათად ვრეაგირებთ.
ბევრ რამეს შეეგუა ნანა ასე, ამ შეკითხვას ვერაფრით მოერია ვერასდროს. ვერაფრით გადალახა იმ კაცის სახელი, მისი გვარის გაგონებისას რომ პირველი აგონდებათ.
-არა, არ ვიცნობ! -მოკლედ მოუჭრა და გასაღებისკენ წაიღო ხელი.
ფეხი გადადგმული ჰქონდა გაღებული კარიდან, გელას ხმა რომ დაეწია. სხვანაირად შეცვლილი.
-ეს ამბავი ჩემმა ორსულმა ქალიშვილმა ტელეფონით გაიგო, ნანა.
-იმედია, თქვენი შვილი არ არის დამნაშავე. თქვენი სიძე კი იყო! -ნელა მიუხურა კარები და სწრაფი ნაბიჯით წავიდა თავისი მანქანისაკენ.
ცივი ჰაერი შეისუნთქა და გონებაში ამოტივტივებული ფიქრები მაშინვე დაბლოკა, როგორც კი გულში მოუღიტინა დანაშაულისა და ემპათიის გრძნობამ. ბოლომდე უარყოფა ჯერ კიდევ ვერ ისწავლა. ჯერ კიდევ ვერ მიაღწია იმას, რომ ცივი გულითა და გონებით აკეთოს თავისი საქმე. ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის და სხვა მრავალი აზარტული მიზეზის გარდა, რომელიც ამ თამაშში დარჩენას აიძულებს, იმ ჟინის დაკმაყოფილებაც სურს, რომ გრძნობებმა არ მართოს.
ვერაფრით ერევა.
მანქანა გაიყვანა პარკინგიდან და ცენტრალურ გზაზე რომ გადავიდა, მაშინვე აზუზუნდა ტელეფონი.
ილია ეწერა ზედ. სად გაექცეოდა ამ ლაპარაკს? ჯანდაბაშიც მიაგნებდა ლიფონავა. თავისი ხელით გამოუთხრიდა ყველა სამალავს და მაინც იპოვიდა, თუ მისგან დამალვას შეძლებდა ოდესმე, რადგა ზედმეტად კარგად იცნობდა ნანას. ისე კარგად, როგორც არ უნდა გიცნობდეს ადამიანი, რომლისგანაც რაღაცას მალავ.
-გააფრინე?! -ნამძინარევი ჰქონდა ხმა, თუმცა იმდენად მრისხანე გაეღიმა ნანას. უსიამოვნება იგრძნო, მიხვდა, რომ აწყენინა, -შენ იცი, რა გააკეთე? ხომ გაგაფრთხილე? იცი, რომ ორსულადაა მისი ცოლი? იცი, ნანა?!
-არ ვიცოდი, -საშინლად იგრძნო თავი, სინანული შემოერია ხმაში. გვიანი იყო უკვე, -უნდა გეთქვა...
-ჩემი თხოვნა არ იყო საკმარისი, ხომ? კიდევ დამატებითი მიზეზები უნდა მომეცა, რომ ეგრევე განყოფილებაში არ გადარდნილიყავი?
-მაპატიე, რა, ილო...
-შენ საერთოდ დაკარგე თავი, ნანა. ვეღარ გცნობ უკვე. ფრთხილად იყავი შენმა საქციელმა, ისეთ ადამიანად არ გაქციოს, ვისაც ებრძვი.
-არავის ვებრძვი მე, ჩემს საქმეს ვაკეთებ. -გულზე მოხვდა მეგობრის მართალი სიტყვები, წარბები შეყარა უკმაყოფილოდ.
-იმედია, არ გაიგებენ, რომ შენ გადაიღე. მარტო ბარათელები კი არა, მაგისი მტრებიც შენ დაგიწყებენ ძებნას, რომ ჩამოგაშორონ მაგ საქმეს და ტელევიზიას, ზოგადად.
-მაგისი მტრები მთავრობაში არიან, მთავრობას აწყობს ბარათელის გათახსირება, ამიტომ...
-მარტო მთავრობაში არ ჰყავს მტრები. ბევრია ისეთი, ვისაც ამ საქმის გამოძიება არ უნდა, ნანა. დაიჯერე, რასაც გეუბნები და მოშორდი მაგ ხალხს!
-მეტს ვეღარაფერს ვიზამ, ილო, დამშვიდდი.
-მთავარი გააკეთე უკვე, მეტი რაღა უნდა ქნა?! წადი სახლში და ევას მიხედე. გელოდება, ვერ გავიყვან მე დღეს სკოლაში.
-ილო, -ხმა შეეცვალა ნანას, -მაპატიე, რა...
-როცა გაპატიებ, დაგირეკავ.
როგორ არ უღირდა ილოს წყენინება ამ ექსკლუზივად მხოლოდ თვითონ იცის.
უემოციოდ აიგნორებდა ტელევიზიის თანამშრომლების ზარებსა და საქებარ სიტყვებს. სხვა გიგანტებთან შედარებით „ნაკადული“ სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ ხოლმე, მაგრამ ასეთი ერთი-ორი ექსკლუზივის წყალობით, რომლებსაც რაღაც დაფარული გზებით პოულობდა ხოლმე ნანა ჩადუნელი, ხშირად ცვლიდნენ რეიტინგს თავიანთ სასარგებლოდ.

სიმშვიდეს ეღვიძა თავის ეზოში. ცხრის ათი წუთი იყო უკვე და თითქმის ყველა ფანჯარაში ენთო სინათლე. ევასაც ეღვიძა, სამზარეულოს ღია ფანჯრიდან თეთრი დროშასავით ფრიალებდა ფარდა.
ყავის სუნი იდგა უკვე სახლში, როცა დაბრუნდა.
ესე იგი, ილო იყო უკვე აქ. ყავაც დაულევია.
ლასლასით შევიდა სამზარეულოში. მაგიდასთან იჯდა უკვე გამზადებულ-გამოწყობილი ევა და ტელეფონში უყურებდა რაღაცას.
-მოხვედი? -ჰკითხა თავის მოუბრუნებლად, -ილომ ნანა წაგიყვანსო დღეს.
-ყავა დამალევინე და, -ლოყაზე აკოცა დას, ჭიქა აართვა ხელიდან, -ფუ, სიროფია...
-მერამდენედ უნდა დაგემართოს? არ იცი, რომ ტკბილი მიყვარს? დაჯექი, გაგიკეთებ.
სკამზე ჩამოჯდა და სახე დაადო გაცივებულ მაგიდას. ჯერ არ გათენებულა და უკვე საშინლად იყო დაღლილი.
-შენ გადაიღე ის ვიდეო? ხმაზე გიცანი, -სასხვათაშორისოდ ჰკითხა ევამ, წინ დაუდგა ოხშივარავარდნილი ჭიქა.
-ხო, -დაუდასტურა ყრუდ.
-ილო გიჟივით შემოვარდა დღეს.
-აუ, ილო... -შეწუხებული სახით მოსვა ყავა, თვალები მილულა მწარე სითხის შეგრძნებისას. გულზე გადაევლო და წამიერად დაავიწყდა, რასაც გრძნობდა.
-ილომ გაგიყვანა კვალზე?! -ნანას დაქაჩულ თვალებზე ოდნავ შეკრთა ევა, -არ ვეტყვი არავის, ვიცი.
-არავის! -ცივად გაუმეორა ნანამ და ნახევრად გამოცლილი ჭიქა ნიჟარაში ჩადო. -არც იმას.
-არაფერს არ ვეუბნები ხოლმე ანდროს შენზე, -თავისი ჭიქაც გვერდით მიუდგა ევამ და მხარზე ჩამოადო თავი.
გული მოეწურა ნანას, ისე აინტერესებდა, ეკითხებოდა თუ არა ანდრო საერთოდ რამეს მასზე ევას. აინტერესებდა თუ არა საერთოდ.
ოქროსფერ თმაზე აკოცა უმცროს დას. თვალებდახუჭულმა შეისუნთქა მისი თბილი, მშვიდი სურნელი.
-მეშინია ხანდახან, ისე გიჟივით იქცევი, ნანა. არ შეიძლება ასეთი...-ხმა გაუწყდა ევას, თითქოს შესაფერის სიტყვას ეძებდა დის საქციელის შესაფასებლად, თან გულის ტკენაც არ უნდოდა მისთვის, -სიჯიუტე და დაუნდობლობა.
-ნუ გეშინია შენ, -შუბლზე აკოცა, მზერა მოარიდა მის ცისფერ თვალებს. -დაგვაგვიანდა, წამო ახლა...

სკოლასთან მისულებს უკვე დახვდათ იქ ნაცნობი მანქანა და ზედ მიყრდნობილი ნაცნობი სხეული. ნანა ყოველთვის აგვიანებდა, ანდრო ადრე მოდიოდა ყოველთვის. მხოლოდ ევას გამო უწევდათ შეხვედრა, ცივ, უდღეურ გამარჯობას უცვლიდნენ ერთმანეთს და ცივილიზებულად შორდებოდნენ, როგორც კი ევა ქრებოდა მათი სივრციდან.
უჩვეულოდ გაღიზიანებული ჰქონდა სახე ანდროს იმ დილით. ფეხით გასრისა სიგარეტი, როცა ევა მიუახლოვდა და თბილად მოხვია მხრებზე ხელები. ლოყაზე აკოცა და ისე დახედა, ვერავის ამჩნევდა თითქოს თავისი უმცროსი დის გარდა.
არ უნდოდა ნანას მიახლოვება, ჩვეულებრივ, არ გადმოდიოდა ხოლმე მანქანიდან, მაგრამ მზერით იგრძნო, რომ მისთვის უფრო იყო მოსული იქ უფროსი ძმა, ვიდრე ევასთვის.
-არ იჩხუბოთ რა კიდევ, -შეეხვეწა ორივეს ევა.
მიჩვეული იყო მათ გარემოცვაში ახლოს ყოფნის დროს თეთრი დროშის ფრიალს.
-არ ვიჩხუბებთ, მიდი, სანამ დაგაგვიანდა. -ძალით გაუღიმა ნანამ და მანამ უყურებდა ორივე ეზოში ევას, სანამ ბავშვებს არ შეერია და ბოლოს საერთოდ გაუჩინარდა.
შეცვლილი გამომეტყველებით მოაბრუნა თავი ანდრომ მისკენ. ბრაზისგან უკრთოდა მწვანე თვალები.
-დაკმაყოფილდი?
-რა გინდა, ანდრო? -მობეზრებული სახით ჰკითხა. არ იცოდა თითქოს, რა უნდოდა, -იმან გამოგგზავნა?
-შენც იცი, რომ მე იმის ბრძანებით არსად დავდივარ. გაიშარო გინდა? -ცივად შეუბრუნა შეკითხვა. ორივე ერიდებოდა „იმის“ სახელის ხსენებას,-ვის ეჭიდები, რომ ეჭიდები?
-დანაშაულს, სიბნელეს, ტყუილს, გაუნათლებლობას ვეჭიდები.
-დამარცხდები. -მეორე ღერი სიგარეტი ამოიღო კოლოფიდან.
ჩაეცინა ნანას მის სიტყვაზე და სახე აარიდა. მწარედ მოხვდა გულზე. არ უნდოდა ეს შეემჩნია ანდროს.
-მაგის სათქმელად შეიწუხე ამ დილაადრიან თავი?! -წარბები აზიდა, სახე როგორც კი დაალაგა და ძმისთვის მზერის გასწორების ძალა დაიბრუნა. -არ დავმარცხდები.
-დამარცხდები. იმიტომ კი არა, რომ მართალი არ ხარ, იმიტომ რომ ზედმეტად სუსტი ხარ ამათთან საბრძოლველად და სულელიც.
-სულელი? მე თუ სულელი ვარ, შენ ვინ ხარ?
ძალიან უნდოდა რამე მწარე ეთქვა ანდროსთვის, შეურაცხმყოფელი და მტკივნეული, თუმცა ვერაფრით მოერია რიდს, რომელიც ყოველთვის ხელ-ფეხს უკრავდა, როცა მასთან ლაპარაკობდა.
უბრაზდებოდა, ეჩხუბებოდა, ამწარებდა და ენასაც დაუმსახურებლად უბრუნებდა, მაგრამ დამცირებისთვის ვერ იმეტებდა ვერასდროს.
-შენ იმ რომანტიკული იდეის გჯერა, რომ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს, კეთილი ყოველთვის ამარცხებს ბოროტს... ამიტომ ხარ სულელი.
-ანდრო, არ მაქვს შენი თავი.
-რატო? მთელი ღამე მანქანაში გეძინა? -ადგილზე გააკავა ნანა ამ სიტყვებით, იცოდა ასე რომ მოხდებოდა, ამიტომაც უთხრა.
-შენ რა იცი? დამყვები?
-მერე ამბობ სულელი არ ვარო, -მანქანის კარი გამოაღო და ირონიულად გაუღიმა, ნახევარი ტანით შიგნით იყო უკვე, ქვემოდან რომ ამოხედა დას ჩამუქებული მწვანე თვალებით, -ჭკვიანად იყავი. მარტო შენი თავი არ გაბარია. მე მოვიყვან დღეს საღამოს ევას.
-არ არის შენი ზედამხედველობა საჭირო, ანდრო. მამაშენის ბინძური საქმეების მოგვარებას დრო არ მოაკლო.
გაღიზიანებულმა შეაქცია ზურგი და თავად გაასწრო ქუჩიდან. ღამენათევი აღარ წასულა სამსახურში. საკმარისი გავაკეთეო უკვე, ასე გაისტუმრა უფროსი, რომელიც ოფისში ელოდა და ილოს აუფეთქა ტელეფონი.
არც უპასუხა. თვითონ დაურეკავდა ალბათ, როცა აპატიებდა.
დღის ბოლომდე ტელეფონში იყო ჩამძვრალი, სახლიდან არ გასულა. ილოს ელოდა მოთმინებით, ის კი თითქოს განზრახ იგვიანებდა. უარესად სჯიდა თავის ნამუსთან მარტო დატოვებით ნანას. იცოდა, მხოლოდ საკუთარი სინდისი თუ ეტყოდა იმ მწარე სიტყვებს, რის სათქმელადაც ვერ გაიმეტებდა ილო თვითონ.
ოხშივარი ავარდნოდა ქალაქს ახალი ამბის ლავასავით გადმოფრქვევის შემდეგ. კბილებით იცავდნენ ბარათელს თავისი პარტიის წევრები, ნაცნობი მაღალჩინოსნები, ყველა, მთავრობისა და მათი მესვეურების გარდა.
როცა ნანამ საკუთარ თავს ჰკითხა, ნეტავ თუ არისო გიგი ბარათელი საერთოდ მკვლელი, გვიანი იყო უკვე. სვავებივით დასეოდნენ ხელებზე ბორკილებდადებულს. მონათლული იყო უკვე კარგი კაცის ცუდ შვილად, მკვლელად, რომელმაც არდაბადებულ მამას შვილი წაართვა. ბურუსით იყო დანარჩენი დეტალები გამოძერწილი. რატომ, როგორ... არ ჩანდა პასუხი არცერთი კითხვის ნიშნის შემდეგ.

კარზე დააკაკუნეს. ჯერ ორჯერ, შემდეგ ერთხელ. ესე იგი, ევაა.
ანდრო ვერასოდეს ელევა ხოლმე მასთან დაკარგული დროის ანაზღაურებას. სანამ არ ბნელდება, მანამდე ვერ იმეტებს სახლში დასაბრუნებლად ევას. უჩვეულოდ ადრე დააბრუნა დღეს.
ევას უკან ისე იდგა, შურდა თითქოს, უფროსი და რომ ეცილებოდა მის თავში.
-მოგვენატრე! -ყოველთვის ორივეს მაგიერ ლაპარაკობდა ხოლმე ევა. ჩაეხუტა დას და შიგნით შევარდა. -აუფ, რა დავიღალე!
-არ შემოხვალ? -ცივად ჰკითხა ანდროს ნანამ, გვერდზე გაიწია ოდნავ.
-არა, საქმე მაქვს. კარი ჩაკეტეთ.
-შენი დამქაში მოაშორე იქედან, -ეზოსკენ გაიქნა ნანამ თავი. გულდაწყვეტილმა რომ სახლში შემოსვლაზე უარი განაცხადა, ასე იყარა თითქოს ჯავრი ანდროზე.
-იქ იდგება ზაზა.
-ასე ზრუნავ ჩვენს უსაფრთხოებაზე?
-ევას უსაფრთხოებაზე ვზრუნავ, რომელიც შენ დაგავიწყდა დღეს დილით. საერთოდ რომ მოგიყვანე სახლში შენი შტერული საქციელის შემდეგ, მადლობა თქვი.
-რა გახადე ერთი ვიდეო ასეთი? -ცბიერი სახით ჰკითხა ნანამ. ზურგს უკან გაიხურა კარი და სადარბაზოში გავიდა თვითონაც. -ვინმე ისეთია შენთვის?... თქვენთვის?
-ვითომ არ იცი. დიმას ყურადღების მისაქცევად არ გააკეთე?! არ იცი, რომ ნათლიაჩემია გელა? არასდროს დაგინახავს ხომ გიგი ჩემ გვერდით?!
-ბევრი ადამიანი დამინახავს შენ გვერდით, ანდრო. ამიტომ ვერასდროს დამინახავ მე იმავე ადგილას. ევაც არ მემეტება, მაგრამ თავისი სურვილია და მე ვერაფერს დავაძალებ. ის ჯერ ვერაფერს ხვდება.
-ევა იმაზე მეტს ხვდება, ვიდრე შენ შეგიძლია წარმოიდგინო... არც მე მემეტება იმ საფრთხისთვის, რომელშიც შენ აგდებ, მაგრამ შენს თავს არ წავართმევ.
-ვერ წაართმევ, ანდრო. ჩემი და ჩემი გაზრდილია. მისი დაცვა შენგან არ მესწავლება. არც მამაშენისგან.
-ჩვენი დაა. მამაც ჩვენია. პირველ პირში, მრავლობით რიცხვში. -ოდნავ დაშორდა და კიბის პირველ საფეხურზე ჩადგა ფეხი ანდრომ, გამოხედა მერე ისევ კმაყოფილმა. იცოდა, მწარედ მოქაჩა ნანას გულზე გამობმულ ძაფებს მათი კავშირის შესახსენებლად.
ისიც იცოდა გაველურებული თვალები, სარკესავით რომ უპრიალებდა, ბრაზისგან არ უელავდა.
-იგრძენი ხო? -ალალად ჰკითხა ანდრომ, მთელი სახე მოუთვალიერა, არ უნდოდა იქ მობნეული ერთი ემოცია მაინც გამორჩენოდა. -ვერ გაწყვეტ მაგ კავშირს.
მიბრუნდა მერე და ნელი, უდარდელი ნაბიჯებით ჩაირბინა კიბეები ჩუმად.
წამწამებზე გამოკიდებული ცრემლები შეიმშრალა ნანამ ხელის გულით და პირით ამოისუნთქა ღრმად. ძლივს გადაყლაპა ყელში გაჩხერილი ეკლიანი ბურთი და შეუმჩნევლად შეძვრა სახლში.
მისაღებში ელოდა ევა.
-იჩხუბეთ კიდევ? -წარბები აზიდა ნანას წაშლილი სახის დანახვისას.
მხოლოდ ანდროს შეეძლო მასზე ასე ემოქმედა. მხოლოდ ანდრო აცლიდა ყველა ფერს სახიდან მის უფროს, ყველაზე ძლიერ და მისაბაძ დას მსოფლიოში. რომელსაც არასდროს არაფერი ეშლებოდა, სანამ ანდროზე არ მიდგებოდა საქმე. თავისივე სიძლიერე აშორებდა ანდროს, პრინციპული, მეტისმეტად პრაგმატული ხასიათი.
-არა, -მოგუდული ხმით უთხრა და სამზარეულოსკენ გაუხვია, ზედმეტ კითხვებს უპასუხოდ რომ არ გამოეაშკარავებინათ მის სახეზე არგასამხელი პასუხები. -რა გააკეთეთ დღეს?
-კინოში წამიყვანა, მერე ვისეირნეთ. დამპირდა, რომ სიონში წამიყვანს ერთ შაბათ-კვირას. მერე ტელეფონზე ლაპარაკობდა და რაღაც ისეთი გაიგო აშკარად, ამიტომ მომიყვანა ადრე.
-რაღა ადრე, ევა? დაღამდა... -შელურჯებული ცისკენ გაიქნია ხელი ნანამ.
დღეს ეთხოვებოდა ჩაბნელებული ღრუბლები. იწვიმებდა ალბათ.
-მერე რა... -მხრები აიჩეჩა, დასევდიანდა უჩვეულოდ. -საკმარისი არასდროსაა. რა კარგი იქნება, ერთად რომ ვცხოვრობდეთ. მე თქვენთან, ორივესთან მინდა...
-ვიცი, -გვერდით ჩამოუჯდა ნანა, პლედში შეძვრა მასთან ერთად და ფეხები აიკეცა. მიეხუტა მხარზე. უჩვეულო სიმშვიდე დაუბრუნდა მის სულსა და გონებას.
-მე, შენ და ანდრო რომ ვცხოვრობდეთ ერთად. დედა რომ არ ბრაზდებოდეს, როცა მასთან ვარ. დიმა რომ კარგი კაცი იყოს. -ოცნებების გრძელი სიის ჩამოთვლა განაგრძო ევამ, თან ბალიშზე გადააგდო თავი და ფანჯარაში გაიხედა. ღრუბლებზე ეწერა თითქოს მივიწყებული ნატვრები. -ნეტავ, ანდროს დედა ჩვენზე რას ფიქრობს? მასაც ისე არ ვუყვარვართ, როგორც დედას ანდრო?
-არ ვიცი. -სუსტად აიჩეჩა მხრები ნანამ.
სოფო დაუდგა თვალწინ. ანდროს ლამაზი დედა. მშვიდი, ღიმილიანი ქალი. ნეტავ, ბედნიერი თუ იყო დიმას გვერდით? არა, როგორ შეიძლება დიმასნაირი კაცის გვერდით ვინმე ბედნიერი იყოს... მან ხომ ყველა ქალი გააუბედურა თავის გარშემო?
-დავურეკოთ მოდი დედას, დღეს არ მილაპარაკია. -ტელეფონი ამოაძვრინა ჯიბიდან ევამ.
რამდენიმე ზარის გასვლის შემდეგ უპასუხა ლალიმ. სახე გაუნათდა ევას დანახვისას.
-როგორ ხარ, დე? -დამტკბარი ხმით ჰკითხა უმცროს ქალიშვილს.
-კარგად, დე, შენ? ვწევართ მე და ნანუჩი, -მასზე მიხუტებული დაც დაანახა კამერაში ევამ.
ხელი დაუქნია ნანამ ლალის შორეულ გამოსახულებას.
-რას ვიზამ. სად იყავით? აქამდე რატომ არ დამირეკეთ...
-ნანა მუშაობდა დღეს დილიდან, მე ჯერ სკოლაში, მერე...
-იმასთან ხომ? -თავისით მიხვდა ლალი, როცა წინადადება ვერ დაასრულა ევამ, ვისზეც იყო საუბარი. გაუმკაცრდა და გაუცივდა ხმა. უსიამოვნო გრძნობამ მოუღიტინა ნანას გულ-მკერდში, მერე აუზვირთდა, აუგორდა და უზარმაზარ მტვრის ბურთად გაეჩხირა ფილტვებში. -შენი და რას აკეთებდა ასეთ დროს? ნანა!
-გისმენ დედა. -ტელეფონი გამოართვა ევას. ბოდიშს უხდიდა თვალებით, ტყუილის თქმა რომ ვერ შეძლო. თვალი ჩაუკრა უმცროს დას. -რა ხდება?
-რამდენჯერ გაგაფრთხილო მე შენ, ნუ უშვებ შენს დას იმ კრიმინალთან-მეთქი?! გადადით ბარემ საცხოვრებლად მამათქვენთან და იყავით ერთი დიდი ბედინერი ოჯახი!
-დედა, ანდრო კრიმინალი არ არის... -თავი შემოყო ეკრანში ევამ. ძალიან უნდოდა მისი ძმა დაეცვა. ანდრო ყველაზე კარგი იყო.
უარესად გამწარდა ლალი ამაზე. ვერ იტანდა იმ ადამიანის ხსენებას, ვისაც ყველაფერში ადანაშაულებდა. უფრო მეტად კი იმას, რომ თავის ქალიშვილებს მაინც უყვარდათ ლალის თვალით დანახული კრიმინალი ნახევარძმა.
-უმადურები ხართ ორივე! მე აქ წელზე ფეხს ვიდგამ, რომ თქვენ რამე არ მოგაკლდეთ... რისი გულისთვის? შვილიც არ დაგინდობს თურმე.
-ათასჯერ გითხარი, შეგიძლია, ჩამოხვიდე-მეთქი, დედა, -ხმა გაუცივდა ნანას, -შენი ფული არც იხარჯება. ჩემი ხელფასიც გვყოფნის მე და ევას.
-გამანებეთ თავი, რა! გამანებეთ!
-რატომ არ ჩამოდიხარ? -წამოჯდა ნანა დივანზე, წარბებშეყრილმა დახედა ტელეფონში დედის გამოსახულებას. -ჩამოდი და იყავი ჩვენთან ერთად. აღარ გვიჭირს და აღარ გვშია.
-დავიჯერო ამდენს გიხდის ეგ დაქცეული ტელევიზია, ნანა? მამაშენი არაფერს გაძლევთ ან თქვენი საყვარელი ძმა?!
-არავისი არაფერი გვინდა, დედა. არც არასდროს აგვიღია. ევას აქვს უფლება ნახოს თავისი ძმა. სხვა არაფერი შეცვლილა აქ.
-რაც გინდათ, ის გიქნიათ, შვილო... წავედი, აღარ მაქვს ამდენი დრო!
პასუხს არ დალოდებია ისე გათიშა ლალიმ. გვერდზე მიაგდო ნანამ ტელეფონი.
-დაიკიდე, რა, -ევას ჩაეხუტა ისევ, დაძაბული ჰქონდა სხეული და აშკარად ჩაუშხამდა გამოკეთებული ხასიათი. -ხო იცი მაგის ამბავი. ხვალამდე გაუვლის.
-ხო, -ჩამწყდარი ხმით თქვა ევამ, რაღაცაზე ფიქრობდა. რაღაც ისეთზე, რაც ვერ გადაეწყვიტა, გაემხილა თუ არა ნანასთვის. -ხანდახან მინდა არ ჩამოვიდეს... ვერ ვხვდები, ანდროს რას აბრალებს. დიმა დამნაშავეა. სოფოც. თვითონაც. ანდრომ რა დააშავა? ან ჩვენ? რომ ჩამოვიდეს უარესად დამიშლის მის ნახვას.
-ანდრო მაინც ნახავს გამოსავალს, არ იდარდო მაგაზე. -ლოყაზე აკოცა.
მხოლოდ ნანამ იცოდა, როგორ უჭირდა ევას ამ სიტყვების თქმა.
-რა საშინელებაა, როცა ყველა გენატრება და ვერასდროს შეძლებ ყველასთან ერთად იყო.
-ნუ დასევდიანდი ახლა, -ვერ იტანდა ასეთს რომ ხედავდა, წამოდგა დივნიდან ნანა და ფეხზე ჩაცმა დაიწყო, -მაღაზიაში ჩავალ, რამე ტკბილს მოვიტან და შტერობა ფილმებს ვუყუროთ, ხო?
-აუ, რომელს? -თვალები აუციმციმდა ევას, უფრო კომფორტულად მოთავსდა სავარძელში.
ამიტომაც უყვარდა ნანა. არასდროს აძლევდა დიდხანს მოწყენის უფლებას.
-დედა რომ გვეჩხუბება, მერე სულ ტკბილს ვჭამთ და „ბინდს“ ვუყურებთ. გავსუქდებით და ფსიქოლოგიური პრობლემები შეგვექმნება მალე.
-დღეს რამე სხვას ვუყუროთ, რა, -სახე დაეჯღანა ნანას, -გუშინწინ არ ვუყურეთ „ბინდს“?
ჩაცმული იყო უკვე და გასაღებს დაეძებდა. როგორ ვერასდროს იხსენებდა, სად დადო ბოლოს.
-კარგი, მაშინ... „ვამპირის დღიურები“ დავიწყოთ თავიდან... -ლეპტოპი მუხლებზე დაიდო ევამ და კმაყოფილი სახით გახსნა ეკრანი, -მე მინდა ეკლერი და თევზის ფორმის მარილიანი კრეკერები როა, ეგ...
-კარი ჩაკეტე! -მიაძახა და ზურგსუკან გაიჯახუნა კარები.
კისრისტეხით ჩავარდა კიბეებზე და ორ წუთში გადაირბინა უბნის პატარა სუპერ-მარკეტში. ეზოსკენ გაურბოდა თვალი. იქ იდგა ისევ ის მანქანა, ანდრომ რომ დატოვა.
უკმაყოფილოდ გადააქნია თავი, პარკში ჩაყარა ყველაფერი და ჩქარი ნაბიჯით შეცურდა ისევ სადარბაზოში.
იმაზე უფრო მეტად ჩაბნელებული მოეჩვენა, ვიდრე ათი წუთის წინათ. უცნაური გრძნობა ჰქონდა, თითქოს კიდევ იყო იქ ვიღაც მის გარდა, მაგრამ ვერაფერი დაინახა სიბნელეში. ტელეფონითაც გაანათა დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად არავინ გამოჰყოლია. მოეჩვენა.
სახლში რომ შევიდა, ჩართული ჰქონდა უკვე სერიალი ევას. გასაღებითაც გადაკეტა და ურდულითაც კარი.
დაზეპირებულ სერიალს ვერაფრით დაუდო გული. ეკრანს კი მისჩერებოდა, მაგრამ სხვაგან დაფრინავდა საერთოდ გონებით.
-ანდრომ, რაო? -ჰკითხა უეცრად ევას. -ვის ელაპარაკებოდა?
წარბები აზიდა უმცროსმა ჩადუნელმა. არ მოელოდა ნანასგან ანდროზე შეკითხვებს.
-რატომ მეკითხები?
-ისე... -მხრები აიჩეჩა ნანამ. ძალიან უნდოდა სცოდნოდა.
რაღაც უღიტინებდა გულში უცნაურად. წინათგრძნობასავით ბუნდოვანი, მოუხელთებელი და საინტერესო.
-რავი, კარგად ვერ გავიგე. -მხრები აიჩეჩა ევამ, -ვიღაც ჩამოდისო რუსეთიდან და იმას უნდა დახვდეს.
-ხო, რა თქმა უნდა. -უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა ტუჩები და ეკრანს შეხედა, -დამავიწყდა, ეგ რომ იმათი ელჩია...
-ვინ იმათი? კრიმინალების? არ დაიწყო ახლა შენც დედასავით.
-არაფერი მითქვამს მე... ადამიანი რუსეთიდან რომ მოდის და შენი ძმა სასწრაფოდ ხვდება, არაა რთული მისახვედრი, რა საზოგადოებასაც ეკუთვნის.
-ისე უცნაურად კი დაემთხვა ამ ამბავს. -დიდივით ჩაილაპარაკა ევამ. აღარც ერქვა პატარა უკვე, მაგრამ დიდიც არ იყო ნანასთვის.
-რა ამბავს? -წარბები შეყარა, -შენ რა იცი?
-ეგრე რომ მიყურებ, ანდროს ჰგავხარ, იცი?! -გაეღიმა ევას, ნანამ თვალები გადაატრიალა.
-შეეშვი ჩვენს მიმსგავსებას..
-კი არ გამსგავსებთ, ერთნაირები ხართ ზუსტად. მარტო მე ვხვდები მაგას.
-რა ამბავი-მეთქი, პატარა ეშმაკო? რა იცი შენ?
-აი, იმ ბარათელის ამბავი.. ერთხელ ვნახე. -უცნაურად დაუსევდიანდა ხმა ევას, სადღაც გაექცა ფიქრები. ყურები დაცქვიტა ნანამ, ერთიანად გამოუფხიზლდა მოდუნებული სხეული. -არ ჰგავდა მკვლელს. ძალიან სხვანაირი თვალები ჰქონდა. მხიარული იყო, მაგრამ რაღაც რომ აწუხებს, ეგრე... ვერ მოკლავდა ადამიანს, რა ვიცი.
-სად ნახე?
-ანდრომ რომ წამიყვანა პარკში, მაშინ შეგვხვდა შემთხვევით. -ლოყები აუწითლდა და მზერა მოარიდა უფროს დას. იცოდა, ვერაფერს გამოაპარებდა ნანას გამჭოლ, დაკვირვებულ თვალებს. -დღესაც ვერ იყო ანდრო ისე.. რომ დააკავეს ალბათ მაგიტომ. რომ ვკითხე, არ მითხრა არაფერი, მაგრამ აშკარად ეგ ამბავი აწუხებდა. მერე დედა ამბობს კრიმინალი და ცუდიაო... ხომ შეეძლო დღეს არ ვენახე, მაგრამ მაინც არ დაარღვია მოცემული პირობა.
არაფერი უთქვამს ნანას ევასათვის. აზრი არ ჰქონდა მასთან იმაზე დავას, რომ არ იყო ანდრო უფრთო ანგელოზი. არც თვითონ იყო ასეთი. დღევანდელის შემდეგ განსაკუთრებით.
უსიამოვნოდ უკაწრავდა გულს თავისი წინდაუხედავი საქციელი. ის არგუმენტი, რომ მის პროფესიას თან დევდა მსგავსი შედეგები, საერთოდ ვერ უმშვიდებდა გულს. იმიტომ რომ რეალურად თავისი პროფესიის ერთგულებამ არ გაათევინა ღამე პოლიციის განყოფილების წინ ეზოში. იცოდა, სხვა ვერაფრით დაუპირისპირდებოდა მამამისს. შანსი არ ჰქონდა დიმასნაირი ავტორიტეტის მქონე ადამინის შვილს სამართლებრივ სფეროში წარმატებისათვის მიეღწია, ამიტომ ცდილობდა მის ირგვლივ ყველა ბუნდოვანი საქმისათვის აეხადა ფარდა. იქნებ ემოქმედა დომინოს პრინციპს და ბოლო ქვა, რომელიც წაიქცეოდა დიმა ყოფილიყო.
მაგრამ სხვა ქვები... იქნებ, თვითონ იყო ერთ-ერთი, იქნებ ევაც, ანდროც... დედამისიც, სოფოც...
თითქოს დაღეჭაო, ისე იგრძნო სიმართლის სიმწარე ნანამ.
ტელეფონი რომ აზუზუნდა, წარბებშეყრილმა დახედა იმ იმედით, რომ ილო იქნებოდა.
ელენე იყო. მისი მეგობარი. კლინიკიდან რეკავდა.
ფაცხა-ფუცხით მოკრიფა თავისი ნივთები, სამსახურის ამბავიაო, ევას დაუბარა, კარიც ჩააკეტინა შიგნიდან და ცეცხლწაკიდებული ისარივით გავარდა სახლიდან.
ანდროს მოჩენილ მცველთან მიაჭრა მაშინვე და აგრესიულად დაუბრახუნა ფანჯარაზე. ცელა ჩამოიწია შავი მინა და სიბნელეში გამოჩნდა საშუალო ასაკის, სანდომიანი სახის მამაკაცი, მოთმინებით რომ შესცქეროდა ნანას.
-ვიცი, რომ იმან გამოგგზავნათ, ჩემი და სახლშია, ანდრომ მის დასაცავად დაგაყენათ აქ და არა ჩემთვის, მე ახლა სამსახურში გავდივარ და არ გამომყვეთ, იცოდეთ!
-ანდრომ ორივეს დასაცავად დამტოვა, ქალბატონო ნანა, -ჯიბისკენ წაიღო ცალი ხელი ზაზამ, მობილური უნდოდა ამოეღო აშკარად.
-არ დარეკო მასთან! ძალიან მეჩქარება... -ნახევრად შეევედრა ნანა, თუმცა იცოდა, აზრი არ ჰქონდა. -მარტოა ჩემი და სახლში!
-ძალიან ცუდ მდგომარეობაში მაყენებთ, ნანა... -მანქანის კარი გამოაღო ზაზამ. ყურთან ჰქონდა უკვე ტელეფონი მიდებული, ნანა კი თავის მანქანაში ჯდებოდა.
აღარ დალოდებია ზაზას პასუხს, ბოდიში მოუხადა მხოლოდ თავქარიანი საქციელისათვის და სწრაფად გავარდა გზაზე.
გულამოვარდნილმა პარკინგის ყველაზე შორეულ კუნჭულში მიაყენა მანქანა.
არ უნდოდა ვინმეს შეემჩნია, აქ რომ იყო. სწრაფად წამოიხურა თავზე ქუდი და მალულად შევიდა კლინიკაში.
იქაური სუნი, წამლების, შიშის, მოლოდინის შემაძრწუნებელი არომატები უღიტინებდა ცხვირში.
აშკარად გაემკაცრებინათ კონტროლი მას შემდეგ, რაც ბარათელის ორსული ქალიშვილი მოიყვანეს ნაადრევი მშობიარობის გამო. ელენეს დაურეკა და ქურდივით მიიდო ყურზე ტელეფონი, თითქოს ეს ქმედებაც კი საეჭვო იყო და არ სურდა ვინმეს შეენიშნა.
-ხო, ნანო? აქა ხარ? -შეშინებული ხმა ჰქონდა ელენესაც, -მესამე სართულზე არიან ესენი, მაგრამ არ ამოხვიდე რა, დაძაბულობაა ძალიან.
-როგორ არის? -ჩამწყდარი ხმით ჰკითხა. ცრემლის თხელი ფენა გადაეკრა თვალებზე, ბაცად აუბრჭყვიალდა საავადმყოფოს განათების ფონზე.
მუხლებმოკვეთილი ჩამოჯდა თავისუფალ, მოუხერხებელ სკამზე და შუბლი დაადო ხელისგულს.
-არ ვიცი, ნან, რა გითხრა.... წეღან მოიყვანეს და ძალიან ცუდად არის. ექვსი თვე ხომ იცი, როგორი პერიოდია. ან გადარჩება ბავშვი, ან არა, თუ ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. პირველზე გაჩერდი შენ მანდ და იცოდე, არ გაბედო აქ ამოსვლა.
-ისიც მანდ არის? -ჰკითხა მოგუდული ხმით.
-ანდრო? -გაუკვირდა ელენეს, მერე ჩაფიქრდაო თითქოს და დაუსდასტურა, -ხო, აქაა ეგეც ვიღაც ტიპთან ერთად...
-კარგი, მიდი და თუ რამე სიახლე იქნება, გამაგებინე.
თავი არ აუწევია ხელებიდან. ყოველ წუთში ამოწმებდა საათს და დრო ისე მიიზლაზნებოდა, როგორც ლოკოკინა ასფალტზე პაპანაქება სიცხეში.
კიბეებზე მძიმე ნაბიჯების ხმით იცნო. მისკენ მიაბრუნა თავი მაშინვე. ისევ ისე ეცვა ანდროს, როგორც მაშინ, ევა რომ დაუტოვა სახლში. წარბებშეკრული, ჩაშავებული თვალებით მიზანმიმართულად მოემართებოდა მისკენ. შეატყობინეს ანუ უკვე, რომ აქ იყო.
ფეხზე წამოაგდო მაშინვე, როგორც კი მიუახლოვდა.
-ხმა არ ამოიღო ახლა იცოდე და აქედან გადი! -მკლავში ჩაავლო და გასასვლელისკენ აიძულა წასულიყო. -შენ საერთოდ იაზრებ, რას აკეთებ? აქ რამ მოგიყვანა, ნანა?!
-მაინტერესებდა. -ნერწყვი გადაყლაპა მძიმედ და ხელი გამოგლიჯა, -როგორ არის ის გოგო?!
-საიდან გაიგე? -დოინჯი შემოირტყა და ისე ჰკითხა. წამითაც არ აცილებდა თვალს, თითქოს არ უნდოდა, რომ სიმართლე გაპარვოდა სადმე.
-არ აქვს მნიშვნელობა...
-ყველა შართან შენ როგორ ტრიალებ?! წადი სახლში! ჩემი ხათრი და მორიდება რომ არ გაქვს, ვიცი, ევას მაინც მოერიდე.
-მითხარი, როგორ არის და წავალ!
-არ ვიცი, როგორ არის. არავინ იცის, როგორ არის კეკე ახლა. -მხრებზე დაადო ორივე ხელი ანდრომ. ჟრუანტელმა დაუარა მისი შეხებისგან ნანას. ოდნავ გამოეთიშა თვალებიდან ჩვეული სიველურისა და თავმდამსხმელის გამომეტყველება. შენიშნა ეს ანდრომაც, მაგრამ არ იყო ამის დრო ახლა. საშინლად ბრაზობდა მასზე. -მთავარია ორივე გადარჩეს და შენ წახვიდე ახლა აქედან.
-რატომ უნდა წავიდეს?
ვერცერთმა შენიშნა, როგორ დაუდგათ უკან სხვა სხეული. კლინიკის გამოსასვლელთან იდგნენ, უამრავი ადამიანით გარშემორტყმულნი და ვერაფერს ამჩნევდნენ ერთმანეთის გარდა.
მისკენ მიაბრუნა თავი ნანამ ინსტიქტურად.
კარის გვერდით გამდგარიყო დაუპატიჟებელი დამსწრე, ჯიბეში ჩაიდო ცალი ხელი, მეორით სიგარეტი ეჭირა და მოჭუტული თვალებით აკვირდებოდა ჩუმ ბრძოლაში ჩართულ და-ძმას. მალე სიგარეტის ნაცრისფერმა კვალმა გადაფარა მისი სახე და რაღაც არ ესიამოვნა ნანას.
მომხიბვლელი იყო დაბალზე შეჭრილი თმითა და წვერით, დგომის მანერით, გრძელი თითებითა და სიბნელეშიც შესამჩნევი უცნაურად ღია და უცნაურად ბნელი თვალებით.
თავი გადახარა გვერდზე, უფრო კარგად რომ დაენახა ნანა.
-რა გინდა, ირაკლი? -მისკენ მიბრუნდა ანდრო, გამიზნულად თუ შემთხვევით, ნახევარი სხეულით გადაეფარა ნანას. თითქოს არ უნდოდა მისთვის დაენახვებინა თავისი და.
სიგარეტის ნამწვავი ჩააგდო იქვე, პირდაღებულ ალუმინის ურნაში და ნელი ნაბიჯებით მოუახლოვდა და-ძმას. უცნაური, უნდობლური გამომეტყველება არ მოშორებია სახიდან, როცა მათ უყურებდა. ნანას არ წყვეტდა თვალს განსაკუთრებით.
-რატომ აიძულებ წავიდეს? -თავი გვერდზე გადახარა ისევ, მას უყურებდა თვალების მოუშორებლად და იგრძნო ნანამ, როგორ დაეძაბა ანდროს სხეული.
მაგრად მომუშტა ხელები, რომ არ შეხებოდა და დასამშვიდებლად უკან არ დაექაჩა. გვერდით დაუდგა. ამით მიანიშნა ირაკლის, რომ არ ემალებოდა და არც ვინმეს ბრძანებებს ემორჩილებოდა მარტივად.
-თუ ჩვენიანია, იყოს... -კიდევ ერთხელ გაატარა ნანა თავისი მზერის რენტგენში. რაღაც ენიშნა თითქოს მისი საქციელით. -კეკეს ნამდვილად სჭირდება მეგობრები გვერდით.
-ჩემი დაა.
-ნახევარ-და. -შეუსწორა ნანამ ცივად. ანდროს მკაცრი მზერის დაჭერისთანავე გაუქვავდა ენა.
-არ ვიცოდი, და თუ გყავდა. -ხმა გაუმკაცრდა ირაკლის. წეღანდელთან შედარებით უფრო დიდი მოეჩვენა ნანას. იმდენად დიდი, რომ სასუნთქად ადგილი აღარ დაუტოვა და ჰაერიც გამოაცალა. აშკარად მიხვდა რაღაცას. -შენი და ის ჟურნალისტია, ვის გამოც ჩემი დეიდაშვილი აქ წევს?
-შენი დეიდაშვილი აქ შენი სიძის გამო წევს!
-არასწორი დრო და ადგილი ხომ არ შეარჩიე ხმის ასაწევად, ანდრო? -ჟრუანტელმა დაუარა ირაკლის ხმის გაგონებისას ნანას. ყინულის ქანდაკებასავით იდგა ანდროს გვერდით, ვეღარ იძროდა და ვერც მისი ენა ამუშავდა ისე, როგორც მსგავს სიტუაციებში იყენებდა ხოლმე თავის დასაცავად.
-შენ სწორი სიტყვები შეარჩიე ჩემს დაზე სალაპარაკოდ?!
-ეგ რომ არა, აქ არ იწვებოდა ახლა კეკე. სხვანაირად გაიგებდა და არა ჟურნალისტების პირით, დამახინჯებული სიტყვებით, დამცირებული და შეურაცხყოფილი არ იქნებოდა ექვსი თვის ორსული.
-მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი, -ძალიან არ უნდოდა ნანას, თავის მართლებასავით გამოსვლოდა. მისკენ გადააცურა ირაკლიმ ფერშეცვლილი თვალები. წეღან მწვანე თუ იყო, ლურჯი მოეჩვენა იმ წამს ნანას. მუცელში ჩაუწყდა რაღაც, ანერვიულდა.
-მაგიტომაც ხარ ახლა აქ? -ოდნავ შეყარა წარბები. -შენს საქმეს აკეთებ? ერთი სული გაქვს აქედან გახვიდე, რომ ტელევიზიით გამოაცხადო როგორ ინგრევა ბარათელების ოჯახი?
-მიდის, -წელზე უბიძგა ანდრომ დას. უხეშად მოიშორა ნანამ.
-არა! -უკან გახტა, შეშლილის სახე ჰქონდა შეურაცხყოფილს.
ყველანაირი მიზეზი ჰქონდა ირაკლის მაშინ ასე ეფიქრა მასზე, თუმცა მაინც აეწვა შუბლი ცილისწამებისაგან.
-უბრალოდ მისი ამბავი მინდოდა გამეგო. უდანაშაულო ადამიანს არასოდეს გავუკეთებდი ასეთს...
- მერე რა, მე მაინც არ გენდობით, არც შენ და არც შენს ძმას.... დღევანდელის შემდეგ განსაკუთრებით.-რკინის მადანივით მძიმე და ცხელი მზერა მოავლო და-ძმას ირაკლიმ.
კანით იგრძნო ანდროს დაძაბული სხეული ნანამ. სული შეეკუმშა. თვითონ იყო დამნაშავე მხოლოდ.
-შენ რომ ნდობაზე საუბრობ, არ გიტყდება?! ერთი ადამიანიც არ გყავს გვერდით, ვისაც შენ გაახსენდები პირველი ნდობაზე ლაპარაკისას. -სადაც იყო დაიმსხვრეოდა ანდროს გამყიფებული სხეული, ძლივს იკავებდა თავს, ამჩნევდა ნანა. -გიგის ამბავიც კი ყველაზე ბოლოს გაგაგებინეს! ექცევიან ასე იმ ადამიანებს, ვისაც ენდობიან?!
მტკივნეული იყო გულის ყველა აფეთქება, როცა ასეთს ხედავდა. ინანა რომ მოვიდა საერთოდ. ვერ აიტანა ფარივით გადაფარებულს ანდროს რომ ხვდებოდა მისთვის განკუთვნილი სიტყვები და უნდობლობა. თავის დამსახურებელზე მეტად ატკინა ძმის დაუმსახურებელმა და უსიტყვოდ ატანილმა სიტყვებმა.
-ამას ამბობს კაცი, რომელმაც არც კი იცოდა, რომ და ჰყავდა... -ცივად ჩაეცინა ირაკლის წინადადების ბოლოს.
გვერდი ძალიან ახლოს, ზედმეტად ახლოსაც კი აუარა ნანას. სხვა გზა არ ჰქონდა თითქოს, ან ჰქონდა და ეს აირჩია მაინც და მაინც ანდროს უარესად გასამწარებლად.
მათი სხეულები ერთმანეთს რომ გაუსწორდნენ, თვალებში ჩახედა ირაკლიმ წამიერად სახეზე ალმურავარდნილ ნანას. ლიქიორივით მათრობელა სურნელმა მოუღიტინა ცხვირში, სიგარეტთან ერთად რაღაც გრილი სუნამოს სურნელი რომ ერეოდა.
რაღა მაინც და მაინც ჩაისუნთქა ის ჰაერი... გამცხრალმა გააყოლა მზერა კლინიკის დერეფანში მხრებში გაშლილი, თავდაჯერებული და მძიმე ნაბიჯებით რომ მიდიოდა.
-შარი ხარ, რა... -კიბეზე ჩამოჯდა ანდრო, მუხლებზე დაილაგა ხელები და ჩაბნელებულ კლინიკის ეზოს ისე გახედა, თითქოს ნაძვის წიწვებზე უნდოდა ამოეკითხა სიტყვები, რომელსაც შემდეგ ეტყოდა ნანას.
თითქოს ვერასდროს არჩევდა სათქმელს მისთვის. ის არ იყო ევა. იცოდა ნანას ვერ მიუდგებოდა ისე მარტივად, როგორც მას. არადა, ყველაზე მეტად უნდოდა მათ შორის გაბმული გრძელი, მოშვებული ძაფი დამოეკლებინა და გაემყარებინა. ნანა საერთოდ სხვა იყო მისთვის.
ორი ნაბიჯის მოშორებით ჩამოუჯდა ძმას. გასაქცევად მომზადებული დარჩა მაინც.
-რატომ არ გენდობა შენ? -სასხვათაშორისოდ ჰკითხა ანდროს. თითქოს არ უნდოდა, მარტო თავისი საქციელი ყოფილიყო ამის მიზეზი.
-არ უნდა გემართლა საკუთარი თავი მის წინაშე, ნანა. -სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და თითებს შორის შეათამაშა ცეცხლწაუკიდებელი ღერი. უნებურად გაექცა ნანას თვალები მისკენ. ერთნაირი თითები ჰქონდათ. მოარიდა მზერა მაშინვე. -ამით უფრო დაარწმუნე, რომ შენ ხარ დამნაშავე რამეში.
-არ ვარ?
-არ იცი, რომ არ ხარ, თუ ჩემგან გინდა მოისმინო? -გვერდულად გადმოხედა, ცეცხლი წაუკიდა სიგარეტს. წარბებშეკრულმა მოარიდა ნანამ თვალები. წინ გაიხედა მანაც. -არ ხარ შენ დამნაშავე. ოდესმე მაინც გაიგებდა და არ აქვს მნიშვნელობა, რანაირად. უკეთესადაც შეიძლებოდა, მართალია და მაინც არ ხარ მართალი დიმაზე შურისძიების მიზნით გელას ასეთი რაღაც რომ გაუკეთე, მაგრამ გულს იმშვიდებენ ახლა ისინი მხოლოდ, რომ რაც კეკეს შეემთხვა ჟურნალისტის ბრალი უფროა, ვიდრე მისი ქმრის, გელასი, რომელმაც შვილი ანგარებით დააქორწინა... ირაკლისი, რომელმაც არ იცოდა არაფერი და არც არასდროს დაინტერესებულა აქ დატოვებული ნათესავებით.
-გიგი? ის არის დამნაშავე?
-მე რომ გავიგო, შენთან ან ევასთან ვინმეს რამე შეეშალა, თუნდაც ერთი ნაბიჯი დაუცდა და იმასთან დაგტოვოთ, არ ვიქნები დამნაშავე? -ნანას მოღუშულ პროფილს გახედა.
გული აუწვა ძმის სიტყვებმა. ყველანაირად ეცადა არ დასტყობოდა სახეზე ის რეაქცია, რაც შინაგანად ანგრევდა.
პირველად საუბრობდნენ ბოლო ორი წლის განმავლობაში ნორმალური ადამიანებივით.
-გიგის არ მოუკლავს. ეგ ზუსტად ვიცი. მკვლელი არაა, მაგრამ რომ მოეკლა...
-გაამართლებდი? -ჩაეცინა ნანას, თავი გადააქნია. დიმა დაუდგა თვალწინ.
-ზოგი ადამიანი არ იმსახურებს სიცოცხლეს, ნანა.
-და ეგ სხვა ადამიანების საქმე არ არის, ანდრო. დედა რომ დედაა, იმასაც ვერ გაამართლებ არაკაცი შვილის მკვლელობაში, ისეთი სამარცხვინო რომ გააჩინა. არანაირი გამართლება არა აქვს ადამიანის მკვლელობას...
-ნუ გაამართლებ, მაგრამ ნურც დაადანაშაულებ. იქნებ თავს იცავდა, იქნებ იმას იცავდა, ვისი სიცოცხლე და კეთილდღეობა საკუთარ სუფთა ხელებზე ძვირფასია?! მაგრამ არ არის გიგი მკვლელი.
-შენ რაღაც იცი?! -წარბები აზიდა ნანამ.
გაეცინა ანდროს.
-და შენ გაინტერესებს, ხომ?
-მაგრამ არ მეტყვი... არ მენდობი. -ფეხზე წამოდგა, დაიფერთხა შარვალი და ზემოდან დახედა ამჯერად კიბეზე მჯდომს.
-სანამ ასე იყენებ ახლობელი ადამიანების გულწრფელობას, ვერ გენდობი.
-რას ბოდავ? -თვალი ააყოლა ფეხზე წამომდგარს.
მაღალი იყო. არაფრით ჰგავდა დიმას მცირე დეტალების გარდა და რამდენადაც ვერ იტანდა, იმდენად ეპოტინებოდა გაუაზრებლად იმ პატარა მსგავსებებს. იმდენად მისიანი იყო და ვერ უახლოვდებოდა მაინც ვერაფრით.
-არ ვბოდავ. ილო ლიფონავასგან არ მოაღწია შენამდე მაგ ამბავმა? -წარბები აზიდა. გაეღიმა ნანას შეშინებულ მზერაზე, -მე არავის ვეტყვი, ნუ გეშინია.
-იცნობ ილიას?
-ისე რა. არ ვევასები. შენ გყავარ ნალანძღი აშკარად.
-შენზე არ ვჭორაობ ჩემს მეგობრებთან, -წამოწითლდა სახეზე ნანა ბრაზისგან, გასაღები მოძებნა ჯიბეში და ორი ნაბიჯი ჩადგა კიბეზე.
-არა, ხო? კეკე აქ რომ იყო, იმან არ გითხრა? -შესასვლელისკენ გაიქნია ამჯერად თავი და ელენეს გაუსწორა ამჯერად გამომააშკარავებელი მზერა.
მაშინვე მოარიდა ექთნის ფორმაში გამოწყობილმა თვალები ანდროს. ჩამწვარი სიგარეტი პირდაღებულ ლითონის ურნაში ჩააგდო. აგრძნობინა ნანას, რომ ყველაფერი იცოდა მასზე და კონტროლის გამო კი არა, აინტერესებდა და ზრუნავდა.
-რა ჰქვია? -ელენეს გახედა ისევ, რომელიც აშკარად არსაიდან გამოთხრილ საქმეს აკეთებდა და იმიტომ ჩასშტერებოდა ფურცლებს ისეთი ხელოვნური ინტერესით.
-გაანებე თავი!
-რატომ? ლამაზი გოგოა.
-ლამაზიც არის, ჭკვიანიც, მშრომელიც და სუფთაც. ამიტომ არ უნდა იყოს შენს გარემოცვაში. სერიოზულად გეუბნები, ანდრო! გაანებე ელენეს. -კიდევ გაუმეორა, ამჯერად უფრო ხმამაღლა, როცა მიხვდა ზედმეტად გაუგრძელდა მასზე დაკვირვება მის ძმას.
-ანუ, ელენეს... -ერთი ნაბიჯით უკან გაჰყვა კლინიკაში გაცეცხლებით შევარდნილ დას.
აღარ გაჰყოლია უკან. დაჟინებული მზერით აგრძნობინა დაბნეულ და დანაშაულზე წასწრებულს, რომ იცოდა, ვინც იყო და ისიც იცოდა, რაც გააკეთა. ელენემ ვეღარ გაუსწორა მზერა და ნანას შეხედა სამაგიეროდ გაგიჟებული თვალებით.
-გამომიჭირეს შენ გამო! როგორ მიყურებდა შენი ძმა, ვერ დაინახე?! -მკლავში ჩააფრინდა, სულ წამოწითლებულიყო სახეზე.
-მორიგე იყავი? -ვერ გაიგო თითქოს ნანამ. საშინლად დამნაშავედ გრძნობდა ელენესთანაც თავს. -დაიკიდე, შეიძლება მისი ნდობა.
-შენი არ შეიძლება სამაგიეროდ! წადი ახლა დროზე...
-თუ მალე ამთავრებ, დაგელოდები მანქანაში და გაგიყვან.
-ერთ საათში სამყაროს არ დააქცევ, დავიჯერო? -ოდნავ მოლბა, როცა საათს დახედა. თერთმეტი ხდებოდა.
-არაფერს დავაშავებ, გპირდები! -თვალი ჩაუკრა და სწრაფად გავარდა კლინიკიდან, კიდევ ვინმეს რომ არ გაჩხეროდა თვალებში ცუდად.
ფეხებაკეცილი იჯდა თავის მანქანაში. იმ ადგილს გაჰყურებდა, სადაც ის და ანდრო ისხდნენ წეღან. იმდენმა ადამიანმა გაიარ-გამოიარა, გაიცრიცა კიდეც რამდენიმე წუთის წინანდელი მოგონება თითქოს.
ჩუმად ამოაძვრინა ტელეფონი ჯიბიდან და გალერეა გახსნა. ყოველთვის უგზავნიდა ხოლმე ევა მის და ანდროს საერთო ფოტოებს. ბოლოს იმდენი დაუგროვდა, თავის სურათებს ვეღარც კი ამჩნევდა თავისი დედმამიშვილების გვერდით.
ევას ხვეწნის მიუხედავად, ვერასდროს მოერია მაინც თავს, რომ თავადაც გაჰყოლოდა სადმე ერთ დღეს. ლოყაზე იკბინა სიმწრისაგან. ამ ფოტოებიდან ერთში მაინც იქნებოდა თვითონაც. რამდენჯერაც წაიორჭოფა, დედა გაახსენდა მაშინვე, დედამისის გამოსახულებას დიმას სახეც გამოეკიდა... ამიტომაც რჩებოდა სახლში.
რა მოხდებოდა, დიმა რომ კარგი კაცი ყოფილიყო...
ფანჯარაზე რომ მიუკაკუნეს, ადგილზე შეხტა. ლამის ენაზე იკბინა შემთხვევით. წარბებშეყრილმა ჩამოსწია მინა. ეგონა, ანდრომ გამოიჭირა, სანამ ცივ ნიავთან ერთად წეღანდელი სურნელიც არ შემოიჭრა მის მანქანაში და თავი არ შეახსენა ირაკლის სახემ.
დაიხარა მის ფანჯარასთან და ხელებით დაეყრდნო ზედ. თვალი გაუსწორა შეშინებულს. მოეწონა კიდეც თითქოს ასეთი რომ დაინახა.
-რა გინდა? -ჰკითხა უხეშად. ლოცულობდა, რომ ელენე ჯერ არ გამოსულიყო კლინიკიდან და რამე შარში არ გაეხვია ისიც.
-შენ თვითონ რა გინდა აქ? -მშვიდად ჰკითხა. მოურიდებლად მოათვალიერა ნანას სახე და მის კალთაში ჩავარდნილი ბლოკდაუდებელი ტელეფონიც შენიშნა, ანდროს და ევას სახეები რომ მოჩანდა ძალიან ახლოდან. -შენი ძმა არ გამოვა ჯერ...
-შენი საქმე არ არის!
-ვერაფერს გადაიღებ აქ...
-არც ვაპირებ-მეთქი და მოშორდი ჩემს მანქანას.
-კარგადაა ბავშვი.
უეცარი შვება იგრძნო ნანამ. წამის წინანდელი სიველურე სახიდან ჩამოერეცხა და თაფლისფერი სიხარული ჩაეღვარა თვალებში.
-კეკე?
-კარგად იქნება. -ფანჯარაზე შეათამაშა თითები ირაკლიმ. იმდენად ახლოს იყო ნანასთან, თვალსაც ვერ წყვეტდა, რომ არ დაკვირვებოდა სახეზე.
დაბალზე ჰქონდა წვერი და თმა შეჭრილი, თვალები ყოველ წამს იცვლიდნენ თითქოს ფერს და დარწმუნებით ვერ იტყოდით, მწვანე აქვსო, ან ლურჯი, ან თაფლისფერი... მშვიდად სუნთქავდა თვითონ, ნანას კი არ აძლევდა ნორმალურად სუნთქვის უფლებას სამაგიეროდ.
-რატომ მითხარი? -ჰკითხა ინტერესით. -არ მენდობი, გგონია, რომ აქ პირადი სარგებელის გამო მოვედი... რატომ მითხარი მაშინ?
-არ გენდობი ისევ.
-მე ვიმსახურებ. ანდრო არა. მან არ იცოდა, რასაც ვაპირებდი.
-ხო? -თვალები ოდნავ დახარა ირაკლიმ, თითქოს უნდოდა დარწმუნებულიყო იმაში, რაც ისედაც იცოდა უკვე. -და რატომ გაუკეთე შენს საყვარელ ძმას და მამას ასეთი რაღაც?
-ეგ შენ აღარ გეხება!
-უკვე მეხება, ნა-ნა... -სიმკაცრეშეპარული თავდაჯერებით უთხრა. ისევ კარგად შეათვალიერა მისი ლოყებაწითლებული სახე და გაცილდა მანქანას.
რამდენიმე წამი დასჭირდა ჰაერის მისი სურნელისაგან დაცლას და სუნთქვის დასარეგულირებლად ნანას. ელენე მოაბიჯებდა სწრაფი ნაბიჯებით ტროტუარზე.
შენიშნა მეგობრის მანქანას მოცილებული ირაკლი. ჩუმად აკვირდებოდა და დაბნეული მზერით ჩაუხტა ნანას მანქანაში.
-იცნობ? ამასთან ერთად მოვიდა შენი ძმა...
-პირველად შევხვდი დღეს. -უკმაყოფილოდ ჩაიალაპარაკა და ყველა ფანჯარა ჩამოსწია, ბოლომდე რომ გასულიყო სიგარეტის და სუნამოს სურნელი მანქანიდან.
წარბებშეყრილი ელოდა, როდის გააღწევდა მისი მანქანა პარკინგიდან. არაფრით დატოვებდა აქაურობას მასზე ადრე. ხოდა, ეფიქრა, რომ არ იყო ნანა სანდო, არაფერი ჰქონდა სამტკიცებელი მისთვის.
-გახვალ ახლა? -წარბები აზიდა ელენემ, ამდენ ხანს რომ არ დაძრა მანქანა.
როგორც კი ეზო დატოვა ირაკლის მანქანამ, მაშინ გავიდა თვითონაც ნანა. გაოცებული მზერით იკვლევდა მის სახეს ელენე.
-ღამენათევს მარტო შენ თუ გამომაფხიზლებ, რა... -ნახევრად გადაწვა სავარძელზე და თვალები მიხუჭა, მერე ეშმაკურად გაეღიმა, -ისე შენ რო მოგწონს, ისეთი ტიპი კია..
-ვინ? -წარბები შეყარა ელენემ, იცოდა, ვისზეც ამბობდა, ძალით მოისულელა თავი.
-არ გინდა ახლა. ჩემი ოცივე თითივით გიცნობ, -თვალებდახუჭული ლაპარაკობდა. ზუსრად იცოდა, როგორი სახითაც მართავდა ახლა ნანა საჭეს.
-რა იცი, როგორი ტიპია?
-ჰა! გამოგიჭირე, -სიხარულით შეხტა ელენე სავარძელზე, -რა იცი, ვისზე გეუბნებოდი?!
-ვისზე მეტყოდი, ვინც ჩემთან დაინახე წეღან, იმაზე... არ გინდა ახლა ოცნების კოშკების აგება.
-ხომ არის შენი ტიპი? -წარბები აათამაშა, -დაბალზე შეჭრილი თმა და წვერი, მაღალი... სექსუალნი...
-ელენე, ჩაგსვამ. -მკაცრად გახედა. გააჟრიალა იმის წარმოდგენისას, რომ როგორ ტიპებსაც გაურბოდა და ვერ იტანდა ვერასოდეს, ისეთი იქნებოდა „მისი ტიპი“, -არანაირი ჩემი ტიპი არაა. უბედურის ერთია, არ გენდობიო, მომახალა. ბარათელების ნათესავია, რომელიც ახლახან ჩამოვიდა რუსეთიდან და ასევე ანდროსთანაც აქვს კავშირი. ანუ, ნამდვილად ხულიგანი და ბოროტმოქმედია.
-რაო შენმა ძმამ? -წეღანდელი მხიარულება სხვანაირი ინტერესით შეეცვალა ელენეს. -ეგუებით ერთმანეთს?
-ჩვენ ვერასდროს შევეგუებით, ნენე.
-რატომ?! მართლა მაინტერესებს, ნან... რა გაქვთ გასაყოფი? -შენიშნა ელენემ, პირველად რომ არ შეუსწორა დღეს „ძმა“ ნანამ „ნახევარძმით“. თუმცა არ შეიმჩნია, იმდენად ბუნებრივად გამოუვიდა. თითქოს რაღაცას მიაღწია ამით, ერთი სანტიმეტრით დაამოკლა მათ შორის გაბმული ძაფი.
-გასაყოფი არაფერია. უბრალოდ, არ მინდა მასთან სიახლოვე.
-არ გინდა კი არა, გეშინია. ხო, რას მიყურებ? შენ თავს რომ ხედავდე, როცა შენს ძმას უყურებ, ასე იფიქრებდი შენც. გეშინია. ოღონდ რატომ, მართლა ვერ ვხვდები და მგონია, რომ ვერც შენ ხვდები ამას, ნანა.
-აღარ გვინდა, რა, ამაზე... ის გოგო კარგადაა ანუ. -კეკეზე გადაიტანა ისევ თემა ნანამ, უცნაურად დაუმძიმდა გული სიმართლის მოსმენისას.
-ხო, საიდან გაიგე?
-იმან მითხრა.
-აააა, იმან, -პროვოკაციულად ხაზგასმით წარმოთქვა ელენემ, ძლივს შეიკავა ღიმილი. -როგორი მზრუნველია...
-მზრუნველი კი არა, მზაკვარია. დარწმუნდა, რომ მართლა კეკეს ამბის გასაგებად მოვედი და არა სკანდალის დასაფიქსირებლად.
-ვერ გაამტყუნებ. არ მოიქეცი დღეს სწორად, ნანა. ილომ რა გითხრა?
-არ მელაპარაკება ეგ, -ღრმად ამოიოხრა, -ამ ერთ დღეში იმდენი რამ მოხდა... იმ ადამიანად ნუ გადაიქცევი, ვინც ასე ძალიან არ მოგწონსო.
-სწორად უთქვამს.
-ვიცი... წამოხვალ ჩემთან თუ დაგტოვო სახლში?!
-დღეს სახლში, რა... შაბათ-კვირას გამოგივლი. თუ მანამდე მსოფლიოს გადატრიალება არ გაქვს დაგეგმილი, ოღონდ მამაშენიც შიგ მოაყოლო... ბოდიში, დიმა. -დააყოლა ბოლოს და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა მანქანიდან გადასვლისას.
ბოლომდე უყურა, სანამ სადარბაზოში არ შევიდა ელენე. სახლში წავიდა მერე.
-კიდევ არ გელაპარაკება ილო? -ნახევრად მიძინებული ხმით ჰკითხა ევამ ოთახში შემოპარულს.
რომ მიხვდა არ ეძინა, თამამად ახმაურდა.
არაო, თავის გაქნევით ანიშნა და ხელებგაშლილი ჩაეშვა სავარძელში. თვალები მიხუჭა.
-შეგირიგდება, დიდ ხანს ვერ ძლებს უჩვენოდ… -გაეკრიჭა დამამშვიდებლად, პლედიანად მიუჯდა გვერდით და გადააფარა ფეხებზე, -რაზე ჩაფიქრებულხარ?
-რავი, არაფერზე.
-შენი ფიქრების ხმაური მესმის, აურა ამიქაოსე… -გულზე დაადო თავი, უფრო მეტად გაინაზა ისედაც თაფლივით ტკბილი ხმა, -ანდროს ეჩხუბე ისევ?!
-არა, -ჩაფიქრებულმა გასცა პასუხი, -არ მინახავს გუშინს შემდეგ… ისე, მაგას როგორი გოგონები მოსწონს?
-რა იყო? -დაინტერესებულმა წამოყო თავი, ქერა კულულები ანცად შეუხტა მხრებზე, აღტაცებით აევსო ცისფერი თვალები. -რამე იცი? ანდროს ვინმე მოსწონს?
-არა, ისე გეკითხები… მაინტერესებს შენ თუ იცი…
-არა, -გულდაწყვეტილმა გასცა პასუხი, -მასე კარგად არ ვიცნობ ჯერ, ეგ რომ ვიცოდე. დავიჯერო, ანდროს გემოვნებაზე ფიქრობ ასეთი სახით?!
-ოხ, ჭინკა, შენ ხომ ვერაფერს გამოგაპარებს ადამიანი… -შუბლზე აკოცა დას და მიიხუტა ისევ.
ისეთი არავისთან არის, როგორც ევასთან. ვერავისთან გამოხატავს თავის ემოციებსა და სიყვარულს ისე სრულყოფილად, როგორც მასთან. ილოსა და ელენესთანაც ხომ უახლოესი ურთიერთობა აქვს, მაგრამ შეხებისა და ჩახუტების ინიციატორი თავად არასდროს არის ხოლმე.
ადრეულ ასაკში უმცროსი დის დედად გადაქცევამ, უეცრად დაკისრებულმა მძიმე პასუხისმგებლობებმა გაუაზრებლად შებოჭეს თითქოს და ვეღარასდროს დაძლია სხვა ადამიანებთან საკუთარი ხელით ამოშენებული ბარიერები.
-დედას ელაპარაკე დღეს?!
-კი, -მშვიდად გასცა ევამ პასუხი, თუმცა ხმაზე ეტყობოდა, რომ ნანასთვის არ უნდოდა სევდის დანახვება. -ანდროზე წამიკითხა ლექციები. აღარ შეხვდეო და ამბები…
-მეც მიმალანძღა?!
-ცოტა, -ჩაეცინა უხერხულად, -მაგრამ უსამართლოდ. ამიტომ არ ითვლება… ვერ ვხვდები, რატომ არის შენ მიმართ ასე მკაცრი. შენ ხომ არ ბრაზობ ჩემზე ამის გამო?
-რის გამო?! -წარბშეკრულმა დახედა მის მოწყენილ სახეს ზემოდან.
როდემდე უნდა ითამაშოს ნეტავ ლალიმ მსხვერპლის როლი ყველას წინაშე?! რა უთხრა ნეტავ ასეთი, ევასაც კი დამნაშავედ რომ აგრძნობინა თავი არაფრის გამო?!
-რა ვიცი, მე რომ რაღაცას ვაშავებ, შენ გთხოვს პასუხს…
-შენ არაფერს აშავებ, ეგ აღარ თქვა. ყველაზე კარგი გოგო ხარ მთელს სამყაროში, ყველაზე კარგი და, ევა.
-ხო, რა ვიცი.. -ხმა გაუტყდა, უფრო მიეხუტა ნანას სხეულს. ძლივს იკავებდა ცრემლებს, საშინლად არ სურდა ეტირა და უარესად დაეძაბა თავისი და, -ხანდახან მგონია, საკმარისად არ ვამჩნევთ და ვაფასებთ იმას, რასაც შენ ჩვენთვის აკეთებ, ჩემთვის და დედასთვის…
-რა სულელი ხარ, ევა… შენ ჩემი და რატომ გქვია აბა? მადლობები რომ მიხადო ყველაფრის გამო?! შენ რომ ასეთი ხარ, მე ერთი წუთითაც ვერ ვიგრძნობ თავს დაუფასებლად…
-ვაიმე, ილო! -სიხარულისგან შეხტა ევა სავარძელზე, კარზე ზარი რომ გაისმა. უფრო მეტად კი დის სიტყვებმა შეუმსუბუქა გული და გამოუკეთა ხასიათი. მაგრად აკოცა ლოყაზე, -მიდი, გაუღე. შენთანაა მოსული.
ასე გიჟივით ზარს ილო რეკავდა მხოლოდ. მანამ არ ჩერდებოდა, სანამ არ გაუღებდნენ.
ახლაც სერიოზული სახით იდგა კარს უკან.
-უკაცრავად, ნანა ჩადუნელი აქ ცხოვრობს?! ბრალი ედება მეგობრის ღალატში…
-არა, შეგეშალათ… -კარის მიხურვა სცადა, ნახევარი ტანით რომ შემოძვრა და გააკავა. სახე მოულბა.
-კარგი, არ გპატიობ.
-არ მომენატრე საერთოდ, -ეს მათი საერთო ენა იყო. ყველაფრის უარყოფა.
-არც მე. ვერ გიტან საერთოდ, -მხარზე გადახვია ხელი და ისე შევიდნენ მისაღებ ოთახში, სადაც ევა ელოდებოდათ გაბადრული სახით.
-ჭინკა? შენი დის ბრალია ყველაფერი…
-ოხ, ლიფონავა… მერე მე რას მერჩოდი?! იცი, რამდენი რამე მოხდა სკოლაში?! -ელესაც დავურეკავ, თუ გაიღვიძა, მორიგეობდა გუშინ…
ასეთ საღამოებს ვერ დაივიწყებდა ვერასდროს. სხვა ყველაფერს რომ ივიწყებდა მათთან ყოფნის დროს და ბავშვივით ლაღი და ბედნიერი რომ იყო. არ ადარდებდა კარს მიღმა დატოვებული სამყარო, მამაზე შურისძიების მიზნით დაწყებული სამსახური, სამუშაოს შესრულების დროს გასვრილი ხელები. ერთადერთი, რაზეც ფიქრობდა, როცა დაუნდობელი დამთხვევასავით დატოვებულ ერთადერთ ცარიელ სავარძელს უყურებდა, ანდრო იყო.
არაფერი იცოდა მასზე. საკუთარ სისხლსა და ხორცზე წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორი იყო. როგორი მეგობრობა შეეძლო, როგორ ხუმრობდა, როგორი საკვები უყვარდა, ტკბილზე თუ გიჟდებოდა მათსავით, სულელურ ფილმებს თუ უყურებდა დაუწუწუნებლად…
-ნანულ! -ცხვირწინ აუფრიალა ელენემ ხელი, როცა ორ წუთზე დიდხანს გაუშტერა ცარიელ ადგილს მზერა ნანამ, -სად გაფრინდი?!
-არაფერი, თვალი გამიშტერდა… -თვალებმოწკურულ ილოს გახედა შემდეგ, ხან მას რომ უყურებდა და ხან ელენეს, თითქოს რაღაცის გამოცნობას ცდილობდა, -რა იყო?! ბარათელის შვილზრ არ გაგიგია რამე?!
-შენ მართლა გგონია რამეს გეტყვი ახლა?!
-უთხარი რა, არ იზამს მეორედ… -დას გამოესარჩლა ევაც, თვალი ჩაუკრა ილოს. თვითონაც ძალიან აინტერესებდა გიგის ამბავი.
-ეს კუდი გყავს, ხო? -დაღლილი გადაწვა სავარძელზე, თვალი მოავლო სამივეს. რაღაცნაირი ბედნიერება იგრძნო მათ შემხედვარემ. -არაფერი გარკვეულა ჯერ… არ მგონია ეგ იყოს მკვლელი რა. მე არავინ მრევს მაგ საქმეში, მაგრამ მაინც…
-ანდრომაც ეგ თქვა, -ჩაიბურტყუნა ნანამ. გაკვირვებით მოშტერებული თვალები დააიგნორა.
-შენ ანდროს ელაპარაკე? -არაფრით გაუშვებდა ილო ამ თემის განხილვის შანსს ხელიდან.
-მას შემდეგ, რაც ერთმანეთი დაწყვიტეს. ჩემთან იყვნენ კლინიკაში. კეკე ბარათელი იქ დააწვინეს და შემჭამა ამან, სანამ არ გავაგებინე ყველაფერი.
-ჭკუა ვერ ისწავლეთ რა ვერც ერთმა! შენ ვერ ხვდები, რომ უნდა გაერიდო ახლა მაგ ხალხს, ნანა?!
-კი, ვხვდები, მაგრამ ვერ მოვითმინე… აღარაფერს ვიზამ, საერთოდ ჩამოვშორდი მაგ საქმეს.
-შენი სიფიცხე დაგღუპავს.
ზარი იყო კარზე. ერთმანეთს გადახედა სამივე.
-ელოდებით ვინმეს?! -ილო წამოდგა ფეხზე. ჯერ კიდევ არ გაეხადა პოლიციის ფორმა. ის წავიდა კარისკენ.
-არა, არავის…
უკან ამოუდგა ნანაც.
დააზარუნეს ისევ.
ანდრო იდგა კართან. დაღლილი და ღამენათევი სახე ჰქონდა, რომელიც ერთიანად გამოუფხიზლდა პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ილოა დანახვისას.
-რა ხდება?! -წარბები შეყარა მოსულმა. ჯერ ილიას გახედა, შემდეგ ნანას…
-არაფერი… -მხრები აიჩეჩა ნანამ, დაკვირვებით მოუთვალიერა ფერწასული სახე, -შენ აქ…
-საქმე მქონდა შენთან.
-ანდრო მოსულა? -ფეხსაცმლის ფრუტუნით გამოძვრა ოთახიდან ევაც. ხელებგაშლილი წავიდა ძმისკენ ჩასახუტებლად. -შემო…
ყველა დერეფანში შეკრებილიყო ელენეს გარდა. არეული მაგიდის ლაგებას შეუდგა მაშინვე, როგორც კი კარზე ზარი დარეკეს. ყრუდ ესმოდა გვერდითა ოთახიდან გამოსული ხმები.
-ხო, შემოდი. -დაეთანხმა ნანაც. რატომღაც არასდროს შემოდიოდა ხოლმე ანდრო მათთან სახლში. სულ კართან აკითხავდა ევას, მიჰყავდა და მერე ისევ უკან აბრუნებდა.
თითქოს რაღაც ისეთის ნახვის ეშინოდა, რასაც ვერ გაუყოფდნენ, არადა, ძალიან უნდოდა თავისიც ყოფილიყო.
-გავიდეთ ცოტა ხნით… -არ შემოუდგამს არც ახლა ფეხი.
მერე ჭიქა გაუვარდა ელენეს ხელიდან შემთხვევით, ბოდიშიო, გამოსძახა სამზარეულოდან.
-შემო, რა… -შეევედრა ევა კიდევ ერთხელ.
-ელე, კარგად ხარ? -ინსტიქტურად გასძახა სამზარეულოში მეგობარს ნანამ.
მკვირცხლად გადაიტანა თვალები ევადან უფროსი დის თვალებზე ანდრომ. თითქოს წამიერად გადაწყვიტა ნაბიჯის გადადგმა წინ, მაგრამ მაინც გაუაზრებლად ინერტული იყო პირველი ნაბიჯი.
მიუხვდა ნანაც, მის გასამწარებლად და ელენესთან დასაახლოვებლად რომ დასთანხმდა ევას მუდარას.
როცა შიგნით შეიკრიფნენ ყველანი, წინ გადაუდგა თავის ძმას. მივიწყებული სიველურე დაუბრუნდა მის მომწვანო თვალებს. ქვემოდან ახედა ანდროს, რომელსაც სულაც არ შეცვლოდა გამომეტყველება, თვითონ იცოდა მხოლოდ როგორ ეჩქარებოდა ოთახში შესვლა.
-ელენეზე არ გამამეორებინო… -საჩვენებელი თითი დაუქნია მკერდთან ნანამ. ალმაცერად დახედა მის ქცევას და ისე აუარა გვერდი, არაფერი უთქვამს.
ილოს დაძაბული გამომეტყველებით მიხვდა ნანა, რომ მანაც შენიშნა ანდროს უცნაური საქციელი.
-შენი საყვარელი ჭიქა გავტეხე, -ნატეხებით ხელში გამოვიდა სამზარეულოდან, ისე იყო გართული ნამსხვრევების აკრეფაში, ვერც მიხვდა რა მოხდა მის არყოფნაში. დაბნეულს გაეღიმა, ანდრო რომ დაინახა სავარძელზე ჩამომჯდარი.
უმისამართოდ დაიწყო თვალების ცეცება.
-ახალს გიყიდი მერე… -გაეკრიჭა მეგობარს, ანდროს გახედა მერე, -გამარჯობა…
ძალიან არ უნდოდა გულის სიღრმეში აგორებული სიმორცხვისა და დაბნეულობის გორგალს წითლად მოექარგა მისი თეთრი ლოყები, მაგრამ ვერ მოერია ვერაფრით.
ისე უყურებდა მის წინ მჯდომი ჩადუნელი, თითქოს ხვდებოდა ყველაფერს.
-გაგიმარჯოს, -ზანტად მოარიდა ელენეს თვალი და ილოს შეხედა ამჯერად, დაჟინებით რომ აკვირდებოდა სახეზე. სხვას ანდროს ადგილას ცეცხლი წაეკიდებოდა და აალდებოდა ალბათ, მაგრამ მას წარბიც არ შეხრია.
ილოს სტატუსის გაურკვევლობა აწუხებდა ერთადერთი და ისიც ისე, რომ არ იმჩნევდა.
-რა ხდება? -მის წინ ჩამოჯდა ნანა. კანში ვეღარ ეტეოდა უკვე ინტერესისაგან. -მშვიდობაა?!
-ტელევიზიიდან უნდა წამოხვიდე, რა…
გაისუსა ყველა. ნანას მიაჩერდა ოთხი წყვილი თვალი.
-რას ნიშნავს უნდა წამოვიდე?
-იმას, რასაც სიტყვები გკარნახობს, ნანა. ცოტა ხნით უნდა ჩამოშორდე, სანამ ბარათელების ამბავი არ ჩაწყნარდება.
-რატომ, ანდრო?! სად ვცხოვრობთ კი მაგრამ, ამ ხალხს მედიის თავისუფლებაზე არაფერი სმენია?!
-არ გინდა ახლა, კარგად ვიცით ყველამ, რის გამოც გამოეკიდე ნათლიაჩემს.
-ბარათელი ნათლიაშენია?! -გაკვირვებით გადახედა ილომ უფროს ჩადუნელს, ნანას შეხედა მერე, -შენ იცოდი ეგ?!
-იცოდა. -მოკლედ მოუჭრა ანდრომ.
-კარგი, ახლა რა მნიშვნელობა აქვს ამას… რატომ უნდა წამოვიდე სამსახურიდან?! ან რა ვაკეთო მერე მე… არ მინდა წამოსვლა!
-ირაკლი რაღაცას ეჭვობს. არ მოგასვენებს, სანამ არ გაიგებს, რა გინდა და რატომ შეუშალე ხელი ბარათელებს გიგის სუფთად და უხმაუროდ გამოყვანაში. მე კიდე მაგ ტიპს არ ვენდობი…
-აჰა, ესე იგი, ირაკლი ჩამიდგა კვალში, შენ კიდევ მას არ ენდობი და მე ამიტომ სამსახურიდან უნდა წამოვიდე…
-ნანა, გამიგონე რას გეუბნები… -თავიდან დაუწყო ახსნა ანდრომ. თვალებით კონტაქტი არ გაუწყვეტია. -გელა ბარათელის არაადეკვატური მდგომარეობის ამსახველი კადრები გამოაქვეყნე წინასაარჩევნოდ. შენ როგორღაც მკვლელობიდან სამ საათში მოიპოვე ამაზე ინფორმაცია და დილას უკვე ყველამ იცოდა ის ამბავი, რაც გაავრცელე შენივე ხელით, სადაც ისმის შენი ხმა, რომელიც გადაიღე შენი ტელეფონით! კამერის ჩანაწერებში ჩანხარ მხოლოდ შენ, არ გიჭირავს შენი არხის მიკროფონი! ვინ დაგიჯერებს, რომ პირადი ინტერესი არ გქონდა?
-და დავუშვათ მქონდა, ირაკლი რა შუაშია?! ან რას შევუშალე ხელი… ის გავაჟღერე, რაც ისედაც გამჟღავნდებოდა მალევე.
-იმას, ვინც ბარათელებს ეს მახე დაუგო, აწყობდა ინფორმაციის დროზე ადრე გამჟღავნება… ვერ ხედავ გელა რა დღეში იყო?! ოქროს კადრები ჩაუდე ხელში შენ მის მტრებს. ქაოსი გამოიწვიე, სანამ ბარათელები გიგისთვის ადვოკატის აყვანას მოასწრებდნენ. ყველაფერი აურიე. ამიტომ ჩაგიდგა ირაკლი კვალში. მას არავინ არაფერს გააგებინებდა, სიმშვიდე კიდევ რამდენიმე საათით რომ გაგრძელებულიყო. გელა ადვოკატს აიყვანდა, ჩანაწერებს მოიპოვებდა, რამეს იზამდა… ახლა არაფერი აქვს და კანონის ძალით ვერ იზამს ვერაფერს. ირაკლის შეუძლია მხოლოდ დახმარება. მას ჰყავს აქ ისეთი ხალხი, ვინც მთავრობისგან დამოუკიდებლად დაეხმარება გიგის
გამოყვანაში და სიძის მკვლელის მოძებნაში. ის არ უნდა იფიქროს, რომ შენ მარტო კი არ მოქმედებდი დიმას გასაბრაზებლად, არამედ ვინმეს შეეკარი იმათ დასამხობად.
-რა სისულელეა… -ენა გაუქვავდა ნანას. ელენეს გახედა, რომ მოშველებოდა და მხარი აება მისთვის, მაგრამ მანაც კი ვერ გამოძებნა სიტყვები ამჯერად.
არადა, არასდროს უჭირდა უკუნ სიბნელეშიც კი იმ წერტილის დანახვა, რომელიც ყველას იმედით გაანათებდა.
წამიერად შეხედა ანდრომაც მას.
ნანას მოუბრუნდა მერე ისევ.
-ლოგიკურია. არ არის სისულელე. ახლა შენი ფიცხი ხასიათი და სიამაყე გვერდზე გადადე და წამოდი ტელევიზიიდან. მეც რომ არ მენდობა ირაკლი, ფეხებზე . არც მე ვენდობი და უჩემოდ ვერ გააკეთებს მაინც ვერაფერს, მაგრამ შენ არ უნდა გადაგეკიდოს. მაგ ტიპს არავინ ჰყავს და დასაკარგიც არაფერი აქვს შენგან განსხვავებით.
-იქნებ, ცოტა ხანს გაჩერდეს? -მორიდებით ჩაურთო ელენემ, როცა მიხვდა ანდრომ საუბარი დაასრულა. ხმაზე ეტყობოდა, ძალიან ცდილობდა არ დაბნეულიყო მისი ინტერესით ავსებული თვალების გამო. -ასე მალევე წამოსვლა უფრო საეჭვო არ არის?! თავისი საქმე გააკეთოს, ირაკლიც მიხვდება, რომ მისი მიზანი დიმას ჩაძირვაა და არა ბარათელების.
-საშიშია მაინც, -ისე გასცა პასუხი ელენეს, თითქოს დიდი ხანია იცნობს და პირველად არ ესაუბრებაო პირისპირ.
გააჟრიალა მის მშვიდ და დამაჯერებელ გამოპასუხებაზე ელენეს.
-საქმეს შემოგტენიან, -დას მიუბრუნდა, როცა ბოლომდე მოსინჯა თავისი ეფექტი ელენეზე. ძლივს მოაშორა თვალები დაბნეულს, -გამოგითხრიან რამეს და დიმას შვილისთვის არ გაუჭირდებათ რამე ხელჩასაჭიდის გამოძებნა. წამოდი ამიტომ, რაც მალე მით უკეთესი.
-ასე ვერ წამოვალ… -პირგამომშრალი ისმენდა ნანა ძმის სიტყვებს. ვინმესგან ელოდა დახმარების ხელის გამოწვდას, თუმცა მუხლებზე დაეკრიფათ ყველას ხელები და უხმოდ იზიარებდნენ ანდროს აზრს. ილოც კი.
-ნანა, არ გინდა გაჯიუტება ახლა. -პირდაპირ მიახალა ილიამ ის, რის თქმასაც ასე უფრთხოდა ანდრო.
მწარედ გაუკრთა გულში რაღაც, როცა მიხვდა რამდენი წელი და გადაულახავი გრძნობა აშორებდა ნანასგან, რომ თავადაც შეძლებოდა მისი დისთვის ასე თამამად მიეთითებინა თავისი არასწორი საქციელისა თუ რეაქციისთვის.
უფრო მეტად კი ილოზე ეჭვიანობდა მაინც. თითქოს ჩაანაცვლეს. თითქოს ის იყო უფრო ახლობელი მისი დებისთვის, ვიდრე თვითონ.
-სულელურად იქცევი უკვე და გაიგონე ადამიანური ნათქვამი! ეს არ არის სათამაშო საქმე და რაც მალე გამოხვალ ბრძოლის ველიდან, უკეთესი იქნება ყველასთვის. თუ ბარათელი უდანაშაულოა და შენ გამოძიებას ხელი შეუშალე, ეჭვი არ შეგეპაროს, რომ ვერაფრით გიშველის დიმას შვილობა…
-დიმას შვილობის იმედი არ მქონია მე არასდროს, ილო!
-სულ ასეთი შეუგნებელი იყავი, როცა დიმას მისდგებოდა საქმე! -ხმა გაიმკაცრა ილომ, თითქოს მასთანაც გადაკვეთა ნანამ ის ზღვარი, რასაც არ უნდა არღვევდნენ უახლოესი ადამიანები. -აღარ ხარ თექვსმეტი წლის გოგო, რომელიც ცუდი მამის საჩუქრებს აპროტესტებს და მისი ფულით ნაყიდ ტანსაცმელს აღარ იცვამს! ოცდაორი წლის ხარ და შენთან ერთად იზრდება შენი საქციელის მნიშვნელობა და პასუხისმგებლობები. ჟურნალისტიკა არ ყოფილა არასდროს შენი საქმე, არ ხარ ეგ ადამიანი, რომელსაც სხვებისთვის ცუდი ამბის პირში მიხლა სიამოვნებას ანიჭებს, ვინც ექსკლუზივის გამო გადაახტება მეგობრებს, დას, ძმას… საკუთარ თავს.
-ილო, -ხელზე შეეხო ელენე ფრთხილად ჭკუიდან გადასულ მეგობარს. აშკარად შენიშნა მან ნანას თვალებზე გადაკრული ცრემლების თხელი ზეწარი და ვერ გაიმეტა ყველას წინაშე ატირებისთვის.
ინსტიქტურად გაექცა თვალი ანდროს მისი ხელისკენ. არაფერი გაუკეთებია ისეთი ელენეს, მისი ყურადღება რომ მიექცია, ყოველ შემთხვევაში ახლა და ამ მდგომარეობაში.
ჩაისუნთქა ილომ სიმართლით გასქელებული ჰაერი.
-ვიცი, გაბრაზებული ხარ. -ისევ მან გააგრძელა, წინ დაუდგა და ხელებს შორის მოიქცია ნანას სახე, -ამის ყველა მიზეზი გაქვს, მაგრამ ვერ მოგცემ თავის დაღუპვის უფლებას. უნდა წამოხვიდე.
-და შემეშვებიან?! -ჯერ ილოს შეხედა, მერე თავის ძმას.
-ირაკლის მე მივხედავ. -წამოდგა ანდრო.
გულს მოეშვა თითქოს, პირველი წინააღმდეგობა რომ გადალახა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ვერ… ისე მაინც ვერ მიუახლოვდა, როგორც ილო, როგორც თვითონაც უნდოდა.
გასასვლელად გადგა მისი მაღალი სხეული.
-ეგ არის თავიდათავი ამ ყველაფრის, ირაკლის რომ მოვუვლი, შენ შეგეშვებიან და დანარჩენი უკვე აღარ გეხება.
-არ ინერვიულო რა… მაინც არ მოგწონდა ის შენი უფროსი. -გადაკოცნა ელენემ, ვერ იტანდა ასეთ ნანას, მოწყენილსა და თვალცრემლიანს. -მე რომ წავიდე, ხომ არ გეწყინებაა?! გვიან არის უკვე და ხვალ…
-წადი, ელე, რას მიხსნი?! -გაუღიმა სუსტად. ანდროსკენ გაექცა მაინც დაკვირვებული თვალები.
არ დასტყობია სახეზე არაფერი, თუმცა შეყოვნებულმა ნაბიჯმა გასცა ამჯერადაც. ელენეს გამო იყო აქ და არც წავიდოდა მის გარეშე.
კარამდე მიაცილა ყველა. უხმოდ დაემშვიდობნენ ერთმანეთს დაზავებული მხარეებივით და დარჩა ისევ მარტო ევასთან და გადაულახავ ბარიერებთან.
შეთანხმებულებივით ადგამდნენ თითქოს ნაბიჯებს კიბეებზე. წინ მიდიოდა ელენე. უკან მიყვებოდნენ მხარდამხარ ორივენი. ხმას არ იღებდა არც ერთი, თუმცა ორივემ იცოდა, კიბის ბოლო საფეხურთან უნდა დამთავრებულიყო მათი დუმილი.
დაძაბულობისგან ეწვოდა მთელი სხეული ელენეს. არ უნდა წამოსულიყო ჯერ. ახლა ანდროს დაემთხვა… თუმცა, რატომ ჩათვალა, რომ წაიყვანს…
ერთმანეთს გაუსწორდნენ სადარბაზოში ანდრო და ილია. უნდობლობის ბოლო ძაფიც გაწყდა თითქოს მათ შორის იმ საღამოს.
-მე გავაცილებ ელენეს. -მტკიცედ განაცხადა ჩადუნელმა. წარბი არ შეხრია ილიას, გასასვლელთან აწურულ ბავშვობის მეგობარს გადახედა მხოლოდ.
-არ მინდა გაცილება. -მძიმედ შეიარაღებულ ბრძოლაში ხის ხმლით მისვლას ჰგავდა ელენეს წინააღმდეგობა. უშედეგო იყო და სულელური.
ხელი გაუწოდა ანდრომ. დღეს საკმარისი მიზეზი მისცა ილიას ნდობისთვის. თავად ენდო პირველი მას. მიხვდა ამას გაჟღერების გარეშე ისიც. ჩამოართვა ხელი და თვალი ჩაუკრა ელენეს.
თვითონ ანდროს ორი ჩაიბარა სამაგიეროდ.

უხმოდ მივიდნენ ადროს მანქანამდე ორივენი. ერთდროულად ჩასხდნენ შიგნით და კარი მოიხურეს. ხმა არ გაუღიათ და არც მანქანა დაძრულა.
ყველა ემოცია გარეთ დატოვეს თითქოს და შიგნით მხოლოდ საზიარო შეგრძნებები შემოჰყვათ, რომელშიც ვერ ერკვეოდა ვერცერთი. ორივეს სურნელი დატრიალდა მანქანაში, მხოლოდ ერთმანეთისას გრძნობდნენ ისინი.
მერე დაძრა ანდრომ უხმოდ მანქანა.
ხმადაბლა უკარნახა ელენემაც მისამართი.
რაღაცნაირი შვება იგრძნო, შორი გზა რომ გაწვა მის სახლამდე…
-რატომ ხარ დაძაბული?! -ჰკითხა, როცა ვეღარ მოთმინა ელენეს მშვილდ-ისარივით მომართული სხეული.
-არ ვარ… -ფანჯარა ჩამოსწია, სუფთა ჰაერი რომ ეგრძნო და არა მხოლოდ ანდროს თბილი ჰაერი და სხეულზე უსურვაზივით შემოხვეული მახრჩობელა მზერა.
-გეშინია ჩემი?
-არა… -გაუკვირდა ელენეს ეს შეკითხვა, შიშის გამო ნამდვილად არ იყო დაძაბული. -რატომ უნდა მეშინოდეს შენი?
-რა ვიცი, მაგალითად, იმის, რომ მე ჯერ კიდევ არ დამვიწყებია, შენ რომ უშიკრიკე ნანას და კეკეს ადგილსამყოფელი გაუმხილე.
-და? -წარბები აზიდა ელენემ. სუნთქვა შეეკრა დანაშაულზე წასწრებულს რომ შეახსენეს კიდეც რაც ჩაიდინა. -ნერვიულობდა და ვინმეს უნდა ეთქვა, რომ კარგად იყო ის გოგო.
-მე ვერ ვეტყოდი? -წარბები აზიდა ანდრომ.
-არ ვიცი, თქვენ არ საუბრობთ ერთმანეთთან.
მიხვდა ანდრო, იმაზე მეტი იცოდა ელენემ, ვიდრე ვარაუდობდა. ხმაზე ეტყობოდა თავისი ცოდნა, მშვიდი იყო, გამგებიანი. თითქოს აქეზებდა კიდეც ანდროს რაღაცისაკენ.
-არადა, გჭირდებათ ორივეს.
-ნუ ჩაერევი შენ. -ხმაზე ეტყობოდა, რაღაც მარტივად მსხვრევადს რომ წაკრა თითი ელენემ და გააფრთხილა ანდრომ თავისი ტონით.
-სულაც არ ვერევი, უბრალოდ აღვნიშნე. ათი წუთით ისაუბრეთ მაშინ და ხომ ხედავ, დღეს რაღაც საერთო გადაწყვეტილება მიიღეთ.
-შენ თვალთვალი გყვარებია, ელენე. -გვერდულად გადმოხედა. ისეთი მომხიბვლელი და შთამბეჭდავი იყო იმ წამს, სამუდამოდ დაამახსოვრდებოდა ელენეს გონებას ის კადრი და მის სხეულს ის შეგრძნებები, რაც მისმა დანახვამ გამოიწვია.
მიხვდა, საკუთარი სახელის ანდროს პირიდან გაგონებამაც ითამაშა დიდი როლი ამ საქმეში.
-შემთხვევით… -თავი იმართლა. მოარიდა დაბნეული თვალები.
-ჩემი დამსახურება არ ყოფილა, ილომ დააჯერა.
-შენი წვლილი უფრო დიდია. -უცნაურად ჩაილაპარაკა, თითქოს ამ საღამოს არ გულისხმობდა მხოლოდ ელენე. -შენ სხვა ხარ მისთვის საერთოდ.
აღარაფერი უთქვამს მისთვის ანდროს. თავად უნდოდა ნანაზე ყველაფრის გაგება, ვინმეს დახმარებისა და მონაყოლის გარეშე, თავისი ხელებით უნდოდა დანგრეული კედლებისგან ხიდის აშენება თავის დასთან.
არ იყო ელენე ის გოგო, რომელიც ვერ ხვდებოდა ამას. პირიქით, კარგად იცოდა, რა დოზით უნდა ჩარეულიყო და როდის.
სახლამდე არ მიაყვანინა თავი ბოლომდე.
-მადლობა, ანდრო.
-ვიცი, რომ აქ არ ცხოვრობ. შემდეგში კარამდე მიგიყვან.
-შემდეგში? -გაღებულ კარში შემოჰყო თავი ელენემ. ღიმილით ფარავდა თავის გულწრფელ ინტერესს
-ხო, შემდეგში. -მიმიკის გამოუცვლელად დაუდასტურა ანდრომაც. -ახლა გიყურებ. მიდი.
-შემდეგი არ იქნება, ანდრო.
-ძილი ნებისა, -აწეული წარბებით ანიშნა, რომ იქნებოდა შემდეგი და ისე მოვიდოდა, ვერც კი მიხვდებოდა ელენე, რომ გაეპროტესტებინა.
როგორც მისი სადარბაზომდე მიყოლილი მზერა ვერ გააპროტესტა ვერაფრით. შიშით მაგრამ მაინც გაეღიმა და სწრაფად ავარდა კიბეებზე.
კარს მიღმა ელოდნენ ადამინები, ვისაც ვერასდროს გაუმხელდა, ვინ მოიყვანა სახლამდე.
II თავი
„nobody’s son, nobody’s daughter”
სულგანაბული იჯდა თავის მანქანაში ნანა. ტელევიზიის შესასვლელს ისე უყურებდა, თითქოს პირველად ხედავდა აქაურობას. სწავლობდა და აკვირდებოდა ყველაფერს.
დამძიმებოდა გული, არ უნდოდა წამოსვლა ჯერ. ადრე თუ გვიან მაინც დადგებოდა ეს დღე, იცოდა ეს აქ მოსვლის პირველივე წამიდან.
არ მიუღწევია იმ მიზნამდე, რომელიც დაისახა. საერთოდ აიბნა.
თითქოს ობობის ქსელში გაება და რაც უფრო მეტად ფართხალებდა მითუფრო ბოჭავდა სხეულზე შემოხვეული ძაფები.
მოაგონდა გუშინდელი საღამო, ილოს სიტყვები და ანდრო, რომელიც არ გაითვალისწინა, რომელიც მაინც მოვიდა მასთან.
გული მოეკუმშა.
როგორ უყვარდა… გამხელა რომ შეეძლოს ვინმესთვის, ალბათ არც იქნებოდა მისი ძმის სიყვარული ასეთი რთული.
ყველაფერზე მეტად მის გარეშე გაზრდას ვერ აპატიებდა დიმას.
გადავიდა მანქანიდან, ადრე იყო ძალიან, დილის ნესტიანი სუსხი ეკვეთა მოშიშვლებულ მუხლებზე. სპეციალურად გამოაწყო ასე ლამაზად, რომ მეტი თავდაჯერება ჰქონოდა წასვლამდე.
სალომეს ოთახს მიადგა პირდაპირ.
დააკაკუნა ფრთხილად და პასუხისთანავე შევიდა შიგნით.
-ასე ადრე მოხვედი? -გაუკვირდა სალომეს ნანას დანახვა ამ დროს. კარგად შეათვალიერა. -სულ აგვიანებ ხოლმე…
-მთავარია, საქმე კეთდება. დილამშვიდობისა. -წინ ჩამოუჯდა ნანაც, აწეული წარბებით ანიშნეს, აქ რისთვის ხარო, -სამსახურიდან მივდივარ.
-კარგი ახლა… დაგვიანებაზე სერიოზულად არ მითქვამს.
-მე ვამბობ სერიოზულად. აღარ მინდა ტელევიზიაში მუშაობა. ისედაც შეცდომა იყო ჩემი აქ…
-ნანა! ასეთ დროს ვერსად ვერ წახვალ.
-ასეთ დროს რას ნიშნავს?!
-ბარათელების ამბავს ვგულისხმობ. ბოლომდე უნდა მიიყვანო.
-ბარათელების ამბავთან მე ხელი არა მაქვს, არც ვაპირებ ჩარევას, საკმარისია. დანარჩენს გამოძიება იტყვის.
-შენ მართლა გგონია, რომ გამოძიება რამეს გაამჟღავნებს?!
-და მე გავამჟღავნებ?
-ნანა… აქამდე ხომ შეძელი მოსვლა?! ამდენი ექსკლუზივი ჩვენს არხს არ ახსოვს… გამოიყენე შენი კავშირები.
-ჩემი კავშირების წყალობით არ მიმიღია ის ექსკლუზივები, -მოიტყუა თამამად. რა თქმა უნდა, ილოს დამსახურება იყო მისი ყველა წარმატებული გამოძიება. ცოტათი გვარიც უწყობდა ხელს.
ჩაეცინა ამაზე სალომეს. ჭკვიანი ქალი იყო, თუმცა ცბიერი და ცივსისხლიანი. კლანჭებით უნდოდა ჩაფრენოდა ახლა ნანასაც.
ვერცხლისწყალივით იყო ჩადუნელი. თუ რამე ისწავლა დამოუკიდებლად გაზრდით, თავდამსხმელების ამოცნობა და მათგან თავდაცვა იყო.
-ანუ მამაშენის ავტორიტეტი შენზე არ ვრცელდება, გგონია?!
-ასეაც არის, არაფერი მგონია. -წამოენთო სახე, ისეთი ველური გაუხდა მზერა, როგორც გაბრაზებისას იცოდა. უელავდა ცეცხლისფრად მწვანე თვალები. -მოკლედ, მე მივიღე გადაწყვეტილება…
-დღეს ვერ წახვალ, ნანა, -ეტყობოდა სალომეს ძალიან რომ იკავებდა თავს. წინ გადმოიხარა და ჩურჩული დაიწყო. -ხომ არ გაშინებენ?
-სალომე, არ გინდა ეს კონსპირაციები. არ მაშინებს არავინ.
-ხოდა, დღეს გიგის დეიდაშვილი, ირაკლი ნაკაშიძე ნახავს გამომძიებელ ვაჟა რატიანს. გაიგე, რა უნდა და რატომ მაინც და მაინც ვაჟა?!
-მისი დეიდაშვილი ციხეშია, გამომძიებელთან რომ მიდის რა არის ამაში გასაკვირი?! ან თქვენ საიდან…
-გაჟონა, შეიძლება ჭორია, მაგრამ უნდა შემოწმდეს. ვაჟა რატიანზე კი საინტერესო ხმები დადის, ჰკითხე მამაშენს და გეტყვის. ახლა საქმეს მიხედე. მცხეთაში ცხოვრობს ვაჟა, ირაკლისნაირ სტუმრებს კი პირადად იღებს.
-სხვა საქმე მაქვს დღეს, -ფეხზე წამოდგა ნანა, არაფრად ჩააგდო სალომეს გადაპილპილებული სახე, -თანაც სამსახურიდან მივდივარ…
თავის მაგიდასთან დარჩენილი ერთი-ორი ნივთი გამოიყოლა თან და მანქანაში დაბრუნდა სასწრაფოდ.
მაშინვე მოძებნა ანდროს ნომერი ტელეფონში. გათიშული ჰქონდა, რა თქმა უნდა. ილოსთან დარეკა მერე, არც მან უპასუხა.
მოუსვენრად დაიკბინა ტუჩები.
ისევ ხელს უშლიდნენ საქმეს. აშკარაა, არ უნდა დაფიქსირებულიყო ირაკლი რატიანთან, ამიტომაც ჰქონდა ასეთი ალესილი მზერა სალომეს.
-ელე, გცალია? -ყველაზე საიმედო სამაშველო რგოლს ჩაეჭიდა ბოლოს.
-რა იყო? დღეს ცვლაში ვარ და ისეთი სიგიჟეა…
-ჩემთანაც… არ მიშვებდა სალომე. დაამთავრე ბარათელების საქმეო, წადი და მცხეთაში ნაკაშიძე გამოიჭირე რატიანთანო…
-ნაკაშიძე ვინღაა?!
-ირაკლი…
-ააა, ის…. -ღიმილი შეეპარა ხმაში.
-ელენე!
-ხო, იმედია, შენ მცხეთისკენ არ გადაუხვიე უკვე, ნანა…
-ანდრო არ მპასუხობს, არც ილია! რაღაცა ხდება კიდევ და…
-შენ არ გეხება, წამოდი სახლში დროზე.
-ვინმემ უნდა გააფრთხილოს…
-შენი შეცდომის გამოსასწორებლად ძალიან სარისკო დრო აარჩიე, რა! -ამოიოხრა ელენემ, ეჭვი და შიში შეეპარა ხმაში.
-ირაკლიც რომ ჩასვან? მაგიტომ ჩამოიყვანეს, რომ გიგის ამბავში დახმარებოდათ… რომ დაიჭირონ, ისიც ციხეში დარჩება და ამასაც მიუსვამენ გვერდით!
-შენ გიგის უდანაშაულობის როდის მერე გჯერა? -ინტრიგნულად ჰკითხა ელენემ, კარგად მომართა მერე ისარი და მიზანში გაისროლა, -ანდროს აზრის მოსმენის შემდეგ ხომ არა?
-რა მნიშვნელობა აქვს?! საქმე გავაფუჭე დიმაზე შურისძიების გამო… -ისევ მოიკვნიტა ტუჩები ნერვიულობისგან, მუცელში ტორნადო დაუტრიალდა, ვეღარც სუნთქავდა უკვე.
-ნუ ჩაერევი, რა. ნუ მანერვიულებ, წადი სახლში!
ტელეფონი რომ გაუთიშა, მაშინვე ამოხტა ეკრანზე შეტყობინება სალომესგან. უცბად გადაუსვა ხელი ეკრანს.
ძველი სტატია იყო, დიდი ასოებით იკითხებოდა ნაკაშიძისა და რატიანის გვარი ერთმანეთის გვერდზე.
“იაკობ ნაკაშიძის მკვლელობაში ბრალდებული კახა ნაცვლიშვილი გაამართლეს, ადვოკატ ვაჟა რატიანის კიდევ ერთი გამარჯვება სასამართლო დარბაზში”
ვაჟა რატიანის სურათის გვერდით შავ ფონზე გამოსახული ახალგაზრდა მამაკაცი ძალიან ჰგავდა ირაკლის. ძველი იყო ეს სტატია, ცხრა წლის წინანდელი.
მალე მოჰყვა ამ შეტყობინებას სალომესგან ახალი. “ირაკლი კობას ერთადერთი შვილია. კარგი დრო აურჩევია შურისძიებისთვის…”
მკვეთრად მოატრიალა საჭე.
ვერავინ ეტყოდა გადაჭრით, რომ შეცდომას უშვებდა. ვერც გაამართლებდა ვინმე ბოლომდე ალბათ მის საქციელს. ანდროსთვის რომ მიეწვდინა ხმა როგორმე, არ წავიდოდა არაფრით.
მაგრად მიაჭირა გაზს ქუსლიანი ფეხსაცმელი. ყველაზე ადრე უნდა მისულიყო.
ტრასიდან მალე გადავიდა ხრიოკიან გზაზე.
რამდენჯერაც სცადა ილოსთან დარეკვა, იმდენჯერ უშედეგოდ, არც ანდრო პასუხობდა, არავინ გამოდიოდა კონტაქტზე ელენეს გარდა, რომელსაც უსირცხვილოდ მოატყუა, რომ სახლში წავიდა.
გამალებით უცემდა გული. უკაცრიელ ტყეში ნაპრალივით გავარდნილი გზის ბოლოს შავი ჭიშკარი ამოიზლაზნა.
შავი ღრუბელი წამოეწია გზად ნანას მანქანას. გადმოვიდა სასწრაფოდ და მუშტებით დააბრახუნა რკინის კარზე.
მერე შენიშნა გვერდით ზარის დასარეკი.
ვიღაცამ ხმა გამოსცა, როგორც კი დააზარუნა.
-ნანა ჩადუნელი, ბატონ ვაჟა რატიანთან ვარ…
მეტი შეკითხვა აღარც გაუგია ნანას. ავტომატურად გასრიალდა გვერდზე შავი კარი და კარგად მოვლილი გაზონი გამოჩნდა იქედან.
-მობრძანდით, -ოფიციალურად გამოწყობილი მცველი შემოხვდა. ყურზე მიკროფონი ეკეთა აშკარად, გაწვრთნილი ნაბიჯებით გაუძღვა წინ სტუმარს.
არ ჰქონდა კარგი წინათგრძნობა. იდეალური სიჩუმე იდგა ეზოში. თითქოს ყველა და ყველაფერი მის მოსვლას ელოდა.
სახლში შევიდა თუ არა, მაშინვე მოესმა ნაცნობი, ყინულივით ცივი ხმა.
გააჟრჟოლა ტანზე ამის გაგონებისას ნანას. ირაკლი იყო.
-ტელეფონი გამოართვით, -თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა მის წინ გაკვირვებისაგან გახევებული ქალი.
-არა! -მაგრად მოუჭირა ხელი თავის ტელეფონს ნანამ ხელი. დაბნეული ჯერ კიდევ ვერ გამოდიოდა ათასი შეკითხვით დაკლაკნილი ლაბირინთიდან. -შენ აქ რა გინდა?!
ნანასკენ წაწეულ მცველს თვალებით ანიშნა ირაკლიმ, გაჩერებულიყო. ოდნავ მიეყრდნო სავარძლის საზურგეს და გულზე დაიკრიფა ხელები.
-დღეს კითხვებს მე დავსვამ. -გაუღიმებელი, ავი თვალებით შეათვალიერა ნანა.
-სად არის ვაჟა? მოკალი უკვე? იცი, რომ ჟურნალისტების დასი მოემართება აქეთკენ?! ციხეში ჩაგსვამენ შენი დეიდაშვილის გვერდით!
-შენ რატომ გაღელვებს? -თავი გვერდზე გადახარა, ლიცლიცა მზერა მოავლო სპილენძისფრად აალებულ თმებსა და თვალებზე, შორიდან მაგრამ მაინც მოუჩანდა შიშის ნაპერწკლები ნანას.
ნასიამოვნები ჩანდა ირაკლი თავისი ეფექტით. -აქ შენც მაგის აღსაბეჭდად არ მოხვედი?!
-სულელს ვგავარ?! -ხელები გაშალა ქალმა, -შეხედე, როგორ გამოვიყურები! შენი აზრით, მკვლელობის ადგილას ასე გამოწყობილი გამიზნულად მივალ?! რა გააკეთე?!
-შენს ჩერჩეტ უფროსს დავუყარე საკენკი, იმან შენ დაგიყარა და ასე მოგიყვანე ჩემამდე.
-რა სისულელეს ამბობ?!
-კითხვებს მე ვსვამ დღეს. -მზერა გაუმყარდა ირაკლის.
უფრო მეტად ჩაუშავდა თვალები. სული მოეხუთა შიშისაგან მის გარემოცვაში ნანას.
-დასვი და გამიშვი, სანამ ძებნას დამიწყებენ…
-ვისთვის მუშაობ?! -ჰკითხა პირდაპირ, ზედმეტი მიკიბულ-მოკიბულის გარეშე. მიუახლოვდა ნანას ორი ნაბიჯით.
მთელი სახლი გადაფარა მისმა სხეულმა.
-წამოვედი სამსახურიდან.
ჩაიცინა ირაკლიმ. არ სჯეროდა, რა თქმა უნდა.
-ვისთვის… ვინ გითხრა ბიძაჩემზე მაშინ, ვინ გაძლევს მითითებებს, რომ გიგის საქმეს ხელი შეუშალო?! მამაშენი?!
-ვერ გეტყვი ვინ მითხრა გიგის ამბავი, რომ მომკლა, ვერ გეტყვი. შეცდომა დავუშვი მაგ დღეს, დღეს კი წამოვედი სამსახურიდან. აქ ვაჟას გასაფრთხილებლად მოვედი… ანდროს ვურეკავდი, მაგრამ არ მიპასუხა, ისე არ მოვიდოდი. მახეში გამაბი, გილოცავ!
-ვაჟა რატომ უნდა გაგეფრთხილებინა?! გგონია მოვკლავდი?!
-მე რა ვიცი, შენ რისი გამკეთებელი ხარ? ყოველ შემთხვევაში, ჩემი შეცდომის გამოსწორება მინდოდა.
-რომელი შეცდომის?
-თავს ნუ ისულელებ, -სახე დაემანჭა გაღიზიანებისგან ნანას. იგრძნო, როგორ აუმოძრავდა ადუღებული სისხლი ძარღვებში.
-არ მჯერა შენი, შენი აქ მოსვლით დამარწმუნე მხოლოდ, რომ არ ვცდები.
-გითხარი რატომაც მოვედი!
-სანამ სიმართლეს არ იტყვი, ვერ გახვალ აქედან.
ჩაეცინა ნანას. არ ჰქონდა საქმე სახუმაროდ და ირაკლის გაქვავებულმა მზერამ მიახვედრა ამას. არავინ დატოვებდა მის ხელში. იცოდა ეს დანამდვილებით და ამიტომაც იყო დიდ გულზე.
-თუ იმის არ გჯერა, რასაც გეუბნები, სამუდამოდ მოგიწევს ჩემი აქ დატოვება.
-მშვენიერია, ხელს ვეღარ შემიშლი. -ერთი ნაბიჯი გადადგა კიდევ წინ ირაკლიმ. ამღვრეული თვალები დაუმშვიდდა და შუაღამის ტალღებივით გაეცრიცა ლურჯი ფერი.
უკვე აღწევდა ის ნაცნობი სურნელი ნანამდე, პირველი შეხვედრისას რომ დაუტოვა, თუმცა ვეღარ აღიქვამდა ვერაფერს გარდა იმ კარისა, რომლიდანაც უნდა გაქცეულიყო.
-ანდროს სჯერა გიგის სიმართლის. -თქვა ჩაწყვეტილი ხმით ნანამ. თვალი მოარიდა ძმის სახელის ხსენების დროს ირაკლის. -მხოლოდ მამაჩემის გამწარება იყო ჩემი მიზანი.
-სხვისი ცხოვრების დანგრევით მამაშენს გაამწარებ გგონია?!
-მინდა ყველას ჩამოვაშორო, ვისაც ენდობა და ვისი იმედიც აქვს. -ხმა გაეყინა. ცივადვე შეხედა ირაკლის.
რაღაც უსიტყვო კავშირი შედგა წამიერად მათ შორის. თითქოს ცაზე გაკლაკნილმა ელვამ ორი ღრუბელი შეაერთა. ყველაფერი განათდა და ჩაბნელდა მერე ისევ.
უსიტყვო მზერით აკვირდებოდა სახეზე ნაკაშიძე მის წინ მდგომს. მაგრად მოეკუმა ტუჩები ნანას, კიდევ რომ არ დასცდენოდა რაიმე ზედმეტად იმ ადამიანის წინაშე, ვისაც არ ენდობოდა, მითუმეტეს, როცა ორმხრივი იყო ეს უნდობლობა.
-მითუმეტეს არ მაწყობს შენი თავისუფლად სიარული…
-შენ რა გაწყობს, მე არ მაინტერესებს. აქ შენი შავბნელი კანონები არ მოქმედებს. -განრისხებული მზერა მოავლო მის ტატუებით მოხატულ ხელებსა და ყელს, აგრძნობინა, რა კატეგორიასაც მიაკუთვნა თავისი შეთვალიერებით.
რეაქცია არ ჰქონია ირაკლის. ისევ ისე უყურებდა ათასუცნობიანი ამოცანასავით. რთული იყო გამორჩევა, რაზე ფიქრობდა.
-მამაშენი შენს ძმასაც ენდობა, გაიმეტებ მასაც?
შხამწასმული ისარივით მოხვდა მისი სიტყვები ნანას გულში.
-ან შემდეგი ვინ არის გეგმაში?!
-აღარავინ. აღარ მინდა მასთან ბრძოლა.
კარი გაჩხაკუნდა ამ დროს. სახლურ ფორმაში გამოწყობილი თმაშევერცხლილი მამაკაცი გამოვიდა იქედან. ვაჟა უნდა ყოფილიყო, ძალიან ჰგავდა სტატიაზე აღბეჭდილ ადამიანს, ეტყობოდა ცხრა წელი სახეზე.
-ნანა, როგორა ხარ?! ბოდიში, ვერ გამოვედი დროულად. -ვაჟას კეთილგანწყობილმა დახვედრამ კომიკური გახადა უკვე სიტუაცია.
ცოტაღა აკლდა რომ ისტერიული სიცილი არ დაეწყო.
-რა გითხრა ირაკლიმ ასეთი, ფერი რომ აღარ გადევს?
-აქ გამოკეტვით დავემუქრე, -ზურგი შეაქცია მან ორივეს და სავარძელში ჩამოჯდა.
-შემოდი, დაჯექი… -მის გვერდით ჩამოსვა ნანაც ვაჟამ.
გამომცდელი, გამჭოლი მზერით უყურა. წინ ჩამოუჯდა თვითონაც.
-რა საჭირო იყო ეს თეატრი? -იკითხა გამწარებულმა, ვაჟას შეხედა ამჯერად აალებული თვალებით. -რაში დარწმუნდით? ვიღაცის აგენტი რომ ვარ, იმაში?!
-ჩვენ შენს უდანაშაულობაში გვსურდა დარწმუნება. გიგი ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდა, ნანა, ეს ნაწილობრივ შენი დამსახურებაც არის. ტელევიზიით ისე სწრაფად გავრცელდა ეს ამბავი, თან გაიყოლა ყველა მტკიცებულება.
მაგრად დააჭირა ნანამ კბილები ერთმანეთს. ანდროს ნათქვამს უმეორებდნენ.
-რატომ მოხვედი აქ?
-თქვენ იმანიპულირეთ ჩემით და კიდევ მე მეკითხებით…
-ნანა, მე შენი საქციელის მიზეზს გეკითხები. ჩვენს მანიპულაციას წამოეგე, მაგრამ რა მოტივით?
წარბშეკრული მისშტერებოდა ირაკლი ერთ წერტილს. ვერც იფიქრებდით, რომ ისმენდა ვაჟას ნალაპარაკებს.
-თქვენი გაფრთხილება მინდოდა. ან თქვენი, ან ამის, რომ ჟურნალისტებმა იცოდნენ ყველაფერი და შესაბამისი ზომები მიგეღოთ ამჯერად.
-ჟურნალისტებზე მესამე პირში რატომ?
-მე დღეს დილით წამოვედი სამსახურიდან.
-რატომ? ანდრომ გთხოვა?
არაფერი თქვა ნანამ. არ უნდოდა ხმამაღლა დათანხმება ამ შეკითხვაზე.
-გასაგებია. -ისეთი ხმა ჰქონდა ვაჟას, თითქოს გაბნეულ პაზლებს აკავშირებდა ერთმანეთთან, -მან იცოდა, რომ ირაკლი გაარკვევდა შენს ამბავს… აქ აუცილებლად მოვა.
-სანამ მოვა, მანამ გამიშვით. -შეევედრა ვაჟას.
-ერთად უნდა დავილაპარაკოთ, ნანა…
-რაზე?! ჩვენ რა გვაქვს სალაპარაკო?! ის არაფერ შუაშია, მე სიმართლე ვთქვი, თუ არ გჯერათ, ვერაფერს გავაკეთებ. აქ ხომ ვერ გამომკეტავთ მართლა?!
-აქ ვერავინ გამოგკეტავს. -ირაკლის შეავლო მზერა ვაჟამ, -მამაშენის გარდა.
გაყინული ფეხებით დაიწყეს თითქოს მის ზურგზე ღოღიალი, ისე გააჟრიალა ამ სიტყვების გაგონებისას ნანას. შეიშმუშნა. აშკარად დაეტყო შიში სახეზე.
-ნუ გეშინია, ის აქ არ არის.
-არ მეშინია.
ხმა დაუწვრილდა ნანას, სამაგიეროდ, სწორედ ამ დროს შემოვარდა სახლში ანდროს ღრიალი.
ერთი ამოიოხრა ირაკლიმ, ელოდა თითქოს მის მოსვლას.
ადგილზე შეხტა ნანა, ალმურავარდნილი, შეშლილი სახით რომ შემოვარდა ანდრო.
ირაკლი მოძებნა გაშმაგებული თვალებით და მისკენ დაიძრა შემართული მუშტებით. ვაჟა გადაუდგა სასწრაფოდ წინ.
ნანაც ფეხზე წამოდგა ინსტიქტურად.
-შენ რა არ გასვენებს, ჰა? -ძლივს იკავებდა თავს, ვაჟას სხეულს რომ არ გადაფრენოდა. -რა გინდა მეტი?!
-დაწყნარდი, ანდრო! რიგზეა ყველაფერი…
-ჩემი და აქ მოიყვანა და რანაირად არის რიგზე ყველაფერი?!
-თვითონ მოვიდა შენი და, არავის დაუძალებია. -დაუფიქრებლად გასცა ნანას საქციელი ირაკლიმ.
იმ წამს მართლა ინატრა მოეტაცებინა და ძალით გაეკავებინა იქ, ანდროს შეშლილ თვალებს რომ შეხედა. იმედგაცრუებას ვერ გაუძლო და მოარიდა მზერა. სიამოვნებით მოუსწრაფებდა ირაკლის სიცოცხლეს, შანსი რომ ჰქონოდა. მანაც იგრძნო ქალის მტრული განწყობა, არც ეს შეიმჩნია იმ სხვა გრძნობებივით გულის ყველაზე შორეულ კუნჭულში რომ ჰქონდა შეტენილი და მივიწყებული.
-ბავშვებო, დამშვიდდით და დასხედით! -მჭახედ გაისმა ვაჟას ხმა, მობეზრდა აშკარად უშინაარსო აყალმაყალის ატანა. -ირაკლი, ნანას შეგიძლია ენდო.
-რატომ?
-მიხვდები, ამჯერად მე მენდე. -დამაჯერებელი ხმა ჰქონდა რატიანს. ირაკლიმ თავი გაიქნია, არ უნდოდა თითქოს ასე მარტივად ამ აზრთან შეგუება.
-ანდრო, ნანა არაფერ შუაშია…
-ნუ იცავ, ვაჟა. -ცივად გააწყვეტინა, არც გამოუხედავს თავისი დისკენ. მის მზერას ნატრობდა ნანა ყველაფერზე მეტად იმ წამს.
-არ ვიცავ. თქვენ გაარკვიეთ დანარჩენი. მე მაინც მგონია, რომ ნანა ცოტა ხნით უნდა გავარიდოთ ყველაფერს. კარგია, რომ წამოვიდა სამსახურიდან, მაგრამ იმის დასამტკიცებლად კი არა, რომ ბარათელების საქმეში არ უნდა ჩარევა ცუდად, იმიტომ რომ რეალურმა დამნაშავემ არ იმანიპულიროს მისით. არც მამაშენი დატოვებს უპასუხოდ.
-მამა მას ვერ შეეხება. -გადაჭრით, ყველანაირი ყოყმანის გარეშე უთხრა ანდრომ. ისევ არ იმჩნევდა ნანას, არადა სახეს უწვავდა უკვე მისი მზერა.
-რატომ ხარ დარწმუნებული?!
-იცის, მე დამკარგავს თუ მას შეეხება.
რაღაც მძიმე და მტკივნეული მოსწყდა ნანას არსებობას. ფანჯრისკენ გაატრიალა სახე აცრემლებული თვალები რომ მოერიდებინა ყველას თვალთახედვისათვის. ყველამ შენიშნა მისი საქციელი.
ის სულაც არ სტკენდა გულს, რომ ანდრო იყო უფრო მნიშვნელოვანი დიმასათვის. ამას რომ ანდრო მის დასაცავად იყენებდა, კიდევ უფრო მძლავრად ახსენებდა, რომ ძმა ჰყავდა, თანაც ღირსეული და ძალიან უნდოდა დაემსახურებინა მისი მფარველობა და სიყვარული.
ბოლოს ისე გამოდიოდა, რომ საპირისპიროს აკეთებდა მაინც. ძალიან მოუნდა ტირილი.
-ჩემთან უსაფრთხოდ იქნება. -დაამატა ვაჟამ.
-არა, შანსი არ არის. -უცებ უარყო ნანამ, -ვიცი, რომ ჩემს დასაცავად აკეთებთ ამას, მაგრამ… ევას ვერ დავტოვებ. ვერც სხვა სახლში ვიცხოვრებ.
-მაშინ ჩვენთან წამოხვალ, -ცივად გამოხედა ანდრომ. ბრძანებას უფრო ჰგავდა ვიდრე შეთავაზებას. -იცხოვრებ დედაჩემთან და მამაშენთან?!
-ანდრო… -ხმა გაუწყდა. მზერა მოარიდა მაშინვე, როგორც კი დის პირიდან გაიგონა საკუთარი სახელი. -დაცვა ამიყვანე, რა ვიცი, რაც გინდა… იმ კაცთან ვერ ვიცხოვრებ. ვეღარ.
ირიბად გადმოხედა ირაკლიმ, სიძულვილზე მეტად შიში იკითხებოდა ნანას თვალებში. ვერ გაეგო, ეს გოგო მართლა სულელი იყო თუ რატომ ებრძოდა იმას, ვისიც ეშინოდა… თან ასე დაუფარავად და შიშველი ხელებით. სულელი იყო ნამდვილად.
-კარგი, -ფეხზე წამოდგა ვაჟა, -სახლში გამოკეტვა და შიმშილობა საჭირო ნამდვილად არ არის, უბრალოდ, ამ საქმეზე ვინც რა უნდა გითხრას, ყური არ ათხოვო. ჩვენ არ ვითვლებით, რა თქმა უნდა.
სახლიდან რომ გააცილეს, თავის მანქანაში ჩაისვა ანდრომ. არც მოუხედავს მისკენ, ისე დაძრა ადგილიდან.
უხმოდ იმგზავრეს სახლამდე. რომ გააჩერა, კიდევ დიდხანს არ გადადულა ნანა მანქანიდან. რაღაც უნდოდა ეთქვა მისთვის და ვერ მოიფიქრა, როგორ დაეწყო. არცერთი სიტყვა არ უხდებოდა სიჩუმეზე მეტად თითქოს იმ წამებს, იმის მიუხედავად, რომ აშკარა იყო ანდროს იმედგაცრუება.
-რაო ირაკლიმ? -ჰკითხა ბოლოს, ღვედი შეიხსნა და კომფორტულად გადაწვა.
-არაფერი, არ მენდობა.
-არც შენ ენდო.
-არაფერში მჭირდება მისი ნდობა.
-გაიგონე ნათქვამი, ნანა.
-სულელს ვგავარ? ადამიანი იმ კაცის სახლში იყო, ვინც მამამისის მკვლელი გაამართლა! ჩემი ხასიათით იმანიპულირა, მარტო იმიტომ რომ გაეგო, ვის მხარეს ვარ… როგორ ვენდო მისნაირს?
-მაგ ყველაფრის გათვალისწინებითაც კი სულელს რომ ჰგავხარ, ხვდები ხომ რამდენი წინდაუხედავი საქციელი გაწერია?! -წარბებშეყრილმა გადმოხედა.
-არ მინდოდა ასე..
-ვიცი. -გააწყვეტინა და ნანას საპირსიპრიოდ მიაბრუნა თავი, -ვიცი, რა მიზანიც გქონდა. სადღაც ვერც გამტყუნებ, მაგრამ ეგოისტურად მინდოდა ჩემი სიტყვა გაგეთვალისწინებინა. შენ ირაკლისთვის საკუთარი სიმართლის დამტკიცება არჩიე ჩემთვის იმის დანახვებას, რომ რაღაცას ვნიშნავ შენთვის. ამიტომ გეუბნები, ოღონდ ირაკლი არა, რა…
ლოყაზე იკბინა ნანამ. ძლივს გამოაღო კარი. მოუბრუნდა რაღაცის სათქმელად და ვერ შეძლო მაინც. სახლში რომ ავიდა, ღვარად მოსდიოდა უკვე ცრემლები.
ხუთ წუთში გამოვიდა სადარბაზოდან ელენეც. ჩაფიქრებულიყო რაღაცაზე. ზუსტად გამოუსწრო ანდროს, წასვლას აპირებდა უკვე.
როგორც კი შენიშნა, მისი მანქანისაკენ გავარდა მაშინვე და მიუკაკუნა ფანჯარაზე.
ნელა ჩამოსწია. თვალებმოჭუტულმა ახედა თავზე წამომდგარს. თმა აბურდვოდა, ეტყობოდა, რომ უძილარი და ნანერვიულები იყო, თუმცა ისე ბრაზობდა, კანზე იგრძნო მისი ცეცხლის გადმოდება ანდრომ. აგიჟებდა მისი ასეთი უბრალოება და სიკეთე, არასდროს რომ არ უქრებოდა თვალებიდან.
-რატო ტიროდა შენი და?
-ჩემი დობა არ უნდა და ალბათ, მაგიტომ… ჩაჯექი, გაგიყვან.
-არ მინდა შენი გაყვანა! მასთან დაალაგე როგორმე ურთიერთობა. დაკარგული და დაბნეულია, ჩვენ არ ვყოფნით…
-მე რატომ მადანაშაულებ, ელე? -შეაკრთო თავისი სახელის შემოკლებული ვერსიის მისი პირით გაგონებამ ელენე. უკან დაიხია, ოდნავ ჩაუცხრა წეღანდელო ველური ცეცხლი. გამოაღო მანქანის კარი და თვითონაც გარეთ გადმოვიდა ანდრო. -ვერ ვხვდები, როგორ მივუდგე…
-ის იყავი, ვინც ხარ. ვერ ამჟღავნებს შენთან გრძნობებს, შეცდომებს უშვებს და ეშინია… მესმის, რომ შენ უფრო მეტს გთხოვ, ვიდრე მას, მაგრამ… მართლა რთულია მისთვის. დედამისისგან ძალიან დიდ წინააღმდეგობას გრძნობს, ევას იცავს, მაგრამ საკუთარ თავს ვეღარ… შენც გიცავს თავისებურად. -თვალი მოარიდა მერე, ვერ მიხვდა უნდა ეთქვა თუ არა ის, რაც ენის წვერზე ადგა.
დაკვირვებით უყურებდა ანდრო. სწავლობდა მის ყველა ქცევასა და მანერას, ყველა დეტალს…
-ჩემამდე შენ დაგირეკა დღეს. -უთხრა მაინც, -პირველად შენ გაახსენდი, როცა სწორი გადაწყვეტილების მისაღებად რჩევა სჭირდებოდა.
-მაინც თავისებურად მოიქცა.
-ეგ იმიტომ, რომ შენ არ უპასუხე, -გაეღიმა ელენეს მის გამომეტყველებასა და სიტყვებზე. სახე დაილაგა მაშინვე, როგორც კი მიხვდა, რაც გააკეთა.
-რატომ მითხარი ახლა ეს? -გვერდულად გადმოხედა გოგოს. მძაფრი, გამჭოლი მზერა შემოატარა, -ის დაიცავი თუ მე დამამშვიდე?!
-როგორც გინდა, ისე მიიღე. -ნაბიჯი გადადგა წასასვლელად ელენემ. არ უნდოდა, უკან რჩებოდა ფეხები.
ისე უყურებდნენ ანდროს თვალები, ნაპერწკლებად გაეფანტა უცნაური შეგრძნებები გულის არეში.
-ანუ გამირბიხარ დღეს… -სიტყვა დააწია ტროტუარზე გადასულს.
-როგორც გინდა, ისე მიიღე… -ღიღინით გასცა პასუხი ელენემ ნახევრად. არ მოუხედავს მისკენ ისე გააგეძელა გზა.
რომ დაენახა როგორ უყურებდა, ვეღარ გაექცეოდა დღეს…
საერთოდ ვეღარ გაქეცეოდა უკვე ისედაც…

ნისლიანი განთიადი შემოეპარა თბილისს. რძისფერი ქურქი გადააფარა ხეებსა და დაუძინებელ ქუჩებს. ჯერ კიდევ მუქი ლურჯი იყო ცა. მაღალ კორპუსებში აქა-იქ ბჟუტავდა ყვითელი სინათლე.
ნანას ფანჯრის რაფაზე ჩამოედო ნიკაპი.
გაუაზრებლად დაათენდა ევას ოთახში. მშვიდად ფშვინავდა ბალიშზე თავგადაქინდრული, ოქროსფერი თმები უფარავდა ლამაზ სახეს.
დახვავებული ყავის ჭიქები გაკრიფა ოთახიდან და ინსტიქტურად დაიწყო რეცხვა.
სკოლაში უნდა დაბრუნებულიყო. არ მოიქცა სწორად, როდესაც წამოვიდა და ასე მიატოვა ძლივს დაწყებული საქმე. დიმას კვალის ყნოსვით ისე იყო გართული, სულ დაავიწყდა ყველაზე მნიშვნელოვანი - რისთვის ცხოვრობდა თვითონ.
ლალის ემიგრაციაში წასვლა არ ყოფილა მარტივი გადასატანი. ალბათ, ვერც გადაიტანა, იმ პორტალში გაეჩხირა მოზარდობასა და ზრდასრულობას რომ აკავშირებს. ჯერ კიდევ ეპოტინებოდა ბავშვობას, მაგრამ ვეღარ იჭერდა. შავი ხვრელივით ისრუტავდა პასუხისმგებლობები და მოვალეობები, ყველაზე მეტად კი სურვილი - რომ ევას არასოდეს გამოეცადა ნაადრევად დასრულებული ბავშვობა.
საუზმე რომ გაამზადა, გვარიანად ინათა უკვე.
შემოეცალა ლურჯი სიმყუდროვე ოთახებს.
განზრახ გამოაცხო ამდენი ყიყლიყო, ანდრო მოდიოდა ხოლმე სამშაბათობით ევას წასაყვანად, იქნებ შემოსულიყო ამჯერადაც.
არ შემოვიდა. კარებში დაელოდა ევას. არც ნანას დაუწყია ხვეწნა-მუდარა, თუმცა აშკარად შეეტყო, რომ გული დასწყდა ძალიან.
-დღეს მიდიხარ სადმე? -ჰკითხა ანდრომ წასვლის წინ, სასაცილოდ მოეგდო ევას ვარდისფერი ჩანთა ზურგზე.
-კი. სკოლაში.
-რა სკოლაში?! -წარბები შეჭმუხნა ანდრომ, -არ დაამთავრე შენ ეგ?!
-თავისი სკოლა გაუკეთა ობოლ ბავშვებს, სადაც პროფესიულ რაღაცეებს ასწავლის, -აუხსნა ევამ, ძალიან ესიამოვნა თავის მხარზე ჩამოდებული ანდროს ხელი და მიეხუტა უფრო მეტად. უნდოდა ყველას გაეგო, რომ ის მისი ძმა იყო.
-აჰა,-წარბგაუხსნელად შეათვალიერა ისევ, გასასვლელად უბიძგა მერე ევას, -ვინმეს გამოგიგზავნი და წაგიყვანს.
პასუხს აღარ დალოდებია, ისე ჩავიდა კიბეებზე. არც მიიღებდა სხვა პასუხს მისგან, ნანამაც აღარ გადაიღალა თავი.
გაბრაზებულმა სულ თვითონ შეჭამა სამისთვის გამზადებული საუზმე.

გვიანობამდე შეყოვნდა სკოლაში. სანამ ბოლო გაკვეთილიც არ ჩამთავრდა და თავად არ გათიშა ბოლო ოთახში შუქი, მანამ იქ იყო. გვარიანად ჩაბნელებულიყო უკვე გარემო. სწრაფად გადაჭრა ქუჩა და იმ მანქანაში ჩაჯდა, რომელმაც მოიყვანა აქამდე.
-წავედით სახლში, -დაღლილმა მილულა თვალები და ბოლომდე ჩამოსწია ფანჯარა.
ნელა დაიძრა მანქანაც ერთი გარეუბნიდან მეორისაკენ.
ისე დაღლილი და გამოთიშული რომ არ ყოფილიყო, აუცილებლად შენიშნავდა, რომ მანქანას ის ადამიანი არ მართავდა, ვინც აქ მოიყვანა.
საეჭვო რომ გახდა გზა, რომელიც სულაც არ მიდიოდა მის სახლამდე, ოდნავ შეიშმუშნა მანქანაში.
-ასე ძალიან შორი ხომ არ არის? -ჰკითხა მორიდებით. იფიქრა, ალბათ, საცობში არ უნდა გაჩხერა და მაგიტომაც მოუარაო მთავარ გზას.
არ პასუხობდა მძღოლი.
დაიძაბა მთლიანად, ფრთხილად ამოაძვრინა ტელეფონი ჩანთიდან, თუმცა გვიანი იყო უკვე. ჭრიალით დაამუხრუჭეს მანქანა, წამიერად გამოხსნეს კარი და სანამ რაიმეს მოასწრებდა, სხვა მანქანაში იჯდა უკვე. დიმას გვერდით.
ენა გაუქვავდა პირში. გრძნობდა, როგორ ეწვოდა შიშისა და გაკვრივებისგან დაქაჩული თვალები, თითქოს ბამბა გაეჩხირაო ფილტვებში, ვეღარ სუნთქავდა.
დიმამ კი მძღოლს თითის აქნევით ანიშნა წასვლა. ქალიშვილს გადმოხედა შემდეგ ისევ შემფასებლური მზერითა და ცივი, არაფრისმთქმელი თვალებით.
მისი სუნიც კი იცნო ნანამ. ეს გამოხედვაც არ ჰქონდა დავიწყებული.
-რა გინდა, დიმა?! -პირგამომშრალმა ჰკითხა. ოფლი ასხამდა ზურგსა და შუბლზე. პარალიზებული ჰქონდა კიდურები, ყბა კი იმდენად დაჭიმული, მოენგრეოდა მალე ალბათ.
-როგორ ხარ, მამიკო? -სპეციალურად შეარჩია მან გამაღიზიანებელი ტონი. ხალისობდა ნანას რეაქციით აშკარად.
-დიმა! გამიშვი ახლავე…
-წესიერად დაჯექი! -ნახევრად დაიყვირა, მჭახედ გაისმა მისი ხმა მოძრავი მანქანის სალონში.
ნანასთან ერთად დაიძაბა მძღოლიც.
-ეს რა გაცვია?! -მოკლე კაბაზე მიუთითა ჯერ, ბრაზით ჩაუწითლდა თვალები.
შეკრთა ნანა. გააცია სხეულში.
დალურჯებოდა ტუჩები ნერვიულობისაგან. დიდხანს ვერ გაძლებდა ასე.
-მიპასუხე, გოგო! ასე დადიხარ ქუჩაში?!
ფანჯარა ჩამოსწია, თორემ გული აერეოდა მალე.
-რა გინდა?
-მე რა მინდა კიდევ? შენ მე მეკითხები იმის მერე, რაც გააკეთე… მე მეკითხები რა მინდა?! იცი შენ გამო გელასთან რა პრობლემები შემექმნა?! იცი ბოდიშების ხდა რომ მომიწია დაუსრულებლად?!
-ბოდიში სწორ დროს და სწორ ადამიანებთან რომ მოგეხადა თავის დროზე, ახლა იქნებ არ ვყოფილიყავით აქ არცერთი.
მრისხანედ გამოხედა დიმამ. მანქანა გაჩერდა რამდენიმე წუთში და გადავიდა თვითონ პირველი, ნანას გამოუღო და ძალით გადმოათრია ისიც. ფეხზე წესიერად არ იყო შემაგრებული, ლოყაზე რომ იგრძნო დიმას მწველი და ძლიერი ხელი.
ტკივილისგან დაუბუჟდა სახე. ლითონის მჭახე გემოს გრძნობდა მხოლოდ პირში.
-ასე არასოდეს დამელაპარაკო სხვისი თანდასწრებით!
-თორემ იმათი თანდასწრებითაც გამარტყამ? -სისხლი მოიშორა ხელის ზურგით. კბილებში ჩაჯდომოდა წითელი კვალი.
ეშინოდა, მანქანას რომ არ მიყრდნობოდა, ვერც დადგებოდა ფეხზე ნორმალურად. თუ მოკლავდა, თორემ ამაზე უარესს ვეღარაფერს დამართებდა დიმა. ისიც კი ფეხებზე ეკიდა უკვე, მსახურის წინაშე რომ გაარტყა მისთვის საკუთარი კაცობის დასამტკიცებლად.
ასე უღირსად რომ მოექცა ქალიშვილს სხვისი თანდასწრებით.
-მოგკლავ, იცოდე, მოგკლავ! -ცხვირწინ დაუფრიალა თითი დიმამ. დუჟი სდიოდა უკვე კბილებიდან.
-ვერ მომკლავ. ანდროსი გეშინია…
-მას არაფერს ეტყვი! -ყელში წაუჭირა ამჯერად ხელები, ხრიალი ამოუშვა ნანამ, უმისამართოდ ააფართხალა კიდურები.
იცოდა, არავინ იქნებოდა მშველელი, აქვე რომ მოესურვებინა დიმას მისი სიცოცხლის დასრულება.
ღრმად ამოისუნთქა. ჩაეხეხა ყელი და ჟანგბადის ყოველ მოლეკულას გრძნობდა, ისე აეწვა ფილტვები. ჩაიმუხლა. ცრემლები სდიოდა უკვე სიმწრისაგან.
-მე შენ გაგაფრთხილე, მარტოობაში ამოგხდი-მეთქი სულს, ნანა… ხომ გაგაფრთხილე, არ აფათურო-მეთქი შენი ხელები ჩემს საქმეში?! ხომ გაგაფრთხილე, გოგო!
ხმა არ გაუცია ნანას. არც უსმენდა ნახევრად. კანკალს ატანილი საერთოდ მოსწყდა იმ ბნელ რეალობას, რომელშიც დიმამ გამოკეტა.
იმ ოთახს ჰგავდა აქაურობა, რომელშიც ბავშვობაში მარტო ათევინებდა ხოლმე ღამეს. არასოდეს აძლევდა შუქის დატოვების უფლებას და არც დედასთან აძინებდა, როცა ეშინოდა.
იცოდა დიმამ თავისი ქალიშვილის შიშები, სათავისოდ იყენებდა ყოველთვის.
-ბავშვობიდან ასეთი უდრეკი იყავი, ჯიუტი და შეუგნებელი, -უკან დაიხია და ზემოდან დააჩერდა შვილს, _არასდროს გჯეროდა ჩემი ნათქვამის, არასდროს!
-შენ ჩემს თვალწინ ორსულ დედაჩემს ცემდი, შენი რა უნდა დავიჯერო! -ამოიღრიალა ნანამ. დაუძლურებული და დაბეგვილი იყო. ხმა ამოსდიოდა არაადამიანური.
-გოგოებს ყოველთვის მამები უფრო მეტად უყვართო, -მის წინა ჩაიმუხლა დიმა, ნიკაპში ამოსდო ხელები და ააწევინა თავი. -შენ რატომ ვერ შემიყვარე?
-მიზეზი არ მოგიცია. დედას სცემდი ჩემს თვალწინ, უღალატე, ძმას დამაშორე… ეს არ იყო შენთვის საკმარისი, დიმა?! ის კაცი გინდოდა დამენახა შენში, რომელიც არ არსებობს… ვერც დედამ იპოვა შენში საყრდენი, ვერც შვილებმა, ვერც სოფომ… ვიცი, ასეა და ანდროს გამო ითმენს შენს არსებობას… გაგაგიჟა და გადაგრია იმის გააზრებამ, რომ ვერავინ შენში ღირებულს ვერ ხედავს. შენი ერთადერთი ღირსება ანდროა. ამიტომ უფრთხილდები ასე. იცი, ის თუ გაქცევს ზურგს ყველა საბოლოოდ ჩაგთვლის არაკაცად. შენი ერთადერთი ღირსება შენი შვილია, რომელიც არც კი გაგიზრდია თვითონ…
-მე გაგაფრთხილე, -ხმის აუკანკალებლად გასცა პასუხი რამდენიმე წამში დიმამ. ისე გამოიყურებოდა, როგორც ის ადამიანი, ვინც თავისი ცხორების მოკლე შინაარსი მოისმინა და მიხვდა, რომ არც კი უცხოვრია. -გზაზე აღარ გადამეღობო!
ერთადერთი ლამპიონი ბჟუტავდა მიტოვებულ ქუჩაზე. არავინ იყო მათ გარდა.
დაღლილი სხეული მანქანის ბორბალზე მიესვენებინა ნანას.
უღონოდ გახედა მანქანას, რომელიც ისეთი სისწრაფით უახლოვდებოდათ, რომ დროის აღქმა დაეკარგა ნანას უეცრად.
ბორბლების ჭრიალით გაჩერდა მათ პირდაპირ შავი “მერსედესი” და შევარდენივით გადმოფრინდა იქედან წარბებშეყრილი ირაკლი.
გაყინული სახით მიუახლოვდა ნანას და ფეხზე წამოაყენა სასწრაფოდ. თავის მხარზე დაყრდნობილი მიიყვანა მანქანამდე და შიგნით ჩასვა.
-რა გინდა შენ აქ? -ჰკითხა ნანამ, სანამ კარს მიუხურავდა ცხვირწინ. პასუხი არ გასცა ირაკლიმ.
მანქანასთან მდგომ გახევებულ დიმას ისე ძლიერად მოუქნია ხელი, თავის საწყის პოზიციაში დაბრუნებას ალბათ დიდხანს ვეღარ შეძლებდა. საყელოში ჩააფრინდა წაქცეულს და უღონოდ გადაქინდრული თავი წამოაწევინა. მოკარებას ვერ ბედავდა დაცვა ისეთ დღეში იყო ნაკაშიძე.
-დაგანახებ ხელების შეწმენდა როგორ უნდა, შე ! მანამდე შენს ბიჭს დაელოდე, ის უკეთ მოგხედავს. -ხელები ერთიანად შეუშვა მერე და მანქანისაკენ წამოვიდა.
რამდენიმე წამში მოატრიალა მანქანა და იქაურობას გააცილა ნანა.
ხმა არ ამოუღია. არც ძალა ჰქონდა და არც სურვილი ერთი არასასურველი მანქანიდან მეორეში აღმოჩენილს კიდევ ებრძოლა.
ანდროზე ფიქრობდა მხოლოდ. ვერაფრით გაიცილა პირიდან ლითონის სისხლიანი გემო.
რას მოიმოქმედებდა, რას ეტყოდა დიმას… ისედაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ აშკარად…
ტელეფონი აუწრიალდა ირაკლის. უხმოდ მიიდო ყურზე.
-კი, ჩემთანაა. -მოკლედ და უხასიათოდ გასცა პასუხი. -კი, კარგადაა.
-ანდრო იყო? -მიწყვეტილი ხმით ჰკითხა ნანამ, როგორც კი გაუთიშა. თავი დაუქნია მხოლოდ ირაკლიმ.
ირიბად გადმოხედა და გზა განაგრძო ისევ, თითქოს არ უნდოდა თავი უხერხულად ეგრძნობინებინა მისთვის.
-აქ არ ვცხოვრობ.
-ამ მდგომარეობაში გინდა სახლში მისვლა? -თავად გამოუღო მანქანის კარი ირაკლიმ და გადმოაწევინა ფეხები.
-შენს სახლში არ მინდა.
-გამიგონე, ნანა. -წელზე მოხვია შემდეგ ორივე ხელი და გადმოსვა მანქანიდან მთელი სხეულით. -არ დაგიტოვებ, ნუ ღელავ.
ისე ეჭირა სანამ დივანზე არ დასვა, თითქოს თოჯინა ყოფილიყოს, რომელსაც თუ გაუშვებდა, დაუვარდებოდა და ნამსხვრევებად იქცეოდა.
მოუდუნდა ნანას სხეული,ცოტაც და მიეძინებოდა მის მხარზე ალბათ, სავარძელზე რომ არ ჩამოესვა ირაკლის.
ქურთუკი გაიხადა და კარი ჩაკეტა.
უცებ გაანათა პატარა ბინა. თვალი მოსჭრა უეცარმა შუქმა ნანას. ხელი აიფარა ზედ.
უსიტყვოდ დაიარებოდა ირაკლი ოთახში. რაღაცებს აგროვებდა. მაგიდაზე დაალაგა ბოლოს ყველაფერი და ნანას წინ ჩაიმუხლა წარბებშეყრილი.
-გტკივა რამე, ნა-ნა?! -კარგად დაუთვალიერა სახე მის წინ მჯდომს. ცხვირთან შერჩენოდა შემხმარი სისხლის ნარჩენები. მტვრიანი ჰქონდა მოკლე კაბა და ფეხსაცმელი.
სუსტად გააქნია თავი.
არ დაუჯერა მაინც ირაკლიმ. ოდნავ წამოიწია და ფრთხილად გადაუწია თმა ყელიდან. თითქოს არ სურდა კანზე შეხებოდა. დაკვირვებით უყურებდა სახესა და კისერზე.
უკან გადაიზნიქა ნანა, იმაზე მეტი სიახლოვე რომ იგრძნო, ვიდრე ატანა შეეძლო იმწამს.
სახისკენ წაიღო მერე ხელი ირაკლიმ ფრთხილად და ქვედა ტუჩი ჩამოუწია ოდნაც.
ტკივილისგან დაისისინა ნანამ და გაიმართა სავარძელზე. უხეშად მოიშორა მისი ხელი.
-გტკივა. -დარწმუნებით უთხრა ირაკლიმ.
მერე სპირტის სუნი ტყვიასავით გავარდა ოთახში, როცა ქილას თავი მოხსნა და ბამბა დაასველა.
-არ მინდა ეგ!
-გაგისივდება და მერე შენს ძმას შენ აუხსნი?!
-შენ როდის მერე ღელავ ანდროს აზრზე?! -ხელიდან გამოგლიჯა სპირტიანი ბამბა და თავად დაიდო გამსკდარ ტუჩზე. სიმწრისგან დახუჭა თვალები.
აღარაფერი უთქვამს ირაკლის. მანამ არ მისცა ადგომის უფლება, სანამ ყველა საეჭვო ადგილი კარგად არ დაუთვალიერა.
-რაღაც უნდა გთხოვო… -ჩუმად დაიწყო ნანამ. დახარა თვალები.
საშინლად ერიდებოდა მისი. ერჩივნა მიწას ჩაეტანა, ვიდრე ვინმეს ასეთ მდგომარეობაში ენახა.
იმაზე დიდ სირცხვილად ვერ წარმოედგინა ვერაფერი, ვიდრე თავად იყო ახლა უცხო ადამიანის წინაშე.
-ვიცი. -სამზარეულოდან დაბრუნდა ირაკლი. წყლით სავსე ჭიქა და წამალი ეჭირა ხელში. თვალით ანიშნა დაელია.
-არ მინდა ანდრომ გაიგოს ეს.
-ვიცი-მეთქი, ნანა.
-შენ რატომ უთხარი დიმას ის ხელების შეწმენდაზე?!
-მე მტენიდა შენი მოტაცების ამბავს და იმიტომ. შენი ძმა მომიქსია, სანამ თვითონ…
-კიდევ კარგი მოასწარი ანდროს..
-სასიკვდილოა ისედაც, -ცივად გააწყვეტინა და ჭიქა გამოართვა ხელიდან.
-ანდროს ხელით არა…
-გაიხადე ეგ საშინელი ფეხსაცმელი და წამოწექი, სანამ მოგაკითხავს.
-საშინელი რატომაა? -ფეხებზე დაიხედა ნანამ. განადგურებულიყო მისი საყვარელი ფეხსახცმელი. ტუჩები მოებრიცა, დუდღუნით ჰკითხა შემდეგ, -მომაკითხავს?
-ერთ წამსაც არ გაგატარებინებს ჩემთან ზედმეტად. -ალმაცერად გადმოხედა სავარძელზე ფეხებაკეხილს.
მოურიდებლად მოატარა მის კოხტა და ლამაზ სხეულზე მზერა. ფანჯარა გამოაღო და სიგარეტს გაუკიდა.
რაფას ეყრდნობოდა ცალი ხელით და სავარძელზე თავგადადებულს აკვირდებოდა შიგადაშიგ.
ფაქტობრივად არაფერი ეტყობოდა სახეზე ნანას, მაგრამ რაღაც აუტანლად ცივი და ძლიერი იგრძნო გულ-მკერდის არეში, როდესაც წარმოიდგინა რომ ვინმე იმ სახეს უხეშად შეეხო, რომ ტკივილი აგრძნობინეს იმ დაღლილ სხეულს, მოკუნტული რომ იწვა და ფაქტობრივად ადგილსახ არ იკავებდა.
ღრმად გადაქაჩა სიგარეტის კვამლი ფილტვებში და იქ გაიჩერა, შინაგანი ხმა და აჯანყებული გრძნობები რომ გაეხვია ნაცრისფერ კვამლში…
საკუთარ თავს გაუჯავრდა, ერთი გარტყმა რომ აკმარა მხოლოდ დიმას.

რომ გადმოხედა ისევ, ეძინა უკვე ნანას. ძალა წართმეოდა ხელებში და უღონოდ გადმოეყარა სავარძლიდან. ჩანჩქერივით სცემდა მკერდსა და სახეზე გრძელი თმა.
ძილ-ბურანში გახვეულიყო. შორიდან ესმოდა ფრთხილი ნაბიჯებისა და ხმადაბალი საუბრის ხმა. ზემდეტად კომფორტულად და დაღლილად გრძნობდა თავს იმისათვის, რომ გამოფხიზლებულიყო და თიში დაეძლია.
ამიტომაც ვეღარ გაიგო კარებზე გაბმული ბრახუნის ხმა და ირაკლის შეკურთხებაც, კარისკენ რომ მიემართებოდა სისინით.
გააღო თუ არა, მაშინვე მიახალა სახეშეშლილ ანდროს, სძინავსო შენს დას.
-რა უნდა აქ? -სადარბაზოში ანიშნა გამოსულიყო, ნანას რომ არ გაეგონა საუბარი.
ზურგსუკან მიიხურა კარი ირაკლიმ.
-შენც იცი, რა უნდა აქ.
-იცოდე, მის გამო ყველაფერს დავივიწყებ. იმ სიტყვასაც, რომელიც მოგეცი.
წარბი აუზიდა ირაკლიმ მხოლოდ, თითქოს ვერ მიხვდა რატომ ჰქონდა ანდროს ასეთი რეაქცია, მარტო რომ ნახა მის დასთან.
-არაფერი ხდება.
-სიტყვას მაძლევ რომ არც მოხდება? -წარბები შეყარა ანდრომ. უცნაურად შეუხტა გული ამას რომ სთხოვდა, ნანას დაუკითხავად აბიჯებდა თითქოს უხილავ ზღვარს, რომელიც მეტისმეტად მკვეთრად იყო გავლებული მათ ურთიერთობაში.
-ჯერ შენს დასთან გაარკვიე, გაქვს თუ არა ჩემთვის რამის აკრძალვის უფლება. -კარი ფართოდ შეაღო ირაკლიმ და გაუჩინარდა შიგნით.
თავისი დის ამ კაცთან მარტო დარჩენის გააზრებამაც კი ცივი ჟრუანტელი მოგვარა.
სავარძელზე მშვიდად რომ ეძინა იმის ნაცვლად, თვალებდაქაჩული დახვედროდა თავის ძმას, მწარედ გაჰკრა გულში ეჭვიანობისა და ცუდი წინათგრძნობის შეგრძნებამ.
ერთხანს უყურა მძინარეს. ფრთხილად შეუცურა მერე ფეხებქვეშ და წელზე ხელები და გაიყვანა მისი სახლიდან.
კიბეებზე შუა გზაზე გამოეღვიძა ნანასაც, თუმცა თავი მოიმძინარა ისევ. ფხიზელი ვერ შეძლებდა თავისი ძმის ყურადღებითა და მზრუნველობით ტკბობას ასე.
აჩუქა თავის თავს ის წამები, რასაც უმოწყალოდ ართმევდა დრო და დროსთან ერთად ანდროზე ამოფარებული დიმას შავბნელი ხელები.

გამოფხიზლდა სახლამდე. ნელა გადატრიალდა ძმისკენ, რომელიც მშვიდად მართავდა მანქანას. თითქოს დიმასთან შეხვედრას მასზე არანაირი კვალი არ დაეტოვებინა. არც ის ეტყობოდა, როგორ დაიძაბა ირაკლის სახლში რომ ნახა მარტო დარჩენილი.
-რაო დიმამ? -ხმადაბლა ჰკითხა, როცა მიხვდა ნანასაც ეღვიძა.
-არაფერი. სათქმელად არ ღირს.
-და რაო იმან? -ისეთი ბრაზითა და უკმაყოფილებით წარმოთქვა ბოლო სიტყვა ანდრომ, მაშინვე მიხვდა ირაკლის რომ გულისხმობდა.
მუცელი დაეჭიმა ნანას. გრძნობდა ანდროსგან დაუფარავ წინააღმდეგობასა და პროტესტს ირაკლისთან დაკავშირებით. იმასაც გრძნობდა, როგორ ვერ ეთანხმებოდა თავისი შეგრძნებები ძმის შეხედულებებს. თითქოს კიდევ ერთი კედელი უნდა წამომართულიყო მათ შორის და არაფრით დაუშვებდა ამას თავად. საკმარისი იყო უკვე.
-არაფერი, -თავი ჩაქინდრა ნანამ, -მე ვთხოვე სახლში არ მივეყვანე. არ მინდოდა ასეთი ვენახე ევას, ილოს…. ელენეს.
ხაზი გაუსვა საუკეთესო მეგობრის სახელს ნანამ. სამაგიერო გადაუხადა თითქოს წეღანდელი ტონისათვის. ის, რომ ირაკლი დაიცვა თავისი ტყუილით, სწრაფადვე დაავიწყა საკუთარ თავსაც.
-შენს უახლოეს ადამიანებს უმალავ იმას, რისი დანახვებაც ირაკლისთვის არ გერიდება?!
-ირაკლი მოვიდა და წამომიყვანა. ბოდიში, მაგრამ შენი ყველაზე საძულველი მტერიც რომ მოსულიყო მის ნაცვლად და დიმასგან წავეყვანე, გავყვებოდი დაუფიქრებლად.
-ის არის ადამიანი, ვისაც ყველაზე ნაკლებად მინდა, რომ ენდობოდე, ნანა.
-რატომ? -წარბები შეყარა, არ უნდოდა დატყობოდა როგორ არანორმალირად ესიამოვნა მისგან თუნდაც ყველაზე ეგოისტური გრძნობის გამომჟღავნება. -არ არის სანდო ადამიანი?
-არ ეტყობა, რაც არის? -თვალებში ჩახედა დაკვირვებით. გული შეუქანდა ნანას, იმდენად დედმამიშვილური იყო მისი გამოხედვა, უბრალო და გულწრფელი.
-მე შენი აზრი მაინტერესებს და არა ის, შენ რას გინდა რომ ვფიქრობდე მასზე, ანდრო. არ არის სანდო?
-სანდოა, -უკმაყოფილოდ ამორერღა, -თუ თვითონ აგირჩევს, რომ გენდოს.
-გასაგებია. რა გითხრა დიმამ იქ რომ მიხვედი?
-დიმა კარგა ხანს ვეღარ ილაპარკებს. -ეზოში გააჩერა მანქანა. გვერდულად გადმოხედა ნანას.
-დედაშენს კარგად ექცევა? -გაუბედავად ჰკითხა. ზედ გულზე დაესო მისი ხანჯალივით ბასრი სიტყვები ანდროს. ფანჯარაში გაიხედა ისევ.
-კი. -ხმადაბლა უთხრა, ძალით ამოგლიჯესო თითქოს სიტყვები, ისე… -მაგრამ თავისი სურვილით არა. რატომ მკითხე?
-არ ვიცი, -მხრები აიჩეჩა ნანამ, დამნაშავედ იგრძნო თავი მის წინაშე ასეთ თემას რომ შეეხო, -ხანდახან მიხაროდა, რომ მოგვშორდა და დაგვანება თავი… მაგრამ მერე ვფიქრობდი, რომ სხვას აგდებდა იმავე შავ დღეში, რაც ჩვენ გამოგვატარა და ვეღარ ვიყავი ისეთი ბედნიერი ამით.
-შენ რომ დაგტოვებ, დედაჩემს წამოვიყვან. -ზუსტად მიხვდა, რასაც გრძნობდა ნანა. ვერ გაუსწორა თვალი რაღაცნაირად. თითქოს გაუაზრებელი პასუხისმგებლობები გაახსენდა თავისი დების წინაშე, მოვალეობები, რომლებიც არც კი იცოდა, რომ ეკისრებოდა ვინმეს წინაშე.
-კარგი იქნება. -მანქანის კარი გააღო ნანამ და რომ გადავიდა მერე ჰკითხა მხოლოდ, -არ ამოხვალ?
კისერზე ჩამოეკიდა ევა სახლში შესვლისთანავე. ილოს ელენესთვის გადაეხვია ხელი და ბედნიერი სახით აკვირდებოდა მათთან ერთად დების გაერთიანების სანახაობას. განზრახ მოარიდა თვალი ანდროს უკმაყოფილო სახეს მისკენ რომ იყო მომართული და სადაც იყო მზერით წააძრობდა იმ მკლავს, ელენეს მხარზე რომ იყო ჩამოკიდებული.
-შემო! -მკლავში ჩააფრინდა ძმას ევა და შიგნით ძალით შეათრია ფაქტობრივად, -მადლობა, რომ დღესვე დამიბრუნე…
-სად დამტოვებდა აბა? -თვალი ჩაუკრა ნანამ, ელენეს აღტაცებულ გამომეტყველებას მკაცრი მზერით უპასუხა. არ უნდოდა, ანდროს თანდასწრებით ეთქვა რაიმე ირაკლიზე. -შენ მორიგე არ იყავი დღეს?
-გადავცვალე.
-ჩემთან ერთად უნდოდა ნერვიულობა, -განზრახ არ აშორებდა ილო ხელს ელენეს.
მოსწონდა ანდროს ნერვებზე თამაში და მისი ბოლომდე გამოტეხვა ჰქონდა მიზნად დასახული. უნდა დარწმუნებულიყო, რომ რაც ერთხელ შენიშნა მის თვალებში, არ იყო შემთხვევითობა, რომ მეორედაც შენიშნავდა და სამუდამოდაც. სულ იქ უნდა ყოფილიყო ის ნაპერწკალი, მისთვის რომ გაემეტებინა ელენე.
-სამჯერ შენ დალიე მწვანე კატაბალახა და არა მე, ილიკო! -თვითონ გაშორდა ელენე მეგობარს.
ოსტატურად არ იმჩნევდა ანდროს შეუნიღბავ დაძაბულობასა და უკმაყოფილებას ილოს მიმართ.
-შენ სისხლი გაქვს გაყინული უკვე…
-სად იყავი, ნანა? ვინერვიულეთ ძალიან… -ძილმოპარული, მიგუდული ხმა ჰქონდა ევას. მიეხუტა ნანას, თავისკენ მიქაჩა ანდროც და შვებით ამოისუნთქა მათ შორის თეთრი დროშასავით აფრიალებულმა.
-არსად, სკოლაში… მერე გავისეირნე.
-ვისთან ერთად? -მოწკურული თვალებით ჰკითზა ელენემ. დანის გასმასავით იგრძნო ანდროს ბასრი მზერის გადავლება საკუთარ სახეზე. გრძნობდა რომ ლოყები უწითლდებოდა უკვე, იმასაც ხვდებოდა ზედმეტად რომ თამაშობდა მისი გრძნობებით, მაგრამ არაადამიანურ სიამოვნებას იღებდა. ვერაფრით ერეოდა თავს, როცა ახლოს იყო, მას კი თავის შორს დაჭერა სურდა. უფრო სწორად, შორს უნდა დაეჭირა ანდრო ჩადუნელისაგან თავი.
-მარტო ვიყავი! -სისინით დაუბრიალა თვალები დაქალს და თვალებით ანიშნა სამზარეულოში გამოყოლოდა.
-რაო შენმა ტურფამ?
-ენას ამოგაძრობ! -ჩურჩულით გამოკეტა ელენე ოთახში. თვალებით შეამოწმა ხომ ვერ შეამჩნიეს იმათმა რამე.
-კაი ხო, -წარბები აათამაშა ელენემ, -იმასთან იყავი, ხო? სწორად მივხვდი?
-დიმამ წამათრია სადღაც და ეგ მოვიდა მერე. -სახე გაეყინა ელენეს. აღარ ეხუმრებოდა წეღანდელივით. -სხვა შემთხვევაში არ გავყვებოდი…
-რაო დიმამ? -ხმას დაუწია მანაც, დაუფარავად მოათვალიერა ნანა სახეზე. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა დიმა ასეთ დღეში აგდებდა თავის ქალიშვილს, ელენემ იცოდა მხოლოდ ამის შესახებ. და ახლა უკვე ირაკლიმაც. -ნან…
-ო, არ გინდა… -ხელი აუქნია. ლოყაზე იკბინა შიგნიდან რომ არ ეტირა და ამოეღო გული ელენეს წინაშე აქ და ახლა. ცხვირი აუწვა სირცხვილმა. უფრო მეტად კი იმიტომ არცხვენდა დიმას ასეთი საქციელი, რომ ელენეს იდეალური მამა ჰყავდა.
-იმან გნახა ეგრე? -ჩამოსვა სკამზე, წყალი ჩამოუსხა და ძალით დაალევინა ლამის. თმაზე ეფერებოდა შიგადაშიგ.
ელენე ყველაფერი იყო ნანასთვის - მშვიდი და საიმედო სახლი.
სუსტად დაუქნია თავი. ტუჩზე იკბინა.
-საერთოდ არ მადარდებს იმან რომ ასეთი მნახა. მთავარია, ანდრომ ვერ მოასწრო. ვერ.. ვერ გავიმეტებდი ამისთვის… არ შემიძლია… თვითონ ჩემზე მეტად დამცირებულად იგრძნობდა თავს, თორემ დიმა ყველაფრის ღირსია.
-ლალისთან რომ წახვიდე ცოტა ხნით? წაიყვანე ევაც და წადი, სანამ არ ჩაწყნარდება…
-ლალი უარესად გამაგიჟებს. აქ უფრო მშვიდად ვიქნები. -ღრმად ამოისუნთქა ნანამ. გაუღიმა მერე შეწუხებულს. -წადი შენც, დაღლილი იქნები.
-ანუ მაინც არ მეტყვი…
-მეძინა, არც გვილაპარაკია წესიერად.
-გეძინა? შენ? -თითი მისკენ გაიშვირა ელენემ გაოცებით, -სხვის სახლში?
-ნუ გამოაბამ ახლა უსასრულო კუდს…
-გეუბნები, შენი ბედია…
-რას გადაეკიდე?
-არ მითხრა ახლა, რომ არ გიფიქრია ამაზე…
-ელენე, მომცილდი! -ლამის გააგდო სამზარეულოდან ახითხითებული დაქალი.
მომლოდინე მზერა გადააცოცა ანდრომ მისკენ, წამწამებს ქვემოდან გადმოხედა უჩვეულოდ გამხიარებულს.
მის მხარზე ეძინა ევას და ისიც ისე იყო გაშეშებული, ნაღმზე დაედგას თითქოს ფეხი.
-სად დავაწვინო? -ჰკითხა ნანას ხმადაბლა. თავით ანიშნა მანაც თავისი ოთახის კარისკენ. მასთან უნდოდა ამაღამ დაძინება.
ფრთხილად აიყვანა ხელში ევას პატარა, ბამბასავით მსუბუქი სხეული. ასე ატარებდა ალბათ მთელი ცხოვრება, შესაძლებლობა რომ ჰქონოდა. არცერთს არ ჰგავდა ევა არაფრით. ცისფერი თვალები, ღია ქერა თმა ჰქონდა, გამხდარი იყო და კოხტა, პატარა ტანის. ხასიათიც სხვანაირად მშვიდი და რბილი ჰქონდა.
საწოლზე რომ გადააწვინა და საბანი გადააფარა, თვალი მოკრა გამოსვლისას ნანას ტუმბოზე დადგმულ პატარა სურათიან ჩარჩოს. იცნო თავისი თავი ბავშვობაში. სამი ზომით დიდი ფეხბურთის მაისური ეცვა და წვრილი ფეხი შემოედო ნახევრად დაგლეჯილ ბურთზე. მედიდურად იმზირებოდა იქედან.
რაღაც ჩაეწვა მწარედ გულმკერდის არეში და ფენიქსივით აღდგა მალევე, გამოცოცხლდა და უფრო დიდი მოეჩვენა ის შეგრძნება, რაც შიგნიდან ჭამდა ნელ-ნელა.
ერთი პატარა, კარგად გადამალული სურათით იგრძნო ის უპირობო სიყვარული, რასაც დედმამიშვილის მიმართ გრძნობენ ხოლმე ადამიანები მხოლოდ.
ჩუმად გაიხურა კარი.
-გაიყოლებ ელენეს? -ხმადაბლა ჰკითხა ნანამ, როგორც კი გამოვიდა ოთახიდან. ენიშნა ანდროს შერბილებული და შეცვლილი გამოხედვა.
საკითხავადაც არ ღირდა თითქოს ელენეს უსაფრთხოდ გადაადგილების ამბავი.
-ის შენც ეგრე გეკიდება კისერზე? -ილოზე მიანიშნა დუდღუნით.
-ილოზე ნუ იეჭვიანებ. ყველას გვიყვარს.
წარბები აუზიდა ანდრომ. არ ეჭვიანობდა… ალბათ. უბრალოდ თავადაც უნდოდა ისე თავისუფლად შეხებოდა თავის დებს, როგორც ილია. მათთან უნდოდა დარჩენა. ვერ დარჩებოდა ამ სახლში. იცოდა, არ უყვარდა ლალის მისი თავის ქალიშვილებთან ყოფნა. ვერც სოფოს დატოვებდა დიმასთან მეტად. ელენეც უნდოდა გაეცილებინა… ელენე. თავის ადგილას დადგა ყველაფერი.
ავად იღიმოდა უკვე ჩადუნელი. ელენე მშვიდად, აუჩქარებლად ალაგებდა ჩანთას. არ ეტყობოდა შინაგანი კანკალი ანდროს სიახლოვეს საკუთარი თავის წარმოდგენისას რომ ემართებოდა ხოლმე.
-გადით და დაგეწევით, -ლამის სახლიდან გაყარა ორივე ელენემ.
ნელა ჩადიოდნენ კიბეებზე. უთქმელი სათქმელი იცვლებოდა მათ შორის.
-შენც ხო იცი, რომ შენს ადგილს არ დავიკავებ არასდროს? -თავისი კარის სახელურს ჩამოადო ხელი ილომ. სხვანაირად შეხედა ანდროს იმ საღამოს. -ვერც დავიკავებ. ჩემი იმედი ყოველთვის ექნებათ, მაგრამ შენი უფრო. მე ყოველთვის ვეყვარები, მაგრამ შენ უფრო. მე უფრო ვეჭვიანობ მათზე, ვიდრე შენ. და ასეც უნდა იყოს.
მხოლოდ სახე მოუთვალიერა ანდრომ. სიგარეტის კვამლი გააფრქვია საპირისპირო მიმართულებით.
-ელენესთან ფრთხილად, დედისერთაა, -უთხრა ილომ, სანამ კარს გაიხურავდა.
მისი სიტყვების სიძლიერე და ხმაური მალე ჩაანაცვლა ელენეს ჩუმმა ნაბიჯებმა კიბეებზე.
თვალი არ მოუცილებია მისთვის ანდროს სანამ გვერდით არ ამოუდგა. რაღაცნაირად უყურებდა ელენეც, კრიტიკულად აფასებდა თითქოს.
-რატომ მიყურებ ეგრე?
-გსწავლობ. -არ დაუმალავს ელენეს, წინ გაუსწრო ისევ თვალებში რომ არ ჩაეხედა.
-რა შეისწავლე მერე? -კარი გამოუღო ამჯერად. თვალებით აგრძნობინა რომ არც კი უნდა გაეფიქრა ამ დროს ტროტუარზე ფეხის გადადგმა, როცა თავად იქ იყო.
-კონტროლი გიყვარს. -ღვედი შეიკრა და მოჭუტული თვალებით გადახედა მის გვერდით მჯდომს, ისე ჩაეცინა ანდროს ელენეს მუცელში მიძინებული ყველა გრძნობა და პეპელა გამოაღვიძა ერთიანად. -მაგრამ ისე გამოგდის, რომ ვერავინ დაგდებს ბრალს… ვერ ვხვდები, როგორ…
-გინდა გასწავლო? -ჰკითხა და მანქანა დაძრა თან.
ელენეს მოეჩვენა, რომ განზრახ დაუსვა ის შეკითხვა იმ გამომეტყველებით, გრძელი თითებითაც გამიზნულად მოეფერა საჭეს ისე… მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს.
-არა, იყოს. მე თავისუფალი ნების მომხრე ვარ.
-მართალი უნდა იყო უბრალოდ. ადამიანები ვერასდეოს გეწინაათმდეგებიან, როცა იციან, რომ მართალი ხარ.
-რა თავდაჯერებაა…
-იმ თავდაჯერებაზე რას იტყვი, რომლითაც შენ აქეზებ ნანას?
-მე ვაქეზებ? მოგეჩვენა რაღაც…
-ზედმეტად ბედნიერი ჩანდი, როცა ჰკითხე, ვისთან ერთად გაისეირნა.
-ჩემი მეგობრის ბედნიერება გამიხარდება…
-ჩემს დაზე ვლაპარაკობთ. და ირაკლიზე. -ვერაფრით მიუყენა ნანას სახელს ირაკლი გვერდით. გააჟრიალა ამის წარმოდგენისასაც კი.
-დიახ, ასეა. რამე პრობლემაა?
-ძალიან დიდი.
-შენ ხარ ეგ პრობლემა?
-არა, ირაკლი. -თავდაჯერებით გასცა პასუხი, თუმცა ეტყობოდა არ მოსწონდა ირაკლის თემის განხილვა. -და ნუ შეუწყობ ხელს. არ არის ის ტიპი ირაკლი, შენ რომ გგონია.
-შენ კი მას მიანდე… მაინც.
-სხვა გზა არ მქონდა.
-გქონდა. რომ გეთქვა ჩემს დას ხელი არ ახლო და დიმასთან დატოვეო, არ დატოვებდა? შენ მასთან არჩიე…
-სხვა რამეა ეგ, ელენე.
-სულაც არა, -ტუჩები გააწკლაპუნა. გული შეუხტა ანდროს ამის შემჩნევისას. გვერდულად გადმოხედა ისე მოუნდა დაენახა, როგორი იყო იმ წამს. -როცა ენდობი ადამიანს… თან ენდობი იმდენად, რომ შენთვის ყველაზე ძვირფასს ანდობ, ეს ყველაფერს ამბობს, ანდრო.
-არ უნდა შეუყვარდეს ეგ ტიპი. იცი, რო არავინ ჰყავს ირაკლის? ეგ ისეა მიჩვეული მარტოობას, სიცარიელეს, რუსეთს… ფორსმაჟორში რომ ვანდე ნანა, არ ნიშნავს მთელი ცხოვრება ვანდობ… ადამიანს, რომელსაც შურისძიების მეტი არ ადარდებს არაფერი, საკმარისად ვერ შეიყვარებს ნანას.
-მაგრამ შენ ვერ აუკრძალავ.
-რატომ? შენ ხომ მითხარი რომ მბრძანებლობის ზებუნებრივი ნიჭი მაქვს?
-მე გითხარი, კონტროლი გიყვარს-მეთქი… თან იცი, რომ ასეთ საკითხში ვერ გადაგახტება ნანა, შენ კი ეგოისტურად ამჟღავნებ შენს პროტესტს ირაკლის მიმართ.
-ელენე, რამე იცი და არ ამბობ? რატომ განიხილავ მაგას ჩემი დის პოტენციურ სიყვარულად?
-სიყვარულზე ლაპარაკი შენ დაიწყე. მე უბრალოდ ორი პოტენციურად თავსებადი ადამიანის ბედი განვიხილე. თანაც შენ რომ აგიკრძალონ იმის მოწონება, ვინც გინდა, როგორია?
-მთავარია, იმასაც მოვწონდე. -მანქანა გაუჩერა ზედ სადარბაზოს წინ.
-ბარემ სახლში შემოგეყენებინა ეს მანქანა… -უკმაყოფილოდ მოჭყუნა სახე ელენემ. ღვედი შეიხსნა.
-ემალები ვინმეს?
-მე არა, შენ გმალავ მამაჩემისგან.
-მკაცრია? -თვალი გააპარა კორპუსისაკენ ანდრომ. აქა-იქ ბჟუტავდა ღამის მთეველი შუქები.
-ჩემთან არა. მადლობა, რომ მომიყვანე.
-ჩემთან? ჩემთან იქნება მკაცრი? -სიტყვა დააწია კარში გადასულს.
თავი შემოყო ელენემ უკან. ვერ იღიმოდა ისე მხიარულად, როგორც გზაში.
-ძალიან!
-მიდი, გიყურებ. -თვალებმოუშორებლად ანიშნა სადარბაზოსკენ.
ფრთხილად მიუხურა კარი და სწრაფი ნაბიჯებით შევარდა სადარბაზოში. მისი სახლის სამზარეულოში ენთო მხოლოდ სინათლე.

III თავი
“Oh, if the sky comes falling down
For you, there's nothing in this world I wouldn't do”

ოქტომბერი დადგა.
უჩვეულოდ მშვიდ, აუღელვებელ რიტმში ჩადგა თითქოს ყველაფერი დიმასთან შეხვედრის შემდეგ. თუმცა იყო რაღაც, რაც მოსვენებას არ აძლევდა ნანას. თითქოს მდინარის სათავეზე ხეები გადაწვა და ნელ-ნელა იბადებოდა მეწყერიც, ბინძური, ტალახით სავსე, დაუძლეველი და დაუნდობელი.
დედამისისათვის არასოდეს უთქვამს, რომ სოფოს ხვდებოდა. ალბათ, ბოლომდე საიდუმლოდ დარჩებოდა ეს ამბავი მათ შორის.
ანდროს ბოლო ზარზე გამოიჭირა სოფომ. მაშინვე შენიშნა სააქტო დარბაზის ყველაზე შორეულ კუთხეში შეკუჭული, ხალხს ამოფარებული, თვალებგაფართოებული ნანა...
ძალიან ჰგავდა თავისას. ატყობდა მღელვარებას, აღტაცებასა და ინტერესს თვალებში. წინამო ჩამოყროდა შუბლზე, თმაც აბურდული ჰქონდა. ქარიშხალგამოვლილს ჰგავდა. თითქოს ბევრი იწვალა, იქ რომ ყოფილიყო იმ დღეს.
შეყოყმანდა ქალი. ვერ გაიგო, რა უნდა ექნა. სარისკო იყო ახლა მასთან გამოლაპარაკება, ანდრომ ხომ ჯერაც არ იცოდა, რომ დები ჰყავდა...
შეებრალა რაღაცნაირად. ფეხის წვერებზე იწეოდა ნანა წვალებით, უნდოდა კარგად დაენახა ის, ვის გამოც ნახევარი ქალაქი გადმოიარა.
ჩანთა სკამზე დადო და მისკენ წავიდა.
რომ მიუახლოვდა, იცნო ნანამ. წამოწითლდა და ცოტათი შეეშინდა კიდეც.
-გამარჯობა, ნანა. -მასზე ნაკლებად არც თავად ნერვიულობდა. ამხელა ქალმა პირველად არ იცოდა, რა უნდა ეთქვა შვილისტოლა გოგონასათვის.
გული მოეწურა იმის გაფიქრებისას, რომ ასე უთვალთვალებდა დედმამიშვილს, მაგრამ მაინც მის გარემოცვაში იყო ასეთ მნიშვნელოვან დღეს.
-გამარჯობა. -სცადა, მტკიცე ხმა ჰქონოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ცივმა ოფლმა დაასხა ხელისგულებსა და ზურგზე ნანას.
ვაითუ, ყველაფერი უთხრა დიმას ამ ქალმა... მერე ლალიმაც რომ გაიგოს... მოკლავენ, აუცილებლად დასჯიან ამის გამო...
იმის გამო, რომ ძმის ნახვა მოინდომა.
-მე სოფო ვარ.
-დიახ, ვიცი. მე ნანა.
-ანდროსთან მოხვედი? -სულელურ კითხვებს სვამდა სოფოც. არ იცოდა, როგორ დალაპარაკებოდა. უნდოდა მიეყვანა თავის ვაჟთან და გაეცნო თავისი და, მაგრამ იმასაც ფიქრობდა, რომ ეს არ იყო მისი გასაკეთებელი საქმე, ასეთ დღეს მითუმეტეს.
-არა... არა...
-იცი, ანდრო აქედან რესტორანში მიდის კლასელებთან ერთად, მე მცალია. თუ გინდა ეზოში დამელოდე და დავილაპარაკოთ. ვერავინ გაიგებს, ნანა, ნუ გეშინია.
სანდომიანი ქალი იყო სოფო. ძალიან მშვიდი, აუღელვებელი, თბილი და მოსიყვარულე გამოხედვით. თავდაჭერილობაზე ეტყობოდა, რომ განათლებაც შესაბამისი ჰქონდა.
ვერაფრით იგებდა, როგორ იგდებდნენ დიმასნაირი კაცები სოფოსნაირ ქალებს ხელში...
გულში მწარედ გაკრა ნანას ცოტა შურისა და ამავდროულად რიდის შეგრძნებამ. თითქოს იგრძნო, რომ სოფოს ვერასდროს მოექცეოდა დიმა ისე, როგორც დედამისს ექცეოდა, უხეშად და უპატივცემულოდ. რაღაცნაირად შეშურდა მისი, თავადაც უნდოდა ჰყოლოდა ბედნიერი დედა... ლაღი და ღიმილიანი... ძალიან ეცადა, მაგრამ ვერაფრით განეწყო ცუდად სოფოს მიმართ. ალბათ, უფრო იმიტომაც რომ რაც არ უნდა იყოს, ანდროს დედა იყო...
თავი დაუქნია სუსტად და თანატოლებში ჩაიმალა.
აკვირდებოდა ანდროს, მის ყველა მოძრაობას, გამოხედვას, სიტყვას. უხაროდა, როცა რაღაც საერთოს პოულობდა: თვალები ერთი ფერისა ჰქონდათ, ისიც ნანასავით ჭმუხნიდა წარბებს, როცა რაღაცას ვერ იგებდა...
ახლა, როცა სოფო უნდა ენახა, მუცელი ასტკივდა ნერვიულობისაგან, მაგრამ ძალიან აინტერესებდა, რა ჰქონდა ამ ქალს მისთვის სათქმელი.
მუხლების კანკალით იდგა სკოლის უკანა გასასვლელთან და ელოდა. არც დაუგვიანია სოფოს, ეტყობოდა, მასაც მიეჩქარებოდა ნანასთან სალაპარაკოდ და ძალაუნებურად უფრო გაუთბა გრძნობები მის მიმართ. თითქოს სოფოც აფასებდა მის დროს, ხვდებოდა, რომ ნერვიულობდა და არ უნდოდა დაეგვიანა. თითქოს დააფასეს.
სკვერში ჩამოსხდნენ, ყველაზე შორეულ და შეფარულ სკამზე. არც ერთი იწყებდა საუბარს.
-ცეკვა და სიმღერა არ უყვარს, თუ რატომ არ მიიღო არაფერში მონაწილეობა? -ნანამ ჰკითხა ისევ პირველად.
-ხო, არ უყვარს. -გაეღიმა სოფოს.
-არც მე.
-ნანა, შენ დიდი გოგო ხარ უკვე და ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ გულახდილად დავილაპარაკებთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენს შორის დარჩება.
სუსტად დაუქნია ნანამ თავი. ვერ ითმენდა, ისე უნდოდა გაეგო, რა ჰქონდა მას სათქმელი.
-არ ვიცი... -სუნთქვა შეეკრა სოფოს. ძალიან უჭირდა და რცხვენოდა ამ თემაზე საუბარი ეტყობოდა. -საიდან დავიწყო... მე არ ვიცოდი თქვენს შესახებ. არ ვიცოდი, რომ დიმას ცოლი ჰყავდა... და მე საყვარელი ვიყავი... თურმე.
წეღანდელი ამაყი, თავდაჭერილი ქალის იმიჯი ერთმა ცრემლმა მთლიანად დაამსხვრია მის თაფლისფერ თვალებზე. შეხედვა მოერიდა ნანას, იმდენად პირადული იყო მისი ტკივილი.
-როგორც კი გავიგე, მე მაშინვე წავედი. ორსულად ვიყავი უკვე იმ დროს ანდროზე. მისთვის არაფერი მითქვამს, არ მინდოდა გაეგო, რომ შვილი ჰყავდა. ბიჭი, მით უმეტეს. ხომ იცი მისნაირი კაცების ამბავი, ანდროს თავის მემკვიდრედ მიისაკუთრებდა და გარევდა იმ დამპალ საქმეებში, რომლებშიც თვითონ დღემდე ბანაობს... სულ სხვა ადამიანად გამეცნო საერთოდ... თხუთმეტი წლის გოგოსავით შევცდი. ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია ქალისათვის, როცა ასე შეცდები პარტნიორში, ამას ვერსად გაამხელ, მხოლოდ შენ შეგჭამს... მერე როგორღაც მაინც გვიპოვა... ანდროსაც ისე შეაყვარა თავი, როგორც მე თავიდან... წინააღმდეგობის გაწევა როგორც კი ვცადე, მივხვდი, როგორ ამიმხედრა საკუთარი შვილი ჩემი ერთი საქციელითაც კი... მისი დაკარგვის შემეშინდა მხოლოდ, ანდროსი... მე რომ არასოდეს მიმეღო, თქვენ არ გაიზრდებოდით უმამოდ... მე არ მინდა იფიქრო, რომ ჩემი შვილისთვის მინდოდა შენი მამა... მაშინ ანდროს რთული ასაკი ჰქონდა ძალიან, ცამეტი წლის იყო, მამას ეძებდა ყველგან და ყველაში, იმის მიუხედავად, რომ არაჩვეულებრივი ბიძა ჰყავს, რომელმაც შვილივით აღზარდა, მაინც თავისი უნდოდა. ვერაფერი გავახერხე... მაპატიეთ, უფროსების არასწორმა საქციელმა ასე დაგჩაგრათ დედმამიშვილები... ჩემი სურვილი არ ყოფილა არც ანდროს თქვენგან მოშორება, მე მინდა რომ ის იცნობდეს თავის დებს, მაგრამ დიმამ მკაცრად ამიკრძალა თქვენი ხსენება. ლალიც დამემუქრა არაფერი მეთქვა და იძულებული ვიყავი პატივი მეცა მისი გადაწყვეტილებისათვის. როგორც ქალს, როგორც დედას მე მისი ყველაფერში მესმის. თანაც... ჩემი შვილის აღტაცებულ თვალებს რომ ვუყურებ, როცა დიმასთან არის, ჯერ ვერ გავბედე მისთვის იმ კოშკების დანგრევა, რომლებსაც მთელი ბავშვობა აშენებდა. ვიცი, როცა ეს მოხდება... და ეს აუცილებლად მოხდება, ანდრო აუცილებლად გაიგებს თქვენ შესახებ, ძალიან გამინაწყენდება. მე არ ვარ მზად ამისათვის. მის გარდა არ მყავს არავინ.... მაგრამ თქვენ შეგიყვარებთ ძალიან... მას ძალიან დიდი და კეთილი გული აქვს...
-მიხარია, მისთვის მაინც თუ შეძლო დიმამ მამობის გაწევა. -გულდაწყვეტილი ხმა ჰქონდა ნანას. მაშინ ჯერ კიდევ დარდობდა მამაზე, რომელმაც მიატოვა დედასთან და უფროს დასთან ერთად... -მაგრამ მე საერთოდ არ მწყდება გული, რომ წავიდა.
-მამობა არ ჰქვია იმას, რასაც დიმა აკეთებს. ის მემკვიდრის ყოლის იდეით არის აჟიტირებული.
-ჩემი აზრით, ანდრო გაგიგებთ, თუ სიმართლეს ეტყვით. თუ ის სწორად აღზარდეთ და თეთრისა და შავის ერთმანეთისაგან გარჩევა შეუძლია, ის თქვენს მხარეს დაიჭერს. მე არ მინდა ჩემი ძმა სხვა ეზოში თამაშობდეს...
თვალები მიეხუჭა სოფოს, იმდენად უბრალო და ბასრი იყო ნანას სიტყვები, მხოლოდ ბავშვი რომ შეძლებდა ასე მარტივად გადმოეცა თავისი დიდი ტკივილი.
-ალბათ, გავბედავ. შენ საიდან გაიგე?! -ცრემლები შეიმშრალა სოფომ, მერე ჩანთაში დაიწყო ხელების ფათური. თვალს არ აშორებდა ნანას.
-შემთხვევით... დედამ თქვა შემთხვევით... -თვალები ჩახარა ნანამ.
ტიტრივით ჩაირბინა მისი გონების ეკრანზე ლალის სიტყვებმა, „მამათქვენმა თქვენ მიგაგდოთ და თავისი ვაჟი აირჩიაო“...
ძველი სურათი ამოიღო სოფომ ჩანთიდან და ფრთხილად გაუწოდა ნანას. თითქოს ვერ გადაეწყვიტა, სწორად იქცეოდა თუ არა, ამას რომ აკეთებდა და ამ პატარა გოგოს თვალებში უნდოდა ამოეკითხა პასუხი.
ღიმილით გამოართვა ნანამ, რამდენიმე წამს დააშტერდა.
-ფეხბურთი უყვარს?
-გიჟდება. გქონდეს, თუ გინდა.
-ხო, დავიტოვებ. -უცებ ჩამალა ჩანთაში სურათი ნანამ, თითქოს არ უნდოდა სოფოს გადაეფიქრებინა და უკან გამოერთმია. ბოლოს და ბოლოს, ეს სურათი ერთადერთი იყო, რაც მისი ძმისგან ჰქონდა. -იცით... მე ცოტა არ მესმის, მას ცოლად რატომ გაჰყევით იმ ყველაფრის შემდეგ?!
-მაგ კითხვას ყოველ დღე ვუსვამ საკუთარ თავს. მერე პასუხიც შემოდის ოთახში: ანდრო... მინდოდა მას ჰქონოდა ის, რაც მე ჩემი წინდაუხედავი საქციელით წავართვი - სრულყოფილი ოჯახი....
-არის სრულყოფილი?
-ეხ, არა... ვერ იქნება... ვერასდროს იქნება. -ღრუბლებს ახედა სოფომ. იქ ყოფნა ინატრა თითქოს.
-კარგი, მე წავალ. -ფეხზე წამოდგა ნანა სასწრაფოდ. ნაბიჯი ვერ გადადგა მაინც. თითქოს უნდოდა, რომ რაღაც ეთქვა კიდევ ისეთი... მაგრამ ვერ შეძლო ხმამაღლა გაჟღერება, ვერ გადააბიჯა მაინც დედას, რომელიც სახლში ელოდა. გაფიქრებისაც კი შერცხვა. -კარგად იყავით, მადლობა... იმედი მაქვს, იპოვით ძალას და გათავისუფლდებით.
-შენ ძალიან კარგი გოგო ხარ, ნანა. ანდროს ძალიან გაუმართლა, რომ შენნაირი და ჰყავს.
-მეორეც ჰყავს, ის ჩემზე უკეთესია.
მოგონებასავით ჩაიკარგა ნანას პატარა, ბავშვური სხეული ქუჩის ბოლოში...

საავადმყოფოს დერეფნებში ღრმად ჩამჯდარიყო წამლისა და ცუდის მოლოდინის სურნელი. ექთნები საქმიანად დააბიჯებდნენ იქეთ-აქეთ, მხოლოდ პაციენტების ახლობლები იდგნენ უძრავად ახალი ამბების მოლოდინში.
ვერ იტანდა ნანა საავადმყოფოებს. ვერაფრით იგებდა, როგორ უძლებდა ელენე ამდენ სტრესს, სიკვდილს, სიცივეს, სითეთრეს, ცრემლსა და გლოვას, როგორ იხდიდა ხალათს და როგორ შეეძლო სხვის ცხოვრებაში მაინც სიმშვიდის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის ხალისის შემოტანა.
კეკეს ბავშვის მდგომარეობის გასაგებად შეეჩვია იქ სიარულს. ელენეც პედიატრიულ განყოფილებაში მუშაობდა და დაწვრილებით აგებინებდა ინფორმაციას პატარა გიგის შესახებ.
იმ დღესაც გზად გაიარა სკოლიდან. არ უნდოდა ადრე სახლში მისვლა და მარტო ყოფნა. უკანა გასასვლელიდან შეიპარა, რომ არავის შეემჩნია. კარგად იცნობდა უკვე გზებს, ისიც იცოდა, სად შეძლებდა იმ პატარა ადამიანის ნახვას, რომელიც ასე შეიყვარა შორიდან. პატარები ხომ ყველანი ერთმანეთს ჰგვანან, თვითონ კი ეგონა რომ თვალდახუჭულიც იცნობდა უკვე გიგი ბარათელს.
ისე იყო გართული მისი პატარა ხელების ქნევის ყურებით, რომ ვერც კი შენიშნა, როგორ ამოუდგა ირაკლი გვერდით.
ნელ-ნელა მისი სურნელითა და გამყინავი აურით რომ ამოივსო იქაურობა, გაიაზრა, რომ მარტო არ იყო და ადგილზე შეხტა მოულოდნელობისაგან.
-გული გამიხეთქე! -მკერდზე მიიდო გაშლილი მტევანი და ღრმად ამოისუნთქა.
გამომეტყველება არ შეცვლია ნაკაშიძეს. ამოუკითხავი მზერით უყურებდა ჯერ ნანას, მერე ბავშვს გახედა.
-ხვალ გამოწერენ. -ცივი, მძიმე ხმით უთხრა, თვალი არ მოუშორებია ბავშვისთვის.
-ვიცი.
-შენი ძმაც აქ არის. თავის გოგოს მოაკითხა.
წარბები შეყარა ნანამ. ვერ მიხვდა უცებ, ვისზე საუბრობდა.
-ვინ თავის გოგოს?
-ექთანი როა. იცის აქ რომ ხარ?
-არა. -ჩურჩულით უთხრა ნანამ, დაფეთებულმა მოატარა თვალი ნახევრადცარიელ დერეფანს. -იმედი მაქვს, არ ჩამიშვებ.
-მიდი, მიდი, -ყასიდად გახედა ირაკლიმ გასასვლელისაკენ გაპარულს, -არ დაგინახოს ჩემთან ერთად....
-რას მოდიოდი, შენთან ერთად თუ არ გინდოდა რომ დავენახე?!-ხმადაბლა დაუცაცხანა ნანამაც, ნახევრად გაეღო უკვე გასასვლელის კარი.
-შენთან არ მოვსულვარ, ბავშვი მინდოდა მენახა.
-არ უთხრა, იცოდე!
-ნუ დაძვრები ცუდად და არ ვეტყვი... -თვალები დააწვრილა, გაუღიმებელ სახეზეც კი ეტყობოდა, რომ ხალისობდა მისი აფორიაქებული მდგომარეობით.
-ირაკლი... -სუფთა ხმით, ნახევრად თხოვნით უთხრა...
ვერ იტანდა ხვეწნა-მუდარას, თუმცა ახლა მართლა არ უნდოდა ანდროს განაწყენება, ისე სთხოვა გარიდებოდა სიტუაციას.
ვერც კი გაიაზრა, რომ პირველად მიმართა სახელით. სამაგიეროდ ნაკაშიძის გულისგან შორს არ გაუვლია მისი ხმით წარმოთქმულ საკუთარ სახელს. დიდი ხანია, არავის მიუმართავს მისთვის ასე უშუალოდ, შინაურულად...
მზერა მოარიდა სასწრაფოდ და პატარა გიგის შეხედა ისევ. ყველა მიზეზის გახსენება სცადა, რის გამოც არ უნდა ჰქონოდა მის ორგანიზმს ის რეაქცია, რაც მის სიახლოვეს ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიხსენა ვერც ერთი...
ელენეს დაურეკა სასწრაფოდ, როგორც კი მანქანაში ჩაჯდა და ეზოდან თავქუდმოგლეჯილი გავარდა.
-გისმენთ, სინიორინა...
-სინიორინა კი არა, რა უნდოდა ანდროს?
-რა უნდოდა? -ტუჩები დაუწვრილდა ელენეს ღიმილისაგან. ირგვლივ მიმოიხედა, ჯერ არსად გამოჩენილა ის, ვისაც გაუაზრებლად ელოდა. -მე რა ვიცი..
-შენთან არ მოვიდა?!
-არა... რა დაგეტაკა?! თუ ვინ...
-არაფერი!
-ვინ გითხრა?! -ეშმაკურად აათამაშა ელენემ წარბები, მიმღების დახლს ჩამოეყრდნო გაკრეჭილი სახით. ვერც შენიშნა, როგორ აკვირდებოდნენ შორიდან. -ჰა, აღიარე...
-ირაკლიმ. -სასხვათაშორისოდ უთხრა ნანამ. ტუჩზე იკბინა მწარედ.
-რაო... ირა-კლიმ....
-ელენე, ენას ამოგაძრობ! რატომ გადაეკიდე?! -გულწრფელად აინტერესებდა ნანას ამაზე პასუხი, ამიტომაც არ გაუთიშა ისე, როგორც სხვა დროს გააკეთებდა ამას.
-გული მიგრძნობს...
-ამ საღამოს გამომიარე, საჭესთან ვარ ახლა. ეგეც მოდის და გამოგიყოლოს.
-ვინ ეგ?! -წარბებშეყრილი დააჩერდა ტელეფონს, როცა პასუხგაუცემლად გაუთიშა ნანამ
უკან ამოდგომოდა უკვე ის, ვინც...
-ვერაა ეს გოგო... -ჩაიბურტყუნა თავისთვის და ჯიბეში ჩაიცურა ტელეფონი. არ გასწორებულა, ისევ ისეთი სახით ფიქრობდა ნანასა და ირაკლიზე.
-ჩემს დაზე ამბობ, ხო? -ზურგით მიეყრდნო ანდრო მის გვერდით დახლს, იდაყვები დაალაგა ზედ და ისე მოათვალიერა ელენე სახეზე დაუფარავად, ერთიანად აწითლდა ექთნის ფორმაში გამოწყობილი.
ღამენათევი, მოუწესრიგებელი და ალბათ თვალებჩაშავებულიც იყო. ბოლოს სარკეში გუშინ ჩაიხედა... ყავით არის გაჭყეპილი და ძალიან უნდა ლამაზად გამოიყურებოდეს...
-ხო, -მხიარულად უპასუხა. არ შეიმჩნია დაჭიმული მუცელი და მტკივნეულად აძგერებული გული მისი დანახვისას. -რატომ მიყურებ ეგრე? ძალიან მეტყობა ნახევარი საათი რომ მეძინა?!
არაფერი უთხრა ანდრომ. აკვირდებოდა მხოლოდ სახეზე, ამით აგრძნობინა პასუხი თავის ყველა კითხვაზე და მოიღუშა ელენე. ერჩვინა ეთქვა, რომ ლამაზი იყო, ან პირიქით- ძალიან ეტყობოდა უძილობა... ვიდრე ჩუმად დარჩენილიყო და მარტო დაეტოვებინა ფიქრების მოედანზე ბურთთან ერთად, სადაც ერთ კარში ანდრო იდგა, მეორეში კი მისი ოჯახი.
-რა დაგემართა? -შენიშნა ანდრომაც მისი ხასიათის ცვლილება და არსაიდან გამოჩენილი ნაღველი ცისფერ თვალებში. უცებ უკარნახა გულმა, რომ მიახლოვებოდა.
უკან გადადგა ნაბიჯი ელენემ. წარბები აზიდა ანდრომ და შედგა ერთ ადგილას.
-რატომ მოხვედი?!
-რას ნიშნავს, რატომ მოვედი, ელე? -თავი გვერდზე გადახარა, უფრო უკეთესად დააკვირდა. გაუნათდა ინტერესით მწვანე თვალები.
ვერ იტანდა იმ გრძნობას, ანდროს პირიდან თავისი სახელის ასე გაგონება რომ გვრიდა ელენეს. არ უნდა ჰქონოდა მას ამხელა გავლენა.
-მიზეზი მაინტერესებს შენი აქ ყოფნის... -არც ცივი ყოფილა მისი ხმა, არც გაბრაზებული. იმდენად უშუალო იყო, სუფთა და გულწრფელი, უპასუხოდ ვერ დატოვებდა.
-გიგის სანახავად მოვედი, -მის რეაქციას დააკვირდა.
-კარგი! -სწრაფად შედგა ელენე, იცოდა, გაგრძელებაც ჰქონდა ამ წინადადებას, მაგრამ არ უნდოდა ახლა ამის მოსმენა. გაემზადა წასასვლელად, -აი, იქეთ...
-ვიცი, სადაც... -მაჯაზე ჩაავლო ხელი და მოაბრუნა უკან.
იმდენად სპონტანურად შედგა მათი პირველი შეხება, არც ერთი იყო მზად იმ შეგრძნებებისათვის თანაბარი სიმძლავრით რომ გადანაწილდა ორივეს სხეულში. ხელი გამოართვა ელენემ, თითქოს ასე გააქრობდა ყველაფერს, რაც იგრძნო, რასაც ვერ დაივიწყებდა ვერასდროს.
-ანდრო, არ გინდა, რა...
-რა არ მინდა? -გაკვირვებით აზიდა წარბები, უღმერთოდ ესიამოვნა სახეზე რომ დაეტყო ელენეს მისი შეხებისგან გამოწვეული ყველა შეგრძნება. თავი ძლივს შეიკავა, იგივე რომ არ გაემეორებინა.
-ის, რასაც აკეთებ.
-რას ვაკეთებ?! არ გინდა, რომ მოვიდე ხოლმე? ელენე… -თვალი გააყოლა ანდრომ მის მზერას. ღია კარებში იყურებოდა ელენე, გაქცევას ცდილობდა თითქოს.
მოთმინებით ელოდა მისგან პასუხს. ატყობდა როგორ უჭირდა ერთ აზრამდე მისვლა და პასუხის გაცემა მის შეკითხვაზე.
-შემთხვევით მოდიხარ ხოლმე მაინც და მაინც მაშინ, როცა მე ვმორიგეობ?
-არა. -სხარტად უპასუხა, თითქოს არც ჰქონდა დასამალი რაიმე, -შენც ხომ იცი, რომ არა…
სუნთქვა შეეკრა ელენეს. უეცრად იგრძნო, ან ახლა უნდა ეთქვა უარი მასთან ურთიერთობაზე, ან უარესად გაერთულებინა საქმე, როცა ნელ-ნელა ყველაფერს აეხდებოდა ფარდა.
-ახლა საქმე მაქვს, მელოდებიან პაციენტები. -ვერ შეძლო მაინც, სული მოეხუთა. ვერც თვალი გაუსწორა. არეული ნაბიჯებით გაშორდა ერთ ადგილას მდგომს, თვალს რომ არ აცილებდა.
წყალი შეისხა სახეზე რამდენჯერმე. სარკეში უყურებდა თავის გამოსახულებას, უძილარ თვალებს, გაცრეცილ ტუჩებს, ამღვრეულ მზერას…
-რაღა ეგ, ელენე, კარგი რა… -გულისწყვეტით უთხრა საკუთარ თავს სარკეში, ცრემლებით ამოევსო თვალები და მაგრად იკბინა ტუჩზე, სიმწრის ტკივილი რამე სხვით რომ გადაეფარა.
დაპროგრამებულივით დადიოდა დერეფნიდან დერეფანში, თითქოს ვერ გრძნობდა და ვერ ამჩნევდა, როგორ ელოდა გარეთ ანდრო.
გაბრაზებულმა გამოიცვალა. შეყრილი წარბებით მიუახლოვდა ტელეფონზე მოსაუბრეს და თვალი არ მოუშორებია, სანამ საუბრობდა.
ჰაერში გაუშვა სიგარეტის კვამლიც ანდრომ. გადააგდო ნარჩენი და მას მოუბრუნდა ისევ. ტელეფონზე საუბრობდა, თვალებით კი წარბებშეკრულ ელენეს უსვამდა კითხვებს. არ აშორებდა მზერას ერთი წამითაც კი.
თავით ანიშნა მერე მანქანისკენ წასულიყო მასთან ერთად. ერთი ამოიგმინა მანაც და გაჰყვა უკან.
მანქანაში რომ ჩასხდნენ, დასრულებული ჰქონდა უკვე საუბარი. ინტერესით გადმოხედა გაწიწმატებულს, თავი ძლივს შეიკავა რომ არ გაღიმებოდა.
-რა გინდა, აბა, გისმენ… -ხელები გადაიჯვარედინა გულზე ელენემ, ვეღარ ითმენდა ამ ბუნდოვან მოკითხვებსა და მიცილებებს.
-რატომ ბრაზობ?!
-რატომ?! -ღრმად შეისუნთქა ეზოდან შემოვარდნილი ჰაერი, მისი სურნელიც კი სულს უხუთავდა, ავიწყებდა გზაში დალაგებულ სიტყვებს, რომლებიც პირში უნდა მიეხალა. ლოყაზე იკბინა, რომ ოდნავ მაინც დაეოკებინა საკუთარი გრძნობები. -იმიტომ, რომ შენი საქციელი გაურკვევლობაში მაგდებს, მე კიდევ ვერ ვიტან ბუნდოვანებას! ამიტომ მაინტერესებს, რა გინდა?!
-ის, რის გამოც შენ ზიხარ ახლა ჩემ გვერდით.
-რის გამო ვზივარ?! -გააცია ელენეს. წამით იფიქრა, რომ უადგილო იყო თავისი წეღანდელი აფეთქება.
-ჩემ გვერდით ყოფნის სურვილის გამო. არ არის ასე, ელენე?
სუნთქვა შეეკრა, ხმა ვეღარ ამოიღო ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად.
-ნუ მარიდებ ახლა მზერას. -ნიკაპზე ამოსდო თითები და მიაბრუნებინა მისკენ სახე. ცრემლები დაგუბებოდა თვალებში.
დაეფიცება, რომ პირველად იგრძნო ასეთი შიში თავისი ცხოვრების განმავლობაში.
-ელე, რა გატირებს? -ღვედი შეიხსნა და მისკენ გადაიხარა მთელი სხეულით.
თამამად ვერ ეხებოდა ჯერ. ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა მითუმეტეს ვერ იპოვა ზემდეტად მიახლოების ძალა.
-არ შეიძლება, -ხელები მოაშორებინა, წამწამებზე ეკიდებოდა ცრემლები და მთელი ძალით ცდილობდა არ გადმოვარდნოდა ლოყებზე არცერთი მათგანი.
არ უნდოდა კიდევ ერთი შეხების საბაბი მიეცა, მერე ვეღარ დაიხევდა უკან თვითონაც, ვეღარ ეტყოდა სათქმელს.
-რა არ შეიძლება?
-ჩვენ. -სუსტად წარმოთქვა. მანქანის გასაღწბად წაიღო ხელი სწრაფად რომ გადაკეტა ანდრომ ყველა კარი.
წარბებშეყრილმა შეხედა. ეს ერთი და ყველაფრისმთქმელი სიტყვა არ იყო თითქოს საკმარისი.
ძლივს მოერია თავს, რომ უკან გადაწეულიყო და თან წაეღო ხელებიც.
-რატომ? შენ არ გინდა, თუ ვინმე სხვას? ჩემი და გაკავებს? მან გითხრა რაიმე? თუ ილია…
-არა, -თავი გააქნია. ვერაფრით ეტყოდა, რომ თავისი მშობლები არასოდეს დაუშვებდნენ დიმას შვილთან მის ურთიერთობას. ვერ იმეტებდა იმ სასჯელისთვის, რაც მას არ დაუმსახურებია. -ისინი არაფერ შუაში არიან…
-აბა? სხვა გიყვარს?
-ჯერ არც შენ მიყვარხარ. -წარბები შეკრა ელენემ, სახე გაარიდა, როცა მიხვდა რა უთხრა.
მაინც შენიშნა ანდროს ჩაღიმება.
-არაუშავს. მკაცრი მამა გყავს?
-არაა მამაჩემი მკაცრი…
-მე არ ვუნდივარ სიძედ. -მშვიდი, უცნაური ტონით უთხრა. მანქანის სალონი გაავსო მისმა არსებობამ, ფილტვების დასკდომამდე სურდა ჩახუტებოდა, რომ მას არ ათქმევინა ეს სიტყვები. -დიმას შვილი ვის ენდომება სიძედ, აბა…
-რა სიძე, ანდრო?!
-აბა, შენი ბოიფრენდი უნდა ვიყო?
-არ არის სასაცილო…
-მე მეცინება? -სერიოზული ჰქონდა სახე. არაფერი ეტყობოდა, მაგრამ ღელავდა თვითონაც შინაგანად. -ვიცი, რის გამოც გრძნობენ წინააღმდეგობას ჩემ მიმართ. ვის გამოც, უფრო სწორად… და მესმის მათი, ელენე. შენ რა უთხარი მშობლებს?
-რომ არაფერი ხდებოდა ჩვენ შორის.
-რომ არც მოხდებოდა მაგისი პირობა მიეცი? -ირაკლი გაახსენდა უნებურად, რომ ვერაფრით ამოგლიჯა პირობა ნანასთან დისტანციის დაკავებაზე. გააჟრჟოლა იმის გაფიქრებისას როგორ აღმოჩნდა თავადაც მსგავს სიტუაციაში.
-არა. არ მინდა, რომ შემიყვარდე…
-ასეთი ცუდი ტიპი ვარ? -ღიმილით ჰკითხა, იცოდა, არ მოდიოდა გულიდან ეს სიტყვები. ზედმეტად გრძელი და დაკლაკნილი გზა გამოატარა, რომ სახეშეუცვლელად მოეტანა სათქმელი მასთან.
-მაგიტო არა… არ მინდა მე მიყვარდე და ჩემი ოჯახი ვერ გიღებდეს, -მუშტით მოიცილა ორივე ცრემლი თვალებიდან. სუნთქვა შეეკრა ანდროს იმდენად სუფთა და ალალი იყო მისი თვალები თავისი ტკივილის გამხელისას. -მითუმეტეს როცა არ იმსახურებ ამას… არც იმის მტკიცება უნდა გჭირდებოდეს ჩემი ოჯახისათვის, რომ ნამდვილად მიმსახურებ… არ მინდა, ვერ მოგთხოვ ამდენს… ნუ მოდიხარ, ნუ მაქცევ ყურადღებას, ნუ მიყურებ ეგრე…
-არ გინდა?
-ნუ მისვამ მაგ შეკითხვას, ხომ ისედაც იცი პასუხი? -თვალებით გაუწყრა მიზანმიმართული წამებისათვის ელენე.
-მამაჩემი ყველგან და ყველაფერში დაუძლეველი ბარიერია ჩემთვის, ელენე. მაგ კაცს ვერასოდეს გავაქრობ, მისი სახელი ჩემი შუბლიდან არ წაიშლება არასდროს, ვერც მის ჩრდილს მოვიშორებ… ეს მე ვერ მოგთხოვ ჩემი წილი სიბნელის გაყოფას, რაც მამაჩემისგან მერგო. შენ თუ ხარ მზად ამის მისაღებად? იმიტომ რომ მე შენი გულისთვის ვარ… ყველაფრისთვის.
თავი ჩაქინდრა. დაუძლეველი სიმძიმე გამოეკიდა თითქოს გულზე.
-ჩემი გულისთვის ხარ რას ნიშნავს? -ჩაწყვეტილი ხმით ჰკითხა, ალესილი დანებივით დაერჭო თითოეული სიტყვა.
-ნუ მისვამ მაგ შეკითხვას, ხომ ისედაც იცი პასუხი...


მზე წითლად იხრჩობოდა შორეული ჰორიზონტის მორევში.
სიგრილე მოიტანა ნარინჯისფერმა დაისმა. ზანტად ხვეტავდა ოქტომბრის სიო ტროტუარებზე მიმოფანტულ გამხმარ ფოთლებს. გუგუნებდა ქალაქის ყველა ქუჩა და ეზო.
ძველებურად გადამდგარიყვნენ სამზარეულოს ფანჯარაში ნანა და ელენე. უხმოდ დაჰყურებდნენ ეზოში მოთამაშე პატარა ბავშვებს და ორივეს გონება საერთო მოგონებებს დასტრიალებდა. ბევრი იყო ასეთი.
-ნან...
ასე იწყებდა ხოლმე, როცა რაღაც ჰქონდა სათქმელი და თავს ვერ აბამდა.
არადა, ელენეს ყოველთვის შეეძლო ყველაზე ჩახლართული და მძიმე სიტუაციიდანაც კი ეპოვა გზა, რომელიც გამოსავლამდე მიიყვანდათ.
საქმე ის იყო, რომ ელენესთვისაც სწორედ ასეთი იყო ნანა. მთავარი საყრდენი, ძლიერი და გონებამახვილი ადამიანი, რომელიც ყოველთვის სწორ მხარეს ანახებდა. რომლის დამსახურებითაც არასოდეს უგრძვნია უდედმამიშვილობა.
-ამოღერღე, თორემ უკვე მესამე წრეზე წავიდნენ ეს ბავშვები და აღარ შემიძლია ამდენი „კლასობანას“ ყურება... -სახლისკენ შემობრუნდა ნანა, მოჭუტული თვალებით დააშტერდა ელენეს შეფიქრიანებულ სახეს.
კარგად ხვდებოდა ყველაფერს ისედაც, მაგრამ მაინც უნდა მოესმინა მისი სათქმელი.
-ანდროს ეხება...
-ვიცი, ვხვდები. -სამზარეულოს სიღრმეში გადადგა ნაბიჯები.
წყალი დაადგა ყავისათვის, ჭიქები გადმოიღო კარადიდან. მოთმინებით ელოდა როდის მოიკრეფდა ელენე საუბრის გაგრძელების ძალას. ყავა და შაქარი ჩაუყარა, თვითონ მხოლოდ ყავა.
-რაო? -მაინც თვითონ ჰკითხა. გული უგრძნობდა, კიდევ დიდხანს შეაყოვნებდა ელენე რამის თქმას, -მევასებიო?
-ნუ დასცინი!
-არ დავცინი... -გაეღიმა ნანას, ჩამოუჯდა წინ და თვალით ენიშნა ისიც დამჯდარიყო, -შენ რა უთხარი?!
-სიმართლე... ჩემებზე... ხომ იცი... -დამნაშავესავით ჩაქინდრა თავი, ძალიან რთული იყო მისთვის იმაზე საუბარი, რომ მშობლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ანდროსთან მის ურთიერთობას. დიმას გამო.
ნანას არასოდეს უთქვამს, მაგრამ ელენე ყოველთვის გრძნობდა რამხელა სიყვარული აკავშირებდა მას ნახევარძმასთან. უფრო სწორად, ძმასთან.
-ხო, რთული ამბავია, მაგრამ ის მოაგვარებს, ხო იცი? შენც თუ გინდა... მთავარი, ახლა შენი გადაწყვეტილებაა, ელენე. მოგწონს?
-მისი ბრალია ყველაფერი! -უღონოდ აიქნია ჰაერში ხელები, შველას სთხოვდა თითქოს ნანას თვალებით, -თვალში მეჩხირება... სახლამდე მაცილებს!
-შენც ხომ იცი, ანდრო არ არის ის ადამიანი, ვინც იმსახურებს მშობლის შეცდომებზე პასუხისგებას?! მამა რომ ჰყავდა, რამდენი ხანი არ იცოდა... მერე ჰყავდა მამა, უფრო სწორად დიმა, რომელიც ამ როლს ასრულებდა, მერე გაიგო ვინც იყო, რასაც წარმოადგენდა... კაცისთვის არაა ეს მარტივად გადასატანი ამბავი, ელე. მას შენ მიმართ ყველა ნაბიჯის ათასჯერ გაზომვა მოუწევს, რადგან დიმას ჩრდილი დაჰყვება მის ყველა გადაწყვეტილებას. თუ მართლა გარისკა შენთან, ესე იგი, უკან აღარ დაიხევს.
-მე მეგონა, შენ წინააღმდეგი იყავი...
-ეგ იმან მინდა ეგრე რომ იფიქროს, -გაეღიმა, აკივლებული ჩაიდანი ცეცხლიდან აიღო და ყავა ჭიქებში ჩამოასხა. თავად მოურია ელენეს ჭიქასაც. -თან ვიცოდი შენების ამბავიც, არიდება მინდოდა ორივესთვის მაგ ბარიერის, მაგრამ რახან საქმე ასეა...
-მე ხომ ვიცი, როგორიცაა... შენთან, ევასთან... თუნდაც ილოსთან... -ტუჩზე იკბინა ელენემ, ყელში ეჩხირებოდა ბურთი მასზე საუბრისას, თან ერიდებოდა ნანასთან, თან უნდოდა ესაუბრა. პირველად იყო ასე. -არ მინდა ვინმემ აგრძნობინოს, რომ რამე სამარცხვინო აქვს...
-სამარცხვინო მამა ჰყავს და ეს მისი ბრალი არ არის! -ცივი და ხაზგასმით გასაგები იყო ნანას ტონი. -მე დიმას ჩრდილიდან გამოსასვლელად წლები დამჭირდა და ხომ ხედავ, მაინც მეწევა ზოგჯერ... ანდრო დაამტკიცებს, რომ გიმსახურებს, შენც უნდა დაანახო შენებს, რომ ღირსეული ადამიანი აირჩიე. შენი მერყეობით მხოლოდ იმათ აზრს გაამყარებ.
-როგორ ხარ ასეთი... -აღტაცებული უყურებდა ნანას, -მტკიცე...
-ცხოვრებამ მოიტანა, -მხიარულად გაჰკრა მხარი, დაავიწყდა წეღანდელი კატეგორიულობა თითქოს.
-ამიტომაც უხდებით შენ და ირაკლი...
-არ დაიწყო ახლა, -თვალები გადაატრიალა უკმაყოფილოდ. სცადა არ შემჩნეოდა ის გრძნობა, მისი სახელის ხსენებამ რომ მოგვარა მთელს სხეულს. -რატო გადაეკიდე?!
-მგონია, რომ შენ სწორედ მისნაირი ადამიანი გჭირდება. ვისთვისაც ერთადერთი იქნები და ვინც შენზე ძლიერი იქნება, ოღონდ არასოდეს გაგრძნობინებს თავს დაჩაგრულად. ირაკლის ეტყობა, რომ ასეთია.
-ირაკლის სანდოობის არაფერი ეტყობა, ვერ ხედავ სახეზე არანაირი ემოცია რომ არ აწერია ადამიანს?! სად ამოიკითხე ეგ...
-მისმა საქციელმა არაფერი გითხრა? არ შელახა შენი ღირსება შენი ძმის წინაშე, შენი მეგობრების, შენი უმცროსი დის... იმიტომ კი არა, რომ ჩვენზე უკეთესად გიცნობს ან მისი ნაკლებად მოგერიდებოდა, ვიდრე ჩვენი... მე მგონია, რომ მან სისუსტის გამოჩენის უფლება არ მოგცა. ანდროს ზედმეტი ტვირთი არ აჰკიდა იმის ცოდნით, რომ თურმე მამამისი მის დაზე ხელის აღმართვასაც არ თაკილობს. შეეძლო სახლამდე მოეყვანე, ჩვენ ვერ მოგხედავდით?
-ო, არ გვინდა, ელე... -ხელი აუქნია და სწრაფად წამოდგა მაგიდიდან, თითქოს არ უნდოდა ელენეს სიტყვებს მის გონებამდე მიეღწია და იქ იმ ფიქრებს შეხვედროდნენ, თავადაც რომ უკავშირებდა ირაკლის. -დღეს მე, შენ და ილო მივდივართ გასართობად და ძველი ცხოვრების გასახსენებლად.
-აუ, შენი მანქანით წავიდეთ, რა...
-ხო, აბა... იმის „ვიუ-ვაუ“ რად გვინდა?!
-ნუ ეძახი ეგრე... პოლიციას პატივი ეცი!
კისკისით დაიწყეს მომზადება საღამოსთვის.
ხანდახან ყველაფერი დამოუკიდებლად, ზედმეტი წვალების გარეშე უბრუნდება თავის ადგილს. თაროებზე თითქოს ანბანური სიზუსტით ლაგდება წიგნები და გონებაცა და გულიც ერთიანად მშვიდდება იმის გააზრებისას, რომ ქარიშხალმა გადაიარა...
სწორედ იმ დროს იწყებს კოშმარი დაბადებას, როდესაც ადამიანები ტკბილი სიზმრებისთვის ემზადებიან, რადგან არსებობენ ისეთებიც, ვისაც სხვების მშვიდი სუნთქვა ჯოჯოხეთურ ქაოსს ანატრებს.
ქაოსში სწორედ იმ სიმშვიდის მოპოვების სურვილი გაძლებინებს, რომელიც მის დადგომამდე გამოსცადე საყვარელ ადამიანებთან ერთად....

გუგუნებდა მათი საყვარელი ბარის შესასვლელი.
ორი, ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული გამომეტყველება აღბეჭვოდათ სახეზე გოგოებს. ნანას ძალიანაც უხაროდა ახმაურებულ გარემოში რომ აღმოჩნდა და საკუთარი გონების ხმაც აღარ ესმოდა, ელენე კი უკმაყოფილოდ ათვალიერებდა ყველას და ყველაფერს.
-ილოს გარეშე არ მიყვარს აქ მოსვლა, -ცხვირი აუბზუა გონების დაკარგვამდე გამომთვრალ ახალგაზრდას, რომელიც მაშინვე ტროტუარზე გაიშხლართა, როგორც კი ფეხი გამოდგა ბარიდან.
-ნუ გეშინია, მე დაგიცავ. -თვალი ჩაუკრა ნანამ. მკლავში ჩაავლო და შეათრია შიგნით, -დღეს ნიკაა მორიგე თან, უფასოდ დაგვალევინებს.
-უნდა დალიო?!
-შენ არა?! ხომ შევთანხმდით...
-რაღაც გული ცუდს მიგრძნობს, ნანა... წავიდეთ რა, ილომ საეჭვოდ არ გვიპასუხა...
ყური არ ათხოვა ნანამ მის თხოვნას, ბართან დასვა და ნიკას მიესალმა მეგობრული სახით. სამაგიეროდ, ბიჭს აღბეჭდვოდა სახეზე სხვანაირი სიხარული ნანას დანახვისას. აშკარა იყო, მხოლოდ მეგობრული გრძნობები არ აკავშირებდა მასთან, მაგრამ გამოტყდომისაც ეშინოდა. უფრო სწორად, ნანას ფიცხი ხასიათი აკავებდა.
-ჩვეულებრივად? წყალი და ტეკილა... -გაეღიმა ნიკას ელენეს სახეზე, თავის დაკვრით მიესალმა ნანას მეგობარს.
-როგორ ხარ? დღეს რამდენი ხალხია...
-ხო, ჩვენც შოკში ვართ. -დაეთანხმა ნიკა და ბარისკენ გაბრუნდა.
-ეგ შენ გამოა შოკში, -გადაუჩურჩულა ყურთან ძალიან ახლოს მეგობარს ელენემ.
-შენ ნუ გგონია, რომ ყველა ჩემზე გიჟდება... -ტელეფონი ამოიღო ნანამ. ისევ არ პასუხობდა ილია.
ელენეს გადმოხედა და გაუღიმა მხოლოდ. მაშინვე გადაკრა ბარზე მის პირდაპირ გამოსრიალებული ტეკილა და ლიმონი ჩაკბიჩა. ერთიანად გამოუცოცხლა სხეული სიმჟავისა და ალკოჰოლის მძაფრმა შეგრძნებებმა. მუსიკა უფრო ხმამაღლად და გასაგებად ჩაესმა. ასეთი გართობა არც მას უყვარდა დიდად, მაგრამ როდესაც მოთმინების ფიალა ლიმიტს აღწევდა, ყოველთვის ასე იქცეოდა ხოლმე.
იცოდა ეს ელენემ, ამიტომაც არ აიძულებდა წამოსულიყო იქედან ნაადრევად.
თუმცა ერთ ადგილზე ცქმუტავდა, ვერ ისვენებდა. არც ეს მუსიკა სიამოვნებდა, არც სასმლისა და მთვრალი ადამიანების უსიამოვნო სუნი.
ტელეფონს დასჩერებოდა ყოველ წამს.
ანდროს სახელი რომ აციმციმდა ეკრანზე, დაფეთებულმა ახედა ნანას, რომელიც შეუჩერებლად უხსნიდა ნიკას რაღაცას.
იცოდა, თუ უპასუხებდა მის ზარს აუცილებლად მოუწევდა იმის გამხელაც, სად იყვნენ და რატომ.
მუცელი დაეჭიმა დაძაბულობისაგან და ძლივს გაძვრა ერთმანეთში შეზელილი ადამიანების ღვარცოფში.
უცებ უპასუხა ტელეფონს და ღრმად შეისუნთქა ეზოს სუფთა ჰაერი.
-სად ხართ? -ყველანაირი შესავლის გარეშე, ცივად ჰკითხა. უსიამოვნოდ შემოეხვია ყელზე მისი ტონი.
-გაგიმარჯოს! ბარში.
-სად?!
-სანაპიროზე, რა ხდება, ანდრო?!
-მომწერე მისამართი და არსად წახვიდეთ, იცოდეთ. -გაუთიშა, სანამ რამის თქმას მოასწრებდა.
უკან რომ შებრუნდა ნანა ისევ ნიკას ელაპარაკებოდა გამბით, მიხვრა-მოხრასა და გამოხედვაზე ეტყობოდა, რომ ემოქმედა უკვე სასმელს.
სანამ მის დარწმუნებას შეძლებდა, რომ გარეთ გასულიყო ანდროც შემოხვდათ შემოსასვლელში ამასობაში. ცივი მზერით დახედა ზემოდან ორივეს.
-რა იყო? -დაუქაქანა ნანამ, ელენეს ისე ჩაავლო ხელი, თითქოს ვინმე ართმევდა და მისი მანქანისკენ წაიყვანა. -რატო უთხარი სად ვიყავით?
-ნანა… -გაფრთხილებასავით ჟღერდა ელენეს სიტყვები.
როგორც კი მანქანაში მოთავსდნენ, მაშინვე დაძრა ანდრომ. შეპარვით გახედა უკნიდან ელენემ მის შეკრულ წარბებსა და დაძაბულ სხეულს.
-რა მოხდა?!
-რა უნდა მომხდარიყო, ვერ აიტანა რომ ვერთობით!
-კარგი დრო კი აარჩიეთ გასართობად, -მჭახედ გაისმა ანდროს ხმა სალონში. მზერა მოარიდა ელენემ, იმდენად არ მოსწონდა და ძაბავდა ასეთი როცა იყო. -თქვენს ძმადნაფიცზე გაიგო ირაკლიმ.
-ილოზე? -სწრაფად გაიმართა ნანა, გამოფხიზლდა თითქოს ერთიანად, -საიდან? მერე? ამოთქვი! ილო სად არის?
-გაუჭირდებოდა შენი აზრით, ნანა?! გვერდიდან არ სცილდებით, პოლიციელია, შენ უეცრად იგებ გიგის ამბავს და მერე ყველაფერი სკდება ტელევიზიაში…
-რამე ხომ არ დაუშავა?! სად არის-მეთქი ახლა ილო!
-სახლშია, ექიმს ელოდება.
-რა… -წამოიყვირა ელენემ უნებურად, პირზე აიფარა ხელები, -რას ნიშნავს…


სირბილით აიარეს კიბეები. სულის მოთქმა უჭირდა ორივეს. ნანას განსაკუთრებით ახრჩობდა ბრაზი და დანაშაულის გრძნობა. მისი ბრალი იყო, მან დააშავა ილოს წინაშე, უნდა ეფიქრა ამაზე, სანამ სისულელეს ჩაიდენდა.
შესასვლელში მათ დივანზე იწვა უღონოდ. ხელს აჭერდა მუცელზე მიღებულ ჭრილობას. სისხლით მოთხვროდა თითები და პოლიციის ფორმა.
ირაკლიც რომ დაინახა ფანჯარასთან მდგომი როგორ ეწეოდა სიგარეტს, ენა ჩაუქვავდა ნანას პირში. ადგილზე გაიყინა უნებურად.
-რა გინდა შენ აქ?! -ველური გაუხდა მზერა. დარწმუნებული იყო მან ჩააგდო ილია ასეთ დღეში.
-ეს მოგიყვანე, -უხასიათოთ ანიშნა დივანზე გაწოლილი ილოსკენ. დარჩენილი კვამლიც გამოუშვა პირიდან და მიხურა ფანჯარა.
-რა გაუკეთე?! ასე როგორ…
-იმაზე უარესი არაფერი გამიკეთებია, ვიდრე შენ. -გააწყვეტინა ირაკლიმ. არ ჩანდა შენიშვნების მიღების ხასიათზე. -მამაშენს მოკითხე პასუხი.
ყბა დაეჭიმა დაძაბულობისაგან.
-შენ უთხარი დიმას?
-ნან, ნუ ყვირი რა.. -ამოიხრიალა ილიამ. ელენე უკვე უმუშავებდა ჭრილობას ცივი, მობილიზებული მზერით.
ანდრო დაკვირვებით ადევნებდა თვალს მის ყველა მოქმედებას.
-მამაშენთან არ მაქვს სალაპარაკო არაფერი.
-თავისით გაიგებდა რა, -მოქანცული თვალებით ამოხედა გაავებულ მეგობარს, გაეღიმა მის თავდასხმისათვის მომზადებულ მზერაზე, -ირაკლიმ გადამარჩინა, ამიტო ნუ ეჩხუბები.
-ნუ ლაპარაკობ და გაჩერდი ერთ ადგილას!
-ელე, რატო მიხურებ? -მას გაუღიმა ამჯერად ილომ. ანდროს სახეზე დაეტყო როგორ არ ესიამოვნა მისი მიმართვა, მზერა მოარიდა ორივეს და სამზარეულოში გავიდა.
-არ წახვიდე ჯერ, -უთხრა წასასვლელად მომზადებულ ირაკლის ანდრომ. -აქ ისეთი ადამიანი მოვა, ვისთან საუბარსაც მინდა, რომ შენც დაესწრო.
-ვინ?! -ნანამ ჰკითხა ირაკლის მაგივრად. გაუაზრებლად ჩადგა მათ შორის. -ევა სადაა?
-შენ გამოფხიზლდი და მერე დამელაპარაკე. სოფოსთანაა.
-აქ რატომ არ არის?
You sent
-არ გინდა ახლა, -ხელი აუქნია ანდრომ. -სად მომეყვანა, ვერ ხედავ ის რა დღეშია?!
-დიმასთან წაიყვანე?! ამით დაიცავ?!
-დიმასთან აღარაა დედაჩემი. ევას ისედაც არ დაუშავებს არაფერს.
სხეული დაეჭიმა ნანას. იცოდა თავადაც, დიმა ევას რომ არასოდეს ავნებდა, თუმცა შეეშინდა მაინც. ოთახიდან სანამ გავიდოდა, წამიერად გახედა მხოლოდ ირაკლის, უემოციოდ რომ ისმენდა და-ძმის საუბარს. თითქოს მიუხვდა ყველაფერს და ამიტომაც აუარა სწრაფად გვერდი.
ილოს ჩამოუჯდა ფეხებთან.
-მაპატიე რა…
-რა შენი ბრალია… -სუსტად გაუღიმა, ანიშნა მიწეულიყო ოდნავ მისკენ, -მე არ უნდა გამემხილა სამსახურეობრივი ინფორმაცია.
-ოო… -გულზე მოხვდა მისი სიტყვები მაინც ნანას. არ უნდოდა ასე დაესახიჩრებინა ერთი საქციელით წლობით ნაშენები ნდობა. -დიმა იყო მოსული?
-ხო… მამაშვილურად დამელაპარაკა.
-არ მეხუმრება!
-არც მე, -თუმცა გაუღიმა მაინც, -ჯაშუშობა მთხოვა… უარი ვუთხარი… ახლა ყველას გააგებინებს, რომ ინფორმაცია მე გავიტანე…
-იმან საიდან გაიგო? -თავით ირაკლისკენ ანიშნა, რომელიც ტელეფონში ჩაჩერებოდა რაღაცას და ალბათ ესმოდა კიდეც ეს დიალოგი. განზრახ არ მოიხსენია სახელით ნანამ.
-რავი, იმას ჰკითხე… მითვალთვალებდა, ალბათ, იეჭვა.
-არაა ღრმა ჭრილობა, -სააბაზანოდან დაბრუნდა ელენე.
თავის ლამაზ, იისფერ კაბაზე სახლის ფეხსაცმელი მოერგო, თმაც ჩამოშლოდა და მაკიაჟიც, წვალებით რომ გაუკეთა ნანამ.
-არ მოგვეშვება ხო? -ილოს ჰკითხა ნანამ, თუმცა ყველას გასაგონად თქვა.
ყველას აზრი აინტერესებდა.
-შენ არ მოგეშვება, -ირაკლიმ უთხრა პირდაპირ. დააიგნორა ანდროს ცივი გამოხედვა.
-მე ისედაც არ მეშვება ეგ, სანამ არ მოვკვდები ან ის არ მოკვდება, ალბათ…
-ნუ ამბობ სისულელეს! -გააწყვეტინა ელენემ. ვერ აიტანა ერთ წინადადებაში ნანა და სიკვდილი. ჟრუანტელმა დაუარა ანდროს მისი ხმის გაგონებისას, თუმცა არ შეუხედავს ზედმეტად მაინც.
-სავარაუდოდ შენი გამოყენება უნდა მთავრობის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. დიდად აღარ მოსწონს შარში გახვეული ბარათელის გვერდით სიარული…
-რას გულისხმობ? -ჯიქურ შეხედა ირაკლის თვალებში.
-არაფერს არ გულისხმობს, -ირაკლის ნაცვლად უპასუხა ანდრომ, კანში ვეღარ ეტეოდა ბრაზისაგან უკვე. ხვდებოდა, მართალი იყო ირაკლი, მაგრამ არ უნდოდა თავისი და დაეფეთებინა წინასწარ, -აქაც კრემლი და რუსული მაფია ნუ გელანდება.
-სიმართლეს ვეუბნები, -წაუყრუა ბოლო წინადადებას. -შენი აზრით, საკანდელიძესთან უბრალოდ გაიჩითა მამაშენი? კრეტინი შვილიც ჰყავს, რომელსაც სიამოვნებით დააქორწინებს შენს დაზე.
-რაში სჭირდებათ? ისედაც ყველაფერს ეგენი მართავენ… მე რაში ვჭირდები…
-ზავი იქნები…
-თუ დაზღვევა?! -ცივად წაისისინა ნანამ, თვალს არ აშორებდა ირაკლის, უნდოდა თავის მზერაში გამკრთალი ყველა ნაპერწკალი დაენახვებინა კარგად. -ჩემი სიცოცხლე მამაჩემს ფეხებზე კიდია, მაგრამ იმათმა რა იციან ეგ? თუ წამიყვანენ იფიქრებენ თქვენ გაგაკავებენ ამით, შურს აღარ იძიებთ… ჩაწყნარდებიან და თქვენც ამ დროს გააქტიურდებით, არა?! გაწყობს შენ ეს, ირაკლი… გამოიყვან გიგის…
-შენ რამდენი დალიე? -წინ გადაუდგა ანდრო. ვეღარ გაუძლო მათ შორის შემდგარ უწყვეტ მზერით კავშირს. -ვინ გაგაყოლებს, გოგო, იმას ცოლად?!
-შენ შეუშლი დიმას?! არ იცი, რა ხალხში ტრიალებს? მშვენიერი სატყუარა ვარ ახლა მისთვის, რომ ბარათელების მტრებს გადაუგდოს…

კარზე ზარის ხმამ შეაწყვეტინა ნანას. სისინით წარმოთქვა რაღაც ანდრომ და კარის გასაღებად წავიდა.
-სატყუარად არ მჭირდები შენ, ნანა… -უცნაურად ჭაობისფერი გაუხდა მზერა ირაკლის, ჩათრევას აპირებსო თითქოს.
გასუსულები აკვირდებოდნენ ილო და ელენე მათ მზერასა და სხეულებს, თითქოს ერთმანეთზე თავდასასხმელად იყვნენო შემართულები.
-გენდო? -წარბები აზიდა ნანამ.
-მაგაზე მაშინ არ გიფიქრია, ჩემს სახლში რომ იძინებდი. -თვალები დააწვრილა ირაკლიმ. იქეთკენ გაიხედა, საიდანაც ურთიერთშეთანხმებული ნაბიჯების ხმა მოისმოდა.
ანდროსთან ერთად მაღალი, ცისფერთვალება მამაკაცი გამოჩნდა. გამჭრიახი, მაცდური მზერა ეღვრებოდა ცისფერი თვალებიდან. ყველა ერთ წუთში განჭვრიტა თითქოს, ვინც ოთახში დაინახა.
-გაიცანით, ეს სანდროა. მაჩაბელი. პოლიციელია…
-ყოფილი გამომძიებელი, -შეუსწორა კაცმა, თავი დაუკრა ყველას. ილოს მიაჩერდა უფრო ხანგრძლივად, -როგორ ხარ?
-უკეთ. თქვენ….
-შარში რომ ხარ ხომ იცი?! -იქვე ჩამოჯდა სანდრო, დარწმუნებით შეხედა ილოს.
ყველა დაიძაბა ირგვლივ მის სერიოზულ ხმასა და უფრო მეტად იმ ხმით წარმოთქმული სიტყვების გაგონებისას.
ნელ-ნელა იცლებოდა ნანას სხეული ალკოჰოლისგან. გაუაზრებლად ამოუდგა ანდროს გვერდით. თითქოს გრძნობდა, მას მოადგებოდა შემდეგი კითხვით ყოფილი გამომძიებელი.
-ვიცი, -იმავე, მტკიცე ტონით შეეპასუხა ლიფონავაც, მხოლოდ პოლიციელს შეიძლებოდა ჰქონოდა ასეთი ხმა საქმეზე საუბრისას.
-იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ ყველაფერი დაგილაგდება დიმასთან, რომ მთავრობა დაგიცავს, როგორც საჯარო მოხელეს… შენ შეცდომა დაუშვი, არასასურველი ადამიანების ყურადღება მიიქციე და ახლა ეცდებიან გამოგიყენონ…
-მისი ბრალი არ არის! -ყელი მოიღერა ნანამ, ვერ აიტანა ილოს მიმართ დაუმსახურებელი შენიშვნა. თავად არ თვლიდა მეგობარს დამნავედ და უნდოდა სხვებსაც შეემჩნიათ ეს.
მისკენ მიაბრუნა თავი სანდრომ, თითქოს არ ესიამოვნა რომ შეაწყვეტინეს, მაგრამ თან აინტერესებდა მისი სათქმელი.
დაუფარავი ინტერესით ანთებული თვალები მიაწება ირაკლიმ ნანას ლოყებაწითლებულ სახეს, ეტყობოდა რომ ღელავდა და ძალიან ცდილობდა ამის დაფარვას. მისი ენერგიით იყო სავსე მთელი სახლი.
-მე და ილო ერთად გავიზარდეთ, ის ჩემთვის ძმასავითაა… -სცადა ხმა არ ჩაწყდომოდა ამ სიტყვის წარმოთქმისას, ისე ახლოს იდგა ანდროსთან.
იგრძნო მისი მშვიდი დაძაბულობა, ტყუპისცალივით ისიც იგრძნო მტკივნეულად როგორ მიეხეთქა გული მკერდის ძვალს. მთელი არსებით ეპოტინებოდა იმ აზრს, რომ დაკარგული წლების, სიშორის და სხვადასხვა დედების მიუხედავად იყო რაღაც, რასაც ვერ წაართმევდა ვერავინ, ვერ ჩაანაცვლებდა სხვა, ის, ვინც მასთან ერთად გაიზარდა, ვისაც ახსოვდა ნანას ყველა ნატკენი მუხლი, გაცდენილი გაკვეთილი, ვინც ძმასავით იყო, მაგრამ არ იყო ძმა. ანდრო არ იყო.
-ჩვენ ყველაფერს ვუყვებოდით ერთმანეთს… ყოველთვის ასე იყო. მე ვისარგებლე მისი ნდობით ბოროტად და არა მან საკუთარი პროფესიით. აქ თუ ვინმე
უნდა ისმენდეს საყვედურს, ეს მე ვარ… მას არ დაუშვია შეცდომა თავის პროფესიაში. მე ასე მგონია.
-ანუ შენ ხარ ის, -წარბები აზიდა სანდრომ, ოთახში მოავლო ყველას თვალი, ირაკლის გაუსწორა მზერა უფრო დიდხანს.
ცალი მკლავით მიყრდნობოდა კედელს და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი უინტერესოდ აკვირდებოდა ყველას და ყველაფერს. ეზარებოდა თითქოს აქ ყოფნა.
-ვინ ის?!
-დიმას კოზირი… -ანდროს გახედა კითხვისნიშნებით სავსე მზერით, მისგან პასუხი რომ მიიღო ფეხზე წამოდგა სხარტად და ილოს დააჩერდა ზემოდან, -ილია, შენ აღარ მგონია მოგეკარონ, შენი საქმე გაუკეთე უკვე იმათ, შემოგილაწუნეს და მორჩა. მე ვიცნობ ხალხს, ვისაც დასჭირდება სანდო ადამიანი თავის გუნდში. პოლიციას მოშორდები და არავის თვალში არ გაეჩხირები. რაც შეგეხება შენ, ქალბატონო…
-ნანა. -წეღანდელი სიველურე გაუქრა ნანას თვალებიდან, მადლიერი იყო სანდროსი და დათაფლულ ხმაზეც დაეტყო თავისი გამოდარებული განწყობა.
ალესილი ისარივით სხარტად დაესო ირაკლის ზისტი მზერა მის გაღიმებულ ტუჩებს.
-ხო, ნანა… შენ ფრთხილად იყავი. ცუდი ხმები დადის ხალხში. კარგი იქნება ვინმე ისეთთან თუ გამოჩნდები, ვინც ხელშეუხებლობის გარანტიას მოგცემს.
-ჩემს დას აქვს ეგ გარანტია უკვე, სანდრო.
-მამაშენიც ეგრე ფიქრობს?! -წარბები აწკიპა მაჩაბელმა. ირაკლის მიუბრუნდა მერე ტანით. -შენ… კობას შვილი ხარ?
უხმოდ დაეთანხმა ირაკლი. დაძაბულობა შეეტყო სხეულზე, აემღვრა წეღანდელი ცარიელი თვალები. დაკვირვებული მზერა მოავლო ნანამ.
თითქოს რაღაც ახალი უნდოდა გაეგო მასზე.
-კარგი კაცი იყო.
ანუ მამა არ ჰყავს… დედა? და ან ძმა… რატომღაც ჩანასახშივე განადგურდა ის აზრი, რომ ვინმე შეიძლებოდ ჰყოლოდა ირაკლის საკუთარი თავის გარდა.
არ ჰგავდა ადამიანს, რომელსაც ოჯახი ჰყავს.
მივიწყებული კომეტასავით გაკრთა მის თვალებში ბაცი სინათლე და ჩანავლდა მალევე. როგორც კი თვალი გაუსწორა მასზე მიშტერებულ ნანას, მაშინვე მოარიდა ქალმა თვალი. იგრძნო, როგორ აუფეთქდა მუცელში მოულოდნელობისაგან დაბადებული მძიმე და მწველი გრძნობა, ჟრუანტელად გაეფანტა მთელს სხეულში.
პატარა ღიმილისმაგვარი ფორმა მიიღო ირაკლის ტუჩის ბოლოებმა, თითქოს დაინახა, რა ხდებოდა მის შიგნით.
-დიმასთან ფრთხილად. შენც, ანდრო. -გასასვლელისკენ წავიდა გამომძიებელი, -კონტაქტზე ვარ, ხომ იცი?! არჩევნები მოდის და საგიჟეთი ახლა იწყება, დამიჯერე, შენს დას ხელშეუხებელი გარანტია სჭირდება… შენ ვერ იქნები მისთვის ასეთი.
აღარაფერი უთქვამს ანდროს. მიუხვდა, რასაც გულისხმობდა და ისიც, ვისაც გულისხმობდა.
შინ შემობრუნებულს მომლოდინედ მისჩერებოდა ელენე. მთელი შემორჩენილი ენერგია დახარჯა იმ მზერისათვის რომ აერიდებინა თვალები.
გამანადგურებელი ლავასავით ედებოდა დიმას ბინძური ხელები მის ირგვლივ გახარებულ ყველა ყვავილს. იცოდა, არც ელენეს მოერიდებოდა, თუკი ანდროს დამორჩილება დასჭირდებოდა… ყველაზე ძლიერ ბერკეტს მის წინააღმდეგ. და ვისთვისაც მხოლოდ თავად იქნებოდა ხელშეუხებლობის გარანტია.

რატომღაც არცერთი მიდიოდა სადმე. ირაკლი ვინ მოთვლის, მერამდენე ღერს აცლიდა ნაცრისფერ კვამლს და კორპუსების თავზე ფანტავდა.
გაღებული ფანჯრებიდან გრილი სიო უკან აბრუნებდა სიგარეტის სუნსა და შორს გაქცეულ ფიქრებს.
გამოიცვალა ნანამ. წეღანდელი კაბის შემდეგ შინაურული ტანსაცმელი უცნაურად ჩანდა მის კოხტა ტანზე. დიდი სვიტრი და მოკლე შორტი ჩაეცვა, ფანქრით აიკრა თმა.
-ანუ ვიღაცა პოლიტიკოსის ცოლობას მიპირებს დიმა? -თავად დაარღვია სიმშვიდე.
-წესიერად ილაპარაკე. -უკმაყოფილოდ შეყარა წარბები ანდრომ, დაეტყო რომ არ ესიამოვნა მსგავსი მოურიდებლობა ნანასგან.
-არაწესიერი რა ვთქვი? იმანაც ხომ ეგრე დაუძახა, -ირაკლისკენ ანიშნა თავით. წარბაწევით გადმოხედა ფანჯრის რაფაზე დაყრდნობილმა და გვერდულად გაუშვა კვამლი ტუჩებიდან.
ფეხები აიკეცა ნანამ ტანზე დაყრილი ტაო რომ არ შეემჩნია ვინმეს, იმდენად მიმზიდველი იყო ირაკლი იმ წამს. ბლანტი სითხესავით იღვრებოდა მისი სხეულიდან მათრობელა ენერგია და ზედმეტი წინააღმდეგობის გარეშე იმორჩილებდა ნანას გრძნობებსა და გონებას.
ელენეს გახედა გაბრაზებულმა. მან მოახვია თავზე ეს სულელური გრძნობები!
ისიც რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო ნაღვლიანად, სულ არ ესმოდა რა ხდებოდა ირგვლივ.
-ვისთან უნდა გამოვჩნდე?! -ისე იკითხა, თითქოს არ იცოდა, ვინ იგულისხმა წეღან სანდრომ. გამაფრთხილებელი მზერა ესროლა ილიამ, მაგრამ ტექნიკურად აისხლიტა. -შენთან არაო… არ ხარ ეტყობა საკმარისად ავტორიტეტული…
ანდროს მიაშტერდა. უნდოდა მას ეთქვა თავისი პირით.
-ენას ამოგაძრობ! -ფერი გადაუვიდა ანდროს სახიდან. ყინულივით ცივი ჰქონდა ხმა და ეს სიტყვები აიზბერგის მხოლოდ წვერი იყო…
მისგან ეს აუსრულებელი მუქარებიც კი სიამოვნებდა ნანას.
-ირაკლისთან? -თამამად ჰკითხა. ჩვეული სიველურე დაუბრუნდა მის თვალებს.
-არა! -მტკიცედ იუარა ანდრომ. წამოხტა ფეხზე. თითქოს ეკლებზე იჯდაო და გვიან მიხვდა ამას.
-რატომ არა?! -მთელი ტანით შემობრუნდა ირაკლი, ზურგით მიეყრდნო ფანჯრის რაფას და გულზე დაიკრიფა ხელები.
-ვერ ხვდები, რატომ არა?! მოსკოვშიც ხო არ გაგატანო ბარემ?!
-თუ უნდა წამოვიდეს.
-ზედმეტს ხო არ იღებ საკუთარ თავზე, ირაკლი?! ხომ იცი, არ შეირჩენს დიმა შენს ხელს უპასუხოდ? -მყიფე ხმა ჰქონდა ადროს, არ უყურებდა ირაკლის, როცა ამას ამბობდა.
გონების უმნიშვნელოდ პატარა ნაწილი მაინც ახსენებდა, ვისი შვილიც იყო, მასაც მოხვდა თითქოს მამისთვის მოქნეული ხელი.
-პასუხი იყო ეგ ხელი. ყველაფერზე.
ნანასთვის არ შეუხედავს, თუმცა მთელი სხეულით იგრძნო, იმ ყველაფრისთვის გაცემული პასუხის ნაწილი თავადაც რომ იყო. ცივი ჟრუანტელი შეეპარა მუხლებში, ვერაფრით მოარიდა თვალი მის პირდაპირ მდგომს.
გონების საღმა ნაწილმა მაშინვე გააპროტესტა ის სიამოვნების დაუძლეველი შეგრძნება, რომ მასზეც იფიქრეს. ელენეს სიტყვები მონოტონურად უმეორდებოდა გონებაში და თითქოს უეცრად აღმოჩნდა ათასი შეკითხვის სავსე ქაოსში, სადაც ირაკლი იყო ყველაფერზე პასუხი.
მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს. არაფერი გაუკეთებია მას საიმისო, ასე მარტივად რომ შემოეღწია ნანას გულში. დიმა ისედაც სულ საცემია...
სხვა არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ უღმერთოდ მიმზიდველი იდგა მის წინ და მისგან ძალიან შორს.
მხარი გაკრა ელენემ, რომ შეეფხიზლებინა ოდნავ თვალებგაშტერებული.
-დავრჩები შენთან ამაღამ, -გადასჩურჩულა და მაგრად უჩქმიტა ფერდში, რომ როგორმე გამოეფხიზლებინა.
-ევას არ მომიყვან დღეს? -ანდროს მიუბრუნდა.
კართან იდგნენ ოთხივენი, მიდიოდნენ უკვე ანდრო და ირაკლი. ურდულს ხელი ჩამოადო ნაკაშიძემ და ისე გადმოხედა, თითქოს აგრძნობინა, შენი ყველა მოშტერება შევნიშნე და ფიქრებიც გავიგონეო. სულს უხუთავდა უკვე მისი სუნი ნანას, ერთი საათი გაჩერდა მის სახლში და თითქოს კედლებშიც ჩატოვა საკუთარი კვალი, ყოველი ჩასუნთქვის დროს რომ შეეხსენებინა თავი.
-მას ჰკითხე, -მომლბალი, უცნაური ხმით უთხრა ანდრომ, ირიბად გადაავლო თვალი მის უკან ატუზულ ელენეს და მაგრად დეყრდნო ქუსლებზე მთელი ტანით, მისკენ რომ არ გადაედგა ნაბიჯი. -ისე, უნდოდა ჩვენთან დარჩენა და თუ არ დააძალებ უკან დაბრუნდეს, კარგი იქნება...
-არაფერს ვაძალებ, არც ვუშლი შენთან ყოფნას, ანდრო. თუ უნდა, დარჩეს.
აღარაფერი უთქვამს, უკვე სადარბაზოში გასულ ირაკლის ამოუდგა გვერდით. ნახევარი ტანით გაჰყვა ნანაც. დაუმშვიდობებლად შებრუნდა ელენე შიგნით და თან გაიყოლა ზურგზე მიწებებული ანდროს მზერაც.
სუნთქვაშეკრული იდგა ნანა. უნდოდა რაღაც ეთქვა ძმისთვის, რომ მადლობელი იყო ილოსთვის რაც გააკეთა, მაგრამ ვერ შეძლო რაღაცნაირად. ენა ვერ მოიბრუნა პირში. თითქოს უხერხული იქნებოდა მისთვის ისეთი რაღაცისთვის ხმამაღლა გამოეხატა მადლიერება, რაც დაძმობის დაუწერელ კანონში ისედაც წერია.
შორიდან ისმოდა ირაკლის კიბეებზე ჩასვლის ხმა. ალბათ, გადიოდა კიდეც უკვე სადარბაზოდან...
ოდნავ გადმოიხარა ანდრო და ისე მსუბუქად აკოცა შუბლზე, თითქოს არ უნდოდა შეხებაში ბრალი დაედო ნანას. უკან დაიხია მერე და თვალი მოარიდა მის ამღვრეულ თვალებს.
უნდოდა ეთქვა, არ არსებობს ისეთი რამე, რასაც შენ გამო არ გავაკეთებდიო, მაგრამ მიხვდა, ასეთ სიტყვებს ხმამაღლა არასოდეს ამბობენ ოჯახის წევრებთან, თითქოს მათი ჰაერში გასროლისთანავე კარგავენ იმ ძალას, რაც უთქმელად აქვთ ხოლმე.
მუხლები რომ გაეყინა, მხოლოდ მერე შებრუნდა შინ....
ჭრილობას უმოწმებდა ელენე ილოს.
-გააცილე ძმა და სატრფო? -წარბები აათამაშა ილიამ, როგორც კი მოჩვენებასავით შემოიზლაზნა ოთახში ნანას სხეული.
-ნუ დაიწყე ახლა შენც...
-მე რა შუაში ვარ, შენ უყურებდი დადებილებული.
-ელე, მაგას სიცხე ხომ არ აქვს? -ფეხებთან ჩამოუჯდა ილიას, პლედის ნახევარი თვითონაც გადაიფარა ფეხებზე.
-სიმართლეს კი გეუბნება, მაგრამ ხვალ შეგიძლია სიმთვრალეს დააბრალო...
-დაგევასა? -თვალები დააწვრილა ილიამ, დეტალურად განჭვრიტა ნანას სახეზე გაპარული ყველა ემოცია. -დაგევასა.
-ილიკო, დაგაკლავ!
-მიდი ჰა, ერთი სულის შებერვა ვარ დარჩენილი, -ხელები თავგანწირვით გაშალა ლიფონავამ, ელენეს დაქაჩულ თვალებსა და ატკივებულ ჭრილობაზე კი სიმწრისგან დაიჭყანა და ძლივს დაუბრუნდა საწყის პოზიციას.
-შენებს რას ეტყვი? აქ დარჩი ამაღამ...
-დაიკიდე, კაცო. სადმე დამჭრეს-მეთქი მოვიფიქრებ, ეგეთები დამმართნია?!
ხვდებოდა ნანა, ძალით რომ ცდილობდა ილია მხიარული და უდარდელი ტონის შენარჩუნებას. მისი კარიერაც წვრილ ძაფზე გამოკიდებულიყო და ერთადერთი იმედი, რაც აძლევდა ძალას, რომ მეგობრის ცხოვრება არ გაანადგურა, სანდრო მაჩაბელი იყო. და მისი სიტყვები, რომ სანდო კაცი იყო ილია ლიფონავა.

-იჩხუბეთ შენ და იმან? -ჩურჩულით ჰკითხა ელენეს საწოლის ერთ კუთხეში მიწოლილმა.
ვერ იძინებდა სახლში ევას გარეშე. ტელეფონს ჩასჩერებოდა და მოუთმენლად ელოდა მისგან პასუხს ბოლო შეტყობინებაზე.
ღრმად შეისუნთქა ჰაერი ელენემ, თითქოს მთელი ოთახის ჟანგბადი უნდოდა რომ შეესრუტა. ჭერს აშტერებოდა ჩაფიქრებული.
-არა.
-აბა რაზე ფიქრობ?
-იმაზე, -გაეცინა თავის პასუხზე, ზანტად გადატრიალდა ნანასკენ და თავქვეშ ამოიდო ორივე ხელი, -ვერ გავიგე, როგორია... ძალიან სხვანაირი იყო დღეს. ცივი და საშიში.
-სხვანაირი ვერ იქნებოდა დღევანდელის მერე. არ მჯერა, რომ ილოს ასე მოექცა დიმა. მის თვალწინ გაიზარდა, ერთად ვთამაშობდით ეზოში... ხომ კარგად იქნება?
-კი, არაფერია ისეთი. რა არ გჯერა, შენ როგორ გექცევა და მეზობლის ბავშვი ადარდებს მაგას გგონია? ნამდვილი სადისტია. ბევრი ცუდი მშობელი მინახავს, ვისაც ფეხებზე ჰკიდია თავისი შვილი, არ ინტერესდება მისი ცხოვრებით, მაგრამ დიმასნაირი არ ვიცი...
-მე განსაკუთრებულად ვერ მიტანს, -შიშით წარმოთქვა ნანამ სიტყვები, თითქოს სიბნელეში იდგა დიმა და უსმენდა ყველაფერს. მასთან მარტო დარჩენის წარმოდგენამაც კი შეზარა.
-ვერ ვხსნი, როგორ შეიძლება ადამიანს შენ არ უყვარდე...
-ბიჭი უნდოდა ვყოფილიყავი. მოატყუა ლალიმ ჩემი სქესი, ხომ იცი? მაგრამ რად გინდა, არც ანდროს ადგება... ჩვარია, რა! მაგისთანა კაცი ცოტაა გგონია?
-ირაკლიზე სერიოზულად დაფიქრდი? სანდროს სიტყვები მენიშნა...
-არავისთან გამოჩენას არ ვაპირებ, რა...
-ანდროს ნურაფერს დაპირდები, -რჩევანარევი გაფრთხილებასავით ჟღერდა ელენეს სიტყვები, -რთულდება მერე საკუთარი სურვილებისა და სხვების პირობების პატივისცემა ერთდროულად...
-ირაკლის მიმართ არანაირი სურვილი არ მაკავშირებს.
-კარგი ერთი, -ჩაიფრუტუნა ელენემ, კარგად გამოეხვია საბანში, -მარტო რომ დარჩენილიყავით, ღმერთმა უწყის, რა მოხდებოდა...
-არაფერი არ მოხდებოდა! არც მომხდარა, როცა მარტო ვიყავით.
-როგორ არ მოხდა? ხომ დაიძინე...
-ჩამეძინა! საერთოდ სხვადასხვაა, -მთელი ძალით მოქაჩა ნანამ საბანს, ასე უნდოდა თითქოს მისთვის სამაგიეროს გადახდა.
-მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძენი თავი, თორემ მე ხომ ვიცი, როგორც გეძინება ხოლმე უცხო სახლში...
-შენ ხარ ეშმაკი, სატანა! -ბალიში დაიფარა თავზე ნანამ, მეტად რომ არ მოესმინა ის მართალი სიტყვები, ცილისწამებასავით რომ ჟღერდა. -რა მოეწონა ჩემს ძმას შენში, ვერ ვხდები!
ვერც ის გაიაზრა, რამდენად უბრალო, გულწრფელი და ლაღი იყო თავისი სიტყვები. ასეთი წრფელი გრძნობები მხოლოდ დაუფიქრებლად გამოგვაქვს ხოლმე ადამიანებს სააშკარაოზე.
ნანას გონებაში ანდრო არასოდეს ყოფილა ანდრო, ის ყოველთვის იყო ძმა, ისევე როგორც ევა - და, ლალი - დედა... ელე და ილო - და-ძმასავით.
მხოლოდ დიმა იყო დიმა. სხვას ყველას ის სახელი ერქვა, რომლებსაც გრძნობებს ვუკავშირებთ ხოლმე.

*
ნახევრადმძინარე ძლივს მიათრევდა კიბეებზე წიგნებით სავსე ჩანთას. მესამე სართულიც რომ ჩაიარა, ნანობდა უკვე მაღალქუსლიან ფეხსაცმელსაც.
ეზო ცარიელი იყო ჯერ კიდევ. მეეზოვეებს და მოხუც მეზობლებს ეღვიძათ ხოლმე, ვისაც სეირნობა დილით, სიმშვიდეში უყვარდათ. აკაკი და ზურა ნელა მიუყვებოდნენ ტროტუარს, ზურგსუკან დაეჭირათ ხელები და რაღაცაზე საუბრობდნენ თავის ყანყალით, სავარაუდოდ, პოლიტიკაზე, ქვეყნის ბედსა და ახალგაზრდებზე, რომლებიც ხან კარგები იყვნენ, ხან ცოტა ავაზაკები, ხანაც... მოკლედ, რას გაუგებ ამ ახალგაზრდებს?!
ნანა უყვარდათ სამაგიეროდ. საერთოდ, ნანა ყველას უყვარდა ამ ეზოში. და არა მარტო ამ ეზოში, სადაც ჩნდებოდა, შეუმჩნეველი არასოდეს მოდიოდა იქედან.
ევას ეს უყვარდა სწორედ მასში. ის, რაც თავად არ ჰქონდა - მანათობელი სხივი, რომელიც არ ქრებოდა არც ქარიშხალში, არც წვიმაში, ვერც დღისით ჩრდილავდა მზის სინათლე. მარტო იმიტომ კი არა, რომ მშვენიერი იყო შესახედავად, სხვანაირი იყო ნანა. ჰქონდა რაღაც ისეთი, რასაც ვერ შეცვლიდა და შეედარებოდა ვერავინ.
გზა რომ გადაკვეთა, მაშინ შენიშნა მხოლოდ თავისი მანქანის მოპირდაპირედ დაყენებული ირაკლის შავი „მერსედესი“.
წარბები აზიდა გაოგნებისაგან, მიუსალმებლად რომ გამოართვა გამოტენილი ჩანთები და უკანა სავარძელზე შეაწყო. ხმაურით მოხურა კარი და მობრუნდა მისკენ.
ახალგაღვიძებულს ჰგავდა, შედარებით შეშუპებოდა თვალის უპეები და თხელი, პრიალა აპკი გადაკვროდა ტუჩებზე.
-ტაქსი არ მჭირდება, -წარბები აზიდა ნანამ, გულზე დაიკრიფა ხელები და არაფრით შეიმჩნია მისი ზედმეტად მიმზიდველი მოძრაობა, რომლითაც მანქანას მიეყრდნო ზურგით.
-არც ვინმე ავტორიტეტული?
-შენ არ მახსენდები პირველი მაგ სიტყვაზე... -სხარტად მოჭუტა თვალები ნანამ, თითქოს იცოდა, რასაც ეტყოდა და პასუხიც მზად ჰქონდა შემდეგ სიტყვებზეც.
-გუშინ არ ფიქრობდი ეგრე...
-გუშინ მთვრალი ვიყავი. -კმაყოფილი ჩანდა თავისი წინასწარმეტყველების ახდენით. თითქოს განზრახ ეყრდნობოდა იმ კარს, რომელიც ნანას უნდა გამოეღო მანქანაში რომ ჩამჯდარიყო.
-ყველაფერს სიმთვრალით გაამართლებ?! -წარბები აზიდა ირაკლიმ. დაუფარავად დაათვალიერა მოკლე კაბასა და კლასიკურ პიჯაკში გამოწყობილი.
-მაგვიანდება...
ზედმეტად ნელი და გამოზომილი მოძრაობებით ჩაჯდა მანქანაში, როცა იცოდა, რომ უყურებდა და აკვირდებოდა ირაკლი მის ყოველ მოქმედებას.
-ანუ შენც ფიქრობ რომ ჩემი მარტო სიარული არ შეიძლება...
-მე ვფიქრობ, რომ მთელი ღამეა შენს კორპუსთან საკანდელიძის მანქანა დგას, -მკაცრად გადმოხედა ჯერ ნანას, შემდეგ იმ მანქანას, უკან რომ მოჰყვებოდათ ჯერ კიდევ ეზოდან.
სხარტად მიაბრუნა ნანამ უკან თავი, არავინ და არაფერი ჩანდა შავად დაბურული მინებიდან. დაფეთებულმა გახედა მის გვერდით გაუნძრევლად მჯდომს, მშვიდად რომ მართავდა მანქანას.
-შენ რა იცი...
-შევამჩნიე. -სწრაფად გაიხედა გვერდითა სარკიდან, როგორ გადაჭრა გზა იმავე მანქანამ და სხვა მიმართულებით განაგრძო სვლა, -და თვითონაც შენიშნა, რომ შევამჩნიე.
IV თავი
საღამომ ჩაყლაპა შემოდგომის თბილად განათებული მზის სხივები.
გამოემშვიდობა ნანა ყველა მოსწავლეს და მანამ არ წყვეეტდა მათ ზურგებს თვალს, სანამ კედლებს არ მიეფარებოდნენ ჩანთებგადეკიდებული სხეულები.
ჩააქრო ყველგან შუქები, დაათვალიერა კარგად ყველა ოთახი, გამოკეტა თავისი ხელით ფანჯრები და კარებები. დერეფანში მხოლოდ მისი ფეხსაცმლის კაკუნის ხმა ისმოდა რიტმულად.
მერე სკოლის მთავარი კარიც გამოიხურა ჭრიალით, ჯერ ურდულით გადაკეტა, შემდეგ ბოქლომიც დაადო. გასაღებების დამძიმებული აცმა ხმაურით ჩაიგდო ჩანთაში.
სკოლის ეზოს მოსდგომოდა ირაკლის მანქანა. ფრუტუნით გადაჭრა მცირე მანძილი და პირდაპირ ჩაუჯდა მანქანაში.
ღვედი არ ჰქონდა გადაკრული, ადგილს რომ მოსწყდა. თვალებდაქაჩულმა გახედა მის ყბადაჭიმულ პროფილს.
-რა ხდება? -უკანა ხედვის სარკისკენ მიაბრუნა ნანამ თავი, ღვედს იკრავდა თან.
ხიფათი ერთი ნაბიჯით უკან მოჰყვებოდა უკვე და არც გაუკვირდებოდა შავი, დაბურულმინებიანი მანქანის კოლონა რომ აჰკიდებოდათ.
არაფრად ჩააგდო სასიამოვნო სურნელით გაჟღენთილი სივრცე, გარედან შემოვარდნილი სუფთა ჰაერის ნაკადებიც რომ ვერ აცილებდნენ ცხვირის წვერიდან.
-სახლში მიმყავხარ.
-თუ გეჩქარებოდა გეთქვა, წამოვიდოდი ჩემით. -წარბები აზიდა ნანამ.
სწრაფად გამოხედა ირაკლიმ, თითქოს გადამოწმება უნდოდა რაღაცის და წამიერად შეაჩერა მზერა ნანას ჯიქურ გასწორებულ თვალებზე.
-მოგვყვება კიდევ ვინმე? -ვერ გადააგორა ხმიდან ნანამ მისი მზერით გამოწვეული დაძაბულობა, თვალი მოარიდა და გზას გახედა. ჰორიზონტალურად იდღაბნებოდა ერთმანეთში შენობებისა და ლამპიონების განათება.
-არა. ჯერ. -რაღაც სხარტად გადაამოწმა ირაკლიმ თვალებით, გადაუხვია ცენტრალური გზიდან და მალე გაიშვიათდა მანქანების ხმაური. შეანელა სვლა თვითონაც.
უნებურად გაექცა ნანას თვალები მისი მოხატული თითებისაკენ მონდომებით რომ ჩაფრენოდა წეღან საჭეს.
-რუსეთში დიდი ხნით ცხოვრობდი?
მოჭუტული თვალებით ჰკითხა, თითქოს წამიერად მოაგონდა რაღაც ისეთი, რაც აქამდე უნდოდა გაერკვია. მოდუნებული მზერით გადმოხედა ირაკლიმ, კარგად შეათვალიერა სახეზე.
-რატომ დაინტერესდი?
-ისე, არ გეტყობა... -მხრები აიჩეჩა ნანამ, თავადაც მოათვალიერა მისი სხეული და ჩაცმულობა. ისევ ისეთი იყო, როგორც დილით, ერთადერთი მოსაცმელი გაეხადა და მოკლემკლავიანი შავი მაისურიდან მიმზიდველად მოუჩანდა ალაგ-ალაგ მოხატული მკლავები. -რუსული აქცენტი არ გაქვს, გამართულად საუბრობ. ანუ საქართველოში უფრო დიდ ხანს ცხოვრობდი, ვიდრე იქ... რამდენი წლის ხარ?
არ უპასუხა ირაკლიმ, ამიტომ თავად გადაწყვიტა გამოეთვალა, სახე აუწვა კაცს მისმა დაკვირვებულმა, გამზომველმა მზერამ. წამიერად გადააცურა მხოლოდ მზერა ნანას სახეზე, ოდნავადაც არ სურდა თითქოს მოდუნება და ყურადღების გაფანტვა.
-ოცდათვრამეტის?! -დასვა ბოლოს დიაგნოზი ნანამ. გულზე გადაიჯვარედინა ხელები და დაელოდა მის რეაქციას. წარბები აზიდა ირაკლიმ, ოდნავ გადმოხარა თავი მისკენ. მაგრად დააჭირა ტუჩები ერთმანეთს ნანამ, მის შეურაცხყოფილ მზერაზე რომ არ გაღიმებოდა. -ორმოცის?!
-მანქანას რამდენად კარგად ატარებ? -იმაზე სერიოზული ჰქონდა ხმა ირაკლის, ვიდრე მის დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად იყო საჭირო. ყოველ ორ წამში ამოწმებდა მანქანის სარკეებს.
სახე გაუცივდა ნანას, სიჩქარემ რომ ნორმას გადააჭარბა და აღარაფერი ისმოდა ირგვლივ ძრავის გადარეული ხმის გარდა. ორივე მხრიდან ამოდგომოდათ ფარებანთებული მანქანები.
-რას ნიშნავს... შენ ხომ მართავ...
სხეული დაეჭიმა დაძაბულობისაგან, ვეღარ ხედავდა ირგვლივ ვერაფერს ირაკლის სახეზე შეყინული გამომეტყველების გარდა.
-გადმოჯექი, -ცალი ხელი მოაშორა საჭეს კაცმა. ღვედი შეიხსნა და თითებით ანიშნა თავისკენ. თვალებში ჩახედა თან. გაკრთა მათში რაღაც იმედისმომცემი და რაღაც ისეთი, რაც სხვისგან ელოდა იმედს.
-გაგიჟდი? ვინ არიან? -წაეპოტინა ნანა თავის ღვედს, ვერაფრით გახსნა გაყინული, აკანკალებული ხელებით. უკან გაურბოდა თვალი ყოველ წამს, ეჩვენებოდა, რომ ბევრდებოდა მანქანების კოლონა მათ უკან და იმაში კი დარწმუნებული იყო, რომ სასიკეთოდ არავინ მოჰყვებოდათ ახლა.
-ჩემთან არიან, -რაღაც გაუკრთა ირაკლის ხმასა და თვალებში, ქურთუკიც რომ გაიძრო ნანამ და დაუფიქრებლად მიენდო. -მოდი...
წელზე მოხვია ხელი და თავის სავარძელზე გადასვლაში დაეხმარა. ერთი წამიც არ დასჭირვებია, საკუთარ კალთაში რომ მოეთავსებინა მისი სხეული. სახეზე გადაეფარა ნანას გრძელი და სრიალა თმა, უფრო მძაფრად იგრძნო ევკალიპტის და ველური ვარდის სურნელი ერთად.
მუცელზე დაადო ხელი და ჩაჩოჩდა თვითონ ოდნავ, მგზავრის სავარძელზე რომ გადასულიყო როგორმე. ნანას თითები ეხვეოდნენ მის საჭეს.
-რას აპირებ? -კივილამდე ცოტაღა აკლდა, გაზის პედლისთვის მოაშორებინა ფეხები და თავად დააწვა მთელი ძალით.
გაურკვეველი იყო, როგორ მოახერხა ამხელა ადრენალინთან ერთად მის სხეულს რაღაც სხვაც ეგრძნო, რაღაც, რასაც ვერ გამოიწვევდა ვერც შიში და ვერც თვითგადარჩენის სურვილი, რაღაც, რაც არ აშორებდა მხუთავ და მწველ შეგრძნებებს მუცლიდან.
-მანქანა არ გააჩერო, ხომ გაიგე?! -მტკიცე იყო ირაკლის ხმა, ორივე ხელით იჭერდა მის სხეულს, როგორმე გადაჯდომა რომ მოეხერხებინა.
-რას ჰქვია... გადახტომას აპირებ? გააფრინე შენ?
-ნანა! -გაეყინა ხმა, გადაჯდა როგორც იქნა და მისკენ მობრუნდა მთელი სხეულით. ღრმად სუნთქავდა თვითონაც, ნახევრად გვერდზე მოქცეოდა მაისური. ნანას სავარძლის ზურგს დაადო ცალი ხელი და გაიხედა უკან ისევ. -დაურეკე შენს ძმას, უთხარი შემოგხვდეს.
-შენ დაურეკე!
-ნანა!
-შენ დაურეკე! მე არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა!
ასე სწრაფად არასოდეს უტარებია მანქანა, არც ასეთ მდგომარეობაში, ახლა ირაკლისაც რომ ერთ სიტყვას ეუბნებოდა და გზას აცდენილი ხეს არ ასკდებოდა მიღწევა იყო ესეც.
-ხო, -სწრაფად უპასუხა ანდრომ ძალიან, თითქოს ყველა ყველაფრისთვის მზად იყო ნანას გარდა, ყველამ ყველაფერი იცოდა მის გარდა. -კი, ეგენი არიან. გურამიშვილიდან ამოვჭერით ზღვაზე... არ ვიცი, ბევრნი... მე დავრჩები, შენი და მოდის.
-სად დარჩები?! სად დარჩები, გააფრინე შენ? ახლა როგორ გავაჩერო მანქანა?!
-არ გააჩერო, -უკანა სავარძელზე გადაფენილი ქურთუკი შემოიცვა ირაკლიმ, ხმა მძიმე და ურყევი ჰქონდა, ერთი ხელის აკვრით გახსნა წინა სათავსო და იარაღი ამოიღო.
ჩხაკუნის ხმაზე ოდნავ დაეძაბა სხეული ნანას, მეტალის ტყვიების ხმამ სულამდე ჩააღწია გასროლის გარეშე. ვეღარაფერს გრძნობდა ყბადაჭიმული. წყლით ევსებოდა თვალები.
-ამიხსენი, რას აკეთებ, თორემ გავაჩერებ, -ოდნავ აუშვა გაზს ნანამ. მოახლოვნდნენ მანქანები. გასროლის ხმაზე წამოიკივლა და რომ არა ირაკლის დროული მოქმედება, აუცილებლად შეემთხვეოდათ იმაზე უარესი უბედურება, ვიდრე უკვე ემუქრებოდათ ზურგიდან.
-არ გააჩერებ, იარე. -სახესთან უთხრა დაძაბულმა, მის ჰაერს სუნთქავდა და ცოტაც და ამოძრავებულ ტუჩებსაც იგრძნობდა ალბათ ნანა. -პირდაპირ ივლი. შენი ძმა შემოგხვდება. გაიგე?
-შენ რატომ რჩები? -ხმა გაუტყდა ნანას. მაგრად იკბინა ტუჩებზე ცრემლებიც რომ არ წასკდომოდა. დეტალების ცოდნის გარეშე გრძნობდა მდგომარეობის სიმძაფრეს, ვეღარც კი სუნთქავდა უკვე. რომ გაეგრძელებინა გზა აღარც იცოდა, ეწერა თუ არა გადარჩენა საერთოდ.
-ჩემთან არიან.
-მატყუებ. მაშინ რატომ არ მოდიხარ შენც?
-იმიტომ რომ ჩემთან აქვთ-მეთქი საქმე, ახლა მე კარს გავხსნი და შენ გზას გააგრძელებ, გაიგე?
-თავს იკლავ? -წამოიკივლა, სასოწარკვეთილმა გამოხედა, -ვერ გაიგე რომ გვესვრიან? ახლა რომ გადახტე, ვერ გადარჩები, შენ გასულელდი?
-პირველად არ ვაკეთებ, დაწყნარდი.
-გავაჩერებ და გადადი.
-ნანა! -ქამარში ჩაიდო იარაღი ირაკლიმ, წაეშალა სახიდან ყველა ფერი. მასში გახედვა შეეძლო ნანას თითქოს.
-სამი, ორი...-ოდნავ აუშვა გაზს ფეხი.
-დავილაპარაკებთ ამაზე. -თითის დაქნევაღა აკლდა მის ცხვირწინ უფრო მეტად რომ დამსგავსებოდა მუქარას ირაკლის სიტყვები, გამოაღო კარი.
-ერთი... -ცხვირში შემოეფეთა ნანას გარედან შემოვარდნილი, ჟანგბადით გაზავებული ჰაერი და როგორც კი კარი მოიჯახუნეს, მაშინვე მოსწყვიტა თავისი მანქანა ადგილს.
გასროლის ხმას მოჰყვა მანქანის ბორბლების ჭრიალი და ძლიერი ხმაური. წამიერად შეძლო რომ გაეხედა უკან და ერთმანეთში აზელილი ფარების შუქზე დაინახა მათ წინაშე მდგომი ირაკლის სხეული, მხრებში გამართულს ირაღიანი ხელი უკვე ჩამოეშვა.
რაღაც გამყინავმა, სიკვდილზე უფრო შემზარავმა გაუქვავა ნანას მთელი სხეული. ხეები ნელ-ნელა შემოეცალა გზას, გამოჩნდა ყვითლად აციმციმებული კორპუსები და თავადაც შეანელა სვლა.
გზაზე გადმომდგარ პოლიციის მანქანასთან შენიშნა ილიას მისკენ მომართული სხეული. რაღაც ჩასძახა რაციაში და მისკენ გამოვარდა მაშინვე.
ვეღარ გაიაზრა, როგორ გადმოსვეს მანქანიდან და როგორ ჩაუვარდა საშველად გამოწვდილ მკლავებში მეგობარს.
-კარგადაა ყველაფერი, -თმაზე ეფერებოდა ცალი ხელით ილია რიტმულად, თავისი ჯგუფის წევრებს ანიშნებდა მეორით რაღაცებს. ნელა წაიყვანა ნანას მომჩვარული სხეული თავისი მანქანისკენ და წყალი შეასვა, როგორც კი ადგილი გამოუძებნა დასაჯდომად.
-ღმერთო... წადით სწრაფად, ილო, ვიღაცები მოგვდევდნენ.... ირაკლი დარჩა მათთან. დროზე, რამეს დაუშავებენ, გვესროდნენ...
-დაწყნარდი, წავიდა უკვე შენი ძმა.
-რა ჩემი ძმა?! პოლიცია უნდა მივიდეს იქ, ილიკო, რა უნდა ანდროს?
-პოლიცია ვერ იზამს ვერაფერს იქ. მიგიყვან სახლში, დაჯექი, რა...
-რას ნიშნავს, -სასწრაფოდ წამოხტა, მანქანიდან რომ გადმოსულიყო. უკან დააბრუნა ისევ ილიამ და მიუხურა ცხვირწინ კარები. საჭეს მიუჯდა მალევე.
-არ იცი, როგორც წყდება ეგეთი ამბები?
-ანდრო რა შუაშია, ან რა ეგეთი ამბები? ის საკანდელიძე იყო თუ ვიღაც?
-არ ვიცი, ნანა. -თვალი მოარიდა ილიკომ. ატყუებდა ცხადია.
-შენ ხომ არ გავიწყდება ჯერ ჩემი მეგობარი რომ ხარ და მერე იმათი?
-იმათი მეგობარი საერთოდ არ ვარ, ნან, -დაურბილდა ხმა წეღანდელთან შედარებით, ნელ-ნელა გავლილ გზას გააყოლა მანაც თითქოს დაძაბულობა. შეათვალიერა კარგად მის გვერდით მჯდომი მეგობარი. სახეზე უყურა ერთ ხანს. -რა მოხდა აბა, მოყევი...
-არ იცი, რაც მოხდა?
-ის იქ დარჩა? -თვალები დააწვრილა, ნანას გადმოხედა ისევ მისი რეაქცია რომ დაენახა ირაკლის ირიბად ხსენებისას.
-ვინ მოგვყვებოდა იცი? დილითაც იდგნენ ჩვენს კორპუსთან...
-ან საკანდელიძე, ან მამაშენის სხვა მტრები, რა ვიცი... შენს ძმას გამოვყევი იმან რომ დარეკა... მიმავალი მანქანიდან გადახტა თუ შენ როგორ გამოასწარი?!
-არა, მე გადავჯექი საჭესთან...
-საჭესთან რანაირად გადაჯექი... -წამი დასჭირდა ილოს დასაფიქრებლად და თავის კითხვაზე პასუხი საკუთარმა გონებამ გასცა. გაფართოებული თვალებით გადმოხედა ნანას, -კალთაში ჩაუჯექი, გოგო?!
-არ ჩავუჯექი კალთაში, -ცხვირი აუწვა ნანას სანახევროდ ნათქვამმა ტყუილმა, ისე უყურებდა ილია, ეტყობოდა ერთი წამითაც არ სჯეროდა მისი სანახევროდ ნა სიმართლის. -ადგილები გაცვალეთ უბრალოდ... ვერ გავაჩერებდით მანქანას, ილო…
-და მერე რატომ გაუჩერე? გადამხტარიყო მიმავალი მანქანიდან...
-რას ლაპარაკობ ახლა? -მთელი სხეულით მიტრიალდა ნანა მისკენ, წარბებშეყრილი მიაჩერდა ილიას დამშვიდებულ პროფილს. -მანქანის ფარები დაგვიზიანეს...მანქანა რომ არ გამეჩერებინა, მოიტეხავდა კისერს!
-შენ რატომ გადარდებს?!
-ნერვებს ნუ მიშლი ახლა! -ხელი აუქნია ნანამ. ასე მოიქცეოდა ყველა შემთხვევაში იმის მიუხედავად, რომ ახლა ნანობდა რომ დაემორჩილა ირაკლის თხოვნას და საერთოდ მისცა გადასვლის უფლება მანქანიდან.
-მითხარი, მიდი… ან მაგან რატომ მოგაკითხა, გაკლია ყურადღების მომქცევი ხალხი?
-ილია, გისვრი აქედან! ამის დროა ახლა?!
-მე მისვრი ხო? იმას კარგად გაუჩერე… -სიცილი აუტყდა ბოლოს ნანას შეშლილ გამომეტყველებაზე, მალევე შეახსენა ჭრილობამაც თავი და დაემანჭა სახე, -კაი ხო… მოუგვარებენ ისინი, ნუ ხარ ეგრე… ძაან შეგეშინდა?! შურდულივით გამოვარდა შენი ძმა და დატოვა ჩვენი ელიკო გულჩათხრობილი…
-ელენეც ჩვენთანაა?! -მოეშვა ერთიანად, მარტო რომ აღარ დაიგულა ევა. მოუდუნდა მთელი სხეული და მიეყრდნო საზურგეს. ოდნავ მიხუჭა თვალები, -საგიჟეთია… ვერ ვხვდები, რა ხდება საერთოდ… დიმაა?! ჯერ ზავად გამოყენებას მიპირებს და მერე მოსაკლავად დამდევს?! საკანდელიძე თუა რა უნდა?!
-არ ვიცი, ძალით წაგიყვანდნენ ალბათ, იმას რომ არ გამოექციე და თვითონ არ დარჩენილიყო იქ.
-და ისინი მოაგვარებენ ხომ ამას?! მშვიდობიანად… -სიმწრით წაისისინა, გამწარებულმა გაიხედა ფანჯარაში როგორმე გონებიდან რომ ამოეშალა ამ ღამის ფრაგმენტები.
ხეებს შენობები ენაცვლებოდნენ, მათ შორის დაძვრებოდნენ ადამიანები, ერთადერთი, რასაც ხედავდა თვითონ ერთმანეთში ათქვეფილი მანქანების გამოსახულება და მათ წინ მდგარი ირაკლის მხრებგაშლილი სხეული იყო.
წამი წამს არ ენაცვლებოდა ალბათ ისე სწრაფად, როგორც ნანა და ელენე ფანჯრის რაფას, რომ ეზოში შემოსული ნაცნობი მანქანა არ გამორჩენოდათ. ევას ართობდა ილია და მათკენ ეჭირა ცალი თვალი.
-არ მოხდება არაფერი, დაწყნარდით რა, თორემ თავი პანაშვიდზე მგონია და მიცვალებულივით მარტო მე ვარ გაშოტილი ზალაში…
-რაზე ნერვიულობთ?!
-შეყვარებულებზე, -თვალი ჩაუკრა ევას ილომ, თავქვეშ ხელიც მოინაცვლა და ფართოდ გაუღიმა ორივეს გამწარებულ სახეებს.
-შეყვარებულები გყავთ?
-ნუ უსმენ მაგას, ევა, -გაუღიმა ელენემ ბავშვს, ილოს დაუბრიალა მერე თვალები.
-შენც კაი მაიმუნი ხარ! გგონია ვერ დაგინახე როგორ უყურებდი?
-ჭორიკანა ბიჭი ხარ!
-სიმართლე მწარეა, ელიკო? თუ ის როგორ გეძახის… ელე… -ძალით დაიბოხა ხმა ანდროსას რომ მიმსგავსებოდა, წარბებიც შეკრა უშნოდ.
ჯიბიდან ამოიღო ნანამ ტელეფონი. მეტისმეტად დიდი დრო გავიდა, თორმეტი ხდებოდა უკვე და არაფერი გაეგო მათგან. ელენეც მოთმინებით დასჩერებოდა მის აკანკალებულ თითებს.
-დაურეკე, რა… -შეეხვეწა ბოლოს მუცლის ტკივილმა სუნთქვაც რომ გაუჭირა. აივანზე გაათრია ნანა და ხმამაღალზე ჩაართვევინა. მოაჯირს დაეყრდნო იდაყვებით. სულელივით ითვლიდა მანქანებს ეზოში.
მწარედ შეუხტა გული, რომ უპასუხა. მშვიდი ხმა ჰქონდა, აუღელვებელი და ისეთი ცოცხალი შვებამ ტკივილი მოგვარა თავიდან ელენეს გულს. კანკალით ამოისუნთქა ხმამაღლა. მის ქმედებას გააყოლა თვალი ნანამ, ახლოს მიიტანა ტელეფონი.
-სად ხართ, ანდრო?
-მოვალ მალე. -ცოტა ხნით გაჩუმდა, სულ სხვანაირი ხმით ჰკითხა მერე. -კარგად ხარ შენ?
-კი. კი… გელოდებით.
-მალე მოვალ. -გაუმეორა ისევ.
მიხვდა ნანა, რომ გაამწარა და განზრახ არაფერი უთხრა ირაკლიზე. ის არ მოვიდოდა ალბათ.
მომლოდინე თვალებით გამოაღო კარი. სანამ კარგად დაინახავდა, მანამ მტკივნეულად უძგერდა გული ცუდის მოლოდინით. საღსალამათი იყო. არაფერი სჭირდა, თავადაც ისე აკვირდებოდა თავის დას გამჭოლი მზერით, როგორც ნანა მას… ორივე რწმუნდებოდა, რომ არ დაშავებიათ არაფერი.
მის ზურგს უკან გაიხედა, ცარიელი იყო სადარბაზო და სადღაც, გულის ძალიან შორეულ კუნჭულში იგრძნო ყრუ იმედგაცრუებას მოყოლილი სიცარიელე.
-ტყუილად ეძებ, სახლში წავიდა.
-ანუ კარგად არის? -სახლში შემოატარა ნანამ. თვალს არ აცილებდა.
-ოხ ნანა, -სახეზე ჩამოისვა ხელები. სახლის სიღმეში გაიხედა მერე. გასუსულები ელოდნენ მის შესვლას მისაღებში. სუნთქვაც კი შეიკრა ელენემ იმაში დასარწმუნებლად, რომ ანდრო მოვიდა ნამდვილად და სმენა და ცხვირში მოღიტინებული ნაცნობი სურნელი არ ატყუებდა. -კი, კარგად არის.
-არაფერი…
-ნუ დამპირდები იმას, რასაც დარწმუნებული არ ხარ რომ ამისრულებ, კარგი? -ჯიბეებში ჩაიწყო ხელები ანდრომ, გადახარა თავი გვერდზე და კარგად დააკვირდა ნანას თვალებს.
-რამ შეგიცვალა ასე დამოკიდებულება? ოღონდ ის არაო, შენ არ მეუბნებოდი? თანაც მართლა არაფერი ხდება…
-ახლაც ასე ვფიქრობ მე, -კედელს მიეყრდნო ანდრო მხრით, ხმადაბლა საუბრობდნენ. არავინ უშლიდათ ხელს. -შენ მაინც ვერაფერს გააკეთებ ისეთს, მე რომ იმაზე ნაკლებად მიყვარდე, ვიდრე ახლა მიყვარხარ, როცა ასეთი მართალი ხარ ყველას და ყველაფრის წინაშე, ნანა.
ერთიანად ასტკივდა მუცელი მის სიტყვებზე. ვერაფრით გადადგა ნაბიჯი უკან, ანდროს თვალებისთვის რომ არ დაენახვებინა თავის წამწამებზე აბრჭყვიალებული ცრემლები.
მოხვია ორივე ხელი სანამ მოასწრებდა ნანა რამის თქმას. თმაზე დაუსვა თავიდან ზურგამდე და მოწყვეტით აკოცა შუბლთან.
-ელენეს რომ მივიყვან, მერე თქვენთან დავრჩები, კარგი?
-კარგი. გაუხარდება ევას… და მეც.

*
ჩუმი ხმაური იბრძოდა ელენეს ეზოს წინ მდგომ მანქანაში. ღვედი შეეხსნა ანდროს, მშვიდად გადაწოლილიყო სავარძლის საზურგეზე და ზედ მიესვენებინა თავი. თვალებდახუჭული ცდილობდა თითქოს მის გვერდით მჯდომის ფიქრების გამოცნობას.
ხელ-ფეხი გაუკავესო თითქოს ელენეს, ვერც კი ახერხებდა კალთაში ჩაწყობილი ხელები გაემოძრავებინა და გაეღო კარი, რომ ცივ ნიავს მაინც შეეფხიზლებინა და გადასულიყო მანქანიდან.
ქარი დაუნდობლად არხევდა მზით გაცვეთილ ტოტებს, თავისი ხის ძირისგან შორს მიფრინავდნენ გაყვითლებული ფოთლებიც.
-აბა, გისმენ... -მობეზრდა ანდროს მარჩიელობა, გაახილა თვალები და გადმოტრიალდა მისკენ მთელი ტანით. დაკვირვებული, გამჭოლი მზერა მოავლო ელენეს ნაზ პროფილს, სწორ ცხვირსა და ერთმანეთზე მსუბუქად დაჭერილ ტუჩებს.
-მე გისმენ, -სწრაფად მოატრიალა თვალები მისკენ ელენემ. მანქანის სალონის ბაც განათებას ჩაეშავებინა მისი თვალები, მკაცრად შეეყარა წარბები.
-მე ხომ გითხარი უკვე სათქმელი, ელე? -ოდნავ გაეღიმა ანდროს, ერთდროულად აკვირდებოდა მის თვალებს, ბრაზისგან აცაცხახებულ ტუჩებსა და დაჭიმულ ყელს, ალაგ-ალაგ რომ მოუჩანდა გაშლილ თმებს შორის.
-არ ვიცი, როგორი ხარ. ისეთი, როგორიც გუშინ იყავი...
-როგორი ვიყავი გუშინ? -ზედმეტად ხმადაბლა ჰკითხა, თვალს არ აცილებდა ელენეს დაბნეულ მზერას, თითქოს უნდოდა ვერ გაეგო რა უთხრა და ასე ეიძულებინა შეეხედა მისთვის.
-ცივი. საშიში. -ოდნავ მოშორდა ზედმეტად მოახლოებულ მის თავს ელენე, კარს აეკრო ლამის. -გუშინ ისე იქცეოდი, არ ვიყავი თითქოს იქ!
-შენ ხომ არ გინდა, რომ შემთხვევით გაკითხავდე ხოლმე... -თვალები მოჭუტა ანდრომ, სუნთქვა შეეკრა ელენეს ისე უცებ შეახსენეს თავისი სიტყვები. ამოსუნთქვაც ვერ მოასწრო თითქოს.
არაფერი ჰქონდა მისთვის მოსათხოვი. თავად იყო ის, ვინც უკან იხევდა.
გაღიზიანებულმა შეიხსნა ღვედი და სანამ მოასწრებდა მანქანის გასაღებად ხელის წაღებას, მანამ ჩაკეტა ხმაურით ანდრომ ყველა გასასვლელი. გამარჯვებული ადამიანის ღიმილი აიკრო სახეზე. აგრძნობინა, გაუგებრობაში დარჩენას რომ არ აპირებდა და არც გაქცევის უფლებას მისცემდა მისგან.
-გახსენი!
-არა. -დაუსერიოზულდა ხმა, -გეშინია შენ ჩემი? თუ რა არ მოგეწონა, მეორედაც რომ არ გავიმეორე ის, რაც გარკვევით აგიხსენი ერთხელ?
-გამიშვი, ანდრო. მელოდებიან.
-ხუთ წუთს კიდევ დაგელოდებიან, -ისე უყურებდა დაჟინებით, გვერდზე გახედვის უფლებასაც კი არ აძლევდა.
უცებ შესქელდა ჰაერი მათ ირგვლივ. ხვდებოდა ელენე, ვერ წავიდოდა მნიშვნელოვანის გადაწყვეტის გარეშე. იმასაც ხვდებოდა, მას დაუტოვეს არჩევანი.
-რას ელოდები ჩემგან?
-სწორი გადაწყვეტილების მიღებას. -მზერა გააყოლა თავისი სახლის ფანჯრისკენ მიმართულ ელენეს თვალებს. ხმაურით გაიხსნა ყველა კარის საკეტი. -აქ ჯდომას არ გაიძულებ. -გეშინია შენ, ელენე?
-სულელი ვიყო და არ მეშინოდეს? -საბრძოლველად შეიმართა, ცრემლის თხელი გადაეკრა მის თვალებს, აღარ იყო ისეთი ჩამქრალი და ბაცი, როგორც წეღან. ისე პრიალებდა და ელავდა, როგორც რაღაც ხელშეუხებლად სუფთა. -მიპასუხე...
-მე გაკეთებული მაქვს უკვე არჩევანი შენზე, ელენე. და არ შეიცვლება ეგ არჩევანი.
ვერაფრით გადააგორა კისერში მოწოლილი ის უსიამოვნო გრძნობა სრულად გაგონილმა საკუთარმა სახელმა რომ მოგვარა. ღრმად შეისუნთქა ჰაერი, რომ არ გაეგუდა გაუგებრობის მხუთავ შეგრძნებას.
-ვინ იყვნენ ისინი, ვინც ნანას მოყვებოდნენ დღეს?
-შენ რომ არ უნდა ინტერესდებოდე ახლა, იმ ადამიანების რიცხვში შედიან ეგენიც.
-სულ ასე უნდა იყოს? -თვალი მოარიდა, ვერ შეხედავდა თავისი დარდის გამხელისას, -შეიძლება ნანას ადგილას მეც ამოვყო თავი ოდესმე?! იმის შიშში უნდა ვიცხოვრო, რომ რამეს დაგიშავებენ ერთ მშვენიერ საღამოს, როცა მე უდარდელად გელოდები სახლში როდის მოხვალ?! მე გამეცი ჯერ იმ კითხვებზე პასუხი, რასაც აუცილებლად დაგისვამს ჩემი ოჯახი, თუ იმ გადაწყვეტილებას მივიღებ, რასაც შენ ელოდები ახლა ჩემგან, ანდრო.
-ანუ მომიწევს მათთან ლაპარაკი? -მისკენ გადაიხარა, ძალიან ახლოს ზედმეტი ფიქრისა და მოქმედებისთვის ადგილი და დრომ არ მიეცა. ელენეს სურნელით იყო სავსე მთელი მანქანა, მიმზიდველად ბზინავდა მისი მოშიშვლებული ხალებით მოხატული მხარი ანდროს ტუჩებთან. -შენც ხომ იცი, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო ახლა, ამით არ დამთავრდება ჩვენს შორის.
ძლივს გადააცოცა მისი კანიდან თვალებამდე მზერა. თავისი ხელით გაუსწორა მხარზე გადავარდნილი მოსაცმელი. ნაზად გადაუსვა თითები იმ ადგილას, სადაც კოცნა გაიფიქრა წეღან. მიეხუჭა ელენეს თვალები. მუცელი აუწვა შეკითხვას მოყოლილმა შეხებამ. გაუსაძლისად პატარა მოეჩვენა სივრცე მის ირგვლივ, სუნთქვასთან ერთად გამოძრავებაც კი უჭირდა.
-არ ვიცი. -ყელში გაეჩხირა ელენეს თავისივე სიტყვები. მანქანის გასაღებად წაიღო ხელი. -ვერ გავიმეტებ ჩემს მშობლებს ამისთვის...
-შენს თავს?
ტუჩზე იკბინა ელენემ, მოარიდა სახე და გააღო მანქანის კარი.
-ჩემს თავს კი. -იმდენად ხმადაბლა, ისეთი ჩამწყდარი ხმით უთხრა თავადაც გაუჭირდა ადუღებული ჰაერში ცივი გონებით გამოეტანა აზრი საკუთარი ნათქვამიდან.
გადავიდა და ფრთხილად მოხურა კარი.
*
თავისივე გაშლილ დივანზე ეძინა ევას და-ძმას შორის. ანდროსკენ გადაექინდრა თავი და მშვიდად ფშვინავდა. იმდენად ხმადაბლა ისმოდა ოთახში ევას საყვარელი ფილმის ხმა, ფაქტობრივად არაფერი ესმოდა არცერთს. არ უნდოდათ მისი გაღვიძება.
-ეს რანაირად მოგწონთ? ტიპი ორასი წლის ვამპირია და თექვსმეტი წლის გოგო უყვარდება?!-სახე დამანჭა ანდრომ, წარბაწევით გახედა ნანას, თვალი ისე გაეშტერებინა ეკრანისთვის აშკარად სხვაგან დაფრინავდა გონებით.
-რა მკითხე? -ძილ-ბურანიდან გამოსულივით ჰკითხა ნანამ, გაფანტული ჰქონდა მზერა. მიაფარა ევას პლედი და ანდროსკენ გადმობრუნდა. ხელისგულზე ჩამოიდო თავი.
-რაზე ფიქრობ?
-დღევანდელზე. შენზე და ელენეზე.
-რას ფიქრობ ჩემზე და ელენეზე? -წარბები აზიდა, ინტერესით დაუმძიმდა თვალები.
-ის ჩვენნაირ ოჯახში არ გაზრდილა, ანდრო. იდეალურთან ყველაზე მიახლოებული ოჯახი ჰყავს ელენეს. მშვიდი, მოსიყვარულე მშობლები, არც უჭირთ და არც ბევრი აქვთ, ასე უნდათ რომ გაგრძელდეს... ჩვენ კიდევ... ხან ტყვია მოგვყვება ფეხდაფეხ და ხან სხვა ხიფათი... მაგრამ ვიცი რომ არ არის მისთვის მარტივი გადაწყვეტილების მიღება შენთან მიმართებით.
-გავუმარტივებ.
-დაანებებ თავს? -გაკვირვებით ჰკითხა ნანამ, მაშინვე შეყარა წარბები. არ მოელოდა თითქოს ანდროსგან ამ პასუხს.
-ეგრე გგონია? -ოდნავ გაეღიმა როცა მიხვდა, გულის სიღრმეში არც ნანას უნდოდა მისი უკან დახევა. იგრძნო მხარდაჭერისმაგვარი მისგან და უფრო მეტად გაუმყარდა ის გადაწყვეტილება, რისთვისაც ამზადებდა საკუთარ თავს. -დღეს რომ მკითხა სულ ასეთ შიშში თუ მომიწევს ცხოვრებაო, ბრმა ნდობის მეტს ვერაფერს ვთხოვდი ჩემი პასუხით. მე ხომ ვიცი, რაც შემიძლია მისთვის გავაკეთო, მინდა მანაც გაიგოს, მაგრამ ამისთვის სიტყვები არაა საკმარისი... და მომწონს კიდეც, მისთვისაც რომ ასეა.
-სანამ დროა, უშველოს იქნებ თავს... -გაეცინა ნანას.
გაამწარა მაინც, არადა, ისე სიამოვნებდა ასეთი რომ იყო ანდრო მისი მეგობრისა და საყვარელი ადამიანის მიმართ, უსაზღვრო სიამაყეს და ბედნიერებას გრძნობდა ერთდროულად.
-ეგ დრო გავიდა დიდი ხნის წინ, უკვე ვეღარ უშველის.
სიჩუმე ჩამოწვა ისევ ოთახში. შორიდან ისმოდა ფილმის ხმა. ბევრი უთქმელი სიტყვა ტრიალებდა ორივეს გონებაში, მაგრამ რატომღაც ჩუმად დარჩენას ამჯობინებდნენ. უფოკუსოდ მიჩერებოდნენ ტელევიზორის აციმციმებულ ეკრანს.
-საკანდელიძე იყო. -დაიწყო მშვიდად, ამისთვის ემზადებოდა თითქოს მთელი საღამო. თვითმკვლელობა იქნებოდა ნანასთვის ამ მნიშვნელოვანი ამბის დამალვა ახლა. -როგორც ჩანს, დიმა ყველაფერზე შეუთანხმდა უკვე. მისი შვილი ჯერ არ ჩანს, მაგრამ ვიპოვი, მანაც უარი უნდა თქვას, თუ ექნება მამამისის წინააღმდეგ წავიდეს. შენ უკვე ისედაც... ირაკლიზე ეჭვობენ და მას აწვებიან ახლა. ხელს შევუშლითო გიგის გამოშვებას, თუ შენსა და იმ სირს შორის ჩადგება.
-გიჟები არიან? -წამოჯდა ნანა, ყველანაირი ფერი ჩამოერეცხა სახიდან. -მე მაინც ვერ ვხვდები, რას შეცვლის ჩემი მათთან ყოფნა. დიმას არ ადარდებს...
-მე მადარდებს. არც გიგი დაუშვებს სხვისი თავისუფლების ხარჯზე გამოვიდეს ციხიდან. ისედაც მართალია, ვერავის მუქარა ვერ შეცვლის ამას. სანდროც ჩაერთო საქმეში, ირაკლიც კბილებს ილესავს. ვერავინ შეგეხება შენ, მაგრამ მარტო ვეღარ დარჩები აქ. ჩემთან თუ მეყოლებით, მშვიდად ვიქნები უფრო.
-ხომ იცი, დედას გამო მე ვერ წამოვალ ვერსად.
-ევას ისედაც არავინ ერჩის, -მშვიდად დახედა თავის დას, გადაუწია სახეზე მიმოფანტული ოქროსფერი თმა. -მის გარდა არავინ უყვარს დიმას. მე დავრჩები ცოტა ხნით. ილიაც აქ არის.
-კარგი. -შეფხიზლდა ნანა, გადაიხადა თბილი გადასაფარებელი და ადგა დივნიდან. -ბალიშებს და საბანს გამოვიტან და აქ დავიძინოთ ამაღამ, ხვალ რამეს მოვიფიქრებ.
ევას დასჩერებოდა ზემოდან ანდრო. ყველა გამოტოვებული წლის აღდგენას ცდილობდა გონებაში. წარმოიდგენდა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო.
-როგორი ბავშვი იყო? -ევასკენ მიუთითა ოთახში დაბრუნებულ ნანას, წამოდგა და გამოართვა ბალიშები და საბნები. ევას დააფარა ჯერ, თავის ადგილზე მიაგდო შორიდან ერთი ბალიშიც.
-ევა? საჭმელს არასდროს ჭამდა, ამიტომ გამხდარი იყო ძალიან. ხასიათი ახლაც ისეთი აქვს, როგორიც ბავშვობაში ჰქონდა. ჩუმი იყო და საყვარელი, არ აწუხებდა არავის.
-შენ? -შეისწორა ბალიში და ინტერესით გახედა ამჯერად უფროს დას. თავქვეშ ამოიდო ხელი. -შენ როგორი იყავი?
-მსუქანი, -გაეცინა ნანას, -ვგიჟდებოდი ტკბილეულზე.. რასაც ევა არ ჭამდა, მე ვუჭამდი. ხასიათი მეც ისეთი მაქვს ისევ, მგონი...
-ტერორისტი იყავი ანუ თავიდანვე.
-ტერორისტი არ ვარ!
-ხო, უბრალოდ ფიცხი ხასიათი გაქვს. -ტუჩები მაგრად დააჭირა ერთმანეთს ანდრომ.
ჩაბნელებულ ჭერს ახედა, გარედან შემომავალი ლამპიონების ყვითელი განათება გაწელილად ეცემოდა ოთახში. ყრუდ ანათებდა მის ნაწილს.
-შენ როგორი იყავი? -ხმადაბლა ჰკითხა ნანამაც. ნეტავ, როგორები გაიზრდებოდნენ ერთად...
-რავი, არ მახსოვს.
-ერთად რომ გვეცხოვრა, მე მემახსოვრებოდა, როგორც ევაზე მახსოვს, შენზეც ისე... -გაუბედავად თქვა ნანამ, ძალიან უნდოდა ეგრძნო ანდროს, რომ არ უყვარდა უმცროს დაზე ნაკლებად, რომ არაფერი ჰქონდა საერთო მის სიყვარულთან დაკარგულ წლებსა და დაპირისპირებას მშობლებს შორის.
-ხო. ვიცი, ნანა.
*
სკოლაში ანდრომ წაიყვანა ევა.
ისეთი ბედნიერი იყო, თავისი მაისურის ჩაცმის ნებაც რომ დართო, ჩიტივით გაფრინდა სახლიდან.
სახლიდან გასვლა მკაცრად აეკრძალა ნანასაც, ხან ილია ამოწმებდა მის ადგილსამყოფელს, ხან ანდრო.
უკმაყოფილოდ ჩააგდო ნიჟარაში დაცარიელებული ყავის ჭიქა და ისეთი ძალით აჰკრა ხელი ონკანის გასახსნელს, რომ საერთოდ მოტეხა და ნიჟარის ნაცვლად ყველა მიმართულებით ფანტანივით ასხამდა გამსკდარი მილი წყალს.
გამწარებულმა დაიკივლა ისედაც ჩაშხამებულ დღეს კარზე ზარიც რომ დაემატა.
ერთ ადგილას გაჩერება არ შეეძლო, რომ არ ემოძრავა თავს გალიაში გამოკეტილი ფრთამოტეხილი ჩიტივით გრძნობდა, თანაც იმდენი კოფეინი მიიღო უკვე...
მაგრად მომუშტა ხელები თავიდან ბოლომდე გაწუწულმა, ლასლასით წავიდა კარის გასაღებად. ილოს ელოდა და არც უკითხავს ისე გამოგლიჯა კარი გაღიზიანებულმა.
ერთიანად იგრძნო სითხის შეშრობა ტანზე, ირაკლი რომ დახვდა მხრით კედელს მიყრდნობილი, შიშველი ფეხებიდან სხველი თმების ძირებამდე შეათვალიერა მის წინ აწურული სხეული. მიმზიდველად მოუჩანდა მრგვალი ფორმები ტანზე მიკრულ მაისურში ნანას. სადარბაზოდან შემოსულმა სიცივემ დაუსერა დასველებული მკერდის თავები და იგრძნო, როგორ გაუმაგრდა მაისურის ქვეშ. მხოლოდ შემდეგ გაახსენდა, ზედმეტად სახლურ ფორმაში რომ იყო ვინმეს დასახვედრად.
-სულ ასე აღებ შენ კარს? -დაუკითხავად შემოაბიჯა ირაკლიმ. თვითონ მიხურა ზურგს უკან კარი და ზემოდან დააჩერდა ნანას ერთ ადგილას გახევებულ სხეულს.
-ონკანი გავაფუჭე! -ჰაერში შემართა ნანამ ხელები, სწრაფად გალასლასდა სამზარეულოსკენ, სადაც ჯერ კიდევ იღვრებოდა გამსკდარი ონკანიდან წყალი.
-გადაკეტე მილი მერე, -თვალებით დაუწყო ძებნა ირაკლიმ გაყვანილობას.
წელზე ხელის მიდებით გასწია წინ გადაღობილი ნანას სხეული, გაიძრო ქურთუკი და ცალი ხელით გადაკეტა კარადის გვერდით ჩამალული ჩამკეტით წყალი.
მაინც მოასწრო მილიდან ამოხეთქილმა წყალმა მისი მაისურის გადასერვა და მკლავებზე ჩამოეღვარა წვეთ-წვეთად.
სუნთქვაშეკრული აკვირდებოდა მისი სხეულის საქმიან და ნელ მოძრაობას ნანა. გაეყინა შიშველი ფეხები სველ მეტლახზე.
ოდნავ გამოხედა ირაკლიმ ისევ.
-გამოიცვალე, არ მჭირდება ზედამხედველობა. -თავით ანიშნა გასულიყო და მიუბრუნდა ისევ მის გაფუჭებულ საქმეს.
-გაკეთდება? -თმა ჩამოიშალა მკერდზე, კიდევ კარგი ჰყოფნიდა სიგრძე. დაკვირვებით უყურებდა ირაკლის მკლავების მოძრაობას, სულაც არ უნდოდა გამოსაცვლელად წასვლა და ამ სანახაობისთვის თვალის მოწყვეტა.
-კი, მაგრამ ახალი ონკანი დაგჭირდება. წადი ახლა.
ნანას მოეჩვენა, რომ განზრახ იშორებდა თავიდან. სწრაფად შეტანტალდა თავის ოთახში და სქელი, თბილი ჯემპრი გადაიცვა მომდგარ შარვალზე, თმა ჩამოიშალა მერე და ერთი-ორჯერ ისე დატრიალდა სარკეში, სადმე აპირებდა თითქოს გასვლას.
იატაკის ტილო გაიყოლა თან და უკან დაბრუნებულს მოწესრიგებული დაუხვდა უკვე ყველაფერი.
-შენ გამოგგზავნეს ამჯერად? არც მე მჭირდება ზედამხედველობა. -არ შეუხედავს, ისე ჰკითხა სამზარეულოს მაგიდასთან ჩამომჯდარს.
აუცილებლად დასცინებდა ილიკო, რომ დაენახა როგორი მონდომებით და მოწიწებით წმენდდა იატაკს.
-არა, -ყურადღება არ მიაქცია მის სიტყვებს ირაკლიმ, დაჟინებიღ მიაჩერდა სახეზე მისკენ მობრუნებულს. სული მოეხუთა ნანას. -საქმე მაქვს შენთან.
-ძალიანაც კარგი რომ მოხვედი, მეც მაქვს შენთან საქმე! -უცებ გაახსენდა ნანას წინა ღამე. გამოერკვა თითქოს ეიფორიიდან. ისეთი ველური გაუხდა მზერა, მიახვედრა ირაკლი მარტივად რომ არ ჩაივლიდა ეს საუბარი.
ფეხზე წამოდგა და ზურგით მიეყრდნო სამზარეულოს განჯინას გულზე ხელებგადაჯვარედინებული. წარბების აწევით ანიშნა, გისმენო.
-რა საქმე გაქვს, აბა, გისმენ. -ხმამაღლაც გააჟღერა, როცა მიხვდა რაღაცამ შეაყოვნა ნანას აზრები… თვალებით გაეღიმა ოდნავ მაცდურად. გრძნობდა საკუთარ გავლენას მასზე. იმასაც გრძნობდა, თავად რა ემართებოდა მის სიახლოვეს, განსაკუთრებით დღეს, როცა ისეთი მიმზდიველი დახვდა.
უცებ გაეყინა და დაუსერიოზულდა სახე, როცა გონების საღმა ნაწილმა შეახსენა, შენს ნაცვლად შეიძლება სხვისთვის გაეღოო კარი ისეთ მდგომარეობაში მყოფს კარები. ჩაახველა ოდნავ გაღიზიანებულმა.
-შენ დაიწყე! -გულზე დაიკრიფა ხელები ნანამ, მიხვდა თავად არ ჰქონდა შეტევის განსახორციელებლად საკმარისად ძლიერი აღჭურვილობა.
რეალურად მხოლოდ იმიტომ ბრაზობდა, აქამდე რომ ვერ გაიგო მისი ამბავი. იმიტომაც ბრაზობდა, მასთან ერთად რომ არ გაიქცა და მარტოს მოუწია გიჟივით ტარება. მაგრამ ვერასდროს ეტყოდა ამას ხმამაღლა.
ყველაზე რეალური მიზეზი თავისი ბრაზის კი ის იყო, რომ საშინლად ინერვიულა და იმავეს ვერ ატყობდა ირაკლის სახეზე. არ ემჩნეოდა ღელვა მის გამო. არ უშვებდა ახლოს, არადა თავად უახლოვდებოდა სახიფათო მანძილზე. იზიდავდა და კედლებს უმართავდა ერთდროულად. არ შეეძლო ამის ატანა.
-ვიცი გუშინდელი ამბავი. მომიყვა ანდრომ ყველაფერი, -მაინც არ დააცადა სიტყვის თქმა, თავად წაუსისინა უაზროდ გაბრაზებულმა, -ისიც ვიცი, რა შემოგთავაზეს. თუ მაგაზე მოხვედი სალაპარაკოდ, როგორც გინდა ისე მოიქეცი. გიგის საქმის გაჭიანურება რაღაც დოზით ჩემი ბრალიც არის და არ ვიმსახურებ ახლა გათვალისწინებას…
-გიგის საქმე ისედაც გაჭიანურდებოდა, შენ უბრალოდ დააჩქარე ეგ პროცესი, -შეაწყვეტინა ირაკლიმ, ეტყობოდა აღარ უნდოდა უმისამართო ლაქლაქის მოსმენა, -იმათთან დათანხმება ავტომატურად ნიშნავს, რომ მე გიგის დამნაშავედ მივიჩნევ, რასაც არ გავაკეთებ. ხვალ საღამოს მამაშენი იმის გასაცნობად გიპირებს წაყვანას. შენც წაყვები.
იმედგაცრუებული მზერა ვეღარ გააკონტროლა ნანამ. რაღაც ისე ძლიერად ჩასწყდა მკერდიდან მუცლამდე, თან ჩაიტანა ყველანაირი კეთილგანწყობა თითქოს ამ ადამიანის მიმართ.
-მეც მოვალ. -დააყოლა ბოლოს, თითქოს განზრახ მისცა ის რამდენიმე წამი ნანას, გამოსცადა რისი გაფიქრება შეეძლო მასზე, რამდენად შეეძლო მისი ნდობა.
-შენც დაგპატიჟეს? -სარკასტულად ჩაეღიმა, ისე უყურებდა სახეზე აგრძნობინებდა, როგორ უნდოდა დაეკაწრა ის მშვიდი გამომეტყველება ზედ რომ აეკრა უდარდელად ასეთი რამის თქმის შემდეგ. -შენ რისთვის გჭირდები? ხომ მართალია ისედაც გიგი...
-შენი ძმა მჭირდება საღ გონებაზე. -ერთი ნაბიჯი გადმოდგა მისკენ, ერთით დაიხია უკან ნანამ. ვერც იმას იტანდა ასე მაღალი რომ იყო მასზე და ქვემოდან უწევდა მისთვის ყურება, ვერანაირ უპირატესობას ვერ იტანდა, რაც ამ კაცს ჰქონდა მასზე. -და ჩემ გვერდით. შენ გამო ყველაფერზეა წამსვლელი. არ ვიცი, ალბათ, გიგის სიმართლესაც დათმობს შენი კეთილდღეობისთვის.
-ანდრო არასწორად არასდროს მოიქცევა. -ყელი მოიღერა ნანამ მის წინაშე, აგრძნობინა, როგორ ამაყობდა იმით, ვინც ჰყავდა.
-შენ როგორ მოიქცეოდი მის ადგილას, ნანა? -განზრახ წარმოთქვა ირაკლიმ მისი სახელი ნელა და ხმადაბლა. ისე მოფერებასავით ჟღერდა, თითქოს ხელით შეეხოო მის წინ მდგომს... -რომ გემუქრებიან შენთვის საყვარელი ადამიანის კეთილდღეობით...
-ანდრო სწორ მხარეს დადგება, ისევე როგორც მე. დიმა ვერაფერს მაიძულებს. ბოლოს და ბოლოს, ჟურნალისტი ვიყავი, ტელევიზიას მივაწვდი ხმას...
-სწორი მხარე რომელია?
მაგრად დააჭირა ტუჩები ერთმანეთს ნანამ. მოარიდა თვალები, არ ჰქონდა პასუხი. ისევე როგორც ძალა არ ჰქონდა შეწინააღმდეგებოდა იმ ადამიანებს, მისი ბედით რომ აპირებდნენ თამაშს.
-იცის ანდრომ ეს? რაზეც მითანხმებ? -სასწრაფოდ შეცვალა თემა.
-არა, ჯერ შენგან მჭირდება იმის ცოდნა, რომ მენდობი. ანდროსთან შემდეგ მოვაგვარებ.
რაღაც ჰქონდა ამ კაცს ისეთი, რაც უხილავ ძალაუფლებას ანიჭებდა ყველაფერზე მის ირგვლივ. რაღაც დამარწმუნებელი, სანდო და ამავდროულად იმდენად საშიში მიახლოებაც რომ არ მოგინდება მის ამოსაცნობად. ისე უყურებდა ნანას, თითქოს იცოდა წინასწარ მისი პასუხი ისედაც.
-არ ვიცი მამაშენი...
-დიმა. -ცივად შეუსწორა ნანამ, სამზარეულოს სიღრმეში შევიდა წყლის ასავსებად. -დალევ ყავას?!
-დიმა რის გაკეთებას მოგთხოვს, -თავი დაუქნია ყავაზე თანხმობის ნიშნად, ესაუბრებოდა და მის ხელებს აყოლებდა თან თვალს მოუშორებლად. სიამოვნებდა ნანას მშვიდი, აუღელვებელი მოძრაობები. იმდენად სახლური და უცხო იყო მათ ირგვლივ წამიერად შექმნილი გარემო, კარგად დაიმახსოვრა თვალებით ყველაფერი. -სავარაუდოდ, არ გენდობა და მოგთხოვს, რომ მასთან ერთად წახვიდე რესტორანში ხვალ.
-მის მანქანაში არ ჩავჯდები, -შეშლილი სახით მობრუნდა ნანა. -შენ ამას მთხოვ იმის შემდეგ, რაც ნახე რა გამიკეთა?!
ხმაურით მიაგდო კოვზი სამზარეულოს განჯინაზე, თან გააყოლა თვალი ირაკლიმ ვერცხლისფერ ჭურჭელს და ნანაზე გადმოიტანა მერე მშვიდი, თუმცა ბრაზმორეული მზერა. წამით ინანა კიდეც თავისი საქციელი, აიღო მოსროლილი ნივთი და ფრთხილად ჩადო ნიჟარაში.
-არაფერს დაგიშავებს ხვალ. -თვალი გაუსწორა გაბრაზებულს. ნანას ხასიათის ყველა ცვლილებას გრძნობდა და ხედავდა, არ იქნებოდა მასთან მარტივი არაფერი. -უკან მე გამოგყვებით, მისი მძღოლი ჩემი კაცია. თუ რამე ისე წავა, მანიშნებს და მაშინვე გადააყენებს მანქანას.
მიხვდა ნანა რატომაც მოაკითხა ირაკლიმ. მან ყველაფერი იცოდა უკვე. ყველაფერზე იფიქრა და ყველა სიტყვაში ეტყობოდა როგორ ითვალისწინებდა გოგონას.
იცოდა, როგორ ერიდებოდა ანდროსთვის იმის გამხელა, რომ დიმამ თითი დააკარა.
აემღვრა თვალები მაშინვე და გვერდზე გაიხედა ირაკლიმაც, მარტო დატოვა თავის გრძნობებთან სანამ დაიბრუნებდა ნანას მზერა ჩვეულ მიმზიდველ სიველურეს.
-ანდრომ რომ წამიყვანოს? -ტუჩი მოიკვნიტა ნანამ. ჩამოასხა ორივესთვის ყავა. -შაქარი?
არაო, ანიშნა თავით ირაკლიმ.
-შენ გგონია შენი ძმა თავისი ხელით ჩაგაბარებს? ან დიმა ენდობა მას, როცა შენ გეხება საქმე?
-შენ წამიყვანე მაშინ, -გაცხარებით შემოირტყა დოინჯი, მიახვედრა, როგორ არ უნდოდა იმ მანქანაში ჩაჯდომა, როგორ არ უნდოდა საერთოდ ამ თემის განხილვა და ამ ხათაბალაში გახვევა. -ან საერთოდ არ წავალ!
-მე მითუმეტეს არ მენდობა. -გრძელი თითები შემოჰხვია ყავის ჭიქას, სულ ჩაიმალა მის ხელებში სითხით სავსე ჭურჭელი. მის ტუჩებთან ავარდა ნაცრისფერი ორთქლი. -იეჭვებს და გადადებს შეხვედრას საერთოდ. ოცი წუთით გაუძელი მხოლოდ. ზაზას ვეტყვი სწრაფად ატაროს.
-იცის რომ მოდიხარ? -ვერაფრით დამალა დამტკბარი ხმა ნანამ. წამდაუწუმ ეცვლებოდა მის მიმართ გრძნობები და დამოკიდებულებები, აგიჟებდა ეს არასტაბილურობა რაც თან ახლდა ირაკლის სიმშვიდეს.
-არა. არ იცის. არც უნდა გაიგოს.
-იქ რომ მივალთ რა იქნება? ხომ ყველამ იცის, რისთვისაც მივყავარ დიმას.
-დიმას იქ იმის წარმოსაჩენად მიჰყავხარ, რომ ჩემგან თავისუფალი ხარ. საკანდელიძესაც შანსი მიეცემა გაგიცნოს, მაგრამ ვერ მიაღწევს მაქამდე...
-და არ ვარ შენგან თავისუფალი? -ისევე ორაზროვანი იყო ნანას შეკითხვა, როგორ ირაკლის გამოხედვა ამ შეკითხვის გაგონებისას. ოდნავ ჩაეღიმა და თვალებმოჭუტულმა დახედა ზემოდან.
-ახლა არ გაწყობს, რომ ჩემგან თავისუფალი იყო, ნა-ნა.
-გასაგებია. -ჩაეცინა ქალს, გვერდზე გაიხედა, რომ არ წამოწითლებულიყო და არ შეტყობოდა რა მოუვიდა საკუთარი სახელის ასე გამოკვეთილად გაგებისას. -შენ რაში გაწყობს? შენ ხომ არ გჭირდები სატყუარად, ირაკლი? მე რაც არ უნდა მომივიდეს, ხომ იცი ანდრო მაინც არ გიღალატებს.
-ვიცი. შენ რატომ უნდა მოგივიდეს რამე? მე ხომ ვიქნები იქ?
რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა ნანას, იმაზე არ სცემდა მაინც ირაკლი პასუხს. უყურებდა მხოლოდ, უტოვებდა მილიონ კითხვის ნიშანს და სრულ თავისუფლებას აძლევდა მათზე პასუხების მოფიქრებაში.
სამზარეულოდან გასვლით ანიშნა, რომ მორჩა საუბარი, რომ დაზავდნენ საბოლოოდ. ნელა მიყვებოდა უკან ნანაც გასაცილებლად.
-შენ საიდან გაიგე დიმა რას აპირებდა? -ჰკითხა, როცა ურდული გადაატრიალა, გასასვლელთან დადგა. თვალებით ეუბნებოდა თითქოს, არ გაგიშვებ, სანამ ამაზე მაინც არ მიპასუხებო.
ჩაეცინა მხოლოდ ირაკლის. მიუახლოვდა და წელზე ხელის შეცურებით გამოსწია გზაზე გადაღობილი, ზუსტად იმხელა მანძილი დატოვა მათ შორის, თვითონ გასვლა რომ შეძლებოდა კარიდან. იმდენად ახლოს ჩაუარა მისი გარუჯული კანის სურნელიც იგრძნო ნანამ.
-კარი ჩემსავით არ გაუღო სხვებს. -ეს უთხრა მხოლოდ, როცა პირველ საფეხურს დააბიჯა ფეხი, არც გამოუხედავს მისკენ, ისე განაგრძო სვლა.
*
-ეგრე გითხრა? -ზუსტად ნახევარი საათი დასჭირდა ელენეს თავისი სახლიდან იქ აღმოსაჩენად, იმის დაზუსტების შემდეგ, რომ მარტო იყო და ანდროს ვერ გადაეყრებოდა.
უნდა მოესწრო მის დაბრუნებამდე ნანასთან ჭორაობა და გაქცეულიყო უკან. მიუხედავად იმისა, რომ სული ელეოდა ისე უნდოდა ენახა, ეშინოდა თავისი ისედაც მორყეული გადაწყვეტილება საერთოდ არ ჩამოშლოდა ცხვირწინ.
-კარი ჩემსავით არავის გაუღოო? -წარბები აათამაშა ელენემ.
-რას ჩააცივდი?
-რა ფორმაში გაუღე კი მაგრამ... -ნანას გაყინულ გამოხედვაზე დაიხია უკან მაშინვე,- კარგი ხო... რას აპირებ?
-რას უნდა ვაპირებდე? დიმა ჩემს უარს მიიღებს გგონია? პირდაპირ მიმათხოვებს ალბათ იმ ვიღაცას...
-თან ირაკლი ხომ უკან გამოგყვება და არ გეშინია...
-ანდროც იქნება, სხვათაშორის. -გააწყვეტინა მზაკვრული ღიმილით, რომელიც უფრო გაუფართოვდა ელენეს შეშინებული სახე რომ დაინახა.
-ხო... -გაწელა სიტყვები, -თქვენთან რჩება?
-დიახ, რჩება.
-ნუ მიყურებ ეგრე! -წამოხტა მაგიდიდან, ვეღარ გაუძლო ნანას გამომწვევ მზერას.
-არანაირად არ გიყურებ. არაუშავს, თუ არ გაქვს მის მიმართ საკმარისად ძლიერი გრძნობები, რომ შანსი მისცე.
-ეგ რა შუაშია... -ხმა დაუდაბლდა სევდისგან ელენეს, -შენ მაინც ხომ იცი...
-კი, ვიცი. ანდრომაც იცის. მგონია, რომ შენც იცი, არ სჭირდება მას იმის მტკიცება, რომ ღირსეულია და გიმსახურებს.
-მე შენნაირი არ ვარ. ვერასოდეს ვატარებ მანქანას გაგიჟებით, როცა ვიღაც სამტროდ მომდევს. არ მითხრა ახლა, რომ არავის მომაკარებს შენი ძმა და ასე შემდეგ. ყველა გიჟს ისიც კი ვერ გააკონტროლებს. ვერავინ მომცემს იმის გარანტიას, რომ ჩემს მშობლებს არ მიუსვენებენ ჩემს თავს. ან მე არ ჩამაკვდება საყვარელი ადამიანი ხელებში, მაშინ, როცა შენი ძმა ასეთ ხალხში ტრიალებს.
-მეც ხომ ისეთ ხალხში გავერიე უნებურად? მაგრამ შენ ხომ მაინც ჩემი მეგობარი ხარ? ხომ მაინც აქ ხარ, ჩემ გვერდით... ხომ მაინც არ მტოვებ... არ მინდა დაიტანჯო. მე ხომ ვამჩნევ ახლა, როგორ ელოდები მაინც.
-არ მინდა ამაზე, რა... დრო დაალაგებს ყველაფერს.
-ასე მშვიდად იმიტომ ხარ, იცი, არ დაგანებებს მაინც.
-არ ვარ მშვიდად....
ევას კისკისი დილის ნიავივით შემოვარდა სახლში. თან შემოჰყვა ანდროს მძიმე, ბოხი ხმაც. დაფეთებით გახედა ელენემ ნანას.
-მოგისწრო მაინც. ნუ გაქვს ეგეთი სახე, არ შეგჭამს.
-ვიცი. -წაუსისინა ცივად და ნიჟარაში ჩაყარა დასარეცხი ყავის ჭიქები. როგორმე თავი უნდა გაერთო, სანამ მოიფიქრებდა როგორ შეხვედროდა და რა ეთქვა, როგორ გაეღწია აქედან უსაფრთხოდ. სულ ტყუილად, ონკანი გაფუჭებული იყო და ვერც დარეცხავდა დახვავებულ ჭურჭელს.
საერთოდ არაფერი უთქვამს ანდროს მისთვის სალამის გარდა. ერთხელ შეავლო თვალი მხოლოდ, როცა მას არ უყურებდა ელენე და გავიდა სახლიდან.
ისეთი გულდაწყვეტილი დარჩა, საკუთარ თავზე გაბრაზდა ასეთ გაურკვევლობაში რომ იყო გამოხლართული ბადეში გაბმული ჩიტივით.
ძლივს შეიკავა ღიმილი მათ ხელოვნურ სახეებზე ნანამ. გააცილა ძმა და მეგობარს მოუბრუნდა ისევ.
-გალანძღე თუ გინდა, -გაეცინა ელენეს გაწიწმატებული სახის დანახვისას.
-არ მინდა! თავს თუ არ დამანებებ, შენ შემომელანძღები.

საღამოს მართლაც მოვიდა მათთან დიმა.
ის დემონები, რომლებსაც წლები დევნიდა ამ ოთახებიდან ნანა, უკან დაბრუნდნენ თითქოს. რუხი შიში ჩაჯდა იმ კედლებსა და ფანჯრებში, დიმას ხელით და არაკაცობით ნადენი ათასი ცრემლი, გათენებული ღამე და შიში რომ ჰქონდათ ნანახი.
შეიცვალა ატმოსფერო. ნანას ყველა სცენა გაახსენა დიმას ამ სახლში დანახვამ. ისევ ისე მოუნდა გაქცევა, როგორც ბავშვობაში.
ზიზღისა და შიშის გარდა ვერაფერს გრძნობდა მას რომ უყურებდა. ამიტომაც ვერ ხედავდა მსგავსებას მამასა და შვილებს შორის. თვალებს დაითხრიდა და არასოდეს დაინახავდა საერთოს.
ანდროც იქ იყო. დაეტყო სახეზე, რომ ელოდა დიმას მოსვლას. როგორც ჩანს ულაპარაკია ირაკლისთან უკვე.
-კეთილი იყოს ჩემი ფეხი! -გაბადრული სახით გაშალა ხელები დიმამ, როცა სასტუმრო ოთახში შეაბიჯა. ხელგაშლილი დატრიალდა და დაათვალიერა კარგად დავიწყებული სახლის კედლები. -არაფერი შეცვლილა აქ, ისევ ისეთია ყველაფერი!
-ბევრი რამე შეიცვალა, არადა. -კედელს მიეყრდნო ნანა მის ზურგს უკან. იცოდა, ვერაფერს გააკეთებდა ანდროს თანდასწრებით და სითამამემ წასძლია. გულზე გადაიჯვარედინა ხელები.
-ოხ, შენ ხომ არ შემარჩენ ერთ სიტყვას, ჩემო მშვენიერო ქალიშვილო!
ტუჩი აიმრიზა ნანამ, მოარიდა თვალები მაშინვე.
-რა შეიცვალა მაინც, აბა? ახალი სავარძლები გიყიდიათ...
-უბედურება, სიძულვილი და შიში შეიცვალა სიმშვიდით. შენ ვერც შეამჩნევდი, არ მიკვირს.
ავად შეხედა დიმამ. მიხვდა, როგორ სარგებლობდა ანდროს იქ ყოფნით, მაგრამ არ ამოუღია ხმა.
-საქმე მაქვს შენთან, ნანაკო. -ჩამოჯდა სავარძელზე, თავზე მიეფერა ევას. არ მოშორებია, მაგრამ აშკარად დაეტყო გოგონას, რომ დიდად ბედნიერი არც ის იყო დიმას იქ გამოჩენით. მაინც ერიდებოდა ეუხეშა მასთან, თანაც ანდროს თანდასწრებით.
-გისმენთ. -ცივად ჩაუჭრა ანდრომ, არ ართობდა დიმას ლაქლაქის მოსმენა. მარტო რომ არ დატოვებდათ, ამისკენაც მიანიშნა.
-ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი საღამოა, სადაც მინდა ჩემი შვილებიც გამოჩნდნენ ჩემთან ერთად. ქვეყნის ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი იქნება შეკრებილი და დროა გაიცნოთ ის ხალხი, ვისთანაც ითანამშრომლებთ ჩემი სიკვდილის შემდეგ. ამდენ ბიზნესს პატრონობა ხომ უნდა?
-კარგად ვიცი შენი ბიზნესები. არც მე და არც ნანა ხელს არ მოგიკიდებთ მაგ საქმეზე. მარტო მიბრძანდი. -სიგარეტს გაუკიდა ანდრომ და ფანჯარა გამოაღო.
-დამამთავრებინე, შვილო. -აღელვებულ ხმაზე დაეტყო დიმას უძლურება საკუთარი ვაჟის წინაშე, ცდილობდა ბრაზი ხელოვნური კეთილგანწყობითა და მოთმინებით დაეჯაბნა.
ანდრო ისე იქცეოდა, არაფერი იცოდა თითქოს დიმას გეგმებზე. ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც ირაკლის შეიძლებოდა დაეგეგმა.
-იქ ბევრი ისეთი ადამიანი იქნება, ვისი დახმარებითაც ჩვენი უდანაშაულო გიგი შეგვიძლია დავიხსნათ ციხიდან.
-ვინ მაგალითად? -მოუთმენლად ჰკითხა ანდრომ, წარბები შეჭმუხნა.
ნანამ ევას მიანიშნა, მარტო დაეტოვებინა ისინი. ამას ელოდაო თითქოს, მაშინვე გავარდა დიმას შვილებთაგან ყველაზე უმცროსი. თვალი გააყოლა მას ანდრომ. დიმაზე გადააცოცა შემდეგ დაკვირვებული და გამჭოლი მზერა.
-გაიცნობთ ხვალ. ნანა, შენც უნდა წამოხვიდე. უნდა დაინახოს ხალხმა, რომ ჭკუა ისწავლე და სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა აღარ გიყვარს.
-წესიერად ელაპარაკე. -წაუსისინა ანდრომ. გარეთ კედელს მიასრისა სიგარეტის ნარჩენი და ნაგვის ურნაში ჩააგდო შემდეგ. -თუ არ უნდა, არ წამოვა. არაფერი ესაქმება იმდენ შეშლილში ნანას.
-შენი სკოლისთვისაც გამოყოფენ დაფინანსებას, ბევრი ინვესტორი შეგიძლია დააინტერესო. -ქალიშვილს ჩახედა გაველურებულ თვალებში. მელასავით უდგებოდა ჩუმად და მლიქვნელურად. იცოდა, სად უნდა გამოედო კაუჭი მარტივად რომ წამოჰყოლოდა ნადავლი.
რეალურად ანდროს წინაშე დათანხმების შანსს აძლევდა. აფრთხილებდა, რომ მოუბრუნდებოდა აუცილებლად, თუ ურჩობას გაბედავდა და არ იქნებოდა ის მობრუნება ახლანდელი მოსვლასავით უწყინარი.
-მოკლედ არ არის ცუდი შემოთავაზება. მე თქვენთვის ვამბობ. -წამოდგა ისევ, ძალიან ახლოს ჩაუარა ნანას, აგრძნობინა საფრთხე, რომელსაც დაატეხდა თავს ერთი გამოხედვითაც კი. გააცია უფროს ქალიშვილს, უკან დაიხია ერთი ნაბიჯით. ღებინება მოუნდა და მისი მახინჯი სახის უარესად დასახიჩრება.
-ნუ ხარ ასეთი მზრუნველი! -წაუსისინა ნანამ და თავისი ხელით გაუღო კარები. -ხვალ გამოგივლი, ნანა. მინდა ქალიშვილთან ერთად მივიდე, ლამაზად გამოეწყე. ანდრო, შენც შეგიძლია წამოიყვანო ვინმე...
-მარტო მოვალ. -ცივად მოუჭრა და ნანას ანიშნა მიეხურა მისთვის ცხვირწინ კარები.
ცუდად ენიშნა ნანას ანდროსთვის მიცემული შეთავაზება დიმასგან. ისე შეხედა, აგრძნობინა ძმასაც თავისი შიშები.
-იცის, შენი აზრით?
-რა იცის? -ოთახში შებრუნდა ანდრო. კარგად ხვდებოდა, რაც. ვინც.
-ელენე.
-ჩვენს შორის არ ხდება არაფერი, რა უნდა იცოდეს?
-რომ გიყვარს შენ. ცუდად არ მოგიბრუნდეს.
-გელაპარაკა ირაკლი? -სხარტად მობრუნდა მისკენ ანდრო. ერთ ადგილას გაშეშდა ნანა. ენა ჩაუვარდა. ვეღარ გაიგო უნდა გაემხილა თუ არა მისთვის. აშკარად ეტყობოდა ანდროს, რომ იცოდა უკვე ყველაფერი ისედაც. -მითხრა ყველაფერი, აზრი არა აქვს დამალვას.
-რაღას მეკითხები აბა? -ორივეზე გაბრაზდა ნანა.
ირაკლიზე განსაკუთრებით. აფიქრებინა, რომ მათ შორის უნდა დარჩენილიყო ის საუბარი და მერე ადგა და თავად არ დაუმალა ანდროს. იქ რომ ჰყოლოდა, მიახრჩობდა ალბათ.
-აქ იყო მოსული?
-კი, დღეს იყო მოსული. მითხრა, რომ დიმა მოვიდოდა ჩვენთან. ისიც მითხრა, რას აპირებდა...
-და დაგითანხმა წამოსვლაზე, -თავი გააქნია ანდრომ, ჩაეცინა მწარედ. -არ წახვალ, თუ არ გინდა.
-და უკეთესობისკენ შეიცვლება ამით რამე? სულ სახლში უნდა ვიყო გამოკეტილი, სანამ გიგის უდანაშაულობა არ გაირკვევა და ნამდვილ დამნაშავეს არ დაიჭერენ? რადგან დიმამ აქ მომაკითხა, ესე იგი მართლა ვჭირდები ხვალ. მაინტერესებს რაში. თქვენი ვარაუდები საკანდელიძეზე გასაგებია, მაგრამ მე ზუსტი პასუხები მჭირდება.
-უშენოდაც გავაკრვევთ მაგას.
-ვერ გაარკვევთ. ხვალ თუ არა სხვა დროს მაინც მომიწევს გამოჩენა, ვიღაცას ისევ მოუნდება ჩემი ძალით წაყვანა. იქნებ იმ ბიჭმა იცის საერთოდ რაიმე? საკანდელიძის შვილმა.
-შენ თუ გგონია, მაგას ვინმე მიგაკარებს, ძალიან ცდები, ნანა.
-მე არ მივეკარები, თვითონ მოვა ის, ვინც მელოდება ხვალ იქ.

*
უღიმღამოდ გაემზადა. ლუკმა არ გადასვლია მთელი დღის განმავლობაში. წარმოდგენაც არ უნდოდა იმ წუთების, დიმასთან ერთად რომ უნდა გაეტარებინა ერთ პატარა, მოხუთულ სივრცეში.
გრძელი, ზურგამოღებული შავი კაბა ჩაიცვა. იცოდა, როგორ აღიზიანებდა დიმას მისი თამამი ჩაცმულობა და ისიც იცოდა, როგორ გაგიჟდებოდა, როცა ვერ აუკრძალავდა ამას ანდროს წინაშე. მანტო მოიცვა და გრძელი, წაბლისფერი თმა ჩამოიყარა ჩამოთლილ მხრებზე.
წითელმა ტუჩსაცხმა ამოუნათა მშვენიერი სახე და თვალები. ანდროს ჩაცმულობაზეც ეტყობოდა, რომ არ ადარდებდა ეს საღამო და ნანას გამო მიდიოდა მხოლოდ.
-რა ბლანკოს ქვრივივით ჩაბნელდი, გოგო? -უკმაყოფილოდ შეათვალიერა სამგლოვიაროდ გამოწყობილი მეგობარი ილომ. ევას გადახვია თან ხელი, მასთან ტოვებდნენ უმცროს დას საიმედოდ.
-გაჩუმდი რა, რომ არ გესმის მოდა! -დაეჯღანა ნანა.
ფანჯრიდან გადაიხედა ილიამ. მომდგარიყო იქ უკვე ირაკლის მანქანა.
-შენი ციმბირელი კაროლიც მოვიდა, -წაიღიღინა და დააიგნორა ანდროს წარბებშეყრილი გამომეტყველება.
დას გადმოხედა მერე.
-რა უნდა აქ? -თავადაც გადაიხედა ფანჯრიდან ინფორმაციის გადასამოწმებლად. ჯიბიდან ამოიღო ტელეფონი და დაურეკა თან. -მე მოვიყვან, მიდი შენ პირდაპირ.
უთხრა მშვიდად და სახლიდან გაიყვანა თავისი და.
არაფრით დაანება დიმას, როცა ნანასთან ერთად მოინდომა მგზავრობა.
-ცალკე რაღატომ მოდიხარ? შენც ჩაჯექი მაშინ ჩვენთან. უხერხულია, ხალხი ასე დაფანტულებს რომ დაგვინახავს. -გაიბრძოლა დიმამ კიდევ ერთხელ და დაცვას ანიშნა, დაექოქა მანქანა.
-როგორც ვცხოვრობთ, ისე დაგვინახავს ხალხი. ჩაუჯექი შენს კაცს და მე მოვიყვან-მეთქი ჩემს დას. -ზათქით მიხურა ნანასთვის გამოღებული კარები, -შენ მართლა გგონია იმ ღამის მერე მანქანაში ჩაგისვამ? დროზე წადი, სანამ გადავიფიქრე საერთოდ.
ფერი ჩამოერეცხა სახიდან დიმას. მწყრალი თვალებით გახედა უდარდელად მომზირალ ნანას. შეუდარებელი შეგრძნება იყო, როცა იცოდა, ვეღარ შეძლებდა დიმა მასთან მიკარებას უკითხავად. კმაყოფილი წავიდა ანდროს მანქანისაკენ.
ანდრომ კიდევ გაუცვალა ერთი-ორი სიტყვა დიმას, რომელიც დანებდა საბოლოოდ, მაგრამ მანამ არ გავიდა ეზოდან, სანამ შვილები არ დაიძრნენ პირველ რიგში.
-გვერდიდან არ მომცილდე, იცოდე.
-კარგი.
-ზედმეტად არავის დაელაპარაკო. არავის არაფერი უთხრა. გიგიზე არაფერი იცი, ხომ გაიგე?
-გავიგე, ანდრო, ნუ ღელავ. გიგიზე არაფერი ვიცი მართლა და რა უნდა ვთქვა?!
სიჩუმე ჩამოვარდა წამიერად. ირაკლიც იქ იქნებოდა, მასზე კრინტიც არ დაუძრავს ანდროს. როგორ უნდა მოქცეულიყო მის გვერდით? უნდა გამოეყენებინა მისი მფარველობა ყველას წინაშე, როგორც სანდრო მაჩაბელმა ურჩიათ?
-ირაკლისთან როგორ დავიჭირო თავი? -იკითხა ბოლოს მაინც, მორიდებით გახედა.
-როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ. -მოუჭრა მოკლედ. -მის გარეშეც არავინ შეგეხება. დანარჩენი შენ გადაწყვიტე.
-კარგი. -სუსტად გასცა პასუხი. რა გაეგო ახლა? როგორ მოქცეულიყო საერთოდ?
მდიდრულად ბრჭყვიალებდა რესტორანი. ეტყობოდა გარემოს, როგორ სტუმრებსაც უწევდა მასპინძლობას. ყველა ისე იყო მორთულ-მოკაზმული, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვის უფრო ძვირადღირებული ტანსაცმელი ეცვა იმ დღეს.
არ მოეწონა ნანას იქაურობა. უფრო მეტად აეკრო ანდროს და გამობრუნება მოუნდა მაშინვე. შორიდანვე შენიშნა ირაკლის სხეული, ზურგიდანაც იცნო მისი ძლიერი, მოხატული კისერი, გაშლილი მხრები და საფირმო დგომა.
მოარიდა თვალი მაშინვე. ანდროს თანდასწრებით ვერ მიაშტერდებოდა ამდენ ხანს.
მათკენ წამოვიდა ირაკლი. გზაში ესალმებოდა ხალხს. როგორღაც ყველამ იცოდა მისი სახელი, ყველა იცნობდა. თითქოს არასოდეს წასულა აქედან. იქნებ, არც წასულა. ნანამ ხომ არ იცოდა მასზე არაფერი?
-რატომ გაჯიუტდი? -ხელი ძლიერად ჩამოართვა ანდროს. აგრძნობინა, რომ ეწინააღმდეგებოდა მის გადაწყვეტილებას.. რომ არ მიაკარა ნანას მაინც.
-ნუ ერევი, ირაკლი. არ სჭირდება ნანას შენი დაცვა.
-ხო? -თვალები დააწვრილა, ისე ხმადაბლა საუბრობდა ტუჩებს არ აშორებდა ერთმანეთს. შეზარა ნანა მის თვალებში დანახულმა სიმკაცრემ და ბრაზმა. -იცი რამდენი თვალია ახლა შენს დაზე მომართული? იცი რამდენი კაცითაა საკანდელიძე მოსული? ეს დაცვა რესტორნის არ გეგონოს, ჩემამდე ვინმე თუ შეეხება, ჩათვალე დაუთმე იმათ შენი და.
-ანდრო, -შეშინებულმა გადახედა ძმას, ძალიან არ სურდა ახლა ასეთი დამფრთხალი და გატეხილი გამოჩენილიყო, მაგრამ ერთიანად იგრძნო თითქოს ყველას მზერა. -სახლში მინდა.
-ნუ გეშინია შენ, -თავზე გადაუსვა ხელი და აკოცა იქვე თავის დას, ირაკლის გახედა მერე უცნაური თვალებით.
-იმ სახლის წინაც თავიანთი ხალხი ჩაგიყენეს, სადაც შენი პატარა და დატოვე. -განაგრძობდა ირაკლი მშვიდად დაუნდობლად მწარე სიტყვების თქმას, -იმ ექთანი გოგოს სახლის წინაც.
გაუქვავდა ანდროს მასზე მოხვეული ხელი.
-ხაფანგია. -ორივე ხელი ჩაიწყო ირაკლიმ ჯიბეებში, მიანიშნა მათ, რომ არ უნდა ჰქონოდათ ასეთი შეძრწუნებული სახეები. -არჩევანის წინაშე ისინი დაგაყენებენ, მე ისედაც შენს მხარეს ვარ.
-შენ რა იცი? ნუ შემშალე! საიდან იცი შენ! -დაისისინა ნანამ. არ უნდოდა დაჯერება მისი ნათქვამის, თორემ ეჭვიც არ ეპარებოდა ყველაფერი რომ იცოდა ირაკლიმ. -ანდრო, წადი სასწრაფოდ.
-მამაშენის ხალხს ვერ წაიყვან, გაფრთხილებული არიან. უკვე ჩემები დავგზავნე. -თვალი თვალში გაუყარა ანდროს ირაკლიმ. ცეცხლისმფრქვეველ მხეცს ჰგავდა იმ წამს, ისეთი უყურებდა დიმას.
-ვაუ! ეს მშვენიერი ქალბატონი ვინ არის?! -ორივე ხელში შამპანური ეჭირა ახალგაზრდა კაცს, სიმპათიური იყო, მაღალი, წაბლისფერთმიანი. ბედნიერი სახით მოდიოდა მათკენ. გულმა უგრძნო ნანას, ეს უნდა ყოფილიყო საკანდელიძე.
ერთი ჭიქა ნანას გამოუწოდა, თავი დაუკრა დანარჩენ ორს. მზერით მოკვლა რომ შეიძლებოდეს, სისხლში უნდა გორაობდეს უკვე საკანდელიძე, მაგრამ ზედმეტად გამხიარულებული ჩანდა შექმნილი მდგომარეობით.
-არ გამაცნობ შენს დას, ანდრო? -ჭიქა გაუწოდა ქალბატონს ქედმოხრილმა.
ღიმილით იუარა ნანამ.
ირაკლიმ აართვა ხელიდან მის მაგივრად ჭიქა და იქვე გადადო ამაღლებულ მაგიდაზე, ყვავილებით გაძეძგილი ლარნაკის ქვეშ.
-ნანა, -დაასწრო თავდასასხმელად მომართულ ანდროს ნანამ, მაჯაზე დაქაჩა სასწრაფოდ. -თქვენ?
-ვაკო საკანდელიძე, თქვენი მონა მორჩილი, უმშვენიერესო ნა-ნა.
ყველა სახსარი და მყესი ერთიანად გამოეკვეთა ირაკლის სხეულზე მისი ლაქლაქის მოსმენისას. თვალებით ანიშნა ანდრომ რაღაც და თითებით მიანიშნა მანაც ნანას თავისკენ, ამოტრიალებული დაუხვედრა ხელისგული, გამზადებული ხელასაჭიდად.
კანკალით შეახო თავისი გაყინული თითები მის ხელისგულს ნანამ. მაგრად მოუჭირა და დაქაჩა თავისკენ ირაკლიმ. მანტოს ქვეშ, შიშველ წელზე შეუსრიალა და მარტო დატოვა ანდროსთან ვაკო.
-არ მინდა ძალით გაგათრიო გარეთ, ამიტომ შენით გამობრძანდი. -წაუსისინა ანდრომ. ძლივს იკავებდა თავს აქავებული ხელები რომ შეეკავებინა ჯიბეებში.
-შენ და ირუშა ერთი „პაკალენიის“ ხალხი ხართ, რა! რას იბღვირებით? -უდარდელად გაჰყვა ვაკო უკან ანდროს. როგორც კი გავიდნენ შენობიდან, აუქნია მაშინვე ჭიქაზე ხელი ანდრომ. ლაწანით დავარდა პრიალა კაფელზე ნახევრად გამოცლილი შამპანურის ჩამოთლილი ჭიქა, ფეხსაცმელზე დაეღვარათ გასროლილი ნაშხეფები.
ხელი წაუჭირა კისერში და ააკრა კედელზე მაშინვე ახროტინებული საკანდელიძე.
ველურს ჰგავდა, ძლივს იკავებდა თავს ხორხში რომ არ ჩაფრენოდა თითებით და ამოეგლიჯა, იქვე რომ დაესრულებინა თავისი უბადრუკი სიცოცხლე.
-თქვენ რამდენს ბედავთ? ჰა? -დაუჩურჩულა ხმადაბლა, წითელ ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან, ტუჩები გაუთეთრდა ბრაზისაგან. ვერ მოერია ვაკო, ფართხალებდა კედელზე მიკრული, ერთიანად აწითლებული უჰაერობისაგან. -ბავშვს ვინ დაუყენეთ სათვალთვალოდ, რა გინდათ, ამოგხოცოთ სუყველა თქვენი პარტიის შტაბ-ბინაში? ზემოდან დაგაკლავ მამაშენს, შე ძაღლის შვილო, ჩემს დაზე რამე როგორ გაიფიქრე?
შეუშვა, რომ ლაპარაკი შეძლებოდა, რომ გამოეძალა საჭირო ინფორმაცია დროულად და გაცლოდა აქაურობას.
-რას ლაპარაკობ? -ხროტინით ამოთქვა ვაკომ, ყელზე იჭერდა ხელებს ამჯერად თვითონ. -რა თვალთვალი, გაბერე შენ, ბიჭო?
-მოგკლა? -ისე მოუქნია ხელი, ძვლების ჭახანი გაისმა გაყინულ ჰაერში. -დროზე! მამაშენთან დარეკე და ყველა გაიყვანოს ორივე ეზოდან! ცოცხლად დაგმარხავ იცოდე შენივე ეზოში, დედაშენმაც რომ ვერ გაგიბედოს დატირება, ისე!
-ნეტა იცოდე, რა არასწორ ადამიანს უქნევ ხელს. -უკან დაიხია ვაკომ. მოწმინდა სახეზე ნიაღვარივით დადენილი სისხლი. წითელმა ჩამოურეცხა თითქოს წეღანდელი მხიარული განწყობა.
-ვაკო, შემომაკვდები.
-ირაკლი კარგად მოგიფიქრებია ისე. მშვენიერი უსაფრთხოების გარანტიაა შენი დისთვის. არც იმან იცის ალბათ ჯერ, არჩევანის გაკეთება რომ მოუწევს... ან გიგის გამოშვება ციხიდან, ან ნანას გამოშვება... ჩემთან.
-შენთან, -ხმამაღლა გაიცინა ანდრომ, -შენ რა გგონია... არსებობს რამე იმდენად მნიშვნელოვანი, რის გამოც ჩემს დას გაგატან შენ?
-მისი სიცოცხლე არაა შენთვის საკმარისად მნიშვნელოვანი?
-ომი გინდათ? იარაღი კი არა, შენი თვალი რომ მიემართოს ჩემს დას, დაგხოცავთ. ცალ ფეხზე ის მტკიცებულება, შენ რა გგონია, ციხემდე მიასუნინებს ვინმე იმ საცოდავს, როცა გავიგებთ ვინ არის?
-ირაკლისთვის გემეტება და ჩემთვის არა? -ზურგით მიეყრდნო იმ კედელს ვაკო, რომელზეც წეღან ახრჩობდა ანდრო. ახლაც დაჭრილი მხეცივით სუნთქავდა.
-ირაკლის ედრები? -ირონიულად ჩაეცინა ანდროს. ზიზღით მოათვალიერა მისი სხეული.
-ხო, ვერ შევედრები. მაგას კარგი მამა ჰყავდა, ჩემი… -მაინც ვერ გაბედა ხმამაღლა თქმა, დანანებით გაიქნია თავი მხოლოდ. -მე არ ვიცი, მამაჩემმა რა გააკეთა და ვის ვინ მიუგზავნა სათვალთვალოდ. არაფერს მაგებინებს. რაც გავარკვიე, ისიც დამოუკიდებლად. მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემთან ერთად უნდა გავიდეს ამ საღამოს შენი და აქედან. მოგიწევს არჩევანი გააკეთო, როგორც ჩანს. თუ დამიჯერებ, თქვენს მხარეს ვარ მეც და ტყუილად გამიტეხე ცხვირი…
წრე (V თავი)

Who could ever leave me, darling,
but who could stay….

დარბაზში ყველას შენარჩუნებული ჰქონდა სადღესასწაულო განწყობა კუთხეში მიყუჟული, დუჟმორეული ზვიად საკანდელიძისა და არანაკლებ გაღიზიანებული დიმა ჩადუნელის გარდა. მათ ირგვლივ დუღდა ურთიერთდაპირისპირებით ამყრალებული ჰაერი. ვერ ერეოდა ორი ბინძური ხელი ერთმანეთს. გამეხებულიყო ზვიადი. თავისი უსაფრთხოების გარანტია იმ ადამიანის გვერდით იდგა მის თვალწინ, ვისგანაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა დაცვა.
ყელში აჭერდა ბოღმა და ზიზღი, ისეთნაირი მხოლოდ ბოროტს რომ შეუძლია იგრძნოს, უმიზეზო და უსამართლო.
-სახე დაიწყნარე, ზვიად! -თეთრი, მშრალი ღვინო განერვიულებული სახით შესვა დიმამაც. ის ყველაზე მეტად ცდილობდა არ შეემჩნია ვითარების სირთულე.
ნანა კილომეტრიდანაც გრძნობდა მამამისის დაძაბულობას, დამფრთხალ თვალებს, ხაფანგთან მიპარული ვირთხასავით რომ აკვესებდა, როცა ხალხს აკვირდებოდა მათ ირგვლივ.
-რა დამაწყნარებს? შუბლს რომ არ გიხვრეტ, არ გიკვირს?! თქვენ მიღალატეთ, პირობა გატეხეთ!
-შენი ჭირიმე, ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს დიდი პირიანი ვინმე მყავდე. არაფერი მოხდება-მეთქი, რომ ვამბობ, ასე არის ესე იგი! -ყელში წაჭერილი ჰალსტუხი შეიხსნა დიმამ, ჭირხლივით გამოყროდა სახეზე განერვიულებულს ოფლის ნაპერწკლები.
რომ შეძლებოდა… ირაკლი რომ არ მდგარიყო მის გვერდით, მიაკლავდა ალბათ ნანას დიდი სიამოვნებით.
-ბარათელს უთხარი, დაემშვიდობოს თავის სკამს, შენ კიდევ დაპირებულ მილიონებს!
-დაწყნარდი-მეთქი, -კუთხეში გაათრია მაჯით დიმამ ზვიადი. კარგად დაზვერა მანამდე, ხომ არავინ შეამჩნია მათი საქციელი. -ვინ მოკლა ის ბიჭი? შენ თუ შენმა უვარგისმა შვილმა? ეყო იმას მაგისი გამბედაობა ადამიანი რომ მოეკლა?
-ვაკოს გაეშვი! -მხეცის გაუხდა თვალები ზვიადს.
ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება გამოიკვეთა მათ შორის, ორივე ამჩნევდა ამას ძალიან კარგად, ღირსება აღარ შერჩენოდა არცერთს, თუმცა მამობრივი ინსტიქტი ჯერ კიდევ ცოცხლობდა ზვიადის გამძვინვარებულ თვალებში.
-აბა, შენ მოკალი, კაცო? რად გინდოდა იმ უბადრუკი ბიჭის სიცოცხლე… კარგად კი გამოიყენე უდანაშაულო ადამიანი შენი პოლიტიკური მიზნებისთვის. -ცივად ჩაიცინა დიმამ. -იცი, მე რას ვერ ვხვდები? უკან რატომ იხევ… შენ ხომ მართალი ხარ?!
-ბარათელს თავიდან ვიშორებ, შემდეგი არჩევნები ჩემია, ეს შენთვის უკან დახევას ნიშნავს, დიმიტრი?!
-მე კი მგონია, გელა რომ თხრის, ის ორმო შენ გამოგაცლის ფეხქვეშ მიწას… ვისი გეშინია ასე, იმის?- ირაკლისკენ გაიწვდინა ხელი დიმამ, -რატომ გეშინია ირაკლისი?!
-როგორ გიყვარს ბოდვა! ან შენი ქალიშვილი დაჯდება ჩემს სახლში, ან ციხეში ამოლპება გიგი ბარათელი. გადაეცი ეს შენ მეგობარს, არამგონია, შენთან მეგობრობის სურვილი გაუგრძელდეს რომ გაიგებს, როგორ დააღალატე!
-გელა ისედაც წინააღმდეგია ამის, -წაუსისინა დიმამ, არ ეტყობოდა მას არც შიში, არც დაბნეულობა, კარგად ეფიქრა თითქოს ამ ყველაფერზე. -მე არ მაწყობს ამ საქმის გაწელვა!
-ხო… -გააკანტურა თავი ზვიადმა, -შენ თითქოს გელაზე ფიქრობ, მისი მართალი შვილის ბედი გაღელვებს, არადა… ხალხი გჭირდება მთავრობაში, მშვიდად რომ განაგრძო ბიძნური საქმეების კეთება. შვილიც კი არ გადარდებს, რა ნადირი ხარ ასეთი?
-ჩემი შვილი კარგ ხელში მოხვდება არა, ზვიად? -ეშმაკურად ახედა საკანდელიძეს.
-შენს შვილს ფეხებთან მოგისვენებ, როცა ფეხი დაგიცდებათ და პირობას არ შეასრულებ. გაფრთხილებ, იცოდე, მომაშორე ირაკლი!
-ირაკლისთან დაჯახება არ მინდა. -გუწლრფელად აღიარა დიმამ, გახედა კიდევ ერთხელ თავის ქალიშვილთან მდგომს ოთახის მეორე ბოლოში. ვერ დამალა ბრაზი და უკმაყოფილება, -ჩემს გოგოს დავითანხმებ. აქ ჩემს გასამწარბლად გამოცხადდნენ ერთად.
-თავს მაგით იმშვიდებ, ხომ? ჰგავს ახლა ის რამის მარტივად დამთმობს? მასაც გინდა გადამამტერო, არა?!
-ირაკლი მაშინვე უკან დაბრუნდება, როგორც კი გიგის უდანაშაულობას დაამტკიცებს. ჩემი გოგო შენი ბიჭის გვერდით დაიძინებს მაგ დროს. რა ვერ გაიგე, ბოლო-ბოლო?! დაწყნარდი და მაცადე საქმის გაკეთება!

დიმას გარემოცვაში მშვიდად ყოფნას არ იყო ნანა მიჩვეული. ახლაც, როცა ასეთი ქოფაკი მზერით მისჩერებოდა ქალიშვილს, ხვდებოდა, საკუთარი ნებით გაყო ყულფში თავი.
დიმა არ სწყალობდა ქალებს მის ირგვლივ. მარტო სასტიკი და შეუბრალებელი კი არ იყო მათ მიმართ, ზოგადად, პატივს არ სცემდა საპირისპირო სქესს. მანდილოსნების სადღეგრძელოსაც დამცინავი გამომეტყველებით ამბობდა სუფრაზე, როცა ღვინით სავსე ჭიქას სწევდა ჰაერში.
ამიტომ არასოდეს უკვირდა, რატომ აირჩია ის ქალი, ვინც ვაჟი გაუჩინა მას. რატომ აირჩია ანდრო.
-სად არის ამდენ ხანს?! -მოუთმენელი მზერით ახედა ირაკლის, როდესაც კიდევ ერთი მოსაუბრე გაშორდათ და მარტო დარჩნენ, როგორც იქნა. ოდნავ დაიკლაკნა ნანა მის მკლავებში. უხურდა კანი სიახლოვისაგან, ვეღარ სუნთქვდა. -დაგინახეს უკვე, არ არის ფათური საჭირო.
-დასანახად არც ვაკეთებ, -ოდნავ მოუჭირა თეძოზე ხელი ირაკლიმ, რომ გაჩერებულიყო ერთ ადგილას. გააჟრიალა ნანას.
-ხომ კარგად იქნებიან ჩემები? -ქვემოდან ისეთი უიმედო თვალებით ახედა ნანამ, წამიერად სხვა ვერაფრის დანახვა შეძლო მის გარდა ირაკლიმ. ისე მოატრიალა თავისკენ მკლავი წამითაც არ მოუშორებია.
-კარგად არიან უკვე.
-რა იცი შენ?
ისევ დაუგრძელდა და დაუწვრილდა ტუჩები ირაკლის ამ კითხვის გაგონებისას. ლავიწზე გადაფენილი თმა გადაუწია ზურგს უკან. ხარბად დააკვირდა ხალებით შექმნილ თანავარსკვლავედებს მის მხრებსა და მკერდზე.
-ვიცი.
-საიდან იცი ყველაფერი ყველაზე ადრე? როგორ აგვარებ ყველაფერს უცებ? ან ამათ რატომ ეშინიათ შენი? რატომ ხარ მაინც და მაინც შენ ჩემი ხელშეუხებლობის გარანტია და არა ვინმე სხვა… ვინ ხარ შენ, ირაკლი?
-არ გინდა მაგის ცოდნა შენ, ნანა.
-მინდა და ამიტომაც გეკითხები. -ყელი მოიღერა უფრო მეტად. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ხელს უწყობდა ახლოდან დაენახა მისი თვალები, სუნთქვასაც კი გრძნობდა შუბლზე. -არ მენდობი? ხომ არ გგონია სიუჟეტს ჩავწერ შენზე…
-რა ვიცი, გენდო?
სახე წაეშალა ნანას. საშინლად დასწყვიტა გული ამ შეკითხვამ. უკან უნდოდა გადაედგა ნაბიჯი, უარესად რომ დაქაჩა ირაკლიმ თავისკენ. მაგრად მიაწება მკლავი წელზე, არ მისცა მოშორების უფლება.
-შენ მე შეხების უფლებას გაძლევ, კიდევ ფიქრობ რომ ამის მერე წავალ და რამე ისეთს გავაკეთებ…
-მე არ მითქვამს, არ გენდობი-მეთქი. რატომ აფეთქდი?!
-ნუ მაფეთქებ! -ველური გაუხდა თვალები. ერთი სული ჰქონდა ასე შემოეხედა ისევ მისთვის ნანას. აგიჟებდა ასეთი შეუპოვარი, ენერგიული რომ ხდებოდა. -კრიმინალი ხომ არ ხარ? კონტრაბანდისტი? შენზე დგას მთელი ქვეყნის ეკონომიკა? ამიტომ გიფრთხიან?
-ხანდახან მავიწყდება ჟურნალისტი რომ ხარ. არც ერთი მათგანი.
ხალხი ეხვეოდა ირაკლის. ყველას სიამოვნებდა მისი დანახვა, ყველას სურდა სალამი ეთქვა, გასაუბრებოდა, მოეკითხა. შესაბამისად ნანაც ავტომატურად ექცეოდა ყურადღების ცენტრში მასთან ერთად.
-ანდროს ხომ არ დაურეკავ? -ჰკითხა, როცა დაღლილი ჩამოსვა სკამზე იქვე და თავზე წამოადგა თვითონ, ტელეფონში წერდა ვიღაცას. -ჩემი დაჯდა…
წამითაც არ შორდებოდა ნანას, ტელეფონზე მოსაუბრესაც მისკენ ეჭირა თვალი. თითქოს ეშინოდა არ გამქრალიყო.
-სახლში წავიდეთ უკვე, -დიმას გახედა მოწყვეტით ირაკლიმ. წამოაყენა ნანა და
მოაცვა თავისი მანტო.
თავისი ხელით ამოუწია მოსაცმელს შიგნით ჩარჩენილი თმა. განზრახ გაედო იმ ყელზე თითებით, ასე რომ უღერებდა წეღან. თავისებურად მიეფერა დაღლილს.
მოიშორა ნანამ მისი ხელები. ბევრს ნიშნავდა ირაკლის ყოველი შეხება მისთვის. მილიონ გრძნობად იშლებოდა სხეულში და არ უნდოდა, ძალიან არ უნდოდა ასე ეგრძნო თავი იმ ადამიანთან, ვინც არ ეცნობოდა. ვინც ეხებოდა, მაგრამ არ უშვებდა ახლოს.
წარბებაზიდულმა დახედა მის გაბრაზებულ სახეს. არ მისცა სწრაფად წასვლის და გასწრების უფლება. ამოიყენა გვერდით მაინც და შეწყობილი ნაბიჯებით გავიდნენ გარეთ.
დასისხლიანებულ ცხვირს იწმენდდა ვაკო, თავჩახრილი იჯდა ეზოში სკამზე. მოთხვრილი ჰქონდა თეთრი პერანგი. არაფერი დარჩენილიყო მისი პირვანდელი მხიარული სახისაგან, რომელიც გულწრფელი მოეჩვენა ნანას.
-ჩაჯექი და მოვალ, -ორი თითით უბიძგა წელზე ნანას ირაკლიმ, თვალებით ანიშნა მანქანისაკენ.
-სცემა? -შედგა ნანა. საშინლად შეებრალა გასართობად მოსული ადამიანის ასეთ დღეში დანახვა.
-ჩაჯექი, ნანა. -გაუმეორა უფრო მტკიცედ ამჯერად. ვერ აიტანა სიბრალულის და ემპათიის ნიშნები იმ ადამიანის მიმართ, ვინც საერთოდ არ იმსახურებდა ნანასგან ამას. თავისი ხელით მიაბრუნა ლამის მანქანისკენ, -მალე მოვალ.
დაემორჩილა. აღარ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის უფლება. თანაც ვალდებულადაც კი ჩათვალა თავი, ხათრით მოჰკიდებოდა მის ბრძანებასავით გაჟღერებულ თხოვნას. ბოლოს და ბოლოს, მთელი საღამო იმდენ ხალხში მხოლოდ იმიტომ გაფლანგა, რომ ნანა ყოფილიყო უსაფრთხოდ, ელენესა და ევაზეც თხოვნის გარეშე იზრუნა.
თვალები მიენავლა უნებურად, რომ გაახსენდა, როგორ მშვიდად იყო მის გვერდით, როცა დიმას თვალებიც ხედავდნენ. არ ეშინოდა მასთან.
დაკვირვებით უყურებდა, როგორ გასცილდა ირაკლი თავის მანქანას ნელი, გამოზომილი ნაბიჯებით, როგორ ამოხედა ქვემოდან ვაკომ.
გული მოეწურა მის შემხედვარეს. არ ჰგავდა ეს ადამიანი დამნაშავეს.
ჩამოსწია ფანჯარა, კარგად რომ გაეგო რაზე საუბრობდნენ. ირაკლის წამიერი გამოხედვით დააკსვნა, რომ შენიშნა მისი საქციელი, მაგრამ მაინც განაგრძო მოსმენა.
-სად წავიდა? -ჰკითხა მშვიდად, გაღიზიანებისაგან დაცლილიყო მისი ხმა.
წამოდგა ვაკო, პირისპირ გაუსწორდა ირაკლის. ხელები, ტუჩები, გულისპირი… სისხლით ჰქონდა მოსვრილი. არ შეეძლო მისი ყურება, ირაკლის პროფილს დააშტერდა ამიტომაც ნანა.
-შენი აზრით, ჯერ ცხვირი გამიტეხა და მერე დამიბარა, სად მიდიოდა? -გაღიზიანდა ვაკო, წარბები აზიდა ირაკლიმაც, მიახვედრა, არ იყო ენის დაგრძელებისთვის საუკეთესო მდგომარეობაში.
-შენ გაგზავნე ის ხალხი?
-კი, -გაღიზიანებულმა მიუგდო, -და მერე აქ მოვედი, თქვენ რომ გეცემეთ.
-ვაკო, არ მინდა უარესი დაგმართო, რატომ არ დაუკვირდები ენას?
-გამოუშვი ის გოგო ჩემთან და მოგვარდება ყველაფერი, -დაღლილი ხმა ჰქონდა. სხეული დაეძაბა ნანას, მიხვდა, მასზე რომ იყო საუბარი. დაეჭიმა ყბები. როგორღაც თვითნებურად არანაირი ძალა არ ჰქონდა შეეჩერებინა ამდენი ადამიანის თავს დამტყდარი უბედურება, მაგრამ მაინც ყველა მისკენ იშვერდა ხელს, როცა პრობლემის მოგვარებაზე მიდგებოდა საქმე. -გამოუშვებენ გიგის, შენც დაუბრუნდები შენს სამყოფელს, მამაჩემი ისევ მოიგებს არჩევნებს, მამამისი ისევ გამდიდრდება… ფინიტა ლა კომედია!
-გიგის ისედაც გამოვიყვან, ფრთხილად იყავი შენი ჩასმა არ დამჭირდეს მაგის გასაკეთებლად. -განზრახ არ ახსენა ნანა. მიახვედრა, არც „ის გოგო“ იყო ნანა და არც თავად იყო სადმე მისი გამშვები.
-უარესებს იზამენ, ტყუილად ჭირვეულობ. მე ამათი ომები და ხელების გასვრა მაგრად მეზარება.
-ცუდი სუნი მცემს, ვაკო. მამაშენი საეჭვოდ იხევს უკან. იცის იმან კარგად, რომ დიმას ნდობა არ შეიძლება. გიგის გამოუშვებს, რომ ჩვენ ზედმეტად აღარ ჩავეძიოთ ამ ამბავს… ნანათი ანდროს გააკავებს მხოლოდ…
-შენ არა? -გული შეუხტა ქალს, მის ფიქრთან ერთად რომ გააჟღერა ვაკომ ეს შეკითხვა. სუნთქვაც კი შეიკრა რამე რომ არ გამორჩენოდა ირაკლის პასუხიდან.
-შენთან თუ იქნება, მითუმეტეს ვერ გამაკავებს.
-მე მართლა აზრზე არ ვარ არაფრის, რა… სიამოვნებით დავგაზავდი ჩემს დასთან ერთად აქედან, რომ შემეძლოს. მე გაგაფრთხილე, ისე… შენ თუ წაიყვან ნანას, არ მოასვენებენ მაგ გოგოს.
აღარაფერი უთქვამს ირაკლის. გამობრუნდა მანქანისაკენ და თვალი არ მოუწყვეტია ნანასთვის, სანამ კარი არ გამოაღო და არ დაჯდა მის გვერდით.
გაუბედავად გახედა ნანამ. არ ნანობდა ფანჯარა რომ ჩამოსწია და ჭორიკანა დედაკაცივით დაუგდო ყური, მოსმენილი ნამდვილად ღირდა ირაკლის გამანადგურებელ მზერად.
-მეშინია, -უთხრა გულწრფელად, მაგრამ არა წატირებით. თითქოს საიდუმლოს უმხელდა. -არ ჩანს ცუდი ბიჭი…
-ხომ არ ჩამოგსვა? -ჰკითხა და მაშინვე დაქოქა მანქანა. ისე გადაიკრა ღვედი, გამჭოლი მზერა არ მოუშორებია მისთვის. -ან რისი გეშინია?
-რომ დღევანდელზე უარესი მოხდება.
-დღეს არაფერი მომხდარა. -მალე მოიტოვეს უკან ეზოში მარტოდ დაყუდებული ვაკოს სხეული. უყურებდათ ისიც.
-შენთვის ეს შეიძლება არაფერია, მაგრამ ჩემთვის არის! ჩემს დას და საუკეთესო მეგობარს ხალხი მიუგზავნეს სათვალთვალოდ, მამაჩემი ჩემზე დაგერშილია, გუშინწინ მოსაკლავად მომდევდნენ.
-არ მოგდევდნენ მოსაკლავად.
-მოსატაცებლად, ბოდიში! -ხელები ააფრიალა ნანამ ჰაერში. -შენთვის ეს არაფერია! ისე მთხოვე მამაჩემის მანქანაში ჩაჯდომა, წარბიც არ შეგიხრია.
-რატომ ჩააჭირე? -წარბშეყრილმა გადმოხედა, -ხომ აგიხსენი ყველაფერი? თან საერთოდ არ მოგიწია იმასთან ერთად მგზავრობა.
-იმიტომ რომ ანდრომ გამითვალისწინა… -ნახევრად ჩურჩულით წამოსცდა.
ღრმად შეისუნთქა ირაკლიმ მანქანაში შემოვარდნილი სუფთა ჰაერი. ქაოსი და სიმშვიდე ერთად შემოჰქონდა ნანას ყველგან, სადაც ფეხს დაადგამდა. მისი გაბრაზებული სუნთქვით იყო სავსე გარემო.
დაუფიქრებლად მოითხოვა მისგან ზედმეტი. თავადაც გაატრიალა თავი ფანჯრისკენ ნანამ.
ორჯერ გადაარჩინა ვინ იცის, რას… ყოველ შემთხვევაში იმაზე უარესისგან ნამდვილად იხსნა, ვიდრე თვითონ შეეძლო წარმოედგინა. იცოდა, დიმა ვერაფერს დაუშავებდა ხალხში გამოჩენამდე, არ შეეხებოდა და ირაკლისგან იმაზე მეტ მფარველობას იღებდა ვიდრე მოთხოვნა შეეძლო მისგან.
ანდროს საქციელი კი უფრო მეტი იყო ნანასთვის, ვიდრე მფარველობას, ყურადღებას და გათვალისწინებას შეიძლება ეწოდოს. მზურნველობა ერქვა, რასაც ვერ მოსთხოვ უცხო ადამიანს, ვერც ნაცნობს, ოჯახის წევრსაც კი, იმდენად ცალმხრივია, იმდენად ნებაყოფლობითი და იმდენად ძლიერი ორმხრივი პატივისცემის, სიყვარულის გასამყარებლად.
გააჟრიალა ამის წარმოდგენისას. აღარ ჰყოფნიდა ნაკადებად შემოფეთებული ცივი ჰაერი ნანას მის გვერდით.
-მადლობა. -უთხრა ბოლოს, როცა ქარს გააყოლა სუნთქვაში ნაფლეთებად შემორჩენილი ბრაზი.
წარბიც არ შეუხრია ირაკლის. მშვიდად ასრიალებდა ხელებს საჭეზე, იცრიცებოდნენ მისი მოხატული თითები სწრაფად მოძრაობისას. მშვიდი, თბილი ჰაერი მოდიოდა მისგან. გადმოხედა მხოლოდ იმის შესამოწმებლად, რომ არ მოესმა ნანას ხმა.
-შეიძლება ანდროსთან დავრეკო შენი ტელეფონით?
უპასუხოდ შეირხა ირაკლი სკამზე, ჯიბიდან რომ ამოეღო ტელეფონი და გამოუწოდა დაუფიქრებლად.
სწრაფად გადაავლო თვალი კონტაქტებს. ნანას ნომერიც კი ჩაენიშნა. წარბებშეყრილმა გახედა გაოცებისაგან, თუმცა აღარ უკითხავს ჩემი ნომერი საიდან გაქვსო, აატრიალებდა თვალებს მობეზრებით და აგრძნობინებდა, რომ მემილიონედ აღარ დაესვა მსგავსი შეკითხვა.
-სად ხართ? -ხმის ამოღება არ დააცადა ანდრომ, ჰკითხა მაშინვე გაყინული ხმით.
-რატო ცემე ის ბიჭი? -შეტევაზე გადავიდა ნანა მაშინვე, არ მიაქცია ირაკლის მზერას ყურადღება.
-სად ხართ?
სულ სხვანაირი გაუხდა ხმა ანდროს. თბილი და მზრუნველი. ნანამ წარმოიდგინა კიდეც, როგორ იღიმოდა ახლა მალულად.
-გზაში ვართ, მოვდივართ სახლში. რა ხდება მანდ? წაეთრნენ ისინი?
-მე რომ მოვედი აღარ იყვნენ უკვე, -ქარი შემოვარდა ყურმილში, გარეთ იყო ანდრო აშკარად. სახლისმიერი სიჩუმე არ მოდიოდა მისგან.
-სად ხარ?
ისე ხმადაბლა ჰკითხა ნანამ, ისეთი გამგებიანი ხმით, თითქოს მიხვდა კიდეც სად იყო, ვისი ფანჯრის წინაშე იდგა ახლა.
-ეზოში. -არ უთხრა მაინც სიმართლე, დაუბრუნდა მის ხმას ჩვეული სიმკაცრე და სერიოზულობა. -მიეცი მაგას ტელეფონი.
თვალები გადაატრიალა ნანამ, უხმოდ გაუწოდა ირაკლის და გამოართვა იმანაც.
ვერ წყვეტდა მზერას მის გამოკვეთილ ყბებს, დაბალ წვერსა და ერთმანეთზე მშვიდად დაწებებულ ტუჩებს.
-მოგწერ მისამართს და მოვალ მეც, -ეს უთხრა მხოლოდ, სწრაფად გაუთიშა.
-რას მიწერ? სად მიდიხართ? არ დავრჩები მე სახლში. -ეზოში შეაყენა ირაკლიმ მანქანა.
მოიხსნა ღვედი და ნანასიც ახსნა. მისკენ მობრუნდა მთელი ტანით და რკინასავით მტკიცე, აპრიალებული თვალებით გამოხედა.
მზერით აგრძნობინა, რომ მისი გადასვლის დრო იყო მანქანიდან.
-მეც მოვდივარ. -გულზე ხელები გადაიჯვარედინა ნანამ მეტი დამაჯერებლობისთვის.
გადმოვიდა ირაკლი მანქანიდან, გამოაღო კარები მის მხარესაც. ეტყობოდა, ლაპარაკით თავის შეწუხებას არ აპირებდა. გააკანკალა მის მზერაზე ნანას.
ხელით ანიშნა გადმოდიო.
-რამე ვერ გაიგე? -მანქანიდან თავი გამოყო ნანამ, მართლა ვეღარ ხვდებოდა საიდან მოიტანა ამხელა გამბედაობა თავზე წამომდგარს ამ ტონით რომ ესაუბრებოდა.
დაიხარა მისკენ ირაკლი, ორივე ხელით დაეყრდნო მანქანას. ცხვირში მოუღიტინა ნანას მისმა სურნელმა.
იმორჩილებდა ნელ-ნელა, ელექვით მოქმედებდა მისი სიახლოვე.
-შენ ვერ გამიგე, მე მგონი. -უთხრა ხმადაბლა, თუმცა იმდენად გარკვევით, იმდენად ხაზგასმით ზედმეტი კითხვის დასმა რომ ვეღარ გაებედა ნანას. -ზედმეტად ხომ არ ჭირვეულობ შემთხვევით?
-მითხარი სად მიდიხართ, რა… -შეეხვეწა ამჯერად, გადმოვიდა მანქანიდან და მანქანასა და ირაკლის სხეულს შორის აღმოჩენილმა სუსტად აიწურა მხრები. -გთხოვ.
წელზე მოხვია ხელი, გამოსწია კარგად მის უკან რომ მიეხურა კარები. ზათქით შეასკდა მანქანას კარი.
-შენს ძმას ჰკითხე, რომ მოვა. მე ხომ არ გითვალისწინებ?
მზაკვრულად მოუჭუტა თვალები, უბიძგა წელზე თან, სადარბაზოსკენ რომ წასულიყო და აწურული წარბებით აგრძნობინა, რომ არც წასვლას აპირებდა სანამ სახლში არ შევიდოდა და რამის თქმას მითუმეტეს.
მაგრად დააჭირა ნანამ კბილები ერთმანეთს. აღარც მოუხედავს მისკენ, ისე შევარდა სახლში გულაძგერებული.

*

ღამე უსაშველოდ ბნელი იდგა. ერთი ვარსკლავიც არ ანათებდა ცაზე მიმართულების საჩვენებლად. მთვარეც დამალულიყო გადაღლილ და გადაცრეცილ შენობებს მიღმა.
-ელაპარაკე ელენეს? -ჩუმად ჰკითხა ილიამ ფანჯრის რაფასთან ჩამომდგარს. ყავის ჭიქისთვის შემოეჭდო თითები. ვერც გრძნობდა რომ სწვავდა.
-კი. -ინსტიქტურად უპასუხა,- არ გაუგია არაფერი…
-ისე ჩუმად გაათრიეს, არც მე გამიგია.
-ანდრო სად წავიდა იცი?
-კი, -სარკასტულად გამოეპასუხა ილო, -ერთი კვირის განრიგი ჩამაბარა წინასწარ, სანამ წავიდოდა… რაო იმ საკანდელიძემ?
-არაფერი, მაგრამ ანდრომ მაინც მოარტყა.
-იმან? -წარბები აათამაშა. -შენმა არიფმა რაო?
-ილიკო გადმოუშვი მეშვიდედანო.
-ხო, ეგ კი გეტყოდა მაგას. ყველას ჩემი სიკვდილი და არ გადარჩენა როგორ უნდა?
-უნდა ვუთხრათ ელენეს? უფრო ფრთხილად იქნება… -სწრაფად შეცვალა ნანამ თემა.
-ჩემი აზრით, მისმა ტურფამ უნდა გადაწყვიტოს ეგ. ეტყვის თუ არა.
-ვითომ რატომ? ანდრომდე ჩვენ ვართ…
-ჩვენი სათქმელი არაა, ნანაკო, ხო იცი?! ნუ გადაახტები. აიფოფრება მერე და რა გაუძლებს მაგას… ისედაც არეული ურთიერთობა აქვთ. შენ გირჩევნია ილოცო, ლალიმ არ გაიგოს ვისთან ერთადაც დაიარები.
-აუ, დედაჩემი… -თითქოს ახლაღა გაახსენდა ნამდვილი ქარიშხალი ნანას, ევას გადმოხედა ცალი თვალით, -დარეკა?
-ხო, სამსახურშია-მეთქი და დაიჯერა.
-კვირაა, რამე უკეთესი ვერ მოიფიქრეთ?! რა გაუძლებს…
-ჩამოსვლაზე ლაპარაკობს.
-მე ევას გაშვებაზე ვფიქრობ, სანამ არ ჩაწყნარდება ყველაფერი. როგორ შევაპარო იმასაც, არ ვიცი.
-ევა უსაფრთხოდაა ხო იცი? შენ ხარ ახლა ბრძოლის ველზე.
-ვინ მაძლევს ევას უსაფრთხოების გარანტიას? დიმა? შენ? ანდრო?
-ირაკლი, -თვალი ჩაუკრა ილიამ, გადახვია მხარზე ხელი და აკოცა თმაზე, -ნუ იჯღანები, დღეს რა კლასნად იმოქმედა?
-ნუ მელაპარაკებით მაგაზე! აღარ მიხსენოთ, რა… რატომ შეუჩნდით შენ და ელენე?!
-ჩვენი მიშელი და ობამა ხართ. გვევასება თქვენი ერთად დანახვა.
-ნეტა არ გაკლდეს! თვითონ საერთოდ არაფერს მიყვება თავის თავზე.
-ვაიმე, „მეგობრობის დღიურსაც“ შეგივსებს… -თვალები გადაატრიალა ილიამ. წარმოუდგენელი იყო მისთვის ირაკლის მხრიდან გულახდილი საუბრები.
-შენ ხომ გვივსებდი მე და ელენეს?!
-სხვებისას ვიწერდი, -ფხუკუნით გაუმხილა წლობით შენახული საიდუმლო, გაოცებით ამოხედა ნანამ, თითქოს ამაზე დიდი იმედგაცრუება არ უნახავს ჯერ ცხოვრებაში. -შტერები რომ ხართ, რამ დაგაჯერათ რო ჩემი საყვარელი მსახიობი მარიო ჩიმარო იყო და საყვარელი მომღერალი ბრიტნი სპირსი? სულ თიკა ჭყონიასგან ვიწერდი ხოლმე. ერთი რამე კი ემთხვეოდა ისე…
-რა ემთხვეოდა ერთი?
-საყვარელი საჭმელი – ღომი…


*

ვერ მოისვენა მაინც, სანამ შემოჩენილი ჭიის გასახარებლად ძველ თანამშრომელს არ დაურეკა არქივში. ლუდმილა ნიქაბაძეს ორმოცდაცამეტი წლის ასაკშიც კი ისეთი მეხსიერება ჰქონდა, ნანა რომ ვერასდროს ინატრებდა. დააფიცა და შეავედრა, არავისთან გამამხილო, ისე გამირკვიეო.
-რად გინდა ისე? -ოდნავ დაიდაბლა ხმა ლუდმილამ, ჭორის სურნელი ტელეფონიდანაც კი სცემდა. -მე კი გაგირკვევ… შენ მაგაზე არ ინერვიულო…
-ისე, პირადი გამოძიებისთვის მჭირდება და შენი იმედი მაქვს მხოლოდ, ლუდმი… სხვა ვერ მიშველის ვერავინ შენ გარდა!
-კარგი ხო, დაგირეკავ ამ საღამოს. -მოკლედ მოუჭრა ლუდმილამ, არ ჩანდა აშკარად კმაყოფილი მიღებული პასუხით, თუმცა ზედმეტად ამაყი იყო იმისათვის ორჯერ რომ გაემეორებინა ერთი და იგივე შეკითხვა.
-რაო? -ოთახში შემოლასლასდა დილაადრიან ევა. ჯერ კიდევ ეძინა სანახევროდ, თმები ჰაერში სასაცილოდ გაფანტვოდა.
მაგიდაზე რომ ჩამოჯდა ნიკაპით ხელზე ჩამოეყრდნო და ისევ მილულა თვალები.
სამზარეულოში თბილი, შავი ჩაის და შემწვარი კვერცხის სურნელი ტრიალებდა. ყველაფერი გადმოელაგებინა სუფრაზე იმ მურაბების ჩათვლითაც არავინ არასოდეს რომ პირს არ აკარებდა.
თვალებით დაზვერა ნანამ სამზარეულო, ანდრო ხომ არ მოდისო.
-კრინტი არ დაძრა იცოდე. -წაუსისინა ცხვირწინ უმცროს დას.
ასე თვალებს მხოლოდ მაშინ აცეცებდა ნანა, როცა ონავრობას ჩადიოდა. ხვდებოდა ევა. ინტერესით აენთო ცისფერი თვალები, შეფხიზლდა ერთიანად.
-ანუ შენ ის ირაკლი მართლა მოგწონს?
-ენა-მეთქი! -მაგრად მოკუმა ტუჩები, რომ არ გაღიმებოდა. სულაც არ მოსწონდა, უბრალოდ ინტერესი ჭამდა. წარმოდგენაც არ უნდოდა, ირაკლის რომ გაეგო მის ზურგს უკან რას ხლართავდა, რას დამართებდა. ერთი გამოხედვით წაასხიპავდა ალბათ თავს და ისე მიაყრიდა მიწას, წარბიც არ შეუკრთებოდა. გააჟრიალა, ცოტა ინანა კიდეც ჭორიკნული საქციელი, მაგრამ აღარ იყო უკან დახევის დრო. -არ მომწონს, უბრალოდ დაინტერესებული ვარ.
-ანუ, ქრაშავ… -წარბები აათამაშა ევამ.
მოსწონდა თავის დასთან ასეთი საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ასაკებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდი იყო, ნანა ყოველთვის თანატოლივით ექცეოდა მას. არასდროს ეუფროსებოდა, სულ უგებდა, მზრუნველობაც ისეთი იცოდა, ყველაფრის სწავლას მისგან ცდილობდა ევა.
-რას ვქრაშავ?
-ეგ ნიშნავს, როცა ადამიანით დაინტერესებული ხარ, მასთან მეგობრობა არ გსურს, თუმცა არც საკმარისად კარგად იცნობ, რომ თამამად თქვა მომწონსო…
-ვიცი, რასაც ნიშნავს! შენ საიდან იცი? -უცებ გადავიდა შეტევაზე ნანა, ახლა გაიაზრა თითქოს უცებ, რომ დიდი იყო უკვე ევა და თავისუფლად შეიძლებოდა ვინმე მოსწონებოდა. -შენც ხო არ ქრაშავ ვინმეს.
-არა… -ხმა წაუვიდა, წამოწითლდა სახეზე. აშკარად ეტყობოდა არ იყო მზად ამაზე სასაუბროდ. -არ ვეტყვი ანდროს, ნუ გეშინია!
-ეს საუბარი გაგრძელდება. ამ საღამოს დოსიე მედოს იმ ყმაწვილის ჩემს მაგიდასთან.
-კარგი, ოღონდ შენც მომიყვები ირაკლიზე, რასაც გაარკვევ.
-შე პატარა! -თმები უარესად აუშალა ნანამ. კისკისებდნენ ანდრო რომ შემოვიდა სამზარეულოში.
დასიებული თვალებით გადმოხედა დებს და ჩამოჯდა მათთან ერთად მაგიდაზე.
-ჩემთვის მოინდომე ასე? -გაოცებით მოავლო თვალი სასაუზმოდ გაშლილ სუფრას.
-არა, ჩვენ სულ ასე ვსაუზმობთ. -მაშინვე იუარა ნანამ.
გატყუებსო, პირით ანიშნა ევამ ,როგორც კი ყავის ჩამოსასხმელად მიბრუნდა უფროსი და. თვალი ჩაუკრა ანდრომ. ისეთი ოჯახური, სუფთა და მყუდრო იყო ის დილა, გეგონებოდათ მთელს ცხოვრებსა ასე ატარებდნენო ერთად.
ლალის ნომერი რომ აციმციმდა ეკრანზე, გავიდა ნანა ოთახიდან. დაკვირვებული მზერა გააყოლა დას ანდრომ, თუმცა ევას მოუბრუნდა შემდეგ ისევ. არ უნდოდა ჩარევა და ზედმეტის ცოდნა.
-ხო, დე… -მშვიდი ხმით უპასუხა ნანამ. ლალი უკვე გაეღიზიანებინა რაღაცას ისეთი სახით ჩასჩერებოდა ტელეფონის ეკრანს.
-რას შვრებით? -ცივად ჰკითხა. მუცელი ასტკივდა ნანას იმდენად უსიამოვნო იყო დედის ტონი. -როგორ გაერთე გუშინ?
-არაფერს, დედა, შენ? -წაუყრუა ბოლო შეკითხვას, ვერ გაიგონა თითქოს.
-როგორ ვიქნები? -თვალები დაიწვრილა ლალიმ, კარგად მიუახლოვდა ეკრანს უკეთ რომ დაენახვებინა თავისი გაწიწმატებული გამომეტყველება ქალიშვილისთვის. გულდამძიმებული მოემზადა ერთი და იგივე სიტყვების მეათასედ მოსასმენად ნანა. -რა მაგალითს აძლევ შენს დას? ილიკოც რომ აგიყოლიებია და მატყუებთ ამხელა ქალს… ეს არის შენი სამსახური? ვიღაც კაცთან ერთად რესტორნებში ბოდიალი? რაო მამაშენმა, მოგიწონა არჩევანი? მაგისნაირია ეგეც? იქ ყოფილა, გავიგე.
-კი, სამსახურის საქმეზე ვიყავი რესტორანში, დედა. რა მოხდა, რა პრობლემაა?
-ვერ ხედავ პრობლემას? მე აქ ვმუშაობ, თქვენ რომ მანდ რამე არ მოგაკლდეთ და…
-ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვაკლია, დედა. არ დაიწყო ახლა თავიდან. -გააწყვეტინა ნანამ, სააბაზანოში შევიდა და კარგად გამოიხურა კარები ხმა რომ არ გასულიყო გარეთ. ცრემლი გაერია ხმაში. სამართლიანად გაბრაზებულსაც კი არ შეეძლო მის წინაშე ხმას აეწია, ან საყვედური ეთქვა.
-რა გაკლიათ? მე გეტყვი შენ რაც გაკლია, ზრდილობა, მადლიერება!
ხმა აღარ გასცა ნანამ. მაგრა დააჭირა კბილები ერთმანეთს და საერთოდ გადადო ტელეფონი.
-არავინ არაა, დედა, -გააწყვეტინა ბოლოს, დაუსრულებლად რომ აპირებდა ლალი ქაქანს. -დაწყნარდი რა… საიდან გაიგე შენ?
-ყველამ დაგინახათ, ნაზის გოგომ ჩაუგდო მზიას სურათი, თხოვდებაო შენი გოგო? მეთქი რა თხოვდება, მე არაფერი ვიცი! თუ რამეს აპირებ მითხარი, ნანა!
-რა გათხოვება, არ გადამრიო ახლა… არაფერი მსგავსი. თუ რამე იქნება, შეგატყობინებ.
-იმედია იმისნაირი არაა… თქვენი ბედოვლათი ძმის.
-მაგვიანდება სამსახურში. კარგ დღეს გისურვებ შენც.

მეწამული დაისი იდგა. თან ითრევდა თითქოს გაგიჟებული ქალაქის ხმებს სისხლისფერ ღრუბლებში ზეცა. ძველებური ანიმაციური ფილმის კადრებივით მიიზლაზნებოდა მის ირგვლივ ადამიანების და სხვა მოძრავი სხეულების გამოსახულებები.
მთელი დღე ლუდმილასგან ელოდა ზარს. ქალი თითქოს განზრახ აჭიანურებდა მისთვის დარეკვასა და ინფორმაციის მიწოდებას, სამაგიერო რომ გადაეხადა არ გამხელილი მიზნისთვის.
სკოლას რომ ტოვებდა გადაქანცული, ბოლო საკლასო ოთახიც რომ გამოკეტა და ბოქლომი დაადო მთავარ შესასვლელს, მაშინ აზარუნდა ტელეფონიც.
-ხო, ლუდმი? -სუნთქვაც კი შეწყვიტა დაინტერესებულმა. იქვე ჩამოჯდა ბეტონის მოაჯირზე, სიბნელეშეპარულ ცას გახედა აღტაცებული თვალებით.
-ვერაფერი, ლამაზო, საერთოდ ვერაფერი. -დანანებით გამოეპასუხა ლუდმილაც, ყრუდ მოესმა ნანას მისი უკმაყოფილო ამოოხრებაც. -საერთოდ არაფერი იძებნება მაგ ირაკლი ნაკაშიძეზე. ოჯახი დაეღუპა ადრეულ ასაკში, მერე ქრება მაგისი კვალი საერთოდ.
იმედგაცრუებულმა ჩამოუშვა ხელები.
-როგორ, ერთად დაეღუპა ყველა და ამაზე პრესაში არაფერი დაიწერა?
-რა დრო იყო მაშინ, შენი ჭირიმე ერთი! იმდენი უბედურება ხდებოდა, ყველა რომ დაიწეროს…
-კარგი, ლუდმილა, მადლობა.
გაღიზიანებულმა ჩაიგდო ტელეფონი ჩანთაში. მიხვდა, ლუდმილა არათუ სიმართლეს უმალავდა, რაც უთხრა ისიც დამახინჯებული რეალობა იყო.
არ გამოპარვია წინა საღამოს საკანდელიძის გამეხებული მზერა, აღელვებული დიმა, თუმცა მოკარება მაინც ვერ გაებედა რატომღაც ვერცერთს. ერთი გადაკრული და გადამეტებული სიტყვა არავის უთქვამთ მათი მიმართულებით, რაღაც ამოუხსნელ ძალას ფლობდა ეს ადამიანი, რის გამოც ასე ერიდებოდა ყველა, რის გამოც უკან იხევდა საკანდელიძეც. სახლისკენ ფეხით გასეირნება ჰქონდა გადაწყვეტილი, ვაკო საკანდელიძე რომ შენიშნა მისი სკოლის ეზოსთან გატეხილი ცხვირით და სერიოზული გამომეტყველებით. მაღალი იყო, კლასიკურად ეცვა და ეტყობოდა აშკარად, რომ არ იყო უბრალო ოჯახის შვილი. რატომღაც ვერაფრით შეჰქონდა ნანას ეჭვი მის კეთილსინდისიერებაში. რომ დაინახა მისკენ წავიდა მაშინვე და წინ დაუდგა.
-როგორც იქნა დაგიჭირე მარტო, -მშვიდად უთხრა, ჩამოართვა ხელი და დატვირთული ჩანთის გამორთმევაც შესთავაზა თვალებით, თუმცა იუარა ნანამ.
-რას აკეთებ აქ?
-სალაპარაკო მაქვს შენთან. ქუჩაში ნუ ჩამომაყენებ ამ სახით, ჩემი გული ვერ გაუძლებს გოგოების უკმაყოფილო მზერას. არ ვარ მიჩვეული.
-აქვე კაფეა და იქ გავიდეთ ფეხით, -უკან დაიხია, როცა მანქანის კარი გამოუღო.
ყველას და ყველაფერს თვალები ჰქონდა მის ირგვლივ. იმაზე სწრაფად მიაღწევდა ანდროს ყურამდე მათი შეხვედრის ამბავი, ვიდრე ქუჩიდან გაუჩინარებას შეძლებდნენ.
აღარ დააძალა ვაკომ. ნელა დაუყვნენ ქუჩას, ტროტუარს გზიდან ჭადრების დიდი ხეივანი ყოფდა. ფოთლები ეფარებოდნენ ლამპიონების ყვითელ განათებას და აჭრელებდნენ ჩაშავებულ ასფალტს.
-ბოდიშს გიხდი ამის გამო, -ცხვირისკენ ანიშნა ნანამ, -არ იფიქრო, რომ მე ჩემს ძმას ვამართლებ ან რამე…
-დაიკიდე. არაა ეგ შენი სანერვიულო, პლასტიკური ოპერაციის თანხას ამინაზღაურებს შენი ძმა. -თვალი ჩაუკრა ნანას. მომხიბვლელი იყო ნახევრად დალურჯებული სახითაც კი.
-რა საქმე გაქვს?
-ქორწილი უნდა დავგეგმოთ, -გადმოხედა ალმაცერად, გაეცინა ნანას შეშფოთებულ გამომეტყველებაზე. -გეხუმრე, მაგრამ მართლა გვაქვს მე და შენ ამაზე სალაპარაკო… შენი ბიჭის ზედამხედველობის გარეშე.
არაფერი უთხრა ნანამ. არ იცოდა, რა უნდა ცოდნონა ვაკოს მასზე და ირაკლიზე, ამიტომ საქმის გაუარესებას ენაზე კბილის დაჭერა არჩია ისევ.
-მაგარი ჩმორი გგონივარ ხო? მამიკოს ჭკუაზე დავდივარ ამხელა კაცი…
-მსგავსი არაფერი…
-კარგი ახლა, ვიცი, რომ გაიფიქრე. ასეც ჩანს და ალბათ ასეც არის ნაწილობრივ, უბრალოდ ამას ჩემი თავის გამო არ ვაკეთებ. მეც მყავს და. ქეთის არსებობამ ამატანინა ანდროს ხელიც. არ ვიცი, ალბათ დედმამიშვილი ერთადერთია, ვისთან გადამეტებულ მოქცევასაც არავის შეარჩენ მარტივად. როცა ორი გყავს და გრძნობ, რომ ვერ იცავ სათანადოდ… რთულია.
-შენს დას რაიმე შეემთხვა? -ხმა დაუსუსტდა ნანას, შეაღეს კაფის კარი და კუთხეში, ყველაზე მიყრუებულ ადგილას ჩამოსხდნენ.
მშვიდი იყო ვაკო, თუმცა ნაღვლიანი ჰქონდა თვალები.
-არა, არაფერი. მამაჩემმა ის მაშინვე გაარიდა აქაურობას, როგორც კი ეს ამბები დატრიალდა. ქეთის ძალიან ვუფრთხილდებით.
-შეგეშინდათ იმ შარს არ გადაყროდა ისიც, რაც მე თვითონ მომიწყო მამაშენმა?! მისით არ ემანიპულირათ… -ტონი ვერ მოზომა ნანამ. აგრძნობინა ვაკოს, აისბერგის მხოლოდ წვერი იყო მისი გამოხედვა და გამყინავი სიტყვები, რომ ბევრად უფრო ღრმა და დამანგრეველი იყო ის, რასაც შინაგანად გრძნობდა ნანა, ვერც ერთი გემი ვერ აუვლიდა გვერდს მთელი.
-ხო. -მოარიდა თვალები ვაკომ. გაიხედა ვიტრინაში თითქოს იქედან ვინმე უკარნახებდა სწორად დალაგებულ სათქმელს. -და ბოდიშს გიხდი, რომ ამის გამო მე შენთან საქმის დაჭერის წინააღმდეგ ვერ მივდივარ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრა ის არის, რომ შენს უსაფრთხოებაზეც ისე ვიზრუნებ, ისე მადარდებს, როგორც ქეთის სიცოცხლე.
-მეც გამაქცევ მასავით? თუ შენ გვერდით მპირდები უსაფრთხოებას? თუ მაგდენი შეგიძლია, რატომ არ არის ახლა შენი და შენ გვერდით? საქმე საქმეზე რომ მიდგეს და მამაშენს ჩემი გამოყენება დასჭირდეს შენი დის, საკუთარი თავის ან შენს დასაცავად, მერე რას იზამ? თუ სიმართლის მხარეს გინდა დადგე, შეგიძლია მამაშენს კაცურად ქმედებისკენ მოუწოდო. ქალიშვილი ქალიშვილის წილ არა?! შენ რა გგონია, მამაჩემი ჩემს დასაცავად თითს გაანძრევს, რამე რომ მოხდეს?! ან ჩემი ძმა დაუშვებს ოდესმე, რომ მე მართლა შენ გვერდით დავდგე საკურთხევლის წინაშე? გულწრფელობისთვის დიდი მადლობა, მართლა ვაფასებ შენს გამბედაობას, რომ მოხვედი და ამის თქმა გამიბედე პირისპირ, მაგრამ არაფერში მჭირდება. შენ ყველაზე კარგად უნდა გესმოდეს, რას ნიშნავს, როცა სათამაშოსავით გექცევიან.
წამიერად დადუმდა ვაკო. თავიდან ისმენდა თითქოს იმ ყველაფერს, რაზეც მილიონჯერ იფიქრა უკვე თავად. გარტყმულ ხელზე მწარე იყო ნანას გულწრფელად ნათქვამი სიტყვები.
ამ სიტუაციაში ყველაზე რთული კი სწორ მხარეს გადასვლა იქნებოდა მისთვის.
-გულის სიღრმეში ძალიან მინდოდა, რომ ცოტა შტერი ყოფილიყავი. -გაეღიმა ბოლოს, მწარედ მაგრამ მაინც. -დამთანხმდებოდი და ამარიდებდი თავიდან ზედმეტ პასუხისმგებლობას, მაგრამ ჭკვიანი ხარ… ცოტა გამაღიზიანებლადაც კი.
-ნუთუ?! -წარბები აზიდა ნანამ, ილიკო მოაგონდა ასეთს რომ უსმენდა, გულწრფელს და მწარეს.
-ხო… მე არ მინდა სისხლისღვრა, ნანა. მამაჩემის საქმეებს დედაჩემის სიცოცხლე და ჩემი და ქეთის ბავშვობა შეეწირა, სილაღე, ბედნიერება, ყველაფერი დავმარხეთ.
-მერე რატომ ეხმარები ახლა ისევ განაგრხოს თავისი საქმეები?
-არ ვეხმარები.
-მაგრამ არც ხელს უშლი, ჩემთვის ეს ორი ერთი და იგივეა. რთული ბავშვობით ვერ გამაკვირვებ, დედა ცოცხალი მყავს, მაგრამ უდედოდ გავიზარდე, იმ კაცს, რომელიც ჩემს ცხოვრებაში იყო დაბადებიდან, მამის როლი არ შეუსრულებია არასდროს. ჩემი და მე გავზარდე და ალბათ მხოლოდ მის გამო გავაკეთებ ყველაფერს. ამიტომ ვერ გამტყუნებ ბოლომდე, მაგრამ…
-შენ გყავს ადამიანები გვერდით, რომლებიც არ მოგცემენ ყველაფრის გაკეთების უფლებას შენი დის გულისთვის, ნანა. შენ ყოველთვის გექნება მიზეზი სწორ მხარეს იდგე, რადგან ბევრი ადამიანი გიმაგრებს ზურგს. ადამიანის იმედზე დიდი ძალა არ არსებობს, რომ სიმართლე დაინახო და მოგინდეს სწორ მხარეს დადგომა. ჩემი დის გარდა ასეთი მე არავინ მყავს.
-ჩემი იმედი შეგიძლია გქონდეს, თუ მენდობი. ჩემი ადამიანებიც ავტომატურად მოგენდობიან, დაგიცავენ, შემოგარტყამენ არასწორად რომ მოიქცევი.
-კიდე ასე თუ უნდა შემომარტყან, არ მინდა. -თავისი ცხვირისკენ მიანიშნა ნანას, ხმამაღლა გაეცინათ ორივეს. -ანუ არ მომყვები ცოლად? ძაან კაი, იმის გადამტერებას კრემლი გადავიმტერო, ეგ მირჩევნია.
-რატო? -სასხვათაშორისოდ ჰკითხა ნანამ.
-ვერ უყურებ, რა სიფათი აქვს? ეგეთი იყო ბავშვობიდან.
-იცნობდი ირაკლის? -გაკვირვებული ხმა ვერ დაიმორჩილა ნანამ, აუციმციმდა თვალები ინტერესით.
-ხო, ჩემი კლასელი იყო. არ ვძმაკაცობდით, მაგრამ არ მერჩოდა. სხვადასხვა მხარეს ვიყავით თავიდანვე ჩვენ.
-რას ნიშნავს? განა რა მხარეები გქონდათ სკოლის ასაკში…
-ოჯახებს ვგულისხმობ. მამაჩემი მაშინ იდგამდა ფეხს პოლიტიკაში, ჯერ მხოლოდ იურისტი იყო იმ დროს. კობა ნაკაშიძე კიდევ ისეთ საქმეებში იყო გარეული, რომ… მოკლედ.. მთლად კანონიერი არ ეთქმოდა. მისი ძმა ოფიციალურად ავტორიტეტი იყო… მან წაიყვანა ირაკლი, როცა ოჯახის წევრები მოუკლეს. ახლა ამიტომაც ერიდება ყველა, მათ შორის მამაჩემიც, ირაკლის იმაზე ღრმად აქვს გადგმული ფესვები, ვიდრე ჩანს. მისი ამოთხრა და ყველას ფეხქვეშ მიწის გამოცლა ერთი იქნება.
-შენ მის გვერდით დამინახე და მაინც მოხვედი ჩემთან სალაპარაკოდ, ხელიც კი მთხოვე ირიბად. შენ არ ერიდები? -ეშმაკურად ჰკითხა ნანამ.
-მე მაგის ფესვებზე არ ვდგავარ, არც ბიზნესი მაქვს, პოლიტიკაც და ეს ყველაფერიც, რუსეთიც, მათ შორის. ერთადერთი ჩემი დით თუ შეძლებს დამაშინოს, მაგრამ ვიცი ამას არ გააკეთებს, მის ბუნებაში არ ზის უდანაშაულოს დასჯა სხვისი ცოდვებისთვის. სანამ ოჯახს არ ამოუხოცავდნენ თვალწინ, ყოველ შემთხვევაში, არ იყო ასეთი ადამიანი, ახლა როგორია, არ ვიცი.
ენა აუკავდა ნანას პირში. უეცრად იგრძნო, როგორ ჩასწყდა ძლიერად გულში რაღაც ლითონივით მძიმე და სუნთქვა შეეკრა.
-რას ამბობ… თვალწინ?
-ხო. არ იცოდი? -უხერხულად იგრძნო თავი ვაკომ, აშკარად მიხვდა, რომ გაუაზრებლად წამოაყრანტალა რაღაც მნიშვნელოვანი, შეირხა ერთ ადგილას. -მეგონა, იცოდი…
-არა… ღმერთო, რამდენი წლის იყო? ან როგორ გადარჩა…
-ცამეტის. მთელი ქვეყანა ლაპარაკობდა მაგაზე მაშინ. როგორ გადარჩა, თვითონ იცის ალბათ მარტო და ბიძამისმა.
-მგონი, ჯობია წავიდე. -ტელეფონს დახედა ნანამ, ელენესგან მილიონი გამოტოვებული ზარი მოუგროვდა ნახევარი საათის განმავლობაში. -იმედი მაქვს, შენ არ შეგექმნება მამაშენთან პრობლემები ჩემ გამო. თუ ჩვენს დახმარებას და უდანაშაულო ადამიანის ციხიდან დახსნაში დახმარებას გადაწყვეტ, იცი, სადაც მიპოვო.
მთელი გზა ის შეგრძნება არ მოშორებია ნანას, რომ უყურებდა ვიღაც, უთვლიდა ნაბიჯებს, სუნთქვას, სად გაიხედავდა და როდის. მილიმეტრული სიზუსტით აკვირდებოდნენ მის მოძრაობებს. მაშინვე ტაქსი გამოიძახა, დაფეთებული ათვალიერებდა გარემოს. არაფერი შეუნიშნავს თვითონ, მაგრამ ის შენიშნეს. ვაკოსთან.

*

საათის ტიკტიკი ისმოდა ოთახში გამაყრუებლად. აქამდე არასდროს შეუნიშნავს ელენეს, რომ ისრები ამხელა ხმას გამოსცემდნენ ნანას მისაღებში.
ნახევარი საათის განმავლობაში სიტყვა არ დასცდენია არც ერთს. ტანსაცმელიც კი არ გამოუცვლია ნანას, ისე იწვა დივანზე და ელენეს კალთაში ჩაედო თავი. ვერაფრით გაბედა ეთქვა ის, რაც ირაკლიზე მოისმინა. გონებით ცამეტი წლის ბავშვს დასტრიალებდა, რომელმაც ერთ დღესაც სრულიად მარტომ გაიღვიძა. ოჯახის წევრები არსად წასულან, იქვე იყვნენ… სისხლში ცურავდნენ უსულოდ. ამას უყურებდა, იმახსოვრებდა… გულში იდებდა…. იქნებ მათთან ერთად ყოფნასაც კი ნატრობდა ასეთი პატარა…
-შენი მონაყოლით არ ჩანს ეგ ვაკო ცუდი ტიპი. -სიჩუმე ელენემ დაარღვია ბოლოს, -მეცოდება კიდეც, რთულია მშობელთან შეწინააღმდეგება, როგორიც არ უნდა იყოს ის.
-ჩემსავით ათამაშებენ მაგასაც, ბოლომდე ამიტომაც ვერ შევძელი გავბრაზებოდი. მე თქვენ მაინც მყავხართ ხელჩასაჭიდი, იმას ვინ ჰყავს? როცა მარტო ხარ უფრო რთულია სწორ მხარეს დგომა.
-შენთვის არ ყოფილა არასდროს.
-მე მარტო არც ვყოფილვარ, -ქვემოდან ახედა ელენეს ლამაზ, მშვიდ სახეს. -თქვენ სულ მყავდით. და სულ მართალი არასდროს ვყოფილვარ.
-კი, იყავი. არასწორ საქციელსაც შეიძლება მოეძებნოს ზოგჯერ გამართლება. მე შენი ყველა ნაბიჯის მესმის.
-ჩემთან ერთად გაზრდილი რომ ხარ მაგიტომ. აბა გიგი ბარათელს ჰკითხე, ვეზიზღები ალბათ. ცოცხალი რომ გამომიშვა გელამ იმ დღეს პოლიციის განყოფილებიდან, ახლაც მიკვირს. როგორ შეიკავა თავი საერთოდ?
-ანდრომ არ უნდა გაიგოს ვაკო რომ ნახე. არც ირაკლიმ… რამეს იეჭვებს, ნანა, ნდობას ნუ დააკარგვინებ.
-მე არ მინახავს, თვითონ დამხვდა და ხომ არ გამოვიქცეოდი? ადამიანურად ვისაუბრეთ ყველანაირი ხელების ქნევის და სისხლისღვრის გარეშე. დავიშალეთ მშვიდობიანად…
-აუხსენი მერე შენ იმათ ეგ, -თვალებით ზემოთკენ ანიშნა, თითქოს ზეციდან გადმოჰყურებდნენ ანდრო და ირაკლი და უკონტროლებდნენ ყველაფერს. -ვაღიაროთ, დიდად სახარბიელო რეპუტაციით არ სარგებლობ.
-შენი აზრით, ნებისმიერს დაიცავდა ის?…-ისეთი თვალებით შეხედა, ეტყობოდა, რომ ადეკვატური და გააზრებული პასუხის მოსმენა რომ არ სურდა დიდად, მაგრამ იცოდა თან, რომ არ მოატყუებდა ელენე არასდროს.
-არ ვიცი, მაგას შენ მიხვდები მხოლოდ.
-და შენ ვერ ხვდები, ჩემს ძმას რომ აწვალებ? -შეუტია ეგრევე, გადაატანინა ყურადღება.
-რატომ დამესხი ახლა თავს? -თმაზე მსუბუქად მოწეწა, გაეღიმა მაინც. -გაურკვევლობაში ხარ.
-ანდროს უყვარს ყველაფერს რომ თავისი სახელი ჰქვია, ელე. და ყველას. ნუ გამოცდი მის მოთმინებას.
-კარგი. -გაპარული ხმით გამოეპასუხა მეგობარს,- ევა სად არის ამდენ ხანს?
-არ ვიცი, ანდრომ წაიყვანა სადღაც. მოვლენ მალე.
-მე გავალ მაშინ.
-კარგი რა, -წუწუნით წამოდგა ნანა, -ასე უნდა ვიყოთ ახლა სულ? რომ მოვა უნდა გაიქცე ყოველთვის?
-არ მივდივარ მაგიტომ.
-კი, ზუსტადაც რომ მაგიტომ მიდიხარ! -წარბები აზიდა ნანამ, მიანიშნა, რომ ვერ მოატყუებდა. -ჩემი და იმ გადარეულის ფსიქოანალიზი მშვენივრად გამოგივიდა და ანდროზე რა გემართება?
-არაფერი!
-არაუშავს, ელენე, ბუნებრივია რომ მის მიმართ გიჩნდება გრძნობები…. -გამოაჯავრა მეგობარი დაწვრილებული ხმით. -ის ხომ მორიგეობის დროს გყარაულობს შემთხვევით და მერე სახლში გაცილებს…

ისე შემოლადგნენ და-ძმა სახლში, თავიდან არც შეუმჩნევიათ ნანას და ელენეს სახეები. თვალები სად წაეღო აღარ იცოდა ელენემ.
ევა მაინც და მაინც ისე დაჯდა, რომ ანდროს მის გვერდით დაუტოვა ერთადერთი თავისუფალი ადგილი.
დაძაბული მისჩერებოდა ტელევიზორს, სუნთქვასაც კი იკრავდა ანდროს რომ არ შეემჩნია ზედმეტად და მისკენ არ გამოეხედა. ის კი ისე იჯდა და ჩაჰკირკიტებდა ტელეფონს, თითქოს საერთოდ არ ადარდებდა ელენეს დაჭიმული სხეული.
მაგრად აჭერდა ტუჩებს ერთმანეთს, რომ არ გაღიმებოდა. თან სული ელეოდა ისე უნდოდა შეეხედა, გამოლაპარაკებოდა და მისი ხმა გაეგო, ისეთი, როგორიც მხოლოდ მასთან ლაპარაკის დროს ჰქონდა ელენეს. ძალიან სხვანაირი. ან იქნებ თვითონ ეჩვენებოდა ასე.
-ანდრო, შეგიძლია დამტენი მომაწოდო? -სასხვათაშორისოდ ჰკითხა ევამ, თითქოს ვერ ამჩნევდა მათ შორის ჩამოწოლილ სასაცილო დაძაბულობას.
ელენე იჯდა მათ შორის და ისე მისჩერებოდა ხმაჩავარდნილ ტელევიზორს, იფიქრებდით ამაზე მეტად ცხოვრებაში არაფრითაა დაინტერესებულიო.
განზრახ გადაიხარა ანდროც ზედმეტად ელენეს მიმართულებით, თითქოს რომ წამომდგარიყო და ისე მიეცა, ვერ შეძლებდა.
მის ზურგს უკან დაეყრდნო სავარძლის საზურგეს ცალი ხელით. ლამის ცხვირზე გაედო, ისე მიიწია ელენესთან. არადა, უფრო მეტად მასთან სიახლოვე უნდოდა, ვიდრე მისი გაწამება ასეთი საქციელით, თუმცა ვერაფრით მოერია თავს, თითქოს შემთხვევით შეეხო ფეხზე ფეხით და კისერზე თითებით, როცა საწყის პოზიციას უბრუნდებოდა.
თვალი ჩაუკრა ევას, როცა თვალი მოაშორა ელენეს და ტელეფონში ჩაძვრა ისევ.
მხოლოდ მას შემდეგ მისცა თავს გაღიმების უფლება, ფეხზე რომ წამოდგა გოგო რამდენიმე წუთის შემდეგ და სამზარეულოში გავიდა დაძალებული სიმშვიდით.
-ნუ იმჩნევ ასე ძალიან რომ მოქმედებს შენზე…-უკან გაყვა ნანაც, თვალებით დაემუქრა ანდროს, რომ მოსთხოვდა პასუხს ასეთი საქციელისათვის.
-არ მოქმედებს! -მეორეჯერაც შეავსო ჭიქა ცივი წყლით ელენემ. ჯიქურ გახედა მეგობარს.
-კარგი, -მხრები აიჩეჩა ნანამ და როგორც კი ანდრო შემოვიდა სამზარეულოში, მარტო დატოვა მაშინვე ორივე.
გამგმირავი მზერა გააყოლა ელენემ, თუმცა ვეღარ გააწყობდა ვერაფერს. ახლაც რომ გაქცეულიყო, ამით მხოლოდ ანდროს დაარწმუნებდა იმაში, რომ გაურბოდა და არ აძლევდა სიამაყე ამდენის უფლებას.
-წყალი გინდა? -ჰკითხა ცივად და ონკანიდან წყალი მოუშვა.
-არა. ყავა. გამიკეთებ?
-ახლავე! -ხმაურით დაადგა ქურაზე ჩაიდანი.
ბრაზი ეტყობოდა მის ყოველ მოქმედებას. ჭიქაც ზათქით დაახეთქა პრიალა განჯინას.
გაღიმებული ამოუდგა ზურგს უკან. ვერაფრით იკავებდა თავს, როცა ასეთს ხედავდა. ლამაზს და მასზე გაბრაზებულს.
-თუ გეზარება, მე ვიზამ…
-არ მეზარება! -ცივად გაუცინა და ერთი კოვზი ყავა ჩაუყარა ჭიქაში. -შაქარი?
-არ მინდა.
სამი კოვზი ჩაუყარა მაინც ელენემ, თითქოს არ გაუგია, რა უთხრა. ზედმეტად ახლოს ედგა ზურგს უკან, მისი სხეულისგან წამოსულ სითბოსაც გრძნობდა უკვე. თითქოს ყოველ წამს ელოდა, რომ შეეხებოდა სადაც იყო.
-კარგი, იყოს სამი… -უცნაურად გაუღიმა ანდრომ, როცა მისკენ მობრუნდა სახეალეწილი.
-უი, არ გინდოდა შაქარი? ვერ გავიგე. უფრო ხმამაღლა მითხარი ხოლმე.
-კარგი, ელე. -მშვიდად დაეთანხმა. უარესად დაასხა ნავთი ცეცხლზე.
-ნუ მეძახი ეგრე.
-კარგი. -გაუმეორა ისევ.
თვალი გააყოლა მის გაბრაზებულ ქმედებას, როცა ადუღებული ჩაიდანი აიღო და ჭიქაში ჩასასხმელად მოხადა თავი. ვეღარ მოზომა და იმაზე მეტი ადუღებული წყალი გადმოღვარა, ვიდრე საჭირო იყო. ლამის მთელი ხელის მტევანი დაიწვა.
-მე თვითონ! -სწრაფად ააცალა ანდრომ ხელიდან ჭიქა და ჩაიდანი, სანამ დაიწვებოდა და შეეწირებოდა ელენე მისთვის ყავის მომზადების პროცესს.
-რა არ მოგწონს?
-ჩემზე გაბრაზებული საკუთარ თავს რომ არ უფრთხილდები, ეგ. -სრული სერიოზულობით გასცა პასუხი. ისე გადაუდგა წინ არ მისცა ოთახიდან გაქცევის საშუალება.
-შენზე რატომ უნდა გავბრაზდე? რა გააკეთე გასაბრაზებელი?
-არაფერი, მაგიტომაც არ მიბრაზდები? -ყავა მოსვა ანდრომ, მზერას არ აცილებდა თან.
გაუღიავდა მწვანე თვალები, უფრო მიმზიდველი და დამაჯერებელი გაუხდა მზერა. წინააღმდეგობის გაწევას რომ გაუსაძლისს ხდიდა ელენესთვის, ისეთი.
-არ გიბრაზდები, ანდრო. არაფრის გამო. გამატარე.
-ვერ გაგატარებ. -დანანებით უპასუხა, მიუახლოვდა უფრო, არსად გაქცევის შანსი რომ არ მიევა.
-რატო? გაიწიე, მარტივია.
-არა, არ არის მარტივი. რთულია ძალიან.
-ჩემთვის არის მარტივი, -დაძვრენა სცადა ელენემ. საშინლად არ უნდოდა გაეგო მისი ორაზროვანი პასუხის შინაარსი.
-არც შენთვისაა მარტივი. -მზერა გააყოლა ანდრომ, მუცელზე ხელის დადებით დააბრუნა უკან. გადადო ყავის ჭიქა.
-არის. შენ გგონია ეგრე.
-ანუ მე მგონია… -თავი გააკანტურა ანდრომ, გადგა მერე გვერდზე და ხელით ანიშნა, გზას გითავისუფლებო.
-იმედია მოგეწონა ყავა! -ყელი მოუღერა სანამ გვერდს აუვლიდა და სწრაფად გავიდა, რომ არ გადაეფიქრებინა მისი გაშვება და უკან მოებრუნებინა ისევ.
-თქვენ… ორიბე დები ხართ მზაკვარი ქალები! -ჯერ ერთისკენ გაიშვირა ხელი გაბრაზებულმა, შემდეგ მეორისკენ. ხმადაბლა უყვიროდა, ანდროსაც რომ არ გაეგო.
-არადა, კარგი წყვილია, არა?! -ეშმაკურად გახედა ევამ უფროს დას.
-შე პატარა მაიმუნო! ხომ არ გავიწყდება, სად დაგინახე და ვისთან ერთად?! -სამაგიეროს გადახდა მოინდომა, ისე ბრაზობდა, თორემ სხვა დროს არ გაუკეთებდა ევას ამას.
-სად დაინახე და ვისთან ერთად?! -წარბებშეყრილი ამოუდგა ანდრო უკან ელენეს, მერე ლოყებაწითლებულ უმცროს დას გახედა ინტერესიანი თვალებით.
-არაა გოგოების ლაპარაკი შენი საქმე! -თავის გადარჩენა სცადა ელენემ, თუმცა გვიანი იყო უკვე.
-რაო, ევა? -თავის დას მიუბრუნდა ამჯერად. იმდენად სერიოზულად მიუდგა თავისი ძმა ამ საკითხს, ენა გაუკავდა ევას. არ იცოდა რა ეთქვა, როგორ აეხსნა მათთვის.
-შენ რომ მოგწონს ჩემი ძმა, კარგია?! -კონტრშეტევა განახორციელა ბოლოს ელენეს მიმართ. ყბა ჩამოუვარდა გაოცებისგან გოგოს, ანდრომ წარბების აწევით გახედა მას, ნანა კი ძალიან ერთობოდა შექმნილი სიტუაციით. პირზე აიფარა ხელი ხმამაღლა რომ არ გასცინებოდა.
-მატყუარა!
-არ ვარ მატყუარა! ნანასთან ერთად რომ ელოდებოდი მაშინ, გგონია დამავიწყდა? შენ ვერ ურეკავდი და ჩემს დას დააძალე ხმამაღალზე ჩაერთო და ისე დაერეკა! თუ არ ქრაშავ, რა განერვიულებდა?!
-რას შვრება? -ნანას ჰკითხა ანდრომ გაოცებული სახით.
-გქრაშავს! -აზარტში შევიდა ევა, აღარ დარდობდა რახან ყურადღება გადაატანინა მის ძმას, ბოლომდე გაწირა ელენე, რომელიც სადაც იყო აორთქლდებოდა, ისე გაწითლდა. -ანუ მოსწონხარ, მაგრამ იმდ…
-ენას ამოგაძრობ!
-რატომ ჩამიშვი?! ისედაც ვაპირებდი თქმას! გეცლია ორი წუთით…
-რის თქმას აპირებდი, ევა? -თვალებით ანიშნა ელენეს, დაჯექი და შენ მერე მოგიბრუნდებიო. უმცროს დას წამოადგა თავზე.
-ჩემს პარალელურ კლასელს მოვწონვარ და მეც მომწონს. -დაიწყო ხმადაბლა. ეტყობოდა რომ უჭირდა ამაზე საუბარი მათთან, მაგრამ არც დამალვა უნდოდა. იცოდა, გაუგებდნენ აუცილებლად და საიდუმლოებით ნდობას გააწვრილებდა მხოლოდ. მას კი ისე უნდოდა ანდროსთან დაძმური ურთიერთობა, ისე უნდოდა ყველა საიდუმლო ეთქვა… -იმას დიდი ხანია მოვწონვარ ოღონდ, მე ეგრევე არ მომიწონებია, ელენე კი არ ვარ.
-შენ ცუდი ბავშვი ხარ!
-მორჩით ახლა, -თეთრი დროშა ააფრიალა ნანამ, -შენ რატომ არ მითხარი, რომ დაინახე ეს ბიჭთან ერთად?!
-გადამავიწყდა… იმდენი რამე მოხდა ისედაც…
-რა მოხდა იმდენი? -საერთოდ დაიბნა ანდრო, გაგიჯდა სამი ქალის ხელში. მთლიანად გამოცალა ყავა და დაჯდა მათ წინაშე.
-არაფერი ისეთი. -მოკლედ მოუჭრა ნანამ, ანდროც მიხვდა რომ ატყუებდა, მაგრამ აღარ ჩაეძია ჯერ. -ვინაა აბა? ამოშაქრე.
-სახელი და გვარი გინდათ?
-ყველაფერი.
-უნდა ცემო? -შეეშინდა ევას ძმის მკაცრი და სერიოზული ხმის გაგონებისას. მოაგონდა როგორ მივიდა სკოლაში მისი დაქალის შეყვარებული გატეხილი ცხვირით, როცა მის ძმასაც გამოუტყდა მიყვარს შენი დაო.
-არ გაუჭირდება. -გაუაზრებლად წამოაყრანტალა ელენემ. საერთოდ ჩაიჩუმა ენა ანდროს გამოხედვისას. იცოდა, ვერ გააღწევდა აქედან სერიოზული საუბრის გარეშე და წინასწარ გამოიგლოვა საკუთარი თავი. ბოდიშის მოხდა მოუწევდა აუცილებლად.
-არაა ჩემი ძმა ეგეთი!
-მაშინ ნუ სვამ ეგეთ კითხვებს. -მშვიდად მიმართა ევას, მასზე იყო მიმართული ახლა ანდროს მთელი ყურადღება.
არ უნდოდა დებთან რამე გამორჩენოდა, რამე შეშლოდა. უნდოდა სწორად მიდგომოდა, შემდეგ რამე მნიშვნელოვანი რომ არ დაემალა.
-ნაყინზე დამპატიჟა უბრალოდ. არ ვაპირებდი დათანხმებას, მაგრამ… მინდოდა.
-რატომ არ აპირებდი აბა?
-თქვენ არ იცნობთ, არ იცოდით მასზე… ვიფიქრე თქვენგან უნდა ამეღო ჯერ ნებართვა, მაგრამ ვერც ტელეფონით გკითხავდით… წინ მედგა.
-შეყვარებულია ანუ? ვერ გავიგე… -გააღიზიანა გაურკვევლობამ და ამდენი ქალით შექმნილმა ქაოსმა.
-ხო, -თვალები დახარა ევამ. ვეღარ შეძლო მეტი რამის თქმა.
ოთხივე გაჩუმდა წამიერად. მისკენ მიჩოჩდა ელენე, აღელვებული რომ დაემშვიდებინა. მიიკარა ევამ. შერიგდნენ უსიტყვოდ როგორც ყოველთვის.
-არ იჩქარო, -დაიწყო მან. ცალი თვალი ანდროსკენაც გააპარა ნანამ, -მესმის ახლა აჟიტირებული ხარ, პირველი შეყვარებული ასეთია ყოველთვის, მას შენ ვერასდროს დაივიწყებ, ამიტომ სასურველია სწორად შეარჩიო შესაფერისი ადამიანი.
-ნუ აშინებ ბავშვს! დარწმუნებული ვარ კაი ბიჭია, ხო, ევა? -ფიქრები გაუფანტა ნანამ. მიეხუტა თვითონაც თავის დას.
-კი…
-და მე როდის გამაცნობ? -ვერაფრით მოზომა ანდრომ უკმაყოფილება. ჯერ არ იყო მზად ევას სიყვარულის იდესთან შესაგუებლად.
-ვერაფრით მოზომა ანდრომ უკმაყოფილება. ჯერ არ იყო მზად ევას სიყვარულის იდესთან შესაგუებლად.
-ყველას ერთად გაგვაცანი, როცა შესაფერისი დრო დადგება. -დარწმუნებით უთხრა ელენემ, ანდროს არ აცილებდა თან თვალს. აქაც ებრძოდა თითქოს.
-მე ცალკე გამაცნობს.
-ნუ ჩხუბობთ, ყველას გაგაცნობთ. მაგრამ ჯერ მხოლოდ ნაყინზე დამპატიჟა…. ადრე არ არის?
-მაგის მიცილება-მოცილება არ გინდა, -ვერ მოთოკა მაინც, ნანა ძალიან ცდილობდა არ გასცინებოდა მასზე, ამიტომ ელენეს უქაჩავდა თვალებს, არაფერი წამოგცდესო.
-მაინც სხვაგან ცხოვრობს.
-თუ არ შემოგთავაზებს მოცილებას სახლამდე, დაშორდი. -დარწმუნებით უთხრა ნანამ, -ყურადღება თავიდანვე უნდა გამოხატოს. ელემენტარულია.
-მართალია. -კვერი დაუკრა ევამაც. -უნდა შემომთავაზოს, მაგრამ მე მაინც უარს ვეტყვი.
-ხო, იმიტომ რომ შენი ძმა მიგაცილებს. -ზედმეტად გამოკვეთა ელენემ ხმა მასზე საუბრისას, ფეხზე წამოდგა წასასვლელად.
-მაგისი ძმა ჯერ შენ მიგაცილებს, -თვალებით ანიშნა დამელოდეო.
გასუსულებმა გააცილეს სახლიდან ორივენი, მიუხურეს თუ არა კარები ხმამაღალი სიცილი აუტყდათ მაშინვე ისეთი მტრული სახეებით შეყურებდნენ ერთმანეთს.
-არ ვარგოდა შენი ყავა, -მიახალა სასხვათაშორისოდ, სანამ მანქანას მიუახლოვდებოდნენ.
-არ დამაცადე გაკეთება და იმიტომ! -ჯიქურ გაუსწორა თვალი ელენემ.
-არ გინდოდა რომ მომწონებოდა. -გაუღო კარი და მიუხურა, როგორც კი ჩაჯდა. არ დაუძრავს მანქანა. -შენ ჩემი უდანაშაულო ადამიანზე ძალადობა სადმე დაინახე, ელენე?!
-არა. -ენა ჩაუვარდა, კარგად მიხვდა რატომაც დაუსვა ეს შეკითხვა. დამნაშავე იყო, ანდრო არასდროს მოქცეულა არასწორად. არც დაუშვებდა, რომ ეფიქრა ვინმეს უსამართლოდ შეეხო ცუდად, დამსახურებულადაც იშვიათად გააკეთებდა ამას, ესეც იცოდა. უბრალოდ ზედმეტად აიყოლია გრძნობებმა.
-აბა რას ნიშნავდა შენი რეპლიკა წეღან?!
-რა იყო, არ ცემე ის ვაკო?! რა დააშავა იმან?!
-დამავიწყდა, რომ რაც ერთმა იცის, სამივემ იცით თქვენგან.
-ევამ არ იცის.
-ილია ვიგულსხმე. -მოუჭრა ცივად, იმდენად გამყინავი გაუხდა მწვანე თვალები, ლურჯად იცვალა ფერი თითქოს წამიერად. აშინებდა ასეთი. -ვაკოს თუ მოხვდა, დამსახურებულადაც…
-გამართლება არ აქვს ძალადობას.
-არ მინდა გადატკეპნილი ფრაზები, ელენე. ხვდები, რასაც ვგულისხმობ. ნუ მებრძვი.
-გეჩვენება, არ გებრძვი.
-არა?! აბა, ჩემს საპირისპიროს რატომ გაიძახი მთელი დღეა? თუ არ მებრძვი, რა მიზანი გაქვს? -წარბების აზიდვით ანიშნა რაც იყო საუკეთესო ალტერნატივა მასთან ბრძოლის – მისი ყურადღების მიქცევა, მაგრამ არ უთხრა მაინც, აწყენინებდა იცოდა და ვერ გაიმეტა საამისოდ.
-ცუდ ხასიათზე ვარ უბრალოდ და შენზე ვიყარე ჯავრი, ბოდიშს გიხდი. -სანახევროდ ტყუილს ჰგავდა, თუმცა გამოდგებოდა მისი პასუხი.
-რატომ ხარ ცუდ ხასიათზე? პირველი სიყვარული მოგაგონდა?
-ხო, როგორ მიხვდი? -ვერ შეიკავა ცინიკური რეპლიკა, მის მზერაზე სწრაფად დაილაგა სახე. -დავიღალე უბრალოდ.
დაძრა მანქანა ანდრომ, გადაიყვანა ტრასაზე და მხოლოდ შემდეგ გადმოხედა გვერდულად მოწყენილს.
-რაღაც გაწუხებს.
-არაფერი.
-ელენე…
ნუ მეძახი ეგრეო, უნდოდა გაეპროტესტებინა, მაგრამ მერე გაახსენდა, როგორც უყვარდა ისე დაძახებაც აუკრძალა.
-დაგინახე გუშინწინ. ის ხალხიც დავინახე ჩემს ეზოში. -ამოთქვა ბოლოს, დაეჭიმა ანდროს მთელი სხეული, -რამდენი ღერი სიგარეტიც მოწიე, ეგეც მახსოვს. ისიც ვიცი, რომ რაღაც წვლილი ამანაც შეიტანა ვაკოს დამსახურებულ ცხვირის გატეხვაში, მაგრამ ეს არ არის სწორი… ვინმემ შენ რომ დიმას შეცდომების გამო დაგასახიჩროს, ალბათ უსამართლობის შეგრძნება დამახრჩობს.
-რატომ დაასკვენი, რომ თავისი დანაშაულის გამო არ მოხვდა? და რატომ ერევი…
-არ მითხრა ახლა, რომ არ მეხება. არ იდგებოდი ჩემი სახლის წინ მაშინ, ასე რომ არ იყოს.
-შეყვარებული გყავდა ჩემამდე? -ისე ჰკითხა სხვაგან დაფრინავდა თითქოს.
-შენამდე რას ნიშნავს, არც შენ ხარ ჩემი შეყვარებული.
-მიპასუხე.
-არ გიპასუხებ. რატო ინტერესდები?
-შენ რატო ნერვიულობ ჩემზე? დაგერეკა თვითონ, თუ გადარდებდი, სიამაყემ არ გაგიშვა?
-რატო მაწამებთ სამივე? ვინერვიულე, ხო! არ შეიძლება? -შეიხსნა ღვედი, როგორც კი გააჩერა მანქანა ანდრომ.
-არ შეიძლება. -ისევ ჩაუკეტა გასასვლელი, რომ არ გაქცეოდა.
-ნუ მაწვალებ, გამიღე.
-შენ რომ მაწვალებ, ელენე?
განზრახ ეძახდა სახელს ასე, იცოდა, არ მოსწონდა. დარწმუნებული იყო ელენე, უნდოდა უკან წაეღო თავისი სულელური მოთხოვნა.
-არაფერს ვაკეთებ.
-აკეთებ. -მიუახლოვდა ზედმეტად. ახლოდან ხედავდა მის ცისფერ, ამღვრეულ თვალებს, ჩალისფერ თმას. -რატომ იძაბები?
-შენ მძაბავ! -გადაწვა ელენე მთელი ზურგით, მტრულად უმზერდა მზაკვრულად მოცინარს.
-ხო? არადა, მე მეჩვენება, რომ გამითამამდი… -მუხლქვეშ ამოსდო ცალი ხელი და მოსწია თავისკენ კარზე აკრული.
ისე ჰყავდა მონატრებული, ვეღარც შეძლო ხელის უკან წაღება.
-და რა… -მის ხელს დააშტერდა ჯერ ელენე, გამოუშრა პირი მღელვარებისაგან. არასდროს უგრძვნია მსგავსი არაფერი, -მომხვდება?!
-კი… -წამების რეჟიმში გადაერთო ანდრო მთლიანად, ზედმეტად ნელა უახლოვდებოდა საკოცნელად, მაცდურად უღიმოდა დაჰიპნოზებულს. მუხლიდან წელზე შეუცურა ხელები. -მაგრამ თუ მეტყვი, ვინ არის შენი პირველი სიყვარული, ცოტა დაგინდობ…
თითებით ამოუჩაჩა მაისური კანზე რომ შეხებოდა, გამარჯვებული, ნაამები მზერა ჰქონდა რომ იგრძნო საკუთარი ძალა და გავლენა მის შეგრძნებებზე. გააკანკალა ელენეს. სუნთქვაც კი შეიკრა ბოლომდე რომ შეეგრძნო მისი სიახლოვის სიამოვნება.
ოდნავ მოუჭირა წელზე ხელი, გადმოსწია თავისკენ ლოყებაწითლებული.
-არ გეტყვი. -გააშვებინა ხელი, ბრაზი და სურვილი შერეოდა მის ცისფერ თვალებს, შუაღამის ზღვის მორევივით ტრიალებდა და ითრევდა გარშემო ყველაფერს. -შენ არ ხარ.
-აჰა, -ისეთი სახე ჰქონდა ანდროს, ეტყობოდა რომ არ სჯეროდა მისი სიტყვების. მხოლოდ თვალებს, აჩქარებულ სუნთქვას და აკანკალებულ ტუჩებს ენდობოდა. -ჯერ არ გიყვარვარ ანუ… გაგიშვა?
თავი დაუქნია მხოლოდ ელენემ.
-ისე… უბრალოდ? -თმა გადაუწია ყელიდან და ოდნავ გადაიხარა ტუჩებით რომ მიწვდენოდა.
თვალები მიენავლა ელენეს, სუნთქვა შეეკრა. ვერაფრით შეძლო გარყევა, მოშორება და წასვლა ისე, უბრალოდ, უკოცნელად…
ნელა შეეხო სველი ტუჩებით და მანამ არ მოშორდა, სანამ აკანკალებული სუნთქვა არ ამოუშვა ელენემ.
ჩამოაფარა თმა უკან, თითქოს უნდოდა დიდ ხანს შეენახა მის კანს ეს შეხება… არ დავიწყებოდა არასდროს.
გაუღიმა მერე სახეალეწილს რომ გახედა, ცოტაც და ორთქლი აუვიდოდა სახეზე სიმორცხვისგან…
-გადადი ახლა, თორემ აღარ გაგიშვებ და მეც მოგთხოვ კოცნას, -აათამაშა წარბები.
ფრთხილად გააღო კარი, როგორც კი საკეტის ხმა გაისმა.
გამოხედა გაბრაზებულმა.
-მე არ მომითხოვია!
-მერე რა, მე მოგთხოვ. -არ დაუმალავს მზაკვრული ღიმილი, ტუჩებზე მიაშტერდა ამჯერად გამომწვევად. აგრძნობინა, უარესი მოელოდა თუ არ გაეცლებოდა დროულად.
-ვნახავთ მაგასაც! -მძიმედ მიასკდა კარი მანქანას.
ღიმილით გააყოლა თვალი სადარბაზოსკენ მიმავალს.

*
ადრე დაბნელება ისწავლა დღემ ოქტომბრის ბოლოს. ზაფხულობით აუდიტორიებში ამ დროს ჯერ კიდევ წითელი დაისის თბილი სხივები იჭრებიან. ახლა კი ისე ბნელა, ბოლო ლექციის დროს შუქის ანთებაც უწევთ.
ნანასთვის ეს სკოლა ყველაფერი იყო. ჯერ კიდევ უნივერსიტეტიდან ცდილობდა დაფინანსების მოპოვებას და სრულყოფილი სასწავლო გარემოს შექმნას იმ ბავშვებისთვის, ვისაც ფინანსური სახსრები არ ჰყოფნიდათ ხარისხიანი განათლების მისაღებად. მარტო სკოლა არ ყოფილა ეს ადგილი ნანასთვის და თავისი მოსწავლეებისთვის, თავშესაფარიც იყო წვიმიან დღეებში. ამ კედლებს იმაზე მეტი გულწრფელი ამბავი აქვს მოსმენილი, ვიდრე ნებისმიერ მღვდელს აღსარება. ასე ხუმრობდნენ ხოლმე, როცა თავიანთ „ცოდვებსაც“ უზიარებდნენ ნანას ლექციების დამთავრების შემდეგ.
წასვლის წინ ყველაფერს რომ ათვალიერებდა და ამოწმებდა, რწმუნდებოდა, რომ მიაღწია იმას, რისთვისაც ბრძოლა ყოველთვის ღირს. ადამიანების სამყაროს ცვლიდა, ტოვებდა კვალს, რომელსაც ვერც ერთი ქარი, ვერც ერთი საათის ისარი ვერ წაშლის.
ცდილობდა ის ადამიანი ყოფილიყო ამ ბავშვების ცხოვრებაში, ვინც თვითონ ყოველთვის სჭირდებოდა, როცა საერთოდ მარტო დარჩა ევასთან ერთად უზარმაზარ ქალაქში, უზარმაზარ პასუხისმგებლობებთან და ტკივილებთან ერთად. მხოლოდ თექვსმეტი წლის.
ბოლო საკლასო ოთახის კარიც რომ შეაღო შეხტა ადგილზე შიშისაგან, წამოკივლება ვერ შეიკავა ვერაფრით და გასაღებების აცმაც დაუცვივდა ხელიდან.
ირაკლი იჯდა ერთ-ერთ მერხზე და ისეთი სახით მისჩერებოდა კარებში გაჩხერილს, აშკარად ეტყობოდა, რომ მას ელოდა.
საერთოდ სხვანაირად შეხედა ნანამ იმ საღამოს. ვერაფრით მოერია იმ გამოსახულებებს, ძველებური ფილმის კადრებივით რომ დაუხტოდნენ თვალწინ – პატარა ირაკლი სიკვდილის წინაშე.
-გული გამიხეთქე! -გაბრაზებულმა წამოკრიფა გასაღებები და კარის გვერდზე შუქის ჩამრთველს აკრა ხელი.
განათებული ოთახი ამოევსო ირაკლის შეკავებული რისხვით სავსე სუნთქვას.
-დამთავრდა გაკვეთილები, -იქვე მიაგდო ნანამ ჩანთა, მოიკრიფა ძალა, რომ წინ დადგომოდა და თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს არ იცოდა არაფერი, თითქოს ვერ გრძნობდა მისგან წამოსულ მრისხანებასა და ბრაზს.
-ჩემი გაკვეთილები არ დამთავრებულა ჯერ, -მძიმედ გამოაყოლა თვალი, თავის წინ ანიშნა შემდეგ ხელით, -მოდი, დამიდექი წინ.
-„ლინეიკა“ უნდა გადამარტყა? -ცინიკურად ჩაეცინა ნანას, გულზე დაიკრიფა ხელები და დაუდგა იქ, სადაც მიანიშნა წეღან.
ისევ შავი ტანსაცმელი ეცვა, ოდნავ ეყრდნობოდა მაგიდას. ავად გამოხედა ქალს, თითქოს კარგად ზომავდა, რაღაცის ამოკითხვას ცდილობდა მის მზერაში, დგომასა და ჩაცმულობაში.
-არ მელოდი მე? -წარბები აზიდა ირაკლიმ, დასდო პატივი ქალბატონს, რომ გაერკვია სიტუაციაში. -ვაკოს ხომ არ ელოდი…
-ვაკოს რატომ…
-არ გინდა, -უთხრა ოდნავ ხმამაღლა, გაკვირვებაც ვერ მოასწრო ნანამ, ისე შეაწყვეტინა. დაეძაბა მთელი სხეული. -გეშინია?
-არა.
-რატომ? -წამოდგა ირაკლი, ჩაფიქრებულმა გაიარ-გამოიარა ოთახში, ნანას შემოუარა ირგვლივ და ფანჯრის რაფასთან დადგა ამჯერად. -სულელი რომ ხარ, ვიცი, მაგრამ ამდენად?!
-ირაკლი, რა გინდა?!
-გაჩუმდი. შენს გაკვეთილებზე შენსავით ატლიკინებენ ენას შენი მოსწავლეები? რას ასწავლი, ისე? თვალთვალს, ზურგს უკან ჭორაობას, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას, ადამიანების ცხოვრებით თამაშს…
-რა…
-არ მომიცია ჯერ შენთვის ლაპარაკის უფლება, -გადმოდგა მისკენ ნაბიჯი, ხმა ისეთი ჩამჯდარი და ბოხი ჰქონდა ბრაზისაგან, ნანამ მართლა ენა გადაყლაპა. უსიამოვნოდ გაუკრთა მუცელში უკმაყოფილებისა შიშის შეგრძნება. უკან არ დაუხევია ხელი მისკენ რომ წამოიღო ირაკლიმ და მოღერილ ყელთან შეუცურა. გაუკავა კეფა.
არ მოსწონდა ნანას მისი სხეულიდან წამოსული იმპულსები. ხელი იმდენად ძლიერი და კანი იმდენად მწველი ჰქონდა, იმ ნაწილის გარდა ვერაფერს გრძნობდა, სადაც ეხებოდა.
-რაო ვაკომ? მოგიყვა ჩვენი ბავშვობის ისტორიები? თუ იმ ლუდმილასგან გაიგე უკვე… -გახედვის საშუალებას არ აძლევდნენ მისი თვალები. განრისხებული იყო, მზერაზე, მოკუმულ ტუჩებზე, დაბერილ ძარღვებზე ეტყობოდა გამხეცება. ხმა ისევ ისეთი ჰქონდა – მზაკვრულად ავისმომასწავლებელი. -გამიცანი, ნა-ნა?! დაიკმაყოფილე ინტერესი?!
-ირაკლი… -მიხვდა საითაც მიჰყავდა საუბარი, მიხვდა, ყველაფერი იცოდა, ყველაფერი გაიგო…
-ჩშ, -ოდნავ გადააწევინა თავი უკან, ზემოდან დააცქერდა, საეჭვო მანძილზე მიუახლოვდა სხეულით. ცოტაც და მკერდზეც შეეხებოდა ნანას. -რატომ ღელავ? იცი შენმა ცნობისმოყვარეობამ რამხელა შარს გადამყარა… მერამდენედ?! იცი, რომ არასწორ ადამიანს დაუსვი ჩემზე შეკითხვები?! და ამის მერე, ამბობ, რომ არ გეშინია ჩემი… იცი, რა შემიძლია გავაკეთო ახლა? ჩემი ხელით გადაგცე მამაშენს, რომ იმან მოგთხოვოს პასუხი შენი გრძელი ცხვირისთვის. ნეტავ, რას გიზამს, როცა გაიგებს, რომ ერთადერთი მოწმე, ვისაც მისი ს გადარჩენა შეეძლო, გაუჩინარდა… თან რატომ – მისმა ქალიშვილმა არქივში მოქექა ისეთი ცნობები, რომლებზეც აქამდე არავინ არაფერი იცოდა. ჩემ გარდა. შენ რა გეგონა, ლუდმილამ მარტო შენ გითხრა რაღაცები? გაიქცა და ვიღაც ისეთს მოახსენა, ვისაც ძალიან არ აწყობდა იმ ინფორმაციის გაქრობა. ახლა მე სამხილების გარეშე ვარ მამაჩემის და დედაჩემის მკვლელების პირისპირ შენ გამო, სამაგიეროდ შენ მიდგახარ წინ და მითხარი, აბა, რისი ღირსი ხარ ჩემგან?
-რას ბოდავ? საიდან უნდა სცოდნოდა ლუდმილას ასეთი რაღაცები! ჩემთვისაც კი არ უთქვამს არაფერი.
-გოგო, გაჩუმდი-მეთქი, თორემ ენის ამოძრობით დავიწყებ.
-კითხვებს ხომ კარგად მისვამ, მოსმენა არ გინდა პასუხის? -თავი დაიხსნა ნანამ, რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან, ველური მზერა შეახვედრა მის გამძვინვარებულ თვალებს. -რაღაც არარეალურს მაბრალებ და არ მაქვს შენი მუქარის ატანის თავი.
-შენ არ დაურეკე ლუდმილას გუშინ დილით, გოგო? შენ არ მოსთხოვე მამაჩემზე და პაატა ხელაძეზე ცნობები?
-კი, დავურეკე! მაგრამ შენზე ვთხოვე მე მას ინფორმაცია და არა მამაშენზე, ის პაატა საერთოდ პირველად მესმის! შეშლილო!
-დაგიჯერო? -ავად გახედა ირაკლიმ, აგრძნობინა, ერთი სიტყვისაც არ სჯეროდა. -ზედმეტად ბევრი დამთხვევა ხომ არ არის? ლუდმილას ურეკავ…. ვაკოსთან ყავას სვამ საღამოს კაფეში და მიღებულ ინფორმაციას უყვები… მერე ჩემი ინფორმაცია ქრება, მოწმე ქვეყნიდან გარბის….
-პირველად მესმის-მეთქი პაატას სახელი! თუ არავინ იცოდა, მე დამესიზმრა?! გაგიჟდი, ხომ?
-ჩემი გაგიჟება შენ არ გინახავს, აი, მერე ნამდვილად გამიცნობ და ძალიან არ მოგეწონება, ვისაც ნახავ. შენს ძმას უმადლოდე, ცოცხლად რომ არ გმარხავ ახლა.
-არ მომეკარო!
-შეგეშინდა? -გაეცინა ირაკლის, ბოროტი კმაყოფილება დაეტყო სახეზე. მიუახლოვდა ისევ. კედელთან ჰყავდა ამჯერად გამომწყვდეული. -ისე, იმ სირთან გავლის როგორ არ გეშინია?
-გეყოფა, ირაკლი! -გულწრფელად დაქანცული ხმა ჰქონდა ნანას, გულზე მიადო ხელი უკან რომ დაეხია. მაჯაში ჩაავლო ირაკლიმ, რომ მოეშორებინა. ძალიან ცდილოდა ძალა მოეზომა, მზერას ვერ თოკავდა ისედაც, შეშლის პირას იყო.
-რა მეყოფა, გოგო!
-დამიჯერე, მართლა…
-არ დამენახო, ფეხებზე , რა მოგივა. შენ თუ გკიდია შენი უსაფრთხოება, მე მითუმეტეს !
-თითქოს აქამდე გადარდებდა ძალიან! ვიცი, სიამოვნებით მიუგდებ მამაჩემს ჩემს თავს მოსაკლავად და უყურებ როგორ მაწამებს… იქედან მივხვდი მაგას, მის მანქანაში რომ მთხოვე ჩაჯდომა იმის შემდეგ, რაც ნახე რა გამიკეთა!
-ენა გააჩერე ახლა, იცოდე! -დაჭრილი ცხოველივით ოხრავდა უკვე, იმდენად ვეღარ აკავებდა ბრაზის გაავებულ მტაცებელს საკუთარ თავში.
-მართლა არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ…. -ცრემლები დასცვივდა ნანას. -არ გავაკეთებდი არასდროს არაფერს.
-ერთი მიზეზი მითხარი, რატო უნდა გენდო! შეხების უფლება რომ მომეცი და ეგეთი პათეტიკური სირობა არ მითხრა ოღონდ! რამდენს შევხებივარ შენსავით, იცი?! არ უკადრებია არცერთს ასეთი ბოროტება, რასაც შენ აკეთებ. მე არ მოგკლავ, არ გავისვრი ხელებს… გიყურებ, მამაშენი როგორ იზამს ამას.
-არ მიკვირს, პირველი შემთხვევა კი არ იქნება! იქ, რუსეთშიც ბევრი ადამიანის მკვლელობა განახა ბიძაშენმა?
წამიერად სისხლი ჩამოერეცხა ირაკლის სახიდან. შეეშალა თვალები, ვერ გაიაზრა თითქოს რა უთხრა.
პირზე აიფარა ხელები ნანამ, თითქოს ასე შეაკავებდა უკვე წარმოთქმულ სიტყვებს.
-ახლა ერთადერთი მიზეზით არ გაძრობ მაგ შხამიან და ბოროტ ენას, -ყბაზე წაუჭირა ხელები, მისი ალმოდებული სუნთქვა ეცემოდა სახეზე ნანას. -პატიებას რომ შემევედრო იმავე ენით, რითაც ეს სიტყვები მითხარი.
ღრუბლები მკერდში დაჭრილი ლომებივით აღრიალდნენ. საღამო უჩვეულოდ ბნელი და მიჩუმებული იყო გაელვებამდე. წელში მოხრილი ხეები კანკალით ელოდნენ ქუხილს, რომელიც განზრახ იგვიანებდა თითქოს, უფრო რომ გაეხანგრძლივებინა შიშმორეული სიჩუმე ქალაქში.
ნაცრისფრად გაანათა მერე მთელი ქალაქი, შეასკდნენ ერთმანეთს საბრძოლველად გამზადებული რუხი ღრუბლები და წასკდათ ცრემლები შერკინებისას. თქეშით გადმოესხა ქალაქს მათი ბრძოლის ნაფლეთები, წვიმის წვეთები მოასკდნენ საიმედოდ ჩარაზულ ფანჯრებს, მათაც უნდოდათ თითქოს მშვიდ, დაცულ ოთახებში გამოკეტვა ადამიანებთან ერთად.
მონოტონურად მოისმოდა ჭიქაზე კოვზის წკარუნი სამზარეულოდან. დეკის ჩაის სურნელმა აამღვრია ჰაერი, ნელი ნაბიჯებით გამოვიდა ელენე სამზარეულოდან. მშვიდი იყო, მშვენიერი. ქერა თმა ნაწნავად შეეკრა უკან, მისი გახსნილი წარბები და აკრიალებული თვალები იმედისმომცემად დაცურავდნენ ნანას ძალაგამოცლილ სხეულზე.
ჩამოუჯდა სავარძელზე, წინ დაუდგა ჩაის ჭიქა და ისე დააცქერდა ზემოდან, როგორც ახალშობილს. იცოდა, როგორი უძლური იქნებოდნენ მისი სიტყვები ნანას წყენისა და ბრაზის წინაშე.
ვერ ამხელდა, მაგრამ თავიც დამნაშავედ მიაჩნდა ელენეს, თითქოს თავადაც წააქეზა ნანა ირაკლის მიმართ გრძნობები რომ გასჩენოდა.
-საშინელება ვუთხარი, -გამშრალი თვალებით ახედა მეგობარს, რომელსაც ერთი ზედმეტი შეკითხვაც არ დაუსვამს მისთვის მთელი საღამოს განმავლობაში. -ვიცოდი, რომ თვალწინ დაუხოცეს მშობლები და ძალიან ბოროტულად შევუბრუნე სიტყვები.
-რა გითხრა ასეთი… -გამართლებას ცდილობდა ელენე, არ უნდოდა ამხელა დარდს შეეჭამა მისი მეგობარი, ახლა თვალების ახვევაზეც თანახმა იყო, ოღონდ მას ეგრძნო თავი უკეთ. ეშინოდა, რომ ნანაც კი ვეღარ გაუძლებდა ამდენს.
-ლუდმილასთან დარეკვით რაღაცები გავაფუჭე, როგორც ჩანს, ვიღაც სხვამაც დაადგა თვალი იმ ბებერ გველაძუას და მე შემომტენეს ახლა… მათზე რომ არ მიიტანოს ეჭვი ირაკლიმ… არ ვიცი… ვერ ვხვდები, რა ხდება… ახლა დარწმუნებულია, რომ ვიღაცას ვეხმარები მის წინააღმდეგ ბრძოლაში… მისი მშობლების საქმის ერთადერთი მოწმე გააქრეს, დიმასთანაც არის კავშირში ის ვინმე პაატა… მამაშენი მოგკლავს, რომ გაიგებს და მე ამას მშვიდად ვუყურებო, მე კი თავი ვეღარ შევიკავე და ვუთხარი… პირველი შემთხვევა არ იქნება-მეთქი.
ჩურჩულით წარმოთქვა ბოლო სიტყვები ნანამ, თითქოს ამით გააუფასურებდა მათ მნიშვნელობას და საკუთარ დანაშაულს.
-ნანა… -ოდნავ გამოერია ხმაში საყვედური ელენეს, თვალები კი ჰქონდა მხარდაჭერით სავსე.
კარზე კაკუნმა უშველა ნანას. ჩაი მოსვა და ჭიქიანად მიეყრდნო საზურგეს.
ანდრო და ევა იდგნენ ზღურბლთან. ქალბატონი მაშინვე სახლში შევარდა, თან გაიყოლა გარედან შემოტანილი წვიმისა და სიცივის სურნელი.
ანდროს გადაეკიდებინა მისი ჩანთა, დასველებული მოკლე თმა გამუქებოდა, კანთან ერთად უპრიალებდა ოთახის განათებაზე. დაკვირვებით მოათვალიერა ელენეს დანაღვლიანებული და მოღუშული სახე. თვითონ მიიხურა ზურგსუკან კარი და მასვე მიეყრდნო ზურგით. გრძნობდა, რაღაც ჰქონდა მისთვის სათქმელი და ვერ აბამდა თავს.
-ნახე ირაკლი? -ჰკითხა ბოლოს ხმადაბლა, არ უნდოდა ნანას გაეგო. მიუახლოვდა, უფრო კარგად რომ მიეწვდინა ხმა, რომელსაც კილომეტრიდანაც გაიგებდა ანდრო.
მოეწონა მასთან სიახლოვე, სახლში დახვედრილი მისი სურნელი, მისი გაღებული კარი…
-ვნახე. -უთხრა ხმადაბლა, ასე აგრძნობინა, რომ იცოდა ყველაფერი, მაგრამ არ იტყოდა სხვას არაფერს. ყელზე ჩამოფარებული თმა გადაუწია, მიეფერა თბილ კანზე.
-არ უთხრა რა საყვედური, -ოდნავ გადახარა ელენემ თავი იქეთკენ, სადაც ხელი შეატოვა ანდრომ, თითქოს მოფერების უფლება მისცა ასე.
-დაუმსახურებელს არაფერს, ხომ იცი… -მისწია თავისკენ, ცოტაც და შეეხებოდნენ სხეულებით. გამჭოლი მზერით დაჰყურებდა, ასეთს რომ ხედავდა რწმუნდებოდა უფრო მეტად, რომ ამაზე შორს ვერ ეყოლებოდა ვერასდროს. -ფიქრობ, რომ შენ ჩემზე უკეთ მოუფრთხილდები?
-ზედმეტად პირდაპირი ხარ მაგისთვის. -ოდნავ გაეღიმა ელენეს, მინაბა თვალები ცერით რომ მიეფერა ყბასთან, ჟრუანტელი მთელს ტანში გაებნა, აუხურდა ლოყები.
-ხო? და ახლა ბევრი რამის გაკეთება და თქმა რომ მინდა შენთვის და თავს ვიკავებ, პირდაპირი ვარ მაინც?!
უკან გადახტა ელენე, შეყარა წაბები.
-მაბრაზებ ძალიან! -გულზე გადაიჯვარედინა ხელები, ხმადაბლა ეჩხუბებოდა ისევ, -არ იჩხუბოთ.
-არ მოვსულვარ საჩხუბრად, -მოიხსნა ჩანთა და გაიხადა ქურთუკიც. ცხვირში მოუღიტინა ელენეს მისმა თბილმა სურნელმა, ზურგი შეაქცია, იმ ოთახისკენ რომ წასულიყო, სადაც ნანა დატოვა წეღან.
ორ ნაბიჯში წამოეწია ანდრო, წელზე დაულაგა ორივე ხელი და ზურგით აიკრა გულ-მკერდზე.
-თან შენი პირობა არ დამვიწყებია, -ყურთან ახლოს მიუტანა ტუჩები, მასთან ერთად დაიძრა წინ პატარ-პატარა ნაბიჯებით.
-მე არაფერს დაგპირებივარ… -მოგუდული, გაბრაზებული ხმით გამოეპასუხა ელენე, გაუსხლტა ხელიდან და თან ჩამოეშალა ნაწნავი. ჯიბისკენ წაიღო მისი თმის სამაგრი ანდრომ.
-ასე უკეთესია, -თვალი ჩაუკრა და აუარა გვერდი.

იცოდა ნანამ, რომ მოვიდოდა, მაგრამ მაინც ვერაფრით შეამზადა თავი მასთან შესახვედრად. თვალებით აღიარა ყველაფერი, როგორც კი წინ ჩამოუჯდა და მზერა გაუსწორა.
ელენემ ევა გაიყვანა სამზარეულოში.
მარტო დარჩნენ.
ჩუმად უყურებდა ანდრო. უთქმელად უზიარებდა თავის ფიქრებს თითქოს. არ აშორებდა საკუთარ თვალებს თავისი დისას, უნდოდა დაენახა, რა ტრიალებდა იქ, უნდოდა გაეგო რა ახრჩობდა, რა აწუხებდა ასე ძალიან, რომ გამოეხსნა ერთხელ და სამუდამოდ მისივე შეცდომების გისოსებიდან, რომ მასაც მოეთქვა სული…
-ნან, -ისე თბილად უთხრა, გული მოეწურა ნანას, მინაბა თვალები. მასთან არასდროს ყოფილა ასეთი… როგორიც ევასთან იყო ხოლმე. უფროსი ძმა. -რა მოხდა, არ მეტყვი?
-იმან არ მოგიყვა უკვე?! -ბრაზით შეაბრიალა თვალები. იცოდა, არაფერში იყო დამნაშავე, მაგრამ ვერაფრით პატიობდა მშვიდად რომ მოუსმინა ირაკლის.

-მე ხომ შენ გეკითხები ახლა?! -უკმაყოფილოდ შეყარა წარბები, არ შეცვლია ხმა.
წინ ჩამოუჯდა, მუხლებზე დაულაგა ხელები. თვალებით შესთხოვა შეხედვა.
-მე არ მითქვამს… არ ვიცი ვინაა ის პაატა! კი, დავრეკე ლუდმილასთან, იმ დამპალმა სისულელეები იჭორავა, მაგრამ… ნუ მამართლებინებ თავს შენს წინაშეც!
-არ გამართლებინებ, გოგო, მინდა ვიცოდე რა მოხდა შენი გადმოსახედიდან, რომ გავიგო ვინ იჩათლახა…
-და რა?! სცემ?!
-ვაკოსთან რა გინდოდა? -უკან დაახევინა მაშინვე თავისი გამოხედვით, სიტყვებითა და ხმით. აგრძნობინა ანდრომ თავისი მიუღებლობა მსგავსი საქციელის ჩადენის და მერე ამ ყველაფრის დამალვის მიმართ.
-დამხვდა თვითონ სამსახურთან და დავილაპარაკეთ. აუცილებელია ყველაფერი მოგიყვე, ვის შევხვდები, სად და როდის?!
-ყველაფერი არაა აუცილებელი, მაგრამ ეგ უნდა გეთქვა. ხომ ხვდები შენც, რატომ მალაპარაკებ?!
-რაო ირაკლიმ, მომაშორე ეგ თორემ წავაწყვეტ თავსო? იმასთან რომ მაინც გაქვს ნორმალური ურთიერთობა იმის შემდეგ, რაც დამაბრალა, ყველაფერს ამბობს ვისი გჯერა და ვისი არა.
სახეზე ჩამოისვა ანდრომ ხელები. ორ ცეცხლს შუა იწვოდა, შორიდან სუნთქვაშეკრული უსმენდა ელენე მათ ხმადაბალ საუბარს. გამოძრავებისაც ეშინოდა, თითქოს ხელს შეუშლიდა და-ძმას შეთანხმებამდე მისვლაში.
-ირაკლის მსგავსი არაფერი უთქვამს და არც ვინმეს აქვს უფლება ჩემთან შენზე ასე ისაუბროს, ვერ ამჩნევ ამას, ნანა?! მე მჯერა შენი, ვიცი, რომ რაც მოგივიდა მხოლოდ გადამეტებული ცნობისმოყვარეობით.
-არანაირი…
-გაჩერდი ახლა, არ არის სწორი საქციელი იმ ადამიანის პირადში მოურიდებლად ქექვა, ვინც თავისი ნებით არ განახებს საკუთარ წარსულს. მე როგორ მოვიქცე ახლა, მითხარი. საერთო საქმისთვის ვიბრძვით, გიგი ისევეა ჩემთვის, როგორც შენთვის ელენე და ილია. ირაკლის მის გარდა არავინ ჰყავს. შენ კიდევ როგორღაც ახერხებ, რომ ყველაფერში შენზე მოიტანოს ეჭვი და მე შენი მართალი თვალების გარდა არაფერი მაქვს საბუთად. ვიცი, რომ არ ხარ დამნაშავე, მაგრამ შეგეშალა ძალიან მასთან. შენს ნდობას ვერ მოვთხოვ ადამიანს, რომელიც ჭკუიდან შეიძლება შეშალოს უსამართლობაში ხელჩასაჭიდის გარეშე ყოფნამ. მივატოვო? ეს გინდა? ჩამოვართვა ხელი და, აბა, კარგად, როგორ თუ შენ ჩემს დას არ ენდობი-მეთქი?! დაიმსახურე?! რა გიყო, ნანა?
-არაფერი. -ამოიბუტბუტა ხმადაბლა. -მაგის დანახვა არ მინდა ისედაც… მიდი ახლა და მითხარი, ხომ გაგაფრთხილეო!
-მე შენ საერთოდ სხვა რაღაცის გამო გაგაფრთხილე, ნანა. რაც მოგივიდა შენი გრძნობების გამო ირაკლის მიმართ…
-არ ვგრძნობ არაფერს!
-და მაგის თქმა ისეც არ შეგიძლია, რომ ხმა არ გაგიტყდეს. -სუსტად გაეღიმა, საშინელება იყო მისთვის, როცა ვერც იმედს აძლევდა და ვერც მიმართულებას სწორი გზისკენ, -ადამიანი, რომელმაც თავისი თვალით ნახა, როგორ ამოუხოცეს მშობლები, არ ვიცი რამდენად შეძლებს იმას, რასაც შენ ელოდები მისგან, რაც მე მინდა რომ შენ გქონდეს ცხოვრებაში, რაც შენთვის მემეტება… მე რატომ მჯერა შენი, როგორ ფიქრობ? ჩემი და რომ ხარ, მხოლოდ იმიტომ? იმის გაგება შემიძლია, რასაც შენი თვალები და შეცდომები ამბობენ შენზე. ირაკლის არ შეუძლია. ვერ… ცამეტი წლის ბავშვი რომ სიკვდილს ინატრებს, ნანა… იმ ბავშვისგან გაზრდილმა კაცმა როგორ უნდა შეძლოს სამყაროში სიკეთის დანახვა? მის ზღვართან ძალიან ახლოს გაიარე… ასე ახლოს მისვლა არავის სულთან არ შეიძლება.
ცრემლები ჩამოუგორდა ორივე ლოყაზე ნანას. ნებისმიერ განსაცდელსა და სასჯელზე მწარე იყო ანდროს მართალი სიტყვები. გვერდით მიუჯდა, თავის საბნიანად მიიხუტა და აკოცა შუბლზე.
-ნუ მეფერები, თორემ მეტირება უფრო.
-ოხ, ნანა. -უფრო მიიკრა.
-აუ, მეც მინდა ჩახუტება!
ფაცხა-ფუცხით გამოვარდა სამზარეულოდან ევა, აშკარად ეტყობოდა, რომ კარგად დაუგდო ყური ყველაფერს და ამიტომაც აღარ დასვა ზედმეტი შეკითხვები. მეორე მხრიდან მიეხუტა ანდროს, ხელებით გადასწვდა ნანასაც.
მერე რა, რომ სერიოზული პრობლემები აწუხებდათ, ერთად რომ იყვნენ ევასთვის ესეც საკმარისი იყო ბედნიერებისთვის. ამ მომენტს სამუდამოდ ჩაიბეჭდავდა მისი გონება.
ის არასდროს შემცდარა, ანდრო ყველაზე კარგი იყო.
ჩუმად გაიჩხაკუნა ელენეს ტელეფონმა სამზარეულოდან. დააფიქსირა სამივე ერთად.
-ელე, მოდი, ნუ იმალები… -გასძახა სამზარეულოში ატუზულს ევამ, გაეღიმა ნანას, თავს ვერ იკავებდა, ისეთი საყვარელი იყო, როცა ასე აწვალებდა. -შენთვისაც არის ადგილი.
-პატარა ეშმაკი, -დაიჩურჩლა, სანამ გავიდოდა ოთახიდან. ტუჩებს ვერ მოერია რომ არ გაღიმებოდა. განზრახ მოარიდა თვალი ანდროს ჩაღიმებას და კაბის შრიალით ჩაუარა ცხვირწინ, მეტისმეტად შორს ჩამოჯდა მისგან. -დავრჩები დღეს შენთან…
*

ვაკო საკანდელიძე ისე ბუნებრივად შეეზარდა ნანას ყოველდღიურობას, უკვე აღარც კი უჩნდებოდა პროტესტის გრძნობა სამსახურიდან გამოსული მას რომ ხედავდა ხოლმე პირველს. მოეშორებინა სახვევები ცხვირიდან და მთელი თავისი მომხიბვლელობით წარმოდგენილიყო თავის გაპრიალებულ მანქანასთან ერთად. ერთდროულად ასხივებდა და იზიდავდა სინათლესა და მომხიბვლელობას.
-შენნაირი მასწავლებელი რომ მყოლოდა, მეც მესწავლა იქნებ ქიმია სკოლაში.. -რევერანსით გამოუღო კარი და ჩაისვა მანქანაში.
-ოროსანი იყავი?
-არა, ოთხოსანი. ლამაზი თვალების და ცხვირ-პირის ხათრით მაწერინებდნენ ხოლმე გოგოები დავალებებს. შენ ვერ მოგხიბლე ერთი…
-ძალიან გტკივა გული ხომ, მეც რომ არ ვუერთდები შენი თაყვანისმცემლების ამალას…
-შენ დამცინე და ინსტაგრამზე კი გადავცდი უკვე სამოცი ათას გამომწერს, აღმაშენებელს მეტი მებრძოლი კი არ ჰყოლია დიდგორზე…
-მერე სად არის შენი „ძლევაი საკვირველი“? -წარბები აათამაშა ნანამ, ახალისებდა ვაკოსთან უშინაარსო და სასაცილო საუბრები, არასოდეს აგრძნობინებდა სტრესს და დაძაბულობას, როცა გვერდით ჰყავდა.
-ასე თუ უნდა მომდოს შენმა ძმამ ღრანჭებში, რამდენჯერაც მამაჩემი რამეს დააშავებს, მართლა საკვირველი იქნება ვინმემ რომ შემომხედოს.
-აღარ მოგდებს, გპირდები. თან რა გინდა? გატეხილი ცხვირი კავკასიურ იერს გაძლევს.
-ეგ შენ იკერები კავკასიელებზე, თორემ მე ტყუილად არ მისწავლია ამერიკებში… სხვა მსოფლმხედველობა მაქვს, უფრო თანამედროვე და ჰუმანური.
-რა ბოროტი ენა გაქვს, ვაკო! მე არავიზე ვიკერები…
-ოხ, არ გინდა ახლა! ვიცი, ჩემთან იმიტომ დაბრძანდები, ის რომ აეჭვიანო. მიყენებ ხომ?
-ვაკო, მოგხვდება მართლა. -ხმა დაისერიოზულა ნანამ. ირაკლიზე არც ვაკოსთან და არც სხვა ნებისმიერ სულიერ არსებასთან საუბარი არ სურდა.
-ყველა ძალადობაზეა რა გადასული… -უკმაყოფილოდ გააკანტურა თავი, მერე კი ნანას შეცვლილ გამომეტყველებას დააკვირდა გამძაფრებული მზერით. -რა მოხდა, „კარალევა ბანდიტა“? იჩხუბეთ?!
-საიდან მოგაქვს ეს სულელური სახელები?
-რა იყო, არარელევანტურია? -ძლივს იკავებდა თავს, ხმამაღლა რომ არ გასცინებოდა, აღარ ჩასძიებია მეტად, როცა მიხვდა არ სურდა ნანას ამაზე საუბარი.
მოსწონდა ეს გოგო, ქეთის ახსენებდა და მასთან ყოფნით ოდნავ მაინც ახერხებდა დის მონატრების გაუფერულებას. თანაც ერთადერთი ადამიანი იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვისთანაც ნორმალურად დალაპარაკება და ურთიერთობა შეძლო იმ ქარიშხლის გამოვლის შემდეგ, რაც მამამისმა დაატრიალა.
დაუსერიოზულდა თავადაც გამომეტყველება, როცა მოაგონდა რისთვისაც იყო მოსული მასთან.
-შენს ძმას უნდა შემახვედრო, ირუშაც თუ იქნება მთლად უკეთესი. -ერთი ბაღის კიდესთან შეაყენა მანქანა.
იშვიათად უნახავს ვაკო ასეთი გამომეტყველებით, ამიტომაც დაეძაბა ნანასაც სხეული. ის, რაც საკანდელიძესაც კი აშორებდა სახიდან უდარდელა გამომეტყველებას, სერიოზული საქმე უნდა ყოფილიყო ნამდვილად.
-შენ რატომ არ შეხვდები? არსად გაგექცევა.
-არ მომისმენენ უშენოდ, -ისე უთხრა, თითქოს ზედმეტად აშკარა იყო, რაც მოუვიდოდა, მარტო თუ შეხვდებოდა. -მინდა დაგეხმაროთ. იქნებ, ჩემი დაც დააბრუნოს უკან გიგის ციხიდან გამოსვლამ და ჩაწყნარდეს ეს სულელური დაპირისპირება.
-იცი შენ რამე?
-ეჭვები მაქვს მხოლოდ. მარტო მოქმედება არ მინდა, არ ვარ დარწმუნებული, რომ მხრებზე თავს შემატოვებენ შენი ძმა და ტურფა.
-დარწმუნებული ხარ, ვაკო? -ღვედი შეიხსნა ნანამ, გმირულად დააიგნორა ირაკლისთვის შერქმეული მეტსახელი და მისი ხსენებით გამოწვეული შერეული შეგრძნებები. -არ ვიცით, ვის დანაშაულამდე მიგვიყვანს გიგის სიმართლის დამტკიცება. შეიძლება…
-ვიცი, -ხელის აქნევით გააწყვეტინა, მზერით აგრძნობინა, რომ ნაფიქრ გადაწყვეტილებას აცნობდა და არა წამიერად მიღებულს. მზად იყო ყველაფრისთვის. -ვიცნობ მამაჩემს, ვიცი, რისი გაკეთება შეუძლია და უკვე მაგრად , რას გაუჩალიჩებს საკუთარ თავს იმ სკამის გამო, რასაც ჩემი დის ბედნიერება ეწირება. ჩემს სახელზე და ღირსებაზე ლაპარაკს აღარც აქვს აზრი უკვე. ქეთის ვიცნობ, მარტოობა არ შეუძლია, ის ქვეყანა კი ჯოჯოხეთია მისნაირი ადამიანისთვის. ჩამოსვლა უნდა, მაგრამ ვერ მეუბნება.
-ჩემს ძმასთან შეგახვედრებ, მაგრამ ირაკლიზე ვერ დაგპირდები. მისთვის ორივე ერთი ვართ ახლა, ჩათვალე. არც მე მენდობა დიდად და არც შენ.
-შენ არ გენდობა? -წარბები აზიდა ვაკომ, კარგად მოათვალიერა ნანას დანაღვლიანებული, ბრაზშეპარული სახე, თითქოს ერთი მიზეზის პოვნას მაინც ცდილობდა, რის გამოც ვინმე მის მიმართ უნდობლად უნდა ყოფილიყო განწყობილი. -რატომ?
-მე არ ვიცოდი… მის მშობლებზე, არც მასზე ვიცოდი რამე, ირაკლის კიდევ ხომ იცი, როგორ უყვარს საკუთარ თავზე საუბარი. ტელევიზიის არქივში ერთი ჭორიკანა ქალი მუშაობდა, ლუდმილა, იმას ვთხოვე, გამაგებინე-მეთქი რამე, სიამაყემ ჩემს ძმამდე არ მიმიშვა, რომ მისთვის მეკითხა ირაკლიზე, დიმასთან ამ თემაზე საუბარზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. სულელურად მოვიქეცი. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ლუდმილასთან ზარის შემდეგ ბევრი საჭირო ინფორმაცია გაქრა არქივიდან, ისევე როგორც ის მოწმე, ვინც ირაკლის მამამისის მკვლელის პოვნაში დაეხმარებოდა. რა თქმა უნდა, მე მომადგა… და ნუ მერე რაღა მნიშვნელობა აქვს.
-და რა? მაგას ჰგონია შენ ატრიალებ მაფიას? მთლად გააფრენინა იმ მოსკოვებმა, -გულწრფელად ამოიოხრა, ჩამოსწია ფანჯარა და შემოატარა სუფთა, დაძაბულობისგან განტვირთული ჰაერი, დააკვირდა სკვერში მოთამაშე და მოკისკისე ბავშვებს. -ჩემი ბრალია, მეგონა იცოდი. ახლა ნამდვილად არ ამცდება სიფათში მაგისგანაც. ბავშვობაში სულ სხვანაირი ტიპი იყო, ყველასგან გამორჩეული და სამართლიანი. ზედმეტადაც კი… მაგიტომაც დამინდო თვითონ და შენმა ძმამ ვერ. მგონია, თუ ადამიანის ბავშვობა გინახავს, ვერ მოექცევი მას ისე, როგორც სხვებს, ვინც არ იცი, როგორი ბავშვი იყო. ვერ ვიტანდი, მაგრამ სულ ვგრძნობდი რაღაცნაირად მის მფარველობას, თითქოს ასე მაგრძნობინებდა, რომ ჩემს დღეში იყო თვითონაც, საკუთარი წრის მსხვერპლი იყო, რომელსაც ვერ არღვევდა ვერც ის… ისევე როგორც მე ვერ გავრბოდი მამაჩემის წრიდან. რაღაცნაირად ვენის დიაგრამის საერთო ნაწილივით ვიყავით მე და ირაკლი. მერე ის საშინელება მოხდა და წავიდა საერთოდ. მისი ამბის შემდეგ ცოტა აღარც მიკვირს, ყველას რომ ეჭვქვეშ აყენებს. ნუ გეშინია შენ, გაიგებს სიმართლეს და მოიხდის ბოდიშს, არ ეთაკილება ეგეთები.
-არ მჭირდება მაგისი ბოდიში.
-დრო მიეცი და თვითონ მოვა შენთან. უბრალოდ, არ ვიცი რამდენად შეუძლია მისნაირ ადამიანს ბედნიერი იყოს, ნანა… რამდენად სუფთაა შენთვის…
-არაფერი მოხდება, ვაკო. იმასაც ვნანობ, რაც გავაკეთე მის გასაცნობად, მართლა. -ნანას გულდაწყვეტილმა ხმამ მოგუდა წეღანდელი სუფთა და მსუბუქი ჰაერი.
-უფალო იესო ქრისტე, მაინც და მაინც განგსტერა ტიპი უნდა იყო, ქალს ასე რო დაევასო? -დათრგუნულმა შეჰღაღადა ცისკენ, მერე დაქოქა მანქანა და გადაიყვანა გზაზე, -დამპატიჟებ, გოგო, ყავაზე? უნდა ვუმკითხაო შენს ძმას…
-შემოაკვდები ერთხელაც.
*

-ამას რა უნდა აქ? – წარბები შეყარა ანდრომ, არც შეუხედავს ვაკოსთვის, ნანასკენ მიმართა პირდაპირ განრსიხებული მზერა.
-მეორე ლოყა უნდა მოგიშვირო… -უდარდელად გამოეპასუხა საკანდელიძე.
უცებ მოშინაურდა, ჩამოჯდა სავარძელზე, ფეხი ფეხზე გადაიდო და დივნის საზურგეზე გადაშალა ხელები.
-ცხვირში მოგხვდა, თუ არ გახსოვს. -თვალს არ აცილებდა შემოსასვლელში ატუზულ ნანას, ევა გაოგნებული აკვირდებოდა შექმნილ სიტუაციას. ვერ ხვდებოდა ვინ იყო ეს ბიჭი და რატომ არ მოსწონდა თავის ძმას ასე ძალიან. გული უგრძნობდა, მალე მიაბრძანებდნენ უფროსები ოთახიდან, ამიტომაც თავად ადგა და გავიდა.
-რა დამავიწყებს მაგას, -დანანებით ამოიოხრა, -კუზანოვებთან როდის ჩამწერ?! ახალ წელს ლონდონში მივდივარ და თებერვალში მეცლება…
-ვაკო, -ხვეწნით გააფრთხილა ნანამ, როცა ენიშნა, რომ ანდროს ნელ-ნელა ევსებოდა მოთმინების ფიალა.
-ნანა, რა უნდა-მეთქი ამას აქ?!
-საქმე აქვს შენთან.
-და ირაკლისთანაც. -დარწმუნებით დაამატა ვაკომ, -მიდი, დაურეკე, მოვიდეს.
-ჩვენ არ გვაქვს შენთან საქმე. მეგონა, გასაგებად აგიხსენი ბოლოს რომ გნახე.
-მოწმე გიპოვეთ. -გააწყვეტინა საკანდელიძემ, აშკარად ვერ ერთობოდა ანდროსთან.
-დაგიჯერე, -ფანჯარა გამოაღო ანდრომ და ზურგით მიეყრდნო რაფას, სიგარეტი მოიქცია ტუჩებს შორის, მოჭუტული თვალებით დააკვირდა მის წინ მჯდომს.
-დაურეკე ირაკლის-მეთქი, სათამაშოდ არ მოვსულვარ. მე არ მაქვს მაგის ნომერი, თორემ არ შეგაწუხებდი. ვერც „ინსტაზე“ ვიპოვე, რო მიმეწერა. ის პოლიციელიც მობრძანდეს, დაგვჭირდება. -ნანას ჩაუკრა თვალი ღიმილით, სულაც არ მიუქცევია ანდროს შეყინული გამომეტყველებისათვის ყურადღება.
-შენ რატო უნდა გენდო?
-შენ რას გააკეთებდი შენი დებისთვის, ანდრო? -დაულაგდა სახე, სრული გულწრფელობითა და ინტერესით შეხედა, აგრძნობინა, რომ ძალიან ძლიერი და ძვირფასი იყო მისთვის ნდობის ის მიზეზი, რომელმაც მასთან მიიყვანა. -თან ეს შენ გგონივარ შენი მტერი, თორემ მე არაფერს გერჩით.
-შენ არ გვერჩი, ხო? -ბრაზი ოდნავ მიწყნარდა მის ხმაში, უნდობლობას ვერ ერეოდა მაინც.
-ხო, მე არ გერჩი. შენ მამაშენის ყველა საქციელზე ხარ პასუხისმგებელი?! შენ გგონია, შენ არ განგსაზღვრავს მამაშენის ზოგიერთი ქმედება? როგორი კეთილშობილი და სამართლიანიც არ უნდა იყო, შენზე ნათქვამი წინადადება გგონია „მაგრამით“ არ გაგრძელდება? ეგ კარგი ტიპია, უსამართლოდ არავის მოექცევა, მაგრამ მამამისს ისეთები აქვს ნაკეთებიო, გგონია შენზე არ ამბობენ ზურგს უკან? რამით განსხვავდები ჩემგან? თუ ხელებს რომ არ ვიქნევ, როცა ხავსს ვერ ვეჭიდები, მაგიტომ ვარ შენზე ნაკლებად სანდო? მეც იმისთვის ვიბრძვი, რისთვისაც შენ. ვისთვისაც შენ. ზუსტად იმავე ბრძოლაში. დაურეკავ ახლა ჩვენს მთავარსარდალს, თუ საღამომდე აპირებ ჩემი შენ მიერ დაუშნოვებული სიფათის ყურებას?!

სამზარეულოში გაიძურწა ნანაც, როცა ტელეფონი აიღო ანდრომ რამდენიმეწამიანი ფიქრის შემდეგ. მორალურად არ იყო ამისთვის მზად, ვერ შეხვდებოდა მას ყველას წინაშე.
-ნერვიულობ? -ყავა გაუწოდა ევამ, ზრდასრული ქალივით დინჯი მზერით შეხედა, მიახვედრა, რომ ხედავდა, რასაც გრძნობდა.
უსიტყვოდ მოსვა ყავა. ნერვიულობა აღარ ერქვა იმას, რასაც განიცდიდა, მუცელი ასტკივდა და გონებამ უარი განაცხადა პანიკის გარდა სხვა ნებისმიერ მდგომარეობაში ყოფნაზე.
-აუცილებლად გაარკვევს სიმართლეს და მერე აქეთ მოგიხდის ბოდიშს.
-მისი ბოდიში ჩემს ნათქვამ სიტყვებს ვერც შეცვლის და ვერც შეამსუბუქებს…
-ხოდა, შენც მოუხდი. -მარტივად გადაჭრა ევამ პრობლემა, -მართალია, შენ არ გიყვარს მობოდიშება, რქიანი და ჯიუტი ხარ, მაგრამ… ხომ მოუხდი?
-არ გვინდა ამაზე საუბარი ახლა, უარესად განვიცდი. იმ შეშლილსაც გავუკეთოთ რამე დამამშვიდებელი ჩაი, თორემ მოაკვლევინებს ანდროს თავს.
-ეგ ცოტა ვერ არის ხო? -ჩურჩულით ჰკითხა და გადაამოწმა თან, ხომ არ უსმენდათ ვაკო, რომელიც ტელეფონში ჩამძვრალიყო და იკრიჭებოდა რაღაცაზე.
-ძალიან ვერ არის.

ერთ საათში გაისმა კიდეც კაკუნი მათ კარზე. ყველა თავისებურად ელოდა ირაკლის. თითქოს მის გარეშე ვერ გაიმართებოდა ეს საუბარი. ანდრო წავიდა კარის გასაღებად, მარტო დარჩნენ ოთახში ნანა და ვაკო.
-ნუ გადაფითრდი, შენ არაფერი დაგიშავებია მისთვის, აქეთ ინერვიულოს. -ხმადაბლა, თუმცა დარწმუნებული ტონით უთხრა ვაკომ.
-არ ვიცი, როგორ მოვიქცე.
-გათიშე, -გულზე მიიდო თითი, როცა ამას ეუბნებოდა. -და იბატონე.
ერთდროულად შემოვიდნენ ირაკლი და ანდრო, ორივეს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა სახეზე აკრული, თითქოს უკვე კარგად მოითათბირეს ყველაფერი, შეთანხმდნენ და შემდეგ წარდგნენ მსმენელების წინაშე.
ერთიანად შემოეფეთა მისი სურნელი და არსებობა ნანას. გულში იმეორებდა ვაკოს სიტყვებს, თითქოს ესღა შერჩა ერთადერთ დამცავ მექანიზმად, რომ როგორმე არ შეემჩნია მისი იქ ყოფნა.
-ასეთი პუნქტუალური სკოლაშიც კი არ ყოფილხარ, ნაკაშიძე!
წარბების აზიდვით და თავის დაკვრით მიესალმა ვაკოს, და ვაკოს გარდა ვინც იყო იმ ოთახში, იმასაც. მეწყერივით ჩამოწვა დაძაბულობა მათ შორის. ამჯერად ყველა გრძნობდა ამას. თვალებით გაზომა მანძილი ანდრომ ნანასა და ირაკლის შორის, გადაკვეთა და თავის დას ამოუდგა გვერდით. ძალიან უბრალოდ, ზედმეტი ძალდატანების გარეშე დაადო მხარზე ხელი, იმდენად ჩვეულებრივი იყო მისი ქმედება, ის, ვინც ნანას კანში არ იჯდა, ვერც მიხვდებოდა რამდენს ნიშნავდა ეს უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი მხარდაჭერა მისთვის.
მიანიშნა, რომ არ იყო მარტო, რომ ყოველთვის უნდა ჰქონოდა მისი იმედი, მართალი იყო თუ მტყუანი მხოლოდ მათ შორის გაირკვეოდა და არა სხვების თანდასწრებით.
-ირა, შენ ინსტაგრამი გაქ? -კარგი ძმაკაცივით ჰკითხა ვაკომ, არ მიაქცია ანდროს გაღიზიანებულ სახეს ყურადღება.
-ამას მივაკლავ, -მისკენ გაიშვირა ჩადუნელმა ხელი, თვალებით კი ირაკლის ანიშნა, რომ იყო გამკეთებელი და ჯობდა დროზე მოეცილებინა აქედან.
-არა, თქვენ უფრო “ვათსაპის” ხალხი ხართ… -თითქოს ნათურა აენთო ვაკოს გონებაში, ისე წარმოთქვა, ამოაძვრინა ჯიბიდან ტელეფონი. აბურტყუნდა თავისთვის, -ჩათს შევქმნი… “ბრიგადას” დავარქმევ… ის ვაი-პოლიციელიც ჩავაგდო?!
-რას მაიმუნობ, ვაკო? -ხმა აიმაღლა ნანამაც, ირაკლის უფრო უმტკიცებდა ასე, რომ მის გვერდით არსებობა თავისუფლად და აუღელვებლად შეეძლო.
-ასე უფრო მალე დავეკონტაქტები ყველას ერთად, მერე რომ არ დამიწყონ რაღაცები…
-რა ხდება? -ხელები გულზე გადაიჯვარედინა ირაკლიმ, არ უყურებდა არავის ვაკოს გარდა.
-ჩემი აზრით, მოწმე გიპოვეთ. -ტაში შემოკრა ომახიანად, უფრო კომფორტულად გადაწვა სავარძელზე. -ლისზე დავბრივარ ხოლმე დილაობით, ჯანსაღი ცხოვრების წესი მიზიდავს თქვენ ორისგან განსხვავებით, ამიტომაც მაქვს ნერვები მწყობრში. ბევრი ლამაზი გოგოც დაცუნცულებს იქ, ჭორაობენ ერთმანეთში, იოგას სესიებს აწყობენ. მერე ჭორაობენ… ხოდა, ჩემი დის დაქალი შემომხვდა გუშინ დილით, ახალ სახლში გადასულა მთაწმინდაზე.
-ჭორები არ გვაინტერესებს, ვაკო.
-დაიცა, რა. -ხელით შეაჩერა ანდრო, უკმაყოფილოდ განაგრძო საუბარი, -მთაწმინდაზე-მეთქი. სად მოკლეს შენი დეიდაშვილის ქმარი, ირა? მთაწმინდაზე რომ ბარია, „ოპიუმი“, მანდ ხომ?
ხელით ანიშნა ირაკლიმ, გააგრძელეო საუბარი.
-ახალი გადასული იყო სესოც იმ სახლში. მივაცილე, მეთქი ხომ უნდა ვიცოდე, სად ცხოვრობ. დავზვერე თანაც კარგად ყველაფერი, კამერებიც აქვთ და ძალიან კარგად გამოჩნდება პირდაპირ იმ „ოპიუმის“ შესასვლელი. წინააღმდეგი არ იქნება, რომ ამოვიღოთ იმ დღის კადრები.
-შენ ეგ შესთავაზე ჯერ? -დაფიქრებული ხმით ჰკითხა ირაკლიმ, ნანამ შენიშნა, რომ იმედის ბაცი ნაპერწკალი გაუკრთა თვალებში. თითებით მოისრისა შუბლი, თითქოს ფიქრობდა.
-შენი აზრით, დამნაშავე არ მიაკითხავდა უკვე იმ კამერების პატრონს? -ტონი ვერ დაიმორჩილა ანდრომ, მაინც ეპარებოდა ბგერებში უნდობლობა მის მიმართ.
-თუნდაც მიაკითხა ვინმემ, ის მაინც გვეცოდინება, ვის უნდა იმ კადრების გაქრობა. შენთვის ეს ხელჩასაჭიდი არ არის, ანდრო?
-და შენ გვიშუამდგომლებ?
-ხო, აბა, თქვენ ვინ რას გეტყვით?! უცხოები ხართ და მე თუ მკითხავთ, არასანდო ავტორიტეტიც გაქვთ მათნაირი მდიდრების თვალში. მე ოჯახის ნაცნობი ვარ, ჩემი დის დაქალია სესილი, დიდი ხანია ვიცნობ და დამიდგება გვერდით. სად არის-მეთქი ის პოლიციელი? დაგვჭირდება, ჩემსავით უმწიკვლო არაა, მაგრამ გამოდგება.
-დავურეკავ. -ფეხზე წამოდგა ნანა. აღარ შეეძლო იმ ოთახში გაჩერება, ნახევარი ტანი გადაყო სამზარეულოს ფანჯრიდან, რომ ცივ ნიავს მაინც შეეფხიზლებინა.
-დიახ, ილია ლიფონავა გისმენთ.
-მალე მოხვალ, ილიკო?
-უკაცრავად, ილია ლიფონავას სახელზე ცოლი არ ფიქსირდება, თქვენ ვინ ბრძანდებით მისი ასავალ-დასავალით რომ ხართ დაინტერესებული?!
-ის, ვინც ილია ლიფონავას ენას ამოაძრობს! -წაუსისინა ნანამ, -შენზე ვიყრი იცოდე ყველას ჯავრს, მალე თუ არ მოხვალ. საქმე მაქვს.
-ამჯერად რა დააშავე, გოგო?!
-არაფერი, მალე მოდი. -თვალი ჩუმად გააპარა მისაღები ოთახისკენ და ჩურჩულით ჩასძახა ტელეფონში, -ისიც აქაა.
-ეგრე დაგეწყო! მოვდივარ და მომაქვს მამაჩემის ორლულიანი თოფი! -ომახიანად ჩასძახა ტელეფონში და გაუთიშა.
ვაკოს რომ შეხედა, გაიფიქრა, ეს ორი გაუგებსო ერთმანეთს და დაბრუნდა ისევ მათთან. ზურგს უკან ამოუდგა ირაკლის, ასე აღარ დაინახავდა მაინც მის სახეს და არიდებულ თვალებს, უარესად აღარ ეტკინებოდა გული.
-ირა, არ წამოხვალ ხვალ დილით ლისზე სარბენად? მოტეხილი მეჩვენები რაღაც.
-შენი ენა პირველი კლასის მერე არ გაჩერებულა, ხო? -გასავათებული ხმით ჰკითხა, აშკარად ყველაფერი ერჩივნა საკანდელიძის ყბაში ჩავარდნას, მაგრამ ზედმეტად გამოუვალ სიტუაციაში იყო ჩავარდნილი იმისათვის, რომ მის დახმარებაზე უარი ეთქვა.
-სხვათაშორის, ძალიან გვიან დავიწყე ლაპარაკი ჩვეულებრივ ბავშვებთან შედარებით… ჩხიკვის ფრთა გამომისვეს მერე ხახაში და მაგის მერე ვეღარ ვჩერდები. როგორც ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა, ენას ვარ გამობმული. ხოდა, ირა, არ ირბენ? იცი რა გოგოები არიან იოგაზე?
-შენ ირბენ აქედან ციმბირამდე, ვატყობ.
-მუქარა რა საჭიროა, ირა, სხვანაირად გეთქვა, რო დაკავებულია შენი ტანჯული გული. -შეიშმუშნა ვაკო სავარძელზე, მტაცებელივით ავისმომასწავლებელი რომ გაუხდა მზერა ირაკლის. -ხუმრობა დაგავიწყდა შენ?!
ვაკოს ტელეფონი აზარუნდა.
-აი, მამაჩემიც რეკავს. -ჰაერში შემართა ტელეფონი, -დიახ, გისმენთ, ბატონო ზურაბ.
-სად იპოვე ეს? -ნანას ჰკითხა ანდრომ, როცა სხვასთან ლაპარაკით გაირთო თავი ვაკომ.
-სამსახურთან შემხვდა და მითხრა, საქმე მაქვსო.
-ოხ, ნანა…
-რა? თავის დას იცავს ესეც. საეჭვოდ არ გეჩვენება, მაინც და მაინც მაშინ რომ გაუშვა ზურაბმა ქვეყნიდან, როცა გიგი დაიჭირეს? თანაც ჩემთვის ზედმეტი არაფერი უთქვამს ან გაუკეთებია, -საერთოდ სხვისთვის იყო გამიზნული ის სიტყვები და მიაღწია კიდეც მიზნამდე, ირიბად გადმოხედა ირაკლიმ.
-მამიკო მიბარებს სასწრაფოდ. -ფეხზე წამოდგა ვაკო, გაიშალა მხრებში და თვალი მოავლო სამივეს, -რაღაც მოხდა, როგორც ჩანს. თუ თქვენ შეგეხებათ, გაგაგებინებთ. აბა, ჰე!
უსიტყვოდ გაჰყვა ირაკლიც უკან.
-მეც გავალ, კაი? -შემოსასვლელში დაკიდებული ქურთუკი ჩამოხსნა ანდრომ, შეუერთდა სადარბაზოში გასულებს, -თორემ დედაჩემი იფიქრებს, რომ დამავიწყდა.
-კარგი, ილიკო რომ მოვა, შეგეხმიანება, ვაკო.
-ჰო, ეგეც უნდა ჩავაგდო ჩათში, არ დამავიწყდეს.


სხვანაირი მოეჩვენა დედა იმ საღამოს ნანას. ვერაფრით იწყებდა მასთან საუბარს, უხილავი ძალა ექაჩებოდა ენაზე, თითქოს ყველა სიტყვა დაავიწყდა. დაშორდა დედას, ვეღარ იყო მისთვის ახლობელი, აღარ ელოდა მისგან გაგებას, აღარც მის დაბრუნებას.
მხოლოდ გრძნობდა, რომ რეალურად დედამ ევა დატოვა, ნანა კი მიატოვეს. ვერ იტყოდა ამას ვერასდროს ხმამაღლა, რიდს და პატივისცემას ვერ უნელებდა ვერც დრო და ვერც მანძილი.
-ვგრძნობ, რომ რაღაც გაწუხებს. -თქვა ლალიმ, ტრადიციულ სიმკაცრეს არ კარგავდა მისი ხმა და თვალები, მაგრამ დედაშვილური სიყვარული მაინც ეპარებოდა მის ბგერებს. ხანდახან ასეთიც იყო, მაგრამ ხანდახან არ იყო საკმარისი, -არაფერს მიყვები…
-დედა, არ გინდა, -დაღლილმა ამოიკვნესა, აღარ შესწევდა მასთან ჭიდილის ძალაც.
-მე ვიცი, რომ შენ ბევრი უბედურება გამოგატარეთ… მე და მამაშენმა. მერე უჩემობამ… ხომ იცი, არ მქონდა სხვა გზა.
-ვიცი. არ გადანაშაულებ არაფერში, დედა. არც გავალდებულებთ ჩამოსვლას, სადაც უკეთესად იქნები იქ იყავი, ერთხელ ვცხოვრობთ, იცხოვრე ისე, როგორც შენ თვლი, რომ სწორია, როგორც შენ გინდა….
-შვილიან ქალს არ აქვს დიდი არჩევანი, ნანა, დედა რომ გახდები მერე მიხვდები… არ გინდათ, რომ ჩამოვიდე?
-გულწრფელად გითხრა? -კარგად გაასწორა ნანამ ტელეფონი, ფრთხილად აარჩია სიტყვები სანამ რამეს იტყოდა. -ჩემი აზრით, შენ არ გინდა ჩამოხვიდე და ცდილობ საკუთარი დანაშაულის გრძნობა ჩვენი დადანაშაულებით გააქარვო, დედა. თუ მანდ გირჩევნია, თუ თავისუფლება და ბედნიერება სხვაგან იპოვე, დარჩი… მე ვერ გთხოვ თავგანწირვას, ჩვენ ისედაც გავიზარდეთ ამასობაში. აღარ მაქვს მშობელთა კრება სკოლაში, აღარც კონცერტები, სადაც სულ ვტოვებდით თავისუფალ ადგილს შენთვის. მართალი ხარ, ჩვენ შენი წყალობით არ გვშიოდა, არ გვწყუროდა და არ ვაკლდებოდით არაფერს… მე დედა არ ვარ ჯერ, მაგრამ ქალი ვარ და მესმის შენი ბედნიერების წყურვილის, რომელიც ყოველთვის გაკლდა დიმას ხელში. ჩვენ გვირჩევნია დედას ბედნიერს ვხედავდეთ, თუნდაც ეკრანიდან, მაგრამ ბედნიერს… მე ერთი წამითაც არ ვყოფილვარ კარგად, როცა შენ უბედური და დამცირებული იყავი. არ ვიცი, როგორ აგიხსნა სხვანაირად, რომ სწორად გამიგო…
მრავლისმთქმელი სიჩუმე ჩამოწვა. ლალი თავს ვერ აბამდა სათქმელს, ერთბაშად იგრძნო, რომ ის პატარა გოგონა, რომელიც ასე დიდი ეჩვენებოდა მაშინ ახლა გაზრდილიყო, დაქალებულიყო. იგრძნო, რომ შეეძლო მისი იმედი ჰქონოდა. ნანას ყოველთვის ესმოდა მისი, მაშინაც კი როცა აუხსნელ შეცდომებს უშვებდა, როცა ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო მის მიმართ.
ჩაახველა ლალიმ, სათვალე მოიხსნა და ამჯერად სულ სხვა თვალით შეხედა ნანას.
-ახლა რასაც მოგიყვები, იცოდე რომ არავისთვის მითქვამს აქამდე… როცა მამაშენი გავიცანი, მაშინ საშინელი დრო იყო. ქვეყანა შეიშალა, ყველა მიწისქვეშა გადასასვლელიდან ქალის კივილის ხმა სირენასავით გვანიშნებდა, რომ იქ რაღაც საშინელება მოხდა, გართმევდნენ ყველაფერს, რასაც რამე ფასი ჰქონდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ იყავი, სად იყავი, რა გაგაჩნდა. ბეწვის ქურთუკს უფრო მეტი ფასი ჰქონდა მაშინ, ვიდრე ადამიანის სიცოცხლეს. ერთხელ მე და ნათლიაშენს, ნატოს, ტაქსისტმა კისერზე დანა მოგვადო, მის თვალწინ გაგვახდევინა, რაც კი ღირებული გვეცვა და ზამთარში ფეხშიშველი ჩამოგვყარა “ვაგზალთან”, ჩვენ მაშინ სტუდენტები ვიყავით, ქირით სვანეთის უბანში ვცხოვრობდით ერთ რუს მოხუცთან. შიშით და კანკალით მივაღწიეთ სახლამდე, ნატო ლამის შეიწირა მაგ ღამემ, ნერვებთან ერთად ჯანმრთელობაც გაუნადგურდა. მამაშენი მაშინ ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა, თუ სადმე რამე გაფაჩუნდებოდა, ყველგან გარბოდა, ყველამ იცოდა მისი სახელი, ყველაფერს აგვარებდა, როგორც აგვარებენ ხოლმე მისნაირები. მე ამან მომხიბლა, უპატრონო და შეშინებული ვიყავი, დაცვა და ოჯახი მინდოდა, სულელმა ვიფიქრე რომ ასეთი კაცი შეძლებდა ჩემთვის იმის მოცემას, რაც მაკლდა. შენიშნა ჩემი სიმპათიებიც დიმამ, მოეწონა ყურადღება, სიყვარული ქალის მხრიდან, დედა ადრეულ ასაკში მოუკლეს, იყო.
სუნთქვა შეეკრა ნანას. ვეღარ პოულობდა ადგილს, არც ჯდომა შეეძლო ერთ ადგილას და არც სიარულისთვის ემორჩილებოდა მუხლები. პირველად ისმენდა დიმას ცხოვრების ამ მონაკვეთს და ძალიან შეეშინდა მეტის გაგების.
-ხან ვინ დაეთრეოდა მაგათ სახლში თურმე, ხან ვინ. დიმა აღარ იყო პატარა, ყოველ შემთხვევაში იმხელა იყო, საკუთარ ღირსებაზე რომ მოხვედროდა დედამისისკენ გასროლილი ტალახი. შეიზიზღა დედა. მერე მოუკლეს კიდეც და მისი საფლავის გზაც დაივიწყა სამუდამოდ. მამა საერთოდ არც ახსოვს. ადრე დაქვრივებულა სვეტა, დედამისი. მე მეგონა მას იმას მივცემდი, რაც სულ აკლდა… ღირსეულ ოჯახს, ჩამოვწმენდდი ტალახს, ვიქნებოდი კარგი ცოლი… არაფერი, დედა, საერთოდ არაფერი მასზე არ ჭრიდა. სულ ჰქონდა შიში, რომ რაღაც შემეშლებოდა, რომ მეც შევარცხვენდი დედამისივით და ისევ მოუწევდა ყველას თვალში იმის დამტკიცება, რომ მის ღირსებას არავინ შეხებია, არცერთი ქალი… მერე შენ გაჩნდი, მერე ევა… მერე ისიც გამოჩნდა, უფრო სწორად თავად იპოვა სოფო. და თავისი საყვარელი ვაჟიშვილი, თავისი ერთადერთი იმედი… სანამ შენ მეყოლებოდი, მანამდე ჰქონია სოფოსთან რომანი, ბიჭი შენზე უფროსი იყო ერთი წლით. გაიგო და წავიდა… ევა პატარა მყავდა მაშინ, გახსოვს?!
-კი. -გატეხილი ხმით უპასუხა ნანამ. ვერაფრით დაივიწყებდა იმ ბედნიერ დღეს, როდესაც დიმამ დატოვათ, როდესაც მშვიდად ძილი ისწავლა, როდესაც აღარ ეშინოდა სამზარეულოში გასვლის, ხმამაღლა სიცილის, კაბების ჩაცმის… -ისე გამიხარდა, რომ წავიდა, არც მიფიქრია რომ მიგვატოვა. რომ მიგატოვონ, არ უნდა გინდოდეს მათი წასვლა. მე მაშინ ბედნიერი ვიყავი. გვიჭირდა, მაგრამ შიში არ მქონდა, რომ შენ უმიზეზოდ გცემდნენ, მე უმიზეზოდ დამიყვირებდნენ ჩაის ხმამაღლა დალევის გამო… მისი ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, როდესაც მიგვატოვა.
-მაგრამ შენ მაინც დარდობდი, -დაკვირვებით შეხედა ნანას სახეზე ლალიმ, აგრძნობინა, რომ მისი ყველა ფიქრი და წუხილი ესმოდა. -შენს ძმაზე.
-აქამდე რატომ არ მითხარი? -ხმადაბლა ჰკითხა, არ უნდოდა საყვედურივით გამოსვლოდა, მაგრამ მაინც ვერ მოზომა ტონი. -რისი შეგეშინდა, დედა, რომ მის საქციელს გავამართლებდი? არსებობს ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადახვიდე ზრდასრული ადამიანი, რომლის გარღვევის შემდეგაც ვეღარ გაგამართლებს ვერცერთი ბავშვობის ტრამვა. შენთან მაგ ზღვარს გადადიოდა ყოველდღე, დედა…
-მიტოვებული მაინც მე დავრჩი.
-დაგავიწყდა მაგაზე რა გითხარი? გინდოდა რომ დარჩენილიყო, თუ რატომ ხარ მიტოვებული?! თუ ბიჭი რომ ვერ გაუჩინე, ეგ გაწუხებს? შენ გგონია ანდროს გაუწია იმან მამობა?
-ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, ნანა. მე ვიცი, შენ ვისკენაც მიგიწევს გული, იმავე სამყაროს ეკუთვნის ისიც. მე ვიცი, რას ნიშნავს იყო მათნაირი კაცის ცოლი… ეს ნიშნავს ცხოვრობდე მუდმივ დაძაბულობაში, რომ ვიღაცას შენი და შენი უდანაშაულო შვილების ამოხოცვა არ მოუნდება რაღაც უაზრობაში გადასული შუღლის გამო. ყველამ იცის, რომ შენ ხარ ავტორიტეტის ცოლი და პირისპირ ვერავინ ვერაფერს გიბედავს, მაგრამ ყველას კარგად მოეხსენება, რომ იმ ფულს, რომელიც პურს გაჭმევს, გასმევს, გაცმევს და განცხრომაში გამყოფებს, სისხლის და შიშის სუნი აქვს, სხვისი მკვდარი სიცოცხლის აყროლებული სუნი. შენ ახლა ის ღირსეული გეჩვენება, გგონია ხელს არასდროს გაისვრის, მაგრამ მათთან ასე არ ხდება. მათთვის სწორი საქციელი ზოგჯერ დიდი სისასტიკეა, გულისხმიერება და შეწყალება კი სისუსტე და დასაცინი საქციელი. ამას ვერ აიტანს მისნაირი კაცი. მათ არ იციან მოწყალება, მოთმინება, პატიება… გინდა შენ გვერდით ასეთი კაცი? რომ მოკლან უბანში სკვერს გაუშენებენ “ძმები”, იტყვიან კარგი კაცი იყო, მაგის სიტყვა – კანონი, მისი საქციელი – მისაბაძი… შენ ვინ იქნები? კრიმინალის ქვრივი? ისინი “მოგხედავენ”… გიფიქრია ამაზე, ნანა?
-დედა, არ ვიცი, საიდან მოგაქვს, რომ ვინმე მამაჩემისნაირს ცოლად გავყვები. -ძლივს დაიმორჩილა ნანამ ხმა, იმ დღეს მიღებული ინფორმაციის გადასახარშად მთელი ცხოვრება არ ეყოფოდა ალბათ.
-იმ ირაკლისთან ერთად არ იყავი მაშინ რესტორანში? ახლაც მაგიტომ არ ჩამოგტირის სახე? რა გააკეთა ასე მოკლე დროში, ასეთ დღეში რომ ჩავარდი? დედის გული და გუმანი არ ცდება არასდროს, ასეთ საკითხებში მითუმეტეს. მაგ ნაკაშიძეების ამბავი წლები არ ამოსდიოდა ხალხს გონებიდან, წლობით ლაპარაკობდნენ პატარა ბიჭზე, რომელსაც მშობლები ცხვირწინ ამოუხოცეს, დედა… ნუ გადამრიე, რად გინდა ეგეთი?!
-და ვისაც ასეთი ტრაგედია შეემთხვა, გამოდის ის არ უნდა შეიყვაროს არავინ? -ხმა გაუტყდა ნანას, ბოლომდე შემოხსნა საბურველი თავის ფიქრებსა და გრძნობებს დედის წინაშე. ირიბად, მაგრამ მას გამოუტყდა მაინც პირველ რიგში გრძნობებში, უზარმაზარი ლოდის მოხსნასთან ერთად იგრძნო ახალი ტვირთი საკუთარ მხრებზე – დედის შეცდომების არგამეორება. -კიდევ რა იცი მასზე? რატომ მოუკლეს მშობლები?
-ჩემზე მეტად მამაშენმა იცის. იმას ჰკითხე. დიმამ გადაარჩინა ეგ ბავშვიც, თორემ მასაც გაუყენებდნენ მშობლების გზას.
-რას ამბობ? დიმამ… დიმამ რანაირად? -პირი გამოუშრა ნანას, ჩამოეყრდნო სამზარეულოს განჯინას. საყრდენის გარეშე დაეცემოდა აუცილებლად.
-ეძმაკაცებოდა მამაშენი მამამისს, ეხმარებოდა ბიზნესის მართვაში. ხომ იცი, როგორც ხდებოდა ხოლმე. ის წილს უხდიდა, სამაგიეროდ დიმა არ აკარებდა ირგვლივ კობას არავის. მის მაღაზიებს ვერ ეხებოდა ვერავინ. არ იყო ცუდი ადამიანი, სხვათაშორის, შევხვედრივარ რამდენჯერმე და მამაშენისგან განსხვავებით, კაცი ეთქმოდა. აშკარად ძმამ გადაიბირა, თორემ არ ჰგავდა თვითონ გზას აცდენილს. ხომ გითხარი, მაშინ ყველა ყველაფერზე დიმასთან გამორბოდა-მეთქი?! კობას სახლში გასაქურდად შეჭრის ამბავიც მაშინვე მოახსენეს მამაშენს. სანამ თვითონ მიასწრებდა, თავისი ხალხი გაგზავნე იმავე უბნიდან, რომ დროულად მიესწროთ და ბავშვი მაინც გადაერჩინათ. შოკისგან არც ემახსოვრება ირაკლის, ბიძამისმაც მალევე წაიყვანა. დიმასაც არ გაუმხელია ეს ამბავი არსად, ალბათ, დამნაშავედ გრძნობდა თავს, კობა და მისი ცოლი რომ ვერ გადაარჩინა.

***

მიმღების დერეფანში ნახევრად გამოუძინებელი დაღოღავდა, აღარ ემორჩილებოდა უკვე მუხლები და ვეღარც კოფეინის გადამეტებული დოზა შველიდა მის გამოფიტულ სხეულს. ერთადერთი, რაც სიამოვნებას ანიჭებდა თვალების დახამხამება იყო. მთქნარებით მიესალმა ცვლაში გამოსულ ადმინისტრატორს და საათს ახედა მერე მოღუშულმა. ორი საათიც და ჩაეხუტებოდა თავის ლამაზ, კომფორტულ, თბილ და ყველაზე რბილ ბალიშს.
მკაცრი სახით მოემართებოდა მისკენ საავადმყოფოს რისხვა, ქალბატონი ციცინო კოსტავა. ბადრიჯნისფრად შეეღება დაბალზე შეჭრილი თმა, სავსე ქალბატონი გახლდათ, წარბებს შორის მეხივით გავარდნილი ნაოჭით, რომელიც უფრო უმკაცრებდა ისედაც კუშტ გამომეტყველებას.
-შენგელია, დახმარება მჭირდება, რომ ჩამომიდექი აქ! -დაუცაცხანა ელენეს და ხალათი შეისწორა, სხივებდაცემული ეზოსკენ გაექცა მასაც თვალი, ციცინო ექიმიც მთელი ღამე ემსახურებოდა კლიენტებს, მასაც ელენესავით მიუწევდა გული ბალიშისკენ. -არაა რთული პაციენტი და შენ მიმიხედე, ხომ იცი, როგორც ხდება… მე ადრე მინდა გასვლა დღეს.
-კარგი, ციცინო ექიმო.
პაციენტებთან მარტო მომსახურება უყვარდა ელენეს, სხვების ზედამხედველობის დროს ვერ იყო ისეთი გახსნილი და თამამი, როგორიც მარტო, დამოუკიდებლად.
ნიავივით გაიჭრა ციცინოს კაბინეტისაკენ, წეღანდელი დაღლა და ოცნებები ბალიშთან ჩახუტებაზე გადაუვარდა გონებიდან.
კარის გაღებამდე თმა და ფორმა შეისწორა და ფრთხილად შეაღო კარი.
-გამარჯობა, -მიესალმა ზურგშექცევით მჯდომ პაციენტს და ოთახში წამიერად შემოჭრილი დერეფნის ხმაური კარის მიხურვით გააგდო ოთახიდან. -რა გაწუხებთ?!
-სიყვარული, -სუსტად წამოიკივლა ანდროს ხმის გაგონებისას, თვალებდაქაჩული მიაშტერდა მომღიმარს.
-გაგიჟდი შენ? -ისე დაიჩურჩულა, თითქოს მათ გარდა ვინმე ესწრებოდა ამ შეხვედრას.
მთელი სხეული დაეჭიმა ელენეს, იცოდა, რომ არ შეარჩენდა ასე მარტივად თავის დაძვრენას და აუცილებლად მოსთხოვდა პასუხს პირობის დარღვევისთვის.
-ჩაკეტე ეგ კარი და მოდი ჩემთან, -ჯერ ურდულისკენ ანიშნა ერთ ადგილას გახევებულს, შემდეგ კი თავისკენ, როცა უფრო კომფორტულად მოთავსდა პაციენტის სკამზე, -გამსინჯე, რაღაც ვერ ვარ კარგად.
-ფსიქოლოგთან უნდა მიხვიდე შენ! -ერთხელ გადაატრიალა საკეტი, მისკენ წავიდა გაცხარებული, -რა გაწუხებს ერთი?
-მაინც და მაინც თავი უნდა მოვიმკვდარუნო, ეგ რომ მკითხო? -ქვემოდან ახედა თავზე წამომდგარს, გაუღიმა.
ხელის გაწვდენაზე მყოფს ბარძაყთან გამოსდო თითები და მისწია თავისკენ.
-ანდრო…
-ჰო, ელე… -ბოროტი ღიმილით დააჯილდოვა, როცა თეძოებამდე აუცურა ხელები და კალთაში ჩაისვა.
წეღანდელი მოთენთილობა უფრო გაუმძაფრდა, საავადმყოფოს ცივი და უსიამოვნო სურნელი სადღაც ძალიან შორს გაიფანტა.
-შენ გამექეცი, მაგრამ მე მაინც მოვედი შენთან, -ყელიდან გადაუწია თმა, ყველაზე სასურველი იყო მის კანთან შეხება იმ წამს.
-შენ ცუდად არ იყავი? -წარმოთქვა მოგუდული, ძალაწართმეული ხმით. ვეღარ უწევდა წინააღმდეგობას, დაღლამ, ღამისთევამ და ანდროს სიახლოვემ ერთიანად გამოაცალა ენერგია. მხოლოდ ჟრუანტელს გრძნობდა და მის სიახლოვეს, წელზე შემოხვეულ გავარვარებულ მკლავებს, მის სუნთქვას საკუთარ ათრთოლებულ კანზე.
-კი… ვიყავი, -ყელში ჩაუყო ცხვირი, ღრმად შეისუნთქა მისი ჰაერი. არ უკოცნია, ისე ელპარაკებოდა, აგრძნობინებდა თავისი ტუჩების ყოველ გამოძრავებას.
-ცუდად იქცევი…
-რატომ, ელე? შენ არ იქცევი ცუდად, პირობას რომ არ ასრულებ?
-მე არ დაგპირებივარ არაფერს, შენ დაპირდი საკუთარ თავს.
-ახლა აქედან რომ წავიდე, სულ წავალ… -ტკბილად გაჟღერებულ მუქარას დაემსგავსა მისი სიტყვები, გააჩერა მოუსვენარი თითებიც, მწვანე თვალები ჩაუმუქა გამჭოლმა გამოხედვამ. სული შეეხუთა ელენეს, მუცელი ასტკივდა ნერვიულობისგან, მასთან სიახლოვისგან, -არ მიყვარს არეულობა, გაუგებრობა, უსახელო ურთიერთობები და ადამიანები, შენ, ელე? შენ გიყვარს?
-არა, -დასჯილი მოსწავლესავით უპასუხა ჩამწყდარი ხმით, შეუვარდისფრდა ლოყები, -მემუქრები?
-საერთოდ არა, -ოდნავ გაეღიმა, თითის ზურგით მოეფერა სახეზე. -მე მინდა, რომ თამამად გკოცნიდე, შენ რა გინდა, ელე?
-რომ ასეთი პირდაპირი არ იყო.
-გრცხვენია? -ჰკითხა გამომწვევად, აშკარად ეწერა ამ კითხვაზე პასუხი აწითლებულ სახესა და ამღვრეულ გვალებზე ელენეს. უარესად დაიმორცხვა, მანაც რომ შენიშნა, რომ გაუღიმა ისეთი თბილი და ცბიერი ღიმილით ერთდროულად, მხოლოდ ანდროს რომ შეეძლო ჰქონოდა. ხმაურით აკოცა მოღერებულ კისერში, შეისუნთქა მისი გრილი, სუფთა და მშვიდი სურნელი.
ხელებით რომ არ დაეჭირა, წაიქცეოდა აუცილებლად, ისე გამოეცალა ძალა მისი შეხებისას. მუცელში აუფეთქდა რაღაც ძლიერი და მწველი, მინაბა თვალები სუნთქვაშეკრულმა.
-სხვა არაფერი გაწუხებს? -აკოცა ისევ, ყბასთან ამჯერად, შემდეგ ლოყაზეც, მინაბულ თვალებზეც. -მხოლოდ გრცხვენია?
სუსტად დაუქნია ელენემ თავი. მიეყრდნო მთელი სხეულით, ესმოდა მისი გულის არანორმალურად სწრაფი და ძლიერი ფეთქვა, თითქოს მკერდის ძვალს გამოამტვრევდა წამი-წამზე.
-გადატენილ იარაღს გაძლევ და იმედს ვიტოვებ, რომ არ მესვრი, ელე…
-რატომ ამბობ ამას? იარაღის და ტყვიის გარეშე არ შეიძლება რომ ვილაპარაკოთ?
-უბრალოდ გატყობინებ რომ მიყვარხარ. -გაეღიმა მის ჩამქრალ სიფიცხეზე ამ სიტყვების გაგონებისას. -მარტო შენი ნასრილი ტყვია მომკლავს… სხვას არავის შეუძლია.
-შენს მოკვლას არ ვაპირებ, რომ იცოდე. -ხმა ჩაიწმინდა ელენემ, სავსე ჰქონდა მზერა ყველანაირი გრძნობით და განწყობით მის მიმართ. ახლა წყდებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი და არცერთი დეტალი არ სურდა გამორჩენოდა, არცერთი აგური არ უნდოდა დაკლებოდა მათი ურთიერთობის საძირკველს, -და არც ეს იქნება მარტივი. ჩვენ.
-არადა, როგორი მარტივია. შენ წამომყვები ცოლად, იცხოვრებ ჩემთან… გაგაცნობ დედას… ისე მოეწონები, უკან აღარც გაგიშვებს…
-მგონი ცოლობამდე რამდენიმე ეტაპს ტოვებ, -უკან გადაზნიქა თავი ელენემ, ცხვირწინ აუფრიალა წვრილი თითები, მასზეც აკოცა ანდრომ. ყველაზე სათითაოდ.
წამწამებზე ლოდებად დააწვა მისი თითოეული შეხება, ვერ ერეოდა ვერაფრით.
-ერთ ეტაპს გავივლით მხოლოდ, -ჩამოუთალა თმა ზურგზე, თითებით მიმოუფანტა მხრებზე და სხვანაირი მზერით დააკვირდა ამჯერად, -მამაშენს ვთხოვ შენს ხელს, მოვისმენ მის მუქარას… და წაგიყვან მერე ჩემთან, ხომ წამოხვალ?
-რომ არ გამომიშვან ჩემებმა?
-შენ ხომ წამოხვალ მაინც? -ჰკითხა ღიმილით, არ უტოვებდა თითქოს არჩევანის უფლებას.
-ჩქარობ ძალიან შენ, -გულზე მიადო საჩვენებელი თითი.
-სულაც არა. უკვე ვაგვიანებ, მე თუ მკითხავ.


*

საკანდელიძეების უზარმაზარ სახლში არავინ ცხოვრობდა ზურაბის გარდა. არც ვაკოს უყვარდა ქეთის გარეშე აქ გაჩერება, წავიდა თუ არა თავისი და, მაშინვე მოშორდა თავადაც აქაურობას. ვერ ეგუებოდა კედლებში შერჩენილ ლამაზი დედის ხსოვნას. ყველა კედლიდან უყურებდათ მისი სურათები მშვიდი და თბილი თვალებით. ვაკო ყოველთვის ფიქრობდა, რომ დედებს სიკვდილი არ შეეძლოთ. თავის დედას განსაკუთრებით.
ამიტომაც ვერ იტანდა ამ სახლის კედლებს, სამზარეულოსა და ეზოს, რომელსაც აღარ ეტყობოდა დედამისის კოტხა ნაკვალევი, სადაც ყოველდღე დააბიჯებდა ზურაბ საკანდელიძე და ვერ ამჩნევდა თითქოს, რომ აღარ ჰყავდა ცოლი ცოცხალი.
ამ ეზოს ხეები ჩურჩულით ახსენებდა ნიავის ყოველ გაშრიალებაზე, რომ დედა წავიდა იქ, საიდანაც აღარ ბრუნდება არავინ. ისე მოენატრა, ცრემლებმა წაუჭირეს კისერში ხელები, ტირილი მოუნდა ისე თამამად, როგორც ბავშვობაში, როცა მუხლებგადაყვლეფილს სულს უბერავდა ეკა ჭრილობებზე.
შეამცივნა. წაუხდა ხასიათი ვაკოს. ზურაბის დაჟინებული თხოვნა რომ არა, არც მოვიდოდა ამ სახლში. თვალს არიდებდა ყველაფერს, თითქოს მკრთალად წაწერილი მოგონებების ამოკითხვის ეშინოდა.
ცივი სინათლე კაშკაშებდა სახლში. ეტყობოდა, ერთი უბედური ადამიანი რომ შემორჩენოდა ბინადრად.
მისაღებში უყვარდა ზურაბს ჯდომა, ეზოს გადაჰყურებდა პირდაპირ და ვინ იცის, სადამდე მიჰყავდათ ფიქრების ტალღებს, რომელ ნაპირებზე რიყავდნენ ქვრივს, შვილებისგან მიტოვებულს, მაგრამ ძალაუფლების, ფულისა და ქონების მქონეს…
რომელ ნაპირზე მიერეკებიან ფიქრები ისეთ ადამიანს, რომელსაც აქვს ყველაფერი და ჰყავს არავინ…
-რატომ ამაწიოკე გუშინ? -მისგან შორს ჩამოჯდა ვაკო. დაკვირვებით შეაცქერდა ზურაბის გაყინულ პროფილს.
-გუშინვე რატომ არ მოხვედი?
-არ მეცალა. -მოატყუა. საღამოს ამ სახლში მოსვლის და აქ დარჩენის პერსპექტივა აშინებდა, ამას ზურაბიც ხვდებოდა. -გისმენ, აბა.
-მე გისმენ. -მკაცრი თვალები შეანათა ვაჟს, თავის თავზე ათასჯერ ღირსეულს. ეშინოდა მასთან შერკინების, თუმცა იცოდა გარდაუვალი იყო უკვე. -რაო სესილიმ?
-ოხ, მითვალთვალებ, მამი? -სავარძელზე გადაწვა ვაკო, ცუდად ენიშნა მამის სიტყვები.
-ვაკო, მიატოვე, რასაც აკეთებ. არ არის ახლა მამათა და შვილთა ბრძოლის დრო. პირადად გავარკვიოთ მე და შენ.
-რას ამბობ, ზურა? მე და შენ რა უნდა გავარკვიოთ… ან უდანაშაულო ადამიანის ციხიდან დახსნა რატომ მაპირისპირებს შენთან? რა გააკეთე შენ?
-მე არაფერი, სულელო ბიჭო! -მკაცრად შემართა ხელები ზურამ, -იცი, რა მოხდება, სიმართლე რომ გაირკვეს? იცი?! ამერიკაში რომ ერთობოდი, ჩემს ფულს ხარჯავდი და ღმერთმა უწყის კიდევ რა სისულელეს აკეთებდი, იცი რა ხდებოდა აქ?
-მომიყევი, მოგისმენ. -ინტერესით ჩამოადო ნიკაბი ხელს ვაკომ. არ ეტყობოდა შეკრთომა, თითქოს ყველაფერს ელოდა უკვე მისგან. -ვის ჩავსვამ, შენ? გგონია შენი თავისუფლება მადარდებს, როცა სასწორზე ჩემი დის ბედნიერება დევს?! ამერიკაში შენ გამაგდე, თუ არ გახსოვს. ბოდიში ახლა, ჩემი დეპრესიიდან გამოყვანა ძვირი თუ დაგიჯდა.
-წესიერად მელაპარაკე!
-დაიმსახურე და წესიერად დაგელაპარაკები. რას გააქციე ქეთი, ნამუსი თუ სუფთა გაქვს? ვის იცავ, საკუთარ თავს, საკუთარ სკამს, საკუთარ ქონებას? გგონია, რომელიმე მადარდებს ამ ჩამონათვალიდან? ნო, პაპა. მაგარი .
-კარგი, მაშინ განგანათლებ. ხომ ასე გაინტერესებს, ვის ვიცავ… რაო სესილიმ… არ მოგიყვა იმ საღამოს რა მოხდა? არ გითხრა შენი სულელი და გიგი ბარათელზე რომ ყურებამდე იყო შეყვარებული? გაპარვას რომ აპირებდნენ იმ ღამეს, როცა ის საცოდავი ბიჭი დაიღუპა… არ იცოდი, ხომ? მე არ მომიკლავს და მართალი ხარ, არც გიგის მოუკლავს. იმდენი გაიჩხირა მისმა სიძემ, გონზე ვეღარ იყო საცოდავი. იცი, ადამიანს რა შეუძლია გააკეთოს, როცა საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის? ყველაფერი, დამიჯერე, საერთოდ ყველაფერი, ეშმაკს შეუძლია გაუტოლდეს და ისიც კი გააოცოს თავისი ფანტაზიით. ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ გიგი და ქეთი იმ საღამოს, სასიძოს დააგვიანდა… ბედად ეს შემოხვდა მაინც და მაინც, საშინელებას უპირებდა შენს დას… ნამუსის ახდას, თუ კონკრეტიკა გჭირდება და შენი გულუბრყვილო გონება მაგდენს ვერ გაქაჩავს, რომ ეგ წარმოიდგინოს! დაგვიანებული სასიძო პირდაპირ შეესწრო ამ სცენას, ისე სცემა, ვერავინ იფიქრებდა, რომ წამალში გაიპარა ის უბედური რეალურად. მაინც დაინდო… ალბათ, თავისი არდაბადებული დისშვილის ხათრით, სამაგიეროდ, ციხეში ისე ჩაჯდა ხმა არ ამოუღია შენი შეურაცხყოფილი დის ხათრით. საკუთარი ხის ძირს ნუ ამოთხრი, ვაკო. მოიხდის ის ბიჭი სასჯელს, ისედაც იცის, შენს დასთან აზრი რომ აღარ აქვს, და მის თავისუფლებას ჩემთვისაც რომ არ ექნება აზრი, გამოვა ციხიდან. შეეშვი ამ საქმეს შენი დის ხათრით.
-ადამიანმა… -სუნთქვა შეეკრა ვაკოს, შეეშალა მშვიდი თვალები, უეცრად ისე დაპატარავდა უზარმაზარი სახლი, ძალიან დაემსგავსა იმ კუბოს, რომელშიც ჩაწოლა ინატრა ამ სიტყვების მოსმენისას, -შენი ქალიშვილი… შენი შვილი… გადაარჩინა სირცხვილს, ტკივილს, შეურაცხყოფას, სულში ჩაფურთხებას…სახალხო შერცხვენას…
-სახალხო სირცხვილი ის იქნებოდა, მისნაირს რომ გაჰყოლოდა ქეთი! აი, ეს იქნებოდა სირცხვილი! მთელმა ქვეყანამ იცის ჩვენი და ბარათელების შუღლის ამბავი, მომინდომეს სულელური რომანტიკა და რომეო და ჯულიეტას გადათამაშება!
-გაჩუმდი და ერთხელ მაინც მოუსმინე საკუთარი ნამუსის მიჩუმებულ ხმას! -ნაპერწკლები გასცვივდა ვაკოს, დაბერვოდა ძარღვები, შეშლამდე ის ერთი ნაბიჯი აკლდა მამისგან რომ აშორებდა იმ წამს. -ჩემთვის გეთქვა. მე ჩავჯდებოდი იმ კაცის მაგივრად, სხვისი ძმა რატომ უნდა იხდიდეს სასჯელს? არდაბადებული დისშვილის მამის მკვლელად ათრია მთელმა ქვეყანამ… ეგ გინდოდა შენც… ის სკამი ასეთი რბილია, ზურა? რომ ვერ შორდები… იცი, რას გიზამ? ზედ დაგაჭედებ. ექსპერტიზას დროზე სწორი დასკვნა გამოაჩენინე და გაათავისუფლე უდანაშაულო ადამიანი, თორემ შენი ზედმეტად ბევრი ცოდვა მაქვს ნანახი, ამოვთხრი კი არა, ძირში მოვჭრი შენს ხეს, გადავწვავ და ზედ მარილს მოვაყრი, გაიგე?!
-ნუ იმუქრები, როცა არ გაქვს შესრულების ძალა.
-იცი, რას ვფიქრობდი სანამ აქ შემოვიდოდი… როცა ამ სახლს ვუყურებ ასეთ ცარიელს მაშინაც კი, როცა ვიცი რომ შენ ცხოვრობ შიგნით… ნეტავ ცოცხალი იყოს-მეთქი დედაჩემი, ქეთის როგორ სჭირდება-მეთქი ახლა მისნაირი დედა… შენ მე დღეს პირველად მაფიქრებინე, ზურა, რომ კიდევ კარგი დედაჩემი ამას ვერ მოესწრო, შენ ვერ მოგესწრო ასეთს… ერთადერთი, რისი სურვილიც მქონდა ის იყო, დედა ყოფილიყო ჩვენ გვერდით, სურვილი, რომელიც ჩანასახშივე უიმედოა, და შენ ეგეც წამართვი. რომ შემომხედავ, აღარ იფიქრო, რომ შენი შვილი ვარ, გაიგე? აქამდე ხომ მატრიალე შენს ჭკუაზე, ხომ გამომიყვანე ბოლო დონის არაკაცი შენი პატივისცემის გამო… ნახავ, რისი ძალაც მაქვს და მიხვდები, რომ არასწორი ღმერთის წინაშე ლოცულობდი.
-რას აპირებ? -უკან დაედევნა გასასვლელისკენ შურდულივით გავარდნილ ვაჟს, შეხებას ვერ ბედავდა, ასეთი არასოდეს ენახა და ისიც იცოდა, ქეთის გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი, საერთოდ ყველაფერზე. -მამას ჩასვამ, ბიჭო?
-ერთხელ ხომ გითხარი, -მეთქი? -ცივად წაუსისინა ცხვირწინ, მას არ მორიდებია სამაგიეროდ მიახლოება, თვალებში ახლოდან ჩახედვა. -თავისი დანაშაულისთვის დასჯილი მამა მირჩევნია უღირსს და თავისუფალს, გარკვევით აგიხსენი?!

*

საჭეს რომ მიუჯდა და ხელები აუკანკალდა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, როგორ უსუსურ მდგომარეობაში იყო სინამდვილეში. თითქოს ერთ წამში გასკდა ის ბუშტი, რომელშიც წლები ცხოვრობდა და მის მიღმა დანახული სამყარო სხვანაირად მუშაობდა.
საჭეს ჩამოადო თავი. არასდროს ყოფილა ასეთი ცარიელი და სავსე იმედგაცრუებით ერთდროულად. ქეთიმ მაინც როგორ დაუმალა? მან მაინც როგორ არ უთხრა…
ნანას ეზოს მიადგა ინსტიქტურად. პირველი, ვინც მაშველ რგოლად მოჰყვა ხელში ის იყო მხოლოდ. იცოდა, მოუსმენდა ზედმეტი ეჭვების გარეშე.
-კარგად ხარ? -დაფეთებული სახით ჰკითხა, როგორც კი მანქანაში ჩაჯდა. სახლის ფორმაში გამოწყობილმა უფრო მეტად დაამშვიდა. -ვაკო… რას ჰგავხარ?
-შენ რატომ არ ეუბნები ხოლმე შენს ძმას, რაღაც რომ გაწუხებს? -საჭეს დაადო თავი, ისე ამოიჩურჩულა ბოლო სიტყვები, თითქოს უკანაკსნელი ენერგია სწორედ მათ წარმოთქმას შეალია.
-ქეთი… კარგადაა?
-არ ვიცი როგორაა ქეთი. ახლა რომ დავურეკო და ვკითხო, როგორ ხარ-მეთქი, არამგონია, რამე მითხრას, არც ის მგონია, რომ მე დაველაპარაკები ისე, როგორც საჭიროა. ამიტომ გეკითხები შენ. მე არ მესმის, ნანა. -ამღვრეული თვალებით გამოხედა, სულის ჩაწვა იგრძნო გოგომ ჩასუნთქვისას ასეთი რომ დაინახა. ძალიან მოუნდა მოხვეოდა. წარმოდგენაც არ უნდოდა, რა დაემართებოდა ანდრო რომ ენახა ასეთ მდგომარეობაში. -რატომ გვიმალავთ ხოლმე ძმებს დები რაღაცებს? რაღაც რომ შეგემთხვევათ… რომ გაწუხებთ…
-არ ვიცი. -ეზოში გაიხედა ნანამ. ყბა დაჭიმვოდა დაძაბულობისაგან, -ჩვენი ტკივილისგან გიცავთ. ეს ხომ ასეა ზოგადად, დედმამიშვილის გასაჭირი ხომ ცხრასართულიანი ჯოჯოხეთია ჩვენთვის… თუ რაღაცის დამალვით უსარგებლო სინდისის ქენჯნას აგაცილებთ, გვირჩევნია ჩვენთვის შევინახოთ-ხოლმე.
-რატომ, გოგო, რატომ! -რამდენჯერმე მსუბუქად დაარტყა თავი საჭეს, ნანას შემოხედა იმ განრისხებული თვალებით მერე, ქეთის რომ ეკუთვნოდა რეალურად. -ვინ გაძალებთ?! რა გავაკეთო ახლა… თავიდანვე რომ მცოდნოდა…
-ვაკო, დამშვიდდი, რა… არ მომწონხარ ასეთი! -მისკენ მიბრუნდა ნანა, მხარზე დაადო ხელი. -რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ შენთან ვართ. ქეთის რაც არ უნდა დაეშავებინა, ის შენი დაა, თუ დაგიმალა ალბათ ისევ შენი გულისთვის. შენ მისი მხარე უნდა დაიჭირო ნებისმიერ შემთხვევაში.
-ვიცი ეგ დაუწერელი კანონები. -ტელეფონში ჩაიხედა წამიერად.
გადაწყვეტილი ჰქონდა ისედაც უკვე ყველაფერი. საერთო ჩათში მიიწერა, რომ სასწრაფო იყო და მოსულიყვნენ ნანასთან.
-იცოდი ჩემს დას და გიგი ბარათელს რომ ერთმანეთი უყვარდათ? -გატეხილი ხმით ჰკითხა, მოარიდა თვალები.
-არა…
-არც მე. -ნერვიულად ჩამოსწია ფანჯარა. -გაპარვას აპირებდნენ თურმე იმ ღამით, გიგი რომ დაიჭირეს. იმ ბარში უნდა შეხვედროდნენ, ეტყობა, სესილისთან იყო ქეთი მანამდე და დროულად მივიდა. გიგის დააგვიანდა. ის მისი სიძე კაიფში ყოფილა, იმ ბარში დვიჟენიობდა და ჩემი და შერჩა ხელში. არ ვიცი, რას უპირებდა, მაგრამ მიწაში რომ ჩავდებდი დაუფიქრებლად იქ რომ ვყოფილიყავი, ვიცი.
-მოიცა… ანუ გიგიმ… -პირზე აიფარა ნანამ ხელები, ვერ გაბედა ფიქრების გაჟღერება. გაფართოებული თვალებით მიაჩერდა ვაკოს გატეხილ სახეზე.
-სცემა, მაგრამ ვერ გაიმეტა მოსაკლავად მაინც. ბავშვის ხათრით. -ისეთი ხმადაბალი და ფრთხილი იყო ვაკოს ხმა ბავშვს რომ ახსენებდა, ათას ნაწილად დაეშალა ნანას გული. ვეღარ შეძლო ეყურებინა, მოარიდა თვალები. -ჩემი და… ისე წავიდა, არც მინახავს… არ ვიცი, რა სჭირდა, სად ატკინა…
-ანუ რეალურად გადამეტებულმა დოზამ მოკლა?
-ხო. მერე მამაჩემმა გააყალბებინა სავარაუდოდ, რომ ციხეში ჩაეყუდებინათ, ორი კურდღელი მოკლა, არასასურველი სიძე და არასასრუველი მეტოქე. ჩემი და ბონუსად დააყოლა ზემოდან. -ქეთის ვერ ცდებოდა მისი გონება იმ წამს, ისე შორს იყო და ისე ახლოს, იმდენნაირი ქეთი შემოჰყურებდა ვაკოს, ვეღარ გაუძლო და დახუჭა თვალები. -ჩემი პატარა და… მე უნდა ვიჯდე ჩემი მკვდარი კაცობით ციხეში გიგის ნაცვლად.
-სისულელეს ნუ ლაპარაკობ. შენც ისეთივე მსხვერპლი ხარ, როგორც გიგი! ის აუცილებლად გამოვა ციხიდან და შენც დაიბრუნებ შენს დას. მდგომარეობა არც ისეთი უიმედოა, როგორიც ახლა გეჩვენება…
-იმ დღეებს ვინ დამიბრუნებს, როცა მე მშვიდად ვსუნთქავდი და ჩემი და ძილის წინ ტიროდა, ნანა? რა საგიჟეთია… როგორი ჩანს სამყარო იმ სკამიდან, ასე რო არ ინდობენ არავის… არც შვილებს…
მანქანა შემოდგა ეზოში. ერთად მოვიდნენ ანდრო და ირაკლი. რამდენიმე წამით გაუსწორეს თვალი ერთმანეთს.
-მოვიდნენ. -ხმა ჩაუწყდა ნანას, როცა მოაშორა მზერა. ის უყურებდა, გრძნობდა ალმურავარდნილ სახეზე, როგორი გამჭოლი იყო ირაკლის შემოხედვა, როცა ვაკოსთან დაინახა ასეთ მდგომარეობაში. -ნუ გეშინია.
გადმოვიდნენ მანქანიდან ერთდროულად. ათას შეკითხვას უსვამდა ანდრო თავის დას თვალებით. მიეტუზა მას ნანა. იმხელა სიყვარული იგრძნო ძმის მიმართ ვაკოსთან საუბრის შემდეგ, ვერ შეძლო უბრალოდ გვერდის ავლა.
-ირა, მომაწევინე რა.
ეჭვისთვალით ამოიღო სიგარეტის შეკვრა ირაკლიმ და გაუწოდა ერთი ღერი, ერთი თვითონ მოიქცია ტუჩებს შორის. ჯერ ვაკოს მოუკიდა, შემდეგ თავისას.
გრძელ სკამზე ჩამოკდა საკანდელიძე, აღარ ჰქონდა ძალა ფეხზე დგომის. ისე გადმოხედა ირაკლიმ ნანას, ამოწმებდა თითქოს, იცოდა თუ არა მან ყველაფერი. მიხვდა, რომ იცოდა და ნაცრისფერი კვამლით გადაფარა სივრცე მათ შორის.
-გაყალბებულ ექსპერტიზას უშველი? -ნახევრად რომ ჩაწვა სიგარეტი, შემდეგ ახედა ირაკლის. თავი დაუქნია მანაც. -ხოდა, სახლში გეყოლება დეიდაშვილი დღეს-ხვალ. იცოდი ჩემი და რომ უყვარდა და გაპარვას აპირებდნენ იმ საღამოს?
-ოხ, გიგი… -თავი გააქნია ირაკლიმ, -არ ვიცოდი, არ უთქვამს. მწარედ ამბობს ციხიდან გამოსვლაზე უარს. რა ექსპერტიზა გაყალბდა?
-„გაიპარა“ ეგ თქვენი სიძე, არ მოუკლავს გიგის. ცოცხალი იყო, როცა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზედმეტი დოზა მოუვიდა და მაგან მოკლა. ეგ საქმე ბარათელს მიაკერა მამაჩემმა. -ეზოს სიღრმეში გაიხედა ვაკომ, ჩაფიქრდა წამიერად. -მე რაც გინდათ ის მიქენით. არ ვიცოდი. ჩემი და როგორი წავიდა ისიც კი არ ვიცი. ყველაფრის ღირსი ვარ. ის კაცი გამომაყვანინეთ ოღონდ, ცოტა მაინც რომ შემიმსუბუქდეს ისედაც დამპალი ნამუსი.
-სახლში ავიდეთ, -მხარში მოქაჩა ნანამ ვაკოს, არაფრად ჩააგდო ირაკლის ბასრი მზერა მის ხელებს რომ გადაევლო, წვაც კი იგრძნო… -იქ უკეთ დავილაპარაკებთ. ილიკოც მოვა… საერთოდ სანდრო მაჩაბელსაც დავურეკოთ…
თავის ძმას ახედა იმედიანი თვალებით, უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ დაეხმარებოდა ისიც. წამიერი ჭოჭმანიც კი არ იგრძნობოდა ანდროს მზერაში. თითქოს ვაკოს ტკივილი ერთიანად დააწვა ყველას გულს, ყველას ცა მოიღრუბლა.
-ადე… -წამოაყენა მაინც, ღიმილით დააჯილდოვა მიღწეული წარმატებისთვის, ხვდებოდა, როგორც უჭირდა.
-მე ევას გავიყვან სოფოსთან დღეს, კაი? -შუბლზე აკოცა ანდრომ დას, -ჩამოვიდეს უთხარი.

*

მარტო დატოვა ირაკლი და ვაკო ცოტა ხნით.
აკანკალებულმა ისიც კი ვერაფრით შეძლო, რომ დაპირებული ჩაი მაინც მოემზადებინა. ჩამოჯდა სამზარეულოში, საკუთარ ხელისგულებს ჩამოეყრდნო შუბლით. გაქცეული პატიმარივით მოსწყდა პირველი ცრემლი მოღრუბლულ წამწამებს.
ცოტა ხანში კოკისპირულად გაწვიმდა მისი თვალებიდან.
ყველაფერმა ერთიანად წაუჭირა ყელში. სანამ საკუთარი თვალით არ ნახა, მანამ ვერ მიხვდა რამხელა მნიშვნელობა ჰქონია თავის შეცდომას სხვა ადამიანების ცხოვრებაზე. რას გრძნობდა თურმე თავისი ძმა. რას ეჭიდებოდა თურმე გიგი. რას განიცდის ქეთი.
თავისი ტკივილი გახდა ყველას გასაჭირი.
სწრაფად მოიცილა ცრემლები თვალებიდან, ირაკლის სურნელს მისი სხეულიც რომ შემოჰყვა. წამოდგა ფეხზე და განჯინისკენ მიბრუნდა ჩაის მოსამზადებლად.
კართან გაჩერდა ნაკაშიძე, მაგრად დაეყრდნო ქუსლებს, ნაბიჯი რომ არ წასცდომოდა, სული ისედაც ელეოდა რომ ახლოს მისულიყო და ეკითხა რა ატირებდა, მოეწმინდა ცრემლები. არ გაუშვა თავისმა სიტყვებმა, არც გუმანმა, რომელიც კარნახობდა, რომ უსამართლოდ მოექცა, რომ ვერ ამოშლიდა ვერასდროს მისი გონებიდან იმ მტკივნეულ სიტყვებს, რომლებიც დანით ამოკვეთა მის გონებაზე… რომ პირველ რიგში ქალთან შეცდა და შემდეგ მის ნდობაში…
დაძაბული სხეულით გრძნობდა ნანა, რომ აკვირდებოდნენ. სწავლობდნენ. ზომავდნენ. იმ წყალზე ადრე აუდუღდა სისხლი ძარღვებში, წეღან რომ შემოდგა ქურაზე.
ვერაფრით აჩუმებდა აკანკალებულ, ხმაურიან სუნთქვას, რომელიც ყველაზე ნაკლებად უნდოდა რომ ირაკლის გაეგო.
აცახცახებული ხელი ასწია კარადიდან ჭიქების ჩამოსალაგებლად, ხელიდან გაუცვივდა ლამის ძალაწართმეულს. დაიჭირა ირაკლიმ და ინსიქტურად დაადო წელზე ხელი, როცა მიუახლოვდა.
-ნუ მეხები შენ! -მოაშორებინა სასწრაფოდ, შეაგება გაველურებული, ბრაზითა და წყენით სავსე, ცრემლიანი მზერა. ლავასავით გადაევლო მარილიანი სითხე ლოყებზე, უფრო მეტად აუბრჭყვიალდა ისედაც ნათელი თვალები. -რა გინდა?
-რა გატირებს? -მოაშორა ხელები, თვითონ კი ვერ მოშორდა. უჰაერობა მოკლავდა თითქოს ერთი ნაბიჯით უკან რომ დაეხია.
-შენი საქმე არ არის. -მხარი გაარტყა, რომ გაეტარებინა, თუმცა ადგილიდანაც კი ვერ დაძრა.
-კარგად ექნება იმას ყველაფერი, თუ ეგ განერვიულებს. -თავით ანიშნა ვაკოსკენ.
-შენ როდიდან გაინტერესებს მე რა მანერვიულებს? რას მიყურებ, ჩემი დანახვა ხომ არ გინდა?!
-დაწყნარდი. -მთელი სხეულით გადაეფარა, რომ არ გაქცეოდა სადმე, ონკანი მოუშვა ცალი ხელით და ცივი წყლით აუვსო ჭიქა.
ვერც ერთმა გააქცია გონებიდან ის მოგონება ამ ონკანმა რომ გაუცოცხლათ თვალწინ. იმდენად ოჯახური და შინაურული იყო ის შეგრძნება, წამიერად მიუწყნარდათ ერთმანეთისთვის გამეტებული ყველა ბრაზი და დაპირისპირება.
-დალიე, -თვითონ მიუტანა ჭიქა ტუჩებთან და თვალითაც ანიშნა ის, რაც სიტყვიერად უთხრა.
-შენი მოწოდებული არ მინდა.
მშვიდად გადადო ჭიქა განჯინაზე. აკივლებული ჩაიდანიც თვითონ გამორთო, ნანას რომ მიზეზი არ მისცემოდა გასარყევად. გადაეფარა ისევ.
-არ იტირო. -ვერ მოზომა ხმაში ჩაღვრილი სითბო, პირდაპირ ისარივით რომ დაესო გულზე მის წინ მდგომს. უარესად აუწყლიანდა თვალები.
-ნუ მეუბნები რა გავაკეთო. -ხმა გაუტყდა ნანას. -და გამატარე.
მუცელზე დაადო ხელი გასაქცევად წასულს, დააბრუნა ისევ უკან.
-ნუ მეხები. -მაჯაზე დაეცა მისი ცრემლები ირაკლის.
ძლივს მოაშორა ხელი, ათასი პირწამახული ისრის ჩარჭობა იგრძნო გულ-მკერდში ასეთი რომ გაიგონა მისი ხმა. რომ შეახსენა თავისი ნათქვამი „შენნაირად რამდენს შევხებივარ“… მიხუჭა თვალები, რომ ვერ უთხრა „არავის“…
-არ იტირო.
-რატო მირთულებ საქმეს?! ხომ ვასრულებ, რაც მთხოვე? არ გელაპარაკები. არ გიახლოვდები. თვალში არ გეჩხირები. რა გინდა?
-მე გირთულებ? -შუბლით მიეყრდნო შუბლზე, თითქოს ამას არ ჩამოერთმევდნენ შეხებაში.
-კი, შენ. -უკან გადასწია ნანამ თავი, ახედა გაავებული მზერით თვალებმიხუჭულ სახეზე. ფეთქვის ნაცვლად იგრძნო, როგორ მოსწყდა მისი გული საგულეს. -შენ ყველაფერს მირთულებ. ერთ დღეს გაუგონარ რაღაცაში მადანაშაულებ და მეორე დღეს მიახლოვდები. მეუბნები, რომ ჩემსავით ბევრს შეხებიხარ და მერე მაინც მეხები… როცა იცი, რომ მე არავინ შემხებია შენსავით. ეს მოგწონს? ასე მიხდი სამაგიეროს? მოგწონს ტკივილს რომ მაყენებ?
-არა. -თავი გააქნია მხოლოდ, ვერ იპოვა თვალების გასახელად ძალა.
-რა არა? -შეუსუსტდა ხმა. -რატომ მაფიქრებინებ რომ რამეს გრძნობ, ირაკლი? მერე უფრო მტკივნეული რომ იყოს?
-რას გრძნობ შენ, ნანა… -მძიმედ ჩაისუნთქა, ამოსუნთქვა ვეღარ გაბედა, გაუსწორა მზერა ამღვრეულ, ცრემლებით აპრიალებულ თვალებს. თითები გადაუსვა დასველებულ ლოყებზე.
-არ დავხარჯავ სიტყვებს ადამიანზე, რომელსაც ჩემი არ სჯერა.
-არც ცრემლებს? -ორივე ლოყაზე აკოცა ფრთხილად და ნელა, ყველა ცრემლის ამოშრობა უნდოდა თითქოს. -ასე არავის შევხებივარ.
-გაჩუმდი. ყველაზე ბოროტი არსება ხარ. ნუ მეუბნები მაინც…
-მაპატიებ? -ყელზე შეატოვა ორივე ხელი, შუბლზე მიეყრდნო შუბლით. მის თბილ, შენელებულ სუნთქვას გრძნობდა ნანა.
-არა.
-არ იტირო მაშინ. -ხელისგულზე აკოცა და ლოყაზე მიიდო მისი გაშლილი ხელი. -სხვა რომ ასე შეგეხოს მოვკვდები.
-ვერ გიტან. ვინც მომინდება, ის შემეხება. შენსავით არავინ მომექცევა მაინც…
-ვერც შეგეხება ჩემსავით. -არ აძლევდა ხელის მოშორების უფლებას.
-რა იყო, ცრემლები უნდა გადმომეყარა, რომ დაგეჯერებინა ჩემთვის? შეგეცოდე?
-არა. ვერ გიძლებ.
-შეგიძლია მიბრძანდე, არავის დაუპატიჟებიხარ ჩემს სამზარეულოში.
-ვერც შორიდან ყურებისას გიძლებ.
-მოგიწევს, -გამოგლიჯა ხელი მაინც, -მე არ ვაპირებ მოგიახლოვდე და რამე გითხრა, შემთხვევით ენა არ ამომაძრო!
-ვერ გამიმეტებ.
-გაგიმეტებ. შენ ხომ გამიმეტე იმ სიტყვებისთვის?
-იმ სიტყვებისთვის შენც გამიმეტე. -ყველანაირი სამაგიეროსგან დაცლილიყო ირაკლის ხმა, გულწრფელი ტკივილი გამოუჩნდა ხმაში მასაც. -შენ მიმართ რამეს რომ არ ვგრძნობდე, ისე არ დამშლიდა შენი სიტყვები, ნანა.
-არ მითხრა, ნუ მეუბნები… -სახეზე აიფარა ხელები, მოეგუდა ხმა.
-ახლა შეგეშინდა, ხომ? -მაჯებზე შეეხო, გაათავისუფლებინა სახე. -აქამდე, როცა ყველა მერიდებოდა შენ თამამად მიტრიალებდი ცხვირწინ, არასაჭირო ადგილას აფათურებდი ხელებს. ახლა რისი შეგეშინდა?
-რომ კიდევ გამიმეტებ. რომ იმ სიტყვების შემდეგ, რომელიც ერთმანეთს ვუთხარით მილიონჯერ მტკივნეული იქნება, ირაკლი. ახლა მგონია რომ აღარ აქვს აზრი იმას მოვუსმინო, რასაც ჩემი გული მეუბნება. მაგ ხმამ შემაცდინა მილიონჯერ.
-და სხვებს მოუსმენ?
-კი.
-რას გეუბნებიან სხვები ჩემზე?
-ზუსტად იმას, რასაც შენი საქციელი ამბობს შენზე. -დაუძვრა და მოიწმინდა ცრემლები სახიდან. დაიბრუნა ძველებური, ბრაზიანი და ველური მზერა. უხვად დააჯილდოვა მის წინ მდგომი. აუშალა უარესად გრძობები.
-კარგი. -ოდნავ გაეღიმა ირაკლის, თავად წავიდა გასასვლელისკენ პირველი. -ჩემმა დღევანდელმა საქციელმა რა გითხრა მაგაზე მარტო დაფიქრდები თუ საბჭო განიხილავს?!
-მოსაყოლი არაფერია.
-ხო?! -წარბები აზიდა, იმ განჯინისკენ გაიხედა შემდეგ, წეღან რომ ეფერებოდა ზედ მიყრდნობილს და გავიდა ოთახიდან.
-ავსული… ბოროტი!
*
„გიგი ბარათელი მოსამართლე კახა ჭელიძემ უდანაშაულოდ ცნო. ექსპერტიზის ცნობით გარდაცვალების რეალურ მიზეზად ნარკოტიკული საშუალებების გადაჭარბებული მოხმარება დასახელდა.“
ბარათელების ამბავი დიდი ხმაურით გასკდა მთელს ქვეყანაში. ამ ხმაურს მოჰყვა რამდენიმეწამიანი დუმილი და გაბრუება, შემდეგ კი ერთიანად აყაყანდა ყველა და ყველაფერი. ხან ვის მიადგნენ პასუხის მოსათხოვად, ხან ვის. მართალი ყოფილაო თურმე გაგიჟებული გელა ბარათელი ლომისებრი ღრიალით რომ ამტკიცებდა თავისი ერთადერთი ვაჟის სიმართლეს. ერთი ლაქა კი ჩამოიწმინდეს ბარათელებმა, მაგრამ მეორეჯერაც აიგუნდავეს ტალახი ხელში ადამიანებმა, სიძე გყოლიაო ნარკომანი. მოკლედ, არ დაელიათ სალანძღავ-საგინებელი, რომელიც ვეღარც კი აღწევდა იმ ბედნიერების კედლებში გუმბათივით რომ გადაკვროდა თავზე ბარათელების სახლ-კარს. მთავარია, დამტკიცდა გიგის სიმართლე, გაიმარჯვეს ამ ბრძოლაში და აღარ ჰქონდა დანარჩენს მნიშვნელობა.
ნანას სულმაც იპოვა სიმშვიდე. არ ამხელდა, მაგრამ თავად იცოდა მხოლოდ, რამხელა მნიშვნელობა ჰქონად მისთვის გიგის გარშემო გისოსების გალღვობას, თავისუფალ ჰაერს მის ირგვლივ.
ოჯახის ახლობლები მალევე მიიწვიეს ბარათელებმა ამ აღსანიშნავი მოვლენის სადღესასწაულოდ. ნანას არცერთი მიზეზი არ მიიღო ანდრომ, როდესაც მისი წასვლა-არწასვლის საკითხი განიხილებოდა აქტიურად. ბოლოს მაინც ისე მოხდა, როგორც მას სურდა, ელენე გვერდით ეჯდა, დები კი უკანა სავარძელზე და მთელი არსებით ამაყი და ბედნიერი მიადგა ბარათელების სახლის გალავანს, სადაც იდგა უკვე რამდენიმე მანქანა.
მღელვარებას იმდენადაც არ დაებმავებინა ჯერ ნანა, რომ ირაკლის შავი „მერსედესი“ ვერ შეემჩნია. უარესად აღელდა. ჯერ გიგის უნდა შეხვედროდა, შემდეგ კეკეს, გელაზე ფიქრიც არ სურდა, ირაკლი კი დამატებითი სატანჯველი იყო დანარჩენების გვერდით.
ახლა სახლში გაბრუნებასა და თავის საწოლში დამალვაზე მეტად არაფერი გააბედნიერებდა, თუმცა ანდროს რომ უყურებდა ასეთ მხრებში გაშლილსა და ამაყს, ჩათვალა, რომ არც თავად ჰქონდა რაიმე სამარცხვინო და ხალხისგან დასამალი.
ყველაზე მეტად ელენე ღელავდა, გამეხებულ მზერას ახვედრებდა ანდროს ყოველ მომნუსხველ ღიმილიან გამოხედვას. აგრძნობინებდა, რომ აზრი არ ჰქონდა მის ბრაზს.
-ასე დაბღვერილმა თუ უნდა მიყურო, არავინ დაგიჯერებს, რომ შენი ნებით წამომყევი. -გაუღიმა ეშმაკურად, ტკბებოდა მისი აწითლებული ლოყებითა და აალებული თვალებით.
-ჩემი ნებით? -ხმადაბლა წაუსისინა ელენემ, ძლივს იმორჩილებდა ხელებს, რომ არ დაეკაწრა მისი კმაყოფილი გამომეტყველება. -ჩემი ნებით? სხვა გზა არ დამიტოვე!
-რომელი სხვა გზა? -ირგვლივ მოაბნია დაბნეული მზერა, თითქოს ძებნა დაუწყო ალტერნატიულ ვარიანტებს. წელზე დაასვენა მერე ხელი. -ახლა გაკოცებ.
-ხალხში არ მომეკარო, თორემ არ ვიცი რას გიზამ! -დაუსხლტა ელენე სასწრაფოდ, მაჯაში ჩაავლო დაფეთებულმა ხელი და გააწევინა.
-ანუ ისე შეიძლება?! -მშვიდად ამოუდგა გვერდით, აღარ შეწინააღმდეგებია.
წინ მიუძღვოდა მასთან ერთად დებს. ჯერ კიდევ არ გადაეკვეთათ ბოლომდე ბარათელების უზარმაზარი, საშემოდგომოდ თაფლსა და ოქროში ამოვლებული ეზო.
-ეს გაფრთხილება და თავდასხმა ერთდროულად რა წესია? -ექაქანებოდა ხმადაბლა, ვერაფრით უწყობდა ნაბიჯებს აჩქარებულ გულისცემას, -თან არც აქაა ჩემი ადგილი, ახლობელი ადამიანები იკრიბებით…
-სადაც მე ვარ, იქ ყოველთვის იქნება შენი ადგილი. -წეღანდელი ეშმაკობისგან დაცლილიყო ანდროს ხმა, ერთ ბგერაშიც კი არ აძლევდა ეჭვის შეტანის საშუალებას ისე უყურებდა. -შენთვის არ არის ასე?
კრიჭაშეკრულმა მოაშორა მზერა. გულთან ძალიან ახლოს გაიარა მისმა სიტყვებმა და ვეღარ მისცემდა ისეთ პასუხს, რომ თავად გამოსულიყო გამარჯვებული ამ დიალოგიდან.
სახლში თბილოდა. ბედნიერების მყუდრო ხმები ავსებდა ოთახებს.
გიგის დანახვისას ნერვიულობის მხუთველი შეგრძნება მოაწვა ნანას კისერში. ღიმილით გადაეხვია ანდროს, ელენესაც რიდით ჩამოართვა ხელი და არაფერი უთქვამს, თუმცა აშკარად შეეტყო, რომ არჩევანი მოუწონა მეგობარს.
თაფლისფერ თვალებში სადღაც მეგობრების ნახვით გამოწვეული ბედნიერების მიღმა შენიშნა ნანამ ტკივილისა და დროებით მიძინებული ბრაზის წვრილი, მაგრამ უწყვეტი სიმები.
მარცხენა ლოყაზე გაფერმკრთალებულ წყვილ შრამზე შეაჩერა წამიერად მზერა და მასთან მოსულს დაძაბულმა ახედა, თან მოიტანა სისუფთავის და ღირსების შესამჩნევი და არაშემაწუხებელი სურნელი.
-როგორც იქნა შეგვახვედრა შენმა ძმამ. -ბოხი, გამოზომილი ხმით უთხრა, თვალი ჩაუკრა მის გვერდით მოუსვენრად აცქმუტუნებულ ევას, მხოლოდ ნანას ხათრით რომ ჩერდებოდა ერთ ადგილას.
-უფრო ბედმა, -ოდნავ მოეშვა, სიამაყე მაინც არ აძლევდა საკუთარი გატეხილი თავდაჯერების დანახვების უფლებას მისთვის.
-გამიხარდა შენი გაცნობა, ნანა.
მრავალი მნიშვნელობა მიანიჭა ამ სიტყვებს გიგიმ თავისი გამოხედვითა და დარბილებული ხმით, მხარზე შეეხო და შეატარა ოთახის სიღრმეში.
ირაკლი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ელაპარაკებოდა გელას რაღაცაზე გრძელ ვიტრინასთან განცალკევებით. ევა მაშინვე ბავშვის სანახავად გავარდა, თავს რომ დასტრიალებდნენ კეკე და დედამისი.
-არ მომშორდე გვერდიდან, -ელენეს ჩააფრინდა მაჯაში, როგორც კი მარტო დატოვა ანდრომ. -სული მეხუთება.
-მოეშვი, ყველაფერი კარგადაა. რა საყვარელი ბავშვია…
-ძლივს დავამშვიდეთ, -ხელში აიყვანა კეკემ, უკეთ დაანახა სტუმრებს. გულზე მიიხუტა მერე. სევდის ნაპერწკლები ჩუმად ინავლებოდნენ მის თვალებშიც. -თქვენი მოსვლა გაუხარდა.
-ძალიან სტუმართმოყვარეა, -დაამატა გელას მეუღლემაც, თბილად მიიღო ყველა.
სინამდვილეში ნანას მასთან შეხვედრის ყველაზე მეტად ეშინოდა. დედამ ორი შვილის ტრაგედია და ქმრის რთული პერიოდი ერთად გადაიტანა, მის წინაშე ყველა დამნაშავე იყო დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, არც სტუმართმოყვარეობა ევალებოდა იმ ადამიანის მიმართ, ვინც უფრო გაამძაფრა მათ თავს დატრიალებული ტრაგედია.
-შენ როგორ ხარ, კეკე? -გვერდით ჩამოუჯდა მას ელენე, პატარა გიგი ჩუმად ღუღუნებდა დედის გულ-მკერდს მიწებებული. იქვე ჩამოისვა ნანაც, აიძულა გათქვეფილიყო ისიც ქალების გარემოცვაში.
ცალი თვალით აკვირდებოდა ანდრო მის ქმედებებს, მის დამოკიდებულებას მისთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ.
-რა ვიცი, ახლა უკეთ. კიდევ კარგი დედაჩემი მეხმარება, თორემ ძალიან რთულია.
-ნაკერები ხომ არ გაწუხებს? ყველაზე რთული გადაიტანე უკვე.
-არა, ისე აღარ. დაიჭერ? მოსწონს შენთან… -ღიმილით გაუწოდა ბავშვი ელენეს, -მე და ნანა ყავას გავაკეთებთ, ხომ?
მარტო დარჩნენ უზარმაზარ სამზარეულოში. ისე იქცეოდა კეკე, თითქოს დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და პირველად არ იყო მარტო ნანასთან ერთად. იმდენად ბევრი იყო მათ შორის გასარჩევი, ვერც ერთი პოულობდა სწორ სიტყვებს საუბრის დასაწყებად.
-მშვიდი ბავშვია, -ისევ კეკემ დაიწყო, ყავის მანქანაში მოათავსა კაფსულები და წელით მიეყრდნო მარმარილოთი მოპირკეთებულ ძვირფას სამზარეულოს განჯინას. იღიმოდა თან, სხვანაირი გახდა შვილზე საუბრისას, -მაგრამ მაინც მეშინია.
-რისი?
-რომ მამამისს დაემგვანება. -თვალი თვალში გაუყარა ნანას, ყველა ტკივილი აგრძნობინა ერთიანად. -რომ მთელი ცხოვრება მასში მამამისის კვალის ძებნა და მისი ამოშლა მომიწევს, რომ მასაც დაუცდება ფეხი და მე არც მასთან მექნება ძალა რამის გამოსწორების. თან ბიჭია…
-საუკეთესო მაგალითი თვალწინ გყავს, თუ რატომ არ უნდა გეშინოდეს მაგის. -ანდროსკენ ანიშნა თვალებით. -შენი შვილი ბევრი ადამიანისგან შეძლებს სწორი მაგალითის აღებას. მამას ცხადია დაემსგავსება, ამას ვერსად გაექცევი, პატარა დეტალებში ყოველთვის იპოვი მის თავს, მაგრამ იმდენად უმნიშვნელო იქნება ეს ყველაფერი მის ხასიათთან, ქცევებთან, პიროვნებასთან, რომელსაც მისი გარემო და ახლობელი ადამიანები გამოძერწავენ, რომ აღარ დაიწყებ დარდს ამაზე. მთავარია, სწორ ადამიანებს მისცე შეხების უფლება. შენი ძმა ასეთია ნამდვილად.
-შენი ძმაც ასეთია. -წკარუნით დაალაგა ლანგარზე ძვირფასი ჭურჭელი, -ცუდია, აქამდე რომ არ გიცნობდით.
-ხო, ამდენი შეიძლება არ შემშლოდა თქვენს წინაშე.
-უფრო მეტი გაგვიკეთე, ამიტომ სხვას ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა. შენ რომ არა, ვაკოს შეიძლება არც შეეწუხებინა თავი გიგის საქმეში ჩარევით. მართლა დანიშვნას გიპირებდნენ? -მოწკურული, ეშმაკური თვალებით გამოხედა ნანას. მის მზერაშიც იგრძნობოდა ქალური ინტერესი ყველაფრის მიმართ.
-კი, -თვალები აატრიალა, -მაგრამ გაურთულდა ცოტა ეგ საქმე.
-ხო, ეგ გავიგე. -გაეღიმა კეკეს, -ირაკლი ძალიან სხვანაირია, ვერ ეგუება ასეთ საქციელს, ქალების მიმართ განსაკუთრებით. ჩემზეც გვიან გაიგო, ძლივს გააკავა მამაჩემმა. მეც ბევრი ტყუილი ვთქვი იმ ურთიერთობის შესანარჩუნებლად და ვერ გადამივიდა ვერც ჩემი ძმა და ვერც ირაკლი. რაც დამემართა უმეტესწილად ჩემი ბრალია მაინც, შენ სწორად მოიქეცი, რომ მიიღე მათი დახმარება.
-ვაკო არ არის ცუდი ადამიანი. -არ ესიამოვნა მის ქმარს რომ შეადარა კეკემ უნებურად.
-ვიცი, მაგრამ საქმე ხომ სხვა რამეშია. შენი გადაწყვეტილება არ იქნებოდა. თანაც ხომ არ გიყვარს ისე, როგორც ქმრებს იყვარებენ ქალები? -ისე ჰკითხა, აშკარად თავადაც იცოდა ამ შეკითხვაზე პასუხი, -რამე მსგავსი რომ ყოფილიყო არც ჩაერეოდა ირაკლი, თორემ მან ისედაც კარგად იცის, რომ ვაკო არაა ცუდი ადამიანი.
გასასვლელად რომ წამოდგნენ, სწორედ მაშინ შემოაღო კარი ირაკლიმ, გაატარა ლანგრით დატვირთული კეკე და ღიმილით გააცილა დეიდაშვილი ოთახიდან.
სიამოვნების ღიმილი ვერ დაფარა მარტო რომ დაიგულა, მთელი სხეულით გადაუკეტა გასასვლელი და გულზე ხელებგადაჯვარედინებული მიეყრდნო კარის ძგიდეს. განიერი მხარ-ბეჭით ლამის მთლიანად ფარავდა კარის სივრცეს. ასეთ სახლურ და თავისუფალ ფორმაში გამოწყობილს პირველად ხედავდა ნანა, თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ ხდიდა მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვა ატმოსფეროს უფრო მეტად ინტიმურს.
-არ გამატარებ? -უკან გაუდგა ორი ნაბიჯით, არ იცოდა, რა მოხდებოდა თუ მიუახლოვდებოდა.
ორ კვირაზე მეტია არც ენახა. ვაკოსთან ერთად ისე დარბოდნენ ის და ანდრო საქმის ბოლომდე მისაყვანად, რომ არაფრისთვის ეცალათ.
-არა, -გაუღიმა მზაკვრულად. სუნთქვა შეეკრა ნანას. ყბები დაეჭიმა ბრაზისაგან.
-ჩემი სამზარეულოში გამოჭერა შენი ჰობია? -გვერდის ავლა სცადა, მუცელზე რომ დაადო ხელი და გასწია უკან.
ერთიანად გასკდა ნაგროვები მოთმინება მის სხეულში, მდუღარე ლავად გადმოეღვარა მუცელში ირაკლის შეხების ადგილთან და მთელს კანზე გადაუნაწილდა მწველი შეხება და მზერა.
-სხვაგან სად გინდა რომ გამოგიჭირო? ჯერ ადრე არ არის?
-საერთოდ არ მინდა, -გაველურებული მზერით დააჯილდოვა, უარესად წააქეზა რომ დიდხანს დაეყოვნებინა თავისთან.
-თუ გეშინია?
-რისი მეშინია… -სარკასტულად ჩაიფრუტუნა, მთელი სახე ეწვოდა უკვე და დარწმუნებული იყო ზედმეტად შესამჩნევიც გახდა მისი შინაგანი მღელვარება. -შენი?
-არა, -გადადგა მისკენ ერთი ნაბიჯი, -სიახლოვის ჩემთან. გეშინია, რომ ვერ გაუძლებ და იმაზე მარტივად დაგავიწყდება წყენა, ვიდრე აპირებ.
-შენთვის არაფრის პატიებას არ ვაპირებ. -კარადას მიაწვა წელით, -და ხალხი შეამჩნევს, რომ არ ვართ, გამატარე.
-მაქსიმუმ შენმა ძმამ გაახუროს, -ონკანი მოუშვა ცალი ხელით და წყლით აავსო ჭიქა. მას გაუწოდა სანამ ტუჩებთან მიიტანდა. თვალი არ მოუშორებია, ისე დაცალა. -ანუ არ აპირებ პატიებას.
-დიახ. -ყელი მოიღერა ნანამ.
-თუ გეტყვი, რომ მივდივარ და ვეღარ მნახავ, მაინც?
-მიდიხარ?
-ხო, რა იყო, გეწყინა? -წარბები აზიდა, ნანას თვალებში გამოფენილი ყველა ემოციის დათვალიერება უნდოდა, მძაფრი და დაკვირვებული გაუხდა მზერა.
-არა, ძალიანაც კარგი, რომ მიდიხარ. დარწმუნებული ვარ, ბევრი გელოდება.
-კი, ძალიან, -ხმით გაეცინა ირაკლის. ცხოვრების ბოლომდე გაერთობოდა ალბათ ამ დიალოგით. მოშორდა მერე, როცა მიხვდა თავადაც ნანასავით რომ გაუჭირდებოდა ხელების და საკუთარი თავის კონტროლი, კიდევ ერთი წუთიც რომ გაგრძელებულიყო ეს სიახლოვე. მაგიდას მიეყრდნო მის პირდაპირ, იცოდა, არ გაექცეოდა ახლა დეტალების გარკვევის გარეშე.
-კეთილი ფრენა, აბა… თუ ლარსით დადიხართ თქვენ? -ვერ მოითმინა, რომ არ წაეკბინა, მწარე სიტყვების თქმა მოუნდა მისთვის.
-ვინ ჩვენ? -თვალები დააწვრილა ირაკლიმ.
-ავტორიტეტები.
-მე არ ვარ.
-ჯერ, -ცბიერი მზერით დააჯილდოვა ნანამ, მიზიდულობის ველი გამკვრივდა მათ შორის, -გაუძლებ ძალაუფლების ცდუნებას? ან შენ ირგვლივ მყოფები მოგცემენ მშვიდად ცხოვრების საშუალებას?!
-შენ არ მაძლევ, მაგალითად, მშვიდად ცხოვრების საშუალებას. -გვერდი აუარა იმ საუბრის სიღრმეს, რომელში ჩათრევასაც ცდილობდა ნანა.
-არაუშავს, შენ ხომ მიდიხარ მაინც.
-მე გითხარი, თუ გეტყვი რომ მივდივარ-მეთქი, არ მითქვამს, რომ მივდივარ.
-ჩემი რეაქცია გაინტერესებდა? -თვალები დააწვრილა ნანამ, მოუნდა ის მშვიდი და მაცდური გამომეტყველება გაექრო მისი სახიდან. ყელთან შეატოვა სურვილიანი მზერა, მიმზიდველად მოუჩანდა შავი მაისურიდან შეფერილი, ძლიერ მხრებზე გადაშლილი კისერი.
-კი და მივიღე კიდეც. -გასასვლელად წამოდგა. საშინელი ადამიანი იყო, ძალიან ბოროტი ასე რომ ექცეოდა. -არ გინდა, რომ წავიდე, ნა-ნა… ისიც არ გინდა, ასე შორს რომ ვიდგე შენგან, ხომ ასეა? მაგრამ შენ არ მაძლევ უფლებას მოგიახლოვდე… თუ მაძლევ?
-არ გაძლევ და სწორადაც იქცევი, რომ ემორჩილები ჩემს გადაწყვეტილებას,- უსუსური ირონიით შეეცადა ადუღებული გრძნობების შენიღბვას, რაღაც ამოუცნობი, ბლანტი ძალა ათრობდა და ეზიდებოდა მისკენ.
-მაგ სიტყვის თქმა გინდოდა? რომ გემორჩილები… -ძალიან მიუახლოვდა, შეხებისგან აღარაფერი განასხვავებდა ამ სიახლოვეს, ირაკლის კანის სითბოს და სურნელს გრძნობდა ნანა. -ეს შენ მოგწონს ძალაუფლების შეგრძნება, ჩემზე განსაკუთრებით…
ხმადაბლა საუბრით განზრახ ქმნიდა ისედაც დაძაბულ გარემოს უფრო მეტად ინტიმურს. იმდენად ახლოს იყო სუნთქვით გრძნობდა მის მიერ წარმოთქმულ ყოველ სიტყვას ნანა.
-ცდები. -ჯიქურ შეუბრუნა მზერა, გაუღიმა მაცდურად და საერთოდ საპირისპირო დაუმტკიცა ამით.
-კი არ გემორჩილები, დროს გაძლევ, რომელიც ჩემს მოთმინებასთან ერთად იწურება უკვე.
-და რომ ამოიწურება, რა მოხდება? ენის ამოძრობით და ჩემი წამების მშვიდად ყურებით დამემუქრები ისევ?
-არა… ის მოხდება, რაც შენც გინდა, რაშიც საკუთარ თავთან ერთად მარწმუნებ, რომ არ გსურს.
-შენთან არაფერი მინდა, -ხისტად შეაქცია ზურგი და სასწრაფოდ შეეცადა გაქცევას იქედან. -მანიპულატორი ხარ. საშინელი და ბოროტი ადამიანი.
-შენ ჩემზე უარესი ხარ. მცდი და ცუდად რომ დაგიმთავრდება, საკუთარ თავზე არ ავიღებ პასუხისმგებლობას.
სწრაფად გაერიდა ნანა. ყურადღება არ მიუქცევია ელენეს და ანდროს დაკვირვებული მზერებისთვის, არც ევას ეშმაკური ღიმილისთვის კეკეს რომ ეჩურჩულებოდა რაღაცას და პატარა გიგის ეთამაშებოდა თან.
მშვიდად ჩაიარა ვახშამმა. არავის გადაკრული სიტყვა არ უხსენებია იმ დღემდე გამოვლილ ჯოჯოხეთზე. მხოლოდ გელა ბარათელმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამუდამოდ მიდის.
-მამა, -ცივად დაალაგა დანა-ჩანგალი მაგიდაზე გიგიმ, დაიძაბა ყველა ირგვლივ.
ირაკლიმაც გელასკენ მიმართა მზერა. ყველა მას უყურებდა, გელაც გრძნობდა, რომ ახლა უნდა ეთქვა ყველაფერი, შემდეგ ზედმეტი კითხვები რომ აღარ დაესვათ.
გაუღიმა შვილებს, შემდეგ ცოლს გელა ბარათელმა. ყველას აჩუქა თავისი მზერის ის თბილი ნაწილი, რასაც საკუთარ თავში ინახავდა.
-ახლა უკან დახევა არ გამოვა. -დაამატა გიგიმ. არავინ ერეოდა მათ საუბარში.
-სწორ ადგილას გაჩერება არის დამთავრება, შვილო, და არა უკან დახევა. სამართლიანობისთვის ბრძოლამ ხედავ შენც, რამხელა უსამართლობაში გაგვხვია. ყველაფერი დაგეგმილია უკვე ისედაც. თქვენს თავს და ბედნიერებას ვერ შევწირავ იმ იდეას, რომელიც ნელ-ნელა დასახიჩრდა და აღარ არის ისეთი ლამაზი, როგორიც ოცდახუთი წლის ასაკში მეჩვენებოდა. მინდა მშვიდად ვიცხოვროთ, ჩემი შვილიშვილი უსაფრთხო გარემოში გაიზარდოს, თქვენ იპოვოთ ის ბედნიერება, რომელიც ჩემმა მიზნებმა დაგაკარგვინათ. შეხედე შენს თავს, გიგი. შენ ამაზე არ გიოცნებია, არც ამისთვის გიწვალია და გისწავლია, რომ ციხის კედლებში გაგეტარებინა თუნდაც ერთი დღე.
-მაგრამ ასე მოხდა. -გამყინავი ჰქონდა ხმა ბარათელს, წამით მოგეჩვენებოდათ კიდეც, რომ ის იყო მამამისზე უფროსი, რომ არა ახალგაზრდული სიჯიუტე და დაუდგრომლობა მის საუბარში. -როგორც შენ გინდა, მამა. თუ ფიქრობ, რომ პოლიტიკიდან წამოსვლით დაამთავრებ ყველაფერს, კი ბატონო.
-ყველაფერს არა, ერთ და მნიშვნელოვან ეტაპს, რომელსაც ვადა გაუვიდა ნამდვილად დავასრულებ. ხანდახან ერთი მიზნისკენ სიარული სხვა, უფრო ლამაზ და მნიშვნელოვან მიზნებს გაგიჩენს ხოლმე ადამიანს. თქვენ იცით ყველამ, რომ ჩემი ბრძოლა მანამ არ დამთავრდება, სანამ ჩემი მეუღლის დის სულს სიმშვიდე არ მიეცემა. -თავი ჩახარა ვიკამ, ვერ დაუხვდა მაგრად თავისი დის ხსენებას. -მერე მეც მოვისვენებ. ყველა მოვისვენებთ.
ხმა არ გაუღია ირაკლის. გაყინული გამომეტყველება წამითაც არ შეტოკებია სახეზე, როცა დედამისი ახსენეს. წარმოდგენაც არ სურდა, რა ქარიშხალი ტრიალებდა მის გულსა და გონებაში. ანდროს სიტყვები მოძველებული ფილმის კადრებივით ჩაეხვია მის გონებას. მიხვდა, რომ ვერასდროს გაიგებდა რისი გამკეთებელი იყო ირაკლი.
-ირა, გავიგე ნუგზარი ჩამოდის, -მას მიმართა ამჯერად გელამ. -გზაშია უკვე?!
-კი, ამაღამ უკვე აქ იქნება.
-მშვენიერია. -გულდამშვიდებული ღიმილით აიღო ხელში დანა-ჩანგალი უფროსმა ბარათელმა. -რაც წაგიყვანა, მას შემდეგ არ ყოფილა მგონი საქართველოში… მთელი ცამეტი წელი!

*

ისე აიპარა ელენე კიბეებზე საკუთარი ნაბიჯების ხმაც არ ესმოდა. ფრთხილად შეაღო სახლის კარი და ასევე ფეხაკრეფით მოინდომა საძინებელში შეპარვა, რომ თვალში არ გამოჩხეროდა მშობლებს.
-სად მიიპარები ერთი? -ტელევიზორს ხმა დაუწია ოთარმა, მშვიდი სიმკაცრით შეათვალიერა ქალიშვილი და მიახვედრა, რომ არც კი უნდა ეფიქრა იმ ტყუილების გაჟღერებაზე, გონებაში რომ უტრიალებდა.
-დასაძინებლად, მა. -უხერხულად აიწურა ელენე, აღელდა ძალიან.
რახან არ ეძინა მამამისს, ანუ ელოდა და თუ ელოდა, იმასაც დაინახავდა, ვინ მოიყვანა სახლამდე. ეს კი როგორ უნდა აეხსნა მისთვის, ნამდვილად არ იცოდა.
მამის მიმართ ყოველთვის გააჩნდა განუზომელი რიდი და პატივისცემა. ბიჭებზე მასთან ლაპარაკი რატომღაც ყოველთვის საფრთხილო და ცოტა სასირცხვილო თემადაც კი მიაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ოთარი აღმერთებდა თავის ერთადერთ ქალიშვილს და მის მიმართ მკაცრი და შეუვალი არასოდეს ყოფილა, იცოდა ელენემ მისი სასიყვარულო ურთიერთობა ნამდვილად არ იქნებოდა მამამისისთვის მარტივად მისაღები და გადასატანი ამბავი.
ანდროსთან განსაკუთრებით.
ნანა და ევა სანახევროდ მათთან გაიზარდნენ. ოთარს დიმას ყველა არაკაცური საქციელი ნანას ცრემლებად და შიშად ახსენდება, იცოდა ელენემ, რომ სწორედ ამის გამო იქნებოდა ანდროს მიმართ გადამეტებულად მკაცრი, უნდობლად განწყობილი და მეტიც, წინააღმდეგიც, მის შვილს რაიმე საერთო ჰქონოდა დიმას ვაჟთან.
-მოდი, ჩამოჯექი. -თავის გვერდზე დივნის თავისუფალ ადგილს გადაუსვა ხელი ოთარმა.
დაჰყვა ელენეც მის ნებას. მღელვარება ყელში უჭერდა უკვე და მამამისიც ამჩნევდა ამას.
-რატომ ნერვიულობ, ნენე?
-ვიცი, რაზეც გინდა ლაპარაკი და იმიტომ. -გაპარული ხმით გამოეპასუხა, მოერიდა შეხედვის.
-ამაზე ცოტა ადრე ხომ არ უნდა გვესაუბრა მე და შენ? გადათელა იმან ჩვენი ეზო უკვე. შენ კიდევ ისე მისწორებ თვალს, თითქოს არაფერი ხდება შენს ცხოვრებაში ისეთი, რის ცოდნასაც მე ვიმსახურებ, მამა.
-არ ვიცოდი, როგორ მეთქვა. -გულწრფელი სინანულით გამოეპასუხა ელენე. ყველაზე ნაკლებად ასეთი საუბარი სურდა მამამისთან, არ უნდოდა მისთვის გული დაეწყვიტა და უარესად გაერთულებინა საქმე ანდროსთანაც.
-გიყვარს? -ხმადაბლა, ფრთხილად ჰკითხა ოთარმა. თავადაც ისე ღელავდა ამ პასუხის მოსმენისას, როგორც ელენე თავს რომ უქნევდა.
-და ვიცი, რომ შენ და დედა არ მიიღებთ ამას მარტივად. -ძლივს გაუსწორა თვალები, მთელი სხეული უხურდა, ძლივს იკავებდა შინაგან კანკალს.
-როდემდე უნდა გატაროს ასე ჩუმად? რას იმალება, მოვიდეს და დამელაპარაკოს კაცურად. როგორ მივიღებთ, მერე გადაწყდება.
-არ იმალება, -ტონი ვერ მოზომა, როცა ამას ამბობდა. ვერ იტანდა ანდროს მიმართ შეუფერებელ სიტყვებს, მან ხომ იცოდა არ იმსახურებდა ზურგს უკან ასეთ საუბარს. -მე ვიკავებდი თავს. ჯერ მასთან მინდოდა გამერკვია ყველაფერი, მერე თქვენთან.
-ხოდა, მოვიდეს. -ოდნავ აუწია ისევ ტელევიზორს ოთარმა, -დანარჩენზე მასთან დავილაპარაკებ. შენ ვიცი, რომ არაფერი შეგეშლება.
მოსასმენად მსუბუქი, მაგრამ გულით სატარებლად ლოდივით მძიმე იყო მამის სიტყვები ნენესთვის. მიხვდა, ბოლომდე ვერ გაიმეტა იმ საუბრისთვის, რასაც გეგმავდა გულის სიღრმეში ოთარი. მსუბუქად აკოცა ლოყაზე და ისე შევარდა თავის საძინებელში, ფეხი არ დაუკარებია იატაკზე.
საწოლზე ჩაემხო და ნანას დაურეკა მაშინვე.
-რა იყო, გაგტისკეს? -ფხუკუნით გამოეპასუხა, ელოდა მისგან ამ ზარს ნანა.
-რა გაცინებს? მოვიდესო.
-მოვა მერე, ისედაც ძლივს არ აკავებდი?
-არ ვიცი, რას ეტყვის, ნანა. ხომ იცი, მამაჩემი როგორია…
-ვიცი. დაუმსახურებელს არაფერს ეტყვის და დამსახურებული კიდეც უნდა აიტანოს და კიდეც უნდა გადაიტანოს. რა განერვიულებს? ხომ იცი, ეს როგორია, შენ არ გაგრძნობინებს არაფერს ზედმეტად.
-დაუმსახურებლად კრიტიკული იქნება მის მიმართ და გული მეკუმშება, რომ წარმოვიდგენ, როგორი მოსასმენია…
-მზადაა ყველაფრისთვის, დამიჯერე. ისე, -ეშმაკური გაუხდა ნანას ხმა, ჩურჩულით ჰკითხა, -გაკოცა უკვე?
-გოგო! -ხმადაბლა წამოიკივლა ელენემ, წამოწითლდა სახეზე. მუცელში დაუტრიალდა მღელვარება ანდროსთან ყველა სიახლოვის გახსენებისას.
-რა იყო? კარგია, გააწვალე. -უდარდელად გადაიკისკისა ნანამ.
-შენ და ის რას აკეთებდით იმდენი ხანი სამზარეულოში? წყურვილით დაიხრჩო ევა და არ შემოდიოდა თქვენ გამო.
-რა ბოროტი გოგო ხარ! არაფერს. ნერვები ამიშალა, რას გააკეთებდა?
-რაო? ანდროსთან ერთად ვერ დაგელაპარაკე.
-ანდრო არ გამახსენო. ისე მიყურებდა, მეგონა ჩამცხრილავდა მთელი გზა, მაგრამ არ უთქვამს არაფერი. იმან კიდე, რომ წავიდე სამუდამოდ მაინც არ მაპატიებო?! ჩემი რეაქცია აინტერესებდა.
-მერე რა რეაქცია გქონდა, გასულიერებდა იმდენ ხანს? გაკოცა?
-არა, -ისე გადმოუყო ენა, თითქოს დანახვას შეძლებდა ელენე. -არ მივიკარებ.
-საერთოდ თუ აწვალებ?
-დაიძინე შენ. დასვენება გჭირდება, სანამ სამსჯავროს მოუწყობენ შენს ბიჭს.

*

დეკემბრის შემოპარვამ თან სუსხშერეული სევდაც მოიტანა. მზის გამონათებაც ხომ უფრო მეტად გიხარია ადამიანს გადაბმული ნაცრისფერი დღეების შემდეგ. ამიტომ სიხარულიც სხვანაირი იცის დეკემბერში.
ვაკო საკანდელიძე ამერიკაში წასულიყო თავის დასთან. ზვიადმა უკან დაიხია ბარათელების საქმეში. გიგიც სახლში იყო უკვე და ღმერთმა უწყის, როგორი გახდა მისი ცხოვრება დეკემბერივით ნაცრისფერი ციხის დღეების შემდეგ.
ძველი პრობლემები ძველმა ვაგონებმა წაიყოლა მათ ბოლო გაჩერებაზე, სამაგიეროდ ახლები ჩამოდგნენ ბაქანზე და შეაცოცხლეს გადაღლილი მგზავრები.
ფეხით დაუყვა გზას ელენე კლინიკიდან გაჩერებამდე.
-საით, ელე? -ჯიბეებში ხელებჩაწყობილი შემოხვდა ანდრო ჭიშკართან.
თვალი შეავლო მის წინ მდგომს. ძალიან მოუხდებოდაო თოვლი ელენეს, გაიფიქრა.
-სახლში, -გაეპრანჭა ესეც თავისებურად, ამოუდგა გვერდით. შეიშმუშნა უცნაურად. ვეღარ გაწელავდა მამისთვის თხოვნის შესრულებას. -მამას უნდა რომ გაგიცნოს.
-მშვენიერი. -თამამად გადახვია ხელი, წაეთამაშა წაშლილ თმაზე. გაეღიმა, რომ გაითვალისწინა მისი თხოვნა და აღარც შეუკრავს მას შემდეგ, რაც თითქმის ყველა თმისამაგრი წაართვა და დაუმალა.
-ნაწყენია, რომ დავუმალე და მგონი ჩემ გამო ორმაგად გაგიბრაზდება.
-ხოდა, ორმაგად გავგიჟდები მეც შენზე. -გამოუღო მანქანის კარი.
-ჯერ ნანასთან წავიდეთ, რა… -დაღლილი მიესვენა საზურგეს. უკონტროლო სიმშვიდე იპყრობდა მის გვერდით, ითენთებოდა და ეძინებოდა.
-რატომ ნერვიულობ ასე შენ? -მწვანე თვალების ცეცხლში გაატარა ელენე ერთი გამოხედვით. სიგიჟემდე სიამოვნებდა თან ეს მშვიდი მზრუნბელობა მისგან. -არ ხარ ჩემი?
-ვარ. -ჩაიბურტყუნა ხმადაბლა, ქურთუკის საყელოში ჩამალა შევარდისფერებული ლოყები და ამის აღიარებით გამოწვეული სიამოვნება.
-მე ყველაფრისთვის მზად ვარ. დაახლოებით ვიცი, საითაც წავა ეგ საუბარი.
-რა იცი, აქამდეც გაგიცნია შეყვარებულის მამა?
-არ გეტყვი. შენ ხომ არ მეუბნები შენს პირველ სიყვარულზე.
-რას გადაეკიდე? ბაღში მიყვარდა იქნებ ვინმე, რას უზამ? ან შენ არ გყავს პირველი სიყვარული? მე ხომ არ გეკითხები?
-არ გაინტერესებს? -მოჭუტული თვალებით გამოხედა გაბრაზებულს. ვერ იკავებდა ღიმილს. -ან პირველი, ან მეორე…
-რამდენი გყავდა, კაზანოვა?
-ერთი… -გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა, აკვირდებოდა თან ელენეს გამომეტყველებას, შეცვლილ ფერებს თვალებში და ეჭვიანობის დაუფარავ ტალღებს კანზე.
-ერთი? მაგას ჯობდა ათი გყოლოდა. ლამაზია?
-ძალიან. -გააწვალა უარესად, -ათი რატომ ჯობდა?
-იმის მერე სხვა თუ ვერ შეიყვარე, ესე იგი მართლა ძალიან გყვარებია.
-ხო. ძალიან. -გააჩერა მანქანა ეზოში. ღიმილით გადააყოლა თვალი კარიდან გადასულს და გაჰყვა უკან.
ილია ლიფონავაც წამოეწიათ ნანას კართან, მედიდური გამომეტყველებით ათვალიერებდა ანდროს, ჯავშანჟილეტი ლაბადასავით მოეგდო მხარზე.
-ოხ, თქვენც ღომის სუნს გამოყევით? -შეათვალიერა წყვილი, ელენეს დააკვირდა კარგად დანაღვლიანებულ სახეზე, -რა გჭირს შენ?
-არაფერი. -გაბრაზებული შევარდა სახლში, როცა კარი გამოუღო ნანამ.
-მოხდა რამე?
-არაფერი ისეთი, -თვალი ჩაუკრა ანდრომ და მხრებგაშლილი შევიდა სახლში.
-არ ჩაგეწვას გოგო შენ ღომი, ამათ რას უყურებ. -სამზარეულოში შეაგდო ისევ ნანა, თავზე დაადგა მერე, -რა არის ეს, რას გავს!
-შენ გაგაკეთებინებ ახლა, თუ არ გაჩუმდები! -ორთქლავარდნილი ჩოგანი აუფრიალა ცხვირწინ.
-არა, რა… -ჩაიქირქილა ხმადაბლა, ჩამოჯდა სკამზე და ცალი თვალი გააპარა ევასთან მობუტბუტე ანდროსკენ. -ის მართლა მიდის ძია ოთარის გასაცნობად?!
-კი. სიხარულით თან.
წამოდგა ილიკო, გააბიჯა მისაღებში თავისი ბრონის ჟილეტით და გაუწოდა ანდროს.
-რა არის ეს? -ეჭვიანი მზერით ჰკითხა ანდრომ. ყველა მათ მიაჩერდა წამით.
-ჯავშანჟილეტია. დაგჭირდება, ისეთი კაცის გასაცნობად მიდიხარ.
-ილიკო, დაგკლავ იცოდე. -ხელიდან ააცალა ელენემ ჟილეტი და გააგდო ოთახიდან აფხუკუნებული.
ევას გვერდით მიესვენა გასავათებული.
-ყველა ნერვებს მიშლით.
გვერდით გადაჯდა უცებ მათ შორის აღმოჩენილი ევა და მარტი დატოვა წყვილი.
-არა, რა… ერთი მეგრელი ქალწული მჭირდება, არ იცით ამ თბილისელებმა… ღომია ეს, გოგო, თუ კულტურული შოკი!
-ილიკო, გაეთრიე, თორემ დაგტოვე მშიერი.
-ისედაც მშიერი დავრჩები მე… -დაღონებული ჩამოჯდა სკამზე, -რა დროს წავიდა დედაჩემი, თორემ შენ გაკეთებულ ღომს რომ კაცი დახამდება…
-კუჭის მონა ხარ, ილია ლიფონავა.

*

უსიტყვოდ გაიარეს გზა ნანას სახლიდან ელენესამდე. ვინ მოთვლის, ბავშვობაში რამდენჯერ გაუვლიათ იგივე მარშრუტი ერთ დღეში. ასეთი აღელვებული არცერთხელ ყოფილა ელენე.
-ელე, -გაყინული ხელი მოიქცია თავისაში. -შენ ხარ ის ერთი.
მძიმედ შეისუნთქა დეკემბრის სუსხიანი ჰაერი. დაუკაწრა ფილტვები ყინვამ, მაგრამ გულზე მაინც უებარი მალამოსავით მოედო მისი სიტყვები. ასეც რომ არ ყოფილიყო, ახლა არაფერი შეიცვლებოდა მაინც, ანდროსი თვალებდახუჭულს სჯეროდა. ბოლომდე.
-და ყოველთვის იქნები ის, ვის შემდეგაც არ იარსებებს არავინ, საერთოდ, შენს შემდეგ არ არსებობს ჩემთვის. მამაშენისგან მე ყველაფრისთვის მზად ვარ, შენგან არა.
-ჩემთვისაც მარტო შენ ხარ. -თვალები დახარა. გაუჭირდა ამის აღიარება, მაგრამ ამაზე უკეთესი და მნიშვნელოვანი დრო არ იქნებოდა.

-ვიცი, მაგრამ შენ ხომ უნდა გეწვალებინე. -აიარეს კიბეები, დადგნენ კარის წინ.
-ხელი გამიშვი მაინც, -ჩაკიდებულ ხელზე მიანიშნა თვალებით, თითქოს თავად ვერ წყვეტდა სწორი იყო თუ არა ასე გამოჩენა მის სახლში და ანდროს ანდობდა ამასაც.
-ოხ, ელენე… -შეუშვა და აკოცა მოწყვეტით ყბასთან სანამ შევიდოდნენ სახლში.
ზუსტად ისეთი ატმოსფერო დაუხვდათ, როგორსაც ელოდა. სახლის მშვიდი და სუფთა სურნელი შემოხვდა ანდროს, ზუსტად ისეთი, როგორიც ელენე იყო მისთვის. თითქოს ამ სახლის კედლებში ვერ გაიზრდებოდა სხვანაირი გოგო.
-დე, მოვედით… -გასძახა სახლს ელენემ, ქურთუკი გამოართვა ანდროსაც და თავისიც დაკიდა იქვე.
ნაბიჯების ხმას შემოყვნენ ელენეს მშობლებიც.
-მოხვედით, დე? -ღიმილით შემოეგებათ ნინო. ზუსტად ასე იცოდა სოფომაც. თითქოს შვილს რომ ხედავდა საკმარისი საბუთი არ იყო, უნდა გაეგო კიდეც მისგან, რომ ნამდვილად სახლშია.
სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა ანდროს. სწორედ ისეთი, პირველად რომ გაიცნო ელენემ.
მისალმების შემდეგ სამზარეულოში გაიყვანა ნინომ ქალიშვილი ცოტა ხნით.
მარტო დარჩნენ ოთარი და ანდრო.
-როგორ არიან ნანა და ევა? -სასმელი ჩამოასხა ოთარმა, ჯერ სტუმარს, შემდეგ თვითონ. -დიდი ხანია აღარ ყოფილან ჩვენთან.
-კარგად. უკეთესად. -ისეთი შეგრძნება ჰქონდა ანდროს, თითქოს ერთდროულად ძალიან ახლობელ და უცნობ ადამიანს ესაუბრებოდა.
არაფერი ესაქმებოდა ოთარის ხმაში ხელოვნურ სიმკაცრესა და მედიდურობას, თავისი უშუალობითაც ახერხებდა ამას.
ხმაზე შეატყო ანდრომ, ამ კაცს ფიქრში უფრო მეტი დრო რომ ჰქონდა გატარებული ვიდრე ლაპარაკში და სხვანაირი რიდით განეწყო მის მიმართ.
-დაგილაგდათ ხომ ურთიერთობა… -სასმელი შეაქანა ოდნავ ჭიქაში, დაყნოსა მერე და კმაყოფილმა გამოხედა ანდროსაც, გასინჯეო. -სამი წლის წინ დავაყენე. დღეს გავხსენი პირველად. ბაზალეთური ცოლიკოურია.
-დაგვილაგდა, მაგრამ ისეთი არ არის, როგორიც მე მინდა რომ იყოს. ჯერ.
-დრო მოიტანს. ნანა ისეთია… -ხელები გაშალა ოთარმა, ისეთი სიყვარულით საუბრობდა ეს კაცი მის დაზე, სუნთქვა შეუკრა ანდროს დანაშაულის გრძნობამ დიმას ნაცვლად რომ ახრჩობდა. მან ხომ ვერასდროს გაიმეტა სითბო და სიყვარული თავისი ქალიშვილის მიმართ. -ცეცხლია. სამართლიანი, ემოციური, მაგრამ ძალიან კეთილი. ჩემს თვალწინ გაიზარდა. ევა მას საერთოდ არ ჰგავს, არა?
-ევა სულ სხვაა. ხანდახან მგონია მას არასდროს არაფერი შეეშლება.
-რაღაცით მაგონებს ელენეს. -გაეღიმა ოთარს. ხვდებოდა, როგორი სათუთი თემა იყო მამა და ოჯახი ამ ახალგაზრდა კაცისთვის წინ რომ ეჯდა, თვალებში რომ ჩახედა, იმასაც მიახვედრა არც უკან დამხევს ჰგავდა. -ვაფასებ შენს გამბედაობას, აქ რომ მოხვედი, ანდრო. მაგრამ როგორც გოგოს მამამ და როგორც კაცმა კაცს რაღაც მინდა გკითხო. ღმერთის გწამს?
-მწამს. -ნაფიქრი იყო მისი პასუხი, გულწრფელი და თვალებიდან მომავალი.
-მე ყოველთვის მჯეროდა, რომ თუ კაცს ღმერთის სწამს, ღვინოს გემოს ატანს და სადღეგრძელოს თქმა გაცვეთილი ფრაზების გარეშე შეუძლია, იმას არასოდეს შეეშლება ქალთან. შენი შეცდომებისთვის ყველაზე დიდი სასჯელი პატიება იქნება შენი ცოლისგან. არ მოგასვენებს დანაშაულის მძიმე ხელი, რომ შენ ქალისგან ამდენი მოითხოვე. ეს მე ცხოვრებამ მასწავლა ძალიან მწარედ. მე რა შემიძლია ჩემი ერთადერთი ქალიშვილის გულისთვის რომ გავაკეთო, ამის მტკიცებას არ დავიწყებ, ორი და გყავს, დედაც, რომელმაც კაცად აღგზარდა და გეცოდინება კარგად, რაზე ვლაპარაკობ. ისიც ვიცი შენს ზურგს უკან რა ამბებიც ტრიალებს და იცოდე, ერთი პირობა მაქვს მხოლოდ – ღმერთი არ გაგიწყრეს და რწმენა არ დაკარგო, არ მიბრუნდე იქეთკენ, რისთვისაც ახლა ზურგი შეგიქცევია. უღმერთო კაცის ღირსების მე არ მწამს.
-ვიცი, რომ ჩემი ნდობა თქვენთვის განსაკუთრებულად რთულია. ამაზე ელენეც ძალიან დარდობს და მის გამო ეს მეც მაწუხებს. ჩემ გვერდით თქვენი შვილი იქნება ყოველთვის ისეთი სუფთა, როგორიც არის ახლა.

*

ნუგზარ ნაკაშიძის საქართველოში დაბრუნება ყველამ გაიგო, თითქოს ასეც იყო დაგეგმილი. არც ტელევიზიებს გაუშუქებიათ და არც სოციალურ ქსელებში დაწერილა ამ თემაზე რაიმე, უხილავი ხმები ღამეული მოჩვენებებივით დაიარებოდნენ თბილისის ქუჩებში, მოკლული ძმის შვილს ჩამოაკითხაო სამართლის აღსასრულებლად.
ამბის დასაწყისი სიმართლის ნათელს მოკლებული ნამდვილად არ იყო, თუმცა როგორ აპირებდნენ ამას ბიძა და ძმისშვილი ბნელ კუთხეში დამალული საიდუმლოსავით უხილავი რჩებოდა.
იმავე საღამოს დიმამ მოაკითხა ქალიშვილს სამსახურიდან სახლამდე მისაყვანად. დაცვის გარეშე აღარსად დადიოდა, მეტიც, გააძლიერა კიდეც თავდაცვა. დამცინავი ღიმილით გადათვალა მისი დამქაშები ნანამ და მამამისიც დაასაჩუქრა ზიზღში ამოვლებული მზერით.
-ახლა დამცველი არავინ გყავს გვერდით და არ გირჩევ ასეთ საქციელს, შვილო. -მანქანისკენ ანიშნა დიმამ.
-არ შეწუხდე, -ადგილიდან არ დაძრულა, -თორემ მცემ? შენი მსახურების თანდასწრებით… ვიცი, არ გრცხვენია მათთან საკუთარი ნამდვილი სახის გამომჟღავნების.
-ენა ჩაიგდე და ჩაჯექი, რომ გეუბნები. -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია დიმამ, მისი ერთ-ერთი მსახური სერიოზული, საქმიანი მზერით გადმოვიდა მანქანიდან და გვერდით ამოუდგა უფროსს.
ირგვლივ მიმოიხედა ნანამ. არავინ ჩანდა მისი მშველელი, ვერც ანდროსთან დარეკავდა ახლა, ელენეს მამის სანახავად უნდა წასულიყო ამ საღამოს და მოკვდებოდა, მაგრამ მიზეზს არ მისცემდა ოთართან უარეს მდგომარეობაში ჩასავარდნად.
ღრმად შეისუნთქა სუფთა ჰაერის უკანასკნელი ნაკადი, სანამ დიმასთან ერთად გამოკეტილ სივრცეში აღმოჩნდებოდა და ჩაჯდა მის მანქანაში.
კმაყოფილი მიუჯდა ისიც გვერდით და მძღოლს ანიშნა, დაეძრა მანქანა. კარს აეკრა ნანა. მაქსიმალურად გაზარდა მანძილი მათ შორის. ფანჯარასაც ჩამოუწია, როგორმე ჰაერი რომ ჩაესუნთქა. მღელვარებისგან გულ-მკერდი დაეჭიმა.
-რა გინდა? -ჰკითხა, როდესაც ძალა იპოვა ამის. -ახალ საქმროსთან ხომ არ მიგყავარ?
-არა, შენ ვინც გიყვარს, ეგეც მომწონს. -თვალი თვალში გაუყარა დიმამ. გულისამრევად თვითკმაყოფილი ჰქონდა გამოხედვა, ენა გაუქვავდა ნანას, ძლივს შეიკავა თავი რომ არ ერწყია. ეზიზღებოდა. -უკეთეს სიძეს ვერც ვინატრებდი. ის ვაკო ზედმეტად ქარაფშუტაა. ირაკლი ზუსტად შეეფერება ჩვენს ოჯახს.
-რომელ ოჯახს? -ცინიკური ჩაღიმება ვერ შეიკავა ნანამ. -არც ერთი შენი შვილი შენთან არ ცხოვრობს, არცერთს შენი ხსენება არ უნდა… ჩვენ შენ გარეშე ვართ ოჯახი, ამიტომ დაეშვი მეცხრე ციდან, დიმა.
-მე ვიცი, რასაც გიზამდი, ხალხში რომ არ მყავდე გამოსაჩენი. -თვალები ჩაუწითლდა დიმას ბრაზისაგან. -გეცოდინება, ნუგზარი ჩამოვიდა, ირაკლის ბიძა. ამ საღამოს აღვნიშნავთ მის დაბრუნებას. მინდა, შენც დაესწრო.
-რად გინდა? მოსიყვარულე ქალიშვილის როლიც ხო არ ვითამაშო? თუ იციან იმათმა ისედაც, რაც ხარ?
-ირაკლიც იქნება, -ისე წარმოთქვა დიმამ, თითქოს მის ყველა შეკითხვაზე ეს უნდა ყოფილიყო პასუხი. უნებურად გააჟრიალა ნანას. რა თქმა უნდა, ისიც იქნებოდა.
-ნუგზარს გინდა დაანახო ჩემი თავი?
-წესიერად მოიქეცი.
-რა გინდა, დიმა? ამ კითხვაზე მიპასუხე. რა არ გასვენებს? რა გინდა შენი შვილებისგან, გამაგებინე!
-მაწყობს შენი ირაკლისთან დაქორწინება. -ხელები ააფრიალა დიმამ ჰაერში, მზაკვრულად გამოხედა. -იცი შენ ბიძამისი რა ამბებს ატრიალებს?! ნებისმიერ ბიზნესს ავაყვავებ მისი ხელშეწყობით. ვერავინ მოგვეკარება, ვერც მთავრობა, ვერც კრიმინალი… ვერც ოპოზიცია…
-და ეგ ბიზნესები რად გინდა? სანამ შენ ცოცხლობ, კი ბატონო, გაიხარე შენი საცოდავი ჭია მაგ ფულით. რომ მოკვდები რა გგონია, მე და ჩემი ძმა გავიყოფთ შენს ბინძურ ქონებას? ანდრო მხოლოდ იმიტომ მოგაყრის მიწას, რომ მის ღირსებას შელახავს მამის მოუვლელი საფლავი. ეს შენთვის მიღწევაა?! როცა შვილები მოვალეობის მოხდის მიზნით, სხვების დასანახად გთვლიან ადამიანად? იმედი მაქვს, გააზრებული იქნება შენი სიკვდილი, დიმა. სიკვდილის წინ ხომ იმაზე ფიქრობენ ადამიანები, ვინც უყვართ, რისთვისაც ღირდა ცხოვრება. შენ რაზე იფიქრებ… ვისზე? საკუთარ მომაკვდავ თავზე? ეგ ბოლო გაფიქრებაც ისეთივე უაზრო იქნება, როგორც მთელი შენი ცხოვრება.
-ამ საღამომ მშვიდად ჩაიაროს და მე გაჩვენებ, შენ რაზე იფიქრებ მთელი ცხოვრება. -ავისმომასწავლებლად აიშვირა გაშლილი ხელი დიმამ ჰაერში. ადამიანს არ ჰგავდა, კანში გახვეული სატანა იყო ნანასთვის.
გულისრევით შეხედა იმ ხელს, რომლითაც იმუქრებოდა.
-კიდევ ერთხელ შემეხები და ანდროსთან აღარ დავმალავ შენს მოქნეულ ხელს, დარჩები კიდეც მის გარეშე. ხომ იცი შენი შვილის ამბავი, -ინერტულად წარმოთქვა ეს სიტყვები ნანამ. ვინმეს იმედი რომ არ ჰქონოდა, იცოდა, ვერ გაბედავდა.
ძლიერად აძგერებული გული მკერდის ძვლის გამომტვრევას ცდილობდა. აღარც გაუგია რა უთხრა დიმამ, საკუთარ შიშებად გადაკეთდა მთელი სამყარო, არაფერი ესმოდა ტკივილისა და შიშისგან გადარეული საკუთარი პულსაციის გარდა, რომელიც მანამ არ დამშვიდდებოდა, სანამ ამ კაცისგან უსაფრთო მანძილი არ დააშორებდა.
-შედი იმ სალონში, -თქვა დიმამ, როდესაც მანქანა ერთ-ერთი ძვირადღირებული სილამაზის სალონის წინ გაჩერდა. -სადმე გაქცევა და თავის შერცხვენა არც გაბედო, სამი მანქანით არიან ჩემი ბიჭები და არ მინდა ძალით შეგათრიონ იქ. ტანსაცმელსაც დაგახვედრებენ და არ მალოდინო დიდხანს. ტელეფონი დატოვე.

*

მშვენიერი იყო ნანა.
ჩამოთლილი მხრები ლამაზად უბზინავდა უმკლავებო კაბაში. წაბლისფერი ხვეულებიც თაფლის მდინარესავით ჩამოშლოდა ზურგზე, ესღა ათბობდა დეკემბრის ცივ საღამოს. მოსაცმელის შესარჩევად თავი არ შეუწუხებია დიმას. დისტანციას იჭერდა მისგან. გული ერეოდა ამ ყველაფერზე, თავის ცხოვრებაზე, რომლითაც როგორც არ უნდა ეცადა, მაინც ახერდებდა დიმა მანიპულირებას.
კარგად შეათვალიერა დაცვით გამაგრებული ეზო. როგორც ჩანს, ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი შეკრებილიყო ამ საღამოს და არც ისე მარტივი იქნებოდა აქედან დიმას გარეშე გაღწევა.
ყველაფერი ძვირადღირებული იყო ირგვლივ, რესტორნით დაწყებული მისი მორთულობითა და სტუმრების ჩაცმულობით დამთავრებული. მართლაც დიდი ვინმე უნდა ყოფილიყო ნუგზარ ნაკაშიძე, ასე რომ დაუხვდნენ.
ირაკლის ერთადერთი სამაშველო რგოლივით გაუაზრებლად დაუწყო თვალებით ძებნა.
-აქეთ წამობრძანდით, -ღიმილით შემოხვდათ ოფიციალურ ფორმაში გამოწყობილი გოგონა.
უზარმაზარ დარბაზში მაღალი, მრგვალი მაგიდები გაეფანტათ, ზედ თეთრი მინდვრის ყვავილებით შეკრული თაიგულები დაელაგებინათ. ერთად დადგნენ დიმა და ნანა, ოქროსფერი, შუშხუნა სითხით სავსე გრძელი ჭიქები დაულაგეს წინ. ნაზ მუსიკას ჩურჩულად გასდევდა დაწყვილებული ადამიანების საუბარი.
მაღალი, სიმპათიური კაცი მოუახლოვდათ თავდაჯერებული ღიმილით, ოდნავ ჩამოშლოდა შუბლზე შავი თმა, დაჟინებული მზერა შეეძლოთ მხოლოდ მის გიშრისფერ თვალებს. ვერავის დარჩებოდა მისი შარმი და მიმზიდველობა შეუმჩნეველი.
-დიმა, რა ხანია არ გვინახავს ერთმანეთი! -ხელები გაშალა მან, ხმაც ისეთივე ჰქონდა, როგორიც გარეგნობა.
-შენც ჩამოხვედი, დავით?! არ ვიცოდი! -სახე გაეხსნა დიმას, გადაეხვია მამაკაცს.
-ხომ იცი, მამაჩემს არ უყვარს ჩემი გამოჩენა! -ნანაზე გადაიტანა კუპრივით შავი თვალები, შეათვალიერა დაკვირვებული მზერით. -ეს მშვენიერი ქალბატონი…
-ჩემი ქალიშვილია, ნანა. -წელზე უბიძგა დიმამ, მიანიშნა რომ მისალმებოდა.
მოაშორებინა ხელი მამამისს, ცივად ჩამოართვა დავითს და გაუღიმა შეძლებისდაგვარად. ყველას მზერა და შეხება ყელში უჭერდა. გონება მთლიანად იმაზე ჰქონდა გადართული, როგორმე მისი შინაგანი კანკალი და მძვინვარება არ გამხდარიყო ყველასთვის შესამჩნევი.
დიმას გაბრაზებაზე არ ჯავრობდა, თავად არ უნდოდა გამოჩენილიყო სუსტი და მართვადი ამდენი ადამიანის თვალში. ვერაფრით კლავდა დამცირებისა და შეურაცხყოფის სველ, ბინძურ შეგრძნებას ძველი ფარდაგივით რომ შემოკრობოდა სუფთა სხეულზე.
-სასიამოვნოა.
-ირაკლი და ნუგზარი სად არიან ამდენ ხანს? -დარბაზი მოათვალიერა დიმამ, გადაატანინა დავითს თავისი არაკეთილგანწყობილი ქალიშვილისგან ყურადღება. თვალები დაუბრიალა წამიერად ნანას.
აგიჟებდა დიმას მისი დაუმორჩილებლობა.
-მოვლენ მალე, გზაში არიან უკვე. ხომ იცი მაგათი ამბავი, გიჟდებიან ერთმანეთზე! რაღაც საქმეზე იყვნენ გასულები…
კარის გაღების ხმაზე აშრიალდა ხალხი, იქეთკენ მიბრუნდა ყველა დავითის ჩათვლით, მოსწყვიტა ნანას დაკვირვებული თვალები, ხელებგაშლილი, ცალ ხელში შამპანურით გაემართა მამისა და ბიძაშვილისკენ. ფრთაგაშლილ არწივს მიამსგავსა მისი მაღალი, მედიდური სხეული ნანამ. ჰქონდა მოძრაობაში რაღაც ისეთი, რითაც ამგვანებდა ირაკლის. თითქოს ერთად გატარებული წლების წყალობით გადაედოთ საერთო მანერები.
იმდენ ხალხში წამიერად მოკრა მხოლოდ იმას თვალი, ვისაც ელოდა ასე ძალიან. ვინც შვებასთან ერთად უსაფრთხოების და სიმშვიდის მსუბუქი შეგრძნება მოუტანა. ისევ ისეთ ფორმაში იყო, როგორც ყოველთვის. განსაკუთრებულად არ მომზადებულა არც ამ დღისთვის.
გახსნილი სახით ესაუბრებოდა მის ირგვლივ შემოკრეფილებს.
წამიერად შეხედა ქალს ირაკლიმ, დიმა დაასაჩუქრა შემდეგ ცივი, შავბნელი მზერით.
-სად მიდიხარ? -მკლავში ჩაავლო დიმამ ქალიშვილს, როგორც კი მაგიდას მოშორდა ერთი ნაბიჯით.
-ტუალეტში! გამომყვები?! -ცივად გამოგლიჯა ხელი.
-გოგო, ნერვებზე ნუ მეთამაშები, -თვალები ავად დაუბრიალა დიმამ.
ნახევარ წუთში გადმოჭრა ირაკლიმ მთელი დარბაზი. თითქოს მისასალმებლად კი არა საომრად მოემართებოდა მათკენ. მოჭუტული მზერა გამოაყოლა დავითმა მის სხარტ მოძრაობას. გზად თავის დაკვრით მიესალმა რამდენიმე ადამიანს, არ შეუნელებია ნაბიჯი. ყველგან უყურებდა ნანას, ამოწმებდა მის დგომას, კანის ფერს, აღელვებულ თვალებს.
-რა ხდება, დიმა? -ოდნავ შეეხო ნანას წელზე, მისწია თავისკენ, თითქოს ვინმე ართმევდა მის თავს. შამპანურიც აართვა და მოსვა თვითონ.
-რა უნდა ხდებოდეს, ირაკლი… -ნერვიულად გაეღიმა, ვერ შენიშნა მისი მოახლოება ნანას კონტროლით გართულმა. გაუბედავად დახედა თავისი ქალიშვილის წელზე დასვენებულ იმ ხელს, სახეში რომ მოხვდა რამდენიმე ცოტა ხნის წინ. -შენ რა გინდა ჩემს ქალიშვილთან?
ცინიკურად გაეცინა ირაკლის. ბასრი მზერით დაჭრა დიმას ცუდად შეკერილი მამობრივი გამომეტყველება. აჩვენა ზიზღი და აგრესია, რომელიც მის მიმართ გააჩნდა.
ხელის გულით იგრძნო, როგორ დაუმშვიდდა სუნთქვა ნანას. უკან ამოუდგა, ცხვირში მოეღიტინა მაცდურად მისი შიშველი კანის სურნელი. ისე მოუნდა შეხებოდა, სულ გადაავიწყდა ის პირობები და შეზღუდვები მკაცრად რომ წაუყენა ამ ქალმა, და თავადაც რომ სურდა ღირსეულად დაეცვა მისი საზღვრები.
-არ გინდა ეს იაფი ცირკი. ჩემთან არ მოიყვანე?-ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა და ნანას დახედა ზემოდან, -ხოდა წავიყვან.
თავი დაუკრა მხოლოდ დიმამ.
მაჯაზე ჩაუსრიალა ხელები, ხელის გულში მოიქცია მისი აკანკალებული, გაყინული თითები. არ შეყოვნებულა მეტად, მოაშორა მაშინვე იმ მაგიდას.
-სახლში წამიყვანე სასწრაფოდ. -განაჩენივით მტკიცე და ცივი იყო ნანას სიტყვები, ტკივილით ჰქონდა სავსე მზერა.
თავისუფალ კუთხეში გაიყვანა ირაკლიმ, საიდანაც არ გააღწევდა მათი ხმები. სამაგიეროდ ყველა ხედავდა მათ, ყველა ამჩნევდა ბოქლომივით დადებულ ირაკლის ხელს ამ ქალის მაჯაზე.
-ჯერ ვერ წაგიყვან.
-მე გამიშვი მაშინ. -მუდარა გამოერია ხმაში, აგრძნობინა, როგორ უჭირდა აქ დაძალებით ყოფნა, სუნთქვა ამ ადამიანების გარშემო.
-ნუ გეშინია. -მისწია თავისკენ, ისე ხმადაბლა უთხრა ეს სიტყვები, საიდუმლოს უმხელდა თითქოს.
-არ მეშინია! არ მინდა აქ ყოფნა, -გაავებული მზერით დაშორდა მის სახეს, -შენი აზრით, ჩემი ნებით მოვედი აქ?!
-აქედან მარტო არ გაგიშვებ, თან ასეთ ფორმაში. -მოღეღილი გულ-მკერდისკენ ანიშნა ჩამუქებული თვალებით, -ერთი საათი დამელოდე. გიხდება, მაგრამ გაიყინები მაგ კაბაში.
გამძაფრებული მზერა მოავლო მოშიშვლებულ მხრებსა და ლავიწებზე, ლამაზად მოუჩანდა მკერდიც ზედ მიხატული ხალებით.
-თვითონ აარჩია ყველაფერი, მას მოსთხოვე პასუხი. -სუსტად შეეწინააღმდეგა ნანა, -გამიშვებ ახლა?
-მოვთხოვ, -არ გაუშვია ხელი. მისწია ახლოს თავისთან.
შეცვლილი თვალის ფერით დააკვირდა მთელს სხეულზე, სუნთქვა შეეკრა ნანას, როცა მიხვდა რისი შემოწმებაც სურდა.
-არ შემხებია. -დარცხვენილმა მოარიდა თვალები, -ნუ მიყურებ ასე. სახლში მინდა.
-რატომ არ დამირეკე, როცა მოვიდა? ან შენს ძმას რატომ არ დაურეკე?
-მთელი ბატალიონი დაცვით დამადგა, ჩემი ტელეფონიც მას აქვს.
-ცოტა ხნით შეძლებ გაჩერებას?! -გაუმეორა ისევ, ისე დაითბო ხმა, ნანას მოეჩვენა რომ ყველაფერზე დათანხმდებოდა, რასაც ასე ეტყოდა.
გაიხადა თავისი ქურთუკი ირაკლიმ, უფრო მძაფრად დატრიალდა ჰაერში მისი მათრობელა სურნელი, დამარწმუნებელი მზერით მიანიშნა, აზრი რომ არ ჰქონდა შეწინააღმდეგებას, შემოახურა მხრებზე.
-სულ ცოტა ხნით და წაგიყვან.
-მე თვითონ წავალ, -უკან დაიხია ნანამ. გაველურებული მზერა შეახვედრა მის ღიმილით გაწელილ ღვინისფერ ტუჩებს, თვალები აატრიალა ირაკლიმ.
-აქედან მარტო არ გახვალ. წამოდი, გაგაცნობ იმას, ვის გამოც მოგიყვანა აქ დიმამ.
-ვერ გიტან. -ჩაისისინა გაღიზიანებულმა, ზედმეტად შესამჩნევი იქნებოდა ყველასთვის, მისი ხელის მოშორება რომ ეცადა. მაგრად ჩააჭირა ხელისგულზე ფრჩხილები, მოფერება მიიღო მხოლოდ მისგან პასუხად.
ლოყები აუწითლა ირაკლის მოსაცმელის სითბომ, მილიონში გამოარჩევდა მის სურნელს ისე ღრმად იბეჭდავდა ყოველი ჩასუნთქვისას.
ნუგზარი ღიმილითა და დაკვირვებული მზერით შემოხვდა მის მაგიდასთან დაბრუნებულ წყვილს. სხვანაირად ვერც იფიქრებდა მათზე, ისე ახლოს ჰყავდა ირაკლის.
დავითი ძალიან ჰგავდა მამას. ნუგზარიც ოფიციალურ ფორმაში გამოწყობილიყო, გახსნილი სახე ჰქონდა, სანდომიანი და წარმოსადეგი. გიშრის წკრიალოსანი მაჯაზე დაიხვია და ხელზე აკოცა ნანას.
-ნანა, ბიძაჩემი ნუგზარი.
-სასიამოვნოა, -მორცხვად დაიწრიპინა ნანამ, სულს უხუთავდა უკვე ამდენი დაკვირვებული თვალი. თავი დაუკრა თვითონაც, თითქოს ერთი შემოხედვით იგრძნო ის ძალა და რიდი, მხოლოდ რომ გაეგონა აქამდე მასზე.
-მშვენიერი ქალბატონია, -ძმისშვილს გადახედა ნუგზარმა გამომცდელი მზერით, წარბი არ შეხრია ირაკლის. -გამიხარდა, რომ გაგიცანი, ნანა. ბევრი მსმენია შენზე.
მხოლოდ გაუღიმა. გაეფანტა ყველა აზრი და სიტყვა.
-მე არ გამაცნობ? -წარბები აწკიპა დავითმა, ცოტაც და ზურგს უკან გადამალავდა ირაკლი ნანას.
-დიმამ ხომ უკვე გაგაცნოთ ჩემი თავი, -ცბიერი ღიმილი დაუბრუნა, დავითიღა ისღა აკლდა მანიპულატორად და გამომცდელად.
-ვგიჟდები უკვე, -ხმით გაიცინა, ერთი ჭიქა აართვა ლანგრიდან მიმტანს და ნანას გაუწოდა. ირაკლის რეაქციას დააკვირდა თან, -რამდენი წლის ხარ, ნანა?
-ოცდასამის. -თავისუფალი ხელით ჭიქა გამოართვა, ქვემოდან ახედა თავის მეწყვილეს, ხმადაბლა დაუქირქილა, -არ გაგექცევი არსად.
-რაღაც არ მჯერა მაგის, -დააწვრილა ირაკლიმ თვალები, ანიშნა, დალიეო, -დალიე, თორემ ეს გიჟი იფიქრებს, რომ მე გიშლი რაღაცებს.
-არ მიშლი?
-ოხ, ნანა… -დავითთან მიიყვანა მერე, -ხუთი წუთით მიმიხედე.
-მეტიც იყოს, -ფართოდ გაუღიმა დავითმა, გიშრისფერი თვალები უპრიალებდა განათების ფონზე.
ნუგზარმაც სხვა მაგიდასთან გადაინაცვლა სტუმრების მოსანახულებლად. დიმაც იქ იყო. ისეთი გულწრფელი სიხარულით გადაეხვივნენ ერთმანეთს, გაუკვირდა კიდეც ნანას, რომ მსგავსი რეაქცია შეიძლებოდა ჰქონოდა მამამისს ვინმეს მიმართ.
-რაო, მშვენიერო ნანა? მოიწყინე? -ცალი იდაყვით ჩამოეყრდნო ირაკლი მაგიდას, დაკვირვებით დააცქერდა გოგონას მშვენიერ სახეზე. მასთან არ გრძნობდა ნანა დაძაბულობას.
-არ მიყვარს უბრალოდ ბევრ ხალხში ტრიალი.
-არ ვიცოდი, დიმას ქალიშვილიც თუ ჰყავდა.
-იცნობ ჩემს ძმას?!
-მსმენია. პირადად არ ვიცნობ, მხოლოდ ირაკლისგან ვიცი რაღაცები. შენზეც.
-ჩემზე? -გაკვირვებით აზიდა ნანამ წარბები, წარმოუდგენელი ამბავი იყო მისთვის.
-არა, გამორიცხულია ირაკლისგან მსგავსი ინფორმაციის მიღება. ხმებმა ჩამოაღწია ჩვენამდე, ირაკლიმაც არ უარყო და ეს საკმარისია ყველაფრის დასაჯერებლად…
-დასაჯერებელი არაფერია.
-კარგი ახლა! -იუკადრისა დავითმა, -შენ გგონია ყველას ასე ექცევა?!
-როგორ?
-ისე, როგორც შენ. ხომ იცი? რასაც შენ გრძნობ მისგან, ეს მხოლოდ შენთვისაა, მხოლოდ შენთანაა ასეთი. თანაც ზუსტად შენნაირი შეეფერება და მოსწონს.
-ჩემნაირი რას ნიშნავს…
-ქართველი. -თვალი ჩაუკრა დავითმა. -ჭკვიანი და მშვენიერი თავისთავად.
გაეცინა ნანას, თავი გადააქნია. ელენეს სიტყვები მოაგონდა. მანაც ხომ ასე იფიქრა, როდესაც პირველად შეხვდა ირაკლის. მას შემდეგ იმდენი რამე მოხდა, თითქოს საუკუნე ვერ დაიტევდა.
-არც მისთვისაა ეს მარტივი, -დარბაზს მოატარა დავითმა სასმისი, შეფიქრიანებულმა მზერამ სერიოზულობა შემატა. -ამ ხალხის ნახევარს დასანახავად ვერ იტანს, მაგრამ მამაჩემის ხათრით უძლებს. თავისი მიზნის ერთგულება აძლებინებს.
-ანუ მაგისთვის ჩამოხვედით, -მუცელში დაუტრიალდა ნანას ცუდის მოლოდინის ბლანტი და მტკივნეული შეგრძნება, -რომ იპოვით, რას იზამთ, დახოცავთ?!
-შენთვის როგორი საქციელი იქნება სწორი, როცა მშობლების მკვლელს პოულობ, ნანა? პოლიციას გადასცემ?
-რა თქმა უნდა, დავით! -პირი გამოუშრა ნანას. სხვა ვარიანტის გაფიქრებაც არ სურდა, თუმცა იცოდა, მხოლოდ თვითონ ფიქრობდა ასე. -აბა, თქვენც უნდა ამოხოცოთ ისინი და მერე დაელოდოთ როდის ამოხოცავენ იმის შვილები ირაკლის ოჯახს და ასე უსასრულოდ?! ეს არის თქვენთვის სწორი? მკვლელის მოკვლა? და რას მოგიტანთ ეს, სულიერ სიმშვიდეს და საუკუნო ნეტარებას? თუმცა რა მიკვირს…
-შენ რა ფიცხი გოგო ყოფილხარ, -მშვიდად გაეღიმა დავითს, დაასრულებინა ბოლომდე სათქმელი. -რა გიკვირს კრიმინალებისგან და რუსეთში ნაცხოვრები ხალხისგან, ხო? რა გგონია, რას ვაკეთებთ… ვქურდობთ?
-არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე. ეს არ არის სწორი, ადამიანი დაგეშილი ცხოველივით არ უნდა იქცეოდეს.
-არ გინდა იცოდე, როგორ ცხოვრობდა ირაკლი, სანამ ჩამოვიდოდა? იქნებ უკვე გასვრილი აქვს ხელები… რა იცი, იცნობ ასე კარგად? -თვალები დააწვრილა დავითმა, ადროვა ცოტა ხანს, არც ელოდა ნანასგან შეწინააღმდეგებას. ცხადია, აინტერესებდა რა ჰქონდა ბიძაშვილზე სათქმელი, -ირაკლი სუფთაა, იმდენად რამდენადაც შეიძლება იყოს სუფთა მისნაირი ბავშვობის მქონე ადამიანი. ანგელოზი თუ გჭირდება, არასწორი ადამიანისგან ელი წმინდანობას. მამაჩემს ის არასოდეს გაურევია იმ საქმეებში, რაშიც მე ვარ ჩარეული. ეს ბიძაჩემის თხოვნა იყო და მისი ხსოვნის პატივსაცემად ირაკლი ისე იზრდებოდა, როგორც კობას და ლიზას უნდოდათ. მაგრამ როდესაც ასე ახლოს ხარ ჩვენნაირებთან… ხო, ჩვენნაირებთან, რთულია ამ წრეს გამოეყო და ცალკე ძახილის ნიშანივით დადგე. ირაკლის მაინც აქვს ხასიათის ის შტრიხები, რაც შენ შეიძლება საერთოდ არ მოგეწონოს. მაგალითად, შურისძიების წყურვილი. შეძლებ მის მხარდაჭერას ნებისმიერ შემთხვევაში?!
-ჩვენ არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, ვალდებული რომ ვიყო მის მხარდაჭერაში.
-ურთიერთობა რა შუაშია, მთავარია, შენ რას გრძნობ მის მიმართ. ეგ გრძნობა რამდენად შორს წასვლის საშუალებას გაძლევს მისთვის? ის ვიცი რისი გამკეთებელია შენთვის.
წამიერად შეყოვნდა ნანა, იგრძნო როგორ გამოედო დავითის გადმოგდებული ანკესის თავი მის გულ-მკერდს და მწარედ მოქაჩა. მოარიდა თვალები.
-ნორმალური ურთიერთობა ნებისმიერი გადაწყვეტილების მხარდაჭერას არ გულისხმობს თავის თავში, მხოლოდ სწორის, და როცა არასწორ მხარეს დგას მეორე ადამიანი, ის შენ გადმოგყავს სინათლის მხარეს.
-სინათლე რომელ მხარეს ანათებს შენთვის, ნანა, როცა მშობლებს ეხებათ საქმე? ოჯახს. ღირსებას…
-ღირსებას ვერ აღიდგენ თუ მისი შემლახავივით მოიქცევი, მე მგონი, მარტივი და ობიექტურია, რასაც ვამბობ.
-სადღაც მართალი ხარ, სადღაც კი არა, ალბათ, ყველაფერში… მაგრამ როცა პრობლემა ასეთი სუბიექტურია, მანდ ეგეთი ობიექტური ჭეშმარიტებები ცოტა ფერს კარგავს.
-ვერაფერს გაგაგებინებ, -გაეცინა ნანას. იგრძნო ირაკლის მოახლოვება.
უკან დაუდგა და ისე დაადო ხელი წელზე. კისერთან გადმოუხარა თავი. მისი სუნთქვა შემოეხვა ყელზე, აბრეშუმის ყელსახვევივით მოელამუნა.
საჯდომითა და ზურგით გრძნობდა მისი სხეულის სიახლოვესა და სითბოს ცეცხლად რომ ეკიდებოდა კანზე.
-წავიდეთ?
გაეღიმა დავითს.
ისეთი უშუალო იყო ირაკლი ნანას მიმართ ვერ მოზომა გამოხედვა. თვალი ჩაუკრა მერე ორივეს და თავის დაკვრით გამოემშვიდობა ნანას.
-არ დაგვეკარგო, კიდევ მინდა შენთან საუბარი. -მედიდური ნაბიჯებით გაშორდა მარტო დარჩენილ წყვილს.
-რა გითხრა? -მისკენ მიბრუნდა ნანა.
-რატომ მეფათურები?
-რას ვშვრები? -მეორე ხელიც დაადო თეძოზე, მისწია თავისკენ, ერთმანეთში გადახლართა მერე ხელები, უფრო მჭიდროდ რომ დაეჭირა.
თხელ კაბაში მის მთელს სხეულს გრძნობდა ნანა. მკერდიც მიმზიდველად ამოებურცა, იმდენად ახლოს იყო სხვაგან გახედვის სურვილსაც უკარგავდა.
-ხალხი გვიყურებს.
-გვიყურონ, -მოურიდებელი მზერა გადაავლო სახეზე, წითლად შეღებილი ტუჩები ცეცხლისფრად აუელვარდა თვალებში. -წავიდეთ?
-აბა ერთი საათიო… -ვერ შეიკავა მაცდური ღიმილი.
-თუ გინდა, დავრჩეთ. ასე უფრო თამამად გეხები, ვიდრე მარტო. -წელზე გადაუსვა გაშლილი ხელი.
-იმიტომ, რომ თავხედი ხარ და იცი სახალხოდ ვერ გაგიწევ წინააღმდეგობას.
-გამოართვი მამაშენს ტელეფონი და გავიდეთ.
-დაცვას აქვს.


დიმას მანქანასთან ლარივით შემართულ დაცვის წევრს ხელი გაუწოდა მხოლოდ ირაკლიმ. კაცი შეიშმუშნა, შემდეგ გულის ჯიბიდან ამოიღო ნანას მობილური და გაუწოდა.
იმდენი გამოტოვებული ზარი და შეტყობინება ჰქონდა დაგროვებული, მთელი საღამო არ ეყოფოდა ალბათ ყველას დასათვალიერებლად.
ვაკო იწერებოდა მოუსვენრად.
„არ მოგენატრე, კარალევა ბანდიტა? რატომ მაიგნორებ?“
„რომ იცოდე ახლა სად ვარ“
ღიმილით დაუბრუნა პასუხი ნანამ, სანამ მანქანას მოიყვანდა ირაკლი.
„აუ, სად?! სადმე ჩემზე უკეთეს ადგილას?“
რესტორნის სურათი ჩაუგდო, „მთელი ანდერგრაუნდ სამყარო აქ არის“
„ხოხ, მერე შენ მიდიხარ უკვე? after party არ აქვთ მაგათ?” ღიმილი ვერ შეიკავა ვაკოს შეტყობინებაზე. შეუმჩნევლად სწრაფი მზერა გადაავლო ირაკლიმ სახეზე და მხარზე დაადო ხელი, აგრძნობინა, რომ იქ იყო და ამჩნევდა.
-რამე გინდა? -მხარი აუქნია, ძლივს შეელია მის თბილ შეხებას.
“ის ხოა ჭკვიანად? გაიცინე ახლა, ვითომ რამე ღადაობა მოგწერე და აეჭვიანე”
-ჩაჯექი. -გაღიზიანებულმა დახედა აზუზუნებულ ტელეფონს.
„კი, სახლში მივყავარ ახლა“
გაუგზავნა შეტყობინება ისევ. რაღაც ქალური მოუსვენრობა კარნახობდა, რომ თავი არ უნდა ამოეყო ტელეფონიდან.
„თავისაში თუ შენსაში…“
-ეგ ამერიკიდანაც ვერ ისვენებს?
-ჩამოვა მალე. ფეხბურთი უნდა რომ გეთამაშოთ, თქვენ კიდევ არ პასუხობთ. -ტელეფონი გამორთო ნანამ. ამოიოხრა ირაკლიმ.
-შენი თავი მოგვიქსია ხო ახლა? შემაწუხებელია.
-ეს თქვენ ხართ ზედმეტად მოსაწყენი ხალხი.
-ნუ იცავ მაგას. -მკაცრად გაუსწორა მზერა.
-არ ვიცავ, უბრალოდ, არ მომწონს როგორც ექცევით. რიყავთ. არაფერი დაუშავებია საერთოდ და როცა ამდენ დანაშაულში ტრიალებ, რთულია მეგობრის გარეშე გაძლება.
-რატო შეგაყვარა თავი ასე? -შეაყენა ირაკლიმ მანქანა, ანიშნა გადმოსულიყო.
-გულწრფელია და იმიტომ. თქვენგან განსხვავებით, შავი ღრუბლის განწყობაზე არ არის ყოველთვის. სად ვართ? -ძველებურ დასახლებას მოავლო თვალი ნანამ.
სიმშვიდე იდგა ქუჩაში. ლამპიონები ანათებდნენ გაყინულ, გაუკაცრიელებულ ქუჩას. ყვითელი განათება მოდიოდა სახლებიდან.
მაწანაწალა ძაღლი ტრიალებდა ნაგვის ურნის მახლობლად.
-ეჭვიანობ შენ ვაკოზე? -გამომცდელად გახედა. -დღესაც არ შემატოვე დიმას კბილებში. რატომ?
-და შენც მოგწონს ხომ ეგ? ჩემი ეჭვიანობა, შენი გულისთვის სიტყვის გატეხვა. -გადმოხედა ზემოდან, ნელი ნაბიჯებით დაიძრა ერთ-ერთი სახლის ჭიშკრისაკენ.
-მოსაკლავად მიგყავარ?
-არა. -შემოტრიალდა მისკენ ირაკლი. საერთოდ სხვანაირი მოეჩვენა ნანას იმ წამს. თითქოს შიში გაპარვოდა თვალებში ნაპერწკლებად. ასეთი არასოდეს უნახავს. -მე სადაც მომკლეს, იქ მოგიყვანე. დამიდგები გვერდით? იმიტომ რომ სხვანაირად ვერ დაგანახებ ჩემს გვერდით ყოფნა რას ნიშნავს. მე მინდა, რომ შენ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში მენდობოდე, ნანა. რაც არ უნდა გავაკეთო, მინდა გესმოდეს რისთვის ვაკეთებ და რატომ. ხომ ეს გაინტერესებდა ყველაზე მეტად, ხომ ეს არ გასვენებდა. ვინ ვიყავი, რა ვარ ახლა… ხომ გინდოდა ჩემი დანახვა.
-შენ გინდივარ შენ გვერდით? -ნაბიჯი არ გადაუდგამს. ყელში უჭერდა თვეების ნაგროვები გრძნობები მის მიმართ.
-შენ, -ჩაეცინა ირაკლის, მისკენ გამოიშვირა ხელი. -გახსოვს ჩემთან რომ ჩაგეძინა? იმ ბინაში მეც პირველად ვათევდი მაშინ ღამეს. აქ მოსვლა არ შემეძლო.
-მახსოვს…
-შენ ის კედლები სახლს დაამსგავსე. შენ მინდიხარ გვერდით. მაგრამ თუ წახვალ, უკან აღარ მიგიღებ. ეს იცოდე.
-მაგარი არჩევანია. -წაუსისინა გაბრაზებულმა, გადადგა ერთი ნაბიჯი.
-ფრთხილად ნაბიჯებთან, პასუხად მივიღებ.
-ასეც არის.
-თუ ჩემთან იქნები, ვეღარ წახვალ. ეს გითხარი? -შუბლი შუბლზე მიადო. საყრდენი იყო მისთვის იმ წამს ნანა, როგორც თავად რამდენიმე საათის წინ.
-არა, მაგრამ ვიარაუდე. -გაუღიმა, კისერზე შემოაწყო ხელები, აიწია ფეხის წვერებზე და მიეხუტა. -მადლობა, რომ ასე ახლოს მომიშვი.
ნახევრად გაუაზრებლად აკოცა მოშიშვლებულ კისერზე. რომ მოაშორა ტუჩები, პომადის წითელი ანარეკლი აისხლიტა ლამპიონების ბაცმა განათებამ.
-უშენოდ ვერც მე მოვიდოდი დღეს აქ.
-ეს სახლი ისევ შენია? -გვერდიგვერდ მდგომები მისჩერებოდნენ ქუჩაზე ერთადერთ ჩაბნელებულ შენობას.
-კი. სულ ჩემი იქნება. ვერ გავყიდი ვერასდროს. მაგრამ შესვლა მაინც არ შემიძლია.
მის ხელს მიეკრო ნანა. შემოეხვია მკლავზე და თავი დაადო მის მხარს.

*

ვაკო საკანდელიძე ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ჩამოგრიალდა ამერიკიდან. თავისი და როგორც კი სამშვიდობოს დაიგულა, მაშინვე მიაჭრა ნანასთან. მანამ არ მოისვენა, სანამ ბურთის გასაგორებლად არ შეკრიბა ყველა დეკემბრის სუსხიან, მაგრამ მზიან შაბათ დილას ერთ-ერთ სტადიონზე. ყველაფერი თავად დაგეგმა.
-ირუშ, შენ ეს ჩაიცვი. -ჩანთიდან ამოიღო „ბაიერნის“ მაისური და მაშინვე ირაკლის მიმართულებით ისროლა.
დავითმა ჩაიფხუკუნა.
-რა გაცინებთ? ეს შავებს იცმევს მარტო? ბოდიში ახლა… გასახდელი იქეთაა, ჩვენს თვალწინ ნუ მოაშიშვლებთ ვარსკვლავების ტატუებს.
მხარზე გადაიკიდა ირაკლიმ მისი მოცემული ფორმა და დაქაჩა ნანას თავისკენ.
-წამოდი, საქმე მაქვს შენთან. -წელზე მოხვია ხელი და გააცალა იქაურობას, მაინც არავის ეცალა მათთვის.
-რა საქმე გაქვს… -ძლივს აუბა ნაბიჯი მის სწრაფ სიარულს ნანამ.
-გაჩვენებ. -ის შეატარა ჯერ კაბინაში, თავადაც შევიდა მერე და დემონსტრაციულად ჩაკეტა ხმაურით კარი.
-თუ უნდა გამოიცვალო, მე გავალ… -დაბნეული მზერა მოარიდა მის მოშიშვლებულ სხეულს ნანამ.

-ახლა გახვალ, ხო? -წინ გადაუდგა ირაკლი, ისე ბოროტად უღიმოდა სუნთქვა შეეკრა.

გაშლილ გულ-მკერდს ალაგ-ალაგ უმშვენებდა ლამაზი ტატუები. ხორბლისფერი კანიც ისეთი მიმზიდველი არომატით ექაჩებოდა ნანას თავისკენ, ძლივს შეიკავა თავი ინერციით ზედ რომ არ აკვროდა. საშინლად დაცხა ქურთუკსა და ჯემპრში. არ ჰქონდა გათვალისწინებული ტემპერატურის ამგვარი ცვლილება.
-შენ ჩემი წამება გადაწყვიტე, ხო? შენი ძმის თვალწინ ასეთ ფორმაში მიტრიალებ, იცი, რომ არ შეგეხები. მოგწონს ჩემი გაგიჟება? -დემონსტრაციულად ჩამოუწია ქურთუკის ელვა. მზერას არ აშორებდა მის დაბნეულ თვალებს, გაღუებულ ტუჩებს.
-ჩემი გაგიჟება არ გჭირდება შენ, -ძლივს მოიბრუნა ენა პირში, ხედავდა როგორ უხტოდნენ კუნთები კანქვეშ, როცა მოძრაობდა, -ისედაც ვერ ხარ.
-ხო? -გადაუწია ქურთუკი, გამოუჩინა ყელი და ნელა წაიღო თავი იქეთკენ. -გიჟებს პასუხი რომ არ მოეთხოვებათ, იცი, ხო?
სველი კოცნა დაუტოვა კისერთან. გაეღიმა მისი სხეულის რეაქციაზე. ისევ გაიმეორა იგივე, სანამ საბოლოოდ არ მოეშვა და არ დაეყრდნო მის შიშველ სხეულს.
-უზრდელი ხარ…
-შენ რომ ეს შარვალი გაცვია და საჯდომს მიფრიალებ, ჩემზე უკეთესი ხარ? -ლოყაზე გადააცოცა ტუჩები ამჯერად. მისწია თავისკენ და მენჯებზე დაულაგა გაშლილი ხელები.
-შენზე უკეთესი ვარ. -წააქეზა უარესად.
-ერთს გაკოცებ და გადი მერე, თორემ ჩავუშლი იმ შენს ვაკოს… -ნანას გაპობილ ტუჩებს შეაგება თავისი.
აკოცა ისეთი მონდომებითა და სურვილით, თითქოს სხვანაირად ვერ შეძლებდა სუნთქვის გაგრძელებას. წელზე შეუცურა ხელები, უფრო ახლოს რომ შეეგრძნო მისი კანის რეაქცია თავისი შეხებისას.
-არ დაგვიმთავრებია. -ზურგით აიკრა სხეულზე სანამ გაუშვებდა.
-კაი ბიჭები იქეთ, -მოედნის ცენტრში დადგა ვაკო, იღლიაში ამოედო ბურთი და ცალი ხელით სტადიონის მარჯვენა მხარეს ანიშნებდა ირაკლის, -კარგი ბიჭები აქეთ.
მარცხნივ წაძუნძულდა თვითონ და გააგორა ბურთი.
ვაკოს გუნდში ნაწილდებოდნენ ილია და გიგი. ირაკლი, ანდრო და დავითი ერთად იყვნენ მოედნის მეორე ნაწილზე.
მაცდური ღიმილით უყურებდა სტადიონის კუთხეში ელენესთან და ევასთან ერთად მოფუზულს, ჯერ კიდევ რომ ვერ ამშვიდებდა არეულ შეგრძნებებს.
-ლიფონავა, ის ბრონის ჟილეტი წამოიღე? -წაუსისინა ანდრომ ვაკოს უკან გაწელვებით გართულ ილიას. ისე მონდომებით ემზადებოდა, თითქოს “ელ კლასიკოს” ჩატარებას აპირებდა ცოტა ხანში.
-რა იყო, შეგეშინდა?
-დაგჭირდება.
ჩაიფხუკუნა ელენემ.

ბედნიერება ასეთ უბრალო ყოველდღიურობაში უფრო ღრმად იდგამს ფესვებს, ვიდრე კარგად დაგეგმილ ძვირადღირებულ წვეულებებში. წლები რომ გავა, ალბათ, ვერც ერთი შეძლებს ამ სტადიონთან ამ დღის გახსენების გარეშე ჩავლას. ამ დღის ხმები ისეთი რეალური იქნება, როგორც მაშინ, საკანდელიძე გამეტებით რომ ყვიროდა “ირა, “უდრებს” არ ვართ” და სამჯერ აუცდა ფეხი ჯარიმის დარტყმის დროს.
არც ერთს დაუცინია. ერთად იცინოდნენ მხოლოდ. იცოდა ირაკლიმ, არასდროს აძლევდნენ ვაკოს უბნის ბავშვებთან ფეხბურთის თამაშის უფლებას და იმ დაჩაგრული ბავშვის გახარება სურდა ახლა მათთან ყოფნით.
ამოუდგა მერე გვერდით მას ირაკლი, უკვე მეოთხედ დარტყმის შანსიც რომ მისცეს ვაკოს. ასწავლა როგორ დამდგარიყო, როგორ მოექნია ფეხი, როგორ შეხებოდა ბურთს.
-გაიმეორე ახლა, -მხარზე შემოსცხო გამამხნევებლად.
ისე ანერვიულდა ვაკო, თითქოს კარიერის უმნიშვნელოვანესი თამაშის ბედი იყო მის კისერზე.
გაიტანა.
მწარეა ასეთი ბედნიერი მომენტები გასახსენებლად. ყველაფერი ხომ პირველად ხდება ოდესღაც და ჩვენც იმ პირველ შეგრძნებებს ვეჭიდებით გასახსენებლად, როცა მონატრება შიგნეულს გამოგვიჭამს.
ბედნიერება ვაკოსთვის სტადიონის მეგობართან ერთად დატოვება იყო. ხელი გადახვია ირაკლიმ და აუჩეჩა თმა, როგორც უმცროს ძმას.
აღბეჭდა ნანამ ეს კადრი. ყველა ერთად. შეცდომების, ტკივილების, წარსულების და მამების გარეშე.
იმ დღეს ირაკლიმ ვაკოს ფეხბურთის თამაში ასწავლა.
ხანდახან ბედნიერება უფრო მარტივია.

*წარსული – ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე*
დიმა ჩადუნელს ნანატრი ვაჟის არსებობის აღმოჩენის შემდეგ მისგან ორი ქალიშვილის გადამალვა და ახალი ცხოვრების დაწყება არ გასჭირვებია. წლების განმავლობაში ნაგროვებმა ფულმა და ამ ფულს მოყოლილმა ძალაუფლებამ სხვების ცხოვრების მართვის ფუფუნებაც არ დააკლო ამ კაცს. ამიტომ ყველა ნაფიცარივით ემორჩილებოდა მის გაუგებარ ახირებას, რომ ანდროსთან არავის წამოსცდენოდა ნახევარდების არსებობის ამბავი.
ევა და ნანა რომ დატოვა, უკან ერთხელაც არ მოუხედავს. სინამდვილეში, მათთან არც არასდროს უცხოვრია. ხან ერთ საყვარელთან ათევდა ღამეს, ხან მეორესთან. ქალიშვილებთან მხოლოდ შენიშვნის მოსაცემად და დასაშინებლად თუ მოვიდოდა. კითხულობდა დაუსრულებელ ლექციებს ღირსებაზე, თავშეკავებასა და კდემამოსილებაზე, რაც მათი მოვალეობა იყო. ეკრძალებოდათ ბიჭებთან ზედმეტად სიახლოვე, შეყვარებულის ყოლაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ყველა ასეთი ლექცია მაგიდაზე მჯიღის დარტყმითა და დიმას გაგიჟებული ყვირილით სრულდებოდა, რომელიც ყოველთვის უფროსი ქალიშვილისკენ იყო მიმართული.
მუდამ მორჩილებისთვის ნაწვრთნელს დაუმორჩილებელი ხასიათი ჩამოუყალიბდა. ეშინოდა დიმას აწეული ხმისა და გაშლილი ხელების, რომელიც არაერთხელ უნახავს როგორ ეშვებოდა დედამისის დაღლილ სახესა და ტანზე, მაგრამ სიძულვილი და წინააღმდეგობა უფრო ძლიერი იყო მის მიმართ ვიდრე შიში.
თანაც საბოლოოდ, დიმამ მაინც გაწყვიტა ის უფერული, ისედაც დაწვრილებული და დაჩაჩანაკებული ძაფი, რაც ნანას გონებაში დალექილ მამის იდეასთან აკავშირებდა. მის თვალებში მარტო დაუმორჩილებლობას კი არა კარგად დამსახურებულ უპატივცემულობასა და იმედგაცრუებას ხედავდა, რომელიც სისხლზე უფრო ხმამაღლა ყიოდა.
რომ არა დაუფარავი ფიზიკური მსგავსება მამა-შვილს შორის, იმასაც იფიქრებდა, რომ სხვა კაცის შვილი იყო რეალურად ეს გოგო.
-სადაც არ უნდა წახვიდე, ჩვენ მაინც შენი ტვირთი ვიქნებით. -დამსხვრეული ფანჯრის მინებივით მიაყარა ზურგში სიტყვები სახლიდან გამავალ დიმას.
ერთხელ შედგა ზღურბლთან და უკან მოხედა ბედნიერი თვალებით. მას ხომ ვაჟი ჰყავდა, ხომ მასთან მიეჩქარებოდა ასე ძალიან, მაგრამ აქედან მშვიდად წასვლის სიამოვნებაც ჩააშხამა ამ გესლიანმა გოგომ. ნანაც არანაკლებ ბედნიერი შეჰყურებდა მიმავალს. თითქოს მოუშორებელი ჭირი, ფარდაგებში შემოპარული ბაღლინჯო მოაშორა სახლს და როგორც იქნა მშვიდად დაძინებას შეძლებდა.
-იმ ბიჭს ალბათ ახლა ჰგონია, რომ შენ სხვა ზღაპრის კეთილი პერსონაჟი ხარ და როგორც იქნა მის გვერდზეც გადააბიჯე. არ იცის, რომ წიგნი მთლიანად უნდა წაიკითხო, რომ მიხვდე იქნებ შენი კეთილი პერსონაჟი სხვისი ცუდი ამბის მთავარი მოქმედი პირია. რომ გაიგოს, ამოხევს ნეტავ იმ ფურცლებს რომლებიც შენ დაუწერე?
ტუჩი ამრეზით დაებრიცა დიმას. მიხვდა, რომ ემუქრებოდა ნანა.
-მაგრამ შეცდომები ყველას მოსდის, -ბოროტად გაუღიმა ნანამ, ძალიან მიემსგავსა მაშინ მამამისს. გასუსული უსმენდა ლალი ქალიშვილის მონოლოგს. ამ სიტყვებმა შეუმაგრეს ზურგი, ქვეყნიდან წასვლა რომ გადაწყვიტა. -შეუცდომელი ვინც არის, იმის წინაშე აუცილებლად წარსდგები შენი წიგნით და ის ყველა ამოხეულ ფურცელს დაგითვლის. საქმე იცი რაშია, დიმა? ზოგიერთ შეცდომას არ ვხევთ ხოლმე ადამიანები ჩვენი ამბებიდან. ვტოვებთ, ეწეროს. ცარიელი ფურცლები ხომ კიდევ შესავსებია… ხომ კიდევ გექნება საშუალება დაამტკიცო, რომ ის შეცდომა კარგ დასასრულად ღირდა. უკეთესი ადამიანი რომ გახდები და უკან მოიხედები, შენი შეცდომაც კი შეგიყვარდება, რადგან შენი ფეხზე ადგომის მიზეზი გახდა. ახლა გგონია შენი ნანატრი ბიჭი ცაში აგიტაცებს, ხო? უკან რომ მოიხედავ, მიხვდები, რომ არც არასდროს ამდგარხარ ფეხზე, და იმასაც დაინახავ, როგორ ყრია ნაგავში შენი წიგნიდანამოხეული ფურცლები.
-შენ ძალიან ბევრ წიგნს კითხულობ, შვილო.-დამცინავად წაუსისინა დიმამ, ბოლო სიტყვა განსაკუთრებული აგრესიით გამოკვეთა და მშვიდად გაიხურა კარი.
ახალი წლის წინა ღამე იყო. ოცდაათი დეკემბერი. იმავე საღამოს რატომღაც ქურდები შემოიჭრნენ სახლში, მაგრამ არაფერი წაუღიათ. ყელზე დანა მიადეს ნანას თვაწლინ ლალის. ეს იყო გაფრთხილება, რომ თუ საჭირო იქნებოდა, იმ დანის ბასრ პირს ნანა თავის ენაზეც გამოცდიდა.
ისე იცხოვრეს წლები, რომ ანდროს არაფერი გაუგია უმცროს დებზე, არც იმაზე, რომ დედამისი რეალურად დიმას პირველი და ერთადერთი სიყვარული კი არა, ერთი მოტყუებული საყვარელი იყო, რომელსაც მხოლოდ იმიტომ მიუბრუნდა მამამისი, რომ ვაჟი გაუჩინა.
მაგრამ ასეთი ამბები დიდ ხანს არ იმალება. ან საიდუმლოს მთრეველი იღლება ტვირთით, ან დრო გადასწმენდს დადებულ მტვერს თაროზე შემოდებულ ამბებს. რომ გგონია, საგულდაგულოდ გადამალე, უცებ აგიფრიალებს ცხვირწინ შენს ყველა ამოხეულ ფურცელს უეცრად ამოვარდნილი ქარი.
პირდაპირ არასოდეს უკითხავს, მაგრამ ყოველთვის ხვდებოდა, რომ არსაიდან გამოჩენილი მამა, რომელიც ყველა სურვილს უსრულებდა და სამსახურში ფაქტობრივად არასოდეს დადიოდა, რაღაც ისეთს უმალავდა, რისი გაგებაც ერთიანად ჩამოშლიდა იდეალურ წარმოდგენებს იდეალურ მამაზე.
დიმა ანდროს განათლებულ კაცად გაზრდაში უწყობდა ხელს. თავის უკანონო საქმეებში არასოდეს რევდა და არც იმ ხალხის ჩახლართულ ქსელში ხლართავდა,რომელიც თვითონ მოქსოვა.
ჩუმად, მაგრამ ცალი თვალი ყოველთვის ეჭირა ქალიშვილებისკენაც. გულის სიღრმეში ყოველთვის იცოდა, რომ თავის ყველაზე დიდ თავისტკივილს – ნანას, ბოლომდე ვერასოდეს გააყუჩებდა და თავს მაშინ შეახსენებდა, როცა ყველაზე ნაკლებად მოელოდა
მისი ტელევიზიაში მუშაობის დაწყება და დიმაზე საეჭვო ამბების მკვდარი თევზებივით სანაპიროზე გამორიყვა უცნაურად დაემთხვა ერთმანეთს.
ბოლოს თავად ანდრო დაინტერესდა ვინ ჯანდაბა ჩმახავდა მამამისზე ათას სისულელეს. საამისო კავშირებიც ჰქონდა და შემართებაც, რომ სხვის საქმეში ხელების მოფათურე ჟურნალისტი ყურებით დაეჭირა და პასუხი მოეთხოვა ყველაფრისთვის.
საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ დიმასთვის გადაგდებულ ანკესს ანდრო წამოეგო, ჟურნალისტისთვის დაგებულ მახეში კი ნანა გაება. ორივე ისეთი კმაყოფილი სახით წარსდგა იმ საღამოს ერთმანეთის წინაშე, თითქოს ქვეყნის ნომერ პირველი კრიმინალი ფაქტზე გამოიჭირეს.
ნანამ ყველაფერი იცოდა მასზე. სად დადიოდა, რას აკეთებდა, როგორი იყო. ერთადერთი ნაკლი, რაც გამოუძებნა დიმას მიმართ პატივისცემა და სიყვარული იყო ანდროს მხრიდან. ზუსტად ისეთი იყო, როგორ ვაჟსაც ყოველთვის ნატრობდა ჩადუნელი.
ანდროს კმაყოფილება იმდენად სრულყოფილი ვერ შეიქნა, როგორც ელოდა. ამ გოგოს რომ უყურებდა, ასე ეგონა, სადღაც უკვე ჰყავდა ნანახი. ეცნობოდა ძალიან.
-სადმე გვინახავს ერთმანეთი? -ეჭვისთვალით შეათვალიერა მის წინ გამაღიზიანებლად კმაყოფილი სახით მჯდომი გოგონა.
-ნწ, -თავი ოდნავ გვერდზე გადახარა ნანამ, ისიც აკვირდებოდა მის წინ მჯდომს. -ძალიან ბევრი ადამიანი ზრუნავდა იმაზე, რომ ჩვენი გზები არ გადაკვეთილიყო.
-მაგალითად ის, ვისთვისაც შენ მუშაობ? -იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო ანდრო და წინ გადაიხარა. -დაახლოებით ვიცი, ვის დაკრულზეც ცეკვავ. შენი ტელევიზია ხო ამ მთავრობის ენით ლაპარაკობს.
-მაგას ბევრი ფიქრი არ სჭირდება. უფრო ჭკვიანი მეგონე. -ყალბი, დამცინავი იმედგაცრუება აიკრა სახეზე ნანამ. ანდროს თავშეკავება მის ნერვებზე თამამად ცეკვის უფლებას აძლევდა და მოსწონდა ეს.
-ვინ გამოგიშვა, საკანდელიძემ?
დაუფარავად გადაიკისკისა ნანამ ამ შეკითხვის გაგებისას. გაღიზიანება დაეტყო სახეზე ანდროს, საზურგეს მიეყრდნო, როგორმე უსაფრთხო მანძილზე რომ დაეჭირა ამ ალქაჯისგან თავი.
-არა, პირადი ინტერესები მაქვს. ისე, ამდენი იწვალე და ჩემი სახელი და გვარი ვერ გაარკვიე ბარემ?
-არ მაინტერესებს შენი სახელი და გვარი, არც შენი არსებობა. ტყუილების წერას თუ არ მოეშვები…
-მამაშენივით დანას ყელზე მომადებ? -ამჯერად ნანა გადაიწია წინ, მზად იყო თავდასასხმელად. ვოლიერიდან გამოვარდნილი ვეფხვივით გაუველურდა თვალები. -ან რატომ გგონია, რომ რასაც მე ვწერ ტყუილია? არგუმენტები დაგაკელი? თუ ძალიან გეშინია იდეალური მამიკოს ხატი არ გატყდეს სახალხოდ? სახელის მოხვეჭას იცი რა მინუსი აქვს? იმ ნამალავ წარსულზე, რომელიც მარტომ იცხოვრე, ყველა გაიგებს.
-ვინ ხარ?
-აკი არ მაინტერესებსო? -თვალი ჩაუკრა ნანამ და ქურთუკი შემოიცვა. გარეთ უკვე ციოდა. ფეხზე წამოდგა და ზემოდან დააჩერდა გაურკვევლობაში მყოფს. -ჯერ მამაშენი გაიცანი, მერე მიხვდები მე ვინ ვარ.
-მანიპულატორი ცილისმწამებელი ხარ.
-სწრაფად გყვარებია დასკვნების გამოტანა. მე კიდევ არ მიყვარს დაუსრულებელი ამბები, არც ამბები დასაწყისის გარეშე. როგორ უნდა მიპოვო იცი. მე არ ვიმალები, უბრალოდ მეშინია, ენა არ ამომაგლიჯონ ლაპარაკი რომ დავიწყო.
-იმ სისულელეებს არ ეტყობა შეშინებული ადამიანი რომ წერს.
-შეშინებული ადამიანი არ წერს და იმიტომ. -კიდევ ერთხელ გაუღიმა, ამჯერად დამშვიდობების ნიშნად ნანამ და სწრაფად გაუჩინარდა კაფიდან. უცებ გადაირბინა გზაზე და მალე ფოთლებგაცვენილი ხეების ჩრდილს შეერია.
იმ საღამოს სოფომაც შენიშნა, რომ თავისი შვილი სხვანაირი ფიქრებით დამძიმებული მხრებით შემოვიდა სახლში. აქამდე არასოდეს უგრძვნია იმის შიში, რომ ძალიან ახლოს იდგა სიმართლისა და მათი ამჟამინდელი ცხოვრების გზაგასაყართან და აუცილებლად მოუწევდა ანდროსთვის იმ ყველაფრის ახსნა, რაშიც ვერ გაამართლებდა გაღმერთებულ დედას.
შვილი შეეცოდა იმედგაცრუებისთვის, თორემ თვითონ ისედაც იცოდა, რომ არ იმსახურებდა მისგან გაგებას.
-დე, რა მოხდა?
-ყავა გამიკეთე რა, სოფი… -დივნის საზურგეს დაღლილი მიეყრდნო, შუბლზე მიიჭირა ხელები, -თავი მისკდება. დიმა არ მოსულა ჯერ?
-არა. ჯერ არ მოსულა. -ცალი თვალი მისკენ ეჭირა სოფოს. ანდროს თავში აყვირებული ყველა შეკითხვის სისასტიკე შემოესმა გვერდითა ოთახიდან. ისე შეამცივნა, თითქოს უფანჯრებო სახლში იჯდა აქამდე და ახლა შეამჩნიაო. -გიგისთან იყავი?
-არა, ერთ ჟურნალისტს შევხვდი. -ყავის ჭიქა ხელში შეეყინა სოფოს. ანდროც უცნაურად წამოჯდა, თითქოს რაღაცას იხსენებდა, რაღაც ისეთს, რაც აუცილებლად უნდა სცოდნოდა. -ცოტა ვერ იყო მემგონი.
-რატომ, დედა? ან რა გინდოდა ჟურნალისტთან…
-დიმაზე ბეჭდავს სისულელეებს რაღაც სასაცილო ფსევდონიმით. იმის გამბედაობაც არ ჰყოფნის, რომ ტყუილები მაინც დაწეროს თავისი სახელით, სიმართლეს რომ თავი დავანებოთ. და იცი რა მითხრა? მამაშენს მოაყოლე თავისი წარსული და იმასაც გაიგებ, მე ვინ ვარო. ჩემზე პატარა იქნება, არამგონია დიმას მაგისთვის რამის დაშავება მოესწრო. რომელიმე კონკურენტი ბიზნესმენის შვილია ალბათ, ან პოლიტიკოსის. რანაირად დამცინა უნდა გენახა! -ფეხზე წამოიჭრა ანდრო, თითქოს ახლა მოაგონდა იმ მეტიჩარა გოგოსთვის გასაცემი ყველა საკადრისი პასუხი და უკან დაბრუნება ინატრა, რომ ერთი კარგად მიელანძღა.
სუნთვაშეკრული მისჩერებოდა სოფო. ნამდვილად ნანაზე საუბრობდა, თავის ნახევარდაზე.
-გაფრინდა ჩაიდანი, სოფი. -ცალი თვალით აკივლებული ჩაიდნისკენ მიანიშნა დედას, მეორით კი ტელეფონი მიიდო ყურზე. -დაჩი, რომ გთხოვო, ერთი ვიღაცის სახელს და გვარს გამირკვევ უცებ? არა, მეტი არაფერი… კაი. კაი, მიდი.
განაჩენივით გაისმა სატელეფონო შეტყობინების ხმა ანდროს ტელეფონზე. მაშინვე ჩამოჯდა სამზარეულოს სკამზე სოფო.
„ნანა ჩადუნელი, დაბადების თარიღი 29 ივლისი, 2000.“
კარის გაჩხაკუნების ხმამ დაარღვია დედაშვილს შორის ჩამოწოლილი მძიმე სიჩუმე. დიმას ნაბიჯებს ორივე კარგად ცნობდა. გასაღების ბროლის ლარნაკში გაწკარუნების ხმაც შემოესმათ, ქურთუკიც ღიღინ-ღიღინით გაიხადა და ჩამოკიდა საკიდზე.
ცოლ-შვილის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული, მაგრამ ერთნაირად შეძრწუნებული სახეები რომ დაინახა წარბები შეკრა.
-რა მოხდა? -ჯერ სოფოს შეხედა, რომელსაც შიში უღელვებდა ოკეანესავით ლურჯ თვალებს. სადაც იყო, ტირილს დაიწყებდა. შემდეგ ანდროს გაუსწორა მზერა და რაღაც საყრდენივით მყარი შეერყა ფეხებქვეშ მისი თვალების დანახვისას. -რა იყო, შვილო, მოკვდა ვინმე?
-ნანა ჩადუნელს იცნობ? -პირდაპირ ჰკითხა, ზედმეტების გარეშე. დიმას თვალებში გამკრთალ შიშის სხივს გააყოლა უკანასკნელი იმედი იმის შესახებ, რომ ის გოგო იტყუებოდა და მამამისი არაფერს მალავდა. -დაბადებულს 2000 წლის ოცდაცხრა ივლისს. იცნობ?
ცოლს გახედა დიმამ, თითქოს ის იყო დამნაშავე, გაქცეულს მაინც რომ წამოეწია ის შეკითხვა, რომელსაც თავადაც იცოდა, რომ ადრე თუ გვიან მაინც დაუსვამდა საკუთარი შვილი.
მოთმინების ფიალა ევსებოდა ანდროს. მწვანე თვალები ჩაუმუქდა, ჩაუშავდა და მისმა ღრმა, გამეხებულმა სუნთქვამ გააძევა ამ ოთახებს შეკედლებული სიმშვიდისა და ნდობის მდგმურები. ერთი ნაბიჯი უკან გადადგა დიმასგან.
გულის სიღრმეში ყოველთვის გრძნობდა, რომ დაბადების დღის სანთლების ჩაქრობის დროს ჩაფიქრებულ სურვილებს ასე მარტივად არ აუხდენდა ბედი. ყოველთვის გრძნობდა, რომ მის იდეალურად ასრულებულ ოცნებებს უკან უცნაური ჩრდილი დაჰყვებოდა იმ წარსულის, რომელსაც ფაქტობრივად არასდროს ახსენებდა დიმა.
-ძალიან დიდხანს ფიქრობ, მამა, ძალიან მარტივ პასუხზე. -ცივად გამოთქვა „მამა“, სამართებელივით ბასრი და ავისმომასწავლებელი იყო მისი გამოხედვაც.
-დაჯექი, შვილო. -თავად დაასწრო დაჯდომა დიმამ. ხელით ანიშნა ერთ ადგილას ცვილის ქანდაკებასავით გაშეშებულ და ფერგადასულ სოფოს, რომ წყალი მიეწოდებინა მისთვის.
სიმართლის დამალვასა და ტყუილის თქმას შორის არსებულ პატარა, იმედისმომცემ განსხვავებას ჩააფრინდა დიმა. ძალიან შეეშინდა ანდროს დაკარგვის. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ახდენილ ოცნებებს მარტივად ვერ ელევიან ადამიანები.
-ჩემი შვილია. -თვალი გაუსწორა ვაჟს. ყველა მსგავსება, რასაც საკუთარ თავსა და ანდროს შორის ხედავდა, ერთიანად წალეკა მის სახეზე გადავლილმა იმედგაცრუების ტალღამ.
ერთიანად გაჩენილი მილიონი შეკითხვა ერთმანეთში აეზილა. ჯერ დედამისს გახედა, როგორც მაშველ რგოლს ამ უიმედო მდგომარეობაში, იმის თვალებიც რომ იმ ზღვასავით ღელავდნენ, რაც თვითონ ახრჩობდა, მიხვდა, რომ ის კაცი, მის წინ რომ იჯდა ახლა, მამას რომ ეძახდა ამდენი წელი და თავის უახლოეს მეგობრად აქცია, აისბერგის უმნიშვნელო წვერი იყო და ახლა იძირებოდა მისი დანარჩენი ნაწილის დასანახავად.
-მე შენი არსებობის შესახებ არ ვიცოდი. -ენა მოიბრუნა დიმამ. ისე დამახინჯდა უეცრად მისი გამოსახულება, თვალიც კი მოარიდა ანდრომ. -სოფოს არ უთქვამს!
-ის ბავშვი… რატომ მიატოვე, დიმა? მასზე ხომ იცოდი.
ენა ჩაუვარდა დიმას, იმდენად ეუხერხულა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. მიხვდა, რომ დაპატარავებული იმ ბავშვს დაემსგავსა, რომელმაც იცოდა, რომ გაკვეთილზე შეკითხვას დაუსვამდნენ და მაინც არ იმეცადინა.
-სიმართლეს მეტყვით რომელიმე? -დედამისსაც გახედა. უნებურად მოულბა მზერა ანდროს, ვერ გაიმეტა. -ანუ დედაჩემი არ გიყვარდა.
-მიყვარდა…
-გაჩუმდი! -სკამს მიაყინა დიმა მისმა სუსხიანმა ხმამ.
-ვერსად ვიპოვე, ვეძებდი და…
-დედაჩემს რომ ეძებდი, შემთხვევით სხვა იპოვე, ხომ? იცი, როგორ არ მადარდებს ახლა შენი სასიყვარულო რომანები, დიმა? და რომ მყავდა არ უნდა მცოდნოდა? დედა, შენ იცოდი ეს? იმ გოგომაც იცის! დღეს ისე მიყურებდა… აშკარად დამცინოდა, რომ ვერ ვცნობდი!
-მე რომ მამაშენი გავიცანი, არ ვიცოდი, რომ ცოლი ჰყავდა. -დანაშაულს ისყიდდნენ სოფოს დახრილი თვალები.
ჩამოჯდა. მაგრად მოისრისა შუბლი და წამიერად საკუთარი თავი იმ დაუნდობლად მფატრავ ფიქრს გამოგლიჯა ხელებიდან, რომელიც ეშმაკივით ეჩურჩულებოდა, რომ თვითონ იყო საყვარლის შვილი.
-რატომ დაშორდით? -ისეთი თვალებით იყურებოდა ამ შეკითხვის დასმისას, რომ ვერავის გაებედა ტყუილის თქმა.
სოფომ ღრმად შეისუნთქა ჰაერი. ყველა ტვირთად აკიდებული საიდუმლოს ზურგიდან ჩამოხსნა გადაწყვიტა.
-დედაშენი მხარს არ უჭერდა ჩემს ცხოვრებას. ამიტომ გადაწყვიტა, რომ შენი თავი ჩემგან დაემალა. როგორც ხედავ, ბედმა მაინც შეგვახვედრა და მინდა ის ოჯახი გვქონდეს… რაც ვერ გვქონდა. -ფრთხილად შეარჩია ბოლო სიტყვები დიმამ.
მან კარგად იცოდა, რომ ანდროსთვის დედა ის ხელშეუხებელი და პატივსაცემი ადამიანი იყო, რომელსაც ვერ გადააბიჯებდა ვერასოდეს. ვერც ბრალს დასდებდა დანაშაულში, თუნდაც დამსახურებულად.
-შემეშინდა, -მყიფე ხმა ჰქონდა სოფოს, თუმცა დამნაშავედ და დარცხვენილად საერთოდ არ მიიჩნევდა საკუთარ თავს ამის აღიარებისას. -რომ გავიგე, რასაც საქმიანობდი, შემეშინდა შენთან შვილის გაჩენის, ოჯახის ყოლის, ამიტომაც დავიმალე მასთან ერთად, ამიტომაც არ გაგიმხილე. თანაც ცოლი გყავდა! ცოლი!
-კარგი, სოფი. -ვეღარ გაუძლო მის გატეხილ ხმას ანდრომ. -შენ უნდა გეთქვა, დიმა. და რომ მყავდა, უნდა მცოდნოდა. სულ რომ არ უნდოდეს ჩემთან ურთიერთობა და ჩემი დანახვა, მე უნდა ვიცოდე, რომ სადღაც ჩემი სისხლი და ხორცი დააბიჯებს.
-დები. -ხმა ჩაიწმინდა დიმამ. სუნთქვა შეიკრა ანდრომ. დაგვიანებულად ნათქვამმა სიმართლემ ერთიანად ჩამოშალა მამა-შვილს შორის ნაშენები ნდობის კედელი. ნანგრევები შესახედავად იმდენად საცოდავი იყო, როგორც დიმა იმ წამს, განაჩენს რომ ელოდა შვილისგან და აღსარებასავით ააშკარავებდა დამალული წარსულის ნაფლეთებს. -ნანა და ევა.
მარტო გატარებულმა ბავშვობამ თვალწინ ჩამოვარდნილი ვარსკვლავივით გაუელვა. ათასი კითხვა გაუჩნდა ერთდროულად და ერთი პასუხიც კი არ ჰქონდა გულის დასამშვიდებლად. დები ჰყავდა!
ძმასთან უფრო მარტივად გამონახავდა საერთო ენას, მაგრამ გოგოებთან როგორ უნდა მოქცეულიყო? რომ არ მოენდომებინათ მასთან სიახლოვე, რა უნდა ექნა? აჩრდილად უნდა ქცეულიყო და ჩუმად ესდია კუდში, ვინმეს რომ არ ეწყენინებინა მათთვის? და ვინც უკვე აწყენინა და გააბრაზა, იმათ რა ეშველებოდათ მოუთხოველი პასუხებისთვის?
აღარაფერი უთქვამს სუნთქვაშეკრული მშობლებისათვის. მშვიდად მოიცვა ქურთუკი და კარიც ისე ჩუმად გაიხურა, თითქოს მხეცივით არ მძვინვარებდა და ყველაზე უდარდელი ადმაიანი იყო დედამიწაზე.
ცოლს გახედა დიმამ. ასეთი ჩაფიქრებული და შეშინებული არასდროს ენახა ის სოფოს.
-შენ უთხარი?!
-არ მითქვამს. -ცივად დაუბრუნა პასუხი, -მაგრამ ძალიანაც მიხარია, რომ გაიგო! ბავშვებმა რა დააშავეს, მამა თუ ჰყავთ ლაჩარი!
-სოფო, არ გამაბრაზო, რა! ნერვებს ნუ მიშლი, ისედაც განერვიულებული ვარ.
-გოგონებისთვის წესიერი მამობა რომ გაგეწია, ახლა ასე არ გაგიჭირდებოდა ანდროსთვის თვალის გასწორება. რამდენჯერ გითხარი… გთხოვე კიდეც, იმ ბავშვების ცოდვას მე და ჩემს შვილს ნუ დაგვადებ-მეთქი კისერზე! ყოველთვის უნდოდა დედმამიშვილი, მაგრამ უმამობა ვერ აბედინებდა ხმამაღლა თავისი ნატვრების გამხელას. ყოველთვის შენ გნატრობდა ჯერ, შემდეგ დიდ ოჯახს… თუმცა შენ რა იცი, შენ რას გელაპარაკები!
-ახლა მე გინდა შემაწმინდო ხომ შენი წილი ტალახიც?! შვილს რომ მამისგან მალავდი, რა გეგონა?!
-შენნაირი მამისგან ვმალავდი და არა ბედნიერი ოჯახისგან! საყვარლად გამიხადე! მომატყუე და დამამცირე! რა გეგონა ჩემთვის მარტივი იყო ტყუილების მოფიქრება მკვდარ ქმარზე, ჩემი შვილისთვის რომ არ ეწოდებინათ?! ვიცოდი, შენ თუ გაზრდიდი რაც ელოდა – შენნაირი შავბნელი ცხოვრება, იარაღი, ფული, სისხლი… კიდევ კარგი ის ცამეტი წელი მაინც შევძელი მისთვის შავის და თეთრის ერთმანეთისაგან გასნხვავებამესწავლებინა. შენ მე ახლაც მიყენებ. ოცი წლის წინაც მიყენებდი!
-ნუ მაყენებინებ, თუ არ გინდა.
-ასეა? -ცივად ჩაეცინა სოფოს, ბოღმა კისერში მოაწვა და წამოუწითლდა მშვიდი, ასაკშეპარული და მშვენიერი სახე. -შენ გგონია, მე რომ წასვლა მოვინდომო, ანდრო შენ აგირჩევს? უბრალოდ ის მეცოდება, შვილი არ მინდა არჩევანის წინაშე დავაყენო. როგორიც არ უნდა იყო, ბევრი კარგი გაუკეთე და ამას ვერ დაგიკარგავს. ძლივს ნაპოვნს უფრო უფრთხილდებიან ადამიანები. მე ჩემს შვილს ვერ ვიმეტებ, თორემ შენ კარგად ვიცი, რასაც იმსახურებ, დიმა!
-ანდროსთან არასდროს შემშლია!
-მაგით იმშვიდებ თავს?! კარგი მამობა რა გგონია, უშეცდომო იყო შვილთან? შენი კაცობა უნდა ეამაყებოდეს პირველ რიგში. ანდრო მაინც პატივს გცემს, როგორც შვილი, მაგრამ როგორც კაცი კაცს ამის შემდეგ არ ვიცი… შენ როგორ ფიქრობ?! შენ ისე გეამაყებოდა ბიჭი შვილი, ბიჭის მამობის პასუხისმგებლობების სიმძიმე საერთოდ დაგავიწყდა. საერთოდ არ იცი, რომ მშობლობა ორმხრივი პასუხისმგებლობაა, თუ შვილისგან ითხოვ პატივისცემას და სწორ მოპყრობას, პირველ რიგში შენ უნდა ექცეოდე შენს შვილს და გარშემომყოფებს პატივისცემით და სამართლიანად. გონს თუ არ მოხვალ, ყველა შვილს დაკარგავ და იმ ადამიანებთან დარჩები მარტო, ვისაც შენი სქელი ჯიბე იზიდავს. იმედი მაქვს, არც ფიქრობ, რომ მე შენ დასაცავად თითის გამძრევი ვარ.
-შენ ნუ მასწავლი! -გაშლილი ხელი გაშლეგებულმა დაახეთქა შავ, პრიალა მაგიდას. გადმოცვენაზე ჰქონდა შეშლილი, ჩაწითლებული თვალებიც. წარბიც არ შეურხევია სოფოს. ისედაც გაქვავებოდა სხეული. ანდროს სახლიდან მშვიდი გასვლის შემდეგ დიმას ღრიალი ვეღარ შეაშინებდა.
ყველაფერი ორ წუთში გაარკვია. სად ცხოვრობდნენ, რომელ სკოლაში დადიოდნენ, რა ერქვა მათ დედას. ყველაფერზე მიუწვდებოდა ხელი, რისი გარკვევაც დაჩიმ ხუთ წამში მოახერხა, მაგრამ ეს იმდენად მშრალი დეტალები იყო, იმდენად არაფრისმომცემიინფორმაცია, რომ უსიცოცხლოდ ჩამოყარა ხელები.
იმას, რაც ანდროს აინტერესებდა, ვერ ეტყოდა ვერავინ. რადგან არავინ ინახავს ინფორმაციას პირველი გადატყავებული მუხლის, მოცვლილი კბილის, ველოსიპედის ტარების გამოცდილების შესახებ იუსტიციაში ან არქივში.
ვერასდროს გაიგებს როგორ ამახინჯებდნენ სიტყვებს ბავშვობაში, რისი ეშინოდათ სიზმრებში და რამდენჯერ იდგნენ კბილის ექიმის რიგში შეშინებულები. რა ჰქონდათ საერთო და რა განსხვავებული.
ასეთ მნიშვნელოვან დეტალებს მხოლოდ ადამიანის მეხსიერება ინახავს.
მათი კორპუსის წინ პატარა სკვერში იდგა და ყველა მოპარულ მოგონებაზე ერთდროულად ფიქრობდა.
ახალი წლის წინა დღე იყო. არც წვიმდა და არც თოვდა, დეკემბრისთვის ჩვეული მშრალი სუსხი უყინავდა თვალებს.
ფიქრობდა, რომ იქნებ არ უნდოდათ წინასაახალწლო განწყობის არსაიდან გამოჩენილი ნახევარძმის გამო ჩაშხამება.
იქნებ არ იყო ახლა ამის დრო…
გულის სიღრმეში მის ყველა გადაუდგმელ ნაბიჯს უკან ერთი დიდი შიში იდგა, რომ არ მიიღებდნენ, მათი ოჯახის დამანგრეველ, სხვა ქალის შვილად ჩათვლიდნენ მხოლოდ და ცივად მიუხურავდნენ ცხვირწინ კარს.
ინერტულად გადადგა ნაბიჯი და სწრაფად აირბინა კიბეები. ფიქრი არ უნდოდა რომ მოესწრო, სანამ დააკაკუნებდა, თორემ აუცილებლად გაბრუნდებოდა უკან.
სახლში იყვნენ. ხმადაბალი სიცილის ხმა ისმოდა, სანამ დააკაკუნებდა. მერე ვიღაცის ჟღურტულა ბგერები მოეგება, მოვდივარო და არც კი უკითხავს ვინ იყო, ისე გააღო კარი.
გული ჰაერში აუხტა და საგულეში აღარ დაბრუნებია, დამრგვალებული, გაოცებული ცისფერი თვალებით რომ შემოაცქერდა პატარა, ქერათმიანი გოგო.
ვერ მოიფიქრა, რა უნდა ეთქვა. უკნიდან მალევე ამოუდგა უფროსიც. ის, რომელსაც შეხვდა და ახლაც ისეთი ირონიული მზერით მისჩერებოდა, რომ წინა შეხვედრა მოაგონდა და გაუბრაზდა ისევ. წარბები შეკრა.
-გისმენთ? -ხმა ჩაიწმინდა უმცროსმა. ნანას გახედა ეჭვისთვალით. მერე თითქოს რაღაცას მიხვდაო და ისევ ანდროს გამოხედა.
-ოხ, მოხვედი? -თვალები დააწვრილა ნანამ. -მეგონა ერთი ათი წელი კიდევ დაგაგვიანდებოდა.
-შენ როგორ იქცევი? -დედმამიშვილური წყენა ვერ მოზომა ანდრომ. თითქოს პირველად კი არ ესაუბრებოდა მათ, ერთად გაზრდილიყვნენ და ახლა ძალიან ბრაზობდა ნანაზე, დიდხანს ნამალავი საიდუმლო რომ არ გაუმხილა. -დამცინი?
-მე რას დაგცინი? ბედისწერა დაგცინის შენ.
-გოგო, ნერვებს ნუ მიშლი.
-ნუ ჩხუბობთ! -დაფეთებულმა ააბრიალა თვალები ევამ. ანდროს არ აცილებდა თვალს. ისე უცემდა გული, ძლივს ესმოდა მათი ჩხუბი. -რა ხდება? შენ ანდრო ხარ?
-ხო. -ორი ბგერის წარმოსათქმელად ძლივს მოიბრუნა ენა, მტრულად მომზირალი უფროსიდან უმცროსზე გადაიტანა ჭაობივით გაღრმავებული თვალები. ღიმილმა მოულბო სახე.
-ვიცოდი, რომ გვიპოვიდი! -ბედნიერმა შემოკრა ტაში და რამდენჯერმე მსუბუქად ახტა ერთ ადგილას. მკლავზე წაეპოტინა მერე, -შემოდი!
*აწმყო – ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე*
დავითის ჩამოსვლა რომ მშვიდად არ ჩაივლიდა, ეს ნანასაც კარგად მოეხსენებოდა და ყველას მათ გარშემო. ამ ადამიანის ქარიზმა და იდუმალება ერთდროულად მიმზიდველიც იყო და უნდობლობასაც გამოიწვევდა ნებისმიერში, ვინც თვალებში ჩახედავდა ან ორი წუთით მაინც გამოელაპარაკებოდა. დამაჯერებელი ღიმილი ჰქონდა, თუმცა თვალებში ეშმაკობის ნაპერწკლები უელავდა და თავისივე ნათქვამ სიტყვებში ერთი გამოხედვით შეგატანინებდა ეჭვს.
ამიტომაც არ ენდობოდა მას ნანა. იცოდა, რომ სიმართლისკენ მიმავალი გზაზე ურთიერთსაპირისპირო მხარეს იდგნენ და აშინებდა ის ძალა, რომელიც მის სიტყვას შეიძლებოდა ჰქონოდა ირაკლის გადაწყვეტილებებზე.
მამამისის სახლში თავისივე ნებით არასოდეს მივიდოდა, სხვა გზა რომ ჰქონოდა. მან დანამდვილებით იცოდა რაღაც ირაკლის მშობლების მკვლელობაზე, ან თუ არ იცოდა, სურვილი მაინც ექნებოდა გაგების.
პირველად იდგა მის წინაშე უშიშრად. საკუთარი თავის გამოცდა უფრო უნდოდა, რომ შეხედავდა კიდევ ერთხელ ამ ადამიანს, რამე ისეთს თუ იგრძნობდა, რაზეც ღირდა ჩაბღაუჭება. მაგრამ არა. გაიღიმა თუ არა დიმამ, მაშინვე შეისხა ხორცი მასში ყველა იმ უარყოფითმა თვისებამ, შეცდომებმა და დანაშაულებმა, რაც საკუთარ თავზე გამოუცდია ნანას.
-რა მოხდა, აქ რამ მოგიყვანა, შვილო? -წარბი აზიდა დიმამ. არ ჩანდა კარგ ხასიათზე. უხასიათოდ აათვალიერა ქალიშვილი და დაცვას ანიშნა მარტო დაგვტოვეთო. -ხომ არ გეშინია ჩემთან მარტო დარჩენის?
-არ მეშინია, -ცივად წაუსისინა ნანამ, მოათვალიერა მისი კეთილმოწყობილი სახლი, ძვირადღირებული დეკორაციებით რომ იყო გადატვირთული, -შენ არ გეშინია შენს თავთან მარტო ყოფნის?
-ახლა შენი ფილოსოფიური საუბრების ხასიათზე არ ვარ.
ჩაეცინა ნანას და დაუკითხავად ჩამოჯდა სავარძელზე. ქურთუკი არ გაუხდია, აქ დიდხანს გაჩერებას არ აპირებდა. მთავარია, დროულად გამოეძებნა მამამისისთვის სათმელი სიტყვები.
-ლალის ველაპარაკე. -დაწვრილებული თვალებით გამოხედა დიმამ, არ ესიამოვნა პირველი ცოლის ხსენება, -რაღაცები მომიყვა, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თურმე შენ ირაკლი სიკვდილს გადაარჩინე.
-მერე? არ მითხრა ახლა, რომ ყველაფერს მპატიობ და გინდა ერთად ვიცხოვროთ.
-არა. -ჩაიფრუტუნა ნანამ, ოდნავ მისკენ გადაიხარა და დააწვრილა თვალები, -მაინტერესებს რა იცი.
-სულელი ყოფილხარ, შვილო, თუ გგონია, რომ შენთან მაგ ამბის განხილვას დავიწყებ.
-რატომ არავისთან განიხილავ? იქნებ გამოძიებას რამით დაეხმარო და დროულად დასრულდეს იმ ადამიანის ტანჯვა.
-მე არაფერი ვიცი იმის გარდა, რომ ჩემი მეგობარი ვერ გადავარჩინე. დამაგვიანდა. არ მინდა ამაზე მთელმა სამყარომ გაიგოს.
-დიმა, დამიჯერე, შენ საკმარისად გაქვს უკვე მიქარული, არავის გაუკვირდება შენგან კიდევ ერთი შეცდომა. -თითქოს თვალებში მოხვდაო ნანას ბასრი სიტყვები, მაშინვე დააჭირა ერთმანეთს ქუთუთოები. ნესტოები გაუფართოვდა. ნანასთვის იმდენად უჩვეულო იყო მისი ადამიანური გამომეტყველება, რომ ეჭვიც კი შეიტანა, რა კარგი მსახიობიაო.
-მეგობრებს არ ვღალატობ. -მისი კბილების ღრჭიალს გაიგონებდით, ამას რომ ამბობდა. -შენ არ იცი, კობამ რამდენი რამე გააკეთა ჩემთვის.
-და ასე უხდი სამაგიეროს? მისი შვილი ქუჩა-ქუჩა დაწანწალებს თვეებია, რომ ერთი ადამიანი მაინც იპოვოს ისეთი, ვინც თავისი მკვდარი მშობლების სულის სიმშვიდის მოპოვებაში დაეხმარება… თუ რამე იცი, გთხოვ… -სული ყელში შეეყინა ნანას, ამას რომ ეუბნებოდა ადამიანს, რომლისთვისაც არასდროს არაფერი უთხოვია. -დაეხმარე.
მოჩვენებასავით გამოხედა თავის შვილს დიმამ. თითქოს მისი გონება, რომელიც სხვაგან დაფრინავდა უეცრად მიწას დაანარცხა ნანას სიტყვებმა.
-შენ მართლა გიყვარს.
თვალი მოარიდა ნანამ, წამიერად ინანა კიდეც აქ რომ მოვიდა. იცოდა, არაფრით გაუშვებდა დიმა მისი დამცირების შანსს ხელიდან.
-ვიცი, რომ მე რასაც ვფიქრობ ამას შენთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ბავშვობაში განვიცდიდი, მაგრამ ახლა ჩემთვისაც დაკარგა შენმა საქციელმა და სიტყვებმა ფერი და ძალა…. მაგრამ ჩემს ძმას… ერთხელ მაინც მიეცი მიზეზი შენით იამაყოს. ანდროსთან ჯერ კიდევ გაქვს შანსი.
-რომელი შანსი… -ცივად, დანანებით ჩაილაპარაკა დიმამ. ცარიელ სახლში ხელებგაშლილი დატრიალდა, -თქვენ გამო… ის ოჯახი აღარ მყავს, რომელზეც ვოცნებობდი. ამას ვინ დამიბრუნებს.
-ვერავინ დაგიბრუნებს იმას, რაც შენი არასდროს ყოფილა. -ფეხზე წამოდგა და გასასვლელისაკენ წავიდა ნანა, -უბრალოდ იცოდე, რომ მისთვის აქვს მნიშვნელობა, როგორ მოიქცევა მამამისი.
დატოვა მარტო დიმა. უჩვეულო სიამაყე დაეუფლა, იქედან რომ გამოაღწია. იცოდა, რომ შეძლება მის პირისპირ დადგომას მარტო.
დეკემბრის მსუბუქი სუსხი ქებით მოელამუნა სახეზე, საკუთარ შიშზე გამარჯვებისთვის აჯილდოვებდა.
-ელე, მორიგე ხარ ამაღამ?
-არააა, -გამღერებით გამოეპასუხა იქედან შენგელია, მოწყენილი ხმა ჰქონდა. -ანდრო არ შეგხმიანებია დღეს?
-არა, ჯერ სკოლაში ვიყავი და მერე… საქმეზე. სახლში ახლა მივდივარ, რა იყო? -ასეთი შეწუხებული რომ არ ჰქონოდა ხმა, აუცილებლად გაეხუმრებოდა უკბილოდ, თუმცა თვითონაც იგრძნო, როგორ გადაევლო სხეულზე გაყინული შიში.
-არ ვიცი. არ მპასუხობს. უნდა მოეკითხა ჩემთვის. არ აგვიანებს ხოლმე.
იცოდა, რომ დავითის ხელი ერია ამ არეულობაში. არც ვაკო და ილიკო ეჩხირებოდნენ თვალებში ზედმეტად, რაღაცას უეჭველად მალავდნენ.
სახლში რომ მივიდა, კარი ღია დაუხვდა უკვე. გული მაშინვე ყელში მოებჯინა. ჩუმად შეაღო. ირაკლის და ვაკოს ხმადაბალი ჩურჩულის ხმა მოისმოდა. თითქოს იგრძნო ნაკაშიძემ ნაცნობი სურნელის სახლში შემოვარდნაო, მაშინვე დერეფნისკენ გამოიხედა.
ამოშავებული ჰქონდა უპეები, თვალებიც ნერვიულობისგან უელავდა. მოშიშვლებული სხეულის ნაწილები ყურადღებით დაუთვალიერა.
-რა ხდება? -თავად დაასწრო, სანამ ირაკლი რამის თქმას მოასწრებდა.
-შემოდი და ელენეს დაურეკე, მალე მოვიდეს.
-არ დაურეკო, -ოთახის სიღრმიდან ანდროს ღონეწართმეული ხმა რომ გაიგონა, იქეთკენ გავარდა სასწრაფოდ. ერთხელ ამოხედა ირაკლის აელვარებული თვალებით.
-რა გჭირს? -პირი გამოუშრა დივანზე ტუჩებგაფითრებული რომ დაინახა თავისი ძმა. სისხლში მოსვრილი ხელით იჭერდა ჭრილობას ფერდში.
საკანდელიძეც სულ მის სისხლში ამოთხვრილი უშედეგოდ უცვლიდა საფენებს. ნანას მოსვლილას შვება იგრძნო თითქოს, ღრმად ამოისუნთქა.
-ლიფონავამ დაკბინა, -გახუმრება სცადა ვაკომ. საკუთარი თავის გამხნევებას უფრო ცდილობდა, ვიდრე მისას.
-ელენეს არ დაურეკო. მაჩაბელს დაურეკეთ, იმას ეყოლება ვინმე… -უღონოდ გააცმაცუნა უფერული ტუჩები, ცივი ოფლი ასხამდა შუბლზე და აშკარად ცდილობდა არ შეემჩნია ის ტკივილი, რასაც ხელით უჭერდა ვაკო.
ხელების კანკალით აკრიფა შეტყობინება ელენესთვის, ვერ დაურეკავდა, ვერ გააგონებდა თავის ხმას.
უხეშად გამოგლიჯა ირაკლის ხელიდან მაჯები და თვალებით აგრძნობინა, როგორ ბრაზობდა მასზე და მთელს სამყაროზე, მაგრამ ვერსად მიუდიოდა იმ მადლიერების შეგრძნებას, რომ ის მაინც დაბრუნდა სახლში მთელი.
თავთან ჩამოუჯდა ანდროს. გაყინული ხელებით გადასწმინდა შუბლიდან ოფლი. ეამა დის გრილი შეხება, მწვანე თვალები წამიერად გამოუცოცხლდა და მიენაბა ისევ.
-მალე მოვა. -ხმადაბლა უთხრა, ჩურჩულით. ყურადღება არ მიაქცია მის შეკრულ წარბებს. -სასწრაფოში…
-არა. -არც დაასრულებინა ნაკაშიძემ, გაყინული წყლის ბოთლი ლამის ხელში შეალღვა, სანამ ჭრილობასთან მიადებდა ანდროს. -არ შეიძლება. მალე მოვა და მიხედავს. ვაკო, გადი აივანზე.
ფერწასული საკანდელიძე თვალებით უხდიდა მადლობას ირაკლის. სახეზე ეტყობოდა, კიდევ ხუთი წამით რომ ეცქირა თავისი სისხლიანი ხელებისთვის, ანდროზე უარეს დღეში ჩავარდებოდა.
-გონზე დარჩი. გველაპარაკე. -დაძალებული სიმშვიდით მიმართა ანდროს ნაკაშიძემ, მხოლოდ საფეთქელთან ათამაშებულმა ძარღვმა გასცა მისი შინაგანი დაძაბულობა.
-ასეთი მშვიდი როგორ ხარ? რა მოხდა, ირაკლი? -წარბები შეჭმუხნა მის მაღალ ხმაზე ანდრომ. შუბლზე ელამუნებოდა ნანას ღრმა სუნთქვა.
-ანდრო, გველაპარაკე. -გაიმეორა ირაკლიმ, გვერდულად გამოხედა მხოლოდ აღელვებისგან გაგიჟებულ ნანას. მიანიშნა, რომ არ იყო ახლა ამის განხილვის დრო და ადგილი.
-იყოს, მოგისმენთ. -ძლივს გაეღიმა, -არ მოვკვდები, ნუ გეშინია.
-არ მეშინია. -შეუბღვირა ირაკლიმ, უფრო ფართოდ გაეღიმა ანდროს. გაახილა თვალები და გვერდზე გამოხედა.
-ჩემი სიკვდილი არ მიგულისხმია, -ნანასკენ მიანიშნა თავით, -ის ვიგულისხმე.
დაუკაკუნებლად რომ შემოვარდა ელენე ოთახში, უკვე იცოდა ნანამ, რომ ყველაფერს უთქმელად მიხვდა. გზაში იხდიდა ქურთუკს და აქა-იქ მიყარა ნივთები.
მუხლებში წამიერად გამოეცალა ძალა, მის ფერმიხდილ სახეს რომ წაჰკიდა სასოწარკვეთილი მზერა. ლურჯი თვალები ცრემლებით ჰქონდა ამოვსებული და საკუთარი გულისცემის გარდა არაფერი ესმოდა.
იგრძნო, როგორ ძლიერად გაწვა მკერდში შიშის და უძლურების შეგრძნებამ და მთელს სხეულში შხამივით ჩაეღვარა. წამიერად დაავიწყდა, ვინ იყო და რა შეეძლო. ასეთ პაციენტს ათასს გაუვლია მის ხელებში და პირველი ჭრილობის გაკერვის დროსაც კი არ ყოფილა ასეთი შეშინებული, როგორც ანდროს დანახვისას.
ნელა წამოდგა ირაკლი და მისკენ წამოვიდა, ზედმეტად ვერ მიუახლოვდა, მაგრამ ელენეს ყურადღება მაინც მიიქცია.
-მომისმინე, -უჩვეულოდ დაარბილა ხმა მას რომ ელაპარაკებოდა. -გონზეა, უბრალო ჭრილობაა. არაფერი ისეთი, რასაც შენ ვერ უმკურნალებ.
-არ შემიძლია. -აკანკალებული ხელები მომუშტა, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. გული გაებერა თითქოს, ისე ასტკივდა მხარი.
-შენსავით ვერავინ მოუვლის, ელენე. მარტო შენ შეგიძლია, ხო? მიდი.
-მოგკლავთ…. -ამოიხრიალა ანდრომ, მისი მოახლოება რომ იგრძნო. ძალიან მოუნდა იმ წამს სიცოცხლე და გადარჩენა. უფრო მეტად ის სურდა, ასეთ მდგომარეობაში არ წოლილიყო და მის სისხლში გაესვარა ხელები. -ხომ გითხარით, არ დაურეკოთ… მეთქი…
-ლაპარაკი არ შეიძლება, -სწრაფად აუწია მუცლიდან ელენემ სისხლით გაჟღენთილი მაისური. ლითონის მძაფრი სურნელი ცხვირში უსიამოვნოდ მოეღიტინა.
-ელე…
მაგრად დააჭირა ტუჩები ერთმანეთს, სუნთქვა შეეკრა. აკანკალებული ხელებით დაასველა ბინტი სპირტში. გაუფრთხილებლად გადაუსვა ჭრილობაზე და ერთიანად შეაფხიზლა მისი მოდუნებული სხეული, უფრო მეტად კი სამაგიერო გადაუხადა ასეთ დღეში რომ ჩაიგდო თავი.
-გისმენ. -მკაცრად უთხრა ნასიამოვნებმა. დატანჯული ღიმილი გადაეფინა მის მიცრეცილ ტუჩებს.
-ვერ გხედავ, მაგრამ მაინც ლამაზი ხარ.
-ლაპარაკი არ შეიძლება-მეთქი, -სისხლში მოსვრილი მუცელიც გაუსუფთავა და თვალი შეავლო ჭრილობას. კარგად გაზომა ყველაფერი შეკრული წარბებითა და ცივი გონებით. -გეტკინება.
-არ მატკინო. -ღიმილიანი ჰქონდა ხმა. გული აუფრიალდა მკერდში. დააწება ერთმანეთს გამომშრალი ტუჩები ელენემ.
-ხმას ნუ იღებ-მეთქი, ანდრო.
გაკერილ ჭრილობას მალევე გადააკრა ბინტიც. ოდნავ რომ გადაეწმინდა ნერვიულობისა და საქმეზე კონცენტრირებისგან ნისლგადაკრული მხედველობა, მაშინღა შენიშნა, რომ მარტო დაეტოვებინათ თავის პაციენტთან. წყლისა და ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ ანდროსაც დაუბრუნდა ადამიანური ფერი სახეზე.
-ოდნავ წამოიწიე, -ხმადაბლა უთხრა, ლოყები აწითლებოდა დაძაბულობისგან.
უსიტყვოდ დაემორჩილა ანდროც. ჩუმად აკვირდებოდა მის უძილარ და ნანერვიულებ თვალებს, გაფითრებულ ტუჩებს და ცრემლებით აპრიალებულ ცისფერ ირისებს. ეტყობოდა ელენეს, როგორ ებრძოდა საკუთარ თავს, რომ ძლივს შეკავებული ემოციები ერთიანად არ გადმოენთხია მის წინაშე.
მუცელზე მჭიდროდ შემოატარა ბინტი, რომ ჭრილობა დაეჭირა ერთ ადგილას. ზედმეტად ახლოს იყო მის გახურებულ შოკოლადისფერ კანთან. იმაზე დაფიქრებაც კი არ უნდოდა, რომ შეიძლება უარესიც მომხდარიყო, მისი თბილი, მოსავლელი სხუელის ნაცვლად ცივი და უსიცოცხლო დახვედროდა, იმ ზღვარს გადაბიჯებული, საიდანაც დედის ლოცვასაც კი არ შეუძლია შვილის მობრუნება, არათუ ექიმს.
მოთმინებით წამოკრიფა ნივთები და ნაგვის პარკში ჩაუძახა ყველაფერს. იცოდა, რომ უყურებდა, ისიც იცოდა, რომ ძალიან განიცდიდა, ამის ნახვა რომ მოუწია, მაგრამ ვერაფრით უსწორებდა თვალებს თვითონ ელენე. ექიმის ტყავიდან გამომძვრალი და შეყვარებულ ადამიანში ჩასახლებული მისი სული ბევრად დაუნდობელი იქნებოდა.
ფეხზე დამდგარს მაჯაში ჩაავლო ხელი ანდრომ. მაინც არ მისცა ისე წასვლის უფლება. კანი ეწვოდა. მსოფლიოში ყველა ნათქვამი ბოდიში არ ეყოფოდა საკუთარი დანაშაულის გამოსასყიდად მის წინაშე, მაგრამ უნდა ეცადა მაინც.
-არ დამელაპარაკები? -ნაღვლიანი გაუხდა მწვანე თვალები. სუნთქვა შეეკრა ელენეს. ძალა არ ჰქონდა, რომ მოეშორებინა მაჯიდან მისი მტევანი და მარტო დაეტოვებინა ამ ოთახში.
-დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ჩემთან დალაპარაკება? -გაუსწორა მართალი თვალები. -გამცემ ყველა კითხვაზე პასუხს?
-რა კითხვები გაქვს, ელე? მკითხე და გიპასუხებ. -არაფრით უშვებდა ხელს, ცერით ეფერებოდა მაჯაზე, თითის ბალიშებზე გრძნობდა მის გაგიჟებულ გულისფეთქვას. -არ მინდოდა, ასეთი რომ გენახე.
-შენ იცი რა არ უნდა გინდოდეს, ანდრო? ამ მდგომარეობაში რომ ჩაიგდო თავი. იმაზე უარესს ვერაფერს გამიკეთებ, ვიდრე საკუთარი თავის დაზიანებაა. არ გეკითხები, რა მოხდა. ახლა მართლა არ მაინტერესებს. შენ გგონია ეს არის ჩემთვის რთული? -ჰაერში ააფრიალა ნაგვით სავსე პარკი, მკაცრი და გამოკვეთილი ხმა ჰქონდა. სულ რომ ამნეზია დამართნოდა ანდროს, მაინც ვერასდროს დაივიწყებდა ასეთს. -ათასობით ადამიანისთვის გამიკეთებია იგივე. გარანტია მჭირდება, რომ არ მოგივა არაფერი არასდროს. მაძლევ მაგის გარანტიას? კარგად დაფიქრდი, სანამ მიპასუხებ. არაჩვეულებრივი მეხსიერება მაქვს და ადამიანებს დავიწყებულ პირობებს არასდროს ვპატიობ.
-გარანტია მომეცი, რომ ცოლად გამომყვები და გპირდები, რომ…
-ანდრო, სერიოზულად გელაპარაკები, -უღონოდ ჩამოუშვა ხელები.
-შენ რომ გგონია მე არასერიოზულად გთხოვდი
-არა! არაფრის გარანტიას არ გაძლევ. -გაბრაზებულმა გამოგლიჯა მაჯა, პატარა ბავშვს დაემგვანა, რომელიც ჯინში ჩაუდგა თანატოლებს. -ნუ მევაჭრები კიდევ ახლა!
-მაპატიე. ტკივილი რომ ვიგრძენი, შენმა სახემ გამიარა თვალწინ პირველად.
-მე ვინ ვარ, პროპკა? -შეურაცხყოფილი სახით შემოაბიჯა ვაკომ ოთახში. მოსულიერებული და დასუფთავებული ჩანდა, ხასიათზეც მოსულიყო აშკარად. -შენი ჭრილობა მეკავა, რა დაგაკელი?
უკმაყოფილოდ ამოიოხრა ანდრომ, ეს ადამიანი როგორღაც ყოველთვის ახერხებდა არასაჭირო დროს გამოჩენილიყო და ყველას ყურადღება მიექცია.
-ბრაგვანის ხმა თუ გაიგონეთ, არ შეგეშინდეთ. ირუშა გადაუშვა ნანამ სავარაუდოდ აივნიდან. -სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა და გასასვლელისკენ წავიდა, -რა კაია მარტოსული ცხოვრება, კაცი-შვილს არ ადარდებს ჩემი ბედი. გინდა მოკვდი, გინდა მორჩი… აბა, ჰე, წავედი, მშვიდობიანი ღამე.
-ვაკო, შენ კარგად ხარ? არ გჭირდება ჩემი დახმარება?
-არა, ელჩიკ, შენი ბიჭი დაჩაბნეს, თორე მე ჩვენი თაობის ბრუს ლი ვარ. ვასწავლი მერე, არ ინერვიულო. -იმედიანად გაუღიმა და გავიდა სახლიდან.
კიბეებზე შემოხვდა გულამოვარდნილი ლიფონავა. აშკარად მორბოდა და გადაფითრებული ჰქონდა სახე.
-ოხ, მოვიდა დაგვიანებული ჭირისუფალი. -მხიარულად ჩამოართვა ხელი და ისევე მსუბუქად გაუჩინარდა სადარბაზოდან, როგორი სიმსუბუქეც შეჰქონდა სახლში დარჩენილი ადამიანების ცხოვრებაში.
აივნიდან გადაჰყურებდა სახლისკენ ფეხით მიმავალ ვაკოს. ჯიბეებში ჩაეწყო ხელები და ისე მიაბიჯებდა, თითქოს თავის ცხოვრებაში ყველაზე დიდი შიში არ ჭამა იმ დღეს. გრძნობდა ნანას მძვინვარებას. ძალა რომ იპოვა მიუბრუნდა და გაუსწორა გაველურებულ თვალებს მზერა.
ელექტროძაბვასავით ჰქონდა დაცდილი მისი ასეთი გამოხედვა, დენს ურტყამდა და იზიდავდა ერთდროულად. მოსწონდა მისი შეუპოვარი ხასიათი, ბრაზს მიღმა დამალული მზრუნველობა.
-გრძელი მონოლოგები არ გამაგონო, რომ ჩემი საქმე არ არის და მე არავინ მეკითხება, -თვალებდაწვრილებულმა გააფრთხილა, როგორც კი ტუჩები ერთმანეთს დააშორა ირაკლიმ სიტყვის სათქმელად. -რა მოხდა?!
ღრმად შეისუნთქა ირაკლიმ ჰაერი. ანდრო რომ დაინახა აივნის ფანჯრიდან თვალებგახელილი და მოცოცხლებული, თითქოს თავიდან დაიბადა.
-მისი ბრალი არ არის.
-დამნაშავის ვინაობა არ მიკითხავს. -მისი მკვეთრი, სერიოზული გამომეტყველების მიუხედავად, მაინც არ დაიშურა სიუხეშე ნანამ. -რა მოხდა?
-პაატა ხომ გახსოვს, -თითქმის დაცლილი კოლოფიდან ამოაცურა ერთი ღერი სიგარეტი. განრისხებული მზერა გააყოლა ნანამ მის მოძრაობას. ღრმად შეისუნთქა ჰაერი. -ვიპოვეთ. დავითმა მიაგნო. ცოცხალია. ვიღაცებს არ გაუხარდათ…
-ვის?
-ჯერ არ ვიცი, ნანა. ჯერ არ ვიცი. ჩემი ბრალია. არ მინდოდა ანდროს წაყვანა, მაგრამ არ მომეშვა. საკანდელიძეც აგვეკიდა და მოკლედ… არ უნდა ჩამერია… მერე შენი სახელი მიხსენა, რამე რო მოგივიდეს, ნანას რა ვუთხრაო… -მზერა მოარიდა ამ სიტყვებს რომ ეუბნებოდა. არ გაუკიდა სიგარეტს. დააბრუნა ისევ კოლოფში.
თითქოს არ უნდოდა იმ ყრუ ტკივილის რამით გაყუჩება, რაც ნაღვერდალივით უღვიოდა გულში გაჩაღებული ხანძრის შემდეგ. ძალიან უნდოდა მიახლოვებოდა, მოფერებოდა და ნანერვიულები თვალები დაეკოცნა, დაპირებოდა, რომ მსგავსი არაფერი მოხდებოდა არასდროს.
თვითონაც გაჩუმდა, ნანა რომ მდუმარედ უყურებდა და თვალებით სთხოვდა ყველა პირობის გამხელას, რაც გონებაში უტრიალებდა.
-რას აპირებთ ახლა? -ჰკითხა ხმადაბლა. გვერდით ამოუდგა მოაჯირზე მიყრდნობილს. თვითონაც ძალით აკავებდა აქავებულ ხელებს. -ვინ იყო პაატა, ან რა თქვა…
-არ ვიცი არაფერი. ბათუმშია ახლა, საზღვარზე გადაჰყავდათ და მოაბრუნეს. დავითი წავიდა მაგ საქმეზე.
-შენ რატომ არ წახვედი? -დაწვრილებული თვალებით ჰკითხა ნანამ, სუნთქვა შეეკრა, ხომ ისედაც იცოდა პასუხი, მაგრამ მისგან უნდოდა მოესმინა.
მკვეთრად მოაბრუნა თავი ირაკლიმ. მისი თბილი სუნთქვა იგრძნო სახეზე ნანამ.
-ისეთ რაღაცებს რატომ მეკითხები, რაზეც იცი პასუხი? -ჯიქურ გაუსწორა მზერა, აიძულა ეთქვა, -აქ უფრო მნიშვნელოვანი საქმე მქონდა.
-შენ კიდევ სულ ისე მპასუხობ… ბოლომდე მაინც არ მაძლევ დაკმაყოფილების საშუალებას.
ლურჯი ღამე იდგა თბილისში. უმთვარო და უვარსკვლავებო ცა გადმოჰყურებდათ ზემოდან. ვარკვლავი რომ ჩამოვარდნილიყო, სურვილსაც ვერ ჩაიფიქრებდა ადამიანი, იმდენად უიმედო და არაფრისმომცემი იყო ნისლით და მტვრით დაფარული ცა. მაგრამ მაინც რაღაცას ებღაუჭებოდა ნანა. რაღაც ისეთს, რასაც ჩამოვარდნილ ვარსკვლავზე მეტი ძალა ჰქონდა.
-ახლა რა იქნება? -ჰკითხა ბოლოს. ჩხუბი უნდოდა, საკუთარი ბრაზი მთელი ძაბვით უნდოდა რომ მიეერთებინა ირაკლის მაჯებზე და დაესაჯა იმისთვის, რაც მოხდა, მაგრამ თვალებში ეტყობოდა ნაკაშიძეს, რომ საკუთარ თავზე დაუნდობელი ჯალათი არავინ არსებობდა მის ირგვლივ. -პაატამ რომ მიგიყვანოთ დამნაშავემდე… მერე? ეს ყველაფერი რომ ჩაივლის… გიფიქრია, ამაზე?
-კი. მთელი ცხოვრებაა მაგაზე ვფიქრობ, -ცას ახედა ირაკლიმ, მერე ისევ ნანას. მისი ყურება ერჩივნა. -მაგრამ პასუხი მაინც არ ვიცი. შეძლებ ჩემი „არ ვიცის“ ატანას, როცა ყველაფერზე კონკრეტულ პასუხს მთხოვ?
-ბრძოლის შედეგი წინასწარ არავინ იცის. -ეშმაკურად აუელვარდა თვალები ნანას, -მაგრამ ყველამ იცის როგორ იბრძოლებს გამარჯვებისთვის. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი და არა შედეგი, ირაკლი. ვიცი, რომ შენ… სხვა ძალა არ გასვენებს. შურისძიების… უსამართლობის…
-შენ რა არ გასვენებს, ნა-ნა? -ერთი ღმერთი არსებობდა ირაკლისთვის იმ წამს და ისიც გვერდით ედგა, იმასაც თვალებში უყურებდა. ათას ჩამოვარდნილ ვარსკვლავს უდრიდა ერთი ახდენილი ნანა. -რისი ძალა…
-ვერ მათქმევინებ, -უნდოდა თქმა, თვალებში ეტყობოდა, მაგრამ წვალება უფრო უნდოდა მისი.
-გთხოვ, -ოდნავ დახარა მისკენ თავი, ცალი ხელით ეყრდნობოდა მოაჯირს. წელზე შეუცურა ხელი და მისწია თავისკენ.
თვითონაც მოჰხვია ორივე ხელი კისერზე და ცალ მხარზე ჩამოადო თავი. თვალს ვერ გაუსწორებდა აღიარებისას. მუცელი აუწვა იმის შეგრძნებამ, რომ მისი ერთი თხოვნაც საკმარისი იყო ყველა უთქმელი თხოვნის შესასრულებლადაც.
-სიყვარულის. -მოგუდულად თქვა. უფრო თავისთვის, იმდენად რცხვენოდა მისი. უფრო მაგრად მიეხუტა, მოშორება და თვალებში ჩახედვა რომ სცადა ირაკლიმ.
-ვიცოდი რა… -კისერში აკოცა რამდენჯერმე ხმაურით და აღარ დაუძალებია მოშორება. -ვიცოდი, რომ გიჟდებოდი ჩემზე.
-ისე არა, როგორც შენ ჩემზე. -თავისი სახე რომ დაიბრუნა, მხოლოდ მაშინ ჩახედა თვალებში, აბურდული თმა ლამაზად ეკვროდა ლოყებზე. მოუწესრიგებელიც კი მშვენიერი იყო, თვალს ვერ მოწყვეტდი. -მაგრამ მაინც ვბრაზობ.
-ასე გვიან რატომ დაბრუნდი დღეს? -თვალები დააწვრილა ირაკლიმ.
როგორ დაავიწყდა, რომ ვერაფერს გამოაპარებდა?
-მაკონტროლებ? -ხუმრობაში სცადა გატარება. ერთიანად გაეყინა ორგანიზმი, იგრძნო მისი თბილი სხუელის გამყიფებაც ნაკაშიძემ და უფრო მჭიდროდ შემოვია მკლავები.
-თვალს გადევნებ. -თვალები დააწვრილა, გაიმკაცრა ხმა. მიახვედრა, რომ ვერ მიასაღებდა მისი ხუმრობის საცოდავ მცდელობას.
-ფეხით მოვედი. -მწარედ ჩაეწვა მუცელი ტყუილის თქმისას. არ იცოდა, ახლა დიმაზე სიმართლის გამხელა რამდენად სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. -საკანდელიძეც რომ არ წაგეყვანათ „სტრელკაზე“ არ მომიწევდა ფეხით…
-„სტრელკაზე“ არ ვყოფილვართ.
-რა მოხდა აბა…
-ან პაატა უნდა ამერჩია, ან შენი ძმა. როცა მიხვდნენ, რომ ვიპოვეთ, არჩევანის წინაშე დამაყენეს, მაგრამ წინააღმდეგობისთვის მზად არ იყვნენ. -მერე უცნაურმა ღიმილმა გაუნათა სახე, -ვაკომ ისეთი კარატე ჩაატარა, მთელი წელი მისი თვითკმაყოფილი კომენტარების უსიტყვოდ ატანა მომიწევს. მაგრამ უსაფრთხოდ ხართ. დავითმა ყველაფერი მოაგვარა. ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ, დამნაშავე პაატას ხმის ამოღების გარეშეც დაიწყებს ფართხალს. ჩაძირული გემის და ვირთხების ამბავია.
მაინც არ უთხრა რას აპირებდა.
ირაკლიც რომ წავიდა, გვარიანი დრო იყო გასული. ევაც ძლივს მოაშორეს თავის ძმას. ლიფონავამ წაიყვანა სახლში და ნაძვის ხის აწყობას დაპირდა მეორე დღეს, როგორმე რომ დაემშვიდებინა.
-დარჩები? -ელენეს ჰკითხა ნანამ, მარტონი რომ დარჩნენ სამზარეულოში. თვალი ანდროსკენ გააპარა, თვალები მიეხუჭა, მაგრამ არ ეძინა, აშკარად აწუხებდა ჭრილობა. -თუ გინდა, მე დავრეკავ შენებთან…
-არ მინდა, რომ ამაზე რამე გაიგონ, ნან. -გახურებულ ჩაის ჭიქას ისე შემოაჭდო გრძელი თითები, თითქოს ვერაფერს გრძნობდა. -ისედაც რთულად ეგუებიან… ჩვენს ამბავს. ეს რომ გაიგონ… მაგრამ დავრჩები. სახლში მაინც ვერ მოვისვენებ.
-არც მე დამეძინება. -ნერვიულად აათამაშა ტელეფონი ხელში. -მეშინია. ეს რომ ბოლო არ იყოს… თან გული მიგრძნობს, რომ არ იქნება. მოწმე იპოვეს… ის დავითი! უხ, ეგ არის ყველფრის თავი და თავი… ვიცი, რომ არ დაანებებს, არ მისცემს პოლიციისთვის საქმის მინდობის უფლებას.
-არ იცოდე მაინც ირაკლის ამბავი, -ოდნავ აზიდა ტუჩი ცალ მხარეს ელენემ, -ეგ რთულად ექცევა ადამიანების ზეგავლენის ქვეშ. ისე, ხომ ამდენი რამე გამოვიარეთ, მაგრამ დღეს პირველად შევნიშნე მის თვალებში ნერვიულობა, ნანა.
-მეც. და ეგ უფრო მაშინებს. იმას რომ შეატყობ ღელვას, ვისაგანაც ნუგეშს ელოდები, მაგრამ თან ისეთუ გაუტეხელია… მაინც არ მაძლევს ბოლომდე სასოწარკვეთის უფლებას. -ცარიელ კედელს გაუსწორა თვალი, მერე ძალიან ხმადაბლა თქვა სიტყვები ისე, რომ ელენესაც გაუჭირდა გაგება. -დიმასთან ვიყავი დღეს.
თვალები დაქაჩა შენგელიამ. ერთიანად გამოფხიზლდა.
-ხომ გითხარი, ლალიმ რაც მომიყვა. ვთხოვე დახმარებოდა ირაკლის, თუ შეეძლო… მაგრამ იმედი არ მოუცია, როგორც ყოველთვის.
-რამე ხომ არ დაგიშავა? -კარგად შეათვალიერა მეგობრის სხეული. ვერ წარმოედგინა, რომ ამდენი უბედურების გამოვლის შემდეგ ნანა დიმასთან პირისპირ და მარტო თავისი ნებით დადგებოდა.
-არა. ზედმეტად გაუბედურებულია. ჩემი წამებაც კი აღარ ანიჭებს სიამოვნებას. -სიმწრით ჩაეცინა და მოშორდა სამზარეულოს განჯინას. -საწოლს გაგიშლი.
ფეხაკრეფით გავიდა ელენე სამზარეულოდან. ანდროს წინ ჩაიმუხლა და ერთხანს ასე უყურა მის დამშვიდებულ სახეს. სანამ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გაბმულ ბეწვის ხიდზე არ გაივლი, მანამდე ვერ მიხვდები, რამდენს ნიშნავს საყვარელი ადამიანი მშვიდად რომ სუნთქავს, როგორ კარგავს ყველას აზრი მნიშვნელობას და რამხელა ფასი ედება დროს, რომელიც გეძლევა ამ სუნთქვის სასმენად.
-მაკვირდები, ელე? -შეერხა ტუჩის კუთხეები. დაუბრუნდა ფერი მის მშვიდ და მიმზიდველ სახეს.
კარგად დაიმახსოვრა ელენემ ის შეგრძნება, მისი გაღიმებული გამომეტყველების დანახვისას გაზაფხულივით რომ შემოუვარდა სხეულში და გული ყელში მოუბჯინა.
სამზარეულოდან გამომავალ ბაც განათებაზე ოდნავ უელავდა მწვანე თვალები ანდროს. ომგამოვლილსაც კი სასიამოვნო სურნელი ჰქონდა.
-მეგონა გეძინა… -ლოყებაწითლებულმა მოარიდა თვალები, -გადასაფარებელს მოგიტან და დაიძინე.
-შენ სად იძინებ? -ლამის კისერი მოეგრიხა, ისე მოაქცია თავი თვალი რომ გაეყოლებინა მისთვის.
-ნანას ოთახში.
-მე აქ არაკომფორტულად ვარ. -შეწუხებული სახით დაიწყო შესავლის გაკეთება. წარბები აზიდა ელენემ. სულელი ნამდვილად არ იყო, კარგად იცოდა საითაც მიჰყავდა საუბარი. -საწოლში უნდა გადავწვე.
-რას აკეთებ, გაგიჟდი?! -ხელი შეაშველა, როგორც კი წამოჯდომა სცადა და მაშინვე დააბრუნა ბალიშზე. -წეღან გაგიკერე ჭრილობა.
-აქ ადგილი არ მყოფნის, რომ კარგად მოვისვენო.
-დივანს გავშლი და გეყოფა. -გაჭირვეულებული ბავშვივით გაუბრაზდა, -სიარული არ შეიძლება. ოდნავ დამეყრდენი მხარზე.
-ჩემითაც შემიძლია სავარძელზე გადაჯდომა. -ნელა წამოჯდა და მოხერხებულად გადაცურდა სავარძელზე.
ბურტყუნით გაუშალა ელენემ დივანი, ბალიში და საბანიც გამოუტანა.
-ერთად დაიძინებთ? -სასხვათაშორისოდ ჰკითხა ნანამ, თავი რომ გამოყო საძინებლიდან
-კი.
-არა.
უპასუხეს ერთხმად. წარბები აზიდა ჩადუნელმა და ღიმილით გაიხურა კარები.
-შენთან ერთად არ დავიძინებ, ანდრო, ეს სანახაობა თუ მაგისთვის მოაწყე. -დაწოლილს საბანი გადააფარა და სამზარეულოში გავიდა წყლის დასალევად.
იმაზე მეტ ძალას ართმევდა ამ ბიჭთან გამკლავება, ვიდრე გადამბულად სამი ღამე მორიგეობა.
-რამე რომ დამჭირდეს, ვინ მომხედავს?
-დაიძახე და რომელიმე გამოგხედავთ. -დოინჯი შემოირტყა ელენემ. ისეთი სახით ამოჰყურებდა ანდრო ქვემოდან, აშკარად ვეღარ შეძლებდა საკუთარი პოზიციების გამყარებას.
-გთხოვ. შენც დაღლილი ხარ, ისედაც ვერ ვმოძრაობ… ჩემ გვერდით თუ დაიძინებ, უკეთესად ვიქნები.
ფრუტუნით შევიდა ნანას ოთახში ელენე და მის საღამურ შარვალსა და გრძელმკლავიან მაისურში გამოწყობილი გამობრუნდა უკან. ბალიში ამოეჩარა იღლიაში და მაქსიმალურად ცდილობდა სახეზე არ დატყობოდა, რომ თვითონაც უნდოდა მის გვერდით დაძინება.
კმაყოფილი ღიმილით გააყოლა თვალი ანდრომ, როგორ ჩააქრო შუქი სამზარეულოში და ნელა წამოლასლასდა მისკენ. მეორე მხარეს გადაბობღდა და მორიდებულად მოიკუნტა.
ცალი ხელით გადააფარა თავისი საბნის წილი მასაც ანდრომ და ბალიშის ნაცვლად თავის მკლავზე დაადებინა თავი.
მოსწონდა მისი სურნელოვანი თმის და სუნთქვის ახლოდან შეგრძნება. დაჭრილი არასდროს ყოფილა, მაგრამ არც ასეთი მთლიანობის შეგრძნება გასჩენია აქამდე.
-ანდრო… -თვალები დახუჭული ჰქონდა ელენეს, მის სუნთქვას უსმენდა ხმადაბლა. -ხო არაფერი მოგივა არასდროს?
თვალებდახუჭულს გაეღიმა.
-ანუ გამომყვები ცოლად?
-არ შეგიძლია, რომ დღეში სამჯერ ხელი არ მთხოვო? არასერიოზულია.
-რატო? მე მართლა მინდა. ახლავე მოგიყვანდი. -ახვანცალდა მერე, ჯიბისკენ წაიღო ხელი.
-რას აკეთებ? ნუ მოძრაობ!
-ბეჭედს ვეძებ.
-ჯიბით დაგაქვს? -გული შეეკუმშა ელენეს, ფანჯრიდან შემოსულმა ლამპიონების განათებამ ბეჭდის სიულეტი რომ გამოკვეთა.
-ხო, ვაიდა დამთანხმდე… -ჯიბეში ჩაიდო ისევ და შუბლზე აკოცა სწრაფად, სანამ გაწევას მოასწრებდა ელენე. -თუ შენ რომანტიკული ცერემონიები მოგწონს? გინდა გახურებულმა ფიალამ ხელის გულები დამწვას, როცა სერენადას გიმღერებ?
-არა, -უკმაყოფილოდ მოჭმუხნა ცხვირი ელენემ. -მინდა ბუნებრივი იყოს.
-ანუ მე არაბუნებრივად გთხოვ? -ნაწყენი გაუხდა ხმა, დანაშაულის გამოსასყიდად მორიდებულად გადაადო ელენემ ხელი მკერდზე. -ელე… შენ ხო არ გეშინია, რო ცუდი ქმარი ვიქნები? ეგ ხო არ გაწუხებს? ვიცი, დიმა სამაგალითო შემთხვევა არაა, მაგრამ… მე ძალიან კარგმა ბიძამ გამზარდა.
-ანდრო…. -ვერ აიტანა მისი გულნატკენი ხმა, მასთან არასდროს შეცდენილა ანდრო. თავის მართლება არ სჭირდებოდა. -არც მიფიქრია…
-არა, დამასრულებინე. ხო უნდა იცოდე?! მე მესმის რა რთულია ძმისთვის, როდესაც შენი დის პატიოსნებას ყველა ეჭვქვეშ აყენებს. არ გამომიცდია, მაგრამ ვიცი, რა მტკივნეულია, როდესაც შენი სისხლი და ხორცი საკუთარი შეცდომების ჯოჯოხეთში იწვება. მაგრამ ზუსტად ეგ ტკივილი გაძლევს ძალას, რომ თუ საჭირო გახდა, კბილებით დაიცვა შენიანი. ეგ არის ოჯახის სიმძიმეც და ღირსებაც ერთდროულად. ვინც შენია, ის თავისი შეცდომებით არის შენი. სამარცხვინო საქციელი მხოლოდ ის არის, დედმამიშვილს ჩადენილი შეცდომის გამო რომ გარიყავ და არა ის, რა შეეშალა… ბიძაჩემმა მე მამობა გამიწია, ელე. დედმამიშვილური სიყვარული მან მასწავლა, დანარჩენი ჩემით ვისწავლე მისგან. დამიჯერე, მაგალითი ისეთი კაცისგან ავიღე, ვისი ცოლიც სულ იღიმის. მე ვიცი, რომ სანამ დიმა ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდებოდა, ჩემს დებს და მათ დედას ია-ვარდებით მოფენილი ცხოვრებით არ აცხოვრებდა. მასთან ათი წელი ვიცხოვრე და ვცადე უმამობით გამოწვეული დანაკლისი ამენაზღაურებინა, ვერ ვიტყვი, რომ თვითონ არ ცდილობდა… მაგრამ ადამიანი ერთ ადამიანთან კაიკაცობით ხომ არ იზომება? ათი შვილი რომ გყავდეს და ერთისთვის იყო ცუდი, მაინც ცუდი მშობელი გამოდიხარ. არ ვიცი, რას ფიქრობ იმაზე, მე და ნანას რომ არეული ურთიერთობა გვქონდა. უბრალოდ იცოდე, რო მე მას არ ვერჩოდი, არასდროს. გულის სიღრმეში მაინც მჭამდა ის შიში, რო მის წინაშე დამნაშავე ვიყავი და ვერ შემიყვარებდა. ევა პატარაა, მარტივად მიმიღო, მაგრამ ნანა სულ სხვაა ჩემთვის.
გატრუნული უსმენდა ელენე. ეს ყველაფერი ისედაც იცოდა, მაგრამ მან რომ საჭიროდ ჩათვალა მოეყოლა და გული გადაეშალა საერთოდ სხვა რაკურსით ანახვებდა იმ სიტუაციას, რომელზეც თავადაც უთვალავჯერ ჰქონდა ნაფიქრი.
-ვიცი, რო გეშინია. ყველა უარს მივიღებ შენს თანხმობამდე. -რბილ თმაზე მოეფერა თბილი თითებით, -ან მოგიტაცებ…
-ვერ გაბედავ.
-ჩემი უარყოფის ლიმიტი რომ ამოგეწურება, ზუსტადაც გავბედავ. -ოდნავ წამოწია თავი ანდრომ, ისეთი ხმა ჰქონდა ეჭვს ვერ შეიტანდით მის ნათქვამში.
-არ უარგყოფ, ნუ ამბობ ასეთ რაღაცებს. რამე გაუფრთხილებლად რომ გავაკეთო, ჩემს მშობლებს ძალიან ეწყინებათ. ჩემ გარდა არავინ ჰყავთ და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ასე ნაჩქარევად არ მინდა გადაწყვეტილების მიღება ისინი არიან.
ოდნავ მოუდუნდა ხელი ანდროს მის თავქვეშ. უცნაური სიმსუბუქის და ბედნიერების შეგრძნება შემოეხვია სხეულზე.
-კარგი დედა იქნები.
-უკვე ამაზეც გადავედით? -თვალები დაქაჩა ელენემ, წარბები აწკიპა. ანდრო ჩაფიქრებული თვალებით გაჰყურებდა ფანჯარაში შემოპარულ მთვარეს.
-ოცი შვილი მინდა. -ჩაიფხუკუნა მის დაფეთებულ სახეზე და თავი მიაწევინა უფრო ახლოს.
-იოცნებე. იცი, ქალის ჯანმრთელობაზე…
-არ გაუშვა ეხა ფემინისტური მედიცინა, ელე… -მომხიბვლელად გაუღიმა, -რამდენიც შენ გენდომება, იმდენი გვეყოლება. ხანდახან ვფიქრობ, რომ მშობლების დაშვებული შეცდომები ერთდროულად მძიმეც არის და მსუბუქიც. იმას, რაც საკუთარ თავზე გაქ გამოცდილი, აუცილებლად აარიდებ შენს შვილს თავიდან.
-დავიძინოთ, ანდრო.
-აი, ნახე თუ არ მოგიტაცო შენ, ელე.
ჩაიფრუტუნა ელენემ სხვანაირი ღიმილით და მისკენ გადატრიალდა. ნელ-ნელა უმძიმდებოდა ქუთუთოები, იცოდა, თვითონ რომ უნდა ედარაჯა ანდროს მშვიდი ძილისთვის, მაგრამ პირიქით მოხდა.
როგორც ბებიამისი იტყოდა, რანაირი რამეა სიყვარული.
*
აქამდე თუ ერთი მიზანი ჰქონდა ცხოვრებაში, ახლა ორ ცეცხლს შუა იდგა ირაკლი ნაკაშიძე. ერთი ცეცხლი წარსულს დაენთო მის გულში, მეორე მომავალს.
გულწრფელად რომ ითქვას ამაზე არასოდეს უფიქრია – გასათენებელ დღეებზე და დასაღამებელ ღამეებზე. რომ იპოვიდა თავისი მშობლების მკვლელობაში დამნაშავეს, არ იცოდა, რა იქნებოდა შემდეგ. იმდენი ადამიანი ჩამოაშორა იმ გვირაბში მიმავალმა გზამ, რომლის ბოლოსაც სინათლე არ ჩანდა, მომავალზე აღარც უფიქრია, არც საკუთარ უკეთეს თავზე.
თბილისში ჩამოსვლამ გიგი ბარათელის ამბის მოსაგვარებლად, იმდენი რამე შეცვალა მის ცხოვრებაში, პირდაპირი და სწორხაზოვანი გზა დაუსრულებელ ლაბირინთად ექცა. ყველა ჩიხში ნანა იდგა. ხან მარტო, ხან სხვა საყვარელ ადამიანებთან ერთად.
იმის დანახვამ, რომ ცხოვრებას მარტო ის არ დაუსჯია სასტიკად, ეგოისტური და მტრის სისხლზე მოწყურებული მიზნები ათას ნაწილად დაუშალა. სხვა სურვილებიც გაუჩნდა, უფრო მსუბუქი და მიმზიდველი. მის სასწორს არასდროს ჰქონია მეორე მხარე, მაგრამ რამდენიმე თვეში იმდენი ადამიანი შეგროვდა მისი შურისძიების პირისპირ, რომ მისი მრისხანება ნელ-ნელა გაუფერულდა.
ნანას თვალები. ფეხბურთი ვაკოსთან ერთად და მისი ბედნიერი ღიმილი, როცა ხელი გადახვია. ისევ ნანა. წარსულშიც და მომავალშიც. ანდრო. ევა. ელენე. ლიფონავაც, სულელი პოლიციელი. ოდნავ გაეღიმა.
არ ახსოვს ადამიანის მოგონებისას მის სახეზე ღიმილს გადაერბინოს.
მძიმედ ამოიხვნეშა და სახეზე ჩამოისვა ხელები. ამ სახლში მარტოობაც კი პირველად იგრძნო, ახლა როცა იცოდა, რომ სადღაც ისეთ ადამიანს ეძინა, ვისთან ყოფნაც გულით უნდოდა.
მარტოობასაც ხომ მაშინ ვგრძნობთ გამძაფრებულად, როდესაც ძალიან გვინდა მეორე ადამიანთან ყოფნა.
დავითი მალე დარეკავდა. გაშტერებული დაჩერებოდა ტელეფონს. თვალსაც კი არ ახამხამებდა, ნანას შეტყობინება რომ ამოუხტა ეკრანზე.
დილის ოთხის ჩვიდმეტი წუთი იყო.
„ვერ იძინებ?“
„გამაღვიძე“ უცებ დაუბრუნა პასუხი, „შენ რატომ არ გძინავს?“
„შენზე ვნერვიულობ“… „დარჩენილიყავი ერთად დაველოდებოდით დავითის ზარს“
მაგრად დაეჭიმა მკერდში რაღაც, პასუხის მიწერაც ვერ შეძლო.
„მარტო ხარ?“
ეშმაკურმა ღიმილმა გაუნათა სახე, „არა…“ მისწერა სწრაფად.
სამი წუთი დააგვიანდა ნანას. ამ სამ წუთში რამდენი სცენარის დაწერა მოასწრო მისმა სხარტმა გონებამ, ღმერთმა უწყის მხოლოდ. იცოდა, რომ გააბრაზა, მაგრამ ვერ მოითმინა მაინც.
„კაი, მაშინ აღარ ვინერვიულებ“
„ინერვიულე რა:)“ გაგზავნილი ჰქონდა შეტყობინება, რომ ინანა თავისი საქციელი. პატარა ბიჭივით იქცეოდა, რომელიც ძალიან ცდილობდა გოგოსთვის თავის მოწონებას. თან ეს გოგო მთელს სკოლას და უბანს რომ მოსწონდა, აი, იმ ძალისხმევით ცდილობდა მის გულსა და გონებაში შეძრომას, ყველას ყურადღება რომ გადაეფარა.
„ნაოჭები და ჭაღარა გამიჩნდება, არ მინდა“
უცებ წარმოიდგინა მოხუცებული, სანამ გონების სადავეებს ხელს ჩასჭიდებდა და რეალობაში დააბრუნებდა საკუთარ თავს, მანამდე თავისი თავიც წარმოიდგინა მის გვერდით.
„ეგეთიც ლამაზი იქნები. დაიძინე, ნანა.“ უნდოდა მიეწერა, ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგრამ მის ირგვლივ შექმნილი დაძაბულობის ველი არ აძლევდა ფუჭი იმედების მიცემის უფლებას.
პირველად მოუნდა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და მშვიდად დაეძინა.
„შენც დაიძინე“
არც ნანამ უსურვა ძილი ნებისა.
გამთენიისას დარეკა დავითმა. მზე უკვე იმედიანად იჭყიტებოდა ერთმანეთზე მიჭყეტილ კორპუსებს მიღმა.
-ჩამოვალ, დავით. -სისხლის წყურვილი უწინდებურად აუჩხრიალდა გულში. მთელი ღამის ფიქრები ბურუსმა გადაფარა ისევ.
ფეხზე წამოვარდა და გასაღებს დაუწყო ძებნა მაშინვე.
-სად წამოხვალ, ბიჭო, -დავითის ხმას არც მღელვარება ეტყობოდა და არც უძილობა. -შენი აქ გამოჩენა ახლა არაფრით არ შეიძლება. თან ახალი წელი მოდის, ნუ ჩააშხამებ იმ გოგოსაც.
-რა დროს ახალი წელია, დავით…
-ირა, ატრაკებ. -გულმოსულად უთხრა, -მე გითხარი, რო ჩამოგიყვან ამ კაცს. ჯერ ზუსტად არ ვიცი, სად არის, რამდენიმე ვარიანტი მაქვს. დარწმუნებული ვარ, კარგად იცავენ და შენ რა გინდა, მანამდე გაგასაღონ, სანამ მასთან დალაპარაკებას შეძლებ? მანდ მიხედე საქმეს. შენი აქ ყოფნა ვერაფერს გამიკეთებს, პირიქით, თუ არ გამიფუჭებს, რომც ჩამოხვიდე მაინც არაფერს გაგაგებინებ, ფრთხიალად და ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთ. აბა, ჩაო და ნანა მომიკითხე. ვიცი, რო ვერ მიტანს, მარა როგორმე დააჯერე რო არ ვარ ცუდი ტიპი.
ჩადუნელების სახლში ბოლო რამდენიმე წელია, რაც ილია ლიფონავას ნაძვის ხეს აწყობენ.
როცა ლალი წავიდა ბევრი წლის წინ და თავისი ქალიშვილები ნახევრად მეზობლების იმედად დატოვა, ილიკომ განსაკუთრებულად იგრძნო თავის მხრებზე დაკიდებული პასუხისმგებლობა – როგორმე შეენარჩუნებინა ნანას და ევას სახეებზე ბედნიერი ღიმილი.
მამისგან მიტოვებული და დედისგან დატოვებული ბავშვების გასაღიმებლად მეზობელმა ალბათ ძალიან უნდა მოინდომოს, მიზანს რომ მიაღწიოს, მაგრამ ილიკო ვერ იტანდა, როცა ყველაფერი თავისი გეგმის მიხედვით არ მიდიოდა არეულობითა და მოულოდნელობებით სავსე სამყაროში.
თვითონ დედისერთამ განსაკუთრებულად შეიყვარა ზედა მეზობლების ორი გოგო. ახალი წლის პერიოდში, როცა ყველა ბავშვს სახლში მოფუსფუსე მშობლები და გემრიელი საჭმლის სურნელი ხვდებოდათ, მათზე მზრუნველობის მოთხოვნილება განსაკუთრებულად უმძაფრდებოდა ხოლმე.
დედამისის, ქალბატონი ეკას დაკვირვებულ მზერას არ გამოპარვია, როგორ იცლებოდა მათი ნაძვის ხე სათამაშოებისგან და ბოლოს სკოლიდან ადრე დაბრუნებული ილიკო სხვა საახალწლო დეკორაციების ქურდობაშიც რომ წაასწრო, ცოტა ღიმილნარევი და ცოტა გაბრაზებული თვალებით გადაუდგა წინ და წელზე დოინჯი შემოირტყა.
-შენს სახლში ქურდობ, შვილო?

-უპს, დედი. -გაეკრიჭა ქალს, ისედაც ძლივს რომ იკავებდა სიცილს. -არ ვქურდობ, უბრალოდ, არ მომწონს ნაძვის ხეზე სათამაშოები რომ კიდია.
-ბარემ ნაძვისხეც აიტანე ჩადუნელებთან, შვილო, სახლში ხომ არაფერს მიყენებ… რა სულელი ხარ, რა სულელი, ილიკო!
-აუ, იმათ არ აქვთ, დე, -მაშინვე წაავლო ხელი უზარმაზარი ნაძვის ღერძს და მხარზე გადაიკიდა, თვალებგაფართოებულ ეკას ლოყაზე აკოცა. -ჯიგარი ხარ, ეკსონ!
-შვილო, ვიხუმრე…
-ჩვენ პატარა ვიყიდოთ, კაი? -თვალი ჩაუკრა ყურებამდე გაღიმებულს და უზარმაზარი, გაბურძგნული ნაძვი კარებში გაახოხიალა.
თავი გააქნია ეკამ და ღიმილმა გაუწელა ტუჩები. მასაც ძალიან უყვარდა ნანა და ევა, არასდროს იშურებდა მათთვის არც საჩუქრებს, არც ყურადღებას და არც სითბოს, თანაც რომ იცოდა, როგორ უყვარდა ილიკოს ისინი, ყველაფერი ათმაგად ემეტებოდა მათთვის.
ისიც იცოდა, ილიკოს ევას და ნანას ბედნიერი სახეები რომ უფრო გააბედნიერებდა, ვიდრე მორთულ -მოკაზმული ნაძვისხე, რომელსაც ისე აუვლიდა ხოლმე გვერდს, ზედაც კი არ შეხედავდა.
ხუთ წუთში ისეთი რუზრუზი ატყდა ზედა მეზობლებთან, ბავშვების ბედნიერმა ხმებმა ყველასთან ნაადრევად მოიყვანა ახალი წელი.
მოკლედ, ასე მოიპარა ილიკომ ახალი წელი თავისი სახლიდან.
ნანას მაინც არ უყვარდა ახალი წელი. დიმასგან ოჯახური იდილიის შექმნის მოლოდინი არც არასდროს ჰქონია, მაგრამ ახალი წლის დადგომამდე ერთი დღით ადრე ცოლ-შვილის მიტოვება და იმავე ღამეს მათ ყელზე დანის მიბჯენა და დაშინება, ვერც იმ წელს და ვერც შემდეგში ვერ დაავიწყებდა მისი ცხოვრების საშინელ მოგონებებს.
ამიტომაც ნაძვის ხის აწყობის პასუხისმგებლობას ევა და ილიკო იღებდნენ ხოლმე საკუთარ თავზე. მიუხედავად იმისა, რომ ელენე გიჟდებოდა სადღესასწაულო სამზადისზე, ყოველთვის ნანას უჭერდა ხოლმე მხარს და მასთან ერთად მიირთმევდა ყავას სამზარეულოში, არადა, ერთი სული ჰქონდა ილიკოს უშნოდ დაკიდებული სათამაშო სხვა ადგილას გადაეტანა. რასაც, რა თქმა უნდა, აუცილებლად გააკეთებდა, როცა ვერავინ შეძლებდა მის დანახვას.
საახალწლო არდადეგების დაწყებამდე სკოლა განსაკუთრებულად ხმაურობდა. ბოლო გაკვეთილიდან სახლში წასვლა ყველას ძალიან უხაროდა. რახან ანდრო ზედმიწევნით ასრულებდა ელენეს დანიშნულებას, ევა სკოლიდან ხან ილიკოს გამოჰყავდა, ხანაც ვაკოს.
„ბრიგადას“ ჩათში საკანდელიძე იუწყებოდა, რომ ლიფონავამ ხულიგნობის გამო დააკავა და პოლიციის განყოფილებაში უსამართლოდ აყურყუტებს, ამიტომაც ევას გამოსაყვანად სკოლაში მისვლას ვერ შეძლებს, რომ თუკი ანდროს უმცროს დას რაიმე შეემთხვევა, პასუხისმგებლობა ილიკომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე „მაინც და მაინც ახლა რომ მოინდომა საკუთარი ძალაუფლების წარჩინებული ვაკელის წინააღმდეგ გამოყენება“.
ამიტომაც, ირაკლი იდგა სკოლის შესასვლელთან და ისეთი დაკვირვებული მზერით ზვერავდა ერთმანეთში ათქვეფილ ბავშვებს, რომ აშკარად დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ევას სახლამდე მშვიდობით მიყვანის საქმეს და არ უნდოდა, გამოპარვოდა.
უმცროსმა ჩადუნელმა თავად დაინახა ირაკლი და გაბედულად გაემართა მისკენ. მზიანი დღე იდგა და ცაც თვალისმომჭრელად ლურჯად შეღებილიყო. ოქროსფერი, მხრებზე უდერად დაყრილი თმა ელვასავით უბზინავდა ევას მხრებზე.
-გელოდებოდი, -ბარტყივით დაიჟღურტულა ევამ. შემფასებლურად შეათვალიერა ირაკლი. შენიშნა მისი ნანასავით გამოუძინებელი თვალები, მაგრამ ძალიან შეიკავა თავი, კომენტარი რომ არ გაეკეთებინა.
-დამაგვიანდა?! -წარბები აზიდა ნაკაშიძემ, მაჯის საათზე დაიხედა უნებურად.
-დღეს არა, ზოგადად. -წინააღმდეგობა არ გაუწევია, ხელი რომ გაუწოდა ჩანთის გამოსართმევად. ანდროზე სასაცილო ირაკლი იყო ბრჭყვიალა ჩანთა რომ მოეგდო მხარზე და მხრებგაშლილი, მძიმე ნაბიჯებით მიდიოდა მის გვერდით. -ვიცოდი, რომ ერთხელ შენც მომაკითხავდი.
-გაგიხარდა? -ღიმილი ვერ შეიკავა ნაკაშიძემ, საერთოდ სხვანაირი იყო ის ღიმილი, ევასთვის განკუთვნილი.
-კი, -ქურთუკის ჯიბეებში ჩაიწყო ხელები ევამ. -შენი აზრები მაინტერესებს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით.
-გისმენ. -დამთხვეულივით მიუვიდა ვაკოს შეტყობინება. უცებ შეავლო თვალი.
„ფრთხილად იყავი, თინეიჯერები ყველაზე საშიში არსებები არიან.“
თვალები გადაატრიალა, თუმცა ვერ იტყვის, რომ არ ეთანხმებოდა საკანდელიძეს, რომელამც მასთან სამესიჯოდ მოიცალა. მალევე მოაყოლა ახალი შეტყობინება წინას:
„ავტორის შენიშვნა: თინეიჯერი ნიშნავს…“ ბოლომდე აღარ წაუკითხავს ირაკლის, ჯიბეში ჩაიცურა ტელეფონი.
-შენი აზრით, ბიჭი რომ თავის მეგობრებს არ გაცნობს, იმას ნამდვილად აინტერესებ?
-არა. -წარბები შეყარა ირაკლიმ, ანდროს მიემგვანა იმ წამს ძალიან, -შენ არ გაცნობს შენი შეყვარებული თავის მეგობრებს?
-ყოფილი შეყვარებული. მივატოვე. -კმაყოფილი ხმა ჰქონდა ევას. -ანუ სწორად მოვიქეცი. ახალი წელი მოგწონს?
ტუჩები დააწვრილა ირაკლიმ, ევა მიხვდა რომ ამ შეკითხვაზე პასუხი აშკარა იყო ისედაც. ამ ადამიანს ბედნიერების არაფერი ეტყობოდა.
-არც ნანას. -უცებ დაძაბა სმენა ნაკაშიძემ, -მამამ ახალი წლის წინა ღამეს მიგვატოვა და დედა მთელი კვირა ჩხუბობდა. არავის უთხრა, მაგრამ მხიარულად მხოლოდ მაშინ აღვნიშნეთ, როცა მარტო დავრჩით. ეს ძალიან ცუდია, არა? როცა ოჯახთან გინდა ბედნიერად გაატარო ლამაზი დღეები, მაგრამ ჩხუბის და აყალმაყალის გარდა ვერაფერს გთავაზობენ, შენ კი ყოველ წელს მიანც ახალ შანსს აძლევ მათ… ჩვენ ახლა ბევრი მეგობარი გვყავს, ბევრი ადამიანი ზრუნავს ჩვენზე, მაგრამ მაშინ არავინ გვყავდა. მე და ნანა ვიყავით მარტო. ახლა მე რომ დამტოვონ რვა წლის გოგოსთან და მისი აღზრდა დამავალონ, ისე დავიმალები და გადავიკარგები, ინტერპოლიც ვერ მიპოვის. ვერც შენ.
გაეღიმა ირაკლის. სასიამოვნო იყო მისი ბავშვურად გადააზრებული ფიქრების მოსმენა. თავისი ფიქრების შორს გაქცევის უფლებას არ აძლევდნენ ჩადუნელები. ეს ძალა ნამდვილად ჰქონდათ. გიჭერდნენ და თავისთან ჰყავდი.
-ჩემი დის ბედნიერების გარდა არასდროს არაფერი მინატრია. ჩემ გამო იღიმოდა ხოლმე, მე რომ არ ჩამშხამებოდა განწყობა და ჩემთვის რომ აესრულებინა ის ოცნებები, რასაც თვითონ აღარც კი ნატრობდა, იმდენჯერ გაუცრუვდა იმედები. არადა, მე ახლა იმდენი რამე მინდა… სხვაზე რომ მქონდეს საზრუნავი, ვერც მე შევძლებდი საკუთარი სურვილების ქონას. დიდი ფუფუნებაა, როცა მშობლები გყავს, როცა მათ კარგავ ამას მხოლოდ შემდეგ იაზრებ… მოკლედ! -უცებ შესძახა გამხიარულებულმა, არ მისცა თავს დასევდიანების უფლება. ამაღამ ახალი წელი დგებოდა ბოლოს და ბოლოს. -მინდა, რომ შენც მოხვიდე ჩვენთან თუ სხვა გეგმები არ გაქვს, რა თქმა უნდა.
-მოვალ.
-ვიცოდი, -ფართოდ და მრავალმნიშვნელოვნად გაეღიმა ევას. -ვიცი, რომ რაღაც გაწუხებთ თქვენ ორს. ჯობია ერთად გაწუხებდეთ, ხო? ისე, ვაკო რატომ არ მოვიდა?
-ლიფონავამ დააპატიმრა. -თვალები მოჭუტა ირაკლიმ, იმ თემას დაუბრუნდა ისევ. ევას აშკარად არ გაჰკვირვებია იმ ორის სულელური დაპირისპირება, -შენმა შეყვარებულმა რაო?
-ექსმა. -შეუსწორა ევამ, მერე განუმარტა, რომ „ექსი“ ყოფილს ნიშნავდა. -ჯერ მე არ გიცნობ კარგადო, არადა ჩემი პარალელური კლასელია! რა გაცნობა მინდა? ვაკოსაც არ ვიცნობდით, მაგრამ რა მალე დავუმეგობრდით… იგი წავა და სხვა მოვა…
-სხვა? სხვა მოგწონს ახლა? -ეს ბავშვი გააგიჟებდა. -ვინ არის?
-არა, მაგრამ ხომ მომეწონება? -მოსწონდა მისი ყურადღება ევას. ანდროსავით რომ კრავდა წარბებს სხვა ბიჭის ხსენებისას.
გამოუძინებელმა გააღო კარები. ისეთი უკმაყოფილო სახე ჰქონდა ნანას, აშკარად გამოაღვიძეს და ერთი სული ჰქონდა საწოლში დაბრუნებულიყო. ევას უკან ნაცნობი სხეული რომ დაინახა უცებ დაქაჩა თვალები. თითქოს პირველად ხედავდა, ისეთი რეაქცია ჰქონდა მის სხეულს.
ეშმაკურად გაუღიმა ირაკლიმ და თვითონ მიიხურა ზურგსუკან კარები. გაქცევის საშუალება არ მისცა, როცა ევა მიეფარა დერეფნის ბოლოს.
-შენ აქ…. -წარბები აზიდა ნანამ, არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის თავი. ესიამოვნა მისი სიახლოვე და ხელები საკუთარ მხრებზე. ძილსაც გააგრძელებდა, ფეხზე რომ არ მდგარიყო.
-შენს დას ადამიანების დარწმუნების ღვთიური ნიჭი აქვს.
-რაში დაგარწმუნა? -წარბებშეკრულმა ახედა, ევამ იმდენი რამე იცოდა ნანასა და ირაკლიზე, შეეშინდა კიდეც რამე ისეთი ხომ არ წამოაყრანტალა.
-გეტყვი საღამოს.
-მიდიხარ ახლა? -მკლავებზე ისე მოუჭირა ხელები, თითქოს გაექცეოდა. თავი დახარა ირაკლიმ, ახლოს იყო ზედმეტად მასთან.
-თუ არ გინდა, არ წავალ. -ხმადაბლა უთხრა, ტუჩების ზედმეტი გამოძრავებაც და აკოცებდა აუცილებლად, იმდენად ახლოს იყო.
-თქვენ რატომ აბირჟავებთ შემოსასვლელში? -უკმაყოფილი ტონით გამოსძახა ანდრომ.
სწრაფად კოცნა მაინც მოასწრო და შეუშვა სახლში.
-შენ რა გინდა? -წარბები შეკრა ნანამ, თავზე წამოადგა დივანზე წამოკოტრიალებულ ანდროს.
-გამოიცვალე და მიეხმარე ელენეს, არ იცის იმან ღომის გაკეთება და ლიფონავა თავს წაგვაჭამს ამაღამ.
-არც მე ვიცი, -ამოიფრუტუნა ნანამ, თუმცა ვერ დამალა კმაყოფილება, ირიბად რომ იზრუნა ანდრომ ილიკოს კუჭზე. -და საერთოდ, შენი შეყვარებული მეგრელია და იცის, როგორ კეთდება ღომი!
-ვიცი… -აღიარა ბოლოს ანდრომ, თავის დაკვრით მიესალმა ოთახში შემოსულ ირაკლის. -უბრალოდ, იმისი კმაყოფილი სიფათის დანახვა არ მინდა.
-სად არიან ეგენი? -დააკლდა ელენესაც მათი ხმაური.
-პოლიციის განყოფილებაში. -უდარდელად ჩამოჯდა ევა სავარძელზე და თასზე შერჩენილი კრემის დაგემოვნება განაგრძო. -დააპატიმრა ილიკომ.
*
ჯაჯღანით მიყვებოდა ლიფონავას უკან საკანდელიძე. ამტკიცებდა, რომ პოლიციელისთვის ანეკდოტის მოყოლა და „დააბგონება“ ხულიგნობა არ იყო და ბატონი ილია ლიფონავა თავის ძალაუფლებას არაკეთილსინდისიერად იყენებდა მის წინააღმდეგ.
-ილია ლიფონავა, დაგაპუტავ ბუმბულებს, -ცხვირწინ გადაუდგა კმაყოფილად მომღიმარ პოლიციელს ვაკო. ტუჩებს არ ამოძრავებდა, ისე ხმადაბლა საუბრობდა გამწარებული. -გამიშვი აქედან! ახლა მოგინდა კანონის აღსრულება?
-ბატონო, გთხოვთ დაიკავოთ თქვენი ადგილი, -დემონსტრაციულად, ყველას გასაგონად თქვა ლიფონავამ. ქერათმიანმაც კი მათკენ მოაბრუნა თავი. ეშმაკური ღიმილი უციმციმებდა თვალებში ილიკოს, -ხულიგნობას ხელს ვერ დავაფარებ. გამომძიებელი მალე დაგიძახებთ.
-შენ დაგიძახა მამაზეციერმა! -ლამის ნაპერწკლები გაყარა თვალებიდან საკანდელიძემ.
ჭარხალივით წამოწითლდა და რაც შეიძლება შორს ჩამოჯდა იმ გოგოსგან, წარბებაზიდული რომ შეჰყურებდა ამ სანახაობას.
-აქ დაჯექით. -ყურადღებას არ აქცევდა მის ლაქლაქს ლიფონავა. -და დამელოდეთ.
-ხო, მთელი წელი მოუწევს ლოდინი ჩემსავით! -ფეხზე წამოხტა აშკარად გაბრაზებული ქერა ახალგაზრდა გოგონა.
ეტყობოდა აქ იმაზე მეტ ხანს იყურყუტა, ვიდრე გეგმაში ჰქონდა და ახლა მთელს განყოფილებას გადადგამდა, ვინმეს ამის უფლება რომ მიეცა.
ცალი თვალით მოათვალიერა ვაკომ. სტუნდეტი იყო აშკარად. უზარმაზარი ჩანთა და ნახაზები მოეგდო ზურგზე და ხელებგადაჯვარედინებული შეუპოვრად იდგა პოლიციელის წინაშე.
-რა ხდება, ქალბატონო?
-ისე ნუ მეკითხებით, თითქოს ორ წუთში მოაგვარებთ! კანდელაკის „ვენდისიდან“ პირველ კორპუსამდე მსდია ვიღაც გამოთაყვანებულმა კაცმა! აქ კი არავის უნდა დახმარება, თურმე აუცილებლად რამე უნდა დაეშავებინა, ზომები რომ მიიღოთ! თანაც პირველი შემთხვევა არ არის, უკვე მეხუთედ მოვდივარ იგივე ჩივილით. მაინც და მაინც დალურჯებული და გაუბედურებული უნდა მნახოთ, რამე რომ გააკეთოთ?
-აი, ის არის დასაჭერი, მე კი არა! -ხელები გაშალა ვაკომ. თვალს არ აშორებდა ამ გოგოს.
-თქვენს პრობლემას ჩემსას ნუ უკავშირებთ, ძალიან გთხოვთ. -ხელის აწევით ანიშნეს, რომ გაჩუმებულიყო. ტუჩები დააწვრილა ილია ლიფონავამ, მერე კი გოგონას მიუბრუნდა. -მშვიდად ვერ უნდა ვიაროთ ამ ქალაქში ქვეითმა მოქალაქეებმა?
-ორი წუთი დამელოდეთ, -სანდომიანად მიმართა წამოწითლებულ ქალბატონს, უზარმაზარი თაფლისფერი თავლები ცეცხლისფრად უელავდა. -პირადად გამოგყვებით და აქ მოვათრევ, ვინც შეგაშინათ.
-თქვენი მიცილება არ მჭირდება! სურათი მაქვს და იპოვეთ. -სახეზე ააფარა მამაკაცის გადღაბნილი გამოსახულება გოგომ, -ბებიაჩემმა პოლიციელთან ერთა რომ დამინახოს სახლში მისული, წნევა დაარტყამს ნამდვილად.
-მე მიგაცილებთ, -სანდომიანად ჩაერია ვაკო ისევ. თუმცა უკან დაახევინა იმ გოგოს გამძვინვარებულმა გამომეტყველებამ.
-თქვენ აქ მემგონი დანაშაულის გამო მოგაბრძანეს! შემოთავაზებას ვერ მივიღებ და საერთოდაც, დაიკავეთ თქვენი ადგილი და მაცადეთ პრობლემის მოგვარება.
დროზე გააცილა გაცეცხლებული ქალბატონი სულელივით მომღიმარ საკანდელიძეს ილიკომ და ერთ-ერთ კაბინეტში შეიყვანა.
-იცოდე, უთხარი, რო არაფერი დამიშავებია, თორე თავს წაგაცლი! ბედი კარს მომდგომია და შენ უნდა გადამეღობო წინ, ბიჭო? ვინაა ის კაცი, მანახეთ ერთი, მე დავიჭერ და ვაჩვენებ როგორ უნდა….
-ვაკო, დაეგდე მანდ, თორე გაგიშვი იზოლატორში.
-იმ გოგოსთან შემიშვი, რა ჰქვია? -სულ აღარ ადარდებდა საკანდელიძეს, სისულელის გამო რომ დააკავა ილიკომ.
-არაა შენი საქმე.
საღამოს ათი ხდებოდა, კამერების ჩანაწერები რომ ამოიღეს და ქერათმიანმაც დაადასტურა, რომ ნამდვილად ეს კაცი დაჰყვებოდა ბოლო დღეებია. ვაკოს მანქანით მიიყვანა სახლამდე ილიკომ და სთხოვა, მარტო არ გამოსულიყო გარეთ.
განყოფილებაში დაბრუნებულს გაღიზიანებული დაუხვდა საკანდელიძე. მისი ცვლა თერთმეტზე სრულდებოდა ზუსტად და ბარემ ბოლომდე გააწამა, სახლში მარტო დაბრუნება შეეზარა.
-რას აკეთებ? -წარბებშეკრული წამოადგა თავზე ტელეფონში მოსაუბრეს.
-ტიკტოკს ვიღებ, მთელს ქვეყანას უნდა გავაგებინო, რომ უსამართლოდ დამაკავე. აქციებს რომ მოგიწყობენ აქ, ნახავ მერე!
-ვაკო, გამორთე ეგ ტელეფონი.
-იმ გოგოს სახელი მითხარი და გამოვრთავ. -ნიშნისმოგებით ახედა. -დაიჭირეთ ის კაცი?
-დავიჭერთ.
-მეც წამოვალ. -ფეხზე წამოხტა საკანდელიძე, სამყაროს დასაპყრობად ემზადებაო, გეგონებოდათ.
-ვაკო, შენ პოლიციელი არ ხარ.
-შენ ხო რას ამბობ… -ჩაიფრუტუნა და ჯიბეში ჩაიცურა ტელეფონი. -კუჭი მიხმება, ილია ლიფონავა. ჩემი და მელოდება სახლში. არ გეყო ჩემი წამება? გამიშვი, რა სახლში…
-გავუაროთ შენს დასაც და წავიყვანოთ ისიც.
ჩადუნელებთან რომ მივიდნენ, თორმეტს რამდენიმე წუთი აკლდა. აჟიტირებული ემზადებოდა ევა ახალ წელთან შესახვედრად.
მთელი წლის დაკლებულმა სითბომ და ბედნიერებამ იმ დღეს ერთად მოიყარა თავი და უხასიათობისა და უბედურების კვალი არცერთს ეტყობოდა სახეზე.
ანდრო იჯდა შეწუხებული სახით მხოლოდ. ელენე არ აძლევდა ადგომის და სიგარეტის მოწევის უფლებას.
-მოწევა დამღლის და ორი კილო კაკალი რომ დამარჩევინე, ეგ არა, ხო? -ჩაიბუტბუტა თავისთვის. თბილი ღიმილი ვერ შეიკავა ელენემ.
-საცივი გვექნება? -თვალები გაუნათდა ილიკოს.
-ღომიც. -მაინც ელენემ გააკეთა.
-შენ მაინც არ შეგერგება, ილია ლიფონავა, ჩემი გამწარებისთვის. -განრისხებული მიუჯდა ანდრის გვერდით, თუმცა შინაგანას უსაზღვრო ბედნიერებასა და სიმსუბუქეს გრძნობდა მაინც, თავისი დის სახეზე ღიმილი რომ დაინახა, როცა გოგოებს შეერია. -უჩემოდ თუ ვერ ძლებ, მაგისთვის ჩემი დაპატიმრება არ არის საჭირო!
დღესასწაულებს ხომ ადამიანები ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. იმედსაც ხომ ჩვენ ვაძლევთ ერთმანეთს. დღის დასასრულს მნიშვნელობას მხოლოდ ის იძენს, რამაც შენი გაღიმება შეძლო.
ცხოვრების გრძელი გზა ბევრ ისეთ ადამიანს გვაცილებს გვერდიდან, ვისთან ერთადაც ამ გზაზე სიარული დაუსრულებლად გვინდა. ბრაზით და უსამართლობით დაბრმავებულებს იმ ადამიანების შემჩნევა გვავიწყდება, ვინც გზის გაგრძელების ძალას გვაძლეს. გვგონია ჩვენი უბედურება სხვა ყველა ადამიანის ტრაგედიაზე მძიმეა.
უიმედობა სულს გვიჭამს და მომავლისკენ ზურგით ისე გვაყენებს, რომ მხოლოდ წარსულის დანახვა შევძლოთ.
მერე ვიღაცა მხარზე დაგადებს ხელს, თავისკენ მიგაბრუნებს და ღმერთის საჩუქარივით უანგარო ღიმილით გზის გაგრძელებას მოგანდომებს.
აივანზე იყვნენ ყველანი და ყიჟინით შეჰყურებდნენ ფეიერვერკებით გადაჭრებულ ცას. ნანა და ირაკლი დარჩნენ მხოლოდ შინ.
ზურგშექცევით მდგომი თავისკენ მიაბრუნა ნანამ. აღარც იმედს ითხოვდა მისგან და აღარც დაპირებებს ლამაზ მომავალზე. მის გვერდით უნდოდა მხოლოდ.
თმა გადაუწია ირაკლიმ სახიდან. როცა კარზე მოადგა ის დღე, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა, უფრო სასურველი მოეჩვენა გზა, რომელიც გასავლელი ჰქონდა.
-ნუ გეშინია, ნანა.
IX თავი
„გულს მიხეთქავდა მტრობა კი არა,
შენ რომ არ გწამდა, რაც მე მჯეროდა. “
თამაზ ჭილაძე
ირაკლის კი ბუნებრივად გამოსდიოდა, მაგრამ ნანასთვის რთული შესამჩნევი არ იყო დარდისა და დაძაბულობის ენაზე გადათარგმნილი მისი სხეულის ენა. უფრო მეტად დააფასა მისი იქ ყოფნა, როცა მიხვდა, რომ სხვაგანაც ჰქონდა წასასვლელი.
ცუდის მოლოდინი და ვერთქმული სიმართლეები ჭიასავით უღრღნიდა გულს. ნაკაშიძის გამოხედვა აგრძნობინებდა, რომ მხოლოდ ის არ ამჩნევდა ირაკლის წუხილსა და დაძაბულობას, ნანასაც კითხულობდნენ დაკვირვებული, გამჭოლი თვალები. ამ მზერას არ გამოეპარებოდა არაფერი. არც ვერთქმული სათქმელი.
-რამე გაწუხებს? -ქეთის მოაშორა თვალები ირაკლიმ, ჩაფიქრებული უყურებდა ვაკოსთან ლაპარაკში გართულს. გადაუწია მხარზე ჩამოყრილი გრძელი და სრიალა თმა.
-ამათი ვოკალური მონაცემები. -ვაკოს და ილიკოს გადააბრალა თავისი მღელვარება.
ფეხში გამოსდო ხელი სკამს ირაკლიმ და მისწია თავის სკამიანად ნანა მისთან ახლოს. აზიდული წარბები შეაგება ამ თამამ და ყველასთვის შესამჩნევ ქმედებას. მისი სურნელი მოეღიტინა ცხვირში, თბილი და თავისებური. გულში გაჩენილი სითბოს ნაღვერდალი ხანძარივით გაუნაწილდა მთელს სხეულში. წამოწითლდა სახეზე.
მაინც ერიდებოდა მეგობრების წინაშე სახელდარქმეული სიახლოვე ნანას. არ იყო დაჩვეული ასეთებს. თანაც სიამოვნებდა უზომოდ მათი ურთიერთობა რაღაცას რომ დაემსგავსა. ერთმანეთის გვერდით ჯდომა რომ შეეძლოთ ჩხუბისა და შეფარული გრძნობების გარეშე.
-თავს მოვიტყუებ ამჯერად. -ოდნავ მოსვა ღვინო ნანას ჭიქიდან, უყურებდა თან ჩვეული მაცდური თვალებით.
-ნუ სვამ, ვაკო და ქეთი შენ უნდა წაიყვანო. -წამიერად შეაჩერა წითელი სითხით შემუქებულ ტუჩებზე და დაბნეულმა ახედა თვალებში, არანაკლებ დამაბნევლად რომ უყურებდნენ. ოდნავ იღიმოდა. -პოლიციამ რომ გაგაჩეროს?
-გამაჩეროს. არ ვსვამ თანაც.
-დღეს ევამ რაო?
-თუ ევამ არ მოგიყვა… -წარბი აზიდა ირაკლიმ, -არც მე გეტყვი.
-ოხ, -უკმაყოფილოდ შეჭმუხნა ცხვირი. -ნუ მომიყვებით, არც მე მოგიყვებით არაფერს.
-მე უთქმელადაც ვიცი, რაზე ფიქრობ, -მისკენ გადაიხარა ირაკლი, იმდენად ახლოს იყო უკვე რომ ადუღდა ჰაერი მათ ირგვლივ, გამკვრივდა და სქელ გარსად შემოავლო მათ სხეულებს. -ნა-ნა…
-მეეჭვება.
-მე ვარ დარწმუნებული სამაგიეროდ, -თვალი ჩაუკრა და მოიძია ჯიბეში სიგარეტის კოლოფი. ფეხზე წამოდგა და გასვლის წინ ზურგზე დაუსვა თითის ბალიშები.
ჭიასავით დაიკლაკნა ნანა და კუშტად ახედა ქვემოდან მისი რეაქციით ნასიამოვნებს.
ტუჩებს შორის ჰქონდა უკვე სიგარეტი მოქცეული, აივანზე გავიდა მარტო. ახალი წლის გაყინული ჰაერი წამიერად შემოვარდა ჟრიამულით ახმაურებულ სახლში, შუშის ნამსხვრევებივით შეეყარა ნანას სახეში და შეაფხიზლა. საღმა აზრმა გამაღიზიანებლად დაუწყო ჩურჩული, რომ საკუთარ თავს ვერ მოერეოდა მის წინაშე.
-ვისაც არ უყვარს ღვინო და ქალები, ეეე… -ხელი გადაეხვიათ ვაკოს და ილიკოს ერთმანეთის მხრებზე. ქეთი გაკრეჭილი უღებდა ვიდეოს ამ სანახაობას, ელენეც სულ წითელი იყო სიცილისგან. -იმას დაეფსოს ორივე თვალები, ე…
-ისე, ორივე რატო… -უცებ შეწყვიტა სიმღერა საკანდელიძემ და გაკვირვებული სახით გადახედა დაძმობილებულ ლიფონავას. -სიბრმავე მაგარი ტეხავს, მაგას მირჩევნია ყრუ ვიყო.
-შენ ისედაც არაფერი გესმის, -თავისთვის ჩაილაპარაკა ლიფონავამ.
-აი, ეგ გავიგონე ახლა მაგალითად. -თავისი ჭიქა მიუჭახუნა მისას, რაღაც გაურკვეველი სადღეგრძელოც მოიბოდიალა და განაგრძეს ისევ ორკაციანი ცირკი.
არც ანდრო სვამდა, ამიტომ მისმა ფხიზელმა გონებამ ვეღარ გაუძლო სიმთვრალეში უარესად აუტანელ დუეტს და ნელი ნაბიჯებით გაჰყვა აივანზე ირაკლის.
ამ ქალაქს არასდროს ეძინა. ახალი წლის ღამეს მითუმეტეს. ყველა ქუჩიდან მოისმოდა მთვრალი, მხიარული ხმაური. ყველა ფანჯარაში ენთო ყვითელი სინათლე. ჯერ კიდევ არ გამქრალა ფეიერვერკების კვალი ციდან და დენთის სურნელი ჰაერიდან.
გვერდულად გამოხედა გვერდში ამომდგარ ჩადუნელს ირაკლიმ. თვალებში ეტყობოდა, რომ მისი ყველა ფიქრი ესმოდა ანდროს და უჩვეულო სიმშვიდე გამოეკიდა ნაკაშიძის გულს წამიერად. იცოდა, რომ ყველაფერს გაუგებდა ახსნის გარეშე, ულაპარაკოდ, მაგრამ სათქმელიც რომ ბევრი იყო და ამას ვერსად გაექცეოდა, ისეთივე ნათელი იყო, როგორც ნანას ღიმილი თავისი მეგობრების შემყურე.
-რაო დავითმა? -სახლში იყურებოდა ანდრო, ირაკლი აბრჭყვიალებული ქალაქის დასასრულს ეძებდა თვალებით.
-ვიპოვიო მალე.
-გამაგებინე თუ რამე იქნება ახალი.
კიდევ ერთხელ გამოხედა მას ირაკლიმ. უჩვეულო მიმღებლობა ჰქონდათ ჩადუნელებს ადამიანების მიმართ. მათ ტვირთსა და ბედნიერებას საკუთარივით ინაწილებდნენ და სამყარო არც ისეთი უიმედო და სასტიკი ჩანდა მათი წყალობით. რაღაც ჰქონდათ ისეთი, რითაც იზიდავდნენ ყველას, ვინც მარტო იყო დარჩენილი, ვინც არც იცოდა, რომ ვიღაცის ხელის შეშველება სჭირდებოდა. ვაკოც ასეთი იყო, ქეთიც, თვითონ ირაკლიც.
დავითიც ხომ ჰყავდა და გიგიც, მათი იმედიც ისევე ჰქონდა, როგორც ანდროსი. მაგრამ ის სხვა იყო მაინც. გრძნობდა უთქმელ პასუხისმგებლობას მის წინაშე. ნანას გამო.
-ჯერ მე გამაგებინოს.
-შენ რატომ არ გაჰყევი? -აშკარა იყო, საითაც მიჰყავდა ანდროს საუბარი. იცოდა, ირაკლის ვერავინ შეაცვლევინებდა აზრს, თუკი რამეს გადაწყვეტდა. დავითიც კი. ამიტომ ის პასუხი, რომ თითქოს დავითმა არ გაიყოლა, არც კი გაჟღერებულა. მასთან არაფერი ჰქონდა დასამალი, მითუმეტეს რომ მისი ოჯახის გამო ედგა გვერდით ახლა შეხვეული ჭრილობით.
-აქ მინდოდა ყოფნა.
-არ გინდოდა აქ ყოფნა, -თვალები დააწვრილა ანდრომ, ისე გამოხედა ირაკლიმ, თითქოს ის უფრო ხვდებოდა რა დღეში იყო, ვიდრე თვითონ. -ნანას გამო მოხვედი, თორემ ვიცი, სადაც დაფრინავს ახლა შენი გონება. გინდა, რომ აქ ყოფნა გინდოდეს… ეს გინდოდეს…
სახლისკენ აიქნია ხელი ანდრომ, საიდანაც ყრუდ მოისმოდა მათი საყვარელი ადამიანის ბედნიერი ხმები.
-მაგრამ გულწრფელად მითხარი, რა უფრო გინდა, ირაკლი? -მოაჯირს დაეყრდნო თვითონაც. ჯერ ისე არ ელაპარაკებოდა, როგორც ნანას ძმა, -ეს თუ ის, რაც მთელი ცხოვრება გინდოდა. უნდა აირჩიო, ორივე ერთად არ გამოვა.
-რატომ არ გამოვა? -პასუხი თავადაც იცოდა, მაგრამ სხვისი პირიდან მოსმენილი სიმართლე უფრო დამაჯერებელია ხოლმე საკუთარ სიმართლეებში დაკარგული ადამიანებისთვის.
ერთ ფიქრს ებრძოდა უშედეგოდ – შურისძიებაც უნდოდა და ცხოვრების სუფთად გაგრძელებაც. სადღაც ღრმად ჩაენერგა ის აზრი, რომ ეს ორი ურთიერთსაპირისპირო ცნება ერთ მართალ წერტილში იკვეთებოდა. ძალიან უნდოდა ასე ყოფილიყო, ამ თანაკვეთის საძებნელად მოვიდა აქაც, რომ გულდამშვიდებულს აღესრულებინა ის, რაზე ფიქრის გარეშეც ერთი ღამეც არ გათენებულა მის ცხოვრებაში ბოლო წლების განმავლობაში.
-შენც იცი, რატომ. ნანას დატანჯავ. -პირდაპირ უთხრა ის, რისი მოსმენისაც ეშინოდა, მაგრამ იქ იდგა მაინც და მშვიდად იტანდა გულში მოხვედრილ შხამიან ისრებს, ისმენდა სათქმელ სიტყვებს უთქმელ პასუხისმგებლობებს რომ აკისრებდნენ, -ვერც შენ აიტან საკუთარ თავს მის გვერდით და ერთმანეთს დატანჯავთ. შენი შურისძიება ისე უცებ გადაიქცევა დანაშაულად გააზრებასაც ვერ მოასწრებ. შენც ისეთივე დამნაშავედ გადაიქცევი…
-როგორც ის, ვინც მშობლები მომიკლა? -ცივად გააწყვეტინა. არავითარ შემთხვევაში, ვერ ურიგდებოდა ამ აზრს. -შენ რას იზამდი? სულგრძელობას და სამართლიანობას გამოიჩენდი იმ ადამიანების მიმართ, ვინც სამი სიცოცხლე გადააყოლა თავის კეთილდღეობას?
-შენ ცოცხალი ხარ, ირაკლი, -მკაცრად გაუმეორა, ერთიანად ეტკინა და გაუბრაზდა საკუთარი თავის გარდაცვლილ მშობლებზე მითვლის გამო. -თუ ჩემი და საკმარის მიზეზს ვერ გაძლევს…
-არ მინდა ნანას ამაში გარევა.
-ნანა უკვე გარეულია ამაში.
-ხოდა ნუ მეუბნები მაშინ, რომ შენი და ჩემთვის საკმარისი მიზეზი არ არის სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, -მეორე ღერიც ამოაძვრინა უკვე, თუ მესამე… უცებ გაუკიდა, თითქოს ჟანგბადის ნაცვლად ეს აცოცხლებდა და დაიხუთებოდა ჰაერი რომ ესუნთქა. წამიერად გაექცა თვალი სახლისკენ.
ილიკოს ღლაბუცზე იღიმოდა თავისებურად. გრძნობდა, რომ მისი ნათქვამი ნუ გეშინია არ იყო საკმარისი. ყოველ გამოხედვაზე ეტყობოდა, როგორ გადადებოდა ნანასაც მისი დაძაბულობა და გახლეჩილობა.
-აბა რა გინდა, ყველანაირი უყვარდე? -მაინც ვერ უთხრა ანდრომ პირდაპირ, რისი თქმაც უნდოდა. ვერ გაბედა კი არა, ვერ გაიმეტა.
-მკვლელს გულისხმობ ყველანაირში?
-შენ და არ გყავს და ჩემს გულისტკივილს ვერ ხვდები. ვამჩნევ, როგორ გიყურებს და ვიცი, რომ ვერ შეგელევა. ისეთი მამაცია, დამნაშავესაც არ მიგატოვებს. სიმშვიდეს გაძლევს ამის მოსმენა? რომ მკვლელსაც არ დაგტოვებს მარტოს. შენ გგონია, რომ ყველაზე რთულის გამოცდის შემდეგ ცხოვრება ყველაზე მარტივი ხდება? ნამდვილი გლოვა პანაშვიდის მერე იწყება, ირა. რთულია. მშობლების ისე დაკარგვა, როგორც შენ დაკარგე ენით გამოუთქმელად რთულია, მაგრამ ცხოვრების სუფთად გაგრძელება უფრო რთულია, როცა ტალახში ყელამდე ხარ ჩაფლული. იცოდე, შენს არჩევანს აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი დანაკარგი და შენ შეგიძლია აირჩიო, რომ ეგ დანაკარგი ჩემი და არ იყოს.
-მე ყველანაირი მეყვარება.
-ეგ უფლებას არ გაძლევს მისგანაც იგივე მოლოდინი გქონდეს… თანაც იცი, რომ ის ვერასდროს შეძლებს ისეთი გახდეს, რაზე ფიქრის უფლებასაც შენ აძლევ საკუთარ თავს. მკვლელი. ეგეთი ცოდვები საშვილიშვილო მემკვიდრეობაა, იცი შენ? გინდა იმაზე დაგთანხმდე, რომ ჩემმა დამ სულ შენი დაკარგვის შიში გამოსცადოს, რამდენჯერაც სახლში მისვლა დაგაგვიანდება? ან შენს შვილებს რომელ შეცდომაზე უნდა მოსთხოვო პასუხი, როცა ადამიანის სიცოცხლე იქნება შენს კისერზე. თუ შენც იმ უბედური ადამიანების რიცხვს მიეკუთვნები, რომლებმაც იციან, როდის და სად დაასრულებენ სიცოცხლეს, ჩემი დის ცოდვასაც ნუღარ აიკიდებ, რა! თუ რამეს ნიშნავს ჩემთვის შენი სიტყვები…
-ბევრს ნიშნავს.
-მინდა რომ ჩემი და უფრო მეტს ნიშნავდეს. ჯერ მისი ძმა ვარ და მერე შენი მეგობარი, მაგრამ პირველ რიგში ადამიანი ვარ, რომელსაც ენანები იმისთვის, რასაც შენ საკუთარ თავს უმზადებ. არ ვიცი, შენ რისი გწამს, მაგრამ ღმერთმა შანსი მოგცა, ამას გინდა გამართლება დაარქვი, გინდა დამთხვევა, რაც გინდა… მთავარია, დასაკარგი გაქვს. დედაშენს მისი სულის მომხსენიებელი უფრო აცხონებს, მამაშენს გვარის გამგრძელებელი უფრო გაახარებს, ვიდრე შენი უაზრო წარმოდგენები ღირსების აღდგენასთან დაკავშირებით, უპატიებელი ცოდვა შენს ხელებზე… რაღა გინდა ჯოჯოხეთში? ხო ხარ ნამყოფი, ხო არ მოგწონს… მიდი რა ძმაო რა… გაიარე!
იმდენად შორს იხედებოდა ანდროს გონება, ვერაფრით ეწეოდა ირაკლი. ათას ლოდს ისე ჰკიდებდა ანდრო მხრებზე, ნებისმიერ დანაშაულს გადაწონიდა მათი სიმძიმე.
მისი დედ-მამის ერთმანეთში არეული სისხლით იყო მორწყული ის ბრძოლის ველი, რომლიდან ცოცხლად გამობრუნებაზე არც უფიქრია აქამდე. ახლა ცხოვრება მოუნდა. ნანაც და შვილებიც. გოგოც უნდოდა და ბიჭიც. ორივე ნანას უნდოდა რომ დამგვანებოდა. ყველგან ის უნდოდა რომ ყოფილიყო. და რაც მთავარია სუფთა ხელებით უნდოდა თავის ცოლს და შვილებს მოფერებოდა.
სუფთა ხელებზე ფიქრს ისევ შურისძიების დაუსრულებელ წრემდე მიჰყავდა. დანაშაულის გრძნობა იპყრობდა ძილის წინ მშობლებისთვის მიცემული პირობების დავიწყების გამო.
-დანაკარგების დევნაში არ დაგეკარგოს დასაკარგი რაც დაგრჩა, ირა. -თავის დას არ აშორებდა თვალს, მძიმედ ჩასწყდა ირაკლის რაღაც გულში მისი შეცვლილი ხმის გაგონებისას, -თუ შენს გულში ჩემი დის სიყვარულს მართლა უჭირავს პატარა ადგილი მაინც, ვერ დავიჯერებ, რომ იქვე ცოდვის შეგნებულ სურვილს შეუძლია არსებობა. ღირსეული და შეყვარებული კაცები მკვლელები არ ხდებიან, სიკვდილი შეუძლიათ მხოლოდ სიყვარულისთვის. ძალიან დიდი სხვაობაა, ძალიან. ვიცი, რომ შენც ხედავ მაგ განსხვავებას. უბრალოდ ცხოვრებაში სულ ერთ ფერს რომ უყურებ, ახლის აღქმა და დანახვა გიჭირს ხოლმე ადამიანს, სანამ მზერა გაგეწმინდება. აუცილებლად გამაგებინე დავითი რას გეტყვის.
გაშლილ მხრებზე მხნედ შემოარტყა ხელი ერთი-ორჯერ ანდრომ, შემდეგ ელენემ გამოყო თავი აივნიდან და უსიტყვოდ შეჰყვა სახლში. დატოვა გარეთ ათას ლაბირინთში გახვეული, თუმცა სწორი გზის მიმანიშნებელი ვარსკვლავიც დაუტოვა ცაზე. ამ ქალაქის დასასრულს კი არა იმ ვარსკვლავს ეძებდა ირაკლი ნაცრისფერი ღრუბლებით გადაგლესილ ცაზე.
-გოგო, შენ როგორ მაკონტროლებ? -ზედმოდან დახედა ლოყებაწითლებულს, ამღვრეული ჰქონდა თვალები, -დალიე?
-ცოტა. -თვალები აუბრჭყვიალდა ელენეს. გაეპრანჭა კიდეც ოდნავ თავზე წამომდგარს. მოდუნებული ჰქონდა სხეული, მზერაც შეცვლოდა. -რომ გითხარი არ იარო-მეთქი?
გულზე გადაიჯვარედინა ხელები და მოჭუტა ცალი თვალი. ისეთი მშვენიერი იყო, ისეთი საყვარელი სხვაგან გახედვა აღარ უნდოდა არასოდეს ანდროს.
-შენი მიმართულებით სიარული ხომ შეიძლება? -მისკენ გადადგა ნაბიჯი ეშმაკური ღიმილით, ისედაც ახლოს იყო მაგრამ უფრო მიუახლოვდა, ერთმანეთის სხეულების სითბოს გრძნობდნენ მხოლოდ. წელზე რომ შემოხვია ხელი, მაშინ იგრძნო დაღლა ელენემ, მიადო გულზე თავი თვითონაც მორცხვად. -ხვალ მორიგე არ ხარ?
-ნუ მახსენებ, -უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები ელენემ, მაგრამ მალევე გადაერთო გონება ანდროს გულის ძლიერ ფეთქვაზე, ასე ახლოდან პირველად რომ ესმოდა. მისი კანიდან მომავალი სურნელიც მაცდურად ეფინებოდა ტუჩებზე და საკოცნელად იწვევდა.
-გინდა დაგავიწყო? -ეშმაკურმა ღიმილმა დაუწელა ტუჩები, აუბრჭყვიალდა თვალებიც. ოხ, როგორი იყო… აბრაზებდა და მოსწონდა ერთდროულად ელენეს მისი მოსწრებული სიტყვა-პასუხი.
-რანაირი ლაპარაკი იცი? -წარბები შეკრა და ოდნავ უკან გადასწია თავი, კარგად რომ ჩაეხედა თვალებში. მისი დავიწყების მეთოდების ახლა გამოსაცდელად არ იყო მზად. ამდენ ხალხში. ზედმეტად პირადული იყო ვინმეს რომ შეემჩნია.
-რანაირი? -ვაკოს ჩართულ მუსიკაზე ირწეოდნენ ერთ ადგილას. მათთვის არც არავის ეცალა და ისედაც ყველასთვის ყველაფერი ნათელი იყო.
-გაგრძელების მოსმენის რომ შეგეშინდება, ეგეთი…
-მოსმენის თუ…
-აი, ისევ! -ისე შემართა მისკენ ხელი ელენემ, თითქოს სახელმწიფო საიდუმლოს ახადა ფარდა.
ორივე ლოყაზე აკოცა ანდრომ. სიკვდილი ერჩია ამ მშვიდი ღიმილის თავისი ნებით ჩაქრობას. შეყვარებული კაცი იყო ანდრო ჩადუნელი. სიგიჟემდე შეყვარებული ელენე შენგელიაზე.
ირაკლიმ აიღო ვაკოს და ქეთის სახლამდე მიყვანის პასუხისმგებლობა თავზე.
ქეთი საკანდელიძე ისეთი გოგო იყო, არავის რომ არ გაურთულებდა თავის შეყვარების საქმეს. სრიალა წაბლისფერი თმა, თეთრი, პრიალა კანი და მოელვარე თაფლისფერი თვალები ჰქონდა, ნაფიქრი და ნაღვლიანი. სწორი ცხვირით და ნაკვთებით ძალიან მიაგავდნენ და-ძმა ერთმანეთს.
-მადლობა, ნანა, -გამოემშვიდობა მასპინძელს. გულწრფელი იყო მისი ყოველი სიტყვა. ორივემ ყველაფერი კარგად იცოდა ერთმანეთზე, ერთმანეთისთვის გამეტებულ თანაგრძნობით სავსე მზერაში ჩანდა ეს. -ძალიან კარგი იყო თქვენთან.
-ხშირად წამოჰყევი ხოლმე შენს ძმას.
-ლიფონავა სად არი? -ბურტყუნებდა ვაკო. შეღონებული სახით იჭერდა მხრით ირაკლი. -ღომი უნდა ამოვუზილო…
-წამოდი, წამოდი, -წელზე გამოსდო ხელი თავის ძმას ქეთიმ და მოაშორა ირაკლის. ნელ-ნელა ჩაუყვნენ კიბეებს.
-შენ ყველაფერს დაგიჯერებ, ქეთუუუ… -ქვედა სართულიდანაც გაიგონეს კოცნის ხმა.
მაისურის ბოლოზე გამოსდო თითები ირაკლიმ ნანას და მისწია თავისკენ. უცებ გადაფარა სადარბაზოდან შემოვარდნილი სიცივე მისი სხეულის სითბომ.
-სახლში რომ მიხვალ ხომ გამაგებინებ? -ეშმაკურად გაუღიმა, არ გაუჭირდებოდა ასეთ გამოხედვას საჭირო ადამიანისთვის ტვინის არევა. -თუ სახლში მიდიხარ, რა თქმა უნდა.
-თუ გინდა, წამომყევი…
-წადი, წადი… -მკერდზე მიადო ხელი და ოდნავ უბიძგა წასასვლელად.
-გაკოცებ და წავალ, -კისრისკენ წაიღო ცხვირი და ტუჩები. დაებერა ფილტვები მღელვარებისგან ნანას, სუნთქვა შეეკრა. ზედმეტად ნელა და მტანჯველად მოქმედებდა ირაკლი, იცოდა რასაც აკეთებდა და რატომ. -შედი ახლა, თორე მართლა წაგიყვან…
-არ გაგატანს ჩემი ძმა ასე მარტივად ჩემს თავს. -ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი და გადადგა ერთი ნაბიჯი უკან.
-ვიცი, – მძიმედ ამოისუნთქა, გაბრუნდა მერე და შეუერთდა სადარბაზოში ჩამოწოლილ სიბნელეს მისი მხრებგაშლილი სხეული.
სანამ ნაბიჯების ხმა არ მიწყდა, მანამ არ შესულა ნანა შინ. ბედნიერებასაც ვერ ბედავდა, ისე ეშინოდა. წავიდა თუ არა, თითქოს დამცავი ფარი შემოეცალაო, მაშინვე შემოუტია მტანჯველი ფიქრების მძიმედ შეიარაღებულმა არმიამ.
ისე ახლოს იყო მათთან სიკვდილი და სიცარიელე, სული მოეხუთა უძლურებისგან.
დავითი საეჭვოდ და გამაღიზიანებლად დუმდა მთელი დღე. უკვე ნაომარს ჰგავდა ჩუმი, დაღლილი საღამო, არადა, მაშინ იწყებოდა ყველაფერი. მდუმარედ ელოდა ყველა გადასადგმელი ნაბიჯის განაჩენს. სანთლის შუქზე ავარდნილი კვამლივით ლიცლიცებდა შორეული მოგონება მშობლებზე, იმ სახლზე, იმ ბავშვზე, მათთან ერთად რომ ცხოვრობდა და დღემდე იმ კედლებში იყო გამოკეტილი, თითქოს დედას მისი სკოლაში წაყვანა დაავიწყდა.
გაბმული კაკუნი ატეხა ვიღაცამ. უკმაყოფილოდ გამოძვრა ხიჭვებივით დაკაწრული ფიქრების ხლართებიდან და ლასლასით გამოაღო კარი. ისევ ქვედა მეზობელს ელოდა, ალბათ კიდევ ონკანი გაფუჭდა, ან მილი გასკდა, ან… მოკლედ, სხვა მიზეზი გამოძებნა იმ ქალმა თავისი ქალიშვილის ბრწყინვალე კულინარიული შესაძლებლობებისა და ნიჭის კიდევ ერთხელ სადემონსტრაციოდ ირაკლის თვალწინ.
ნანა დახვდა. ქოშინებდა ჯერ კიდევ და სიცივისგან აწითლებოდა ცხვირ-პირი.
-შემომიშვებ? -სხარტად აზიდა წარბები, წელში მოიხარა, ძლივსღა სუნთქავდა.
-ვინმე მოგსდევდა? -წარბი აზიდა და თავადაც გაყო თავი სადარბაზოში, წელზე მოხვია შემდეგ სტუმარს ხელი და შემოიყვანა შინ.
-არა, -ნასიამოვნები გაინაბა, -ისე მოვდიოდი ჩქარა.
-ჩემი მეკვლე ხარ. -თვითონ გახადა ქურთუკი. იატაკიც კი სხვანაირ ხმას გამოსცემდა ამ სახლში მის ფეხქვეშ. პიანინოს კლავიშებივით იმახსოვრებდა სად დგამდა ნაბიჯებს.
მშვიდად ჩამოჯდა სავარძელზე და აწეული წარბითა და ტუჩის კუთხით შეხვდა მისგან მოშორებით ჩამომჯდარს, მოპატიჟებას რომ ელოდა.
-იმედია, მე არ დამაბრალებ შენ თუ ცუდი წელი გექნება.
-აბა ვის დავაბრალო? -წარბები აზიდა, -კარგიც შენი ბრალი იქნება და ცუდიც.
-მარტო ვიყავი და ვერ გავჩერდი სახლში, -გულში მოღიტინებული უცნაური შეგრძნება ჩახველებით ჩაიწმინდა. -ნერვიულობ?
-არა. რატო ვერ გაჩერდი?
-შენც მარტო იყავი და იმიტომ. -სიტყვების უთქმელი მნიშვნელობა ათასნათურიანი ჭაღივით გამოეკიდა მათ შორის და თვალისმომჭრელად გაანათა ჩაბნელებული სახლი. იატაკის ყველაზე მიუვალ ღრიჭოებშიც კი არ დატოვა სიბნელე. -თან შენთვის რაღაც მქონდა სათქმელი.
-ყავის გარეშე მოვისმენ თუ… გამიკეთებ და ისე მეტყვი.
-ყავა თუ გინდა, ისეც გაგიკეთებდი.
-შენ რომ გამიკეთო ეგ მინდა. -გვერდზე გადახარა თავი ირაკლიმ, გაეღიმა ნანას შეფერადებულ ლოყებზე.
-ჯერ არ მოვსულვარ და უკვე რაღაცებს მავალებ, -ხელოვნური უკმაყოფილებით წამოდგა და ისე მსუბუქად დაიძრა სამზარეულოსკენ, არაფერი ეტყობოდათ მის ნაბიჯებს ვალდებულებებით დამძიმების. თვითონაც უნდოდა მის თვალწინ ეტრიალა.
მაგიდასთან ჩამოუჯდა ირაკლიც და გულზე გადაიჯვარედინა ხელები. გამჭოლი მზერით აკვირდებოდა მის მოქმედებებს, სხვანაირი დაძაბულობით გამკვრივებული ჰაერი ჩაისუნთქა და ეშმაკური ღიმილი მოეფინა ტუჩებზე.
-აბა, გისმენ.
-სამზარეულოში უნდა ვილაპარაკოთ? -ხმა ჩაიწმინდა ნანამ. გასაქცევს ეძებდა თვალებით.
-ხო, რა იყო? -უდარდელად აიჩეჩა მხრები ნაკაშიძემ, თვალებში ანთებული ეშმაკური ღიმილი გადმოეღვარა ტუჩებზე. -რამე პრობლემა გაქვს სამზარეულოში საუბართან?
-არა, არაფერი. რამდენიმე უმნიშვნელო უსიამოვნება მხოლოდ. -წაუსისინა ხაფანგში გაბმით უკმაყოფილომ და გულზე გადაიჯვარედინა ხელები. ნაცნობი სიველურე ცეცხლის ალებივით აუვარდა თვალებში.
-უსიამოვნება, -მოჭუტული თვალებით გაიმეორა ირაკლიმ, თითქოს ვერ გაიგო, -უმნიშვნელო თანაც.
-აღარ დაგელაპარაკები იცოდე! -შეშინებულმა აუფრიალა ცხვირწინ საჩვენებელი თითი, არ მისცემდა დაბნევის და მანიპულირების უფლებას. აქ სერიოზულად სალაპარაკოდ მოვიდა… ამან კიდევ რეები გაახსენა!
-რატო გაბრაზდი? -გამოაჩოჩა სკამი და უდანაშაულო თვალებით ახედა თავზე წამომდგარს, თითებით ანიშნა თავისკენ, მოდიო.
გაბრაზებული ნაბიჯები გადადგა ნანამ, არც თვალებიდან გაქრობია ძლივს შენარჩუნებული სიფიცხე, თუმცა მოაფერებინა მაინც თავი. კიდევ როდის მიეცემოდა ასეთი შანსი ღმერთმა უწყის.
მუხლებთან მოხვია ხელები ირაკლიმ. ნიკაპი მიადო მუცელზე და ამოეხედა ქვემოდან. გრძელი თითები შეუსრიალა შუბლზე ჩამოყრილ თმაში და გადაუწია. ფეხზე ჩამოისვა, რომ მიხვდა უჭირდა თავზე წამომდგარს ტუჩებზე მომდგარი სიტყვების წარმოთქმა. ასე პირდაპირ უყურებდა თვალებში.
კალთაში ჩაილაგა ხელები ნანამ, სიახლოვითა და ერთმანეთში აბურდული ძაფებივით გადაკვანძული ფიქრებით დაბნეულმა მოარიდა თვალები მის დაჟინებულ და გამჭოლ მზერას.
-რამე მოხდა? -სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია და მაინც გაასწორებინა მზერა.
-არა, უბრალოდ ჩვენზე ვფიქრობდი. -ამოიბურტყუნა ხმადაბლა, შეუწითლდა ლოყებიც და დაფბნეულმა გაფანტა მზერა სახლის უმნიშვნელო დეტალებზე.
-მერე, რა მოიფიქრე… -არც ხელებს აკავებდა და არც მზაკვრულ ღიმილს ტუჩებზე. ჩაიდანზე მალე ადუღდებოდა ნანა მის ხელებში.
-ეგრე დამპლურად თუ გამიღიმებ… -წარბები შეყარა გაბრაზებულმა, მხარზეც უჩქმიტა რაიმეზე რომ გაენაწილებინა მისი აღელვება მოფერების გარდა.
-დაგავიწყდება? -წარბები აათამაშა და გასაქცევად მომზადებული უცებ დააბრუნა თავის კალთაში. ყელში აკოცა მერე ბოდიშის ნიშნად, -გისმენ…
-ვიცი, რომ შენთან ბევრი შეცდომა დავუშვი… -შესაწინააღმდეგებლად პირი რომ გააღო უცებ ააფარა გაყინული თავისუფალი ხელი, -მათქმევინე. ისიც ვიცი, შენ რაც წინ გელოდება არ იქნება მარტივი გადასატანი და არ მინდა ჩემ მიერ დაშვებულმა შეცდომებმა უფლება არ მომცენ ისე ვიყო შენ გვერდით ასეთ დროს, როგორც მოეთხოვება საყვარელ ადამიანს. მინდა, რომ ასე შეგვეძლოს ერთმანეთთან ახლოს დაჯდომა და იმ სახლში ჩაკეტილი ბავშვიც გამოვუშვათ, ადრე თუ გვიან მოგიწევს იქ დაბრუნება… და მინდა თავაწეული შეხვიდე იმ სახლში.
-არ ვიცი შევძლებთ თუ არა იქ ოდესმე ცხოვრებას, ნანა. -ხელები ქვასავით გაუმყარდა ირაკლის, ხმიდანაც ჩამოეცალა წეღანდელი სითბო. მაგრად შეისუნთქა ჰაერი ნანამ.
რის სათქმელადაც მოვიდა, იმას მაინც ვერ ეტყოდა ახლა, ასეთს რომ უყურებდა დაშლილს და დანაწევრებულს, ორბიტას მოწყვეტილი პლანეტასავით დაკარგულს. ნაღმზე იდგნენ ყველანი ერთად და ერთი არასწორი ქმედება, უადგილოდ გამხელილი სიმართლეც კი შეიძლება იმაზე უარესი შედეგის მომტანი გამხდარიყო, ვიდრე ბედისწერა უმზადებდათ.
-შევძლებთ?.. -უიმედოდ ჩაეჭიდა იმ წინადადებას ყველაზე საიმედო სიტყვებით რომ იყო აწყობილი: მომავლით, სახლით, ცხოვრებით. ყველაფერი ექნებოდა მაშინ შეცდომის გამოსასწორებლად.
-ხო, აბა უშენოდ არც მიფიქრია იქ… არც მისვლაზე და არც ცხოვრებაზე. სახლის გზას ვერ ივიწყებს ვერასოდეს ადამიანი თურმე, არადა მთელი ცხოვრება იქაურობის გონებიდან ამოშლას ვცდილობდი.
-ნუ ამბობ ასე. -მკაცრად გააწყვეტინა ნანამ, ახლა თავად ცდილობდა გაფანტული მზერის თავის თვალებში შემოკრებას. -სახლის გზას კი არა სამშობლოს ივიწყებენ ადამიანები, ღმერთს… შენ რომ არ დაგავიწყდა, ესე იგი შენს გულს იქ უნდა ცხოვრების გაგრძელება. იმ სახლს შორიდან რომ უყურებ, შენი თავი სტუმარი ხომ არ გგონია? ხანდახან ისე ვბრაზდებოდი ჩემს მშობლებზე, სულ გაქცევაზე ან სკოლიდან შინ არდაბრუნებაზე ვფიქრობდი. როცა სახლში რაღაც ცუდი ხდება, იმ ადგილსაც ვუბრაზდებით, სადაც უბედურებები შეგვემთხვა. შორს წასვლა და სხვა ოთახები გვგონია ტკივილს შეგვიმსუბუქებს, ის საშინელებები დაგვავიწყდება… აუცილებლად დადგება ისეთი დღე, როცა იმ სახლში შესვლისას ბედნიერი მოგონებები უფრო ხშირად შეგახსენებს თავს, ვიდრე უბედური, რომელიც ისედაც არასდროს დაგავიწყდება. ვერ დაიკარგება ადამიანი, რომელსაც თავისი სახლის გზა ახსოვს.
-სულ მიკვირდა რატო ვერ გავყიდე ეგ სახლი ვერასოდეს, -რაღაცას მიხვდაო თითქოს, ისე უყურებდა ირაკლი. მის სიტყვებსაც ისევე იმახსოვრებდა, როგორც მის თვალებს იმ სიტყვების წარმოთქმისას ვერასდროს რომ ვერ დაივიწყებდა.
-კიდევ კარგი არ გაყიდე, -ზანტად წამოდგა კომფორტული ადგილიდან, ჩაიდანი რომ აკივლდა. -თორემ შენი ქვედა მეზობელი სიამოვნებით ჩაგისიძებდა.
-შენც გაიცანი მზია? მაინც როგორ აზიანებს იმ მილებს ისე…
-ხო, მითხრა კარგი გოგო მყავსო… კარგი გოგო ჰყავს? -თვალები მოჭუტა და კოვზის ნაცვლად დანა ამოიღო სამზარეულოს უჯრიდან.
-კი, კარგი გოგოა ნათია, -ჯერ დანას შეხედა ირაკლიმ მერე მის პატრონს, მზაკვრული ღიმილით რომ უყურებდა, -სოლფეჯიოზე დადიოდა რაღაცამდენი წელი, უკრავს პიანინოზე, არფაზე, ვიოლინოზე…
-კიდევ, კიდევ… გააგრძელე. -დემონსტრაციულად დაატრიალა დანა ჰაერში, -ან შენ რატომ გეძახის, რომელი სანტექნიკი შენ გნახა?
-აი, ეგ უკვე საკანდელიძეს მოკითხე, ეგრე რო იცავ ხოლმე კბილებით. იმან მოასწავლა ჩემი გზა, თორე მანამდე საერთოდ არ უფიქრია ქალბატონ მზიას ნათიას ჩემზე მოთხოვებაზე.
-მერე შენ ვერ გადააფიქრებინე? თუ რახან „სკრიპკაზე“ უკრავს… -ცხვირთან მოუღერა დანა თავზე წამომდგარს, სიამოვნებით ჩამოუხსნიდა სახიდან იმ თვითკმაყოფილ და სარკასტულ ღიმილს, თავადაც რომ არ ჰქონოდა ტუჩები გაწელილი.
-ხო, აბა შენ დანა და კოვზი გერევა ერთმანეთში… -ხელიდან ააცალა იარაღი და ნიჟარაში მოისროლა მის უკან. ორივე ხელებით განჯინას დაეყრდნო და ჩიტივით გამოამწყვდია ნანა მათ შორის. ალმური ასდიოდა უკვე სახეზე, კანი ეწვოდა სიახლოვისგან.
-გყავდეს მერე, ეგ მაინც გყავს ახლოს! როცა რამე მოგინდ…
-შენზე ახლოს არ მყავს, -განზრახ მიუტანა სახე ზედმეტად ახლოს, უღიმოდა ისევ გამაღიზიანებლად და მიმზიდველად მზაკვრული ღიმილით. -თან ვერც შენსავით უკრავს… ჩემს ნერვებზე.
-მითუმეტეს, -უკან გადაზიდა თავი, იმავე მანძილით მიუახლოვდა ირაკლიც. ნიკაპზე აკოცა ღიმილით, სხარტად დაიჭირა გასაქცევად გამზადებული, შემოსვა მაშინვე განჯინაზე და წარბების აწევით ანიშნა, რომ არც უნდა ეფიქრა გაქცევაზე, -ყავა აღარ გინდა?
-ნწ, -მათრობელა საბურველში გახვეულივით მიეხუჭა თვალები, თმების გაშრიალებამ ნაცნობი და საყვარელი სურნელი რომ დაუტრიალა ცხვირწინ. ამაზე ძვირფასი არაფერი გააჩნდა იმ წამს. ათრთოლებულ, ნაზ კანზე მიაწება ტუჩები ყელთან, -გამოვფხიზლდი უკვე.
-მე… მე შენთან სალაპარაკოდ მოვედი! შენ კიდევ მიფათურებ ხელებს… -მაგრად ჩააფრინდა მარმარილოს ზედაპირს, თავადაც ირაკლისკენ რომ არ გაქცეოდა ხელები. ყველა გასაქცევს უფარავდა ეს კაცი, ყველა დასამალს ეფარებოდა.
-რამე დაგრჩა სათქმელი? რომ გიყვარვარ და ეგენი ვიცი.
-ახლა შენ უკრავ ჩემს ნერვებზე მაგალითად…
-მშვენიერი, -ჩაეცინა ტუჩებთან ახლოს, დილის ნიავივით მოედო სახეზე მისი ამოსუნთქვა ნანას, მკერდში გაებერა გული. დაბნეულიც იყო და საოცრად კონცენტრირებულიც ერთდროულად. სიტყვებს ვერ პოულობდა, სამაგიეროდ ზედმიწევნით ზუსტად იმახსოვრებდა და გრძნობდა მის თბილ, ნანასთვის განსაკუთრებულად განაზებულ შეხებას. -ანუ ეგ საერთო გვაქვს.
-გული ხომ არ დაგწყდა, რომ წამოვედი? -სახესთან იმდენად ახლოს ჰკითხა, სცემდა ნანას მისი განზრახვის სურნელი. წამება უნდოდა, ცხადია, რომ ამით სიამოვნება მიეღო თავად. -შენთან რომ არ დავრჩი…
-არა. -ნანას დამარცხების სურნელიც აუვიდა ჰაერს მათ შორის, ეშმაკურად რომ ჩაეცინა ირაკლის და რამდენიმე ფენა ტანსაცმელს შორის შეაცურა თავისი თითები.
-რატო?
-გამიშვი ახლა…
-მართალია, ახლა ვერავის ყოფნას ვერ მოიშველიებ, მე რომ თავიდან მომიშორო… რატომ დაგწყდება გული, მშვენივრად ხარ გატრუნული… აპ, აპ! -ჰაერში აქნეული მაჯები გაუკავა ცალი ხელით და სათითაოდ აკოცა თავდასასხმელად აფართხალებულ თითებზე. -მე გული დამწყდა მარტო რომ წამოვედი.
-ხომ გითხარი, არ გაგატნევს-მეთქი ჩემი ძმა ჩემს თავს ასე მარტივად!
-შენ ხომ წამომყვებოდი? -სერიოზულმა ინტერესმა გაუღრმავა მზერა და ხმა ირაკლის. ტუჩთან ახლოს აკოცა. -შენს ძმას თავისი სადარდებელი აქვს ისედაც… გამიგებს.
-არც ილიკო დაგანებებს… -წარბები შეკრა ლიფონავას ხსენებისას დაუფარავად რომ ჩაეცინა მის სახესთან, -შენ ილიკოს სერიოზულად რატო არ აღიქვამ?
-ლიფონავაზე გინდა ახლა ლაპარაკი, გოგო? -წარბები აზიდა, თუმცა არ გაუჩერებია ხელები, ვერ სწყდებოდა ვერც მის ტყესავით ველურ სურნელს და ვერც აბრეშუმივით რბილ, სასიამოვნო კანს. -ბარემ ვაკოთიც დამაშინე სრული ეფექტის მოსახდენად.
-ხოდა არ წამოგყვები! საქმეს გაგირთულებ.
-აქამდე სულ ია-ვარდებით მომიფინე შენამდე მოსასვლელი გზა, ხო?
-ვარდის, ეკლების და სიყვარულის ამბავზე ხომ გაგიგია შენ ერთი ძალიან ცნობილი აფორიზმი? -ავად დაუქნია ცხვირწინ თითი, საყვარლად შეჭმუხნა ცხვირი.
-ოხ, ნანა… -ხმაურიანად აკოცა კისერში და ტუჩებთან გაჩერდა დამპლურად, ხაფანგში შემოტყუებას ცდილობდა შუა გზაზე დატოვებული სიახლოვით.
აკოცა, როცა თანხმობა დაიიმედა მის თვალებში. არც სასოწარკვეთილი იყო მათი ტუჩების შეხება, არც უიმედო. ათასი აზრი და გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს საბოლოოდ მაინც დასაზავებლად, მეტოქის პატივსაცემად და იმ გრძნობის საღიარებლად, რომელიც ყველაზე ძლიერია. შურისძიებაზეც.
პირველად იყო მათი სიახლოვე ასეთი ფაქიზი და სანუკვარი, დღესავით ნათელი გრძნობებით ერთმანეთის მიმართ. სხვა გრძნობით და სურვილით კოცნიდა ამჯერად, არა როგორც ფარხმალდაყრილი ადამიანი, არამედ აბჯარასხმული, მზად ყველაფრისთვის იმის გულისთვის, ვინც მის გულსა და გონებაში მაცოცხლებელი შხამივით შეუშვა იმედები და დავიწყებული გრძნობები. ვისთვისაც ჰქონდა მნიშვნელობა ამ კოცნასაც და ყველა დანარჩენ კოცნებსაც, ყველა კამათსა და გაღიმებას.
განსაცდელი დადგომას ჩქარობდა. დარეკა დავითმაც.
*
-ვინ იყო ის? -ისე დააიგნორა ელენეს შეწუხებული და გაბრაზებული მზერა, იქ რომ დაინახა ჭრილობაშეხვეული, თითქოს საერთოდ არ შეუხედავს მისთვის შენგელიას.
-ვინ ის? -მართლა ვერ გაიგო ელენემ, ჭრილობის ადგილს მისჩერებოდა და შიშობდა არ გაეხსნასო. -რატომ მოხვედი? ხომ გაგაფრთხილე!
-ვინ და რომ გელაქუცებოდა მიმღებში, -ისე ვერ მოზომა გაბრაზებული ტონი, საკუთარ თავზე განაწყენდა უფრო მეტად. -ხომ არ უნდა შევაბრუნო უკან რამდენიმე დაზიანებით?
-ანდრო!
ღრმად შეისუნთქა სუფთა ჰაერი ჩადუნელმა. თვითონ როგორ უფრთხილდებოდა, ზედმეტად არ ეხებოდა, ყველა ნაბიჯის წინ ნებართვას ელოდა ელენეს თვალებში, იმან როგორ შემოხვია ხელი?
როგორ უღიმოდა? ხომ იცის თვითონ, რასაც ნიშნავს ისეთი გაღიმება. ასეთი ღიმილის გაცემის შემდეგ პასუხად იგივეს მოელიან ადამიანები.
-შენთან მუშაობს? -ჩააცივდა მაინც.
-შენ რა კითხვებს მისვამ? და დაჯექი ნუ დგახარ-მეთქი!
-რომ მიპასუხო რა მოგივა?
-არავინ. ინტერნია და დაბნეულია, დავეხმარე კლინიკის ამბების გარკვევაში.
-გვერდით რომ მოგყვებოდა, არ ჩანდა დაბნეული.
ძალიან გაბრაზდა ელენე. ერთხელ ისე შეხედა, თითქოს რწმუნდებოდა, რომ ნამდვილად ანდრო იდგა მის წინაშე.
-არ შეიძლება, ჩემ გვერდით ვინმემ რომ გაიაროს? არ მომწონს მე შენი საუბარი, ანდრო.
-არა, არ შეიძლება ეგრე რომ გაიაროს ვინმემ შენ გვერდით. და იცი რასაც ვგულისხმობ.
-უაზროდ ეჭვიანობ, -უთხრა გულმოსულმა და დაასწრო მანქანაში ჩაჯდომა. -თუ ასეთი უნდა დამხვდე, სულ ნუ მომაკითხავ.
წყენა რომ დაინახა მის თვალებში, მოულბა დაძაბული სხეული. ჭრილობა აწუხებდა, მაგრამ მაინც გადაიწია მოსაფერებლად.
აირიდა ელენემ მისი შეხება და გულზე გადაიჯვარედინა ხელები.
-შენ არაფერ შუაში ხარ, -მაშინვე დათმო პოზიციები, იმის თვალების დაბრმავების სურვილი არ განელებია წამითაც, მაგრამ ვის გამოც მოვიდა აქ, ის უყურებდა სამაგიეროდ სუფთა მზერით.
ისეთი ტკბილი გაუხდა ხმა, უცებ მოეშვა ელენეს დაღლილი სხეული. მასთან დაძაბულობას არ იყო მიჩვეული.
-შენ ასეთი ეჭვიანი ხარ? მოკლე კაბებსაც ხომ არ დამიშლი შემთხვევით?
-არ ვარ ეჭვიანი. -გაეღიმა ფართოდ. -არაფრის ჩაცმას და გაკეთებას არ დაგიშლი, რის ჩაცმასაც და გაკეთებას შენ მოისურვებ.
-აბა ეს რა იყო?
-შენ დაგიშალე რამე, ელენე? -წარბები შეყარა ისევ. -იმის… იმის ვინაობით დავინტერესდი.
-იმის ვინაობით მე არ ვინტერესდები, შენთვის რატომ არის საინტერესო?
-შენ ხარ იმისთვის საინტერესო და იმიტომ! -გადაჭრით მიუგო და დაძრა მანქანა.
-აი, საიდან დაასკვენი? -ჰაერში აიქნია ხელები ელენემ, თითქოს მისთვის ერთი შესამჩნევი მიზეზიც კი არ არსებობდა, რაც ეჭვიანობის საგნად ჩაითვლებოდა.
-ვიცი. ეტყობოდა თვალებზე, რომლებსაც ვეღარ გამოიყენებს მეორედაც თუ გაბედავს ეგრე შემოხედვას. -მოწკურული თვალები შეახვედრა ელენემ მის სანახევროდ ხუმრობით ნათქვამ მუქარას.
-რომ გთხოვე, რატომ წამოხვედი მაინც?
-ვერავინ მოგაკითხავდა დღეს და ღამენათევმა რატო უნდა იმგზავრო ავტობუსით? არ მომივა არაფერი იმაზე მეტი, რასაც საკანდელიძე მიშავებს დაუსრულებელი ლაქლაქით. მერე ნაბახუსევიდან გამოსასვლელად წავიდნენ ეგ და ლიფონავა სადღაც და მეც წამოვედი შენთან…
-სად მივდივართ? -შეჭმუხნული ცხვირით გადმოხედა, სხვა გზით რომ წაიყვანა მანქანა ანდრომ. ჯერ ბოლომდე არ იყო შერიგებული წეღანდელი გამოსვლის გამო, მაგრამ გული აუფორიაქდა მაინც, ეშმაკურმა ღიმილმა რომ გადაურბინა ტუჩებზე. -ანდრო!
-არ გიტაცებ, გოგო, ნუ გეშინია. ხო მითხარი ჯერ არაო? ხოდა, როცა მეტყვი მაშინ… -ინტრიგნულად არ დაასრულა წინადადება, ჭინკები აუთამაშდნენ მწვანე თვალებში.
-ანუ მე უნდა შეგახსენო… როდის… და რანაირად… -როცა მიხვდა, ანკესზე წამოგებული თევზივით რომ უყურებდა ანდრო ეშმაკური თვალებით, გვიანი იყო სიტყვების უკან დასაბრუნებლად. საყვარლად შეუწითლდა ლოყები. -სად მივდივართ?
ეს გარემო ისედაც მოქმედებდა მასზე, ანდროს სურნელი ირგვლივ, მისი ხელები საჭეზე, მოხდენილად რომ ათამაშებდა გრძელ თითებს და ელენესაც გამოხედავდა პერიოდულად აპრიალებული თვალებით.
-ძაან ეწყინება დედაჩემს, ახალ წელსაც რო არ ვინახულო, -მშვიდად შეიხსნა ღვედი აქამდე უცნობ სადარბაზოს რომ მიადგნენ. -თან უსაჩუქროდაც ვერ მივიდოდი, ამიტო მიმყავხარ შენც.
თვალი ჩაუკრა მომხიბვლელად და ყურებამდე გაეღიმა ელენეს დაფეთებულ გამომეტყველებაზე. კამკამა ცისფერი თვალები უფრო ამოუნათდა, სიმორცხვემ რომ შეუფერადა ლოყები.
-რატომ შეცბუნდი? -მასაც შეუხსნა ღვედი. განზრახ მიუახლოვდა ასე მაცდურად, ნიკაპქვეშ ამოსდო შემდეგ თითები.
-არ… არ უნდა გამაფრთხილო? დედაშენის გასაცნობად თუ მიგყავდი, -ტუჩებიც აუთრთოლდა ნერვიულობისგან, ჩადუნელიც არ უმარტივებდა საქმეს დიდად. სახიფათო მანძილზე ჰქონდა სახეც, თვალებითაც მოსალოდნელი ხიფათისაკენ მიანიშნებდა. გული ყელში ამოაჯდა ელენეს. -რა შენ ჭკუაზე დამატარებ? არ უნდა მკითხო? იქნებ სხვა გეგმები მაქვს!
-სხვა გეგმები ხომ არ გაქვს, ელე? -ისე უპრობლემოდ ჰკითხა, თითქოს ახლავე მიაბრუნებდა გზიდან. -თუ არ გინდა…
-მინდა! ამაში არ არის საქმე! -გულზე დააწყო ხელები და გადასწია ზედმეტად მოახლოებული სხეული, აზროვნებას ვინ ჩიოდა, სუნთქვაც კი უჭირდა ასეთ დისტანციაზე. სიამოვნებით ჩამოახოკავდა სახიდან იმ მშვიდ და უდარდელ გამომეტყველებას. -არაფერი არ მიყიდია! ხელცარიელი ხომ არ მივალთ ადამიანთან? მთელი ღამის უძილარი ვარ და უშნო… თვალებზე შემხედე! ამოშავებული მაქვს… არ მოვეწონები, შენ რა გენაღვლება, გეკითხები ერთი, შენ რა გენაღვლება?!
-ჩათვალე არ გამიგია, რაც თქვი. შენ მართლა რა გენაღვლება და მე ნამდვილად მექნება პასუხი გასაცემი, აქამდე სად გმალავდი და რატომ არ ხარ უკვე ჩემი ცოლი.
-კაი, მართლა, ხო ვარ ლამაზად? -უკანა ხედვის სარკეში ჩაიხედა იმ იმედით, რომ იმაზე უკეთესი დახვდებოდა საკუთარი თავი ვიდრე წარმოედგინა. იმ სიშავეებს თვალებქვეშ და არსაიდან გამოგონილ სიუშნოვეს მხოლოდ თვითონ ამჩნევდა, თორემ სარკეც კი არ ირეკლავდა.
-ლამაზი ხარ. რა განერვიულებს?
-ყველა გოგო ნერვიულობს შეყვარებულის დედის გაცნობამდე. შენ არ ნერვიულობდი, სანამ მამაჩემს გაიცნობდი?
-სულაც არა, -მხრებში გაიმართა ანდრო, თითქოს ასე უფრო შესამჩნევი იქნებოდა მისი თავდაჯერება ამ პასუხის წარმოთქმისას.
-როგორ არა. ფერი არ გედო.
-კი არ ვნერვიულობდი, ვიაზრებდი მამაშენის გაცნობის მნიშვნელობას. ხედავ განსხვავებას?
ორთაბრძოლაში დამარცხებულივით გადააბიჯა ელენემ მანქანიდან. ისე ახედა თვალუწვდენელ კორპუსს, თითქოს ზუსტად იცოდა სად მიდიოდა. დიდი ყუთი ამოიღო ამასობაში ანდრომ საბარგულიდან.
-აბა, საჩუქარი არ მიმაქვსო? -სასაცილოდ შეჭმუხნა ცხვირი და გვერდით ამოუდგა სადარბაზოსკენ მიმავალს.
-ეს არის ტრადიცია და არა საჩუქარი. -მზაკვრული მზერით შეაცილა ლიფტში და მეთორმეტე სართულის ღილაკს მიაჭირა თითი. -ნუ გეშინია, შენ არ შეგჭამ ამ ტორტის ნაცვლად.
არც ინძრეოდა ელენე, სუნთქვისგანაც იკავებდა თავს ზედმეტად შესამჩნევი რომ არ გამხდარიყო ანდროსთვის და რაიმე ისეთი არ ეთქვა სახლში მისვლამდე, რომ მისი ჭარხლისაგან გარჩევა გასჭირვებოდა სოფოს.
ნანასგან სმენოდა ბევრი დიმას მეორე ცოლზე, ყოველთვის პატივისცემით და შეფარული აღტაცებით მოიხსენიებდა ხოლმე სოფოს მისი მეგობარი. მასთან შეხვედრაზე ამდენს ნამდვილად არ ინერვიულებდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა რომ არ მიეღო მისთვის ანდროს დედას. მუცელსა და გულ-მკერდში მაგრად მოუჭირა დაძაბულობის სულისშემხუთველმა შეგრძნებამ. ჩადუნელის უდარდელი გამომეტყველება და დაძაბულობისგან დაცლილი აურა უარესად უშლიდა ნერვებს. ახლა ინანა კიდეც ისე მშვიდად რომ მისცა მამამისთან დალაპარაკების უფლება და არ ანერვიულა კარგად.
-ისე რატომ მიყურებ, თითქოს ჩემი მოკვლა გინდა? -სარკიდან გამოხედა ანდრომ მოჭუტული თვალებით, ტუჩები დაუთხელა შეკავებულმა ღიმილმა.
-მინდა და იმიტომ.
-გინდა გითხრა მე რა მინდა?-წელზე უბიძგა ცალი ხელით, რომ გასულიყო ზედმეტად ჩახუთული ლიფტიდან.
-არა! დამშვიდებას ვცდილობ.
-ჩემ გვერდით რთულია ხო? -დაუკაკუნებლად შეაღო კარი. ეტყობოდა, ელოდნენ.
ერთ ადგილას ლარივით დაჭიმული ელენე ნახევარი სხეულით გაიყოლა თან, ლოყაზე აკოცა სწრაფად სანამ შეწინააღმდეგებას მოასწრებდა.
-ლამაზი ხარ. -ხმადაბლა უჩურჩულა ყურთან.
სახლში თბილი სურნელი იდგა. სახლური. სიმშვიდეს შორიდან უერთდებოდა ტელევიზორის დაბალი ხმა და ჭურჭლის ხმაური სამზარეულოდან. აშკარად ვერ გაეგო „სტუმრების“ მოსვლა მასპინძელს.
-სოფი, ჩვენ ვართ!
-იცის? -თვალებით ჭრილობისკენ მიანიშნა ელენემ, მანაც ანდროსთან ერთად გაიხადა ქურთუკი და ხელებში შეაჩეჩა.
-შენზე კი, -ისე გაუღიმა, თითქოს ვერ მიუხვდა შეკითხვას. თვალებით სთხოვა საიდუმლოს შენახვა, -რა პასუხს გასცემ ერთი, შვიდჯერ რომ უთხარი მის შვილს უარი ცოლობაზე მაინტერესებს.
-შვიდჯერ? მეტჯერ არა?
-მოხვედით, დედა? -სხვანაირი სიხარულით აუბრჭყვიალდა სოფოს თვალები, თავისი შვილი რომ დაიგულა სახლში.
ისე შემოხვია ხელები თავისზე ბევრად მაღალ სხეულს, გეგონებოდათ წლების განმავლობაში პირველად ხედავდა. შეუკავებელი ღიმილით შეჰყურებდა ამ სანახაობას ელენე. გონების ნაპირებზე ამოუტივტივდა წლების წინ მამამისის გაკვრით ნათქვამი დარიგება, ბიჭი არასდროს შემოსაზღვრო მარტო მისი შენ მიმართ დამოკიდებულებითო, უნდა იცოდე როგორია ის დედასთან, მამასთან, და-ძმასა და მეგობრებთანო.
მამის დარიგება ყოველთვის საჭირო დროს ახსენდებოდა ელენეს. სწორედ ამიტომაც ვერ მოიქცეოდა იმ ადამიანივით, რომელსაც მშობლის სიტყვების დავიწყება შეუძლია.
-ესაა ჩვენი გოგო? -ბრჭყვიალა კითხვის ნიშნებმა გაუნათეს სახე სოფოს. -რა კარგია, რომ მომიყვანე!
-ჰო, ესაა ჩვენი. -რაღაც ბედნიერი დასასრულივით სრულყოფილი შეგრძნება ჩაეღვარა ხმაში ანდროს. -აბა, სოფი, დაგვალევინებ ყავას თუ შენი კოფეინის რესურსები მხოლოდ რუსიკოსთვის და ნატოსთვის არის განკუთვნილი?
-ყავასაც დაგალევინებთ და ლიქიორსაც! -სარძლოს მოეფერა თვალებით სოფო და საქმიანად დატრიალდა. უცებ გააჩინა მუქი მეწამული სითხით სავსე ბოთლი მაგიდაზე.
-შენ არ დალევ. არც ყავას და არც ლიქიორს. -დრო მოიხელთა ელენემ, მარტო როგორც კი დარჩნენ. უცნაურად შემსუბუქებული დაემუქრა მის გვერდით მჯდომს.
-შენ რა ყველაფერს მიკრძალავ? სასმელსაც და შენს თავსაც.
-დუდუკს არ გიკრძალავ.
-რა დუდუკი, -იუკადრისა უცებ, -პიანინოზე დამათრევდა სოფო მთელი ბავშვობა.
-გიჟდებოდა ანდროს მასწავლებელი, ქალბატონი ცისანა ძოწენიძე, ნამდვილი ვირტუოზიაო, მაგრამ ამან ბურთის დევნა არჩია ბოლოს! -მშობლიური დანანებით ჩაილაპარაკა სოფომ, თუმცა კი სიყვარულით მოავლო ორივეს თვალი.
თითქოს გადარეული და ატალახებული მდინარე კალაპოტში ჩადგა და პირველყოფილი ფერიც დაიბრუნა – მწვანე და კამკამა, ისე დაუმშვიდდა სოფოს თვალები. დედის ლოცვის ახდენის ბედნიერებას ვერ მალავდა.
-ცისანა ბახს ვერ არჩევდა შოპენისგან, ვირტუოზს გაარჩევდა ფეხბურთელისგან, სოფი?
-შენ მაღაზიაში ჩაბრძანდი, ვაჟბატონო.
-მე კი ვიცი, რომ არაფერი გჭირდება და ტექნიკურად მიშორებ თავიდან, სოფია, მაგრამ ჩავალ. რა ამოგიტანო?
-რა ვიცი, რაც გინდა! -ტორტიც შეამატა სუფრას სოფომ და კმაყოფილი ღიმილით ჩამოჯდა მაგიდასთან ელენეს პირადაპირ. -კარგად ეძებე ოღონდ.
ფრთხილად გაიხურა ანდრომ კარები, თითქოს დედასა და საყვარელ ქალს შორის ჩამოწოლილი სიმშვიდის დარღვევა დაენანაო.
-ამდენი ხანია ვეხვეწები, რომ გაეცნო შენი თავი ჩემთვის და ვერ მოიცალა, -გულწრფელი გულისწყვეტით თქვა სოფომ, აშკარად აკლდა შვილთან სიახლოვე ბოლო დროს. -არ ვიცი სად დადის სამსახურის გარეთ, მაგრამ თუ შენთან ატარებს ამ დროს, გული მშვიდად მექნება. ნანა და ევა როგორ არიან?
-კარგად, მშვენივრად. -სახე გაუბრწყინდა ელენეს, -ამ ბოლო დროს უკეთ, რაც ურთიერთობა დაუთბათ… ანდრო ძალიან კარგი ძმაა.
-შეყვარებულიც ხომ კარგია? ხომ არ გაბრაზებს? შენ რომ ჩემთან მოგიყვანა, ესე იგი მის გულთანაც ახლოს ხარ ძალიან. ვიცი, რომ შენთვისაც ასეა…
სახე აუწითლდა ელენეს. რას ეძებდა ეს ბიჭი ამდენ ხანს? ძალიან რცხვენოდა თავის გრძნობებზე ხმამაღლა საუბრის, ამიტომაც აღარ უთქვამს არაფერი.
ანდროს ბავშვობის სურათების დათვალიერება გადაწყვიტეს. იმდენი სურათით იყო სავსე უზარმაზარი ყუთი, გეგონებოდათ შვილის ბავშვობის ყველა წამი აღებეჭდაო სოფოს.
-ეს ძაღლი ბიძამისმა აჩუქა, ექვსი წლის რომ გახდა. -ამ სურათზე ანდრო იღიმოდა თავის თეთრ, გაჩეჩილ ძაღლთან ერთად, გულზე რომ ჰყავდა ახუტებული. ორი კბილი მოცვლილი ჰქონდა უკვე და მეტისმეტად სასაცილო სანახავი იყო წინ დატოვებული სიცარიელეებით. -ძლივს გადავაჩვიეთ საწოლში მასთან ძილს. საბუკა დაარქვა, ყველგან თან დაათრევდა. სკოლაშიც წაიყვანდა ალბათ, უფლება რომ მიეცათ. ამ სურათზე ველოსიპედი ვუყიდეთ. ოხ, ეს ისეთი ისტორიაა. მაშინ მივხვდი, რაც გაიზრდებოდა ჩემი შვილი. რთული დრო იყო, ასეთი გასართობები ხშირად არ ჰქონდათ ბავშვებს. ჩემი ძმა ყველანაირად ცდილობდა დისშვილისთვის არაფერი მოეკლო, ერთი ველოსიპედი თავის შვილს უყიდა, ლანას, მეორე ანდროს. მთელს ეზოში ანდროს ჰყავდა მხოლოდ ველოსიპედი და მთელი ეზო ანდროს ველოსიპედზე ერთობოდა. მესაკუთრე არასდროს ყოფილა, როგორც ჩვევიათ ხოლმე დედისერთა ბავშვებს, რა ვიცი, ალბათ გრძნობდა, რომ სადღაც პატარა დები ჰყავდა… სისულელეა, ალბათ, მაგრამ მე ასე ვუკავშირებ ხოლმე ერთმანეთს ყველაფერს. ვინც ტარება არ იცოდა, იმათაც ასწავლიდა და აკატავებდა, ვინმე რომ არ გამორჩენოდა საერთო მხიარულებას. მერე ერთხელ… ერთი ანცი მეზობელი გვყავდა, კოტიკო, მერე ამერიკაში წავიდა მისი ოჯახი, დიდად ვერ გუობდნენ ის და ანდრო ერთმანეთს, არ ვიცი განზრახ გააკეთა თუ შემთხვევით, მაგრამ ორივე ბორბალი დაუხეთქა ანდროს ველოსიპედს. ეზოდან დავინახე როგორ მოათრევდა თავჩაქინდრული თავის განადგურებულ სათამაშოს და გული დამეწვა. კოტიკოსთვის სიტყვა არ უთქვამს, გული ძალიან ეტკინა, თუმცა არც ბავშვების თანდასწრებით უტირია. შემოიყვანა სახლში ველოსიპედი. ცრემლებით ჰქონდა სავსე თვალები. ბიძამისის ნაჩუქარი რომ იყო და ვერ მოუფრთხილდა, განიცადა ძალიან. შეიკეტა თავის ოთახში, არც მე მომცა დამშვიდების უფლება და არც ლანას. სულ მაწუხებდა, რომ ასე ჩვეოდა თავის თავში გრძნობების შენახვა, არავის დაანახვებდა თავის გასაჭირსა და წუხილს, არც ვინმეს გაუბრაზდებოდა. მეშინოდა, რომ დაიჩაგრებოდა ამის გამო მთელი ცხოვრება, დაიმძიმებდა უთქმელი სათქმელით საქმეს… მაგრამ გაიზარდა და ისეთი კაცი დადგა, მისი დედობაც რომ საამაყოა, ცოლობაც რომ საამაყო იქნება და შვილობაც… ყველა ვერ ახერხებს ასე იცხოვროს, ათას ცოდვაში ტრიალი გვაბოროტებს ხოლმე ადამიანებს, ჩემმა შვილმა არ ვიცი როგორ მოახერხა ამდენი შეცდომის შემდეგ ჩემი პატიება, მამამისის მიმართ პატივისცემის შენარჩუნება… იმსახურებს თუ არა ეს ცალკე საქმეა, მაგრამ ასეა თუ ისე, შვილობის პასუხისმგებლობებში შედის ერთი ყველაზე მძიმე – მშობლის მიღება ისეთად, როგორიც არის. ვიცი, რომ მისი ოჯახი იქნება ისეთი, როგორიც მე ვერ მოვახერხე რომ მიმეცა.
-თქვენც მისი ოჯახი ხართ. -გული შეეკუმშა ელენეს ამ ქალის დარდით, ემჩნეოდა, როგორ უნდოდა თავის შეკავება მის წინაშე, მაგრამ გულწრფელობა არ უშვებდა მეტად.
-გავიყინე, გეყოფათ ჭორაობა უკვე. -პარკების შრიალით შემოიჭრა სახლში ანდრო, სიგრილე უცებ მოედო მთელს ოთახს. -ყველაფერი წამოვიღე.
-რად გინდოდა, შვილო, ამდენი რამე!
-ის სურათიც განახა? -თვალები მოწკურა ჩადუნელმა ინტერესითა და მუქარით, ჯერ დედამისს გახედა, შემდეგ ელენეს.
-რომელი? მაკარონს რომ ორი ჩანგლით ჭამ თუ თოვლის ბაბუის კალთაში რომ ტირილს აპირებდი?
-სხვათა შორის, მაგ თოვლის ბაბუას ჭაჭის და კატლეტის სუნი ასდიოდა, მგონი მქონდა უფლება… -ტელეფონი ჩაიჩურთა ჯიბეში, მათი ჩათი რომ აჭყიპინდა დაუსრულებლად, -არ წავიდეთ? ის ორი ვიღაცამ სცემა.
-ვინ? ლიფონავა და ვაკო? აბა, ბარში წავიდნენო…
-მიდიხართ უკვე? -დაუნაღვლიანდა სამზარეულოდან გამოვარდნილ სოფოს თვალები, შუბლზე აკოცა ანდრომ დედამისს, -დღეს მაინც დარჩი სახლში, შვილო!
-მოვალ ხო, სოფიუს, რა გჭირს? დაუძახე ნატოს, მაგისი საყვარელი ნამცხვარი მოგიტანე.
-მე ჩემს შვილთან ერთად მინდა რომ ვიყო, თორემ ნატო და რუსიკო ისედაც სულ აქ არიან… „ზღაპარი“ მოიტანე? -ეშმაკურად აუციმციმდა თვალები სოფოს, ძალიან მიემგვანა დედა-შვილი ერთმანეთს იმ წამს. მთელი სხეულით გაეღიმა ელენეს. -ვეტყვი, რომ სპეციალურად მისთვის იყიდე, გაგიჟდება. მართლა მოდი იცოდე!
-კაი, დე, მართლა მოვალ.
-შენც მოდი ხოლმე, ელენე…
-მოვა, მოვა, -თვალი ჩაუკრა ეშმაკურად დედამისს.
კარი რომ გამოიხურეს, ანდრომ ლიფტი გამოიძახა, ელენემ კიბეზე დაიწყო ჩასვლა.
-ფეხით ჩავიდეთ, რა…
-ლიფტში არ გაკოცებდი პირველად, ნუ გეშინია. -არც შეუხედავს ისე უთხრა და გვერდით ამოუდგა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. განრისხებით გამოხედა ელენემ.
-არაფრის არ მეშინია! -ამაყად მოიღერა ყელი, -ისინი ვინ ცემა?
-მინდა რო ეგ ორი რაც შეიძლება შორს დაიკარგოს, -დაღლილი ხმით აღმოხდა ანდროს, -არ ვიცი, დავურეკავ ახლა.
-გაგვლახეს უკვე! -ჩაჰყვირა ვაკომ ტელეფონში, როგორც კი პირველივე ზარი გავიდა. -კაი დროს მირეკავ!
-რა მოხდა, ამჯერად ვის აუქავეთ ხელები? -მათი ამბით დიდად შეწუხებულს არ ჰგავდა ჩადუნელი.
-დემურიკო სამჭკუაშვილს, -ლიფონავაც ჩაერთო დიალოგში, -ამ „ტუპიაკის“ ბრალია ყველაფერი. შაშვის მკერდის პაშტეტი შეუკვეთა მოცვის ფხალის გარნირით და მიმტანმა იფიქრა მეკაიფებაო, მისი ძმაც ყოფილა იქვე…
-აი, მაგ ღმერთების საჭმელის გამო ნაღდად არ ვუცემივართ და ნუ იტყუები ახლა! -ხმოვანზე ჰქონდა მათი პაექრობა ჩართული უკვე ანდროს.
-აბა, ღომის და გებჟალიას გამო გვცემეს, შე უგვანო დურაკო, ძალით გასვეცკებულო მაიმუნო? მომეცი ეგ ხელსახოცი, სისხლი მომდის ცხვირიდან!
-„ავთანდილის“ ჩითმერდინია, შე გოიმო.
-გაგითიშავთ ახლა, -თვალები აატრიალა ანდრომ და ელენეს მისცა ტელეფონი, თვითონ აღარ ჩანდა მათი დაპირისპირებით დაინტერესებული.
-წესიერად ილაპარაკე და მომეცი ეგ ცხვირსახოცი.
-ჩითმერდინია-მეთქი. -შეუსწორა საკანდელიძემ და დაწყნარებული ხმით განაგრძო საუბარი, -ხოდა ადგა ეს დემურიკო სამჭკუაშვილი, ამ მიმტანის ძმა რომ აღმოჩნდა. წარმოიდგინე შკაფივით კაცი, უზარმაზარი, მხარბეჭიანი, ბატიბუტივით რო აყრია ეს მუსკულები, ვიღას ახსოვდა ღომი და შაშვის პაშტეტი, ჩაგვივარდა მე და ლიფონავას ენა მუცელში… მარა… ეს დემურიკო დედამისს ლოგოპედთან რო მიეყვანა, ცხვირი მეორედ არ გამიტყდებოდა ბოლო შვიდი თვის განმავლობაში.
-შენ თავშეკავება არ გაგაჩნია დააბრალე ახლა ენაბლუ დემურიკოს. -ცივად წაუქირქილა ლიფონავამ, აშკარად არცერთი იმჩნევდა, რომ მეორე ხაზზე ანდრო და ელენე დაბნეულები ისმენდნენ მათ საუბარს და თავი და ბოლო ვერ გაეგოთ მონაყოლის.
-ხოდა, რომ ადგა ეს დემურიკო, მე მთელმა ჩემმა უმწიკვლო და უსაქმურმა ცხოვრებამ ერთწუთიანი კინოსავით ჩამირბინა თვალწინ. თქვენო ამ დოდოსთან რა საქმე დაქვთო? მეთქი, ვინაა დოდო, ბატონო… არავის არ ვიცნობ… რომ დაიღრიალა, არ დადამრიოთ ახლა თორე აქვე დადმარხავთო, მივხვდით, რომ დემურიკოს ცოტა ლაპარაკი უჭირდა და მე გამეღიმა…
-კი, გაგეღიმა… აწი აღარ გაგეღიმება სამაგიეროდ, ხომ მოგდო კარგად ყბაში? გაეღიმა კი არა გაეცინა. იმან თქვენ ვის დასცინითო და ერთხელ რომ დატრიალდა, მე შემოსასვლელში ვეგდე და ეს თავგასიებული საპირფარეშოს შემოსასვლელთან.
-კაი, ძმაკაცები არა ვართ, ილიკო? რა დაგმართნია? ხან გაგვლახავენ, ხან ჩვენ გავლახავთ. -ხმა დაიტკბო ვაკომ, ღიმილი ვერ შეიკავა ელენემ. გაგონილი სისულელით აღშფოთებულმა ანდრომ ერთხელ გააქნია თავი და დაძრა მანქანა. -შენ ჩემს გატეხილ ცხვირს უფრო ჯავრობ თუ ის ღომი რომ შეუჭმელი დაგრჩა?
-ღომს, რა თქმა უნდა. -აღშფოთებით გამოეპასუხა ლიფონავა, -კაი ჩიტებო, წავედით ჩვენ, ჯერ სადმე კლინიკაში შევივლით და საღამოს დავლიოთ.
-დაგეშლება ღვიძლი, ლიფონავა. -სიყვარულით გააფრთხილა ელენემ. -ჭკვიანად, ჩემთან მიდით თუ გინდათ, კარგი გოგოები დავტოვე მორიგედ.
სანამ რამეს უპასუხებდნენ მანამდე გამორთო ელენემ.
-ერთი ადამიანი მაინც დამისახელე, რომელიც მაგ გიჟებისთვის გემეტება. -წარბები აზიდა ელენეს მაჭანკლობით გაკვირვებულმა ჩადუნელმა.
-ლიანა დავიდოვნა და დონარა მოსიძე, მწარე ხელი აქვთ. -მოხუცი კოლეგების და ილიკოს და ვაკოს გაოგნებული სახეების წარმოდგენისას ეშმაკურად გაეღიმა შენგელიას. -უცხო ნომერი გირეკავს.
-გისმენ, დავით. -სახე და ხმის ტემბრი გამოეცვალა ანდროს. ელენეც დაიძაბა მთელი სხეულით. ამ კაცის სახელის გაგონება უბედურების ზარივით უსიამოვნო წინათგრძნობას უჩენდა. -ელენეს სახლში დავტოვებ და მოვალ.
წრის მეორე რგოლსაც დაუკავშირდა დავით ნაკაშიძე.
-ელე, -ქვემოდან ამოხედა უცნაურად ანთებული თვალებით.
-ჰო. -თავში ამოტივტივებული ათასი კითხვა უცებ გაუქრო მისმა გამოხედვამ და დამთბარმა თვალებმა.
-ამ საღამოს აივანზე დაწექი რა.
-იანვარია, ანდრო.
-მერე რა, შენ მაინც ხო დაწვები?
*
მზე ისე უიმედოდ გაეცალა ცას, თითქოს ხვალ უკან მობრუნებას აღარ აპირებდა. დაღამდა, ოღონდ მართლა დაღამდა. ვარსკვლავიც კი არ მოჩანდა სადმე, რომ დარწმუნებულიყო ადამიანი ისევ დედამიწაზე ცხოვრობდა და არა თვალუწვდენელ წყვდიადში.
იმ საღამოს უკვე გაზრდილი ირაკლი ნაკაშიძე მიდიოდა საკუთარ უკუნ სიბნელეში გამოკეტილ ბავშვთან.
ბედისწერა ნიშნისმოგებით დაჰღიმოდათ კარზე მომდგარი სიმართლით დამძიმებულთ. სწორ დროს მოხდა ყველაფერი, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. თითქოს ირაკლი ნაკაშიძეს აქ და ახლა, ასეთს უნდა ეპოვა პაატა.
ტყეში ჩაფლულ და ღვთისგან მივიწყებულ ადგილას მიეყვანა დავითს ღვთისგან მივიწყებული ადამიანი. სახლს ვერ დაარქმევდით იმ შენობას, სადაც მანქანა მიაყენეს. უფრო სასოწარკვეთილ მცდელობას ჰგავდა ადამიანისას, არ დარჩენილიყო ქუჩაში და ამიტომაც შეაჭედა ოთხი კედელი ერთმანეთს.
მალე ამოუდგათ უკან მათ ლიფონავას მანქანაც. სწრაფად გადმოიჭრნენ იქედან ვაკო და ილიკო.
-ამათ რა ჯანდაბა უნდათ აქ? -გაღიზიანებულმა შეიკურთხა მათკენ შემართულად მომავალნი რომ დაინახა ფარების შუქზე.
-მე გავაგებინე, -ისე თქვა გიგი ბარათელმა, აშკარად ჰქონდა გამართლება საკუთარი საქციელისათვის, -ძალიან დაგვეხმარა ვაკო უსაფრთხო ადგილის მოძიებაში. ამ საქმეში მამამისიც არის გარეული და იმსახურებს სიმართლის ცოდნას. აი, ის მეორე მე ნამდვილად არ დამიპატიჟებია.
-ირა, როგორც კი გავიგეთ, მაშინვე გამოვიქეცით. -ახლოს რომ მოვიდნენ მხოლოდ მერეღა შეინიშნებოდა რომ ორივეს გვარიანად ჰქონდათ თვალები ჩალურჯებული. -მარტო არ…
-რა გჭირთ თქვენ? -წარბი შეერხა ირაკლის ნაცემები რომ დაინახა.
-გაგვლახა ერთმა ტიპმა, მერე მოგიყვებით. -ხელი აუქნია საკანდელიძემ, -აბა, იქ არის?
-კი, იქ არის. -ლიფონავას არ აშორებდა თვალს ირაკლი.
-აქ როგორც პოლიციელი არ მოვსულვარ, -მიუხვდა ფიქრებს ლიფონავა. გულწრფელი მხარდაჭერის განზრახვამ მოიყვანა მხოლოდ აქ. პირველ რიგში კი ნანას გულისთვის ამოუდგა გვერდში ნაკაშიძეს.
-თორე შენც არ გეკიდოს ჩინ-მედლები!
-კარატისტ კაცს თავი არ გაქვს გამოსაყოფი დღევანდელის მერე, ჩემს ჩინ-მედლებს რომ ეკიდები, შენი შავი ქამარი გახუნდა?
-ჰა, ველოდებით კიდევ ვინმეს, თუ რას უდგახართ?
-მარტო შევალ. -მოუთმენლობა და თავდაჭერილობა ერთიანად ჟღერდა ირაკლის ხმაში.
მისი დაძაბულობა და ნერვიულობა თანაბრად ნაწილდებოდა გარშემო მყოფებზეც. მეგობრების მხარდაჭერა ასე ცხადად და ხელშესახებაფ არასოდეს უგრძვნია.
-მარტო არა ის, შენთან ერთად ფეხბურთი მაქვს ნათამაშები, მარტო სად გაგიშვა? -წინ გადაეღობა ვაკო. იმხელა სიყვარული იკითხებოდა მის ერთ ჯანსაღ და ერთ ჩალურჯებულ თვალში, ბრმასაც კი მოსჭრიდა თვალს იმ გრძნობის სიკაშკაშე.
მესამე და მეოთხე მანქანაც რომ მოადგა იქაურობას, უკვე აზრიც აღარ ჰქონდა ვინმესთან შებრძოლებას. ერთ-ერთიდან დიმა ჩადუნელი გადმოვიდა, მეორიდან საკანდელიძე ზურაბი.
ძაბვამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია ისედაც ბოლო ჟამივით უიმედოდ ჩაბნელებულ ღამეში. აქ ყველას ერთმანეთის სისხლი სწყუროდა, ყველას დაუშვია შეცდომა დანარჩენების წინაშე, ამიტომაც არ უყურებდნენ თვალებში ერთმანეთს, ზოგს შეცდომები ამძიმებდა და ზოგს ზიზღი მეორის მიმართ. ათასი უპატიებელი და გულში ჩადებული ტკივილი მძიმედ დააბიჯებდა მათ შორის.
-ამათ რაღა უნდათ აქ? -ჯერ ანდროს შეხედა ირაკლიმ, შემდეგ ვაკოს. გაუაზრებლად მოსთხოვა პასუხი შვილებს მამების შეცდომებისთვის.
თვითონ არ იცოდა სიმწარე მშობლების შეცდომის.
მამამისმა ვერ მოასწრო ფეხი არეოდა, როცა ცხოვრების გზას უკვალავდა თავის შვილს. მამამისის ნაბიჯები შუა გზაზე გაწყდა.
ვეღარ ხვდებოდა რა იყო უარესი, თავისი მდგომარეობა თუ ანდროს მორიდებული თვალები, დიმა რომ დაინახა.
მკვდარი, მაგრამ ღირსეული მამა თუ ცოცხალი და ათასი შანსით ღირსების აღსადგენად, დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად.
თვითონ ცოცხალს აირჩევდა მაინც. მთელი სხეული აუწვა მიწის ქვეშ ამოდებულმა გაყინულმა მშობლებმა.
და დედა? დედაზე ვერც კი ფიქრობდა. დედა ლამაზი იყო მოგონებებშიც, მშვიდი და კეთილი. გაბრაზებაც ისეთი იცოდა, შემორიგება რომ არ დაგენანებოდა. დედამისს ვერც ჰკადრებდა იმის გაფიქრებას, რომ აღარ იყო ცოცხალი.
მაგრად დახუჭა თვალები.
წამიერად ყველა შეთანხმდა, რომ ახლა ირაკლის გასაჭირი იდგა ადამიანური ტკივილის ყველაზე მაღალ საფეხურზე. ამიტომაც არ დაძრულა ზედმეტად ჰაერი ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილთ შორის.
უბრალოდ გადადგა ნაბიჯები იქეთკენ, საიდანაც სიმართლის გულისცემა ფარავდა მის გაგიჟებულ პულსაციას.
უზარმაზარ ოთახში დაეკიდებინათ ერთი საცოდავი ნათურა, რომელიც ძლივს ანათებდა ატალახებულ იატაკს. სკამზე იჯდა გაბორკილი პაატა. მის წინ ცბიერი კმაყოფილებით ყურებამდე გაკრეჭილი დავითი მოთავსებულიყო. ისე დაეკაპიწებინა თეთრი პერანგის მკლავები, თითქოს მუდამ სუფთა საქმეს დაჩვეულს შავი სამუშაო ცხოვრებაში პირველად უნდა შეესრულებინა.
-ნაბიჯების ხმა ხომ გესმის? -პაატას შეხედა დავითმა, თავი გადაქინდრა გვერდზე, კარგად დააკვირდა საცოდავს. -შენი სიკვდილი მოდის.
წარბებშეკრული აკვირდებოდა სანახაობას ირაკლი. ვერ ხვდებოდა, რატომ იყო პაატა მიბმული სკამზე, რატომ იყო ნაცემი და რატომ ჰგავდა დავითი მისი მდგომარეობით კმაყოფილ ადამიანს.
პაატას სახე უფრო მეტად გაუფერულდა, ყველა ერთად რომ დაინახა.
-რა იყო, აღარ ხარ დიდ გულზე ყველა ერთად რომ დაინახე? -ცინიკურ ტონს ვერ ზომავდა დავითი, მტაცებლისებური ზიზღი და სურვილი თანაბრად ჩასდგომოდა თვალებში. -მე დავუძახე ყველას!
-დადა, რა ხდება? -მას მიმართა ირაკლიმ, თუმცა პაატას არ აშორებდა თვალებს.
არ ჰგავდა ეს კაცი მის გადამრჩენელს, არც გატაცებულს და გადარჩენილს, უფრო – გაქცეულს და ძალით მობრუნებულს. ცოტაც და აქ მყოფების ხელები საკმარისი არ იქნებოდა მის გასაკავებლად, არც ნანას ხმა ნელ-ნელა რომ შორეულ წარსულში გადადიოდა და ქრებოდა.
ვაჟა რატიანიც რომ შემოვიდა, მიხვდა, არ იქნებოდა ეს ამბავი მარტო ორი ადამიანის გასარკვევი. გამომძიებელი დიდი ხანია არ ენახა, მართალია, ხშირად უკავშირდებოდა გამოძიების პარალელურად, მაგრამ ხელჩასაჭიდი ინფორმაცია მისგანაც კი არ მიუღია.
აზარტული ბედნიერება მხოლოდ დავითს აღბეჭვდოდა სახეზე.
-გაუხსენი პირი, -ცივად მიანიშნა ბიძაშვილს ირაკლიმ. სისხლი უდუღდა უკვე, ეგონა ყველა გრძნობდა მის შინაგან მხურვალებას, ამიტომაც განცალკევდა ყველასაგან.
ბუნდოვნად ახსოვდა პაატა. ლუდმილას ამბამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი მშობლების საქმესთან რაიმე კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა. როგორღაც ყველაფერი გაქრა მტკიცებულებების ფაილიდან, იმ ირიბი მტკიცებულების გარდა, რომელსაც პაატას კვალზე გაჰყავდა გამოძიება. მერე ყველაფერი ერთმანეთში იზილებოდა, დამნაშავეც, მოწმეც, მსხვერპლიც და უდანაშაულოც.
-შენმა ბიძაშვილმა გააფრინა, შვილო! -სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა პაატას, მაგრამ მისი თვალების შემყურემ გულთან ახლოს ვერ მიიტანა ადამიანის ვედრებაშერეული ბგერები. თვალები არ იტყუებიან არასდროს. -გეფიცები… მე… მე არაფერ შუაში ვარ!
-რატო გარბოდი, აბა? გეკითხები! -სახე წამოენთო დავითს, -ტყუილს როგორ ვერ ვიტან, იცი? თან ეგეთი ტყუილის მთქმელს, შენ რო ამბობ, ენა შემიძლია რო ამოვაძრო, იცი? ახლა რამდენიმე შეკითხვას დაგისვამ და უაზრობა არ მიპასუხო, თორე მაგ სკამზე დაგაჭედებ.
-დადა, დაწყნარდი. -მისკენ წაიწია დიმამ, თუმცა ერთი ნაბიჯი წინ გადადგა ნაკაშიძემ, გამოჭერილი მოწმის წინ ჩაიმუხლა და აგრძნობინა ჩადუნელს, რომ არ მიახლოვებოდა ზედმეტად.
-გინდა გითხრა რატო არ გადაგიშვეს საზღვარზე? -თვალები დააწვრილა დადამ, ჩურჩულებდა, თუმცა ყველას კარგად ესმოდა მისი საუბარი. მზერა იმ იარაღის პირივით უპრიალებდა, ქამარში რომ გაერჭო. -მე ვთხოვე, მაგ კაცს ემუქრებიან-მეთქი მოკვლით და იზრუნეთ მის უსაფრთხოებაზე… შენ კიდე გეგონა მღებრიშვილი გეძებდა, ლევანი. ხო სწორად ვიძახი?
-აბა, რა უნდა მგონებოდა! მაგან დაუკვეთა, ირაკლი, შვილო, შენი მშობლების მკვლელობა.
მთელი სხეული დაეჭიმა ნაკაშიძეებიდან უმცროსს. ავმა ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე დავითს.
-შვილს ნუ ეძახი, -ისე გააფრთხილა, ჩუმად, ხმამაღალი ბგერების გარეშე, რომ ცივმა ჟრუანტელმა აურბინა ხერხემალზე პაატას. მისი სასოწარკვეთილი ნერწყვის გადაგორება გამომშრალ ხორხში ყველამ გაიგონა კარგად. -შენი შვილი ახლა ამომრჩეველს ტრაკს ულოკავს, რო ხმა მღებრიშვილს მისცენ. ხო ასეა? დავურეკოთ?
-ავთო არაფერ შუაშია! -კბილები გააღრჭიალა ხელებშეკრულმა, ჩაუწითლდა თვალები.
-არ იცის, მამა რომ მატყუარა და გამყიდველი ჰყავს? რა ცოდოა. რისთვის მოკალი ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი, ჰა? იმ საქმისთვის, რომელიც კარგად არც წლების წინ გამოგდიოდა და არც ახლა გამოგდის?! ლაჩრობაშიც რომ არ ვარგიხარ, არც გაქცევა გამოგივიდა, არც ცხოვრება, არც სიკვდილი გამოგდის!
-დადა, რას ლაპარაკობ? გაანებე მაგ კაცს თავი ორი წუთით და დავილაპარაკოთ ჩვენ, -ფეხზე წამოაყენა პაატას წინ ჩაცუცქული ბიძაშვილი ირაკლიმ. სადაც იყო იფეთქებდა და ძლივს ნაგროვებ და ნაკოწიწებ თავშეკავებას ერთიანად დაატეხავდა თავზე დავითსაც და პაატასაც.
-ამ ვირთხას არავინ არ მისდევდა მოსაკლავად, თვითონ დაიმალა, როგორც კი გაიგო, რო შენ ჩამოხვედი და ვიღაცამ კარგად გადამალული მტკიცებულებების ძებნა დაიწყო. ერთი სხვისიანიც კი არ მდგარა შეიარაღებული იმ სახლთან, სადაც ეს გაჩერდა სარფში. თავისი ტიპები იცავდნენ. ჰგავს ეს მოტაცებულს?
-დაურეკეთ ამის შვილს, -ჩაფიქრებული ხმა ჰქონდა ვაჟა რატიანს. -მოვიდეს.
-ჩემმა შვილმა არაფერი იცის! -სკამიანად შეფართხალდა პაატა.
-ხოდა, ხომ უნდა გაიგოს ოდესმე? ეს ხალხი აქ რისთვის შეკრიბეს, შენი აზრით, ბატონო პაატა? აქ ყველა ყველას ემტერება ახალგაზრდების გარდა, მამების ჩასვრილი საქმეები გამო შვილების გადაკიდებას შენი ვაჟი, ავთანდილი დაუსვამს წერტილს.
-თქვენ მე მდებთ ბრალს? -პირი გამოუშრა ბრალდებულს.
ირაკლი აღარც სუნთქავდა უკვე. შუბლზე დაასხა ცივმა ოფლმა და ბაც განათებაზე ოდნავ აუბრჭყვიალდა ნერვიიულობისგან დანამული კანი.
ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ ვაკომ. ცალი თვალი გააყოლა მის ნაბიჯს ზურაბ საკანდელიძემაც და თავი ისე ჩაქინდრა, თითქოს მთელი სამყაროს საფიქრალი მის გონებას ჩამოეკიდა შვილის ერთი ნაბიჯის გადადგმით.
-ლუდმილა კილიჩენკომ გუშინ თქვენი სახელი მითხრა, როდესაც ტელევიზიის არქივში რამდენიმე კადრის გამოსათხოვად მივედი, სხვათაშორის, თან მქონდა ამის კანონმდებლობით გამყარებული ფურცელზე დაწერილი და ბეჭედტარტყმული უფლება, რომელიც თქვენ, ალბათ, სახლში დაგრჩათ, როდესაც ლუდმილასთან მიბრძანდით და ყველაფრის გაქრობა მოსთხოვეთ. დააშინეთ. ძალიან ბედნიერი ჩანდა, რომ გაიგო, არა ერთი ადამიანი გამოჰკიდებოდა თქვენს კვალს არც თუ ისე კეთილი მიზნით და ყველაფერი ჩამიკაკლა. ისიც, როგორ სთხოვეთ იმ ერთი მტკიცებულების დატოვება, რომლის არსებობაც მხოლოდ თქვენ გაძლევდათ ხელს. თქვენი ყოფილი ცოლის ყალბი ჩვენება, რომ თქვენ იმ ღამეს სიმაურთან ერთად იმყოფებოდით სათევზაოდ. სად, შემახსენეთ, გეთაყვა. თქვენ დაურეკეთ-მეთქი ამის შვილს დროზე! -მკაცრი თვალები მოავლო ერთ ადგილას გაყინულ სახეებს.
-გაუხსენით ხელები, -თავისთვის ჩაილაპარაკა ირაკლიმ, შუბლზე მიიჭირა მაგრად ხელები თვალებდახუჭულმა, ამდენი მუშაობისგან ეგონა ტვინიც გადაეწვებოდა მალე. -მისი შვილი თუ მოდის, გაუხსენით ხელები.
-სიონში, სიონის ტბაზე ვიყავით.
-ხო, ესე იგი… შუაღამეს გიყვართ თევზაობა სიძე-სიმამრს თუ…
-ადრიანად წავედით.
-ადრიანად, როდის? მას შემდეგ რაც საღამოს რვა საათზე სტუმრები გაუშვით სახლიდან? თქვენი ბიძაშვილები… ხო, რა გაგიკვირდა? გეგონა, ვერ გავიგებდი? იცი, ქვედა მეზობელთან ფეხის ხმა და ხმაური როგორ ჩადის? აი, მაგას ვკითხე…
-ბატონო ვაჟა, -აკანკალებული ხმა ჩაიწმინდა დიმამ. -ამ კაცმა იმ ღამეს მე დამირეკა…
სხარტად შებრუნდა დიმასკენ ანდროს და ირაკლის თვალები, ჯერ უფროს ჩადუნელს დააკვირდნენ კარგად, შემდეგ ერთმანეთს. არცერთმა არაფერი იცოდა ამის შესახებ.
-შენ რას ამბობ? -მოხდენილად მოასწრო საკანდელიძემ თავდასასხმელად შემართული ირაკლის წინ გადაღობება. -ვაკო, გამიშვი!
-დააცადე, თქვას, რაც აქვს სათქმელი! მისი შვილიც გასცემს პასუხს. -უჩვეულოდ მკაცრი ჰქონდა ხმა ვაკოს. მამამისიც კი გაოგნდა.
-შენ დამირეკე, -წინ დაუდგა დიმა პაატას, გაოგნებული ჩანდა თვითონაც, საითაც მიჰყავდა გამომძიებელ რატიანს საუბარი, -მითხარი… გაქურდვას უპირებენო… დროზე მოდიო…
-შენ რატო დაგირეკა?! რატო დაგირეკავდა შენ მამაჩემის გადასარჩენად ვინმე!
-ვმეგობრობდით მე და მამაშენი, ირაკლი, რამდენადაც მიუღებელი უნდა იყოს შენთვის, ეს იყო რეალობა. ოჯახებით არა, მაგრამ მე და მამაშენს გვქონდა ახლო ურთიერთობა. არ უთქვამს ნანას შენთვის?
-ნანა რა შუაშია, დიმა? -ისე გაეყინა ხმა ანდროს, მეორედ მოიყვანა ზამთარი სუსხიან იანვარში.
-დედამისმა უთხრა. როცა დამირეკეს, რომ შველა სჭირდებოდა… როცა ამან დამირეკა… მე მაშინვე წავედი, ჩემი ხალხიც გავუშვი ვინც ახლოს ცხოვრობდა, რომ როგორმე გაეფრთხილებინათ კობა. დამაგვიანდა, -გაცეცხლებულ ირაკლის გაუსწორა თვალები, შემდეგ ბოდიშის მოხდით დახარა მზერა და მხრებში ისე მოიხარა, როგორც დამჭკნარი მარცვალი. -ვერ გადავარჩინე, ვიცოდი, მაგრამ… ვერ მივუსწარი… ჩემს პირად სირცხვილად მიმაჩნდა ის, რომ მეგობარს ვერ დავეხმარე. ყველას კვალში ჩავუდექი, ვაჟა, შენ ხომ იცი. ნაცვლიშვილსაც… საკანდელიძესაც… ყველას ჩავუდექით მე და ბარათელი.
-ვისაც შეიძლებოდა, რომ გაეკეთებინა, ყველას კვალში ჩაუდექით, მართალია. -უკან გადაიჯვარედინა რატიანმა ხელები, ცალი თვალით ანიშნა ირაკლის, რომ დამშვიდებულიყო.
სწორედ ამდროს შემოვარდა ავთანდილ გამცემლიძე, პაატას ვაჟი კიდევ ორ ახალგაზრდა, პირტიტველა ბიჭთან ერთად. მამამისი ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა, სისხლი გაუთეთრდა ძარღვებში, გადაფითრდა სახეზე ერთიანად და იარაღისკენ წაიღო ხელი.
-ეგ აქ ყველას გვაქ, მაგრამ ხელში მგონი არავის გვიჭირავს, -ცივად გააფრთხილა დავითმა და დაანახა თავისი ქამრიდან მაცდურად მომღიმარი იარაღი.
-მამა, რა ხდება? -პაატას მიმართა ტანით ყველაზე მაღალმა, უფროსი უნდა ყოფილიყო. ყველას მოავლო თვალი წამიერად.
-ნუ აყურებინებთ ამას ჩემს შვილებს!
-ირაკლიმ რომ უყურა, მაშინ არ ფიქრობდი მამაშვილურ სენტიმენტებზე, ხომ? -მკვახედ დასჭექა ვაჟა რატიანის ხმამ.
გეგონებოდათ დრო გაჩერდა, ისე გაიყინა ყველა ერთ ადგილას. მთელი სხეული ეწვოდა ირაკლის. გრძნობდა, როგორ იფერფლებოდა სიმართლისა და უსამართლობის ცეცხლში გამომწვარი.
-ნაცვლიშვილი არ იყო დამნაშავე, ამიტომაც დავუდექი მე მას ადვოკატად. ნუგზარმა თავისი ძმის შვილი შენს მეძებრად გაზარდა, მაგრამ კარგად ითამაშე, ბრავო! -ტაში შემოჰკრა ვაჟამ. -შენი მეგობარი იყო! გზაზე დაგაყენა! შენს მშიერ შვილებს პური მისცა.. ბევრი არც თვითონ ჰქონდა თავიდან, მაგრამ რაც ჰქონდა, ისიც გაგიყო. შენ მეტი მოგინდა. მძღოლობა არ იმყოფინე, სახლშიც შეუძვერი. შენ იცოდი ყველაფერი, სად დადიოდა, როდის, ვისთან… ღმერთო, რა სულელი ვარ! -საკუთარ თავზე განრისხდა რატიანი.
-შენ მოკალი? -ცივად ჰკითხა ირაკლიმ. ეს აინტერესებდა მხოლოდ, ვინ იყო, რატომ და რანაირად აღარ ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა. მთავარია,ამ დაუსრულებელ ლაბირინთში ერთი გასასვლელი მაინც ეპოვა.
-მამაჩემს არავინ მოუკლავს! რას ბოდავთ თქვენ? მამა, რას ამბობს ეს ხალხი, რატო ხარ ჩუმად, ამოიღე ხმა!
-მამაშენს ენა ჩაუვარდა, -პირისპირ, ზედმეტად ახლოს დაუდგა დავითი ავთანდილს. თავისი სიახლოვითა და ცინიკური ღიმილით მასაც იწვევდა, შურისძიების წყურვილი უელავდა თვალებში, -მე გეტყვი, რაც გააკეთა. ბიძაჩემის გაქურდვა უნდოდა. იცოდა, იმ ღამეს ჩვენთან აპირებდნენ სტუმრად მოსვლას, მაგრამ ჩვენ ბებიაჩემთან წავედით გურიაში, ცუდად გახდა. მაშინ კობას იმდენი მტერი ჰყავდა, როგორც ახალგამოჩეკილ ბიზნესმენს, რომ მის მძღოლს ხელს არავინ დაადებდა დანაშაულში. ქურდობები და ყაჩაღობები ისედაც მოსული პონტი იყო. შიგნით არავინ დაუწყებდა დამნაშავეს ძებნას. მამაშენი ბიძაჩემს დაადგა სახლში. ბევრი არაფერი ჰქონდა, როგორც ვაჟამ ახსენა, მაგრამ ის წილიც მოუნდა, რაც კობამ არ გაუყო. მიხვდა, ხო? თვალებში რომ შემოგხედა, მიხვდა, ვინ იყავი… რა დაავიწყებს კაცს იმ ადამიანის თვალებს, ვისაც სარკეში ყოველდღე უყურებს უკანა სავარძლიდან, ვისაც მეგობრად მიიჩნევდა, ვისი ბედნიერების და კეთილდღეობის მიზანიც უნდოდა რო ყოფილიყო. გიცნო, შე ახვარო და მის იმედგაცრუებულ მზერაში იცანი შენც შენი თავი!
-ახვარს მოგცემ… -სანამ იარაღისკენ მიჰქონდა ხელი ავთოს, ყბაში მიიღო დავითისაგან.
-ამდენი რამე მოგიყევი და მამაშენისთვის დაძახებული ახვარი მოგხვდა გულზე, ბიჭო? -თავზე წაადგა წაქცეულს. -მეც მაქვს-მეთქი იარაღი, დაგიმიზნო და დაგაჭედო ახლა? იცი რა მარტივია? ფეხზე წამოდექი და მოისმინე სიმართლე მამაშენზე, აი, ეგ არი რთული! მერე ადექი და კაცურად მოიქეცი, აი, ეგ არი რთული! შეძლებ? გამოგივა? ჩემი ბიძაშვილი ცამეტი წლიდან ეგრე ცხოვრობს! შენ სიმართლის მოსმენა გიჭირს და იმან სისხლიანი უსამართლობა ნახა თავისი თვალებით!
-მამა, თქვი რამე. -წამოდგა ავთო, გაუთენებელი ღამესავით ჩაუბნელდა თვალები.
-გიცნო კობამ, -ჩამოყრილი ხელებით განაგრძო დავითმა, გრძნობებისგან გამომშრალ ირაკლის შეავლო მზერა. წამიერად მიეხუჭა თვალები, ღრმად შეისუნთქა ცივი ჰაერი. -გიცნო და მიხვდი, ან ის დარჩებოდა ცოცხალი, ან შენ… რანაირად არჩიე სხვისი სიკვდილი საკუთარს, როცა ამხელა არაკაცული საქციელი წამოიდე მხრებზე? მის წინ რატო არ დაიხალე ტყვია შუბლში? არ გქონდა დაგეგმილი მკვლელობა, დიმასაც მაგიტო დაურეკე, უცებ გაქურდავდი და კაი ტიპიც შენ გამოხვიდოდი, ძმაკაცს ამაგს დაუფასებდი სხვების თვალში, ხო? მაგრად შეცდი მარა გაგიმართლა. გამოძვერი.
-ტატო და ეკე, გადით აქედან. -ხმამაღლა წაიდუდუნა ავთომ.
-იყვნენ. -შეეწინააღმდეგა დავითი.
-საკმარისი მოისმინეს, -კისერი დაეჭიმა ირაკლის, თითქოს უკანასკნელი ჟანგბადი მოახმარა ამ სიტყვების წარმოთქმას, -გავიდნენ ბავშვები.
-არ ვართ ბავშვები. -ძმას გვერდით ამოუდგნენ უმცროსები.
-ამისთვის ხართ, გადით. -თვალები გასასვლელისკენ დაუბრიალა ირაკლიმ.
ათასჯერ მოკვდა და ათასჯერ გაცოცხლდა ბოლო ოცი წუთის განმავლობაში. ამათ ცოდვასაც ვეღარ დაიდებდა კისერზე. უსამართლობაც ახრჩობდა, ყველა ტკივილი ერთიანად ტკიოდა, მაგრამ მაინც ვერ ახერხებდა ნაბიჯის გადადგმას. ის, ვისაც ეძებდა, თურმე ცხვირწინ ჰყავდა. ცხვირწინ ჰყავდა ზუსტად ისე, როგორც ახლა, და ახლა ისე ვერ აკეთებდა ვერაფერს, როგორც მთელი ამ დროის განმავლობაში.
იარაღი ამოიღო ქამრიდან დავითმა და ხელში ჩაუდო უმცროს ნაკაშიძეს. მზერა გააყოლა მის მოქმედებას ანდრომ. ყველამ სუნთქვა შეიკრა. დიმამ გადადგა ნაბიჯი და ააცალა ხელიდან გაყინული ცეცხლსასროლი.
-ნუ მიყურებ ეგრე! -საყვედურით შეხედა განრისხებულ დავითს უფროსმა ჩადუნელმა, -შენ რომ ეს მოგიკლან და ვერ მიუსწრო, ვერ გამამტყუნებ, რომ ჩუმად ვიყავი, რომ ვერ გავამხილე ჩემი შეცდომა! არც შენ მისცემდი ირაკლის შვილს იმის გაკეთების უფლებას, რაც შენ გინდა, რომ მან გააკეთოს ახლა.
-მე არაფერი არ მინდა, დიმა, სამართლიანობის გარდა.
-ავთო… -მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი პაატამ. მამამისს ახედა ჩასისხლიანებული თვალებით, ცრემლები ეღვენთებოდა ჩაწითლებული კაპილარებიდან.
საკუთარი მდგომარეობა ერჩივნა ავთოსას. როგორი ფარდობითი იყო ყველაფერი.
-შენ ვეღარ მიშველი, ამიტომ შენს ძმებს უშველე როგორმე. -თავი ჩახარა გამცემლიძემ. მერე წამოდგა და გვერდით მდგარ გამომძიებელს წაართვა იარაღი ქამრიდან.
წამიერად ყველამ იშიშვლა თავისი, თუმცა რატომ, ამას ვერავინ მიხვდა. პაატას მიზანი საკუთარი თავი იყო მხოლოდ.
-რას აკეთებ? -ცივად ჰკითხა ირაკლიმ, საყვედურით. -სიხარბის გარდა გქონდა რამე სხვა მიზეზი, რის გამოც მამაჩემი სიკვდილს იმსახურებდა?
დედა. დედა. დედა.
დედა ცოცხალია, არ მომკვდარა. დედა თბილია ისევ, ლამაზი, თვალებიც ისეთი აქვს, როგორც ვარსკვლავები ზაფხულის ღამეს.
-არა. შენი ბიძაშვილი მართალია, მე რომ კაცი ვყოფილიყავი, ჩემი თავი უნდა მომეკლა იმ კაცის წინ, რომელსაც იმედები გავუცრუე. კაცი არც მაშინ ვყოფილვარ და ვერც სიკვდილის მერე გავხდები. მამაშენი სულ იყო.
-შენი შვილის თვალწინ თუ გააკეთებ ამას, გგონია ჩემი ტკივილი ამით შემსუბუქდება? გგონია წონასწორობას აღადგენ? დააგდე ეგ იარაღი! ჩვენგან ერთ-ერთი პოლიციელია, წაგათრევს იქ, სადაც შენნაირებს ბოზები ჰქვიათ და მოგივლიან სათანადოდ.
-ჩემი ცხოვრების ერთი მიზანი ის იყო… -ხმა აუკანკალდა პაატას, წამიერად გაკრთა მასში რაღაც ადამიანური და მალევე ისე გაუჩინარდა, როგორც უკანასკნელი ციცინათელა დამჭკნარ მინდორზე, -ჩემს შვილებს მაინც შემოეხედათ ჩემთვის იმ თვალებით, რომლითაც მე ვერ ვუყურებდი საკუთარ თავს თვალებში. ახლა, როცა სიმართლე გაიგეს, ჩემთვის აზრი აღარ აქვს… ვნანობ და მთელი ცხოვრება იმ ორი გასროლილი ტყვიით ვიცხოვრე. დედაშენის…
-დედაჩემს ნუ ახსენებ.
-არ მინდოდა. -შუბლზე მიიდო იარაღი პაატამ. თვალები მიხუჭა ავთომ. ერთ ადგილას გახევებულს იმის უფლებაც კი არ ჰქონდა წინ გადასდგომოდა მამის შუბლში მოსახვედრ ტყვიას. -ჩემნაირების ადგილი არც აქ არის და არც იქ. ჩემნაირები უკვალოდ ქრებიან.
*
ისეთი შეშლილი ადამიანის გამომეტყველება ჰქონდა ირაკლის, ენა გაუქვავდა ნანას. ვერც გამოძრავება შეძლო, სუნთქვაც კი შეწყვიტა თითქოს.
ცდილობდა მის თვალებში დატრიალებულ ქარიშხალში მოყოლილი გრძნობები ამოეცნო და რამე იმედისმომცემს ჩასჭიდებოდა.
ღრმა სუნთქვაზე ეტყობოდა, რომ ძალიან მნიშვნელოვან ბარიერს გადაახტა, რაღაცისგან გარბოდა და სადღაც მიეჩქარებოდა.
ხელებზე დახედა უნებურად. სუფთა ჰქონდა. შენიშნა ირაკლიმაც ეს მზერა და გაუღიმა ავად.
ხელის გულები ამართა ჰაერში, უკეთ რომ დაენახვებინა მათი სისუფთავე, მაგრამ უკვე თვალებში უყურებდა ნანა.
-რაო, ნა-ნა? -ხელები არ დაუწევია, ისე მიუახლოვდა. მისმა ჩამწყდარმა ხმამ გაიყოლა ნანას უკანასკნელი მშვიდი ამოსუნთქვაც. გული ჩაეწვა. -რა გაინტერესებს?
-რომ კარგად ხარ. -სახე აეწვა.
-მერე? რას ხედავ, ვარ კარგად? -ახლოს მივიდა, რომ კარგად ეგრძნოთ ერთმანეთის განსაცდელი, მაგრამ არც იმდენად რომ საღი აზრი ვერ დატეულიყო მათ შორის. -მიპასუხე!
-ხმას ნუ უწევ!
-შენ კიდევ ხმას არ იღებ, როცა საჭიროა, ნანა! როცა რაღაც საჭირო იცი, მნიშვნელოვანი ჩემთვის. რატო დამიმალე?
-არ ვიცოდი, როგორ მეთქვა.
-პირდაპირ, გოგო! პირდაპირ!
-ირაკლი… -წარბები შეყარა ნანამ, კუშტად ახედა. იცოდა, რომ არ იყო მართალი მაგრამ მაინც ჯიუტად სთხოვდა თითქოს გაგებას.
-მე იმ კაცს ხელი დავარტყი! ბოლომდე დამცირებული იყო ჩემს თვალში…
-მაშინ არ ვიცოდი! -მტკიცედ გააწყვეტინა ნანამ, არ მისცემდა ამის დაბრალების ნებას. -რომ მცოდნოდა არ მოგცემდი უფლებას… არ მინდოდა გული გტკენოდა, თავი ვალში ან ვალდებულად გეგრძნო მის წინაშე! არ იმსახურებს!
-გოგო, იმ კაცთან სიცოცხლით ვარ მე ვალში! შენთან მიმართებით ეგ არ შეცვლიდა არაფერს, რომ მცოდნოდა ჩემთვის რაც გააკეთა, იმასთან მარტოს მაინც არ დაგტოვებდი, როცა ვნახე რა შეუძლია გაგიკეთოს შენ! უბრალოდ უნდა მცოდნოდა, ნანა… შენ უნდა გეთქვა. იმდენი ხანი მიყურებდი ენაგადმოგდებული როგორ ვეძებდი პატარა ხავსის დამპალ ნაფლეთს, გოგო, გულმა როგორ გაგიძლო, რო ეგეთი რაღაც შეინახა… -საჩვენებელი თითი დადო მკერდის ძვალზე წამიერად, ისე ეტკინა სამუდამოდ ამოეღრღნა თითქოს ის მონაკვეთი სხეულიდან.
უკან გადადგა ერთი ნაბიჯი ირაკლიმ და თავი გააქნია შეშლილი სიცილით. კედლებიც გასუსულიყვნენ მისი შემყურე, აღარც გაგიჟებული ქარიშხალი იღებდა ხმას, ყველამ მის გაუწონასწორებელ სუნთქვას მიგდო ყური. გადარეული ამინდიც კი მისი დამშვიდების მოლოდინში გაირინდა.
გული ეწვებოდა ასეთს რომ უყურებდა. მოარიდა მართალს თავისი დამნაშავე თვალები, რომლებიც ისევ კეთილი განზრახვით შეცდნენ მხოლოდ.
-შენ ვერ გადაწყვეტ, რას იმსახურებს სხვა ადამიანი ჩემგან, მარტო იმიტო რო შენ მოგექცა არასწორად. შენს თავს იმის გაფიქრების უფლებას აძლევ გადამიწყვიტო ვის რა პასუხი გავცე და ამ დროს ჩემთვის სიმართლეც ვერ გაგიმეტებია… ჩემი სიცოცხლე არასდროს იქნება ჩემთვის შენზე აწეულ ხელზე მეტი, ნანა. თუ იმის შეგეშინდა, რო დიმას მე ჩემი გადარჩენილი სიცოცხლის გამო ვაპატიებდი იმას, რაც დამანახა, როგორც მოგექცა…
-არც მიფიქრია… -სიტყვის ჩაკვეხებას ცდილობდა. მისკენ რომ გაიწია, უკან დაიხია ირაკლიმ. არ მისცა მის მიერ დაცული დისტანციის დარღვევის უფლება. ცრემლები ჩამოსდიოდა უკვე ნანას ღვარად, შეუჩერებელი სევდით შეზავებული…
-იმ ხელით გადარჩენილი სიცოცხლეც არ მინდა, რომლითაც თავის ქალიშვილს სცემს ის….არსება! ის ქალი თუ ჩემი საყვარელი ქალია… მითუმეტეს!
-ამიტომაც არ გითხარი…. ვერ გითხარი… შეგაწუხებდა შენი ხელი მის ლოყაზე. ჩემ გამო აწეული ხელი.
-გოგო, შენ რატომ არ გესმის ნალაპარაკები? ქართული ხო იცი! -ორივე ხელში მოიქცია ნანას ცრემლებით აპრიალებული სახე. არ იყო ეს შეხება ძველებური და იმ შეხებისნაირი, ირაკლისგან რომ იყო დაჩვეული. -უნდა გეთქვა. უნდა მცოდნოდა. შენ ჩემსაში სულ ცხვირს ყოფ, მე კი არაფერში მენდობი.
-გენდობი.
-ხო? -ცივად ჩაეცინა, უღონოდ ჩამოყარა მკლავები, -მაგიტო არ შემითვალიერე ხელები? რომ დარწმუნებულიყავი სუფთა მქონდა. უსისხლო. შენ მაგას ეძახი ნდობას?
-გეტყოდი…. ირა, მომისმინე რა… -მის გულნატკენ ვედრებაზე თვალები მიეხუჭა. არ უნდოდა მოსმენა, მაგრამ უარესისთვის ვერ გაიმეტა მაინც. ხმა არ ამოუღია, აღარც უყურებდა. -მაპატიე. როგორც კი გავიგე, მაშინვე რო არ გითხარი, მაპატიე თუ შეძლებ. უბრალოდ მაშინ იმდენი რამ მოხდა, იმდენი რაღაც დაგაწვა, ამ ტვირთისთვისაც ვეღარ გაგიმეტე. ბედნიერი იყავი და ცოტა ხნით მინდოდა მყოლოდი ეგეთი. მაპატიე, რომ შენთვის სათქმელი სიმართლე მოვიპარე, ჩემი თავისთვის შენი რამდენიმე მშვიდი და ბედნიერი გამოხედვა რომ მეჩუქებინა.
-შენ არ ხარ ბედნიერი… -ვერ გაეგო ეკითხა თუ დარდი გაემხილა. -ჩემთან მარტო როცა ხარ… რამდენი რამის გეშინია მაინც, იმის გამოკლებით, რო მკვლელი არ გავხდე?
-როცა შენთან მარტო ვარ, არაფერზე არ ვფიქრობ სხვაზე იმ რამდენიმე მშვიდი წამის გარდა, რომელსაც ის ქარიშხალი ვერ შეეხო, რაც ჩვენს ცხოვრებაში ტრიალებს! იმის გააზრებაც კი ჭკუიდან მშლის რო მკვლელიც მეყვარებოდი, იცი შენ, ეს რა საშინელი შეგრძნებაა? მიდი ახლა და ისიც მითხარი, რატომ მიეცი შენს თავს იმაზე ფიქრის უფლება, რომ შენ ადამიანის მოკვლას შეძლებდი, მიდი! შენზე არაფერი ვიცი იმის გარდა, რო მშობლები თვალწინ ამოგიხოცეს და შურისძიების სურვილი სულს გისახიჩრებდა ბავშვობიდან! პოლიციასაც კი არ მიეცით ჩარევის უფლება! რა უნდა მეფიქრა! ვერ გაგამართლებდი, რომ მოგეკლა, მაგრამ ვერც მიგატოვებდი…
-მეტი არაფერი იცი ხო ჩემზე? რო მიყურებ დაობლებულ და დაგერშილ ადამიანს ხედავ ხო მარტო? ბოღმა და ბოროტება რომ გულში ჩაიხვია და ახლა დროზე უნდა საჭირო ადამიანს დაანთხიოს. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი დაგავიწყდა შენ, მაგ დეტალის არსებობის გამო არ ვარ მე დღეს მკვლელი. შენ რომ მიყვარხარ, მაგიტომ. ვიცი, რომ ჩემს ცხოვრებაში არ არის საკმარისი ნათელი, ეს რო დაგენახა. რაც ანათებს, ეგეც შენ ხარ. მეგონა გაგრძნობინე…
-ნუ გეშინიას მეტი აქამდე არაფერი გითქვამს… არც კი ვიცნობთ წესიერად ერთმანეთს! ბრმა ნდობის გარდა ჩვენს შორის არასდროს არაფერი ყოფილა და ეგ ნდობაც თვალებს ახელდა ხოლმე ხანდახან!
-მერე, გაგიმართლდა შენი ბრმა და თვალდახუჭული ნდობა? -თავისი ოთახისკენ წავიდა, კარადიდან გადმოაგდო ჩანთა.
-რას აკეთებ?
-თვალებგახელილს გტოვებ ცოტა ხნით. -რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩაყარა შიგ.
-სად მიდიხარ? -ლამის ხელებიდან გამოგლიჯა ჩანთა, თუმცა ვერ დაიძრა მაინც ადგილიდან.
-საიდანაც ჩამოვედი იქ, საქმე მაქვს დასამთავრებელი. შენც დაამთავრე ჩემში ეჭვის შეტანა. თუ მართლა ის გოგო ხარ, ვინც სახლში დაბრუნებაზე მელაპარაკებოდა დღეს, მე თვითონ ვიპოვი მასთან მისასვლელ გზას. თუ ის გოგო ხარ, ვინც იმდენად არ მენდობა, რო სიმართლესაც ვერ მიმხელს, მე თვითონ დავიკარგები ჩვენს ცხოვრებაში, კაი?
-სისულელეს ნუ ლაპარაკობ! -ხმა გაუტყდა ნანას.
-შენთან ახლოს ყოფნა და საკუთარი თავის მოთმენა არ შემიძლია, ნუ მომთხოვ ამას. -თვალები მოარიდა მის აცრემლებულს. გული ისე შეეკუმშა, ეგონა საერთოდ გაუქრებოდა. -მარტო შენ არ გაშინებს ის ფაქტი, რო საყვარელი ადამიანისთვის ყველაფრის პატიება შეგიძლია. მთელ დროს ჩემს შეძულებასა და გაბრაზებაში ნუ გაატარებ, ცოტა იმაზეც იფიქრე, რატო გიყვარვარ.
-არ მიყვარხარ!
-წინა ტყუილი უკეთესად გამოგივიდა, აბა, თავიდან სცადე. -თვალები დააწვრილა ირაკლიმ, წამიერად ისე გაუსწორა მზერა ცოტაც და აკოცებდა. თავად დაიხია უკან.
გულნატკენსაც რომ მხოლოდ ის სურდა, ეს იყო ალბათ სიყვარული.
*
გზა უსასრულოდ და მდუმარედ გაწვა სახლამდე. შავი ღრუბელი ქვიშის საათის უკანასკნელი ნამცეცებივით გადაიწრიტა ციდან და ზედ გამოკიდებულმა ნახევარმთვარემ ცალყბად გაუღიმათ მგზავრებს.
-ცოლი მომყავს. -თქვა ანდრომ, როდესაც გაუსაძლისი გახდა საკანდელიძისა და ლიფონავას დუეტის მდუმარება.
-რაო? -ტყუპისცალს გადახედა ვაკომ. იმღამინდელ სანახაობას აზროვნების უნარიც წაერთმია მისთვის.
-ეღირსა, რაო და. -განუმარტა ლიფონავამ. ფერმიხდილმა მიადო შუბლი მანქანის ფანჯარას.
-შენ რა ფინთი ყოფილხარ, ირუშ. -ზურგზე შემოსცხო ახალი ამბით გამხიარულებულმა ვაკომ ხელი ძმობილს. -აუ, ისე გამიხარდა, ღომსაც კი შევჭამ!
-სადაა შენი შესაჭმელი ღომი, შე ძალით ვაკელო! ანდრო და… ელენემ თუ იცის, ცოლად რო მოგყვება?
-რაც დამინახა, მაგის მერე იცის… დღეს გამომიტყდება. შენი დახმარება დამჭირდება.
-არ მოგატაცებინებ, -არც კი დაასრულებინა, ისე გააწყვეტინა ლიფონავამ.
-შენ სთხოვე ჩამოსვლა, მე რომ ვუთხრა თავის მშობლებთან მოერიდება. რაღაც მინდა რომ ვუთხრა, არ ვიტაცებ.
ელენეს გაცეცხლებულმა სახემ ერთიანად ააელვარა ჩაბნელებული ბაღის კიდე. აქაურობა ჩვეულებრივ ახმაურებული იყო, მაგრამ შუაღამისას სასიამოვნო მდუმარება დაიარებოდა გატიტვლებულ ხეებს შორის.
როგორც კი მიიხურა ლიფონავას მანქანის კარი, მანაც მაშინვე მოკურცხლა იქედან. შემართული ნაბიჯებით გამოემართა ანდროსკენ, ის კი ისე იღიმოდა, თითქოს მისი სიყვარული თავდასასხმელად კი არა მოსაფერებლად მოდიოდეს.
-რას ჰგავს შენი საქციელი? -ხუთი ნაბიჯი აშორებდა ელენეს მისგან, ქაქანი რომ დაიწყო. ცხვირ-პირი აწითლებოდა სიცივისა და ბრაზისაგან. -ლიფონავა დაიყენე შუამდგომლად უკვე?
-ხო ხედავ შენმა სიყვარულმა სადამდე მიმიყვანა, შეშლილ მეგრელსაც კი ვთხოვე დახმარება.
-მეც მეგრელი ვარ და წესიერად! -თითი დაუქნია და ორი ნაბიჯი მაინც დატოვა მათ შორის, იცოდა ანდროს არაპროგნოზირებადი ხასიათის ამბავი, ისევ თავად მოუბრუნდებოდა საკუთარი ნაბიჯები ცუდად. ისწავლა ჭკუა.
-შენ საუკეთესო მეგრელი ხარ სამყაროში.
-მაგით ვერ მომთაფლავ, ძალიან ვარ გაბრაზებული შენზე! ხვალ ვერ მნახავდი?
-ვერა, დღეს უნდა მომესწრო. -თვითონ გადადგა ელენესკენ ერთი ნაბიჯი, გაქცევა არ დააცადა უცებ რომ წაავლო მაჯაზე ხელი და მიიხუტა სხეულზე.
-ნუ მეტმასნები, იცოდე! მწარე ხელი მაქვს.
ზედმეტად ახლოს დახარა ანდრომ თავი. მუცელი ასტკივდა ელენეს იმის წარმოდგენისას, როგორ შეიძლებოდა რომ დასრულებულიყო ეს სიახლოვე.
ორი იანვარი იდგა. ბედობა. შუაღამის თორმეტს აკლდა თხუთმეტი წუთი.
-ტუჩები გექნება ტკბილი, -ხმადაბლა დაუჩურჩულა და ჯერ ერთ გაყინულ ლოყაზე აკოცა, შემდეგ მეორეზე. -გეყოფა გაქცევა, ხო? ხო ხედავ, ხან შენი ფეხით მოდიხარ ჩემთან, ხან მე მომყავხარ, ხან ბედს და ხან ლიფონავას. მელოდებოდი?
-სად გელოდებოდი ერთი? ნუ გიყვარს ეს უცნაური ლაპარაკი!
-აივანზე, -სახე არ გაუწევია მილიმეტრითაც კი, ორივე ხელით იჭერდა მის აფართხალებულ სხეულს. გაეღიმა ელენეს გაფართოებულ თვალებზე, ჩაღვრილი სიმორცხვე რომ გასცა ლამპიონების შუქმა. -მელოდებოდი.
-ერთხელ გადმოგხედე. დაგაგვიანდა.
-ცოლად უნდა გამომყვე, სხვანაირად უბრალოდ არ გამოვა რა…
-კიდე რა გინდა! -წარბები შეყარა ელენემ, ისე აუფრთხიალდა გული, ლამის ყელში ამოუჯდა. ხვდებოდა, რომ ახლა მოტყდა. რომ ახლა უნდოდა თანხმობა ეთქვა, ამ წამს და ამ დღეს.
-კოცნა მინდა. შვიდი შვილი. ერთი სახლი და ერთი შენ. -ხმის ამოღება აღარ დააცადა, წინააღმდეგობის გასაწევად რომ გახსნა ნანატრი ტუჩები.
აკოცა. სხვა არც ერთ სიახლოვეს არ ჰგავდა ეს შეხება. არც ჩვეულებრივი იყო და არც უჩვეულო. მოსალოდნელი საფრთხესავით ტკბილი იყო და დაუვიწყარი.
კოცნითვე მიიღო თანხმობა.
-მეთორმეტედ ხო დამთანხმდი. -ისე მაგრად ჩაიკრა გულში, თითქოს ვინმე ეცილებოდა მის თავს.
შორიდან იკრიჭებოდა ქუჩის კუთხეს ამოფარებული საკანდელიძე.
ჯიბეებში ხელებჩაწყობილი საქორწილო მახარობელივით ღიღინით ჩაუყვა ტროტუარს.
„ქორწილია, ქეიფია, გრიალი“….

X თავი
„მე ვიცი ეს სიმღერა ოდესაღაც მოაღწევს შენთან,
აღელვებულ ზღვასავით ლამაზთან და ერთადერთთან,
მიხვდები ალბათ, რომ მხოლოდ შენ ხარ ის მუზა,
ვისთვისაც ყოველთვის მინდოდა მეთქვა, მოდი ჩავუშვათ ღუზა!“

სუსხიან ზამთარში ხანძარივით მოედო ქვეყანას პაატა გამცემლიძის დაკავების ამბავი. შვილმა ჩააბარაო თავისი ხელით მკვლელი მამა სასამართლოს. თვალცრემლიანები უყურებდნენ თურმე უმცროსები უფროსი ძმის ზურგს ამოფარებულნი, როგორ დაადეს ბორკილები ჭაღარაშეპარულს და ხმას არ იღებდაო არცერთი.
თუმცა ყველას ყურადღება ცალკე მდგომი სამეგობრო წრისკენ იყო მიმართული, მდუმარედ რომ მისჩერებოდნენ ამ სანახაობას და ჭირგამოვლილები სამართლის აღსრულების მომლოდინენიც კი არ ტოვებდნენ მარტო ირაკლი ნაკაშიძეს. დადა სახეზე დაჰყურებდა ბიძაშვილს, უცნაურად მომღიმარი ცდილობდა მის სახეზე იმ კმაყოფილების ამოკითხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო სრულყოფილი.
-ჩვენ გავალთ, -მაგრად ჩამოართვა ანდრომ ხელი ირაკლის, თვალებით უთხრა ის, რისი თქმაც აღარ იყო საჭირო ხმამაღლა.
მხარზე მხნედ შემოსცხო გაშლილი ხელი.
-ხომ არ ნანობ რამეს, ირაკლი?! -გამომცდელად ჰკითხა ლიფონავამ, შეფარულად იღიმოდა.
-სამართლიანი სასამართლოს იმედი მაქვს, -ხელი ჩამოართვა ილიკოს. ეს პირველი მეგობრული დიალოგი იყო მათ შორის.
-მაგ სასამართლოს ვერ ავცდებით ვერცერთი, -თვალებით დაბნელებული ცისკენ ანიშნა ლიფონავამ.
-ირა, შე ძველო! -გვერდზე გააგდო საკანდელიძემ პოლიციელის მასზე ოდნავ მაღალი სხეული, თვალები გადაატრიალეს ანდრომ და ილიამ. ისე ჩაეხუტა ირაკლის, თითქოს ვინმე ართმევდა მის თავს, -გაასწორა რო არ გატრუპე, მარა რო გექნა, გვამის გადამალვაში დაგეხმარებოდი, ხო იცი!
-ვიცი, ვაკო, -თმები აუჩეჩა, რომ მოიშორა.
-ხვალ ხო გნახავთ? გავაგოროთ ბიჭებმა.
-მოსკოვში მივდივართ ხვალ, -ყველას მზერა იგრძნო ირაკლიმ. -მალე ჩამოვალ. რაღაც საქმეები დამრჩა დასასრულებელი, ისედაც არ ვაპირებდი აქეთ ამდენი ხნით გაჩერებას.
-ქორწილში ხარ დაპატიჟებული. -ამჯერად ანდროზე გადაინაცვლა გაფართოებულმა თვალებმა, -ხო, რა იყოთ? ელენეს ჩემი ცოლი უნდა დავარქვა ძაან მალე.
-ელენემ თუ იცის? -წარბები აზიდა ლიფონავამ. მაინც ელენეს მეგობარი უფრო იყო, ვიდრე ანდროს ძმაკაცი.
-რა არ იცის, ბიჭო, -მხარზე წაუტყაპუნა საკანდელიძემ. -პეტრეს გადაუჯოკრა გოგომ, მამლის ყივილამდე ცხრაჯერ უარყო ტიპი! ვიტაცებთ?
-არა, თავისით მომყვება. -ტუჩებს თავი ვერ მოუყარა ანდრომ. ჯერ არ უკითხავს მეთორმეტედ, მაგრამ იცოდა, ზუსტად იცოდა თანხმობა იქნებოდა ამჯერად. -გელოდებით, ირა!
დარჩნენ გიგი, დავითი და ირაკლი. ჩუმი ფიქრები გაცვალეს ერთმანეთში.
-ხვალ მივდივართ? -წარბები აზიდა უფროსმა ნაკაშიძემ. ჩასხდნენ მანქანაში. -რატო ჩქარობ?
-ქალის ამბავია, -მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა გიგიმ მანქანის უკანა სავარძელზე.
-შენ შენს საქმეს მიხედე. -ბრაზი მოერია ხმაში, თუმცა ეს განრისხება მისთვის არ იყო განკუთვნილი. სულ სხვა სახელი უღრღნიდა გულს და ნაფლეთებად უშლიდა გონების საღად მოაზროვნე ნაწილს.
-მეც მივხედავ ოდესმე, -მანქანიდან გადაყო ხელი ბარათელმა, სიგარეტს გაუკიდა.
-რაც მალე, მით უკეთესი. -უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ირაკლიმ, ვიდრე გიგის გასაგონად.
-თქვენი სიყვარულით დადაღული გულები რა ვთქვი მე, -ღიმილით აიქნია ხელი დადამ, მოუმატა სიჩქარეს და სიგნალებით გადაუსწო წინ მიმავალი ახლადშეძენილი მეგობრების მანქანას. -კარგად დაფიქრდით მაინც...
-შენც რო დაიწყო ფიქრი უკვე, არ იქნება ცუდი. არ უნდა ნუგზარას შვილიშვილები? -სხვაგან დაფრინავდა გიგი ფიქრებით. ქეთისთან.
-აუ, არ დამიწყო ახლა ციცისავით! -ხელი აიქნია უკმაყოფილოდ დადამ, -ყოველ დილას ახალ სარძლოს მაცნობს, აღარ შემიძლია.
-მერე შენი მოსაწონი ვერ არი ვერც ერთი?
-იცი რა არის, გიგი? ყველა რო მომწონს, როგორ ავარჩიო? ამიტო გული რო არ დაწყდეთ დანარჩენებს, არცერთს არ ვირჩევ, გამიგე? -ხელებით უხსნიდა ორივეს თავის მიდგომებს ქალებთან ურთიერთობაში. -ეს ქართველი გოგოები, გენაცვალე, არ არიან თანახმა ღია ურთიერთობებზე...
-მოვა დრო, არც შენ მოგინდება ქალი, რომელსაც სხვა ენდომება შენ გარდა.
-არ მინდა-მეთქი ეს დათუთქული გულის ბაზარი! ამოწევ მაგ ფანჯარას, თუ კიდე სევდას ატან ქარს? გამიშეშდა კისერი! -ოსტატურად გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე. ჩაფიქრებულ ირაკლის გამოხედა ცალი თვალით. -კაი, რას დაიგრუზე, ირა? დიმას ლაპარაკს უსმენ? ნანა ჯიგარი გოგოა.
-მე მესმის, რო ვერ გითხრა, ირა. -ხმადაბლა გაამართლა გიგიმ ჩადუნელი, ამოსწია ფანჯარა. დაგუდულმა სიჩუმემ დაისადგურა წამიერად მათ შორის.
-რა გესმის, არ გადამრიო? ურთიერთობებში დამალული სიმართლეები გესმის? -სხეულით მოტრიალდა მისკენ ნაკაშიძე, უელავდა თვალები ბრაზისაგან. -ეგეთი ურთიერთობა გინდა შენ ქეთისთან?
-მე და ქეთო სხვა ვართ, თქვენ სხვა. -ისეთი სიყვარულით წარმოთქვა მისი სახელი, დადასაც კი არ დარჩენია შეუმჩნეველი გიგის შერბილებული ტონი, -წესიერად არ იცნობთ ერთმანეთს, ხან ერთი ხართ ტყვიების წვიმაში, ხან მეორე. ეგრე არ არი, ძმაო, სიყვარული! უყვარხარ და საპატიო მიზეზიც ექნება რაღაცის ვერთქმის.
-თქმის უფრო მეტი მიზეზი ჰქონდა!
-ეგ ახლა აქვს, -შეუსწორა ბარათელმა, ალესილი ხმალივით ბასრი იყო მისი სიტყვები, -ახლა მიეცი მიზეზი შენ, რომ არ ეშინოდეს შენ გვერდით ყოფნის. აქამდე ერთი სიტყვა მაინც თუ გითქვამს იმედიანი? იცი შენ, შეშინებული ადამიანის გონება როგორ მუშაობს? ყველაფერი შეუძლია იფიქროს...ყველაფერზეა თანახმა. ამიტო ძაანაც ნუ გაუბრაზდები, უბრალოდ გააგებინე, რომ ეგეთი რაღაცები არ მოსულა.
-შენ და ვაკომ თუ ილაპარაკეთ საერთოდ?! -შეიშმუშნა ირაკლი, ნებისმიერი თემის განხილვა ერჩივნა ახლა, როგორმე რომ ჩაეცხრო შინაგანი მღელვარება.
-ვაკომდე ქეთოა ჯერ. -მოიღუშა.
-აქ გყავდა მამაც და ძმაც, ბიჭო, -აღელდა დადა, -რა უმოქმედოდ იყავი?
-რა უნდა მეთქვა აქ და ახლა რომელიმესთვის, დადა? რატო უბერავ ხოლმე შენებურად? მოვა იმის დროც, როცა ბატონ ზურაბს მოუწევს ჩემი სიძედ მიღება. მაგას თუ ჰგონია მომიშორა, ძაანაც ცდება. ამერიკაში კი არა სხვა პლანეტაზე რო გადაასახლოს თავისი შვილი და მარსიანელზე დანიშნოს...
-მე ვუბერავ მერე კიდე, -თავისთვის ჩაიბურტყუნა დადამ, ჯერ ერთ გამწარებულ ძმაკაცს გახედა, მერე მეორეს, -რას გადაეკიდე ამ გოგოს? ხო ხედავ არ გელაპარაკება!
-კი არ გადავეკიდე, მიყვარს და იმასაც ვუყვარვარ. იმიტო არ მელაპარაკება, რო... რას მახსნევინებ, ხო იცი?
-მე ის ვიცი, რო თქვენ ჩემზე ადრე გაგიჩნდებათ ჭაღარაც და ნაოჭებიც. -მხიარულად აათამაშა დადამ საჭეზე თითები, -მაგრამ თქვენზე უფროსი ახლაც თქვენზე ახალგაზრდულად გამოვიყურები, ამიტომ რაც გინდათ, ის ქენით... მე ჯერ არ ვარ მზად ვინმეს სამუდამო ერთგულება შევფიცო.
-რომ გამელოტდები, მერე გინდ ყოფილხარ მზად გინდ არა.
-აი, რას ბოდავ ახლა მართლა და მართლა, გიგი? -მისკენ მობრუნდა განრისხებული სახით დავითი, -რამე მეტყობა, რომ გავმელოტდები? არა, გეკითხებით ორივეს!
-კაი რა იყო, გადაინერგავ. -ფხუკუნით დაამშვიდა პოტენციური მომავლით შეშფოთებული ნაკაშიძე გიგიმ.
-გიგი!
-სიმართლე მწარეა და პრიალა... როგორც მელოტი თავი!
-ნუგზართან წავიდეთ, -ირაკლის სახლისკენ გადახვევას რომ აპირებდა დადა, მაშინვე შეუსწორა ბიძაშვილმა.
მძიმე სიჩუმე მხრებზე უხილავ ტვირთად ჩამოაწვა სამივეს, მაგრამ ყველაზე უფრო იმას, ვისაც უპირობო მამობა გაუწია და ვისგანაც იმსახურებდა ერთ-ორ ისეთ სიტყვას, რომელიც სამადლობელიც იქნებოდა და ირიბად საკუთარი საქციელის ახსნაც.
ნუგზარი არ იყო სულელი კაცი, მეტიც - მეტისმეტად აშკარა იყო მისი გამჭრიახობა, ამიტომაც არც არავინ ცდილობდა მისგან რამის დამალვას. ირაკლის ყოველთვის აოცებდა და იზიდავდა ბიძის ეს დაუფარავი ღირსება. ნუგზარმაც ისე აღზარდა, თავისი ვაჟისაგან არ გაურჩევია დაობლებული ძმიშვილი, თანაც როგორ დაობლებული.
იმ პერიოდში, სიმართლე რომ ითქვას, ყველა ნუგზარისაგან ელოდა სისხლიან ნაბიჯებს, ყველა ფიქრობდა ის გამოღადრავსო კისერს თავისი ძმისა და რძლის მკვლელს....
მაგრამ ჭკვიანი კაცის ნაბიჯები ნელია და სწორ დროს წამოეწევა ხოლმე დაკარგულ სიმართლეს.
არც ციცის ეძინა, ირაკლის ბიცოლას და არც ნუგზარს. ორივენი გასუსულები ელოდნენ მათ დაბრუნებას.
-შენ რატომ არ წაჰყევი? -ხმადაბლა ზუზუნებდა ციცი. ვერ ისვენებდა ერთ ადგილას. -მთელი ცხოვრება... მთელი ცხოვრება იმ კაცის ძებნას შეალიე და ახლა აქ ზიხარ, ასე მშვიდად? რომ მოკლან? გეკითხები! ხომ იცი დადა როგორია?
-როგორია, ციცი? -ნაღვლიანი ხმით ჰკითხა ნუგზარმა. მშვიდი ჰქონდა გული, მაგრამ დანაკარგებით ნაკლული. -მე ნამდვილად მოვკლავდი, იქ რომ წავსულიყავი. ისინი არ მოკლავენ. ვიცი მე ეს. არ მოკლავს ირაკლი, დათო კი ირაკლის არ გადააბიჯებს.
-რა იცი?! გეკითხები! -ფეხზე წამოხტა ციცი, შვილის მანქანამ რომ შემოანათა ეზოში, -ვაიმე, მოვიდნენ...
-ის გოგო ხომ გახსოვს, დიმას ქალიშვილი? -გაოგნებულმა დახედა სავარძელში მშვიდად მჯდომ ქმარს ციციმ, -ეგ არის პასუხი.
-ის გოგო რა შუაშია? დიმაც გარეულია ამ ამბავში?
-ხანდახან როგორ წაუსულელებ ხოლმე, ციცი. -გაეღიმა ნუგზარს, თითქოს თავადაც მოაგონდა ის გრძნობა, რამაც თავისი ძმიშვილი რეალურად ახლა გადაარჩინა, ამ დღეს, ათასი ცოდვის წინაშე მდგომი და არა მაშინ, წლების წინ. -უყვარს ის გოგო ირაკლის.
-დედამ გენაცვალოთ! -ნორმალურად აღარც გაუგია ქმრის სიტყვები, ისე შემოეხვია ორივეს კისერზე. ვერ წვდებოდა მათ სახეებს საკოცნელად ციცის პატარა და კოხტა სხეული. მხრები დაუკოცნა ორივეს.
ირაკლის ვერ უბედავდა ვერასდროს „შვილოთი“ ან „დედით“ მიმართვას, მაგრამ თითქოს იგრძნო ნებართვა ლიზას გაღიმებული სულის, ორი დედის სათქმელი დასცდა ერთს.
თბილად აკოცა ბიცოლას ირაკლიმ, როგორც დედას, რომელიც ვერ შეუცვლიდა იმ ერთს, მის სიკვდილსაც რომ ვერ აღიარებდა საკუთარ თავთან, მაგრამ იმ წამს მანაც შეამჩნია ციცის თვალებში აკრიალებული ლიზას ცრემლებიც.

ცალკე გაიყვანა უმცროსი შვილივით საყვარელი ნუგზარმა.
-რატომ არ მისწორებ თვალს, შვილო? -მკაცრად ჰკითხა. აგრძნობინა, რომ არ იყო ის კაცი, ვისაც თვალები უნდა დაეხარა ვინმეს წინაშე. ასეთად არ გაუზრდია.
-შენ რატომ არ მოხვედი? -გვერდულად გახედა ირაკლიმ. ემძიმებოდა საკუთარი სიმართლე ბიძის წინაშე. ვერ უგებდა ბოლომდე.
-იმ მიზეზით, რა მიზეზითაც აქამდე არ მოვკალი ჩემი ძმის მკვლელი. ყოველთვის ვეძებდი, შენ გგონია, არ ვეძებდი? მაგრამ იცი, როგორ, მამა? პოვნა რომ არ გინდა, აი, ეგრე ვეძებდი. შენ ახლა ხომ არ ფიქრობ, მე მინდოდა შენ ის კაცი რომ მოგეკლა? მე მკვლელად არცერთი გამიზრდიხართ, ღირსეული კაცები მინდოდა ყოფილიყავით და დღეს დაამტკიცეთ ორივემ, რომ კარგად აგითვისებიათ გაკვეთილები. მე რომ მეპოვა და თქვენ რომ პატარები ყოფილიყავით, მე იმ არაკაცს უეჭველად მოვკლავდი. ვერ შევიკავებდი თავს და ვერც ვერავინ მომთხოვდა პასუხს ამის გამო. ღმერთის გარდა. თქვენ იყავით ჩემი პირველი სადარდებელი. პრეტენზია ვეღარ მექნებოდა თქვენს სუფთა ხელებზე, მე თუ სისხლში ვიქნებოდი ამოსვრილი, გესმის? არ ვამბობ, ანგელოზი ვარ-მეთქი, მაგრამ... მაპატიე, თუ შენ ოდესმე გაფიქრებინე, რომ მე იმიტომ არ მოვკალი ის კაცი, შენთვის მინდოდა მემკვიდრეობად გადმომეცა ამხელა ცოდვა. გამისწორე თვალები, თავი ასწიე და ისე გააგრძელე ცხოვრება, როგორც მამაშენის შვილს შეეფერება. შენ ჩემზე ძლიერი ხარ. მე საკუთარი თავის შემეშინდა ჩემი ძმის მკვლელის წინაშე დამდგარის, და უნებურად ეს შიში შენც ჩაგინერგე, მერე დაძლევაში ვეღარ მოგეხმარე, ვეღარ მოგაშველე ხელი. შენ ყველაფერი სწორად გააკეთე, ირა, მამა... იცი, რა დამემართა? შენ რომ გემართებოდა ხოლმე მათემატიკაში, არასწორი მეთოდით რომ ხსნიდი ამოცანას და სწორ პასუხს იღებდი მაინც. ასე შემეშალა მე შენთან. არ იფიქრო არასდროს, რომ შენც აუცილებლად ჩემს გზას უნდა გამოყვე. გულის სიღრმეში სულ შემჭამს იმაზე დარდი, რომ ამ გზაზე სიარულში შევიწირე ჩემი ძმა... პირიქით, ხელსაც კი შეგიშლი ახლა რომ მოინდომო ჩემ გვერდში ამოდგომა. დღეის შემდეგ პირველად შევაბიჯებ მამაშენის საფლავზე სუფთა ნამუსით და პირველად გავუსწორებ თვალს მის ქვას. ვეტყვი, კაცია-მეთქი უკვე შენი შვილი, თანაც რა კაცი... არც მე და არც ის რომ არ ყოფილა, ისეთი. წასვლა გადაგიწყვეტია მოსკოვში, რატომ? -ინტერესით მოწკურა თვალები ნუგზარმა.
-ბავშვობიდან სულ მაოცებდა შენი თვისება, ყოფილიყავი ისეთი ადამიანი, რომელსაც ვერავინ ვერაფერს დაუმალავდა. აქამდე ისე მოვედი... არც ტყუილი და არც დამალული სიმართლე არ ვიცოდი რა იყო. -მოაჯირს დაეყრდნო ორივე ხელით ირაკლი, ცივი ჰაერი ედებოდა კანზე, თუმცა შინაგანად ადუღებდა ნანას დაუმორჩილებლობა, მისი შიში და უნდობლობა. -და... ვინც ყველაზე მეტად მინდა რომ მენდობოდეს, არ ეშინოდეს, არ მიმალავდეს რამეს, მაინც და მაინც ის რატო მიმალავს?
-სხვამ რატო ვერ დაგიმალა, შენი აზრით? -ეშმაკურად გაეღიმა ნუგზარს. ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს ის და დავითი. -ან რატომ არ დაგიმალა... შენ ხომ არ აძლევ დამფარავსაც და სიმართლის მთქმელსაც იმის უფლებას, დაგიმალონ და გაგიმხილონ სიმართლე? სადღაც შენ ხომ დაუმალე, არადა, ხარ შენ სიმართლის დამფარავი კაცი? არ ხარ. მაგრამ შემოგვიჩნდება ხოლმე ადამიანებს ერთი უცნაური გრძნობა, სიყვარული. ხანდახან უდიდესი სისულელეც კი გმირობა გვგონია. ისეთს ვიკადრებთ, რასაც არ ვიკადრებდით ყველასთან, თუნდაც სიმართლის დამალვას, ოღონდ იმან იგრძნოს თავი კარგად...
-ეგ არ არის სიყვარული, ნუგზარ! ნუ იცავ ახლა! -იცოდა ნანას მიმართ ნუგზარის სიმპათიები ულაპარაკოდ. მიუხედავად იმისა, რომ მართალს ეუბნებოდა ბიძამისი, ირაკლის სულ სხვანაირად ესმოდა. -არის რაღაცები, რისი დამალვაც საპატიოა.
-მთავარია იმისი შეცდომა შენს და თავის ღირსებას არ შეეხოს, შვილო, თორე ვინ არის უშეცდომო? ყველაფერი მოგვარდება, ყველაფერი დალაგდება, შენი სუნთქვაც დაწყნარდება.
-იმის ხელში მეეჭვება ეგ. -განაწყენებული ბავშვივით კი გამოუვიდა, მაგრამ ბიძამისთან შეეძლო ყოფილიყო ასეთიც.
-მაგრამ შენ რომ მაინც იმის ხელში გირჩევნია ყოფნა?! გახსოვს, ტატიანა რომ მოგწონდა? ჩვენი მეზობლის შვილიშვილი.
-აი, რამ გაგახსენა ეგ გოგო, -ხმამაღლა გაეცინა ირაკლის. ნუგზარსაც გაეღიმა ცოტა რომ გამოუკეთა ხასიათი.
-მერე რატო გადაიწონე ეგ თუ გახსოვს? -თავადაც ღამეში ჩაფლულ სივრცეს გახედა, -სხვა ბიჭსაც ჩემსავით ეჩხუბაო, ვოვას.
-ბავშვი ვიყავი, ნუგზარ, რას მიხსენებ ახლა?
-ჩემთვის ახლაც ბავშვი ხარ. შენი გიყვარს ბოლომდე, თავისი ქარიშხლებით, ჩხუბით, აყალმაყალით, მთავარია ისიც გთვლიდეს თავისად. ძალიან ნუ გაუბრაზდები ისეთ ადამიანს, ვისაც იცი, რომ ვერ გაუშვებ. სჯი ხომ ახლა, რომ მიდიხარ?
-საკუთარ თავს უფრო. თან რაც მალე ჩავალ და დავბრუნდები, მით უკეთესი. იქაურობა ისე დავტოვე, ვიცოდი, აუცილებლად უნდა გავბრუნებულიყავი უკან.
-ხოდა, ამჯერად აქაურობა დატოვე ისე, რომ ნანამ იცოდეს, დაბრუნდები აუცილებლად.
-იცის.
-შენ მაინც უთხარი.

*
განაჩენამდე დარჩენილი წამებივით ითვლიდა ანდრო ოთარის ნაბიჯებს, სანამ ოთახში შემოვიდოდა. ქორწილი ჰქონდათ დასაგეგმი. ამჯერად არც ღვინის ბოთლით შემოსულა შენგელია და არც თბილი თვალებით. სრული სიმკაცრითა და სერიოზულობით ჩამოართვა ხელი მის წინ მჯდომს და თავადაც მოთავსდა იქვე.
კარგად შეათვალიერა სასიძო.
-აბა, გისმენ. -თითები გადახლართა ერთმანეთში ოთარმა. -ელენემ კი მითხრა, მაგრამ ნახევარი ვერ გავიგე, ისე ნერვიულობდა. შენ გისმენ, ანდრო.
რთული ყოფილა ერთადერთი ქალიშვილის მამისთვის იმის გამხელა, რომ წაყვანა უნდოდა მისი გოგოსი ცოლად. წამიერად დააყენა საკუთარი თავი ოთარის ადგილას და სრულიად გასაგები გახდა მისი შეკრული წარბებიცა და დამძიმებული გამოხედვაც.
იმას, რასაც გვერდი აუარეს წინა საუბრისას ვერ ასცდებოდნენ ამჯერად.
-ჩემი ცოლი მინდა გახდეს თქვენი ქალიშვილი.
-მას? იმას უნდა, რომ გახდეს შენი ცოლი? დარწმუნებული ხარ? -თვალები გამომცდელად დააწვრილა ოთარმა. უცებ შევიწროვდა ოთახი.
-ელენესაც უნდა, რომ მე გავხდე მისი ქმარი. -ოდნავ გაეღიმა ოთარს, სულ ოდნავ, სწორად ნათქვამი სწორი პასუხის მოსმენისას. -მინდა იცოდეთ, რომ... მე ამ ყველაფერს არ ვარქმევ მხოლოდ ცოლის მოყვანას, ჩემთვის ეს გადაწყვეტილება საყვარელი ადამიანის ქმრობის სასიამოვნო პასუხისმგებლობის გააზრებასაც ნიშნავს. თქვენი შვილისკენ გადადგმული ჩემი არცერთი ნაბიჯი არ ყოფილა მსუბუქი და დაუფიქრებელი.
-მარტო მოხვედი.
-იცით, რატომაც მოვედი მარტო. ელენე თქვენი შვილია...
-ერთადერთი, თანაც. -ხაზგასმით ჩაუმატა ოთარმა.
-ჩემთვისაც ერთადერთია თქვენი შვილი. ეს მისი ერთადერთობა მხოლოდ მე და თქვენ გვაერთიანებს, ამიტომაც მოვედი მარტო. მამაჩემის გარეშე.
-და ასე აპირებთ გაგრძელებას? -ცივი გაუხდა ხმა ოთარს. ძალიან წვრილ, მაგრამ შესამჩნევ ხიდზე დადიოდნენ სიტყვები ამ ორ ადამიანს შორის. -ქორწილში არ იქნება მამაშენი? ხომ იცი, მე ყველაფერი ვიცი, ანდრო... იმ კაცის გამო ატირებული სამი ქალი მინახავს, ახლა მისი შვილი ჩემი ერთადერთი... ერთადერთი ნაფერები ქალიშვილის ხელს რომ მთხოვს... თანხმობას პირველივე ლამაზი სიტყვის თქმისას ვერ მივცემ, ხვდები შენ?
-ლამაზი სიტყვები არც შემირჩევია. თუ ჩემი სიმართლე ლამაზად ჟღერს, კი ბატონო, მაგრამ მე სანახევროდ უმამოდ გავიზარდე. მამობას ბიძა მიწევდა, რომლის გამო ატირებული მე ერთი ქალიც არ მინახავს, ამიტომ კარგად ვიცი, რამდენს ნიშნავს დედის მშვიდი თვალები. ქორწილში იქნება მამაჩემი, იმიტომ რომ მამაჩემია. იმიტომ რომ ჩემი პირადი სირცხვილი იქნება მისი სახლში მარტო ყოფნა, როცა ყველა ერთად ვიქნებით. იქნება ისე, როგორც არიან ხოლმე დამნაშავე ოჯახის წევრები თავიანთ შეცდომებთან ძალიან ახლოს. ეს არც პატიება იქნება ჩემი მხრიდან მის მიმართ, არც რამის დავიწყება, არც მისი არეული ნაბიჯების გადაფარვას ვცდილობ, უბრალოდ სხვანაირად არ ვიცი, როგორ აგიხსნათ. ვგრძნობ, რომ არ ვიქნები სწორი თუკი მას სურვილი ექნება ჩემს ქორწილს დაესწროს და მე ავუკრძალო, ხვდებით? მაგრამ ელენეს... -ღრმად შეისუნთქა ანდრომ, -ელენესთვის დიმა არასოდეს გახდება ცრემლის მიზეზი, მან იცის თავისი საზღვარი ჩემთან და ამ საზღვარს მე თვითონ გავუყოფ ჩემს ცოლს. ისე, როგორც გავუყავი ჩემს დებსა და დედაჩემს.
ისე დაკვირვებით უყურებდა მის წინ მჯდომ ახალგაზრდას, როგორც გადაშლილ წიგნს. თავისი ახალგაზრდობა მოაგონდა თითქოს ოთარს და საკუთარ თავს რომ შეადარა იმ ასაკში, მიხვდა, რომ რამდენიმე ნაბიჯით უსწრებდა სასიძო. რომ მის წინ ჩვეულებრივი ოცდახუთი წლის ბიჭი არ იჯდა, ინერციით რომ ცდილობდა ცხოვრების ახალ ეტაპზე ელენესთან ერთად გადასვლას. ის ხედავდა კაცს, რომელიც თავისი ოჯახის ნანგრევებზე იდგა ახალი აგურებით ხელში და კარგად იცოდა მშვიდი ოჯახის ფასი.
-რას საქმიანობ? ელენეს ისეთი პროფესია აქვს არჩეული, ჯერ-ჯერობით ხელს ვერ შეგიწყობს, თვითონ უფრო სჭირდება ახლა ხელშეწყობა, რომ წარმატებული პროფესიონალი გახდეს.
-მე და ბიძაჩემს ავტომობილების ბიზნესი გვაქვს, ელენე ჩვეულებრივად განაგრძობს სწავლასაც და მუშაობასაც.
-ანუ დიმას საქმეებში არ ხარ ჩართული?
-არა. არც თვითონ ჰქონია მცდელობა და არც მე მაქვს სურვილი.
უაზრო სიტყვების რახარუხი იქნებოდა შეკითხვების იმ გრძელ სიას რომ მიჰყოლოდა ოთარი, წინა ღამით საგულდაგულოდ რომ შეადგინა, როგორც კი ელენემ ახალი ამბავი გააგებინა დედ-მამას.
-მოკრძალებული ქორწილი არ გამაგონოთ! ჩემს ერთადერთ ქალიშვილს, ხო, ერთადერთს მე ასე უცერემონიოდ... ვერ გაგატან!
ასე გაუფერულდა ქორწილის ვიწრო წრეში აღნიშვნის იდეა. თორმეტ თებერვალს ჩანიშნეს.
-თორმეტამდე რა უნდა მოვასწრო?! -ვერ ისვენებდა ვაკო, ათასი სადარდელი შემოსწოლოდა, -გეკითხებით, რა მოვასწრო თორმეტამდე? უკვე ათი იანვარია!
-შენ რომ დაწყნარდე არ შეგიძლია? -ბედნიერად შეექცეოდა ილიკო მოპარულ იოგურტს. -ელენეა ბოლოს და ბოლოს პატარძალი თუ შენ?
-შენ ჩემი მღელვარებისაც რომ არ შეგშურდეს, არ შეიძლება? ის გოგო არ გამოჩენილა მერე? დაიჭირეთ სტალკერი? -იმ თემას მიუბრუნდა ისევ საკანდელიძე.
-დავიჭირეთ კი, -უცერემონიოდ განაცხადა ვაკოსთვის იმ ეტაპზე საქორწილო სამზადისზე მეტად საინტერესო ამბავი.
-მითხარი, რა ქვია, რატო მახვეწნინებ? ვერ შეხედე, როგორ მიყურებდა? იმასაც მოვეწონე და რატომ გინდა ჭეშმარიტ სიყვარულს აღუდგე?
-ილიკო, უთხარი რა, -შეწუხდა ნანაც.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სხვა სასაუბრო თემა არც გარჩეულა მათ სამეგობროში. ყველა ხაზგასმით არიდებდა თავს ირაკლის სახელის ხსენებას. გაურკვეველი იყო იმ ორს შორის რა ხდებოდა და მიუხედავად შეუკავებელი ინტერესისა, მაინც ცდილობდნენ ნაღმზე არ დაედგათ ფეხი და ისედაც გაგიჟების პირას მყოფი ნანა უარესად არ აეფეთქებინათ.
-რატომ უნდა გითხრა? რას მივიღებ სანაცვლოდ? -გულზე გადაიჯვარედინა ხელები. მოსწონდა საკანდელიძის წამების ყურება.
-რომ გემეგობრები ეგეც კი ზედმეტი ძღვენია შენთვის, ამიტომაც ვეცდები აღარ დაგამადლო ხოლმე ჩემ გვერდით გავლა. გაწყობს?
-კარგი, ანუ არ გაინტერესებს იმ გოგოს სახელი და გვარი. -უემოციოდ ჩააჩერდა ტელეფონს.
-გეყოფათ! -ისე შეჰკივლა ელენემ, ყველას გული შეაცივდა საგულეში. დაფეთებულებმა გახედეს გადაფითრებულს, -გუშინ მთელი ღამე არ მეძინა! ერთ თვეში ქორწილი მაქვს! კაბა ჯერ კიდევ არ ამირჩევია! არც თმა, არც ფეხსაცმელი! თქვენმა კინკლაობ დამღალა! უთხარი დროზე იმ გოგოს სახელი და დამასვენეთ!
-ელე... სულ არ მოვიყვან ცოლს, ოღონდ შენ დაწყარდი... -ჰაერში გაასავსავა ვაკომ ხელები. -იცი რა მაგარ სტილისტს ვიცნობ? მთელს თბილისში მაგაზე მაგრად ვერავინ გაგპრანჭავს. დეიდაჩემის დაქალს აქვს საქორწილო კაბების შოურუმი, იმასთან წაგიყვან. მთლად „ელი სააბს“ და „ზუჰაირ მურადს“ ვერ გაწვდება შენი ხელმოკლე ქმარი, მარა...
-დაგიმოკლებ შენ მაგ ენას, -მოჩვენებასავით წამოადგათ თავზე ანდრო. ადგილზე შეხტა საკანდელიძე და დაიჭყანა უშნოდ. -რაზე ნერვიულობ?
ორივე ხელში მოიქცია ელენეს დანაღვლიანებული და ანერვიულებული სახე. ყველა პრობლემა უეცრად შემოეცალა შენგელიას გულს, მაგრამ აეტირა მაინც.
საშინლად ღელავდა. რამე ისე რომ არ გამოსულიყო? თმა რომ დაეწვათ და ყველას დაეცინა მერე? ქორწილამდე რომ გასუქებულიყო და კაბაში ვეღარ ჩატეულიყო? ფეხი რომ მოეტეხა? კაბა საერთოდ რომ ვერ ეპოვა?
იმდენი კითხვა ამოუხტა თავში ერთდროულად, რომ ენა ვეღარ მოიბრუნა რამის სათქმელად.
-არაფერი, -ზურგზე შემოხვია ხელები და გულზე დაადო თავი. დამშვიდდა ოდნავ. -სად იყავი ამდენ ხანს?
-ელე... -აივანზე გავიდა მისიანად. სწრაფად მოიხურა კარები და ისევ ჩაახედა თვალებში, -რატო განიცდი ასე ძალიან? გინდა გადავდოთ?
-შენ გინდა რომ გადავდოთ? -თვალები გაუფართოვდა შენგელიას. გაეღიმა ანდროს. -რა გაცინებს? თუ არ გინდა ჩემი ცოლად მოყვანა, ახლავე თქვი, გადადება რაღა საჭიროა! გადავდოთო!
-გოგო, ყველაფერი ისე მინდა რომ იყოს, როგორც შენ გინდა. თუ შენი სურვილების ახდენა ვერ ესწრება მანამდე...
-გოგოს რატო მეძახი? ბარემ ქალო დამიძახე! აუ, როგორ ვერ ვიტან... -ცხვირი შეჭმუხნა სასაცილოდ.
თავი უკან გადახარა ანდრომ და გაიცინა ხმამაღლა. მერე ღრმად შეისუნთქა ჰაერი და რომ გასწორდა ისე უცებ აკოცა გაწიწმატებულ საცოლეს, ელენემ ვერაფრის გააზრება ვერ მაოსწრო. ცხელი წყალივით გადაევლო თავზე ანდროს შეხება და მოხვეული მკლავები.
-არ დაგიძახებ თუ არ მოგწონს, -ხმაურიანად აკოცა ლოყაზე.
-ერთხელ ვთხოვდები და აღარც ვინერვიულო? აღარც ვიჩხუბო?
-ისე ნუ იზამ ქორწილამდე გაგითეთრდეს თმა. მერე იტყვიან, ბიჭი ჯობიაო.
-რაო? -ლამის თვალები გადმოსცვივდა ელენეს, -ასე იტყვიან?
-რა იყო, გეწყინება? კარგი ქმარი რომ გეყოლება...
-ანუ მე აქ ერთი თვე იმისთვის უნდა ვემზადო და ვინერვიულო, რომ მერე ვიღაცებმა თქვან ბიჭი ჯობიაო?
-შენ არ გეძინა ხო წუხელ? -ორივე თვალზე აკოცა. -დაისვენე ახლა. გამოიძინე.
-შენ რა ქენი? გიგის ხომ დაელაპარაკე? -უცებ მიამშვიდა მისმა მზრუნველობამ. იმ აივანზე, სადაც ისინი იდგნენ, საერთოდ არ იგრძნობოდა იანვარი. -ქეთიც რომ იქნება, ხომ იცის?
-იცის. ნუ ნერვიულობ. -თმებში შეუძვრა ცხვირით.
-ირაკლი ხომ ჩამოვა?
-ჩამოვა.
-ნანამ იცის? ღმერთო, ამდენი შესარიგებელი წყვილია და ჩვენ რომ ქორწილი გვაქვს, ცოტა მეუხერხულება!
-არ ვიცი, ნანა და ირაკლი გაარკვევენ თავისას, გიგი და ქეთი მოაგვარებენ თავისას, ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი, კაი? მორჩი ნერვიულობას? ერთ ჭაღარას ვხედავ უკვე...
-მე კიდევ შენ მომავალს ვხედავ,- წარბებშეკრულმა ახედა ეშმაკურად მომღიმარს, -მარტოხელა ხარ პირდაპირი და ირიბი გაგებით.
-ნამდვილად მე მხედავ? -ლოყაზე აკოცა ისევ, -აბა კიდევ ერთხელ დაფიქრდი, ლიფონავაა იქნებ, ან ის მეორე გადარეული.
-ბოდიში, მყუდროებას რო გირღვევთ, -თავი გამოყო ნანამ სახლიდან, ტელეფონი მიედო ყურზე თან, -ანდრო, ევას ხო არ უთქვამს სად არის?
-მეგობრებთან მივდივარო სადღაც კაფეში. რა იყო?
-რომელ კაფეში მიდიოდა მეგობრებთან, ანდრო? -თვალები დააწვრილა ნანამ.

ჩადუნელების უმცროსი და, ქალბატონი ევა, ვერაზე ერთ-ერთ პატარა კაფეში შეყუჟულიყო მომხიბვლელ პატარა ბიჭთან ერთად და ისე შესციცინებდნენ ერთმანეთს თვალებში, საერთოდ ვერ ამჩნევნდნენ ლამის ვიტრინაზე აკრულ ლიფონავასა და საკანდელიძეს.
-ამას არ ვიცი რას ვუზამ! -ჩაიბურდღუნა ილიკომ და ის-ის იყო ქარიშხალივით აპირებდა კაფეში შეჭრას, ვაკომ რომ ჩაავლო ხელი.
-გაგიჟდი? წამო უკნიდან შევიდეთ, ვნახოთ ერთი რა ბიჭია.
-რა დროს ამის ბიჭებია? ვანახებ მე მაგას, როგორ უნდა...
-ო, თინეიჯერია, რა მოხდა? წამო, წამო.
სამზარეულოს მხრიდან დიდი ხვეწნა-მუდარისა და მიმტან გოგონასთან თვალების გახელებული ჟუჟუნის შემდეგ, როგორც იქნა შეძვრნენ კაფეში და ისეთ ადგილას დასხდნენ, კარგად რომ დაენახათ სამიზნე აუდიტორია.
ვიღას ახსოვდა ევა და მისი ახლადგამოჩეკილი სატრფო, სახე გაუშტერდა ვაკოს, მერე შვებით გაეღიმა და ეშმაკურად გახედა გაწიწმატებულ ლიფონავას.
-ხომ გითხარი, ბედია-მეთქი? -თვალებით ანიშნა იმ მაგიდისკენ, სადაც მარტო იჯდა ის ქერათმიანი, მისი სახელის გამხელას რომ მთელი ათი დღე ეხვეწებოდა ილიკოს, და ლეპტოპში რაღაცას ბეჭდავდა საქმიანი გამომეტყველებით. -შემოგეპარა სიძაბუნე, ლიფონავა? აღარ მჭირდები!
-სად მიდიხარ? -ქეჩოში უნდოდა ჩაევლო, მაგრამ დაუსხლტა საკანდელიძე.
-ევას მიხედე შენ, მოვალ შუსტრად.
სანამ ლიფონავა პირის გაღებას მოასწრებდა, ვაკო უკვე მოხდენილად წამოსდგომოდა თავზე საქმით გატაცებულ გოგონას. ოდნავ შეიშმუშნა, არ უნდოდა უკითხავად დამჯდარიყო მის წინ თავისუფალ სკამზე, სწორედ ამ დროს ამოხედა ქერამ.
-ბედის გჯერა? -როგორც კი თვალებით კავშირი დაამყარა, მაშინვე ჰკითხა თაფლისფერთვალებას. იმას ჯერ გაუკვირდა, მერე აშკარად ამოიცნო ეს ყმაწვილი პოლიციის განყოფილებიდან და უცნაური გამომეტყველება გამოესახა ლამაზ სახეზე.
-ბატონო?
-ბედის გჯერა-მეთქი? -მოთმინებით გაუმეორა, ისეთი ანერვიულებული და მომხიბვლელი ღიმილი ჰქონდა ვაკოს, ვერავინ შეიტანდა ეჭვს მის გულწრფელობაში. თითები აათამაშა გოგონას წინ ცარიელი სკამის საზურგეზე.
-მსგავს თემებზე უცნობებთან საუბარი მაშინებს. -თვალებით კავშირს არ წყვეტდა ისიც, გაურკვეველი იყო მისი ემოცია.
-რაინდობაში ნუ ჩამომართმევ, მაგრამ ჩემინაირი გაქანების ტიპთან ნურაფრის შეგეშინდება. ის მანიაკი ხომ გახსოვს? მე დავაჭერინე ჩემს მეგობარ პოლიციელს.
-შენ დააჭერინე, -წარბები აზიდა გოგონამ, ღიმილს ვეღარ უყრდიდა თავს.
-დიახ, აბა, ის რისი მაქნისია? -ლიფონავასკენ გაიქნია ხელი, -ათი დღეა ვევედრები შენი სახელი და გვარი მითხრას და ვერ გამოვტეხე.
-კარგი პოლიციელი ყოფილა. სანდო.
-ეგრე გეგონოს! ეს უბრალოდ ჩემი გამწარება მოსწონს, მაგრამ ჩაუვარდა კოვზი ნაცარში. ჩემი ბრალია, ილია ლიფონავას რომ დავაჭერინე ბედის კალამი ხელში და უფლება მივეცი ჩემი ბედისწერით ასე ეთამაშა! მაგრამ ხომ ხედავ, უმაგისოდაც შევხვდით ერთმანეთს. ხოდა, გჯერა ბედის?
გაოგნებული მისჩერებოდა გოგონა, მერე ჩაიცინა და დახურა ლეპტოპის ეკრანი. ორივე ხელებით დაეყრდნო მაგიდას. გამომცდელად შეხედა.
-სამყარო დამთხვევებითაა სავსე. ვინ იცის, იქნებ შენი ბედისწერა ჩემთვის უბრალოდ საინტერესოდ მოსასმენი ამბავია?
-არავითარ შემთხვევაში, -თავი გააქნია ჯიუტად ვაკომ, -ბედია-მეთქი.
-კარგი, იყოს ასე, -მხრები აიჩეჩა. წასასვლელად ემზადებოდა.
-მოიცა, მთანხმდები? -ყურებამდე გაიკრიჭა საკანდელიძე. უკან ლიფონავა წარბშეკრული მისჩერებოდა ჯერ ერთ წყვილს, მერე - მეორეს.
-რაზე? -ქურთუკს იცვამდა უკვე, მშვიდად უღიმოდა. თმა ამოიყარა და ღილების შეკვრა დაიწყო თხელი, ქათქათა თითებით. ისეთი ლამაზი სანახავი იყო, ლამის სათქმელი დაავიწყა ვაკოს.
-ჩემი ბედი რომ ხარ, მაგაზე.
-შენ პოლიტიკოსი ხარ? -ჩაეცინა გოგონას, უკვე ლეპტოპს დებდა ჩანთაში.
-რამ გაფიქრებინა? -თვალები გაუფართოვდა ვაკოს განცვიფრებისგან, ქერას ღიმილი.
-ისე, -მხრები აიჩეჩა, გასვლას აპირებდა უკვე. -ოსტატურად ცდილობ ჩემს დარწმუნებას.
ზედმეტად არ უახლოვდებოდა ვაკო, იმხელა დისტანციას იცავდა, რომ მათ შორის ჩატეულიყო უცნობობაც, პატივისცემაც და გაცნობის სურვილიც.
-კიდევ ბედის იმედად გავაგრძელო ცხოვრება, თუ მეტყვი რა გქვია? მე ვაკო.
-ლიზა.
-საკანდელიძე. -კმაყოფილმა გაუღიმა კარისკენ წასულს.
-სტურუა.
გაბღენძილი მიბრუნდა ლიფონავასკენ, ცოტაც და თავზე რომ წამოადგებოდათ წყვილს.
-მე შეყვარებული მყავს, -პატარა ბავშვივით შეახარბა, გაბრწყინებოდა თვალები, -თანაც მეგრელი! გშურს?
-წავედით, -ფეხზე წამოდგა ლიფონავა, როცა „წყვილი“ გარეთ გავიდა.
ისე მოაწყეს ყველაფერი, თითქოს შემთხვევით შეხვდნენ ევას და თავის ახლადგამოჩეკილ გულის სწორს.
-ევა? -ოსტატურად შეიცხადა ვაკომ, ეჭვისთვალით გადახედა ბიჭს, თავი დამნაშავედ აგრძნობინა თითქოს ევას გვერდით დგომის გამო. -რა ხდება?
-თქვენ აქ რა გინდათ? -თვალებში ეტყობოდა პატარა ეშმაკს, რომ არ სჯეროდა ამ „შემთხვევითობის“.
-საქმეზე გამოვედით. -გასაცოდავებულ ბიჭს არ აშორებდა თვალებს ილიკო. -არ გაგვაცნობ მეგობარს?
განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ბოლო სიტყვას.
-თემო სამჭკუაშვილი, ჩემი...
-მეგობარი. -დასრულება არ დააცადა ვაკომ, თითქოს არ გაბედოო იმ ავბედითი წოდების ამ ყმაწვილისთვის მინიჭება.
ერთმანეთს ისე გადახედეს ვაკომ და ილიკომ, ბიჭი ერთიანად წამოწითლდა სახეზე. აორთქლება ინატრა იქედან.
-სამჭკუაშვილი. -გაიმეორა ლიფონავამ, ორივეს აეწვათ ცოტა ხნის წინ მოხვედრილი ხელი.
-დიახ, -კისერი დაიგრძელა ბიჭმა. თითქოს ყელში ამოუვიდა საკუთარ გვარს მოყოლილი რეაქციები.
-დაემშვიდობე მეგობარს, ევა.
*
გამეხებული დაუხვდა სახლში უფროსი და ევას. წარბებშეყრილი და გულზეხელებდაკრეფილი ელოდა სამზარეულოში. იქაურობას ისეთი მძაფრი ყავის სურნელი ასდიოდა, რთული მისახვედრი არ იყო, რომ ნანა კარგად ემზადებოდა მოსალოდნელი დიალოგისთვის.
-ანდრო არ არის სახლში ჯერ. -მიხვდა, ვისაც ეძებდა თვალებით ევა, თავის ერთადერთ გადამრჩენელს, და მაშინვე გაუქრო ამ დიალოგის თავიდან აცილების მკრთალი იმედი ნანამ. -შენს ადგილას არც მენდომებოდა, რომ იყოს.
-რატომ?
-რას აკეთებ შენ, ევა? -პირდაპირ გადავიდა საქმეზე. აქამდე თუ მეგობრულად ცდილობდა დასთან მსგავსი საკითხები მოეგვარებინა, ამჯერად აშკარად სხვა სტრატეგია ჰქონდა ამორჩეული.
ევაც არ იყო დაჩვეული ნანასგან სიმკაცრეს, გულზე უსიამოვნოდ მოუღიტინა მისმა გამეხებულმა თვალებმა.
-რას ვაკეთებ? -იხტიბარი არ გაიტეხა მაინც.
-არ გინდა ახლა თავის მოსულელება, კარგად იცი, რაზე გესაუბრები. ანდროს რომ ეძებ თვალებით საშველად, შენ რა გგონია, ის მოგიწონებს ბიჭებს რომ ასე დაყვები პაემნებზე და ჩვენ თვალებში ნაცარს გვაყრი?
-ვინ ბიჭებს დავყვები, ორჯერ ვიყავი სულ! რატომ აჭარბებ? აბა, რა გავაკეთო, სახლში დავჯდე და დაველოდო, თქვენ ჩემთვის როდის მოიცლით?
-სახლში ჯდომას არავინ გაძალებს, -საკუთარი თავის მოთოკვას ცდილობდა ნანა. -ვიცი, რომ სათანადოდ ყურადღებას ვერ გაქცევდით ეს დღეები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი საქციელი სწორი და მისაღებია. რომელმა გაგრძნობინეთ, რომ შეყვარებული არ უნდა გყავდეს, ან რომელმა დაგიშალეთ მეგობრებთან გართობა?
-ტრაგედიას ნუ ქმნით, დღეს აღარავის უკვირს „დეითებზე“ სიარული, ეგ შენ დასდევ იმ ბიჭს კუდში და ერთხელ ვერ...
-კარგად დაფიქრდი, სანამ დაამთავრებ მაგ წინადადებას. -ცივად გააწყვეტინა ნანამ, არ მისცა არასწორის თქმის უფლება, -რახან „ყველა“ შენი თანატოლი ფრჩხილის ლაქზე სწრაფად იცვლის შეყვარებულს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენც იმათ რიგებში უნდა ჩაეწერო. ეგეთი ხარ? ტრენდს აყოლილი? იცი, როგორ დაგწყდება გული რომ გაიზრდები, უკან მოიხედავ და ვერც კი გაამხელ ისეთ ტიპებთან იქნები მაგ შენს „დეითზე“ ნამყოფი?
-მარიტა...
-არ მაინტერესებს მარიტა! თუ ვინმე იმით გეტრაბახება, რომ ნახევარი თბილისი მას ახევს კალთებს და პაემნებზე ეპატიჟება, საერთოდ არაფრად არ უნდა ჩააგდო ესეთი გოგო. იმისი მეგობრობაც კი არ უნდა აკადრო თავის თავს, ვინც ნებისმიერ ბიჭს მისცემს თვალის გასწორების უფლებას. აქედანვე ირჩევ, როგორი გოგო იქნები მთელი ცხოვრება, ევა, ბიჭის მძებნელი, თუ სიყვარულის. როდიდან ვუმალავთ ერთმანეთს ასეთ რაღაცებს? თუ ვინმე მოგწონს, კი ბატონო, მაგრამ მეწყვილის პოვნა შენ ბაზრობაზე სიარული ნუ გგონია. ნებისმიერთან ყოფნას მარტო ყოფნა გერჩიოს ყოველთვის. იცოდე, ზუსტად ისეთი გოგო გამოჩნდები სხვების თვალში, როგორ ბიჭსაც გაუყადრებ თავს. და ხო, მე და ირაკლი არ ვყოფილვართ პაემანზე, თუ ეგ ზურგში დანის ჩასარტყმელი მასალაა შენთვის. რაღაცებს თუ არ გიყვები, მხოლოდ იმიტომ, რომ არ მინდა შენ ინერვიულო და არა იმიტომ, რომ გამხელის მრცხვენია. ყველაფერი ყოველთვის „სხვა გოგოებივით“ არ გამოვა, იმიტომ რომ მე არ ვარ სხვა გოგო და არც ირაკლია ნებისმიერი ბიჭი. ნურც შენ იქნები ნებისმიერი გოგო სხვა ბიჭისთვის.
-ანდროს ნუ ეტყვი, -დაღონებული ჩამოჯდა მაგიდასთან, ცოტაც და ტირილს დაიწყებდა ისე ეტკინა გული საკუთარი სისულელეების გამო. -მე უბრალოდ... არ ვიცოდი რაზე ვფიქრობდი... სხვა სალაპარაკო ამათ არაფერი აქვთ... იმან ის მაჩუქა, იმან იქ დამპატიჟა და მეც მინდოდა.
-სხვათაშორის ნებისმიერობა მეგობრებზეც ვრცელდება. -ჩაი დაუდგა წინ, წეღან მომზადებული პიცაც დაუჭრა. მის მკაცრ ხმას მზრუნველი ქმედებები ანეიტრალებდა. -მარტო იმიტომ ნუ მიიღებ სულელურ გადაწყვეტილებებს, რომ მერე შენს სადაქალოში ჭორაობის თემების არჩევისას შენი ამბავიც მოსმენის ღირსად ჩათვალონ. არ ვეტყვი ანდროს, მაგრამ თვითონ თუ რამეს გკითხავს, სიმართლე უთხარი.
-ანუ შენ და ირაკლი არ ხართ ნაჩხუბრები? გავიგე, საქორწილოდ ჩამოდისო... -ეშმაკურად გადაიტანა თემა მისთვის საინტერესოზე.
-ვართ ნაჩხუბრები.
-შეიძლება გავიგო, რატომ? არ ვინერვიულებ, გპირდები. -გულზე ხელი დაიდო ევამ.
ჩაეცინა ნანას და ჩამოუჯდა თვითონაც მაგიდასთან.
-არ ვიცი, საიდან დავიწყო.
-მე ვიცი. შენც დაძაბული ხარ და ისიც. ირაკლის რო მშობლები მოუკლეს, მკვლელს ეძებდა და შენთან ისე ვერ გამოხატა, როგორც საჭიროა. შენ, როგორც გოგოს ამის დანაკლისი გქონდა, იმიტო რო გაფანატებს მაგ ბიჭზე.
-ნუ იყენებ ასეთ სიტყვებს, საერთოდაც არ მაფანატებს. -საკუთარ თავს შეახსენა ნანამ, რომ საშინლად ბრაზობდა ირაკლიზე.
-როგორ არა, ერთი ფიცხელაზე გაფანატებდა ბავშვობაში ეგრე, „წუნა და წრუწუნას“ რომ ვუყურებდით და მეორე ირაკლიზე! -გადაიკისკისა ევამ. -ხოდა, რას ვამბობდი... ხო! გულის სიღრმეში გაწუხებდა ეგ ფაქტი, ნაკლები სიახლოვე რომ გქონდა მასთან და მეტი ჩხუბი, იმასაც აწუხებს დარწმუნებული ვარ და ძალიან ცდილობს. რომ წავიდა, ეგეც მისი მცდელობის ნაწილია... რომ დრო მოგცეს დასამშვიდებლად და დასაფიქრებლად, თვითონაც დალაგდება და ისეთი გახდება შენთვის, როგორიც უნდა რომ იყოს. თან თავსაც მოგანატრებს... მაგრამ შენ უკვე მოგანატრა, ხო?
-აი, ამდენ რამეს ხვდები და იმდენს ვერა, რო ვიღაცა სამჭკუაშვილთან არ წაეხეტო პაემანზე ჩემი მეგობრის კაფეში?
-ვაიმე, ეგ კი არა, ვაკუნა შეხვდა თავის ბედს იმ კაფეში! -ისევ ოსტატურად გამოცვალა თემა ევამ, ნანასაც გაუკვირდა.
-ამოთქვა ბოლოს და ბოლოს ილომ იმ გოგოს სახელი?
-არა, შემთხვევით გადაეყარა. მთელი გზა ყველა ეკლესიასთან პირჯვარს იწერდა და ღმერთს მადლობას ეუბნებოდა, ლიფონავას ვალში რომ არ ჩამაგდე და შენით შემახვედრე ის გოგოო.
-ხვდები ახლა, საიდან უნდა იწყებოდეს შენი სტანდარტები?
-ვხვდები ხო. -ჩაიბურტყუნა თავისთვის. -ბოდიში. ელეს მეჯვარე როდის ჩამოდის საფრანგეთიდან?
-საგამოცდო პერიოდი აქვს ნუცას, ქორწილის წინა დღეს ჩამოვა. -თავისთვის ჩაიბურტყუნა ნანამ. ერთ თვეზე ცოტა ნაკლები დრო რჩებოდა ქორწილამდე.
*
მთელმა თბილისმა გაიგო, რომ ანდრო ჩადუნელს ელენე შენგელია მოჰყავდა ცოლად.
მხოლოდ ერთ ადამიანს თუ იპოვიდით ამ ამბით დამწუხრებულსა და გულდამდუღრულს, ელენეს კორპუსის წინ რომ იდგა მხრებჩამოშვებული, ბუდედაკარგული ბეღურასავით და სიგარეტის კვამლი უფარავდა ნაღვლიან სახეს.
შორიდანვე შენიშნა ნანამ გუგა ქარდავა, რომელიც ისე შორს და უგზოუკვლოდ გადაკარგულიყო განმავლობაში, აღარც ის გახსენებია ვინმეს და აღარც მისი გრძნობები ელენეს მიმართ.
გუგასკენ გასროლილი მაშხალასავით გავარდა ნანა. გაღიზიანებულმა აიქნია ხელი, სიგარეტის კვამლი რომ გაეფანტა. გაეღიმა გუგა ქარდავას, თვალებში შავი უბედურება ჩასდგომოდა.
-რა გინდა შენ აქ? -ყვირილით მიახტა გამარქაფებული ძველ ნაცნობს. მკლავში ჩაავლო და გაათრია ბაღის კიდეში, ელენეს ფანჯრიდან რომ არ დაენახათ ვინმეს. -გაგიჟდი?!
-არ დამპატიჟებთ ქორწილში? -ნაგვის ურნაში ჩააგდო სიგარეტის ნარჩენები, ისეთი გატეხილი ჰქონდა ხმა და მზერა, გულით შეებრალა ნანას.
მართლა უყვარდა გუგას ელენე. მაგრამ ელენეს არ უყვარდა გუგა და ზოგადად, მისნაირები.
-ამრევაძე, ნერვებს ნუ მიშლი! ახლა... შენი ახლა გამოჩენა არასწორია, გუგა.
-შენი ნახევარძმა ყოფილა, რა საინტერესო ისტორიაა. მე მიწუნებდა მთელი ოჯახი, დედამისი დასანახავად ვერ მიტანს და შენმა ძმამ რით მოაწონა თავი? ღარიბს მაინც ქურდის შვილი ჯობია, ხო?!
-ახლა ნუ გაუტიე შენ! -ცხვირწინ აუფრიალა საჩვენებელი თითი ნანამ, აქამდეც არაერთხელ მოსვლია კამათი ქარდავასთან, მაგრამ ახლა სხვა იყო. -იცოდე, არ გაბედო მეორედ მათზე ასე ლაპარაკი, ჩვენი საერთო ბავშვობის ხათრით... შენც კარგად იცი, რომ ელენეს ოჯახი არაფერ შუაშია, შენთვის არასდროს მოუცია ელენეს იმედი. რას აკეთებ, ახლა რომ ეცხადები? რა გინდა?
-ერთხელ მინდა ვნახო, როგორც ელენე და არა სხვისი ცოლი. -სუნთქვა შეეკრა ნანას.
მხოლოდ შეყვარებული ადამიანი მიხვდებოდა, რა ტრიალებდა გუგას გულსა და თვალებში.
-გუგა... -ხმა ჩაიწმინდა, დაიდაბლა, შეურჩია შესაბამისი ტონი. -შენ ხარ ძალიან კარგი ბიჭ...
-გეხვეწები, ახლა დამშვიდება არ დამიწყო, თორე ამ ნაგვის ურნაში ჩავყოფ თავს! -გაეღიმა. ცოტა შეცვლილიც კი მოეჩვენა ნანას. მისი სიანცე და მოუსვენრობა გამორჩეულად რომ ახასიათებდა სკოლის ასაკში, სადღაც გამქრალიყო. -იცი, რატო წავედი? შენი აზრით, სად ვიყავი... ამდენ ხანს? ვმუშაობდი. იმ... იმ ჯურღმულიდან ამოსვლა მინდოდა, სადაც ვცხოვრობდი, სადაც ელენეს ვერ შევიყვანდი, საიდანაც იმედი არ მოჩანდა. ამოვედი და რა...
სიმწრით ჩაეცინა გუგას. თავზე ნერვიულად გადაისვა ხელები. ნაშრომი ხელები. თვალები მიეხუჭა ნანას ტკივილისგან.
-ვისი სურათიც გულის ჯიბეში მედო, ვისაც ყოველ საღამოს ვუყურებდი ჩემი თავისთვის პატიოსანი შრომის მიზანი რომ შემეხსენებინა, ის ახლა სხვა ტიპზე თხოვდება საერთოდ! თან როგორზე...
-ანდროზე არაფერი იცი შენ!
-შენ რა იცი? გეკითხები, ახლა გახდა შენი ძმა? ლიფონავა რო გიწევდა ძმობას, ის რო დაათრევდა თქვენს ჩანთებს სკოლიდან სახლამდე და სახლიდან სკოლამდე, ის სად იყო მაშინ?
-ჩვენზე ოცნებობდა. დედმამიშვილებსა და ოჯახზე, -ცივად გააწყვეტინა ნანამ, განუზომელი სიძლიერის მონსტრი უსახლდებოდა სხეულში, როდესაც ანდროს დაცვაზე მიდგებოდა ხოლმე საქმე. -არ იცოდა, რომ დები ჰყავდა და ეს შენი დასაცინი მასალა არ არის, გუგა! ელენესგან რას ელოდები? ოდესმე იმედი მოგცა, ოდესმე ხელმოკლეობა დაგისახელა შენი უპასუხო გრძნობის მიზეზად? ეს შენ მოიგონე პრობლემა და შენვე შეუდექი მისი გადაჭრის გზას, როგორმე იმედი რომ მიგეცა საკუთარი თავისთვის. შენ რა გგონია, ელენე ეგრე დაბლაა, ეგრე იაფია მისი ღირსება, რომ ფულით იყიდი მის სიყვარულს? შენ სულ არ გცოდნია ელენე, გუგა! საკუთარი ქორწილის ჩაშლას უფრო მარტივად დაგანებებ, ვიდრე ჩემი ძმის და ბავშვობის მეგობრის... ერთი ცრემლი რომ დაადინო ელენეს, იცოდე, შენს ყველა პატიოსან ნაბიჯს ხაზს გადაუსვამ.
-ნახვა მინდა, მეტი არაფერი. -ცრემლების თხელი, პრიალა აპკი გადაეკრო გუგას შავ თვალებს. მზერა მოარიდა ნანას.
-არა, უარესია ახლა. ქორწილის წინა დღეს არ ნახავს კაცს, რომელიც მასზეა შეყვარებული და მისი საქმრო არ არის. ძალიან ვწუხვარ, მართლა, მაგრამ... ასე არ შეიძლება. ეს არ არის სწორი. ახლა მეც ძალიან ცუდ მდგომარეობაში მაყენებ და საკუთარ თავსაც.
-ჩემთვის ამაზე უარესი აღარ არსებობს, ნანა.
-ამაზე ბევრად უკეთესი გელოდება. აუცილებლად იპოვი ისეთ ადამიანს, რომელიც ისეთს დაგინახავს, როგორიც ხარ, იმ ჯურღმულშიც ჩამოგყვება ყველაზე მაღალი მწვერვალიდან ჩამოვარდნილს. ყველასთან უბრალოდ არ გამოდის, იმიტომ კი არა, რომ ცუდი ადამიანია, უბრალოდ... ვერ. გთხოვ, წადი და სხვაგან ეძებე შენი ბედნიერება.
-სხვაგან.. -ირონიულად ჩაეცინა, იქნებ საკუთარ თავს დასცინა უფრო. -სხვაგან არ... სხვაგან ვერ...
თავისთვის ჩაილაპარაკა, მერე მთელს სამყაროზე გაბოროტებულმა ტროტუარზე მიგდებულ კენჭს გაჰკრა ფეხი, ჯიბეებში ჩაილაგა ხელები და ნელა დაუყვა იმ გზას, რომელიც შორს მიდიოდა ელენეს სახლიდან, მაგრამ არც იმდენად, უკან რომ ვეღარ გამოეგნო...
უეცრად გათოვდა თერთმეტი თებერვლის საღამოს. ყველა ცოდვის, ყველა ლაქის გადაფარვა მოისურვა ბუნებამაც ორი მართალი ადამიანის საერთო გზის გასასუფთავებლად.
სადღაც, ლამპიონის ყვითელ შუქთან ახლოს, მიწაზე დაცემამდე ლღვებოდა მშვიდობის იმედით მოლიცლიცე თოვლის ფანტელი...

დიდი ხანია ამ სახლში არ ყოფილა. აქაურობაც ისევე გახვეულიყო მისტიურ ბურუსში, როგორც ის მეოცნებე ბავშვი, მამის გაცნობას რომ იფიქრებდა ნატვრად ყველა დაბადების დღეზე ტორტის სანთლების ჩაქრობისას.
იცოდა, რომ სახლში იყო დიმა და ისიც იცოდა, რომ ელოდა. რაც სოფო წამოიყვანა მისგან, წესიერად აღარც უსაუბრიათ, რადგან ისედაც არაფერი დარჩა მამა-შვილს შორის გასარჩევი. ანდრო სიმართლის მდინარემ ერთ მხარეს გარიყა, დიმა კი იხრჩობოდა მის გადარეულ დინებაში.
-არ მეგონა თუ მოხვიდოდი. -არც შეუხედავს დიმას, ისე ჩამოჯდა სავარძელში სასმლიანი ჭიქით ხელში.
გულზე ძვალივით დაესო ორ ნაბიჯში ჩატეული სიშორე და დაუძლეველი გათვალისწინება მშობლის, რომელიც ძლივს სატარებელ ტვირთად შეეზიდა ახალგაზრდა მხრებზე.
-იცოდი, რომ მოვიდოდი.
გვერდზე ჩამოუჯდა ანდრო. ისიც ხმაჩავარდნილ ტელევიზორს მიაჩერდა. ფერდაკარგული კადრივით მოაგონდა ამ ოთახში გატარებული დღეები, მაშინ რომ ბედნიერი იყო და ახლა იმედგაცრუებით იხსენებდა.
-საქმე მაქვს შენთან. -ხმა ჩაიწმინდა. თუმცა დიმამ იცოდა, რის გამოც იყო მოსული, მაინც ადროვა შვილს დაუმსახურებელი ყურადღების გამომჟღავნება. -ცოლი მომყავს. ელენე, ნანას ბავშვობის მეგობარი, ყველაზე გამორჩეული ადამიანი ერთი ჩვეულებრივი ოჯახიდან, რომელმაც ყველაფერი იცის ჩვენს ვერშემდგარზე…
-გრცხვენია შენ ჩემი?! -უსაფუძვლო სიამაყით გაიბღინძა დიმა. იცოდა, ამაზე ხმამაღლა არასდროს ეტყოდა ანდრო მართალ პასუხს.
-იმ შეცდომების არ მრცხვენია, რომელიც მე არ ჩამიდენია და რომელსაც მე ვერ გამოვასწორებ. ერთადერთი, რასაც გთხოვ ის არის, რომ მშვიდობიანად ჩამატარებინო ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი დღე და შენც დაესწრო, თუ გულით გაგიხარდება ჩემი ბედნიერების დანახვა.
-რა თქმა უნდა, გამიხარდება, შენ ჩემი შვილი ხარ, ანდრო! ჩემი ვაჟკაცი!
-ეს არ ცვლის არაფერს, რაც ჩვენს შორის მოხდა. არ გეგონოს, რომ რამე დამავიწყდა. -ეხამუშა მისგან ის სიყვარულიც კი, რომელსაც თავისი ქალიშვილებისთვის ვერ იმეტებდა დიმა და მოარიდა თვალები.
-რა ლაპარაკია, ანდრო? -უკმაყოფილოდ შეიშმუშნა სავარძელში უფროსი ჩადუნელი.
-პასუხისმგებლობებით დამძიმებული ადამიანის ლაპარაკია ეს, დიმა. -ფეხზე წამოდგა, ახრჩობდა უკვე ეს აუხსნელი ჭიდილი ბრაზსა და მშობლის რიდს შორის ღირსეული გამარჯვებულის გარეშე, -სანამ ჩემს ცხოვრებაზე პრეტენზიებს წამოაყენებ, იცოდე, რომ შენს წინ ის შვილი დგას, რომელიც წლები გნატრობდა და ცხოვრებამ საბოლოოდ ის ასწავლა, რომ აუხდენელი ოცნებები ჯობია სანახევროდ ახდენილს, რომ შვილობა დიდი ტვირთია, როდესაც მშობელი ვერ იაზრებს დაკისრებულ პასუხისმგებლობას…
-შენთან რა შემეშალა?! ქვა იმან მესროლოს...
-ქვა და სიმართლე ნუ აგერევა ერთმანეთში, მამა. საქმეც ეგ არის, რომ ჩემთან თითქოს არაფერი შეგშლია, მაგრამ მე მაინც ბეჭებზე მცემს შენი ყველას წინაშე ნაკისრები დანაშაულები. ათასმაგად მამძიმებს თუნდაც ის, რომ ჩემი დების წინაშე შენს შეშლილ ნაბიჯებს მე ვერ ვინაწილებ. თავს დამნაშავედ ვგრძნობ. იცი რატომ? იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება მარტო ჩემი არ არის. ჩემი ცხოვრება არ არსებობს იმ ადამიანების გარეშე, ვისაც შენ სათითაოდ გული ატკინე. იცი შენ რამხელა პასუხისმგებლობა ამკიდე? იცი რა რთულია, როცა უდანაშაულო ხარ და საკუთარი ღირსების დაცვა გიწევს საყვარელი ქალის მამასთან, რომ მის შვილსაც ისე არ ატკენს მამაშენი, როგორც საკუთარს ატკინა? საშინელი გრძნობაა, როდესაც შენი გავლილი ცხოვრება საკმარისი არ არის იმის დასამტკიცებლად, რომ გადასადგმელი ნაბიჯებიც ისეთივე სწორი იქნება, როგორც უკვე გადადგმული… იმიტომ რომ როგორც არ უნდა გაშალო ხელები, დანგრეულ ოჯახს და ოჯახის წევრების არეულ ნაბიჯებს მაინც ვერ გადაფარავ. აქ არც შენს განსასჯელად მოვსულვარ და არც დასასჯელად. შენგან არაფერი მინდა, უბრალოდ სწორად სიარული მაცადე. შენს მერე ოცნება მაინც გავბედე და აცადე ბოლომდე ამიხდეს. დიდი ქორწილი არ იქნება, მაგრამ რამხელაც არ უნდა იყოს, მამას დაპატიჟება არ სჭირდება.
-თუ ასე ფიქრობ ჩემზე, რად გინდა ჩემი იქ ყოფნა? თუ ასე გარცხვენ, რატომ მოვიდე?!
-ის რაც ხდება ოჯახში, თუნდაც დანგრეულში, არ არის აუცილებელი დაინახოს ყველამ. მარტო ხალხის დასანახავად არ მინდა, რომ გამოჩნდე. იმ ნაწილობრივ ახდენილი ოცნების ხათრით მინდა იქ იყო. და იმის გამოც, რომ მამა ხარ ჩემი და წეღან ნათქვამი სიტყვებიც როგორც შვილს დამნაშავედ მაგრძნობინებს თავს, მაგრამ როგორც ძმა ვერ ვგრძნობ დანაშაულს. ხვალ... ჯვრისწერა პირველზეა ყინწვისში.
უჩვეულოდ მძიმე და უჩვეულოდ მსუბუქი იყო ერთდროულად, იქაურობა რომ დატოვა.
ზოგჯერ როგორი ადამიანი არ უნდა იყო, მტკივნეული მაგრამ საუკეთესო მაგალითია ადამიანისთვის, რომელიც უფრთხილდება თავის სიტყვას და ნაბიჯებს.

თოვლივით თეთრი იყო ელენეს სადა, დახვეწილი საქორწილო კაბა. ამინდიც დამთხვეულივით გაგიჟდა. შუაღამიდან გადაუღებლად თოვდა, თითქოს ბუნებაც ცდილობდა ზამთრით გადაღლილი და დასუსხული გარემო საქორწილოდ მოერთო.
-არა, რა.. -შეწუხებული გადაჰყურებდა ელენე ფანჯრიდან თოვლის გადარეულ ბარდნას. ვერაფრით იძინებდა. საშინლად სტკიოდა მუცელი ნერვიულობისგან. -იმედია, გზებს არ ჩაკეტავენ! ღმერთო ამდენი თოვლი არ მითხოვია
-იმან ჩამოაღწია ნეტა? -თავისას დარდობდა ნანა.
ბიჭებიდან არავინ იყო შინ.
-ვინ იმან? -წარბები შეყარა ნუცამ. ჩამობრძანდა მეჯვარეც საფრანგეთიდან.
მაღალი გოგო იყო ნუცა დადიანი, ოქროსფერი ხვეული თმა თაფლის მდინარეებივით ჩამოშლოდა მხრებზე. თვალებიც ასეთივე ჰქონდა, თბილი და მაცდური ერთდროულად. ერთ ზაფხულს ერთად ისვენებდნენ ის და ელენე ყაზბეგში, ასე დამეგობრდნენ და უკვე მეოთხე წელიც მოთვალა მათმა სანახევროდ დისტანციურმა მეგობრობამ, რადგან ნუცა საფრანგეთში ეუფლებოდა პროფესიას და საქართველოში მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს ჩამოდიოდა.
-ამისმა „ფიცხელამ“, -საუბარში ჩაერთო ევაც, ახალნაბანავებმა მეათასჯერ შეათვალიერა თავისი კაბა. -ჩამოვიდა, ვაკოს ელაპარაკებოდა გავიგონე.
-კარგია. -დაიდუდღუნა გულმოსულმა, -ანუ ნახვის ღირსადაც არ ჩამთვალა.
-ხო, ეტყობა ისევ გაბრაზებულია. -ცეცხლზე ნავთი დაასხა ევამ, დის აელვარებულ თვალებს რომ გამოხედა, ჩაერიმა ეშმაკურად. -რა გგონია, აბა? ეგრე მალე მოუბრუნდებოდა გული?
-თუ არ მოუბრუნდება, იქ ჰქონდეს! -ფანჯარა ისე გამოგლიჯა, ლამის ხელში შერჩა სახელური. ხარბად შეისუნთქა ცივი ჰაერი, ცრემლები შეუთამაშდა თვალებზე, კანი ეწვოდა წყენისაგან. -და ფიცხელას აღარ შეადარო, იმ კაცმა...
-თაგვი იყო, -შეუსწორა ელენემ. ისიც სულელივით იღიმოდა.
-ხო, თაგვმა! გამანებეთ, აღარ მიხსენოთ... ქორწილშიც სხვაგან გადამსვით... რას გაჩუმებულხართ სუყველა? მარტომ ვლანძღო? ჩემი გასაჭირი თქვენი გასაჭირი არ არის?!
-შენგან განსხვავებით ამათ ერიდებათ ადამიანის ლანძღვა მისი თანდასწრებით.
თავი ისეთი სისწრაფით მიაბრუნა ნანამ შემოსასვლელისაკენ, საკუთარი ძვლების ხმა გაიგონა. ერთიანად ჩაუცივდა მუცელში ყველა შეგრძნება და წამში აუალდა სახე მოულოდნელობისაგან. თოვლიანი ყინვაც ვეღარ ერეოდა მის გულზე წაკიდებულ ხანძარს.
მშვიდად მიესალმა ირაკლი ყველას, შუალედებში გახევებულ ნანას უსწორებდა თვალს.
თავად მიუკეტა ზურგსუკან გამოღებული ფანჯარა. მოწყვეტით აკოცა ლოყაზე. ანდროც იქ იდგა და უყურებდა ამ სანახაობას თავის საცოლესთან ერთად.
ყველა ინტერესით ელოდა ნანას შემდეგ ნაბიჯს.
-მე არ მერიდება! -წარბები აზიდა და უკან გადადგა ერთი ნაბიჯი. მის თმებში გახლართული თოვლის ფიფქები უცებ აალდნენ. გულზე გადაიჯვარედინა ხელები.
-ანდრო, წაგართმევ ცოტა ხნით. -თვალებით მიიღო ნებართვა მისგან.
-ანდროს რას ეკითხები? მე არ მოვდივარ, -გაცოფდა ნანა, ისიც რომ დაეთანხმა უსიტყვოდ.
-მოდის, მოდის! -უფროსი დის ქურთუკსა და ქუდს მოარბენინებდა ევა.
-წადი, მეც გავალ უკვე. -ლამის ელენემაც უბრძანა გაჰყოლოდა.
თვითონ ჩააცვა ირაკლიმ და გაიყვანა სახლიდან. მაჯით იჭერდა, რომ არ გაქცეოდა სადმე. ბოლოს და ბოლოს, ამ გოგოსგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი, გაქცევაც, თავში რამის ჩარტყმაც და უმისამართო ჩხუბიც, მაგრამ რატომღაც ხმას არ იღებდა ნანა.
ჩუმად ყლაპავდა მორეულ ცრემლებს. სად მიგყავარო ამ თოვლში, უნდოდა ეკითხა, მაგრამ ყელში უჭერდა დღეების განმავლობაში ნაგროვები გრძნობები და ენის ამოდგმის საშუალებას აღარ აძლევდა. საშინლად ბრაზობდა მასზე. ამდენი ხნით რომ დატოვა და ერთი სიტყვა არ გააგონა შუალედში, დამძიმებული გული ოდნავ მაინც რომ შემსუბუქებოდა. რანაირად უყვარდა მის გარეშე ყოფნისთვის თუ იმეტებდა? უცებ მოიწმინდა ამ შეკითხვის პასუხად გამოქცეული ცრემლი.
უსიტყვოდ გამოგლიჯა ხელი ირაკლის. მანაც გაკვირვებულმა მოაბრუნა თავი ნანასკენ და ზემოდან დახედა წარბებშეყრილს, გამეხებულსა და გაველურებულს, მონატრებულს ძალიან.
თეთრი ღამე იდგა. ბარდნიდა ისე, როგორც ვნატრობთ ხოლმე ადამიანები თოვლის მოსვლას წვიმიან ზამთარში. ლამპიონებთან ერთად უზარმაზარი ფიფქებიც უნათებდნენ ნანას თვალებისკენ გზას ირაკლის.
-სად მიგყავარ? -ცივი ჰაერი შეისუნთქა ნანამ, წამიერად მოიკრიბა ძალა თავდასხმისათვის. -შენ რა გგონია, ასე წახვალ, ხმას არ გამცემ, შენს გემოზე ივლი, მერე ჩამოხვალ, როცა მოგესურვება, ხელს დამავლებ და იქ წამიყვან, სადაც მოგესურვება?! რომ მიღიმის თან, თითქოს არაფერი მომხდარა!
-რამე დავაშავე და დამავიწყდა? -წარბები აზიდა ირაკლიმ, მშვიდი ჰქონდა ხმა, მაგრამ ათასი გაფრთხილებით სავსე. -ხომ გთხოვე, მთელ დროს ჩემზე გაბრაზებაში ნუ გაატარებ-მეთქი, შენ კიდევ როგორც ჩანს დღე არ დაგიტოვებია რომ არ მიგელანძღე კარგად.
-ვაიმე! ძალიან დიდი ბოდიში!
-არაუშავს, -ჰაერში აქნეულ ხელს ჩასჭიდა თავისი ირაკლიმ, -სულ ტყუილად ჩხუბობ ახლა! სულ ტყუილად ცდილობ ჩემს ჭკუიდან გადაყვანას.
-სად იყავი ამდენ ხანს? ნელა იარე, ვერ გეწევი! -წვივებს გვარიანად ცდებოდა თოვლის თეთრი საფარი.
-ჩემს ნაფეხურებში ჩაადგი ფეხი.
ჯიუტად აგრძელებდა ნანა სხვაგან თავისი კვალის დატოვებას. არადა, განზრახ ადგამდა ნაკაშიძე მოკლე-მოკლე ნაბიჯებს, ნანას რომ არ გასჭირვებოდა სიარული.
-ირაკლი! სად მივდივართ-მეთქი? არ მაქვს ახლა ბოდიალის თავი, ხვალ ადრე უნდა ავდგე, უამრავი საქმეა...
-მოაგვარებ, შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ და მონდომებული.
-ნუ მელაქუცები, -მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს ნანამ, უკან დაქაჩა.
ლამის თოვლში გაგორდნენ ორივენი.
-გოგო, რა გინდა შენ? ჩხუბი გინდა მაინც და მაინც?
ყველა თოვლის ფანტელი გალღვა, რომელმაც მათ შორის გავლა დააპირა.
-კი, ჩხუბი მინდა! -ხმა გაუტყდა ნანას, სხვანაირად ვეღარ ხვდებოდა, როგორ გამოეხატა მის გულში დატრიალებული ქარიშხალი, როგორ მიეხვედრებინა ეს ჯიუტი და თავნება ადამიანი, რომ ვერ იტანდა უმისამართოდ სიარულს, ცხოვრებას, ურთიერთობას. -ძალიან, ძალიან მინდა ისე გეჩხუბო...
-როგორ? მიდი, გისმენ. -გულზე დაიკრიფა ხელები ირაკლიმ. -ჩვენ ხომ ჩხუბის გარეშე არ შეგვიძლია ნორმალური ადამიანებივით ურთიერთობა.
-შენი ბრალია! ეს... ეს... რა ჯანდაბაა საერთოდ?! -ხელები გაასავსავა უღონოდ ნანამ, ისევ აუპრიალდა თვალები ცრემლებით, -ამდენი ხანი... ისე დამტოვე... წახვედი... ნორმალურად შენ გვერდით ყოფნის უფლებაც არ მომეცი... დალაპარაკებაც... ჩამოდიხარ და სადღაც მიგყავარ... რა ჯანდაბაა? ვინ ვარ მე, სათამაშო შენი? ის მაინც გამაგებინე, ჩემზე გაბრაზებული ხარ თუ არა. სად იყავი, ვისთან!
-რა ვისთან, გოგო... -ძალიან ცდილობდა ირაკლი მოეთოკა თავისი გრძნობები. თვალები დახუჭა წამიერად. -არავისთან არ ვყოფილვარ. შენ გარდა არსად არავინ არ მელოდება.
-და რატომ არ მექცევი ისე, როგორც იმ ადამიანს, რომელიც იცი, რომ მარტო შენ გელოდება?! ეს რა არის... რით მაკვირვებ, შენ გგონია მე ჩხუბისა და აყალმაყალის გარდა რამე მინახავს?
-ნანა, დაწყნარდი... ჩავჯდეთ მანქანაში, გაიყინები.
-არ მინდა მანქანაში, გავიყინო მირჩევნია! -მუქ თმაში აეხლართნენ თოვლის ფიფქები, წამწამებზეც გამოეკიდა ერთი-ორი ფანტელი... მძვინვარებდა თავისი ველური თვალებით. -ნუ მაწყნარებ!
-გოგო... რამ გადაგრია ახლა? რამ?
-შენ და შენმა უსაქციელობამ! ეს... მე ასეთ ურთიერთობაზე არ მიოცნებია. -ხმა გაუწყდა, მთლიანად მისი სათქმელის გაგებაზე იყო ირაკლი ჩაჭიდებული.
თეთრ ანგელოზებს დაემსგავსნენ ფიფქებით მოქსოვილ გადასაფარებელში გახვეულნი.
-დაძაბულობაზე არ მიოცნებია... სულ... სულ დაძაბულობაში გავიზარდე მე, ირაკლი! ერთხელ არ დამინახავს დიმა დედაჩემს მოფერებოდეს... მე ვიცი, რომ შენ არ ხარ მისნაირი, არც გადარებ... უბრალოდ... ვერ ვხვდები, სად ვართ და ეს ჩვენი უადგილობა მძაბავს... ისე იქცევი, თითქოს არაფერი მომხდარა, არადა მოხდა! ღმერთო, ვერ გიხსნი... ძალიან ვერ გიხსნი... -გულზე მიიჭირა ნანამ ხელები, აქ მტკივაო თითქოს დაანახა. -მინდა მშვიდად ვიცხოვროთ, აღარ მინდა შენთან შეცდომა დავუშვა, მაგრამ... სისულელეა ამაზე ოცნება... რომ შემეშლება იმის არ მინდა მეშინოდეს, რომ შენ ადგები და სადღაც წახვალ. შენი სახელის და გვარის, შენი ტკივილების გარდა მე შენზე არაფერი ვიცი... მინდა ბედნიერიც ვიცოდე, რა გიყვარს, თუნდაც საჭმელი... მინდა ვიცოდე, რომ შენი გაბედნიერება ჩემს ძალებს არ აღემატება, ხვდები? შეხედე ანდროს და ელენეს... იმათმა თუ შეძლეს, ჩვენ რატო არ გამოგვდის?
-რა არ გამოგვდის, ნა-ნა? სიყვარული?
-ღმერთო, არა! -მდუღარე ცრემლებმა აუპრიალეს ლამაზი სახე, მათი მოწმენდაც კი შეენანა ირაკლის, ისეთი მშვნიერი იყო იმ წამს. -სიმსუბუქე, სიმშვიდე... ბედნიერება...
-მე და შენ არ ვართ ელენე და ანდრო, ნანა... ჩვენი ბედნიერება სხვანაირია საერთოდ, იმიტომ რომ ცხოვრებამ ორივეს დაგვავიწყა როგორია იყო ბედნიერი, მშვიდი, მსუბუქი... ან დაგვავიწყდა, ან არც არასდროს გვცოდნია არა აქვს ამას ახლა მნიშვნელობა... ამიტომ ჩვენ უფრო მეტად გაგვიჭირდება, მაგრამ არაუშავს, ხო? თავიდან ვისწავლით, ჩვენებურ განმარტებას მოვუძებნით ბედნიერებას, თუ საჭირო იქნება ახალს გამოვიგონებთ, კაი? ნუ გეშინია-მეთქი ჰაერზე არ მითქვამს, მე შენ ჯოჯოხეთშიც ჩაგყვები, თუ საჭირო გახდება, მაგრამ მე ვერ ჩაგიყოლებ ვერასდროს ჩემსაში, ხომ გესმის, რასაც გეუბნები? კი არ მიგატოვე, ზურგი კი არ შეგაქციე... გოგო, რამ გაფიქრებინა ეგ? შენ გამო მე... დადამ რომ იარაღი ჩამიდო ხელში, იმაზე ფიქრიც ისე მემძიმა, რო იმ ხელებით შენ ვეღარ შეგეხებოდი, შენ... ვეღარ შემოგხედავდი იმ თვალებით, რომელმაც სხვისი სიცოცხლე ამოიღო მიზანში... მე შენთვის ზურგის შექცევას როგორ შევძლებ, გოგო, იმ სიტყვების მერე, რაც გითხარი...
-ჩემს წამებას ახერხებ როგორღაც, -მოიწმინდა ცრემლები, სხვანაირი გრძნობით უფრთხიალებდა გული იმ წამს. საერთოდ გადაირია ამინდიც. -წახვედი! მეორე დღესვე.. ახსნაც არ დამაცადე!
-მაგ თემას თუ დაუბრუნდები, დაუსრულებლად შეგვიძლია ამ კამათის გაგრძელება, ნანა. -მაინც ჩასვა მანქანაში. სანამ არ გათბნენ ჩუმად იყვნენ ორივენი, -მოგანატრე ანუ თავი. მაგიტომაც დაიგრძელე ენა ჩემი ლანძღვით...
-გულს ვიოხებდი, შენი ცემა რომ არ შემეძლო.
-ახლა ხომ აქ ვარ, რატომ არ მცემ? -ცალი თვალით შეათვალიერა მოფუზული სხეული.
-არ ხარ ღირსი. როგორც შენ მაწამე, მეც ისე უნდა გაწამო.
-კარგი, მეყო, რაც დავისვენე... -ღვედი შეიკრა, მზაკვრული ღიმილით გადმოხედა ნანას. შუბლზე მიწებებოდა დამდნარი თოვლით დასველებული თმა. -მაწამე, გავუძლებ.
-ვერ გიტან. თავი მაინც მომაჩვენე...
-რომ რა?
-სად მიგყავარ? -სუნთქვაშეკრულმა გამოცვალა თემა. იცოდა, რომ განზრახ არ ეუბნებოდა.
-დედა უმიზეზოდ რომ მიბრაზდებოდა, მერე მწვანე ვაშლს მიჭრიდა ხოლმე ბოდიშის ნიშნად.
სუნთქვა შეეკრა ნანას.
-დარწმუნებული ვარ, მისცემდი მიზეზს. -გაეღიმა ირაკლის მის სიტყვებზე. -მეც ვაშლი დაგიჭრა-ხოლმე, თუ რას მეუბნები...
-დაგიგროვდა ეგ ვაშლები დასაჭრელი, ჩემი გამოთვლებით ორ კილოზე ხარ ასული უკვე.
რაღაც ჩაიფრუტუნა თავისთვის ნანამ, გვერდულად გადმოხედა ირაკლიმ.
-კარგი, მართლა... წრეზე დავდივართ ათი წუთია შენი სახლის წინ, ირაკლი. მიტაცებ? ჩემი ძმის ქორწილის წინა დღეს?
-სიცოცხლე კი არ მომბეზრებია... -დაძალებული ღიმილი აეკრა სახეზე ნაკაშიძეს. გაუღრმავდა მზერა.
-შესვლა გინდა? -გაბედულად ჰკითხა ნანამ.
მტკივნეული სანახავი იყო მთელს ქუჩაზე გაბრდღვიალებული სახლებისგან გამორჩევით მდგომი ერთი, შუქებჩამქრალი და ჩაბნელებული...
-შევიდეთ. -თვითონვე გასცა პასუხი. თითქოს მის ბრძანებას ელოდაო ირაკლი, გააჩერა მაშინვე მანქანა.
ლამაზად თოვდა ქუჩაზე.
-გასაღები თან გაქვს?!
-ხვალ იყოს...
-მომე გასაღები, ირა. -ხმა დაიტკბო ნანამ. მას მიაპყრო აკრიალებული თვალები ირაკლიმ, გაეღიმა მერე თავჩაქინდრულს.
გულში იგრძნო რაღაც ძლიერიც, მსუბუქიც, ბედნიერიც და მწარეც ერთდორულად. ის, რასაც ორივე ეძებდა აქ იყო. მათ შორის. მათ სახლთან.
-დამრჩა.
-რომ იტყუები, სხვანაირი ხმა გაქვს. -წარბები აზიდა და ხელისგული გაიშვირა, თვალებით ანიშნა, აქ დამიდეო გასაღები.
-როდის მოგატყუე?
-ახლა მატყუებ. მომე, მომე.
-რამდენჯერაც აქ მოვედი, უკან გაბრუნდი. ვერ შევდივარ ამ სახლში. რატო არ შემიძლია, ნანა? მინდა და ვერ.
-ახლა მაინც რისი გეშინია?
-არაფრის, არც აქამდე მეშინოდა. -ხმა დაუმძიმდა ირაკლის ამაყად.
-ოხ, როგორ არა! გეშინოდა. იქ დახვედრილი მძიმე მოგონებების კი არა, შენს სახლში იმ სინდისით შესვლის გეშინოდა, რომელიც შურისძიების წყურვილით იხრჩობოდა. შენ გულის სიღრმეში ყოველთვის იცოდი, რომ არ გინდოდა არავის მოკვლა. ახლა მე მაბრალებ, თითქოს ჩემმა სიყვარულმა გაგაკეთებინა ეს.
-ასეც არის. -ცივად, მკაცრად და ოდნავ ნაწყენმაც მიუგო.
-ვიცი, რომ ასეა. მე რო გიყვარვარ, ეგ შენთვის მიზეზიც იყო სუფთად დარჩენის და საბაბიც, გეგონა... ბიძაშენს იმედი გაუცრუვდებოდა, ისე თუ არ მოექცეოდი მამაშენის მკვლელს, როგორც მას სურდა... ამიტომაც ვერ შედიოდი იმ სახლში, სადაც გაიზარდე, სადაც დედა ვაშლებს გიჭრიდა. იქედან გულნატკენი გამოსული იქაურობას სხვა კაცის მოკვლის სურვილით გულგაქვავებული შესვლას ვერ უბედავდი. შენს სახლს ვერ გაუბედე, ირა... მამაშენის სახლს ვერ გაუბედე მკვლელი გამხდარიყო მისი ერთადერთი მაცხოვრებელი... მარტო მე არ... ეს შენი გულისთვისაც გააკეთე, შენი ოჯახისთვისაც, ჩემთვისაც... და ეს კარგია, ამაში არაფერია დასამალი.
საზურგეს მიეყრდნო ირაკლი, თვალდახუჭული უსმენდა ნანას ჩურჩულით ნათქვამ სიტყვებს და ნელ-ნელა იცლებოდა მისი სისხლი სიცივისაგან. გრძნობდა, რომ სწორი ადამიანის ხელის მტევანზე იდო მისი სახლის გასაღები.
-შენ გქონდეს, რა. დღეს ვერა. დღეს ესეც საკმარისია. ხვალ ქორწილია და ზეგ პაატას სასამართლო. შენ გქონდეს ჩვენი სახლის გასაღები, კაი? ხო მოუფრთხილდები?
-ამას ხომ ვერ გაუბრაზდები, -დაიწუწუნა თავისთვის ნანამ, გადაიხარა და თვითონ აკოცა საფეთქელზე დაღლილს, გადაუწმინდა შუბლიდან გამთბარი, წვიმად ქცეული ფიფქები. გაეღიმა ირაკლის უღონოდ.
-შენ ახერხებ მაინც როგორღაც. -მოსაფერებლად გაწეული ხელი დააბრუნებინა ისევ თავი სახეზე ირაკლიმ, თბილად აკოცა მაჯაზე, შემდეგ ხელისგულზე. -თუ სიმშვიდე ამის საპირისპიროს ნიშნავს, არ მინდა... ვიყოთ ასე, მეჩხუბე ხოლმე...
-შენ რა გენაღვლება, მე გამითეთრდება თმა, მე გამიჩნდება ნაოჭები! რომ დავბერდებით, მე უფრო ბებერი ვიქნები... რა გაცინებს, არა, გეკითხები რა გაცინებს?
-ვიღიმი. კარგია... შენთან ერთად დაბერებაზე ფიქრი კარგია.
-ოხ, ირაკლი ნაკაშიძე!
-კიდე მაკოცე და შოკოლადს მოგცემ, -გაახილა ცალი თვალი, უნდოდა დაენახა მისი ლამაზი სახე, ასე რომ მიმართა.
-არ მინდა შოკოლადი!
-ვაკომ დამაბარა, მაგრამ შენთვისაც წამოვიღე. უკანა სავარძელზე დევს.
-ვაკოს ჩამოუტანე შოკოლადები? კიდევ რა დაგაბარა? -გაიბადრა ნანა. გული გაუთბა ასე რომ გაითვალისწინა ვაკო ირაკლიმ.
-ნორკის შუბა შენთვის, კარაკულის ელენესთვის. -დაძრა მანქანა. სიმსუბუქემ დაისადგურა, სიმშვიდემ და თავისუფალმა სუნთქვამ.
-ეგეც ჩამოიტანე?
-არა, გოგო, ვიღას აცვია ეგენი.
სახლამდე ყველაფერი მოუყვა, ამ ერთი თვის განმავლობაში რაც ხდებოდა თბილისში ირაკლის გარეშე. ვაკოს „დამთხვევით“ ნაპოვნ სიყვარულზეც მოუყვა რაღაცები, თუმცა საკანდელიძეს უკვე მარცვალ-მარცვლა ჩაეკაკლა მისთვის ყველაფერი.
-ხვალ მარტო მე მეცეკვე, კაი? -გამომცდელად შეეკითხა, მანქანა რომ გაუჩერა კორპუსთან.
-ვერაა, -თავი გვერდზე გადახარა ნანამ, ცხვირი მოჭმუხნა. -ილიკოს და ვაკოს შევპირდი, ანდროსაც უნდა ვეცეკვო, ოთარი ბიძიასაც... ჩვენი კლასელებიც იქნებიან.
-კარგი, რა გაეწყობა... -ღიმილით გააყოლა თვალი მანქანიდან გადასულს. –ყველა ფიცხელა ვერ იქნება.
-ფიცხელას ნუ შეეხები... -ცხვირწინ აუფრიალა საჩვენებელი თითი ნანამ.
-იმ კაცს გაუმარჯოს, ვინც თოვლში დგას და ცეცხლი უკიდია... -ოდნავ შეცვალა ფრაზა ირაკლიმ. უცებ აკოცა გამოშვერილ თითზე.
უყურა სანამ უჩვეულოდ ამსუბუქებული არ შეფრინდა სადარბაზოში ნანა. თვითონაც ამსუბუქებდა იმის შეგრძნება, რომ თავად იყო მისი მიწას აცილებული ნაბიჯების მიზეზი.

*
-ვაი-მე! პატარძლის მერე ყველაზე მეტად შეთვალიერებადი ფიგურა ვარ მე! -საუცხოოდ გამოიყურებოდა მართლაც ვაკო თავის მშვნიერ მეწყვილესთან ერთად.
ბედნიერი ათვალიერებდა ყველას და ყველაფერს, ისე ნერვიულობდა რამე არ გამოპარვოდა ცუდად, თითქოს თავისი ქორწილი ყოფილიყოს.
-ნუცა სად არის? -ქოთქოთებდა პატარძალი. იგვიანებდა მეჯვარე და ამ მეჯვარესთან ერთად ლიფონავა ილიკოც.
-დაწყნარდი, სალონიდან უკვე გამოვიდა, ვასწრებთ! -თმას უსწორებდა ნანა.
თავად წითელი კაბა მოერგო, მოხდენილად გამოიყურებოდა მისი კოხტა სხეული. ღელავდა ძალიან. ელენეს ქორწილი ბავშვობიდან ის ძვირფასი და საოცნებო დღე იყო, რომელსაც აუცილებლად იდეალურად უნდა ჩაევლო.
ანდროს მღელვარება საერთოდ არ ეტყობოდა. თეთრი პერანგი უნათებდა ბედნიერებით გაბრწყინებულ სახეს, შავი კლასიკური პიჯაკი და შარვალი მოერგო.
-რა არხეინად ხარ? გეგონება მე უარმყვეს თერთმეტჯერ. -აჯავრებდა გიგი.
მაქსიმალურად ცდილობდა მთელი ყურადღების სიძისკენ მიმართვას, თუმცა მთელი სხეულით გრძნობდა იმ ადამიანის სიახლოვეს, სუნთქვაზე უფრო სანატრელი რომ იყო მისთვის.
-შენ საღადაოდ ნაღდად არ გაქვს საქმე, გიგიშ… -ოდნავადაც არ ეტყობოდა ანდროს ნერვიულობა. პირიქით, აქეთ ააღელვა ბარათელი. -“არების” რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა ერთ “კი”-მდე… რომ იცოდე, ისე…
-რატომ ვითომ? რა მაქვს სანერვიულო?
-მისი ძმის შავი ქამარი.. -ქეთისკენ ანიშნა თვალებით.
-მაგ ქამრით აქამდე ჩამომახრჩობდა მისი ძმა, რომ სდომებოდა.
-ჩემს მერე შენი ქორწილია, ხო იცი.
-ოხ მობრძანდა ლიფონავაც!
შესაშურად გამოიყურებოდა ილიაც. მთელი ღამის ნამორიგევებს არაფერი ეტყობოდა სახეზე.
სადა, მწვანე კაბაში გამოწყობილი მეჯვარე შემოვარდა ეზოში. ისე ღელავდა, აწითლებული ლოყებიც კი ემჩნეოდა მაკიაჟში. მინდვრის ყვავილების თაიგული მოჰქონდა ცალი ხელით. შრიალით ჩაუარა გვერდი ლიფონავას. ბრმა უნდა ყოფილიყო თვალი რომ არ გაეყოლებინა ნუცასთვის.
ელენეს მეჯვარეში ის გოგო რომ ამოიცნო, წითელზე რომ ჩაუქროლა და საბუთების მოთხოვნისას ერთი გვარიანად გამოთათხა, ქორწილში მაგვიანებო, გაკვირვებითა და უცნაური კმაყოფილებით აზიდა წარბები.
-რას დაგიქაჩავს თვალები, ძმაო ჩემო? -მხარში ამოუდგა ვაკო. -ლოკატორებივით. გაიცანი ჩემი შეყვარებული, ლიზა სტურუა. დიახ, შეყვარებული, თანაც მეგრელი!
-სანამ დრო გაქვს, თავს უშველე, ლიზა, -თბილად ჩამოართვა გოგოს ხელი, ცალი თვალი მეჯვარისკენ ეჭირა.
-უსაშველო შენ გჭირს, მიეთრიე იმ გოგოსთან, დადიანია… -ხაზგასმით წარმოთქვა გვარი.
-მერე რა, დადიანი რომაა? -გაკვირდა ლიზა. უცნაური იუმორი და ურთიერთდამოკიდებულება ჰქონდათ ამ ადამიანებს ერთმანეთში, შორიდანვე მოგხიბლავდა და გაგიჩენდა სურვილს მათი ნაწილი გამხდარიყავი.
-ზიზუ, ჩემო გონებაგამჭრიახო, ლიფო მარტო მეგრელებთან, ხვდები? აი, ხო არსებობენ ჰეტეროები, ჰომოსექსუალები, ილიკო არი მეგრელსექსუალი! რახან ჩემი გული მთლიანად შენ მიერაა ათვისებული, ახლა ამ ჩვენი სამშობლოსავით ბედკრულს აქვს შანსი ვინმე მეგრელთან ერთად შეეჭიდოს ცხოვრების მძიმე ჭაპანს, გამიგე, ზიზუ? წამო, ჩავსხდეთ ჩვენ მანქანაში. გამეყინე, გოგო, რა არის ეს? შენთვისაც უნდა ჩამოვატანინო ირას ნორკის შუბა! კარაკული ხომ არ გირჩევნია?
-შუბა საერთოდ არ მინდა, ვაკო… -ნელ-ნელა გადაფარა მათი შორს მიმავალი ხმები ბედნიერი ადამიანებისამ.
ჯვრისწერამაც მშვიდად ჩაიარა. ყველა ბედნიერი შეჰყურებდა ულამაზეს წყვილს. თოვლის ფიფქებს ტოლს არ უდებდა ელენე, იმდენად ნაზი და თვალისმომჭრელი იყო სადა კაბაში.
მისი კაბის ბოლო ეჭირა ანდროს, ამხელა თოვლში სულ მთლად რომ არ გასველებულიყო.
იმდენად მოკრძალებული იყო მისი ყველა ქმედება, ყველა გამოხედვა, ყველა შეხება… ზედმეტის გარეშეც კი შესამჩნევი იყო მათ შორის მოარული სიყვარული. მშვიდი, სუფთა და იმედიანი.
-ირა, ვიგაზაოთ გზაში? -ხელი გადახვია ძმობილს ვაკომ.
-ჭკვიანად იარე, მარტო არ ზიხარ მანქანაში, -გაუჩეჩა საგულდაგულოდ დავარცხნილი თმა, მხოლოდ მას თუ აპატიებდა იმიჯის ასე დაუდევრად შელახვას.
-აუ, ირა, რა ეპატაჟური ვარცხნილობა გამინადგურე! ნანა, ასწავლე რა ამას მოქცევა!
-არ გამაგონო შეჯიბრი, გზები მოყინულია, ვაკო. -უფროსი ძმასავით გაუმეორა ირაკლიმ. დააჟრიალა ნანას მის ხმასა და გამოხედვაზე, შეფარულ მზრუნველობას რომ ააშკარავებდნენ. -მარტოც რომ იჯდე მაინც, ხო გაიგე?
-გავიგე, ხო. -წაიბურტყუნა თავისთვის. -უკან გამოგყვებით ჩვენ… მორჩილად და პატიოსნად, ბოჩოლასავით. დადექით ერთად, უნდა აღვბეჭდო თქვენი ერთად ყოფნის მეექვსე საათი ჩხუბისა და თვალების ბრიალის გარეშე. ამას გამოვფენ სასოწარკვეთილ ბებოებში.
-სადო? -ლიზას ჰკითხა ნანამ.
-სასოწარკვეთილი ბებოების ჯგუფში. არ იცი? -აღშფოთდა ვაკო, გააჩერა ლიზა, მე დამაცადეო საუბარი, -შენ არ დახარჯო შენი სათუთი სიტყვათა მარაგი ჩემი ბიწიერი ქმედებების ასახსნელად, ლიზა! სასოწარკვეთილი ბებოების ჯგუფში გავწევრიანდი შემთხვევით. მართლა შემთხვევით, ლიზა! რა გაცინებს, არ გეძებდი-მეთქი შენ! ხოდა, დასაოჯახებელ შვილიშვილებს ურიგებენ ერთმანეთს ბებოები, მეც გამოვდე ირუშას ფოტო. ირა, რა იყო? ძმის სისხლში გაისვრი ხელს? ხოდა, ისა ესა… ახლა დავდებ, რომ იპოვა ირამ თავისი…
-ვაკო, აიღე ჩემი სურათები, თორემ გაგაქრობ ყველა განზომილებიდან! -ავიღე, რა იყო! -ერთი ხელი დას გადაჰხვია, მეორე ლიზას. ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო იმ წამს ვაკო საკანდელიძე. -აგე, ქეთრიონის ფოტოს დავდებ მალე! რაო, ქეთო?
-ქეთოს ჰყავს თავისი. ხო? -თვალები დააწვრილა ირაკლიმ. ღიმილით გამოხედა დარცხვენილს.
-რა ვიცი, სად არის მერე თუ ჰყავს? -კისერი წაიგრძელა ვაკომ, -თუ ვინმეს ჩემი შავი ქამრის ეშინია… ჰა, ლიფო! რა დაგვბეგვა დემურიკო სამჭკუაშვილმა?! შენც ჩვენთან ერთად წამო, რას მოახრიგინებ მაგ “შკოდას”?!
პირნათლად შეასრულა ვაკომ ირაკლის დანაბარები. ჭკვიანად ატარა მანქანა რესტორნამდე.
-შენ გინდა ქორწილი? -ნანას ჰკითხა გზაში ირაკლიმ.
ისეთი მიმზიდველი იყო თეთრ პერანგსა და შავ პიჯაკში გამოწყობილი, უარს ნამდვილად ვერ იტყოდა ნანა ამ სანახაობის მეორედ ხილვაზე.
-არ ვიცი, -სუსტად აიჩეჩა მხრები. ნაკაშიძის თვალები ამბობდნენ ყველა უთქმელ კომპლიმენტს. არ იყო მიჩვეული ირაკლისთან დაზავებულ პოზიციაში ყოფნას. -შენ გინდა?
-შენ თუ გინდა - კი, თუ არა - არა. მაგრამ გნახავდი თეთრ კაბაში… -აკოცა ხელზე.
ნანას ქორწილისგან თავშეკავების მიზეზი ის ცეკვა გახლდათ, რომელსაც დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ასრულებდნენ ელენე და ოთარი.
მამაშვილური დაისი.
ქალიშვილისთვის მამის მზრუნველობითა და სიამაყით გაშლილი ხელები. მამისათვის დახრილი, მორიდებული თვალები პატარა ქალის. არწივს ჰგავდა ოთარი, თუმცა ცრემლითა და სიყვარულით ამოვსებოდა თვალები, ნაფერები ბეღურასავით გამოემწყვდია თავისი ქალიშვილი გაშლილ ფრთებში და ნელ-ნელა უშვებდა ბუდიდან თავის ახალ ბუდეში…
ტაში და შეძახილები არ წყდებოდა. ყველასთვის განსაკუთრებულად ემოციური სანახავი იყო მამა-შვილის ცეკვა. ამაყად და ღიმილით ჩაიბარა ანდრომ ღირსეულად გადაბარებული ქალიშვილის ხელი ოთარისგან. თუმცა არ სჭირდებოდა მაგალითი, მაინც უჩვენა შენგელიამ, როგორ გაზარდა თავისი ქალიშვილი და როგორ დამოკიდებულებას მოელოდა იგი სიძისგან.
ეს ატკივებდა ნანას გულს. ეს აკავებდა თავის ქორწილზე ფიქრისას. თვითონ რომ არ იყო მამისთვის ასეთი ძვირფასი.
გულზე მაგრად მოუჭირა იმ სიმძიმისა და ტკივილის დამამცირებელმა შეგრძნებამ კლანჭები, რომ ვერაფრით დაიმსახურა დიმასგან მამაშვილური მზერა, არათუ ცეკვა ქორწილზე.
კარიდან გასული მაინც და მაინც იმ აივანზე აღმოჩნდა, სადაც დიმა იდგა მარტო და ჩაფიქრებული შესცქეროდა გამართულ სანახაობას.
ნანას გამოხედა. სხვანაირად. არა თბილად და სიყვარულით, არამედ ბრაზისა და სიძულვილის გარეშე.
-კარგი ქორწილია. -თავად დაიწყო საუბარი.
გასვლას აპირებდა, მაგრამ შედგა. შორიდან უყურებდათ ირაკლი.
თითქოს ერთი არასწორი ნაბიჯი, ერთი არასწორი ხელის გარყევა და მაშინვე აღმოჩნდებოდა დიმასთან.
-ხო, უცებ დავგეგმეთ, მაგრამ კარგი გამოვიდა.
სიჩუმე ჩამოწვა. მძიმე და დაუძლეველი. თითქოს ვერაფერი დაანგრევდა ბეტონის კედელს ამ ორს შორის.
-მიხარია ასეთი დაძმობა რომ ჩამოგიყალობდათ.
თვალები გაუფართოვდა ნანას. დიმას გაეღიმა, თუმცა თავის თავს უფრო დასცინა ვიდრე ქალიშვილს.
-მეც მიხარია, ძმა რომ გვყავს მე და ევას. ცუდია, აქამდე რომ არ ვიცოდით.
-ხო, დედმამიშვილი ძვირფასია.
-შენ რა იცი? -უხეშად მოუვიდა, მაგრამ უკმეხად არა. მართლა აინტერესებდა ნანას. ამ კაცს თუ შეეძლო რამე ადამიანური განეცადა…
-მეც მყავდა ძმა. მაგრამ პატარები ვიყავით, რომ მოკვდა. ფილტვების ანთებით.
-არ ვიცოდი. ვწუხვარ. -გული გაებერა ნანას. როგორ უცხოსავით მიუსამძიმრა. არც ეს კაცო იყო ახლო მისთვის და არც მისი ტკივილები.
-ხო, ბევრმა არ იცის. ხანდახან მეც მავიწყდება. თქვენ არ დაგავიწყდეთ. ერთმანეთი რომ გყავთ.
-ამას ახლა რატომ მეუბნები? -ძალიან გაბრაზდა ნანა. ვეღარ მიხვდა რატომ. თითქოს მისი სამუდამოდ სიძულვილი ერჩივნა დაგვიანებულ უსიძულვილობას. -და საერთოდ რატომ მექცევი კარგად?
-კარგად მოქცევაა ეს? უბრალოდ საუბარი.
-ხო, შენგან ბრაზისა და ზიზღისგან დაცლილ საუბარს არ ვარ მიჩვეული. ესეც კი მიკვირს. ხვდები?
-ვხვდები. ძალიან ჰგავხარ დედაჩემს. ბებიაშენს. -განაგრძობდა დიმა.
სიცივის გამო არა, ამ სიტყვებმა მოგვარა ჟრუანტელი ნანას. თითქოს წამიერად გაამართლა დიმას განსაკუთრებული სიძულვილი საკუთარი თავის მიმართ.
-ამიტომაც ვერ მიტან? მას რომ ვგავარ. ეს არის ჩემი დანაშაული? სულ მაინტერესებდა და ვერ გკითხე ვერასდროს.
-როცა ვინმეს ვერ იტან, ეს არის თვითონ შენი დანაშაული და არა იმისი, ვისაც ვერ იტან.
-მეც დამნაშავე გამოვდივარ შენს წინაშე!
-არა, მე მიზეზი მოგეცი საამისოდ. ცუდი მამა ვიყავი… ვარ! -მოაჯირს მიეყრდნო დიმა. ნანა ნელ-ნელა უფრო გიჟდებოდა მოსმენილით.
-ველოდები როდის მოაბრუნებ ამ დიალოგს ჩემს საწინააღმდეგოდ, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები…
-არსად არ მიმყავს ეს საუბარი. უბრალოდ, ფაქტებს გაცნობ.
-ჩვენ მაინც აღარაფერი გვეშველება, დიმა. თუ ცდილობ, რომ გული მომაბრუნებინო… ვერ შევძლებ.
-ახ, არა! -გაეცინა დიმას, ხელები ასწია ჰაერში, შეტოკდა ირაკლის სხეული. -არ ვცდილობ, ვიცი, რომ არ გამოვა! პატარა რომ იყავი, მამას მეძახდი. გახსოვს?
-შენ გახსოვს? -როგორ მოუნდა ნანას, ვინმე მოსულიყო და ეს დიალოგი ჩაეშალა.
-მახსოვს.
-მერე რატომ დაგავიწყდა? ისე რატომ მექცეოდი, თითქოს აღარ გახსოვდა?
-აღარ მახსოვდა და იმიტომ. შედი ახლა, სანამ თვალებით დამახალა ტყვია იმ ბიჭმა.
-ესეც საკმარისი იყო. -უკან გადადგა ნანამ ნაბიჯი, დიმას თვალებში დაეტყო, რომ ვერ მიუხვდა ქალიშვილს. -მინდა იცოდე, ესეც კი საკმარისი იყო შენ მიმართ სიძულვილი რომ არ მეგრძნო. მძიმეა, დიმა? შვილისთვის ვერ გამეტებული ცოტა, დიდი ტვირთია?
არაფერი უთქვამს ჩადუნელს. რაღაცნაირად უყურებდა ქალიშვილს, რომელთან მოსაბრუნებლად ერთი გზაც კი არ დაუტოვა საკუთარ თავს.
ვერგამეტებული მცირედი იყო ყველაზე რთულად სატარებელი ტვირთი.
ირაკლისკენ წავიდა ნანა მაშინვე. გათოშილი ჰქონდა მოშიშვლებული მხრები და ფეხები.
-კარგად ხარ? -ისე უცებ შემოჰხვია თბილი ხელები, თითქოს იგრძნო ნანას გამყინვარება. -შიშველი რატომ გამოხვედი?
მხარზე აკოცა, მერე კისერში. დააჯილდოვა დიმას წინაშე მყარად დგომისთვის თითქოს, იმის მიუხედავად რომ თავადაც უმაგრებდა ზურგს.
-აუ, ამაზე ვცეკვავთ ყველაააა! -ფეხზე წამოყარა გოგონები ვაკომ.
ხმით გაეცინათ ირაკლის და ნანას. ბედნიერების დღე იყო.
-მეცეკვები ხო? დადგა ჩემი ჯერი? -წელზე მოჰხვია ხელი და ერთმანეთში ათქვეფილ მეგობრებს შეუერთდნენ.
-შენი ჯერი სულ არის!
-საღოლ, დიჯეიიიიი! -აუღაჟღაჟდა ლოყები საკანდელიძეს. -ჩვენი შვილი რეივერი გამოვა, ლიზუ!
-რანაირად არ გაექცა ეს გოგო აქამდე? -გადაიხარხარა ანდრომ, დააბზრიალა თავისი ლამაზი ცოლი და მიიხუტა გულზე. -რაღაც… ეგოისტური თვითკმაყოფილება მიპყრობს.
-ოჰო! -წარბები აზიდა ელენემ. ყელზე მიეფერა შიშველი ხელებით. -რატომ?
-აი, ცოლი რომ გქვია ჩემი, მაგიტომ! კიდევ კარგი, სწორ დროს შეგხვდი…
-სწორი დრო რომელია, ანდრო? -ეპრანჭებოდა, ეფერებოდა თვალებით.
-სადაც შენი ქმრობის უფლება მაქვს, სადაც სხვას დავასწარი… სადაც ვინმეს სახის დალეწვამ არ მომიწია შენთვის იმის დასანახვებლად, რომ მე მიყვარხარ ყველაზე ძალიან.
-შენ რა ეგოისტური ფიქრები გქონია. არ მიყვარს ჩხუბი! არ გამაგონო, იცოდე...
-რას ჰქვია? -ხელოვნურად შეიცხადა ჩადუნელმა, -გულში ხინჯად ჩამყვა ასე მშვიდობიანად რომ მოგიყვანე ცოლად.
-ანუ მე საკმარისად ვერ გაგირთულე საქმე?
-შენ კი, მაგრამ სხვამ...
-სხვა არც იქნებოდა… არც ყოფილა სხვა… შენ, სულ შენ… მომწონდი.
-ამას ახლა მეუბნები? -ნელი მუსიკა ჩაირთო, არ დააცადა ცოლს წასვლა, მთელი სხეულით აიკრა.
გაუხურდა ელენეს ლოყები. შერცხვა იმის გამო, რაც არავისთან უღიარებია აქამდე.
-ხო… ახლა გეუბნები. რომ დაგინახე მომეწონე… მაგრამ ნანას გამო ვერ გავბედე ვერავისთვის გამხელა, ვერც მისთვის.
-ადექი და ამის შემდეგ თერთმეტი უარი შებედე ჩემს სიყვარულს? როცა შენ ამდენი ხანი გიყვარდი?
-მომწონდი-მეთქი. -კატეგორიულად შეუსწორა ელენემ.
-მოწონებით დაწყებული სიყვარული არ არსებობს, ელე. არ მესმის უბრალოდ!-ისე ხმადაბლა წარმოთქვა, ისეთი სინაზით, თითქოს საიდუმლოს უმხელდა. -თუ ვიღაც მოგწონს, მერე აღარ მოგწონს-ხოლმე, ხვდები? თუ ვინმე გიყვარს “მერე” აღარ არსებობს.
-ყველაფერს შენებურად ხსნი! ის თერთმეტი უარიც გამოცდა იყო.
-ნუთუ! -წარბები აზიდა ანდრომ, წელზე მოეფერა ნაზად, მისი სურნელი ასდიოდა ბედნიერებას, სიმშვიდეს, სიამაყეს.
-დიახ! თუ გამიძლებდი… საშინელი დედისერთა ვარ, გატუტუცებული პირდაპირ.
-შენი მეჯვარე როდემდე უნდა უყურებდეს ჩემს დას დოყლაპიასავით? -გვერდით ამოუდგა სიძე-დედოფალს ვაკო თავისი მეწყვილით. გაეღიმა ანდროს.
გიგისკენ გაექცა თვალი, მის კლასელს რომ ესაუბრებოდა და ქეთის ორთქლი ასდიოდა ბრაზისგან ამის შემყურე.
-აცადე, მოაგვარებენ.
-ლიფონავამ არ დაასწროს, თორემ ნახავს, როგორ უნდა ჩემი დის ეჭვიანობა. -თვალებით ნუცასკენ წასული ილიკოსკენ მიანიშნა.
წინ გადაუდგა დადიანს, მედიდურად რომ არ იმჩნევდა მის რთულად არშესამჩნევ გამოსახულებას.
-რატომ არ ცეკვავ? -თვალები დააწვრილა ლიფონავამ. ისე შეხედა, დანაშაული იყო თითქოს.
-სურვილი არა მაქვს.
-აჰა. როგორც მანქანის გადაყენების და საბუთების მოწოდების სურვილი არ გქონდა?
-საცეკვაოდ მპატიჟებ? -მაცდურად გაუღიმა. აუელვარდა ტუჩებზე წითელი ფერი.
მთელი სხეული დაეჭიმა ლიფონავას. ძლივს მოსწყვიტა თვალი.
-არა, მიმყავხარ დაპატიჟების გარეშე. -გაუწოდა ხელი.
-თორემ?
-თორემ ისჯები იმ დანაშაულის გამო, რომელიც გაგიტარე დღეს დილით.
-რატომ გამიტარე? -ნელა, სინქრონულად ამოძრავდნენ მათი სხეულები.
-რის გამოც ახლა მეცეკვები, მაგიტომ.
-შენ ასე ასრულებ შენს კანონით დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობას? შენ გემოზე პატიობ ხალხს დანაშაულს?
-არა, -არ წყვეტდა მზერით კავშირს ლიფონავა, თითქოს იმ შეგრძნების გაქრობის ეშინოდა, მთელს სხეულს რომ უჭიმავდა. -გულმა მიგრძნო, რომ სადღაც წამადგებოდა შენთვის ნაპატიები დანაშაული.
-უბრალოდ გეცეკვები.
-არ მეცეკვები უბრალოდ. -დაატრიალა და უცებ დაიბრუნა, თავად გაუღიმა მზაკვრულად ამჯერად.
-კარგი, დაიიმედე თავი. -უდარდელად ჩაილაპარაკა ნუცამ. მოსწონდა ეს ყველაფერი. მიზიდულობა და სიახლოვე მასთან.
ზედმეტის გარეშე რომ შეეძლო ყოფილიყო მომხიბვლელი.
-არაუშავს, გამომიტყდები ოდესმე.
-ბატონო?! -თავი უკან გადახარა ნუცამ, უნებურად დაალაგა ხელები გაშლილ მკერდზე. უკან ჩამოიღო სწრაფადვე. -არასოდეს!
-კარგი, დაიიმედე თავი.
-ხვალ საფრანგეთში ვბრუნდები! -დაემუქრა დადიანის ქალი, -იმედიანად ვარ დიახაც!
-არაა შორს.
-შორს არის!
-არააა… როცა იცი, რომ დაბრუნდება ის, ვინც მიდის, არ არის შორს…
-და შენ დამელოდები? -ცინიკურმა ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე.
-უკვე გელოდები…
“დიჯეისთან” მოჭიდავე ვაკო საკანდელიძემ გაიტანა თავისი როგორც იქნა და მოიმარჯვა მიკროფონი.
-რას ერთი, ორი… -ხელიც დაუტყაპუნა ზედ, რომ შეემოწმებინა თუ მუშაობდა, -ისმის?
-ნეტავ არ ისმოდეს… -ამოიგმინა ანდრომ.
-მოკლედ, ბევრი ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ. სანამ ყველასთვის საყვარელ მუსიკას ჩავრთავ, მინდა ერთი-ორი სიტყვა ვთქვა. ეს ძალიან ბანალური გამოსვლა, რომელიც საერთოდ არ მეკადრება მე არისტოკრატს, ეძღვნება ჩემს გლეხ, პლებე, ვაი-ბურჟუაზია მეგობრებს! ყველაზე მწარე შეგრძნება მიტოვებაა ადამიანისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისედაც მარტოა ეს ადამიანი. და სწორედ მაშინ, როდესაც შენი გონება ღმერთს დავიწყებას უბედავს, შენ გვერდით ჩნდება შენი ღმერთივით მეგობარი და საკუთარი შეცდომებისგან ისე გადაგარჩენს, ამას თვითონ ვერც კი მიხვდება. ნურავინ მიწყენს თუ განსაკუთრებულად ნანას და ირუშას მივუძღვნი ამ სიტყვებს. ანგელოზები უფრო ფრთიანები წარმომედგინა აქამდე, მაგრამ თქვენც არა გიშავთ! თქვენი ნერვების მოშლის გარეშე ერთი დღეც არ მინდა თავი ცოცხალი! ამას ყველას გეუბნებით, ლიფო, შენ განსაკუთრებით, ჩემო ვაი-პოლიციელო! შენი ცხოვრების ყველაზე დიდი ჯარიმა მე ვიქნები! აბა, ამ სიმღერაზე ვცეკვავთ ყველააა!
ყველასთვის ნაცნობი და ნოსტალგიური ჰანგები გაჟღერდა დარბაზში.
“უცნაური გრძნობა შემომერია,
ეს ქვეყანა თვალწინ გადამერია…”
ყველა შეთქმულივით დალაგდა წრეზე, ირაკლი და ანდრო გაიპარნენ ცალკე და შორიდან აკვირდებოდნენ უწყვეტ ჯაჭვად გაერთიანებულ მსვლელობას, რომელსაც ვაკო ხელმძღვანელობდა.
“სად მივყავართ მატარებლის ლიანდაგს,
სად გარბიან ჭრელი ქოლგის რიგები…”
-აუ, ირა, შენი შვილი ჩაცუცქული დაიბადება პირდაპიიირ! -თვალი ჩაუკრა სერიოზული სახით მდგომ ირაკლის ვაკომ და განაგრძო სიმღერაზე მთელი დარბაზის აყოლიება.
სიძე-პატარძალთან ერთად ნამდვილად წარმატებით ახერდებდა ვაკო ყურადღების ცენტრში ყოფნას.
სახეზე ნაძალადევი ღიმილით რომ გამოეყო ნანა საერთო მხიარულებას და ირაკლისკენ წამოვიდა, გულმა უსიამოდ გაკრა ნაკაშიძეს მკერდში.
მაჯაზე წაავლო ხელი გოგონამ.
-აი ახლა, ამაზე საცეკვაოდ თუ გინდა წამიყვანო, ვერა… -გაცინება სცადა ირაკლიმ.
-არ ვიცი, აფეთქდები თუ არა ამას რომ გეტყვი… ამიტომ ცალკე გაგიყვან. -ღელავდა ძალიან, კარისაკენ ეჭირა ცალი თვალი.
-რატო მქონდა სიმშვიდის იმედი, არ ვიცი…
-გუშინ ჩვენი ერთი სკოლელი ვნახე… გუგა ქარდავა.
-მერე? -წარბები ზემოთ აზიდა ირაკლიმ, დაეჭიმა სხეული. -რა მინდაო გუგა ქარდავამ?
-აუ, საერთოდ დამავიწყდა რომ არსებობდა. -პატარა ბავშვივით დაიწყო თავის მართლება, ირაკლიც ისე უყურებდა, როგორც პატარა ბავშვს. ვერ უბრაზდებოდა, -ელენე უყვარდა ბავშვობაში, ნუ მთელი სკოლის და მერე პირველი ორი კურსის განმავლობაში… მაგრამ ელენეს არ უყვარდა, არც მოსწონდა, არც კი მეგობრობდნენ… ოჯახიც ჩაერია, თან ცუდად, აუკრძალეს ელენესთან მიახლოება… ეს ბიჭი გაქრა მერე, სამუშაოდ წასულა თურმე. გუშინ დაბრუნდა, ეტყობა რომ გაიგო.. და ღარიბი რომ ვიყავი მაგიტომ არ ვუნდოდიო, ახლა ქურდის შვილზე თხოვდებაო? -ხმადაბლა წარმოთქვა ბოლო სამი სიტყვა. თითქოს არ უნდოდა, რომ ანდროს გაეგო. -იმისთვის ვშრომობდიო.. მოკლედ აშკარად გულში აქვს ჩადებული… ახლა აქ არის… დაცვა ეჭიდავება, მაგრამ შექნა უკვე კონცერტი.
-კაი, მოვალ მალე.
-მარტო არ წახვიდე, გაგიჟდი? -მკლავში ჩაავლო ნანამ.
-მარტოა თვითონ?
-არ ვიცი. ვაკოს უთხარი, ან ილიკოს… ან მე წამოვალ.
-შენ აქ დაეტევი და იმაზე იფიქრებ გუშინ რატო არ მითხარი! -ავად დაუქნია თითი ცხვირწინ.
მუსიკა რომ შეწყდა ყრუდ ისმოდა ეზოდან ხმაჩახლეწილი ყვირილი.
სუნთქვა შეეკრა ნანას, მისკენ ღიმილით მომავალ ელენეს ერთიანად რომ წაეშალა სახიდან ყველანაირი ფერი და ემოცია.
-ეგ რით არის ჩემზე მეტი, რით!!! -ათასი ხელი აკავებდა გავეშებულ გუგა ქარდავას. ჩასისხლიანებოდა თვალები.
-ვაიმე, ნანა! -გულზე მიიჭირა ხელები ელენემ, პირი გამოუშრა, აივნიდან გადაჰყურებდა ამ სანახაობას და უსასრულო მდინარესავით სდიოდა ცრემლები.
-შედი, ელენე, შიგნით. ანდრომ არ გაიგოს, შედი იცოდე...
უკვე ხედავდა გუგა ქარდავა თავის სიყვარულს, რომელიც მისთვის არ იყო გამოწყობილი თეთრ კაბაში, მაგრამ მისთვის ტიროდა სახეზე ხელებაფარებული.
ირაკლი დაუდგა წინ, მის უკან იდგნენ ლიფონავა და ვაკო.
სტუმრებთან საუბარში გართული ანდროც ამჩნევდა, როგორ დაიცალა საქორწილო დარბაზი მისი საყვარელი ადამიანებისაგან. აივანზე მდგარ მოკუნტულ ელენეს რომ ჰკიდა თვალები. საუკუნე გაილია, სანამ იქამდე მივიდა.
ენა ჩაუვარდა გუგა ქარდავას, ყველაფერი დაავიწყდა, სად იყო, ვინ იყო, ვისთან მივიდა ის ახსოვდა მხოლოდ.
ირაკლიმაც კი არ გადადგა ნაბიჯი მისკენ.
-წამოდი, დავილაპარაკოთ. -სხეული გაეყინა საკუთარ მოთმინებაზე ნაკაშიძეს, ამდენ ხანს რომ მისცა ელენეს ყურების უფლება.
-შენთან არ მაქვს სალაპარაკო. -თვალს არ აცილებდა ატირებულ ელენეს. ანდროც წამოადგათ თავზე უკვე.
-აბა, სხვის ცოლთან გაქვს სალაპარაკო? -ყბაში ჩაავლო ხელები ირაკლიმ და გამოახედა თავისკენ.
-შენ ვინ ხარ საერთოდ?! -ხელი შეაშვებინა ქარდავამ. ამრევაძე დაინახა მასში წამიერად ილიკომ, გაუგონარი ჩხუბისთავი, ანცი და გაუგონარი ამრევაძე. -ლიფონავა, შენ ვერ მთხოვ, ხო, ბიჭო, პასუხს აქ მოსვლისთვის?!
-გუგა, ძმურად... -ხელი აუქნია, გადიო მიანიშნა. -არ იქცევი სწორად. რას აკეთებ, გეკადრება?
-იმან ხო მაკადრა! მისი ქმარი რომ მორბის ახლა ჩემკენ, იმან ხო მაკადრა!
-ქორწილში არჩევ საქმეს მერე? გამოადგი ფეხი. -მანამ უბიძგა ირაკლიმ, სანამ ანდრო მოასწრებდა მოახლოვებას. არ უნდოდა მისი გასვრილი ხელები თავისივე ქორწილში.
-შენ რა იცი, ამან იცის მე როგორც მიყვარდა!
-როგორ ბედავ მერე შენი სიყვარულის გათხოვილი ქალისთვის ასე ხმამაღლა ყვირილს, ბიჭო? შენ ვინ შეგარჩენს მაგ სიტყვებს? ელენეს ძმა რომ არ ჰყავს, ხომ არ გგონია, მარტო ქმარი ჰყავს დამცველი?
მთელს ქორწილს ესმოდა უკვე ამათი ღრიალი. სახეზე ხელებაფარებული ეკვროდა ელენე ნანას.
ცოლს გახედა გაოგნებულმა, მერე მის წინ მდგომ კაცს სიყვარულში რომ უტყდებოდა სხვის ცოლს. თავის ცოლს. ანდროს ცოლს. ელენეს, მისი ქმრის წინაშე.
მიიღო კიდეც გამოჩენილი უპატივცემულობის პასუხი. მაინც ვერავინ გაბედა წინ გადადგომოდა ანდროს. ვერავინ შეკადრა სხვას მოეთხოვა პასუხი, როცა თვითონ იყო იქ.
ელენეს წამოკივლება მოჰყვა ანდროს ხელის ხმას გუგას სახეზე. ძალით გაიყვანა ნანამ ატირებული პატარძალი აივნიდან. მოაფარა ხალხის თვალს.
-ღმერთო, ღმერთო, ღმერთო... ლოცვაც დამავიწყდა. -ბუტბუტებდა თავისთვის.
-ნუ აკონცერტებ ხალხს, ანდრო, ძმურად. -გამოსწია ირაკლიმ, თვალებით ანიშნა გამოკრეფილი სტუმრებისაკენ. -დღეს არ გინდა, ცოდოა ელენეც. ნუ აატირებ ამის გამო.
-ამის გამო? ამის გამო, ვინ არი ეს საერთოდ! -აღრიალდა ძარღვებდაბერილი, არ ეყო ერთი... წამიერად დაავიწყდა ყველა და ყველაფერი, წამიერად უღალატა საკუთარ თავს.
-ის ვარ, ვის გამოც შენი ცოლი ტირის თქვენს ქორწილში. იცი, რატო? მე მიყვარდა პირველი! მე! მე! მე! მე ავიტანე დამცირება მაგისი სიყვარულის გამო! მე! -გულზე ისე ძლიერად ირტყამდა ხელებს ქარდავა, ამაზე მწარედ ვერ შეეხებოდა თითქოს ვერავინ. ვერ შეეხებოდა ვერავინ იმაზე მტკივნეულად, როგორც თვითონ თავის გულს.
-შენ ბიჭო... თავი გინდა მომაკვლევინო? -ძლივს აკავებდნენ ვაკო და ანდრო, -ჩემი ცოლი აქამდე იცი როგორ მოვიყვანე? იცი?! ერთი ცრემლი არ დადენია, ბიჭო!
-მომკალი, იმისი ქმარი თუ მომკლავს... იმისი სიყვარული თუ ვერ დავიმსახურე, მისი ქმრის ხელით სიკვდილი ალალია ჩემთვის! არც უთქვამს ხო ჩემზე არაფერი!
-მოგკლავ კი არა! მოგკლავ კი არა მის ბედნიერებას გაყურებინებ მთელი ცხოვრება!
კიდევ სწვდებოდა ალბათ, ძალით რომ არ გაეთრია ირაკლის.
-შედი შენს ცოლთან! -თვალები დაუბრიალა ავად. აღარ გაიმეორებდა მეორედ. -ვის ურჩევ საქმეს, ამას? შედი და დაიბანე ეგ ხელები, ხო გაიგე, ანდრო?
-ეს მარტო გატეხილი ცხვირით როგორ გავუშვა, ირაკლი? რას მთხოვ, ბიჭო! შენ რო... ნანას რო ასე ვინმე მოადგეს! -თვალები შეშლოდა ანდროს.
ასეთი გადრეული, თავდავიწყებული ბრაზისგან არ ენახა არავის. წამიერად ყველამ დაუშვა ის არდასაშვები და გაუგონარი, რომ მართლა დამართებდა რამეს მარტო მოსულს. არასწორს, მაგრამ მაინც მარტო მოსულს.
-ნანას რო ასე ვინმე მოადგეს, მეც შენსავით მენდომება მოქცევა, მაგრამ შენ არ მომცემ ამის უფლებას ისევე, როგორც მე, ხო გაიგე? მარტოა მოსული. შენი ქორწილია.
-ხოდა, გამიშვი მეც მარტო.
-მარტო შენ აქედან გახვალ შენს ცოლთან ერთად!
-მე ვერ გამიბედავდი ჩემს ქორწილში მოსვლას, შენი ცოლი რომ ჩემი ყოფილიყო. იცი, რატო? მე უფრო ვიმსახურებ. -ძლივს გაათრიეს ეზოდან გადარეული, ადამიანის სახე აღარ ჰქონდა ქარდავას, ისე დაღმეჭოდა ტკივილისაგან, ერთმანეთში აზელვოდა ნაკვთები.
-ამის მოსახვედრი შენ მოგხვდება ახლა იცოდე, შენს ცოლთან თუ არ შეხვალ და არ დაამშვიდებ? გაიგე? -თვალი თვალში გაასწორებინა გიგი ბარათელმა. მტკიცე ფოლადი ჩაღვროდა თვალებში. -ამას, როცა იმსახურებს, მაშინ გაეცემა შენგან პასუხი.
-მე ვერ გავბედავდი კი არა, არ მოვიდოდი ბიჭო შენს ქორწილში! -მთლიანად წითელი იყო ანდრო, ავად უნათოდა მწვანე თვალები. -ეგ განსხვავებაა ჩვენს შორის!
პირის გაღებას აპირებდა გუგა ქარდავა, ირაკლიმ რომ გაათრია დროზე ადრე ეზოდან. თავის მანქანაში ჩასვა ძალით.
სისხლის მოწმენდაც ეზარებოდა ძალაგამოცლილს. უცხო კაცის წინაშე მაინც მალავდა ცრემლებს. მაინც იცოდა რომ არ იყო მართალი, მაგრამ თითქოს ამასაც აღარ ჰქონდა მნიშვნელობა.
-იცოდე, რო ახლა მარტო იმიტომ არ მოგხვდა, რო მარტო მოხვედი აქ, ხო გაიგე? შენ რაც ელენეს გაუკეთე დღეს, არ შეგრჩება არც ჩემგან, არც ანდროსგან, არც ლიფონავასგან და არც არავისგან.
-იმის ღირსადაც არ ჩამაგდო, მის ქმარს მაინც სცდონდოდა, ვინ ვიყავი.
-და ვინ ხარ? ვინ ხარ გამაგებინე, ბიჭო! ვინ! -საჭეს დასცხო ხელები ირაკლიმ, დაძრა მანქანა სასწრაფოდ.
-თხუთმეტი წელია მიყვარს. იმას? იმას რამდენი?
-იმას ექვსი თვე დასჭირდა ელენეს ქმრობამდე, ხვდები ახლა ვის ცოლს უხსნიდი სიყვარულს? ხვდები ვერავინ რომ ვერ მოაგროვებს შენს ძვლებს?
-რა საშინელი შეგრძნებაა, როცა ხვდები, რომ ტყუილად გილოცია. - მხოლოდ თავისთვის ჩაიქირქილა გუგამ, გავარვარებული ფოლადივით აეწვა გულზე ჩამოკიდებული ხის ჯვარი. ყველაფერი ეზიზღებოდა იმ წამს. მისი ამ დღეში ჩამგდებიც. გაღმერთებული ქალიც, მისი რომ არ ყოფილა არასდროს.
-გამოგადგება ეგ ლოცვები, შენ არ იდარდო... გადაეთრიე ახლა, მოიკრიბე გზებზე დაკარგული მთელი შენი კაცობა და თუ სიტყვა გეთქმის, იცოდე, ჩვენ აუცილებლად მოგთხოვთ პასუხს.
-მიყვარს. ესაა ჩემი პასუხი. -მანქანის კარი გამოაღო გუგა ქარდავამ. სისხლით ამოვსებოდა თვალები.
-იქამდეც არ გეყო შენი სიყვარული, რო ამდენი ხალხის განსახილველი არ გაგეხადა უდანაშაულო გოგო. აი, შენი თხუთმეტი წლის ნაგროვები სიყვარული, ვის ეჯიბრები მაგ გაქანებით? გადაეთრიე.
*
ქალების საპირფარეშოში ყრუდ ისმოდა აღრიალებული მუსიკის ხმა.
გრიგალივით შემოვარდა ანდრო, კარის გაჯახუნებისას ადგილზე შეხტნენ ნანა და ელენე. წამიერად ვერც ერთმა იცნო მათ წინ მდგომი ადამიანი.
-გადი, ნანა. -ღრიალისგან ხმაც ჩამწყდარი ჰქონდა, თვალებში ერთ ქარიშხალს გადაევლო, თუმცა მალევე წამოეწეოდათ მეორეც.
-ანდრო, ჩემი ბრალია... მე... -წინ გადაუდგა ელენეს.
-შენი ბრალი ახლა მხოლოდ ის არის, ჩემსა და ჩემს ცოლს შორის რომ დგები. გადი, ნანა, და მოიკითხე ირაკლი. -თვითონ გამოუღო კარი თავის დას.
მანამ უყურა თვალებში, სანამ გასვლა არ აიძულა. ფრთხილად მოხურა კარები და გადაკეტა.
თავი ხელებში ჩაერგო ელენეს. მაკიაჟი მთელს სახეზე გადღაბნოდა. გადაცრეცოდა ტუჩებიდან ფერი. ვერაფრით მიეკარა. ჯიბეებში ჩაიწყო ხელები ანდრომ და მაგრად მომუშტა, რომ არ შეხებოდა.
-ვინ იყო ის... არსება? ელენე? -განზრახ გააცივა ხმა მისი სახელის წარმოთქმისას.
გული შეეკუმშათ მწარედ ორივეს.
-ყველამ გაიგო და შენ ვერა? -ამოიტირა. თეთრი კაბაც დასვარა მაკიაჟში გარეული ცრემლებით.
-თავი ასწიე და შემომხედე თვალებში!
-ნუ მელაპარაკები ეგრე, ანდრო!
-როგორ გელაპარაკები? როგორ? -ხმას აუწია, მკლავებში ჩაავლო ხელები და გაუსწორა სახე, თვალები. -შემომხედე-მეთქი, რომ გელაპარაკები! ვინაა ასეთი, თვალსაც რომ ვერ მისწორებ?
-მრცხვენია. -მაგრად დააჭირა ქუთუთოები ერთმანეთს. სუსტად გაიბრძოლა, მაგრამ არ გაუშვა მაინც ანდრომ.
-გოგო, ნუ მაგიჟებ! -ყბები დაეჭიმა, ნიჟარას დაეყრდნო ხელებით მის ირგვლივ. -ვინაა-მეთქი, ნუ მანანებინებ რომ არ დავაკალი ადგილზე, ამოიღე ხმა!
-არავინ. ჩემთვის არავინ. იმას... ვუყვარდი, მე არ მიყვარდა... მე არა.. არა.. -ყელში მოძალებული ცრემლები აწყვეტინებდა საუბარს ელენეს.
-ნუ ტირი იმის გამო, თორე... მე გავგიჟდები ელენე! იცოდე, აქ და ახლა გავგიჟდები! ვინ იყო ასეთი ჩვენს ქორწილში მოსვლის უფლება რომ მისცა საკუთარ თავს?
-არავინ-მეთქი! -გაუავდა თვალები, -მე კი არ დავპატიჟე! არც მახსოვდა, რომ არსებობდა... მე.. წასული იყო... გავიგე, რომ ჩამოვიდა, ქუჩაში შემხვდა შემთხვევით.
-შემთხვევით, -ცივად ჩაეცინა ანდროს. კედელს მიეყრდნო კეფით. -შემთხვევით... შემთხვევით, ელენე?! ტიპს წლები უყვარდი და გგონია, შენს ქორწილამდე შეგხვდა შემთხვევით? სულელი ხარ, გოგო?
-წესიერად მელაპარაკე! და ნუ მეძახი ამ „გოგოს“!
-და რაო რა გითხრა, რომ შეგხვდა? არ გაყვეო იმას ცოლად, მე უფრო მიყვარხარო?
-არა! არ ვათქმევინებდი მაგას...
-ვაი, რატო? -ცინიკურად შეიცხადა. ყბები მაგრად დააჭირა ელენემ ერთმანეთს, -ახლა არ გაუჭირდა ამდენი ხალხის წინაშე აღიარება, მე შემეცილა შენს თავში სახალხოდ, ჩემთვის ხო გააბედინე საკუთარი თავისთვის თუ არა!
-მაგას უტოლებ შენს თავს? მე რომ არ გაგიტოლე, მაგიტომაც არ გითხარი არაფერი! არ ნიშნავდა...
-ნუ ამბობ! გოგო! ნუ შემშალე! -თავზე წაიჭირა ხელები. -ხვდები, რა გააკეთა? ხვდები?
-თავისი კაიკაცობის პრეზენტაცია გააკეთა!
-მაგიტო ტიროდი ხო? არ მოგეწონა ჩვენება! -ნიჟარას დაარტყა დაბეჟილი ხელი. -თუ დამნაშავე რომ ხარ, მაგან აგატირა!
-არ ვარ დამნაშავე სხვა თუ არ შემიყვარდა შენ მაგივრად! რა მექნა, თავი მომეწონებინა შენთან თხუთმეტი წელია ერთ ტიპს ვუყვარვარ-მეთქი?
-რამდენი უარის თქმა მოასწარი იმისთვის თხუთმეტი წლის განმავლობაში? -შეეყინა ელენეს სახეზე ყველანაირი გამომეტყველება და ფერი. -რატო არ ვიცოდი მე, ბოლო დონის... ჩმორივით რო არ ვმდგარიყავი გაურკვევლობაში მყოფი!
-გადი აქედან!
-არსად არ გავალ! ნუ დამაწყებინებ იმის შეხსენებას, ვინ ვარ მე შენთვის! სხვა თუ არაფერი იმდენ პატივს მაინც უნდა მცემდე, რო ვიცოდე ვის როგორ მოვთხოვო პასუხი!
-შეგრცხვება შენი სიტყვების! გადი ახლა აქედან. -კარისკენ უბიძგა ელენემ, ისეთი გულნატკენი ჰქონდა ხმა და თვალები, საკუთარი სიტყვების დავიწყება მოუნდა ანდროს. -და ხელი არ დააკარო, არაფერი დაუშ...
-ნუ მასწავლი, რა გავაკეთო! არაფერი დაუშავებია კი არა, ენას ამოვაძრობ შენი ქმრობის ნატვრა რო გამიბედა ჩვენს ქორწილში. იმას რო ეკუთვნოდა შენი ცრემლები და არა მე, გაიგე?
-შენ... ვინ ხარ საერთოდ! -მოჩვენებასავით გაუფითრდა სახე ელენეს.
-შენ ვინ ხარ, ხომ გახსოვს? არ დაგავიწყდეს, სხვა კაცის გამო ტირილს რომ გაბედავ მეორედ.
-ეგრე ხედავ შენ ჩემს ცრემლებს? ჩვენს ქორწილში კი არა, ოდესმე სხვისთვის გამეტებულს? გადი-მეთქი აქედან! ვერ გიტან ამ წამს!
-ვაკოს აქვს რაღაც სითხე წამოღებული, გაასუფთავებინე კაბა და ისე გამოდი. -მშვიდად უთხრა, მაგრამ თვითონ მაინც ვერ გაბედა პირველი გასვლა აქედან. წყალი მოუშვა და ქაღალდის ხელსახოცი დაასველა.
-არ მჭირდება შენი დახმარება! მე თვითონ... -სახე გადასწია უკან ელენემ. არ უყურებდა თვალებში. ყველაზე მძიმე სასჯელით სჯიდა.
-ელე...
-არა! -ხმა გაუტყდა.
-ბოდიში. -ფრთხილად გადადგა ერთი ნაბიჯი წინ.
-არ მინდა ბოდიში!
-გაგიფუჭდა მაკიაჟი... მოდი, რა...
-მე თვითონ-მეთქი! -ხელიდან აართვა ხელსახოცი და უხეშად მოისროლა ნიჟარაში.
მის მხარს ჩამოეყრდნო შუბლით ანდრო. ერთდროულად მიეხუჭათ თვალები ორივეს.
-ხომ გინდოდა ვიღაცასთან ჩხუბი, აგიხდინე ნატვრა.
-ელე, კაი რა... -იმ ადგილას აკოცა, სადაც შუბლი ედო წეღან. -ქორწილში არ მინდოდა. ვერ მოვთოკე. ნუ მაგიჟებ, ნუ ტირი ქორწილში...
-კარგი! არ ვიტირებ ქორწილში! -თავად მოუშვა ამჯერად ონკანი. -მიბრძანდი ახლა და მაცადე სიმშვიდეში დავითვალო ჩემი უარები, ეგ ხომ ასეთი მნიშვნ...
-არაა მნიშვნელოვანი. მარტო ჩემთვის ნათქვანი ერთი „კი“ არის... მთავარი.
-მართლა? წეღან არ გეტყობოდა.
-ჩემთვის... მარტო შენ ხარ. ეჭვიანობის საბაბად არ მინდოდა იმ ტიპის შესახებ ცოდნა. უბრალოდ უნდა მცოდნოდა, ხვდები? თხუთმეტი წელია რო ვიღაცას უყვარხარ... არაა ეგ უმნიშვნელო ამბავი.
-გავიგე. გადი. სირცხვილია.
-მაპატიე?
-ვერ მოვასწარი ჯერ. გადი.
-ნუ მაგდებ, ელე.
-არ გაგდებ, მოგიწოდებ გახვიდე.
-კარგი. -ამოიხვნეშა მძიმედ, ზურგს უკან ამომდგარმა აკოცა ყელთან მოწყვეტით და გავიდა, როგორც კი ნიჟარას დაეყრდნო ორივე ხელით ელენე.
ვაკო უკვე იდგა ქეთისთან და ლიზასთან ერთად ახლომახლო. ელოდებოდა, წყვილი როდის დაასრულებდა „საუბარს“.
-აბა, საკანდელიძეების დამხმარე რაზმი შეესიოს პატარძალს, -ხელით უბიძგა დას და შეყვარებულს ელენესკენ, განრისხებული რომ შეჰყურებდა საკუთარ თავს სარკეში. -სიძე, მოდი აქ.
-ვაკო, არ მაქ ახლა...
-მოდი-მეთქი, ბიჭო. -ხმა გაიმკაცრა საკანდელიძემ. ოდნავ გაეღიმა ასეთზე ანდროს. გულდამძიმებული დაუდგა წინ მეგობარს. -შენი თავის ამბავი რომ იცოდი, რატო არ წამოიღე გამოსაცვლელი? ილოცე, მე არ მომხვდეს ვინმეს ხელი.. წამოდი, მოგცემ ჩემს პერანგს.
-არ მინდა, ვაკო.
-უბედური ცოლ-ქმარივით უნდა იყოთ ამოთათხულები აბა? გამოადგი ფეხი. ჩემსავით ცქვიტი ბიჭი არ ხარ, მარა მოგერგება. წამოდი, წამოდი.
*
სადღაც შორს, ციხის კედლებში სიკვდილს მიაბარეს პაატა გამცემლიძე.
ამქვეყნიურ სასამართლომდეც არ დააცადეს მისვლა. არც ეს შეარგეს ბოლომდე დაობლებულ ირაკლი ნაკაშიძეს - არ დაანახეს პაატას სახე, როცა მის ნაჩუქარ სასჯელს გამოუტანდა სასამართლო.

XI თავი
„ჯაჭვი არასოდესაა იმაზე ძლიერი, ვიდრე მისი ყველაზე სუსტი რგოლი“
იმ ზამთარსაც დიდი თოვლი მოვიდა თბილისში. წლების წინ, როცა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდნენ ვაკო და ირაკლი. ბავშვები გუნდაობა-გუნდაობით მიიკვლევდნენ გზას, ზარის დარეკვის ხმაც ვერავინ გაიგო და ყველას დააგვიანდა პირველ გაკვეთილზე.
ვაკომ ჯერ უმცროსი და მიაცილა კლასამდე, მერე მთლიანად გალუმპული და თოვლში ამოვლებული დაადგა გზას თავის ოთახამდე. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი წამოეწია ირაკლი ნაკაშიძეს, რომელსაც მედიდური და თავდაჭერილი ნაბიჯების გადადგმა ბავშვობიდან ესწავლა.
გამარჯობაც არ უთქვამთ ერთმანეთისთვის. არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა მაშინ საკანდელიძესთან კლასის დანარჩენ ბიჭებს, თუმცა ირაკლი მხოლოდ იმიტომ იჭერდა მისგან თავს შორს, რომ ვაკოსაც ერიდებოდა ნაკაშიძესთან დაძმაკაცება.
კლასში ყველაზე გვიან შესული ბიჭები რომ დაინახა ქართულის მასწავლებელმა, ქალბატონმა მელანომ, სულ მთლად აეშალა ისედაც დაუწყობელი ნერვები და კივილით გამოყარა გარეთ ნაკაშიძე და საკანდელიძე.
-წაბრძანდით სახლში და მშობლის გარეშე არ მოხვიდეთ ჩემს გაკვეთილზე!
გულმოსულები დაადგნენ ეზოსკენ გზას. ვაკო თავის ფეხსაცმლის წვერებს დასჩერებოდა, ირაკლი წინ იყურებოდა. ერთს ეშინოდა სახლში მისვლისა, მეორეს - არა.
-ყველას გამო ჩვენ მოგვხვდა, -დაიდადღანა ვაკომ. ძალიან გაბრაზდა. ერთი გადმოხედა ირაკლიმ და გააგრძელეს გზა.
საშინლად ციოდა გარეთ. გასველებულმა ტანსაცმელებმა უარესად მობუზა ისედაც გამხდარი საკანდელიძე. სუსტი ბავშვი იყო, სულ ავადმყოფობის გამო აცდენდა გაკვეთილებს.
-მამაჩემს ვერ ვეტყვი. მაგრად მომხვდება. -არ მორიდებია ირაკლისთან იმის გამხელის, რისი თქმაც სხვისთვის შერცხვებოდა.
იცოდა, არასოდეს დასცინებდა ამის გამო, ისიც იცოდა, მათ შორის რომ დარჩებოდა ეს სიტყვები. ირაკლი ისეთი იყო, როგორ ძმაზეც ყოველთვის ოცნებობდა მკაცრი მამის ხელში გაზრდილი ვაკო.
-არ უთხრა მერე. -სრული სერიოზულობითა და თავდაჯერებით უთხრა ირაკლიმ. -მამაჩემი მოაგვარებს. ორივეს მაგივრად.
-მართლა? მაგრამ არა, მამამ ეგ რომ გაიგოს უარესია. მერე უფრო მაგრად მომხვდება. -გაბრაზებულმა მიარტყა თოვლის უზარმაზარ გუნდას წიხლი და სველ ჯიბეებში ჩაილაგა ხელები.
-სად მიდიხარ? -ერთ ადგილას შედგა ნაკაშიძე.
-სახლში. რა იყო? -ისე მიათრევდა სუსტ ფეხებს, აშკარად ყველგან წასვლა ერჩია სახლში მისვლას. გამოტანილი განაჩენით ჰქონდა თვალები დამძიმებული.
-წამოდი ჩემთან. თუ გინდა. კი არ გპატიჟებ. მერე შენს დას ხომ უნდა მოაკითხო მაინც.
ეჭვის თვალით გახედა ვაკომ. ადამიანის ენა ვერ აღწერს იმ შეგრძნებას, რაც იმ პატარა ბიჭის გულმა განიცადა იმ წამს. პირველად ეპატიჟებოდა მეგობარი შინ. მართალია, ირაკლიმ სიტყვიერად უარყო მიპატიჟების რიტუალი, მაგრამ სხვა რა იყო ეს?
-კარგი, წამოვალ. ვიცი, რომ არ მპატიჟებ. ჩემი სახლი შორსაა და გავცივდები. მერე ნამდვილად ჩამტოვებენ კლასში ამდენი გაცდენის გამო.
-არ ჩაგტოვებენ. -ვაკომაც იცოდა ეს. მამამისის წყალობით გადამეტებულ სიტყვას ვერ გაუბედავდა ვერავინ, დღეს ნამდვილად ძალიან გააბრაზეს მელანო მასწავლებელი, თორემ არც ის გაყრიდა ბავშვებს სკოლიდან.
-შენ შორს ცხოვრობ?
-ამ სახლში.
ძველებურ საბჭოთა კორპუსებს გვერდი აუარეს და ლამაზი, ორსართულიანი სახლის ჭიშკარს მიადგნენ. ჭრიალით შეაღო კარები ირაკლიმ და ჯერ სტუმარი შეატარა.
-ჩორნა, დაანებე თავი! -ვაკოსკენ წკავწკავით გავარდნილ თეთრ ლეკვს ფეხი დაუბაკუნა ირაკლიმ.
-ჩორნა რატომ ჰქვია, თეთრია! -გაუკვირდა ვაკოს.
მეორე სართულის კარი გამოაღო ლამაზი სახის, ახალგაზრდა ქალმა.
-იკა, დედი, რატომ დაბრუნდი ასე მალე? -საყვედურნარევი, თუმცა მაინც თაფლივით ტკბილი ხმა ჰქონდა ლიზას.
უხერხულად აიწურა ვაკო.
-შემოდით, გაცივდებით! -პასუხის გაცემა არ დააცადა შვილს, ორივე სასწრაფოდ შეიყვანა სახლში.
მხარზე რომ დაადო ვაკოს ხელი, ზამთრის ყინვა მიავიწყდა საკანდელიძეს. თითქოს უცებ გაშრა და ვიღაცამ ბუხრის წინ ჩამოსვა, თბილი ჩაი დააჭერინა ხელში და ყველა სადარდებელი ერთი სულის შებერვით მოაცილა გულიდან.
-ეს რა არის? რატომ ხართ სულ სველი? დედა, ხომ გითხარი, არ იგუნდაო-მეთქი? დროზე, ფეჩთან მიდით.
-ეს ვაკოა, დედა, ჩემი კლასელი. -თვალებით ანიშნა საკანდელიძეს, მოიხსენიო ჩანთა.
-სულ გალუმპულხართ, შვილო... -თავისთვის ქაქანებდა ლიზა.
ძლივს შეიკავა თავი, რომ არ ეთქვა ირაკლისთვის, რა ლამაზი დედა გყოლიაო.
როგორც თავის შვილს გამოუტანა ტანსაცმელი, ასევე ვაკოსაც ლიზამ.
შუქი არ იყო. ფეჩიდან გამომავალი შეშის ტკაცუნი ისმოდა, გარეთ ლამაზად ბარდნიდა. შიშინებდა ძველებური ემალის ჩაიდანი. ისეთი სიმშვიდე იყო, იქ დარჩენა მოუნდა სამუდამოდ საკანდელიძეს. ოდესმე თვითონაც ისწავლიდა, რას ნიშნავს მშვიდად ძილი.
-ჩემს ოთახში გამოიცვალე შენ.
-არ მინდა, -შერცხვა ვაკოს, მაგრამ არ დაანება ირაკლიმ.
ხუთ წუთში მშრალი ტანსაცმელებით იჯდნენ ორივენი და ხმას არ იღებდნენ.
-აბა, მომიყევით რატომ ხართ თქვენ ორნი აქ? -საქმიანად დადიოდა ლიზა ოთახებში. პატარა მაგიდაზე გაუშალა ბავშვებს სასაუზმოდ მოკრძალებული სუფრა.
-გაკვეთილებზე დაგვაგვიანდა და გამოგვაგდო მელანომ. -აღიარა დანაშაული ირაკლიმ.
-მელანო მასწავლებელმა, -შეუსწორა დედამ შვილს. აქამდე თუ ვაკოს ეგონა, რომ მომხიბვლელი სიმკაცრე მამას შეიძლებოდა ესახსოვრა ირაკლისათვის, ახლა საერთოდ შეიცვალა აზრი.
ნაკაშიძე ძალიან ჰგავდა დედამისს. გაბრაზებაც და დატუქსვაც მშვიდი შეეძლო. თავს უფრო დამნაშავედ გაგრძნობინებდა.
-ხო, მასწავლებელმა. -ჩაიბურტყუნა და ჩახარა თვალები, -მშობლის გარეშე არ მოხვიდეთო.
-ძალიან გაგიბრაზებიათ. -გაუღიმა მორიდებით მჯდარ ვაკოს, უზარმაზარი თაფლისფერი თვალებით რომ აკვირდებოდა ამ სახლში ყველაფერს, ლიზას კი განსაკუთრებით. -კარგი, ნუ ჩამოყარეთ ყურები. არაუშავს, მივალ და მე დაველაპარაკები. ნამცხვარი გამოვაცხვე, ცოტა დამეწვა, მაგრამ გამოდგება...
-ცოტა? -წარბები აზიდა ირაკლიმ, ძირმომწვარ ნამცხვარს რომ შეავლო თვალი. ღიმილით „გასცინა“ დედის კულინარიულ შედევრს.
-მამაშენს მოსწონს! -თავი იმართლა ლიზამ. ვაკოც იღიმოდა უკვე.
-გატყუებს, რომ არ გეწყინოს. -არ ინდობდა შვილი დედამისს, ისინი კი უფრო ფართოდ და ფართოდ იღიმოდნენ.
ვაკოსაც გაეღიმა, თუმცა გულში რაღაც ძალიან ღრმად ჩასწყდა იმის წარმოდგენისას, რომ მის ოჯახში იგივე სიტუაცია არ ჩაივლიდა მამის ყვირილისა და დაუსრულებელი საყვედურების გარეშე. მათ სახლში არავის ჰქონდა შეცდომების დაშვების უფლება მამამისის გარდა.
-შენ დაიკო გყავს, ვაკო? -ჩაი ჩამოუსხა ბავშვებს ლიზამ.
-კი. ქეთი ჰქვია. პატარაა და ბევრი ლაპარაკი უყვარს. -ჩამოარაკრაკა, ძალიან მოუნდა მისთვის გული გადაეშალა.
-ახ, რა კარგია და! შენ არ გიყვარს ბევრი ლაპარაკი?
-კი, მეც მიყვარს. -ირაკლის თანდასწრებით ვერ თქვა ტყუილი. მან ხომ იცოდა, რომ არასდროს აჩერებდა ვაკო ენას.
მარტო დატოვა მეგობრები ლიზამ. სამზარეულოში შეიყუჟა თვითონ და თავიდან დაიწყო იმ ნამცხვრის ცხობა, წეღან რომ დაეწვა.
-რა კარგი დედა გყოლია. -ვერ მოითმინა მაინც ვაკომ.
-ყველა დედა კარგია, -თქვა ირაკლიმ, მერე თითქოს დანაშაული იგრძნოო, დაამატა- მაგრამ ჩემი ყველაზე.
-მამაც კარგი გყოლია.
-რა იცი?
-ეტყობა დედაშენს. და შენც. -პატარა თითები ერთმანეთში ახლართა და ფეჩს მიუშვირა. -ბედნიერები ხართ. დამწვარ ნამცხვარზე ჩვენს სახლში ასე ლაპარაკს ვერავინ გაბედავდა. მე მგონი, მაინც მომიწევს სახლში სიმართლე ვთქვა.
-შენ როგორც გინდა. ისე, თუ დამალავ ტყუილის თქმა არ გამოვა. დედაჩემს მართლა შეუძლია მოაგვაროს ორივეს მაგივრად.
-მერე რომ იფიქროს მატყუარა ბავშვიაო?
-არ იფიქრებს. არაა დედაჩემი ეგეთი.
-სკოლაში რატომ არავინ მემეგობრება? -ენაზე მაგრად იკბინა. დაახლოებით იცოდა რატომაც, მაგრამ მაინც უნდოდა სხვისგანაც გაეგო. იცოდა, ირაკლი სიმართლეს ეტყოდა, ამიტომაც გული მღელვარებისგან გაებერა მკერდში. -მამაჩემის გამო?
-არა. შენ გიჭირავს თავი ყველასგან შორს. შენ არ გვემეგობრები მამაშენის გამო. გეშინია.
-არ მეშინია, -შუბლი აეწვა ვაკოს. მართალი იყო. ამ მხრიდან არასოდეს შეუხედავს საკუთარი თავისთვის. -გამარჯობასაც არ მეუბნებიან!
-შენ თქვი მერე. შენ გადადგი პირველი ნაბიჯი და ნახე თუ არ გემეგობრონ.
-დამცინებენ.
-ო, არავინ დაგცინებს. ნუ ხარ მშიშარა. -ხმა დაიბოხა ირაკლიმ, თითქოს ერთი ორი წელი მოემატა.
-შენ რა გენაღვლება... ყველას უყვარხარ და პატივს გცემს.
-შენ თუ დაიმალები და ადამიანებთან ურთიერთობის შეგეშინდება, სულ იფიქრებ, რომ მე რა მენაღვლება. თუ რამე შეგეშლება, მერე რა მოხდა? ნამდვილი მეგობარი არ მიგატოვებს. დედაჩემმა ასე მითხრა, არც შენ უნდა მიატოვოო. გინდა რაღაცა გასწავლო? -ხმა დაადაბლა ირაკლიმ, ოდნავ გადაიხარა მისკენ.
შავი, გამშრალი კულულები ანცად დაჰყროდა შუბლზე.
-მასწავლე, -ვაკოც გადაიხარა მისკენ.
-დედამ მითხრა, ცუდი ფიქრები რომ შეგაწუხებს ან რამის შეგეშინდება, სამჯერ ჩაისუნთქე, ამოისუნთქე, ლოცვა თქვი გულში და კარგად გახდებიო. იცი ლოცვა?
-ვიცი. -მხრებში გასწორდა ვაკო.
-გული რო აგიჩქარდება, ან რო ვერ მიხვდები, როგორ მოიქცე, ეგრე ქენი. მე სულ მშველის.
-კაი. -საოცარი სიმსუბუქე იგრძნო ვაკომ მხრებში. -ასე ვიზამ.
ვაკოს წასვლის დრო რომ მოვიდა, ფოტოაპარატით ხელში გამოვარდა ლიზა სახლიდან.
-სურათს გადაგიღებთ, დადექით.
-ო, დედა, არ გვინდა სურათები. სულ სურათები... -დაიდადღანა ირაკლიმ, მაგრამ მაინც დადგა დამორცხვებით აწურული ვაკოს გვერდით.
-დიდი რომ გაიზრდები, ხომ უნდა გახსოვდეს, როგორი პატარა იყავი? მე სულ მემახსოვრება, აბა.. გაიღიმეთ! -ცალი თვალი მოჭუტა ლიზამ, მეორეზე კამერა მიიდო.
ირაკლიმ ქურთუკის საყელოში ჩამალა ცხვირი. ვაკოც იქვე დადგა, მორიდებით.
ჩიტი გამოფრინდა.
პატარა ირაკლის ნასწავლებმა „თერაპიამ“ ბევრჯერ გაუადვილა ვაკოს რთული დღეების დაძლევა. ამიტომაც უყვარდა ასე ძალიან. ნაკაშიძეს გვერდით ყოფნის გარეშეც შეეძლო მისი გადარჩენა.
*
ხმას არ იღებდა ელენე მთელი გზა. ფოლადივით მტკიცე და შეუცვლელი ჰქონდა გამომეტყველება. ისე გაჰყურებდა ჰორიზონტს, მისი გახვრეტა სურდა თითქოს თვალებით. არც ანდრო იღებდა ხმას და ეს უარესად აბრაზებდა. ბოდიში მაინც მოეხადა! არა, ერთხელ კი მოუხადა, მაგრამ კიდევ უნდა ეთქვა.
ფეხებიც საშინლად დაბუშებოდა, მთელი დღე ქუსლებზე გაატარა. ცალი თვალით გამოხედა აწრიალებულს და მაგრად დააჭირა ტუჩები ერთმანეთს. მასაც ეძნელებოდა ეს გაჯიუტებული სიჩუმე, მაგრამ უნდა სცოდნოდა ელენეს, რომ ასე მარტივად მისაღები არც მისთვის იყო ცოლ-ქმარს შორის ერთმანეთისგან დამალული საიდუმლოები, რომ სიყვარული სიყვარულია, მაგრამ ნდობა, ურთიერთპატივისცემა და გათვალისწინება სახლის სხვა კედლები, რომელიც ოჯახს აქცევს ოჯახად.
-რას ვაპირებთ ახლა? -ელენემ გაიღო ხმა პირველად. ცივად ჰკითხა და მტკიცედ.
სადღაც შორიდან მის სიამაყესაც აქარწ....ბდა კარგად მიჩქმალული დანაშაულის შეგრძნება.
-რას ვაპირებთ? -გაიკვირვა ანდრომაც.
-იცი, რასაც გეკითხები.
-ჩვენ არაფერს, მივალთ სახლში და ვიცხოვრებთ, როგორც ცოლ-ქმარს შეეფერება. გესმის? -ისეთი დარწმუნებით უთხრა, ელენეს ერთიანად გააცია გულ-მკერდში, სუნთქვს შეეკრა.
-მე შენზე გაბრაზებული ვარ. -თვალები დაქაჩა, როცა მიხვდა რაც შედიოდა ცოლ-ქმრისთვის შესაფერის ცხოვრებაში. -ძალიან!
-მეც გაბრაზებული ვარ შენზე.
-იყავი. იყავი მერე, არ მაინტერესებს. არაადექვატურად მოიქეცი ჩვენს ქორწილში! იმას.. იმას აჰყევი სისულელეში!
-იმას ავყევი, ელენე? უპასუხოდ გამეშვა თუ რა გინდოდა?
-და მე რომ მეთქვა რას შეცვლიდი? მიპასუხე, რა შეიცვლებოდა! შენ რა არ გესიამოვნა, სხვას რომ ვუყვარვარ შენსავით თუ...
-ჩემსავით? -ცივად გააწყვეტინა ანდრომ. ახლაღა გაიაზრა ელენემ, რომ რაც თქვა სხვანაირად შეიძლებოდა იმის გაგება. იმაზე უარესად, ვიდრე გულისხმობდა.
სავარძელს მიაყინა მწვანე თვალების მრისხანებამ და სიცივემ.
-ასე არ მიგულისხმია... ანდრო...
-ჯობია საერთოდ ნუ ვილაპარაკებთ ამაზე დღეს. -გააჩერა მანქანა და მოისხნა ღვედი.
მანქანიდან სწრაფად გადასვლისას როგორღაც ელენემ ისიც მოახერხა, რომ ფეხიც გადაბრუნებოდა. თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა სიმწრისა და ნაგროვები ემოციებისაგან.
-მოდი. -მოღუშული სახით მიუახლოვდა და წელსა და ფეხებქვეშ შეუცურა ცოლს ხელები.
სულ სხვანაირად წარმოედგინათ ორივეს ამ დღის დასასრული. გაბრაზებულები არც კი უყურებდნენ თვალებში ერთმანეთს.
სირცხვილისგან სახეზე აწითლებულმა შემოხვია კისერზე ხელები. თვალები დახუჭა მაგრად რომ არ ატირებულიყო.
როგორც კი შინ შევიდნენ, მაშინვე ოთახში შეიყუჟა ელენე. ეს კაბაც საშინლად უჭერდა, ფეხსაცმელიც, თმაც და საკუთარი კანიც. ყველაფერი ეზიზღებოდა. ხმაურით მიყარა ფეხსაცმელები ოთახის ერთ კუთხეში და მაგრად დაეჯაჯგურა თეთრი კაბის გასახსნელს. ვერაფრით გახსნა, ვერც გაიხადა, მაგრად აჭერდა კბილებს ერთმანეთს ტირილი რომ არ დაეწყო.
ფრთხილად მოაკაკუნა კარზე ანდრომ და შემდეგ შევიდა ოთახში. გული მოეწურა საწოლზე ჩამომჯდარი მოღუშული ცოლის დანახვისას, ღრმად ჩაისუნთქა, საკუთარი თავი დაამშვიდა. ასე არ უნდა დასრულებულიყო მათი ქორწილის დღე.
უხმოდ მიუახლოვდა საწოლზე ჩამომჯდარს და ჩაიმუხლა მის წინ.
-რა გინდა, შენ ხომ არ მელაპარაკები? -გაბრაზებულმა ამოიბურტყუნა, თავად გადავიდა თავდასხმაზე, სანამ ანდრო ეტყოდა რამეს.
გაეღიმა მის ბავშვურ გაბუტვაზე.
-გელაპარაკები. შენ რატომ მეჩხუბები? -სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია ყურზე, რომ მიეფერა, უარესად აუჩუყდა გული შენგელიას. პატარა ბავშვივით დაებრიცა ტუჩები. -დედისერთა გოგო ხარ და მიჩვეული ხარ ხო...
-რა შუაშია?! მერე რა, რომ დედისერთა ვარ? გინდა თქვა, რომ გატუტუცებული ვარ?
-არა, როგორ გეკადრება, -გაუფართოვდა ანდროს ღიმილი, მუხლებზე დაულაგა ხელები. -ვერ იხსნი კაბას? მოგეხმარო?
-არა! -სხარტად იუარა. -მე თვითონაც... მე შენზე გაბრაზებული ვარ.
-გავიგე, რომ გაბრაზებული ხარ. ერთხელ მოგიხადე ბოდიში ჩემი უკონტროლო საქციელის გამო შენ მიმართ. სხვა რამის გამოც თუ ელოდები, ნუ ელოდები.
ღმერთო, როგორ აგიჟებდა ეს მშვიდი სიმტკიცე და შეუვალობა. როგორი მომთხოვნი იყო მაშინაც კი, როდესაც საერთოდ არაფერს ითხოვდა მისგან. მთლიანად ისრუტავდა ელენეს სიჯიუტესა და სიამაყეს. მხოლოდ იმდენს უტოვებდა, რამდენიც შეეფერებოდა. თითქოს არ აძლევდა უფლებას მის წინაშე ყოფილიყო არასწორი.
-ბოდიში, მე არ მიგულისხმია წეღან ისე, როგორც ვთქვი. -საკუთარ ანერვიულებულ თითებს დააჩერდა ელენე, ჩურჩულებდა.
-შემომხედე. -მომთხოვნი ხმა ჰქონდა. შეხედა.
ამღვრეული ჰქონდა ცისფერი თვალები, თვალუწვდენელი, სუფთა ოკეანესავით მღელვარე.
-მე არ ვთვლი, რომ ამის დამალვით ვერ გიერთგულე. ქორწილის წინ ხასიათის გაფუჭება არ მინდოდა და ამიტომაც არ ვახსენე შენთან. ვერ გეტყვი, რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს იმ ადამიანს. მე რომ არ მიყვარს, იმას არ ნიშნავს, რომ თავს კარგად ვგრძნობ მან რომ თხუთმეტი წელი დაუთმო ჩემს სიყვარულს. მე უბრალოდ ცალმხრივობისაც არ მჯერა სიყვარულში და ვერც მისი გრძნობები გავხადე იმდენად მნიშვნელოვანი, ჩვენი ქორწილის დღე რომ გამეფუჭებინა. როგორც ვხვდები, არც იმსახურებდა მისთვის ამხელა მნიშვნელობა მიმენიჭებინა, რახან მოვიდა და ჩემი სახალხოდ შერცხვენის არ მოერიდა...
-ნუ ამბობ, -მკაცრად გააწყვეტინა, მისი სუსტი და გაყინული ხელები ეჭირა თავისით, თითებით ეფერებოდა, როცა უსმენდა. -შენ ვერავინ შეგარცხვენს. რაც გააკეთა, მხოლოდ მისი სირცხვილია. არ გამაგონო სხვის გამო... ოდესმე, გაიგე?!
-გავიგე. -ლოყები უღუოდა, თითქოს ძარღვებში სისხლმა ძველებურად დაიწყო მოძრაობა, როცა ესეც მოაგვარეს. -მაგრამ მაინც არ მინდა ჩაერიო...
-იქ არასდროს ჩავერევი, სადაც არ მეკითხება. ამაზე ნუ მთხოვ, გული დაგწყდება. მე მეხება, შენზე მეტად უკვე მე მეხება. შენ ხარ ჩემი ცოლი.
-ჩემი ღირსება შენი დასაცავი არაა. -ფოლადივით გაუმტკიცდა ხმა, უკან წაღებული ხელები თავისთან დააბრუნებინა ისევ ანდრომ.
-შენს ღირსებას დაცვა არ სჭირდება. არც გაბედო მეორედ ამის ისე ხსენება, თითქოს მე შენი ქმარი კი არა უუფლებო შეყვარებული ვარ. ეგ რომ მდომოდა, არ გვეკეთებოდა დღეს არათითზე ბეჭდები. გაიგე? ნუ მაფიქრებინებ, რომ იმისნაირებს შეუძლიათ შენი დამცირება. შენ რომ მოგწვდნენ, ჯერ მე უნდა გადამაბიჯონ. რაც არ უნდა ეცადო, არ გამოგივა ჩემი ამ საქმიდან გაცალკევება. მე თავს შეურაცხყოფილად კი არა, დავიწყებულად ვგრძნობ. დაავიწყდა იმას, რომ შენ გყავს ქმარი, ხოდა ისე შევახსენებ, რომ ვერ დაივიწყოს ვერასოდეს. ადამიანს ჯერ შენ ავიწყდები, მერე ივიწყებს შენს პატივისცემასაც. თუ არ შეახსენებ ვინ ხარ, ვერც პატივისცემას მოსთხოვ. შენ ხარ ჩემი ცოლი, ელენე შენგელია. გავიგეთ?!
-რა ჯიუტი ხარ... -ტუჩები უცახცახებდა ელენეს. მართალი იყო ყველაფერში, მაგრამ არ უნდოდა ამის აღიარება, სიამაყე არ უშვებდა.
-გავიგეთ?! -წარბები აზიდა, გაუმეორა, ამჯერად სხვანაირი, ჩარბილებული ტონით.
-გავიგეთ, ანდრო ჩადუნელო, გავიგეთ. შენც ხომ გაიგე?...
-მე ყველაფერი მესმის.
-არ სცემო.
-თუ მოითხოვს, მიიღებს. აღარ მიხსენო ეგ ტიპი, თორე გადავხტები...
-საიდან? -გაეღიმა ელენეს.
-საწოლიდან. -ანდროსაც. -ოღონდ დღეს არა. მეორედ ამ საშინელების ყელზე წამჭერი მე არ ვარ.
შეიხსნა პერანგის ღილები და პიჯაკიც იქვე გადაკიდა სკამზე. გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა ელენე სანახაობას. ვერ იჯერებდა, რომ მისი დახმარება სჭირდებოდა კაბის გასახდელად. სირცხვილისგან იწვოდა, ღელავდა საშინლად, ამოუხსნელად.
-ისე, პირველ შვილზე თუ გიფიქრია... -თავისთვის ჩაილაპარაკა ჩადუნელმა. ამ საუბრით ელენეს განმუხტვას თუ ცდილობდა, ნამდვილად არ გამოსდიოდა.
-შენ... გიფიქრია?
-კი. ხშირად. გოგო რომ იყოს გული გამისკდება. -გულწრფელი შიშით ამოთქვა, უცხო იყო მისი ასეთი ხმა ელენესათვის. თითქოს გოგოს მამობის გარდა ვერაფერი შეაშინებდა ამ ადამიანს.
-ვითომ რატომ?! არ გინდა გოგო შვილი?
-როგორ არ მინდა, მაგრამ მეშინია... მამობა... გოგოს მამობა რთულია, ხვდები? ბიჭი თუ გვეყოლება პირველი, მზად შევხვდები გოგოს...
თვალი მოარიდა ელენემ, ბოლომდე რომ ჩაიხსნა პერანგი. აღარაფერი ესმოდა, ვეღარაფერს გრძნობდა ადუღებული სისხლის გარდა, რომელიც თქრიალით ასკდებოდა საფეთქლებზე.
-შენ მაგით წვები? -თავზე წამოადგა ელენეს და წამოაყენა. წელზე დაულაგა ხელები. -ვეღარ მცნობ თუ რატომ მიყურებ ეგრე?
-ხო... მე ამით... -ამოიბურტყუნა ელენემ. საოცარ კონტრასტს ქმნიდა მისი წითელი სახის კანი თეთრ კაბასთან.
-საქორწინო კაბით, -წარბები აზიდა ანდრომ, გადაუწია ცალი მხრიდან კაბა და აკოცა კისერში. -გავხსნათ, ხო? ვერ მოისვენებ, თორე მე პირად სარგებელს კი არ დავეძებ...
-ნუ მეთამაშები ცუდად.
-როგორ გეკადრებათ, ქალბატონო, -მეორე მხარეს აკოცა ამჯერად კისერში, -არ იხსნება შენი კაბა. გააფუჭე?
ფრთხილად დაეჯაჯგურა ცალი ხელით, რომ არ გაეფუჭებინა.
-მიტრიალდი, -მიატრიალა ელენე და თმა გადაუწია ზურგიდან. კისერზე ეფრქვეოდა მისი სუნთქვა. მთელი სხეულით გრძნობდა ანდროს სიახლოვეს, მუხლები ეკეცებოდა უკვე.
-რა სჭირს? -დაიწრიპინა საწყლად.
-ძაფია გაჭედილი შესაკრავში.
-ხელით ვერ გაწყვიტავ? -მისი სახის მიახლოვება რომ იგრძნო ზურგზე, ოდნავ გაიწია ელენე.
-შემომეხევა. -გააფრთხილა ანდრომ და ცალი ხელით დააბრუნა თავის ადგილას.
ოდნავ ჩამოსწია ელვა და უცებ გაწყვიტა კბილით საზიზღარი ძაფი. ბოლომდე ჩაუხსნა ელვა და ხერხემალზე აკოცა რამდენჯერმე ფრთხილად....

*
გათენდა თუ არა მაშინვე თალხივით უიმედოდ გადაეფინა სატელევიზიო სივრცეებსა და ადამიანების სახეებს ახალი ამბავი პაატა გამცემლიძის ცივსისხლიან მკვლელობაზე.
სახლიდან გასვლას აპირებდა ირაკლი, ნანამ რომ დაასწრო მოსვლა. ადამიანის ფერი აღარ ედო სახეზე. უიმედობასა და შიშს შეეჭამა მისი ყოველი უჯრედი, მობუზული, შემცივნებული იდგა და მიუხედავად იმ ქარიშხლისა, რომელშიც მარტოები იდგნენ, როგორც ორი ფოთლებდაცვენილი ხე ტრიალ უდაბნოში, ფესვებს უფრო ღრმად იდგამდა ნანა. არ დანებდებოდა. არაფრით დანებდებოდა ამ ბოროტებას, რისთვისაც უსისხლო ადამიანები იმეტებდნენ ირაკლის.
-ერთხელაც იქნება, დაგიტოვებ ჩემთან. -ისე გაეღიმა ირაკლის, როგორც იღიმიან ადამიანები სასოწარკვეთის მოლოდინში.
-ირა... -შემოვიდა ნანა, თვალები მოარიდა.
შეატყო, რომ არ იცოდა ჯერ არაფერი და ამის გაფიქრებისას უფრო ჩაეწვა სული და სულთან ერთად ხორციც.
-მოხდა რამე? -უკან შემოყვა სახლში.
-ტელეფონი არ ჩაგირთავს?
-არც მახსოვს, სად მივაგდე.... იმ კრეტინმა კიდე იკონცერტა? -ეკითხებოდა, თან ტელეფონს ეძებდა ყველგან. -დამჯდარია.
-ირა, მოკლეს. პაატა. შენთან მოვლენ. აქ ვინმე აუცილებლად მოვა. ჰგონიათ, რომ შენ...
უცებ გამოეთიშა ნაკაშიძეს გონება. ტელეფონიც ხელში შეახმა და ფიქრებიც გონებაში... რას ნიშნავს, პაატა მოკლეს? ვის უნდა მოეკლა პაატა. თვითონ არ მოკლა და სხვა ვინ...
სხეულს სული გამოეცალა თითქოს და ზემოდან დაჰყურებდა ამ სანახაობას.
-ირა.. -ცივი თითები მოუსვა სახეზე, -ფერი აღარ გაქვს, ჩამოჯექი.
-რას ნიშნავს ფერი აღარ მაქვს? -მთვარეულივით გახედა, საკუთარ თავში ნაგროვები რწმენა, იმედი, მოთმინება გაწყვეტილი მძივის თვლებივით გაებნა. -რა პაატა მოკლეს, ნანა? გეშლება რაღაცა, მაგის სასამართლოზე არ მივდიოდით ახლა?!
-არ ვიცი, ირაკლი. ირა, მეშინია, წამოდი... წამო, სადმე წავიდეთ, კარგი? ვიღაც დიდი გებრძვის... რამე არ დაგმართონ. ანდროც მოვა მალე...
-სად მოვა, გოგო, ანდრო... გუშინ ცოლი მოიყვანა, დაეტიოს თავის სახლში. -თავზე წაიჭირა ხელები. საკუთარი თავისგან უკვირდა კიდევ სხვის ბედნიერებაზე რომ შეეძლო ფიქრი. -ვინ მოკლა?
-მე არ ვიცი. ირა... ვინმე ხომ არ გყავს ისეთი... ვინმე ხომ არ გებრძვის... რატო?
დასატენად შეაერთა სასწრაფოდ ირაკლიმ ტელეფონი. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ესმოდა ნანას შეკითხვები, რომლებსაც საკუთარ თავს უფრო უსვამდა, ვიდრე ირაკლის.
სახლში დაუკაკუნებლად შემოვარდა ვაკო. ისე გაუსწორეს მან და ირაკლიმ თვალები ერთმანეთს, როგორც ძმებმა, ერთი ტკივილის უღელში გაბმულმა უდედოდ გაზრდილმა ბიჭებმა. ერთი სიტყვაც არ თქმულა მათ შორის.
-ირა, გამცემლიძეები მოგაკითხავენ უეჭველად. -გააჟღერა ხმადაბლა ვაკომ თავისი ფიქრები. -შენზე მოიტანენ ეჭვს. იფიქრებენ, რომ ხელის გასვრა არ გინდოდა... და სხვას გააკეთებინე.
-ვინ. ვინ. ვინ!!!! -თავში იშენდა ხელებს ირაკლი. დამსკდარი კაპილარებით ჰქონდა ამოვსებული თვალები.
-ბიჭო, მე მგონია... იმათმა რა... ვისთვისაც მუშაობდა ეს წლები...
ხმამაღლა გადაიხარხარა ირაკლიმ. სასოწარკვეთილი, გულმოუფხანელი ადამიანის სიცილს ჰგავდა. სამართლის მაძებარი ადამიანის ღრიალს, ხელიდან რომ აცლიდნენ მშვიდად სუნთქვის უფლებას, როგორც კი ერთ ნაბიჯს დგამდა ბედნიერებისკენ, ბედის მძიმედ მოქნეული ხელი, ორი ნაბიჯით ახევინებდა უკან.
-სამართალი მინდოდა, ბიჭო. მეტი ხო არაფერი? -მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს. ვაკოს შეხედა ვედრებით. -შენ ხო იცნობდი დედაჩემს? ხო გახსოვს შენც? შენსავით ვერავინ გამიგებს, ვაკო. შენსავით ვერავინ.შენ ხო ხვდები მე რა დავკარგე? ვინ დავკარგე? ვინ წამართვეს?
ახლაღა გაიაზრა დედის სიკვდილი. სამართალთან და სულის სიმშვიდესთან ძალიან ახლოს მყოფმა. თავს ისე გრძნობდა, როგორც უდაბნოში მობოდიალე მწყურვალე ბედუინი, ღმერთმა ერთი ჭიქა წყალი რომ გაუჩინა ცხვირწინ და როგორც კი ხელი გასწია დასალევად, ტუჩებთან მიტანამდე აუორთქლა სითხე მწყურვალს.
სული უკიოდა სასოწარკვეთისგან. ტანსაცმლის, კანის შემოგლეჯა უნდოდა.
-მახსოვს, ირა. -თავი დახარა, ვერ გაუსწორა თვალები. გული ეტკინა მისი სისხლი და ხორცივით აეწვა.
-არ მადარდებს. მოვიდეს ვინც უნდა. მოვიდეს ვისაც უნდა, ვინ მემართლება, ბიჭო! ახლა ისე ვარ, ქვას შევჭამ ასე მგონია, ქვას!
-ირა... -მუხლების კანკალით წამოდგა ნანა, ვერ გაბედა მიახლოვება. საკუთარი თავი აბრაზებდა, ისეთი ძლიერი რომ ვერ იყო, როგორც მოეთხოვებოდა ახლა.
-არა, ნანა. გაჩერდი. გაჩუმდი. ნუ! -თვალებზე აიფარა ხელები. არ მიიკარა.
-არ გავჩუმდები. არ გავჩერდები. -ხმაში არქტიკული სუსხი შეეპარა ნანას. ყველაზე ცივ ზამთარსაც რომ შესურდებოდა, ისეთი. -გონზე მოდი! სასოწარკვეთილს უფრო მარტივად დაგაბრალებენ იმას, რაც არ დაგიშავებია. ვიღაცას შენი გაქრობა უნდა და ფეხებზე , პაატას რა მოუვიდა, გაიგე?
-გოგო, დაუფიქრდი რას ამბობ! -ხმადაბლა, ცივად წაუქირქილა.
ვაკო ისე იდგა, თითქოს მშობლების ჩხუბს შეესწრო.
-შენ დაუფიქრდი! ერთ სასამართლოს ვერ აცდება ვერავინ. აი, იქ ზემოთ. -ცისკენ აიშვირა თითი ნანამ, გაველურებული ჰქონდა მზერა, ისე მძვინვარებდა, როგორც ნაშიმშილები მტაცებელი. -ხანდახან გვავიწყდება ხოლმე ადამიანებს მის შესახებ! მესმის, ვიცი, რაც გეწვის...
კარებზე ბრახუნი ატყდა გაუგონარი. ირაკლის სახელს ღრიალებდნენ.
-ნაკაშიძე! გამოდი!
-ისინი არიან, -წარბები შეყარა ვაკომ, -გამცემლიძეები არიან.
-ნანასთან დარჩი შენ.
-შენ ხომ არ გააფრინე, არსად ფეხს არ გაადგამ! -წინ გადაუდგა ნანა.
-შენ გადამეღობები? -გვერდზე გასწია ირაკლიმ, უკან არც კი მოუხედავს ისე გავიდა იმ კარიდან.
გამცემლიძეების აურზაური მალევე მიწყდა, როგორც კი გააბიჯა სახლიდან ნაკაშიძემ. მუხლებში ძალაგამოცლილი მიესვენა ნანა უახლოეს სავარძელს. მთელი სხეული უკანკალებდა. ის შეგრძნება, ის საშინელი უსუსურობა გულსა და სულში რომ დაუფლებოდა ნელ-ნელა უნაწილდებოდა სხეულში და გრძნობდა, რომ აღარ ჰქონდა მოძრაობის ძალა. სუნთქვისთვისაც კი დაფიქრება სჭირდებოდა, თითქოს მის ორგანიზმს ავტომატური ქმედებების შესრულების უნარიც კი აღარ შესწევდა.
-ნანჩიკ, ახლა მომისმინე, -სახიდან თმა გადაუწია ვაკომ, ორივე ხელებში მოიქცია მისი სახე. -შენ ხო ძლიერი გოგო ხარ...
-დავიღალე, ვაკო. აღარ მინდა. აღარ ვარ. აღარ შემიძლია. -ამოიხრიალა უღონოდ, ვაკოს რომ ეჭირა მისი ხელები, თორემ ვერც თავის მყარად შეკავებას შეძლებდა. -რთულია. ვერ ვსუნთქავ. რთულია სულ ძლიერი იყო. ბუნებით არ ვარ ასეთი. თვითგადარჩენისთვის ვარ ასე, ხვდები?
-არა! შენ ყველაზე კარგი ხარ, ყველაზე ძლიერი, შენ ყველაზე დიდ ბედნიერებას იმსახურებ, ახლა შენი ლოგინად ჩავარდნა მაგარი ტეხავს, მერე მთელი ცხოვრება უნდა დაგცინო და გინდა შენ ეგ? სახლში წაგიყვან, კაი? ევას მიხედე, მე ირას მიგიხედავ. წამო, -წელზე შემოხვია ხელი ვაკომ და ნელა გაიყვანა სახლიდან. გასაღები შიგნიდან ჩაეტოვებინა ირაკლის.
-აღარ მინდა. მინდა, დამთავრდეს... -ბუტბუტებდა თავისთვის, -მთელი ცხოვრებაა პირველ ხაზზე ვიბრძვი... აღარ მინდა... ფარ-ხმალიც აღარ მაქვს, რომ დავყარო.
-აუ, შემოგცხებდი ახლა ერთს მაგრად! -მანქანაში ჩასვა ვაკომ. გულმოსული ებურტყუნებოდა. გულს უკლავდა ნანას ასეთ მდგომარეობაში დანახვა.
ხვდებოდა, რომ გადაიღალა, რომ უჭირდა. მუდამ სხვების გადამრჩენელი ახლა თავად იყო საცოდავ დღეში ჩავარდნილი და აღარ იცოდა საკანდელიძემ, რა მოემოქმედებინა ის სამაგიერო რომ დაებრუნებინა ნანასთვის, რაც მან გააკეთა მისთვის - მიიღო, დაუჯერა, დაუბრუნა სწორი ნაბიჯების გადადგმის სურვილი.
-ირას არაფერი მოუვა, თუ მაგის გეშინია. -ხმას აღარ იღებდა უკვე ნანა. ყველა სიტყვა ისეთივე უძლური იყო მისთვის, როგორც ხის ხმლებით შეიარაღებული მეომრების ამალა ატომური იარაღის წინააღმდეგ. უიმედო, სასაცილო, არაფრისმომცემი.
ხმა აღარ გასცა.
სახლამდეც ვაკომ აიყვანა და საწოლშიც თავად ჩააწვინა. ფეხზეც კი თვითონ გახადა, გადააფარა საბანი. ისე უვლიდა, როგორც ქეთის, როცა ძალიან ცუდად იყო.
ევა გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა თავის დას. ასეთი არასოდეს ენახა, არც მაშინ, დედა რომ წავიდა და საერთოდ მარტონი დარჩნენ. თვალებს არ ახამხამებდა, ტუჩებიც გაუფერულდა. სახლი წამიერად დაიცალა ყველა სითბოსა და ფერისგან. მერე მიხვდა, რომ ნანა იყო სახლი, რომ მის გარეშე არ არსებობდა არც ბედნიერება და არც ძალა ფეხზე წამოდგომის.
უკნიდან მიეხუტა თავის დას, როცა ვაკო გავიდა და თმაზე დაუსვა ხელები.
-ნანუ, ირაკლის ეჩხუბე? -ხმა რომ არ გასცა უფრო მეტად მიეკრო.
მაგრად დააჭირა თვალები ერთმანეთს უფროსმა დამ. ღრმად ჩაისუნთქა და როგორღაც აიძულა საკუთარი თავი ევასთვის შეემსუბუქებინა მასზე დარდი.
-არა, პატარა ევა, უბრალოდ დაღლილი ვარ.
-ნუ მატყუებ, -გული მოუვიდა, მაგრამ ძალიანაც არ, უყვარდა, როცა ასე მიმართავდა. -ცოტა ხანი მარტო გინდა ყოფნა?
თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად ნანამ. ევამაც ერთხელ აკოცა ლოყაზე.
-არ ინერვიულო ჩემზე, -ხმადაბლა, ნაღვლიანად უთხრა. ყოველთვის გრძნობდა უფროსის მზრუნველობას უმცროსი, -ცოტა ხანი ისე მოიქეცი, ვითომ შენ ხარ უმცროსი. დაისვენე, რომ გაიღვიძებ, ყველაფერი კარგად დაგხვდება.
ჩუმად გაიხურა ევამ კარები.

კანში ვერ ეტეოდნენ გამცემლიძეები, ის უფრო აღიზიანებდათ ნაკაშიძე რომ წარბშეუხრელად იდგა მათ წინაშე. ხმას არ იღებდა არცერთი. ვერავინ უბედავდა იმის კითხვას, შენ თუ გაურიე ხელი მამაჩემის მკვლელობაშიო.
თავადაც შემზარავი სიცარიელე ედგა თვალებში, თითქოს არ ანაღვლებდა უკვე არაფერი. საერთოდ ინანა სახლიდან რომ გამოვიდა.
-ამოიღებთ ახლა ხმას? -მობეზრდა ბოლოს სიჩუმე. მისმა გონებამ ნელ-ნელა გამოღვიძება და ნანას სახის გახსენება რომ დაიწყო, სწრაფად გაექცა დანაშაულის მძიმე შეგრძნებასა და ჭვალს გულის არეში.
ავთო გამცემლიძე არ იღებდა ხმას. მამამისს დღეს მიასვენებდნენ სახლში. ვერ შეხედავდა. ვერ მივიდოდა იმ სახლში. ცხოვრება თავზე ჩამოემხო. მამა ჯერ ორი ადამიანის მკვლელობისთვის დააკავეს, მერე ციხეში ჩააკლეს. ვეღარც ხვდებოდა, ჰქონდა თუ არა ვინმესთვის პასუხი მოსათხოვი საერთოდ.
-მამაჩემი მოკლეს. -თქვა ბოლოს. მაინც ვერ შეუშვა ხმაში მბრალდებლური ნოტები ავთომ.
ამ კაცს რომც მოეკლა, ვერ მოსთხოვდა პასუხს.
-მამაჩემიც და დედაჩემიც, მაგრამ როგორც ხედავ შენს სახლში აურზაური არ მომიწყვია შენი ცოლ-შვილის თანდასწრებით.
-რატო არ მოკალი?! -მიზეზის მეძებრად გადაიქცა გამცემლიძე. იმ წამს მოუნდა მართლა მკვლელი მჯდარიყო მის წინ და არა მართალი ადამიანი.
-ვერ მოვკალი. -ყბები დააჭირა ირაკლიმ ერთმანეთს. -მისი შვილების თვალწინ, როგორც ეს მან გააკეთა.
-და ციხეში მოკალი? -სახეზე ფერები გადაუვიდა მეორე მხარეს მდგომს.
-არსად მომიკლავს. არავინ, არასდროს. სამართალი სხვაგან ეძიე, თუმცა ჩემი პირადი გამოცდილებით გეუბნები, დიდი იმედი ნუ გექნება, რომ იპოვი. შეგუება მოგიწევს.
-შენ შეეგუე?
-დაკითხვაზე ვარ? ხომ გითხარი, რისი ცოდნაც გინდოდა?
-შენ არ გაინტერესებს, ვინ გააკეთა ეგ? იქნებ... მამაჩემს არ მოუკლავს შენი მშობლები... -მაგრად მომუშტა ხელები გამცემლიძემ, კანკალი რომ არ შემჩნეოდა. -იქნებ, ვინც ის მოკლა...ის არის ყველაფერში დამნაშავე?
-იმედი საოცარი რამეა, -ჩაეცინა ირაკლის, სადღაც უფრო ღრმად გაიხედა, როცა თვალებში შეხედა ავთანდილს. -რთული დასაჯერებელია, რომ მამაშენი კაცის მკვლელია, ხო? მერე ყველაფერი, რაც მის აყროლებულ სინდისს უპირისპირდება, იმედად გეჩვენება... მე რა ვიცი. მიდი და მოძებნე სიმართლე.
-მამაჩემი... არაა მკვლელი. ვერ იქნება. -თვალებზე აიფარა ხელები ავთომ. -შენთან... თავიდან იმიტომ მოვედი, მეგონა შენ... მაგრამ მგონია, შენსავით ვერ გამიგებს ვერავინ.
ხმამაღლა გაეცინა ირაკლის.
-შენ სულელი ხარ? ბიჭო, -თავზე გადაისვა ხელები ირაკლიმ. -მამაშენი რო არ მოვკალი, ხო არ გგონია ჩვენ ახლა უნდა ვიძმაკაცოთ ან რამე?
-საეჭვოდ არ გეჩვენება? მაინც და მაინც სასამართლოს წინა დღეს რო მოკლეს? ვიღაც იყო მის სანახავად მისული, მეც... ნაცნობების დახმარებით ვნახე და... განერვიულებული იყო, ოღონდ სხვანაირად. მაშინ მეგონა სასამართლოზე, მაგრამ მაგ აზრს მაშინვე შეეგუა, როცა პოლიციამ დაადო ბორკილები. მერე მოკლეს.
-დარწმუნებული ვარ, არ გაუჭირდებოდა მამაშენს მტრების შეძენა. ყველა ჩემსავით დიდსულოვანი კი არაა...
ღრმად შეისუნთქა გამცემლიძემ. ეს რა დღეში იყო, ამ მდგომარეობაში გულგრილი საუბრის ატანა რომ უწევდა? სიმტკიცე შეემატა ხმაში, დაჟინებით რომ მიაჩერდა ირაკლი.
-მამაჩემი... არ იყო ის კაცი, ვინც შენ ნახე იმ დღეს. მგონია, რომ აიძულეს. ასე ეთქვა.
-მოდი, იცი რა ვქნათ? ჯერ იმაზე მყარი კონტრ-არგუმენტები მომიძებნე მამაშენის კაიკაცობაზე, ვიდრე მე მაქვს და მერე დამადექი თავზე სახლში, კაი? შენ ახლა დაიწყე სიმართლის ძიება და მე უკვე ყელში მაქვს ეს ყველაფერი.
-შეიძლება შენი ძიება არ დასრულებულა. შეიძლება მოგატყუეს. შეიძლება მამაჩემიც შეიწირა ვიღაცამ.
-და რა გინდა, ბიჭო, გვერდით დაგიდგე? შენ სრულ ჭკუაზე თუ ხარ?
ბორბლების ჭრიალით შემოდგა ეზოში ვაკოს მანქანაც. ფერგადასული გადმოვიდა იქედან, ორივე მთელი რომ დაინახა დაბეჟილობების გარეშე გაუკვირდა. ამ ბოლო დროს ყველამ ცემა-ტყეპის გარეშე ისწავლა პრობლემების მოგვარებაო, გაიფიქრა გულში და ცხვირზე მოისვა ხელი უსიამოვნო მოგონებები რომ აეშალა.
-ამასაც ეცოდინება. მამამისს ეცოდინება რამე.
-რაო? -წარბები აზიდა ვაკომ. ავთოს ისე გახედა, თითქოს შეშლილს მისჩერებოდა. -თავში ურტყი ამას, თუ რატო ბოდავს? მომისმინე, ჯიგარო, ირა არაფერ შუაშია. ჩვენ წავალთ, აბა ჰე!
-მამაშენი... ლევან მღებრიშვილს რამდენად ახლოს იცნობს? -თვალები დააწვრილა ავთომ. წამოდგა ფეხზე.
წარბები შეყარა ირაკლიმ. პაატამაც ხომ ახსენა ეს კაცი. ათას ხაფანგში ერთდროულად გაბმულს ჰგავდა. ვეღარ გაეგო რა იყო სიმართლე და რა არასწორი.
-რავი, რამდენად ახლოსაც იცნობს ორი უნიჭო პოლიტიკოსი ერთმანეთს, აი, ეგრე. -ანერვიულდა ვაკოც. გააჟრიალა. ვაითუ, მამამისიც ყოფილიყო გარეული ამ ყველაფერში. სული შეეკუმშა იმის გააზრებისას, რომ აღარ ექნებოდა ნაკაშიძისთვის ძმაკაცის დაძახების უფლება. -მთავრობაში არიან ორივე, რა...
-მამაშენს შენ უფრო უყვარხარ თუ... თავისი საქმე?
-შენ, ბიჭო, ზედმეტი ხომ არ მოგდის? -სახე აეწვა საკანდელიძეს ამაზე, ისე უცებ გაექანა მისკენ, ძლივს მოასწრო ნაკაშიძემ რეაგირება და მისი გაკავება.
გული აუწვა იმ დაუნდობელმა შეგრძნებამ, რომ ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად დაფიქრება დასჭირდა და ახლა მის დამსმელზე უნდოდა ამოენთხია მთელი თავისი ბოღმა.
-მამაჩემი მკვლელი არ არის! -დარწმუნებით დაამატა ვაკომ. ოდნავ დამშვიდდა. ირაკლისთვის უფრო თქვა ეს, ვიდრე გამცემლიძის გასაგონად.
-მერე რა... ხელის დამფარებელია შეიძლება. ვისაც ფული და ძალაუფლება აქვს, მართალიც ის არის ჩვენს დროში. ასე არაა, ვახტანგ?
-წესიერად ელაპარაკე. -ტონი შეუსწორა ირაკლიმ. -თუ რამე გაქვს გასარკვევი, გაარკვიე და მერე მობრძანდი ჩვენთან.
-უთქვენოდ ვერ გავარკვევ. მამაჩემის გარდა არავინ მყავდა. ჰკითხოს მაგან მამამისს, თუა სიმართლის მთქმელი. კაცის მოკვლას რა უნდა, აღიარება თქვი შენ მერე!
-მამაშენმა ხომ აღიარა! მთელი რომ გაგიშვით, თავში ხო არ აგივარდა?
-მამაჩემი სასამართლოზე იტყოდა სიმართლეს. ვიცი, იქაც გითხრათ, რომ მღებრიშვილი ეგონა დაეძებდა მის კვალს და ამიტომაც გაიქცა. სასამართლომდე არავინ მიასუნინა. ალბათ, ვიღაცას არ უნდოდა მისი სიმართლის მოსმენა. გაიგეთ? თუ უფრო დაგიღეჭოთ?
-მე ვკითხავ მამაჩემს და იცოდე... ერთადერთი და უკანასკნელი შანსი მოგეცი. ჩემი და ჩემი დის თავს დავუდებ მამაჩემს სასწორზე მაგ სიმართლის გასაგებად. იცოდე, საკუთარი ხელებით დაგშლი მარტივ მამრავლებად, თუ გავიგებ, რომ კიდე რაღაცას ჩმახავ. გამიგე? ჩემმა მშვიდმა გამომეტყველებამ არ შეგაცდინოს. -ცივად ცრიდა სიტყვებს ვაკო ტუჩებიდან.
მერე გაბრუნდნენ ის და ნაკაშიძე და ჩასხდნენ მანქანაში.
დაძაბულობა გაუსაძლისი იყო ვაკოსთვის. იმის გაფიქრებაც კი სისხლს უყინავდა ძარღვებში, რომ მამამისს შეიძლება ირაკლის მშობლების სიკვდილში ხელი ჰქონოდა გარეული.
-ნანა სად წაიყვანე? -მშვიდად ჰკითხა ნაკაშიძემ. თითქოს მის გონებას არ მიჰკარებია ვაკოს დაკარგვის შიში.
-რა? -უცებ ვერ მიხვდა საკანდელიძე, თავი გადააქნია მერე...-ა.. ხო... ევასთან დავტოვე.
-შენ რატომ გამომყევი? ხომ გთხოვე...
-არ გამიხურო ახლა, იმ თავკომბალასთან ერთად გინდოდა მგზავრობა იქეთა გზიდანაც?
-არ გიხურებ. -გაეღიმა უღონოდ ირაკლის. ჯერ კიდევ გრძნობდა ნანას თვალებს საკუთარ ზურგზე. -გაბრაზებულია?
-უფრო დაღლილი.
თვალები მიეხუჭა ირაკლის. ერჩია გაბრაზებული ყოფილიყო, რადგან ეს გრძნობა, რომელიც ორივეს ღლიდათ, თავგადადებული ბრძოლა და მუდამ ხმლის ქნევა სიმართლისკენ გზის გასაკაფად, ჯერ არ დამთავრდებოდა. არ უჩანდა ამ გზას დასასრული.
-გახსოვს, ნინიკო მაყაშვილს ნაწნავზე რო მოვწეწე და მისმა ძმამ საქმის გასარჩევად დამიბარა სკოლის უკან? -უცებ გაახსენდა ვაკოს ის დღე. –„სტრელკაზე“ პირველად შენთან ერთად ვიყავი.
გაზაფხული იწურებოდა, სასიამოვნოდ თბილოდა ქალაქში და რაც უფრო ახლოვდებოდა არდადეგები, მით უფრო გაუსაძლისი ხდებოდა სკოლის მერხთან ჯდომა ვაკოსთვის. ვერ ისვენებდა. ამ ხელების იქეთ-აქეთ ქნევისას ნინიკო მაყაშვილის ლამაზი და გიშერივით შავი ნაწნავი ისე მიმზიდველად მოჰყვა ხელში, სურვილს ვერ სძლია და მოქაჩა გვარიანად.
თავჩახრილი წალასლასდა ვაკო სკოლის უკან ბოლო გაკვეთილის მერე. ძმაკაცი იმას არ ჰყავდა, თან რომ წაეყვანა და წინასწარ უმძიმებდა გულს ის შეგრძნება, რაც მოელოდა იმდენი უფროსკლასელის წინაშე დადგომისას. რა გააკეთა ახლა ისეთი, ნაწნავის მოჩეჩვის გამო ვინ არჩევს საქმეებს... მაგრამ მაშინ ოღონდ ვინმეს რამე დაეშავებინა და არავინ თაკილობდა საქმის გარჩევას.
ჩანთას ძლივს მიათრევდა უმეგობრობით დამძიმებული. ვერაფრით გაუძლო ირაკლიმ ამ საცოდავ სანახაობას. ფეხები თავისით მიდიოდნენ ვაკოსკენ. იცოდა, მეათეკლასელები როგორი დაუნდობლები იყვნენ მეცხრეკლასელების მიმართ.
-ოე, საკანდელიძე! დამელოდე. -დაუძახა კაცურად.
ვაკოს თავიდან მოესმა. არავინ ეგულებოდა ისეთი, ვინც მის გვერდით დგომას მოინდომებდა ასეთ დროს. მეორედაც რომ მიაძახა ირაკლიმ, კისერი ლამის გაუშეშდა ისე სწრაფად მოატრიალა თავი. თვალები აუფეთქდა სიხარულისგან, უეცრად გოლიათად იგრძნო თავი, რომელიც ყველას მოერეოდა, რადგან მეგობარი ედგა გვერდით. თან ირაკლი! თვითონ ირაკლი ნაკაშიძე.
იმ დღის მერე, როცა მის სახლში იყო სტუმრად, ნელ-თბილი ურთიერთობა ჰქონდათ, ირიბად, მაგრამ ვაკო სულ გრძნობდა მისგან მხარდაჭერასა და კეთილგანწყობას.
-რა გინდა, ირაკლი? -სცადა უსაზღვროდ ბედნიერი არ გამოჩენილიყო.
-მარტო სად მიბოდიალობ? მაყაშვილის ძმა რამხელაა, არ იცი? წამოდი, ავუხსნათ, რომ ისეთი არაფერი დაგიშავებია.
-გაგვლახავენ. -ორივეს თავი გამოიტირა საკანდელიძემ. -მაგათთან ახსნა არ ჭრის. წადი შენ, თორემ ჩემ გამო შენც დაგბეგვავენ.
-არაუშავს.
მაგრად იჩხუბეს მაშინ. შემოფხრეწილი ტანსაცმელებით მიბოდიალდნენ სახლამდე. ლიზა უკვე მიჩვეული იყო ირაკლისგან ასეთ თავზეხელაღებულობასა და მოუსვენრობას. ხან ვის იცავდა თავისი შვილი, ხან ვის. ერთადერთი დაზარალებული თავად გამოდიოდა სხვების ჩხუბში, რადგან არც დამნაშავე იყო და არც მართალი, ტყუილად ხვდებოდა.
-მრცხვენია დედაშენთან, მე სახლში წავალ.
-მერე მამაშენი? -წარბები აზიდა ნაკაშიძემ. აშკარა იყო, რომ ეშინოდა ვაკოს სახლში ამ მდგომარეობაში მისვლის. მერე კბილები დააჭირა ენას. მიხვდა, რომ შეარცხვინა, ეს რომ აგრძნობინა. -წამოდი. ნუ გრცხვენია. მარტო რომ მივიდე, მეც მეჩხუბებიან.
ლიზამ მაგრად დატუქსა ორივე. ამათ ჩუმად ეცინებოდათ, ათასნაირი წამების ხერხით რომ იმუქრებოდა ირაკლის დედა.
-ტკბილს არ გაღირსებ, ირაკლი ნაკაშიძე! ნამცხვრის ქურდად გაქცევ, შვილო, იცოდე, ისე მოგანატრებ ჩემს საკონდიტრო შედევრებს!
მაინც ვერ ასრულებდა დანაპირებს, მათ სახლში სულ იდგა გემრიელი ტკბილეულის თაფლიანი და ვანილიანი სურნელი.
-მაგის მერე მეზიზღება ნაწნავები, -გაიღრიჯა ვაკო. -თან მადლობის გადახდა მინდოდა, ჩემთან ერთად რომ გცემეს.
-ის ნამცხვარიც რომ დაეწვა დედაჩემს? -ოდნავ აპრიხა ტუჩის ბოლოები ირაკლიმ.
-ჩვენ რომ დაგვაბრალა? -თამამად გაეცინა საკანდელიძეს. ისე იგონებდნენ ბავშვობას, როგორც გუშინდელ დღეს.
-ვაკო... რაც არ უნდა მოხდეს, შენ სულ ჩემი ბავშვობა იქნები.
საკანდელიძე როცა ფიქრობდა, რომ ირაკლი ვერ ხვდებოდა, რა აწუხებდა, ის მაშინვე რამე ისეთს ეტყოდა, რაც რადიკალურად შეუცვლიდა წარმოდგენას ყველაფერზე. მაშინვე უმსუბუქებდა დამძიმებულ გულს მისი ნათქვამი ორი სიტყვა.
-მე ყველანაირად ვეცდები დაგეხმარო და...მადლობა გადაგიხადო ყველაფრისთვის, ირა.
-კაი, ვაკო, რეებს იხსენებ? პატარები ვიყავით. -უხერხულად შეიშმუშნა ირაკლი. არ იცოდა, ამხელა მნიშვნელობას თუ ანიჭებდა იმ რამდენიმე ერთად გატარებულ დღეს ვაკო.
თორემ... ალბათ აუცილებლად ეცდებოდა მეტი ყოფილიყო ასეთი დღეები.
-მერე რა? ყველაფერი მაქედან იწყება. ცუდიც და კარგიც. შენ რო წახვედი... მაგრად გამიტყდა. მანამდე თუ ვერავის ვემეგობრებოდი, შენი წასვლის მერე საერთოდ არავისთან ძმაკაცობა აღარ მინდოდა. შენნაირი არცერთი არ იყო. ვიღაცებს რომ დავუახლოვდი, მერე ძალით ვიკიდებდი ხოლმე შარს, მაინტერესებდა, თუ წამომყვებოდნენ და თუ დამიდგებოდნენ გვერდით. მერე მივხვდი, რო შენ როგორი მეგობარიც იყავი ჩემთვის, ეგეთები იშვიათად არსებობენ. დახმარება რომ გჭირდება და თავს უხერხულად არ გრძნობ იმასთან, არც საცემი და არც ნაცემი... -ჩაეცინა ვაკოს, სადღაც ისე შორს იყურებდა, გზას კი არა მათ ბედნიერ წარსულს ხედავდა თითქოს. -ჩემთვის ეგეთი მარტო შენ იყავი. ხანდახან მგონია იმაზე უარესი რო არ გამოვედი, ვიდრე ვარ, შენი დამსახურებაა.
-ვაკო, გადაგაგდებ იცოდე მანქანიდან! -საკუთარ თავს უფრო გაუბრაზდა ირაკლი, ვიდრე მას. სისხლი უდუღდა, ყველაფერი ეწვოდა შიგნიდან. -შენ მე შენზე უკეთესი გგონივარ?
-მგონიხარ კი არა, ყველაზე მაგარი ხარ... ვაბშე. -დაამატა ბოლოს საკუთარი სიტყვების გასამყარებლად, -კაი, ნუ გაწითლდი.
-ვაკო, არ მინდა ამაში ჩაერიო. თუ ეს საქმე მართლა მთავრობამდე მიდის... რაც მგონია, რომ დავამთავრეთ, თავიდან დაიწყება და უმსხვერპლოდ არ ჩაივლის. ხო იცი?
-კაი ერთი. -ჩაიფრუტუნა გულგრილად,- ჩვენ უნდა მოვუღოთ ბოლო „მამათა და შვილთა ბრძოლას“, ირუშ... ჩვენი შვილები უნდა დაძმაკაცდნენ! მარა მე რო ბიჭი მყავდეს და შენ გოგო? -სერიოზულად დაფიქრდა საკანდელიძე არარსებული შვილების მომავალზე.
-ეგენიც იმეგობრებენ.
-იმეგობრებენ კი... -უარესად გააბრაზა ვაკომ. -შენი გოგო ვერ გაუძლებს ჩემი ბიჭის ქარიზმას, მამას დაემგვანება... მძახალი გახდები, ბიჭო!
-ენას ნუ აჭარტალებ. ჩემი გოგო არ გათხოვდება! -წარმოუდგენელი იყო ვინმე თავის შვილთან მიეშვა, ამ შეშლილის ბიჭი მითუმეტეს.
ცოტას აჭარბებდა, სულ ცოტას. ვაკო კარგი ბიჭი იყო, კარგი მამა იქნებოდა, მაგრამ... მისი გოგო, ვაიმე, როგორ უნდა გაათხოვოს შვილი? ეს რა სიტყვაა? ყველაფერი გადაავიწყდა.
-აი, რეკავს ჩემი შვილების დედა! -ტელეფონს უპასუხა ვაკომ. -ხო, ლიზა?!.. ეგრევე საცივს რატო შეეჭიდე, გოგო?.. კაი.. კაი.. კი, ლიზა, უნდა გატრუსო ქათამი, აბა, ეპილაციაზე ხომ არ წაიყვან? ლიფონავას არ გაუმხილო, ასეთ უმსგავსო შეკითხვებს რომ სვამ შენებრ მეგრელი ქალბატონი, თორემ დამიწყებს მერე...
იქ დატოვა ირაკლიც, სადაც ნანა რამდენიმე საათის წინ.
მძიმედ მიათრევდა ნაბიჯებს. ისე დატოვა, უკან გაბრუნება აღარ იქნებოდა მარტივი.
გულზე ძლიერად უჭერდა საკუთარი პრობლემები ხელებს.
თავის ოთახშიაო, ანიშნა ევამ. ჩხუბს აპირებდა მასთან, მაგრამ ირაკლისაც ისეთი სახე ჰქონდა, ვეღარ შებედა ვერაფერი. ყველაზე უმცროსი ყველაზე მეტად იძაბებოდა ამდენ დაღვრემილ სახეს რომ ხედავდა.
სული ათას ნაწილად დაეშალა საბანში გახვეული და მოკუნტული რომ დაინახა. ძლივს წამოკრიფა შერჩენილი მოთმინება და ძალა, რომ მიახლოვებოდა. საწოლთან ჩამოუჯდა და ისე ემძიმა საკუთარი თავი მის საწოლზეც კი, რომ მიწის გასკდომა და შიგ ჩატანა ინატრა.
ხვდებოდა, რომ ეღვიძა და იმასაც ხვდებოდა, რომ საშინლად იყო ნანერვიულები.
ხმას არ იღებდა არცერთი. ორივე ჩუმად ებრძოდა საკუთარ თავს, ტკივილები რომ არ დაენახვებინათ ერთმანეთისთვის.
-კარგად ხარ? -ნანამ ჰკითხა პირველად.
ჩახლეჩილი ჰქონდა ხმა, მისუსტებული. საკუთარ თავზე გაეცინა ირაკლის, ამაშიც რომ აჯობა და მან იპოვა მეტი ძალა, რაიმე ეკითხა.
-არ შემიძლია შენი ყურება ასეთ მდგომარეობაში. სუნთქვაც არ შემიძლია, როცა ჩემი გონება იაზრებს, რომ ჩემ გამო ხარ ასე.
წარბები შეკრა ნანამ. საშინლად გაბრაზდა, ისე ძალიან, რომ ყელში წაუჭირა ყველა გრძნობამ ხელი და ზედ დამატებულმა მძვინვარებამ, ლამის სისხლი ადინა თვალებიდან ცრემლის მაგივრად.
-გეყოფა. -ცივად წაუსისინა და წამოჯდა საწოლზე. ძალა დაუბრუნდა. ახლა მთელ სამყაროს შიშველი ხელებით ასწევდა, ასე ეგონა ნანას. მას კი ირაკლისთან ჩხუბი უნდოდა ყველაფერზე ძალიან.
-ბოდიში, რომ წავედი, მაგრამ უნდა წავსულიყავი...
-მაშინ რისთვის ბოდიშობ?! თუ დამნაშავედ არ თვლი თავს! თუ ისევ იმავეს იზამდი.
-შენ რომ გული გეტკინა, მაგისთვის გიხდი ბოდიშს.
-დავიღალე! -ისეთი სიმშვიდით განაცხადა ნანამ, თითქოს მის გულსა და სულში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი არ ტრიალებდა. -მუდამ ცუდის მოლოდინმა დამღალა.
-ჩემ გვერდით ყოფნა ასეთია ჯერ-ჯერობით. რა ვქნა, ხიფათი დამდევს. -სუსტად ჩაეღიმა, არ გამოუვიდა ხუმრობა. ნანა ისეთი სახით შეჰყურებდა, დანა რომ ჰქონოდა აუცილებლად გაუყრიდა ალბათ, ისე ბრაზობდა.
ამის გაფიქრებისას კი უკვე გულწრფელად გაეღიმა.
-რას ნიშნავს შენ გვერდით ყოფნა ასეთია? ანუ თუ სიმშვიდე მინდა, შენ გვერდით არ უნდა ვიყო?
-თუნდაც.
ტვინში სისხლი ჩაექცა ნანას. ისევ იმ პოზიციას დაუბრუნდა, რაც წეღან ჰქონდა.
-ჩემთვის ძალიან რთულია ვიყო ყოველთვის ძლიერი. ორიდან ყოველთვის ის ერთი ვიყო, ვისგანაც მიდიან, ვისაც მხოლოდ პასუხისმგებლობები რჩება, ვისგანაც ყოველთვის სიძლიერეს მოელიან. შენგან არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ თავს უფრო სუსტად მაგრძნობინებ, მაგრამ ძლიერსაც სჭირდება თავისი საყრდენი. შენ კიდევ... სულ მიდიხარ, სულ მტოვებ. ახლა მოდიხარ და მეუბნები, რომ შემიძლია მე თვითონ წავიდე შენგან ისე, თითქოს შენ არასდროს წასულხარ. და თან იცი, რომ მე ვერ მიგატოვებ ვერასდროს.
-რატომ ვერ მიმატოვებ ვერასდროს, ნა-ნა? -ხმა მოეგუდა. იცოდა, რომ ეგოისტურად იქცეოდა, მაგრამ ჰაერზე მეტად ამის მოსმენა სჭირდებოდა.
-იმიტომ, რომ ვგრძნობ... შენც ისევე გჭირდები, როგორც მე. ვიცი. თვალებში ყოველთვის გეტყობა, შენი გულწრფელი სურვილები იმდენად ღრმაა, ვერ მიმალავ. ვიცი, რომ წავიდე... შენს თავს იმის უფლებასაც არ მისცემ, რომ გამაჩერო, თუნდაც დამაძალო ვიყო შენ გვერდით, რადგან გგონია მამძიმებ შენი ტკივილებით. გგონია უკეთესად ვიქნები უშენოდ. დღეს ისე შემომხედე, თითქოს არ მქონდა შენი გაჩერების, შენ გვერდით ყოფნის უფლება... თითქოს მარტო იყავი საკუთარი ტკივილის წინაშე. თითქოს ვაკოს უფრო ესმოდა შენი.
-საკანდელიძეზე იეჭვიანე, გოგო? -წარბები აზიდა ირაკლიმ.
-მარტო ეგ გაიგე?
-ვერაფერი გავიგე. ამბობ, რომ რთულია შენთვის ყოველთვის ძლიერი იყო, ჩემ გვერდით ყოფნას კი ძალა სჭირდება, ნანა. ძალიან მინდა ასე არ იყოს, მაგრამ მე ხომ ვხედავ... მე ხომ გხედავ ახლა როგორც ხარ... მე ხომ ვიცი, როგორც ინერვიულე, სახლიდან რომ გავედი. ვერ დაგაძალებ ჩემ გვერდით ყოფნას, როცა ვხედავ... როგორ მოქმედებს ჩემი ყველაფერი შენზე.
-შენ არ გესმის! შენ საერთოდ არაფერი გესმის! არ გიყვარვარ შენ... მე უფრო მიყვარხარ.
გულის სიღრმეში იცოდა, რომ ძალიან ატკენდა თავისი სიტყვებით, მაგრამ მაინც უთხრა. თითქოს უნდოდა ტკივილი მიეყენებინა, სამაგიერო გადაეხადა იმისთვის, რომ იცოდა ასე ინერვიულებდა და მაინც წავიდა.
-შენ უფრო გიყვარვარ? არა, მე მიყვარხარ უფრო. -გაეღიმა ტკივილით.
-არ გეტყობა. -ხმა ჩაუწყდა, სწრაფად მოიწმინდა ცრემლები. -ჩემი სიძლიერე შენ გვერდით ტვირთი არ არის ჩემთვის. ამის თქმა მინდოდა. მინდა, შენ ამას ხედავდე. შენგან დანდობა კი არა დანახვა მჭირდება ამის. მაგრამ როგორც ვხვდები... მე ისიც არ შემიძლია, რომ გადაგეღობო, როცა ვიღაც სულელს ხელებში უვარდები. ეს არის ჩემთვის დამღლელი... როცა მთელს ძალას ვიკრებ და მაინც არ შემიძლია...
-ნუ სულელობ ახლა. -საბნიდან ამოყოფილ ხელზე მიეფერა ირაკლი, ნანამ გასწია სასწრაფოდ. -შენ იცი, რაც შეგიძლია, იცი, რამხელა ძალა გაქვს ჩემზე. ამას როგორ მეუბნები? ხომ იცი, რომ არ ვიმსახურებ შენგან? ის რომ გითხრა, რასაც ვფიქრობ რეალურად, ალბათ თავს გამიტეხავ.
-შენ ფიქრობ საერთოდ?
-ნანა! -გაეყინა ხმა. აგრძნობინა, რომ ამოეწურა ბრალდებების ლიმიტი. -მეორედ აღარ ახსენო ჩვენს შორის „უფრო“, ხომ გაიგე? ჩემ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს მე ვერ ვმართავ. მე არ შემიძლია განვსაზღვრო და წინ დავუდგე სხვის ცუდ ქცევას. იმის გარდა, რომ დღეს წინ გადაღობვის უფლება არ მოგეცი, რაში ვარ დამნაშავე შენთან? შენ როგორ იქნებოდი, შენ რას იგრძნობდი, გიფიქრია ამაზე? შენ გგონია სიმშვიდე მარტო შენ გინდა? მე შენზე მეტად მინდა სიმშვიდე შენ გამო. შენ რას იგრძნობდი, როცა ამდენი რამე გაწვება კისერზე, ისედაც მძიმედ ხარ, რომ ბოროტი ძალა არ გეშვება, სახლში მოდიხარ და მე იმაში გადანაშაულებ, რასაც ვერ შეცვლი? მოგატყუო? გითხრა, რომ მარტივი იქნება? არ იქნება. რთულია. ეგოისტივით ვერ მოგექცევი, იმის მიუხედავად რო მთელი გულით მინდა შენ წინაშე ვიყო ეგოისტი და დაგიხატო ის რეალობა, რომელიც ჩემ გვერდით ყოფნას გაგიმარტივებს. მაგრამ მე ხომ მეცოდინება, რომ არც ჩემი ცხორება იქნება რეალური და არც შენი ჩემ გვერდით ყოფნა? ამიტომ ვერ გაგაჩერებ ძალით და არა იმიტომ, რომ მე ნაკლებად მიყვარხარ. მირჩევნია ჩვენი ცალ-ცალკე ყოფნა იყოს ნამდვილი, ვიდრე ერთად ყოფნა გამოგონილი. მე ისე მიყვარხარ, შემიძლია გაგიშვა, თუ შენ მოინდომებ.
-არ უნდა შეგეძლოს! არა! -ამოიტირა თავისთვის ნანამ.
-მე ასეთს შემიძლია. ათას შარში გახვეულს შემიძლია. სხვა რეალობაში, სადაც მილიონი პრობლემა არ მსრისავს, შენ თავს რომ ხდებოდეს ის, რაც მე მტანჯავს, ეშმაკიც ვერ გამომგლიჯავდა შენს თავს ხელებიდან, ძალით გაგაკავებდი თუ წასვლას მოინდომებდი. მაგრამ არ მაქვს უფლება. ახლა და ასეთს არა.
მთელი ძალით ჩაფრენოდა საბნის კიდეებს ნანა და მაგრად აჭერდა კბილებს ერთმანეთს. ოდნავ წამოჯდა, როცა ძარღვებში სისხლმა მოძრაობა ისევ დაიწყო.
თმები სასაცილოდ ჰქონდა აჩეჩილი და შეკავებული ცრემლები უპრიალებდა თვალებს. ტუჩები გამობერვოდა გაბრაზებულს. მთელი სახე დაეჭიმა ირაკლის, იცოდა რომ გაღიმებოდა, აუცილებლად მოხვდებოდა მაგრად.
-მე მესმის ყველაზე კარგად შენი. -უბრძანა გულმოსულმა. საშინლად იეგოისტა ვაკოზე. ნერვები ეშლებოდა ამხელა ქალი პატარა ბავშვივით რომ იქცეოდა.
-კარგი, -ხელი გაუწოდა ირაკლიმ, -მოდი ჩემთან.
-არ მოვალ, ნუ მეთანხმები! შენ თვითონაც უნდა გჯეროდეს! -ხელები გულზე გადაიჯვარედინა, ძალიან უნდოდა რომ მისულიყო და მოხვეოდა, ჩახუტებოდა, ეგრძნო მისი კანი, ეკოცნა და ის ნერვიულობა დაევიწყებინა, რაც გამოიარა.
-მჯერა, მოდი ჩემთან, პატარა ნანა.
-ჩახუტება გინდა და მაგიტომ მეუბნები? -ისე აუწყლიანდა თვალები, თითქოს რაღაც საშინელება მოისმინა მისგან.
საბნიანად მისწია ირაკლიმ თავისკენ და გადაისვა კალთაში. თმებზე დაუსვა ხელები და ფრთხილად აკოცა. გულ-მკერდზე მიიკრა მთელი ტანით.
-კიდევ კარგი არაფერი გვიქნია, თორემ ვიფიქრებდი რომ ორსულად ხარ, ისე ჭირვეულობ.
-რა უზრდელი ხარ! -აფართხალდა ნანა, თითოს რომ გაეშვა, მოშორებას შეძლებდა.
-მართლა გეუბნები... მაგრამ მიყვარხარ მე ეგეთი. ოდესმე რომ დამშვიდდე, შეიძლება მე გავგიჟდე.
-გიჟები მოგწონს? ვერ ხარ? მე არ ვარ გიჟი. -ღიმილს ვერ იკავებდა ნანა.
-შენ ხარ გადარეული, ველური.. -ყველა სიტყვიდან ყველა სიტყვამდე კოცნიდა.
-არ მინდა რო ჩემი გაშვება შეგეძლოს. -ხმა გაუწყდა ნანას. -მე სულ ვინერვიულებ და შეეგუე. სიყვარული ეგრეა, შენ რა გგონია? რომ არ ვინერვიულებ, მერე შენ გექნება საქმე სანერვიულოდ.
-ხო, ჭაღარა ცოლი მეყოლება და ნაოჭებიანი. -პირველი წინადადება ღიმილით დააიგნორა ირაკლიმ.
-შენ დაგაბერებ ჩემამდე. მე სულ ასეთი ვიქნები.
-კაპასი. -ცხვირზე აკოცა, მერე ტუჩებზეც მიედო ნაზად. -ყველაზე ტკბილი და ყველაზე მწარე.
ჩუმად ისხდნენ ასე ცოტა ხანი. ამ ოთახში მათი სურნელი მოედო უეცრად ყველაფერს. ისეთმა შეგრძნებამ შებორკა ორივემ, რომლისგანაც თავის დახსნა არცერთს არ სურდა.
გარეთ თუ სამყარო დაიქცეოდა, სანამ მარტო არ იყო რომელიმე, სანამ ერთად იყვნენ, თავშესაფარიც იარსებებდა ყოველთვის.
-არ შემიძლია შენი გაშვება.
-რამე მითხარი? -კისერში აკოცა ნანამ, მოიკუნტა ბედნიერებისგან უფრო მეტად.
ეგონება მთელი სხუელი აუფეთქდებოდა ისე ერთბაშად მოაწვა ყველა კარგი შეგრძნება გულში და გადანაწილდა მერე მთელს სხეულში.
-იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა-მეთქი, -გაუმეორა ირაკლიმ.
-რაო? -წარბები შეკრა ნანამ.
-წამოხვალ ჩემთან-მეთქი?! ჩვენს სახლში.
-რას მეუბნები? -თვალები დაუმრგვალდა. -ჯერ მითხარი, თუ გინდა წადიო, ახლა.. ხელს მთხოვ?
-აი, ამდენი ნალაპარაკებიდან შენ ენაზე საერთოდ სხვანაირად როგორ გადარგმნე ჩემი სიტყვები?!
-წესიერად მითხარი, რა გინდა! -ხმა გაიმკაცრა ნანამ. -ხელს მთხოვ თუ სახლში მეპატიჟები ჩაიზე?
-რა ჩაი, ნანა... ყავაზე.
-აუ, გამანებე! ასეთი სასაცილოა შენთვის...
-გოგო, გაგძვრა ყველაფერი. -მაგრად დაიჭირა ირაკლიმ, ნახევრად გადაიწვინა კალთაში და დახედა ზემოდან აბრჭყვიალებული თვალებით. -ხო, ცოლად, აბა...
-ბეჭედი არ გაქ? -წარბები აზიდა. მთლიანად წამოწითლდა სახეზე მღელვარებისაგან.
-სახლში მაქვს. შენ გაქვს თანხმობა?!
-რა ვიცი... ირა... რაღაცას გკითხავ და სერიოზულად მიპასუხე, -ბავშვური ინტერესით დააწვრილა ნანამ თვალები. მთელი სხეულით მოემზადა ნაკაშიძე მოსასმენად. -შენ მართლა ქურდი ხარ?
ისეთი ხარხარი აუვარდა, ნანამ ვეღარ გაიგო, მას დასცინოდა, კითხვის შინაარსს, თუ საკუთარ თავს. მილიონჯერ აკოცა მერე სახეზე ყველაზე სულელური კითხვის ავტორს.
-აი, ხო.. მართლა ქურდი ვარ. მომყვები?
-ნწ, არ ხარ. -კისერზე მოხვია ნანამ ხელები და გაუღიმა ეშმაკურად. -ქორწილი არ მინდა... ეს რა არის, საწოლში რომ მთხოვე ხელი... ცოტაოდენი რომანტიკა...
-სამზარეულოში გინდოდა? -წარბები აზიდა გაღიმებულმა და მიიხუტა უფრო მეტად.
-ჯანდაბას, გამოგყვები. მაგრამ იცოდე, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა!
-ისედაც ეგრე არ არის?
-მერე უფრო! -თვითონაც შემოხვია ნანამ კისერზე ხელები.
სიმშვიდის სანატრელი შეგრძნება არ ტოვებდა ოთახს.
*
იცოდა, ნანა საშინლად გაბრაზდებოდა, ამას რომ გაიგებდა, მაგრამ ვერაფრით გადაახტა იმ კაცის სახლის კარს.
შუბლი ეწვოდა, საკუთარი მოქნეული ხელი რომ ახსენდებოდა მის სახეზე. იცოდა, არაფერი ჰქონდა საბოდიშო, მაგრამ მაინც დარეკა ზარი. ბოლოს და ბოლოს უნდა გარკვეულიყო ყველაფერი. თავისი სახელი უნდა დაერქმია ყველაფრისთვის.
დიმას გაუკვირდა მისი დანახვა, თუმცა მაინც შეიპატიჟა სადღაც გულის სიღრმეში ძალიან სასურველი სტუმარი.
ამ ოთახებში საშინელი, აყროლებული მარტოობის სუნი იდგა. ათასი დანაშაული ლპებოდა დიმას გარშემო. ასე გამოიყურებოდა უბედური ადამიანი. დიმასნაირად.
აქამდე საკუთარი თავი ეგონა მხოლოდ ყველაზე უბედური, მივიწყებული, მიტოვებული... დიმას რომ შეხედა, მიტოვება მხოლოდ ეს იყო - გყავდეს შვილები, მეგობრები და მაინც არავის უნდოდეს შენთან ყოფნა.
-ჩემი გოგო რომ გაიგებს მომაკითხე, ნამდვილად გაგიჟდება. -გაეცინა დიმას. დაღლილი ხმა ჰქონდა.
თითქოს თავადაც ხვდებოდა იმას, რაც ირაკლიმ ახლახანს გაიაზრა.
არაფერი უთქვამს ირაკლის. ჭრილობაზე მარილის მოყრას დაემგვანებოდა მისი გულწრფელად ნათქვამი სიტყვები და რაღაცნაირად მაინც ვერ გაიმეტა დამსახურებულისთვის.
-ამ ცხოვრებაში მხოლოდ ის არის მართალი, ვისაც მეტი ფული და ძალაუფლება აქვს. დაკვირვებიხარ? -ერთ ჭიქაში თავისთვის ჩამოასხა სასმელი, მეორეში ირაკლისთვის.
უკვე ეტყობოდა, რომ მანამდეც დაელია ერთი-ორი ჭიქა. სასმლის და სიგარეტის სუნი ჰქონდა.
-მართალი ვის წინაშე? -იუარა ირაკლიმ. საჭესთან იჯდა, თანაც ისეთი ურთიერთობა არ ჰქონდა ამ კაცთან, მასთან ერთად რომ დაელია.
ნუგზარი ყოველთვის აფრთხილებდა, რომ ჭიქა იმისთვის უნდა მიეჭახუნებინა, ვისაც კარგად იცნობდა, ან ვისი გაცნობის სურვილიც ჰქონდა. დიმა ამ ორიდან არცერთი არ იყო.
გაეღიმა დიმას.
-მამაშენს ჰგავხარ. ძალიან. რომ დაგინახე გული მოვიფხანე, თითქოს მეგობრის მონატრება გამიქრა წამიერად.
-ჰო, ნუგზარსაც უთქვამს ეს.
-აი, ნუგზარის ბიჭი,დავითი, კიდევ ვის ჰგავს ვერ გამიგია, -თავისთვის ჩაილაპარაკა დიმამ, -რა მოხელე ნაჩალნიკია?! არ ვენდობი დიდად.
-დავითს ცოტა ადამიანი ენდობა, მაგრამ მას ეს დიდად არ ადარდებს. არავის ჰგავს. თვითონ არის, ვინც არის.
-არამგონია შენს ბიძაშვილზე სასაუბროდ მოსულიყავი აქ?
-არც მოვსულვარ. -მხრებში გასწორდა ირაკლი. -მხოლოდ იმის ხათრით, რომ მამაჩემთან მეგობრობდი... მხოლოდ მისი სულის პატივსაცემად მოვედი... ოდესმე მეც გავხდები მამა და არ მინდა, როცა შვილს დავარიგებ ჭკუას საკუთარმა შეცდომებმა თავი ცუდ დროს შემახსენონ. იმის სათქმელად მოვედი, რომ ჩემი შვილების დედა თქვენი შვილი იქნება. რომ მე ყველაფერი მახსოვს და არასდროს დამავიწყდება. ვიცი, რომ ბევჯერ შეგეშალა, თან უპატიებლად, მაგრამ ამის გამო არ ვთვლი, რომ ადამიანის დადებით მხარეებსაც უნდა გადაესვას ხაზი.
-ყველა შენსავით რომ ფიქრობდეს, ჩემნაირი ბოროტებიც მობრუნდებოდნენ ამ ქვეყნისკენ. შენ რომ ყოფილიყავი ჩემი შვილი, შეიძლება მე არ ვყოფილიყავი ასეთი...
-ეგ პირიქითაა, -მიხვდა ირაკლი, რომ რთული იქნებოდა ისეთ ადამიანთან საუბარი, რომელიც მხოლოდ იმას იგებდა, რისი მოსმენაც სურდა. -თან შენი შვილი მე ბევრად მჯობია. სამივე. სწორედ მათი წყალობით ვარ მე ახლა ცოცხალი და იმედიანი, რომ ბედნიერებას შევძლებ. შენც შეგეძლო ეს გქონოდა, მაგრამ ვერ დაინახე. ცუდი ის არის, რომ ვერც ახლა ხედავ რა გაქვს და ამიტომაც ვერ აფასებ. შენს მარტოობაში სხვა გგონია დამნაშავე.
-ჩემი შვილები მე თვითონ მივატოვე. მათ არაფერში ვადანაშაულებ. ვერ მოვთხოვ ვუყვარდე.
-მართალია, შვილი არ არის ვალდებული მშობელი უყვარდეს, მაგრამ მშობელი ვალდებულია. უფროსია, მისგან უნდა ისწავლოს პატარამ სიყვარულიც, პატივისცემაც, ნდობაც...
-ჩემმა შვილებმა ჩემგან არაფერი ისწავლეს, -ორივე ჭიქა დაცალა დიმამ, -კიდევ კარგი. ალბათ ფიქრობ, რა უნდოდა მამაშენს ჩემნაირთან...
-ვიცი რაც უნდოდა. იმას ალბათ იმედი ჰქონდა, რომ ერთად სწორ გზაზე ივლიდით. ისევე როგორც ანდრომ და ნანამ მომცეს შანსი... ისე უნდოდა იმასაც შენი ამ ქვეყნისკენ შემობრუნება. ოჯახი სხვაა, შენ მის წინაშე მეგობრობის გარდა სხვა ვალდებულება არ გაგაჩნდა. მეგობარი სხვანაირად გპატიობს იმას, რასაც ვერ გაპატიებს ოჯახი.
-უდედმამოდ გაზრდილმა ბავშვმა რომ ჩემზე მეტი იცის, -ხმით გაეცინა დიმას. ვერც კი მიხვდა როგორ ატკინა გული ირაკლის.
-უდედმამოდ არ გავზრდილვარ, მშობლები მყავდა. ერთი რაღაც მაინტერესებს. მითხარი და წავალ. მამაჩემმა იცოდა, როგორც ექცეოდი შენს ცოლ-შვილს?
კანი აეწვა. ვაი, რომ ეთქვა კი. ვაი, რომ სცოდნოდა კობას როგორი არაკაციც იყო ოჯახში და მაინც...
-არა. არ იცოდა.
*
ქალაქს გვარიანად გასცილდა ორი მანქანა. თბილისის ზღვის სანაპიროზე შეჯგუფებულ ხეებთან გადაუხვიეს და ერთდროულად გადმოვიდნენ მანქანებიდან.
მშვიდი, უდარდელი გამომეტყველება ჰქონდა ანდრო ჩადუნელს. თითქოს წინასწარ მოპოვებულ გამარჯვებას ზეიმობდა. მას ხომ ცოლი ელოდებოდა სახლში, მეორე კი - პირისპირ მდგომი, სწორედ ამ ფაქტით იყო გამწარებული. თვალები მტაცებელივით უელავდა. თითქოს ვიღაცამ საკუთრება წაართვა.
-მეგონა, არ მოხვიდოდი. -თავის მანქანას მიეყრდნო ანდრო და გულზე დაიკრიფა ხელები.
ამის ანკესს არ წამოეგებოდა არაფრით, მიუხედავად იმისა, რომ სამართლის სასწორის მხარე მისკენ იხრებოდა მთლიანად.
ბეისბოლის ბიტა რომ ამოიღო გუგა ქარდავამ თავისი მანქანის საბარგულიდან, თავი უკან გადახარა და გულიანად გადაიხარხარა თვალებდახუჭულმა.
-რა გაცინებს? შენთვის წამოვიღე. -გაუწოდა გუგამ ირონიული ღიმილით, -უთანასწორო ბრძოლა არ მიყვარს.
-რაღაც კაცური გქონია, -გულწრფელი ღიმილით გამოართვა ანდრომ. ამით უარესად გააგიჟა, -შენ ხომ იცი, რომ პირველი ხელის მოქნევა შენ არ გეკუთვნის?
-შენ ელენე არ გეკუთვნოდა, მაგრამ რას ვიზამთ, რესურსები სწორად არ ნაწილდება ამ სამყაროში.
-რა საცოდავი ხარ, -თითებით დააბზრიალა ბიტა ანდრომ, კარგად შეათვალიერა, -იცი ბეისბოლის თამაში? თუ ესე დაათრევ ხოლმე ამას, უპირატესობა რომ აღარ გქონდეს ბრძოლაში? რა სასაცილო მცდელობაა.
-მეორე დღესვე რომ არ მომთხოვე პასუხი, მივხვდი, დაგჭირდებოდა...
-სხვა საქმეები მქონდა, უფრო მნიშვნელოვანი... -არც კი უყურებდა გუგა ქარდავას ანდრო, გეგონებოდათ, თავისთვის ლაპარაკობდა.
მწვანე თვალები ისე გაციებოდა, ლამის ფერი დაეკარგათ.
ბადრაგივით ატრიალებდა ხელში ბიტას.
-შენს ცოლზე მნიშვნელოვანი?! -გამაღიზიანებელი ხმით გამოიწვია გუგამ.
მარტონი იყვნენ, ერთმანეთის სუნთქვა და ნაბიჯები კი არა, ლამის ფიქრები ესმოდათ.
-თვლა იცი შენ? ათის მერე... -ისეთი სერიოზულობით მოჭუტა თვალები ანდრომ, ქარდავას გაუკვირდა, რას მეკითხებაო. -კბილები უნდა დაგათვლევინო და იცი? არა?! კაი, მაშინ თითებით დავიწყებ...
ხის ბიტა მანქანის ბორბლებში მიუგდო და მანამ გადაუგრიხა ხელი უკან, ვიდრე რამის გაკეთებას მოასწრებდა ქარდავა. გულ-მკერდით მიაკრო თავისივე მანქანას და ლამის მთელმა თბილისმა გაიგონა იმისი ძვლების ტკაცუნი და ამ ხმას მოყოლილი ყვირილი.
-თვალი ხომ ორი გაქვს, დაგთხრი, დატეხილ თითებს არ დაგაჯერებ. -ისეთი გამყინავი ხმით წაუსისინა ყურებთან ანდრომ, მთლიანად დაიჯერა გუგამ, რომ იყო გამკეთებელი. -ენას იცი რატო არ გაძრობ? ვინმე რომ გკითხავს, ვინ დაგატეხაო თითები ჩემი სახელი და გვარი უთხრა, რატომო რომ გკითხავენ, ისიც უთხრა, სხვისი ცოლის სიყვარულს რომ ვერ ეშვები და ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი რომ არ გიტყდება. მერე ინატრებ, რომ თვალები საერთოდ არ გქონდეს სხვა ადამიანების თვალებში ზიზღს და დამცირებას რომ ამოიკითხავ. ინატრებ საერთოდ არ დაგენახა ელენე არასდროს. იცოდე, მის სიახლოვეს თუ დაგინახავ, მართლა დავკარგავ იმ ადამიანობას, რომელიც ახლა შენი მოკვლის უფლებას არ მაძლევს და დაგასახიჩრებ. გადაგხსნი. შენს ნაწილებს ვერ მოაგროვებს შენი საგვარეულო.
ზიზღით შეუშვა ხელები. საშინელი სიბინძურის ტალახიანი შეგრძნება დაუტოვა იმასთან სიახლოვემ. აგრესიული ვერასოდეს იქნებოდა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გულით ეცოდებოდა, არც აპირებდა რამის გაკეთებას ისე ხელაღებით რომ არ ელაპარაკა ელენეზე, რომ დაავიწყდა ანდროს სტატუსი და შეურაცხყოფამდე გადაწყვიტა მისულიყო.
ერთი სული ჰქონდა სახლში მისულიყო და ხელები დაებანა, გათავისუფლებულიყო ამ ზიზღიანი შეგრძნებისგან.
იცოდა, ელენე რომ ელოდებოდა და ისიც იცოდა, რომ მაგრად მოხვდებოდა მისგან ჩადენილის გამო.
არც შემცდარა, ახალ ამბავს ვერ მიასწრო ელენემდე. უკვე იცოდა და ისეთი ცივი თვალებით უყურებდა, თბილ მოსაცმელშიც გაიარა სუსხმა.
-რაო, ელე? -საკოცნელად გაიწია, წარბებშეყრილმა რომ დაიხია უკან და მოარიდა სახე.
-ხომ დამპირდი? რატომ სცემე? სამი თითი აქვს მოტეხილი.
-კისერი რომ არ აქვს, მადლობა თქვას. -უდარდელად შეიხსნა ქურთუკი და საკიდზე ჩამოკიდა, ფეხსაცმელებიც მოწესრიგებულად მიაწყო შემოსასვლელში. -რა სუნი დგას? სუპი დაწვი?
-ანდრო! -წინ გადაუდგა გაკაპასებული, -ასე მოქცევა არ შეიძლება.
-კაი, რა, არ დაიღალე? შენ საიდან გაიგე ასე მალე?
-კლინიკიდან.
-კლინიკიდან რანაირად? შენს კლინიკაში მივიდა? -წარბები აზიდა ანდრომ, ხელი გადახვია მაინც და ძალით აკოცა სანამ პასუხს მოიფიქრებდა.
-სმენის გადაცვლის დროს მიიყვანეს.
-არ მითხრა, რომ შენ გაუხვიე ის დამპალი თითები, თორემ გავრეკავ!
-არა, წამოვედი მე. ანდრო... მომისმინე... -მუცელზე დაალაგა ელენემ თითები, რომ მოეშორებინა.
-ხო, ელე, გისმენ... -სკამზე ჩამოჯდა და დაიახლოვდა ცოლის სხეული, წელზე მოხვია ხელები და ფეხებს შორის ჩაიყენა.
-სერიოზულად! მე არ მინდა ჩვენს შვილს პრობლემების ცემა-ტყეპით მოგვარება ასწავლო!
-ზოგიერთი პრობლემა სხვანაირად არ გვარდება, ზოგიერთ ადამიანს სიტყვით ახსნილი არ ესმის.
-ასეთს უნდა მოერიდო, თავი დაანებო.
-თვითონ როცა არ გაანებებს, როცა შეურაცხყოფის მიყენებას შეეცდება და მოითხოვს, მცემეო, უნდა მოარტყას. გადაიტანს, რა გულზე შემოგეყარა მაგისი თითები? დაიმსახურა. ჩვენს შვილს პრობლემების მოგვარების თანმიმდევრობას ვასწავლი, ხო? ჯერ სიტყვით უხსნი, მერე კიდე სიტყვით უხსნი... მერე ხმამაღლა, იქნებ ყრუა და არ ესმის? აი, როცა გამჩენი აღარ ასვენებს, მერე უკვე ვიკაპიწებთ ხელებს. მერე დედიკო ჭრილობების გადახვევას ასწავლის, ხო? -კალთაში ჩაისვა უცებ, კისერში აკოცა რამდენჯერმე. -მომენატრე.
-მე არა.
-მატყუარა, -მის კისერში ამოიჩურჩულა, აკოცა გემრიელად. ელენეს გადარეულ პულსაციას გრძნობდა საკუთარ ტუჩებზე. -რა ხდებოდა დღეს სამსახურში? ქალბატონმა იამზემ არ მიკითხა?
-მაგ ქალს რა გაუკეთე? რაც ცოლად გამოგყევი, სულ კარგად მექცევა!
-გავუღიმე. ხომ ხედავ, რა ეფექტურია... -ელენეს გაუღიმა ამჯერად, არეული თვალებით უყურებდა.
-არც ისე, მარტო ბებრებზე მოქმედებს. -ცხვირი მოჭყუნა საყვარლად.
-ხო? შენზე არა? სულ არა? -უცებ შეუსრიალა მაისურქვეშ თბილი თითები და მოეფერა. -საერთოდ არ ვმოქმედებ შენზე? სულ არა?
-გეყოფა ახლა.. -აუწითლდა ლოყები და უღონოდ წაეპოტინა მაჯებზე, ეს მტანჯველი ფერება რომ დაესრულებინა.
-არ მეყოფა. -კიდევ რამდენჯერმე აკოცა კისერში და ააფრიალა მერე თავის მკლავებში.
-არ მინდა ჯერ დაძინება! -სასაცილოდ ააფართხალა ელენემ ფეხები.
-არა, ელე... ჯერ გავიხადოთ, მერე ზღაპრებს მოგიყვები... დიდების ზღაპრებს...
-ნუ ხარ უსირცხვილო, -თვალები დახუჭა ელენემ, ვერ უსწორებდა მზერას ასეთი რომ იყო. ბალიში დაიფარა თავზე, როცა საწოლზე მიაწვინა.
-რა იყო, არც ჩემი მოყოლილი ზღაპრები მოქმედებს? -ბურტყუნებდა თავისთვის, სულ დაუკოცნა წვივები.
-არა, არა! -უკვე კისკისებდა ელენე.
-კაი, არაუშავს... ავამოქმედებ. დამაცა...
*
ხუთი დღე და ღამე დასდევდა ვაკო საკანდელიძე მამამისს, როგორმე რომ გამოეჭირა მღებრიშვილზე სალაპარაკოდ, მაგრამ ზურაბი ხან რას იმიზეზებდა, ხან რას და სახლში ფაქტობრივად აღარც კი ბრუნდებოდა. განერვიულებული უკვე ხვდებოდა, რომ აშკარად რაღაც კავშირი უნდა ჰქონოდა მამამისს ამ საქმესთან და აღარც ირაკლის ურეკავდა, აღარც ანდროს. საერთოდ არავის დანახვა აღარ უნდოდა ამ მდგომარეობაში ჩავარდნილს.
-იცოდე, პრესკონფერენციაზე დაგადგები და იქ დაგისვამ იმ შეკითხვას, რომელსაც ასე გაურბიხარ. ან არადა პირდაპირ მივალ იმ მღებრიშვილთან თუ ვინ ჯანდაბაცაა და...
-ვაკო, გაგიჟდი? -ფერები გადაუვიდა სახიდან ზურაბს, ასეთი სიტყვები რომ მოისმინა თავისი შვილისგან. -რატომ ხვანცალებ? რა არ გასვენებს, რა გინდა!
-მინდა ვიცოდე, რომ მამაჩემი ჩემი ერთადერთი მეგობრის მშობლების სიკვდილში დამნაშავე არ არის! მინდა ვიცოდე, რომ მეც არ შემხებია შენი უღირსი საქციელი! ბევრს ვითხოვ? შენ გამო მეგობრებს თვალებში ვერ ვუყურებ! მთელი ბავშვობა მარტოობაში გამატარებინე, ახლა მაინც ამომასუნთქე!
-ვაკო, შვილო... -თავისი საქაღალდე იქვე ჩამოდო ზურაბმა. ყელი გამოუშრა.
-არა! ახლა მამაშვილური ლაპარაკი არ მინდა.
-მომისმინე! შენ ახლა მთხოვ ქვეყნის დამხობას, გაიგე? სისტემის მოშლას... იცი, რომ შეიძლება მეც ჩამაყოლო ნანგრევებში?
-მაგაზე შენ გეფიქრა! თუ იმსახურებ, უნდა ჩაჯდე! არაუშავს. ციხეში მგონი ტელევიზორები აქვთ.
-მამა! გამიგონე! არ არის ასე მარტივი. წლებია მე ამ საქმეში ვარ. არავინ, გესმის!! არავინ არ დატოვებს სკამს შენი საცოდავი პაატა გამცემლიძის გამო, რომელიც პაიკია ყველა მეფის ბრძოლაში.
-შენ მოჭადრაკეც თუ ისეთი ხარ, როგორიც პოლიტიკოსი, იცოდე, რომ გულში მაგ შედარებაზე მაგრად დაგცინე!
-მე არაფერი დამიშავებია ირაკლის მშობლებისთვის. მღებრიშვილები წლები იბრძოდნენ სკამისთვის. შენსავით უშლიდათ ხელს კობა ნაკაშიძე და კიდევაც ჩააძაღლა ცოლთან ერთად! შენ თუ გგონია ციხით მაშინებ, ძაანაც ცდები! მე მეშინია შენ არ დაგკარგო!
-მე უკვე დაკარგული გყავარ, მამა. -ამ სიტყვების თქმის მიუხედავად, მაინც იგრძნო საოცარი სიმშვიდე ვაკომ. -ანუ მღებრიშვილის მოკლულია.
-ხო. მაგრამ, იცოდე... არავის საქმეში არ ჩაერიო, არსად წამოგცდეს.
-მაშინ რატომ არ თქვი? პაატას რომ აკვლევინებდით ირაკლის? ადექი და მღებრიშვილს მიუტანე ხო ენა, ასე და ასე მოხდაო! ვაიმე... აქამდე როგორ ვერ მივხვდი! -თავში შემოირტყა ვაკომ ხელები, თვითონ აეწვა მამამისის წილი ნამუსიც. -იმან გამოგგზავნა! რამე ისე რო არ ეთქვა პაატას...
-ხო! ხვდები ახლა, რა შარში ხარ? აცადე. არ ღირს შურისძიება, მაგხელა ხალხთან არ ღირს! მომიკლავენ შენს თავს, გაიგე? ამის მეშინია! ამ რეალობაში ისაა მართალი, ვისაც მეტი ფული და ძალაუფლება აქვს, გაიგე? არავინ არ დაუპირისპირდება ამათ, არავინ! ამათი ამოთხრით იცი რამდენს გამოეცლება ფეხქვეშ მიწა? შვილო, შენ ახალგაზრდა ხარ და ვერ იაზრებ. დაანებე თავი, არ ღირს! ისე გაგაქრობენ...
-აქეთ გავაქრობ!
მანამ არ მოისვენა ვაკო საკანდელიძემ, სანამ ზედმეტად არ გამოევლო თვალში მღებრიშვილებს. ერთხელ გააფრთხილეს ზურაბი, დააშოშმინეო შენი ვაჟი, მეორედ და მესამედ თავად გადაწყვიტეს მისი გაჩუმება.
გადარეულები ეძებდნენ მთელს თბილისსა და მის შემოგარენში, თანაც ისე, რომ ზედმეტად არ ეხმაურათ. ყველაფერმა უცებ დაკარგა ფერი, როცა ვაკოს გაქრობის ამბავმა ჯერ ელვასავით გამოანათა მთელი სამეგობრო, მერე კი ისე ჩააბნელა და ჩაალურჯა, როგორც თვალუწვდენელი ქვესკნელი.
ისე ისხდნენ დადუმებულები, ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა. ლიზას ლამის თითები დაატყდა, ისე იფშვნეტდა ხელებს შეუჩერებლად.
-რა სულელია, რა შტერი! მოვკლავ, სადაც ვიპოვი, ჩემი ხელებით დავახრჩობ! -ვერაფრით წყნარდებოდა ირაკლი. ბრაზისგან ისე გაიბერა, ისე, ისე რომ სამყაროში მასზე დიდი ტვირთით დამძიმებული ადამიანი გეგონებათ არავინ იყო. -დადა, რამე ახალი არი? ან ჯიპიესი არ ჰქონდა იმ დებილს ჩართული, ან რამე?
-ტელეფონი მცხეთის გზაზე ჰქონდათ გადაგდებული, ირა… მამამისს უნდა დაურეკო. -ისეთი ანერვიულებული ჰქონდა ხმა დავითს, სახიდან ფერი ჩამოერეცხა ირაკლისაც.
თითქოს მილიონმა დანამ დაიწყო მისი სხეულის ძალიან ნელა დანაწევრება. გონება გამოეთიშა.
-სანდრო მაჩაბელიც საქმეშია, ყველა ვეძებთ. ჩვენც უნდა გავიდეთ, ირა. -კბილებამდე შეიარაღებული ლიფონავაც რომ შემოვიდა მათ სახლში, ყველა მიხვდა, რომ მშვიდობიანად ვერ ჩაივლიდა.
-სულელი ბიჭი! სულელი! -ხმადაბლა ლანძღავდა ირაკლი.
ჩაწითლებულ თვალებზე ეტყობოდა, როგორ ღელავდა, როგორ იკავებდა საკუთარ თავს, რომ ემოციებს არ აჰყოლოდა.
ყველა ისე გადაერთო საბრძოლო რეჟიმში, რომ სუნთქვაც კი დაავიწყდათ.
-იკა, მოდი ერთი წამით, -ცივი ხელებით ჩააფრინდა ნანა მაჯებში.
გააჟრიალა ირაკლის. ძალიან ეჩქარებოდა, თუმცა ვერ უთხრა მაინც უარი. ცივი ხელებით რომ შეეხო ორივე ლოყაზე, მიენაბა თვალები.
რატომ გაიყვანა ცალკე, ნანაც ვერ მიხვდა.
მხოლოდ მოეხვია და აკოცა ლოყაზე.
-დარწმუნებული ვარ, დამალობანას გეთამაშება. -ხმა გაუწყდა ნანას. თვალები დახარა, ცრემლები რომ შეეკავებინა.
-მოვკლავ მაგ ბავშვს. ვიპოვი და... არ ვიცი რას ვუზამ!
-ხო, -გაეღიმა ნანას და აკოცა რამდენჯერმე იმედიანად. -დამირეკე მაშინვე, დამალაპარაკე... მისი ხმა რომ ვეღარ გავიგონოთ...
-ნუ ამბობ სისულელეს.
მეძებარი ძაღლებივით შეესივნენ თბილისიდან გასასვლელ ყველა არსებულ და არარსებულ გზას. ზურაბ საკანდელიძე ადამიანიდან ორ წუთში გადაიქცა მოჩვენებად.
„შენს შვილს ვერ ასწავლე გაჩუმება, ამიტომ ენას ამოვაჭრით.“
-ეგ უენოდაც დაილაპარაკებს, -თავს იიმედებდა ანდრო გზაში. -პლასტიკური ოპერაციის გარეშე არ მოკვდება, ხო ვიცი!
„ირა, მათემატიკა გადამაწერინე, რა“ შორიდან ჩაესმოდა ვაკოს ბავშვობის ხმა ირაკლის. აღარც ეგონა მისი მშობლების სიკვდილამდე თუ ახსოვდა, როგორი იყო.
„ნაკაშიძე ირაკლია ჩემი ძმაკაცი, მე შენს ადგილას სიტყვებს შევარჩევდი!“ კარგად დაუდგა თვალწინ როგორ ეჭიმებოდა პატარა ვაკო უფროსკლასელს.
„მამაჩემი დამნაყავს ქინძივით“ - როგორ ეცინებოდა საკუთარ გასაჭირზე თვითონ. ახლა ისე ეტკინა მისი ასეთობა, მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს. თვალები დახუჭა ატკივებულ გულს ცრემლებად რომ არ დაეცვინა მისი გრძნობები.
მხოლოდ ახლა მიხვდა, როგორ უყვარდა. მართლა ძმასავით. მარტო ვაკო არა, თვითონაც ხომ ოცნებობდა ძმაზე. მისნაირზე. მაგრამ ძმა ხომ ყველანაირი უყვარს ადამიანს, ასე უყვარდა ვაკოც.
თვითონაც არ იცის, რატომ შევიდა იმ დაწყევლილ ჩათში, ვაკომ რომ შექმნა და „ბრიგადა“ რომ ერქვა. ბოლო ათი შეტყობინება სულ მისი იყო.
თვალები დაქაჩა.
„მცხეთაში, გოცაძეებთან“
მთლიანად დაეჭიმა სხეული. ყველა უჯრედის გამოცოცხლება იგრძნო. დღეს ჰქონდა მოწერილი.
-რა მოხდა? -თვალები დაუმრგვალდა ანდროსაც.
-ჩათში აქ მოწერილი. სამი საათის წინ. მცხეთაში, გოცაძეებთანო. მეტი ეტყობა ვერ მოასწრო...
სასწრაფოდ მოიქექეს ჯიბეები.
ბოლო დროს ვაკოს ზედმეტი აქტიურობის გამო აღარცერთი ამოწმებდა ამ ჩათს.
დანაშაულის გრძნობამ ისე წაუჭირა ყველას კისერში, სუნთქვა მანამ ჰქონდათ შეკრული, სანამ არ გაიგეს, ვინ იყო ეს გოცაძე.
მიტოვებული ქარხნის მეპატრონეები ყოფილან.
-ამ მანქანას ფრენა თუ შეეძლო, ნამდვილად არ ვიცოდი.
მაქსიმალური სიჩქარით მიჰქროდა ანდრო ჩადუნელის მანქანა.
-მოშორებით გააჩერე. -ბრძანება გასცა ლიფონავამ. -სისულელე არ გააკეთოთ. პოლიცია უკვე მოდის.
-არ გვინდა, მოკლავენ. პოლიცია არაფერს იზამს.
-კაი, მაშინ სანდრო მოდის მაჩაბელი. მაგის პოლიცია არ ემორჩილება მაგათ. წავედით.
დაქონქილ, მიტოვებულ ფაბრიკის შენობასთან ორი უზარმაზარი ჯიპი იდგა. ოდნავ გამოეღოთ რკინის ჭიშკარი. იქედან ვაკოს ტლიკინი რომ შემოესმათ, ყველას უჩვეულო სიმსუბუქის შეგრძნება დაეუფლა.
არცერთი უსამართლობის შეგრძნებას არ შეედრებოდა მეგობრის დაკარგვით გამოწვეული ტკივილის სიმძიმე.
როგორც ჩანს, ახლაც ვიღაც დაიქირავეს, რამდენიმე შეიარაღებული კაცის გარდა არავინ იყო იქ მათ გარდა.
-ხოდა, მეშვიდე კლასში ვააართ... -აგრძელებდა ვაკო. -რამდენი დრო დამრჩა ენის ამოჭრამდე?! უმნიშვნელო რაღაცებს გამოვტოვებ... დანა დაგეკარგათ? მოდით, ჯიბეში მიდევს... გათხოვებთ და დამიბრუნეთ მერე.
ისე მოუქნია გაღიზიანებულმა კაცმა, მის წინ რომ იდგა, სისხლი ვერტიკალურად გაესხა იატაკზე. თავი გვერდზე გადაუვარდა ვაკოს.
ყველა შეცბა. ვეღარ გაეგოთ რა ხდებოდა.
-ბიჭო, შენი სკოლის ამბები არ გვაინტერესებს! თქვი, რასაც გეუბნებით ამ კამერაში და გაგიშვებთ!
-ვაიმეეე, -სისხლი გადმოაფურთხა ვაკომ, -გიყვებით, ხო, მაცდით?! ჩემი და ირუშას სიყრმის ამბები თუ არ მოგიყევით, ისე ვინ დაიჯერებს, რო ირა მეტყოდა ეგეთ რაღაცას?
-თქვი, რომ ნაკაშიძემ შეუკვეთა პაატას მკვლელობა. თქვი, რომ მაგის მოსაგვარებლად იყო რუსეთში, საჭირო ხალხამდე რომ მისულიყო მისი ბრძანება.
-ვაიმე, ბიძაჩემო, შენ თუ ჩემზე კარგად იცი, დადექი და შენ თქვი!
-მოვკლავ ამას! -სამმა კაცმა გააკავა „ბიძამისი“.
-მე ვიტყვი. -მშვიდად შეაბიჯა ირაკლიმ დიდ, დანგრეულ დარბაზში.
გაოცებით გახედა ყველამ, ვაკოსკენ მიმართულმა იარაღმა ირაკლისკენ გადაინაცვლა წამიერად. ხელები ასწია ჰაერში.
-გაუშვით ეგ და მე თვითონ ვაღიარებ.
-აუ, ირა, მაცადე გმირობა! -წაიწუწუნა საკანდელიძემ, ისე იყო ნაცემი ვერავინ იცნობდა.
-გაუშვით.
პოლიციის სირენის ხმის გაგებისას ტუჩები დაულურჯდათ ყველას. ტყვიების წკირალით შემოვარდნენ დარბაზში ლიფონავა და ჩადუნელი. ფეხის კვრით წააქცია ირაკლიმ ის სკამი, რომელზეც ვაკო მიეჯაჭვათ, მას რომ არ მოხვედროდა ბრმა ტყვია, მაგრამ მის წინ დაგუბებულმა უზარმაზარმა სისხლის ტბორმა მიანიშნა, რომ დააგვიანდა.
მხოლოდ არტერიის გაგლეჯა თუ მოასწრებდა ასე სწრაფად ამ რაოდენობის სისხლის გადმოღვრას.
მერე აღარაფერი ახსოვს. არ უფიქრია, რომ მისთვისაც შეიძლებოდა განკუთვნილიყო ათასი ტყვიიდან ერთი. ყველაზე მნიშვნელოვან ტყვიას უკვე გაეკვეთა საკანდელიძის ფეხი.
არ ახსოვს, როგორ გადაუჭირა ფეხზე სასწრაფოდ ის ბაწარი, რომელიც წელზე ჰქონდა შემოხვეული.
პატარა ბავშვივით აიტაცა ხელში. ხელ-ფეხი უსიცოცხლოდ გადაუვარდა ვაკოს.
-შე ტუტუცო ბავშვო, საზიზღარო, -ლანძღავდა სიყვარულით.
„ირა, დედაშენი რა ლამაზია?“
საკუთარი გულის ყოველი ფეთქვისას გრძნობდა, როგორ კვდებოდა მასთან ერთად.
მართლა ვერ ხვდებოდა რა დააშავა ასეთი, ამის გამოვლა რომ უწევდა. კიდევ ერთხელ რომ ჰქონდა საყვარელი ადამიანის სისხლში გასვრილი ხელები.
*
მართლაც, ჯაჭვი არასდროსაა იმაზე ძლიერი, ვიდრე მისი ყველაზე სუსტი რგოლი.
საავადმყოფოს დერეფანში ჩამწკრივებული მეგობრებისთვის რომ გეკითხათ, ნება რომ მიგეცათ, ყველა სიამოვნებით გაუცვლიდა ადგილს ვაკოს.
თითოეული მათგანის თვალებში იმხელა სასოწარკვეთა და ტკივილი იკითხებოდა, იმის ხმამაღლა წარმოთქმას ვერ გაბედავდა ვერცერთი სულიერი.
ყველამ ერთიანად იგრძნო სიცოცხლის სიძვირფასე და უძლურება ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც ვერ მარცხდება... მაგრამ მნიშვნელობა არ ჰქონდა ისეთი სამართლიანობის აღდგენას, რომელიც კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლის ძაფს გაწყვეტდა.
იცოდნენ, რომ მათი სამეგობრო წრე, ვერასოდეს იქნებოდა ისეთი, როგორიც ვაკოსთან ერთად. უბრალოდ გაწყვეტილები იქნებოდნენ.
მისი პალატის გვერდით ჩაცუცქულიყო ირაკლი და მუხლებში ჩაერგო თავი, სისხლიანი ხელები ზედ შემოელაგებინა.
-ჩვენს ჩათში ჰქონდა დაწერილი...- ისეთი არაადამიანური ხმა ამოუვიდა პირიდან, ძლივს იცნო ნანამ.
თვალები მიხუჭა. მის გულს ამხელა ტკივილის შეგრძნება თუ შეეძლო, ნამდვილად აღარ ეგონა.
-არცერთმა არ მივაქციეთ ყურადღება. ადრევე რომ წამეკითხა... იქნებ... სხვანაირად მომხდარიყო... იქნებ მე ვერ გავთვალე...
-იკა, რომ მიხვედი, ცოცხალი ხომ იყო.. ნუ გეშინია. ნუ გეშინია. არ შეიძლება. ასეთები რომ დაგვინახოს, ხომ იცი, როგორ ეწყინება. ვერ იტანს მოწყენილობას.
-თვითონ ამდენი ხანი ვუყვარდი... მე... დამავიწყდა, რომ წავედი... ისე ვნანობ...
მის წინ ჩაიმუხლა ნანა. გულზე მიიკრო ქმრის ტკივილისგან გაბუშებული თავი.
-სისხლიანი მაქ ხელები, ვერ გეხუტები. -უღონოდ ჩამოყარა ხელები ირაკლიმ.
-არაუშავს. გამოძვრება. აუცილებლად გადაგვარჩენს. ვილოცოთ ჩუმად.
-არ ვიცი... მე იმდენი ხანია არ მილოცია... -ხმა ჩაუწყდა. -ჩემნაირების თუ ესმის ღმერთს, არ ვიცი...
-შენნაირების ყველაზე ხმამაღლა ესმის. -დააიმედა ნანამ. თვითონ კი სჯეროდა, რომ ყველასი თანაბრად ესმოდა იმას, ვინც ყველას ცხოვრების ყველაზე სამართლიანი მოსამართლე იყო.
*
-ბონჟუღ, ლიფო.... -ამოიხრიალა სასაცილოდ. ათასი წვეთოვანი ჰქონდა გაკვეხებული და მაინც სიცილის ხასიათზე იყო.
-დაგაკლავ. -ასეთი სიყვარულით არცერთი მუქარის სიტყვა არ უთქვამს პოლიციელს.
-რაო შენმა დადიანმა, კაია პარიზიო? არ მინდა ვაი-პოლიციელიო?
-ჩამოვა მალე.
-ღომი გააკეთოს და დამპატიჟეთ. უნდა შევჭამო.
-მართლა? -თვალები შუბლზე აუვიდა ლიფონავას.
დღეს მისი ჯერი იყო ვაკოსთან მორიგეობის.
-ხო, სიკვდილის წინ ღომზე ვფიქრობდი... როგორ ამოიზილავდი შენ ჩემს ქელეხში...
-ნუ ამბობ სისულელეს! -ვერ იტანდა ასე რომ ხუმრობდა.
ვაკოს და სიკვდილის ერთ წინადადებაში დაყენება ყველასთვის წარმოუდგენელი იყო. მასაც კი უკრძალავდნენ ამაზე ხუმრობას.
-კაი, მართლა მაინტერესებს ერთი რა ნახე... ამ ღომში ასეთი... -ძლივს ლაპარაკობდა უკვე. -დაიჭირეს ის დებილი პოლიტიკოსი, მე რომ გამალამაზა?
-კაი რა... -გაღიზიანდა ილიკო. -კიდე ვიღაცას გადააბრალეს.
-უხ მაგათი... -დაემუქრა სასაცილოდ.
*
-ეს რა ჯანდაბაა? -ჯერ ანდროს შეხედა, მერე ფურცელს. უკვე კარგად იყო, მალე გაწერდნენ.
-დაგიფინანსე... პლასტიკური კუზანოვებთან.
-მეკაიფები? -ხელიდან გამოგლიჯა ქაღალდი, -ბიჭო, მე შენი გატეხილი ცხვირის გამოსწორება მინდოდა მარა მაგის მერე იმდენჯერ გამიტეხეს, ყველას ანაზღაურება შენ მოგიწია...
-თუ არ გინდა წავიღებ...
-არააააა! შენ იცი რამდენი ხანია ტიკტოკი არ გადამიღია ამ ცხვირის გამო? ინგეიჯმენთი მაგრად დამივარდა!
-რაო? -ევას გახედა ანდრომ, თარჯიმნის ფუნქცია რომ შეეთავსებინა თანამედროვეებსა და ძველებს შორის.
-ხალხის აქტიურობა დამივარდაო.
-ჩემი კუდიანი ჯენზი! -დაეჭყანა ყველაზე პატარას. -შენი მეოცე ბოიფრენდი რას შვება?
-ანდრო, გატყუებს! -თვალები დაქაჩა შეშინებულმა, -ვაკო, რატომ ატყუებ?
-ბოდიში, თვლა ამერია... ოცდამეშვიდეა, ხო?
-ვაკოოო!
*
ნაკაშიძეების სახლში შემოდგომის სასიამოვნო საღამო იდგა. მათი ორსართულიანი სახლიდან ყვითელი სინათლე იმედიანად იღვრებოდა.
ეზოში ბურთს აგორებდნენ ანდრო და ილიკო. ირაკლი დადას ელაპარაკებოდა კუთხეში.
გაბერილ ელენეს დაჭრილი საზამთრო ჩამოჰქონდა ორივე ხელით.
-არა, ელე! როგორ გეკადრება, გენაცვალე! -ხელიდან აართვა „დატვირთულ“ ცოლს თეფშები და ლოყაზე აკოცა ორჯერ. -ბავშვი რომ გაიფართხალებს, დამიძახე!
-ანდრო, სულ მუცელზე ხომ არ გექნება ხელები მიდებული?!
-ხო, აბა? ჩვენმა ბიჭმა ხომ უნდა იცოდეს, რომ მამამისი სულ მის გვერდითაა?
-რატომ გადაწყვიტე, რომ ბიჭია? -წარბები სასაცილოდ აზიდა ელენემ.
-შენ რამე იცი და არ მეუბნები? -წელზე მოხვია ცოლს ხელი და ჩამოსვა მის გვერდით.
-როგორ გეკადრება, გენაცვალე! -გაიმეორა მისი ფრაზა.
ყველა თავისებურად ირთობდა თავს, რადგან ჯერ ბოლომდე შევსებულნი არ იყვნენ.
მერე ისეთი ხმაურით შემოგლიჯა საკანდელიძემ თავის ყავარჯნიანად ჭიშკარი, რომ მთელმა სამყარომ გაიგო ვინ იყო ის, ვინც ამთლიანებდა მათ წრეს.
-თქვენი უფეხო მეკვლე მოვიდა! -ლიზასთან ერთად შემოკოჭლდა ეზოში ვაკო.
-ვაკო, შემოდგომაა ჯერ! -ფანჯრიდან გადმოსძახა ნანამ მოსულ სტუმარს.
ერთი წამით გაჩერდა ვაკო იმ ადგილას, სადაც იყო.
ირაკლი მიხვდა, რატომ უყურებდა ნანას იმ წამს ისეთი თვალებით. თითქოს მადლობას უხდიდა ისიც, რომ ამ სახლში ისევ ენთო შუკი.
-დიასახლისს გაუმარჯოოოს! -სამხედრო სალამი მისცა ნანას.

დიდ, წრიულ მაგიდასთან ისხნდნენ. ვაკო, რა თქმა უნდა, საპატიო ადგილას თავისი გაშლილი ფეხით.
ისე საუბრობდნენ ერთმანეთში, რომ ყველა ყველაფრის მოსმენას ასწრებდა.
-ბავშვის სქესი ვიცი. -ჩუმად გადაუჩურჩულა ელენემ ყურში ანდროს.
ჰაერში აწეული ჭიქა იქვე გაუჩერდა ჩადუნელს.
-თუ გინდა ცალკე გეტყვი.
-არა, -ჭიქა ნერვიულად დააბრუნა თავის ადგილას და ჩაახველა პირგამომშრალმა. -მარტო არ შემიძლია. ვაიმე, გოგოა?
-მეგობრებო! -ხმამაღლა გადაიკისკისა ელენემ, ჩანგალი რამდენჯერმე შემოარტყა თავის წვენით ავსებულ ჭიქას.
სხვას ყველას შამპანური ესხა ნანას გარდა. ის წყალს სვამდა და ირაკლის კალთაში იჯდა ნებიერად.
-თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს! ჩემს ქმარს ძალიან ეშინია გოგოს მამობის...
ჩუმმა ღიმილმა შემოუარა მათ წრეს....
-მაგრამ სანამ სქესს გეტყვით...
-აუ, ელეეე!
-კაი რა! ჯერ გვითხარი და მერე..
-მე აქ მგონი დავაწესე თანმიმდევრობა! -ხმა გაიმკაცრა კაპასმა ორსულმა.
-მოუსმინეთ ჩემს ცოლს! -ანდროსაც აწყობდა სქესის გაგების ცოტა ხნით გადაწევა. ყურები უგუგუნებდა ნერვიულობისგან.
არა, კი არაფერი, ორივე ერთნაირად გაუხარდებოდა, მაგრამ გოგოს მამობის საშინლად ეშინოდა......
-ერთი წლის წინ ამ დროს... მე, ნანაკო, ევა და ილიკო ვიყავით მხოლოდ... მერე ყველაფერი ისე აირია, წამით იმისაც შემეშინდა, რომ ჩვენც დავიშლებოდით... რომ უსამართლობა იმასაც მოერეოდა, რაც ჩვენ გვქონდა. ნანა არაადექვატურად იქცეოდა...
-გაგიხსენეს, ნანულ?! -თვალი ჩაუკრა ვაკომ ხელოვნურად გაბრაზებულ ნანას.
-სიმართლეა... მაშინ მეგონა, რომ ჩემი მეგობარი იმდენად დაამარცხა იმ მეორე მხარემ, რომელიც ყველას გაგვაჩნია და რომელსაც ყველა ჩვენ-ჩვენი სიკეთითა და რწმენით ვებრძვით, რომ მასთან ერთად მეც დავიკარგებოდი, რადგან ხანდახან მგონია, მის გარეშე ერთი ნაბიჯის გადადგმასაც ვერ შევძლებ, რადგან უბრალოდ არ ექნება აზრი ნანას გარეშე რამე მიხაროდეს. ის ჩემთვის ყოველთვის იყო დედასავით, თუმცა თვითონ ყოველთვის აკლდა მშობელი, მაინც არასდროს შეშლია, როგორც უფროსს, ვიცი, რომ აუცილებლად იქნება კარგი მშობელი.... მერე რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ დაკარგვის ნაცვლად ყველა შემოგვიკრიბა ირგვლივ. ყველა შეგვიფარა, დაგვიახლოვა, შეგვიყვარა... მართალია, ჩვენი მთავარი მიზანი, რამაც გაგვაერთიანა შეუსრულებელი დარჩა ერთი შეხედვით... მაგრამ შეხედეთ ამ ეზოს, ამ სახლს... ირა, ამაზე უკეთეს სამართლიანობის აღდგენაზე გიოცნებია?
თავი გააქნია ნაკაშიძემ, მხარზე აკოცა თავის ცოლს.
-ზუსტად ასეა. სამყარო გაბოროტდა. თუ ჩვენ ვერ დავინახავთ საკუთარ თავსა და ჩვენს ირგვლივ მყოფებში იმედს, სამართალს... სამყარო ამას არ დაგვანახებს. ძლიერი ყოველთვის მართალი იქნება აქ, ამ ქვეყანაზე.. ხანდახან გული გაგვისივდება იმხელა უსამართლობა შეგვემთხვევა... გვავიწყდება ყველაფერი... გვავიწყდება ყველაზე მთავარი, რომ ჩვენ, ადამიანები არასდროს ვართ მარტო... სამართალი ჩემთვის თქვენ ხართ. სამართლის აღსრულება ნანასთვის არის თავისი ირაკლი, ირაკლისთვის თავისი ნანა.
-და მეც! -ჩაეკვეხა ვაკოც.
-ჩვენ, ყველა... -გაეღიმა ელენეს. -ჩემთვის ეს არის ბედნიერება. თქვენთან ერთად ჩემს გულს ვერცერთი უსამართლობა ვერ მოერევა. ისე გამოვიდა, რომ ეს სიტყვები ნანას მივუძღვენი, ამიტომ... ნანა, გილოცავ, შენ ხდები ბიჭის მამიდა!
ანდროს შვების ამოოხვრას ხმამაღალი სიცილით შეეგება ყველა.
-ღმერთო, მადლობა ყველაფრისთვის. -ბუტბუტებდა თავისთვის, როცა ელენეს ეხუტებოდა. -მადლობა, რომ არსებობ. შენ გვერდით არც გოგოს მამობის შემეშინდებოდა.

სტუმრები რომ გაიკრიფნენ ერთად აალაგეს ცოლ-ქმარმა სუფრა. ჩუმ სიყვარულსა და ურთიერთგაგებას ცვლიდნენ ერთმანეთში.
-ხანდახან ვერ გეუბნები როგორი მადლიერი ვარ შენ გამო. -მასთან ახლოს მისული შორს აღარ გაუშვა ირაკლიმ. გამოურთო ჭურჭლის გასარეცხად მოშვებული ონკანი. კალთაში ჩაისვა. ოდნავ ნასვამი იყო და ეტყობოდა ეს მღელვარებაზე. -ისეთი მშვიდია ჩემი სული ყველაფრის მიუხედავად... შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი... ელენემ მართალი თქვა.. შენ ხარ ჩემი ნაპოვნი სამართალი, ნანა.
ამ სიტყვების გაგონებისას ისეთი ხმით აქვითინდა ჩადუნელი, ირაკლი მართლა გაოცდა, ასეთი შთამბეჭდავი რა ვთქვიო.
-შენ.. შენ მართლა ძალიან გიყვარვარ... -ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოთქვამდა სიტყვებს.
-მაგას ახლა მიხვდი, გოგო? ქმარი ვარ თუ... -მუცელზე მოუსვა ხელი მოსაფერებლად. მერე თითქოს დენმა დაარტყაო, ყველაფერი განათდა. -შენ დღეს არ სვამდი?
დანაშაულზე გამოჭერილი ბავშვივით დაქაჩა ნანამ თვალები...
-ნანა, მე ქმარი ვარ თუ... მამა?!
-ორივე რომ იყო... ხომ არ გეწყინება?
-მართლა? მართლა? -იმდენჯერ აკოცა სახეზე, დაავიწყდა, რომ შეიძლება სასმლის სუნი ჰქონოდა და შეეწუხებინა ორსული.
-ჯერ ძალიან პატარა ვარ. ერთი თვისაც არ. მეშინოდა... ვერ გითხარი...
-ღმერთო, რა მაგარი ხარ! -ისე დააბზრიალა ნანა, კივილი დასცდა მის ტუჩებს.
-დამსვი, იკა... თავბრუ დამეხვა...
აღარ ეგონა ამ სახლში თუ ისევ გაიგონებდა სიცილის ხმას. თუ ვინმე დაუძახებდა „იკას“... თუ ისევ იქნებოდნენ სამნი... მერე შეიძლება მეტიც ყოფილიყვნენ...

ნაცრისფერ ჰორიზონტს გამოექცა ღამენათევი მზე, წითლად შეღება ტოტებს გამოკიდებული მოყვითალო ფოთლები დაცვენას რომ აპირებდნენ ნიავის პირველივე კოცნისთანავე.
სხივები გააძვრინა ნახევრად გაშიშვლებულ ხეებს შორის და მიზანში ამოღებული ისარივით დაესო მის თვალებს.
ფარდის ჩამოფარება დავიწყებია ირაკლის, სამაგიეროდ ხელი შეთქმულივით ედო ცოლის მუცელზე და მშვიდად სუნთქავდა.
გაეღიმა ნანას. შარშან ამ დროს მანქანაში ეძინა... თუ არ ეძინა...

დ ა ს ა ს რ უ ლ ი

მადლობა ბოლო სიტყვამდე ჩემთან ყოფნისთვის!
თქვენი ტასო იაშვილი <3



№1  offline წევრი Margo Tokyo

პირველი კომენტარი ჩემი იყოს, ხო?
მიყვარს.
შენც და წრეც
<3

 


№2  offline წევრი penguin

რა სიამოვნება ელით მათ ვისაც ჯერ არ წაუკითხავთ,ხომ არ იციან????მადლობა ამ ისტორიისთვის????????

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკა

მადლობა, ძალიან, ძალიან კარგი იყო????????????????

 


№4 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან ძალიან კარგი იყო,კიდე ათასჯერ მივუბრუნდები წასაკითხად❤️მიყვარს შენი ისტორიები დქ ველოდები ახალს მალე❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ელენე1511

ვიზოგავდი და ვსუნთქავდი თითოეულ სიტყვას, გრძნობას, ემოციას, რომ არ დასრულებულიყო,
მადლობა დიდი ამ სიამოვნებისათვის
მომავალ შეხვედრამდე

 


№6  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

მიყვარს ყველა და ყველაფერი <3333333333 !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!1

 


№7 სტუმარი სტუმარი ჰებე

კაი ხანია ასეთი მსუყე, გემრიელი ტკბილი, ემოციური არაფერი წამიკითხავს. ცალკე სიამოვნებას ასეთი გამართული ნაწერი, ცალკე სიუჟეტი.
ირას და ნანას წყვილმა მოიტანა! რა ქიმია, რა მიზიდულობა, რა ვნება! ისეთი კარგები არიან, ვერაფრით ვიკმარე.

შენკი წარმატებები. როცა ვხედავ ხოლმე რომ ისტორია დადე, ვიცი რომ იმ ღამით გათენება მომიწევს :დ

 


№8 სტუმარი ანათეა

სასწაული იყო..

 


№9  offline წევრი Daldoni Daldoni

ემოციები შეგრძნებები ,ყველა ადამიანური ღირებულებები და ამავე დროს ადამიანის მანკიერი თვისებებიც ,ყველაფერი ერთად იყო თავმოყრილი და ეს ისტორიაში ისეთ ნაზავს ქმნიდა ამოსუნთქვის საშუალებას გიქრობდა მკითხველს.რამდენადაც დაძაბული სიუჟეტი და ადამიანთა არაადამიანობა იყო, იმდენადვე იყო იშვიათი მეგობრობა და სიყვარული, თანადგომა ,ტკივილის გაზიარება. სისასტიკე,რომელმსც ირაკლის ოჯახი გაანადგურა, გულგრილობა და სიხარბე რომელმაც ნანა ჩადუნელს მამა დააკარგინა,და ეს ორი ერთად რომლებმაც ტკივილით ცხოვრება ისწავლეს.განუმეორებელი ანდრო რომელიც არამარტო ძმის ადამიანის სრული განსახიერებაა.. და იშვიათი მეგობრობა რომელიც ხაზად გასდევს ისტორიას ელენეს, ლიფონავას ვაკოს და გიგის სახით.საუკეთესო ისტორიაა ,რაც კი წამიკითხავს და ალბათ კიდევ ერთხელ წავიკითხავ ,ისევ ისეთივე ემოციებდაცლილი ..მადლობა ამ ისტორიისთვის..

 


№10 სტუმარი indira m

ეს არის უბრალოდ საოცრება, მეტი კომენტარი ამ ნაშრომს არ ჭირდება . მადლობა ამ სიამოვნებისთვის შენ ავტორო , მთელი დღე სხვადასხვა ემოციებს რომ გამომატარე , ამატირე , გამაცინე , შეუძლებლის შესაძლებლობაში დამარწმუნე და სხვა მრავალი .

 


№11 სტუმარი სტუმარი მარიამ

ვაიმე. ეს რა იყო. გავათენე ღამე და დამავიწყდა ოჯახი.... შეყვარებული ვარ თქვენს წერის მანერაზე..... მადლობა

 


№12 სტუმარი სტუმარი მაო

გაუფერულდა თითქოს მომავალი, ამათ ყოველდღიური ცხოვრებაზე რომ ვერ წავიჯითხავ. მაგრამ დადას იმედი მაქვს რომ დაატრიალებს ქარბორბალას, ცოტა ვნებიანი ტიპი იქნება და ბობოქარი ცხოვრება ექნება ???? ტასოს მადლობა უდიდესი, და ტასოს 3 მუშკეტერს ????❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი იაკო

მადლობა ავტორს, ძალიან კარგი იყო წასაკითხად, ვისიამოვნე.. აი სრულყოფილი ისტორიაა.
წარმატებები ????

 


№14 სტუმარი One

Chveni tasogogo❤️
Da chveni siyvarulikebi❤️
Momenatrebian))

 


№15  offline წევრი duchi_duchi

მესამე ღამეს ვათენებ ამის კითხვაში რადგან ერთი და იგივე მონაკვეთს ასჯერ ვუბრუნდებოდი და თავიდან ვკითხულობდი.დიდი ხანია ასეთი დიდი,ძლიერი,გამართული და ემოციებით დატვირთული ისტორია არ წამიკითხავს,ვაკოზე ვგიჟდები,ყველას უნდა ყავდეს ერთი ეგეთი მეგობარი,სიფერადე ბედნიერება და სიხარული რომ შემოიტანოს ყველას ცხოვრებაში.დავიძაბე რომ მეგონა ვაკოს მოკლავდნენ,ვლოცულობდი რომ გადარჩენილიყო რადგან არ მინდოდა იმედი გამცრუებოდა მისი სიკვდილის გამო.არვიცი რა ვთქვა ბევრი მინდა ვწერო კიდევ მაგრამ ამის გადამკიდე სამი ღამეა არ მიძინია,დღე
მძინავს და ღამეს ვკითხულობ.საპატიო ადგილი დაიკავა ჩემს საყვარელ ისტორიებში და კიდევ ძალიან ბევრჯერ წავიკითხავ.მადლობა ამ საოცარი ნაშრომისთვის ავტორო.

 


№16 სტუმარი Ნინა

Იმაზე როგორ წერ აღარაფერს ვამბობ, აღარ განვმეორდები, უბრალოდ იმას აღვნიშნავ, როგორი გოგო-ბიჭები გყავს, მართალი, ღირსეული და სწორი, ძალიან დიდი იმედი ხარ, როცა მომავალზე გამეფიქრება, ასე ვერ დაწერთ, თუ თქვენც ასეთები არ ხართ და გარშემო ასეთები არ გყავთ, წარმატებები შენს მაგარ სამეულთან ერთად❤️ ველოდები შემდეგს ????❤️

 


№17  offline წევრი მე♥უცნაურე

შთამბეჭდავი იყო!
დიდი მადლობა, ამ სიამოვნებისთვის!
მათთან ერთად ვიყავი მეც ლარივით დაჭიმული,მათ გვერდით მიხაროდა ის მცირედი,რითაც ნაკაშიძის ეზო საბოლოოდ დიდ მხიარულების ბუდედ აქციეს. მთელი ღამე ნანას კანში დავძვრებოდი. ვიყავი ირაკლიც და ანდროც, ეს ორი უპირობოდ შესანიშნავი კაცი!

 


№18 სტუმარი სტუმარი რუსკა

შენ რა გოგო ხაარ,კამფეეეტ?!ემოციების ზღვა მოიტანა

 


№19 სტუმარი kati

უჰ,რა ძალიან კარგი იყო...
ეს რა იყო?!დამემართა სუნთქვის უკმარისობა.სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი მგონი ბოლო აბზაცამდე.წარმატებები,სხვა სიტყვები არ მაქვს.

 


№20 სტუმარი ლეილა დიაკონიძე.

გაიხარე ასეთი საოცრების წერისთვინ .მიყვარხარ❤️

 


№21  offline ახალბედა მწერალი nestandarejan

Margo Tokyo
პირველი კომენტარი ჩემი იყოს, ხო?
მიყვარს.
შენც და წრეც
<3

ოლვეიზ, ხვიჩუ ♥ ♥ ♥

penguin
რა სიამოვნება ელით მათ ვისაც ჯერ არ წაუკითხავთ,ხომ არ იციან????მადლობა ამ ისტორიისთვის????????

მადლობა შენ!!!♥
სტუმარი მაკა
მადლობა, ძალიან, ძალიან კარგი იყო????????????????

მიხარია რომ მოგეწონა ♥
სტუმარი ანა
ძალიან ძალიან კარგი იყო,კიდე ათასჯერ მივუბრუნდები წასაკითხად❤️მიყვარს შენი ისტორიები დქ ველოდები ახალს მალე❤️

უღრმესი მადლობა, მალე იქნება ახალიც! ♥
პენელოპე
მიყვარს ყველა და ყველაფერი <3333333333 !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!1

მე ჰენნნნნ <3333333
სტუმარი ჰებე
კაი ხანია ასეთი მსუყე, გემრიელი ტკბილი, ემოციური არაფერი წამიკითხავს. ცალკე სიამოვნებას ასეთი გამართული ნაწერი, ცალკე სიუჟეტი.
ირას და ნანას წყვილმა მოიტანა! რა ქიმია, რა მიზიდულობა, რა ვნება! ისეთი კარგები არიან, ვერაფრით ვიკმარე.

შენკი წარმატებები. როცა ვხედავ ხოლმე რომ ისტორია დადე, ვიცი რომ იმ ღამით გათენება მომიწევს :დ

უღრმესი მადლობა! მიხარია, რომ მოგეწონა ♥
ანათეა
სასწაული იყო..

♥♥♥
duchi_duchi
მესამე ღამეს ვათენებ ამის კითხვაში რადგან ერთი და იგივე მონაკვეთს ასჯერ ვუბრუნდებოდი და თავიდან ვკითხულობდი.დიდი ხანია ასეთი დიდი,ძლიერი,გამართული და ემოციებით დატვირთული ისტორია არ წამიკითხავს,ვაკოზე ვგიჟდები,ყველას უნდა ყავდეს ერთი ეგეთი მეგობარი,სიფერადე ბედნიერება და სიხარული რომ შემოიტანოს ყველას ცხოვრებაში.დავიძაბე რომ მეგონა ვაკოს მოკლავდნენ,ვლოცულობდი რომ გადარჩენილიყო რადგან არ მინდოდა იმედი გამცრუებოდა მისი სიკვდილის გამო.არვიცი რა ვთქვა ბევრი მინდა ვწერო კიდევ მაგრამ ამის გადამკიდე სამი ღამეა არ მიძინია,დღე
მძინავს და ღამეს ვკითხულობ.საპატიო ადგილი დაიკავა ჩემს საყვარელ ისტორიებში და კიდევ ძალიან ბევრჯერ წავიკითხავ.მადლობა ამ საოცარი ნაშრომისთვის ავტორო.

უღრმესი მადლობა! ♥ ვაკო ჩემი საყვარელი პერსონაჟია მთელს სამყაროში ♥
Daldoni Daldoni
ემოციები შეგრძნებები ,ყველა ადამიანური ღირებულებები და ამავე დროს ადამიანის მანკიერი თვისებებიც ,ყველაფერი ერთად იყო თავმოყრილი და ეს ისტორიაში ისეთ ნაზავს ქმნიდა ამოსუნთქვის საშუალებას გიქრობდა მკითხველს.რამდენადაც დაძაბული სიუჟეტი და ადამიანთა არაადამიანობა იყო, იმდენადვე იყო იშვიათი მეგობრობა და სიყვარული, თანადგომა ,ტკივილის გაზიარება. სისასტიკე,რომელმსც ირაკლის ოჯახი გაანადგურა, გულგრილობა და სიხარბე რომელმაც ნანა ჩადუნელს მამა დააკარგინა,და ეს ორი ერთად რომლებმაც ტკივილით ცხოვრება ისწავლეს.განუმეორებელი ანდრო რომელიც არამარტო ძმის ადამიანის სრული განსახიერებაა.. და იშვიათი მეგობრობა რომელიც ხაზად გასდევს ისტორიას ელენეს, ლიფონავას ვაკოს და გიგის სახით.საუკეთესო ისტორიაა ,რაც კი წამიკითხავს და ალბათ კიდევ ერთხელ წავიკითხავ ,ისევ ისეთივე ემოციებდაცლილი ..მადლობა ამ ისტორიისთვის..

უღრმესი მადლობა! მიხარია, რომ ყველაფერი შენიშნეთ, ყველაფერი გაიაზრეთ და საბოლოო ჯამში მოგეწონათ! ♥
ლეილა დიაკონიძე.
გაიხარე ასეთი საოცრების წერისთვინ .მიყვარხარ❤️

მეც მიყვარხართ! ♥
kati
უჰ,რა ძალიან კარგი იყო...
ეს რა იყო?!დამემართა სუნთქვის უკმარისობა.სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი მგონი ბოლო აბზაცამდე.წარმატებები,სხვა სიტყვები არ მაქვს.

აჰაჰა, იმედია ახლა კარგად ხართ :დდ დიდი მადლობა! ♥
სტუმარი რუსკა
შენ რა გოგო ხაარ,კამფეეეტ?!ემოციების ზღვა მოიტანა

მადლობა მადლობა მადლობა! ♥
მე♥უცნაურე
შთამბეჭდავი იყო!
დიდი მადლობა, ამ სიამოვნებისთვის!
მათთან ერთად ვიყავი მეც ლარივით დაჭიმული,მათ გვერდით მიხაროდა ის მცირედი,რითაც ნაკაშიძის ეზო საბოლოოდ დიდ მხიარულების ბუდედ აქციეს. მთელი ღამე ნანას კანში დავძვრებოდი. ვიყავი ირაკლიც და ანდროც, ეს ორი უპირობოდ შესანიშნავი კაცი!

მილიონი მადლობა! ♥
One
Chveni tasogogo❤️
Da chveni siyvarulikebi❤️
Momenatrebian))

მეც ძალიან ყველა ;(((( ♥
Ნინა
Იმაზე როგორ წერ აღარაფერს ვამბობ, აღარ განვმეორდები, უბრალოდ იმას აღვნიშნავ, როგორი გოგო-ბიჭები გყავს, მართალი, ღირსეული და სწორი, ძალიან დიდი იმედი ხარ, როცა მომავალზე გამეფიქრება, ასე ვერ დაწერთ, თუ თქვენც ასეთები არ ხართ და გარშემო ასეთები არ გყავთ, წარმატებები შენს მაგარ სამეულთან ერთად❤️ ველოდები შემდეგს ????❤️

უღრმესი მადლობა!!!! ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ რაღაცაზე დაგაფიქრათ და იმედი მოგცათ ამ ამბავმა! ♥

 


№22 წევრი აბლაბუდა

არც კი ვიცი, რა უნდა დავწერო? ვერაფერს ვწერ

 


№23 სტუმარი სტუმარი მანანა

როგორც ყველა შენი ისტორია ესეც შეუდარებელია ♥️ ძალიან ცხოვრებისეულია, ბევრირამის სწავლა და გათვალისწინება შეიძლება, მეგობრობა, ერთგულება, სიყვარული, პატიება და დანაშაულის მძაფრი შეგრძნება მშობლების უღირსი საქციელის გამო, ეს ყველას არ შეუძლია და დასაფასებელია. ყველა გმირი თავისთავად ძლიერი და შეუპოვარი პიროვნებაა ♥️♥️ძალიან მომეწონა, ვიწყებ შენი ისტორიების თავიდან გადაკითხვას, მომენატრა ძალიან ♥️♥️

 


№24 სტუმარი ნი-კე

ძალიან,ძალიან კარგი იყო.ზუსტად გადმოცემული ყველა ნიუანსით..❤️❤️

 


№25 სტუმარი მერი ბიძინაშვილი

მადლობა ტასო სიტყვებს ვერ ვპოულობ რომ მოგეფერო

 


№26 სტუმარი უჰუუუ

ძალიან კარგი წასაკითხი იქნებოდა ლიზა კანდელაკის “სავსე მთვარის ქალაქი” რომ არ
მქონოდა მანამდე წაკითხული
ბევრი მსგავსება დავიჭერე და გირჩევ რო წერო შენებურად და არა სხვისი მოთხრობის გავლენით

 


№27 სტუმარი ❤️

რაც კარგია, კარგია რაა????????????

 


№28  offline ახალბედა მწერალი nestandarejan

უჰუუუ
ძალიან კარგი წასაკითხი იქნებოდა ლიზა კანდელაკის “სავსე მთვარის ქალაქი” რომ არ
მქონოდა მანამდე წაკითხული
ბევრი მსგავსება დავიჭერე და გირჩევ რო წერო შენებურად და არა სხვისი მოთხრობის გავლენით

პირველ რიგში, მადლობა, რომ წაიკითხე. ლიზამ "სავსე მთვარის ქალაქის" გამოქვეყნება რომ დაიწყო, მე უკვე "წრე" მქონდა დაწყებული და გამოქვეყნებული პირად ბლოგზე, და სიუჟეტიც წინასწარ მქონდა შესაბამისად დაგეგმილი. ამით მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ პლაგიატი ფიზიკურად ვერ გამომივიდოდა. ლიზა ძალიან მიყვარს და "სავსე მთვარის ქალაქის" 70% მე თვითონაც "წრის" დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე წავიკითხე, უბრალოდ, ძალიან გულსაწყვეტია ავტორისთვის ასეთი "შენიშვნის" მიცემა, როცა მსგავსი დეტალები არ იცით. სხვა მხრივ, აზრს და აღქმის უნარს მე ნამდვილად ვერ შეგიცვლით, არც მაქვს ამის უფლება და არც სურვილი. სხვა ფორმით გადმოცემული ეს კომენტარი ჩემთვის კომპლიმენტიც კი იქნებოდა :)

სტუმარი მანანა
როგორც ყველა შენი ისტორია ესეც შეუდარებელია ♥️ ძალიან ცხოვრებისეულია, ბევრირამის სწავლა და გათვალისწინება შეიძლება, მეგობრობა, ერთგულება, სიყვარული, პატიება და დანაშაულის მძაფრი შეგრძნება მშობლების უღირსი საქციელის გამო, ეს ყველას არ შეუძლია და დასაფასებელია. ყველა გმირი თავისთავად ძლიერი და შეუპოვარი პიროვნებაა ♥️♥️ძალიან მომეწონა, ვიწყებ შენი ისტორიების თავიდან გადაკითხვას, მომენატრა ძალიან ♥️♥️

ძალიან დიდი მადლობა! ♥
❤️
რაც კარგია, კარგია რაა????????????

მადლობა ♥
მერი ბიძინაშვილი
მადლობა ტასო სიტყვებს ვერ ვპოულობ რომ მოგეფერო

უღრმესი მადლობა! ♥
ნი-კე
ძალიან,ძალიან კარგი იყო.ზუსტად გადმოცემული ყველა ნიუანსით..❤️❤️

მადლობა! ♥

 


№29 სტუმარი სტუმარი vero

ერთ-ერთი საუკეთესო ისტორია რაც საიტზე წამიკითხავს, გრამატიკულად და შინაარსობრივად გამართული, სწორ ღირებულებებზე დაფუძნებული და სწორი აქცენტებით. იყო რაღაცები რაც დამაკლდა და ვისურვებდი მეტად განვრცობას თუმცა ეს დასასრულიც შესაფერისი იყო და ამას ნაკლად ვერ ჩავთვლი. მომწონს თქვენი წერის სტილი და ემოციურობა. დიდი მადლობა ავტორს გაწეული შრომისთვის

 


№30 სტუმარი ილზა

ძალიან კარგია,ცოტა კი წავიტირე მაგრამ კმაყოგილი დავრზჩი.გაიხარე.❤️????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent