შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი კატა (სულ)


15-01-2024, 16:09
ავტორი ვე რა
ნანახია 3 855

შავი კატა, თარსი კატა


_ცამეტი ნოემბერია, პარასკევი. _ მესმის ბებიაჩემის ხმამაღალი ბუტბუტი სამზარეულოდან. იატაკს გვის, გვის თუ ფხოჭნის? შიგ ტვინში მერჭობა ცოცხის ყოველი მოსმა.

_ ნოემბრის ცამეტია, თან პარასკევი!_ იმეორებს ისევ უკმაყოფილოდ. ვიცი, რომ ჩემს გასაგონად იძახის. ვცდილობ მოვუყრუო.

_ თეააა, გესმის შეენ? პარასკევია და ნოემბრის ცამეტია!_ ახლა ზედ ჩემს ყურთან ფხოჭნის წყეულ იატაკს. ხანდახან მეშინია ამდენი ფხოჭნით, არ გათხელდეს პარკეტი და პირდაპირ მეზობელთან არ ჩავარდეს ბებიაჩემი.

_ მერე?_ ბალიშს მორჩილად ვწევ გვერდზე
ვიცი, უნდა ვკითხო, ეს "მერე," თორემ კი არ დაიღლება, მთელი დღე მიჩურინის ვაშლივით დაატრიალებს ამ სამ სიტყვას.

_ მერე ის, რომ სახლში დაეტიე!

_ რას ამბობ ქალო, გადაირიე?_ წამოვჯექი საწოლში.

_ მაგი უნდა კიდევ მერაბას და დამიფრენს სამსახურიდან და წამოასკუპებს ჩემს ადგილას მარიამს.

_ მერე?_ ახლა ბებიაჩემი იჩეჩავს მხრებს.

_ მერე ის, რომ მასეც ვერ გავაბედნიერებ მაგ გველაძუა გოგოს!_ ვბურდღუნებ ჩემთვის უკმაყოფილოდ.
ჯერ იყო და შეყვარებული ამაცალა ფუკასავით. ახლა ნათლიამისს, ანუ ჩემს უფროსს შეუჩნდა, რომ სამუშაოც უნდა ამაცალოს.

_ ვერ მივართვი ქალბატონს!_ ვამბობ მტკიცედ.

_ თარსი დღეა დღეს, შე სულელო, მაინც არცერთი საქმე არ გამოგივა!_ ცოცხი იღლიაში ამოუდია ბებიაჩემს, ახლა მგონი თავად მთარსავს და მართლა გასაფრენად გამზადებული კუდიანივით დამჩერებია თავზე. საწოლიდან ვდგები და როცა უსაფრთხო მანძილზე ვცილდები ვეუბნები.

_ მასე კი არა, ზედ უნდა გადააჯდე ცისანა მაგ ცოცხს და ვნახოთ აბა, გაფრინდები, თუ არა!_ _ ამის თქმაა და მყარძირიანი ფლოსტი დისტანციურად მართვადი რაკეტასავით მოფრინავს ჩემსკენ. სააბაზანოს კართან მეწევა და პირდაპირ წელზე არსებულ ნერვში მერჭობა წვერით.

_ სნაიპერ!_ ტაშს უკრავს გახარებული ბებიაჩემი.

_ გაგიხმეს ხელი!_ ვეძახი მე გამწარებული.

_ ბებიაშენს წყევლი? შენ გაგიხმეს ეგ უტვინო თავი?_ სამზარეულოდან კივის დედაჩემი.

_ არაუშავს სამაგიეროდ ჩემი ძუძუები ლოცავენ!_ ვკვნესი სააბაზანოს კართან ჩაკუზული.

_ სად გაქ როო?_ ხითითებს ბებიაჩემი და ახლა აივანს ფხოჭნის.

_ შენ თუ ეგ ცოცხი არ გადაგიგდო ქალი არ ვიყო მე!_ ვექადნები და ოთხით მივცოცავ პირის დასაბანად.

_ მაინც არ რჩები არა? _ თვალმოჭუტული მომჩერებია ბებიაჩემი ხელში ყავის ჭიქით.

_ კაი რა ცისია, თუ ის გინდა, რომ უსამსახუროდ დავრჩე, მასე მითხარი! თარსი დღე არ გამიგია მე!

_ ქალოო, ხისთავიანოოო! ნოემბერია, თან ცამეტი, თან პარასკევი!!!!_ მე თავს ვაქნევ მობეზრებულად. არ მჯერა ეს სულელური ცრურწმენები.

_ ჩამაცეცხლე, თუ მაცეცხლებ მაგ ყავას და წავედი მე!_ ხელს ვუწვდი მუდარით. ისიც მაძლევს ჩემს კუთვნილ ცხელ სითხეს და წინ მიჯდება.

_ ახლა რაღა იყო?_ ვეკითხები, როცა მის უცნაურ, გამარჯვებულ მზერას ვამჩნევ.

_ არაფერი ბების სიცოცხლე , დალიაე დალიე!_ ხელით ფინჯანზე მაწვება. ეჭვი მიტანს. რა "ბების სიცოცხლე" აუყტდა ამ დილაუთენია?!

_ რა ჩაასხი შიგნით?_ ეჭვით ჩავყურებ განახევრებულ ფინჯანს.

_ გუტალაქსი!_ ისეთი ბედნიერი სახით ამბობს ბებიაჩემი, თითქოს უკვადავების წყალი შემასვა.

_ სულ გააფრინე ამ სიბერეში?_ ვკივი სახტად დარჩენილი.

_ დედაშენს უყვირე შენ! _ თავს მესხმის დედაჩემი.

_ ორივე გიჟები ხართ! დანახვა არ მინდა თქვენი! მოიცადეთ თუ სახლი არ ვიქირაო და არ გადავცხოვრდე!_ ვჩხუბობ და გამწარებული ვიცვამ.

_ ხო და ერთ კვირაში მოიძურწები , რომ მოგშივდება და მე კარს არ გაგიღებ!_ ნიშნისმოგებით მეჯღანება დედაჩემი.

_ ბევრი ჩაასხი შე ტარტაროზო?_ იმედით გავყურებ ბებიაჩემს.

_ მთელი ფლაკონი!_ თავს მიქნევს ბედნიერად.

_ აააა!_ თავს ვურტყამ მაგიდაზე.

_ სამაგიეროს გადაგიხდი, მაცალე თუ არა! შენს წყევლად ვიქცევი!_ ამ სიტყვებით გავდივარ გარეთ. მანქანას ვქოქავ. და სამსახურში მივდივარ. მაგრად დამაგვიანდა. ნოემბრის ცამეტი რიცხვია, პარასკევი. საათს ვუყურებ 13:13 _ია.

თავს ვწევ და ქუჩის მოსახვევში, სადაც ჩემი 70%_იანი დაღმართი ქუჩა მთავარ ტრასას უნდა შეუერთდეს, ზის უზარმაზარი შავი, ოქროსფერთვალება, გაბუყული კატა. უზარმაზარია, კატაა თუ პანტერა?!

მუხრუჭს ფეხს ვაჭერ შეშინებული. ის კი ადგილიდან არ იძვრის. სადღაც მის ცხვირწინ ვაჩერებ მანქანას.

არ დაგავიწყდეთ, რომ ნოემბერია, ცამეტია , პარასკევია და მე იმედი მაქვს, რომ ამ თარს დღეს შავმა კატამ უბრალოდ წინ გადამირბინა და მთლად ტვინი არ გავასხმევინე.

მანქანის კარს კანკალით ვხსნი და გადავდივარ, ჯერ კიდევ შოკში ვარ. ფრთხილად ვუვლი და ზუსტად წინ არ გათხლაშულა ეს ჩემი ცოდვით სავსე?! გულაღმა წევს, თათები აქეთ_იქით გაუფშეკია და ენა გადმოუგდია.
ტუჩები სატირლად მებრიცება. თან მუცელში ჭვალი მივლის, ალბათ ბებიაჩემის ოინს ნერვიულობაც ემატება და წამალი მოქმედებას იწყებს.
თან წელი მაქვს მოთრეული.

მეტი მიზეზი რაღა გინდა, რომ დღე თარსად ჩათვალო?! თვალები ცრემლებით მევსება. ერთი პირობა ვფიქრობ კიდეც, რომ აქვე დავტოვო ეს ჯოჯოხეთის მაშხალა და სამსახურში გავიქცე. იქნება მივასწრო კიდეც , არ გამაგდონ და საპირფარეშოშიც ჩვეული რიგი არ დამხვდეს და უფრო კი მარიამის გამარჯვებას გადავრჩე. ამათ ხომ მაინც ცხრა სიცოცხლე აქვთ არა?! მაგრამ ზურგს ვაქცევ თუ არა, საცოდავი კნავილი მესმის.

_ ოჰ, ცოცხალი ხარ?_ არ ვიცი, მწყინს თუ მიხარია.

_ დეიდამ ფისო მოკლა!_ მესმის უეცრად სადღაც გვერდიდან.

_ მამიკოოო, ამ ბოროტმა დეიდამ საწყალი ფისო მოკლა!_ ისევ იმეორებს საყვარელი ტიტინა ხმა. ბავშვისკენ ვბრუნდები შეცბუნებული.

_ არ მომიკლავს! უბრალოდ გული წაუვიდა! აბა რა ეგონა, მაგის ბრალია ზებრაზე რომ არ გადავიდა?!_ ვიმართლებ თავს.

_ მკვლელო, ბოროტო!_ წარბებს საყვარლად კრავს და მომჩერებია პატარა დესპოტი.

_ მამაააა!_ კივის თან._ ამ ბოროტმა ქალმა ფისუნია მოკლააა!

_ მიააავ!_ უმატებს საწყლად კნავილს ის საზიზღარი.

_ ადექი ახლა, სისხლი არსად გაქვს! ნუ აფერისტობ!_ ფეხსაცმლის წვერით ვუჯიკებ.

_ მამააა, მოკლა და ახლა წიხლებს ურტყამს!_ ისევ კივის ის აბეზარი და ამასობაში მამამისიც მოდის.

_ რა მოხდა ქალბატონო?_ მეკითხება შეშფოთებული.

_ რა მოხდა და მკვლელია!_ ენას არ აჩერებს კიკინებიანი გოგონა. არადა, რომ შეხედავ, რა საყვარელია. ვფიქრობ გაბრაზებული, მაგრამ ვცდილობ ეს არამეგობრული ემოცია სახეზე მაინცდამაინც არ დამემჩნეს და ვიღიმი.

_ ნახე მოკლა და ახლა იცინის!

_ ღმერთოოოოო! შენ ჯერ ენა დაიბადე და მერე გამოესხი ხელ_ფეხი?_ მეჭმუჭნება სახე.

ამ ბავშვის შემდეგ დავფიქრდები, მსურს თუ არა ბავშვის გაჩენა საერთოდ.

მამამისი კატისკენ იხრება. ამოწმებს და გადაწყვეტილად ამბობს.

_ ვეტ. კლინიკაა საჭირო!

_ შეგიძლიათ წაიყვანოთ, მე მეჩქარება!_ ვამბობ და რაც შემიძლია ფართოდ ვიღიმი.
კაცს კატა აჰყავს ხელში. ჩემი მანქანის კარს ხსნის. ჯერ ბავშვს სვამს დაუკითხავად, მერე თავად ჯდება გულზეაკრული კატით და მანიშნებს დაჯექიო.

_ ხუმრობთ?_ ვბურდღუნებ უკმაყოფილოდ და ვჯდები. სხვა რა გზაა?! მშვიდობით ჩემო სამსახურო და გამარჯვებას გილოცავ მარიამ!

_მამა ხომ უშველი? თუ ესეც დედასავით გაფრინდება ცაში?კითხულობს მოულოდნელად გოგონა და ხელები მეყინება. უკანა ხედვის სარკეში ჩუმად ვუყურებ და მამამისის სევდიან მზერას ვეჩეხები.

_ ღმერთო რა ლამაზი თვალები აქვს!_ ვფიქრობ გაოგნებული. მერე მრცხვენია, ახლა ასეთი ფიქრების დროა?! მზერას ვწყვეტ და მითითებული მისამართისკენ მივქრი. ვერ დავუშვებ, რომ ეს საძაგელი კატაც ამ აუტანელი გოგონას დედასავით გაფრინდეს ცაში. მისი ცხრა სიცოცხლის იმედად ვერ ვიქნები! ვაიდა რვა უკვე გახარჯული აქვს ???


მანქანას ერთ_ერთი კლინკის წინ ვაჩერებ, და კლინიკისკენ მიმავალ ცხოველების ფერადი ნაკვალებით მოხატულ ბილიკს მამა_ შვილის უკან ინსტიქტურად მივყვები. არადა სულ მარტივად შემიძლია ახლავე მანქანაში ჩავჯდე და დილანდელი ერთმილიმეტრიანი თოვლივით ავვორთქლდე.

_ გამარჯობა კოტე!_ ისე შინაურულად და დაშაქრულად ესალმება ჩემს კატაახუტებულ ლამაზთვალება უცნობს ფოიეში მჯდარი გოგონა აშკარაა , მასაც შემჩნეული აქვს მისი თვალების უცნაურად ლამაზი ფერი.

_ რა მოხდა? აქ ვინ გვყავსო?_ გადამეტებით ყურადღებიანი გოგო ინტერესით ჩასჩერებია მის ხელებში განაბულ თვალებკვარკვალა კატას, რომელსაც სასიკვდილო არაფერი არ ეტყობა.
ხელით ეფერება და ისიც თავს უგლასუნებს.

_ აფერისტი!_ ვამბობ მე ინსტიქტურად, მგონი კატაზე და არა ამ გოგოზე, ბატონი კოტეც, მიმღების გოგოც და კიკინიანიც სამივე ერთდროულად ბრუნდებიან ჩემკენ.

_ რა ვიცი, წეღან ენა ჰქონდა გადმოგდებული, სულს ღაფავდა და ახლა მშვენივრად გამოიყურება!_ თავს ვიმართლებ მათი გამკიცხავი მზერის წინ.

_მაკა რენტგენი უნდა გადავუღოთ!_ თვალებში მე მიყურებს და ისე ეუბნება კოტე.

_ თქვენ რა იცით? იქნებ ჯერ ექიმს ენახა?_ ვბრაზობ მის უადგილო ინიციატივაზე.

_ ბატონი კოტე თავად არის ამ კლინიკის ვეტერინარი!_ ცხვირს მიბზუებს მაკადხმობილი.

_ დიახაც! მამიკო ვეტერინარია, როგორც ის კეთილი აიბოლიტი!_ კვერს უკრავს კიკინიანი პატარაც. ისევ ძალად ვიღიმი. ვითომ არაიქა და აღფრთოვანებული ვარ ამ სიახლით.

_ მგონი არ სჭირდება რენტგენი, აშკარად უკვე გაუაქტიურდა ახალი სიცოცხლე!_ ვბუტბუტებ ჩემთვის.

_ თუ ძალიან არ შეგაწუხებთ, ცოტა ხნით კატოს მიმიხედეთ!_ ისე მეუბნება მამიკო_აიბოლიტი, რომ ჩემს პასუხსაც არ უცდის. ვოხრავ და სკამზე ჩამომჯდარ გოგონას გვედით ვუჯდები.

_ შენ არ გიყვარს კატები?_ ეჭვით მიყურებს კატო.

_ არც მძულს!_ ვიჩეჩავ მხრებს.

_ცუგები?

_ ეგენიც!

_ მე მიყვარს ცუგები, იციი სახლში თევზები მყავს, კოკოც, დობიც და კიდევ ზიტა და გიტა! _ სახელებით დიდად ვერ ვხვდები, მაგრამ ფაქტია მთელი ზოოპარკი ჰყავს ამ უცნაურ მამა_შვილს. ბავშვობაში სულ მინდოდა ძაღლი, მაგრამ ბებიაჩემმა ბრძანა:
_ ერთი ქოფაკი სრულიად გვყოფნი ოჯახსო!_ და ამით დასრულდა ჩემი ოცნება ლეკვზე. სადღაც შემშურდა კიდეც ამ ბავშვის.

_ დედას უყვარდა შავი კატები!_ ისევ მოულოდნელად ამბობს კატო. დედის ხსენებისას ხმა უსევდიანდება
.
_ დედამ მითხრა, როცა მომენატრები შავ ფუსოდ გადავიქცევი და შენთან მოვალო! მაგრამ არ მისულა ჯერ და როგორ ფიქრობ, აქამდე არ მოვენატრე?
სულ ბრინჯივით ვიბნევი ამ კითხვაზე. დიდად არასდროს გამომდიოდა ბავშვებთან ურთიერთობა მით უფრო ასეთ უცნაურ ბავშვებთან.

_ მოენატრებოდი , როგორ არ მოენატრებოდი! განა შეიძლება შენსავით ლამაზი გოგო დედას არ მოენატროს?_ თავზე ვუსვამ ხელია, უცნაურად მიყურებს დიდი წყლიანი თვალებით. "ჯანდაბა! კატოსაც მამამისის თვალები ჰქონია!" ვფიქრობ გულში. ამის გაფიქრება იყო და წამის წინ მოსისხლე მტერი, შუა ქუჩაში მკვლელს რომ მეძახდა, აზლუქუნებული მეხუტება გულში. პატარა ხელებს მხვევს და მთელი ხმით ღრიალებს. გაოგნებისგან აღარ ვიცი რა ვქნა. აქეთ_იქით ვიხედები და მშველელი არსად სჩანს. რას ვიზამდი, ბავშვი იყო ბოლო_ბოლო, ობოლი პატარა გოგონა და დედა ენატრებოდა. გულმი ვერ მიძლებს და მხრებზე ვხვევ ხელს. თავს მაღლა სწევს და ცრემლიანი თვალებით მიღიმის.

_ მამიკო ამ დეიდას დედიკოს სუნი აქვს!_ ისე მოულოდნელად ამბობს, გული კინაღამ მიჩერდება. ვკრთები და მის მზერას ჩემს მხარს მიღმა ვაყოლებ თვალს.
ბატონი კოტე გაოცებული დგას, ხელში ის აფერისტი კატა უკავია და ინტერესით მიყურებს.

_ უკაცრავად მაპატიეთ!_ გოგონასგან გაწევას ვცდილობ, მაგრამ ის მაგრად მებღაუჭება პალტოს კიდეზე.

_ უბრალოდ უცებ ატირდა და მე მისი დამშვიდება მინდოდა, მეტი არაფერი...

_ თქვენ კატას არაფერი სჭირს,შეგიძლიათ წაიყვანოთ!_ ცივად მეუბნება ისე, რომ სიტყვის დასრულებსაც არ მაცდის.

_ ჩემს კატას? კი მაგრამ ჩემი არაა!_ ვვუარობ სასწრაფოდ. _ მისი მკურნალობის ხარჯებს ავანაზღაურებ, მაგრამ აქ მომიწევს მისი დატოვება!
_ აქ თავშესაფარი არ გვაქვს!_ ისევ მოკლედ მიჭრის და იმ უზარმაზარ თარს კატას იატაკზე სვამს.

_ გადასახდელიც არაფერია!_ ხმას არბილებს. კატოს ხელი ჰკიდევბს და ზურგს მაქცევს.

_ მამა ჩვენ წავიყვანოთ, რა!_ სთხოვს გოგონა და ისე თბილად მიყურებს, უცებ ვერც ვხვდები, მე მგულისხმობს თუ ამ საძაგელი აფერისტ შავ კატას.

_ახლა რა ვქნათ მე და შენ?_ ვუყურებ და ისიც მანათებს ოქროსფერ, იდუმალ თვალებს. ვფიქრობ, ისევ იქ დავსვა, სადაც ვიპოვნე. მაგრამ ჯერ სამსახურში უნდა მივიდე.

_წამოდი!_ ვეუბნები და მანაც თითქოს გაიგონა ისე მომდევს უკან. მანქანის კარს ვუღებ და კაი ძმაკაცივით მისკუპდება გვერდით.

_ ჯერ მერაბა ვნახოთ, მაინც ვინ იცის, იქნება გამიმართლა!_ მგონი ვგიჟდები,ისე ველაპარაკები კატას, როგორც ადამიანს. მუცელი საშინლად მტკივა, ერთი სული მაქვს სამსახურამდე მივასწრო.
კატა მანქანაში არ რჩება, ალბათ ძალიან ცნობისმოყვარე ვინმეა. ოფისშიც მომდევს. დიდად არ მანაღვლებს. მაინც გამაგდებს მერაბა და თუ ეს ფისო ნერვებს მოუშლის პირიქით გამიხარდება კიდეც.

_აქ დამელოდე!_ ვეუბნები და საპირფარეშოსკენ გავრბივარ.
იქიდან გამოსულს კი კატა, რა თქმა უნდა, აღარ მხვდება. სადღაც ამოვისუნთქე კიდეც. აბა მართლა სახლში ხომ ვერ წავიყვანდი არა?

_ ოოოჰ, თავისუფალი დამსწრეც გვეახლა!_ კაკანებს ჩემი აუტანელი უფროსი._ რაღას მოდიოდით, დარჩენილიყავი ბარემ სახლში!

_ ბატონო მერაბ ისეთი ამბავი შემემთხვა, რომ მოგიყვეთ არ დაიჯერებთ!_ სწრაფად ვიკრავ აფერისტულ ღიმილს.

_ თავს ნუ შეიწუხებ ძვირფასო, აწი აღარ დაგჭირდება ზღაპრების შეთხზვა! დღეიდან სულ თავისუფალი ხარ!

_ ბატონო მერაბ!_ მსურს ავუხსნა, მაგრამ უცბად ვხედავ საქაღალდეებით სავსე კარადის თავზე როგორ განაბულა ჩემი სამსახურიდან განთავისუფლების მთავარი მიზეზი. წინა თათებზე დაყუნცული კურტუმს უცნაურად აქნევს, ოქროსფერი თვალები დაელმებია და აშკარად მერაბის ქოჩორა თავი აქვს მიზანში ამოღებული. შემიძლია ხელი შევუშალო, მაგრამ რატომღაც ამას არ ვაკეთებ. პირიქით გულში ვაქეზებ კიდეც.

_ ოჰ, იღიმი კიდეც ქალბატ..._ სიტყვა არ აქვს დასრულებული, რომ კატა თავს ესხმის. ზედ ახტება და მოპოვებული ნადავლით პირში თვალისდახამხამებაში ქრება. სამსახურში სულ დადიოდა ჭორი, რომ მერაბი პარიკს ხმარობდა, მაგრამ ფაქტზე არასდროს გამოუჭერიათ. ის კი ამაყად დააქანცურებდა კეფაზე შეკრულ კიკინას და თავად ამასხარავებდა ერთ_ერთ ხელქვეითს ივანეს, ნაადრევი სიმელოტის გამო.

შევხედე გაოგნებულს და სრულებით უთმოს და გეფიცებით არ გამცინებია.
მხოლოდ ივანეს თავშეუკავებელი ხარხარი მესმოდა და შურისძიებად ეს სრულებით მყოფნიდა. ზურგს ვაქცევ და ოფისს უსიტყვოდ ვტოვებ.

_ აქ გავლილი არ დაგინახო თეააა!_ მესმის გაცოფებული მერაბის ხმა, როცა კარის ვხურავ

მანქანასთან მისულს უკვე სულ არ მიკვირს, ცხვირზე დასკუპებული რომ მხვდება ის საძაგელი. გვერდზე მერაბას სკალპი უდევს ჯილდოსავით და თათს ისე უდარდელად ილოკავს, თითქოს ტროას ომი მოიგო.

_ ყოჩაღ მეგობარო! ასეც მოუხდებოდა მაგ თავხედს!_ ვაქებ და ინსტიქტურად ვეფერები

_ წამოდი, სახლში წავიდეთ, ნამდვილ კუდიანს გაგაცნობ!_სიამოვნებით ვიღიმი ბებიაჩემის სახის წარმოდგენისას.

_ ეს რა ჯანდაბაა გოგო?_ ბებიაჩემიც ისევე იფხორება მისი დანახვისას, როგორც თავად კატა.

_პირადად შენ მოგიყვანე ცისო!_ ვეუბნები ბებიაჩემს სრულებით სერიოზულად.

_ მეეე? მე რატომ?
_ ნამდვილ ჯადოქარს ცოცხთან ერთად ერთი შავი კატა არ სჭირდება აბა? ცოტა მაცადე და ცალთვალა ყვავსაც გიშოვნი სადმე!_ ვეუბნები ხარხარით და ოთახში გავრბივარ.

_ რამ გაგაჩინა ასეთი გაუზრდელი გოგოოო!_ მიკივის სამზარეულოდან დედაჩემი.

დაახლოებით ერთი კვირა უბღვერდნენ ცისანა და გიშერა ერთმანეთს. შემდეგ კი ალბათ სულმა სული იცნო და ერთ დღესაც დივანზე გვერდიგვერდ მსხდართ გადავაწყდი. რომელიღაც სერიალს ისე ინტერესით უყურებდნენ, სამყარო რომ დაქცეულიყო თვალს არ დაახამხამებდნენ.
ახალ სამსახურს ვეძებდი, მაგრამ ვერაფერს ვპოულობდი. რაც გინდა ის თქვით, მაგრამ ბებიაჩემის ცრურწმენა არც თუ ისეთი სისულელე აღმოჩნდა. სწორედ იმ თარსმა დღემ ამირია უამისოდაც არეული ცხოვრება. ამასთან ერთად ხშირად ვფიქრობდი იმ მამა_ შვილზე. სხვას ვის და გიშერას კი ვესაუბრებოდი ხოლმე მათზე.

_ ნეტავ რა მოუვიდა კატოს დედას, ჰა, გიშო? რით უნდა დაღუპულიყო ასე ახალგაზრდა ქალი?

_ აუტანელი კი იყო ის პატარა ალქაჯი, მაგრამ როგორ ენატრებოდა დედა, არა?

_ რა ლამაზი თვალები ჰქონდა ბატონ აიბოლიტს არა გიშო? შენ გინახავს მასეთი ლამაზი თვალები?

გიშერა იჯდა და ისეთი ინტერესით მისმენდა ხოლმე. მგონი სულაც მათზე ჩემი აზრების გასაგებად ცხოვრობდა ჩემთან. თითქოს მსწავლობდა. ვხედავდი, როგორ დამყვებოდა უკან და მაკვირდებოდა. ბოლოს ისიც კი შევამჩნიე, რომ ჩემს მიმოწერასაც კი აკონტროლებდა
ჩამომიჯდებოდა მაგიდასთან და ინტერესით ჩასჩერებოდა კომპიუტერის ეკრანს.

დაახლოებით ერთი თვე ცხოვრობდა გიშერა ჩვენს სახლში. ბებიაჩემს ისე შეუყვარდა, მის გარეშე აღარ იძინებდა. ღამით შემოიპარებოდა ჩემს ოთახში, ამოიდებდა კატას იღლიაში და თავის საძინებელში მიაცუნცულებდა.

ერთ დღეს ქორივით დამაცხრა თავს.
_ თეა სადაა ჩემი ფისო?
_ რა ფისო ქალო? ხომ არ გადაირიე?
_ სადაა გიშერა, სად წაიყვანე? გამიქციე ხომ?
_ რას ამბობ თუ იცი? მე რა შუაში ვარ, იმალება ალბათ სადმე! აცადე და გამოვა თავისით._ დავამშვიდე ბებიაჩემი. მე კი დავამშვიდე, მაგრამ თავად არ დამშვიდდა. მთელი სახლი გადმოაქოთა და როცა ვერსად მიაგნო. იმედგადაწურული ისევ მე მოადგა.

_თეა, ვაითუ დაიკარგა ჰა? იქნებ იმ ბენტერა დედაშენს კარი დარჩა ღია ჰა? რა ეშველება ამ ყინვაში ქუჩაში?_ ისე მეკითხებოდა, თითქოს ქუჩიდან არ მოვიყვანე სწორედ.

_ წადი ბები და მოძებნე და საპენსიო ბარათს მთელი წლით გათხოვებ._ გამეცინა მის შემოთავაზებულ ჯილდოზე. მაგრამ მივხვდი, რომ მართლა ძალიან დარდობდა.

_ განცხადება რომ გამოვაკრათ ჰა?_ შემომაჩერდა იმედით.
_ჰოო დავწეროთ: კუდიანს დაეკარგა შავი კატა!_ გავეხუმრე ჩვეულად, მაგრამ არ ამყვა. აშკარად ძალიან განიცდიდა.

_ ხუმრობის დროა გოგო? ზალიკოს ძაღლებმა რომ დაგლიჯონ მერე?_გიშერას რა ძაღლი მოერეოდა? კატა კი არა პანტერა იყო, მაგრამ ბებიაჩემს არაფრის მოსმენა არ სურდა.

_ წადი და ახლავე მოძებნე!_ გასცა ბრძანება და პირველი თავად წავიდა. ცოტა ხანს ფანჯრიდან მესმოდა მის ხმა, როგორ ეძახდა ოთხფეხა მეგობარს. შემდეგ გულმა აღარ გამიძლო. მართლაც სახლი ცარიელი იყო იმ გაბღენძილი კატის გარეშე.
ქურთუკი მოვიცვი და კიბეზე დავეშვი.
მთელი ქუჩა მოვიარე, მაგრამ ვერსად მივაგენი. სათითაოდ ჩავედი ყველა სარდაფში. არასად არ იყო. ბოლოს ავდექი და მართლაც გამოვაკარი განცხადებები. ქუჩის გადსახვევამდე ყველა ბოძზე მივაკარი და მოწყენილი დავბრუნდი სახლში.

ბებიაჩემი ასეთი ჩუმი თავის დღეში არ მენახა. იჯდა ფანჯარასთან და ცალი თვალით მაინც ქუჩას გადაჰყურებდა.

_ სადაა ნეტავ ის თარსი კატა? იქნება შია, ან სცივა იმ მართლაც სახლიდანგასაგდებს?_ ბუტბუტებდა თავისთვის შიგადაშიგ. მისი ყურება აღარ შემეძლო. ავდექი ქუდი ავიღე, თავზე ჩამოვიმხე და ქუჩას დავუყევი. ქურთუკი არც გამხსენებია.

_ გიშერააა! გიშერააა! სადა ხარ გიშერაააა!_ გავყვიროდი. მოულოდნელად ზუსტად ისეთმა თოვლმა წამოაყარა, მთელი ზამთარი რომ ველოდი და ვნატრობდი. გავჩერდი და მაღლა ავიხედე. ფიფქავდა და ფიფქავდა ცა. შიშველი ხელისგულები ფანტელებს გავუშვირე.
ქურთუკი არ მეცვა და საკმაოდ მციოდა, მაგრამ ისე მიხაროდა თოვლი, რომ სიცივეს ვაიგნორებდი.

_ ასე გაცივდები!_ მომესმა მოულოდნელად მშვიდი, სასიამოვნო ხმა.
ცას თვალი მოვწყვიტე და ნაცნობ თვალებს შევეჩეხე. იდგა იმ საოცარ თოვაში გრძელი შავი პალტო ეცვა, ყელზე ნაქსოვი შავი კაშნით და ულამაზესი შავი თვალებით. თვალები დავახამხამე, ხომ არ მეჩვენება მეთქი. ხელთათმანები გაიხადა და წინგაშვერილ, გაყინულ თითებზე სასაცილოდ ჩამომაცვა.

_ დედასაც არ უყვარდა ხელთათმანები არა მამა? ხელები სულ გაყინული ჰქონდა ხოლმე, ხო?_ მომესმა მოულოდნელად კატოს ხმა. შევხედე და გამეცინა ისე ჩაეფუთნა მამამისს თვალები მოუჩანდა მარტო. ხელში კი ჩემი თარსი კატა ეკავა.

_ თქვენ აქ საიდან?_ ვკითხე კოტეს, თან მის თვალებს თვალი უხერხულად ავარიდე და მისსავე ხელთათმანებს დავაჩერდი უცნაურად შენაგანად გამთბარი. არავის არასდროს უზრუნია ჩემზე ასე უბრალოდ და არავის უბრალოებას გაუთბია ჩემთვის ხელები ცივ ზამთარში. გული ამიჩუყდა.

_ ეს განცხადება ვნახეთ და შენი კატის დასაბრუნებლად წამოვედით!_ მიპასუხა უცნაური ღიმილით და ჩემ გაკრული განცხადება გამომიწოდა.

_ შენ იპოვნე? სად იყო?

_ მე არ მიპოვნია, თავად მომნახა! კარების წინ იჯდა დილით!_ გაოცებულმა გავხედე გიშერას.

_ წამოდი, ცხელ ჩაიზე დაგპატიჟებთ მე და კატო, წამოდი აქვე ვცხოვრობთ, თორემ სულ გაიყინე!_ ისე უბრალოდ მიმიწვია, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. წინ წავიდა და უკან უსიტყვოდ ავედევნე.

_ კატო წამოდი არ ჩამოგვრჩე!_ გასძახა ლამპიონის ქვეშ მდგარ გოგონას. უკან მოვიხედე. ვარდისფერ კაშნში, ქუდში და ფუმფულა ვარდისფერ პალტოში ჩაცმული პატარა გოგონას წინ იჯდა უზარმაზარი ოქროსფერთვალება შავი კატა და ბავშვს სიყვარულით შეჰყურებდა. თან გადაუღებლად თოვდა.

_ მეც მომენატრე დედა!_ მომესმა მოულოდნელად გოგონას სიტყვები. ადგილზე გაშეშდი. ეს ხომ უბრალოდ შეუძლებელი იყო?! უცბად იმ თარსმა კატამ გამომხედა და გეფიცებით გამიღიმა....

ეს ჯადოსნური ამბავი დაიწყო 13 ნოემბრის, პარასკევს 13:13 წუთზე, როცა მე წინ შავმა კატამ გადამირბინა .....

დასასრული

ვე რა



№1 სტუმარი გიული

ძალიან სახალისო ისტორიაა????

 


№2 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომეწონა. ძალიან ბევრი ვიცინე ❤❤❤

 


№3  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან კარგი იყოო.

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიკა

ძალიან ლამაზი. ჯადოსნური ზღაპარია

 


№5 სტუმარი სტუმარი ლილე

სულ უნდა წეროთ! არ მინდა დამთავრდეს ხოლმე ???? სახალისო,საინტერესო და ძალიან ლამაზი ისტორიები გაქვთ❤️ხშირად გამოაქვსყნეთ ხოლმე რა.გელით ყოველ წამს ????❤️????

 


№6 სტუმარი ნათია სუხაშვილი

კარგი იყოო.ოღონდ მალე დამთავრდაა

 


№7  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ნათია სუხაშვილი
კარგი იყოო.ოღონდ მალე დამთავრდაა

ეს იმიტომ რომ უბრალოდ ვხუმრობთ ხოლმე, თემას ვირჩევთ და რამდენიმე მოკლე ამბავს ვყვებით, განსხვავებულს . სამაგიეროდ ერთდროულად რამდენიმე საინტერესო ისტორიას ვიღებთ.ლილა ნესიმ დადო უკვე, ლუციენ ვანსერა და ანტონიო გოვერიც დადებენ ალბათ მალე. ასე რომ დაელოდეთ და ისიამოვნეთ. პატარა სახალისო ამბებით.

სტუმარი ლილე
სულ უნდა წეროთ! არ მინდა დამთავრდეს ხოლმე ???? სახალისო,საინტერესო და ძალიან ლამაზი ისტორიები გაქვთ❤️ხშირად გამოაქვსყნეთ ხოლმე რა.გელით ყოველ წამს ????❤️????

მადლობა, როგორც კი ვასრულებ ვტვირთავ ხოლმე. არ მინდა თავებად დადება და ლოდინი ამის გამო გიწევთ. როცა დაცასრულებ სხვასაც დავდებ.

 


№8 სტუმარი სტუმარი მანჩო

აუ კააი რა ვერიკოო????????ამიჩუყდა გუული???? რა გემრიელიბა და საყვარლობა იყოოო????

 


№9 სტუმარი ეკა

მომეწონააააა ❤️❤️❤️❤️❤️

 


№10  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი მანჩო
აუ კააი რა ვერიკოო????????ამიჩუყდა გუული???? რა გემრიელიბა და საყვარლობა იყოოო????

მადლობა)))

 


№11 სტუმარი სტუმარი მანანა

პატარა მაგრამ საყვარელი და ცოტა სევდიანი ისტორიაა ♥️♥️♥️ ვერა არ დავიღლები შენი ისტორიების კითხვით. ძალიან კარგი და სასიამოვნო საკითხავია დანარჩენებიც ♥️♥️♥️ ვარ შენი ერთგული მკითხველი, რომელიც სულ ელის შენს ახალ ისტორიებს ♥️♥️♥️

 


№12 სტუმარი სტუმარი თათო

ძალიან ლამაზი და სასიამოვნო ისტორიაა, თან ცოტა სევდიანიც..

 


№13  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი მანანა
პატარა მაგრამ საყვარელი და ცოტა სევდიანი ისტორიაა ♥️♥️♥️ ვერა არ დავიღლები შენი ისტორიების კითხვით. ძალიან კარგი და სასიამოვნო საკითხავია დანარჩენებიც ♥️♥️♥️ ვარ შენი ერთგული მკითხველი, რომელიც სულ ელის შენს ახალ ისტორიებს ♥️♥️♥️

მადლობა დიდი, ვეცდები არ გალოდინოთ))))

სტუმარი თათო
ძალიან ლამაზი და სასიამოვნო ისტორიაა, თან ცოტა სევდიანიც..

კი ბოლოში სევდიანიც იყო, მადლობა))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent