შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის ბნელი მხარე (თავი-1)


6-02-2024, 21:59
ავტორი ანუბისი
ნანახია 4 100

8 8 8 8

როიალის წინ რომ ვჯდებოდი, რამდენად ბევრი ხალხიც არ უნდა ყოფილიყო ჩემს ირგვლივ, გარესამყარო მაინც უკანა პლანზე ინაცვლებდა და დედამიწაზე მხოლოდ მე, ჩემს თავზე დაცემული დახრილი სინათლის სვეტი და დასაკრავ ინსტრუმეტნზე განლაგებული შავ-თეთრი კლავიშები ვრჩებოდით.

მუდამ საოცარი იყო ეს შეგრძნება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს მუსიკა, რომელსაც როიალზე შეხებისას ვაჟღერებდი, პირადად ჩემი შექმნილი იყო და როგორც მის შექმნელს, იმ კმაყოფილი სახეების დანახვაც მსიამოვნებდა, კომპოზიციის დასრულებისას, გარშემო შეკრებილი საზოგადოებისგან რომ ვიღებდი ხოლმე.

თითქმის ერთი წელი გასულიყო, რაც ჩემთვის საყვარელ საქმეს ვაკეთებდი და ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ, ფრანგულ-იტალიურ რესტორანში —Imagine- ში შეკრებილი სტუმრებისთვის ვუკრავდი, მსოფლიოში ცნობილ კომპოზიტორთა უკვდავ მელოდიებს.

დაწესებულების მფლობელები, უცხოელი ძმები, გვარად –ნოლანები იყვნენ, რომელთაგან ერთი ფრანგული ეროვნებისა გახლდათ, ხოლო მეორე, იტალიელი. ეს უკანასკნელნი, უფრო კონკრეტულად კი ერქოლე და ტეო, თავიანთი ამერიკელი დედის გვარს ატარებდნენ, ვისაც ისინი, თავის დროზე ორი სხვადასხვა ეროვნების მამაკაცისგან ჰყავდა გაჩენილი.

მიუხედავად ნახევარძმობისა, ნოლანები ერთმანეთთან მუდამ ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდნენ და წლების განმავლობაში, საერთო ბიზნესს სათავეში ისე უდგნენ, მათ შორის ერთ პატარა სიტყვიერი შელაპარაკებაც არ აგონდებოდათ რესტორნის ყველაზე ძველ თანამშრომლებსაც კი.

რაც შემეხება მე, საკმაოდ მარტივი და ხელსაყრელი სამუშაო გრაფიკი მქონდა. გამოსვლას მუდამ საღამოს ხუთი საათიდან ვიწყებდი და დაწესებულების ოფიციალურად დახურვამდე ორი საათით ადრე, ზუსტად ცხრაზე ვასრულებდი.

ძალიან მომწონდა ეს სამსახური. თითქოს რესტორნის შიდა ინტერიერიც კი ზედმიწევნით ჩემს გემოვნებას იყო მორგებული და იმდენად მყუდრო გარემოს მიქმნიდა, ზოგჯერ თავი საკუთარ თბილ, კომფორტულ ბინაშიც კი წარმომედგინა, სადაც ყველაზე მეტად მიყვარდა ყოფნა და ყველაზე თავისუფლად შემეძლო სუნთქვა.

უნდა ითქვას, წარსული ბევრად უფრო რთული მქონდა, ვიდრე აწმყო. მას შემდეგ, რაც მამაჩემი დაიღუპა, ხოლო დედა მეორედ გათხოვდა, უსახლკარო, მფლანგველ და უმუშევარ მამაკაცზე, მალევე სახლის დატოვება და იქედან წამოსვლაც მომიწია.

მამის ძლიერი სიყვარულის მიუხედავად, ვერ ვიტყოდი, რომ ეგოისტი ვიყავი და ცოცხლად დარჩენილი ერთადერთი მშობლის მეორე ქორწინების ამბავი არ მახარებდა. ბოღმა და ეჭვიანობა ნამდვილად არ გამხდარა ჩემი ცალკე გადმოსვლის მიზეზი. ერთადერთი, რამაც მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მაიძულა, ახლადშეძენილი მამინაცვლის გარყვნილი ბუნება იყო, რომელიც ჩემში არა მხოლოდ გერს, არამედ ქალსაც ხედავდა. თავდაპირველად ვდუმდი, რადგან იმ მცირედ იმედს ვებღაუჭებოდი, რომ თავად მეჩვენებოდა რაღაც, თუმცა ერთი საბედისწერო ღამის შემდეგ ყველაფერი რევოლუციურად ამოყირავდა. კარგად მახსოვს ის მომენტი, როდესაც საძინებელში, საკმაოდ გვიან შემომეპარა და მანამ მიფათურებდა ხელებს ძილისგან გათიშულსა და ნახევრად შიშველს, სანამ არ გამოვფხიზლდი და გამწარებულმა, ხელების კვრით საწოლის მეორე მხარეს არ გადავისროლე.

მთელი ცხოვრების მანძილზე ყრუ ტკივილად გამყვება, იმ ღამით დედას რეაქცია. ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანისთვის ადეკვატური პასუხი გაეცა და მისგან თავი სამუდამოდ გაეთავისუფლებინა, სილა მე გამაწნა და სიძულვილით სავსე მზერით მომახალა, რომ ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალი იყო. რომ მუდამ ზედმეტად გამომწვევი სამოსით დავდიოდი, მოკლე შორტებს, კაბებსა და მოღებულ მაისურებს ვიცვამდი, რის გამოც, ჩემს „უმანკო“ მამინაცვალში აკრძალულ სურვილებს ვაღვიძებდი.
ვისმენდი ამ ყველაფერს და ენაჩავარდნილი, ყურებს ვერ ვუჯერებდი. იმის წარმოდგენაც კი მიჭირდა, რომ ერთ დროს სამართლიანი და ჭკვიანი დედაჩემი, ასეთ სისულელეებს როშავდა და ამდენად იყო დაბრმავებული. ერთადერთი გამოსავალი, რაც მაშინ მრჩებოდა, ბარგის ჩალაგება და შინიდან დაუყოვნებლივ წამოსვლა იყო. აღარ შემეძლო იქ გაჩერება. ვგრძნობდი, ერთ დროს საყვარელ, მშობლიურ კერაში გატარებული თითოეული წამი ჩემთვის ჯოჯოხეთად იქცეოდა, ამიტომ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მოვაგროვე ყველაზე აუცილებელი ნივთები, კარი გამოვიხურე, მანქანაში ჩავჯექი და იმ ბინაში გადმოვსახლდი, რომელიც მამამ თავის სიცოცხლეში, ჩემს მეთვრამეტე დაბადების დღეს გადმოაფორმა ჩემივე სახელზე.

დედისგან წამოსვლისას, უკვე ოცდაორი წლის ვიყავი და უნივერსიტეტიც მქონდა დასრულებული, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის განხრით. მართალია ჯერ არსად ვმუშაობდი, თუმცა საკმაოდ მოზრდილი საბანკო ანგარიში, რომელიც წლების წინ გარდაცვლილი ბაბუისგან დამრჩა, ჯერ კიდევ სრულიად ხელუხლებელი მქონდა და სამუშაოს მოძებნამდე, ერთი თვის განმავლობაში სწორედ იმ თანხას ვაკლებდი საარსებო მინიმუმს.

მახსოვს, უამრავი ადგილი გამოვიცვალე ამ რესტორანში მოხვედრამდე. ვმუშაობდი როგორც ბარისტად, ასევე სესხის ოფიცრად, მასწავლებლად და ტურისისტულ გიდადაც კი, თუმცა არც ერთი საქმე იმდენად არ მქონდა შესისხლხორცებული, როგორც ის, რასაც ახლა ვაკეთებდი.

ცნობილ კომპოზიტორთა მელოდიებს შორის, ყველაზე დიდი სიამოვნებით, შოპენის „შემოდგომის ვალსს“ ვასრულებდი ხოლმე. ახლაც, როდესაც კლავიშებზე თითების შეხებისას ამ ლამაზ მელოდიას ვუკრავდი, გულიც თითქოს სრულიად სხვა რიტმში ცემდა. გონებაში წვიმის შხაპუნა ხმა ჩამესმოდა, საკუთარ თავს კი რატომღაც ამ წვიმაში მოსეირნეს წარმოვიდგენდი, მხარზე დასმული პაწაწინა ჩიტებით, ზურგზე კი ანგელოზის ქათქათა ფრთებით.

მახსოვს, პირველად და უკანასკნელად, ანგელოზის ფრთები მაშინ მეკეთა, როდესაც მამამ, ჩემს მეხუთე იუბილეზე სიურპრიზი მომიწყო, პრინცესას ლამაზი კაბა მიყიდა, ყველა ჩემი საბავშვო ბაღის მეგობარი დაპატიჟა და გასართობი ცენტრიდან მოწვეული ანიმატორების ჩართულობით, მართლაც დაუვიწყარი დაბადების დღე მომიწყო, სპეციალურად ნაქირავებ ზღვისპირა სახლში. იმ დღის საჩუქრები მხოლოდ ამით არ დასრულებულა. როდესაც მოსაღამოვდა, სტუმრები სახლებში წავიდნენ და ტრადიციულად, „თორმეტი მოცეკვავე პრინცესას“ ზღაპრის წაკითხვის დრო მოვიდა ძილის წინ, მამამ კიდევ ერთი მოზრდილი ყუთი დამიდო საწოლზე, საიდანაც ულამაზესი, ბრჭყვიალა ფრთები ამოიღო და საკუთარი ხელით მიმამაგრა სადღესასწაულო კაბაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ მქონდა გამოცვლილი.

„ჩემი გოგონა ანგელოზს ჰგავს.“ -შემომცინა მან სიყვარულით სავსე ღიმილით, შუბლზე ნაზად მაკოცა და თავისი გრძელი თითები, ჩემს პატარა თითებში გადახლართა -„ანგელოზს, რომელიც მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს.“

როგორც მუდამ ხდებოდა ხოლმე, ახლაც იმდენად ჩავიძირე საკუთარ ფიქრებსა და მელოდიის ჰანგებში, ისიც კი ბოლო წამს გავიაზრე, თუ როგორ უხეშად დამერღვა პირადი იდილია, თანაც ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანის მიერ. ამ უკანასკნელმა, უფრო კონკრეტულად კი რესტორნის ერთ-ერთმა კლიენტმა, დასაწყისისითვის თვალი შემავლო, შემდეგ როიალის თავზე, სისხლის წვეთივით წითელი, ლამაზად გაშლილი ვარდი შემოდო, პატარა, ოთხკუთხედი ფორმის ბარათთან ერთად და ჩემი კიდევ ერთხელ შეთვალიერების შემდეგ, კვლავ თავის მაგიდას დაუბრუნდა.

მიუხედავად იმ ზედმეტად მცირე დროისა, რაც როიალთან მდგომმა დაჰყო, უცნობისთვის სახეში შეხედვა მაინც მოვასწარი. მეექვსე გრძნობა არასდროს მქონია და არც ადამიანთა შინაგანი სამყაროს ამოცნობაში მეწერა უმაღლესი ქულა, თუმცა მისი დანახვისას, იმდენად უცნაურად ნეგატიური გრძნობები მომაწვა, თავადაც კი ვერ შევძელი მათი ახსნა.

ხელში დაახლოებით ოცდაათ წლამდე მამაკაცი შემრჩა, მუქი ლურჯი ფერის სმოკინგში რომ გამოწყობილიყო და ლაქით დაყენებული ღია ფერის თმა, ლამაზად გადაევარცხნა უკან.

მაღალი გახლდათ, საკმაოდ მოხდენილი და ელეგანტური. უჩვეულოდ ლამაზი თვალის ჭრილიდან მომზირალი მისი ნაცრისფერი გუგები, რესტორნის განათების ფონზე წყლისფერში გადადიოდა, ხოლო ოდნავ მოგრძო სახე და თოვლივით ფერმკრთალი კანი, არისტოკრატიულ იერს სძენდა, მთელს მის ვიზუალურ მხარეს.

მამაკაცის წინ გაშლილ სუფრაზე, არაფერი იდო ძვირადღირებული შამპანურის ბოთლის, ერთი ჭიქისა და ხილის ასორტის გარდა. მაგიდებს კვლავ დაუღალავად ემსახურებოდა ღია კრემისფერ უნიფორმაში გამოწყობილი ხუთი მიმტანი, რომელთა სამოსიც სრული სიზუსტით ეხამებოდა, რესტორნის შიდა კედლების შეფერილობას.

"შემოდგომის ვალსი" ნელ-ნელა ბოლო აკორდებს უახლოვდებოდა. ვინაიდან ყოველი შესრულებული ხუთი კომპოზიციის შემდეგ შემეძლო ათწუთიან შესვენებაზე გავსულიყავი, ამ მელოდიის ჩამთავრების შემდეგაც მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე წამოვდექი სკამიდან, დამსწრე საზოგადოებას თავი რევერანსით დავუკარი, როიალზე დადებული, ჩემთვის განკუთვნილი წითელი ვარდი ხელში ავიღე და პირდაპირ დარბაზის შიდა სივრცეში, მარცხენა მხარეს მოქცეული ბარისკენ გავეშურე, რათა გამშრალი ყელი, საყვარელი ალკოჰოლური სასმელით გამესველებინა.

დახლის მეორე მხარეს, ჩვენი ბარმენი და ჩემი შორეული ნათესავი –კალე, ვინც ბავშვობის შემდეგ პირველად, სწორედ აქ მუშაობის დაწყების შემდეგ ვიხილე, ისედაც სრულყოფილად გაპრიალებულ ჭიქებს, დიდი მონდომებით ასუფთავებდა კიდევ ერთხელ, ნაჭრის ხელსახოცის გამოყენებით.

უნდა ითქვას, ყველანაირად არაორდინალური ადამიანი გახლდათ კალე –დაწყებული ხასიათის შტრიხებით, დასრულებული ჩაცმის სტილითა და აგრეთვე იმიჯით. შავ, ზღარბივით აჩეჩილ თმაზე, მუდამ განუყრელად ეხურა თავისი ცილინდრის ფორმის ქუდი. ენაზე პატარა, ცრემლისფერი პირსინგი დაემაგრებინა, წყაროს წყალივით კრიალა, ცისფერი თვალები შავი ფანქრით ჰქონდა ჩახატული, ხოლო უმკლავო მაისურები, ყოველთვის ნათლად გამოუკვეთდნენ სახიერ ხელის კუნთებსა და ნავარჯიშებ სხეულს.

-ისევ მარტინი ზეთისხილით, არა? -მივუახლოვდი თუ არა, ყოველგვარი მოსალმების გარეშე მკითხა ღიმილით. ყველაზე მეტად, მასში სწორედ ეს თვისება მომწონდა. იდეალური მახსოვრობის უნარი ჰქონდა, რისი წყალობითაც, რესტორნის ყოველი თანამშრომლის საყვარელი სასმელის ცოდნა მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა.

-ჰო, ისევ -დავჯექი, თან ჩემი ვარდიც წინ დავიდე.

-ორ წუთში იქნება

პასუხის დაბრუნების მაგივრად, უბრალოდ თავი დავუქნიე და ბიჭის ყოველ მოძრაობაზე გამოცდილი კრიტიკოსივით დავიწყე დაკვირვება. სისულელე იქნებოდა იმის უარყოფა, რომ კალე იდეალური ბარმენი იყო. მისი კოქტეილის შოუების საყურებლად, რესტორანში უამრავი გოგონა შემოდიოდა, რომელთა დიდი ნაწილი, ამ ოცდახუთი წლის, მომხიბვლელ ბარმენზე სულ ტყუილად იყო შეყვარებული, რადგან კალე, ჩემთვის გაურკვეველ მიზეზთა გამო, ახლოსაც არავის იკარებდა.

-გამოუძინებელი ჩანხარ

-ვარ კიდეც -მაშინვე აღიარა. საკუთარი სიტყვების დასტურად, რამდენიმე წამში დაამთქნარა კიდეც -გუშინ ღამით, ჩემი კარის მეზობელმა ატეხა კაკუნი. მოხუცი ქალია, ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა. ვინაიდან სხვა არავინ ჰყავს, მთელი ღამე გავუთიე

ბარმენის სიტყვებზე, მაშინვე წარმომიდგა თვალწინ, თუ როგორ მზრუნველად უჯდა სასთუმალთან მოხუც, ავადმყოფ ბებოს და ტუჩებზე გაუცნობიერებლად მომადგა ღიმილი. ხანდაზმულები ოდითგანვე ჩემს სუსტ წერტილად ითვლებოდნენ. რაც თავი მახსოვდა, მათთან ყოფნა, საუბარი და მათი ახალგაზრდობის ამბების მოსმენა, მთელი გატაცებით რომ ყვებოდნენ ხოლმე, მართლაც სიგიჟემდე მიყვარდა.

-კარგი საქმის გამო ღამის გათევა ნამდვილად ღირს

-თქვენი შეკვეთა მილედი -თეატრალური ჟესტით დამიდო წინ ჩხირზე წამოცმული ზეთისხილითა და ყვითელი, დეკორატიული ქოლგით გაფორმებული მარტინის ჭიქა. მერე ცილინდრის ფორმის ქუდი, თავაზიანობის ნიშნად ასწია ოდნავ ზემოთ, თან თვალებით დახლზე დადებულ, წითელ ვარდზე მანიშნა -როგორც ჩანს, დღეს ვიღაც დაასაჩუქრეს

-იღბლიანი საღამო მაქვს -ვცადე მეხუმრა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მან ჩემი სიტყვები სერიოზულად მიიღო.

-თუ მაგ აზრზე იყავი, ის ბარათი როიალზე რატომ დატოვე? სავარაუდოდ, მანდ თავისი ტელეფონის ნომერი დაგიწერა

-შენახვას რა აზრი ჰქონდა? -მარტინის დაგემოვნებამდე, ჩხირზე წამოცმული ზეთისხილი მოვიქციე ტუჩებში -დარეკვას მაინც არ ვაპირებ

-თუკი მაგ ტიპის დანახვისას, წელს ქვემოთ ვერაფერს გრძნობ, შენს ორიენტაციაში უკვე მართლა ეჭვი შემაქვს მარიტა -წყლით სავსე მინის ბოთლიდან, ხარბად მოსვა ცივი სითხე კალემ.

-სულ ტყუილად . . . ნამდვილად მამაკაცები მიზიდავს, მაგრამ ვთვლი, რომ მათ გარეშე ცხოვრება ბევრად უფრო მშვენიერია

-ოხ ეს ახალგაზრდული აზროვნება

-შენ რა, ოთხმოცი წლის ხარ?

-ფიზიკურად არა, მაგრამ ტვინით გაცილებით მეტისაც გახლავართ -ჩემს სიცილზე ბარმენსაც გაეცინა. ასეთი მხიარული გამომეტყველება, მხოლოდ რამდენიმე წამით შენარჩუნდა მის სახეზე. მერე, საკმაოდ სწრაფად დასერიოზულდა, დახლზე ორივე მკლავით გადმოიწია, სახე, ჩემს სახესთან საკმაოდ ახლოს მოიტანა და მზერით ზურგს უკან მანიშნა -ჩვენს ახალ დირექტორთან რამე პრობლემა შეგექმნა? მისით მთელი კოლექტივი აღფრთოვანებულია. ერთადერთი შენ ვერ გატყობ ვერანაირ ენთუზიაზმს

კალეს შემფასებლურ მზერას თვალი გავაყოლე და ოდნავ მივტრიალდი. ბარიდან საკმაოდ მოშორებით, დარბაზის მარცხენა კუთხეში, მართლაც იდგა ნახევრად კლასიკურ სამოსში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც მობილურზე საუბრობდა, ხოლო ცალი ხელი, შარვლის ჯიბეში ჰქონდა ჩადებული.

რესტორნის მთელ კოლექტივში, ამ ადამიანს ყველაზე დიდხანს სწორედ მე ვიცნობდი. ხსენებული დირექტორი, კერძოდ –მიშო მეფარიშვილი, ის ადამიანი გახლდათ, ვისთანაც უამრავი მოგონება მაკავშირებდა, თუმცა ამ მოგონებებიდან ვერც ერთს ვერ ვუწოდებდი სასიამოვნოს. ერთადერთი, რაც მის მიმართ სიბრალულსა და თანაგრძნობას აღმიძრავდა ის ფაქტი იყო, რომ მშობლები ღრმა ბავშვობაში ჰყავდა დაკარგული და ერთადერთი გამზრდელი ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, ამ ქვეყნად აღარავინ დარჩენოდა.

ხასიათით ისეთ პიროვნებათა რიცხვს მიეკუთვნებოდა, თანდაყოლილი ქარიზმით, არისტოკრატიული ქცევებითა და მომხიბვლელი საუბრის მანერით, მუდამ ყურადღების ცენტრში რომ ექცეოდნენ, თანაც ნებისმიერ საზოგადოებაში. მიმზიდველიც იყო. ზედმეტადაც კი. სიმაღლიდან დაწყებული, გამოხედვით დამთავრებული, ყველაფერი იმდენად უნაკლო ჰქონდა, იფიქრებდით ბოროტმა ძალებმა, უბიწო გოგონების საცდუნებლად გამოგზავნეს, პირდაპირ ჯოჯოხეთიდანო.

უნდა მეღიარებინა, ერთი საბედისწერო შემთხვევის შემდეგ, წლების წინ რომ მომხდარიყო, მიშო მეფარიშვილის ყოველი დანახვა უზღვავი ნეგატივით მტვირთავდა. ამას ისიც ცხადად გრძნობდა, რის გამოც, ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვისაც თავისი სარკაზმით გამუდმებით წამლავდა და თუკი სხვებთან მიმართებაში თავაზიანობითა და უსაზღვრო ჯენტლმენობით გამოირჩეოდა, ჩემთან მუდამ ის მახინჯი გოგრა ხდებოდა ხოლმე, თორმეტი საათის შემდეგ რომ გადაიქცა კონკიას მდიდრული ეტლი.

მსხვილი ბიზნესმენის ერთადერთ მემკვიდრეს, ვის სიცოცხლეში დაგროვებული უძრავ-მოძრავი ქონება, საწარმოები და საბანკო ანგარიშები მიშოს მთელ ცხოვრებას აბსოლუტურად უზრუნველყოფდნენ, თავისუფლად აძლევდა იმის საშუალებას, მთელი თავისი არსებობა ისე გაელია, მუშაობაში ერთი დღეც არ დაეკარგა, თუმცა მასზე ვერავინ იტყოდა, რომ შრომასა და ხელის განძრევას თაკილობდა. ამ პლანეტაზე, თუკი რამეზე გაგიჟებით იყო შეყვარებული, ეს საკუთარ საქმიანობაში გამოვლენილი შესაშური პროფესიონალიზმი და ახალი ქვეყნების შეცნობა გახლდათ. იზიდავდა ისტორიული სახელმწიფოები, მაღალმთიანი ადგილები, ეგზოტიკური კუნძულები და თეთრ ქვიშებზე ამოსული, ლამაზად გაშლილი პალმების ქვეშ, ქოქოსის კოქტეილებით ტკბობა. ძალიან მოსწონდა განვითარებადი ქვეყნებიც, გამორჩეულად კი ინდოეთი, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ ხუთ ქვეყანას შორის, სადაც მასთან ერთად მოგზაურობის მწარე გამოცდილება მქონდა. ყველაზე განსაკუთრებული, რაც ამ აღმოსავლეთის საოცარ ქვეყანაში გატარებული დღეებიდან მაგონდებოდა, ეს ინდური კულტურა, ტკბილეული, მხიარული ხალხი და „ჰოლის“, ანუ ფერების დღესასწაული იყო, სადაც ცხოვრებაში პირველად დავლიე ბოლო წვეთამდე, თანაც ისე, რომ მეორე დილით მცირედ ნაბახუსევსაც კი არ შევუწუხებივარ.

ბუნებით ასი პროცენტით პედანტი გახლდათ ბატონი დირექტორი. ცხოვრებაში არასდროს მყავდა ნანახი მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავზე ზრუნვას იმოდენა დროს უთმობდა და თავისი აპარტამენტები ისე სათუთად ჰქონდა მოვლილი, როგორც მას. თმის ღერიდან დაწყებული, ფეხსაცმლით დამთავრებული, ყველაფერი იმდენად მაღალ დონეზე ჰქონდა მოწესრიგებული, წამებში შეეძლო გარშემო მყოფთა მთელი ყურადღება თავისკენ მიემართა. მიშოს სუნამოც კი ისეთ სასიამოვნო არომატს ტოვებდა, რამდენჯერმე სიამოვნებისგანაც კი დამიხუჭავს თვალები მის სიახლოვეს ჩავლისას.

ერთი შეხედვით, სრულყოფილი მამაკაცი იყო, თუმცა მასაც გააჩნდა ბნელი მხარე და ამ ბნელი მხარის შესახებ, სამწუხაროდ მეც გამაჩნდა დეტალური ინფორმაცია.

საკუთარ გონებაში აღმოცენებულ ფიქრებში ქექვას საკმაოდ მალე მოვრჩი და კვლავ ჩემს წინ, პასუხის მომლოდინე სახით მდგომ კალეზე გადავიტანე მთელი ყურადღება. მინდოდა შესვენების დროის ამოწურვამდე, მასთან საუბარში გამეტარებინა დრო, თან მშვიდად დამელია საგანგებოდ შეკვეთილი მარტინი, თუმცა გეგმები ადრიანი დილის ნისლივით აორთქლდნენ ჩემი გონებიდან, როდესაც გვერდიდან კარგად ნაცნობი "Tom Ford”-iს სუნამოს სურნელი შევიგრძენი და გავიაზრე, რომ ბართან უკვე მარტო აღარ ვიყავი.

-კალე, ტეკილა მომეცი, ოღონდ მთელ ბოთლს ავიღებ -მომესმა ხმა, რომელსაც თავისუფლად გამოვარჩევდი ათას სხვა ხმაში. ტანში უსიამოვნოდ გამცრა. საერთოდ არ მსურდა რესტორნის უფროსობიდან რომელიმეს, ალკოჰოლური სასმელით ხელში დავენახე, თანაც სამუშაო საათებში, თუმცა, ჩემდა საუბედუროდ, ეს მაინც მოხდა.

თავი არ გამიბრუნებია. მისალმებასაც კი გვერდი ავუარე, მაგრამ ამის გამო თავი დამნაშავედ წამითაც არ მიგრძვნია. ჩემსა და მიშო მეფარიშვილს შორის, ბოლო შვიდი წელი ისეთი ურთიერთობა გაბმულიყო, სალამის გარეშე შეხვედრა არც ერთს გვაკვირვებდა და არც მეორეს.

მარტინი სულ ოდნავ მოვსვი და კვლავ ჩხირზე წამოცმული ზეთისხილის ჭამაზე გადავედი. გულში იმედს ვიტოვებდი, რომ საღამო ისე ჩაივლიდა, ჩემი მიმართულებით ერთ კომენტარსაც არ გააკეთებდა, თუმცა როდესაც პერიფერიული მხედველობით დირექტორის დაჟინებული, ოდნავ ღიმილიანი მზერა დავაფიქსირე, მაშინვე მივხვდი, რომ ენის კბილებს შორის მოქცევას ვერც ამჯერად მოახერხებდა.

-წესები იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო არა? -ამჯერად უფრო ახლოდან ჩამესმა მისი სიტყვები. კალე დაუფარავი ინტერესით გვათვალიერებდა. შეკვეთილი სასმელის ბოთლი, უკვე დახლის ზედაპირზე ჰქონდა გამზადებული და დაკვირვებით ადევნებდა თვალს მოვლენების შემდგომ განვითარებას.

-ცოტა ხნის წინ, ტეკილა შეუკვეთე, თანაც მთელი ბოთლი -მივუგე რაც შემეძლო მშვიდად, მერე კი მის ჯიბრზე, ჭიქიდან მოზრდილი ყლუპი მოვსვი.

-ეგ ტეკილა საჩუქრად მინდა და ვყიდულობ. სამსახურში რვიანების ხაზვას ნამდვილად არ ვაპირებ

-რა ხდება, ამაღამ ქალს ხომ არ ელოდებით თქვენს დიად აპარტამენტებში ბოს?

-რაო, ეჭვიანობ? -ირონიული ღიმილით გაფართოვდნენ მეფარიშვილის ტუჩები -თუ გინდა მის ადგილას იყო, შემიძლია შეხვედრა გადავდო, დღეს საღამოს კი შენ მოგანიჭებ ჩემთან ყოფნის ბედნიერებას

ტვინში ლამის სისხლმა ამასხა ამის მოსმენისას. კარგად იცოდა ყველაზე მეტად რაც მაცოფებდა და სწორედ ამიტომ, მიშოსგან მსგავსი რეპლიკები აქამდეც არაერთხელ მქონდა მოსმენილი. თუმცა ახლა, როდესაც ამ დიალოგს მესამე პირიც ესწრებოდა კალეს სახით, ჩემი რეაქცია გაცილებით უფრო მწვავე ფორმებს იღებდა. მიუხედავად ამისა, თავის შეკავება მაინც მოვახერხე, ბარმენის გაკვირვებაში შეზავებულ ღიმილს მზერა სწრაფად ავარიდე და დირექტორის სიტყვებს ზუსტად ისე ვუპასუხე, როგორც ამას ნამდვილი, თუმცა ცოტათი უხამსი ლედი გააკეთებდა:

-მაგ ქალს შეუძლია მშვიდად გაშალოს ფეხები. იმ ვაშლს არასდროს ჩავკბეჩ, რომელიც უკვე სხვას აქვს შესაჭმელად გამზადებული

მეგონა საპასუხოდ კიდევ რამეს მეტყოდა. რაღაცას ისეთს, რითაც კიდევ ერთხელ დაჭიმავდა ჩემს ნერვებს გიტარის სიმივით, თუმცა ამის მაგივრად, მიშო ჩემს წინ დადებულ ჭიქას დასწვდა, იქ ჩარჩენილი სასმელი თვითონ გამოცალა ბოლომდე, ცარიელი ჭურჭელი წინ სარკასტული მზერით დამიდგა და ტეკილას ბოთლის აღების შემდეგ, ფეხზეც წამოდგა.

-რა გააკეთე ახლა? -მკლავში ვწვდი, რათა შემეჩერებინა. მეფარიშვილი სიმშვიდით სავსე მზერით მოტრიალდა ჩემკენ.

-სასმელი დაგილიე და ენის ტლიკინის გამო, ამ თვეში ხელფასის ოცპროცენტიან დაქვითვაზე გაგიშვი -მომიგო ჩვეული ირონიით გაჯერებული ტონით.

-არა . . . ამას ვერ გააკეთებ

-უკვე გავაკეთე -დახლზე შემოდებულ ყვავილს დაასო ღიმილიანი მზერა ამის თქმისას, თან მის სისხლისფერ ფურცლებს თითები ნაზად გადაუსვა -ვფიქრობ, ის ადამიანი არჩევანში შეცდა. შენს ხასიათს, კაქტუსი უფრო შეეფერება, ვიდრე ვარდი

კალე მდუმარე თევზის მიმიკით ადევნებდა თვალს ჩვენს სიტყვიერ პაექრობას, თუმცა ჩარევით ოდნავადაც არ ერეოდა. ამ ადამიანს კიდევ ერთი ძალიან კარგი თვისება გააჩნდა –ხმას მხოლოდ მაშინ იღებდა, როდესაც ამას საჭიროება მოითხოვდა და მუდამ იდეალურად ხვდებოდა, თუ როდის იყო ეს საჭირო და როდის არა.

-ადამიანს, ყველა თავისებურად აღიქვამს და ყვავილსაც შესაბამისს არჩევს, ბატონო დირექტორო!

-ჰოო? -მოჩვენებითი ინტერესით აუკიაფდა ოქროსფერი თვალები -ალბათ სწორედ ამიტომ გიწერია ჩემი ტელეფონის ნომერზე კაზანოვა. შენი გონება სწორედ ასე აღმიქვამს, არა?

გაოგნებისგან ლამის ენა ჩამივარდა. მართალია, რასაც ამბობდა სრული სიმართლე იყო, მაგრამ მცირედი წარმოდგენაც არ მქონდა იმის შესახებ, თუ საიდან შეიძლებოდა სცოდნოდა მას ეს ყველაფერი.

მიუხედავად შინაგანი დაბნეულობისა, გარეგნულად მაინც მტკიცე პოზიცია შევინარჩუნე და თავი ისე დავიჭირე, თითქოს ამ "გამოჭერას" არანაირი უხერხულობა არ შეუქმნია ჩემთვის.

-ჩემს მობილურში, რომელ აბონენტს რა სახელს შევურჩევ, მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია

-თუკი ასეა, მაშინ მეც ავდგები და შენს ტელეფონის ნომერს ვენდის დავაწერ

-ვენდის?

-ჰო, ვენდის -ჩემი თმის რაღაც ნაწილი ხელში შეათამაშა ამის თქმისას -შენი ადგილი ნევერლენდშია. ტვინით ჯერ კიდევ იქ მყოფების განვითარების დონეზე ხარ -ამის თქმა იყო და ისე სწრაფად მოშორდა ბარის დახლს, თავისი ტეკილას ბოთლით ხელში, პასუხის დაბრუნების საშუალებაც არ მომცა. თუმცა არც არაფერი მქონდა სათქმელი. ეს ერთ-ერთი გახლდათ იმ მრავალ შემთხვევათაგან, როდესაც მიშო მეფარიშვილთან გამართულ სიტყვიერ ბრძოლაში სასტიკად ვმარცხდებოდი, ჩემი მეტოქე კი კვლავ გამარჯვებულის გვირგვინით ტოვებდა საბრძოლო ველს.

სანამ მე ჩემს ადგილას ვიჯექი და გულში ვიბოღმებოდი, ბარის დახლს კიდევ ორი კლიენტი მოუახლოვდა, ახალგაზრდა ბიჭების სახით. მათ კალეს საუკეთესო ფრანგული ღვინის შეკვეთა მისცეს, რომელიც საკუთარი გემოვნებით უნდა შეერჩია ამ უკანასკნელს. გამომდინარე იქედან, რომ ბარმენს უკვე ჩემთან საუბარში დროის გასაყვანად აღარ ეცალა, დამშვიდობების ნიშნად ოდნავი ღიმილით დავუკარი თავი და გეზი კვლავ დროებით მიტოვებული როიალისკენ ავიღე.

მთელი საღამო ისე გავიდა, დარბაზში მჯდომი, ჩემი ახალი თაყვანისმცემლისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წამს ვგრძნობდი მის გამბურღავ მზერას. უნდა მეღიარებინა, მცირედ დისკომფორტსაც კი მიქმნიდა შექმნილი სიტუაცია. კომპლექსები არასდროს მქონია, თუმცა მაინც მეზიზღებოდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და ის, რომ ვიღაც ისე მომშტერებოდა, როგორც ანკესზე წამოსაგებ ოქროს თევზს. უკვე ერთი სული მქონდა, როდის ამოიწურებოდა ჩემი სამუშაო დრო, რათა საკუთარ ბინაში განმარტოებულს, დაბალ ხმაზე აჟღერებული ზღვის ტალღების შრიალის ფონზე ტკბილად დამეძინა.

როგორც იქნა ეს დროც დადგა. ბოლო კომპოზიციის შესრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ მივიღე დამსწრე საზოგადოებისგან კარგად ნაცნობი აპლოდისმენტები და იმ ფაქტით გახარებული, რომ უკვე ცხრა საათი შესრულებულიყო, კმაყოფილი სახით დავიძარი გამოსაცვლელი ოთახისკენ, სადაც, საღამოს კაბა უნდა გამეხადა და კვლავ ყოველდღიური სამოსი მომერგო. სწორედ იმ მომენტში გამახსენდა ჩემი წითელი ვარდი, შემთხვევით ბარის დახლზე რომ დამრჩენოდა, კალესთან, მაგრამ მიუხედავად ჩემი ყვავილებისადმი დიდი სიყვარულისა, საჩუქრის წამოსაღებად უკან მაინც აღარ მივბრუნებულვარ.

გასახდელს რომ მივუახლოვდი, მის გვერდით მდებარე საპირფარეშოს კართან, ჩვენი რესტორნის ბუღალტერსა და ჩემს კარგ მეგობარს, ლოლას მოვკარი თვალი. ეს უკანასკნელი ვიღაც მაღალ, ძლიერი აღნაგობის მამაკაცს მოემწყვდია მკლავებში, მის წელამდე ჩამოსულ, წაბლისფერ თმაში დაასრიალებდა თითებს და მთელი ვნებით უკოცნიდა ტუჩებსა და დეკოლტედან მაცდურად მომზირალ მკერდის ჭრილს. ხსენებული ინტიმური სცენის მომსწრე დიდხანს ნამდვილად არ ვყოფილვარ, რადგან სულ რაღაც ხუთი წამის შემდეგ, ლოლამ, მამაკაცს შარვლის ქამარი გიჟური სისწრაფით შეუხსნა, ჰალსტუხზე დაქაჩვით შეათრია ტუალეტში, კარი მოაჯახუნა და სულ მალე, თავშეუკავებელი კვნესის ხმაც ამოუშვა.

ირიბად ჩამეცინა ამ სანახაობაზე, თუმცა გაკვირვებით არ გამკვირვებია. უკვე მიჩვეული ვიყავი, რომ ლოლა, მამაკაცებს ქაღალდის ხელსახოცების მსგავსად იცვლიდა და თუკი ვინმე თვალში მოუვიდოდა, "ბოლომდე დაგემოვნების" გარეშე არ გაუშვებდა ხელიდან.

ლოლას, ორი დიდი საერთო ჰქონდა მიშოსთან. მიუხედავად მათ შორის ნათესაური კავშირის არარსებობისა, გვარად ორივენი მეფარიშვილები იყვნენ და ორთავე მდიდარი ოჯახის ერთადერთ მემკვიდრეებად ითვლებოდნენ, რომლებიც, მათ ხელთ არსებული დიდძალი ქონების მიუხედავად, მაინც შედარებით ჩვეულებრივ თანამდებობებზე მუშაობდნენ.

ბუნებით საოცრად ადამიანური, თუმცა მეტად თამამი, იმპულსური და სრულიად უკომპლექსო პიროვნება გახლდათ ლოლა. რაც სრულწლოვნების ასაკს მიაღწია, ძალზედ მოსწონდა საკუთარ ცხოვრებაში მამაკაცთა მრავალფეროვნება, თავისუფალი, ერთღამიანი ურთიერთობები, ორ*იები და ყველანაირი სახის აღვირახსნილი გართობა, რითაც კი საკუთარ სხეულს განსხვავებულ სიამოვნებას აგრძნობინებდა. არც ისეთი სამოსით სიარული უქმნიდა პრობლემას, რომელიც მისი სხეულის მხოლოდ ოც პროცენტს ფარავდა. სიგიჟემდე უყვარდა შოპინგი, გემოვნებიანად ჩაცმა, ნაზი სამკაულები, ხილის არომატის სუნამოები და მოღებული, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, საიდანაც მუდამ მთელი სიდიადით მოუჩანდა ტანსაცმლის ფერს შეხამებული, მბზინავი შილაკი.

მარჯვენა ფეხის წვივზე, მცირე ზომის, გველის ტატუირება აჩნდა გოგონას. ამ ადგილის ოდნავ ქვემოთ, დღენიადაგ უბრწყინავდა სხვადასხვა ფორმისა და ზომის ფეხის სამაჯურები, რაც მართლაც რომ ყოველდღიურ, თილისმის მსგავს აქსესუარად ქცეულიყო მისთვის.

ინტერნეტ-სივრცეს მხოლოდ ტიკ-ტოკისთვის, ინსტაგრამისთვის და პორნოგრაფიის შემცველი ფილმებისა და ვიდეო-რგოლებისთვის თვალის სადევნებლად იყენებდა. გამოწერილი ჰქონდა უამრავი პორნო-საიტი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ამის ყურება სიამოვნებას გვრიდა. უბრალოდ სურდა მათი მეშვეობით ბევრი რამ ესწავლა, რადგან ამბიცია ჰქონდა, ნებისმიერი მამაკაცისთვის ყველაზე დაუვიწყარი მოვლენა ყოფილიყო მასთან გატარებული ღამე.

უნდა აღინიშნოს, იდეალური სხეულის ფორმები ჰქონდა. გადაჭარბებულად არ ჩამეთვლება, თუკი ვიტყვი, რომ სრულიად უნაკლოც. მკერდის ფორმიდან დაწყებული, ბარბის თოჯინასავით სწორი, გრძელი ფეხებითა და ლამაზად მომრგვალებული, მკრივი უკა-ნალით დამთავრებული, ყოველივე ისე თვალშისაცემად იქცევდა ყურადღებას, ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობდი, მამრობითი სქესის რომ ვიყო, ასეთი ქალის გულის მოსაგებად ბრძოლა მთელი ცხოვრება არ მომბეზრდებოდა-მეთქი.

სექსის შემდეგ, ყოველი მამაკაცის მიმართ ერთნაირი ზიზღი ეუფლებოდა. განსაკუთრებული გრძნობა არასდროს არავის მიმართ გასჩენია და თითოეული "მორიგი მსხვერპლისგან" ისე მიდიოდა, მათ უმეტესობას დამშვიდობების ღირსადაც არ თვლიდა. სიყვარული და სერიოზული ურთიერთობები ლოლასთვის ნამდვილად არ იყო შექმნილი. მის ყოველდღიურობაში მხოლოდ ინტიმური კავშირები არსებობდა, თანაც არა ერთ, არამედ სხვადასხვაგვარ პარტნიორთან, ახალგაზრდებიდან დაწყებული, შუა ხნის ასაკითა და სამოც წელს გადაცილებული, სექსუალური, კარგად შემონახული მამრობითი სქესის წარმომადგენლებით დასრულებული.

მიუხედავად ჩვენი რადიკალურად განსხვავებული ცხოვრებისეული შეხედულებებისა, მე და ლოლა ერთმანეთს გაცნობის დღიდან იდეალურად ვუგებდით და სწორედ ამან განაპირობა ჩვენი ახლო მეგობრული კავშირის ჩამოყალიბებაც.

ძალიან მომწონდა ეს ადამიანი. ისეთი ხასიათი და ფასეულობები გააჩნდა, რომელსაც ათასში ერთ პიროვნებაში თუ იპოვნიდი. მეგობრობაში და ახლობლურ თანადგომაში, კონკურენტი არ ჰყავდა. საოცრად კეთილი გულიც ჰქონდა. უანგაროდ ეხმარებოდა ყველას, ვისაც კი მისი დახმარება სჭირდებოდა და გიჟდებოდა ნებისმიერ ცხოველზე, რადგან თვლიდა, რომ ისინი ადამიანებზე ბევრად უკეთესნი იყვნენ.

სახლში ნამდვილი ზოოპარკი ჰქონდა მოწყობილი. კატა, ძაღლი, თუთიყუში, ზაზუნა და ოქროს თევზები, მის შინაურ ცხოველებად ქცეულიყვნენ. ისინი ზუსტად ისე უყვარდა, როგორც მშობელს საკუთარი შვილები, რაც მის ვეგეტარიანელობაში ყველაზე დიდ როლს თამაშობდა. ამასთან ერთად, შესაშური მზარეულიც გახლდათ და უბრალო პროდუქტებისგანაც შეეძლო კულინარიული საოცრებების შექმნა.

ლოლას შინაგან სამყაროზე ფიქრში, ტანსაცმლის გამოცვლასაც მოვრჩი, ტელეფონის ეკრანზე საათს დავხედე და პირდაპირ რესტორნის უკანა ნაწილში მდებარე ავტოსადგომისკენ წავედი, სადაც მანქანა მყავდა დაპარკინგებული. იმ ღამით, დამატებით სიურპრიზებს ყველაზე ნაკლებად ველოდი, თუმცა ერთი წამითაც არ გამკვირვებია, როდესაც გარეთ გასვლისას, ჩემს ტოიოტას მიყრდნობილი, უკვე კარგად ნაცნობი პიროვნება შევნიშნე, თავის ნაჩუქარი წითელი ვარდით ხელში, ბართან რომ დამრჩა შემთხვევით.

ჩემი მანქანისგან საკმაოდ მოშორებით, მიშოს თეთრ პორშესაც მოვკარი თვალი. ძალიან გამიკვირდა. ჩვენი ახალი დირექტორი, მუშაობას მუდამ შვიდზე ამთავრებდა ხოლმე და ნამდვილად ვერ გამეგო, რას აკეთებდა ათის ნახევარზე რესტორნის პარკინგზე, საკუთარ ავტომობილის კაპოტზე ჩამომჯდარი, თანაც ანთებული სიგარეტით ხელში, მაშინ, როდესაც თამბაქოს ახლოსაც არ ეკარებოდა.

წარბები გაკვირვების ნიშნად ავზიდე და კვლავ ჩემი ტოიოტასკენ მივმართე მზერა. სწორედ იმ მომენტში, ვარდით ხელში მდგომი მამაკაციც ამოძრავდა და მისალმების ნიშნად, ოდნავი ღიმილით დამიკრა თავი.

-გელოდებოდი -თქვა მან საოცრად მომხიბვლელი ხმით, თუმცა ტანში მაინც უსიამოვნოდ გამცრა ამ სიტყვის მოსმენაზე. მამრობითი სქესის მხრიდან ყურადღება, უცხო ხილი მართლა არასდროს ყოფილა, თუმცა მსგავსი პირდაპირი და თამამი გზებით, ნამდვილად არავის უცდია ჩემთან ურთიერთობის წამოწყება.

-მივხვდი -რაც შემეძლო თავაზიანად გავუღიმე -ალბათ ბართან დარჩენილი ყვავილის პირადად გადმოცემა გინდათ

-თქვენობითი ტონის გარეშე, კარგი? -ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა იგი. დაახლოებით სამი წამის განმავლობაში ისე მათვალიერებდა, თითქოს სამკაულების ბაზრობაზე გამოფენილი ძვირადღირებული კოლიე ვიყავი. მერე ოდნავშესამჩნევად ჩაეღიმა, ხელში მოქცეულ ვარდს დახედა, ფურცლები ერთიანად მოაშორა, ისინი გაშლილ ხელის გულზე მოიქცია და სულის შებერვით გაფანტა ჰაერში.

თვალები ინსტიქტურად დავხუჭე. ყვავილის ფაქიზი სურნელი სასიამოვნოდ მომხვდა სასუნთქ ორგანოში, მისი ფურცლების სინაზე კანზე მომელამუნა და ოდნავ გამეღიმა კიდეც, თუმცა უცნაურად უსიამოვნო დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ, მაინც მკაცრად უცვლელი რჩებოდა.

-ჩემი საჩუქარი განზრახ დატოვე, რათა შენთვის თავად მომეტანა, არა?

-ასე რატომ ფიქრობ? -მისი თხოვნით, მაშინვე გადავინაცვლე არაოფიციალურ ტონზე.

-არ ვიცი . . . ქალი, მელასავით ცბიერი არსებაა, თუმცა მე თქვენი გაშიფვრა მარტივად გამომდის

-როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში შეცდომა დაუშვი -გასაღებზე თითის დაჭერით მანქანა გავაღე. მასთან საუბარი უკვე აღარ მსურდა, მით უმეტეს ქალთა ფსიქოლოგიური პორტრეტის შესახებ, თუმცა როგორც ჩანდა, იგი დანებებას არ აპირებდა:

-მე ლეო ვარ . . . შენ?

-მარიტა

-მარიტა . . . -ტუჩებზე მომდგარი ღიმილით გაიმეორა ჩემი სახელი. იმ მომენტში ისეთი ღრმა მზერით მიყურებდა, თითქოს ყოველი მალული ფიქრის ზედმიწევნით ამოკითხვა სურსო -შენთან პატარა შემოთავაზება მაქვს მარიტა, მომისმენ?

-შემოთავაზება? -უმალ ეჭვი ჩამიდგა გულსა და გამოხედვაში. რა უნდა სდომებოდა ჩემგან ადამიანს, ვისაც დღეს პირველად ვხედავდი? წამით დავფიქრდი კიდეც მომესმინა თუ არა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც იმ გადაწყვეტილებამდე მივედი, რომ ზრდილობის გამოჩენა აჯობებდა და უკეთესი იქნებოდა ცოტაოდენი დრო მაინც დამეთმო.

-ჰო, შემოთავაზება . . . მგონი საინტერესო უნდა იყოს

-შემოთავაზებას გააჩნია . . . ჯერ მოვისმენ

ამის გაგონებაზე, მეტად ცბიერი ღიმილი მოადგა ბაგეებზე, შემდეგ ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ და ტუჩები ყურთან დასაშვებზე ახლოს მომიტანა. რამდენიმე წამის განმავლობაში, მხოლოდ მამაკაცის ცხელ სუნთქვას იწოვდა ჩემი სახის კანის ყოველი უჯრედი. იმდენად ახლოს იყო, იმოდენა ვნებით გაჯერებული იმპულსები მოდიოდა მისგან, რაღაც მომენტში ისიც კი ვიფიქრე მაკოცებს-მეთქი და უკვე თავის ასარიდებლადაც ვემზადებოდი, რომ უეცრად კვლავ გავიგე აწ უკვე ნაცნობი ხმა:

-ისეთი ნაზი სილამაზე გაქვს, ანგელოზს მაგონებ -თვალებში უტეხად შემომხედა ამის თქმისას. თავხედური მზერით თითქოს ადგილზე მხდიდა ტანსაცმელს და ბოლომდე მაშიშვლებდა -გეფიცები, ყველაფერი გექნება, თუკი ბოლომდე ჩემი გახდები და შენს სხეულს სხვა მამაკაცი არ გაეკარება

-რა?!

-საპნის ოპერას ნუ დადგამ, კარგი? ვიცი ახლა რასაც ფიქრობ და თავში რა აზრებიც გიტრიალებს, მაგრამ მე უბრალოდ ჩემთან ყოფნა შემოგთავაზე, სრული ფინანსური უზრუნველყოფის პირობით

-ჩავთვალოთ, თითქოს ეს არ გამიგია -მოსმენილით გაცეცხლებულმა, პირდაპირ მანქანის კარისკენ წავიღე ხელი, თუმცა მან შიგნით ჩაჯდომის საშუალება არ მომცა, მაჯები ფრთხილად გამიკავა და ზურგით, მანქანის საქარე მინაზე ამაკრა.

-დამიჯერე, არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ვინმე მომდომებია და მიზნისთვის არ მიმიღწევია. ადრე თუ გვიან, საკუთარი ნებით ინებივრებ ჩემს მკლავებში, თუმცა ამ შემთხვევაში ვცდილობ კუდში დევნის დრო დავზოგო და ის დავაჩქარო, რაც ისედაც გარდაუვალია

-თუ უფიქრდები, ახლა პირველივე შემხვედრს სთავაზობ ფულის სანაცვლოდ დავწვეს შენთან! -თავს ძლივს ვიკავებდი, რომ წყობიდან არ გამოსვულიყავი და ჩემი გრძელი ფრჩხილებით მთელი მისი სახე უმოწყალოდ არ დამეკაწრა.

-მერე და ვინ გითხრა, რომ ერთჯერადი სექსი მაქვს მხედველობაში? -ისეთი ბავშვური, უდანაშაულო მზერით მიყურებდა, თითქოს მის სიტყვებში შეურაცხყოფის მცირედი მარცვალიც არ ყოფილიყო -გთავაზობ ხანგრძლივი დროით ვიყოთ ერთად, ამ ხნის განმავლობაში კი შენი ფინანსური სპონსორი ვიქნები, თანაც საკმაოდ გულუხვიც. ნებისმიერი რამ გექნება, რასაც მოისურვებ, ბრენდული ტანსაცმლით დაწყებული, ძვირადღირებული მანქანით დამთავრებული

ლეოს ხელები უხეშად მოვიშორე და ღრმად ამოვისუნთქე. ადამიანთა ფსიქოლოგიის შესახებ საკმაოდ ბევრი წიგნი თუ სტატია მქონდა წაკითხული და ისიც კარგად ვიცოდი, რომ კაცები, ზოგჯერ ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები, რათა მიზანში ამოღებული ქალი ჩაეგდოთ ხელში. მტკიცე უარის თქმა და წინააღმდეგობის გაწევა, მსგავსი ფსიქოტიპის მამაკაცს უფრო დიდ აზარტში ჩააგდებდა. რაღაც ისეთი უნდა მომეფიქრებინა, რითაც იძულებულს გავხდიდი თავისივე ნებით ჩამომშორებოდა და ეს გეგმა, აქ და ამ წამსვე უნდა დამესახა.

დაბნეულმა, მზერა მთელ პარკინგს მოვატარე, თითქოს არსაიდან გაჩენილი კეთილი ფერიისგან მოველოდი ჯადოსნური ჯოხის აქნევასა და სიტუაციიდან ხსნას. მიშო კვლავ თავის მანქანას მიყრდნობოდა და გაუჩერებლად ურტყამდა ერთიმეორეზე მსხვილ ნაპასებს. მისი დანახვა ორმაგად უფრო მიშლიდა ნერვებს, თუმცა ეს მხოლოდ პირველ ეტაპზე. შემდეგ ისეთი გიჟური იდეა მომივიდა, რაც მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ პიროვნებას თუ დაებადებოდა გონებაში. ჩემს გადაწყვეტილებას, თავადაც არ ვთვლიდი მთლად ადეკვატურად, თუმცა ზოგჯერ იმპულსურობაც მახასიათებდა ხოლმე, თანაც იმდენად ძლიერი, რომ მოსალოდნელ შედეგებზე ფიქრით თავს საერთოდ არ ვიწუხებდი. მოცემულ მომენტშიც სწორედ ასეთი რაკურსით წავედი და მეტად დამაჯერებელი სახეც მივიღე, რათა ჩემი სიტყვები რაც შეიძლებოდა სარწმუნო გამხდარიყო.

-მაპატიე, მაგრამ მე უკვე მყავს საკმაოდ გავლენიანი საყვარელი. უკვე ექვსი თვეა, რაც ერთად ვართ და მისი მხრიდან არც ფინანსური და არც სექსუალური სახის დაკმაყოფილების ნაკლებობას არ განვიცდი

დავინახე როგორ რადიკალურად შეეცვალა მზერა ამ სიტყვების გააზრებისას. თუკი აქამდე მისი ყოველი მოქმედება და ჟესტი თავდაჯერებას ასხივებდა, ახლა აშკარა ყოყმანი შეეპარა. ნაცრისფერ თვალებშიც უკმაყოფილების გამომხატველი ნაპერწკლები აუთამაშდა.

-და ვინ არის? -ოდნავ ეჭვიანი ტონით დამისვა კითხვა. როგორც ვვარაუდობდი, მისი დარწმუნება არც ისეთი მარტივი ამოცანა გახლდათ. სწორედ ამიტომ, რაც შემეძლო დავაჩქარე ჩემი გიჟური გეგმის ამუშავება და მზერით კვლავ პარკინგზე მდგომ მიშოს დავუბრუნდი.

-აი ისიც -ცერა თითით შეუმჩნევლად ვანიშნე იმ მხარეს, სადაც მეფარიშვილი საკუთარ მანქანას გახლდათ მიყრდნობილი. ერთადერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი ჩემს წრეში, ვისაც შეძლებული ეთქმოდა და საკმაოდ ძვირადღირებული ავტომობილის საჭესაც ატრიალებდა, სწორედ მიშო იყო და ზუსტად ამიტომ ჩავეჭიდე იმ მომენტში მაშველი რგოლივით მაინცდამაინც მას.

ლეო კვლავ უნდობლად მათვალიერებდა. მზერას ჯერ მეფარიშვილისკენ მიმართავდა, მერე ისევ ჩემკენ და ასე გრძელდებოდა რამდენიმე წამის განმავლობაში, მანამ, სანამ საბოლოოდ თავად არ დაუსვა წერტილი ჩვენს შორის ჩამოვარდნილ არაფრისმთქმელ მდუმარებას:

-ანუ ამ რესტორნის დირექტორთან წევხარ?

-ჰო, ასეა -რამდენადაც გულისამრევიც არ უნდა ყოფილიყო ჩემთვის ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემა, ეს მაინც გავაკეთე, თან მეტი დამაჯერებლობისთვის დავამატე :- შენი აზრით, ამ დროს აქ რატომაა? შეამჩნია შენი ჩემდამი დამოკიდებულება. მართალია ყოველთვის მაძლევს იმის უფლებას ასეთი რამები ჩემით მოვაგვარო, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი იგრძნობს, რომ სიტუაციას მარტო ვერ ვუმკლავდები და მისი ჩარევაა საჭირო, წამითაც არ დააყოვნებს

-მშვენიერია . . . თუკი რამე გაუთვალისწინებელი მოხდება, დაცვის სამსახური ახლოს გყავს -კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემი მიმართულებით ამის თქმისას -ახლა რომ ავდგე, ტუჩებზე თითებით მოგეფერო და შემდეგ გაკოცო, საინტერესოა რას გააკეთებს? გინდა დავტესტოთ?

-არ გირჩევ -პრევენციის მიზნით, მკერდზე ხელის გული მივაბჯინე -შენი წინა ორი კბილი იმდენად ლამაზია, მათ გარეშე დარჩენა საცოდაობა იქნება

ამის მერე, ისე ჩამომშორდა მეტად მოახლოება აღარ უცდია, თუმცა სახეზე ისეთი გაურკვეველი ღიმილი დასთამაშებდა, ამის ყურებითაც კი ვითრგუნებოდი და ეჭვი შემქონდა, რომ ეს ადამიანი მთლად ჯანმრთელი ფსიქიკის ვერ უნდა ყოფილიყო.

-კარგი, ამ ეტაპზე იყოს როგორც არის -არა და არ მშორდებოდა მისი ბასრი მზერა -თუმცა დაიმახსოვრე, რომ ეს დასასრული არაა. სანდო წყაროების გარეშე, მიღებულ ინფორმაციას ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებ ხოლმე

ზურგი ისე მაქცია, თავისი ნათქვამისთვის მეტად აღარაფერი დაუმატებია, თუმცა ეს სიტყვებიც კი საკმარისი აღმოჩნდა, რათა მისგან მომდინარე რეალური საფრთხე აღექვა ჩემს გონებას. როგორც ჩანდა, ხრიკი, რის მიხედვითაც თავად მიშო მეფარიშვილი გამოვაცხადე ჩემს მდიდარ საყვარლად, არც ისეთი ეფექტური აღმოჩნდა, როგორც ამას დასაწყისში ვფიქრობდი. იმ მომენტში, ორი დიდი სადარდებელი მქონდა –ლეოს გამოჩენა და ის, რომ მიშოს ვერასდროს გაეგო ჩემს მიერ შეთხზული პატარა ტყუილის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზუსტად ვიცოდი მისი ყბიდან ვეღარასდროს ამოვიდოდი.

საჭესთან ანერვიულებული დავჯექი და კარი იმდენად მაგრად მოვიჯახუნე, სავარაუდოდ, ხმა მთელს პარკინგზე ექოდ გავრცელდა. აღარ დამიწყია იმის თვალიერება, თუ რომელ მხარეს წავიდა ლეო. ახლა ყველაზე მეტად, იქაურობას მოშორება სურდა ჩემს გულს, ამიტომ რაც შემეძლო სწრაფად ავამუშავე ძრავა და ავტოსადგომიდან ნელ-ნელა დავიწყე მანქანის გაყვანა. სწორედ იმ დროს, მიშოს პორშესაც მოვკარი თვალი. ჩემს მსგავსად, მასაც აენთო წინა ფარები და პარკინგის მიდამოს ტოვებდა.

რესტორნის მიმდებარე ტერიტორიას თითქმის ერთობლივად გავცდით. რაღაც პერიოდის განმავლობაში, მისი ავტომობილი უკანაც მომყვებოდა, თუმცა მგზავრობის დაწყებიდან დაახლოებით სამი წუთის შემდეგ, ჩვენი გზები გაიყო და მეფარიშვილმაც, მოპირდაპირე ქუჩაზე გადახვევამდე, დამშვიდობების ნიშნად რამდენჯერმე დამისიგნალა.

სალონში მუსიკა ჩავრთე და ბოლო ხმაზე ავუწიე. გული ცუდს მიგრძნობდა და ეს ცუდი წინათგრძნობა არა და არ მშორდებოდა. ლოლასა და კალეს თუ არ ჩავთვლიდით, ამ სამყაროში სრულიად მარტო ვიყავი. არ გამაჩნდა ისეთი გავლენიანი, ძლიერი ადამიანი, ვინც ჩემს დახმარებას შეძლებდა, თუკი რომელიმე ავადმყოფი, მანიაკის თვისებების მატარებელი პიროვნება გადამეკიდებოდა. ერთადერთი, ვინც ასეთი სიტუაციიდან გამომაძვრენდა, ისევ ჩემივე ხრიკები იყო და სისუსტის გამომჟღავნების უფლება არანაირად არ მქონდა.





8 8 8 8

დილით, ჩემი იისფერი აბრეშუმის თეთრეულზე დაცემულმა მცხუნვარე მზის სხივებმა გამომაღვიძეს.

დიდი, მრგვალი ფანჯრიდან, რომელთანაც საწოლი მქონდა მიდგმული, მთელი სიდიადით დამყურებდა მწიფე ალუბლისფრად შეფერილი გარიჟრაჟის ცა, ხოლო იატაკზე დადებულ პატარა ხმის გამაძლიერებელში, კვლავ დაბალ ხმაზე ჟღერდა გამეორების რეჟიმზე ჩართული ზღვის ტალღების შრიალი, რომელსაც საკმაოდ ხშირად ვრთავდი ხოლმე ღამღამობით, რათა მშვიდ ატმოსფეროში დაძინება შემძლებოდა.

დაბინდული თვალებით კალენდარს შევხედე. ხუთშაბათი იყო და დღევანდელი განრიგიც უკვე ზედმიწევნითი სიზუსტით მქონდა შედგენილი. საუზმის შემდეგ სპორტ-დარბაზში ვაპირებდი სტუმრობას, შემდეგ ლოლასთან ერთად აუზებზე წასვლა მქონდა გეგმაში, ვინაც, წინა დღით, სპეციალურად დაწერა საათობრივი შვებულება, რათა რესტორნიდან გათავისუფლება შეძლებოდა, ხოლო ამის მერე რაღაც პერიოდით დავისვენებდი და ცოტაოდენი წახემსების შემდეგ, სამსახურში წასასვლელად დავიწყებდი მზადებას.

ხმის გამაძლიერებელი ფეხზე აუდგომლად გავთიშე და ერთი გემრიელად გავიზმორე. ლოგინში გამუდმებული წრიალისგან, ჩემი საყვარელი იისფერი აბრეშუმის პიჟამა ტანზე უსწორმასწოროდ მქონდა შემოტმასნილი. როგორც ჩანდა, გუშინ ან რაღაც ცუდი მესიზმრებოდა, ან წუხანდელიდან გამოყოლილი ნეგატიური შეგრძნებების გავლენით ვიყავი მოუსვენრად.

რაც არ უნდა ყოფილიყო, ახლა უკვე ახალი დღე იწყებოდა და მეც უჩვეულოდ პოზიტიურად გახლდით დამუხტული. განწყობას ჩემი საძინებლის ყურებაც მიუმჯობესებდა, სადაც მთელი ჭერი ვარსკვლავებიანი ცით მქონდა მოხატული, ხოლო ნივთებისა და ავეჯის უმეტესობა, ჩემთვის საყვარელი ფერში –ღია იისფერში იყო გადაწყვეტილი.

გამორჩეულად მიყვარდა აქაურობა. ეს იყო ადგილი, სადაც ფიზიკურთან ერთად, სულიერი დასვენებაც შემეძლო და ამავდროულად ოცნებებში გადაშვება, რომლებშიც მე და მამას, კვლავ უწინდელივით შეგვეძლო ერთად ყოფნა და ათასი სიგიჟის კეთება.

მამაჩემს ყოველთვის საუკეთესო მეგობრად ვთვლიდი. მასთან ისეთ თემებზეც კი ვსაუბრობდი, როგორც ბიჭები, ურთიერთობები და პაემანზე წასასვლელი სამოსის არჩევა იყო. ყოველ მორიგ ასეთ შეხვედრას, ის მუდამ არასერიოზულად უყურებდა, რადგან ჩემს თვალებში ვერასდროს ხედავდა იმ დიდ ენთუზიაზმს, რაც საყვარელ ადამიანთან შეხვედრას უძღოდა წინ. მახსოვს მუდამ ერთსა და იმავეს მიმეორებდა –საკუთარი თავი ყოველთვის ძვირადღირებული სასმელივით დააფასე, ყველასთვის ხელმისაწვდომი ნუ იქნები და შეხების უფლებაც მხოლოდ იმ ადამიანს მიეცი, ვინც მზად იქნება შენს გამო ტყვიასაც გადაუდგესო.

მაშინ მისი სიტყვები ერთობ გადაჭარბებულ რომანტიკად ჩამესმოდა ყურში და ფილმებისა და წიგნების გარეთ ვერც კი წარმომედგინა ისეთი პიროვნების არსებობა, ვინც საყვარელი ადამიანის გამო თავს დაუფიქრებლად გაწირავდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ვხვდებოდი, რომ თუკი ვინმეს გულით შეიყვარებდი, თუ იგი შენი ნაწილი გახდებოდა, მის გამო თვალუწვდენელი კლდიდან გადახტომაც კი მარტივზე მარტივად მოგეჩვენებოდა.

საწოლიდან ზლაზვნით წამოვდექი და საშხაპეში შესვლის წინ პაჟამა გავიხადე. გუშინდელ პროგნოზს თუ დავუჯერებდით, დღევანდელი ტემპერატურა დაახლოებით ოცდარვა გრადუს-ცელსიუსამდე აღწევდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ აუზისთვის და გასარუჯად სწორედ იდეალური ამინდი იყო.

დილის პროცედურებს დაახლოებით ნახევარ საათში მოვრჩი და ხილიანი შვრიის ფაფით მსუბუქად ვისაუზმე. ფიტნესში წასაღები სპორტული ზურგჩანთა, წინა ღამით მქონდა ჩალაგებული, ამიტომ, ამოვრეცხე თუ არა ნიჟარაში ჩემს მიერ დასვრილი ჭურჭელი, მაშინვე ჩანთას დავტაცე ხელი და ბინიდან, ყურსასმენებში აჟღერებული ენერგიული მუსიკის ფონზე გამოვედი. იმ დილით არავითარ უცნაურ სიურპრიზს არ ველოდი, თუმცა როდესაც სადარბაზოში, კარის წინ დაფენილ ხალიჩაზე დადებული დიდი გალია ჩემი წაბორძიკებისა და ლამის ძირს გართხმის მიზეზი გახდა, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც მთლად რიგზე ვერ იყო.

კითხვის ნიშანივით წელში მოღუნული, ძლივძლივობით გავსწორდი და კვლავ ხალიჩას დავხედე. მასზე დადებულ ჭრელ გალიაში, ულამაზესი ჯუნგლების თუთიყუში იწონებდა თავს და ნელა ირწეოდა სპეციალურად გაკეთებულ, ჭერიდან ჩამოშვებულ რგოლზე. თუმცა ეს, ყველაფერი არ ყოფილა. ფრინველთან ერთად, გალიაში პატარა ბარათი და ლამაზი, ეკლებისგან საგულდაგულოდ განთავისუფლებული წითელი ვარდიც იდო. აშკარა გახლდათ საჩუქარი ჩემთვის იყო განკუთვნილი და უკვე იმასაც ვხვდებოდი, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი გამომგზავნი. ამაში ბარათის წაკითხვამაც დამარწმუნა, რომელშიც ნაბეჭდი ასოებით ეწერა შემდეგი ტექსტი:

"საკმაოდ სანდო წყაროებიდან ვიცი, რომ შენსა და მიშო მეფარიშვილს შორის არაფერი ხდება. დაიმახსოვრე, უზარმაზარ სურვილად მექეცი და გაჩერებას არ ვაპირებ."

ბარათი უკმაყოფილო სახით გადავხიე და კარს თვალებდახუჭული მივეყდენი. ამ ადამიანთან დაკავშირებით გული საკმაოდ ცუდს მიგრძნობდა და ისიც ვიცოდი, რომ მისი თავიდან მოშორება ჩემთვის ძალზედ რთულ ამოცანად იქცეოდა. რამდენიმე წამით ისიც ვიფიქრე პოლიციაში ხომ არ ვუჩივლო-მეთქი, მაგრამ მერე გავიაზრე ჯერ ისეთი არაფერი ჰქონდა გაკეთებული, რომ სამართალდამცავები რამეში შედავებოდნენ და მიღებული გადაწყვეტილება მაშინვე გადავისროლე წარმოსახვით სანაგვე ყუთში.

გალიაში გამომწყვდეული თუთიყუში კვლავ აგრძელებდა რგოლზე ქანაობას, ისე, თითქოს სპეციალურად ჩემთვის თავის მოსაწონებლად აკრობატულ ილეთებს ასრულებსო. ვინც არ უნდა ყოფილიყო საჩუქრის ავტორი, არც ფრინველს და არც ყვავილს ჩემთვის არაფერი ჰქონდათ დაშავებული, ამიტომ გარეთ უპატრონოდ დასატოვებლად ორივე შემეცოდა და გადავწყვიტე გალია შინ შემეტანა. ასეც მოვიქეცი –თუთიყუშს მისაღებში გამოვუყავი თავისი კუთხე, ვარდი წყლით სავსე მაღალ ჭიქაში ჩავდე და როგორც კი ყველაფერს თავის ადგილი მივუჩინე სახლიდან კიდევ ერთხელ გამოვედი.

ამჯერად აღარაფერს შევუყოვნებივარ, სპორტ-დარბაზისკენ მიმავალ გზაზე. დანიშნულების ადგილას მისვლისას, ბედმა გამიღიმა და პარკინგზეც მალევე ვიპოვე თავისუფალი ადგილი. არ გამკვირვებია, როდესაც ავტოსადგომზე, სხვა ავტომობილებს შორის, მიშოს თეთრ პორშესაც მოვკარი თვალი. უკვე ორი კვირა ხდებოდა, რაც შევამჩნიე, რომ იმავე ფიტნეს კლუბში დაეწყო სიარული, სადაც მე უკვე ერთი წელი ვვარჯიშობდი. რამდენჯერმე ერთმანეთს გადავეყარეთ კიდეც, თუმცა არც ერთი ჩვენი შეხვედრა არ გამოირჩეოდა მოკითხვებითა და გულთბილი სალამით. პირიქით, ორივენი ისე ვიქცეოდით, თითქოს ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ადამიანები ვიყავით, რომელთაც ერთსა და იმავე დროს, ერთი და იგივე ადგილას მოუწიათ ყოფნა.

ვინაიდან დროის ეს მონაკვეთი დაწესებულებისთვის პიკის საათად ითვლებოდა, სპორტ-დარბაზი ხალხით იყო გადაჭედილი. ამის გამო, გასახდელში ძლივძლივობით ვიპოვე ცარიელი კარადა, ჩემი ტანსაცმელი სავარჯიშო სამოსით ჩავანაცვლე და ცივი წყლის ბოთლით ხელში, ტრენაჟორების ოთახისკენ ავიღე გეზი.

მთელ სიგრძეზე ჩაყოლებული სარბენი ბილიკებიდან მხოლოდ ორი თუ იყო თავისუფალი. მეც გადავწყვიტე სანამ აქტიურ ვარჯიშზე გადავიდოდი, მოდუნებული კუნთები სწორედ ამ ტრენაჟორის საშუალებით ამემუშავებინა, მაგრამ გადავდგი თუ არა ერთი ნაბიჯი, მაშინვე ვიგრძენი დაბრკოლება, რომელიც სრულიად მოულოდნელად გადამეღობა გზაზე და გასავლელი გზა ჩამიხერგა. ეს დაბრკოლება მაღალი, საკმაოდ მიმზიდველი აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი გახლდათ, ვინც ვიღაცასთან საუბარში იმდენად გართულიყო, საერთოდ ვერ შეემჩნია ის ფაქტი, რომ ლამის ზურგით შემეჯახა. რამდენიმე წამში მისი თანამოსაუბრეც შევათვალიერე. ამჯერად თვალთახედვის არეალში შავ, უმკლავო მაისურსა და ამავე ფერის სავარჯიშო შორტებში გამოწყობილი მიშო მეფარიშვილი მომხვდა, რომელიც მინის ბოთლიდან, ლიმონითა და პიტნით გაზავებულ ცივ წყალს მიირთმევდა, თან ყურადღებით უსმენდა თანამოსაუბრეს.

მათ გარემოცვაში დიდხანს აღარ გავჩერებულვარ. თავხედურად რომ არ გამომსვლოდა, მიშოს თავი მისალმების ნიშნად დავუკარი, მასთან ერთად მყოფ მამაკაცს გვერდი ავუქციე და სარბენ ბილიკზე განსაკუთრებული შემართებით შევდექი. აქედან რამდენიმე წამში ჩემი ტელეფონიც აზუზუნდა, რომელმაც შეტყობინების მოსვლა მამცნო. ავტორი ლოლა იყო, თან საკმაოდ მოზრდილ ტექსტს მიგზავნიდა, ქალისა და მამაკაცის ფოტო-სურათთან ერთად.

„გახსოვს ანტალიაში მოგზაურობისას გაცნობილ ერთ ძალიან მომხიბვლელ არსებაზე რომ გიყვებოდი? გითხარი ერთად გატარებული ღამის შემდეგ სიყვარულს მეფიცებოდა-მეთქი. თურმე დაქორწინებულა და ძალიან ბედნიერია თავის ქერა, უკრაინელ ცოლთან ერთად. რა უბედურებაა, ორი წამითაც რომ გაგიფუჭდეს განწყობა, სოციალური ქსელი ათასობით ფოტოს მოგაყრის, რომლებზეც ყველა ბედნიერია და ცხოვრება უხარია.“

გამეღიმა მის მონაწერზე. მართალია, ლოლას მამაკაცის შეყვარების უნარი არ გააჩნდა, მაგრამ მაინც უსიამოვნო გრძნობა ეუფლებოდა, როდესაც მის „ხელში გავლილ“ კაცებს, სხვა ქალის გვერდით დაინახავდა ხოლმე.

„ეგოისტი ნუ იქნები ლოლიტა. სხვისი ბედნიერება შენთვის უსიამოვნო არ უნდა იყოს.“ -მივწერე პასუხად და სულ მალე, მორიგი შეტყობინებაც მივიღე მისგან:

„კარგი დავიკიდოთ, ერთი მაგის დ*დაც . . . ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ზეგ ერქოლესა და ტეოს იაპონელი მეგობარი ჩამოდის. სავარაუდოდ, კორპორატიულსაც დაესწრება, თან მეცნიერია, მომავლის რობოტებს აწყობს და თუ ძალიან თხოვ, იქნებ ერთი მამაკაცის მოდელი შენთვისაც შექმნას, ხელუხლებელი რომ არ მოკვდე.“

თავი ვერ შევიკავე და მის სიტყვებზე მაინც გამეცინა, თუმცა კომენტარი სპეციალურად არ გამიკეთებია.

„ჰო, ვიცი ეგ ამბები. სამზარეულოში დიმიტრი რევიზორივით დადის, ყველაფერი იდეალურად უნდა იყოსო, მაგრამ როდესაც რესტორანს მისნაირი შეფ-მზარეული ჰყავს, ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაივლის.“

„ილოცე, რომ ასე იყოს, თორემ მეფარიშვილი ყველას დაქვითვაზე გაგვიშვებს. აქაც ჯარის პრინციპი მოქმედებს ¬–ისჯება არა ერთი, არამედ ყველა.“

„ეგ თქვენ იკითხეთ, თორემ ჩემი დაქვითვაზე გაშვება უკვე მოასწრო.“ -გაბრაზებულმა გავხედე მიშოს ამის თქმისას.

„ჰოო?“ -სიცილის სმაილების უხვი ნაკადი მოაყოლა ლოლამ თავის შეტყობინებას -„ისე, ჩემი მოგვარე რომ არ იყოს, ვიცი რასაც ვუზამდი.“

„მაინც რას?“

„დარწმუნებული ხარ, რომ მაგის მოსმენა მართლა გინდა?“ -კვლავ სიცილის სმაილები დაამატა მან თავის სიტყვებს.

„კარგი, კარგი, არაფრის მოსმენა არ მინდა! წავალ ვარჯიშს დავუბრუნდები, აუზზე შევხვდებით.“

დამშვიდობების ნიშნად, ლოლამ გულები გამომიგზავნა და მეც მაშინვე ავამუშავე დროებით გაჩერებული სარბენი ბილიკი.

თხუთმეტი წუთის განმავლობაში შეუსვენებლად ვირბინე ენერგიის მომცემი მუსიკის ფონზე, რომელიც ყურსასმენებში მქონდა ჩართული. შემდეგ ეს უკანასკნელი მოვიხსენი, მონიტორზე სიჩქარის მაჩვენებელს დავუწიე და შესვენების მიზნით ნელ სიარულზე გადავედი. აქედან სულ რამდენიმე წამში, ნაცნობი ტომ-ფორდის სუნამოს სურნელი ვიგრძენი, ჩემთან ძალიან ახლოს. სიამოვნებისგან თვალები ინსტიქტურად დავხუჭე. ვგიჟდებოდი ამ არომატზე, თუმცა მერე მახსენდებოდა ვინც იდგა ჩემს სიახლოვეს და მაშინვე ნეგატივით ვიმუხტებოდი ხოლმე.

ახლაც ასე მოხდა. როგორც კი გვერდით მიშოს ყოფნა გავიაზრე, თვალები უკმაყოფილოდ ავატრიალე და ყურსასმენებში მუსიკა გავთიშე. მეფარიშვილს ჩემს გვედითა სარბენ ბილიკზე დაეკავებინა ადგილი და ალაგალაგ ისე მიმზერდა, ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული რაღაცის თქმა ჰქონდა განზრახული.

-მიდი, გისმენ -ვცადე მოვლენები დამეჩქარებინა. მისი ირონიანარევი, ოდნავ ღიმილიანი მზერა უკვე საგრძნობლად მოქმედებდა ჩემს ნერვულ სისტემაზე და თავადაც მაკვირვებდა ის ფაქტი, რომ მიშო მეფარიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც შეეძლო ასეთი ელვისებური სისწრაფით გამოვეყვანე წყობიდან.

-არა, ეს მე გისმენ. დავიჯერო არაფერი გაქვს სათქმელი?

-რა უნდა მქონდეს? -აშკარად გაკვირვებული ვიყავი მისი ტონითაც და გამოხედვითაც, რომელშიც არაფერი იკვეთებოდა გარდა ბრაზნარევი ირონიისა.

-მაგალითად ის, რომ ჩვენი რესტორნის შიდა სივრცეში, კლიენტთან ინტიმური ურთიერთობა სასტიკად იკრძალება -სარბენი ბილიკი აამუშავა ამის თქმისას -დღეს კი ერთ-ერთი კლიენტი პირადად მიკავშირდება და მთხოვს რესტორანი დავხუროთ, რათა მხოლოდ თვითონ შეძლოს შენი გამოსვლის მოსმენა. თანხის დამატებასაც აპირებს, იმ შემთხვევაში, თუკი Imagines-ს კოლექტივი, რომანტიკული ვახშმის მაგიდასაც გაამზადებს თქვენ ორისთვის.

-მოიცა, რა? -მოსმენილისგან სპაზმებმა ლამის ყელში წამიჭირეს. ჩემს გონებაში, თვალწინ მაშინვე ლეოს სახე დამიდგა. მის გარდა, სხვა არავინ მახსენდებოდა ისეთი, ვისაც მსგავსი რამის გაკეთება მოუვიდოდა თავში აზრად.

-რაც გაიგე . . . ისეთი შეურაცხყოფილი სახე გაქვს, თითქოს ამის შესახებ ჩემგან პირველად ისმენ

-შენ წარმოიდგინე მართლა პირველად ვისმენ -ვერც ხმის ტემბრს და ვერც თვალებში ჩამდგარ ბრაზს ვერ გავუწიე კონტროლი. ლეოს უკვე საკმაოდ ღრმად ჰქონდა შეტოპილი და რაღაც სერიოზული ზომები უნდა მიმეღო მის შესაჩერებლად.

-თუკი ეგრეა გილოცავ, შენს ანგარიშზე ერთი გიჟი თაყვანისმცემელი უკვე არის

-საერთოდ არ მეცინება. როგორც თანამშრომელი მოვითხოვ მაგ ადამიანს რესტორანში შემოსვლა აეკრძალოს!

-მოითხოვ? -შევატყვე, რომ ჩემი სიტყვები სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა -იმის გამო, რომ შენს დანახვაზე ვიღაცას სექსუალური ფანტაზიები ახრჩობს, რესტორნის კართან ფეის-კონტროლს არ დავუწესებ

-ეს სახუმარო თემა არაა მეფარიშვილი!

-არა გაფიცებ, გვარით რატომ მომმართავ? შენი კლასელი ვარ, თუ ჯარში ვმსახურობდით ერთად? -სიცილს ძლივს იკავებდა, რითაც კიდევ უფრო მეტად მაღიზიანებდა, ისედაც გაღიზიანებულს.

-სერიოზულად გეუბნები, ეგ ტიპი უკვე ძალიან მავიწროვებს და უფროსობა ვალდებულია თავისი თანამშრომლის მშვიდ გარემოში მუშაობას შეუწყოს ხელი. თუ ამას შენ არ გააკეთებ, ერქოლესა და ტეოს დაველაპარაკები. დარწმუნებული ვარ, მათთვის ამდენი ახსნა არ დამჭირდება

-ვწუხვარ, მაგრამ ნოლანები კახეთში არიან მიწვეულები, ღვინის დეგუსტაციაზე და ზეგამდე არ იქნებიან -კვლავ ნიშნის მოგებით ჟღერდა მისი ტონი.

-არის ასეთი რაღაც –ტელეფონი ჰქვია. შემიძლია მისი მეშვეობით მოვაგვარო საქმე

-მეეჭვება კონტაქტზე გასვლა შეძლო. როდესაც ქალაქგარეთ გადიან, შენნაირი რიგითი თანამშრომლების ზარებს არ პასუხობენ. ვეჭვობ ისევ ჩემთვის მოგიწევს დახმარების თხოვნა

-ტონზეც გეტყობა, რომ უსასყიდლოდ დახმარებას არც კი განიხილავ -თავადაც ირონია გავურიე საკუთარ ხმაში -ფული იმდენი გაქვს, ჩემგან ნამდვილად აღარ გჭირდება. სხვა რისი მოცემა შემიძლია?

-მოცემა? -ეშმაკურად აუთამაშდა ორივე წარბი -კითხვას ეგრე მაცდურად ნუ სვამ, თორემ გარყვნილი ფანტაზიები მაწვება

-შეგიძლია ყოველ სიტყვაში არ გამოამჟღავნო რა უტაქტოც ხარ? -მობეზრებულად ავატრიალე თვალები. თავადაც ნერვები მეშლებოდა მსგავს სიტუაციაში ყოფნით, თუმცა რაღაც პერიოდით მიშოს დახმარება მართლა ძალიან მესაჭიროებოდა და სწორედ ამიტომ ვიკავებდი თავს იმ სიტყვების თქმისგან, რაც ენის წვერზე მადგა.

-ძალიან მიმზიდველი სპორტული სამოსით ვარჯიშობ -თავიდან ფეხებამდე ჩამომატარა მზერა ამის თქმისას -არც კი იცი რა სურვილები უტრიალებთ თავში ბიჭებს, რომლებიც ახლა გიყურებენ

-და შენ იცი? -უდარდელად მივუგე. ნახევარი პროცენტითაც კი არ მაინტერესებდა, როგორ მიმზერდნენ, ან რას ფიქრობდნენ გარშემო მყოფნი.

-ვიცი, რადგან მეც იგივე სურვილები გამიჩნდებოდა, რომ არ ვიცოდე რა არანორმალურიც ხარ

-შენი თავი არ მაქვს -სარბენ ბილიკიდან ჩამოვედი და იქვე მდგომ, ველოსიპედის ტრენაჟორზე გადავინაცვლე.

-შეგვიძლია წყვილივით მოვიქცეთ. ცოტა ხელებს მოგიფათურებ წელზე და საჯდომზე. თუკი ძალიან მთხოვ, შემიძლია გაკოცო კიდეც. იფიქრებენ, რომ ჩემი გოგო ხარ

-დიდი მადლობა, მაგრამ ბაყაყებს არ ვკოცნი, იმ იმედით, რომ პრინცებად გადაიქცევიან

მიშომ თავისი ბოთლიდან კიდევ ერთხელ მოსვა ლიმონიან-პიტნიანი წყალი პასუხიც მხოლოდ ამის შემდეგ დამიბრუნა:

-სამაგიეროდ, მაგ ბაყაყს შენი დახმარება შეუძლია და კარგი იქნება, თუკი ყველა თბილ სიტყვას გაიხსენებ, რაც კი ლექსიკონში მოგეპოვება

-ერქოლე და ტეო რომ ჩამოვლენ, შენი დახმარება საერთოდ აღარ დამჭირდება

-სანამ ეგ მოხდება, რესტორანი მე მაბარია და თუ გინდა, რომ ის თეთრბილეთიანი შენს გამოსვლას არ დაესწროს, ერთი პატარა თხოვნა უნდა შემისრულო

-რა გინდა მიშო? -ველოსიპედის პედლები გავაჩერე. უკვე აღარც ვარჯიშის განწყობა მქონდა და აღარც სამსახურში წასვლის. ისიც ჩემსავით მოიქცა –ტრენაჟორი გამორთო და სანამ რამეს იტყოდა, კიდევ ერთხელ მოსვა ბოთლიდან თავისი ლიმონიანი წყალი.

-ძალიან მარტივი რაღაც მინდა

-დროს ნუ წელავ, თქვი

მან თვალები ოდნავ მოჭუტა, სადისტურად გამიღიმა და თვალი, თვალში გამიყარა.

-ინდოეთში მოგზაურობის დროს, გოაზე, შენი სვირინგი ვნახე, მკერდის ქვემოთ რომ გაქვს

-ჰო მახოვს, მერე?

-უფლება მომეცი ხელით შევეხო . . . მხოლოდ იმ ადგილს . . .



****ინდოეთი****

ახალი სამუშაო გამოცდილება, რომელიც ტურისტულ კომპანიაში დასაქმებას გულისხმობდა, ჩემს ოცდამეორე იუბილეს დაემთხვა. მახსოვს ძალიან ვიყავი გახარებული, რადგან გიდის პროფესია ყოველთვის მხიბლავდა. ანაზღაურებაც საკმაოდ სოლიდური იყო, რაც საშუალებას მაძლევდა დანაზოგისთვის ხელი არ მეხლო და თვიდან თვემდე, ჩემს მიერ გამომუშავებული თანხით მეარსება.

დაახლოებით ერთი კვირა, უზომოდ კმაყოფილი ვიყავი ახალი სამსახურით. თანამშრომლებსაც საკმაოდ კარგად ვუგებდი და არც დილით ადრიანად ადგომა მიწვედა, რადგან სააგენტო ჩემს სახლთან ახლოს მდებარეობდა. საუბედუროდ როგორც ყველას, ამ ბედნიერებასაც გაუჩნდა პატარა ბზარი. ეს მაშინ მოხდა, როდესაც გავიგე, რომ იმ ტურისტულში, სადაც მე ვმუშაობდი, VIP-კლიენტთა სიაში მიშო მეფარიშვილიც შედიოდა. ჩვენი სააგენტო ასეთ კლიენტებს დიდ პრიორიტეტებს ანიჭებდა. თუკი ექსკურსიამძღოლის მოგზაურობაში წაყვანის უფლება მხოლოდ ტურისტულ ჯგუფებს ჰქონდათ და არა კერძო პირებს, განსაკუთრებულ კლიენტებს შეეძლოთ ამ პრივილეგიითაც ესარგებლათ. აგრეთვე შეეძლოთ მოეთხოვათ პირადი ფოტოგრაფი, რისი ღირებულებაც მთლიანად ტურის საფასურში იქნებოდა შესული და ესარგებლათ ფასდაკლების კუპონით ყოველ მესამე მოგზაურობაზე.

მარტის თვე იყო, როდესაც მიშო, ჩვენს სააგენტოს ინდოეთის ერთკვირიანი ტურის შესაძენად ესტუმრა. მეც სწორედ იმ ავბედით დღეს გადავეყარე მას სააგენტოს ფოიეში და ზუსტად ერთ საათში, ჩემმა მენეჯერმა მაცნობა კიდეც, რომ სააგენტოს ერთ-ერთ VIP-მომხმარებელს –მიშო მეფარიშვილს სწორედ მე უნდა გავყოლოდი ექსკურსიამძღოლად, როგორც ხუთი ენის მცოდნე და პირადად კლიენტის მიერ არჩეული.

მახსოვს საშინლად გავბრაზდი იმ მომენტში. ვიცოდი ამას სპეციალურად აკეთებდა, რადგან მშვენივრად ხვდებოდა როგორც გამაღიზიანებდა ამ ამბის გაგება. მართალია მასთან ერთად საზღვარგარეთ წასვლა უკანასკნელი იყო, რაც ამ ცხოვრებაში მსურდა, თუმცა დიდად არც უფროსობასთან რამის გამომჟღავნებისა და პირადულის, სამსახურში არევის მომხრე გახლდით. რა საქმისთვისაც არ უნდა მომეკიდა ხელი, პირველ რიგში პროფესიონალიზმი მმართებდა და ასეთი ვერასდროს გავხდებოდი, თუკი პირადული წყენები ხელს შემიშლიდა დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შემესრულებინა. ზუსტად ასე გადაწყდა ჩემი ინდოეთში გამგზავრება. უნდა მეღიარებინა, ეს ქვეყანა ბავშვობიდან მიზიდავდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფილმი „პატარძალი და ცრურწმენა“ პირველად ვნახე. რომ არა ის ადამიანი, ვისთან ერთადაც გამგზავრება მიწევდა, ეს მოგზაურობა დიდ სიამოვნებას მომანიჭებდა და სამუდამოდ ჩაიბეჭდებოდა ტკბილ მოგონებათა სიაში.

ვინაიდან, საქართველოდან ინდოეთამდე პირდაპირი რეისი არ იყო დანიშნული, ერთი გადაჯდომით დაახლოებით თერთმეტი საათი დაგვჭირდა ნიუ-დელიში მოსახვედრად. მიშოს გადაწყვეტილებით, იქამდე პირველი კლასით ვიმგზავრეთ, რადგან ამ უკანასკნელს, ეკონომ-კლასის ხმაურის ამდენი ხნით ატანა არ შეეძლო.

ჩვენი ერთობლივი მოგზაურობა ოთხ ქალაქს –დელის, აგრას, ჯაიპურს, ამრიტსარს და აგრეთვე კუნძულ გოას მოიცავდა, თუმცა აქედან მიშომ მხოლოდ აგრასა და გოას მონახულება გადაწყვიტა, დანარჩენები კი ღირშესანიშნაობების მხრივ საკმაოდ უღიმღამო ქალაქებად დაასახელა.

რა გაეწყობოდა? განდის აეროპორტში ჩვენი თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ერთი დღე ქუჩებში გავიარეთ, დელის ზოოპარკი მოვინახულეთ, ღამე სასტუმროში გავათიეთ, მერე კი, რადგანაც ტაქსები შუა ქუჩაში არ აჩერებდნენ, იგი სადგურთან ახლოს მდებარე ტაქსოპარკიდან ავიყვანეთ და პირდაპირ აგრასკენ მიმავალ გზას დავადექით. იქამდე დაახლოებით ორასი კილომეტრი იყო, მე კი ბოლო ოცდაოთხი საათის განმავლობაში მხოლოდ ორი საათი თუ მქონდა გატარებული ძილში , თუმცა ჩემს კლიენტთან, ვისაც მეორე დღესვე მოუნდა თაჯ-მაჰალის სანახავად აგრაში წასვლა, დაღლილობა არ შევიმჩნიე და ერთი ჭიქა მაგარი ყავით ვცადე ოდნავ ენერგიაზე მოსვლა.

მიშოს მსგავსად, ინდოეთში თავადაც პირველად ვიყავი და თითქმის ყველაფერს აღფრთოვანებაში მოვყავდი. გამუდმებით ის აზრი მიტრიალებდა, რომ აქ ჩამოსვლით ადამიანს, საკუთარ თავში უამრავი ახალი რამის აღმოჩენა შეეძლო. მომწონდა ის ფაქტი, რომ ინდოელები ძალზედ პოზიტიური, კომუნიკაბელური და მომღიმარი ხალხი იყვნენ. მათ ყველაზე უკეთ იცოდნენ, თუ როგორ დამტკბარიყვნენ მზის სხივებით, ადამინებით, ბუნებით და ჩვეულებრივი პურის ნატეხითაც კი. აქ ეგზოტიკა უდავოდ საკმარისზე მეტი იყო. მართალია, ამ ქვეყანას უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა –ქუჩებში სრული ანტისანიტარია სუფევდა, მრავლად იყო შხამიანი მწერები და ქვეწარმავლები, უამრავი ბავშვი მათხოვრობდა და არც ონკანის წყალი გახლდათ სასმელად ვარგისი, თუმცა მე, ინდოეთს მაინც მონეტას ვადარებდი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიწაში იყო ჩამარხული და მხოლოდ ადამიანზე იყო დამოკიდებული მასზე ჭუჭყს დაინახავდა, თუ ოქროს ჭუჭყის მიღმა.

ვინაიდან ინდოეთში მარტის თვეში ჩავედით, მალე "ჰოლის" დღესასწაულის მთელი გრანდიოზულობის საკუთარი თვალით ხილვა გველოდა წინ. ეს ზეიმი, ანუ როგორც იქაურები მოსახლეობა უწოდებდა –ფერების ფესტივალი, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდ ითვლებოდა და აგრეთვე გაზაფხულის სეზონის მოსვლის დაწყებისაც.

-თუკი ოდესმე ამ ქვეყანაში ჩამოხვალ, ინდოეთის ხმებს უნდა მოუსმინო -მოულოდნელად, ისე რომ არც ველოდი, გვერდიდან მიშოს სიტყვები ჩამესმა და ტაქსის ფანჯრიდან გადაშლილი სანახაობით გართულს, მხოლოდ მაშინ მომაგონდა მისი არსებობის შესახებ.

-მაპატიე, რა თქვი?

-ისეთი არაფერი . . . უბრალოდ შენი აზრზე მოყვანა მინდოდა -ირიბი ღიმილი უკრთოდა ტუჩის კუთხეში -მგონი სულ დაგავიწყდა, რომ გვერდით გიზივარ, შენ კი ექსკურსიამძღოლი ხარ, ვისაც ევალება ამ ქვეყნის შესახებ ჩემთვის უცნობი მასალით განმანათლოს ან რამე საინტერესო მომიყვეს

-ჰოო?

-ნამდვილად

-მაშინ ერთ რამეს გეტყვი –თუ ხელი არ ავამოძრავეთ, მასზე საათს ვერ ვიგრძნობთ, ვერც თითზე ბეჭედს. შენც ზუსტად ასე ხარ, თუკი ხმა არ ამოიღე, ან არ გაინძერი, შენს არსებობას საერთოდ ვერ ვგრძნობ, ამიტომ ზოგჯერ თავი შემახსენე ხოლმე

ჩემდა გასაკვირად ოდნავადაც არ გაბრაზებულა. პირიქით, ხმამაღლა გაეცინა და თავის მხარეს საქარე მინა კიდევ უფრო ქვემოთ ჩამოსწია.

-მგონი აქაურ გველებზე უფრო შხამიანი შენ ხარ -მითხრა სარკაზმით გაჯერებული ტონით -შევცდი უფრო ზრდილობიანი გიდი რომ არ წამოვიყვანე სააგენტოდან

-ვერ შეგეწინააღმდეგები. თითოეული მათგანი სიხარულით გამოგყვებოდა, მაგრამ შენ მაინცდამაინც ჩემზე შეაჩერე არჩევანი

-დარწმუნებული ვიყავი ჩემთან ერთად წამოსვლა არ გენდომებოდა

-ასეც ვიცოდი . . . სიამოვნებას იღებ, როდესაც ვიღაცის ნერვებზე თამაშობ, არა?

-რა უნდა ვქვნა? -მხრები გულუბრყვილო ბავშვივით აიჩეჩა -ყველას სხვადასხვაგვარი ჰობი აქვს ამ ცხოვრებაში

-მაგის გარდა სხვა ჰობიც გაქვს, მაგალითად იმ ქალების შეცდენა და მიტოვება, რომლებიც შენზე გიჟდებიან

-არ ვაპირებ შენგან ავიღო წერილობითი ნებართვა, სანამ ვინმეს გვირაბში შევაღწევ -ჩემს თმას წაეთამაშა ამის თქმისას -ისე, მგონი თავადაც არ გაწყენდა მამაკაცის არსებობა შენს ცხოვრებაში. იქნებ მერე მაინც აღარ იყო გაუთხოვარი მასწავლებელივით აგრესიული

როგორღაც მოვახერხე და მისი ეს სიტყვები ემოციური აფეთქების გარეშე გავატარე. აშკარად უკეთესი იყო მეც ისეთივე ირონიული ტონი მომეშველიებინა მიშოსთან სასაუბროდ, როგორითაც თავად მესაუბრებოდა.

-გპირდები აუცილებლად გავითვალისწინებ შენს კეთილ რჩევას, როდესაც საქართველოში დავბრუნდები -ყალბი ღიმილით გავხედე და სახეზეც შევატყვე, რომ მაშინვე ამოიცნო ამ ღიმილის არაგულწრფელობა.

-მოიშორე ეგ სიმშვიდე. შენი დაბღვერილი სახის ყურება უფრო აზარტულია

-როგორც არ უნდა ეცადო, წყობიდან ვერ გამომიყვან, ამიტომ ჯობია ენერგია სხვა რამისთვის დაზოგო

-კარგი -ხელები სიცილითა ასწია დანებების ნიშნად -თუ გინდა გავჩუმდე შენ ილაპარაკე. ვერ ვიტან უხმოდ მგზავრობას

საჭესთან მჯდომი ულვაშიანი, ოდნავ მუქი კანის ფერის მქონე მძღოლი, ისეთი დაკვირვებით უგდებდა ყურს ჩვენს საუბარს, თითქოს იქედან რაიმე აზრის გამოტანა შეეძლო. მართალია კაცი საკმაოდ დამახინჯებული ინგლისურით საუბრობდა და მისი ნათქვამის გაგება ჭირდა, თუმცა როგორღაც მაინც მიმახვედრა რა საფასურის სანაცვლოდ შეძლებდა ჩვენს აგრაში ჩაყვანას.

-ჯერ დანიშნულების ადგილასაც არ მივსულვართ და რაზე უნდა ვილაპარაკო? -ვკითხე ისე, რომ გვერდზე არც გამიხედავს.

-ეგ არცაა აუცილებელი. რამე საინტერესოზე მესაუბრე. მინდა აქაურობის შესახებ მეტი გავიგო

ღრმად ამოვიოხრე. რაც არ უნდა სამწუხარო ყოფილიყო, მიშო ამჯერად მართალი გახლდათ. აქ ჩამოსვლის შემდეგ, ჩემს საქმეს თითქმის არ ვასრულებდი და გადავწყვიტე ყველაფერი რაც შეიძლებოდა მალე გამომესწორებინა.

-კარგი, მოდი მთავარით დავიწყოთ -რაც შემეძლო საქმიანი იერი დავიჭირე -ერთ დროს ინდოეთი და პაკისტანი ერთი სახელმწიფო იყო. მეცხრამეტე საუკუნეში მათ ბრიტანეთი მართავდა. 1947 წელს კი ბრიტანეთმა, ინდოეთს დამოუკიდებლობა მიანიჭა, მაგრამ ინდუისტებმა და მუსლიმმა პაკისტანელებმა ცალკე ცხოვრება მოისურვეს . . .

-რის გამოც ქვეყანა ორად გაიყო –მუსლიმურ პაკისტანად და ინდუისტურ ინდოეთად -დაასრულა მან ჩემს მიერ დაწყებული წინადადება, რითაც მაიძულა დროებით გავჩუმებულიყავი, თუმცა ეს სიჩუმე დიდხანს არ გაგრძელებულა.

-როგორც ჩანს, თავადაც საკმაოდ ინფორმირებული ხარ

-დიდად არა, უბრალოდ შენ მაწვდი ზედმეტად მარტივ ინფორმაციას. რასაც მიყვები, ეს საბავშვო ბაღში მაქვს ნასწავლი. ისეთ რამებზე მესაუბრე, ძალიან ცოტამ რომ იცის

-მაგალითად?

-მაგალითად ქალაქი აგრა. ის მითხარი, რასაც ვიკიპედიაში ვერ მოვძებნი

-შეიძლება ვიკიპედიაში წერია, მაგრამ მაინც გეტყვი, რომ ქალაქი, საითკენაც ახლა მივემართებით, მეოცე ადგილზეა მთელს ინდოეთში დაბინძურებულ ტერიტორიათა სიაში. აშკარად ჯობდა ტურში შესულ სხვა ქალაქებზე უარი არ გეთქვა

მიშოს ისე ჩაეცინა, როგორც ჩანდა აშკარად არ მეთანხმებოდა.

-გული არ დაგწყდეს. ერთ დღეს იტალიის ყველაზე ქალაქებს მოვივლი შენთან ერთად და დანაშაულს ამით გამოვისყიდი

-ჩემთან ერთად? -ისე გავხედე, თითქოს გვერდით ფსიქიატრიულიდან გამოპარული პაციენტი მეჯდა -მოიცა შენ რა, იქაც ჩემს წაყვანას აპირებ?

-თუ ჭკვიანად მოიქცევი, დავფიქრდები

-და თუ არ მოვიქცევი?

-იმდენად დიდსულოვანი ვარ, გულმოწყალებას გამოვიჩენ და მაინც შენზე შევაჩერებ არჩევანს -მომიგო ისეთი ტონით, თითქოს მანიშნებდა ჩემი სიტყვები ძალიან უნდა გაგიხარდესო.

-მიშო, მოდი შევთანმხდეთ, რომ არც მე ვარ ოდრი ჰეფბერნი, არც შენ ხარ გრეგორი პეკი და არც ეს იქნება ჩვენი რომაული არდადეგები, კარგი?

-შენთვის არ უსწავლებიათ, რომ სამუშაოსა და პირადის ერთმანეთში არევა, პირდაპირ შენს არაპროფესიონალიზმს უსვამს ხაზს?

მრისხანებამ კიდევ ერთხელ შემიპყრო. არავინ იცის რას მოვიმოქმედებდი, თავი დროულად რომ არ მომეთოკა და ყურადღების გადატანის მიზნით, კვლავ საქმეზე არ გადავრთულიყავი.

-აგრას ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ადგილი მდინარე იამუნაა. იქ ნავითაც შეიძლება გასეირნება და თაჯ-მაჰალის ხედიც მოჩანს. ძირითადად მზის ჩასვლისას სეირნობენ ხოლმე, რადგან ამ დროს სანახაობა ბევრად უფრო ლამაზია

-ნავი, მზის ჩასვლა, თაჯ-მაჰალი, რომანტიკა -შთაგონებული სახით დაიწყო ჩამოთვლა მეფარიშვილმა, მერე კი მე გამომხედა მაღლა აზიდული წარბებით -შენ რა, მაბამ?

-მეხუმრები? მე ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ, შენზე ოცნებასაც ვერ გავბედავ

-მიყვარს სარკაზმი -ისეთი უცნაური ღიმილით შემომხედა, მაშინვე მომინდა ამ ღიმილის მნიშვნელობის ახსნა.

-ვერ მეტყვი ასე რატომ იღიმები?

-ამ წამს შიშველი წარმოგიდგინე -წამითაც არ დააყოვნა მისმა პასუხმა და ინსტიქტურად, მეც ისე ავიფარე სხეულზე ხელები, თითქოს ტანზე მართლა არაფერი მეცვა. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გავაცნობიერე რა სისულელესაც ვაკეთებდი და ხელები კვლავ ქვემოთ დავუშვი. მიშოს სიცილი აუტყდა.

-დამიჯერე, ეგ არაფერია იმასთან შედარებით, მარტო დარჩენის დროს რომ წარმოვიდგენ ხოლმე

-ჰოო? -კვლავ ირონიული ღიმილი მოვიშველიე. მივხვდი, რომ ისევ ნერვებზე თამაშში გაჰყავდა დრო, ამიტომ პროვოკაციას არ უნდა წამოვგებოდი -ჩემს წარმოდგენებში კი იცი რას გიკეთებ?

-მოფარებულ ადგილებში მიმათრევ და შენს სექსუალურ ფანტაზიებს ასხამ ფრთებს?

-არა . . . საფლავს ვთხრი და ცოცხლად გმარხავ -მივუგე ზიზღნარევი ტონით, ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობები ფეხებზე დავიკიდე და ჩანთიდან ამოღებულ ყურსასმენებში მუსიკა ჩავრთე, რათა მთელი დარჩენილი გზა მეფარიშვილის ხმა აღარ გამეგონა.

ვინაიდან დილით საკმაოდ ადრიანად გავედით, შუა დღე ხანს, უკვე ორივენი თაჯ-მაჰალის წინ ვიდექით. მარმარილოში გამოქანდაკებული ეს ულამაზესი, ოთხმინარეთიანი შენობა პირისპირ გაცილებით უფრო მიმზიდველი ჩანდა, ვიდრე ფოტო-სურათებზე. სანახაობით მონუსხულს უკვე სიცხეც აღარ მაწუხებდა. უბრალოდ ვიდექი, ვუყურებდი და მხოლოდ იმაზე მეფიქრებოდა, რომ ნიჭიერი ადამიანის ხელს ნამდვილი საოცრებების შექმნა შეეძლო. ყველაზე მეტად მაინც ის მომწონდა, რომ ამ ერთ შენობაში, სამი ქვეყნის –ინდური, სპარსული და თურქული არქიტექტურული ელემენტები ერწყმოდა ერთმანეთს, რაც მრავალფეროვნების ეფექტს უათმაგებდა ამ ისედაც გრანდიოზულ ნაგებობას.

-ესეც უკვდავი სიყვარულის სიმბოლო

-ასეა -თავის დაქნევითაც ისევე დავეთანხმე გვერდით მდგომ მიშოს, როგორც სიტყვიერად -შაჰმა ჯაჰანმა, მას „ცრემლი მარადისობის ლოყაზე“ უწოდა, რადგან ტაძარი მისი გარდაცვლილი მეუღლის მოსაგონარი ყოფილიყო

-მე რომ შაჰ-ჯაჰანის მსგავსად ასეთი მავზოლეუმი ამეგო შენთვის, ალბათ ჩემდამი სიყვარული გაგაგიჟებდა

-ძალიან დაგაჭირა მზემ, არა? -უზომოდ დიდი სიბრალული ჩავაქსოვე ერთ გამოხედვაში.

-შიგნით მინდა შესვლა -ჩემი რეპლიკა თვალების ტრიალით დააიგნორა მიშომ -როგორც ვიცი, აქაურები, ტაძარში შესვლის წინ ფეხზე იხდიან, ხომ?

-დარწმუნებული ხარ, რომ ეგ მართლა გინდა?

-რატომ არ უნდა მინდოდეს?

-იმიტომ, რომ შეიძლება შიგნით გველსაც გადავაწყდეთ -გამომცდელი მზერით შევხედე. ერთ-ერთი რამ, რაც მიშოს შესახებ ვიცოდი, ის იყო, რომ ორგანულად ეზიზღებოდა ყველანაირი სახეობის ქვეწარმავალი. ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ იმ დროიდან მქონდა, როდესაც ერთ სკოლაში ვსწავლობდით და არასრულწლოვნებად ვითვლებოდით.

-გველს? და რა უნდა შიგნით გველს?

-ის უნდა, რომ ამ შენობის იატაკი მარმარილოთია მოპირკეთებული, მარმარილო კი გრილია და ერთგვარი გაგრილების საშუალებაა გველებისთვის, ცხელ ამინდში

-ამ ადგილს უამრავი ტურისტი სტუმრობს. თუკი ეგრეა, ისინი როგორ ბედავენ შიგნით შესვლას? -უნდობლად მიყურებდნენ მეფარიშვილის თვალები მოცემულ მომენტში.

-ბევრი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ აქაურმა გველმა არ გავნოს. ასეთი რამები ადგილობრივებმა კარგად იციან, ტურისტებს კი შეუძლიათ გზამკვლევები წაიკითხონ, ან თავის ექსკურსიამძღოლის მითითებებს მიჰყვნენ

-გამორიცხულია! -თავი კატეგორიულად გადააქნია და გულზე ხელები დაიკრიფა -სულ რომ ცირკში იყო ნამუშევარი გველების მომთვინიერებლად, იქ, თანაც ფეხშიშველი მაინც არ შემოგყვები!

-ეგ შენი ბოლო სიტყვაა? -გულში მეცინებოდა მისი ბავშვური შფოთვის შემხედვარეს.

-ჰო, ბოლო სიტყვაა

-კარგი, თუკი ასეა, შეგიძლია გარედან დატკბე სანახაობით -მივუგე თუ არა, ტელეფონიც მოვიმარჯვე, რათა სამახსოვრო ფოტოები გადამეღო, თაჯ-მაჰალის ფონზე. კამერაში წინა ხედი ჩავრთე და თმა გავისწორე. როგორც კი შესაბამისი ფილტრი დავაყენე და უკვე ფოტოს გადაღებას ვაპირებდი, ჩემი სახის გვერდით, მიშოს სახეც გაჩნდა, ვინაც მხარზე ხელი ისე გადამხვია, როგორც ძველ კარგ მეგობარს.

-მიდი, გადაიღე. თუკი შენს სთორებში მეც გამოვჩნდები, უფრო ბევრი ლაიქი ექნება

-სთორის დადებას არ ვაპირებ და თუ შეიძლება გაიწიე, მარტო მინდა გადაღება

მიშომ ყურადღებაც არ მომაქცია ისე გაუღიმა კამერას და გადაღების ღილაკს თითი დააჭირა. თავად იდეალურად გამოვიდა ფოტოში, თუმცა საკუთარ თავზე იგივეს აშკარად ვერ ვიტყოდი, რადგან კადრში დაბღვერილი სახით ვუმზერდი მეფარიშვილს და ამის გამო, მაინცდამაინც სასიამოვნო სანახავი ვერ ვიყავი.

-ესეც ასე, ნამდვილი ბონი და კლაიდივით გამოვიყურებით

-რომეო და ჯულიეტასავითაც ხომ არა?

-ხუმრობ? ასეთი ბანალურიც არ მეგონე

-შექსპირი ბანალურად მიგაჩნია?

-ჰო, მიმაჩნია -მსწრაფლ დამიქნია თავი -რომეო და ჯულიეტა შეიძლება ვიღაცისთვის სიყვარულის ეტალონები არიან, მაგრამ მე თუ მკითხავ, ტვინში ორივეს მაგრად უჭერდათ. მათი უაზრო თვითმკვლელობაც სწორედ ამის დასტურია

-და რა იცი, რომ შექსპირი ასეთი სიყვარულისკენ მოუწოდებდა მკითხველს? -ტელეფონი შევინახე და მეფარიშვილს გავხედე -იქნებ ავტორიც ზუსტად იმას გვასწავლის, რომ სიყვარულშიც უნდა გავავლოთ ზღვარი, რომელსაც არ გადავაბიჯებთ?

მიშოს გაეცინა, თან ლამაზად გადაკეცილი ცხვირსახოცით მოიწმინდა შუბლზე მიწებებული პაწაწინა ოფლის წვეთები.

-ეგ ცხონებული შექსპირის გარდა არავინ იცის

-კარგი, რახან შიგნით შესვლა არ გინდა, ჯერ ინდური ტკბილეული გავსინჯოთ და ქუჩებში გავიაროთ, მზის ჩასვლისას კი დავბრუნდეთ და ნავით გავისეირნოთ მდინარეზე

-აბა შენ იცი რას გააკეთებ იმისთვის, რომ ეს შვებულება ჩემთვის დაუვიწყარი იყოს

ინდოეთში ჩამოსვლამდე, ვინაიდან ამ მიწაზე, ეს ჩემი პირველი მოგზაურობა იყო, უამრავი ინფრომაცია მოვიძიე, როგორც ყველაზე სანახაობრივ ტურისტულ ადგილებზე, ისე ინდურ სამზარეულოზე. მართალია აქაურ კერძებში არაფერი იყო ისეთი, რაც ძალიან მომხიბლავდა, თუმცა ტკბილეულის დაგემოვნებაზე ნამდვილად არ შემეძლო უარის თქმა და არჩეულიც კი მქონდა რა უნდა გამესინჯა ყველაზე პირველად.

-წამომყევი, ერთი ადგილი ვიცი, სადაც ყველაზე გემრიელი საკონდიტრო ნაწარმი აქვთ მთელს ქალაქში

-მპატიჟებ?

-მე არაფერზე გპატიჟებ. ყველაფრის ანაზღაურება თავად მოგიწევს და წინასწარ გაფრთხილებ, ვაპირებ ჩემთვის ძალიან ბევრი რამ შევუკვეთო

თაჰ-მაჰალის მავზოლეუმიდან დაახლოებით სამას მეტრში, პატარა, არაფრით გამორჩეული საკონდიტრო მდებარეობდა. კლიენტთა მიღება, გარე სივრცეშიც ისევე შეიძლებოდა, როგორც შიდა სივრცეში. ამის გამო, შენობის წინ, სპეციალურად შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, დაბალი სკამები და მაგიდები გაეწყოთ, რომელთაგან თითოეულ მათგანზე, ყვავილებით მოქარგული სუფრა ეფარა.

გარე სივრცეში არც ერთი ადგილი არ იყო დაკავებული, რასაც ვერ ვიტყოდი გადაჭედილ შიდა სივრცეზე, ამიტომ, სასურველი ტკბილეულის არჩევის მერე გადავწყვიტე გარეთ მოვთავსებულიყავი, მიუხევად იმისა, რომ თავზე წამოფარებული დიდი ქოლგის ქვეშაც საკმაოდ ცხელოდა.

ირგვლივ ხალხმრავლობა შეიმჩნეოდა. ქალთა დიდ ნაწილს თანამედროვე სამოსი ეცვა, მაგრამ ზოგიერთი სარიშიც იყო გამოწყობილი. რაც შეეხება მამაკაცებს, მათი უმეტესობა თხელ, ტილოს შარვლებსა და მაისურებში გახლდნენ ჩაცმულები.

ღიმილით ვათვალიერებდი ამ სანახაობას. ჯერ კიდევ არ მეჯერა, რომ ჩემი ქვეყნიდან ამდენად შორს, სრულიად სხვა კონტინენტზე ვიმყოფებოდი. ყოველ წამს იმაზე მეფიქრებოდა, თუ რამდენად იდეალური დროის გატარება შემეძლო, სამოგზაუროდ მარტო რომ ჩამოვსულიყავი და არა ვინმესთან ერთად.

მართალია, ჩემი ბიუჯეტი იმდენად დიდი არ იყო, რომ ყველაფერ საუკეთესოზე მქონოდა ამბიცია, თუმცა ეს, ჩემსავე წისქვილზე ასხამდა წყალს. ერთ-ერთი საუბრისას, როდესაც მამა ინდოეთის შესახებ მიყვებოდა, დაახლოებით ეს სიტყვები მითხრა:

„თუკი ბევრი ფული გაქვს, ნამდვილ ინდოეთს ვერასოდეს შეიცნობ მარიტა. ამ ქვეყნის რიტმსა და სულს ის ადამიანები უფრო უკეთ შეიგრძნობენ, ვისაც მხოლოდ ზურგ-ჩანთა, ფოტოაპარატი და ყავის დასალევი ფული აბადიათ. ისინი ივლიან ვიწრო ქუჩებში, ბავშვების მიერ გადმოგდებულ ბურთს ფეხს დაარტყამენ და რამდენიმე წუთით მათთან ერთადაც ითამაშებენ. შეხვდებიან მდინარის პირას მჯდომ მაწანწალა, თეთრწვერა მოხუცებს, მათ სიახლოვეს ჩამოჯდებიან და იქნებ სასიამოვნო დიალოგიც კი გააბან? ნახავენ, თუ როგორ ჩქეფს სიცოხლე ქალაქის ქუჩებში და როგორ სიმეტრიულად არის გადმოფენილი ღარიბულ უბნებში ფერადი თეთრეული, ფანჯრების წინ გაბმულ თოკებზე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სწორედ ესაა მთელი ნეტარება.“

დახლებზე ტკბილეულის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი შეიმჩნეოდა. შაქრის პუდრისა და ვანილის მოტკბო სურნელი, რომელიც მთელ საკონდიტროში იდგა, ერთიორად მანდომებდა ტკბილეულის დაგემოვნებას. მათგან ყველაზე მეტად, მაინც ლადუს გასინჯვის სურვილი მიტევდა, რადგან ამ დესერტში შემავალი თითოეული ინგრედიენტი სიგიჟემდე მიყვარდა, განსაკუთრებით ნუში, რისი ჭამაც ტონობითაც კი შემეძლო.

ჩემგან განსხვავებით, მიშო ნამდვილად არ გახლდათ კმაყოფილი. ჯერ იყო და ჩემს მიერ არჩეულმა ვერცერმა ტკბილეულმა ვერ ასიამოვნა მისი გემოს რეცეპტორები, შემდეგ უკვე კერძებიდან დამიწუნა თითოეული მათგანი და საქართველოდან წამოღებული შვრიის ორცხობილები ამომაცალა ჩანთიდან, არ მინდა აქ შიმშილით მოვკვდეო. არც ის ადგილები მოეწონა, რომელიც დავათვალიერებინე და არც ჩემთვის უცხო მუსიკალური საკრავებით ხელში მდგომ, ქუჩის მუსიკოსთა ჯგუფთან გამაჩერა, რათა მათთვის ცოტა ხნით მაინც მომესმინა. მასთან გატარებული ოთხი საათის შემდეგ თავს უკვე ისე ვგრძნობდი, მზად ვიყავი ყველაზე შხამიანი გველი დამეჭირა და იგი, მეფარიშვილის კისერზე ყელსახვევის ნაცვლად შემომეხვია.

საღამომდე დარჩენილი დრო ინდურ კულტურაზე, სხვადასხვა ლეგენდებსა და ხალხური თქმულებებზე მოყოლით გავიყვანე. მიშოც ისეთი ყურადღებით მისმენდა, თითქოს მისი მენტორი ვყოფილიყავი, ვისგანაც ცოდნის მაქსიმალურ დონეზე შესრუტვა სურდა. აინტერესებდა ყველაფერი, რაც თავად არ იცოდა და უამრავ კითხვას მისვამდა იმის შესახებ, რასაც მისთვის არცოდნის შავი ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული. დღის ბოლოს, ამ ადამიანით ისე გადაღლილი ვიყავი, არც თვალების გახელის თავი მქონდა და არც მდინარეზე ნავით გასეირნების, თუმცა იძულებული ვიყავი ეს მაინც გამეკეთებინა და მეფარიშვილთან ერთად, მორჩილი ბავშვივით ავიღე გეზი იამუნას ნაპირისკენ.

მწველი ცეცხლით აელვარებული ბურთი, მთელ ცას ფორთოხლისფერ შეფერილობას აძლევდა. დაისი სულ ახალი დაწყებული იყო და წყალზე ლამაზად ლიცლიცებდნენ ჩამავალი მზის თბილი სხივები. მინარეთებს შორის მთასავით ამოწვერილი თაჯ-მაჰალიც, მზის ჩასვლის ფონზე, თითქოს თავის უწინდელ ფერს კარგავდა და ოქროსფრად იფერებოდა.

მიშო ნელა, აუჩქარებლად უსვამდა მუქი ხისგან დამზადებულ ნიჩბებს. ნავი წყალზე მისრიალებდა. მე უბრალოდ ვიჯექი, ხელში მობილური მეჭირა და ამ ჯადოსნური სანახაობის კადრებს ვაფიქსირებდი. მომწონდა ირგვლივ გამეფებული მდუმარება, ლამაზი პეიზაჟი და წყლის ჩუმი შრიალი. ამ ყველაფრის გამო, აღარც დაღლილობა მიქმნიდა დისკომფორტს და არც სხვა რამ, თუმცა ეს ყველაფერი დროებით. როგორც კი მიშომ ნიჩბებს ხელი აუშვა და ისინი მე მომიყარა, ზღაპარი გამსკდარი საპნის ბუშტის მსგავსად გაუჩინარდა და რეალობის მიწაზე მწარედ დამანარცხა.

-ახლა თვითონ მოუსვი, მე ხელები დამეღალა -ჩვენი ტრანსპორტი გაეჩერებინა და უკვე მაჯებს იზელდა ამის თქმისას.

-მე უნდა წავიყვანო?

-ჰო, მერე?

-ჯენტლმენობაზე თუ გსმენია რამე? -გამეცინა. კიდევ კარგი იმ მომენტში არც ერთი ფემინისტი არ მისმენდა, თორემ, სავარაუდოდ ერთ ლუკმადაც არ ვეყოფოდი.

-ჯენტლმენი ისეთ ქალებთან ვარ, რომელთაც ჩემი ცოცხლად დამარხვის სურვილი არ უჩნდებათ, როდესაც მხედავენ. მიდი, მოუსვი ნიჩბები

-არაფერსაც არ მოვუსვამ -გულზე ხელებდაკრეფილმა ნიშნის მოგებით გავხედე -ნავი ცოტა ხნით გავაჩეროთ და სანახაობით დატკბი

აღარაფერი უთქვამს მიშოს. ორივე ნიჩაბი ნავში უხმოდ ჩადო და ზურგით მის კიდეს მიეყრდნო. რამდენიმე წამის განმავლობაში თვალმოუშორებლად უყურებდა მარმარილოს შენობაზე მიშვერილ დახრილ სხივებს, მერე ღრმად ამოისუნთქა, ნავში ზურგით გაწვა და მკითხა:

-ოცი წლის განმავლობაში შენდებოდა არა?

-სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ზოგ მათგანს თუ დავუჯერებთ, მის აგებას თორმეტი წელი დასჭირდა, თუმცა ტაძარზე გაკეთებული წარწერის მიხედვით, მშენებლობა 1648 წელს უნდა დასრულებულიყო

-რეალობაში დანახული კიდევ უფრო ლამაზია -თითქოს საკუთარ თავს უფრო ესაუბრებოდა, ვიდრე მე, მზერა კი ფორთოხლისფერად აელვარებული ცის კაბადონისკენ ჰქონდა მიშვერილი.

-ასეა . . . ლეგენდის მიხედვით, ამ ტაძრის აგებაში ჩართულმა თითოეულმა ადამიანმა სასტიკად აგო პასუხი. არქიტექტორები მოკლეს, მუშებს კიდევ მარჯვენა მოაჭრეს, რათა ასეთი ტაძარი სხვაგან ვეღარსად აეგოთ

-ეგ კიდევ არაფერი -ცალყბად ჩაეცინა მიშოს -ძველად თურმე ფინიკიაში, დიდგაროვან მამაკაცებს საფლავში თავიანთ ცოლებსაც აყოლებდნენ, იქეთა ცხოვრებაში დასჭირდებათო

-მოიცა, მოიცა, ქალებს ცოცხლად მარხავდნენ? -ტანში გამაჟრჟოლა ამ სიტუაციის წარმოდგენაზეც კი.

-გაგიმართლა იქ და იმ ეპოქაში რომ არ დაიბადე -მცირეხნიანი პაუზა გააკეთა ამის თქმისას, მერე კი ნავიდან ოდნავ თავწამოწეულმა მითხრა: -ღილები გაქვს გახსნილი, შეიკარი

-რა?

-მაისურზე -მშვიდად მომიგო მან. როგორც კი სიტუაცია გავიაზრე და მისი სიტყვები ბოლომდე აღვიქვი, სინათლის სიჩქარით დავავლე ხელი ჩემს ზედატანს. აღმოჩნდა, რომ მასზე შემთხვევით ჩახსნილიყო პირველი და მეორე ღილი. მართალია იმ მომენტში ძალიან შემრცხვა, თუმცა ვეცადე გარეგნულად არ შემემჩნია და ორივე სასწრაფოდ შევიკარი.

-ჯანდაბა . . . ცოტაც და იმ სვირინგსაც დაინახავდი მკერდის ქვემოთ რომ მაქვს

-მკერდის ქვემოთ სვირინგი გაქვს? -გაღიმებულმა, იდაყვებით წამოიწია ნავში -ხომ არ გინდა შეგიფასო?

-შენი აუხდენელი ოცნებების სიაში ჩაამატე -წარბები მკაცრად დავქაჩე, თუმცა მერე მივხვდი, რომ ჩემი ბრალი იყო. საერთოდ რამ მაიძულა მეთქვა ამ სვირინგის შესახებ?

-ბევრად უფრო საინტერესო ოცნებები მაქვს -ამჯერად მთლიანად წამოდგა მიშო და ნავში ფეხზე დამდგარი გაჩერდა.

-ჰოო? მაგალითად? -აშკარად ვაგრძნობინე, რამდენად ყალბი იყო ჩემი დაინტერესება. ამის გაანალიზებისას, ტუჩის კუთხეში ცბიერი ღიმილი შეეპარა მეფარიშვილს.

-მაგას არ გეტყვი, თუმცა ზუსტად ვიცი შენი დიდი ხნის ოცნებაა გაიგო, რას ვმალავ ტანსაცმლის შიგნით. მიდი, აღიარე, ნუ გრცხვენია

ეს უკვე ბოლო წვეთი იყო ჩემს მოთმინების ფიალაში. მთელი გზა და ის პერიოდი, რაც აგრაში ვიმყოფებოდით, გმირულად ვიტანდი ამ ადამიანის სულელურ კომენტარებს, თუმცა როდესაც მივხვდი, რომ ამდენი რამის უმოქმედოდ „გატარება“ უკვე აღარ გამომდიოდა, ნავში მდგომ მეფარიშვილს, რაც შემეძლო მაგრად ვკარი ორივე ხელი და პირდაპირ წყალში გადავისროლე.

ზედაპირზე მისი დაცემისა და ყვირილის ხმა, ყველაზე სასოამოვნო მელოდიასავით მისწვდა მის ყურთასმენას. ვიჯექი და გაბადრული სახით დავცქეროდი მდინარეში ჩაგდებულ სველ მიშოს, ვინც, ჯერ აზრზეც ვერ მოსულიყო რა მოხდა მის თავს. სამწუხაროდ ჩემმა ნატარებამ ძალზედ ცოტა ხანს გასტანა. როგორც კი მეფარიშვილი ნავის ზედაპირს ორივე ხელით ჩაეჭიდა და ბოროტული ღიმილით ამომხედა, მაშინვე მივხვდი, რომ არც ჩემი საქმე იქნებოდა კარგად. აქედან სულ რამდენიმე წამში, ნავიანად ამოვყირავდი და თავადად წყალში მოვადინე ზღართანი. განგებას მადლობას ვწირავდი, რომ ცურვა მაინც ვიცოდი და მიშოს იმედად არ მიწევდა ყოფნა შუა მდინარეში.

-შენ სულ გააფრინე?! -გამწარებულმა ლამის ვუკივლე -ჯიბეში ტელეფონი მედო, ხელზე კი საათი მეკეთა!

-ნუთუ? -გაღიმებული სახით მოცურდა ჩემთან ახლოს -ეგ შენ იკითხე, თორემ ჩემი ტელეფონიც და საათიც, ორივე წყალგაუმტარია და არაფერი მოუვათ

-ახალს მიყიდი!

-შენი აუხდენელი ოცნებების სიაში ჩაამატე -ირონიით გაჟღენთილი მზერით გამიმეორა მიშომ ჩემივე სიტყვები და ნავის ზედაპირს ჩაეჭიდა, რათა კვლავ მასში დაბრუნებულიყო.

შორიდან ამაყად გვიცქერდა დაისის შუქზე ოქროსფრად აბრჭყვიალებული თაჯ-მაჰალი. მზის მცხუნვარე სხივები ანცად დათამაშებდნენ წყლის ზედაპირზე. კაშკაშა ბურთი ნელ-ნელა იმალებოდა ნაცრისფერ ღრუბლებს მიღმა, მომდევნო ციკლის დაწყებამდე.

აგრაში სულ ორი დღე დავყავით და ამ დროის განმავლობაში მართლაც ყველაფერი მოვინახულეთ, რასაც მცირედი ღირებულება მაინც გააჩნდა ტურისტული თვალსაზრისით. დარჩენილი დღეები, კუნძული გოას სამხრეთ ნაწილში უნდა გაგვეტარებინა, სადაც ჩრდილოეთთან შედარებით ბევრად უფრო წყნარი გარემო იყო და სანაპირო ზოლიც რეგულარულად იწმინდებოდა.

კუნძულზე ჩვენი ჩასვლის დღე, ზუსტად „ჰოლის“ ემთხვეოდა. მართალია, გოაზე ამ დღესასწაულს ისე აქტიურად და ზარ-ზეიმით არ აღნიშნავდნენ, როგორც ინდოეთის დიდ ქალაქებში, თუმცა საზეიმო განწყობა მაინც აშკარად იგრძნობოდა.

„ჰოლით“ ნაკლებად დაინტერესებული ადამიანების მსგავსად, არც მიშოს გასჩენია სურვილი მის აღსანიშნ ღონისძიებებს დასწრებოდა, ან ქუჩაში გასულიყო. სწორედ ამიტომ, დაეძინა თუ არა საღამოს, საკუთარ ნომერში, სანაპიროზე ცურვისგან დაღლილს, მაშინვე გავიხადე ჩემი ლაჟვარდისფერი საცურაო კოსტიუმი, ტანზე ჭრელი, თეძოებთან ჩახსნილი სარაფანი გადავიცვი და კუნძულის ყველაზე ცნობილ –პალოლემის ღია სანაპიროს მივაშურე.

ბინდდებოდა.

პალმები, რბილი ქვიშა, ქოქოსის ტყე და ფირუზისფერი ზღვა სწორედ ის იყო, რაც იმ მომენტში, ჩემს სულზე ჭრილობაზე დადებული უებარი მალამოსავით იმოქმედებდა. იქაურობა ნამდვილ ტროპიკულ სამოთხეს წააგავდა, რასაც ფერების ფესტივალის ხალისიანი განწყობა კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას სძენდა.

თივით გადახურულ ბუნგალოში „ზღვის ბრიზი“ შევუკვეთე, ცოტათი გასაგრილებლად. ჯიბეში წინა დღით, ღია ბაზრობაზე შეძენილი ყვითელი, წითელი და იასამნისფერი საღებავები მედო, ფესტივალისთვის. სანაპირო ზოლზე სიცოცხლე ჩქეფდა. ირგვლივ ყველაზე მეტად, მაინც რუსი ტურისტების სიმრავლე შეიმჩნეოდა, რომელთაგან ზოგიერთი მარტო, ხოლო ზოგიერთი ოჯახთან ერთად ჩამოსულიყო დასასვენებლად.

ბუნგალოებისგან მოშორებით, თივისსახურავიან, ფერადი ნათურებით მორთულ ფანჩატურში, ხუთიოდე ადამიანს დიდ, ხმის გამაძლიერებელში ჩაერთოთ მუსიკა, ერთმანეთის სახესა და ტანსაცმელს, სხვადასხვა ფერის საღებავებში სვრიდნენ, ცეკვავდნენ, პლასტმასის ჭიქებიდან რაღაცას სვამდნენ და მხიარულად ერთობოდნენ. ერთი შეხედვითაც კი ეტყობოდათ, რომ ტურისტები იყვნენ და არა –ადგილობრივები. მათგან ორი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, ორი ქალი, ერთიც კიდევ თინეიჯერი გოგონა, რომელიც ზღვისფერ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი, ყველაზე ლამაზად და მოხდენილად ცეკვავდა Master KG - Jerusalema -ს ფონზე. მათ შემხედვარეს, უზარმაზარი სურვილი გამიჩნდა აქ მეგობრებთან ერთად ვყოფილიყავი და უამრავი დაუვიწყარი მომენტი შემეგროვებინა ინდოეთის ეგზოტიკურ სამყაროში.

ფიქრებში გართულს, თითქოს შორიდან ჩამესმა დახლის მოპირდაპირე მხარეს მდგომი ბარმენის ხმა. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გამოვერკვიე და გავაცნობიერე, რომ ჩემთან ცდილობდა საუბარს, თანაც საკმაოდ დახვეწილი ინგლისურით.

-ხომ არ გინდა შეუერთდე? -ინტერესითა და ოდნავი ღიმილით შემომყურებდა, თან თითით ფანჩატურისკენ მანიშნებდა. უცხო გარეგნობა ჰქონდა. ცალი თვალით შეხედვაც კი საკმარისი იყო იმის გასაგებად, რომ ინდოელი არ გახლდათ. მისი მუქი თვალებით, შოკოლადისფრად გარუჯული კანითა და იერით თუ ვიმსჯელებდით, წარმოშობით მექსიკიდან უნდა ყოფილიყო ან სამხრეთ ამერიკის რომელიმე ქვეყნიდან. სხეულით ნამდვილ მალიბუს მაშველს ჰგავდა, ხოლო გამოხედვა ისეთი ჰქონდა, ძალზედ ადვილი სათქმელი იყო, რომ გამოუსწორებელ მექალთანესთან მქონდა საქმე.

-სიამოვნებით, მაგრამ მათგან არავის ვიცნობ

-ჩემი მეგობრები არიან, ავსტრალიიდან -ხის დახლს ორივე მკლავით ჩამოეყრდნო და მაცდურად შემომცინა. სწორედ მაშინ დავაკვირდი მის ყელზე, შავი ტროსით დაკიდებულ კულონს, ნიანგის კბილს რომ წააგავდა.

-ანუ აქ ერთად ისვენებთ

-ისინი ისვენებენ, მე კი პარალელურად ვმუშაობ კიდეც, რადგან მათსავით მდიდარი არ ვარ და მინდა ხარჯებისთვის თანხა სხვისი დახმარების გარეშე მეყოს

-დამოუკიდებლობა ყოველთვის კარგია -გულწრფელად მოვუწონე არჩევანი, თან დეკორატიულად გაფორმებული ჩემი კოქტეილიც მოვსვი. მეგონა ამით ჩვენს შორის სიტყვიერი კომუნიკაცია უკვე დამთავრებული იყო, მაგრამ საუბარი მისი ინიციატივით გაგრძელდა:

-ჩემი ცვლა ნახევარ საათში სრულდება. მერე ვაპირებ მეგობრებთან ერთად ჰოლი აღვნიშნო. თუ გინდა ჩემთან ერთად წამოდი

შემოთავაზებამ სიამოვნებისგან გამაღიმა. ჰოლის დღესასწაულის აღნიშვნა მეც ძალიან მინდოდა, თუმცა სრულიად უცხო მიწაზე, სრულიად უცხო ხალხში, ამის გაკეთება არც ისე უსაფრთხო მეჩვენებოდა. ბავშვობიდან ასეთი ვიყავი ¬–ახლადგაცნობილ ადამიანს მუდამ ეჭვის თვალით ვუყურებდი ხოლმე, მანამ, სანამ მასში რაღაც ისეთს არ დავინახავდი, რაც თავს უსაფრთხოდ მაგრძნობინებდა.

-მადლობა მოპატიჟებისთვის, მაგრამ ჯობს თავი შევიკავო

-რატომ? -გაკვირვება ჩანდა მის მზერაში. როგორც ეტყობოდა, ქალის მხრიდან უარი ის ხილი იყო, რომელიც აქამდე არასოდეს გაესინჯა.

-არანაირი გარანტია არ მაქვს იმისა, რომ არ მომიტაცებთ და ტრეფიკინგში არ ჩამაბამთ, მერე კი ვინმე მრავალცოლიან, ბებერ შეიხს არ მიუყვანთ ჩემს თავს საჩუქრად

-შენ რა, ხუმრობ?

-რა თქმა უნდა ვხუმრობ -გამეცინა -თუმცა ფილმებში ასეთი რამ ხშირად მინახავს და ჯობს ფრთხილად ვიყო, სანამ ვინმეს, სადმე გაყოლაზე მივცემ თანხმობას

ბარმენმა ჯერ დაკვირვებით მათვალიერა, მერე კი თავი ღიმილით გადააქნია და ხელი გამომიწოდა.

-მე რეიმონდი მქვია

-მარიტა -მის ხელს, მაშინვე შევაგებე საკუთარი. ლამაზი თითები ჰქონდა. ზუსტად ისეთი გრძელი და მოვლილი, როგორც გამოცდილ პიანისტს.

-კარგი მარიტა, შენ მე არ მიცნობ და შესაბამისად, არც ის იცი რისი გამეკთებელი ვარ, თუმცა უფლებას გაძლევ სურათი გადამიღო და შენს რომელიმე მეგობარს გაუგზავნო წარწერით – „თუკი ხვალ დილამდე შინ არ დავბრუნდი, პოლიციაში ამ ადამიანის ფოტო მიიტანე და ჩემს ტრეფიკინგში ჩაბმაში დასდე ბრალი.“

გამამხიარულა მისმა სიტყვებმა. საკმაოდ პოზიტიური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელსაც ცხოვრების თითოეული დღით ტკბობა ჰქონდა მიზნად დასახული. თავისუფლების მოყვარულ ფრინველს მაგონებდა, ვისთვისაც ლაღად ფრენა მართლაც ბევრს ნიშნავდა და თავისი არსებობაც სწორედ ამაზე ჰქონდა აწყობილი.

-მინდა გითხრა, რომ ადამიანის დარწმუნების ნიჭი ნამდვილად გაქვს -თავადაც ვერ გავიაზრე ისე უეცრად მივიღე მისი მოპატიჟება, თუმცა ეს არც მინანია. ჯდომასა და იმის ლოდინს, თუ როდის გაიღვიძებდა მიშო, აშკარად ჯობდა თავად მეპოვა დროის მოსაკლავი საშუალება და უკან დახევას არ ვაპირებდი.

-ეს როგორც თანხმობა ისე გავიგო? -მუქი ფერის თვალებში თითქოს მზის სხივები ჩაუდგა და ისე გამიღიმა, რამდენიმე წამით თვალი ვერც მოვწყვიტე.

-ჰო თანხმობას ნიშნავს. დაგელოდები სანამ შენი ცვლა დასრულდება, მანამდე კი კოქტეილს დავლევ

-გონივრული გადაწყვეტილება მიიღე

-ანუ არ ვინანებ? –„ზღვის ბრიზი“ მოვსვი, სკამის საზურგეს მივეყრდენი და ისე შევხედე. მსიამოვნებდა იმის დანახვა, თუ როგორ აჩნდებოდა ფოსო მარჯვენა ლოყაზე, ჩემი სიტყვებისგან მოგვრილი ღიმილისას.

-ერთადერთი, რასაც ინანებ ისაა, რომ უფრო ადრე არ დამთანხმდი -თავდაჯერებით აღსავსემ მაცნობა.

-ამას დღის ბოლოს გავიგებთ

-კარგი, მანამდე მოდი ჩემს ყველაზე მოთხოვნად კოქტეილს გაგასინჯებ. რა თქმა უნდა, მე გეპატიჟები . . .

მთელი ის ნახევარი საათი, რაც რეიმონდის ცვლის დასრულებამდე იყო დარჩენილი, მასთან საუბარში გავატარე. უნდა მეღიარებინა, საკმაოდ საინტერესო მოსაუბრე იყო და ისეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვის გვერდითაც წუთითაც არ მოიწყენდი. როგორც დამპირდა, არც მის წინადადებაზე დათანხმება მინანია. რეიმონდსა და მის მეგობრებს, თავიდანვე იდეალურად შევეწყვე. როგორც აღმოჩნდა მათგან ორნი –რებეკა და რენესმე, ტყუპი დები იყვნენ. ორნიც კიდევ ძმები, სახელად ჩარლი და მაქსი, ხოლო თინეიჯერი გოგონა, ვისაც სარა ერქვა, დების ახლო მეგობარი გახლდათ, სიდნეიდან.

უნდა ითქვას, საკმაოდ გვიანობამდე ვსაუბრობდით, ალკოჰოლურ სასმელებს სვამდით და ერთიანად სხვადასხვა ფერის საღებავებში ამოსვრილები, სამახსოვრო ფოტოებს ვიღებდით, ზღვის ნაპირზე დანთებულ კოცონთან. რეიმონდმა ერთხელ გიტარაზეც დაუკრა, მე კი თვალმოუშორებლად შევყურებდი და იშვიათად თუ გავხედავდი გოგონებს, რომლებიც მის დაკრულ მშვიდ სიმღერაზე, ისეთ ნაზ საცეკვაო მოძრაობებს ასრულებდნენ, გეგონებოდათ, ხის ტოტები მსუბუქი ნიავის ფონზე ირხევიანო.

მიშოს ზარებს შეგნებულად არ ვპასუხობდი. არც შეტყობინებებს. ჩემგან ამგვარი საქციელი გამორიცხული იქნებოდა, რომ არა ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზა ორგანიზმში, რაც ისეთი რამების გაკეთებისკენ მიბიძგებდა, რასაც აქამდე არასდროს ვიზამდი.

ღამის ორი საათი რომ შესრულდა, მე და რეიმონდი სანაპიროზე, დანარჩენებიგან შორს განვმარტოვდით და სანაპიროსთან იმდენად ახლოს დავიწყეთ სეირნობა, რომ ნაპირზე მოხეთქებული ტალღები ორივეს ფეხებს გვისველებდა.

რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩუმად მივდიოდით და ასევე ჩუმად ვსვამდით ჩვენ-ჩვენი ლუდის ბოთლებიდან. ლამაზი ღამე იდგა. ქვიშა საოცრად რბილი იყო, ტალღების ქაფი კი ისე ანათებდა, თითქოს თან მარგალიტის მძივები მოჰყვებაო. ცაზე უხვად კიაფობდნენ ვერცხლისფრად მანათობელი ვარსკვლავები, ხოლო თბილი სიო, საამოდ უბერავდა ზღვიდან ხმელეთისკენ და მხრებზე ჩამოშლილ თმასაც ნაზად მირხევდა.

-არ გინდა სახიდან საღებავი მოვიშოროთ? -მკითხა რეიმონდმა, რომელსაც უკვე მოესწრო თავისი ბოთლის ნაევრამდე დაყვანა. ბიჭს სახე –წითელ, ყვითელ და ლურჯ ფერებში ჰქონდა მოსვრილი, თუმცა ეს მის ვიზუალურ ეფექტებს მაინც ვერაფერს აკლებდა.

-არა, არ მინდა. მთელი აზარტი იმაშია, რომ ფერები რაც შეიძლება დიდხანს უნდა დარჩეს შენს კანზე

-კარგი გამოვიდა დღევანდელი დღე -საუბრის თემა შეცვალა. სანაპირო ზოლზე კვლავ გაუჩერებლად ვსეირნობდით და ყველაზე მეტად ის გვსიამოვნებდა, რომ ხალხის ნაკადი საგრძნობლად იყო შემცირებული.

-ნამდვილად . . . მომეწონა შენი მეგობრები

-და მე?

-რა შენ? -მსუბუქად გამეღიმა, რადგან მივხვდი საითკენაც უმიზნებდა.

-მე არ მოგეწონე?

-სასტუმროში უნდა დავბრუნდე, უკვე ძალიან გვიანია -პასუხი შეგნებულად არ გავეცი. რატომღაც მსიამოვნებდა მისი ინტრიგაში დატოვება.

-თუ გინდა მიგაცილებ . . . ან შეგვიძლია . . .

-აღარ დაასრულო -არ გამჭირვებია მივმხვდარიყავი, როგორი იქნებოდა ამ წინადადების ფინალი და მაშინვე გავაჩუმე -ზუსტად ვიცი, მინიმუმ ორმოცდაათ ქვეყანაში მაინც ხარ ნამყოფი და უამრავი საყვარელი გყავს გაჩენილი, რომელთა უმეტესობას, მომდევნო ქვეყანაში გადაფრენის თანავე ივიწყებდი. მინდა ეს ღამე სხვა რამით დამამახსოვრდეს და არა იმით, რასაც მინამიოკებ

შევამჩნიე ჩემმა პასუხმა დიდად ვერ აღაფრთოვანა, მაგრამ აღარც წინააღმდეგობა გაუწევია. ეტყობოდა ცოტათი გაკვირვებულიც იყო და მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ქალისგან უარი მისთვის ძალზედ უცხო რამ იყო.

ვერ ვიტყვი არ მომწონდა-მეთქი. პირიქით, საუბრის მანერით, ხასიათითა და ხმითაც კი საშინლად მიზიდავდა, თუმცა მაშინ, როდესაც რამდენიმე დღეში თავის ქვეყანაში უნდა დაბრუნებულიყო, მე კი ჩემსაში, არაფერს ჰქონდა აზრი. დისტანციურ ურთიერთობებსაც მუდამ ერთ დიდ სისულელედ ვთვლიდი და არც ერთჯერადი სექსი ჯდებოდა ჩემს ხასიათში. ჯობდა ყველაფერი ისე დამეტოვებინა, როგორც იყო და რეიმონდის მაცდური ღიმილი მხოლოდ ჩემს წარმოსახვებში შემომენახა.

მიუხედად იმედგაცრუებისა, ჩემს სასტუმრომდე მიცილებაზე, ინიციატივა მაინც საკუთარ თავზე აიღო. ჯერ უკან დავბრუნდით, რათა დანარჩენებთან გამომშვიდობება შემძლებოდა. სარას მეილიც კი დავუტოვე, რათა ერთად გადაღებული ფოტოები სწორედ იქ გამოეგზავნა ჩემთვის, წამოსვლის წინ მაგრად გადავეხვიე და ამის შემდეგ, მე და რეიმონდმა უკვე მარტოებმა გავაგრძელეთ გზა სასტუმროსკენ.

იქამდე დაახლოებით ათწუთიანი ფეხით სავალი გზა იყო, რის დაფარვასაც, ნელი სიარულის გამო ჩვეულებრივზე უფრო დიდი დრო მოვანდომეთ.

სასტუმროს შიდა ეზო, ერთიანად პატარა, ოქროსფერი ნათურებით რომ გაენათებინათ, ცარიელი დამიხვდა. „ალბათ ერთადერთი ვარ ამ სასტუმროს დამსვენებელთაგან, ვისაც ჯერ კიდე არ სძინავს-მეთქი“ -გავიფიქრე და რეიმონდს მადლიერებით სავსე თვალებით მივუტრიალდი.

-ესეც ასე, მოვედით

-ჰო, ვხედავ -ოდნავ უხასიათო მომეჩვენა მისი ტონი.

-გმადლობ რომ მომაცილე. ამ დღისთვისაც გმადლობ

-იქნებ მომავალ ზაფხულს კიდევ ჩამოხვიდე?

-არა მგონია -სევდიანად გამეღიმა -თუმცა დავიწყებით არც შენ დამავიწყდები და არც შენი მეგობრები

-მპირდები? -გაეცინა.

-გპირდები

რეიმონდმა გარკვეული დროით თვალმოუშორებლად მიყურა. ადვილი მისახვედრი იყო რაღაც ისეთის თქმას, ან გაკეთებას აპირებდა, რასაც ჯერ ვერ ვხვდებოდი. არც შევმცდარვარ. როგორც კი ბიჭი ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა, სახეზე ხელის გული დამადო და ჩემკენ გადმოიხარა, ყველაფერს წამებში აეხადა ფარდა და კოცნისგან თავის ასარიდებლად, ინსტიქტურად დავიხიე უკან.,

-არ გინდა . . .

-ეს ხომ მხოლოდ უბრალო კოცნაა მარიტა? -ისევ ისე მომაჯადოებლად მიღიმოდა. როგორც ჩანდა, ეს გახლდათ მისი მთავარი იარაღი, რითაც ქალებს თავბრუს ახვევდა.

-ვიცი რაც არის -ვეცადე რაც შემეძლო თავაზიანი ვყოფილიყავი -მაგრამ ჩემთვის კოცნა გაცილებით უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალო სიამოვნებისთვის გადადგმული ნაბიჯი

-სასტიკი ხარ -კვლავ იღიმოდა, თუმცა მის ამ ღიმილში, ერთი პროცენტიც კი აღარ იყო გულწრფელი.

-კიდევ ერთხელ გმადლობ რეიმონდ -ვინაიდან ჩემზე მაღალი იყო, ფეხის წვერებზე ავიწიე და დამშვიდობების ნიშნად ლოყის იმ ნაწილზე ვაკოცე, სადაც სადღესასწაულო საღებავი არ ჰქონდა მოცხებული. ხვალ ახალი დღე გათენდებოდა, სადავ არც რეიმონდი იქნებოდა და მით უმეტეს, არც მისი მეგობრები, თუმცა ასეც მერჩივნა. რა თქმა უნდა, შეგვეძლო ერთმანეთი სოციალურ ქსელებში დაგვემატებინა, ან საკონტაქტო ნომრები გაგვეცვალა, თუმცა ასეთ შემთხვევაში ყველაფერი შემდეგი სცენარით განვითარდებოდა –ერთხელ დავურეკავდით, ერთხელ მივწერდით და მორჩა. მე კი არ მინდოდა გოაზე გატარებული ეს ლამაზი ღამე ამდენად გაუფერულებულიყო ორივე ჩვენთაგანისთვის.

სასტუმროში ისე ჩუმად შევედი, თითქოს რესეფშენში უზარმაზარ, ავ ძაღლს ეძინა და მისი გაღვიძების მეშინოდა. ტელეფონში იმდენი გამოტოვებული ზარი მქონდა, მთელი დღის განმავლობაშიც კი ვერ დავითვლიდი, თუმცა ახლა იმდენად მეძინებოდა, ამისთვის ზედმეტი ყურადღება არ მიმიქცევია. ვიმედოვნებდი მიშოსთან შეხვედრის გარეშე მივაღწევდი ჩემს ნომრამდე და იმ ღამით მშვიდად დავიძინებდი, თუმცა მფარველი ვარსკვლავი, გონებაში ასჯერ მაინც დავწყევლე, როდესაც ლიფტიდან გამოსულს, პირდაპირ აქეთ-იქით მოუსვენრად მოძრავი ფიგურა მომხვდა თვალში, ჩემი სართულის დერეფანში. როგორც კი ლიფტის კარის ხმა გაიგო და თავადაც შემამჩნია, ჩემს კარს გულხელდაკრეფილი, ცალი ქუსლით მიეყრდნო. გამომეტყველებაზეც კი ეტყობოდა, ზუსტად მე რომ ვიყავი მისი იქ ყოფნის მიზეზი.

-როგორც იქნა ჩემმა მოსიარულე ცისარტყელამ დამდო პატივი და დაბრუნდა -სარკაზმთან ერთად, ბრაზიც ამოვიკითხე მეფარიშვილის ხმაში. მართალია გაცეცხლებული იყო, თუმცა სახეზე განზრახ არ იმჩნევდა შინაგან განწყობას.

-რა იყო, აქ მელოდებოდი?

-არა, აივნიდან დავინახე შენი რომანტიული შემოსვლა -კარს მოშორდა და ამჯერად ჩემთან ახლოს მოვიდა -მგონი შენი ტელეფონის მდინარეში ბანაობის შემდეგ, მეორე იმისთვის იყიდე, რომ თუ ვინმე დაგირეკავს უპასუხო ხოლმე

-პასუხის გასაცემად არ მეცალა -ვცადე ზურგი მექცია, თუმცა მარჯვენა მკლავში ხელი ისე საიმედოდ ჩამავლო, წასვლის ყოველგვარი გზა მომისპო.

-ნუ მეთამაშები მარიტა! -ბრაზით ელავდნენ მეფარიშვილის ქარვისფერი თვალები, თუმცა ჩემს სისხლში ალკოჰოლის იმხელა დოზა ჩქეფდა, ესეც კი ვერ მაშინებდა.

-შენ კი თავს ნუ მაბეზრებ . . . ხელი გამიშვი!

-შეგახსენო აქ რისთვის ხარ ჩამოსული? ვფიქრობ სანამ სადმე წასვლა ან ვიღაც მაჩოსთან ერთად ლაჟვარდოვანი ღამის გატარება მოგინდება, მანამდე მე უნდა მკითხო აზრი! დროა ფრთები მოიხსნა, რადგან სანამ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში ხარ, ჩემი ნებართვის გარეშე ვეღარსად გაფრინდები!

-გეძინა მიშო! მძინარე ადამიანისგან ნებართვას ვერ ავიღებდი

-რომ გირეკავდი მაშინაც მეძინა? რატომ არ პასუხობდი ჩემს ზარებს?

-ტელეფონი უხმო რეჟიმზე მქონდა გადაყვანილი

-ჭკვიანი გოგო ხარ, მაგრამ ისე იტყუები, პატარა ბავშვიც არ დაგიჯერებს

-არ ვიტყუები -კიდევ ერთხელ ვიცრუე, თუმცა ამ ტყუილს იმაზე მოკლე ფეხები ჰქონდა, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენს. როგორც კი მიშომ ჯიბიდან მობილური ამოაცურა, ჩემს ნომერზე დარეკა და დერეფანი ზუზუნა ხმამ მოიცვა, მაშინვე აეხადა ფარდა იმ სიცრუეს, რაც თავის გადასარჩენად მოვიგონე.

-ესეც ასე პინოქიო, ახლა რას მეტყვი?

ენა ჩამივარდა. საკუთარი თავზე სასტიკად გავბრაზდი იმის გამო, რომ მიშოს ზარები დავაიგნორე, იმდენად დიდი ძალაუფლება ჰქონდა, მისი ზუსტად ორწუთიანი საუბარიც კმაროდა ჩემს მენეჯერთან, რათა სამსახურიდან გავეთავისუფლებინე. ესეც რომ არ ყოფილიყო, ძალზედ არაპროფესიონალურად და უპასუხისმგებლოდ ვიყავი მოქცეული, ამიტომ, ცხოვრებაში პირველად გადავწყვიტე მეფარიშვილისთვის პატიება მეთხოვა:

-კარგი მიშო, ბოდიშს გიხდი, დამნაშავე ვარ

-ჰო ხარ, მაგრამ მხოლოდ ჩემთან არა -ჩემდა გასაკვირად, მკაცრი გამომეტყველება სწრაფად შეეცვალა მშვიდი გამოხედვით.

-რას გულისხმობ?

-იმას, რაც იმ გარუჯული მაჩოს მიმართ დააშავე, აქამდე რომ მოგაცილა -სახე გაუმხიარულდა ამის თქმისას -საბრალომ ამდენი დრო მხოლოდ იმიტომ დაგითმო, რომ ბოლოს კოცნაც არ გეღირსებინა?

-ეგ უკვე შენ აღარ გეხება -წარბშეკრულმა მივუგე. როგორც ჩანდა, თავისი ნომრის აივნიდან, ჩემი და რეიმონდის გამომშვიდობების სცენაც დაენახა და ამ ყველაფერსაც სწორედ ამიტომ ამბობდა -შენის ნებართვით, ჩემს ნომერში შევალ

-მიდი, ოღონდ დაიმახსოვრე –ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შენი თავხედური საქციელის გამო სამსახურს არ გაკარგვინებ ისაა, რომ ჩემი მიზეზით ახალი ტელეფონის ყიდვა მოგიწია. კიდევ ერთი ასეთი შეცდომა და ჩათვალე წასულია შენი საქმე, პატარა მარიტა

-ეგრე ნუ მეძახი, შენზე მხოლოდ სამი წლით ვარ უმცროსი!

-სამაგიეროდ, ტვინით ხარ გაცილებით პატარა . . . შემდეგში გააანალიზე, რომ სამსახური ძალიან გჭირდება და მხოლოდ იმდენი უნდა იბლატაო, რამდენი ნულიც შენს ქონებას აქვს მიწერილი. ჩემი კეთილი რჩევა იქნება, ნუ დარბიხარ მაშინ, როდესაც ძლივს დადიხარ

ამის თქმა იყო და თავისი ნომრის კარში ისე გაუჩინარდა, სიტყვის თქმაც აღარ დამაცადა. მოცემულ მომენტში კიდევ ერთხელ ვიგრძენი ბრაზი მიშოს მიმართ. ნებით თუ უნებლიედ, ყოველთვის მდიდრების უპირატესობაზე უსვამდა ხაზს, მე კი შედარებით დაბალ ღობედ, ან პროლეტარად გამოვყავდი, რადგან მის მსგავსად, წელიწადში ათჯერ არ შემეძლო სამოგზაუროდ წასვლა და ძვირადღირებული მანქანების ცხვირსახოცებივით ცვლა.

მიუხედავად მეფარიშვილის ამგვარი დამოკიდებულებისა, კომპლექსები არასდროს მაწუხებდა და არც მასზე დაბალ საფეხურზე მდგომად მივიჩნევდი საკუთარ თავს. ჩემთვის ადამიანობა იმით ინსაზღვრებოდა, იყო თუ არა კონკრეტული პიროვნების სხეულში ლამაზი სული და არა იმით, იდო თუ არა ამ ადამიანის ჯიბეში ფულით გატენილი საფულე.

ყველაფრისდა მიუხედავად, იმ ღამით, განვლილი დღით უზომოდ კმაყოფილი ვიწექი, ზღვისფერი თეთრეულით გაწყობილ ჩემს ფუმფულა საწოლში და თვალწინ კვლავ რეიმონდის მაცდური ღიმილი მედგა. აივნის ღია კარიდან მონაბერ სიოს, ზღვის მარილიანი სურნელი მოჰქონდა, თან თეთრ, გამჭვირვალე ფარდებს ნაზად აფრიალებდა. ცაზე კვლავ უამრავი სხვადასხვა ზომის ვარსკვლავი იყო მიბნეული, მე კი მათ ციმციმზე დაკვირვებისას, ნელ-ნელა მეპარებოდა ძილისპირულის მოთენთილობა.


* * * *

მომდევნო დღეები, მთლიანად მიშოსთან ერთად გავატარე. მეტად აღარავინ გამიცნია ისეთი, ვისთან ერთადაც ისეთივე სასიამოვნო მომენტებს შევაგროვებდი, როგორც რეიმონდთან და მის მეგობრებთან. მიუხედავად დროის სიმცირისა, უამრავი რამის ნახვა მოვასწარი ჩემს VIP-კლიენტთან ერთად. გადავიყვანე ჩრდილოეთ გოაზე და ვესტუმრეთ ბაგას, რომელიც ყველაზე ცნობილ კურორტად ითვლებოდა იმ მხარეში, ახალგაზრდული გართობის მხრივ. კურორტზე თავმოყრილიყო უამრავი ღამის კლუბი, დისკოთეკა და სადღეღამისო ბარები. ყველაზე კარგი ის გახლდათ, რომ ჩვენი იქ ყოფნის პერიოდი უცხოელი დიჯეების ერთკვირიან ფესტივალს დამთხვეოდა და მიუხედავად იმისა, რომ ბილეთი საკმაოდ ძვირი ღირდა, მიშომ პატივი დამდო და ამ ფესტივალსაც ჩემთან ერთად დაესწრო.

ალბათ მეხსიერებაში სამუდამოდ დამელექებოდა ის გრანდიოზული ფეიერვერკების შოუ, რომელიც საღამოს ბოლოს გამოჩნდა ცაზე. ტურისტებიდან თითოეულ მათგანს, ხელში პროფესიონალი, თუ ტელეფონის კამერები ჰქონდათ მომარჯვებული და ყველაფერს ზედმიწევნით აფიქსირებდნენ. მახსოვს, ჩემს გვერდით მდგომმა გოგონამ ისიც კი თქვა, მხოლოდ ეს ფეიერკვერკები დაახლოებით ნახევარი მილიონი დაჯდებოდაო და როცა ათასფრად აბრჭყვიალებულ ცას ვუყურებდი, მის ამ მოსაზრებაში თავადაც ვრწმუნდებოდი.

კუნძულის სამხრეთ ნაწილში დაბრუნების შემდეგ, მიშომ ერთი ადგილი აღმოაჩინა, რომელიც ჩვენთვის უკვე ცნობილ პალოლემის სანაპიროზე მდებარეობდა, მაგრამ ამასთანავე, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მისგან. სანაპირო ზოლის ამ მონაკვეთს, ადგილობრივები პატნემად მოიხსენიებდნენ. იქაურობა მართლაც რომ იდეალური იყო სპორტისა და მედიტაციის მოყვარულთათვის, თანაც ჩვენი სასტუმროდან დაახლოებით ორ კილომეტრში მდებარეობდა. სწორედ ამიტომ, მეფარიშვილი ორი დღის განმავლობაში მაიძულებდა ადრიან დილით, სწორედ მასთან ერთად მერბინა ამ სანაპიროზე. მიუხედავად იმისა, რომ სპორტისადმი არც თავად მქონდა ცუდი დამოკიდებულება, სისხამ დილით ადგომა და სირბილი მაინც ის იყო, რაც ჭირივით მეზიზღებოდა და ამის გამო დაღლილობა მთელი დღის განმავლობაში მიმყვებოდა ხოლმე.

პატნემის სანაპიროს მთელი მომხიბვლელობა იმაში ვლინდებოდა, რომ იგი ყურეში გახლდათ შეჭრილი და კლდოვანი იყო. ყურის შემოგარენი მწვანე საფარის დანაკლისს ნამდვილად არ განიცდიდა. აქ მრავლად იყვნენ პალმის ხეები და ფიჭვის კორომები, კაფეები მზისგან დამცავი ქოლგებითა და სავარძლებით. თევზაობის მოყვარულთათვის შესაძლებელი იყო ნავის დაქირავებაც. აგრეთვე ხელსაყრელი პირობები იყო შექმნილი წყლის სპორტის მოყვარულთათვის, რომელთა უმეტესობაც, საკუთარ აღჭურვილობას ახლომდებარე პალოლემის სანაპიროზე ქირაობდა.

ყოველი ვარჯიშის შემდეგ, მე და მიშო, მის მიერ ამოჩემებულ ადგილას ვბანაობდით ხოლმე. მახსოვს, ძალიან ლამაზი იყო იქაურობა ¬–მშვიდი, წყნარი, კდლოვანი და ხალხის სიმრავლეს მოკლებული, განსაკუთრებით დილის საათებში.

მიუხედავად იმისა, რომ ერთად ამდენად დიდ დროს ვატარებდით, მაინც ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს უბრალოდ ერთ სივრცეში მბრუნავი ორი პლანეტა ვიყავით, რომელთაც ერთმანეთთან სრულიად არაფერი ჰქონდათ საერთო. საუბრით მხოლოდ აუცილებელზე ვსაუბრობდით– ძირითადად იმაზე, რაც ამ კუნძულის შესახებ უნდა სცოდნოდა და რაც თავადაც დააინტერესებდა. ბოლო პერიოდში უხასიათობასაც ვამჩნევდი, მიუხედავად იმისა, რომ ამის შენიღბვას მაქსიმალური ძალებით ცდილობდა. მახოვს, ერთხელ, ბანაობის შემდეგ, როდესაც წყლიდან ამოწვერილ უზარმაზარ ქვაზე ვიყავი მიწოლილი, თავადაც გვერდით მომიჯდა, სველ თმაზე ორივე ხელი გადაისვა და ზღვას ისეთი სახით გახედა, თითქოს ამ სილამაზეს უკანასკნელად აკვირდებაო.

-ყველაფერი ტყუილია -თქვა ისეთი სერიოზული ტონით, რომელიც აქამდე მისგან არასდროს გამეგონა. სახეზე შევხედე. თვალები სევდითა და ტკივილით ჰქონდა სავსე. სრულიად სხვანაირი მიშო იყო მაშინ ჩემს გვერდით და ეს იმაზე მეტად მეუცნაურა, ვიდრე ციდან წამოსული თოვლის ფიფქების დანახვა მეცუნაურებოდა, შუა აგვისტოში.

-რა არის ტყუილი? -მკერდზე ხელის გულები ისე ოსტატურად დავილაგე, აშკარად ვერავინ მიხვდებოდა მისი სიახლოვის გამო რომ ვცდილობდი ჩემი საცურაო კოსტიუმი ნაკლებად გამომწვევად მოსახვედრი ყოფილიყო თვალში.

-ცხოვრება . . . ადამიანის საქციელი, მისი სიტყვები -გვერდულად გამომხედა როგორც კი ეს თქვა -შენ არასდროს ყოფილხარ ყალბი?

-მგონი ხანდახან იძულებულები ვართ ყალბები ვიყოთ, მაგრამ მე ჯერ არ მქონია სიტუაცია, როდესაც ეს დამჭირვებია

-თუკი ეგრეა, გაგიმართლა -ფართედ გამიღიმა. ალბათ თვითონაც ხვდებოდა, რომ წარმოდგენაც არ მქონდა რაზე საუბრობდა, ან რას გულისხმობდა თავის სიტყვებში.

-რა გჭირს? რამე ცხოვრებისეული ფილმი ნახე გუშინ და იმან ჩაგაფიქრა?

-მსგავსი არაფერი

-ეს საუბარი შენსას არ ჰგავს

-არც მე ვგავარ ჩემს თავს -თვალი ჩამიკრა მიშომ, ქვაზე ფეხის გულებით დადგა და სანამ კიდევ რამის თქმას მოვასწრებდი, კვლავ აქაფებულ ტალღებში გადაეშვა, პირდაპირ თავით . . .

თბილი, ოქროსფერი დღეები ერთმანეთს მისდევდა. ყველაზე მეტად, რაც გოაზე მომწონდა, ეს მზის ჩასვლის ყურება გახლდათ. აქამდე უამრავ საზღვაო კურორტზე ვიყავი ნამყოფი, მალდივებიდან დაწყებული, მარმარისით, სანტორინითა და ბალით დამთავრებული, თუმცა აქაური მზის ჩასვლა, სულ სხვანაირად მომნუსხველი ჩანდა და ბოლომდე თავადაც ვერ ვხვდებოდი, კონკრეტულად რა ჰქონდა ამ კუნძულს ასეთი მიმზიდველი.

გული მწყდებოდა, რომ მომდევნო დღის შუა დღე ხანს, უკვე თვითმფრინავში ვიჯდებოდი და ინდოეთს დავემშვიდობებოდი. მცირე დროის განმავლობაში, აქაურობას იმდენად შევჩვეოდი, სიამოვნებით გავიხანგრძლივებდი მოგზაურობას კიდევ ერთი კვირით, მაშინაც კი, თუკი მიშო კვლავ ჩემთან იქნებოდა.

მზის ჩასვლამდე სულ ცოტაღა იყო დარჩენილი. როგორც დროის იმ მონაკვეთში მუდამ ვაკეთებდი ხოლმე, ახლაც ბიკინით ვიჯექი სანაპიროზე, შიშველი ფეხის გულებით ოქროსფერ ქვიშას ვეთამაშებოდი და ზღვიდან მონაბერ ნაზ სიოს, სიამოვნებით ვუშვერდი სახეს, როდესაც ჩემს გვერდით არსებული ცარიელი სივრცე შეივსო და ის მყუდროების გარსი გამირღვია, რაც საკუთარ თავს, თვითონვე შევუქმენი.

წამით ვინატრე ის ვინც, გვერდით მომიჯდა რეიმონდი აღმოჩენილიყო, რათა კიდევ ერთხელ შემძლებოდა მასთან დამშვიდობება, თუმცა ხელში რომ მეფარიშვილი შემრჩა, ღრუბლებიდან მიწაზე დავეშვი და კვლავ უკიდეგანო ჰორიზონტის ხაზს დავუბრუნდი მზერით.

-ჩემოდნები უკვე ჩალაგებული გაქვს? -მკითხა ისე, რომ ჩემთვის არც შემოუხედავს.

-დიდი ხანია

რაღაც პერიოდით დუმილი ჩამოწვა. ჩვენს შორის მხოლოდ ტალღები ხმაურობდნენ, ნაპირს დაუსრულებლად ასკდებოდნენ და თავიდან იკრებდნენ ძალას, რათა კვლავ ხმაურით მოხეთქებოდნენ სანაპირო ზოლს.

-ინდოეთში ერთ რამეს მივხვდი -დაიწყო ისევ მიშომ. მისი ტონიდან გამომდინარე, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს მე კი არა, ვიღაც წარმოსახვით არსებას ესაუბრებოდა, რომელიც მხოლოდ მის გონებაში ცოცხლობდა -აქაური სახლების დიდი ნაწილი მიტოვებულს ჰგავს. გგონია მოსახლეობა ძალიან ცუდად და ღარიბულად ცხოვრობს, თუმცა მერე აცნობიერებ, რომ ასე არაა. მათ უბრალოდ მეტი არ სჭირდებათ და ამითაც ძალიან ბედნიერები არიან

-მგონი იმას აანალიზებენ, რომ მეფეც და პაიკიც, ბოლოს მაინც ერთ ყუთში იყრება და ცდილობენ სიმდიდრის დაგროვების გარეშე მიიღონ ამ ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება

-ბიკინიმ შენი სვირინგი მაინც გამოიტანა სააშკარაოზე -რადიკალურად შეცვალა მან საუბრის თემა, თან ჩემი მკერდის ქვემოთ დამჩნეულ ნახატს დაასვა მზერა.

-იმდენად პატარაა, თუკი კარგად არ დააკვირდი ვერც დაინახავ

-ჰოდა კარგად დავაკვირდი -დემონური ღიმილით გაეღიმა მას -ლამაზი კოლიბრია. სიმბოლური დატვირთვა აქვს, თუ ისე, უბრალოდ დაიხატე?

-წარმოუდგენელი სიცოცხლის ენერგიას ასიმბოლიზირებს -ინსტიქტურად თავადაც დავხედე საკუთარ სვირინგს -შეუძლია ცხოვრების ნებისმიერი დარტყმა გადაიტანოს

-საინტერესოა . . . მე ტატუირება საერთოდ არ მაქვს

-რატომ, გეშინია?

-არა, რისი უნდა მეშინოდეს? -გაეცინა -უბრალოდ კლინიკებთან ვთანამშრომლობ. იშვიათი ჯგუფის სისხლი მაქვს, რამდენჯერმე საკმაოდ მძიმე პაციენტების დონორი ვიყავი, დონაციას კი ვერ განახორციელებ, თუკი სვირინგი მინიმუმ ერთ წელს არ ითვლის

-ანუ სიცოცხლეც გადაგირჩენია

-ჯერჯერიბით მხოლოდ ორი ადამიანის

-და ასეთი რა ჯგუფის სისხლი გაქვს? -დავინტერესდი.

-მეოთხე უარყოფითი

-გამოდის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ერთ პროცენტში შედიხარ მაგ კუთხით

-იშვიათი ბრილიანტი ვარ -ჩაეღიმა, მერე კი კვლავ ჰორიზონტს გახედა. მზეს უკვე დაეწყო ჩასვლა და ნელ-ნელა იმალებოდა უკიდეგანო, ლურჯ ზღვაში.

რაღაც პერიოდით უხმოდ ვიჯექით ერთმანეთის გვერდიგვერდ. ჩემი გონება კვლავ იმ ფიქრებით იყო მოცული, რომ ხვალ აქაურობას უნდა გამოვთხოვებოდი. მართალია ზღვა, მზე და პლაჟი ბათუმშიც მქონდა, თუმცა უცხო კონტინენტსა და უცხო მიწაზე თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მთელი მსოფლიოს ბატონ-პატრონი თავად ვიყავი. აქ შემეძლო გამეკეთებინა ნებისმიერი სიგიჟე, რაც კი თავში აზრად მომივიდოდა, მეყვირა ბოლო ხმაზე, რომ ბედნიერი ვარ, რომ ყველაფრისდა მიუხედავად ცხოვრება მიხარია და რომ ირგვლივ ყველაფერი მიყვარს. საკუთარ ქალაქში ყოველივე ამისგან შეზღუდული ვიყავი. იქ უნდა ვყოფილიყავი მარიტა, ვისაც ყველა სერიოზულ ადამიანად იცნობდა, ახლო მეგობრების გარდა.

-შეიძლება შენს სვირინგს შევეხო? -ფიქრებიდან მიშოს შეკითხვამ გამომარკვია. გონებაში მისი სიტყვები კიდევ ერთხელ გავამეორე, რამე ხომ არ მეშლება-მეთქი, თუმცა მიღებული შედეგი, არაფრით განსხვავდებოდა თავდაპირველისგან.

-რას ნიშნავს შეეხო? -წარბები ავზიდე -ბიკინიც ხომ არ გავიხადო და შენთან ერთად შიშველმა ვიბანაო ზღვაში?

-ასეთ რამეს მეორედ ნუღარ იტყვი! -კბილებში გამოსცრა, თან მზერა სწრაფად ამარიდა და გვერდზე გაიხედა, მაგრამ ვერ მივხვდი რატომ.

-შენ კიდევ ისეთი რამ აღარ თქვა, რაც მაფიქრებინებს, რომ ტვინში ყველაფერი მწყობრში არ გაქვს

-ცოტა მშვიდად, მზე ჩადის და ამ დროს ადამიანი აღელვებული არ უნდა იყოს. მედიტაციაზე ხომ გსმენია? თურმე ნერვებს აწყნარებს

-დამცინი არა?

-სულ ცოტათი -ამჯერად ჩემკენ გამოიხედა, სარკასტულად გამიღიმა და ფეხზეც წამოდგა -საომარი ფილმების ყურებას ვაპირებ. თუკი შენს ნომერში მარტო მოიწყენ, შემომიერთდი

-გმადლობ, მაგრამ მოპატიჟებაზე უარი უნდა ვთქვა

-ჰოო? და რატომ?

-იმიტომ, რომ აქ ბოლო ღამეს ვატარებ და ცოტა ხნით მარტო მინდა დარჩენა -მივუგე თუ არა, მის მსგავსად თავადაც წამოვდექი, ლასტები გავიხადე და პირდაპირ ზღვისკენ წავედი, რათა გოას სანაპიროს ჩამავალი მზის ტალღებში ბანაობით, ბოლოჯერ დავმტკბარიყავი.



№1  offline წევრი ვიპნი

მიხარია შენი დაბრუნება ,ძალიან საინტერესოა როგორც ყოველთვის ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი Lusi

ძალიან საინტერესოაა იმედია მალე დადებთ შემდეგ თავს,წარმატებები.

 


№3 სტუმარი სტუმარი Wero

ვააახ ეს რა სიგიჟეააააა. აუუუუ მომდევნო თავს როდის ვიხილავთ? ვერ ვტკვებიიიიი

 


№4 სტუმარი hei

aiiiii saocrebaaaaaaa

 


№5 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომწონს თქვენი ისტორიები. ყოველთვის საინტერესოა და გამართულად წერთ. რაც შეეხება გმირებს,რატომღაც ვიფიქრე რომ მიშოს ინდოეთიდან მოსწონს მარიტა. მგონია რომ მიშო ტკივილსაც მალავს. ალბათ შემდეგ თავებში უფრო უკეთესად გავიცნობთ მათ.წარმატებები და დაველოდები ახალ თავს

 


№6 სტუმარი Елка

Рогорц ковелтвис шеударебелиа мадлоба да михариа тквени дабрунеба

 


№7 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგია. დავინტრიგდით. მომდევნო თავს როდის დადებთ? გთხოვთ არ დაიგვიანოთ

 


№8 სტუმარი ნეს

სალამი, გამიხარდა რომ დაბრუნდი, თან ასეთი ვიტამინების თაიგული ისტორიით.. პირველივე თავი იყო საინტერესო და დამაინტრიგებელი. რაღაც მგონია, რონ მიშოს მარიტა სკოლის პერიოდიდან მოწონს/უყვარს და ალბათ თვითონ მარიტას ხასიათის გამო არ ეუბნება პირდაპირ და უვლის შორიდან. რაც ეხლა ამ თავიდან ჩანს, მისით დაინტერესებული რომ არ იყოს, არც ლეოს ჩამოსაშორებლად შესთავაზებდა დახმარებას და არც თავის დროზე წააცუნცულებდა ინდოეთში. ჰა, რავიცი, ვიციი? მაინტერესებს რა მოხდება ლეოსთან დაკავშირებით... ლოლა მომწონს უკვე, არც კალე ჩანს ცუდი ბიჭი. დაველოდები მოვლენების განვითარებას.. მადლობა სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიისთვის <3

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიკა

ძალიან მომეწონა. მიშო საინტერესო ადამიანია. იმაზე ღრმა და ჰუმანურია ვიხრე ჩანს.... ველოდები განვითარებაასს

 


№10 სტუმარი ეთო

მიხარია თქვენი დაბრუნება, ძალიან საინტერესო, სასიამოვნო წასაკითხი ისტორიაა, როგორც ყოველთვის გამართული.იმედია, მალე გაგვანებივრებ შემდეგი თავებით. მადლობა და წარმატებები ❤️

 


№11 სტუმარი Uhuu

აირ ისი
სადაც მუზა წამომეწევა, ყველგან ვწერ და იმედი მაქვს მალე იქნება შემდეგი თავებიც kissing_heart მადლობა ყველას, ვისაც აზრის დაფიქსირების სურვილი გიჩნდებათ. ვერ წარმოიდგენთ რამხელა მოტივაციაა ეს ჩემთვის relaxed

ერთი წლის წინ დაწერეთ პირველად ამ ისტორიაზე რო იწერებოდა და ჯერ მხოლოდ ეს გაქვთ?

 


№12 სტუმარი Uhu

აირ ისი
Uhuu
აირ ისი
სადაც მუზა წამომეწევა, ყველგან ვწერ და იმედი მაქვს მალე იქნება შემდეგი თავებიც kissing_heart მადლობა ყველას, ვისაც აზრის დაფიქსირების სურვილი გიჩნდებათ. ვერ წარმოიდგენთ რამხელა მოტივაციაა ეს ჩემთვის relaxed

ერთი წლის წინ დაწერეთ პირველად ამ ისტორიაზე რო იწერებოდა და ჯერ მხოლოდ ეს გაქვთ?



პირველ რიგში ეს ველი აზრის დაფიქსირებისთვისაა და შეგეძლოთ ერთსიტყვიანი კომენტარი მაინც გაგეკეთებინათ რომანთან დაკავშირებით, მაგრამ კარგი გავიაროთ ეს... თქვენ შეკითხვას რაც შეეხება, ერთი წლის წინ ეს ისტორია ჩაფიქრებულიც არ იყო, აშკარად სხვა რამეში გერევათ ❤️

დაახლოებით შარშან გაზაფხულზე ფეისბუქ გვერდზე გედოთ არ მოთხრობის ამონარიდები… წერის პროცესშიაო

 


№13 სტუმარი Nia

ამ უკარება ცივი გოგოს უკან როგორი სოფი იმალება .... ალბათ მეირე თავში უკეთ გამოჩნდება ჩახლართული ისტორია აქვთ სოფის და მიშოს ❤️.... გელოდები მოუთმენლად როგორ განვითარდება მოვლენები❤️❤️❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი თამო

გამიხარდა შენი დაბრუნება.ისტორიას რაც შეეხება ვფიქრობ მიშოს ამბებს რაღაცეებს ვატყობ ვფიქრობ მას მოწონს ეს ჩვენი გოგო და ეს კიდე ვერ ხვდება.იმ მანწნასთანაც მაგიტომ ელოდებოდა ზისტად რომ ზედმეტი არ გაებედა იმ კაცს.გიდადაც მაგიტომ წაიყვანა ასე მგონია მე თუმცა ეს ვერ ამჩნევს.და თუ მართალი ვარ ვნახოთ გამოჩნდება ახლო მომავალში.როგორ განვითარდება მოვლენები.ველიი შემდეგს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent