შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანა. თავი 1


8-02-2024, 13:40
ავტორი katiusha
ნანახია 1 147

სამყაროში ახალი სიცოცხლის მოვლინება ბუნების ერთ-ერთი საჩუქარია და ალბათ ისეთი მნიშვნელოვანი, რომლის სხვა რამით გადაფარვა წარმოუდგენელია.მათთვის ნათელი მომავლის შექნა და უზრუნველყოფა კი ზოგჯერ შეუძლებელია.ბავშვი არ უნდა იტანჯებოდეს,არ უნდა შიოდეს,არ უნდა მათხოვრობდეს,არ უნდა ამცირებდნენ.მას ბავშვობა უნდა ჰქონდეს და არა ის რომ მონად აქციო,თანაც საკუთარ სახლში..
არავინ იცის რა სიხარული მოიტანა ანას დაბადებამ ოჯახში,რადგან როგორც კი გოგონა გოგონა მოიზარდა უკვე იცოდა რომ მას ყოველთვის მოაკლდებოდა ის,რაც სხვებს ყოველთვის ჰქონდა- პირველ რიგში მშობლების სიყვარული, მერე სხვა დანარჩენი მატერიალური.
ანა თხუთმეტი წლის იყო.ღარიბ ოჯახში დაბადებულს,ღმერთმა საოცარი სილამაზე უბოძა,მაგრამ ეს სილამაზე იქ იკარგებოდა,სადაც ევლებოდა ზღვარი სიღარიბესა და უკიდურეს სიღარიბეს შორის…
გოგონას წაბლისფერი თმა,ნუშისებრი თვალის ჭრილიდან მომზირალი ღია ფერის თვალები,ხორბლისფერი კანი, სწორი ცხვირი,სქელი,გამოყვანილი ტუჩის კონტურები იმდენად მკაფიო იყო, გახუნებულ,გაცვეთილ და ამოხეულ ტანსაცმელშიც კი არ იკარგებოდა.
ჯერ კიდევ ბავშვი იყო.უკვე გოგოობაში აბუჯებდა.მისი ასაკის ბავშვები უდარდელად თუ თამაშობდნენ და გასართობად წინ და უკან დადიოდნენ.ის სახლში იჯდა და ან საჭმელს აკეთებდა,ან სახლს ალაგებდა,სარეცხს რეცხდა, ბოსტანში ფიზიკურად მუშაობდა.მისთვის უცხო არ იყო ფიზიკურად მუშაობა ბოსტანში და ეზოში სიცხეში თუ სიცივეში.
მისი შემყურე მეზობლები,ნახევრად ჩამონგრეული ღობიდან რომ დაინახავდნენ,თავს ამაოდ გააქნევდნენ, ხელს ჩაიქნევდნენ,ზოგიერთი უფრო გაბედული მის მშობლებს ერთს მიაგინებდა ან მიაწყევლიდა და გზას აგრძელებდა.
ოჯახში ბევრნი იყვნენ-დედა,მამა,მოხუცი ბებია და ორი მცირეწლოვანი ძმა.მამას დალევა უყვარდა.სამუშაოდ წასული ხშირად ნასვამი ბრუნდებოდა და მიზეზს ეძებდა რომ ვინმესთვის შარი მოედო რამეზე.მერე ძირითადად ან ანას ხვდებოდა ან დედას…
ვერც ვერსად წავიდოდა და ვერც ვერავის სთხოვდა დახმარებას.ყველა ხვდებოდა, ყველას ესმოდა,მაგრამ ჩარევას არავინ აპირებდა..
ასეა ყოველთვის,როცა ურემი გადაბრუნდება გზა მაშინ გამოჩნდებაო..
სკოლაში არ დადიოდა.ხანდახან თუ მოახერხებდა წასვლას და მაშინაც მორიგი ცემა გამოწერილი ჰქონდა რადგან ასეთ დროს ყოველთვის რაღაც რჩებოდა გასაკეთებელი…
ბებია ცდილობდა რომ დახმარებოდა, მაგრამ მას არავინ უჯერებდა.ძლივს რომ დადიოდა ის მოხუცი აბა რას გააკეთებდა?
მხოლოდ გვიან,ყველა რომ დაიძინებდა და არავის ადარდებდა რას იზავდა ანა, მაშინ მოაკითხავდა გოგოს და თავის ოთახში წაიყვანდა,რკინის ძველისძველ საწოლში ჩაიწვენდა და იქამდე ეფერებოდა თმაზე სანამ არ დაეძინებოდა ჩუმად მტირალს…
გაზაფხულის მიწურულს ბებიამ თავი ცუდად იგრძნო.მთელი დღე ელოდა რომ დაღამებულიყო.როცა მორიგი ჩხუბის სცენა დასრულდა,ანასაც დაუმსახურებლად კიდევ ერთხელ მოხვდა და თვალი ჩაულურჯდა,როცა დედამ ჩვეულებად ქცეული ცრემლი გადმოყარა და მაინც პატარები წაიყვანა დასაძინებლად,ანა თავისთან წაიყვანა, თვალზე ცივი ტილო დააფარა და საწოლში მიუწვა გვერდით.
-ჩემო დახატულო,ჩემო ანგელოზო,ეს რა დღეში გაგდებენ.
-მივეჩვიე ბებია.-ამოისლუკუნა გოგომ.
-ამას თავი უნდა დააღწიო.შემპირდი რომ იბრძოლებ აქედან წასასვლელად და ამათ აღარასოდეს გაეკარები.
-ბებია,რა უცნაურად ლაპარაკობ?-ცრემლი მოიწმინდა გოგომ.
-მომისმინე კარგად.მალე თექვსმეტი წლის გახდები,შენი მშობლები შენს გათხოვებას დააპირებენ.მაგრამ თუ შეძლებ არ დათანხმდე.აქედან წადი როგორმე.
-შენც წაგიყვან ბებია.
-მე ვერ წამიყვან.მე ვხვდები რომ ჩემი დღეები დათვლილია.
-ბებია.-ჩუმად ტიროდა ანა.ცდილობდა არავის გაეგო მათი საუბარი.
-ახლა ზღვის სეზონი იწყება.ბათუმში ჩემს დისშვილს კაფე აქვს გახსნილი.შენზე მივწერე წერილი და მითხრა რომ იქ თუ ჩახვალ,ყველაფერს გასწავლის.
-არ გამიშვებენ.
-გაგიშვებენ.მე ვეტყვი.თანაც მამაშენი ფულზე რომ გაიგებს,გაგიშვებს კი არა საკუთარი ხელით ჩაგიყვანს.
-მე ხომ არაფერი არ ვიცი ბებია,სკოლაშიც არ მივლია ნორმალურად.
-წერა-კითხვა იცი.ანგარიში,მინახავს ჩუმად როგორ მეცადინებდი.ჩემგან თურქულიც ისწავლე.ეს საკმაოდ ბევრია იმისთვის,რომ იქ მუშაობა შეძლო.
-მე მაინც ვიცი რომ არ გამიშვებენ.
-მე ვეცდები.და თუ ეს საქმე არ გამოვიდა, ბოსტანში,ვაშლის ხის ძირში პატარა ყუთი მაქვს ჩაფლული.აიღე ის ყუთი და აქედან უკანმოუხედავად გაიქეცი.
იმ ღამეს მეტად აღარ ულაპარაკიათ.
ანას ბებია თურქი ჰყავდა.ბაბუამისმა თურქეთში ყოფნისას მოიტაცა და ბათუმის ერთ-ერთ სოფელში წამოიყვანა.ქალს ახლობლებმა რომ მოაკითხეს,სხვა გზა არ იყო და დატოვეს,წლები მოიძულეს შვილი. მაგრამ მერე დებმა მოძებნეს და ურთიერთობა აღადგინეს.მეტიც შუათანა დაც ბათუმში გადმოცხოვრდა ოჯახთან ერთად.
ქართულ-თურქულ კერაზე აღზრდილი ანა იქნებ ამიტომაც იყო ულამაზესი….
დილა ჩვეულებრივად დაიწყო მამის ყვირილით რომ შიოდა და დროულად მიეტანათ საჭმელი და დედის ყვირილით რომ მას არ ეცალა,ბავშვებისთვის უნდა მიეხედა.
ანამ მძიმედ ასწია თავი.ბებია სკამზე იჯდა და ძველებურ ტელევიზორში რაღაცას უყურებდა.თავის ხელჯოხს დროდადრო შეათამაშებდა და შვილს ყურადღებას არ აქცევდა.
-შენ არ შეგიძლია რომ საჭმელი დამისხა დედაჩემო?-დაუძახა შვილმა.
-შენ რომ დაისხა ხელები გეტკინება?- უპასუხა ქალმა.
-ამ სახლში პატივს არავინ მცემს.ოჯახის უფროსი ვარ თუ ვინ ვარ?-ხმას აუწია კაცმა.
ამასობაში ანა გამოვიდა,რკინის ჯამი აიღო და წყალწყალა წვნიანი დაუსხა.წინ დაუდო და ძველი პურიც მიუწია.
-ეს რა არის?-კოვზით მოურია და სახე დაემანჭა კაცს.
-მეტი არაფერი იყო.-თავი დახარა ანამ.
-ამას ძაღლიც არ შეჭამს.მე ძაღლი ვარ?- იღრიალა კაცმა და წამში სახეში შეასხა გოგოს.
-ხელები გაგიხმეს.-მიაწყევდა დედამ შვილს.ანამ სახეზე აიფარა ხელები და ბებიის ოთახში გაიქცა.
-სად მიდიხარ.მოდი აქ.-ფეხზე წამოდგა კაცი.-მოგაკლდა ჩემი ხელი.
-დაჯექი.-მშვიდად უთხრა მოხუცმა.
-შენ ვინღა გეკითხება დედაჩემო.
-რატომ შენც მუცელში არ გამიწყალდი შენს ძმასთან ერთად.-მიაწყევლა ქალმა.
-შენ რა დედა ხარ?შვილის სიკვდილს ნატრობ.
-შენ ხარ მამა?-თვალი გაუსწორა ქალმა.
-ამ დილაადრიანად რა გინდა დედაჩემო?
-დაჯექი და მომისმინე რას გეტყვი. დაანებე ანას თავი.
-დროზე მითხარი რა გინდა.
-ანა აქედან უნდა წავიდეს.
-თავი ხო არაფერს მიარტყი დედაჩემო?- გადაიხარხარა კაცმა.
-მომისმინე-მეთქი.-ჯოხი იატაკს დაარტყა ქალმა და ხმას აუწია.-ანა ბათუმში სამუშაოდ გავუშვათ ჩემ დისშვილთან. თავისთან ამუშავებს კაფეში და ხელფასს გადაუხდის.
-რამდენს გადაუხდის?-მაშინვე ჰკითხა კაცმა.იდეა აშკარად მოეწონა.
-ეგ არ ვიცი,წავიდეთ და დაველაპარაკოთ.
-დღესვე წავიდეთ.
-შენ სამუშაოდ არ მიდიხარ?-ოთახში შემოვიდა ცოლი.
-შენ ვინ გეკითხება ქალო მე სად წავალ. მაჭამე რამე შენ მაინც,თორემ რაც შენს შვილს დავაკელი,შენ დაგიმატებ.
პასუხად ცილისგან წყევლა-კრულვა მოყვა. მერე შეკამათება და მორიგი ჩხუბი.
ანა კი იჯდა ბებიის საწოლზე,მუხლები მოეკეცა,ხელები ყურებზე აეფარებინა და ცრემლების შეკავებას ცდილობდა.
***********
მარტო დარჩა.მიხვდა ყველა წავიდა. დედამ ბავშვები ბაღში წაიყვანა,თვითონ ალბათ სამუშაოდ წავიდა.სოფელში დადიოდა და ვისაც მუშა სჭირდებოდა შავი სამუშაოსთვის,მასთან მუშაობდა. ხან ბარავდა,ხან თოხნიდა,ხან ბოსტანს მარგლიდა,მოსავლის აღებაში ეხმარებოდა,ეზოებს ასუფთავებდა. ანას რამდენჯერ შესცოდებია დედა პაპანაქება სიცხეში ან ყინვასა და ქარში მომუშავე.
მაგრამ ვერაფერს შველოდა.რისი გაკეთება შეეძლო მას?ბრაზდებოდა იმაზე რომ დედას ოჯახმა ზურგი აქცია და საჯიჯგნად მიუგდო ქმარს.მათთან არასდროს მოდიოდნენ და არც ისინი მიდიოდნენ.არ უჭირდათ დედას ოჯახს, მაგრამ არც ულხინდათ. ყოველშემთხვევაში მათზე უკეთესად ცხოვრობდნენ…
საქმეებს რომ მორჩა,ღუმელი აანთო, ქვაბით წყალი შემოდგა და ბებიის სავარძელში ჩაჯდა.სანამ წყალი გაცხელდებოდა,მანამდე დახეული ჩანთიდან წიგნი გამოაძვრინა და გადაშალა.მეცხრე კლასს ამთავრებდა წელს და სავარაუდოდ სწავლას არავინ გააგრძელებინებდა.ან რას სწავლობდა? სკოლაში თვეში ორჯერ თუ წავიდოდა..
წყალი რომ გაცხელდა,დიდ ქვაბში გადაანელა,სახლის გვერდით სახელდახელოდ აშენებულ ხის სააბაზანოში შეიტანა,რკინის თასი გადმოიღო და დასაბანად გაამზადა.
წყალმა ყველაფერი ჩამორეცხა-ჭუჭყი, დაღლილობა,დაძაბულობა,მაგრამ რეალობა მაინც ვერ შეცვალა.ისევ იქ იყო, სადაც დაბადებას დღეში ალბათ იმდენჯერ ნანობდა,რამდენჯერაც მამის მწარე ხელი მოხვდებოდა….
ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებულმა ერთი გახუნებული სასკოლო ჯინსი ამოიცვა,მუქი ფერის თხელი მაისური გადაიცვა,რომელსაც ასევე ფერი დაეკარდა,მეზობლის მოცემული ძველი ბოტასები ფეხებს კი სტკენდა,მაგრამ სხვა არაფერი ჰქონდა.ჩანთაში რაც ჰქონდა ყველაფერი ჩააწყო და სკოლაში წავიდა.
იქნებ ერთი-ორ გაკვეთილს მაინც დავესწრო,სანამ დაბრუნდებიანო.
პირველ გაკვეთილზე დააგვიანა.ეზოში ელოდა როდის დაიწყებოდა შემდეგი,რომ იქ შესულიყო.ზარი დაირეკა.ბავშვების ჟრიამულმა ეზო მოიცვა.უდარდელად და სიცილ-კისკისით დარბოდნენ სხვადასხვა ასაკის გოგო-ბიჭები.თამაშობდნენ,მაგრამ არავის გახსენებია ეულად მჯდომი ანა.
ცდილობდა ცრემლი შეეკავებინა და სახეზე არ შეტყობოდა არაფერი.
შემდეგი გაკვეთილი ისტორია უნდა ჰქონოდათ.ასე ახსოვდა.ძალიან უყვარდა საქართველოს ისტორია.ბიბლიოთეკიდან მოჰქონდა ისტორიული წიგნები და კითხულობდა ჩუმად რომ მამამისს არ დაენახა.ერთხელ თავზე წამოადგა და მაშინაც მაგრად სცემა.მიზეზად ის მოუდო ელექტროენერგია იწვება და გადასახადი ბევრი მოვაო…
მასწავლებელმა სია ამოიკითხა.ანას გვარი რომ მოესმა ვარო მორიდებით უთხრა.ქალმა სათვალე ცხვირზე ჩამოიწია და წარბებს ქვეშიდან გამოხედა.
-გვაქვს პატივი თქვენი სტუმრობის.
ანა ვერ მიხვდა ირონია იყო თუ რა იგულისხმა მასწავლებელმა,თავი ჩაღუნა და თითებს დაუწყო წვალება.
-აბა ანა,იცი რა გვაქვს გაკვეთილი?
გოგო ფეხზე და ადგა და თავი მორცხვად დახარა.
-არა.-ოდნავ გასაგონად თქვა მან.
-არა.რა თქმა უნდა.-გამოაჯავრა მასწავლებელმა.-საერთოდ იცი რამე?
ხმა არ გასცა.ამ დროს კიდევ ერთხელ ინანა ამქვეყნად დაბადება..
-მარიამ შეახსენე რა გვაქვს გაკვეთილი. -მიმართა მასწავლებელმა ანას წინ მჯდომ გოგონას.
-თამარ მეფის მეფობის ხანა საქართველოში.-წამოდგა გოგო და ამაყად უპასუხა,თან ანასკენ გაიხედა უკან.
-მასწავლებელო მე არ ვიცოდი რა გვქონდა დღეს გაკვეთილი,მაგრამ შემიძლია მოვყვე.-ოდნავ სითამამე მიეცა ანას.
-მართლა?-ისევ წარბები აზიდა ქალმა, ხელები შეკრა,მაგიდაზე ჩამოაწყო და ანას მიაცქერდა.-აკი წეღან არ იცოდი.
-წამიკითხავს.
-მოყევი.
ანამ მოყოლა დაიწყო.
-თამარ მეფე იყო ბაგრატიონთა სამეფო წარმომადგენლობიდან.მისი მეფობის ხანას ოქროს ხანას უწოდებენ.ის მეფობდა 1184-1210წლებში.იყო გიორგი მესამის შთამომავალი.1185 წელს ის იძულებით გაათხოვეს გიორგი რუსზე.მაგრამ ეს ქორწინება დაახლოებუთ ორ წელში დასრულდა.შემდეგ ის გათხოვდა დავით სოსლანზე,რომელიც შემდგომ თამარის ჯარს ხელმძღვანელობდა.თამარის მეფობის დროს მოხდა შამქორის და ბასიანის ბრძოლები,სადაც მას ირანელებთან მოუწია ბრძოლა.
ანა უფრო გათამამდა როც შეამჩნია რომ ყველაფერს სწორად ყვებოდა.რამდენჯერ უნატრია რომ თამარივით ძლიერი ყოფილიყო.ის მისი საყვარელი ისტორიული პიროვნება იყო.
-გეყოფა.-გააწყვეტინა მასწავლებელმა. -დაჯექი.შამქორზე და ბასიანზე ჯერ არ მივსულვართ.
ანას გული დასწყდა რომ შეფასება ვერ მიიღო.სადაც მიდიოდა ყველგან უსამართლობას აწყდებოდა და ეს კიდევ უფრო აფიქრებინებდა იმას რომ ია-ვარდებით მოფენილი ცხოვრება არასდროს ექნებოდა,რაც არ უნდა გაეკეთებინა.
გაკვეთილების დამთავრების შემდეგ პირდაპირ სახლში წავიდა რომ მამამისის დაბრუნებისთვის მიესწრო.ისე ჩქარობდა შემთხვევით ქვას წამოკრა ფეხი,დაეცა და შარვალი მუხლებზე გადაეხა. ხელისგულების წვა იგრძნო და ისევ ცრემლები წამოუვიდა.სამყაროში ყველაფერი მის წინააღმდეგ იყო.ჩანთა ზურგზე მოიკიდა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ისევ სახლისკენ,თან ხელებს იზელავდა.
სახლი შორიდანვე დაინახა.მეზობლების ლამაზ სახლებს შორის,მათი სახლი საცოდავად იდგა.ერთსართულიანი და ისიც სანახევროდ ჩამონგრეული,კედლებ დახეთქილი,სახურავ გატეხილი ან როგორ იდგა საერთოდ ესეც კი უკვირდა რომ თავზე არ ენგრეოდათ.იატაკი ალაგ-ალაგ ამოტეხილი.მის ადგილზე უბრალო ფიცრები ელაგა და თუ ფრთხილად არ იქნებოდი,შესაძლოა ფიცარი გაწეულიყო და ფეხი მოგეტეხა ან უკეთეს შემთხვევაში რამეს დაიზიანებდი..
ტანსაცმელი გამოიცვალა და ჩვეულ საქმიანობას შეუდგა. ბევრი არაფერი ჰქონდათ რომ საჭმელი მოემზადებინა. ამიტომ ღუმელს ისევ შეშა შეუკეთა და წყალი შემოდგა მაკარონის მოსახარშად. თან წიგნი ეჭირა და ცალი თვალით კითხულობდა.
გარედან ხმა რომ მოესმა სასწრაფო წესით დაკეცა და ბებიის საწოლზე ლეიბის ქვეშ შეინახა.მერე კი მაკარონს წყალი გადაუწურა,ზეთი დაასხა და მარილი მოაყარა.
-მოდი დედაჩემო.-უჩვეულოდ დამტკბარი იყო მამა.ანა მაშინვე მიხვდა რომ ბათუმში სტუმრობას უშედეგოდ არ ჩაევლო.ბებიას მეორე მხრიდან ამოუდგა და სახლში შეიყვანა.სავარძელზე დააჯინა.
-როგორ დავიღალე.ჩემი ხნის ქალი ასე შორს აღარ უნდა მიდიოდეს.
-ბებია ახლავე მოგხედავ.მოდი ფეხსაცმელს გაგხდი.-ანამ ქალს ძველი ფეხსაცმელი გახადა,ტერფები დაუზილა და ოთახის ჩუსტები ჩააცვა.
-შემდეგი კვირიდან ბათუმში წახვალ სამუშაოდ.-უთხრა მამამ მშვიდად და მაგიდას მიუჯდა.-მაჭამე რამე.
-იქ რა უნდა გავაკეთო?
-რასაც სახლში აკეთებ.ან ჭურჭელს დარეცხავ ან დაალაგებ.
ანამ თეფშზე ამოუღო მაკარონი და წინ დაუდგა.მამამისმა ზიზღით დახედა,მაგრამ ამჯერად არაფერი უთქვამს,ახალი შემოსავლის მოლოდინში იყო.
ანამ დიდი ვერაფერი გაიგო,მაგრამ ხმა არ ამოუღია.
მალე დედაც დაბრუნდა.ბავშვებიც მოიყვანა და პატარა ჩანთით საჭმელი. სადაც იმუშავა იმ დიასახლისს ჩაელაგებინა ცოტაოდენი კარტოფილი, ყველი,პური,ტბილეული და კოკა-კოლა.
დედამ მაგიდაზე ამოალაგა ყველაფერი, მერე ბავშვებს გამოუცვალა,ხელები დააბანინა და სუფრასთან დასვა საჭმელი დაუსხა.ანა არავის გახსენებია.ის კი იჯდა ბებიასთან და ეხუტებოდა ქალს.
-ლია შვილო,აქ მომაწოდე ჩემი წილი.- სთხოვა მოხუცმა.რძალმა ბურტყუნით მიუტანა.მოხუცმა ანას მიაწოდა და ჭამეო უთხრა.
-არა ბებია,ეს შენია.
-ჭამე.-გაუმეორა ქალმა და შვილს და რძალს გახედა.-საერთოდ გახსოვთ ანა რომ თქვენი შვილია და არა გერი?
-დედაჩემო შარზე ხარ?-გამოპასუხა შვილი და ბოლო ლუკმაც გადაუძახა პირში.
-მე რომ აღარ ვიქნები ნეტავ რა გეშველებათ.-ჩაილაპარაკა ქალმა და ფეხზე წამოდგა დასაძინებლად წავიდა.
-მეც წამოვალ ბებია.
-სად მიდიხარ?-შეაჩერა დედამ.
-მეძინება.
-აქაურობა მიალაგე და მერე წადი დასაძინებლად.მე დავიღალე დღეს.ფეხზე ვეღარ ვდგავარ.-ბავშვებს ხელი მოჰკიდა ქალმა და დასაძინებლად წაიყვანა.მერე მამაც მიჰყვა.მარტოდ დარჩენილმა ანამ ხმისამოუღებლად მიალაგა იქაურობა, ჭურჭელი დარეცხა.ბებია რომ არ გაეღვიძებინა იქვე მორყეულ ტახტზე მიწვა,თხელი გადასაფარებელი მიიფარა და ძილს მისცა თავი…
იმედიანად იყო.თითქოს რაღაც ახალს და კარგს ელოდა.სჯეროდა რომ მომავალი კვირიდან მისი ცხოვრება სულ თუ არა ცოტათი მაინც შეიცვლებოდა…
ამის მოლოდინში თავის დაბადებისდღე გახსენებია არც მას და არც არავის. მხოლოდ ბებიას გაახსენდს და ღამით ყველასგან ჩუმად ორმოცდაათი ლარი აჩუქა პენსიიდან რომ გადააენახა.
-იქ ხელფასს ყოველდღიურად მოგცემენ. შენთვის გადაინახე ცოტა და დანარჩენი სახლში მოიტანე.სადმე ჩუმად შეინახე. როგორც კი მიხვდები რომ იმდენი გაქვს,რამდენიც საჭიროა,მაშინვე წადი აქედან.იქნებ რამე ისწავლო რომ ცხოვრებაში რამეს მიაღწიო.თორემ გაგათხოვებენ და დედაშენივით ამოგხდება სული სიღატაკეში.
-ბებია შენ რატომ დარჩი ბაბუასთან?
-არც მე მქონდა წასასვლელი,მაგრამ უნდა ვაღიარო არც ასე მექცეოდა,როგორც მამაშენი იქცევა.
-რატომ გავჩნდი თუ ასე უნდა ვიტანჯო სულ?
-შვილი რომ გეყოლება,მიხვდები რომ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.
-შვილს არასოდეს გავაჩენ,თუ მეცოდინება რომ ისიც ჩემსავით დაიტანჯება.
-მაგას ვერ გაიგებ ჩემო სიხარულო.ჩემო მერცხალო.უკვე თექვსმეტი წლის ხარ. რა მალე გაფრინდა დრო.
-ბებია არასდროს მიმატოვო.-მიეხუტა გოგო და თვალები დახუჭა



№1 სტუმარი ლიკა.

დასაწყისი კარგია, გააგრძელეთ.მიყვარს თქვენი ისტორიები.❤️

 


№2  offline წევრი katiusha

ლიკა.
დასაწყისი კარგია, გააგრძელეთ.მიყვარს თქვენი ისტორიები.❤️

მადლობა ჩემო კარგო❤️აუცულებლად გავაგრძელებ❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან გამიხარდა თქვენი გამოჩენა ,ძალიან საინტერესოა ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent