შენი ფანჯრიდან (ნაწილი მეოთხე)
ნაწილი მეოთხე „შენი ოთახის ფანჯრიდან მზე სულ სხვანაირი ჩანს“ მეორე დილა გათენდა ისეთი, შიშის ზარს რომ დასცემდა ყველას. ამოწვერილიყო მაზერის ცაზე სუსხისფერი მზე. ქარვისფერი სხივები ბრწყინავდნენ კრისტალების დარად. მაინც შემოაღწია ფარდაჩამოფარებულ ოთახში სინათლის სუსტმა სხივებმა და შეაღვიძა უშფოთველად მძინარე. უცნაურ სიმძიმეს გრძნობდა მთელი ღამე სოფა, თუმცა თავისი გაიტანა ემოციურმა დაღლილობამ და ეძინა ისე, რომ არც გარხეულა. მანამ, სანამ გონება გამოფხიზლებას დაიწყებდა, თავი ძლივსძლივობით წამოსწია ბალიშიდან და არეული მზერა მოატარა ჯერ ოთახს, შემდეგ კი საწოლს. დაბინდული მზერით მის გვერდით მძინარე სხეულს რომ მისწვდა, საწოლის ერთი მესამედი რომ დაეკავებინა თამამად, საკუთარ თავს დაუწყო ჩუმი ბუტბუტი და არადამაჯერებელი დარწმუნება, სიზმარი იქნებაო, აუცილებლად. გაოგნებულმა უჩქმიტა მოშიშვლებულ მკლავზე და ოდნავ შერხეული რომ დაიგულა, ძლივსღა შეიკავა თავი შეშფოთებული წამოყვირებისგან. - აქ რას აკეთებ, გიორგი?! - მოგუდული ხმით წამოიყვირა და დააჩერდა ზემოდან კაცს, უდარდელად რომ ფშვინავდა თავის საწოლში. - გაიღვიძე, დროზე! - გაჰკრა მუჯლუგუნი. - რა ხდება? - სუსტად გაახილა თვალები და შეათვალიერა თავზე წამომდგარი სხეული, ჩალისფერი თმა სასაცილოდ რომ აჰბურდვოდა. - რატომ მიჩრდილავ მზეს? - აქ გეძინა შენ?! - შეშფოთებულმა, უფრო მეტად დაბნეულმა წამოიყვირა და იტაცა ორივე ხელი პირზე ზედმეტი ხმაურის ჩასახშობად. - გააფრინე? არა... გააფრინე, ხო? - ჩურჩულებდა ანერვიულებული და ვერ აშორებდა არეულ მზერას ახალგაღვიძებულს, თაფლისფერი თვალები კიდევ უფრო რომ გაღიავებოდნენ და მზისფერში გადასულიყვნენ. დაბალზე შეჭრილი თმა ისევ ისეთი სისწორით განფენილიყო, როგორც წინა საღამოს. - ჩამძინებია... რა მოხდა? - ძილისგან დაბოხებოდა ხმა კიდევ უფრო. - გიორგი! - პანიკის ნოტები შეერია გამოფხიზლებულს. - ისე გადი აქედან, ვერავინ შეგამჩნიოს! - აუცილებლად, - ჩაეცინა მის რეაქციაზე და სწრაფად იცვალა გვერდი. - ცოტა ჩუმად იხმაურე, ძილს მიფრთხობ, სხვათაშორის. - შეიშალე? ხუმრობის დროა? - ძილის დროა, სოფა! - ბალიშში თავჩარგულმა ამოილაპარაკა და ორივე ხელი გაშალა პატარა საწოლზე. კაცის უეცარ შეხებაზე დენდარტყმულივით შეხტა და იცვალა გვერდი. - გადი-მეთქი, სასწრაფოდ! - დაუბღვირა გაღიზიანებულმა და ტუმბოზე დადებული ტელეფონი შეამოწმა. - დილის ცხრა საათია... ახლა გაიღვიძებენ და მოგიკითხავენ, გესმის? აქ რომ შემოვიდეს ლილი... ვაიმე! - ბორგავდა საწოლში ანერვიულებული. - რამე არ იფიქრონ, ხო? როგორ უფრთხილდება თავის რეპუტაციას... ჩემზე სულ არ ფიქრობს! - ჩუმი ქირქილით გადააქნია თავი გიორგიმ. - გაგიჟდი, შენ? მოშორდი აქედან! - დაუცაცხანა უდარდელად გადაწოლილს. - ვინმემ რომ დაგინახოს, წარმოგიდგენია, რა მოხდება? იცი მაინც, რას იფიქრებენ ჩემზე?! რა ვუთხრა... რა ავუხსნა, შემთხვევით ჩემთან შემოიპარა ღამის თორმეტ საათზე, ჩაეძინა და მე გათიშულმა, საერთოდ ვერაფერი გავიგე-მეთქი?! - მე შენ რა გაგაფრთხილე, სოფია? - წარბაწეული გადმობრუნდა ისევ მისკენ და მოიმწყვდია მკლავებს შორის. - რა გამაფრთხილე?! - წარბები აზიდა კაცის გამაფრთხილებელ ტონზე და შეცბუნებულმა გაზარდა დისტანცია კიდევ უფრო. - მხოლოდ თხოვნებს ვითვალისწინებ-მეთქი. თხოვნებს! - თბილი ღიმილით დაუმარცვლა უკანასკნელი სიტყვა და მოხუჭა ისევ თვალები. - ადექი... სამამდე ვითვლი, იცოდე! ერთი... ო-რი! საააა... - მთელი ღამე მეძინა და კიდევ ერთი საათი რომ დამაძინო, რა შეიცვლება? - არაფრად ჩააგდო ქალის მონდომებული მუქარა და აბუზღუნდა საბანში გადახვეული. - შემოვა-მეთქი, ვინმე! - წამოიძახა აღშფოთებულმა და წამოხტა საწოლიდან შემცივნებული. - გავიყინე! - დაწექი მერე, - უდარდელად აიჩეჩა მხრები და მოატარა დამკვირვებლური მზერა ქალის სხეულს. - ეგეთი თხელი ღამის პერანგი ზაფხულშიც არავის უკადრებია აქ, იცი, შენ, სოფია? - რაო?! - წამოხურდა სახეზე სოფა. - როგორ მიბედავ! - რას, ფილტვების ანთების რეალურ რისკებზე საუბარს დილის ცხრა საათზე, მინუს სამ გრადუს ყინვაში? - დამცინავად აზიდა წარბები და შეათვალიერა უკეთ ერთ ადგილას დაყუდებული. - თვალებს დაგთხრი! - სასაცილოდ წამოუწითლდა ლოყები და თავადაც იგრძნო ოთახში არსებულ ტემპერატურასთან შეუსაბამო სიმხურვალე სახეზე. - მოდი, იქნებ, ასე მაინც დამაძინო... - ხმით ჩაეცინა და უღონოდ გადააგდო თავი ბალიშზე. - კარგი, გავიღვიძე... გილოცავ! - პრობლემები ისედაც არ მაკლია, გიორგი. შენც ნუ დამემატები, ძალიან გთხოვ! - ღრმა ამოსუნთქვას ამოაყოლა ჩუმი ბუტბუტი და სახეზე უდიერად ჩამოყრილი თმა უკან გადაიყარა. აკვირდებოდა მის ყოველ მოქმედებას კაცი და ჩაეღიმა ბოლოს, როცა მოქმედების დასრულების შემდეგაც ვერ მოსწყვიტა თვალი. განსაკუთრებით ლამაზიაო, უკან გადაყრილი თმითა და მოღერებული ყელით. - არცერთი შენი პრობლემა არაა შენი, სოფა, - ჩაილაპარაკა მრავალმნიშვნელოვნად და ჩუმი ღიმილით აგრძნობინა, ვხედავო შენს აღელვებას. - მომისმინე... მოდი, აქ! - შეძვრა ისევ საწოლში და დაექაჩა მკლავზე. - სად მეპატიჟები? - მომხიბვლელი ღიმილი დასთამაშებდა კაცს უჩვეულოდ გახსნილ სახეზე. - ვიღაც მაგდებდა თავისი საწოლიდან... სწორად მახსოვს, ხო? - ნუ იღიმი ეგრე! - ხმა ჩაიწმინდა მისი მზერით აფორიაქებულმა. - როგორ? - თვითკმაყოფილი! - ვარ... მართალია, - დაუქნია თავი მსუბუქად. - კიდევ? - გავგიჟდები... რა გინდა? - ძილი, - უპასუხა უცერემონიოდ. - წადი და შენს ოთახში დაიძინე! - ბრაზი სახეზე მოაწვა სოფას, ეგოისტურად სხვა პასუხს რომ ელოდა, მაინც. - ვერა, - უღონოდ გააქნია თავი და მოხუჭა ისევ თვალები. - არ გამოვა ეგ ამბავი. - რატომ?! - მცივა. - დამცინი, ხო? - უხეშად გაუშვა ჩაჭიდებული ხელი. - ოდნავ, - ჩაეცინა კაცს. - კარგი, ნუ ბრაზდები. მოდი, ისევ დამექაჩე, აჰა. - ღიმილით გადაადო მარჯვენა ხელი მუცელზე. - გიორგი... - ამოიქშინა სასოწარკვეთილმა და ელდანაკრავივით წამოიწია საწოლზე. - ლილი გაიგებს. ნუ მარცხვენ! - კარგი, კარგი, - ყალბი დამაჯერებლობით დაუქნია თავი. - რაო, რას გაიგებსო ლილი?.. რამე არის გასაგები? - არ არის? - შენ რომ შერცხვე, ეგეთი ამბავია, სოფია?! - შენთან როგორაა არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის - კი, სამარცხვინოა უცხო კაცის გვერდით ძილი! - უკმეხად მიუგდო სიტყვები. - უცხო კაცი ვარ შენთვის? - წარბები აზიდა დემონსტრაციულად. - რა, არ ხარ? - ჩემთვის არ ხარ უცხო ქალი, - ჩაუკრა თვალი ღიმილით. - ადგები? - ხო, - უპასუხა ისე, რომ არც ჰქონია მცდელობა. - არ მეცინება! - უნდა გეცინებოდეს. - კაი?! - დამცინავად ჩაეცინა ქალს. - ახლა თუ არ გაიცინებ, მერე აღარ იქნება, - მკრთალად ჩაეღიმა სოფას ინტერესით მომრგვალებულ თვალებზე, შემოდგომის თბილ სიჭრელეს რომ ასხივებდნენ დაუოკებლად. - ვნერვიულობ! - სანერვიულო ყოველთვის იქნება და რას იზამ, არასდროს გაიცინებ? - გაბზარული მზერა მიაპყრო სივრცეს, ქარვისფერი ფარდებიდან რომ ჟონავდნენ მარგალიტისფრად აბრჭყვიალებული სინათლის სხივები. ლამაზიაო ყოველი დილა, რომელიც თენდება, გაეფიქრა წამიერად და არ დააყოვნა მთელი სიმძიმით მოწოლილმა დანაშაულის გრძნობამაც. - რაღაცას გკითხავ... - მცირეხნიანი დუმილი დაარღვია სოფას დაფიქრებულმა სიტყვებმა. აშკარაა, ბევრი ეფიქრა სათქმელზე. - მკითხე. - ტასოსგან რაღაც გავიგე... - დაიჩურჩულა ძალიან დაბალი ხმით და ღაწვებიც შეეფაკლა ოდნავ. - არ ვიცი, რამდენად ღირს ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ მე რომ ვიცი, თავს უხერხულად ვგრძნობ. მაწუხებს რაღაც ძალიან. - რა გაიგე, აბა? ვინ მოიპარა გირგვლიანების ცხენი? - უსიტყვოდ მიუხვდა გიორგი, თუმცა არ დაუშვა მაინც. - ეგეც, მაგრამ სხვა... შენთან დაკავშირებული. - რაო, აბა, ტასომ? - ამოიხვნეშა სუსტად და საბოლოოდ გამოფხიზლებული წამოიწია საწოლზე. - საცოლე გყოლია, - სიფრთხილით წამოიწყო. - მითხრა, რომ დაქორწინებას აპირებდით. - მყოლია, - ჩაილაპარაკა მშრალად და წამოდგა ფეხზე. - მერე? - შეერია მოუთმენლობა. - მერე? - გაიმეორა იმავე ტონით. - შენ რა გაინტერესებს, სოფა? - ჰკითხა გამომცდელად და შეანათა დილის სხივებში გახვეული თაფლისფერი. - ტასომ მითხრა, რომ ჩემი და შენი ცხოვრება ძალიან ჰგავს ერთმანეთს... მითხრა, რომ მოკლეს... მტრობის გამო, - თითების მტვრევითა და დაძაბული მზერით აკვირდებოდა გიორგის დაძაბულ ნაკვთებს. - მოკლეს, - დაუქნია თავი მშვიდად. - ასეა. - კარგი... არ უნდა წამომეწყო, - მხრებჩამოყრილმა იცვალა გვერდი და შემოიხვია საბანი მჭიდროდ. - დაასრულე კითხვა, სოფა. - არ მაქვს კითხვა, გიორგი, - ჩაილაპარაკა ძალიან ჩუმად. ჰქონდა. ძალიან ბევრი კითხვა აწუხებდა, მაგრამ ვერ ამჟღავნებდა ვერცერთს, რადგან ერთის გამჟღავნება ტოლობის ნიშანს სვამდა საკუთარი ვერაღიარებული გრძნობების სააშკარაოზე გამოტანასთან. - ხუთი წლის წინ მოკლეს ქალი, რომელიც მიყვარდა, - სუნთქვაშეკრულმა ამოაყოლა სიტყვები ღრმა ოხვრას და უპასუხა ფიქრებწაკითხულს. უჰაერობამ წაუჭირა ყელში ძლიერად, მაგრამ გრძნობდა ვალდებულებასაც. - გასაგებია... - დაიჩურჩულა ისე, რომ არ აუწევია თავი. თუ უყვარდაო ახლაც, ფიქრობდა ბევრს, მაგრამ ვერ იღებდა პასუხს. - გეტყოდა მიზეზსაც, - ჩაილაპარაკა მშრალად. - მითხრა მიზეზი. - კიდევ? - არაფერი-მეთქი. - არ წამოიწყებდი ისე, - ჩაეღიმა სუსტად. - მაწუხებდა, რომ ვიცოდი... დამალულს ჰგავდა. - ტასოს ბევრი საუბარი უყვარს, - გადააქნია თავი გიორგიმ და ხელისგულებით ჩამოეყრდნო დახურული ფანჯრის რაფას. - იმაზე ბევრი, ვიდრე საჭიროა. - არაფერი უთხრა, იცოდე. მისი ბრალი არაა! - წამოიწია სწრაფად და შეავლო თვალი მხარბეჭიან სხეულს. ზურგით იდგა, ჩაფიქრებული მზერით აკვირდებოდა ხედს სოფას ფანჯრიდან. - აბა, შენია? - იმდენად გამომცდელად გადმოხედა, მოხვედრილ ტყვიებს მიამსგავსა მისი ეშმაკური მზერა. - შენ დაინტერესდი ჩემი წარსულით, სოფია? - დაამატა ცბიერი ღიმილით. - არა! - გაბრაზდა სოფა, ხაფანგში გამოჭერილს რომ ჰგავდა იმ წამს. - ჩემს წარსულს ვუყვებოდი და აღნიშნა, რომ ვგავდით... დამაინტერესა, უბრალოდ. არ შეიძლება? - შეძლებით შეიძლება, - ხმით ჩაეცინა გიორგის. - თან თუ დაგაინტერესა... - შენც ნუ დაინტერესდები ჩემით, გიორგი. ნუ დამისვამ კითხვებს, კარგი? - ჰგავდა დამსახურებულ სამაგიეროს და მიხვდა ისიც. - რატომ ბრაზობ? - საერთოდ არ ვბრაზობ! გადაშლილი წიგნივით იკითხებოდა მის სახეზე, რომ ბრაზობდა, თანაც ძალიან. - არის თემები... რომლებზეც მარტივად ვერ ისაუბრებ, სოფა, - შემრიგებლური გაუხდა ტონი გიორგის. მიხვდა, რომ გადააჭარბა ოდნავ. - განსაკუთრებით პირად ტრაგედიებზე... ისეთზე, როგორიც იყო ჩემი, ხომ გესმის. - მე თუ არა ვის, გიორგი?! - მწარე ღიმილი გაეპარა ცეცხლისფერ სახეზე. - მარიამი ჩემი წარსულია, - საკუთარი თავიც გააოცა, იმდენად ბუნებრივად დასცდა აქამდე ვერაღიარებული სიტყვები. - ჩემი წარსული, რომელიც აღარ არსებობს. ტკბილი წარსული, ჯოჯოხეთად გადაქცეული. გაინტერესებს მიყვარს თუ არა? ხომ ეგ გაინტერესებს, სოფა, - ჩაეღიმა ბოლოს. მიუხვდა ისევ. - საკმარისია... არ არის საჭირო, - დამნაშავედ გააქნია თავი ქალმა. - მე არ მითხოვია ის პასუხები, რომლებიც არ მიკითხავს, გიორგი. - აღიარე, რომ გაინტერესებს, - ჩუმი ღიმილით მიუახლოვდა საწოლს მეორე მხრიდან. - გერიდება?.. გრცხვენია, სოფა? - არა! - თუ მკითხავ, გიპასუხებ. - არ გკითხავ, - აერია მზერა მისი სიახლოვით. დამორცხვილმა ჩახარა თავი. - როგორც შენ გინდა... - იმავე ღიმილით გადაუწია სახეზე უდიერად დაყრილი თმა ყურსუკან და მიუახლოვდა მის სახეს კიდევ უფრო. - როცა კითხვების დასმის გამბედაობა გექნება, მე გიპასუხებ, სოფია. - განსაკუთრებული სიფრთხილით გამოკვეთა მისი სახელი და მოატარა ლამაზი მზერაც. - საკმარისია... - აკანკალებული ხმით დაიჩურჩულა და აემღვრა თვალები სულ ოდნავ გულაჩქროლებულს. სწრაფად წამოდგა ფეხზე. აუარა გვერდი უცნაურად მოღიმარს, სიმწარეც რომ დამჩნეოდა მზისფერად მოკაშკაშე თვალებში. სწრაფად მოიცვა ხალათი და კარისკენ წავიდა ფრთხილი ნაბიჯებით. ვეღარ უსწორებდა მზერას კაცს, რომელმაც მრავალჯერ გამოიჭირა. მისი გრძნობები ისე გააშიშვლა, გამოხატვაც არ დასჭირვებია. - სოფა, ბებო, გღვიძავს? - ლილიკოს ხმა რომ გაისმა, კარის სახელურისკენ წაღებული ხელი ჰაერში გაუშეშდა სოფას. - ჯანდაბა! გიორგი... - სატირლად დაებრიცა ტუჩები სასოწარკვეთილს. - გაქრი აქედან, დროზე! - უჩინმაჩინის მანტია ჩემს ოთახში დამრჩა, - ჩაეღიმა გიორგის, საერთოდ რომ არ ადარდებდა უხერხული სიტუაცია. - ნუ ხუმრობ... ცუდად გავხდები! მითხარით, რომ სიზმარია... მიჩქმიტე! - კარგი... - მიუახლოვდა კიდევ უფრო და ნელი მოძრაობით ჩამოუსვა ხელი მკლავზე. - დარწმუნებული ხარ, რომ გინდა გიჩქმიტო? - ფანჯრიდან გადაძვერი! - აღფრთოვანებულმა წამოიძახა ისე, რომ ყურადღება არ მიუქცევია მისი სიტყვებისთვის. - წამოდი! - დაექჩა მკლავზე და იძულებით მიიყვანა ფანჯარასთან. - უკაცრავად? - წარბები აზიდა გაოგნებულმა. კაკუნი გამეორდა. - საწოლის ქვეშ შენ ვერ შეეტევი! - დაიჩურჩულა პანიკაში ჩავარდნილმა. - კარადაც პატარაა! - არც ვაპირებდი! - კარი რომ შემოაღოს... გიორგი! მოიფიქრე რამე! - კარგი, კარგი... გავალ, დამშვიდდი, - ჩაილაპარაკა ისე, რომ ადგილიდან არ დაძრულა. - როგორ გახვალ? გააფრინე? კართან დგას... - დილით საკმაოდ გამაღიზიანებელი ყოფილხარ, იცოდი? - დამცინავად გადმოხედა სქელ ხალათში გახვეულს. - ეს ციმბირული შუბა სად იპოვე? ანტარქტიდაზე მიმყავდი გადასამალად, შენი აზრით? - საერთოდ ვერ მართობ! - დაექაჩა თვალები სოფას. - არც მიცდია. - სადაც წამომიყვანე, იქ ხომ ვერ მომაგნეს, საერთოდ, რას ამბობ! - დაისისინა ნიშნისმოგებით. - ერთი სული მქონდა როდის წამომაძახებდი, - ხმით ჩაეცინა კაცს. - ცოტა დაგაგვიანდა... - ყოველდღე უფრო და უფრო საზიზღარი ხდები! - ნერვიულად შეიცურა თითები თმაში საგონებელში ჩავარდნილმა. - ყოველდღე? - ხო! - ყოველდღე მაკვირდები? - აზიდა წარბები ყალბი აღშფოთებით. - არ მეგონე ეგეთი. - სხვა გზას მიტოვებ შენი გამაღიზიანებელი იუმორით? - უჩქმიტა მხარზე გამწარებულმა და ფრთხილი მზერა გააპარა კარისკენ. აღარ ისმოდა კაკუნის ხმა. - საერთოდ ვერ მართობ! - ჰო, მეც ვერ მართობს, შენი საერთოდ ვერ მართობ, იცოდი? - ფანჯრიდან, დროზე! - შეღებული ფანჯრისკენ ანიშნა და გადაწია ფარდა. ამოწვერილიყო მზე. კაშკაშებდა მწვერვალის თავზე მოდარაჯე. - თხოვნა-მეთქი, სოფია! - მეტი საქმე არ მაქვს! - ჩაიფრუტუნა დამცინავად. - მეც არ მაქვს მეტი საქმე... - უსაქმური! - როგორ გათამამდა! - გადააქნია თავი შემფასებლურად. - რამე რომ მოვიტეხო, სად მიდიხარ? შენ ჩახედავ ლილიკოს თვალებში? - შენ რომ აქ დაგინახოს, ისედაც ვერ ჩავხედავ ლილიკოს თვალებში! - დამიჯერე, საყვარელ შვილიშვილს ფეხს რომ მოამტვრევ, უფრო ვერ ჩახედავ! - ჩაუკრა თვალი ნიშნისმოგებით და დაეყრდნო მჭიდროდ ფანჯრის რაფას. - მოშორდი! - დაუცაცხანა გაგულისებულმა, მაგრამ შეაჩერა მისმა მზერამ. უცნაური ღიმილი აკიაფებოდა ლამაზ სახეზე გიორგის. თვალს არ აშორებდა გავარვარებულ მზეს, ყინულს რომ უბედავდა დადნობას. - ლამაზი ხედი ჰქონია შენს ფანჯარას, სოფია, - დასცდა ჩუმი სიტყვები ისე, რომ არ მოუშორებია თვალი ხედისთვის. გადმოხედა ბოლოს ადგილზე შემდგარს და იმ ღიმილით გაუღიმა, მისაკუთრება რომ იციან ხოლმე ადამიანებმა. - წადი, გიორგი, - აუკანკალდა ხმა თავჩაქინდრულს და დააჩერდა შიშველ ტერფებს. იმაზე უკეთ მიხვდა ქვეტექსტს, ვიდრე საჭირო იყო მიმხვდარიყო - ვინმე. გაეღიმა გიორგის. დამსახურებული უარყოფაც ესიამოვნა თითქოს. - მივდივარ, ჰო, - ფრთხილი, გამოზომილი მოძრაობით ჩამოუსვა თმაზე ხელი და სწრაფი მოძრაობით გადაიწია ფანჯრიდან. - მეორე სართულია, რა უნდა დაგემართოს? - ვერ მოუთმინა გულმა და ფანჯრიდან გადმოყო თავი სოფამ. - აი, იმას დაადგი... - თითი გაიშვირა გაურკვეველი მიმართულებით. - უი, მაგას არა. არ გინდა, შეეშვი. მიდი, გადახტი. - ს მასწავლი, სოფა? - გაეცინა გამხიარულებულს. - ოხ! - ამოიქშინა და სწრაფად შებრუნდა სახლში. კარისკენ აპირებდა წასვლას, გიორგის ხმამ რომ მოაბრუნა. - სოფა? - ამოსძახა ქვემოდან. - რა გინდა? - ყალბი მობეზრებით გადაიხედა ისევ. - იმ საღამოს... ჩვენი მეზობელი თინათე რომ გაიცანი, ხომ გახსოვს? - საქმიანად შემოყარა ხელები წელზე გიორგიმ. - რომელი, ყველაზე მოხუცი რომ იყო? - ჩაფიქრებულს მოაგონდა ქალი, ას ერთი წელი რომ შესრულებოდა უკვე. - ხო. - მერე? - ჩაეკითხა ინტერესით. - მაგას მოპარე ხო, ეგ ხალათი?! - ჩუმი ფხუკუნით ამოხედა სახეაწითლებულს. - დაუბრუნე, გოგო, ცოდოა, გაიყინა ქალი! - მოშორდი აქედან! - გამოსცრა გამწარებულმა და ხმაურით დახურა ხის ფანჯარა. კაკუნი აღარ გამეორებულა. უცნაურ, შეუჩვეველ ღიმილს ვერ იშორებდა მომზადების დროს სოფა. ვერ იმორჩილებდა სახის კუნთებს, ეპარებოდა ეშმაკური ღიმილი მაინც. გრძნობდა რაღაც ახლადნაგრძნობსა და ჯერ ვერ გამოცდილს. გაზაფხულის სურნელი შემოეპარა ოთახს შუა შემოდგომაზე. ლამაზი ხედიაო, შენი ფანჯრიდან, ასე უთხრა. შემოდგომის მზე უბედავდა ყინულს დადნობას. ეპარებოდა ფეხდაფეხ და ახვევდა თავის სხივებში ერთ დროს გრძნობებისმქონე მყინვარს, ამაყად რომ დარაჯობდა თეთნულდს - თავის სიყვარულს. მსუბუქად შეაბიჯა სახლში გიორგიმ. მოაგონდა ერთი კაცი, სახელად აკა. სვანი მოხუცი იყო, დოლასვიფიდან. ბავშვი იყო მაშინ, აკამ რომ უთხრა, შენი სიყვარულისთვის სახელით მიმართვას თამამად რომ შეძლებ, გრძნობებში გამოტყომას ჰგავსო ესეც. რაც უფრო ბევრჯერ გაიმეორებ მის სახელს, „მიყვარხარ“ არისო ესეც. ღიმილით აქნევდა თავს სამზარეულოსკენ მიმავალი, უცნაურ სისუბუქეს რომ შეეპყრო გაღვიძების წამიდან. ეცინებოდა, ვიდრე ეღიმებოდა. - გიორგი... - შემპარავი ტონით წამოიწყო ლილიმ, სამზარეულოს ფანჯრის რაფას რომ დაყრდნობოდა ხელისგულებით. - ჰო, ლილიკო. - კარის დანიშნულება იცი, ბებო? - თბილი ღიმილით გადმოხედა კარის ძგიდეს მიყრდნობილ შვილიშვილს, ანცი ღიმილი რომ დასთამაშებდა უჩვეულოდ გახსნილ სახეზე. ლილიკოს ღიმილიანი ხმა რომ მისწვდა ოთახიდან ფრთხილი ნაბიჯებით გამომავალი სოფას ყურთასმენას, სპაზმური ხველა აუტყდა თავზარდაცემულს. დაფეთებული შევარდა თავის საძინებელში. მიუხვდნენ, ისევ. ეღიმებოდა გიორგის დამსახურებული სიმშვიდით. * * * შუა დღემდე მოლოდინის რეჟიმში გაატარეს. მოუსვენრობას შეეპყრო სოფა, ვერ პოულობდა ადგილს. სახლის ყველა ფანჯარა შემოიარა ანერვიულებულმა და აკვირდებოდა ყველა დეტალს. შებინდებისას მანქანა რომ გაჩერდა სახლის წინ, სხეული დაეჭიმა ქალს. შეცბუნებულმა გადახედა ჯერ გიორგის, შემდეგ ვაჩეს, უშედეგოდ რომ ცდილობდა ჭკუასელთან კონტაქტზე გასვლას. - ჩემი ხელით მოგკლავ, ვაჩე ფარჯიანო, აბა გაბედე და რამე დაუშავე? - სწრაფი ნაბიჯებით მორბოდა მანქანიდან გადმომხტარი ქეთუთა. - გაჩერდი, გოგო! - ხელით აკავებდა ონისე. - ოხ, ქეთუთა, რა ხმაურიანი ხარ! - ფეხდაფეხ მოჰყვებოდათ აჩი. - ნუ დააყენე მთელი სვანეთი ფეხზე! ნუ გააგებინე ყველას! რაღა ჩინური გონგი და რაღა ეს, მთა ჩამოიშალა, გოგო! - თქვენ აქ რას აკეთებთ?.. ქეთუთა? - თვალები დაექაჩა გარკვირვებისგან აივანზე გამოსულ სოფას. - შემოდით. - ესენი ჩაის რატომ სვამენ? - გაოგნდა ოთახში შესული უმცროსი დადვაძე და ჯერ ონისეს გადახედა, შემდეგ აჩის. - ონისე? ალტერნატიულ რეალობაში ვართ? აჩი? რა ხდება? ამიხსენით, სასწრაფოდ! - აზრზე არ ვარ... - უკვირდა კარში ჩახერგილ დგვარელსაც. - რა ხდება აქ? - იმიტომ ვიფრინეთ ფორმულა ერთის მრბოლელივით თბილისი-სვანეთის გზაზე, თქვენ აქ მშვიდობის სადღეგრძელოები რომ შეგესვათ ჩაის ჭიქით ხელში? - ჩაუვარდა კოვზი ნაცარში გაღიზიანებულ აჩის და მტრული მზერა ესროლა ვაჩეს. - უხ, თქვენი! - შენც ახლა რამის თავი არ გქონდეს, - ჩაიფხუკუნა ონისემ. - მიკერილი წარბით და დაწყვეტილი ნერვებით მე არ ვარ წარმოდგენილი, ბატონებო! - ჯერ ონისეს გადახედა, შემდეგ ვაჩეს. - დროზე ამიხსენით რა ხდება, ისედაც შერყეული ვარ ამ ორის ხელში! მთელი გზა ტვინი ამხადეს! ჯერ ხო დახოცეს და არ დატოვეს ერთმანეთი და მერე საერთოდ ლაქუცობდნენ! კიდევ ერთი საათიც და გადავუხვევდით მესტიის იუსტიციის სახლში! - ბატონო?! - თმები ყალყზე დაუდგა ქეთუთას, განსაკუთრებით მაშინ, ონისეს თვითკმაყოფილ ღიმილს რომ გადააწყდა. - ენის გასატეხებში ვავარჯიშებდი! - აა, ახლა ენის გასატეხებს ეძახიან მაგას? - არ აჩერებდა ენას აჩი. ჩუმი ღიმილით გადახედეს ერთმანეთს გიორგიმ და სოფამ. - შენს დროს სიარულს ეძახდნენ მასეთებს, აჩიკო, ჩემო გულდამწვარო და შურიანო მამიდაშვილო, - თმები აუჩეჩა ონისემ. - არადა როგორ ვთხოვე, მე „დამიპადეშკე-მეთქი!“ ახია ჩემზე! - ამოიოხრა ქეთუთამ. - არ ყოფილხარ სანდო კაცი, აჩი ბერიძე! - ეს შვეიცარიელი ცოლ-ქმარი ნახე, რა! - ამ შვიდ საათში როდის მოასწარი ასე დაბოღმვა? - ყალბი აღშფოთებით გადააქნია თავი ონისემ. - ძილი რომ არ მაცადეთ, სუნთქვა რომ არ მაცადეთ, მაღაზიაში რომ არ გამიჩერეთ, აფთიაქში რომ არ შემიშვით... გავაგრძელო? - ჩხუბობდა აჩი. - დაადუმე შენი ძმადნაფიცი, გიორგი! - მაგარი გაგიმწარებიათ ამან რომ ხმა ამოიღო, - ჩაეცინა გიორგის. - მე ამ ორთან ერთად აღარ ვიმგზავრებ, გადავფრინდები საერთოდ! - ამან ჩვენთან ერთად იმგზავრა? - ეჭვით გადმოხედა ონისემ გვერდით მდგომ ქეთუთას, მხრების აჩეჩვით კიდევ უფრო რომ გაამწარა აჩი. - მეტის ღირსი ვარ! თქვენ მერე მოგხედავთ! - დაემუქრა ორივეს და მიუბრუნდა გიორგის. - რა ხდება, ამიხსენით, თქვენ მაინც ნუ გამიცვითეთ ამათ ხელში გათეთრებული სისხლი! - მკვლელი გამოჩნდა, - ამოიოხრა მძიმედ ვაჩემ და წამოდგა ფეხზე. მიხვდა, თავისი სათქმელი იყო ყველაფერი. დამნაშავედაც იგრძნო თავი ონისეს წინაშე, მაგრამ კაცს, რომელსაც სასტიკად მოუკლეს უძვირფასესი, ძნელად თუ გაემტყუნება რამე. - უი, მე აღარ ვარ? - ცინიკურმა ღიმილმა გაუხსნა სახე ონისეს. - მივხვდით? - მგონი, ჩემს ქმედებას უნდა გაეცა მაგ კითხვაზე პასუხი, ონისე, - არ აუწევია ჩაქინდრული თავი ვაჩეს. - განცხადება გამოვიტანე. ჟღენტი უკვე გაფრთხილები მყავს, იცის, ვინც არის. - ჟღენტმა თუ იცის, აგიყვანიათ და ეგაა, - არ შესცვლია დამცინავი გამომეტყველება ონისეს. - ჟღენტმა მაქსიმუმ ქათმის მკვლელი ძაღლი დაიჭიროს, ვაჩე! - ეგრე მარტივადაც არ არის... მთელს რესურსს დებს ამ საქმეში, ჩემზე ნაკლებად არ უნდა გახსნა, დამიჯერე. მთელი მესტია ფეხზე დააყენა, ყველანი ჩართულები არიან. ჭკუასელის გამოჩენა დარჩა მხოლოდ, - მშვიდად ჩაილაპარაკა ვაჩემ. - თუ მკვლელის ვინაობა იცი, აქ რატომ ხარ? - ლოგიკური კითხვა გაუჩნდა აჩის და მძიმედ დაეხეთქა სკამზე. - შენ? აი, შენ?! წამშალე მეგობრების სიიდან, საერთოდ! ყველაზე ბოლო მე როგორ უნდა ვიგებდე ყველაფერს! - მიუბრუნდა გიორგის, უჩვეულო სიმშვიდეს რომ არ კარგავდა მოღიმარი. - შენ გქონდა შენი მისია, აჩიკო, და ვერ შეასრულე ეგეც! - ჩაუკრა თვალი ნიშნისმოგებით. - სად არის ცოლი?! - რა დროს ცოლია, ბიჭო! - მოეშალა ნერვები. - დავშორდით თან... - დაამატა დაბალი ხმით. - ერთად როდის იყავით? - ჩაეცინა კაცს. - მიდი, რა! - აიქნია ხელი და მიუბრუნდა ვაჩეს. - ჭკუასელი ახსენე... და ეგ რას აკეთებს აქ? ან შენ? ან ვინ არის საერთოდ? - ვინაობა რომ ვიცი, იმიტომ ვარ აქ, აჩი, - მწარე ღიმილი გაუკრთა ვაჩეს მოქუფრულ სახეზე. ძმის მკვლელს უნდა ეძებდეს ყველგან, ოჯახს უნდა იცავდეს ახლა, მაგრამ იქ არის, სადაც ყოფნა ესწორა ყველაზე მეტად. - სოფას საფრთხე ექმურება. გამაფრთხილა, მასთან რომ აპირებდა წამოსვლას. ისიც იცის, სად არის და ისიც, ვისთან ერთად. - რაო?! - წამოიყვირა აქამდე მშვიდად მდგომმა ქეთუთამ. - როგორ?.. ვინაა ასეთი? - ჭკუასელი რეზი, - ვაჩეს მზერა იმდენად ემძიმა გიორგის, მიხვდა, როგორც უჭირდა ძმის მკვლელის სახელი თქმა და დაასწრო პასუხი. წამიერად გადმოხედა ვაჩემ, შერეულიყო სწრაფ მზერაში ოდნავი მადლიერებაც. - ვიცით ვინაა? - ხელები ნერვიულად აათამაშა მაგიდაზე აჩიმ. - არც გამიგია, რას წარმოადგენს? - ვიღაც ნარკომანია, ბარიგა, - უპასუხა ვაჩემ. - მოტივი? - ხმა ამოიღო ონისემ და ბასრი მზერით გადახედა ვაჩეს. - რატომ მოკლა? - სხვა დროს... - წართმეოდა ხმა ვაჩეს. მზერით უთხრა, გეტყვიო, აუცილებლად, მაგრამ ახლა არა, როცა ამდენი თვალი აკვირდებოდა ერთად. ემძიმა თავისი სასჯელი ვაჩეს. - რა მოტივიც უნდა ჰქონდეს, აზრი არ აქვს არცერთს, - ფეხზე წამოდგა აჩი. - ხუთ ტყვიას ნორმალური არ გაისვრის. კარგა ხანს აღარ გაუღიათ ხმა. დაეკარგა სიტყვას მნიშვნელობა. გაეხვა ყველა თავის სადარდებელში. - დათუნა არ ჩამოსულა? - ახლაღა შეამჩნია ქეთუთამ, მასზე ადრე წამოსული ბიძაშვილი მათთან ერთად რომ არ იყო. - ეგ, ნოდო და დიტო წამოვიდნენ ერთად, სად არიან? - რამე ხომ არ შეემთხვათ? - მხრები აუცახცახდა სოფას ყველაზე უარესის ფიქრში და სწრაფად მიუბრუნდა დას. - დიდიხანია წამოვიდნენ? შენ მათთან ერთად რატომ არ ხარ? - ჩვენზე ადრე წამოვიდნენ. მე არ წამომიყვანა, რა თქმა უნდა! გიკვირს? - აიქნია ხელი გაღიზიანებულმა. - ღირსია! - გოგო! - დაექაჩა თვალები სოფას. - ავარიაში ხომ არ მოხვდნენ?.. ის ხომ არ იპოვეს?! - უიმე, არა, ვისი მპოვნელია, ისეთ საზოგადოებასთან ერთად წამოვიდა, მაქსიმუმ გზა აერიათ და აფხაზეთში გადავიდნენ, - ჩაიფხუკუნა ქეთუთამ. - მიხვრეტილები იქნებიან სადმე, საზღავრთან, - დამამშვიდებლად გაეცინა აჩის. - ნუ ნერვიულობთ, დიტოს რომ გადაეჩეხა სადმე, შევამჩნევდით გზაში, - ჩაიცინა დგვარელმა სიმშვიდით. - ხო, მინიმუმ ჩხაიძის კივილს და ნოდოს ღრიალს გავიგებდით, - დაიკრიფა ხელები გულზე ქეთუთამ. - დავრეკავ და გავიგებ სად არიან, - ჩაილაპარაკა გიორგიმ და გავიდა ოთახიდან, რადგან ყველა წერტილში არ ჰქონდა ტელეფონს დაჭერა. - ეს ჭკუასელი რეზი დანამდვილებით იცი, აქ რომ არის? - მიუბრუნდა აჩი ვაჩეს. - დიდი ალბათობით. - იქნებ, გამოცდაა? აინტერესებდა თუ შემოგიტყუებდა მახეში... თან სულელი ხომ არ არის, ეცოდინება ფეხზე რომ დააყენებდი მთელს სვანეთს, - დაბალ წვერზე ჩამოისვა ხელი ჩაფიქრებულმა ბერიძემ. - შენს შემოსატყუებლად სოფას სახელის გამოყენებაც სტრატეგიული გათვლაა. - მაშინ, რატომ მაინც და მაინც აქ და არა თბილისში? - წარბები აზიდა დგვარელმა და გადააქნია თავი. - ჭკვიანი ტიპია ეგ ჭკუასელი, კარგად ექნება დაგეგმილი ის, რასაც აპირებს. - ჩემი შეტყუება რომ უნდოდა, ფაქტია, სხვა შემთხვევაში ისე წამოვიდოდა აქეთ, სიტყვას არ დაძრავდა, - უპასუხა ვაჩემ. აქამდეც ჰქონდა ნაფიქრი ჭკუასელის განზრახვაზე, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რა მიზანი ამოძრავებდა კაცს, თუმცა ერთი რამ ნათელი იყო, სოფასთვისაც ისეთივე რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა რეზი, როგორც მისთვის. - სოფასთვის ზიანის მიყენება რომ უნდა, ესეც ფაქტია. ნებისმიერი რამ, მაგრამ ზიანი, - იმდენად მტკიცე იყო დგვარელი, ჟრუანტელმა დაუარა სოფას, რომელმაც თითქოს მხოლოდ ახლა გაიაზრაო რეალური საფრთხე და დამფრთხალმა მოატარა მზერა შეკრებილებს. - აუცილებლად ესროდა იმ დღეს... გაიმეტებდა ერთ ტყვიას მისთვისაც, ეჭვიც არ მეპარება ამაში. - დაამატა და გამჭოლი მზერით ახედა ყბადაჭიმულ ფარჯიანს, იმდენიც რომ არ შეეძლო, საკუთარი ძმის ღირსება დაეცვა... გადახაზული ეს ღირსებაც. - რას ფიქრობ, რა უნდა? - ჰკითხა აჩიმ. - მარტივი ამოცანაა, აჩიკო. ერთი გასროლით, ორი კურდღელი, - ჩაუკრა თვალი და დაამატა ბოლოს. - შურისძიება. * კიდევ ერთი საათი მიემტა მოწკრიალე საათს, გულს რომ უღონებდა ყველას. უჩვეულო სიჩუმეში ჩაკარგულიყო მაზერი იმ საღამოს. სიჩუმის ხმები ისმოდა მკაფიოდ და აზანზარებდა ამაყად აზვირთულ მთებს. აივანზე გასულ ონისეს ამოუდგა გვერდით ვაჩე. არცერთი იღებდა ხმას. დასაწყები ჰქონდა ორივეს. - ჭკუასელის და გაა*პატიურა საშკამ, - მძიმედ წამოიწყო ვაჩემ და აარიდა თვალი ადგილზე გაყინულ ონისეს. - სიკვდილამდე იყო ნაცემიო, ასე თქვა, მისმა ძმამ... ამის გამო არ დავიშურეო ხუთი ტყვია მისი გულისთვის. - დარწმუნებული ხარ? - ჰკითხა წუთიერი დუმილის შემდეგ და გაექცა თვალი იმ მწვერვალისკენ, მასზე დადებულ გაყინულ თოვლს რომ მიუგავდა მზერა დგვარელს. - მინდა, რომ არ ვიყო, მაგრამ ასეა... - ჩაქინდრა თავი უღონოდ. - ასეც ხდება ხოლმე, ალბათ... ის დაგაღალატებს, ვისაც საკუთარ თავზე მეტად ენდობი. - ამდენად თუ შეეშლებოდა, არ მეგონა, - ღრმად ამოისუნთქა ონისემ. - ამდენად თუ გადაუსვამდა ხაზს... ვერ ვიტყვი, დიდად მოულოდნელი იყო-მეთქი, მაგრამ არც იმდენად მოსალოდნელი, გული არ გამჩერებოდა ახლა. - რატომ აგერიათ ურთიერთობა? - პირველად დასვა ის კითხვა, ყველაზე მეტად რომ აშინებდა მისი პასუხი. - ვიცი, რომ მეგობრობდით... ვიცი, რომ ეიმედებოდი. რატომ, ონისე? - არასდროს გიკითხავს საშკასთვის? - მიკითხავს. - მერე? - არასდროს მცემდა იმ პასუხს, რეალობაში რომ დავერწმუნებინე. - დუმილი არ იყო თანხმობის ნიშანი შენთვის, ვაჩე? - კიდევ უფრო გაუცივდა სახე ონისეს. - უდანაშაულო რომ არ იქნებოდა, თვალებში ეტყობოდა, ჩემს ძმას, ონისე... აქამდე გასწორებულს, არ მისწორებდა არასდროს. ჩამოწვა სამარისებური სიჩუმე. დამაფიქრებელს ჰგავდა უფრო. სწორი სიტყვების არჩევის მცდელობას, იქნებ. - ჩემი ბიძაშვილი, ნენე, გემახსოვრება, - დაარღვია ყურს შეჩვეული სიჩუმე ონისემ. წამოიწყო ის ამბავი, რომლის წამოწყებასაც ვერ ბედავდა მართალის დამნაშავე ძმა. - როგორ არა... ჩეჩეს და, - ჩაილაპარაკა ვაჩემ და ჩამოეყრდნო ხელისგულებით მოაჯირს. რა დაავიწყებდა ვაჩეს ნენე დგვარელს, საშკას ბავშვობის მეგობარსა და მეზობელს. ყოველთვის ლამაზი და გამორჩეული იყო ნენე, ზუსტად ისე რომ ეიმედებოდა საშკა ფარჯიანი, როგორც პატარა დებმა იციან ხოლმე. - ისიც გემახსოვრება, როგორი მეგობარი იყო საშკასთვის ნენე, - მძიმე ოხვრას ამოაყოლა სიტყვები დგვარელმა და გაუსწორა მზერა სიბნელეში ჩაკარგულ სივრცეს. - მახსოვს, - შეპარვოდა დაბნეულობა ვაჩეს თავდაჯერებულ ტონს. - ის თუ გახსოვს, როგორ ენდობოდა ჩეჩე საშკას? - გამომცდელად გადმოხედა დაძაბულს. - ეიმედებოდა, როცა მასთან ერთად იყო. ხომ იცი შენც, ვაჩე, როგორი ძმა იყო ჩეჩე პატარა ნენესთვის... - ვიცი, ონისე, - კისერი დაიზილა ნერვიულად. - კიდევ? - კიდევ... - ავად ჩაეცინა ონისეს. - გაინტერესებს, რა გააკეთა შენმა ძმამ ასეთი უპატიებელი? იცი, რამდენი ხანი ვზიდე ეს ამბავი ისე, რომ არავის... ჩეჩეს ყურამდეც კი არ მისულიყო? - რა ჩაიდინა, ჩემმა ძმამ, ონისე? - ჩამწყდარი ხმით ჰკითხა და გამოკვეთა ის ერთი სიტყვა, დამნაშავესაც მისიანს რომ ხდიდა მაინც. - ვანდე ჩემი ნენე შენს საშკას. ვანდე, როგორც პატარა დას ანდობენ უფროს ძმებს, - სახე აეწვა ვაჩეს დგვარელის სიმწარეშერეულ სიტყვებზე. - დამპირდა, სიტყვა მომცა, რომ მიხედავდა... თვალებში მიყურებდა და მპირდებოდა, რომ გაუფრთხილდებოდა ზუსტად ისე, როგორც თავის დას, არასდროს რომ არ ჰყოლია და ნენეში რომ ხედავდა ყოველთვის... იცი, ვის გამო გატეხა სიტყვა? - გადმოხედა გვერდულად. ჩამოწვა დუმილი. ენა გაებორკაო თითქოს, ვერცერთი სიტყვა ვერ ამოუშვა პირიდან ვაჩემ. - მარიშა ნიკოლაძის, - ჩაეცინა მწარედ დგვარელს. - რა... რა გააკეთა? - ვერ აუტანია, შენს ძმას, მარიშას გრძნობები, ჩემ მიმართ რომ ჰქონია, თურმე, - ირონიულად ჩაეცინა და მიეყრდნო აივნის მოაჯირს. - მის სიყვარულს ვყვარებივარ... ამის გამო მსჯიდა, თურმე, მთელი ბავშვობა. ამის გამო მემტერებოდა ფარულად. - ვერ ვხვდები, ონისე... - გაფითრებული იყო ვაჩე ბოლომდე. გრძნობდა, ეცლებოდა ხელიდან ის იმედები, გულმოდგინედ რომ შეუკოწიწა სოფამ წინა საღამოს. - ფეხებზე და*კიდა თავისი ბავშვობის მეგობარი, დას რომ უტოლებდა ყოველთვის, - გვერდულად გადმოხედა და ჩაეცინა ცალყბად. - ჩემმა ბიძაშვილობამ გადაუწონა მეგობრობა, ხომ ხედავ? - ამიხსენი, ამიხსენი... - ხრიალებდა ვაჩე. - რა გააკეთა, ონისე... რა გაგიკეთა, რა! ოღონდ ის არა... ოღონდ ეგ არა. მითხარი, ის გააკეთა, რაც მე მგონია? - აცახცახებულ ხელებში ჩარგო თავი ვაჩემ და დახუჭა თვალები მაგრად, თითქოს გაექცეოდა იმ რეალობას, თავისი გაზრდილი ყველა სულიერზე მტყუანი რომ იყო ბოლოს. - დამშვიდდი... ეგ რომ ყოფილიყო, მე ვიქნებოდი იარაღით ხელში. - ამიხსენი... დეტალურად ამიხსენი, რა გააკეთა, - ენას ვერ ატრიალებდა პირში ვაჩე. - თვრამეტის ვიყავით მაშინ, ნენე ჩვიდმეტის ხდებოდა. ჩემს კლასელებთან მეგობრობდა ყოველთვის... საშკა უყვარდა განსაკუთრებით, იცი ეს, - დაიწყო თხრობა ონისემ და მოარიდა მზერა ერთიანად ჩამოშლილ კაცს. - გელოვანის დაბადების დღე იყო, მიშკას. ვინ გამოაკლდებოდა ჯანხოთელის კლუბში გართობას? აიტეხა ნენემ, მინდაო ძალიან. ყველანი მიდიოდნენ. ყველა ჩემი კლასელი იქ იქნებოდა, მე ვერ ვახერხებდი წასვლას მხოლოდ. უარი ვუთხარი, რა თქმა უნდა. ნენეს კი არა, არცერთის ადგილი არ იყო მანდ და არც შევიცვლიდი აზრს, საშკა რომ არ მოეგზავნა. იცოდნენ, ვერაფერს გახდებოდნენ ჩეჩესთან და მე მომაწვნენ, - აეშალა მოგონებები ონისეს. მძიმედ შეუტოკდა გული, მაგრამ განაგრძნო მაინც. - შენ ხომ იცი, ვაჩე, რაც ხდება კლუბებში, ხომ იცი, კარგად, ჯანხოთელი რითიც ამარაგებს? ისიც ხომ იცი, რა ხალხი ტრიალებს მანდ, მაგრამ ჩუმად გაპარვას, ჩუმად ინტერესის დაკმაყოფილებას, გაშვება ვარჩიე... რაც უფრო უკრძალავ, მით უფრო ცუდად სრულდება ხოლმე, ასეა ეს, მითუმეტეს ჩეჩეს და ნენეს შემთხვევაში. ამდენი სიფრთხილითა და აკრძალვით, ზედმეტიც მოსდიოდა ჩემს ბიძაშვილს და აკლდებოდა ნენეც ყველაფერს... ჩემს თავზე ავიღე მაშინ ეგ ამბავი და საშკას ჩავაბარე. ვთხოვე, როგორც ძმას, როგორც ბავშვობის მეგობარს, მიეხედა და წამოეყვანა სახლში დროულად... იცი, ვაჩე, ნოდო დოლიძის დასაცავი რომ გახდა ბოლოს, ჩემი ნენე? - ავისმომასწავლებელმა სიტყვემა სახე აუწვა ერთ ადგილას მიყინულ ვაჩეს. - ვიღაც მთვრალი ტიპი აეკიდა თურმე... ხვდები, შენ, რა მოხდებოდა, ნოდო რომ არ ყოფილიყო იქ? - შიშით გასცრა დგავრელს. დღემდე თხემით ტერფამდე უვლიდა ცივი ჟრუანტელი და უტოკებდა გულს იმაზე ფიქრი, როგორ შეიძლება დასრულებულიყო ის საღამო. - სად იყო შენი ძმა, იცი? - სად... სად იყო... - ამოაყოლა ღმუილისმაგვარს. - მარიშას გაეკიდა... ვიღაც მარიშას, ფეხებზე რომ ეკ*და შენი ძმაც და მისი გრძნობებიც! ვიღაც მარიშას გამო გადაუსვა ხაზი თავის ბავშვობას და დატოვა მარტო ამდენ შეშლილში... ნოდო... ნოდო რომ არ ყოფილიყო, წარმოდგენაც არ მინდა, ვაჩე, რა მოხდებოდა! - საშკა?.. - პარალიზებული იყო ვაჩე, მოაჯირს უჭერდა ხელებს ძლიერად და ვერ ამატებდა ვერცერთ სიტყვას. - ჩეჩემ დღემდე არ იცის... ეგ რომ გაიგოს, ეგ რომ იცოდეს... - ნერვიული სიცილის თანხლებით გადააქნია თავი ონისემ. - ეგ რომ იცოდეს, რა გამოიარა ნენემ... რისი ნახვა მოუწია მის პატარა დას... თავიდან მოკლავდა შენს ძმას, ვაჩე. გეფიცები, ძვალს არ დაუტოვებდა არც მას და არც მე... ჩემთან ერთად მოკლავდა და ღირსი ვიქნებოდი იმ კაცს რომ ვენდე, შურით რომ შემომყურებდა თურმე! - მითხარი, განზრახ გააკეთა? შენ გამო დატოვა? შენს გასამწარებლად? - ვიღაც ტიპს განზრახ შეატოვა-მეთქი, რომ გითხრა, ეგრეც არ ყოფილა, მაგრამ ფაქტი ფაქტია, თავისი სიტყვა ისე გატეხა, ერთხელ არ უფიქრია ჩემზე, ძმას რომ მეძახდა მთელი ბავშვობა. ისე უკანმოუხედავად გავარდა, ერთხელ არ მოუბრუნებია თავი მისკენ, დად რომ მიაჩნდა მთელი ცხოვრება. ხომ ხვდები... მითხარი, ვაჩე, ძმები დებს ასე ექცევიან? მეგობრები მეგობრებს? ასე ერთი ხელის მოსმენით ტეხენ მიცემულ პირობას? ფეხებზე ი*იდებენ პატარა გოგოებს? არა. ჩემზე კარგად იცი, რომ არა. შენ, ვაჩე, უცნობ გოგოსაც არ მიატოვებდი მარტო იმ ტიპთან, ხომ ასეა? შენც ისე მოიქცეოდი, როგორც ნოდო მოიქცა... შეაკვდებოდი და არ დატოვებდი, როცა გეცოდინებოდა, რომ დახმარება სჭირდებოდა შენი. ჩემი დანაშაულიც არის ამ ამბავში, მაგრამ ვერ დავუშვი... არ მიფიქრია, იმდენად უყვარდა ნენე შენს ძმას. - ინანა? მითხარი, ონისე... არ ინანა? - ეპოტინებოდა არარსებულებს ვაჩე. - იმდენად იყო შეყვარებული იმ მარიშაზე, ვერც მიხვდა კარგა ხანს, რა შეეშალა... ჩემამდე აღარ მომიშვია, იმ დღის შემდეგ. აღარც მჭირდებოდა მისი მოსმენა. რაღა აზრი უნდა ჰქონდა სიტყვებს? რითი უნდა ემართლებინა თავი? ვთხოვე, ცოტა ხნით მიექცია ყურადღება და დაებრუნებინა სახლში უვნებელი, მეტი ხომ არაფერი? რას შეცვლიდა მისი სინანული, ნოდო რომ არ ყოფილიყო იქ?! თავს მოიკლავდა ნენე... ვიცი, რომ მოიკლავდა. ეგეთია. ჩეჩეს გამოა ეგეთი... სულ ყურადღების ქვეშ ყავდათ, პრინცესასავით ზრდიდნენ ერთადერთ გოგოს... ფილმებში თუ უნახავს მხოლოდ ის საფრთხეები, რასაც განიცდიან ქალები და არამარტო, ხომ გესმის, რასაც ვამბობ. - ღმერთო, - ჩუმ ბუტბუტს ამოაყოლა ერთადერთი სიტყვა. ახლა გაახსენდაო თითქოს ის ღმერთიც, დასამარხად რომ გაიმეტა გულგაგლეჯილმა. ინანა. ახლა ყველაზე მეტად ინანა. თავის ვერგაზრდილზე მეტად ინანა ის სიტყვები, ერთი ხელის მოსმით რომ გაისროლა საკუთარი თავის დასამარხად. - ექვსი წელი გავიდა და ეს ამბავი, შენი ძმის გარდა, ოთხმა ადამიანმა ვიცოდით მხოლოდ. გაუთქმელად მოვიტანეთ აქამდე, - დაბალი ხმით ჩაილაპარაკა ონისემ. - მე, ნენემ, დიტომ და ნოდომ. დათუნა იქნებოდა მეხუთე, ცოცხალი რომ ყოფილიყო შენი ძმა... მაგრამ აღარ აქვს აზრი იცოდეს ვინმემ, შენ გარდა. - რატომ... რატომ არ თქვი? - აერია მზერა ვაჩეს. უროსავით ურტყამდა ყველა სიტყვა გულშეღონებულს. - მხოლოდ ჩეჩეს გამო არ დამიმალავს, - მწარე, ირონიული ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხესთან დგვარელს. - ნენეს გამო - უფრო. - რატომ? - არ იცოდე მაინც, რა ქალაქში ვცხოვრობთ... - სუსტად გადააქნია თავი. - ერთს რომ გაეტანა ამბავი, ერთს რომ ეთქვა, დგვარელების თექვსმეტი წლის ნენე ჯანხოთელის კლუბში „ისეთ“ სიტუაციაში იყოო, იცი, რა გაგრძელება ექნებოდა ამ ამბავს? არ იცი... ბიძაჩემის ინფაქტს და ჩეჩეს გადატენილ იარაღს თავი რომ დავანებოთ, აღარაფერი დააკავებდა ხალხის ბინძურ ენებს... ბევრ ისეთს იტყოდნენ, რაც არ ყოფილა... რაც არ მომხდარა, მაგრამ შეაწმენდნენ ყველა არმომხდარს ნენეს... მე კი არ ვიქნებოდი დამნაშავე, ან შენი ძმა, ან ის მანიაკი, პატარა გოგოს რომ აეკიდა?! არა, ვაჩე. გოგოა. გოგოა და დამნაშავე იქნებოდა. ნენეს დანაშაული იქნებოდა ისიც, მთვრალი ტიპი რომ აეკიდა, ხელის გაშვებას რომ ეხვეწებოდა და არ უშვებდა, მაინც... ხომ იცი, რომ ასე იქნებოდა? მერე... მერე ვინმეს ნენესკენ რომ გამოეშვირა თითი... ყველა უნდა დამეცალა სათითაოდ. - მოაწვა სისხლი საფეთქლებში ონისეს. - ახლა? ახლა... რატომ არ ამბობ? რატომ მალავ, თუნდაც დათუნასთან? დანარჩენებთან? - ხელისგულები დაეცვარა ნერვიულობისგან ვაჩეს. გაუგო. ყველა სიტყვა გაუგო და კიდევ უფრო დააწვა მოსახდელი ბოდიშის სიმძიმე გადაყვლეფილ მხრებზე. - გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს... ამიტომ ვიტყვი არაფერს, - სევდანარევი ღიმილი გაუკრთა ონისეს. გამამხნევებელი - უფრო. გადაუდგებოდაო, მოაგონდა ვაჩეს სოფას სიტყვები. მაშინ... იმ დაწყევლილ დღეს, გაცოცხლება გვინდოდაო ჩვენს ხელებში გარდაცვლილის, უჩემებდა სოფა და არ იჯერებდა ვაჩე. ძვირად დაუჯდა დაჯერება. აეწვა ყველა ძვალი. ეტკინა ყველა კუნთი. ეტკინა არსებობაც - ვერდამსახურებული. მოაწვა ცრემლი - მწარედ შეჩვეული. თავისი ცუდი მაინც რომ უყვარდა სხვას. თავისი შეცდომიანი მაინც რომ უყვარდა იმ კაცს, ბევრიც რომ გაუფუჭებია მისთვის, თურმე. მოაწვა ცრემლი დამსკდარ, სიმწვანეში ჩაკარგულ კაპილარებს. - რატომ არაფერი დაუშავე, ონისე... რატომ? - ტანჯავდა ერთადერთი კითხვა ფარჯიანს. - შენ მოკლავდი ჩემსას, ვაჩე? - არ ვიცი... არ ვიცი, - გააქნია თავი ბევრჯერ. - ჩეჩესთან იძმაკაცე, თუ ძმა ხარ! - გაეცინა უჩვეულო სიმშვიდით დგვარელს და დაამატა ბოლოს. - უჰ, მოკლავდა ეგ, დაუნანებლად... არანორმალურია. - მითხარი... მითხარი, რა, - სხვანაირი იყო მისი თხოვნაც. - რა გინდა, ვაჩე? - ექვსი წელი და არცერთი მოტეხილობა ჩემს ძმას, ონისე?! - დაუჯერებელია ამდენად? - აზიდა წარბები კაცმა. - დაუჯერებელია ამდენად! - პასუხი უფრო დაუჯერებელი იქნება, მაშინ, - აიჩეჩა მხრები მსუბუქად. - ვიცი, რომ ღირებული იქნება... მითხარი. - ნდობა ჰაერიდან არ მოსულა, ვაჩე, - ჩაეღიმა სუსტად ონისეს. - ჩემს სიცოცხლეზე ძვირფასი რომ ჩავაბარე შენს ძმას, არც ეგ მოსულა ჰაერიდან. რა გგონია, სხვა რომ ყოფილიყო... სხვა რომ მოსულიყო თხოვნით, გავატანდი ნენეს? არა. გამორიცხულია. - რატომ მას? - შეერია მოუთმენლობა მის კითხვას. - გინდა საიდუმლო გაგიმხილო? - უცნაური, სევდანარევი ღიმილით გადმოხედა და მიუახლოვდა უფრო. - რა? - ვინმეს რომ ეთქვა მაშინ, ნენე არ ანდო, ზუსტად ისე დაემართებაო, როგორც დაემართა... სულ რომ დეტალურად მოეყოლა, რა მოხდებოდა იმ საღამოს, მე მაინც ვანდობდი, ვაჩე... ვანდობდი იმიტომ, რომ ვერ დავიჯერებდი საშკას ღალატს, - გულში მოხვედრილ ტყვიას ჰგავდა ონისეს სიტყვები ვაჩესთვის. - ამდენად? - პირი გამოუშრა ვაჩეს. - ამდენად. - რატომ? - რა გგონია, ღირსეული ძმების სწავლება უკვალოდ იკარგება? - ჩაეცინა მსუბუქად. - მეექვსე კლასში ვიყავით მაშინ... მთელი კლასი ვაპირებდით გაპარვას... თან გახსოვს, ვინ იყო დირექტორი? ტირანი სერგო, - ხმით გაეცინა ონისეს და გადაედო მისი ღიმილი ვაჩესაც. - ბავშვებს მარჯვენას აჭრის და ქავზე კიდებსო, ხო? - ჩაეღიმა მასაც. - ფიტულებსო ჩაკეტილ ოთახში... მაგრად გვაშინებდნენ და გვეშინოდა ჩვენც, სხვა რა გზა იყო. - მერე? - ისე მოხდა, ყველაზე ბოლო უნდა გადავსულიყავი ღობეზე... ჩანთებს ვაწვდიდი ბავშვებს. ჯერ გოგოები გავუშვით, როგორც ჯენტლმენებმა, - ჩაეღიმა ონისეს. - ყველანი გადასული იყვნენ უკვე, დაფანტულები, უკან არც არავის მოუხედავს, მგონი. მეც გადაძრომას ვაპირებდი უკვე და წამადგა თავზე ეს სერგო. არც არავინ მობრუნდებოდა, ძლივს თავს უშველეს, ვის ადარდებდა გაგიჟებული სერგო, მთელს სკოლას რომ ესმოდა მისი ღრიალი?! მგონია, რომ მორჩა. მარტო ვარ. უშუალოდ ფაქტზე წამასწრო, რით გინდა იმართლო თავი? ვერაფრით. დამთავრებული მგონია ჩემი ამბავი... უკვე ვფიქრობ, რომელ სკოლა-პანსიონში გამგზავნიან მშობლები, - ხმით ჩაეცინა და განაგრძო შემდეგ. - შენი აბუნტებული იქნებაო მთელი კლასი, მიმათრევდა თავისი კაბინეტისკენ ჩხუბ-ჩხუბით. იმ კაბინეტისკენ, ფიტულებს რომ გვგონია აგროვებს, და ვხედავ, ყვირილით მორბის საშკა... მორბის გულამოვარდნილი და ისეთი განწირული ხმით ყვირის, ჩემ გარეშე არ დასაჯოთო, შეიძრა მთელი სკოლა. - რაო? - ცრემლიანი სიცილი წასკდა ვაჩეს. - მერე ამიხსნა, ვაჩემ მასწავლაო ასე. თუ დაინახე მეგობარს ჩაგრავენ, არასდროს დატოვოო მარტო, - ჩაეღიმა ონისეს პატარა საშკას გახსენებაზე, თავის ძმას რომ ბაძავდა ყოველთვის. - სამშვიდობოს გადასული, უკან მობრუნდა ჩემ გამო... საკუთარი სიცოცხლეც მანდო თითქოს, ისეთი თავგანწირვით ამომიდგა გვერდით დასასჯელად გამეტებულს. ორივემ ვიცოდით მაშინ, არ აგვცდებოდა ის ჯოხი, კარადის თავზე დამტვერვას რომ არ აცდიდა სერგო. დავინახე მაშინ... ის დავინახე, იშვიათად სხვის თვალებში რომ დამინახავს დღემდე. - რა დაინახე... - თავგანწირვის სილამაზე დავინახე მე მაშინ, ვაჩე, - მოაწვა ცრემლი მასაც. - სანამ შორიდან არ დაინახავ, ვერასდროს გაიგებ, რა ლამაზად ჩანს თვალებიდან წამოსული გამბედაობა, თურმე... მასწავლაო უფროსმა ძმამ, მეგობარს რომ უნდა ენდო და ანდო ყველაზე ძვირფასიო, მითხრა მერე. თავისი თავი მანდო მაშინ და მე, როგორ არ უნდა მენდო ჩემთვის ძვირფასი? - გადარეული... გადარეული ბავშვი... რა გააკეთა. ახ, რა გააკეთა! - გმინავდა, როგორც სასიკვდილოდ დაჭრილი ცხოველი. - ასეთი გადარეული ბავშვებისგან ბევრად მტკივნეული ყოფილა ღალატი, თურმე. იცი, როგორი რამე იყო ჩემთვის ეგ? დავუშვი, რომ მე დავტოვე გოგო საფრთხეში... წარმოვიდგინე, რომ მე გავაკეთე, იმდენად ჩემიანი იყო მაშინ საშკა, ერთმანეთის საქციელებით რომ ვზომავდით ადამიანობას, - მძიმედ ამოიოხრა ონისემ. - შენ იმაზე მეტი ასწავლე, ვიდრე ევალებოდა კარგ ძმას. - კარგი, რა... - ჩაიქნია ხელი დამცინავი ღიმილით. - ჩემი შეცდომაა. ყველა მისი არის ჩემიც. - დაიჯერე, ისეა, როგორც გეუბნები. რაღაც დროის მერე, მხოლოდ ჩვენ ვაგებთ პასუხს ჩვენ მიერ დაშვებულ შეცდომებზე და არა გამზრდელი, რომელმაც ყველანაირი საფუძველი შექმნა, ვყოფილიყავით ღირსეული. მერე... მერე უბრალოდ არჩევანს აკეთებ. - ბოდიში მაქვს მოსახდელი... დამსახურებული, - გაახსენა ის დღე, სამარცხვინო ლაქად რომ ექცა ძმის სულის დაცვა. - ხელი რომ არ შემომიბრუნე, ეგეც ბევრს მეტყველებს შენზე, იცოდე, ესეც. - წაქცეულს არ უნდა დაარტყაო, ეგეც შენმა ძმამ გააჟღერა ერთ დღეს, - ხმით გაეცინა ონისეს იმ დღის გახსენებაზე. - რაო? - სკოლის ეზოში რაღაც გარჩევა იყო, არც მახსოვს, არ ჩავრეულვარ... პატარა ბავშვები იყვნენ, რაღაც ზედმეტად სასაცილოები, - გაეცინა ისევ. - ერთი ტიპი წააქციეს, შედგნენ და დარტყმას აპირებდნენ, შენი ძმა რომ ადგა და ჩაუხტა შუაში... დაუწყო მორალის კითხვა, წაქცეულს როგორ უნდა დაარტყაო, სად დაინახეთო ეგეთი რამე... მერე აუხსნა, ზურგიდან რომ არ შეიძლება მიპარვა. დიდოსტატიდან მოუყვანა მაგალითი, ახალი ნასწავლი გვქონდა მაშინ, ეგრე, ზურგიდან რომ დაარტყეს კვეტარის ციხეს, არ არისო კაცური საქციელი. - მერე, მერე... - სიმსუბუქე შემოეპარა სულ ოდნავ ვაჩეს ღიმილს. - მერე ამას შედგნენ. - რაო? - ერთი-ორმა ისე შემოსცხო, ტვინის შერყევით იწვა ორი კვირა, - ხმით ჩაეცინა დგვარელს. - არ გახსოვს? - მოიცა, რომელი... ველოსიპედიდან რომ გადმოვარდა? - სპაზმური ხველა აუტყდა გაოგნებულ ვაჩეს. - ხო, აბა, იმას ხო არ იტყოდა, მეშვიდე კლასელებმა გამიგდესო წიხლქვეშ. - კაი? - ხო, ვაჩე, ხო, - დაარტყა მხარზე ხელი გამამხნევებლად და გაუღიმა მკრთალად. - ვახ... - მძიმედ გადააქნია თავი ვაჩემ. - როგორ მინდა სულ ასეთი ამბები ვისმინო ჩემს ძმაზე, მაგრამ ერთმა „ისეთმა“ გადამიწონა ყველა „ასეთი.“ დაუკარგა ყველა აზრი ყველა სიკეთეს. ერთიანად დამძიმებული შევიდა სახლში ვაჩე. სულ ოდნავ გამოუკეთა განწყობა ბავშვობის წლების გახსენებამ. ბედნიერი ყოფილა მაშინ, არ აფასებდა თუმცა. ონისემაც დააპირა ოთახში შესვლა, მაგრამ შეაჩერა უჩვეულო შრიალის ხმამ. აივნის ამოზნექილი კუთხიდან ფეხაკრეფით გამოვიდა სიცივისგან ერთიანად გალურჯებული ქეთუთა, მოჩვენებას რომ დამსგავსებოდა თეთრ მაისურში გახვეული. - რა ვერ მორჩით ამდენ ხანს, გავიყინე, სხვათაშორის! - საღამოს სუსხისგან აკაწკაწებული ამოუდგა გვერდით გაოგნებულს და წარბშეკრულმა უსაყვედურა ისე, რომ არაფრად ჩაუგდია უხერხულ სიტუაციაში თავის ამოყოფა. - შენ ყველაფერი გაიგე, ხო? - ჰკითხა უცერემონიოდ, რატომღაც არ გაჰკვირვებია მისგან. - სიტყვა-სიტყვით, - არც უფიქრია დამალვა. - მაგრამ არ მინდოდა. - ხო? - მოსმენა არ მინდოდა, მაგრამ იმდენად საინტერესოდ ყვებოდი, ჩამითრია, ხომ გესმის... - უხერხულად ააბაკუნა ფეხები და მიეტმასნა კიდევ უფრო. - შეგიძლია მოსაცმელი მათხოვო?.. შენით ვერ უნდა მიხვდე? - ოხ, ქეთუთა! - გადააქნია თავი ღიმილით და გაიხადა ქურთუკი. - ჩაგაცვა? - მგონი მკლავები მიმეყინა! ვეღარ ვგრძნობ, ონისე! თქვენმა ცრემლმაც ვერ გამათბო, არადა გულიც ამიჩუყდებოდა, გაყინული რომ არ მქონოდა ეგეც... - მოდი, მოდი, - თბილმა ღიმილმა გაუხსნა სახე და შემოაცვა თხელი ქურთუკი გაყინულს. - პირველი მე ვიდექი აქ, ჩემი ბრალი არ არის! - დაიწუწუნა შერცხვენილმა და ხარბად შეისუნთქა ქურთუკზე შეტოვებული სასიამოვნო სურნელი. - ენის გასატეხებში შენ არ მავარჯიშებდი ექვსი საათი? ახლა ვყვებოდი ხო საინტერესოდ? - წარბები აწკიპა დგვარელმა. - რა გინდა მერე, გისწავლია... აბა, გავიმეოროთ, „მადლობა თავდადებულ მასწავლებელს, მეტი კონკრეტიკისთვის, ქეთუთა დადვაძე!“ მიდი, გაიმეორე, გიყურებ... კარგი ხო, ნუ იბღვირები! აშკარა პროგრესი დავინახე და შევჩერდი... - ხომ, იცი... - ვიცი, ვიცი, - არ დააცადა დასრულება. - რა იცი, აბა? - გაეცინა ონისეს. - ზოგადად ყველაფერი, მაგრამ ამ ამბავს არავის ვეტყვი, დამშვიდდი! - ხელი დამამშვიდებლად მოუთათუნა მხარზე. - საიდუმლოს შენახვა ჩემი, როგორც პერსპექტიული აგენტის, მებრძოლის, მოჭადრაკის, მოფარიკავის, უბრალოდ ლამაზი ქალისა და ასე შემდეგ, ძალიან რომ არ დავიღალო, აქვე გავწყვეტ, მთავარი ღირსებაა! - აუჰ! - იცი, რატომ? - ჩაეკითხა ინტერესით. - რატომ? - მალე მავიწყდება... - ვუჩივით მეხსიერებას, აგენტო, მებრძოლო და ასე შემდეგ? - უბრალოდ ლამაზი ქალი და მოფარიკავე რომ გამოგრჩა, არ დაგისრულდება მშვიდობიანად! - წინ გადაეღობა მოღიმარს. - მოიცა, ის როგორ იყო? ვერ ვიტან ნარცისებსო, ხო? - გაუხსენა დილის საუბრები. - მეც არ მეხატებიან გულზე ნარცისი გოგოები... აი, რაღაცნაირად არ უხდებათ, რა. ქაჯები ხო საერთოდ... უჰ, ვერ ვიტან! გოგო რომ ხარ და თან ქაჯი... რა კომბინაციაა! - დასცინოდა ბავშვურად გაწითლებულს. - გეყოფა, უკვე! - რა გგონია აბა, შენ მლანძღო და მე ვუსმინო? ეგრე არ გამოვა, ქეთუთა, თანასწორობის მომხრე ვარ... ყველაფერში. - თქვა და ჩაეღიმა შესამჩნევად. - გრძნობები გაგაჩნია შენ, საერთოდ? - დაუღრინა და გამოგლიჯა ხელი. - კი, მშია ხოლმე... - არც მიკვირს... ეგ არის შენი მაქსიმუმი! - აა, შენ ჩემს მაქსიმუმზე გაქვს პრეტენზია, ქეთუთა? - ცბიერი ღიმილით მიუახლოვდა. - ნუ მიახლოვდები! - ნუ მეჯიუტები! - მიუახლოვდა მაინც. - მინდა და გეჯიუტები, თან შენ ხომ არ მოგწონს ეგეთი გოგოები... ხომ ვერ იტან, მაინც! - ვაიმე, როგორ ეწყინა... - გაუცინა შემრიგებლურად და დააჩერდა ზემოდან. - დამიმახსოვრე? - მომშორდი, უმადურო! - კარგი, მორჩი... - მოიქცია მკლავებს შორის მოაჯირზე მიყრდნობილი. - დაგავიწყდება ეს ამბავი თუ არავის ეტყვი? - ეს არ დამავიწყდება, მაგრამ მაინც არავის ვეტყვი... ჩემს თავსაც კი, - უჩურჩულა შეთქმულივით. - ხო, არავის უთხრა, - გაეცინა მის მონდომებაზე. - როგორ არის ნენე? - რთულად გადაიტანა, - ოდნავ გაუცივდა ხმა ონისეს. - ხომ დროზე მოვიდა ნოდო? - ჩაეკითხა ფრთხილად. - მეგობრის ღალატი გადაიტანა რთულად, - მოექუფრა სახე კიდევ უფრო. - ხო... - შენ... შენ როგორ მოიქცეოდი? - ჰკითხა წუთიერი დუმილის შემდეგ. - მე, ალბათ, არასწორად, - თვალებგაბრწყინებულმა ამოხედა შეფიქრიანებულს. - ანუ? - ჩაეკითხა ანცად მოღიმარს. - მუცელს გამოვფატრავდი იმ არ*კაცს! - შემოჰკრა ხელები ერთმანეთს. - მერე დავანაწევრებდი... არა, ჯერ ვაწამებდი ცოცხლად, მერე... მოიცა, დავფიქრდე... რას ვუზამდი, იცი?! ოთახში ჩავკეტავდი... არა, ეგ არ მინდა... აუჰ, ის რომელ ფილმში იყო?! ა, ხო... დიდ, მჭრელ დანას ავიღებდი და გამოვფატრავდი! - ველური! - თვალები გაუფართოვდა დგვარელს. - მოიცა... მართლა? - ვიტო კორლეონემ რომ გამოფატრა დედის მკვლელი, ხომ გახსოვს? - მახსოვს. - ეგრე, რა, - აიქნია ხელი და მიეყრდნო მოაჯირს. - დარწმუნებული ხარ? - არა. - კიდევ კარგი! - შვებით ამოისუნთქა ონისემ. - შეგეშინდა? - გამარჯვებული ღიმილით გადახედა მასთან ძალიან ახლოს მდგომს. - ცოტათი. - კარგია... - ჩაეცინა მზაკვრულად ქეთუთას. - ოჰ, რატომ? - შოთამ იცი რა თქვა, რუსთაველმა? - რაო, შოთამ? - გაეცინა ონისესაც. - „შიში შეიქმს სიყვარულსაო!“ - უჩვეულო სითბოთი გაუღიმა და შევიდა ოთახში მის ქურთუკთან ერთად. დატოვა მარტო. გააყოლა მიმავალს არეული მზერა. ჩაეცინა. მიუხვდა. * * * ის ღამეც ისე მიილია, სიმშვიდის ხმები ისმოდა მხოლოდ. მთელი ღამე თეთრად გაათენა ვაჩემ, არ ეკარებოდა ძილი არცერთი წამით და არ შორდებოდა მის ფანჯრებს მეზობლად გადმოსული ტასოც, უხასიათობა რომ შეემჩნია სტუმრისთვის და ყველასგან უჩუმრად ართობდა სხვადასხვა ხრიკებით. ჯერ თავისი გახსნილი საქმე მოუყვა დაწვრილებით, სიამაყით რომ მოსდო მთელს სოფელს, თუ როგორ გამოიჭირა გირგვლიანების ცხენის ქურდი, სინამდვილეში მათი მეზობლის, გვარად აბდელანების სიძე რომ აღმოჩნდა სამეგრელოდან. იჩემებდა ტასო, წითელი ფეხსაცმელებით ვიცანიო კაცი, მაგრამ ჩემს თვალს არაფერი ეპარებაო, ზოგადად. ეღიმებოდა ვაჩეს ჟღალთმიანის მონდომებაზე და ახსენდებოდა ნინაც, თავისი ყოფილი, მარტოობისთვის რომ გაიმეტა ძმის მკვლელობით შეშლილი. რამდენჯერ ყოფილა უგუნებოდ ვაჩე და არცერთი უგუნებობა არ გადაუტანია ნინასთან ერთად. განსხვავება იყო ესეც, როცა ჭირსა და ლხინში, მხოლოდ ლხინი რჩება ხოლმე. ძლივსძლივობით გათენდა მეორე დილაც. მზის ამოსვლასთან ერთად დაბარებულივით გამოჩნდა ჯიშკართან მეორე მანქანაც. თანმიმდევრობით გადმოლაგდნენ დათუნა, დიტო და ნოდო. ისეთი ნაომარი სახე ჰქონდათ სამივეს, შეეჭვდნენ, მართლა ხომ არ უნახავთო გზად რეზი ჭკუასელი. - რა ხდება? სად ხართ ამდენ ხანს? - ძლივს ამოიღო ხმა სოფამ. - რა სახე გაქვთ? - გაკვირვებით ჩაეცინა გიორგის, აივნის ძგიდეს მიყრდნობილი რომ აკვირდებოდა კიბეზე ერთმანეთის მიყოლებით ამომავალ ბიჭებს, აქედან ერთი რომ იყო მხოლოდ კმაყოფილი და იმასაც არ არგებდნენ ბედნიერებას. - ამ გენიოსს ჰკითხე! - თავიდან მოაწვა ბრაზი დათუნას და გაიშვირა ხელი დიტოსკენ. - რა შუაში ვარ მე? - აყვირდა დიტო. - ზეთი რომ ჰქონდა მანქანას შესაცვლელი, არ უნდა გცოდნოდა, ბიჭო? - მოიცა, მოიცა! მანქანა გაგიფუჭდათ? - აფხუკუნდა ქეთუთა. - ხომ ვთქვი, რაღაც ასტრალური მიზეზი ექნებათ-მეთქი! - ხუთი საათი ვიყავით წალენჯიხაში გაკვეხებული! - ამოიქშინა დათუნამ და დაუღრინა ჩხაიძეს. - ეს რომ დავსვი საჭესთან, მეტის ღირსი ვარ! - რა ხდება აქ? - ხმა ამოიღო ნოდომ, სიცოცხლის ნიშანწყალი რომ არ ეტყობოდა გადაღლილ სახეზე და თვალებით ვაჩესკენ ანიშნა შეკრებილებს. როგორც ჩანს, მხოლოდ მას შეემჩნია მოშორებით მშვიდად მჯდომი ფარჯიანი, თვალს რომ არ უსწორებდა არცერთს. - ო, აქ რომ ხდება... - ჩაეცინა გულზეხელდაკრეფილ დგვარელს. - ე, ცოცხლები რატომ ხართ? - წამოიყვირა ახალი აღმოჩენით აღშფოთებულმა დიტომ და გაიშვირა თითი გაუნძრევლად მჯდომი ვაჩესკენ. - მოიცა, ეს სუნთქავს და რამე? - გვერდულად უჩურჩულა ონისეს. - შედი, რა! - ხელი ჰკრა მსუბუქად დათუნამ. - მომიყევით რა ხდება, დროზე, სანამ დავაკალი ეს ცოცხლად! - მთელი გზაა ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ვარ, მე ამას უკან აღარ გავყვები! ეს ნორმან ბეიტსი, ეს! - დუდღუნებდა ჩხაიძე. - მადლობა თქვი, უკან თუ წაგიყვანე! - დაუღრინა დათუნამ. - ვინმე გოგო მიპოვეთ სასწრაფოდ, დაიტოვოს, ჩაისიძოს, ამის სახე აღარ შემეჩეხოს აღმოსავლეთ საქართველოში! - აღარ მორჩებით? - წყრომით გადმოხედა ნოდომ ორივეს. - თქვენი სულელური კამათი აინტერესებს ახლა ვინმეს?! მთელი გზა ტვინი ამხადეს და აქაც არ ჩერდებიან, ბიჭო, ვინ არიან ესენი! - ვა, ნოდომ შეკლასა! - ხელი გადახვია დიტომ. - გიორგი, მოდი, გაიცანი „სტრანნი“ ნოდარა, ახლობლები ნოდარ თუთაშხიას ვეძახით ხოლმე! - სანამ დაერჭობი იმ ნაძვის გვერდით, დადუმდი! - მოიშორა ხელი სწრაფი მოძრაობით ნოდომ. - სოფა, შენ მაინც მიშველე, გოგო! შენ მაინც დამანახე სითბო და სიყვარული, ორი დღეა ბულინგის მსხვერპლი ვარ... აღარ შემიძლია! - წუწუნით მივარდა სოფას და გადაეხვია თვალებგაფართოვებულს. - შენი ტირანი და დამცინებს, ხო იცი. შემიფარე შენი ფრთის ქვეშ მე, სნეული და ეული! - რამე დალიეთ? - ჯერ გულზე მიწვენილ დიტოს დახედა სოფამ, შემდეგ დათუნას და ნოდოს. - რა სჭირს? - წალენჯიხური ესპრესოს ოვერდოზი აქვს, - ჩაიქრიქრილა ნოდომ. - ვეუბნებოდი, არ დალიო მეოთხე ჭიქა-მეთქი და არ დაიჯერა. ახია, დიტექს! ბრაზილიურ მარცვლებზე დაიკერა და შერჩა მეგრული აჯიკა. - უშაქრო იყო, შაქარიც არ ჰქონდათ... გული მაქვს აჩქარებული, წნევა გამიზომეთ, რა! - სულს ღაფავდა დიტო. - კორსიზი არ გაქვთ, ქალებო? - ათოსი, პართოსი და არამისი, ოღონდ არამისი წაქცევიათ გზაში, - დამცინავად ჩაეცინა ქეთუთას. - რაღა დიუმა, ქეთუთა... ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი, - აუბა მხარი ონისემ. - ეს ფრიდონი ცოტა ფინთი გყავთ ისე, შესაცვლელია. - ნახე, ნახე, როგორ გადაუყვანია თავის ჭკუაზე! ასეა, რა... ეს ხართ ქალები. ხო უმწეოები და რაღაც... არა, არ დაიჯეროთ, მამრებო, მითია! ერთს გაგიღიმებენ და მორჩა, დამთავრდა! - ქაქანებდა დიტო და მოკრძალებულად უღიმოდა წნევის აპარატით მდგომ ლილიკოს. - ონისეც თუ დამაღალატებდა, რა მეგონა! ასეა... სიყვარულიიი, სიყვარულიიი, - წაიღიღინა უნიჭოდ და დამანჭა სახე, ხელის გაბუჟება რომ იგრძნო. - მგონი მაღალი მაქვს, ხელი გამებერა! ვაიმე, ოთმოცდაათს ჩამოშორდა?! ქალბატონო ლილი, არაფერი დამიმალოთ! შესამჩნევად ჩაეღიმა ონისეს ქეთუთას გამოქცეული მზერაზე, უსიტყვოდ რომ ეუბნებოდა ყველა ვერაღიარებულს. - არ მეზარებოდეს ხელების სისხლში გასვრა, მივახრჩობდი! - დუდღუნებდა აწითლებული ქეთუთა. - რა თქვა ტყუილი? - თვითკმაყოფილი ღიმილით ამოუდგა გვერდით ონისე და უჩურჩულა ისე, არავის რომ არ გაეგო. - შენც მიყვები, ბოროტო კაცო! - მიუგდო უკმეხად და შევარდა მეორე ოთახში. - რა რა და ბოროტო კაცო?! - ჩაიფხუკუნა დგვარელმა და წამოეწია უდარდელი ნაბიჯებით. - დაგიმახსოვრებ ყველა არასწორ ეპითეტს, იცოდე! - რა ვთქვი არასწორი?! - შეგეძლო გეთქვა, სიმპათიურო... ჭკვიანო, უძლეველო, მზის სადარო, უნაკლო, ბერძენო ღმერთკაცო... - დეგენერატო! - დაამატა კმაყოფილი ღიმილით. - ინანებ, ქეთუ, - ღიმილით გადააქნია თავი და დატოვა მარტო დროებით გამარჯვებული. სანამ გამოტოვებულ ამბებს უყვებოდნენ დაწვრილებით, ლილიკოს მოესწრო დაღლილი სტუმრებისთვის მოკრძალებული სუფრის გაშლა. იცოდა ქალმა, მოლხენის დრო არ იყო ახლა. მასაც ხომ გამოეცადა, არა? მანაც ხომ იცოდა, რას ნიშნავს გყავდეს უღირსი, მაგრამ ძვირფასი - შენი გაზრდილი. ედარდებოდა განსაკუთრებით ვაჩე და არ აკლებდა ყურადღებას მუდამ შეფიქრიანებულსა და მოქუფრულს. - ისე, რა მაგარ დროს ჩამოვედით, ჰა? სუფრაზე პირდაპირ! - ბედნიერი იყო დიტო, დამშეული პირველი რომ მისჯდომოდა სუფრას და გაევსო თეფში სხვადასხვა კერძებით. - ვისი ბრალია, მერე? ვისი? შენ ხმას ნუ იღებ საერთოდ, ნუ მენახები! - დაბარებულივით ისმოდა დათუნას ყვირილი დიტოს ყოველი პირის გაღებაზე. - მე რა ვიცოდი შენ თუ ფინთი ბორბლები გქონდა! - აბა ზეთიო? - გაკვირვებით ჩაეცინა ონისეს. - წალენჯიხიდან რომ გამოვდიოდით, რაღაც ორმოში ჩახტა და ბორბალი გახეთქა ამ დეგენერატმა! - აუხსნა დათუნამ და ბასრი მზერით გადახედა პირგამოტენილს. - ღმერთო! - დაქანცულ გმინვას ამოაყოლა დიტომ. - წალენჯიხის მერს მიმართეთ, ბატონო დავით! მე რა შუაში ვარ?! ორმოებით რომ არის გატენილი ქალაქი, ჩემი ბრალია?! შუა გზაზე ორმოს რომ არ ამოავსებ, არა, მითხარი, ვისი ბრალია?! - თვალები ყველგან რომ გქონდა გზის გარდა, იმის! - აყვა დათუნას ნოდოც. - ეს რომ წამოვიყვანე, ეს... ეს! ამის ბრალია ყველაფერი! - ხელს იშვერდა დიტოსკენ დათუნა. - ყველაფერს მე რატო მაწმენდთ, თქვენი ჩვარი ვარ, ბიჭო?! - წამოხტა აღშფოთებული დიტო. - გაჩუმდი, ჩაიდუმე ენა! შენ მერე მოგივლი! - დაუცაცხანა დათუნამ და ონისესკენ მიაბრუნა თავი. უსიტყვოდ აგრძნობინა, სალაპარაკო რომ ჰქონდა მასთან. * * * სახლის უკან, შეფერადებულ ეზოში გამოვიდნენ ონისე, ნოდო და დათუნა. მიხვდა ონისე, ყველაფერი იცოდა უფროსმა დადვაძემ. - გზაში ნოდომ მითხრა, - მძიმედ წამოიწყო დათუნამ. - მითხრა, რაც მოხდა თქვენს შორის. - ჰო... - ამოიოხრა დგვარელმა და მიაწვდინა მზერა აღმართულ მწვერვალს. - ვაპირებდი მეთქვა შენთვის, მაგრამ დასრულებული იყო უკვე თქმის მიზეზი. აღარ ჩავთვალე საჭიროდ, გაეგო კიდევ ვინმეს - ჩვენ გარდა, მაგრამ ვიცი, შენც ისევე პატიოსნად ატარებ ამ ამბავს, როგორც დიტომ და ნოდომ მოიტანეს აქამდე. მათზე ნუ გაბრაზდები... დასაფასებელია, რაც გააკეთეს. სანდო ბიჭები არიან, - ჩაეღიმა ონისეს და ამჯერად მათ გაუსწორა თვალი. - გარდაცვლილი საშკასთვის კი არა, ცოცხალისთვის არ მიმიყენებია ჩრდილი... მაქვს ამის მიზეზიც, დათუნა. - მესმის... - სუსტად ჩაეღიმა მასაც. - ჩემი ოჯახის გარდა, არავის ბრალია ის, რაც სოფას დაემართა. არც იყავი ვალდებული - გეთქვა, მაგრამ მადლობა, რომ იფიქრე მასზე. - ჯაჭვურია, ხო იცი? - სევდიანად ჩაეცინა ონისეს. - ნოდომ ჩემს ნენეზე იფიქრა, მაშინ, როცა შეეძლო არ ეფიქრა. მის გარდა, იცი, რამდენი იყო იქ? იცი, რამდენმა დაინახა, რომ გოგოს აწუხებდნენ? თუნდაც უცნობს, რა მნიშვნელობა აქვს ასეთ დროს... იფიქრა რომელიმემ? არა, დათუნა. არავინ. მან კიდე, უცნობი ისე გადაარჩინა, ერთხელ არ დაფიქრებულა. - აღარ გვინდა... - ეუხერხულა ნოდოს, დამნაშავედ რომ გრძნობდა თავს, მაინც. - ბოლომდე მაინც ვერ შევასრულე მოცემული სიტყვა, მაგრამ ჭკუიდან გადავედი... რთული ყოფილა, როცა აქამდე არნათქვამ სათქმელს მალავ... დათუნა რომ არ ყოფილიყო დათუნა, ხელუხლებლად დაიმარხებოდა ეგ ამბავი ჩემთან ერთად, იცოდე ესეც, ონისე. - ღირსეული ძმა ჰყავს საშკას, - ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის ონისემ, მაგრამ გაიგეს მათაც. - არ იმსახურებს, თითი გაიშვირონ მისკენ. - უნდა მიექცია ყურადღება, - მოერია ბრაზი ნოდოს, რაზეც ღიმილი ვერ შეიკავა დგვარელმა. - არ არის ეგრე მარტივად, ნოდო. შენ რომ იცოდე, როგორ გაზრდილს შეუძლია უკანასკნელის ჩადენა, აღარ იფიქრებდი ეგრე. - მართალია ეგ ამბავი? - მიუხვდა დაფარულ ქვეტექსტს ნოდო და თავის მსუბუქი მოძრაობით ანიშნა ჭონიაშვილების სახლისკენ. - დაუჯერებელი ამბებიც მართლა ხდება ხოლმე. ასეა, საკუთარ ტყავზე რომ გამოვცდით, მერე ვხვდებით, შესაძლებელი რომ არის ეგეც, - მწარედ ჩაეღიმა ონისეს. კიდევ გააგრძელებდნენ საუბარს, ხეებს იქით, ნაცნობი მოთქმა-გოდებისთვის რომ არ მოეკრათ ყური. ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრნენ იმ ადგილისკენ, საიდანაც ისმოდა ჩოჩქოლი. - რა ხდება? - სწრაფად მიუახლოვდა ონისე ბერდია ვეზდენს, ტრიალ მინდორში რომ იდგა მარტოდმარტო კაცი. - მიშველეთ! - გულისგამაწვრილებლად ღრიალებდა ცხენზე ამხედრებული დიტო. - როგორ გავაჩერო? სად არის ტორმუზი? - ისეთი თავდაჯერებული შემოხტა, მეგონა იცოდა ჯირითი, - გაკვირვებულმა გადმოხედა ბერდიამ ბიჭებს, ფერი რომ აღარ ედოთ სახეზე. - ცხენზე რა უნდა ამას? - გაოგნდა დათუნა. - ძალიან მთხოვა, შვილო... ვიციო, დაიჩემა, - უხერხულად აზიდა მხრები კაცმა. - აააა! სეზამ, გაჩერდიი! თუ გაიღე! ჩამომსვით! - რვა გაოგნებული თვალი უყურება, როგორ ათრევდა მოღრიალე დიტოს მეშხე. - ვაიმე?! - სიმწრით ეცინებოდა დათუნას. - მერაბა, გაჩერდი-მეთქი, ბიჭო, დამელეწა გვერდები! - მეშხე ჰქვია, შვილო! - წყრომით გასძახა ბერდიამ. - ბატონო ბერდია... იქნებ ჩამოვიყავოთ, როგორღაც... ავიდა უშბაზე, - უხერხულად ჩაახველა სახედაცვარულმა ნოდომ, სიცილის თავიც რომ აღარ ჰქონდა უკვე. - მონღოლების შემოსევა ასეთი წარმომიდგენია, - ფხუკუნებდა დგვარელი. - ნახე, ნახე, რა ტრიუკებს აკეთებს! - თან რომ იძახის, ნაპოლეონი ვარო... ეს აჭრილი კაცი, ეს! - ნერვიულობისგან ფერი არ ედო სახეზე დათუნას, მაგრამ ვერ იკავებდა სიცილს. - ეჰ, კარგი ბიჭი იყო... - უღონოდ ამოიოხრა ხელჩაქნეულმა ბერდიამ. შეაშრათ სიმწრის ღიმილი ბიჭებს სახეზე. - რა? - ამოილუღლუღა ნოდომ. - იყო?! რას ნიშნავს, იყო? - ბატონო, ბერდია... ნერვებს კი მიშლის, მაგრამ... - კეფაზე შემოიწყო ხელები დათუნამ და მოჭუტული თვალებით ამოხედა დიტოს ჯაყჯაყს. - ვხუმრობ, ბიჭებო... - უდარდელად ჩაეცინა კაცს. - აბა, სვანებმა ხუმრობა არ იციანო? - დუდღუნით ჰკითხა ნოდომ დგვარელს. - გაჩუმდი, არ გაგიგოს, - ხელი გაჰკრა მსუბუქად. - მართალია, ისედაც არ მაკლია შარი, ზემო სვანეთი არ დავიმატო სამტროდ! - ჩამომხსენით! - განწირული ყვიროდა დიტო. - ფაფარზე ნუ ექაჩები, შვილო, გადაირევა ეგრე უფრო! - გასძახა ბერდიამ. - ააძრო ცხენს სკალპი! - ფხუკუნებდა ნოდო. - ცხენების უფლებადამცველთა ორგანიზაცია არ უყურებს, კიდევ კარგი. გადავრჩენილვართ, მეგობრებო! - ჩაიდუდღუნა დათუნამ. - გასროკავდნენ, ბიჭო, - ხელით მოიჩრდილა მზე ნოდომ. - ბატონო ბერდია, ჩამოვსვათ, რა.. - გადარეულ ცხენთან მისვლა სახიფათოა, შვილო... თავისით უნდა დაწყნარდეს, თორემ უარესი მოხდება. - რა ხდება აქ? - თავზე დაადგათ დოინჯშემოყრილი ქეთუთა. - ვინ ყვირის ასე საზარლად?! - ცხენმა დიტო გაიტაცა! - აუხსა ონისემ. - უი, ეგ ყვიროდა ეგრე? აჩის მიწისძვრა ეგონა და კარში ჩაეკირა, ძლივს გამოვაცალეთ. - გული მერევა! - ისმოდა შიგადაშიგ დიტოს ღრიალი. - ვაიმე, ჩამოვსვათ, რა... - შეწუხდა ქეთუთა. - მიდი, ქეთუთა, ჩამოსვი, - დამცინავად ჩამოხედა დგვარელმა. - მე ცხენზე ჯირითი ვიცი, სხვათაშორის! - ამაყად მოიღერა ყელი. - დათუნა, რატომ დასვით? ცხენი მულტფილმში ჰყავს მარტო ნანახი, ისიც ზღვის... - მთელი გზა იუთუბზე უყურებდა ინდოელების ტუტორიალებს, - აუხსნა სიტუაცია ნოდომ. - ჭკუასელი რომ მოვა, ეს მიუშვით ცხენით, გადაუვლის! - თვალმოჭუტული აკვირდებოდა დიტოს ქეთუთა. - უხ... ეს ეტკინებოდა. - გზაზე დავაყენოთ, რა... ყვავებს რომ აფრთხობენ ბოსტანში, ხო იცი? - იცინოდა დათუნა. - ქე... თუ... თა! - სვენებ-სვენებით ყვიროდა დიტო. - ეს ცხენი თავისით არ გაჩერდება? - ინტერსით გადმოხედა ნოდომ ქეთუთას. - სანამ არ გადმოაგდებს, არა, - ჩაიქნია ხელი უიმედოდ. - გადმოხტი, დიტო! - აააა! - ისმოდა ყრუ ყვირილი. - გადმოხტი, დაგიჭერთ! - შეაგულიანა ონისემ. - თავი ჰაერში ასწიე, კიდე დარტყმა უნდა მაგას? - აყვა დათუნაც. - ბატონო ბერდია... - იწურებოდა ნოდო. - ჩამოვსვათ, იქნებ. - ხო, ჩამოვიტანოთ, რა. არ არი ცუდი ბიჭი, - თხოვნით ახედა დგვარელმაც. - არაფერიც! ღირსია! ბატონო ბერდია, ესეც შემოსვით მერე... - გვერდით ამოუდგა კაცს დათუნა და ნოდოსკენ ანიშნა თავით. - ჰინდის ენაზე რომ ისწავლა ჯირითი, მეტის ღირსია! მთელი გზა ტვინი გამომილაყა დამტვრეული ინგლისურით! ან იმათმა რა იციან, ცხენი, ბიჭო, სად უნახავთ! - ეგ რა არის, აქლემიც ეგრე აქვს ნასწავლი და სადმე არ გადაეყაროს, ვდარდობ, - ჩაიქნია ხელი ნოდომ. - მი... შვე... ლეთ! - ოდესმე ხომ დაიღლება ეს ცხენიც? - დაიღალა დიტოს საცოდაობით ონისეც. - კაი, ნუ იცინით... ვუშველოთ, რა! ცოდოა, ბიჭო, ნახე, რას გავს... თავიდან იქნება ეს ასაწყობი, დაიშალა ნაწილებად... - შეეცოდა ნოდოს. - ცხენიც, - ეცინებოდა ონისეს. - რა ხდება აქ? - წაადგათ თავზე გაოგნებული ტასოც. - მეშხე? რას უშვება თქვენი მეგობარი ჩემს ცხენს?! - ოპა! - ჩაახველა ნოდომ. - ტასო, შენ მაინც უშველო იქნებ, - თხოვნით მიმართა ონისემ. - დაილეწა, უყურე. - სარგებელს ვნახავ რამეს? - გადმოხედა ბიჭებს მოჭუტული თვალებით. ონისემ ეჭვის თვალით ჯერ დიტოს გადახედა, შემდეგ ტასოს. - ვერაფერს. - მაშინ მეზარება. - ბოროტო! - გადმოხტეს, რატომ ალეწინებს თავს? - გაეცინა ტასოს. - უარესად არ დაილეწება ეგრე? - ჩაეკითხა ნოდო. - ამაზე მეტი რა უნდა დაემართოს, ნახე, რას გავს, - დასცინოდა მოჯაყჯაყეს. - გადმოხტი, დიტო! - შესძახეს ერთხმად. - ვხ...ტე...ბი! დაიყვირა ბოლოჯერ და გაისმა ბრაგვანის ხმაც. ცხენმა მძიმედ ამოისუნთქა. * * * ისე საზარლად მოსაღამოვდა, ცაც კი ატყობინებდათ მოსალოდნელ საფრთხეს. გალურჯებულ ცას ნახშირისფერი რომ დაედო, თავი შეახსენა ყველას შეკრების მიზეზმა, მაგრამ ჯიუტად არ იშლებოდნენ ლამაზად განათებული ეზოდან. თბილი ყვითელი სინათლე, სიფაქიზით რომ ედებოდა მუქ სიმწვანეში ჩაკარგულ ბალახს, იმ დაკარგულ სიმშვიდეს სძენდა აღელვებულებს, დიდი ხნის წინ რომ გამოსცლოდათ ხელიდან. ოთახებში შეყუჟვა აუშლიდათ საღერღილს, იცოდნენ ეს. აივანზე იდგა ქეთუთა. ხელისგულივით გადაშლილიყო უზარმაზარი ეზო. ონისეს ქურთუკში გახვეული, ჩაფიქრებული შეჰყურებდა შეკრებილებს და ეცინებოდა შიგადაშიგ, დალურჯებული დიტოს სიმწრის გმინვა რომ სწვდებოდა სმენას, ნოდოს რომ ევედრებოდა ზურგის კუნთების მასაჟის გაკეთებას. სასწაულებრივად გადაურჩა ჩხაიძე მოტეხილობას, მაგრამ ისეთი დაბეგვილი იყო, ხუმრობის თავიც აღარ ჰქონდა ერთ ადგილზე მიყუდებულს. კიბეები ღიღინით ჩაიარა და თვალები გადმოსცვივდა ლამის, დგვარელთან მდგომი უცნობი რომ შეამჩნია. - სოფა, მოდი აქ! - ძლიერად დაქაჩა მკლავზე დას, ჩაის ჭიქით ხელში რომ იჯდა სიმშვიდეში. - რა? - აღმოხდა დაბნეულს. - ვინ არის ეს გოგო? - ჰკითხა თვალებდაქაჩულმა და გვერდით ამოიყენა უჩუმრად. - ჩუმად მითხარი, ოღონდ. - ვინ? - ის... - გაიშვირა თითი დგვარელის გვერდით მდგომი ქერათმიანისკენ, ღიმილის დროს მთელი სახეც რომ უნათოდა. - ნუ აკვირდები ეგრე, შეგამჩნევს! - რატომ ინტერესები, შენ? - ეშმაკურად ჩაეღიმა სოფას. - მეცნობა ძალიან და მაინტერესებს! - ჩაიფრუტუნა ირონიულად. - ამოღერღე! - ჯერ მითხარი, რატომ გაინტერესებს! - ინტრიგნულად გადმოხედა აღელვებულს. - რატომ აღელდი, ქეთუთა? რას მიმალავ? უფრო სწორად, რამდენს? - იმდენს, რამდენსაც შენ, სოფიკო! - დაისისინა ცინიკურად და შეუტია შემდეგ. - შენ, მე მგონი, აკლიმატიზაციამ გაწყინა! სუფთა ჰაერზე გაგეხსნა მაინცდამაინც დახშული ტვინის უჯრედები?! რა იყო, სისხლი შეგიცვალეს და დაგავიწყდა ნათესაური კოდი? მშობლის შემდეგ, ყველაზე ახლობელი დედმამიშვილი რომ არის, არ იცი, ეგ, შე მოღალატე?! - ნუ ღრიალებ, ისმის... - დაუქაჩა თვალები და ააფარა პირზე ხელი. - თქვი! - მეზობელია ალბათ, რა გინდა შენ? - ასეთი ლამაზი მეზობელი?! - შენ ვერ ხარ, ხო?! - გაკვირვებით ჩაეცინა სოფას. - რატომ იცნობს ის? - გაგიკვირდება და, აზრების კითხვა არ ვიცი... ან რა დროს ეს არის? გავიწყდება რა სიტუაციაში ვართ?! - ოჰ, კარგი ერთი! - ჩაიფრუტუნა ირონიულად. - შენ თუ გავიწყდება, მე რომ დამავიწყდეს, რა, არ შეიძლება? - რას ბოდავ, ქეთუთა! - შენ გგონია ვერ ვამჩნევ თქვენს თვალებით კონტაქტს? - სასაცილოდ აწკიპა წარბები. - რა კონტაქტს! - ალმური მოედო სახეზე სოფას. - საიდან მოიტანე?! - ოხ, საიდან მოვიტანე, თურმე... ისე შესციცინებ თვალებში, გეგონება, დღე-დღეზე ბავშვს ელოდებით! - გოგო! - დაუცაცხანა და განერვიულებულმა შეიცურა თმაში ხელი. - მეტიც და უარესიც თუ გინდა, ისიც ეგრე გიყურებს! - დაიკრიფა ხელები გულზე თვითკმაყოფილმა. - რომ ჩამოდგებით და უყურებთ ერთმანეთს, დრო კი არ ჩერდება, გენიოსო! გხედავთ, გაკვირდებით... - ჰა? - აღმოხდა გულაჩქარებულს. - ოჰ, გაუკვირდა გოგოს... ვითომ არ იცის... - აჯავრებდა შერცხვენილს. - მე კი არა, მთელმა სოფელმა იცის მგონი, მაგრად რომ დაგერხა, შე საწყალო! ალბათ, გიორგის ბებია-ბაბუაც ამჩნევს... ხედავენ შენში სარძლოს. კი, კი, ასეა. დარწმუნებული ვარ. ლილიც ისე გაკვირდებოდა, რომ... - კაი? - ღულღულებდა პარალიზებული. შეაშრა სახეზე პირვანდელი ღიმილიც. - კი, ძალიან აშკარაა... დაიწვით, რა. დამთავრებული ამბავია! - გიორგი... რა იცი, რომ ისიც? ჰა? ქეთუთა? რას ამჩნევ... დარწმუნებული ხარ, რომ იმასაც? - თითებს იმტვრევდა ნერვიულობისგან სოფა. - აი, საერთოდ არ მიკვირს, იმ მანიაკმა რომ მოგაგნო! - ხელები გულზე გადაიჯვარედინა ჩაფიქრებულმა ქეთუთამ. - რა? რატომ? - შენს მიჯნურს თავისი გრძნობაც ვერ დაუმალავს და გოგოს დამალავდა? - ჩაიფხუკუნა და გამჭოლი მზერით შეათვალიერა ქერათმიანი. - გოგო! ნუ დასცინი! - იწყინა სოფამ. - აა, უკვე პირად წყენად ვიღებთ და რამე? შემოგიაროთ ოჯახს, სულ სახლში ხართ? - მოგკლავ! როდის გაბოროტდი ასე ძალიან?! - კარმა, ძვირფასო! მე ყველაფერს ვხედავ, მე ყველაფერს ვამჩნევ! - წესიერად მოიქეცი, იცოდე! - გამაფრთხილებლად დაუქნია საჩვენებელი თითი. - უწესო შენ ხარ თუ კაია! უჟუჟუნებს თვალებს ბიჭს! რაო, რას გეუბნება მისი მზერა? მიყვარხარო? - დასცინოდა უჩვეულოდ გამხიარულებული. - ბავშვობაშიც ასეთი არაადამიანი იყავი, არ მიკვირს, მაგრამ რამე ისეთი არ გააკეთო, იცოდე! - ისეთი, როგორი? - აზიდა წარბები ინტერესით. - თავი რომ მომჭრა დასავლეთ საქართველოში! - მაშინ ისე მითხარი ვინ არის ეს გოგო, ცხოვრებაში არასდროს რომ არ წამომაძახო, შევთანხმდით? - შემრიგებლური გაუხდა ტონი. - არ ვიცი, ადამიანო! მიდი და გაარკვიე! - აატრიალა თვალები მობეზრებულმა. - ჩაგახრჩობ შდუგრაში, აქვეა მაინც! - ასეთი ლექსიკონით ბიჭმა მინიმუმ თავის შველის სამი გზა დააგენერიროს გონებაში, არათუ სამომავლო გეგმები, - ჩაუკრა თვალი ნიშნისმოგებით და დატოვა მარტო. - გამეცალე! - დაუღრინა გაღიზიანებულმა და გამოზომილი ნაბიჯებით მიუახლოვდა მოსაუბრეებს. - გამარჯობა! ბოდიში ხელს რომ გიშლით, მაგრამ ონისეს ეძახიან. - ვინ მეძახის? - გაკვირვებით აზიდა წარბები დგვარელმა. - ჭკუასელი გამოვიდაო კონტაქტზე, - დაბალი ხმითა და შენიღბული აღშფოთებით გაანდო საიდუმლო. - რა? - ფერი დაეკარგა კაცს. - ხო, ხო. - წავედი. - წადი, წადი, - მოწკურა თვალები და ღიმილიანი მზერა გააყოლა მიმავალს. - შენ რა გქვია? - ლიზა, - გაუღიმა ქერათმიანმა. - შენ? - ქეთუთა. იცნობ ონისეს? - მსუბუქად დაუქნია მანაც თავი. - კარგი ბიჭია, ხო? - კი?! - გაუკვირდა მოულოდნელი კითხვა. - უჰ, შენ ცოლი უნდა ნახო, ისეთი გოგოა! - წამოიძახა ყალბი აღფრთოვანებით. - ცოლი ჰყავს? - გაუკვირდა კიდევ უფრო. - არ უხსენებია. - ორი შვილი, - დაამატა ღიმილით. - მართლა? - ბიჭი და გოგო. - უი, რას ამბობ... - ძაღლიც. - ჰო? - ჰო, დობერმანი, - იგონებდა არსაიდან მოტანილ ტყუილებს. - კარგია, - მკრთალად გაუღიმა გოგონამ. - ნამდვილად. ძალიან უყვარს ოჯახი, - დამაჯერებლად დაუქნია თავი. - ძალიან კარგი. - შენ არ გყავს ქმარი? - ჩაეკითხა ინტერესით. - არა. - რატომ მერე? - რა ვიცი, - ჩაეცინა უხერხულად. - არც შეყვარებული? - არა. - უცნაურია! ლამაზი გოგო ხარ, არ შეიძლება ეგრე! - ხელკავი გამოსდო ქერათმიანს. - აქაური ხარ? - ჩამოვდივარ ხოლმე, სტუმრად. ლილის ადგილი აღარ ჰქონდა და ვეზდენების სახლში დამაბინავა. - არა, მაინც, საოცარია, როგორ არ გყავს შეყვარებული? - შედგა ადგილზე ქეთუთა. - შენ გყავს? - ხმით გაეცინა ლიზას მის მონდომებაზე. - მგონია, რომ ბებიაჩემის მოგზავნილი ხარ. - ნუ, ახლა, იცი, როგორ არის ეს საქმე? ყოლის შანსი არის, მაგრამ არ ვჩქარობ, რა! ვაკვირდები, ვწონი... - ჰო... მე ღირსეულს ველოდები! არა... კი არ ველოდები, ნუ, რომ გამოჩნდება, ხომ გესმის, - აიჩეჩა მხრები ლიზამ. - უღირსი და ქმარი რად გინდა, აბა?! - შეიცხადა ქეთუთამ. - არც ისეთი მინდა, როგორიც არის ყველა. - ოჰ, მაინც როგორი? - ჩაეკითხა ინტერესით. აქამდე ფიქრობდა, ერთი იყო განსაკუთრებული და ისიც ჩემიაო, მაგრამ დღევანდელმა შემთხვევამ შეუბრკოლა დადებითი ფიქრები. - ღამის სამზე რომ მოვიდეს სახლთან და ყველა შეწუხებულმა მეზობელმა დამირეკოს, ჩადი, თორემ აღარ შეგვიძლიაო, - გაეცინა თავის ნათქვამზე და მოახლოებულ ონისეს გადახედა ეშმაკური ღიმილით. - ონისე, რა კარგი გოგოა ქეთუთა! ფამილიარულ ტონზე ყურები დაცქვიტა ქეთუთამ და გაკვირვებით გადახედა ჯერ ეშმაკურად მოღიმარ ლიზას, შემდეგ დოინჯშემოყრილ ონისეს, ტყუილში რომ ჰყავდა უკვე გამოჭერილი. - კი, ძალიან კარგი გოგოა, ქეთუთა! - სიმწრით გამოსცრა მისი სახელი. - მომატყუე, ხო? - მე?! - გულზე მიიდო ხელი ქეთუთამ. - არა?! - დამცინა გიორგიმ! - რატო, კაცო? - შეიცხადა გაკვირვებულმა. - ჭკუასელი რომ ვუხსენე! - ონისე, შეიძლება შენ დაგცინა უბრალოდ... რა? არ ხარ დასაცინი მასალა? - გაიშტერა თავი ქეთუთამ. - ნუ... ვიხუმრე, უბრალოდ! რა არის?! - მე შენ გაჩვენებ! - დაემუქრა დაბალი ხმით და მიუბრუნდა ლიზას. - რაო, რას ამბობდი, ლიზაკო? „ლიზაკო?“ ფერები ეცვალა ქეთუთას. თვალებმოწკურულმა შეათვალიერა ორივე. ვინ ეძახისო ლიზაკოს, ორი წუთის გაცნობილ მეზობელს, ფიქრობდა განერვიულებული. - რატომ არ მითხარი ცოლი და ორი შვილი რომ გყავდა? - წყრომით გადახედა გოგონამ ონისეს. - რაო? - გაეცინა კაცს. მიწა გამისკდესო, ნატრობდა ქეთუთა, ხელისგულებიც რომ გაოფლიანებოდა უკვე. - ძაღლიც გყოლია! - ჰა? - და ოჯახიც ძალიან გყავრებია! - ამატებდა იმავე ტონით. - ხო კარგად ხარ, ლიზა? - ღიმილით დაჰყურებდა ზემოდან ონისე. ისეთი სითბო იგრძნობოდა, სახე აეწვა ქეთუთას. ჩემთვის რატომ არ მოუმართავსო ასე არასდროს, მოეშალა ნერვები კიდევ უფრო. ცოტაც და ტირილს დაიწყებდა. - მე წავალ! - უჩუმრად გაპარვას აპირებდა, ლიზას ხმამ რომ შეაჩერა. - ხო, ქეთუთამ მითხრა, ცოლ-შვილი რომ გყოლია... და ძაღლიც, თან დობერმანი! - ჩაუშვა ღიმილით. - ქეთუთა! - გაკვირვებული მიუბრუნდა გასაქცევად მომზადებულს ონისე. - მოდი, აქ. - ვიხუმრე უბრალოდ, რა გჭირთ? - გაიოცა უდანაშაულოდ. - რა ხუმრობაა ეს? - სასაცილო... ოდნავ შავი, - მტრულად გადახედა ლიზას, სიცილს ძლივს რომ იკავებდა. - არ გამაცნობ ქეთუთას, ონისე? - არა, რა საჭიროა! - არ დააცადა პასუხი კაცს. - მეჩქარება მე! - მოდი, აქ! - დაექაჩა მკლავზე და ამოიყენა გვერდით. - მოგხედავ მე შენ. - დაამატა დაბალი ხმით. - აუჰ! კაი, ერთი! - კარგი, უთხარი ახლა ვინ ვარ! - გაუბრაზდა ლიზა. - ლიზა ოცხელი, გიორგის დეიდაშვილი. ქეთუთა დადვაძე, გიორგის სოფას და, - გააცნო ერთმანეთი უცერემონიოდ. ლამის ყბა ჩამოუვარდა ქეთუთას, ჭკუაში რომ აჯობეს. გულიც დასწყდა ოდნავ, „გიორგის სოფას დის“ სტატუსი რომ ჰქონდა მხოლოდ, მაგრამ არ შეიმჩნია. - აჰა... - ჩაილაპარაკა მზაკვრულად. - აჰა! - გაუცინა ლიზამ. - სასიამოვნოა, ქეთუთა. შენი დაც გავიცანი, ძალიან კარგი გოგოა! სიბრაზისგან თმა ყალყზე დაუდგა ქეთუთას, როცა აღმოაჩინა, რომ საკუთარმა დამ გაწირა. - ჰო? კარგი გოგოა, კი, - სიმწრით გამოსცრა და გააშვებინა ხელი ონისეს. - მე წავალ. სასიამოვნოა, ლიზა! თავქუდმოგლეჯილი გავარდა სახლისკენ. ერთი სული ჰქონდა სოფა ენახა და შური ეძია იმ ტყუილზე, საკუთარი თავის მასხრად აგდების ფასად რომ დაუჯინა საკუთარმა სისხლმა. ნამდვილად გადაუსხესო სისხლი, ბუტბუტებდა თავისთვის და მიიწევდა სახლისკენ. სწრაფი ნაბიჯით წამოეწია ონისეც ქალს, სიბრაზისგან ლამის ბოლი რომ ასვლოდა თავზე. - ვინმემ გაგაბრაზა? - უცოდველი სახე მიიღო ონისემ და შეაჩერა მიმავალი. - არა! - გამოგლიჯა ხელი ისევ. - ვის უნდა გავებრაზებინე? იყო რამე გასაბრაზებელი?! - მე რომ გამაბრაზე ძალიან? - ცივი წყალი დალიე! - უხეშო! - შემეშვი! - კარგი, ნუ განრისხდი... ნახე, ჭექა-ქუხილის ხმაც გადაფარე... მოდი აქ, - დაექაჩა მკლავზე გაჯიუტებულს. - რა გინდა, ონისე? - რომ მითხრა, რატომ ბრაზობ, - ფრთხილად ჩამოუსვა ხელი სახეზე ჩამოყრილ თმაზე. - გიორგის სოფას და ვარ მე, ხო? - ამოუშვა მაინც ხინჯად ჩარჩენილი სიტყვები და მიაპყრო იმედგაცრუებული მზერა. - ნათესაურ კავშირს ვერსად გავექცევით. რა, არ ხარ სოფას და? ნაშვილები ხარ, ქეთუთა? - ყალბი აღშფოთებით გადმოხედა და გაეცინა, სიბრაზისგან ცეცხლწაკიდებული რომ დახვდა. - მომშორდი, გამეცალე, თვალით აღარ დამენახო! - უჰ... კარგი, მოიცა. შენ რა ველური ყოფილხარ! - ღიმილით აკავებდა გაცოფებულს. - მომისმინე, ქეთუ. - ქეთუ არა, სოფას და, - წაისისინა გაღიზიანებულმა. - დღეს კარი ღია დატოვე, ხო? - მიეფერა ცერა თითით სახეზე და აკოცა ძალიან ნაზად იმ ადგილას, წამის წინ ურცხვად რომ დაატარებდა ხელს. - თუ არ დატოვებ, ყველას გავაღვიძებ, იცოდე! * * * ჭექა-ქუხილი აზანზარებდა იმ საღამოს მაზერს. ამინდიც გრძნობდა, რომ დაიღვრებოდა სისხლი და აპირებდა წვიმის გამოშვებას ლაქების გადასაწმენდად. მცირეხნიანი დუმილი დაარღვია ბოლოს კარის ჭრიალის ხმამ. შემოვიდა გიორგი ოთახში. სახე ჰქონდა ისეთი, აშკარა იყო ყველაფერი. ვაჩეს ჩახედა თვალებში პირველად. მიხვდა ისიც უთქმელად, გადააქნია სიმწრით თავი და მძიმედ წამოდგა ფეხზე. - რა ხდება? - არეული მზერით გადახედა სოფამ ჯერ გიორგის, შემდეგ დანარჩენებს. დაიძაბა ყველა. არავინ იღებდა ხმას. - რა ხდება, გიორგი?! - წამოდგა ფეხზე სოფა და მიუახლოვდა. ჰაერიც დაიძაბა პატარა ოთახში. ჩამოიხუთა თითქოს. - არაფერი, - უპასუხა მშრალად და აარიდა მზერა. - გამოჩნდა? - აუკანაკალდა ხმა ქალს. - სახლში იქნებით და ფეხს არ გამოადგამთ გარეთ, - გამაფრთხილებლად ჩააშტერდა თვალებში ცრემლმორეულს. - არ გაბედო, სოფა! სულ რომ ქვეყანა ჩამოიქცეს, გარეთ არ გამოხვიდე, გესმის?! - ნუ მომთხოვ იმას, რასაც არ გავაკეთებ! - ჩაგკეტო გინდა?! - რას მეუბნები, ხვდები? - სიმწრით გაეცინა სოფას. - შენ ვერ ხვდები, მე რას გეუბნები! - გაუმკაცრდა ხმა. პირველად დაეტყო ანერვიულება მშვიდ სახეზე. პირველად მოაწვა სისხლი ასე ძალიან საფეთქლებში. ნაცნობი შეგრძნება ჭამდა გიორგის. გაუხსნესო თითქოს ყველა ჭრილობა, შეხორცებადაწყებული. შეეშინდა დაკარგვის. კიდევ ერთხელ. - ვიღაც შეშლილი მოდის და არავინ იცის რას მოიმოქმედებს! ამ დროს მე სახლში უნდა ვიჯდე მშვიდად? გააფრინე, ხო? თქვენს ამოხოცვასაც ხომ არ ვუყურო ფანჯრიდან?! - აუხსენი... დათუნა, აუხსენი, - მავედრებელი მზერით გადახედა დათუნას და აქცია ზურგი ქალს. ფანჯრის რაფას ჩამოეყრდნო ხელისგულებით. - ახლა ამის ახსნა რომ დავიწყო, ყვირილი მომიწევს. ონისე, აუხსენი, რა, - ამოიხვნეშა დათუნამ. - შენი იქ გამოსვლა, მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერს ისე გადაწყვეტს, რომ საუბრის შანსი აღარ დარჩება, - მშვიდი მზერა გაუსწორა ონისემ ფერდაკარგულს. - ერთად ვნახეთ, ვინც არის. ისიც იცი, რისი გაკეთება შეუძლია. არავინ არავის მოკლავს, თუ შენ იქ არ იქნები. - ონისე, ჩემი მოკვლა მაშინაც შეეძლო, მაგრამ არ გააკეთა! - მკაცრად გააპროტესტა და ჩუმი მზერა გააპარა გიორგისკენ, თვალს რომ არ აშორებდა ხედს ფანჯრიდან. თითქოს არაფერი იყო იმ მომენტში უფრო საინტერესო მისთვის. - ვერ გააკეთა! ნუ გავიწყდება, რომ შენ გამო ჩამოვიდა აქ, თორემ ვაჩე იქაც ჰყავდა, - ფეხზე წამოდგა ონისეც და მიეყრდნო კარის ძგიდეს. - შენ აინტერესებ ჭკუასელს და არა ჩვენ. გესმის, სოფა? - რატომ არ გესმით ჩემი? - მწარე სასოწარკვეთა შეეპარა ხმაში სოფას. - მაიძულებთ, რომ მშვიდად ვიჯდე სახლში მაშინ, როცა ვიღაც ჩემს მოსაკლავად არის ჩამოსული და ღმერთმა იცის, თქვენ რას დაგიშავებთ?! არარეალურს ითხოვთ, იცი?! - გოგო, რატო გადაგებინდება ხოლმე გონება? - უმტყუნა ნერვებმა დათუნას. - რა გინდა, რას ითხოვ, ავდგეთ და ძღვენად მივართვათ შენი თავი?! აჰა, რეზი, მაშინ რომ ვერ მოახვედრე ტყვია, ახლა აქ არის და აბა შენ იცი-მეთქი, ეგეც ხომ არ ვუთხრათ?! შენ აინტერესებო გეუბნებიან, შენ და არა მე ან სხვა, რატომ არ გესმის?! - დააყენე ჩემს ადგილას შენი თავი, დათუნა! - დაიძაბა სოფაც. მიხვდა, რომ მართლები იყვნენ, მაგრამ საკუთარი თავი ერჩივნა მკვდარი, ვიდრე რომელიმე მათგანი - მის გამო. - რომ დავაყენეთ და რომ მივხვდით, რა სჯობს, იმას გეუბნებით, სოფა! - სოფა, ეგ კაცი ვისი მტერიც არის რეალურად, ხომ იცი? - მიუახლოვდა ვაჩე ქალს და ჩახედა ამღვრეულ თვალებში. - ხომ იცი, რომ ყველაფრის თავი და თავი ჩემი ოჯახია? მითხარი, ხომ ასეა?! შენ ხომ იცი, რატომ და როგორ?.. ჩემი მტერია, გესმის? ჩემი და არა შენი. შენ რომ ხელი დაგადო, ეგ შენი პრობლემა არაა. მე თუ მოვკვდები, არც ეგ იქნება შენი ბრალი, გესმის? - ნუ ამბობ! - გასცრა შიშით სიკვდილის ხსენებაზე. - შენს ადგილას შეიძლება ნებისმიერი გოგო ყოფილიყო. ნებისმიერი, ვინც იქნებოდა საშკას გვერდით. ის თუ შეშლილია, იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე დანაშაული მიგიძღვის. შენ თუ გერჩის, ისიც მხოლოდ ჩემი ძმის გამო და არა შენი დანაშაულის. მომეცი უფლება, მშვიდად მოვთხოვო პასუხი, კარგი? მოიქეცი ისე, როგორც გეუბნებიან, - უჩვეულოდ მშვიდი იყო იმ წამს ვაჩე. გადამდები იყო მისი სიმშვიდე დანარჩენებისთვის. - გავგიჟდები! - სიმწრით ამოიოხრა ატირებულმა და მძიმედ დაეხეთქა სკამზე. - არავინ მოკვდება, - გაუსწორა იმედიანი მზერა ბოლოჯერ და ამოუდგა ფანჯარასთან მდგომ გიორგის, მადლიერი მზერით რომ გადმოხედა წამიერად. - აქ მოდის? - ჰკითხა მძიმედ. - მოდის. - არ მინდა მათი გარევა, - თავით ანიშნა მათ ზურგს უკან შეკრებილებისკენ. - ხომ გესმის, ვინც არის... რამე ისე რომ გააკეთოს, მერე... არა, რა. არ გამოვიდნენ, უთხარი. არ არის ის საქმე, ამდენი რომ გაერიოს. - შენ დააკავებ ამათ? - სუსტად ჩაეცინა გიორგის. - აქ რატომ მოდის, გააფრინა? - თავი წამოყო სავარძელში ჩაწოლილმა დიტომ. - თავიც დაურტყამს ამას! - ჩაიფრუტუნა ნოდომ. - არ იცი, ვისთან მოდის აქ? - სოფა?! - დადუმდი! - იმ საბედისწერო ჩამოვარდნის მერე, ცოტა გვიან მოდის სიგნალები ჩემთან, რა გამოვტოვე? - გვაცადე, რა! - დაუქაჩა თვალები დოლიძემ. - ოხ! რა დროს წავიქციე თავი?! - ვერ ისვენებდა სავარძელში გაჩხერილი. - ნეკნები არ მტკიოდეს, ვაჩვენებდი მე მაგას! - ბიჭო, მგონი სპეციალურად გადმოვარდა იქედან, - ფხუკუნით გადახედა ნოდომ დათუნას. - ე, მესმის, ბიჭო! - მომისმინე, მარიო ჩიმარო... - საქმიანად მოუბრუნდა ნოდო. - ქეთუთას და სოფას გაყვები ისე, რომ არც გააპროტესტებ. - აუ, არა, რა! - აწუწუნდა დიტო. - სოფა და ქეთუთა ვეზდენებში იქნებიან, - მოაშორა თვალი ფანჯარას გიორგიმ და შემობრუნდა მათკენ. - ლიზა და ტასოც იქ არიან. იმედია ზღუდეების აშენება არ დამჭირდება შენს გასაკავებლად, - წარბაწეულმა გადახედა ბოლოს სოფას. - გიორგი... - წამოიწყო სოფამ. - სოფა! - წარბები შეკრა გიორგიმ. ზუსტად ის სიცივე წამოვიდა იმ წამს მისგან, როგორც მაშინ, პირველად, მანქანაში ჩაჯდომისას რომ იგრძნო ქალმა. აერია მზერა სოფას. ჩასწყდა გული ძალიან. - თქვენც დარჩით, - ხმა ამოიღო ვაჩემ და გიორგის გადახედა, დამეხმარეო, ანიშნა მზერით. - ბატონო? - ირონიულად ჩაიფრუტუნა ონისემ. - უკაცრავად, მაგრამ აქ ჩაის დასალევად არ ჩამოვსულვარ! - წამოიჭრა ფეხზე აჩი. - მეც მოვიდივარ, არ მაინტერესებს! - არა, მე კი ჩამოვსულვარ, მაგრამ მეც მინდა ჭკუასელის ნახვა! - წამოიძახა დიტომ და ძლივსძლივობით წამოიწია სავარძლიდან. - ვახ, მგონი ნეკნი შემერჭო... - შენ სად მოდიხარ, სტეიკის ხორცივით ხარ დაბეგვილი, იქაც მე უნდა გათრიო?! - აიჭრა ნოდო. - დიტოც ვეზდენებში, - მკაცრად გადახედა დათუნამ და წამოდგა ისიც ფეხზე. - ეე, რატომ? მკვდარი კი არ ვარ, გალახული ვარ! შებეჟილი, ცოტა! - ბიჭო, ფეხზე ვერ დადიხარ! - აყვირდა დათუნა. - შენც სოფა ხარ, თუ რატომ მახსნევინებ ელემენტარულს? - ყავარჯენი არ გვაქვს რამე? შავი, პრიალა, გთხოვთ! თურქი ბაბუის პონტში რომ ვიყო რა, გამოვალ, მოვაყომარებ! - დიტო-მეთქი! - მოეშალა ნერვები ნოდოს. - ამის გამო ჩამოვედი, კაი რა! მეც მინდა! წამიყვანეთ, ხმას არ ამოვიღებ! იქვე დავდგები, რა! მერე როდისღა წავალ მე ასეთ „სტრელკაზე?“, ვახ... სტადიონის მერე არ ვყოფილვარ, ბიჭო, ასეთ სერიოზულ გარჩევაზე, თან იტალიიდან გამოწერილი რეიბანები მაქვს წამოღებული! - წუწუნებდა იმედგაცრუებული ჩხაიძე და ამკობდა მრავალფეროვანი სიტყვებით მეშხეს. - დოღს რომ აწყობდი, მაშინ გეფიქრა, - ჩაეცინა ონისეს. - ის მერაბა იყო ფინთი ცხენი, მე რა შუაში ვარ! - მეშხე, - შეუსწორა დგვარელმა. - რა მნიშვნელობა აქვს?! უხ, იმ ინდოელს რა ვუთხარი, ერთი ფეხი ჰაერში გააჩერეო რომ მასწავლა! გამომედო მერე უნაგირზე! მაგათი სათვისტომო თუ არ დავშალო დიდი დიღმიდან, მე არ ვიყო დიტო ჩხაიძე! - მოთქვამდა დიტო. - დაასრულე? - მობეზრებით ჩამოხედა სავარძელში გართხმულს ნოდომ. - კაი, ჯანდაბას, დავრჩები, მაგრამ რამე გადაიღეთ, რა. - რა გადავიღოთ, ბიჭო, გაგიჟდი? - სიმწრით გაეცინა დოლიძეს. - ვიდეო, ფოტო, რამე, მასალა მჭირდება! - რად გინდა?! - ჩემს თავს დავაფოტოშოპებ! - შერყეული! - ჩაიქნია ხელი დათუნამ. - გოგოებო, აბა მომკიდეთ ხელი! - კმაყოფილი მზერით გადმოხედა სოფას და ქეთუთას. - ვაიმე, ესეც ჩემი სათრევია! - თვალები აატრიალა ქეთუთამ. - ხელისგულზე სატარებელი კი ვარ, მაგრამ ახლა უნდა დაგეყრდნო, რა, ქეთუ. - მომისმინე... რომ დაწვე და გვამივით გაგათრიო, ვერა? - იატაკისკენ ანიშნა ქეთუთამ. - ესეც წაიყვანეთ, ჩაანოკაუტებს იმ საწყალს, - მხარე იცვალა დიტომ და მავედრებელი მზერით გადმოხედა სოფას. თვალებით სთხოვდა, ნუ დამტოვებო შენი დის იმედად. - არ მინდა, რომ თქვენც იქ იყოთ, - მშვიდი მზერით გადმოხედა ვაჩემ ბიჭებს. - და რას აპირებთ, ორნი დახვდებით ვიღაც მანიაკს? - წარბები შეყარა დგვარელმა. - ხომ არ გავიწყდებათ, რომ მეც შუაში ვარ?! - არც კი გაიფიქროთ, - ბრაზისგან აუელვარდა თვალები დათუნას. - არც განიხილება. - ვიღაც უნდა დარჩეს, - გააქნია თავი გიორგიმ, ჯიუტად რომ აიგნორებდა სოფას თვალებს. ყველას უყურებდა, მას არა. - უნდა წამოვიდე, მეც ბევრი მაქვს გასარკვევი, მეც მაქვს კითხვები, გამორიცხულია, ეგრე, გიორგი! - გაუმკაცრდა ხმა დგვარელსაც. - ვინ დარჩება? - წვერზე ჩამოისვა ხელი გიორგიმ. - ჟღენტთან საკონტაქტოდ მინიმუმ ერთი უნდა დარჩეს, - დაეთანხმა ვაჩეც. - დიტო ხომ რჩება? - ჩხაიძისკენ ანიშნა მზერით ონისემ. - რისი თავი აქვს ამას? - ჩაეცინა დათუნას. - ჯერ ერთი, ტრავმირებული ვარ და ამ დროს ადამიანის დამცირება მინიმუმ „არასპრავედლივია.“ - გადადე ეგ ქურდული ლექსიკონი დიტო, რჩები შენ მაინც, - ჩაიფხუკუნა ნოდომ. - უხ, რა დროს დამრჩა კასტეტი! - რომელიც არ გაქვს... - რეზი ჭკუასელის ნომერი დამიმესიჯეთ! - რად გინდა? - გაუკვირდა დათუნას. - უნდა მივწერო, ერთი-ორი ამასაც შემოარტყას, - ნოდოსკენ ანიშნა თავით. - ნარტყამზე დარტყმის სიმწარე არ გამოგაცდევინო, ფრთხილად იყავი! - ჩაუკრა თვალი ნიშნისმოგებით. - აჩი დარჩება, - გადაჭრით ჩაილაპარაკა ვაჩემ. - თქვენ ხო არ აფრენთ? - აყვირდა ბერიძე. - რას ქვია, დავრჩები? - ჟღენტს უნდა ეკონტაქტო, აჩი... იმაზე დიდ საქმეს გააკეთებ, ვიდრე იმასთან ყოფნით ჩვენგან რომელიმე, დამიჯერე. გაფრთხილებული მყავს ოთარი, უტაც ელაპარაკა დღეს დილით. იცის, რომ დამჭირდება მისი დახმარება, მზად იქნება. შენ უნდა დაურეკო დროულად და გააგებინო ამბავი. - ახლა რატომ არ ურეკავთ? - მთელი მესტია რომ ფეხზე დავაყენო, მიხვდება. არ არის სულელი ეგ ტიპი. ერთი მანქანაც რომ შენიშნოს, დამთავრებულია ჩათვალე. - და მე რა უნდა ვქნა? - წარბები აზიდა აჩიმ. - სახლის უკან, მოშორებით, ერთ ადგილას იჭერს მხოლოდ ინტერნეტი. იცი შენ ეგ ადგილი, აჩი. როგორც კი დაინახავ მოვიდა, კოორდინატები უნდა გადაუგზავნო ჟღენტს. - დიტოს ჩააბარეთ ეგ საქმე! - ეს რისი გამკეთებელია, შეხედე, ფერი არ ადევს სახეზე! ვერც დადის ნორმალურად! - მოერია ბრაზი ონისეს. - რამე გამაკეთებინეთ, ბიჭო! - აყვირდა დიტო. - მანქანას გაგაკეთებინებ თბილისში, კაი? - მშვიდად გადმოხედა დათუნამ. - აჰა, მაინც მე შემაწერა! - ბიჭო! შენი გაფუჭებულია!- აყვირდა დადვაძე. - ქეთუ, ჩემს ყავას ხომ გამიკეთებ? - მავედრებელი მზერით გადახედა დიტომ ქეთუთას. - შხამსაც ჩაგიყრი! - მიჯნურს გიკლავენ და მე მკლავ, გოგო? - შემეშვი! - მისუსტებული ხმით ჩაილაპარაკა და ჩახარა თავი. ცუდს უგრძნობდა გული. მოარიდა თვალი ონისეს, ჯიუტად რომ არ აშორებდა მზერას. დანებდა ბოლოს აჩიც. აღარ ჰქონდა აზრი შეწინააღმდეგებას. იცოდა, რომ აქ უფრო საჭირო იყო, მაგრამ არ ეთმობოდა მაინც. რა გარანტია ჰქონდა, რომ ცოცხალს დატოვებდა რომელიმეს? რა გარანტია ჰქონდა, რომ კაცი, რომელმაც ხელის აუკანკალებლად გაისროლა ხუთი ტყვია, იგივეს არ გაიმეორებდა? არ არსებობდა გარანტია. შიშმა აიტანა აჩი. მეგობრების დაკარგვის შიში ჩაუდგა თვალებში. გაიკრიფნენ ბოლოს ოთახიდან. სოფა დარჩა მხოლოდ გიორგისთან ერთად. - გელოდებიან ვეზდენებში, უკანა კარით გადადით, ბერდია ქვემოთაა, - ჩაილაპარაკა უემოციოდ ნახევრად შეღებულ კარში ჩახერგილმა და დაამატა ბოლოს. - მშვიდად იყავი, - მოავლო დამთბარი მზერა ბოლოჯერ. - ხომ გახსოვს, რაც გითხარი მაშინ... ყველგან ხალხის სიტყვა რომ დაგყვება, ყველგან მათი მზერა... ამას ნუ გამიკეთებ, გიორგი, - ამოიტირა და მიუახლოვდა მძიმე ნაბიჯებით. - ამ სიტყვებს მიტოვებ მხოლოდ? - მაცდურად ჩაეღიმა კაცს. - კიდევ ელოდები რამეს? - ინტერესით აღსავსე მზერა შეანათა მოღიმარს. - რამე საინტერესოს... ღირებულს. გაქვს რამე ეგეთი? - არ აშორებდა თვალს. ნელ-ნელა უწითლდებოდა ფერმკრთალი ლოყები სოფას. - შეიძლება მქონდეს... მერე, რომ ჩაივლის, გამახსენდეს, იქნებ. - კარგი პასუხია, მომწონს, - ხმით ჩაეცინა გიორგის. - დავბრუნდები და ვერ გაექცევი. - დაბრუნდი და არც ვეცდები. - ვითომ? - ეჭვით აზიდა წარბები და მიეყრდნო ხელით კარის ჩარჩოს. - არ გჯერა? - იმავე ტონით ჰკითხა მანაც და მიეყრდნო ჩარჩოს. - დამაჯერებ? - მიუახლოვდა უფრო. - როგორ? - ეგ შენზეა, სოფა. რამე ისეთი უნდა მითხრა, რომ დავიჯერო, - არ აშორებდა თვალს მის თვალებს, ცრემლის მიუხედავად, ახლადამოწვერილი მზის სხივივით რომ ბრწყინავდნენ. - სიტყვები გჭირდება დასაჯერებლად? - მოსმენა მხოლოდ - შენგან. - შეეხო ტუჩებით თვალის გასწვრივ. - კარგი, - ჩაილაპარაკა ჩამწყდარი ხმით და სწრაფი მოძრაობით გაძვრა მის ხელსა და კარის ჩარჩოს შორის. ჩაეღიმა გიორგის. დიდხანს ფიქრობდა ვეზდენების სახლში გამომწყვდეული სოფა, როდის მოვიდნენ აქამდე. ყველაფერი შეიძლება მოხდეს ერთხელ. * * * ვაჩე ფარჯიანის ნაცვლად, გიორგი ჭონიაშვილის ტელეფონში გაისმა ის ხმა, მაშინ, სასაფლაოზე, მთელი ცხოვრება რომ ამოუყირავა ფარჯიანების უფროს ვაჟს. ფაქტი იყო, გიორგისაც იცნობდა ჭკუასელი, რადგან მასთან და ვაჩესთან დაჟინებით მოისურვა შეხვედრა. იქნებ, განზრახ მოაწყო ასე, ორივე ერთად რომ შეეკრიბა. ვერავინ ხვდებოდა, რა მიზანი ამოძრავებდა რეალურად კაცს, მაგრამ აშკარა იყო ისიც, გამწარება უნდოდა ყველა იმ ადამიანის, მის უბედურებას რომ აბრალებდა გადაუმოწმებლად. მიიკლაკნებოდა იასამნისფერი ელვა ნახშირისფერ ცაზე და ანათებდა ჩაბნელებულ ეზოს. იარაღი ამოიღო ვაჩემ და გადასატენად წაღებული ხელი შეაჩერა ჰაერში. ახსოვდა მამის პირობა. ორივე; არავინ მოგკლას. არავინ მოკლა. მაგრამ აშკარა იყო ისიც, უიარაღოდ ვერ შეასრულებდა პირველს. - სად არის? - იკითხა თუ არა ონისემ, დაბარებულივით გაჩერდა ფარებანთებული მანქანა მათ მოპირდაპირე მხარეს. სხეული დაეჭიმა ვაჩეს. კისრის ტკაცუნის ხმა ექოსავით გაისმა ტრიალ მინდორში. ხმაურით გაიღო მანქანის კარი. - ასე ხვდებით სტუმარს? იარაღით ხელში? - ყალბი ღიმილით გადმოვიდა მანქანიდან საშუალო სიმაღლის, წვერმოშვებული კაცი, ჭკუასელი რეზი. - დგვარელო, შენ რა მოუშორებელი ჭირი ხარ? აქაც ჩამომაკითხე?.. ბიჭებო, რამდენი შეკრებილხართ, არადა მე მხოლოდ ორი დავპატიჟე... რა საჭირო იყო ზედმეტი ხალხი? ხომ ხედავთ, მარტო ვარ? შეშინდით ძალიან? - ისეთ კაცს, რომელსაც ხუთი ტყვიის გამეტება შეუძლია, რთულად დაეჯერება თავისი სიტყვა, არა, რეზი? - გაისმა გიორგის აუღელვებელი ხმაც. - ახ, კარგი, რა! მეექვსესაც ვაპირებდი! - ამაზრზენად გაეცინა ჭკუასელს. - მეექვსე დამრჩა ობლად შენი წყალობით, დგვარელო! კარგი... კარგი, ნუ შფოთავ, ვაჩე, დაგიკმაყოფილებ ინტერესს! იცით, აქ რატომ ხართ?.. ვაჩეს მინდა ჩამოვუმსხვრიო ძმის კერპი! თქვენც დატკბით, ჩემთან ერთად, მეგობრებო! ახლა უკეთ გაიგებს, ვინ გაზარდა... ვინ ეამაყებოდა... ვის დამარხვაზე იტირა პირველად... - ნელი ნაბიჯებით უახლოვდებოდა ძმამოკლულს, შეშლილს რომ ემსგავსებოდა მის თითოეულ სიტყვაზე. - მართლა გგონია, რომ მოსაკლავად დაგიბარე? ცდები, ფარჯიანო, დღეს არ ვაპირებ შენს მოკვლას, დღეს - არა! გიორგისთან ერთად მინდოდა მოსულიყავი, მინდოდა ერთ გუნდში მენახეთ, ორივემ რომ დაინახოთ, რა კაცებიც ხართ! .. მოაშორე, ვაჩე, ეგ იარაღი, თორემ ისე გავისვრი, როგორც მაშინ... ხუთჯერ. არ დამენანები, როგორც შენი ნაბი*ვარი ძმა არ დამენანა! - ხომ ხედავ, აქ ვართ... მიდი, ილაპარაკე, რეზი. ამოიღე ბოლომდე, რა გახრჩობს ასე ძალიან. ვისაუბროთ ცივილურად, თუ მაინც და მაინც სისხლის დაღვრა გინდა? - არ აცადა პასუხის გაცემა ვაჩეს გიორგიმ. - ისე ცივილურად, როგორც მამიდაშვილს აპატიე საცოლე? ციხეში რომ გამოგკეტა ოთხი წლით, ეგეც ხომ აპატიე? - გამაღიზიანებლად ჩაეცინა რეზის. - შენ რა კაცი ხარ, გიორგი! საყვარელ ქალს ასე იცავ? ეგაა შენი ღირსება? კაცობა? - მოგვიყევი, შენ როგორ იცავ, ჭკუასელო რეზი! - წარბიც არ შეტოკებია გიორგის. იცოდა, მის გამოწვევას ცდილობდა. ესმოდა მანიპულატორების ენა. ოთხწლიანმა ციხემ და რეზისნაირებმა გაიტანეს თავისი და ასწავლეს მოთმინება. - ხუთი ტყვიით, საცოდავებო! - ხმით გაეცინა კაცს. - ხუთი ტყვიით ვიცავ ჩემს ღირსებას, ჩემს კაცობას... კაცობას რომ დაიცავ, ქალიც დაცული გეყოლება, გესმის? - ექიმს გაესინჯე, რევაზ, - დამცინავად ამოხედა დგვარელმა და მიუახლოვდა უფრო. - სანამ კაცობის, მეობის და ადამიანობის საფუძვლებს გაგვირჩევ, იქნებ, მოგვახსენო ის, რაზეც შეგვკრიბე? - სად არის... შენი დამპალი ძმის საცოლე სად არის, ვაჩე? გამოვიდეს... ისიც მოვიდეს, დაუძახეთ... მინდა მანაც გაიგოს, ვის მიჰყვებოდა ცოლად. რა კაცი აირჩია ქმრად, არ უნდა იცოდეს?! - დაიყვირა ისეთი ხმით, ვეზდენების სახლამდეც რომ მიაღწევდა მისი სიტყვები. - ნუ ბედავ, ნუ ახსენებ მის სახელს, თორემ აქვე დაგამთავრებ, საცოდავო! - გამხეცებული მიეჭრა დათუნა. - იცი, ოდნავ მაინც იაზრებ, ვისას ეხები? ვის უმიზნებ იარაღს? - ოხ, დათუნა, დათუნა... შენც პატარა კაცი ყოფილხარ, დადვაძე, არადა იმედიანად შემოგყურებდი... სარფიანად ათხოვებდი ბიძაშვილს, ხო? ბოდიშს გიხდით დადვაძეებს, ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში, - დამცინავად შეათვალიერა გამხეცებული დათუნა, ნოდოს ხელი რომ აკავებდა მკვლელობის ჩასადენად. - ყველა სიტყვას განანებ, რეზი. ყველა სიტყვას სათითაოდ ვიმახსოვრებ, იცოდე! - გამოსცრა დათუნამ და გააშვებინა ხელი ნოდოს. - ჩემს ბიძაშვილს კიდევ ახსენებ და ხუთივე ტყვიას დაგაჭედებ შუბლში! - საქმეც ეგაა დათუნა, რომ არცერთს შეგიძლიათ ეგ, - ხმით გაეცინა რეზის. - ნამდვილი კაცები თავიანთ სიტყვას ასრულებენ კიდეც, საცოდავებო. - ნამდვილი კაცები უდანაშაულო ქალებს არ იმეტებენ ტყვიისთვის, რევაზ, - გადაუდგა წინ ონისე. - შენმა დამპალმა ძმამ, ხომ იცი, რაც გააკეთა, ვაჩე? - სხარტად მიაბრუნა თავი ფარჯიანისკენ, ისე, თითქოს არც არსებულიყო ონისეს სიტყვები და გაუსწორა შეშლილი თვალები თამამად. - მეგობრად მივიჩნევდი შენს ძმას, შენს დამპალ ძმას! გინდა მოგიყვე, გინდა მათაც ვუთხრა, რა გააკეთა? იცით, თქვენ? იცით, რა კაცი გაზარდა? - შენ რით განსხვავდები მისგან, რეზი? - მშვიდი იყო გიორგი. - მიდი, ამოუშვი ბოლომდე. აღიარე, რაც გააკეთე. მასზე უკეთესი ხომ ხარ? ჰოდა, აღიარე შენი უკეთესობა, მიდი, გისმენთ. - იმის გამბედაობაც არ გეყო, ჩემამდე მოსულიყავი, ჩემთან მოსულიყავი! - აღრიალდა აქამდე ჩუმად მყოფი ვაჩე. - ჩემთვის გეთქვა, რაც გააკეთა! ჩემთვის მოგეთხოვა პასუხი! მიდი, აღიარე, ხუთი ტყვიისთვის რომ არ დაგენანა, შე ავადმყოფო! - ჩემი და გაა*პატიურა, ჩემი და! - აღრიალდა, როგორც შეშლილი. - თავისი მეგობრის და! ეგ კაცი იყო შენი ძმა, ვაჩე ფარჯიანო! ძმაკაცად მივიღე! ჩემს სახლში შემოვუშვი, ჩემს მშობლებთან მივუშვი და ჩემს დას დაადგა თვალი! ისე უნდა ჩამეცხრილა, ისე უნდა მომეკლა, ვერ ეცნო დედამისს მისი დამპალი სახე! ისე უნდა გამომეყენებინა მისი საცოლე, როგორც გამოიყენა ჩემი! - შე ახ*არო! მოდი აქ, აქ მოდი, გაგატყავებ! - კისერს იზელდა ორივე ხელით აგონიაში ჩავარდნილი და მიიწევდა მისკენ გამხეცებული. ვერ აიტანა ვერცერთი დამსახურებული თუ დაუმსახურებელი სიტყვა თავის დამნაშავეზე. ვერ აიტანა გამწარებული დედის ხსნება მკვლელის პირიდან. - ისე ჩამოგშლით, ისე გაგანადგურებთ, როგორც ჩემი ოჯახი გათელა შენმა გაზრდილმა, შენმა სატანა ძმამ! ჯერ ახლა ვიწყებ... ახლა! - წაისისინა ჭკუასელმა და გადატენა იარაღი მკვირცხლად. - აქვე დაასრულებ დაწყებულს, რევაზ, აქვე! - გადაუდგა წინ გიორგი. - კიდევ ერთხელ სიტყვა საცოლეს ახსენებ და მაგ სიტყვას გაჭმევ, ჭკუასელო! - შენი თავი არ შეგებრალა, კაცს რომ კლავდი, შე უღმერთო? - გადააქნია თავი ონისემ, ერთი ხელით შეშლილ ვაჩეს რომ ამაგრებდა. - იმის კაცობაც არ გეყო, შენ, რეზი, ღირსეულად მოგეგვარებინა ეგ საქმე... გოგოს მოკლვას აპირებდი, ცხოველო? რას მოიგებდი მერე ამით? უფრო ღირსეული გამოჩნდებოდი? ვის თვალში? სარკის წინ? - თავი შეყვარა! თავი შეყვარა ჩემს დას და რა გაუკეთა! - იღრიალა შეშლილმა. - რა გაუკეთა, იცი, შენ? იცი, მისი სახე რომ ვერ ვიცანი?! მისი დალურჯებული სახე, რომ ვერ ვიცანი?! როგორ მეზიზღებით! ყველა ფარჯიანი მეზიზღებით, ყველას გაგისწორდებით! რა ეგონა შენს დამპალ ძმას, ჩემთან ძმაკაცობით ისარგებლებდა? წამალზე ხომ შემომეჩვია კარგად! დაც მომინდომა ბოლოს! უხ თქვენი! ძმად მივიღე, ძმად მივიღე ეგ ნაგავი! თავში უროსავით ურტყამდნენ სიტყვები ვაჩეს. შებარბაცდა. გულზე მიიჭირა ხელი მაგრად. გაუსკდებოდა ეგონა. გაოგნებული იყვნენ დათუნა და ნოდო, პირველად რომ გაეგოთ საშკას მკვლელობის მიზეზი. - ძმებს წამალს არ აჩვევენ! - მოუჭრა მკაცრად გიორგიმ. - რომელ კაცობაზე გაქვს პრეტენზია, ძმაკაცს წამალს რომ ტენიდი, იმაზე?! შენ რა იცი ამის მერე, ან ძმაკაცობა, ან კაცობა! - ხმა ამოიღო დგვარელმაც. შეეცოდა ვაჩე. შეეცოდა იმ სიმართლისთვის, იმდენად მწარე რომ იყო, თავადაც რომ სწვდებოდა მისი ძალა. - ნუ მიბედავ! ნუ მიბედავ, დგვარელო! ჯერ ჩემი კაცობაა... ჯერ ჩემი! - იარაღი დაწიე და მოიქეცი ერთხელ ისე, როგორც შეეფერება კაცს! - დაუღრიალა ონისემ. - აქეთ მასწავლით ჭკუას? არ გრცვენიათ, ბიჭო?! - სიმწრით გაეცინა ჭკუასელს. - თქვენ მასწავლით როგორ დავიცვა ჩემი ღირსება? თქვენ? - ზიზღით დაუმარცვლა ბოლო სიტყვა. - შეგრცხვება... ახლა არა, მაგრამ მოვა შენთანაც... მოვა ნამუსი, ახლა რომ დაგიკარგავს და ვერ გიპოვია. მოვა და მოგეკითხება ერთიანად! ახლა შურისძიება გაძინებს და გაღვიძებს, გსიამოვნებს... მერე ეგეც რომ აღარ შეგრჩება, ისე, როგორც მეგობარი არ შეგრჩა, ყველა მიზანი დაგეკარგება სუნთქვის, რეზი. ყველა გზა მოგეჭრება და მერე მიხვდები, რამდენი შეგეშალა საკუთარ თავთან და მერე სხვასთან... ასე იქნება. დამიჯერე, რომ იქნება. - დაუდგა იარაღიანს პირისპირ გიორგი. - მამიდაშვილი მიხსენე... ზურა მიხსენე, ხო? რა გგონია შენ, რეზი, რა გგონია, მისნაირებს, შენნაირებს რომ გვანან, ჩემნაირების პატიება სჭირდებათ? საკუთარ თავს სთხოვე, რომ გაპატიოს! ღმერთს შეევედრე, რომ გაპატიოს! მერე მიდი ჩემნაირებთან პატიების სათხოვნელად და დაჩოქილმა სთხოვე, მოგიტევოს, ხომ გესმის კარგად?! - რა გგონია, რა გგონია შენ... რას მიაღწევ ამ საუბრით? მე ჩემი ყველა სიცოცხლე ამის ნაბი*ვარის მასხრად ასაგდებად მინდა! სიტყვის დასრულება არ აცადა, გამხეცებული რომ მივარდა ვაჩე. საყელოში სწვდა ცინიკურად მოღიმარს, შეშლილს რომ მიუგავდა თვალები. - შენ გგონია ჩემს ძმაზე უკეთესი ხარ? შემომხედე, შემომხედე და მიპასუხე, რითი სჯობიხარ შენ ჩემს უღირსს ძმას?! - მეგობრის დას არ ვუყურებ მე, ვაჩე! უკვე უკეთესი ვარ შენს გაზრდილზე, ხედავ?! რატომ არ ასწავლე ოჯახის წევრზე არ შეეტოვებინა მზერა? რატომ არ ასწავლე, ჰა?! იქნებ, ეგეთი ხარ შენ თვითონ და იმიტომ?! - მკვლელი ხარ! მკვლელი! ფსკერი! შენზე უკეთესია ყველა არაკაცი დღეს! - ჩაჭიდებული ხელი ძლიერად ჰკრა და შეუშვა ხელი. - შენ რატო დგახარ ჩუმად, ონისე? რატომ არ ეუბნები, რა გაგიფუჭა ამის ნაბი*ვარმა? - ჩაიგდე ენა, რეზი, იმაზე ნუ ილაპარაკებ, რაც შენ არ გეხება! - სისხლი მოაწვა სახეზე დგვარელს. - რა ქვია შენს ბიძაშვილს? გამახსენე... ჩეჩეს დას, რა ჰქვია? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს სახელს... ბავშვი იყო მაშინ, ხო? - აგრძელებდა მათ გამოწვევას კაცი. - სიტყვას დაძრავ და აქვე მოგიგრეხ კისერს! - გაგიჟებული მიუბრუნდა ონისე ჭკუასელს. - მე გეტყვი, რა გააკეთა... მე გეტყვი! მეგობრებთან გასართობად წასულ გოგოს რა გაუკეთა! ვუთხრა, ონისე? იქნებ გინდა, შენ უთხრა? - იღიმოდა ამაზრზენად. - ენა ჩაიგდე-მეთქი, თორემ ამოგაძრობ, ჭკუასელო! - გაუ*ატიურება დაუპირეს, ხო? მერე, როგორ იყო? აჰ, მიატოვა... მარტო დატოვა, ხო? ხო ასე იყო, ონისე?! აბა, რა გეგონა, გოგო რომ დაუყენე გვერდით, რა გეგონა, რას გააკეთებდა საშკა ფარჯიანი, ეგ უღმერთო, ეგ არაკაცი! - მოკეტე! - გაებზარა ხმა ვაჩეს. შეშლილი თვალებით ახედა ცინიკურად მოღიმარს. - როგორი სასაცილოები ხართ... როგორი არარაობები... მორალს მიკითხავთ და ოჯახში გყავთ მთავარი არა*აცები. ჩემი უკვირთ, ჩემი ტყვია აოცებთ და თვითონ... რაებს პატიობთ? - სხვისი არაკაცობა შენსას არ ამართლებს, რეზი, ნუ გექნება იმედი, უკეთესი გამოჩნდები! - გაყინული მზერით ამოხედა ონისემ მოღიმარ ჭკუასელს, ცინიკური ღიმილით რომ აგიჟებდა კიდევ უფრო ვაჩეს. მკვდარს ჰგავდა ვაჩე. დაეკარგა ადამიანის სახე ბოლომდე. - აი, რისი ნახვა მინდოდა! შენს მკვდარ სახეს, შენი შეშლილი სახე მერჩივნა, ფარჯიანო! უხ, როგორი სანახაობაა?! - იცინოდა რეზი და არ აშორებდა თვალებს ვაჩეს. დროულად დარეკა აჩიმ ოთარ ჟღენტთან. აშკარაა, კაცს ისე უნდოდა საქმის გახსნა, მთელი მესტია დააყენა ფეხზე. ბეჩოს სოფლის პოლიცია არ იყო საკმარისი, მესტიიდანაც ჩამოიყვანა ხალხი. ისე უცებ გაჩნდნენ იმ ადგილას, გააზრება ვერც მოასწრეს შეკრებილებმა. მიხვდა გიორგი, აჩის ხელი ერია, სახლიდან მოშორებით რომ სცემდა ბოლთას და ძვრებოდა კანიდან, დროულად რომ გასულიყო კონტაქტზე. სირენების ხმა გაისმა თუ არა, სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა ბერიძე სახლისკენ. - სხვას არც ველოდი თქვენგან... - ცინიკურად ჩაეღიმა ჭკუასელს და გადააქნია თავი დანანებით. - პოლიციაში დარეკვაა თქვენი კაცობა, ეგ ხართ. ეგ კაცები ხართ, თქვენ! ერთს მამიდაშვილი უკლავს საცოლეს, მეორეს ძმა ჰყავს არა*აცი... მაინც გავისტუმრე, მაინც მიიღო, რაც დაიმსახურა! ონისე, ასე იქცევიან კაცები, გესმის? ასე იცავენ დის ღირსებას, ასე იცავენ თავიანთ კაცობას! შენ რა გააკეთე? პირი ამოიკერე? ჩეჩეს შეგეშინდა? შეგეშინდა, რომ იმას გააკეთებდა, შენი რომ არცერთ ცხოვრებაში არ გეყოფოდა გამბედაობა? პატარა კაცები ხართ! თქვენი კაცობა ვერ დაგიცავთ, სხვას როგორ... როგორ! - გამოსცრა ზიზღით. - ჯერ რომ სიყვარული ყოფილიყო, მერე ადამიანობა და ბოლოს კაცობა, იქნებ ღირსეულად გამოსულიყავი ამ საქმიდან, რეზი, - მწარედ გაჰკრა გულზე გიორგის სიტყვებმა ჭკუასელს, მაგრამ არ შეიმჩნია, სიამაყით წაიგრძელა კისერი. - ვაჩე, მთხოვე და გაგიშვებ შენს ძმასთან, გინდა? გინდა, ვაჩე? - იცინოდა შეშლილივით. - ოხ, მის გოგოსთან გართობა ვერ მოვასწარი! არაუშავს... იქნება. ეგეც იქნება, ასე უყურადღებოდ არ დამრჩებით, შვილი მეზრდება... კაცი მეზრდება, მე თუ ვერა, ის მოგხედავთ! - რაო? ვისით გავერთობიო, რა თქვი? - დინჯი ნაბიჯებით მიუახლოვდა გიორგი, სახეზე ცეცხლისფერი რომ დასდებოდა. - გაიმეორე, რა თქვი? მიდი, რატომ არ იმეორებ, რეზი? - გავერთობი! გავერთობი მისით! ზუსტად ისე, როგორც ის გაერთო ჩემს დასთან! - ღრიალებდა კაცი. - არ მომიახლოვდეთ! რომელიმემ მოახლოება არ გაბედოთ, თორემ ყველა ტყვიას დაგაცლით ისე, რომ ხელიც არ ამიკანკალდება! მე დასაკარგი არაფერი მაქვს, ჩემთვის სულერთია ერთ მკვდარს მეორე დაემატება თუ მესამე! ყველას გაგისტუმრებთ, ყველას მოგიღებთ ბოლოს! - შეწყვიტე, რეზი... საკმარისია უკვე. რა არ გაკმაყოფილებს? კიდევ რას ითხოვ? ხომ იძიე შური, რატომ ვერ ჩაიშოშმინე აყეფებული „კაცობა?“ - წინ გადაუდგა ვაჩეს ონისე. - მინდა ვაჩემ მთხოვოს, რომ ვესროლო... ვაჩე, მთხოვე! - გააღრჭიალა კბილები რეზიმ. - შეშლილია, - თავი გადააქნია დათუნამ. - ავადმყოფი ხარ, იცი? შეშლილი! - ვარ! - დაიღრიალა გამწარებულმა. - იცი, როდის მერე შევიშალე?! ჩემი და რომ ვნახე გამოყენებული, მიგდებული, დალურჯებული! პოლიციის მანქანების შუქებმა გაანათა ჩაბნელებული სოფელი. ალყაში მოექციათ მთელი სახლი. გადმოცვივდნენ მანქანებიდან იარაღშემართულები, მაგრამ ვერ იჭრებოდნენ ეზოში, გადატენილი იარაღით იდგა რეზი და არ აშორებდა ვაჩეს სამიზნეს. ცალი თვალით გადმოხედა პოლიციელებს ჭკუასელმა და ჩაეცინა. - ახლა რაღა შემიშლის ხელს, რომ არ გავისროლო? რა დამაკავებს, ვაჩე? - გაეცინა კაცს. წამიერად დახედა თავის იარაღს ვაჩემ. არ იყო გადატენილი. „რომ არ მოკლა, რომ არ მოგკლას...“ რთულია აირჩიო საუკეთესო. პირველი აირჩია მაინც. გაუსწორა თვალი ჭკუასელს. ერთი დაახამხამა და ყველაფერი გაქრა. ჭექა-ქუხილის შემაძრწუნებელ ხმას დაბარებულივით მოჰყვა იარაღის გასროლაც. შეიჭრნენ ეზოში ფორმიანები. გამოცვივდნენ ვეზდენების სახლიდან ოჯახის წევრები. ქეთუთა მორბოდა პირველი. გიჟივით შევარდა აჩი ეზოში. ადამიანის ფერი არ ედო სახეზე ბერიძეს. - ონისე! - ერთდროულად გაისმა ერთადერთი სახელი. წამოვიდა წვიმა. წვიმდა კოკისპირულად. გადარეცხაო თითქოს ყველა ცოდვა. აღარ დატოვა სისხლის კვალი ჩალისფერ ბალახზე. - სასწრაფო, დროზე! - იღრიალა აჩიმ და დაემხო დაჭრილ მამიდაშვილს. აკანკალებულ ხელებში მოიქცია თავი. - ონისე! ბიჭო... ახლა... ახლა არ გაბედო რამე, იცოდე! მოგკლავ, გესმის? ჩემი ხელით მოგკლავ, თვალები არ დახუჭო, გესმის?! თვალებს დახუჭავ და ისე გცემ, ისე გცემ, ბავშვობაში რომ არ მიცემიხარ! უკანა გზაზე შენ უნდა წამიყვანო, ხო გაიგე? შენ და შენმა შვეიცარიელმა ცოლმა უნდა იჩხუბოთ მთელი გზა, ხო გესმის?! ნიმესილზე არ უნდა გამიჩეროთ, ენა არ უნდა გააჩეროთ, თავი უნდა ამხადოთ, ხო გაიგე?! - დამჭრა, ბიჭო? - სვენებ-სვენებით ამოაყოლა სიცილს დგვარელმა. - შე დეგენერატო ბავშვო, ნერვიულობის ჯირკვლებიც ამოგაცალეს გლანდებთან ერთად?! - ღრიალებდა აჩი. - ნუ დამტირი, ბიჭო, სიკვდილი მაინც მაცადე სიმშვიდეში! - მომეცით იარაღი, მომეცით, დროზე! ჩემი ხელით მოვკლავ ამ დეგენერატს! - აჩი? - მისუსტებულ ხმაზე გული მოეწურა ბერიძეს. - ჰო, ონო... გინდა, რამე? მითხარი, გტკივა? გაწუხებს? გზაშია უკვე სასწრაფო! - ბიჭო, რაღაც უნდა გითხრა... - სიმწრით მოეხუჭა თვალები ონისეს. - მიდი, ონო, - აუწყლიანდა თვალები აჩის. - მე იმ ცხოვრებას რა ვუთხარი, სიკვდილის წინაც შენს სახეს რომ უნდა ვუყურო! - მომეცით ნაჯახი! - ყვიროდა აჩი, მაგრამ არ უშვებდა ხელს. დაეცვარა შუბლი ონისეს. ეხუჭებოდა თვალები ოდნავ. პარალიზებული იდგა ვაჩე. მოეკვეთა მუხლები. ჩაიკეცა იმ კაცის გვერდით, მისი სიცოცხლე რომ არჩია თავისას. გაგიჟებულმა ჩარგო თავი ხელებში. - არა... არა, არა! მოგკლავ... მოგკლავ, რეზი, მოგკლავ! - ღრიალებდა ბოლო ხმაზე და ურტყამდა ხელს ძლიერად მიწას. წამოვარდა ფეხზე და გაგიჟებული მიეჭრა ამაზრზენად მოცინარს, ბორკილებს რომ ადებდნენ ხელებზე. - გაგანადგურებ, ყველა სუნთქვას გაწყევლინებ, იცოდე! რაც საშკასთვის ვერ მოგთხოვე, ერთიანად მოგთხოვ, ჭკუასელო! სიკვდილს განატრებ! - ღრიალებდა ძარღვებდაბერილი და არ უშვებდა ხელს მის საყელოს. ანჯღრევდა და ვერ ართმევდნენ მის თავს პოლიციელებიც. - გაუშვი... საკმარისია, მორჩი. ნუ მიუჯდები გვერდით არაკ*აცს! - ყვიროდა გიორგიც, მაგრამ ვერ აგებინებდა ერთიანად წაშლილს ვერცერთ სიტყვას. - უნდა მოვკლა! უნდა მოვკლა, ეს ნაბი*ვარი! - მხეცს ჰგავდა ვაჩე. - ჩემი მეექვსე იყო! მეექვსეც მიზანში! - კბილები გააღრჭიალა და ჩააშტერდა სისხლიან თვალებში, ადამიანის მოკვლაც რომ შეეძლოთ იმ წამს. მიზანს მიაღწიაო თითქოს ჭკუასელმა, კმაყოფილი იყო შედეგით. თავისიანად აქცია თითქოს ვაჩეც. - ეს მინდოდა... ასეთი უნდა მენახე! შენი რეალური სახე უნდა მენახა, ყველას კაცი რომ ეგონე... ყველას საამაყო რომ ეგონე... არაფრით განსხვავდები ჩემნაირებისგან! უარესიც ხარ, ვაჩე ფარჯიანო! - ზარივით ჩაესმოდა ლიბრგადაკრულს ჭკუასელის ამაზრზენი სიცილი. გამოჰგლიჯეს ხელიდან ძლივსძლივობით და ჩატენეს მანქანაში. შებარბაცდა. გულშეღონებული ჩამოეყრდნო ღობეს და ვერ გაბედა მიებრუნებინა თავი უკან. ვერ გაბედა კიდევ ერთხელ ენახა... ძმის ტოლი. ახსენდებოდა თავისი დაფლეთილი ძმა. ჯერ კიდევ თბილი იყო მაშინ. ტიროდა ვაჩე. დაკარგულ ღმერთს ევედრებოდა გადაერჩინა ის, თავისი არასწორი ძმის სხეულსაც რომ გადაუდგებოდა წინ, რომ ჰქონოდა შანსი. დავიწყებული ლოცვა გაიხსენა პირველად. ბუტბუტებდა და მთელი ძალით იჭერდა ხელს გულზე. - ონისე! - ყვირილით მიეჭრა ქეთუთა, წამებში რომ დაეფარა მანძილი ვეზდენების სახლიდან აქამდე. - არ გაბედო... არ გაბედო სიკვდილი, ონისე დგვარელო! - აკანკალებული ხმით დაიჩურჩულა და აცახცახებული ხელით შეეხო სახეზე. - სამოთხეში ვარ? - სუსტ ჩაცინებას ამოაყოლა სიტყვები. - სისხლი უნდა დამეღვარა მაინც და მაინც? - ნუ ლაპარაკობ! - ცრემლად იღვრებოდა ისიც. - მოვკვდე, აბა? - იდიოტო! - ტიროდა ქეთუთა და არ უშვებდა ხელს - მისას. - ასე დამიტირებ, მერეც? - იღიმოდა კმაყოფილი. ისე, თითქოს სიკვდილს ყველა ებრძოდა ახლა, მის გარდა. - ნუ ამბობ... გეხვეწები, ნუ ამბობ... არა, ხო? ხო, არა? მითხარი, რა. გტკივა? ძალიან გტკივა? - გაბზარვოდა ხმა ქეთუთას. - კარგად ვარ, ქეთუ, კარგად. - ნუ მამშვიდებ! გტკივა, ხო? - არ უშვებდა ხელს. უთბობდა თითქოს. ჰგავდა იმ მზეს, მწვერვალს რომ უბედავდა გადნობას. სიცივე არ შეეპაროსო, მოექცია ორივე ხელში - მისი. ცხარე ცრემლით ტიროდა ქეთუთა იმ საღამოს, აივნის კარი რომ უნდა დაეტოვებინა ღია. - გოგო! - იცინოდა სიმწრით და იჭერდა ხელს ძლიერად მუცელზე. ოფლად ეღვრებოდა მთელი სახე. ეწვოდა იმდენად, რომ ემანჭებოდა სახე, მაგრამ არ უნდოდა შეემჩნია. არ უნდოდა შეეშინებინა კიდევ უფრო. - მაჩვენეთ, სწრაფად, - ჩაიმუხლა ლიზა, ცრემლიანი ჰქონდა სახე. - ლიზაკო, შენ რა გატირებს, გოგო? ქვა ავატირე, არ მჯერა! პირველად ნახე დაჭრილი ადამიანი? მაგათ კერავ დღე და ღამე! აკანკალებული ხელით გადაუხსნა მაისური და დააწვა მაგრად, რომ შეეკავებინა სისხლი. - ჩემო მოფარიკავე და ასე შემდეგ, მედიცინა რატომ არ ისწავლე? - მოაბრუნა თავი ქეთუთასგენ ონისემ. - გვჭირდება, ოჯახს! ორი შვილი და დობერმანი, ხო? მაწყობს, კარგია. - ახლაც რომ არ ჩერდება, ახლაც რომ არ ისვენებს! - იღიმოდა ცრემლიანი და ევედრებოდა ღმერთს, მოეხდინა სასწაული. - ღმერთმა არ ქნას, გოგო! არ დააყოვნა სასწრაფომ. რეკორდულ დროში მოვიდნენ და გადაიყვანეს მესტიის საავადმყოფოში. გახევებული იდგა ვაჩე. ისიც ვერ მოიფიქრა, მანქანაში ჩამჯდარიყო. არ აშორებდა თვალს ერთ წერტილს. ამოუდგა გვერდით სოფა, საავადმყოფოში წასასვლელად რომ ელოდებოდა დათუნას. - ხომ გითხარი, გადაეფარებოდა-მეთქი, - აწყლიანებული თვალები გაუშტერა სახეწაშლილს. - მეშინია, სოფა, - აკანკალებული ხმით დაიჩურჩულა ვაჩემ. - კარგად იქნება. გადარჩება. ვიცი, რომ ასე იქნება. - ღმერთო, გევედრები, - ჩურჩულებდა თავისთვის და სცდიოდა ცრემლები. - გვიყურებს... არ დაუშვებს, ხომ იცი, - გაუღიმა გამამხნევებლად. სჯეროდა თვითონაც თავისი სიტყვებისთვის. - ხო? - იმედიანად ჩაეკითხა. პატარა ბავშვს ჰგავდა იმ წამს ვაჩე. - აუცილებლად! - რომ ვერ... რომ ვერ, სოფა. თავი უნდა მოვიკლა! - მორჩი... საკმარისია უკვე თვითგვემა. წამოდი, წავიდეთ, - დაექაჩა მკლავზე და წაიყვანა მანქანისკენ. ერთიანად დაპატარავებულიყო ის კაცი, მაშინ, მის სახლში, სინათლესაც რომ ფარავდა თავისი დიდი სხეულით. შეშლილს ჰგავდა გიორგი. მაშინაც არ ყოფილა ასეთი სასტიკი, მამიდაშვილი რომ ჩააბარა საკუთარი ხელით სამართალდამცავებს. გამწარებულმა დასცხო ხელი საჭეს და სთხოვა ღმერთს, არ მიეტოვებინა. შეევედრა ღმერთს, არ წაერთმია. აუცილებლად იზრუნებდა, რომ ვეღარასდროს ეგრძნო თავისუფლების გემო ჭკუასელს. * * * ორ საათზე მეტი იყო გასული, ექიმი რომ გამოვიდა საოპერაციოდან. გაუსუფთავეს ჭრილობა. არ ემუქრებაო საფრთხე სიცოცხლეს. ამოისუნთქეს. პირველი დიდი ამოსუნთქვა იყო ამ ორ საათში, საუკუნეს რომ დამსგავსებოდა ხანგრძლივობით. მისავათებული ისხდნენ მოსაცდელში, სიმწრით რომ შემოგლიჯა საავადმყოფოს კარი ჩეჩე დგვარელმა და მიიქცია ყველას ყურადღება. მოდიოდა ძლიერი ნაბიჯებითა და ისეთი მზერით, კარგს რომ არ უქადდა არავის. ფეხდაფეხ მოჰყვებოდა ოქროსფერთმიანიც. შორიდან იცნო ქეთუთამ ნენე დგვარელი, ბავშვობის ფოტოს შემდეგ დიდად რომ არც შეცვლილიყო. - ვინ ჯანდაბაა-მეთქი ეს რეზი ჭკუასელი?! - მივარდა გაგიჟებული ჩეჩე აჩის. - ჩემი ხელით მოვკლავ, მაგ არა*აცს! - ასე მალე რანაირად? - გაუკვირდა კედელთან ჩაკეცილს და წამოდგა ფეხზე. - ერთი საათის წინ დაგირეკე. - გადმოვფრინდით ნატახტარიდან, - აუხსნა ნენემ და დამფრთხალი მზერა მოატარა მოშორებით მსხდომთ. ვაჩე ფარჯიანი რომ დაინახა იქვე, კუთხესთან, აერია მზერა. სამძიმარიც ვერ უთხრა მაშინ, ძმას რომ ასაფლავებდა. - არ გამოსულა ექიმი? - კედლებს აწყდებოდა ჩეჩე. - სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებაო, - ამოიხვნეშა გულდამშვიდებულმა აჩიმ, იმ მომენტშიც რომ გრძნობდა მუხლების ცახცახს. - კიდევ კარგი... აიყვანეს ის? - ბრაზი მოაწვა სახეზე დგვარელს. - აიყვანეს. - მომიყევი დროზე, რა მოხდა. საერთოდ რა თემებში ხართ, მე რატომ არ ვიცი? მაგაზე ცალკე მოგხედავთ თქვენ ორს, მაცადეთ! ვის გაუბედეთ ამდენის დამალვა, ბიჭო, ჰა?! დაგადუღებთ ორივეს! - აუ, მერე გამტისკე რა, თუ ძმა ხარ, ახლა არ მაქ არაფრის თავი, - ნერვიულობისგან ფერი აღარ ედო სახეზე აჩის. - სულს გავაძრობ, ვინ არის ეგ ჭკუასელი? ძვალს არ დავუტოვებ ჯანსაღს, მაგ საცოდავს! ვის ეტაკებოდა, რომ ეტაკებოდა, არ უნდა გაეკითხა ჯერ?! - მთელს საავადმყოფოს ესმოდა ჩეჩეს ღრიალი. - კაი, ბიჭო, მაცადე ცოტახანი, მასუნთქეთ მშვიდად... აღარ შემიძლია ამდენი სისხლი! - გადახვია ხელი და წაიყვანა იქითკენ, სადაც ისხდნენ დანარჩენები. ყველანი მისცვივდნენ ჩეჩეს. ფეხზე წამოდგა გიორგიც და ჩამოართვა ხელი თვეების უნახავს. მხოლოდ ერთი იდგა გაყინული სახით და არ იძვროდა ადგილიდან. ლიზა ოცხელი იყო ის ერთი, გიორგის მამიდაშვილი. ჩეჩე დგვარელზე ბავშვობიდან შეყვარებული. იმ დღიდან უყვარდა ლიზას ჩეჩე, გიორგისთან რომ ნახა სახლში პირველად, ონისესთან და აჩისთან ერთად. უყვარდა თავისთვის მანამ, სანამ არ შეუმჩნია ზედმეტი ყურადღებისგან განებივრებულმა მორიგი მზერა. გამოიჭირა ჩეჩემ ლიზა და აწვალებდა დიდხანს. მოსწონდა მასაც, მაგრამ არ აღიარებდა არასდროს. აკვირდებოდა შორიდან. ელოდა იმ დღეს, განსაკუთრებული რომ შეიძლება დარქმეოდა მათთვის. ხანგრძლივი, დამკვირვებლური მზერით მოათვალიერა ლიზას სახე და ჩაუკრა თვალი, მისკენ გამოპარებული წამიერი მზერა რომ გამოიჭირა ისევ. აარიდა მზერა ლიზამ. ისევ. მიუახლოვდა ჯიბეებში ხელჩაწყობილი და ამოუდგა გვერდით კედელთან მდგომს, ტელეფონს რომ ჩასჩერებოდა ყალბი ინტერესით. - შენ არ უნდა მომესალმო? - უჩურჩულა ყურთან ახლოს და ჩაეღიმა, როცა შეამჩნია, ამდენი წლის შემდეგაც რომ შეეფაკლა ღაწვები ლიზას. დარწმუნდაო თითქოს იმაში, რაშიც გადარწმუნება ესიკვდილებოდა ჩეჩეს. - სალამი! - თავის სწრაფი მოძრაობით ჩამოიშალა თმა სახეზე და აარიდა მზერაც. შესამჩნევად გაეღიმა ჩეჩეს. იშვიათი სანახაობა იყო მუდამ საჩხუბრად მომზადებულის გულწრფელი ღიმილი. - აღარ გიყვარვარ, ლიზაკო? - მაცდური გაუხდა ტონი. - როდის მიყვარდი, ჩეჩე? - ყალბი ინტერესით აზიდა წარბები და გამოკვეთა მისი სახელიც. - არ გინდა ახლა... არ გიხდება ტყუილები. მე შენში გულწრფელობა მომეწონა, პირველად. - კაი? - დამცინავად ამოხედა მასზე მაღალს. - როდის მერე? - სულ. არ იცოდი? - მიბაძა მანაც და მიეყრდნო კედელს მხრით. - ძალიან შესაფერისი დრო აგირჩევია ამ უმიზნო საუბრისთვის, - ცინიკურად ჩაეღიმა ლიზას. - რატომ უმიზნო? იქნებ, რა მიზნებიც მაქვს, - ცბიერმა ღიმილმა გაუნათა სახე უფროს დგვარელს. - ჩემთან ვერ გადაიკვეთება შენი მიზნები, ჩეჩე! - ისეთი მზერით ამოხედა მოღიმარს, სამუდამოდ დაამახსოვრა თავისი ჭაობისფერი თვალები. - მაგასაც ვნახავთ, ლიზაკო! - ჩაუკრა თვალი და მოშორდა დროებით. - გნახავ! - გამოსძახა მიმავალმა. მოშორებით ისხდნენ ნოდო და დიტო. დიტოს წუწუნი ექოდ ისმოდა შენობაში. - დიტო, ნუ ამხადე თავი! - გიჟს ჰგავდა ნოდო. - ბარემ მეც გამსინჯონ, რამე არ მქონდეს ჩალეწილი! - აქამდე ვერ თქვი? - ორი დღეა რომ ვზმუი, ვერ უნდა მიხვდეთ? - წყრომით გადმოხედა ნოდოს. - დააწვინონ ესეც, რა. ტვინზე გადაუღონ, - შეევედრა გვერდით მჯდომ სოფას. - არ მაქვს შერყევა! - შერყევა როგორ გექნება, შერყეული ხარ დაბადებიდან. გასწორდა ბიჭო, იქნებ?! - ო, შემეშვი, რა! - აიქნია ხელი მობეზრებულმა. - კაი, მართლა, ბარემ აქ ვართ, შევარდი გადაიღე, ცოდვად არ დაგვედო! - არა... ვერ შევალ, - დაიმორცხვა დიტო. - ეს რაღაც ახალია... გეშინია, დიტექს? - ხმით ჩაეცინა ნოდოს. - არა, რა მეშინია... არ მინდა, რა, - აიჩეჩა მხრები. - რა არ გინდა, თავი ამხადე წეღან! - ო, არა, რა. - კაი, თქვი, არ დაგცინებ, ჯანდაბას! - არაფერი. - თქვი, ამირან! - გაჰკრა მხარი თავჩაქინდრულს. - გოგოა იქ... - მერე? - გაეცინა ნოდოს. - ვერ ვეტყვი, რა, - დამორცხვილმა გადააქნია თავი. - რას? - აწკიპა წარბები ნოდომ. - არაჯენტლმენურია... - ამოთქვი! - აი, როგორ ვუთხრა ახლა იმ სვან ექთანს, ცხენიდან გადმოვვარდი-მეთქი? - ვახ, ბიჭო! - სიწრით ეცინებოდა ნოდოს. - მთელი სვანეთი მასხრად ამიგდებს, გესმის? - კაი, მოკვდი, მაშინ! - ო, ნუ მთარსავ! - შედი და გადაიღე-მეთქი, გეუბნები! უთხარი, დოღში მივიღე მონაწილეობა და დამეჯახნენ-თქო. ვერ უნდა მოიფიქრო შენით? - ე, რა კაი აზრია! სოფა, წამომყევი, რა, - ახალი პლანეტა აღმოაჩინაო თითქოს, სიცოცხლეს მიეცა აზრი თავიდან. წამოხტა ბედნიერი და დაეყრდნო გულშეღონებულ სოფას. - გინდა რაღაც ისეთი გითხრა, რაც ძალიან არ გესიამოვნება? - ჩამოუდგა წინ ტასო ანცი ღიმილით. - შენ ის გოგო არ ხარ, ცხენი რომ არჩიე ჩემს თავს?! - შეყარა წარბები დაბოღმილმა. - გახლავარ! მეშხე ჰქვია მაგ ცხენს და შენი ბრალია! თუ არ იცოდი ჯირითი, რატომ შემოხტი? - დაუქაჩა თვალები ტასომ. იცოდა სვანების ამბავი დიტომ და ჩაიქნია ხელი უღონოდ, აღარ სჭირდებოდა დამატებითი პრობლემები. - გათხოვილია, - უჩურჩულა დაბალი ხმით. - ე, შენ რა იცი? - აღმოხდა სასოწარკვეთილს და ჩაეხეთქა ისევ სკამზე. - ბრმა ხარ? - აზიდა წარბები ჟღალმა. - რატომ? - შენხელა კალიცო უკეთია! - სად დაუნახე? - აყვირდა გულმოკლული. - მე ხო ბედი არ მაქვს! წამოდით, გამსინჯეთ! უთხარით, ცხენმა რომ მათრია! - ნოდო, მოდი, - გამოსძახა დათუნამ. ფეხზე წამოდგა ნოდო. თავის დაკვრით მიესალმა ჩეჩეს და წამიერად შეხედა ნენეს. დაემშვენებინა კიდევ უფრო წლებს. თვალწინ დაუდგა ის დღე. მისი შეშინებული თვალები. მისი ლამაზი სახე. მადლიერი სიტყვები. არ მოუშორებია თვალი ნენეს. უხილავი ძაფები გაიბაო თითქოს. უყურებდა ისიც მიმავალს მანამ, სანამ ექთანი არ გამოვიდა. * სულაც არ იყო გასაკვირი, პაციენტის მოსანახულებლად ორი ადამიანის შესვლა ისე რომ გაიგეს, როგორც აწყობდათ. იმდენ ადამიანს მოეყარა თავი პალატაში, ექთნის ადგილი აღარ დარჩა და გაგიჟებული იმუქრებოდა ისიც, დავრეკავო ექიმთან, თუმცა ვერაფერს გახდა. აზრი არ ჰქონდა შეწინააღმდეგებას. ვალდებულება იგრძნო გიორგიმ. ადამიანური ვალდებულება ვაჩეს წინაშე. პირველად მოუნდა ასე ძალიან, ენუგეშებინა ადამიანი. - ჩემმა მამიდაშვილმა, ზურამ, ხუთი წლის წინ ის ქალი მოკლა, რომელიც მე მიყვარდა, - მოულოდენლად წამოიწყო საუბარი გიორგიმ და მიიქცია ყველას ყურადღება. - ჩემი საცოლე მოკლა კაცმა, რომელსაც ბაბუაჩემი ასწავლიდა ადამიანად ყოფნას. შენ იცი, ვინ არის ბაბუაჩემი, ვაჩე. ის კაცია, სტუმრად მოსულ მტერს ტყვიას რომ არ დაახვედრებს კარში და მიიღებს ისე, როგორც შეეფერება მოყვარეს. ამ კაცის აღზრდილმა მოკლა ქალი, ვაჩე. მე ამით მხოლოდ იმას გეუბნები, რომ ხშირად ყველაფერი ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება. სმენად იქცა ყველა. სახე აეწვა სოფას. ახლა მოისმინა იმ ამბის გაგრძელება, ტასომ რომ ვერ მოასწრო დასრულება. თავში უროსავით ურტყამდა ერთადერთი წინადადება: „მამიდაშვილმა მოუკლა საცოლე.“ - მოიძულე შენი მამიდაშვილი, გიორგი? - ხრიალს ამოაყოლა სიტყვები ვაჩემ და მოარიდა ყველას მზერა. - შენი გაზრდილის, შენს გვერდით გაზრდილის, თუნდაც უკანასკნელის, ისეთის, როგორიც არის ზურა, ბოლომდე მოძულება შეუძლებელია, იცი? შენი თავი უფრო გეწვის, ვიდრე ის, ამიტომ გეუბნები ახლა ამას... მეღიმება, მე რომ ვარიგებ სხვა ჩემნაირს ჭკუას, მაგრამ იცი, ვაჩე, რა მასწავლა განსაკუთრებით ამ მეხუთე წელმა? ადამიანის გულში სიძულვილის ადგილი არ არის. მე ვერასდროს ვაპატიებ ზურას, ვერასდროს შევხედავ, ვერასდროს ვიქნები მისთვის ის, ვინც ვიყავი, ხომ გესმის. მკვდარია ჩემთვის, მაგრამ მაინც, ვუსურვებ ის სიმშვიდე იპოვოს, აყეფებული ნამუსი რომ დაუშოშმინოს იმდენად მაინც, ღამე დაძინება რომ შეძლოს მშვიდად, მაგრამ ასეთ სიცოცხლეს მკვდარი იყო სჯობს, ზოგჯერ. - ჩემსას არავინ მოუკლავს, მაგრამ... სხვისი ხომ გააუბედურა? თან ერთი კი არა... ღმერთო! რამდენი გამომრჩა... რამდენი! - გაქრობა ინატრა ვაჩემ. ვეღარ უძლებდა ამდენ თვალს ერთად. - რომ გავიგე, ჩემი მამიდაშვილი იყო მკვლელი... პირველი ფიქრი ეგ იყო ჩემი. რამდენი გამოგრჩა, გიორგი... რამდენი, - სიმწრით ჩაეღიმა კაცს. - მე გავლილი მაქვს ის გზა, რასაც ჰქვია უღირსი დედმამიშვილი... ძმაზე ნაკლები არ იყო ჩემთვის. ვიცი, რამხელა ტვირთია... ვიცი, ჩემი შეცდომაც იყო. ბევრი შემეშლებოდა მეც, ბევრიც გამომრჩებოდა... უფრო ყურადღებიანი რომ ვყოფილიყავი, ასე არ მოხდებოდა, ალბათ. მე ნაფიქრი მაქვს იმ ყველაფერზე, რა ფიქრებიც შენთან მოვა ამ დღის შემდეგ. მე ყოველდღე გავდივარ იმ გზას, რომელიც შენ უნდა გაიარო ახლა. ვიცი, რამხელა ტვირთია გყავდეს უღირსი. - ქალის გაუ*ატიურება, გიორგი... - თავადაც ძლივს გაიგო სიჩუმეში დაკარგული სიტყვები. - რა? - მცირეხნიანი დუმილის შემდეგ გაისმა ნენეს გაკვირვებული ხმა. - საშკამ? - საშკამ, ნენე, - მოარიდა თვალი იმ გოგოს, მის ძმასთან რომ იყო ყველაზე მართალი. - ვინ?! - შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? - კუშტად გადმოხედა გულზეხელდაკრეფილმა ჩეჩემ დას. - აქვს! - წარბები შეკრა ნენემაც. - ვინ არის? - რეზი ჭკუასელის და, არ ვიცი, ვინაა. ამბობს, რომ სცემა და გააუ*ატიურა, - მძიმედ ამოიოხრა ვაჩემ. - ტყუილია! - ექოდ გაისმა ნენეს მჭექარე ხმა. ადგილზე შედგა ყველა. ონისეს აპარატის ხმა ისმოდა მხოლოდ სამარისებურ სიჩუმეში. - რას ნიშნავს, ტყუილია? - აუცახცახდა მხრები ვაჩეს. - შენ საიდან იცი? - წარბაწეული დააჩერდა დას ჩეჩე. - ეგ როგორ დაიჯერე? - არაფრად ჩაუგდია ძმის სიმკაცრე, მიუბრუნდა ვაჩეს პირდაპირ. - რას ამბობ, ნენე? - გაუტყდა ხმა ვაჩეს. - ნენე? - გაკვრივებით აზიდა წარბები ონისემ. - ყველაფერი, მაგრამ ეგ არა, ონისე! - მტკიცე იყო ნენე. - დარწმუნებული ხარ? - ჩაეკითხა დაბალი ხმით. - რა თქმა უნდა! ვაჩეს გულისცემის ხმა ისმოდა მხოლოდ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.