ალიბი (სულ)
ალიბი 1 _დღეს 2023 წლის პირველ ოქტომბერს დილას არცთუ სასიამოვნო ამბებით დავიწყებთ. ლაგოდეხის რაიონის, სოფელ გურგენიანთან მდებარე ნინოსხევის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, უხვმა ნალექმა ჩამოშალა ფერდობი. რის შედეგადაც გამოჩნდა ადამიანის სხეულის ნაწილები. მიმდინარეობს ძიება. დამატებით ინფორმაციას გაგაცნობთ, როგორც კი ჩვენი გუნდი ადგილზე ჩავა და ყველაფერს დეტალებში გაარკვევს" დილიდანვე ხასიათი მოუშხამა რადიოში მოსმენილმა ახალმა ამბავმა თემურ მათიაშვილს. ისევ წარსულიდან აუშალა უსიამო ფიქრები. შვიდი წელი გავიდა , რა დაავიწყებდა იმ საშინელ დღეს? 2016 წლის 3 აგვისტო. ეს თარიღი ისე მოსდევდა უკან, როგორც უცილო წყევლა, რომელიც ოდესმე აუცილებლად წამოეწეოდა. გაზს ფეხი დაადგა და სიჩქარეს მოუმატა. ქვეცნობიერად ფიქრებისგან გაქცევა სცადა. მობილურის ეკრანი აციმციმდა. დახედა, რატომღაც არ გაკვირვებია საბას ნომერი რომ დაინახა. _ მოუსმინე არა?_ ჰკითხა უსალმოდ. _ვიცოდი, აგრევდა მაგის მოსმენა. სად ხარ? _ ჰკითხა მეგობარმა. და განა მხოლოდ მეგობარმა? არა მხსნელმა! სად იქნებოდა ახლა, რომ არა საბა და მისი უპირობო ნდობა?! გააკანკალა. _ მოვდივარ!_ უპასუხა. ტელეფონი გათიშა და სიჩქარე ლამის გააორმაგა. იმედია ისე არ იყო ყველაფერი, როგორც გული უგრძნობდა. 2016 წლის ორი აგვისტო. _ საბაც მოდის?_ ჰკითხა ლიკამ. თან ცხვირი უცნაურად აიბზუა. _არა მართლა, რას ერჩი საბას?_ ჰკითხა თემომ. _ არ მომწონს ეგ ბიჭი, რანაირი ყურება იცის, თითქოს..._ გოგონა გაჩუმდა და აღარაფერი თქვა. გულში კი ფრაზა დაასრულა: " თითქოს თვალებით მაშიშვლებს!" _ გელანდება რაღაცეები. კარგი ბიჭია საბა. შანსი მიეცი ჩემი ხათრით. აი ნახავ, უკეთ გაიცნობ და მოგეწონება!_ ხელი გადახვია თემომ შეყვარებულს. კარგი დრო იდგა თემოს ცხოვრებაში. პირველი კურსი დახურა და იმედით უყურებდა მომავალს. მაგრამ ლიკას ცხოვრება, მისგან განსხვავებით, სრულებით გაურკვეველი გზებით იკლაკნებოდა და მის ბოლოს არც იმედი ჩანდა და არც სინათლე. ლიკას მამა ორი წლის უკან მშენებლობიდან გადმოვარდა. ცალი ხელის ამპუტაცია დასჭირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, კომპანიამ არც კომპენსაცია აუნაზღაურაა და არც ბრალი აღიარა, პირიქით ყველაფერი მის უყურადღებობას დააბრალა და თავიდან მოიშორა. დარჩა მშრომელი კაცი უსასოოდ. ცოლი დიასახლისი ჰყავდა, მხოლოდ მისი შემოსავლის შემყურე იყო მთელი ოჯახი და ახლა დახეიბრებული და ცხოვრებაზე აღრენილი ალიკა ჯავრს და ბოღმას სასმელში ახრჩობდა. ჯერ ორხელა კაცი რას ახერხებს საქართველოში, ცალხელა რას იზამდა?! უკან წავიდა ოჯახიც და ალიკაც. დაახლოებით ერთ წელიწადში ყველა რესურსი რომ ამოწურეს, ნათიამ, ლიკას დედამ, ბარგი ჩაალაგა და იტალიას მიაშურა. ერთადერთი შვილი ლამის გალოთებულ ქმარს ჩააბარა. მაგრამ უცნაურად იყო დაბოღმილი ალიკა სამყაროზე და ამ ბოღმას ცოლზე ანთხევდა. იმდენი აბრალა: კაია იტალიელი საყვარლის ფულებით გულაობაო?! რომ ბოლოს გააგიჟა ერთ დროს ჩუმი და უსიტყვო ქალი. _ მადლობის მაგიერიაო?_ მოაძახა ცოლმა სკაიპში და სკაიპითვე გამოუგზავნა განქორწინების ცნობა. ერთი სიტყვით ცხოვრება თავზე დაემხო ლიკას.ხეიბარი მამა და მისი ვალები, იტალიაში გადაკარგული დედა და უნივერსიტეტში გაურკვეველი ვადით აღებული აკადემიური აი ეს შერჩა ხელში ერთ დროს ბედნიერი და უდარდელი ოჯახისგან. თემომ კარგად იცოდა ყველა მისი პრობლემა, იცოდა, მაგრამ დედამისისგან განსხვავებით არც გული და არც გონება არ შესცვლია ლიკას მიმართ. ძველებურად უყვარდა და პატივს სცემდა. თუმცა ბოლო თვეები იყო გოგონას თითქოს არასრულფასოვნების კომპლექსი სტანჯავდა. ცეცხლზე ნავთს ასხამდა თემოს დედაც, ქალბატონ ქეთევანს გულზე არ მოსდიოდა აწ უკვე უქონელი სარძლო. ერცხვინებოდა კიდეც მისი ხსენება "დაქალოჩკებში". და შიგადაშიგ შვილს ნელ_ ნელა აწვეთებდა_ დროა პრიორიტეტებს გადახედოო! დედის სიტყვაზე არ გაივლიდა თემო, მაგრამ ეს ბოლო თვეები მაინც აერიათ შეყვარებულებს ურთიერთობა. ბიჭი გაცვლითი პროგრამით ჩეხეთში მიდიოდა. გოგოს კი რატომღაც ეგონა ეს წასვლა დაშორებას მოუტანდათ. და ღიად აპროტესტებდა საზღვარგარეთ გამგზავრების აუცილებლობას. "შურს შენი წარმატებისო!"_ ქოთქოთებდა ქეთევანი. და ბოლოს ისე გამოდიოდა, რომ შეძახილი ახმობდა ხეს ყველა ამ პრობლემისგან თავის გასანიავებლად, დასასვენებლად და განსამუხტად, გადაწყვიტა თემომ და შეყვარებული და რამდენიმე მეგობარი, თავისი ბებიის სოფელში, გურგენიანში , დაპატიჟა იმ დაპირებით, რომ კემპინგზე ღამისთევით წავიდოდნენ საქართველოში ერთ_ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერის სანახავად. _ ანა და ნანაც მოდიან არა?_ ისევ უკმაყოფილო სახე ჰქონდა ლიკას. თემომ თავმობეზრებულმა ამოიოხრა,მაგრამ სცადა, რომ გოგოს არაფერი შეემჩნია. გულში გაიფიქრა: "თუ დასვენება მინდა, იქნება ჯობია, რომ სწორედ შენ არ წაგიყვანოო!" და ამ ფიქრმა უფრო გააბრაზა საკუთარ თავზე. მართლა ისე გამოდიოდა, რომ საკუთარ პრობლემებთან ერთად მარტოს ტოვებდა საყვარელ ქალს და ახლა თუ ასე აბეზრებდა თავს მისი პრობლემები, რა იქნებოდა, როცა ბედს სამუდამოდ მას დაუკავშირებდა?! ისე გახედა ბარგის ჩალაგებაში გართულ გოგონას, როგორც უცხოს. იქნებ აღარ უყვარდა? " რა სუსულელეა!" უფრო შერცხვა თავისი ნაფიქრის, ვიდრე გაბრაზდა. _ რამე ცივი არ გინდა?_ დაძაბულიბის განსამუხტად შესთავაზა. გოგომ თავი დაუქნია. თემომ საფულე აიღო და იქვე კუთხის მაღაზიაში ჩაირბინა. მისი დაბრუნება გოგოს არ გაუგია. საკუთარ თავს ებურდღუნებოდა. წამით ოთახის კარში გაჩერდა, გაეცინა მის ბუზღუნზე. _ დაუწყებს ახლა თავისებურ გრეხვას! _ ჩაილაპარაკა უცებ ლიკამ._ ხან კალთაში უჯდება, ხან ყელზე ეკიდება. მეგობარი ხო როგორ არა! მაგას ჰგონია ასე ადვილად დავუთმობ რაც ჩემია?! "რაც ჩემია!" გაიმეორა გულში საცოლის სიტყვები და ძალიან არ ესიამოვნა ნათქვამის ტონი. " რაც ჩემია!" გაღიზიანდა კიდეც. სხვა დროს ესიამოვნებოდა, ახლა უსიამოდ მოხვდა. "იქნებ ცოტა ხნით ტაიმ_აუტის აღება ჯობდეს?!" გაიფიქრა და გადაწყვიტა. როცა სახლში დაბრუნდებოდნენ ლიკას ამაზე აუცილებლად დალაპარაკებოდა. მაგრამ არ უფიქრია, რომ ზოგჯერ ჯობია ინტუიციას ვენდოთ და დღეს გასაკეთებელი სამომავლოდ არ გადავდოთ. რატომღაც უსიამოვნო საუბრებს ყველა სამომავლოდ ვინახავთ ხოლმე. _ შენ, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად არ წამოხვალ არა? შენს კონკიასთან მგზავრობა გირჩევნია ოჯახს ხომ?_ როცა ქეთევანმა ღამისთევის შესახებ გაიგო, რატომღაც წასვლა აიკვიატა. მიზეზად უმცროსი, შვილის თაზოს ბუნებაში გასეირნების აუცილებლობა მოიდო. რომ არა თაზო, დედის წაყვანას არც იფიქრებდა თემო, მაგრამ აჟიტირებულ ძმას რომ გახედა, გული შეეკუმშა. თაზოს ცერემბრალური დამბლა ჰქონდა, მოძრაობის გაძნელებასთან ერთად გონებრივი განვითარების მეტ_ნაკლები დარღვევაც აღენიშნებოდა და აი უკვე თხუთმეტი წლის ბიჭი კვლავ პატარა ბავშვად რჩებოდა. მუდმივ მზრუნველობას საჭიროებდა თაზო. რაც თაზო გაჩნდა ქეთევანიც მას შემდეგ შეიცვალა. თითქოს მთელ სამყაროზე წინ დააყენა თავისი უმწეო შვილი. დანარჩენებს თითქოს შეეძლოთ საკუთარ თავებზე ეზრუნათ, მაგრამ თაზოს ვერა და ამიტომ და ამ მიზეზით ექვსი წლის თემო ფაქტობრივად უდედოდ დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ დედაზე სადღაც ქვეცნობიერის სიღრმეში ყოველთვის ეჭვიანობდა, მაგრამ თაზო უყვარდა და ეცოდებოდა, ეცოდებიდა და უყვარდა. _ ფანქრები მინდა, ჩემი ფანქრები მინდა!_ ჭირვეულობდა თაზო და იდაყვში მოხრილ ხელებს ასავსავებდა. _ აქაა დედიკო, აქაა შენი ფანქრები!_ თავზე ხელი გადაუსვა ქეთევანმა აღგზნებულ შვილს. _ თაზოს წაადგება ბუნებაში ყოფნა!_ კიდევ ერთხელ დაუსვა წერტილი საკუთარ გადაწყვეტილებას ქალმა. " რა პრობლემა იყო, რამდენიმე დღეში რომ გაგვეყვანა და ახლა ჩემთვის გეცლია დასვენებაო!" კი გაიფიქრა თემომ, მაგრამ არც ეს ფიქრი გაუჟღერებია ხმამაღლა. _ წამო თაზო, სახატავები ვიყიდოთ!_ ხელი გაუწოდა ძმას და მასთან ერთად მაღაზიაში წავიდა. _ იცი სად მივდივართ ხვალ?_ ჰკითხა მხიარულად. _ ტყეში, ტყეში!_ ტაშის დაკვრა სცადა თაზომ. _ ხოო და იცი, რომ ბავშვებიც მოდიან? გავერთობით! მწვადს შევწვავთ! ხომ გიყვარს მწვადი?_ ჰკითხა ისევ სიცილით. _ მწვადი მიყვარს , საბა არა!_ "შენ რაღას ერჩი საბასო?" გაიფიქრა გულში ძმის პასუხით გაოცებულმა. არადა საბა ყოველთვის კარგად ექცეოდა თაზოს. არასდროს შეუმჩნევია მისთვის ან ზიზღი, ან აგრესია ძმის მიმართ. მხრები აიჩეჩა და გადაწყვიტა ამაზე აღარ ეფიქრა. _ ნანაა სადაა ჩემი წითელი ტოპი?_ გამოსძახა ოთახიდან ანამ ტყუპისცალს. _ ტოპი თუ ლიფი?_ ჩაეცინა ნანას. _ აუუ ნუ გამომიხვედი რა დედა ტერეზა!_ უმუჯლუგუნა დას ანამ. _ კი ვიცი ვისთვისაც ცდილობ, მაგრამ არა მგონია რამეს მიაღწიო! თუ გითრია თმით იმ პროვინციელმა ნახავ!_ ისევ დასცინა დას ნანამ. _ პროვინციელმა!_ აკისკისდა გოგონა. თუმცა ეს არ იყო ის კისკისი, გულს რომ ზარების ხმად ესმის. ეს უფრო ღვარძლიანი ავი წკარუნი იყო. _ მართლაც რომ , რა კარგად მოიფიქრე? პროვინციაა გლდანი აბა რა ჯანდაბაა! ეჰ, სადა აქვს თვალები ჩემს ქრაშუნიას!_ საკუთარი გამომწვევი ფორმები შეათვალიერა სარკეში ანამ. _ ნეტავ ამ კემპინგზე არ წამოეთრია და კი ვიცი, რასაც ვიზამდი!_ უცებ ჩაფიქრდა. თვალები ეშმაკურად მოჭუტა და გონებაში გაელვებულ გეგმას ჩაუკვირდა. _ ნანა, შენ უნდა მიშველო! კარვიდან უნდა გამოიტყუო! _ წინ დაუდგა დას. _ რაო?_ საინტერესო სიავის მოსასმენად დივანზე ჩამოჯდა ნანა. _ მისმინე, თემოს სასმელს შევაპარებ! მერე შენ იმ ქაჯს გამოიტყუებ, ვითომ მე ხარ! მე კიდე იმას ვიზამ, რაც საჭიროა! _ ტუჩები გამომწვევად მოილოკა ანამ და მზაკვრულ გეგმას გაუღიმა. რომ წარმოიდგინა მეტოქის თვალები თემოს კარავში შიშველს რომ წაადგებოდა თავს. თუ თავმოყვარეობა ჰქონდა. იქვე და იმ წამს დაშორდებოდა შეყვარებულს. ტუჩები დამცინავად მოპრუწა და დას თვალი ჩაუკრა. 2016 წლის 4 აგვისტო. _ რა ხდება, რა ამბავია?_ ეკითხებოდა ვიღაცა ვიღაცას. ცნობისმოყვარეთა ბრბო კი სულ უფრო იზრდებოდა და იზრდებოდა. _ გოგონა დაკარგულაო მაღლა! _ რას ჰქვია დაკარგულა?_ ვერ დაიკმაყოფილა ალბათ ვიღაცამ ინტერესი _ რა ვიცი, ეძებენ, სამაშველოც გამოუძახიათ და ვერსად პოულობენო! ისე აქ როგორ უნდა დაიკარგო? დაღმა დაყვები მდინარეს და ეგაა!_ აფრქვევდა ვიღაც მცოდნე ჭკუა_გონებას. _ იქნება რა უჭირს? იქნება რამე იტკინა! გამიგია აქ ადრე ბავშვი დაიხრჩოო! ვაი უბედურ დედამისს!_ შეიცხადა ვიღაც ქალმა და საკუთარ ნაშიერს ხელი მაგრად მოხვია. _ კარგით რა ნუ პანიკიორობთ, გამოჩნდება, სადმე იქნება ბუჩქებში გამძვრალი!_ როხრიხებდა ვიღაც ღიპიანი ძია ღვინის ჭიქით ხელში. მაგრამ დაკარგული გოგონა არ გამოჩენილა. არც იმ საღამოს და არც მომდევნო დღეებში. და როცა პროტოკოლით გათვლილი დღეების რაოდენობა ამოიწურა, ლიკა ჟღენტის სახელი და გვარი უგზო_ უკვლოდ დაკარგულთა გრძელ სიას შეემატა. 2023 წლის სამ ოქტომბერს კი თაროდან ჩამოიღეს შვიდი წლის წინ შემოდებული დამტვერილი საქმე. რადგან დეენემის ანალიზმა დაადასტურა, რომ ამა წლის პირველ ოქტომბერს ნაპოვნი გვამი ნამდვილად ეკუთვნოდა 2016 წელს გაუჩინარებულ 20 წლის ლიკა ჟღენტს. 2 სამსახურის ეზოში სწრაფად შეაყენა მანქანა. მაგრამ მაშინვე არ გადმოსულა. გულისცემის მწყობრში მოსაყვანად სუნთქვით ვარჯიშებს აკეთებდა. ეს შვიდი წლის უკან ასწავლეს იმ ფსიქოლოგებმა, ვისთანაც დედამისმა ატარა თვეების მანძილზე, როცა პანიკური შეტევები, უძილობა და კოშმარები დასჩემდა. ახსოვდა, როგორი ბოროტი სიხარულით უხაროდა ავად ყოფნა, "ძლივს დავიბრუნე დაკარგული ყურადღებაო", როცა ფიქრობდა. თან სირცხვილნაჭამი ცალი თვალით გაჰყურებდა კუთხეში მაგიდასთან მჯდომ თაზოს. თაზოს აღარაფერი ეშველებოდა და ახლა, როცა უფროს შვილს სჭირდებოდა მზრუნველობა, ქეთევანი მთელი არსებით თემოსკენ იყო მომართული. რა ექნა, ასეთი ქალი იყო, ორივეს ვერ ამყოფინებდა თავის დედობრივ მოვალეობებს და მზრუნველობას. ახლაც ამდენი წლის შემდეგაც , ამ სამარცხვინო მოგონების გახსენებისას ტკივილი იგრძნო მკერდის არეში. თაზო არ წუწუნებდა, იმ წყეული ღამის შემდეგ თითქოს შეცვალესო, უცნაურად გაყუჩდა. თითქოს სამყაროს სრულებით გამოეთიშა. იჯდა და ხატავდა. გაუგებარ თუ მხოლოდ მისთვის გასაგებ არეულ ნახატებს. _რას ხატავ ძმაო?_ მიუახლოვდა ერთხელ თემო და ნახატს ინტერესით დააცქერდა. უცნაური წყალვარდნილიდან მონსტრის წითელი ჩასისხლული თვალები იყურებოდნენ. გაოცებულმა სხვა ქაღალდი აიღო ხელში და იქაც ეს უცნური თვალები შერჩა ხელთ. ყველა დანარჩენ სურათშიც ეს უცნაური თვალები ეხატა. ხან ტყიდან იმზირებოდნენ ბოროტულად, ხან მთიდან. ხან ფანჯრიდან, ხან საწოლიდან. ყველგან ყველგან ეს თვალები დაეხატა თაზოს და თავად კი შიშჩამდგარი თვალებით აჰყურებდა ძმას. _ ეს რა არის თაზო?_ ჰკითხა გაოგნებულმა. უცებ მზერა მის ზურგს უკან გაეყინა თაზოს. სწრაფად დაავლო ხელი ფურცლებს, მჯერდზე მიიკუჭა მოხრილი ხელით და ფაცხაფუცხით და რამდნადაც შეეძლო სწრაფად გავარდა კიბეზე ტანის უცნაური რხევით. დაბღუჯული დასტიდან კი ერთი დაკუჭული ფურცელი ძირს დაუვარდა. _ რა დაემართა თაზოს?_ გაისმა საბას ხმა. თემო უკან შებრუნდა და მეგობარს გაუღიმა. რომელიც დაიხარა და იატაკიდან ის დაკუჭული ფურცელი აიღო. _ არ ვიცი საბა, ყველაფერი აირია, იმ დღის შემდეგ ასე იქცევა! ალბათ ესეც დაისტრესა, იქნებ ჩვენ გვგონია, რომ ვერაფერს ხვდება, მაგრამ მაინც ხვდება რაღაცას?! ვინ იცის?_ მხრები აიჩეჩა სევდიანად თემომ. საბას კი ამასობაში ფურცელი გაეშალა და ტყის ტევრიდან ავად მომზირალ თვალებს ინტერესით დაჰყურებდა. _ ანუ შეიძლება ყველაფერს ხვდება არა?_ ჩაილაპარაკა დაფიქრებით და იმ კიბეს ააყოლა თვალი, საითაც თაზომ აირბინა წამის წინ. ვერ მიხვდა თემო, ეს მოგონება მაინცდამაინც ახლა რატომ ამოუტივტივდა გონებაში. ჰაერი ბოლოჯერ ჩაისუნთქა და მანქანიდან მტკიცედ გადავიდა. ფანჯრიდან, დახურული ფარდების მიღმიდან, უყურებდა საბა მეგობარს და ფიქრობდა. "ნეტა სად იყო მაშინ, რას აკეთებდა ისეთს, რომ არაფრით აღიარაო!" _ გამარჯობა ძმაო! როგორ ხარ?_ კარშივე შეეგება საბა თემოს. _ არ ვიცი, თუ ვიცოდე გეფიცები! ასე მგონია ყველაფერი გაცოცხლდა და დროში უკან დავბრუნდი. ლამისაა გავგიჟდე, იმაზე რომ ვფიქრობ, ლიკა მთელი ეს წლები მართლა მკვდარი ყოფილა. იმედი მქონდა გესმის? იმედი მქონდა, რომ გაბრაზებულმა მიმატოვა და წავიდა!_ ღონეგამოცლილი ჩამოჯდა სკამზე და თავი ხელებში ჩარგო. _ ვგიჟდები მგონი! _ მისმინე ძმაო!_ უჩვეულოდ ცივი ხმა ჰქონდა საბას. _ ახლა პანიკის დრო არ არის! ხომ გახსოვს, რა და როგორ მოვყევით! ვფიქრობ დაკითხვები ისევ განახლდება და ჩვენი ჩვენებები უცვლელად უნდა გავიმეოროთ. ხომ ხვდები არა?! მე მაშინ შენს გამო მოვიტყუე, გენდე და ალიბი მოგეცი და სანანებელს ნუ გამიხდი. ცრუ ჩვენებისთვის ციხეა ძმაო! თავი მძიმედ ასწია თემომ. ნუთუ სულ არ ებრალებოდა ლიკა? არადა მაშინ ეჭვიანობდა კიდეც საბაზე. ლიკას სიტყვები გაახსენდა: " კი ძმაკაცი როგორ არა, მასთან დაწოლა შემომთავაზაო!" არ დაუჯერა. ეგონა იგონებდა გაბრაზებული, მაგრამ თან ეჭვის ჭია შეუძვრა გულში. მაგრამ ახლა, რას ამბობდა საბა? როგორ ამბობდა? უცებ ერთმა უცნაურმა აზრმა გაუელვა თავში. რატომ აქამდე არ უფიქრია ამაზე? მაგრამ იმდენად დიდი იყო მისდამი მადლიერების გრძნობა აზრადაც არ მოსვლია ასეთი რამის კითხვა. _ და შენ სად იყავი იმ ღამეს სინამდვილეში?_ წამით ავმა ალმა გაირბინა საბას თვალებში. თუ ესეც მოეჩვენა?! _ მე ამის თქმა არ მინდა მეგობარო, მაგრამ რადგან ამას მეკითხები, ანუ ეჭვი შეგაქვს ჩემში?! ამიტომ გეტყვი, სხვა რა გზა მაქვს? მე შენს ცოლთან ვიყავი იმ ღამეს. ამის მოსმენა გინდოდა? იქნებ არც გჯერა? წადი და ანას ჰკითხე!_ ბრაზი თანდათან ემატებოდა საბას. _ შენგან ამას არ მოველოდი, იცი?_ იმედგაცრუებულმა გადახედა მეგობარს საბამ, ოთახიდან გავარდა და კარი ზურგსუკან მიიჯახუნა. _ ანასთან? როგორ თუ ანასთან? _ დაფიქრდა და ის ღამე გაიხსენა. სწორედ ანასთან უღალატა იმ ღამეს საცოლეს და ამიტომ დუმდა. არ სურდა ამის აღიარება. მაგრამ რატომ ამბობდა საბა, რომ ანასთან იყო? ნუთუ? 2016 წლის ვ აგვისტო კოცონთან ისხდნენ და ქეთევანის უჩუმრად გაზიან სასმელში გარეულ ალკოჰოლს წრუპავდნენ. ლიკას მალე მოეკიდა და პირველი წავიდა, დაინახა კიდეც თემომ, როგორ ასწია კარვის კალთა ლიკამ და როგორ შეძვრა შიგ. ქეთევანს და თაზოს კარგა ხანია ეძინათ. ცეცხლს მხოლოდ ტყუპები და საბა შემორჩენოდნენ.. _ წავალ ყურსასმენებს ავიღებ!_ წამოდგა ნანა და თავის კარავში შეიმალა . ანა თემოს მიუცუცქდა და კალთაში თავი ჩაუდო. წინაღმდეგობა არ გაუწევია ბიჭს . ალკოჰოლიც მოქმედებდა და ისიც, რომ ნახევარი საათის უკან ლიკას მაგრად ეჩხუბა. გოგონას უთხრა, რომ ხვალიდან ტაიმ_აუტს იღებდა მასთან და ყველაფერზე კარგად დაფიქრება სურდა. ტიროდა ლიკა . ტიროდა და ლანძღავდა. მერე იყო და სასმელს მიეძალა. ამიტომაც მოსწყდა კისერი ყველაზე ადრე. ალბათ ახლა მეცხრე სიზმარს ნახულობდა. _ რაღაც ძალიან გათამამდით იცით?_ ჩაეცინა საბას._ არ გეშინიათ, რომ ლიკა დაგადგებათ თავს? _ მაგის თვითონ მაგას უნდა ეშინოდეს! _ გაეცინა გამომწვევად ანას. _ შეწყვიტე ანა!_ გაღიზიანდა თემო. და გოგონას ასადგომად უბიძგა. გულში ნანობდა კიდეც ლიკასთვის ნათქვამ სიტყვებს. " ხვალ დაველაპარაკდბი, და ისევ შევრიგდებით!" იმის წარმოდგენა, რომ ლიკა მართლა დაშორდებოდა და მასთან შერიგებას აღარ მოისურვებდა გულს ტკენდა. "მხოლოდ წამიერი ბრაზი იყო, წამიერი დაუფიქრებელი ქმედება!" ფიქრობდა და ეს ფიქრი ამშვიდებდა. ანამ შეუმჩნევლად გაუვსო ჭიქა და თან მალულად თვალი ჩაუკრა მომღიმარ საბას. გოგონამ უცბად კარვებს გახედა, სიბნელეში რაღაცას დააკვირდა და ფეხზე წამოდგა. ჭიქა თემოს მიაჩეჩა. გავივლიო, თქვა და წავიდა. _ საით?_მიადევნა საბამ კითხვა. _ იქით, სადაც მეფეებიც საკუთარი ფეხით დაბრძანდებიან._ დაუბრუნა გოგონამ. საბამ თვალი გააყოლა და მერე დაეჭვებულმა გახედა ხელუხლებლად დატოვებულ ტვალეტის ქაღალდს. _ მეც დავწვები, უცნაურად მოვითენთე!_ ფეხზე წამოდგა თემო. ოდნავ შებარბაცდა. წონასწორობა აღიდგინა და კარავს მიაშურა. კარავთან ნანა შეხვდა, _ ლიკას ეძებ?_ ჰკითხა დაბნეულმა გოგონამ. _ ლიკას?_ ვერ მიხვდა თემო. _ ხო, ლიკა გასავლელად წავიდა ამ წამს!_ ხელები ახლართა ერთმანეთში ნანამ. _ კაი არა უშავს!_ გაუღიმა თემომ.კარვის კალთა ასწია და ფრთხილად შეძვრა შიგ. _ნანა!_ დაუძახა საბამ გოგონას._ მოდი აქ! გოგო უსიამოდ დაიმანჭა. მაგრამ უარი არ უთქვამს. მიბრუნდა და ცეცხლისკენ წავიდა. ცოტა ხანში სიცივე მოიმიზეზა და კარდიგანისთვის კარავში შეხოხდა. იქიდან საერთოდ აღარ გამომძვრალა.სამაგიეროდ ასე ოც წუთში ანა დაბრუნდა. და ცეცხლის პირას მჯდომ საბას მძიმე ნაბიჯებით ჩაუარა გვერდით. ჯერ იქვე მოჩუხჩუხე მდინარის ცივ წყალში ხელები დაიბანა. მერე სულაც გაიხადა და სიღრმეში მოურიდებლად შედგაფუნდა. გაოცდა საბა. გაოცდა და მისი საქციელი ეუცნაურა. თავადაც წამოდგა და მდინარის ნაპირს მიუახლოვდა. _ ცივი არაა?_ ჰკითხა მოჭყუმპალე გოგონას. _ ცივია საბა, ძალიან ცივი! _ წყლიდან ლამის გალურჯებული და აკანკალებული ამოვიდა. თითქოს ცრემლებიც შენიშნა მის ლამაზ თვალებში ბიჭმა. _ რა მოხდა ანა?_ ჰკითხა თანაგრძნობით. _ გამათბე საბა!_ უთხრა ჩურჩულით გოგონამ. საბამ ხელი მოხვია და თავის კარავში შეიყვანა. ამ ამბიდან რაღაც ახსოვდა თემოს, რაღაც არა. მაგრამ იყო კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ყველასათვის შეუმჩნევლად აკვირდებოდა ამ სცენას და ყველასდა გასაოცრად ყველაფერს დეტალებში იმახსოვრებდა. თუმცა შემდეგ არც დაკითხვაზე, და არც ისე, არავის მოსვლია თავში აზრად მისთვის რამე ეკითხა. 3 რამდენჯერაც არ სცადა თემომ, ვერაფრით აღიდგინა იმ ღამინდელი სურათი სრულად, მას შემდეგ, რაც კარავში დაბრუნდა და ლიკას ნაცვლად იქ ანა დახვდა. ბუნდოვნად ახსოვდა, როგორ ცდილობდა გოგონა მასთან დარჩენას. მას კი წინააღმდეგობის გაწევის უნარი საერთოდ აღარ ჰქონდა. რომ ვერ მოიშორა, უბრალოდ ზურგი აქცია და დაიძინა. თუმცა როცა გაეღვძა და საათს დახედა ღამის სამი სრულდებოდა. კარავში ისევ მარტო იყო. იქვე ლიკას ლურჯკუბოკრული დათბილული პერანგი იდო. სწორედ ის, რომელიც მას შემდეგ ჩაიცვა, რაც წინა დაესვარა, როცა იჩხუბეს. თემო წამოჯდა და სპორტული ხელში აიღო. გაოცდა ამ პერანგსაც აშკარად ეტყობოდა ეტყობოდა სისხლის კვალი. დაფიქრდა და წინა საღამო გაიხსენა. _ რას მეუბნები თუ ხვდები?_ ბრაზს ვეღარ აკონტროლებდა ბიჭი. _ ვიზე მეუბნები მაგას? საბაზე? ბავშვობიდან ერთად მოვდივართ! შანსი არ არის საბას ეგ ეთქვა, მასეთი აზრი მოსვლოდა! რა გინდა ლიკა? რატომ იგონებ ამ ყველაფეს? საბა არ გყოფნდა ახლა ქეთის გადაწვდი! _ ლიკა ტირილის შეკავებას ცდილობდა, მაგრამ ცრემლები მაინც მოსდიოდა. მუჭებით იწმენდდა, მაგრამ მაინც ვერ იკავებდა. _ ყველასი გჯერა ჩემ გარდა! ნუთუ ასეთ მატყუარად მხედავ? ხო შენ თავად დაფქრდი, რაში უნდა მჭირდებიდეს ამ ყველაფრის მოგონება?! გიჟი ხომ არ ვარ არა? საბა ის არ არის, ვინც გგონია! მას შენი შურს, ჩვენი შურს! გაცნობის წამიდან ვგრძნობ მის დამოკიდებულებას!_ ახსნას ცდილობდა ლიკა, მაგრამ თემოს მოსმენა არ სურდა, ან მოსმენილის დაჯერება. _ შეწყვიტე გესმის! ახლავე დაამთავრე! ან მე დავამთავრებ შენთან ყველაფერს!_ ამის თქმა არ სურდა, მაგრამ მაინც წამოსცდა, მერე კი ზვავივით წამოვიდა დანარჩენი სათქმელიც_ ერთმანეთისგან უნდა დავისვენოთ გესმის, თორემ გავგიჟდები მალე! _ გინდა მითხრა, რომ მშორდები? ამის თქმა გინდა არა?_ უკან_უკან იხევდა განერვიულებული და ისტერიკის ზღვარზე მისული გოგო. რამდენიმე ნაბიჯიც და გადავარდებოდა დამრეცი ფერდობიდან. _ ლიკა!_ ხელი გაუწოდა თემომ_ მისმინე, არ გშორდები, მაგრამ დრო მინდა ფიქრისთვის! მოდი, მომეცი ხელი! მიხვდა ამ საუბრისთვის არც დრო იყო, არც ადგილი. _ ყველაფერი მესმის, კარგად გავიგე, რასაც ამბობ! _ ხელზე ხელი აუკრა გოგომ. _ ჩემი შემცვლელიც გყავს უკვე ნაპოვნი, რაღა გიჭირს, დაგამშვიდებს ხოლმე!_ უცნაური ზიზღი გაისმა გოგონას ხმაში._ დედაშენსაც ხომ ეგ უნდა?! _ ლიკა !_ გამაფრთხილბლად დაიყვირა თემომ. ლიკას კი ეგონა მისმა სიტყვებმა გააბრაზეს ბიჭი, ნაპირი ვერ დაინახა, ფეხი დაუცდა და ფერდობზე შეშინებული კივილით დაცურდა. _ ლიკა! ლიკა!_ სწრაფად მიჰყვა თემო, მაგრამ ხელი ვეღარ მიაშველა. მაღალი არ იყო ის ადგილი, თუმცა გამოშვერილმა ქვებმა და ფესვებმა მაინც მოახერხეს გოგონას დაშავება. როცა თემო მასთან მივიდა. მარჯვნა ხელს გულში იკრავდა მოკუნტული და ისევ ტიროდა. _ ლიკა, რამე გეტკინა, კარგად ხარ!_ თვალში მოხვდა გახეული სპორტული და სისხლიანი მკლავი. ჭრილობის დასახედად დაიხარა, მაგრამ გოგომ მკერდზე ხელი ჰკრა. სისხლიანი ხუთი თითი დაემჩნა თეთრ მაისურზე თემოს. _ თავიდან მომწყდი! მომშორდი!_ კოჭლობით წამოდგა ფეხზე. _ დრო მოვა ყველაფერს გაიგებ! მიხვდები, რომ არ მომიტყუებიხარ, მაგრამ გვიან იქნება! მუქარასავით თუ წინასწარმეტყველებასავით გაისმა მისი სიტყვები. ლიკამ ზურგი აქცია გაშეშებულ და დამწუხრებულ ბიჭს და კოჭლობით გაუყვა ბანაკისკენ მიმავალ ბილიკს. კარავში ისე შვიდა, რომ მისი მისვლა არავის შეუმჩნევია. სისხლი მოიშორა, ტანსაცმელი გამოიცვალა და ჭრილობის დასაფარად გრძელმკლავიანი მაისური და თბილი მუქი ლურჯი მოსაცმელი გადაიცვა. არ უნდოდა ანას დაენახა და მიმხვდარიყო, რომ მიზანს მიაღწია. არ უნდოდა მის თვალებში გამარჯვების სიხარულის დანახვა. ისევ მოადგა თვალებში ცრემლები. იმ წამსვე სურდა გაქცევა და სახლში დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ ერთი პატარა ჯოჯოხეთი შინაც ელოდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს სამყარომ მის წინააღმდეგ პირი შეიკრა. ხელში ყელზე დაკიდული სამკაული მოხვდა, უნდოდა მოეგლიჯა მაგრამ ვერ გაიმეტა. პატარა ვერცხლის ბუმბული კონწიალობდა შავ ყელსაბამზე. ეს პირველი საჩუქარი იყო თემოსგან, ამიტომ ეძვირფასებოდა, თუმცა კი ამ ნივთს პირადი მნიშვნელობის გარდა სხვა ღირებულება საერთოდ არ გააჩნდა. ამოიოხრა და სამკაულს ხელი გაუშვა. კარვიდან გამოძვრა და საღამოსთვის ცეცხლის ასანთებად მომზადებულ ადგილზე ჩამოჯდა. წრიულად დაეწყოთ მრგვალი ქვები შუაში კი კოცონის ასანთებად კონუსივით აეყუდებინათ ხის ტოტები. _ ჰაიი, ლიკა! რატომ არ ბანაობ შენც?_ სიცილით მიუჯდა ტყუპი. ერთი შეხედვით ჯერ კიდევ ვერ არჩვდა, რომელი რომელი იყო. ანა არ უყვარდა, თორემ ნანას საწინააღმდეგო არც არაფერი ჰქონდა. _ უბრალოდ არ მინდა, ცივი წყალია!_ მხრები აიჩეჩა გოგონამ და ნატკენ მკლავზე ხელი გადაისვა. ტყუპის თვალს არ გამოჰპარვია მისი ქმედება. _ მშვიდობაა?_ ჰკითხა და თვალით მკლავზე ანიშნა. _ კიი, არაფერია! _ გაუღიმა ლიკამ. _ ჩემი დის გამო ხარ უხასიათოდ?_ იმდენად მოულოდნელი იყო, ეს სიტყვები. ლამის აღიარაებასავით ჟღერდა. ანუ ნანაც ამჩნევდა ანას თემოთი გატაცებას?! ანუ მართლა არ ეჩვენებოდა?! _ შენი დის გამო რატომ?_ მაინც შეეცადა მარტივი პასუხი გაეცა.და მთავარი სათქმელი თავიდან აერიდებინა. _ არ ვიცი! რატომღაც მგონია ერთმანეთს ვერ ეწყობით! ჩვენ ბავშვიბიდან ვიცნობთ თემოს! ოჯახებით ვმეგობრობთ! ესენი სულ ასე ახლოს იყვნენ! პირველი კოცნაც კი ერთმანეთს აჩუქეს, სანამ შენ გამოჩნდებიდი!_ თითქოს აქ არაფერი ისე უამბობდა ნანა. _ პირველი კოცნა?_ გაოგნდა გოგონა. ანუ თემომ კარგად იცოდა ყველაფერი და უბრალოდ თავს იშტერებდა? ყელში მოაწვა სიმწარე გოგონას. არადა წამის წინ მატყუარად გამოჰყავდა ბიჭს. _ ხოო, რა არ იცოდი? ქეთევანს და დედაჩვენს სამომავლო გათვლებიც კი ჰქონდათ მათზე, მაგრამ მერე შენ გაგიცნო ბედოვლათმა და ყველაფერი შეიცვალა!_ ხუმრობის ტონით საუბრობდა ნანა.მაგრამ მაინც სტკიოდა მისი სიტყვები ლიკას. არაფერი უთქვამს. _ იცი, ზოგჯერ დაწყობილი გზები ირევა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა ყოფილიყო!_ ნანას ხმის სიცივემ გამოაფხიზლა ლიკა. თვალი ასწია და მზერა გაუსწორა, ბოროტად მომზირალ გოგონას. წამით რაღაც იაზრა, მაგრამ ფიქრს აზრი არ მიადევნა. ნანა წამოდგა და უცნაური ღიმილით დატოვა ლიკა. უცნაური განწყობა დაეუფლა გოგონას. განწყობა თუ ცუდი წინათგრძნობა?! 2023 პირველი ოქტომბერი. _ ამის დედაც! _ მუჭი გამეტებით დასცხო მაგიდას. _ რა ჯანდაბაა?!_ სამსახური ისე დატოვა, არავინ გაუფრთხილებია. როგორი გასააზრებელია, რომ შენი საუკეთესო მეგობარი, შენს ცოლთან ვიწექიო, გეუბნება. თუნდაც წლების წინ. მანქანაში ჩაჯდა და ტელეფონი მოიმარჯვა. ის_ის იყო ცოლის ნომერი აკრიფა, რომ ტელეფონზე უცხო ნომრიდან ზარი შემოვიდა. _ გამარჯობა, თემურ მათიაშვილს ვესაუბრები?_ გაისმა უცნობის ბოხი, უსიამოვნო ხმა. _ დიახ, გისმენთ?_ უპასუხა თემომ და უსიამოვნო გრძნობამ მთელ სხეულში დაუარა. _ გესაუბრებათ უფროსი გამომძიებელი ნიკოლოზ ჩივაძე, ალბათ მიხვდით, რომ ლიკა ჟღენტის საქმესთან დაკავშირებით გაწუხებთ?_ შემპარავი ხმით ჰკითხა და პასუხს დაელოდა. _ მივხვდი? _ ჩაილაპარაკა დაფიქრებულმა._ რომ არ მოგატყუოთ, ასე მალე არ გელოდით! გამომძიბელს ჩაეცინა. _თქვენთან საუბარი გვინდა! ალბათ ხვდებით გვამის პოვნა ყველაფერს ცვლის და გამოძიებაც თავიდან იწყება! გამომძიებელს, ოფიციალური დაკითხვა არ მოუთხოვია, მხოლოდ გასაუბრება სურდა ამ ეტაპზე და ეს უფრო ძაბავდა თემოს. რადგან დაკითხვაზე ადვოკატს წაიყვანდა ბოლო_ბოლო, მაგრამ გასაუბრებაზე ასე ვერ მოიქცეოდა. ეჭვს ძალით ხომ არ აღუძრავდა. ადვოკატი თავისთავად თავდაცვას ნიშნავდა, და თავის დაცვა კი მხოლოდ დამნაშავეებს სჭირდებათ ხოლმე. მანქანა დაქოქა. მობილური ისე მოისროლა გვერდით სავარძელზე, თითქოს ხელს უწვავდა. _ ყველაფერი თავიდან იწყება!_ ჩაილაპარაკა ნერვებმოშლილმა და მანქანა დაქოქა. რას გრძნობდა ან განიცდიდა თემო? მთელი ეს წლები იმ იმედით იცხოვრა, რომ გოგონამ მიატოვა და სადმე ევროპაში გაემგზავრა უჩუმრად. მაგრამ მამამისი , ალიკა ჟღენტი ამ მოსაზრებას არაფრით იზიარებდა. თვეების მანძილზე არ ასვენებდა მათიაშვილების ოჯახს. მათ აჩრდილად იქცა და სიცოცხლე გაუმწარა. იქნებ ამიტომაც ვერ აღიარა თემომ, რომ ის ღამე ანასთან ერთად გაატარა, თუნდაც თავისი სურვილის მიუხედავად და ესეც კი არ ახსოვდა წესივრად. მაინც შეეცოდა ანა იმ მანიაკალური დევნისთვის, რასაც ალიკა ანხორციელებდა მათიაშვილებზე. თუმცა ქეთევანის აზრით , ეს გალოთებული და ყველაფერზე ხელჩაქნეული ხეიბარი, მხოლოდ ფულად კომპენსაციას დასდევდა და შვილის გამო შურისძიება უზურშიც კი არ ჰქონდა. მაგრამ თემომ კარგად იცოდა, რომ ყველაფერი ფულზე არ იყიდებოდა, კარგად ხედავდა განადგურებული მამის თვალებში ჩაბუდებულ ღრმა ტკივილს და ყოვლისმომცველი მწუხარებას. გაახსენდა, ლიკას დაკარგვიდან ერთი თვის თავზე გამოჩნდა პირველად ალიკა. თმააჩეჩილი, თვალებამოღამებული. თავად გასამგზავრებლად ემზადებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გული აღარ მიუწევდა სასწავლებლად, ქეთევანმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. იმდენი ქნა, რომ მის გამგზავრებას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებდა. _ გამარჯობა ბატონო ალიკა!_ თავს მოერია და მიუახლოვდა გაფითრებულ კაცს. სათქმელი არაფერი ჰქონდა. ვერც თავს იმართლებდა რამით. მიბარებული და მინდობილი გოგო მის გვერდით ისე გაუჩინარდა, კვალიც კი ვერავინ მიაგნო. _ რა დაგიშავა? რატომ მოკალი?_ ისეთი ხმით ჰკითხა ალიკამ, რომ იგრძნო ბიჭმა მორიგი პანიკა ეწყებოდა. _ მე არავინ მომიკლავს! ლიკა მკვდარი არაა! ვერ იქნება!_ ბუტბუტებდა არეულად. მის თვალწინ კი ალკას ბრაზი იზრდებოდა და იზრდებოდა, როგორც რაღაც მითიური ცალხელა ურჩხული, რომელიც იმ ერთადერთი ხელით ცდილობდა მის დახრჩობას. _ სად იყავი იმ ღამეს! რატომ ვერ დაიცავი? რატომ არ დამიბრუნე ქალიშვილი! მკვლელო! მკვლელო!_ ეშმაკივით ჩურჩულებდა მის ყურთან ალკას ლანდი. _ მე არ მომიკლავს! მე არ მომიკლავს!_ ახლაც ესმოდა საკუთარი უღონო და უგონო ხრიალი. ძლივს გააშვებინეს ალიკას მის ყელზე წაჭერილი ძლიერი მკლავი. იქვე ჩაიკეცა თემური. და იმ ღამიდან დაეწყო ყველაზე საშინელი კოშმარი. მართლაც სად იყო? რა გააკეთა? რატომ არ ახსოვდა? რატომ ვერ იხსენებდა? ნუთუ ამდნად ნასვამი იყო, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდა. რომ არა საბას ჩვენება, რომ სამ საათამდე ერთად სვამდნენ ალბათ ციხეში ამოყოფდა თავს. მაშინ ისეთი მადლიერი იყო საბასი, და არა მარტო თემო. მთელი ოჯახი ლამის ფეხქვეშ გაეგო საბას. და დღემდე ასე გრძელდებოდა. დღეს პირველად დაფიქრდა, იმაზე თუ რატომ დაიცვა მაშინ საბამ.პირველად გაიაზრა , რომ საკუთარი ალიბის მიღმა კიდევ ერთი ბნელი საიდუმლო იმალებოდა. 2016 წლის 3 აგვისტო _ დედაა! დედაა!_ სიბნელის ეშინოდა თაზოს. მაგრამ მარტო ყოფნის უფრო. რამდენჯერმე მოუხმო დედას და როცა პასუხი არავინ გასცა ოთხზე დამდგარი გამოცოცდა კარვიდან. გარემო ყურადღებით მოათვალიერა. შეიძლება ყველას ეგონა, რომ თაზო ვერ ხვდებოდა თავის გასაჭირს, მაგრამ ასე სულაც არ იყო. ძალიან ფრთხილი და ყურადღებიანი იყო საკუთარი თავის მიმართ. აბა სხვანაირად როგორ მოხდა, რომ ერთხელაც კი არ წაქცეულა, საკუთარი შეზღუდული მოძრაობის მიუხედავად? ნელა წამოდგა ფეხზე. ფანარი გაანათა. სინათლე რამდენჯერმე აინთო და ჩაქვრა, გაშლილ ხელისგულზე დაირტყა გაბრაზებულმა. _ აინთე ჩქარა!_ უბრძანა, თითქოს დაემორჩილებოდნენ ჩრდილების თამაშით დამჯდარი, ელემენტები. უყვარდა თაზოს სინათლის ზოლში თითების ჩრდილებით სხვადასხვა ფიგურების გამოსახვა. ამ საღამოსაც, როცა გარეთ ცეცხლთან თამაში მობეზრდა, კარავში შეძვრა და პატარა თეატრი მოიწყო. მანამ ითამაშა, სანამ ძილმა არ წაართვა თავი. სწორედ ამის ბრალი იყო ახლა ფანარი მკრთალად რომ ანათებდა, მხოლოდ მის ფეხებთან და სინათლე მეტად შორს ვეღარ გაჰქონდა. _ დედა!_ ისევ დაუძახა დედას ბიჭმა. მაგრამ კვლავ არავინ გააგონა. სინათლის მკრთალ ზოლს მიჰყვებოდა თაზო. და შიგადაშიგ ქეთევანს ეძახდა. მოულოდნელად ფანარი ისევ აციმციმდა და ჩაქვრა. კვლავ ხელზე დაირტყა თაზომ რამდენჯერმე, მაგრამ ანთება ვეღარ აიძულა. შეეშინდა და წინ წასვლა ვეღარ გაბედა. უკან მობრუნდა. მთვარის შუქი ვერ აღწევდა ხეების ვარჯებქვეშ. ხელებისცეცებით მოჰყვებოდა უკან თაზო წარმოსახვით ბილიკს. შეგრილა ღამის ნიავმა. მოიბუზა. მოულოდნელად ხის ქვეშ ვიღაცის სილუეტს მოჰკრა თვალი. ინსტიქტურად მიუახლოვდა. _ საღამომშვიდობისა ლიკა!_ დაიხარა და უაზროდ გაშტერებულ თვალებში ჩააშტერდა. პასუხი არ იყო. _ შენც გეშინია სიბნელის?_ ჰკითხა, რატომღაც ის მოუვიდა თავში, რისიც თავად ეშინოდა. გოგონა ხის ქვეშ მოკუნტული იჯდა. უაზრო გამომეტყველებით და შუშასავით ცარიელი თვალებით. _ აჰა შენ ჩემი ფანარი!_ ხელში ფანარი ჩაუდო. ფანარი მიწაზე გაგორდა. თაზო დაიხარა და ფანარი აიღო და ახლა მაისურის ჯიბეში ჩაუცურა. შემდეგ მის გვერდით მიგდებული პერანგი აიღო. მოიცვა და უკან გამობრუნდა. რადგან იფიქრა, რომ ლიკას, როგორც ყველა მათგანს, მასთან თამაში არ უნდოდა. ამას მიჩვეული იყო თაზო. არ გაკვირვებია. იქვე მოსაშარდად გაჩერდა. როგორც დედა ასწავლიდა, ამ დროს უნდა დამალულიყო, რათა არავის დაენახა. სახალხოდ ამის გაკეთებას უშლიდნენ. ხეს ამოფარებულმა, თავისი საქმის შესრულება დაიწყო, როცა ფრთხილი ნაბიჯების ხმა გაიგონა. მოშარდვა შეწყვიტა და გაისუსა. ხეებიდან ფრთხილი ნაბიჯებით ნაცნობი ლანდი გამოვიდა. ძუნძულით გაუყვა ლიკასკენ მიმავალ ბილიკს, თავი გამოყო თაზომ საფარიდან. სიბნელეს უკვე შეჩვეული თვალებით დაინახა, როგორ გადაიკიდა ლანდმა ლიკას სხეული მხრებზე და ტყის სიღრმისკენ წაიღო. დედის მოყოლილ ლექსში იყო, როგორც დიდმა მგელმა პატარა საწყალი კრავი. _ ჩემი ფანარი!_ ჩაილაპარაკა ნაწყენმა ბიჭმა. შარვალი შეიკრა. და სწორედ იქით გაემართა, საიდანაც ლანდი გამოვიდა. ცეცხლი ჩანაცრულიყო, ოდნავღა ბჟუტავდა ნაკვერჩხალი.. დედა აღარც უძებნია, მოურიდებლად გააღო ძმის კარავი თაზომ და შიგ შეძვრა. _ ვაიმე, რომელი ხარ?_ თავი წამოსწია დამფრთხალმა გოგონამ. _ დედა სადაა?_ ისე ჰკითხა თაზომ, თითქოს მას ნამდვილად ეცოდინებოდა, სად იყო დედამისი. _ თაზო შენ ხარ?_თბილად გაუღიმა გოგონამ, გვერდით მიგდებული თბილი კარდიგანი აიღო და მოიცვა. _აქ დაიძინე, მე წავალ და დედაშენს დავუძახებ!_ მზრუნველად უთხრა, კარავი დატოვა და გარედან გადაკეტა. თაზო კი ძმის გვერდით მოიკუნტა, ლიკასგან ნათხოვარი სპორტული იქვე მიდო და მალევე ტკბილი ფშვინვა ამოუშვა. 4 მანქანა ლამაზად მოპირკეთებულ ეზოში შეაყენა თემომ და განერვიულებული გადმოვიდა. სახლის ფანჯრებს ახედა. სახლი ადამიანისთვის, როგორც წესი, სიმყუდროვესთან და სითბოსთან ასოცირდება ხოლმე, მაგრამ არა თემოსთვის. სძულდა საკუთარი სახლი, სძულდა იმ ცხოვრების წესი, რომელიც ამ მდიდრულ კედლებს მიღმა სუფევდა. სძულდა ის სიცივე და ურთიერთობების ნაკლებობა, რაც ზღურბლს მიღმა ელოდა. წამით ისევ ლიკა გაახსენდა. სინანულის ცრემლი მოადგა თვალზე. ნელ_ნელა იწყებდა გააზრებას, რომ მთელი ეს წლები, როცა თავად ანასთან ოჯახობანას თამაშს ცდილობდა, მისი ერთადერთი სიყვარული სადღაც ტყეში უპატრონოდ იყო ჩამარხული. ისევ გულმა გაჭვალა. ხელი წაივლო. ამ ბოლოს რაღაც ხშირად ახსენებდა თავს. ჰაერი ჩაისუნთქა და დამშვიდებას შეეცადა. რა გამოდიოდა? ყველაფერში მართალი იყო ლიკა? ნუთუ შესაძლებელი იყო, რომ მისმა ძმაკაცმა ერთი სიტყვა არ უთხრა იმ საღამოზე, როცა მან ანას ცოლად შერთვა გადაწყვიტა? ან როგორ და რანაირად მოასწრო ანამ იმ ღამეს ორივესთან ყოფნა? თავად არაფერი ახსოვდა იმის გარდა, რომ სანამ დაეძინებოდა ანა მართლაც ნახა საკუთარ კარავში. ან ანა ნახა კი? ზიზღით შეაჟრჟოლა. მაგრამ რა მოხდა მერე? ფაქტი ფაქტად რჩებოდა, რომ გოგონამ ცხრა თვეში ვაჟი გაუჩინა. სწორედ ეს ბავშვი იყო მიზეზი, რატომაც თემომ ანა ცოლად მოიყვანა. ეს ბავშვი და ქეთევანის აკვიატებული სურვილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად ექორწინათ, სანამ გოგოს მუცელი დაეტყობოდა. სანამ ხალხი ლაპარაკს დაიწყებდა სცადა თემომ, მაგრამ ოჯახს ვერაფრით დაარქვა ოჯახი. ვერ გაითავისა. ვალდებულებას და პასუხისმგებლობას გძნობდა, სიყვარულს ვერა. კარი შეაღო და სახლში შაბიჯა. არავინ შეგებებია მისულს. მგონი მისი მისვლაც კი არავის გაუგია. ყველა თავისთვის ცხოვრობდა ამ სახლში. _ ანა!_ დაიძახა თემომ. არავინ გააგონა. _ ანა!_ უფრო ხმამაღლა დაუძახა ცოლს. სამზარეულოდან ექვსიოდე წლის ლამაზი ბიჭუნა გამოვიდა, ღია ცისფერი თვალებით. _ ვაა, მამა, მოხვედი?_ გაუკვირდა ბავშვს უდროოდ მოსული მამის დანახვა. _ როგორ ხარ დაჩი? სადაა დედა?_ ჰკითხა თემომ შვილს და ქერა თმები აუჩეჩა. ყოველთვის აოცებდა თემოს, რომ ბიჭუნა არც მას და არც დედამისს არ ჰგავდა. არც სახით, არც ხასიათით. უცნაური ბავშვი იყო დაჩი. ყველაზე უფრო ბიძასთან მეგობრობდა. ხშირად ხედავდნენ ბავშვს თაზოსთან ერთად ხატვაში ან უბრალოდ მანქანებით თამაშში გართულს. თაზოც სულ ნაკლისობდა ბავშვს. მათ უცნაურ მეგობრობას ყველა ეგუებოდა ანას გარდა. ანას არ უყვარდა თაზო. და არც თაზო სწყალობდა რძალს. ამას აშკარადაც გამოხატავდა, თუმცა როდის, ან ვინ უსმენდა გონებაშეზღუდულ ბიჭს? არასდროს არავის ჩაუთვლია მისი სიტყვები ღირებულად და მნიშვნელოვნად. თემომ მობილური აიღო და ცოლის ნომერი აკრიფა. _ გისნენ საყვარელო!_ განაზებული ხმით უპასუხა ქალმა. მიხვდა თემო, დაქალებთან იყო ცოლი. _ სად ხარ,სახლში მოდი საქმე მაქვს!_ ცივად მიახალა. ანამ ისე გადაიკისკისა, თითქოს ქმარს რამესასიამოვნო ეთქვა მისთვის. _ სასწრაფოა რამე საყვარელო?_ ჰკითხა და მის ხმაში მაინც გაიჟღერა ვერ დაფარულმა ბრაზმა. _ სასწრაფოა!_ მოუჭრა თემომ. წამით სიჩუმე ჩამოწვა მეორე მხარეს. _ კარგი, მალე მოვალ!_ ხმა დაუსერიოზულდა ქალს. ანას შემდეგ დედამის დაურეკა თემომ. და ბავშვის წაყვანა სთხოვა ერთი ღამით. ახლოს ცხოვრობდა ქეთევანი ვაჟთან. ანას, რა თქმა უნდა, მოასწრო. დაჩის ჩააცვა და გახარებული შვილიშვილი ბიძამისის სანახავდა წაიყვანა. გასვლისას თემომ დედამისი კარში შეაჩერა. _ დედა, დღეს ახალმა გამომძიებელმა დამირეკა. ლიკას საქმეს ახლიდან იძიებენ. მითხარი, არის რამე , რაც უნდა ვიცოდე?_ ჰკითხა და ინტერესით ჩააჩერდა თვალებში. ქეთევანმა ნერწყვი გადაყლაპა. ჩაახველა და არც თუ მტკიცე ხმით ჩაილაპარაკა. _ რაც ვიცოდი მაშინვე მოვყევი! მე მეტი არაფერი ვიცი!_ შვილს ზურგი აქცია. დაჩი მანქანაში ჩაისვა და ეზო დატოვა. რა თქმა უნდა, დააგვიანა ანამ. იჯდა თემო ცარიელ სამზარეულოში და რომელიღაც ძვირფას ალკოჰოლს სვამდა ფიქრებში ჩაძირული. 2018 წლის 16 ივლისი ამ დღეს დაბრუნდა ჩეხეთიდან თემო. ლამის მთელი წელი და კიდევ მეტი სახლში არ იყო ნამყოფი. არც ცოლი ენახა და არც ახლადფეხადგმული შვილი. რაც არ უნდა უცნაური იყოს, არც ერთი ენატრებოდა და არც მეორე. საკუთარი თავის მაშინაც უკვირდა და ახლაც. ნუთუ შვილის შესაყვარებლად აუცილებელი იყო, რომ ის საყვარელ ქალს გაეჩინა?! პასუხისმგებლობას იაზრებდა და მატერიალურად არასდროს გაუჭირვებდა, მაგრამ გულში ვერაფრით შეუშვა. ახლაც ჩეხეთიდან გაუფრთხილებლად დაადგა თავს ოჯახობას. კარი შეაღო და სახლში შეაბიჯა. სიცარიელე, აი რა დახვდა ოჯახში დაბრუნებულ მამას. წამით წარმოიდგინა, რომ ანას ნაცვლად ლიკა ელოდა და გულში სითბო ჩაეღვარა. სითბო და უსაშველო სინანული. სწორედ ეს სინანული აგიჟებდა. ფსიქოლოგის თქმით ეს სინანული იყო მისი ყველა კოშმარის თავიც და ბოლოც. თუმცა ეს ბოლო ხანი კოშმარებმაც დაანებეს თავი. მათაც მიბეზრდათ თემო. მათაც ყელში ამოუვიდათ მისი ინერტულობა. _ ვაა თემოო? _ ისე ყასიდად გაიოცა კიბეზე ჩამომავალმა ანამ. აშკარა იყო უფრო არ ესიამოვნა, ვიდრე გაუხარდა მისი დანახვა. _ დაჩი სადაა?_ ბავშვი მოიკითხა კაცმა. _ სად იქნება, შენებთანაა!_ მხრები აიჩეჩა ანამ. ჩანთა იქვე მიაგდო თემომ და მისაღებში მდგარ დივანში ჩაეფლო. _ ეს ყველაფერი ამად ღირდა ანა?_ ჰკითხა კვლავ კიბეზე გახირულ ცოლს _ მაშინ მეგონა, რომ ღირდა. პრინციპში არც ახლა შემიცვლია აზრი!_ მოუახლოვდა ქალი და ქმრის მუხლებზე ჩამოჯდა. ვერ იტყოდა ანა, რომ ქმრის მიმართ ძველებურ ვნებას გრძნობდა, ან მაშინდელი გამარჯვების აღტყინებას ისევ განიცდიდა, მაგრამ თავისებურად იზიდავდა თემო. დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება ჰქონდა მასთან მიმართებაში ქალს. თავად თემო იყო ცივი და უემოციო, თორემ ანას მისი საწინააღმდეგო არც არაფერი ჰქონდა. პერანგის ღილები შეუხსნა ქმარს. მისკენ დაიხარა. _ გინდივარ თემო?_ ჰკითხა ვბებიანი ხმით. კაცი ცოტა ხანს უყურებდა ამღვრეული თვალებით. _ დავიღალე, უნდა დავისვენო!_ უთხრა ბოლოს. ქალი გვერდზე გადასვა და კიბეები ოთახისკენ აიარა, უცნაურად დამძიმებულმა. 2016 წლის 10 აგვისტო _ როგორ ახსნით, რომ თქვენს მაისურზე, ლიკა ჟღენტის სისხლიანი ნათითურებია?_ მგონი მეოთხეთ ეკითხებოდა საქმის წამყვანი გამომძიებელი იორამ თორია თემოს. ამ კითხვას წაღმა_უკუღმა ატრიალბდა. _ ხომ გითხარით, ლიკას ფეხი დაუცდა და წაქცევისას მკლავი დაიზიანა. მე მის დასახმარებლად მივედი და სწორედ ასე დავისვარე მაისური _ ის არ აღიარა მაშინ, რომ ნაჩხუბრები იყვნენ. არც პოლიციასთან და არც მეგობრებთან. იმიტომ არა, რომ ეშინოდა, უბრალიდ არ სურდა ვინმეს ჰგონებოდა, რომ ლიკას და მას გაურკვევლობა ჰქონდათ. წამითაც კი არ დაუშვია ბიჭს , რომ ლიკა მკვდარი იყო. ეგონა, რომ გოგომ მიატოვა, რომ ნაწყენი იყო. მის გაუჩინარებას ვერაფრით ხსნიდა, მაგრამ ის რომ ლიკა მოკვდა, წარმოუდგენლად მიაჩნდა. _ ის დაბრუნდება!_ უმეორებდა საკუთარ თავს და ელიდა. მანამ სანამ ალიკა პირველად არ გამოეცხადა და ქალიშვილის მკვლელობაში არ დასდო ბრალი. აი მაშინ კი შეეპარა ეჭვი. ფაქტი იყო, რომ ლიკას ქვეყანა არ დაეტოვენინა. მისი გასვლა და საზღვრისკვეთა არ ფიქსირდებოდა. იქნებ ყალბი საბუთები მოიშველია გოგონამ, და დედის დახმარებით დატოვა ქვეყანა. მაგრამ არა! ესეც აბსურდად ჩანდა. იქნებ ვინმემ მოიტაცა? მაგრამ ვინ? ლიკა ღარიბი იყო, ან კიდევ უფრო ქვემოთ, სიღარიბის ზღვარს მიღმაც? იქნებ ალიკას მევალეების ამბავი იყო? იქნებ ვინმემ იმიტომ გაიტაცა, რომ ლამაზი გოგო იყო? ფიქრობდა და ფიქრობდა ბიჭი. მაგრამ ასე იყო თუ ისე, სწორედ იმ დროს, როცა ლიკას უჭირდა, სწორედ იმ წამს, თავად უგონოდ მთვრალი კარავში სხვასთან გორაობდა. და ეს არ ასვენებდა. _ როგორ ახსნით ლიკა ჟღენტის სისხლით დასვრილ სპორტულ ზედატანს? როგორ აღმოჩნდა ის თქვენს კარავში?_ ფიქრებისგან გამოაფხიზლა გამომძიებლის ხმამ. აი ამას კი ახსნას ვერ უძებნიდა თემო. კარგად ახსოვდა რაც ეცვა გოგონას მაშინ, როცა დაშავდა. ახსოვდა, რომ ის ლურჯი სპორტული საღამოს ცეცხლთანაც ეცვა. აბა როგორ აღმოჩნდა შემდეგ მის კარავში? ამ კითხვებზე პასუხი არ ჰქონდა თემოს. და სწორედ მაშინ, როცა არ იცოდა რით და როგორ დაეცვა საკუთარი თავი, მხსნელად საბა მოევლინა. _ იმ საღამოს ერთად ვსვამდით ბიჭები. როცა გოგონები დაიშალნენ და კარვებში დაბრუნდნენ, ჩვენ მდინარის პირას ჩავედით და ლამის გათენებამდე ერთად გავატარეთო. _ ფიცქვეშ მისცა ჩვენება საბამ. საბას ჩვენება ასევე ფიცქვეშ დაადასტურა ნანამ. რომელმაც თქვა , რომ გასავლელად ამდგარმა, დაახლოებით ღამის სამი საათისთვის, დაინახა მეგობრები მდინარის პირას. დაახლოებით იგივე გაიმეორა ქეთევანმაც. რომ მთელი ღამე თეზოს გვერდით გაატარა და რომ არც მას და არც თაზოს არ დაუტოვებიათ კარავი ღამის პირველ საათამდე, იმ დროს კი როცა ბიჭი გარეთ გამოიყვანა მოსაშარდად, დაინახა ბიჭები ცეცხლის პირას რომ ისხდნენ. ჭიქებიც შეამჩნია, თუმცა არ უფიქრია, რომ ეს ალკოჰოლი იყო, რადგან ალკოჰოლი ბავშვებს წვენში ჩუმად ჰქონდათ გარეული. _ საბას ჩვენი შურს!_ გაახსენდა ლიკას სიტყვები თემოს._ ანას კი უყვარხარ! რაღაცაში არ შემცდარა ლიკა. ქალურმა ინტუიციამ მეტოქე ადვილად აპოვნინა, მაგრამ საბაში ეჭვი როგორ შეეტანა თემოს? მაგრამ აი ახლა 7 წლის შემდეგ, როგორც აღმოჩნდა ყველა ტყუოდა. ანას და საბას ამბავს რომ თავი დავანებოთ, რა მიზეზით იტყუებოდა ქეთევანი? რა მიზეზით იტყუებოდა ნანა? ან ანამ რატომ არ აღიარა სიმაღთლე? თუმცა არა, ეს ბოლო პუნქტი ახლა სრულებით ნათელი იყო. კარი ხმაურით შემოაღო ანამ. ქუსლიანების კაკუნით გამოიარა ჰოლი და სამზარეულოს კარში დაღლილი სახით შემოაბიჯა. _ ეს არასდროს დასრულდება არა? _ ჰკითხა გაბრაზებულმა და ჩანთა დაახეთქა მაგიდაზე. თემოს წარბიც არ შეტოკებია. მხოლოდ ცივად გაეღიმა. _ მხოლოდ ამის თქმა გინდა ანა?_ ჰკითხა, თან განახევრებული ჭიქისთვის თვალიც არ მოუშორებია. _ რა? ვერ მივხვდი?_ ხელებით დაეყრდნო ანა მაგიდას. _ რატომ მოიძულე შენი ტყუპისცალი ანა?_ ჰკითხა თემომ ისევ და მოიღუშა. თავად ახლაღა გაიაზრა, სიმართლე. და გააოცა, არა, გააოგნა ამ აღმოჩენამ ანა შეცბა. _ რას გულისმობ?_ ხმაც მოულბა. _ რას ვგულისხმობ?_ ჩაეცინა თემოს. _ რას ვგულისხმობ და როგორ მოხდა, რომ ნათლიამ იღბალის გარდა თვალისფერიც დაანათლა ჩვენს ვაჟს? ახლა კი გაუსწორა თვალი ცოლს. კარგი და საიმედო არაფერი იკითხებოდა გამეხებული კაცის სახეზე. _ რატომ მოიძულე ტყუპისცალიმეთქი ანა?!_ მუჭი დაარტყა მაგიდას თემომ._ რას ხლართავდით კუდიანებო? რა გააკეთეთ? რა დამართეთ ლიკას?! ჭიქაც კედელს შეალეწა კაცმა. _ ლიკას, ლიკა რა შუაშია?_ დაიბნა ანა._ უბრალოდ ჩემმა დამ შენთან მიღალატა, გესმის? ის წამართვა, რაც ჩემი იყო! _ შენი იყო?_ გადაიხარხარა თემომ._ შენი იყო! საბასთან იგორავე, ბავშვი გაუკეთე და მე შემომასაღე არა? ნანამ იცოდა ეს ამბავი? ანა დუმდა და მახეში გაბმული თაგვივით აცეცებდა თვალებს. _ იცოდამეთქი?_ იღრიალა გაცოფებულმა კაცმა. _ არა! არ იცოდა!_ ამოიკნავლა ანამ._ მოვატყუე, რომ ერთად ვიყავით და ბავშვის გამო დამითმო შენი თავი! _ ვინ ხართ თქვენ? ვინ ხართ თქვენ დედას.....!_ თანაცხოვრების მანძილზე პირველად შეაგინა ცოლს თემომ._ მე თქვენი სათამაშო ვიყავი არა? სამივემ მიიღეთ რაც გსურდათ. მართალი იყო ლიკა,მართალი იყო და არ დავუჯერე! ამიტომ მოკალით? ამიტომ მოკალით არა?! ღრიალებდა შეშლილივით და რაც ხელში ხვდებოდა ყველაფერს ლეწავდა. შეშინებული ანა კედელზე აკრული ცახცახებდა. არასდროს უფიქრია ეს წამი თუ დაუდგებოდა. ამისთვის მზად არ იყო. _ ლიკასთვის არაფერი დამიშავებია, მაგი დედაშენს მოკითხე გესმის!_ხმისკანკალით ძლივს ამოთქვა ქალმა. _ დედაჩემს?_ ახლა კი მთლად გაგიჟდა თემო._ ქეთევანი რა შუაშია შე ალქაჯო? _ მოიცადე და გეტყვი, რა გგონია, ტყუილად დასთანხმდა ჩვენს ქორწინებას? მაცადე და განახებ, რატომაც დუმდა დედაშენი!_ კიბეებზე ასხლტა ანა. თემო მძიმე ნაბიჯებით აჰყვა ცოლს. _ ეს ქეთევანს ჰქონდა!_ უჯრიდან პატარა ნივთი ამოიღო და აკაკალებული ხელით გაუწოდა კაცს. მუჭი გაშალა და ვერცხლის კარგად ნაცნობმა კულონმა შემოანათა თემოს, პატარა ცელოფნის პარკში იდო ვერცხლის ბუმბული. კვლავ შავ , ტყავის შეწყვეტილ თოკზე აცმული და აშკარად ეტყობოდა სისხლიანი ლაქები. შვიდი წელი იყო ეს ნივთი მის გვერდით ინახებოდა, რამდენად ბრმა და სულელი იყო თემურ მათიაშვილი?! _ აააახ თქვენიიი!_ გიჟივით იღრიალა მართლაც სიგიჟის ზღვართან მისულმა კაცმა და მუშტის დარტყმით საძინებლის უზარმაზარი სარკე ერთიანად ჩამოლეწა. 5 მთელი ღამე ფიქრობდა თემო. მთელი ღამე თავიდან და თავიდან ატრიალებდა შვიდი წლის წინანდელ სამი აგვისტოს საშინელ ღამეს. ცდილობდა რამე ისეთი დეტალის გახსენებას, რაც მაშინ გამორჩა ან მნიშვნელოვნად არ მოეჩვენა. აუცილბლად იქნებოდა რაღაც, რაც ოდნავ მაინც მოფენდა ნათელს იმ წყეულ ამბავს. შვიდი წელი ბევრი დრო, რა თქმა უნდა, არაა, მაგალითად კარიერისთვის, ან ოჯახისთვის, მაგრამ ძალიან ბევრია დანაშაულისთვის. ბევრია ფაქტებისთვის, რომლთა გადავიწყებასაც წლები შეალიე. ცდილობდა თემო გაეხსებებინა, ეკეთა თუ არა სამკაული ლიკას მათი ჩხუბის მომენტში. ცდილობდა, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა. მთავარი ახლა ის იყო, რაც მაშინ არაფრით დაიჯერა თემომ, რომ იმ ღამეს, როცა ლიკა კარავში წავიდა დასაძინებლად, საკუთარ სიკვდილს შეხვდა. ტკივილმა და უძლურების ბოღმამ ყელში მოუჭირა. რომ ამდგარიყო და უკან გაჰყოლოდა გაბრაზებულ გოგონას, რა მოხდებოდა? რომ დაეჯერებინა მისთვის, რა მოხდებოდა? რამდენი შანსი ჰქონდა და როგორ ვერცერთი ვერ გამოიყენა! სწორი იყო ალიკა, ლიკას სიკვდილი მის კისერზე იყო. ტელეფონი აიღო და იმ ახალი გამომძიებლის ნომერი აკრიფა. _საღამო მშვიდობისა ბატონო ნიკოლოზ, თემურ მათიაშვილი გაწუხებთ, დიახ! თქვენთან შეხვედრა მსურს, თუ არის ამის შესაძლებლობა!_სთხოვა მტკიცე ხმით. დაინტერესებული გამომძიებლისგან სწრაფად მიიღო თანხმობა და იმავე საღამოს ერთ_ერთ მყუდრო ბარში დათქვეს არაფორმალური შეხვედრა. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და თითები მაგრად მოუჭირა ვერცხლის გულსაკიდს. შემდეგ ჯიბეში ჩაიდო და სახლიდან აჩქარებით გავიდა. ზედა კიბეზე იჯდა აბრეშუმის ძვირფას იაპონურ ხალათში გახვეული ანა. თავით ხის მოაჯირს ეყრდნობოდა და თვალები შიშით და უცნაური სიავით უელავდა. ხვდებოდა, რომ შვიდი წლის შემდეგ მაინც წამოეწია მეტოქის აჩრდილი. რომელიც მთელი ცხოვრება ისედაც გადაულახავ ბარიერად იწვა მასაა და თემოს შორის. ისეთი გრძნობა ჰქონდა ქალს, თითქოს არასდროს იყო ქმართან მარტო. თითქოს ლიკა სულ უკან დასდევდა და იმ წამს ელოდა, როცა ანას სადმე ფეხი დაუცდებოდა. ფიქრებმა წარსულში წაიღეს.... 2016 წლის 2 აგვისტო _კარგი გავაკეთებ, რასაც მთხოვ და მე რას მივიღებ სანაცვლოდ?_ საწოლზე გადაწვა ნანა. _ და მაინც არ იყო, თან ტყუპისცალი!_ ცხვირი აიბზუა ანამ._ რა გინდა? _ ერთი ღამე მასთან!_ ურცხვზე ურცხვი იყო დის პასუხი. გაოგნდა ანა. _ გაგიჟდი არა? ხომ იცი მიყვარს! ამას როგორ ამბობ?!_ ხელში შეაცივდა ის წითელი ტოპიც. _ გიყვარს?_ დამცინავად ახარხარდა ნანა._ გიყვარს არა? მაშინ არ გიყვარს საბასთან რომ გორაობ ხოლმე? _ ნანა, შენ რა.._ ანას სიტყვა დაუსრულებლადვე გააწყვეტინა ნანამ. _ გეხუმრები დაიკო! უბრალოდ გეხუმრები! _ ერთიც შენი იყოს, მეორეც და ღმერთმა ორივე სიკეთეში მოგახმაროს. მე აქ დარჩენას მაინც არ ვაპირებ, მითუმეტეს მაგ სულელების დევნას! მე შენგან განსხვავებით წინ მიმავალი გეგმები მაქვს!_ ფეხზე წამოდგა და უდარდელი სახით დატოვა საერთო ოთახი. გარეთ გასულს სახე შეეცვალა. ყალბი უდარდელობა ჩამოერეცხა და ზიზღი გამოესახა სახეზე. _ პრინცესას უფლისწულიც ნებავს და მათხოვარიც! _ ჩაეცინა_ მიიღებს კიდეც! ოღონდ დედოფლისგან ნახმარს და გატეხილს! 2016 წლის 3 აგვისტო ნანამ ანას მინიშნება უსიტყვიდ გაიგო. ყველას მიღებული ჰქონდა ალკოჰოლი, ქეთის და თაზოს ეძინათ. სწორედ რომ კარგი დრო იყო. ყურსასმენები მოიმიზეზა გოგონამ და კარვებისკენ გაემართა. თემოს კარავს უჩუმრად მიუახლოვდა და კოცონს გამოხედა. არავინ უყურებდა. ანას თავი თემოს კალთაში ჩაედო და იცინოდა. თითქოს ბედნიერიც კი იყო. მოუნდა ჩანაფიქრზე უარი ეთქვა. მაგრამ საბა გაახსენდა. კარგად იცოდა ანამ,რომ მის ტყუპისცალს საბა ძალიან იზიდავდა, მაგრამ არად ჩააგდო მისი სიმპატია. არადა ამბობდა, რომ თემო უყვარდა. კვლავ ზიზღით გახედა დას. არა აუცილებლად უნდა დაესაჯა, იმ ყველაფრისთვის, რასაც მთელი ცხოვრება ართმევდა! მშობლრბის სიყვარულიდან დაწყებული საბას სიყვარულით დამთავრებული. კარავი გახსნა და შეიხედა. ლიკას ტკბილად ეძინა. შეანჯღრია. _ ლიკაა!_ დაუძახა ხმადაბლა._ გაიღვიძე ლიკა! გოგონა შეიშმუშნა. _ ხოო, რა იყო?_ მძიმედ გაახილა ნამთვრალვი თვალები. _ ანა გელოდება გარეთ, შენთან საუბარი სურს!_ უთხრა ღიმილით. _ ანა? ა, ნანა შენ ხარ? _ წამოჯდა ლიკა._ მაგრამ მე არ მსურს მასთან საუბარი. _ რაღაც უნდა მოგიყვეს თემოზე, რაც შენ არ იცი და აუცილებლად უნდა იცოდე!_ ისევ კეთილად გაუღიმა ნანამ. _ კარგი, ჯანდაბას! სადაა შენი და!_ წამოიწია დაინტერესებული გულუბრყვილო ლიკა. _ იქ, დილით რომ ვიყავით, იმ დიდ ხესთან!_ უთხრა ნანამ და ლურჯი მოსაცმელი მზრუნველად მიაწოდა. _ გრილა გარეთ! გოგოები ერთად გამოძვრნენ კარვიდან. ლიკა მითითებული მიმართულებით წავიდა, თან ხელით ყელზე ვერცხლის ბუმბული მოისინჯა ინსტიქტურად. ცოტა ხანს იდგა ნანა და მიმავალს გაჰყურებდა. მოულოდნელად საკუთარი კარვიდან ჯერ ქეთევანი გამოვიდა, შემდეგ კი თაზოს დაეხმარა გამოსვლაში. ქეთევანი არ უყვარდა ნანას. რატომღაც სულ ანას ირჩევდა ქალი. თუმცა კი რის საფუძველზე აკეთებდა ამ არჩევანს იდენტურ ტყუპებში ძნელი სათქმელი იყო. ამიტომ მასთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ ჰქონდა. კარავი და სიბნელე ერთდროულად იფარა. მოულოდნელად, ჯერ ისევ მიმავალ ქალს რომ გაჰყურებდა ანაც მოვიდა. _ ის ქეთევანი იყო?_ ჰკითხა დას. ნანამ თავი დაუქნია. _ლიკა სადაა?_ ახლა კარავს გახედა ანამ. _ ვერ მოვასწარი მისი გამოტყუება, _ ურცხვად მოატყუა ანამ._მიდი ერთი წამით და ახლავე წავიყვან! ანამ თავი ხეების სიბნელეს შეაფარა. წამით ადროვა ნანამ. ნაბიჯების ხმა რომ მიწყდა, მხიარულად ჩაეცინა. _ ესეც ასე!_ ხელები მხიარულად შემოკრა ერთმანეთს და თავს თემოც წამოადგა დაბარებულივით. _ ნანა? რა იყო? გინდოდა რამე? _ არა არაფერი!_ შეცბა გოგონა და ისე გადაუდგა წინ, რომ უცაბედად სიბნელეში დედის ან ანასთვის არ მოეკრა თვალი. _ ლიკას ეძებ? გავივლიო წავიდა რამდენიმე წუთის წინ! ახლავე მოვა!_ სახელდახელოდ ისეთი უბრალო ტყუილი უთხრა, რომ თემოს ეჭვიც არ შეპარვია. და ერთი წამითაც კი არ უხსენებია ნანას ქეთი და თაზო, ან თავისი და. როცა თემო კარავში შევიდა ცოტა ხანს კიდევ იდგა ნანა და საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დაეჭვებული სინდისთან ომობდა, რომ საბამ მიიხმო ცეცხლთან. ხსნის ნიშნად მიიღო მისი ძახილი და მისკენ გაემართა. _ რაო რას უსმენ გოგონი?_ ჰკითხა საბამ ღიმილით. _ აი, გაუწოდა ერთი ცალი ყურსასმენი ნანამ, მაგრამ საბას ზედ არ შეუხედავს მისთვის. _ როგორ გგონია, რაზე იჩხუბეს დღეს ლიკამ და თემომ?_ ჰკითხა მოულოდნელად. ლიკას ხსენებამ გააოცა გოგონა. გაწვდილი ხელი უღონოდ ჩამოუშვა იმედგაცრუებულმა. _ აბა მე რა ვიცი, რაზე იჩხუბეს?!_ ჩაილაპარაკა წყენით. _ ხომ ილაპარაკეთ მდინარესთან?_ გამოხდა საბამ დაეჭვებით. _ ვილაპარაკეთ?_ დაიბნა ნანა. მთელი დღე არ გაკარებია ლიკას. ვერ უგებდა ამ გოგოს. ისეთი უბრალო და ნაცრისფერი იყო, მით უფრო უხასიათო. _ ასე ძალან რატომ ჰგავხართ ერთმანეთს?!_ მისკენ მოიწია საბა. _ იქნებ ახლაც ანა ხარ და თავს ნანად მაჩვენებ? ჰა, რას იტყვი, შენ ხომ გიყვარს გარყვნილი ფანტაზიებით თამაში?_ ამის მოსმენამ შეზარა ნანა. ნუთუ საბასთან ნანას თამაშობდა მისუვე საკუთარი ტყუპისცალი?! ფეხზე ზიზღის გრძნობით ადგა. _ ძალიან მცივა, _ მოიმიზეზა და კარავში დაბრუნდა. საბას დასანახად თავის კარავში შეძვრა, ცოტა ხანს აცადა და მერე ანას წითელ გამომწვევ ტოპში გამოწყობილი თემოს კარავს ეწვია უჩუმრად. 2023 წლის 25 ოქტომბერი ცოტა ხანს ორჭოფობდა თემო. ახსნდებოდა ჯერ კიდევ დილით რომ ჰკითხა დედამისს, რამე თუ გაქვს სათქმელიო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ქეთევანმა ურცხვად მოატყუა შვილი. წამწამიც კი არ შერხევია ამ ტყუილისგან. ნეტავ დაჩიზე თუ იცოდა სიმართლე. არა, შეუძლებელია რამე სცოდნოდა, მას მართლა გულწრფელად უყვარდა ბავშვი. ახლა საბა გაახსენდა. უახლიესი ძმაკაცი, ნათლიმამა და ხსნად მოვლენილი გასაჭირისას. ახლა რა გამოდიოდა? ასე როგორ მოექცა? რატომ? რა მიზეზით? რაში დასჭირდა ყალბი ალიბის მიცემა მისთვის, იქნებ ამ საქციელით თემოს კი არა საკუთარ თავს მისცა ალიბი?! _ მოღალატე ნაბი...ვარი!_ ხელი დასცხო საჭეს. შანსი არ იყო ანას საბასთვის ასეთი ამბავი დაემალა! ნუთუ ყველაფერში მართალი იყო ლიკა? საკუთარი თავი შეზიზღდა. ამიტომ აღარ ადარდებდა, რა მოხდებოდა ამ ნაბიჯის შემდეგ. ამიტომ მიდიოდა ახლა გამომძიებლის სანახავად. დრო იყო ყველა საიდუმლოს ფარდა ახდოდა. თუ დამნაშავე იყო, დედამისსაც არ შეიბრალებდა. თავს აღარ გრძნობდა ვინმეს წინაშე ვალდებულად. ამასობაში, როცა თემო ნიკოლოზ ჩივაძეს ესაუბრებოდა მყუდრო ბარში და სიახლეებს დეტალურად უყვებოდა, ანა ბარგს ალაგებდა თან სპიკერზე საკუთარ ტყუპისცალს ურეკავდა, აი უკვე შვიდი წლის შემდეგ, პირველად. _ გისმენ!_ არანაირ ინტერესს, ან ემოციას არ ამჟღავნებდა ნანას ხმა. _ თემომ ყველაფერი გაიგო! გესმის? ახლა კი გამომძიებლის სანახავად მიდის _ მიახალა დას. _ მერე?_ წარბი აწია ნანამ. _ მერე ის, რომ სულ ცოტა სიმართლის შეუტყობინებლობაში, ფაქტების დამახინჯებაში და სამხილების გაქრობაში დაგვდებენ ბრალს. გაემზადე, შენთან მოვდივართ მე და დაჩი!_ ნანას არაფერი უთქვამს. მხოლოდ თავი დაუქნია დას. არსებობს ისტორიები, რომელთა დავიწყებაც ყველაფერს გვირჩევნია. რადგან წარსულში მომხდარი ეს ამბები დღევანდელობაში გვირევენ დაწყობილ და ასე თუ ისე საიმედოდ დალაგებულ, ვიღაცის თვალში ხიჭვად გაჩხერილ ცხოვრებას, რომელიც მხოლოდ გარეგნულად ბრჭყვიალებს. მხოლოდ სოც.სივრცეში ციმციმებს, მაგრამ შინაგანად ერთი დამპალი ჭაობია მხოლოდ და მეტი არაფერი. სწორედ ასეთი იყო ანას ერთი შეხედვით ლამაზი ცხოვრებაც, სულიერად ცარიელი ქალის მარტივი ბედნიერება, ის რაც მის დაქალებს შურდათ, ბიზნესი, სტატუსი, სიმპატიური ქმარი, რომელიც საჩუქრებით ავსებდა, განა რა იყო დაუჯერებელი? ანა ხომ ხშირად პოსტავდა ამაზე საკუთარ გვერდზე. მოდური მანქანა, სახლი ცნობილ უბანში. სადღაც უკანა ფონზე ვაჟი, გვარის გამგრძელებელი დედამთილ_მამამთილის გასახარად. ხალხისთვის თავის მოსაწონებლად და სიტყვის სათქმელად ნაყიდი დიპლომი. თუმცა თემისთვის ეს ყვეალაფერი უბრალოდ ფარსი იყო. რომელსაც შვილის ხათრით იტანდა. ახლა კი გამოდის შვილი იყო სწორედ ყველაზე დიდი ფარსი და ტყუილი. ბარი მოათვალიერა. კუათხის მაგიდიდან უცნობმა, მკაცრი სახის, სიმპატიურმა კაცმა ხელი აუწია. თემო პირდაპირ მისი მაგიდისკენ გაემართა. _ბატონი ნიკოლოზი, ხომ?_ ჰკითხა მისალმების ნაცვლად.უცნობმა ჯერ თავი დაუქნია, დაჯდომა შესთავაზა და მხოლოდ ამის შემდეგ მიესალმა. _ გამარჯობა ბატონო თემურ! _ გამარჯობა!_ ამოიოხრასავით თემომ. _ სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა თავად რომ გამოიჩინეთ ინიციატივა!_ ორაზროვანი იყო გამომძიებლის ნათქვამი. _ დღეს რაღაც მოხდა, რაღაც ისეთი, რამაც ჩემში ყველაფერი ყირაზე დააყენა!_ ნიკოლოზის უკან კედელს მისჩერებოდა თემო და ჯიბეში, პარკში ჩადებულ ლიკასეულ სამკაულს ხელს უჭერდა. _ რა მოხდა ასეთი ბატონო თემურ?_ ინტერესით და მოთმინებით ჰკითხა ნიკოლოზმა. _ აი ეს!_ გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო თემურმა და პარკი მაგიდაზე დადო. შემდეგ თითით გამომძიებლისკენ გააცურა. ნიკოლოზმა ნივთი აიღო და დააკვირდა. _ ეს რა არის? _ ეს ლიკას ვაჩუქე, წლების წინ! ძალიან უყვარდა , არასდროს იხსნიდა, _ წამით გაჩუმდა და თვალი ნიკას გაუსწორა. _ იმ დღესაც ეკეთა! განერვიულდა, თითები მაგიდაზე ააკაკუნა. გამომძიებელი არაფერს ეკითხებოდა, უცდიდა, რომ მთლიანად დაცლილიყო სათქმელისგან, გამჭოლ მზერას არ აცილებდა. _ იცით სად იყო მთელი ეს წლები?_ ხელები მომუჭა გამწარებულმა. _ ჩემს სახლში, უფრო ზუსტად კი ჩემს საძინებელში, კარადის უჯრაში ინახებოდა. იმ საღამოს ბევრი ისაუბრეს თემომ და ნიკოლოზმა. ძალიან ბევრი. _ სხვა გზა არ არის, აუცილებელია ამ ყველაფერს ჩვენების ფორმა ჰქონდეს! ხომ გესმით არა?_ მტკიცე და მომთხოვნი ხმა ჰქონდა ნიკოლოზს. თემომ თავი დაუქნია. _ თუ შეიძლება კავშირზე იყავით და ქალაქი გაფრთხილების გარეშე არ დატოვოთ!_ ბოლო რჩევა მისცა ნიკოლოზმა თემოს. ზუსტად დამშვიდობების წინ დაურეკა ქეთევანმა შვილს _ შვილო სადა ხარ?_ აღელვებული ხმა ჰქონდა ქალს. _ რა ხდება?_ ჰკითხა უინტერესოდ თემომ. _ ანა მოვარდა შეშლილი სახით , დაჩის ხელი დაავლო და წაიყვანა. მანქანაში ჩემოდნები ეწყო, რამე მოხდა თქვენს შორის?_ აშკარად ნერვიულობდა ქეთევანი. კიდევ ერთხელ დარწმუნდა თემური, რომ დედამისმა ბავშვზე არაფერი იცოდა. _ რა მოხდა?_ დაინტერესდა ნიკოლოზიც, როცა თემოს სახეზე შეშფოთება შეამჩნია. _ ვფიქრობ ანა გაქცევას ცდილობს!_ გამშრალი სახით გადახედა თემომ. _ რატომ? ნუთუ ისაა დამნაშავე? დავიჯერო ლიკას ამბავში ხელი ურევია?_ ისევ სკამზე დაეშვა თემო. იმის გაცნობიერებამ, რომ შეაძლო იყო ლიკა ანას მოეკლა ძალა გამოაცალა. ნიკოლოზმა ტელეფონი ამოიღო და სასწრაფოდ გადარეკა სადღაც. ცოტა ხანი ისაუბრა და ისევ თემოსთან დაბრუნდა. _ხვალ აუცილებლად გელოდებით განყოფილებაში, ამის გადადება აღარ შეიძლება!_ უთხრა და დაემშვიდობა. ახალი ნივთმტკიცებაც თან წაიღო. 2023 წლის 26 ოქტომბერს დილა ახალი სასწრაფო ამბებით დაიწყო: _ დღეს აეროპორტში დააკავეს, ბიზნესმენ თემურ მათიაშვილის მეუღლე ანა წილოსანი. რომელიც არასრულწლოვან ვაჟთან ერთად ცდილობდა თურქეთის მიმართულებით გაფრენას. დაკავების მუზეზი უცნობია. მაგრამ, როგორც ჩვენმა გუნდა მოიპოვა ინფორმაცია, რამდენიმე ხნის უკან ნაპოვნი იქნა ქალის ცხედარი, რომლის მკვლელობის საქმეში შვიდი წლის წინ მოწმის სტატუსით იკითხებოდა ქალბატონი ანა წილისანი და მისი მთელი ოჯახიც_ ძალიან აღშფოთებულიი, თუმცა ყალბად მგრძნობიარე სახით ამცნობდა ახალგაზრდა ჟურნალისტი გოგონა საქართველოს დილის ცხელ_ცხელ ამბებს. 6 2016 წლის 3 აგვისტო _ თაზო ცოტა დროზე მოითავე შვილო!_ გასძახა ბუჩქებში შემალულ შვილს ქეთიმ._ ტყეა მაინც და ღამეა! ბნელი ტყე აშინებდა ქალს. თავს არაკომფორტულად გრძნობდა. კარავში სწრაფად დაბრუნება სურდა, თითქოს კარვის ფარატინა ნაჭრის კედლები ღამეული საფრთხისგან დაიცავდნენ. ტყის სიღმეში ჩქარი ნაბიჯების ხმა მოესმა ქალს. თითქოს დათვი მიალაჯებდა. იმდენად ცხადად და ახლოს გაიგონა, რომ შეკრთა. აღარ დალოდებია თაზო თავისით როდის მორჩებოდა საქმეს, ბუჩქებში შეძვრა , ვაჟს ხელი დაავლო და წინააღმდეგობის მიუხედავად ბანაკისკენ ძალით წაათრია. ფანარით ინათებდა თაზო გზას. ჩააქრობდა და აანთებდა, თან დედას მორჩილად მისდევდა უკან მოულოდნელად ფანრის სინათლემ რაღაც საგანი აირეკლა. თაზო გაჩერდა, ინტერესით დააჩერდა ნივთს. მერე თითქოს სახე გაუნათდა და ნაპოვნი ნივთი აიღო და ჯიბეში უსიტყვოდ ჩაიჩურთა. _ გამოადგი ფეხი თაზო!_ გამოსძახა ქეთიმ და ის_ის იყო შვილისკენ მობრუნდა, რომ ანას გადააწყდა. უცნაურად იყო გოგონა გაფითრებული. მთვარის სინათლეზეც კი მოჩანდა მისი გაფართოებული თვალები. ხელები სპორტულის ჯიბეებში ჩაეწყო და თავადაც გულდაგულ გახვეულიყო შიგ. _ ანა?_ დაეჭვებით იკითხა ქეთიმ. მასაც , როგორც სხვებს, ხშირად ერეოდა გოგოები ერთმანეთში. _ აქ რას აკეთებ?_ ისე იკითხა, თითქოს ცხადი არ იყო ანას აქ ყოფნის მიზეზი. _ მარტო ნუ ივლი შვილო! ტყეა, საშიშია, რაც არ უნდა იყოს!_ ხმა არ გაუცია გოგონას. მხოლოდ თავი დაუქნია და რაღაცნაირად ძალით გაუღიმა. _ თაზო მოდი, რაღას უცდი, მოდი!_ჩვეულად აუჩქარებლად მოვიდა თაზო. უკმაყოფილოდ გადააქნია თავი ქეთევანმა. _ კარგი ჩვენ წავალთ, შენ კი დიდხანს არ დარჩე აქ მარტო!_ მკლავზე ხელი დაადო ქეთიმ ანას და კარვისკენ წასულ თაზოს აედევნა. როცა კარავში შეძვრნენ და საძილე ტომარაში ჩაწვნენ. ხელი ჩვეულად ლოყის ქვეშ ამოიდო ქალმა. მაგრამ უცნაური ჟანგის სუნი ეცა. თითები გაამოძრავა და თითქოს რაღაც ბლანტი მოეცხო. _ რა ჯანდაბაა?_ წამოჯდა ქალი და შვილის ჯიბის ფანარი დაინათა გაშლილ ხელისგულზე. გაოცდა, აშკარად სისხლით ჰქონდა ხელი დასვრილი. ცოტა ხანს დააკვირდა, დაყნოსა კიდეც. ვერაფრით მიხვდა, საიდან დაესვარა ხელი. _ არა ნამდვილად სისხლია?!_ ჩაილაპარაკა გაოცებულმა, მაგრამ შემდეგ მაინც იფიქრა, რაღაც სხვა რამეაო და სველი სალფეთქით გულდაგულ გაიწმინდა თითები. ფანარი გამორთო და მშვიდად მიწვა. დაახლოებით იმ დროს ანამ სირბილით გაუარა საბას და პირდაპირ ცივ წყალში ჩამოიბანა ლიკას სისხლით დასვრილი მკლავები. გული გამალებით უცემდა, დამშვიდებას ვერ ახერხებდა. რამდენჯერმე გულმა თემოსკენ გაუწია, იქნებ ყველაფერი უნდა მოეყოლა? იქნებ რამის გაკეთება შეიძლებოდა? გადადგა კიდეც რამდენიმე ნაბიჯი მისი კარვისკენ. ვერა ვერაფრით აჯობა საკუთარი გულის სიშავეს. იქნება ასეც ჯობდა? იქნებ ასეთი დასასრული კარმა იყო? სასაცილო იყო პირდაპირ, რომ ანა კარმაზე ფიქრს ბედავდა. სწორედ ეს კარმა წამოეწია შვიდი წლის შემდეგ, თან სწორედ მაშინ, როცა იფიქრა, რომ ყველაფერი სწორედ ისე აეწყო, როგორც თავად სურდა. იმ საღამოს ანამ არ გააკეთა ის, რაც მისი ადამიანური ვალდებულება იყო. არ გააკეთა რადგან, საკუთარი ამბიციები და სურვილები უპირატესი იყო მისთვის. მაგრამ არც იმდენზე ეყო სიმამაცე და გამბედაობა, რომ ნაფიქრი ბოლომდე მიეყვანა. და ის ღამე საბას მკლავებში გაატარა, როგორც ყველა ის ღამე, როდესაც მარტოობა სტანჯავდა და თემოს გამო გული სტკიოდა. 2016 წლის 3 აგვისტო. რამდენიმე საათით უფრო ადრე. ლიკა გადაშლილ წიგნს ჰგავდა. ემოციების წაკითხვა მის სახეზე იმაზე ადვილი იყო, ვიდრე თავად ლიკას წარმოედგინა. რაც არ უნდა ნდომებოდა, რომ ანას არ შეემჩნია მისი უხასიათობა, მაინც არაფერი გამოუვიდოდა. შორიდან ზვერავდა ანა სამიზნეს. მის ყველა მიმიკას უთვალთვალებდა. დაინახა, როგორ გამოვიდა კარვიდან და კოცონის ასანთებად გამზადებული ფიჩხის გვერდით ჩამოჯდა მოწყენილი. ადგა და მიუახლოვდა, ლიკამ მაშინვე ჩამოიფარა მკლავზე ლურჯი დათბილული მოსაცმელი. ჩაეციანა ანას მაინც მოასწრო და თვალი შეავლო მის ჭრილობას. რა უნდა მოსვლოდა გოგონა, ამაზე არც დაფიქრებულა, მთავარი იყო, რომ მის მეტოქეს რაღაც სტკიოდა. ესეც ჰყოფნიდა, რომ სიხარული განეცადა. გვერდით მიუჯდა კაცმა, არ იცის მერამდენდ გაითამაშა ტყუპისცალის როლი. მოშხამა და მოწამლა გულუბრყვილო გოგონას გული. თუმცა მთლად ტყუილიც არ უთქვამს. თავისი პირველი კოცნა მართლაც თემოს აჩუქა ანამ. ეს იყო ძალიან ადრე, სანამ გული ასე გაუშავდებოდა, სანამ ასე გაირყვნებოდა და გაავდებოდა. ისიც მართალი უთხრა, რომ მისმა გამოჩენამ თავდაყირა დააყენა მათი ოჯახების შორსმიმავალი გეგმები, მაგრამ თემოს მისდამი საპასუხო გრძნობებზე კი ნამდვილად ტყუილს ამბობდა. არასდროს, იმ ბავშვური კოცნის შემდეგ, თემო ანას აღარ გაკარებია. და ეს ძალიან კარგად იცოდა ანამ. თვალი შეავლო ლიკას გულსაკიდს და გამწარდა. სწორედ მასთან ერთად იყო თემო ამ გულსაკიდის საყიდლად. ის დღე გაახსნდა ანას. სამკაულს ერთად არჩევდნენ. _ ძალიან ძვირფას ადამიანს უნდა ვაჩუქოო!_ უთხრა მაშინ თემომ ანას. _ დამეხმარე, ძალიან მინდა მოეწონოს და არასდროს მოიხსნასო!_ ორ დღეში ანას დაბადების დღე დგებოდა. გული გაუნათდა ანას. თავლები სიხარულით აევსო. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა თემოს ცხოვრებაში სხვა ქალის არსებობის შესახებ. და საკუთარი თავი ძალიანაც სამართლიანად მიაჩნდა ბიჭის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანად. დიდად არ მოსწონებია ეს უცნაური ბუმბული, დანახვისწამიდან რომ აიკვიატა თემომ, მაგრამ განა ახლა ამას აზრი ჰქონდა?! _ ასეთი ნაზი და სპეტაკია ჩემი გულის ადამიანიო!_ რომ უთხრა თემომ, სარკისკენ გაექცა გოგონას თვალი. სწორედ ასეთად მიიჩნია საკუთარი თავი. _ორ დღეში,სწორედ ჩვენს დაბადების დღეზე თემო ხელს მთხოვს!_ ახარა საღამოს ნანას. და არა მარტო ნანას. მშობლებსაც მოუყვა და ისეთი სამზადისი დაიჭრა, ქორწილს რომ შეეფერებოდა. და სწორედ იმ მეცხრამეტე დაბადების დღეზე გამოეცხადა თემო ოჯახს და მეგობრებს, პატარა, ჰაეროვან და მართლაც სპეტაკ გოგონასთან ხელჩაჭდობილი. და ყველას თავის საცოლედ გააცნო ის. კაცმა არ იცის რად დაუჯდა მაშინ ანას თავის შეკავება. თვალი გაუშტერდა გოგონას მკერდზე დაკონწიალებული გულსაკიდისკენ და პირველად მაშინ ინატრა მისი სიკვდილი. სწორედ იმ დღეს გაატარა პირველი ღამე საბასთან ანამ. სწორედ იმ ღამეს გადააბიჯა საკუთარ დას და მისი აცრემლებული თვალების საპასუხოდ ავად გაიღიმა. _ რა გგონია, ვერ დავინახე, როგორ გაგეცინა თემომ ის გომბიო რომ მოათრია დღესო!_ შეცბა ნანა. რადგან ფაქტობრივად სიმართლე უთხრა ტყუპისცალმა. ვერ იტყოდა უარს იმაზე, რომ მუდამ უპირატესი დის ტკივილი და დამცირება სადღაც გულში მაინც ესიამოვნა. ახლაც სწორედ ამ გულსაკიდს უყურებდა ანა და სურვილს ძლივს იკავებდა, რომ ყელიდან არ ჩამოეგლიჯა. თუმცა, სისწრაფით ქვეყანა არავის მოუჭამიაო!_ გაიფიქრა ბოლოს და საღამოს დაელოდა. _შურისძიება ხომ ის კერძია, ცივად რომ უნდა მიირთვაო!_ ჩაისისინა და ლიკას გაეცალა. ვერაფრით მოისვენა ქეთიმ. მიუხედავად იმისა, რომ ხელი კარგად გაიწმინდა მაინც ელანდებოდა სისხლის ჟანგის სურნელი. ძალიან კი ეზარებოდა, მაგრამ მაინც წამოდგა. იფიქრა მდინარესთან ხელებს გადაიბანდა. ის იყო კარვის კალთა ოდნავ შეხსნა, რომ რაკეტასავით ჩამოუქროლა ანამ. პირდაპირ წყალთან მივიდა , გაოცდა ქალი, გოგონა საბასიც არ მორიდებია, იქვე გაშიშვლდა და ცივ წყალში შედგაფუნდა. მოვლენების განვითარებას შორიდან აკვირდებოდა ქეთევანი. ცოტა ხანს გულდაგულ იხეხა გოგომ მკლავები. შემდეგ საბა მიუახლოვდა ნაპირს. რაღაც უთხრა ანას. სიტყვები არ გაუგია ქეთის. შემდეგ ანა წყლიდან ამოვიდა და მისდა გასაკვირად საბას ჩამოეკიდა კისერზე. გაოგნდა ქალი. გაშრა. თითქოს ეს არ იყო საკმარისი, რომ საბამ გოგონა ხელში აიყვანა და კარავში შეიყვანა. ტომარას დაუბრუნდა ქეთევანი. ცოტა ხანს ასე გაშეშებული იჯდა. _ იქნებ ნანა იყო?_ ჩაილაპარაკა გაოგნებულმა. _ არა, ნამდვილად ნანა იქნებოდა! ჩაილაპარაკა თავისთვის. ბორგავდა და ვერაფრით ისვენებდა ქალი. _ არა მას ბავშვობიდან უყვარს თემო! ამას არ იზამდა!_ ცდილობდა თავის დარწმუნებას, მაგრამ ეჭვებს ვერაფერს უხერხებდა. ბოლოს მობეზრდა ეს უაზრო ტრიალი და კარვიდან გამოვიდა. პირდაპირ მდინარისკენ წავიდა. თითქოს იქ იპოვნიდა კითხვებზე პასუხებს. თითქოს იგრძნო, რომ დედა გვერდით აღარ ეწვა თაზომ, შეიღვიძა და როცა დარწმუნდა ქალი კარავში არ იყო, თავადაც გამოძვრა. დედის საძებნელად ერთხელ უკვე გავლილ გაზას ინსტიქტურად დაადგა. და როგორც უკვე ვიცით, ლიკას წააწყდა. თავის ჭკუით ფანარი სპორტულში გაუცვალა და სულაც არ უფიქრია, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა გოგონას თავს. მხოლოდ იმან გააოცა, რომ საბამ ლიკა მხარზე მოიგდო და ტყეში წაიღო. ასოციაციურად გაახსენდა მგლისა და კრავის იგავი, დედა რომ უყვებოდა ხოლმე. და მის გონებაში ეს კადრი ისე აღიბეჭდა, როგორც იმ ზღაპარში იყო, მგელი უცოდველ კრავს ტყეში რომ მიარბენინებდა შესაჭმელად. თუმცა მისი გონება ხომ ისე არ იყო მოწყობილი, როგორც დანარჩენების. იმიტომაც არაფერი უთქვამს ამაზე, თანაც მისთვის არც არავის უკითხავს არაფერი. ის ხომ მნიშვნელოვანი არ იყო. სწორედ თემოს კარვიდან გამომავალ ნანას წააწყდა ქეთი იმ ღამეს. ისიც დაინახა, როგორ შეძვრა თაზო ძმასთან. _ ანა?_ რატომღაც გაუხარდა, რომ წეღანდელ ამბავში მისი ფავორიტი ტყუპი არ მონაწილეობდა. _ აქ რას აკეთებ ანა?_ ჰკითხა ეშმაკური ღიმილით და მისი საყვარელი ტოპი შეათვალიერა. ნანას კი გულზე მოეშვა, რომ ქეთიმ ვერ იცნო და წამითაც კი არ უფიქრია, სიმართლე ეთქვა. ქალს მანაც საპასუხოდ გაუღიმა და ვითომ ძალიან დამორცხვებული გაიქცა საკუთარი კარვისკენ. ქეთიმ კარავი გახსნა და მძინარე შვილებს სიყვარულით დახედა. პლედი გადახდოდა თაზოს. ქალმა მზრუნველად ამოუგო საბანი შვილს და მის ხელში დაბღუჯული ნივთი ინტერესით გამოაცალა. კარავში დაბრუნებულმა კი როცა ფანრის შუქზე შეათვალიერა, კივილი ძლივს შეიკავა. ლიკას სამკაული იყო, სწორედ ის თემომ რომ აჩუქა, მხოლოდ სისხლიანი და გაზინზლული. გული შეუკრთა ქალს. როგორ, რანაირად მოხვდა ეს ოხერი სამკაული თაზოს ხელში? მაშინვე იაზრა ქეთევანმა , რომ ეს ნივთი უნდა დაემალა. და იმასაც კარგად მიხვდა, რომ ლიკას თავს რაღაც უბედურება ხდებოდა, რადგან არც თემოს კარავში იყო, არც მდინარესთან, არც კოცონთან. მაგრამ როგორც დედამ გაჩუმება ამჯობინა, რადგან სისხლის კვალი კარგს არაფერს მოასწავებდა და სულაც არ სურდა, ამ ამბავში მისი შვილები ყოფილიყვნენ გარეულები. დილით ხომ კარგად დაინახა, როგორ უთვალთვალებდა თაზო ლიკას. ვაითუ ეს უწყინარი თვალთვალი უფრო მეტში გადაიზარდა?! სწორედ ამ შიშის გამო სამკაული პატარა პარკში გამოახვია და საკუთარ ხელჩანთაში გადამალა. დილით კი როცა ბანაკში ლიკა მოინაკლისეს, ქეთიმ უკვე ძალიან კარგად იცოდა, რომ გოგონას დაბრუნება აღარ ეწერა. 2023 წლის 27 ოქტომბერი დაკითხვები აქტიურად მიმდინარეობდა. გამომძიებელი ჩივაძე თავს არ ზოგავდა. ერთი შეხედვით ადვილი საქმე, მოულოდნელად ძალიან გართულდა. ხვდებოდა ნიკოლოზი, რომ ყოველ მათგანს ჰქონდა საკუათარი პატარა საიდუმლო, რომელზე საუბარსაც ყველა თავს არიდებდა. ანას ოჯახმა საუკეთესო ადვოკატი დაიქირავა და სადაც იყო, სამხილების უქონლობის გამო, ქალი თავს დაააღწევდა მართლმსაჯულებას. _ ქალბატონო ანა გვიამბეთ რა მოხდა 2016 წლის 3 აგვისტოს!_ დაკითხვის ოთახში უსიამო აურა იყო გამეფებული. ანამ ადვოკატის გარეშე საუბარზე უარი განაცხადა და სხვა გზა არ იყო, ჩივაძე ასე უნდა ცდილიყო მის ალაპარაკებას. _ ტყუილებს აზრი არ აქვს, რადგან დეენემის ტესტის პასუხიც მალე მოვა! თქვენ არ ყოფილხართ იმ ღამეს თეიმურაზ მათიაშვილის კარავში!_ შეუვალი ხმა ჰქონდა ნიკოლოზს.ანას გაეცინა. _ და ეგ დანაშაულია? დიახაც არ ვყოფილვარ!_ ფეხიფეხზეგადადებული ქალი ქედს არ იხრიდა. _ ეს თქვენი ტყუპისცალი და იყო, ხომ მართალი ვარ!_ ანამ თავი დაუქნია გოროზად. _ და თქვენ სად იყავით იმ ღამეს?_ კითხვა შეუტრიალა ჩივაძემ. _ მე? მე როგორც უკვე მოგახსენათ ჩემმა ძვირფასმა ქმარმა, საბასთან გავატარე ის ღამე!_ ანამ არ იცოდა, რომ იმ დილით ქეთევანიც დაიკითხა. ამიტომ იყო, რომ ფიქრი არაფრის ჰქონდა. _ თვითმხილველის თქმით, თქვენ იმ ღამეს სისხლით დასვრილი გნახათ!_ თვალი თავლში გაუყარა ნიკოლოზმა ქალს.ანა შეკრთა. _ ქეთიმ გითხრათ არა? მაგ ენაგრძელმა ქალმა, ვერ ისწავლა ჭკუა მაინც! _ კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ადვოკატი ფრთხილად შეეხო ხელზე და გაჩუმება აიძულა. თვალები ავად დააკვესა ქალმა. _ იქნებ ის მაინც გვითხრათ, ეს ნივთი საიდან აღმოჩნდა თქვენთან! ეს დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულებაა !_ მაგიდაზე დადო ნიკოლოზმა სპეციალურ დალუქულ გამჭვირვალე კონვერტში ჩადებული ვერცხლის ბუმბული. _ ანალიზმა აჩვენა, რომ მასზე შემხმარი სისხლის ლაქები გარდაცვლილს ეკუთვნის!_ თითი დააკაკუნა ჩივაძემ მაგიდაზე. მოულოდნელად მისკენ გადაიხარა ანა და თვალბის მოწკურვით ჰკითხა. _ ის თუ გითხრათ ქალბატონმა ქეთევანმა, ვის უპოვნა ეს სამკაული?_ ჩაეცინა, ესეიგი ქეთევანი მის ჩაძირვას ცდილობდა? კარგი! მაშინ უნდა გამზადებულიყო, რადგან ანა მის თან გაყოლებასაც აპირებდა. _ ეს სამკაული მის ვაჟს ჰქონდა! იმ გიჟს! ფუ, როგორ მეზიზღებოდა ყოველთვის, მისი ეს მოცრეხილი სიარულის მანერა, მისი ინტერესიანი, საძაგელი თვალები. დამნაშავეს თუ ეძებთ, თამაზ მათიაშვილიდან დაიწყეთ ძებნა! გამიგია, რომ გიჟები სულ სექსუალურად არიან აღგზნებულენი. ჰმ! ძმებს საერთო გატაცება ჰქონდათ არა?!_ გადაიხარხარა ქალმა. _ წარმოგიდგენიათ? იმ გიჟსაც კი მოსწონდა ის არარაობა! მე თავად წავასწარი იმ დღეს იქ მდნარესთან, როგორ უთვალთვალებდა და ხელი შარვლის უბეში ჰქონდა ჩაყოფილი! ფუუ!_ მისმა ნათქვამმა გააოცა ნიკოლოზი, ისეთი ზიზღით საუბრობდა ანა თაზოზე, შანსი არ იყო ტყუილი ეთქვა. დაკითხვის შემდეგ ძველი დაკითხვის ოქმებს გადახედა და აღმოაჩინა, რომ შვიდი წლის წინ თაზოს არავინ გასაუბრებია, რადგან უნარშეზღუდულად იყო მიჩნეული. თუმცა უნარშეზღუდულობა უსაფრთხოს ნამდვილად არ ნიშნავდა. ამიტომ ნიკოლოზ ჩივაძემ გადაწყვიტა აუცილებლად მოენახულებინა თამაზ მათიაშვილი. 7 2023 წლის 29 ოქტომბერი _ გამარჯობა თამაზ!_ ნიკოლოზ ჩივაძე ინტერესით ათვალიერებდა 22 წლის ბავშვს. ბიჭი არანაკლები ინტერესით დაატარებდა თვალებს პირქუში ოთახის კედლებზე. _ არ მომწონს აქ!_ თქვა ბოლოს მისალმების პასუხად. ჩივაძემ მისთვის დანიშნულ სპეციალურ დამხმარეს და ადვოკატს გახედა. _ თავს ცუდად გრძნობ თაზო? შემიძლია რამით დაგეხმარო?_ თემურს შეეძლო დაკითხვის ამგვარი ფორმა თავიდან აერიდებინა საკუთარი ძმისთვის, მაგრამ არ გააკეთა ეს. თუ თაზომ რამე იცოდა, დრო იყო ყველაფერი ეთქვა. _ დავხატო შეიძლება?_ ისევ ასისტენტს გახედა ნიკამ. _ ხატვა ამშვიდებს და კონცენტრაციაში ეხმარება!_ აუხსნა მან. სასწრაფოდ მოუტანეს ბიჭს ფანქრები და ქაღალდი. თაზომ ხატვა დაიწყო. თითქოს იქაურობას სულ მოსწყდა. გულში ხელიც კი ჩაიქნია ნიკოლოზმა. ალბათ ამ ბიჭისგან რამის გაგება, ეს საერთოდ თუ იყო შესაძლებელი, ძალიან გაჭირდებოდა. _ თაზო გახსოვს ლიკა? გახსოვს ის დღე ჩანჩქერზე რომ წაგიყვანა ძმამ?_ ჰკითხა ისევ უიმედოდ. თაზო დუმდა და გატაცებით ხატავდა. _თაზო შეგიძლია რამე გაიხსენო იმ დღიდან?_ ხან აქედან მოურა ჩივაძემ, ხან იქიდან, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. და სწორედ მაშინ როცა იმედდაკარგული წამოიწია სკამიდან თვალში მოხვდა მისი უცნაური ნახატი. ჩანჩქერის წინ პატარა ტბორში ლამაზი გოგონა იდგა, ხოლო ჩანჩქერის სიღრმიდან ანთებული წითელი თვალები ავად მოსჩერებოდნენ. _ ეს ვინ არის თაზო?_ თითი გოგონას დაადო ნიკოლოზმა. _ ლიკაა, რა თქმა უნდა!_ თბილად გაიღიმა თაზომ. _ ეს ვინღაა?_ ახლა წითელ თვალებს დაადო თითი გამომძიებელმა. გუმანმა უგრძნო ეს ნახატზე მეტი რამ იყო. ცოტა ხანს დუმდა ბიჭი, მერე კი ლექსის სტროფი წაიმღერა. _ უთხრა და ზურგზე მოიგდო ტყეში წაიღო საწყალი. დიდ მგელთან პატარა ბატკანს როდის გასვლია მართალი!_ ადგილზე გაიყინა ჩივაძე. ნელა დაეშვა სკამზე. _ შენ გინდა მითხრა, რომ მგელი დაინახე?_ რაც შეეძლო მშვიდად ჰკითხა ბიჭს. თაზომ თავი დაუქნია. _ თაზო მითხარი იცი ვინაა მგელი?_ ბიჭმა ისევ თავი დაიქნია და წარმბი შეჭმუხნა. _რა ჰქვია მგელს თაზო?_ სიტყვები ძალიათ უნდა ამოეწუწკნა მისთვის ჩივაძეს პირიდან, მაგრამ ამას არაუშავდა, მთავარი იყო ეთქვა. _ საბა!_ ამოხედა თაზომ და უცნაურად გაუღიმა გამომძიებელს. _ ბატონო ნიკოლოზ, ხომ ხვდებით არა, მის სიტყვებს არცერთი სასამართლო არ მიიღებს სერიოზულად. ყველაზე გამოუცდელი ადვოკატიც კი გააბათილებს ამ ბრალდებას!_ ჩივაძე თანამშრომელს უსმენდა და თითებს მაგიდაზე აკაკუნებდა. _ მისმინე, თაზოს ჩვენებაზე არაფერი არ თქვა ჯერ! საბა აქ დაიბარე. უნდა გავესაუბროთ კიდევ ერთხელ! _ რკინასავით მყარი ალიბი აქვს უფროსო! _ თუ კაგად გაახურებ, ყველაზე მყარი რკინაც კი ლღვება!_ ავად გაეღიმა გამომძიებელს. 2016 წლის 2 მაისი _ სადაა თემო?_ კარიდანვე ჰკითხა საბამ ლიკას. _ მაღაზიაში ჩავიდა._ ისე უპასუხა გოგონამ არც კი მოუხედია უკან. მონდომენით ურევდა პატარა ქურაზე ქვაბში მოთუხთუხე საჭმელს და ბიჭს სრულ იგნორს უკეთებდა. საბა მაგიდას მიუახლოვდა და გოგონას უკან სკამზე ჩამოჯდა. ხარბად და თავისუფლად შეათვალიერა მისი სხეული. საკუთარ თავს სულაც არ უმალავდა, რომ ეს გოგონა მოსწონდა. ისეთი ნაზი და სასურველი იყო. თუმცა მტკიცე საკუთარ სიყვარულში. რამდენჯერ სცადა საბამ მისთვის მნიშნების მიცემა, ეგონა ტყუპებივით მასაც ადვილად დაისაკუთრებდა. მას ხომ ყველაფერი სურდა, რაც თემოს სიახლოვეს სუნთქავდა და არსებობდა. მით უფრო ეს უკარება ლიკა ჟღენტი. მაგრამ ახლა კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. მის ყოველ მიახლოვებაზე ტუჩები ზიზღით ებრუცებოდა ამ საძაგელ გოგოს. მაგრამ რომ დაუკვირდა საბა, სწორედ მისი უარი აღაგზნებდა კიდეც. წარმოიდგენდა ხოლმე, როგორ მტკივნეულად უკოცნიდა ამ ზიზღით აპრეხილ ტუჩს და სხეულში სიამოვნების ნაპერწკლები უვლიდა. ფეხზე წამოდგა. ნელა მიუახლოვდა, როცა გოგონამ მისი სიახლოვე იგრძნო და მობრუნდა, უკვე გვიანი იყო. ხელები ზურგს უკან გადაუგრიხა და ტუჩებზე მართლაც მგელივით დააცხრა. მისი წინააღმდეგობის მიუხედავად გახელებული ჰკოცნიდა. ცალი ხელი თმაში ჩაავლო და მისი გძელი ფაფუკი თმა მაჯაზე გადაიხვია. მეორე ხელით კი იქვე საჭრელ დაფაზე მიგდებული დანა აიღო და გოგოს ყელზე მიადო. _ ყვირილი შეწყვიტე, თორემ გეფიცები მოგკლავ! _გამალებით ფიქრობდა ლიკა. წამით მოდუნდა, რათა მოძალადესაც მოედუნებინა ყურადღება. და სწორედ იმ წამს, როცა საბამ დაიჯერა მისი დამორჩილება. გოგონამ მოთუხთუხე ქვაბს გრძელ ყურში ხელი ჩაავლო და საბას ზედ გადაასხა. სიმწრისგან აღრიალდა ის არაკაცი. გოგოს ხელი გაუშვა და დაფუფქული ტანიდან სამოსის მოშორება დაუწყო გამწარებულმა. _ განანებ ამას! მწარედ განანებ!_ ღმუოდა გამწარებული, სწორედ მაშინ შემოაბიჯა თემომ ოთახში. _ რა ჯანდაბა მოხდა აქ?_ იკითხა გაოცებულმა და ბრძოლის ველად ქცეული ოთახი ეჭვით მოათვალიერა. სანამ ლიკა სიტყვას იტყოდა, საბამ დაასწრო: _ გაუფრთხილებლად ზედ გადავისხი!_ თან მისი სიტყვებით გაოგნებულ გოგოს მუქარით გახედა. ალბათ იფიქრა ლიკამ, რომ საბას ჭკუა ასწავლა და აღარ ღირდა თემოს ტყუილად განერვიულება, ან იმ დაპირისპირების მოერიდა, რაც აუცილებლად მოჰყვებოდა სიმართლის გამხელას, ან არ სურდა, რომ თემო რაიმე შარში გახვეულიყო, რადგან კარგად გააცნობიერა, რამდენად თავზეხელაღებული იყო საბა და გაჩუმდა. და ეს იყო მისი საბედისწერო შეცდომა. რადგან სწორედ ამ სიჩუმით გამოუტანა საკუთარ თავს განაჩენი! ამ ამბის მერე პერიოდულად ცდილობდა შეყვარებულისთვის მეგობრის ნამდვილი სახის დანახებას, მაგრამ, როგორც ვიცით, არაფრით არ გამოუვიდა. იმ დღის შემდეგ კარგად ხედავდა საბას ორსახოვნებას ლიკა. ამ ამბავს ერთი პატარა უცნაური მომენტიც დაემატა. ერთ დღეს ლიკამ სამზარეულოში წაასწრო საბას, რომელსაც პერანგის საყელოში წაევლო ხელი თაზოსთვის და აჯანჯღარებდა. _ გაუშვი ხელი ავადმყოფო!_ უყვირა გაბრაზებულმა გოგონამ საბას. _ რას აკეთებ შე მხეცო? მგელიც კი არ ესხმის თავს თავისზე სუსტს!_ ხელი ჰკრა და თაზოს მთელი სხეულით გადაეფარა. _ შენც მოგივლი, როგორც დაგპირდი! მაცადე თუ არ მოგხედო!_ თითი მუქარით დაუქნია ორივეს საბამ და სამზარეულო დატოვა. _ რა მოხდა თაზო? რა უნდოდა იმ მგელს?_ მიუბრუნდა ბიჭს ლიკა._ რას გერჩოდა? თაზომ უცნაური ღიმილით დაქცეულ ყავის ჭიქას გახედა. _ შენ დაუქციე?_ გაეცინა ლიკასაც. ბიჭმა თავი დაუქნია._ არც შენ გიყვარს არა საბა? შენც დაინახე ხო მისი ნამდვილი სახე? სევდიანად ჰკითხა გოგონამ. პერანგი მზრუნველად შეუსწორა. დაქცეული ყავა მოწმინდა მაგიდიდან და სამზარეულოდან გავიდა. იმ დღეს პირველად დახატა თაზომ მგლის სახე. თუმცა იმ მგელს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მის წარმოსახვაში საბას სახე მიღებული. 2023 წლის 30 ოქტომბერი _ ადვოკატიც არ ამიყვანია მგონი ხედავთ არა? დასამალი არაფერი მაქვს! მე უბრალოდ მეგობარს ვენდე და მისი დაცვა მსურდა! თორემ ჩემი ალიბი ყველამ იცით ანაა! შემეძლო ხმაც არ ამომეღო უმადური მათიაშვილის დასაცავად. _ ფეხი ფეხზე გადაიდო საბამ სურდა უდარდელობის და უდანაშაულობის დემონსტრირება, მაგრამ ჟესტების ენას კარგად ცნობდა ჩივაძე. ფეხის ფეხზე გადადებაზე მეტს მისი მკერდზე გადაჯვარედინებული მკლავები ეუბნებოდნენ. თუ არაფერი ჰქონდა დასამალი, რატომ იჯდა მისი სხეულ თავდაცვის პოზაში? _ თქვენი აზრით ვის შეეძლო ლიკა ჟღენტის სასუკვდილოდ გამეტება?_ ჰკითხა და ინტერესით დააკვირდა. _ ალბათ არავის და თან ყველას ერთად. ეს გოგონა ზოგადად ძალიან თბილი და მეგობრული იყო ყველასთან, მაგრამ იქ_ წამით გაჩუმდა საბა და გაეცინა._ იქ მყოფთაგან დიდად არავის ეხატებოდა გულზე! _ თქვენც მათ შორის?_ სწრაფად შეუბრუნა კითხვა ჩივაძემ. საბა დაფიქრდა. აშკარა იყო, სიტყვებს ყურადღებით არჩევდა. _ რომ არ მოგატყუოთ მეც! თუმცა ეს მისი დამოკიდებულების ბრალი იყო! ერთხელ უხერხულ ფაქტს შეესწრო, იმ... თაზომ, ყავა გადამასხა და გავუბრაზდი. ამ დროს შემოვიდა ჩვენი "დედა ტერეზაც", ასე ეძახდნენ სამეგობროში ლიკას, ხოდა ცოტა კამათი მოგვივიდა. იმ დღის შემდეგ ამითვალწუნა და თაზოც ამიმხედრა. არადა თაზო ძმასავით იყო ჩემთვის! _ აკვირდებოდა ჩივაძე და ხედავდა, რომ საბა კორინთელი ყველანაირად ცდილობა დეტალებს არ გაეცათ მისი მღელოვარება. დაჭიმული იჯდა, თუმცა ცდილობდა თავი უდარდელად წარმოეჩინა. _ იცოდით, რომ თემო თქვენს ვაჟს ზრდიდა?!_ ფერი ეცვალა სახეზე საბას. თუმცა მაინც შეძლო ემოციების მოთოკვა. _ ვიცოდი! რთულია ჩვენს შორის არსებული მსგავსების იგნორი!_ ჩაეცინა მწარედ._დედამისმა მთხოვა არ გამემხილა! მეც დავთანხმდი. მაშინ კარიერას ვიწყებდი ცოლი და შვილი არაფერში მჭირდებოდა, თან ვიცოდი მათიაშვილად ყოფნა ბევრად მეტი პრივილეგია იქნებოდა მისთვის, ვიდრე კორინთელად! თანაც, კაცმა რომ თქვას, შორს ხომ არ იყო? იქვე იზრდებოდა ჩემს გვერდით! სურვილმა მოუარა ჩივაძეს აეღო დაკითხვის ოქმი და ამ თავხედი, ცივი და ანგარებიანი კაცისთვის სახეში შემოერტყა. თუმცა ახლა თავის შეკავება სჯობდა. სასჯელის დროც აუცილებლად დადგებოდა! _ კარგი, დროებით თავისუფალი ხართ! ქალაქი არ დატოვოთ!_ დაემშვიდობა და დაღლილი გამოვიდა ოთახიდან. ნანა წილოსანი ეტყობა ჩამოსვლას არ აპირებდა. არადა აუცილებლად უნდა დალაპარაკებოდა მასაც. ერთ საათში ქეთევან მათიაშვილს ელოდებოდა და ეჭვი არ ეპარებოდა, საბასგან განსხვავებით, ეს ქალი არანაკლებ ქალაქის საუკეთესო ადვოკატის თანხლებით წარსდგებოდა დაკითხვაზე. არც შემცდარა _ აქამდე ვინახავდი ამ საიდუმლოს, რადგან მაშანტაჟებდა ანა! ხან ბავშვის წაყვანით მემუქრებოდა, ხან თაზოს დაბეზღებით. მე დღესაც არ ვიცი, სად იპოვნა თაზომ ის ოხერი ბუმბული!_ ბრაზობდა და ისე პასუხობდა კითხვებს ქეთევან მათიაშვილი. _ მოგვიყევით, რა მოხდა 2016 წლის სამ აგვისტოს? შეეცადეთ დეტალები გაიხსენოთ! ყველაფერი მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის ! _ იმ დღეს ადრე დავწექით დასაძინებლად! მაგრამ მალევე ბავშვს გავლა მოუნდა და კარავი დავტოვეთ. _ დაახლოებით რამდენ ხანში? _ დაახლოებით ორ საათში. ბიჭები ჯერ ისევ ცცხლთან ისხდნენ. ტყეში ბნელოდა და თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობდი. ალბათ წინათგრძნობა მქონდა ცუდი. დაახლოებით ოცი წუთი ვიყავით გამოსულები. უკანა გზაზე ანა შეგვხვდა, მაგრამ ახლა უკვე ეჭვი მეპარება, ნამდვილად ანა იყო, თუ არა! მკლავზე ხელი მოვკიდე და ვუთხარი, რომ ბნელში ნუ ივლიდა. ხმა არ გაუცია , დაბნეული და აფორიაქებული მეჩვენა. მაგრამ ვიფიქრე, თემოს და ლიკას გამო იყო ასე. როცა კარავში დავბრუნდი, ვნახე, რომ ხელი რაღაც წებოვნით მქონდა დასვრილი. მაშინაც და ახლაც სისხლი მგონია რომ იყო, თუმცა ამაზეც ვერაფერს ვიტყვი დარწმუნებით. ხელს დასაბანად გამოსულმა კი უცნაური რამ დავინახე. დავინახე როგორ შევარდა წყალში შიშველი ანა, თუ ნანა, ჯანდაბა მაგათ!_ გაცხარდა მოულოდნელად ქალი. _ არა, რას ვიფიქრებდი ჰა? სახე ანგელოზებს მიუგავთ და თურმე რა დღეში იყვნენ! ის საწყალი ბავშვი ანგელოზი ყოფილა და მე კიდე სატანები ვარჩიე მის თავს!_ გულწრფელი სინანული გაისმა ქალის ხმაში._ თაზოსიც სულ მიკვირდა, რა ნახა ლკაში რომ გვერდიდან არ შორდებამეთქი! მაგრამ იმ ანორმალურმა დამაჯერა, რომ ეს სხვანაირი ინტერესი იყო და ამიტომაც ამოვითვალწუნე ის საწყალი გოგო! _ რას გულისხმობთ?_ დაზუსტება სცადა ჩივაძემ. _ ანამ, იმ სატანამ, მითხრა, რომ დაინახა, როგორ... ჩემი უმცროსი ვაჟი.. ხომ გესმით?! იმ გოგოს თვალთვალში გართული დაინახა, რომ ვითომ ლიკა მის ცდუნებას ცდილობდა! მაგრამ ს ტყუილი იყო გესმით?! როცა დავინახე შიშველი როგორ ეხვეოდა საბას, ნანა მეგონა, ვერ დავიჯერე! მაშინ მართლა მეგონა, რომ ანას თემო უყვარდა! მერე თემოს კარავთან დავბრუნდი და იქ მეორე ტყუპი ვნახე! გული იმით დავიმშვიდე, რომ ბიჭებს ეძინათ, მაგრამ როცა ის ბუმბული დავინახე და გამახსენდა, რომ ხელები სისხლით დამესვარა, წამით ვიფიქრე, რომ ..._ თვალი აარიდა ქალმა გამომძიებელს. _ ვიფიქრე, რომ თაზომ რაღაც დააშავა უნებურად! მაშინ მხოლოდ ამიტომ გავჩუმდი, გესმით? _და თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ის სისხლი თქვენს ხელზე თაზოს სხეულიდან მოხვდა?_ გაოცებულმა ქალმა გამომხლძიებელს ახედა. მერე დაფიქრდა, და მოულოდნელად ამოიყვირა, _ მე მანამდე ხომ ტყუპს შევხვდი ტყეში! ღმერთო! ნუთუ ის იყო? იქნებ...არ ვიცი , იქნებ მან მოკლა ის უბედური ბავშვი? ჩივაძე დაფიქრდა. გაიხსენა ანას დაკითხვა და პარალელი გაავლო. ფაქტი იყო ყველა ნიშანი ანა წილოსანზე მიუთითებდა. ალბათ შემდეგ თავის საყვარელს მისი გვამის დამალვაც მან აიძულა?! ხელში თაზო მათიაშვილის შვიდი წლის მანძილზე დახატული ნახატები ეკავა და მაგიდაზე სათითაოდ აწყობდა. ეს ნახატები ყველაფერს სიტყვა_ სიტყვით ჰყვებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, პატრონის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამაჯერებლობა აკლდათ. თავიდან უნდა დაეკითხა ანაც და საბაც და ეს ორი ერთმანეთისთვის უნდა დაეპირისპირებინა. იქნებ ასე მაინც აელაპარაკებინა რომელიმე მათგანი. და რაც მთავარი იყო, ნანა წილოსანი უნდა ჩამოეყვანა. ეჭვი არ ეპარებოდა, ნანამ ბევრი რამ იცოდა და დღემდე ჯიუტად დუმდა. 8 1 ნოემბერი 2023წ. საღებავებით დასვრილ პალიტრაზე გამჭვირვალე მოცისფრო მწვანე ფერი დომინირებდა. ფანჯრიდან შემოსული სინათლე ირიბად ანათებდა კედლებზე ქაოტურად მიყუდებულ დიდ_პატარა ნახატებს. მოლბერტზე მოზრდილი ტილო იდო და უცნაური, ერთი შეხედვით, ზრაპრული ამბავი თანდათან იძენდა საბოლოო ფორმას. ჩანჩქერის ულამაზესი ვადნილის წინ კრიალა ტბაში გოგონა იდგა და ღიმილით შესცქეროდა ცას. ერთი შეხედვით თითქოს სიყვარულს და სიმშვიდეს ასხივებდა ეს საოცარი სიზუსტით შესრულებული ტილო, რომ არა ორი სრულებით შეუსაბამო და უცნაური დეტალი. პირველი წყალვარდნილიდან წითლად მომზირალი ორი საზარელი თვალი იყო, ხოლო მეორე იქვე ბეგზე აღართული ბუჩქებიდან მოთვალთვალე ქერათმიანი ლამაზი მონადირე. თაზომ იქვე პატარა მაგიდაზე მიგდებული ტილო აიღო და ხელები ისე შეიწმინდა, რომ ნახატისთვის თვალი არ მოუშორებია. სევდიანი ნაპერწკალი გაუკრთა წამით. მერე კი საკუთარი ქმნილებით აღფრთოვანებულმა და ბავშვივით გაიღიმა. _ სულ ცოტაღა დარჩა! ახლა აღარ დამავიწყდება._ ჩაილაპარაკა თავისთვის, მაგრამ რას გულისხმობდა ამ ნათქვამით, ალბათ მხოლოდ თავად თუ იცოდა. _ დღეს ორივე ერთად მოვა და ეს ჩვენი შანსია!_ თითები მაგიდაზე მოუთმენლად ააკაკუნა ჩივაძემ. _ ვნახოთ წნეხს როგორ გაუძლებენ! მისი ენთუზიაზმი მის თანამშრომლებსაც გადაედოთ. _გუშინ იყო მოსული, მთლად გაუბდურებულა მისი საწყალი მამა. მარტო ამ კაცის ხათრით, მაინც მივიყვან გამოძიებას ბოლომდე!_ თავი მტკიცედ დაიქნია ჩივაძემ. თავადაც პატარა ქალიშვილი ეზრდებოდა და წამით რომ დაფიქრდებიდა და ლიკა ჟღენტის ამბავს ითავისებდა, სიგიჟის ზღვარამდეც შეიძლებოდა მისულიყო. ამდენი წლის მანძილზე შეუბრალებლად მოკლული, უპატრონოდ ტყეში ჩაფლული და მივიწყებული გოგონას საცოდაობა არ აძინებდა მშვიდად გამომძიებელს. _ თქვენ ამბობთ, რომ შეიძლება თაზოს მოეკლა ლიკა?_ ღიმილი ძლივს შეიკავა ნიკოლოზმა, როცა ანამ კვლავ უიმედოდ გაბრძოლა. ვინ_ვინ და თაზო რომ არ იყო მკვლელი, ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა ჩივაძეს. _ რატომ გიკვირთ? გიჟია და მისგან ყელაფერი არის მოსალოდნელი? _ წარბები მაღლა აზიდა ანამ. მუდამ მოწესრიგებული ვარცხნილობის ნაცვლად ცხენისკუდად შეკრული თმა მხარს უკან გადაიყარა. "გიჟი" გაიმეორა ფიქრებში ქალის ნათქვამი და წამით საოცრად გაბრაზდა. არა! თაზო კი არ იყო გიჟი, გიჟი ეს სამყარო იყო, სადაც ადამიანს ეჭვიანობის გამო უსწრაფებდნენ მონსტრები სიცოცხლეს და თავს ნორმალურ ადამიანებს ეძახდნენ. აი თაზო კი ყველაზე ბრძენი იყო მათ შორის. ეჭვიც არ ეპარებოდა ჭკვიან გამომძიებელს, რომ თაზომ მკვლელის ვინაობა იცოდა, თუმცა ვერ ამბობდა. ან თავად ნიკოლოზს არ ესმოდა მისი ნათქვამი. _ ქალბატონო ანა, იმ ღამეს საბას კარავი ცოტა ხნითაც არ დაგიტოვებიათ? _ წამით კითხვის გააზრება აცადა. მერე კი ვითომ სრულებით შემთხვევით დააყოლა. _ ჩვენ გვყავს თვითმხილველი, ვინც ამტკიცებს, რომ საბამ ლიკას სხეული ტყეში დასამარხად წაიღო! ანა გაფითრდა. თითები მოეკრუნჩხა. _ საიდან მოიგონეთ ეგ სისულელე?_ ამოიღრინა ავად. _ მოწმის ჩვენებას ნივთმტკიცებაც ადასტურებს! გახსოვთ თაზო მათიაშვილის ჯიბის ფანარი? სწორედ ის ფანარი ვიპოვნეთ ლიკა ჟღენტის ქურთუკის ჯიბეში. როგორ ფიქრობთ, როგორ მოხვდა თაზოს ფანარი ლიკას ხელში?_ ავად ანთებულ აფთრის თვალებში ხსნის ნაპერწკალმა გაიელვა. ჩაეღიმა გამომძიებელს. თევზი ანკესს წამოაგო. _რა თქმა უნდა, თაზო სულ თან დაატარებდა იმ ფანარს. ხელს არა ის აკიდინებდა. აი მაგას არ ვამბობდი ამდენ ხანს?_ მაშინვე წამოიძახა ქალმა. _ მაგრამ უცნაური რა იყო იცით? იმ ფანარზე ლიკას ნათითურები არ გვიპოვნია!_ ეს თქვა და წამით შეიცადა ნიკოლოზმა. ინტერესით გამოხედა ქალმა. _ ზედ საბა კორინთელის ნაწილობრივი ნათითურებია! ანუ რა გამოდის ქალბატონო ანა?_ თვალი გაუსწორა ავადმომზირალს. _ გამოდის, რომ იქ იმ ღამეს საბაც იყო! საბა, რომელსაც, თქვენი თქმით, კარავი არ დაუტოვებია! რას არ გვეუბნებით ქალბატონო ანა? იმედია ხვდებით, რომ სიმართლის დაფარვა თქვენს წისქვილზე ვერ დაასხამს წყალს, არა?!_ ანა წამით დაფიქრდა. ტუჩები ზიზღით დაებრიცა. _ მთელი ღამე კი არ მიდარაჯია მისთვის! მეძინა და მე რა ვიცი, იქნებ დაყოვა კიდეც კარავი საბამ?!_ სწორედ ამ პასუხს ელოდა ნიკოლოზ ჩივაძე. თავდაცვის პატარა მცდელობას. ბზარს, რომელიც ამ ორი მონსტრის მყარ სიმბიოზს ჩამოანგრევდა. _ რა თქვა მაგ კახაპამ?_ მუჭი მაგიდას დასცხო საბამ_ დაავიწყდა არა გამწარებული რომ იბანდა სისხლით დასვრილ ხელებს მდინარეზე? _ დარწმუნებული ხართ?_ მაშინვე გამოეკიდა მის სიტყვას ჩივაძე. _ ჰმ, ყარდა სისხლის სუნად! იმდენად ყარდა, რომ გულის რევას იწვევდა, ვერც კი გავეკარე!_ საზურგეს გამომწვევად მიეყრდნო საბა. _ მე მოტივი არ მქონია ბატონო ნიკოლოზ! მართალია, ის გოგო მომწონდა, მაგრამ, როგორც შეამჩნიეთ, ქალები არ მაკლდა! იმ ნაცრისფერი, კომპლექსიანი თაგვის გამო მომავალს არ გავიფუჭებდი!_ დაფიქრდა ჩივაძე. სადღაც მართალს ამბობდა საბა ეს ნარცისის ტიპის ადამიანი, რომელსაც საკუთარი კეთილდღეობა ყველაზე წინ ჰქონდა დაყენებული, ასეთი მარტივი მიზეზით არავის მოკლავდა. თუმცა ვინ იცის?! უცებ ერთმა აზრმა გაუელვა თავში. მას სხვა მიზეზი უნდა ჰქონოდა, რომ ამ ბინძურ ამბავში გარეულიყო. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. _ ბატონო საბა, დაფიქრდით და გაიხსენეთ, როდის და რა ვითარებაში შეიტყვეთ ანას ორსულობის ამბავი? იმ საბედისწერო დღემდე, თუ მას შემდეგ?_ მოლოდინით მიაჩერდა წინ მჯდომს. არც კი დაფიქრებულა საბა, დაუფიქრებლადვე უპასუხა. _ რამდენიმე დღით ადრე გავიგე, თავად მითხრა ანამ, ექიმთან გაყოლა მთხოვა, რადგან საკუთარ დასაც ვერ უმხელდა, არ ენდობოდა. _ ირონიულად ჩაიცინა ამას რომ ამბობდა. ალბათ გაიფიქრა, არც იყო სანდოო. _ და ამიტომ დაეხმარეთ გვამის გადამალვაში?!_ ისეთი მკაცრი ხმით და ისე მოულოდნელად მიახალა ნიკოლოზმა, რომ შეკრთა საბა. _ ტყუილია!_ ამოიხრიალა მოთმინებადაკარგულმა._ იმ ღამეს კარვიდან არ გამოვსულვარ და ეს კარგად იცის ანამ! _ ანამ თქვა, რომ ეძინა და შესაძლოა ვერც გაეგო თქვენი გასვლა! _ მუჭები შეკრა გაცოფებულმა საბამ. _ ეს ნივთი გეცნობათ ბატონო საბა?_ პარკში ჩადბული ფანარი მეხივით გავარდა საბას მოწმენდილ ცაზე. _ თქვენი გამომეტყველება ამბობს, რომ აშკარად ნაცნობი ნივთია! თანაც ზედ თქვენი ანაბეჭდებია!_ შემპარავი ხმა ჰქონდა ჩივაძეს. _ ალბათ ხვდებით ეს რას ნიშნავს, არა? ამას თუ დავუმატებთ თაზო მათიაშვილის ჩვენებას!_ინტერესით ამოხედა და გაუღიმა სახეწაშლილ კაცს გამომძიებელმა. მიხვდა კუთხეში ისე მიიმწყვდია, როგორც გარეული მხეცი. სხვა გზა აღარ დარჩენოდა მგელს, თავის დასაცავად თავდასხმაზე პირველი უნდა გადმოსულიყო. _ თაზოს ჩვენების თანახმად, სწორედ თქვენ გადაიკიდეთ მხარზე სავარაუდოდ უკვე გადაცვლილი ლიკას სხეული და ტყეში წაიღეთ! თუ ვცდები და სასიკვდილოდაც თქვენ გაიმეტეთ?_ თვალები ჩაუსისხლიანდა საბას. _ ვიცოდი ანა ორსულად იყო! ჩემგან იყო ორსულად. ეს ყველაზე ცოტა იყო, რისი გაკეთებაც საკუთარი, ჯერ არ დაბადებული, შვილისთვის შემეძლო! _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა საბამ. მაგიდაზე დაწყობილ საკუთარ ხელებს დაჰყურებდა ფიქრებში ჩაძირული. _ ვკითხე ვისი სისხლი იყო? არ დაუმალავს. მითხრა, რომ ტყეში დაშავებული ლიკა ნახა. მე არაფერი დამიშავებია მისთვისო, მხოლოდ დახმარება ვცადეო, მაგრამ თავადაც ხვდებოდა, რომ ამ სისულელეს არავინ დაუჯერებდა. რა თქმა უნდა, არც მე დამიჯერებია! მას სძულდა ლიკა ჟღენტი. არაერთხელ უთქვამს კიდეც, რომ მის სიკვდილს ნატრობდა. სწორედ ამიტომ გავაკეთე ის, რაც გავაკეთე. ის ოხერი ფანარი ჯიბიდან გადმოუვარდა. ავიღე და უკან ჯიბეში ჩავუდე. ჯერ ისევ თბილი იყო. ჰმ!_ ჩაეცინა საბას._ მე არ მომიკლავს, მაგრამ სადღაც სიამოვნებაც კი ვიგრძენი, როცა მიწას ვაყრიდი. ქედმაღალი ძუკნა იყო! მუდამ ზიზღითი მიყურებდა! კარავში დავბრუნდი და ანას ყველაფერზე შევუთანხმდი. რა გვეთქვა, რა მოგვეყოლა. ის სულელი თემო ისე გამოვიყენე ალიბად, აზრზეც ვერ მოვიდა. პირიქით მთელი ეს წლები მადლობელიც კი იყო! დაკითხვის ოთახიდან ხელბორკილით გამოიყვანა ნიკოლოზ ჩივაძემ საბა კორინთელი და როცა სიბრაზისგან სახეწაშლილი ანას წინ ჩაატარა, გაცოფებული ავაზასავით გაიწია მასზე წილოსანმა. _ მე არ მომიკლავს! არ გესმით ჩემი?! მე არ მომიკლავს!_ გაჰკიოდა ჭკუიდან შეშლილი ქალი. 2023 წლის იანვარში სასამართლო გაიმართა. ანა წილოსანს, როგორც მკვლელს და საბა კორინთელს, როგორც თანამონაწილეს, კვალისდამფარავს და ძიებისთვის ხელისშემშლელს, ციხე მიესაჯათ. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ბავშვივით ქვითინებდა სასამართლოს დარბაზში ცხოვრებისგან და უბედურებისგან წაშლილი ალიკა ჟღენტი. ქვითინებდა და თან ბედნიერი იღიმებოდა. ალბათ ფიქრობდა, რომ მისმა საცოდავმა გოგონას სულმა, როგორც იქნა, შვება მოიპოვა. თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო. იმ საღამოს სასამართლოდან დაბრუნებული, გადაღლილი თემო უმცროსი ძმის საძინებლისში შვიდა. ოთახში შესულს უცნაური სურათი გადაეშალა თვალწინ. მოლბეტის წინ იჯდა თაზო და ღიმილით შესცქეროდა დასრულებულ უზრმაზარ სურათს. მივიდა და ინტერესით დააკვირდა. წლები იყო არად აგდებდა ძმის აშკარა მინიშნებებს. წლები ტყუილში და ღალატში ცხოვრობდა. არავის უჯერებდა, ვინც სიმართლეს ამბობდა, არც ლიკას, არც თაზოს, ასეთი ბრმა და ყრუ იყო. ახლა კი, ახლა ჭკუა ისწავლა. _ თაზო ეს ვინაა?_ თითი დაადო სურათის განაპირა კუთხეში გაყურსულ ფიგურას. _ მონადირეა!_ მშვიდად უპასუხა თაზომ. უცნაური მომენტი იყო სურათში, ერთი შეხედვით თითქოს არაფერი, მაგრამ მაინც დამაფიქრებელი. მონადირე იარაღს არა ჩანჩქერში ჩასაფრებულ მგელს, არამედ სურათის ცენტრში მდგარ მომღიმარ გოგონას უმიზნებდა. _ ერთი მსხვერპლი, ორი მონსტრი!_ კიდევ უფრო უცნაური იყო თაზოს განმარტება. ვერაფერს მიხვდა თემო. მაგრამ ნახატს სურათი გადაუღო და ნიკოლოზ ჩივაძეს გადაუგზავნა ყოველი შემთხვევისთვის. _ ყველაფერი დასრულდა ბატონო თემურ!_ მოუვიდა პასუხი_ უკვე შეგიძლიათ წარსულს ხელი გაუშვათ და ცხოვრება მშვიდად გააგრძელოთ! 2036 წლის 3 აგვისტო ქუსლების კაკუნით შემოაბიჯა პოლიციის განყოფილებაში დაახლოებით 50 წლის შავებში ჩაცმულმა, ჯერაც საკმაოდ ლამაზმა ქალმა და გენერალ_მაიორი ნიკოლოზ ჩივაძე იკითხა. _ თქვენთან არიან! ნანა წილოსანი ვარო გადმოგცათ._ნაცნობმა სახელმა დააფიქრა ნიკოლოზი. _ წილოსანი ნანა?_ ჩაილაპარაკა დაფიქრებით._ შეუძლებელია! ნუთუ ამდენი ხნის შემდეგ დაბრუნდა? მოუთმენლად წამოდგა ფეხზე და თავად გაემართა სტუმარათან შესახვედრად. _ ვატყობ გამიხსენეთ ბატონო ნიკოლოზ!_ გაეღიმა სტუმარს. _ უცნაურია, რომ მხოლოდ ახლა შევხვდით ერთმანეთს! თქვა ქალმა და შეთავაზებულ ტყავის სავარძელში მშვიდად ჩაჯდა. _ რამ შეგაწუხათ? ვფიქრობ და ვერ ვხვდები თქვენი მოსვლის მიზეზს!_თავაზიანად შეახსენა მოსვლის მიზეზი მაიორმა. _ მოსვლის მიზეზი!_ სვდიანად გაეღიმა ქალს._ ვფიქრობ სიმართლის დრო მივიდა ბატონო ნიკოლოზ. _ რას გულისხმობთ? გინდათ თქვათ, რომ ოცი წლის წინანდელ თქვენი დის დანაშაულზე რამე იცოდით და ახლა აპირებთ გამხელას? ძალიან ხომ არ დააგვიანეთ?_ ხელები გაშალა გაოცებისგან ნიკოლოზმა. _ არ გაგიგიათ ბატონო ჩემო, რომ სამართალი ურმით დადის ქვეყანაზე?_ გაეღიმა ქალს და ჩანთიან გაზეთი ამოიღო. _ აი ამის გამო მოვედი დღეს!_ თითი ერთ_ერთ გვერდზე დაბეჭდილ სტატიას დაადო. ინტერესით აიღო ნიკოლოზმა გაზეთი და მითითებულ სტატიას დააკვირდა. _ შეიძლება?_ ჰკითხა ქალმა და ჩანთიდან სიგარეტი და სანთებელა ამოიღო. კაცმა თავი დაუქნია და ისევ გაზეთს ჩააჩერდა. ამერიკული გაზეთის კრიმინალური ქრონიკების გვერდზე დაბეჭდილი სტატია 2018 წლის 17 თებერვლით იყო დათარიღებული. "ამა წლის ათ თებევალს საქართველოდან მოხდა მიმალვაში მყოფი ბენჯამინ გეიტის, იგივე "მოგზაურის" ესტრადიცია. რომელიც ეჭვმიტანილია 12 ქალის მკვლელობაში... " ახსოვდა ეს ხმაურიანი დაპატიმრება მაიორ ჩივაძეს. წითელი ცირკულარით ძებნილი სახიფათო დამნაშავე ყველასდა მოულოდნელად აქვე საქართველოში, ბორჯომის ხეობაში აიყვანეს ერთობლივი სპეცოპერაციით და საკმაოდ მალვე გადასცეს თავისი ქვეყნის სამართალდამცავებს. გაოცებულმა გახედა კვამლში გახვეულ უცნაურად მომღიმარ ქალს. _ მერე?_ ცალი წარბი ასწია არცთუ სასიამოვნო პასუხის მოლოდინში. _ მითხარით ბატონო ნიკოლოზ, ჩემმა დამ ერთხელ თუ მაინც აღიარა დანაშაული?_ ჩვაძემ უარის ნიშნად თავი გააქნია. _ განაჩენის გამოტანის დროსაც კი უარს ამბობდა! ბოლოს ისიც კი თქვა, რომ როცა იპოვნა ლიკა ჯერ კიდევ სუნთქავდა!_ ჩაილაპარაკა დაფიქრებულმა. _ იმიტომ რომ ასეც იყო! ანა იმ დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, რომელიც არ ჩაუდენია. თუმცა ხან რომ დავფიქრდები, ასე მგონია, რომ ის მზად იყო ამ დანაშაულის ჩასადენად, უბრალოდ დაასწრეს, აი ამიტომ იყო მისი პასუხები ორაზროვანი, როცა სიმართლის დეტექტორის დახმარებით დაკითხეთ. _ ამოიოხრა ქალმა და სიგარეტის ნამწვი შეთავაზებულ საფერფლეში ჩაასრისა. _ იყო ერთი დეტალიც, რაც არავინ იცოდა. იმ საშინელ დღეს, სანამ ჩანჩქერამდე მივიდოდით რაღაც ისეთი მოხდა, რასაც არც მაშინ და არც შემდეგ ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ როგორც ჩანს ჩემმა ქვეცნობიერმა დაიმახსოვრა. ლიკა ყველაზე უკან მოდიოდა. თან სურათებს იღებდა. უკან რომ მოვიხედე, ვიღაც მაღალ, ქერათმიან ტურისტს რაღაცას უხსნიდა. მეგობრულად იღიმოდა და გულმოდგინედ აჩვენებდა ჩანჩქერის მიმართულებით რაღაცას. რატომღაც ვიფიქრე, რომ ლამაზი კადრი იყო და მისთვის სურათი უნდა გადამეღო. ასეც მოვიქეცი. _ ჩანთიდან ახლა სურათი ამოიღო და ჩივაძეს გაუწოდა. ლიკა მაშივე ამოიცნო ჩივაძემ. _ლამაზი იყო არა? _ ჩაილაპარაკა ნანამ სევდიანად._ ბავშვური, მიამიტი, უბრალო და ლამაზი. ახლა არ მიკვირს რატომ უყვარდა თემოს. აღარც ის მიკვირს საბა რატომ იყო მისით შეპყრობილი. თავისი სისადავით და უმანკოებით ანათებდა თითქოს. და იქნებ სხვა დროს და სხვა სიტუაციაში რომ შევხვედროდით ერთამანეთს გვემეგობრა კიდეც. მაგრამ არა, სად ის _ სინათლის სხივი და სად ჩვენი გახრწნილი ჭაობი?_ ნანამ ამოიოხრა. ჩივაძეს მოეჩვენა, რომ ქალი წარსულის გამო გულწრფელად სწუხდა. _ იმ დღეს, ხელი გავიჭერი, ჩემმა დამ გაიცინა და გვერდი გულგრილად ამიარა. ლიკამ კი ჭრილობა დამიმუშავა და გადამიხვია. ხომ არაფერი? მაგრამ გამიკვირდა გესმით? ამ ადამიანის უანგარო სიკეთემ გამაოცა. ჩვენგან შორს იყო უანგარობა და ერთმანეთზე ზრუნვა. მაპატიეთ თემას ავცდი._ ნანამ შეთავაზებული წყალი მოსვა და გააგრძელა. _ თითზე ბეჭედი მეკეთა, ძალიან ჰგავდა მის ბუმბულის გულსაკიდს. ლიკამ მაშინვე აღნიშნა ეს მსგავსება. ბეჭედი იქვე მოვიხსენი და ლიკას მივეცი. თითქოს არ მსურდა მასთან ვალში ვყოფილიყავი. აი ეგ ნივთი, ამ სურათზე სწორედ ის ჩემი ბეჭედია. იმ საზარელმა კაცმა კი, როგორც სჩანს, ჩადენილი მკვლელობის სამახსოვროდ თან წაიღო. ნანამ ახლა მობილურს ახსნა კოდი და ჩივაძეს გამოუწოდა. ახალი ინტერნეტსტატია იყო და ფოტომასალაც ერთვოდა. "ცნობილი მანაკი ზედმეტსახელად "მოგზაური" ოცი წლის შემდეგაც თავისი ამაზრზენი კოლექციიდან ახალ ნივთმტკიცებებს ააშკარავებს. " იუწყებოდა სტატია. მიბმული ფოტოებიდან ერთ_ერთში კი ნანას აღწერილი ბეჭედი იწონებდა თავს. _ აი ამიტომ ჩამოვედი ბატონო მაიორო, მგონი დროა ჩემი და ციხიდან გამოუშვათ, ცამეტი წელი მეტისმეტად დიდი დროა, თუნდაც მისი მსგავსი ამაზრზენი ადამიანისთვის. ნანამ ამბავი დაასრულა. გამომძიებელს დაემშვიდობა, თავისი კორდინატები დაუტოვა და წავიდა. იჯდა ნიკოლოზ ჩივაძე თავის კაბინეტში და ფიქრობდა. ნუთუ შეცდომა დაუშვა? ნუთუ უდანაშაულო ადამიანი ოცი წლით გამოკეტა ციხეში? მოულოდნელად რაღაც გაახსენდა. უცნაუად დაღლილი წამოდგა და ნაცნობ მისამართზე გაემგზავრა. _ რამდენი წელი გავიდა! შეცვლილხართ?_ ღიმილით ჩამოართვა ხელი თემურ მათიაშვილმა მაიორს. ამ ოცი წლის მანძილზე არც ის მჯდარა, როგორც სჩანს, გულხელდაკრეფილი. ახლა უკვე კარგად ცნობილი და წარმატებული კაცი იყო თავის საქმეში. მისი სამუშაო მაგიდა მოათვალიერა ჩივაძემ და ბედნიერი ოჯახური ფოტო მოხვდა თვალში. თემურს ხელი ლამაზი ქალისთვის მოეხვია და კისერზე პატარა გოგონა ჰყავდა შემოსმული. მისი მზერა დაიჭირა მათიაშვილმა და სევდიანად, მაგრამ თბილად გაეღიმა. _ცხოვრება გაგრძელდა ბატონო ნიკოლოზ! რაც არ უნდა სასტიკად ჟღერდეს, ცხოვრება გაგრძელდა._ნიკოლოზმა ამოიოხრა. _ბატონო თემურ, თუ გაქვთ შენახული თქვენი ძმის მაშინდელი ნახატები. _იცოდა ნიკოლოზმა, რომ თამაზ მათიაშვილი ლამის თხუთმეტი წლის უკან გარდაიცვალა. _ რა თქმა უნდა, დედა ყველა მათგანს ინახავს. ჩემი ძმის სამახსოვროდ. _ სიყვარულით გაეღიმა თემურს ძმის გახსენებაზე. _ კი მაგრამ რაში დაგჭირდათ? _თუ შეიძლება, რომ დავათვალიერო? თან გზაში გიამობობთ, ყველაფერს!_ სთხოვა ნიკოლოზმა და კიდევ ერთხელ გააპარა თვალი ბედნიერი ოჯახური ფოტოსკენ. იდგა ნიკოლოზ ჩივაძე ცამეტი წლის წინ დახატული ჭეშმარიტების წინ და შეძრწუნებული ათვალიერებდა. ნანას მოტანილი ფოტო ამოიღო და თაზოს დახატულს გაუპირისპირა. იდეალურად გადმოეცა მხატვარს მონადირის სახის ნაკვთები. თვალები დახუჭა გამომძიებელმა. ოცი წლის მანძილზე ამდენად თვალსაჩინო იყო პასუხი. ყველას თვალწინ ეკიდა და მხოლოდ იმიტომ რომ ის თაზოს დახატული იყო არავინ აქცევდა სათანადო ყურადღებას. არადა სწორედ თაზო იყო ერთადერთი გონებაგახსნილი მათ შორის. თაზო, რომელმაც ყველანაირად სცადა და საიდუმლო საფლავში არ ჩაიტანა. დასასრული ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.