შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის ბნელი მხარე (თავი-3)


23-02-2024, 11:22
ავტორი ანუბისი
ნანახია 2 565

8 8 8 8

ორდღიანი შესვენების შემდეგ, დადგა ის დღეც, როცა სამსახურს დავუბრუნდი. როგორც ლოლასგან შევიტყვე, ძმები ნოლანები უკვე ჩამოსულიყვნენ კახეთიდან, რაც საშუალებას მაძლევდა ჩემი გაცდენების მიზეზზე პირადად მათ დავლაპარაკებოდი.

Imagine-ში დიდი ფუსფუსი შეინიშნებოდა. ერქოლესა და ტეოს იაპონელი მეგობარი, საღამოს ჩვენს რესტორანში აპირებდა ვახშმობას, რის გამოც, დიმიტრი და მისი ხელქვეითი მზარეულები, სპეციალურად სტუმრის საპატივცემულოდ ამზადებდნენ იაპონური სამზარეულოს ყველაზე მოთხოვნად კერძებს. ასორტიმენტი ნამდვილად ფართე იყო, თანაც იმდენად, რომ მასში ყველაზე უცნაური ტკბილეული — ბზიკის ორცხობილებიც კი შედიოდა, რისთვისაც, წარმოდგენაც არ მქონდა როგორ უნდა დაეკარებინა პირი საერთოდ ვინმეს.

როგორც ვიცოდი, ჩვენი სტუმარი ტოკიოდან იყო და მომავლის რობოტების აწყობით გახლდათ დაკავებული. თუკი ლოლას დავუჯერებდით, საკმაოდ მდიდარიც გახლდათ და იაპონელის კვალობაზე ზედმეტად მაღალი და მომნუსხველიც. რაც არ უნდა ყოფილიყო, ჩანდა, რომ ძალზედ მნიშვნელოვან პიროვნებასთან გვქონდა საქმე, რადგან მისი დახვედრისთვის ზუსტად ისე ემზადებოდნენ, როგორც ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის.

რესტორნის საპირფარეშოს დიდ სარკესთან მდგომი, მსუბუქი სასცენო მაკიაჟის გაკეთებას მოვრჩი და ტანზე მორგებული, თოვლივით ქათქათა კაბით სარკის წინ დავტრიალდი. ერთ საათში უკვე ჩემი გამოსვლა იწყებოდა, თუმცა მანამდე უფროსებს უნდა დავლაპარაკებოდი გაცდენებისა და იმ პირადი პრობლემის შესახებ, რომელსაც ლეო ერქვა.

თვალის ფანქარი, ტუჩსაცხი და სპილოსძვლისფერი ფერუმარილი კვლავ კოსმეტიკისთვის განკუთვნილ პატარა ჩანთაში მოვათავსე, თმა გავისწორე და უკვე საპირფარეშოდანაც უნდა გამოვსულიყავი, რომ გარედან ჩემი სახელის გაგებამ მაიძულა ცოტა ხნით ზღურბლთან შეყოვნება. ეს ცუდი ჩვევა ბავშვობიდან მქონდა და ბევრჯერ მიცდია მისი თავიდან მოშორება, თუმცა შეცვლით მაინც არაფერი იცვლებოდა. როგორც კი ვინმე ისეთ დროს მახსენებდა, როცა ჩემი იქ ყოფნის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა, დაუძლეველი სურვილის ტყვეობაში ვექცეოდი, მთელი საუბარი წერტილ-მძიმით მომესმინა.

ახლაც ზუსტად ანალოგიურად მოვიქეცი. მიყურადება სხვისთვის შესამჩნევი რომ არ ყოფილიყო, ჩუმად მივუახლოვდი კარს, მას ყური მივადე და ჩასაფრებული მტაცებელივით გატრუნული, სმენად ვიქეცი.

-ჰო, მგონი მარიტა ჰქვია -შემომესმა ახალგაზრდა ბიჭის ხმა, რომელიც აშკარად ვიღაცას ესაუბრებოდა. გარედან თამბაქოს მძაფრი არომატი ვიგრძენი. სწორედ იმ წამს გავიარე, რომ იქ დაცვის თანამშრომლები უნდა ყოფილიყვნენ, ვინებიც, მიუხედავად აკრძალვისა, ჩუმად არღვევდნენ რესტორნის წესს — „არ მოწიოთ შენობის შიგნით“ და კედელში ამოჭრილ პატარა სარკმელთან აბოლებდნენ.

-მოკლედ, მაგარი საქმე დაგვიმატა რა, ამ მეფარიშვილმა -ეს უკვე სხვა ხმა იყო, თანაც შედარებით ბოხი -ვითომ ის არ გვყოფნიდეს, რაც გვევალება, ვიღაც მანიაკის გამო, ახლა ჩვენს პიანისტზეც უნდა გვეჭიროს ცალი თვალი

-აკრძალვას რატომ არ აწესებს მაგ ტიპზე? გარეთ მდგომი დაცვა არ შემოუშვებდა და მორჩა

-გამორიცხულია, ვერ დააწესებს -უმალვე უპასუხა ბოხხმიანმა -თურმე ეგ ტიპი, რესტორნების ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი ყოფილა, სოციალურ ქსელში უამრავი გამომწერი ჰყავს, თან სულ ამ გურმანულ სფეროში ტრიალებს, სიტყვა ეთქმის და მიშოს არ უნდა Imagine-ს რეპუტაციას შეუქმნას საფრთხე

-მაგრამ ხელქვეითზეც ზრუნავს -წარმოთქვა ორაზროვანი ტონით, შემდეგ კი გაეცინა -შემთხვევით გულშც ხომ არ ჩაუვარდა ბატონ დირექტორს?

-არაა -გაეპასუხა ბოხხმიანი წამებში -მისნაირი გოგო, მეფარიშვილის გვერდით ვერ წარმომიდგენია

-რატო შე*ემა ლამაზია

-კი, ლამაზი არის, მაგრამ მიშოს უფრო, როგორც გითხრა —აი, დამა ქალები შეეფერება. გამოცდილები რომ არიან, პრაქტიკაგამოვლილები და სექსუალურად ჩაცმულები. ეს გოგო კიდევ ისეთი ნაზია, ზღაპრულ ფერიას მაგონებს

-ჰო, ეგეც მართალია. აუ, ისე აქ რომ მოვწიეთ, საპირფარეშოში მაინც შევსულიყავით

-აქ უფრო ძლიერი ვენტილაციაა, მალე განიავდება

-ერთი ამ სიგარეტის დ*დაც! აზრზე არ ხარ როგორ მინდა თავი დავანებო. ცოლსაც დავპირდი, მაგრამ ჩავფლავდი

-უფრო უკეთ უნდა მოინდომო ჩემო ძმაო, უფრო უკეთ

დაცვის თანამშრომლებმა კიდევ ცოტა ხნით ილაპარაკეს მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი საპირფარეშოს კარის წინ, შემდეგ კი კვლავ თავიანთ სამუშაო პოსტს დაუბრუნდნენ.

მათგან განსხვავებით, მე კიდევ რამდენიმე წუთს ვიდექი იმავე ადგილას, სადაც დამტოვეს. ჩემი გონება ჯერაც ცოტა ხნის წინ გაგონილს დასტრიალებდა თავს. როგორც ჩანდა, მიშოს ისე სურდა ამ საქმის მოგვარება, რომ მე ვერაფერი გამეგო და ჩემს ყურამდე მცირედი ინფორმაციაც მოსულიყო. გასაკვირი საქციელი გახლდათ მისი მხრიდან, თუმცა მეორეს მხრივ, ნებისმიერი პატარა სკანდალიც კი, რომელშიც ლეოს სახელი იქნებოდა ნახსენები, რესტორნის რეპუტაციას მართლაც დიდ საფრთხეს შეუქმნიდა. სწორედ ამიტომ, ეს ყველაფერი ზემოთ ხსენებული ინციდენტის პრევენციის მიზნით ჰქონდა დაგეგმილი და არა იმიტომ, რომ ჩემი დახმარების წყურვილი კლავდა.

მიუხედავად ამისა, ძმებ ნოლანებთან დალაპარაკება მაინც გადავიფიქრე. რადგანაც მიშო ჩემს დასახმარებლად მაინც გაისარჯა და ასე თუ ისე საკითხი მოაგვარა, აღარც მე ვაპირებდი ეს თემა კიდევ ერთხელ წამომეჭრა, ამიტომ, სანამ ჩემი სამუშაო საათები დაიწყებოდა, რესტორნის ბოლო სართულზე მოწყობილ ვერანდაზე გადავწყვიტე დროის გაყვანა.

იქ ყოფნა, Imagine-ში მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან ძალიან მიყვარდა. ჭერიან-კედლებიანად მთლიანად შემინული სივრცე, დაახლოებით ორმოც კვადრატულ მეტრს შეადგენდა, თან მოწნული მაგიდა-სკამებითა და სხვადასხვა სახეობის მცენარეებით იყო გაფორმებული. ყველაზე სასიამოვნო ფაქტი ის გახლდათ, რომ აქედან ზღვის ხედიც იკვეთებოდა. მართალია, რესტორანი სანაპირო ზოლიდან დიდად ახლოსაც არ მდებარეობდა, თუმცა როდესაც მინის ფანჯარას ვაღებდი და ამ ხედს ვუცქერდი, ფსიქოლოგიურად, ზღვის მარილიან სურნელს მაინც მუდამ ვგრძნობდი ხოლმე.

ერთ-ერთ სავარძელში მჯდომი, ჩემს გამოსვლამდე დარჩენილ ბოლო ნახევარ საათს ვიყენებდი და თან სივრცეს გავცქეროდი უმისამართოდ, როცა ორიოდე მეტრის მოშორებით ნაბიჯების ხმა შემომესმა. მიხედვა არც დამჭირვებია. სუნამოს მიმზიდველმა სურნელმა თვითონაც მიმახვედრა, თუ ვინ დამირღვია მყუდროება და მეც უკმაყოფილოდ ამოვიოხრე, რადგან გეგმა —დასვენებისთვის დარჩენილი დრო სიმშვიდეში გამეტარებინა, ათას წვრილ ნაწილად დაიმსხვრა ჩემს თვალწინ.

გასული დღის მოგონებები ქურდულად მიეპარნენ ჩემს გონებას, თითები ჩაავლეს და შიშის ორმოში გადაისროლეს. ჰო, შემეშინდა. მე და მიშო აქ სრულიად მარტონი ვიყავით და წარმოდგენაც არ მქონდა რას გააკეთებდა იმის საპასუხოდ, რაც გუშინ, ჩემს გამო გადახდა თავს.

შინაგანი ფორიაქის მიუხედავად, გარეგნულად მაინც ცისფერსისხლიანთა ამაყი მზერა მივიღე და თითქოს არაფერიო, ისე განვაგრძე ხედით ტკბობა. იმ დროსაც კი არ მქონია რეაგირება, ჩემს გვერდით რომ დაიკავა ადგილი. ყურადღება მხოლოდ მაშინ მივაქციე, როდესაც თეთრი კაბის კალთაში დიდი, წითელი ვარდი ჩამიდო და ჩემსავით, მანაც ჰორიზონტის ხაზს დაუწყო ცქერა.

-ეს რა არის? -ვიკითხე თუ არა, მაშინვე ვიგრძენი ყვავილთა დედოფლის სასიამოვნოდ მძაფრი არომატი, თუმცა მისი ეკლების მსუბუქი ჩხვლეტა მაინც არ მომეწონა და ვარდი ყუნწუთ ავიღე ხელში.

-შენმა თეთრბილეთიანმა თაყვანისმცემელმა გამომატანა, მარიტას გადაეციო

მეფარიშვილს ეჭვის თვალით გავხედე. მაშინვე ვიფიქრე ტყუილს მეუბნებოდა და ეს, ტუჩის კუთხეში შეპარულმა, მისმა ოდნავშესამჩნევმა ღიმილმაც დამიდასტურა.

-ძალიან სასაცილოა. მეტი გასართობი ვერაფერი მოიფიქრე?

-და შენ ვერაფერი მოიფიქრე იმის გარდა, რომ ჩემი მობილურიდან შეტყობინებები აგზავნო და ნახევრად შიშველი ქალების რიგი დამიყენო კართან? -არ ვიცოდი მეჩვენებოდა თუ ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ბრაზთან ერთად, აღფრთოვანებასაც ვხედავდი მის მზერაში -ან ჩემი მანქანა რას დაამსგავსე?

-შენი მანქანისთვის ხელი არ მიხლია -ვარდის ფურცლებს დავუწყე თამაში. მათ სურნელს შერეული "ტომ ფორდის" არომატი, იმდენად ძლიერ მსიამოვნებდა, ლამის ნირვანაში გადავყავდი.

-არ აქვს მნიშვნელობა ეს პირადად შენ გააკეთე, თუ არა. რაც მოხდა შენი მზაკვრული ტვინის მოფიქრებულია

-მაგაში ვერ შეგედავები -არც კი ვიცოდი, საიდან ვიკრებდი ამხელა გამბედაობას მაშინ, როდესაც მასთან სრულიად მარტო ვიყავი, თუმცა ფაქტი იყო შიში, ბალახზე დაწვეთებული დილის ნამივით აორქთლებულიყო ჩემი გონებიდან.

-ლამაზი საღამოა -ვერც კი გავიგე, რატომ შეცვალა საუბრის თემა ასე რადიკალურად -მიყვარს, როდესაც ცა მწიფე ალუბლისფერია ხოლმე

მის მზერას თვალი გავაყოლე და მეც ზემოთ ავიხედე, თუმცა მწიფე ალუბლისფერის ნაცვლად, მე, ეს შეფერილობა უფრო ბროწეულისფრად მეჩვენებოდა. ამაშიც კი ვეწინააღმდეგებოდი მის აზრს.

-ბროწეულისფერია -ვუთხარი დარწმუნებით.

-მწიფე ალუბლისფერია

-არა, ბროწეულისფერია

-რომ დავფიქრდეთ, ეს ორი ფერი ერთმანეთს ძალიან ჰგავს

-არც მაინცდამაინც -ჩემთვის მოცემული ვარდი, ამჯერად მას ჩავუდე კალთაში -ეს შენ გქონდეს

-შეინახე, შენი დაკრძალვისთვის წინასწარ მექნება მოტანილი -კვლავ უკან დამიბრუნა.

-სულ გაგიჟდი ხომ?

-აბა მე რომ შენს დაკრძალვაზე მართლა მოვიდე, დიდი ალბათობით საფლავში დაიწყებ ტრიალს

თავი ვერ შევიკავე და მის ნათქვამზე მაინც გამეცინა. ალბათ იმიტომ, რომ სადღაც მართლაც იყო რეალობასთან ახლოს ის, რაც ცოტა ხნის წინ მოვისმინე.

-და რა იცი, იქნებ საერთოდაც შენ გამასწრო? -ვკითხე, როცა სიცილის ტალღამ გადამიარა.

-მაგას არ ვიზამ. ვიცი უჩემობას ვერ აიტან და მეორე დღესვე გამომეკიდები უკან

-რა თქმა უნდა ასე იქნება. ოღონდ შენ სადმე მოსახვევში ჩამოჯექი და ისე დამელოდე, ფეხზე დგომით რომ არ დაიღალო

ამჯერად მიშოს გაეცინა. სატანურად მომხიბვლელი ხდებოდა ხოლმე ამ დროს და საკუთარი თავი მზიზღდებოდა, რომ მსგავს მომენტებში, მასში, გარეგნულის გარდა შინაგან სილამაზესაც ვხედავდი.

ფეხზე ისე წამოვდექი, მეფარიშვილისთვის აღარ შემიხედავს. არც ვარდი წამიღია თან. იგი იმ სკამზე დავტოვე, სადაც ცოტა ხნის წინ თვითონ ვიჯექი და უხმოდ გავემართე ვერანდიდან გასასვლელი კარისკენ. არც მიშოს ამოუღია ხმა. როგორც ჩანდა, უკვე უჩემოდ აგრძელებდა იმ ცაზე დაკვირვებას, რომელსაც მისი ვარაუდით, მწიფე ალუბლისფერი შეფერილობა ჰქონდა.

დარბაზში რომ ჩავედი, ბართან მდგომ კალეს ხელის აწევით მივესალმე და როგორც კი მისგან საპასუხო სალამი მივიღე, როიალთანაც დავიკავე კუთვნილი ადგილი. ხალხის სიმრავლე მაინცდამაინც არ შეინიშნებოდა. მაგიდებიდან სამი მათგანი იყო თავისუფალი, ხოლო ბარის დახლთან, სკამების ნახევარი ცარიელი გახლდათ. საბედნიეროდ, სტუმრებს შორის ლეო არსად ჩანდა. აღარც ზარებით შევუწუხებივარ დიმიტრის წვეულების შემდეგ. ეს, რა თქმა უნდა, სასიხარულო ამბავი იყო, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ ქარიშხლის წინ, მუდამ მშვიდი ამინდი ისადგურებდა ხოლმე და ნაადრევ სიხარულს შეიძლებოდა იმედგაცრუება მოეტანა.

საღამოს შვიდ საათამდე ისე მივატანე, კუთვნილი შესვენებებიდან მხოლოდ ერთი გამოვიყენე. ერთ ადგილას ჯდომისგან უკვე ხერხემლის ტკივილი მაწუხებდა და უკვე იმაზე ვიწყებდი ფიქრს მეორე შესვენების გამოყენების დროა-მეთქი, როდესაც ახალგაზრდა, მხარბეჭიან მამაკაცთან ერთად მომავალი ერქოლე და ტეო შევნიშნე. რამდენიმე წამი დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ ეს სწორედ ის იაპონელის სტუმარი უნდა ყოფილიყო, ვის დასახვედრადაც ასე გულმოდგინედ ემზადებოდა მთელი ჩვენი გუნდი.

ლოლასგან წინასწარვე ვიცოდი, რომ ნოლანების უცხოელი მეგობარი ახალგაზრდა იყო, მაგრამ არ მეგონა, თუკი მათზე ამდენად უმცროსი პიროვნება შემრჩებოდა ხელთ. ადამიანი ოცდაათ წელზე მეტს ვერ მისცემდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ საკმაოდ ადრეულ ასაკში მიეღწია დიდი წარმატებისთვის.

ვიზუალურად, კორეელს უფრო ჰგავდა, ვიდრე იაპონელს, რაც მაფიქრებინებდა, რომ მშობელთაგან ერთ-ერთი მათგანი სხვა ეროვნებისა უნდა ჰყოლოდა.

დღევანდელ პროგრამაში შემავალი კიდევ ერთი მელოდიის დაკვრას სწორედ იმ დროს მოვრჩი, როდესაც ნოლანები თავიანთ სტუმართან ერთად, დაწესებულების ყველაზე მოთხოვნად მაგიდას მიუსხდნენ, დაჯავშნების მხრივ. იქედან ყველაზე უკეთ ჩანდა ანბანის კოშკი, ეშმაკის ბორბალი, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა და სხვა მრავალსართულიანი ნაგებობები.

ვინაიდან იმ მომენტში ბართან აღარავინ იჯდა, გადავწყვიტე სიტუაციით მესარგებლა, რამე დამელია და დრო ამჯერადაც კალესთან საუბარში გამეყვანა. მართალია, ნათესაური კავშირის მიუხედავად, Imagine-ში მუშაობის დაწყებამდე ამ ადამიანს ნორმალურად არც კი ვიცნობდი, თუმცა მასთან გაბმული ყოველი დიალოგი იმდენად მსიამოვნებდა, ზოგჯერ დასრულებაც არ მინდოდა ხოლმე.

-აღარ მახსოვდა დღეს შენი ცვლა თუ იყო -დავიკავე თუ არა დახლთან მდგომი ერთ-ერთი სკამი, მაშინვე ვუთხარი კალეს, ვინც იმ მომენტში ლატეს ამზადებდა ყავის აპარატთან.

-არც არის. უბრალოდ ხვალ დასვენების დღის აღება მინდოდა და სმენა გადავცვალე

-ხდება რამე?

-არა, რა უნდა ხდებოდეს? -გაეცინა -ხვალ ჩვენი დამიანეს შემცვლელი მოდის და არ მინდა სტაჟიორი მე ჩამაბარონ. მაგის ნერვები არ მაქვს

-შენ თუ არა, აბა ვის? -მის სასაცილოდ შეჭმუხნილ წარბებზე ღიმილი ვერ შევიკავე.

-ვის და თვითონ დამიანეს. ხვალ მისი ბოლო სამუშაო დღე იქნება, იმ ახალ გოგოს ცოტა აზრზე მოიყვანს და მერე მე გადმოვიბარებ, სხვა რა გზაა?

-აჰა, ანუ გოგოა

-ჰო, სქესი მდედრობითი, სოციალური სტატუსი —ოდნავ არანორმალური -თქვა თუ არა, ლატეს მომზადებასაც მორჩა და იგი მე დამიდო წინ -დალიე, ძალიან გადაღლილი სახე გაქვს

-მე მიმზადებდი? -ჭიქას თითები თვალებგაბრწყინებულმა შემოვხვიე და ყავის არომატი ღრმად შევისუნთქე. თითქოს მისმა სურნელმაც კი მომიყვანა ენერგიაზე იმდენად მძაფრად ვიგრძენი ეს უკანასკნელი.

-ვიცოდი, რომ მომაკითხავდი. მელოდიის ბოლო წუთებში, ბარს თვალს არ აშორებდი

-ახალ გოგოზე მომიყევი -ისევ ძველ თემას მივუბრუნდი, რადგან მაინტერესებდა რატომ მოიხსენია კალემ იგი სიტყვა —“არანორმალურით” -ჰო მართლა, ყავისთვის გმადლობ

-არაფრის. ახალ გოგოს რაც შეეხება, ბევრი ინფორმაცია არც მე მაქვს. ერთი ის ვიცი, რომ სამირა ჰქვია და მეორე ის, რომ მისგან თავი შორს უნდა მეჭიროს

-რატომ? -გამეცინა და ცხელი ლატე ფრთხილად მოვსვი, რათა შემთხვევით ენა არ დამეწვა.

-არ ვიცი, რაღაც . . . სერიული მკვლელის იმიჯი აქვს. უენსდეი ადამსს მაგონებს, თავისი ცივი გამოხედვით

-საინტერესოა -ჩაფიქრებული სახე მივიღე. უკვე ძალიან დაინტერესებული ვიყავი ახალი ბარისტას გაცნობით. ამ ფიქრებში გართულმა, ვერც კი გავიგე როგორ მომიახლოვდა რესტორნის ერთ-ერთი მიმტანი გოგონა, ვის სახელსაც კი ვერ გავიხსენებდი, რომ არა გულზე მიბნეულ ბეიჯზე წაწერილი —“ლანა”.

-მარიტა, უფროსებს შენთვის დავალება აქვთ -მაცნობა მან. გააკეთა თუ არა ეს, მაშინვე კალეს შეხედა მავედრებელი მზერით -მიდი რა ერთი ჭიქა ყინულიანი წყალი დამისხი, თორემ ყელი მიშრება

-ბანანის სმუზს გაგიკეთებ ჩემს ხარჯზე -იმ წამსვე დატრიალდა კალე. ლანამ ვერცხლისფერი სინი დახლზე შემოდო და დაღლილობისგან დაამთქნარა.

-გმადლობ კალე, საუკეთესო ხარ

-რა დავალება აქვთ ჩემთვის? -ყავის სმას თავი მივანებე, რათა მთელი ყურადღება მიმტანზე გადამეტანა.

-რა და ერთ-ერთი ყველაზე რთული სიმფონია შეგიკვეთეს -წამიც არ შეყოვნებულა ისე გამცა პასუხი -თურმე ჩვენი ზედმეტად სექსუალური იაპონელი სტუმარი მთვარის სონატაზე გიჟდება და ნოლანებს უნდათ, ზუსტად ის შეასრულო

მზერა შეუმჩნევლად გავაპარე იმ ადგილისკენ, სადაც უფროსები ისხდნენ, თავის უცხოელ მეგობართან ერთად. ეს უკანასკნელი, იმდენად გულწრფელად და ლამაზად იღიმოდა ძმების საუბარზე, მის შემხედვარეს მეც გამექცა ტუჩები განზე.

-მგონი საკმაოდ მომხიბვლელი ვინმეა -ვერც კი გავიაზრე ისე გავახმოვანე საკუთარი ფიქრები ხმამაღლა, რაზეც, სმუზის მომზადებით გართული კალეს გაკვირვებული მზერაც დავიმსახურე. ლანამ უბრალოდ ჩაიხითხითა და ჩემს გვერდითა სკამზე, კალიასავით სხარტად შემოსკუპდა.

-რაც ერთმანეთს ვიცნობთ, შენგან კაცის მისამართით კონპლიმენტი პირველად მოვისმინე

-გეყოფა რა, კალე

-არ არსებობს ისეთი მჟავე ხილი, რომელსაც ტკბილ ხილად ვერ აქცევ -ჩვენს საუბარს ლანაც შემოუერთდა -ოდესმე ყველას მოგვხვდება გულში კუპიდონის ისარი

-უბრალოდ აღვნიშნე ვიზუალურად მომხიბვლელია-მეთქი, თქვენ კი სადაცაა საპატარძლო კაბის დიზაინებიც მაჩვენოთ პინტერესტზე

კალემ სპეციალურად ლანასთვის მომზადებული ბანანის სმუზი, ამ უკანასკნელს მიაწოდა, შემდეგ კი მე გამომხედა.

-პუბლიკა შენს მთვარის სონატას ელის ლამაზო, მიდი საქმეს მიხედე

ვინაიდან ნახევარი ჭიქა ყავის დალევა უკვე მომესწრო, თავს ენერგიაზე მოსულად ვგრძნობდი. ბეთჰოვენის ეს სიმფონიაც ერთ-ერთი უსაყვარლესი გახლდათ ჩემთვის, ამიტომ სკამიდან ენთუზიაზმით აღსავსე ჩამოვხტი და როიალისკენ ისე გავეშურე, იაპონელი სტუმრის დამკვირვებლური მზერისთვის, თვალი თავადაც არ მომიშორებია.

მუსიკალურ ინსტრუმენტთან დაჯდომისას, როგორც მჩვეოდა, გარშემო ყოველგვარი ხმა ჩავახშე, გარესამყარო უკან მოვიტოვე და ამ ქვეყნად მხოლოდ მე და კლავიშები დავრჩით. წარმოვიდგინე თითქოს ზღვის ნაპირზე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, როიალთან ვიჯექი, ჩემს დაკრულ მელოდიას კი ტალღების სასიამოვნო შრიალი ერწყმოდა. წარმოსახვა ყოველთვის მეხმარებოდა ჩემი შესრულება იმაზე ორჯერ უფრო კარგი გამოსულიყო, ვიდრე ჩვეულებრივ. ამჯერადაც მთელ გრძნობას ვაქსოვდი თითოეულ კლავიშთან შეხებისას. იმდენად ძლიერად ვინდომებდი, თითქოს ჩემი სიცოცხლე მხოლოდ ამაზე ყოფილიყო დამოკიდებული. მელოდიის ნაზი ჰანგები, ყურთასმენასაც სწვდებოდა და ვხვდებოდი, რომ რაც მესმოდა, მართლაც უნაკლოდ ჟღერდა. კომპოზიციის ბოლოს, ამაში დამსწრე საზოგადოების მქუხარე აპლოდისმენტებმაც დამარწმუნეს. სიგიჟემდე მიყვარდა ეს ხმა. მომწონდა ის კმაყოფილება, რასაც ხალხის გამომეტყველება ირეკლავდა, თუმცა იმ მომენტში, ჩემი მზერა მხოლოდ ერთი ადამიანისკენ გახლდათ მიმართული და ეს, ნოლანების მაგიდასთან მჯდომი მამაკაცი იყო. ზუსტად იმ მომენტში გავაცნობიერე, თუ ვისთვის მოვინდომე ამდენად, ჩემი შესრულებული მელოდია იდეალურზე იდეალური გამოსულიყო. პირველ რიგში, სწორედ მთვარის სონატის შემკვვეთის აზრი მაინტერესებდა და ამ აზრის ამოკითხვას, სწორედ მის თვალებში ყურებისას ვცდილობდი.

სამწუხაროდ მისი მზერიდან ბევრი ვერაფერი გავარკვიე. სხვებისგან განსხვავებით, არც ტაში დაუკრავს. ერთადერთი, რაც გააკეთა ის იყო, რომ მადლობის ნიშნად თავი მსუბუქად დამიკრა, ოდნავშესამჩნევად გამიღიმა და უფროს ნოლანს —ერქოლეს რაღაც უთხრა. რესტორნის სტუმართა აპლოდისმენტები ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო დამცხრალი, როცა ამ უკანასკნელმა ხელით რაღაც მანიშნა. მისი ამ ჟესტით უმალ მივხვდი, ჩემი უფროსი, თავის მაგიდასთან რომ მეპატიჟებოდა სავახშმოდ, თანაც სახეზე აკრული თავაზიანი ღიმილით.

რა თქმა უნდა გამიკვირდა. რა მიზეზით უნდა სდომოდათ ნოლანებს მათთან ერთად მევახშმა, მაშინ, როდესაც დიდი ხნის უნახავი, საკმაოდ შორი გზიდან ჩამოსული მეგობარი ეჯდათ მაგიდასთან, თუმცა მიპატიჟებაზე უარის თქმა მაინც უტაქტო საქციელად ჩავთვალე, როიალი დავხურე და მათკენ ისე წავედი, იაპონელის ჩემკენ მომართული მზერისთვის საპასუხო მზერა არ მომიშორებია.

მაგიდამდე სულ რაღაც ორიოდე ნაბიჯი მქონდა დარჩენილი, რომ ტეო სწრაფად წამოხტა ფეხზე, სკამი თავისი მეგობრის გვერდით გამომიწია და გალანტურად მანიშნა დავმჯდარიყავი. თუ ადრე ვერა, ახლა უკვე ვხვდებოდი, რატომ ვიმყოფებოდი აქ. ვახშამზე ჩემი მოწვევის იდეა, დიდი ალბათობით სწორედ იმას ეკუთვნოდა, ვის გვერდითაც ახლა უნდა დავმჯდარიყავი.

-გმადლობ -თავაზიანობისთვის, საპასუხო თავაზიანობით გავუღიმე და სკამზე მოვთავსდი. ახლადმიღებულმა მიმტანმა ბიჭმა მაშინვე დამიდო წინ თოვლივით ქათქათა დიდ-პატარა თეფშები, ვერცხლისფერ დანა-ჩანგალთან ერთად, ხოლო რამდენიმე წამში, ღვინისა და წვენის ჭიქებიც მომირბენინა. წამით ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მე ვიყავი ამ რესტორნის მფლობელი და არა, ნოლანები. ამ ფიქრებზე, გულში გამეცინა კიდეც.

ერქოლეც და ტეოც, იაპონურს ბრწყინვალედ ფლობდნენ, თუმცა ვინაიდან მათ მაგიდას ერთი წევრი შეემატა ჩემი სახით, მაშინვე გადავიდნენ ინგლისურზე.

-მარიტა, მინდა იუნგი გაგაცნო, ჩვენი საერთო მეგობარი -სტუმრის წარდგენის ინიციატივა უფროსმა ნოლანმა აიღო საკუთარ თავზე, ხოლო ტეომ კი წითელი ღვინო ჩამომისხა.

-სასიამოვნოა -ზრდილობიანად გავუღიმე მამაკაცს -კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში

-უდავოდ საინტერესო ქვეყანა გაქვთ -ჩემთვის მზერაც არ მოუშორებია ისე აღნიშნა იუნგიმ -ვეჭვობ ბევრი კარგად გასახსენებელი მოგონება დამიგროვდება, მათ შორის ის მთვარის სონატა, რომელიც ცოტა ხნის წინ მოვისმინე

-მარიტა ჩვენი რესტორნის აღმოჩენაა -სიამაყით აღსავსე თვალებით გადმომხედა ერქოლემ -ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა უკვე გამოცდილი პიანისტივით უკრავს

-ვერ შეგედავები -მყისვე დაეთანხმა იაპონელი, ბოკალიდან ღვინო ოდნავ მოსვა და სკამის საზურგეს ისე მიეყრდნო, მის ღიმილიან მზერას კვლავაც არ მივუტოვებივარ.

ამასობაში დიმიტრიც შემოვიდა და საღამოს მთავარი კერძი —სუში, საკუთარი ხელით მოგვართვა. შევამჩნიე, ჩემი ამ კამპანიაში დანახვა ცოტათი გაუკვირდა, თუმცა ზედმეტი კითხვების დასმის გარეშე გვისურვა გემრიელად მირთმევა და კვლავ სამზარეულოსკენ აიღო გეზი.

მაშინ, როდესაც მე, წინ დალაგებული საჭმელებიდან, ინგრედიენტებით ყველაზე ნაკლებად გადატვირთული რამის შერჩევას ვცდილობდი, რათა ზრდილობის გამო მაინც მეჭამა ორი ლუკმა, ტეოს ხმამაღლა ნათქვამი სიტყვები შემომესმა.

-ჰეი მიშო, ჩვენთან მოდი -იმ წამს, რესტორნის დარბაზში შემომავალ მეფარიშვილს უქნევდა ხელს უმცროსი ნოლანი. აღნიშნულ მომენტში, თავი ისე ვიგრძენი, თითქოს ყინულივით ცივი წყალი გადამასხეს მთელ ტანზე. მაშინ, როდესაც მაგიდასთან სამ მამაკაცთან ერთად ვიჯექი და ერთი სული მქონდა იქედან როდის წამოვდგებოდი, მეფარიშვილის დამატება მართლაც ყველაზე უარესი რამ გახლდათ, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო. გულში ვინატრე კიდეც მიშოს ეს მოპატიჟება არ მიეღო, თუმცა იმედის ეს პატარა ნაპერწკალიც ჩაქრა, როდესაც ჩვენკენ მომავალ ფიგურას მოვკარი თვალი.

მეფარიშვილი სწრაფად მოგვიახლოვდა, ყველას მოგვესალმა და ჩემს პირდაპირ მდგომ სკამზე დაიკავა ადგილი. როგორც ჩანდა, მასაც ეუცნაურებოდა ჩემი აქ დანახვა, თუმცა კითხვებს, დიმიტრის მსგავსად არც ის სვამდა.

მორიგი წევრის შემომატებაზე, მიმტანებმა ახლაც სწრაფად მოახდინეს რეაგირება და მიშოს წინ ყველა საჭირო ჭურჭელი დაულაგეს, რაზეც ამ უკანასკნელმა, სანდომიანი ღიმილით გადაუხადა მადლობა მომსახურე პერსონალს.

ძმებმა ნოლანებმა, იუნგი მიშოსაც ისევე გააცნეს, როგორც მე. იაპონელ სტუმარში ყველაზე მეტად ის მომწონდა, რომ ბევრს არ საუბრობდა. მოკლე და ლაკონური პასუხები ჰქონდა თითოეულ დასმულ შეკითხვაზე და რაც მთავარია, საოცრად მომხიბვლელი ხმის ტემბრი, რაც მის საუბარს ბევრად უფრო სასიამოვნო მოსასმენს ხდიდა.

ჩვენი ერთობლივი ვახშმიდან დაახლოებით ოცი წუთი მაინც იყო გასული, საუბარი რომ იაპონიაზე ჩამოვარდა. ნოლანები დიდი ენთუზიაზმით აღწერდნენ, თუ რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა თავის დროზე მათზე ამ ქვეყნის კულტურამ, ინფრასტრუქტურამ და სამზარეულომ. ის ამბავიც გაიხსენეს, თუ სად და რა ვითარებაში გაიცნეს იუნგი და როგორც ჩამოუყალიბდათ მასთან მეგობრული კავშირი.

-ტოკიო მართლაც უჩვეულო ქალაქია -მეტად სერიოზული სახით აღნიშნა მიშომ, როგორც კი მიხვდა, რომ ძმები საუბარს მორჩნენ -ბავშვობის ოცნებად ამ ქალაქში საკუთარი რესტორნის გახსნა მქონდა, სადაც თავად ვიქნებოდი შეფ-მზარეული

-ყოფილხართ ტოკიოში? -ინტერესი გამოხატა იუნგიმ. იმ მომენტში, უკვე ყველანი სუშის მივირთმევდით, რომელსაც მართალია ვერ ვიტანდი, თუმცა ვცდილობდი ისე მეჭამა, მის გემოზე ოდნავადაც არ მეფიქრა. ყველაზე ნაკლებად მინდოდა ჩვენი სტუმრისთვის მეგრძნობინებინა, რომ იაპონური სამზარეულო ჩემთვის ერთი დიდი გაუგებრობა იყო.

-ვყოფილვარ -მხოლოდ ერთი წამით გამომხედა ამის თქმისას მეფარიშვილმა -რამდენიმე დღით გავჩერდი იაპონიაში ყოფნისას

-მიშოს მოგზაურობა უყვარს -დიალოგს მორიგი წევრიც შემოემატა ტეოს სახით -სადაც უმოგზაურია, იმ ქვეყნების შესახებ ყველაფერი იცის

-ეს თვითონ თქვა? -დაზუსტებით ვერ ვიტყვი იმ მომენტში მართლა გაიჟღერა იუნგის ხმაში ირონიულმა ნოტებმა თუ მომეჩვენა.

-არა, მე არაფერი მითქვამს -აი, მიშოს ტონი კი ნამდვილად იყო შეფარული სარკაზმით გაჯერებული -უბრალოდ ტეოს უყვარს ჩემი გადაჭარბებული ქება

-ეჭვიც არ მეპარება -მაგიდას ორივე მკლავით დაეყრდნო ჩვენი უცხოელი სტუმარი -ტურისტებს მხოლოდ სამზარეულო და ისეთი ადგილები იზიდავთ, სადაც კარგი ფოტოების გადაღებაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ ისიც კი არ გეცოდინებათ, თუ რას ნიშნავს იაკუძა, ბატონო მიშო

-რას ნიშნავს იაკუძა? -ჩაეცინა მეფარიშვილს, მიმტანი იხმო და ამჯერადაც თავისი საყვარელი სასმელის —ლიმონიანი წ’ყლის შეკვეთა მისცა, პიტნითა და ყინულით -იაკუძად, იაპონურ მაფიას მოიხსენიებენ. არა მგონია, ეს დღეს ვინმემ არ იცოდეს

-მაგას არ გეკითხებით. მე ის ვიკითხე, თავად ამ სიტყვის უკან რა იმალება

ერქოლე და ტეო, ამჯერად უხმოდ უსმენდნენ მაგიდასთან გამართულ სიტყვიერ პაექრობას. არც თვითონ ვიღებდი ხმას. უბრალოდ მშვიდად ვიჯექი და მოვლენების განვითარებას ინტერესით ვადევნებდი თვალს.

-ამ სიტყვის უკან, ბანქოს ყველაზე უიღბლო კომბინაცია იმალება -ალაპარაკდა თუ არა მიშო, იუნგის გახსნილ შუბლზე, მაშინვე გაჩნდა ორი ხაზი. აშკარად არ ელოდა დასმულ შეკითხვაზე შესაბამის პასუხს, რაზეც პირადად მე, სახეზე ღიმილი მომადგა. როგორც ჩანდა, მეფარიშვილი მართლაც ღრუბელივით ისრუტავდა ჩემს მიერ მიწოდებულ თითოეულ ინფორმაციას -“ია”—ციფრ რვას აღნიშნავს, “კუ” —ცხრას, “ძა” —კი სამს. ერთად შეკრებილი უკვე ოცს უდრის, რაც თქვენს ქვეყანაში უიღბლო ციფრადაა აღიარებული, ისევე, როგორც ჩვენთან ციფრი ცამეტი.

გარკვეული დროით დუმილი ბატონობდა. ძმებმა ნოლანებმა ნიშნის მოგებით გადახედეს ერთმანეთს და ღვინის ჭიქებიდანაც ერთდროულად მოსვეს. მაგიდასთან ჩამოვარდნილ მდუმარებას, საბოლოოდ, თავად იუნგიმ დაუსვა წერტილი:

-გეტყობათ მართლა ბევრს კითხულობთ იმ ქვეყნების შესახებ, სადაც მოგზაურობთ -ორაზროვანი მზერით უცქერდა მიშოს ამის თქმისას.

-არც ისე ბევრს. რაც გითხარით ჩემი ექსკურსია-მძღოლისგან ვიცი, რომელიც იაპონიაში ყოფნისას მახლდა თან

-ანუ ის ყოფილა ძალიან ნაკითხი

-ვერც მაგაში დაგეთანხმებით -ირიბად ჩაეღიმა მიშოს და კიდევ ერთხელ გამოაპარა თვალი ჩემკენ -დარწმუნებული ვარ, იმ წამს ამოიკითხა ინტერნეტიდან. ახალგაზრდა გოგონა იყო, თითქმის ჩემი ასაკის და შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდა, ხომ ხვდებით?

ბევრი ვებრძოლე საკუთარ თავს, თუმცა მეფარიშვილის სიტყვები მაინც იმას მაგრძნობინებდნენ, რომ მათი უპასუხოდ დატოვება არ გამომივიდოდა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შექმნილი სიტუაციიდან შემეძლო, ეს ფიზიკური ტკივილის მიყენება იყო, ამიტომ, დანარჩენებისგან შეუმჩნევლად გავიქნიე ფეხსაცმლის წვერი იმ მხარეს, სადაც მიშო იჯდა და ამ უკანასკნელს, პირდაპირ წვივში ამოვარტყი. მაშინვე შეეტყო, თუ როგორ გაამწარა განცდილმა ტკივილმა. მოცემულ მომენტში იმ მულტფილმის პერსონაჟს ჰგავდა, წვეტიანი საგანი რომ შეერჭობა უკა ნალში, თუმცა დაყვირებისგან მაინც თავს იკავებს და სახეზე მწიფე პომიდორივით წითლდება.

ბატონი დირექტორის ასეთი გამომეტყველების ცქერამ, ისეთ კარგ ხასიათზე დამაყენა, იმ კერძების სიძულვილიც კი გადაფარა, რომელიც წინ მელაგა. ზოგჯერ საკუთარ თავს ცუდ ადამიანადაც კი მივიჩნევდი, რადგან მიშოს თვალებში დანახული ბრაზი, სასოწარკვეთა და ფიზიკური ტკივილიც კი, უზომოდ დიდ სიამოვნებას მგვრიდა.

-მიშო, ცუდად ხომ არ ხარ? -კითხვას ერქოლე სვამდა, თუმცა როგორც ჩანდა, მისი გატანჯული სახე არც სხვებს დარჩენოდათ შეუმჩნეველი.

-კარგად ვარ, კარგად -პიტნიან-ლიმონიანი წყალი ისე მოსვა მან, თითქოს შვებას სწორედ მასში იპოვისო -უბრალოდ ახლა გამახსენდა, რომ წინა დღით მიღებული პროდუქციის ხარჯთაღრიცხვა მაქვს გადასამოწმებელი, სანამ შინ წავალ. თუ ნებას დამრთავთ, დაგტოვებთ

-ნუ ღელავ, საქმე მოიცდის -მისი შეჩერება სცადა ტეომ, თუმცა მეფარიშვილმა მტკიცე უარის ნიშნად გადააქნია თავი.

-არა, ჩემთვის უპირველესი საქმეა. თან მხოლოდ ესეც არაა, უბრალოდ ერთი ძალზედ უხერხული მდგომარეობა მაიძულებს დაგტოვოთ

-მაინც რა მდგომარეობა? -ინტერესი გამოხატა ტეომ.

მეფარიშვილი ჯერ ჩემკენ მოტრიალდა სახეზე აკრული ეშმაკივით ცბიერი ღიმილით, მერე კი, კვლავ უმცროს ნოლანს მიუბრუნდა. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რაღაც მზაკვრულ გეგმას ამუშავებდა მისი ტვინი.

-ჩვენს კამპანიაში მყოფი ერთ-ერთი ადამიანი, მაგიდის ქვემოდან ცდილობს ჩემთან ფლირტის გაბმას -თქვა მან, თან ხელოვნურად დამორცხვებული გამომეტყველებაც მოიშველია -ათასჯერ ავუხსენი, რომ რაც იყო წარსულს ჩაბარდა და ერთად ყოფნის შანსი აღარ გვაქვს, მაგრამ მაინც არ ნებდება

ლამის მიკრო-ინფარქტი მივიღე ამ სიტყვების გაგონებისას. მეფარიშვილი იმდენად დამაჯერებლად საუბრობდა, წამით თავადაც კი დავიჯერე, რომ ნამდვილად მისი შებმა მქონდა მიზნად დასახული.

მანამ, სანამ სიტუაციის ბოლომდე აღქმასა და გააზრებას მოვასწრებდი, მიშო უკვე ჩვენს მაგიდას შორდებოდა. რაც შემეხება მე, სკამზე, ზამთრის სიცივისაგან მობუზული ბეღურასავით ვიჯექი და ჩემკენ მომართულ, ექვს წყვილ თვალს ვგრძნობდი, რომელიც კანს ისე მიწვავდა, როგორც გახურებული ნაკვერჩხალი. ვიცოდი, პირის გაღება და იმის მტკიცება, რომ მიშო ტყუოდა, იმაზე უფრო სულელურ მდგომარეობაში ჩამაგდებდა, ვიდრე ახლა ვიყავი, ამიტომ, მათ უხერხულად მომღიმარ სახეებს, თვალი სწრაფად ავარიდე, იმ კარს, საიდანაც მეფარიშვილი გავიდა მომაკვდინებელი მზერა ვესროლე და სულმოუთქმელად გადავკარი ჩემს თეფშთან მდგომ ბოკალში ჩარჩენილი ღვინო.



8 8 8 8

სამსახურიდან დაბრუნებულს, დრო აივანზე ჯდომაში, თიხის ქოთნებში გადანაწილებული მცენარეების ყურებაში, ცხელი შოკოლადის სმასა და გზაზე მოძრავი მანქანების ხმის მოსმენაში გამყავდა, როდესაც იდილიაში უხეშად შემომეჭრა ჩემს კარზე დარეკილი ზარის ხმა.

ლოდინით არავის ველოდებოდი. არც მეზობლებთან მქონდა იმდენად ახლო ურთიერთობა, რომ ასეთ დროს დამდგომოდნენ თავზე, ამიტომ ერთი ვერსიაც არ გამაჩნდა, ვინ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო დაუპატიჟებელი სტუმარი.

კარამდე აუჩქარებლად მივედი და სათვალთვალოში გავიხედე. ჩემდა საუბედუროდ, სადარბაზოში ის ადამიანი იდგა, ვისი დანახვაც იმ ღამით და ზოგადადაც ყველაზე ნაკლებად მსურდა. ჭუჭრუტანაში ძალიან ახლოდან ვხედავდი ლეოს სახეს და გონებაში იმ დღეს ვწყევლიდი, როდესაც ამ ადამიანმა პირველად დამინახა.

ჩემს მიერ წაკითხული ფსიქოლოგიური შინაარსის ლიტერატურიდან ვიცოდი, რომ მსგავს პიროვნებებთან შიშის გამომჟღავნება და მათთვის ამის ჩვენება უარეს შედეგს მომიტანდა. პირიქით, ისე უნდა მოვქცეულიყავი, თითქოს ერთი ჩვეულებრივი მწერი იყო, რომელიც შემაწუხებლად ბზუოდა ჩემს ყურთან და ერთი სული მქონდა როდის გაფრინდებოდა გაღებული სარკმლიდან. დამფრთხალი სახე და აკანკალებული ხელები, მსგავსი ფსიქოტიპის ადამიანს უფრო მეტად გაუაქტიურებდა ზეწოლის მოხდენის სურვილს, მე კი ეს ნამდვილად არ უნდა დამეშვა.

საკუთარი შემუშავებული ტაქტიკით კმაყოფილმა, კარი უდარდელი სახით გამოვაღე და ზღურბლთან მდგომ ლეოს თამამად შევხედე თვალებში. ამჯერად, ბოლომდე შავი ფერის სამოსში გამოწყობილიყო, ამავე ფერის თითებგადაჭრილი, ტყავის ხელთათმანები ეკეთა, ხოლო თავზე მუქმინებიანი სათვალე დაემაგრებინა. ერთი შეხედვით ბაიკერს ჰგავდა, ვინც მოტოციკლების უკანონო რბოლაში აპირებდა მონაწილეობის მიღებას.

-ასეთ დროს რომ ადამიანს ესტუმრო, მინიმუმ საჭიროა მასთან მეგობრობდე მაინც -მკაცრი მასწავლებელივით დავიკრიფე გულზე ხელები. ძლივს შევძელი იმ შიშისა და ზიზღის დაფარვა, რაც ამ სიტყვების უკან იყო დამალული.

-ქართული მამა-პაპური სტუმართმოყვარეობა, ამას ნამდვილად არ გვიქადაგებს

-გააჩნია სტუმარი ვინაა -არ დავუდე ტოლი -როდესაც ადამიანი ფულის სანაცვლოდ ინტიმურ ურთიერთობას მთავაზობს, მასთან ერთ ჭერქვეშ ყოფნის იდეა ნაკლებად მხიბლავს

ლეომ გვერდზე გამწია და ჩემს ბინაში ისე უბოდიშოდ შემოაბიჯა, თითქოს აქ ყოფნის სრული უფლება ჰქონდა.

-ქალებს ზედმეტად გიყვართ მიუწვდომლის როლის თამაში -ვერ მივხვდი მისი ღიმილი ირონიის შემცველი იყო, თუ ჩვეულებრივი -ზუსტად ვიცი, სიამოვნებას იღებ, როდესაც დროებით წელავ იმას, რაც მე სიგიჟემდე მინდა და მხოლოდ ერთი რამის გამო —გსურს შენზე ისე გავხდე დამოკიდებული, ვეღარასდროს შევძლო გაგიშვა

-ხუმრობ არა? -სიცილი ძლივს შევიკავე მისი ნათქვამის გააზრებისას.

-ასეთ თემებზე ხუმრობა არ მიყვარს -ორი თითით მიჩქმიტა ლოყაზე და მისაღებიდან მინი-ბარით გამოყოფილი სამზარეულოსკენ ისე გაემართა, წამით ეჭვიც შემეპარა, რომ ბინის მეპატრონე ნამდვილად მე ვიყავი და არა იგი.

-მე კი ის არ მიყვარს, უცხო ადამიანები ჩემს სახლში თავს ისე რომ გრძნობენ ხოლმე, როგორც საკუთარში

-წესად მაქვს ყველგან მალე გავშინაურდე -კარადა გამოაღო და იქედან გამოტანილი ყავის ქილა ხელში შეათამაშა. მერე იმ კარადას მიადგა, სადაც ფინჯნები მქონდა შელაგებული. ისეთი შეგრძნება მრჩებოდა, თითქოს ჩემს სახლში უამრავჯერ იყო ნამყოფი, რადგან დაზუსტებით იცოდა, რა, სად მქონდა განთავსებული და ეს ფაქტი ძალზედ მაკვირვებდა.

-ამბობენ ღამით ყავის დალევა უძილობას იწვევსო, მაგრამ ჩემზე არ მოქმედებს -ჯერ კოვზს დასწვდა, შემდეგ კი მაცივრიდან რძე გამოიღო -შენ არ დალევ?

-ნუ შეწუხდები, ცოტა ხნის წინ ცხელ შოკოლადს ვსვამდი და დავასრულებდი კიდეც ბოლომდე, უდროო სტუმარი რომ არ დამდგომოდა თავზე

-ეგრე ნაგლურად ნუ მიყურებ -მადუღარაში წყალი ჩაასხა და დენის წყაროშიც შეაერთა -თუ გინდა, შენს სახლში ჩემს ცვილის ფიგურას დავდგამ და უფრო შეეჩვევი იმ ფაქტს, რომ ამიერიდან აქ ხშირად მნახავ ხოლმე

-ზედმეტი მოგდის -უკვე ნერვებზე მოქმედებდა მისი გადაჭარბებული თვითშეფასება -არ ვიცი შენს გონებაში რა ქარიშხალი ტრიალებს, თუმცა მოვითხოვ თავი ჩემგან შორს გეჭიროს!

-ამ ქარიშხალს ჩემში თავად აღვიძებ და არც შენგან შორს ყოფნა შემიძლია

-წადი აქედან!

-ნუ იძაბები მარიტა -რძესა და ყავას აზავებდა ამის თქმისას -ნერვული უჯრედები აღდგენას არ ექვემდებარება, ამიტომ ეცადე არაფერზე ინერვიულო

-გითხარი ჩემს ცხოვრებაში უკვე არსებობს ერთი მამაკაცი-მეთქი და . . .

-რომელი მამაკაცი? -შუა გზაზე გამაწყვეტინა დაწყებული წინადადება -მითხარი, რომელი მამაკაცი? ზუსტად ვიცი, ნორმალურად ქარიც კი არ შეგხებია

-ჩემზე არაფერი იცი

-მე კი მგონია, რომ ძალიან ბევრი ვიცი -გამბურღავი მზერა მესროლა ამის თქმისას -თუკი ადამიანი ავიკვიატე, მის შესახებ ყველაფერი მაინტერესებს

ამასობაში მადუღარაც გამოირთო და ლეოს მოდუღებულმა რძიანმა ყავამ, იმდენად სასიამოვნო არომატი დაატრიალა, რაღაც პერიოდით თვალებიც კი დამეხუჭა სიამოვნებისგან.

-დარწმუნებული ხარ, რომ არ გინდა? -როგორც ჩანდა, ეს რეაქცია არც ჩემს დაუპატიჟებელ სტუმარს დარჩენია შეუმჩნეველი.

-კი, დარწმუნებული ვარ -მინი-ბართან, ერთ-ერთ სკამზე ჩამოვჯექი -შენ კი ასეთი დახვედრის შემდეგ, როგორც წესი, კარი უნდა გაიჯახუნო და უნდა წახვიდე

-წყენის გულში ჩადება არ მიყვარს

-ახლა შენს დიდსულოვნებაზე ნუ დამიწყებ საუბარს. თავის დროზე, პირველივე სიტყვაზეც შევამჩნიე, რომ შინაგან სისუფთავეს აშკარად მოკლებული ხარ

ლეო ჩემს წინ ჩამოჯდა და ყავა მოსვა. რაღაც პერიოდით ჩუმად იჯდა და მხოლოდ თვალებში მიყურებდა, მერე კი ხმაც ამოიღო და დუმილიც გაფანტა:

-იცი რა ლამაზი ხარ? -ავხორცული ღიმილი მოადგა ამის თქმისას -სილამაზე უზარმაზარი წარმატებაა მარიტა, თუკი მისი გამოყენება იცი

-გამოყენებაში რას გულისხმობ? ვინმე მდიდარი საყვარელი გავიჩინო, რათა ისეთი ტანსაცმელი მეცვას, რომლის ღირებულება ოთხნიშნა ციფრებს ქვემოთ არ ჩამოდის?

-მე შემიძლია ნებისმიერი რამ მოგცე, რასაც მოისურვებ. ეს ყველაფერი სულაც არ არის ისეთი მიუღებელი, როგორც შენ ფიქრობ -სცადა ხელზე შემხებოდა, თუმცა მაშინვე უკან გავწიე და ამის საშუალება არ მივეცი.

-შეგიძლია უამრავი ქალი დაითანხმო ამ პირობაზე, ჩემზე დროს რატომ კარგავ?

-იშვიათი ექსპონატი ხარ და იმიტომ -არც კი დაფიქრებულა ისე გამცა პასუხი -შენი დანახვის პირველივე დღესვე მოგძებნე სოციალურ ქსელებში. იქაც კი სუფთა და ბუნებრივი ხარ. ყოველგვარი მძიმე მაკიაჟისა და სპეციალურად შერჩეული, გამომწვევი სამოსის გარეშე. ალბათ რამდენი კაცი ილესავს შენზე კბილებს

-კარგი ლეო, საკმარისია -სკამიდან მკაცრი მზერის თანხლებით წამოვდექი -სასიამოვნოა შენთან ურთიერთობა, მაგრამ ცოტა ხნით. დაასრულებ თუ არა ყავას, მაშინვე წადი

-მეგონა შენი ზრდილობის ეტიკეტი ჩემი გაგდების საშუალებას არ მოგცემდა -ეშმაკურად უელავდა ნაცრისფერი თვალები ამის თქმისას. მაცდურად მომხიბვლელი იყო, მხიარული, საკუთარ თავში დარწმუნებული. იმ წამს გავაცნობიერე, რომ მისი შემოთავაზებული გულისამრევი წინადადება რომ არა, ის ნეგატიური შეგრძნებები მაინც გამიქრებოდა, რაც ამ ადამიანის პირველი დანახვისას ვიგრძენი.

-ჩემი ზრდილობის ეტიკეტი ახლა დაღლილია და საშინლად ეძინება -მერე მისაღებში გავიხედე, საიდანაც ლეოს ნაჩუქარი თუთიყუში მომშტერებოდა -არ გინდა ეს ჩიტიც წაიყვანო? ვინმე ისეთს აჩუქე, ვინც უკეთ მოუვლის

-მე ის შენ გაჩუქე -ყავა ერთი ამოსუნთქვით გამოცალა და დასაშვებზე მეტად მომიახლოვდა ამის თქმისას. რაღაც მომენტში ვინანე კიდეც ასე თამამად რომ შემოვუშვი სახლში, თუმცა ჩემი ფიქრები მალევე უკუვაგდე. შეიძლებოდა ეს ადამიანი მთლად ჯანსაღი ფსიქიკისაც ვერ იყო, თუმცა მოძალადეს აშკარად არ ჰგავდა -მითხარი, სახელად რა დაარქვი?

-არაფერი დამირქმევია -ოდნავ მოვშორდი, თუმცა ის კვლავ მომიახლოვდა. მერე თითები ნაზად შემახო ქვედა ტუჩზე და სანამ კვლავ მოვასწრებდი უკან დახევას, წელზე ძლიერად შემოხვეული მარჯვენა ხელით შემბოჭა.

-მხოლოდ ერთი კოცნა და წავალ -ვნებით, სურვილით, მოუთმენლობით გაჯერებულიყო მისი ხმა. თვალები ისეთი ჟინით უელავდა, ყოველი განვლილი წამი მარწმუნებდა იმაში, რომ ეს პიროვნება საშუალო სიმძიმის არანორმალურთა კატეგორიაში ირიცხებოდა.

-თავს ნუ იმცირებ და მეც ნუ მამცირებ

-ალბათ მიხვდი, ძალით არაფრის გაკეთება რომ არ მიყვარს, თორემ უკვე ათჯერ მაინც მექნებოდა მოკლული მაგ ტუჩების სურვილი -სევდანარევი ღიმილით მომშორდა, მაგიდაზე დატოვებული თავისი ფინჯანი, ნიჟარაში სწრაფად ამორეცხა და წყლის წვეთებით დანამული ჭურჭელი, მე მომაჩეჩა ხელებში -ეს ჭიქა ცალკე შეინახე და როდესაც კიდევ გეწვევი, ყავა ამით დამალევინე ხოლმე

-სხვა დრო აღარ იქნება ლეო

-იქნება მარიტა. წინააღმდეგობები მაგნიტივით მიზიდავენ და არ გავჩერდები. ტროა ერთ ღამეში აიღეს, მაკედონელმა კი ყველაზე დაუმორჩილებელი ცხენი გახედნა სწორი ტაქტიკის შერჩევით. დამიჯერე, შენც მოგიხერხებ რამეს

-დროის ტყუილი ფლანგვაა -ასი პროცენტით ვიყავი დარწმუმებული საკუთარ სიტყვებში. ძალიან ბევრი ქალი, ალბათ რომანტიკულ ჟესტად ჩათვლიდა მამაკაცის ასეთ აქტიურობასა და თავდაჯერებას. შეიძლებოდა სიმპათიაც გასჩენოდა მისდამი, თუმცა მე მსგავსს ვერაფერს ვგრძნობდი. ის, რომ ურთიერთობის დასაწყისში მისმა შემოთავაზებამ თავი დამცირებულად მაგრძნობინა, ყველაფერ დანარჩენს წონიდა და უფლებას აღარ მაძლევდა ამ ადამიანის ჩემს სიახლოვეს მოშვებაზე დავთანხმებულიყავი. ზოგჯერ მჯეროდა კიდეც ლოლას სიტყვების, როდესაც მეუბნებოდა ცხოვრების ბოლო წუთებში, ირგვლივ მხოლოდ კატები გეყოლება და სხვა არავინო.

-დროს ტყუილად არასდროს ვფლანგავ. . . შეხვედრამდე მარიტა

-ღამე მშვიდობისა ლეო -სველ ჭიქას მაგიდის ზედაპირზე მივუჩინე ადგილი, თან დამკვირვებლური მზერა გავაყოლე ბინიდან გასასვლელი კარისკენ მიმავალს.




8 8 8 8

ლოლას თხოვნით სამსახურში ერთი საათით ადრე მივედი და პირდაპირ მისი კაბინეტისკენ ავიღე გეზი, რათა საგანგებოდ დაბარებული უცხიმო ლატე შემეტანა ამ უკანასკნელისთვის, ჩვენი რესტორნიდან დაახლოებით ათ მეტრში რომ იყიდებოდა, ახლადგახსნილ ყავის სახლში.
ჩემი მეგობარი, მობილურით ხელში, მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი იჯდა, თანაც მეტად უკმაყოფილო სახით და ცდილობდა ნოლანების იაპონელი სტუმარი რომელიმე სოციალურ ქსელში მაინც ეპოვა. მაგრამ ყოველი მისი მცდელობა ერთნაირი კრახით სრულდებოდა.

-არა, მართლა წარმოუდგენელია! -გაკვირვება არ შორდებოდა ლოლას სახეს -ტვიტერი და ტიკ-ტოკიც კი არ აქვს, ეგ საერთოდ რა არსებაა?

-ტიკ-ტოკერი რომ ყოფილიყო, ძალიან გამიკვირდებოდა. სერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს

-ანუ მე რომ ტიკ-ტოკზე ვაქტიურობ, არასერიოზული ვარ? -წარბაწეულმა გადმომხედა. იმდენად სასაცილო იყო იმ მომენტში, თავი ვერ შევიკავე და მართლა გამეცინა.

-არასერიოზული არ ხარ, მე უფრო ცანცარას ვიტყოდი, მაგრამ ზუსტად ეგ გხდის მომხიბვლელს

-ნუ მეაფერისტები შენი მწარე სიტყვების გასანეიტრალებლად -ჩანაფიქრსმ მაშინვე მიმიხვდა იგი და ტელეფონი იმედგაცრუებულმა გადადო გვერდზე.

-რატომ გინდა ასე ძალიან მაგ ადამიანის პოვნა? შემთხვევით თვალი ხომ არ დაადგი?

-არა -თავი გააქნია უარყოფის ნიშნად -მაგრამ შენ თუ დაადგამ, კარგი იქნება. მინდა რაც შეიძლება მალე ვიყო შენი ხელის მომკიდე. კაბაც კი არჩეული მაქვს

-რამე ისეთი ჩაიცვი, ხალხმა ხანდახან მაინც რომ გამოიხედოს ჩემკენ

-ნუ ღელავ -მაშინვე მიხვდა, რაც ვიგულისხმე -გარდერობში დახურული კაბებიც მომეპოვება

-ჩემს ქორწილს დააგვიანდება, ამიტომ, შეგიძლია მაგ კაბას სხვა დანიშნულება მოუძებნო

-კიდევ ცოტა ხნით დაგიცდი და მერე იმ ლეოს თავად მივეხმარები შენს მოტაცებაში. ძველი ქართული ტრადიციის აღდგენის დროა -მაგიდიდან ფეხები ჩამოიღო და მხიარულად შემომცინა, მაგრამ დაინახა თუ არა ჩემი მკაცრი გამომეტყველება, მის სახეზე დამჩნეულმა ღიმილმა, სწრაფად ჩაალაგა ჩემოდნები და სადღაც, უკვალოდ გაქრა -კარგი, ვიხუმრე, რა გჭირს?

-მაგ თემაზე არ მეხუმრება. ეგ ტიპი უკვე სერიოზულად მაშინებს, მაგრამ მასთან ამის შემჩნევა არ მინდა

-რა ქნას? შენ საუკეთესო ხარ, რისი ყიდვაც ფულით შეიძლება

-საერთოდ რაზე გესაუბრები? -მობეზრებით ავატრიალე თვალები -შენ იმაზე ორჯერ უფრო მეტად გაკლია

-ჰოდა გამოუშვი ჩემთან. ისე დავაწყნარებ, შენ საერთოდ აღარ გაახსენდები

-რა ვქვნა და შენთვის მასაც კი ვერ ვიმეტებ

ლოლამ პატარა ბავშვივით გამომიყო ენა. მერე ფეხზე წამოდგა და მაგიდის კუთხეს თეძოთი მიეყრდნო. მოკლე, ჯინსის შორტებსა და ტანზე მომდგარ, ოდნავ მკერდამოღებულ კოფთაში, სხეული იმდენად მიმზიდველად მოუჩანდა, მიკვირდა კიდეც როგორ ახდენდნენ რესტორნის მამრობითი სქესის წარმომადგენლები კონცენტრირებას მუშაობაზე მისი შემხედვარე.

-დღეს ახალი ბარისტას ცვლაა. დამიანე ოფიციალურად წავიდა სამსახურიდან

-ჰო, ვიცი. მერე?

-არ გინდა გავიცნოთ ეგ გოგო? იმდენად უარყოფითად ახასიათებენ, მასთან დამეგობრების სურვილიც კი გამიჩნდა

ამ წინადადებაზე, კალესთან დიალოგი მომაგონდა, ვინაც ეს ადამიანი სერიულ მკვლელსა და უენსდეი ადამსს შეადარა. ყოველივე ამან, ლოლას მსგავსად ცნობისმოყვარეობა უფრო მეტად გამიღრმავა, ამიტომ, მის შემოთავაზებას მაშინვე ვუპასუხე თანხმობით.

-სხვათა შორის, მეც მინდოდა მისი გაცნობა -სკამიდან წამოვიწიე ამის თქმისას.

-ოღონდ ისე მოიქეცი, თითქოს იქ რამის დასალევად ვართ -სკოლის დამრიგებელივით დამიწყო გაფრთხილება ლოლამ -არ მინდა იცოდეს, რომ სპეციალურად მის გასაცნობად მივედით. მერე თავში აუვარდება

დღის იმ მონაკვეთში, დარბაზში, სტუმრების საკმაოდ სოლიდურ რაოდენობას მოეყარა თავი. ელეგანტურ კაბებში ჩაცმული ქალბატონები და მათი თანმხლები, საკმაოდ ძვირადღირებულ პიჯაკებში გამოწყობილი მამაკაცები, Imagine-თვის ძალზედ ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. მიყვარდა აქაური გარემო, ყველაზე ძალიან კი ის, რომ ჩვენს რესტორანში არ მოქმედებდა საყოველთაოდ აღიარებული კლიშე —“კლიენტი ყოველთვის მართალია”. თუკი ეს უკანასკნელი შეუსაბამოდ იქცეოდა და მომსახურე პერსონალს უპატივცემულოდ ეპყრობოდა, უფროსობიდან არავინ ცდილობდა მის დამშვიდებას, ან კეთილგანწყობის მოპოვებას. ამის მაგივრად, შეტყობინებ დაცვის სამსახურთან იგზავნებოდა და ურჩი სტუმარი შენობიდან დაუყოვნებლივ ძევდებოდა, უკან დაბრუნების ნულპროცენტიანი შანსით. ძმებ ნოლანებს, პირველ რიგში სწორედ ამიტომ ვაფასებდი —ისინი უპირველესად, თავიანთი დაქირავებული თანამშრომლების უფლებებს იცავდნენ და მათ უქმნიდნენ კომფორტს, რათა ხსენებულ თანამშრომლებს, უკვე კლიენტებისთვის შეექმნათ კომფორტი.

ბარს რომ მივუახლოვდით, რამდენიმე ნაბიჯში მიმტანმა ლანამ ჩაგვიარა და ორივეს თვალებით მოგვესალმა. რაც შეეხება ახალ ბარისტას, იგი წვენების ჩამოსასხმელ აპარატთან იდგა და ღილაკებს ისე დაკვირვებით ათვალიერებდა, აშკარად იმაში საფუძვლიანად გარკვევა ჰქონდა განზრახული, თუ როგორ მუშაობდა ეს მოწყობილობა.

ბართან პირველი ლოლა ჩამოჯდა და იმ წამსვე შეუკვეთა ფორთოხლის ფრეში, რა წამსაც მისი გვერდითა სკამი შევავსე. მიუხედავად იმისა, რომ არაფრის დალევის სურვილი არ მქონდა, ლოლას თხოვნა გამახსენდა —“არ ვაფიქრებინოთ, რომ მის გასაცნობად ვართ მოსულებიო”, ამიტომ გადავწყვიტე რაღაც უბრალო თავადაც შემეკვეთა და საბოლოო არჩევანი, ლიმონიან წყალზე შევაჩერე, პიტნითა და ყინულით.

-შენ ალბათ ახალი თანამშრომელი ხარ, არა? -პირველად ლოლამ გამოიჩინა გაცნობის ინიციატივა და ეს კითხვა ისეთი ინტერესით დასვა, თითქოს თავიდანვე არ სცოდნოდა ვისთან, ან რატომ მოდიოდა.

-ახალი თანამშრომელი მხოლოდ პირველ დღეს შეიძლება იყო -ზუსტად ისეთი ხასიათის შტრიხები შევნიშნე მოცემულ მომენტში ამ გოგოს ხმაში, როგორზეც კალე მესაუბრებოდა და ამაზე ჩემთვის ჩამეღიმა.

-კარგი, ასე იყოს -დათმობაზე წავიდა ლოლაც -მოკლედ გაგეცნობით, მე ამ რესტორნის ბუღალტერი ვარ, ლოლიტა, ეს კი მარიტაა, ჩვენი პიანისტი და როგორც ხანდახან ვეძახი როიალის პრინცესა

სანამ თავის წარდგენით ვიყავით დაკავებულები, ახალმა ბარისტამ ჩვენი შეკვეთაც დაგვიდო წინ და მხოლოდ ამის მერე შეგვათვალიერა საფუძვლიანად.

-მე სამირა ვარ -თქვა თუ არა, მზერა მაშინვე ჩემკენ მომართა -როიალის პრინცესა რომ ახლა უსაქმოდაა, ამაზე მონარქი ნოლანები რას ამბობენ?

-ნუ ღელავ, სამუშაო საათები ხუთზე მეწყება -ხარბად მოვსვი ჩემი ლიმონიანი წყალი. ამ დროს, ვიგრძენი, თუ როგორ გამკრა მხარი ჩემს გვერდით მდჯომმა ლოლამ და ინსტიქტურად გავიხედე მისკენ.

-შენ და მიშოს ერთნაირი გემოვნება გაქვთ, თუ რა ხდება? -ღიმილითა და ეჭვით დაწვრილებული თვალებით მიყურებდა იგი. დიდი დრო არ დამჭირვებია იმის გასაანალიზებლად, ჩემს შეკვეთილ სასმელს რომ გულისხმობდა.

-არა, უბრალოდ მომინდა გამესინჯა, რა მოხდა?

პასუხი აღარ გაუცია. ნაცვლად ამისა, თავისი ფორთოხლის ფრეში მოწრუპა, თუმცა იდუმალი ღიმილი სახიდან მაინც არ მოშორებია.

-შენზე მოგვიყევი სამირა -ამჯერად ბარისტასკენ მიმართა მთელი თავისი ყურადღება. უნდა აღმენიშნა, საკმაოდ უცხო გარეგნობა ჰქონდა ამ უკანასკნელს. კარედ შეჭრილი ჩალისფერი თმა, სანახევროდ ზემოთ რომ აეწია, ძალიან უხდებოდა მის ოვალურ პირი-სახეს, ხოლო მუქი, მკაცრი შესახედაობის თვალები და ცივი გამოხედვა, მართლაც ამსგავსებდა უენსდეის, როგორც ეს კალემ აღნიშნა.

-კონკრეტულად რა გაინტერესებთ -ბარის დახლს მკლავებით ჩამოყრდნობოდა იგი -ჩემს თავზე საუბარი დიდად არ მიყვარს, მაგრამ თუ დროის გაყვანას ცდილობთ, შემიძლია ანეკდოტები მოგიყვეთ

-ანეკდოტები? -თითქმის ერთდროულად ვიკითხეთ მე და ლოლამ, თანაც ერთნაირად გაკვირვებული სახით.

-ჰო, რა იყო? ოღონდ წინასწარ გაფრთხილებთ, შავი იუმორი მომწონს, ამ მიმდინარეობას კი ბევრი უფრთხის

-მაინც სცადე -შევაგულიანე. ლოლას მზერაში დანახული ცნობისმოყვარეობა მარწმუნებდა, რომ მასაც ანალოგიურად აინტერესებდა რა იმალებოდა სიტყვა “შავის” უკან.

სამირა ერთხანს მდუმარე სფინქსს დაემსგავსა, თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრდაო. შემდეგ თავისთვის წყალი დაისხა, შიგნით სამი ცალი ყინულის კუბი ჩააგდო და ჭიქას თითები შემოხვია.

-მოკლედ, ერთხელ ჩემს აიფონს ვკითხე —ს’ირი რატომ ვარ ისევ მარტოხელა? მან კი წინა კამერა გაააქტიურა

-ჰმმ, ანუ ესაა შავი იუმორი . . . ვაღიარებ, ძალიან ბოროტული ანეკდოტი იყო

-ნამდვილად -დავეთანხმე ლოლას -თუმცა მაინც სასაცილო

-მიდი, კიდევ მოყევი რამე

-კი ბატონო -ამჯერადაც ჩაფიქრებული სახე მიიღო, თუმცა დიდხანს არ უფიქრია -ესე იგი, არის შავი, ხრაშუნა და ცდილობს შუშაზე დააკაუნოს, რა არის?

ხმა არც მე ამომიღია და არც ლოლას. ჩვენი მზერებიდან ისიც მიხვდა, რომ ვერსია არ გაგვაჩნდა, ამიტომ, თავის დასმულ შეკითხვას, თვითონვე უპასუხა:

-პასუხია, ჩვილი ბავშვი მიკროტალღურ ღუმელში

-მორჩა, მორჩა, მოდი დღეისთვის ეს ვიკმაროთ -მოსმენილისგან ტანზე ეკლებმა დამაყარა, რის გამოც პრევენციულ ზომებს მივმართე, რათა შემდეგში რამე გაცილებით უარესი აღარ მომესმინა.

-გულჩვილი ადამიანები ასეთ რამებს დიდხანს ვერ ისმენენ, მესმის

ლოლამ წარბები მაღლა აზიდა. როგორც ჩანდა, უკმაყოფილი იყო იმით, თუ როგორც მოიხსენიეს.

-საერთოდ არ ვარ გულჩვილი -ამაყად განაცხადა მან -ახლა მარიტამ გაგაჩერა, მაგრამ მარტონი რომ დავრჩებით, თუ გინდა მილიონი ასეთი ამბავი მომიყევი

-აჰა, ანუ რეაქცია არ გექნება -აშკარა ეჭვი გამოკრთოდა სამირას ხმიდან.

-რა თქმა უნდა არ მექნება

-გეყოფა თავის მოკატუნება -გამომწვევი გახდა ბარისტას მზერა -ზღაპრების მანამ მჯეროდა, სანამ გავიგებდი, რომ სანტა ერთი დიდი ტყუილია

ლოლას სახეს შევხედე. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთი საუბარი გააბრაზებდა, თუმცა მის გამომეტყველებაზე აღფრთოვანება უფრო ამოვიკითხე. რაც შემეხება მე, ზუსტად არ შემეძლო იმის თქმა ეს ადამიანი მომწონდა თუ არა, მაგრამ ერთი რამ ნათელი იყო —სამირას გააჩნდა რაღაც ისეთი, რითაც სხვებისგან გამოირჩეოდა, საკუთარ ინდივიდუალიზმს უსვამდა ხაზს და მასებში არ იკარგებოდა.

-კარგი სამირა, სასიამოვნო იყო შენი იუმორისტული ლექცია, თუმცა ახლა საქმეს უბდა დავუბრუნდე -თქვა თუ არა, მაშინვე მე გადმომხედა ლოლამ -მიშომ მომწერა ამ წამს. აინტერესებს მის ზარებს რატომ არ პასუხობ და თავის კაბინეტში გიბარებს, თანაც სასწრაფოდ

ჯიბეში ხელი გაუაზრებლად ჩავიყავი. მაშინღა გამახსენდა, რომ მობილური უხმო რეჟიმზე მქონდა გადაყვანილი და ეკრანზე დახედვისას, ორი გამოტოვებული ზარიც შევნიშნე მეფარიშვილისგან.

-არ უთქვამს რა უნდა? -სწრაფად დავლიე ჩემს ჭიქაში ჩარჩენილი სასმელი. სამირამაც ჩემს მსგავსად, ერთი ამოსუნთქვით გამოცალა თავისი წყალი და მეორე ჭიქაც დაისხა, იგივე რაოდენობის ყინულით.

-არა, არ უთქვამს, მაგრამ თუკი შენს მოკვლას გადაწყვეტს, SOS-შეტყობინება გამომიგზავნე და მაშინვე გიშველი

-მან საიდან იცოდა, რომ ერთად ვიქნებოდით?

-ალბათ დაინახა როგორ შემოდიოდი ჩემს კაბინეტში -მხრები აიჩეჩა, მერე კი თავმომწონედ ასწია ცხვირი -პრინციპში, სხვასთან ვისთან უნდა შესულიყავი? საუკეთესო ვარ მათ შორის, ვისთანაც კი ამ რესტორანში ურთიერთობა შეიძლება

-საუკეთესო მაშინ იქნებოდი, თავს რომ არ იქებდე

-ახლაც ვარ -თვალი ჩამიკრა, თან ხმა ისე დაადაბლა, რომ მისი სიტყვები მხოლოდ მე გამეგონა და სასმელების თაროსკენ, მათ დასახარისხებლად მიტრიალებული ბარისტას ყურამდე ვერ მისულიყო -ისე, მგონი მესამე მუშკეტერის დამატება არ გვაწყენდა, შენ რას იტყვი?

-მესამე მუშკეტერის?

-ჰო, რატომ გაგიკვირდა? სამი უფრო დიდ ძალას ფლობს, ვიდრე ორი -თქვა და თვალებით კვლავ თავისი წამოწყებული საქმით გართულ სამირაზე მანიშნა.

ლოლას ამ იდეამ ტუჩებზე ღიმილი მომგვარა. მართალია ადამიანებთან დამეგობრება ისე სწრაფად არ გამომდიოდა, როგორც მას და არც ხშირად ვიყავი ვინმე ახალთან ურთიერთობის აწყობის მსურველი, თუმცა სამირას შემთხვევაში, ვიგრძენი, რომ უფრო ახლოს გაცნობის სურვილი თავადაც მქონდა.

-არც მიკვირს, რომ მოგეწონა -შეუმჩნევლად გადავუჩურჩულე ლოლას, თან წასასვლელად მოვემზადე -გიჟია, ოღონდ შენთან განსხვავებული მოდელი

-მგონი ბატონ დირექტორთან გეჩქარებოდა

-მივდივარ, მივდივარ -გამეცინა მეგობრის დაბღვერილი სახის შემხედვარეს და სამირასთან დამშვიდობების შემდეგ, უმალ გავემართე მეფარიშვილის კაბინეტის მიმართულებით.

ადგილზე მისვლისას, რამდენიმე წამით ზღურბლთან შევყოვნდი. მერე ღრმად ჩავისუნთქე, მუშტად შეკრული მარჯვენა ხელი ზემოთ ავწიე და ხის კარზე, რამდენჯერმე მიყოლებით დავაკაკუნე.

-შემოდი -ორი წამიც არ იყო გასული, რომ შიგნიდან ხმა მომესმა. ტონზე შევატყვე აშკარად იცოდა ვინც ვიყავი და მელოდებოდა კიდეც.

შესვლის ნებართვის მიღების შემდეგ, კარის ოქროსფერი სახელური ძირს დავწიე და შიგნით თამამად შევაბიჯე. მიშო კაბინეტის მარჯვენა კუთხეში დადგმულ დივანთან იდგა, წელს ზემოთ შიშველი, ხელში შავი ფერის მაისური ეჭირა და როგორც შევატყვე, მის ჩასაცმელად ემზადებოდა.

-ეს რა, დახვედრის ახალი ფორმაა? -მის სხეულს ალმაცერად შევავლე მზერა ამის თქმისას, მერე კი თვალებზე გადავიტანე მკაცრი მზერა.

მიშომ ზედატანი სწრაფად გადაიცვა და დივნის კუთხეში მიგდებულ პერანგზე მანიშნა.

-მასზე წვენი გადამესხა და გამოვიცვალე. რამე საწინააღმდეგო გაქვს?

-მაქვს! -ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი -შემოსვლის ნებართვა მაშინ უნდა მოგეცა, როდესაც ჩაცმას დაასრულებდი

-ხომ იცი, შენთან დასამალი არაფერი მაქვს? -დემონური ღიმილი აირეკლა მის თვალებში -შემდეგ ჯერზე თავად აარჩიე რით გირჩევნია დაგხვდე —გულებიანი ტრუსებით, თუ ტყავის მათრახით ხელში?

-მგონი მხოლოდ შენ შეგიძლია ერთი წუთის განმავლობაში ამდენი სისულელე თქვა

-კარგი, შენი ყუთი აიღე და სამუშაოს დაუბრუნდი -მოულოდნელად საუბრის თემა შეცვალა მიშომ, თან კარის მარცხენა მხარეს, კედელთან მიწყობილ ფერად-ფერად ყუთებზე მანიშნა.

-ეს რა არის? -დავინტერესდი. მეფარიშვილი დივანზე ჩამოჯდა და ფეხი, ფეხზე გადაიდო.

-ერქოლემ და ტეომ გადაწყვიტეს, კორპორატიული საღამო კოსტიუმირებული იყოს და რესტორნის თანამშრომლებისთვის თავად შეარჩიეს სამოსი. მოძებნე, რომელსაც შენი სახელი ეწერება და წაიღე

-და თუკი მათი შერჩეული ლუქი არ მოგვეწონება?

-ნოლანებს ძალიან კარგი სანაცნობო ჰყავთ და თითოეული ეს კოსტიუმი, უფასოდ აქვთ ნაქირავები, ასე რომ, ვისაც რამე არ მოეწონება, შეუძლია უკან დააბრუნოს და საკუთარი ხარჯებით შეიძინოს, რაც სურს

-გასაგებია -დავუქნიე თუ არა თავი, სხვადასხვა სახელებში ჩემის ძებნა დავიწყე. პოვნა არ გამჭირვებია. შეფუთვა, რომელსაც “მარიტა” ეწერა, რიგით მეორე იდო ერთმანეთზე დაწყობილ ყუთებს შორის. მართალია ძალიან მაინტერესებდა, თუ რა აარჩიეს ჩემთვის რესტორნის მფლობელებმა, მაგრამ გონებაში მაინც გადავწყვიტე კოსტიუმი შინ მისვლამდე არ მენახა.

-თუ სულ ეს იყო, მე წავალ -მიშოს მივუტრიალდი, ვინც კვლავ იმავე პოზიციაში მჯდომი მადევნებდა თვალყურს. წამით დივნის წიმ მდგომ, პატარა მაგიდაზე ნაცნობი რაღაც მომხვდა თვალში. კარგად რომ დავაკვირდი, პატარა შუშა შევნიშნე, აბებით რომ იყო სავსე და ლათინური ასოებით ეწერა —Somnolent. მაშინვე გამახსენდა ეს პრეპარატი. იგი ფრანგული წარმოების, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერმოქმედი საძილე საშუალება იყო, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში იღებდა მამა, 2008 წლის აგვისტოს ომიდან დაბრუნების შემდეგ, ინსომნიის სამკურნალოდ.

-მგონი წასვლას აპირებდი -მეფარიშვილის ხმამ გამომაფხიზლა. როგორც ჩანდა შეემჩნია ჩემი ცნობისმოყვარეობა და ახლა ორმაგი ინტერესით მათვალიერებდა -ასე რას მიშტერებიხარ?

-არაფერია, რაღაც გამახსენდა

მიშომ უკმაყოფილოდ ამოიოხრა, მაგიდაზე შემოდებული შუშა აიღო და მას, შარვლის ჯიბეში მიუჩინა ადგილი.

-შეგიძლია წახვიდე და საქმეს მიხედო. წარმატებული დღე

-შენც ასევე -შევატყვე უკმაყოფილო იყო იმით, რაც დავინახე, თუმცა ამაზე ყურადღება არ გამიმახვილებია, ისე წავიღე ხელი კარის სახელურისკენ.

-მარიტა! -გასასვლელად მომზადებული, მისმა ხმამ შემაფერხა. თავი უკან მოვატრიალე. მიშო ამჯერად დივნიდან წამომდგარიყო და მის საზურგეს ხელის გულებით ებჯინებოდა.

-გისმენ

-ჩემი მანქანა დღეს მოიყვანეს პროფილაქტიკიდან

-მერე? თანხა მე უნდა გადავიხადო?

-არა, არ უნდა გადაიხადო -გაეცინა -მაგრამ აღარც სულელური ყვავილები და ცისარტყელები უნდა მიახატო, თუკი არ გინდა შენს წინააღმდეგ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით აღიძრას საქმე

-აჰა, ანუ აპირებ მიჩივლო -ღიმილი ვერც თავად შევიკავე.

მეფარიშვილი დივნის საზურგეს მოშორდა და ჩემთან მოვიდა, თანაც იმდენად ახლოს, რომ მისი ქარვისფერი თვალების სიღრმეში, გარკვევით ვხედავდი საკუთარ ანარეკლს.

-ჰო, შეიძლება, მაგრამ ნუ ღელავ, ერთი გამოშტერებული, მდიდარი თაყვანისმცემელი უკვე გყავს, ვინც გირაოს დაუფიქრებლად გადაიხდის და ციხეში არ დაგტოვებს

-რა იდიოტი ხარ მეფარიშვილი -მობეზრებულად გადავატრიალე თვალები მის ამ კომენტარზე და კარი ისე გამოვიხურე, საპასუხო სიტყვებისთვის მოცდა აღარც მიფიქრია.

საღამომ ძალზედ ჩვეულებრივად ჩაიარა. არც ჩემს სიმშვიდეს დამუქრებია საფრთხე, რადგან ლეო არსად გამოჩენილა. კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი ის გახლდათ, რომ ამ ღამით, ლოლა ჩემთან აპირებდა დარჩენას, რათა გოგონების საღამო მოგვეწყო და ნეთფლიქსის რომელიმე მაღალრეიტინგული სერიალის ყურებაში გაგვეყვანა დრო.

სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, წესი —“მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები” დავარღვიე და კალესაც შევთავაზე ჩვენთან ერთად წამოსვლა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მას სხვა გეგმები ჰქონდა და უარის თქმა მოუწია. გუნდში მხოლოდ მე და ლოლა დავრჩით, მარკეტში უამრავი სხვადასხვა სახეობის “სნექი” შევიძინეთ და სახლამდე მისულებმა, საძინებლის კომფორტულად მოწყობა დავიწყეთ, ფილმის საღამოსთვის.

-ჰორორის ჟანრში მოვძებნოთ რამე, კარგი? -ტელევიზორის წინ, იისფერ ფუმფულა ხალიჩაზე, ბალიშებს მოხერხებულად აწყობდა ლოლა და ჩემს პიჟამაში გამოწყობილი, ალაგ-ალაგ ინსტაგრამის ფილტრებით იღებდა ფოტოებს.

-სტუმარი შენ ხარ და ანგარიშს გიწევ

-მოდი კიდევ ერთხელ გამიწიე ანგარიში და მითხარი, რა კოსტიუმი შეგირჩიეს ნოლანებმა? -ცნობისმოყვარეობით ანთებული, მუქი ფერის თვალები შემომანათა მან. მართალია საკუთარ თავთან პირობა მქონდა დადებული, რომ ყუთს სახლში მისვლამდე არ გავხსნიდი, თუმცა სამუშაო დღის დასასრულს, მაინც ვერ მოვითმინე და შიგნით ჩაჭყიტვის სურვილს დავმორჩილდი.

-ფერია ტინკერ-ბელის. იმდენად მომეწონა, არა მგონია შევცვალო

-აი მე კი შევცვლი -დარწმუნებით განაცხადა ლოლამ -მინდა კორპორატიულზე ჰარლი ქუინი ვიყო და არა, სულელი პრინცესა ჟასმინი

-ვიცოდი, რომ რაღაც ასეთ თამამსა და გიჟურს აირჩევდი

-რა ვქვნა, მომწონს, როდესაც ჩემზე ნერწყვებს ყლაპავენ, მაგრამ ვერ მეხებიან -მერე ჩიფსის შეფუთვიდან ერთი ცალი ამოაძრო და ხმამაღლა ჩაახრაშუნა -ვისთან ერთად მიდიხარ უკვე გადაწყვიტე?

-არ ვიცი. ალბათ მარტო, ან კალეს ვთხოვ

-რა კალეს? ეგ მგონი ასექსუალია, თან შენი ნათესავი. ვინმე ისეთი აარჩიე, ვისაც უნდიხარ, იქნებ მერე მაინც გამოკრა რამეს ხელი

-რას უნდა გამოვკრა?

-რას და რაც არასდროს გღირსებია იმას -თმაზე ხელი ყალბი სიბრალულით გადამისვა ლოლამ, თუმცა როდესაც თავისი სიტყვების საპასუხოდ ჩემგან ჩქმეტა მიიღო, მხიარული გამომეტყველება მაშინვე შეუცვალა შეწუხებულმა -რას აკეთებ, მეტკინა!

-ყველანაირ სისულელეს თუ არ წამოისვრი, რაც ენაზე მოგადგება, აღარაფერი გეტკინება

ლოლამ დაბღვერილი სახით შემომხედა. როგორც ჩანდა, არაფრის თქმას აღარ აპირებდა, რადგან იმ მომენტში ზურგი მაქცია, პულტს დასწვდა და ტელევიზორს მიუტრიალდა. ზუსტად ამ დროს, ის მოხდა, რასაც არც ერთი ჩვენგანი არ ელოდა. უეცრად, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, ტელევიზორის ეკრანი ჩაბნელდა და წყვდიადში დარჩენილმა მე და ლოლამ, ინსტიქტურად ჩავკიდეთ ხელები ერთმანეთს.

-ეს რაღა ჯანდაბაა?

-როგორც ჩანს, შუქი გამოირთო -ვუპასუხე ნერვებმოშლილმა, თან ღრმად ამოვიოხრე -მგონი ფილმების საღამო უნდა დავივიწყოთ

-დიდი ხნით ითიშება ხოლმე? -არანაკლებ შეწუხებული ჩანდა ლოლა.

-რაც აქ ვცხოვრობ, ეს მხოლოდ ორჯერ მოხდა და მაშინაც იმიტომ, რომ სერიოზული ავარია იყო

-ჰოდა მაშინ ოფიციალურად ვაცხადებ, რომ დღევანდელი გეგმები გაუქმებულია

მართალია, შექმნილმა სიტუაციამ ფილმების ნახვის საშუალება მოგვისპო, თუმცა ერთი იდეა მაინც დამებადა. იმის მაგივრად, რომ საღამო გაგვეუქმებინა, ჩემს ოთახში ყველა სანთელი დავანთე, რაც კი მომეპოვებოდა, ისინი იატაკზე დავაწყვე, ჩვენთვის პიცაც შევუკვეთე, ხალიჩაზე ბალიშებთან ერთად პლედებიც მოვიმარაგე და პლასტმასის მრგვალ კონტეინერებში გადანაწილებული სასუსნავები შემოვიწყვე ირგვლივ.

ასეთმა გარემომ 90-იანი წლები გამახსენა, როდესაც ელექტროენერგია ხშირად ითიშებოდა ხოლმე, მე და მამა კი, ოთახში ანთებული სანთლების ფონზე, ხელებით ჭერზე სხვადასხვა ჩრდილებს ვაკეთებდით და თავს ასე ვირთობდით ხოლმე.

-ისე, ყველაფრისდა მიუხედავად, მაინც სასიამოვნო საღამოა -აღნიშნა ორცხობილით პირგამოტენილმა ლოლამ -პიჟამა-ფართის ჰგავს, ოღონდ ქვის ხანის დროინდელს, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გარეშე

-რაღაც მხრივ, ეგ კარგიცაა, საუბარს უფრო მეტ დროს დავუთმობთ

ლოლამ ფუმფულა ხალიჩაზე დაგდებული ბალიში გაასწორა, მასზე თავი თვალებდახუჭულმა მიდო და პლედში კომბოსტოსავით გაეხვია.

-მოდი დღეს ამ ხალიჩაზე დავიძინოთ, კარგი?

-ეგრეც ვაპირებდი -თავადაც გვერდით მივუწექი, თან ცაზე მიბნეულ, ნამგალა მთვარეს შევხედე, ვერცხლისფრად რომ კაშკაშებდა ვარსკვლავებს შორის. საოცრად მსიამოვნებდა იმ მომენტში შექმნილი ატმოსფერო. სანთლების შუქით განათებულ საძინებელს, თითქოს უფრო თბილი ფერები შეეძინა, ვიდრე ჩვეულებრივ, ეს ყველაფერი კი სასიამოვნოდ მადუნებდა და სულიერად მამშვიდებდა.

-მარიტა, რაღაცას გკითხავ და გულწრფელად მიპასუხე, კარგი? -გამომცდელად მიყურებდნენ ლოლას თვალები ამის თქმისას. თითქოს ცდილობდნენ სიმართლე არავითარ შემთხვევაში არ გამოჰპარვოდათ.

-მიდი, მკითხე

-ოღონდ გულწრფელად

-გავიგე ლოლიტა -გამეცინა ნახევრად თვალებდახუჭულს -ახლა გისმენ

-მაინტერესებს, ის ლეო მართლა არ მოგწონს, თუ ტესტავ კიდევ რამდენ ხანს არ მობეზრდება შენი კუდში დევნა?

მისმა შეკითხვამ, ცოტა არ იყოს გამაკვირვა, თუმცა ამავდროულად გამამხიარულა კიდეც.

-არა, არაფერს ვტესტავ -ამჯერად თვალები ბოლომდე გავახილე და ისე მივუგე -არ ვიცი რატომ, მაგრამ ეგ ადამიანი, სამოცი პროცენტით, ნეგატიურ შეგრძნებებს იწვევს ჩემში

-მაგრამ მიმზიდველია

-მიმზიდველი ბევრი ვინმეა ლოლიტა

-ლამაზ სხეულში ყოველთვის ლამაზი სული არაა ხომ?

-სხვათა შორის, ერთმა რამემ გამაკვირვა -იდაყვზე დაყრდნობილმა, მარჯვენა ლოყა ხელის გულს დავაბჯინე -მაშინ, როდესაც ლეო ჩემთან იყო მოსული, ყველა ნივთს ისე უჩვეულოდ სწრაფად აგნებდა, რაც კი სამზარეულოში მქონდა, თითქოს აქამდეც ბევრჯერ ყოფილიყო ნამყოფი

-ჰოო? -ვერ მივხვდი ეჭვი მართლა გაკრთა მის ხმაში, თუ უბრალოდ მომეჩვენა -ნამდვილად უცნაურია

-ვერც მე ვუძებნი ახსნას

-მისი ნაჩუქარი რამე ნივთი თუ გაქვს ბინაში? -მკითხა მან გამოცდილი დეტექტივისთვის დამახასიათებელი, უნდობლობით სავსე მზერით, თუმცა ვერ მივხვდი, რა შუაში შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ჩვენს სასაუბრო თემასთან.

-მაგას რატომ მეკითხები?

-უბრალოდ მიპასუხე

-კარგი, მაშინ ის თუთიყუში ჩემს მისაღებში და გალიაც, ლეოს ნაჩუქარია

-და გალიისთვისაც ისეთი ადგილი გაქვს მიჩენილი, საიდანაც სამზარეულო კარგად ჩანს, არა? -ეჭვის უფრო და უფრო დიდი დოზა ჩანდა მის თითოეულ სიტყვაში.

-ჰო, ასეა, მაგრამ . . . ვერ მივხვდი საითკენ უმიზნებ

ლოლას აღარაფერი უთქვამს. ნაცვლად ამისა, ტელეფონის ფანარი აანთო, პლედი გადაიძრო, ფეხზე სწრაფად წამოდგა და ზემოდან დამაშტერდა.

-ადექი და გამომყევი

-მეტყვი რა ხდება?

-რაღაც უნდა გადავამოწმო -ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა იმ მომენტში, როგორც არასდროს, მთელი ჩვენი ნაცნობობის მანძილზე.

ზედმეტი კითხვები აღარც მე დამისვამს. როცა გავიაზრე, რაღაც მართლა ვერ იყო რიგზე, თავადაც წამოვდექი და ოთახიდან გასასვლელი კარისკენ წასულ ლოლას უკან სწრაფად გავყევი.

პატარა დერეფნის გავლისა და მისაღებში აღმოჩენის შემდეგ, ჩვენი მსვლელობა თუთუყუშის გალიასთან შეწყდა. ამჯერად, ლოლამ ტელეფონი ზემოთ ასწია და ფანრის შუქით გალიის თვალიერებას მოჰყვა. თუთიყუშს მოუსვენრობა დაეტყო, თუმცა ამაზე მეტად მაინც ის მაინტერესებდა, თუ რის გარკვევას ცდილობდა ჩემს წინ მდგომი ადამიანი და ამჯერად ცნობისმოყვარეობა არც დამიმალავს:

-აღარ მეტყვი მანდ რა გამოძიებას ატარებ შერლოკ?

-ერთი წუთით დამაცადე უოტსონ

-ერთი წუთი ძალიან ბევრია

-მოთმინება შენი ძლიერი მხარე არაა, მაგრამ უნდა შეეცადო

-ამოღერღე რაა

-ამის დ*დაც! -სიცილნარევი ბრაზით ამოთქვა ლოლამ, რის შემდეგაც, ანთებული ფანრის თანხლებით ჩემკენ მოტრიალდა და თითებში მოქცეული, ზუსტად გალიის შეფერილობის პატარა ნივთი დამანახა.

-ეს . . . ეს რა არის? რა ხდება?

-ის ხდება, რომ ეგ ნაბი*ვარი, გალიის კარზე მიმაგრებული სათვალთვალო კამერით გაკვირდებოდა მარიტა.



№1 სტუმარი Ana-maria

ყველა თავი ერთმანეთისაგან განსხვავებული და ძალიან კარგია.ვატყობ ლეო არაერთ პრობლემას შეუქმნის მარიტას. იმედია მიშო დაიცავს.ნეტა როდის მიხვდება ეს ორი -.მარიტა და მიშო იმ სიყვარულს,რომელიც მათ შორის არის. წარმატებები ❤

 


№2  offline წევრი მაო Mao

არ მეყოოოოოოოო ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი Елка

Михариа ром агрзелебт. Саинтересо тави ико леоси укве мешиниа раме ар даушаос маритас. Мадлоба.

 


№4 სტუმარი სტუმარი Lusi

აუუუუ სად გაწყდააა..ძალიან კარგია.

 


№5 სტუმარი ნია

მალე გააგრხელეთ გთხოოვთ

 


№6 სტუმარი სტუმარი გვანცა

აუ სად გაწყდა. მალე გააგრძელეთ

იქნებ გაზარდოთ თავები და მალმალე დადოთ

 


№7 სტუმარი მაკოო

მიყვარს მეფარიშვილი. კარგი ადამიანია ვფიქფრობ

 


№8 სტუმარი სტუმარი თამარა

აუ,როგორ ველოდები გაგრძელებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent