შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის ბნელი მხარე (თავი-5)


13-03-2024, 18:57
ავტორი ანუბისი
ნანახია 2 662

8 8 8 8

შუადღე ხანს, როდესაც კალემ ჩემს კარზე ზარი დარეკა, უკვე ყველაფერი მზად მქონდა. შოკოლადის მინანქრიანი მარწყვის ტორტი, ბანანის სმუზი და ალუბლის მაფინები, დღეს მთლიანად ჩვენს განკარგულებაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი იმ წამსვე გადამავიწყდა, რა წამსაც კარი გავაღე და ზღურბლთან, ტუჩ და წარბგახეთქილი კალე შემრჩა ხელში, პირამდე სავსე პოლეეთილენის პარკით ხელში.

-რა გჭირს? მესამე მსოფლიო ომი დაიწყო? -ვიკითხე შეშფოთებით. რაც ამ ადამიანს ვიცნობდი, არასდროს გამოევლინა ისეთი თვისება, რომელიც მაფიქრებინებდა, რომ ქუჩური გარჩევების მოყვარული იყო. სწორედ ამიტომ გამიკვირდა მისი ასეთ არასახარბიელო მდგომარეობაში ხილვა.

-საინფორმაციო გამოშვებებს რომ უსმენდე, მიხვდებოდი, რომ მესამე მსოფლიო ომამდე, ერთი ასანთის გაკვრაღაა დარჩენილი

-სერიოზულად, რა გჭირს? -შიგნით შემოვატარე და კარიც ჩაკეტე. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უჩვეულოდ მხნედ გამოიყურებოდა და მხიარულ განწყობაზეც იყო.

-რომ გითხრა კიბიდან გადმოვვარდი, ან კარს დავეჯახე-მეთქი, არ დამიჯერებ, ხომ?

-მეგონა ეგრე მხოლოდ ის ქალები იტყუებოდნენ, რომლებზეც ქმრები ძალადობენ

-ანუ ამ ტყუილის საავტორო უფლება მათია

-კალე, ხუმრობის გარეშე, რა ხდება?

ბიჭმა უკმაყოფილოდ ამოიოხრა. როგორც ჩანდა, მიმხვდარიყო, რომ დროის გაწელვის ლიმიტი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა და ახლა ადევატური პასუხი უნდა გაეცა ჩემს კითხვაზე.

-ერთი ჭიქა წყალი მომიტანე, სამი ნატეხი ყინულით

-კალე!

-ნუ მიყურებ ჰელოუინის გოგრასავით, ყველაფერს მოგიყვები -მისაღების დივანზე მოწყვეტით დაეშვა ამის თქმისას -უბრალოდ ჯერ წყალი მომიტანე, ძალიან მწყურია. თან ეს პარკიც წაიღე, შიგნით ტკბილეული დევს

პასუხად აღარაფერი მითქვამს. უამრავი კითხვის ნიშნით გამოტენილი თავითა ცნობისმოყვარეობის გრძნობით ნახევრად შეჭმული ტვინით სამზარეულოს მივაშურე, კალეს მოტანილი სასუსნავები დავაბინავე, ჭიქაში ონკანის წყალი ჩამოვასხი და ყინულის კუბების დამატების შემდეგ, კვლავ ჩემს დასახიჩრებულ სტუმართან დავბრუნდი.

-დალიე, მერე კი გისმენ

-ოღონდ დამპირდი, რომ საკუთარი თავის დადანაშაულებას არ დაიწყებ

-მოიცა, ჩემს გამო გჭირს ეს ყველაფერი? -გულმა ლამის მუშაობა შეწყვიტა იმ მომენტში. კალემ წყლით სავსე ჭიქა ერთი ამოსუნთქვით გამოცალა და ნებიერად მიეყრდნო დივნის რბილ საზურგეს.

-შენს გამო არა, ერთი ფსიქოპათის ახირების გამო, ვინც მაინცდამაინც შენ ამოგიჩემა ამდენ ქალში

-არ თქვა, რომ . . .

-ჰო, ლეო იყო -მაშინვე მიხვდა, როგორც ვგეგმავდი ამ წინადადების დაბოლოებას -უფრო სწორად, მისი გამოგზავნილი ხალხი. გუშინწინ, კორპორატიულზე ყოფნისას ვიღაცამ დამირეკა და მთხოვა ცოტა ხნით ქვემოთ ჩავსულიყავი. სწორედ ამიტომ აღარ დავბრუნდი უკან

-მაგრამ . . . -ვიგრძენი ყელში როგორ გამეჩხირა მოზრდილი ბურთი და როგორ წამართვა გამართულად მეტყველების უნარი -შენგან რა უნდოდა? საერთოდ რა შუაში იყავი?

-შურისძიების სურვილი -მყისვე მომიგო კალემ -ალბათ ვიღაცის მეშვეობით გითვალთვალებს, იცოდა შენთან სახლში რომ ვიყავი, ისიც დაინახა წვეულებაზე ერთად რომ წავედით და ჩათვალა, რომ ჩვენ შორის რაღაც ხდება

-ავადმყოფი ნაბი*ვარი! ეს როგორ გააკეთა? -სახეზე მოწოლილმა ბრაზმა, კანიც კი ამიხურა და აკანკალებული თითებით, რაც შემეძლო ნაზად შევეხე გახეთქილ ტუჩზე. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ცრემლები არ გადმომცვენოდა და იქვე არ ავტირებულიყავი -მითხარი, ძალიან გტკივა?

-ნუ ღელავ, არც ის ტიპები არიან ნაკლებ დღეში

-რამდენი იყვნენ?

-ოთხნი . . . და ნუ გაქვს ასეთი სახე, ხომ ხედავ, კარგად ვარ

-ჩემს გამო მოხდა ყველაფერი. მე ვარ დამნაშავე -დივანზე მის გვერდით დავჯექი და ამჯერად თვალებზე ავიფარე აცახცახებული თითები. იმის წარმოდგენაზეც კი ეკლები მაყრიდა ტანზე, გაცილებით უარესი რომ მომხდარიყო, ვიდრე ახლა მოხდა.

-მე, შენ ხომ გითხარი, საკუთარი თავის დადანაშაულება არ დაიწყო-მეთქი? რა შენი ბრალია, თუკი ვიღაც ტვინნაღრძობი გადაგეკიდა და სურს ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელთან დაგიწესოს საზღვრები?

-ეგ იმ ფაქტს არ ცვლის, რომ შენი ამ დღეში ჩავარდნის მიზეზი მე ვარ

კალე ჩემთან უფრო ახლოს გადმოჯდა, თალებზე აფარებული თითები ფრთხილად დამაშვებინა ძირს და კრიალა, ცისფერი თვალებით ისე თბილად გამიღიმა, ერთიორად მომემატა დანაშაულის შეგრძნება.

-ეს იმიტომ არ მომიყოლია, რომ გამუდმებით იძახო ჩემი ბრალიაო მარიტა, გესმის? უბრალოდ მინდოდა გამეფრთხილებინე, რომ მხოლოდ სასამართლო აკრძალვა არაა საკმარისი იმისთვის, რათა მაგ ადამიანს შენი არსებობა დაავიწყდეს. ძალიან ფრთხილად უნდა იყო, გაიგე?

-მეტი რა უნდა ვქვნა კალე? რა გავაკეთო? ისიც კი სახიფათოა, რომ ახლა აქ ხარ. თავის დროზე რომ გეთქვა, მოპატიჟებას გავაუქმებდი და . . .

-ახლა გეყოფა -ხმამაღლა გაეცინა ჩემს ისტერიკაზე -ისღა მაკლია ვიღაც დარტყმულის გამო, იმ ადამიანთან გავწყვიტო ურთიერთობა, ვინც ერთადერთი ნორმალური გამოერია ჩემს სანათესავოში

-მაგრამ შეიძლება ამის გამო კიდევ გაეხვე შარში

-მარიტა, გეუბნები ოთხი იყვნენ-მეთქი და მხედავ, მხოლოდ წარბი და ტუჩი მაქვს გახეთქილი. მთელი ბავშვობა, მამაჩემი, სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებების წრეზე მატარებდა. თავის დაცვა კარგად შემიძლია

-ეგ ვერ მამშვიდებს კალე. გუშინ შიშველი ხელებით დაგადგნენ თავზე, მაგრამ რა გარანტია მაქვს, ხვალ იარაღს რომ არ მოგადებენ შუბლზე?

-იარაღის ტარების უფლება მეც მაქვს. თუკი ეს დაგამშვიდებს, ამიერიდან ვატარებ ხოლმე

-დავიჯერო შენ საერთოდ არ გეშინია?

-ჩემზე ნუ ფიქრობ, შენ კი აი ეს გქონდეს ყველგან, სადაც წახვალ -თქვა თუ არა, ჯიბიდან პატარა, შავი ფერის ფარანი ამოიღო და გამომიწოდა -ასე ნუ მიყურებ, მხოლოდ ის არ არის, რასაც ხედავ

-აბა რა არის? -გამოწვდილი ნივთი ჩამოვართვი და გამოკვლევის მიზნით, უკეთ დავაკვირდი.

-მაგ პატარა, სამკუთხედი ფორმის წვეტებს ხედავ, სინათლის წყაროს გარშემო?

-კი, მერე?

-ელექტრო-შოკია. მის გასააქტიურებლად, აი ეს ღილაკი უნდა ასწიო ზემოთ. სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივი სანათია და მორჩა. დატენვით, ანდროიდის დამტენიც ტენის. ჩემი დავკარგე, თორემ მაგასაც წამოგიღებდი

კალეს მიერ ნაჩვენები ღილაკი ზემოთ ავწიე. შემდეგ ჩამრთველს დავაწექი და ჩემს ხელში მოქცეული უწყინარი სანათი, სულ მალე გადაიქცა საშიშ ნივთად, რომლის თავიც მენთოლისფრად ანათებდა და დენგამტარი მავთულის ხმებს გამოსცემდა.

-აი ეს მესმის! -გაოცების ღიმილი მომადგა ტუჩებზე -და ეს ადამიანს რას უშვრება?

კალემ ფანარი ფრთხილად გამომართვა, გათიშა და მაგიდაზე მიუჩინა ადგილი.

-გარკვეული დროით კრუნჩხვებში აგდებს. აი ეს კი ნაკლებად სახიფათოა, თუმცა მაინც ეფექტური -ამჯერად ტუჩსაცხი ამოაძვრინა ჯიბიდან კალემ. სანამ რამე შეკითხვის დასმას მოვასწრებდი, განმარტება თავად მოაყოლა:

-ეს უკვე ცრემლსადენი სპრეია, ქალის ტუჩსაცხის მოყვანილობით. მინდა, რომ ეს ორი ნივთი, მუდამ ჩანთაში გედოს მარიტა

სიგიჟემდე მომინდა მისი ჩახუტება იმ მომენტში. ისეთი სასიამოვნო იყო იმის შეგრძნება, რომ ვიღაც ჩემზე ასე ზრუნავდა, თავის შეკავება ვერ მოვახერხე და მართლა გადავეხვიე. საპასუხოდ მანაც მომხვია წელზე მკლავები და ტუჩები ყურთან ახლოს მომიტანა:

-შეიძლება ვიკითხო ჩემს ხილის ტორტს როდის მაჭმევ? -მკითხა სიცილით -სანამ შენ აქ სენტიმენტებს აფრქვევ, ჩემი კუჭი უკვე აჯანყებას მიწყობს

-ტკბილეული საჭმელი არ არის -მივუგე სიცილითვე, თან სწრაფად მოვშორდი მის სხეულს -ყველაფრისთვის გმადლობ კალე. მართლა ძალიან დიდი მადლობა

-შენი მადლობა ის იქნება, ჩემ შეკვეთას თუ დროულად მომიტან

-კარგი, კარგი, ყველაფერს მოგიტან -უმალვე წამოვდექი ფეხზე, ჩემთვის განკუთვნილი სახიფათო საჩუქრები მოვხიკე და კალეს, თვალებით გალიაში გამომწყვდეული თუთიყუშისკენ ვანიშნე, კედელზე მიმაგრებულ, სპეციალურ თაროზე რომ მქონდა ადგილი მიჩენილი -მანამდე მიდი, შენი ახალი მეგობარი გაიცანი. გუშინ დავილაპარაკეთ და ფსიქოლოგიურად უკვე შემზადებულია საცხოვრებელი გარემოს ცვლილებისთვის

-ჰოო? კარგი, მაგას თავად გადავამოწმებ -მომიგო და როგორც კი სამზარეულოსკენ ავიღე გეზი, იგიც მაშინვე გაემართა თუთიყუშის გალიისკენ.

ვინაიდან სამსახურში ხუთზე უნდა ვყოფილიყავი და სხვაგან არსად ვიყავი წასასვლელი, კალე ჩემთან საკმაოდ დიდხანს შემორჩა. ბავშვობის გახსენებას ჰგავდა ჩვენი ერთად ყოფნა —ტელევიზორში ლუი ანდერსონის ანიმაცია გვქონდა ჩართული, ირგვლივ ტკბილეული მოგველაგებინა და მულტფილმის ყურების პარალელურად, ერთმანეთთან საუბარსაც ვახერხებდით.

სულ სხვანაირი იყო კალე იმ მომენტში. სამსახურის გარეთ, არც თვალებს იხატავდა შავი ფანქრით და არც თავის განთქმულ, ცილინდრის ფორმის ქუდს ატარებდა. ახლა, გარეგნულად ჩვეულებრივი ბიჭი იყო, ლამაზი, ცისფერი თვალებითა და ყოველგვარი სიბინძურისგან თავისუფალი, წყაროს წყალივით სუფთა გამოხედვით.

-შენი რჩევა მჭირდება -როგორც კი მორიგი სერია დასრულდა, კალეს მივუბრუნდი და გამეცინა იმის დანახვაზე, თუ როგორ სწრაფად გამომხედა, ორცხობილით გამოტენილი ლოყებით.

-რა რჩევა?

-მაინტერესებს, როგორი სტილის სამოსი აჯობებს მაღალი კლასის რესტორანში ჩასაცმელად. ხვალ პაემანი მაქვს და . . .

-პაემანი? -ლუკმა ლამის გადასცდა და სიცილნარევი ხველა აუტყდა. გაჩერება მანამ ვერ შეძლო, სანამ ზურგზე რამდენჯერმე გადაბმულად არ დავარტყი გაშლილი ხელის გული.

-ჰო, პაემანი. ასე რატომ გაგიკვირდა?

-ვინ არის ის იღბლიანი მოქალაქე? -ეშმაკურად აუციმციმდა თვალები. დამალვის სურვილი არც გამჩენია. იმდენად დადებითი მუხტი მოდიოდა ამ ადამიანისგან, ზოგჯერ მინდებოდა ყველაფერი წერტილ-მძიმით მომეყოლა, რაც კი დაბადებიდან ამ ასაკამდე მქონდა გამოვლილი.

-ჩვენი იაპონელი სტუმარი, იუნგი. კორპორატიულზე ერთად ვიცეკვეთ და შეხვედრაც მაშინ მთხოვა

-აი თურმე -ვგრძნობდი, უფრო და უფრო ემატებოდა ინტერესი -ანუ მოგწონს? სხვანაირად არ დათანხმდებოდი

-არ ვიცი . . . სიმპათიურია, ჭკვიანი, კარგი მოსაუბრე. ვნახოთ ეს შეხვედრა როგორ ჩაივლის, წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა

-რამე სექსუალურისა და ელეგანტურის ნაზავი ჩაიცვი. უმჯობესია კაბა იყოს, ასე უფრო მოახდენ შთაბეჭდილებას

-მგონი მართალი ხარ. მაქვს ერთი შესაფერისი კაბა

-ფერი?

-ღია იისფერი

-იდეალურია -თითებით Perfect-ის ნიშანი გააკეთა და ისევ ტელევიზორის ეკრანს მიაცქერდა.

რადგანაც დღეს, ჩემი და კალეს ცვლა ერთად იწყებოდა, ჯერ თუთიყუში დავტოვეთ მის სახლში, შემდეგ კი სამსახურისკენ მიმავალ გზას, ჩემი მანქანით დავადექით. მისი ნაჩუქარი ელექტრო-შოკი და ცრემლსადენი სპრეი, ჩანთის ყველაზე პატარა განყოფილებაში მქონდა მოთვსებული. მოსაზრება, რომ ლეო ერთი სასამართლო აკრძალვით გაქრებოდა ჩემი ცხოვრებიდან, ისეთივე არარეალური გამოდგა, როგორც ცაში მფრინავი, სანტას ირმებიანი მარხილი, ამიტომ მართლაც იყო საჭირო მსგავსი უსაფრთხოების ზომების მიღება.

მეორეს მხრივ, იუნგიზეც მეფიქრებოდა. იქნებ, ლეოს მისთვისაც ისევე მიეგზავნა ხალხი, როგორც ეს კალეს შემთხვევაში გააკეთა? ამაზე ფიქრიც კი მაშინებდა. ყველაზე ნაკლებად ის მსურდა, კიდევ ვინმე დაზარალებულიყო, ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მემოქმედა, რათა ლეოსთვის, ჩემი პირადი ცხოვრების ყოველი დეტალი, სქელი ბურუსით ყოფილიყო მოცული.

საბედნიეროდ დღესაც მიმართლებდა. რესტორნის პარკინგზე, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილი, ამჯერადაც თავისუფალი დაეტოვებინათ. ამინდიც იდეალური იყო, რაც კიდევ უფრო მიმაღლებდა განწყობას, კალესგან გაგებული სტრესული ამბის შემდეგ.

Imagine ხალხით დამხვდა გადავსებული. გამოსაცვლელად სულ რაღაც ნახევარი საათი მრჩებოდა, რაც თავისთავად მომიწოდებდა სიჩქარისკენ. არც კალეს ჰქონდა ბევრი დრო, ამიტომ, ერთმანეთს სწრაფად დავემშვიდობეთ და დროებით დავიშალეთ.

მანამ, სანამ გასახდელ სივრცეს მივაშურებდი, საპირფარეშოსკენ ავიღე გეზი. მთელი გზა ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი მალინისფერი ტუჩსაცხი მთლად ისე კარგადაც არ მქონდა წასმული, როგორც საჭიროება მოითხოვდა და მინდოდა, სანამ ამდენი ხალხის წინ, როიალთან დავჯდებოდი, მაკიაჟში მცირედი შესწორებები შემეტანა.

კოსმეტიკის პატარა სათავსო, სხვა დანარჩენ საჭირო ნივთებთან ერთად მედო ჩანთაში. საპირფარეშოში შესვლამდე, ეს უკანასკნელი ამოვიღე, სახელურისკენ ხელი გავწიე და ის-ის იყო კარი უნდა შემეღო, რომ იგი ჩემს ნაცვლად ვიღაც სხვამ გააღო.

უკან სწრაფად დავიხიე, რათა გარეთ გამომსვლელი გამომეტარებინა. მასში რომ ჩვენი ერთ-ერთი მიმტანი —ლანა ამოვიცანი, გამეღიმა და მისასალმებლად პირიც გავაღე, თუმცა სიტყვები თითქოს ენის წვერზე მიმეყინა, როდესაც მის ზურგს უკან, იუნგიც შევნიშნე, ვინც იმ მომენტში, შეხსნილ შარვლის ქამარს იკრავდა.

ამ ორის ალეწილი სახის შეხედვის თანავე, ჩემთვის უკვე ყველაფერს დღის სინათლე მოეფინა. ნანახით იმედგაცრუებული დავრჩი. შეიძლება ლანა მართლაც ლამაზი იყო და ყველა მამაკაცისთვის სასურველი, თუმცა არ მეგონა, ერქოლესა და ტეოს ახლო მეგობარი, მათსავე რესტორანში თუ დაიწყებდა მიმტანებთან ტუალეტში დროის გატარებას, თანაც მაშინ, როდესაც მომდევნო საღამოს, ჩემთან უნდა ჰქონოდა პაემანი. ამის წარმოდგენამ, გულისრევის შეგრძნება მომგვარა. როგორც ჩანდა, ეს მამაკაცი აშკარად არ იყო ის, ვისთანაც საერთოდ რაიმე სახის ურთიერთობა ღირდა.

მიუხედავად ყველაფრისა, ბოლომდე მდუმარე პოზიცია შევინარჩუნე და სიტყვაც არ დამცდენია. არც ის გულისტკივილი გამომიტანია სააშკარაოზე, რაც დანახულმა სურათმა მაგრძნობინა. ერთადერთი, რაც გავაკეთე ის იყო, რომ იუნგის, თვალებში სულ რამდენიმე წამით შევხედე, მერე კი გვერდი ავუქციე და საპირფარეშოს ღია კარში შევაბიჯე. ასი პროცენტით ვიყავი დარწმუმებული, ამ ერთი გამოხედვით ისიც მიხვდა, რომ ჩვენი შეხვედრა ოფიციალურად გაუქმებული იყო.




8 8 8 8

მაისის თვის დასასრულს, რესტორნის ყველა თანამშრომელს დაპირებული პრემიები დაგვირიცხეს, რაც იმაზე მეტიც აღმოჩნდა, რასაც ჩვენს წარმოდგენებში მოველოდით. თანხის დახარჯვას, საბოლოოდ მისი შენახვა ვამჯობინე. ივლისის თვეში ვაპირებდი ერთკვირიანი შვებულება მეთხოვა, რიო-დე-ჟანეიროს მოსანახულებლად და გადაწყვეტილი მქონდა, ეს თანხაც, იმ დღეებისთვის გადანახული დანაზოგისთვის მიმემატებინა. მართალია ჯერ მოფიქრებული არ მქონდა, როდის წავიდოდი, თუმცა ის ნამდვილად ვიცოდი, თუ რის უნახავად არ უნდა დავბრუნებულიყავი იქედან და რომელი ადგილი არ ღირდა თუნდაც ერთი წამის დაკარგვად.

საღამო ხანი იდგა. სამუშაო საათები ახალი დასრულებული მქონდა და ჩვეულებრივზე უფრო მოთენთილად ვგრძნობდი თავს. რატომღაც არც ყავის დალევა დამეხმარა და არც ენერგეტიკული სასმელის, რომელსაც იშვიათი გამონაკლისების გარდა, თითქმის არასდროს ვიღებდი ხოლმე.

გადაღლილობისგან ნახევრად გათიშული მივდიოდი ჩემი მანქანისკენ, ავტოსადგომზე რომ მყავდა დატოვებული. რაღაც პერიოდით, ისიც კი ვიფიქრე შინ ტაქსით ხომ არ დავბრუნდე-მეთქი, თუმცა ისეთ მდგომარეობაშიც არ ვყოფილვარ, შუა მგზავრობისას საჭესთან ჩამძინებოდა, ამიტომ ჯიბიდან გასაღები ამოვაძვრინე და ჩაკეტილი მანქანა, შესაბამის ღილაკზე თითის დაჭერით გავაღე.

პარკინგზე სრული სიჩუმე ჩამოვარდნილიყო. გარშემო მხოლოდ მანქანები ეყენა და ადამიანის ხმაც არსაიდან ისმოდა. რატომღაც უსიამოვნო შეგრძნებამ დამრია ხელი. შიში თითქოს ფეხის თითებიდან ამომაცოცდა და გულში პარაზიტი ჭიასავით შემიძვრა, თუმცა არ კი ვიცოდი რატომ. საბოლოოდ, ყველაფერი ეს გადაღლილობას მივაწერე და მანქანის სავარძელშიც მოვთავსდი, თუმცა ნეგატიური შეგრძნებების ცეცხლი, ჩაქრობის ნაცვლად უფრო მეტად აალდა.

თვალები მაგრად დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე. შემდეგ ჩავისუნთქე და კიდევ რამდენიმე ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ვარჯიში გავაკეთე. გაგონილი მქონდა, რომ ეს ყველაფერი ადამიანს დამშვიდებაში ეხმარებოდა, თუმცა ნანატრი სიმშვიდის გრძნობა, მილიარდი კილომეტრის დაშორებით წავიდა ჩემგან, როდესაც თვალები გავახილე და ავტომობილის უკანა სავარძელზე, ავად მომღიმარი ლეოს სილუეტი ამოვიცანი.

მთელი სხეული ერთიანად დამეჭიმა. დაძაბულობისგან გული ლამის ყელში ამომიჯდა, ხოლო ენაზე თითქოს დიდი, წარმოსახვითი ბოქლომი დამედო, რომელიც ხმის ამოღების საშუალებას ურცხვად მართმევდა. თვალებსაც კი ვერ ვახამხამებდი. ჩემს ერთადერთ სასიცოცხლო ნიშანწ’ყლად იმ დროს სუნთქვა ითვლებოდა და სხვა არაფერი.

-რა იყო, არ მელოდი? -ხმა კიდევ უფრო დამზაფვრელი ჰქონდა, ვიდრე გამოხედვა. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე სახარბიელო სიტუაციაში ვიყავი, შიშის გამომჟღავნებას მაინც მოვერიდე. სანამ თავის გადასარჩენ საშუალებას მივაკვლევდი, ბევრად უმჯობესი იქნებოდა, როგორმე დრო მოჩვენებითად უდარდელი საუბრით გამეწელა:

-სიმართლე გითხრა, დღეს სიურპრიზებს არ ველოდი. შენნაირ სასიამოვნოს მით უმეტეს.

-ჰოო არა? -უკნიდან, პირდაპირ თმაში მწვდა ლეო და იმდენად ძლიერად მომიჭირა, ტკივილისგან თვალებზე ცრემლებიც კი მომაწვა. მოცემულ მომენტში, ისე ახლოს იყო ჩემთან, მისი ნერვული სუნთქვა მრჯვენა ლოყაზე მეფრქვეოდა -როგორც ვხედავ, თვალთმაქცობა უკვე ცხოვრების წესად გადაგექცა

-მე კი, როგორც ვხედავ კანონს არღვევ

ლეოს საზარელი, ხმამაღალი სიცილით გაეცინა და თმაში ჩავლებული ხელი, კიდევ უფრო მაგრად მომიჭირა. საშინელი შეგრძნება იყო. ასე არასდროს არაფერი მტკენოდა ცხოვრებაში.

-გეგონა ერთი სულელური აკრძალვით, საბოლოოდ გამაქრობდი შენი ცხოვრებიდან? მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ასეთი ვნებიანი მომენტები გვქონდა?

-მხოლოდ ერთხელ ვაკოცეთ ერთმანეთს ლეო -მთელი ძალით ვცდილობდი მშვიდი, გაწონასწორებული და უდარდელი ტონის შენარჩუნებას.

-იმის თქმა გავიწყდება, რომ ყველაფერ ამას, ჩემზე კომპრომატების მოსაპოვებლად აკეთებდი. უნდა ვაღიარო, მელას ტაქტიკას იდეალურად ფლობ, მაგრამ ახლა ყველაფრისთვის აგებ პასუხს

-თუ ჩემი მოკვლა გინდა, ეს სადმე სხვაგან გააკეთე. საცოდაობაა ამ რესტორანს რეპუტაცია შეელახოს

-ხუმრობის ხასიათზე ხარ, არა? -ლოყაზე ენა ამისვა მან -გამოგიტყდები, ხანდახან მაოცებ კიდეც. იმდენად კარგად თამაშობდი ჩემზე გაგიჟებული ქალის როლს, აზრადაც არ მომსვლია ის, რასაც თურმე შენი ინტრიგანი ტვინი გეგმავდა

-აქ რისთვის მოხვედი? -ვკითხე, რისი კითხვისაც ყველაზე მეტად მეშინოდა. უფრო ზუსტად კი იმას ვუფრთხოდი, რაც ამ შეკითხვას შეიძლებოდა გასცემოდა პასუხად.

რაღაც პერიოდის განმავლობაში, ლეო ჩუმად იყო. თითქოს სპეციალურად ძაბავდა სიტუაციას, ისე, როგორც რეჟისორი —სერიალის მორიგი ეპიზოდის დასასრულს.

-იმას მიიღებ, რაც დაიმსახურე -მითხრა ბოლოს ღვარძლიანად -შენთვის მადლი იქნებოდა მე გამე*იმე, მაგრამ არა, ვერ ეღირსები! ერთ ჩემს კარგ ნაცნობთან წაგათრევ, სამოცი წლის მამაკაცია და ახალგაზრდა გოგოებზე კარგავს ჭკუას. თავად მე, ნეტარებით დავაკვირდები, როგორ გი*მარს წინიდან და უკნიდან, უკანასკნელი კა*პასავით.

ამ სიტყვების მოსმენისას, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მთელ ტანზე მდუღარე წყალი გადამავლეს. თუკი გონებას სწრაფად არ ავამუშავებდი და რამეს არ მოვიფიქრებდი, მართლა გავხდებოდი იმ საზიზღრობის მსხვერპლი, რასაც ეს ადამიანი მეუბნებოდა და თუკი ეს მართლაც ასე მოხდებოდა, ცხოვრებაც დაკარგავდა ყოველგვარ აზრს.

ირგვლივ სასოწარკვეთილი მზერით მიმოვიხედე. პარკინგზე კვლავაც არ ჩანდა არავინ, რათა კარები უცებ გამეღო და ყვირილით მიმეწვდინა ხმა. იმ წამს, კალეს ნაჩუქარი თავდაცვის იარაღები გამახსენდა, თუმცა გული ლამის ათას წვრილ ნამსხვრევად დამეშალა, როდესაც გავაცნობიერე, რომ ყველაფერი ეს ჩანთაში მედო, ჩანთა კი რესტორნის გასახდელში დამრჩენოდა.

-თვალებს აქეთ-იქით ტყუილად აცეცებ მელაკუდა -კვლავ ლეოს შემზარავი ხმა ჩამესმა ყურში, რომელიც ჩემთვის, ამ ქვეყნად ყველაზე საძულველი გამხდარიყო -მიდი, დროს ნუ კარგავ, მანქანა დაძარი და წავედით

-არსად არ წამოვალ

-წამოხვალ! -მომიგო ბრძანებითი ტონით და სულ მალე, ისიც ვიგრძენი, თუ როგორ მომებჯინა იარაღის ცივი ლულა, პირდაპირ საძილე არტერიაზე -აბა რას იტყვი, მორჩი ჭირვეულობას?

-ლეო გთხოვ, არ გინდა

-რა არ მინდა, რა?! -ოდნავ ხმამაღლა და ზიზღნარევი მზერით იყო ნათქვამი ეს სიტყვები -ჩემთან ყოფნას და კარგ ცხოვრებას, ის ჭაობი არჩიე, რომელშიც ახლა ხარ. მასხრად ამიგდე, ჩემს გრძნობებზე ითამაშე, დამცინე! იცი მაინც როგორ ველოდებოდი ჩვენს საერთო ღამეს სასტუმროში? იცი რა ლამაზი სამკაული გიყიდე სპეციალურად ამ დღისთვის?!

-გთხოვ, გამიშვი

-ენა ჩაიგდე! -ბოლო ხმაზე დამიღრიალა მან, თუმცა ეს იმაზე მეტად ნამდვილად არ მაშინებდა, რაც მომავალში შეიძლებოდა მომხდარიყო -ნუ ლაპარაკობ, მოკეტე! შენ უბრალოდ ერთი მანიპულატორი, გაიძვერა გოგო ხარ, ვინც ჩემი თბილი დამოკიდებულება ვერ შეირგო და მხეცური ბუნება გამიღვიძა. არ მოისვენე, სანამ ასეთად არ მაქციე, ჰოდა ახლა დროა შედეგებით დატკბე. დაქოქე მანქანა!

-არა!

-დაქოქე-მეთქი, თორემ ახლავე გაგიჩენ ყელში ნახვრეტს! არა მგონია ბარდაჩოკში შენც ინახავდე იარაღს, ამიტომ დიდ გულზე ნუ ხარ

ბარდაჩოკის ხსენებაზე, მომენტალურად გავაპარე თვალი იქითკენ. არ ვიცოდი იმ მომენტში ჩემს თავში ნათურა აინთო, ფეიერვერკი თუ პროჟექტორი, მაგრამ გონებამ წამებში ამოატივტივა ის ფაქტი, რომ კალეს, ჩემს მიერ ნაჩუქარი შამპანიური შინ არ წაეღო და ჩემს მანქანაში, კერძოდ ბარდაჩოკში ჩარჩენოდა.

ამის გახსენებამ, სრულიად უიმედოდ მყოფს, მცირედი იმედი ჩამისახა. სწრაფი მანევრირებით თუკი ვიმოქმედებდი, აშკარად შემეძლო ამ სიტუაციიდან გამოძრომა, ამიტომ, დრო წამითაც აღარ დამიკარგავს —ჩემს უკან მჯდომ ლეოს ჯერ ხელზე ვუკბინე მთელი არსებული და არარსებული ძალით, შემდეგ კი უკან გადაქნეული თავი, შუბლში რაც შემეძლო მაგრად დავარტყი. სანამ იგი უეცარი ტკივილისგან შეწუხებული, სიმწრით ღრიალებდა, კვლავ დრო ვიხელთე და ბარდაჩოკიდან სწრაფად ამოძვრენილი, ალკოჰოლური სასმელით პირამდე სავსე ბოთლი, მიტრიალებულმა, შეუბრალებლად გადავალეწე თავზე.

აღარ დამიწყია იმის გამოკვლევა, თუ როგორ ან რა კუთხით განვითარდა მოვლენები ამის შემდეგ. მოცემულ მომენტში, მხოლოდ თავის დახსნა მიტრიალებდა გონებაში, ამიტომ, გავიგონე თუ არა ბოთლის მსხვრევის ხმა, გასაღების ასხმის გამოძრობა ვსინჯე, რათა ლეო შიგნით ჩამეკეტა, მაგრამ როცა ეს ისეთ რეკორდულად მოკლე დროში ვერ მოხერხდა, როგორსაც სიტუაცია მოითხოვდა, ღია კარიდან მის გარეშე გადმოვხტი და პირდაპირ რესტორნის მიმართულებით გავიქეცი.

რამდენიმე წამში, ავტომობილის კარის კიდევ ერთხელ გაღება მისწვდა ჩემს ყურთასმენას. ეს უკვე ლეო უნდა ყოფილიყო და მეც სირბილის პარალელურად მივატრიალე თავი უკან, რათა გამერკვია, იყო თუ არა მისი იარაღი მოშვერილი ჩემი მიმართულებით.

საბედნიეროდ, თავდამსხმელის მდგომარეობა არც ისე სახარბიელო ჩანდა. სირბილის ნაცვლად, ლამის მოფორთხავდა, იარაღის სასხლეტი ძლივსძლივობით, მხოლოდ ნეკა თითით ეჭირა, თავიდან სისხლი სდიოდა და ყოველი ნაბიჯის გადმოდგმაზე ფეხი ერეოდა. მართალია იარაღი ჯერ კიდევ ხელში ჰქონდა, თუმცა ის ფაქტი, რომ თვალებში გამუდმებით ხელს ისვამდა და გუგებს პერიოდულად აფართოებდა, მისი მხედველობის დაბინდვაზე მეტყველებდა, ასეთ შემთხვევაში კი, ასიდან, ალბათ მხოლოდ ათი პროცენტი გახლდათ შანსი იმისა, რომ გასროლილი ტყვია ზუსტად სამიზნეს, ანუ, ამ შემთხვევაში მე მომხვედროდა.

თავი კვლავ წინ გავატრიალე და ისევ რესტორნის შენობის მიმართულებით გავაგრძელე სირბილი. კიბესთან მისვლამდე, სულ რაღაც ათიოდე ნაბიჯი მაშორებდა, როცა ორი რამ ერთდროულად მოხდა —ჯერ იყო და დაცემის ხმა გავიგონე ჩემს უკან, ხოლო შემდეგ დავლანდე, თუ როგორ ჩამორბოდა Imagine-ს კიბეებზე, მაღალი მამაკაცის სილუეტი. სულ რამდენიმე წამიც და მასში თავად მიშო ამოვიცანი. ის ადამიანი, ვის დანახვასაც აღნიშნულ მომენტში ყველაზე ნაკლებად ველოდი და ყველაზე ნაკლები სურვილიც მქონდა.

გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებდით, შექმნილ მდგომარეობაში გარკვევა სურდა, თუმცა ვინმესთვის ახსნა-განმარტების მიცემა, უკანასკნელი იყო, რასაც იმ მომენტში ვინატრებდი. ერთადერთი, რაც მსურდა, რესტორნის შენობაში მოხვედრა, ჩანთის აღება და შინ კალესთან ერთად დაბრუნება იყო, ვისი სამუშაო საათების დასრულებამდეც, სულ ცოტა დრო იყო დარჩენილი.

-აქ რა ჯანდაბა მოხდა? -ჩემამდე სულ რაღაც ორიოდე ნაბიჯი ჰქონდა დარჩენილი, როდესაც კითხვების დასმა დაიწყო -რა სჭირს იმ ტიპს? ან, შენ რა სახე გაქვს?

-მიშო გამატარე, მეჩქარება! საერთოდ, ამ დროს აქ რას აკეთებ?

-ერთი მნიშვნელოვანი საქმე მქონდა დასასრულებელი. შენ კი, არსად არ წახვალ -მკლავში ხელის ჩავლებით სცადა შევეჩერებინე. მერე, ასფალტზე უგონოდ გართხმულ ლეოზე გადაიტანა გამომძიებლური მზერა, ვისთან ახლოსაც, ხელიდან გავარდნილი, ვერცხსლისფერი ცივი იარაღი ეგდო -ეს რევოლვერი შენია თუ მისი?

-მისია . . . ახლა გამიშვი!

-მარიტა გისმენ!

-რას მისმენ, რას?! -წყობიდან გამოვედი და ხმასაც გაუცნობიერებლად ავუწიე -აქედან გასულს, ჩემს მანქანაში დამხვდა, თავს დამესხა და თავდაცვის მიზნით, შამპანიურის ბოთლი გადავალეწე თავზე. არც ახლა ვნანობ და არც მერე ვინანებ, გესმის?!

-ძალადობა სცადა? -მომეჩვენა, თითქოს ბრაზმა გაიელვა მიშოს ხმაში. რა თქმა უნდა, არ ვაპირებდი იმ სიბინძურის დეტალებში მოყოლას, რასაც ჩემი მიმართულებით გეგმავდა ლეო, ამიტომ, შუალედური პასუხი ვამჯობინე:

-წარმოდგენა არ მაქვს რა უნდოდა. მეუბნებოდა მანქანა დაქოქე, ერთ ადგილას მივდივართო. სხვა არაფერი უთქვამს

მიშომ ერთხელ კიდევ გააპარა ბრაზით სავსე მზერა ასფალტზე გულაღმა დამხობილი ლეოსკენ, მიუახლოვდა და ყელზე ორი თითი დაადო. მერე წამოდგა, კეფაზე ერთმანეთში გადაჭდობილი ხელები მოისვა და ღრმად ამოიხვნეშა.

-ეს იდიოტი ცოცხალია, მაგრამ საუბედუროდ, რესტორნის სამმა სტუმარმა შეამჩნია რაც აქ მოხდა. პოლიციაშიც დარეკეს

-გამორიცხულია, აქ არავინ ყოფილა -გავაპროტესტე აფორიაქებულმა.

-ეგ შენ გგონია ასე. აფექტის მდგომარეობაში ალბათ ვერაფერი შენიშნე. ის ხალხი, ცოტა ხნის წინ შიგნით შემოვიდნენ და დეტალურადაც მომიყვნენ, რაც ავტოსადგომზე ნახეს. პიანისტი რომ ახსენეს, მივხვდი შენ იქნებოდი გარეული

-კარგი, კარგი, იყოს ასე . . . მოვიდეს პოლიცია და ყველაფერს მოვუყვები რა და როგორ მოხდა

-არაფერსაც არ მოუყვები -მკაცრი მასწავლებელივით დამიქნია თითი მიშომ, ჯიბიდან თავისი პორშეს გასაღები ამოიღო და ხელში ჩამიტენა -ახლა ჩემს მანქანაში ჩაჯდები და სანამ პოლიცია აქამდე მოაღწევს, სახლში მოუსვამ, გესმის?

-რა?!

-რაც გაიგე! არავის გვაწყობს მსგავსი სახის სკანდალები. აქაურობას მე მივხედავ და თქვენს დასვრილსაც მე ავწმენდ, შენ კი სამ თვლაში არ აღარ იყო

-მთავარი მოწმე ხომ მე ვარ? -ვიკითხე გულუბრყვილოდ. იმედი მქონდა, რომ რახან ლეოზე, ჩემს წინააღმდეგ სასამართლო აკრძალვა მოქმედებდა და კანონი თავად დაარღვია, მხოლოდ ერთი ოფიციალური ჩვენების შემდეგ გამომიშვებდნენ განყოფილებიდან და არც რაიმე დამატებით საქმეს აღძრავდნენ ჩემს წინააღმდეგ.

-მარიტა, ერთხელ მაინც დაიჯერე, რასაც გეუბნები -იმოდენა სიმკაცრით ელავდნენ მიშოს თვალები, ამ გამოხედვამ მეც შემაშინა და ინსქიქტურად დავიხიე უკან -მომეცი შენი მანქანის გასაღები. დანაშაული სწორედ მასში მოხდა და დამჭირდება, შენ კი ჩემსაში ჩაჯექი და წადი!

შორი მანძილიდან რომ პოლიცის სირენების ხმა გავიგე, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, წინააღმდეგობის გაწევის სურვილი უკვე აღარ გამჩენია. რა გეგმაც არ უნდა ჰქონოდა მიშოს, აშკარა იყო იმ მომენტში ყველაზე საღად ის აზროვნებდა, ამიტომ, სწრაფად მოვურბენინე ჩემი ტოიოტას გასაღები და დაუყოვნებლივ გავიქეცი იქვე დაყენებული მისი პორშეს მიმართულებით, ჩემი „შელამაზების“ შემდეგ, კვლავ უწინდელი, თეთრი ფერი რომ დაებრუნებინა.

კარის გაღების თანავე, შიგნით სინათლის სიჩქარით შევხტი და ავტომობილი ისე სწრაფად მოვწყვიტე ადგილს, სავარაუდოდ, იმ ადგილას, მტვრის სქელი ბუღიც კი დავუტოვე სამახსოვროდ, მის პატრონს.

ბუნდოვნად მახოსვს ჩემს სახლამდე არსებული მანძილი როგორ დავფარე. გულს მტკივნეულად მიჩხვლეტდა ის ფაქტი, რომ დანაშაულის ადგილიდან ისე მშიშარასავით გამოვიქეცი, როგორც ვირთხების გუნდი, ჩასაძირად განწირული გემიდან. მეორეს მხრივ, რომ ვუფიქრდებოდი, თავად მიშოს თვალების მრისხანედ ბრიალმა არ დამიტოვა სხვა გზა.

საკუთარი აზრების ქარიშხალში გახვეულმა, მექანიკურად შევანელე სვლა ჩემი კორპუსის ეზოში შესვლისას. მერე მანქანა სადარბაზოსთან ახლოს დავაპარკინგე, ძრავა გამოვრთე და სავარძელს თვალებდახუჭული მივაწექი. თითქოს აქამდე სასუნთქი ორგანოები დახშული მქონოდა, რატომღაც სწორედ მაშინ ვიგრძენი სალონში გაბნეული ლიმონის არომატი, რომელსაც სპეციალური არომატიზატორი აფრქვევდა. გამეღიმა. გამახსენდა, რამდენად ხშირად მქონდა ნანახი, როდესაც მიშო, პიტნითა და ყინულით გაზავებულ, ლიმონიან წყალს სვამდა ხოლმე და მოცემულ მომენტში გავიაზრე, რომ ეს შეიძლებოდა მისი საყვარელი სახეობის ციტრუსიც ყოფილიყო.

სალონში მეფარიშვილის შავ სანთებელასაც მოვკარი თვალი, ხახადაღებული კობრის გამოსახულებით. ეს სწორედ ის სანთებელა იყო, რომლითაც, დიმიტრის წვეულებაზე ჩემი ტანსაცმელი დაწვა. კვლავ გამეღიმა. მეტიც —სიმწრის სიცილიც წამსკდა, როდესაც გამახსენდა, რამდენი უაზრო, სულელური მომენტი გვაკავშირებდა მე და მიშოს.

დახუჭული თვალები, გახელილ მდგომარეობაში დავაბრუნე და ჩემი უბანი მოვათვალიერე. სიმშვიდე იყო. მხოლოდ პირველ სართულზე მცხოვრები, ორი ხანდაზმული მამაკაცი გართულიყო ერთმანეთთან დომინოს თამაშით, ლამპიონების შუქზე, სხვა მხრივ კი, ეზოში სულიერის ჭაჭანებაც არ შეიმჩნეოდა.

ბინაში ასვლამდე მეფარიშვილს დავურეკე. ჩემს ზარს, გათიშვის ღილაკით უპასუხა. მერე შეტყობინებაც გავუგზავნე, სადაც ვეკითხებოდი რა მდგომარეობა იყო, თუმცა არც ამაზე გაუცია პასუხი.

გამაბრაზა მისმა მოქმედებამ, მაგრამ მეტად დაკავშირება აღარ მიცდია, მიუხედავად იმისა, რომ ცნობისმოყვარეობის შეგრძნება, ტვინზე მომაბეზრებელი კოდალასავით მიკაკუნებდა. ერთადერთი, რაც ახლა ამ ნეგატიური შეგრძნებისგან მიხსნიდა, ეს რეალობისგან გამოთიშვა იყო, ამიტომ, სახლში ასული, პირდაპირ აბაზანისკენ დავიძარი, ცხელი შხაპი გადავივლე და ჩემი იისფერი აბრეშუმის ხალათში გახვეული, ტელეფონში ჩართული ზღვის ტალღების ხმის ფონზე შევწექი ლოგინში.

გადაღლილობამ და დღევანდელი საღამოს დაძაბულობამ თავისი ქნა. ტუმბოზე დატოვებული ღამის სანათის ჩაქრობიდან ორი წუთიც არ იყო გასული, უკვე ახალშობილივით მეძინა.


* * * *

ღამის სამი საათი იყო, როდესაც ძილბურანში, გაბმული ზარის ხმა ჩამესმა. თვალებდახუჭულმა, ხელების ფათურით მაშინვე ტელეფონის ძებნა დავიწყე, იქნებ მაღვიძარა დამრჩა ჩართული-მეთქი, თუმცა მერე გავიაზრე, რომ ამ ხმას, გასასვლელ კართან მიმაგრებული ზარის ღილაკი გამოსცემდა და მთელ სხეულზე დამიარა უსიამოვნო ჟრუანტელმა. პირველი, რაც ახლადგამოფხიზლებულმა ტვინმა აზრად მომაწოდა ის იყო, რომ შეიძლებოდა ასეთ არაადეკვატურ დროს მოსული სტუმარი, შურისძიების მიზნით უკან დაბრუნებული ლეო აღმოჩენილიყო. თითქმის დარწმუნებულიც კი ვიყავი ამაში, როდესაც ჰოლში ფეხაკრებით მივიწევდი. მობილურში უკვე 112-იც მქონდა აკრებილი, თუმცა სათვალთვალოში გახედვისა და იმის გააზრების შემდეგ, რომ ჩემმა ინტუიციამ მიღალატა, სადარბაზოში, მიშოს სახის დანახვის დროსაც კი დიდი სიხარული განვიცადე. გადაღლილი გონება, მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ მიხვდა, ღამის სამი საათი, არც მისი სტუმრობისთვის რომ არ იყო შესაფერისი დრო.

-აქ რას აკეთებ? -წარბშეკრულმა ვკითხე, როგორც კი კარი გავაღე. მეფარიშვილის სახეზე გადაღლილობა იკითხებოდა. თვალის კაპილარებიც ჩაწითლებული ჰქონდა, რასაც მისი უძილოდ გატარებული საათები გამოჰქონდა სააშკარაოზე.

-მანქანის გასაღები მოგიტანე და ჩემის წასაღებად მოვედი

-მანქანის? -ვიკითხე დაბნეულმა, თუმცა მერე გავიაზრე, რასაც გულისხმობდა -უკვე ქვემოთ აყენია?

-ჰო. პოლიციასთან საქმეებს როგორც კი მოვრჩი, წამოვიყვანე

-და რა მოხდა? ყველაფერი მოგვარდა? დაკითხვაზე არავინ მიბარებს?

-რამე საჭმელი თუ გაქვს? -ჩემი კითხვა არაფრად ჩააგდო მიშომ, გვერდზე ცვილის ფიგურასავით გამწია და ზღურბლს გადააბიჯა -პოლიციის შენობაში სამსაათიანი ტური ისე გაშივებს, როგორც ზღვის წყალი

-მგონი რაღაც გკითხე

-პასუხებს მხოლოდ დანაყრებულზე ვიძლევი -მომიჭრა მოკლედ და თვალებით რაღაცის ძებნაც დაიწყო -სამზარეულო საითაა?

-რომ გახვალ ხელმარცხნივ. მისაღებისგან ბარის დახლითაა გამოყოფილი

მეფარიშვილი გატრიალდა და ჩემს მიერ მითითებული გზით, მართლაც მიაკვლია სამზარეულოს. არ მსიამოვნებდა მისი აქ ყოფნა, ასე გვიან ღამით, თანაც მაშინ, როცა არაფერს მიყვებოდა რამდენიმე საათის წინ მომხდარი ამბებიდან. ზოგადად, ვერასდროს ვიტანდი ხოლმე ჩემს პირად სივრცეში ისეთ ადამიანებს, ვისთანაც ნაკლებად ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა და კიდევ ერთი მიზეზი ეს გახლდათ, თუ რატომ მიქმნიდა მიშოს აქ დანახვა მსგავს დისკომფორტს.

-შავ ჩაის დავლევდი, კარდამონით. გაქვს?

-მაგას შემოკლებით ილის მარცვლებს უწოდებენ და არ მაქვს. მხოლოდ მალინის ჩაი შემიძლია შემოგთავაზო -მივუგე გულზე ხელებდაკრეფილმა და მკაცრად აწეული წარბებით დავაკვირდი, თუ როგორ გამოაღო მაცივარი წინასწარი ნებართვის გარეშე. უკვე მეორედ ხდებოდა, როდესაც მამაკაცი, ჩემს ბინაში თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარში, მაგრამ ის ფაქტი მამშვიდებდა, რომ მიშო, ლეოსგან განსხვავებით, ჯანმრთელი ფსიქიკის მაინც იყო და მისი მხრიდან საფრთხე არ მომელოდა.

-აქ ყველა სახეობა გაქვს მიკრული, რაც კი გიყვარს? -ინტერესით გადაავლო თვალი მიშომ, ჩემი მაცივრის კარზე მიმაგრებულ მაგნიტურ ხილს.

-გამოიცანი

-მოდი ამას ავიღებ -თაროების რამდენიმე წამიანი თვალიერების შემდეგ, არჩევანი მარწყვის იოგურტზე შეაჩერა -გვიანია და ძალიან ნოყიერი საჭმელი არ მინდა. კოვზი მომაწოდე

-აიღე -ამოვიღე თუ არა უჯრიდან, მაშინვე გავუწოდე, თან გულში გამეცინა. ეს იოგურტის ქილა, ჩემი კორპუსის ეზოს ფუმფულა, ჭრელი კატისთვის მქონდა გადანახული, რადგან მაცივარში დიდხანს დებისგან, ვარგისიანობის ვადა ოცდაოთხი საათის წინ გასვლოდა. ჩემს შიგნით დაბუდებულმა ეშმაკმა, ჩამაგონა, რომ უკეთესი იქნებოდა, მიშოსთვის ეს ინფორმაცია მაშინ მიმეწოდებინა, როდესაც დესერტის ჭამას ბოლომდე მორჩებოდა.

-არ მეგონა კიდევ ამ მისამართზე თუ ცხოვრობდი -იოგურტს თავი მოხსნა და სკამზე ჩამოჯდა. რა თქმა უნდა, ამჯერადაც უკითხავად -გამიკვირდა ნოლანების კაბინეტში შენი პირადი საქმე რომ ვნახე და ისევ ამ მისამართს გადავაწყდი

-და რატომ უნდა შემეცვალა საცხოვრებელი?

-არ ვიცი -პირველი კოვზი ჩაიდო პირში მიშომ -იმდენად კარგ ანაზღაურებაზე მუშაობდი ტურისტულ სააგენტოში, წესით არც იქედან უნდა წასულიყავი. პლუს ამას, სამოგზაუროდ დამყავდი, აეროპორტიდან ჩემი მანქანით მომყავდი შინ, ცივ ნიავს არ გაკარებდი

-ასეც ვიცოდი, რომ აქ მარტო მანქანის დასაბრუნებლად კი არა, მორიგი მასკარადის გასამართად მოხვედი

მიშოს ჩაეცინა და კიდევ ერთი კოვზი წაიღო პირისკენ. ყოველი მის მიერ გადაყლაპული იოგურტის წვეთი უფრო და უფრო დიდი სიამოვნებით მავსებდა, იმ სიტუაციის შემდეგაც კი, რაც ლეოს მიზეზით გამოვიარე.

-ისე, არ გენატრება ჩვენი ერთობლივი მოგზაურობა? -დაკვირვებით ამათვალიერა ჭურჭლის სარეცხ მანქანასთან მდგომი.

-მეც მაქვს ერთი შეკითხვა — ასე გვიან რომ არ გაგეღვიძებინე, შენს პორშეს ხვალამდე გადავყლაპავდი?

-გადაყლაპვით არა, მაგრამ ბოლო პერიოდში, შენი ტვინი ისეთ მზაკვრულ გეგმებს აწყობს, გამორიცხული არ იყო ეგ მანქანა ხვალამდე ვარდისფერ, ოთხბორბლიან ველოსიპედად დამხვედროდა გადაკეთებული, ჭრელი პეპლებით გაფორმებული საჭით, ბაბთებდაბნეული ტორმუზებით და კიდევ ათასი სისულელით

-თანამშრომლებიდან არავის დაურეკავს ამბის გასაგებად -სიტყვა ბანზე ავუგდე მიშოს და თემა შევცვალე, რადგან ვიცოდი, საპასუხოდ ვერაფერს მოვიფიქრებდი -ეს როგორ მოხდა?

-ზედმეტი კითხვები არავისგამ მჭირდებოდა, ამიტომ ყველაფერი მათგან ფარულად მოგვარდა. არავის არაფერი გაუგია იმის გარდა, რომ გარეთ ნასვამმა გამვლელმა იჩხუბა

-და პოლიცია? ისინი როგორღა დაარწმუნე, ჩემი დაკითხვის გარეშე შემოდებულიყო თაროზე ეს საქმე?

-ფული ჯოჯოხეთს ანათებსო ხომ გაგიგია? -ირიბად ჩაეცინა, თუმცა როგორც კი ჩემს გაკვირვებულ სახეს გადააწყდა, დაამატა :-ეს შენს გამო არ გამიკეთებია. უბრალოდ, რესტორნისთვის ძალიან ცუდი იქნება იმ ამბის გაჟონვა, რომ იქ მომუშავე პიანისტი, დაწესებულების ერთ-ერთ VIP-კლიენტს, თავს შამპანიურის ბოთლით უხეთქავს. სიმართლე შენს მხარესაა, მაგრამ ლეოს მხარეს ძლიერი სანაცნობო, ფული და გავლენაა. მასთან შერკინება შენი ცხოვრების ძალიან დიდ დროს და ნერვებს წაიღებს, ამიტომ ჩუმად იდექი, სადაც დგახარ და იმ დინებას მიჰყევი, რომელშიც მე გადაგაგდებ

-და შენ გეყოფა ძალები მასთან დასაპირისპირებლად?

-მეყოფა და ამას გავაკეთებ კიდეც -არც კი დაფიქრებულა ისე გამცა პასუხი -შენ კი ნუ ფიქრობ, რომ მხოლოდ ერთი სასამართლო აკრძალვა მოგიგვარებს პრობლემას. ეს უბრალოდ ფორმალობაა — მოქალაქის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ბეჭდის დასმა, მაგრამ რეალურად, ხელსაც არავინ გაანძრევს შენს გამო

-ეს ყველაფერი, თავის დროზე, ლოლიტას ნაცნობმა პოლიციელებმა მომიგვარეს, კონფიდენციალურად, შენ საიდან იცი? -ინტერესი ჭიასავით შემიძვრა გონებაში. მიშოსთან სპეციალურად არ მიხსენებია ეს თემა, რადგან არ მინდოდა ამას დამატებითი შეკითხვები მოჰყოლოდა, თუმცა როგორც ჩანდა, ჩემი თქმის გარეშეც საკმაოდ ინფორმირებული გახლდათ.

-ვიცი, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა საიდან

-და ლეო? -ათასი საფიქრალით გადატვირთულ გონებას, მხოლოდ ახლა გაახსენდა მისი არსებობის შესახებ. იმ აზრმაც გამიელვა, რომ მეფარიშვილს, დიდი ალბათობით, სწორედ ლეოსგან ჰქონდა გაგებული ზემოთ ხსენებული აკრძალვის შესახებ -სად არის ახლა? რა მოუვიდა?

უხმოდ, არაფრისმთქმელი სახით წამოდგა სკამიდან მიშო. იოგურტი უკვე მთლიანად ამოეცალა და სპეციალური სათავსოდან ამოღებული ხელსახოცით პირს იწმენდდა.

-შავი ჩაი რომ გქონოდა, შეიძლებოდა ამაზეც მეპასუხა, მაგრამ არ გაგიმართლა

-მიშო!

-მანქანის გასაღები მომეცი, მივდივარ

-არსადაც არ წახვალ, სანამ არ მიპასუხებ!

-თუ გინდა შენთან დავრჩე, პირდაპირ მითხარი, გარშემო ნუ უვლი -ღიმილით მომიახლოვდა და გაშლილი თმა ყურებს უკან გადამიწია. ნაცნობი სუნამოს სურნელმა, ამჯერადაც ისე სასიამოვნოდ დამახვია თავბრუ, წამით სრულებით გადამავიწყა, რა კითხვა დავსვი ცოტა ხნის წინ.

-შენი აზრით ეს სასაცილოა?

-გააჩნია როგორ შეხედავ . . . მიდი, დროს ნუღარ მაკარგვინებ, ჩემი გასაღები მომეცი და წავალ

გაბრაზებული, ხმის ამოუღებლად გავემართე ჰოლისკენ. გასასვლელ კართან მიმაგრებულ საკიდზე, ჩემი შარფების გვერდით, მიშოს პორშეს გასაღებიც ეკიდა, რომელიც სწრაფად ჩამოვხსენი იქედან და კვლავ უკან გავტრიალდი, რათა სამზარეულოში შევბრუნებულიყავი, როცა აღმოვაჩინე, რომ ერთგული მცველივით, იგიც უკან გამომყოლოდა.

-აჰა, აიღე და წადი -გასაღები პირდაპირ ხელში ვესროლე და მანაც ოსტატურად მოახერხა დაჭერა -სხვა დროს, ასე გვიან ნუღარავის ესტუმრები, უტაქტობად ჩაგეთვლება

-ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, ვინც ასეთ დროსაც სიამოვნებით შეგიშვებს სახლში -სახელური დასწია და სადარბაზოში გააბიჯა. გასაღების ასხმას ხელში კრიალოსანივით ათამაშებდა, რაც ღამეული მდუმარებით მოცულ სართულზე ორმაგად უფრო ხმამაღლა ისმოდა, ვიდრე ჩვეულებრივ.

-შეიძლება მოიძებნოს კიდეც, მაგრამ ეს ადამიანი მე ნამდვილად არ ვარ

-მშვიდობიანი ღამე მარიტა -ჩემდა გასაკვირად, მისი მხრიდან არანაირი მწარე რეპლიკა არ წამოსულა, რამაც ცოტა არ იყოს გამაკვირვა.

-შენც ასევე . . . აჰ, მართლა, რაღაცის თქმა დამავიწყდა

-რისი? -უკან მოიხედა უკვე ლიფტის კართან მისულმა.

-იმის, რომ იოგურტი, რომელიც ჭამე, ვადაგასული იყო -კმაყოფილი სახით ჩავუკარი მარჯვენა თვალი ამის თქმისას და კარები ისე მივუხურე, არც მისი რეაქციისთვის დამიცდია და არც მისი პასუხისთვის.

8 8 8 8

შესვენების პერიოდში, ბარის დახლთან ვიჯექი, მეორე ჭიქა ლატეს მომზადებას ველოდებდოდი და კალეს, გუშინ ღამით მომხდარზე ვესაუბრებოდი, როდესაც ამ უკანასკნელს, რესტორნის ერთ-ერთი სტუმარი გოგონა მოუახლოვდა, წინ რაღაც პატარა, ცისფერი კონვერტი დაუდო, ღიმილიანი სახით და კვლავ თავის დაჯავშნილ მაგიდას დაუბრუნდა. რთული მისახვედრი არ ყოფილა, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. გოგონას მოფლირტავე, ოდნავ ეშმაკურმა გამოხედვამ, მაშინვე ახადა ფარდა ყოველივეს. ამან დროებით მეც გადამავიწყდა, რაზეც აქამდე ვსაუბრობდით და უწინდელი თემა მყისვე შევცვალე:

-როგორც ვხედავ, დღესაც ყურადღების ცენტრში მოექეცი

-შენ ეგ ნამდვილად არ უნდა გიკვირდეს -დახლს მკლავებით დაეყრდნო, გაღიმებული -სტუმრების ნახევარზე მეტს, შოპენი და ბეთჰოვენი მაგრად კ’იდია. მხოლოდ შენი ყურებით ტკბება

-ნუ ცანცარებ რაა

-ჰოდა ნურც შენ ათამაშებ მაგ წარბებს. ამ კონვერტში რა დევს ისევე არ მაინტერესებს, როგორც ის, რა ხდება სინამდვილეში ბერმუდის სამკუთხედში

-რატომ? -ოდნავ გამაკვირვა მისმა კომენტარმა. მართალია, კალე ყურადღებას არც უწინ იჩენდა, ჩვენს რესტორანში შემოსული, მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა მიმართ, თუმცა ასეთი კატეგორიულად გულგრილი დამოკიდებულება, მაინც შეკითხვებს ბადებდა.

-იმიტომ, რომ ქალებთან პრობლემები მაქვს მარიტა

-რა? -ოდნავ დავიბენი, თუმცა მერე თითქოს ფარდა ნელ-ნელა ზემოთ აიწია და სცენაზე მდგომი, თეატრალური დასი გამოჩდაო, ჩემმა გონებამაც შეძლო რაღაცების სწორად აღქმა -კალე, გეი ხარ?

მართალია პასუხი არ გაუცია, თუმცა მზერით თითქოს დამიდასტურა წამების წინ გაჟღერებული მოსაზრება და ლატეს, რომელსაც ჩემთვის ამზადებდა, ზემოდან ქაფით დაახატა გული.

-და რატომ არ მეუბნებოდი? -ნაწყენმა გავხედე -მეგონა შენზე ყველაფერი ვიცოდი, რისი ცოდნაც მნიშვნელოვანი იყო, თუმცა გამოდის უმთავრესი არ მცოდნია

-კარგი, კარგი, დაწყნარდი, ვხუმრობ -სიცილით გამაწყვეტინა -უბრალოდ დავტესტე, მართლა გეი რომ ვყოფილიყავი, ისევ ისე გეყვარებოდი, თუ არა

-რა თქმა უნდა, ისე აღარ მეყვარებოდი. იცი მაინც როგორ მეზიზღება გეები? -ახლა უკვე თავად გადავწყვიტე გავხუმრებოდი, თუმცა მისი სახის შემხედვარემ, დიდხანს ვერ გავძელი და მაინც გამეცინა -კარგი, დაწყნარდი, მეც ვიხუმრე. შეიძლება ფობიების ოთხმოცი პროცენტის მსხვერპლი ვარ, მაგრამ ჰომოფობიის ნამდვილად არა

-ჰოდა მაშინ ნამდვილად იმსახურებ ამ ლატეს გასინჯვას -ჩემს წინ დადგმულ ფინჯანზე მანიშნა, რომლის ზედაპირზეც, ლამაზი გული იყო გამოყვანილი -ცოტა კონიაკიც გავურიე და ოდნავ უცხო გემო ექნება

-თემა ნუ გადაგაქვს -მაშინვე მივუხვდი ჩანაფიქრს, თან ჭიქა ავიღე და ყავა მოვსვი. კონიაკის გემო ძალზედ მსუბუქად იგრძნობოდა, თუმცა მთელ კომბინაციას ისეთ არომატულსა და იმდენად სასიამოვნო დასალევს ხდიდა, ცხელი რომ არ ყოფილოყო, სავარაუდოდ, ერთი ამოსუნთქვითაც კი გამოვცლიდი.

-კარგი, არ გადამაქვს, გისმენ

-შენ კი არა, მე გისმენ -თითები ერთმანეთზე გადავაჭდე -მაინტერესებს, რომელიმე ძველი, წარუმატებელი ურთიერთობის გავლენა მოგყვება დღემდე, თუ რატომ ხარ ასეთი ქალთმოძულე?

-მარიტა, შეიძლება ამაზე არ ვისაუბროთ? -სახე საგრძნობლად დაუსერიოზულდა. აღარაფერი დარჩენილიყო იმ მხიარული ტონისგან, რომლითაც ცოტა ხნის წინ მესაუბრებოდა -ყოფილ შეყვარებულთან მწარე გამოცდილება და მსგავსი ბანალურობები, აქ არაფერ შუაშია. ოდესმე შეიძლება მოგიყვე კიდეც

-როგორც გინდა -ხელზე, ხელი დავადე გამხნევების ნიშნად. მართალია არ ვიცოდი რა ხდებოდა კალეს თავს, თუმცა ის აშკარა იყო, საქმე ძალზედ სერიოზულ რამეს ეხებოდა.

-ყავა როგორ მოგწონს?

-ნამდვილი საოცრებაა -კიდევ ერთხელ მოვსვი ფინჯნიდან -გუშინდელი ღამის შემდეგ, მესამე ჭიქასაც სიამოვნებით მივაყოლებდი, მაგრამ ამდენიც არ შეიძლება

-ამიერიდან ეცადე ჩემი ნაჩუქარი ნივთები, ჩანთით კი არა, ჯიბით ატარო -გამაფრთხილებელი ტონი გადაჰკრავდა კალეს სიტყვებს -გუშინ ღამით რომ მცოდნოდა, რაც ხდებოდა შენს თავს, მაგ ნაბი*ვარს ძირიანად მოვაჭრიდი თავის ღირსებას!

-გთხოვ, ეგეთ რამებს ხმამაღლა ნუ ამბობ, მოსმენაც კი ცუდად მოქმედებს

-აბა რა ვთქვა მარიტა? -ლეოსადმი ზიზღი გამოკრთოდა მის თითოეულ სიტყვაში -ასეთი ადამიანები, პლანეტას საკუთარი არსებობითაც კი აბინძურებენ. ბედი ჰქონია, რომ ამ დილით მისი ქალაქიდან გადასვლა დაანონსდა და ბათუმიდან გამასწრო

-ქალაქიდან გადასვლა? -მოსმენილით განცვიფრებული დავრჩი. ჯერ კიდევ გუშინ ღამით, ლეო ჩემს მანქანაში იჯდა, ახლა კი მისი მოულოდნელი გადასვლის ამბავს ვისმენდი -მაგრამ სად არის? ნუთუ განყოფილებაში საერთოდ არ მიუყვანიათ? მეგონა მომხდარის შემდეგ, რაღაც პერიოდით მაინც აუკრძალავდა პოლიცია ქალაქის დატოვებას, ან რამე ამდაგვარი

-შენი არ იყოს, არც მე ვიცი მეფარიშვილმა პოლიციასთან რა და როგორ ჩააწყო, მაგრამ ფაქტია, რომ საზღვარგარეთ გადავიდა. ზუსტად სად, ეგ არავინ იცის

-ლეოზე სოციალური ქსელები რატომ წერენ? -დავსვი ის მორიგი შეკითხვა, რომელიც დანარჩენებთან ერთად მიტრიალებდა გონებაში -დავიჯერო ასეთი ცნობილი პიროვნებაა?

უარის ნიშნად, კალემ თავი გააქნია.

-ცნობილი არა, მაგრამ მდიდარი კი. პატარა ქალაქში ვცხოვრობთ მარიტა. აქ ყველა შეძლებული ადამიანის შესახებ აინტერესებთ ჭორები. შეიძლება ლეო იმდენად პოპულარულიც არ არის, რომ მისი ცხოვრების დეტალები მედია-საშუალებებმა გააშუქონ, მაგრამ ინტერნეტ-სივრცეში რომ დაიწერა, ეს არ გამკვირვებია

-ბოლოს ის მიშოსთან დავტოვე. ავტოსადგომზე უგონოდ ეგდო -თან ვსაუბრობდი, თან პაზლების ერთმანეთთან დაკავშირებით, სრული სურათის აწყობას ვცდილობდი. ჯერ კიდევ მიკვირდა, რომ ლეო ასე უეცრად ადგა და ბათუმი დატოვა. ეს ვითარება საკმაოდ საეჭვოც იყო და იდუმალებით მოცულიც. არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაც მკარნახობდა, რომ მთელი ამ გაუჩინარების ამბავი, რაღაც კუთხით მეფარიშვილთან იყო დაკავშირებული და მიზნად დავისახე, ამ თავსატეხის ამოსახსნელი გასაღები, რაც შეიძლებოდა მალე დამეჭირა ხელში.

-ხომ არ იცი ჩვენი დირექტორი სად ბრძანდება? -ვკითხე კალეს, თან დარბაზს მოვატარე თვალი იმ იმედით, სადმე დავიანახავ-მეთქი, თუმცა სამწუხაროდ ვერსად შევნიშნე. რატომ ხდებოდა ასე? როცა არ მინდოდა სადმე გადავყროდი, მუდამ თვალში მეჩხირებოდა, ახლა დამჭირდა და ისე გაქრა, როგორც ცარცის კვალი საწერი დაფიდან.

-დღეს ვიღაც ხელოსანს ელოდებოდა სააგენტოდან, მაგრამ ბევრი გამოძახებების გამო, მოსვლა ვერავინ შეძლო და ბოლოს თავის კაბინეტისკენ წავიდა გაბრაზებული. რატომ გაინტერესებს?

-საქმე მაქვს მასთან -ბოლოჯერ მოვსვი თბილი სითხე ფინჯნიდან, იგი კვლავ პატარა თეფშზე დავაბრუნე, მერე კი უმალ წამოვდექი სკამიდან -რაღაც კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. მერე გნახავ, კარგი?

-კარგი, მიდი. მალე ისედაც ის შეშლილი სამირა უნდა მოვიდეს. სალაროს საკითხებში ბოლომდე ვერ გაერკვა და ყველაფერი უნდა ვასწავლო

-ეგრეც ნუ იტყვი, კარგი გოგოა, ოღონდ ცოტა თავისებური

-თავისებური საკუთარი თავიც მყოფნის -თვალები სიცილით აატრიალა მან და ჩემი ყავის ფინჯანი, გასარეცხი ჭურჭლის განყოფილებაში გადაიტანა.

კალესგან რომ წამოვედი, პირდაპირ დირექტორის კაბინეტისკენ ვქენი პირი. ჩემი შესვენების დროისთვის ცოტათი გადამეშორებინა, თუმცა ამისთვის არავინ მისაყვედურებდა, რადგან ჩვენი გულისხმიერი უფროსები, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დროის გამოყენების საშუალებასაც გვაძლევდნენ Imagine-ს თანამშრომლებს.

მიშოს კაბინეტამდე მისულმა, დავინახე, თუ როგორ გამოდიოდა იგი კარიდან, თანაც უკმაყოფილო სახით. ჩემს დანახვაზე, მიხვდა, რომ სწორედ მისკენ მივემართებოდი, თუმცა ყურადღებაც არ მოუქცევია, რამაც იძულებული გამხადა, შუა დერეფანში მიშოსთვის ხმამაღლა დამეძახა:

-შეჩერდი!

-პირველი ნომერი ავტობუსი არ ვარ -კვლავაც არ გაჩერებულა მიშო, რამაც მაიძულა ნაბიჯებისთვის ამეჩქარებინა და ავდევნებოდი.

-ვინც გინდა ის იყავი, მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს —ლეოს რა უქენი?

-რა ვუქენი და ახალი ტვინი გადავუნერგე. ვინდოუსის გამოცვლასავითაა, ამიერიდან აღარ გაჭედავს

-მე სერიოზულად გეკითხები

მიშო გაჩერდა, ჩაეცინა და გულზე ხელები დაიკრიფა.

-ეჰ, რა კარგი იყო ძველი დრო. ქალები, კაცების კონფლიქტებში არ ერეოდნენ და თავისთვის, წყნარად აცხობდნენ ქიშმიშიან ფუნთუშებს. მაინც რას გიშვრებათ ეს ფემინიზმი

-ფუნთუშებს შენს დაკრძალვაზე გამოვაცხობ, თუკი არ მეტყვი რა მოხდა!

-გაითვალისწინე, ჯემიანი მიყვარდა ცხონებულს

-მიშო!

-საქმეს დაუბრუნდი მარიტა. როიალის კლავიშებმა უშენოდ მოიწყინეს -ლოყაზე, ორი თითით ისე მიჩქმიტა, როგორც პატარა ბავშვს და გზა არხეინად განაგრძო.

კოვზი ნაცარში ჩამივარდა. მივხვდი, მეფარიშვილს არაფრის მოყოლა არ სურდა, თუმცა იმ ცნობისმოყვარეობას ვერაფერს ვუხერხებდი, შემაწუხებლად რომ მიკაკუნებდა ტვინზე. არ ჰქონდა მნიშვნელობა უნდოდა თუ არა მას საუბარი. ყველანაირი შესაძლო საშუალება უნდა გამომეყენებინა, რათა გუშინ ღამით მომხდარი ამბების მცირედი ნაწილი მაინც გამერკვია.

მიშომ დერეფანი ჩაამთავრა და მარცხენა მხარეს გადაუხვია. იმ ტეროტორიაზე, მხოლოდ ორი ოთახი მდებარეობდა —ერთი საყინულე გახლდათ, სადაც ხორცეულსა და სხვა მალფუჭებად პროდუქტებს ინახავდნენ, ხოლო მეორე საწყობი, რომელშიც ძველი ავეჯი, ხელსაწყოები და სხვა წვრილმანი ნივთები ჰქონდათ განთავსებული. მართალია გამიკვირდა, თუ რას აკეთებდა მიშო იქ, თუმცა მიუხედავად ამისა, უკან მაინც ქურდივით გავყევი, გზად შემხვედრ დამლაგებელ ქალს, თავის დაკვრითი მისალმების შემდეგ ავუქციე გვერდი, მერე კი, თვითონაც მარცხნივ გადავუხვიე და როგორც კი სამაცივრე ოთახში შესულ მიშოს მოვკარი თვალი, დაუფიქრებლად შევყევი შიგნით.

კიდევ კარგი, ზემოთაც და ქვემოთაც დახურული სამოსი მეცვა, თორემ შიშველ კანზე, ალბათ ყინულის მჩხვლეტავ ნამსხვრევებად მომედებოდა ის სიცივე, რაშიც იქაურობა იყო გახვეული. მართალია, სითბოდან ასეთ დაბალ ტემპერატურაში გადანაცვლება არაკომფორტულად მეჩვენა, თუმცა უკან მაინც არ დამიხევია და მიშოს, ვისაც ხელში პატარა წიგნაკი ეჭირა, სავარაუდოდ აღრიცხვის საწარმოებლად, მხრების კანკალით მივუახლოვდი.

ნაბიჯების ხმის გაგებისას, მყისვე მოტრიალდა უკან. სახეზე გაკვირვება აღებეჭდა ჩემი დანახვისას, თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ, ეს გამომეტყველება მხიარულმა შეუცვალა.

-სად აღარ ვყოფილვართ მე და შენ ერთად, მაგრამ საყინულეში პირველად -წიგნაკი, კალამთან ერთად შემოდო ერთ-ერთ თაროზე და გულზე ხელები დაიკრიფა -თუ ჩემთან განმარტოების სურვილი გკლავს, შემდეგში ცოტა თბილი ადგილი მოვძებნოთ

-კითხვა დაგისვი და არ გიპასუხია -ვცადე მისი სიტყვებისთვის გვერდი ამექცია, რათა ისევ ნერვები არ მომშლოდა.

-რამის თქმა რომ მდომოდა, გარეთაც გიპასუხებდი. აქ შემოვარდნით არა მგონია რამე შეიცვალოს, ოლაფ

-უფლება მაქვს ვიცოდე!

-მე კი, შენი აქედან გაგდების უფლება მაქვს და სანამ ამას გავაკეთებ, მანამდე თავად დატოვე აქაურობა

-ვერსადაც ვერ გამაგდებ -კბილებს შორის გამოვცერი, კართან სწრაფად მივირბინე, იგი ხმამაღალი ჯახუნით მივხურე და თავადაც წინ ავეფარე -აქედან თვითონაც ვერ გახვალ, სანამ არ მომიყვები, რატომ ანონსდება ასე უეცრად და საეჭვო ვითარებაში, ლეოს ქალაქიდან გადასვლა

-რა გააკეთე ახლა?

-ის, რაც საჭირო იყო!

-მარიტა, რა გააკეთე-მეთქი? -ისეთი გამკიცხავი სახით მომშტერებოდა, თითქოს მკვლელობაში ვიყავი ეჭვმიტანილი. ვუყურებდი და ვერაფრით ვხვდებოდი, რა იყო მისი მხრიდან ასეთი უცნაური გამოხედვის რეალური მიზეზი.

-რა გავაკეთე და კარი დავხურე. ახლა შენ გისმენ!

-ფუ ამის! -თავზე ხელები შემოიწყო მიშომ და წამით თვალებიც დახუჭა -დღეს ხელოსანს ველოდებოდი სააგენტოდან, რადგან მაგ კარის საკეტი იჭედება და შიგნიდან არ იღება, შენ კი არც დაფიქრებულხარ ისე მიაჯახუნე. მობილურიც კი არ მაქვს თან. ვინაიდან ტანსაცმელზე ჯიბე ვერსად გიპოვე, ალბათ არც შენ

-მოიცა, მოიცა, რა თქვი?

-რაც გაიგე -მობეზრებით აატრიალა თვალები მიშომ, თუმცა მისი სიტყვები ბოლომდე მაინც არ დავიჯერე და გადავწყვიტე პირადად შემემოწმებინა კარის საკეტი. ლამის ნერვიულობისგან სუნთქვა შემეკრა, როდესაც გავაცნობიერე, რომ მისი გაღება აქედან შეუძლებელი ამოცანა იყო.

-რა მოხდა, დარწმუნდი? -დამცინავად ჟღერდა მისი სიტყვები -კარგი, ჩემი სურათი რომ გულის ჯიბით არ დაგაქვს და ერთი შემთხვევითი სექსის გამო გეზიზღები, ეს ვიცი, მაგრამ საკუთარ თავს მაინც რაღას ერჩოდი?

-ნუ სულელობ! რაღაცას მოვიფიქრებ -ისე შევუბღვირე, თითქოს მომხდარში არანაირი ბრალი არ მიმიძღვოდა. სინამდვილეში, ვცდილობდი არც შიში შემტყობოდა და არც ის, რომ ძალზედ სულელურად ვთვლიდი საკუთარ იმპულსურ ნაბიჯს.

-რას მოიფიქრებ? იქნებ მეც გამაცნო შენი გრანდიოზული გეგმა

-ვიყვიროთ -ის ვთქვი, რაც პირველი მომივიდა თავში აზრად -ამხელა რესტორანში, ჩვენს ხმას ვინმე როგორ ვერ გაიგებს?

-ვერაფერს მიაღწევ. სანამ ნოლანები აქ რესტორანს გახსნიდნენ, ზუსტად ამ ოთახს, ბენდის ბიჭები იყენებდნენ სარეპეტიციოდ. კედლებიცა და კარიც, ხმის ოზილაციითაა

-სერიოზულად?

-სრულიად -უფრო და უფრო ირონიული ხდებოდა მიშოს ტონი, ჩემს გულში ჩაბუდებული შიში კი, ნაპირისკენ წამოსული ცუნამის ტალღასავით იზრდებოდა.

-მაგრამ . . .

-რა მაგრამ, რა? -ხმამაღლა გაეცინა მეფარიშვილს, თუმცა ამ სიცილში ერთი პროცენტიც არ ყოფილა გულწრფელი -ერთი სამუშაო დღის სამყოფი პროდუქტები, დიმიტრის მზარეულებს უკვე გატანილი აქვთ. სასწაული უნდა მოხდეს, ხვალამდე რომ აქ ვინმე შემოვიდეს. თუ ეს სასწაული არ მოხდა, დილით აზრი უკვე აღარაფერს ექნება

შიშმა ლამის თვალები დამიბინდა. ნერვიულობისგან პულსაციას უკვე ყელში ვგრძნობდი და გულში საკუთარ თავს ვწყევლიდი ამ დაუფიქრებელი საქციელის გამო. შექმნილი სავალალო მდგომარეობის ბოლომდე გაცნობიერებამ, ნერვები კიდევ უფრო ამიფორიაქა, თუმცა ასეთ კრიტიკულ სიტუაციაშიც იმაზე მეფიქრებოდა, რომ მიშოს თვალწინ, ჩემი შინაგანი განწყობა არ გამომემჟღავნებინა.

კართან უხმოდ ჩავსრიალდი და მუხლებზე ხელები შემოვიხვიე. გონება გამალებით მუშაობდა, რათა გამოსავალი მომეძებნა, თუმცა ოთახში ფანჯარაც კი არ იყო, მისი საშუალებით რომ შემძლებოდა აქედან გასვლა.

-საოცარი ვინმე ხარ რაა -ერთ-ერთ თაროს მიეყრდნო მიშო, ტუჩებზე მკრთალად დამჩნეული ღიმილით.

-რას გულისხმობ?

-რომელი ერთი ჩამოვთვალო? -კვლავ ეღიმებოდა მას -მდინარეში გადაგდებული გყავარ, შენი მოხატული მანქანის ნორმალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად უამრავი დრო დავკარგე, ჩემი მობილურიდან შეტყობინება გაგზავნე, რის გამოც, ის ქალი ნახევრად შიშველი დამადგა თავზე, წინა ღამით ვადაგასული იოგურტი მაჭამე, დღეს კიდევ საყინულეში გამომკეტე. ვერაფერს ვიტყვი, ჩემს ცხოვრებას აშკარად ადრენალინს მატებს შენი არსებობა

-და საკუთარ თავზე რას იტყვი? -საპასუხოდ თვითონაც შევუტიე -შენ არ იყავი, ტანსაცმელი რომ დამიწვი და ზღვაში ნახევრად შიშველი დამტოვე? ნოლანებთან ვახშმისას რომ გამოაცხადე ჩემს შებმას ცდილობსო, ამაზე აღარაფერს ვამბობ

-მაპატიე, ვერ გავითვალისწინე შენს იაპონელ თაყვანისმცემელთან რომ გიფუჭებდი საქმეს. ისე რას გეუბნება, ჩემს მეგობარ რობოტებს როდის გაგაცნობო?

-რა რობოტებს? რას ბოდავ?

-წესით მშობლები უნდა მეთქვა, მაგრამ როდესაც საქმე მაგ ტიპს ეხება, წინადადებაში რობოტები უფრო კარგად ჯდება

-როგორც ვხედავ, ძალიან კარგ ხასიათზე ხარ -სიცივისგან შეწუხებულმა, გაყინული თითები დავიორთქლე. აქაური ტემპერატურა, ყოველი წამის გასვლასთან ერთად, უფრო და უფრო შემაწუხებელი ხდებოდა.

-უკვე კანკალებ

-მაგას უშენოდაც ვგრძნობ

-დანაშაულს თუ გრძნობ იმის გამო, რა დღეშიც ახლა ვართ?

-რომ იცოდე, შენი საუბარი ისე მსტრესავს, ორმაგად უფრო მეტად მცივა

აღარაფერი უთქვამს. რამდენიმე წამით ისე მათვალიერებდა, მზერა წამიერადაც არ მოუშორებია. შემდეგ ხმამაღლა ამოიხვნეშა, მიტრიალდა და ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, პროდუქტების ყუთებიდან —თაროებზე გადმოყრა დაიწყო.

-რას აკეთებ? -კი არ ვკითხე, გაჭირვებით ამოვიხავლე. როგორც ჩანდა, სიცივე უკვე ჩემი ხმის ჟღერადობასაც ასვამდა დაღს. შეკითხვა ამჯერადაც უპასუხოდ დამიტოვა. თავის საქმეს უხმოდ, შეუსვენებლად განაგრძობდა და დაახლოებით ორი წუთის შემდეგ, უკვე ყველა ყუთი უკლებლივ ჰქონდა დაცარიელებული.

თაროებზე უწესრიგოდ ეყარა სხვადასხვა სახეობის, გაყინული ზღვის ბინადრები, მარგარინისა თუ კარაქის შეკვრები, პოლეეთილენის პარკებში დაფასოებული ნაირნაირი კენკრა და კიდევ უამრავი სხვა რამ. ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, რის გაკეთებას ცდილობდა, თუმცა როდესაც თითოეული ყუთი ოთახის ცენტრში, ერთად შეგროვებული დაყარა და ჯიბიდან თავისი კობრის გამოსახულებიანი სანთებელა ამოიღო, ჩემთვის მაშინვე ყველაფერი დღესავით ნათელი გახდა.

-ცეცხლს ანთებ? -ვკითხე თუ არა, ფეხზეც წამოვდექი და იმ ადგილთან ახლოს დავჯექი, სადაც ყუთები ეყარა.

-ახლა არა, თუმცა როდესაც სიტუაცია გაუსაძლისი გახდება, დავანთოთ -მერე ერთ-ერთ თაროს მიუახლოვდა, მომცრო ზომის უჯრა გამოაღო და იქედან სქელი, წითელი პლედი გამოაძვრინა -ამას დიმა იყენებს ხოლმე, როდესაც აქ შემოსულ მტვირთავებს ადევნებს თვალს, პროდუქციის მოტანისას. აიღე

-მე მაძლევ?

-ჰო, შენ -მომიგო თუ არა, მაშინვე ჩემკენ ისროლა იგი -ტიტანიკშიც ხომ გოგო გადარჩა? რას ვიზამთ, ასეთია მამაკაცების ბედი

-მაოცებს შენი ფლეგმატურობა, როცა ასეთ დღეში ვართ -სწრაფად დავიფარე მხრები სქელი მატერიით, თან ყუთებთან ახლოს ჩამოვჯექი. სულ მალე, მეფარიშვილიც მომიახლოვდა და პირდაპირ ჩემს პირდაპირ დაჯდა. მის სახეზე, ნერვიულობის ნატამალიც კი არ შეიმჩნეოდა და გულში ქედსაც კი ვიხრიდი ამ ადამიანის წინაშე, კრიტიკული მომენტებისადმი ასეთი გულგრილი დამოკიდებულების გამო.

-მითხარი, როცა ძალიან შეგცივდება და ამ ყუთებს ცეცხლს მოვუკიდებ -თქვა მან. სიცივისგან, ტუჩებზე მცირედი სილურჯე ემჩნეოდა, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, სხეული არ უკანკალებდა.

-რა უნდა ვქვნათ? აქედან როგორ გავაღწიოთ?

-არ ვიცი . . . ჯინის ლამპარიც ვერსად ვიპოვე სურვილი რომ ჩავიფიქრო

-კარგი რაა -მობეზრებით ავატრიალე თვალები -როცა ძალიან შეგვცივდება ცეცხლს დავანთებთ, ხვალ დილით კი ამ კარსაც გააღებენ. მანამდე მოვინდომებთ და როგორმე გავძლებთ. მითხარი, ხომ ასეა?

-იმედი ბოლოს კვდება. სხვა არაფერი მკითხო ამ თემაზე

-მაშინ მითხარი როგორია ეს -ვთხოვე შიშნარევი ტონით -როგორი გრძნობაა, როდესაც ადამიანს სიცივე კლავს?

-როგორც ვხედავ, შენში ორ წამში ჩაკვდა ყველანაირი ოპტიმიზმი

-არ ვამბობ, რომ მოვკვდებით, უბრალოდ სიტუაციამ მოიტანა და დამაინტერესა

მიშომ ჩაფიქრებული გამომეტყველება მიიღო. შეკითხვასაც მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ გასცა პასუხი:

-როგორც ვიცი, ბოლო წუთებში, აუტანელ სიცივესთან ერთად, მოთენთილობასაც გრძნობ. ისეთი შეგრძნება გიჩნდება, თითქოს გეძინება და ამ ძილიანობის შეგრძნებას ვერ ეწინააღმდეგები. ბოლოს ტკბილად იძინებ და ამით ყველაფერი სრულდება

მდუმარებამ დაისადგურა. ლაპარაკის გაგრძელების სურვილი არც მე მქონდა და როგორც ჩანდა, არც მას. ზუსტად არ ვიცი ასეთ სიჩუმეში რამდენი ხანი გავიდა. ჩემი გამოთვლებით, ორი საათის განმავლობაში არ გაგვიცია ერთმანეთისთვის ხმა. სიცივესთან ერთად, ალაგალაგ მიშოს მზერასაც ვგრძნობდი და მიკვირდა კიდეც, რატომ არ ისროდა ჩემი მიმართულებით ყველა სალანძღავ სიტყვას, რაც კი ლექსიკონში მოეპოვებოდა.

ტემპერატურა რომ უკვე საშინლად შემაწუხებელი გახდა, ინტენსიურად მოვყევი ხელების დაორთქვლას, თუმცა ამან დიდად ვერ მიშველა. ერთადერთი, რასაც მივაღწიე, ის იყო, რომ კვლავ მივიქციე ჩაფიქრებული სახით მჯდომი მიშოს ყურადღება.

-რატომ თავიდანვე არ მითხარი კარის საკეტს რაც სჭირდა? -ვკითხე ტუჩების კანკალით. მართალია პლედი ჯერ კიდევ სხეულზე მქონდა შემოხვეული, თუმცა ეს დიდად ვერ მეხმარებოდა ირგვლივ გამეფებული ყინვის ფონზე.

-ახლა მე ვარ დამნაშავე, არა?

-შეიძლება ამ სიტუაციაში უფრო მეტი ბრალი მე მიმიძღვის, თუმცა არასდროს გიყვარდა საკუთარი დანაშაულის აღიარება

მიშომ კიდევ რამდენიმე წამს მიყურა, თუ როგორ ვკანკალებდი მთელი სხეულით. მერე კობრის გამოსახულებიან სანთებელას მოხსნა თავი, აანთო და სულ რამდენიმე წამში, ცეცხლი ერთად შეგროვებულ ყუთებსაც წაუკიდა. ცვლილება სინათლის სიჩქარით გახდა საგრძნობი. იმ მომენტში, სულ პატარა კოცონიც კი ისე გამახარებდა, თითქოს უზარმაზარი, გახურებული ბუხრის წინ მომეწყოს პატარა კუთხე.

-დავიღალე იმით, რომ მუდამ თათას ამბავს მახსენებ -თქვა მან -მითხარი, რის მიღწევას ცდილობ ამით?

-მიღწევით უკვე ვეღარაფერს მივაღწევ -წამებში გახდა ირონიული ჩემი მზერა -რაც მთავარია, შენ ისიამოვნე ერთღამიანი გართობით და ადამიანის გრძნობები დაიკიდე ფეხებზე

-და რა უნდა გამეკეთებინა, რა?! -ხმის ტონი, ჩვეულებრივზე ოდნავ მაღალი ჰქონდა მიშოს -წარმოდგენაც არ გაქვს რა საშინელი ბავშვობა მქონდა, ან რისი გადატანა მიწევდა. მაშინ თინეიჯერი ვიყავი, სულელი და ზოგჯერ, როდესაც ცხოვრებისეული უსამართლობის შეგრძნება ყელში წამიჭერდა, ნარკოტიკებსა და მოსაწევშიც კი ვპოულობდი შვებას. მაგ ღამითაც არ ვიყავი ფხიზელი. სასმელმა და აბებმა ერთად, უკურეაქცია მომცა და ოთახში, ნახევრად გათიშული, საწოლზე ვეგდე, ეგ შენი საამაყო თათა რომ შემომივარდა და მთლიანად გახდილი დამაჯდა ზემოდან. ჰო, მქონდა მასთან სექსი, არ უარვყოფ რა არც მეამაყება, მაგრამ ამის მერე ჩემგან თავად ის, ან ვინმე სხვა რატომ მოელოდა, რომ სამუდამო ერთგულების ფიცს დავუდებდი და საკურთხეველთან თეთრ კაბაში გამოწყობილს მივიყვანდი, გეკითხები რატომ?! -თვალები ბრაზისგან უელავდა, კისერზე ძარღვები ერთიანად დაბერვოდა, ხოლო ქარვისფერ თვალებში, კვლავ ის მრისხანების ცეცხლი უგიზგიზებდა, რომელიც საუბრის დასაწყისში შევნიშნე.

-იმაზე ლაპარაკს, თუ რა უნდა გაგეკეთებინა უკვე აზრი აღარ აქვს -იმედგაცრუებულმა გავაქნიე თავი, თან ხელის გულები სითბოს წყაროს მუვუშვირე. როგორიც არ უნდა ყოფილიყო სიტუაცია, მორალური კუთხით ყოველთვის არასწორად მიმაჩნდა, მამაკაცის მიერ იმ ქალის გამოყენება, ვისაც მის მიმართ გრძნობები გააჩნდა -უბრალოდ შემდეგში დაფიქრდი ხოლმე, სანამ კიდევ ვინმეს დაუნგრევ ცხოვრებას. ჯობს შენ გატკინონ, ვიდრე თავად ატკინო სხვას

-დახურე ეს თემა! -შედარებით მშვიდად, თუმცა მაინც მკაცრად წარმოთქვა მიშომ.

-ისედაც არ ვაპირებდი კიდევ რამის დამატებას

-ჰოდა ძალიან კარგი. ბოლო პერიოდში ისედაც არეული ტვინით დავდივარ შენს გამო

-ჩემს გამო რატომ? როგორც მახსოვს, აქამდეც არ გქონდა მწყობრში ეგ ორგანო

-გამბედავი ხარ -ჩაეცინა მიშოს -უფროსს ენას ისე უტლიკინებ, არც კი ფიქრობ ამას რა შეიძლება მოჰყვეს

-მოვლენებს წინ ნუ უსწრებ, შეიძლება აქედან ცოცხლები ვერც გავიდეთ

-ჩემთვის სულ ერთია -ისეთი გულწრფელი მზერითა და ხმით თქვა, ეჭვიც არ შემპარვია, რომ ზუსტად იმას ამბობდა, რასაც რეალურად ფიქრობდა.

-რატომ არის სულ ერთი?

-მარტივი მიზეზის გამო —თითქმის ყველა იქ მელოდება, ვინც მიყვარს

გულში მწარე ჩხვლეტა ვიგრძენი მისი სიტყვების მოსმენისას. გამახსენდა კალეს მოყოლილი ისტორია მიშოს ოჯახის ტრაგედიის შესახებ და კიდევ ერთხელ ვიგრძენი გაკვირვება იმის გამო, რომ მომხდარის შემდეგ, ამ ადამიანმა, ასე მყარად შეძლო ფეხზე წამოდგომა.

-რატომ თქვი შენს გამო არეული ტვინით დავდივარო? -სასწრაფოდ ვცადე თემის შეცვლა, რადგან მიშოს სიტყვებს, ჩემს სულზე ისე ძლიერ ემოქმედათ, კიდევ რამდენიმე წამიც და ალბათ თანაგრძნობის ნიშნად ხელსაც კი ჩავკიდებდი.

-ყველაფერზე ასე ჩაღრმავება რატომ გიყვარს? სწორედ შენი ცნობისმოყვარეობის გამო ვართ ახლა აქ გამოკეტილები

-სასაუბრო თემას ვეძებ -ვცადე თავი მემართლებინა -ლაპარაკის დროს ყურადღება გადამაქვს და ნაკლებად მცივა

მიშომ ცეცხლს ორივე ხელი მიუშვირა და თვალებში შემომხედა. მისი მზერა ისეთი გამჭოლი იყო, რაღაც მომენტში უხერხულობაც კი ვიგრძენი და სხვა მხარეს გავიხედე. სწორედ იმ დროს, მისი ხმაც მომესმა:

-ბოლო პერიოდში სიზმრები დამეწყო

-სიზმრები?

-ჰო, ზუსტად . . . მესიზმრება, თითქოს ბნელი ღამეა. ოთახს, სადაც ერთად ვართ მხოლოდ მთვარის შუქი ანათებს. ზედმეტად აბსურდულია, მაგრამ შენ მთელი სხეული თეთრი ვარდის ფურცლებით გაქვს დაფარული. მერე საიდანღაც ქარი უბერავს, ამ ფურცლებს ფანტავს და სრულიად შიშველი რჩები ჩემს წინაშე. ცოტა ხნის შემდეგ ასეთ მდგომარეობაში როიალთან ჯდები და რაღაც ლამაზი მელოდიის დაკვრას იწყებ. მე გვერდით გიზივარ და გაშლილ თმაზე გეფერები. შენი კანი ისეთი ნაზია, ლამის ჭკუიდან მშლის. მერე მოთმინება აღარ მყოფნის, დაკვრას გაწყვეტინებ, ჩემკენ გაბრუნებ და მთელი გრძნობით გკოცნი. კოცნაზე შენც კოცნით მპასუხობ. აი ამ მომენტში სიზმარი ყოველთვის წყდება და ცარიელ ლოგინში მეღვიძება. გამოფხიზლებულს მთელი სხეული მიკანკალებს, სუნთქვა მიჭირს და მინდება გარშემო ყველაფერი დავლეწო. მერე ვდგები, ცივი შხაპის ქვეშ ძალიან დიდხანს ვდგავარ და საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ ასეთი რამ ბოლოჯერ ხდება, მაგრამ საუბედუროდ დასასრული არ უჩანს. იცი, რომ საძილე აბების მიღებაც კი დავიწყე ამის გამო? გაგონილი მაქვს, ღრმა ძილში ადამიანი სიზმრებს ვეღარ ხედავსო, მაგრამ არაფერი მოქმედებს. ეს უკვე წყევლასავითაა

მოსმენილისგან და სიცივისგან გონებაარეულს, აზროვნებაც კი მიჭირდა, რათა საპასუხოდ რაიმე მაინც მეთქვა. გამახსენდა მიშოს მაგიდაზე დანახული საძილე აბების შუშა და გავაცნობიერე, რომ მისი მონაყოლი სიმართლე იყო და არა მორიგი სულელური ხუმრობა.

-ამას რატომ მეუბნები? -ვკითხე მისუსტებული ხმით. ყუთებზე წაკიდებული ცეცხლი, დიდად კარგი მოწინააღმდეგეც ვერ იყო ყინვასთან გამართულ ბრძოლაში. ვგრძნობდი, როგორ მთენთავდა ნელ-ნელა ირგვლივ გამეფებული დაბალი ტემერატურა და როგორ მოქმედებდა ჩემი ხმის ჟღერადობაზე.

-ალბათ იმიტომ, რომ გამოღვიძებულზე ყველა შეგრძნება მახსოვს და პასუხებს შენთან ვეძებ

-მე პასუხები არაფერზე მაქვს, სიზმარი შენია და არა ჩემი

-არც თავად ვაპირებდი მოყოლას, ერთი ვიღაც რომ არ ჩაღრმავებოდა ამ თემას

-ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ჩემთან დაკავშირებულ ინტიმურ სიზმარზე თუ მომიწევდა მოსმენა

-ინტიმური აქ არაფერია -მკაცრად შემომიბღვირა მიშომ -ნახევარი დღე იმას ვუყურებ, თუ როგორ უკრავ როიალზე, ვარდები და სიშიშვლე კი უბრალოდ ჩემმა წარმოსახვამ დაამატა, ამიტომ, ამ სიზმარში გასაოცარი არაფერია

-თმაზე მოფერება და კოცნაც შენმა წარმოსახვამ დაამატა, არა? -კვლავ ირონიას ვაფრქვევდი მისი მიმართულებით.

-მეცნიერულად დადასტურებულია, რომ სიზმრები არაფერს ნიშნავს და არც არაფერს ამტკიცებს, ამიტომ, შეგიძლია ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვა

-უკვე მიწაზე ვარ და იმასაც ვხედავ, რომ ყუთები დიდხანს აღარ გაგვიძლებს -ჩვენს შუაში დანთებული ცეცხლისკენ ვანიშნე მას -ყველაზე დიდი ხუთი წუთი გაძლოს. შეიძლება ამდენიც აღარ

-არც გარშემოა რამე ისეთი, რითაც კარის საკეტის გატეხვას ვცდი -უიმედოდ ჩაილაპარაკა მიშომ.

მორიგი ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა ამის შემდეგ. მართალია პერიოდულად ერთმანეთს ვუყურებდით ხოლმე, თუმცა ხმას არც ერთი ჩვენგანი არ იღებდა. იქაურობას, მხოლოდ ყუთების წვის ხმა უფანტავდა მდუმარებას, თუმცა ცეცხლი უკვე ძალზედ სუსტად ბჟუტავდა და ჩაქრობამდე სულ ცოტაღა ჰქონდა დარჩენილი.

გამოსავალი არსაიდან ჩანდა. მიუხედავად ამისა, ჩემი გონება ჯერ კიდევ მთელი დატვირთვით ეძებდა სავალალო სიტუაციიდან გამოსაძრომ გზებს. ფიქრისთვის დიდი დრო არ მქონია. აზრები შუაში მაშინ გამიწყდა, როდესაც თვალი მოვკარი როგორ წამოდგა ფეხზე მიშო და როგორ დაიწყო პერანგის გახდა.

-რას აკეთებ? -გაოცებული სახით ავხედე თავზე წამომდგარს.

-სტრიპტიზი უნდა გიცეკვო. უბრალოდ მუსიკის ჩართვის ვარიანტი არ მაქვს და თუ გინდა შენ იმღერე, ჯო კოკერის ის სიმღერა

მობეზრებისგან თვალები ავატრიალე. რამის თქმის ნაცვლად, გადავწყვიტე მის შემდგომ ნაბიჯებს დავკვირვებოდი, რათა დამოუკიდებლად გამერკვია რა ჰქონდა გეგმაში. მეფარიშვილმა ზედატანის ღილები ბოლომდე შეიხსნა, გაიხადა და იგი პირდაპირ ცეცხლში ჩააგდო. შემდეგ შარვლის გახდაზე გადავიდა, სულ მალე, იგიც პერანგის გზას გაუყენა და მხოლოდ საცვალით დაჯდა ცეცხლის წინ.

-ეს ცოტა ხნით კიდევ შეაფერხებს ჩვენი კოცონის ჩაქრობას

-გაგიჟდი?! ეგრე ხომ გაიყინები? თითქმის შიშველი დარჩი!

-არ გავიყინები -მითხრა თუ არა, მაშინვე მუშტად შეკრული ხელების ორთქვლას მოჰყვა.

დანაშაულის გრძნობა ერთიანად დამეპატრონა მის შემხედვარეს. დღესავით ნათელი იყო, რომ ბრალი ყველაფერში თავად მიმიძღვოდა. მიშოს გალურჯებული ტუჩები, აკანკალებული სხეული და ცეცხლში ჩაყრილი ტანსაცმელი, მთლიანად ჩემი პასუხისმგებლობა იყო, ამიტომ სასწრაფოდ წამოვდექი ფეხზე, მეფარიშვილს ჩემი პლედიანად მოვეხვიე უკნიდან, ისიც სქელ მატერიაში მოვაქციე და ზურგზე ისე მივეკარი, რომ ჩემი სითბო, მისთვის ნახევრად მაინც მეწილადა.

-იცოდე, ახლა რამე იდიოტურ ხუმრობას იტყვი და იმ ტანსაცმელთან ერთად ცეცხლში შენც ჩაგაგდებ! -წინასწარ მივიღე პრევენციული ზომები, რათა ჩუმად მჯდარიყო. ერთიანად გაყინულ მის სხეულს, აშკარად ესიამოვნა ჩემი შეხება და კანკალიც ოდნავ ჩაუწყნარდა. კარგა ხანს იჯდა მდუმარე სფინქსივით და სიტყვასაც არ ძრავდა. სიჩუმე იმდენ ხანს გაუგრძელდა, შემეშინდა კიდეც გონება ხომ არ დაკარგა-მეთქი და გადავწყვიტე თავად გამოვხმაურებოდი:

-მიშო!

-რა გინდა? -ჩემდა საბედნიეროდ, ისევ გონზე იყო.

-არაფერი . . . უბრალოდ გადავამოწმე ისევ ცოცხალი თუ იყავი

-ახლა უკვე ბარი-ბარში ვართ

-რაზე ამბობ?

-ჩემს ტანსაცმელზე -ოდნავ მოაბრუნა თავი ამის თქმისას -ჯერ შენი დავწვი, ახლა ჩემი. კარმა ისევ არ კარგავს აქტუალობას

-ჩემი სამოსი, მხოლოდ გართობის მიზნით დაწვი, ეს არ დაგავიწყდეს

-შენს სტილში არ ჯდებოდა, თუმცა ვერ უარვყოფ, მაინც გიხდებოდა -მის სახეს ვერ ვხედავდი, თუმცა ხმაზე ვატყობდი იღიმოდა -დარწმუნებული ვარ ლოლას შერჩეული იყო

-და რა იცი, რომ ეგრეა? -შევედავე, მიუხედავად იმისა, რომ სიმართლეს ამბობდა.

-სხვა დროს არასდროს მყავხარ ნანახი ასეთ თამამ სამოსში. ისე, რატომ არასდროს იცვამ სექსუალურ ტანსაცმელს? ან სთორებს რატომ არ დებ ხოლმე მიმზიდველ დეკოლტეებში?

-ჩემს სთორებსაც ამოწმებ? -გამეცინა.

-დიდი ხანია ინსტაგრამში გამოწერილი მყავხარ. ფოტოებს რომ ვაკვირდები, რაღაც ზღაპრული ფერიის იმიჯი უფრო გაქვს, ვიდრე ცეცხლოვანი, ვნებიანი ქალის

-მოდი შევთანხმდეთ, რომ ეს ჩემი საქმეა და ამით დავასრულოთ

-გაუთხოვარი მასწავლებელივით მკაცრი ხარ -კვლავ ოდნავ მოაბრუნა თავი ჩემკენ.

-ეს ერთხელ უკვე მითხარი ინდოეთში მოგზაურობისას

-რა კარგად გახსოვს ჩემი ყველა სიტყვა, ახლა თავში ამივარდება

-რა თქმა უნდა. წიგნაკიც კი მაქვს სათაურით —მიშოს ტოპ-ფრაზები

-შემთხვევით, მაგ წიგნაკში ჩემი ფოტოებიც ხომ არ გაქვს ჩაკრული და ძილის წინაც ხომ არ კოცნი ხოლმე?

-მიშო, მგონი მაშინ უფრო მომწონდი, როცა ჩუმად იყავი

მეფარიშვილს ჩაეცინა, თუმცა ჩემს სიტყვებს უკვე აღარ გამოხმაურებია. კიდევ ერთხელ ჩამოწოლილმა აუტანელმა მდუმარებამ, რომელმაც ძალიან დიდ ხანს გასტანა, კვლავაც უიმედობაში ჩამაგდო. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ სრულიად მოულოდნელად, ის ნათურაც აფეთქდა და გასკდა, რაც საყინულის ოთახის ერთადერთ სინათლის წყაროს წარმოადგენდა.

შიშმა ყელში სპაზმებად წამიჭირა. მუცლის არეში უჩვეულო სიმძიმე ვიგრძენი. პანიკა იმანაც გამიმძაფრა, რომ მიშოს, ნათურის აფეთქებაზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. მეტიც —არც კი განძრეულა. სანამ კვლავ დავუძახებდი, სასწრაფოდ გულის მხარეს დავადე ხელი. ოდნავ დამამშვიდა იმის შეგრძნებამ, რომ მარცხნივ, ისევ მოუსვენრად ფეთქავდა რაღაც. მერე მასთან უფრო ახლოს მივიწიე და პლედიც მოხერხებულად შემოვხვიე შიშველ სხეულზე. ცეცხლი უკვე ბოლომდე ჩამქრალიყო და მხოლოდ ფერფლზე შერჩენილი, ნარინჯისფერი წერტილები ბჟუტავდნენ უკუნეთ სიბნელეში.

-მიშო, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, რომ გაჩუმებული უფრო მეტად მომწონდი. გთხოვ, თქვი რამე! -მაგრად შევანჯღრიე ამის თქმისას -მიშო, ხმა ამოიღე!

-ნუ ყვირი, მესმის . . .

-თუ გესმის, ილაპარაკე, გთხოვ -იმდენად ცივი იყო, ლამის ცრემლებმა ამოხეთქეს ჩემი თვალებიდან -ნებისმიერი სისულელე თქვი, ოღონდ არ გაჩუმდე, კარგი?

-მეძინება მარიტა . . . შენ ნუ დაიძინებ რაა, ძალიან გთხოვ. ყველაზე ძვირფასს გაფიცებ არ დანებდე

-მიშო, სერიოზულად გეუბნები, თვალების დახუჭვა არც კი გაბედო!

პასუხი არ გაუცია, რამაც იძულებული გამხდადა კიდევ ერთხელ შემენჯღრია მისი თოვლივით ცივი სხეული და ხმამაღლა დამეძახა.

-მაპატიე -კონტაქტზე გამოვიდა თუ არა, სუსტად ჩაეცინა მას -მაპატიე, მაგრამ საბრძოლველად მიზეზი არ მაქვს . . .

ეს სწორედ ის სიტყვები იყო, რისი მოსმენაც ყველაზე ნაკლებად მსურდა იმ მომენტში. ეს იყო სიტყვები, რომელმაც ჩემს შიგნით ყველაფერი გაყინა და ის მცირედი იმედის ნაპერწკალიც ჩააქრო, ძლივსღა რომ ღვიოდა გულის სიღრმეში. მოცემულ სიტუაციაში, ყველაზე მეტად სიჩუმეში დარჩენის მეშინოდა დ ახლა, ზუსტად ეს სიჩუმე ისადგურებდა.




ვიცი ძალიან ცუდ მომენტში დავასრულე, მაგრამ ნუ მომაწყევლით უმორჩილესად გთხოვთ :დდ



№1 სტუმარი Елка

Ес ори далиан микварс ну гакинавт гехвецебит. Минда ро бедниереби иквнен. Мадлоба моутменлад давелодеби

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიკა

მალე დადეᲗ გᲗხოვᲗ

 


№3 სტუმარი სტუმარი Wero

რააატოოოო? რატოოოო? აი ამდროს როგორ შეიძლება გაწყვიტო ისტორიააა. ძლივს ყინული გალღვა ამათშოროს და შენ რაგამიკეთე. აი სააოცარიიიიიი ხარ,სიტყვებით ვერ გადმოვცემ … ველოდები როდის დადებბ რომ ისევ ვისიამოვნო. მადლობა,შეხვედრამდე ***

 


№4 სტუმარი Ana-maria

ნამდვილად ცუდ მომენტში დასრულდა ეს თავი. მაგრამ ვხედავ როგორ მიილტვის ეს ორი ჯიუტი ადამიანი ერთმანეთისკენ და ვფიქრობ რომ ცუდი დასასრული არ იქნება. წარმატებები და მოუთმენლად დაველოდები ახალ თავს

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიკა

ვაიმე მიშოს სიკვდილს ვერ გადავიტან. დროა სიყვარულში გამოუტყდნენ წრთმანეთს.. მალე დადეთ რაა
მიშო არ მოკვდეს????❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი თამო

როგორი ღრმა პოროვნებაა მიშო და ჩვენი გოგო როგორ ზედაპირულად აფასებს სულ და ვერ ხედავს მიშოს სიყვარულს.მოთმენლად ველი შემდეგს

 


№7  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ასეთ დროს შეწყვეტა… არ ვიცი, არ ვიცი … ძალიან კარგი იყო, იმედია გარდამტეხი იქნება საყინულე მათთვის ❤️❤️❤️

 


№8 სტუმარი ნია

გთხოვთ მალე დადეთ. მოუთმენლად ველით

 


№9  offline წევრი მაო Mao

ძალიან მომწონს, თითქოს რაღაცა გრძობების აფეთქება უნდა მოხდეს და ასე მივიწევ კუს ნაბიჯებით. მომწონს ძალიან მიშო და ველოდები როდის შეუყვარდება ამ გოგოს ისე რომ ძააან დააფასებს, ვიღაცა დებილობა იაპონელები და სისულელეები რომ მოწონს და აძლევს შანსს.
ძალიან მინდა რომ ამ გოგომაც იბრძოლოს სიყვარულისთვის და მიშოს გაუმთელოს გული.
თან ნერვოზი დამემართა ლოდინში და მემგონი დაველოდები სანამ ბოლომდე აარ დაიდება.
კარგიხარ ანუბის ძალიან heart_eyes

 


№10 სტუმარი სტუმარი გვანცა

აღარ აგრძელეენთ თან რა დროს შეწყვიტეთ, მოლოდინი ცუდია

 


№11 სტუმარი ნანო

არ დააგვიანო თავის დადება,თორემ გაგვეყინება გმირები????საინტერესოდ წერთ ძალიან.

 


№12 სტუმარი მკითხველი

მიკვირს ამ ისტორიას უფრო მეტი მკითხველი რომ არ ყავს, ძალიან კარგად წერთ❤️

 


№13 სტუმარი გიული

ვაიმე როდის დადებ ახალ თავს,გაიყინებიან

სასიამოვნო წასაკითხია,ყველა თქვენი ისტორიები

 


№14 სტუმარი სტუმარი ნათია

აუ კარგით რაა..... დამაწყდა ნერვები..
ძალიან მაგრად წერთ ყოჩაღ

როდის დადებთ? დღეს დადეთ რა. დიიიიიიიდებიიი

 


№15 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ვაიმე შოკი მაქვს ამდენი ემოციის მოზღვავება არ მქონია ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ყველა თავი არ ველოდი ესეთ დასასრულს ცუდია ლამაზი დინი რომელიც არ მომწონს საოცარი საინტერესო ნაწარმოებია როგორ მომწონს ეს წყვილი ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????????იმედია მალე დადე ოღონდ ეგ ბიჭი არ გაყინი????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent