შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინანული სახელად წარსული (სრულად)


24-03-2024, 22:47
ავტორი sole_soul
ნანახია 5 250

ზაფხულის ცხელი საღამო იდგა. თებეა მეგობრებს დაემშვიდობა, მაგრამ წასვლას ჯერ არ ჩქარობდა. ბარში შემორჩა და სმა განაგრძო.
ცოტა ხნის წინ 30 წელი შეუსრულდა. იჯდა და ფიქრობდა, რამდენი სულელური გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული. რამდენიც ვერ გაბედა, რომ მიეღო და ნანობდა.
ფიქრებიდან ფანჯარაზე კაკუნმა გამოაფხიზლა. შეხტა და ფანჯარას შეხედა. ბნელოდა, თუმცა სახის კონტურები მაინც გაარჩია. ბიჭმა გაუღიმა და კარისკენ აიღო გეზი.
სანამ ბექა შემოვიდოდა, თებეამ ბარი მოათვალიერა. იმ ოთახში, სადაც იჯდა, არავინ არ იყო. ბექა მალევე მასთან გაჩნდა. უღიმოდა.
-თებეა, შენ ნახვას არ ველოდი, - გადაეხვია და გადაკოცნა ბიჭმა.
-არც მე, - თბილად გაუღიმა თებეამაც.
მისმა დანახვამ თებეა ააფორიაქა. წარსულის მოგონებები გაახსენა. რა დამთხვევა იყო, რომ ერთმანეთი ნახეს.
-რამდენი წელი გავიდა, არა? - სიჩუმე დაარღვია თებეამ.
-ჰო, ნამდვილად ბევრი.
-რამეს დალევ? - ჰკითხა თებეამ და ლუდი მოსვა.
-ერთი ეგეთით დავიწყებ, - გაიცინა ბექამ.
ლუდი შეუკვეთეს, დალიეს, ბევრი ისაუბრეს. ბექას არასდროს არ უჭირდა სალაპარაკო თემის მოძებნა. თებეა მასთან თავს ყოველთვის მშვიდად გრძნობდა და უხერხულად არასდროს იყო. თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ცდილობდა, არ დასტყობოდა, ბექა მოსწონდა.
-ოჰო, ეს რა არის? - ბექას არათითზე არსებულ ბეჭედზე მიუთითა თებეამ.
-ცოლი მოვიყვანე, - გაიცინა ბექამ.
-მართლა? როდის? - თებეამ ძირს დაიხედა, რომ აწყლიანებული თვალები ბექას არ შეემჩნია.
-ერთი წლის წინ.
-გილოცავ, გამიხარდა, - გაუღიმა თებეამ, მაგრამ ეს გაღიმება მთელი მისი ენერგია დაუჯდა. - ვინ წარმოიდგენდა, ბექა ამირეჯიბი ცოლიანია.
-შენკენ რა ხდება? ისე დაიკარგე, ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო შენზე.
-ჩვეულებრივი ამბები, განსაკუთრებული არაფერი.
-ჩვენი ჯგუფიდან გახვედი?
-კიდევ არსებობს ეგ ჯგუფი? - გაეღიმა თებეას და მოგონებები ამოუტივტივდა.
თავიდან როგორ უყვარდა ჯგუფში შესვლა და რაღაცების წერა. შემდეგ კი ყველაფერი აუტანელი გახდა. ყველგან ბექას ხედავდა. მისი დავიწყება თუ უნდოდა, ჯგუფში აღარ უნდა შესულიყო.
-რა თქმა უნდა. თუმცა ისეთი აქტიური ვეღარაა. თან მნიშვნელოვანი მიმების გამკეთებელი ადამიანი დაგვაკლდა, - თვალი ჩაუკრა.
-მადლობა, დღესაც ძალიან მსიამოვნებს ეს კომპლიმენტი. - გაიღიმა. - ფეისბუქი გავაუქმე. ამიტომაც აღარ ვაქტიურობდი ჯგუფში.
ფეისბუქი რომ არ გაეუქმებინა, ჯგუფში შესვლისგან თავს ვერ შეიკავებდა. რომც არ შესულიყო, ბექას გვერდზე გადავიდოდა და მის ფოტოებს დაათვალიერებდა. ძველ მიმოწერებსაც ნახავდა და თავს დაიტანჯავდა.
თავიდან ძალიან უჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა მიეჩვია. კალათბურთის თამაშებზე სიარული არ შეუწყვიტავს, მაგრამ იცოდა, ჯგუფის წევრები დაით დასხდებოდნენ და მათ საპირისპიროდ ჯდებოდა. ყველანაირ კონტაქტს თავს არიდებდა.
-თამაშებზე დადიხარ?
-კი, ყოველთვის. მაგრამ ალბათ სხვა მხარეს ვზივარ ხოლმე, - მხრები აიჩეჩა. - არასდროს შემიმჩნევიხართ. ისევ ერთად დადიხართ?
-მაგას კითხვაც არ უნდა.
რამდენიმე კათხა ლუდი დალიეს. ორივე საკმაოდ დათვრა. ბოლოს არყის შოტებზე გადავიდნენ. ძველ ისტორიებს იხსენებდნენ.
-გახოსვს, როგორ გაგიცანი? - ჰკითხა ბექამ.
-ეგ ისტორია ვერასდროს დამავიწყდება, - გაიცინა თებეამ. - ჩამშვებო.
-არ ვიცოდი, რომ ჩაგიშვი.
-ცოტა უფრო უნდა დაფიქრებულიყავი.
-ძალიან მაგარი ისტორიაა.
-გეთანხმები, აი შვილებს რომ უნდა მოუყვე, ეგეთი, - გაეცინა თებეას. მერე გაიაზრა რაც თქვა და უცებ გაჩუმდა.
-თებეა, იცი, მომწონდი. - ამღვრეული თვალებით ახედა ბექამ.
-მაპატიე.
თებეამ ვეღარ მოითმინა, წამოხტა და საპირფარეშოში გავარდა. ნასვამზე ემოციები მოერია. ტირილი დაიწყო. სიმწრისგან თან იცინოდა. ყოველი მომენტი ახსოვდა, როგორ ოცნებობდა დაძინების წინ, ბექას მოსწონებოდა. ყოველი დღე მასზე ფიქრით იწყებოდა და ასევე მასზე ოცნებით მთავრდებოდა. მისით არსებობდა. მის გამო ჰქონდა რაღაც პერიოდი ცხოვრებას აზრი. მასთან სურდა მთელი დარჩენილი ცხოვრების გატარება, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ახლა მას სხვა ადამიანი უყვარდა. ცოლი ჰყავდა. მაგრამ ჭია მაინც ღრღნიდა.
მასაც მოსწონდა? რატომ არაფერი არ უთხრა? საკუთარ თავზე ბრაზობდა. ხომ შეეძლო, რაიმე ნიშანი მიეცა? ყოველთვის ცდილობდა, ბექას მიმართ გრძნობები არავის შეემჩნია, ამიტომაც შეიძლება ზედმეტად ცივიც კი იყო ხოლმე მის მიმართ. ზედმეტად აიგნორებდა.
უცებ კარზე კაკუნი გაიგონა და შეხტა.
-თებეა, თებეა, კარგად ხარ? - ბექა იყო.
-ახლავე გამოვალ.
ცრემლები მოიწმინდა. სახეზე წყალი შეისხა და გავიდა. ბექა ისევ მაგიდასთან იჯდა. ღრმად ჩაისუნთქა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
-რა დაგემართა?
-ჩემს ბედზე გამეცინა. ასე მწარედ ჩემთვის არასდროს დაუცინია.
-რას გულისხმობ? - დაიბნა ბექა.
-თუკი მოგწონდი, რატომ არაფერი მითხარი? რატომ არაფერი მაგრძნობინე?
-რადგან მეგონა, ჩემდამი ინტერესი არ გქონდა. კი მწერდი ხოლმე, მაგრამ შემდეგ თამაშზე სხვა ბიჭი მოიყვანე. რა უნდა მექნა?
-უნდა გეკითხა. ის ბიჭი მეგობრის გარდა არავინ იყო. სწორედ ამიტომ არ მინდოდა, მისი მოყვანა.
-რატომ?
-რომ მასე არ გეფიქრა.
-და რატომ?
-ნუთუ ეს ასეთი რთული მისახვედრია, ბექა? გაცნობის დღიდან მომწონდი. არ ვიცოდი, რა მექნა, როგორ მოვქცეულიყავი, რომ შენი ინტერესი გამეღვივებინა. თითქოს შენგანაც ვგრძნობდი რაღაც ინტერესს, მაგრამ არ ვიცოდი, რამდენად რეალური იყო ეს. მეჩვენებოდა თუ მართლა ხდებოდა ყველაფერი. ჩემი ძმაკაცი წამოვიყვანე თამაშზე. უნდა დაგკვირვებოდა და დაედგინა, მე მეჩვენებოდა რამე თუ მართლა გაინტერესებდი. ბოლოს კი ისე გამოვიდა, რომ დასაიმედებელი ვერაფერი მითხრა. შენც ვხვდებოდი, რომ მასზე იეჭვიანე, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ვიაზრებდი, რომ მეგობარზე მეტი გეგონა, მაგრამ ვერ ვრისკავდი, რამე მეთქვა. ვაიდა, შევმცდარიყავი და შენ არანაირი ინტერესი არ გქონოდა ჩემდამი?
ბექა გაოცებული ისმენდა ამ ყველაფერს და ხმას ვერ იღებდა.
-ჰოდა, ახლა მძულს ჩემი ბედი იმის გამო, რომ ძლივს დავიწყებულ გრძნობებს მინახლებს. მითუმეტეს ახლა, როცა ნამდვილად მიუწვდომელი ხარ. - ცრემლები წამოუვიდა თებეას. - მაგრამ იმაზე მწარე შეგრძნება არაფერია, რომ დავაგვიანე. შანსი მქონდა, შემეძლო გამომეყენებინა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე.
-თებეა, მე... - სიტყვა გაუწყდა. - მგონი ჯობდა, არაფერი მეთქვა.
-არა, მე არ უნდა მომეყოლა ეს ყველაფერი. მაპატიე, თავი ვეღარ შევიკავე. - ცრემლები მომეწმინდა. - ან ბევრად უფრო ადრე უნდა მეთქვა ყველაფერი. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ შანსი მქონდა. ახლა კი სინანული იმაზე, რასაც ვეღარ შევცვლი, გვიანია. მაგრამ მაინც მტკივნეულია.
-ნეტავ მეც მეტი გამბედაობა მქონოდა. სულელური დასკვნები არ გამომეტანა და შანსი გამომეყენებინა. იქნებ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო.
-გთხოვ, ამას ნუ იძახი, - ხელზე ხელი დაადო თებეამ. - შენ იპოვე საყვარელი ადამიანი. ის გაბედნიერებს, შენც აბედნიერებ მას. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს? - გაიღიმა.
-ფეისბუქი ჩემ გამო გააუქმე? - მაინც ვერ დამშვიდდა ბექა.
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
-კი თუ არა?
-კი.
-თამაშებზეც ამიტომ ვეღარ გნახულობდი?
-კი.
-საყვარელი სპორტი შეგაძულე?
-არა, არაფერი შეგიძულებია. უბრალოდ უფრო მტკივნეული გახადე. მაგრამ შენ არაფერ შუაში ხარ. ყველაფერში მე ვარ დამნაშავე.
-ნუ იძახი მაგას.
-არა, უნდა ვთქვა. ყველაფერს შენ და ჯგუფის გარშემო ვაწყობდი. ცხოვრებაში ერთხელ მანამდეც მქონდა დაშვებული მსგავსი შეცდომა. ზედმეტად ბევრ დროს ვუთმობდი ერთ ადამიანს და როცა ჩემი ცხოვრებიდან ამოშლა გადავწყვიტე, უმისოდ არ ვიცოდი, რა მეშველებოდა. ამ დროს გამოჩნდა კალათბურთი. შემდეგ თქვენ გახდით ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა. თქვენზე დამოკიდებული გავხდი. როცა შენი დავიწყება გადავწყვიტე, ზუსტად იგივე გრძნობა მქონდა. თუმცა ამჯერად ვეღარაფერი ვიპოვე ჩამნაცვლებლად.
-ძალიან ვწუხვარ.
-არა, გთხოვ. ეგ არ თქვა. არ უნდა წუხდე. თამაშებზე ხომ მაინც დავდიოდი?
-ჯგუფში ჩემ გარდა სხვებიც ხომ იყვნენ? სხვებთანაც ხომ კარგად იყავი?
-კი, მაგრამ მათზე ფიქრს ბოლოს მაინც შენამდე მოვყავდი, ბექა. საუბარშიც ხშირად გახსენებდნენ. პოპულარული იყავი. ალბათ ახლაც ხარ, - გაეცინა თებეას.
-შენც პოპულარული იყავი. ყველას გაუკვირდა შენი გაუჩინარება.
-თამაშებზე გხედავდით ხოლმე. ვხედავდი, როგორ ერთობოდით, როგორ ისხედით ერთად და მღეროდით, ბიჭებს ქომაგობდით. ყოველ ასეთ მომენტში საკუთარ თავს ვლანძღავდი. ერთი არასწორი გრძნობდა და ცხოვრება ამერია. რომ არ მომწონებოდი, მეგობრები ვიქნებოდით და სხვებსაც შევინარჩუნებდი.
-ახლა რომ ვიყოთ?
-ვცადე შენთან მემეგობრა. რაღაცებს გწერდი ხოლმე. შენ კი ან მაიგნორებდი, ან ერთი სიტყვით მპასუხობდი. ძალიან მწყინდა. მივხვდი, რომ მეგობრები ვერ გავხდებოდით. ასე რომ, უკიდურესი გადაწყვეტილების მიღება მომიწია.
-თებეა, არ ვიცი რა ვთქვა.
-არაფერი. რა უნდა თქვა? აღარაფერი შეიცვლება. მაპატიე, რომ ყველაფერი მოგიყევი და აგაფორიაქე. მგონი ჯობია, რომ წავიდე. - ფეხზე წამოდგა.
-გაგაცილებ.
-არ მინდა, მადლობა. ტაქსის გამოვიძახებ.
-მაშინ ტაქსიმდე მიგაცილებ.
-კარგი.
ანრაგიში გადაიხადეს. თებეამ ტაქსი გამოიძახა.
ჩუმად იდგნენ და ტაქსის ელოდებოდნენ. ვერც ერთი ვერ ბედავდა ხმის ამოღებას. ბექა თავის თავს ადანაშაულებდა ყველაფერში. საკმაოდ დიდი იყო, როცა თებეა გაიცნო. ბავშვივით არ უნდა მოქცეულიყო და უნდა ებრძოლა მისთვის. როგორც მინიმუმ, უნდა გაერკვია, ჰყავდა თუ არა შეყვარებული. თავის თავს ვერ ჰპატიობდა, რომ თებეას ასე ატკინა გული. გოგო ისეთი უსუსური ჩანდა.
ტაქსი მოვიდა. ბექამ თებეას კარი გაუღო. წასვლამდე გადაეხვია.
-მშვიდობით, ბექა.
-მშვიდობით, თებეა.
თებეა მანქანაში ჩაჯდა. ტაქსი დაიძრა. მოეფარა თუ არა ბექა თვალს, თებეამ ხმამაღალი ტირილი ატეხა. მისტიროდა თავის წარსულს და იმას, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. მისტიროდა არარსებულ, თუმცა ათასჯერ ნანატრ მომავალს. იცოდა, რომ ვერავის ვეღარ შეიყვარებდა ისე, როგორც ბექა უყვარდა. მის ცხოვრებაში სხვა ბიჭი არ არსებობდა არც ბექამდე და არც ბექას შემდეგ. არც ამ მომენტის შემდეგ გამოჩნდებოდა ვინმე.
ძალაგამოცლილი ავიდა სახლში, საწოლში ჩაწვა და თავისი ბედი დასწყევლა. ყოველთვის ეგონა, რომ იღბლიანი იყო. როგორც აღმოჩნდა, ძალიან მწარედ ცდებოდა. ბექა მისი არასდროს ყოფილა და ახლა უკვე დანამდვილებით იცოდა, რომ არც არასდროს გახდებოდა მისი.
აქამდე თავს ატყუებდა, რომ დაივიწყა. შეუძლებელია, დაევიწყებინა. დამამშვიდებელი დალია, რომ ნერვები დაეწყნარებინა. სხვანაირად ტირილს ვერ წყვეტდა.
როგორ გადაიქცა მისი ხალხის თვალში მისაბაძი ცხოვრება ასეთ კოშმარად? და რა შეეძლო გაეკეთებინა, რომ ეს ყველაფერი გამოესწორებინა? არაფერი.
როგორც იქნა, წამალმა იმოქმედა და ჩაეძინა.


****

ამ პატარა ისტორიით ჩემს გულში დაბუდებული ემოციების გადმოცემა მინდოდა. იმედი მაქვს, თქვენზე გარკვეულ შთაბეჭდილებას მოახდენს.



№1  offline წევრი duchi_duchi

რამდენ სისულელეს ვუშვებთ ადამიანები უთქმელობით.ჯობია თქვა და ინანო ვიდრე არ თქვა და მერე მთელი ცხოვრება იმაზე ფიქრმა დაგტანჯოს რომ მეთქვა რა იქნებოდაო.

 


№2  offline წევრი sole_soul

duchi_duchi
რამდენ სისულელეს ვუშვებთ ადამიანები უთქმელობით.ჯობია თქვა და ინანო ვიდრე არ თქვა და მერე მთელი ცხოვრება იმაზე ფიქრმა დაგტანჯოს რომ მეთქვა რა იქნებოდაო.

გეთანხმები, უბრალოდ ძალიან რთულია, მაგ გადაწყვეტილებამდე მისვლა. გვეშინია შეცდომის დაშვების.

 


№3 სტუმარი სტუმარი Tea

Zalian kargad da lamazad gadmocemuli chanaxatia,istorias ver davarkmevdi... warmatebebii

 


№4 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ქართველების სენი. უთქმელობა. რასაც ზოგჯერ გამოუსწორებელი შედეგი მოაქვს. თქვი რა შე დალოცვილო, თქვი! მინდა,რომ ბევრმა წაიკითხოს ეს ნოველაა.

 


№5  offline წევრი sole_soul

სტუმარი Tea
Zalian kargad da lamazad gadmocemuli chanaxatia,istorias ver davarkmevdi... warmatebebii


დიდი მადლობა heart_eyes მეც დავიბენი, რომელი უფრო იყო, მაგრამ ჩანახატისთვის თითქოს მედიდა.

სტუმარი ხათუნა
ქართველების სენი. უთქმელობა. რასაც ზოგჯერ გამოუსწორებელი შედეგი მოაქვს. თქვი რა შე დალოცვილო, თქვი! მინდა,რომ ბევრმა წაიკითხოს ეს ნოველაა.


მეც მგონია, რომ ბევრი არის ასე. ერთხელ ვცხოვრობთ და ალბათ მეტად გაბედულები უნდა ვიყოთ რაღაც საკითხებში.
ძალიან მიხარია, თუ მოგეწონა blush

 


№6 სტუმარი სტუმარი Katerina

დიდი ხანია ვფიქრობ ვუთხრა თუ არა, მაგრამ ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ, დავფიქრდი…აჯობებს პასუხის არ შეგვეშინეს და ვთქვათ, რაც ჩვენს გულსა და გონებაშია…

 


№7  offline წევრი sole_soul

სტუმარი Katerina
დიდი ხანია ვფიქრობ ვუთხრა თუ არა, მაგრამ ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ, დავფიქრდი…აჯობებს პასუხის არ შეგვეშინეს და ვთქვათ, რაც ჩვენს გულსა და გონებაშია…

როგორი ნაცნობი კომენტარია ჩემთვის.

ალბათ ცხოვრებაში ყველას გვაქვს ეგ მომენტი. მერე სინანული საშინელებაა, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა რთული.
გამბედაობით იმას მაინც ვიგებთ, ღირს თუ არა ტანჯვად. ზუსტი პასუხი მაინც გვეცოდინება. თუმცა ძალიან რთულია მხნეობა მოიკრიფო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent