მე - ორი [ თავი II ]
#2 - ანუ, ეს შენ არ ხარ, ამ ტიპს არ იცნობ და შეყვარებულმა მიგატოვა ამ ფოტოს გამო. - მთელი სერიოზულობით ჩაჰყურებდა გაბზარული ტელეფონის ეკრანს და პერიოდულად მე შემომცქეროდა. - ჰო, არ ვიცი ვინ გაუგზავნა, რაში სჭირდებოდა, ან ვის არ დაეზარა ფოტოშოპში ჩემი სახის აწყობა. - ამოვიხვნეშე. - მე მტრები არ მყავს. - ეს ფოტოშოპი არაა. - თქვა და დავიძაბე. - ანუ, გგონია, რომ გატყუებ? - იმედგაცრუება გავურიე ხმაში. - არა. - აბა ფოტოშოპი? - არა. - ნიკა, რებუსებით ნუ მელაპარაკები, გთხოვ. - შევევედრე. - 99%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ეს ფოტოშოპი არაა. შენი ფოტოები გიდევს სოც. ქსელში? - წამოდგა. - არა, არ მიყვარს ფოტოს გადაღება. - რამე ფოტო გაქვს შენი? - წარბი შეკრა. - ასე ოთხი წლის წინანდელი მაქვს. - ანუ, ვაფშე არ იღებ ფოტოს? ნუ გადამრიე. - აღშფოთდა. - არა, კი მესმის ფოტოგრაფის აღშფოთება, მაგრამ რა ჩემი ბრალია თუ არ მომწონს საკუთარი თავის ყურება? - წამოვხტი და გავეჭიმე. - სულელი ხარ, ხოდა. ძაან ლამაზი ხარ და ამის ყურება რომ არ მოგწონს, თან უგემოვნოც ყოფილხარ! - ხელი აიქნია და მისაღებ ოთახში გავიდა. - დამელოდე! და ვის დაუძახე უგემოვნო, ღლაპო! - გავწიწმატდი მე. - დადექი. - თქვა და ოთახის შუაგულში მდგარ თეთრ ფონზე მიმითითა. - რა ხდება? - უნდა გადაგიღო. - პარალელურად განათებებს აწყობდა. - არ მინდა! - გინდა! - არ მინდა! - გოგო, ხო გინდა გაარკვიო ნამდვილად ფოტოშოპია თუ არა?! - მინდა, მაგრამ… - ხოდა, დადექი, რა. სხვა გზა არ მქონდა. თეთრ ფონს მივუახლოვდი და უბრალოდ, დავდექი. ფოტოაპარატი გაჩხაკუნდა და ნიკამ სხვადასხვა რაკურსის აღება სცადა. - ერთი საკმარისი არაა? - გავღიზიანდი. - არა და ნუ დგახარ ხესავით, რამე პოზა მიიღე. - ცხოვრებაში პირველად მეუბნებიან, რომ ხე ვარ. - ტირილის იმიტაცია გავაკეთე და გვერდულად შემოვბრუნდი, ფეხი კი წინ გავწიე. მახსოვდა, ჩემი კლასელები სულ ამ პოზაში იღებდნენ ფოტოს. - ჰო, ამ გარეგნობის პატრონი რომ ხე იქნება, დასანანია. - მეტისმეტად სერიოზული იყო. - არ ვარ მე ხე! - ნერვები მომეშალა და გულზე ხელები დავიკრიფე. - არა, კაცო, ცხრაასხუთში პოპულარულ პოზაში რომ მიდგახარ… - საკმარისია?! - მოთმინების ფიალა მევსებოდა. - ერთიც, პროფილში. - ჩემი გაბუშტული ცხვირი… - ჩავიბურტყუნე და შევტრიალდი. - არაა აუცილებელი, რომ ყველა ანჯელინა და ადრიანა იყოს, შენი გაბუშტული ცხვირი შენი სახის პროპორციულია. - თქვა და ლეპტოპს მიუბრუნდა. არ ვიცი - რას აკეთებდა. მაგრამ საკმაოდ დიდხანს რომ გაგრძელდა - ფაქტია. პუფი მივაჩოჩე მის გვერდით და მოხერხებულად მოვკალათდი. სანამ თავის საქმეს აკეთებდა, მე ისევ ფიქრთა ბურუსში გავეხვიე. ვიხსენებდი სასიამოვნო მომენტებს ჩემი და ლექსოს ცხოვრებიდან და ვცდილობდი გულისგამაწვრილებელი კივილი ჩამეხშო, რომელიც მახსენებდა დღევანდელ მოვლენებს. ორი წელიწადია ერთად ვართ. ვიყავით… ერთად ვმუშაობდით ბანკში, შემდეგ კი ის დააწინაურეს, მე კი წამოვედი. ოფისის ადამიანი არ ვარ, დილით ადგომა, მოწესრიგება, საათობრივი მუშაობა… ეს ჩემი არაა. და ალბათ, რამდენი ასეთი ადამიანია იძულებული იცხოვროს ისე, როგორც არ სურს ცხოვრება? გარემოფაქტორები, ადამიანები, რეალობა… სასტიკია, თუმცა დაუმარცხებელი მეტოქე ნამდვილად არ არის. მე გამომივიდა და მათაც გამოუვათ. ადამიანებს იმაზე მეტი ძალა აქვთ, ვიდრე წარმოუდგენიათ, თუმცა მასვე გაურბიან კისრისტეხით, რადგან ამ ძალას, თან უზარმაზარი პასუხისმგებლობა მოყვება. მათ კი პასუხისმგებლობის სიმძიმის მიღება არ შეუძლიათ, რადგან აწ უკვე არიან დამძიმებულნი ფსევდო-უსუსურობის სენით. პარადოქსია იყო ერთდროულად საოცრად ძლიერი და უკიდურესად სუსტი არსება, რომლის პირველი და ერთადერთი მტერი მხოლოდ საკუთარი თავია. იმდენად მივეჩვიეთ მე და ლექსო ცხოვრების მსგავს რეჟიმს, რომ გაგვიჭირდა იმ პერიოდის გადალახვა, როცა გავცალკევდით. ასე ხდება ხოლმე. შემუშავებული ქცევის პატერნებზე უარის თქმა, ყველას უჭირს. ჩემი ოცნება კი თიხაზე მუშაობა იყო, ამიტომ მთელი ჩემი დანაზოგი კურსებს და ატრიბუტებს შევალიე. გატაცებული ვიყავი იმდენად, რომ გათენება-დაღამებას ვერ ვამჩნევდი. მიხაროდა, ვმწუხრდებოდი, ვტიროდი და აჟიტირებული დავხტოდი… ალბათ, ლექსოს ადგილას სხვა იეჭვიანებდა, გაბრაზდებოდა, გაღიზიანდებოდა და სკანდალს მოაწყობდა - აქაოდა, ყურადღება მომაკლდაო და ა.შ. მაგრამ ლექსო სხვა იყო. ლექსოს ჩემი ესმოდა, ლექსო ყოველთვის მხარს მიჭერდა. მაშინაც, როცა არ გამომდიოდა, მაშინაც, როცა ვნერვიულობდი, პირველ მომხმარებელს რომ სხვა, ჩემი საყვარელი ნამუშევარი გავუგზავნე. ჩემ გვერდით იყო ყოველთვის. მუშაობისას, უბრალოდ, იჯდა და მიყურებდა. მზერა კი ისეთი სითბოთი და სიყვარულით ჰქონდა სავსე, არემარეს ასხივებდა და ათბობდა. ასეც ვეძახდი - მზე. ჰო, ის ჩემი მზეა. იყო. ვერ ვიტევ ამ სიტყვას, მეტისმეტად დიდია. “იყო”. მომენტალურად შემძაგდა მთელი ჩემი არსებით. უსამართლოა ცხოვრება, ვიცი. უსამართლოდ დამშორდა, ვიცი. მაგრამ ყველაზე უსამართლო ისაა, რომ მე ჩემს უდანაშაულობას ვერ დავამტკიცებ, რადგან ერთი შეხედვით, მეტისმეტად “უტყუარი” ფაქტი ჰქონდა ხელთ. ჯანდაბა! - ნახე. - მითხრა და ლეპტოპი ჩემკენ შემოაბრუნა. ორი ფოტო იყო ერთი ჩემი და მეორე… ჩემი, მაგრამ თან არც. - მერე ? - ჰგვანან ერთმანეთს? - სისულელეს მეკითხები, რა თქმა უნდა. - ახლა ? - რაღაცას ხელი დააჭირა და ახალგადაღებული ფოტო შეიცვალა. წამით მეგონა, რომ ორი სხვადასხვა ადამიანი მიყურებდა, მაგრამ შემდეგ მაინც საკუთარი თავი დავინახე ორივე ფოტოში. - რა? ეს რა არის? ვერ გავიგე ვერაფერი. - ფეხზე წამოვხტი და დავაკვირდი ეკრანს. აშკარად აქაც და იქაც მე ვიყავი. - ამ ფოტოში, - შიშველზე მიმითითა. - როგორც გითხარი, ფოტოშოპი არაა. უბრალო ფილტრიც კი არ ადევს. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არსებობს. და არა, ეს არაა ხელოვნური ინტელექტი, თუ ამის კითხვა გინდა. - სიტყვა ეგრევე მომიჭრა. - რისი თქმა გინდა? - ვერ ვიაზრებდი. - რამდენიმე ვარიანტია. ან ადამიანმა სპეციალურად გაიკეთა მილიონი პლასტიკური ოპერაცია, რომ შენ დაგმსგავსებოდა, რაც ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამ დონის მსგავსებას ვერ მიაღწევ ვერანაირი ოპერაციით. - მშვიდად მიხსნიდა ნიკა. - ან? - ან უბრალოდ შენი ასლია, რომელიც, შენგან ოდნავ განსხვავდება. - ანუ? - იმდენად მიჭირდა ამ ინფორმაციის გადახარშვა, რომ სულელურ კითხვებს ვსვამდი. - შეხედე. აქ თვალის ჭრილი და აქ თვალის ჭრილი, განსხვავდება. აქ, - თქვა და “ფეიქ” ფოტოზე მიმანიშნა. - ამ გოგოს ვიწრო და ოდნავ გრძელი თვალის ჭრილი აქვს. შენ უფრო მეჩხერი და წვრილი წამწამები გაქვს. ვეჭვობ, რომ წამწამების ლამინირების ეფექტია ვიზუალურად თვალის ჭრილის ცვლილება. - მელას თვალი თუ რაღაცა. - კვერი დავუკარი მე. - შენ ამდენი საიდან იცი? - მას მივუბრუნდი. - პატარა და და ძალიან ლამაზი დედა მყავს-მეთქი, ხო გითხარი. - გაეცინა. - აქ ნახე, ფილერის კვალია უეჭველი. - თქვა და ოდნავ ამობურცულ ტუჩზე მიმანიშნა. - ფილერი, ბოტოქსი გაგიკეთებია? - არა, არასოდეს. - თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად. - ამას აშკარად გაუკეთებია. ალბათ, უკვე გაიწოვა, რადგან ამ ფოტოზე ძალიან მცირე კვალი დატოვა. - როგორ ხვდები? - მისი სახის ნაკვთები შენს სახეზე გადმოვიტანე და შემდეგ უკან დავაბრუნე. მომენტალური ცვლილების გამო, განსხვავება დაინახე. - ანუ ახლა შემიძლია დავამტკიცო, რომ მე ეს არ ვარ ? - თვალები გამიბრწყინდა და ადგილზე ცქმუტვა დავიწყე. - დარწმუნებული ხარ, რომ დაგიჯერებენ და თითიდან გამოწოვილიაო არ გეტყვიან? - თქვა და თვალი თვალში გამიყარა. ლექსოს უკიდურესად პედანტური ბუნება გამახსენდა, რომელიც სიჯიუტის დიდი დოზით იყო შეზავებული. ამ მხრივ კოკა-კოლის დიდი რაოდენობით გაფუჭებულ ძვირადღირებულ ვისკის მოგაგონებდათ. ეს ადამიანი ყველაფერს ისე ამოატრიალებდა, როგორც თავად ხედავდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს მას აწყობდა თუ არა, ატკენდა საკუთარ თავსვე, მაგრამ დაინახავდა მხოლოდ ნეგატივს. ყველასა და ყველაფერში ეძებდა ბნელ მხარეს და რა გასაკვირია, რომ პოულობდა? - მართალი ხარ. - სახე მომენტალურად მომეღრუბლა და ისევ პუფში ჩავესვენე. - ამით ვერაფერს დავამტკიცებ. - ამ ადამიანის პოვნა მოგიწევს. - სავარძელზე გადაწვა და ზემოდან ქვემოთ დამხედა. - გამომძიებელიც ხომ არ ხარ შემთხვევით? - უკბილოდ ვიხუმრე. - მისმინე… - ჰო? - არ შეგეშინდეს ოღონდ. - უკვე მაშინებ. - კუნთები დამეჭიმა. - მკერდის ქვეშ, ნეკნებზე ხალი გაქვს? - თავზარი დამეცა. - ს-ს-საიდან იცი? - ხელები მოვმუშტე, მზად ვიყავი წინააღმდეგობის გასაწევად. - ამასაც აქვს. - თქვა და ლეპტოპს გახედა. - ჰა? - შეხედე ფოტოს, მანდ აქვს, მარცხენა მხრიდან ხალი. - თითით მანიშნა ფოტოზე. - არა, არა, არა. - წინ და უკან დავდიოდი და ადგილს ვერ ვპოულობდი. - შეუძლებელია! ასეთი დამთხვევების არ მჯერა! არ მჯერა! ეს უბრალოდ შეუძლებელია! - ეს ან ის ადამიანია, რომელმაც დანამდვილებით იცის, რომ ეს ხალი გაქვს, ან შენი ასლი. - თქვა და დაჟინებით ჩამაცქერდა სახეში. - გამორიცხულია, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის, ამ ხალის არსებობის შესახებ. - რომელწლიანი ხარ? - 97-იანი. რატო მეკითხები? - მე ვიცი, რომ მაგ პერიოდში ჩვილ ბავშვებს ჰყიდნენ. - რისი თქმა გინდა?! - მხრებში ჩავაფრინდი. - მე არაფრის, მაგრამ სასურველია, რომ ეგ ვარიანტიც გამოირიცხოს. - მშვიდი და აუღელვებელი იყო. - დედაჩემი შვილს არ გაყიდდა! - გავკაპასდი. - არაა აუცილებელი დედაშენს გაეყიდა. ეტყოდნენ გარდაიცვალაო და გაყიდდნენ. - დედაჩემს არასოდეს უთქვამს, რომ ორზე იყო ორსულად. - ხელები ჩამოვუშვი და იატაკს მივაპყარი მზერა. - ნიკე. - მე… მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ოჯახის ვარ. დედაჩემის ვარ და იმ კაცის. - სვენებ-სვენებით ვლაპარაკობდი. - მესმის, რომ დაჯერება რთულია, მაგრამ აქ აუცილებელი არაა, რომ შენი ოჯახი შენი არ იყოს, გესმის? - თქვა და მომიახლოვდა. ხელები სახეზე შემომაჭდო და ცერა თითებით ყვრიმალებზე მომეფერა. - შესაძლებელია, რომ თუ ორნი ხართ, ის მოწყვიტეს თქვენს ოჯახს, ხვდები? - ჩემი და? - ძლივს გასაგონად ვთქვი. - ჰო, მაგრამ მაინც დავტოვოთ 1% ალბათობა იმისა, რაც შეიძლება არ ვიცოდეთ, კარგი? - თქვა და გამიღიმა. მუნჯურად დავეთანხმე და მის მხარზე მივესვენე. ათიოდე წამში ჩემი ტელეფონი აწკრიალდა და მეგობრის სახელის დანახვისას შვება ვიგრძენი. ხელი დავტაცე და ვუპასუხე. ერთი სული მქონდა, როდის მოვუყვებოდი ყველაფერს. - ანა! - ქალო, ფული რომ არ გქონდა, რატომ არ მითხარი? - ისე სწრაფად და ხმამაღლა მომაყარა, ცოტა არ იყოს გამიკვირდა. - რას გულისხმობ? რა ფული? საიდან მოიტანე? - კარგი, ხო იცი, რომ მე არ გაგამტყუნებ. - ანა, თუ ღმერთი გწამს, ამიხსენი რა ხდება! - არ მწამს. - ჩაიხითხითა. - ათეისტობას გაფიცებ! - ჩემი ნერვული სისტემის დაზიანება, ერთი მხრივ, მისი ბრალი იყო. - ონლიფანსზე როგორ დარეგისტრირდი? საქართველოდან როგორც ვიცი შეუძლებელია. - სიგარეტს მოუკიდა. - არსად არ დავრეგისტრირებულვარ! - აბა, ღია პროფილი გაქვს და თან რომ ვუყურებ, აშკარად შენ ხარ. - რაო? - ხო, ჩემს ნაგავ ქმარს ვუპოვე ლეპტოპში. ამ ბიჭმა, მგონი, არ იცის ინკოგნიტო რეჟიმი რა არის. - ტუჩები უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა. - ანა, ეს მე არ ვარ. - ვთქვი და ტირილი წამსკდა. თავის შეკავება უკვე შეუძლებელი ხდებოდა. ერთიანად თავს დამტყდარი ბუნებრივი კატაკლიზმებივით იყო ყოველი მომდევნო სატელეფონო ზარი. - ნიკე, რა ხდება? ტირი? კარგი, გაჩერდი, არ იტირო. გაგიჩალიჩეს? - მომენტალურად დასერიოზულდა და ხმაში შფოთვის ნოტები გაუკრთა ანას. - მე, მე არ ვარ, ანა, მე არ ვარ. არ ვარ… - ვიმეორებდი განუწყვეტლივ. - ნიკე, ნიკე, მომისმინე, ყველაფერი კარგადაა, გესმის? ნიკე? - ვერაფერს ვპასუხობდი, ტელეფონი კი ნიკამ გამომართვა და საუბარი დაიწყო. - ანა, გამარჯობა! - ლექსო, შენ ხარ? - არა, მე ნიკა ვარ, ნიკეს… მეგობარი. - ცოტათი შეყოყმანდა, მეტისმეტად დიდი ეჩვენა ეს სიტყვა. - მოკლედ, სიტუაცია ასეთია ლექსოს გაუგზავნეს ნიკეს შიშველი ფოტო ვიღაც ტიპთან ერთად და ლექსო დაშორდა. ფოტოზე ნიკე არაა, ეს უკვე გავარკვიეთ. დიდი ალბათობით, ან პლასტიკური ოპერაციით დაემსგავსა ვიღაც, ან ასლია მისი. - მოკლედ, კონკრეტულად და ლაკონურად ჩამოუყალიბა მთელი სიტუაცია. - ღმერთო ტაბურეტკა მესროლე! - იკივლა ყურმილის მეორე ბოლოს ანამ. - რავი, მე მეგონა ათეისტი იყავი. - სიტუაციის განმუხტვა სცადა ნიკამ და გამოუვიდა. ოდნავ მოვდუნდი და გამეღიმა კიდეც. - სად ხართ? მოვალ, ან თქვენ მოდით! ალლაჰ, კრიშნა, ბუდდა, პრომეთე! ეს რა ხდება! - ანას ხმა ხმამაღალი რეჟიმის გარეშეც მესმოდა. - პრომეთემ მე აქ ზედმეტი ვარ და თქვენს threesome-ს უბრალოდ ვუყურებო! - გადაიხარხარა ბიჭმა. - კაი, ახლა! გამოიყვანა ეხლა უმანკო ბაბუაწვერა ეს ჩვენი პრომეთე! - არც ანამ დააკლო. - გიჟები! - ჩემთვის ჩავილაპარაკე და სიცილი ამიტყდა. შემდეგ კი ტირილი წამსკდა. აი, ასე ცვლიდნენ ერთმანეთს სიცილ-ტირილი. ხელჩაკიდებულნი ცეკვავდნენ ხან სიხარულის, ხან კი მწუხარების ვალსს ჩემი სამყაროს ნანგრევებზე და მოხერხებულად უსხლტებოდნენ კონტროლის მათრახს. მათი შეჩერება უკვე შეუძლებელი ჩანდა. შემდეგ კი სიბნელის მარწუხებმა ძლიერად ჩამავლეს ხელები და თავის სამფლობელოში გადამიყვანეს. ირგვლივ ისე ბნელოდა, თვალთან თითს ვერ მიიტანდი. მაგრამ მე ჩემ წინ მდგარ საზარელ სარკეს მაინც ვხედავდი. გარშემო შავი, ამაზრზენი გველები ეხვეოდნენ და საზარლად სისინებდნენ. ჩემი ანარეკლი კი საზიზღრად მიღიმოდა. თვალები, ლამის, შავი სისხლით ჰქონდა სავსე, ხოლო ღაწვები ხასხასა წითლად დასერვოდა. იღიმოდა და ძლივს გასაგონად ჩურჩულებდა. შიშმა კი თავისი ბასრი ეშვები ჩამასო და განძრევას ვერ ვახერხებდი. მხოლოდ ჩურჩული მესმოდა… ეს შენი ცხოვრება არაა. შენ მე წამართვი. შენ სიცოცხლის ღირსი არ ხარ. ვერაფერს გახდები. არავინ დაგეხმარება. შენ შენ არ ხარ. შენ მე ვარ. სარკიდან გამოსული ხელები ჩემკენ მოემართნენ, მე კი ვერ ვირხეოდი. მთელი სხეული მიცახცახებდა და თითების ბოლოებში პულსაციას ვგრძნობდი. ისინი კი მხრებზე ჩამაფრიდნენ და მომენტალურად შევიცვალეთ ადგილები. ახლა მე აღმოვჩნდი ყინულივით ცივი სარკის მიღმა, ჩემი ანარეკლი კი იქ იდგა, სადაც რამდენიმე წამის წინ მე. ბოლოჯერ ჩაიჩურჩულა. ახლა ანარეკლი შენ ხარ! და გაუჩინარდა. მე კი ვკიოდი, ვყვიროდი ხმის ჩახლეჩამდე, მაგრამ ერთი ნოტიც კი არ გაისმა რეალობაში. სარკის გატეხვა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ლექსო! ანა! ნიკა! მიშველეთ! … გონს მაშინ მოვედი, როცა ნიშადურმა ცხვირი ისე ამიწვა, რომ ლამის, ნიანგის ცრემლები გადმოვყარე. შეწებებული ქუთუთოები, განწირული საყვარლებივით, ძლივს დავაშორე ერთმანეთს და ჯერ ნიკა დავინახე, შემდეგ ანა და კოსტა. ტანში მტეხდა და რის ვაი-ვაგლახით შევძელი წამოჯდომა. ნიკას საიძინებელში ვიყავი. ცისფერ და ლურჯ ფერებში იყო მოწყობილი. მისაღებისგან განსხვავებით, აქ მინიმალისტური სტილი ფიგურირებდა. არაფერი ზედმეტი. კარადა, კომოდი, საწოლი და ფარდა. ამ გარემომ ოდნავ დამამშვიდა. - რა მოხდა? - ამოვიკნავლე და ჩემმა ხმამ გამაოცა. - გონება დაკარგე და ყვიროდი. - თქვა ანამ და გვერდით მომიჯდა. - ეგ ორი ერთდროულად შესაძლებელია? - ჩაეკითხა კოსტა. - არ ვიცი, მაგრამ ამას ჰგავდა. - შეუღრინა ცოლმა. - რა მოხდა, ანა? - მიხვდა, რომ სულ სხვა რამ მაინტერესებდა. მეგობარმა თავის ქმარს მრავალმნიშვნელოვნად გადახედა. - მოკლედ. ონლიფანსზე შევედი. - მძიმედ დაიწყო კოსტამ. - მერე? - მერე ისტორიის წაშლა დამავიწყდა და ანამ იპოვა. - დარცხვენილი იდგა კაცი. - ანუ ჯერ შენ ნახე და არაფერი გითქვამს? - ცხვირის ნესტოები დამებერა. - არა. არ მინახავს. როცა ანა შევიდა… - მე როცა ვნახე, ხუთი წუთის დადებული იყო. ეს კიდე გუშინ საღამოს ერთობოდა. - დაასწრო ანამ. - მანდ ჰო ზედაპირზე არაფერი დევს, როგორც ვიცი? - ნიკამ კოსტას შეხედა. - ჰო, უნდა შეხვიდე, ნახო და მთელი ამბავი. - ანა? - გავხედე მეგობარს. - ჰო, რა იყო? შიშველი ქალები მარტო ამას კი არ მოსწონს. - ხელები გულზე დაიკრიფა და მოიბუზა. - ჰო, არაა? - ახლა უკვე კოსტაც გათამამდა. - მომწყდი თავიდან! - ხოდა! - ხოდა, მანდ ვნახე ერთი არხი, თუ რაც ქვია. შენი ფოტოები იდო. ნუ… ხვდები, ალბათ, როგორ ფორმაშიც. - ღმერთო! - ისევ საწოლზე მივესვენე. - კონკრეტულად რომელს მიმართავ? - ანა! - კაი, ხო. - ნიკე, ელზას ხომ არ დაურეკავდი? - ფრთხილად შემაპარა კოსტამ. - მეშინია. - ნიკამ ანას კითხვის ნიშნებით სავსე მზერა მიაპყრო და მანაც ანიშნა დედამისიაო. - სიმართლის გაგება სჯობს. ფაქტობრივად, ამ ადამიანის გამო ცხოვრება თავზე გენგრევა. - საუბარში ნიკა ჩაერია. აშკარად დახმარება უნდოდა, თუმცა არამკითხე მოამბის ნაბადი მოირგო მომენტალურად. - არა, ტელეფონზე ვერ დაველაპარაკები. არა! - მაშინ მიდი და ნახე. - თქვა და ანა და კოსტაც კი დაიძაბნენ. - არაა ასეთი მარტივი. - ყბები ამიმჟავდა. - დედასთან მისვლა და საუბარი არაა მარტივი და ცხოვრების ნგრევა მარტივია?! - პირველად შევატყვე მას გაღიზიანება. - შენ არაფერი იცი! - შევუღრინე მას და გვერდზე გავიხედე. მაინც შევამჩნიე, რომ შეცბა და ანას შეხედა. მან თავი გააქნია და ანიშნა - არ გინდაო. … ანამ და კოსტამ მანქანით სახლში წამიყვანეს. მეგობარმა დაიჟინა - გინდა თუ არა ჩემთან წამოდიო, მაგრამ ვიუარე. იმდენად დავიღალე და გამოვიფიტე, რომ ერთადერთი, რაც მსურდა უსიზმრო ძილი იყო. ყველა კუნთი აუტანლად მტკიოდა და დასვენება მჭირდებოდა. ბინის კარი შევაღე თუ არა, ეგრევე საძინებლისკენ დავიძარი და საწოლზე დავეხეთქე, ფეხსაცმელიც კი არ გამიხდია. დიდხანს ვიწექი ასე, ბალიშში ჩამხობილი. დაძინებას ვცდილობდი, მაგრამ ორგანიზმმა კატეგორიული უარი მტკიცა. იატაკზე დაგდებულ ჩანთას გადავწვდი და ტელეფონი ამოვაძვრინე. მეც გამიგია, რომ წლების წინ ჩვილი ბავშვების გაყიდვა “ნორმა” იყო, მაგრამ არასოდეს მეგონა, რომ ეს, ოდესმე, მე შემეხებოდა. ახლაც მეპარებოდა ეჭვი, თუმცა სხვა ლოგიკურ ახსნას ვერ ვპოულობდი. სოციალურ ქსელში დიდხანს ძებნა არ დამჭირვებია, ამ თემატიკის ჯგუფი მალევე ვიპოვე და პოსტების კითხვას შევუდექი. ამა და ამ წელს დაბადებულს ვეძებ, ამა და ამ საავადმყოფოში, ესა და ეს პიროვნება… შვილო გამოჩნდი… მეგონა მოკვდი, მე არ გამიყიდიხარ… ტესტი გაიკეთეთ… შვილი მომიკლეს, დახურული კუბო გამომატანეს… მითხრეს, რომ მოკვდა და თავად დამარხავდნენ. დედა, ნუთუ გამყიდე? დედა, გამოჩნდი, გაპატიე! დედი, ნუთუ, არ გიყვარდი? შვილო, მიყვარხარ, ვიტანჯები, გამოჩნდი, გთხოვ… ტესტი გაიკეთეთ! ორმოცი წელი გავიდა… მშობლები ვიპოვე… დედა… შვილო… ათასობით ადამიანის გულისტკივილი გავატარე საკუთარ სხეულში და უამრავი ცრემლი დავღვარე, სანამ ვკითხულობდი. იმდენად განვიცადე, რომ კარგად ხანი მიჭირდა დამშვიდება. მათი ტანჯვა გავრცელდა ჩემს შინაგან სამყაროში, ვით გველის შხამი ედება სუსტ ორგანიზმს და წამლავს მას. მოვიწამლე იმ მწუხარებითა და სევდით, რომელსაც თურმე ნახევარი საქართველო ატარებს გულით. როგორ იტევს ეს პაწია ქვეყანა ესოდენ ვეებერთელა დარდს? ნუთუ, შესაძლებელია იყო ამდენად სასტიკი? დედას შვილი წაართვა და ამით ფული იშოვო? ამ საძაგელი მეთოდით ნაშოვნით, ლუკმა როგორ გადასდის ამ ხალხს ყელში? ამდენი წყევლა-კრულვით ცოცხლები არიან, ნეტავ? რატომ არ ისჯებიან? შვილმკვდარი დედის სტატუსი მიაწერო ოცი წლის გოგოს, რომელიც დამფრთხალი, დაბნეული დააბიჯებს საავადმყოფოს დერეფნებში და თავის პაწია ბარტყს ეძებს… ამის შემყურეს, ნუთუ, გული რეჩხს არ უყოფდა ამ საზიზღრებს და არ სტკიოდათ? ნუთუ, ათი წლის ნანატრ შვილს რომ აცლიდნენ დედის ძუძუს და მათი განწირული კივილი ესმოდათ, არ აწუხებდათ სინდის-ნამუსი? განა, რა სინდისზეა საუბარი, როცა ადამიანს უბრალოდ აზრად მაინც მოგივა, პატარა უმწეო ბავშვის დედის კალთიდან მოწყვეტა?! გაუგონარ საზიზღრობებს ვკითხულობდი და რაც უფრო მეტი მსგავსი ისტორია აღიქმებოდა ჩემი გონების მიერ, მით უფრო მძულდებოდა რეალობა, რომელშიც მიწევდა ცხოვრება. იქნებ, ის მართლაც ჩემი დაა? და, რომელსაც დედაჩემის სითბო აკლდა, რომელიც გრძნობდა ჩემს არსებობას და ისევე სტკიოდა სიცარიელე, როგორც მე? ალბათ, რამდენად უჭირდა, რომ თავისი სხეულის გაყიდვა მოუწია თავის სარჩენად? ალბათ, ეგონა, რომ დედამ მასზე უარი თქვა, ალბათ, ალბათ… ამ და სხვა ფიქრებში შემომათენდა. არა და არ მიიღო ჩემმა უმანკო გონებამ ძილის უგემური ალერსი. გადავწყვიტე შხაპი მაინც მიმეღო და ძლივძლივობით მოვწყვიტე სხეული საწოლს. შევლაზლაზდი საშხაპეში და ცხელი წყლის ქვეშ დავდექი. ორიოდე წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ დენდარტყმულივით გამოვვარდი და ტელეფონს დავტაცე ხელი. ლექსოს ნომერი ვიპოვე და რეკვა დავიწყე. ვიცოდი, რომ პირველივე ჯერზე არ მიპასუხებდა, ამიტომ ვცადე თავი ხელში ამეყვანა და მოთმინება, რომელიც კუთხეში მიმწყვდეული თაგვივით გამირბოდა, კბილებით დამეჭირა. “ეს აქამდე აზრად როგორ არ მომივიდა?!” ვბრაზობდი საკუთარ თავზე. როგორც იქნა, მეათე ზარზე მიპასუხა. - რა გინდა?! - ძილისგან დაბოხებული და გაღიზიანებული ხმა ჰქონდა. ახლაღა შევხედე საათს და დილის ექვსის ნახევარი იყო. - ლექსო, მომისმინე… - შენგან არაფრის მოსმენა არ მინდა! - შემიღრინა. - როგორც ლექსოს ისე თუ არ გსურს მოსმენა, როგორც ადამიანმა მომისმინე. - შევევედრე მე. - ადამიანის სახეც დაკარგე ჩემ თვალში! - ლექსო, გთხოვ! - ნიკე, არ მეგონა, თუ ოდესმე მე და შენ ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. - არც მე მეგონა, ლექსო… - არ გეგონა? მაშინ რატომ? - ალექსანდრე, ძალიან გთხოვ! - ვქოშინებდი, ჰაერი არ მყოფნიდა. - ერთი წუთი გაქვს. - ვგრძნობდი მის დაძაბულობას. - უბრალოდ, მითხარი, ვინ გამოგიგზავნა ეგ ფოტო. - ჩამშვები ვინ არის, ეგ გაინტერესებს?! - დამცინა მან. - მე არაფერი მსგავსი არ გამიკეთებია, ეს ერთი. მერე… - მერე იმის თქმა გინდა, რომ ფოტოშოპია? - ამაზე უარესად ახარხარდა ლექსო. - არა, ფოტოშოპი არაა… მაგრამ არც მე ვარ. - ვცდილობდი ამეხსნა. - მთვრალი ხარ ? - არა! - აბა, გონზე მოდიხარ რას მეუბნები? - კი, მომისმინე. ეს სხვა ადამიანია, რომელიც ძალიან მგავს, ჯერ არ ვიცი ვინაა და მინდა გავარკვიო. - არა, ნამდვილად მთვრალი ხარ. - დაასკვნა მან. - არაფერი მიმიღია! - ჩემს ლექსოს ჩემი არ ესმოდა, ეს კი მზეს მიბნელებდა და სიგიჟის ზღვარზე მაყენებდა. - აბა, იმის თქმა გინდა, რომ ვიღაც გაჭრილი ვაშლივით გგავს და აზრზე არ ხარ ვინაა? - ისტერიკაში გადაუვიდა სიცილი. - კი, კი, ხო! ეგრეა. უბრალოდ, მითხარი ვინ გამოგიგზავნა ეგ ფოტო და დაგიმტკიცებ, რომ მე არ ვარ და შენთვის არასოდეს მიღალატია. - წამიერმა დუმილმა დაისადგურა ჩვენ ორს შორის. - რატომ მიკეთებ ამას, ნიკ? - ასე მხოლოდ ის მეძახდა. ხმაში ისეთი დარდი და სევდა ამოვიკითხე, რომ გული შემეკუმშა. - მე ჰომ მართლა მიყვარდი… - მეც და ახლაც მიყვარხარ, ლექსო. - ცრემლები ღაპაღუპით წამომცვივდა. - არა, ნიკ. არ გიყვარვარ. ვისაც უყვართ, მათ არ ღალატობენ. - არასოდეს, გესმის? არასოდეს მიღალატია შენთვის, წამითაც არ გამივლია გონებაში სხვა ადამიანი! - აბა, ეს რა არის, ნიკ? - არ ვიცი! არ ვიცი! გავარკვევ, ლექსო, გეფიცები გავარკვევ, ოღონდ შენი დახმარება მჭირდება. მითხარი ვინ გამოგიგზავნა ეგ ფოტო. - ტუჩებს ვიკვნეტდი, რომ არ გაეგო ჩემი ტირილი, მაგრამ არ გამოვიდა. - ნუ ტირი, ხომ იცი ვერ ვიტან, როცა რამე ტირილს გაიძულებს. - თქვა და გამითიშა. მალევე მომივიდა მესიჯი. ტელეგრამის ანგარიში იყო, უსახელო, ფოტოს გარეშე და ნომერთან წვდომა შეზღუდული ჰქონდა. თუმცა ესეც უკვე საქმე იყო. პ.ს. ნელ-ნელა ვითარდება სიუჟეტი და პარალელურად, სიტუაციაც იძაბება. აი, რას ვგულისხმობდი ჩემეულ ატმოსფეროში :დ გამზადებული მქონდა ეს თავი და აღარ გალოდინეთ. ახლა მაინტერესებს თქვენი აზრი, რაც მოგადგებათ სათქმელად თქვით, ნუ მოგერიდებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.