შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიტის (თავი II)


17-05-2024, 14:34
ავტორი Ketevann
ნანახია 586

”ზღაპარი, რომელშიც მოვხვდი”

ეტლიდან გადმოსულს, უზარმაზარ, თეთრ გალავანთან მდგომარეს, რამდენიმე ნაბიჯიღა მაშორებდა იმ ცხოვრებაში შეღწევამდე, რომლისაც არა გამეგებოდა რა.
გალავანი იმ სიმაღლისა იყო, სახლს წვერი ძლივსღა მოუჩანდა.
”ალბათ არავინ იცის შიგნით რა ხდება ... მე კი, მეცოდინება” გავიფიქრე მე და არსაიდან წამოსულმა მძაფრმა შეგრძნებებმა თავბრუ დამახვია. საფეთქლები მღელვარებისგან მიფეთქავდა. “რად უნდა სახლს ამხელა ზღუდე, თუკი შიგნით არაფერი იმალება?” ვფიქრობდი ჩემთვის, სანამ მეეტლე გაცრეცილ, აქა-იქ გადატყავებულ ჩემოდანს ფეხებთან დამიდგამდა და ბედნიერ საღამოს მისურვებდა.
უზარმაზარი, შავი ჭიშკრიდან კოპწიად ჩაცმული, ტანდაბალი მამაკაცი გამოვარდა, სასწრაფოდ მომესალმა და ჩემოდანს ხელი დაავლო. შევცბი. ნეტავ რისი დაკარგვისა შემეშინდა ასე? ერთადერთი ფასეული, რაც ამ ჩანთაში მოინახებოდა, ჩემი სამელნე და ძალიან ბევრი ქაღალდი იყო.
-ქალბატონი გელოდებათ, - მითხრა მან და ჭიშკარი გამიღო.
თვალწინ ზღაპრული სამყარო გადამეშალა, რომელშიც ამოკემსილი კაბითა და შეშინებული თვალებით შევაბიჯე. ლამაზად გაკრეჭილ ბალახზე ლაქიასთან ერთად ვიდექი და ვუყურებდი ეზოს, რომელიც იმ ზომისა იყო, თვალი ბოლომდე არ სწვდებოდა.
დაბნეულსა და გაოცებულს, ვერ გამეგო რისთვის შემეხედა. ბაღისთვის, რომელიც ეზოს ნახევარს იკავებდა და მრავალი ფერის ყვავილი ხარობდა, შადრევნისთვის, რომელიც ცენტრში აღმართულიყო და ლამაზად იკლაკნებოდა, ბილიკისთვის, რომელიც შადრევანს გარს უვლიდა და სახლთან წყდებოდა, თუ უზარმაზარი, სამ სართულიანი შენობისთვის, რომლის უკანაც იმხელა სივრცე იყო, რამხელაც წინ და კაცმა არ იცოდა, იქ რაღას ნახავდნენ ადამიანის თვალები, რომლებსაც მსგავსი აქამდე არაფერი ენახათ და მეტიც, ძილშიც კი არ დასიზმრებიათ.
სახლის სტრუქტურაზე რამის თქმა ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერაფერს დავწერ, რადგან ამისა არა გამეგება რა. მხოლოდ ვიტყვი, რომ არ მჯეროდა იმისა, რასაც ვხედავდი, გონებაში კი წერილს ვწერდი საწყალი დედაჩემისთვის, რომელიც ასეთ ცხოვრებაზე ოცნებასაც ვერ გაბედავდა. “როგორ ავუხსნა, რასაც აქ ვხედავ?” ვფიქრობდი და ჩემს გულ-მკერდზე ტალღებად მოხექთილ ემოციასთან გამკლავებას ვცდილობდი, როცა შადრევანთან ფეხმორთხმული სხეუილი დავლანდე.
გოგონა იყო, ჩემი ასაკისა, შეიძლება ოდნავ უფროსი, მხოლოდ რამდენიმე წლით. გრძელი, ქერა თმა მხრებზე ჩამოჰყროდა და თავისი ლურჯი თვალები ჩემთვის მოეპყრო. “ნუთუ მხედავდა, რა გაოცებული ვათვალიერებდი აქაურობას?” შემრცხვა და ვიგრძენი, სახე როგორ შემიხურდა. მისი კანი თოვლივით თეთრი იყო, მზე ვერ მოჰკიდებოდა, მხოლოდ ლოყები შესწითლებოდა ოდნავ. წამოდგა და გრძელი, მაქმანებიანი კაბა ხელით დაიფერთხა. ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოწყვეტდით, სხეული კი ისეთი თხელი ჰქონდა, იფიქრებდით, ქარმა რომ დაუბეროს თან წაიღებსო. “ნეტავ მართაა, ელენე თუ კიტი?” გულში ვმარჩიელობდი და შერცხვენილი მივყებოდი ლაქიას, რომელიც ჩემს ჩემოდანს საცოდავად ექაჩებოდა სახლისკენ და გზა და გზა უკან იყურებოდა, რომ არ დავკარგვოდი.
ჩემი მზერა ერთი ადგილიდან მეორეზე ხტოდა. აქაურობა ზღაპარს ჰგავდა და ვფიქრობდი, რომ არაფერი იქნებოდა გასაკვირი იმაში, თუ ფრინველები მხრებზე შემომასხდებოდნენ და მე მათ ენაზე ავლაპარაკდებოდი.
სახლის კართან ქალი შემეგება. დედაჩემის ასაკისა იქნებოდა. სიყვარულით მიყურებდა და ხელს მიქნევდა შორიდანვე. ჩემზე ერთი თავით მაღალი იყო, თუმცა დაბალი არც მე მეთქმოდა.
ეტყობოდა, ახალგაზრდობაში საოცარი სილამაზისა იქნებოდა, ისე კი, მშვენება არც ახლა აკლდა. თავშენახული ქალი ჩანდა, 6 შვილის დედისა არაფერი მიუგავდა, მაგრამ ასაკს თავისი მაინც გაეტანა და თვალის უპეებზე ნაოჭები გასჩენოდა. შავი კაბიდან თეთრი მკერდი მოუჩანდა. ყველაზე შთამბეჭდავი კი მისი თვალები იყო, დიდი და ლურჯი. საოცარი სითბოთი იცოდა ყურება. იმ დღესაც და მას შემდეგაც, როცა ის მიყურებდა, მე დედა მენატრებოდა.
-ლილია, - ხელები გაშალა მან და გულში ჩაიკრა ჩემი მოკანკალე სხეული. ნელსაცხებლის სურნელი ჰქონდა. ზურგზე ხელებს მისვამდა და ისე მეხუტებოდა, როგორც საკუთარ შვილს ჩაეხუტები, რომელიც აგერ უკვე წლებია თვალით არ გინახავს, - იმდენი ხანია გელოდები, ნერვიულობაც კი დავიწყე. ხომ მშვიდობით იმგზავრეთ? - მკითხა მან, როცა ჩემი მოფერებით გული იჯერა და ხელკავი გამომდო.
-დიახ, დიდი მადლობა, - საკუთარმა ხმამ დამაფრთხო.
-საყვარელო, ალბათ როგორ დაიღალე, - თმაზე მეფერებოდა ნინო, - მე კი შენი გაცნობა ძალიან მინდა.
ქალს სახლისკენ მივყავდი. მისი გაცნობა მეც ძალიან მინდოდა, მაგრამ ისიც მართალი იყო, რომ დაღლილობისგან თვალებში მიორდებოდა და აუცილებლად წავიქცეოდი, სადმე რომ არ ჩამოვმჯდარიყავი.
სახლში შესვლისთანავე, გაწკრიალებულ, გამჭვირვალე ფილებში საკუთარი ანაერიკლს ვკიდე თვალი და ჩემი ფეხის ხმა ექოდ გაისმა. “ღმერთო, სახლია თუ სასახლე?” იქაურობა ძალიან ნათელი იყო. მზე ჩასვლას ჯერ არ აპირებდა, შუქი კი სახლის ყველა კუთხეს თანაბრად ეფინებოდა.
შესასვლელში ძვირფასი თვლებით აწყობილი, უზარმაზარი ჭაღი ეკიდა. მისი ერთი თვალიც კი იმაზე ორჯერ ძვირი იქნებოდა, ვიდრე მთელი ჩემი ქონება. ამაზე ფიქრმა დამასევდიანა.
შემოსასვლელი სწრაფად გავიარეთ. ისე, რომ ბევრი ვერაფრის დანახვა მოვასწარი, გარდა ჩემს დასახვედრად ჩამწკრივებული მსახურებისა, რომლებიც უფრო კოხტად გამოიყურებოდნენ, ვიდრე მე.
ოთახის ბოლოს, გვერდიგვერდ ორი მოჩუქურთმებული თაღი აღმართულიყო. ერთი სასტუმრო ოთახში გადიოდა, რომლის ცენტრშიც სავარძლები და დაბალი მაგიდები დაედგათ, მათზე კი ჟურნალ-გაზეთები ეყარა უწესრიგოდ, ისე, თითქოს ვიღაც ახლახანს ამდგარიყო იქიდან. იქვე თეთრი როიალი და კიდევ რამდენიმე ინსტრუმენტი იდგა, ღია ფერის კედლებზე კი უზარმაზარი ნახატები ჩამოეკიდათ.
ნინომ მეორე თაღი გამატარა, რომელსაც სამზარეულოში შევყავდით. აქედან ბევრი არაფერი მახსოვს, რადგან საკუთარ კაბას ფეხი წამოვდე და ჩემს ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა. ქალმა ხელი შემაშველა და მაგიდასთან ჩამომაჯინა.
ვინ იცის, რამდენი დრო გავატარე ამ მოგზაურობაში. ხელ-ფეხი დამბუჟებოდა და ყველაფერი მტკიოდა, თუმცა აღფრთოვანებას ვერაფერი ფარავდა.
-ლილიას წვენი მოუტანეთ, - კუთხეში ატუზულ დამხმარე ქალებს მიმართა, ფითქინა წინსაფრები რომ მოერგოთ და სათნოდ მიღიმოდნენ, - და ისიც მითხარით, ვინმემ თუ იცის ჩემი შვილები სად არიან? მინდა ლილია გავაცნო.
”რა უცნაურია, ცხოვრობდე ასეთ თავისუფლებაში. დედაჩემმა ისიც იცოდა, რამდენ ლუკმა წიწიბურას მივირთმევდი საუზმისას. თუმცა, ეს ალბათ იმიტომ, რომ ისინი ექვსნი არიან, მე კი ერთი.”
-სული მოითქვი, საყვარელო, ჩემს გოგონებს გაგაცნობ და მოსასვენებლად ოთახში დაგაბინავებთ. - მითხრა ნინომ და სწრაფი ნაბიჯით წავიდა ეზოსკენ.
მე ხუთნაირი წვენი მომართვეს. სხვა და სხვა ფერისა და ,ალბათ, სხვა და სხვა გემოსი. ის ავიღე, რომელიც პირველად მომხვდა თვალში. ვერ გამეგო, ხუთივე უნდა დამელია თუ ერთიც საკმარისი იქნებოდა. “ღმერთო, გევედრები, მოსვლისთანავე ნუ შემარცხვენ.”
ნინო მყისვე დაბრუნდა ორ გოგონასთან ერთად. ერთ-ერთი მათგანი მე უკვე მენახა შადრევანთან, მეორე კი პირველს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა და თან განსხვავდებოდა.
-გაიცანით, გოგონებო, ჩემი საყვარელი მეგობრის ქალიშვილი, ლილია, რომელიც ჩვენთან ერთად იცხოვრებს, - გულწრფელ სიხარულს გამოხატავდა ნინო, - მინდა ისე შეიყვაროთ, როგორც საკუთარი და. ესენი კი ჩემი შვილები, ელენე და მართა არიან.
გოგონები წარმიდგინა მან.
-სასიამოვნოა, - თქვეს ერთდროულად და თავი ზუსტად ისე დამიკრეს, დედა რომ მასწავლიდა და ვერაფრით ავითვისე.
ხმა ერთნაირი ჰქონდათ. მხიარული და მელოდიური. მართა უკვე მენახა, ელენე კი, მათი უფროსი ქალიშვილი გახლდათ, თუმცა ასაკობრივ სხვაობას ვერაფრით შეამჩნევდით. საერთოდ კი, ექვსივეს შორის, სხვაობა მხოლოდ თითო წელი იყო. მე გამეღიმა და საკუთარ თავთან იმ წამსვე ვაღიარე, რომ ელენეც ისეთივე ლამაზი იყო, როგორიც მართა, შეიძლება მეტადაც კი...
”ეს ადამიანები, იმ ზღაპრის გმირებს ჰგვანან, ბავშვობაში დედა რომ მიკითხავდა” გავიფიქრე და გოგონებს გავუღიმე.
-ძალიან ლამაზი თმა გაქვს, - მითხრა ელენემ და ჩემს ხუჭუჭებზე მიმითითა. მესმიამოვნა. მისი სახე ისეთი კეთილგანწყობილი იყო, ისეთი ნაზი და სანდო ...
-იმედია, ჩვენთან მოგეწონება. - მიღიმოდა მართაც.
-თუ არ მოეწონება, არ მოიწყენს მაინც. - გადაიკისკისა უფროსმა და წარბები მაცდურად აათამაშა.
-დიდი მადლობა, - ვთქვი და თავი ჩავხარე. ჯერ ისევ მრცხვენოდა და სახეზე ალმური მედებოდა. მხოლოდ იმის იმედიღა შემრჩენოდა, რომ ისინი ამას ვერ ამჩნევდნენ.
-გეყოფათ, გოგონებო, ლილიას ოთახში ავიყვან, ძალიან დაღლილია, საუბარი მოგვიანებით განაგრძეთ. - ხელი ჩამჭიდა ნინომ და მოახლეს მიუბრუნდა, - ვახშამი ოთახში ამოუტანე, დინა, თუ მოუნდება მიირთმევს. და კიდევ, დანარჩენები რომ მოვლენ, ვინმემ შემატყობინეთ.
ჩვენ უზარმაზარ, დახვეულ კიბეებს ავუყევით და მეორე სართულზე აღმოვჩნდით, რომელიც, როგორც ჩანდა, სულ საძინებლებს მოეცვა.
გრძელი დერეფნის ყოველ მხარეს ოთახები ჩამწკრივებულიყო. არ ვიცი, რამდენი კარი დავთვალე ... ათამდე, ან იქნებ მეტიც. მთელ სართულზე საოცარი სისუფთავე და ნელსაცხებლის სურნელი იდგა. ყველა კარი დაკეტილი იყო, გარდა ერთისა, რომელშიც ნინომ შემიყვანა და მითხრა:
-ეს შენი საძინებელია. ეს ოთახი დიდი ხანია თავისუფალია და მიხარია, რომ ვიღაც დაიკავებს. არ მიყვარს თავისუფალი ადგილები.
დიდ და ნათელ ოთახში აღმოვჩნდი, რომლის ზომებიც ბევრად აჭარბებდა ჩემი და ჩემი მშობლების მთლიანი სახლის ზომებს.
კედლები კრემისფერი ჰქონდა, ცენტრში კი ამავე ფერის, ორ ადგილიანი საწოლი იდგა, მაღალი, ლამაზი ფეხებითა და უცნაური ორნამენტებით. ერთი კედელი მთლიანად გარდერობს მოეცვა, მეორეზე კი საწერი მაგიდა და განიერი ტყავის სავარძელი მიედგათ. წარმოვიდგინე, როგორ გავათევდი ღამეებს წერაში. საწოლთან ფუმფულა, მუქი ხალიჩა ეგდო. უკეთესს ვერაფერს ვინატრებდი.
-გარდერობში სამოსია, რომელიც წინა დღეს შენთვის შევიძინე. ეს კაბები მეჯლისებსა და წვეულებებზე გამოგადგება. მიახლოებით უნდა მოგერგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში,ამაზე არ იდარდო, მკერავს მოვიყვანთ და ზომებს აგიღებს. - მისი სახიდან ღიმილი არ ქრებოდა, - ახლა დაგტოვებ, საყვარელო, დაისვენე და არაფრის მოგერიდოს. ნელ-ნელა ყველაფერს დაათვალიერებ და ყველას გაიცნობ. ეს ახლა შენი სახლიც არის, შენი აქ ყოფნა კი ძალიან მახარებს. - შუბლზე მაკოცა ნინომ და კარისკენ წავიდა.
”სამოსი შეიძინა, ჩემთვის ...” გონებაში ვიმეორებდი ერთსა და იმავეს. ერთი სული მქონდა, ეს ამოკემსილი კაბა გამეხადა და ადამიანს დავმსგავსებოდი.
-დიდი მადლობა, აქაურობა ულამაზესია, - ვცადე მადლიერება ისე გამომეხატა, როგორც შემეძლო.
-და კიდევ, - კართან მობრუნდა ნინო, - დედას ძალიან ჰგავხარ.
ნინოს გასვლისთანავე, საწოლში ტანსაცმლიანად შევწექი. იმდენი რამ მქონდა საფიქრალი, გზას კი ისე დავექანცე, ჩემი თვალები არაფრით მემორჩილებოდნენ. არც ვახშმისათვის დამიკარებია პირი, დამხმარე ქალმა ოთახში რომ ამომიტანა და უსიტყვოდ დამტოვა მარტო.
აბრეშუმის ზეწრებში გავეხვიე, რომლებიც ჩემსას არაფრით ჰგავდა. მინდოდა დედაჩემისთვის მეთქვა, რომ ამ სამყარომ, რომელშიც მისი წყალობით მოვხვდი, არაფერი იცოდა გაჭირვებაზე, დაკერებულ სამოსსა და სანატრელ საკვების ნარჩენებზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, თავადები სულაც არ იყვნენ ისეთი ქედმაღლები, როგორადაც მე წარმოვიდგენდი, პირიქით, გოგონებს არც კი შემოუხედავთ ჩემი დახეული სამოსისა თუ მოუწესრიგებელი, აბურდული თმისთვის.
უცბად მომაგონდა, რომ ჯერ არც ნინოს ქმარი, თავადი ერეკლე ჯაში, არც მათი სამი ვაჟი და კიდევ ერთი, ნაბოლარა ქალიშვილი თვალით არ მენახა. შევცბი, შიშმა ამიტანა.
”ნეტავ როგორები არიან?” ვფიქრობდი ჩემთვის და თავს ვიმხნევებდი. თუ ისინიც ნინოს, ელენეს და მართას ჰგვანან, ყველაფერი კარგად მექნება მეთქი.
მზე უკვე ჩადიოდა, ფიქრებში გართულს ძილი რომ მომერია და სიზმრების სამყაროში გადავეშვი, ჩემს რეალობას ასე ძალიან რომ დამსგავსებოდა.


* * *

მოგესალმებით. გამიხარდება თუ ვინმე მიმანიშნებთ, რომ აქ ხართ და კითხულობთ. <3



№1 სტუმარი ნარგო

კარგია აუცილებლად გააგრძელე ყოჩაღ

 


№2  offline წევრი Ketevann

ნარგო
კარგია აუცილებლად გააგრძელე ყოჩაღ


<3 <3

 


№3 სტუმარი Елка

Момецона каргад церт . Мадлоба

 


№4  offline წევრი Ketevann

Елка
Момецона каргад церт . Мадлоба


<3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent