შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრპერანგა


29-03-2021, 01:32
ავტორი კატრინა
ნანახია 674

გაყინულ ტალღებში მოთამაშე ერთადერთი თეთრპერანგიანი... გაწეწილ თმას ქარი აქეთ-იქით დაუნდობლად მიარხ-მოარხევს და ჰაერში ფანტავს მწარე ტკივილით გაჟღენთილ ცივ სურნელებას... შიშველი ტერფით ჰკვეთს ლურჯ სივრცეს და სიღრმისაკენ ჩქარა მიილტვის... გადარეულა ლურჯ ოკეანე, გადარეულა პერანგიანიც. გაავებული წყალი ძლიერად ურტყამს გაშმაგებულ ხელებს და ერთადერთი მსმენლის გაგდება სწადია. მსმენლის, რომელმაც ბევრი მოისმინა, იმდენად ბევრი რომ დაკარგა ზღვარი, დაანგრია კედელი და ვეღარ შესძლო სხვებივით გატარება თითზე ჩამოსათვლელი წლების. ვინ იცის, რამდენ ხანს ებრძოდა, თითქოს სუსტი და ამავე დროს ძალზედ ძლიერი თეთრპერანგა უმართავ გონებას... და საბოლოოდ, არსაიდან გამოჩენილმა ფერთა გამამ მოჰკვეთა მზერა... ფრთხილად გასწია მისკენ დასველებული მტევანი და წამსვე შეიღება სისხლისფრად თეთრი პერანგიც... უცნაური სიმშვიდით გადაიტარა თლილი ფალანგები ტუჩებზე და ამოუსვლელი, მტანჯველი ბგერებიც თითქოს ამ საკეტით ჩაახშო. იმ დღიდან დრო გავიდა, არ ვიცი რამდენი, მაგრამ ფერებთან მოცეკვავე პერანგიანი კვლავ ამოკერილი პირით აგრძელებდა არსებობას. ცხოვრობდა უსიტყვოდ, მაგრამ არა საუბრის გარეშე. თუ წუთით მაინც შეყოვნდება ვინმე მისი სახლის წინ, რომელიც ორანჟერეას მოგვაგონებს, და ამოიცნობს თეთრ პერანგში, გაშლილ თმაში, საღებავებში შემოსილ გოგოს, რომელსაც პირი მუდამ წითელი, ხოლო თვალები წყლით სავსე - ბაგეზე მეტის მთქმელი აქვს, არ შეიძლება ვერ შენიშნოს მის ირგვლივ შენისლული ათასფრად შემკული სამყარო, რომელიც მხოლოდ მისია, რომელიც მხოლოდ მან შექმნა, რომელიც უამრავ გაუთქვამ საიდუმლოს იპარავს და შიგნით ითრევს, რათა ჩიტების ენით გაანდოს კაცობრიობას პერანგიანის სათქმელი...
და მას შემდეგ არსებობს ზღვარი, გადაულახავი, უხილავი გალავანი, რომლის შიგნით შეღწევა დიდ ხანს არავის შეეძლო...
თეთრპერანგიანი, თეთრი პერანგით, ყოველდღე გაუჩერებლად, შეუწყვეტლივ დარბის დაბურულ ტყეში და ებრძვის იმას, რაც შიგნიდან გლეჯს, ღრღნის, წიწკნის... მოსვენებას არ აძლევს!
არავინ იცის, როგორი რთულია იცხოვრო იმით, რაც არავის აქვს, რაც არავის გააჩნია შენს გარდა. და მაშინ, როდესაც გაურკვევლობაში კარგავ საკუთარ თავს, გამუდმებით იბრძვი მის თავიდან გამოსათლელად...
და თავად ტალღები? ისტორიის ფუძემდებლები? ისინი, ისინი ყოველ წელიწადს, შემოდგომით, ცხადად გრძნობენ პერანგიანის მოახლოებას, გაუხსნელი საიდუმლოს ამოფრქვევის შიშს და ძლივს დამთბარი, დამშვიდებული სული ისე აუთრთოლდებათ ხოლმე, თითქოს სწყურიათ უუფლებობა უფსკრულში მოისროლონ და სამყაროს წალეკვით ხმამაღლა, ღრიალით, ტირილით, საბოლოოდ უამბნონ ისტორიის უკანასკნელი ნაწილიც თეთრპერანგიანს, როგორც ერთადერთ მსმენელს ოკეანისას და შემდეგ მიიძინონ... მიიძინონ სამარადჟამოდ!
და მართლაც, პერანგიანი, გაშლილი თმებით, წყლისფერი მზერით, ღრმად ამოკემსილი პირითა და ოქროსფერი ფოთოლით ხელში ყოველი ოქტომბრის თვეს უახლოვდება დაუოკებელ სივრცეს, მიაქვს ფერებიც და ცაში მზე-მთვარის შესრუტვას ხატავს. ხატავს. ხატავს და ხატავს... ყოველდღე იქ, იმ დიდ ქვებში ჩაფლული ათენებს და აღამებს პერანგიანი, თეთრპერანგიანი უთქმელი საიდუმლოთი დამძიმებული, საიდუმლოთი, რომელიც ჯერ ბოლომდე თავადაც არ იცის და უცდის, ელოდება წუთს, როდესაც ლურჯი სივრცე ღირსად ჩასთვლის ამ ისტორიის გამხელისას.

მაინც, გოგონამ ოქროს ფოთოლით, ჯერაც არ იცის, მაგრამ მე ვიცი, ვიცი და ველი... ველი მის წყლიან მზერაში არეკლილ ვარსკვლავს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent