ბათუმი
პატარა შადრევნის წინ იდგა გოგო და სიცივისგან მხრები მოეხარა. შადრევანი ძველი და მიტოვებული იყო. მხოლოდ ძველებური სილამაზე შემორჩენოდა, თავს არარეალურ ადგილას გაგრძნობინებდა. ის მომენტი ხომ იცით რაღაცას როცა უყურებ და ხვდები, რომ ამ ეპოქას არ ეკუთვნის და შენც უფლებას აძლევ, რომ იქ დაგაბრუნოს, იქაურობა შეგაგრძნობინოს. ეს მომენტიც ზუსტად ის იყო. უყურებდა ქანდაკებას და ფიქრებით სულაც არ იყო, ახლა ამ დროში. ფოტოაპარატი ამოიღო და რამდენიმე სურათი გადაუღო. ყველაზე სუსხლიანი აპრილი იდგა, რაც კი ოდესმე თბილისს ენახა, ბათუმის სინესტე კი უფრო აუტანელს ხდიდა ამ სიცივეს. მხრებში მეტად მოიხარა რომ უფრო გამთბარიყო. შადრევნიდან ყურადღება გზის მოპირდაპირედ შენობისკენ გადაიტანა, მისი დროებითი საცხოვრებელი ახლა მეორე სართულზე იყო გორგილაძის ქუჩაზე. ცივმა ნიავმა დაუბერა და ინანა, რომ უფრო თბილად არ ჩაიცვა, მაგრამ ფიქრი, რომ მიუხედავად გაზაფხულისა საკმაოდ თბილი ტანსაცმელი ჰქონდა წამოღებული შვებას გვრიდა. გაზაფხულზე ბათუმში პირველად იყო. რა თქმა უნდა აქამდეც ყოფილა დასასვენებლად ბათუმში, მაგრამ ზაფხულში. ბათუმზე, რომ ფიქრობ წამოიდგენდა ზღვას, ზაფხულს, მზის სხივებს კანზე, რომელიც სასიამოვნოდ წვავს, მაგრამ ზაფხულს ბათუმს რამდნეიმე მინუსი ჰქონდა, ხმაური, ხალხმრავლობა და ბინძური ქუჩები. უნდოდა ისეთ დროსაც ენახა, როცა ქალაქში მეტი მკვიდრი იყო ვიდრე ტურისტი ან დასასვენებლად ჩამოსული. ამიტომ თბილისის მომაბეზრებელი რუტინისგან თავის დასაღწევად, გულმაც გაზაფხულის ბათუმისკენ გამოუწია და აპირებდა რამდენიმე დღე კარგად დაესვენა. ბინის გასაღები, როგორც ბინის გამქირავებელმა აუხსნა, მრიცხველის თავზე კუთხეში იქნებოდა. უცნაურია, რომ ხალხი უსაფრთხოებაზე წუწუნებს, მაგრამ გასაღებს ყველა, მრიცხველის თავზე, ხალიჩის ქვეშ ან კარებთან მდგარი ყვავილის ქოთნის ძირში ინახავს. გასაღები თავის ადგილას დახვდა, ბინის კარი შეაღო და თბილი ჰაერის დალღები გაყინულს სახეზე სასიამოვნოდ გაეთამაშა. ბინა სუფთა იყო. დიდი სახლი არ იყო, ერთი ადამიანისთვის სრულიად საკმარისი ფართი იყო და პლუს ამას საკმაოდ დიდი აივანი. სახლი კარგად დაათვალიერა, საკმაოდ კომფორტული ბინა ჩანდა თბილი ფერებით, რაც სიმყუდროვის შეგრძნებას უჩენდა გოგოს. მაღაზიიდან მოტანილი პარკები სამზარეულოს მაგიდაზე დაალაგა, მხოლოდ მცირედი პროდუქტები იყიდა, რაც ხვალამდე დასჭირდებოდა. ჩანთები ოთახში დაალაგა, პირსახოცი ამოაძვრინა და პირველი აბაზანაში შევიდა გაყინული სეხულის გასათბობად. აბაზანიდან გამოსულმა შვება იგრძნო, მთელი დღის დაღლილობა წყალს გაატანა. ჩაის დასალევად წყალი დაადგა. თავი მოიწესრიგა. თბილად ჩაიცვა, თმები გაიმშრალა და ჩანთიდან წიგნი ამოაძვრინა. მგზავრობა საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა და გადაწყვიტა დღეს სახლიდან არ გასულიყო. სავარძელში მოკალათდა, ჩაი დაიდგა და წიგნის კითხვა გააგრძელა. ამჯერად ვიქტორ ჰიუგოს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს კითხულობდა. რამდენიმე წლის წინ ტრიუმფალური თაღის კითხვა დაიწყო, ამდენ აღწერას ვერ გაუძლო და მალევე შეწყვიტა წიგნის კითხვა, რატომღაც ამ წიგნმა სიმოვნებას არ ანიჭა. ჰიუგო კი სულ სხვა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი წიგნი ტაძრის და არქიტექტურის აღწერას ეთმობოდა. განსხვავება ის იყო, რომ ეს წიგნი, მსუბუქად და დინამიკურად მიდიოდა, ისტორია არ ჩამორჩებოდა აღწერას, აღწერა კი ისტორიას. წიგნის წაკითხვა, რომ დაასრულა თვალების დასასვენებლად აივანზე გავიდა. სიგარეტის ერთი ღერი ამოიღო კოლოფიდან და მოუკიდა. აივნიდან ბულვარი არ ჩანდა, არც ზღვა. ხედი ქალაქის გულს გაჰყურებდა, უკვე საკმაოდ ჩამობნელებულიყო. აბრები ენთო ქალაქში, ალაგ-ალაგ სასტუმროების შენობებზე დარბოდა ტალღების მსგავსად ნათებები. უკვე საღამოს ათი საათი დაწყებულიყო, გადაწყვიტა ფილმი ენახა. დიდიხანია სურდა რაიმე კარგი ფილმი ენახა, რომ მისი შთაბეჭდილება დიდხანს გაჰყოლოდა. საბოლოოდ არჩევანი დოგვილზე შეაჩერა. ყოველთვის საყურებელ ფილმთა სიაში ჰქონდა, მაგრამ რატომღაც თავს იკავებდა ხოლმე. ფილმი საკმაოდ მძიმე და შინაარსიანი აღმოჩნდა. გრეისს ზედმეტად დიდი სირთულეების გადალახვა მოუწია, მხოლოდ იმისთვის, რომ ერთ სოფელში უბრალოდ ეცხოვრა. ფილმის სახელიც სიმბოლური იყო დოგვილი, ქართულად როგორც ძაღლის ქალაქი, რომელშიც ყველაზე ადამიანური თვითონ ძაღლია და არა ადამიანი. მთავარი სათქმელიც ხომ ეს იყო „ბოროტება შესაძლოა ყველგან აღმოცენდეს...“ დიდხანს ფქრობდა აივანზე მჯდომი ფილმზე, ადამიანებზე და ბოლოს ფიქრმა ისე შორს წაიყვანა ძლივს გამოერკვა და დასაძნებლად გაემართა ოთახისკენ. ნამგზავრსა და დაღლილს მალევე დაეძინა და სიზმრების სამყაროში გადაეშვა. დილით მზის სხივებმა გამოაფხიზლა, ფარდების გადაწევა დაავიწყდა და დილით მზესთან ერთად მოუწია გაღვიძება, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ფარდები გადაეწია ოთახი ჩაებნელებინა და ძილი შეებრუნებინა. დღის თორმეტ საათზე უკვე თავისი ნებით გამოფხიზლებულიყო. აივანზე გავიდა, მზე კაშკაშებდა ბათუმის ცაზე, ისე ამაყად ამოსულიყო ქალაქის თავზე, რომ თბილ ამინდს ჰპირდებოდა ქალაქს. სუფთა ჰაერი ხარბად შეისუნთქა და გაიზმორა. ბათუმში სულ სხვა, ნესტიანი ჰაერი იყო. მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნო იყო აქაურობა. ქალაქის გულს თვალი მოავლო და პირველრიგში სანაპიროზე გასვლა გადაწყვიტა. მერე რა, რომ გაზაფხულია და ჯერ ბანაობის სეზონი არაა, ზღვას მაინც თავისი ხიბლი აქვს, წყლის ხმა და ენერგია საოცარ დამამშვიდებელ ზეგავლენას აზდენს ადამიანზე. წყალი დაადგა, თავი მოიწესრიგა, ისაუზმა და გასასვლელად მოემზადა. მუქი ლურჯი ჯინსი ამოიცვა, ზედ სვიტრი გადაიცვა და ჩექმებში ფეხი ჩაყო. მისი საყვარელი ყავისფერი ტყავის ჩანთა გაიმზადა. გრძელი მუქი ყავოსფერი თმა ლამაზად ჩაიწნა, ზურგს უკან მოიგდო და უკვე საკმაოდ გაზრილი ჩოლკები ყურს უკან გადაიწია. თხელი შავი ტყავის კურტკა მოიცვა, ფოტოაპარატი ჩანთასთან ერთად გადაიკიდა და ბინიდან გავიდა. გინახავთ ბათუმი გაზაფხულზე, ჯერ კიდევ რომ არაა ყვავილობა დაწყებული. ქალაქი ძალიან მშვიდი და სასიამოვნო იყო. ხალხიც ბედნიერი მიუყვებოდა ქუჩებს, თბილისისგან განსხვავებით აქ ნაკლები მოძრაობა იყო მანქანებისაც და ხალხისაც. მაღაზიაში შევიდა სანაპირომდე. ბანანი და ტკბილეული იყიდა. სანაპირო თითქმის ცარიელი იყო, მოშორებით მოხუცი ქალი იჯდა და მისგან მოშორებით მყოფ წყვილს აკვირდებოდა. გოგო სანაპიროზე წყლის ტალღებს გაურბოდა და პატარა ბავშვივით იცინოდა, ბიჭიც აჰყოლოდა თამაშში და აზარტში შესულივით უყვიროდა საით გაქცეულიყო. ალბათ ახალგაზრდობას ახსენებდა მოხუცს მათი ყურება და მათთან ერთად იცინოდა, როცა გოგონას ტალღა კინაღამ დაეწია, მოხუცი შეხტა, თითქოს ადგებოდა და დაუძახებდა დროზეო, მაგრამ მერე ისევ უთქმელად გააგრძელა წყვილის ყურება. გოგომ ყველაზე დიდი ქვა იპოვა და სანაპიროსთან ამ ქვაზე მოკალათდა. ზღვა ძალიან ლურჯი და აღელვებული იყო, ცოტა ხანს თვალებდახუჭული კონცენტრირდებოდა ზღვის ხმაზე და არაფერზე ფიქრობდა. ფიქრებიდან ძაღლის ყეფამ გამოარკვია, შავი ქუჩის ძაღლი მიუახლოვდა პირში მწვანე ბურთით და ფეხებდთან დაუდო. გოგომ იფიქრა თამაში უნდაო და ხელი ბურთისკენ წაიღო მაგრამ ძლივს, მოასწრო მისი კბილებიდან ხელის გამოცლა. ბურთის გარეშე გაეთამაშა ცოტა მოეფერა და მერე ისზე ზღვაზე კონცენტრირდა. დღემ ზღვის პირას ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა, ბევრი კადრის დაჭერა მოასწრო სანაპიროზე. წიგნის კითხვაც დაასრულა და საღამოს სახლისკენ გაუყვა გზას, უცნობი ქუჩებით მიდიოდა და რაღაცას ეძებდა, მაგრამ თავადაც არ იცოდა რას. დიდი იმედი ჰქონდა, რომ ბათუმში დროს სასიამოვნოდ გაატარებდა და ახალ რაღაცებს აღმოაჩენდა, მაგრამ ჯერ არ იცოდა ამას როგორ მოახერხებდა, აქ არც არავის იცნობდა და არც თვითონ ქალაქს. სახლში მისულმა, ცხელი წყლით გაითბო სხეული და ვახშმის მზადებას შეუდგა. მერე ივახშმა, ფილმს უყურა, გადარებულ ფოტოებს თვალი მოავლო, მივიწყებულ მეგობრებს მისწერა სოციალურ ქსელში, ცოტახანი აივანზეც ინებივრა და ბოლოს ჯერ კიდევ განვლილი დღეებისგან დაღლილს ღრმად დაეძინა. დილით, კარგად გამოძინებულმა და დასვენებულმა გაიღვიძა, დიდ ენერგიას გრძნობდა და მალევე წამოხტა ლოგინიდა, გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ დღეს ბათუმში ყველაფერი ენახა, მაგრამ არ იცოდა საიდან დაეწყო. უკვე ათი საათი ხდებოდა, თავი მოიწესრიგა და საუზმე გაიმზადა, გარეთ მშვენიერი თბილი ამინდი იყო და გუშნდელთან შედარებიტ კიდევ უფრო ათბობდა მზე. შეეძლო უფრო თხელი ტანსაცმელი აერჩია და ქალაქში გასულიყო, მაგრამ იქამდე კარგ გუნებაზე მყოფმა გადაწყვიტა აივანზე ესაუზმა. იდეალური იყო, დღის სავსე ენერგიით და დასვენბულ განწყობაზე საუზმობა, როცა გონება არაფერზე ფიქრობდა, მითუმეტეს, როცა არაფერს ახსენებდა იქიდან რაც თბილისში დაბრუნებულს ელოდა. მაგიდაზე დახვავებულ ფაილებს და უამრავ კლიენტს. ყავის არომატით გაბრუებული გაყურებდა ქალაქის ცენტრს, და მოულოდნელად ორ მარალ სვეტს მოჰკრა თვალი, კარგად არ ჩანდა რა იყო, მაგრამ კორპუსებს შორის ამოეყო თავი, თოთქოს მის დასანახად და თავისკენ იწვევდა. უცნაური იყო ამხელ კორპუსებს შორის ამაყად მდგარი ორი სვეტის დანახვა. გადაწყვიტა მოეძებნა და იქნებ მის ძებნაში ისიც ეპოვნა რასაც ეძებდა, ან სულ მცირე მის ძებნაში იქნებ ქალაქის ღირებული ადგილები ენახა. საუზმე დაასრულა და მოემზადა იდუმალი სვეტებისკენ წასასვლელად. გონებაში გაიმეორა სიტყვები, იდუმალი სვეტები და ძალიანც მოეწონა მისი შერჩეული სახელი. დღეს შედარებით კარგი ამინდი იყო და მისი განწყობაც იდეალური, ამიტომ არჩევანი მისი დიზაინით გადაკეთებული 90-იანების ქვედაბოლოზე შეაჩერა, ზემოდან შავი ყელიანი, მაგრამ თხელი სვიტრი გადაიცვა, ფეხზე ჩექმები ამოიცვა, ტყავის შავი გრძელი კურტკა მოიცვა და თავისი საყვარელი ყავისფერი ცანთაც გადაიკიდა, ფოტოაპარატთან ერთად. თმები სარჭით მაღლა აიწია და დაიმაგრა ლამაზად. ქალაქს კარგად არ იცნობდა და ბრმად მიუყვებოდა ქუჩებს იდუმალის სვეტებისაკენ, მხოლოდ ინტუიციას და კორდინაციის უნარს უსმენდა, ბევრი ეძებდა და ბოლოს, როცა შორიახლოდან ისევ დაინახა იდუმალი სვეტები, თითქმის სირბილით დაადგა სწორ გზას. იდუმალი შენობის გვერდითა მხარეს მოხვდა, ჯერ შორიდან გადაუღო, მდუმარედ მდგარ კათოლიკურ ტაძარს ფოტოები და ბოლოს ამ იდუმალებით მონუსხულმა გადაწყვიტა ცოტა კიდევ მიახლოვებოდა. ეკლესიის ეზოში იდგა და უყურებდა ამ არქიტექტორული შედევრის ნიმუშს. ერთდროულად დიდ მოკრძალებას, შიშსა და პატივისცემას გრძნობდა. ისეთი სავსე იყო და ისეთი დეტალური ყველაფერი. რარაც საოცარი შეგრძნება ეუფლებოდა ამავდროულად, თითქოს ეს იყო ის, რასაც დილიდან კი არა ბათუმში ჩამოსვლიდან ეძებდა. ისეთი შეუდარებელი იყო, წიგნის ფურცლებიდან ხორცშესხმულს ჰგავდა, თითქოს ხელს გაწევდა და შეეხებოდა, მაგრამ ეშინოდა არ გამქრალიყო და წამში ეჭვიც კი შეეპარა, რომ რეალურად იდგა მის წინაშე. და თუ არ იყო რეალობა, არ უნდოდა რომ მას დაბრუნებოდა კიდევ ცოტახანს, სანამ მის ყოველ დეტალს არ დაიმახსოვრებდა საგულდაგულოდ. კიდევ კარგახანს უყურა შენობას და ბოლოს, როცა თვალები დახუჭა და თვალდახუჭულმაც დაინახა, გუში თქვა კარგი, ახლა როცა ასე კარგად მახსოვს, შეგიძლია გაქრე თუ არარეალური ხარ, მე მაინც კარგად შეგინახე ჩემი გონების ღრმა კუნჭულებში და დიდხანს არ დამავიწყდება შენი დიდებულება. მერე თვალები გაახილა და სასიამოვნოდ დაბურძგლა, როცა ისევ თავის ადგილას დაინახა. ეზოში არავინ ჩანდა და ეს კიდევ უფრო იდუმალს ხდიდა ყველაფერ. ამ ასფალტით ნაგებ დედამიწაზე, სადაც ქალაქის გულში მწვანეს იშვითად მოკრავ თვალს და ეკლესიაც ბეტონის კონსტრუქციებს შორის იდგა, ბაღში აქა-იქ მწვანე მარტოხელა ბალახი ბიბინებდა, ხეებსაც დასტყობოდათ გაზაფხული და ნელ-ნელა იკვირტებოდნენ, ახალ ფოთლებს ისხავდნენ. ეკლესიის გალავანიც ცალკე აღებული ძალიან ლამაზი იყო, ყოველი რკინის სვეტი ჯვრით ბოლოვდებოდა და კვარტალურად ქვით ნაგები სვეტები ანაცვლებდა რკინის ღობეს. ყველაფერი ერთად ისეთ განწყობას ქმნიდა, რომ რაღაც ზეხიურს ქმნილებას უყურებდა და არა ადამიანისას. მოულოდნელად ამაღელვებელი ფიქრებიდან თითქოს, ძალიან შორი წარსულიდან, ნაცნობმა ხმამ გამოარკვია. - არ ვიცი, იმით დავიწყო საუბარი, რომ ძალიან აუცნაურია აქ რომ გხედავ, თუ პირველი სახელი გკითხო? - ღიმილით უახლოვდებოდა უცნობი გოგონას. გოგომ კარგად დაათალიერა მისკენ მომავალი უცნობი. ბიჭი მაღალი და თითქოს ძალიან გამხდარი იყო, მაგრამ მისი სიმაღლისთვის სრულიად შესაფერისი აღნაგობა ჰქონდა. მთლიანად შავებში იყო გამოწყობილი და ეკლესიის ეზოდან პირდაპირ მისკენ მოემართებოდა. ახლოს რომ მივიდა და გოგომ სახეზე შეხედა, ეცნო მისი ნაკვთები. შავი მოკლედ შეჭრილი თმები, არც ისე ვიწრო ჭრილის თაფლისფერი თვალები, ოდნავ კეხიანი ცხვირი და სავსე ტუჩემი, ამჯერად სუსხისგან, რომ დაეკარგა ფერი. დაბნეულ სახე უცბად შეეცვალა, როცა გაბრიელი იცნო. - შენი სახის გამომეტყველებით, ვხვდები, რომ მიცანი. - გაბრიელ, მართლაც რომ უცნაური დამთხვევაა, შენი აქ ხილვა. - მართლაც, რომ. მე ბათუმიდან ვარ, არ თქვა, რომ შენც აქედან ხარ - მოულოდნელად დაუსერიოზულდა სახე. - არა, დასვენება მინდოდა და ბათუმისკენ ავიღე გეზი. - აქ რამ მოგიყვანა ასეთ სიცივეში? - გადავწყვიტე გაზაფხულის ბათუმი გამეცნო. თანაც აქამდე ყოველთვის ზაფხულში ჩამოვდიოდი და მთელ დროს ზღვაზე, ზოგჯერ ბარში და ძირითადად სახლში ვატარებდი. ახლა კი აქაურობის დათვალიერება გადავწყვიტე. - მოგწონს? - ქალაქზე თუ მეკითხები უზმოდ კომფორტულია, რომ ფეხით შეგიძლია ყველა კუთე-კუნჭული მოიარო. - აქ რამ მოგიყვანა? - კითხა ბიჭმა და ხელით ანიშნა, რომ ტაძარს გულისხმობდა. - ჩემი ბინის აივნიდან მოვკარი თვალი ტაძრის გუმბათს, უფრო სწორად ორ ამოშვერილ სვეტს, არც ვიცოდი რა იყო, რაიმე უბრალო შენობა მეგონა და გადავწყვიტე მომეძებნა. ისიც არ ვიცოდი, რას ვეძებდი, ამიტომ ჩემი ინტუიციით და კორდინაციის უნარით გამოვუყევი გზას და აქამდე მოვედი. ახლა აქ ვდგავარ, ვუყურებ და ვერ გადამიწყვეტია შევიდე თუ არა. - ბევრს კარგავ აუცილებლად უნდა შეხვიდე, თანაც მართალია კათოლიკური ტაძარია გარეგნულად, მაგრამ დიდიხანია უკვე მარმადიდებლური გახდა და შიგნით ჩვეულებრივ ტარდება წირვა-ლოცვა. - მართლა? - გაკვირვებით იკითხა გოგომ. - რატომ? - თავის დროზე ტაძარი კათოლიკური იყო, ბათუმშიც ბევრი კათოლიკე ცხოვრობდა, მაგრამ მერე საბჭოთა კავშირის დროს ტაძარმა დაკარგა ფუნქციონირება და არქვივად იყენებდნენ, მერე მაღალი ძაბვის ლაბორატორიად, ბოლოს კი ისევ თავის დანიშნულებას დაუბრუნეს და საპატრიარქოს გადასცეს. - ახლა აღარ არიან ბათუმში კათოლიკები? - როგორ არა ისევ არიან, მაგრამ ბათუმის შემოსასლელში თუ შეამჩნიე უცნაური, მეტად თანამედროვე შენობა, ისიც კათოლიკური ტაძარია. - თანამედროვეზე ყურადრება გაამახვილა და ირონია გაურია, აშკარა იყო არ თავად სრულებით არ მოსწონდა. - აქ კიდევ არის სინაგოგა, მართმადიდებულ ტაძრებს ნახავდი ისედაც. საერთოდ რისი ნახვა მოასწარი უჩემოდ? - კითხა გოგოს ღიმილით, ეშმაკებმა გადაურბინეს სახეზე, რას მოასწავებდა, რო უკვე მოეფიქრებინა დღის გეგმები მასთან ერთად. - გუშინ მხოლოდ ბულვარში ვბოდიალობდი, სანაპიროზეც დიდ დრო გავატარე, ალი და ნინოს მოძრავი სკულპტურა ვნახე, ისევ. სიმართლე გითხრა არც ვიცი აქ რა უნდა ვნახო. - გამოდის ჯერ არაფერი გინახავს - თქვა თითქოს გახარებულმა - მაშ, მოდი ჩემს თავს შემოგთავაზებ, როგორც პერსონალურ გიდს და მთელს ბათუმს დაგათალიერებინებ, ბათუმის ქუჩებს ხომ კარგად ვიცნობ და მის ისტორიასაც გაგაცნობ. - ამაზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი. - სიხარულით დასთანხმდა გოგო. - მართალია ბათუმი პატარაა, მაგრამ თუ არ იცი სად წახვიდე აქაც მარტივად აგერევა გზა-კვალი. - მაშინ ტაძრიდან დავიწყოთ და მერე ნელ-ნელა გავუყვეთ სხვა ადგილებსაც. ათვლის წერტილი აქ იქნება. თქვა და პირველი შევიდა ტაძრის ეზოში. გოგომაც პირჯვარი გადაიწერა და უკან მიჰყვა. ტაძარი თითქმის ცარიელი იყო, მათ გარდა მხოლოდ ერთი ქალი ტრიალებდა აქეთ-იქით და სასანთლეებს ასუფთავებდა. პირველი რაც იგრძნო გოგომ სუნი იყო, თბილი კანდელისა და საკმევლის სუნის ნაზავი. მერე ყურადღება თავად დაძარზე გადაიტანა და გაოცებისგან თვალები ისე ფართოდ გაახილა კინაღამ გადმოსცვივდა. ტაძარი შიგნიდან მეტად საოცარი და საუცხოო იყო. მართმადიდებლური ეკლესიისგან გასხვავებით უფრო მდიდრულად გამოიყურებოდა. პირველი ყურადღება ვიტრაჟებმა მიიქცია, გარედან ნაცრისფერი ვიტრაჟები შიგნით ფერებად ანათებდა. სარკმლებიდან შემოჭრილი მზის სხივს კი ვიტრაჟის შუშის ფერი მიეღო და მკრთალად ციალებდა კედლებზე. გოგო მონუსხული უყურებდა და არ იცოდა რა ეთქვა. სასანთლეებში ანთებული სანთლების ალი ზემოთ ლამაზად მიიწევდა და თითქოს გუმბათამდე ადიოდა. ყურადრება ფრესკებმაც მიიქცია, მართმადიდებულისგან განსხვავებით აქ სულ რეალისტური ბიბლიური ეპიზოდები იყო გადმოტანილი. აშკარა იყო ჯერ არავის გაებედა, მისთვის ხელის დაკარება და ზედ მართმადიდებლური ფრესკისათვის დამახასიათებელი ელემენტების შემოტანა. პირველად ქაშუეთში ნახა უცნაური ფრესკები, ლადო გუდიაშვილის მიერ მოხატული ფრესკაც არ იყო მართმადიდებლური ფრესკის მსგავსი და მისმა თვალმა აქაც სწრაფად გამოიჭირა დეტალები. ტაძრის მარცხენა ხმარეს ერთ-ერთი საყრდენი ბოძი დაზიანებული იყო, მოხატულობა ჭვარტლიანი და აქერცლილი. ეტყობოდა ძველ არქივსა და მაღალი ძაბვის სადგურს თავისი კვალი დაეტოვებინა. შინით ტაძარი მთლიანად ერთ ფერში იყო, თბილი სტაფილოსფერი დაჰკრავდა და ჩუქურთმებიც ამშვენებდა კედლებს. კედელზე მართმადიდებლური ხატები ეკიდა. გოგომ ფოტოაპარატი ამოიღო და რამდენიმე თბილი კადრი გადაიღო ტაძრის შიგნიდან. ამ დროის მანძილზე ხმა არ მოუღია და მდუმარედ შესცქეროდა ყველაფერს. ბიჭი კი აზარტში შესულიყო და მის ემოციებს დეტალურად სწავლობდა, უთქმელად აკვირდებოდა და იმახსოვრებდა მის თითოეულ შთაბეჭდილებას. როცა გოგო თვალიერებას მორჩა ტაძრიდან რიდით გამოვიდა და კიდევ ერთხელ მაოვლო თვალი არქიტექტურის ამ შეუდარებელ ნიმუშს. მერე ტაძრის ეზოში წრე მოარტყა აქაც გადაიღო რამდენიმე ფოტო და ბოლოს ეზოს შესასვლელთან მდგომ ბიჭს გვერდით ამოუდგა. ბიჭი ეკლესიის კედელზე გამოყვალინ წიმნდანთა ქანდაკებებს უყურებდა. - როგორი რეალისტური ნაშრომია არა? - კითხა ბიჭმა გოგოს ისე, რომ ქანდაკებისთვის თვალი არ მოუშორებია. - ხო როგორი რეალისტური ნამუშევარია ეს ქანდაკებები, ეს ტაძარიც როგორი რეალურია, მაგრამ მაინც ძალიან არარეალური, ვერც იფიქრებ რომ ადამიანის ხელმა შექმა ეს ყველაფერი. - დაამატა გოგომ - ხო. თანაც ქართველი არქოტექტორების ნამუშევარია, ძმების. უფრო უცნაური ისაა, რომ ქართველმა ისეთი კათოლიკური ტაძარი შექმნა, რომ მისი სიდიადე სრულყოფილად გადმოსცა. - გოგოს გაღიმა ბიჭის ნათქვამზე, თითქოს მისი სიტყვები თქვა, როცა ტაძარი სრულყოფილების ნიმუშად მოიხსენია. ცოტახანს იდგნენ ასე და უყურებდნენ ტაძრის ექსტერიერს. ბოლოს დუმილი ისევ ბიჭმა დაარღვია. - შემდეგი ლოკაცია ბათუმის ხელოვნების მუზეუმი იქნება. - თქვა ღიმილით და ბოლოს დაამატა. - ვფიქრობ დაგაინტერესებს. - გამიძეხით, ბატონო გაბრიელ. - ღიმილით უთხრა გოგომ და გზა დაუთმო. - თქვენს შემდეგ - ჯელტმენურად თქვა უარი და გოგოს დაუთმო გზა. - ისე ჩვენი ბოლო შეხვედრისას, მითხარი რომ შემდეგ შეხვედრაზე მეკითხა შენი სახელი. ასე რატომ თქვი? არ გინდოდა შენის სახელის თქმა და იმედი გქონდა აღარ შევხვდებიდით? - გვერდში ამოუდგა გოგოს და გზას გაუყვა. - იმედი მქონდა შევხვდებოდით. სახელი იმიტომ არ გითხარი, რომ მომავალში როცა დამინახავდი იქნებ ამის გამო მაინც გამომლაპარაკებოდი. - გულახდილად აუხსნა მისი განძრახვა გოგომ. - კარგი ტაქტიკაა, ახლა რაღას მოიმიზეზებ, როცა სახელს გკითხავ? - ახლა, ალბათ არაფერს, მომიწევს გიპასუხო. - რა გქვია? - სიტყვის დასრულებისთანავე ჰკითხა გოგოს სახელი - იოანა. - მართლა ძალიან ლამაზი სახელია. - მადლობა. გამოფენისაკენ მიმავალ გზაზე ბევრი რამ გაიგეს ერთმანეთსზე და ერთმანეთის ინტერესებზე. ბიჭი გოგოზე ორი წლით უფროსი იყო და არქიტექტურაზე სწავლობდა, უკვე მაგისტრი იყო. გოგო ჯერ ბაკალავრს ასრულებდა და სამართალზე სწავლობდა. ბიჭმა, როცა გაიგო, რომ გოგო სამართალზე სწავლონდა ძალიან გაუკვირდა, რადგან მისი იურისტი მეგობრებისგან განსხვავებით, გოგოს ხელოვნებისადმი სიყვარული აშკარა და დაუფარავი იყო. მალე მიადგნენ მუზეუმის შენობას. შუადღის ორი საათი იქნებოდა და მუზეუმიც წესისამებრ ათ საათზე უკვე გაეხსნათ. მართალია ტაძრის შემდეგ გოგოს გაკვირვება მეტად რთული იყო, მაგრამ არც გამოფენა იყო ურიგო. გაუმართლათ და ზუსტად, რომ თანამედროვე მხატვრის პერსონალურ გამოფენაზეც მოხვდნენ. მუზეუმში შიგნიდან სადა და ერთფეროვანი იყო, მაგრამ საუცხოო ხელოვნების ნიმუშებს ინახავდა, ვიტრინაში ჩასმული სხვადასხვა კერამიკისა და თიხის ნამუშევრებიც ერია კოლექციას. თანამედროვე მხატვრის გამოფენა, არც ისე თანამედროვე იყო, ნამუშევრები ძველი ტექნიკითა და სტილით იყო შესრულებული. დრო მხიარულად გაატარეს მუზეუმში ფოტოები გადაიღეს, მათ შორის მათთვის უცნობ ხელოვანთან ერთადაც. მუზეუმი საკმაოდ კარგ განწყობაზე დატოვეს. - შეგიძლია ფოტოები გამომიგზავნო? - კითხა ბიჭმა. - კი რა თქმა უნდა, შენი მეილი მომწერე და გამოგიგზავნი. - გოგომ ნომერი ჩააწერინა ბიჭს და წამებშივე მოუვიდა მისი მეილი შეტყობინებით. - ახლა საით მივდივართ? - რამდნიმე ვარიანტია, მაგრამ იქამდე არ გშია? - შეწუხებული სახით ჰკითხა ბიჭმა და ანიშნა რომ თვითონ ძალიან შიოდა. - კი ძალიან - ჩანთიდან ბანანი ამოიღო ერთი ბიჭს მისცა მეორე კი თავისთვის დაიტოვა. - ბანანებით დადიხარ? - დილით მაღაზიაში ხელს გამოვაყოლე ტკბილეულთან ერთად, იმ შემთხვევისთვის თუ მომშივდებოდა და ისევ სანაპიროზე ვიქნებოდი. - ხო სანაპიროზე ერთი დიდი მინუსი ეგაა, რომ იქვე არაფერია. უკვე კარგად შეგისწავლია ბათუმი. - უთხრა ბიჭმა და ბანანი გემირელად მოკბიჩა. - მოდი ვარიანტებს დავუბრუნდეთ? - არ ვჭამოთ? - ტკბილეულს გაჭმევ, ვიაროთ და გზად რამე ვნახოთ, თან ბათუმი დავათვალიეროთ. - კარგი, მაშინ ჩემს სიაში შემდეგი ნურის ტბა მქონდა, მაგრამ სანაპიროზე ნახავდი. - არა არ მინახავს. - უცნაურია, მაგრამ სანამ ნურის ტბამდე მივალთ, აქვე ორი მუზეუმი და სინაგოგაა. - უთხრა ბიჭმა. - თუ დაგაინტერესებს შეგვიძლია გავიაროთ. - ისე თქვი თითქოს არც ისე მნიშნელოვანი ადგილებია და რაღაც დიდად მათი ნახვის სურვილით არ ვიწვი. - ბიჭს გოგოს პასუხზე გაეცინა. - მაშინ, შეგვიძლია გარედან ვნახოთ და თუ დაინტერესდები შიგნითაც შევიდეთ. - კარგი. ორივე მუშეუმი და სინაგოგაც, მხოლოდ ვიზუალურად მოათვალიერეს და ტბისკენ დაიძრნენ, გზად საბვეის კვების ობიექტი შეხვდათ და სენდვიჩებით დანაყდრდნენ. მოულოდნელად ბათუმის ერთ-ერთ არაპოპულარულ და მიყრუებულ ქუჩაზე გავიდნენ, იტალიურ ეზოს ჰგავდა იაქურობა. შუაში გჰქონდა სარეცხი გაფენილი, როგორც ადრე. ფანჯრიდან ხეზე იყო გაბმული თოკები. აქაც გადაიღო რამდენიმე სურათი. ქალაქში სიარულსა და ლაპარაკში დრო სწრაფად გავიდა, მართალია ბათუმი პატარა იყო, მაგრამ სეირნობასა და ლაპარაკში დროც მალე გადიოდა. ნურის ტბასაც მიადგნენ. მაგრამ სანამ ტბასთან მივიდოდნენ, ჯერ იქვე პატარა ზოოპარკში გაისეირნეს. მართალია თბილისის ზოოპარკთან შედარებით ბევრად პატარა იყო იქაურობა, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო ცხოველების დაპურება და ზოგიერთის მოფერებაც. ბოლოს ტბამდეც მივიდნენ და გაბრიელმაც დაიწყო ტბის შესახებ საუბარი. გოგო უსმენდა და ცდილობდა ყველაფერი დაემახსოვრებინა, გაბრიელიც თავს იჩენდა და ყველა დეტალს ეუბნებოდა ტბის შესახებ რაც იცოდა, როგორ მარაგდებოდა მიწისქვეშა წლებიდან და თან თავს გადამხდარ სასაცილო ამბებსაც აყოლებდა, ზოგსაც სხვის ისტორიას ყვებოდა და გოგოს ახალისებდა. ისეთი სასიამოვნო ხმა ჰქონდა და უკვე ისე მიჩვეოდა ამ ხმას შინაურივით ჩაესმოდა და სიმშვიდეს ჰგვრიდა. - ძალიან სევდიანი ისტორია აქვს ამ ტბას. გინდა მოგიყვე? - კითხა მოულოდნელად ბიჭმა და გოგომაც უსიტყვოდ თავი დაუქნია. - “ნური-გელის” ტბა, ადრე სხვა სახელი ერქვა, მაგრამ აღარ მახსოვს - ჩაამატა ღიმილით. - აქ გავრცელებული ლეგენდით, ტრაგიკულ ისტორიასთანაა დაკავშირებული. ლეგენდის თანახმად, ტბაში ბავშვი დამხრჩვალა სახელად – ნური. დედა კი ყოველდღე ტბასთან გადიოდა და ეძახდა – ნური, გელი. - ცოტახანს გაჩუმდა, გოგოსაც არ ამოუღია ხმა ისე გაჰყურებდა ტბას და ტბის თავზე მოციალე მზის სხივებს, რომელიც დამამშვიდელბლად ლივლივებდა. - გინდა ტბაზე გავისეირნოთ? - შესთავაზე ბიჭმა - აქვე შეგვიძლია ვიქირაოთ ნავი და გავცუროთ. - პასუხს არც დაელოდა იმ წუთასვე წავიდა ნავის საქირავებლად სანამ გოგო სიტყვიერ პასუხს გასცემდა, სანამ რამეს იტყოდა მისმა თვალება გასცა, რომ ძალიან უნდოდა ნავით გასეირნება. გაბრიელმა უცბად მოაგვარა ყველაფერი და მალე ნავშიც ჩასხდნენ. აღმოჩნდა, რომ გაბრიელმა ნავის მართვა იცოდა და კაპიტანი აღარ დასჭირდათ. ტბაზე გავიდნენ, ნავს ნელა მიაცურებდა წყალზე და გოგოც ბედნიერი გაჰყურებდა ხედს. მზე ჩასვლას იწყებდა და ზღვას წითლად ღებავდა. უცნაურია, რომ ზღვა ცის ფერს ირეკლავს, ზოგჯერ ხავსს და მწვანხე ხდება, ზოგჯერ კი თავად მზეს, მთვარეს და ვარსკვლავებს. ბიჭმა ნავი შუა ტბაში გააჩერა და გვერდით მიუჯდა გოგოს. - რას ფიქრობ მოგწონს აქაურობა? - დაარღვია დუმილი. - ძალიან, მადლობა იმ დროისთვის რაც დღეს დამითმე. - გაუღიმა და ბიჭს გახედა. გაბრიელიც უყურებდა და არაფერს ამბობდა, თოთქოს სათქმელად ოდნავ გააღო პირი მაგრამ მერე ისევ დახურა. - მადლობა რომ მომეცი საშუალება დღე შენთან ერთად გამეტარებინა. - გოგოს გაეღიმა და თავი ოდნავ მორცხვად დახარა. - იცი აქამდე ვერ შევამჩნიე შენი ჭორფლები, როგორი ლამაზი და ბუნებრივია. - ლოყიდან ჩამოვარდნილი თმის გადასაწევად გასწია ხელი, მაგრამ გოგომ დაასწრო. - ბევრი ვერ ამჩნევს ხოლმე, მაგრამ არაუშავს, მადლობა. როგორც კი დათბება ამინდები, მეტად დამეტყობა და მერე რთული იქნება ვერ შეამჩნიო. - აქამდე ყოველთვის, როგორც გოგონა კაფეში ისე მახსენდებოდი, მერე ვიფიქრე იქნებოდი გოგონა კაფეში, რომელიც ბათუმში შემხვდა, მაგრამ ახლა უბროლოდ ჭორფლიანი იქნები. - თვალი ერთი წამითაც არ მოუშორებია გოგოსთვის, ან თვალებში უყურებდა ხან ჭორფლებზე აკვირდებოდა თითქოს სათითაოდ ითვლისო, რამდენჯერმე წამიერად თვალი ტუჩებისკენაც გააპარა. გოგო მოულოდნელად წამოდგა და ცას გახედა. - ნახე რა ლამაზია აქაურობა, როგორც ცდილობს მზე ღრუბლებს შორისაც გამოძვრინოს სხივები და კიდევ ცოტახანს გაჩერდეს ჩვენს მხარეს. როგორ იჭრება ღრუბლების ნაპრალებიდან წითელი სხივები. რა საუცხოოა ყველაფერი. - რა ლამაზად თქვი, მე ალბათ ასე ლამაზად ვერ აღვწერდი ამ ხედს. მართლაც, რომ რა ლამაზად იჭრება ღრუბლების ნაპრალიდან მზის წითელი სხივები. - გოგოსთან ისე ახლოს იდგა, გოგო მის სითბოს გრძნობდა და მის არომატში იკარგებოდა. ყველაფერი ძალიან რომანტიკული იყო ზედმეტი მცდელობების გარეშე. როგორ შეიძლებოდა ამდენი დამთხვევა, ბიჭი კაფეში, რომელიც შემთხვევით გაიცნო, ან იქნებ სულაც არა შემთხვევით და ბედი იყო, ისიც ბედი იყო ბათუმში შეხვედროდა და ერთი დაუვიწყარი დღე ეჩუქებინა მისთვის. გოგომ საკუთარი თავი ამ ფიქრებში რომ გამოიჭირა თავისთვის ჩაეღიმა. არასდროს აღიარებდა ბედის არსებობას და მითუმეტეს არასდროს უფიქრია ასეთ რამეებზე, თითქოს ცდილობდა ბიჭისადმი თბილი დამოკიდებულების გაჩენა რამით ახნსა და ეთქვა რომ ყველაფერი მისგან დამოუკიდებლად მოხდა. გაბრიელს არ გამოჰპარვია მისი მოულოდნელი ღიმილი. - რაზე იღიმი? - ვფიქრობდი და მივხვდი, რომ შენს გამო ისეთ რაღაცაზე დავიწყე ფიქრი, რაზეც აქამდე არ მიფიქრია, მაგალითად ბედზე, რომ შენთან ჯერ კაფეში და მერე აქ შეხვედრა ბედი იყო. - ის რასაც ხალხი ასე არ აფასებს, როგორ მომწონს შენში, ახლა ალბათ ვიღაც იტყოდა არაფერზე, ან რამეს მოიგონებდა შენ კიდევ პირდაპირ მითხარი ის რასაც ფიქრობდი. - გაეცინა ბიჭს. - არ გეშინია ასე პირდაპირ შენი ფიქრების გამჟღავნების? - მგონია, რომ როცა ხალხი არაპირდაპირია უფრო მეტი გაურკვევლობა წარმოიშვება და მეტად ართულებს ისედაც რთულ სიტუაციებს ბუნდოვანება. არ მეშინია, რახან პირდაპირ ვამბობ სათქმელს ვცდილობ სწორი სიტყვები მოვნახო, რომ გასაგები და მარტივი იყოს. - საოცარი ვინმე ხარ. მართლა ბედია და ბედს უნდა დააბრალო ასეთ ადამიანს შეხვდე სხვანაირად როგორ. - შენც არაგიშავს - უთხრა გოგომ ღიმილით და თავის ადგილს დაუბრუნდა. ახლა იქიდან დაიწყო ცის თვალიერება. ცა ერთნაირი არასდროსაა, ყოველ წამს იცვლება ღრუბლის ფორმა, მიდიან და მოდიან. ბევრის თქმა შეუძლია ცას ადამიანზე და ადამიანს ცაზე. ხომ ამბობენ ადამიანმა დიდხანს რომ უყურა ცას შიგ ჩაუვარდა და აქედან მოდის ცისფერი თვალებიო. ცას ყველა ფერის თვალი ირეკლავს, გარდა ცისფერისა. ცისფერ თვალებში ცას ვერ დაინახავ, მაგრამ გოგო გაბრიელის თვალებში ცასაც ხედავდა და მზესაც როცა ახლოდან უყურებდა. ბიჭმა ნავი დაძრა და ტბის ბოლომდეც ნელა გაიყვანა. მზე უკვე ჩასულიყო და დაბნელებულიყო. გოგოს დელფინარიუმშიც უნდოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ორშაბათობით დელფინარიუმი არ ფუნქციონირებდა. მართალია გული დასწყდა მაგრამ მის ბედნიერ დღეს ეს დეტალი ვერაფრით გააფუჭებდა. უკვე გვიანი იყო და ვეღარაფერს ნახევდნენ ქალაქში, გოგოც დაღლილი იყო და ამდენი სიარულის მერე ძალიან შიოდა. უნდოდა მადლობის ნიშნად გაბრიელი ვახშამზე დაეპატიჟებინა, მაგრამ ხალხმრავლობის თავი არ ჰქონდა და გადაწყვიტა თავის ბინაში მიეწვია, გუშინდელი ნაყიდი ღვინო ჰქონდა, მაცივარში პროდუქტები რამეს მომზადებდა, მართალია დიდი ვერაფერი კულინარი იყო, მაგრამ ყველა ამბობდა, რომ გემრიალი ხელი ჰქონდა. თუ არადა მარტივად მოგვარდებოდა პრობლემა და უბრალოდ გამოიძახებდნენ საჭმელს. თავისი გეგმის გამხელა გადაწყვიტა გოგომ, როცა გაბრიელმა დაასწრო. - დღეისთვის ბოლო ლოკაციაზე მივდივართ, გატყობ შენც დაიღალე და მეც დაგემშვიდობები მერე. - აამ, კარგი. - ეცადა არ დატყობოდა, რომ მისი სულ ახლახანს მოფიქრებული გეგემები ჩაშალა თავისი სიტყვებით. თითქოს ისე ჟღერდა „მეც დაგემშვიდობები“, რომ რაღაც საქმე ჰქონდა და ვერ გაჩერდებოდა. მალევე გამოერკვა თავისი ფიქრებიდან და ჰკითხა. - საით მივდივართ? რა უნდა ვნახოთ? - საიდუმლოდ დავტოვებ, რომ მოულოდნელობის ეფექტმა იმუშაოს. ტბიდან ჯერ ბულვარს გაუყვნენ და მალევე შეუხვიეს ისევ ქალაქის გულისკენ, ზღვა უკან მოიტოვეს. მიდიოდნენ წინ და ხალხის ხმაც მატულობდა. მალე მოცეკვავე შადრევნებთან გასულიყვნენ, უკვე ჩართულიყო და სხვადასხვა კომბინაციებს ამეორებდა ერთი მეორეს მიყოლებით. გოგომ სიხარულისგან ტაში შემოჰკრა, დაუფიქრებლად და მკლავზე ჩამოეკიდა ბიჭს. - მეგონა მარტო ზაფხულში იყო ხოლმე. ბიჭს ხმა არ ამოუღია. ახლოს რომ მივიდნენ გოგო თვალს არ აცილებდა შადრევანს ბიჭი კიდე გოგოს. შადრევანი სხვადასხვა ფერად ანათებდა და სულ სხვადასხვანაირად მოძრაობდა. გოგო გაფართოვებული თვალებით შესცქეროდა და პირდაპირ მის თვალებში ირეკლებოდა მოცეკვავე შადრევანი. ბიჭი მის ემოციებს ზუსტად ისე აკვირდებოდა როგორც ეკლესიაში, მაგრამ ახლა მისი ბედნიერება პირდაპირ გადმოდიოდა მის სახეზე, ყოველ ჯერზე როცა გოგო იცინოდა, მასაც ებადრებოდა სახე. ცოტახანი უყურა შადრევას და ბოლოს ბედნიერი სახე უცბად დაასერიოზულა. - არ მინდა უცნაურად გამოვიდეს, მაგრამ სად მიდიხარ? - კითხა პირდაპირ გოგომ. გაბრიელს გაეცინა მის კითხვაზე. - იმის თქმა მინდოდა, რომ სანამ მეტყოდი „მეც დაგემშვიდობები მერეო“ მინდოდა მადლობის ნიშნად გვევახშმა ერთად და რადგან ძალიან დავიღალე და ხალხმრავლობა არ მინდოდა, მაინტერესებდა რას იტყოდი ჩემს დროებით ბინაში რომ გვევახშმა, წითელი ღვინო მაქვს გუშინ ვიყიდე. ფოტოებს გადავარჩევდით და გამოგიგზავნიდი. რას ფიქრობ? - სანამ წითელ ღვინოს ახსენებდი უარის თქმას ვაპირებდი. - გაეცინა ბიჭს, მაგრამ როცა მიხვდა რომ გოგო ხუმრობას ვერ მიუხვდა დაამატა. - ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. - გოგომაც მხიარულად გაუღიმა. - მაშინ ახლა მე ვიქნები თქვენი გიდი და გაგიძღვებით ბინისაკენ, მანამდე მაღაზიაში შევიაროთ. სახლისკენ მიმავალ გზაზე, მაღაზიაში შევიდნენ, გოგომ რამდენიმე პროტუქცი იყიდა ვახშმისთვის, წვენი და გასართობად სასუსნაოებიც გააყოლა ხელს. გაბრიელს ტელეფონზე დაურეკეს და მაღაზიასთან გარეთ ვიღაცას გაცხარებით ესაუბრებოდა. მაღაზიიდან გამოსული დატვირთული, გოგო რამ დაინახა, საუბარი დაასრულა და ხელი მიაშველა. - არ არის საჭირო ყველაფერი შენ წამოიღო, მაინც აქვე ვართ და მძიმეც არა. - შეეწინაღმდეგა და ხელში ერთი პარკი მაინც დაიტოვა. ბინა კუთხის მაღაზიის მოპირდაპირედ იყო მართლაც. პირველ დღეს რომ შადრევანი ნახა გვერდით ჩაუარეს, უცბად გადავიდნენ გზაზე და ბინაში ავიდნენ. გოგომ კარი გააღე და ისევ სახლის თბილი ჰაერი ეცა. შუქი აანთო და პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა. პარკები მაგიდაზე დააწყო. ბიჭმა სახლი კარგად მოთვალიერა, ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა ადამიანზე, მისი სახლით, მიუხედავად იმისა, რომ ეს გოგოს სახლი არ იყო მაინც შეამჩნია რამდენიმე დეტალი. სახლი მოწესრიგებული იყო, ყველაფერი თავის ადგილას იდო. სავარძლის გვერდით ჟურნალის მაგიდაზე დადებულ წიგნსა და სიგარეტის კოლოფის თვალი მოკრა. მაგიდაზე ლეპტოპი დამტენები და ქაღალდები იდო. - უი, ჰო შეგიძლია თავი ისე იგრძნო როგორც საკუთარ სახლში. - გოგომ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა და აივნის კარები ოდნავ გამოაღო. - წინააღმდეგი, ხომ არ იქნები, ცოტახანში რომ დაგიბრუნდე, იქამდე არ ვიცი შეგიძლია ჩემი კომპიუტერი აიღო, ან რამე გააკეთო დიდხანს არ გალოდინებ უბრალოდ გამოვიცვლი. ხო, ინტერნეტის პაროლი მაგიდაზე დევს. ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და სავარძელში მოკალათდა. ჟურნალის მაგიდაზე დადებული წიგნი აიღო, ბრმად გადაშალა რომელიღაც გვერდზე და კითხვა დაიწყო. ზუსტად ხუთ წუთში გოგოც დაბრუნდა სამზარეულოში, სახლის ფორმაში იყო, სპორტული შარვალი დიდი ნირვანას მაიკა და ჩუსტები ეცვა. ბიჭს გაეცინა, როგორც ბუნებრივად აკეთებდა ყველაფერს, რაც ამხელა კომფორტს უქმნიდა. - ფეხზე გახდა ხო არ გინდა? შემიძლია ჩემი ჩუსტები გათხოვო, მეორეც მაქვს. - ფეხზე დახედა ბიჭს. - მართალია პატარა გექნება, მაგრამ იქნებ უფრო კომფორტული იყოს. - არა მადლობა. თუ შემაწუხებს წინდებით ვივლი, რას იტყვი? - ეგეც კარგი აზრია. - მაცივარი გამოაღო და დაიწყო ფიქრი რა შეიძლებოდა გაეკეთებინა. - იცი არ ვიცოდი სტუმარი თუ მეყოლებოდა, ამიტომ არაფერი მაქვს, მზად, რას ფიქრობ ამ ერთხელ რომ რამე გამოვიძახოთ და პირობას გაძლევ შემდეგზე აუცილებად დაგპატიჟებ ჩემს მომზადებულზე. - ძალიან კარგი, უკვე ორი მიზეზი გვაქვს, რომ კიდევ შევხვდეთ ერთმანეთს. - უთხრა ღიმილით გაბრიელმა და ტელეფონი ამოაძვრინა. - ერთი ვიცი და მეორე რა არის? - პანორამული ბორბალი, ამის გარეშე ბათუმიდან ვერ წახვალ. რას შეჭამ? - არ ვიცი, რა შეგვიძლია გამოვიძახოთ? საბოლოოდ არჩევანი სუშიზე და ნუდლსებზე გააკეთეს. სანამ შეკვეთა მოვიდოდა, გოგო ავინაზე გავიდა, გაბრიელიც უკან გაჰყვა. სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა და მოუკიდა. - გინდა? - ბიჭს გაუწოდა კოლოფი. გაბრიელმაც ამოაძვრინა ერთი ღერი და გაუკიდა. - ჰმ, ერთი წუთით დამელოდე. - გოგომ საფერფლეზე დადო სიგარეტი და სამზარეულოში დაბრუნდა, ცოტახანში იქიდან ორი ჭიქა ღვინით დაბრუნდა და აივნის მაგიდაზე დადო, თვითონ სკამს მიუჯდა და ფეხები ზემოთ ააწყო. ბიჭი მისკენ შემობრუნდა. - დღეს ძალიან კარგი იყო. - ჭიქიდან ღვინო მოსვა - ახლა რომ ვფიქრობ ძალიან მიხარია რომ შეგხვდი. აივანზე ცოტა ხანს კიდევ ისაუბრეს და მალე შეკვეთაც მოიტანეს, მართალია სუშის ღვინო არ უხდებოდა და ფილმის ყურებაც გადაწყვიტეს. ჯერ არც ისე გვიანი იყო და არ უნდოდათ ერთმანეთთან გამომშვიდობება. ვახშმის შემდეგ, გოგომ თავისი პატრა დინამიკი გამოიტანა და საშუალო ხმაზე მუსიკაც ჩართო. აღმოჩნდა, რომ მუსიკაში მათი გემოვნება თითქმის ემთხვეოდა ამიტომ არ ყოფილა პრობლემა იმასთან დაკავშირებით რა მუსიკა უნდა ჩართულიყო. პატარებივით დაინაწილეს და რიგის მიხედვით, ერთმანეთის მერე რთავდნენ. მუსიკის ფონზე დიდი გულისყურით გადაარჩიეს ფოტოაპარატით გადარებული ფოტოები, რამდენიმე თბილი კადრის დაჭერაც მოასწრეს. სანამ ბიჭი კომპიუტერში გადარჩეულ სურათებს იგზავნიდა თავისთან გოგომ პოლაროიდი გამოიტანა და სანამ გაბრიელი რამეს დაინახავდა უცბად გადაუღო კომპიუტერთან მჯდომ გაბრიელს ფოტო, გამოაძვრინა კარგად გააცია და ბიჭს ანახა. - კარგად გამოიყურები. - უთხრა და პოლაროიდი გაუწოდა. - შენ, რა მთელი თბილისი ბათუმში წამოიღე. - უთხრა ბიჭმა ღიმილით და პოლაროიდს დააშტერდა. - მინდოდა კარგი ფოტოები გადამეღო და შენი დამსახურებით მოვახერხე კიდევაც. - უთხრა მხიარულად, პოლაროიდი მაგიდაზე დადო და ღვინის ბოკლიანად მიუჯდა მაგიდას. უკვე საკმაოდ დაელია და ნელ-ნელა ეპარებოდა ალკოჰოლი. სანამ გოგო ასე გარინდული იჯდა და ღვინოს წრუპავდა, გაბრიელმაც გადაუღო პოლაროიდი და თავისას გვერდით ამოუდო. - ფილმზე რა გადაწყვიტე? - The Fountain, წყარო საინტერესო ჩანდა და თუ სხვა იდეა არ გაქვს ვუყუროთ. ან თუ უკვე ნანახი არ გაქვს. - არა, არ ვიცი, პირველად მესმის. მალე კომპიუტერი ტელევიზორზე შეართეს ფილმი გახსნეს, ამასობაში ღვინო და სასუსნაოებიც მოიმარაგეს და ფილმს ჩაუჯდნენ. ფილმი საინტერესო და ლამაზი აღმოჩნდა, მაგრამ გაბრიელმა ნახევარ ფილმს გოგოს სახეზე უყურა, ხან ერთს ვერ აცილებდა თვალს ხან მეორეს. ფილმის დასასრულს ერთმანეთს გახედეს და კმაყოფილებმა გაიღიმეს. - მომეწონა, საინტერესო იყო. - დაიწყო ბიჭმა პირველმა. - არ ვიცოდი თუ დრამა იყო, ფენტეზი და დრამა კარგი კომბინაცია გამოდგა. რას იტყვი? - ნამდვილად, სიცოცხლის ხე და ბედი, ადამიანები სამ სხვადასხვა დროშ და ერთმანეთის გვერდით. ჩვენც ხომ ახლა დავფიქრდით ბედზე. - გოგოს გაეცინა, მიხვდა საუბარი საითაც მიჰყავდა, უცნაური იყო, ჯერ მათი ასე ერთმანეთთან გადაყრა და მერე შემთხვევით ამ ფილმის ერთად ნახვაც. მოულოდნელად წამოდგა და აივანზე გავიდა სიგარეტის მოსაწევად, გაბრიელიც უკან გაჰყვა. ბათუმი ჩუმი იყო, თბილისისგან განსხვავებით აქაური ღამე მშვიდი და წყნარი იყო. არ ისმოდა მანქანების ხმა, ქალაქის ცენტრიდან მომავალი სხვადასხვა ხმაური, კორპუსებიშიც თითქმის შუქი თითქმის აღარ ენთო. სიგარეტის კვამლს უყურებდა, როგორ ადიოდა ზემოთ, დღის ბოლო იყო, აივანზე იჯდა და ფიქრობდა როგორი უშუალო და სასიამოვნო ადამიანი იყო გაბრიელი. სკამიდან წამოდგა და მოაჯირთან არც ისე ახლოს, გაბრიელის გვერდით დადგა. უცნაური იყო რომ იმ წუთას ორივე ერთმანეთზე ფიქრობდა, მაგრამ ხმას არცერთი იღებდა, თითქოს ელოდებოდნენ ერთიმეორეს და აი ბოლოს დუმილის ხაზიც გაბრიელმა გაწყვიტა. - თბილისში ჩემს საყვარელ კაფეში მხვდები აქ კი მთელ ბათუმში ჩემს საყვარელ ადგილას. ამას როგორ ახერხებ? - ბიჭი მთელი ტანით შემოტრიალდა გოგოსკენ. გოგომ არ იცოდა რა ეთქვა და უბრალოდ მხრები აიჩეჩა. - გულისთქმას მივყვები და შენამდე მოვდივარ! - თითქოს ეს ნიშნი იყო ბიჭისთვის და მასთან უფრო ახლოს მოვიდა, ხელი ხელზე დაადო და პირდაპირ თვალებში ჩახედა. - შეიძლება გაკოცო? - გინდა მაკოცო? - ისე შეუბრუნა კითხვა, რომ ნებას აძლევდა მისთვის ეკოცნა. ბიჭმა თითქოს მდუმარედ თავი დაუქნია. აღარ დააყოვნა და თავიდან ძალიან ნელა და ნაზად შეეხო ტუჩებზე, როცა იგრძნო როგორ გამოეპასუხა გოგოც, ჯერ ტუჩებით, მერე კი ხელები პირდაპირ თმაში შეუცურა, უფრო ახლოს მიიზიდა თავისკენ და ამჯერად უფრო მომთხოვნად დაეწაფა მის ტუჩებს. ერთ კოცნას მეორე მოჰყვა და ერთმანეთით გაბრუებულები დიდხანს იდგნენ აივანზე. უცნაური გემო ჰქონდა, სიგარეტისა და ღვინის ერთმანეთში არეული და მაინც ძალიან ტკბილი. ბიჭი მეტი გაცხარებით კოცნიდა და ნელა-ნელა ტემპსაც უჩქარებდა, გოგოც არ ცდილობდა მოსწყვეტოდა მის ტუჩებს და მასთან ერთად გაურბოდა დროს. როცა გამოერკვა ბიჭი, მოულოდნელად მოსწყდა და გოგოს შეხედა. შეეძლო დაეფიცა, რომ იმ წუთას მის თვალებში გაჯრთა, გულისწყვეტა, მაგრამ ყველაფერი ასე უცბად ვერ მოხდებოდა. ცოტახანს კიდევ იდგნენ აივანზე, ხან ერთმანეთს უყურებდნენ ხან ცას შეხედავდნენ და დღით კმაყოფილები ალაგებდნენ თავში ყველაფერს. გოგო მოულოდნელად მიუხლოვდა, წელზე შემოხვია ხელები და მიეხუტა, ბიჭმაც გადახვია ხელი და კიდევ დიდხანს იდგნენ ასე, ერთმანეთის ნაპერწკალი ათბობდათ და სულაც არ აქცევდნენ ყურადღებას იმას, რომ გარეთ უკვე საკმაოდ ციოდა. მერე ბათუმის ცამაც დაიგრგვინა და ციდან დაიწყო წვიმამ წკარუნი, მერე კი ერთიანად დასჭექა და თავსხმა წვიმა გამოუგზავნა დედამიწას. ორ სვეტს შუა ამაყად ეჭირა თავი მთვარეს და გვერდით პატარა ვარსკვლავი ციმციმებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.