შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიტის (თავი IX)


27-05-2024, 20:44
ავტორი Ketevann
ნანახია 576

”შინაგანი მხეცი”

უკან დაბრუნებულმა, როცა კვლავ იმ ოცნებებს მივტიროდი, რომელთაც ახდენა არ ეწერათ, გუშაგებს გვერდი მდუმარედ ავუარე და ეზოში ბარბაცით შევაბიჯე. ფრთებჩამოცვენილ იმედებს გზა და გზა ვაგროვებდი. თითქოს ცხელებას შევებყარი. თვალებში მიორდებოდა.
სახლის წინ, უზარმაზარ მაგიდაზე სუფრა გაეშალათ. გაზაფხულის მშვიდი საღამო იდგა. ფუნთუშეულისა და ალუბლის ნამცხვრის სურნელი ჰაერში ტრიალებდა. სტუმრები მაგიდას მისხდომოდნენ და ჩაის ხვრეპდნენ. მხიარული შეძახილები ერთმანეთში ირეოდა.
საკუთარ ფეხსაცმელს დავყურებდი და სახლისკენ მივბარბაცებდი, როცა ნინომ მომკრა თვალი და გაოცებულს, ჩემი სახელი თავისდაუნებურად აღმოხდა.
-ლილია, - დაბნეული, ლურჯი ირისები შემომანათა და რაღაცის თქმას აპირებდა, როცა გაახსენდა, რომ მარტონი არ ვიყავით, - ლილიას არ იცნობთ, - წამოდგა ნინო, - ჩემი საყვარელი მეგობრის ქალიშვილია. სულ მოკლე დროში თავი შვილივით შეგვაყვარა.
მე მეტირებოდა, მაგრამ ცრემლებს ქუთუთოებში ვაშრობდი და უნიჭოდ ვიღიმოდი.
-მობრძანდი, ლილია, დაგვეწვიე. - სუფრასთან მიმიპატიჟა იოსებ იაშვილმა, რომელიც ჩემს გაშეშებასა და ამღვრეულ თვალებს, ჩანდა, საშუალოზე მეტად გაეკვირვებინა.
-ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. დრო გამომეპარა. - ვთქვი მე, თავი გავაქნიე და მათკენ გავეშურე.
სინამდვილეში, მათი აქ ყოფნა სულ დამვიწყებოდა, რადგან კიტისთან დრო სხვაგვარად გადიოდა. ყველაფერი მნიშვნელოვანი მნიშვნელობას კარგავდა, უმნიშვნელო კი სხვაგვარ გემოს და არომატს იძენდა.
ცარიელი ორი სკამი დარჩენილიყო. ჩემთვის და კიტისთვის. ერთ-ერთზე მორიდებით ჩამოვჯექი და მზერა მოკრიალებულ თეფშზე საკუთარ ანარეკლს გავუშტერე.
სახე ჩამომტიროდა.
-საყვარელო, გზად, სადმე კიტის ხომ არ გადაჰყრიხარ? - მკითხა ნინომ ისე, სასხვათაშორისოდ.
ვიცოდი, ინტერესისგან სული ელეოდა, მაგრამ სტუმრებთან, ჩვეულებრივ, თავს აჩვენებდა. ყველანი ასე ვიქცეოდით და მე მეჩვენებოდა, რომ იმ სამყაროში, რომელშიც მოვხვდი, ნამდვილი და ხელშესახები არაფერი დარჩენილიყო.
რა პასუხი უნდა გამეცა, პირი დამფჩენოდა, ისე, თითქოს რაღაცის თქმას ვაპირებდი და ის იყო აჭარხლებულ სახეზე ალმური უნდა მომდებოდა, რომ კიტის ხმა გაისმა:
-აქ ვარ.
სახლის მოჩუქურთმებული, თეთრი ხის კარი გამოეღო და შესასვლელში ასვეტილიყო. მხრით ჩარჩოს მიყრდნობოდა და შორიდან გვაკვირდებოდა. მის ჩვევებს კარგად ვიცნობდი. ვიცოდი, სახლში უკანა ეზოდან შემოვიდოდა და ოთახში ისე აიპარებოდა, რომ ყველასთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
-ღვთის გულისათვის, - ამოიგმინა ნინომ, - დაგვეწვიე.
კიტის ტანისამოსი არ გამოეცვალა, ჯირითისას კაბა დასჭმუჭვნოდა და სასაცილოდ აეკეცა, ჩალისფერი კულულები კი დაუდევრად ჩამოჰყროდა მხრებზე.
სახე უჩვეულოდ სერიოზული ჰქონდა, მზერა კი კვლავინდებურად მოუსვენარი.
-ჩვენი ნაბოლარა ქალიშვილი, - სტუმრებს მიმართავდა ერეკლე, - კიტი.
ამის თქმა იყო და იოსები საჩქაროდ წამოხტა ფეხზე.
-ჩვენთვის დიდი პატივია, - დანაოჭებული ყელი მოეღერებინა და კიტის ისე აკვირდებოდა, როგორც უცხო ხილს, რომლის მსგავსიც აქამდე არაფერი ენახა, - ხომ იცით, რომ თქვენს ქალიშვილზე ქალაქში ლეგენდები დადის?
ნინომ სტუმარს თავი სიცილით დაუქნია. ერეკლე სერიოზული იყო, კიტის სილამაზეზე საუბარი, მაინც და მაინც არ უყვარდა. მეჩვენებოდა, რომ საფრთხის მოახლოებას გრძნობდა. მადლობას არასდროს იხდიდა, მხოლოდ თავს ხრიდა და სასაუბრო თემის უმალვე ცვლიდა.
კიტი ჩვენკენ ნელი ნაბიჯით წამოვიდა და უკანასკნელ ცარიელ სკამზე, ჩემს გვერდით, იოსებ და გიორგი იაშვილების პირისპირ, უხმოდ ჩამოჯდა.
-როგორ მოხდა, რომ აქამდე სტუმრად არ გვწვევიხართ? - მასპინძლებს მიმართავდა იოსები, თავისი ბებერი თვალებით კი კიტის ჭამდა და ხშირ წვერზე ხელს ისვამდა, - მინდა, თქვენს უმცროს ქალიშვილს ჩემი უმცროსი ვაჟი გავაცნო.
კიტი ერთიანად მოჭიმულიყო. ისე იჯდა, თითქოს იარაღი აესხა და მხოლოდ რაღაცას უცდიდა ჩახმახზე ხელის გამოსაკრავად.
-კიტის ახალი ადამიანები, მაინც და მაინც არ უყვარს. - თქვა მართამ, რომელსაც უმცროსი დის გამოჩენამ სახე მოუქუფრა და ახლა ისე გამოიყურებოდა, თითქოს მის თავზე შავი ღრუბელი მოგროვილიყო. ამის გაგონებაზე, ნინომ გაოცებისგან თვალები დაქაჩა.
”და შენც, ბრუტუს?” - გავიფიქრე და ჩემთვის ჩამეღიმა.
-დარწმუნებული ვარ, ჩემს ვაჟს გადასარევად შეეწყობა, - იხტიბარი არ გაიტეხა თავადმა, სიტყვების უკან წაღება არ უნდოდა, - მითხარი, რითი ხარ დაკავებული?
-რითიც ყველა. - უპასუხა კიტიმ. ჩანგალი საკუთარ თეფშზე განზრახ აარახუნა და ნამცხვარი ხმაურით გადმოიღო .. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, თეფშზე დააგდო მეთქი.
ნინომ ჩაახველა.
-გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, რაც მართალია მართალია. - უხერხულად გაიღიმა იოსებმა.
ჩვენ გავჩუმდით. ვხედავდი, ბიჭებს ეცინებოდათ, თუმცა, არ სურდათ უადგილო ხითხითი ელენეს საქმროს უპატივცემულობაში ჩასთვლოდათ და ყველაფერი ზედმეტისგან თავს იკავებდნენ.
-დიდი ხანია, ელენეს იცნობთ? - ჰკითხა კიტიმ გიორგის. ქვემოდან უყურებდა და თან, ორივე ხელით ნამცხვარს ჭრიდა, - არასდროს უხსენებიხართ.
-დიახ, - ჩაახველა გიორგიმ, - რამდენიმე კვირაა.
-სრულიად საკმარისი დასაოჯახებლად. - თქვა კიტიმ, დანა-ჩანგალი მაგიდაზე დააწყო და ყმაწვილს პირდაპირ სახეში მიაშტერდა.
კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. საუბარი არ გაუგრძელებიათ, მხოლოდ სტუმრები იღიმოდნენ ზრდილობიანად და საკვებს აქებდნენ. ნინო ქათინაურებს იღებდა, თუმცა კი ყველამ ვიცოდით, მისი მომზადებული აქ არაფერი იყო.
-ნინო, მაინც როგორ ახერხებთ, რომ ქალიშვილებს ამ ასაკამდე დაოჯახებას არ ანებებთ, - მასპინძელს მიუბრუნდა იოსები, რომელსაც კიტის სილამაზე ჯერ ვერ მოენელებინა, - ქალაქის ყმაწვილები თქვენს კართან ათენებენ?
-ჩვენ ჩვენი წესები გვაქვს. - მიუგო ერეკლემ და თითები ერთმანეთს გადააჭდო. იმ დღეს უჩვეულოდ სერიოზული მეჩვენებოდა. სახე კუშტი და ჩაფიქრებული ჰქონდა. მე ვხედავდი, რაღაც არ მოსწონდა.
-რასაც ვაფასებთ, - თავი დაუქნია იოსებმა, - მხოლოდ, არ მესმის, აქამდე როგორ არ მოგტაცეს. განსაკუთრებით, უმცროსი. - ამის გაგონებაზე ერეკლეს სახე ისე მოექუფრა, სტუმარმა ვითარების გამოსასწორებლად საჩქაროდ დააყოლა, - ჩემი ქალიშვილი სამჯერ მომტაცეს და სამჯერვე უკან დავაბრუნე.
-კართან საკმარისი რაოდენობით გუშაგები გვიდგას. - გახუმრება სცადა ნინომ და მეუღლეს სიცილით ჩამოუსვა ხელი მხარზე.
-თავის დაცვა თავადაც შესანიშნავად გამოსდის. - თქვა ტეომ, რომელიც აქამდე ძმებთან დიალოგით გართულიყო და ეშხში შესულს, თითქმის არაფერი გაუგონია.
-მართლა? - გაიკვირმა იოსებმა, - მაინც როგორ?
-მაინც ისე, რომ გადასარევად ვისრი როგორც მშვილდს, ისე იარაღს, ვხმარობ კატანას, ვჯირითობ და ვნადირობ. - მიუგო კიტიმ სრული სერიოზულობით და კრემიან ტუჩებზე ხელსახოცი გადაისვა.
ცხადია, თავადმა იფიქრა, ხუმრობსო და ისე გადაიხარხარა, მეგონა ჩაბჟირდებოდა. ჩავარდნილი ლოყები სიცილისგან შეუწითლდა და ხრუტუნს მოჰყვა. ჩვენც ავყევით. ცხადია, ყველას გვაწყობდა კიტის ნათქვამი ხუმრობად მიეღოთ.
-რა შესანიშნავი გოგონაა, - იცინოდა იოსები. ცრემლები სდიოდა და ჩამოსიებულ უპეებს აბრეშუმის წითელი ცხვირსახოცით იმშრალებდა.
-ისეთი ხუმარაა, - ხარხარებდა ლუკა და იესეს მხარზე ხელს ძლიერად ურტყამდა, - სულ ასე გვაცინებს ხოლმე.
როცა სტუმრები დამშვიდდნენ, ჩვენ კი სიმწრის სიცილი შევწყვიტეთ, მამაკაცებმა ისეთ თემებზე გააბეს საუბარი, რომლისაც არა გამეგებოდა რა.
ბჭობდნენ გადასახადებზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, გლეხებზე, ფულზე, სასმელზე, ბანქოზე და ბოლოს, სიგარაზეც კი.
მხოლოდ მე კი არა, დანარჩენებსაც მობეზრებოდათ. ნინომ ელენეს ხელი ჩაჰკიდა და სამზარეულოსკენ, დინასთან სასაუბროდ გააქანა.
მე გამოშტერებული ვიჯექი, კიტი კი მამაკაცებს ყურს უგდებდა და თან გასართობად კრემით თეფშზე ფიგურებს ხატავდა, როცა ხელიდან ლუკა, იესე და თეოდორიც შემოგვეცალენ. ცხენებს დავაბინავებთ და მოვალთო, მოიმიზეზეს. ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგან ცხენების დაბინავებით მსახურები იყვნენ დაკავებულნი. კიტიმ ძმებს დაეჭვებულმა გააყოლა თვალი.
ამასობაში, ერეკლემ სტუმარი თავისი ძვირფასი, დიდი ხნის ნაგროვები და ნაფერები, უცხოური სასმელების დასაგემოვნებლად წაიყვანა, რომლებიც საპატიო ადგილას, საკუთარ კაბინეტში ჩაემწკრივებინა და მიკარების უფლებას არავის აძლევდა.
გიორგი გაყოლას არც აპირებდა, თუმცა კი იოსებმა მაინც დააყოლა, ქალბატონებს მიხედეო, გაუღიმა და დაინტერესებული აედევნა მასპინძელს.
ასე დავრჩით სუფრასთან მხოლოდ მე, მართა, კიტი და ბატონი გიორგი იაშვილი, რომლის ზრდილობა, მოწიწება და თავადური მანერები მყისიერად სადღაც აორთქლდა და კიტის უტიფრად ჩააშტერდა თვალებში.
-ესეიგი, გადასარევად ნადირობ. - მარტო დარჩენისთანავე მოურიდებლად გადავიდა შენობით მიმართვაზე და სახეზე გამომწვევი ღიმილი მოირგო.
უსიამო შეგრძნება დამეუფლა.
-უბადლოდ. - მიუგო კიტიმ.
-და მაინც, რაზე ნადირობ?
-რაზეც შენ. - მიმართვის მხოლობით ფორმაზე დაუფიქრებლად გადავიდა კიტიც. ვალში არავის რჩებოდა, მითუმეტეს, უტიფარ თავადებს.
სახეზე ცინიკური ღიმილი მოერგო და მეჩვენებოდა, რომ ჩახმახზე თითის გამოსაკრავად სწორედ ამ წამს უცდიდა.
მე გულისრევის შეგრძნება დამეუფლა და მართას შევხედე, რომელსაც გაოცებისგან პირი დაეღო და ხან ერთს შესქეროდა, ხანაც მეორეს.
-რაზეც მე ... - გაიმეორე გიორგიმ, - და არ გიფიქრია, რომ მაგალითად, რაიმე განსაკუთრებულზე ინადირო?
კიტიმ ღრმად ჩაისუნთქა. მე თვალებს ვაცეცებდი, მინდოდა ვინმე დაბრუნებულიყო, რადგან გიორგის თვალები კიტის ლავიწებზე კარგს არაფერს მოასწავებდა.
”როგორ შეიძლება, ადამიანი ერთ წუთში თავიდან ფეხებამდე შეიცვალოს?” ვფიქრობდი ჩემთვის. ის ყმაწვილი მაგონდებოდა, მასპინძლების გვერდით მორიდებით რომ იჯდა და ყველას მოწიწებით გვიკრავდა თავს.
ცხადია, ჩვენთან ერთად ერთი მამაკაცი მაინც რომ დარჩენილიყო, გიორგი ვაჟკაცის როლიდან არავითარ შემთხვევაში არ გამოვიდოდა, მაგრამ ამ სამყაროში ქალებს არ სწყალობდნენ და სინამდვილეში, მათი არც სჯეროდათ.
-მაგალითად, რაზე? - ფიქრებიდან კიტის ხმამ გამომარკვია.
-გულებზე.
-გულებზე?
-მამაკაცების გულებზე, ქალბატონო. - ცალყბად გაუღიმა გიორგიმ.
მართას შემართული ხელი, რომელშიც პური ეჭირა და პირისკენ მიაქანებდა, გაოცებისგან ჰაერში გაუშეშდა. მე შემაჟრჟოლა და უმცროსს შევხედე. იღიმოდა. მღელვარება არ ეტყობოდა.
-გულს საერთოდ ამოგაცლი და ბოლტოს ვაჭმევ. - თქვა კიტიმ ისე, რომ სახიდან ღიმილი არ მოშორებია.
ბოლტო მათი როტვეილერი იყო, რომლისაც სიკვდილამდე მეშინოდა და ვცდილობდი არსად გადავყროდი.
ამის გაგონებაზე, წვენი გადამცდა და კინაღამ დავიხრჩე. მართა, რომელიც გაოცებისგან კედლის ფერებს ერწყმოდა, ზურგზე ხელს მირტყამდა. ფეხზე წამოვდექი, სული რომ მომეთქვა.
-თვალებში გეტყობა, ჩემი და ძალიან გიყვარს. - თქვა კიტიმ მაშინ, როცა შეამჩნია, გიორგის მზერა მისი ლავიწებიდან უფრო ქვემოთ როგორ ინაცვლებდა.
მე კეთილშობილური აზრები მიტევდნენ, იმის დაჯერება არ მსურდა, რასაც ვხედავდი და ვფიქრობდი, კიტის დანახვისას თავის შეკავება ხომ თითქმის შეუძლებელია მეთქი .. თუმცა კი აუცილებელიც, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცოლად ამ უკანასკნელის დას ირთავ, კიტის კი მისივე სახლში ასე უტიფრად ეარშიყები.
-ძალიან მიყვარს .. - თქვა გიორიმ ისე, რომ უმცროსისთვის თვალი არ მოუშორებია.
-ესეიგი, თავდავიწყებით. - დააყოლა კიტიმ.
მე ძალიან მინდოდა გაჩუმებულიყო, იმიტომ რომ მეშინოდა.
-და კიდევ უფრო მეტად. - სახე უფრო ახლოს მიუტანა სტუმარმა.
მე სრულიად გაოგნებულს, ყბა ძირს ჩამომვარდნოდა. მართას, რომელსაც სახეზე მთელი ფერთა გამა ეხატა, ცოტაღა აკლდა, რომ არ წამომხტარიყო და მშობლებისთვის არ დაეძახა.
-გიორგი, გიორგი, - თავი დანანებით გააქნია კიტიმ მაშინ, როცა თავადის მზერამ მის მკერდამდე ჩააღწია და შეჩერდა, - ცოლს რომ მოიყვან, მერე სადღა შეჩერდები?
-არავინ გასწავლა, რომ ოჯახის საქმეში არ ერევიან? - კბილებში გამოსცრა მას.
-ელენე ჩემი ოჯახია, - გაიღიმა კიტი, - რომელსაც კბილებით დავიცავ.
-შენ ვინ დაგიცავს? - გიორგის ვნებისგან ხმა ჩახლეჩოდა.
ცხოველს ჰგავდა. აქამდე მსგავსი არაფერი მენახა. თვალები ჩასწითლებოდა და მე მეგონა, მისგან მხეცი ამოხტებოდა, რომელიც ხელით თუ არა, მზერით მაინც შემოაძარცვავდა კიტის ტანსაცმელს.
ის იყო, მართა სახლში გაქცევას აპირებდა, მე კი დაძაბულობისგან ტირილს ვიწყებდი, რომ ეზოში ბიჭები შემოცვივდნენ სიცილ-ხარხარით. ჩვენკენ უდარდელად მოაბიჯებდნენ.
“ღმერთო, გემუდარები, ოღონდ ახლა არაფერი უპასუხოს!” მე ვიცოდი, ბიჭებს ის საუბარი რომ მოესმინათ, რომელიც მე მოვისმინე, გიორგი იაშვილს სული სახლამდე არ გაჰყვებოდა. ეს მანაც იცოდა, თუმცა მღელვარება არ ეტყობოდა, რადგან დარწმუნებული იყო, კიტი არაფერს იტყოდა .. ამისთვის ზედმეტად ამაყი იყო, მე და მართა კი ზედმეტად მშიშრები.
კიტის მათი დანახვისას სიტყვა პირზე შეაშრა. მივხვდი, საუბრის გაგრძელებას აღარ აპირებდა და ერთიანად მოვეშვი. ამოვისუნთქე. “მადლობა, ღმერთო!” ვლოცულობდი ჩემთვის, როცა უმცროსი ბოდიშის მოხდის გარეშე წამოდგა, ძმებს გვერდი ნელი ნაბიჯით აუარა და სახლში შევიდა.ფანჯრიდან ვხედავდი, როგორ მიუყვებოდა დახვეულ კიბეებს.
სულ მალე, როცა ბიჭები მაგიდას მოუსხდნენ, ერეკლე და იოსები კი საკუთარ ადგილებს დაუბრუნდნენ, კიტის უკან გავყევი.
ოთახის კარი ღია დარჩენოდა. თვითონ კი, საწოლზე იჯდა და იატაკზე ერთ წერტილს დასჩერებოდა. ფიქრებში ჩაკარგულიყო. ვიცოდი, მის გონებაში რაც ტრიალებდა.
-ეს რა იყო? - ვთქვი ჩუმად. ისე, რომ კიტი, რომელიც ფიქრებით ძალიან შორს იყო, არ დამეფრთხო.
ამომხედა. სახეზე სიმშვიდე მოჰფენოდა. თითქოს,მომხდარი მისთვის უცხო არ უნდა ყოფილიყო. არ უკვირდა .. არც შფოთავდა.
მე მალევე მივხვდი, რომ მამაკაცთა შინაგანი მხეცის მსხვერპლი კიტი ხშირად ხდებოდა, ამიტომ ჰგავდა იარაღასხმულს, რომელიც სულ მზად იყო საკუთარ თავსა და სხვებს გამოსარჩლებოდა.
-ეს იყო არაკაცი, როგორებზეც შენ და შენნაირებს გათხოვება გინდათ. - მიპასუხა მან და ჩალისფერი კულულები ზურგზე გადაიყარა.
მისი სიტყვები სასიამოვნო არ ყოფილა, თუმცა სინამდვილე იყო. სწორედ მე ვიყავი ის, ვინც ამბობდა, მისნაირი ყმაწვილისთვის სიცოცხლის 10 წელიწადს მაინც დავთმობდიო.
შემრცხვა.
მისი საწოლის კიდეზე მორიდებით ჩამოვჯექი და ხელები კაბის კალთაზე დავიწყე. ქვემოთ აღარცერთი დავბრუნებულვართ. უხმოდ ვისხედით. გვერდიგვერდ. კეფა კედლისთვის მიმებჯინა და სივრცეში ვიცქირებოდი. საუბარი არ მსურდა. გული დამმძიმებოდა და ვწრიალებდი. მთვარის შუქი მაფორიაქებდა.
ვფიქრობდი, სხვა გარემოებაში, რაზე შეიძლებოდა ყოფილიყო წამსვლელი გიორგი იაშვილი. კაცს, რომელსაც სხეულში მხეცი ჰყავს, ყველაფერი შეუძლია. “ყველაფერი სხვაგვარად რომ მომხდარიყო, მარტონი რომ ყოფილიყვნენ .. ხომ შეიძლებოდა, მასზე ძალა ეხმარა?” - ვფიქრობდი და საკუთარი აზრები მაშეშებდა.
საერთოდ, კიტი ისეთი ბუნტისთავი იყო და სახელიც ისე ჰქონდა გატეხილი, მშობლები ყველა აურზაურს მას აბრალებდნენ. ქალაქში, თუ ვინმე რამე უბედურებას გადაეყრებოდა, იმთავითვე ფიქრობდნენ, პირდაპირ ან ირიბად კიტიც იქნება გარეულიო. “დავუშვათ, გიორგის ძალა რომ ეხმარა და მერე მშობლებისთვის მოეყოლა,ნინო ალბათ იმას ეტყოდა, ის კი არა, აუცილებლად შენ გააუპატიურებდიო” - გავიფიქრე და ძრწოლამ ამიტანა.
იმ სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობდით, ქალად ყოფნა სახიფათო იყო. განსაკუთრებით კი, ლამაზ ქალად.
ცოტა ხანში, ცარიელ დერეფანში ფეხის ხმა გავიგონე. მძიმე, ნელი ნაბიჯების.
ისე მოვიჭიმე, მეგონა მღელვარებისგან კანი შემომასკდებოდა.
-ტეოა, - გადმომხედა კიტიმ, რომელსაც ჩემი დაძაბულობა ეგრძნო და ეცინებოდა, - სულ ტყუილად კანკალებ.
არ ვიცი, ოჯახის წევრებს ფეხის ხმაზე როგორ ცნობდა, მაგრამ კარში ტეო აისვეტა. სხეული, როგორც ყოველთვის, ქანდაკებას მიუგავდა. ღრმად სუნთქავდა, გულმკერდი შესამჩნევად აუდ-ჩაუდიოდა, ჭაობისფერი თვალები კი, რომლებიც ფერს ყოველწამიერად იცვლიდნენ, შორიდან უელავდა.
-აქ რა ხდება? - იკითხა მან და მხრით კარის ჩარჩოს მიეყრდნო. ქუთუთოები ოდნავ დაეწვრილებინა და ჩვენ ორს ინტერესით გვათვალიერებდა.
-არაფერი. - მხრები აიჩეჩა კიტიმ. თავს მხიარულად აჩვენებდა.
მე შემრცხვა, რადგან ტეოს მზერას ვერ გავუძელი და თავი ჩავხარე. სინამდვილეში, არც ტყუილის თქმა გამომდიოდა. მითუმეტეს ტეოსთვის. ის ყველაზე დაკვირვებული ადამიანი გახლდათ მათ შორის, ვისაც კი ოდესმე შევხვედროდი.
-და შენ, ბავშვო, - კიტის უყურებდა ის, - კარგად ხარ?
ტეო კიტის ხუთი თითივით იცნობდა. ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი, მიუხედავად იმისა, რომ უმცროსი მართლაც უბადლო მსახიობი იყო.
-რატომ არ უნდა ვიყო? - კითხვა შეუბრუნა კიტიმ.
თეოდორმა იცოდა, მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. არასდროს იტყოდა იმას, რისი თქმაც არ სურდა და მითუმეტეს, არასდროს ითხოვდა დახმარებას. ტეომ ხელი მობეზრებულად აიქნია, ოხ კიტი .. კიტიო, ჩაილაპარაკა, როგორც სჩვეოდა და ნელი ნაბიჯით გაუყვა გრძელ დერეფანს.
სტუმრებმა მალე დაგვტოვეს. ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.
ელენე აღფრთოვანებული გახლდათ საქმროთი, რომელიც გადასარევი აღნაგობითა და ზრდილობით დაიკვეხნიდა. ნინო სასიძოს ოჯახს აქებდა, მამამისი ძალიან მოსწონებოდა. “გადასარევად ხუმრობს” - ამბობდა ის და ერეკლეს აყოლიებას ცდილობდა.
ბიჭებს მეგობრები სწვეოდნენ და ეზოში, გრილი სიოსა და გაზაფხულის მსხვილი ვარსკვლავების ქვეშ ბანქოს თამაშობდნენ. მათი საუბარი მესმოდა. საკუთარ თავებსა და ამაოებაზე ხალისობდნენ.
ყველა ბედნიერი იყო.
მხოლოდ მე ვიჯექი გონდაკარგული და ბუხარს მივჩერებოდი, რომელშიც ცეცხლი არ ენთო. კიტი კი, გვერდით ოთახში როიალს ამღერებდა. სასიამოვნო ჰანგებში ჩაკარგული, დარდებმა შემიყოლიეს. ჩემს განვლილ ცხოვრებას ვწონიდი და იმ ტყუილებზე მეფიქრებოდა, რომელშიც ვცხოვრობდი.
ძილა, დაღლილობას და ნაღველს ვებრძოდი, როცა მუსიკის ხმაც შეწყდა და ის იყო საძინებლისთვის უნდა მიმეშურებინა, რომ სახლში უცნაური სუნი დატრიალდა. ცხვირი ავაცმაცუნე, ხომ არ მეჩვენება მეთქი.
-რა იწვის? - ფეხზე წამოფრინდა ელენე, რომელიც სავარძელზე მიწოლილიყო და წიგნს კითხულობდა, - შენც გრძნობ? - მკითხა მან.
გარშემო შეშინებულები ვიცქირებოდით, როცა სამზარეულოდან ნინო გამოვარდა. თვალები გაჰფართოვებოდა და ჩვენკენ კისრისტეხვით მორბოდა.
-ეს სუნი, - ცხვირთან ხელი აიქნია მან, - არავის გცემთ?
როცა დაინახა, რომ ბუხარი არ ენთო და ცეცხლიც არაფერს წაჰკიდებოდა, ეზოში გაიჭრა. ბალახი ხომ არ დაწვესო, ფიქრობდა და ბიჭებს ეძახდა. მე და ელენე მას მივსდევდით, თუმცა გარეთ მხოლოდ სასიამოვნო სიგრილისა და მიწის სურნელი ტრიალებდა.
ყველანი კვლავ შიგნით შევცვივდით. მსახურები ოთახებიდან გამორბოდნენ, რადგან დამწვარი ბალახის კი არა, სახლში შეტრუსული თმის მყრალი სუნი იდგა.
იმ ოთახის კარი, სადაც კიტი როიალზე უკრავდა და საიდანაც ეს გულისამრევი სუნი მოდიოდა, ნინომ თითქმის შეამტვრია და შიგნით შევარდა.
ზღურბლზე ვიდექი, როცა იმ შემაძრწუნებელ სცენას შევესწარი, დღემდე, ღამ-ღამობით კოშმარად რომ მესიზმრება.
როიალთან მართა იდგა.
ხელში ატრუსული, დამწვარი თმა და სანთელი ეჭირა.
მართას პირისპირ, სავარძელზე კიტი იჯდა. თმა ყბამდე ჰქონდა შეტრუსული. დამწვარი ბოლოები გაშავებოდა. სახეზე ენით აუწერელი გულგრილობა ეხატა. თვალები აღარ უნათებდა. თავისი მოუსვენარი ნაპერწკლებიც აღარ ბჟუტავდნენ.
-ვაიმე .. დედა .. ვალერიანი, - აღმოხდა ნინოს. ფეხებში ღონეგამოცლილი უკან-უკან წამოვიდა ბარბაცით და პირდაპირ იესეს ჩაუვარდა ხელებში. ვერ სუნთქავდა.
მართა ადგილს მილურსმვოდა. თმას დასჩერებოდა, რომელიც ხელში ჩაებღუჯა და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა მიტკლისფერ ღაწვებზე.
ვხედავდი, როგორ იხრებოდა მხრებში, მერე - წელში და ნელ-ნელა ისე პატარავდებოდა, გეგონებოდათ, მიწა შთანთქავსო. პირი დაეღო, ხმა კი არ ამოსდიოდა. თითის წვერები გალურჯებოდა და შესამჩნევად უცახცახებდა.
-მაპატიე .. - ამოთქვა მან, - მაპატიე ..
კიტი, რომელსაც სახეზე უწინდებური სიმშვიდე მოჰფენოდა, მართას პირდაპირ თვალებში ჩაშტერებოდა. უსიტყვოდ უყურებდა და ეს დუმილი ისეთი ხმამაღალი იყო, ისეთი შემაძრწუნებელი.
-მაპატიე .. - ჩურჩულებდა მართა.
ჩვენ, დანარჩენებს ენა ჩაგვვარდნოდა. მხოლოდ მსახურები ხმაურობდნენ, რომლებსაც თვალებმილულული ნინო იქვე მიეწვინათ და ნიშადურის სპირტს ასუნთქებდნენ.
მართა სასოწარკვეთას მოეცვა. ფეხები ეკვეთებოდა, ადგილზე ტოკავდა და პატიებას ითხოვდა.
თვალებს ვერ ვუჯერებდი. ვერც მე და ვერც დანარჩენები.
ჩემს გვერდით ტეო იდგა, პირი ისე მოეკუმა, თითქოს ღრიალის შეკავებას ცდილობსო.
კიტი მშვიდად წამოდგა. წელში გაიმართა. მართას ხელიდან სანთელი გამოართვა, რადგან წვეთები კანზე ეწუწებოდა, სიმწრისგან კი ვეღარაფერს გრძნობდა.
ისეთი მშვიდი იყო .. უდრტვინველი. ნელა მოძრაობდა, აუჩქარებლად, სტრესისგან ჭკუაარეული მეტად რომ არ დაეფრთხო.
-გაპატიე, - თქვა მან ბოლოს და ელენეს ხელით ანიშნა, აქედან გაიყვანეო.
მართას გაშეშებული სხეული მისაღებში, სავარძელზე მიაწვინეს.
-რა გავაკეთე .. ეს რა გავაკეთე .. - შეურაცხადივით იმეორებდა ის და ერთიანად ცახცახებდა.
ნინო კი, როგორც იქნა გონს მოეყვანათ და წამომაყენეთო, თავს იგიჟებდა.
კიტის, რომელიც იმ მომენტში ჩვენს შორის ყველაზე მშვიდი იყო, ამ ქაოსს გასცლოდა და გულისამრევი სუნის მოსაშორებლად დასაბანად შესვლა მოესწრო.
-ეს რამ გაგაკეთებინა, მართა .. - ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბრობდა ნინო, რომელსაც შუბლზე ჯერ კიდევ სველი პირსახოცი ეფინა და თაფლიან წყალს ძალით აყლაპებდნენ, - თმა ღირსებაა ქალისთვის!
-რა ღირსება, დედა, რა ღირსება!- ნერვებს ვეღარ თოკავდა იესე, ნინოს კი, ქალის ღირსებებზე სასაუბროდ ენერგია მაინც ჰყოფნიდა, - ეს დალიე!
მე ხალიჩაზე ვიჯექი, რადგან სკამამდე მისვლა ვერ მომეხერხებინა. გული მერეოდა.
ტეო ზურგით კედელს მიყრდნობოდა, სკულპტურის მსგავს, ულამაზეს სახეზე ენით გამოუთქმელი სევდა ეხატა.
-რა მოხდა .. ღვთის გულისთვის .. რა მოხდა .. - ნინო კითხვებს აყრიდა მართას, რომელიც ამასობაში მოღონიერებულიყო და ეტყობოდა, საუბრისთვის ძალას იკრებდა.
სახლში ისეთი აურზაური ტრიალებდა, დამძიმებულ ქუთუთოებს აქეთ-იქით ძლივსღა ვატრიალებდი. აღარ ვიცოდი, ვისთვის შემეხედა, ანდაც ვისთვის მომესმინა.
-ისე ვბრაზობდი, დედა ... მასზე ისე ვბრაზობდი ... - კანკალით დაიწყო მართამ, - მივუახლოვდი და თმაზე ცეცხლი წავუკიდე ... არ შემწინააღმდეგებია, არაფერი უთქვამს, - ქვითინებდა ის, - თვალებში ისე მიყურებდა, ადგილიდან არ დაძრულა ...ხელი არ შეუშლია ... ეს რა გავაკეთე ... ეს რა გავაკეთე ...
სინამდვილეში, მისი სიბრაზის მიზეზი მხოლოდ მე ვიცოდი. ეს შურისგება იყო. იმასაც კარგად ვხვდებოდი, რომ მართა ამჯერადაც ისტორიის არასწორ მხარეს იდგა.
-სახლი კი არა, საგიჟეთია! - აღმოხდა ლუკას, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა და ჰაერის ჩასასუნთქად გარეთ გავარდა.
სული მეხუთებოდა. სიცოცხლის სიმწარეს მთელი სხეულით შევიგრძნობდი, რადგან უსამართლობას პირისპირ შევჩეხებოდი და არაფრის გაკეთება შემეძლო. ბრაზს ჩემში ფესვები ისე ღრმად გაედგა, ვიცოდი, უწინდებური აღარასდროს ვიქნებოდი.
ნინო და მართა, როგორც იქნა მოსულიერდნენ. დინამ დასამშვიდებლად მწვანე ჩაი მოგვიმზადა. მისაღებში, სავარძლებზე მდუმარედ ვისხედით. მხოლოდ ტეო იდგა, ზურგით კვლავ კედელს მიყრდნობოდა, გონებით კი შორს იყო.
დამძიმებულ წამწამებს ძლივსღა ვაფახურებდი, როცა აბაზანიდან კიტი გამოვიდა. თმის დამწვარი ბოლოები მოეჭრა და შეესწორებინა. სველი, მოკლე თმა ყურს უკან გადაეწია.
კვლავინდებურად ანათებდა. ქალური ღირსება, რომელზეც ნინო საუბრობდა, არ სჭირდებოდა იმისთვის, რომ ყველაზე ნამდვილი და სუფთა ყოფილიყო.
პირიქით, მეჩვენებოდა, რომ გათავისუფლდა. ახლა იმაზე უფრო მეტად უბრჭყვინავდა თვალები, ვიდრე ოდესმე. ახლა იმაზე ლამაზი იყო, ვიდრე აქამდე .. თუ ეს, საერთოდ შეიძლებოდა.
ვუყურებდი. მინდოდა ასეთად დამმახსოვრებოდა. ნამდვილ ბოშად, რომელსაც ბედნიერებისთვის არ სჭირდებოდა არც ეს ხომალდები, კაბები, სახლები და მსახურები ... და არც სილამაზე, რომელიც ღმერთმა ასე უხვად დააბერტყა თავზე.
ყოველივეს ასხივოსნებდა შინაგანი ბრწყინვალებით. ყველაფერი გარეგანი კი, მისთვის ტვირთი იყო.
ოთახის ცენტრში იდგა და ჩვენს მგლოვიარე სახეებს უადგილო ღიმილით აკვირდებოდა.
ტეო, რომელიც აქამდე ყველაფერს მდუმარედ შესცქეროდა, მხრებში გაიმართა, თითქოს რაღაცის თქმას აპირებსო, თუმცა კი ვერ გადაეწყვიტა, ღირდა თუ არა.
რამდენიმეწამიანი ორჭოფის შემდეგ, დარწმუნდა, რომ სწორად იქცეოდა და ტუჩები ღიმილმა გაუპო.
-ბავშვო, რას გავხარ? - თქვა მან და პირი მაგრად მოკუმა, რომ არ გასცინებოდა.
კიტის მყისიერად სიცილი აუტყდა. მისმა კისმისმა ყველაფერი მოიცვა და ერთიანად გვშთანთქა. ტეოც აჰყოლოდა. ერთმანეთს უყურებდნენ და ჩაბჟირებამდე ხარხარებდნენ.
კიტი მუცელზე იკიდებდა ხელებს, სიცილისგან სუნთქვა უჭირდა. ტეო კი, კედელს მიყრდნობოდა, რომ არ ჩაკეცილიყო.
გაკვირვებულნი მივჩერებოდით ორ მოხარხარე სხეულს, რომლებიც ხან ერთმანეთს ეხლებოდნენ, ხანაც კედლებს.
ნინო მხრებს იჩეჩავდა, ელენეს გაოცებისგან თვალები ბუდიდან უცვიოდა, ლუკა ალბათ იმაში რწმუნდებოდა, რომ ეს სახლი კი არა, მართლაც საგიჟეთი იყო, იესეს ეღიმებოდა, მართას კი კვლავ ცრემლები ულპობდა სახეს.
მე ვხარობდი.
მაშინ ვისწავლე, რომ მწუხარება იმდენნაირად გამოიხატება, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ზოგი ტირის, ზოგი იცინის, ზოგიც კი, მთლად უკეთესი, ცეკვავს და თამაშობს.
სიყვარულიც იმდენნაირად შეიცნობა ... ადამიანი, ხომ შეიძლება საკუთარ სიცოცხლეს გერჩივნოს და მაინც, ერთ თბილ სიტყვას არ იმეტებდე მისთვის.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

მიიიყვაააააააააააარს

 


№2 სტუმარი სტუმარი Maia

Zalian emociuri iko didi madloba

 


№3  offline წევრი Ketevann

სტუმარი ანი
მიიიყვაააააააააააარს

სტუმარი Maia
Zalian emociuri iko didi madloba


მადლობა თქვენ.

 


№4 სტუმარი გიული

ვფიქრობ როგორია კიტი,ვიზუალურად, ღმერთმა ერთიანად რომ დააბერტყა ყველაფერი ლამაზი,რა კარგად წერთ მადლობა ამისთვის

 


№5  offline წევრი Ketevann

გიული
ვფიქრობ როგორია კიტი,ვიზუალურად, ღმერთმა ერთიანად რომ დააბერტყა ყველაფერი ლამაზი,რა კარგად წერთ მადლობა ამისთვის

I’m so in love with her !!!!


პირიქით, დიდი მადლობა, რომ მეხმაურებით და სტიმულს მაძლევთ heart_eyes

 


№6 სტუმარი სტუმარი თეა

ძალიან მომწონს. საოცრად გადმოსცემთ და მგონია რომ მეც იქ ვარ სადღაც მოვლენების ცენტრში. ველი გაგრძელებას..

 


№7  offline წევრი Ketevann

სტუმარი თეა
ძალიან მომწონს. საოცრად გადმოსცემთ და მგონია რომ მეც იქ ვარ სადღაც მოვლენების ცენტრში. ველი გაგრძელებას..


უღრმესი მადლობა, ძალიან მიხარია თუ მოგწონთ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent