შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიტის (თავი X)


28-05-2024, 22:56
ავტორი Ketevann
ნანახია 616

"კატერინა გერლიანი"

დილით, მამლის ყივილამდე გამომეღვიძა.
მზე ბოლომდე არ ამოსულიყო.
მსუბუქი ნიავი ქროდა და კარგა გვარიანად ციოდა. ყველას ეძინა.
სწრაფად ჩავიცვი, ხელი წიგნს ვტაცე და საჩქარო ქვემოთ ჩავირბინე.
იმ ინციდენტიდან, როცა მართამ საკუთარ სიცოცხლეში პირველად დაარღვია წესები, ყოველღვარ ზღვარს გასცდა და უმცროსი ქერა კულულების, ნინოსი არ იყოს, "ღირსების" გარეშე დატოვა, ერთი კვირა გასულიყო.
ცხოვრება ძველებურ რიტმს აჰყოლოდა და ასე თუ ისე, ეს ამბავიც ყველას დავიწყებოდა, გარდა მართასი, რომელიც კიტის ყოველწამიერად ებოდიშებოდა და ხან და ხან უმიზეზოდ, ისე რომ არავის ენახა, ჩუმად ქვითინებდა.
მანამ გაპატიე, სანამ თმას დამწვავდიო, ეუბნებოდა უმცროსი და სითბოჩამდგარი თვალებით მისჩერებოდა. მასში არაფერი შეცვლილიყო. არ ბრაზობდა.
მე ვფიქრობდი, რომ კიტის ადამიანური სისუსტეები უყვარდა. არასდროს არავის განიკითხავდა. მათ ისეთებად იღებდა, როგორებიც სინამდვილეში იყვნენ, თავიანთი ცოდვებით და თავიანთ ცოდვებში.
ეს თვისება, განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენდა.
სადღაც წამიკითხავს, ადამიანში ღვთიურიც არის და ცხოველურიც, მათ შორის კი ხიდია გადებულიო. კიტი ამ ხიდებს წვავდა და მათი ალის ქვეშ ცეკვავდა.
მასთან ისეთი ნამდვილი შეგეძლო ყოფილიყავი, როგორად ყოფნასაც საკუთარ თავსაც ვერ გაუბედავდი.
არ განგსჯიდა, პირიქით, იქნებ ამის გამო მეტადაც შეჰყვარებოდი.
ჩემი წიგნიანად, რომელსაც იმხანად ვკითხულობდი და კარგა გვარიანად გავეტაცებინე, შადრევანთან ჩამოვჯექი.
ტეო საიდანღაც ბრუნდებოდა. კვლავ საჯირითო ტანსაცმელი ემოსა. დაღლილი მეჩვენა.
მასზე ფიქრებმა გამიტაცა. ტეო და კიტი კვლავინდებურად ცხოველებივით კაწრავდნენ ერთმანეთს. თუმცა, მე მეჩვენებოდა, რომ ამ ოჯახში თეოდორი კიტის ერთადერთი ზურგი იყო.
მას ყველაფერი ესმოდა. კიტის ყოველი აზრი, ფიქრი თუ საქციელი, რომელზეც მე ღამ-ღამობით ვფიქრობდი, ვწერდი და დილით დამარცხებული ვიღვიძებდი, თეოდორს უსიტყვოდ ესმოდა. სინამდვილეში, უმცროსს ძალიან ჰგავდა.
მართალია, ერთმანეთს ყველაფერში ეჯიბრებოდნენ, აღიზიანებდნენ, სიტყვამწარობდნენ , ქილიკობდნენ და ხან და ხან ერთმანეთის დახოცვასაც ლამობდნენ, მაგრამ ტეოს ესმოდა მისი.
ცხადია, მე არ ვიცი როგორია გაჩნდე არასწორ დროს და არასწორ ადგილას. დაიბადო გახსნილი გონებითა და ფართოდ გახელილი თვალები. არ ვიცი, როგორია ეს სამყარო გიჭერდეს და გეგონოს, რომ კედლები სადაცაა სხეულზე შემოგასკდება.
ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ კიტი იტანჯებოდა.
თუმცა, ღმერთი გაჭირვებასთან ერთად, გაძლებასაც ხომ გვაძლევს ... ამიტომ, მას თეოდორი ჰყავდა. ძალიან დიდი და მტკიცე ზურგი. მთელი სამყაროც რომ შენს წინააღმდეგ შემობრუნდეს, რამხელა შვებაა, როცა იცი, ვიღაცას ესმის.
თეოდორის დახვეწილ მოძრაობებს ჩუმად ვაკვირდებოდი. “ნეტავ როგორი უნდა იყოს გოგო, რომ მისი ღირსი გახდეს?” ვფიქრობდი მე და მეცინებოდა, რადგან ვიცოდი, კიტისთვის იგივე რომ მეთქვა, ცოცხალს არ დამტოვებდა.
“სანამ საკუთარ თავს არ შეიყვარებ, არავინ შეგიყვარებს” მეუბნებოდა და დამარწმუნებდა, რომ დიახაც, ყველფერს ვიმსახურებ. ასე, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მაჯერებდა, რომ მე რაღაცად ვღირდი.
ჭიშკართან ეტლი ჩამოდგა.
-მშვიდობიანი დღე, - მიესალმა ტეო, - ვის უცდით?
-მშვიდობიანი დღე, ბატონო, - თავი დაუკრა მეეტლემ, - ქალბატონის წასაყვანად გეახელით.
-ქალბატონის? - ჩაეკითხა ის.
-კიტი ჯაში ... - დაიბნა მოხუცი.
ამის თქმა იყო და სახლიდან კიტი გამოვიდა მოღუშული სახით. ნინო მოაცილებდა. უფრო სწორად, მოათრევდა. ხელი მკლავში წაევლო და სიარულს აძალებდა. უმცროსს ფეხები უკან რჩებოდა და ისეთი სასაცილო სანახაობა იყო, ღიმილს ვერაფრით ვიკავებდი.
სასწრაფოდ წამოვხტი და მათ ავედევნე.
მაინტერესებდა, სად მიაბრძანებდნენ.
კიტი ცხენს მიუახლოვდა.
-რა ლამაზია, - თქვა მან და ცხვირზე მოეფერა.
მართლაც, უბადლოდ გამოიყურებოდა.
გრძელფეხება, შავი, ჭკვიანი თვალებითა და მოვლილი ბეწვით.
-სად მიდიხარ? - კიტის დანახვისას, გადაირია ტეო.
-დედას ჰკითხე. - ნინოს გახედა უმცროსმა და თვალები გადაატრიალა. ნინო ჩემთან ერთად, კართან დარჩენილიყო და ელოდა, კიტი ეტლში როდის ჩაჯდებოდა და სამშვიდობოს დაიგულებდა.
-თქვენთან ერთად დავჯდები, ხომ შეიძლება? - ჰკითხა უმცროსმა მეეტლეს, - მგონი, დავეტევით.
-ჩემთან ერთად? - სახეზე გაოცება დაეხატა მოხუცს. ხშირი ულვაშიდან გალეული, მომღიმარი ტუჩები მოუჩანდა.
-დიახ, აი, აქ. - ხელით მიუთითა კიტიმ და ზედ ისეთი სისწრაფით შემოხტა,შევკრთი.
ნინო ეტლისკენ გაიქცა, სადაც უმცროსი წამოსკუპებულიყო.
-კაბას დაიხევ, შვილო!
კიტის არაფერი უთქვამს. ისე იქცეოდა, გეგონებოდათ, დედამისის ხმა არც ესმისო.
მოხუცი მეეტლე გამოგვემშვიდობა და თავისი ადგილი დაიკავა. კიტის გვერდით.
-ღმერთო ჩემო, - სახეზე ხელები ჩამოისვა ტეომ და ხმამაღლა ამოიგმინა, - იმ ალქაჯთან გაუშვი?
ნინომ თავი მსუბუქად დაუქნია. ღელავდა. სახე ჩამოსტიროდა და ემჩნეოდა, საუბარი არ სურდა.
ეტლი თვალს ეფარებოდა და კიტისაც, მეეტლესთან საუბრის წამოწყება, ცხადია, უკვე მოესწრო, როცა ტეო დედამისს მიუბრუნდა.
-ხომ იცი, რომ კიტის იქ გაგზავნით არაფერი გამოსწორდება? - გულწრფელად ვერ გაეგო მას, -პირიქით, ყველაფერს მეტად დაამძიმებს.
-სხვა გზა რომ მქონოდა, არ გავუშვებდი, თეოდორ. ეს არც მე მსურდა.
ნინო პასუხს არ დალოდებია. ზურგი სწრაფად გვაქცია და სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა. მღელვარება სიარულზეც დასტყობოდა.
-საინტერესოა, სხვა გზა რატომ არ გაქვს?
სიტყვა დააწია ტეომ. ქალს არაფერი გაუგონია.
იმ დღეს, კიტის დაბრუნებამდე მთელი სახლი შფოთავდა. ყველა რაღაცას მიდებ-მოდებოდა. კამათობდნენ, ბრაზობდნენ, ჩხუბობდნენ. დაძაბულობა ჰაერში იგრძნობოდა.
თავი ჩემს საწერ მაგიდასა და სამელნეს შევაფარე.
აქაურობის ბევრი არაფერი გამეგო, მაგრამ კატერინა გერლიანი კვლავ მთავარ გამოცანად რჩებოდა. ტეოსთვისაც ასე იყო. კიტი კი, მას არასდროს ახსენებდა. ბევრად დიდ რამეებზე ფიქრით გახლდათ გართული და სინამდვილეში, მისთვის არ ეცალა.
ჩვენ ორს, საღამოს შეხვედრები წეს-ჩვეულებად გადაგვექცია. ერთსა და იმავე ადგილას, ერთსა და იმავე დროს, სადაც კიტი ჯირითობდა, მე კი - ვწერდი, ერთმანეთს ვხვდებოდით.
საკუთარ ფიქრებს დაუფარავად მიზიარებდა. პირდაპირ იცოდა საუბარი. არაფერს მალავდა. თითქოს ძალიან უნდოდა, გამეგო. მე კი ვამჩნევდი, ნელ-ნელა სულში კიტი როგორ მისახლდებოდა.
ჩემთვის დაზე უფრო ახლობელი გამხდარიყო.
მისი წყალობით სამყარო ახალ ფერებს იძენდა.
ერთ დღეს, საუბრის დროს, როცა მწვანე მინდორზე წამოგორებულიყო და მანდარინს ფრცქვნიდა, ჩუმად ვკითხე:
-არ გგონია, რომ ერთხელაც დაიღლები და დანებდები?
-რა? - გაიოცა მან.
იმ წამს მივხვდი, მის მოუთოკავ სულს დაღლასა და დანებებაზე, აქამდე არაფერი სმენოდა. გავჩუმდი, აღარ ჩავძიებივარ.
თუმცა კი მეშინოდა. ჩვენს ყოველ შეხვედრას, განშორების სუნი ასდიოდა. ვცდილობდი, ამაზე ბევრი არ მეფიქრა, რადგან სევდა მშთანთქავდა და თავს ვეღარ ვერეოდი.
იმ დღეს, როცა კიტი კატერინა გერლიანთან სახლში თითქმის ძალდატანებით წააბრძანეს, უკან ძალიან სწრაფად დაგვიბრუნდა.
სამი საათიც არ გასულიყო, რომ ნირწამხდარმა შემოაბიჯა ეზოში.
-გამოგაგდეს? - გზად მიეგება თეოდორი, რომელსაც სული ელეოდა, ისე უნდოდა გაეგო, რა იმალებოდა მთელი ამ ამბის უკან.
-ნეტავ!
-რაო, რა მინდაო? - ჩაეძია ის.
-არაფერი, თოდორ, - თვალები გადაატრიალა უმცროსმა, - მნიშვნელოვანი არაფერი.
-და მაინც?
-ვიღაც გოგოზე მიყვებოდა, - კაბა დაიფერთხა და შადრევანთან ჩამოჯდა კიტი, - რომელიც, მისი აზრით, ძალიან მგავს.
-ვინ არის?
-არ ვიცი, ტეო.
-რაო, რითი გგავსო?
-რას გაიგებ ... - მხრები აიჩეჩა მან, - ასე ამბობს, ხასიათითო. ისე კი, მართლა ძალიან მგავს.
-კიდევ ერთი შენნაირი, მეტისმეტია ... - გაიცინა ტეომ.
-მკვდარია. - თქვა უმცროსმა.
ტეო ვერ მიხვდა, რა რეაქცია უნდა ჰქონოდა. წამით შეჩერდა, თითქოს ნათქვამი ინანაო და ტუჩები მომუწა.
-რა იყო, რამ დაგანაღვლიანა? - გადაიკისკისა კიტიმ, - ჩემი აზრით, ერთიც საკმარისი ვარ.
სახლისკენ მომავალ ბილიკს მოუყვებოდნენ.
მე კიტისთან საუბარი მინდოდა, ერთი სული მქონდა, დამემარტოხელებინა, რადგან კატერინა ჩემთვისაც ისეთივე საიდუმლო იყო, როგორიც ტეოსთვის. თუმცა, ვერ მოვახერხე, რადგან უმცროსი მყისიერად სადღაც აორთქლდა.
იმავე საღამოს, როცა ყველანი ტეოსა და იესეს მეგობრებთან ერთად მისაღებში ვისხედით და ვსაუბრობდით, მეორე სართულიდან ლეწვისა და მტვრევის ხმა გაისმა. ჭერი თავზე გვემხობოდა. გვეგონა, ვიღაცამ რაღაც დაიშავა ... ყველანი დაუფიქრებლად ავცვივდით ზემოთ. ერთმანეთს ვახტებოდით, რომ გვენახა, რა ხდებოდა.
კიტის ოთახის კარი ღია იყო.
იატაკზე ნინო იჯდა. ყველაფერი თავზე დაემხო. წიგნები და ქაღალდები აქეთ-იქით მიმოეფანტა. თითოეულს ერთი მეორის მიყოლებით ფურცლავდა და რაღაცას გამწარებული ეძებდა. საკუთარ თავს არ ჰგავდა.
-დე, რას აკეთებ? - ფრთხილად იკითხა ელენემ, როცა შეამჩნია, რომ ნინოს წითელი ფერი დასდებოდა და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
ქალს არაფერი გაუგონია.
-დედა, - მხარზე მსუბუქად შეეხო ის. ნინომ ამოგვხედა. ახლაღა შეემჩნია, რომ ყველანი მის უკან ჩავმწკრივებულიყავით, - კარგად ხარ?
-რა გინდა, ელენე, არ მაქვს დრო ... - უხეშად მოიშორა ქალიშვილი და წიგნებს მიუბრუნდა.
ოთახი არაფერს აღარ ჰგავდა. ყველაფერი ძირს ეყარა. შუშის ნივთები გაეტეხა და ნამსხვრევები აქეთ-იქით მიმოფანტულიყო.
-რას ეძებ? იქნებ დაგეხმაროთ.. - იკითხა მართამ, რომელსაც შიშისაგან სახეზე მიტკლისფერი დასდებოდა.
-რა დავეხმაროთ, - გაოცებისგან თვალები შუბლზე ასვლოდა იესეს, - რას გავს აქაურობა ..
-დამაცადეთ, არ მინდა დახმარება! ქვემოთ ჩადით. - დაგვიყვირა ნინომ. ვამჩნევდი, თითის წვერები უკანკალებდა.
-დედა, ნამსხვრები ყრია, ხელს გაიჭრი.. - არ ეშვებოდა მართა.
-გასაგებად არ ვთქვი, დამაცადეთ მეთქი? - ფეხზე წამოხტა ის.
საუბარს აზრი არ ჰქონია, რადგან ნინო არ გვისმენდა. გონებით სხვაგან იყო, სხეული კი განუწყვეტლივ უცახცახებდა.
-აუ, - ამოიგმინა ელენემ, - ახლა ის გაგიჟდება ..
ამის თქმა იყო და დერეფნის ბოლოს კიტი გამოჩნდა, რომელიც უდარდელად ღიღინებდა რაღაცას. მისი ოთახის კართან შეკრებილები რომ დაგვლანდა, სახე ერთანად გამოეცვალა, მიხვდა, რაღაც რიგზე ვერ იყო.
წამის მეასედში, უკვე ოთახის ზღურბლთან იდგა.
-რა ჯანდაბაა? - გადაირია ის, - დედა, რა ჯანდაბას აკეთებ ...
-შემოდი და კარი დახურე! - თითქმის უბრძანა მას ნინომ და ოთახის კარი ცხვირწინ მოგვიკეტა.
ჩვენ ადგილიდან არ დავძულვართ, რადგან კარგი არაფრის მოლოდინი გვქონდა.
გოგონებს ავკვროდი და სმენად გადავქცეულიყავი.
-შენი სტუმრობის შემდეგ, კატერინას სახლიდან ნივთები გაქრა! - კიოდა ნინო.
მე სხეულში ელვამ დამიარა და ელენეს დავეყრდენი.
-რა ნივთები, ვერ გავიგე, ყველაფერი რატომ გადმომიყარე? - კიტი ასეთი დაბნეული აქამდე არასდროს მენახა.
-იმიტომ რომ ნივთებს ვეძებ, რომელიც შენი სტუმრობის შემდეგ კატერინას სახლიდან გაქრა მეთქი, კიტი!
გარეთ ყველაფერი გარკვევით ისმოდა, რადგან ნინო კიოდა. მღელვარებისგან, ხმა ჩახლეჩოდა, ჩვენ კი ერთმანეთს მივჩერებოდით.
-ახლა ქურდობაში მადანაშაულებ, თუ უბრალოდ რაღაც მომესმა? - ყურებს ვერ უჯერებდა უმცროსი.
-კიტი, გეფიცები, არ დამთავრდება ეს ამბავი კარგად ... ბევრი სისულელე გაგიკეთებია, მაგრამ ეს მეტისმეტია!
-დედა, სულ გაგიჟდი?
-სიტყვები, კიტი!
-რა გინდა, დედა? გამაგებინე, რა გინდა? - აყვირდა ისიც. ხმაზე ვხვდებოდი, სიმშვიდეს ვეღარ ინარჩუნებდა. ასეთი რამ კი, ძალიან იშვიათად თუ ხდებოდა.
-შენი კარგად ყოფნა მინდა შვილო, შენი კარგად ყოფნა!
-მაშინ რატომ არ მაცდი კარგად ყოფნას? - კიტი ისე ყვიროდა, ადგილზე ვკრთოდი. ზოგადად, ძალიან გაწონასწორებული იყო და ადამიანების მწყობრიდან გამოყვანას უმშვიდესი ტონით ახერხებდა. ახლა კი, ისე კიოდა, ნინოს ხმასაც ერთიანად შთანთქავდა.
-როგორ გაბედე ... არა, ეს როგორ გაბედე ...
-რა გავბედე, რა?
-ქურდი შვილი გავზარდე! ქურდი! - ნინო გიჟს ჰგავდა. ჭკუა აღარ მოეკითხებოდა.
ის იყო, ელენე შიგნით უნდა შევარდნილიყო, რომ კიტიმ კარი თვითონ გამოაღო და გამოსვლას აპირებდა, ნინომ ხელით რომ დაიჭირა და მისკენ მკვეთრად მიაბრუნა.
-ფეხი არ მოიცვალო! - თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ის.
კიტი გაჩუმდა. თვალებში უყურებდა.
სახეზე ისეთი ბრაზი ეხატა, როგორიც აქამდე არ მენახა.
-გამაგებინე, ასე ძალიან რატომ გეზიზღები? - კბილებში გამოსცრა უმცროსს.
ამის თქმა იყო და ნინომ გაშლილი ხელი მთელი ძალით მოუქნია. კიტის გლუვ, ხორბლისფერ კანზე ხუთი თითი გამოესახა.
ელენემ ხმამაღლა წამოიყვირა. მე კი, ფეხებში სისუსტე ვიგრძენი და ტუჩზე ისე ვიკბინე, სისხლი წამსკდა.
კიტის ლურჯი თვალები გაჰფართოვებოდა, თქმით კი არაფერს ამბობდა. მის ემოციას მთლიანად შევიგრძნობდი. ბრაზი გულმკერდზე დალღებად მეხეთქებოდა.
ბოლომდე არაფერი უთქვამს.
ნინოს ხელი მშვიდად გააშვებინა და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა.

***

მინდა გითხრათ, რომ ჩემი პატარა, მაგრამ ძალიან აქტიური და საყვარელი აუდიტორია მთელი გულით მიყვარხართ <3 !!!



№1  offline წევრი Ketevann

მეგობრებო, ცოტა გაქცეული თავია, მომიტევეთ

 


№2 სტუმარი გიული

ძალიან დავინტერესდი,გელოდები მთელი გულით

 


№3  offline წევრი Ketevann

გიული
ძალიან დავინტერესდი,გელოდები მთელი გულით


დიდი დიდი მადლობა <3 <3

 


№4  offline წევრი nikiiii

ვაიმეეე დაგულება მინდოდა და შემთხვევით დავაჰაჰაბე ბოდიშიი❤️❤️ ისე
კი ძალიან საინტერესო და განსხვავებული ისტორიაა მკითხველს პირველივე თავიდან ითრევს. წარმატებებიიიი❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი Ketevann

nikiiii
ვაიმეეე დაგულება მინდოდა და შემთხვევით დავაჰაჰაბე ბოდიშიი❤️❤️ ისე
კი ძალიან საინტერესო და განსხვავებული ისტორიაა მკითხველს პირველივე თავიდან ითრევს. წარმატებებიიიი❤️❤️❤️


ვაიმე, არაუშავს, ჩემო საყვარელო heart_eyes heart_eyes

 


№6 სტუმარი სტუმარი ლიკა

ვაიმეეეე როგორ გამიხარდა და ეს რა ამბები გველოდება?????

 


№7  offline წევრი Ketevann

სტუმარი ლიკა
ვაიმეეეე როგორ გამიხარდა და ეს რა ამბები გველოდება?????


დიდი ამბებიიიი heart_eyes

 


№8 სტუმარი სტუმარი ანი

როდის დაიდება ახალი თავი?

 


№9  offline წევრი Ketevann

სტუმარი ანი
როდის დაიდება ახალი თავი?


დღეს, დადასტურებას უცდის heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent