შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის ბნელი მხარე (სრულად)


29-05-2024, 23:47
ავტორი აირ ისი
ნანახია 47 120

***
როიალთან რომ ვჯდებოდი, რამდენი ხალხიც არ უნდა ყოფილიყო ირგვლივ, გარე სამყარო მაინც უკანა პლანზე ინაცვლებდა. დედამიწაზე მხოლოდ მე, სარკმლიდან შემოსული სინათლის სვეტი და ინსტრუმეტნზე განლაგებული შავ-თეთრი კლავიშები ვრჩებოდით.
ეს განცდა ყოველთვის საოცარი იყო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს მუსიკა, რომელსაც ვაჟღერებდი, ჩემი შექმნილი იყო. ყველაზე მეტად მაინც იმ კმაყოფილი სახეების დანახვა მსიამოვნებდა, კომპოზიციის დასასრულს რომ ვიღებდი დამსწრე საზოგადოებისგან.
თითქმის ერთი წელი გასულიყო, რაც ჩემთვის საყვარელ საქმეს ვაკეთებდი. ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ფრანგულ-იტალიურ რესტორანში „Imagine“-ში შეკრებილი სტუმრებისთვის ვუკრავდი.
დაწესებულებას, სათავეში უცხოელი ძმები – ნოლანები ედგნენ. მათგან ერთი ფრანგი, ხოლო მეორე – იტალიელი იყო. ეს იმით აიხსნებოდა, რომ ერქოლე და ტეო ამერიკელი დედის გვარს ატარებენ, მამა კი სხვადასხვა ჰყავდათ.
ნოლანებს ყოველთვის განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, მიუხედავად იმისა რომ ნახევარძმები იყვნენ. წლების განმავლობაში საერთო ბიზნესს სათავეში ისე ედგნენ, მათ შორის უმნიშვნელო შელაპარაკებაც არავის ახსოვდა რესტორანში.
რაც შემეხება მე, საკმაოდ მარტივი და ხელსაყრელი სამუშაო გრაფიკი მქონდა. გამოსვლას მუდამ საღამოს ხუთზე ვიწყებდი და დაწესებულების ოფიციალურად დახურვამდე ორი საათით ადრე, ზუსტად ცხრაზე ვამთავრებდი.
ძალიან მომწონდა ეს სამსახური. თითქოს რესტორნის ინტერიერიც კი ჩემს გემოვნებაზე იყო მორგებული. იმდენად მყუდრო გარემოს მიქმნიდა, ზოგჯერ თავი საკუთარ თბილ, კომფორტულ ბინაში მეგონა, სადაც ყველაზე მეტად მიყვარდა ყოფნა და თავისუფლად შემეძლო სუნთქვა.
წარსული ბევრად უფრო რთული მქონდა, ვიდრე აწმყო. მას შემდეგ, რაც მამაჩემი გარდაიცვალა და დედა მეორედ გათხოვდა, უსახლკარო, მფლანგველ და უმუშევარ მამაკაცზე, სახლიდან წამოვედი.

მიუხედავად იმისა რომ მამა ძალიან მიყვარდა, ეგოისტი არ ვყოფილვარ და დედაჩემის დაქორწინება გამიხარდა კიდეც. ერთადერთი, რამაც მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მაიძულა, მამინაცვლის გარყვნილი ბუნება იყო. იგი ჩემში გერის გარდა, ქალსაც ხედავდა. თავდაპირველად ვდუმდი. იმ მცირედ იმედს ვებღაუჭებოდი, რომ რაღაც მეჩვენებოდა, თუმცა, ერთ საბედისწერო ღამეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. კარგად მახსოვს ის მომენტი, როცა შეშინებულს გამეღვიძა. ის მანამდე მიფათურებდა ხელებს ძილისგან გათიშულსა და ნახევრად შიშველს, სანამ არ გამოვფხიზლდი და გამწარებულმა, ძალით არ გადავაგდე საწოლის მეორე მხარეს.
მთელი ცხოვრება ყრუ ტკივილად გამყვება დედის რეაქცია. მეგონა მხარს დამიჭერდა, გვერდში დამიდგებოდა და მეუღლეს შესაბამის პასუხს გასცემდა, მან კი სილა მე გამაწნა. უფრო მეტიც – სიძულვილით სავსე მზერით მომახალა, რომ ყველაფერი ჩემ გამო ხდებოდა, რომ მუდამ ზედმეტად გამომწვევი სამოსით დავდიოდი, რის გამოც, ჩემს „უმანკო“ მამინაცვალში აკრძალულ სურვილებს ვაღვიძებდი.
ვისმენდი ამ ყველაფერს და ენაჩავარდნილი, ყურებს ვერ ვუჯერებდი. ერთ დროს სამართლიანი და ჭკვიანი დედაჩემი მოძალადეს თავგამოდებით იცავდა. მაშინ მივხვდი, რომ ერთადერთი გამოსავალი, ბარგის ჩალაგება და შინიდან დაუყოვნებლივ წამოსვლა იყო. აღარ შემეძლო იქ გაჩერება. ვგრძნობდი, როგორ უჩნდებოდა ბზარები იმ კედლებში გამჯდარ სითბოს და როგორ ინგრეოდა ადგილი, რომელიც ოდესღაც სიმშვიდისა და სიყვარულის თავშესაფარი მეგონა. ზუსტად ამიტომ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მოვაგროვე აუცილებელი ნივთები, მანქანაში ცრემლიანი თვალებით ჩავჯექი და იმ ბინაში გადმოვსახლდი, რომელიც მამამ ჩემს მეთვრამეტე დაბადების დღეზე გადმომიფორმა.
მაშინ ოცდაორი წლის ვიყავი და უნივერსიტეტიც დასრულებული მქონდა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის განხრით. მართალია, იმ დროს ჯერ კიდევ არსად ვმუშაობდი, თუმცა, გარდაცვლილი ბაბუისგან დარჩენილი, საკმაოდ მოზრდილი თანხა, სრულიად ხელუხლებელი მედო საბანკო ანგარიშზე. სამუშაოს მოძებნამდე, ერთი თვის განმავლობაში, სწორედ იმ ფულით ვფარავდი აუცილებელ ხარჯებს.
მახსოვს, უამრავი ადგილი გამოვიცვალე ამ რესტორანში მოხვედრამდე. ვმუშაობდი ბარისტად, სესხის ოფიცრად, მასწავლებლად და გიდადაც კი, თუმცა არც ერთი საქმე არ გამხდარა ისეთი ახლობელი, როგორც ეს. ცნობილ კომპოზიტორთა მელოდიებიდან, ყველაზე დიდი სიამოვნებით შოპენის „შემოდგომის ვალსს“ ვასრულებდი. ახლაც, როდესაც კლავიშებზე თითების შეხებისას ეს ლამაზი მელოდია ავსებდა სივრცეს, გულიც თითქოს სრულიად სხვა რიტმში მიცემდა. გონებაში წვიმის შხაპუნა ხმა ჩამესმოდა, საკუთარ თავს კი რატომღაც ამ წვიმაში მოსეირნეს წარმოვიდგენდი, მხარზე ჩამოსკუპებული პაწაწინა ჩიტებით, ზურგზე კი დიდი, თეთრი ფრთებით.
მახსოვს, პირველად და უკანასკნელად, ფრთები მაშინ მეკეთა, როდესაც მამამ, მეხუთე დაბადების დღეზე სიურპრიზი მომიწყო. პრინცესას ლამაზი კაბა მიყიდა, ყველა ჩემი ბაღის მეგობარი დაპატიჟა და გასართობი ცენტრიდან ანიმატორები მოიწვია. მართლაც დაუვიწყარი დღე მომიწყო. ეს ყველაფერი არ ყოფილა. როდესაც მოსაღამოვდა, სტუმრები სახლებში წავიდნენ და ტრადიციულად, ზღაპრის წაკითხვის დრო მოვიდა, მამამ კიდევ ერთი მოზრდილი ყუთი დამიდო საწოლზე. იქიდან ულამაზესი, ბრჭყვიალა ფრთები ამოიღო და საკუთარი ხელით დამიმაგრა სადღესასწაულო კაბაზე.
„ჩემი გოგონა ფერიას ჰგავს.“ – შემომცინა სიყვარულით სავსე თვალებით, შუბლზე ნაზად მაკოცა და თავისი გრძელი თითები, ჩემს პატარა თითებში გადახლართა. “ფერიას, რომელიც მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს.“
ფიქრებსა და მელოდიის ჰანგებში ღრმად ჩაფლულმა, გვიან გავიაზრე, როგორ უხეშად დამერღვა პირადი იდილია, თანაც სრულიად უცნობი მამაკაცის მიერ. სტუმარმა ჯერ ახლო მანძილიდან შემავლო თვალი, შემდეგ კი როიალის თავზე ლამაზად გაშლილი, სისხლივით წითელი ვარდი დამიდო, პატარა, ოთხკუთხა ბარათთან ერთად.
ინსტრუმენტთან მხოლოდ რამდენიმე წამი დაჰყო, მაგრამ მისი შეთვალიერება მაინც მოვასწარი. მეექვსე გრძნობა არასდროს მქონია და არც ადამიანების შინაგანი სამყაროს ამოცნობაში მეწერა უმაღლესი ქულა, მაგრამ მის დანახვაზე უცნაური გრძნობა გამიჩნდა. მამაკაცი დაახლოებით ოცდაათწლამდე უნდა ყოფილიყო. მუქი ლურჯი ფერის სმოკინგი ეცვა და ლაქით დაყენებული, ღია ფერის თმა, ლამაზად გადაევარცხნა უკან.
მაღალი იყო, მოხდენილი და ელეგანტური. უჩვეულოდ ლამაზი თვალის ჭრილიდან მომზირალი მისი ნაცრისფერი გუგები, რესტორნის განათების ფონზე ფერწასულ ცისფერს ემსგავსებოდა. ოდნავ მოგრძო სახე და თოვლივით ფერმკრთალი კანი, არისტოკრატიულ იერს სძენდა.
მამაკაცის წინ გაშლილ სუფრაზე, არაფერი იდო შამპანურის ბოთლის, ჭიქისა და ხილის ასორტის გარდა. მაგიდებს კვლავ დაუღალავად ემსახურებოდა ღია კრემისფერ უნიფორმაში გამოწყობილი ხუთი მიმტანი, რომელთა სამოსიც, სრული სიზუსტით ეხამებოდა რესტორნის ინტერიერის ფერთა პალიტრას.

"შემოდგომის ვალსი" ნელ-ნელა ბოლო აკორდებს უახლოვდებოდა. წესისამებრ ყოველი ხუთი კომპოზიციის შესრულების შემდეგ შემეძლო ათწუთიან შესვენებაზე გასვლა. მელოდიის დასრულებას მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა. მსმენელებს თავი რევერანსით დავუკარი, როიალზე დადებული წითელი ვარდი ავიღე და პირდაპირ დარბაზის შიდა სივრცეში, მარცხენა მხარეს მდებარე ბარისკენ გავეშურე.
იქ, ჩვენი ბარმენი და ჩემი შორეული ნათესავი – კალე იდგა და სრულყოფილად გაპრიალებულ ჭიქებს კიდევ ერთხელ ასუფთავებდა მშრალი ნაჭრით. კალეს ბავშვობის შემდეგ, პირველად სწორედ ამ რესტორანში შევხვდი.
არაორდინალური ადამიანი გახლდათ კალე – დაწყებული ხასიათის შტრიხებით, დასრულებული ჩაცმულობითა და იმიჯით. შავ, ზღარბივით აჩეჩილ თმაზე, მუდამ ცილინდრის ფორმის ქუდი ეხურა. წყაროს წყალივით კრიალა, ცისფერი თვალები შავი ფანქრით ჰქონდა ჩახატული, ხოლო უმკლავო მაისურები, ნათლად გამოუკვეთდნენ ხელის კუნთებსა და ნავარჯიშებ სხეულს.
– ისევ მარტინი ზეთისხილით, არა? – ყველაზე მეტად, სწორედ ეს თვისება მომწონდა მასში, საოცარი მახსოვრობის უნარი ჰქონდა. რესტორნის ყოველა თანამშრომლის საყვარელი სასმელის ცოდნა, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა მისთვის.
– ჰო, ისევ,  – ვარდი წინ დავიდე და ბართან ჩამოვჯექი.
– ორ წუთში იქნება.
პასუხად მხოლოდ თავი დავუქნიე და მის თითოეულ მოძრაობაზე დავიწყე დაკვირვება. სისულელე იქნებოდა იმის უარყოფა, რომ კალე იდეალური ბარმენი იყო. მისი კოქტეილის შოუების სანახავად, რესტორანში უამრავი გოგონა შემოდიოდა. ისინი ამ მომხიბვლელ, ოცდახუთი წლის ბიჭზე სულ ტყუილად ფიქრობდნენ. კალე გაურკვეველ მიზეზთა გამო, ახლოს არავის იკარებდა.
– გამოუძინებელი ჩანხარ.
– ვარ კიდეც, – მაშინვე აღიარა. საკუთარი სიტყვების დასტურად, რამდენიმე წამში დაამთქნარა კიდეც, – გუშინ ღამით ჩემმა კარის მეზობელმა ატეხა კაკუნი. მოხუცი ქალია, ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა. სხვა არავინ ჰყავს, ამიტომ ღამითაც მასთან დავრჩი.
წარმოვიდგინე როგორ მზრუნველად უჯდა სასთუმალთან ავადმყოფ ბებოს და ტუჩებზე გაუცნობიერებლად მომადგა ღიმილი. ხანდაზმულები ყოველთვის ჩემს სუსტ წერტილად ითვლებოდნენ. მათთან ურთიერთობა, საუბარი და მათი ახალგაზრდობის ამბების მოსმენა, სიგიჟემდე მიყვარდა.
 – კარგი საქმის გამო ღამის გათევა ღირს.
– თქვენი შეკვეთა მილედი, – თეატრალური ჟესტით დამიდო წინ, ჩხირზე წამოცმული ზეთისხილითა და ყვითელი, დეკორატიული ქოლგით გაფორმებული მარტინის ჭიქა. მერე ცილინდრი თავაზიანობის ნიშნად ზემოთ ასწია, თვალებით კი, დახლზე დადებულ, ვარდზე მანიშნა, – როგორც ვხედავ, რომანტიკულად დაგასაჩუქრეს.
– იღბლიანი საღამო მაქვს, – ვცადე მეხუმრა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მან ჩემი სიტყვები სერიოზულად მიიღო.
– თუ მაგ აზრზე იყავი, ის ბარათი როიალზე რატომ დატოვე? სავარაუდოდ, იქ ტელეფონის ნომერი დაგიწერა.
– შენახვას რა აზრი ჰქონდა? – მარტინის დაგემოვნებამდე, ჩხირზე წამოცმული ზეთისხილი მოვიქციე ტუჩებში,  – დარეკვას მაინც არ ვაპირებ.
– თუ მაგ ტიპის დანახვისას წელს ქვემოთ ვერაფერს გრძნობ, შენ ორიენტაციაში უკვე მართლა ეჭვი შემაქვს, მარიტა, – წყლით სავსე მინის ბოთლიდან, ხარბად მოსვა ცივი სითხე კალემ.
– სულ ტყუილად. ნამდვილად მამაკაცები მიზიდავს, მაგრამ ვთვლი, რომ მათ გარეშე ცხოვრება ბევრად უფრო მშვენიერია.
– ოხ, ეს ახალგაზრდული აზროვნება.
– შენ რა, ოთხმოცი წლის ხარ?
– ფიზიკურად არა, მაგრამ ტვინით კი, – ბარმენსაც გაეცინა ჩემს სიცილზე. მხიარული გამომეტყველება, მხოლოდ რამდენიმე წამით შერჩა. რატომღაც საკმაოდ სწრაფად დასერიოზულდა, დახლზე ორივე მკლავით გადმოიწია და მზერით ზურგს უკან მანიშნა, – ჩვენს ახალ დირექტორთან რამე პრობლემა შეგექმნა? მისით მთელი კოლექტივი აღფრთოვანებულია. ერთადერთი შენ ვერ გატყობ ვერანაირ ენთუზიაზმს.
კალეს შემფასებლურ მზერას თვალი გავაყოლე და სულ ოდნავ მივტრიალდი. ბარიდან საკმაოდ მოშორებით, დარბაზის მარცხენა კუთხეში, ნახევრად კლასიკურ სამოსში გამოწყობილი მამაკაცი იდგა. იგი მობილურზე საუბრობდა, ხოლო ცალი ხელი შარვლის ჯიბეში ედო.
რესტორნის მთელ კოლექტივში, ამ ადამიანს ყველაზე დიდხანს სწორედ მე ვიცნობდი. მიშო მეფარიშვილი, ის ადამიანი გახლდათ, ვისთანაც უამრავი მოგონება მაკავშირებდა, თუმცა ამ მოგონებებიდან ვერც ერთს ვერ ვუწოდებდი სასიამოვნოს. ერთადერთი, რაც მის მიმართ სიბრალულსა და თანაგრძნობას აღმიძრავდა ის ფაქტი იყო, რომ მშობლები ბავშვობაში დაკარგა და გამზრდელი ბაბუის გარდაცვალების შემდეგ ამ ქვეყნად აღარავინ დარჩა. მიშო თავისი ხასიათით, თანდაყოლილი ქარიზმით, არისტოკრატიული ქცევებითა და მომხიბვლელი საუბრის მანერით, მუდამ ყურადღების ცენტრში ექცეოდა, თანაც ნებისმიერ საზოგადოებაში. მიმზიდველიც იყო. ზედმეტადაც კი. სიმაღლიდან დაწყებული, გამოხედვით დამთავრებული, ყველაფერი იმდენად უნაკლო ჰქონდა, იფიქრებდით ბოროტმა ძალებმა, უბიწო გოგონების საცდუნებლად გამოგზავნეს ჯოჯოხეთიდანო.
ვაღიარებ, ერთი საბედისწერო შემთხვევის შემდეგ, წლების წინ რომ მოხდა, მიშო მეფარიშვილის ყოველი დანახვა ცუდ განწყობაზე მაყენებდა. ჩემს დამოკიდებულებას ისიც გრძნობდა, რის გამოც, ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვისაც თავისი სარკაზმით გამუდმებით წამლავდა. თუკი სხვებთან თავაზიანობითა და უსაზღვრო ჯენტლმენობით გამოირჩეოდა, ჩემთან მუდამ ის მახინჯი გოგრა ხდებოდა, თორმეტი საათის შემდეგ რომ გადაიქცა კონკიას მდიდრული ეტლი.
მდიდარი ბიზნესმენის ერთადერთ მემკვიდრეს, მსხვილი საბანკო ანგარიშები იმის საშუალებას აძლევდა, რომ მუშაობაში ერთი საათიც არ დაეკარგა. მაგრამ მასზე ვერავინ იტყოდა, რომ შრომასა და ხელის განძრევას თაკილობდა. გაგიჟებით იყო შეყვარებული თავის საქმეზე, რომელსაც იდეალურად ასრულებდა და ასევე გიჟდებოდა მოგზაურობაზეც. იზიდავდა ისტორიული სახელმწიფოები, მაღალმთიანი ადგილები, ეგზოტიკური კუნძულები და თეთრ ქვიშებზე ამოსულ, ლამაზად გაშლილ პალმების ქვეშ, ქოქოსის კოქტეილებით ტკბობა. ასევე იზიდავდა განვითარებადი ქვეყნებიც, გამორჩეულად კი ინდოეთი, სადაც მოგზაურობის დროს მეც ვახლდი. ამ საოცარ ქვეყანაში გატარებული დღეებიდან ყველაზე კარგად ინდური კულტურა, ტკბილეული, მხიარული ხალხი და „ჰოლის“, ანუ ფერების დღესასწაული მახსენდება. სწორედ ამ დღესასწაულზე დავლიე ცხოვრებაში ყველაზე ბევრი, თანაც ისე, რომ მეორე დილით ნაბახუსევსაც კი არ შევუწუხებივარ.
ბუნებით ასი პროცენტით პედანტი გახლდათ ბატონი დირექტორი. ცხოვრებაში არასდროს მყავდა ნანახი მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავზე ზრუნვას ამდენ დროს უთმობდა. თმის ღერიდან დაწყებული, ფეხსაცმლით დამთავრებული, ყველაფერი იმდენად მაღალ დონეზე ჰქონდა მოწესრიგებული, წამებში შეეძლო გარშემო მყოფთა მთელი ყურადღება თავისკენ მიემართა. სუნამოც კი ისეთ სასიამოვნო არომატს ტოვებდა, რამდენჯერმე სიამოვნებისგანაც კი დამიხუჭავს თვალები მის სიახლოვეს ჩავლისას.
ერთი შეხედვით, სრულყოფილი მამაკაცი იყო, თუმცა მასაც გააჩნდა ბნელი მხარე და ამ ბნელი მხარის შესახებ, მხოლოდ მე გამაჩნდა დეტალური ინფორმაცია.
წარსულზე ფიქრს თავი დავანებე და მთელი ყურადღება კალეზე გადავიტანე. შესვენების დასრულებამდე მასთან საუბარსა და მარტინის წრუპვას ვაპირებდი, თუმცა ყველაფერი შეიცვალა, როდესაც გვერდიდან კარგად ნაცნობი "Tom Ford”-ის სუნამოს სურნელი მომივიდა. გავიაზრე, რომ ბართან მარტო აღარ ვიყავით.
– კალე, ტეკილა მომეცი, ოღონდ მთელ ბოთლს ავიღებ. – მომესმა ხმა, რომელსაც თავისუფლად გამოვარჩევდი ათას სხვა ხმაში. ტანში უსიამოვნოდ გამცრა. საერთოდ არ მსურდა, რესტორნის უფროსობიდან რომელიმეს, ალკოჰოლური სასმელით ხელში დავენახე, თანაც სამუშაო საათებში, მაგრამ ეს მაინც მოხდა.
არ შემიხედავს, არც მივსალმებივარ და არც უხერხულობა მიგრძვნია ამის გამო. მასაც არ გამოუხატავს უკმაყოფილება, რადგან ურთიერთობის ასეთი ფორმა ჩვენთვის ნორმალური იყო.
მარტინი მოვსვი და ზეთისხილი მივაყოლე. გულში იმედს ვიტოვებდი, რომ საღამო მისი კომენტარების გარეშე ჩაივლიდა. სამწუხაროდ არ გამიმართლა. როცა დირექტორის დაჟინებული, ოდნავ ღიმილიანი მზერა დავაფიქსირე, მივხვდი, რომ ენის კბილებს შორის მოქცევას ვერც ამჯერად მოახერხებდა.
– წესები იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო არა? – ამჯერად უფრო ახლოდან ჩამესმა მისი სიტყვები. კალეს, შეკვეთილი სასმელის ბოთლი, უკვე დახლზე დაედო და დაკვირვებით ადევნებდა თვალს მოვლენების განვითარებას.
– ცოტა ხნის წინ, ტეკილა შეუკვეთე, თანაც მთელი ბოთლი. – მივუგე რაც შემეძლო მშვიდად, მერე კი მის ჯიბრზე, ჭიქიდან მოზრდილი ყლუპი მოვსვი. 
– ეგ ტეკილა საჩუქრად მინდა და ვყიდულობ. სამსახურში რვიანების ხაზვას ნამდვილად არ ვაპირებ.
– რა ხდება, ამაღამ ქალს ხომ არ ელოდებით თქვენს დიად აპარტამენტებში, ბოს?
– რაო, ეჭვიანობ? – ირონიული ღიმილით გაფართოვდნენ მეფარიშვილის ტუჩები. —თუ გინდა მის ადგილას იყო, შემიძლია შეხვედრა გადავდო. დღეს საღამოს შენ მოგანიჭებ ჩემთან ყოფნის ბედნიერებას
ტვინში ლამის სისხლმა ამასხა. კარგად იცოდა, ყველაზე მეტად რაც მაცოფებდა და სწორედ ამიტომ, მიშოსგან მსგავსი რეპლიკები აქამდეც არაერთხელ მომისენია, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს კალეც ისმენდა. მიუხედავად ამისა, თავის შეკავება მაინც მოვახერხე. ბარმენის გაკვირვებულ ღიმილს მზერა ავარიდე და დირექტორის სიტყვებს ზუსტად ისე ვუპასუხე, როგორც ამას ნამდვილი, თუმცა ცოტათი უხამსი ლედი გააკეთებდა:
– მაგ ქალს შეუძლია მშვიდად გაშალოს ფეხები. იმ ვაშლს არასდროს ჩავკბეჩ, რომელიც სხვას აქვს შესაჭმელად გამზადებული. – მეგონა საპასუხოდ კიდევ რამეს მეტყოდა. თუმცა ამის მაგივრად, მიშო ჩემს ჭიქას დასწვდა, იქ ჩარჩენილი სასმელი გამოცალა, ცარიელი ჭურჭელი წინ სარკასტული მზერით დამიდგა და ტეკილას ბოთლთან ერთად წამოდგა.
– რა გააკეთე ახლა? – მკლავში ვწვდი, რომ შემეჩერებინა. მეფარიშვილი მშვიდად მოტრიალდა ჩემკენ.
– სასმელი დაგილიე და ენის ტლიკინის გამო, ამ თვეში ხელფასის ოცპროცენტიან დაქვითვაზე გაგიშვი. – მომიგო ჩვეული ირონიით გაჯერებული ტონით.
– არა . . . ამას ვერ გააკეთებ!
– უკვე გავაკეთე, მითხრა და დახლზე შემოდებული ყვავილის სისხლისფერ ფურცლებს თითები ნაზად გადაუსვა. – ვფიქრობ, ის ადამიანი არჩევანში შეცდა. შენს ხასიათს, კაქტუსი უფრო შეეფერება, ვიდრე ვარდი.
კალე მდუმარედ ადევნებდა თვალს ჩვენს პაექრობას. ამ ადამიანს კიდევ ერთი ძალიან კარგი თვისება გააჩნდა, ზუსტად იცოდა სად და როდის ჩარეულიყო, როდის გაჩუმებულიყო და როდის – არა.
– ადამიანს, ყველა თავისებურად აღიქვამს და ყვავილსაც შესაბამისს არჩევს, ბატონო დირექტორო! 
– ჰოო? – მოჩვენებითი ინტერესით აუკიაფდა ქარვისფერი თვალები, – ალბათ, სწორედ ამიტომ გიწერია ჩემს ტელეფონის ნომერზე „კაზანოვა“. შენი გონება სწორედ ასე აღმიქვამს, არა?
გაოგნებისგან ლამის ენა ჩამივარდა. მართალია, რასაც ამბობდა სრული სიმართლე იყო, მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა, მან რა იცოდა ჩემი ტელეფონის კონტაქტებზე. მიუხედავად შინაგანი დაბნეულობისა, თავი ისე დავიჭირე, თითქოს ამ "გამოჭერას" არანაირი უხერხულობა არ შეუქმნია.
– ჩემს მობილურში, რომელ აბონენტს, რა სახელს შევურჩევ, მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია.
– თუკი ასეა, მაშინ მეც ავდგები და შენს ტელეფონის ნომერს „ვენდი“-ს დავაწერ.
– ვენდის?
– ჰო, ვენდის, – ჩემი თმის კულული ხელში შეათამაშა, – შენი ადგილი ნევერლენდშია. ტვინით ჯერ კიდევ იქ მყოფების განვითარების დონეზე ხარ, – ისე სწრაფად მოშორდა ბარის დახლს, პასუხის დაბრუნების საშუალებაც არ მომცა. არც არაფერი მქონდა სათქმელი. კიდევ ერთხელ დავმარცხდი მიშო მეფარიშვილთან გამართულ სიტყვიერ ბრძოლაში. ჩემი მეტოქე კი კვლავ გამარჯვებულის გვირგვინით ტოვებდა საბრძოლო ველს.
სანამ მე ჩემს ადგილას ვიჯექი და გულში ვიბოღმებოდი, ბარის დახლს კიდევ ორი ახალგაზრდა ბიჭი მოუახლოვდა. მათ საუკეთესო ფრანგული ღვინო შეუკვეთეს, ოღონდ ბრენდი კალეს საკუთარი გემოვნებით უნდა შეერჩია კალეს. ბარმენს ჩემთან საუბარისთვის აღარ ეცალა. დამშვიდობების ნიშნად გავუღიმე და ჩემი როიალისკენ გავწიე.
მთელი საღამო ისე გავიდა, დარბაზში მჯდომი, ჩემი ახალი თაყვანისმცემლისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, არადა ყოველ წამს ვგრძნობდი მის გამბურღავ მზერას. ამის გამო დისკომფორტს განვიცდიდი. კომპლექსები არასდროს მქონია, თუმცა მაინც მეზიზღებოდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. უკვე ერთი სული მქონდა, დამთავრებულიყო ჩემი სამუშაო დრო, შინ წავსულიყავი და დაბალ ხმაზე ჩართული ზღვის ტალღების ხმაურის ფონზე ტკბილად დამეძინა.
როგორც იქნა ეს დროც დადგა. კიდევ ერთხელ მივიღე დამსწრე საზოგადოებისგან აპლოდისმენტები, დარბაზს თავის დაკვრით დავემშვიდობე და კმაყოფილი სახით დავიძარი გამოსაცვლელი ოთახისკენ. სწორედ იმ მომენტში გამახსენდა ჩემი წითელი ვარდი, შემთხვევით ბარის დახლზე რომ დამრჩენოდა. ყვავილებისადმი დიდი სიყვარულის მიუხედავად, საჩუქრის წამოსაღებად უკან აღარ მივბრუნებულვარ.
გასახდელს რომ მივუახლოვდი, გვერდით მდებარე საპირფარეშოს კართან, ჩვენი რესტორნის ბუღალტერსა და ჩემს კარგ მეგობარს, ლოლას მოვკარი თვალი. ვიღაც მაღალ, ძლიერი აღნაგობის მამაკაცს მოემწყვდია მკლავებში, მის წელამდე ჩამოსულ, წაბლისფერ თმაში დაასრიალებდა თითებს და მთელი ვნებით უკოცნიდა ტუჩებსა და დეკოლტედან მაცდურად მომზირალ მკერდის ჭრილს. ინტიმური სცენის მომსწრე დიდხანს არ ვყოფილვარ. ლოლამ მამაკაცს შარვლის ქამარი გიჟური სისწრაფით შეუხსნა, ჰალსტუხზე დაქაჩვით შეათრია ტუალეტში, კარი მოაჯახუნა და სულ მალე, თავშეუკავებელი კვნესის ხმაც ამოუშვა.
ირიბად ჩამეცინა, მაგრამ არ გამკვირვებია. მიჩვეული ვიყავი. ლოლა მამაკაცებს ქაღალდის ხელსახოცებივით იცვლიდა. თუკი ვინმე თვალში მოუვიდოდა, ხელიდან არ უშვებდა.
ლოლას ორი დიდი საერთო ჰქონდა მიშოსთან: გვარად ორივენი მეფარიშვილები იყვნენ, მაგრამ ნათესავები არ ყოფილან და ორივე მდიდარი ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე იყო და ლოლაც მიშოს მსგავსად ჩვეულებრივ სამსახურში მუშაობდა.
ბუნებით საოცრად ადამიანური, თუმცა მეტად თამამი, იმპულსური და სრულიად უკომპლექსო პიროვნება იყო ლოლა. მოსწონდა თავისუფალი, ერთღამიანი ურთიერთობები, ორგიები და აღვირახსნილი გართობა. მოსწონდა, როცა საკუთარ სხეულს განსხვავებულ სიამოვნებას აგრძნობინებდა. სიგიჟემდე უყვარდა შოპინგი, გემოვნებიანად ჩაცმა, ნაზი სამკაულები და მამრობითი სქესის აღფრთოვანებული მზერა მისი დანახვისას. მარჯვენა ფეხის წვივზე, მცირე ზომის, გველის ტატუ ჰქონდა გოგონას. ოდნავ ქვემოთ კი მუდამ უბრწყინავდა ძვირფასი ფეხის სამაჯურები, რაც ყოველდღიურ, თილისმის მსგავს აქსესუარად ქცეულიყო მისთვის.
ინტერნეტ-სივრცეს მხოლოდ ტიკ-ტოკისთვის, ინსტაგრამისთვისა და პორნოგრაფიის შემცველი ფილმებისა და ვიდეო-რგოლებისთვის თვალის სადევნებლად იყენებდა. გამოწერილი ჰქონდა უამრავი პორნო-საიტი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ამის ყურება სიამოვნებას გვრიდა. უბრალოდ სურდა მათი მეშვეობით ბევრი რამ ესწავლა, რადგან ამბიცია ჰქონდა, ნებისმიერი მამაკაცისთვის დაუვიწყარი მოვლენა ყოფილიყო მასთან გატარებული ღამე. იდეალური, თითქმის უნაკლო სხეულის ფორმები ჰქონდა. მკერდის ფორმიდან დაწყებული, ბარბის თოჯინასავით სწორი, გრძელი ფეხებით დამთავრებული, ყველაფერი იქცევდა ყურადღებას. მამაკაცი რომ ვყოფილიყავი, მისთვის ბრძოლა ალბათ არასოდეს მომბეზრდებოდა
ლოლას სექსის შემდეგ, ყოველი მამაკაცის მიმართ ერთნაირი ზიზღი ეუფლებოდა. განსაკუთრებული გრძნობა არასდროს არავის მიმართ გასჩენია და თითოეული "მორიგი მსხვერპლისგან" ისე მიდიოდა, დამშვიდობების ღირსადაც არ თვლიდა. სიყვარული და სერიოზული ურთიერთობები ლოლასთვის ნამდვილად არ იყო შექმნილი. მის ყოველდღიურობაში მხოლოდ ინტიმური კავშირები არსებობდა, თანაც არა ერთ, არამედ სხვადასხვაგვარ პარტნიორთან, ახალგაზრდებიდან დაწყებული, შუა ხნის ასაკითა და სამოც წელს გადაცილებული, სექსუალური, კარგად შემონახული მამრობითი სქესის წარმომადგენლებით დასრულებული.
რადიკალურად განსხვავებული ცხოვრებისეული შეხედულებების მიუხედავად, მე და ლოლა ერთმანეთს გაცნობის დღიდან იდეალურად ვუგებდით და ადვილად დავმეგობრდით.
ძალიან მომწონდა ეს ადამიანი. ისეთი ხასიათი და ფასეულობები გააჩნდა, რომელსაც იშვითად თუ იპოვნიდი. მეგობრობაში და ახლობლურ თანადგომაში, კონკურენტი არ ჰყავდა. საოცრად კეთილი გულიც ჰქონდა. უანგაროდ ეხმარებოდა ყველას, ვისაც კი მისი დახმარება სჭირდებოდა და გიჟდებოდა ცხოველებზე, რადგან თვლიდა, რომ ისინი ადამიანებზე ბევრად უკეთესნი იყვნენ.
სახლში ნამდვილი ზოოპარკი ჰქონდა მოწყობილი. კატა, ძაღლი, თუთიყუში, ზაზუნა და ოქროს თევზები, მის შინაურ ცხოველებად ქცეულიყვნენ. ისინი ზუსტად ისე უყვარდა, როგორც მშობელს საკუთარი შვილები, ამიტომაც იყო ვეგეტარიანელი. ამზადებდა შესანიშნავად და უბრალო პროდუქტებისგანაც შეეძლო კულინარიული საოცრებების შექმნა.
ლოლას შინაგან სამყაროზე ფიქრში, ტანსაცმლის გამოცვლასაც მოვრჩი. ტელეფონის ეკრანზე საათს დავხედე და პირდაპირ რესტორნის უკან, ავტოსადგომისკენ წავედი. იმ ღამით სიურპრიზებს ყველაზე ნაკლებად ველოდი, მაგრამ არ გამკვირვებია, როდესაც ჩემს ტოიოტას მიყრდნობილი, უკვე კარგად ნაცნობი პიროვნება შევნიშნე. ხელში ის წითელი ვარდი ეჭირა, ბართან რომ დამრჩა.
ჩემი მანქანისგან საკმაოდ მოშორებით, მიშოს თეთრ პორშესაც მოვკარი თვალი. ძალიან გამიკვირდა. ჩვენი ახალი დირექტორი მუშაობას მუდამ შვიდზე ამთავრებდა. ახლა კი მანქანაზე იჯდა და სიგარეტს ეწოდა.
წარბები გაკვირვების ნიშნად ავზიდე. სწორედ იმ მომენტში, ვარდით ხელში მდგომი მამაკაციც ამოძრავდა და მისალმების ნიშნად, ოდნავი ღიმილით დამიკრა თავი.
– გელოდებოდი, – საოცრად მომხიბვლელი ხმა ჰქონდა, თუმცა ტანში მაინც უსიამოვნოდ გამცრა. მამრობითი სქესის მხრიდან ყურადღება, უცხო არასდროს ყოფილა, ამიტომ არ გამკვირვებია მისი სითამამე.
– მივხვდი, – რაც შემეძლო თავაზიანად გავუღიმე, – ალბათ, ბართან დარჩენილი ყვავილის პირადად გადმოცემა გინდათ.
– თქვენობითი ტონის გარეშე, კარგი? – ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა. ისე მათვალიერებდა, თითქოს სამკაულების ბაზრობაზე გამოფენილი ძვირადღირებული კოლიე ვიყავი. მერე ოდნავშესამჩნევად ჩაეღიმა, ხელში მოქცეულ ვარდს დახედა, ფურცლები ერთიანად მოაშორა, გაშლილ ხელის გულზე მოიქცია და სულის შებერვით გაფანტა ჰაერში. 
თვალები ინსტიქტურად დავხუჭე. ყვავილის ფურცლების სინაზე კანზე მომელამუნა და ოდნავ გამეღიმა კიდეც, მაგრამ უსიამოვნო განცდა არ მომშორებია.
– ჩემი საჩუქარი განზრახ დატოვე, რომ შენთვის თავად მომეტანა, არა?
– ასე რატომ ფიქრობ?
– არ ვიცი . . . ქალი მელასავით ცბიერი არსებაა, თუმცა მე თქვენი გაშიფვრა მარტივად გამომდის.
– ამ შემთხვევაში შეცდომა დაუშვი, – გასაღებზე თითის დაჭერით მანქანა გავაღე. მასთან საუბარი უკვე აღარ მსურდა, მით უმეტეს ქალთა ფსიქოლოგიური პორტრეტის შესახებ. იგი დანებებას არ აპირებდა:
– მე ლეო ვარ . . . შენ?
– მარიტა.
– მარიტა . . . – ღიმილით გაიმეორა ჩემი სახელი. ისეთი ღრმა მზერით მიყურებდა, თითქოს ჩემი ფიქრების ამოკითხვა სურსო, – შენთან პატარა შემოთავაზება მაქვს მარიტა, მომისმენ?
– შემოთავაზება? – რა უნდა სდომებოდა ჩემგან ადამიანს, რომელსაც დღეს პირველად ვხედავდი? წამით დავფიქრდი, მომესმინა თუ არა.
– ჰო, შემოთავაზება . . . მგონი საინტერესო უნდა იყოს.
– შემოთავაზებას გააჩნია . . . ჯერ მოვისმენ. 
ცბიერი ღიმილი მოადგა ბაგეებზე, შემდეგ ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ და ტუჩები ყურთან დასაშვებზე ახლოს მომიტანა. მამაკაცის ცხელ, ვნებიან სუნთქვას კანის ყოველი უჯრედით ვგრძნობდი. მაკოცებს-მეთქი, ვფიქრობდი და თავის ასარიდებლადაც ვემზადებოდი, რომ ისევ გავიგე მისი ხმა:
– ისეთი ნაზი სილამაზე გაქვს, თავს ძლივს ვიკავებ, – თვალებში უტეხად შემომხედა. თავხედური მზერით თითქოს ტანსაცმელს მხდიდა და ბოლომდე მაშიშვლებდა, –გეფიცები, ყველაფერი გექნება, თუ ბოლომდე ჩემი გახდები და შენს სხეულს სხვა მამაკაცი არ გაეკარება.
– რა?!
– საპნის ოპერას ნუ დადგამ, კარგი? ვიცი, ახლა რასაც ფიქრობ და თავში რა აზრებიც გიტრიალებს, მაგრამ მე უბრალოდ ჩემთან ყოფნა შემოგთავაზე, სრული ფინანსური უზრუნველყოფის პირობით.
– ჩავთვალოთ, თითქოს ეს არ გამიგია, – მოსმენილით გაცეცხლებულმა მანქანის კარისკენ წავიღე ხელი, თუმცა მან შიგნით ჩაჯდომის საშუალება არ მომცა, მაჯები ფრთხილად გამიკავა და ზურგით მანქანის საქარე მინაზე ამაკრა.
– დამიჯერე, არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ვინმე მომდომებია და მიზნისთვის არ მიმიღწიოს. ადრე თუ გვიან, საკუთარი ნებით ინებივრებ ჩემს მკლავებში, მაგრამ ამ შემთხვევაში კუდში დევნის დრო დავზოგო და ის დავაჩქარო, რაც ისედაც გარდაუვალია.
– თუ უფიქრდები, ახლა პირველივე შემხვედრს სთავაზობ ფულის სანაცვლოდ დავწვეს შენთან! – თავს ძლივს ვიკავებდი, რომ წყობიდან არ გამოსვულიყავი და ჩემი გრძელი ფრჩხილებით სახე არ დამეკაწრა მისთვის.
– მერე და ვინ გითხრა, რომ ერთჯერადი სექსი მაქვს მხედველობაში? – ისეთი ბავშვური, უდანაშაულო მზერით მიყურებდა, თითქოს მის სიტყვებში შეურაცხყოფის მარცვალიც არ ყოფილიყო. - გთავაზობ, ხანგრძლივი დროით ვიყოთ ერთად, ამ ხნის განმავლობაში კი შენი ფინანსური სპონსორი ვიქნები, თანაც საკმაოდ გულუხვიც. ნებისმიერი რამ გექნება, რასაც მოისურვებ, ბრენდული ტანსაცმლით დაწყებული, ძვირადღირებული მანქანით დამთავრებული.
ლეოს ხელები უხეშად მოვიშორე და ღრმად ამოვისუნთქე. ადამიანთა ფსიქოლოგიის შესახებ საკმაოდ ბევრი წიგნი თუ სტატია მქონდა წაკითხული და ისიც კარგად ვიცოდი, რომ კაცები, ზოგჯერ ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები, მიზანში ამოღებული ქალის ხელში ჩასაგდებად. მტკიცე უარის თქმა და წინააღმდეგობის გაწევა, მსგავსი ფსიქოტიპის მამაკაცს უფრო დიდ აზარტში ჩააგდებდა. რაღაც ისეთი უნდა მომეფიქრებინა, რითაც იძულებულს გავხდიდი თავისივე ნებით ჩამომშორებოდა და ეს გეგმა, აქ და ამ წამსვე უნდა დამესახა.
დაბნეულმა მზერა მთელ პარკინგს მოვავლე, თითქოს სიტუაციიდან ხსნას იქ ველოდი. მიშო კვლავ თავის მანქანას მიყრდნობოდა და გაუჩერებლად ურტყამდა ერთიმეორეზე მსხვილ ნაფაზებს. მისი დანახვა ორმაგად უფრო მიშლიდა ნერვებს, თუმცა ეს მხოლოდ პირველ ეტაპზე. შემდეგ კი გიჟური იდეა მომივიდა თავში. ჩემს გადაწყვეტილებას, თავადაც არ ვთვლიდი ადეკვატურად, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ზოგადად იმპულსურობაც მახასიათებდა ხოლმე, თანაც იმდენად ძლიერი, რომ მოსალოდნელ შედეგებზე ფიქრით თავს საერთოდ არ ვიწუხებდი.
– მაპატიე, მაგრამ მე უკვე მყავს საკმაოდ გავლენიანი საყვარელი. უკვე ექვსი თვეა, რაც ერთად ვართ და მისი მხრიდან არც ფინანსური და არც სექსუალური სახის დაკმაყოფილების ნაკლებობას არ განვიცდი.
დავინახე როგორ შეეცვალა მზერა ამ სიტყვების გააზრებისას. თუკი აქამდე მისი ყოველი მოქმედება და ჟესტი თავდაჯერებას ასხივებდა, ახლა აშკარა ყოყმანი შეეპარა. ნაცრისფერ თვალებში უკმაყოფილების გამომხატველი ნაპერწკლები აუთამაშდა.
– და ვინ არის? – ოდნავ ეჭვიანი ტონით დამისვა კითხვა. როგორც ვვარაუდობდი, მისი დარწმუნება არც ისეთი მარტივი ამოცანა გახლდათ. სწორედ ამიტომ დავაჩქარე ჩემი გიჟური გეგმის ამუშავება და მზერით კვლავ პარკინგზე მდგომ მიშოს დავუბრუნდი.
– აი, ისიც, – ცერა თითით შეუმჩნევლად ვანიშნე იმ მხარეს, სადაც მეფარიშვილი მანქანას მიყრდნობოდა. ერთადერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი ჩემს წრეში, ვისაც შეძლებული ეთქმოდა და საკმაოდ ძვირადღირებული ავტომობილის საჭესაც ატრიალებდა, სწორედ მიშო იყო და ზუსტად ამიტომ ჩავეჭიდე იმ მომენტში მაშველი რგოლივით მაინცდამაინც მას.
ლეო კვლავ უნდობლად მათვალიერებდა. მზერას ჯერ მეფარიშვილისკენ მიმართავდა, მერე ისევ ჩემკენ და ასე გრძელდებოდა რამდენიმე წამის განმავლობაში, მანამ, სანამ საბოლოოდ თავად არ დაუსვა წერტილი ჩვენ შორის ჩამოვარდნილ არაფრისმთქმელ მდუმარებას:
– ანუ ამ რესტორნის დირექტორთან წევხარ?
– ჰო, ასეა, – რამდენადაც გულისამრევიც არ უნდა ყოფილიყო ჩემთვის ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემა, ეს მაინც გავაკეთე, თან მეტი დამაჯერებლობისთვის დავამატე, – შენი აზრით, ამ დროს აქ რატომაა? შეამჩნია შენი ჩემდამი დამოკიდებულება. მართალია ყოველთვის მაძლევს იმის უფლებას ასეთი რამები ჩემით მოვაგვარო, მაგრამ თუ იგრძნობს, რომ სიტუაციას მარტო ვერ ვუმკლავდები, მაშინვე ჩაერევა.
– მშვენიერია . . . თუკი რამე გაუთვალისწინებელი მოხდება, დაცვის სამსახური ახლოს გყავს, – კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემი მიმართულებით, – ახლა რომ ავდგე, მისი აქ ყოფნა ფეხებზე დავიკიდო და გაკოცო, საინტერესოა რას გააკეთებს? გინდა დავტესტოთ?
– არ გირჩევ! – პრევენციის მიზნით, მკერდზე ხელის გული მივაბჯინე, – შენი წინა ორი კბილი იმდენად ლამაზია, მათ გარეშე დარჩენა საცოდაობა იქნება. – ამის მერე, ისე ჩამომშორდა მეტად მოახლოება აღარ უცდია, თუმცა სახეზე გაურკვეველი ღიმილი დასთამაშებდა.
– კარგი, ამ ეტაპზე იყოს როგორც არის, – არა და არ მშორდებოდა მისი ბასრი მზერა, –თუმცა, დაიმახსოვრე, რომ ეს დასასრული არაა. სანდო წყაროების გარეშე, მიღებულ ინფორმაციას ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებ ხოლმე.
ზურგი ისე მაქცია, თავისი ნათქვამისთვის მეტად აღარაფერი დაუმატებია, თუმცა ეს სიტყვებიც კი საკმარისი აღმოჩნდა, რათა მისგან მომდინარე რეალური საფრთხე მეგრძნო. ხრიკი, რითიც მიშო მეფარიშვილი ჩემს მდიდარ საყვარლად გამოვაცხადე, არც ისეთი ეფექტური აღმოჩნდა. იმ მომენტში, ორი დიდი სადარდებელი მქონდა –ლეოს გამოჩენა და ის, რომ მიშოს ვერასდროს გაეგო ჩემ მიერ შეთხზული პატარა ტყუილის შესახებ.
საჭესთან ანერვიულებული დავჯექი და კარი მაგრად მოვიჯახუნე. აღარ დამიწყია იმის თვალიერება, თუ რომელ მხარეს წავიდა ლეო. ახლა ყველაზე მეტად, იქიდან წასვლა მსურდა. სწორედ იმ დროს, მიშოს პორშესაც მოვკარი თვალი. ჩემ მსგავსად, მასაც აენთო წინა ფარები და პარკინგს ტოვებდა.
რესტორნის მიმდებარე ტერიტორიას თითქმის ერთად გავცდით. რაღაც პერიოდის განმავლობაში, მისი ავტომობილი უკანაც მომყვებოდა, თუმცა მგზავრობის დაწყებიდან დაახლოებით სამი წუთის შემდეგ, ჩვენი გზები გაიყო და მეფარიშვილმაც, მოპირდაპირე ქუჩაზე გადახვევამდე, დამშვიდობების ნიშნად რამდენჯერმე დამისიგნალა.
სალონში მუსიკა ჩავრთე და ბოლო ხმაზე ავუწიე. გული ცუდს მიგრძნობდა და ეს ცუდი წინათგრძნობა არა და არ მშორდებოდა. ლოლასა და კალეს თუ არ ჩავთვლიდით, ამ სამყაროში სრულიად მარტო ვიყავი. არ გამაჩნდა ისეთი გავლენიანი, ძლიერი ადამიანი, ვინც ჩემს დახმარებას შეძლებდა. ერთადერთი, ვინც ასეთი სიტუაციიდან გამომაძვრენდა, ისევ ჩემივე ხრიკები იყო და სისუსტის გამომჟღავნების უფლება არანაირად არ მქონდა.



***
დილით მცხუნვარე მზის სხივებმა გამომაღვიძეს. დიდი, მრგვალი ფანჯრიდან, რომელთანაც საწოლი მქონდა მიდგმული, მთელი სიდიადით დამყურებდა მწიფე ალუბლისფრად შეფერილი გარიჟრაჟის ცა. იატაკზე დადებულ პატარა ხმის გამაძლიერებელში, კვლავ დაბალ ხმაზე ისმოდა გამეორების რეჟიმზე ჩართული ზღვის ტალღების ხმაური. ტალღების ხმა სიმშვიდეს მგვრიდა და დაძინებაში მიწყობდა ხელს.
დაბინდული თვალებით კალენდარს შევხედე. ხუთშაბათი იყო და დღევანდელი განრიგიც უკვე ზედმიწევნით მქონდა შედგენილი. საუზმის შემდეგ სპორტ-დარბაზში ვაპირებდი წასვლას, შემდეგ ლოლასთან ერთად აუზზე მივდიოდი. ლოლამ წინა დღით, სპეციალურად დაწერა საათობრივი შვებულება, რათა რესტორნიდან გათავისუფლება შეძლებოდა. ამის მერე ცოტას დავისვენებდი და წახემსების შემდეგ სამსახურში წასასვლელად მოვემზადებოდი.
ხმის გამაძლიერებელი ფეხზე აუდგომლად გავთიშე და ერთი გემრიელად გავიზმორე. ლოგინში გამუდმებული წრიალისგან, ჩემი საყვარელი იისფერი აბრეშუმის პიჟამა ტანზე უსწორმასწოროდ მქონდა შემოტმასნილი. ღამით ან რაღაც ცუდი მესიზმრებოდა, ან წუხანდელიდან გამოყოლილი ნეგატიური შეგრძნებების გავლენით ვიყავი მოუსვენრად.
რაც არ უნდა ყოფილიყო, ახლა უკვე ახალი დღე იწყებოდა და მეც უჩვეულოდ პოზიტიურად გახლდით დამუხტული. განწყობას ჩემი საძინებლის ყურებაც მიუმჯობესებდა. მთელი ჭერი ვარსკვლავებიანი ცით  მქონდა მოხატული, ხოლო ნივთებისა და ავეჯის უმეტესობა, ჩემთვის საყვარელი ფერში – ღია იისფერში იყო გადაწყვეტილი.
გამორჩეულად მიყვარდა აქაურობა. ეს იყო ადგილი, სადაც ფიზიკურთან ერთად, სულიერი დასვენებაც შემეძლო. ოცნებებში მე და მამას კვლავ უწინდელივით შეგვეძლო ერთად ყოფნა და ათასი სიგიჟის კეთება.
მამაჩემს ყოველთვის საუკეთესო მეგობრად ვთვლიდი. მასთან ისეთ თემებზეც კი ვსაუბრობდი, როგორც ბიჭები, ურთიერთობები და პაემანზე წასასვლელი სამოსის არჩევა იყო. ყოველ მორიგ ასეთ შეხვედრას, ის მუდამ არასერიოზულად უყურებდა, რადგან ჩემს თვალებში ვერასდროს ხედავდა იმ დიდ ენთუზიაზმს, რაც საყვარელ ადამიანთან შეხვედრას უძღოდა წინ. მახსოვს, მუდამ ერთსა და იმავეს მიმეორებდა: –„საკუთარი თავი ყოველთვის ძვირადღირებული სასმელივით დააფასე, ყველასთვის ხელმისაწვდომი ნუ იქნები და შეხების უფლებაც მხოლოდ იმ ადამიანს მიეცი, ვინც მზად იქნება შენ გამო ტყვიასაც გადაუდგეს-ო.“
მაშინ მისი სიტყვები გადაჭარბებულ რომანტიკად მიმაჩნდა და ფილმებისა და წიგნების გარეთ ვერც კი წარმომედგინა ისეთი პიროვნების არსებობა, ვინც საყვარელი ადამიანის გამო თავს დაუფიქრებლად გაწირავდა. რაც დრო გადიოდა, ვხვდებოდი, რომ თუკი ვინმეს გულით შეიყვარებდი, თუ იგი შენი ნაწილი გახდებოდა, მის გამო თვალუწვდენელი კლდიდან გადახტომაც კი მარტივზე მარტივად მოგეჩვენებოდა.
საწოლიდან ზლაზვნით წამოვდექი და პაჟამა გავიხადე. გუშინდელ პროგნოზს თუ დავუჯერებდით, დღევანდელი ტემპერატურა დაახლოებით ოცდარვა გრადუს-ცელსიუსამდე აღწევდა, რაც აუზისთვის და გასარუჯად იდეალურ პირობებს ქმნიდა.
დილის პროცედურებს დაახლოებით ნახევარ საათში მოვრჩი და ხილიანი შვრიის ფაფით მსუბუქად ვისაუზმე. ფიტნესში წასაღები სპორტული ზურგჩანთა, წინა ღამით მქონდა ჩალაგებული. დასვრილი ჭურჭელი გავრეცხე თუ არა, მაშინვე ჩანთას დავტაცე ხელი და ბინიდან ყურსასმენებში აჟღერებული ენერგიული მუსიკის ფონზე გამოვედი. ორი ნაბიჯიც არ მქონდა გავლილი, რომ რაღაცას წამოვედე და წავბორძიკდი. როგორც აღმოჩნდა, დერეფანში დაგებულ ხალიჩაზე ფრინველების გალია იდო.
წელში მოღუნული, ძლივძლივობით გავსწორდი და კვლავ ხალიჩას დავხედე. ჭრელ გალიაში ულამაზესი, ჯუნგლების თუთიყუში იწონებდა თავს და ნელა ირწეოდა სპეციალურად გაკეთებულ, ჭერიდან ჩამოშვებულ რგოლზე. ეს ყველაფერი არ ყოფილა. ფრინველთან ერთად, გალიაში პატარა ბარათი და ლამაზი, ეკლებისგან საგულდაგულოდ განთავისუფლებული წითელი ვარდიც იდო. მივხვდი საჩუქარი ჩემთვის იყო განკუთვნილი და უკვე იმასაც ვხვდებოდი, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი გამომგზავნი.
"საკმაოდ სანდო წყაროებიდან ვიცი, რომ შენსა და მიშო მეფარიშვილს შორის არაფერი ხდება. დაიმახსოვრე, უზარმაზარ სურვილად მექეცი და გაჩერებას არ ვაპირებ."
ბარათი უკმაყოფილო სახით გადავხიე და კარს თვალებდახუჭული მივეყრდენი. ამ ადამიანთან დაკავშირებით გული საკმაოდ ცუდს მიგრძნობდა. ქალური ინტუიცია მკარნახობდა, რომ მისი თავიდან მოშორება რთული იქნებოდა.
გალიაში გამომწყვდეული თუთიყუში ისე აგრძელებდა რგოლზე ქანაობას, თითქოს ჩემთვის თავის მოსაწონებლად აკრობატულ ილეთებს ასრულებსო. ვინც არ უნდა ყოფილიყო საჩუქრის ავტორი, არც ფრინველს და არც ყვავილს ჩემთვის არაფერი ჰქონდათ დაშავებული, ამიტომ გარეთ უპატრონოდ დასატოვებლად ორივე შემეცოდა. თუთიყუშს მისაღებში გამოვუყავი კუთხე, ვარდი წყლით სავსე მაღალ ჭიქაში ჩავდე და სახლიდან კიდევ ერთხელ გამოვედი.
ბედმა გამიღიმა და პარკინგზეც მალევე ვიპოვე თავისუფალი ადგილი. არ გამკვირვებია, როდესაც ავტოსადგომზე, სხვა ავტომობილებს შორის, მიშოს თეთრ პორშესაც მოვკარი თვალი. უკვე ორი კვირა ხდებოდა, რაც შევამჩნიე, რომ იმავე ფიტნეს კლუბში დაეწყო სიარული, სადაც მე უკვე ერთი წელი ვვარჯიშობდი. რამდენჯერმე ერთმანეთს გადავეყარეთ კიდეც, თუმცა  არც ერთი ჩვენი შეხვედრა არ გამოირჩეოდა მოკითხვებითა და გულთბილი სალამით. პირიქით, ორივენი ისე ვიქცეოდით, თითქოს ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ადამიანები ვიყავით.
ეს მონაკვეთი დაწესებულებისთვის პიკის საათად ითვლებოდა, ამიტომ სპორტ-დარბაზი ხალხით იყო გადაჭედილი. გასახდელში ძლივს ვიპოვე ცარიელი კარადა, ჩემი ტანსაცმელი სავარჯიშო სამოსით ჩავანაცვლე და ცივი წყლის ბოთლით ხელში, ტრენაჟორების ოთახისკენ ავიღე გეზი.
მთელ სიგრძეზე ჩაყოლებული სარბენი ბილიკებიდან მხოლოდ ორი თუ იყო თავისუფალი. მეც გადავწყვიტე სანამ აქტიურ ვარჯიშზე გადავიდოდი, მოდუნებული კუნთები სწორედ ამ ტრენაჟორის საშუალებით ამემუშავებინა, მაგრამ გადავდგი თუ არა ერთი ნაბიჯი, მაშინვე ვიგრძენი დაბრკოლება. ეს დაბრკოლება მაღალი, ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც  ვიღაცასთან საუბარში იმდენად გართულიყო, ვერც შეამჩნია როგორ გადამიღობა გზა. ზემოთ ახედვისას თვალში შავ, უმკლავო მაისურსა და ამავე ფერის სავარჯიშო შორტებში გამოწყობილი მიშო მეფარიშვილი მომხვდა. დირექტორი მინის ბოთლიდან, ლიმონითა და პიტნით გაზავებულ ცივ წყალს მიირთმევდა, თან ყურადღებით უსმენდა თანამოსაუბრეს. მათ გარემოცვაში დიდხანს აღარ გავჩერებულვარ. თავხედურად რომ არ გამომსვლოდა, მიშოს თავი მისალმების ნიშნად დავუკარი, მასთან ერთად მყოფ მამაკაცს გვერდი ავუქციე და სარბენ ბილიკზე განსაკუთრებული შემართებით შევდექი. რამდენიმე წამში ჩემი ტელეფონიც აზუზუნდა, შეტყობინების ავტორი ლოლა იყო, თან საკმაოდ მოზრდილ ტექსტს მიგზავნიდა, ქალისა და მამაკაცის ფოტო-სურათთან ერთად.
„გახსოვს, ანტალიაში მოგზაურობისას გაცნობილ ერთ ძალიან მომხიბვლელ არსებაზე რომ გიყვებოდი? გითხარი, ერთად გატარებული ღამის შემდეგ სიყვარულს მეფიცებოდა-მეთქი. თურმე დაქორწინებულა და ძალიან ბედნიერია თავის ქერა, უკრაინელ ცოლთან ერთად. რა უბედურებაა, ორი წამითაც რომ გაგიფუჭდეს განწყობა, სოციალური ქსელი ათასობით ფოტოს მოგაყრის, რომლებზეც ყველა ბედნიერია და ცხოვრება უხარია.“
გამეღიმა მის მონაწერზე. მართალია, ლოლას მამაკაცის შეყვარების უნარი არ გააჩნდა, მაგრამ მაინც უსიამოვნო გრძნობა ეუფლებოდა, როდესაც მის „ხელში გავლილ“ კაცებს, სხვა ქალის გვერდით დაინახავდა ხოლმე.
„ეგოისტი ნუ იქნები, ლოლიტა. სხვისი ბედნიერება შენთვის უსიამოვნო არ უნდა იყოს.“ – მივწერე პასუხად და სულ მალე, მორიგი შეტყობინებაც მივიღე მისგან:
„კარგი დავიკიდოთ, ერთი მაგის დედაც . . . ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ზეგ ერქოლესა და ტეოს იაპონელი მეგობარი ჩამოდის. სავარაუდოდ, კორპორატიულსაც დაესწრება, თან მეცნიერია, მომავლის რობოტებს აწყობს და თუ ძალიან თხოვ, იქნებ ერთი მამაკაცის მოდელი შენთვისაც შექმნას, ხელუხლებელი რომ არ მოკვდე.“
თავი ვერ შევიკავე და გამეცინა, თუმცა კომენტარი სპეციალურად არ გამიკეთებია.
„ჰო, ვიცი ეგ ამბები. სამზარეულოში დიმიტრი რევიზორივით დადის, ყველაფერი იდეალურად უნდა იყოსო, მაგრამ როდესაც რესტორანს მისნაირი შეფ-მზარეული ჰყავს, ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაივლის.“
„ილოცე, რომ ასე იყოს, თორემ მეფარიშვილი ყველას დაქვითვაზე გაგვიშვებს. აქაც ჯარის პრინციპი მოქმედებს – ისჯება არა ერთი, არამედ ყველა.“
„ეგ თქვენ იკითხეთ, თორემ ჩემი დაქვითვაზე გაშვება უკვე მოასწრო.“ -შეტყობინება გავგზავნე და გაბრაზებულმა გავხედე მიშოს.
„ჰოო?“ – სიცილის სმაილების უხვი ნაკადი მოაყოლა ლოლამ თავის შეტყობინებას -„ისე, ჩემი მოგვარე რომ არ იყოს, ვიცი რასაც ვუზამდი.“
„მაინც რას?“
„დარწმუნებული ხარ, რომ მაგის მოსმენა მართლა გინდა?“ – კვლავ სიცილის სმაილები მოაყოლა წერილს.
„კარგი, კარგი, არაფრის მოსმენა არ მინდა! წავალ, ვარჯიშს დავუბრუნდები, აუზზე შევხვდებით.“ – დამშვიდობების ნიშნად, ლოლამ გულები გამომიგზავნა და მეც მაშინვე ავამუშავე დროებით გაჩერებული სარბენი ბილიკი.
თხუთმეტი წუთის განმავლობაში შეუსვენებლად ვირბინე ენერგიულ მუსიკასთან ერთად. შემდეგ ყურსასმენი მოვიხსენი, მონიტორზე სიჩქარის მაჩვენებელს დავუწიე და შესვენების მიზნით ნელ სიარულზე გადავედი. რამდენიმე წამში, ნაცნობი სურნელი ვიგრძენი. სიამოვნებისგან თვალები ინსტიქტურად დავხუჭე. ვგიჟდებოდი ამ არომატზე, თუმცა მერე მახსენდებოდა ვინც იდგა ჩემ სიახლოვეს და მაშინვე ნეგატივით ვიმუხტებოდი ხოლმე.
ახლაც ასე მოხდა. როგორც კი გვერდით მიშოს ყოფნა გავიაზრე, თვალები უკმაყოფილოდ ავატრიალე და ყურსასმენებში მუსიკა გავთიშე. მეფარიშვილს ჩემს გვედითა სარბენ ბილიკზე დაეკავებინა ადგილი და ისე გადმომხედავდა ხოლმე, დარწმუნებული ვიყავი, რაღაცის თქმა ჰქონდა განზრახული.
– მიდი, გისმენ, – ვცადე მოვლენები დამეჩქარებინა. მისი ირონიანარევი, ოდნავ ღიმილიანი მზერა უკვე საგრძნობლად მოქმედებდა ჩემს ნერვულ სისტემაზე. მიშო მეფარიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც შეეძლო ელვისებური სისწრაფით გამოვეყვანე წყობიდან.
– არა, ეს მე გისმენ. დავიჯერო, არაფერი გაქვს სათქმელი?
– რა უნდა მქონდეს? – გაკვირვებული ვიყავი მისი ტონითა და ბრაზნარევი გამოხედვით.
– მაგალითად ის, რომ რესტორნის შიდა სივრცეში, კლიენტთან ინტიმური ურთიერთობა სასტიკად იკრძალება, – სარბენი ბილიკი აამუშავა, – დღეს კი ერთ-ერთი კლიენტი პირადად მიკავშირდება და მთხოვს, რესტორანი დავხუროთ, რომ მხოლოდ თვითონ შეძლოს შენი გამოსვლის მოსმენა. თანხის დამატებასაც აპირებს, იმ შემთხვევაში, თუკი Imagines-ს კოლექტივი, რომანტიკული ვახშმის მაგიდასაც გაამზადებს თქვენთვის.
– მოიცა, რა?! – მოსმენილისგან სპაზმებმა ლამის ყელში წამიჭირეს. მაშინვე ლეო გამახსენდა. მის გარდა, სხვა არავინ მახსენდებოდა ისეთი, ვისაც მსგავსი რამის გაკეთება მოუვიდოდა თავში აზრად.
– რაც გაიგე . . . ისეთი შეურაცხყოფილი სახე გაქვს, თითქოს ამის შესახებ ჩემგან პირველად ისმენ.

– შენ წარმოიდგინე მართლა პირველად ვისმენ, – ვერც ხმის ტემბრს და ვერც თვალებში ჩამდგარ ბრაზს ვერ გავუწიე კონტროლი. ლეოს უკვე საკმაოდ ღრმად ჰქონდა შეტოპილი და სერიოზული ზომები უნდა მიმეღო მის შესაჩერებლად.
– თუკი ეგრეა გილოცავ, შენ ანგარიშზე ერთი გიჟი თაყვანისმცემელი უკვე არის.
– საერთოდ არ მეცინება. როგორც თანამშრომელი მოვითხოვ, მაგ ადამიანს რესტორანში შემოსვლა აეკრძალოს!
– მოითხოვ? – შევატყვე, რომ ჩემი სიტყვები სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა, – იმის გამო, რომ შენ დანახვაზე ვიღაცას სექსუალური ფანტაზიები ახრჩობს, რესტორნის კართან ფეის-კონტროლს არ დავუწესებ.
– ეს სახუმარო თემა არაა, მეფარიშვილო!
– არა, გაფიცებ, გვარით რატომ მომმართავ? შენი კლასელი ვარ, თუ ჯარში ვმსახურობდით ერთად? – სიცილს ძლივს იკავებდა, რითაც კიდევ უფრო მეტად მაღიზიანებდა, ისედაც გაღიზიანებულს.
– სერიოზულად გეუბნები, ეგ ტიპი უკვე ძალიან მავიწროვებს და უფროსობა ვალდებულია თავისი თანამშრომლის მშვიდ გარემოში მუშაობას შეუწყოს ხელი. თუ ამას შენ არ გააკეთებ, ერქოლესა და ტეოს დაველაპარაკები. დარწმუნებული ვარ, მათთვის ამდენი ახსნა არ დამჭირდება.
– ვწუხვარ, მაგრამ ნოლანები კახეთში არიან მიწვეულები, ღვინის დეგუსტაციაზე და ზეგამდე არ იქნებიან, – კვლავ ნიშნის მოგებით ჟღერდა მისი ტონი.
– არის ასეთი რაღაც, ტელეფონი ჰქვია. შემიძლია მისი მეშვეობით მოვაგვარო საქმე.
– მეეჭვება კონტაქტზე გასვლა შეძლო. როდესაც ქალაქგარეთ გადიან, შენნაირი რიგითი თანამშრომლების ზარებს არ პასუხობენ. ვეჭვობ, ისევ ჩემთვის მოგიწევს დახმარების თხოვნა.
– ტონზეც გეტყობა, რომ უსასყიდლოდ დახმარებას არც კი განიხილავ, - თავადაც ირონია გავურიე ხმაში, – ფული იმდენი გაქვს, ჩემგან ნამდვილად აღარ გჭირდება. სხვა რისი მოცემა შემიძლია?
– მოცემა? – ეშმაკურად აუთამაშდა ორივე წარბი, – კითხვას ეგრე მაცდურად ნუ სვამ, თორემ გარყვნილი ფანტაზიები მაწვება.
– შეგიძლია, ყოველ სიტყვაში არ გამოამჟღავნო რა უტაქტოც ხარ? – მობეზრებულად ავატრიალე თვალები. ნერვები მეშლებოდა ამ სიტუაციის გამო, თუმცა მიშოს დახმარება მართლა ძალიან მჭირდებოდა. სწორედ ამიტომ ვიკავებდი თავს იმ სიტყვების თქმისგან, რაც ენის წვერზე მადგა.
– ძალიან მიმზიდველი სპორტული სამოსით ვარჯიშობ, – თავიდან ფეხებამდე ჩამომატარა მზერა, – არც კი იცი, რა სურვილები უტრიალებთ თავში ბიჭებს, რომლებიც ახლა გიყურებენ.
– და შენ იცი? – უდარდელად მივუგე. ნახევარი პროცენტითაც კი არ მაინტერესებდა, როგორ მიმზერდნენ, ან რას ფიქრობდნენ გარშემო მყოფნი.
– ვიცი, რადგან მეც იგივე სურვილები გამიჩნდებოდა, რომ არ ვიცოდე რა ეკლიანიც ხარ.
– შენი თავი არ მაქვს, – სარბენი ბილიკიდან ჩამოვედი და ველოსიპედის ტრენაჟორზე გადავინაცვლე.
– შეგვიძლია წყვილივით მოვიქცეთ. ცოტა ხელებს მოგიფათურებ წელზე და საჯდომზე. თუკი ძალიან მთხოვ,  შემიძლია გაკოცო კიდეც. იფიქრებენ, რომ ჩემი გოგო ხარ.
– დიდი მადლობა, მაგრამ ბაყაყებს არ ვკოცნი, იმ იმედით, რომ პრინცებად გადაიქცევიან.
მიშომ კიდევ ერთხელ მოსვა ლიმონიან-პიტნიანი წყალი და პასუხიც მხოლოდ ამის შემდეგ დამიბრუნა:
– სამაგიეროდ, მაგ ბაყაყს შენი დახმარება შეუძლია და კარგი იქნება, თუ ყველა თბილ სიტყვას გაიხსენებ, რაც ლექსიკონში მოგეპოვება.
– ერქოლე და ტეო რომ ჩამოვლენ, შენი დახმარება საერთოდ აღარ დამჭირდება.
– სანამ ეგ მოხდება, რესტორანი მე მაბარია და თუ გინდა, რომ ის თეთრბილეთიანი შენს გამოსვლას არ დაესწროს, ერთი პატარა თხოვნა უნდა შემისრულო.
– რა გინდა, მიშო? – ველოსიპედის პედლები გავაჩერე. უკვე აღარც ვარჯიშის განწყობა მქონდა და აღარც სამსახურში წასვლის. ისიც ჩემსავით მოიქცა, ტრენაჟორი გამორთო და სანამ რამეს იტყოდა, კიდევ ერთხელ მოსვა ბოთლიდან თავისი ლიმონიანი წყალი.
– ძალიან მარტივი რაღაც მინდა...
– დროს ნუ წელავ, თქვი!
მან თვალები ოდნავ მოჭუტა, სადისტურად გამიღიმა და თვალი, თვალში გამიყარა.
– ინდოეთში მოგზაურობის დროს, გოაზე, შენი სვირინგი ვნახე, მკერდის ქვემოთ რომ გაქვს.
– ჰო მახოვს, მერე?
– უფლება მომეცი გაკოცო . . . მხოლოდ იმ ადგილას . . .

****ინდოეთი****

ახალი სამუშაო გამოცდილება, რომელიც ტურისტულ კომპანიაში დასაქმებას გულისხმობდა, ჩემს დაბადების დღეს დაემთხვა, ოცდაერთი წლის ვხდებოდი. მახსოვს, ძალიან ვიყავი გახარებული, რადგან გიდის პროფესია ყოველთვის მხიბლავდა. ანაზღაურებაც საკმაოდ სოლიდური იყო, რაც საშუალებას მაძლევდა დანაზოგისთვის ხელი არ მეხლო და თვიდან თვემდე, ჩემი გამომუშავებული თანხით მეარსება.
დაახლოებით ერთი კვირა, უზომოდ კმაყოფილი ვიყავი ახალი სამსახურით. თანამშრომლებსაც საკმაოდ კარგად ვუგებდი და არც დილით ადრიანად ადგომა მიწვედა, რადგან სააგენტო ჩემს სახლთან ახლოს მდებარეობდა. საუბედუროდ, როგორც ყველას, ამ ბედნიერებასაც გაუჩნდა პატარა ბზარი. ეს მაშინ მოხდა, როდესაც გავიგე, რომ იმ ტურისტულში, სადაც მე ვმუშაობდი, VIP-კლიენტთა სიაში მიშო მეფარიშვილიც შედიოდა. ჩვენი სააგენტო ასეთ კლიენტებს დიდ პრიორიტეტებს ანიჭებდა. თუკი ექსკურსიამძღოლის მოგზაურობაში წაყვანის უფლება მხოლოდ ტურისტულ ჯგუფებს ჰქონდათ და არა კერძო პირებს, განსაკუთრებულ კლიენტებს შეეძლოთ ამ პრივილეგიითაც ესარგებლათ. აგრეთვე, შეეძლოთ მოეთხოვათ პირადი ფოტოგრაფი, რისი ღირებულებაც მთლიანად ტურის საფასურში იქნებოდა შესული და ესარგებლათ ფასდაკლების კუპონით ყოველ მესამე მოგზაურობაზე.
მარტის თვე იყო, როდესაც მიშო, ჩვენს სააგენტოს ინდოეთის ერთკვირიანი ტურის შესაძენად ესტუმრა. მეც სწორედ იმ დღეს გადავეყარე მას სააგენტოს ფოიეში. ერთ საათში, ჩემმა მენეჯერმა მაცნობა, რომ სააგენტოს ერთ-ერთ VIP-მომხმარებელს – მიშო მეფარიშვილს სწორედ მე უნდა გავყოლოდი ექსკურსიამძღოლად, როგორც ხუთი ენის მცოდნე და პირადად კლიენტის მიერ არჩეული.
მახსოვს, საშინლად გავბრაზდი. ვიცოდი, ამას სპეციალურად აკეთებდა, რადგან მშვენივრად ხვდებოდა როგორც გამაღიზიანებდა ამ ამბის გაგება. მართალია მასთან ერთად საზღვარგარეთ წასვლა უკანასკნელი იყო, რაც ცხოვრებაში მსურდა. მაგრამ ვიცოდი, რა საქმისთვისაც არ უნდა მომეკიდა ხელი, პირველ რიგში პროფესიონალიზმი მმართებდა. პროფესიონალიზმი კი პირადული წყენების დავიწყებას მოითხოვდ. დაკისრებული მოვალეობა პირნათლად უნდა შემესრულებინა. ზუსტად ასე გადაწყდა ჩემი ინდოეთში გამგზავრება. ეს ქვეყანა ბავშვობიდან მიზიდავდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფილმი „პატარძალი და ცრურწმენა“ პირველად ვნახე. რომ არა ის ადამიანი, ვისთან ერთადაც გამგზავრება მიწევდა, ეს მოგზაურობა დიდ სიამოვნებას მომანიჭებდა და სამუდამოდ ჩაიბეჭდებოდა ტკბილ მოგონებათა სიაში.
საქართველოდან ინდოეთამდე პირდაპირი რეისი არ იყო დანიშნული, ერთი გადაჯდომით დაახლოებით თერთმეტი საათი დაგვჭირდა ნიუ-დელიში მოსახვედრად. მიშოს გადაწყვეტილებით, იქამდე პირველი კლასით ვიმგზავრეთ, რადგან ეკონომ-კლასის ხმაურის ამდენი ხნით ატანა არ შეეძლო.
ჩვენი ერთობლივი მოგზაურობა ოთხ ქალაქს – დელის, აგრას, ჯაიპურს, ამრიტსარს და აგრეთვე კუნძულ გოას მოიცავდა. მიშომ მხოლოდ აგრასა და გოას მონახულება გადაწყვიტა, დანარჩენები კი ღირშესანიშნაობების მხრივ საკმაოდ უღიმღამო ქალაქებად დაასახელა.
რა გაეწყობოდა? განდის აეროპორტში ჩვენი თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ერთი დღე ქუჩებში გავიარეთ, დელის ზოოპარკი მოვინახულეთ, ღამე სასტუმროში გავათიეთ. ტაქსები შუა ქუჩაში არ აჩერებდნენ, ამიტომ სადგურთან ახლოს მდებარე ტაქსოპარკიდან ავიყვანეთ და პირდაპირ აგრასკენ მიმავალ გზას დავადექით. იქამდე დაახლოებით ორასი კილომეტრი იყო, მე კი ბოლო ოცდაოთხი საათის განმავლობაში მხოლოდ ორი საათი მეძინა, თუმცა კლიენტთან დაღლილობა არ შევიმჩნიე და ერთი ჭიქა მაგარი ყავით ვცადე ოდნავ ენერგიაზე მოსვლა. მიშოს მეორე დღესვე უნდოდა ტაჯ-მაჰალის მონახულება.
ინდოეთში მეც პირველად ვიყავი და თითქმის ყველაფერს აღფრთოვანებაში მოვყავდი. ვფიქრობდი, რომ აქ ჩამოსვლით ადამიანს, საკუთარ თავში უამრავი ახალი რამის აღმოჩენა შეეძლო. მომწონდა ის ფაქტი, რომ ინდოელები ძალზედ პოზიტიური, კომუნიკაბელური და მომღიმარი ხალხი იყვნენ. მათ ყველაზე უკეთ იცოდნენ, თუ როგორ დამტკბარიყვნენ მზის სხივებით, ადამინებით, ბუნებით და ჩვეულებრივი პურის ნატეხითაც კი. აქ ეგზოტიკა უდავოდ საკმარისზე მეტი იყო. მართალია, ამ ქვეყანას უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა – ქუჩებში სრული ანტისანიტარია სუფევდა, მრავლად იყო შხამიანი მწერები და ქვეწარმავლები, უამრავი ბავშვი მათხოვრობდა და არც ონკანის წყალი გახლდათ სასმელად ვარგისი, თუმცა ინდოეთს მაინც მონეტას ვადარებდი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიწაში იყო ჩამარხული და მხოლოდ ადამიანზე იყო დამოკიდებული მასზე ჭუჭყს დაინახავდა, თუ ოქროს ჭუჭყის მიღმა.
ინდოეთში მარტის ჩავედით, ამიტომ "ჰოლის" დღესასწაულის მთელი გრანდიოზულობის საკუთარი თვალით ხილვა გველოდა წინ. ეს ზეიმი, ანუ როგორც იქაურები უწოდებდნენ – ფერების ფესტივალი, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდ ითვლებოდა და აგრეთვე, გაზაფხულის სეზონის მოახლოებას აღნიშნავდა.
– თუკი ოდესმე ამ ქვეყანაში ჩამოხვალ, ინდოეთის ხმებს უნდა მოუსმინო, –მოულოდნელად, ისე რომ არც ველოდი, გვერდიდან მიშოს სიტყვები ჩამესმა და ტაქსის ფანჯრიდან გადაშლილი სანახაობით გართულს, მხოლოდ მაშინ გამახსენდა მისი არსებობა.
– მაპატიე, რა თქვი?
– ისეთი არაფერი . . .  უბრალოდ შენი აზრზე მოყვანა მინდოდა, – ირიბი ღიმილი უკრთოდა ტუჩის კუთხეში, – მგონი სულ დაგავიწყდა, რომ გვერდით გიზივარ, შენ კი ექსკურსიამძღოლი ხარ. შენი მოვალეობაა ამ ქვეყნის შესახებ რამე საინტერესო მომიყვე.
– ჰოო?
– ნამდვილად
– მაშინ ერთ რამეს გეტყვი, – თუ ხელი არ ავამოძრავეთ, მასზე საათს ვერ ვიგრძნობთ, ვერც თითზე ბეჭედს. შენც ზუსტად ასე ხარ, თუკი ხმა არ ამოიღე, ან არ გაინძერი, შენ არსებობას საერთოდ ვერ ვგრძნობ, ამიტომ ზოგჯერ თავი შემახსენე ხოლმე. – ჩემდა გასაკვირად ოდნავადაც არ გაბრაზებულა. პირიქით, ხმამაღლა გაეცინა და თავის მხარეს საქარე მინა კიდევ უფრო ქვემოთ ჩამოსწია.
– მგონი აქაურ გველებზე უფრო შხამიანი შენ ხარ, – მითხრა სარკაზმით გაჯერებული ტონით, – შევცდი უფრო ზრდილობიანი გიდი რომ არ წამოვიყვანე სააგენტოდან.
– ვერ შეგეწინააღმდეგები. თითოეული მათგანი სიხარულით გამოგყვებოდა, მაგრამ შენ მაინცდამაინც ჩემზე შეაჩერე არჩევანი.
– დარწმუნებული ვიყავი, ჩემთან ერთად წამოსვლა არ გენდომებოდა.
– ასეც ვიცოდი . . . სიამოვნებას იღებ, როდესაც ვიღაცის ნერვებზე თამაშობ, არა?
– რა უნდა ვქნა? – მხრები გულუბრყვილო ბავშვივით აიჩეჩა, – ყველას სხვადასხვა ჰობი აქვს.
– მაგის გარდა სხვა ჰობიც გაქვს, მაგალითად იმ ქალების შეცდენა და მიტოვება, რომლებიც შენზე გიჟდებიან.
– არ ვაპირებ, შენგან ავიღო წერილობითი ნებართვა, სანამ ვინმეს გვირაბში შევაღწევ, – ჩემს თმას წაეთამაშა, – ისე, მგონი შენც არ გაწყენდა მამაკაცის ყოლა, იქნებ მერე მაინც აღარ იყო შინაბერასავით აგრესიული.
როგორღაც მოვახერხე და მისი ეს სიტყვები ემოციური აფეთქების გარეშე გავატარე. უკეთესი იყო მეც ირონიული ტონი მომეშველიებინა.
– გპირდები, აუცილებლად გავითვალისწინებ შენს კეთილ რჩევას, როდესაც საქართველოში დავბრუნდები, – ყალბი ღიმილით გავხედე და სახეზეც შევატყვე, რომ მაშინვე ამოიცნო ამ ღიმილის არაგულწრფელობა.
– მოიშორე ეგ სიმშვიდე. შენი დაბღვერილი სახის ყურება უფრო აზარტულია.
– როგორც არ უნდა ეცადო, წყობიდან ვერ გამომიყვან, ამიტომ ჯობია ენერგია სხვა რამისთვის დაზოგო.
– კარგი, – ხელები სიცილითა ასწია დანებების ნიშნად, – თუ გინდა გავჩუმდე, შენ ილაპარაკე. ვერ ვიტან უხმოდ მგზავრობას.
საჭესთან მჯდომი ულვაშიანი, მუქი კანის ფერის მქონე მძღოლი, ისეთი დაკვირვებით უგდებდა ყურს ჩვენს საუბარს, თითქოს იქედან რაიმე აზრის გამოტანა შეეძლო. მართალია, კაცი საკმაოდ დამახინჯებული ინგლისურით საუბრობდა და მისი ნათქვამის გაგება მიჭირდა, თუმცა როგორღაც მაინც მიმახვედრა რა საფასურის სანაცვლოდ შეძლებდა ჩვენს აგრაში ჩაყვანას.
– ჯერ დანიშნულების ადგილასაც არ მივსულვართ და რაზე ვილაპარაკო? – ვკითხე ისე, რომ გვერდზე არც გამიხედავს.
– ეგ არცაა აუცილებელი. რამე საინტერესოზე მესაუბრე. მინდა აქაურობის შესახებ მეტი გავიგო.
ღრმად ამოვიოხრე. მიშო ამჯერად მართალი გახლდათ. აქ ჩამოსვლის შემდეგ, ჩემს საქმეს თითქმის არ ვასრულებდი და გადავწყვიტე, ყველაფერი რაც შეიძლებოდა მალე გამომესწორებინა.
– კარგი, მოდი, მთავარით დავიწყოთ, – რაც შემეძლო საქმიანი იერი დავიჭირე, – ერთ დროს ინდოეთი და პაკისტანი ერთი სახელმწიფო იყო. მეცხრამეტე საუკუნეში მათ ბრიტანეთი მართავდა. 1947 წელს კი ბრიტანეთმა, ინდოეთს დამოუკიდებლობა მიანიჭა, მაგრამ ინდუისტებმა და მუსლიმმა პაკისტანელებმა ცალკე ცხოვრება მოისურვეს . . .
– რის გამოც ქვეყანა ორად გაიყო – მუსლიმურ პაკისტანად და ინდუისტურ ინდოეთად, – დაასრულა ჩემ მიერ დაწყებული წინადადება. გავჩუმდი, თუმცა ეს სიჩუმე დიდხანს არ გაგრძელებულა.
– როგორც ჩანს, თავადაც საკმაოდ ინფორმირებული ხარ.
– დიდად არა, უბრალოდ შენ მაწვდი ზედმეტად მარტივ ინფორმაციას. რასაც მიყვები, ეს საბავშვო ბაღში მაქვს ნასწავლი. ისეთ რამებზე მესაუბრე, ძალიან ცოტამ რომ იცის.
– მაგალითად?
-მაგალითად, ქალაქი აგრა. ის მითხარი, რასაც ვიკიპედიაში ვერ მოვძებნი.
– შეიძლება ვიკიპედიაში წერია, მაგრამ მაინც გეტყვი, რომ ქალაქი, საითკენაც ახლა მივემართებით, მეოცე ადგილზეა მთელს ინდოეთში დაბინძურებულ ტერიტორიათა სიაში. ჯობდა ტურში შესულ სხვა ქალაქებზე უარი არ გეთქვა
მიშოს ისე ჩაეცინა, როგორც ჩანდა აშკარად არ მეთანხმებოდა.
– გული არ დაგწყდეს. ერთ დღეს იტალიის ყველაზე ლამაზ ქალაქებს მოვივლი შენთან ერთად და დანაშაულს ამით გამოვისყიდი.
– ჩემთან ერთად? – ისე გავხედე, თითქოს გვერდით ფსიქიატრიულიდან გამოპარული პაციენტი მეჯდა, – მოიცა, შენ რა, იქაც ჩემს წაყვანას აპირებ?
– თუ ჭკვიანად მოიქცევი, დავფიქრდები.
– და თუ არ მოვიქცევი?
– იმდენად დიდსულოვანი ვარ, გულმოწყალებას გამოვიჩენ და მაინც შენზე შევაჩერებ არჩევანს, – მომიგო ისეთი ტონით, თითქოს მანიშნებდა ჩემი სიტყვები ძალიან უნდა გაგიხარდესო.
– მიშო, მოდი შევთანმხდეთ, რომ არც მე ვარ ოდრი ჰეფბერნი, არც შენ ხარ გრეგორი პეკი და არც ეს იქნება ჩვენი რომაული არდადეგები, კარგი?
– შენთვის არ უსწავლებიათ, რომ სამუშაოსა და პირადის ერთმანეთში არევა, პირდაპირ შენს არაპროფესიონალიზს უსვამს ხაზს?
მრისხანებამ კიდევ ერთხელ შემიპყრო. არავინ იცის რას მოვიმოქმედებდი, თავი დროულად რომ არ მომეთოკა და ყურადღების გადატანის მიზნით, კვლავ საქმეზე არ გადავრთულიყავი.
– აგრას ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ადგილი მდინარე იამუნაა. იქ ნავითაც შეიძლება გასეირნება და თაჯ-მაჰალის ხედიც მოჩანს. ძირითადად მზის ჩასვლისას სეირნობენ ხოლმე, რადგან ამ დროს სანახაობა ბევრად უფრო ლამაზია.
– ნავი, მზის ჩასვლა, თაჯ-მაჰალი, რომანტიკა, – შთაგონებული სახით დაიწყო ჩამოთვლა მეფარიშვილმა, მერე კი მე გამომხედა მაღლა აზიდული წარბებით, – შენ რა, მაბამ?
– მეხუმრები? მე ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ, შენზე ოცნებასაც ვერ გავბედავ.
– მიყვარს სარკაზმი, – ისეთი უცნაური ღიმილით შემომხედა, მაშინვე მომინდა ამ ღიმილის მნიშვნელობის ახსნა.
– ვერ მეტყვი ასე რატომ იღიმი?
– ამ წამს შიშველი წარმოგიდგინე, – წამითაც არ დააყოვნა მისმა პასუხმა და ინსტიქტურად ავიფარე სხეულზე ხელები, თითქოს ტანზე მართლა არაფერი მეცვა. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გავაცნობიერე, რა სისულელესაც ვაკეთებდი და ხელები კვლავ ქვემოთ დავუშვი. მიშოს ფხუკუნი აუტყდა.
– დამიჯერე, ეგ არაფერია იმასთან შედარებით, მარტო დარჩენის დროს რომ წარმოვიდგენ ხოლმე.
– ჰოო? – კვლავ ირონიული ღიმილი მოვიშველიე. მივხვდი, რომ ისევ ნერვებზე თამაშში გაჰყავდა დრო, ამიტომ პროვოკაციას არ უნდა წამოვგებოდი, – ჩემს წარმოდგენებში კი იცი რას გიკეთებ?
– მოფარებულ ადგილებში მიმათრევ და შენს სექსუალურ ფანტაზიებს ასხამ ფრთებს?
– არა . . . საფლავს ვთხრი და ცოცხლად გმარხავ, – მივუგე ზიზღნარევი ტონით, ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობები ფეხებზე დავიკიდე და ჩანთიდან ამოღებულ ყურსასმენებში მუსიკა ჩავრთე, დარჩენილი გზა მისი ხმა რომ აღარ გამეგონა.
შუადისას უკვე თაჯ-მაჰალის წინ ვიდექით. მარმარილოში გამოქანდაკებული ეს ულამაზესი, ოთხმინარეთიანი შენობა პირისპირ გაცილებით უფრო მიმზიდველი ჩანდა, ვიდრე ფოტო-სურათებზე. სანახაობით მონუსხულს უკვე სიცხეც აღარ მაწუხებდა. უბრალოდ ვიდექი, ვუყურებდი და მხოლოდ იმაზე მეფიქრებოდა, რომ ნიჭიერი ადამიანის ხელს ნამდვილი საოცრებების შექმნა შეეძლო. ყველაზე მეტად მაინც ის მომწონდა, რომ ამ ერთ შენობაში, სამი ქვეყნის – ინდური, სპარსული და თურქული არქიტექტურული ელემენტები ერწყმოდა ერთმანეთს.
– ესეც უკვდავი სიყვარულის სიმბოლო.
– ასეა, – თავის დაქნევითაც ისევე დავეთანხმე გვერდით მდგომ მიშოს, როგორც სიტყვიერად, – შაჰმა ჯაჰანმა, მას „ცრემლი მარადისობის ლოყაზე“ უწოდა, რადგან ტაძარი მისი გარდაცვლილი მეუღლის მოსაგონარი ყოფილიყო.
– მე რომ შაჰ-ჯაჰანის მსგავსად ასეთი მავზოლეუმი ამეგო შენთვის, ალბათ ჩემდამი სიყვარული გაგაგიჟებდა.
– ძალიან დაგაჭირა მზემ, არა? – უზომოდ დიდი სიბრალული ჩავაქსოვე ერთ გამოხედვაში.
– შიგნით მინდა შესვლა, – ჩემი რეპლიკა თვალების ტრიალით დააიგნორა მიშომ, – როგორც ვიცი, აქაურები, ტაძარში შესვლის წინ ფეხზე იხდიან, ხომ?
– დარწმუნებული ხარ, რომ ეგ მართლა გინდა?
– რატომ არ უნდა მინდოდეს?
– იმიტომ, რომ შეიძლება შიგნით გველსაც გადავაწყდეთ, – გამომცდელი მზერით შევხედე. ერთ-ერთი რამ, რაც მიშოს შესახებ ვიცოდი, ის იყო, რომ ორგანულად ეზიზღებოდა ყველანაირი ქვეწარმავალი. ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ სკოლაში ვიცოდი.
– გველს? და რა უნდა შიგნით გველს?
– ის უნდა, რომ ამ შენობის იატაკი მარმარილოთია მოპირკეთებული, მარმარილო კი გრილია და ერთგვარი გაგრილების საშუალებაა გველებისთვის, ცხელ ამინდში.
– ამ ადგილს უამრავი ტურისტი სტუმრობს. თუკი ეგრეა, ისინი როგორ ბედავენ შიგნით შესვლას? – უნდობლად შემომხედა.
– ბევრი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ აქაურმა გველმა არ გავნოს. ასეთი რამები ადგილობრივებმა კარგად იციან, ტურისტებს კი შეუძლიათ გზამკვლევები წაიკითხონ, ან ექსკურსიამძღოლის მითითებებს მიჰყვნენ.
– გამორიცხულია! – თავი კატეგორიულად გადააქნია და გულზე ხელები დაიკრიფა, –სულ რომ ცირკში იყო ნამუშევარი გველების მომთვინიერებლად, იქ, თანაც ფეხშიშველი მაინც არ შემოგყვები!
– ეგ შენი ბოლო სიტყვაა? – გულში მეცინებოდა მისი ბავშვური შფოთვის შემხედვარეს.
– ჰო, ბოლო სიტყვაა.
– კარგი, მაშინ გარედან დატკბი სანახაობით, –ტელეფონი ამოვიღე, კამერაში წინა ხედი ჩავრთე და თმა გავისწორე. როგორც კი შესაბამისი ფილტრი დავაყენე და ფოტოს გადაღება დავაპირე, კადრში მიშოს სახეც გაჩნდა. მხარზე ხელი ისე გადამხვია, როგორც ძველ, კარგ მეგობარს.
– მიდი, გადაიღე. თუ შენ სთორებში მეც გამოვჩნდები, უფრო ბევრი ლაიქი გექნება.
– სთორის დადებას არ ვაპირებ და ძალიან გთხოვ, გაიწიე, მარტო მინდა გადაღება. –მიშომ ყურადღებაც არ მომაქცია ისე გაუღიმა კამერას და გადაღების ღილაკს თითი დააჭირა. თავად იდეალურად გამოვიდა ფოტოში, თუმცა საკუთარ თავზე იგივეს ვერ ვიტყოდი. კადრში დაბღვერილი სახით ვუმზერდი მეფარიშვილს და მაინცდამაინც სასიამოვნო სანახავი ვერ ვიყავი.
– ესეც ასე, ნამდვილი ბონი და კლაიდივით გამოვიყურებით.
– რომეო და ჯულიეტასავითაც ხომ არა?
– ხუმრობ? ასეთი ბანალურიც არ მეგონე.
– შექსპირი ბანალურად მიგაჩნია?
– ჰო, მიმაჩნია, – თავი დამიქნია, – რომეო და ჯულიეტა შეიძლება ვიღაცისთვის სიყვარულის ეტალონები არიან, მაგრამ მე თუ მკითხავ, ტვინში ორივეს მაგრად უჭერდათ. მათი უაზრო თვითმკვლელობაც სწორედ ამის დასტურია.
– და რა იცი, რომ შექსპირი ასეთი სიყვარულისკენ მოუწოდებდა მკითხველს? –ტელეფონი შევინახე და მეფარიშვილს გავხედე, – იქნებ ავტორიც ზუსტად იმას გვასწავლის, რომ სიყვარულშიც უნდა გავავლოთ ზღვარი, რომელსაც არ გადავაბიჯებთ?
მიშოს გაეცინა, თან ლამაზად გადაკეცილი ცხვირსახოცით მოიწმინდა შუბლზე მიწებებული პაწაწინა ოფლის წვეთები.
– ეგ ცხონებული შექსპირის გარდა არავინ იცის.
– კარგი, რახან შიგნით შესვლა არ გინდა, ჯერ ინდური ტკბილეული გავსინჯოთ და ქუჩებში გავიაროთ, მზის ჩასვლისას კი დავბრუნდეთ და ნავით გავისეირნოთ მდინარეზე
– აბა, შენ იცი, რას გააკეთებ იმისთვის, რომ ეს შვებულება ჩემთვის დაუვიწყარი იყოს.
ინდოეთში ჩამოსვლამდე, უამრავი ინფრომაცია მოვიძიე, როგორც ყველაზე სანახაობრივ ტურისტულ ადგილებზე, ისე ინდურ სამზარეულოზე. მართალია აქაურ კერძებში არაფერი იყო ისეთი, რაც ძალიან მომხიბლავდა, თუმცა ტკბილეულის დაგემოვნებაზე ნამდვილად არ შემეძლო უარის თქმა.
– წამომყევი, ერთი ადგილი ვიცი, სადაც ყველაზე გემრიელი საკონდიტრო ნაწარმი აქვთ მთელს ქალაქში.
– მპატიჟებ?
– მე არაფერზე გპატიჟებ. ყველაფრის ანაზღაურება თავად მოგიწევს და წინასწარ გაფრთხილებ, რომ ჩემთვის ძალიან ბევრი რამის შეკვეთას ვაპირებ.
თაჯ-მაჰალის მავზოლეუმიდან დაახლოებით სამას მეტრში, პატარა, არაფრით გამორჩეული საკონდიტრო მდებარეობდა. კლიენტთა მიღება, გარე სივრცეშიც ისევე შეიძლებოდა, როგორც შიდა სივრცეში. შენობის წინ, სპეციალურად შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, დაბალი სკამები და მაგიდები დაეწყოთ, თითოეულ მათგანზე, ყვავილებით მოქარგული სუფრა ეფარა.
გარე სივრცეში არც ერთი ადგილი არ იყო დაკავებული, რასაც ვერ ვიტყოდი გადაჭედილ შიდა სივრცეზე. ტკბილეულის არჩევის მერე გადავწყვიტე გარეთ, დიდი ქოლგის ქვეშ, სიცხეში დავმჯდარიყავი.
ირგვლივ ხალხმრავლობა იყო. ქალთა დიდ ნაწილს თანამედროვე სამოსი ეცვა, მაგრამ ზოგიერთი სარიშიც იყო გამოწყობილი. რაც შეეხება მამაკაცებს, მათი უმეტესობას თხელი, ტილოს შარვლები და მაისურები ეცვათ.
ღიმილით ვათვალიერებდი ამ სანახაობას. ჯერ კიდევ არ მჯეროდა, რომ ჩემი ქვეყნიდან ამდენად შორს, სრულიად სხვა კონტინენტზე ვიმყოფებოდი. ყოველ წამს იმაზე მეფიქრებოდა, თუ რამდენად იდეალური დროის გატარება შემეძლო, სამოგზაუროდ მარტო რომ ჩამოვსულიყავი და არა ვინმესთან ერთად.
მართალია, ჩემი ბიუჯეტი იმდენად დიდი არ იყო, რომ ყველაფერ საუკეთესოზე მქონოდა ამბიცია. ერთ-ერთი საუბრისას, როდესაც მამა ინდოეთის შესახებ მიყვებოდა, დაახლოებით ეს სიტყვები მითხრა:
„თუ ბევრი ფული გაქვს, ნამდვილ ინდოეთს ვერასოდეს შეიცნობ, მარიტა. ამ ქვეყნის რიტმს ის ადამიანები უფრო უკეთ შეიგრძნობენ, ვისაც მხოლოდ ზურგ-ჩანთა, ფოტოაპარატი და ყავის დასალევი ფული უდევთ ჯიბეში. ისინი ივლიან ვიწრო ქუჩებში, ბავშვების მიერ გადმოგდებულ ბურთს ფეხს დაარტყამენ და რამდენიმე წუთით მათთან ერთადაც ითამაშებენ. შეხვდებიან მდინარის პირას მჯდომ მაწანწალებს, მათ სიახლოვეს ჩამოსხდებიან და საინტერესო დიალოგს გააბამენ. ნახავენ, როგორ ჩქეფს სიცოხლე ქალაქის ქუჩებში და როგორ სიმეტრიულად არის გადმოფენილი ღარიბულ უბნებში თეთრეული, ფანჯრების წინ გაბმულ თოკებზე. სწორედ ესაა მთელი ნეტარება.“
დახლებზე ტკბილეულის მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდათ. შაქრის პუდრისა და ვანილის მოტკბო სურნელი, რომელიც მთელ საკონდიტროში იდგა, ერთიორად მანდომებდა ტკბილეულის დაგემოვნებას. ყველაზე მეტად, მაინც ლადუს გასინჯვა მსურდა, რადგან ამ დესერტში შემავალი თითოეული ინგრედიენტი სიგიჟემდე მიყვარდა, განსაკუთრებით ნუში.
ჩემგან განსხვავებით, მიშო ნამდვილად არ გახლდათ კმაყოფილი. ჯერ იყო და ჩემ მიერ არჩეულმა ვერცერმა ტკბილეულმა ვერ მოხიბლა, შემდეგ უკვე კერძებიდან დამიწუნა ყველაფერი და საქართველოდან წამოღებული შვრიის ორცხობილები ამომაცალა ჩანთიდან, არ მინდა აქ შიმშილით მოვკვდეო. არც ის ადგილები მოეწონა, რომელიც დავათვალიერებინე და არც ჩემთვის უცხო მუსიკალური საკრავებით ხელში მდგომ, ქუჩის მუსიკოსთა ჯგუფთან გამაჩერა, რათა მათთვის ცოტა ხნით მაინც მომესმინა. მასთან გატარებული ოთხი საათის შემდეგ თავს უკვე ისე ვგრძნობდი, მზად ვიყავი ყველაზე შხამიანი გველი დამეჭირა და მეფარიშვილის კისერზე შემომეხვია.
საღამომდე დარჩენილი დრო ინდურ კულტურაზე, სხვადასხვა ლეგენდებსა და ხალხური თქმულებებზე საუბრით გავიყვანე. მიშოც ყურადღებით მისმენდა, თითქოს მისი მენტორი ვყოფილიყავი. აინტერესებდა ყველაფერი, რაც თავად არ იცოდა და უამრავ კითხვას. დღის ბოლოს, ამ ადამიანით ისეთი გადაღლილი ვიყავი, არც თვალების გახელის თავი მქონდა და არც მდინარეზე ნავით გასეირნების. იძულებული ვიყავი ეს მაინც გამეკეთებინა და მეფარიშვილთან ერთად, მორჩილი ბავშვივით ავიღე გეზი იამუნას ნაპირისკენ.
მწველი ცეცხლით აელვარებული ბურთი, მთელ ცას ფორთოხლისფერ შეფერილობას აძლევდა. დაისი სულ ახალი დაწყებული იყო და წყალზე ლამაზად ლიცლიცებდნენ ჩამავალი მზის თბილი სხივები. მინარეთებს შორის მთასავით ამოწვერილი თაჯ-მაჰალიც, მზის ჩასვლის ფონზე, თითქოს თავის უწინდელ ფერს კარგავდა და ოქროსფრად იფერებოდა.
მიშო ნელა, აუჩქარებლად უსვამდა მუქი ხისგან დამზადებულ ნიჩბებს. ნავი წყალზე მისრიალებდა. მე უბრალოდ ვიჯექი, ხელში მობილური მეჭირა და ამ ჯადოსნური სანახაობის კადრებს ვაფიქსირებდი. მომწონდა ირგვლივ გამეფებული მდუმარება, ლამაზი პეიზაჟი და წყლის ჩუმი შრიალი. ამ ყველაფრის გამო, აღარც დაღლილობა მიქმნიდა დისკომფორტს და არც სხვა რამ, თუმცა ეს ყველაფერი დროებით. როგორც კი მიშომ ნიჩბებს ხელი აუშვა და ისინი მე მომიყარა, ზღაპარი გამსკდარი საპნის ბუშტის მსგავსად გაუჩინარდა და რეალობის მიწაზე მწარედ დამანარცხა.
– ახლა თვითონ მოუსვი, მე ხელები დამეღალა, – ჩვენი ტრანსპორტი გაეჩერებინა და მაჯებს იზელდა.
– მე უნდა წავიყვანო?
– ჰო, მერე?
– ჯენტლმენობაზე თუ გსმენია რამე? – გამეცინა.
– ჯენტლმენი ისეთ ქალებთან ვარ, რომელთაც ჩემი ცოცხლად დამარხვის სურვილი არ უჩნდებათ. მიდი, მოუსვი ნიჩბები!
– არაფერსაც არ მოვუსვამ! – გულზე ხელებდაკრეფილმა ნიშნის მოგებით გავხედე, -ნავი ცოტა ხნით გავაჩეროთ და სანახაობით დატკბი. – აღარაფერი უთქვამს. ორივე ნიჩაბი ნავში უხმოდ ჩადო და ზურგით მის კიდეს მიეყრდნო. რამდენიმე წამის განმავლობაში თვალმოუშორებლად უყურებდა მარმარილოს შენობაზე არეკლილ, დახრილ სხივებს, მერე ღრმად ამოისუნთქა, ნავში ზურგზე დაწვა და მკითხა:
– ოცი წლის განმავლობაში შენდებოდა, არა?
– სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ზოგ მათგანს თუ დავუჯერებთ, მის აგებას თორმეტი წელი დასჭირდა, თუმცა, ტაძარზე გაკეთებული წარწერის მიხედვით, მშენებლობა 1648 წელს უნდა დასრულებულიყო.
– რეალობაში დანახული კიდევ უფრო ლამაზია, – თითქოს საკუთარ თავს უფრო ესაუბრებოდა, ვიდრე მე. მზერა კი ფორთოხლისფერად აელვარებული ცის კაბადონისკენ ჰქონდა მიპყრობილი.
– ასეა . . . ლეგენდის მიხედვით, ამ ტაძრის აგებაში მონაწილე თითოეულმა ადამიანმა სასტიკად აგო პასუხი. არქიტექტორები მოკლეს, მუშებს კიდევ მარჯვენა მოაჭრეს, ასეთი ტაძარი სხვაგან რომ ვეღარსად აეგოთ.
– ეგ კიდევ არაფერი, – ცალყბად ჩაეცინა მიშოს, – ძველად თურმე ფინიკიაში, დიდგაროვან მამაკაცებს საფლავში თავიანთ ცოლებსაც აყოლებდნენ, იმ ცხოვრებაში დასჭირდებათო.
– მოიცა, მოიცა, ქალებს ცოცხლად მარხავდნენ? – ტანში გამაჟრჟოლა.
– გაგიმართლა, იქ და იმ ეპოქაში რომ არ დაიბადე, – ცოტა ხნის შემდეგ ნავიდან ოდნავ თავწამოწეულმა მითხრა, - ღილები გაქვს გახსნილი, შეიკარი.
– რა?
– მაისურზე, – მშვიდად მიმანიშნა. როგორც კი სიტუაცია გავიაზრე და მისი სიტყვები ბოლომდე აღვიქვი, სწრაფდ დავავლე ხელი ჩემს ზედატანს. აღმოჩნდა, რომ მასზე შემთხვევით ჩახსნილიყო პირველი და მეორე ღილი. იმ მომენტში ძალიან შემრცხვა, მაგრამ ვეცადე გარეგნულად არ შემემჩნია და ორივე სასწრაფოდ შევიკარი.
– ჯანდაბა . . . ცოტაც და იმ სვირინგსაც დაინახავდი, მკერდის ქვემოთ რომ მაქვს.
– მკერდის ქვემოთ სვირინგი გაქვს? – გაღიმებულმა, იდაყვებით წამოიწია, – ხომ არ გინდა შეგიფასო?
– შენი აუხდენელი ოცნებების სიაში ჩაამატე, – წარბები მკაცრად დავქაჩე, თუმცა მერე მივხვდი, რომ ჩემი ბრალი იყო. საერთოდ რამ მაიძულა, მეთქვა ამ სვირინგის შესახებ?
– ბევრად უფრო საინტერესო ოცნებები მაქვს, – ამჯერად მთლიანად წამოდგა და ნავში ფეხზე დამდგარი გაჩერდა.
– ჰოო? მაგალითად? – აშკარად ვაგრძნობინე, რამდენად ყალბი იყო ჩემი დაინტერესება. ტუჩის კუთხეში ცბიერი ღიმილი შეეპარა მეფარიშვილს.
– მაგას არ გეტყვი, მაგრამ ზუსტად ვიცი, შენი დიდი ხნის ოცნებაა გაიგო, რას ვმალავ ტანსაცმლის შიგნით. მიდი, აღიარე, ნუ გრცხვენია.
ეს უკვე ბოლო წვეთი იყო ჩემს მოთმინების ფიალაში. მთელი გზა და ის პერიოდი, რაც აგრაში ვიმყოფებოდით, გმირულად ვიტანდი ამ ადამიანის სულელურ კომენტარებს. მივხვდი, რომ ამდენი რამის უმოქმედოდ „გატარება“ უკვე აღარ გამომდიოდა, ფეხზე მდგომ მეფარიშვილს, რაც შემეძლო მაგრად ვკარი ორივე ხელი და პირდაპირ წყალში გადავისროლე.
ზედაპირზე მისი დაცემისა და ყვირილის ხმა, ყველაზე სასიამოვნო მელოდიასავით მისწვდა ჩემს ყურთასმენას. ვიჯექი და გაბადრული სახით დავცქეროდი მდინარეში ჩაგდებულ მიშოს. ჩემმა ნატარებამ ცოტა ხანს გასტანა. როგორც კი მეფარიშვილი ნავის ზედაპირს ორივე ხელით ჩაეჭიდა და ბოროტული ღიმილით ამომხედა, მაშინვე მივხვდი, რომ არც ჩემი საქმე იქნებოდა კარგად. რამდენიმე წამში ნავიანად ამოვყირავდი და წყალში მოვადინე ზღართანი. განგებას მადლობას ვწირავდი, რომ ცურვა მაინც ვიცოდი და მიშოს იმედად არ მიწევდა ყოფნა შუა მდინარეში.
– შენ სულ გააფრინე?! – გამწარებულმა ლამის ვუკივლე, – ჯიბეში ტელეფონი მედო, ხელზე კი საათი მეკეთა!
– ნუთუ? – გაღიმებული სახით მოცურდა, – ეგ შენ იკითხე, თორემ ჩემი ტელეფონიც და საათიც, ორივე წყალგაუმტარია და არაფერი მოუვათ.
– ახალს მიყიდი!
– შენი აუხდენელი ოცნებების სიაში ჩაამატე, – ირონიულად გამიმეორა მიშომ ჩემივე სიტყვები და ნავის ზედაპირს ჩაეჭიდა.
შორიდან ამაყად გვიცქერდა დაისის შუქზე ოქროსფრად აბრჭყვიალებული თაჯ-მაჰალი. მზის მცხუნვარე სხივები ანცად დათამაშობდნენ წყლის ზედაპირზე. კაშკაშა ბურთი ნელ-ნელა იმალებოდა ნაცრისფერ ღრუბლებს მიღმა.
აგრაში სულ ორი დღე დავყავით და ამ დროის განმავლობაში მართლაც ყველაფერი მოვინახულეთ, რაც გვაინტერესებდა. დარჩენილი დღეები, კუნძული გოას სამხრეთ ნაწილში უნდა გაგვეტარებინა, სადაც ჩრდილოეთთან შედარებით ბევრად უფრო წყნარი გარემო იყო და სანაპირო ზოლიც რეგულარულად იწმინდებოდა.
კუნძულზე ჩვენი ჩასვლის დღე, ზუსტად „ჰოლის“ ემთხვეოდა. მართალია, გოაზე ამ დღესასწაულს ისე აქტიურად და ზარ-ზეიმით არ აღნიშნავდნენ, როგორც ინდოეთის დიდ ქალაქებში, მაგრამ საზეიმო განწყობა მაინც იგრძნობოდა.
მიშოს არ სურდა ამ ღონისძიებებს დასწრებოდა, ან ქუჩაში გასულიყო. საღამოს ცურვისგან დაღლილს რომ ჩაეძინა ნომერში, მაშინვე გავიხადე ჩემი ლაჟვარდისფერი საცურაო კოსტიუმი, ტანზე ჭრელი, თეძოებთან ჩახსნილი სარაფანი გადავიცვი და კუნძულის ყველაზე ცნობილ – პალოლემის ღია სანაპიროს მივაშურე.
ბინდდებოდა. პალმები, რბილი ქვიშა, ქოქოსის ტყე და ფირუზისფერი ზღვა სწორედ ის იყო, რაც ჩემს სულზე ჭრილობაზე დადებული უებარი მალამოსავით იმოქმედებდა. იქაურობა ნამდვილ ტროპიკულ სამოთხეს წააგავდა,ფერების ფესტივალი და ხალისიანი განწყობა კი კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას სძენდა.
თივით გადახურულ ბუნგალოში „ზღვის ბრიზი“ შევუკვეთე, გასაგრილებლად. ჯიბეში წინა დღით, ღია ბაზრობაზე შეძენილი ყვითელი, წითელი და იასამნისფერი საღებავები მეწყო. სანაპირო ზოლზე სიცოცხლე ჩქეფდა. ყველაზე მეტად, მაინც რუსი ტურისტების სიმრავლე შეიმჩნეოდა. ზოგიერთი მარტო, ხოლო ზოგიერთი ოჯახთან ერთად ჩამოსულიყო დასასვენებლად.
ბუნგალოებისგან მოშორებით, თივისსახურავიან, ფერადი ნათურებით მორთულ ფანჩატურში, ხუთიოდე ადამიანს დიდ, ხმის გამაძლიერებელში ჩაერთოთ მუსიკა, ერთმანეთის სახესა და ტანსაცმელს, სხვადასხვა ფერის საღებავებში სვრიდნენ, ცეკვავდნენ, პლასტმასის ჭიქებიდან რაღაცას სვამდნენ და მხიარულად ერთობოდნენ. ერთი შეხედვითაც კი ეტყობოდათ, რომ ტურისტები იყვნენ და არა –ადგილობრივები. მათგან ორი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, ორი ქალი, ერთიც კიდევ თინეიჯერი გოგონა, რომელიც ზღვისფერ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი, ყველაზე ლამაზად და მოხდენილად ცეკვავდა Master KG - Jerusalema -ს ფონზე. მათ შემხედვარეს, სურვილი გამიჩნდა აქ მეგობრებთან ერთად ვყოფილიყავი და სასიამოვნო და დაუვიწყარი თავგადასავალი მომეწყო.
ფიქრებში გართულს, თითქოს შორიდან ჩამესმა დახლის მოპირდაპირე მხარეს მდგომი ბარმენის ხმა. მივხვდი, რომ ჩემთან ცდილობდა საუბარს, თანაც საკმაოდ დახვეწილი ინგლისურით.
– ხომ არ გინდა შეუერთდე? – ინტერესითა და ღიმილით შემომყურებდა, თან თითით ფანჩატურისკენ მანიშნებდა. უცხო გარეგნობა ჰქონდა. ცალი თვალით შეხედვაც კი საკმარისი იყო იმის გასაგებად, რომ ინდოელი არ გახლდათ. მისი მუქი თვალებით, შოკოლადისფრად გარუჯული კანითა და იერით თუ ვიმსჯელებდით, წარმოშობით მექსიკიდან უნდა ყოფილიყო ან სამხრეთ ამერიკის რომელიმე ქვეყნიდან. სხეულით ნამდვილ მალიბუს მაშველს ჰგავდა, ხოლო გამოხედვა ისეთი ჰქონდა, რომ მივხვდი, გამოუსწორებელ მექალთანესთან მქონდა საქმე.
– სიამოვნებით, მაგრამ მათგან არავის ვიცნობ.
– ჩემი მეგობრები არიან, ავსტრალიიდან, – ხის დახლს ორივე მკლავით ჩამოეყრდნო და მაცდურად შემომცინა. ყელზე შავი ტროსით კულონი ჰქონდა დაკიდებული, რომელიც ნიანგის კბილს წააგავდა. .
– ანუ აქ ერთად ისვენებთ
– ისინი ისვენებენ, მე კი პარალელურად ვმუშაობ კიდეც, რადგან მათსავით მდიდარი არ ვარ და მინდა ხარჯებისთვის თანხა ჩემით გამოვიმუშაო.
– დამოუკიდებლობა ყოველთვის კარგია, – გულწრფელად მოვუწონე არჩევანი, თან კოქტეილიც მოვსვი. მეგონა, ამით ჩვენ შორის სიტყვიერი კომუნიკაცია უკვე დამთავრებული იყო, მაგრამ საუბარი გააგრძელა:
– ჩემი ცვლა ნახევარ საათში სრულდება. მერე ვაპირებ მეგობრებთან ერთად „ჰოლი“ აღვნიშნო. თუ გინდა, ჩემთან ერთად წამოდი.
შემოთავაზება მომეწონა. ჰოლის დღესასწაულის აღნიშვნა მეც ძალიან მინდოდა, მაგრამ უცხო მიწაზე, სრულიად უცხო ხალხში, ამის გაკეთება არც ისე უსაფრთხო მეჩვენებოდა. ბავშვობიდან ასეთი ვიყავი, ახლადგაცნობილ ადამიანს მუდამ ეჭვის თვალით ვუყურებდი ხოლმე.
– მადლობა მოპატიჟებისთვის, მაგრამ სჯობს თავი შევიკავო.
– რატომ? – გაკვირვება ჩანდა მის მზერაში. როგორც ეტყობოდა, ქალისგან უარს შეჩვეული არ იყო.
– გარანტია არ მაქვს იმისა, რომ არ მომიტაცებთ და ტრეფიკინგში არ ჩამაბამთ, მერე კი ვინმე ბებერ შეიხს არ მიუყვანთ ჩემს თავს საჩუქრად.
– შენ რა, ხუმრობ?
– რა თქმა უნდა, ვხუმრობ, - გამეცინა, – თუმცა ფილმებში ასეთი რამ ხშირად მინახავს და აჯობებს ფრთხილად ვიყო, სანამ ვინმეს, სადმე გავყვები. – ბარმენმა ჯერ დაკვირვებით მათვალიერა, მერე კი თავი ღიმილით გადააქნია და ხელი გამომიწოდა.
– მე რეიმონდი მქვია.
– მარიტა, – მის ხელს, მაშინვე შევაგებე საკუთარი. ლამაზი თითები ჰქონდა. ზუსტად ისეთი გრძელი და მოვლილი, როგორც პიანისტს.
– კარგი, მარიტა, შენ მე არ მიცნობ და შესაბამისად, არც ის იცი რისი გამეკთებელი ვარ, მაგრამ უფლებას გაძლევ სურათი გადამიღო და შენს რომელიმე მეგობარს გაუგზავნო წარწერით, – „თუკი ხვალ დილამდე შინ არ დავბრუნდი, პოლიციაში ამ ადამიანის ფოტო მიიტანე და ჩემს ტრეფიკინგში ჩაბმაში დასდე ბრალი.“
გამამხიარულა მისმა სიტყვებმა. საკმაოდ პოზიტიური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. თავისუფლების მოყვარულ ფრინველს მაგონებდა, ვისთვისაც ლაღად ფრენა მართლაც ბევრს ნიშნავდა და თავისი არსებობაც სწორედ ამაზე ჰქონდა აწყობილი.
– მინდა გითხრა, რომ ადამიანის დარწმუნების ნიჭი ნამდვილად გაქვს, – ვერც კი გავიაზრე, ისე უეცრად მივიღე მისი მოპატიჟება, თუმცა ეს არც მინანია. მიშოს ლოდინს, ჯობდა თავად მეპოვა დროის მოსაკლავი საშუალება.
– ეს როგორც თანხმობა ისე გავიგო? – მუქი ფერის თვალებში თითქოს მზის სხივები ჩაუდგა და ისე გამიღიმა, რამდენიმე წამით თვალი ვერც მოვწყვიტე.
– ჰო, თანხმობას ნიშნავს. დაგელოდები, სანამ შენი ცვლა დასრულდება, მანამდე კი კოქტეილს დავლევ.
– გონივრული გადაწყვეტილება მიიღე.
– ანუ არ ვინანებ? – „ზღვის ბრიზი“ მოვსვი, სკამის საზურგეს მივეყრდენი და შევხედე. სასიამოვნო დასანახი იყო მის ლოყაზე გაჩენილი ფოსოები.
– ერთადერთი, რასაც ინანებ ისაა, რომ უფრო ადრე არ დამთანხმდი, – თავდაჯერებით აღსავსემ მაცნობა.
– ამას დღის ბოლოს გავიგებთ.
– კარგი, მანამდე მოდი ჩემს ყველაზე მოთხოვნად კოქტეილს გაგასინჯებ. რა თქმა უნდა, მე გეპატიჟები . . .
რეიმონდის ცვლის დასრულებამდე დარჩენილი დრო, მასთან საუბარში გავატარე. საკმაოდ საინტერესო მოსაუბრე იყო და მის გვერდით წუთითაც არ მოიწყენდი. როგორც დამპირდა, არც მის წინადადებაზე დათანხმება მინანია. რეიმონდსა და მის მეგობრებს, თავიდანვე იდეალურად შევეწყვე. მათგან ორნი – რებეკა და რენესმე, ტყუპი დები იყვნენ. ორნიც კიდევ ძმები, სახელად ჩარლი და მაქსი, ხოლო თინეიჯერი გოგონა, სარა, დების ახლო მეგობარი გახლდათ, სიდნეიდან.
გვიანობამდე ვსაუბრობდით, ალკოჰოლურ სასმელებს სვამდით და ერთიანად სხვადასხვა ფერის საღებავებში ამოსვრილები, სამახსოვრო ფოტოებს ვიღებდით, ზღვის ნაპირზე დანთებულ კოცონთან. რეიმონდმა ერთხელ გიტარაზეც დაუკრა. თვალმოუშორებლად შევყურებდი და იშვიათად თუ გავხედავდი გოგონებს, რომლებიც ნაზ საცეკვაო მოძრაობებს ასრულებდნენ.
მიშოს ზარებს შეგნებულად არ ვპასუხობდი. არც შეტყობინებებს. ასე მხოლოდ ალკოჰოლის გამო თუ მოვიქცეოდი, სხვა დროს და სხვანაირად, არასდროს დავივიწყებდი ჩემს მოვალეობას.
ღამის ორი საათი რომ შესრულდა, მე და რეიმონდი სანაპიროზე, დანარჩენებიგან შორს განვმარტოვდით. ნაპირზე მოხეთქებული ტალღები ორივეს ფეხებს გვისველებდა. ცოტა ხანს ჩუმად მივდიოდით და ასევე ჩუმად ვსვამდით ლუდს ბოთლებიდან. ლამაზი ღამე იდგა. ქვიშა საოცრად რბილი იყო, ტალღების ქაფი კი ისე ანათებდა, თითქოს თან მარგალიტის მძივები მოჰყვებაო. ცაზე უხვად კიაფობდნენ ვერცხლისფრად მანათობელი ვარსკვლავები, ხოლო თბილი სიო, საამოდ უბერავდა ზღვიდან ხმელეთისკენ და მხრებზე ჩამოშლილ თმასაც ნაზად მირხევდა.
– არ გინდა სახიდან საღებავი მოვიშოროთ? – მკითხა რეიმონდმა, რომელსაც უკვე მოესწრო თავისი ბოთლის ნაევრამდე დაყვანა. ბიჭს სახე წითელ, ყვითელ და ლურჯ ფერებში ჰქონდა მოსვრილი, თუმცა ეს მის ვიზუალს მაინც ვერაფერს აკლებდა.
– არა, არ მინდა. მთელი აზარტი იმაშია, რომ ფერები რაც შეიძლება დიდხანს უნდა დარჩეს შენს კანზე.
– კარგი გამოვიდა დღევანდელი დღე, – საუბრის თემა შეცვალა. ვსეირნობდით და ყველაზე მეტად ის გვსიამოვნებდა, რომ ხალხის ნაკადი საგრძნობლად იყო შემცირებული.
– ნამდვილად . . . მომეწონა შენი მეგობრები.
– და მე?
– რა შენ? – მსუბუქად გამეღიმა, რადგან მივხვდი რასაც გულისხმობდა.
– მე არ მოგეწონე?
– სასტუმროში უნდა დავბრუნდე, უკვე ძალიან გვიანია, – პასუხი შეგნებულად არ გავეცი. რატომღაც მსიამოვნებდა მისი ინტრიგაში დატოვება.
– თუ გინდა მიგაცილებ . . . ან შეგვიძლია . . .
– აღარ დაასრულო, – არ გამჭირვებია მივმხვდარიყავი, როგორი იქნებოდა ამ წინადადების ბოლო ნაწილი და მაშინვე გავაჩუმე, – ზუსტად ვიცი, მინიმუმ ორმოცდაათ ქვეყანაში მაინც ხარ ნამყოფი და უამრავი საყვარელი გყავს გაჩენილი. მათ უმეტესობას, ალბათ მომდევნო ქვეყანაში გადაფრენისთანავე ივიწყებდი. მინდა ეს ღამე სხვა რამით დამამახსოვრდეს და არა იმით, რასაც ირიბად მიმანიშნებ. შევამჩნიე ჩემმა პასუხმა დიდად ვერ აღაფრთოვანა, მაგრამ აღარც წინააღმდეგობა გაუწევია. ეტყობოდა ცოტათი გაკვირვებულიც იყო და მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ქალისგან უარი მისთვის ძალზედ უცხო რამ იყო.
ვერ ვიტყვი არ მომწონდა-მეთქი. პირიქით, საუბრის მანერით, ხასიათითა და ხმითაც კი საშინლად მიზიდავდა, თუმცა მაშინ, როდესაც რამდენიმე დღეში თავის ქვეყანაში უნდა დაბრუნებულიყო, მე კი ჩემსაში, არაფერს ჰქონდა აზრი. დისტანციურ ურთიერთობებსაც მუდამ ერთ დიდ სისულელედ ვთვლიდი და არც ერთჯერადი სექსი ჯდებოდა ჩემს ხასიათში. ჯობდა ყველაფერი ისე დამეტოვებინა, როგორც იყო და რეიმონდის მაცდური ღიმილი მხოლოდ ჩემს წარმოსახვებში შემომენახა.
მიუხედად იმედგაცრუებისა, სასტუმრომდე მაინც მიმაცილა. ჯერ უკან დავბრუნდით, მის მეგობრებს გამომვემშვიდობე, სარას მეილიც კი დავუტოვე, ერთად გადაღებული ფოტოები რომ გამოეგზავნა. წამოსვლის წინ ყველას გადავეხვიე და მე და რეიმონდმა უკვე მარტოებმა გავაგრძელეთ გზა სასტუმროსკენ.
სასტუმროს შიდა ეზო, პატარა, ოქროსფერი ნათურებით რომ გაენათებინათ, ცარიელი დამიხვდა. „ალბათ ერთადერთი ვარ ამ სასტუმროს დამსვენებელთაგან, ვისაც ჯერ კიდე არ სძინავს-მეთქი“ -გავიფიქრე და რეიმონდს მადლიერებით სავსე თვალებით მივუტრიალდი.
– ესეც ასე, მოვედით.
– ჰო, ვხედავ, – ოდნავ უხასიათო მომეჩვენა მისი ტონი.
– გმადლობ, რომ მომაცილე. ამ დღისთვისაც გმადლობ...
– იქნებ მომავალ ზაფხულს კიდევ ჩამოხვიდე?
– არა მგონია, – სევდიანად გამეღიმა, – თუმცა დავიწყებით არც შენ დამავიწყდები და არც შენი მეგობრები.
– მპირდები? – გაეცინა.
– გპირდები.
რეიმონდმა ცოტა ხანს თვალმოუშორებლად მიყურა. რაღაც ისეთის თქმას, ან გაკეთებას აპირებდა, რასაც ჯერ ვერ ვხვდებოდი. ბიჭი ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა, სახეზე ხელის გული დამადო და ჩემკენ გადმოიხარა, ყველაფერს წამებში აეხადა ფარდა და კოცნისგან თავის ასარიდებლად, ინსტიქტურად დავიხიე უკან.
– არ გინდა...
– ეს ხომ უბრალო კოცნაა, მარიტა? – ისევ ისე მომაჯადოებლად მიღიმოდა. ალბათ, ეს იყო მისი მთავარი იარაღი, რითაც ქალებს თავბრუს ახვევდა.
– ვიცი, რაც არის, – ვეცადე რაც შემეძლო თავაზიანი ვყოფილიყავი, – მაგრამ ჩემთვის კოცნა გაცილებით უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალო სიამოვნებისთვის გადადგმული ნაბიჯი.
– სასტიკი ხარ, – კვლავ იღიმოდა, თუმცა მის ამ ღიმილში, ერთი პროცენტიც კი აღარ იყო გულწრფელი.
– კიდევ ერთხელ გმადლობ, რეიმონდ, – ფეხის წვერებზე ავიწიე და დამშვიდობების ნიშნად ლოყის იმ ნაწილზე ვაკოცე, რომელზეც საღებავი არ ესვა. ხვალ ახალი დღე გათენდებოდა, სადავ არც რეიმონდი იქნებოდა და მით უმეტეს, არც მისი მეგობრები, თუმცა ასეც მერჩივნა. რა თქმა უნდა, შეგვეძლო ერთმანეთი სოციალურ ქსელებში დაგვემატებინა, ან საკონტაქტო ნომრები გაგვეცვალა, თუმცა ასეთ შემთხვევაში ყველაფერი შემდეგი სცენარით განვითარდებოდა: ერთხელ დავურეკავდით, ერთხელ მივწერდით და მორჩა. მე კი არ მინდოდა გოაზე გატარებული ეს ლამაზი ღამე ასე გაუფერულებულიყო.
სასტუმროში ისე ჩუმად შევედი, თითქოს რესეფშენში უზარმაზარ, ავ ძაღლს ეძინა და მისი გაღვიძების მეშინოდა. ტელეფონში იმდენი გამოტოვებული ზარებზე აღარ მიფიქრია. იმდენად მეძინებოდა, ამისთვის ზედმეტი ყურადღება არ მიმიქცევია. ვიმედოვნებდი მიშოსთან შეხვედრის გარეშე მივაღწევდი ჩემს ნომრამდე და იმ ღამით მშვიდად დავიძინებდი. ლიფტიდან გამოსულს, პირდაპირ აქეთ-იქით მოუსვენრად მოძრავი ფიგურა მომხვდა თვალში. როგორც კი ლიფტის კარის ხმა გაიგო და შემამჩნია, ჩემს კარს გულხელდაკრეფილი, ცალი ქუსლით მიეყრდნო. გამომეტყველებაზეც კი ეტყობოდა, მე რომ ვიყავი მისი იქ ყოფნის მიზეზი.
– როგორც იქნა, ჩემმა მოსიარულე ცისარტყელამ დამდო პატივი და დაბრუნდა –სარკაზმთან ერთად, ბრაზიც ამოვიკითხე მეფარიშვილის ხმაში. მართალია გაცეცხლებული იყო, თუმცა სახეზე განზრახ არ იმჩნევდა შინაგან განწყობას.
– რა იყო, აქ მელოდებოდი?
– არა, აივნიდან დავინახე თქვენი რომანტიული შემოსვლა, – კარს მოშორდა და ამჯერად ჩემთან ახლოს მოვიდა, – მგონი ტელეფონის მდინარეში ბანაობის შემდეგ, მეორე იმისთვის იყიდე, რომ თუ ვინმე დაგირეკავს, უპასუხო.
– პასუხის გასაცემად არ მეცალა, – ვცადე ზურგი მექცია, თუმცა მარჯვენა მკლავში ხელი ჩამავლო და წასვლის საშუალება არ მომცა.
– ნუ მეთამაშები, მარიტა! – ბრაზით ელავდნენ მეფარიშვილის ქარვისფერი თვალები. მაგრამ ჩემს სისხლში ალკოჰოლის იმხელა დოზა ჩქეფდა, ესეც კი ვერ მაშინებდა.
– შენ კი თავს ნუ მაბეზრებ . . . ხელი გამიშვი!
– შეგახსენო აქ რისთვის ხარ ჩამოსული? ვფიქრობ, სანამ სადმე წასვლა ან ვიღაც მაჩოსთან ცეცხლოვანი ღამის გატარება მოგინდება, მანამდე მე უნდა მკითხო აზრი! დროა ფრთები მოიხსნა, რადგან სანამ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში ხარ, ჩემი ნებართვის გარეშე ვეღარსად გაფრინდები.
– გეძინა, მიშო! მძინარე ადამიანისგან ნებართვას ვერ ავიღებდი.
– რომ გირეკავდი, მაშინაც მეძინა? რატომ არ პასუხობდი ჩემს ზარებს?
– ტელეფონი უხმო რეჟიმზე მქონდა გადაყვანილი.
– ჭკვიანი გოგო ხარ, მაგრამ ისე იტყუები, პატარა ბავშვიც არ დაგიჯერებს.
– არ ვიტყუები, – კიდევ ერთხელ ვიცრუე, თუმცა ამ ტყუილს იმაზე მოკლე ფეხები ჰქონდა, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენს. მიშომ ჯიბიდან მობილური ამოაცურა, ჩემს ნომერზე დარეკა და დერეფანი ზუზუნა ხმამ მოიცვა.
– ესეც ასე, პინოქიო, ახლა რას მეტყვი?
ენა ჩამივარდა. საკუთარი თავზე სასტიკად გავბრაზდი იმის გამო, რომ მიშოს ზარები დავაიგნორე, იმდენად დიდი ძალაუფლება ჰქონდა, მისი ზუსტად ორწუთიანი საუბარიც კმაროდა ჩემს მენეჯერთან, რომ სამსახურიდან გავეთავისუფლებინე. ესეც რომ არ ყოფილიყო, ძალზედ არაპროფესიონალურად და უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი, ამიტომ, ცხოვრებაში პირველად გადავწყვიტე მეფარიშვილისთვის პატიება მეთხოვა:
– კარგი, მიშო, ბოდიშს გიხდი, დამნაშავე ვარ.
– ჰო, ხარ, მაგრამ მხოლოდ ჩემთან არა, – ჩემდა გასაკვირად, მკაცრი გამომეტყველება სწრაფად შეეცვალა მშვიდი გამოხედვით.
– რას გულისხმობ?
– იმას, რაც იმ გარუჯული მაჩოს მიმართ დააშავე, აქამდე რომ მოგაცილა, – სახე ერთბაშად გაუნათდა, - საბრალომ ამდენი დრო მხოლოდ იმიტომ დაგითმო, რომ ბოლოს კოცნაც არ გეღირსებინა?
– ეგ უკვე შენ აღარ გეხება, – წარბშეკრულმა მივუგე. როგორც ჩანდა, თავისი ნომრის აივნიდან, ჩემი და რეიმონდის გამომშვიდობების სცენაც დაენახა და ამ ყველაფერსაც სწორედ ამიტომ ამბობდა, – შენის ნებართვით, ჩემს ნომერში შევალ.
– მიდი, ოღონდ დაიმახსოვრე, – ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შენი თავხედური საქციელის გამო სამსახურს არ გაკარგვინებ ისაა, რომ ჩემი მიზეზით ახალი ტელეფონის ყიდვა მოგიწია. კიდევ ერთი ასეთი შეცდომა და ჩათვალე წასულია შენი საქმე, პატარა მარიტა.
– ეგრე ნუ მეძახი, შენზე მხოლოდ სამი წლით ვარ უმცროსი!
– სამაგიეროდ, ტვინით ხარ გაცილებით პატარა... შემდეგში გააანალიზე, რომ სამსახური ძალიან გჭირდება და მხოლოდ იმდენი უნდა იბლატაო, რამდენი ნულიც შენს ქონებას აქვს მიწერილი. ჩემი კეთილი რჩევა იქნება, ნუ დარბიხარ მაშინ, როცა ძლივს დადიხარ.
ამის თქმა იყო და თავისი ნომრის კარში ისე გაუჩინარდა, სიტყვის თქმაც აღარ დამაცადა. კიდევ ერთხელ ვიგრძენი ბრაზი მიშოს მიმართ. ნებით თუ უნებლიედ, ყოველთვის მდიდრების უპირატესობას უსვამდა ხაზს, მე კი შედარებით დაბალ ღობედ, ან პროლეტარად გამოვყავდი, რადგან მის მსგავსად, წელიწადში ათჯერ არ შემეძლო სამოგზაუროდ წასვლა და ძვირადღირებული მანქანების ცხვირსახოცებივით ცვლა.
მიუხედავად მეფარიშვილის ამგვარი დამოკიდებულებისა, კომპლექსები არასდროს მაწუხებდა და არც მასზე დაბალ საფეხურზე მდგომად მივიჩნევდი საკუთარ თავს. ჩემთვის ადამიანობა იმით განისაზღვრებოდა, იყო თუ არა კონკრეტული პიროვნების სხეულში ლამაზი სული და არა იმით, იდო თუ არა მის ჯიბეში ფულით გატენილი საკრედიტო ბარათი.
უზომოდ კმაყოფილი ვიწექი, ზღვისფერი თეთრეულით გაწყობილ ჩემს ფუმფულა საწოლში და თვალწინ კვლავ რეიმონდის მაცდური ღიმილი მედგა. აივნის ღია კარიდან მონაბერ სიოს, ზღვის მარილიანი სურნელი მოჰქონდა, თან თეთრ, გამჭვირვალე ფარდებს ნაზად აფრიალებდა. ცაზე კვლავ უამრავი სხვადასხვა ზომის ვარსკვლავი იყო მიბნეული, მე კი მათ ციმციმზე დაკვირვებისას, ნელ-ნელა მეპარებოდა მოთენთილობა.


* * * *
მომდევნო დღეები, მთლიანად მიშოსთან ერთად გავატარე. მეტად აღარავინ გამიცნია ისეთი, ვისთან ერთადაც ისეთივე სასიამოვნო მომენტებს შევაგროვებდი, როგორც რეიმონდთან და მის მეგობრებთან. მიუხედავად დროის სიმცირისა, უამრავი რამის ნახვა მოვასწარი ჩემს VIP-კლიენტთან ერთად. გადავიყვანე ჩრდილოეთ გოაზე და ვესტუმრეთ ბაგას, რომელიც ყველაზე ცნობილ კურორტად ითვლებოდა ახალგაზრდებში. კურორტზე უამრავი ღამის კლუბი, დისკოთეკა და სადღეღამისო ბარი იყო თავმოყრილი. ყველაზე კარგი ის იყო, რომ ჩვენი იქ ყოფნის პერიოდი, უცხოელი დიჯეების ერთკვირიან ფესტივალს დამთხვეოდა და მიუხედავად იმისა, რომ ბილეთი საკმაოდ ძვირი ღირდა, მიშომ პატივი დამდო და ამ ფესტივალს ჩემთან ერთად დაესწრო.
ალბათ მეხსიერებაში სამუდამოდ დამელექებოდა ის გრანდიოზული ფეიერვერკების შოუ, რომელიც საღამოს ბოლოს გამოჩნდა ცაზე. ტურისტებიდან თითოეულ მათგანს, ხელში პროფესიონალი, თუ ტელეფონის კამერები ჰქონდათ მომარჯვებული და ყველაფერს ზედმიწევნით აფიქსირებდნენ. მახსოვს, ჩემს გვერდით მდგომმა გოგონამ ისიც კი თქვა, მხოლოდ ეს ფეიერკვერკები დაახლოებით ნახევარი მილიონი დაჯდებოდაო და როცა ათასფრად აბრჭყვიალებულ ცას ვუყურებდი, მის ამ მოსაზრებაში თავადაც ვრწმუნდებოდი.
კუნძულის სამხრეთ ნაწილში დაბრუნების შემდეგ, მიშომ ერთი ადგილი აღმოაჩინა, რომელიც ჩვენთვის უკვე ცნობილ პალოლემის სანაპიროზე მდებარეობდა, მაგრამ ამასთანავე, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მისგან. სანაპირო ზოლის ამ მონაკვეთს, ადგილობრივები პატნემად მოიხსენიებდნენ. იქაურობა მართლაც რომ იდეალური იყო სპორტისა და მედიტაციის მოყვარულთათვის, თანაც ჩვენი სასტუმროდან დაახლოებით ორ კილომეტრში მდებარეობდა. მეფარიშვილი ორი დღის განმავლობაში მაიძულებდა დილით ადრე მასთან ერთად მერბინა სანაპიროზე. დილით ადგომა და სირბილი ჭირივით მეზიზღებოდა და ამის გამო დაღლილობა მთელი დღის განმავლობაში მიმყვებოდა ხოლმე.
პატნემის სანაპირო ყურეში გახლდათ შეჭრილი და კლდოვანი იყო. ყურის შემოგარენი მწვანე საფარის დანაკლისს ნამდვილად არ განიცდიდა. აქ მრავლად იყო როგორც პალმის ხეები, აგრეთვე ფიჭვის კორომები და კაფეები, დიდი ქოლგებით გადახურული მაგიდებით. ტურისტებისთვის მრავალნაირი გასართობი ზონა მოიძებნებოდა. თევზაობის მოყვარულთათვის, ნავის დაქირავებაც იყო შესაძლებელი. იდეალური პირობები შეექმნათ წყლის სპორტის მოყვარულთათვისაც, რომელთა უმეტესობაც, აღჭურვილობას ახლომდებარე პალოლემის სანაპიროზე ქირაობდა.
ყოველი ვარჯიშის შემდეგ, მე და მიშო, მის მიერ ამოჩემებულ ადგილას ვბანაობდით ხოლმე. მახსოვს, ძალიან ლამაზი იყო იქაურობა – მშვიდი, წყნარი, კდლოვანი და ხალხის სიმრავლეს მოკლებული, განსაკუთრებით დილის საათებში.
მიუხედავად იმისა, რომ ერთად ამდენად დიდ დროს ვატარებდით, ერთმანეთთან საერთო თითქმის არაფერი გვქონდა. საუბრით მხოლოდ აუცილებელზე ვსაუბრობდით, კუნძულის ისტორიაზე ან მოგზაურობაზე. ბოლო პერიოდში უხასიათობასაც ვამჩნევდი. ერთხელ, ბანაობის შემდეგ, როდესაც წყლიდან ამოწვერილ უზარმაზარ ქვაზე ვიყავი მიწოლილი, გვერდით მომიჯდა, სველ თმაზე ორივე ხელი გადაისვა და ზღვას ისეთი სახით გახედა, თითქოს ამ სილამაზეს უკანასკნელად აკვირდებაო.
– ყველაფერი ტყუილია, – თქვა ისეთი სერიოზული ტონით, რომელიც აქამდე მისგან არასდროს გამეგონა. სახეზე შევხედე. თვალები სევდითა და ტკივილით ჰქონდა სავსე. სრულიად სხვანაირი მიშო იყო მაშინ ჩემს გვერდით და ეს იმაზე მეტად მეუცნაურა, ვიდრე თოვლის ფიფქების დანახვა მეცუნაურებოდა, შუა აგვისტოში.
– რა არის ტყუილი? – მკერდზე მკლავები ისე ოსტატურად ავიფარე, აშკარად ვერავინ მიხვდებოდა, მისი სიახლოვის გამო რომ ვცდილობდი ნაკლებად გამომწვევი გამოვჩენილიყავი.
– ცხოვრება . . . ადამიანის საქციელი, მისი სიტყვები, – გვერდულად გამომხედა, – შენ არასდროს ყოფილხარ ყალბი?
– მგონი, ხანდახან იძულებულები ვართ ყალბები ვიყოთ, მაგრამ მე ჯერ არ მქონია სიტუაცია, როდესაც ეს დამჭირვებია.
– თუკი ეგრეა, გაგიმართლა, – ფართოდ გამიღიმა. ალბათ ხვდებოდა, რომ წარმოდგენაც არ მქონდა რაზე საუბრობდა, ან რას გულისხმობდა.
– რა გჭირს? რამე ცხოვრებისეული ფილმი ნახე გუშინ და იმან ჩაგაფიქრა?
– მსგავსი არაფერი.
– ეს საუბარი შენსას არ ჰგავს...
– არც მე ვგავარ ჩემს თავს, – თვალი ჩამიკრა, ქვაზე ფეხის გულებით დადგა და სანამ კიდევ რამის თქმას მოვასწრებდი, კვლავ აქაფებულ ტალღებში გადაეშვა.
თბილი, ოქროსფერი დღეები ერთმანეთს მისდევდნენ. ყველაზე მეტად, რაც გოაზე მომწონდა, ეს მზის ჩასვლის ყურება იყო. აქამდე უამრავ საზღვაო კურორტზე ვიყავი ნამყოფი, მალდივებიდან დაწყებული, მარმარისით, სანტორინითა და ბალით დამთავრებული, თუმცა აქაური მზის ჩასვლა, სულ სხვანაირად მომნუსხველი ჩანდა და ვერ ვხვდებოდი, კონკრეტულად რა ჰქონდა ამ კუნძულს ასეთი მიმზიდველი.
გული მწყდებოდა, რომ ოცდაოთხ საათზე ნაკლებ დროში, უკვე თვითმფრინავში ვიჯდებოდი და ინდოეთს დავემშვიდობებოდი. ამ დროის განმავლობაში, აქაურობას იმდენად შევჩვეოდი, სიამოვნებით გავიხანგრძლივებდი მოგზაურობას კიდევ ერთი კვირით, მაშინაც კი, თუ მიშო კვლავ ჩემთან იქნებოდა.
მზის ჩასვლამდე სულ ცოტაღა იყო დარჩენილი. როგორც დროის იმ მონაკვეთში მუდამ ვაკეთებდი ხოლმე, ახლაც ბიკინით ვიჯექი სანაპიროზე, შიშველი ფეხის გულებით ქვიშას ვეთამაშებოდი და ზღვიდან მონაბერ სიოს ვუშვერდი სახეს. გვერდით მიშო მომიჯდა და ხელებით ქვიშას დაეყრდნო, თვალები კი ჩამავალ მზეს მიაპყრო.
ვინატრე ის, ვინც გვერდით მომიჯდა, რეიმონდი აღმოჩენილიყო. ძალიან მინდოდა წასვლამდე კიდევ ერთხელ მენახა მისი ღიმილი, თუმცა ვიცოდი შუძლებელი იქნებოდა.
– ჩემოდნები უკვე ჩალაგებული გაქვს? – მკითხა ისე, რომ ჩემთვის არც შემოუხედავს.
– დიდი ხანია .
დუმილი ჩამოწვა. ჩვენ შორის მხოლოდ ტალღები ხმაურობდნენ, ნაპირს დაუსრულებლად ასკდებოდნენ და თავიდან იკრებდნენ ძალას, რათა კვლავ ხმაურით მოხეთქებოდნენ სანაპირო ზოლს.
– ინდოეთში ერთ რამეს მივხვდი, – დაიწყო ისევ მიშომ. მისი ტონიდან გამომდინარე, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს მე კი საკუთარ თავს ესაუბრებოდა. – აქაური სახლების დიდი ნაწილი მიტოვებულს ჰგავს. გგონია მოსახლეობა ძალიან ღარიბულად და ცუდად ცხოვრობს, მერე კი აცნობიერებ, რომ ისინი ბევრ ჩვენგანზე უფრო ბედნიერები არიან.
– მგონი იმას აანალიზებენ, რომ მეფეც და პაიკიც, ბოლოს მაინც ერთ ყუთში იყრება და ცდილობენ სიმდიდრის დაგროვების გარეშე მიიღონ ამ ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება.
– ბიკინიმ შენი სვირინგი მაინც გამოიტანა სააშკარაოზე, – სასაუბრო თემა უცებ შეცვალა და ჩემი მკერდის ქვემოთ დამჩნეულ ნახატს დაასვა მზერა.
– იმდენად პატარაა, თუკი კარგად არ დააკვირდი, ვერც დაინახავ.
– ჰოდა, კარგად დავაკვირდი, – დემონური ღიმილით გაეღიმა მას, – ლამაზი კოლიბრია. სიმბოლური დატვირთვა აქვს, თუ ისე, უბრალოდ დაიხატე?
– წარმოუდგენელი სიცოცხლის ენერგიის სიმბოლოა, – ინსტიქტურად თავადაც დავხედე საკუთარ სვირინგს, – შეუძლია ცხოვრების ნებისმიერი დარტყმა გადაიტანოს.
– საინტერესოა . . . მე ტატუირება საერთოდ არ მაქვს.
– რატომ, გეშინია?
– არა, რისი უნდა მეშინოდეს? – გაეცინა, – უბრალოდ კლინიკებთან ვთანამშრომლობ. იშვიათი ჯგუფის სისხლი მაქვს, რამდენჯერმე საკმაოდ მძიმე პაციენტების დონორი ვიყავი. დონაციას კი ვერ განახორციელებ, თუ სვირინგი მინიმუმ ერთ წელს არ ითვლის.
– ანუ სიცოცხლეც გადაგირჩენია...
– ჯერჯერიბით მხოლოდ ორი ადამიანის.
– და ასეთი რა ჯგუფის სისხლი გაქვს?
– მეოთხე უარყოფითი.
– ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ერთ პროცენტში შედიხარ.
– იშვიათი ბრილიანტი ვარ, – ჩაეღიმა, მერე კი კვლავ ჰორიზონტს გახედა. მზეს უკვე დაეწყო ჩასვლა და ნელ-ნელა იმალებოდა უკიდეგანო, ლურჯ ზღვაში.
უხმოდ ვიჯექით ერთმანეთის გვერდიგვერდ. ჩემი გონება კვლავ იმ ფიქრებით იყო მოცული, რომ ხვალ აქაურობას უნდა გამოვთხოვებოდი. მართალია ზღვა, მზე და პლაჟი ბათუმშიც მქონდა, თუმცა უცხო კონტინენტსა და უცხო მიწაზე თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მთელი მსოფლიოს ბატონ-პატრონი ვიყავი. აქ შემეძლო გამეკეთებინა ნებისმიერი სიგიჟე, რაც კი თავში აზრად მომივიდოდა, მეყვირა ბოლო ხმაზე, რომ ბედნიერი ვარ, რომ ყველაფრისდა მიუხედავად ცხოვრება მიხარია და რომ ირგვლივ ყველაფერი მიყვარს. საკუთარ ქალაქში ყოველივე ამისგან შეზღუდული ვიყავი. იქ უნდა ვყოფილიყავი მარიტა, ვისაც ყველა სერიოზულ ადამიანად იცნობდა, ახლო მეგობრების გარდა.
– შეიძლება შენს სვირინგს შევეხო? – ფიქრებიდან მიშოს შეკითხვამ გამომარკვია. გონებაში მისი სიტყვები კიდევ ერთხელ გავამეორე, რამე ხომ არ მეშლება-მეთქი, თუმცა მიღებული შედეგი, არაფრით განსხვავდებოდა თავდაპირველისგან.
– რას ნიშნავს შეეხო? – წარბები ავზიდე, – ბიკინიც ხომ არ გავიხადო და შენთან ერთად შიშველმა ვიბანაო ზღვაში?
– ასეთ რამეს მეორედ ნუღარ იტყვი! – კბილებში გამოსცრა, თან მზერა სწრაფად ამარიდა და გვერდზე გაიხედა, მაგრამ ვერ მივხვდი რატომ.
– შენ კიდევ ისეთი რამ აღარ თქვა, რაც მაფიქრებინებს, რომ ტვინში ყველაფერი მწყობრში არ გაქვს!
– ცოტა მშვიდად, მზე ჩადის და ამ დროს ადამიანი აღელვებული არ უნდა იყოს. მედიტაციაზე ხომ გსმენია? თურმე ნერვებს აწყნარებს.
– დამცინი არა?

– სულ ცოტათი, – ამჯერად ჩემკენ გამოიხედა, სარკასტულად გამიღიმა და ფეხზეც წამოდგა. – საომარი ფილმების ყურებას ვაპირებ. თუკი შენ ნომერში მარტო მოიწყენ, შემომიერთდი.
– გმადლობ, მაგრამ მოპატიჟებაზე უარი უნდა ვთქვა.
– ჰოო? და რატომ?
– იმიტომ, რომ აქ ბოლო ღამეს ვატარებ და ცოტა ხნით მარტო მინდა დარჩენა, –მეც წამოვდექი, ლასტები გავიხადე და პირდაპირ ზღვისკენ წავედი, ბოლოჯერ რომ დავმტკბარიყავი ჩამავალი მზის ტალღებში ბანაობით.




****
ლოლამ, სვლა სანაპიროსთან ახლოს შეანელა, ძლიერად დაამუხრუჭა და კმაყოფილებით აღსავსე მზერით შემათვალიერა, თანაც უკვე მერამდენედ.
თითქმის შუა ღამე იყო. ჩვენი რესტორნის განთქმულ შეფ-მზარეულს დიმიტრის, მორიგი წვეულება ჰქონდა, რაც უკვე ყოველწლიურ ტრადიციად ქცეულიყო მისთვის, გაზაფხულის ბოლო თვეს.
დიმიტრი, „ივენთების“ მეფე გახლდათ. ლოლასგან ვიცოდი, რომ ყოველწლიურად, თავის წვეულებას ახალ სახასიათო ელემენტს სძენდა, სტუმრებისთვის განკუთვნილ ფურშეტის კერძებს საკუთარი ხელით ამზადებდა, რაც მართლაც რომ სასიამოვნო ჟესტად ითვლებოდა მისი რანგის მზარეულისგან.
ამ დღისთვის სამზადისს, ყოველთვის ერთი კვირით ადრე იწყებდა ხოლმე დიმიტრი. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მეც მოწვეულ სტუმართა სიაში ვიყავი. მართალია წამოსვლის სურვილით დიდად არ ვიწვოდი, თუმცა ლოლას დაჟინებულ თხოვნა წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე. მან საკუთარი გემოვნებით შემირჩია სამოსი, ქალაქის რომელიღაც ბრენდულ ბუტიკში.
ტანზე კიდევ ერთხელ დავიხედე. უზურგო, თეთრი დეკოლტე-მაისური და ამავე ფერის, ჩვეულებრივზე მოკლე, ტყავის შორტი მეცვა. ლოლას თუ დავუჯერებდით, ეს „ლუქი“ სწორედ ჩემთვის იყო შექმნილი, ზუსტად ისე, როგორც კონკიას სამეჯლისო მორთულობა, თუმცა თავს კომფორტულად მაინც არ ვგრძნობდი. ისეთი განცდა მეუფლებოდა, თითქოს დანაღმულ მდელოზე დავდიოდი და წამი-წამზე უნდა ავფეთქებულიყავი კიდეც.
– ლოლიტა, იქნებ ამ ზედატანზე რამე მომეცვა? – ვინ მოთვლის უკვე მერამდენედ გამოვთქვი პროტესტი, – ზურგი საერთოდ არ აქვს, წინა მხარე კი . . .
– საყვარელო, არ გინდა ცოტა ხნით მუნჯის როლი ითამაშო? – ხელი ისე მობეზრებით ამიქნია, როგორც მის ყურთან მფრინავ აბეზარ კოღოს,– რამდენჯერ უნდა გითხრა, ოდნავ თამამ ჩაცმულობაში ცუდი არაფერია-მეთქი? ამ თემას კიდევ თუ წამოჭრი, პირს ისე დაგიხურავ, ვერასდროს ვეღარ გააღებ.
– რა აგრესიული ხარ.
– შენ კი დაკომპლექსებული. ცოტა მომბაძე რაა.
– სათქმელად მარტივია, – ლოლას სამოსს შევავლე მზერა. ელექტრიკი ლურჯი ფერის კაბა მოერგო, რომელიც იმდენად მოკლე და გამომწვევი იყო, ნებისმიერ შემთხვევაში მიიქცევდა მამრობითი სქესის წარმომადგენლის ყურადღებას. იქნებ მის ფონზე ჩემთვის არც არავის შემოეხედა? ეს მაწყობდა კიდეც.
– კარგი, გეყოფა . . . შენ ჯობია ის მითხრა, სამსახურში როდის აპირებ მობრძანებას. ერთი დღეა, რაც არ ხარ და უკვე მოვიწყინე.
– ხომ გითხარი, სანამ ნოლანები არ ჩამოვლენ, რესტორანში ჩემი ფეხი არ იქნება! – განვაცხადე მტკიცედ, – ვიცი, მეტყვი, ასეთი რამების არ უნდა გეშინოდესო, თუმცა ეგ ლეო უკვე ძალიან უცნაურად იქცევა და სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
– ყველას ეგრე თუ დააფრენდზონებ, საბოლოოდ მარტო დარჩები.
– რა დაფრენდზონება, ლოლიტა? – სიმწრისგან გამეცინა, – არანაირი ურთიერთობა არ მინდა მაგ ტიპთან. ეჭვი მაქვს, რომ ტვინში ყველაფერი მწყობრში ვერ აქვს.
– მიშოს რატომ არ სთხოვე დახმარება? ერქოლესა და ტეოს შემდეგ, ყველაზე დიდი უფლებები მაქვს აქვს. მარტივად დაადებდა აკრძალვას იმ ადამიანის რესტორანში შემოშვებას.
– ეგ მეც ვცადე, მაგრამ სანაცვლოდ ისეთი სისულელე მთხოვა, თავი ძლივს შევიკავე მისი ფიზიკური შელამაზებისგან. – ჯერ კიდევ ბრაზს ვგრძნობდი მეფარიშვილთან დილანდელი საუბრის გახსენებაზე.
–ჰოო? – საჭიდან ხელები აიღო. მისი წაბლისფერი თვალები, უკვე დაუფარავი ცნობისმოყვარეობით მომშტერებოდნენ, –ასეთი რა გთხოვა? შემთხვევით ის ხომ არა, რაც ამ წამს გავიფიქრე?
–კარგი რა, ლოლიტა!
– მაშინ, მითხარი
– არაფრის თქმას არ ვაპირებ, სისულელეა და მორჩა . . .
გარეთ სასიამოვნო, ხმამაღალი მუსიკა ჟღერდა. პლაჟზე დაახლოებით ორმოცდაათი ადამიანი შეკრებილიყო, რომელთაგან უმეტესობა მამაკაცი გახლდათ. ირგვლივ ყველაფერი საკმაოდ დახვეწილად და გემოვნებით მოერთოთ.
წვეულებისთვის გამოყოფილი სივრცისთვის, ხის თეთრი, დასადგამი ღობე შემოევლოთ, რომელიც ზღვის ცხოველებისა და ნიჟარების ფორმის ნათურებით გაენათებინათ. მარჯვენა მხარეს, სხვადასხვა კერძებითა და ტკბილეულით სავსე ფურშეტის მაგიდები იყო განლაგებული, ხოლო მარცხენა მხარეს სასმელის დახლები იწონებდნენ თავს. სტუმრებს წელს ზემოთ შიშველი, საკმაოდ მომხიბვლელი ჰაბიტუსის მქონე ბარმენები ემსახურებოდნენ.
დიჯეის კუთხე შემაღლებული ადგილიდან გადმოჰყურებდა ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს. წვეულების მთავარი გაფორმება, მაინც ულტრაიისფერი სხივები იყო, რომელთა მოძრაობაც, მუსიკის ენერგიულობის შესაბამისად იცვლებოდა. ნელ მელოდიაზე სხივებიც ზანტად მოძრაობდნენ, ხოლო შედარებით ჩქარზე, ისინიც ენერგიულად დაძრწოდნენ ხალხს შორის და მათ სახეებსა და სხეულებზე დროებით კვალს ტოვებდნენ.
დიმიტრი სასმელების დახლთან, ვისკის ჭიქით ხელში იდგა და ჩვენი კოლექტივის ყველაზე უმცროს თანამშრომელს, დამიანეს ესაუბრებოდა, რომელსაც ბარმენის თანამდებობა ეკავა Imagine-ში. დამიანე მალე უნდა დაგვმშვიდობებოდა, რადგან სწავლასა და  სამსახურს ერთმანეთს ვეღარ უთავსებდა. გადაწყვეტილი ჰქონდა მაშინვე წასულიყო, როგორც კი უფროსობა მის შემცვლელს მოძებნიდა.
მათთან ახლოს, მეფარიშვილიც შევნიშნე. იგი ვიღაც წითურ გოგოსთან საუბრით იყო გართული, რომელიც გამომწვევი მზერით წრუპავდა ჭიქიდან მარგარიტას. თავად მიშო, ამჯერადაც პიტნითა და ლიმონით შეზავებულ, ყინულიან წყალს მიირთმევდა, ხოლო მათგან მოშორებით, იტალიური ტკბილეულის განყოფილებასთან მდგომი კალე, ისეთი მზერით იყურებოდა, თითქოს სხეულით აქ, ხოლო სულით სრულიად სხვა განზომილებაში იმყოფებოდა.
– დიმიტრის წვეულება, ჩემთვის მუდამ წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, –აჟიტირებულმა გამომდო ხელკავი ლოლამ. იმ მომენტში, ისე მოუსვენრად ცმუკავდა, გეგონებოდათ ჯერ კიდევ პატარა გოგონა იყო, რომელიც მშობლებმა პირველად წაიყვანეს დისნეილენდში.
– წინა წელსაც სანაპიროზე ჩატარდა?
– არა, წინა წლის წვეულების ლოკაცია მწვანე კონცხი იყო. დიმა ყოველთვის ახალ ადგილს ირჩევს ამ დღისთვის.
– ორიგინალურია.
– თანაც როგორ. რომ იცოდე, პირადად ვთხოვე, რათა წელს შენც ჩაეწერე მოწვეულ სტუმართა სიაში, ქალბატონი მარიტა კი ამბობს წამოსვლა არ მინდაო.
– ბოროტად იყენებ იმ ფაქტს, რომ მაგ ადამიანს შენდამი სიმპათიები გააჩნია.
– უბრალო რაღაც ვთხოვე, ბოროტება რა შუაშია? – გულწრფელად გაიოცა. – თანაც კარგად იცი, როდესაც ადამიანს საწოლში ერთხელ დავტესტავ, მერე უკვე აღარ მაინტერესებს ხოლმე.
– ჯოჯოხეთი გარანტირებული გაქვს.
– ნუ ღელავ, იქაც ვიპოვი რამე გასართობს.
– ეჭვიც არ მეპარება.
წვეულება თანდათანობით ხურდებოდა. მოწვეული სტუმრებიდან უმეტესობა ჩემთვის უცნობები იყვნენ. ამდენი ადამიანიდან, მხოლოდ ხუთი მათგანის სახელი და გვარი ვიცოდი.
ლოლამ სასმელი აიღო და მალევე გაერია ბიჭებში. ისე ლაღად და მხიარულად ერთობოდა, მისი ცოტათი შემშურდა კიდეც, რადგან თავად არასოდეს გამომდიოდა უცხო ადამიანებთან ასე სწრაფად გაშინაურება და მათ შორის თავის დამკვიდრება. მომწონდა კიდეც ამის გამო საკუთარი თავი, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამ თვისებას ბევრ რამეშიც შეუშლია ხელი.
მინი-ბართან მარტინი ავიღე და იტალიური ტკბილეულის მაგიდასთან მდგომ კალეს მივუახლოვდი. სახეზე ეტყობოდა წვეულებით დიდად ვერ ერთობოდა, ისევე როგორც მე. ზოგჯერ ისიც კი მეგონა, რომ კალე ყველაზე ახლოს იყო ჩემს სულთან, რადგან უზომოდ ბევრი მსგავსება არსებობდა ჩვენ ორს შორის.
– რას შვრები, შენც მოიწყინე? – გვერდით ამოვუდექი თუ არა, მაშინვე ვკითხე. ჩემგან განსხვავებით იგი ტეკილას მიირთმევდა და ნახევარმთვარის ფორმით დაჭრილ ლიმონს აყოლებდა.
– დიმამ ეს რომ გაიგოს, ალბათ რომელიმე სტუმრის შარფით ჩამოიხრჩობს თავს, მაგრამ მეზიზღება მისი წვეულებები.
– თუკი ასეა, რატომ მოხვედი?
– შენ თვითონ რატომ მოხვედი? – ოსტატურად შემომიბრუნა კითხვა.
– მე ლოლიტას ვერ ვაწყენინე.
– ერთ ნავში ვართ. მე ყოველ წელს დიმიტრის ვერ ვუტეხავ ხათრს. – გაეცინა. მასთან ერთად მეც.
– რომ გავიპაროთ ვითომ გაბრაზდებიან?
კალემ ლიმონი ჩაღეჭა, სიმჟავისგან ოდნავ დაიჭყანა და პასუხიც მხოლოდ ამის შემდეგ დამიბრუნა:
– სიამოვნებით მოვტყდებოდი აქედან შენთან ერთად და სადმე მყუდრო ადგილას ნაყინს შევჭამდი, მაგრამ . . . საშინელი რამაა ეს ხათრი.
– საუბედუროდ ეგრეა.
რამდენიმე წამით დუმილი ჩამოწვა. ამ ხნის განმავლობაში, ჩემი მარტინის შესახებაც გამახსენდა და ზედიზედ მოვსვი რამდენიმე ყლუპი, თან ზეთისხილიც მივაყოლე.
– როგორც ჩანს ვიღაცას დიდი სიამოვნება ელის წინ.
– რას გულისხმობ?
– ჩვენს დირექტორს შეხედე, – კალემ მიშოსა და მისი პარტნიორისკენ გამახედა. ეს ორნი, ერთმანეთს ისეთი ვნებითა და სითამამით კოცნიდნენ, თითქოს იქ, მათ გარდა სრულიად აღარავინ დარჩენილიყო.
– ჰო, ვხედავ, – მწარედ ჩამეცინა, – მისნაირებისთვის არაფერია რთული. ნებისმიერ ქალს შეუძლია ხელი დაადოს და მისი გახდება.
– ესე იგი შენც, – ეშმაკურად შემომყურებდნენ კალეს თვალები. თითქოს წინასწარ იცოდა რა პასუხიც მქონდა მომზადებული.
– ეგ რომ მდომოდა, მაგისთვის მილიონი შანსი მქონდა. ნახევარი მსოფლიო გვაქვს ერთად მოვლილი.
– არ ჩაგეძიები, რატომ მოიარეთ ერთად ნახევარი მსოფლიო, მაგრამ ერთს გეტყვი, –ცისფერ თვალებში თითქოს ნაპერწკლებმა გაიელვეს, ან განათების გამო მომეჩვენა ასე. – ზოგჯერ, როცა გიყურებს, მის გამოხედვაში რაღაც ჩანს . . . რაღაც ისეთი, რასაც ალბათ შენ ვერც ამჩნევ.
– ჰოო? და რა ჩანს? – აშკარად გამამხიარულა მისმა სიტყვებმა. უკვე იმ აზრისკენ ვიხრებოდი, რომ ნასვამი იყო და ალკოჰოლი ალაპარაკებდა.
– რა ჩანს და . . . უიმედობა . . . თითქოს მისთვის ის ვარსკვლავი ხარ, რომელსაც ვერასდროს მიწვდება.
– ნუთუ ასე ძალიან ვგავარ ვარსკვლავს? – სიცილნარევი ინტერესით გავხედე. ახლა უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ მთვრალი იყო და ბოლომდე ვერ იაზრებდა რას ამბობდა.
– იცინე, იცინე, წლის ბოლოს მე გავიცინებ.
– შენ რა ჩემი მათემატიკის მასწავლებელივით მელაპარაკები?
– შენი არ ვიცი, მაგრამ მე ისეთი ნიშნები მყავდა, წლის ბოლოს ყოველთვის მე ვიცინოდი ხოლმე.
კალესთან საუბარს კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი, რომ არა მოულოდნელი ვიბრაცია ჩემს ჯიბეში მოქცეულ ტელეფონზე. ზარი რატომღაც დაფარული ნომრიდან ფიქსირდებოდა, რაზეც ოდნავ უსიამოვნოდ გამცრა ტანში. ამისდა მიუხედავად, კალეს ზედმეტი არაფერი ვაგრძნობინე, სწრაფად მოვუბოდიშე და ოდნავ მოშორებით გავედი, იქ, სადაც მუსიკების ხმა ნაკლები სიმკვეთრით აღწევდა, ხოლო ტალღები სასიამოვნოდ შრიალებდნენ.
– გისმენთ!
– დღეს კიდევ ერთხელ მოვედი შენ მოსასმენად, მაგრამ როიალთან სრული სიცარიელე დამხვდა . . . რატომ?
ტანზე ცივმა ჟრუანტელმა დამიარა უკვე კარგად ნაცნობი ხმის მოსმენისას. ორი წამიც არ დამჭირვებია იმის გასაანალიზებლად, რომ ყურმილის მეორე მხრიდან ლეო მესაუბრებოდა.
– დაფარული ნომრიდან რატომ რეკავ? – კითხვის დასმისას, მაქსიმალურად ვეცადე ხმაში მცირედი შიშიც არ დამტყობოდა.
– იმიტომ, რომ ჩემი ნომერი დაბლოკე და ვეღარ გიკავშირდები. ვერც შეტყობინებებს გიგზავნი. შენი ეს სიჯიუტე ასმაგად უფრო დიდ აზარტში მაგდებს, მარიტა!
– ავადმყოფი ხარ!
– რაც გინდა ის მიწოდე, მთავარია მალე დადგეს ის დღე, როცა შენს სურვილს მოვიკლავ.
ტელეფონი გავთიშე და მეორედ რომ ვეღარ დაერეკა, მოწყობილობა დაუყოვნებლივ გადავიყვანე ფრენის რეჟიმზე. რამდენიმე წამით თვალებდახუჭულმა ღრმად დავიწყე სუნთქვა. ტალღების შრიალის ხმა ყოველთვის მამშვიდებდა ხოლმე, თუმცა ახლა ვეღარც ის ახერხებდა ჩემს ნერვებზე დადებითად მოქმედებას.
ზუსტად ათი წუთი, სახე, ზღვიდან მონაბერი ქარისკენ ისე მქონდა მიშვერილი, უკან ერთხელაც არ  გამიხედავს. არც არავის გავხსენებივარ. მეგონა ეს კომფორტული სიჩუმე კიდევ დიდხანს გასტანდა, თუმცა ჩემდა სამწუხაროდ სრულიად საპირისპირო რამ მოხდა. ლეოს ზარისგან აფორიაქებას, ამჯერად, ნაცნობი სუნამოს არომატიც დაემატა და ოხვრით გავაცნობიერე, რომ სადღაც ჩემს სიახლოვეს, მეფარიშვილი იმყოფებოდა.
ხმა არ ამომიღია. ჯერ კიდევ ხელში ჩაბღუჯული ტელეფონი ჯიბეში ჩავიბრუნე და ვცადე იმაზე უფრო მშვიდი სახე მიმეღო, ვიდრე ოდესმე მქონია. არ მინდოდა, ვინმეს ამ მდგომარეობაში ვეხილე, განსაკუთრებით კი მას.
ნაპირთან ძალიან ახლოს, პირდაპირ ქვებზე ჩამოვჯექი და ორივე ფეხზე გავიხადე, რომ ტალღების გრილი სისველე საკუთარი კანით შემეგრძნო. სულ მალე მეფარიშვილიც გვერდით მომიჯდა. ხელში უკვე ლუდის ქილა ეჭირა და ნელ-ნელა წრუპავდა ქარვისფერ სითხეს. ისეთი შეგრძნებაც კი დამეუფლა, თითქოს უჩინარი ვიყავი და ჩემს იქ ყოფნას ვერც ამჩნევდა.
– რა გულსაწყვეტია, – თქვა მან უეცრად, ისე, თითქოს თავისთვის საუბრობს და არა სხვის გასაგონად.
– რას გულისხმობ?
– ლოლიტას, – დაუფიქრებლად მიპასუხა და მანიშნა კიდეც, ლოლა „Gasolina“-ს ფონზე ორ ბიჭთან ერთად ცეკვავდა. აქედან ერთი მათგანი ტუჩებზე მიწებებოდა მეორე კი უკნიდან ამომდგარი უკოცნიდა ყელის არეს.
– და რა სჭირს მას? – მიუხედავად იმისა, რომ დანახული სურათი არც ჩემთვის ყოფილა სასიამოვნო, მიშოს თვალწინ მაინც არაფერი შევიმჩნიე.
– არ ვიცი . . . ლოლიტა კარგი გოგოა, ძალიან ნიჭიერი, მხიარული და თავისი საქმის პროფესიონალი, მაგრამ საკუთარ სხეულს პატივს საერთოდ არ სცემს. დღეს ეს ტიპები სავარაუდოდ სასტუმროში წაიყვანენ, ან მანქანის უკანა სავარძელზე მასთან მაგრად ისიამოვნებენ, ხვალ კი სამეგობრო წრეში დეტალურად მოყვებიან ამ შესანიშნავ ამბავს.
– მერე შენ რა? იქნებ არ აინტერესებს, ვინ რას იტყვის და თავადაც იღებს ასეთი რამებით სიამოვნებას? –მეც ვემხრობოდი მიშოს აზრს, მაგრამ მაინც შევეწინააღმდეგე. უკვე მავნე ჩვევასავით მქონდა სისხლში გამჯდარი ის, რომ ჭეშმარიტებას ამბობდა თუ სიცრუეს, მიშოს მაინც უნდა დავპირისპირებოდი.
– არაფერი, მაგრამ როდესაც ადამიანი იზრდება და ჭკუაში ვარდება, ასეთ თავზეხელაღებულ საქციელს ყოველთვის ნანობს ხოლმე. ახლა ახალგაზრდაა, სისხლი უდუღს და საკუთარ სხეულს არანაირ სიამოვნებას არ აკლებს, თუმცა დროის გასვლის შემდეგ, შეიძლება თითოეულ ასეთ ნაბიჯს შეცდომა უწოდოს. თავისუფალი სექსის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ის ნამდვილად უსიამოვნოა, როდესაც ქალი დილით იღვიძებს და მთელ სხეულზე იმ მამაკაცის სურნელი ასდის, ვისი სახელიც კი არ ახსოვს.
– ანუ რაღაც დოზით მაინც სექსისტი ხარ.
– მე ასე არ ვიტყოდი, – გაეცინა და ლუდის ქილიდან ოდნავ მოსვა. – უბრალოდ ისეთი ქალები უფრო მიმზიდველები მეჩვენებიან, რომელთა შებმაც ნებისმიერი მსურველისთვის არაა შესაძლებელი, ვინც კი უკანალზე წაავლებს ხელს. მაგალითად შენნაირი ქალი ჩემში ძალიან დიდ მიზიდულობას გამოიწვევდა.
– რა? – გაკვირვებული სახით გავხედე. მეფარიშვილისგან, ვისგანაც მხოლოდ უხეში და მწარე სიტყვები მესმოდა, ამის მოსმენა მართლაც გასაოცარი იყო.
– ასე ნუ მიყურებ. მე ხომ არ მითქვამს, რომ ზუსტად შენ მიზიდავ?
– კიდევ კარგი . . . შენნაირი თაყვანისმცემლის ყოლას აშკარად არ ვისურვებდი.
– რატომ? ჩემი გეშინია?
– არა, არ მეშინია, – ირონიით ვუპასუხე მის ირონიულ გამოხედვას, – უბრალოდ ურთიერთობაც არ მინდა იმ ადამიანთან, ვისაც სხვისი გამოყენებისა და ნახმარი ხელსახოცივით მიგდების  გამოცდილება აქვს. – გარკვეული დროით სიჩუმე გაბატონდა.
– თათას გულისხმობ? – იმდენად ხმადაბლა იკითხა, გაგონებაც კი ძლივს მოვახერხე.
– არ ვიცი, ასე კიდევ რამდენს მოექეცი, თუმცა ჰო, ახლა თათა ვიგულისხმე.
– ქალთა უფლებების დამცველად როდის აქეთ იქეცი? – გამაბრაზა მისმა შეკითხვამ და იმ ტონმაც, რომლითაც ეს შეკითხვა დასვა. ქვეცნობიერად მინდოდა დამენახა, რომ მომხდარს ცოტათი მაინც ნანობდა, მაგრამ სამწუხაროდ ასეთს ვერაფერს ვამჩნევდი.
– ზუსტად ეგაა შენი რეალური სახე. ადამიანმა შენი ერთღამიანი გართობის გამო თვითმკვლელობა სცადა და ეს ყველაფერი ნერვსაც არ გიტოკებს.
– შენი სიძულვილი კი იმხელაა, უკვე მისი სურნელიც იგრძნობა, – ფეხზე სხარტად წამოდგა, რამდენიმე ნაბიჯი ზღვისკენ გადადგა, მერე კი ისევ ჩემკენ მოტრიალდა, – ახლა ნასვამი ვარ, ჭკუა არ მომეკითხება და ტალღებში ვაპირებ შესვლას. მაინტერესებს, მაგ ზიზღის მიუხედავად, შემოხვალ თუ არა წყალში ჩემს გადასარჩენად.
– ნუ სულელობ მიშო! – მკაცრად ავზიდე ორივე წარბი. წვეულებისთვის გამოყოფილი სივრციდან იმდენად მოშორებულები ვიყავით, ხმამაღალი მუსიკის ფონზე, ჩემს ყვირილსაც კი ვერავინ გაიგებდა, საშველად რომ მეხმო.
– ინტერესით ვკვდები, გადაარჩენ თუ არა შენთვის საძულველ ადამიანს.
– მიშო, გეყოფა!
– გაჩერება აღარ გამომივა, აზარტში შევედი. – ტანსაცმლის გახდა დაიწყო და სულ რამდენიმე წამში, მხოლოდ ქვედა საცვალით დამიდგა წინ. უნებურად გამექცა თვალი მისი სხეულისკენ. რამდენად ნეგატიურიც არ უნდა ყოფილიყო მიშოსადმი ჩემი დამოკიდებულება, იმ ფაქტს ნამდვილად ვერსად გავექცეოდი, რომ გარეგნული მხარე, ზუსტად ისევე მაცდურად მომხიბვლელი იყო, როგორც ბოროტი დედინაცვლის მიერ ფიფქიასთვის მირთმეული მოწამლული ვაშლი.
– მიშო, პატარა ბავშვივით იქცევი! – კვლავ ვცდილობდი მის დარწმუნებას, თუმცა ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი აღარც ესმოდა. აქაფებულ ტალღებში ნელ-ნელა მიიწევდა წინ და ზღვაც თანდათანობით ფარავდა მის სხეულს. ყელამდე წყალში რომ შევიდა, შიშისგან სიცივე ვიგრძენი. ეს სიცივე უფრო მეტად გაძლიერდა, როდესაც მეფარიშვილმა წყალში ჩაყვინთა და სრულიად გაქრა. ბევრი აღარ მიფიქრია. კარგად ვცურავდი და დახმარება არ მჭირდებოდა. ტანსაცმელი სწრაფად გავიხადე და წყალში გიჟივით შევვარდი.
გამოყვანა არ გამიჭირდებოდა. მთავარი იყო მეფარიშვილის პოვნა მომეხერხებინა, ამიტომ ხმამაღლა ვყვიროდი მის სახელს. პერიოდულად წყალში ვყვინთავდი და ვცდილობდი მის სიღრმეში რამე გამერჩია, თუმცა სიბნელის გამო ვერაფერს ვხედავდი და კვლავ ზედაპირზე ვბრუნდებოდი. უკვე იმედიც კი გადამეწურა. პანიკურმა კანკალმა ამიტანა. ნაპირისკენ გავიხედე, რომ ვინმესთვის საშველად მეხმო, თუმცა შორს ვიყავი იქამდე ხმის მისაწვდენად. არც ნაპირზე ასვლა და ვინმეს მოყვანა მესახებოდა გონივრულ ვარიანტად, რადგან ამით დროს დავკარგავდი.
რა ურთიერთობაც არ უნდა გვქონოდა მე და მიშოს, ჩემს თვალწინ ადამიანის დახრჩობის წარმოდგენა მაინც საზარლად მეჩვენებოდა. პანიკაში მყოფს, გული არანორმალური ტემპით მიცემდა. გონებაც მებინდებოდა. ალბათ სწორედ ამიტომ ვერ მოვახერხე იმის შემჩნევა, საიდან, ან როგორ გაჩნდა ნაპირთან, ნახევრად შიშველი ადამიანის სილუეტი. როდესაც მასში მიშო ამოვიცანი, ჩემი შვებით ამოსუნთქვის ხმამ, ალბათ ფსკერზე დაბინავებულ თევზებსაც კი დაუფრთხო ძილი. არ ვიცოდი იქ როდის და როგორ გაჩნდა, მაგრამ მთავარია კარგად იყო და არაფერი დამართვნოდა.
შვებით ამოვისუნთქე და გახარებულმა მაშინვე ნაპირისკენ ავიღე გეზი. ცურვისას რაღაც უცნაურიც შევნიშნე. მიშო ნაპირზე ძალზედ საეჭვოდ მოძრაობდა. ნაცვლად იმისა, რომ თავისი ტანსაცმელი მოეგროვებინა და ჩაეცვა, იმ ადგილს დასტრიალებდა, სადაც ჩემი სამოსი დავტოვე დაყრილი. ცოტა ხანში, პატარა ნათებაც შევნიშნე სანაპიროდან. კარგად დაკვირვებამ მიმახვედრა, რომ ეს გაურკვეველი ნათება, პატარა კოცონი იყო, რომელიც ნელ-ნელა უფრო იმატებდა ზომაში. სიმწრისგან თვალები მაგრად დავხუჭე. ცეცხლი ნაპირზე დატოვებულ ჩემს ტანსაცმელს ეკიდა, ხოლო მიშო, მხარზე გადაკიდებულ თავის მაისურთან ერთად შორდებოდა სანაპირო ზოლს, ისე, თითქოს მომხდართან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.
ბრაზი ყელში იმდენად ძლიერად მომაწვა, ლამის ჩემი დახრჩობის მიზეზიც გახდა. ის, რაც გავაკეთე, წესით სიკეთეში უნდა ჩამთვლოდა და იმ სულელური ანდაზის მიხედვით, წინ უნდა დამხვედროდა, მე კი მხოლოდ დამწვარი ტანსაცმელი დამხვდა წინ, თან სრულიად მარტო დავრჩი, თავიდან ფეხებამდე სველი და მხოლოდ შიდა თეთრეულში გამოწყობილი.
წყლიდან მეფარიშვილზე დაბოღმილი ამოვედი. ხან ცეცხლს ვუყურებდი, ხან წვეულების ეპიცენტრისკენ მიმავალ სილუეტს. ამ ყველაფერში ერთადერთი კარგი ამბავი ის იყო, რომ ჩემი ტელეფონი ხელუხლებელი იდო ქვებზე, ამიტომ, სიცივისგან აკანკალებულმა, მოწყობილობას ფრენის რეჟიმი გავუთიშე, სველი თითების გამო სენსორებზე ძლივსძლივობით ავკრიბე სასურველი ნომერი და გაბმული ზუმერის პარალელურად, გაყინული მარცხენა ხელის ორთქლით გათბობას მოვყევი.
დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია. ლოლას ხმის გაგება ალბათ ყველაზე მეტად გამიხარდა. არც კი მეგონა თუ მიპასუხებდა. ვფიქრობდი ალბათ უკვე იმ უსიამოვნო ტიპებთან ერთად გაიპარა წვეულებიდან-მეთქი, თუმცა ცდით მაინც ვცადე და ამ მცდელობამ გაამართლა კიდეც.
– ლოლიტა, გთხოვ სანაპიროზე ჩამოდი, მჭირდები! – ამ ერთ წინადადებაში ჩავაქსოვე ყველა ის ემოცია და სულიერი განწყობა, რაც ლოლას სიტუაციის სერიოზულობას აუცილებლად მიახვედრებდა.
– რა მოხდა, კარგად ხარ?
სიცივემ უფრო მეტად შემომიტია. აქამდე, ღამით, თან გაზაფხულზე ზღვაში ბანაობის გამოცდილება არ მქონდა.
– არაფერი მკითხო, უბრალოდ სწრაფად იშოვე რამე ტანსაცმელი და სანაპიროზე ჩამომიტანე, მხოლოდ საცვლებში ვარ!
– რაო? – არც დამინახავს და ხმამაღალი მუსიკის გამო არც გამიგია, თუმცა ვიგრძენი სიცილი აუვარდა, – რა იყო, ვინმემ ძალა იხმარა შენზე? დაგადგა საშველი?
– ლოლა, სერიოზულად . . . გთხოვ, დათმე ეგ ტიპები და დამეხმარე. ხომ დამეხმარები?
– ერთი ამათი დედაც, მარიტა! რა თქმა უნდა, დაგეხმარები . . .



****
ოდნავ ინათა თუ არა, ნორმალურად მზის ამოსვლასაც აღარ დაველოდე, ისე წამოვხტი საწოლიდან და პირდაპირ რესტორნისკენ გავწიე ჩემი მანქანით.
ცალი ხელით საჭეს ვატრიალებდი, ცალში კი ის სანთებელა მეჭირა, რომელიც სანაპიროზე დაუვარდა და რომლითაც ჩემი ტანსაცმელი აქცია ფერფლად. პარალელურად მაგნიტოფონში Imagine Dragons-ის ალბომს ვუსმენდი. უკვე დიდი ხანი იყო, რაც ამ ჯგუფს, ჩემი რჩეული ჯგუფების სიაში პირველი ადგილი ეკავა და ეჭვი მქონდა ლიდერობას ვერც ვერავინ წაართმევდა.
სანთებელას კიდევ ერთხელ დავხედე გაბრაზებულმა, თითქოს რაც მოხდა სწორედ ამ უკანასკნელის ბრალეულობა ყოფილიყო. შავი ფერის იყო, ხოლო შუაში, ოქროსფრად მანათობელი, ხახადაღებული კობრა ჰქონდა გამოსახული. იმდენად ლამაზი, იშვიათი ნივთი იყო, შემეძლო საათობითაც კი მეყურებინა.
რესტორნის ავტოსადგომზე რომ მანქანა შევაყენე, საათის ისრები დილის ცხრის ნახევარს უჩვენებდნენ. მხოლოდ ერთ ადამიანთან მქონდა საქმე, ამიტომ გადავწყვიტე უკანა შესასვლელით მესარგებლა, ზედმეტ ხალხს რომ არ მოვხვედროდი თვალში.
პარკინგზე ერთი შეხედვით სიმშვიდე სუფევდა. იქაურობას მხოლოდ ბავშვების ჟრიამული ახმაურებდა, რომლებიც ფუნჯებითა და საღებავებით ხელში დარბოდნენ და ასფალტს, ფერად-ფერად ყვავილებს ახატავდნენ. გამეღიმა. ბავშვობა მომაგონდა, როდესაც ეზოში სხვადასხვა ფერის ცარცით, ათასგვარ სისულელეს ვხატავდი ავტოფარეხების კარზე და იმაზე ვბრაზობდი, რომ მეორე დღეს ყველაფერი წაშლილი მხვდებოდა.
ბავშვებს თვალი როგორც იქნა მოვწყვიტე და მანქანა დავკეტე. ჩემი ტოიოტადან რამდენიმე მეტრის მოშორებით, მიშოს პორშე „ბრწყინავდა“. როგორც ველოდი, ბატონი დირექტორი უკვე სამსახურში იმყოფებოდა, თანაც საუკეთესო ადგილი დაეკავებინა პარკინგზე, სადაც მზე ყველაზე ნაკლებად აცხუნებდა და არც სალონის სავარძლებს ემუქრებოდათ გადახურება.
საღებავებით მორბენალმა პატარებმა, ხმამაღალი სიცილ-კისკისი ატეხეს. პარკინგზე დატოვებულ პორშეს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი. მერე მზერა კვლავ პატარებისკენ მივატრიალე, შემდეგ ისევ მეფარიშვილის ოთხბორბლიანი მეგობრისკენ და სახე ზუსტად ისეთი გამიხდა, როგორიც გრინჩს, როდესაც ნაძვის ხის მოპარვის იდეა მოუვიდა.
იმ წამს დაბადებულმა მზაკვრულმა გეგმამ, იმხელა მოწონება დაიმსახურა, ფიქრი დიდხანს ნამდვილად არ გამიგრძელებია. ბავშვებს, რომლებიც ჩემგან ათიოდე მეტრის მოშორებით ერთობოდნენ, ხმამაღლა დავუძახე და ხელის დაქნევით ჩემკენ ვიხმე. ბავშვები მხიარულად გამოიქცნენ ჩემი მიმართულებით. სულ რაღაც ორწუთიანი საუბარი მქონდა მათთან. ამ ორი წუთის განმავლობაში გარკვევით ავუხსენი რა უნდა გაეკეთებინათ, ამისთვის სათითაოდ ყველას ფულიც ჩამოვურიგე და საკუთარი თავით კმაყოფილმა, ამაღლებული განწყობით შევაბიჯე რესტორნის უკანა შესასვლელში.
დანიშნულების ადგილამდე მიმავალ გზაზე, არც ერთი თანამშრომელი არ შემხვედრია. კაბინეტის კართან მარჯვენა მხარეს, ოქროსფერ ფონზე ნაწერი ასოებით ამოვიკითხე  —"დირექტორი მიშო მეფარიშვილი”, ირიბად ჩამეცინა და შიგნით დაკაკუნებისა და ზრდილობის ეტიკეტის დაცვის გარეშე შევიჭერი.
მიშო თავის შავ, გორგოლაჭებიან სავარძელში, Apple-ს ლეპტოპის წინ იჯდა, ხელში რუბიკის კუბი ეჭირა და აწყობით იყო გართული. ჩემი შესვლისას თავიც კი არ აუწევია. თითქოს წინასწარ იცოდა რა, როგორ მოხდებოდა და ამისთვის უკვე ფსიქოლოგიურადაც იყო მომზადებული.
– ჩვენ რა, ისეთი ახლო მეგობრები ვართ, რომ უკვე დაუკაკუნებლად შემოდიხარ? – მკითხა მან სარკაზმით გაჟღენთილი ტონით. კუბიკ-რუბიკს კვლავაც არ ეშვებოდა და სანახევროდ უკვე აეწყო კიდეც.
– ვწუხვარ, მაგრამ ზრდილობა სანაპიროზე დავტოვე, ჩემს დამწვარ ტანსაცმელთან ერთად.
მიშოს ჩაეცინა. მთელი ჩემი იქ ყოფნის მანძილზე პირველად იკადრა თავის აწევა და ჩემთვის თვალებში შემოხედვა.
– დილა მშვიდობისა, მარიტა.
– არა მგონია, შენთვის მშვიდობიანი იყოს, – მაგიდასთან, მის პირდაპირ სწორედ ისე უკითხავად დავჯექი, როგორც შიგნით შემოვეჭერი და სანთებელა წინ დავუდე. –ინციდენტის ადგილას დამნაშავეს აი ეს დარჩა.
შევამჩნიე როგორ აინთო მის თვალებში სიხარულის ნაპერწკლები ამ ნივთის დანახვისას. მივხვდი, სანთებელა მიშოსთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელი უნდა ყოფილიყო და მისი დაკარგვა ნამდვილად არ სურდა.
– ამის დასაბრუნებლად მოხვედი? – თავისი საკუთრება ისე სწრაფად აიღო, თითქოს მის დაბრუნებას კი არა, წართმევას ვუპირებდი.
– რა თქმა უნდა, აბა სხვა რისთვის? – საქმიანი დიპლომატის იერი მივიღე, თან კაბინეტს მოვატარე დამკვირვებლური მზერა. მიშოს “შიდა სამზარეულოში” დღეს მეორედ ვიმყოფებოდი. იქაურობა ახლაც ისეთივე იდეალური წესრიგის სურნელს აფრქვევდა, როგორც პირველ ჯერზე. – იცი? ძალიან მოვლილია შენი პირადი სივრცე, ირგვლივ შესაშური სისუფთავეა, მაგრამ სამწუხაროდ, აქაურობის მფლობელია მოკლებული შინაგან სისუფთავეს.
– აღიარე, რატომ მოხვედი? – კვლავ ჩაეცინა მიშოს. უკვე ნერვები მეშლებოდა, რომ ჩემი ყოველი სიტყვა, გაღიზიანების მაგივრად ძალზედ ართობდა, – როგორც მახსოვს, აქ შენი ფეხი მანამ არ იქნებოდა, სანამ ერქოლე და ტეო არ დაბრუნდებოდნენ კახეთიდან, ისინი კი ხვალამდე არ აპირებენ ჩამოსვლას.
სანამ რამეს ვიტყოდი, მზერა მის მობილურს დავასვე, რომელიც მაგიდაზე ჰქონდა შემოდებული. სწორედ მიშოს მობილურის ხელში ჩაგდება იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აქ ვიყავი. საქმეს გაცილებით მიმარტივებდა ის ფაქტი, რომ ტელეფონი მეფარიშვილს ჯიბეში არ ჰქონდა შენახული. სავარძლის საზურგეს კმაყოფილების ღიმილით მივაწექი.
– არაფრისთვის. უბრალოდ სანთებელას დაბრუნება მინდოდა. ვიფიქრე, დაკარგული არ ეგონოს და არ ინერვიულოს-მეთქი.
– გგონია მაგას დავიჯერებ?
– თქვენი გადასაწყვეტია, ბატონო დირექტორო, – სკამიდან წამოვდექი და ეშმაკური ღიმილით მივუახლოვდი ფანჯარას, საიდანაც ნათლად ჩანდა როგორ ახატავდნენ ჩემი “დაქირავებული” ბავშვები მიშოს მანქანას ათასგვარ სისულელეს. – ისე, ვუყურებ და მგონი შენს პორშეს ფერადი ბუშტები ძალიან მოუხდა.
– რა ბუშტები? – ირონიული ტონი სწრაფად ჩაანაცვლა გაკვირვებულმა. სახეზე ეტყობოდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რას ვგულისხმობდი.
– სიტყვებით აღწერა არ შემიძლია, ეს თავად უნდა ნახოთ, ბოს.
მიშო ერთხანს ყოყმანობდა. სავარაუდოდ არ იცოდა რა გაეკეთებინა, თუმცა ბოლოს მაინც გადადო თავისი რუბიკის კუბი, ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მოვიდა. გვერდით რომ დამიდგა, მის გამომეტყველებას დავუწყე დაკვირვება. მშვიდმა სახემ, რომელიც ჩემთან მოსვლამდე ჰქონდა, ნელ-ნელა განიცადა ტრანსფორმაცია. ჯერ გაოცება გამოესახა, შემდეგ მოუთმენლობა, მერე კი ორივე მათგანი ბრაზმა ჩაანაცვლა.
– ეს . . . ეს რა ჯანდაბაა? – მრისხანების ცეცხლი, რომელიც იმ წამს მის თვალებში ვიხილე, იმხელა ენდორფინით მავსებდა, შიშის გრძნობას საერთოდ მიბლოკავდა. განგებისთვის მადლობა მქონდა გადასახდელი, ქალად რომ გამაჩინა. სხვა შემთხვევაში, მეფარიშვილს ერთ ლუკმად არ ვეყოფოდი.
– მე რატომ მეჩხუბები? – მხრები ისე ავიჩეჩე, თითქოს მომხდარიდან ბრალი არაფერში მიმიძღვოდა, – ალბათ ბავშვებმა იფიქრეს, რომ შენს ცხოვრებას ცოტაოდენი სიფერადე არ აწყენდა.
– სულ გაგიჟდი ხომ?! – ფანჯარა ლამის გამოგლიჯა მიშომ. ალბათ მათთვის დაძახებას აპირებდა, თუმცა მერე რატომღაც გადაიფიქრა, ერთხელ შემავლო მკაცრი მზერა, ფანჯარა კვლავ მიაჯახუნა და კაბინეტიდან გიჟივით გავარდა.
მიშოს წასვლის შემდეგ, მის ტყავის სავარძელში კმაყოფილი სახით მოვკალათდი, ერთხელ დავტრიალდი, ფეხები მაგიდაზე შემოვაწყვე და მაშინვე პატრონისგან მიტოვებულ მობილურს დავწვდი. რამდენიმე ჰაკერული ხრიკის წყალობით, საკმაოდ ადრე რომ მქონდა ნასწავლი, ტელეფონს ეკრანის ბლოკი მარტივად მოვხსენი და სატელეფონო კონტაქტებში აბონენტს –”არ ვუპასუხო”-ს დავუწყე ძებნა. ამ ადამიანის შესახებ, მიშოს ჯერ კიდევ იაპონიაში მოგზაურობისას წამოსცდა და ახლა სწორედ შესაფერისი დრო იყო, ეს ჩემს სასარგებლოდ გამომეყენებინა.
ამოვიკითხე თუ არა ეკრანზე სასურველი სახელი, მაშინვე გავხსენი შეტყობინებების ველი და აბონენტ “არ ვუპასუხო”-ს შემდეგი შინაარსის წერილი გავუგზავნე:
“ვიფიქრე და მივხვდი, რომ შენზე უკეთესი აქამდე არავინ მყოლია. მაპატიე, რომ უსამართლოდ გექცეოდი. თუკი ბოდიშს მიიღებ, ცხრა საათზე ჩემთან გელოდები, კიდევ ერთი ცეცხლოვანი ღამისთვის.”
მეორე შეტყობინებით, უკვე მიშოს სახლის ზუსტი მისამართი გადავგზავნე და სავარძლის საზურგეს, ჩადენილით უზომოდ კმაყოფილი მივაწექი. მისიას უკვე შესრულებული სტატუსი ჰქონდა. ახლა დრო იყო იმ სანახაობით დავმტკბარიყავი, თუ როგორ დასტრიალებდა მეფარიშვილი თავზე საკუთარ მანქანას, გამწარებული სახით და ენდორფინის მორიგი დოზა სწორედ აქედან მიმეღო.

****იაპონია****

ამომავალი მზის ქვეყანამ, ჩემში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. იაპონია რიგით მეორე სახელმწიფო იყო, სადაც მიშოსთვის გიდობის გაწევა მომიწია. მეორედ იმდენად რთულად აღარ მეჩვენებოდა, როგორც პირველ ჯერზე. თითქოს ბედს შევეგუე და საკუთარი თავი საბოლოოდ დავარწმუნე იმაში, რომ თუკი ამ პოზიციაზე მუშაობა მართლა მინდოდა, ყოველგვარი პირადულის გვერდის ავლით უნდა მეკეთებინა ჩემი საქმე.
პირველი და მეორე დღე მთლიანად ჰიროსიმასა და ნაგასაკის დათვალიერებაში გავატარეთ. მიშოს ძალიან აინტერესებდა, რამდენად კარგად იყო აღდგენილი ეს ქალაქები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მისი ეს ინტერესი მე ნამდვილად არ გადმომდებია. პირიქით, ერთი სული მქონდა როდის გამოვიქცეოდი ამ ქალაქებიდან, რადგან თითოეული ჩასუნთქვისას, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მოწამლული ჰაერით ვივსებდი ფილტვებს.
ჰიროსიმასა და ნაგასაკის შემდეგ, იაპონიის ძველ დედაქალაქ კიოტოში გადავედით, სადაც მთელი ორმოცდარვა საათი დავყავით, ხოლო დარჩენილი სამი დღის გატარება მოქმედ დედაქალაქში გადავწყვიტეთ.
ტოკიო რეალურად იმაზე გაცილებით უფრო მშვენიერი აღმოჩნდა, ვიდრე სურათებში მქონდა ნანახი. ერთადერთი, რაზეც გული მწყდებოდა ის იყო, რომ აქ ჩამოსვლა გაზაფხულის სეზონის მაგივრად, ზაფხულს დავამთხვიე და ის საოცარი პერიოდი გამოვტოვე, საკურას ყვავილობა.
ხუთშაბათი დილა იდგა. ივნისის თერთმეტი რიცხვი. როგორც დედაქალაქის კლიმატს ადრიანდ ზაფზულში ხშირად სჩვეოდა, ცას ახლაც ფარავდნენ ნაცრისფერი ღრუბლები, საიდანაც საშუალო სიძლიერის წვიმა მოდიოდა. ასეთ ამინდში სადმე გასვლასა და ქალაქის დათვალიერებას ვერ მოვახერხებდით, ამიტომ მიშომ ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ცათამბჯენში გახსნილ რესტორანში გადაწყვიტა საუზმობა. ამ შენობას “ტოკიოს ცის ხედ” მოიხსენიებდნენ და სატელევიზიო ანძის გარდა, კიდევ უამრავ სხვა დატვირთვას ანიჭებდნენ.
სამას ორმოცდაათი მეტრის სიმაღლეზე, თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს პირდაპირ ღრუბლებზე ვიჯექი. ჩემს ქვემოთ მოლეკულებივით მოჩანდნენ საცხოვრებელი კორპუსები, ბრენდული მაღაზიები, თუ სხვა შენობები. სანახაობა მომაჯადოებელი იყო. ვგრძნობდი, რომ ამ ყველაფრის ცქერით კიდევ დიდხანს არ დავიღლებოდი, თუმცა ხმამ, რომელიც ხედებით ტკბობის მომენტში გავიგონე, ზღაპრიდან რეალობაში გადმომისროლა.
ჩემს თავზე წამომდგარ, ბაფთიან ოფიციანტს დაბნეული სახით ავხედე. აინტერესებდა, ავარჩიე თუ არა მენიუში მითითებული კერძებიდან რომელიმე.
– აამმმ . . . ბოდიშით, ჯერჯერობით არაფერი ამირჩევია, – მივუგე დამნაშავის ტონით. – მე თვითონ დაგიძახებთ, კარგი?
ოფიციანტმა ბიჭმა თავი ღიმილით დამიკრა და თავის საქმესაც დაუბრუნდა. მე კარისკენ გავიხედე. მიშო მობილურზე საუბრობდა რესტორნის შემოსასვლელთან. მერე ტელეფონი გათიშა, ჯიბეში ჩაიდო და ჩემკენ წამოვიდა.
გამომეტყველებით მივხვდი, რომ სატელეფონო საუბრით უკმაყოფილო იყო. არც მისთვის დამახასიათებელი იუმორი ჩანდა ჰორიზონტის ხაზზე, არც დამცინავი გამოხედვა და არც ირონიული კომენტარები, რომლითაც ჩემს წყობილებიდან გამოყვანას ცდილობდა ხოლმე. რაღაც ისე ვერ იყო, როგორც ადრე და და ეს გარემოება, ცოტა არ იყოს მაკვირვებდა.
– მოხდა რამე? ისე, სხვათა შორის ვკითხე. დიდად არც მაინტერესებდა, რა ხდებოდა მის ცხოვრებაში.
– შენი გამოვლენილი ინტერესის სიყალბე ერთ წამში ვიგრძენი, – მაგიდასთან დაჯდა და ტყავის საქაღალდეში მოქცეული მენიუ გადაშალა, რომელზეც ორი ერთმანეთთან მებრძოლი სამურაი იყო გამოსახული. – უკვე აარჩიე რას შეჭამ?
– ვერა, ვცდილობ რაღაც ისეთი ავარჩიო, რაც ყველაზე ნაკლებად ამირევს გულს.
– თუ ეგრეა, კალმარის შეკვეთას არ გირჩევ. აქ, მაგ თევზსს ცოცხლად მიირთმევენ.
– ჰო, ვიცი. მაგიდასთან მიტანამდე მხოლოდ ცხელ წყალს ავლებენ და სულ ესაა. ზოგს მოსწონს, როდესაც ჭამის პროცესში მათი საკვები ჯერ კიდევ ცოცხალია.
– ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, მე ფუგუს გავუწევ რეკომენდაციას.
– როგორც გამიგია, მაგ თევზის მომზადებას განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება, – მენიუდან თავი ამოვყავი და ისე მივუგე. – შიგთავსი იმდენად შხამიანია, მხოლოდ გამოცდილ, ლინცენზირებულ მზარეულს თუ ვენდობი.
– რომ იცოდე, აქ მაგ კერძს ყოველთვის შეფ-მზარეული ამზადებს, რომელსაც სამი ჯილდო აქვს მოპოვებული მზარეულთა მსოფლიო ჩემპიონატზე. აქ მოხვედრამდე კი საფრანგეთში მუშაობდა და მიშლენის ვარსკვლავიც მოაპოვებინა რესტორანს, -დაასრულა თუ არა მონოლოგი, ჩემს გაკვირვებულ სახესაც გადააწყდა და დამაატა, – რა იყო? გუგლის პროგრამა ჩემს ტელეფონშიც ფუნქციონირებს და ცნობების მოძიება მეც შემიძლია.
– თუ გგონია, რომ მარტო გუგლით ვხელმძღვანელობ, ამდგარიყავი და ამ მოგზაურობაში შენთვის სასურველი ქალი წამოგეყვანა. ინტერნეტიდან კითხვა მასაც ეცოდინებოდა და შენც უფრო კარგ დროს გაატარებდი.
– გმადლობ რჩევისთვის, მაგრამ სასურველი ქალი არ მყავს.
– დავიჯერო არც არასდროს გყოლია?
– შეიძლება მყავდა კიდეც, – თვალი, თვალში გამიყარა, – მაგრამ დიდი ხნის წინ შევეგუე, რომ ჩემი არასდროს გახდება.
ოდნავ გაკვირვებული დავრჩი მისი სიტყვებით. მიშო მეფარიშვილი, რომელიც ყოველთვის თავდაჯერებას ასხივებდა და ამ თავდაჯერებით ყველას თვალს ჭრიდა, თავისი პირით ამბობდა, რომ დედამიწაზე დააბიჯებდა ვიღაც, ვისთანაც არანაირი შანსი არ ჰქონდა. ყველაზე გასაკვირი მაინც მისი უდარდელი ტონი იყო ამაზე საუბრისას, რაც მაფიქრებინებდა, რომ ნამდვილი გრძნობების დასამალად, სიყალბის ნიღაბს ეფარებოდა.
– სასიამოვნოა, თუ არსებობს ისეთი ქალი, რომელიც მხოლოდ ვიზუალური მახასიათებლების გამო არ გივარდება მკლავებში, – ვერ მოვითმინე და ბოლოს მაინც ვუკბინე. – ზოგჯერ შენნაირებმაც უნდა გაიგონ უარის სიმწარე.
– ანუ თვლი, რომ ჩემი ერთადერთი ღირსება ვიზუალური მხარეა და მეტი არაფერი გამაჩნია? – ირიბად მიღიმოდა მიშო.
– სიმართლე გითხრა ასეა... გარეგნულთან ერთად, შინაგან სილამაზესაც რომ უთმობდე ყურადღებას, შენთვისაც ბევრად უკეთესი იქნებოდა და კაცობრიობისთვისაც.
– საკუთარი თავიც ფეხებზე და კაცობრიობაც. ეცადე, მადა არ გამიფუჭო, თორემ შენც დაგიკიდებ და აქედან საკუთარი ხარჯებით მოგიწვევს ბათუმში დაბრუნება.
– კარგი, მისი აღმატებულების მადას საფრთხეს აღარ შევუქმნი, – ხელები ავწიე დანებების ნიშნად. მერე კვლავ მენიუს ჩავხედე და საბოლოო არჩევანიც გავაკეთე, – მოკლედ, დაგიჯერებ და ფუგუს ავიღებ. თუ მოვიწამლები, იმ შენმა მიშლენის ვარსკვლავის მფლობელმა მზარეულმა გადაიხადოს ჩემი მკურნალობის ხარჯები.
მიშოს გაეცინა. ცოტა ხანში, ხელის ოდნავ მაღლა აწევითაც იხმო ოფიციანტი. ჩვენს მაგიდასთან მოსულ ბიჭს მაშინვე მისცა ზღვის ზღარბისა და რვაფეხას ბურთულების შეკვთა, ორ ბოკალ ღვინოსთან და ჩემს მიერ არჩეულ ფუგუსთან ერთად.
მისი არჩეული საჭმელების დასახელებებმაც კი გულისრევის შეგრძნება გამიღვიძა. იმდენად ცოტა რამ ჯდებოდა იაპონური სამზარეულოდან ჩემს გემოვნებაში, აქ ჩამოსვლის დღიდან, უკვე ორი კილოგრამი მქონდა მოკლებული და არ ვიცოდი კიდევ რამდენი მიემატებოდა ამ ორ კილოგრამს.
– სხვა დროს, აქ შენი საკვებით წამოდი ხოლმე, – ოფიციანტის წასვლისთანავე მომიბრუნდა.
– სხვა დროც იქნება?
– არ ვიცი, იქნებ შეყვარებულმა დაგპატიჟოს რომანტიკულ მოგზაურობაში, ან ქმარმა წამოგიყვანოს თაფლობის თვეზე? ათასი რამ შეიძლება მოხდეს.
გავაღე თუ არა პირი პასუხის გასაცემად, მაგიდაზე რაღაც ხმამაღლა აზუზუნდა. მეფარიშვილის ტელეფონი რეკავდა, ხოლო აბონენტს სახელად “არ ვუპასუხო” ეწერა. ოდნავ ჩამეღიმა, რაც მიშოს თვალებს არ გამორჩენიათ.
– ასე რამ გაგამხიარულა? – მობილურს ხმა გაუთიშა და ეკრანით ქვემოთ დადო მან.
– ნუ ღელავ, ერთი აბეზარი თაყვანისმცემელი ყველა კაცს ჰყავს.
– ნეტავ მარტო აბეზარ თაყვანისმცემელთან მქონდეს საქმე, – მაგიდას მკლავებით დაეყრდნო. – ასეთ ამაზრზენ სიტუაციაში ჩავარდნას, არავის ვუსურვებ.
– რას გულისხმობ? – თავადაც ვერ გავაცნობიერე ისე დავინტერესდი.
– იმას, რომ ერთღამიანი თავგადასავლის შემდეგ, ჩემს ფირმაში მენეჯერად მომუშავე ბიჭის საცოლედ მომევლინა, – ზიზღნარევი გახდა მიშოს, თუმცა ვერ მივხვდი იმ მომენტში საკუთარი თავი ეზიზღებოდა, თუ ის ქალი. – მეგონა ეს დამთხვევა საბოლოო წერტილს დასვამდა და წითელ ზონად მიმიჩნევდა, მაგრამ მგონი, პირიქით, ფარული რომანის სურვილი გაუღვიძა.
– მაშინ არ იცოდი დანიშნული რომ იყო, როცა აღარ დავასახელებ, რასაც აკეთებდით?
– ეგ ჩემთვის იგივეა, რაც ეროვნებით ინდოელი ვიყო, წინ ძროხის ხორცისგან მომზადებული სტეიკი დამიდონ და მაიძულონ ბოლომდე შევჭამო, – კვლავ ზიზღი აღიბეჭდა მის თვალებში, – სხვისი ცოლი ჩემთვის ის გვირაბია, რომელსაც მუდამ გვერდს ავუქცევ.
ჩვენს მაგიდას ორი სინით „შეიარაღებული“ მიმტანი მოუახლოვდა, რომლებმაც შეკვეთილი კერძები დაგვიწყვეს წინ. ერთ-ერთ მათგანს, ორივე ხელი სვირინგებით ჰქონდა დაფარული. ამან მაშინვე მიიქცია ჩვენი ყურადღება, რადგან უცხო და ლამაზი ტატუირება ამშვენებდა ამ ადამიანის ხელებს.
– რაღაც იაკუძას კლანის წევრს ჰგავდა, – მათი წასვლის შემდეგ თავისთვის ჩაილაპარაკა მიშომ. მერე ჩანგალი მოიმარჯვა და პატარა რვაფეხას დაასო.
– მაგ კლანის წევრები, სვირინგს მხოლოდ ერთმანეთთან აჩენენ, სხვა ადამიანებთან არასდროს.
– და ის მართალია, რომ ყოველგვარი ელექტრო-მოწყობილობების დახმარების გარეშე იხატავენ სვირინგებს? – მკითხა, როგორც კი ლუკმა გადაყლაპა.
– მართალია. – თავი დავუქნიე. იმის წარმოდგენაზეც კი გამაჟრიალა, როგორ იკეთებდნენ ეს ადამიანები ტატუირებას ყველაზე პრიმიტიული მეთოდით.
მიშომ ჩანგალი დადო და ინტერესით სავსე მზერა მომაპყრო.
– მოდი, ყველაფერი მომიყევი, რაც იაკუძას შესახებ იცი. ბავშვობიდან მიზიდავდა ასეთი რამების მოსმენა . . .



***
ტოკიოში ყოფნის სამი დღიდან, ორი მზიანი ამინდი დაგვემთხვა. გადავწყვიტე ეს დრო არ დამეკარგა და მიშოს ყველა ის რესტორანი მოვატარე, სადაც იაპონური სამზარეულოს ყველაზე მაღალი კლასის კერძების გასინჯვა შეიძლებოდა. მონახულებულთა სიას ტოკიოს ეროვნული მუზეუმიც შევმატეთ. მუზეუმში ისტორიული სამოსის უდიდესი კოლექცია ვიხილეთ, ჩინურ და ინდურ ეროვნულ საგანძურთან ერთად. აგრეთვე, დავათვალიერეთ სხვადასხვა სახეობის იაპონური იარაღი. მუზეუმის ეს ნაწილი მიშოს ყველაზე მეტად მოეწონა.
საქართველოში დაბრუნების წინა დღეს, ისეთმა მცხუნვარე მზემ გამოანათა, გადავწყვიტე ეს დრო მთლიანად გარეთ სეირნობაში გამეტარებინა. ადგილი უკვე შერჩეული მქონდა. ეს ქალაქის უდიდესი საფეხმავლო ზონა–გინზა იყო, რომელიც ამ ქალაქში ზუსტად ისეთივე საკულტოა, როგორც ტაიმზ-სკვერი ნიუ-იორკში. ჩვენი სეირნობა უქმე დღეს დაემთხვა, როცა უკლებლივ ყველა მაღაზია იღებოდა, ხოლო მანქანებისთვის გზა იკეტებოდა. მიშოს შევთავაზე, აქ ღამითაც გამოგვევლო, მაშინ, როდესაც ნეონის განათებებს აანთებდნენ, მაგრამ უარი მითხრა.
ტოკიოს იმ არეალში სეირნობისას, უამრავი სავაჭრო ცენტრი მოვიარეთ, ისეთ კაფეტერიაშიც წავიხემსეთ, სადაც კლიენტებს რობოტი მიმტანი ემსახურებოდა და ხალხმრავალ ქუჩებშიც გავიარეთ. მთელი ეს დრო, მიშო ჩვეულ ფორმაში იყო, იაპონიის შესახებ უამრავ კითხვას მისვამდა. დიდი ყურადღებით მისმენდა, როდესაც ამ ქვეყნის ისტორიულ მებრძოლებზე – სამურაებზე ვუამბობდი სხვადასხვა მითებსა თუ ლეგენდებს. როდესაც საუბარს ვიწყებდი, მისი მზერა წამითაც არ მშორდებოდა. მთელი გულისყურით მისმენდა.
ტოკიოს ქუჩებში ხანგრძლივი სეირნობის შემდეგ, გადავწყვიტე ჩემი კლიენტისთვის იაპონური ბაღიც მეჩვენებინა. ახლა იქაურობის დათვალიერება ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. მეფარიშვილს მაღაზიაში დიდი პლედი ვაყიდინე და ტაქსის მეშვეობით, სულ რაღაც ნახევარ საათში მივაღწიეთ დანიშნულების ადგილამდე.
მიშომ მძღოლს იმზე მეტი გადაუხადა, ვიდრე საჭირო იყო. შემდეგ მე მომიტრიალდა და თვალებით უზარმაზარი ბაღისკენ მანიშნა.
– ეს ადგილი რამით არის განსაკუთრებული, თუ ისე, უბრალოდ გამოვიარეთ?
– უბრალოდ გამოვიარეთ? აქაურობა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია, – ვუპასუხე თუ არა, ტელეფონი ელემენტის დაზოგვაზე ჩავრთე. – ამ ბაღს იაპონურთან ერთად, ფრანგული და ინგლისური სექტორებიც აქვს, თუმცა ყველაზე პოპულარულად მაინც იაპონური სექტორი ითვლება
– ჰოო? და რატომ? – ზურგჩანთა, რომელშიც პლედი ედო, მხარზე უფრო მოხერხებულად მოიგდო.
– უფრო ლამაზია და ამიტომ. იქ დიდი აუზებია, კუნძულებით, ხიდებითა და პავილიონებით. ცუდია, გაზაფხულის სეზონზე რომ არ ჩამოვედით. ბაღში საკურას ათას ხუთასი ჯიშის ხე დგას და როდესაც ყვავილობას იწყებენ, აქ ნემსის ჩასაგდები ადგილიც აღარაა.
– ლამაზი სანახაობა იქნება.
– გასაოცარი. – ღიმილით დავეთანხმე და წინ წასულს, უკან მივყევი.
შესაშურად კარგი ამინდის გამო, ირგვლივ უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. ინგლისურ და ფრანგულ სექტორებში შედარებით ცოტა ხალხი იყო, რასაც ვერ ვიტყოდით იაპონურზე, ამ ნაწილში ტურისტებსა თუ ადგილობრივებს, ფერად-ფერადი პლედები გაეშალათ, პატარა, საპიკნიკე კალათებთან ერთად და მზის გულზე, იქაურობის სილამაზითა და ხილის ცივი წვენებით ტკბებოდნენ.
ინგლისური და ფრანგული ბაღების საფუძვლიანად დათვალიერების შემდეგ, დასასხდომად ჩვენც სწორედ იაპონური გაზონი ავარჩიეთ და ჩვენი პლედი ხალხისგან ოდნავ მოშორებით, ერთ-ერთი ხის ძირას გავშალეთ. ორივენი ნასაუზმები ვიყავით, ამიტომ საკვები თან არ წამოგვიღია. მხოლოდ მე მქონდა ნაყიდი ერთი ბოთლი გამაგრილებელი სასმელი. მოვთავსდით თუ არა პლედზე, მაშინვე ამოვიღე ჩანთიდან კოკა-კოლას პატარა ბოთლი და ოდნავ მოვსვი. გაშლილი თმა კისერზე შემაწუხებლად მედებოდა და დისკომფორტს მიქმნიდა, ამიტომ ხელზე სმაჯურად გაკეთებული თმისსამაგრი მოვიხსენი და აწევა გადავწყვიტე.
– თუ გინდა, შემიძლია ჩაგიწნა, – მიშოსაც შეემჩნია ჩემი დისკომფორტი. მისმა სიტყვებმა ძალიან გამაკვირვა.
– რა თქვი?
– ჰო, რა იყო? – მხრები აიჩეჩა, – ძალიან მარტივია, თმას სამ ნაწილად ყოფ და ჩაწნას იწყებ.
– მადლობა, მაგრამ თავად მივხედავ.
აღარაფერი უთქვამს, თუმცა თავისკენ წაღებული ხელები ძირს ჩამომაწევინა, ზურგს უკან მომიჯდა და ჩემი თმა თავად მოიქცია თითებში.
– ხომ გითხარი თავად მივხედავ-მეთქი? მიშო, გამიშვი!
– მოისვენე, თორემ იცოდე, თმას მოგწიწკნი.
– ჩვენ რა, საბავშვო ბაღში ვართ?
– ბავშვის გული მაქვს.
– ხუმრობას მოეშვი! – თვალები ავატრიალე, – არ მინდა აქ შეკრებილებს საყვარელი, შეყვარებული წყვილი ვეგონოთ.
ჩემს ნათქვამს, მეფარიშვილის ჩუმი ჩაცინება მოჰყვა. პასუხიც მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ დამიბრუნა :
– გვიანია, უკვე ვგონივართ. მოპირდაპირე მხრიდან ერთმა გოგომ სურათიც კი გადაგვიღო.
უკვე ნერვებზე მოქმედებდა ეს ყველაფერი, მაგრამ გადავწყვიტე ბედს დავმორჩილებოდი.
– სამაგრი მომეცი, შეგიკრავ.
– აიღე, – მაშინვე გავუწოდე წინასწარ გამზადებული შესაკრავი და როცა ყველაფერს მორჩა, თმა წინ, მარცხენა მხარეს გადმოვიგდე.
მიშო ამჯერად წინიდან მომიჯდა და თავის ნახელავი ტუჩებზე მომდგარი იდუმალი ღიმილით შეათვალიერა. შემდეგ მინდორში, ერთმანეთის გვერდიგვერდ ამოსული ორი პატარა მინდვრის ყვავილიდან ერთ-ერთი მოწყვიტა, ჩემკენ გადმოიხარა და ჩაწნილ თმაში ფრთხილად ჩამაბნია. ამას ისეთი სინაზით აკეთებდა, გავვოცდი. მერე სწრაფად გამოვერკვიე და თავის გაქნევით არასასურველი ფიქრები გავფანტე.
– ესეც ასე, კიდევ ერთი იდეალური კადრი იმ ფოტოგრაფი გოგოსთვის.
– გაოცებული ვარ, როგორ ზრუნავ ფოტოგრაფიის განვითარებაზე.
– დღეს ჩვენი აქ ყოფნის ბოლო დღეა, მარიტა, – რატომღაც ჩემი სარკაზმი არ შეიმჩნია და თემა შეცვალა, – მითხარი, მოგეწონა იაპონია?
– კი, მაგრამ, როგორც ინდოეთში მოგზაურობიდან მახსოვს, შემდეგი იტალია უნდა ყოფილიყო.
– არა, – ღიმილით გააქნია თავი, – ავწონდავწონე და მივხვდი, რომ იტალია ისეთი ქვეყანაა, სადაც მხოლოდ შენდამი კარგად განწყობილ ადამიანთან ერთად უნდა წახვიდე. აბა, დაფიქრდი, ვიწრო ქუჩები, გარე სივრცის კაფეები, ქალაქები – ვერონა და ვენეცია. არ მინდა, ეს ქვეყანა შენი ჩემდამი დამოკიდებულებით წაბილწო. მოდი, იქ მაშინ წაგიყვან, როდესაც ჩემზე უგონოდ იქნები შეყვარებული.
– მშვენიერია, ანუ იტალიის შენთან ერთად ნახვა, ჩემს ბედის წიგნში არ წერია.
– ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, – თვალი ჩამიკრა და ისე ოსტატურად ამართვა კოკა-კოლას ბოთლი, აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი. – ჰო, მართლა, სავაჭრო ცენტრში შენთვის რაღაც შევიძინე.
– ჩემთვის?
– შენთვის, შენთვის. – დამიმოწმა მან, მერე კი მარცხენა ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოაძვრინა და გამომიწოდა. – ამომავალი მზის ქვეყანაში ვართ, ამიტომ ეს საჩუქარიც სიმბოლურია.
– რატომღაც მგონია, რომ ამ ყუთიდან კალია ამოხტება.
მიშოს ისეთი სიცილი აუტყდა, რამდენიმე წამით გაჩერებაც ვერ შეძლო. მეც სწორედ იმ წამს გავიაზრე, რამხელა სისულელეც ვთქვი და თავი გვერდზე მივაბრუნე, ღიმილი რომ ვერ დაენახა.
– არაფერიც არ ამოხტება, გამომართვი. – როგორც კი სული მოითქვა, ყუთი ხელში ჩამიდო. მართალია მისგან საჩუქრის მიღებას არ ვაპირებდი, თუმცა ინტერესის გამო ყუთი მაინც გავხსენი. შიგნით ოქროსფერი, მზის ფორმის ყელსაბამი დავინახე. ნაკეთობა იმდენად ლამაზი, დახვეწილი და ორიგინალური იყო, ძალიან მომეწონა.
– ამომავალი მზის ქვეყანაში შეძენილი მზის კულონი, –პირდაპირ სახეში შევხედე და საჩუქარი პლედზე დავდე. – ძალიან ლამაზია, მაგრამ ხომ იცი, შენს ნაჩუქარს არაფერს გავიკეთებ?
– არ გაიკეთო, – თვალმოუშორებლად მიყურებდა, – უბრალოდ სამახსოვროდ გქონდეს ამ დღეების გასახსენებლად. ბიჟუტერია სპეციალურად შევარჩიე. ოქროს ნივთი რომ ყოფილიყო, შენი ტვინი ათასგვარ სისულელეს მოხარშავდა.
– და რას მოხარშავდა? – მივხვდი რაც იგულისხმა, მაგრამ მაინც ჩავეკითხე.
– რას და იმას, რომ ძვირადღირებული სამკაულებით ვცდილობ შენ შებმას, რომ საჩუქრის სანაცვლოდ რაღაცას მეც მოგთხოვ და ასე შემდეგ. როდესაც მამაკაცი ძვირფას საჩუქარს გჩუქნით, თავში პირველად ასეთი აზრები გიტრიალებთ ხოლმე.
– ჩემი კოკა-კოლა დამიბრუნე, თუ შეიძლება. შენთან ფსიქოლოგიურ საუბრებს სხვა დროისთვის გადავდებ.
– არაფერსაც არ დაგიბრუნებ! – კიდევ ერთხელ მოსვა მიშომ ჩემი ბოთლიდან, – უნდა გაგეთვალა, რომ მეც მომწყურდებოდა და მეორეც გეყიდა.
– ხომ იცი, შენს ჯანმრთელობას ვუფრთხილდები?
– ჯანმრთელობას არა? – მაშინვე ამოიცნო ჩემი ცინიზმი.
– ამ ქვეყანაში სახლხი საშუალოდ ოთხმოცდაათ წელს მაინც ცოცხლობს, განსხვავებით ჩვენგან, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი სამოცდაათი წელია და იცი რატომ? იმიტომ რომ ჯანსაღად იკვებებიან, არ ჭამენ სწრაფი კვების პროდუქტებს და გაზიან სასმელებსაც იშვიათად სვამენ.
– ეგ გასაგებია, მაგრამ რაღაც ვერ ვიჯერებ, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვა გალაპარაკებს.
არაფერი მითქვამს. პასუხის გაცემის ნაცვლად, პლედზე დადებული პატარა ყუთი ავიღე ხელში და კულონს შევხედე.
– კარგი, მოდი უტაქტოდ არ მოვიქცევი და ამას დავიტოვებ, ოღონდ შენც უნდა გააკეთო ჩემთვის რაღაც.
– მაინც რა? – გამომეტყველებაზე შევამჩნიე აშკარად დაინტერსდა.
– ერთი მისტიური ადგილი არსებობს. აქაურები თვითმკვლელთა ტყეს ეძახიან. მინდა საელჩოში ყველა საჭირო პროცედურა მოაგვარო, ტური ერთი დღით გაიხანგრძლივო და ხვალ ის ადგილი მოვინახულოთ. ტოკიოდან დაახლოებით ას კილომეტრშია.
მიშო გაოცებული სახით მიყურებდა. შემდეგ ნელ-ნელა შუბლი გაეხსნა, ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა და პლედზე ზურგით გაწვა. მზის მცხუნვარე სხივები ახლა პირდაპირ სახეზე აფრქვევდა ოქროსფერ სინათლეს. თვალდახუჭული იწვა და ვერც იმას ამჩნევდა, როგორც ვაკვირდებოდი მის ნაკვთებს.
– იქაურობის ნახვა რატომ გინდა? – მკითხა თვალების გაუხელლად.
– ჰმმმ . . . ასე ვთქვათ, ცუდი რეპუტაციის ადგილები ჩემში ინტერესს იწვევს.
– და ასეთი რა ადგილია? მომიყევი, მეც მაინტერესებს.
პლედზე იოგას პოზაში ჩამოვჯექი და თითები ერთმანეთში გადავხლართე. მართალია თვითმკვლელთა ტყე სახიფათო ადგლად ითვლებოდა და არც ჩემი უფროსობა მომიწონებდა, თუკი გაიგებდნენ, რომ სააგენტოს VIP-კლიენტი ასეთ ადგილას წავიყვანე, თუმცა იქაურობის იდუმალება იმდენად მიზიდავდა, ასეთ რისკზე წასვლაც გადავწყვიტე.
– მოკლედ, ამ ტყეს აოკიგაჰარას ტყეს ეძახიან. მის სიღრმეში, პოლიცია წელიწადში ასი თვითმკვლელის გვამს მაინც პოულობს.
– რა იყო, გინდა იქ ყელი გამომჭრა და მერე ყველაფერი თვითმკვლელობად გაასაღო?
– ნუ ცანცარებ რაა, თუ მკითხე, დამამთავრებინე.
– კარგი, მიდი, განაგრძე, – სიცილით დამიქნია თავი მიშომ, თან ბეჯითი მოსწავლესავით გაისუსა.
– ამ ადგილას, უამრავი დაფა დგას წარწერებით, რომელიც ტყის სიღრმეში მიმავალთ აფრთხილებს, კარგად დაფიქრდნენ, სანამ ამას გააკეთებენ.
– კარგი რა, რა მისტიკა,– უნდობლად გამომხედა მიშომ, – დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა სიცოცხლეს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით ასრულებს.
– ჩამოხრჩობითაც ასევე. ადგილობრივები ამბობენ, რომ იქ სასიკვდილოდ განწირულ მოხუცებს ტოვებდნენ და ახლა მათი სულები დაძრწიან ტყეში. კიდევ ერთი თქმულებაა, რაც უკვე ამტკიცებს, რომ არსებობს ბუდისტი ბერი, რომელიც ტყის სიღრმეში ცხოვრობს და თვითმკვლელებს სუიციდის აღსრულებაში ხელს უშლის. ზოგიერთი მას წმინდა სულადაც კი თვლის.
– ალბათ, როდესაც თვითმკვლელობები ხდება, ეგ წმინდა სული შვებულებაშია და სეიშელებზე ირუჯება.
– ნუ დამცინი მიშო, – ნაწყენმა შევუბღვირე. – უბრალოდ ლეგენდებს გიყვები. მეც არ მჯერა, რომ ამ ტყეში შესვლა ადამიანებს თვითმკვლელობას ანდომებს. მით უმეტეს, იქ არაერთი ჰოლივუდური ფილმია გადაღებული. ამდენი სისულელის ლაპარაკს, მითხარი წამოხვალ თუ არა.
მეფარიშვილი უხმოდ, გაუნძრევლად იწვა. ცოტა ხნის მერე გვერდზე გადმობრუნდა, იდაყვით პლედს დაებჯინა და მარცხენა ლოყით გაშლილ ხელის გულს დაეყრდნო.
– წამოგყვები, მაგრამ კიდევ ერთ პუნქტს დავამატებ ჩვენს მოლაპარაკებაში.
– ეგღა მაკლდა.
– თვალებს ნუ ატრიალებ, ისეთი არაფერია.
– კარგი, მიდი, გისმენ.
– მოკლედ, სააგენტოში მითხრეს, რომ ამ თვის ბოლოს შვებულებაში აპირებ გასვლას და პარიზში მიემგზავრები, ორი კვირით.
– ჰო, მერე? – გაკვირვებულმა გავხედე.
– მერე ის, რომ ზუსტად ამ თვის ბოლოს, მოლაპარაკებას ვასრულებ ერთ დიდ კომპანიასთან და შემდეგ, ამის აღსანიშნავად ვაპირებ ეგვიპტეში წავიდე რამდენიმე დღით. თუ იმ ტყეში ყოფნისას, ერთხელ მაინც შევამჩნევ, რომ შეგეშინდა, პარიზში კრუასანების ჭამას სხვა დროისთვის გადადებ და შენც ჩემთან ერთად წამოხვალ. ოღონდ ამჯერად არა როგორც გიდი, არამედ როგორც ჩემი თანამგზავრი.

***
ორდღიანი შესვენების შემდეგ, დადგა ის დღეც, როცა სამსახურს დავუბრუნდი. როგორც ლოლასგან შევიტყვე, ძმები ნოლანები უკვე ჩამოსულიყვნენ კახეთიდან, ახლა უკვე შემეძლო ჩემი გაცდენების მიზეზზე პირადად მათ დავლაპარაკებოდი.
Imagine-ში დიდი ფუსფუსი შეინიშნებოდა. ერქოლესა და ტეოს იაპონელი მეგობარი, საღამოს ჩვენს რესტორანში აპირებდა ვახშმობას. დიმიტრი და სხვა მზარეულები სტუმრის პატივსაცემად ამზადებდნენ იაპონური სამზარეულოს ყველაზე მოთხოვნად კერძებს. ასორტიმენტი ნამდვილად ფართო იყო. მასში ყველაზე უცნაური ტკბილეული — ბზიკის ორცხობილებიც კი შედიოდა.
ჩვენი სტუმარი ტოკიოდან იყო და მომავლის რობოტებს აწყობდა. ლოლას თქმით, იგი საკმაოდ მდიდარი იყო და იაპონელის კვალობაზე ზედმეტად მაღალი და მომნუსხველიც. საქმე ძალზედ მნიშვნელოვან პიროვნებასთან გვქონდა, რადგან მისი დახვედრისთვის ზუსტად ისე ემზადებოდნენ, როგორც ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის.
რესტორნის საპირფარეშოს დიდ სარკესთან მდგომი, მსუბუქი სასცენო მაკიაჟის გაკეთებას მოვრჩი და ტანზე მორგებული, თოვლივით ქათქათა კაბით სარკის წინ დავტრიალდი. ერთ საათში უკვე ჩემი გამოსვლა იწყებოდა, თუმცა მანამდე უფროსებს უნდა დავლაპარაკებოდი გაცდენებისა და იმ პირადი პრობლემის შესახებ, რომელსაც ლეო ერქვა.
თვალის ფანქარი, ტუჩსაცხი და სპილოსძვლისფერი ფერუმარილი კვლავ კოსმეტიკისთვის განკუთვნილ პატარა ჩანთაში მოვათავსე, თმა გავისწორე და საპირფარეშოდანაც უნდა გამოვსულიყავი, როცა გარედან ჩემი სახელი მომესმა. ცოტა ხნით ზღურბლთან შევყოვნდი. ეს ცუდი ჩვევა ბავშვობიდან მქონდა და ბევრჯერ მიცდია მისი თავიდან მოშორება, თუმცა შეცვლით მაინც არაფერი იცვლებოდა. როგორც კი ვინმე ისეთ დროს მახსენებდა, როცა ჩემი იქ ყოფნის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა, დაუძლეველი სურვილის ტყვეობაში ვექცეოდი, მთელი საუბარი წერტილ-მძიმით მომესმინა.
ახლაც ზუსტად ანალოგიურად მოვიქეცი. მიყურადება სხვისთვის შესამჩნევი რომ არ ყოფილიყო, ჩუმად მივუახლოვდი კარს, ყური მივადე და სმენად ვიქეცი.
– ჰო, მგონი მარიტა ჰქვია. – შემომესმა ახალგაზრდა ბიჭის ხმა, რომელიც აშკარად ვიღაცას ესაუბრებოდა. გარედან თამბაქოს მძაფრი არომატი ვიგრძენი. სწორედ იმ წამს გავიაზრე, რომ იქ დაცვის თანამშრომლები უნდა ყოფილიყვნენ. მიუხედავად აკრძალვისა, ისინი ჩუმად არღვევდნენ რესტორნის წესს – „არ მოწიოთ შენობის შიგნით“ და კედელში ამოჭრილ პატარა სარკმელთან აბოლებდნენ.
– მოკლედ, მაგარი საქმე დაგვიმატა რა, ამ მეფარიშვილმა, — ეს უკვე სხვა ხმა იყო, თანაც შედარებით ბოხი. – ვითომ ის არ გვყოფნიდეს, რაც გვევალება, ახლა ჩვენს პიანისტზეც უნდა გვეჭიროს თვალი, ვიღაც მანიაკი კლიენტის გამო.
– აკრძალვას რატომ არ აწესებს მაგ ტიპზე? გარეთ მდგომი დაცვა არ შემოუშვებდა და მორჩა.
– გამორიცხულია, ვერ დააწესებს. – უმალვე უპასუხა ბოხხმიანმა. – თურმე ეგ ტიპი, რესტორნების ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი ყოფილა, სოციალურ ქსელში უამრავი გამომწერი ჰყავს, თან სულ ამ გურმანულ სფეროში ტრიალებს, სიტყვა ეთქმის და მიშოს არ უნდა Imagine-ს რეპუტაციას შეუქმნას საფრთხე.
– მაგრამ ხელქვეითზეც ზრუნავს. – წარმოთქვა ორაზროვანი ტონით, შემდეგ კი გაეცინა. – შემთხვევით გულშც ხომ არ ჩაუვარდა ბატონ დირექტორს?
– არაა, – გაეპასუხა ბოხხმიანი. – მისნაირი გოგო, მეფარიშვილის გვერდით ვერ წარმომიდგენია.
– რატო , ლამაზია.
– კი, ლამაზი არის, მაგრამ მიშოს უფრო, როგორც გითხრა. – აი, დამა ქალები შეეფერება. გამოცდილები რომ არიან, პრაქტიკაგამოვლილები და სექსუალურად ჩაცმულები. ეს გოგო კიდევ ისეთი ნაზია, ზღაპრულ ფერიას მაგონებს.
– ჰო, ეგეც მართალია. აუ, ისე აქ რომ მოვწიეთ, საპირფარეშოში მაინც შევსულიყავით.
– აქ უფრო ძლიერი ვენტილაციაა, მალე განიავდება.
– ერთი ამ სიგარეტის დედაც! აზრზე არ ხარ როგორ მინდა თავი დავანებო. ცოლსაც დავპირდი, მაგრამ ჩავფლავდი.
– უფრო უკეთ უნდა მოინდომო, ჩემო ძმაო, უფრო უკეთ!
დაცვის თანამშრომლებმა კიდევ ცოტა ხნით ილაპარაკეს მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი საპირფარეშოს კარის წინ, შემდეგ კი კვლავ თავიანთ სამუშაო პოსტს დაუბრუნდნენ.
მათგან განსხვავებით, მე კიდევ რამდენიმე წუთს ვიდექი. ჩემი გონება ცოტა ხნის წინ გაგონილს დასტრიალებდა თავს. როგორც ჩანდა, მიშოს ისე სურდა ამ საქმის მოგვარება, რომ მე ვერაფერი გამეგო. გასაკვირი საქციელი იყო მისი მხრიდან, თუმცა მეორეს მხრივ, ნებისმიერი პატარა სკანდალიც კი, რომელშიც ლეოს სახელი იქნებოდა ნახსენები, რესტორნის რეპუტაციას მართლაც დიდ საფრთხეს შეუქმნიდა. დარწმუნებული ვიყავი, ეს მხოლოდ ამ მიზნით ჰქონდა დაგეგმილი და არა იმიტომ, რომ ჩემი დახმარების წყურვილი კლავდა.
მიუხედავად ამისა, ძმებ ნოლანებთან დალაპარაკება მაინც გადავიფიქრე. რადგანაც მიშო ჩემს დასახმარებლად მაინც გაისარჯა და ასე თუ ისე საკითხი მოაგვარა, აღარც მე ვაპირებდი ეს თემა კიდევ ერთხელ წამომეჭრა, ამიტომ, სანამ ჩემი სამუშაო საათები დაიწყებოდა, რესტორნის ბოლო სართულზე მოწყობილ ვერანდაზე გადავწყვიტე დროის გაყვანა.
იქ ყოფნა, Imagine-ში მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან ძალიან მიყვარდა. ჭერიან-კედლებიანად მთლიანად შემინული სივრცე, დაახლოებით ორმოც კვადრატულ მეტრს შეადგენდა, თან მოწნული მაგიდა-სკამებითა და სხვადასხვა სახეობის მცენარეებით იყო გაფორმებული. აქედან ზღვის ხედიც იშლებოდა. მართალია, რესტორანი სანაპირო ზოლიდან დიდად ახლოს არ მდებარეობდა, თუმცა, როდესაც მინის ფანჯარას ვაღებდი და ამ ხედს ვუცქერდი, ფსიქოლოგიურად, ზღვის მარილიან სურნელს მაინც მუდამ ვგრძნობდი ხოლმე.
ერთ-ერთ სავარძელში მჯდომი, ჩემს გამოსვლამდე დარჩენილ ბოლო ნახევარ საათს ვიყენებდი და თან სივრცეს გავცქეროდი, როცა ორიოდე მეტრის მოშორებით ნაბიჯების ხმა შემომესმა. მიხედვა არც დამჭირვებია. სუნამოს მიმზიდველმა სურნელმა მიმახვედრა, ვინ დამირღვია მყუდროება და მეც უკმაყოფილოდ ამოვიოხრე.
გასული დღის მოგონებები ქურდულად მიეპარნენ ჩემს გონებას, თითები ჩაავლეს და შიშის ორმოში გადაისროლეს. ჰო, შემეშინდა. მე და მიშო აქ სრულიად მარტონი ვიყავით და არ ვიცოდი, რას გააკეთებდა იმის საპასუხოდ, რაც გუშინ გადახდა თავს. შინაგანი ფორიაქის მიუხედავად, გარეგნულად მაინც ცისფერსისხლიანთა ამაყი მზერა მივიღე და თითქოს არაფერიო, ისე განვაგრძე ხედით ტკბობა. იმ დროსაც კი არ მქონია რეაგირება, ჩემს გვერდით რომ დაიკავა ადგილი. ყურადღება მხოლოდ მაშინ მივაქციე, როდესაც თეთრი კაბის კალთაში დიდი, წითელი ვარდი ჩამიდო და ჩემსავით, მანაც ჰორიზონტის ხაზს დაუწყო ცქერა.
– ეს რა არის? – ვარდს სასიამოვნოდ მძაფრი არომატი ჰქონდა, თუმცა მისი ეკლების მსუბუქი ჩხვლეტა მაინც არ მომეწონა და ყუნწით ავიღე ხელში.
– შენმა თეთრბილეთიანმა თაყვანისმცემელმა გამომატანა, მარიტას გადაეციო.
მეფარიშვილს ეჭვის თვალით გავხედე. მაშინვე ვიფიქრე ტყუილს მეუბნებოდა და ეს, ტუჩის კუთხეში შეპარულმა, მისმა ოდნავშესამჩნევმა ღიმილმაც დამიდასტურა.
– ძალიან სასაცილოა. მეტი გასართობი ვერაფერი მოიფიქრე?
– და შენ ვერაფერი მოიფიქრე იმის გარდა, რომ ჩემი მობილურიდან შეტყობინებები აგზავნო და ნახევრად შიშველი ქალების რიგი დამიყენო კართან? – არ ვიცოდი მეჩვენებოდა თუ ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ბრაზთან ერთად, აღფრთოვანებასაც ვხედავდი მის მზერაში. – ან ჩემი მანქანა რას დაამსგავსე?
– შენი მანქანისთვის ხელი არ მიხლია. – ვარდის ფურცლებს დავუწყე თამაში. მათ სურნელს შერეული „ტომ ფორდის“ არომატი, იმდენად ძლიერ მსიამოვნებდა, ლამის ნირვანაში გადავყავდი.
– არ აქვს მნიშვნელობა ეს პირადად შენ გააკეთე, თუ არა. რაც მოხდა შენი მზაკვრული ტვინის მოფიქრებულია.
– მაგაში ვერ შეგედავები. – არც კი ვიცოდი, საიდან ვიკრებდი ამხელა გამბედაობას მაშინ, როდესაც მასთან სრულიად მარტო ვიყავი, თუმცა შიში, ბალახზე დაწვეთებული დილის ნამივით აორქთლებულიყო ჩემი გონებიდან.
– ლამაზი საღამოა, – ვერც კი გავიგე, რატომ შეცვალა საუბრის თემა ასე რადიკალურად, – მიყვარს, როდესაც ცა მწიფე ალუბლისფერია ხოლმე.
მის მზერას თვალი გავაყოლე და მეც ზემოთ ავიხედე, თუმცა მწიფე ალუბლისფერის ნაცვლად, მე, უფრო ბროწეულისფრად მეჩვენებოდა. ამაშიც კი ვეწინააღმდეგებოდი მის აზრს.
– ბროწეულისფერია! – ვუთხარი დარწმუნებით.
– მწიფე ალუბლისფერია.
– არა, ბროწეულისფერია!
– რომ დავფიქრდეთ, ეს ორი ფერი ერთმანეთს ძალიან ჰგავს.
– არც მაინცდამაინც, – ჩემთვის მოცემული ვარდი, ამჯერად მას ჩავუდე კალთაში. – ეს შენ გქონდეს.
– შეინახე, შენი დაკრძალვისთვის წინასწარ მექნება მოტანილი. – კვლავ უკან დამიბრუნა.
– სულ გაგიჟდი ხომ?
– აბა, მე რომ შენ დაკრძალვაზე მართლა მოვიდე, დიდი ალბათობით საფლავში დაიწყებ ტრიალს. – თავი ვერ შევიკავე და მის ნათქვამზე მაინც გამეცინა. ალბათ იმიტომ, რომ სადღაც მართლაც იყო რეალობასთან ახლოს.
– და რა იცი, იქნებ საერთოდაც შენ გამასწრო? – ვკითხე, როცა სიცილის ტალღამ გადამიარა.
– მაგას არ ვიზამ. ვიცი, უჩემობას ვერ აიტან და მეორე დღესვე გამომეკიდები უკან.
– რა თქმა უნდა, ასე იქნება. ოღონდ შენ სადმე მოსახვევში ჩამოჯექი და ისე დამელოდე, ფეხზე დგომით რომ არ დაიღალო. – ამჯერად მიშოს გაეცინა. გიჟურად მომხიბვლელი ხდებოდა ხოლმე ამ დროს და საკუთარი თავი მზიზღდებოდა, რომ მსგავს მომენტებში, მასში, გარეგნულის გარდა შინაგან სილამაზესაც ვხედავდი.
ფეხზე ისე წამოვდექი, მეფარიშვილისთვის აღარ შემიხედავს. არც ვარდი წამიღია თან. იგი იმ სკამზე დავტოვე, სადაც ცოტა ხნის წინ თვითონ ვიჯექი და უხმოდ გავემართე ვერანდიდან გასასვლელი კარისკენ. არც მიშოს ამოუღია ხმა. როგორც ჩანდა, უკვე უჩემოდ აგრძელებდა იმ ცაზე დაკვირვებას, რომელსაც მისი ვარაუდით, მწიფე ალუბლისფერი შეფერილობა ჰქონდა.
დარბაზში რომ ჩავედი, ბართან მდგომ კალეს ხელის აწევით მივესალმე და როგორც კი მისგან საპასუხო სალამი მივიღე, როიალთანაც დავიკავე კუთვნილი ადგილი. ხალხის სიმრავლე მაინცდამაინც არ შეინიშნებოდა. მაგიდებიდან სამი მათგანი იყო თავისუფალი, ხოლო ბარის დახლთან, სკამების ნახევარი ცარიელი იყო. საბედნიეროდ, სტუმრებს შორის ლეო არსად ჩანდა. აღარც ზარებით შევუწუხებივარ დიმიტრის წვეულების შემდეგ. ეს, რა თქმა უნდა, სასიხარულო ამბავი იყო, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ ქარიშხლის წინ, მუდამ მშვიდი ამინდი ისადგურებდა ხოლმე და ნაადრევ სიხარულს შეიძლებოდა იმედგაცრუება მოეტანა.
საღამოს შვიდ საათამდე ისე მივატანე, კუთვნილი შესვენებებიდან მხოლოდ ერთი გამოვიყენე. ერთ ადგილას ჯდომისგან უკვე ხერხემლის ტკივილი მაწუხებდა და უკვე იმაზე ვიწყებდი ფიქრს მეორე შესვენების გამოყენების დროა-მეთქი, როდესაც ახალგაზრდა, მხარბეჭიან მამაკაცთან ერთად მომავალი ერქოლე და ტეო შევნიშნე. რამდენიმე წამი დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ ეს სწორედ ის იაპონელი სტუმარი უნდა ყოფილიყო, რომლის დასახვედრადაც ასე გულმოდგინედ ემზადებოდა მთელი ჩვენი გუნდი.
ლოლასგან ვიცოდი, რომ ნოლანების უცხოელი მეგობარი ახალგაზრდა იყო, მაგრამ არ მეგონა, თუკი მათზე ამდენად უმცროსი პიროვნება შემრჩებოდა ხელთ. ადამიანი ოცდაათ წელზე მეტს ვერ მისცემდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ საკმაოდ ადრეულ ასაკში მიეღწია დიდი წარმატებისთვის.
ვიზუალურად, კორეელს უფრო ჰგავდა, ვიდრე იაპონელს. ვფიქრობდი, რომ მშობელთაგან ერთ-ერთი მათგანი სხვა ეროვნებისა უნდა ჰყოლოდა.
კიდევ ერთი მელოდიის დაკვრას სწორედ იმ დროს მოვრჩი, როდესაც ნოლანები სტუმართან ერთად, დაწესებულების ყველაზე მოთხოვნად მაგიდას მიუსხდნენ. იქედან ყველაზე უკეთ ჩანდა ანბანის კოშკი, ეშმაკის ბორბალი, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა და სხვა მრავალსართულიანი ნაგებობები.
იმ მომენტში ბართან აღარავინ იჯდა, გადავწყვიტე სიტუაციით მესარგებლა, რამე დამელია და დრო ამჯერადაც კალესთან საუბარში გამეყვანა. მართალია, ნათესაური კავშირის მიუხედავად, Imagine-ში მუშაობის დაწყებამდე ამ ადამიანს ნორმალურად არც კი ვიცნობდი, მაგრამ მასთან გაბმული ყოველი დიალოგი იმდენად მსიამოვნებდა, ზოგჯერ დასრულებაც არ მინდოდა ხოლმე.
– აღარ მახსოვდა, დღეს შენი ცვლა თუ იყო, – დავიკავე თუ არა დახლთან მდგომი ერთ-ერთი სკამი, მაშინვე ვუთხარი კალეს, რომელიც იმ მომენტში ლატეს ამზადებდა ყავის აპარატთან.
– არც არის. უბრალოდ ხვალ დასვენების დღის აღება მინდოდა და სმენა გადავცვალე.
– ხდება რამე?
– არა, რა უნდა ხდებოდეს? – გაეცინა. – ხვალ ჩვენი დამიანეს შემცვლელი მოდის და არ მინდა სტაჟიორი მე ჩამაბარონ. მაგის ნერვები არ მაქვს.
– შენ თუ არა, აბა, ვის? – მის სასაცილოდ შეჭმუხნილ წარბებზე ღიმილი ვერ შევიკავე.
– ვის და თვითონ დამიანეს. ხვალ მისი ბოლო სამუშაო დღე იქნება, იმ ახალ გოგოს ცოტა აზრზე მოიყვანს და მერე მე გადმოვიბარებ, სხვა რა გზაა?
– აჰა, ანუ გოგოა.
– ჰო, სქესი მდედრობითი, სოციალური სტატუსი – ოდნავ არანორმალური, – თქვა თუ არა, ლატეს მომზადებასაც მორჩა და წინ დამიდო, – დალიე, ძალიან გადაღლილი სახე გაქვს.
– მე მიმზადებდი? – ჭიქას თითები თვალებგაბრწყინებულმა შემოვხვიე და ყავის არომატი ღრმად შევისუნთქე. თითქოს მისმა სურნელმაც კი მომიყვანა ენერგიაზე იმდენად მძაფრად ვიგრძენი.
– ვიცოდი, რომ მომაკითხავდი. მელოდიის ბოლო წუთებში, ბარს თვალს არ აშორებდი.
– ახალ გოგოზე მომიყევი, – ისევ ძველ თემას მივუბრუნდი, რადგან მაინტერესებდა რატომ მოიხსენია კალემ იგი სიტყვა. – “არანორმალურით” – ჰო, მართლა, ყავისთვის გმადლობ.
– არაფრის. ახალ გოგოს რაც შეეხება, ბევრი ინფორმაცია არც მე მაქვს. ერთი ის ვიცი, რომ სამირა ჰქვია და მეორე ის, რომ მისგან თავი შორს უნდა მეჭიროს.
– რატომ? – გამეცინა და ცხელი ლატე ფრთხილად მოვსვი, ენა რომ არ დამეწვა.
– არ ვიცი, რაღაც... სერიული მკვლელის იმიჯი აქვს. უენსდეი ადამსს მაგონებს, თავისი ცივი გამოხედვით.
– საინტერესოა, – ჩაფიქრებული სახე მივიღე. ძალიან დაინტერესებული ვიყავი ახალი ბარისტას გაცნობით. ამ ფიქრებში გართულმა, ვერც კი გავიგე როგორ მომიახლოვდა რესტორნის ერთ-ერთი მიმტანი გოგონა. მის სახელსაც კი ვერ გავიხსენებდი, რომ არა ბეიჯზე წაწერილი – „ლანა”.
– მარიტა, უფროსებს შენთვის დავალება აქვთ, – მაცნობა მან და კალეს შეხედა მავედრებელი მზერით. – მიდი, რა ერთი ჭიქა ყინულიანი წყალი დამისხი, თორემ ყელი მიშრება.
– ბანანის სმუზს გაგიკეთებ ჩემს ხარჯზე. – იმ წამსვე დატრიალდა კალე. ლანამ ვერცხლისფერი სინი დახლზე შემოდო და დაღლილობისგან დაამთქნარა.
– გმადლობ, კალე, საუკეთესო ხარ!
– რა დავალება აქვთ ჩემთვის? – ყავის სმას თავი მივანებე, რათა მთელი ყურადღება მიმტანზე გადამეტანა.
– რა და ერთ-ერთი ყველაზე რთული სიმფონია შეგიკვეთეს, – წამიც არ შეყოვნებულა ისე გამცა პასუხი, – თურმე ჩვენი ზედმეტად სექსუალური იაპონელი სტუმარი მთვარის სონატაზე გიჟდება და ნოლანებს უნდათ, ზუსტად ის შეასრულო.
მზერა შეუმჩნევლად გავაპარე იმ ადგილისკენ, სადაც უფროსები ისხდნენ უცხოელ მეგობართან ერთად. სტუმარი გულწრფელად და ლამაზად იღიმოდა ძმების საუბარზე, მის შემხედვარეს მეც გამექცა ტუჩები განზე.
– მგონი საკმაოდ მომხიბვლელი ვინმეა, – ვერც კი გავიაზრე ისე გავახმოვანე საკუთარი ფიქრები ხმამაღლა. კალემ გაოცებით შემომხედა. ლანამ უბრალოდ ჩაიხითხითა და ჩემს გვერდითა სკამზე, კალიასავით სხარტად შემოსკუპდა.
– რაც ერთმანეთს ვიცნობთ, შენგან კაცის მისამართით კონპლიმენტი პირველად მოვისმინე.
– გეყოფა რა, კალე!
– არ არსებობს ისეთი მჟავე ხილი, რომელსაც ტკბილ ხილად ვერ აქცევ, – ჩვენს საუბარს ლანაც შემოუერთდა. – ოდესმე ყველას მოგვხვდება გულში კუპიდონის ისარი.
– უბრალოდ აღვნიშნე ვიზუალურად მომხიბვლელია-მეთქი, თქვენ კი სადაცაა საპატარძლო კაბის დიზაინებიც მაჩვენოთ პინტერესტზე.
კალემ ბანანის სმუზი მიწოდა ლანა, მერე კი მე მომიბრუნდა:
– პუბლიკა შენს მთვარის სონატას ელის, ლამაზო, მიდი, საქმეს მიხედე!
ყავის შემდეგ თავს ენერგიულად ვგრძნობდი. ბეთჰოვენის ეს სიმფონიაც ძალიან მიყვარდა, ამიტომ სკამიდან ენთუზიაზმით აღსავსე ჩამოვხტი და როიალისკენ ისე გავეშურე, იაპონელი სტუმრის დამკვირვებლური მზერისთვის, თვალი არც მე მომიშორებია.
ინსტრუმენტთან დაჯდომისას, გარშემო ყოველგვარი ხმა ჩავახშე, გარესამყარო უკან მოვიტოვე და ამ ქვეყნად მხოლოდ მე და კლავიშები დავრჩით. წარმოვიდგინე, თითქოს ზღვის ნაპირზე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, როიალთან ვიჯექი, ჩემს დაკრულ მელოდიას კი ტალღების სასიამოვნო შრიალი ერწყმოდა. წარმოსახვა ყოველთვის მეხმარებოდა ჩემი შესრულება იმაზე ორჯერ უფრო კარგი გამოსულიყო, ვიდრე ჩვეულებრივ. ამჯერადაც მთელ გრძნობას ვაქსოვდი თითოეულ კლავიშთან შეხებისას. ისე ვუკრავდი, თითქოს ჩემი სიცოცხლე მხოლოდ ამაზე ყოფილიყო დამოკიდებული. მელოდიის ნაზი ჰანგები, ყურთასმენასაც სწვდებოდა და ვხვდებოდი, რომ რაც მესმოდა, მართლაც უნაკლოდ ჟღერდა. კომპოზიციის ბოლოს, ამაში დამსწრე საზოგადოების მქუხარე აპლოდისმენტებმაც დამარწმუნეს. სიგიჟემდე მიყვარდა ეს ხმა. მომწონდა ის კმაყოფილება, რასაც ხალხის გამომეტყველება ირეკლავდა. იმ მომენტში, ჩემი მზერა მხოლოდ ერთი ადამიანისკენ იყო მიმართული და ეს ნოლანების მაგიდასთან მჯდომი მამაკაცი იყო. ზუსტად იმ მომენტში გავაცნობიერე, თუ ვისთვის მოვინდომე ამდენად, ჩემი შესრულებული მელოდია იდეალურზე იდეალური გამოსულიყო. პირველ რიგში, სწორედ მთვარის სონატის შემკვეთის აზრი მაინტერესებდა და ამ აზრის ამოკითხვას, სწორედ მის თვალებში ვცდილობდი.
სამწუხაროდ მისი მზერიდან ბევრი ვერაფერი გავარკვიე. სხვებისგან განსხვავებით, არც ტაში დაუკრავს. ერთადერთი, რაც გააკეთა ის იყო, რომ მადლობის ნიშნად თავი მსუბუქად დამიკრა, ოდნავშესამჩნევად გამიღიმა და უფროს ნოლანს –ერქოლეს რაღაც უთხრა. რესტორნის სტუმართა აპლოდისმენტები ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო დამცხრალი, როცა ერქოლემ ხელით რაღაც მანიშნა. მისი ამ ჟესტით მივხვდი, უფროსი თავის მაგიდასთან მეპატიჟებოდა.
რა თქმა უნდა, გამიკვირდა. რა მიზეზით უნდა სდომოდათ ნოლანებს მათთან ერთად მევახშმა, თუმცა მიპატიჟებაზე უარის თქმა მაინც უტაქტო საქციელად ჩავთვალე. როიალი დავხურე და მათკენ ისე წავედი, იაპონელის ჩემკენ მომართული მზერისთვის საპასუხო მზერა არ მომიშორებია.
მაგიდამდე სულ რაღაც ორიოდე ნაბიჯი მქონდა დარჩენილი, რომ ტეო სწრაფად წამოხტა ფეხზე, სკამი თავისი მეგობრის გვერდით გამომიწია და გალანტურად მანიშნა დავმჯდარიყავი. თუ ადრე ვერა, ახლა უკვე ვხვდებოდი, რატომ ვიმყოფებოდი აქ. ვახშამზე ჩემი მოწვევის იდეა, დიდი ალბათობით სწორედ იმას ეკუთვნოდა, ვის გვერდითაც ახლა უნდა დავმჯდარიყავი.
– გმადლობ, - თავაზიანობისთვის, საპასუხო თავაზიანობით გავუღიმე და სკამზე მოვთავსდი. ახლადმიღებულმა მიმტანმა ბიჭმა მაშინვე დამიდო წინ თოვლივით ქათქათა დიდ-პატარა თეფში, ვერცხლისფერ დანა-ჩანგალთან ერთად, რამდენიმე წამში კი ღვინისა და წვენის ჭიქებიც მომირბენინა. წამით ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მე ვიყავი ამ რესტორნის მფლობელი და არა, ნოლანები. ამ ფიქრებზე, გულში გამეცინა კიდეც.
ერქოლეც და ტეოც, იაპონურს ბრწყინვალედ ფლობდნენ, თუმცა ჩემ გამო მაშინვე გადავიდნენ ინგლისურზე.
– მარიტა, მინდა იუნგი გაგაცნო, ჩვენი საერთო მეგობარი, – სტუმრის წარდგენის ინიციატივა უფროსმა ნოლანმა აიღო საკუთარ თავზე, ხოლო ტეომ წითელი ღვინო ჩამომისხა.
– სასიამოვნოა, – ზრდილობიანად გავუღიმე მამაკაცს. – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში.
– უდავოდ საინტერესო ქვეყანა გაქვთ. – ჩემთვის მზერაც არ მოუშორებია. ისე აღნიშნა იუნგმა. – ვეჭვობ, ბევრი კარგად გასახსენებელი მოგონება დამიგროვდება, მათ შორის ის მთვარის სონატა, რომელიც ცოტა ხნის წინ მოვისმინე.
– მარიტა, ჩვენი რესტორნის აღმოჩენაა, – სიამაყით აღსავსე თვალებით გადმომხედა ერქოლემ. – ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა უკვე გამოცდილი პიანისტივით უკრავს.
– ვერ შეგედავები, – მყისვე დაეთანხმა იაპონელი, ბოკალიდან ღვინო ოდნავ მოსვა და სკამის საზურგეს ისე მიეყრდნო, მის ღიმილიან მზერას კვლავაც არ მივუტოვებივარ.
ამასობაში დიმიტრიც შემოვიდა და საღამოს მთავარი კერძი – სუში, საკუთარი ხელით მოგვართვა. შევამჩნიე, ჩემი ამ კამპანიაში დანახვა ცოტათი გაუკვირდა, თუმცა ზედმეტი კითხვების დასმის გარეშე გვისურვა გემრიელად მირთმევა და კვლავ სამზარეულოსკენ აიღო გეზი.
მაშინ, როდესაც მე, წინ დალაგებული საჭმელებიდან, ინგრედიენტებით ყველაზე ნაკლებად გადატვირთული რამის შერჩევას ვცდილობდი, რათა ზრდილობის გამო მაინც მეჭამა ორი ლუკმა, ტეოს ხმამაღალი სიტყვები შემომესმა.
– ჰეი, მიშო, ჩვენთან მოდი, – რესტორნის დარბაზში შემომავალ მეფარიშვილს უქნევდა ხელს უმცროსი ნოლანი. თავი ისე ვიგრძენი, თითქოს ყინულივით ცივი წყალი გადამასხეს. იმ სიტუაციაში კიდევ მეფარიშვილის დამატება მართლაც ყველაზე უარესი რამ იყო, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო. გულში ვინატრე კიდეც მიშოს ეს მოპატიჟება არ მიეღო, თუმცა იგი ჩვენკენ დაიძრა. სწრაფად მოგვიახლოვდა, ყველას მოგვესალმა და ჩემს პირდაპირ დაჯდა. მასაც ეუცნაურებოდა ჩემი აქ დანახვა, თუმცა კითხვებს, დიმიტრის მსგავსად არც ის სვამდა.
მიმტანებმაც სწრაფად დაუწყეს საჭირო ჭურჭელი, მიშომ კი სანდომიანი ღიმილით გადაუხადა მადლობა მომსახურე პერსონალს.
ძმებმა ნოლანებმა, იუნგი მიშოსაც ისევე გააცნეს, როგორც მე. იაპონელ სტუმარში ყველაზე მეტად ის მომწონდა, რომ ბევრს არ საუბრობდა. მოკლე და ლაკონური პასუხები ჰქონდა თითოეულ შეკითხვაზე და რაც მთავარია, საოცრად მომხიბვლელი ხმის ტემბრი.
რამდენიმე წუთის შემდეგ საუბარი იაპონიაზე ჩამოვარდა. ნოლანები დიდი ენთუზიაზმით აღწერდნენ, თუ რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა თავის დროზე მათზე ამ ქვეყნის კულტურამ, ინფრასტრუქტურამ და სამზარეულომ. ის ამბავიც გაიხსენეს, თუ სად და რა ვითარებაში გაიცნეს იუნგი და როგორც ჩამოუყალიბდათ მასთან მეგობრული კავშირი.
– ტოკიო მართლაც უჩვეულო ქალაქია, – სერიოზული სახით აღნიშნა მიშომ, როგორც კი მიხვდა, რომ ძმები საუბარს მორჩნენ. – ბავშვობის ოცნებად ამ ქალაქში საკუთარი რესტორნის გახსნა მქონდა, სადაც თავად ვიქნებოდი შეფ-მზარეული.
– ყოფილხართ ტოკიოში? – ინტერესი გამოხატა იუნგმა. იმ მომენტში, უკვე სუშის მივირთმევდით, რომელსაც მართალია ვერ ვიტანდი, თუმცა ვცდილობდი ისე მეჭამა, მის გემოზე ოდნავადაც არ მეფიქრა. არ მინდოდა ჩვენი სტუმრისთვის მეგრძნობინებინა, რომ იაპონური სამზარეულო ჩემთვის ერთი დიდი გაუგებრობა იყო.
– ვყოფილვარ, – მხოლოდ ერთი წამით გამომხედა მეფარიშვილმა. – რამდენიმე დღით გავჩერდი იაპონიაში ყოფნისას.
– მიშოს მოგზაურობა უყვარს, – დიალოგს მორიგი წევრიც შემოემატა ტეოს სახით. –სადაც უმოგზაურია, იმ ქვეყნების შესახებ ყველაფერი იცის.
– ეს თვითონ თქვა? – დაზუსტებით ვერ ვიტყვი იმ მომენტში მართლა გაიჟღერა იუნგის ხმაში ირონიულმა ნოტებმა, თუ მომეჩვენა.
– არა, მე არაფერი მითქვამს, – აი, მიშოს ტონი კი ნამდვილად იყო შეფარული სარკაზმით გაჯერებული. – უბრალოდ ტეოს უყვარს ჩემი გადაჭარბებული ქება.
– ეჭვიც არ მეპარება, – მაგიდას ორივე მკლავით დაეყრდნო ჩვენი უცხოელი სტუმარი. – ტურისტებს მხოლოდ სამზარეულო და ისეთი ადგილები იზიდავთ, სადაც კარგი ფოტოების გადაღებაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ ისიც კი არ გეცოდინებათ, თუ რას ნიშნავს იაკუძა, ბატონო მიშო.

– რას ნიშნავს იაკუძა? – ჩაეცინა მეფარიშვილს, მიმტანი იხმო და ამჯერადაც თავისი საყვარელი სასმელის. ლიმონიანი წყლის შეკვეთა მისცა, პიტნითა და ყინულით. –იაკუძად, იაპონურ მაფიას მოიხსენიებენ. არა მგონია, ეს დღეს ვინმემ არ იცოდეს.
– მაგას არ გეკითხებით. მე ის ვიკითხე, თავად ამ სიტყვის უკან რა იმალება?
ერქოლე და ტეო, ამჯერად უხმოდ უსმენდნენ მაგიდასთან გამართულ სიტყვიერ პაექრობას. არც მე ვიღებდი ხმას. უბრალოდ მშვიდად ვიჯექი და მოვლენების განვითარებას ინტერესით ვადევნებდი თვალს.
– ამ სიტყვის უკან, ბანქოს ყველაზე უიღბლო კომბინაცია იმალება, – ალაპარაკდა თუ არა მიშო, იუნგის გახსნილ შუბლზე, მაშინვე გაჩნდა ორი ხაზი. აშკარად არ ელოდა დასმულ შეკითხვაზე შესაბამის პასუხს. გამეღიმა. მეფარიშვილი მართლაც ღრუბელივით ისრუტავდა ჩემ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. – “ია”ციფრ რვას აღნიშნავს, “კუ” – ცხრას, “ძა” კი სამს. ერთად შეკრებილი უკვე ოცს უდრის, რაც თქვენს ქვეყანაში უიღბლო ციფრადაა აღიარებული, ისევე, როგორც ჩვენთან ციფრი ცამეტი.
სტუმარს ხმა არ ამოუღია, ნოლანებმა ნიშნის მოგებით გადახედეს ერთმანეთს და ღვინის ჭიქებიდანაც ერთდროულად მოსვეს. მაგიდასთან ჩამოვარდნილ მდუმარებას, საბოლოოდ, თავად იუნგმა დაუსვა წერტილი:
– გეტყობათ, მართლა ბევრს კითხულობთ იმ ქვეყნების შესახებ, სადაც მოგზაურობთ, – ორაზროვანი მზერით შეხედა იაპონელმა მიშოს.
– არც ისე ბევრს. რაც გითხარით, ჩემი ექსკურსია-მძღოლისგან ვიცი, რომელიც იაპონიაში ყოფნისას მახლდა თან.
–ანუ ის ყოფილა ძალიან ნაკითხი.
– ვერც მაგაში დაგეთანხმებით, – ირიბად ჩაეღიმა მიშოს და კიდევ ერთხელ გამოაპარა თვალი ჩემკენ. – დარწმუნებული ვარ, იმ წამს ამოიკითხა ინტერნეტიდან. ახალგაზრდა გოგონა იყო, თითქმის ჩემი ასაკის და შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდა, ხომ ხვდებით?
ბევრი ვებრძოლე საკუთარ თავს, თუმცა მეფარიშვილის სიტყვები მაინც იმას მაგრძნობინებდნენ, რომ მათი უპასუხოდ დატოვება არ გამომივიდოდა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შექმნილ სიტუაციაში შემეძლო, ეს ფიზიკური ტკივილის მიყენება იყო. სწორედ ამიტომ, დანარჩენებისგან შეუმჩნევლად გავიქნიე ფეხსაცმლის წვერი იმ მხარეს, სადაც მიშო იჯდა და პირდაპირ წვივში ამოვარტყი. მაშინვე შეეტყო, თუ როგორ გაამწარა განცდილმა ტკივილმა. მოცემულ მომენტში, იმ მულტფილმის პერსონაჟს ჰგავდა, წვეტიანი საგანი რომ შეერჭობა უკანალში, თუმცა დაყვირებისგან მაინც თავს იკავებს და სახეზე მწიფე პომიდორივით წითლდება.
ბატონი დირექტორის ასეთი გამომეტყველების ცქერამ, ისეთ კარგ ხასიათზე დამაყენა, იაპონური კერძების სიძულვილიც გადაფარა. ზოგჯერ საკუთარ თავს ცუდ ადამიანადაც კი მივიჩნევდი, რადგან მიშოს თვალებში დანახული ბრაზი, სასოწარკვეთა და ფიზიკური ტკივილი უზომოდ დიდ სიამოვნებას მგვრიდა.
– მიშო, ცუდად ხომ არ ხარ? –კითხვას ერქოლე სვამდა, მაგრამ მისი გატანჯული სახე არც სხვებს დარჩენოდათ შეუმჩნეველი.
– კარგად ვარ, კარგად, – პიტნიან–ლიმონიანი წყალი ისე მოსვა, თითქოს შვებას სწორედ მასში იპოვისო, – უბრალოდ ახლა გამახსენდა, რომ წინა დღით მიღებული პროდუქციის ხარჯთაღრიცხვა მაქვს გადასამოწმებელი, სანამ შინ წავალ. თუ ნებას დამრთავთ, დაგტოვებთ.
– ნუ ღელავ, საქმე მოიცდის, – მისი შეჩერება სცადა ტეომ, თუმცა მეფარიშვილმა მტკიცე უარის ნიშნად გადააქნია თავი.
– არა, ჩემთვის უპირველესი საქმეა. თან მხოლოდ ესეც არაა, უბრალოდ ერთი ძალზედ უხერხული მდგომარეობა მაიძულებს დაგტოვოთ.
– მაინც რა მდგომარეობა? – ინტერესი გამოხატა ტეომ.
მეფარიშვილი ჯერ ჩემკენ მოტრიალდა სახეზე აკრული ეშმაკივით ცბიერი ღიმილით, მერე კი, კვლავ უმცროს ნოლანს მიუბრუნდა. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რაღაც მზაკვრულ გეგმას ამუშავებდა მისი ტვინი.
– ჩვენს კამპანიაში მყოფი ერთ-ერთი ადამიანი, მაგიდის ქვემოდან ცდილობს ჩემთან ფლირტის გაბმას. – თქვა მან, თან ხელოვნურად დამორცხვებული გამომეტყველებაც მოიშველია. – ათასჯერ ავუხსენი, რომ რაც იყო, წარსულს ჩაბარდა და ერთად ყოფნის შანსი აღარ გვაქვს, მაგრამ მაინც არ ნებდება.
ლამის მიკრო-ინფარქტი მივიღე. მეფარიშვილი იმდენად დამაჯერებლად საუბრობდა, მეც კი დავიჯერე, რომ ნამდვილად მისი შებმა მქონდა მიზნად დასახული.
მანამ, სანამ სიტუაციის ბოლომდე აღქმასა და გააზრებას მოვასწრებდი, მიშო უკვე გადიოდა. მე კი სკამზე, ზამთრის სიცივისაგან მობუზული ბეღურასავით ვიჯექი და ჩემკენ მომართულ, ექვს წყვილ თვალს ვგრძნობდი, რომელიც კანს ისე მიწვავდა, როგორც გახურებული ნაკვერჩხალი. ვიცოდი, პირის გაღება და იმის მტკიცება, რომ მიშო ტყუოდა, იმაზე უფრო სულელურ მდგომარეობაში ჩამაგდებდა, ვიდრე ახლა ვიყავი, ამიტომ, მათ უხერხულად მომღიმარ სახეებს, თვალი სწრაფად ავარიდე, იმ კარს, საიდანაც მეფარიშვილი გავიდა მომაკვდინებელი მზერა ვესროლე და სულმოუთქმელად გადავკარი ბოკალში ჩარჩენილი ღვინო.

***
სამსახურიდან დაბრუნებულს, დრო აივანზე ჯდომაში, თიხის ქოთნებში გადანაწილებული მცენარეების ყურებაში, ცხელი შოკოლადის სმასა და გზაზე მოძრავი მანქანების ხმის მოსმენაში გამყავდა. იდილიაში კარზე ზარის ხმამ დამირღვია.
არავის ველოდი. არც მეზობლებთან მქონდა ახლო ურთიერთობა, რომ ასეთ დროს დამდგომოდნენ თავზე. კარამდე აუჩქარებლად მივედი და სათვალთვალოში გავიხედე. ჩემდა საუბედუროდ, სადარბაზოში ის ადამიანი იდგა, ვისი დანახვაც იმ ღამით და ზოგადადაც ყველაზე ნაკლებად მსურდა. ჭუჭრუტანაში ძალიან ახლოდან ვხედავდი ლეოს სახეს და გონებაში იმ დღეს ვწყევლიდი, როდესაც მან პირველად დამინახა.
ჩემ მიერ წაკითხული ფსიქოლოგიური შინაარსის ლიტერატურიდან ვიცოდი, რომ ასეთ პიროვნებებთან შიშის გამომჟღავნება და მათთვის ამის ჩვენება უარეს შედეგს მომიტანდა. პირიქით, ისე უნდა მოვქცეულიყავი, თითქოს ერთი ჩვეულებრივი მწერი იყო, რომელიც შემაწუხებლად ბზუოდა ჩემს ყურთან და ერთი სული მქონდა როდის გაფრინდებოდა გაღებული სარკმლიდან. დამფრთხალი სახე და აკანკალებული ხელები, უფრო მეტად გაუაქტიურებდა ზეწოლის მოხდენის სურვილს, მე კი ეს ნამდვილად არ უნდა დამეშვა.
საკუთარი შემუშავებული ტაქტიკით კმაყოფილმა, კარი უდარდელი სახით გამოვაღე და ზღურბლთან მდგომ ლეოს თამამად შევხედე თვალებში. შავი ფერის სამოსში გამოწყობილიყო, ამავე ფერის თითებგადაჭრილი, ტყავის ხელთათმანები ეკეთა, ხოლო თავზე მუქმინებიანი სათვალე დაემაგრებინა. ერთი შეხედვით ბაიკერს ჰგავდა, რომელიც მოტოციკლების უკანონო რბოლაში აპირებდა მონაწილეობის მიღებას.
– ასეთ დროს რომ ადამიანს ესტუმრო, მინიმუმ საჭიროა მასთან მეგობრობდე მაინც, –მკაცრი მასწავლებელივით დავიკრიფე გულზე ხელები. ძლივს შევძელი იმ შიშისა და ზიზღის დაფარვა, რაც ამ სიტყვების უკან იყო დამალული.
– ქართული მამა-პაპური სტუმართმოყვარეობა, ამას ნამდვილად არ გვიქადაგებს.
– გააჩნია სტუმარი ვინაა, – არ დავუდე ტოლი, – როდესაც ადამიანი ფულის სანაცვლოდ ინტიმურ ურთიერთობას მთავაზობს, მასთან ერთ ჭერქვეშ ყოფნის იდეა ნაკლებად მხიბლავს.
ლეომ გვერდზე გამწია და ჩემს ბინაში ისე უბოდიშოდ შემოაბიჯა, თითქოს აქ ყოფნის სრული უფლება ჰქონდა.
– ქალებს ზედმეტად გიყვართ მიუწვდომლის როლის თამაში, – ვერ მივხვდი მისი ღიმილი ირონიის შემცველი იყო, თუ ჩვეულებრივი. – ზუსტად ვიცი, სიამოვნებას იღებ, როდესაც დროებით წელავ იმას, რაც მე სიგიჟემდე მინდა და მხოლოდ ერთი რამის გამო, გსურს შენზე ისე გავხდე დამოკიდებული, ვეღარასდროს შევძლო გაგიშვა.
– ხუმრობ არა? – სიცილი ძლივს შევიკავე მისი ნათქვამის გააზრებისას.
– ასეთ თემებზე ხუმრობა არ მიყვარს, – ორი თითით ლოყაზე მიჩქმიტა.
– მე კი ის არ მიყვარს, უცხო ადამიანები ჩემს სახლში თავს ისე რომ გრძნობენ, როგორც საკუთარში. – სამზარეულოსკენ მიმავალ ლეოს ფეხდაფეხ გავყევი.
– წესად მაქვს, ყველგან მალე გავშინაურდე, – კარადა გამოაღო და ყავის ქილა ხელში შეათამაშა. მერე იმ კარადას მიადგა, სადაც ფინჯნები მქონდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს სახლში უამრავჯერ იყო ნამყოფი, რადგან დაზუსტებით იცოდა, რა, სად მქონდა განთავსებული და ეს ფაქტი ძალზედ მაკვირვებდა.
– ამბობენ, ღამით ყავის დალევა უძილობას იწვევსო, მაგრამ ჩემზე არ მოქმედებს, – ჯერ კოვზს დასწვდა, შემდეგ კი მაცივრიდან რძე გამოიღო. – შენ არ დალევ?
– ნუ შეწუხდები, ცოტა ხნის წინ ცხელ შოკოლადს ვსვამდი და დავასრულებდი კიდეც ბოლომდე, უდროო სტუმარი რომ არ დამდგომოდა თავზე.
– ეგრე ნაგლურად ნუ მიყურებ, – მადუღარაში წყალი ჩაასხა და დენის წყაროშიც შეაერთა, – თუ გინდა, შენ სახლში ჩემს ცვილის ფიგურას დავდგამ და უფრო შეეჩვევი იმ ფაქტს, რომ ამიერიდან აქ ხშირად მნახავ ხოლმე.
– ზედმეტი მოგდის, – უკვე ნერვებზე მოქმედებდა მისი გადაჭარბებული თვითშეფასება. – არ ვიცი შენს გონებაში რა ქარიშხალი ტრიალებს, თუმცა მოვითხოვ თავი ჩემგან შორს გეჭიროს!
– ამ ქარიშხალს ჩემში თავად აღვიძებ და არც შენგან შორს ყოფნა შემიძლია.
– წადი აქედან!
– ნუ იძაბები, მარიტა, – რძესა და ყავას აზავებდა. – ნერვული უჯრედები აღდგენას არ ექვემდებარება, ამიტომ ეცადე არაფერზე ინერვიულო.
– გითხარი, ჩემს ცხოვრებაში უკვე არსებობს ერთი მამაკაცი-მეთქი და...
– რომელი მამაკაცი? – შუა გზაზე გამაწყვეტინა დაწყებული წინადადება. – მითხარი, რომელი მამაკაცი? ზუსტად ვიცი, ნორმალურად ქარიც კი არ შეგხებია.
– ჩემზე არაფერი იცი!
– მე კი მგონია, რომ ძალიან ბევრი ვიცი. – გამბურღავი მზერა მესროლა. – თუკი ადამიანი ავიკვიატე, მის შესახებ ყველაფერი მაინტერესებს.
ამასობაში მადუღარაც გამოირთო და ლეოს მოდუღებულმა რძიანმა ყავამ სასიამოვნო არომატი დაატრიალა და ჩემზეც იმოქმედა.
– დარწმუნებული ხარ, რომ არ გინდა? – როგორც ჩანდა, ეს არც ჩემს დაუპატიჟებელ სტუმარს დარჩენია შეუმჩნეველი.
– კი, დარწმუნებული ვარ, – მინი-ბართან, ერთ-ერთ სკამზე ჩამოვჯექი. – შენ კი ასეთი დახვედრის შემდეგ, როგორც წესი, კარი უნდა გაიჯახუნო და წახვიდე.
– წყენის გულში ჩადება არ მიყვარს.
– ახლა შენს დიდსულოვნებაზე ნუ დამიწყებ საუბარს. თავის დროზე, პირველივე სიტყვაზე შევამჩნიე, რომ შინაგან სისუფთავეს აშკარად მოკლებული ხარ.
ლეო ჩემს წინ ჩამოჯდა და ყავა მოსვა. ცოტა ხანს ჩუმად იჯდა და მხოლოდ თვალებში მიყურებდა, მერე კი დუმილიც დაარღვია:
– იცი, რა ლამაზი ხარ? – ავხორცული ღიმილი მოადგა პირზე. – სილამაზე უზარმაზარი წარმატებაა, მარიტა, თუკი მისი გამოყენება იცი.
– გამოყენებაში რას გულისხმობ? ვინმე მდიდარი საყვარელი გავიჩინო, რომ ისეთი ტანსაცმელი მეცვას, რომლის ღირებულება ოთხნიშნა ციფრებს ქვემოთ არ ჩამოდის?
– მე შემიძლია ნებისმიერი რამ მოგცე, რასაც მოისურვებ. ეს ყველაფერი სულაც არ არის ისეთი მიუღებელი, როგორც შენ ფიქრობ. – სცადა ხელზე შემხებოდა, თუმცა მაშინვე უკან გავწიე და ამის საშუალება არ მივეცი.
– შეგიძლია უამრავი ქალი დაითანხმო ამ პირობაზე, ჩემზე დროს რატომ კარგავ?
– იშვიათი ექსპონატი ხარ და იმიტომ. – არც კი დაფიქრებულა ისე გამცა პასუხი. – შენი დანახვის პირველივე დღესვე მოგძებნე სოციალურ ქსელებში. იქაც კი სუფთა და ბუნებრივი ხარ. ყოველგვარი მძიმე მაკიაჟისა და სპეციალურად შერჩეული, გამომწვევი სამოსის გარეშე. ალბათ რამდენი კაცი ილესავს შენზე კბილებს.

– კარგი ლეო, საკმარისია! – სკამიდან მკაცრი მზერის თანხლებით წამოვდექი. –სასიამოვნოა შენთან ურთიერთობა, მაგრამ ცოტა ხნით. დაასრულებ თუ არა ყავას, მაშინვე წადი!
– მეგონა შენი ზრდილობის ეტიკეტი ჩემი გაგდების საშუალებას არ მოგცემდა. –ეშმაკურად უელავდა ნაცრისფერი თვალები. მაცდურად მომხიბვლელი იყო, მხიარული, საკუთარ თავში დარწმუნებული. საუკეთესო ვარიანტი იყო მდიდარ კაცებზე მონადირე ქალებისთვის, თუმცა ჩემში მისნაირი უტაქტო ადამიანები მხოლოდ სიბრალულს იწვევდნენ და მეტს არაფერს.
– ჩემი ზრდილობის ეტიკეტი ახლა დაღლილია და საშინლად ეძინება, – მივახალე, თან მისაღებში გავიხედე, საიდანაც ლეოს ნაჩუქარი თუთიყუში მომშტერებოდა, – არ გინდა ეს ჩიტიც წაიყვანო? ვინმე ისეთს აჩუქე, ვინც უკეთ მოუვლის.
– მე ის შენ გაჩუქე, – ყავა ერთი ამოსუნთქვით გამოცალა და დასაშვებზე მეტად მომიახლოვდა. ვინანე ასე თამამად რომ შემოვუშვი სახლში, თუმცა ჩემი ფიქრები მალევე უკუვაგდე. შეიძლება ეს ადამიანი ჯანსაღი ფსიქიკის ვერ იყო, თუმცა მოძალადეს აშკარად არ ჰგავდა. – მითხარი, სახელად რა დაარქვი?
– არაფერი დამირქმევია, – ოდნავ მოვშორდი, თუმცა ის კვლავ მომიახლოვდა. მერე თითები ნაზად შემახო ქვედა ტუჩზე და სანამ კვლავ მოვასწრებდი უკან დახევას, წელზე ძლიერად შემოხვეული მარჯვენა ხელით შემბოჭა.
– მხოლოდ ერთი კოცნა და წავალ, – ვნებით, სურვილით, მოუთმენლობით გაჯერებულიყო მისი ხმა. თვალები ისეთი ჟინით უელავდა, ყოველი განვლილი წამი მარწმუნებდა იმაში, რომ ეს პიროვნება საშუალო სიმძიმის არანორმალურთა კატეგორიაში ირიცხებოდა.
– თავს ნუ იმცირებ და მეც ნუ მამცირებ!
– ალბათ მიხვდი, ძალით არაფრის გაკეთება რომ არ მიყვარს, თორემ უკვე ათჯერ მაინც მექნებოდა მოკლული მაგ ტუჩების სურვილი. – სევდანარევი ღიმილით მომშორდა, მაგიდაზე დატოვებული თავისი ფინჯანი ნიჟარაში სწრაფად ამორეცხა და წყლის წვეთებით დანამული ჭურჭელი, მე მომაჩეჩა ხელებში. – ეს ჭიქა ცალკე შეინახე და როდესაც კიდევ გეწვევი, ყავა ამით დამალევინე ხოლმე.
– სხვა დრო აღარ იქნება, ლეო .
– იქნება, მარიტა. წინააღმდეგობები მაგნიტივით მიზიდავენ და არ გავჩერდები. ტროა ერთ ღამეში აიღეს, მაკედონელმა კი ყველაზე დაუმორჩილებელი ცხენი გახედნა სწორი ტაქტიკის შერჩევით. დამიჯერე, შენც მოგიხერხებ რამეს.
– დროის ტყუილი ფლანგვაა, – ასი პროცენტით ვიყავი დარწმუმებული საკუთარ სიტყვებში. ძალიან ბევრი ქალი, ალბათ რომანტიკულ ჟესტად ჩათვლიდა მამაკაცის ასეთ აქტიურობასა და თავდაჯერებას. შეიძლებოდა სიმპათიაც გასჩენოდა მისდამი, თუმცა მე ვერაფერს ვგრძნობდი. ურთიერთობის დასაწყისში მისმა შემოთავაზებამ თავი დამცირებულად მაგრძნობინა, ამიტომ აღარ მინდოდა მისი ჩემს სიხლოვეს ყოფნა. ზოგჯერ მჯეროდა კიდეც ლოლას სიტყვების, როდესაც მეუბნებოდა ცხოვრების ბოლო წუთებში, ირგვლივ მხოლოდ კატები გეყოლება და სხვა არავინო.
– დროს ტყუილად არასდროს ვფლანგავ... შეხვედრამდე, მარიტა.
– ღამე მშვიდობისა, ლეო. – სველ ჭიქას მაგიდის ზედაპირზე მივუჩინე ადგილი, თან დამკვირვებლური მზერა გავაყოლე ბინიდან გასასვლელი კარისკენ მიმავალს.


***
ლოლას თხოვნით სამსახურში ერთი საათით ადრე მივედი და პირდაპირ მისი კაბინეტისკენ ავიღე გეზი. ჩვენი რესტორნიდან დაახლოებით ათ მეტრში ახლადგახსნილ ყავის სახლში ნაყიდი უცხიმო ლატე რომ შემეტანა,
ჩემი მეგობარი მობილურით ხელში, მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი იჯდა, თანაც მეტად უკმაყოფილო სახით და ცდილობდა ნოლანების იაპონელი სტუმარი რომელიმე სოციალურ ქსელში მაინც ეპოვა. მაგრამ ყოველი მისი მცდელობა კრახით სრულდებოდა.
– არა, მართლა წარმოუდგენელია! – გაკვირვება არ შორდებოდა ლოლას სახეს. -ტვიტერი და ტიკ-ტოკიც კი არ აქვს, ეგ საერთოდ რა არსებაა?
– ტიკ-ტოკერი რომ ყოფილიყო, ძალიან გამიკვირდებოდა. სერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
– ანუ მე რომ ტიკ-ტოკზე ვაქტიურობ, არასერიოზული ვარ?– წარბაწეულმა გადმომხედა. იმდენად სასაცილო იყო, რომ თავი ვერ შევიკავე და მართლა გამეცინა.
– არასერიოზული არ ხარ, მე უფრო ცანცარას ვიტყოდი, მაგრამ ზუსტად ეგ გხდის მომხიბვლელს.
– ნუ მეაფერისტები შენი მწარე სიტყვების გასანეიტრალებლად, – ჩანაფიქრს მაშინვე მიმიხვდა და ტელეფონი იმედგაცრუებულმა გადადო გვერდზე.
– რატომ გინდა ასე ძალიან მაგ ადამიანის პოვნა? შემთხვევით თვალი ხომ არ დაადგი?
– არა, – თავი გააქნია უარყოფის ნიშნად, – მაგრამ შენ თუ დაადგამ, კარგი იქნება. მინდა, რაც შეიძლება მალე ვიყო შენი ხელის მომკიდე. კაბაც კი არჩეული მაქვს.
– რამე ისეთი ჩაიცვი, ხალხმა ხანდახან მაინც რომ გამოიხედოს ჩემკენ.
– ნუ ღელავ, – მაშინვე მიხვდა, რაც ვიგულისხმე. – გარდერობში დახურული კაბებიც მომეპოვება.
– ჩემს ქორწილს დააგვიანდება, ამიტომ, შეგიძლია, მაგ კაბას სხვა დანიშნულება მოუძებნო.
– კიდევ ცოტა ხნით დაგიცდი და მერე იმ ლეოს თავად მივეხმარები შენ მოტაცებაში. ძველი ქართული ტრადიციის აღდგენის დროა. – მაგიდიდან ფეხები ჩამოიღო და მხიარულად შემომცინა, მაგრამ დაინახა თუ არა ჩემი მკაცრი გამომეტყველება, ღიმილი გაუქრა. – კარგი, ვიხუმრე, რა გჭირს?
– მაგ თემაზე არ მეხუმრება. ეგ ტიპი უკვე სერიოზულად მაშინებს, მაგრამ მასთან ამის შემჩნევა არ მინდა.
– რა ქნას? შენ საუკეთესო ხარ, რისი ყიდვაც ფულით შეიძლება.
– საერთოდ რაზე გესაუბრები? – მობეზრებით ავატრიალე თვალები. – შენ იმაზე ორჯერ უფრო მეტად გაკლია.
– ჰოდა, გამოუშვი ჩემთან. ისე დავაწყნარებ, შენ საერთოდ აღარ გაახსენდები.
– რა ვქნა და შენთვის მასაც კი ვერ ვიმეტებ.
ლოლამ პატარა ბავშვივით გამომიყო ენა. მერე ფეხზე წამოდგა და მაგიდის კუთხეს თეძოთი მიეყრდნო. მოკლე, ჯინსის შორტებსა და ტანზე მომდგარ, ოდნავ მკერდამოღებულ კოფთაში, სხეული იმდენად მიმზიდველად მოუჩანდა, მიკვირდა კიდეც მისი შემხედვარე თანამშრომელი მამაკაცები როგორ ახერხებდნენ კონცენტრირებას მუშაობაზე.
– დღეს ახალი ბარისტას ცვლაა. დამიანე ოფიციალურად წავიდა სამსახურიდან.
– ჰო, ვიცი. მერე?
– არ გინდა, გავიცნოთ ეგ გოგო? იმდენად უარყოფითად ახასიათებენ, მასთან დამეგობრების სურვილიც კი გამიჩნდა. – კალესთან დიალოგი მომაგონდა. მან ეს ადამიანი სერიულ მკვლელსა და უენსდეი ადამსს შეადარა.
– სხვათა შორის, მეც მინდოდა მისი გაცნობა, – სკამიდან წამოვიწიე.
– ოღონდ ისე მოიქეცი, თითქოს იქ რამის დასალევად ვართ, – სკოლის დამრიგებელივით დამიწყო გაფრთხილება ლოლამ. – არ მინდა იცოდეს, რომ სპეციალურად მის გასაცნობად მივედით. მერე თავში აუვარდება.
დღის იმ მონაკვეთში, დარბაზში, სტუმრების საკმაოდ სოლიდურ რაოდენობას მოეყარა თავი. ელეგანტურ კაბებში ჩაცმული ქალბატონები და მათი თანმხლები, საკმაოდ ძვირადღირებულ პიჯაკებში გამოწყობილი მამაკაცები, Imagine-თვის ძალზედ ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მიყვარდა აქაური გარემო, ყველაზე ძალიან კი ის, რომ ჩვენს რესტორანში არ მოქმედებდა საყოველთაოდ აღიარებული კლიშე  –“კლიენტი ყოველთვის მართალია”. თუკი ის შეუსაბამოდ იქცეოდა და მომსახურე პერსონალს უპატივცემულოდ ეპყრობოდა, უფროსობიდან არავინ ცდილობდა მის დამშვიდებას, ან კეთილგანწყობის მოპოვებას. დაცვის სამსახურს ურჩი სტუმარი შენობიდან დაუყოვნებლივ გაჰყავდა. ნოლანებს პირველ რიგში სწორედ ამიტომ ვაფასებდი. ისინი უპირველესად, თავიანთი დაქირავებული თანამშრომლების უფლებებს იცავდნენ და მათ უქმნიდნენ კომფორტს, რომ მერე უკვე მათ კლიენტებისთვის შეექმნათ კომფორტი.
ბარს რომ მივუახლოვდით, რამდენიმე ნაბიჯში მიმტანმა ლანამ ჩაგვიარა და ორივეს თვალებით მოგვესალმა. რაც შეეხება ახალ ბარისტას, იგი წვენების ჩამოსასხმელ აპარატთან იდგა და ღილაკებს აკვირდებოდა.
ბართან პირველი ლოლა ჩამოჯდა და ფორთოხლის ფრეში შუკვეთა. არაფრის დალევის სურვილი არ მქონდა, მაგრამ ლოლას თხოვნა გამახსენდა, “არ ვაფიქრებინოთ, რომ მის გასაცნობად ვართ მოსულებიო”, ამიტომ არჩევანი ლიმონიან წყალზე შევაჩერე, პიტნითა და ყინულით.
– შენ ალბათ ახალი თანამშრომელი ხარ, არა? - პირველად ლოლამ გამოიჩინა გაცნობის ინიციატივა.
– ახალი თანამშრომელი მხოლოდ პირველ დღეს შეიძლება იყო. – ზუსტად ისეთი ხასიათის შტრიხები შევნიშნე ამ გოგოს ხმაში, როგორზეც კალე მესაუბრებოდა და ამაზე ჩემთვის ჩამეღიმა.
– კარგი, ასე იყოს, – დათმობაზე წავიდა ლოლაც. – მე ამ რესტორნის ბუღალტერი ვარ, ლოლიტა, ეს კი მარიტაა, ჩვენი პიანისტი და როგორც ხანდახან ვეძახი როიალის პრინცესა.
სანამ თავის წარდგენით ვიყავით დაკავებულები, ახალმა ბარისტამ ჩვენი შეკვეთაც დაგვიდო წინ და მხოლოდ ამის მერე შეგვათვალიერა საფუძვლიანად.
– მე სამირა ვარ, – თქვა თუ არა, მზერა მაშინვე ჩემკენ მომართა. – როიალის პრინცესა რომ ახლა უსაქმოდაა, ამაზე მონარქი ნოლანები რას ამბობენ?
– ნუ ღელავ, სამუშაო საათები ხუთზე მეწყება. – ხარბად მოვსვი ჩემი ლიმონიანი წყალი. ამ დროს, ვიგრძენი, თუ როგორ გამკრა მხარი ჩემს გვერდით მდჯომმა ლოლამ და ინსტიქტურად გავიხედე მისკენ.
– შენ და მიშოს ერთნაირი გემოვნება გაქვთ, თუ რა ხდება? – ღიმილითა და ეჭვით დაწვრილებული თვალებით მიყურებდა იგი. მივხვდი, ჩემს შეკვეთილ სასმელს რომ გულისხმობდა.
– არა, უბრალოდ მომინდა გამესინჯა, რა მოხდა? – პასუხი აღარ გაუცია, თუმცა იდუმალი ღიმილი სახიდან მაინც არ მოშორებია.
– შენზე მოგვიყევი, სამირა, – ამჯერად ბარისტასკენ მიმართა მთელი თავისი ყურადღება. გოგონას საკმაოდ უცხო გარეგნობა ჰქონდა. კარედ შეჭრილი ჩალისფერი თმა, სანახევროდ ზემოთ რომ აეწია, ძალიან უხდებოდა მის ოვალურ სახეს, ხოლო მუქი, მკაცრი შესახედაობის თვალები და ცივი გამოხედვა, მართლაც ამსგავსებდა უენსდეის, როგორც ეს კალემ აღნიშნა.
– კონკრეტულად რა გაინტერესებთ, – ბარის დახლს მკლავებით ჩამოყრდნობოდა. –ჩემს თავზე საუბარი დიდად არ მიყვარს, მაგრამ თუ დროის გაყვანას ცდილობთ, შემიძლია ანეკდოტები მოგიყვეთ.
– ანეკდოტები? – თითქმის ერთდროულად ვიკითხეთ მე და ლოლამ.
– ჰო, რა იყო? ოღონდ წინასწარ გაფრთხილებთ, შავი იუმორი მომწონს, ამ მიმდინარეობას კი ბევრი უფრთხის.
– მაინც სცადე, – შევაგულიანე. ლოლას მზერაში ჩანდა, აინტერესებდა, რა იმალებოდა სიტყვა “შავის” უკან.
სამირა ერთხანს მდუმარე სფინქსს დაემსგავსა, თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრდაო. შემდეგ თავისთვის წყალი დაისხა, შიგნით სამი ცალი ყინულის კუბი ჩააგდო და ჭიქას თითები შემოხვია.
– მოკლედ, ერთხელ ჩემს აიფონს ვკითხე,  „, რატომ ვარ ისევ მარტოხელა?“ მან კი წინა კამერა გაააქტიურა.
– ჰმმ, ანუ ესაა შავი იუმორი... ვაღიარებ, ძალიან ბოროტული ანეკდოტი იყო.
– ნამდვილად, – დავეთანხმე ლოლას. – თუმცა მაინც სასაცილო.
– მიდი, კიდევ მოყევი რამე.
– კი ბატონო. – ამჯერადაც ჩაფიქრებული სახე მიიღო, თუმცა დიდხანს არ უფიქრია. –ესე იგი, არის შავი, ხრაშუნა და ცდილობს შუშაზე დააკაუნოს, რა არის?
ხმა არც მე ამომიღია და არც ლოლას. ჩვენი მზერებიდან ისიც მიხვდა, რომ ვერსია არ გაგვაჩნდა, ამიტომ, თავის დასმულ შეკითხვას, თვითონვე უპასუხა:
– პასუხია, ჩვილი ბავშვი მიკროტალღურ ღუმელში.
– მორჩა, მორჩა, მოდი დღეისთვის ეს ვიკმაროთ, – მოსმენილისგან ტანზე ეკლებმა დამაყარა.
– გულჩვილი ადამიანები ასეთ რამებს დიდხანს ვერ ისმენენ, მესმის. – ლოლამ წარბები მაღლა აზიდა. უკმაყოფილი იყო იმით, როგორც მოიხსენიეს.
– საერთოდ არ ვარ გულჩვილი, – ამაყად განაცხადა მან. – ახლა მარიტამ გაგაჩერა, მაგრამ მარტონი რომ დავრჩებით, თუ გინდა, მილიონი ასეთი ამბავი მომიყევი.
– აჰა, ანუ რეაქცია არ გექნება? – აშკარა ეჭვი გამოკრთოდა სამირას ხმიდან.
– რა თქმა უნდა არ მექნება!
– გეყოფა თავის მოკატუნება, – გამომწვევი გახდა ბარისტას მზერა. – ზღაპრების მანამ მჯეროდა, სანამ გავიგებდი, რომ სანტა ერთი დიდი ტყუილია.
ლოლას სახეს შევხედე. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთი საუბარი გააბრაზებდა, თუმცა მის გამომეტყველებაზე აღფრთოვანება უფრო ამოვიკითხე. რაც შემეხება მე, ზუსტად არ შემეძლო იმის თქმა ეს ადამიანი მომწონდა თუ არა, მაგრამ ერთი რამ ნათელი იყო, სამირას გააჩნდა რაღაც ისეთი, რითაც სხვებისგან გამოირჩეოდა.
– კარგი სამირა, სასიამოვნო იყო შენი იუმორისტული ლექცია. ახლა საქმეს უნდა დავუბრუნდე -თქვა თუ არა, მაშინვე მე გადმომხედა ლოლამ. – მიშომ მომწერა ამ წამს. აინტერესებს, მის ზარებს რატომ არ პასუხობ და თავის კაბინეტში გიბარებს, თანაც სასწრაფოდ.
ჯიბეში ხელი გაუაზრებლად ჩავიყავი. მაშინღა გამახსენდა, რომ მობილური უხმო რეჟიმზე მქონდა გადაყვანილი. ორი გამოტოვებული ზარი იყო შემოსული მეფარიშვილისგან.
– არ უთქვამს, რა უნდა? – სწრაფად დავლიე ჭიქაში ჩარჩენილი სასმელი. სამირამაც ჩემს მსგავსად, ერთი ამოსუნთქვით გამოცალა თავისი წყალი და მეორე ჭიქაც დაისხა, იგივე რაოდენობის ყინულით.
– არა, არ უთქვამს, მაგრამ თუკი შენს მოკვლას გადაწყვეტს, SOS-შეტყობინება გამომიგზავნე და მაშინვე გიშველი.
– მან საიდან იცოდა, რომ ერთად ვიქნებოდით?
– ალბათ დაინახა, როგორ შემოდიოდი ჩემს კაბინეტში, – მხრები აიჩეჩა, მერე კი თავმომწონედ ასწია ცხვირი. – პრინციპში, სხვასთან ვისთან უნდა შესულიყავი? საუკეთესო ვარ მათ შორის, ვისთანაც კი ამ რესტორანში ურთიერთობა შეიძლება.
– საუკეთესო მაშინ იქნებოდი, თავს რომ არ იქებდე.
– ახლაც ვარ, – თვალი ჩამიკრა, თან ხმა ისე დაადაბლა, რომ მისი სიტყვები მხოლოდ მე გამეგონა და სასმელების თაროსკენ მიტრიალებულ ბარისტას არ გაეგონა. – ისე, მგონი, მესამე მუშკეტერის დამატება არ გვაწყენდა, შენ რას იტყვი?
– მესამე მუშკეტერის?
– ჰო, რატომ გაგიკვირდა? სამი უფრო დიდ ძალას ფლობს, ვიდრე ორი. – თქვა და თვალებით საქმით გართულ სამირაზე მანიშნა.
ლოლას ამ იდეამ ტუჩებზე ღიმილი მომგვარა. მართალია ადამიანებთან დამეგობრება ისე სწრაფად არ გამომდიოდა, როგორც მას და არც ხშირად ვიყავი ვინმე ახალთან ურთიერთობის აწყობის მსურველი, თუმცა სამირას შემთხვევაში, ვიგრძენი, რომ უფრო ახლოს გაცნობის სურვილი თავადაც მქონდა.
– არც მიკვირს, რომ მოგეწონა, – შეუმჩნევლად გადავუჩურჩულე ლოლას, თან წასასვლელად მოვემზადე. – გიჟია, ოღონდ შენთან განსხვავებული მოდელი.
– მგონი ბატონ დირექტორთან გეჩქარებოდა
– მივდივარ, მივდივარ. – გამეცინა მეგობრის დაბღვერილი სახის შემხედვარეს. სამირას დავემშვიდობე და მეფარიშვილის კაბინეტისკენ წავედი. რამდენიმე წამით ზღურბლთან შევყოვნდი. მერე ღრმად ჩავისუნთქე, მუშტად შეკრული მარჯვენა ხელი ზემოთ ავწიე და ხის კარზე რამდენჯერმე მიყოლებით დავაკაკუნე.
– შემოდი, – მომესმა შიგნიდან. ტონზე შევატყვე, იცოდა, ვინც ვიყავი და მელოდებოდა კიდეც. კარის ოქროსფერი სახელური ძირს დავწიე და შიგნით თამამად შევაბიჯე. მიშო კაბინეტის მარჯვენა კუთხეში, დივანთან იდგა, წელს ზემოთ შიშველი, ხელში შავი ფერის მაისური ეჭირა და როგორც შევატყვე, მის ჩასაცმელად ემზადებოდა.
– ეს რა, დახვედრის ახალი ფორმაა? – მის სხეულს ალმაცერად შევავლე მზერა. მიშომ ზედატანი სწრაფად გადაიცვა და დივნის კუთხეში მიგდებულ პერანგზე მანიშნა.
– მასზე წვენი გადამესხა და გამოვიცვალე. რამე საწინააღმდეგო გაქვს?
– მაქვს! – ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი. – შემოსვლის ნებართვა მაშინ უნდა მოგეცა, როდესაც ჩაცმას დაასრულებდი.
– ხომ იცი, შენთან დასამალი არაფერი მაქვს? – დემონური ღიმილი აირეკლა მის თვალებში. – შემდეგ ჯერზე თავად აარჩიე, რით გირჩევნია დაგხვდე, გულებიანი ტრუსებით, თუ ტყავის მათრახით ხელში?
– მგონი მხოლოდ შენ შეგიძლია, ერთი წუთის განმავლობაში ამდენი სისულელე თქვა.
– კარგი, შენი ყუთი აიღე და სამუშაოს დაუბრუნდი, – მოულოდნელად საუბრის თემა შეცვალა და კარის მარცხენა მხარეს, კედელთან მიწყობილ ფერად-ფერად ყუთებზე მანიშნა.
– ეს რა არის? – დავინტერესდი. მეფარიშვილი დივანზე ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
– ერქოლემ და ტეომ გადაწყვიტეს, კორპორატიული საღამო კოსტიუმირებული იყოს და რესტორნის თანამშრომლებისთვის თავად შეარჩიეს სამოსი. მოძებნე, რომელსაც შენი სახელი ეწერება და წაიღე.
– და თუკი მათი შერჩეული ლუქი არ მოგვეწონება?
– ნოლანებს ძალიან კარგი სანაცნობო ჰყავთ და თითოეული ეს კოსტიუმი, უფასოდ აქვთ ნაქირავები, ასე რომ, ვისაც რამე არ მოეწონება, შეუძლია უკან დააბრუნოს და საკუთარი ხარჯებით შეიძინოს, რაც სურს.
– გასაგებია, – დავუქნიე თუ არა თავი, ჩემი სახელის ძებნა დავიწყე. პოვნა არ გამჭირვებია. შეფუთვა, რომელსაც “მარიტა” ეწერა, რიგით მეორე იდო ერთმანეთზე დაწყობილ ყუთებს შორის. მართალია, ძალიან მაინტერესებდა, თუ რა აარჩიეს ჩემთვის რესტორნის მფლობელებმა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, კოსტიუმი შინ მისვლამდე არ მენახა.
– თუ სულ ეს იყო, მე წავალ, – მიშოს მივუტრიალდი. კვლავ იმავე პოზიციაში მჯდომი მადევნებდა თვალყურს. დივნის წინ მდგომ, პატარა მაგიდაზე ნაცნობი რაღაც მომხვდა თვალში. კარგად რომ დავაკვირდი, პატარა აბებით სავსე შუშა შვნიშნე, რომელსაც ლათინური ასოებით ეწერა „Somnolent“. მაშინვე გამახსენდა ეს პრეპარატი. იგი ფრანგული წარმოების, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერმოქმედი საძილე საშუალება იყო, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში იღებდა მამა, 2008 წლის აგვისტოს ომიდან დაბრუნების შემდეგ, ინსომნიის სამკურნალოდ.
– მგონი წასვლას აპირებდი, – მეფარიშვილის ხმამ გამომაფხიზლა. შეემჩნია ჩემი ცნობისმოყვარეობა და ახლა ორმაგი ინტერესით მათვალიერებდა. – ასე რას მიშტერებიხარ?
– არაფერია, რაღაც გამახსენდა. – მიშომ უკმაყოფილოდ ამოიოხრა, მაგიდაზე შემოდებული შუშა აიღო და შარვლის ჯიბეში ჩაიდო.
– შეგიძლია წახვიდე და საქმეს მიხედო. წარმატებული დღე!
– შენც ასევე, – შევატყვე უკმაყოფილო იყო იმით, რაც დავინახე, თუმცა ამაზე ყურადღება არ გამიმახვილებია.
– მარიტა! – გასასვლელად მომზადებული, მისმა ხმამ შემაფერხა. თავი უკან მოვატრიალე. მიშო ამჯერად დივნიდან წამომდგარიყო და მის საზურგეს ხელის გულებით ებჯინებოდა.
– გისმენ.
– ჩემი მანქანა დღეს მოიყვანეს პროფილაქტიკიდან.
– მერე? თანხა მე უნდა გადავიხადო?
– არა, არ უნდა გადაიხადო, – გაეცინა. – მაგრამ აღარც სულელური ყვავილები და ცისარტყელები უნდა მიახატო, თუკი არ გინდა შენ წინააღმდეგ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით აღიძრას საქმე.
– აჰა, ანუ აპირებ მიჩივლო? – ღიმილი ვერც თავად შევიკავე.
მეფარიშვილი დივნის საზურგეს მოშორდა და ჩემთან მოვიდა. მისი ქარვისფერი თვალების სიღრმეში, გარკვევით ვხედავდი საკუთარ ანარეკლს.
– ჰო, შეიძლება, მაგრამ ნუ ღელავ, ერთი გამოშტერებული, მდიდარი თაყვანისმცემელი უკვე გყავს, ვინც გირაოს დაუფიქრებლად გადაიხდის და ციხეში არ დაგტოვებს.
– რა იდიოტი ხარ, მეფარიშვილო, – მობეზრებულად გადავატრიალე თვალები მის ამ კომენტარზე და კარი ისე გამოვიხურე, პასუხს არ დავლოდებივარ.
საღამომ ძალზედ ჩვეულებრივად ჩაიარა. არც ჩემს სიმშვიდეს დამუქრებია საფრთხე, რადგან ლეო არსად გამოჩენილა. ლოლა ჩემთან აპირებდა დარჩენას, რომ გოგონების საღამო მოგვეწყო და ნეთფლიქსის რომელიმე მაღალრეიტინგული სერიალის ყურებაში გაგვეყვანა დრო.
სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, წესი – “მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები”, დავარღვიე და კალესაც შევთავაზე ჩვენთან ერთად წამოსვლა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, მას სხვა გეგმები ჰქონდა და უარის თქმა მოუწია. გუნდში მხოლოდ მე და ლოლა დავრჩით, მარკეტში უამრავი სხვადასხვა სახეობის “სნექი” შევიძინეთ.
– ჰორორის ჟანრში მოვძებნოთ რამე, კარგი? – ტელევიზორის წინ, იისფერ ფუმფულა ხალიჩაზე, ბალიშებს მოხერხებულად აწყობდა ლოლა და ჩემს პიჟამაში გამოწყობილი, ალაგ-ალაგ ინსტაგრამის ფილტრებით იღებდა ფოტოებს.
– სტუმარი შენ ხარ და ანგარიშს გიწევ.
– მოდი, კიდევ ერთხელ გამიწიე ანგარიში და მითხარი, რა კოსტიუმი შეგირჩიეს ნოლანებმა? – ცნობისმოყვარეობით ანთებული, მუქი ფერის თვალები შემომანათა მან. მართალია, საკუთარ თავთან პირობა მქონდა დადებული, რომ ყუთს სახლში მისვლამდე არ გავხსნიდი, თუმცა სამუშაო დღის დასასრულს, მაინც ვერ მოვითმინე და შიგნით ჩაჭყიტვის სურვილს დავმორჩილდი.
– ფერია ტინკერ-ბელის. იმდენად მომეწონა, არა მგონია შევცვალო.
– აი, მე კი შევცვლი, – დარწმუნებით განაცხადა ლოლამ. – მინდა კორპორატიულზე ჰარლი ქუინი ვიყო და არა, სულელი პრინცესა ჟასმინი.
– ვიცოდი, რომ რაღაც ასეთ თამამსა და გიჟურს აირჩევდი!
– რა ვქვნა, მომწონს, როდესაც ჩემზე ნერწყვებს ყლაპავენ, მაგრამ ვერ მეხებიან. –ჩიფსის შეფუთვიდან ერთი ცალი ამოაძრო და ხმამაღლა ჩაახრაშუნა. – ვისთან ერთად მიდიხარ უკვე გადაწყვიტე?
– არ ვიცი. ალბათ მარტო, ან კალეს ვთხოვ.
– რა კალეს? ეგ მგონი ასექსუალია, თან შენი ნათესავი. ვინმე ისეთი აარჩიე, ვისაც უნდიხარ, იქნებ მერე მაინც გამოკრა რამეს ხელი.
– რას უნდა გამოვკრა?
– რას და რაც არასდროს გღირსებია, იმას, – თმაზე ხელი ყალბი სიბრალულით გადამისვა ლოლამ, თუმცა როდესაც თავისი სიტყვების საპასუხოდ ჩემგან ჩქმეტა მიიღო, მხიარული გამომეტყველება მაშინვე შეუცვალა შეწუხებულმა. – რას აკეთებ, მეტკინა!
– ყველანაირ სისულელეს თუ არ წამოისვრი, რაც ენაზე მოგადგება, აღარაფერი გეტკინება.
ლოლამ დაბღვერილი სახით შემომხედა. ზურგი მაქცია, პულტს დასწვდა და ტელევიზორს მიუტრიალდა. ზუსტად ამ დროს, ის მოხდა, რასაც არც ერთი ჩვენგანი არ ელოდა. უეცრად, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, ტელევიზორის ეკრანი ჩაბნელდა და წყვდიადში დარჩენილმა მე და ლოლამ, ინსტიქტურად ჩავკიდეთ ხელები ერთმანეთს.
– ეს რაღა ჯანდაბაა?
– როგორც ჩანს, შუქი გამოირთო. – ვუპასუხე ნერვებმოშლილმა, თან ღრმად ამოვიოხრე. – მგონი ფილმების საღამო უნდა დავივიწყოთ.
– დიდი ხნით ითიშება ხოლმე? – არანაკლებ შეწუხებული ჩანდა ლოლა.
– რაც აქ ვცხოვრობ, ეს მხოლოდ ორჯერ მოხდა და მაშინაც იმიტომ, რომ სერიოზული ავარია იყო.
– ჰოდა, მაშინ ოფიციალურად ვაცხადებ, რომ დღევანდელი გეგმები გაუქმებულია.
მართალია, შექმნილმა სიტუაციამ ფილმების ნახვის საშუალება მოგვისპო, თუმცა ერთი იდეა მაინც დამებადა. ჩემს ოთახში ყველა სანთელი დავანთე, რაც კი მომეპოვებოდა, ისინი იატაკზე დავაწყვე და ჩვენთვის პიცაც შევუკვეთე. შემდეგ, ბალიშებთან ერთად პლედებიც მოვიმარაგე, თან პლასტმასის მრგვალ კონტეინერებში გადანაწილებული სასუსნავები შემოვიწყვე ირგვლივ.
ასეთმა გარემომ 90-იანი წლები გამახსენა, როდესაც ელექტროენერგია ხშირად ითიშებოდა ხოლმე, მე და მამა კი, ოთახში ანთებული სანთლების ფონზე, ხელებით ჭერზე სხვადასხვა ჩრდილებს ვაკეთებდით და თავს ასე ვირთობდით ხოლმე.
– ისე, ყველაფრისდა მიუხედავად, მაინც სასიამოვნო საღამოა, – აღნიშნა ორცხობილით პირგამოტენილმა ლოლამ. – პიჟამა-ფართის ჰგავს, ოღონდ ქვის ხანის დროინდელს, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გარეშე.
– რაღაც მხრივ, ეგ კარგიცაა, საუბარს უფრო მეტ დროს დავუთმობთ. – ლოლამ ფუმფულა ხალიჩაზე დაგდებული ბალიში გაასწორა, მასზე თავი თვალებდახუჭულმა მიდო და პლედში კომბოსტოსავით გაეხვია.
– მოდი, დღეს ამ ხალიჩაზე დავიძინოთ, კარგი?
– ეგრეც ვაპირებდი. – თავადაც გვერდით მივუწექი, თან ცაზე მიბნეულ, ნამგალა მთვარეს შევხედე, ვერცხლისფრად რომ კაშკაშებდა ვარსკვლავებს შორის. საოცრად მსიამოვნებდა იმ მომენტში შექმნილი ატმოსფერო. სანთლების შუქით განათებულ საძინებელს, თითქოს უფრო თბილი ფერები შეეძინა, ვიდრე ჩვეულებრივ, ეს ყველაფერი კი სასიამოვნოდ მადუნებდა და სულიერად მამშვიდებდა.
– მარიტა, რაღაცას გკითხავ და გულწრფელად მიპასუხე, კარგი? – გამომცდელად მიყურებდნენ ლოლას თვალები. თითქოს ცდილობდნენ სიმართლე არავითარ შემთხვევაში არ გამოჰპარვოდათ.
– მიდი, მკითხე.
– ოღონდ გულწრფელად.
– გავიგე, ლოლიტა, – გამეცინა ნახევრად თვალებდახუჭულს. – ახლა გისმენ.
– მაინტერესებს, ის ლეო მართლა არ მოგწონს, თუ ტესტავ კიდევ რამდენ ხანს არ მობეზრდება შენი კუდში დევნა?
მისმა შეკითხვამ, ცოტა არ იყოს გამაკვირვა, თუმცა ამავდროულად გამამხიარულა კიდეც.
– არა, არაფერს ვტესტავ. – ამჯერად თვალები ბოლომდე გავახილე და ისე მივუგე. – არ ვიცი რატომ, მაგრამ ეგ ადამიანი, სამოცი პროცენტით, ნეგატიურ შეგრძნებებს იწვევს ჩემში.
– მაგრამ მიმზიდველია...
– მიმზიდველი ბევრი ვინმეა, ლოლიტა!
– ლამაზ სხეულში ყოველთვის ლამაზი სული არაა ხომ?
– სხვათა შორის, ერთმა რამემ გამაკვირვა, – იდაყვზე დაყრდნობილმა, მარჯვენა ლოყა ხელის გულს დავაბჯინე. – მაშინ, როდესაც ლეო ჩემთან იყო მოსული, ყველა ნივთს ისე უჩვეულოდ სწრაფად აგნებდა, რაც კი სამზარეულოში მქონდა, თითქოს აქამდეც ბევრჯერ ყოფილიყო ნამყოფი.
– ჰოო? – ვერ მივხვდი ეჭვი მართლა გაკრთა მის ხმაში, თუ უბრალოდ მომეჩვენა. –ნამდვილად უცნაურია.
– ვერც მე ვუძებნი ახსნას.
– მისი ნაჩუქარი რამე ნივთი თუ გაქვს ბინაში? – მკითხა მან გამოცდილი დეტექტივისთვის დამახასიათებელი, უნდობლობით სავსე მზერით, თუმცა ვერ მივხვდი, რა შუაში იყო ეს ჩვენს სასაუბრო თემასთან.
– მაგას რატომ მეკითხები?
– უბრალოდ მიპასუხე!
– კარგი, მაშინ ის თუთიყუში ჩემს მისაღებში და გალიაც, ლეოს ნაჩუქარია.
– და გალიისთვისაც ისეთი ადგილი გაქვს მიჩენილი, საიდანაც სამზარეულო კარგად ჩანს, არა? – ეჭვის უფრო და უფრო დიდი დოზა ჩანდა მის თითოეულ სიტყვაში.
– ჰო, ასეა, მაგრამ... ვერ მივხვდი საითკენ უმიზნებ? – ლოლას აღარაფერი უთქვამს. ტელეფონის ფანარი აანთო, პლედი გადაიძრო, ფეხზე სწრაფად წამოდგა და ზემოდან დამაშტერდა.
– ადექი და გამომყევი!
–მეტყვი რა ხდება?
– რაღაც უნდა გადავამოწმო, – ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა, როგორც არასდროს, მთელი ჩვენი ნაცნობობის მანძილზე. ზედმეტი კითხვები აღარც მე დამისვამს. როცა გავიაზრე, რაღაც მართლა ვერ იყო რიგზე, წამოვდექი და კარისკენ წასულ ლოლას უკან გავყევი.
პატარა დერეფნის გავლისა და მისაღებში აღმოჩენის შემდეგ, ჩვენი მსვლელობა თუთუყუშის გალიასთან შეწყდა. ლოლამ ტელეფონი ზემოთ ასწია და ფანრის შუქით გალიის თვალიერებას მოჰყვა. თუთიყუშს მოუსვენრობა დაეტყო.
– აღარ მეტყვი, მანდ რა გამოძიებას ატარებ, შერლოკ?
– ერთი წუთით დამაცადე უოტსონ!
– ერთი წუთი ძალიან ბევრია
– მოთმინება შენი ძლიერი მხარე არაა, მაგრამ უნდა შეეცადო.
– ამოღერღე, რაა!
– ამის დედაც! – სიცილნარევი ბრაზით ამოთქვა ლოლამ. ჩემკენ მოტრიალდა და თითებში მოქცეული, ზუსტად გალიის შეფერილობის პატარა ნივთი დამანახა.
– ეს... ეს რა არის? რა ხდება?
– ის ხდება, რომ ეგ , გალიის კარზე მიმაგრებული სათვალთვალო კამერით გაკვირდებოდა, მარიტა.




***
შიში, სიბნელის იქნებოდა ეს, პატარა მწერის, ადამიანის თუ რამე სხვისი, მას შემდეგ მექცა ცხოვრების ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად, რაც სრულწლოვნების ასაკს მივაღწიე. აქედან მოყოლებული, ყოველთვის დიდი იყო ჩემი მცდელობა დამეძლია, დამეთრგუნა ან ნაკლებად განმეცადა ეს უსიამოვნო გრძნობა.
შიშს ორ კატეგორიად ვყოფდი – სასარგებლო და უსარგებლო. თუკი მშიერი ლომის წინ, ადამიანი სრულიად უიარაღოდ იდგა, მაშინ მის მიერ განცდილი შიში სასარგებლოდ მიმაჩნდა. იგი მას აიძულებდა ემოქმედა და მოსალოდნელი უბედურების პრევენციის მიზნით გაქცეულიყო. არსებობდა ამ გრძნობის უარყოფითი მხარეც, რის შემთხვევაშიც, კონკრეტული პიროვნება იმდენად იყო აფორიაქებული, სხვა ადამიანის ზურგს უკან იმალებოდა მაშინ, როდესაც კარგად დაფიქრების შემთხვევაში, თავის გადასარჩენი გეგმის შედგენას თვითონაც მოახერხებდა. სწორედ ეს გახლდათ უსარგებლო შიშიც.
ჩემს ცხოვრებაში პირველი, სერიოზული ფობია მაშინ გაჩნდა, როდესაც გავაანალიზე, რომ საკუთარი მამინაცვალი ისე მიყურებდა, როგორც ქალს, ხოლო მეორე, უკვე ლეოსთან ასოცირდებოდა. ეს ადამიანი მთელ ჩემს შინაგან სამყაროს ტვირთავდა ნეგატიური ენერგიით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ბინაში სათვალთალო კამერის დამონტაჟებაზეც კი არ დაიხია უკან.
დილის ათი საათი სრულდებოდა. საშხაპე კაბინიდან გამოსული, ნიჟარასთან, მოშვებული ონკანის წინ ვიდექი და დიდ სარკეში, საკუთარ შიშველ გამოსახულებას ვაკვირდებოდი. ნარცისიზმით ოდნავადაც არ ვიყავი დაავადებული, თუმცა ზოგჯერ მაინც მიყვარდა ჩემს სხეულზე ხანგრძლივი დაკვირვება. მომწონდა მისი თითოეული მილიმეტრი, განსაკუთრებით კი ზომიერად ამობურცული ლავიწის ძვლები, რომელსაც მუდამ ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ნაწილად ვთვლიდი ქალის სხეულში.
ხშირად ნამდვილად არა, მაგრამ ხანდახან მაინც მეფიქრებოდა იმაზე, როგორი ცხოვრება მექნებოდა, თუკი მეყოლებოდა ვინმე ისეთი, ვინც ერთ დღეს იმ ყველაფერს შეეხებოდა, რასაც ახლა ჩემ წინ დაკიდებული, დიდი სარკე ირეკლავდა. იმის წარმოდგენაზეც კი, რომ ეს შეიძლებოდა ლეო ყოფილიყო, გულისრევის შეგრძნება მიჩნდებოდა და ყველაფერი მძულდებოდა.
საკიდზე ერთმანეთის მიყოლებით სამი პირსახოცი ეკიდა. როგორც კი ონკანში მოშვებული წყალი მოვკეტე, ამ სამიდან ის ამოვარჩიე, რომელსაც შხაპის მიღების შემდეგ ვიყენებდი ხოლმე და იგი, ნახევრად სველ ტანზე მჭიდროდ შემოვიხვიე.
– შენ ამას შეძლებ, მარიტა! – კრიალა სარკეში არეკლილ გამოსახულებას გამამხნევებლად გავუღიმე. უკვე დეტალურად მქონდა მოფიქრებული, რაც უნდა გამეკეთებინა და გეგმა “ბ”-ც შედგენილი მქონდა, თუკი ყველაფერი ისე არ წავიდოდა, როგორც ვგეგმავდი.
აბაზანიდან სველი თმის მშრალებით გამოვედი. საწოლზე, წინასწარ მომზადებული იისფერი სარაფანი მელოდა, თუმცა სანამ მის ჩაცმას მოვასწრებდი, ტუმბოზე შემოდებულმა მობილურმა, ზუზუნით მამცნო ახალი შეტყობინების მოსვლა. წინათგრძნობა გამიმართლდა, SMS-ის ავტორი ნამდვილა ლოლა იყო.
„დარწმუნებული ხარ, რომ ამის მარტო გაკეთება უსაფრთხოა?“ – მწერდა ის.
გამეღიმა. რაც ჩემი ჩანაფიქრის შესახებ გავანდე, მაშ შემდეგ მოსვენება ჰქონდა დაკარგული და ვერც კი ვითვლიდი, გუშინწინდელიდან მოყოლებული, ამ კითხვას უკვე მერამდენედ მისვამდა.
„უსაფრთხო არც მარკეტში ჩასვლაა, ლოლიტა. შეიძლება ტერორისტების ჯგუფი შემოვარდეს და მძევლად ამიყვანონ.“ – მივწერე პასუხად. არ გასულა ერთი წუთი, რომ მორიგი შეტყობინება მომივიდა, იმავე ავტორისგან.
„ნეთფლიქსის სერიალებს ნუ მიყვები, რაა. მშვენივრად იცი რამხელა რიკსზეც მიდიხარ! ჩემთვის უნდა დაგეჯერებინა, როცა გითხარი, მაგ საქმის მოსაგვარებლად, მამაჩემის პოლიციელ მეგობრებს გავრევ-მეთქი.“
ლოლას მონაწერი რომ ჩავიკითხე, მივხვდი, რომ მიმოწერის გაგრძელება უკვე ძალიან მეზარებოდა, ამიტომ მას ვიდეო-ზარით გადავურეკე და როგორც კი ყურმილი აიღო, საუბარი მაშინვე გავუგრძელე.
– ჩვენ ხომ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ? პოლიციის საქმეში გარევა არაფერს შეცვლის, რადგან არანაირი მტკიცებულება არ გამაჩნია იმის, რომ ეგ კამერა ნამდვილად ლეოს დაყენებულია.
– არ ვიცი, მარიტა, არ ვიცი. – აშკარად დაძაბული, ანერვიულებული ხმა ჰქონდა მას. – ერთია მამაკაცმა კუდში გდიოს და მეორე კი, პირად სივრცეში უკანონოდ გითვალთვალოს. ასეთი ტიპებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, შენ კი მის სახლში დაპატიჟებას აპირებ, სამხილების მოსაპოვებლად. მასთან მარტო დარჩენის მართლა არ გეშინია?
– ნუ ღელავ, არა მგონია დღისით და მზისით ჩემზე ძალადობა სცადოს. მეზობლების სახით, მოწმეები არავის აწყობს. – დასამშვიდებლად გავუღიმე. – თანაც საუბარს ისე წავიყვან, ამის გაკეთება თავადაც არ მოუვა აზრად, მენდე.
– მისი დაყენებული კამერა ჯერ კიდევ არ გამოგირთავს, არა? - დამშვიდების მცდელობის მიუხედავად, შიში კვლავ შეიმჩნეოდა ლოლას ხმასა და გამოხედვაში, თუმცა პროგრესი მაინც იყო, დასახულ გეგმაში ცვლილებების შეტანას უკვე აღარ ჩამაგონებდა.
– არა, არ გამომირთავს. ეგონოს კიდევ ცოტა ხნით, რომ არაფერი ვიცი. ჩემი პერსონალური სათვალთვალო კამერაც მზადაა ხმისა და გამოსახულების ჩასაწერად.
– ცეცხლს ეთამაშები, მარიტა.
– დაე, ასე იყოს. ჩემნაირ მშიშრებს, რისკზე წასვლა მატებს სიმამაცეს.
ლოლამ ღრმად ამოიხვნეშა, რჩევა აღარ მოუცია. დარწმუნებული იყო, მათ ერთ ყურში შევუშვებდი მეორედან კი გამოვუშვებდი. ვიდეო-ზარი დავასრულე და მოვწესრიგდი. სპეციალური პროგრამის დახმარებით გავარკვიე ნომერი, რომლიდანაც ლეო მირეკვდა და გადავურეკე.
მეორე ზარის გასვლისთანავე მიპასუხა. მის ხმაში გაოცება და თვითკმაყოფილება ერთდროულად შეიმჩნეოდა. ჩანდა, უკვე ფიქრობდა, რომ მორიგ სამიზნეს “მოატეხა რქები.”
– დილა მშვიდობისა, ლეო, როგორ ხარ? – ისეთი უდარდელი, თავისუფალი ტონი მქონდა, თითქოს ყოველ დღე ვკონტაქტობ დით ტელეფონით.
– მშვენივრად... დილა ცოტა უინტერესოდ დაიწყო, მაგრამ მგონი, საინტერესო გაგრძელება უჩანს...
– მაინტერესებდა, დღეისთვის რამე თუ გქონდა დაგეგმილი.
– განსაკუთრებული არაფერი. რატომ მეკითხები?
– მინდოდა, სახლში დამეპატიჟე, – მის საცდუნებლად, იდუმალი, ვნებით გაჯერებული ტონი ჩავაქსოვე სიტყვებში. – რაღაც თემაზე მაქვს სასაუბრო და ვიფიქრე, თუ დაკავებული არ არის, გამომივლის-მეთქი. – ყურმილში მხოლოდ მისი დაძაბული სუნთქვის ხმა მესმოდა. შემდეგ თავად ლეოც ალაპარაკდა:
– გამოვლით აუცილებლად გამოგივლი, მაგრამ ჯერ ის მითხარი, ჩემი ნომერი როგორ გაშიფრე?
– ქალები მუდამ მარტივად არკვევენ იმას, რაც რეალურად აინტერესებთ. – წინასწარ მომზადებული პასუხი გავეცი იმ კითხვას, რომელსაც დარწმუნებული ვიყავი დამისვამდა.
– საინტერესოა, – ჩაეცინა ლეოს. – როდი გამოგიარო?
– თუ ხელს არაფერი გიშლის, ახლავე დაიწყე მომზადება,– მაშინვე გავეცი პასუხი. დაყოვნება აღარ მსურდა. მინდოდა ეს საქმე რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო და მეც შვებით ამომესუნთქა.
– სისწრაფის მოყვარული დიდად არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი რამებისთვის გამონაკლისის დაშვება შემიძლია.
– ეგ შენებურად თანხმობას ნიშნავს?
– მგონი ასეა, მარიტა, – განსაკუთრებული ხმითა და ხაზგასმით წარმოთქვა ჩემი სახელი. შემდეგ ისიც დაამატა, მალე ვიქნებიო და სანამ რამის თქმას მოვასწრებდი, გათიშა. საკუთარი ცბიერი გეგმის ნაწილობრივმა შესრულებამ კმაყოფილების ღიმილი მომგვარა. მაშიებდა ის ფაქტი, რომ ლეოსთან სრულიად მარტო მომიწევდა დარჩენა. მშიშარა, დაუცველი მარიტა ჯერ კიდევ ჩემ შიგნით იმალებოდა, მის საპოვნელად და გასაქრობად კი რაღაც ისეთი საშუალება მჭირდებოდა, რაც ფსიქოლოგიურად მომადუნებდა. დაძაბულობის მოსახსნელად და გამბედაობის მოსაკრებად, ამჯერადაც რამდენიმე ყლუპი ვისკი მოვსვი. მერე საცობი უწინდებურად დავახურე და ჩამწვარი ყელისგან მოგვრილი უსიამოვნო შეგრძნებების გასაქრობად, შოკოლადის პატარა ნატეხი შევჭამე.
ლეოს მოლოდინში დროის გაყვანა პაზლების აწყობით გადავწყვიტე. მახსოვს, მე და მამა ხშირად ვაკეთებდით ხოლმე ამას, როდესაც შინ იყო და ჩემთან დროის გატარების ფუფუნება ჰქონდა. მის პროფესიასთან შეგუება პატარაობიდან მიჭირდა. მამა ძალოვან სტრუქტურებში მსახურობდა. უფროსი ლეიტენანტი იყო და ერთად იმდენ დროს ვერ ვატარებდით ხოლმე, რამდენის მოთხოვნილებაც ჩემს გულს ჰქონდა. არასდროს დამავიწყდებოდა ის მომენტი, როდესაც ცხრა წლის გოგონამ, რუსეთ-საქართველოს ომში გავაცილე. სადღაც წაკითხული მქონდა, რომ თუკი ვარსკვლავის ჩამოვარდნის დროს, ოთახში მარტო მყოფი, ხმამაღლა წარმოვთქვამდი ყველაზე სანუკვარ სურვილს, აუცილებლად ასრულდებოდა. ამის გამო, ყოველ ღამით, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას საათობით ვუყურებდი. მინდოდა, ერთადერთი სურვილი – მამის შინ მშვიდობით დაბრუნება ჩამეფიქრებინა. ასეთ დროს, რამდენჯერმე ჩამძინებია კიდეც ფანჯრის რაფასთან.
ჩემდა სამწუხაროდ, ვარსკვლავის მოწყვეტის მოწმე ერთხელაც არ გავმხდარვარ, თუმცა მამაჩემის საღ-სალამათად დაბრუნების ოცნება მაინც ამიხდა და კიდევ ათი უბედნიერესი წელი გავატარე მასთან ერთად.
ფიქრებში ჩაძირულმა, ვერც კი გავიაზრე ისე მოვრჩი პაზლის აწყობას, რომელმაც საბოლოოდ, პარიზის ტრიუმფალური თაღის სურათი შეკრა. პაზლი საფრანგეთში შევიძინე, ფრანგული შვებულების მოსაგონებლად.
საათს დავხედე. თორმეტის ნახევარი იყო. ლეოსთან საუბრის შემდეგ თითქმის ერთი საათი გასულიყო. მისაღებში ჩამოკიდებულ ვან-გოგის “ვარკვლავებიან ღამეს” გავხედე, რომელსაც ქვედა მარცხენა კუთხეში, პაწაწინა სათვალთვალო კამერა ჰქონდა მიმაგრებული. მოწყობილობა სურათის ფერებში მქონდა შერჩეული და შორი მანძილიდან, შეუიარაღებელი თვალით, ფაქტობრივად არც კი ჩანდა.
დივანზე ჩამოვჯექი და თავი საზურგეს ჩამოვადე. თვალდახუჭულმა ასიდან უკან დავიწყე თვლა. ზარის ხმამ გამომარკვია. კარს იქით ლეო იდგა. ღრმად ამოვისუნთქე და ღიმილიანი სახით გავაღე კარი.
ხელცარიელი არ მოსულა. მარცხენა ხელში შამპანურის ბოთლი ეჭირა, საკოლექციო მარკით.
– საჭირო არ იყო, სასმელი მეც მქონდა. – სწრაფად გავიწიე და შიგნით შევატარე. საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა,  გემოვნებიანადაც ეცვა და სასიამოვნო არომატის სუნამოც დაესხა.
– ვიცი, მაგრამ ეს შამპანური, ალკოჰოლურ სასმელებს შორის ჩემი ფავორიტია და მხოლოდ განსაკუთრებულ მომენტებში ვსვამ ხოლმე.
– მმმ, დახვეწილი გზაა იმის სათქმელად, რომ ეს მომენტიც განსაკუთრებულია
– სახლში როიალი თუ გაქვს? – ბოთლი გამომიწოდა და თან ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა. მისი ცნობისმოყვარე ტონიც და გამოხედვაც ერთნაირად მაკვირვებდა.
– რატომ მეკითხები?
– უბრალოდ შენი მოსმენა მომენატრა... ვიფიქრე, ცხოვრებაში პირველად, მხოლოდ ჩემთვის დაუკრავდი. – დღითიდღე უფრო და უფრო მაოცებდა ეს ადამიანი. იმ მომენტში იმდენად უდანაშაულო სახე ჰქონდა, ვერავინ დაიჯერებდა, რაც ჩაიდინა.
– სამწუხაროდ სახლში არანაირი მუსიკალური ინსტრუმენტი არ მაქვს. – ვიცრუე. არადა სინამდვილეში, როიალისთვის ცალკე ოთახიც კი მქონდა გამოყოფილი ზედა სართულზე, ჩემი საძინებლის გვერდით.
– ცუდია. სიამოვნებით მოვისმენდი რომელიმე კომპოზიციას.
– სიმართლე გითხრა, პერსონალურად ერთი ადამიანისთვის არასდროს დამიკრავს. გამონაკლისი მხოლოდ მამაჩემი იყო. – ვუთხარი თუ არა, მაშინვე მისაღებისკენ გავუძეხი. მისი დაჟინებული მზერა ზურგს ისე მიწვავდა, თითქოს კანიბალთა გუნდს, ძელზე ხელებით და ფეხებით მიბმული, პირდაპირ ცეცხლის ალის თავზე ვყავდი ჩამოკიდებული. ლეო დივანზე ჩამოჯდა და საზურგეს ისეთი გადაღლილი სახით მიაწვა, თითქოს ტვირთი მხრებიდან სწორედ ახლახანს მოიხსნაო.
– მამაშენი შენთან ერთად ცხოვრობს?
– ის გარდაცვლილია, ლეო. – რამდენიმე წამით მდუმარება ჩამოწვა. როგორც ჩანდა, ასეთ პასუხს არ ელოდა.
– ვწუხვარ, – თქვა ბოლოს.
– ახლა ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. – თვალები კამერით აღჭურვილი ნახატისკენ გავაპარე.
– მაშინ მითხარი, რაზე გინდა ვისაუბროთ, – ორაზროვანი იყო მისი ტონი. მზერა ისეთი თამამი ჰქონდა, ალბათ წარმოსახვაში უკვე სრულიად ვყავდი გაშიშვლებული.
– იმაზე, რაც შენ გააკეთე და გეგონა, ვერ მივხვდებოდი.
– რას გულისხმობ? – მიუხედავად იმისა, რომ ამის დამალვას შეეცადა, მაინც შევატყვე დაძაბულობა. ახლა უკვე მოქმედებაზე გადასვლის დრო იყო.
დივანზე, ლეოსთან უფრო ახლოს მივიწიე და ხელის გული, ნაზად ჩამოვატარე მის სახეს. შეცბა. ოდნავ გაუკვირდა კიდეც ჩემი ასეთი სწრაფი გააქტიურება, თუმცა ტუჩებზე მაინც გაუკრთა ძლივსშესამჩნევი კმაყოფილების ღიმილი.
– იცი, მამაკაცში ყველაზე მეტად რა მომწონს? – კიდევ უფრო ახლოს მივიწიე მასთან.
– მაინც რა?
– ის, რომ არ ნებდება და მიზნისთვის ბოლომდე იბრძვის, – ამჯერად თითის ბალიშებით ტუჩებზე შევეხე. იმდენად ოსტატურად შევდიოდი როლში, ლამის თავადაც კი ვიჯერებდი, რომ ეს ადამიანი მართლა იწვევდა ჩემში სიმპათიებს.
– კოცნა თუ გინდა, ეს დროულად გააკეთე, თორემ თავის შეკავება უკვე მიჭირს! მაგრამ მომეჩვენა, რომ მავედრებელი ტონი ჰქონდა. პასუხად, მაცდურად გავუღიმე და საჩვენებელი თითის მის ბაგეებზე მიდებით, ჩვენ შორის ბარიერი აღვმართე.
– არა, შენ არაფერს არ გააკეთებ... ჯერჯერობით.
– ანუ?
– ანუ ის, რომ ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ მანამდე, მინდა, ერთ რაღაცაში გამოტყდე. – ამჯერად მუხლზე დავადე ხელი და ნელ-ნელა ზემოთ ავასრიალე. ლეომ ინსტიქტურად დახუჭა თვალები და ღრმად ამოიოხრა.
– რაში უნდა გამოვტყდე? – ხმა ნირვანაში მყოფისას მიუგავდა.
– იმაში, რომ კამერაში ხშირად მითვალთვალებდი და ისიც იცი, როგორ დავდიოდი საცვლებით ჩემ მისაღებშკი. იცი, ამაზე ფიქრიც კი აღმაგზნებს!
– ეს საიდან მოიტანე? რა კამერა? რა თვალთვალი?
– გეყოფა, ლეო, – მისი პერანგის ქვეშ შევძვერი თითებით. – აღიარე, რომ ასეა. თუთიყუშის გალიას, კამერას სხვა ვერავინ მიამაგრებდა, თუ არა შენ.
– გეყოფა, ჩემი წამება!
– აღიარე!
– ეს მე არ გამიკეთებია. – კვლავ მეწინააღმდეგებოდა, თუმცა მისი ხმა ნელ-ნელა კარგავდა უწინდელ რიხსა და თავდაჯერებას. თანდათან მოუთმენლობა მიპყრობდა. მინდოდა, ეს საქმე რაც შეიძლებოდა მალე დამესრულებინა, ამიტომ გადავწყვიტე უფრო თამამი ნაბიჯებით მიმეღწია დასახული მიზნისთვის.
– შენ გააკეთე, ლეო! – იმდენად მივუახლოვდი მის სახეს, ამ ადამიანის სუნთქვასაც კი კანით შევიწოვდი. დრო აღარ დამიკარგავს. როგორც კი მის თვალებში რაღაცის აღიარების სურვილის მცირედ მბჟუტავი ნაპერწკალი შევნიშნე, მის უფრო მეტად გასაღვივებლად, ლეოსკენ გადავიხარე და ვაკოცე. სიამოვნებისგან ხმამაღლა ამოიგმინა. ვერც კი გავიაზრე ისე სწრაფად მომხვია წელზე ცალი ხელი, მეორე თმებში შემიცურა და კოცნაც უფრო ღრმა და მომთხოვნი გახადა. სხეულზე ეკლებად დამაყარა საშინლად უსიამოვნო შეგრძნებამ. მე აღიარებითი ჩვენება მინდოდა და არა მასთან დაწოლა, ამიტომ მოხერხებულად დავიხსენი თავი ლეოს ტუჩებისგან, სახეში გამარჯვებულის ღიმილით შევხედე და ვკითხე:
– მითხარი, კამერები შენ დააყენე, ხომ?
– ჰო, მე დავაყენე! – ისე სწრაფად მიპასუხა, აშკარად ფეხებზე ეკიდა ყველაფერი, ოღონდ კი ჩემი მოფერება რაც შეიძლებოდა სწრაფად გაეგრძელებინა, თუმცა საკოცნელად წამოწეული, კვლავ ტუჩებზე საჩვენებელი თითის მიდებით შევაჩერე. გულში გამარჯვებას ვზეიმობდი. თურმე მართალი იყო, რომ ამბობდნენ, რამდენიმე გამომწვევი ნაბიჯი სასურველი ქალის მხრიდან და მამაკაცს, თავიდან ტვინი ისე ეცლება, შეიძლება ყველაზე დიდ საიდუმლოსაც კი ახადოს ფარდაო. ლეოს შემთხვევაშიც ასე მოხდა. მოჭარბებულმა ვნებამ იმდენად დააბრმავა, ვერც კი მიხვდა, რამდენად დიდი სისულელე გააკეთა.
– არ მინდა, ყველაფერი ასე უბრალოდ მოხდეს. – თვალებში ჩავხედე. – ჰო, მეც მინდიხარ, მაგრამ არა აქ და არა ახლა.
– მარიტა, გეყოფა, – ამჯერად ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ მავედრებელი ტონი ჰქონდა. – ჰო, ვარ. ისეთი რაღაცის გაკეთებასაც არ მოვერიდე, როგორც სხვის სახლში სათვალთვალო კამერის დამონტაჟებაა, მაგრამ მოძალადე არასდროს ვყოფილვარ. თუკი ქალი სექსის წინააღმდეგია, არც მე აღვიგზნები და ძალიან გთხოვ, საკუთარი ნებით დათმე პოზიციები.
– დავთმობ კიდეც, – არვ კი ვიცოდი საიდან აღმომაჩნდა სამსახიობო ნიჭი, რომ ასეთი ბუნებრივი ვყოფილიყავი. – საღამოს ჩვენ ორისთვის სასტუმროს ნომერი დავჯავშნე, ქალაქგარეთ, ტბასთან.
– რა თქვი?
– ჰო, ნამდვილად არ მოგესმა, – ნაზი ღიმილი შევაგებე მის თვალებში არეკლილ გაოცებას. – სასიამოვნო სიწყნარე, ტბის ხედი, რომანტიკული გარემო და მხოლოდ ჩვენ ორნი, რას იტყვი?
– რას ვიტყვი და იმას, რომ ეს ყველაფერი ძალიან მაცდურად ჟღერს! – ცალყბად ჩაეცინა. მერე სახე დაუსერიოზულდა და თმის ბოლოებზე დამიწყო თამაში. –მითხარი, აქ მხოლოდ იმისთვის მომიყვანე, რათა გამოგეტეხე?
– და იმისთვისაც, რომ დღევანდელი საღამოსთვის შემემზადებინე.
– უჩვეულო გამოცდილება იქნება ჩემთვის, – კედელზე, ერთ კონკრეტულ წერტილს გაუშტერა მზერა, თითქოს სწორედ მას ესაუბრებაო. – ვაღიარებ, არანაირი პრაქტიკა არ მაქვს შენნაირ ქალებში. აქამდე ვინც კი მყოლია, საკმაოდ გამოცდილები იყვნენ, მრავალჯერადი პრაქტიკით. ეს გამოხედვაშიც კი ეტყობოდათ, შენ კი...
– დამიჯერე, მაგ საკმაოდ გამოცდილებისგან ვერც მე განმასხვავებ. –თვითდაჯერებული იერით შევამკე ჩემი სიტყვები და დივნიდან ფეხზე წამოვდექი. –სასტუმროს მისამართს ჯერ არ გეტყვი, მინდა მე თვითონ გამოგიარო და წაგიყვანო.
– არ ვიცი, საითკენ უმიზნებ და მოდი, მე თვითონ გკითხავ.
– მკითხე. – ლეო წინ გადმოიხარა, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და თითები ერთმანეთში გადახლართა.
– ამ ერთი ღამით მორჩება, თუ კიდევ აპირებ რამის გაგრძელებას?
უნდა მეღიარებინა, ამ კითხვას არ ველოდი. აქედან გამომდინარე, ცოტა ხნით დაბნეულობამ მძლია, თუმცა საბოლოოდ, ისეთი პასუხი ავირჩიე, რაც სიტუაციას ყველაზე უკეთ მოერგებოდა:
– ამას ჩვენი დღევანდელი თანწყობა განსაზღვრავს. იქნებ, შენთან საერთოდ არ მომეწონოს, ან პირიქით, შენ ვერ მოიხიბლო ჩემით?
– როცა ადამიანი რეალურად გიზიდავს, ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ მასთან თავი ცუდად იგრძნო.
– მაგას დრო გვიჩვენებს, ლეო. ახლა კი გთხოვ, მარტო დამტოვე, – თვალებით ვანიშნე გასასვლელი კარისკენ. – თუკი ქალებში მართლა ისე კარგად ერკვევი, როგორც ამბობ, გეცოდინება, მსგავსი საღამოებისთვის მომზადებას რამდენ დროსაც ვუთმობთ.
– ჰო, მსმენია ამის შესახებ, – წამიერმა ღიმილმა გადაურბინა, თან თვალებით მანიშნა მაგიდაზე დადებულ, ხელუხლებელ შამპანურის ბოთლზე, – ერთი ჭიქაც კი არ დაგილევია.
– ხომ თქვი, განსაკუთრებულ მომენტებში ვსვამო? ჰოდა, ამაღამ იქნება ეგ განსაკუთრებული მომენტი.
– ანუ ასე, არა? – ფეხზე წამოდგა, მომიახლოვდა და წელზე ხელების მოხვევით თავისკენ მიმიზიდა, თან ყელზე შემეხო. – მაშინ შენ და შამპანურის ბოთლს ერთად დაგელოდებით.
– არ დავაგვიანებთ. ახლა კი, როგორც გითხარი, უნდა მოვემზადო, – კიდევ ერთხელ, ზრდილობის ფარგლებში ვაგრძნობინე წასულიყო. უკვე ერთი სული მქონდა, როდის დატოვებდა ჩემს პირად სივრცეს და უარყოფით აურასაც თან გაიყოლებდა.
მართლაც შვებით ამოსუნთქვას ჰგავდა გასასვლელი კარის გაღება-დახურვის ხმის გაგება და იმის გაცნობიერება, რომ შინ უკვე სრულიად მარტო ვიყავი. კედელზე დაკიდებულ, ვან-გოგის „ვარსკვლავებიან ღამეს“, გრინჩივით ცბიერი ღიმილით გავხედე. სათვალთვალო მოწყობილობა მასზე იმდენად შეუმჩნევლად იყო მიმაგრებული, მეც კი მიჭირდა დანახვა. ამ პაწაწინა მოწყობილობას თავისი “მისია” უკვე შეესრულებინა და ხელში ლეოს აღიარებითი ჩვენება მეჭირა.
მიღწეული წარმატებით ხასიათზე მოსულმა, პირდაპირ სააბაზანოს მივაშურე და ტუჩები ისე საგულდაგულოდ მოვიბანე, თითქოს ზედ ტალახი მქონდა მოცხებული. შემდეგ კბილები გავიხეხე, ღრმად ამოვისუნთქე და საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ამ უსიამოვნო წუთებს აღარ გავიხსენებდი.
მობილურზე შემოსული ზარის ხმა მომესმა. ეკრანს ცალი თვალით დავხედე. როგორც ჩანდა, ლოლა კიდევ ვერ ისვენებდა, რადგან წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ვითარება იყო ახლა ჩემ სახლში.
– გისმენ, ლოლიტა. – უდარდელი ხმით ავიღე ყურმილი, თან აბაზანიდან გამოსვლის წინ, შუქი ჩავაქრე.
– ცოცხალი ხარ?
– რატომ არ უნდა ვიყო? – ღიმილი მომგვარა მისმა დამფრთხალმა ტონმა. მსიამოვნებფდა ის ფაქტი, რომ მყავდა ადამიანი, რომელიც ჩემზე ასე ღელავდა.
– არ ვიცი... ის ტიპი უკვე გამოვიდა სადარბაზოდან. ახლახანს გაიარა და საეჭვოც ვერაფერი შევნიშნე, მაგრამ მაინც მინდოდა დავრწმუნებულიყავი.
– სადარბაზოსთან? მოიცა, შენ სად ხარ?
– ვერ მოვითმინე და მოგაკითხე. ახლა ნუ აბუზღუნდები რაა, მაგის ნერვები არ მაქვს!
– მოუსვენარი ხარ. სულ არ მიკვირს, შვიდთვიანი რომ გაჩნდი.
– არც მე... იცი, რა მაინტერესებს?
– რა?
– რა და დოგმაა რომ ყველა ფსიქოპათი ისეთი სექსუალური იყოს, როგორც ეგ შენი ლეონარდოა?
– მთლად ფსიქოპათსაც ვერ დავარქმევდი. უბრალოდ ძალიან შეჩვეულია იმის მიღებას, რაც უნდა, – სამზარეულოში გავედი და მადუღარა ჩავრთე, – რადგან ჩემს კორპუსთან ხარ, ამოდი, ლატეს გაგიკეთებ.
– ისე უცებ გამოვვარდი, კოფეინი არც კი მიმიღია...
– ჰოდა, ამოდი, გიშველი. – კიდევ ერთხელ გამეღიმა მის ნათქვამზე და ყურმილიც დავკიდე. ზუსტად ათი წუთის შემდეგ, ლოლა ჩემი მისაღების დივანზე, იმავე ადგილას იჯდა, სადაც ცოტა ხნის წინ ლეო და გემრიელად მიირთმევდა ცხელ ლატეს შოკოლადიან მაფინებთან ერთად. ლატე ორივეს გვიყვარდა და სიამოვნებით მივირთმევდით კიდეც.
– იცი, რა მძულს კაცებში ყველაზე მეტად? – მკითხა და ტელევიზორში ჩართული მუსიკალური არხი, მომდევნო არხით შეცვალა. იქ უკვე ფილმ – „ბინდის” მეოთხე ნაწილი გადიოდა და კალენების ვოლტურებთან შერკინების ეპიზოდამდე იყო მისული.
– რა?
– მესაკუთრე ბუნება, – ყოველგვარი დაყოვნების გარეშე დამიბრუნა პასუხი, – საწყის ეტაპზე, თავს ისე მოგაჩვენებენ, თითქოს მათთვის ყოველგვარი შეზღუდვა მიუღებელია, თუმცა როგორც კი ქალისგან სიყვარულს იგრძნობენ, მაშინვე გამოაჩენენ კლანჭებს და შემდეგ იწყება აკრძალვების მთელი სერია: არანაირი კლუბი, არანაირი მამაკაცი მეგობრები, არანაირი გვიანობამდე გარეთ ხეტიალი. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ სწორედ ასეთი კაცები ამბობენ, ურთიერთობაში ყველაზე მთავარი ნდობააო. სად ჩანს აქ მათი ნდობა?
– აქტუალური საკითხი წამოჭერი, – ყავა ფრთხილად მოვსვი, პირი რომ არ დამწვოდა.
– ბევრ ქალს, სიყვარული იმდენად აბრმავებს, ვერც კი ხვდებიან, რომ მეორე ნახევრები წარმოსახვით გალიაში ამწყვდევენ. სწორედ ამიტომ მომწონს ედვარდი, – იმ წამს, ეკრანზე გამოსახულ ვამპირზე მანიშნა ლოლამ. ედვარდი მოწინააღმდეგე ვამპირისთვის თავის წაცლას ცდილობდა. – მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ჯეიკობის ბელასადმი დამოკიდებულება, მისთვის მაინც არ დაუწყია უაზრო ეჭვიანობის სცენების გამართვა. არც ჯეიკობთან ურთიერთობა აუკრძალავს.
– როგორ არა, – შევეწინააღმდეგე, – არასდროს მოსწონდა მათი შეხვედრები. პასიურად მუდამ გამოხატავდა ხოლმე პროტესტს.
– ეს იმიტომ, რომ ეშინოდა ჯეიკი წყობიდან არ გამოსულიყო, თავისი მაქციური ბუნება არ გამოევლინა და ბელასთვის რამე არ დაეშავებინა. აკრძალვა აქ არაფერ შუაშია. – ჩავფიქრდი. ბოლომდე რომ გავიაზრე, ლოლას არგუმენტი არ მომეჩვენა აზრს მოკლებულად და ეს ხმამაღლაც აღვნიშნე:
– კარგი, შეიძლება მართალი ხარ, თუმცა კლუბების თემას რაც შეეხება, რაღაც მხრივ, ამ კუთხით მესმის კაცების. ყველა საზიზღრობა სწორედ ღამის კლუბებში ხდება
ლოლამ წარბები შეჭმუხნა. ნათელი იყო არ მოეწონა ის, რაც ამ წამს ვთქვი.
– შენ რა ბებიაჩემივით ლაპარაკობ, გოგო? – უკმაყოფილოდ მოსვა თავისი ლატე. – ახლა ბარემ ისიც თქვი, განათხოვარი ქალი ოჯახში შემოსაშვები არააო.
– სისულელეს ნუ ამბობ, – გულიანად გამაცინა მისმა რეაქციამ. – ეგ იმიტომ ვთქვი, რომ საკმაოდ მწარე გამოცდილება მაქვს მაგ საკითხში.
– მაინც რა? – დაინტერესდა.
– ერთხელ, მე და ჩემი ძველი მეგობარი, თათა ვიყავით კლუბში. მისი კავშირების წყალობით, როგორც არასრულწლოვნებს, ყალბი პირადობის მოწმობებიც გვქონდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ისე მოხდა, რომ იქ ერთი ტიპი ავიკიდე. როცა ფლირტის გაბმით სექსზე ვერ დამიყოლია, თურმე ბარმენს ფული გადაუხადა, რომ ჩემთვის კეტამინი ჩაეყარა სასმელში, – ზიზღით გამცრა ტანში იმ მომენტების გახსენებისას, –რომ არა ვიღაც უცნობი ბიჭის გაფრთხილება, რომემაც ბარმენისა და ამ ტიპის საუბარს მოჰკრა ყური, ახლა ოფიციალურად ვიქნებოდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.
– ხუმრობ? ახლა სად არის ის ადამიანი, ვინც გადაგარჩინა?
– არც კი ვიცი... მხოლოდ ის მახსოვს, რომ სებე ერქვა. მე და თათა, მისმა მეგობარმა გაგვიყვანა კლუბიდან და წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა ჩვენი წამოსვლის შემდეგ. იმედი მაქვს, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. – ლოლა დივნის საზურგეს მიეყრდნო და დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩუმად.
– მაგ ლეოს საქმეს დროულად მიხედე, – ალაპარაკდა ბოლოს, – ხომ იცი, განყოფილებაში მამას კარგი ნაცნობები ჰყავს? ამ ყველაფერს, ყოველგვარი გაწელვისა და სასამართლო პროცესების გარეშე მოაგვარებენ.
– არც ვარ თანახმა სასამართლო პროცესი შედგეს და დააკავონ. უბრალოდ ჩემი ცხოვრებიდან მინდა გაქრეს და თუკი ამისთვის აღიარებითი ჩვენება მჭირდება, ისიც ხელთ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ ინტიმური სცენებითაა სავსე.
– მაგაზე ნუ იფიქრებ, – გამამხნევებლად დამადო მხარზე ხელი. – ყველაფერი კონფიდენციალური იქნება და იმდენს მოვახერხებ, რომ იმ გადარეულს, მართლმსაჯულებამ აკრძალვა დაუწესოს შენთან მოახლოებაზე.
– მხოლოდ სიმშვიდე მინდა. – ყავის ჭიქა დავდე, ლოლას მსგავსად მეც დივნის საზურგეს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე, –– დიდად არც მამაკაცი მჭირდება ცხოვრებაში. ერთადერთი, რაც მართლა მინდა ისაა, რომ მშვიდად ცხოვრება მაცალონ და ყველამ არ ისარგებლოს იმით, რომ უპატრონო და დაუცველი ვარ.
– თუ თავს უპატრონოდ გრძნობ, რატომ არ გინდა შენს ცხოვრებაში მამაკაცი გამოჩნდეს? ოჯახის წევრის არყოლის სიცარიელეს შეგივსებდა, ოდნავ მაინც...
– იმიტომ, რომ უიღბლო ვარ. – ვაღიარე გულწრფელად და მთელი სევდაც ამოვაყოლე ამ ნათქვამს. – ზუსტად ვიცი, სიყვარულიც ასეთივე უიღბლო მექნება.
– მე არ გვთვლი უიღბლოდ და ცუდია, საკუთარ თავზე ასეთი წარმოდგენა თუ გაქვს.
– შენგან მაკვირვებს მეორე ნახევრის გაჩენასთან დაკავშირებით მოცემული რჩევები. თავადაც ხომ არ ეძებ მუდმივ ურთიერთობას? კაცები შენ ცხოვრებაში საზოგადოებრივი ტრანსპორტივით მიდიან და მოდიან...
– ეს იმიტომ, რომ პრობლემა მაქვს და არ მინდა ვინმეს ტყუილი ილუზია შევუქმნა.
– რა პრობლემას გულისხმობ? – ყველანაირ პასუხს ველოდი ამ კითხვის დასმისას. მეგონა მეტყოდა უშვილო ვარ, რაღაც გადამტანი დაავადება მაქვსო, ან რამე ამდაგვარი, თუმცა რადიკალურად განსხვავებული რამ მიპასუხა:
– პრობლემა ისაა, რომ ვერასდროს შევძლებ მონოგამიური ვიყო, მარიტა.
ტელევიზორს ორივემ ერთდროულად გავხედეთ. ფილმი უკვე დასრულებულიყო და იმ მომენტში ეკრანზე წარწერები ამოდიოდა.



***
კორპორატიულ წვეულებამდე დარჩენილმა დღეებმა იმდენად სწრაფად გაიარეს, აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარი. რესტორნის მფლობელების წყალობით, ამ საღამოსთვის საკმაოდ დიდი თანხები იყო გამოყოფილი. წვეულება ბათუმის სავიზიტო ბარათად წოდებულ „ანბანის კოშკში“ ტარდებოდა, მის ბოლო სართულზე მდებარე რესტორანში, რომელიც, სპეციალურად ამ დღისთვის, ფურშეტის დარბაზად უნდა გადაკეთებულიყო. ბოლო დღეების განმავლობაში, საკმაოდ ბევრი რამ მოხდა. პირველ რიგში ის, რომ ჩემთვის გაურკვეველ მიზეზთა გამო, მეფარიშვილმა ხელფასის დაქვითვა მომიხსნა. მეორე ამბავი უკვე საგაზაფხულო პრემიებს ეხებოდა, რომელიც Imagine-ს თითოეულ თანამშრომელს დაურიგდებოდა თვის ბოლოს, ხოლო რაც შეეხებოდა მესამე ამბავს, აქ უკვე ლეო ფიგურირებდა. ლოლას ნაცნობმა სამართალდამცავებმა მოახერხეს სასამართლო აკრძალვის დაწესება. ამ ადამიანს ჩემთან ხუთი მეტრის მანძილზე მოახლოება კანონდარღვევად ეთვლებოდა.
თავს ცუდადაც ვგრძნობდი მომხდარის გამო. მართალია ლეო არ იყო ის ადამიანი, ვინც სიბრალულს იმსახურებდა, თუმცა დანაშაულის გრძნობას ვერ ვიშორებდი.
კორპორატიულ წვეულებას საკმაოდ ცივი და წვიმიანი ამინდი დაემთხვა. წვიმა და სუსხიანი ქარი სრულიად არ შეეფერებოდა მაისს. მიუხედავად ამისა, სამზადისი Imagine-ს კოლექტივისთვის მაინც აქტიურად მიმდინარეობდა. სამსახურის ტელეგრამ-ჩატი აფეთქებული იყო ჩვენი თანამშრომლების წერილებით. დაუსრულებლად იწერებოდნენ თუ ვინ, ვისი მანქანით მოდიოდა, როგორი ვარცხნილობითა და როგორი მაკიაჟით. რადგან წყვილებად გეგმავდნენ წამოსვლას, მე კალეს შევთავაზე ჩემი პარტნიორი ყოფილიყო ამ წვეულებაზე. ისიც მაშინვე დამთანხმდა და ჩემს ბინაში ორივენი ერთად ვემზადებოდით საძინებლის დიდი სარკის წინ.
კალე როგორც მუდამ, ახლაც შავი ფანქრით იხატავდა თვალებს, რაც ძალიან კარგად ეხამებოდა მის ჩარლი ჩაპლინის კოსტიუმს. ეს ადამიანი ახლაც არ ღალატობდა თავის განუყრელ მეგობარს — ცილინდრის ფორმის ქუდს და სამოსიც სწორედ მისი შესაფერისი შეერჩია.
– მაინც არ მესმის ნოლანებმა კოსტიუმები თვითონ რატომ იქირავეს. უმეტესობა მაინც იმას იცვამს, რაც თავად უნდა.
– არა, რატომ? მე მაგალითად მომწონს ჩემი ტინკერ-ბელის კოსტიუმი, – ვუპასუხე როგორც კი ღია მალინისფერი ტუჩსაცხის წასმას მოვრჩი. კალემაც ზუსტად იმ დროს დაამთავრა თვალების მოხატვა და სარკესაც მოშორდა, უკუსვლით.
– რაღაც ჰელოუინის მსგავსი დაგეგმეს, ოღონდ საშიში პერსონაჟების გარეშე.
– და ასე მკაცრი დრესკოდი რატომ? მაგალითად ჩვენს მიმტანს – ლანას უნდოდა, დრაკულას საცოლე განესახიერებინა, მაგრამ უფლება არ მისცეს.
– იმიტომ, რომ ნოლანები ძალიან მორწმუნეები არიან და ჰელოუინს არ აღნიშნავენ. არ უნდოდათ ეს საღამო, ოდნავ მაინც დამსგავსებოდა ამ დღესასწაულს.
სარკეში საკუთარი თავი კიდევ ერთხელ შევათვალიერე. მოკლე, მწვანე კაბა და ამავე ფერის ფეხსაცმელი, რომელსაც წვერზე ბამბის ქულები ჰქონდა დამაგრებული, მართლაც მამსგავსებდა მულტფილმის ფერიას. ვარცხნილობაც სწორედ მისნაირი მქონდა. ერთადერთი, რაც მაკლდა, ეს ფრთები იყო, თუმცა მისი გაკეთება თავიდანვე გამოვრიცხე, რადგან ბავშვურად და სულელურად მომეჩვენა.
– მორჩა, უკვე მზად ვარ! – ვთქვი თუ არა, ზარდახშას ავხადე თავი და იქედან, ცრემლის ფორმის კულონი ამოვაძვრინე. – რადგან ხელფასის დაქვითვა გამიუქმდა, თავს უფლება მივეცი და აი ეს ვიყიდე. ხომ ლამაზია?
– ძალიან, – ორივე ცერა თითი მოწონების ნიშნად ასწია კალემ. მერე ზურგს უკან დამიდგა და ყელსაბამის შეკვრაში დამეხმარა, - ჩვენი დირექტორი ისე როგორ გააბრაზე, რომ დაქვითვაზე გაგიშვა? აქამდე ასეთი რამ არასდროს გაუკეთებია.
– ალბათ შეამჩნევდი, დიდად კარგი ურთიერთობა რომ არ გვაქვს...
კალეს ოდნავ ჩაეცინა, თუმცა ვერაფრით მივხვდი რისგან იყო გამოწვეული ეს ღიმილი. გადავწყვიტე კიდეც პირდაპირ მეკითხა, თუმცა სანამ ამას გავაკეთებდი, კვლავ თვითონ ალაპარაკდა:
– არ ვიცი, მასთან რა პრობლემა გაქვს, თუმცა ჩემთვის, რაღაც კუთხით მისაბაძიც კია ეგ ადამიანი. ისეთი რამ გადახდა, ალბათ ბევრი სულიერად განადგურდებოდა.
– ჰო, მეც ვიცი მშობლები რომ დაკარგა, – მაშინვე მივხვდი, რაც ჰქონდა მხედველობაში.
– მხოლოდ ესეც არ არის, ეგ ისტორია გაცილებით უფრო ვრცელი და შემზარავია, – თქვა თუ არა, ისეთი სახე მიიღო თითქოს სადღაც, კედლის მიღმა იყურებაო, – ხომ იცი, ბათუმი არც ისე დიდი ქალაქია და არაფერი იმალება.
– მომიყევი, რაა, – ვერც საკუთარ თავთან დავმალე ინტერესი და ვერც კალესთან. ჩაეცინა.
– ზუსტად იცი, რომ მოსმენა გინდა?
– ჰო, მინდა.
– კარგი, შენი ნებაა, – საწოლზე მოწყვეტით ჩამოჯდა კალე. მეც გვერდით მივუჯექი და ცნობისმოყვარეობით სავსე თვალებით მივაშტერდი, – როგორც გადმოცემით ვიცი, იმ დღეს მიშოს დედის დაბადების დღე ყოფილა. ყველა ახლობელი, ნათესავი, მეგობრები და ოჯახის წევრები, სვანეთში იყვნენ შეკრებილები, სპეციალურად დაქირავებულ კოტეჯში. უფროსებმა არც ბავშვები დატოვეს შინ და მიშოც წაიყვანეს, თავის ტყუპისცალ ძმასთან ერთად.
– მოიცა, მოიცა, მიშოს ტყუპისცალი ძმა ჰყავდა?
– ჰო, და თურმე წყლის ორი წვეთივით ჰგავდნენ ერთმანეთს.
– მერე?
– მერე ის, რომ ამ კოტეჯში გაზგაყვანილობის სისტემა იყო მოუწესრიგებელი. საიდანღაც CO ჟონავდა და ტორტზე სანთლის ანთება საკმარისი აღმოჩნდა, რომ იქაურობა ცეცხლის ალში გახვეულიყო. საერთოდ არავინ გადარჩენილა მიშოსა და ბაბუამისის გარდა.
– და ისინი როგორღა გადარჩნენ? – ტანზე ეკლებმა დამაყარეს, თუმცა გულში პარაზიტი ჭიასავით შემომძვრალ ინტერესს მაინც ვერაფერს ვუხერხებდი.
– სახლთან ახლოს, საქანელები და სასრიალოები იყო გაკეთებული. მიშო სწორედ იქ სათამაშოდ გაპარულა ჩუმად, ბაბუამისს კი მისი არყოფნა შეუმჩნევია და უკან გაჰყოლია. აფეთქებაც სწორედ ამ დროს მოხდა. თურმე საკუთარი თვალით უყურებდნენ როგორ გამორბოდნენ სახლიდან ცეცხლმოკიდებული ადამიანები და როგორ ენარცხებოდნენ ძირს ერთმანეთის მიყოლებით.
– რამდენი წლის იყო მაშინ მიშო? – კი არ ვკითხე, ამოვიხავლე. იმდენად შემზარა ამ ისტორიამ, წამით ყველა ის ტკივილი ერთიანად განვიცადე, რასაც მაშინ ის ადამიანები გრძნობდნენ.
– ალბათ სამის, ან ოთხის. ყოველ შემთხვევაში ის ზუსტად ვიცი, რომ საბავშვო ბაღში დადიოდა, – კალეს თვალებსაც ზუსტად ჩემნაირი სევდა მოაწვა. – ბევრი იფიქრებს, რომ მიშოსა და ბაბუამისს იღბალი ჰქონიათ, თუმცა ზუსტად ვიცი, ცოცხლად გადარჩენას ისინიც იმ კოტეჯში ყოფნას ამჯობინებდნენ...
დავმუნჯდი. ვერაფერი ვთქვი. ხმა მხოლოდ მაშინ ამოვიღე, როდესაც დაძაბულობისგან აჩქარებული გულისცემა ცოტათი ჩამიწყნარდა.
– ახლა მესმის, რატომ არ აღელვებს არავის გრძნობები. ცხოვრება მასაც უსამართლოდ მოექცა, მაგრამ ეს ბოლომდე მაინც არ ამართლებს.
– მაგაში რას გულისხმობ? ვისი გრძნობები არ აღელვებს? – ამჯერად კალეს ჩაერთო ცნობისმოყვარეობა. მიუხედავად იმისა, რაც მიშოსთან გადამხდა, კალესთვის მაინც არ ვაპირებდი მომეყოლა.
– მიშოს სკოლის ასაკიდან ვიცნობ და ამასაც ადრე მომხდარი ამბებიდან გამომდინარე ვამბობ. დეტალების მოყოლისგან თავს შევიკავებ...
– მესმის, – ღიმილი მოაწვა მის ტუჩებს, – თავიდანვე ვხვდებოდი, ჩვენს დირექტორზე ისეთი რამები იცოდი, რაც არავინ სხვამ, თუმცა კარგია, რომ არ ცდილობ მასზე ვინმეს შთაბეჭდილება გაუფუჭო.
– არ გეწყინოს, უბრალოდ ლოლასთვისაც კი არ მომიყოლია ეს ყველაფერი.
– არც მწყინს, პირიქით, გაფასებ ამის გამო. – მხარზე ხელი მომხვია კალემ და საფეთქელზე მაკოცა, – კარგი, ტინკერ-ბელ, მგონი, უკვე დროა წავიდეთ.
– ჰო, სულ რაღაც ნახევარი საათი დაგვრჩა და ჩვენთვის ჯობია არ დავიგვიანოთ.
დანიშნულების ადგილამდე, ჩემი მანქანით გადავწყვიტეთ წასვლა, რადგან დალევას არ ვაპირებდი და საჭესთან დაჯდომაზეც არანაირი პრობლემა არ მექნებოდა.
– სურვილი უნდა ჩავიფიქრო, შენს მანქანაში პირველად ვზივარ. – მაშინვე აღნიშნა, როგორც კი ღვედი გადაიჭირა კალემ. – საკმაოდ მოვლილი ჩანს
– მაგის მოვლას, ჩემი ცხოვრების საკმაოდ დიდი დროც მიაქვს.
– უკანა სავარძელზე საინტერესო რამე გქონია, – ჯერ შეფარული ღიმილით გადმომხედა, მერე კი გადაიხარა და სულ მალე, შამპანურის ბოთლით ხელში დაუბრუნდა თავის ადგილს. ამასობაში მანქანაც დავქოქე და უკვე მთავარ გზაზე ვიყავი გასული, კალეს მარჯვენა ხელში მოქცეულ ბოთლს რომ შევავლე მზერა.
– გჩუქნი, შენი იყოს.
– სერიოზულად? – თვალები მზეზე გატანილი ალმასებივით გაუბრწყინდა.
– სერიოზულად? და საიდან გაქვს? ძალიან ძვირადღირებული შამპანურია, თან შეზღუდული რაოდენობით გამოდის.
– ლეომ მაჩუქა და ჩვენი რესტორნის ბარისთვის ვაპირებდი შემეწირა. სულ დამავიწყდა უკანა სავარძელზე რომ მედო.
– იმ ლეომ, წითელი ვარდი რომ დაგიტოვა როიალზე? – ამჯერადაც არ უმტყუნა მახსოვრობამ კალეს.
– ხო, ზუსტად მან. მის წინააღმდეგ, ჩემთან დაკავშირებით უკვე სასამართლო აკრძალვა მოქმედებს და უცნაური იქნება ამ ადამიანის საჩუქრები ჯერ კიდევ სახლში რომ მედოს.
– ეს რაღაც ახალია!
– მოგვიანებით მოგიყვები დეტალებს, კარგი?
– ვაღიარებ, მართლა მაინტერესებს, – შამპანურის ბოთლი ხელში ბარმენისთვის დამახასიათებელი ოსტატობით შეათამაშა, მერე კი ცნობისმოყვარე მზერით შემათვალიერა, – და მისი ნაჩუქარი თუთიყუში სად წაიყვანე?
– შინ მყავს... ვაპირებ, ამ დღეებში ზოო-მაღაზიაში ჩავაბარო.
– თუ გინდა, მასაც მე წავიყვან.
– მართლა? – გულწრფელად გამიხარდა. საჩუქრად მორთმეული ეს ეგზოტიკური ფრინველი იმდენად მელამაზებოდა, გულწრფელად მსურდა ნორმალური პატრონის ხელში მოხვედრილიყო. ისეთი პიროვნების, ვინც მასზე სათანადოდ იზრუნებდა.
– ჰო, მიყვარს ფრინველები. თან მარტოც აღარ ვიცხოვრებ, დამლაპარაკებელი მეყოლება.
– იცოდე, უზრდელი სიტყვები არ ასწავლო.
– როგორ გეკადრება, – გაეცინა და მაგნიტოფონში მუსიკები ჩართო, – მისგან ნამდვილ ჯენტლმენს შევქმნი.
– მდედრობითი სქესისაა, კალე!
– მაშინ, ლედის. – ორივეს გაგვეცინა.
– ანუ ოფიციალურად მიგყავს?
– თუ გინდა ხვალვე, -მერე ჩაფიქრდა და დაამატა, - არა ხვალ ქალაქგარეთ გავდივარ, Day off ავიღე, ზეგისთვის გამოვუვლი.
– მაწყობს. თან ცოტა ხნით დარჩი და რამე გემრიელ დესერტზე დაგპატიჟებ.
კალემ ჩემს ნაჩუქარ შამპანურს, დროებით სათავსოში მიუჩინა ადგილი, წვეულების ბოლომდე აქ შევინახავო, პასუხი კი ამის შემდეგ გამცა:
– მხედველობაში იქონიე, რომ კენკრის ტორტები მიყვარს.
– შეკვეთა მიღებულია, – თვალი ჩავუკარი, თან მაგნიტოფონში აჟღერებულ რიკი მარტინის სიმღერას ხმა ავუწიე, – ოდესმე დაძრულ მანქანაში გიცეკვია?
– რა?
– ამ სიმღერას ენერგიაზე მოვყავარ... ამყვები? – კალემ ერთხანს უყურა უმოქმედოდ და ღიმილიანი სახით ჩემს უნიჭო ცეკვას საჭესთან, მერე კი სიტყვის უთქმელად, ხელებისა და თავის ისეთ სასაცილო მოძრაობებს მოჰყვა, თავი ვერ შევიკავე და ხმამაღლა გამეცინა.
ანბანის კოშკამდე დარჩენილი ხუთწუთიანი გზის მონაკვეთი, ისეთ მხიარულებასა და სიცილში გავლიეთ, დამეფიცებოდა ასე კარგა ხანს აღარ მეხალისა. მომწონდა ეს ადამიანი, მასთან ყოფნა და ვგრძნობდი, რომ დროის გასვლა ჩვენ შორის უფრო მყარ მეგობრულ კავშირს ჩამოაყალიბებდა, ვიდრე აქამდე იყო.
შენობის ბოლო სართულზე ლიფტის გამოყენებით ავედით. იქედან გამოსულებს, მართლაც ზღაპრული სანახაობა გადაგვეშალა წინ. ნოლანებს აქ ნამდვილი საოცრება შეექმნათ და პირველი დანახვისთანავეც კი იგრძნობოდა, რომ საკმაოდ დიდი ფინანსებიც გაეღოთ ამაში. ირგვლივ ფრანგული სამზარეულოს მადისაღმძვრელი სურნელი ტრიალებდა და ინტერიერიც მთლიანად ფრანგულ სტილში იყო გადაწყვეტილი. ოთხკუთხედი მაგიდები, რომელთაც კრემისფერი სუფრები ჰქონდათ გადაფარებული, ისე მოეწყოთ, რომ დარბაზში საცეკვაო ადგილიც დარჩენილიყო. დეკორატიული ლარნაკები, მაგიდების შუაგულში რომ იდგა, იისფერი და თეთრი იასამნების თაიგულით გაეფორმებინათ. მაგიდების უმეტესი ნაწილის ასორტიმენტს, სხვადასხვა სახეობის დესერტი შეადგენდა, რომელთა შორის იყო მარწყვის, ჟოლოსა და მოცვის ტორტები, კრემ-ბრულე, სამსართულიანი ხილის ასორტები, კრუასანები და შაქრის პუდრათი გაფორმებული ტარტები.
რაც შეეხება საჭმელებს, აქ უკვე ცივად მისართმევ კერძებს მოეყარა თავი, რომელთაგან, თითოეული მათგანი მოლეკულურ სამზარეულოს მიეკუთვნებოდა და საკმაოდ გემრიელადაც გამოიყურებოდა.
ქალაქის ყველაზე ლამაზი ხედი, დახვეწილი მორთულობა და სხვადასხვა ფილმისა თუ მულტფილმის კოსტიუმებში გამოწყობილი Imagine-ს თანამშრომლები, მართლაც მიქმნიდნენ სადღესასწაულო განწყობას, მიუხედავად იმისა, რომ წვეულებების მოყვარული დიდად არასდროს ვყოფილვარ.
კოლექტივის ნახევარზე მეტს, უკვე დარბაზში მოეყარა თავი. მხოლოდ ლოლა, ახალი ბარისტა – სამირა და მიშო არ ჩანდნენ დანარჩენებს შორის. ხალხში ერქოლესა და ტეოს გერემოცვაში მდგომი იუნგიც შევნიშნე, რომელიც მათთან ერთად მიირთმევდა ღვინოს და ძმებს რაღაცაზე მხიარულად ესაუბრებოდა. ეს სამეული ერთადერთი გახლდათ მთელ წვეულებაზე, ვის ტანსაც არანაირი კოსტიუმი არ ამშვენებდა და მხოლოდ ჩვეულებრივ, სოლიდურ სამოსში იყვნენ გადაწყვეტილები.
– მარიტა, გთხოვ, დიმიტრის შეხედე, – ბასებში ხმამაღლა აჟღერებული მუსიკის გამო, ტუჩები ყურთან ახლოს მომიტანა კალემ. მის მზერას თვალი გავაყოლე და სულ მალე, დაფნის გვირგვინითა და ოქროსფერი ძაფებით მოქარგული, თეთრი წამოსასხამით მოსიარულე ჩვენი შეფ-მზარეულიც შევნიშნე. მის დანახვაზეც, გაუცნობიერებლად ამიტყდა სიცილი.
– კიდევ კარგი ლოლიტამ კლეოპატრას კოსტიუმი არ ჩაიცვა, თორემ ჩვენს დიმიტრი კეისარს ნამდვილად ვერ დაუსხლტებოდა.
– დროს ტყუილად კარგავს მაგ გოგოზე, – ორი წვენის ჭიქა აიღო კალემ, ერთი მე მომაწოდა და თვალებით ჩემთან ერთად მიესალმა გარშემო შემოკრებილ თანამშრომლებს, რომელთა უმეტესობა ერთმანეთთან ცეკვით იყო გართული.
– რას გულისხმობ?
– იმას, რომ ლოლასნაირი ქალი, დიმიტრისთან დიდხანს მაინც არ გაჩერდებოდა.
– შენ საიდან იცი? – უფრო ჩავუღრმავდი ამ თემას. მართალია, რასაც ამბობდა, იმაში სრულებით ვეთანხმებოდი. ლოლასა და კალეს, ერთმანეთთან მაინცდამაინც ახლო მეგობრობა არ აკავშირებდათ, ამიტომ ვერ ვხვდებოდი რატომ აკეთებდა ასეთ სარწმუნო დასკვნებს.
– საიდუმლო უკვე აღარავისთვისაა, რომ დიმიტრი და ლოლა ერთად იწვნენ. დიმა თავიდანვე ფეხქვეშ გაეგო, ეს კი ლოლასნაირ ადამიანებს, მიზიდვის ნაცვლად, განიზიდავს ხოლმე. თანაც ამ გოგოს მხოლოდ ერთღამიანი ურთიერთობები სურს და არა, გრძელვადიანი რომანები.
კალე კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა სწორედ იმ მომენტში მისმა ტელეფონმა დარეკა და მობოდიშების შემდეგ, სასწრაფოდ გავიდა დარბაზიდან. მარტო დარჩენილი კოლეგებს შორის გავერიე და ერთხანს მიმტანებთან ვისაუბრე. მათ შორის ყველაზე ლამაზად – ლანა გამოიყურებოდა. მოანას კოსტიუმში გამოწყობილი, მართლაც იქცევდა ყველას ყურადღებას. ლოლას შემდეგ, ლანა ყველაზე მიმზიდველი ქალი იყო ჩვენს კოლექტივში და ხუთი მიმტანი ბიჭიდან, ოთხს მასზე ჰქონდა თვალი დადგმული.
ამბობდნენ, რომ ისეთ მამაკაცს ახლოსაც არ იკარებდა, რომელსაც მისთვის კარგი ცხოვრებისეული პირობების შექმნა არ შეეძლო. ზოგი იმასაც ამბობდა, პირდაპირ ფულიან მამაკაცებზე ნადირობს, რომ ყველაფერი საუკეთესო გამოსტყუოს და შემდეგ, დაძველებული კბილის ჯაგრისივით ნაგვის ურნაში ჩაუძახოსო.
მიმტანებთან საუბრით გული რომ ვიჯერე, შემდეგ უკვე კეისრის კოსტიუმში გამოწყობილ დიმიტრის მივესალმე. კალე რატომღაც ჯერაც არ ჩანდა. როგორც ვვარაუდობდი, სატელეფონო საუბარი დიდხანს გაგრძელებოდა.
– ალკოჰოლურს რატომ არაფერს სვამ? – შემპარავი ღიმილით მკითხა შეფ-მზარეულმა და გვერდით ამომიდგა. მაშინვე ჩავწვდი ამ ღიმილის არსს. დიმიტრის უნდოდა ბევრი დამელია, რომ ლოლაზე დასმული შეკითხვებისთვის, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, გულწრფელად მეპასუხა.
– საჭესთან ვარ დიმა, ვერ დავლევ.
– გასაგებია... და კალე სად წავიდა?
– არ ვიცი, მობილურზე დაურეკეს და მას შემდეგ აღარ ჩანს. – დიმიტრიმ თავი დამიქნია და კვლავ დამაჯილდოვა თავისი საფირმო ღიმილით. ვცდილობდი, თვალი ამერიდებინა და დიდი ხნით არ შემეხედა, რადგან ზუსტად ვიცოდი, გამეცინებოდა, მისი დაფნის გვირგვინის შემხედვარეს.
მუსიკის ხმაურით გაჯერებულ დარბაზში, ახალმა ბარისტამ – სამირამ შემოაბიჯა. ზუსტად ისე გახლდათ ჩაცმული, როგორც უენსდეი ადამსი. შავი, ნაწნავებიანი პარიკიც კი ეხურა თავზე, რომ უფრო მეტად დამსგავსებოდა.
ღიმილი ვერ შევიკავე მის დანახვაზე. მაშინვე კალეს სიტყვები გამეორდა ჩემს გონებაში, როდესაც ამბობდა ეს გოგო უენსდეის მაგონებსო და ამ სიტყვებს, თავადაც ასი პროცენტით დავეთანხმე.
მისალმებით, არავის მისალმებია სამირა. როგორც კი შიგნით შემოვიდა, მაშინვე შამპანურის ჭიქებს მიუახლოვდა, იქედან ორი ცალი აიღო და ფანჯარასთან მისული, ქვემოთ გადაშლილ ქალაქის ხედს ისე მიაშტერდა, როგორც მხატვრობაზე შეყვარებული ადამიანი, რომელიღაც ცნობილი მხატვრის ორიგინალ ნახატს.
– უცნაური გოგო ჩანს, – კვლავ სცადა ჩემთან გამოლაპარაკება შეფ-მზარეულმა, – მასთან საერთო ენის გამონახვა ლოლიტასაც კი გაუჭირდება. – როგორც აღმოჩნდა მართალი ვიყავი. დიმიტრის საუბარი ისე ოსტატურად მიჰყავდა ლოლასკენ, ადამიანი ვერც კი იფიქრებდა, რომ თავიდანვე ეს ჰქონდა განზრახული.
– შენ წარმოიდგინე, ასე რთულად საურთიერთოც არ არის. თუკი ეტყვი შავი იუმორი მომწონსო, ერთმანეთს მშვენივრად გაუგებთ.
– არა მგონია, – მაშინვე გადააქნია თავი. – მამრობითი სქესის ყველა თანამშრომელს რაღაც ძალიან აგრესიულად ექცევა.
– სამსახურში ვინ აიყვანა? ანუ ვისთან გაიარა გასაუბრება?

– როგორც ვიცი ერქოლემ, თუმცა მასაც ისე უბღვერს, თითქოს რაღაც ძალიან დიდი ჰქონდეს დაშავებული.
– მართლა უცნაურია, – კვლავ იმავე ადგილას მდგომ სამირას დავუბრუნდი მზერით. ცალკე პლანეტასავით იყო. არავისთან კონტაქტი არ სურდა და არც პირად სივრცეში ვინმეს შეშვებით იყო დაინტერესებული. ვარაუდი გამიჩნდა, რომ თავს ყველაზე კარგად, სწორედ მარტოობისას გრძნობდა.
– ლოლიტაზე ხომ არაფერი იცი? – მომესმა ის შეკითხვა, რომელსაც უკვე დიდი ხანი იყო ველოდი. – აქ ვინმესთან ერთად აპირებს მოსვლას, თუ მარტო?
არ ვიცი იმ მომენტში რა მოხდა, დამთხვევა იყო ეს, თუ რაღაც ნიშანი, მაგრამ დარბაზში ერთობლივად შემოაბიჯეს მიშომ და ლოლამ. ლოლას ჰარლი ქუინის კოსტიუმი იმდენად უხდებოდა, დიმას თვალები გაუფართოვდა. უნაკლო იყო თავიდან ფეხებამდე და ზოგჯერ მიკვირდა კიდეც, თუ როგორ შეიძლებოდა ადამიანი ასე არამიწიერად ლამაზი ყოფილიყო.
რაც შეეხება მიშოს, მას შავი ფრაკისთვის, რუხი ფერის კენგოლი, ამავე ფერის შარვალი და პერანგზე მოსაცმელი, უმკლავო ზედატანი შეეხამებინა. შეხედვითაც კი ადვილი მისახვედრი იყო, რომ თომას შელბის ანსახიერებდა სერიალ — “ალესილი კეპებიდან”.
ამ ორის ერთად მოსვლამ, Imagine-ს თანამშრომლები ძალზედ გაკვირვებული დატოვა, თუმცა ყველაზე მეტად, ამ გრძნობამ მაინც მე შემომიმიტია, რადგან ლოლას კარგად ვიცნობდი და ისიც ვიცოდი, რომ მიშოსთან იმდენად ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონია, კორპორატიულ წვეულებაზე ერთად მოსულიყვნენ.
– როგორც ჩანს, ჩვენმა საყვარელმა დირექტორმა გვარის ერთობა ფეხებზე დაიკიდა და ახლა ჩემი ლოლიტა ჰყავს ამოღებული მიზანში.– დიმას წარბშეკრულმა გავხედე, თუმცა ეს არც შეუმჩნევია. იმდენად იყო დაბოღმილი იმის ცქერით, რაც მის ცხვირწინ ხდებოდა, ფაქტობრივად სხვას ვერაფერს ამჩნევდა.
– პირველ რიგში, ლოლა შენი არ არის და მეორე, მაშინ სად იყავი, შენ წვეულებაზე რომ ვიღაც ორი დაბოლილი იდიოტი უფათურებდა ხელებს?
– მაშინ თავადაც მოწეული მქონდა, მარიტა, და არაფერი მახსოვს. ძალიან გთხოვ, რაც თქვი იმაზე შეჩერდი და მეტი არაფერი მომიყვე.
პასუხი არ გამიცია. უბრალოდ გავჩუმდი და კვლავ წინ გავიხედე. კალე ისევ არ ჩანდა, ლოლა კი ჩვენკენ მოემართებოდა, თუმცა რატომღაც მიშოს გარეშე.
– აბა რას შვრებით, ერთობით? – გვკითხა თუ არა, მოდელივით დატრიალდა ჩვენს თვალწინ, – სარკეში ყურებას შევყევი და ცოტა შემაგვიანდა. ხომ მაგრად გამოვიყურები?
– ეგ რიტორიკული კითხვა იყო, – შამპანურის ჭიქა მიაწოდა დიმამ. თუმცა ჰარლი და თომასი, რაღაც ერთმანეთს არ უხდება.
– და ფიქრობ იულიუს კეისარი მომიხდება? – მის დაფნის გვირგვინს, სიცილით წაეთამაშა ლოლა. – ტანისამოსშიც ისეთი გემოვნება რომ გქონდეს, როგორ კერძებსაც ამზადებ, უზარმაზარ სიმპათიას გამოიწვევდი ჩემში.
– ჰო, ამ სიმპათიას ალბათ მიშო იწვევს.
– რაო? – გაკვირვებული ღიმილით გახედა, ნოლანებთან და იუნგისთან საუბრით გართულ მეფარიშვილს. – რა სიმპათია? მე და მიშო დერეფანში შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ ერთდროულად შემოვედით. ერთადაც კი არ მოსვულვართ.
მათი დიალოგის შემყურეს, ჩუმად დგომა მომბეზრდა და გადავწყვიტე მეც ჩავრეულიყავი:
– ლოლიტა, გარეთ კალე ხომ არ გინახავს?
– არა, რატომ მეკითხები?
– აქ ერთად მოვედით. მერე ტელეფონმა დაურეკა, საპასუხოდ გარეთ გავიდა და მას მერე აღარ ჩანს.
– ჩაპლინს ისე ჰგავდა, შეიძლება ხალხი მასთან ფოტოებს იღებს და შიგნით არ უშვებენ, – სიცილით აღნიშნა დიმიტრიმ. როგორც ჩანდა, ხასიათზე მოეყვანა იმის გაგებას, რომ მიშო და ლოლა აქ ცალ-ცალკე იყვნენ მოსულები და არა, ერთად.
– გავალ, დავურეკავ, – ტელეფონი მოვიმარჯვე. – თუ ისევ საუბრობს და დაკავება იქნება, მოსაძებნად წავალ. ამდენ ხანს არ უნდა დაეგვიანა.
– მიდი, მიდი, მეც ცოტას გავივლი, ამ არსებასთან მარტო დარჩენა არ მინდა, –დიმიტრისკენ მიმანიშნა ლოლამ. ხომ ხედავ, სადაცაა ნერწყვები წამოუვა ჩემი ყურებისგან.
– რომ იცოდე, ნერწყვები მხოლოდ ჩემი კერძების გასინჯვისას მადგება.
– ჰო, აბა რა!
დიმიტრიმ კიდევ სცადა თავის დასაცავი არგუმენტების მოშველიება, თუმცა ზუსტად რა თქვა, მე უკვე აღარ გამიგია, დარბაზიდან გასასველი კარისკენ მივემართებოდი.
როგორც კი მუსიკის ხმა ოდნავ მიწყნარდა, კონტაქებში კალეს ნომერი მოვიძიე და სწრაფად გადავრეკე. ლიფტის კართან მისული, იქაურობას ვათვალიერებდი, თუმცა მისი კვალიც კი არსად ჩანდა. ამან ცოტა ამანერვიულა, მაგრამ როდესაც ყურმილში ნაცნობი ხმა მომესმა, თითქოს უზარმაზარი ლოდი მომშორდა გულიდან.
– კალე სად გაქრი? ყველაფერი რიგზეა?
– რიგზეა მარიტა, რიგზე, – ისე სწრაფად მომიგო, თითქოს პასუხი წინასწარ ჰქონდა მომზადებული, – უბრალოდ სახლში დაბრუნება მომიწია. გადაუდებელი საქმეა და სხვანაირად არ გამოდის. ახლა მეტს ნურაფერს მკითხავ.
– მაგრამ...
– მეტი არაფერი მკითხო, გთხოვ, მართლა კარგად ვარ, უბრალოდ პატარა ოჯახური პრობლემაა და წვეულებას ვერ დავესწრები. ზეგ აუცილებლად გნახავ და თუთიყუშსაც წავიყვან.
დავიბენი. არ ვიცოდი რა მეპასუხა. შეიძლება მისი სიტყვები სხვას ეჭვების გაჩენის გარეშე დაეჯერებინა, თუმცა მე რატომღაც მაინც მეგონა, რომ ამ ყველაფერს ტყუილის სუნი ასდიოდა. რაც არ უნდა ყოფილიყო, დიალოგი მაინც აღარ გამიგრძელებია. ის ფაქტი, რომ კალეს ხმა მესმოდა, თანაც სრულიად საღ–სალამათის, საკმარისი იყო იმისთვის, რომ კითხვების დასმა სხვა დროისთვის გადამედო.
– კარგი, თუ ასეა, ღამე მშვიდობისა.
– შენც მშვიდობიანი ღამე, მარიტა, კარგად გაერთე.
სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ, კვლავ დარბაზში შევბრუნდი, თუმცა უწინდელი განწყობა, თითქოს კალეს მსგავსად გამქრალიყო ჩემი გულიდან. თავს მარტოსულად ვგრძნობდი. მართალია ლოლა აქ იყო, თუმცა წვეულებებზე, ან საზოგადო თავშეყრის ადგილებში მასთან დროის გატარება მიჭირდა, რადგან მუდამ ხალხმრავლობისკენ, გიჟური გართობისკენ და ხმაურისკენ მიუწევდა გული, რაც ჩემთვის ნაკლებად იყო სასიამოვნო.
იმ ადგილს გავხედე, სადაც ცოტა ხნის წინ სამირა იდგა. მაინტერესებდა კვლავ იქ დამხვდებოდა თუ არა, მაგრამ გოგონა ვერსად დავლანდე. შემდეგ უკვე ლოლას ძებნაზე გადავედი. ეს უკანასკნელი „Maroon 5-Shugar”-ის ფონზე ცეკვავდა მიმტან ბიჭებს შორის, ხოლო იულიუსის კოსტიუმში გამოწყობილი საბრალო დიმიტრი, შორიდან უყურებდა ამ სცენას. მებრალებოდა ეს ადამიანი. შეიძლება ლოლა ძალიან მიყვარდა, რადგან საკმაოდ ბევრი დადებითი თვისების მატარებელი იყო, თუმცა ჩვენს შეფ-მზარეულთან მიმართებაში, მისი საქციელი და გადაჭარბებულად ირონიული დამოკიდებულება, ოდნავ სისასტიკედ მეჩვენებოდა და ხშირად, ხმამაღლაც კი მითქვამს.
– ტინკერ-ბელი ფრთების გარეშე რატომ არის? – მოულოდნელად დახვეწილი, ინგლისური აქცენტი მომესმა.
– ალბათ იმიტომ, რომ ფერიების დედოფალმა დასაჯა სიჯიუტისთვის და ურჩობისთვის. – ამჯერად თვალებში შევხედე კლასიკურ სამოსში გამოწყობილ ჩვენს იაპონელ სტუმარს. იუნგი თბილად მიღიმოდა და მეც დადებითად განვეწყვე მის მიმართ.
– იმედია, ჩემთანაც სიჯიუტეს არ გამოიჩენ და პატარა თხოვნას შემისრულებ. – კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ ამის თქმისას.
– გააჩნია, რა თხოვნას...
– დიდი არაფერია, უბრალოდ მინდა ერთად ვიცეკვოთ მუსიკაზე, რომელიც სულ რამდენიმე წამში დაუკრავს.
ჩემ წინ მდგომ პიროვნებას კიდევ ერთხელ შევავლე თვალი. იმდენად უბრალო, ლაღი, ხალისიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ნამდვილად ვერავინ იფიქრებდა, რომ მეცნიერი იყო, თანაც ასეთი ნიჭიერი, მდიდარი და წარმატებული.
– თუკი სულ ეგაა, მაშინ თანახმა ვარ. – ამ სიტყვების დასრულება და დარბაზში „Lord Huron-The nigh we meet“-ის აჟღერება ერთი იყო. უნებურად გამეღიმა. პირველი მოსმენის მომენტიდან ვგიჟდებოდი ამ მელოდიაზე და პირად „იუთუბ-ალბომშიც“ მქონდა ჩანიშნული.
იუნგმა ხელი გამომიწოდა და საცეკვაოდ გამოყოფილი სივრცისკენ მანიშნა. მის გამოწვდილ ხელს, დაუფიქრებლად შევაგებე ჩემი მარჯვენა. სულ მალე, ძლიერი მკლავის მოხვევაც ვიგრძენი წელზე და მის მოძრაობებს ავყევი. ცოტა ხანს უხმოდ ვცეკვავდით. მეგონა, ეს დუმილი ბოლომდე გაგრძელდებოდა, თუმცა ჩემი ეს მოლოდინი არ გამართლდა:
– თვალებში შემომხედე, – მომმართა მან უჩვეულოდ თბილი ხმით. თხოვნა მაშინვე შევუსრულე.
– გიყურებ, მერე?
– არაფერი, უბრალოდ ლურჯი ფერის ყურება მსიამოვნებს. ჩემი საყვარელი ფერია.
– ჩემი იისფერია, თუმცა, სამწუხაროდ, შენ იისფერი თვალები არ გაქვს.
– ჰო, არ გაგვიმართლა, – გაეცინა. ლამაზი კბილების წყობა ჰქონდა. გავიფიქრე, სტომატოლოგი რომ ვყოფილიყავი, ჩემი კლინიკის ბანერისთვისაც გამოვიყენებდი-მეთქი. – ისე, იცი, რომ იისფერი თვალები ანომალიად ითვლება?
– სიამოვნებით ვიქნებოდი ამ ანომალიის მსხვერპლი.
– ანომალიისა არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, მიშოს მსხვერპლი ნამდვილად ხარ.
– რას გულისხმობ? – ვერ მივუხვდი და ეჭვით შევხედე. ვცადე, მზერა ნოლანების გარემოცვაში მდგომი მეფარიშვილისკენ არ გამქცეოდა, რადგან ასე შეიძლებოდა მიმხვდარიყო, მასზე რომ ვსაუბრობდით.
– იმ დღეს, როდესაც ძმებთან ერთად ვვახშმობდით, შენი პროვოკაციაზე წამოგება სცადა. ისეთი მზერით უყურებდი, მაშინვე მივხვდი, არანაირ მაგიდის ქვეშა ფლირტს არ ჰქონია ადგილი. კარგად რომ დავფიქრდი, უფრო მეტად დავრწმუნდი ამაში.
– მაგაზე ამდენს რატომ ფიქრობდი? – ღიმილითა და ცნობისმოყვარეობით სავსე მზერით ავხედე. იუნგის ტუჩებზე ირიბი ღიმილი გაკრთა.
– იმიტომ, რომ თავად მინდა, გავხდე ასეთი ფლირტის მსხვერპლი. – ამას არ ველოდი. ჩვენს იაპონელ სტუმარს პირდაპირობისა და გულახდილობის კომპლექსი ოდნავადაც არ აწუხებდა.
– საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია.
– ჰო, არა? – წელზე ხელი უფრო თამამად მომხვია და მკლავზე ისე გადამიწვინა, ჩვენს ტუჩებს შორის მანძილი, უკვე სახიფათოდ მცირეც კი იყო. – ზოგი ადამიანი პირდაპირობას მინუსად თვლის, ზოგიც – პლუსად. შენ რომელ კატეგორიაში ირიცხები?
– მეორეში. – ვუპასუხე როგორც კი გამასწორა.
– ანუ აღარ უნდა მეშინოდეს იმის, რომ ასეთი სითამამისთვის სილას გამაწნიან?
– რომ იცოდე, ლექსიკონში საკმაოდ ბასრი სიტყვები მაქვს იმისთვის, რომ კაცებს სახეში არ ვურტყა. – იუნგმა ქვედა ტუჩის კუთხე იდუმალი ღიმილით მოიქცია კბილებს შორის.
– შენში არ შევმცდარვარ. მართლაც საინტერესო ჩანხარ!
– პირველი შთაბეჭდილებით, ადამიანს ასეთი კარგი შეფასება არ უნდა მისცე.
– პირველი შთაბეჭდილება მაშინ იყო, როდესაც შენი შესრულებული მთვარის სონატა მოვისმინე. მგონი, არც არსებობს ადამიანი, ვინც როიალს ისე უხდება, როგორც მარიტა. – არაფერი მიპასუხია. ვგრძნობდი, ასეთი სიტყვებით ხაზს ჩემდამი სიმპათიას უსვამდა და ეს ძალიან სასიამოვნოც კი იყო.
მუსიკა რომ დასრულდა, ცეკვისთვისმადლობა გადამიხადა და სანამ მომშორდებოდა, სხვისი თვალისთვის შეუმჩნევლად, ხელში პატარა ბარათიც ჩამიტოვა.
– გახსენი, წაიკითხე და თუკი წინადადებაზე თანახმა იქნები, ერთი ნატეხი შოკოლადი შეჭამე დესერტის მაგიდიდან, თუ არა – მაშინ მარწყვი.
მეტად აღარაფერი უთქვამს, გატრიალდა და კვლავ იმ ადგილისკენ გაეშურა, სადაც ერქოლე და ტეო იდგნენ. გამიკვირდა, მათ შორის მეფარიშვილს რომ ვეღარსად მოვკარი თვალი. ვფიქრობდი, რომ წვეულება ადრიანად დატოვა, მაგრამ ამასობაში ნაცნობი სურნელი ვიგრძენი და იმედები გამიცრუვდა.
ხელში მოქცეულ პატარა ბარათს დავხედე. სუნამოს სასიამოვნო არომატით გაბრუებულს, მხოლოდ იმ წამს გამახსენდა მისი არსებობის შესახებ და სწრაფად ჩავიკითხე ფურცელზე წაწერილი პატარა ზომის ტექსტი. ჩემდა გასაოცრად, წერილი ქართულ ენაზე, ქართული ასოებით იყო დაწერილი და შემდეგ შინაარსს შეიცავდა:
“მინდა ზეგ საღამოს, ამ რესტორანში ვივახშმო შენთან ერთად... რას იტყვი? შოკოლადი თუ მარწყვი?”
ფურცელი კვლავ ორად გადავკეცე და ჩემს გვერდით მდგომ დესერტის მაგიდას შევხედე. პასუხი უკვე მოფიქრებული მქონდა. საკმაოდ დიდი იყო ამ ადამიანთან დროის გატარებისა და უკეთ გაცნობის სურვილი, თანაც ასეთ ლამაზ ადგილას. ამიტომ მაშინვე ავიღე შოკოლადის ნატეხი, ჩემკენ მომართულ მის მზერას თვალი გავუსწორე და ტკბილეული პირში ჩავიდე. გაეღიმა. შევატყვე უზომოდ ნასიამოვნებიც დარჩა. ისეთი მიმზიდველი იყო იმ დროს, ალბათ კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი მასზე დაკვირვებას, თუმცა არ მინდოდა ეფიქრა, რომ სულელი გოგოსავით ვიყავი მოხიბლული. სულ რამდენიმე წამში, გაცილებით უფრო ახლოდან ვიგრძენი სუნამოს გრილი არომატი და იმასაც მივხვდი, რომ მიშო უკვე გვერდით მედგა.
თავდაპირველად მეგონა იქ დესერტის ასარჩევად იყო მოსული, რადგან რამდენიმე წამის განმავლობაში მაგიდას ათვალიერებდა. მერე მე მომიბრუნდა და მივხვდი, ჩემი განწყობის გაფუჭება ერჩივნა.
– ის რობოტების გენიოსი სამურაი მართლა მოგწონს? – ამოიღო თუ არა ხმა, მაშინვე შევატყვე ალკოჰოლი ცოტათი ზედმეტი რომ მოსვლოდა. უცნაურად მეჩვენებოდა ეს ყველაფერი. მიშოს ორი კვირის განმავლობაში, უკვე მეორედ ვხედავდი ასეთ მდგომარეობაში. ეს მის საქციელს საერთოდ არ ჰგავდა.
– ბოდიში, რა მკითხე?
– მშვენივრად გაიგე, რაც გკითხე, – ფურშეტის მაგიდას მიყრდნობოდა და ამჯერად, ხელში თავისი საყვარელი სასმელი, ლიმონიანი წყალი ეჭირა, პიტნითა და ყინულით. ეტყობოდა, აქამდე უკვე საკმაოდ ბევრის დალევა მოესწრო, რადგან ფაქტობრივად ფეხზე ძლივს იდგა. მართალია სულაც არ ვიყავი მოხიბლული მიშოს პირდაპირი, საკმაოდ თავხედური შეკითხვით, მაგრამ ისევ მისი მდგომარეობისადმი გამოვხატე პატივისცემა და ნაკლებად უხეში პასუხით შემოვიფარგლე:
– და რატომ თვლი, რომ ეს შენი საქმეა? რაღაც არ მახსენდება ვმეგობრობდეთ.
– ხომ შეიძლება მარტივ კითხვაზე, გაქვს თუ არა მასთან რამე, უბრალოდ ერთი სიტყვით მიპასუხო? ან ჰო, ან არა.
– არაფერი მაქვს მასთან, – ხვნეშით ამოვთქვი ბოლოს. სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანთან ხანგრძლივი დიალოგი ყველაზე ნაკლებად მჭირდებოდა, ამიტომ ვეცადე საუბარი დროულად დაესრულებინა.
– ნამდვილად? – ისე მიმზერდა, თითქოს პასუხზე ძალზედ ბევრი რამ იყო დამოკიდებული.
– ნამდვილად.
– კარგია... ერთმანეთს მაინც არ უხდებით.
– ჰოო? და ვითომ რატომ?
– ნაძლევს ჩამოვალ, ეგ ტიპი მალე ისეთ რობოტ ქალსაც შექმნის, მამაკაცის სექსუალურად დაკმაყოფილების ფუნქცია რომ აქვს ჩატვირთული. მერე ისევ შენ დარჩები უფუნქციოდ, თორემ მე რა?
– რა მზრუნველი ხარ, ახლა ვიტირებ.
– ვხედავ, მარტო მოსულხარ, – საუბარი სხვა რამეზე გადამიტანა. როგორც ყოველთვის არასასურველ თემას ხშირად ცვლიდა.
– კალესთან ერთად მოვედი, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო წასვლა მოუწია.
დარბაზში „ტვისტის“ მუსიკა გაისმა, ამას კი მქუხარე აპლოდისმენტები და სტვენითი შეძახილებიც მოჰყვა. ირგვლივ მიმოვიხედე. დამაინტერესა, თუ რამ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი და მივხვდი კიდეც – ძმები ნოლანები, საცეკვაოდ გამოყოფილი სივრცის შუაგულში ჩამდგარიყვნენ და ისე ოსტატურად ცეკვავდნენ, რომ მათ შემხედვარეს, მაშინვე მომადგა სახეზე ღიმილი. შორიახლოს იუნგიც შევნიშნე. სხვების მსგავსად, ხელში მასაც მობილური მოემარჯვებინა და ნოლანების ცეკვის ამსახველ ვიდეოს იღებდა.
წამით მიშოს გავხედე. აბსოლუტურად უემოციო, უმეტყველო სახით გასცქეროდა ამ სანახაობას, ისე, თითქოს სრულ სიცარიელეს უყურებსო.
– ახლა ყველაზე მეტად ჰგავხარ თომასს.
– რა?
– თომას შელბის, – დავუზუსტე. – სახე, რომელიც არანაირ ემოციას არ გამოხატავს. სწორედ მას გამსგავსებს.
– თომასს ჰქონდა ემოციები, უბრალოდ ამას ყოველ მეორესთან არ ამჟღავნებდა.
– კი, მას შეიძლება ჰქონდა.
– და მე არ მაქვს, არა? – დაჟინებული მზერით, ლამის მარცხენა ლოყა ამიწვა. – ვიცი, ისევ თათას ამბავზე მიმანიშნებ.
– მერე რა? შენ ხომ ეგეც არ გაღელვებს?
მიშომ თავისი ჭიქიდან კიდევ ერთხელ მოსვა ლიმონიან-პიტნიანი წყალი. მომეჩვენა, რომ რაღაცის თქმა სურდა და წინადადებას აყალიბებდა, თუმცა სანამ რამის თქმას მოასწრებდა, ჩვენი ყურადღება დარბაზის მარჯვენა მხარისკენ გადავიდა. ყვირილის ხმამ, რომელიც იქედან ისმოდა, მუსიკაც გადაფარა და სულ მალე, დარბაზში, ტვისტის მელოდიაც ისევე შეწყდა, როგორც ერქოლესა და ტეოს მხიარული ცეკვა.
გაკვირვებული საერთოდ არ დავუტოვებივარ ამ ჩხუბის ეპიცენტრში, უენსდეი ადამსის კოსტიუმში გამოწყობილი სამირას დანახვას. გოგონა ჩვენს ერთ-ერთ მიმტან ბიჭს, ბოლო ხმაზე უყვიროდა, რომ საკუთარი ხელით გამოჭრიდა ყელს, თუკი კიდევ ერთხელ გაბედავდა მის შეხებას. მე და მიშო, ისევე, როგორც ყველა, მათკენ დავიძარით. ლოლა უკვე იქ დამხვდა. ჩემი დანახვისას, თვალებით მკითხა, რა მოხდაო. მხრები ავიჩეჩე და გაავებულ სამირას შევხედე. მას გაჭირვებით აკავებდა ლანა.
– მომშორდით! გაეთრიეთ! არც ერთი მამაკაცი არ გამეკაროს ახლოს! – კვლავ ყვიროდა იგი. მზერა შეურაცხადისას მიუგავდა, თვალები კი ბრაზისგან ჩასისხლიანებოდა. იმ მომენტში სისხლისმსმელ ვამპირს წააგავდა, რომელსაც თავისი მსხვერპლისთვის ყელი უნდა გამოეღადრა.
– რა ხდება? რა გაჩხუბებთ? – დავინახე როგორ მივიდა ერქოლე მიმტან ბიჭთან და კითხვა დაუსვა. ბიჭის სახე გაკვირვებასა და გაოცებას ასხივებდა, აშკარა იყო თვითონაც ვერ გარკვეულიყო, რა დააშავა.
– მე... უბრალოდ მინდოდა საცეკვაოდ დამეპატიჟა, – ნოლანების გამო ინგლისურად საუბარზე გადავიდა ბიჭი. – მარტო იდგა, ვიფიქრე ჩვენთან კონტაქტში შემოსვლა უჭირს და ცოტათი დავეხმარები, გაიხსნას-მეთქი. მერე ხელზე, ხელი მოვკიდე და დანარჩენი რაც მოხდა, თქვენც დაინახეთ.
– სწრაფად წადი, ნუღარ დაენახები. – ტეოც ჩაერია მათ საუბარში.
– გამიშვი! გამიშვი-მეთქი! აქედან წასვლა მინდა, გამიშვი! – სხვებისგან განსხვავებით, სამირა კვლავ ქართულ ენაზე აგრძელებდა ყვირილს.
– სამირა თავი ხელში აიყვანე! – ლანას მისი თავი ხელიდან გამოაცალა ერქოლემ და მხრებში ხელი ჩაავლო, თუმცა გოგონამ ისიც ისე უხეშად მოიშორა, როგორც კეთროვანი.
– მომშორდი! ხელი არ დამაკარო, თორემ ყელს გამოგჭრი, გესმის?! – შოკირებული ვუცქერდი ამ სცენას. გოგონა იმდენად შეურაცხადი გამხდარიყო, გარშემო ვერავინ ბედავდა მასთან მიახლოებას. მიმტანი ტეოს რჩევით სადღაც გამქრალიყო, თუმცა ეს, სამირას სიმშვიდეზე მაინც ვერ ახდენდა გავლენას.
– მიდი მასთან და აქედან წაიყვანე! – ჩამესმა მიშოს დაძაბული ხმა. – ლოლაც დაიხმარე და ამაღამ მარტო არ დატოვოთ.
– რამე იცი?
– სწრაფად იმოქმედე და კითხვებს ნუ სვამ! კიდევ ერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი რომ მიეკაროს, ალბათ ფრჩხილებით გადაუჭრის საძილე არტერიას.
გოგონას ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და ხალხს რომ შევხედე, გავიაზრე, რომ უქმად დგომაში ერთი წამის დაკარგვაც აღარ შეიძლებოდა. გაოცებილი სახით მდგომ ლოლას მაჯაში ხელი ჩავავლე და თვალებით ვანიშნე დამხმარებოდა. საბედნიეროდ, მანაც ჩემსავით სწრაფად აღიქვა სიტუაცია და თავის დაქნევით დამეთანხმა.
სამირას ისეთი სიფრთხილით მივუახლოვდით, როგორც პროფესიონალურად განაღმულ ველს. ირგვლივ ყველა ჩვენ მოგვშტერებოდა.
– მისმინე, – ფრთხილად წავიღე ხელი ნერვებისგან აკანკალებული გოგონასკენ, რომ უნებურად არ დამეფრთხო. – არავინ არაფერს დაგიშავებს. შინ ჩვენ წაგიყვანთ, კარგი?
– ახლავე წავიდეთ, პრობლემა არ გვაქვს. – ლოლაც ამყვა მისი დაწყნარების მცდელობაში. იმდენად სერიოზული, ფრთხილი და დინჯი იყო იმ მომენტში, როგორც ძალზედ იშვიათად, ჩვენი ნაცნობობის მანძილზე.
– ალტრუიზმის არ მჯერა, წადით და მაგით სხვა დააბოლეთ!
– რომ იცოდე, მაგაზე მეც გული მერევა. უბრალოდ, ამაღამ რაღაც ძალიან მომინდა, შენებური შავი იუმორის მოსმენა და გამიხარდება, თუკი მე, მარიტა და შენ, სხვა ადგილას გავაგრძელებთ გართობას.
ვხვდებოდი რის გაკეთებასაც ცდილობდ ლოლა. სურდა, ისეთი ენით ელაპარაკა, რომელიც სამირას გულში დაგროვებულ ბრაზს, ჩვენკენ არ მომართავდა და პოზიციების დათმობის ნაბიჯს გადაადგმევინებდა. თავადაც ვხვდებოდი, რომ ახლა სიტყვები „სახლში წაგიყვან და გვირილის ჩაის დალაგევინებ,“ უარესად გააღიზიანებდა, ამიტომ, ლოლას მიერ არჩეული გზა, გონებაში უმაღლესი ქულით შევაფასე.
– პიჟამა-წვეულებაზე მეპატიჟებით, მას შემდეგ, რაც აქ შეკრებილთა ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი ფსიქიატრიულის პაციენტად მიმიჩნევს? –გარშემო შემოკრებულ ხალხს გადაავლო წამიერი მზერა. – თუკი ასეა, ნორმალურობისგან თქვენც შორს ყოფილხართ.
– ვიცი, ჩემი მშობლებიც ზუსტად ასე მეუბნებოდნენ, როდესაც კლასის დამრიგებელი, კვირაში მეოთხედ დაიბარებდა ხოლმე სკოლაში, ჩემი უმსგავსო საქციელისთვის. –ღიმილი ძლივს შევიკავე მის სიტყვებზე. დავინახე, რომ ოდნავ სამირასაც ჩაეღიმა, ან შესაძლოა, სულაც ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო ეს.
– ის ტიპი მეორედ არ გამეკაროს! – თქვა მან კატეგორიულობით აღსავსე ტონით. – არც ის და არც რომელიმე სხვა მამაკაცი, ვისი ერთადერთი ინტერესიც ქალის საცვლებში ჩაძრომაა.
– არავინ გაგეკარება, რადგან ახლა აქედან წავალთ, – სამირამდე დარჩენილი მანძილი, უკვე თამამად დავფარე და მხარზე ხელით შევეხე. ჩემდა საბედნიეროდ, ცუდი რეაქცია არ ჰქონია. პირიქით, სხეულის ნერვული კანკალი ოდნავ ჩაუწყნარდა კიდეც და ამჯერად ჩვენს სიახლოვეს მდგომ ლოლას გახედა.
– არც თუ ისე სასიამოვნო ინფორმაცია მაქვს შენთვის, ჰარლი ქუინ. კეისრის კოსტიუმში გამოწყობილი იდიოტი, მთელი საღამოა უკანალზე გიყურებს. – მრისხანე მზერა მიაპყრო დიმიტრის, როგორც კი ეს თქვა. – თუკი ოდესმე რამის გაბედვას დააპირებს, დანა აიღე და თავისი უმცროსი მეგობარი ძირში წააჭერი!
მეტი აღარაფერი უთქვამს სამირას. უბრალოდ, გარშემო შემოკრებილ შოკირებულ ხალხს, ხელით ანიშნა გაეტარებინათ. დარბაზიდან გასასვლელი კარისკენ ისეთი უდარდელი ნაბიჯებით გაეშურა, თითქოს რამდენიმე წუთის წინანდელი სკანდალის გამომწვევი ვინმე სხვა ყოფილიყო. არც მე და ლოლას დაგვიკარგავს დიდი დრო. ჯერ ერთმანეთს გადავხედეთ, მერე თანამშრომლებს მოვუბოდიშეთ და ორივენი ერთგული მცველებივით ავედევნეთ უკან.
დალოდებას არც კი ფიქრობდა. ისე იქცეოდა, თითქოს მის გარშემო სულიერიც არ ჭაჭანებდა. ლიფტით ერთად მგზავრობის დროსაც არ გაუცია ჩვენთვის ხმა. დალაპარაკება მხოლოდ მაშინ მოინდომა, როდესაც ანბანის კოშკი დავტოვეთ და ავტოსადგომზე ამოვყავით თავი.
– თქვენ ორს მეტი საქმე არ გაქვთ? – ადვილი ამოსაცნობი იყო მისი მობეზრებული ტონი. – არანაირი პიჟამა-წვეულება არ იქნება, ყოველ შემთხვევაში ჩემი მონაწილეობით.
– მაშინ, უბრალოდ სახლამდე მიგიყვანთ და მადლობის ნიშნად ყავაზე დაგვპატიჟე.
– ჰარლი ქუინ, შეიძლება ჭკვიანი ხარ, მაგრამ ტვინის გარეშე არც მე დავბადებულვარ. – უენსდეის პარიკი მოიშორა გოგონამ. – სტუმართმოყვარეობით არასდროს გამოვირჩეოდი, თანაც ჩემი მანქანით ვარ და გამცილებლები არ მჭირდება.
– ეჭვიც არ მეპარება, რომ გამცილებელს არ საჭიროებ, მაგრამ მე, შენზე მეტად ჯიუტი ვარ და მინდა ამაღამ სტუმრად გეწვიო. რას იზამ? გამაგდებ? ცოტა არ იყოს, ცუდი დასაწყისი იქნება იმ თანამშრომელთან, რომელიც შენი ხელფასის ჩარიცხვაზე ზრუნავს.
– მე იქედან მაინც გამომაგდებენ დღევანდელი პერფორმანსის შემდეგ, – სარკასტული ღიმილით აღნიშნა სამირამ. – გამომდინარე აქედან, თანამშრომლები აღარ ვართ და პრობლემაც მოგვარებულია.
– ლოლიტას შეუძლია, ნოლანებს შენი დატოვების თაობაზე დაელაპარაკოს, – ვცადე ახალი ხერხი მეპოვნა გაჯიუტებული გოგოს დასარწმუნებლად. – როგორც ბუღალტერი და რესტორნის ერთ-ერთ ყველაზე ძველი თანამშრომელი, ძმებზე გავლენის მოხდენას მარტივად შეძლებს.
სახეზე ჩაფიქრება შევატყვე ჩემი სიტყვების მოსმენის შემდეგ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ისეთი ეჭვით გვიყურებდა, თითქოს დეტექტივი ყოფილიყოს.
– რა ინტერესი გაქვთ ჩემთან დაკავშირებით? – იკითხა მან. გამოხედვა კვლავაც ისეთივე ეჭვნარევი ჰქონდა, როგორც თავდაპირველად, თუმცა ტონში აგრესია აღარ იგრძნობოდა.
– მოდი, უბრალოდ ყავა ერთად დავლიოთ და თუკი შენშიც ვერ გავაღვიძეთ ვერანაირი ინტერესი, მაშინ მეც და მარიტაც თავს დაგანებებთ.
გოგონამ გულზე დაიკრიფა ხელები. ჯერ მე შემომხედა, მერე ლოლას და ამოიოხრა:
– აქვე ახლოს, ოცდაოთხსაათიანი კაფე ვიცი. თუ ყავის დალევა გინდათ, იქ წავიდეთ. არც იფიქროთ, რომ რამდენიმე დღის გაცნობილებს, შინ მოგიპატიჟებთ.
– გვაწყობს. – გამეღიმა და ლოლას გავხედე.
– და თუ შეიძლება, არანაირი კითხვები ამ საღამოს მომხდარის შესახებ!
– ეგეც გვაწყობს, – თვალი ჩაუკრა ლოლამ. – მიდი, წინ გაგვიძეხი, მე და მარიტა კი, ჩვენი მანქანებით გამოგყვებით უკან. – ადგილი, რომელზეც სამირა საუბრობდა, ანბანის კოშკიდან ხუთი წუთის სავალზე იყო. იქ ადრეც ბევრჯერ ვყოფილვარ კურსელებთან ერთად. ხშირად სემინარებიც მომიმზადებია, რადგან იქაური მყუდრო და სასიამოვნო გარემო, ჩემზე მუდამ დადებითად მოქმედებდა.
კაფეში ხალხის სიმცირე შეინიშნებოდა, პარკინგზე თავისუფალი ადგილები მრავლად იყო და არც მანქანების გვერდიგვერდ ჩაყენება გაგვჭირვებია. სამირას კუს ზომის, მწვანე ოთხბორბლიანი მეგობარი, მხოლოდ ორ ადამიანს რომ იტევდა, ჩვენი ავტომობილების ფონზე ისე გამოიყურებოდა, როგორც ცერცვის მარცვალი, ლიმონის გვერდით.
ადგილი ყველასგან მოშორებით, დარბაზის მარცხენა მხარეს ავარჩიეთ. ჩვენ მსგავსად, სამირასთვისაც ლატე იყო ყავის ყველაზე საყვარელი სახეობა, ამიტომ, მიმტანს სამი ლატეს შეკვეთა მივეცით, ყოველგვარი დესერტის გარეშე და ისე დავსხედით, რომ მაგიდის გარშემო წრე შეგვეკრა.
მშვიდი ღამე იდგა. ერთადერთი, რაც აქაურობას დაძაბულობას სძენდა, ეს სამირას სახე იყო. მაინტერესებდა რამ მიიყვანა ასეთ მდგომარეობამდე სამირა, მაგრამ კითხვის დასმას ვერ ვბედავდი. ჯერ ისე ახლოს არ ვიცნობდით ერთმანეთს რომ თავისუფლად გვესაუბრა.
– დღეს შინ მისვლას ძალიან გვიან ვგეგმავ, – კმაყოფილი ღიმილით მიაწვა ლოლა თეთრი სკამის რბილ საზურგეს. – ჩემს ცხოველებს საკვები საკმარისად დავუტოვე, ამიტომ თავისუფალი ვარ.
– ცხოველებს? – მობილურში თავჩარგული სამირაც დააინტერესა მისმა სიტყვებმა. – რა ცხოველები გყავს?
– მგონი ყველაფერი მყავს, რისი მოშინაურებაც შეიძლება.
– ვეგეტარიანელიც იქნები.
– ბინგო!
– ვეგეტარიანელების კიდევ ჰო, მაგრამ ვეგანების წინაშე მართლა ქედს ვიხრი. – საუბარში თავადაც ჩავერთე. – ადამიანები ფაქტობრივად არაფერს ჭამენ, რისი ჭამაც სასიამოვნოა.
– თუ შიმშილი უხარიათ, მაგათი პრობლემაა, – მხრები აიჩეჩა სამირამ. გამომეტყველებაზე შევატყვე, რომ არც ლოლას ჰქონდა განსხვავებული პასუხი ამასთან დაკავშირებით.
ამასობაში ჩვენიი ლატეც მოიტანეს. ყავის სასიამოვნო სურნელი ღრმად შევისუნთქე და ჭიქას ორივე ხელი შემოვხვიე.
– თქვენი დირექტორი მგონი ძალიან შევარცხვინე, – სათითაოდ მოგვავლო მზერა სამირამ, თუმცა რა იმალებოდა ამ სიტყვების მიღმა ვერაფრით მივხვდი და გადავწყვიტე ჩავძიებოდი:
– რას გულისხმობ? მიშო რა შუაშია?
– იმ შუაშია, რომ რესტორანში სწორედ მაგ ადამიანის რეკომენდაციით მიმიღო ერქოლემ. – უდარდელად მოსვა ჭიქიდან გოგონამ. – მისი ბავშვობის მეგობარი, დემეტრე, ჩემი ყოფილია და სწორედ მან სთხოვა მიშოს ჩემთვის სამსახური. გასაუბრება, რომელიც გავიარე, უბრალო ფორმალობა იყო.
– ანუ მიშოს კარგად იცნობ? – ამ ახალი ამბით გაკვირვებული, სიტყვებს თავს ძლივს ვუყრიდი. არანაკლებ გაოცებული ჩანდა ლოლაც.
– ჰო, ჩემი ყოფილის წყალობით. დემეტრე ნამდვილი ტვინის ბურღია, თუმცა რაღაცებში მაინც გამომადგა მისი არსებობა.
– ტვინის ბურღი რატომ, შერიგება უნდა? – ეშმაკური ღიმილით ჰკითხა ლოლამ. – მაგ დემეტრეს შორიდან მეც ვიცნობ, მიშოს ხშირად აკითხავს ხოლმე და ვაღიარებ, ძალიან ცეცხლოვანი ვინმეა. შენს ადგილას ასე არ მოვიხსენიებდი.
– არ ვიცი, შენ როგორ მოიხსენიებდი, მაგრამ მე არც მისი ცეცხლი მჭირდება, არც მზრუნველობა და არც კვირაში ოთხჯერ მოკითხვა.
– თავად თქვი, სამსახურში მომაწყოო.
– ჰო, ჰარლი ქუინ, მომაწყო და ამისთვის საჩუქარიც გავუგზავნე, მადლობის ნიშნად, მაგრამ ვალდებული არ ვარ ლოგინშიც გავუწიო მომსახურება.
– ასეთი ზიზღით რატომ საუბრობ? – აშკარად მიჭირდა ამ გოგოს მსგავსი აგრესიის მიზეზის ახსნა. – იქნებ მაგას საერთოდ არ ცდილობს და უბრალოდ სურს ადამიანურად დაგეხმაროს?
– კარგი რაა, – მობეზრებით ამიქნია ხელი სამირამ. მის წაბლისფერ თვალებში ბრაზი და ზიზღი იკვეთებოდა. – უკვე გულისრევის შეგრძნებამდე მივყავარ ჩემ გვერდით რომელიმე მამაკაცის წარმოდგენას, თუნდაც მეგობრული კუთხით.
– შენ და ლოლიტა, ორი უკიდურესობა ხართ, – მიუხედავად იმისა, რომ მისმა ასეთმა სიტყვებმა ლამის პირი დამაღებინეს, ვცადე გარეგნულად მაინც არ არეკლილიყო ჩემი შინაგანი მდგომარეობა. – ამას კაცის გარეშე არ შეუძლია, შენ კი კაცთან ერთად.
– აჰა, მეც გადმომწვდა. კიდევ კარგი ჰარლის კოსტიუმზე გრძელი მოსაცმელი მოვიცვი, თორემ მთელი ღამე ტვინს გაბურღავდა, რამე მოიხურე, ყველა შენ გიყურებსო.
– რა ვქვნა, მეც ვეთანხმები, – ღიმილით გამომხედა სამირამ. – ტრუსებით კაფეში ჯდომა, მთლად კარგი იდეა არ უნდა იყოს მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ცხოვრობ და ყოველი მეორე მამრობითი სქესის წარმომადგენელი, ხვრელზეა ორიენტირებული
– ყველა ქართველ კაცს ერთ ტაფაში ნუ წვავ, რაა. – მისი თეორია სასწრაფოდ გააპროტესტა ლოლამ. მე გადავწყვიტე არ ჩავრეულიყავი, მოვლენებს შორიდან დავკვირვებოდი და მათი სიტყვიერი პაექრობისთვის მედევნებინა თვალ-ყური.
– მინდა ერთ ტაფაში მოვწვავ, მინდა ერთ ქვაბში და მინდა სანელებლებსაც მოვაყრი ზემოდან. ჩემს აზრებში ხელებს ნუ აფათურებ!
– სად გაიზარდე ასეთი აგრესიული? იქნებ რამე ტკბილიც შეგვეკვეთა, ტკბილად რომ ისაუბრო?
– მაგას ტკბილეული არ შველის, – ღიმილით მოიკვნიტა ქვედა ტუჩი სამირამ. – გაზრდას რაც შეეხება, ბავშვთა სახლში გავიზარდე.
– ბავშვთა სახლში? – თითქმის ერთდროულად ვიკითხეთ მე და ლოლამ.
– ჰო, რა იყო? – უდარდელად აიჩეჩა მხრები. – ვიღაც შემთხვევითმა გამვლელმა, ერთი თვის ახალშობილი სანაგვე ყუთში მიპოვა და იქედან, პირდაპირ უპატრონო ბავშვთა სახლში მიკრეს თავი. დემეტრეც იქ გავიცანი, ერთად ვიზრდებოდით.
მოსმენილი ამბის გადასახარშად რამდენიმე წამი მაინც დამჭირდა. გულში მწარე ჩხვლეტა ვიგრძენი. მიტოვებული, უარყოფილი ბავშვის ცხოვრებით ცხოვრება, მუდამ ძალზედ რთულად წარმომედგინა, თუმცა იმას ნამდვილად ვერ ვხვდებოდი, სამირას ეს ყველაფერი მართლა არ ადარდებდა, თუ უბრალოდ ინდიფერენტულობის ნიღაბი ჰქონდა სახეზე პროფესიონალურად მორგებული.
– და მიშო? – ისე, რომ ვერც გავიაზრე, ხმამაღლა გავაჟღერე ჩემი შეკითხვა. – ის საიდანღა გაიცანი?
– დემეტრესთან მეგობრობდა და ყოველ კვირაში აკითხავდა ბავშვთა სახლში. უამრავი სათამაშო და ტკბილეული მოჰქონდა მისთვის. მე და დემეტრე რომ ურთიერთობაში შევედით, მეც დამიმეგობრდა და საჩუქრები ჩემთვისაც მოჰქონდა. რაც ერთმანეთს დავშორდით, მას შემდეგ მიშოსთანაც გავწყვიტე ყველანაირი კონტაქტი.
– და რატომ? – გაურკვევლობა და ინტერესი, ერთმანეთს ენაცვლებოდა ლოლას მზერაში.
– იმიტომ, რომ წარსულის ადამიანების ადგილი წარსულშია. მიუხედავად იმისა, რომ ორივესი მადლობელი ვარ, მაინც აღარ მინდა მათთან ძველებური ურთიერთობის აღდგენა. დემეტრესთან მით უმეტეს.
სამირას ისტორიებით დაინტერესებულმა, მხოლოდ მაშინღა შევნიშნე, რომ ჩემი ლატე უკვე გაცივების გზას ადგა. საკმაოდ მოზრდილი ყლუპი მოსვი. უკვე გვარიანად შეგრილებულიყო, თუმცა მაინც ძალზედ მეგემრიელა.
– ერთმანეთს რატომ დაშორდით? – სამირასკენ მიმართულ, ლოლას ცნობისმოყვარე მზერას შევეჩეხე, როგორც კი ჭიქა მაგიდის ზედაპირზე დავაბრუნე.
– მაგაზე ლაპარაკი არ მინდა.
– კარგი რაა, სელებრითები სატელევიზიო შოუებშიც კი ჰყვებიან, რატომ დაშორდნენ ქმრებს, შეყვარებულებს და ასე შემდეგ. შენ რატომ ასაიდუმლოებ ასე?
– რომ იცოდე, მაგ შენი სელებრითების ოთხმოცდაათი პროცენტი ბრიყვად მიმაჩნია. ცნობილი ადამიანების უმეტესობას, ტვინი იმდენად აქვთ გამორეცხილი, პარტნიორთან დაშორების შემდეგ, სიმღერებსაც კი წერენ, სადაც მათ საქვეყნოდ აშარჟებენ. გულისამრევია!
– ჰო, მართალი ხარ, – დავეთანხმე. – მაგრამ შაკირას ერთ-ერთი სიმღერა საკმაოდ ცნობილი ჰიტი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მასში თავის ყოფილ ქმარს დასცინის.
– ჰიტი კი გახდა, მაგრამ ეს იმ ფაქტს ვერ ცვლის, რომ მისი საქციელი, ტიპური, დაბოღმილი ქალის რეაქციაა. ქმარმა უღალატა და შურისძიების მიზნით, უნდა მისი თავი მთელ მსოფლიოს შეაძულოს.
– რა აქტუალურ თემებზე მიდის დავა, – გულზე ხელები დაიკრიფა ლოლამ. –თქვენი საუბარი რომ გავატიკტიკო შეიძლება?
– ტელეფონის ამოღება არც კი გაბედო! – მკაცრ ტონს, მკაცრი მზერაც დავურთე. სამირას გაეღიმა, ლოლას კი ჯიბისკენ წაღებული ხელი გაუშეშდა.
– იცით, გოგოებო? მგონი, მართლაც არის თქვენში რაღაც, რაღაც, რაც საშუალებას არ მაძლევს, ისე დაგახვევინოთ, როგორც ამას სხვასთან მიმართებაში ვიზამდი...


***
შუადღით, როდესაც კალემ ჩემს კარზე ზარი დარეკა, უკვე ყველაფერი მზად მქონდა. შოკოლადის მინანქრიანი მარწყვის ტორტი, ბანანის სმუზი და ალუბლის მაფინები, დღეს მთლიანად ჩვენს განკარგულებაში უნდა ყოფილიყო. კარი რომ გავაღე, ზღურბლთან ტუჩ და წარბგახეთქილი კალე შემრჩა ხელში, პირამდე სავსე პოლიეთილენის პარკით ხელში.
– რა გჭირს? მესამე მსოფლიო ომი დაიწყო? – ვიკითხე შეშფოთებით. რაც ამ ადამიანს ვიცნობდი, არასდროს გამოევლინა ისეთი თვისება, რომელიც მაფიქრებინებდა, რომ ქუჩური გარჩევების მოყვარული იყო. სწორედ ამიტომ გამიკვირდა მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა.
– საინფორმაციო გამოშვებებს რომ უსმენდე, მიხვდებოდი, რომ მესამე მსოფლიო ომამდე, ერთი ასანთის გაკვრაღაა დარჩენილი.
– სერიოზულად, რა გჭირს? – შიგნით შემოვატარე და კარიც ჩაკეტე. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უჩვეულოდ მხნედ გამოიყურებოდა და მხიარულ განწყობაზეც იყო.
– რომ გითხრა კიბიდან გადმოვვარდი, ან კარს დავეჯახე-მეთქი, არ დამიჯერებ, ხომ?
– მეგონა, ეგრე მხოლოდ ის ქალები იტყუებოდნენ, რომლებზეც ქმრები ძალადობენ.
– ანუ ამ ტყუილის საავტორო უფლება მათია?
– კალე, ხუმრობის გარეშე, რა ხდება?
ბიჭმა უკმაყოფილოდ ამოიოხრა. ხვდებოდა, რომ პასუხი უნდა გაეცა ჩემს კითხვაზე.
– ერთი ჭიქა წყალი მომიტანე, სამი ნატეხი ყინულით.
– კალე!

– ნუ მიყურებ ჰელოუინის გოგრასავით, ყველაფერს მოგიყვები. – მისაღების დივანზე მოწყვეტით დაეშვა. – უბრალოდ ჯერ წყალი მომიტანე, ძალიან მწყურია. თან ეს პარკიც წაიღე, შიგნით ტკბილეული დევს.
პასუხად აღარაფერი მითქვამს. უამრავი კითხვის ნიშნით გამოტენილი თავითა ცნობისმოყვარეობის გრძნობით ნახევრად შეჭმული ტვინით სამზარეულოს მივაშურე. კალეს მოტანილი სასუსნავები რომ დავაბინავე, ჭიქაში ონკანის წყალი ჩამოვასხი და ყინულის კუბების დამატების შემდეგ, კვლავ ჩემს დასახიჩრებულ სტუმართან დავბრუნდი.
– დალიე, მერე კი გისმენ!
– ოღონდ დამპირდი, რომ საკუთარი თავის დადანაშაულებას არ დაიწყებ.
– მოიცა, ჩემ გამო გჭირს ეს ყველაფერი? – გულმა ლამის მუშაობა შეწყვიტა. კალემ წყლით სავსე ჭიქა ერთი ამოსუნთქვით გამოცალა და ნებიერად მიეყრდნო დივნის რბილ საზურგეს.
– შენ გამო არა, ერთი ფსიქოპათის ახირების გამო, რომელმაც მაინცდამაინც შენ ამოგიჩემა ამდენ ქალში.
– არ თქვა, რომ...
– ჰო, ლეო იყო, – მაშინვე მიხვდა, როგორც ვგეგმავდი ამ წინადადების დაბოლოებას -უფრო სწორად, მისი გამოგზავნილი ხალხი. გუშინწინ, კორპორატიულზე ყოფნისას ვიღაცამ დამირეკა და მთხოვა ცოტა ხნით ქვემოთ ჩავსულიყავი. სწორედ ამიტომ აღარ დავბრუნდი უკან.
– მაგრამ... – ვიგრძენი ყელში როგორ გამეჩხირა მოზრდილი ბურთი და როგორ წამართვა გამართულად მეტყველების უნარი. – შენგან რა უნდოდა? საერთოდ რა შუაში იყავი?
- შურისძიების სურვილი, – მყისვე მომიგო კალემ. – ალბათ ვიღაცის მეშვეობით გითვალთვალებს. იცოდა, შენთან სახლში რომ ვიყავი, ისიც დაინახა წვეულებაზე ერთად რომ წავედით და ჩათვალა, რომ ჩვენ შორის რაღაც ხდება.
– ავადმყოფი ! ეს როგორ გააკეთა? – სახეზე მოწოლილმა ბრაზმა, კანიც კი ამიხურა და აკანკალებული თითებით, რაც შემეძლო ნაზად შევეხე გახეთქილ ტუჩზე. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ცრემლები არ გადმომცვენოდა და იქვე არ ავტირებულიყავი. – მითხარი, ძალიან გტკივა?
– ნუ ღელავ, არც ის ტიპები არიან ნაკლებ დღეში.
– რამდენნი იყვნენ?
– ოთხნი . . . და ნუ გაქვს ასეთი სახე, ხომ ხედავ, კარგად ვარ.
– ჩემ გამო მოხდა ყველაფერი. მე ვარ დამნაშავე, – დივანზე მის გვერდით დავჯექი და ამჯერად თვალებზე ავიფარე აცახცახებული თითები.
– მე შენ ხომ გითხარი, საკუთარი თავის დადანაშაულება არ დაიწყო-მეთქი?! რა შენი ბრალია, თუკი ვიღაც ტვინნაღრძობი გადაგეკიდა და სურს ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელთან დაგიწესოს საზღვრები?!
– ეგ იმ ფაქტს არ ცვლის, რომ შენი ამ დღეში ჩავარდნის მიზეზი მე ვარ.
კალე ჩემთან უფრო ახლოს გადმოჯდა, თვალებზე აფარებული თითები ფრთხილად დამაშვებინა ძირს და კრიალა, ცისფერი თვალებით ისე თბილად გამიღიმა, ერთიორად მომემატა დანაშაულის შეგრძნება.
– ეს იმიტომ არ მომიყოლია, რომ გამუდმებით იძახო ჩემი ბრალიაო, მარიტა, გესმის? უბრალოდ მინდოდა, გამეფრთხილებინე, რომ მხოლოდ სასამართლო აკრძალვა არაა საკმარისი მაგ ადამიანისთვის შენი არსებობის დასავიწყებლად.
– მეტი რა უნდა ვქნა, კალე? რა გავაკეთო? ისიც კი სახიფათოა, რომ ახლა აქ ხარ. თავის დროზე რომ გეთქვა, მოპატიჟებას გავაუქმებდი და...
– ახლა გეყოფა, – ხმამაღლა გაეცინა ჩემს ისტერიკაზე. – ისღა მაკლია, ვიღაც დარტყმულის გამო, იმ ადამიანთან გავწყვიტო ურთიერთობა, რომელიც ერთადერთია, ვისაც სანათესაოში ვაფასებ.
– მაგრამ შეიძლება ამის გამო კიდევ გაეხვე შარში...
– მარიტა, გეუბნები ოთხი იყვნენ-მეთქი და მხედავ, მხოლოდ წარბი და ტუჩი მაქვს გახეთქილი. მთელი ბავშვობა მამაჩემი სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების წრეზე მატარებდა. თავის დაცვა კარგად შემიძლია.
– ეგ ვერ მამშვიდებს, კალე. გუშინ შიშველი ხელებით დაგადგნენ თავზე, მაგრამ რა გარანტია მაქვს, ხვალ იარაღს რომ არ მოგადებენ შუბლზე?!
– იარაღის ტარების უფლება მეც მაქვს. თუ ეს დაგამშვიდებს, ამიერიდან ვატარებ ხოლმე.
– დავიჯერო, შენ საერთოდ არ გეშინია?
– ჩემზე ნუ ფიქრობ, შენ კი აი ეს გქონდეს ყველგან, სადაც წახვალ. – თქვა თუ არა, ჯიბიდან პატარა, შავი ფერის ფარანი ამოიღო და გამომიწოდა. – ასე ნუ მიყურებ, მხოლოდ ის არ არის, რასაც ხედავ.
– აბა, რა არის? – გამოწვდილი ნივთი ჩამოვართვი და გამოკვლევის მიზნით, უკეთ დავაკვირდი.
– მაგ პატარა, სამკუთხედი ფორმის წვეტებს ხედავ, სინათლის წყაროს გარშემო?
– კი, მერე?
– ელექტრო-შოკია. მის გასააქტიურებლად, აი ეს ღილაკი უნდა ასწიო ზემოთ. სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივი სანათია და მორჩა. დატენვით, ანდროიდის დამტენიც ტენის. ჩემი დავკარგე, თორემ მაგასაც წამოგიღებდი.
კალეს მიერ ნაჩვენები ღილაკი ზემოთ ავწიე. შემდეგ ჩამრთველს დავაწექი და უწყინარი სანათი სულ მალე გადაიქცა საშიშ ნივთად, რომლის თავიც მენთოლისფრად ანათებდა და დენგამტარი მავთულის ხმებს გამოსცემდა.
– აი, ეს მესმის! – გაოცების ღიმილი მომადგა ტუჩებზე. – და ეს ადამიანს რას უშვრება?
კალემ ფანარი ფრთხილად გამომართვა, გათიშა და მაგიდაზე მიუჩინა ადგილი.
– გარკვეული დროით კრუნჩხვებში აგდებს. აი, ეს კი ნაკლებად სახიფათოა, თუმცა მაინც ეფექტური. – ამჯერად ტუჩსაცხი ამოაძვრინა ჯიბიდან კალემ. სანამ რამე შეკითხვის დასმას მოვასწრებდი, განმარტება თავად მოაყოლა:
– ეს უკვე ცრემლსადენი სპრეია, ქალის ტუჩსაცხის მოყვანილობით. მინდა, რომ ეს ორი ნივთი, მუდამ ჩანთაში გედოს, მარიტა.
სიგიჟემდე მომინდა მისი ჩახუტება. ისეთი სასიამოვნო იყო იმის შეგრძნება, რომ ვიღაც ჩემზე ასე ზრუნავდა, თავის შეკავება ვერ მოვახერხე და მართლა გადავეხვიე. საპასუხოდ მანაც მომხვია წელზე მკლავები და ტუჩები ყურთან ახლოს მომიტანა:
– შეიძლება ვიკითხო ჩემს ხილის ტორტს როდის მაჭმევ? – მკითხა სიცილით. – სანამ შენ აქ სენტიმენტებს აფრქვევ, ჩემი კუჭი უკვე აჯანყებას მიწყობს.
– ტკბილეული საჭმელი არ არის. – მივუგე სიცილითვე, თან სწრაფად მოვშორდი მის სხეულს. – ყველაფრისთვის გმადლობ, კალე. მართლა ძალიან დიდი მადლობა!
– შენი მადლობა ის იქნება, ჩემს შეკვეთას თუ დროულად მომიტან.
– კარგი, კარგი, ყველაფერს მოგიტან, – უმალვე წამოვდექი ფეხზე, ჩემთვის განკუთვნილი სახიფათო საჩუქრები მოვაგროვე და კალეს, თვალებით გალიაში გამომწყვდეული თუთიყუშისკენ ვანიშნე. – მანამდე მიდი, შენი ახალი მეგობარი გაიცანი. გუშინ დავილაპარაკეთ და ფსიქოლოგიურად უკვე შემზადებულია საცხოვრებელი გარემოს ცვლილებისთვის.
– ჰოო? კარგი, მაგას თავად გადავამოწმებ. – მომიგო და როგორც კი სამზარეულოსკენ ავიღე გეზი, მაშინვე გაემართა თუთიყუშის გალიისკენ.
კალე ჩემთან საკმაოდ დიდხანს შემორჩა. ბავშვობის გახსენებას ჰგავდა ჩვენი ერთად ყოფნა. ტელევიზორში ლუი ანდერსონის ანიმაცია გვქონდა ჩართული, ირგვლივ ტკბილეული მოგველაგებინა და პარალელურად, ერთმანეთთან საუბარსაც ვახერხებდით.
სულ სხვანაირი იყო კალე იმ მომენტში. სამსახურის გარეთ, არც თვალებს იხატავდა შავი ფანქრით და არც თავის განთქმულ, ცილინდრის ფორმის ქუდს ატარებდა. ახლა, გარეგნულად ჩვეულებრივი ბიჭი იყო, ლამაზი, ცისფერი თვალებითა და ყოველგვარი სიბინძურისგან თავისუფალი, წყაროს წყალივით სუფთა გამოხედვით.
– შენი რჩევა მჭირდება, – როგორც კი მორიგი სერია დასრულდა, კალეს მივუბრუნდი და გამეცინა იმის დანახვაზე, თუ როგორ სწრაფად გამომხედა, ორცხობილით გამოტენილი ლოყებით.
– რა რჩევა?
– მაინტერესებს, როგორი სტილის სამოსი აჯობებს მაღალი კლასის რესტორანში ჩასაცმელად. ხვალ პაემანი მაქვს და...
– პაემანი? – ლუკმა ლამის გადასცდა და სიცილნარევი ხველა აუტყდა. გაჩერება მანამ ვერ შეძლო, სანამ ზურგზე რამდენჯერმე გადაბმულად არ დავარტყი გაშლილი ხელის გული.
– ჰო, პაემანი. ასე რატომ გაგიკვირდა?
– ვინ არის ის იღბლიანი მოქალაქე? – ეშმაკურად აუციმციმდა თვალები. დამალვის სურვილი არც გამჩენია.
– ჩვენი იაპონელი სტუმარი, იუნგი. კორპორატიულზე ერთად ვიცეკვეთ და შეხვედრაც მაშინ მთხოვა.
– აი, თურმე. – ვგრძნობდი, უფრო და უფრო ემატებოდა ინტერესი. – ანუ მოგწონს? სხვანაირად არ დათანხმდებოდი.
– არ ვიცი... სიმპათიურია, ჭკვიანი, კარგი მოსაუბრე. ვნახოთ, ეს შეხვედრა როგორ ჩაივლის, წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა.
– რამე სექსუალურისა და ელეგანტურის ნაზავი ჩაიცვი. უმჯობესია კაბა იყოს, ასე უფრო მოახდენ შთაბეჭდილებას.

– მგონი, მართალი ხარ. მაქვს ერთი შესაფერისი კაბა.
– ფერი?
– ღია იისფერი.
– იდეალურია, – თითებით Perfect-ის ნიშანი გააკეთა და ისევ ტელევიზორის ეკრანს მიაცქერდა.
ჩემი და კალეს ცვლა ერთად იწყებოდა, ამიტომ ჯერ თუთიყუში დავტოვეთ მის სახლში, შემდეგ კი სამსახურისკენ მიმავალ გზას, ჩემი მანქანით დავადექით. მისი ნაჩუქარი ელექტრო-შოკი და ცრემლსადენი სპრეი, ჩანთის ყველაზე პატარა განყოფილებაში მქონდა მოთვსებული. ლეო სასამართლო აკრძალვის გამო რომ არ გაქრებოდა ჩემი ცხოვრებიდან, მივხვდი. ამიტომ იყო საჭირო უსაფრთხოების ზომების მიღება. იუნგზეც ვფიქრობდი, შეიძლება ლეოს მისთვისაც ისევე მიეგზავნა ხალხი, როგორც ეს კალეს შემთხვევაში გააკეთა? ამაზე ფიქრიც კი მაშინებდა. ყველაზე ნაკლებად ის მსურდა, კიდევ ვინმე დაზარალებულიყო. ფრთხილად უნდა მემოქმედა, რომ ჩემი პირადი ცხოვრების დეტალები მას არ გაეგო.
რესტორნის პარკინგზე, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილი, ამჯერადაც თავისუფალი დაეტოვებინათ. ამინდიც იდეალური იყო და კარგ ხასიათზე ვდგებოდი.
Imagine ხალხით დამხვდა გადავსებული. გამოსაცვლელად ნახევარი საათი მრჩებოდა. არც კალეს ჰქონდა ბევრი დრო, ამიტომ, ერთმანეთს სწრაფად დავემშვიდობეთ და დროებით დავიშალეთ.
სანამ გასახდელ სივრცეს მივაშურებდი, საპირფარეშოსკენ ავიღე გეზი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი მალინისფერი ტუჩსაცხი კარგად არ მქონდა წასმული. როიალთან დაჯდომამდე მინდოდა, შემესწორებინა.
ჩანთიდან კოსმეტიკის ჩანთა ამოვიღე და სახელურის დაწევამდე კარი შიგნიდან გაიღო. უკან სწრაფად დავიხიე, რომ გარეთ გამომსვლელი გამომეტარებინა. ჩვენი მიმტანის, ლანას დანახვაზე, გამეღიმა და მისასალმებლად პირიც გავაღე, თუმცა სიტყვები თითქოს ენის წვერზე მიმეყინა, როდესაც მის ზურგს უკან, იუნგიც შევნიშნე. იგი შეხსნილი შარვლის ქამარს იკრავდა. მათს ალეწილს სახეზე ყველაფერი ადვილად ამოსაკითხი იყო. ნანახით იმედგაცრუებული დავრჩი. შეიძლება ლანა მართლაც ლამაზი იყო და ყველა მამაკაცისთვის სასურველი, თუმცა არ მეგონა, ერქოლესა და ტეოს ახლო მეგობარი, მათსავე რესტორანში თუ დაიწყებდა მიმტანებთან ტუალეტში დროის გატარებას, თანაც მაშინ, როდესაც მომდევნო საღამოს, ჩემთან უნდა ჰქონოდა პაემანი. ამის წარმოდგენამ, გულისრევის შეგრძნება მომგვარა. ეს მამაკაცი აშკარად არ იყო ის, ვისთანაც საერთოდ რაიმე სახის ურთიერთობა ღირდა.
მიუხედავად იმედგაცრუებისა, არაფერი მითქვამს და არც ჩემი წყენა გამომიხატავს. იუნგს თვალებში სულ რამდენიმე წამით შევხედე, მერე კი გვერდი ავუქციე და საპირფარეშოს ღია კარში შევაბიჯე. დარწმუნებული ვიყავი, ამ ერთი გამოხედვით ისიც მიხვდა, რომ ჩვენი შეხვედრა ოფიციალურად გაუქმებული იყო.


***
მაისის ბოლოს რესტორნის ყველა თანამშრომელს დაპირებული პრემიები დაგვირიცხეს. თანხის დახარჯვას მისი შენახვა ვამჯობინე. ივლისში ერთკვირიანი შვებულების აღებას და რიო დე ჟაინეიროს მონახულებას ვაპირებდი და ფულსაც ამისთვის ვაგროვებდი.
საღამო ხანი იდგა. სამუშაო საათები ახალი დასრულებული მქონდა და ჩვეულებრივზე უფრო მოთენთილად ვგრძნობდი თავს. არც ყავა დამეხმარა და არც ენერგეტიკული სასმელი, რომელსაც იშვიათი გამონაკლისების გარდა, თითქმის არასდროს ვიღებდი ხოლმე.
გადაღლილობისგან ნახევრად გათიშული მივდიოდი ჩემი მანქანისკენ, ავტოსადგომზე რომ მყავდა დატოვებული. ვიფიქრე, შინ ტაქსით ხომ არ დავბრუნდე-მეთქი, თუმცა ისეთ მდგომარეობაშიც არ ვყოფილვარ, შუა მგზავრობისას საჭესთან ჩამძინებოდა, ამიტომ ჯიბიდან გასაღები ამოვაძვრინე და კარი გავაღე. პარკინგზე სრული სიჩუმე ჩამოვარდნილიყო. გარშემო მხოლოდ მანქანები ეყენა. უსიამოვნო შეგრძნებამ დამრია ხელი. შიში თითქოს ფეხის თითებიდან ამომაცოცდა და გულში პარაზიტი ჭიასავით შემიძვრა, თუმცა არ კი ვიცოდი რატომ. ეს შეგრძნება გადაღლილობას მივაწერე და მანქანის სავარძელზე მოვთავსდი. თვალები მაგრად დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე. შემდეგ ჩავისუნთქე და კიდევ რამდენიმე ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ვარჯიში გავაკეთე. გაგონილი მქონდა, რომ ეს ყველაფერი ადამიანს დამშვიდებაში ეხმარებოდა, თუმცა ნანატრი სიმშვიდის გრძნობა არაფრით მეუფლებოდა. შიში გამიათკეცდა, როდესაც თვალები გავახილე და ავტომობილის უკანა სავარძელზე, ავად მომღიმარი ლეოს სილუეტი ამოვიცანი.
მთელი სხეული ერთიანად დამეჭიმა. დაძაბულობისგან გული ლამის ყელში მომებჯინა, ლაპარაკის უნარი წამერთვა და თვალებსაც კი ვერ ვახამხამებდი.
- რა იყო, არ მელოდი? - ხმა კიდევ უფრო დამზაფვრელი ჰქონდა, ვიდრე გამოხედვა, მაგრამ შიშის გამომჟღავნებას მაინც მოვერიდე. სანამ გონებაში თავის დაღწევის გზებს ვეძებდი, გადავწყვიტე უდარდელი იერი მიმეღო.
– სიმართლე გითხრა, დღეს სიურპრიზებს არ ველოდი. შენნაირ სასიამოვნოს მით უმეტეს.
– ჰოო, არა? – უკნიდან, პირდაპირ თმაში მწვდა ლეო და იმდენად ძლიერად მომიჭირა, ტკივილისგან თვალებზე ცრემლებიც კი მომაწვა. ისე ახლოს იყო ჩემთან, მისი ნერვული სუნთქვა მრჯვენა ლოყაზე მეფრქვეოდა. – როგორც ვხედავ, თვალთმაქცობა უკვე ცხოვრების წესად გადაგექცა.
– მე კი, როგორც ვხედავ კანონს არღვევ. – ლეოს საზარელად გაეცინა და თმაში ჩავლებული ხელი, კიდევ უფრო მაგრად მომიჭირა. საშინელი შეგრძნება იყო. ასე არასდროს არაფერი მტკენოდა ცხოვრებაში.
– გეგონა, ერთი სულელური აკრძალვით, საბოლოოდ გამაქრობდი შენი ცხოვრებიდან? მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ასეთი ვნებიანი მომენტები გვქონდა?
– მხოლოდ ერთხელ ვაკოცეთ ერთმანეთს, ლეო. – მთელი ძალით ვცდილობდი მშვიდი, გაწონასწორებული და უდარდელი ტონის შენარჩუნებას.
– იმის თქმა გავიწყდება, რომ ყველაფერ ამას, ჩემზე კომპრომატების მოსაპოვებლად აკეთებდი. უნდა ვაღიარო, მელას ტაქტიკას იდეალურად ფლობ, მაგრამ ახლა ყველაფრისთვის აგებ პასუხს!
– თუ ჩემი მოკვლა გინდა, ეს სადმე სხვაგან გააკეთე. საცოდაობაა ამ რესტორანს რეპუტაცია შეელახოს.
– ხუმრობის ხასიათზე ხარ, არა? – ლოყაზე ენა ამისვა. – გამოგიტყდები, ხანდახან მაოცებ კიდეც. იმდენად კარგად თამაშობდი ჩემზე გაგიჟებული ქალის როლს, აზრადაც არ მომსვლია ის, რასაც თურმე შენი ინტრიგანი ტვინი გეგმავდა.
– აქ რისთვის მოხვედი? – ვკითხე, რისი კითხვისაც ყველაზე მეტად მეშინოდა. ცოტა ხანს ჩუმად იყო. თითქოს სპეციალურად ძაბავდა სიტუაციას, ისე, როგორც რეჟისორი სერიალის მორიგი ეპიზოდის დასასრულს.
– იმას მიიღებ, რაც დაიმსახურე! – მითხრა ბოლოს ღვარძლიანად. – შენთვის უკეთესი იქნებოდა ჩემი წინადადება მიგეღო, მაგრამ არა, ვეღარ ეღირსები! ახლა ერთ ჩემს კარგ ნაცნობთან წაგათრევ, ასაკოვანი მამაკაცია და ახალგაზრდა გოგონებზე კარგავს ჭკუას. ჯერ თვითონ ისიამოვნებს რამდენ ხანსაც მოუნდება, როცა მობეზრდები კიდევ, უამრავი ნაცნობი ჰყავს საზღვარგარეთის პროსტიტუციაში და ზუსტად იქ გიკრავს თავს. იქ კი იმაზე ოცნებაში ამოგხდება სული, რომ პოლიცია შენს კვალზე გამოვიდეს, მაგრამ ეს არასდროს მოხდება.
ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს მთელ ტანზე მდუღარე წყალი გადამავლეს. თუ გონებას სწრაფად არ ავამუშავებდი და რამეს არ მოვიფიქრებდი, მართლა გავხდებოდი იმ საზიზღრობის მსხვერპლი, რასაც მეუბნებოდა.
პარკინგზე კვლავაც არავინ ჩანდა, რომ კარები უცებ გამეღო და ყვირილით მიმეწვდინა ხმა. კალეს ნაჩუქარი თავდაცვის იარაღები გამახსენდა, თუმცა გამახსენდა, რომ ყველაფერი ეს ჩანთაში მეწყო, ჩანთა კი რესტორნის გასახდელში დამრჩენოდა.
– თვალებს აქეთ-იქით ტყუილად აცეცებ, მელაკუდა, – კვლავ ლეოს შემზარავი ხმა ჩამესმა ყურში, – მიდი, დროს ნუ კარგავ, მანქანა დაძარი და წავედით
– არსად არ წამოვალ!
– წამოხვალ! – მომიგო ბრძანებითი ტონით და ვიგრძენი, როგორ მომებჯინა იარაღის ცივი ლულა, პირდაპირ საძილე არტერიაზე. – აბა, რას იტყვი, მორჩი ჭირვეულობას?
– ლეო, გთხოვ, არ გინდა...
– რა არ მინდა, რა?! – ოდნავ ხმამაღლა და ზიზღნარევი მზერით მითხრა. – ჩემთან ყოფნას და კარგ ცხოვრებას, ის ჭაობი არჩიე, რომელშიც ახლა ხარ. მასხრად ამიგდე, ჩემს გრძნობებზე ითამაშე, დამცინე! იცი მაინც როგორ ველოდებოდი ჩვენს პირველ ღამეს სასტუმროში? იცი, რა ლამაზი სამკაული გიყიდე სპეციალურად ამ ღამისთვის?!
– გთხოვ, გამიშვი...
– ენა ჩაიგდე! – ბოლო ხმაზე დამიღრიალა მან, თუმცა ეს იმაზე მეტად ნამდვილად არ მაშინებდა, რაც მომავალში შეიძლებოდა მომხდარიყო. – ნუ ლაპარაკობ, მოკეტე! შენ უბრალოდ ერთი მანიპულატორი, გაიძვერა გოგო ხარ, რომელმაც ჩემი თბილი დამოკიდებულება ვერ შეირგო და მხეცური ბუნება გამიღვიძა. არ მოისვენე, სანამ ასეთად არ მაქციე. ჰოდა, ახლა დროა შედეგებით დატკბე. დაქოქე მანქანა!
– არა!
– დაქოქე-მეთქი, თორემ ახლავე გაგიჩენ ყელში ნახვრეტს! არა მგონია სათავსოში შენც ინახავდე იარაღს, ამიტომ დიდ გულზე ნუ ხარ .
სათავსოს ხსენებაზე, იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა, რომელსაც წყალწაღებულივით მოვეჭიდე ორივე ხელით. არ ვიცოდი, იმ მომენტში თავში ნათურა ამენთო, ფეიერვერკი თუ პროჟექტორი, მაგრამ გონებამ წამებში ამოატივტივა ის ფაქტი, რომ კალეს, ჩემ მიერ ნაჩუქარი შამპანური შინ არ წაეღო და მანქანაში, კერძოდ სათავსოში ჩარჩენოდა. სწრაფი მანევრირებით თუკი ვიმოქმედებდი, აშკარად შემეძლო ამ სიტუაციიდან გამოძრომა, ამიტომ, დრო წამითაც აღარ დამიკარგავს. ჩემ უკან მჯდომ ლეოს ჯერ ხელზე ვუკბინე მთელი არსებული და არარსებული ძალით, შემდეგ კი უკან გადაქნეული თავი, შუბლში რაც შემეძლო მაგრად დავარტყი. სანამ იგი უეცარი ტკივილისგან შეწუხებული, სიმწრით ღრიალებდა, კვლავ დრო ვიხელთე და სათავსოდან სწრაფად ამოძვრენილი ბოთლი შეუბრალებლად გადავალეწე თავზე.
აღარ დამიწყია იმის გამოკვლევა, თუ როგორ ან რა კუთხით განვითარდა მოვლენები. მხოლოდ თავის დახსნა მიტრიალებდა გონებაში, ამიტომ, გავიგონე თუ არა ბოთლის მსხვრევის ხმა, გასაღების ასხმის გამოძრობა ვცადე, რომ ლეო შიგნით ჩამეკეტა. ეს ისეთ რეკორდულად მოკლე დროში ვერ მოხერხდა, როგორსაც სიტუაცია მოითხოვდა, ამიტომ ღია კარიდან მის გარეშე გადმოვხტი და პირდაპირ რესტორნის მიმართულებით გავიქეცი.
რამდენიმე წამში, ავტომობილის კარის კიდევ ერთხელ გაღება მისწვდა ჩემს ყურთასმენას. ეს უკვე ლეო უნდა ყოფილიყო და მეც სირბილის პარალელურად მივატრიალე თავი უკან, რათა გამერკვია, იყო თუ არა მისი იარაღი მოშვერილი ჩემი მიმართულებით.
ლეო ბარბაცით, ძლივს ადგამდა ნაბიჯებს და დროდადრო თვალებზე ისვამდა ხელს სისხლის მოსაწმენდად. მარჯვენა ხელში ჯერ კიდევ ეკავა იარაღი, მაგრამ თითქმის ვერ სწევდ ზემოთ.
კვლავ რესტორნისკენ მივბრუნდი, კიბემდე ათიოდე ნაბიჯი მაშორებდა, როცა ორი რამ ერთდროულად მოხდა. ჯერ დაცემის ხმა გავიგონე, ხოლო შემდეგ დავლანდე, თუ როგორ ჩამორბოდა Imagine-ს კიბეებზე, მაღალი მამაკაცის სილუეტი. სულ რამდენიმე წამიც და მასში თავად მიშო ამოვიცანი. იმ დროს მის დანახვს ყველაზე ნაკლებად ველოდი და ვისურვებდი.
სახეზე გაურკვევლობა ეწერა, მაგრამ მე ახსნის თავი არ მქონდა. ერთადერთი, რაც მსურდა, რესტორნის შენობაში მოხვედრა, ჩანთის აღება და შინ კალესთან ერთად დაბრუნება იყო.
– აქ რა ჯანდაბა მოხდა? – ჩემამდე სულ რაღაც ორიოდე ნაბიჯი ჰქონდა დარჩენილი, როდესაც კითხვების დასმა დაიწყო. – რა სჭირს იმ ტიპს? ან, შენ რა სახე გაქვს?
– მიშო, გამატარე, მეჩქარება! საერთოდ, ამ დროს აქ რას აკეთებ?!
– ერთი მნიშვნელოვანი საქმე მქონდა დასასრულებელი. შენ კი, არსად არ წახვალ! –მკლავში ხელის ჩავლებით სცადა შევეჩერებინე. მერე, ასფალტზე უგონოდ გართხმულ ლეოზე გადაიტანა გამომძიებლური მზერა. იქვე ხელიდან გავარდნილი, ვერცხლისფერი ცივი იარაღი ეგდო. – ეს რევოლვერი შენია თუ მისი?
– მისია... ახლა გამიშვი!
– მარიტა, გისმენ!
– რას მისმენ, რას?! – წყობიდან გამოვედი და ხმასაც გაუცნობიერებლად ავუწიე, –მანქანაში დამხვდა, თავს დამესხა და თავდაცვის მიზნით, შამპანურის ბოთლი გადავალეწე თავზე. არც ახლა ვნანობ და არც მერე ვინანებ, გესმის?!
– ძალადობა სცადა? – მომეჩვენა, თითქოს ბრაზმა გაიელვა მიშოს ხმაში. რა თქმა უნდა, არ ვაპირებდი იმ სიბინძურის დეტალებში მოყოლას, რასაც ჩემი მიმართულებით გეგმავდა ლეო, ამიტომ, შუალედური პასუხი ვამჯობინე:
– წარმოდგენა არ მაქვს რა უნდოდა. მეუბნებოდა მანქანა დაქოქე, ერთ ადგილას მივდივართო. სხვა არაფერი უთქვამს.
მიშომ ერთხელ კიდევ გააპარა ბრაზით სავსე მზერა ასფალტზე გულაღმა დამხობილი ლეოსკენ, მიუახლოვდა და ყელზე ორი თითი დაადო. მერე წამოდგა, კეფაზე ერთმანეთში გადაჭდობილი ხელები მოისვა და ღრმად ამოიხვნეშა.
– ეს იდიოტი ცოცხალია, მაგრამ საუბედუროდ, რესტორნის სამმა სტუმარმა შეამჩნია რაც აქ მოხდა. პოლიციაშიც დარეკეს.
– გამორიცხულია, აქ არავინ ყოფილა. – გავაპროტესტე აფორიაქებულმა.
– ეგ შენ გგონია ასე. აფექტის მდგომარეობაში ალბათ ვერაფერი შენიშნე. ის ხალხი, ცოტა ხნის წინ შიგნით შემოვიდნენ და დეტალურადაც მომიყვნენ, რაც ავტოსადგომზე ნახეს. პიანისტი რომ ახსენეს, მივხვდი შენ იქნებოდი გარეული.
– კარგი, კარგი, იყოს ასე... მოვიდეს პოლიცია და ყველაფერს მოვუყვები, რა და როგორ მოხდა.
– არაფერსაც არ მოუყვები! – მკაცრი მასწავლებელივით დამიქნია თითი მიშომ, ჯიბიდან თავისი პორშეს გასაღები ამოიღო და ხელში ჩამიტენა. – ახლა ჩემს მანქანაში ჩაჯდები და სანამ პოლიცია აქამდე მოაღწევს, სახლში მოუსვამ, გესმის?
– რა?!
– რაც გაიგე! არავის გვაწყობს მსგავსი სახის სკანდალები. აქაურობას მე მივხედავ და თქვენს დასვრილსაც მე ავწმენდ, შენ კი სამ თვლაში აქ აღარ იყო!
– მთავარი მოწმე ხომ მე ვარ? – ვიკითხე გულუბრყვილოდ. იმედი მქონდა, რომ რადგან ლეოზე, ჩემ წინააღმდეგ სასამართლო აკრძალვა მოქმედებდა და კანონი თავად დაარღვია, მხოლოდ ერთი ოფიციალური ჩვენების შემდეგ გამომიშვებდნენ განყოფილებიდან და არც რაიმე დამატებით საქმეს აღძრავდნენ.
– მარიტა, ერთხელ მაინც დაიჯერე, რასაც გეუბნები, – იმოდენა სიმკაცრით ელავდნენ მიშოს თვალები, ამ გამოხედვამ მეც შემაშინა და ინსქიქტურად დავიხიე უკან. – მომეცი შენი მანქანის გასაღები. დანაშაული სწორედ მასში მოხდა და დამჭირდება, შენ კი ჩემსაში ჩაჯექი და წადი!
შორი მანძილიდან რომ პოლიცის სირენების ხმა გავიგე, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, წინააღმდეგობის გაწევის სურვილი უკვე აღარ გამჩენია. რა გეგმაც არ უნდა ჰქონოდა მიშოს, აშკარა იყო იმ მომენტში ყველაზე საღად ის აზროვნებდა. სწრაფად მოვურბენინე ჩემი ტოიოტას გასაღები და დაუყოვნებლივ გავიქეცი მისი პორშეს მიმართულებით. კარის გაღებისთანავე, შიგნით სინათლის სიჩქარით შევხტი და სწრაფად მოვწყვიტე ადგილს.
ბუნდოვნად მახსოვს ჩემს სახლამდე არსებული მანძილი როგორ დავფარე. გულს მტკივნეულად მიჩხვლეტდა ის ფაქტი, რომ დანაშაულის ადგილიდან ვირთხასავით გამოვიქეცი. მეორეს მხრივ, რომ ვუფიქრდებოდი, თავად მიშოს თვალების მრისხანედ ბრიალმა არ დამიტოვა სხვა გზა. მექანიკურად შევანელე სვლა ჩემი კორპუსის ეზოში შესვლისას. მერე მანქანა სადარბაზოსთან ახლოს დავაპარკინგე, ძრავა გამოვრთე და სავარძელს თვალებდახუჭული მივაწექი. თითქოს აქამდე სასუნთქი ორგანოები დახშული მქონოდა, რატომღაც სწორედ მაშინ ვიგრძენი სალონში გაბნეული ლიმონის არომატი. გამეღიმა. გამახსენდა, რამდენად ხშირად მქონდა ნანახი, როდესაც მიშო, პიტნითა და ყინულით გაზავებულ, ლიმონიან წყალს სვამდა ხოლმე.
სალონში მეფარიშვილის შავ სანთებელასაც მოვკარი თვალი, ხახადაღებული კობრის გამოსახულებით. ეს სწორედ ის სანთებელა იყო, რომლითაც, დიმიტრის წვეულებაზე ჩემი ტანსაცმელი დაწვა. კვლავ გამეღიმა და სიმწრის სიცილიც წამსკდა, როდესაც გამახსენდა, რამდენი უაზრო, სულელური მომენტი გვაკავშირებდა მე და მიშოს.
ჩემი უბანი მოვათვალიერე. სიმშვიდე იყო. მხოლოდ პირველ სართულზე მცხოვრები, ორი ხანდაზმული მამაკაცი თამაშობდა დომინოს ლამპიონის ქვეშ. ირგვლივ სხვა არავინ მოძრაობდა.
ბინაში ასვლამდე მეფარიშვილს დავურეკე. ჩემს ზარს, გათიშვის ღილაკით უპასუხა. მერე შეტყობინებაც გავუგზავნე, ვეკითხებოდი რა მდგომარეობა იყო, თუმცა არც ამაზე გაუცია პასუხი.
გამაბრაზა მისმა მოქმედებამ, მაგრამ მეტად დაკავშირება აღარ მიცდია. ერთადერთი, რაც ახლა ამ ნეგატიური შეგრძნებისგან მიხსნიდა, ეს რეალობისგან გამოთიშვა იყო, ამიტომ, სახლში ასული, პირდაპირ აბაზანისკენ დავიძარი. ცხელი შხაპი გადავივლე და ჩემს იისფერ აბრეშუმის ხალათში გახვეული, ტელეფონში ჩართული ზღვის ტალღების ხმის ფონზე შევწექი ლოგინში.
გადაღლილობამ და დღევანდელი საღამოს დაძაბულობამ თავისი ქნა. ტუმბოზე დატოვებული ღამის სანათის ჩაქრობიდან ორი წუთიც არ იყო გასული, უკვე ახალშობილივით მეძინა.



***
ღამის სამი საათი იყო, როდესაც ძილბურანში, გაბმული ზარის ხმა ჩამესმა. თვალებდახუჭულმა, ხელების ფათურით მაშინვე ტელეფონის ძებნა დავიწყე, იქნებ მაღვიძარა დამრჩა ჩართული-მეთქი, თუმცა მერე გავიაზრე, კარის ხმა იყო. მთელ სხეულზე დამიარა უსიამოვნო ჟრუანტელმა. პირველი, რაც ახლადგამოფხიზლებულმა ტვინმა აზრად მომაწოდა ის იყო, რომ შეიძლებოდა ასეთ არაადეკვატურ დროს მოსული სტუმარი, შურისძიების მიზნით უკან დაბრუნებული ლეო აღმოჩენილიყო. თითქმის დარწმუნებულიც კი ვიყავი ამაში, როდესაც ჰოლში ფეხაკრებით მივიწევდი, თან 112-ში დარეკვასაც ვფიქრობდი. სათვალთვალოში, რომ გავიხედე და მიშო დავინახე, ერთიანად მოვეშვი, გამიხარდა. მერე გამახსენდა რომ სტუმრობისთვის ძალიან გვიანი იყო.
– აქ რას აკეთებ? – წარბშეკრულმა ვკითხე, როგორც კი კარი გავაღე. მეფარიშვილის სახეზე გადაღლილობა იკითხებოდა. თვალის კაპილარებიც ჩასწითლებოდა.
– მანქანის გასაღები მოგიტანე და ჩემის წასაღებად მოვედი.
– მანქანის? – ვიკითხე დაბნეულმა, თუმცა მერე გავიაზრე, რასაც გულისხმობდა. – უკვე ქვემოთ აყენია?
– ჰო. პოლიციასთან საქმეებს როგორც კი მოვრჩი, წამოვიყვანე.
– და რა მოხდა? ყველაფერი მოგვარდა? დაკითხვაზე არავინ მიბარებს?
– რამე საჭმელი თუ გაქვს? – ჩემი კითხვა არაფრად ჩააგდო, გვერდზე გამწია და ზღურბლს გადააბიჯა. – პოლიციის შენობაში სამსაათიანი ტური ისე გაშივებს, როგორც ზღვის წყალი.
– მგონი რაღაც გკითხე...
– პასუხებს მხოლოდ დანაყრებულზე ვიძლევი, – მომიჭრა მოკლედ და თვალებით რაღაცის ძებნაც დაიწყო. – სამზარეულო საითაა?
– რომ გახვალ ხელმარცხნივ. მისაღებისგან ბარის დახლითაა გამოყოფილი.
მეფარიშვილი გატრიალდა და ჩემ მიერ მითითებული გზით, მართლაც მიაკვლია სამზარეულოს. არ მსიამოვნებდა მისი აქ ყოფნა, ასე გვიან ღამით, თანაც მაშინ, როცა არაფერს მიყვებოდა. დისკომფორტს მიქმნიდ მისი ჩემს სახლში ყოფნა.
– შავ ჩაის დავლევდი, კარდამონით. გაქვს?
– მაგას შემოკლებით ილის მარცვლებს უწოდებენ და არ მაქვს. მხოლოდ მალინის ჩაი შემიძლია შემოგთავაზო. – მივუგე გულზე ხელებდაკრეფილმა და მკაცრად აწეული წარბებით დავაკვირდი, თუ როგორ გამოაღო მაცივარი ნებართვის გარეშე. უკვე მეორედ ხდებოდა, როდესაც მამაკაცი, ჩემს ბინაში თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარში. მიშო ლეოსგან განსხვავებით, ჯანმრთელი ფსიქიკის მაინც იყო და მისი მხრიდან საფრთხე არ მომელოდა.
– აქ ყველა სახეობა გაქვს მიკრული, რაც კი გიყვარს? – ინტერესით გადაავლო თვალი მიშომ, ჩემი მაცივრის კარზე მიმაგრებულ მაგნიტურ ხილს.
– გამოიცანი.
– მოდი, ამას ავიღებ, – თაროების თვალიერების შემდეგ, არჩევანი მარწყვის იოგურტზე შეაჩერა. – გვიანია და ძალიან ნოყიერი საჭმელი არ მინდა. კოვზი მომაწოდე.
– აიღე, – ამოვიღე თუ არა უჯრიდან, მაშინვე გავუწოდე, თან გულში გამეცინა. ეს იოგურტის ქილა, ჩემი კორპუსის ეზოს ფუმფულა, ჭრელი კატისთვის მქონდა გადანახული, რადგან მაცივარში დიდხანს დებისგან, ვარგისიანობის ვადა ოცდაოთხი საათის წინ გასვლოდა. ვიფიქრე, მიშოსთვის ეს ინფორმაცია მაშინ მიმეწოდებინა, როდესაც დესერტის ჭამას ბოლომდე მორჩებოდა.
– არ მეგონა კიდევ ამ მისამართზე თუ ცხოვრობდი, – იოგურტს თავი მოხსნა და სკამზე ჩამოჯდა. რა თქმა უნდა, ამჯერადაც უკითხავად. – გამიკვირდა ნოლანების კაბინეტში შენი პირადი საქმე რომ ვნახე და ისევ ამ მისამართს გადავაწყდი.
– და რატომ უნდა შემეცვალა საცხოვრებელი?
– არ ვიცი, – პირველი კოვზი ჩაიდო პირში მიშომ. – იმდენად კარგ ანაზღაურებაზე მუშაობდი ტურისტულ სააგენტოში, წესით არც იქედან უნდა წასულიყავი. პლუს ამას, სამოგზაუროდ დამყავდი, აეროპორტიდან ჩემი მანქანით მომყავდი შინ, ცივ ნიავს არ გაკარებდი.
– ასეც ვიცოდი, რომ აქ მარტო მანქანის დასაბრუნებლად კი არა, მორიგი მასკარადის გასამართად მოხვედი.
მიშოს ჩაეცინა და კიდევ ერთი კოვზი წაიღო პირისკენ. ყოველი მის მიერ გადაყლაპული იოგურტის წვეთი უფრო და უფრო დიდი სიამოვნებით მავსებდა.
– ისე, არ გენატრება ჩვენი ერთობლივი მოგზაურობა? – დაკვირვებით ამათვალიერა ჭურჭლის სარეცხ მანქანასთან მდგომი.
– მეც მაქვს ერთი შეკითხვა — ასე გვიან რომ არ გაგეღვიძებინე, შენს პორშეს ხვალამდე გადავყლაპავდი?
– გადაყლაპვით არა, მაგრამ ბოლო პერიოდში, შენი ტვინი ისეთ მზაკვრულ გეგმებს აწყობს, გამორიცხული არ იყო ეგ მანქანა ხვალამდე ვარდისფერ ველოსიპედად დამხვედროდა გადაკეთებული, ჭრელი პეპლებით გაფორმებული საჭით, ბაფთებიანი ტორმუზებით და კიდევ ათასი სისულელით.
– თანამშრომლებიდან არავის დაურეკავს ამბის გასაგებად, – სიტყვა ბანზე ავუგდე და თემა შევცვალე, რადგან ვიცოდი, საპასუხოდ ვერაფერს მოვიფიქრებდი. – ეს როგორ მოხდა?
– ზედმეტი კითხვები არავისგან მჭირდებოდა, ამიტომ ყველაფერი მათგან ფარულად მოგვარდა. არავის არაფერი გაუგია იმის გარდა, რომ გარეთ ნასვამმა გამვლელმა იჩხუბა.
– და პოლიცია? ისინი როგორღა დაარწმუნე, ჩემი დაკითხვის გარეშე შემოდებულიყო თაროზე ეს საქმე?
– ფული ჯოჯოხეთს ანათებსო ხომ გაგიგია? – ირიბად ჩაეცინა, თუმცა როგორც კი ჩემს გაკვირვებულ სახეს გადააწყდა, დაამატა, – ეს შენ გამო არ გამიკეთებია. უბრალოდ, რესტორნისთვის ძალიან ცუდი იქნება იმ ამბის გაჟონვა, რომ იქ მომუშავე პიანისტი, დაწესებულების ერთ-ერთ VIP-კლიენტს, თავს შამპანურის ბოთლით ესხმის. სიმართლე შენს მხარესაა, მაგრამ ლეოს მხარეს ძლიერი სანაცნობო, ფული და გავლენაა. მასთან შერკინება შენი ცხოვრების ძალიან დიდ დროს და ნერვებს წაიღებს, ამიტომ ჩუმად იდექი, სადაც დგახარ და იმ დინებას მიჰყევი, რომელშიც მე გადაგაგდებ.
– და შენ გეყოფა ძალები მასთან დასაპირისპირებლად?
– მეყოფა და ამას გავაკეთებ კიდეც, – არც კი დაფიქრებულა ისე გამცა პასუხი, – შენ კი ნუ ფიქრობ, რომ მხოლოდ ერთი სასამართლო აკრძალვა მოგიგვარებს პრობლემას. ეს უბრალოდ ფორმალობაა, მოქალაქის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ბეჭდის დასმა, მაგრამ რეალურად, ხელსაც არავინ გაანძრევს შენ გამო.
– ეს ყველაფერი, თავის დროზე, ლოლიტას ნაცნობმა პოლიციელებმა მომიგვარეს, კონფიდენციალურად, შენ საიდან იცი? – ინტერესი ჭიასავით შემიძვრა გონებაში. მიშოსთან სპეციალურად არ მიხსენებია ეს თემა, რადგან არ მინდოდა ამას დამატებითი შეკითხვები მოჰყოლოდა, თუმცა როგორც ჩანდა, ჩემი თქმის გარეშეც იცოდა.
– ვიცი, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა საიდან.
– და ლეო? – ათასი საფიქრალით გადატვირთულ გონებას, მხოლოდ ახლა გაახსენდა მისი არსებობა. იმ აზრმაც გამიელვა, რომ მეფარიშვილს, დიდი ალბათობით, სწორედ ლეოსგან ჰქონდა გაგებული აკრძალვის შესახებ. – სად არის ახლა? რა მოუვიდა?
უხმოდ, არაფრისმთქმელი სახით წამოდგა სკამიდან. იოგურტი უკვე მთლიანად ამოეცალა და ხელსახოცით პირს იწმენდდა.
– შავი ჩაი რომ გქონოდა, შეიძლებოდა ამაზეც მეპასუხა, მაგრამ არ გაგიმართლა.
– მიშო!
– მანქანის გასაღები მომეცი, მივდივარ!
– არსადაც არ წახვალ, სანამ არ მიპასუხებ!
– თუ გინდა შენთან დავრჩე, პირდაპირ მითხარი, გარშემო ნუ უვლი. – ღიმილით მომიახლოვდა და გაშლილი თმა ყურებს უკან გადამიწია. ნაცნობი სუნამოს სურნელმა, ამჯერადაც ისე სასიამოვნოდ დამახვია თავბრუ, წამით სრულებით გადამავიწყა, რა კითხვა დავსვი ცოტა ხნის წინ.
– შენი აზრით ეს სასაცილოა?
– გააჩნია, როგორ შეხედავ... მიდი, დროს ნუღარ მაკარგვინებ, ჩემი გასაღები მომეცი და წავალ.
გაბრაზებული, ხმის ამოუღებლად გავემართე ჰოლისკენ. გასასვლელ კართან მიმაგრებულ საკიდზე, ჩემი შარფების გვერდით, მიშოს პორშეს გასაღებიც ეკიდა, რომელიც სწრაფად ჩამოვხსენი იქედან და კვლავ უკან გავტრიალდი, როცა აღმოვაჩინე, რომ ერთგული მცველივით, ისიც უკან გამომყოლოდა.
– აჰა, აიღე და წადი, – გასაღები პირდაპირ ხელში ვესროლე და მანაც ოსტატურად მოახერხა დაჭერა. – სხვა დროს, ასე გვიან ნუღარავის ესტუმრები, უტაქტობად ჩაგეთვლება.
– ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, ვინც ასეთ დროსაც სიამოვნებით შეგიშვებს სახლში, – სახელური დასწია და სადარბაზოში გააბიჯა. გასაღების ასხმას ხელში კრიალოსანივით ათამაშებდა.
– შეიძლება მოიძებნოს კიდეც, მაგრამ ეს ადამიანი მე ნამდვილად არ ვარ.
– მშვიდობიანი ღამე, მარიტა. – ჩემდა გასაკვირად, მისი მხრიდან არანაირი მწარე რეპლიკა არ წამოსულა.
– შენც ასევე... აჰ, მართლა, რაღაცის თქმა დამავიწყდა.
– რისი? – უკან მოიხედა უკვე ლიფტის კართან მისულმა.
– იმის, რომ იოგურტი, რომელიც ჭამე, ვადაგასული იყო, – კმაყოფილი სახით ჩავუკარი მარჯვენა თვალი და კარები ისე მივუხურე, არც მისი რეაქციისთვის დამიცდია და არც მისი პასუხისთვის.


***

შესვენების პერიოდში, ბარის დახლთან ვიჯექი, მეორე ჭიქა ლატეს მომზადებას ველოდი და გუშინ ღამით მომხდარზე კალეს ვესაუბრებოდი. კალეს სტუმარი გოგონა მოუახლოვდა, წინ რაღაც პატარა კონვერტი დაუდო და კვლავ თავის დაჯავშნილ მაგიდას დაუბრუნდა. რთული მისახვედრი არ ყოფილა, თუ რას ნიშნავდა ეს ჟესტი. გოგონას მოფლირტავე, ოდნავ ეშმაკურმა გამოხედვამ, მაშინვე ახადა ფარდა ყოველივეს.
– როგორც ვხედავ, დღესაც ყურადღების ცენტრში მოექეცი.
– შენ ეგ ნამდვილად არ უნდა გიკვირდეს, – დახლს მკლავებით დაეყრდნო, გაღიმებული, – სტუმრების ნახევარზე მეტს, შოპენი და ბეთჰოვენი მაგრად კიდია. მხოლოდ შენი ყურებით ტკბება.
– ნუ ცანცარებ, რაა!
– ჰოდა, ნურც შენ ათამაშებ მაგ წარბებს. ამ კონვერტში რა დევს ისევე არ მაინტერესებს, როგორც ის, რა ხდება ბერმუდის სამკუთხედში.
– რატომ? – ოდნავ გამაკვირვა მისმა კომენტარმა. მართალია, კალე ყურადღებას არც უწინ იჩენდა, ჩვენს რესტორანში შემოსული, მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა მიმართ, თუმცა ასეთი კატეგორიულად გულგრილი დამოკიდებულება, მაინც შეკითხვებს ბადებდა.
– იმიტომ, რომ ქალებთან პრობლემები მაქვს, მარიტა.
– რა? – ოდნავ დავიბენი, თუმცა მერე თითქოს ფარდა ნელ-ნელა ზემოთ აიწია და სცენაზე მდგომი, თეატრალური დასი გამოჩნდაო, ჩემმა გონებამაც შეძლო რაღაცების სწორად აღქმა. –კალე, გეი ხარ?
მართალია პასუხი არ გაუცია, თუმცა მზერით თითქოს დამიდასტურა წამების წინ გაჟღერებული მოსაზრება და ლატეს, რომელსაც ჩემთვის ამზადებდა, ზემოდან ქაფით დაახატა გული.
– და რატომ არ მეუბნებოდი? – ნაწყენმა გავხედე, – მეგონა შენზე ყველაფერი ვიცოდი, თუმცა გამოდის, მთავარი არ მცოდნია.
– კარგი, კარგი, დაწყნარდი, ვხუმრობ, – სიცილით გამაწყვეტინა, – უბრალოდ დავტესტე, მართლა გეი რომ ვყოფილიყავი, ისევ ისე გეყვარებოდი, თუ არა.
– რა თქმა უნდა, ისე აღარ მეყვარებოდი. იცი, მაინც როგორ მეზიზღება გეები? –ახლა უკვე თავად გადავწყვიტე გავხუმრებოდი, თუმცა მისი სახის შემხედვარემ, დიდხანს ვერ გავძელი და მაინც გამეცინა. – კარგი, დაწყნარდი, მეც ვიხუმრე. შეიძლება ფობიების ოთხმოცი პროცენტის მსხვერპლი ვარ, მაგრამ ჰომოფობიის ნამდვილად არა.
– ჰოდა, მაშინ ნამდვილად იმსახურებ ამ ლატეს გასინჯვას. – ჩემ წინ დადგმულ ფინჯანზე მანიშნა, რომლის ზედაპირზეც, ლამაზი გული იყო გამოყვანილი. – ცოტა კონიაკიც გავურიე და ოდნავ უცხო გემო ექნება.
– თემა ნუ გადაგაქვს, მაშინვე მივუხვდი ჩანაფიქრს, თან ჭიქა ავიღე და ყავა მოვსვი. კონიაკის გემო ძალზედ მსუბუქად იგრძნობოდა, თუმცა მთელ კომბინაციას ისეთ არომატულსა და იმდენად სასიამოვნო დასალევს ხდიდა, ცხელი რომ არ ყოფილოყო, სავარაუდოდ, ერთი ამოსუნთქვითაც კი გამოვცლიდი.
– კარგი, არ გადამაქვს, გისმენ.
– შენ კი არა, მე გისმენ, – თითები ერთმანეთზე გადავაჭდე, – მაინტერესებს, რომელიმე ძველი, წარუმატებელი ურთიერთობის გავლენა მოგყვება დღემდე, თუ რატომ ხარ ასეთი ქალთმოძულე?
– მარიტა, შეიძლება ამაზე არ ვისაუბროთ? – სახე საგრძნობლად დაუსერიოზულდა. აღარაფერი დარჩენილიყო იმ მხიარული ტონისგან, რომლითაც ცოტა ხნის წინ მესაუბრებოდა, – ყოფილ შეყვარებულთან მწარე გამოცდილება და მსგავსი ბანალურობები, აქ არაფერ შუაშია. ოდესმე შეიძლება მოგიყვე კიდეც.
– როგორც გინდა, – ხელზე, ხელი დავადე გამხნევების ნიშნად. მართალია არ ვიცოდი, რა ხდებოდა კალეს თავს, თუმცა ის აშკარა იყო, საქმე ძალზედ სერიოზულ რამეს ეხებოდა.
– ყავა როგორ მოგწონს?
– ნამდვილი საოცრებაა, – კიდევ ერთხელ მოვსვი ფინჯნიდან, – გუშინდელი ღამის შემდეგ, მესამე ჭიქასაც სიამოვნებით მივაყოლებდი, მაგრამ ამდენიც არ შეიძლება.
– ამიერიდან ეცადე ჩემი ნაჩუქარი ნივთები, ჩანთით კი არა, ჯიბით ატარო, –გამაფრთხილებელი ტონი გადაჰკრავდა კალეს სიტყვებს, – გუშინ ღამით რომ მცოდნოდა, რაც ხდებოდა შენს თავს, მაგ ნაბიჭვარს ძირიანად მოვაჭრიდი თავის ღირსებას!
– გთხოვ, ეგეთ რამებს ხმამაღლა ნუ ამბობ, მოსმენაც კი ცუდად მოქმედებს.
– აბა რა ვთქვა, მარიტა? – ლეოსადმი ზიზღი გამოკრთოდა მის თითოეულ სიტყვაში, –ასეთი ადამიანები, პლანეტას საკუთარი არსებობითაც კი აბინძურებენ. ბედი ჰქონია, რომ ამ დილით მისი ქალაქიდან გადასვლა დაანონსდა და ბათუმიდან გამასწრო.
– ქალაქიდან გადასვლა? – მოსმენილით განცვიფრებული დავრჩი. ჯერ კიდევ გუშინ ღამით, ლეო ჩემს მანქანაში იჯდა, ახლა კი მისი მოულოდნელი გადასვლის ამბავს ვისმენდი. – მაგრამ სად არის? ნუთუ განყოფილებაში საერთოდ არ მიუყვანიათ? მეგონა მომხდარის შემდეგ, რაღაც პერიოდით მაინც აუკრძალავდა პოლიცია ქალაქის დატოვებას, ან რამე ამდაგვარი.
– შენი არ იყოს, არც მე ვიცი მეფარიშვილმა პოლიციასთან რა და როგორ ჩააწყო, მაგრამ ფაქტია, რომ საზღვარგარეთ გადავიდა. ზუსტად სად, ეგ არავინ იცის.
– ლეოზე სოციალური ქსელები რატომ წერენ? – დავსვი ის მორიგი შეკითხვა, რომელიც დანარჩენებთან ერთად მიტრიალებდა გონებაში. – დავიჯერო ასეთი ცნობილი პიროვნებაა?
უარის ნიშნად, კალემ თავი გააქნია.
– ცნობილი არა, მაგრამ მდიდარი კი. პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, მარიტა. აქ ყველა შეძლებული ადამიანის შესახებ აინტერესებთ ჭორები. შეიძლება ლეო იმდენად პოპულარულიც არ არის, რომ მისი ცხოვრების დეტალები მედია-საშუალებებმა გააშუქონ, მაგრამ ინტერნეტ-სივრცეში რომ დაიწერა, ეს არ გამკვირვებია.
– ბოლოს ის მიშოსთან დავტოვე. ავტოსადგომზე უგონოდ ეგდო, – თან ვსაუბრობდი, თან პაზლების ერთმანეთთან დაკავშირებით, სრული სურათის აწყობას ვცდილობდი. ჯერ კიდევ მიკვირდა, რომ ლეო ასე უეცრად ადგა და ბათუმი დატოვა. ეს ვითარება საკმაოდ საეჭვოც იყო და იდუმალებით მოცულიც. არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაც მკარნახობდა, რომ მთელი ამ გაუჩინარების ამბავი, რაღაც კუთხით მეფარიშვილთან იყო დაკავშირებული და მიზნად დავისახე, ამ თავსატეხის ამოსახსნელი გასაღები, რაც შეიძლებოდა მალე დამეჭირა ხელში.
– ხომ არ იცი ჩვენი დირექტორი სად ბრძანდება? – ვკითხე კალეს, თან დარბაზს მოვატარე თვალი იმ იმედით, სადმე დავინახავ-მეთქი, თუმცა სამწუხაროდ ვერსად შევნიშნე. რატომ ხდებოდა ასე? როცა არ მინდოდა სადმე გადავყროდი, მუდამ თვალში მეჩხირებოდა, ახლა დამჭირდა და გაქრა.
– დღეს ვიღაც ხელოსანს ელოდებოდა სააგენტოდან, მაგრამ ბევრი გამოძახებების გამო, მოსვლა ვერავინ შეძლო და ბოლოს თავის კაბინეტისკენ წავიდა გაბრაზებული. რატომ გაინტერესებს?
– საქმე მაქვს მასთან, – ბოლოჯერ მოვსვი თბილი სითხე ფინჯნიდან, მერე კი უმალ წამოვდექი სკამიდან. – რაღაც კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. მერე გნახავ, კარგი?
– კარგი, მიდი. მალე ისედაც ის შეშლილი სამირა უნდა მოვიდეს. სალაროს საკითხებში ბოლომდე ვერ გაერკვა და ყველაფერი უნდა ვასწავლო.
– ეგრეც ნუ იტყვი, კარგი გოგოა, ოღონდ ცოტა თავისებური.
– თავისებური საკუთარი თავიც მყოფნის -თვალები სიცილით აატრიალა მან და ჩემი ყავის ფინჯანი, გასარეცხი ჭურჭლის განყოფილებაში გადაიტანა.
კალესგან რომ წამოვედი, პირდაპირ დირექტორის კაბინეტისკენ ვქენი პირი. ჩემი შესვენების დროისთვის ცოტათი გადამეშორებინა, თუმცა ამისთვის არავინ მისაყვედურებდა, რადგან ჩვენი გულისხმიერი უფროსები, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დროის გამოყენების საშუალებასაც გვაძლევდნენ.
მიშოს კაბინეტამდე მისულმა, დავინახე, თუ როგორ გამოდიოდა იგი კარიდან, თანაც უკმაყოფილო სახით. ჩემს დანახვაზე, მიხვდა, რომ სწორედ მისკენ მივემართებოდი, თუმცა ყურადღებაც არ მოუქცევია.
– შეჩერდი!
– პირველი ნომერი ავტობუსი არ ვარ, – კვლავაც არ გაჩერებულა მიშო, რამაც მაიძულა ნაბიჯებისთვის ამეჩქარებინა და ავდევნებოდი.
– ვინც გინდა ის იყავი, მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს, ლეოს რა უქენი?
– რა ვუქენი და ახალი ტვინი გადავუნერგე. ვინდოუსის გამოცვლასავითაა, ამიერიდან აღარ გაჭედავს.
– მე სერიოზულად გეკითხები!
მიშო გაჩერდა, ჩაეცინა და გულზე ხელები დაიკრიფა.
– ეჰ, რა კარგი იყო ძველი დრო. ქალები კაცების კონფლიქტებში არ ერეოდნენ და თავისთვის, წყნარად აცხობდნენ ქიშმიშიან ფუნთუშებს. მაინც რას გიშვრებათ ეს ფემინიზმი.
– ფუნთუშებს შენს დაკრძალვაზე გამოვაცხობ, თუ არ მეტყვი რა მოხდა!
– გაითვალისწინე, ჯემიანი მიყვარდა ცხონებულს...
– მიშო!
– საქმეს დაუბრუნდი, მარიტა. როიალის კლავიშებმა უშენოდ მოიწყინეს. – ლოყაზე ორი თითით ისე მიჩქმიტა, როგორც პატარა ბავშვს და გზა არხეინად განაგრძო.
კოვზი ნაცარში ჩამივარდა. მივხვდი, მეფარიშვილს არაფრის მოყოლა არ სურდა, თუმცა იმ ცნობისმოყვარეობას ვერაფერს ვუხერხებდი, შემაწუხებლად რომ მიკაკუნებდა ტვინზე. არ ჰქონდა მნიშვნელობა უნდოდა თუ არა მას საუბარი. ყველანაირი შესაძლო საშუალება უნდა გამომეყენებინა, რომ გუშინ ღამით მომხდარი ამბების მცირედი ნაწილი მაინც გამერკვია.
მიშომ დერეფანი ჩაამთავრა და მარცხენა მხარეს გადაუხვია. იმ ტეროტორიაზე, მხოლოდ ორი ოთახი მდებარეობდა —ერთი საყინულე გახლდათ, სადაც ხორცეულსა და სხვა მალფუჭებად პროდუქტებს ინახავდნენ, ხოლო მეორე საწყობი, რომელშიც ძველი ავეჯი, ხელსაწყოები და სხვა წვრილმანი ნივთები ჰქონდათ განთავსებული. მართალია გამიკვირდა, თუ რას აკეთებდა მიშო იქ, თუმცა მიუხედავად ამისა, უკან მაინც ქურდივით გავყევი, გზად შემხვედრ დამლაგებელ ქალს, თავის დაკვრითი მისალმების შემდეგ ავუქციე გვერდი, მერე კი, თვითონაც მარცხნივ გადავუხვიე და როგორც კი სამაცივრე ოთახში შესულ მიშოს მოვკარი თვალი, დაუფიქრებლად შევყევი შიგნით.
კიდევ კარგი, ზემოთაც და ქვემოთაც დახურული სამოსი მეცვა, თორემ შიშველ კანზე, ალბათ ყინულის მჩხვლეტავ ნამსხვრევებად მომედებოდა ის სიცივე, რაშიც იქაურობა იყო გახვეული. მართალია, სითბოდან ასეთ დაბალ ტემპერატურაში გადანაცვლება არაკომფორტულად მეჩვენა, თუმცა უკან მაინც არ დამიხევია და მიშოს, ვისაც ხელში პატარა წიგნაკი ეჭირა, სავარაუდოდ აღრიცხვის საწარმოებლად, მხრების კანკალით მივუახლოვდი.
ნაბიჯების ხმის გაგებისას, მყისვე მოტრიალდა უკან. სახეზე გაკვირვება აღებეჭდა ჩემი დანახვისას, თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ, ეს გამომეტყველება მხიარულმა შეუცვალა.
– სად აღარ ვყოფილვართ მე და შენ ერთად, მაგრამ საყინულეში პირველად, – წიგნაკი კალამთან ერთად შემოდო ერთ-ერთ თაროზე და გულზე ხელები დაიკრიფა. – თუ ჩემთან განმარტოების სურვილი გკლავს, შემდეგში ცოტა თბილი ადგილი მოვძებნოთ.
– კითხვა დაგისვი და არ გიპასუხია, – ვცადე მისი სიტყვებისთვის გვერდი ამექცია, რომ ნერვები არ მომშლოდა.
– რამის თქმა რომ მდომოდა, გარეთაც გიპასუხებდი. აქ შემოვარდნით არა მგონია რამე შეიცვალოს, ოლაფ.
– უფლება მაქვს ვიცოდე!
– მე კი, შენი აქედან გაგდების უფლება მაქვს და სანამ ამას გავაკეთებ, მანამდე თავად დატოვე აქაურობა!
– ვერსადაც ვერ გამაგდებ, – კბილებს შორის გამოვცერი, კართან სწრაფად მივირბინე, იგი ხმამაღალი ჯახუნით მივხურე და თავადაც წინ ავეფარე. – აქედან თვითონაც ვერ გახვალ, სანამ არ მომიყვები, რატომ ანონსდება ასე უეცრად და საეჭვო ვითარებაში, ლეოს ქალაქიდან გადასვლა
– რა გააკეთე ახლა?
– ის, რაც საჭირო იყო!
– მარიტა, რა გააკეთე-მეთქი? – ისეთი გამკიცხავი სახით მომშტერებოდა, თითქოს მკვლელობაში ვიყავი ეჭვმიტანილი. ვუყურებდი და ვერაფრით ვხვდებოდი, რა იყო მისი მხრიდან ასეთი უცნაური გამოხედვის რეალური მიზეზი.
– რა გავაკეთე და კარი დავხურე. ახლა შენ გისმენ!
– ფუ ამის! – თავზე ხელები შემოიწყო მიშომ და წამით თვალებიც დახუჭა, – დღეს ხელოსანს ველოდებოდი სააგენტოდან, რადგან მაგ კარის საკეტი იჭედება და შიგნიდან არ იღება, შენ კი არც დაფიქრებულხარ ისე მიაჯახუნე. მობილურიც კი არ მაქვს თან.
– მოიცა, მოიცა, რა თქვი?
– რაც გაიგე, – მობეზრებით აატრიალა თვალები, თუმცა მისი სიტყვები ბოლომდე მაინც არ დავიჯერე და გადავწყვიტე პირადად შემემოწმებინა კარის საკეტი. ლამის ნერვიულობისგან სუნთქვა შემეკრა, როდესაც გავაცნობიერე, რომ მისი გაღება აქედან შეუძლებელი იყო.
– რა მოხდა, დარწმუნდი? – დამცინავად ჟღერდა მისი სიტყვები, – კარგი, ჩემი სურათი რომ გულის ჯიბით არ დაგაქვს და ერთი შემთხვევითი სექსის გამო გეზიზღები, ეს ვიცი, მაგრამ საკუთარ თავს მაინც რაღას ერჩოდი?
– ნუ სულელობ! რაღაცას მოვიფიქრებ, – ისე შევუბღვირე, თითქოს დამნაშავე ის იყო. სინამდვილეში, ვცდილობდი, არც შიში შემტყობოდა და არ საკუთარ თავზე გაბრაზება.
– რას მოიფიქრებ? იქნებ მეც გამაცნო შენი გრანდიოზული გეგმა.
– ვიყვიროთ, – .ის ვთქვი, რაც პირველი მომივიდა თავში აზრად. – ამხელა რესტორანში, ჩვენს ხმას ვინმე როგორ ვერ გაიგებს?
– ვერაფერს მიაღწევ. სანამ ნოლანები აქ რესტორანს გახსნიდნენ, ზუსტად ამ ოთახს, ბენდის ბიჭები იყენებდნენ სარეპეტიციოდ. კედლებიცა და კარიც, ხმის იზილაციითაა.
– სერიოზულად?
– სრულიად, – უფრო და უფრო ირონიული ხდებოდა მიშოს ტონი.
– მაგრამ...
– რა მაგრამ, რა? – ხმამაღლა გაეცინა მეფარიშვილს, თუმცა ამ სიცილში ერთი პროცენტიც არ ყოფილა გულწრფელი. – ერთი სამუშაო დღის სამყოფი პროდუქტები დიმიტრის მზარეულებს უკვე გატანილი აქვთ. სასწაული უნდა მოხდეს, ხვალამდე რომ აქ ვინმე შემოვიდეს. თუ ეს სასწაული არ მოხდა, დილით აზრი უკვე აღარაფერს ექნება.
შიშმა ლამის თვალები დამიბინდა. ნერვიულობისგან პულსაციას უკვე ყელში ვგრძნობდი და გულში საკუთარ თავს ვწყევლიდი ამ დაუფიქრებელი საქციელის გამო. კართან უხმოდ ჩავსრიალდი და მუხლებზე ხელები შემოვიხვიე. გონება გამალებით მუშაობდა, გამოსავლის მოსაძებნად, თუმცა ოთახში ფანჯარაც კი არ იყო, მისი საშუალებით რომ შემძლებოდა აქედან გასვლა.
– საოცარი ვინმე ხარ, რაა. – ღიმილით ერთ-ერთ თაროს მიეყრდნო მიშო.
– რას გულისხმობ?
– რომელი ერთი ჩამოვთვალო? – კვლავ ეღიმებოდა მას, – მდინარეში გადაგდებული გყავარ, შენი მოხატული მანქანის ნორმალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად უამრავი დრო დავკარგე, ჩემი მობილურიდან შეტყობინება გაგზავნე, რის გამოც, ის ქალი ნახევრად შიშველი დამადგა თავზე. წინა ღამით ვადაგასული იოგურტი მაჭამე, დღეს კიდევ საყინულეში გამომკეტე. ვერაფერს ვიტყვი, ჩემს ცხოვრებას აშკარად ადრენალინს მატებს შენი არსებობა.
– და საკუთარ თავზე რას იტყვი? – საპასუხოდ თვითონაც შევუტიე. – შენ არ იყავი, ტანსაცმელი რომ დამიწვი და ზღვაში ნახევრად შიშველი დამტოვე? ნოლანებთან ვახშმისას რომ გამოაცხადე ჩემ შებმას ცდილობსო, ამაზე აღარაფერს ვამბობ.
– მაპატიე, ვერ გავითვალისწინე შენ იაპონელ თაყვანისმცემელთან რომ გიფუჭებდი საქმეს. ისე რას გეუბნება, ჩემს მეგობარ რობოტებს როდის გაგაცნობო?
– რა რობოტებს? რას ბოდავ?
– წესით მშობლები უნდა მეთქვა, მაგრამ როდესაც საქმე მაგ ტიპს ეხება, წინადადებაში რობოტები უფრო კარგად ჯდება.
– როგორც ვხედავ, ძალიან კარგ ხასიათზე ხარ, – სიცივისგან შეწუხებულმა, გაყინული თითები დავიორთქლე. ტემპერატურა, ყოველი წამს უფრო და უფრო შემაწუხებელი ხდებოდა.
– უკვე კანკალებ...
– მაგას უშენოდაც ვგრძნობ.
– დანაშაულს თუ გრძნობ იმის გამო, რა დღეშიც ახლა ვართ?
– რომ იცოდე, შენი საუბარი ისე მსტრესავს, ორმაგად უფრო მეტად მცივა.
აღარაფერი უთქვამს. რამდენიმე წამით ისე მათვალიერებდა, მზერა წამიერადაც არ მოუშორებია. შემდეგ ხმამაღლა ამოიხვნეშა, მიტრიალდა და ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, პროდუქტების ყუთებიდან თაროებზე გადმოყრა დაიწყო.
– რას აკეთებ? – კი არ ვკითხე, გაჭირვებით ამოვიხავლე. როგორც ჩანდა, სიცივე უკვე ჩემს ხმასაც დასტყობოდა. შეკითხვა ამჯერადაც უპასუხოდ დამიტოვა. თავის საქმეს უხმოდ, შეუსვენებლად განაგრძობდა და დაახლოებით ორი წუთის შემდეგ, უკვე ყველა ყუთი დაცარიელებული ჰქონდა.
თაროებზე უწესრიგოდ ეყარა სხვადასხვა სახეობის გაყინული ზღვის პროდუქტი, მარგარინისა თუ კარაქის შეკვრები, პოლიეთილენის პარკებში დაფასოებული ნაირნაირი კენკრა და კიდევ უამრავი სხვა რამ. ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, რის გაკეთებას ცდილობდა, თუმცა როდესაც თითოეული ყუთი ოთახის ცენტრში, ერთად შეგროვებული დაყარა და ჯიბიდან თავისი კობრის გამოსახულებიანი სანთებელა ამოიღო, ჩემთვის მაშინვე ყველაფერი დღესავით ნათელი გახდა.
– ცეცხლს ანთებ? – ვკითხე თუ არა, ფეხზეც წამოვდექი და იმ ადგილთან ახლოს დავჯექი, სადაც ყუთები ეყარა.
– ახლა არა, თუმცა როდესაც სიტუაცია გაუსაძლისი გახდება, დავანთოთ, – მერე ერთ-ერთ თაროს მიუახლოვდა, მომცრო ზომის უჯრა გამოაღო და იქედან სქელი, წითელი პლედი გამოაძვრინა. – ამას დიმა იყენებს ხოლმე, როდესაც აქ შემოსულ მტვირთავებს ადევნებს თვალს, აიღე.
– მე მაძლევ?
– ჰო, შენ. – მომიგო თუ არა, მაშინვე ჩემკენ ისროლა. – ტიტანიკშიც ხომ გოგო გადარჩა? რას ვიზამთ, ასეთია მამაკაცების ბედი.
– მაოცებს შენი ფლეგმატურობა, როცა ასეთ დღეში ვართ, – სწრაფად დავიფარე მხრები სქელი მატერიით, თან ყუთებთან ახლოს ჩამოვჯექი. სულ მალე, მეფარიშვილიც მომიახლოვდა და ჩემ პირდაპირ დაჯდა. მის სახეზე ნერვიულობის ნატამალიც კი არ შეიმჩნეოდა. მაოცებდა მისი სიმშვიდე და კრიტიკული მომენტებისადმი ასეთი გულგრილი დამოკიდებულება.
– მითხარი, როცა ძალიან შეგცივდება და ამ ყუთებს ცეცხლს მოვუკიდებ. -თქვა მან. სიცივისგან, ტუჩებზე მცირედი სილურჯე ემჩნეოდა, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, სხეული არ უკანკალებდა.
– რა უნდა ვქვნათ? აქედან როგორ გავაღწიოთ?
– არ ვიცი... ჯინის ლამპარიც ვერსად ვიპოვე, სურვილი რომ ჩავიფიქრო.
– კარგი რაა, – მობეზრებით ავატრიალე თვალები, – როცა ძალიან შეგვცივდება ცეცხლს დავანთებთ, ხვალ დილით კი ამ კარსაც გააღებენ. მანამდე მოვინდომებთ და როგორმე გავძლებთ. მითხარი, ხომ ასეა?
– იმედი ბოლოს კვდება. სხვა არაფერი მკითხო ამ თემაზე.
– მაშინ მითხარი, როგორია ეს, – ვთხოვე შიშნარევი ტონით, – როგორი გრძნობაა, როდესაც ადამიანს სიცივე კლავს?
– როგორც ვხედავ, შენში ორ წამში ჩაკვდა ყველანაირი ოპტიმიზმი.
– არ ვამბობ, რომ მოვკვდებით, უბრალოდ სიტუაციამ მოიტანა და დამაინტერესა.
მიშომ ჩაფიქრებული გამომეტყველება მიიღო. შეკითხვასაც მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ გასცა პასუხი:
– .როგორც ვიცი, ბოლო წუთებში, აუტანელ სიცივესთან ერთად, მოთენთილობასაც გრძნობ. ისეთი შეგრძნება გიჩნდება, თითქოს გეძინება და ამ ძილიანობის შეგრძნებას ვერ ეწინააღმდეგები. ბოლოს ტკბილად იძინებ და ამით ყველაფერი სრულდება.
მდუმარებამ დაისადგურა. ლაპარაკის გაგრძელების სურვილი არც მე მქონდა და როგორც ჩანდა, არც მას. ზუსტად არ ვიცი ასეთ სიჩუმეში რამდენი ხანი გავიდა. ჩემი გამოთვლებით, ორი საათის განმავლობაში არ გაგვიცია ერთმანეთისთვის ხმა. სიცივესთან ერთად, ალაგ-ალაგ მიშოს მზერასაც ვგრძნობდი და მიკვირდა კიდეც, რატომ არ ისროდა ჩემი მიმართულებით ყველა სალანძღავ სიტყვას, რაც კი ლექსიკონში მოეპოვებოდა.
ტემპერატურა რომ უკვე საშინლად შემაწუხებელი გახდა, ინტენსიურად მოვყევი ხელების დაორთქვლას, თუმცა ამან დიდად ვერ მიშველა. ერთადერთი, რასაც მივაღწიე, ის იყო, რომ კვლავ მივიქციე ჩაფიქრებული სახით მჯდომი მიშოს ყურადღება.
– რატომ თავიდანვე არ მითხარი კარის საკეტს რაც სჭირდა? – ვკითხე ტუჩების კანკალით. მართალია პლედი ჯერ კიდევ სხეულზე მქონდა შემოხვეული, თუმცა ეს დიდად ვერ მეხმარებოდა.
– ახლა მე ვარ დამნაშავე, არა?
– შეიძლება ამ სიტუაციაში უფრო მეტი ბრალი მე მიმიძღვის, თუმცა არასდროს გიყვარდა საკუთარი დანაშაულის აღიარება.
მიშომ კიდევ რამდენიმე წამს მიყურა, თუ როგორ ვკანკალებდი მთელი სხეულით. მერე კობრის გამოსახულებიან სანთებელას მოხსნა თავი, აანთო და სულ რამდენიმე წამში, ცეცხლი ერთად შეგროვებულ ყუთებსაც წაუკიდა. ცვლილება სინათლის სიჩქარით გახდა საგრძნობი.
– დავიღალე იმით, რომ მუდამ თათას ამბავს მახსენებ, – თქვა მან. – მითხარი, რის მიღწევას ცდილობ ამით?
– მიღწევით უკვე ვეღარაფერს მივაღწევ, – წამებში გახდა ირონიული ჩემი მზერა, – რაც მთავარია, შენ ისიამოვნე ერთღამიანი გართობით.
– და რა უნდა გამეკეთებინა, რა?! – ხმის ტონი, ჩვეულებრივზე ოდნავ მაღალი ჰქონდა. – წარმოდგენაც არ გაქვს, რა საშინელი ბავშვობა მქონდა, ან რისი გადატანა მიწევდა. მაშინ თინეიჯერი ვიყავი, სულელი და ზოგჯერ, როდესაც ცხოვრებისეული უსამართლობის შეგრძნება ყელში წამიჭერდა, ნარკოტიკებსა და მოსაწევშიც კი ვპოულობდი შვებას. მაგ ღამითაც არ ვიყავი ფხიზელი. სასმელმა და აბებმა ერთად, უკურეაქცია მომცა და ოთახში, ნახევრად გათიშული, საწოლზე ვეგდე, ეგ შენი საამაყო თათა რომ შემომივარდა და მთლიანად გახდილი დამაჯდა ზემოდან. ჰო, მქონდა მასთან სექსი, არ უარვყოფ და არც მეამაყება, მაგრამ ამის მერე ჩემგან თავად ის, ან ვინმე სხვა რატომ მოელოდა, რომ სამუდამო ერთგულების ფიცს დავუდებდი და თეთრ კაბაში გამოწყობილს დავიყენებდი გვერდით, გეკითხები რატომ?! – თვალები ბრაზისგან უელავდა, კისერზე ძარღვები ერთიანად დაბერვოდა, ხოლო ქარვისფერ თვალებში, კვლავ ის მრისხანების ცეცხლი უგიზგიზებდა, რომელიც საუბრის დასაწყისში შევნიშნე.
– იმაზე ლაპარაკს, თუ რა უნდა გაგეკეთებინა, უკვე აზრი აღარ აქვს, –იმედგაცრუებულმა გავაქნიე თავი, თან ხელის გულები სითბოს წყაროს მუვუშვირე. როგორიც არ უნდა ყოფილიყო სიტუაცია, მორალური კუთხით ყოველთვის არასწორად მიმაჩნდა, მამაკაცის მიერ იმ ქალის გამოყენება, რომელსაც მის მიმართ გრძნობები გააჩნდა. .უბრალოდ შემდეგში დაფიქრდი ხოლმე, სანამ კიდევ ვინმეს დაუნგრევ ცხოვრებას. სჯობს შენ გატკინონ, ვიდრე თავად ატკინო სხვას.
– დახურე ეს თემა! – შედარებით მშვიდად, თუმცა მაინც მკაცრად წარმოთქვა მიშომ.
– ისედაც არ ვაპირებდი კიდევ რამის დამატებას...
– ჰოდა, ძალიან კარგი. ბოლო პერიოდში ისედაც არეული ტვინით დავდივარ შენ გამო.
– ჩემ გამო რატომ? როგორც მახსოვს, აქამდეც არ გქონდა მწყობრში ეგ ორგანო.
– გამბედავი ხარ, – ჩაეცინა მიშოს, – უფროსს ენას ისე უტლიკინებ, არც კი ფიქრობ ამას რა შეიძლება მოჰყვეს.
– მოვლენებს წინ ნუ უსწრებ, შეიძლება აქედან ცოცხლები ვერც გავიდეთ.
– ჩემთვის სულ ერთია, – ისეთი გულწრფელი მზერითა და ხმით თქვა, ეჭვიც არ შემპარვია, რომ ზუსტად იმას ამბობდა, რასაც რეალურად ფიქრობდა.
– რატომ არის სულ ერთი?
– მარტივი მიზეზის გამო, თითქმის ყველა იქ მელოდება, ვინც მიყვარს.
გულში მწარე ჩხვლეტა ვიგრძენი. გამახსენდა კალეს მოყოლილი ისტორია მიშოს ოჯახის ტრაგედიის შესახებ. წარმოუდგენელი იყო, რომ მომხდარის შემდეგ, ასე მყარად შეძლო ფეხზე წამოდგომა.
– რატომ თქვი, შენ გამო არეული ტვინით დავდივარო? – სასწრაფოდ ვცადე თემის შეცვლა.
– ყველაფერზე ასე ჩაღრმავება რატომ გიყვარს? სწორედ შენი ცნობისმოყვარეობის გამო ვართ ახლა აქ გამოკეტილები.
– სასაუბრო თემას ვეძებ, – ვცადე თავი მემართლებინა. – ლაპარაკის დროს ყურადღება გადამაქვს და ნაკლებად მცივა.
მიშომ ცეცხლს ორივე ხელი მიუშვირა და თვალებში შემომხედა. მისი მზერა ისეთი გამჭოლი იყო, რაღაც მომენტში უხერხულობაც კი ვიგრძენი და სხვა მხარეს გავიხედე. სწორედ იმ დროს, მისი ხმაც მომესმა:
– ბოლო პერიოდში სიზმრები დამეწყო.
– სიზმრები?
– ჰო, ზუსტად... მესიზმრება, თითქოს ბნელი ღამეა. ოთახს, სადაც ერთად ვართ მხოლოდ მთვარის შუქი ანათებს. ზედმეტად აბსურდულია, მაგრამ შენ მთელი სხეული თეთრი ვარდის ფურცლებით გაქვს დაფარული. მერე საიდანღაც ქარი უბერავს, ამ ფურცლებს ფანტავს და სრულიად შიშველი რჩები ჩემ წინ. ცოტა ხნის შემდეგ ასეთ მდგომარეობაში როიალთან ჯდები და დაკვრას იწყებ. მე გვერდით გიზივარ და თმაზე გეფერები. შენი კანი ისეთი ნაზია, ლამის ჭკუიდან მშლის. მერე მოთმინება აღარ მყოფნის, დაკვრას გაწყვეტინებ, ჩემკენ გაბრუნებ და გკოცნი. შენ ჩემს კალთაში გადმოდიხარ და კოცნაზე მპასუხობ. აი, ამ მომენტში სიზმარი ყოველთვის წყდება და ცარიელ ლოგინში მეღვიძება. გამოფხიზლებული ჩემს თავს აღარ ვგავარ, სუნთქვა მიჭირს და მინდება გარშემო ყველაფერი დავლეწო. მერე ვდგები, ცივი შხაპის ქვეშ ძალიან დიდხანს ვდგავარ და საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ ასეთი რამ ბოლოჯერ ხდება, მაგრამ საუბედუროდ დასასრული არ უჩანს. იცი, რომ საძილე აბების მიღებაც დავიწყე ამის გამო? გაგონილი მაქვს, ღრმა ძილში ადამიანი სიზმრებს ვეღარ ხედავსო, მაგრამ არაფერი მოქმედებს. ეს უკვე წყევლასავითაა.
მოსმენილისგან და სიცივისგან გონებაარეულს, აზროვნებაც კი მიჭირდა, რომ რამე მაინც მეთქვა. გამახსენდა, მიშოს მაგიდაზე დანახული საძილე აბების შუშა და გავაცნობიერე, რომ მისი მონაყოლი სიმართლე იყო და არა მორიგი სულელური ხუმრობა.
– ამას რატომ მეუბნები? – ვკითხე მისუსტებული ხმით. ყუთებზე წაკიდებული ცეცხლი, დიდად კარგი მოწინააღმდეგეც ვერ იყო ყინვასთან გამართულ ბრძოლაში. ვგრძნობდი, როგორ მთენთავდა ნელ-ნელა ირგვლივ გამეფებული დაბალი ტემერატურა და როგორ მოქმედებდა ჩემი ხმის ჟღერადობაზე.
– ალბათ იმიტომ, რომ გამოღვიძებულზე ყველა შეგრძნება მახსოვს და პასუხებს შენთან ვეძებ. 
– მე პასუხები არაფერზე მაქვს, სიზმარი შენია და არა ჩემი.
– არც ვაპირებდი მოყოლას, ერთი ვიღაც რომ არ ჩაღრმავებოდა ამ თემას.
– ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ჩემთან დაკავშირებულ ინტიმურ სიზმარზე თუ მომიყვებოდი.
– ინტიმური აქ არაფერია. – მკაცრად შემომიბღვირა მიშომ. – ნახევარი დღე იმას ვუყურებ, თუ როგორ უკრავ როიალზე, ვარდები და სიშიშვლე კი უბრალოდ ჩემმა წარმოსახვამ დაამატა, ამიტომ, ამ სიზმარში გასაოცარი არაფერია.
– თმაზე მოფერება და კოცნაც შენმა წარმოსახვამ დაამატა, არა? – კვლავ ირონიას ვაფრქვევდი.
– სიზმრები არაფერს ნიშნავს და არც არაფერს ამტკიცებს, ამიტომ, შეგიძლია მიწაზე დაეშვა.
– უკვე მიწაზე ვარ და იმასაც ვხედავ, რომ ყუთები დიდხანს აღარ გაგვიძლებს. ყველაზე დიდი ხუთი წუთი გაძლოს. შეიძლება ამდენიც აღარ.
– არც გარშემოა რამე ისეთი, რითაც კარის საკეტის გატეხვას ვცდი, – უიმედოდ ჩაილაპარაკა მიშომ.
მორიგი ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა. მართალია პერიოდულად ერთმანეთს ვუყურებდით ხოლმე, თუმცა ხმას არც ერთი ვიღებდით. ცეცხლი უკვე ძალზედ სუსტად ბჟუტავდა და ჩაქრობამდე სულ ცოტაღა ჰქონდა დარჩენილი.
გამოსავალი არსაიდან ჩანდა. მიუხედავად ამისა, ჩემი გონება ჯერ კიდევ მთელი დატვირთვით ეძებდა სავალალო სიტუაციიდან გამოსაძრომ გზებს. ფიქრისთვის დიდი დრო არ მქონია. აზრები შუაში მაშინ გამიწყდა, როდესაც თვალი მოვკარი როგორ წამოდგა ფეხზე მიშო და როგორ დაიწყო პერანგის გახდა.
– რას აკეთებ? – გაოცებული სახით ავხედე თავზე წამომდგარს.
– სტრიპტიზი უნდა გიცეკვო. უბრალოდ მუსიკის ჩართვის ვარიანტი არ მაქვს და თუ გინდა, შენ იმღერე, ჯო კოკერის “შეგიძლია ქუდი დაიტოვო”.
მობეზრებისგან თვალები ავატრიალე. მეფარიშვილმა ზედატანის ღილები ბოლომდე შეიხსნა, გაიხადა და იგი პირდაპირ ცეცხლში ჩააგდო. შემდეგ შარვლის გახდაზე გადავიდა, სულ მალე, იგიც პერანგის გზას გაუყენა და მხოლოდ საცვალით დაჯდა ცეცხლის წინ.
– ეს ცოტა ხნით კიდევ შეაფერხებს ჩვენი კოცონის ჩაქრობას.
– გაგიჟდი?! ეგრე ხომ გაიყინები? თითქმის შიშველი დარჩი!
– არ გავიყინები, – მითხრა თუ არა, მაშინვე მუშტად შეკრული ხელების ორთქვლას მოჰყვა.
დანაშაულის გრძნობა ერთიანად დამეპატრონა. დღესავით ნათელი იყო, რომ ბრალი ყველაფერში მე მიმიძღვოდა. მიშოს გალურჯებული ტუჩები, აკანკალებული სხეული და ცეცხლში ჩაყრილი ტანსაცმელი, მთლიანად ჩემი პასუხისმგებლობა იყო. სასწრაფოდ წამოვდექი ფეხზე, მეფარიშვილს ჩემი პლედიანად მოვეხვიე უკნიდან, ისიც სქელ მატერიაში მოვაქციე და ზურგზე ისე მივეკარი, რომ ჩემი სითბო, მისთვის ნახევრად მაინც მეწილადა.
– იცოდე, ახლა რამე იდიოტურ ხუმრობას იტყვი და იმ ტანსაცმელთან ერთად ცეცხლში შენც ჩაგაგდებ! – წინასწარ მივიღე პრევენციული ზომები, რომ ჩუმად მჯდარიყო. ერთიანად გაყინულ მის სხეულს, აშკარად ესიამოვნა ჩემი შეხება და კანკალიც ოდნავ ჩაუწყნარდა. კარგა ხანს იჯდა მდუმარე სფინქსივით და სიტყვასაც არ ძრავდა. სიჩუმე იმდენ ხანს გაუგრძელდა, შემეშინდა კიდეც გონება ხომ არ დაკარგა-მეთქი და გადავწყვიტე თავად გამოვხმაურებოდი:
– მიშო!
– რა გინდა? – ჩემდა საბედნიეროდ, ისევ გონზე იყო.
– არაფერი... უბრალოდ გადავამოწმე, ისევ ცოცხალი თუ იყავი.
– ახლა უკვე ბარი-ბარში ვართ.
– რაზე ამბობ?
– ჩემ ტანსაცმელზე, – ოდნავ მოაბრუნა თავი, – ჯერ შენი დავწვი, ახლა ჩემი. კარმა ისევ არ კარგავს აქტუალობას.
– ჩემი სამოსი, მხოლოდ გართობის მიზნით დაწვი, ეს არ დაგავიწყდეს.
– შენს სტილში არ ჯდებოდა, მაგრამ ვერ უარვყოფ, მაინც გიხდებოდა. – მის სახეს ვერ ვხედავდი, თუმცა ხმაზე ვატყობდი იღიმოდა. – დარწმუნებული ვარ ლოლას შერჩეული იყო.
– და რა იცი, რომ ეგრეა? – შევედავე, მიუხედავად იმისა, რომ სიმართლეს ამბობდა.
– სხვა დროს არასდროს მყავხარ ნანახი ასეთ თამამ სამოსში. ისე, რატომ არასდროს იცვამ სექსუალურ ტანსაცმელს? ან სთორებს რატომ არ დებ ხოლმე მიმზიდველ დეკოლტეებში?
– ჩემ სთორებსაც ამოწმებ? – გამეცინა.
– დიდი ხანია ინსტაგრამზე გამოწერილი მყავხარ. ფოტოებს რომ ვაკვირდები, რაღაც ზღაპრული ფერიის იმიჯი უფრო გაქვს, ვიდრე ვნებიანი ქალის.
– მოდი, შევთანხმდეთ, რომ ეს ჩემი საქმეა და ამით დავასრულოთ.
– შინაბერასავით მკაცრი ხარ. – კვლავ ოდნავ მოაბრუნა თავი ჩემკენ.
– ეს ერთხელ უკვე მითხარი ინდოეთში მოგზაურობისას.
– რა კარგად გახსოვს ჩემი ყველა სიტყვა, ახლა თავში ამივარდება.
– რა თქმა უნდა. წიგნაკიც კი მაქვს სათაურით „მიშოს ტოპ-ფრაზები.“
– შემთხვევით, მაგ წიგნაკში ჩემი ფოტოებიც ხომ არ გაქვს ჩაკრული და ძილის წინაც ხომ არ კოცნი ხოლმე?
– მიშო, მგონი მაშინ უფრო მომწონდი, როცა ჩუმად იყავი.
მეფარიშვილს ჩაეცინა, თუმცა ჩემს სიტყვებს უკვე აღარ გამოხმაურებია. კიდევ ერთხელ ჩამოწოლილმა აუტანელმა მდუმარებამ, რომელმაც ძალიან დიდ ხანს გასტანა, კვლავაც უიმედობაში ჩამაგდო. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ სრულიად მოულოდნელად, ის ნათურაც აფეთქდა და გასკდა, რომელიც საყინულის ოთახის ერთადერთ სინათლის წყაროს წარმოადგენდა.
შიშმა ყელში სპაზმებად წამიჭირა. მუცლის არეში უჩვეულო სიმძიმე ვიგრძენი. პანიკა იმანაც გამიმძაფრა, რომ მიშოს, ნათურის აფეთქებაზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. არც კი განძრეულა. სანამ კვლავ დავუძახებდი, სასწრაფოდ გულის მხარეს დავადე ხელი. ოდნავ დამამშვიდა იმის შეგრძნებამ, რომ მარცხნივ, ისევ მოუსვენრად ფეთქავდა რაღაც. მერე მასთან უფრო ახლოს მივიწიე და პლედიც მოხერხებულად შემოვხვიე შიშველ სხეულზე. ცეცხლი უკვე ბოლომდე ჩამქრალიყო და მხოლოდ ფერფლზე შერჩენილი, ნარინჯისფერი წერტილები ბჟუტავდნენ უკუნეთ სიბნელეში.
– მიშო, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, რომ გაჩუმებული უფრო მეტად მომწონდი. გთხოვ, თქვი რამე! – მაგრად შევანჯღრიე ამის თქმისას. –მიშო, ხმა ამოიღე!
– ნუ ყვირი, მესმის...
– თუ გესმის, ილაპარაკე, გთხოვ. – იმდენად ცივი იყო, ლამის ცრემლები წამსკდა. – ნებისმიერი სისულელე თქვი, ოღონდ არ გაჩუმდე, კარგი? არ მინდა ჩაგეძინოს.
– რა პრობლემაა? თუ ჩამეძინება, მაკოცე და მკვდარიც რომ ვიყო, მაინც გამეღვიძება.
– მიშო, სერიოზულად გეუბნები, თვალების დახუჭვა არც კი გაბედო!
– შენ კარგად იქნები, ნუ ღელავ... ტანზე დახურული სამოსი გაცვია. ალბათ ძალიან გაგიჭირდება, მაგრამ პლედი დაგეხმარება, ხვალამდე გაძლო.
– ჩემთან საუბარი არ გაწყვიტო და ასეთ სისულელეებს ნუ ამბობ, გესმის?!
პასუხი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ გაუცია. კიდევ ერთხელ შევანჯღრიე და დავუძახე.
– მაპატიე, მარიტა. – კონტაქტზე გამოვიდა თუ არა, სუსტად ჩაეცინა, – მაპატიე, მაგრამ საბრძოლველად მიზეზი მართლა არ მაქვს...
ეს სწორედ ის სიტყვები იყო, რისი მოსმენაც ყველაზე ნაკლებად მსურდა. ეს იყო სიტყვები, რომელმაც ჩემში ყველაფერი გაყინა. ყველაზე მეტად სიჩუმეში დარჩენის მეშინოდა და ახლა, ზუსტად ეს სიჩუმე ისადგურებდა.



***
– რომ იცოდე, განმარტოებით, წყნარ გარემოში ვახშმობის მოყვარული უფრო ვარ, -საკმაოდ ახლოდან ჩამესმა ნაცნობი ხმა.
გარშემო სრული სიბნელე იყო. მალევე მივხვდი რატომაც, თვალები ჯერ კიდევ არ მქონდა გახელილი. ამას ვერც ვახერხებდი, რადგან ისეთი შეგრძნება მიჩნდებოდა, თითქოს ორივე ქუთუთოზე უზარმაზარი გირა მქონდა დაკიდებული.
– პრობლემა არაა, შინ საუკეთესო გარემო მაქვს ამისთვის. – ეს ხმა უკვე ვეღარ ვიცანი, რადგან ზუსტად ვიცოდი, აქამდე არც არასდროს გამეგონა.
საუბარს რაღაც სუსტი, წრიპინის მაგვარი ხმებიც ერთვოდა მარცხენა მხრიდან. თავის საშინელ ტკივილს ვგრძნობდი. ყველაფერ ამას, მტვრევის შეგრძნებაც ემატებოდა სხეულში. ხერხემლის არეში კი ისეთ აუტანელ დისკომფორტს განვიცდიდი, თითქოს, ერთდროულად მილიონობით ნემსი გაეყარათ.
თავს ძალა მაქსიმალურად დავატანე და ვცადე როგორმე თვალები გამეხილა. პირველ ცდაზე ვერაფერს გავხდი და წარუმატებელი მცდელობის გამო, მწვავე ტკივილი ვიგრძენი შუბლის არეში. ვერც მეორე მცდელობაზე მივაღწიე სასურველ შედეგს, თუმცა მესამე უკვე წარმატებული გამოდგა და ქუთუთოების სუსტად აწევა შევძელი. უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. ჩემთვის აქამდე უცნობ, უცნაურ ოთახში ვიმყოფებოდი და სხეულზე ორი დიდი, თბილი პლედი მეფარა.
შუბლის მოსასრესად ცალი ხელის აწევა ვცადე, თუმცა განზრახვაზე უარი მჩხვლეტავმა ტკივილმა მათქმევინა. დაბინდული მხედველობით დავხედე საკუთარ ხელს. ვენაში დიდი ნემსი მქონდა ჩადგმული, რომლის მილიც ზემოთ მიემართებოდა და სპეციალურ სადგამზე ჩამოკიდებულ წვეთოვანს უერთდებოდა.
ერთადერთი ნაცნობი ჩემთვის ამ ოთახში ახალგზარდა, თეთრხალათიან მამაკაცთან მოსაუბრე ლოლა გახლდათ. მამაკაცს სახეზე მაცდური ღიმილი დასთამაშებდა და რთული გამოსაცნობი არ იყო, რომ ფლირტით იყო გართული. ვერც ერთი ვერ მამჩნევდა, თუმცა ხმის ამოღება და მათი რომანტიკული იდილიის ჩაშლა არც მიფიქრია. ერთადერთი, რისკენაც ჩემი გონება იყო მიმართული, ეს ამ საწოლზე აღმოჩენამდე მომხდარი ამბების გახსენება იყო, რომელიც მეხსიერების ფსკერზე მეტად ღრმად იყო დალექილი და ნელ-ნელა, ეტაპობრივად ტივტივდებოდა მის ზედაპირზე.
ტვინის უჯრედები, შენელებული კადრივით მაწვდიდნენ სხვადასხვა სურათებს. ჯერ საყინულის ოთახი დამიდგა თვალწინ, შემდეგ ის, თუ როგორ შევედი შიგნით, ბოლოს კი, ყველაფერი საკმაოდ სწრაფი ტემპით მიეყარა ერთმანეთს და მიყოლებით გამახსენდა ყველა ის წუთი, რაც მე და მიშომ ერთად გამოვიარეთ.
თვალები მაგრად დავხუჭე და მერე ისევ გავახილე. ლოყებზე სისველე ვიგრძენი და მივხვდი ცრემლები მდიოდა. ჩემდა საბედნიეროდ, თეთრხალათიანმაც სწორედ იმ მომენტში დატოვა ჩემი პალატა და როგორც კი შიგნით მხოლოდ მე და ლოლა დავრჩით, საწოლში დიდი გაჭირვებით წამოვიწიე.
– ლოლიტა, მიშო სად არის?! – ვიკითხე ძალზედ მისუსტებული, თუმცა მაინც სასოწარკვეთილებით გაჟღენთილი ხმით. როგორც ჩანდა, ხმაც შეურაცხადისა მქონდა, რადგან ჩემი დანახვისას, გაკვირვებასთან ერთად შიშიც გამოესახა, წამების წინ ღიმილით განათებულ სახეზე.
– მარიტა...
– სად არის-მეთქი?!
– არ შემიმჩნევია, როდის გაიღვიძე. – ჩემს საწოლს სწრაფად მოუახლოვდა, – ეგეთი სახე ნუ გაქვს. მიშო გვერდითა პალატაშია. პირველად მანაც შენ გიკითხა, როდესაც გონს მოვიდა.
– ანუ უკვე გონს მოვიდა, – თუ აქამდე სხეული ერთიანად მქონდა დამძიმებული, ახლა უკვე შემსუბუქებული მივეყრდენი ბალიშს. გულიდან მართლაც უზარმაზარი ტვირთი მომშორდა. ვერასოდეს გადავიტანდი მას რომ რამე დმართოდა.
– ჰო, ერთი საათის წინ გაიღვიძა, – საწოლზე ჩამომიჯდა ლოლა, – მაღალი სიცხე აქვს და ცდილობენ ტემპერატურა დაურეგულირონ. სხვა მხრივ, ყველაფერი წესრიგში აქვს.
– კიდევ კარგი... კიდევ კარგი, რომ ცუდი არაფერი მომხდარა, – კვლავ ცრემლები მომაწვა თვალებზე, თუმცა მათ გადმოდენის საშუალება აღარ მივეცი და ყურადღების გადასატანად, ლოლას მაშინვე დავუსვი ის კითხვები, რომლებიც იმ წამს დამებადა, -საყინულის ოთახიდან ვინ გამოგვიყვანა? როგორ მოგვაგენით?
– მთელი რესტორანი თქვენ ძებნაში იყო. – წარბის აწევით გადმომხედა მან. –შესვენების შემდეგ რომ აღარ დაბრუნდი, კალემ დაგიწყო ძებნა. ახსოვდა, მიშოს ნახვას რომ აპირებდი და რადგან ისიც არ ჩანდა, მიხვდა სადღაც ერთად უნდა ყოფილიყავით. ბედი თქვენი დამლაგებელმა ქალმა რომ შენიშნა, როგორ მიდიოდით მაცივრის ოთახისკენ, თორემ თქვენი იქ მოძებნა, მართლა არავის მოაფიქრდებოდა.
– ჰო, დამლაგებელი ქალი, – მაშინვე აღმიდგა გონებაში, თუ როგორ მივესალმე მას დერეფანში. საოცარი იყო, რომ ამ პატარა წვრილმანის და ამ შემთხვევით შეხვედრილი ადამიანის წყალობით ვიყავით დღეს ორივენი ცოცხლები.
– ისე, ერთი შეკითხვა უნდა დაგისვა, – ეშმაკურად ათამაშდნენ ლოლას წარბები. თვალებშიც ეტყობოდა რაღაცის გაგების სურვილი ჰკლავდა და უკვე ზუსტად ვიცოდი, მორიგი უაზრობის მოსმენა მომიწევდა.
– მკითხე, გისმენ, – წინათგრძნობის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე პასუხისთვის თავი არ ამერიდებინა. ლოლა ჩემს საწოლზე ამოძვრა, გვერდით ისე მომიწვა, რომ წვეთოვანის მილისთვის ხელი არ შეეშალა და დაუფარავი ცნობისმოყვარეობით მომაშტერდა.
– როცა მიშო ასეთ მდგომარეობაში ნახე, ანუ ნახევრად შიშველს ვგულისხმობ, მუცელში სიმხურვალე არ იგრძენი?
– ლოლიტა რა სიმხურვალე? კინაღამ გავიყინეთ ორივენი.
– მე სულ სხვა სიმხურვალეზე გელაპარაკები, გენიოსო.
– თავი დამანებე, ნუ მაგიჟებ! – ლამის სიცილი ამიტყდა მისი ინტერესით დამრგვალებული თვალების შემხედვარეს. – სულელური კითხვების დასმას შეეშვი და დისტანცია დაიცავი, ვგრძნობ, მაღალი სიცხე მაქვს და რამე არ გადაგდო.
ლოლა საწოლთან ახლოს მდგომ, გორგოლაჭებიან სკამს დასწვდა, ახლოს მოაგორა და ზედ ფეხზე ფეხგადადებული ჩამოჯდა.
– ხვალამდე არ გაგწერენ, ამიტომ თუ გინდა, ამაღამ შენთან დავრჩები.
– კალეც აქ არის?
– არა, – თავი გააქნია მან. – როგორც კი დარწმუნდა, რომ კარგად იყავით, ისიც და ნოლანებიც წავიდნენ. მე კიდევ ძალიან მიმზიდველი ექიმი გავიცანი და ამ დღეებში უნდა შევხვდე.
– ჰო, დავინახე ეგ მიმზიდველი ექიმი და თქვენი საუბარიც მოვისმინე. რისთვის უნდა შეხვდე?
»– ჰიპოკრატეს ფიცი უნდა დამაზეპირებინოს, – თვალები აატრიალა მან. – შენი აზრით, რისთვის?
– გასაგებია, – ჩამეცინა.
– ჯანდაბა, სულ გადამავიწყდა, რომ შენი გონზე მოსვლის შესახებ მეთქვა მისთვის, –სინათლის სიჩქარით წამოხტა ფეხზე, თან გაშლილი ხელის გული მიირტყა შუბლზე. – წავალ, დავუძახებ და კიდევ ერთხელ გაგიზომავს სიცხეს. თან რაღაც მედიკამენტები უნდა მოგცეს.
– გთხოვ, ჯერ არავის დაუძახო, – სასწრაფოდ შევაჩერე კარისკენ წასული. ლოლა გაკვირვებული სახით მოტრიალდა ჩემკენ. ვერ გაეგო, რის გამო ვაპროტესტებდი ექიმის შემოსვლას.
– რა იყო, ნემსის ხომ არ გეშინია?
– რა ნემსის? უბრალოდ დასვენება მჭირდება და მორჩა. სიცხეც თავისით დამიწევს. ისეთი არაფერი ხდება, ექიმის გადაუდებელ დახმარებას რომ ვსაჭიროებდე.
– მაგრამ, მაღალი ტემპერატურა გაქვს და...
– ლოლიტა, ვიცი, რასაც ვამბობ. ექიმს სხვა დროს დაუძახე, ახლა კი გთხოვ რამე ცივი წვენი შემომიტანე და ნუ დაიწყებ სიცხის დროს არ შეიძლებაო. ეს წყალიც უკვე თბილი იქნება, – ტუმბოზე შემოდებულ, ნახევარლიტრიან ბოთლზე ვანიშნე. სწორედ იმ მომენტში, მობილურზე შეტყობინებაც მომივიდა. გამომგზავნი კალე იყო და მთხოვდა, როგორც კი შესაძლებლობა მომეცემოდა, ვიდეო-ზარით დამერეკა.
– ჩემი ტელეფონი აქ ვინ მოიტანა?
– მე მოვიტანე. – თავისი ჩანთა აიღო და მხარზე გადაიკიდა. – რისი წვენი გიყიდო?
– შერეული იყოს.
– საჭმელი?
– არ მშია.
– კარგი, მაშინ წავედი, – ლოყაზე მაკოცა ლოლამ, კართან მიირბინა და საკეტის ჩამოწევისას ღიმილით გამომხედა. – ჰო მართლა, გილოცავ გვირაბის ბოლოდან მობრუნებას.
– მოგიყვებოდი რა ხდება იქ, მაგრამ ვერაფრის დანახვა ვერ მოვასწარი.
– როგორმე გადავიტან მაგის უცოდინრობას, – ოდნავ წინ წამოწეული ტუჩებით, კოცნის იმიტაცია გააკეთა და სულ რამდენიმე წამში, პალატაში, მე და ჩემი წვეთოვანი სრულიად მარტონი დავრჩით.
პლედში ბოლომდე გავეხვიე და თვალები დავხუჭე. სითხე ჯერ მხოლოდ ნახევრამდე იყო ჩაცლილი და იმდენად ნელა მოედინებოდა, მეგონა არც არასდროს დამთავრდებოდა.
ფიქრებით კვლავ მიშოს დავტრიალებდი. დანაშაულის გრძნობა არ მასვენებდა, რომ ეს ყველაფერი ჩემი სულელური საქციელის გამო მოხდა. თავს ვერაფრით ვპატიობდი იმას, რომ კინაღამ ადამიანის სიცოცხლე ვიმსხვერპლე, თანაც ერთი პატარა ახირების გამო.
გადაწყვეტილება, რომელიც იმ მომენტში, სულ რაღაც ხუთი წამის ინტერვალში მივიღე, სპონტანურიც იყო და გიჟურიც, მით უმეტეს, ჩემ მდგომარეობაში, როდესაც სხეულის საშინელ სისუსტეს ვგრძნობდი, ხოლო ვენაში გადასხმის ნემსი მქონდა გაყრილი. მიუხედავად ამისა, თავს მაინც ვერაფერს ვუხერხებდი. რადაც არ უნდა დამჯდომოდა, მიშოს მდგომარეობა საკუთარი თვალით უნდა შემეფასებინა, თუნდაც ამის გამო ვინმეს უხეშად ესაყვედურა.
საწოლიდან სხეულის წამოწევა და ადგომა ძალზედ რთულ ამოცანად მესახებოდა, თუმცა დიდი ძალისხმევის შედეგად ეს მაინც შევძელი და პლედშემოხვეული, რაღაც გაუგებარი ფორმის საავადმყოფოს ჩუსტებში გამოწყობილი, გადასხმის სადგამით ხელში დავიძარი კარისკენ.
თავბრუსხვევა მოძრაობას ძალიან მირთულებდა, რის გამოც კედელს ხელით მივუყვებოდი, თუმცა ნელ-ნელა სიარულსაც შევეჩვიე, მხედველობაც უფრო მეტად დამეწმინდა და კართან უკვე ფეხზე მყარად მდგომი მივედი. ლოლას ნათქვამიდან ვიცოდი, მეფარიშვილის პალატა ჩემს გვერდით იყო, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა იგი მარჯვენა მხარეს უნდა მეძებნა, თუ მარცხენა. იღბალი ჩემკენ იყო, რადგან იმ მომენტში, ხმები მხოლოდ მიმღებიდან მესმოდა, დანახვით კი არც არავის ვუნახივარ და არც მე დამინახავს რომელიმე თეთრხალათიანი.
ორ მხარეს შორის, საბოლოო არჩევანი მარცხენაზე გავაკეთე და პალატის კარი ფრთხილად შევაღე. სამწუხაროდ არ გამიმართლა. შიგნით ერთმანეთის პირდაპირ, ორი ხანში შესული მამაკაცი იწვა, რომლებმაც ჩემს დანახვაზე, ჯერ ერთმანეთს გადახედეს გაკვირვებული სახეებით, მერე კი კვლავ მე შემომხედეს.
პაციენტებს შეწუხებისთვისა და კომფორტის უხეშად დარღვევისთვის მოვუბოდიშე და სასწრაფოდ გამოვბრუნდი უკან. ახლა უკვე ნათელი იყო, თუ რომელ პალატაში იწვა მიშო. სახელური სწრაფად ჩამოვწიე, შიგნით შევვარდი და კარები ფრთხილად მივხურე, რომ ზედმეტი ხმაური არ გამომეწვია.
მიშოს პალატა ზომით ორჯერ დიდი გახლდათ. მსგავსება მხოლოდ ის იყო, რომ შიგნით ისიც ჩემსავით მარტო იწვა. ზღურბლს რომ გადავაბიჯე, ხელში მობილური ეჭირა. სავარაუდოდ, რაღაცას "სქროლავდა". ჩემს დანახვაზე მისი პირველი რეაქცია, გაკვირვება იყო, თუმცა არ ვიცოდი ზუსტად რა უკვირდა, ის, რომ მოვინახულე, თუ ის, როგორ მდგომარეობაშიც გადავწყვიტე მისი მონახულება.
– რა ხდება? – აშკარად გამხიარულებულმა მანიშნა თვალებით, სადგამზე დაკიდებულ წვეთოვანზე, გაჭირვებით რომ შემოვაგორიალე შიგნით. - ეგრე სიარული, რამე ახალი ტრენდია და გამომრჩა?
– ვერ დაველოდებოდი როდის ჩაიცლებოდა ეს სითხე. საკუთარი თვალით უნდა მენახა, რომ კარგად ხარ და არ მოგკალი.
– ჰოო? მე კიდევ არ მიყვარს, როდესაც მოვალეობის მოხდის მიზნით მნახულობს ვინმე. - კვლავ ეღიმებოდა მიშოს. – აქ იმიტომ ხარ, რომ თავს დამნაშავედ თვლი.
– და ეს ცუდია? მომხდარის გამო თუ სინდისი მაწუხებს და შენ მოსანახულებლად მოვდივარ, ეს ცუდ ადამიანად მაქცევს?
– არა, ცუდ ადამიანად არა, მაგრამ იმად ნამდვილად გაქცევს, ვისაც აქ დგომას, მხოლოდ სინდისის კარნახი აიძულებს.
დასუსტებული სხეული, ფეხზე დიდხანს დგომის საშუალებას არ მაძლევდა, ამიტომ, ჩემი წვეთოვანის სადგამი მიშოს საწოლთან მივაგორე, თავად კი ფეხებთან, პატრონის მოფერებას მოწყურებული კატასავით ჩამოვუჯექი და ისე ღრმად ამოვისუნთქე, თითქოს წამების წინ, ზურგიდან ვინმეს უზარმაზარი ლოდი მოეხსნა ჩემთვის.
– რაც მოხდა, იმაში მხოლოდ მე არ ვარ დამნაშავე, – გადავწყვიტე თვითონაც გამომეხატა პროტესტი, სანამ ბოლომდე გამასწორებდა მიწასთან. – უფლება მქონდა, გამეგო, რა ბედი ეწია ლეოს იმ ღამის შემდეგ, მაგრამ ენაზე იმხელა ბოქლომი გქონდა დადებული, ვერაფრით მოგხსენი.
– მითხარი, რისი გაგება გინდა და გიპასუხებ. – ზურგს უკან ბალიში მოხერხებულად გაისწორა მეფარიშვილმა. – წინა ჯერზე, შენი კითხვების უპასუხოდ დატოვებას კინაღამ შევეწირე და მეორედ ვეღარ გავრისკავ.
გაღიმებისგან თავი შევიკავე, მიუხედავად იმისა, რომ ტუჩებზე ღიმილი მაწვებოდა. შინაგანი ხმა, მკარნახობდა, რომ ამ ადამიანთან სიტუაციის დათბობა კარგს არაფერს მომიტანდა და შევეცადე მკაცრი იერი შემენარჩუნებინა.
– რატომ გადავიდა ლეო ამ ქალაქიდან? – საწოლზე ფეხები ავიკეცე და ტანზე პლედი მოხერხებულად შემოვიხვიე. – ამაში შენი ხელი ურევია?
– კი, ჩემი ხელი ურევია. – უარყოფა არც კი უცდია მას.
– მითხარი, რა გააკეთე?
– ყველას აქვს აქილევსის ქუსლი, – ჩვეული, დემონური ღიმილი გაკრთა მის სახეზე. –ეგ შენი ლეო, მართალია წარმატებულ ბიზნესს ატრიალებს, მაგრამ საგადასახადოს ძალიან დიდ თანხებს უტეხავს. ეგრედწოდებულ, ოფშორულ ზონებში უზარმაზარი ფული აქვს განთავსებული და სწორედ ეს მასალები ამოვუქექე. ბოდიშის მოხდა, მასალების საიდუმლოდ დატოვების თხოვნები და ქალაქიდან დახვევა უკვე მისი გადაწყვეტილება იყო.
– და ამ ინფორმაციას პოლიციისგან დამალვას მართლა აპირებ? ეს ხომ უკანონოა?
– ჰო, ვაპირებ, თუკი ეს შენი უსაფრთხოების გარანტია იქნება.
– არაფერი მესმის, – მხრები ავიჩეჩე. – ლეოს ციხეში ჩასმა, პირდაპირ კავშირში არაა ჩემი და კიდევ ბევრი ჩემნაირის უსაფრთხოებასთან, ვისაც მომავალში ამოიჩემებს?
– მართალი ხარ, არ გესმის. ეგ ტიპი რომ ამის გამო გაასამართლონ და პატიმრობა მიუსაჯონ, საუკეთესო ადვოკატს აიყვანს, სასჯელის ვადას მინიმუმამდე დააყვანინებს, იქედან კი გაბოროტებული გამოვა და კიდევ შეეცდება რამე დაგიშავოს.
როცა დავფიქრდი და სიტუაცია კარგად გავიაზრე, მივხვდი, მიშოს მოსაზრება სულაც არ იყო ლოგიკას მოკლებული. პირიქით, სრულიად რაციონალურიც მეჩვენა, თუმცა მაკვირვებდა, ყველა პრობლემას თავად რომ მიგვარებდა, ისე, როგორც ზეციური ძალების მიერ, მფარველად მოჩენილი კეთილი სული.
– გასაოცარია, ჩემ გამო ასე რომ შეწუხდი, არ ველოდი.
– განსაკუთრებული არაფერია, უბრალოდ სამშაბათობით სიკეთის კეთების დღე მაქვს, გუშინ კი სამშაბათი იყო.
თვალები მობეზრებულად ავატრიალე. ტუჩებზე სიტყვა მადლობა მაწვებოდა, თუმცა მაფერხებდა ის მოსაზრება, რომ ასე შეიძლებოდა კიდევ ერთი ირონიული რეპლიკა წამოსულიყო მისი მხრიდან, ამიტომ გადავწყვიტე ოქროს შუალედში მომექცია ჩემი მადლიერების გრძნობის გამოხატვა.
– კარგი, მოკლედ ამას ვაფასებ და ვალში არც მე დაგრჩები. – ფეხები ძირს ჩამოვწიე და საწოლიდან წამოვდექი. განზრახული მქონდა, საკუთარ პალატაში მანამ დავბრუნებულიყავი, სანამ ლოლა, ან ვინმე სხვა შეამჩნევდა ჩემს არყოფნას, მერე კი პირდაპირ კალესთვის დამერეკა ვიდეო-ზარით, როგორც თვითონ მთხოვა.
– ვალში? – გაეცინა მიშოს. – გგონია, შენგან სანაცვლოდ რამე მჭირდება?
– უსასყიდლოდ დახმარება შენი სტილი არაა, ყოველ შემთხვევაში ჩემთან მიმართებაში.
– ჰოო? – გამჭოლი მზერით ლამის ჩემ სულში გაიარა. – ნეტავ, მცირედი მაინც იცოდე იმისა, რისი გაკეთებაც შენ გამო შემიძლია.
– სიცხემ აგიწია და ბოდავ. მორჩა, მივდივარ!
– წვეთოვანი არ დაგრჩეს!
– არ მრჩება! – მივუგე გესლიანად და კარისკენ დავიძარი თუ არა, მიშოს სიტყვებიც წამომეწია, რომლებიც უკვე საერთოდ აღარ ჟღერდნენ ირონიულად:
– საავადმყოფოს ხალათში, პლედშემოხვეული, მაღალი სიცხითა და აწეწილი თმითაც კი გიჟურად ლამაზი ხარ.
პასუხი არ დამიბრუნებია, თუმცა დამეფიცებოდა, რომ კარის საკეტისკენ წაღებულ ხელში უცნაური კანკალი ვიგრძენი და გულმაც თითქოს ერთი დარტყმა გამოტოვა.




***

2013 წელი —29 მაისი
მუსიკების გამაყრუებელ ხმაში, აუზის კიდეზე ვიჯექი, შიშველი ფეხები წყალში მქონდა ჩაყოფილი და უხალისოდ ვადევნებდი თვალს სასმელით გაბრუებულ უფროსკლასელებს. ზოგიერთი ცეკვით ირთობდა თავს, ზოგი საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ფლირტით, ზოგს კი ალკოჰოლის მიღებაში გაემართა შეჯიბრი ერთმანეთს შორის.
ჩემი ახლადშეძენილი მეგობრის, თათას დაჟინებული თხოვნით, მისი ბიძაშვილის მიერ მოწყობილ წვეულებაზე ვიმყოფებოდი, ბათუმთან ახლოს მდებარე, უზარმაზარ აგარაკზე. შენობა ჯამში ოთხ სართულს ითვლიდა და იმდენად ლამაზი იერი ჰქონდა, მისი ყურებაც კი უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა. მიუხედავად ამისა, თავს ძალზედ არაკომფორტულად ვგრძნობდი. აგარაკზე ჩვენი სკოლის გამოსაშვები კლასის მოსწავლეები შეკრებილიყვნენ და ოფიციალურ ბანკეტამდე, ყველანი ერთად აღნიშნავდნენ სკოლის დამთავრებას.
ირგვლივ საერთოდ არავის ვიცნობდი. ჩემი ერთადერთი ნაცნობი თათა იყო, რომელიც იმ დროს სასმელის მოსატანად გაჰყოლოდა ბიძაშვილს, ახლომდებარე ქსელურ მარკეტში. ამდენ უცხო ხალხში სრულიად მარტო ვიყავი. ცოტა არ იყოს, ვბრაზობდი მასზე. ჯერ იყო და ჩემი წამოსვლა ისე დაიჟინა, თითქოს ამას რამე სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონოდა მისთვის, მერე კი ისე მომაძახა, ცოტა ხნით გავდივარო, ჩემთვის გაყოლა არც შემოუთავაზებია.
მოწყენილობისგან აღარ ვიცოდი რა მექნა. წამით ისიც ვიფიქრე მამას დავურეკავ და ვთხოვ, შინ წამიყვანოს-მეთქი, თუმცა ასე რომ მოვქცეულიყავი, თათას აუცილებლად ეწყინებოდა. ეს კი ძალიან არ მინდოდა. გაცნობის მომენტიდან დიდ პატივს ვცემდი ამ ადამიანს. მართალია, ერთმანეთისგან ისე განვსხვავდებოდით, როგორც მარსი და იუპიტერი, თუმცა ვთვლიდი, რომ მეგობრობას დიდად არც სჭირდებოდა საერთო შეხედულებები. მთავარი იყო, ერთად დრო მხიარულად გაგვეტარებინა და მასთან ურთიერთობა სასიამოვნო ყოფილიყო. დანარჩენს უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.
აუზის გარშემო დამაყრუებელი მუსიკის ხმები არ წყდებოდა. ბასების გუგუნი ტვინში უროსავით მირტყამდა და მეჩვენებოდა, რომ ცოტაც და თავის ქალაც ამეხდებოდა. ვაპირებდი ხმაურისგან ოდნავ მოშორებით გადაჯდომას, თუმცა სწორედ ამ დროს, ჩემს ზურგს უკან აკიაფებული სინათლე ვიღაცამ მოჩრდილა და აქედან სულ რამდენიმე წამში, შავ საცურაო შორტში გამოწყობილი ბიჭი მომიჯდა გვერდით, რომელსაც ხელში გაზიანი წყლით პირამდე სავსე ჭიქა ეჭირა. მან დაჯდომისთანავე ჩემ მსგავსად ჩაყო ფეხები აუზის კამკამა წყალში. კარგად დაკვირვების შემდეგ ამოვიცანი, ჩვენს სკოლაში ახალი გადმოსული უფროსკლასელი, მიშო მეფარიშვილი იყო. ბიჭი წინა სკოლიდან, მასწავლებელთან რომანის გაბმის მიზეზით იყო გამორიცხული.
მაშინ მეფარიშვილს კარგად არ ვიცნობდი, თანაც თვითონაც პატარა, თოთხმეტი წლის გოგონა ვიყავი. მის მიმართ არ მქონია რაიმე ნეგატიური გრძნობა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი რეპუტაციითაც იყო გადმოსული ჩვენს სკოლაში.
– ვერ ერთობი, არა? – ჩვენ შორის არსებული დუმილი ისე დაარღვია, ჩემკენ არც გამოუხედავს. როგორც ინტროვერტს, მეუცნაურა ასეთი უშუალო, მეგობრული მომართვა, თან ეს ადამიანი დღეს პირველად მესაუბრებოდა.
– ასე ძალიან მეტყობა?
– ფაქტობრივად სახეზე გაწერია, – გამიღიმა. – მარიტა, არა?
– შენ კი მიშო...
– როგორც ვხედავ, მიცნობ.
– ჰო, ჩვენს სკოლაში საეჭვო რეპუტაციით გადმოსული ყველა მოსწავლე განხილვის თემად იქცევა ხოლმე.
– ასეც ვიცოდი, – სიცილით გადააქნია თავი მან, – ჭორების გავრცელება ყველას შეუძლია, მაგრამ რეალობა ძალიან ცოტამ თუ იცის.
– შენ საიდან იცოდი ჩემი სახელი? – თემა შევცვალე, რადგან გავაცნობიერე, რომ საუბრის იმ კუთხით წარმართვა ოდნავ არასწორი იყო.
– ალბათ იქედან, რომ საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი გყავს სკოლაში.
– იტყუები.
– არა, სიმართლეს ვამბობ და თუ კიდევ დიდხანს გააგრძელებ შენი თმის ბოლოებით ასე მაცდურად თამაშს, მორიგი მე ვიქნები.
– უბრალოდ ჩვევა მაქვს ასეთი, – უხერხულად ავიჩეჩე მხრები და მაშინვე შევეშვი ჩემს თმას.
– ქალის ეგ ჩვევა, უმეტეს შემთხვევაში, მამაკაცის მოხიბვლის მცდელობისკენაა მიმართული.
– იმპულსური ხარ!

– ეგრე რატომ ფიქრობ? – აშკარად დაინტერესდა.
– ენამოსწრებულ პასუხებს იძლევი, იმპულსურობა კი ენამოსწრებულ ადამიანებს ახასიათებს.
– ცდები, – თავი გააქნია მან უარყოფის ნიშნად, – იმპულსი ადამიანის მიერ, მისი შეფასებისა და მასზე მსჯელობის გარეშე გადადის მოქმედებაში, მე კი სანამ რამეს ვიზამ, მანამდე ვფიქრობ ხოლმე, თუ რა თქმა უნდა, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ არ ვარ.
– ანუ დღეს დალევას არ აპირებ, – ხელში მოქცეულ, გაზიან წყალზე ვანიშნე.
– ხანდახან მინდება ხოლმე რეალობას გამოვეთიშო. დღეს სწორედ ის შემთხვევაა.
იმას, თუ რა იმალებოდა ამ სიტყვების მიღმა, გადავწყვიტე აღარ ჩავძიებოდი. არც არასდროს ვყოფილვარ მიშოსთან ურთიერთობის იმ ეტაპზე, რომ მსგავსი პირადული კითხვები დამესვა, ამიტომ კიდევ რამის თქმას, გაჩუმება ვამჯობინე და აუზში ჩადებული ფეხები ოდნავ ავათამაშე. ჩემს გვერდით მჯდომი ბიჭი, მდუმარებაში ჩაძირულიყო და სიტყვასაც არ ძრავდა. არც კი ინძრეოდა. მდგომარეობა მხოლოდ მაშინ შეიცვალა, როდესაც წყალში გაქნეული ფეხით, შემთხვევით მის ტერფს შევეხე. მეტად იდუმალი, შეუცნობელი მზერით გამომხედა. საპასუხოდ მეც მას შევხედე. არ ვიცოდი, რისი თქმა სურდა ამ გამოხედვით, თუმცა უხერხულობის შეგრძნებამ, ხუთ წამზე დიდხანს ვეღარ გაუძლო მიშოს ყურებას და მაიძულა თავი სხვა მხარეს გამეტრიალებინა. ზუსტად იმ მომენტში, შორიახლოს თათაც შევნიშნე. როგორც ჩანდა, იმ წამის დაბრუნებული იყო, თუმცა რატომღაც ისეთი უკმაყოფილო სახით მათვალიერებდა, მაშინვე იმის გახსენება დავიწყე, მქონდა თუ არა მისთვის რამე დაშავებული.
თათა აუზთან უფრო ახლოს მოიწია და ხელით მანიშნა სასწრადოდ მასთან მივსულიყავი. შემდეგ მზერა მეფარიშვილისკენ მიმართა, რომელსაც, დიდი ალბათობით, სულაც არ შეუმჩნევია, თუ როგორ უცქერდა შორიახლოს მდგომი გოგონა.
– ბოდიში, მეგობარი მეძახის და უნდა წავიდე. – პასუხსაც არ დაველოდე, ისე წამოვდექი.
– მეგობარი? – არ ვიცი, სიმართლე იყო თუ არა, მაგრამ მომეჩვენა, თითქოს ჩემი სიტყვები მაინცდამაინც არ გახარებია.
– ჰო, მეგობარი. კარგ გართობას გისურვებ.
– შენც ასევე, მარიტა, – ტუჩებზე გამკრთალი, ძლისშესამჩნევი ღიმილით გამომაცილა მიშომ. მე კი პირდაპირ ჩემი მეგობრისკენ გავეშურე, რომლის დაძაბული, ოდნავ გაბრაზებული მზერის მიზეზიც, კვლავ ამოუხსნელ ამოცანად რჩებოდა ჩემთვის.
მარჯვენა ხელში, ლუდის ბოთლი ეჭირა თათას. არასრულწლოვნება ხელს არასდროს უშლიდა ალკოჰოლურ სასმელებს მიძალებოდა. განსაკუთრებით ლუდი უყვარდა და რომ არა მისი გვერდითი ეფექტი – წონაში მატება, ალბათ ლიტრობითაც კი არ იტყოდა უარს მის მიღებაზე.
– სად ხარ აქამდე? – მივუახლოვდი თუ არა, მაშინვე ვკითხე. – სახლში წასვლაც კი მინდოდა, იმდენად მოვიწყინე მარტომ.
– აბა რა, მოწყენილი რომ იყავი, აშკარად შევამჩნიე.
– რას გულისხმობ? – ცოტა არ იყოს დამაბნია მისმა ირონიულმა, ნაწყენმა ხმის ტონმა.
– მიშოს რაზე ელაპარაკებოდი? – თვალებით კვლავ აუზთან მჯდომი ბიჭისკენ მანიშნა მან. ინსტიქტურად თავი მეც იმ მიმართულებით გავატრიალე. ჯერაც ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, თუმცა ამაზე ფიქრის მაგივრად, გადავწყვიტე დასმული შეკითხვისთვის მეპასუხა:
– ისეთზე არაფერზე... რატომ მეკითხები?
– მგონი დროა, რაღაც იცოდე. წინასწარ გაგაფრთხილებ, რომ მერე არაფერი მიქარო!
– ნორმალურად ამიხსენი, რა ხდება? – ცოტა არ იყოს მეც გავბრაზდი. როგორც ჩანდა, თათასაც ძალიან ეჩქარებოდა წამოწყებული თემის განვრცობა.
– ჩვენ ჯერ ახალი დამეგობრებულები ვართ და ჩემზე ბევრი რამ არ იცი, მაგრამ იმის გაგების დრო ნამდვილად მოვიდა, რომ ის ადამიანი, ვისაც ცოტა ხნის წინ აუზთან უნიჭოდ ეფლირტავებოდი, დიდი ხანია მიყვარს და სხვა დროს, მისთვის გამარჯობის თქმაც კი აღარ გაბედო!
– ვინ, მიშო? – ისევ იქეთკენ გახედვა მომინდა, სადაც ის იჯდა, მაგრამ მალევე გავიაზრე, რომ ასე შეიძლებოდა მიმხვდარიყო მასზე რომ ვსაუბრობდით.
– ჰო, ზუსტად ის, – დიქტატორული სიმკაცრით განმიცხადა ჩემმა მეგობარმა. – ჩემი ბიძაშვილის იდიოტურ წვეულებაზეც სწორედ მის გამო ვარ. ზუსტად ამაღამ ვაპირებ ყველაფერში გამოვუტყდე, მერე კი ერთი რომანტიკული რამეც მაქვს გეგმაში.
თათას სიტყვებზე ისე ჩავფიქრდი, თითქოს ისინი დაშიფრულ კოდს შეიცავდა და დედუქციის უნარის მეშვეობით, მათგან რამე აზრი უნდა გამომეტანა. მეფარიშვილი რომ გულში ჰყავდა ჩავარდნილი, ეს უკვე გასაგები იყო, თუმცა საკმაოდ ცუდად მომხვდა გულზე ჩემზე ეჭვიანობის ფაქტი. უკვე დღესავით ნათელი იყო, რატომაც მიმზერდა ასე მტრულად განწყობილი სახით და ამის გათავისებამ, გულში რაღაც მძიმედ ჩამწყვიტა.
– და მაგის გამო ბრაზობ? – ვკითხე ნაწყენი ხმით, – ჩემსა და მაგ ბიჭს შორის რომ ვინმემ არჩევნის გაკეთება გთხოვოს, არც კი დაფიქრდები, ისე მაქცევ ზურგს.
თათამ თვალები აატრიალა.
– შექსპირის დრამებს ნუ დგამ რაა. უბრალოდ იმ ტერიტორიას ვსაზღვრავ, სადაც შენ სეირნობა გეკრძალება
– არსად გასეირნებას არ ვაპირებდი! – გახსნილი ლუდის ბოთლი ხელიდან გამოვაცალე და ნერვებმოშლილმა ისე სწრაფად მოვსვი, ლამის გადამცდა, – ადამიანს თუკი გამოველაპარაკე, იმას არ ნიშნავს, რომ ეს ფლირტი იყო, ან ხვალვე პარკში გავყვები, ბამბის ნაყინის საჭმელად
– აბა, ერთი გაბედე და ეგ გააკეთე! – გამძვინვარებული ვეფხვს დაემსგავსა თათა. გულში კიდევ ერთხელ ჩამწყდა რაღაც. ადამიანი, ვისთანაც მცირეხნიანი ნაცნობობის მიუხედავად უამრავი სასიამოვნო მოგონება მქონდა, იმ ბიჭის გამო მეჩხუბებოდა, რომელსაც მისდამი არანაირი გრძნობა არ ჰქონდა.
– არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ, თათა, – თვალებზე მოწოლილ ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, თან საკუთარი თავი მეზიზღებოდა ამ სისუსტის გამო. – არც აქ ყოფნა აღარ მინდა. მამას დავურეკავ და სახლში წავალ.
– გგონია წასვლით შემაშინებ? რაც გინდა, ის ქენი, მეტიჩარა! – ლუდის ბოთლი ამართვა, ცხვირის წვერზე ორი თითით ირონიულად მიჩქმიტა, ზურგი გულგრილად შემაქცია და ისე დამტოვა, უკან ერთხელაც არ მოუხედავს.
აი, მაშინ კი თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლებმა ლოყებზე დაიწყეს დენა. ცოტა ხანს იმედიანი მზერით ვუყურებდი მიშოსკენ მიმავალ თათას, იქნებ მიხვდეს საკუთარ დანაშაულს და ჩემთან პატიების სათხოვნელად დაბრუნდეს-მეთქი. მერე შეზლონგზე დატოვებული ზურგჩანთიდან, მამასთან დასარეკად მობილური ამოვაძვრინე და სახლიდან, უკანა გასასვლელით ისე მოჩვენებასავით გავიპარე, ჩემი გაქრობა ალბათ არც არავის შეუმჩნევია.
ერთ საათში უკვე ჩემს საწოლში ვიწექი, ბალიშზე ჩახუტებულს, თმაზე მამაჩემის თითები მეფერებოდნენ და მთვარის შუქით სუსტად განათებულ ოთახში ჩუმად ვსლუკუნებდი.
ლამაზი ღამე იდგა, წყნარი, თბილი და გაზაფხულის სურნელით უხვად გაჟღენთილი. ამ სასიამოვნო სიმშვიდეს, ცაზე, ვერცხლისფერი გულსაბნევივით მიმაგრებული მთვარე ედგა დარაჯად. კაბადონზე უამრავი წერტილისოდენა ვარსკვლავიც იკვეთებოდა, რომლებსაც ჩემი საწოლის თავზე, ჭერში დატანილი მოზრდილი ფანჯრიდან ვუყურებდი.
– დედას უკვე სძინავს? – ცრემლები მოვიწმინდე და ჩურჩულით ვკითხე მამას.
– ჰო, სძინავს. სანამ წამოვიდოდი, მანამდე ჩაეძინა.
– მაშინ ამაღამ ჩემს ოთახში დარჩი რაა, გთხოვ.
– მოდი აქ, მოდი, – ღიმილით გამომართა გულში მაგრად ჩახუტებული ბალიში, თავი კალთაში ჩამადებინა და ფრთხილად განაგრძო თმაზე მოფერება. – იცი, ადამიანები რამდენად ხშირად გვიცრუებენ იმედებს, მარიტა? ასეთებს ბედისწერა კიდევ ბევრჯერ შეგახვედრებს ცხოვრების გზაზე და იმუნიტეტი წინასწარ უნდა გქონდეს გამომუშავებული.
– რას ნიშნავს იმუნიტეტი უნდა მქონდეს გამომუშავებული?
– იმას, რომ ყველაფრის ღირსეულად გადატანა შეძლო. მხოლოდ თოთხმეტი წლის ხარ და ჯერ კიდევ ნახევარიც არ იცი იმის შესახებ, რამდენად ბოროტი, დაუნდობელი და ყალბი შეიძლება იყოს ზოგიერთი ადამიანი. – თმაზე მოფერება შეწყვიტა და ამჯერად სახეზე გადაინაცვლა. – არ გაშინებ, მაგრამ მინდა წინასწარ იცოდე, ყველა ისეთად არ რჩება, როგორიც გაცნობის მომენტში მოგეჩვენა. მხოლოდ დრო დაგანახებს, ვინ არის ნამდვილი და ვინ პროფესიონალურად გაყალბებული.
– და როგორ უნდა განვასხვავო ნამდვილი და ყალბი მეგობრები ერთმანეთისგან? – ინტერესით ავხედე ჩემზე მოშტერებულ ლურჯ თვალებს. მამას გაეღიმა.
– ნამდვილი მეგობარი, პირველივე შესაძლო შემთხვევაში არ გაგრიყავს. სინათლეშიც ზურგს გაგიმაგრებს და სიბნელეშიც შენთან დარჩება. დაიმახსოვრე, ყველა შენნაირი არ არის, მარიტა, ამიტომ სჯობს შეეშვა თითოეულ ადამიანში მხოლოდ კარგის დანახვას და ამ სამყაროს გადარჩენაზე ფიქრს. მაგას შენ კი არა, ვერც ვერავინ შეძლებს.
ცრემლიანი თვალები ბოლომდე ამოვიმშრალე და ვეცადე თავი ხელში ამეყვანა. არ ვიცოდი როგორ გაგრძელდებოდა ჩემი და თათას ურთიერთობა ამ ყველაფრის შემდეგ, თუმცა საკუთარი თავი არასასურველი დასასრულისთვისაც ისევე უნდა შემემზადებინა, როგორც სასურველისთვის.
– კარგი, მოდი ამაზე აღარ ვისაუბროთ. ისედაც რამდენი ხანია ტვინს გიბურღავ ჩემი ბავშვური სისულელეებით.
– მამების ხვედრი ასეთია, – გაეცინა და ხელის გულზე მაკოცა. – ყოველთვის უნდა ვუსმინოთ შვილების მინი-დრამებს და რჩევებიც მივცეთ.
– იცი, როგორ მიყვარს შენთან საუბარი? არ ვიცი რატომ, მაგრამ დედასთან ისეთი გახსნილი არასდროს ვარ ხოლმე, როგორიც შენთან.
– იმიტომ, რომ მხოლოდ მამიკოს პრინცესა ხარ! – სითბოთი სავსე მზერით დამაცქერდა ზემოდან და თავისი ერთი გამოხედვით, თითქმის მთლიანად გააქრო ის გულისტკივილი, რასაც იმ მომენტში განვიცდიდი. – მიდი, დახუჭე თვალები და დაიძინე. ხვალ ადრე უნდა ადგე.
–გთხოვ, დამპირდი, რომ სანამ ასი წლის არ გახდები, მანამდე არ მოკვდები და არ მიმატოვებ, კარგი?
– იქნებ მეტსაც ვცოცხლობ, საზღვრებს რატომ მიწესებ? – ხმამაღლა გაეცინა.
– მეტი შეგიძლია, ნაკლები არც გაბედო!
– არის, გენერალო! ახლა კი გაჩუმდი და დაიძინე, თორემ ხვალ სიტყვებზე “გამოუძინებელი ვიყავი და ცუდი ნიშნები მივიღე”, არ მოვითაფლები.
– მეტიც არ მინდა, კერწეროში არ გატკბილდეს!
– ენა! – სიცილით ამიჩეჩა თმები მამამ და სანამ თვალებს დავხუჭავდი, სხეულზე ჭრელი პლედიც გადამაფარა.



***
მზიანი დილა გათენდა. გარეთ იმდენად თბილი, სასიამოვნო ამინდი იყო, მშობლებს პირველად ვუთხარი უარი სკოლაში მანქანით წაყვანაზე და გადავწყვიტე ფეხით გამესეირნა. ყველაფერთან ერთად, მარტო დარჩენა და წუხანდელ ამბებზე ფიქრიც მინდოდა.
გასავლელი თითქმის ორი კილომეტრი მქონდა. დროც საკმარისი იყო, ამიტომ მარკეტში მარწყვის ნაყინი ვიყიდე და გზას გავუდექი. წინა ღამისგან განსხვავებით კარგ განწყობაზე ვიყავი. ამაში ყველაზე დიდი წვლილი მამას მიუძღვოდა, თუმცა ნაწილობრივ, გვიანი გაზაფხულის მზიანი ამინდის დამსახურებაც იყო.
სკოლაში მისასვლელად, ჩემი საყვარელი შადრევნებიანი პარკი უნდა გამევლო. სწორედ პარკთან მიახლოებისას ვიგრძენი ჯინსის ჯიბეში მობილურის ვიბრაცია. ნაყინის ვაფლს კიდევ ერთხელ ვუკბიჩე და მიუხედავად იმისა, რომ ნომერი არ მეცნობოდა, შემოსულ ზარს მაინც ვუპასუხე.
– გისმენთ!
– მარიტა, ირაკლი ვარ, – მომესმა ყურმილში ნაცნობი ხმა, რომელმაც ოდნავ დამაბნია. ირაკლი თათას ბიძაშვილი იყო. სწორედ ის, ვის წვეულებაზეც გასულ ღამით ვიყავი. მასთან ახლო ურთიერთობა არასდროს მქონია, ამიტომ ძალიან გამიკვირდა მისი ზარი.
– გისმენ, ირაკლი, მოხდა რამე?
– სად ხარ? – ნერვიულობასთან ერთად, სიმკაცრეც შევნიშნე მისი ხმის ტონში, რამაც უფრო მეტად ამრია.
– სკოლაში მივდივარ... რატომ მეკითხები?
– თათა საავადმყოფოშია, მარიტა, – წამითაც არ შეყოვნებულა ისე მითხრა. ნაყინის ჭამა მომენტალურად შევწყვიტე. თავში ერთდროულად ათასი კითხვა დამებადა, თუმცა პასუხი ვერც ერთ მათგანზე ვერ ვიპოვე.
– საავადმყოფოში? მანდ რას აკეთებს?
ირაკლიმ ღრმად ამოიხვნეშა. მისი თითოეული ამოსუნთქვა მანიშნებდა, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა.
– ტელეფონით ამაზე საუბარი არ მინდა. სასწრაფოდ უნდა გნახო, შენთანაც მაქვს კითხვები.
– მითხარი რომელ საავადმყოფოშია და ტაქსის გავაჩერებ. – სასწრაფოდ მივიღე გადაწყვეტილება, თან ნაყინის დარჩენილი ნაწილი, თავის შეფუთვიანად მოვისროლე ნაგვის ურნაში.
– შენი მისამართი შეტყობინებით გამომიგზავნე და თავად მოგაკითხავ.
– კარგი, კარგი, გიგზავნი, – გავთიშე და უმალვე შევასრულე მისი თხოვნა. შეწინააღმდეგებისთვის არც დრო მქონია და არც სურვილი. იმ მომენტში, ჩემთვის თათას მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი არაფერი იყო, ამიტომ სკოლაში წასვლა დაუფიქრებლად ამოვშალე ჩემი დღის განრიგიდან. ყურმილის დაკიდებიდან ზუსტად ხუთ წუთში, უკვე ირაკლის მანქანაში ვიჯექი და მომლოდინე მზერით შევყურებდი როდის დაიწყებდა საუბარს. სახე მთლიანად წაშლილი ჰქონდა.
– ირაკლი, ბოლოს და ბოლოს იტყვი, რა ხდება? – მოუთმენლად ვკითხე, რადგან ის ხმას არ იღებდა. როგორც ჩანდა, ძალზედ შეშინებული სახე მქონდა, რადგან ჩემს დანახვაზე მას ოდნავ ჩაეღიმა და თმაზე მზრუნველად გადამისვა ხელი.
– ნუ ღელავ, ახლა კარგადაა... უბრალოდ, რაღაცების ახსნა მიჭირს.
– რა დაემართა?
– თვითმკვლელობა სცადა, მარიტა. ეგ თხა, ადგა და სრულიად მოულოდნელად, თავში ვენების სამართებლით გადასერვის იდეა დაებადა!
– შენ რა ხუმრობ?! – სიმწრის სიცილით გამეცინა მის სიტყვებზე, თუმცა მზერამ, რომლითაც შემომხედა, წამებში დამარწმუნა მოსმენილის ჭეშმარიტებაში.
– ასეთ რამებზე ნორმალური ადამიანები არ ხუმრობენ, – მკაცრად მომიჭრა, მერე კი მთელი ტანით მომიტრიალდა. – მასთან ახლოს ხარ, მეგობრობთ და დარწმუნებული ვარ გეცოდინება, რის გამო შეიძლებოდა გადაედგა მსგავსი სულელური ნაბიჯი.
– წარმოდგენა არ მაქვს. მართლა არაფერი ვიცი, ირაკლი. გთხოვ, მანქანა დაძარი და საავადმყოფოში წამიყვანე, თათასთან.
– მნახველებს ჯერჯერობით არ უშვებენ.
– სულ ერთია, – ზურგიდან ჩანთა მოვიხსენი, მუხლებზე დავიდე და ღვედი შევიკარი. – სანამ არ შემიშვებენ, კართან ვიდგები. დანარჩენზე იქ ვილაპარაკოთ.
ირაკლიმ შუბლი მოისრისა და ღრმად ამოიოხრა, თუმცა წინააღმდეგობა აღარ გაუწევია ისე დაძრა მანქანა. მთელი გზა საჭეს გიჟივით მართავდა და ისეთ სახიფათო მანევრებს აკეთებდა. სხვა დროსა და სხვა სიტუაციაში, ალბათ შემეშინდებოდა კიდეც, თუმცა ახლა ჩემი გონება თათას დასტრიალებდა და სისწრაფეს ვერც აღვიქვამდი.
საავადმყოფომდე ძალიან მალე მივაღწიეთ. როგორც კი ავტომობილმა საპარკინგე ზონაში დაიკავა ადგილი, ღვედი შევიხსენი და პირდაპირ კლინიკის მიმღებში შევაჭერი. ამასობაში ირაკლიც წამომეწია, თანამშრომელ გოგონებს საშვი გამოართვა, მკლავზე ხელი მომკიდა და ლიფტის მიმართულებით წამიყვანა. მესამე სართულამდე ისე ავედით, ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. დერეფანში ერთ-ერთი პალატის კართან ნაცნობი სახე შევნიშნე. ცოტა კარგად რომ დავაკვირდი, მასში ირაკლის შეყვარებულიც ამოვიცანი. ეს გოგო სულ რამდენჯერმე მყავდა ნანახი, თუმცა მაინც კარგად მახსოვდა, რომ სახელად ანუკი ერქვა და ისიც დამამთავრებელ კლასში იყო. ირაკლის მსგავსად, ისიც ჩემს სკოლაში სწავლობდა და საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა. შეყვარებულებს ძალიან სერიოზული ურთიერთობა ჰქონდათ და მალე დანიშვნასაც აპირებდნენ.
ანუკი ჩვენი დანახვისას მაშინვე წამოდგა სკამიდან და აპარატიდან ცივი წყალი ჩამოისხა. მისი იქ ყოფნა არ გამკვირვებია. კარგად ვიცოდი, რომ ის და თათა, ერთმანეთთან მუდამ ძალიან ახლოს იყვნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ანუკიმ, ირაკლისთან დაიწყო ურთიერთობა.
– მალე მოსულხართ, – მივუახლოვდი თუ არა, პირველად მე შემომხედა მან და თბილად გამიღიმა. – გამარჯობა, მარიტა, როგორ ხარ?
– არა მიშავს, ანუკი... ახალი ხომ არაფერია?
– შიგნით კვლავ არავის უშვებენ. სხვა მხრივ, მდგომარეობა უკვე დიდი ხანია სტაბილურია. თათას მშობლები ქალაქგარეთ არიან და ვაპირებთ ეს ამბავი საერთოდ არ გავაგებინოთ, ამიტომ ნურც შენ წამოგცდება რამე.
– გოგოებო, ყავას ხომ არ დალევთ? – საუბარში ირაკლიც ჩაერია. – დილიდან თავი მისკდება და კაფეტერიაში უნდა ჩავიდე. თუ გინდათ, თქვენც წამოგიღებთ.
– არაფერი მინდა. – თითქმის ერთდროულად ვუპასუხეთ მეც და ანუკიმაც.
– კარგი, მაშინ ცოტა ხნით დაგტოვებთ. მარიტა, სანამ დავბრუნდები, იქნებ რამე ხელჩასაჭიდის გახსენებაც შეძლო.
– ვეცდები. – დამაიმედებლად მივუგე, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი, არაფერი გამახსენდებოდა ისეთი, რაც თათას საქციელს ახსნიდა.
მე და ანუკი მარტონი დავრჩით ერთმანეთის პირისპირ. გოგოს ნათლად ვამჩნევდი რომ რაღაც უჩვეულოდ ბორგავდა. ერთ ადგილას ვერ ისვენებდა, თითქოს ენის წვერზე ისეთი რაღაც ადგა, რისი უთქმელობაც სულს უტანჯავდა. აპარატიდან ცივი წყალი მეც დავისხი და მოსაცდელის შუა სკამზე დავიკავე ადგილი. მომხდარისგან ისე ვიყავი დაძაბული, შინაგანი კანკალის შეგრძნება წამითაც არ მშორდებოდა.
– არაფერი იცი, ხომ? – ვიგრძენი, როგორ მომიჯდა გვერდით ანუკი და როგორ შემავლო დამკვირვებლური მზერა.
– არა, არ ვიცი... წარმოდგენაც არ მაქვს, ჩემი წამოსვლის მერე რა მოხდა.
– სამაგიეროდ მე ვიცი...
– რა? – თავი შენელებული კადრით მოვაბრუნე. თათას სახეზე ღიად იკითხებოდა, რომ უთქმელი სიტყვების მთელი ნაკადი დაგროვებოდა.
– ჰო, არ მოგესმა, – დამიმოწმა, – ყველაფერი ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, გითხრა თუ არა, რადგან ძალიან არ მინდა, ეს ამბავი ირაკლის ყურამდე მივიდეს.
– ანუკი, თუ რამე იცი, გთხოვ, მითხარი, – ლამის შევევედრე ჩემი ტონითა და გამოხედვით. ისეთი თვალებით შემომხედა, აშკარად მივხვდი, რომ შევებრალე.
– ყველაფერი იმ ახალი მოსწავლის, მიშოს გამო მოხდა, – სიძულვილით გამოსცრა კბილებში მან, თუმცა ეს ნამდვილად არ იყო საკმარისი, რომ სიტუაციაში ბოლომდე გავრკვეულიყავი.
– მიშო? მიშომ რა გააკეთა?
– რა გააკეთა და არაკაცივით მოიქცა, აი, რა გააკეთა! – ისეთი ზიზღით საუბრობდა მასზე ანუკი, ახლოს რომ ჰყოლოდა, ალბათ ტყვიის დახლასაც არ მოერიდებოდა. იმ წამს მომაგონდა თათას სიტყვები, მიშოსადმი თავისი დამოკიდებულების შესახებ რომ მიყვებოდა. იქნებ, მეფარიშვილის მხრიდან უარი მიიღო და მისი ასეთი საქციელის მიზეზიც ზუსტად ეს გახდა?
– მოიცა, სიყვარულზე, სიყვარულით არ უპასუხა და ვენები ამიტომ გადაიჭრა? მართლა ასეა?
– რა სიყვარულზე, სიყვარულით არ უპასუხა, მარიტა? მიშო ამ ღამით თათასთან იწვა და მერე უსარგებლო ნივთივით მოისროლა! ასეთ დამცირებას არც ერთ ქალს არ ვუსურვებ. ის უტვინო კი ჯერ სულ ბავშვია და ფსიქიკამ უმტყუნა, ვერ გაუძლო.
ლამის შოკი მივიღე. ხელები ისე ძლიერად ამიკანკალდა, წყლის ჭიქის დაჭერაც ვეღარ შევძელი და სითხე ძირს რომ არ დაღვრილიყო, დროებით სკამის სახელურზე გადავდე. თითქოს როგორც მულტფილმებში ხდება, თავთან ფიქრების პატარა ღრუბელი გაჩნდა, სადაც თათას სიტყვები:“ამაღამ მისთვის ყველაფრის თქმას ვაპირებ და შემდეგ კიდევ ერთ რომანტიკულ რამეს”, მაშინვე ანუკის ნათქვამთან დავაკავშირე და მივხვდი, რომ ჩემს მეგობარს, მიშოსთან დაწოლა, ყოველგვარი იმპულსურობის გარეშე, წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.
– მომიყევი, ეს როგორ მოხდა?
ანუკიმ თავი გადააქნია და თმებში ორივე ხელი შეიცურა. როგორც ჩანდა, მომხდარზე საუბარი არც მისთვის იყო მთლად მარტივი.
– იმ ღამით, შენ გარდა ყველანი აგარაკზე დავრჩით, – როგორც იქნა ხმა ამოიღო მან, –მეორე სართულზე, აბაზანაში შესასვლელად ავედი, რადგან პირველ სართულზე დაკავებული დამხვდა. სწორედ ამ დროს, ერთ-ერთ საძინებელთან მომიწია ჩავლა. თათა შიგნით ვიღაცას უყვიროდა, მისი ხმა მაშინვე ვიცანი. მოგვიანებით ისიც გავარკვიე, რომ მასთან ერთად მიშო იყო.
– და რას ეუბნებოდა მას თათა? – ვიკითხე დამსხვრეული ხმით.
– ეუბნებოდა, რომ საკუთარი თავი მიუღძვნა, რომ უყვარდა და ასე უსამართლოდ არ უნდა მოქცეოდა. ევედრებოდა ერთი ღამით ყველაფერი არ დაესრულებინა და შანსი მიეცა, თუმცა ბატონი მეფარიშვილი, ოთახიდან ისეთი გულგრილი მზერით გამოვიდა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარიყო. როცა გვერდი ამიარა და კიბეებზე დაეშვა, რეაგირების მოხდენაც ვერ მოვასწარი ისე ჩაიკეტა თათა შიგნიდან. უამრავი ვაკაკუნე, ვემუდარე, მაგრამ არაფრით არ გამიღო. მერე ირაკლი მოვიყვანე, შესასვლელი კარი შეამტვრია და საბოლოოდ ჯაკუზში ვიპოვეთ, სისხლის გუბეში მცურავი.
– ჯანდაბა, პირველი მამაკაცი და ასეთი საშინელი დასასრული?! – თვალიდან ჩემდაუნებურად გადმომივარდა ცრემლი. – თათას მის გარდა არავინ ჰყოლია...
– ცდები, მიშო არ ყოფილა მისი პირველი, – თავი გადააქნია მან. – შენ შეიძლება არ გიყვებოდა, მაგრამ მშობლებს რომ ამერიკაში ჰყავდათ, მთელი ზაფხული ახალი სექსუალური გამოცდილებების მიღების მეტი არაფერი უკეთებია. ზუსტად ცამეტ ბიჭთან იწვა, სამი თვის მანძილზე და თავის საქციელს იმით ამართლებდა, რომ როდესაც ვინმე შეუყვარდებოდა, უკვე საკმაოდ გამოცდილი უნდა ყოფილიყო, რომ მისთვის შესაბამისად ესიამოვნებინა.
– ამ ყველაფერს რატომ მიყვები? – გავხედე მეტად გაკვირვებულმა. მართალია გული დამწყდა, რომ ჩემს მეგობარზე ეს ყველაფერი არ ვიცოდი, თუმცა მაინც ვერ გამეგო, რის გამო გაამჟღავნა ანუკიმ თათას საიდუმლო.
– იმიტომ, რომ მასზე ყველაფერი იცოდე და ყურადღება მიაქციო. არ მინდა მსგავსი სისულელე კიდევ ჩაიდინოს. – ისე მიპასუხა, თითქოს მეუბნებოდა, ამას შენით როგორ ვერ მიხვდიო. – დაიმახსოვრე, ჩვენი საუბარი ირაკლის ყურამდე არ უნდა მივიდეს. ხუთი თითივით მყავს შესწავლილი და ვიცი, რამდენად იმპულსურიც ხდება ხოლმე კრიტიკულ მომენტებში. მეაფრიშვილი კი მდიდარი, სახიფათოდ გავლენიანი ოჯახიდანაა. მართალია მშობლები არ ჰყავს, თუმცა ბაბუამისი საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ნებისმიერს დაუფიქრებლად გადაუვლის, ვინც მის შვილიშვილს დაემუქრება. მარიტა, დამპირდი, რომ არაფერს იტყვი.
– კარგი, გპირდები, გპირდები, – მაშინვე მივუგე, რომ დამემშვიდებინა. ნერვიულობისგან თითებს ვიმტვრევდი. – ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რაც მომიყევი. გამოდის, თათაზე საერთოდ არაფერი მცოდნია.
– ანგელოზი ნამდვილად არაა, – ოდნავ ჩაეღიმა ანუკის, – თუმცა იმას მაინც არ იმსახურებდა, საყვარელ მამაკაცს ერთი ღამისთვის გამოეყენებინა და მერე ისე დაეტოვებინა, როგორც მეძავი.
– მაგას არავინ იმსახურებს, ანუკი. – მივუგე და საუბარიც მაშინვე შევწყვიტე, რადგან დერეფანში, ჩვენკენ სწრაფი ნაბიჯებით მომავალი ირაკლი შევნიშნე. ვიცოდი, გუშინ მომხდარზე სიტყვას კიდევ ერთხელ ჩამოაგდებდა. მე კი თავი უნდა მომეჩვენებინა, თითქოს წარმოდგენაც არ მქონდა რატომ, ან რისთვის გააკეთა თათამ ის, რაც გააკეთა.




***
ბავშვობიდან მოყოლებული, ერთი მოუშორებელი ჩვევა მქონდა, მობილურის ეკრანზე მუდამ სასაცილო ფოტოებს ვაყენებდი ხოლმე, რადგან მათი შეხედვისას მეც გამეღიმა და კარგ ხასიათზე დავმდგარიყავი. რას აღარ დაინახვდით ჩემი ტელეფონის Home screen-ზე, კბილებდაკრეჭილ ჟირაფს, ენაგადმოგდებულ მაიმუნს, თვალებგადმოკარკლულ თევზს და უამრავ სხვა კომიკურ რამეს, რასაც ადამიანის კარგ განწყობაზე დაყენება შეეძლო.
შუადღით, სამსახურში წასვლამდე, სწორედ ასეთი შინაარსის ფოტოების თვალიერებით ვიყავი გართული, როცა ჩემს ნომერზე სამირას ზარი შემოვიდა. ცოტა არ იყოს გამიკვირდა. მართალია, როგორც თანამშრომლებს, ერთმანეთის ნომრები ტელეფონში გვქონდა ჩაწერილი, თუმცა ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მირეკავდა.
– გისმენ, სამირა, – ავიღე თუ არა ყურმილი, სასაუბროდ მაშინვე აივანზე გავედი.
– პირველ რიგში საავადმყოფოდან გამოწერას გილოცავ. დრო ვერ გამოვნახე, თორემ გინახულებდი კიდეც.
– გმადლობ. არა უშავს, მესმის.
– იმედია ისეთ დროს ვრეკავ, რომ დაკავებული არ ხარ და სახლიდან გამოსვლას მოახერხებ.
– რა ხდება? – საქანელა-სავარძელში ფეხები ავიკეცე და ჩემს ზურგს უკან მოთავსებულ ბალიშთაგან ერთ-ერთი კალთაში ჩავიდე. ქუჩიდან მანქანების ხმაური ამოდიოდა, თუმცა საუბარში ეს ხელს საერთოდ არ მიშლიდა.
– საცურაოდ ვაპირებ სანაპიროზე გასვლას და თუ გინდა ჩემთან ერთად წამოდი. იმ მეორესთანაც დავრეკე, მაგრამ რაღაც საქმე აქვს და ვერ ახერხებს. არც სამსახურში იქნება დღეს.
– ლოლიტა?
– ჰო, ლოლიტა. მითხრა, რომ მამამისს უნდა გაჰყვეს ფრანგ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე, როგორც თარჯიმანი. – მერე რამდენიმეწამიანი პაუზა გააკეთა და ჩაახველა. – შენ რას იზამ, წამოხვალ?
ფიქრის დრო დიდად არ გამიწელავს. საქმე არაფერი მქონდა და შინ მარტო ყოფნაც საშინლად მომწყენოდა. გადავწყვიტე წინადადებას დავთანხმებოდი და სამსახურშიც პირდაპირ სანაპიროდან წავსულიყავი.
– კარგი, რა პრობლემაა, წამოვალ. მოვემზადები და შენც გამოგივლი.
– ძალიან დამავალებ, თორემ ავზში იმდენად ცოტა საწვავი მაქვს დარჩენილი, ბენზინგასამართ სადგურამდეც ვერ მივაღწევ. – სიცილით მითხრა სამირამ და ყურმილიც დაკიდა. რამდენიმე წამში, შეტყობინებაც მივიღე მისგან, სადაც Mapp-ით თავის ადგილმდებარეობას მიზიარებდა. დაახლოებით თხუთმეტ წუთში, საჭირო ნივთებით სავსე ჩანთა უკვე ჩალაგებული მქონდა და ჩამოწეულ საქარე მინებში შემოჭრილი ქარის მელოდიის თანხლებით, სამირას სახლისკენ მივემართებოდი.
მაგნიტოფონში Coldplay-ს ალბომი მქონდა ჩართული, გარეთ სასიამოვნოდ მზიანი ამინდი იყო, ჩემი ტელეფონის ეკრანზეც ამინდის შესაბამისი ფონი – მომღიმარი მზე მოჩანდა. საშუალოზე ოდნავ მაღალი სიჩქარით მივუყვებოდი ნავიგატორზე მონიშნულ გზას. თავს ოდნავ გაორებულად ვგრძნობდი. სამირასთან არც ისე ახლო მეგობრობა მაკავშირებდა და ძალიან იდუმალ ადამიანადაც მიმაჩნდა, თუმცა მეორეს მხრივ, მასში სწორედ ეს იდუმალება მომწონდა. არ ვიცოდი რატომ, ან რის გამო, თუმცა ჩემში მუდამ იდუმალი, ბერმუდის სამკუთხედივით გამოუცნობი ადამიანები იწვევდნენ ხოლმე მაგნიტურ მიზიდულობას და ეს ფაქტი დღემდე უცვლელი რჩებოდა.
ფიქრებში გართულმა, როგორც იქნა დანიშნულების ადგილსაც მივაღწიე. ძველი და პატარა, თუმცა ლამაზი, ეზოიანი სახლი იდგა ჩემს წინ. სახლი განსხვავებული არქიტექტურით გამოირჩეოდა, მეზობლად აშენებული სხვა საცხოვრებლებისგან. ყველაზე ორიგინალური რაც თვალში მომხვდა, ეს თავჩახრილი, მოწყენილი ადამიანების ქანდაკებები იყო, რომლებიც მაგიდას შემოსხდომოდნენ, ცენტრში კი სადგამზე დამაგრებული, ნახევრად ჩამოთლილი დედამიწის მოდელი მოეთავსებინათ.
მთლიანად სახლი, მის კარზე გაკეთებული, ხახადაღებული ლომის ფორმის ბარელიეფი და ეზოს დეკორაციები, მეცხრამეტე საუკუნის ეპოქას მოგაგონებდათ. სწორედ ეს ვინტაჟური სტილი ხდიდა განსაკუთრებულს. თავი ვერ შევიკავე ტელეფონით ფოტოებიც გადავუღე.
რკინის ჭიშკარს დაცვის სისტემა არ ჰქონდა. ამის გამო, ეზოში უპრობლემოდ შევაბიჯე და ამჯერად ქანდაკებები გადავიღე ახლო კადრიდან. ზუსტად იმ წამს, რაღაცის მსხვრევისა და მამაკაცის ყვირილის ხმაც მომესმა ღიად დარჩენილი ფანჯრიდან. სიტყვები კარგად ვერ გავარჩიე, თუმცა მივხვდი, რომ ვიღაცაზე ან რაღაცაზე, ძალიან იყო გაბრაზებული. შესასვლელი კარი ხმამაღალი ჭრიალით გაიღო და იქედან, ნახევრად კლასიკურ სამოსში გამოწყობილი მამაკაცი გამოვარდა, გაცეცხლებული სახითა და ჩვეულებრივზე სწრაფი ნაბიჯებით. მისი დანახვისას, პირველი, რაც გავიფიქრე ის იყო, რომ სადღაც ადრეც მყავდა ნანახი. მეხსიერების მივიწყებული უჯრედებიდან მალევე ამოვქექე წარსულის კადრები და ამ ადამიანის ვინაობის გახსენებაც შევძელი. მართალია იგი მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი, ფიტნეს კლუბში, მიშოსთან ერთად, თუმცა იმდენად სახასიათო და გამორჩეული სახის ნაკვთები ჰქონდა, ჩემს გონებას, მისი სახე დღემდეც კი შემორჩენოდა. ვივარაუდე, რომ იგი სწორედ ის დემეტრე უნდა ყოფილიყო, ვისზეც სამირამ თავად მოგვიყვა მე და ლოლას.
მამაკაცმა კიბეები ბრაზიანი სახით ჩამოირბინა, მხოლოდ ერთხელ შემომხედა ყინულივით ცივი, არაფრისმთქმელი მზერით, მერე კი ჭიშკრიდან გავიდა და იქედან დაახლოებით ორ მეტრში დაყენებულ თავის მანქანაში, კარის ჯახუნით ჩაჯდა. სიტუაციიდან გამომდინარე, რთული როდი იყო იმის მიხვედრა, რომ ჩემს მოსვლამდე, ამ ორს შორის სერიოზული დავა მიმდინარეობდა. მაშინვე სამირასთან შევვარდი იმის შიშით, რამე ხომ არ დაუშავა-მეთქი, თუმცა თვალები ლამის შუბლს უკან გადამივიდა, როდესაც იგი, მისაღების დივანზე, მშვიდად მიწოლილი აღმოვაჩინე, თეთრი შოკოლადის ფილით ხელში.
იქაურობა ქარიშხალგადავლილივით გამოიყურებოდა. ბალიშები ძირს ეყარა, მაგიდის სანათი დამსხვრეული ეგდო ოთახის კუთხეში, კედელზე დაკიდებული ლამაზი ნატურმორტისთვის, ვიღაცას შუაგულში დარცის ისარი ესროლა, ხოლო პატარა მაგიდაზე მოთავსებული ლარნაკი, წაქცეული იყო და წითელი ვარდები, წყლის პატარა გუბეში ეყარნენ.
– სამირა! – ხმამაღლა დავიძახე, რომ ყურადღება მოექცია. ამ გოგომ, სხვა ყველაფერთან ერთად, თავისი ინდიფერენტულობითაც გამაოცა.
– მარიტა? უკვე მოხვედი? – რა წამსაც დამინახა, მაშინვე წამოდგა ფეხზე. არანაირი მღელვარებისა და დაძაბულობის კვალი მის სახეზე არ შეიმჩნეოდა.
– ჰო, მოვედი... აქ რა მოხდა? ვანდალები შემოიჭრნენ?
– გამოიცანი. ჰაიზერიხმა იმაიმუნა, – გაღიმება სცადა. – კარგი რაა, შესაწვავად გამზადებული თევზივით ნუ მიყურებ, უბრალოდ ყოფილის ისტერიკებია, რომელიც დღემდე ვერ შეეგუა ჩვენს დაშორებას.
– და ეს არეულობა მან გამოიწვია?
– არა, – შოკოლადის კიდევ ერთი ნატეხი ჩაიდო პირში. – რომ აღარ წავიდა და თავი მომაბეზრა, ყველაფერი მე ვესროლე.
წამით ენა ჩამივარდა. მერე, როდესაც ყველაფერი გავიაზრე და სიტუაცია წარმოვიდგინე, თავის შეკავება ვერ შევძელი და გამეცინა.
– ახლა უკვე ვხვდები, ლოლას რატომ მოეწონე.
– ჰოო? რატომ? – კვლავ დივანზე ჩამოჯდა და მანიშნა მეც დავმჯდარიყავი.
– უყვარს, როდესაც ადამიანს გიჟური მხარე აქვს... ისე, ეგ ბიჭი არ შეგეცოდა? სახე მთლიანად წაშლილი ჰქონდა.
სამირამ პასუხი არ გამცა. ვერც გამომეტყველებაზე ამოვიკითხე რამე ხელჩასაჭიდი.
– უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ჩვენი ყველა ლამაზი ოცნება უფსკრულში გადაიჩეხა. -თქვა ბოლოს და მომეჩვენა, რომ ამ მომენტში თვალებში ტკივილმა და იმედგაცრუებამ ერთდროულად გაურბინა.
– შეგნებულად არ გეკითხები, თქვენი ურთიერთობა აქამდე როგორ მივიდა, მაგრამ იქნებ მაინც ცივილიზებულად დალაპარაკება სჯობდეს, ნივთების აქეთ-იქით სროლას?
– ეგრე არ გამოდის...
– ყველაფერი გამოვა, თუკი კარგად მოინდომებ.
– საყვარელო, იცი რატომ იბადებიან ადამიანები ერთი პირით და ორი ყურით, იმის მაგივრად, რომ პირიქით იყოს?
– რატომ? – აშკარად ვერ მივხვდი, რა შუაში იყო ეს კითხვა ჩვენს საუბართან, სანამ კვლავ სამირა არ ალაპარაკდა:
– იმიტომ, რომ იმაზე მეტი მოისმინონ, ვიდრე ილაპარაკებენ. გეუბნები, ცივილურად საუბარი არ ხერხდება-მეთქი და პაცეფისტური რჩევა-დარიგებებისგან თავი შეიკავე.
– კარგი, გემორჩილები, – ხელები ავწიე დანებების ნიშნად და დივანზე მის გვერდით მჯდომმა ფეხი ფეხზე გადავიდე. – რას ვშვრებით, აღარ მივდივართ?
– წავიდეთ, წავიდეთ, აქაურობას მერე მივალაგებ. ჩამოშლილი თმები კოსად აიკრა. შავი ფერის, თავისზე ორი ზომით დიდ სპორტულ შარვალსა და ამავე ფერის მოკლე, უმკლავო ზედატანში გამოწყობილი, საბანაოდ წასასვლელად გამზადებულს მართალია ნაკლებად ჰგავდა, თუმცა უნდა მეღიარებინა, ჩაცმის ეს სტილი ძალიან უხდებოდა. მანქანაში რომ ჩავსხედით, სამირამ ღვედის გაკეთებაზე თავიდანვე უარი განაცხადა და ისიც დაამატა, თუ დაგაჯარიმებენ, ყველაფრის ანაზღაურებას საკუთარ თავზე ვიღებო.
– ნუ ღელავ, გრძელი გზა არ გვაქვს, დიდი ალბათობით არავინ გაგვაჩერებს.
– დიდი იმედი მაქვს.
– შენს ეზოში რაღაც ქანდაკებები ვნახე, როგორც კი გზაზე გავედით, საუბარი მაშინვე განვაახლე. – მოწყენილი სახეებით მსხდომ ადამიანებს, შუაში დაზიანებული გლობუსი უდგათ.
– ჰო, მერე?
– მაინტერესებს, ამაში რამე აზრი დევს?
– დევს, – მანქანის სარკეში ჩაიხედა და ტუჩებზე უფერული საცხი გადაისვა. – გონიერი ადამიანები წუხან იმაზე, რომ ჩვენი პლანეტა ნელ-ნელა ნადგურდება და ეს ყველაფერი ჩვენ გამო ხდება. მოკლედ, ვისგანაც ეს სახლი ვიქირავე, მან ქანდაკებების მნიშვნელობა ასე ამიხსნა.
– ჭკვიანურია. ეზოიან სახლში რომ ვცხოვრობდე, მეც მოვაწყობდი რამე მსგავს დეკორატიულ კუთხეს,
სამირა ჩამოწეულ საქარე მინას მარჯვენა მკლავით დაეყრდნო და ცას ახედა. მერე მუხლებზე დადებული ჩანთიდან მინიატურული ვისკის ბოთლი ამოაძვრინა, ერთი ამოსუნთქვით გამოცალა, ხოლო ცარიელი ბოთლი კვლავ ჩანთაში ჩააბრუნა.
– სიგარეტი ხომ არ გაქვს? – მკითხა.
– არა, არ ვეწევი.
– არც მე, უბრალოდ ვიცი ახლა ნერვები მომეშლება და მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა.
– ნერვები რატომ მოგეშლება? – ღიმილნარევი ინტერესით გავხედე.
– იმიტომ, რომ ბანაობის გეგმა გვეშლება. ცაზე ღრუბლები მოდის და მალე წვიმასაც დაუშვებს.
– გამორიცხულია. დილიდან კარგი ამინდია და ასე სწრაფად არ გაწვიმდება
– გინდა დავნაძლევდეთ?
– შენ ისიც გეგონა, რომ კორპორატიულ წვეულებაზე ატეხილი ამბის გამო ნოლანები სამსახურიდან გაგიშვებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ცუდზე ნუ ფიქრობ.
– მაგ ლოგიკით თუ წავალთ, არც შენ გეგონა, თუკი შენ და მიშო ცოცხლები გამოაღწევდით იმ საყინულიდან. ეს თავადაც თქვი. – თვალი ჩამიკრა მან. – ისე, საინტერესო სცენა კი დაგვხვდა, ნახევრად შიშველ დირექტორზე ჩახუტებული პლედში გახვეული პიანისტი გოგონა.
– შენღა მაკლდი რაა, – სიცილით გადავაქნიე თავი, თუმცა გულში მაინც უჩვეულო ჩხვლეტა ვიგრძენი მაშინდელი მომენტების გახსენებისას.
– ისე, თქვენს შორის რამე ხდება?
– რა უნდა ხდებოდეს? – კითხვა შევუბრუნე. – ან საიდან მოიტანე, რომ რამე ხდება?
– არ ვიცი, მაშინ ვერაფრით ვხსნი იმ ფაქტს, თუ რატომ მუშაობს რესტორნის დირექტორად და რატომ აქვს საკუთარი უზარმაზარი ბიზნესი, დემეტრესთვის მინდობილობით გადაბარებული
– დამიჯერე, მაგას ვერც ვერავინ ხსნის ჩვენს კოლექტივში, – მივუგე თუ არა, ერთი კითხვაც დამებადა და უმალვე გავაჟღერე. – თუკი მართლა ამხელა ბიზნესს ფლობს, სადმე თავისთან რატომ არ დაგასაქმებს? ანაზღაურებაც გაცილებით მეტი გექნებოდა. – სამირას გაეცინა და თავი უარყოფის ნიშნად გააქნია.
– მარიტა, დღეს საკუთარი თვალით ნახე ჩემი და დემეტრეს შეხვედრის კვალი. შენი აზრით, ერთ სივრცეში მუშაობა გამოგვივა?
– ჰოო, ეგ არ გამითვალისწინებია. – ყველაფერი ნათელი გახდა.
– სხვათა შორის, დემეტრეს ბიზნესის ნიჭი აღმოაჩნდა, – უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა მან, ვიდრე ჩემს გასაგონად. – სულ რაღაც ერთ წელიწადში, ფირმას ორმოცი პროცენტით გაუზარდა თვიური შემოსავალი.
სანამ საპასუხოდ რამეს ვიტყოდი, მანამდე ციდან საკმაოდ ძლიერი გრგვინვის ხმა მოისმა. ზემოთ რომ ავიხედე, ელვის კლაკნილ ხაზსაც მოვკარი თვალი. ალბათ ბედის ირონია იყო, რომ სამირას პროგნოზი ზედმიწევნით ახდა. დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ, უკვე ქალაქის ერთ-ერთ საპარკინგზე ზონაში, გაჩერებულ მანქანაში ვისხედით, ერთმანეთს ვუყურებდით და სიცილის შეკავებას ვცდილობდით. უეცრად დაწყებული, კოკისპირული წვიმის გამო, საწმენდი ჯოხები, წინა ხედვის საქარე მინის გასუფთავებას ვეღარ ასწრებდნენ და ავტომობილით მოძრაობა უკვე სახიფათო იყო.



***
რესტორნამდე რომ მივაღწიე, წვიმას უკვე ბოლომდე გადაეღო, თუმცა ქუჩებში ოდნავი სუსხი მაინც იგრძნობოდა. სამირას დავენების დღე ჰქონდა, ამიტომ ჯერ ის დავტოვე შინ, მერე კი უკვე მარტომ გამოვიარე Imagine-კენ მომავალი გზა. არ ვიცი ასეთ განწყობაზე რატომ ვიყავი, თუმცა საშინლად მეზარებოდა სამსახურში ყოფნა. მინდოდა სახლში, საწოლში ვწოლილიყავი და ლეპტოპში რამე საინტერესო ფილმი მენახა. ღრუბლიანი, ჟანგისფრად შეფერილი ცა და ნესტიანი ამინდი, ერთიორად მიმძაფრებდა ამ სურვილს.
რესტორანში მივედი თუ არა დამლაგებელი ქალი ვნახე და ჩვენი გადარჩენისთვის მადლობა გადავუხდე. შემდეგ რამდენიმეწუთიანი დიალოგი მქონდა კალესთან. მერე გასახდელისკენ გავეშურე, სასცენო ტანსაცმელში გამოსაწყობად.
ლოლა დღეს სამსახურში არ იქნებოდა, ამიტომ გადავწყვიტე სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მასთან გამევლო და სწორედ ამას ვატყობინებდი მესიჯით, როცა ვიწრო დერეფანში, მამაკაცების გასახდელიდან გამომავალ მიშოს გადავეყარე.
მეფარიშვილი იმ დღის შემდეგ აღარ მენახა, რაც საავადმყოფოდან გამომწერეს. ნოლანებმა ორივენი სამდღიანი შვებულებით დაგვასაჩუქრეს.
– ბოდიში, ვერ შეგამჩნიე, – წამიერად შევხედე მის სახეს და გვერდის ავლაც დავაპირე, თუმცა მაჯაზე უეცრად შემოხვეულმა მიშოს თითებმა, ამის საშუალება არ მომცეს.
– სწორედ შენ გეძებდი, წამოდი საქმე მაქვს.
– რა საქმე? – მაჯა მაშინვე გამოვტაცე, რადგან ისე მიმათრევდა, როგორც მასწავლებელი, ოროსან ბავშვს დირექტორის კაბინეტში.
– ვინმე ისეთი მჭირდება, ვისაც მანქანა ჰყავს. ჩემი ავტოსერვისშია და სასწრაფოდ სადღაც ვარ წასასვლელი.
– მე აქ შენს მძღოლად არ ვმუშაობ, – თავის არიდება ვცადე. მასთან უბრალო კონტაქტიც კი უცნაურ მღელვარებას იწვევდა და ვცდილობდი, ამას რაც შეიძლებოდა შორს გავქცეოდი.
მიშოს სახეზე მობეზრებული გამომეტყველება გაკრთა.
– რადაც გინდა იმად იმუშავე, ოღონდ ახლა ის გააკეთე, რასაც გეუბნები! – კვლავ უწინდებურად შემოხვია ჩემს მაჯას თითები. – ვიცი, რომ სამუშაო საათები გეწყება, მაგრამ უფროსებს თავად მოველაპარაკები და ვეტყვი, რომ მე წაგიყვანე. ტაქსის გამოძახებაც ვცადე, მაგრამ პიკის საათია და თავისუფალი მძღოლი არ იძებნება.
– გასაღებს მოგცემ და თავად დაჯექი საჭესთან, – მყისვე ვიპოვე გამოსავალი და ხელიც გამოვტაცე, რომ მასთან დისტანცია შემენარჩუნებინა.
– თუ ასეა, მაშინ წინასწარ გეტყვი, რომ სხვა ავტომობილზე გადაწყობა მიჭირს ხოლმე. ამის გამო, ჯერ ავტოდრომზე ვვარჯიშობ, ახლა კი ამის დრო არ მაქვს და იქნებ როგორმე ამაცილო მოსალოდნელი ავარია?
– კარგი, კარგი, – დავნებდი, – წაგიყვან იმ პირობით, თუ მთელი გზა ჩუმად იქნები და ხმას არ ამოიღებ.
– რთულია ხმა არ ამოიღო, როდესაც ასეთ სულელურ საქმეზე გიწევს წასვლა.
– რა საქმეა? – როგორც შემეძლო ისე ავყევი მის მოზრდილ ნაბიჯებს.
– ერქოლესა და ტეოს ნათესავი ესტუმრათ სან-ფრანცისკოდან, – ბრაზი გაკრთა მის ხმაში, – მიუხედავად იმისა, რომ მენიუში არ გვაქვს, შემწვარი რვაფეხას სალათს ითხოვს ვახშმად. მთელი სამზარეულო ფეხზე დააყენებინა, სანამ დიმიტრიმ ისეთი რესტორანი არ იპოვა, სადაც რვაფეხას შოვნა შეიძლება. ახლა სწორედ მის მოსატანად მივდივარ, ქალაქგარეთ.
– შენ რა შუაში ხარ, თავად დიმა რატომ არ მიდის?
– შორი არაა, აქედან სადღაც ათი კილომეტრის გზაა. დიმას კი, როგორც თვითონ ამბობს, თავმოჭრილი ბატებივით მოასიარულე მზარეულები ჰყავს მოსამწყემსი და სამუშაო ადგილს ვერ ტოვებს.
– გასაოცარია! სხვა რამეს ვერ შეჭამდა? – ვიკითხე, როგორც კი უკანა კარის გამოყენებით დავტოვეთ რესტორნის შენობა.
– შეჭამდა, მაგრამ ერთი იდიოტი, ფულიანი ტიპია, რომელსაც ჰგონია სიმდიდრე სხვისი შეწუხების უფლებას აძლევს.
– ვიღაცას მაგონებს...
– ჩემზე ამბობ? – ისეთი დაბღვერილი სახით შემომხედა, ვინანე კიდეც, რაც ვთქვი, თუმცა გარეგნულად არაფერი შემიმჩნევია.
– მე, ჩემს ფულსა და გავლენას, ცხვირწინ არავის ვუფრიალებ, მარიტა.
– არა? და აბა გოაზე რატომ მახსოვს შენგან ასეთი ფრაზა: „იმდენი უნდა იბლატაო, რამდენი ნულიც შენს ქონებას აქვს მიწერილი“. მაშინ ზუსტად ჩვენ შორის ფინანსურ სხვაობას გაუსვი ხაზი!
– მაშინ ძალიან გაბრაზებული ვიყავი შენზე! – თავადაც აუწია ხმას. – მარტო დამტოვე და ვიღაც გარუჯულ მაჩოსთან ერთობოდი, თან ზარებსაც არ პასუხობდი!
– სიტყვები შეარჩიე, არავისთანაც არ ვერთობოდი!
– რაც გინდა ის უწოდე, ფაქტი ისაა, რომ თინეიჯერი გოგოსავით აცანცარდი და შენი სამსახური ფეხებზე დაიკიდე.
– ამის გამო ბოდიში უკვე მოვიხადე და არ მინდა მაგ თემის კიდევ ერთხელ წამოჭრა. -მივუგე წარბის აწევით. მაშინღა გავაცნობიერე, რომ უკვე ჩემს მანქანამდე ვიყავით მისულები.
პარკინგზე ერთმანეთის გვერდიგვერდ დაყენებული ავტომობილებისა და ჩვენს გარდა, კიდევ ერთი უცნაური შესახედაობის, კაპიუშონიანი ტიპი მოჩანდა, რომელიც ტერიტორიას სწრაფი ნაბიჯებით ტოვებდა და შიგადაშიგ ჩვენკენაც აპარებდა მზერას, ისე, თითქოს რაღაცას, ან ვიღაცას უფრთხისო. როგორც შევნიშნე, იგი მიშომაც დაინახა, თუმცა ჩემ მსგავსად, დიდი ყურადღება არც მას მიუქცევია და მაშინვე მანქანისკენ მანიშნა თვალებით.
– დაჯექი, უკან მალე უნდა დავბრუნდეთ.
მანქანა გახსნის ღილაკზე თითის დაჭერით გავაღე და საჭეს მივუჯექი. მიშოც გვერდით მომიჯდა და ღვედი შეიკრა. ძრავა უსიტყვოდ ავამუშავე. ამასობაში, მან ნავიგატორზე ლოკაცია მოძებნა და ტელეფონი სპეციალურ სადგამში ჩაამაგრა.
– ამ ნიშნულს მიჰყევი და ნელა იარე, გზის იმ მონაკვეთში, საშუალო სიჩქარეზეც კი ჯარიმებს წერენ კამერები.
– ჰო, ვიცი, – თავი დავუქნიე. – ისეთ ბრიყვულ საქმეზე მივდივარ, უკვე სასაცილოც კი აღარაა.
– ვცდილობ მაგაზე არ ვიფიქრო და ნუ მახსენებ!
ხმა არ ამომიღია. არც მას უცდია საუბრის განახლება. ქალაქიდან ისე გავედით, ჩვენ შორის ჩამოვარდნილი მდუმარება წამითაც არ დარღვეულა. ეს მხოლოდ მაშინ მოხდა, როდესაც სპიდომეტრს შევხედე და შევამჩნიე, რომ სიჩქარე იმაზე მეტს აჩვენებდა, ვიდრე ამ მონაკვეთში იყო დაშვებული.
– კამერები აქაც აყენია? – კითხვით სავსე თვალები მიშოსკენ მივმართე.
– კი, აყენია. დასაშვები სიჩქარე ორმოცია, შენ კი ორმოცდაათით მიდიხარ.
მუხრუჭს ოდნავ დავაწექი და გზა უკვე დამშვიდებული გულით განვაგრძე, თუმცა ცოტა ხანში გავიაზრე, რომ არანაირი ცვლილება არ მიგრძვნია. სპიდომეტრს კიდევ ერთხელ დავხედე. სიჩქარის მაჩვენებლის ისარი, ისევ იგივე ციფრზე მიუთითებდა. კიდევ ერთხელ დავაწექი მუხრუჭს. ავტომობილს, რეაგირება არც ახლა მოუხდენია. ფეხი მესამედაც მივაჭირე, ამჯერად მთელი ძალით, თუმცა სასურველ შედეგს ვერც ახლა მივაღწიე. მიშო უხმოდ აკვირდებოდა ყოველ ჩემს მოძრაობას, თუმცა მისი მხრიდან უსიტყვო ცქერა დიდხანს არ გაგრძელებულა:
– სამუხრუჭე სისტემა არ მუშაობს, არა?
– არ მესმის რა სჭირს, – კვლავ უშედეგოდ ვცდილობდი სიჩქარის დაგდებას. – სამსახურისკენ რომ მოვდიოდი, ყველაფერი წესრიგში იყო...
– ჯანდაბა, უკვე სერიოზულად ვფიქრობ, ვინმე კარგ მკითხავთან მივიდე აურის გასაწმენდად. ამ ერთი კვირის განმავლობაში, უკვე მეორედ ვეხვევი შარში შენთან ერთად.
– ჩვენ რა, ახლა იმ ვიღაც თავშიავარდნილი ტიპის შეკვეთილ რვაფეხას სალათს უნდა შევეწიროთ? – გამწარებული, შეუჩერებლად ვაჭერდი ფეხს მუხრუჭს, თუმცა შედეგი კვლავაც მიუღწეველი რჩებოდა.
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მანქანა გაუმართავია. შიგნით როცა არ უნდა ჩამჯდარიყავი, იგივე შედეგი გექნებოდა. – მართალი იყო, თუმცა იმდენად ვიყავი აფორიაქებული, საღად აზროვნების უნარი აღარ გამაჩნდა.
– კარგი, კარგი, მაგას სჯობს ის მითხრა, ასეთ სიტუაციაში შენ როგორ მოიქცეოდი. მე ერთი გონივრული აზრიც არ მომდის თავში.
მიშომ შუბლი მოისრისა. შექმნილი რთული მდგომარეობის მიუხედავად, მის გამოხედვაში შიშის კვალი მაინც არ ჩანდა. უზომოდ მშურდა ამ ადამიანის. ნებისმიერ პიროვნებაში, ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო თვისებად, კრიტიკულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნების უნარი მიმაჩნდა.
– სანამ სიჩქარე უკონტროლო გახდება, სასწრაფოდ რამეს უნდა დავეჯახოთ და მანქანა გავაჩეროთ, – როგორც იქნა ხმა ამოიღო მან, თუმცა მოსმენილი იდეით დიდად აღფრთოვანებული ვერ დამტოვა.
– დავეჯახოთ? მერე მანქანა რომ გამიფუჭდება? უსაფრთხოების ბალიშებიც არ მაქვს და მეც დავზიანდები.
– ვიცი, რასაც ვამბობ. თუ ამას არ გააკთებ, მანქანა უმართავი გახდება, ამიტომ მანამ უნდა გავაჩეროთ, სანამ სხვასაც დააზარალებ.
– კარგი, კარგი, ისე ვიზამ, როგორც მეუბნები! – ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე. – ახლა რომელიმე დიდფესვიან ხეს ავირჩევ და დავეჯახები.
– ღვედი კარგად შეიკარი.
– შეკრული მაქვს.
– მარჯვენა მხარეს, დიდი ფიჭვი რომ მოჩანს, ხედავ? მგონი იდეალური ვარიანტია.
შიში ერთიანად დაეპატრონა ჩემს სულს და თავისი სასტიკი, ბასრი კლანჭებით ლამის ყელში მწვდა. უჰაერობის შეგრძნება დამეუფლა. საფეთქლებში ისეთი ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს ვიღაც უზარმაზარ, თორის ჩაქუჩს მირტყამდა, ხოლო მუცელში, ყველაფერი ადუღდა და ერთ დიდ, მჟავე მასად იქცა, რომელიც კისერში შემაწუხებლად მაწვებოდა. გონება იმდენად მქონდა არეული, ნორმალურად ვერც კი გავიაზრე, როგორ ჩამოვიღე საჭიდან მარჯვენა ხელი, როგორ მოვძებნე მიშოს მარცხენა და როგორ გადავხლართე ჩემი თითები მისაში.
– ხომ გადავრჩებით, არა? – ვკითხე აკანკალებული ხმით და სხეული მოახლოებული შეჯახებისთვის შევამზადე.
– რა თქმა უნდა! უარესი სიტუაციიდანაც გამოვმძვრალვართ, დაგავიწყდა?
– ბედის ირონიაა კვლავ შენთან ერთად რომ მიწევს ასეთი მძიმე წუთების გავლა.
– ცუდი არაფერი მოგივა... სიტყვაზე მენდე.
– კარგი, კარგი, მოემზადე!
– მზად ვარ, – ღიმილით გადმომხედა მან, ღვედი შეიხსნა და შეჯახებამდე სულ რამდენიმე წამით ადრე, მთელი ტანით გადამეფარა წინ. ვერაფრის გაკეთება, ან თქმა ვეღარ მოვასწარი. სულ მალე ვიგრძენი, როგორ უსიამოვნოდ შემარყია შეჯახების ტალღამ, როგორ აწივლდა ყურები ძლიერი ხმისგან და როგორ დაისადგურა დამთრგუნველმა სიბნელემ.

***
არ ვიცოდი რატომ, ან რა დამსახურებისთვის, მაგრამ ბავშვობიდან ვგრძნობდი, რომ რაღაც უხილავ ძალას, ძალიან უნდოდა ამ ქვეყნად კიდევ დიდხანს მევლო. მახსოვს, ექვსი წლის ვიყავი, სკოლაში წასულს, მილიმეტრებში ამაცილა ჩემკენ მთელი სისწრაფით გამოვარდნილმა ავტომობილმა. ათი წლის ასაკში სახლში მარტო მყოფი, სამსახურიდან მამას ადრიანად დაბრუნებამ გადამარჩინა გაზით მოწამვლას. ჩემს მეთხუთმეტე დაბადების დღეზე, ორი წუთით გამოვასწარი შეიარაღებულ მძარცველს, რომელიც გვიან ღამით, სუპერმარკეტში შეიჭრა და წინააღმდეგობის გაწევის მიზეზით ორი კონსულტანტი მოკლა. პარიზში მოგზაურობისას ტაქსიში მჯდომი, სასწაულებრივად გადავურჩი გიჟური სიჩქარით მოძრავი მოტოციკლისტის შეჯახებას. შემდეგ საყინულის ოთახის ინციდენტი იყო, ბოლოს კიდევ ავარია, რომელშიც ზუსტად ისევე გავიმარჯვე მოსალოდნელ უბედურებაზე, როგორც ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილში.
ზუსტად არ მახსოვს კიდევ რამდენ ასეთ ხიფათითა და ფათერაკებით სავსე სიტუაციაში ამოვყავი თავი და არც ის ვიცოდი, ცხრიდან რამდენ სიცოცხლე მქონდა დახარჯული, თუმცა განგებას მაინც მადლობას ვწირავდი, რომ ჯერ კიდევ ცოცხალთა რიგებს ვეკუთვნოდი.
საკმაოდ რთული სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა მომიწია ავარიის შემდეგ. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ სრული ერთი კვირის განმავლობაში, საავადმყოფოს კედლებში მომიწია ყოფნა. მიშოზე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ორი დღის მანძილზე დაინტუბირებული იყო, შემდეგ კი სტაბილური მდგომარეობის სტატუსით გამოიყვანეს ნარკოზიდან. მის მონახულებას, თავის ტრავმისა და შინაგანი სისუსტის გამო ვერ ვახერხებდი და რომც მომეხერხებინა, ამის უფლებას არც ექიმები მომცემდნენ, თუკი უწინდელივით ჩუმად არ შევიპარებოდი პალატაში.
ამ ერთი კვირის განმავლობაში ლოლა, კალე და სამირა ყოველდღიურად მოდიოდნენ ჩემი და მიშოს სანახავად. რამდენჯერმე ნოლანებმაც შემოიარეს, აურაცხელი საბოდიში სიტყვებით და ყველაზე ძვირიანი ტკბილეულითა და საჩუქრებით აგვავსეს. ხარჯები, რასაც დაზღვევა არ ფარავდა, მთლიანად საკუთარ თავზე აიღეს. ამასთან, ერთკვირიანი შვებულებაც გვიბოძეს საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, ხოლო ჩვენი მოვალეობების შემსრულებლად, დროებითი კადრები აიყვანეს.
საავადმყოფოში ყოფნისას, ერთი რამ მიკარგავდა მოსვენებას. თავიდან არ ამომდიოდა ის კადრი, როცა შეჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე, მიშო მთელი ტანით გადამეფარა წინ, თუმცა ჯერაც ვერ ვხვდებოდი რეალობა იყო ეს, თუ ჩემი წარმოსახვის კიდევ ერთი ნაყოფი. ვინ მოთვლის რამდენჯერ მომინდა ეს კითხვა თავად მისთვის დამესვა. რამდენჯერ მოვიმარჯვე ხელში, ავარიას სასწაულებრივად გადარჩენილი ჩემი ტელეფონი, რომ მიშოსთვის დამერეკა, ან მიმეწერა, თუმცა აკრებილ ტექსტებს, გამუდმებით ვშლიდი ხოლმე, ხოლო პასუხგაუცემელი კითხვები, კვლავაც შემაწუხებლად ტრიალებდნენ ჩემს არეულ გონებაში.
კლინიკიდან ისე გამწერეს, მიშოსთან ერთხელაც არ მისაუბრია. ექიმის დანიშნული წოლითი რეჟიმის გამო, რამდენიმე დღე ლოგინში უნდა გამეტარებინა, ამიტომ გამოწერის დღეს ვგეგმავდი მის მოსანახულებლად შესვლას. სამწუხაროდ ჩანაფიქრი ვერ ავასრულე. როგორც მითხრეს, იმ მომენტში, ექთნებს რომელიღაც გეგმიურ კვლევაზე ჰყავდათ გაყვანილი, შემდეგ კი ლოლამაც მომაკითხა. სახლში ის ე დავბრუნდი, მიშო ვერ ვნახე.
ზუსტად ერთი კვირის თავზე, ჩემი სამსახურში დაბრუნების დღეს, მიშოც გამოწერეს საავადმყოფოდან. რესტორნის თანამშრომლებმა, ეს ამბავი ძმები ნოლანებისგან გავიგეთ. მიშო პირდაპირ ქალაქგარეთ გამგზავრებულიყო და მისი მოვალეობის შემსრულებელს, ივლისის ბოლომდე მოუწევდა მიშოს ადგილას ყოფნა.
ჩემს მანქანა იმდენად იყო დაზიანებული, შეკეთება ალბათ ღირებულებაზე ორჯერ მეტი დამიჯდებოდა, ამიტომ, რა ნაწილებიც ვარგისი იყო, კალემ ინტერნეტის მეშვეობით გამაყიდინა, ხოლო თავად მანქანამ, ჯართის განყოფილებაში გადაინაცვლა. იმ დამღლელ, ტურისტებით გადაჭედილ თვეში, ერთადერთი სასიხარულო ამბავი ის იყო, რომ ერქოლემ და ტეომ, Imagine-ს თვიური შემოსავლის გაზრდასთან დაკავშირებით, ანაზღაურება ყველას ათი პროცენტით გაგვიზარდეს და პრემიებსაც დაგვპირდნენ.
ოცდახუთი ივლისი იყო. სამუშაო დროის დასრულების შემდეგ, მე და სამირა, ლოლას სახლში, მისი საძინებლის საწოლზე გულდაღმა გაწოლილები ვათვალიერებდით კოსმეტიკის კატალოგს. წითელ კაბაში გამოწყობილი ლოლა ტიკ-ტოკის ვიდეოს გადაღებით იყო გართული. მარჯვენა მხარეს, კედელში დატანებული ორფრთიანი კარიდან, მთლიანად ვარდისფერში გადაწყვეტილი, უზარმაზარი გარდერობის ოთახი მოჩანდა. იქ ლოლას, ცალ-ცალკე ჰქონდა დახარისხებული ფეხსაცმელები, ჩანთები, ტანსაცმლის დასაკიდად გამოყოფილი სივრცეები და სამკაულების ზარდახშები. იქაურობა, მთელი თავისი სიდიდით, სიდიადითა და სამოსის მრავალფეროვნებით, გოგონების ახდენილ ოცნებას ჰგავდა. ლოლაც ხშირად არეკლამებდა ხოლმე საკუთარ გარდერობის ოთახს ტიკ-ტოკის ვიდეოებში. ტვირთავდა სხვადასხვა საღამოს კაბებში გადაღებული სურათების ნაკრებებს, რომ ხმათა უმრავლესობას გადაეწყვიტა, რომელი იყო მათგან საუკეთესო.
პაემნისთვის, წვეულებისთვის, აუქციონისთვის, თუ სხვა რომელიმე ღონისძიებისთვის, ლოლა არჩევანს იმაზე აკეთებდა, რომელი „ლუქიც“ ყველაზე დიდ მოწონებას დაიმსახურებდა მის გამომწერებს შორის. აქვეყნებდა კომიკური შინაარსის კონტენტს, სხვადასხვა ცნობილი ფილმების ანალოგ მონაკვეთებს, რის გადასაღებადაც სპეციალურადაც კი ქირაობდა დასს თეატრიდან ვიდეოგრაფის თანხლებით. სწორედ ამიტომ იყო, რომ მისი გამომწერების რიცხვი მილიონ-ნახევარს აღწევდა და სოციალური ქსელიდან საკმაოდ სოლიდური ანაზღაურებაც შესდიოდა.
გადაღებისას ყველა დეტალს ითვალისწინებდა, ეს პროცესი მისთვის მუდამ ხანგრძლივი იყო ხოლმე. ამიტომ, ახლაც ოცი წუთის განმავლობაში პოზირებდა კამერის წინ და არც გაჩერებულა მანამ, სანამ თავისთვის სასურველი შედეგი არ მიიღო.
– ესეც ასე, ახალი საჩუქარი ჩემი ერთგული გამომწერებისთვის, – მხიარული სახით შემობრუნდა ჩვენკენ ლოლა. იმდენად ლამაზად გამოიყურებოდა, კიდევ ერთხელ ვიგრძენი გულისწყვეტა, რომ თავის სილამაზესა და სხეულს, ასე უდიერად „ჩუქნიდა“ ყოველ მეორე იდიოტს
– საჩუქარი რატომ? – ჟურნალიდან თავი წამოყო ჩემს გვერდით გაწოლილმა სამირამ.
– იმიტომ, რომ ვათამაშებ. ხომ იცი, გოგონებს როგორ უყვართ გათამაშებაში მოგებული ინფლუენსერების ტანსაცმელი?
– მე არ მიყვარს.
– შენ არც არაფერი გიყვარს, რაც წესით ქალს უნდა უყვარდეს.
– ტყუილია, ყავა უყვარს, – მაშინვე გამოვესარჩლე სამირას და თვალი ღიმილით ჩავუკარი.
ლოლამ ფრთხილად გაიხადა თავისი წითელი კაბა, მას კვლავ საკიდზე მიუჩინა ადგილი და მხოლოდ შავი ფერის შიდა თეთრეულში გამოწყობილი, ხვნეშით მოგვიწვა გვერდით.
– თქვენი არ მესმის, – დაიწყო მან და მაღლა, ცხენის კუდად აკრული გრძელი თმა მხრებზე ჩამოიშალა. – ახალგაზრდა გოგონები ხართ, არც ჭარბი წონა გიშლით ხელს და არც სიმახინჯე, რომ მამაკაცი გყავდეთ, თქვენ კიდევ წევხართ და კოსმეტიკის ჟურნალებს ფურცლავთ.
– მორჩა, ისევ დაიწყო. – მის სიტყვებზე თვალები გადაატრიალა სამირამ, რაზეც მალევე მიიღო საპასუხო დარტყმა ლოლასგან:
– შენ საერთოდ გაჩუმდი! იმდენად კაცთმოძულე ხარ, ალბათ ბედობის დღესასწაულზე რომ გესტუმრო, კარს არც კი გამიღებ, იმის შიშით, ბევრი კაცი დამებედებაო.
ამაზე, მეც და სამირასაც ისეთი სიცილი აგვიტყდა, კარგა ხანს ვეღარ გავჩერდით. მხოლოდ ლოლა არ იცინოდა და დაბღვერილი სახით შემოგვცქეროდა ხან ერთს, ხანაც მეორეს.
– აზრი არ აქვს რაა თქვენთან ლაპარაკს, – დაასკვნა ბოლოს. – სჯობს, ავდგები და მესამე მეგობარსაც გავიჩენ. იქნებ ის მაინც გათხოვდეს, რომ მის ქორწილში ხელისმომკიდე ვიყო. წარმოიდგინეთ, რა მაგარი იქნება, მოკლე, თოვლისფერ კაბას ჩავიცვამ და თავზე ყვავილების გვირგვინს გავიკეთებ. ხელის მოწერის ცერემონიაზე, ფერიებივით გამოწყობილ პატარა გოგონებს მოვიყვან და მათთან ერთად, პატარძალს, ვარდის ფურცლებს დავუბნევ საქორწინო ბილიკზე.
– ერთი ტიკ-ტოკის ვიდეო, ხელისმომკიდის ამპლუაშიც უნდა გქონდეს, არა?
– მარიტა ნერვებს მიშლი! რაც იმ ავარიის დროს დაგაკლდა, მე ნუ დამამატებინებ.
– ავარიაზე გამახსენდა, – მაშინვე სამირას გავხედე, – ხომ არ იცი, მიშო სად დაიკარგა? ნოლანებმა მხოლოდ ის თქვეს, ქალაქგარეთაა მნიშვნელოვან საქმეზეო. კონკრეტულს არავინ არაფერს ამბობს.
– მე საიდან უნდა ვიცოდე? – მხრები აიჩეჩა. – საავადმყოფოში მხოლოდ ძველი მეგობრობის ხათრით ვნახულობდი, ახლა კი მისი ამბებით დემეტრე დაინტერესდეს. ისიც მეყოფა, რომ იმ პალატაში ზედმეტად ხშირად მომიწია ორივე მათგანთან შეხვედრა.
– მიშოს ამბებით რატომ ინტერესდები? – დაეჭვებული თვალებით მიყურებდა ლოლა. – ადრე სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყავი, თუ მთელი დღის განმავლობაში არსად გადაგეყრებოდა
– იმიტომ ვინტერესდები, რომ ეს ინციდენტი ორივეს ერთად შეგვემთხვა და ადამიანურად მაინტერესებს, სად არის და როგორ.
– მეც არაფერი ვიცი, – თავი გააქნია ლოლამ. – რამდენიმე დღის წინ მოკითხვა მინდოდა, დავურეკე კიდეც, მაგრამ ნომერი გამორთული ჰქონდა.
– უცნაურია.
– ჰო, ვიცი, – დამეთანხმა. ჩვენ სამში, მხოლოდ სამირა არ ინტერესდებოდა ამ ყველაფრით და კვლავ უდარდელად განაგრძობდა ჟურნალის თვალიერებას.
დამთხვევების არასდროს მჯეროდა. მით უმეტეს ასეთი სამიზნეში მორტყმული დამთხვევების, თუმცა ის ფაქტი, რომ ჩემს ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა და მას ის სახელი დაეწერა, რომლითაც მიშო მყავდა კონტაქტებში შეყვანილი, თვალების დახუჭვისა და გახელის შემდეგაც უცვლელი რჩებოდა.
ტელეფონი ხელში ისე ავიღე, გოგონებისთვის არაფერი მითქვამს. ჯერ ვერ მოვსულიყავი გონს იმის გამო, რომ მიშოს სახელის ხსენება და მისი გამოჩენა, სულ რაღაც სამი წუთის ინტერვალში მოხდა. ლოლას მითქმა-მოთქმის მოსმენა არ მსურდა. ზუსტად ვიცოდი, ამ ყველაფერს ბუზიდან სპილოდ გადააქცევდა. მიშო მეკითხებოდა, შემეძლო თუ არა დაუყოვნებლივ შევხვედროდი. საწოლიდან სწრაფად წამოვდექი.
– გოგოებო, მე რაღაც საქმე გამომიჩნდა, ერთი საათით უნდა გავიდე.
– ხომ შევთანხმდით, რომ დღეს ორივენი ჩემთან რჩებოდით?
– ვრჩები კიდეც, ლოლა, უბრალოდ ცოტა ხნით ჩემს ბინაში შევივლი. მგონი დილით გაზქურა დამრჩა ანთებული, თან რაღაც პირად ნივთებსაც წამოვიღებ. – სასწრაფოდ გამოვაცხვე ტყუილი და ჩემი ტვინი გულში შევაქე კიდეც, ასე სხარტად მუშაობის გამო.
– მალე დაბრუნდი, ამასთან მარტო დიდხანს ნუ დამტოვებ! – ვედრების ტონით მომაძახა სამირამ და რამდენიმე წამში, თავში ბალიშიც მიიღო ლოლასგან.



***
შეხვედრა სანაპიროზე დამითქვა, თუმცა რატომ მაინცდამაინც იქ, ამით არ დავინტერესებულვარ. უბრალოდ მის გაზიარებულ ლოკაციას მივყევი და როგორც კი ზღვასთან ახლოს მჯდომი, თეთრ პერანგში გამოწყობილი სილუეტი შევნიშნე, სწრაფი ნაბიჯებით დავიძარი მისი მიმართულებით.
უცნაური იყო ამდენი ხნის შემდეგ მიშოსთან შეხვედრა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საუკუნე აღარ მყავდა ნანახი. დე-ჟა-ვუს შეგრძნება დამეუფლა. გოაზე გატარებული ჩვენი ბოლო საღამო მომაგონდა, როცა ზღვის ნაპირას, ერთმანეთის გვერდიგვერდ ვისხედით და ჩამავალი მზის სხივების ფონზე ვსაუბრობდით.
ღამით, მით უმეტეს ზღვასთან ახლოს, ოდნავ აგრილებულიყო. ჩემს ზურგამოღებულ, ალუბლებიან სარაფანში ოდნავ მციოდა, თუმცა გონება იმდენნაირი ფიქრით მქონდა დატვირთული, ამას დიდ ყურადღებას არც ვაქცევდი.
ჩემგან ზურგშექცევით მჯდომს ნაბიჯების ხმა მისწვდა და ნახევარი ტანით მოტრიალდა უკან. თავიდან ფეხებამდე ჩამომატარა მზერა მეფარიშვილმა, შემდეგ კვლავ ჰორიზონტის ხაზს გახედა და ზღვიდან მონაქროლი გრილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
– დაჯექი, რაღაც მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. – მითხრა და ხმის ტონითაც მიმანიშნა, რომ ვითარება სერიოზული იყო.
– მოხდა რამე?
– რა აღარ მოხდა, – მწარედ ჩაეცინა, როგორც კი გვერდით მივუჯექი. – მახსოვს, ეგ კაბა ერთხელ ეგვიპტეშიც გეცვა.
ტანსაცმელზე ინსტიქტურად დავიხედე. მე, ვისაც ხშირად ისიც არ მახსოვდა, რა მოვამზადე ვახშმად გასულ ღამით, ძალიან მეუცნაურა, რომ მიშოს გონება, ასეთ პატარა წვრილმანებსაც ინახავდა, ამდენი ხნის გასვლის შემდეგაც კი.
– დაუჯერებელია, ეგ რომ გახსოვს. იქ გადაღებული სელფები მაქვს შენახული, თორემ ამას თვითონ ვერაფრით გავიხსენებდი.
– არც ის გახსოვს, რატომ მოგიწია მაშინ პარიზში წასვლის გაუქმება და ჩემთან ერთად, ეგვიპტეში გამგზავრება?
– მახსოვს, – გამეღიმა. – სანაძლეო წავაგე, რომ თვითმკვლელთა ტყეში არ შემეშინდებოდა.
– და პირველივე ხიდან ფოთლის ჩამოვარდნისას, ლამის ჩემს კისერზე გადმოინაცვლე.
– აზვიადებ...
– ბავშვობიდან მიყვარდა ჰიპერბოლები.
– კარგი, შეეშვი ხუმრობას და მითხარი, აქ რისთვის დამიბარე? – სასწრაფოდ დავიჭირე ოფიციალური ტონი. მთელი ჩემი გონება უფრთხოდა მასთან გაშინაურებას, თუმცა რისი მეშინოდა ასე ძალიან, ეს თავადაც არ ვიცოდი.
მიშომ არაფერი მიპასუხა. ჯიბიდან ტელეფონი ამოაცურა. გალერია გახსნა და მანიშნა ეკრანისთვის მეც შემეხედა.
– ახლა ერთ ვიდეოს გაჩვენებ და დასკვნები თვითონ გამოიტანე, – სერიოზული ხმა ჰქონდა. მზერა კიდევ უფრო სერიოზული.
– რა ვიდეოა?
– უყურე და მიხვდები.
– წინასწარი მონახაზი მჭირდება.
– ნუ გეშინია, პორნოს არ გირთავ.
ეკრანზე Imagine-ს საპარკინგე ზონა მოხვდა ჩემი მხედველობის არეალში. თითქოს განსაკუთრებული არაფერი იყო, ირგვლივაც სიმშვიდე სუფევდა, თუმცა მალევე რაღაც სხვაც შევნიშნე და მხედველობა დავძაბე. ავტოსადგომზე დაყენებულ მანქანებს შორის, ერთ-ერთი ჩემი იყო, მას კი ვიღაც საეჭვო, კაპიუშონიანი ტიპი მიახლოვებოდა და მარცხენა საბურავთა ჩამუხლულიყო. ზუსტად ვერ მივხვდი ეს ტიპი რას აკეთებდა, მაგრამ ხელში რომ რაღაც საგანი ეჭირა და ამ საგნის გამოყენებით, პერიოდულად ჩემს მანქანას უტრიალებდა, ჩანაწერიდან ეს საკმაოდ კარგად გავარჩიე.
– მიშო, რა ხდება აქ?
– ის ხდება, რომ შენი ავარია შემთხვევითი არ იყო. მე უბრალოდ ცუდ დროს, ცუდ ადგილას აღმოვჩნდი.
– რას გულისხმობ? რას ნიშნავს შემთხვევითი არ იყო?
მეფარიშვილმა ტელეფონი შეინახა და გამჭოლი მზერა მესროლა.
– წინასწარ განზრახულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, – ისე მშვიდად თქვა, თითქოს ძილის წინ ლამაზ ზღაპარს ჰყვებაო. – ხომ გახსოვს ის ტიპი, მანქანაში ჩაჯდომამდე რომ დავინახეთ ორივემ? საეჭვოდ რომ იქცეოდა და ავტოსადგომის დატოვებისას, უკან-უკან იყურებოდა?
ჩემმა ტვინმა, თითქოს პაზლის აწყობა დაიწყო იმ მომენტში. გამახსენდა კაპიუშონიანი, იდუმალი ადამიანი, ვისთვისაც, იმ დღეს მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ მიმიქცევია და მივხვდი, რომ კამერაზე ჩაწერილი პიროვნება, სხვა ვერავინ იქნებოდა, თუ არა იგი.
– მოიცა, მოიცა, – ღრმად ჩავისუნთქე, რომ აფორიაქებულს, საუბრის გასაგრძელებლად ძალა მქონოდა. – სამუხრუჭე სისტემა თავისით არ მოშლილა და ამაში მაგ ადამიანის ხელი ურევია?
– ზუსტად... ტოპ-სიახლე კი ის არის, რომ ეგ ტიპი ლეოს მითითებას ასრულებდა.
აი, ამის მოსმენის შემდეგ კი ნამდვილად ჩამივარდა ენა. მართალია, თავადაც უცნაურად მეჩვენებოდა ჩემი მანქანის ასე მოულოდნელი მწყობრიდან გამოსვლა, მაგრამ საქმე რომ ასე ბინძურ, ჩახლართულ და წინასწარ განზრახულ ბოროტებასთან მექნებოდა, ვერ წარმოედგინა.
– ხუმრობ, არა?
– საერთოდ არ ვხუმრობ და ახლა უკვე ისიც მესმის, რატომ გაერიდა ამ ქალაქს. შენთვის თავის დანებება არასდროს ყოფილა მის გეგმებში.
– მაგრამ ეს რატომ გააკეთა? ჩემი მოკვლის მცდელობა უკვე ზედმეტად მაოცებს. -შოკისგან აზრებს ძლივს ვუყრიდი თავს.
– ფსიქოპათია, მარიტა. არ შეუძლია იმ ფაქტის ატანა, რომ დედამიწაზე არსებობს ქალი, ვინც მოუნდა და მისი არ გახდა. თუ თავისას ვერ ისწორებს, ურჩევნია საერთოდ არ არსებობდე.
– ჰოო? და რომ მოვმკვდარიყავი თავს მშვიდად იგრძნობდა? – ბრაზი იმდენად მახრჩობდა, გონებაში ათჯერ მაინც წარმოვიდგინე, როგორ გავუტეხავდი ცხვირს. –კარგი, კარგი, ახლა ის მითხარი, შენ საიდან იცი ეს ყველაფერი? რა მიზეზით ადებ ხელს მაგ ადამიანს?
– შენი აზრით, მთელი ეს პერიოდი რით ვიყავი დაკავებული? – ორაზროვანად გადმომხედა და ჩემთვის უკვე ყველაფერი დღესავით ნათელი გახდა.
– აჰა, ანუ როდესაც ნოლანები ამბობდნენ, ქალაქგარეთ არისო, შენ სინამდვილეში გამოძიებას აწარმოებდი.
– ეგ ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, – ოდნავი ღიმილით გამომხედა. – მაგრამ საავადმყოფოში, საკმაოდ ბევრი დრო მქონდა იმისთვის, რომ ბევრი რამ მომჩვენებოდა საეჭვოდ.
– ერთი რამ არ მესმის, – მოხრილ ფეხებს, მკლავები შემოვხვიე და ნიკაპით მარცხენა მუხლს დავეყრდენი. – ჩანაწერი იმდენად კარგი რაკურსით არის გადაღებული, იმ ადამიანის სახის გარჩევაც თავისუფლად შეიძლება, მე კი მანქანა ისეთ ადგილას გავაჩერე, რესტორნის კამერები მაგ ტიპს ასე ნათლად ვერაფრით ვერ დააფიქსირებდნენ. მაქსიმუმ მისი ზურგი დაენახათ და მორჩა.
მეფარიშვილმა თანხმობის ნიშნად დამიქნია თავი. როგორც ჩანდა, ამ ამბის უკან კიდევ რაღაც იმალებოდა. რაღაც ისეთი, რაც აისბერგის ქვედა მხარესავით იდუმალებით იყო მოცული.
– რესტორნის წინ რომ პატარა უბნის მარკეტი დგას, ხომ გაქვს შემჩნეული? – მკითხა მან. სახეზე ეტყობოდა, ამოცანის პასუხი სწორედ მარკეტთან იყო კავშირში.
– ჰო, შემჩნეული მაქვს, მერე?
– მისი მეპატრონე ერთი მოხუცი კაცია, ახლოს ვიცნობ. მარკეტში თავის არასრულწლოვან შვილიშვილს დააწყებინა მუშაობა და ეჭვი ჰქონდა, რომ ფულს პარავდა. ერთ დღეს მთხოვა, სათვალთვალო კამერები მეშოვნა და საკუთარი ხელით დავუყენე ერთი შიგნით, მეორე გარეთ. ეგ ჩანაწერი, სწორედ იმ მაღაზიის კამერამ გადაიღო. როგორც ჩანს, მაგ ადამიანს წარმოდგენა არ ჰქონდა ამის შესახებ, თორემ სახეს უფრო კარგად შენიღბავდა.
ჩანდა, წინასწარ დაგეგმილ მკვლელობას სასწაულებრივად ვიყავი გადარჩენილი, ხოლო მიშო, ჩემი მფარველი ანგელოზის როლში გამოდიოდა, რომელმაც უბედურებისგან მიხსნა.
– არ ვიცი... არც კი ვიცი, რა ვთქვა... აიქიუ აღარ მყოფნის, იმ ლეოს ფსიქოლოგიაში გასარკვევად.
– დამშვიდდი, ახლა უკვე პოლიცია ეძებს.
– კარგი რაა, უკვე საზღვარგარეთაა და იქაური პოლიცია დიდად არ შეიწუხებს თავს, ეს ზუსტად ვიცი.
– საქართველოშია, მარიტა. ის ადამიანი, ვინც შენი მანქანა დააზიანა, უკვე დაკავებულია და მან აღიარა, რომ ლეოს გამგზავრების ამბავი ფეიკ-ნიუსი იყო. მაგ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, პირადადაც შეხვედრია გონიოში, საქმის დასრულებამდე, თანხის ნახევრის მისაღებად.
– ამით ასე დაინტერესებული რატომ ხარ? – თავში იმდენი კითხვა მიტრიალებდა, უკვე აღარ ვიცოდი, რომელი ერთი დამესვა, თუმცა საბოლოო არჩევანი მაინც ყველაზე აქტუალურზე შევაჩერე. – ვერ გამიგია, რატომ მეხმარები?
– დაგავიწყდა, იმ მანქანაში რომ ერთად ვისხედით?
– არაფერი დამვიწყებია. პირიქით, ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს და ერთი კითხვა არ მასვენებს, – უზარმაზარი ტვირთის თრევისგან დაღლილი ადამიანივით ამოვიხვნეშე. რატომღაც ჩავთვალე, ახლა უკვე შესაფერისი დრო იყო იმ საუბრისთვის, რომლის წამოწყებაც აქ მოსვლის მომენტიდან მინდოდა და მტკიცედ გადავწყვიტე წამიც აღარ დამეკარგა. – შეგიძლია, ერთი რამ მითხრა?
მიშომ მხრები უდარდელად აიჩეჩა, რითაც მანიშნა პრობლემა არააო.
– მინდა კითხვა დაგისვა და იმ ადამიანების ხსოვნას გაფიცებ, ვინც შენთვის ძვირფასნი იყვნენ, რომ რაც არ უნდა გკითხო, სიმართლეს იტყვი.
– მტკივნეულ ადგილას მირტყამ, არა?
– მაპატიე, მაგრამ სხვა შემთხვევაში შეიძლება მომატყუო, – თავი დამნაშავესავით ჩავხარე. მეც არ მესიამოვნა მიშოსთვის ოჯახის ტრაგედიის შეხსენება, თუმცა თავს მხოლოდ იმით ვინუგეშებდი, რომ მას შემდეგ ძალიან დიდი დრო იყო გასული და გული იმდენად აღარ ეტკინებოდა.
– და ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია წამოღებული გაქვს?
– რა კონსტიტუცია? – გვერდულად გავხედე. ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, ან რა შუაში იყო ეს ჩვენს საუბართან.
– რამეზე ხომ უნდა დავიფიცო, რომ ვიტყვი სიმართლეს, სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა?
– ნუ მაიმუნობ, რაა! – სიცილით ავატრიალე თვალები. – უბრალოდ დაიფიცე.
– კარგი, ჩემთვის საყვარელი ადამიანების ხსოვნას გეფიცები, გულწრფელი ვიქნები.
პირდაპირ თვალებში შევხედე. შეიძლება ენას მოეტყუებინა, თუმცა ადამიანის თვალები არ იტყუებოდნენ და მეც მათში ამოვიკითხე ის, რაც სიტყვიერად მოვისმინე.
– მოდი, აღარ გავწელავ და პირდაპირ გკითხავ...
– გისმენ.
– შეჯახებისას მართლა გადამეფარე წინ, თუ უბრალოდ ტრავმის გამო მომეჩვენა ეს ყველაფერი?
მიშომ ღიმილით გახედა უკიდეგანო ზღვას და ქვედა ტუჩს კბილები მოსდო. როგორც ჩანდა, ასეთ შეკითხვას ნაკლებად ელოდა, თუმცა უკან დასახევი გზა უკვე მოჭრილი ჰქონდა.
– არა, არაფერი მოგჩვენებია, – ვიგრძენი როგორ დამასხა ხელის გულებზე ცივმა ოფლმა. უჩვეულო თავბრუსხვევაც ვიგრძენი და პულსაციის შესამჩნევი ცვლილებაც. ვიფიქრე, რომ ეს სიტუაცია ჭკუიდან შემშლიდა.
– რის გამო გააკეთე ეს? – იმდენად გულგრილად ვკითხე, ვერავინ მიხვდებოდა რეალურად რას ვგრძნობდი, ან რა ქარიშხალი ტრიალებდა ჩემს გულში.
– იმის გამო, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს. შენ თბილ ლოგინში, შვილებით, შვილიშვილებით და შვილთაშვილებით გარემოცულმა უნდა დახუჭო თვალები, სახეზე ღიმილით და იმ შეგრძნებით, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი გააკეთე, რისი გაკეთებაც გინდოდა.
– და შენ?
– რა მე? – გაეღიმა. – ხომ ხედავ, ცოცხალი ვარ, გელაპარაკები, ცოტა ხნის წინ ნერვებიც მოგიშალე.
– მშვენივრად იცი, რასაც ვგულისხმობ. რამე რომ დაგმართნოდა?
– იმაზე ლაპარაკი არ მიყვარს, რაც არ მომხდარა.
– საკმარისია რა! – ფეხზე განერვიულებული წამოვხტი. უკვე წყობიდან გამოვყავდი იმ ფაქტს, რომ ეს ადამიანი, დღითიდღე უფრო და უფრო მირევდა ტვინს. – შენგან ვერაფერზე ვიღებ პასუხს! უკვე მეორედ მაყენებ ისეთ მდგომარეობაში და ვფიქრობ, რატომ მოიქეცი ასე!
– პირველი რომელი იყო? – კვლავ ეღიმებოდა. ჩემი რეაქცია ძალიან ამხიარულებდა. იმდენად ვიყავი გაღიზიანებული, ენას მაინც ვერ ვაჩუმებდი.
– როცა საყინულის ამბების მერე, კლინიკაში ის სიტყვები მითხარი...
– რომელი, საავადმყოფოს ხალათში, აწეწილი თმითა და მაღალი ტემპერატურითაც გიჟურად ლამაზი რომ ხარ? – ისეთი თვალებით შემომხედა, ვინატრე, მიწას პირი გაეხსნა, ან ალისას მსგავსად სადღაც, გაურკვეველ ადგილას აღმოვჩენილიყავი. აბსოლუტურად ყველაფერი მერჩივნა იმ უხერხულობის განცდას, რასაც სხეულის თითოეული ნაწილაკით ვგრძნობდი.
– ჰო, ზუსტად ეგ.
– ვხედავ, გულში ჩაგრჩენია.
– გეყოფა ჩემთვის ტვინის არევა, მეფარიშვილო! ბოლოს და ბოლოს მითხარი, რის მიღწევას ცდილობ?!
მიშო ფეხზე წამოდგა და ცოტა ხნით მღელვარე ზღვას მიაშტერდა. შემდეგ მაჯაზე თითები ნაზად შემომხვია და ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა.
– გაინტერესებს, რის მიღწევას ვცდილობ?
– თანაც ძალიან!
– მინდა, მესამედაც ჩაგაგდო ისეთ მდგომარეობაში, რომ ჩემი საქციელისთვის ახსნის მოძებნა გაგიჭირდეს. – თქვა თუ არა, ერთი ხელით მაჯები გამიკავა ზურგს უკან, მეორე წელზე შემომხვია და ჩვენ შორის მანძილი დასაშვებზე მეტად შეამცირა. სანამ კიდევ მოვასწრებდი ხმის ამოღებასა და შეკითხვის დასმას, მისი ტუჩები უკვე თავდავიწყებით კოცნიდნენ ჩემსას.
იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, რამდენიმე წამით სრულიად პარალიზებული ვიდექი მეფარიშვილის წინ. წინააღმდეგობის გაწევის სურვილი მხოლოდ მაშინ გამიჩნდა, როდესაც გონებამ ყველაფერი ბოლომდე გადახარშა, თუმცა რატომღაც ესეც ვერ გავაკეთე. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ხარბად, ვნებიანად და მომთხოვნად მკოცნიდა. მეზიზღებოდა საკუთარი თავი ასეთი უმწეობის გამო, თუმცა ამაზე მეტად, იმის გამო მეზიზღებოდა, რომ მიშოსთან სიახლოვე არანაირ უსიამოვნო გრძნობას არ მიტოვებდა. პირიქით, მსიამოვნებდა კიდეც და ვინ მოთვლის რამდენჯერ მომინდა პროცესში თავადაც ავყოლოდი.
წარმოდგენაც არ მქონდა რა მემართებოდა. მისი სურნელი, მისი ბაგეებიდან წამოსული სასიამოვნო სითბო, ენა, რომლითაც მაცდურად ეხებოდა ჩემს ენას, თითქოს მთიშავდა და გარშემო ყველაფერს მავიწყებდა.
ლამის უსასრულობამდე გაგრძელდა ეს ყველაფერი. იმდენად დიდხანს არ მოშორებია ჩემს ტუჩებს, მეგონა ამას არც არასდროს გააკეთებდა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც გაჩერდა, მაჯებზე მოჭერილი ხელი ფრთხილად ამიშვა და სუნთქვაგახშირებულმა შუბლზე, შუბლი თვალებდახუჭულმა მომადო.
ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს თვალებში შემოხედვას გაურბოდა. მისგან მსუბუქად წამოსული სუნამოს არომატი თავბრუს იმდენად მახვევდა, თავს ძლივს ვიკავებდი, რომ პერანგის საყელო არ ჩამომეწია და მეფარიშვილის კანიდან მთელი ეს არომატი ერთიანად არ შემესუნთქა.
– მუდამ იღბლიან ნაბიჭვრად ვთვლიდი, – თქვა მან ჩურჩულით, ისე, რომ დახუჭული თვალებისთვის მდგომარეობა არ შეუცვლია.
– ვის?
– იმას, ვინც ერთ დღეს შენი ცხოვრების მამაკაცი გახდებოდა. ვფიქრობდი, მის ადგილას საწოლიდანაც არ ავაყენებდი-მეთქი.
– მიშო, რა გააკეთე?
მეფარიშვილმა ჯერ თვალები გაახილა, მერე კი ნახევარი ნაბიჯით მომშორდა. მომინდა პასუხი სწორედ მის მზერაში ამომეკითხა, თუმცა იქ სრული ქაოსი იყო და განვლილი ეპიზოდი ჩემთვის კვლავ გამოცანად რჩებოდა.
– რაც ცოტა ხნის წინ გავაკეთე, შენც მოგეწონა, მარიტა!
– არა! – მაშინვე გავაქნიე თავი უარყოფის ნიშნად. ფეხებითაც რომ დავეკიდე, მაინც არ გამოვტყდებოდი იმაში, რომ მეც მესიამოვნა. – ქალი კოცნის გემოს მაშინ გრძნობს, როდესაც ამას მისთვის სასურველ ადამიანს კოცნის. ეს გაუგებრობის გარდა არაფერი ყოფილა!
– ვგრძნობ, როცა იტყუებიან.
– როგორც ჩანს, რაღაცას არასწორად გრძნობ.
მიშოს მზერა ისეთი ღრმა და დაჟინებული გახდა, მთელი ნებისყოფის მოკრება დამჭირდა, რომ ამ მზერისთვის ღირსეულად გამეძლო და თვალი მორცხვი გოგოსავით არ ამერიდებინა.
– რაც არ უნდა თქვა, იმ შეგრძნებებს მაინც ვერ გადაფარავს. მაგ ტუჩების გემო ბოლომდე შევიგრძენი და...
– და რა? – შინაგანად ვგრძნობდი, რომ ეს დიალოგი უკვე საკმაოზე მეტად მძაბავდა.
– და მივხვდი, რომ შენი ყოველი დანახვისას მომინდება ეს კიდევ ერთხელ გავიმეორო, – თქვა თუ არა, ჩემს ყურთან დაიხარა, შიშველ ზურგზე თითები ნაზად ჩამომატარა და სანამ წავიდოდა, ჩამჩურჩულა. – მორჩა, მარიტა, იმ აზრებს, რომ არანაირი შანსი არ მაქვს, სანაგვეზე ვისვრი და შენზე ნადირობას ვიწყებ...





****ეგვიპტე****

მიშოსთან ერთად ეგვიპტეში მოგზაურობა, ყველაზე ხანგრძლივი და უცნაური გამოდგა მათ შორის, რაც ერთად გვიმოგზურია. ჩემი დადებული პირობა, რომ ფრანგულ შვებულებას გავაუქმებდი, თუკი თვითმკვლელთა ტყეში ერთხელ მაინც შემეშინდებოდა, ჩემსავე საზიანოდ დასრულდა და ევროპის ნაცვლად, აფრიკის კონტინენტზე ამოვყავი თავი. ეს მოგზურობა გაცილებით უფრო დიდ ხანს გაგრძელდა, ვიდრე ეს თავდაპირველად ჰქონდა დაგეგმილი. მე კი აქ უკვე არა ექსკურსია-მძღოლი, არამედ რიგითი ტურისტი ვიყავი, ჩემი ხარჯებით დავაფინანსე ჩემივე საჭიროებები.
ჩემი შვებულება სულ სხვაგვარად წარმომედგინა და ფრანგული ენის ნაცვლად, ირგვლივ არაბული საუბარი მესმოდა, თუმცა არც აქაურობას გაუცრუებია იმედები. გასაოცარი იყო, რომ იმ მიწაზე მედგა ფეხი, სადაც ოდესღაც ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ცივილიზაცია არსებობდა. მახსოვს, სკოლაში სწავლისას ძალიან მაინტერესებდა ეგვიპტის კულტურა, მუმიფიცირების რიტუალის დეტალები, მითოლოგია და ყველაფერი, რაც კი ამ იმპერიას ეხებოდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ საფრანგეთზე გული დიდად არ მწყდებოდა და ვცდილობდი, ყოველი წუთი მაქსიმალურად გამომეყენებინა.
არ ვიცი, აქაური ჰაერი მოქმედებდა ჩემზე, თუ ტურბოლენტურ ზონაში მოხვედრამ გადამიბრუნა ტვინი, მაგრამ იმ დღეებში, მიშოს ჩემს გვერდით ყოფნაც კი არ მიქმნიდა დისკომფორტს. უბრალოდ საკუთარ თავს ჩავაგონე, რომ ამ შვებულებით მაქსიმალურად მესიამოვნა, ნერვები არაფერზე მომეშალა და როგორც მილიარდელის ქალიშვილს, მიშოც ჩემს სექსუალურ, პირად დაცვად წარმომედგინა. დაცვად, რომელიც გვერდით ჩუმად მედგებოდა, ზედმეტად ხმასაც არ ამოიღებდა და საჭიროების შემთხვევაში, მძიმე ჩანთების წამოღებაში გამიწევდა დახმარებას.
ეგვიპტისთვის ორი კვირა გამოვყავით და დროც თავზე საყრელად გვქონდა, ამიტომ ტური შარმ-ელ-შეიხით დავიწყეთ. მართალია, იქაურობას ჩემში ისეთი გრძნობები არ გამოუწვევია, როგორც გოას პლაჟებს, თუმცა ვერ უარვყოფდი, ამ საზღვაო კურორტისთვის ერთი დღის დათმობა ნამდვილად ღირდა. შემდეგი უკვე ქაირო იყო, სადაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ეგვიპტის მუზეუმმა მოახდინა. მიშომ ძლივს მოახერხა ჩემი გარეთ გაყვანა და იმ ეგვიპტური არტეფაქტებისთვის მოწყვეტა, რომელთაც მუზეუმის თანამშრომლებისგან მალულად ვუღებდი ფოტოებს, ჩემი სამოგზაურო ალბომისთვის.
დასამახსოვრებელი იყო აქლემებით სეირნობა, უდაბნოში ბედუინებთან ვახშმობა, რომლებიც სულაც არ აღმოჩნდნენ ისეთი უცნაურები და საშიშები, როგორებიც აქამდე ჩემს წარმოსახვებში იყვნენ. შემდეგ უკვე მსოფლიოს შვიდ საოცრებაში მოხვედილი ნაგებობების ჯერიც დადგა. გიზაში ჩასვლისას, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ძველ დროში მოვხვდი, სადაც ფარაონები თავიანთი დიადი, მდიდრული გვირგვინებით დააბიჯებდნენ, თავს ღმერთების შთამომავლებად თვლიდნენ და უზარმაზარი სასახლეებიდან, სიამაყით შეჰყურებდნენ იმ სამარხების მშენებლობას, რომლებიც საბოლოოდ, მათი სხეულების სამუდამო სამყოფელი უნდა გამხდარიყო.

მახსოვს, სულგანაბული ვიდექი სამი უზარმაზარი პირამიდის წინ. მათ ფონზე მართლაც ლილიპუტებივით ჩანდნენ პატარა, საფეხუროვანი ფორმის სამარხები, რომლებიც, ჩემი ვარაუდით, მმართველების ცოლებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.
ირგვლივ უამრავი სხვადასხვა ეროვნებისა და კანის ფერის ტურისტი ირეოდა, რომლებიც ინტენსიურად იღებდნენ სამახსოვრო ფოტოებსა და ვიდეოებს. საკმაოდ კონტრასტულიც იყო იქაურობა. თუკი ერთ მხარეს ჩადრში გახვეული ქალი ჩაივლიდა, მეორე მხარეს შეიძლებოდა ნახევრად შიშველ, პირსინგებიან და უზარმაზარი ტატუირებით სხეულმოხატულ გოგონას გამოევლო.
აქ მოსვლის მომენტიდან მოყოლებული, მიშოც ჩემს გვერდით, ჩემსავით ხმაამოუღებლად შეჰყურებდა რამდენიმე მეტრის მოშორებით აღმართულ ხეოფსის, ხეფრენისა და მიკენის უზარმაზარ პირამიდებს, რომელთა შორის, სიდიდით ფარაონ ხეოფსის საძვალე გამოირჩეოდა. მიშოც ჩემსავით მოეჯადოვებინა პირამიდებს.
– ერთი ადამიანის დასაკრძალად, ასეთი სიდიდის ნაგებობა მართლა ზედმეტია. –დუმილი მისმა სიტყვებმა დაარღვია, რაზეც ოდნავ ჩამეღიმა.
– ეგ წადი და იმ ფარაონებს უთხარი, საკუთარ თავებს რომ ღმერთების შთამომავლებად და მათ თანასწორებად თვლიდნენ.
– ერთი რაღაც მაინტერესებს, – ცნობისმოყვარე მზერით მომიბრუნდა. – საიდანღაც მსმენია, რომ ეგვიპტელები თავიანთ ქვეყანას კემეტს ეძახდნენ, რაც შავ მიწას ნიშნავს.
– ჰო, მერე?
– ეს იმიტომ ხომ არ ხდებოდა, რომ ქურუმები უამრავ ეგვიპტურ წყევლას ქმნიდნენ, მძარცველების დასაშინებლად, რათა ფარაონების სამარხები არ გაეძარცვათ?
– არა, ეგ არაფერ შუაშია, – თავი გავაქნიე. – უბრალოდ ეს იქედან გამომდინარე იყო, რომ ნილოსი ყოველ წელს დიდდებოდა და მიწაზე შავ ტალახს ტოვებდა. ზედმეტსახელი „შავი მიწაც“ სწორედ აქედან მომდინარეობს. დავასრულე თუ არა წინადადება, მიშომ იდუმალი ღიმილით გადმომხედა.
– როგორც ჩანს, ჩემს ექსკურსია-მძღოლობას ვერც აქ აცდი, – თავზე მორგებული თეთრი კეპი გაისწორა მან. – ისე, ისტორიას სკოლაში კარგად სწავლობდი?
– ყველაზე მეტად მიყვარდა. – მივუგე და გიზის პირამიდებს მობილურით, მართკუთხა ფორმის ფოტო გადავუღე. – სხვათა შორის, ამ ნაგებობების აშენებას, შიგნიდან უფრო მეტ დროს ანდომებდნენ, ვიდრე გარედან, მაგრამ იმედი არ გქონდეს, რომ მის დასათვალიერებლად შიგნით შემოვალ.
– რატომ, დახურული სივრცის გეშინია, თუ კატაკომბების სტილის ნაგებობების? – ენას კბილი მაგრად დავაჭირე. არ ვიცოდი, მეთქვა თუ არა ხმამაღლა ის, რაც რეალურად მაშინებდა. თუმცა, ბოლოს მაინც სიმართლის თქმა გადავწყვიტე, რამე სულელური ტყუილის მოფიქრებას.
– არც ერთის და არც მეორესი. ეგვიპტური წყევლების შიში მაქვს.
– რაო? – სიცილი წასკდა. – ანუ პირამიდაში თუ შემოხვალ დაიწყევლები?
– ეგ არ მიგულისხმია. უბრალოდ შეიძლება, რამე ისეთი გავაკეთო, ან ისეთ რამეს შევეხო, რასაც საუკუნის წყევლა ადევს. – გვერდულად გავხედე. – მიდი, რაღას უცდი, შეგიძლია დაიწყო სიცილი.
ჩემდა გასაკვირად, მიშომ ამაზე არ გაიცინა, თუმცა ოდნავშესამჩნევი ღიმილი მაინც დიდხანს არ მოშორებია.
– ასეთი რამების რატომ გჯერა?
– ტუტანხამონის აკლდამის წყევლის შესახებ თუ გსმენია რამე? – ვეცადე სერიოზული არგუმენტი მომეყვანა, რომ ჩემი ფიქრები ზედმეტად სულელური არ გამოჩენილიყო.
– ნაწილობრივ, მაგრამ ეგ რა შუაშია?
– იმ შუაშია, რომ იმ აკლდამაზე უძველესი წყევლა ამოქმედდა, რომელმაც ყველა დასაჯა, ვინც კი შიგნით შევიდა. უცნაურად არ გეჩვენება, რომ ადამიანი, რომელმაც აკლდამის პოვნისა და გახსნის ექსპედიცია დააფინანსა, პაწაწინა კოღოს ნაკბენს ემსხვერპლა?
– თუკი ეგ სიმართლეა, რატომ მას არ დაემართა არაფერი, ვინც პირველი შევიდა აკლდამაში? როგორც ვიცი, მაგ კაცმა საფლავის აღმოჩენის შემდეგ კიდევ ათწლეულები იცოცხლა.
პასუხი ვერ გავეცი. მიშომ ძლიერ არგუმენტი მოიყვანა.
– რაც არ უნდა იყოს, შიგნით შემოსვლაზე მაინც უარს ვამბობ, – განვაცხადე მტკიცედ. – შენ თუ სურვილი გაქვს, შედი და დაათვალიერე.
– ჰო, შენ კი მანამდე ვინმე სიმპატიურ, დაკუნთულ ტიპს გაიცნობ, როგორც გოაზე, არა?
ბრაზისგან წარბები ჩემდაუნებურად შემეკრა. აქ სამსახურეობრივ მოვალეობას არ ვასრულებდი, ამიტომ არანაირი უფლება არ ჰქონდა, ჩემთვის საკუთარი წესები მოეხვია თავს.
– მერე შენ რა? – კითხვის დასმისას წინ დავუდექი და თვალებში უტეხად ჩავხედე. – თუ მომინდება, გავიცნობ კიდეც და ვნებიან ღამესაც გავატარებ, ნებართვა შენგან უნდა ავიღო?
– როგორც ჩანს, ძალიან მოწადინებული ხარ ვინმესთან ღამე გაატარო, – ირონიულად ჩაეცინა მიშოს. – მიდი, გაიარე და შესაფერისი კანდიდატი მოძებნე, დარწმუნებული ვარ, უარს არავინ გეტყვის.
– თუ სურვილი გამიჩნდება, ასეც მოვიქევი, – მივუგე გესლიანად. – შენ კი მგონი, თავს ზედმეტის უფლებას აძლევ!
მიშომ წამით თვალები დახუჭა და თავი გადააქნია. ჩემმა სიტყვებმა ძალიან გააღიზიანა. მოულოდნელად ორივე მკლავზე ხელი მომკიდა და მკაცრად შემომხედა. მეც ავღელდი.
– მისმინე, ახლა არც საქართველოში ხარ და არც რომელიმე პატარა კუნძულზე, მშვიდობიანი მოსახლეობის გარდა რომ ვერავის იპოვი, – გამაფრთხილებელი ტონი ჰქონდა მას. – შენ ვარდისფერ სათვალეში, ალბათ ყველაფერი ლამაზად ჩანს და ვერც იმას ხვდები, რომ ყველას ნდობა არ შეიძლება, მით უმეტეს როცა უცხო ქვეყანაში და უცხო კონტინენტზე ხარ.
– ისე ნუ მელაპარაკები, როგორც უტვინო ბავშვს, – გაღიზიანებულმა, ოსტატურად დავიხსენი თავი მისი ხელებისგან. – არავის დახმარება არ დამჭირდება და საქართველოშიც უვნებლად ჩავალ.
– დამიჯერე, ძალიან თვალში საცემი გარეგნობა გაქვს იმისთვის, რომ აქაურებისთვის შეუმჩნეველი დარჩე. – კვლავ გამაფრთხილებელი ტონი ჰქონდა მიშოს, თუმცა მაინც სასიამოვნო მოსასმენი აღმოჩნდა ის სიტყვები, რაც მისგან გავიგონე. – ცოტა აზრზე მოდი და ბრმად ნურავის ენდობი. ყველა ჯენტლმენურად არ მოიქცევა, როდესაც ხელის გასაწვდენ მანძილზე, ლამაზი უცხოელი ქალი ჰყავს.
ამ თემაზე, მეტად ხმა აღარ ამოუღია. მასთან ერთად არც მე. ეგვიპტეში არანაირ თავგადასავალს არ ვგეგმავდი, თუმცა ქვეცნობიერი მუდმივად მიშოსთან შეწინააღმდეგებისკენ იყო მიდრეკილი. ამას კი საკმაოდ ბევრჯერ მივუყვანივართ კამათის ფაზამდე.
პირამიდების შიგნიდან დათვალიერებაზე, საბოლოოდ მაინც მოახერხა მიშომ ჩემი დათანხმება. მართალია, თავდაპირველად დიდი სურვილი არ მქონია, თუმცა შემდეგ უკვე ძალიან მადლიერი ვიყავი განგების, რომ აქ შემოსვლა დამაძალეს. მხოლოდ ხეოფსის საძვალის მონახულება გადავწყვიტეთ, რომელიც თავისი მოცულობითა და სიდიადით, მართლაც ნათლად უსვამდა ხაზს ამ ფარაონის ძლევამოსილებასა და სიმდიდრეს.
შიდა სივრცე სიძველის სუნით იყო გაჟღენთილი. ვიწრო გვირაბს, რომელშიც თავდახრილი მიწევდა სიარული, მთელ სიგრძეზე გასდევდა ხის ძელებით დაჭედილი ბილიკი. იგი თითქოს ძველ წელთაღრიცხვაში გვაბრუნებდა და ისეთ ილუზიას მიქმნიდა, თითქოს გვირაბის ბოლოს, ოქროს ტახტრევანში დაბრძანებული ფარაონი უნდა მენახა, რომელსაც მონები დიდ მარაოს უნიავებდნენ.
ამ გვირაბის გავლის შემდეგ, წელში გამართვა უკვე შესაძლებელი იყო და დიდ, ხის კიბეს უკვე ზემოთა სართულისკენ მივყავდი, სადაც კიდევ ერთი ვიწრო გასასვლელი გაეკეთებინათ. აი, მისი გავლის შემდეგ კი ხელმარჯვნივ უკვე ის ოთახი იყო, სადაც ფარაონის სარკოფაგი ესვენა. იგი მთლიანად ქვისგან დაემზადებინათ და მისი არც თუ ისე პატარა ნაწილი დაზიანებულიც იყო.
მართლაც რომ შეუდარებელი გამოდგა პირამიდის შიგნით მიღებულია შთაბეჭდილებები. ხალხი თითოეულ დეტალს ტელეფონის კამერით აფიქსირებდა, თუმცა მე ერთი კადრის გადაღებაც ვერ მოვახერხე, რადგან ტელეფონი ისედაც მიჯდებოდა და არც Power bank მქონდა თან. გარეთ რომ გამოვედით, სიცხე ისევ შემაწუხებლად მომედო სხეულზე, ეს კი სიგრილიდან გამოსულს, ძალიან არ მესიამოვნა. ერთადერთი, რაც ეგვიპტეში მაღიზიანებდა, სწორედ ზედმეტად ცხელი ტემპერატურა და საოცრად ჩახუთული ჰაერი იყო.
– ამას სუვენირად წამოვიღებ, – მომესმა გვერდიდან მიშოს ხმა. ხელში პატარა ქვა ეჭირა და ზემოდან ისეთი ინტერესით დაჰყურებდა, თითქოს მისი გეოლოგიურად გამოკვლევა სურსო.
– ეგ საიდან აიღე? – დავინტერესდი. – არ თქვა, რომ პირამიდას მოატეხე.
– არა, აი, იქ ეგდო, – მომიგო თუ არა, მანიშნა კიდეც ადგილისკენ, სადაც მტვერსა და კიდევ ბევრ ასეთ ქვას შენიშნავდით. გამეღიმა. მივხვდი საქმე რაშიც იყო და ცრუ ილუზიებისგან დაცვის მიზნით, გადავწყვიტე ეს მისთვისაც ამეხსნა:
– შენ გგონია, ეგ ქვა მართლა პირამიდიდან ჩამოვარდა?
– რატომ არა? ზუსტად იგივე ფერი და სტრუქტურაა.
– ასეც უნდა იყოს.
– რას გულისხმობ? – დაბნეულობა გამოიწვია მასში ჩემმა სიტყვებმა.
– იმას, რომ ადრე ბევრ ტურისტს მიჰქონდა სუვენირად პირამიდის ქვები. წარმოიდგინე, ყველამ რომ ამ ნაგებობას პატარა ქვა მოატეხოს, ვინც კი წლის განმავლობაში სტუმრობს და სუვენირად წაიღოს შინ, კიდევ რამდენ ხანს იარსებებენ გიზის პირამიდები? ჰოდა, ასეთი რამ მოიფიქრეს, ზუსტად ისეთივე ფერისა და სტრუქტურის ქვებს ხელოვნურად ამზადებენ და პირამიდის გარშემო ყრიან, რათა ხალხს ნაგებობიდან ჩამოცვენილი ეგონოს, სუვენირის სახით ისინი წაიღონ და თავად პირამიდა აღარ დააზიანონ. ასე ერთი მხარეც კმაყოფილია და მეორეც.
მიშო ხმას არ იღებდა და ჩაფიქრებული სახით დაჰყურებდა ხელში მოქცეულ ქვას. შემდეგ გაეცინა და ქვა კვლავ იქ დააგდო, საიდანაც აიღო.
– ჩემი მოსიარულე ენციკლოპედია ხარ, იცი? – მომიგო ღიმილით.
- მაგ წინადადებაში სიტყვა “ჩემი” ზედმეტია, - თვალი ჩავუკარი და გვერდიც ავუქციე. – თუ მოდიხარ, გაინძერი. საღამომდე სფინქსის ნახვაც უნდა მოვასწროთ, მერე კი საჭმელად მივდივარ.
– მე გეპატიჟები, – მხიარულად მომიგო მიშომ და უკან მართლაც რომ პირადი დაცვასავით გამომყვა.
ფარაონის ძლიერების სიმბოლოდ აღიარებული, ლომისთავიანი და ადამიანის ტანიანი, ოცმეტრიანი ქანდაკება, კვლავაც ძველებური ქედმაღლობითა და სიამაყით გადმოჰყურებდა მის სანახავად შეკრებილ ტურისტებს.
ქანდაკების შუბლზე, ჯერ კიდევ შემორჩენილი კობრის სიმბოლო, ვერსიას მიჩენდა, რომ იგი თავის დროზე, ბათქაშით დაფარული და კაშკაშა ფერებით მოხატული უნდა ყოფილიყო, დღეს კი აღარც ეს ფერები ჩანდა და აღარც სფინქსის ცხვირი, რომელიც დროსა და სიძველეს დაეზიანებინა. აქ უკვე მიშოს წავართვი ტელეფონი და რამდენიმე სამახსოვრო ფოტო გადავუღე ადგილსაც და საკუთარ თავსაც, მერე კი ისინი ჩემს WhatsApp-ზე გადავაგზავნე და გალერიიდან უმალვე ამოვშალე.
სწორედ იმ დროსა და იმ მომენტში, ერთი რამეც გავაცნობიერე. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ზუსტად თავგადასავლებს მოჰქონდათ. აუხსნელ სიხარულს მჩუქნიდა მოგზაურობა, უცხო კულტურების გაცნობა და ის შეგრძნება, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, თანდათანობით კი მსოფლიოს ყველა წერტილს მოვივლიდი, რომელიც ჩემში მცირედ ინტერესს მაინც აღძრავდა.



***
ნუბიაში ყოფნისას, ზღვის პროდუქტების განთქმულ რესტორანს ვესტუმრეთ, რომელსაც უზარმაზარი, ხახადაღებული თევზის ფორმა ჰქონდა. უკვე მეორე კვირა იწურებოდა, რაც ეგვიპტეში ვიმყოფებოდი და იმდენი გასაოცარი ადგილი მქონდა მოვლილი, სივას მარილიანი ტბებიდან დაწყებული, ქალაქ მემფისით დამთავრებული, ფოტოების რაოდენობა ათასსაც კი აჭარბებდა.
ამ რესტორანში საჭმელად წამოსვლა ჩემი იდეა გახლდათ. პირველი, რამაც მომხიბლა, ეს ცოცხალი მუსიკა იყო, ხოლო მეორე – აღმოსავლური ცეკვები. ასეთი ცეკვები ბავშვობიდან მიზიდავდა და უამრავ იუთუბ-ვიდეოსაც ვუყურებდი, რათა სამოყვარულო დონეზე რომ შემესწავლა. ცეკვებსაც ისე მოუთმენლად ველოდი, როგორც მთელი დღის მშიერი, ჩემს მიერ შეკვეთლ ფუა-გრას.
ამ კერძის ეგვიპტეში გასინჯვა ყოველთვის ძალიან მინდოდა, რადგან მას იქ ჩვენს ხელთაღრიცხვამდე ორიათას ხუთასი წლის წინათაც კი ამზადებდნენ და საკმაოდ ცნობილ, მოთხოვნად დელიკატესადაც ითვლებოდა.
რესტორნის ინტერიერი საკმაოდ სადა, ორიგინალური და დახვეწილი იყო. მაგიდები და სკამები მთლიანად მინისგან იყო დამზადებული, რომლებიც ლამაზად მოეხატათ 3D გამოსახულების სხვადასხვა წყალმცენარეებითა და ზღვის ბინადარი ცხოველებით. ფანჯრებს დიდი, მრგვალი ფორმები ჰქონდათ, კედლები მენთოლისფერში იყო გადაწყვეტილი, ხოლო ჭერიდან ჩამოშვებული ნათურებისთვის ზღვის ვარსკვლავების ფორმები მიეცათ.
მიშო რატომღაც უხასიათოდ ჩაჰყურებდა მობილურს, თუმცა მისგან განსხვავებით, მე მშვენიერ განწყობაზე ვიყავი. ხასიათი კიდევ უფრო გამომიკეთდა, როდესაც ოფიციანტმა როგორც იქნა ჩვენი შეკვეთა მოიტანა და მე ნანატრი ფუა-გრა დამიდო წინ, ბაქლავასთან და ალუბლის წვენთან ერთად, ხოლო მიშოს, მხოლოდ ერთი ჭიქა კარკადეს ჩაი.
– დარწმუნებული ხარ, რომ არ გშია და არც ტკბილი გინდა რამე? – ვკითხე როგორც კი მიმტანი თავის საქმეს მორჩა და მარტო დაგვტოვა.
– არ მშია, – მომიჭრა მოკლედ. უხასიათობა სახის ყველა მიმიკაზე ეტყობოდა.
– თუ ადამიანს რამე მჟავე მოუნდება, შენს გამომეტყველებას უნდა შეხედოს ამ წუთას.
მიშოს ოდნავ ჩაეღიმა, თუმცა ეს ღიმილი, მის სახეზე დიდხანს არ დარჩენილა.
– იუმორი აშკარად დახვეწას საჭიროებს.
– ზოგადად, ვისზეც ხუმრობენ, იმას ნაკლებად ეცინება ხოლმე.
– ვატყობ პასუხები ყველაფერზე გაქვს მომზადებული, – მითხრა თუ არა, მაშინვე წინ დადებულ მენიუს ჩახედა უკმაყოფილო მზერით. – აქ ჩამოთვლილ ტკბილეულს ან თაფლი აქვს გარეული, ან ნუში, ან კიდევ ფინიკი, მე კი სამივე მეზიზღება.
– ნუში გეზიზღება? – თვალები გამიფართოვდა, რადგან ვერ წარმომედგინა ადამიანი, ვისაც ჩემთვის ამდენად გემრიელ რამეზე, შეეძლო ეს სიტყვები ეთქვა.
– მეც ზუსტად ასე გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ იაპონური სამზარეულო გეზიზღებოდა.
– შენი ნებაა, მაგრამ ეცადე, მაგ ამჟავებული სახით მადა არ დამიკარგო.
– შეგიძლია სხვა ადგილას გადაჯდე, – უდარდელად მოსვა თავისი კარკადე, თან ჩვეული, ირონიული მზერა მომაპყრო. – შენი მადისთვის აშკარად ასე სჯობს.
მეფარიშვილის აგდებულმა ტონმა, ნერვებზე ძალიან იმოქმედა. მართალია იმ მომენტში ყველაფრის ალაგება და სხვა მაგიდასთან გადასვლა ჭირივით მეზარებოდა, თუმცა სიამაყემ საშუალება არ მომცა, ჭამა კვლავ მის გვერდით გამეგრძელებინა. თეფშებსა და წვენს ხელი მშვიდად მოვკიდე და გვერდითა მაგიდაზე გადავინაცვლე. არც მიშოს გაუკეთებია რაიმე კომენტარი. ჩაის სმა ისე უდარდელად განაგრძო, თითქოს აქ თავიდანვე მარტო ყოფილიყო მოსული. ამან ისედაც გაღიზიანებული, უფრო მეტად გამაღიზიანა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ამ ადამიანს ყველაფერი ფეხებზე ეკიდა და საკუთარ ცხვირს იქეთ, საერთოდ ვეღარაფერს ხედავდა.
მაშინ პირველად ვინანე დაპირების ჩემი ნაწილის შესრულება და ეგვიპტეში ჩამოსვლა. საერთოდ რას ვაკეთებდი იქ მიშოსთან ერთად? ვინ ვიყავით ერთმანეთისთვის? როგორ გამოჩნდებოდა ეს სხვის თვალში, ან რა მნიშვნელობა ჰქონდა სხვის აზრს, როცა ჩემს თვალშიც აღარ ჩანდა ნორმალურად?
საშინელ ხასიათზე დავდექი. საკუთარი თავისადმი გაჩენილმა ბრაზმა, ლამის ადგომისა და უკანმოუხედავად წასვლის სურვილიც გამიჩინა. გონს დროულად მოვედი, თავი არ შევირცხვინე და ვახშმობა ზუსტად ისეთივე უდარდელი გამომეტყველებით განვაგრძე, როგორც მიშოს ჰქონდა.
რაც არ უნდა ყოფილიყო და ვისთან ერთადაც არ უნდა ვყოფილიყავი იქ, ეგვიპტემ ჩემში მაინც დაუვიწყარი ემოციები აღძრა. ასეთი მძაფრი, მისტიური შეგრძნებები მას შემდეგ აღარ გამომეცადა, რაც უნივერსიტეტში, მთელი წლის ნაგროვები სტიპენდიითა და კაფეში მუშაობით გამომუშავებული თანხით, ბალის ერთკვირიანი ტური ვიყიდე. მახსოვს, მაშინ თვრამეტი წლის ვიყავი და იმ ტურისტულ ჯგუფშიც ყველაზე უმცროსაც ვითვლებოდი, ვისთან ერთადაც ამ საოცარ კუნძულს ვესტუმრე. არასდროს დამავიწყდებოდა იქაური პლაჟები, ორიგინალური არქიტექტურის მქონე ტაძრები და ფოტოების გადასაღებად ვარგისი საუკეთესო ადგილები, რომელთა შორისაც, უპირობო ლიდერი ჩემთვის „სამოთხის კარიბჭე“ გადმოდგა.
ახლა უკვე აბუ-სიმბალის დიდებული ტაძარი მელოდა წინ. იგი ეგვიპტეში ერთადერთი ღირშესანიშნაობა იყო, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცოდი. ეს ოცდათორმეტი საუკუნის წინ აგებული შენობა, ოცი საუკუნის განმავლობაში ქვიშაში იყო ჩაფლული, დიდი და პატარა ტაძრებისგან შედგებოდა და სამოცდაოთხი მეტრით მაღლა მდებარეობდა იქედან, სადაც იგი თავდაპირველად ააშენეს.
დრო საკმაოდ ნელა გადიოდა. კერძის ჭამა, სანახევროდ უკვე დასრულებული მქონდა, როდესაც ჩემს სმენას მუსიკის ხმა მისწვდა და სახეზე უნებურად მომადგა ღიმილი. როგორც ჩანდა, უკვე იწყებოდა ის ნანატრი შოუ, რისთვისაც ამ ადგილას გადავწყვიტე ვახშმობა. სულ მალე, ამაში თვითონაც დავრწმუნდი. ზუსტად მაშინ, როცა სცენის განათება ოდნავ ჩაბნელდა, იატაკზე ღია ცისფერი შუქები ალიცლიცდა და იქ, ამავე ფერის ბრჭყვიალა ბიუსჰალტერსა და გრძელ კაბაში გამოწყობილმა, შავგრემანმა გოგონამ გამოაბიჯა, თავზე დადგმული შანდლების გვირგვინით, ანთებული სანთლებით რომ იყო მორთული.
იქ შეკრებილ კლიენტთა ყურადღება, ელვის სისწრაფით გადავიდა სცენის, უფრო სწორად გოგონას მხარეს. მეც მაშინვე შევწყვიტე ვახშმობა. ასეთ წარმოდგენას, ტელევიზორის, ან კომპიუტერის ეკრანის გარეთ, რეალურ ცხოვრებაში პირველად ვხედავდი, ამიტომ ჩემი მზერა მოცეკვავისკენ იყომიმართული. მისი ლამაზი, ნაზი და ამავდროულად თამამი მოძრაობები, ჩემში დიდ აღფრთოვანებას იწვევდა. ამ სანახაობის შემყურემ, რამდენიმე წამში ტელეფონი მოვიმარჯვე, კამერის რაკურსი გავასწორე და ვიდეოს გადაღება დავიწყე. ალბათ ბოლომდე გადავიღებდი კიდეც ამ წარმოდგენას, რომ არა ის, რაც შემდეგ მოხდა. ცეკვის შუა ნაწილში, გოგონამ თავისი შანდალი იატაკზე დადო, სხეულის მოხდენილი რხევით ჩამოვიდა სცენიდან, სტუმრებს შორის გზა ცეკვა-ცეკვით გაიკვლია, იმ მაგიდას მიუახლოვდა, სადაც მიშო იჯდა და სწორედ იქ განაგრძო ქარის მელოდიაზე აცეკვებული ხესავით მოძრაობა.
მეფარიშვილი მშვიდად იჯდა, სკამის საზურგეს მიყრდნობოდა და მოცეკვავეს ისეთი მედიდური მზერით ათვალიერებდა, როგორც პლანტატორი, ბაზარზე გასაყიდად გამოყვანილ მონას. გადაღება შევწყვიტე და ინტერესით ვადევნებდი თვალს მოვლენების განვითარებას. ამაზე უფრო თამამ და გამომწვევ სვლას, გოგონასგან უკვე აღარ მოველოდი, თუმცა როდესაც მან მიშოს კალთაზე დაიკავა ადგილი, მისი ტუჩებისკენ დაიხარა და ამდენი ხალხის თანდასწრებით, მოურიდებლად აკოცა, მივხვდი, რომ ჩემი ქალური ლოგიკა მთლად კარგადაც ვერ მუშაობდა.
ამ სცენას თვალი სასწრაფოდ ავარიდე და ღრმად ამოვისუნთქე. თავი რომ კვლავ გავატრიალე, მოცეკვავე უკვე წამომდგარიყო მეფარიშვილის მუხლებიდან და ცეკვა-ცეკვით, ამჯერად კვლავ სცენისკენ მიიწევდა.
ხალხის ოვაციებსა და შემაწუხებელი აპლოდისმენტების ხმას დასასრული არ უჩანდა. მხოლოდ მიშოს სახეს ვერ ვამჩნევდი ვერანაირ ემოციას. ეს უკანასკნელი, ისეთი გაყინული მზერით იჯდა მაგიდასთან, ვერ ვხვდებოდი, რას ფიქრობდა ან გრძნობდა.
მოცეკვავე კვლავაც აგრძელებდა თავის ცეცხლოვან გამოსვლას, ამჯერად თავზე დადგმული შანდლით, თუმცა მისთვის გადაღების განწყობა უკვე აღარ მქონდა. სრულიად შესაძლებელი იყო კიდევ გასჩენოდა სურვილი, ჩემი კადრები, მსგავსი ინტიმური გამოსვლებით გაეფუჭებინა, ამიტომ, ამჯერად მხოლოდ რიგითი მაყურებლის პოზიციას ვჯერდებოდი. როგორც ალღო მკარნახობდა, ტაძრის სანახავად წასვლა მარტოს მომიწევდა, რადგან მეფარიშვილს მორიგი თაყვანისმცემელი გამოსჩენოდა მოცეკვავე გოგონას სახით და სავარაუდოდ მასთან მოინდომებდა დროის გატარებას, მანამ, სანამ კვლავ საქართველოში დავბრუნდებოდით. ასე, რაღაც მხრივ უკეთესიც კი იყო ჩემთვის. თუკი მისი ყურადღება ვინმე სხვაზე გადავიდოდა, აღარც მის გვერდით ყოფნა მომიწევდა და აღარც იმ უცნაური დამოკიდებულების ატანა, მუდამ რომ ვგრძნობდი ხოლმე.
ფუა-გრას პორცია იმდენად ნოყიერი აღმოჩნდა, მისი ბოლომდე შეჭმა ვერ შევძელი. აღარც დესერტის გასინჯვის სურვილი გამჩენია. მხოლოდ წვენი დავაყოლე ჩემს ვახშამს, წყურვილის მოსაკლავად და სასწრაფოდ მოვითხოვე ანგარიში, რომ იქაურობას რაც შეიძლებოდა მალე გავცლოდი.
სანამ მიმტანი ანგარიშის ჩეკს მომიტანდა, საპირფარეშოში გავედი თავის მოსაწესრიგებლად. გარეთ საშინელი სიცხე იყო, ამიტომ მხრებზე ჩამოშლილი თმა მაღლა ავიწიე. შემდეგ უფერული ტუჩსაცხი გადავისვი და სარკეში საკუთარი თავი შევათვალიერე. ამინდისთვის შესაფერისი თხელი, ალუბლებით მოხატული, მოკლე სარაფანი მეცვა, თუმცა დღევანდელი ტემპერატურისთვის ესეც კი ზედმეტი იყო. თავდაპირველი გეგმებისთვის ზურგი მაინც არ შემიქცევია. ამ ქვეყანაში ყოფნის ბოლო დღეები იწურებოდა და ვცდილობდი თითოეული წუთისთვის რაღაც ისეთი დატვირთვა მიმეცა, რომ შემდეგში უქმად გატარებულად არ ჩამეთვალა.
ონკანში მოშვებულ წყალში ხელები სწრაფად გადავიბანე და ხელსახოცით გავიმშრალე. მერე ჩანთა გადავიკიდე და წასასვლელად მომზადებული, უკვე კარისკენ გავეშურე, რომ ეს უკანასკნელი, მოულოდნელი გაღების გამო, კინაღამ ცხვირში მომხვდა. უკან სწრაფად გავხტი. ვიფიქრე, შემომსვლელს შემოვატარებ და მერე თავად გავივლი-მეთქი. გავვოცდი, როცა მიშო შემრჩა ხელთ. რამდენიმე წამის განმავლობაში, ამ გაოცებამ ხმის ამოღების საშუალება არ მომცა.
– მგონი ვიღაცას მარსის ისრისა და ვენერას სარკის* ერთმანეთისგან გარჩევის პრობლემა აქვს (*მამაკაცისა და ქალის აღმნიშვნელი, ასტროლოგიური სიმბოლოები. ხშირად გამოიყენებენ მამაკაცებისა და ქალების საპირფარეშოების კარზე, როგორც სქესის აღმნიშვნელ ნიშნებს).
– ცდები, მაგ ორს ერთმანეთისგან მშვენივრად ვანსხვავე, – ზურგს უკან კარი მიხურა. გამოხედვა ისეთი ღრმა და იდუმალი ჰქონდა, მაშინვე ვიგრძენი, რომ მისი აქ შემოსვლა, რაღაც კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა.
– თუ ასეა, ქალების საპირფარეშოში რას აკეთებ? – თვალებში ინტერესით ჩავხედე, თან სარკასტული ღიმილი მომადგა სახეზე. – თუ იმ მოცეკვავე გოგომ დაგიბარა, რომანტიულ წუთებს აღარ ჩაგიშლით, წავალ.
– სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე, ქალთან ასეთი სახის ურთიერთობას უფრო ჰიგიენურ ადგილას ვამჯობინებ ხოლმე.
– ჰოო, სასტუმროს ნომერი, სურნელოვანი სანთლები და ვარდის ფურცლები სჯობს. მშვენიერ დროს გაატარებთ.
– ვარდის ფურცლები და სანთლები? – სიცილით დაეყრდნო ნიჟარას და მის წინ დაკიდებულ დიდ სარკეში ჩაიხედა. – ისეთი მოსაწყენია, დაკრძალვის ცერემონია გამახსენდა
– აქ რატომ შემომივარდი? – საუბრის თავდაპირველ თემას დავუბრუნდი.
– შენ თვითონ სად იპარებოდი? – სარკიდან წარბაწეულმა გამომხედა. – როგორც მახსოვს, საერთო გეგმები გვქონდა.
– ეგ მანამ, სანამ ის გოგო ყველას თანდასწრებით დააგემოვნებდა შენს ტუჩებს. დარწმუნებული ვარ, საპასუხო ინიციატივას ელოდება, ამიტომ ნუ ალოდინებ, მე კი ჩემი გზით გამიშვი.
– არსადაც არ წახვალ! – კარისკენ წასულს დამეწია და მკლავში ხელის ჩავლებით მიმაბრუნა თავისკენ. – უცნობი ქალის ერთი უბრალო კოცნის გამო, საკუთარ გეგმებს არ შევცვლი. იქ ერთად წავალთ.
– არ მინდა შენთან ერთად წამოსვლა. – არც კი ვიცოდი რატომ ვჯიუტობდი, თუმცა ფაქტი იყო საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი.
მიშო მხოლოდ ერთი წამით იდგა უმოქმედოდ შემდეგ უკვე იდუმალი ღიმილი გადაეფინა სახეზე, გასასვლელ კართან მივიდა და იგი შიგნიდან გადარაზა. მართალია არ ვიცოდი ამას რატომ აკეთებდა, თუმცა რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, ზუსტად ვიცოდი, არ მომეწონებოდა.
– მკითხე აქ რატომ შემოხვედიო, არა?
– კარგი მახსოვრობა გაქვს. – ზუსტად ამ დროს, კარის სახელური დაიწია, მერე კი კაკუნის ხმაც გაისმა. როგორც ჩანდა, რესტორნის რომელიმე კლიენტს, საპირფარეშოთი სარგებლობა სურდა.
– არ გაინძრე, – გამაფრთხილებელი ტონით მითხრა მიშომ, როგორც კი შეამჩნია კარის გასაღებად წავიწიე. თითები უწინდელივით ჩემს მკლავს შემოხვია, ხოლო მეორე ხელით მაჯა დამიჭირა და ძლიერად შემბოჭა.
– თუ რამის თქმა გინდა, ეს გარეთ გააკეთე. ჩვენ გამო ხალხი ფერხდება.
– ჩშშშ! – ტუჩებზე ცერა თითი ამაფარა, თან ჩემს სარაფანს შეავლო მზერა. – ამ კაბაზე დახატული ალუბლები იცი რა სურვილს მიღვიძებს?!
– რას, ალუბალი გინდება?
– ჰო, მაგრამ დასაწყისისთვის მინდა ბოლომდე გაგაშიშვლო, ის ალუბლები შენ შიშველ სხეულზე დავაწყო და პირდაპირ იქედან დავაგემოვნო. – გავშრი. გონებაში მიშოს სიტყვებს ვატრიალებდი და მის ქარვისფერ თვალებს მზერას არ ვაშორებდი. ბოლოს ბრაზი ვიგრძენი. ყელში იმდენად ძლიერად წამიჭირა, თავი ძლივს შევიკავე, რომ ხმის ტონისთვის არ ამეწია.
– შენ რა, იმ კარკადეში რამე ჩაგიყარეს? – მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ვერაფერს გავხდებოდი, თავის დახსნის მიზნით, მაინც ავფართხალდი მის მკლავებში. რა თქმა უნდა, ჩემს მცდელობას სასურველი შედეგი არ გამოუღია.
– მოდუნდი, – ამჯერად ჩემს ყურის ბიბილოს წაეთამაშა ტუჩებით და აქედან სულ მალე ვიგრძენი, როგორ გადაინაცვლეს მისმა ხელებმა წელის მიმართულებით. რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ მეხუტებოდა. მის თბილ სუნთქვას, საკუთარი კანით ვგრძნობდი და თუ აქამდე მიშოს მხრიდან შებოჭვა არ მაძლევდა გამოძრავების საშუალებას, ახლა უკვე განცვიფრება მიბლოკავდა ამ უნარს.
გაქვავებული ვიდექი და მხოლოდ თვალებს ვახამხამებდი. კარზე ძლიერი, დაუსრულებელი კაკუნის ხმაც თითქოს პარალელური სამყაროდან ჩამესმოდა და უკვე აღარც მას ვაქცევდი ყურადღებას.
– შეგიძლია მითხრა, ახლა რას გრძნობ? – მკითხა მან ხმადაბლა. წარმოდგენაც არ მქონდა რა ხდებოდა ჩემს თავს, მაგრამ თუკი ეს მეფარიშვილის მორიგი სპექტაკლი იყო, ოსკარსაც კი იმსახურებდა, როლის პროფესიონალურ დონეზე შესრულებისთვის.
– ვგრძნობ, რომ შენს თავს არ ჰგავხარ. – მივუგე დამსხვრეული ხმით. ვერ ვიტყვი კონკრეტულად რა ძალამ დამიბრუნა ლოგიკური აზროვნების უნარი, თუმცა აქედან ძალიან მალე, გონებაში არსებული სიბნელე, თითქოს კაშკაშა მზის სხივებმა გაანათეს. უკვე აღარ გამჭირვებია მივმხვდარიყავი, რა მიზანს ემსახურებოდა მისი ასეთი საქციელი. სიტუაციის გააზრებისას, ჩემი სახე, ავტომატურად გადაერთო ირონიული გამომეტყველების “რეჟიმზე”. როცა მე და მეფარიშვილი ერთ ჭერქვეშ ვიყავით, სხვანაირად უბრალოდ არც შემეძლო. – გასაგებია, აი, თურმე რას ცდილობ... სკოლის ასაკიდან მოყოლებული, მუდამ ყველაზე ლამაზი, სექსუალური ქალები დაგდევდნენ კუდში და შენი მამაკაცური ეგო ვერ ეგუება, მეც რომ არ ვცდილობ შენ ლოგინში შეთრევას. სწორედ ამიტომ ტესტავ, მოახდენს თუ არა შთაბეჭდილებას ჩემზე ეს სიახლოვე.
– გთხოვ, მომენტს ნუ აფუჭებ...
– მკითხე, ახლა რას გრძნობო, – მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე ისე განვაგრძე. – ჰოდა, გეტყვი, მინდა ხელი რაც შეიძლება მალე გამიშვა და ეს უკანასკნელი შემთხვევა იყოს, როცა ამდენად ახლოს მოხვედი ჩემთან.
როგორც აღმოჩნდა, ამ წინადადებას მართლაც საკმაო დიდი ძალა ჰქონდა, რადგან ჩემს წელზე შემოხვეული მიშოს მკლავები, უკვალოდ გაქრნენ და მანაც ერთი ნაბიჯით დაიხია უკან.
– მითხარი, ამ ორმა კვირამ ვერაფერი შეცვალა, არა? – ეჭვისგან დაწვრილებული თვალებით მიყურებდა. მომეჩვენა, რომ სადღაც ღრმად, ტკივილიცა და სევდაც მოუჩანდა. – ქალბატონ მარიტას, ჩემზე კვლავ ისეთი ალერგია აქვს, ლამისაა არსებობისთვისაც კი მოვუხადო ბოდიში. ის ხომ პატიოსნების განსახიერებაა და ადამიანს შეცდომის დაშვებას არ პატიობს?
– ხედავ? ახლაც კი ირონიული ხარ. რომ იცოდე, შენ გამო საუკეთესო მეგობარი დავკარგე! შენ გამო აღარ მოინდომა ჩემთან ურთიერთობა!
– ჩემს გამო? – მეტად მკაცრი იერი მიიღო მისმა სახემ -სამყაროში მომხდარ ყველა უბედურებაში მე რომ არ მადანაშაულებდე, მიხვდებოდი, რომ ნამდვილი მეგობარი, პირველივე შესაძლო შემთხვევისთანავე, ფეხებზე ვერ დაგიკიდებდა. როგორც ჩანს, თქვენ ორში, მხოლოდ შენ იყავი მეგობარი.
– გაჩუმდი! არაფერი იცი!
– საკმარისზე მეტიც ვიცი, – ნიჟარასთან მივიდა, ცივი წყალი მოუშვა და ხელებში დაგუბებული სითხე პირზე შეისხა, ისე, თითქოს რამეზე ნერვიულობს და ამ გზით დამშვიდებას ცდილობსო. – ერთ რჩევას მოგცემ, არასანდო ადამიანები მანამ მოიშორე, სანამ ისინი თავად გააკეთებენ ამას,
– შენი რჩევები შენთვის შეინახე! – მივახალე ბრაზიანად. შინაგანად ჯერ კიდევ ვკანკალებდი იმ ყველაფრის გამო, რაც მიშომ, აქ შემოსვლის მომენტიდან დაატრიალა და სწორედ ამიტომ ვიყავი ასეთი უხეშიც.
– კარგი, დღეიდან მეცოდინება, რომ ჩემთვის უნდა შევინახო. – დემონურად მაცდური ღიმილით გამომხედა სარკიდან, თან ონკანში მოშვებული წყალიც დაკეტა. – სჯობს ადამიანურად საუბარი მათთან ვცადო, ვისგანაც ანალოგიური დამოკიდებულება წამოვა და იმ სამყაროში განვაგრძო ცხოვრება, სადაც მხოლოდ სიძულვილს ვხედავ შენ მზერაში.
მეტად აღარაფერი გამიგია მისი პირიდან. არც თავად გამჩენია პასუხის გაცემის სურვილი. ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, უკვე აშკარა იყო, რომ აბუ-სიმბალის ერთად ნახვა, ბედის წიგნში არ გვეწერა. საკეტი სწრაფად გადავატრიალე და გარეთ ისე გავვარდი, მიშოსთვის ერთი სიტყვაც არ მითქვამს. ერთადერთი, რაც ჩემს სმენას მისწვდა, ეს საპირფარეშოს კართან მდგომი, ჩადრში გახვეული ქალების სიტყვები იყო. მივხვდი, რომ შეურაცხმყოფელ შინაარსს შეიცავდა.
მაგიდაზე დატოვებული ანგარიში, რაც შემეძლო სწრაფად გავასწორე და რესტორანი უკანმოუხედავად დავტოვე. არ დავინტერესებულვარ იმით, თუ სად იყო, ან რას იზამდა მიშო. თვალიც კი აღარ მომიკრავს მისთვის საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ. იქაურობას რომ მალე გავცლოდი, დაწესებულების პარკინგზე მდგომ, პირველივე ტაქსის მანქანაში მოვთავსდი და მძღოლს, აბუ-სიმბალის ტაძრამდე მიყვანა ვთხოვე. ათ წუთში უკვე სასურველ მისამართზე ვიმყოფებოდი.
საშინელი სიცხის მიუხედავად, გარშემო უამრავი ტურისტი ირეოდა. არც მიკვირდა. ჩემს წინ, ამაყად აღმართულიყო კლდეში ნაკვეთი, ოთხი უზარმაზარი ფარაონი, რომლებიც, მარჯვნიდან და მარცხნიდან, თითქოს დარაჯებივით იცავდნენ ტაძრის შესასვლელ კარს. სულგანაბული მივშტერებოდი ეგვიპტის ამ უკვდავ ღირშესანიშნაობას. მერე რამდენიმე სამახსოვრო ფოტო გადავუღე თვითონ ტაძარსა და მიმდებარე ტერიტორიას.
ხალხის ნაკადის ერთი ნაწილი, უკვე შესასვლელისკენ მიიწევდა. გადავწყვიტე მეც მათ რიგებს შევერთებოდი, თუმცა ორი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული, როცა ჩემს ხელზე მაგრად ჩავლებულმა თითებმა შემაჩერეს. უკან გაკვირვებული მოვტრიალდი. ჩემ წინ დაახლოებით თორმეტი-ცამეტი წლის, ფირუზისფერ კაბაში გამოწყობილი, შაქრისფერი გოგონა იდგა და მხრებზე ჩამოშლილი ნახშირისფერი, ტალღოვანი თმა, ლამის წელამდე სწვდებოდა. ცხოვრებაში არასდროს მენახა ასეთი სპეციფიური ვიზუალის მქონე ბავშვი. წყლიანი, ლამაზი ჭრილის მქონე, ღია იასამნისფერი თვალები ჰქონდა. ვფიქრობდი, რომ ამ ფერის თვალები, ბუნებაში არც არსებობდა, თუმცა ახლა, როდესაც რეალობა საპირისპიროში მარწმუნებდა, ტუჩებზე მომდგარ ღიმილს ვერაფრით ვიკავებდი.
– ტურისტი ხართ, არა? – მკითხა გოგონამ ინგლისურად. ხმას ზუსტად ისეთივე სუფთა და ლამაზი ჰქონდა, როგორც გარეგნული მხარე. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ ადგილობრივი იყო, თუმცა ეროვნებით ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო ეგვიპტელი.
– ჰო, ასეა, – გავუღიმე და ხელზე ჩავლებული თითები ფრთხილად გავაშვებინე. –გასაკვირია, ინგლისურად ასე უაქცენტოდ რომ საუბრობ.
– სულაც არ არის გასაკვირი, – თავი გააქნია მან. – ბევრ ტურისტს ვხვდები, მათ ხელზე ვმკითხაობ ხოლმე. გინდა შენც გიმკითხაო?
– მკითხაობა? – მაქსიმალურად შევიკავე თავი გაცინებისგან. – არ მითხრა, რომ სამკითხაო ბროლის ბურთებიც გაქვს.
– თუკი ასე არასერიოზულად მიუდგები, წავალ. – გახსნილი წარბები, სინათლის სიჩქარით შეკრა გოგონამ და დააპირა კიდეც წასვლა, თუმცა ამჯერად მე შევაჩერე. არ მსურდა პატარა გოგონა ნაწყენი გამეშვა.
– არა, მოიცა, ნუ წახვალ. უბრალოდ გამიკვირდა, ასეთი მცირეწლოვანი მკითხავი არასდროს მინახავს.
– დღეში ასჯერ მაინც მესმის ის, რაც ახლა თქვი.
– კარგი, მაშინ მოდი მაშინ ასეთი კომენტარებისგან თავს შევიკავებ, – კიდევ ერთხელ გამეღიმა და თვალებში ჩავხედე. – რაზე უნდა მიმკითხაო?
გოგონა წამით შედგა, მერე კი თავით იქითკენ მიმანიშნა, სადაც ტაძრისკენ მიმავალი ბილიკის მარცხენა მხარეს, პატარა, ჭრელი კარავი იყო გაშლილი.
– აქ ძალიან ცხელა, ჯერ იქ შევიდეთ.
– შენი კარავია?
– კი, ჩემია, – თავის დაქნევითაც დამემოწმა. – მკითხაობის თემას მე არ ვირჩევ, იგი თავად უნდა ამოირჩიო.

გონებაში საკუთარ თავზე გამეცინა. ჩანთაში მალულად ჩავიჭყიტე. ფული საკმარისად მქონდა, მაშინაც კი, თუკი ამაში ორმოცდაათ დოლარზე მეტს მომთხოვდა, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი იქაურობას და ზედმეტი ფიქრის გარეშე შევყევი გოგონას კარავში.
იქაურობა ზედმეტად ჩვეულებრივი, ყოველგვარი ზედმეტი ნივთისგან თავისუფალი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მართლა მქონდა იქ მინის ბურთების, სამკითხაო ბანქოსა და უცნაური გამოსახულებების მქონე, კამათლის ქვების ნახვის მოლოდინი. შიგნით მხოლოდ ორი მომცრო ზომის პუფი, ერთი ხის დაბალფეხიანი მაგიდა და ბამბუკისგან მოწნული კალათა იდო, რომელიც სხვადასხვა ჯიშისა და ფერის ყვავილებით იყო სავსე. ამის გამო, კარავში მეტად სასიამოვნო სურნელი იდგა.
- დაჯექი, – ხელით თავისუფალი პუფისკენ მანიშნა გოგონამ, როგორც კი თავად ერთ-ერთ მათგანში მოთავსდა. იასამნისფერი თვალები დიდი ინტერესით მიმზერდნენ და თითქოს ჩემი სხეულის მიღმა, პირდაპირ სულის სიღრმეებში მწვდებოდნენ.
– ცოტა სხვანაირ გარემოს ველოდი, – მოვთავსდი თუ არა მის პირდაპირ, არანაკლები დაჟინებით მივაცქერდი. გოგონას ისე ჩაეცინა, თითქოს ჩემს გონებაში ზედმიწევნით ამოიკითხა რასაც ვგულისხმობდი.
– ჯადოქრების ბურთები, ტაროსის ბანქო და მსგავსი რამები, საჩემო არ არის.
– აბა, რა არის საშენო? – გულწრფელად დავინტერესდი. – ამას როგორ აკეთებ?
– სიზმრები, გუმანი, ინტუიცია, მეექვსე გრძნობა... ღრმა ბავშვობიდან ვამჩნევდი, რომ ისეთი არ ვიყავი, როგორიც სხვები.
– რა? როგორ?
– თუნდაც შეხებით, – მხრები ისე აიჩეჩა, თითქოს ამას დამოუკიდებლადაც უნდა მივმხვდარიყავი. – ზოგჯერ, ადამიანს რომ ვეხებოდი, რაღაც პატარა ფრაგმენტებს ვხედავდი. მერე ვიგებდი, რომ ამ შეხების დროს დანახული კადრები, მათ მომავალში ხდებოდა.
არაფერი მითქვამს. ზოგადად, ყოველთვის მიჭირდა ხოლმე მსგავსი რამების დაჯერება, თუმცა ამის ხმამაღლა გამოხატვისგან მაინც თავი შევიკავე.
– კარგი, მოდი, მე პირად ცხოვრებაზე მითხარი რამე, – ინტერესით გავუწოდე ხელის გული. – ძალიან მაინტერესებს, ნორმალური ოჯახი მექნება, თუ კატებთან ერთად მომიწევს სიბერის გატარება.
– ნება შენია, – ისე მიყურებდა, როგორც ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანი, რომელსაც უამრავი რამ ჰქონდა ცხოვრებაში. მერე გადმოიხარა, ჩემი ხელის გული თავისაში მოიქცია, რამდენიმე წამით დააცქერდა, თვალები ნელა დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა.
– გონება ყოველგვარი ზედმეტისგან გაათავისუფლე და ყვავილების არომატი ღრმად შეისუნთქე. ეს მოგადუნებს და უფრო გაამარტივებს შენი მომავლის სარკეში ჩახედვას.
მის ნებას უხმოდ დავყევი. არომატის ღრმად შესუნთქვიდან მალევე, თითების შეხებაც ვიგრძენი ხელისგულზე. ისინი უმისამართოდ დასრიალებდნენ აქეთ-იქით. შემდეგ ერთ ადგილას გაჩერდნენ და ზუსტად ამ დროს, კარავში ჩამოვარდნილ მდუმარებაში გოგონას ნაზი ხმაც გაისმა:
– ყველაფერი ძალიან ჩახლართულია. ბევრად მეტად, ვიდრე ეს ძირითადად ხდება ხოლმე.
– რას გულისხმობ? – მიუხედავად იმისა, რომ თვალები დახუჭული ჰქონდა, ისეთი შეგრძნება მიჩნდებოდა, თითქოს ჩემი სახის ყოველ მიმიკას იდეალურად ხედავდა.
– ნისლში პატარა წერტილი ჩანს. მისთვის შენ სინათლესთან ასოცირდები, შენთვის კი იგი სიბნელეა. მაცდური წყვდიადი, რომლისაც ისე გეშინია, გამუდმებით მისგან გაქცევას ცდილობ. – გულში გამეცინა. მართალია ერთი სიტყვისაც კი არ მჯეროდა, თუმცა მაინც მართობდა ამ ყველაფრის მოსმენა.
– სინათლე როგორ შეიძლება ვიყო მისთვის, ვინც ჩემთვის წყვდიადია? – ვეცადე ისეთი ტონით მეკითხა, რომ ხმაში უნდობლობა არ დამტყობოდა. გოგონამ თვალები გაახილა და მსუბუქად ჩაეღიმა.
– ადამიანები ერთმანეთისთვის ანგელოზებიც ვართ და დემონებიც, დაგავიწყდა?
– გასაგებია, გასაგები, ანუ ნისლში დანახული პატარა წერტილი, ადამიანის მეტაფორა იყო.
– შეიძლება ასეცაა, შეიძლება არა.
– გაუგებრად და გამოცანებით საუბრობ, ისე, როგორც ყველა ნათელთმხილველი. – ვუთხარი თუ არა, ხელისგული ღიმილით გავითავისუფლე. – მაგრამ ის ფაქტი ნამდვილად მახარებს, რომ ჩემი მომავლის სარკეში კატები ვერსად დაინახე.
– დაიმახსოვრე, ყველაფრის ათვლის წერტილი, უცხო მიწა იქნება.

რაც უფრო მეტს ვისმენდი, ჩემს ტვინში წარმოქმნილი არეულობაც მით უფრო იზრდებოდა გორგალზე დახვეული ძაფივით. ვცდილობდი, რამე ერთი კონკრეტული დასკვნა მაინც გამოეტანა ამ სიტყვებიდან.
– გასაგებია, კიდევ ჩანს რამე?
– როგორც გითხარი, ყველაფერი ძალზედ ბუნდოვანი და ჩახლართულია, მაგრამ დამიჯერე, დადგება დღე, როდესაც შენთვის შავი, თეთრად გარდაიქმნება.
– კარგი, კარგი, მგონი უკვე საკმარისია, – ზრდილობიანი ღიმილით ვცადე სიტუაციის განმუხტვა. ერთი სიტყვის მოსმენაც აღარ მინდოდა იმის შესახებ, რაც ჩემს მომავალ პირად ცხოვრებას ეხებოდა. – ყველაფრისთვის გმადლობ, ახლა მითხარი რამდენი უნდა გადაგიხადო?
– ფული? – თავი ოდნავ გადახარა მან და იასამნისფერი თვალებით გვერდულად გამომხედა. – ადამიანის შინაგანი სამყაროს, მათი ფიქრებისა და მომავლის დანახვა თავად მსიამოვნებს და რაც მსიამოვნებს, იმაში ფულს არ გამოგართმევ.
ძალიან გამიკვირდა ის, რაც მოვისმინე. თავში ერთადერთი კითხვა მიტრიალებდა – რატომ კარგავდა დროს ასეთ რამებში, თუკი ყოველგვარ ამას, შემოსავლის წყაროდ არ თვლიდა? ეს გოგონა, იმაზე უფრო უცნაური იყო, ვიდრე თავდაპირველად მომეჩვენა.
– თუკი ასეა, შენი დრო რით უნდა ავანაზღაურო?
– ხომ ხედავ, დრო თავზე საყრელად მაქვს. წამოდი, აქაურობას დაგათვალიერებინებ, თვალებში გატყობ, რომ ყველაფერი გაინტერესებს ამ ადგილის შესახებ.
– მაგაში ნამდვილად გეთანხმები. მეც გიდი ვარ და ძალიან მაინტერესებს, სხვა როგორ გიდობას გამიწევს.
კარვიდან რომ გამოვედით, სიცხე იმაზე შემაწუხებელი გახდა, ვიდრე ეს შიგნით ყოფნის მომენტში იყო. კლდეში გამოკვეთილი, ფარაონის უზარმაზარი ქანდაკებები, კვლავაც უწინდებურად მედიდური მზერით გადმოჰყურებდნენ ადამიანებს. ამ ადგილის მისტიურობა ისე მითრევდა, ჩემზე უკვე სიცხეც კი ვეღარ მოქმედებდა. იასამნისფერთვალება გოგონა მხიარულად მოაბიჯებდა ჩემს გვერდით. რამდენჯერმე მისკენ მიმართული, გამვლელ-გამომვლელთა დაჟინებული მზერაც შევნიშნე. ალბათ ისინიც ჩემსავით ფიქრობდნენ, რომ უჩვეულო სილამაზე ჰქონდა და თვალიც ამიტომ უშტერდებოდათ ხოლმე მასზე.
– ჰო, მართლა, მე მარიტა ვარ. შენ როგორ მოგმართო? – ინტერესით გავხედე. როგორც ჩანდა, მხოლოდ იმ წამს გამახსენდა, რომ მისი სახელი არ ვიცოდი.
– დავინა მქვია... ეგვიპტეში პირველად ხარ, არა?
– ჰო, ასეა.
– თეთრი უდაბნოს მონახულებასაც მოასწრებდი. როგორც ამბობენ, ათი ათასი წლის შემდეგ, იქაურობა აღარც იარსებებს.
– ვნახე, მაგრამ ჩემი აზრით, საჰარას უდაბნო ბევრად უფრო ლამაზია.
– ვფიქრობ, ქაირო სხვა რამის გამო უფრო მიმზიდველია.
– მაგალითად?
– იყო დრო, როცა მეც იქ ვცხოვრობდი, – ისეთი სახე მიიღო, თითქოს გონების თვალით, შორეულ წარსულში იყურებაო. – იქაურებისთვის განტვირთვის ყველაზე საუკეთესო საშუალება, ხიდზე განთავსებულ სკამ-მაგიდებთან ჩაის სმა და ნილოსის ხედით ტკბობაა. მეც ძალიან მიყვარდა ამის კეთება. იმის ყურებაც კი, როგორ დაატარებდნენ ქუჩის გამყიდველები მოძრავი ეტლებით სხვადასხვა სასმელებს
– აქაურობაზე რას მეტყვი? – სიარულის პარალელურად, თანდათან უფრო ვუახლოვდებოდით დიდ ტაძარს.
– რა გითხრა? აბუ-სიმბალი გამოცანებითაა სავსე. ზოგჯერ მეშინია კიდეც, როდესაც ამ უზარმაზარ ქანდაკებებს ვუყურებ. – გამეღიმა ამის მოსმენისას. ის მომენტი გამახსენდა, როდესაც მიშოს პირამიდის შიგნიდან დასათვალიერებლად ცოცხალი თავით არ მივყვებოდი, რაღაც სულელური შიშების გამო და მივხვდი, რომ მე და დავინა, რაღაც მხრივ ერთმანეთს ვგავდით.
– მოდი რაც გაგახსენდება ის მომიყევი, კარგი? ადგილობრივები ყოველთვის უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ, ვიდრე ტურისტები. – გოგონა უხმოდ მოაბიჯებდა ჩემს გვერდით. ხმა მხოლოდ მაშინ ამოიღო, როდესაც ტაძრის შესასვლელ კარს მივუახლოვდით და ცოტა ხნით იქვე შედგა.
– აქაურობა ორი ტაძრისგან შედგება, – თვალით მანიშნა მან იქითკენ, საიდანაც მისტიური ფარაონები გადმოგვყურებდნენ. – რომელიც უფრო დიდია, იგი რამზეს მეორის განდიდებისთვის აიგო, ხოლო პატარა – ქალღმერთ ჰათორის ტაძარი, დედოფალ ნეფერტიტის მოსაგონრად. დღესდღეობით ორივეს იუნესკო იცავს.
– როგორც ვიცი, ეგვიპტელები ტაძრებს არა მარტო ადამიანების, არამედ რაღაც მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის მოსაგონრის სტატუსსაც ანიჭებდნენ. აბუ-სიმბალი რის მოსაგონრადაა აგებული?
– მგონი, ქადეშის ბრძოლაში ფარაონის გამარჯვების უკვდავსაყოფად, – მითხრა თუ არა, ადგილიდანაც დაიძრა და ხალხის ნაკადს, ტაძრის შიგნით შეჰყვა. მეც მის კვალს გავყევი და უკვე ორივენი შიდა სივრცეში აღმოვჩნდით. ტაძარში ოდნავ აგრილდა, თუმცა ხმაური ბევრად უფრო შემაწუხებელი გახდა. ყოველი მხრიდან სხვადასხვა ენაზე საუბარი ჩამესმოდა. გარშემო თვალები ინტერესით მოვატარე. შესასვლელს მსხდომიარე ქანდაკებები იცავდნენ, რომელთა ზემოთ, როგორც დავინამ მითხრა, შევარდნისთავიანი ღმერთი – ”რა” იდგა. ნეფერტიტის სახელზე აგებულმა ტაძარმაც ძალიან მომხიბლა, რომელიც მართალია იმაზე მცირე ზომისა იყო, ვიდრე რამზესის, თუმცა ეს მის სილამაზეზე გავლენას ვერ ახდენდა.
ტაძრის შესასვლელთან, დედოფლისა და ფარაონის ათმეტრიანი ქანდაკებები იდგა. ამის დანახვამ ოდნავ გამაკვირვა. იმდროინდელი ტრადიციებისთვის, ეს მეტად უჩვეულო იყო, რადგან მიაჩნდათ, რომ ფარაონის გვერდით ყველა და ყველაფერი ჭიანჭველად უნდა გამოჩენილიყო. ამის შესახებ, ჩემს პატარა ექსკურსია-მძღოლსაც დავუსვი შეკითხვა. დავინას აზრით ქანდაკებათა თანაბარი ზომები ნეფერტიტის მიმართ, ფარაონის დიდი სიყვარულის გამოხატულება უნდა ყოფილიყო.
შიდა კედლები რელიეფური გამოსახულებებით იყო გაფორმებული, სადაც ასახული იყო, თუ როგორ სწირავდნენ ძღვენს ღმერთებს, ნეფერტიტი და რამზესი.
– სადღაც 1964-1968 წლების შუალედში, აბუ-სიმბალს ადგილი შეუცვალეს და სხვა ადგილას გადაიტანეს. – კვლავ ალაპარაკდა დავინა.
– ჰო, მსმენია, რომ ორივე ტაძარი ნაწილებად დახერხეს და რამდენიმე მეტრის მოშორებით თავიდან ააშენეს, თუმცა არ ვიცი, ამის მიზეზი რა გახდა.
– კაშხლის მშენებლობა იყო მიზეზი. - მომიგო დაუფიქრებლად. ეს ბავშვი, ლამაზთან ერთად, იმაზე ბევრად უფრო ჭკვიანი და განათლებული იყო, ვიდრე მისი ასაკის სხვა გოგონები, თუ ბიჭებ. – კაშხლის მშენებლობის გამო, აქაურობის მთლიანად წყლით დაფარვის რისკი იყო, ამიტომ პრევენციული ზომები მიიღეს. არავის აწყობს ოცდაათი ათასი წლის წინანდელი ნაგებობების განადგურება, თან როდესაც მხოლოდ მას, მილიონობით ტურისტი სტუმრობს წლის განმავლობაში
– კარგი, კიდევ ერთი შეკითხვა და ამით დავასრულებ, – სიცილით გავხედე, მასაც გაეცინა.
– მიყვარს ცნობისმოყვარე ტურისტები, მიდი, მკითხე.
– გამომყევი.
ტაძრის იმ განყოფილებაში გადავიყვანე, სადაც შესასვლელში, ოთხი გვერდიგვერდ მსხდომი ქანდაკება იდგა. აქედან ერთ-ერთი დაზიანებული იყო, ხოლო დანარჩენი სამი, გაცილებით უფრო კარგად გამოიყურებოდა.

– გაინტერესებს ამ ქანდაკებებს რა დატვირთვა აქვს? – თითქოს ჩემი ფიქრები წიგნივით გადაშალა და წაიკითხაო, ისე მკითხა.
– ცნობისმოყვარე ტურისტი ვარ, დაგავიწყდა?
– არა, არ დამვიწყებია, – გაეღიმა და ღრმად ჩაისუნთქა. მერე მზერა ჩემი შეკითხვის ობიექტს მიაპყრო და კვლავ ალაპარაკდა. – ეს ქანდაკებები, ღმერთთა თანასწორებად ითვლებიან. ხედავ ამ დაზიანებულს?
– ჰო, მერე?
– შენობა ისეა აგებული, რომ გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობისას, აისის მზის სხივები ტაძრის ინტერიერში იჭრება და ოთხიდან, სამი ღვთაების ქანდაკებას ანათებს. მხოლოდ ეგ მეოთხე დაზიანებული რჩება სიბნელეში, რადგან იგი ქვესკნელის ღმერთს, პტაჰს ეკუთვნის და მარადიულად წყვდიადში უნდა იყოს გახვეული.
– გასაოცარი ხარ, იცი ეს? – გაოცებული შევყურებდი და თავში მუდამ ის აზრი მიტრიალებდა, რომ ასეთი ბავშვების სიმრავლე, სამყაროს ნამდვილად შეცვლიდა უკეთესობისკენ.
– ისევე, როგორც გიზის პირამიდები, არა?
– თუნდაც, – გულწრფელად გამაღიმა მისმა შედარებამ.
– სამყაროს დროის ეშინია, დროს კი პირამიდების... არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს იდგებიან. – ისე წარმოთქვა მან, თითქოს რაღაც აბსტრაქტულს ესაუბრებაო და ტაძრიდან გასავლელი კარისკენაც დაიძრა.
ის დღე, საკმაოდ სასიამოვნოდ გავატარე დავინასთან ერთად. მისი არც გვარი ვიცოდი, არც წარმომავლობა და არც ის, ვინ იყვნენ მისი მშობლები, მაგრამ ჩემს ეგვიპტურ შვებულებაში, მასთან გატარებული საათები, ყველაზე საინტერესო იყო. ჩვენი ექსკურსიის შემდეგ ვახშმადაც კი დავპატიჟე ერთ-ერთ პატარა, თუმცა საკმაოდ მყუდრო რესტორანში. იქ დიდი დრო დავყავით და უამრავი ადგილობრივი დესერტი გავსინჯეთ.
დღის დასასრულს, ჩემს პატარა გიდს ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადე, დავემშვიდობე და კვლავ ტაქსით გადავწყვიტე ჩემს სასტუმრომდე მისვლა.
ამდენი სიარულისგან უკვე ძალიან ვიყავი დაღლილი. დღეისთვის უკვე აღარაფერს ვგეგმავდი. მინდოდა კარგად გამომეძინა და ხვალისთვის ენერგიულად ვყოფილიყავი.
ჩემი სასტუმრო, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა. იქაურობა, მცენარეთა სიმრავლის გამო, ერთ დიდ, ზღაპრულ ოაზისს წააგავდა.
სასტუმროს ფოიეში რომ შევედი, უკვე საღამოს ცხრა საათი იყო დაწყებული. რადგან გარეთ ვივახშმე, საჭმლის ნომერში მოტანის კუთვნილი სერვისით გადავწყვიტე აღარ მესარგებლა და მხოლოდ გამაგრილებელი სასმელის ამოტანა ვითხოვე მიმღებში. იქ მსხდომი ადმინისტრატორი გოგონებიდან, ერთ-ერთმა მაშინვე გადარეკა ბარის განყოფილებაში შეკვეთის მისაცემად, ხოლო მეორემ, ღიმილიანი სახით რაღაც თეთრი კონვერტი დამიდო დახლზე. ორივეს ზუსტად ერთნაირი, ღვინისფერი მაისურები ეცვათ, სასტუმროს ლოგოთი და სახელწოდებით.
– ეს იმ მამაკაცმა დაგიტოვათ, ვისთან ერთადაც აქ ჩამობრძანდით, – კვლავ თავაზიანი ღიმილით მაცნობა მან. – ნომერი ერთი საათის წინ დაცალა და გვთხოვა, ეს გადმოგვეცა.
– წავიდა? კი მაგრამ სად?
– ვერ გეტყვით, ჩვენთვის მეტი არაფერი დაუბარებია . – მხრები აიჩეჩა მეორე გოგონამ.
აღარაფერი მიკითხავს. გაკვირვებულმა მოვკიდე ხელი კონვერტს და ოთახისკენ გავეშურე. შიგნით რომ შევედი, სიცარიელე ვიგრძენი. ისეთი სიცარიელე, ჩემთვისაც რომ რთული ასახსნელი იყო. კონვერტი საწოლზე დავდე და გადავწყვიტეს ჯერ წყალი გადამევლო. აბაზანაში ერთსაათიანი ნებივრობის შემდეგ, პირსახოცშემოხვეული, მხრებზე ჩამოყრილი სველი თმით დავბრუნდი ოთახში. კონდინციონერიც დროებით გავთიშე, რადგან ირგვლივ უკვე საკმაოდ გრილოდა, ჩემთვის დატოვებული კონვერტი ავიღე და საწოლზე ჩამომჯდარმა გავხსენი.
გავვოცდი, რადგან კონვერტში ჩემი ფოტოები ეწყო. ზოგი თეთრ უდაბნოში იყო გადაღებული, ზოგი – შარმ-ელ-შეიხში, სადაც ჩემს ლაჟვარდისფერ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი, აუზის კიდესთან ვიჯექი და გვერდზე ვიყურებოდი. ზოგიერთში სფინქსის ფონზეც ვიყავი გამოსახული, ზოგზეც კი საჰარას უდაბნოში, სადაც აქლემზე შემომჯდარი, ქარისგან აფრიალებული გაშლილი თმითა და სპეციალურ, შავ მოსასხამში გამოწყობილი, მისტიურ არსებას ვგავდი.
თითოეული კადრი, სხვადასხვა ადგილას იყო აღბეჭდილი და რაც მთავარია, ყველა ისე გადაეღო, მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ფოტოებში იმდენად კარგად გამოვიყურებოდი, ლამის მიშოსთან დარეკვა და მადლობის გადახდა მომინდა. გულიც, გონებაც და ჩემი სხეულის ყველა უჯრედიც შეთანხმებულად მთხოვდნენ, ამ ადამიანთან ურთიერთობა არანაირი კუთხით არ დამეთბო და სულიერად, მისგან თავი რაც შეიძლებოდა შორს დამეჭირა. ზოგჯერ მეგონა, ისიც კი მაფორიაქებდა, რომ მეფარიშვილი უბრალოდ არსებობდა და იმავე პლანეტაზე დააბიჯებდა, რომელზეც მე. მიუხედავად ამისა, უცნაური სიცარიელის შეგრძნებას მაინც ვერაფერს ვუხერხებდი. სწორედ ამ შეგრძნებით სავსე ვიჯექი სასტუმროში იმ ღამესა და მომდევნო დღესაც. გარეთაც არ გავსულვარ, აღარაფერი მინახავს. თვითმფრინავშიც მოუსვენრობასა და სიცარიელეს ვგრძნობდი, რადგან ამჯერად მიშოს ნაცვლად უცხო ადამიანი მეჯდა გვერდით.





***
დილით ისეთ ხასიათზე გამომეღვიძა, ვერ შევძლებდი მიშოსთვის თვალებში ჩახედვასა და საუბარს, ამიტომ გადავწყვიტე, მაღალი ტემპერატურა მომემიზეზებინა და სამსახურში საერთოდ არ წავსულიყავი.
მას შემდეგ რაც, Imagine-ში დავიწყე მუშაობა, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც შინ დასარჩენად ტყუილის თქმა გადავწყვიტე. ჩემი გონება იმდენად იყო არეული და შეშინებული, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
უფროსებმა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინეს და უფლება მომცეს ერთდღიანი შვებულებით მესარგებლა. ამ ამბით გახარებულმა, სწრაფად მოვილიე დილის თავის მოწესრიგების პროცედურები, წყალი გადავივლე და იისფერ, აბრეშუმის ხალათში გამოწყობილი, ნახევრად სველი თმით კვლავ საწოლში შევძვერი.
მინდოდა მთელი დღე სახლში, საწოლში გამეტარებინა და გარეთ არ გავსულიყავი. ამიტომ ტუმბოზე დატოვებულ ჩემს ლეპტოპს დავწვდი, ჩავრთე და ეკრანზე განთავსებული ის ფაილი გავხსენი, რომელშიც ჩემი მოგზაურობის კადრები მქონდა დახარისხებული. პირველად დუბაის ფოტოებს მივადექი, რომლებიც დაახლოებით ერთი წლის წინ მქონდა გადაღებული. ამ ქალაქმა, მიუხედავად შემაწუხებელი სიცხისა, ჩემში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ყველაზე საოცარი მაინც ის იყო, რომ სასტუმროში, სადაც გაჩერებული ვიყავი, ნომერი ოთხმოცდამეცამეტე სართულზე მქონდა აღებული და თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ერთი ხელის გაწვდენაზე ღრუბლების შეხება შემეძლო.
კადრებში ცათამბრჯენ –ბურჯ-ხალიფას ასოცდამეოთხე სართულზე გადაღებულ სურათსაც გადავაწყდი, სადაც ჩემს უკან, ხელოვნური კუნძულები, უდაბნო და მრავალსართულიანი ნაგებობები ჩანდნენ. მახსოვს, იგი ერთ-ერთ შემთხვევით ნანახ, კორეელ ტურისტ გოგონას გადავაღებინე, რომელსაც საკმაოდ ორიგინალური ფოტოგრაფიული ხედვა აღმოაჩნდა. შენახული მქონდა აგრეთვე პალმის კუნძულებზე გადაღებული “სელფები” და ამავე კუნძულებზე მდებარე სასტუმრო “ატლანტისის” დელფინარიუმსა და აკვარიუმში გადაღებული ვიდეო-რგოლები. ერთი ღამით ძალიან მინდოდა ამ სასტუმროში ღამის გათევა, რადგან ყოველთვის მაინტერესებდა როგორი შეგრძნება იყო წყალქვეშა ნომერში ძილი. სამწუხაროდ, ჩემი საფულისთვის, ზედმეტად დიდი დანაკლისი იქნებოდა იქ გატარებული ოცდაოთხი საათიც კი, ამიტომ გადავწყვიტე სურვილები გვერდზე გადამედო და თავი შემეკავებინა.
დუბაის შემდეგ, უკვე იაპონიაში გადაღებულ ფოტოებზე გადავედი, სადაც უკვე მიშოსთან ერთად ვმოგზაურობდი. ერთ–ერთ სურათში, მიშომ რომ გადამიღო, ჩემს უკან იაპონიის დროშა შევნიშნე. სწორედ ამან გამახსენა ის მზის ფორმის კულონი, რომელიც მან მაჩუქა იაპონურ ბაღში. საწოლიდან სასწრაფოდ წამოვდექი, ჩემი სამკაულების ზარდახშაში მის საპოვნელად. ძებნა დიდხანს არ დამჭირვებია. როგორც კი ზარდახშას, ზემოდან რომ მოცეკვავე ბალერინა ჰქონდა დამაგრებული, თავი ავხადე, თვალში მაშინვე მომხვდა სასურველი ნივთი. ეს ყველაზე ლამაზი იყო იმ ყელსაბამებს შორის, რაც კი ოდესმე მქონია. არ ვიცი რატომ, მაგრამ თუკი ადრე მისი გაკეთების სურვილი არასდროს, არც ერთხელ არ გამჩენია, დღეს დაუფიქრებლად შევიბი ყელზე. ის-ის იყო კვლავ საწოლში დაბრუნებას ვაპირებდი, რომ კარზე ზარის ხმაც გავიგე.
ადრიანი სტუმრები არასდროს მაწუხებდნენ ხოლმე, ამიტომ ცოტათი გამაბრაზა ჩემი იდილის დარღვევამ. გავაღე თუ არა კარი და სადარბაზოში ქაღალდის პარკებით ხელში მდგომი კალე დავინახე, ბრაზის შეგრძნება წამებში გაქრა.
– როგორ მიხვდი, რომ ახლა ზუსტად შენი ნახვა გამიხარდებოდა? – ვკითხე მაშინვე როგორც კი თავზე მაკოცა და ზღურბლს გადმოაბიჯა.
– კარგია, ერთი ნათესავი მაინც რომ შემრჩა ისეთი, ვისაც ჩემი ნახვა უხარია.
– რატომ, სხვებთან ასე ცუდად გაქვთ საქმე? – სამზარეულოსკენ წასულს სიცილით მივყევი უკან.
– ნათესავებს მხოლოდ ფულის სასესხებლად რომ ახსენდები, მერე კი ყელში ამოგივა და სიტყვიერად ერთ ადგილას გაუშვებ, ძირითადად სამუდამოდ ამახსოვრდებათ ხოლმე. – ისიც ამყვა სიცილში. – მაგრამ მათზე გული არასდროს დამწყდება, მირჩევნია, ჩემგან შორს იყვნენ.
– მართალიც ხარ... ეგ რა მოიტანე? – ქაღალდის პარკებზე ვანიშნე, რომელიც სწორედ იმ წამს შემოდო სამზარეულოს მაგიდაზე.
– ტკბილეულია. რადგანაც დღეს ჩვენი რესტორანი დაბადების დღისთვისაა დაჯავშნილი, მხოლოდ მიმტანები მუშაობენ და ორივენი ვისვენებთ, ვიფიქრე ვინახულებ-მეთქი.
– დაბადების დღისთვის? – გაოცებულმა კითხვა შევუბრუნე. – დილით ნოლანებს თავისუფალი დღე ვთხოვე, მაგრამ არაფერი უთქვამთ იმაზე, რომ ისედაც ვისვენებდი.
– ეს ორი დღე, ქალაქში არ იყვნენ და ალბათ ჩვენს დირექტორსაც გადაავიწყდა გაფრთხილება. არა უშავს, დღეს გაიგებენ.
– ძალიან კარგი, გაცდენებში აღარ ჩამეთვლება, – მაგიდას მივუჯექი და პარკიდან პირველივე სასუსნავი ამოვიღე. – ამ თვის ბოლოს, მაინც ერთკვირიანი შვებულება მინდოდა მეთხოვა, რიოში ვაპირებ წასვლას.
– ანუ ბრაზილიური შვებულება მოიწყვე?
– ასე გამოდის.
– სამსახურში თავისუფალი დღე რატომ აიღე? – თავადაც გვერდით მომიჯდა. – რამე მოხდა?
– ისეთი არაფერი. – თვალი მაშინვე ავარიდე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სიმართლე, შუბლზე მანათობელი, წითელი ასოებით მეწერა. ჩემმა ამგვარმა რეაქციამ, კალეს გონებაშიც აღძრა ეჭვები.
– ნამდვილად არაფერი? – გამომცდელად ჟღერდა შეკითხვა მისი მხრიდან. – ასე უბრალოდ სამსახურს არასდროს აცდენ ხოლმე.
ლამის პიროვნების გაორება დამემართა. ჩემს ერთ ნაწილს პასუხის გაცემა სურდა, მეორე კიდევ ამას ძალიან უფრთხოდა. ერთის მხრივ, სიგიჟემდე მინდოდა ვინმესთვის გამეზიარებინა, რასაც ახლა ვგრძნობდი და ეს ვინმე კალე ყოფილიყო, მეორეს მხრივ კი მერიდებოდა ამაზე საუბრის წამოწყება.
– იცი როგორ მოვიქცეთ? – ბოლოს მაინც ვიპოვე ისეთი გამოსავალი, რაც ჩემი და მიშოს პატარა, რომანტიკულ მომენტზე მოყოლას გამიმარტივებდა. – მოდი შენ ის მითხარი, რატომ აიგნორებ ყველა ქალს, ვისაც შენთან ურთიერთობა მოუნდება, მე კი გეტყვი რის გამო მოვატყუე ერქოლე და ტეო, თითქოს დღეს მაღალი ტემპერატურა მქონდა.
– აჰა, ესე იგი მოატყუე კიდეც. – ჩემს მოკბეჩილ შოკოლადის ფილას, პატარა ნაწილი მოატეხა და წამსვე გაიქანა პირისკენ.
– ჰო, ხანდახან ცუდი გოგო ვარ ხოლმე. კარგი, რას იტყვი, დავდოთ შეთანხმება? –კალემ ღრმად ამოიხვნეშა. ჩანდა, შინაგანად ჩემი იდეით დიდად აღფრთოვანებული არ იყო, თუმცა რატომღაც მაინც დამთანხმდა.
– კარგი, დავთანხმდები ორმხრივ გულწრფელობას. – დანებების ნიშნად ასწია ხელები მან. – თუმცა ერთი პირობა მაქვს. პირველმა შენ უნდა თქვა, რა მიზეზით დაიწყე ტყუილების თქმა. ამჯერად უკვე მე აღარ დავრჩენილვარ აღფრთოვანებული მისი იდეით. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე საკუთარ თავში როგორმე გამბედაობა მეპოვნა და თავს გადახდენილი ამბავი უემოციოდ მომეყოლა.
– არც კი იცი, როგორ მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ მიშოს ნახვას გავურბივარ, – შოკოლადი მაგიდის ზედაპირზე დავდე, რადგან ვიგრძენი ჭამის გაგრძელების სურვილი აღარ მქონდა. კალეს სახეზე გაურკვევლობა გამოისახა.
– გაურბიხარ? და რის გამო?
– გუშინ სანაპიროზე შევხვდით ერთმანეთს, – დაძაბულმა დავიწყე მოყოლა. გადავწყვიტე ის ამბები გამომეტოვებინა, რაც ჩემი ავარიის რეალურ მიზეზებზე შევიტყვე. ვიცოდი, ამით გავანერვიულებდი, მე კი არ მინდოდა ეს მომხდარიყო, მით უმეტეს მაშინ, როცა უკვე ყველაფერი თითქმის მოგვარებულად ითვლებოდა.
– რისთვის შეხვდი?
– მითხრა, რაღაც საქმე მაქვსო. მოკლედ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ისაა, რომ საუბრის ბოლოს, მოულოდნელად ადგა და მაკოცა. – ზუსტად ის მოხდა, რასაც ასე ველოდი. ჩვენ შორის ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა. კალეს ჩაფიქრებული სახის ყურება, კიდევ უფრო მიმძაფრებდა შინაგან დაძაბულობას. ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი.
– რა იგრძენი? – მკითხა ბოლოს. ამ შეკითხვით თითქოს შხამში ამოვლებული წვეტიანი ისარი გამიყარა პირდაპირ გულში. გამახსენდა ის შეგრძნებები, რაც კოცნის მომენტში განვიცადე.
– ვცდილობდი ამისთვის წინააღმდეგობა გამეწია... კარგი, კარგი ვის ვატყუებ? თუ გულწრფელობაა, გულწრფელობა იყოს. – თავი ჩავხარე, თან შუბლზე გაშლილი ხელის გული მოვისვი. – სინამდვილეში მეც არ მინდოდა გაჩერებულიყო, კალე. მომწონდა, რასაც აკეთებდა და ეს, ფსიქოლოგიურად ძალიან მთრგუნავს.
– ისეთი შეგრძნებაა, თითქოს აკრძალული ხილი გასინჯე და მისი გემო გონებაში ღრმად ჩაგებეჭდა, არა? 
– დაახლოებით ეგეთი... გეფიცები, უკვე ისიც კი მიკრავს სუნთქვას, რომ ჩემს წრეში ტრიალებს და მასთან ყოველდღიურად მიწევს შეხვედრა.
– მოდი, ახლა იცი რას ვიზამ? – ღიმილით დამადო ხელზე ხელი კალემ და ამ შეხებამ სიმშვიდით დამუხტა ჩემი აფორიაქებული სული. – საკუთარ საიდუმლოს ავხდი ფარდას და ამ გზით სხვა რამეზე გადაიტან ყურადღებას, თორემ შენი ასეთი სახის ყურება მეც კი მაწუხებს.
– ჰო, ეგრე სჯობს, – მის ამ სიტყვებზე ღიმილის შეკავება გამიჭირდა. მომწონდა ზედმეტ კითხვებს რომ არ მისვამდა და ამ ამბავს ძალიან არ ეძიებოდა. ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, თითქოს ზუსტად ხვდებოდა რა სახის დამოკიდებულება მესიამოვნებოდა მისგან ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და ზუსტად ასე იქცეოდა.
– გაინტერესებდა, რატომ ვპასუხობდი იგნორით ქალების მიერ გამოჩენილ ინიციატივას ჩემდამი...
– ჰო, ეგ მართლა საინტერესოა.
– პასუხი მარტივია, მარიტა, უბრალოდ არ მინდა ვინმეთი მოვიხიბლო და მასთან სერიოზული ურთიერთობის სურვილი გამიჩნდეს.
– და რატომ? – წამოწყებული თემით დაინტერესება, ალბათ დიდი ასოებითაც კი მეწერა თვალებში.
– იმიტომ, რომ შვილი არასდროს მეყოლება, – მიპასუხა და ერთიანად დამამუნჯა ამ აღიარებით. – რაც ეს გავიგე, მხოლოდ ისეთ ქალებთან ვიჭერ საქმეს, ვისაც სერიოზულ ურთიერთობებსა და ოჯახურ ცხოვრებაზე გული ერევათ და ისეთი თვისებები აქვთ, რაც ადამიანში არ მომწონს. ასე ორმხრივად ავიცილე გართულებები. არ მინდა, ვინმემ რამე იგრძნოს და არც მე მინდა ეს გრძნობა გამიჩნდეს, რადგან მერე შეიძლება მასთან ერთად მომავალზე დავიწყო ფიქრი, მომავალი კი სიბნელითაა მოცული. არ დავუშვებ, ვინმემ ჩემი მიზეზიც დაკარგოს დედობის შანსი, ხვდები?
– მაგრამ, კალე, დღეს უამრავი საშუალებაა იმისთვის, რომ . . .
– ვიცი, რასაც იტყვი, – სწრაფად გამაწყვეტინა სათქმელი მან. – თუმცა მაგ კუთხით ყველანაირად გამოკვლეული ვარ და ვერც ხელოვნური განაყოფიერებით მიიღწევა შედეგი. ამას უკვე შეგუებული ვარ და ძალიან გთხოვ, სიბრალულით სავსე მზერის გარეშე ჩავამთავროთ ეს საუბარი, კარგი?
ხმა აღარ ამომიღია. ეს ის სიტუაცია იყო, როცა სიტყვები ყველაფერს კიდევ უფრო დაამძიმებდა. სიბრალულს მოჭარბებულად ვგრძნობდი, თუმცა არ მინდოდა ეს მეჩვენებინა. მოსმენილმა მართალია ჩემი ამბავი ცოტათი გადამავიწყა, მაგრამ ამავდროულად უარესადაც დამამძიმა.  ვცადე, წარმომედგინა, თუ როგორ მოვიქცეოდი მე მსგავს სიტუაციაში და იმ დასკვნამდე მივდიოდი, რომ მეც უარს ვიტყოდი ჯანსაღ, ჩამოყალიბებულ ურთიერთობაზე.
– მიდი, ის შამპანურის ბოთლი გახსენი ლეომ რომ მოგიტანა და ჩემთვის აპირებდი ჩუქებას. რაღაც დღეს დალევის ხასიათზე ვარ.
– ვწუხვარ, მაგრამ ვერ გავხსნი, – ხელებით იქსი გამოვსახე უარის ნიშნად. – ეგ ბოთლი, სათავსოში მედო იმ ღამით, როდესაც ლეო შემომეჭრა მანქანაში და ზუსტად მას გადავალეწე თავზე.
– ჩემს ნაჩუქარ თავდაცვის საშუალებებს ხომ მუდამ თან ატარებ? – მზერაც და ტონიც მეტად სერიოზული გაუხდა, რამაც უნებლიე ღიმილი მომგვარა.
– დავატარებ, კალე, დავატარებ, ნუ ღელავ.
– შენ კი ნუ დამცინი. ეგ შენი ლეო, ნებისმიერ დროს შეიძლება გამოძვრეს ხვრელიდან და ამისთვის მზად უნდა იყო. – ყელზე დაკიდებულ კულონს თითებით წავეთამაშე. ბავშვობიდან მქონდა ეს ჩვევა. თუკი რამე სამკაული მეკეთა, მას მუდამ გაუცნობიერებლად ვეთამაშებოდი ხოლმე, განსაკუთრებით კი ამას მაშინ ვაკეთებდი, როდესაც რამეზე გამალებით ვფიქრობდი, ან ვდარდობდი.
– არა მგონია ლეო კიდევ გამოჩნდეს ჩემს ცხოვრებაში, – იმედიანი სახით ჩავიხედე კალეს მოტანილ პარკში და იქედან პლასტმასის ჭიქაში ჩასხმული ყავაც ამოვაძვრინე, თავზე, ქაფისგან გული რომ ჰქონდა დახატული.
– მმმმ... ეს, ჩემს კორპუსში რომ ყავის სახლია იქ იყიდე, არა?
– ჩემნაირად მაინც ვერ ამზადებენ, – სიცილით შეიქო თავი კალემ. – თუმცა, იქაც არა უშავს. ხუთიდან სამ ვარსკვლავს მივცემდი.
– საკუთარ შემოქმედებას ნარცისულად აქებ.
– მხოლოდ მე არა. გუშინ, ჩვენმა იაპონელმა სტუმარმა, ჩემი მომზადებული კაპუჩინო რომ გასინჯა, ჩაის ფული ასი დოლარი დამიტოვა.
– ვინ იაპონელმა სტუმარმა?
– ერქოლესა და ტეოს მეგობარმა, იუნგმა. მის გარდა კიდევ ბევრ იაპონელს იცნობ?
– მოიცა, ეგ კიდევ ბათუმშია? – ყავა ცოტა ხნით გვერდზე გადავდე.
– გუშინ დაბრუნდა. აქამდე საქართველოს სხვა კუთხეების მონახულებით იყო დაკავებული. როგორც მითხრა, სვანეთი იმდენად მოსწონებია, კინაღამ საცხოვრებლადაც დარჩენილა იქ.
– უცნაურია, ამდენი ხნით რომ შემორჩა საქართველოში...
– ეგ კი არა, მთელი ზაფხული რჩება აქ. – მერე ჩაფიქრდა და სახე სწრაფად მოეღუშა. – მგონი არასწორია მასზე რომ გესაუბრები, იმის მერე, რაც თქვენ შორის მოხდა.
– ჩვენ შორის ხუთწუთიანი ფლირტის გარდა, არაფერი ყოფილა, კალე. –გამამხნევებლად გავუღიმე, – შეგიძლია მაგაზე არ ინერვიულო.
ამ დროს სამზარეულოში კალეს მობილური აზუზუნდა. თავდაპირველად ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა როდესაც ჩემმა თვალებმა მისი გაკვირვებული სახე დააფიქსირეს, კიდევ ერთხელ მომიწია ჩემი ლატესთვის თავი დამენებებინა.
– რა ხდება, ვინ რეკავს? – კალეს გაოცებული ღიმილი, ჯერ კიდევ  განათებულ ეკრანს დაჰყურებდა.
– წარმოდგენა არ მაქვს რატომ, მაგრამ ლოლა მირეკავს, ვიდეო-ზარით.
– ლოლიტა?
– მეც მიკვირს. ახლავე გავიგებ რა ქარმა გადმოაგდო.
სულ მალე, მისი ტელეფონის ეკრანზე ლოლას სახე გამოისახა.
– გისმენ, ლოლა.
– დღეს მარიტას ხომ არ შეხმიანებიხარ? – ყველანაირი მოსალმების გარეშე, ისეთი ანერვიულებული ტონით ჰკითხა, მაშინვე ჩამეღვარა გულში სითბო. ახლა უკვე ვხვდებოდი მისი ზარის მიზეზს. – ჩემი მობილური საძინებელში მქონდა დატოვებული, ლოლამ კი სავარაუდოდ დაკავშირება ვერ შეძლო და ჩემზე ძებნა გამოაცხადა.
– მეც ვურეკავდი და არ მპასუხობს, – ტელეფონი ხელში ისე დაიჭირა კალემ, რომ მის უკან არაფერი გამოჩენილიყო, თან თვალი ჩამიკრა. – სახლშიც მივაკითხე, მაგრამ არ იღებს, მობილურის ხმა კი შეგნიდან მესმის.
– ჯანდაბა, სერიოზულად?! ახლა სად ხარ? – კალემ კამერის ხილვადობა გათიშა, მიკროფონიც გამორთო და ჩუმი ფხუკუნი აუტყდა. ამ ყველაფერზე მეც მეცინებოდა, თუმცა აღარც ლოლას წვალება მინდოდა დიდხანს.
–კარგი, ნუღარ აშინებ. უთხარი, რომ ჩემთან ხარ.
– მომენტს ნუ მიფუჭებ!
– ოო, კალე გეყოფა-მეთქი, – სიცილით წავიწიე მისკენ, ტელეფონი წავართვი, მერე კი, გამორთული კამერაც და მიკროფონიც, ერთმანეთის მიყოლებით ჩავრთე. – აქ ვარ ლოლიტა, გისმენ. – სიტუაცია რომ ბოლომდე გააანალიზა, გაბრაზებული მზერა რამდენიმე წამის განმავლობაში არ მოშორებია მის სახეს. როგორც ვატყობდი, არა მხოლოდ კალეზე, არამედ, ორივეზე ერთნაირად ბრაზობდა.
– სად ჯანდაბაში გაქვს ტელეფონი?! – მკითხა ბოლოს. – ან, ეგ შენი ნათესავი რამ ააცანცარა?
– საძინებელში დამრჩა, ჩვენ სამზარეულოში ვხედვართ.
– უკვე იმდენი ხანია კავშირზე გამოსვლას ვცდილობ, ლამის მანქანაში ჩავჯექი და ბეშუმიდან წამოვედი შენ გამო.
– ბეშუმიდან? – ჯერ ლოლას მივაპყარი გაკვირვებული მზერა, შემდეგ კი კალეს.
– ჰო, ბეშუმში ვარ, ჩემს აგარაკზე. ვიფიქრე, დღეს სამსახურში წასასვლელი არ ვარ და ცოტა დავისვენებ-მეთქი, მაგრამ აქ მარტოს ძალიან მომეწყინა.
– თუ ასეა, დაბრუნდი. მარტომ მანდ მართლა რა უნდა აკეთო?
– მე კი არ დავბრუნდები, თქვენ ჩამოხვალთ ჩემთან, – თვალი ეშმაკურად ჩამიკრა ლოლამ. – სამირას უკვე ველაპარაკე და მძღოლიც გავუგზავნე აქამდე რომ ჩამოიყვანოს. ახლა საჭირო ნივთები მოაგროვე და შენთანაც გამოვუშვებ მანქანას.
– მაგრამ, ლოლიტა, დღეს შინ ყოფნა მქონდა გეგმაში.
– არა უშავს, სამაგიეროდ კარგ დროს გავატარებთ, – ტონზეც კი ეტყობოდა, რომ ძალზედ აჟიტირებული იყო. – საჭმელებს მე მოვამზადებ, ეგ შენი ხუმრობებში უნიჭო ნათესავი კი მწვადის შესაწვავად გამოიყოლე. ამდენ ლამაზ ქალს, გუნდში ერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელიც გვესაჭიროება, უსაფრთხოდ რომ ვიგრძნოთ თავი.
– სულელურ მიზეზებს ნუ იგონებ,  – საუბარში ღიმილით ჩაერთო კალე. – არანაირი დაცვა არ გჭირდება, უბრალოდ რადგა მეც აქ ვარ, მოგერიდა მხოლოდ მარიტას დაპატიჟება.
– მისმინე, ცისფერთვალებავ, შენი წამოსვლა რომ არ მინდოდეს, არაფრისი და არავისი არ მომერიდებოდა.
– კალე, ხომ გიყვარს წყნარი ადგილები? თუთიყუშიც წამოიყვანე, თუ მისი მარტო დატოვება არ გინდა. – ახლა უკვე მეც ვცადე მისი დათანხმება.
– მიყვარს, მაგრამ...
– არანაირი მაგრამ! – ლოლას კატეგორიულმა ტონმა, მაშინვე გადაფარა მისი ხმა. –მარიტა, მაგ შენს ნათესავს გადაეცი ნუ იპრანჭება და ჩემი მოწვევა მიიღოს, თორემ არც ისე გონივრულია იმ ადამიანის გაბრაზება, ვინც მისი ხელფასის დარიცხვაზეა პასუხისმგებელი.
– ეს უკვე შანტაჟია.
– რაც გინდა ის დაუძახე, მაგრამ დამიჯერე, დღის ბოლოს მადლობას მეტყვი წამოსვლა რომ დაგაძალე. ერთი სიტყვით, მანქანას გიგზავნით და მოემზადეთ. – გვითხრა თუ არა, გათიშა.
ტელეფონი მაგიდაზე დავდე და კალეს ინტერესით გავხედე. მინდოდა, მზერაში მაინც ამომეკითხა, თუ რას აპირებდა.
– გინდა, წამოხვიდე, თუ არა?
– და შენ გინდა? – კითხვა ოსტატურად შემომიბრუნა. – ისეთი ლეკვის თვალებით მიყურებ, შემოხედვაც კი მიჭირს.
– ლოლიტას მართლა ძალიან უნდა შენი წამოსვლა. ის, რომ მისი ზარს, შენი აქ ყოფნა დაემთხვა არაფერს ნიშნავს. სურვილი რომ არ ჰქონოდა, სიტყვასაც არ დაძრავდა შენ წამოსვლასთან დაკავშირებით.
– რომ არ წამოვიდე, საინტერესოა რას იზამს? – იკითხა ინტერესით.
– რას და პირობას აასრულებს. ამ თვეში ხელფასს სპეციალურად დაგიგვიანებს, ან საერთოდ არ მოგცემს და მეორე თვეში გადაგიტანს.
– ჯანდაბა, როგორ მეზიზღება ეს სუბორდინაცია და სამსახურეობრივი იერარქია.
– ანუ ეგ რას ნიშნავს? წამოსვლა გადაწყვიტე?
კალემ ჯერ მსუბუქად დამიქნია თავი, მერე კი, ჩემს დატოვებულ შოკოლადს თვითონ დაუწყო ჭამა.
– მოვდივარ, მაგრამ მხოლოდ შენ გამო. ლოლას ბავშვური მუქარები აქ არაფერ შუაშია.
– ლოლა არ მოგწონს, არა? მასზე ფარული აგრესიით საუბრობ.
კალემ ჯერ ღრმად ამოიხვნეშა, მერე კი ხელზე, ხელი ისე დამადო, ჩემთვის მზერა წამითაც არ მოუშორებია.
– ჩვენ არ ვირჩევთ ვინ მოგვეწონება და ვინ არა, მარიტა. ეს გრძნობა უნებურად მოდის. ადამიანი ან მოგწონს, ან არა.
– შეეცადე მაინც კარგი კუთხიდან შეხედო. დამიჯერე, ძალიან ბევრ დადებითს აღმოაჩენ.
– კარგი, კარგი, – ხელის გულები ასწია დანებების ნიშნად. – მეტაფორულად რომ ვთქვათ, ხანდახან აზარტულიც კია ტალახში ბრილიანტების ძიება.


2013 წელი 1 ივნისი . . .

ორდღიანი ლოდინის შემდეგ, ექიმებმა როგორც იქნა თათას მონახულების უფლება მომცეს. მართალია ჯერ კიდევ სუსტად იყო და არც მადა ჰქონდა, თუმცა კიდევ ერთი დღის მოთმენა უკვე ჩემს ძალებს აღემატებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, რაც შეიძლებოდა მალე მენახა, იმაში დასარწმუნებლად, რომ მის თავს ყველაფერი წესრიგში იყო.
პალატაში მხოლოდ თათა იყო და ძალიან გამიხარდა. მინდოდა მასთან განცალკევებით მესაუბრა ყველაფერზე, რაც ბოლო დღეებში მოხდა, ჩვენი კამათის მიუხედავად მხარში ამოვდგომოდი და ყველანაირად მეზრუნა იმაზე, რომ მსგავსი სისულელის გაკეთება თავში აზრად აღარასდროს მოსვლოდა. მხიარული სახე მივიღე, რომ მეგობრისთვის არაფერი მეგრძნობინებინა ისეთი, რაც ფსიქიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაუმძიმებდა. დიდი, ფუმფულა დათუნია და მისი საყვარელი შოკოლადები წავუღე, მაგრამ შესვლისთანავე ვიგრძენი რომ ჩემი დანახვა არ გახარებია. მისი მზერა იმდენად მტრული და სიძულვილით აღსავსე მეჩვენა, ლამის ტკივილისგან გამიქვავა სხეული. თათასგან, რომელიც ჩემთან ერთად რომანტიკული კომედიების ყურებაში ათენებდა და ყველაფერში მხარში მედგა, თითქოს აღარაფერი დარჩენილიყო და ახლა, მისი სხეულში ჩასახლებული სრულიად სხვა არსება მიმზერდა.
– შეიძლება შემოვიდე? – ენის ბორძიკით ვიკითხე ასეთი დახვედრით დაბნეულმა. მართალია, წვეულებიდან წამოსვლის დღეს ცოტა ვიკამათეთ, მაგრამ არ მეგონა ჩემზე ისევ ისე თუ ბრაზობდა, როგორც თავდაპირველად.
– ცუდ დროს კითხულობ, უკვე შემოხვედი.
– შენი საყვარელი ტკბილეული მოგიტანე, დათუნიას იატაკზე, კარის გვერდით მივუჩინე ადგილი, ხოლო შოკოლადები საწოლზე დავუდე და მეც შორიახლოს გავჩერდი. მთელი გულით ვნატრობდი, მის მზერაში მცირე ცვლილება მაინც შემემჩნია.
- ტკბილეული არ მინდა, – თავი გააქნია თათამ და მუცელზე ხელები ფრთხილად დაილაგა. მისი ბინტით შეხვეული ვენები კიდევ ერთხელ მახსენებდნენ, რაც გააკეთა და ტანში მზარავდა ამის გაცნობიერებისას.
– მაგრამ ეს შოკოლადი ძალიან გიყვარს...
– მარიტა, უმორჩილესად გთხოვ ნერვებს ნუ მიშლი! – ცალი წარბი მრისხანედ აზიდა მაღლა. – მოკიდე ხელი იმ ხარახურას, რაც მოათრიე და გადი ჩემი პალატიდან!
გულში მწარე ჩხვლეტასთან ერთად, ბრაზიც ვიგრძენი. რატომ მექცეოდა ასე უხეშად? საერთოდ რას ჰგავდა მისი საქციელი? რის გამო მესაუბრებოდა ისე, თითქოს მოსისხლე მტერი ვყოფილიყავი და არა მისი მეგობარი?
– თათა, ხვდები მაინც რას აკეთებ? – ვკითხე, როგორც კი გონებაში გაჩენილი შეკითხვების ქარიშხალი ოდნავ დავაცხრე. – შენ თუ კიდევ იმ ადამიანის გამო აპირებ ჩემთან ჩხუბს, ვის გამოც ამ მდგომარეობამდე მიხვედი, მართლა აღარ ვიცი როგორ მოგიყვანო გონს.
– ახლა მე აზრი გკითხე და არ მახსოვს?
– ასე ნუ იქცევი, გთხოვ...
– აბა როგორ გინდა მოვიქცე? – კვლავ ზიზღნარევმა გამომეტყველებამ დაიდო ბინა მის სახეზე. – ყოველთვის იქ ეკვეხები ხოლმე, სადაც არ უნდა იყო. შენ ხარ იმის მიზეზი, რომ იმ ბიჭმა, ვინც მიყვარს, ჩემთან ყოფნა არ მოინდომა!
– მე რა შუაში ვარ, გეკითხები მე რა დავაშავე?! – უკვე ნერვებმა მიმტყუნა და ხმას ავუწიე. – მტრად იმის გამო გადამეკიდე, რომ მაგ ტიპს მხოლოდ ერთხელ დაველაპარაკე, ხუთი წუთით?
– საუბარსა და ფლირტს შორის, დიდი განსხვავებაა, – საწოლიდან წამოიწია, ჩემი მოტანილი ტკბილეული აიღო და იგი პირდაპირ სახეში მესროლა. დროულად მოვასწარი გვერდზე გაწევა. გაშტერებული ვუყურებოდი. შოკოლადის სროლისთვისაც რომ თავი დამენებებინა, მისი მოსაზრებები და ბრალდებები მაოცებდა.
– თათა, კიდევ ერთხელ გიმეორებ, ჩემსა და იმ მიშოს შორის არაფერი ყოფილა, – ვცადე ჩემი სიმშვიდით გამენეიტრალებინა სიტუაცია. – გევედრები, შენც ნუღარ იდარდებ მასზე. ვერ დაინახე, რა ცუდი ადამიანია? არაფრად ადარდებს სხვისი გრძნობები. შენ გარდა, ალბათ კიდევ ბევრ გოგოს მოქცევია და მოექცევა ასე. ნუთუ ამის მერე მისდამი კიდევ გრძნობ რამეს?

თათამ საფეთქლებზე მიიჭირა თითები.  რამდენიმე წამის განმავლობაში, თვალდახუჭული იმასაჟებდა იმ ადგილებს. მერე მზერა ჩემკენ მომართა და გესლიანად გამიღიმა.
– თუ არ გინდა მაგ შოკოლადზე უფრო მძიმე რამ მოგხვდეს თავში, აქედან მოუსვი. გაფრთხილებ, არ ვხუმრობ!
– თათა, არასწორად იქცევი...
– ფეხებზე რა არის სწორი და რა, არასწორი! – ლამის მიკივლა მან. – წარსულიდან არც ერთი ადამიანის დანახვა აღარ მსურს, მათ შორის არც შენი!
ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, მაგრამ ვიგრძენი, რომ მაინც არ მყოფნიდა. ძლიერად იმოქმედა მოსმენილმა სიტყვებმა. თითქოს კარგად ალესილი, ბასრი ხანჯლები ყოფილიყვნენ, რომლებიც უმოწყალოდ მისერავდნენ ისედაც დასერილ გულს.
– ესე იგი, მეგობრობას წერტილს იმ ადამიანის გამო უსვამ, ვისთვისაც სულ ერთია რა მოგივა? შენ სანახავადაც კი არ მოსულა, თათა.
– იყო მოსული! – სწრაფად გამაწყვეტინა სიტყვა. – მაგრამ რაზე ვისაუბრეთ და როგორ, ეს უკვე შენ აღარ გეხება. ერთადერთი, რაც მინდა ისაა, რომ თავის კრავად მოჩვენება შეწყვიტო და ჩემი ცხოვრებიდან მოუსვა!
– განსჯის უნარი გაქვს დაკარგული. არც კი იცი რას ლაპარაკობ!
– მშვენივრად ვხვდები რასაც ვამბობ და შეწყვიტე ეგ  მასკარადი! – მერე ხელით კართან დადებულ დიდ დათუნიაზე მანიშნა და კვლავ ალაპარაკდა: – ამას ხელი მოკიდე და სამ წამში, ორივენი კარს იქით იყავით!
– თათა...
– თათა შენთვის აღარ არსებობს! – კიდევ ერთხელ ამაღლდა მისი ხმის ტონი. –გეფიცები, ახლავე თუ არ წახვალ, ბოლო ხმაზე ვიყვირებ და ყველანი აქ შემოცვივდებიან.
ფარ-ხმალი საბოლოოდ დავყარე. უკვე აღარანაირი იმედი აღარ მქონდა, რომ მასთან ცივილიზებულად დალაპარაკებას შევძლებდი. თათას თვალები უზარმაზარი ზიზღით მაშტერდებოდნენ და ამასთან უკვე უძლური ვიყავი.
დათუნია, რომელიც დიდი გაჭირვებით მოვიტანე აქამდე, კვლავ გულში ჩავიხუტე და კარის სახელურს ცრემლებისგან დაბინდული თვალებით მივუახლოვდი. უკან აღარ მიმიხედავს, ან კი რა აზრი ჰქონდა ამის გაკეთებას, როცა ვიცოდი, კვლავ ის სიძულვილით სავსე მზერა უნდა დამენახა?! არც კი დავმშვიდობებივარ. არც თვითონ  შეუწუხებია ამით თავი. ერთადერთი, რაც გასვლისას მომაძახა, ის იყო, რომ თუ კიდევ ერთხელ მნახავდა, უკვე ასეთი თავაზიანი აღარ იქნებოდა. არაფერი მიპასუხია. თავს დამცირებულად ვგრძნობდი. მინდოდა ჩემი წასვლა მაინც გამოსულიყო ღირსეული, ამიტომ კარი უხმოდ გამოვიხურე, ღრმად ჩავისუნთქე და ფუმფულა დათუნიაზე მიხუტებული, არეული ნაბიჯებით გავუყევი დერეფანს.
იმ დღის შემდეგ, თათა ერთხელაც აღარ მინახავს. მხოლოდ რამდენიმე კვირის მერე გავიგე, რომ საქართველოში აღარ იყო და მშობლებთან ერთად, ამერიკის რომელიღაც შტატში გადასულიყო საცხოვრებლად.


***
ბეშუმი იმაზე ბევრად უფრო საოცარი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. მარადმწვანე წიწვის ტყეებით მდიდარი ეს მხარე, იქაური სიმშვიდე და სასიამოვნოდ წყნარი გარემო, სწორედ ის იყო, რაც ქალაქის ხმაურით გადაღლილს ძალიან მჭირდებოდა.
სხვა სახლებისგან მკვეთრად გამოირჩეოდა ლოლას ორსართულიანი, სამკუთხედი გადახურვის მქონე კოტეჯი. მას ლამაზი, რიკულებიანი აივნები და მრგვალი ფორმის ფანჯრები ამშვენებდა. შიდა ეზო მცენარეებითა და დეკორაციებით იყო მორთული. ეზო და სახლი კარგად მოვლილის შთაბეჭდილებას ქმნიდა.
ეზოს აღმოსავლეთით გასართობი მოედანი ჰქონდათ მოწყობილი, სასრიალოებითა და საქანელებით. ეს ლოლას ბავშვობის დროინდელი გასართობი ადგილი უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება დასავლეთ მხარეს, აქ უკვე ქვის სკამ-მაგიდები იდგა, ხოლო მაგიდის შუაგულში, ოთხკუთხედად ამოჭრილ, მინით გადახურულ სივრცეში, დეკორატიული ცეცხლი გიზგიზებდა. სწორედ ამ მაგიდას შემოვსხდომოდით მე, სამირა და ლოლა მაშინ, როდესაც ჩვენგან რამდენიმე ნაბიჯით მოშორებული კალე, მაყალს დასტრიალებდა თავს და მწვადის შამფურებს გამუდმებით ატრიალებდა აქეთ-იქით.

საღამო იყო. ეზოში ოდნავ გრილი, სასიამოვნო სიო უბერავდა. ტელეფონი გამორთული მქონდა და გოგონებთან ერთად, ნელ-ნელა ვსვამდი ასი წლის დაძველების კონიაკს. ლოლამ კონიაკი მამამისის სანაქებო კოლექციიდან აიღო ჩვენთვის.
დავმშვიდდი. მიშოსთან მომხდარზე აღარ ვფიქრობდი. ასეთ სიწყნაარეში კიდევ დიდხანს დავრჩებოდი, მაგრამ ეს წარმოუდგენელი იყო.
ლოლას დიდ, გორგოლაჭებიან სადგამზე, თავისი მომზადებული ნაირ-ნაირი კერძები ჰქონდა დალაგებული. მაგრამ ხელის ხლების უფლებას მანამდე არ გვაძლევდა, სანამ, ბოლოს და ბოლოს მწვადი არ შეიწვებოდა.
– თავიდანვე რომ მცოდნოდა, რაც მოხდებოდა, მანქანას სადმე გავაჩერებინებდი და ერთ ლობიანს მაინც ვიყიდდი, – უკმაყოფილება ეწერა სახეზე სამირას. არც მე ვიყავი უკეთეს დღეში. ლოლას მომზადებული კერძები ისეთ სურნელს აფრქვევდნენ, არ შემეძლო მათთვის გულგრილად მეყურებინა.
– კარგით რა, ორივეს ისეთი გამომეტყველება გაქვთ, თითქოს კვირების განმავლობაში ჰყავდით დაბმული და გაშიმშილებდნენ, – წყენით გადმოგვხედა მან მეც და სამირასაც. შემდეგ კალეს მიუტრიალდა და სკამის საზურგეს ცალი მკლავით ჩამოეყრდნო.
– მალე იქნება, შეფ?!
– კიდევ ხუთი წუთით დამაცადეთ, – შუბლიდან ოფლის წმენდით გაეპასუხა კალე, თან კმაყოფილი ღიმილით გამოხედა. – ისე, მომწონს შენნაირი ვეგეტარიანელები, მხოლოდ თვითონ რომ ამბობენ უარს ხორცის ჭამაზე და საკუთარი მოძღვრებით სხვებს არ უბურღავენ ტვინს.
– ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ცისფერთვალებავ, – საპასუხოდ ლოლამაც გაუღიმა. – მე არ მინდა, მაგრამ სხვამ გემრიელად მიირთვას.
მათ საუარს ვისმენდი და ჩემდაუნებურად შევეხე ჩემს მზის ფორმის კულონს. მისი ყოველი შეგრძნება ყელზე, იმ დღეებს მახსენებდა, რომელიც მე და მიშომ გავატარეთ იაპონიაში. სანამ მეფარიშვილი ვერ მხედავდა, ამ ყელსაბამის მოხსნას არ ვაპირებდი. ფიქრების მოსაშორებლად კულონს ხელი გავუშვი და საუბარში ჩართვა ვცადე:
– არავის ვაკრიტიკებ, მაგრამ ადამიანები მართლაც ვართ დამნაშავეები, ცხოველებს რომ საკვებად ვიყენებთ.
– აბა, აბა, – თეატრალური მწუხარებით გადააქნია თავი სამირამ. – საწყალი ცხოველები, რა გემრიელად იჭმევა მათი ხორცი.
მის სიტყვებზე, მიუხედავად იმისა, რომ სასტიკად ჟღერდნენ, მაინც ყველას გაგვეცინა. უკვე შეჩვეულიც კი ვიყავი ასეთ რამეს, რადგან მისთვის დამახასიათებელი შავი იუმორის შესახებ ვიცოდი.
ამასობაში კალემაც დაასრულა მწვადების შეწვაა და ვერცხლისფერ სინზე დაწყობილი შამფურები, ფრთხილად დაგვიწყო მაგიდაზე. ახლა ნამდვილად შეგვეძლო ლოლას კერძების გასინჯვაც. მისი სალათები, ტკბილეული და გამაგრილებელი სასმელები, დახვეწილად მომზადებულთან ერთად, ძალიან გემრიელიც იყო. სუფთა ჰაერზე მადაც ერთიორად იზრდებოდა და დალევის სურვილიც. ყველაზე მეტს მაინც სამირა სვამდა. ძალიან მოხიბლულიყო ასი წლის დაძველების კონიაკით და ჭიქას, ჭიქაზე ისე ცლიდა, ორწუთიან შესვენებასაც არ აკეთებდა.
– იდეალური ადგილია მთელი ზაფხულით აქ დასარჩენად. – ღიმილით აღნიშნა საჭმლით პირგამოტენილმა სამირამ. საუბრის ტონზე და აწითლებულ ცხვირსა თუ ლოყებზე უკვე ნათლად ეტყობოდა, რომ სასმელი საკმაოდ მოჰკიდებოდა.
მე და კალე ძალიან ცოტას ვსვამდით. მხოლოდ ლოლა და სამირა მიისწრაფვოდნენ თრობისკენ.
– როდესაც დედა ცოცხალი იყო და გავაბრაზებდი, მამაჩემი მის მაგივრად მსჯიდა და ზაფხულობით აქ აღარ მიშვებდა ხოლმე. – მელანქოლიურად ჩაეღიმა ამ სიტყვებზე ლოლას, – საბრალო ქალი, ჩემი მშობელთა კრების შემდეგ, სულ დამამშვიდებლების შუშებით ხელში დარბოდა.
– არც მიკვირს, – სამირას ტუჩებსაც მოსდგომოდა ღიმილი. – თექვსმეტი წლის ასაკში, უკვე მასწავლებელთან გქონდა სექსი.
– მხოლოდ სპორტის მასწავლებელთან. დანარჩენები არ მიზიდავდნენ.
– ალბათ სპორტში ყოველთვის კარგი ქულები გყავდა, – კონიაკის ჭიქები, სათითაოდ ყველას შეგვივსო კალემ, შემდეგ კი, შეკრული წარბებით მიუტრიალდა სამირას. – იქნებ ამ ადამიანს საერთოდ არ სურდა, გამეგო, რომ მასწავლებელთან ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა.
– დამშვიდდი, ლოლა არასდროს არაფერს მალავს. – კიდევ ერთი ჭიქა კონიაკი დაიმატა. ალკოჰოლის დოზა მასში ნელ-ნელა უფრო და უფრო ტოვებდა კვალს. ეს განსაკუთრებით ჩაწითლებულ თვალის უპეებზე ეტყობოდა. ეს მე ვარ, ვინც ძალიან ბევრ რამეს არ ამბობს.
– მოდი, მეტი აღარ დაისხა, კარგი? – ჭიქაზე გაშლილი ხელის გული გადავუფარე სამირას.
– რატომ, საუბრის ხასიათზე რომ მაყენებს, იმიტომ?! – მკითხა და პასუხსაც არ დაელოდა ისე წამოდგა ფეხზე კონიაკის ბოთლთან ერთად. – მოდი, ახლა ყველანი გავჩუმდეთ და ჩემი ერთ-ერთი, ყველაზე ექსტრემალური სექსუალური გამოცდილების შესახებ გიამბობთ.
– ოჰოო, მე სიამოვნებით მოვისმენ, – განაცხადა ლოლამ მხიარულად, თუმცა მე და კალე, ოდნავადაც არ ვიზიარებდით მის პოზიციას. შეიძლება გამოფხიზლებულს ენანა ასეთი გულახდილობა.
– მოდი, ცოტა გავისეირნოთ, – სკამიდან წამოვიწიე, რომ შემეჩერებინა. სამირამ ტუჩებთან მიტანილი საჩვენებელი თითით მანიშნა გაჩუმდიო, ხოლო ლოლამ კვლავ საწყის ადგილას დამაბრუნა. სამირამაც ისევ მოსვა ბოთლიდან საკმაოდ მოზრდილი ყლუპი და წამოწყებული საუბარი განაახლა:
– ვფიქრობ, ძალიან რომ არ დაიზაფროთ, სჯობს საკუთარ თავზე მესამე პირში ვისაუბრო.
– სამირა...
– კალე, ახლა ჩემი მიკროფონია ჩართული, ამიტომ გთხოვ, მოკეტო, – მკაცრად შეუბღვირა, თან მზერა ჩემკენ ისე მომართა, თითქოს ყველაფერს მხოლოდ ჩემს გასაგონად ჰყვებოდა, – მოკლედ, ეს ყველაფერი იმ ლამაზ ღამით მოხდა, როდესაც ერთმა სულელმა გოგონამ, შინ მალე დაბრუნების მიზნით გადაწყვიტა მოკლე გზით წასულიყო და ღამით სახიფათო ჩიხებში მარტოს ებოდიალა. – მერე მზერა ყველას სათითაოდ შეგვავლო და ბოლოს იგი ლოლაზე გააჩერა. – იმ ჩიხში, სამწუხაროდ გოგონა მარტო არ ყოფილა. იქ, ორ ნასვამ მამაკაცს გადაეყარა. გარშემო სხვა არავინ იყო. ღირსეულმა ჯენტლმენებმა კი დრო იხელთეს, გოგონას თავიანთი მზრუნველი ხელები ჩაავლეს, სადარბაზოს სარდაფში ძალის გამოყენებით ჩაიყვანეს და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ტანჯავდნენ. ჯერ თავიანთი ბინძური არაყი ასხეს პირში და ტანსაცმელზე, შემდეგ სიგარეტი მოწიეს და იგი პირდაპირ მის მკერდზე ჩააქრეს, ეკითხებოდნენ რა ფერის საცვლები ეცვა კაბის შიგნით, მერე კიდევ...
– ასე ნუ ხუმრობ, სამირა! – საუბარი ლოლამ გააწყვეტინა, რომელიც ვეღარ მიმხვდარიყო, სამირა ხუმრობდა თუ სიმართლეს ჰყვებოდა. მეც სრულ გაურკვევლობაში ვიყავი.
– ვინ გითხრა, რომ ეს ხუმრობაა? – იკითხა მან წყენით, მაგრამ მერე შეკრული წარბები კვლავ გახსნა და ალაპარაკდა. – მოკლედ, დიდად რომ აღარ გადაგღალოთ, იმ ღამით მაგ ტიპებმა თავიანთი გასაკეთებელი გააკეთეს. ერთი წინიდან მიადგა მაგ გოგოს, მეორეს უკნიდან უფრო გაუსწორდა. ერთხელ არ იკმარეს და რამდენიმე წუთის შემდეგ, მეორე წრეზეც წავიდნენ.
– იაზრებ რასაც ყვები? – სამირასთან ერთად დანარჩენებსაც გადავხედე. მათაც ზუსტად ჩემნაირად შოკირებული სახეები ჰქონდათ.
– ვიაზრებ, ვიაზრებ, – იმხელა ბრაზი და სისხლიანი შურისძიების სურვილი ჩანდა სამირას გამოხედვაში, დამეფიცებოდა, ასეთი რამ აქამდე არც ერთი სხვა ადამიანის მზერაში არ მინახავს. – გიკვირთ, არა? ადრე მეც ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი და წარმოდგენაც არ მქონდა, ადამიანის მხეცურ ბუნებას თუ ამდენად ღრმად შეეძლო შეტოპვა. სანამ ეს მოხდებოდა, ერთი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ვნახე, მწერალ გოგონაზეა. იგი შთაგონებისთვის ქალაქგარეთ მდებარე ტბის სახლს იქირავებს. ერთ დღესაც, ამ გოგოს ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავე ნაბიჭვრები შეუვარდებიან სახლში, რომელთაც ასევე პოლიციელი ეხმარება და ხუთი კაცი, ერთ ქალს, რიგრიგობით გააუპატიურებს.
დავინახე როგორ ნერვიულად მოისვა კალემ შუბლზე ხელი. ლოლაც ქანდაკებასავით გაექვავებინა მოსმენილ ისტორიას.
– შემდეგ ეს გოგო როგორღაც გაქცევას მოახერხებს, რომ მოძალადეებმა არ მოკლან, -კვლავ განაგრძობდა ის. – გარკვეული დროის გასვლის მერე კი თითოეულ მათგანზე შურს იძიებს და სასტიკი წამებით კლავს. ძალიან მინდოდა, მეც ზუსტად მისნაირად მოვქცეულიყავი. მინდოდა, ორივენი იმ დონემდე მიმეყვანა, რომ ბოლო ხმაზე ღრიალით ეთხოვათ პატიება და მათ ხვერწნა-მუდარაზე რომ შემებრალებინა, ირონიული ღიმილით მეპასუხა. სამწუხაროდ, დღემდე არ მაქვს წარმოდგენა ასე ვინ მომექცა. ჭკუიდან მშლის ის ფაქტი, რომ ვერაფერს ვუშავებ.
დაძაბული დუმილი ჩამოვარდა. არც ერთი ჩვენგანი არ ელოდა სიტუაციის ასე განვითარებას და ასეთი შემზარავი ამბის მოსმენას.
– ეგ ფილმი მეც მაქვს ნანახი, – კალე აღმოჩნდა ის ერთადერთი, ვინც გაბედა და მდუმარება დაარღვია, – მესამე ნაწილში, ეგ მწერალი გოგო, იმდენად იშლება ჭკუიდან, რომ საკუთარ ფსიქოთერაპევტსაც კი კლავს, რომელიც ყველაზე რთულ დროს, კარგი მეგობარივით ედგა მხარში. ქალი აქამდე მხოლოდ შურისძიებამ მიიყვანა და ფილმიც იმას გვასწავლის, რომ სამაგიეროს გადახდა, ჩვენთვისვეა საზიანო.
მწარედ ჩაეცინა სამირას. ბოთლში დარჩენილი უკანასკნელი ყლუპიც მოსვა და ცარიელი ჭურჭელი სადღაც, ბალახებში მოისროლა.
– ჩემს ზურგზე სადმე ანგელოზის ფრთებს ხედავ? – გაისმა ცინიკურად, – მორალურად რა არის სწორი და რა, არასწორი, ეს შენზე კარგად ვიცი... მაგრამ დაუსჯელს არ დავტოვებდი, მათი პოვნა რომ შემეძლოს. არ აქვს მნიშვნელობა, მერე ჭკუიდან შევიშლებოდი, თუ გონებიდან...

– და შენს ყოფილს, ვისზეც მე და მარიტას გვიამბობდი, ამის გამო დაშორდი? – შოკი, სიბრალული, ინტერესი – ერთობლივად იკითხებოდა ლოლას თვალებში.
– მე და დემეტრე ოჯახის შექმნასაც ვაპირებდით, – სახეზე სევდიანი ღიმილით, კლავ თავის მიტოვებულ სკამს დაუბრუნდა სამირა. – გვინდოდა, ზღვის პირას მოწყობილ, ლამაზ ატმოსფეროში მოგვწერა ხელი. მე მზესუმზირების თაიგული მჭეროდა, თავზე კი ზღვის ვარსკვლავებისგან გაკეთებული გვირგვინი მქონოდა დამაგრებული. მინდოდა, მისგან ორი შვილი მყოლოდა და ორივე ისე აღმეზარდა, რომ მომავალში მათით მეამაყა. ახლა შემომხედე ვინ ვარ. ვარ ადამიანი, ვისაც არასდროს ეღირსება სიმშვიდე მანამ, სანამ იმ ორ ნაძირალას არ იხილავს თავის მუხლებთან გართხმულს.
საუბარში რამდენჯერმე დავაპირე ჩართვა, მაგრამ გავაღებდი თუ არა პირს, იმ წამსვე ვჩუმდებოდი. სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი. დაბნეულები ვიყავით. ბუნებრივიც იყო ჩვენი ასეთი მდგომარეობა. მართალია, სამირას მუდამ ოდნავ უცნაურ ადამიანად მივიჩნევდით, თუმცა ,თავში აზრადაც არავის მოგვსვლია, რომ შეიძლებოდა ასეთი რამ ჰქონოდა გადატანილი.
– რა იყო, რა სახეები ჩამოგტირით? – ღიმილიანი მზერა მოატარა თითოეულ ჩვენგანს სამირამ. – დაახლოებით ასე იყურებოდნენ დემეტრე და მიშო, ეს რომ მოვუყევი. ამან უკვე დამღალა და ახლა შებრალებები, სევდიანი თვალები და “ვაიმე, ეს რა მოგსვლია,” არ გამაგონოთ, თორემ ამ შამფურებზე, მწვადის მაგივრად თქვენ აღმოჩნდებით წამოცმულები.
კალე ფეხზე წამოდგა და ოდნავ მოშორებით განმარტოვდა. მე და ლოლამ თვალი გავაყოლეთ. სამირა ისე არხეინად იჯდა, თითქოს ამ ქვეყნად არაფერი აინტერესებდა და ცოტა ხნის წინაც, მხოლოდ დაძაბული ფილმის შინაარსი მოეყოლა.
ყურადღების სხვა რამეზე გადასატანად, ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და ჩავრთე. რა დროს ამაზე ფიქრი იყო, მაგრამ ნერვებზე მაინც უარყოფითად იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ მიშოსგან არც ზარი შემოსულა და არც შეტყობინება. ფეხზე ინსტიქტურად წამოვდექი და კალესკენ გავეშურე. ზუსტად ვიცოდი, ახლა რაც სჭირდა, მოსმენილ ისტორიას მასზე იმდენად ძლიერ ემოქმედა, დამშვიდებას განმარტოების გზით ცდილობდა. არც კი განძრეულა. განდეგილივით ეულად, გულხელდაკრეფილი იდგა და ღრმად სუნთქავდა.
– მისმინე, შეიძლება ეს არც არის სიმართლე და...
– სიმართლეა, მარიტა, სიმართლე, – არც კი მაცალა დაწყებული წინადადების დასრულება, – ვერ ხედავ, როგორი დამოკიდებულება აქვს მამაკაცებთან? ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს, ყველა მამაკაცი სძულს.
– და შენ? მითხარი, კარგად ხარ?
– არა, არ ვარ კარგად, – მაშინვე გააქნია თავი, თან მწარედ ჩაეცინა. – გულისამრევია ასეთი ამბების მოსმენაც კი. ცოტა ხნის წინ , სამირას იმას ვარიგებდი, რომ შურისძიება ადამიანის სულს უფრო ამძიმებს, მაგრამ როდესაც ასეთი ტიპების შესახებ მესმის, მინდება ფსიქოპათ მკვლელად ვიქცე და თითოეულ მათგანს წამებაში ამოვხადო სული.
გამაჟრჟოლა მის ამ სიტყვებზე. მოძალადე ადამიანები ყველაზე უარესს იმსახურებდნენ ცხოვრებისგან, თუმცა წამებას, ან მოკვლას, გონებაში არასდროს გავივლებდი.
– ყველანი უნდა დავმშვიდდეთ, – მაგიდასთან დარჩენილებისკენ ცალი თვალი გავაპარე. – არაფერი უნდა შევიმჩნიოთ, როდესაც გამოფხიზლდება. – თავი უხმოდ დამიქნია, თუმცა თქმით სიტყვაც არ უთქვამს. ორივემ ვიცოდით, რომ იმ ღამით, მხიარულება აღარ გვეღირსებოდა.
– ჰეი თქვენ ორნი, – ფიქრებში ჩაძირულები, ხმამაღალმა ძახილმა დაგვაბრუნა რეალობაში. თითქმის ერთდროულად მოვტრიალდით ამ სიტყვებზე. მაგიდასთან დარჩენილი ლოლა გამომცდელად გვათვარიელებდა. – საზოგადოებაში ჩურჩული უზრდელობაა, მოდით და აქ ისაუბრეთ.
კალემ მე გამომხედა, მე კი, მას. შეიძლება ახლა არც ერთს არ გვსურდა ლოლას სიტყვების დაჯერება, თუმცა წინააღმდეგობა მაინც არ გაგვიწევია. მაგიდასთან ვცდილობდი სახეზე არაფერი შემტყობოდა. იმ ღამით ყველანი ყალბები ვიყავით, იმ ღამით აღარაფერი იყო ლამაზი, იმ ღამით ჩვენი მხიარულება წყალში ჩაიძირა და ღრმა ფიქრებში წაგვიყვანა. იმ ფიქრებში, სადაც ცხოვრებისეულ უსამართლობასა და სიმახინჯეს პირველი ადგილი ეკავა.






***
ბეშუმიდან საკმაოდ ადრე დავბრუნდით და მაშინვე საძინებელს მივაშურე. ხუთი საათის განმავლობაში გათიშულს მეძინა. პირველი, რაც თვალების გახელისას ვიგრძენი, ეს შიმშილე იყო. მაცივარში საკვების დიდი არჩევანი ნამდვილად არ მქონდა. ერთადერთი, რისი ჭამაც შემეძლო, ეს არაქისიანი ბუტერბროდები იყო, ბანანის კრემით, ამიტომ, წამოვდექი თუ არა საწოლიდან, მაშინვე სამზარეულოს მივაშურე და საუზმის მომზადება დავიწყე.
წუხანდელი ამბები, ჯერ კიდევ უსიამოვნოდ მიწიწკნიდა გულს. ვფიქრობდი, რომ სამირას ყველაფერი იდეალურად ახსოვდა, რადგან მანქანაში, მთელი გზა ისე ჩუმად იჯდა, ხმა ერთხელაც კი არ ამოუღია.
ფიქრებში გართულმა, დავინახე, თუ როგორ ამოყარა ტოსტერმა პურები. ხელი რომ არ დამწვოდა, ორი თითით გადმოვიტანე წინასწარ მომზადებულ თეფშზე, შემდეგ ხილის წვენით შევავსე მინის ჭიქა. მაგიდას უნდა მივჯდომოდი, რომ ზუზუნის ხმა გაისმა ჩემს ტელეფონზე. ეკრანზე სამირას ფოტო ეხატა. გოგონა ვათსაპით ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას. გამბედაობა მოვიკრიბე და ყურმილი მანამ ავიღე.
– გისმენ, სამირა, – მობილური ხმამაღალ კავშირზე ჩავრთე და ბუტერბროდს პატარა კუთხე მოვაკბიჩე.
– მარიტა! – მისი ხმა დასაწყისშივე ძალზედ აღელვებული მომეჩვენა, თუმცა მიზეზს ვერაფრით მივხვდი.
– გისმენ, მოხდა რამე?
– წარმოდგენა არ მაქვს, სად ვარ! მიახლოებით ლოკაციას ჩაგიგდებ და უნდა მიპოვო. ნავიგატორი ზუსტ ადგილმდებარეობასაც არ მიჩვენებს, იმდენად მიყრუებულია აქაურობა.
– ერთი წამით, ერთი წამით, – ლუკმა გადავყლაპე თუ არა, ბუტერბროდის თეფში მაშინვე გავწიე გვერდზე. – რას ნიშნავს, წარმოდგენა არ გაქვს სად ხარ? ნაბახუსევიდან ჯერაც ვერ გამოხვედი?
– რა ნაბახუსევი, მარიტა, იმ შეშლილმა დემეტრემ მანქანაში ჩამდო და სადღაც, მიყრუებულ ადგილას ჩამომიყვანა. ახლა ოთახში ვარ ჩაკეტილი. ფანჯრებზე გისოსებია აკრული და აქედან გასვლის ალბათობა ნულის ტოლია.
როგორც კი შექმნილი სიტუაცია გავიაზრე, ტელეფონს სასწრაფოდ დავტაცე ხელი და წინა ხედვის კამერა ჩავრთე.
– სამირა, ვიდეო-ზარზე გადმოდი და მაჩვენე, ირგვლივ რა ჩანს.
– აზრი არ აქვს, – მითხრა თუ არა, ეკრანზე მაშინვე მისი სახე გამოისახა, – აქ მძინარე წამომიყვანა და გზაც კი ვერ დავიმახსოვრე. არც გარშემო ჩანს რამე შენობა. მხოლოდ გაშლილი მდელოა და აქა-იქ ხეები. კიდევ, ჭრელი ძროხა ბალახობს დაახლოებით ხუთას მეტრში, თუკი ეს რამეში დაგეხმარება.
– ჯანდაბა! მანდ რატომ წაგიყვანა?
– შენი აზრით, რატომ?
– ასეთი პრიმიტიული გზებით ცდილობს ურთიერთობის აღდგენას?
– არავისთან არ ვაპირებ ურთიერთობა აღვადგინო! – ბრაზისგან ხმას აუწია მან. –ჩემთვის წართმეული ეს ტელეფონიც ისე ამოვაცალე, ვერ მიხვდა, ამიტომ ლოლას დაურეკე და იქამდე მიპოვეთ, სანამ შეამჩნევს, რომ ჯიბეში რაღაც აკლია.
ენაზე მომდგარი დასამშვიდებელი სიტყვების ხმამაღლა თქმა ვეღარ მოვასწარი. ხელი ჯერ კარის ძლიერი ჯახუნის ხმამ შემიშალა, შემდეგ კი ეკრანზე, სამირასთან ერთად გამოსახულმა, ვიღაცის სახის მეოთხედმა ნაწილმა. გავიაზრე, რომ ეს ადამიანი, დემეტრე იქნებოდა, რომელმაც ტელეფონზე საუბრისას შემოუსწრო “თავის მძევალს” და მყისვე მიიღო შესაბამისი ზომები.

ამის შემდეგ, დარეკვა კიდევ რამდენჯერმე ვსინჯე, თუმცა დაკავშირება ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე. ერთადერთი ხელჩასაჭიდი, რაც მქონდა, ეს მიახლოებითი ლოკაცია იყო. იმ მომენტში, ყველაზე მძაფრად ვიგრძენი ჩემი მანქანის დანაკლისი. სხვა გზა არ მქონდა –ტაქსი უნდა გამომეძახა და ისე წავსულიყავი, რადგან, ჩემდა საუბედუროდ, ლოლაც არ მპასუხობდა ზარებზე.
ჩემი დაუკმაყოფილებელი შიმშილის გრძნობაც და საუზმეც, სამზარეულოში დაუდევრად მივატოვე და ოთახისკენ გავიქეცი, გამოსაცვლელად. ტანსაცმლის არჩევა არ დამიწყია, ის გადავიცვი, რაც ხელში პირველად მომხვდა. თავი შეძლებისდაგვარად მოვიწესრიგე, ზურგჩანთაში საჭირო ნივთები ჩავყარე და კვლავ სამზარეულოში გავიქეცი, რომ იქ დატოვებული ტელეფონით ტაქსი გამომეძახა. სწორედ ამ დროს შემომესმა კარზე ატეხილი ძლიერი კაკუნი. შიშს მოვერიე, ის აზრი მოვიშორე გონებიდან, რომ მომსვლელი შეიძლებოდა ლეო ყოფილიყო და სათვალთვალოში ფრთხილად გავიჭყიტე. სადარბაზოში მის ნაცვლად, მიშოს დანახვამ ისე გამაკვირვა, ლამის მკლავზეც კი ვიჩქმიტე, ხომ არ მძინავს-მეთქი. ტვინმა სწრაფად გადმომცა სიგნალი, რომ მზის ფორმის კულონი ჯერ კიდევ ჩემს ყელს ამშვენებდა, ამიტომ იგი სწრაფად მოვიხსენი, შორტის ჯიბეში დაუდევრად ჩავიტენე და მხოლოდ ამის შემდეგ გავბედე საკეტის გადატრიალება.
კარი გავაღე თუ არა, კვლავ ჩვენი კოცნის სცენა მომაგონა. მცირედი თავბრუსხვევაც ვიგრძენი, შემდეგ უხერხულობის განცდაც დამემატა, თუმცა მას, საერთოდ ვერ ვამჩნევდი ვერანაირ ემოციას. პირიქით, ისე გამოიყურებოდა, წამით ეჭვიც კი შემეპარა, ის კოცნა ჩემი წარმოსახვის ნაყოფი ხომ არ იყო-მეთქი.
– საით გაგიწევიათ, მის? – ეჭვნარევი ღიმილით მათვალიერებდა იგი. - ფეხზე ბოტასები გაცვიათ, მგონი სადღაც მიდიოდით.
– საქმე მაქვს -დაბნეულმა მივუგე. ზუსტად იმ მომენტში გამახსენდა, რომ ჯერ ტაქსიც კი არ მყავდა გამოძახებული. – შენ რისთვის მოხვედი?
მიშოს ჩაეცინა და ზღურბლს ისე გადმოაბიჯა, ჩემთვის აზრის კი არ უკითხავს.
– რისთვის მოვედი და ხელის შემშლელის გასანეიტრალებლად, – მითხრა თუ არა, უმალვე დამიწყო ჯიბეებზე ხელების ფათური. – ტელეფონი სად გაქვს?
– რას აკეთებ?! ან რა ხელის შემშლელის განეიტრალება?
– დემეტრემ დამირეკა, – შემოსასვლელი კარი მიხურა, გასაღებით საიმედოდ გადაკეტა და ჯიბეში ჩაიდო. – თურმე სამირას მოუმართავს შენთვის დახმარების თხოვნით და შემოგირბინე, რომ სისულელე არ გააკეთო,
მისმა სიტყვებმა ყველაფერი ნათელი გახადა. სურდა შევეჩერებინე, თუკი სამირასთან წასვლას და მის უკან წამოყვანას შევეცდებოდი. თურმე ჩემს სანახავად კი არა დემეტრეს დასახმარებლად მოსულა. არაფერი მითქვამს, პირდაპირ სამზარეულოსკენ გავეშურე ტელეფონის მოსატანად.
– მე სად წავალ, ამას მხოლოდ თავად ვწყვეტ, მიშო, შენ კი ახლა მგონი სამსახურში უნდა იყო.
– ვერსად ვერ წახვალ, მარიტა, შენი სახლის გასაღები მე მაქვს. – ასხმა გამომწვევი სახით შეათამაშა ხელში. – სანამ სამსახურში წასვლის დრო არ მოგივა, ამ ბინაში მე და შენ ერთად ვიქნებით და დროსაც მხიარულად გავიყვანთ.
– ლოლიტას უკვე დავურეკე და საქმის კურსშია, – ვიცრუე. მინდოდა კოვზის ნაცარში ჩავარდნის მთელი სიმწარე ეგრძნო, თუმცა როგორც ჩანს არ გამომივიდა:
– ნუ იტყუები, პინოქიო. ლოლა ახლა თათბირზეა, ნოლანებთან ერთად და ზარზე არ გიპასუხებდა. – მაგიდასთან სწრაფად მივედი და ჩემს მობილურს დავტაცე ხელი. მართალია არ ვიცოდი, რაში დამეხმარებოდა, თუმცა მიშომ რომ ესეც წამართვა და ჯიბეში ჩაიდო, იმედი გადამეწურა.
– შენი აზრით რას აკეთებ? – ვცადე მის ჯიბეში ხელი ჩამეყო, მაგრამ არ დამანება, ორივე მაჯა გამიკავა და თავისთან ახლოს მიმწია.
– მეგობარს ვაზღვევ, რომ საყვარელ ქალთად მარტო დარჩეს და აზრზე მოიყვანოს. შენ სად გარბიხარ, გინდა მურმანის ეკალი გახდე?
– სამირას არ უნდა იქ ყოფნა! და საერთოდ, ეს ადამიანის მანქანაში ჩაგდება და სადღაც, გაურკვეველ ადგილას წაყვანა, მეგონა ოთხმოცდაათიან წლებში ჩაბარდა წარსულს.
– მორჩი მწარე კომენტარებს, – უფრო ახლოს მიმიზიდა მიშომ, თან მარჯვენა ლოყასთან მომიტანა ტუჩები. – ძალიან მიჭირდა შენგან შორს ყოფნა, მაგრამ ამდენ ხანს მაინც ვცდილობდი დასაფიქრებლად პირადი სივრცე მომეცა. მითხარი, ეს დღეები არ გენატრებოდი?
– და გვაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ ერთმანეთი გვენატრებოდეს?
– აი, ესაა ყველა ქალის მთავარი მინუსი, – ეშმაკური ღიმილით შემიშვა მაჯაზე შემოხვეული ხელები. – გულწრფელობა ნაკლებად გახასიათებთ. აი, მაგალითად მე რომ დამისვა იგივე კითხვა, გეტყოდი, რომ ძალიან მომენატრე, რომ ვერც იმ კოცნას ვიგდებ თავიდან და ვერც შენს ტუჩებს, რომ სიგიჟემდე მინდა კიდევ ერთხელ შეგეხო და თავს უფრო მეტის უფლებაც მივცე. ასე რთულია ამის თქმა?
– ეს უკვე ფსიქოლოგიური ზეწოლაა, – წარბის აწევით გავაპროტესტე, თუმცა რამდენიმე წამში ვინანე საერთოდ რომ დავძარი სიტყვა, რადგან პირიდან ისეთი გატეხილი ხმა ამომივიდა, შემეშინდა.
მიშო სიტყვის უთქმელად გავიდა მისაღებში. უკან რომ გავყევი, დივანზე, ტელევიზორის პულტით ხელში მდომი დამიხვდა.
– მოდი, გვერდით დამიჯექი, რამეს ვუყუროთ, – ისე მანიშნა დივნის თავისუფალი სივრცისკენ, ვიფიქრე, რომ მასპინძელი ის იყო და არა, მე.
– უკეთესი იდეა მაქვს, გასაღები და მობილური დამიბრუნე, მერე კი იცი კარი საითაცაა...
– სტუმრის გაგდება ცუდი საქციელია, – სატელევიზიო არხი შეცვალა მიშომ. ეკრანზე რომ ჩემთვის კარგად ნაცნობი მსახიობები გამოისახნენ, მეფარიშვილმა ჯერ მე გამომხედა კმაყოფილი სახით, მერე კი პულტი გვერდით დაიდო. როგორც ჩანდა, წლის ყველაზე მაღალრეიტინგულ, პორნოგრაფიული კადრების შემცველ ფილმზე შეეჩერებინა არჩევანი.
– ეს წესი მაშინ მოქმედებს, როცა სტუმარს თავად დავპატიჟებ.
– რა მექნა? უცებ გავიაზრე, რომ ვადაგასული დესერტის ჭამის ხასიათზე ვიყავი და პირველი შენ გამახსენდი. – მისთვის დამახასიათებელი, დემონური ღიმილით ამომხედა. – კიდევ თუ გაქვს, მომიტანე.
– არ ვიცოდი, თუ შემოვლას აპირებდი, თორემ აუცილებლად მოვიმარაგებდი.
ამ დროს ეკრანზე ფილმში მიმდინარე ინტიმური კადრებიც გამოჩნდა. ხმამაღლა აწეული ტელევიზორის გამო, ხმები მთელ მისაღებში ექოსავით გაისმა. ამ ხმებმა ისეთი უხერხულობა მაგრძნობინა, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში რომ არ მეგრძნო. არ ვიცი რატომ, მაგრამ მუხლებში სისუსტე ვიგრძენი.  ყველაზე ნაკლებად ის მინდოდა, მეფარიშვილს ეს ყველაფერი შეემჩნია. ამიტომ მისგან მოშორებით, ბოლოში მივიყუჟე და ეკრანს წარბშეკრული შევაცქერდი.
– არ გინდა სხვა რამეზე გადართო? – გვერდზე არც გამიხედავს, ისე ვკითხე.
– ნუ ღელავ, მე ქორწინებამდე სექსის წინააღმდეგი ვარ და თუ რამე მოგინდება, ქამარს ხელს მაგრად მოვუჭერ.
– მიშო!
– უბრალოდ ერთი რაღაც მაინტერესებს, – გვერდულად გამომხედა. – ეს ტიპი, ამ გოგოს მართლა უკეთებს რამე ისეთს, რომ ასეთი ნასიამოვნები სახე ჰქონდეს, თუ მსგავს ოვაციებში იმიტომაა, რომ მანამდე არავინ შეხებია?
– გინდა თქვა, რომ შენ უკეთ შეგიძლია?
– კითხვებს ასე პროვოკაციულად ნუ სვამ, მარიტა, – მართალია არ ვუყურებდი, თუმცა ხმის ჟღერადობით ვიგრძენი, იღიმოდა.
– პროვოკაციული შენი საქციელია. აქ მოდიხარ, გასაღებსა და მობილურს მართმევ, სამირასთან არ მიშვებ და ამას იმით ამართლებ, რომ შეყვარებულ წყვილს ხელს შევუშლი.
– დემეზე და სამირაზე არაფერი იცი.
– ცდები, ყველაფერი ვიცი, მათ შორის ის მიზეზიც, რის გამოც დაშორდნენ. – აქამდე მიშო ტელევიზორს თვალს არ აშორებდა, ჩემი სიტყვების შემდეგ ფილმი უმალ დააპაუზა და გამომცდელი მზერით შემათვალიერა. როგორც ვვარაუდობდი, ბოლომდე ვერ იჯერებდა, რომ მათი ტრაგიკული ისტორია შეიძლებოდა მეც მცოდნოდა.
– ანუ, უკვე საქმის კურსში ხარ. – გაოცება იკითხებოდა მის ტონში.
– გუშინ გავიგეთ, ლოლიტას აგარაკზე. ნასვამი იყო და ყველაფერი მოყვა.
– ჰო, ეს მის საქციელს ჰგავს, – ჩაფიქრებული გამომეტყველებით, რამდენიმე წამის განმავლობაში დაშტერებოდა იატაკს. საუბარი მხოლოდ მაშინ განაახლა, როდესაც თავი კვლავ ზემოთ ასწია. – კარგი, თუ ეგრეა, თავადაც უნდა ხვდებოდე, ჩარევის აუცილებლობა რომ არაა...
– სამირას აღარ უნდა დემეტრესთან ურთიერთობა. ეს საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, თავი დაანებოს.
– სამირას შენზე ბევრად უკეთ ვიცნობ და დამიჯერე, მისი სულის მკურნალობა მხოლოდ დემეტრეს შეუძლია. – შევატყვე როგორ სწრაფად მოეღუშა სახე და ტკივიალიანი ღიმილიც გაუკრთა, – უკეთესი იქნებოდა ადრე გაგეცნო. ძველი სამირა სრულიად სხვანაირი იყო.
– მაინც როგორი?
– ობოლი იყო, არც დედა ჰყავდა, არც მამა და არც ვინმე ნათესავი, მაგრამ ცხოვრების ყოველი დღე მაინც ისე უხაროდა, მისი ეს პოზიტივი გარშემო მყოფებსაც ედებოდათ ხოლმე. ძველი სამირასგან, მხოლოდ სახელი და გვარია დარჩენილი. – უნებლიე ღიმილი მომგვარა მისმა სიტყვებმა. ვცადე, წარმომედგინა, იმ ტრაგედიამდე და მართლაც ვიგრძენი გულისწყვეტა, ახლა რომ გავიცანი და არა, მაშინ.
მეფარიშვილმა ფილმის ყურება განაგრძო. ეკრანიზაცია უკვე იმდენად უხერხულ მომენტებზე იყო მისული, ტელევიზორს თვალი განზრახ ავარიდე და მაჯის საათს დავხედე. ზუსტად ორ საათში უკვე სამსახურში უნდა ვყოფილიყავი. სამირას მიერ გამოგზავნილ ლოკაციაზე მისვლა, ნიშნავდა სამუშაო დღის გაცდენას, რაზეც არ მიფიქრია.
– შეგიძლია, ლიმონიანი წყალი მომიტანო, პიტნითა და ყინულით? – მკითხა მან მოულოდნელად. უკვე სახიფათოზე სახიფათოდ მივიჩნევდი შექმნილ სიტუაციას. მიშოსთან ერთად უკვე სამი ქვეყანა მქონდა მოვლილი და ერთადაც უამრავი დროის გატარება გვიწევდა, თუმცა ჩემს სახლში მისი ყოფნა უფრო მეტად მაფორიაქებდა.
– არც ლიმონი მაქვს და არც პიტნა, – მივუგე მშრალად. – წყალი მაცივარშია და შეგიძლია დაისხა. ისედაც ცივია და ყინული არ სჭირდება.
– რატომ ხარ ასეთი დაძაბული?
– სულაც არ ვარ!
– ჩემი მოტყუება რთულია, – ტელევიზორის ეკრანი ჩააბნელა, პულტი დადო და ჩემთნ გადმოჯდა. ხელი დივნის საზურგეს დაადო და ნახევარი ტანით შემობრუნდა. –ყველაფერი სახეზე გაწერია.
– იცი, ვგიჟდები დედუქციისკენ მიდრეკილ კაცებზე, მაგრამ ახლა შენი ინტუიცია ცდება. – მეფარიშვილს აღარაფერი უთქვამს. უფრო მეტად მომიახლოვდა, დივნის საზურგიდან ჩამოღებული ხელი, ამჯერად ჩემს წელს შემოხვია და ისე სწრაფად გადამისვა კალთაში. უხერხულობისა და დაძაბულობის შეგრძნება, რომელიც ფილმის ჩართვის დროს მეწვია, თურმე არაფერი ყოფილა იმასთან შედარებით, რასაც ახლა განვიცდიდი. მეტისმეტი იყო ეს ყველაფერი და ჩემი ემოციური მდგომარეობა ამას უკვე ვეღარ უძლებდა.
რა თქმა უნდა, ფიზიკურად ჩემზე ძლიერი იყო, ამიტომ თავის დახსნის მცდელობაში მწარედ ჩავფლავდი. ერთადერთ გამოსავლად, საუბრით მოგვარება მრჩებოდა. სხვა ალტერნატივა უბრალოდ აღარ იყო.
– მიშო, რა გინდა ჩემგან?
– რა უნდა მინდოდეს? – უკვე ჩემს გაშლილ თმაში დაასრიალებდა თითებს და უფრო მეტად მირევდა თავგზას.
– მეც ზუსტად ეგ მაინტერესებს.
– მხოლოდ და მხოლოდ სიმშვიდე მინდა. ამას კი მაშინ ვეღირსები, როდესაც შენ იქნები ჩემს გვერდით.
– ხვდები რა არადამაჯერებლად ჟღერს შენი სიტყვები, იმის ფონზე, რაც ჩვენი ათწლიანი ნაცნობობის მანძილზე გამოვიარეთ?
– არადამაჯერებლად ისიც ჟღერს, რომ ორი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად ვხედავდი ერთი და იგივე სიზმარს შენზე, მაგრამ ფაქტია სიმართლეა. – დაასრულა თუ არა წინადადება, ჯიბიდან ჩემი მობილურიც ამოიღო და გამომიწოდა. – ვიბრაციით ვიგრძენი, ვიღაცამ შეტყობინება გამოგიგზავნა, შეგიძლია ნახო.
ეკრანს მხოლოდ მაშინ დავხედე, როდესაც მისი მუხლებიდან წამოვხტი და მოშორებით გავედი. ემოციურ ფონზე თვალები მიჭრელდებოდა და ტელეფონშიც ყველაფერი, ერთმანეთში არეული საღებავებივით იდღაბნებოდა. ტექსტური შეტყობინება სამირასგან იყო გამოგზავნილი და მასში ერთადერთი ის ეწერა, რომ მისი მოძებნა არავის ეცადა მანამ, სანამ თავად არ დაგვირეკავდა და ამის შესახებ პირადად არ გვთხოვდა.
რა თქმა უნდა, მაშინვე ეჭვი შემეპარა იმაში, რომ ეს ნამდვილად მისი მოწერილი იყო. ვცადე კიდეც გადამერეკა, თუმცა ოპერატორის ხმამ აბონენტის მიუწვდომლობის შესახებ მაცნობა. მთელი ეს დრო, მიშო დაკვირვებით ადევნებდა თვალს ყველა ჩემს ქმედებას. მისი ღიმილიანი სახე მარწმუნებდა, რომ დაახლოებით უკვე იცოდა, რის გამო დავდიოდი ოთახში ასე უთავბოლოდ.
– აიძულა ამ შეტყობინების მოწერა, არა?
– რომელი შეტყობინების? – სახის მშვიდი მიმიკა, ოდნავადაც არ შესცვლოდა მეფარიშვილს.
– სამირა მწერს არაფერი მოიმოქმედო, სანამ თავად არ დაგიკავშირდებიო, მერე კი მობილურიც ითიშება. ეს მისი ნებით გაკეთებულს არ ჰგავს. – მიშო ერთხანს უმოქმედოდ იჯდა, მერე კი მტკიცე უარის ნიშნად გადააქნია თავი.
– მენდე, სამირას ვერავინ აიძულებდა ის შეტყობინება მოეწერა, რომელიც სხვამ უკარნახა. არც დემეტრე გამოაგზავნიდა რამეს მისი სახელით.
მიშოსგან მოშორებით, დივანზე მოწყვეტით დავჯექი და თვალებდახუჭულმა, თავი საზურგეს გადავადე. ძალიან დაბნეული ვიყავი. აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ან ვისი სიტყვები იყო დასაჯერებელი. მიშოს ნათქვამი საკმაოდ გულწრფელად და დამაჯერებლად ჟღერდა, თუმცა მეორეს მხრივ, არც სამირას ხმა მავიწყდებოდა, როდესაც დახმარების სათხოვნელად დამირეკა. ამის გამო, ლამის იყო გაორება დამწყებოდა.
– სამირას დღემდე უყვარს დემეტრე, – თითქოს შორიდან ჩამესმა მიშოსს ხმა. – შენ მათზე ბევრი არაფერი იცი, მე კი მთელი ბავშვობა ვაკვირდებოდი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათნაირი წყვილი დღეს დიდი იშვიათობაა.
– იშვიათობა რა მხრივ?
– თუნდაც ერთგულების მხრივ. დემეტრეს იმდენად დიდი გრძნობა აქვს, ყველაზე ლამაზი, სექსუალური ქალიც რომ მიუყვანო და ლოგინში სრულიად შიშველი ჩაუწვინო, თითსაც არ დააკარებს. არც კი მოუნდება ამის გაკეთება.
– ეგ უკვე ზღაპარია, – უნდობლად გავხედე. – ასეთი რამები დღეს ფილმებშიც აღარ ხდება.
– რეალობაა, მარიტა. – ისეთი დაჟინებული მზერით შემომხედა, ნებისყოფა არ მეყო და თვალი ავარიდე, – როცა ქალი სისხლში გყავს გამჯდარი, ამ დროს ტვინი უკვე სხვაზე ვეღარ ფიქრობს. ვერც კი წარმოგიდგენია, როგორ უნდა მოეფეროს სხვას, როცა უკვე მისი გემო იცი, მისი კანის სურნელი, მისი ტუჩების სითბო. თუკი ქალის მიმართ ასეთ რამეს არ იგრძნობ, არც მომავალი უნდა დაუკავშირო. ეს ვინმე ისეთთან უნდა გააკეთო, ვისაც შენი პრინციპების მუხლებზე დაჩოქებაც კი შეუძლია.
ერთადერთი, რაც მისმა საუბარმა მაგრძნობინა, ეს მსუბუქი თავბრუსხვევა იყო, რომელსაც მართალია არა რეალურად, თუმცა აბსტრაქტულად მაინც შევიგრძნობდი. უკვე სულს მიხუთავდა მასში ისეთი ახალი თვისებების აღმოჩენა, რაზეც შემდეგ მთელი დღე მეფიქრებოდა ხოლმე. ვგრძნობდი, რომ ჭაობი, რომელიც ჩაძირვით მემუქრებოდა, ნელ-ნელა უფრო და უფრო ახლოს მოდიოდა ჩემთან, მე კი ვერც წინ ვახერხებდი ნაბიჯის გადადგმას და ვერც უკან.
– მორჩა, წავალ მოვემზადები, – აფორიაქებულმა მხოლოდ ეს ვუთხარი საპასუხოდ და წამოვდექი კიდეც ფეხზე. – იმედია მერე მაინც მომცემ გასაღებს და სამსახურში შენი წყალობით არ დავაგვიანებ.
– ჯერ ადრეა, – ისე ეღიმებოდა, როგორც ჩანდა უკვე მიმხვდარიყო, რატომ ავდექი დივნიდან ასე მოულოდნელად, – იქამდე დრო საკმაოდ გვაქვს. თუ გინდა, ბამბის ნაყინზე დაგპატიჟებ, ეშმაკის ბორბალზე დაგსვამ, ბევრ გულის ფორმის ბუშტს გიყიდი წარწერით “Love”. ტიპური თინეიჯერული პაემანი გვექნება.
– ოც წუთში მზად ვიქნები და აქედან პირდაპირ სამსახურში წავალთ, თუნდაც ნაადრევად! – ვუთხარი მკაცრად, მერე კი სწრაფად მივტრიალდი და ჩემი საძინებლისკენ გავეშურე, რომ ტუჩებზე მომდგარი ღიმილი დამემალა.



***
უკვე მესამე დღე ილეოდა, რაც სამირას ვერ ვუკავშირდებოდი. დროის გასვლასთან ერთად, ეს გარემოება უფრო და უფრო მაშინებდა. ჩვენი შეტყობინების ველი, სამირას ტელეფონიდან, ვიღაცას ჩემთანაც სრულიად გაექრო, რის გამოც, უკვე აღარც ადგილმდებარეობა მქონდა ხელთ.
ბარისტას მოვალეობას სამირას არყოფნის დროს ლანა ასრულებდა. ამ პერიოდში უფროსებს ჩემს შვებულებაზე დაველაპარაკე და მათგან დადებითი პასუხიც მივიღე. დაგეგმილი მქონდა, ჩემი ერთ-ერთი ოცნების ქალაქი – რიო-დე-ჟანეირო მომენახულებინა და ამ დასვენებით მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო.
გამგზავრებას სამ დღეში ვაპირებდი. ყველა საჭირო პროცედურა უკვე მოგვარებული მქონდა. ბუკინგის აპლიკაციით ოთხვარსკვლავიანი სასტუმროც კი დავჯავშნე. ცხოვრებაში პირველად, საკუთარ თავს იმის უფლება მივეცი ბიზნეს-კლასით მემგზავრა. რიო-დე-ჟანეირომდე პირდაპირი რეისი არ იყო, ჯერ თურქეთში მიწევდა გაჩერება, შემდეგ კი იქედან ცამეტსაათიანი ფრენა მელოდა სან-პაულომდე, ეკონომ-კლასით მგზავრობა საშინლად დამღლიდა.
საღამოს მე და ლოლა ბარის დახლთან, პირდაპირ კალეს წინ ვისხედით და ცივ ხილის წვენს მივირთმევდით. რესტორანი ხალხით იყო სავსე და კალესაც ბევრი დრო არ ჰქონდა ჩვენთან სასაუბროდ, თუმცა შიგადაშიგ ვახერხებდით რამდენიმე წინადადების გაცვლას.
სტუმრები ბევრს სვავმდნენ და ვიფიქრე, ერთი ჭიქა მარტინი მეც დამელია, მაგრამ გამახსენდა, რომ მ იკშო დამინახავდა და კიდევ რამეს მეტყოდა, ამიტომ გადავიფიქრე.
– მარიტა, არ გერჩივნა რიოში ჯგუფური ტურით წასულიყავი? მკითხა კალემ, როგორც კი მორიგ სტუმარს მიაწოდა ვისკი. – შენთან ერთად, კიდევ ბევრი ადამიანი იქნებოდა, ახალ ნაცნობებსაც გაიჩენდი და უფრო უკეთ გაერთობოდი.
– არა, – მაშინვე გავაქნიე თავი. – მიყვარს ჯგუფური ტურები, მაგრამ ახლა სხვანაირ ხასიათზე ვარ და მინდა მარტომ გავიღვიძო უცხო ქალაქში, ყოველგვარი ნაცნობისა და მეგობრის გარეშე.
– გაიღვიძო მარტომ უცნობ ქალაქში, ყველაზე დიდი ბედნიერებაა ამ ქვეყნად. – განაცხადა ლოლამ მელანქოლიურად, თან ხარბად მოწრუპა თავისი ანანასის წვენი. რაღაც სევდიანი გამომეტყველება ჰქონდა, ისეთი, როგორიც მას არ ახასიათებდა.
– რა გენაღვლებათ? – თვალები აატრიალა კალემ. – თქვენი სამოგზაურო წიგნაკი ლამის ბოლომდე სავსეა, მე კი საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის შიშით დამაჯილდოვა დედაბუნებამ. მხოლოდ იქ შემიძლია წასვლა, სადაც სახმელეთო გზით მიმოსვლაა შესაძლებელი.
– შეგიძლია მოგზაური იუთუბერების არხი გამოიწერო და პოპ-კორნით ჩაუჯდე, ცოტათი მაინც შეგივსებს დანაკლისს. – ღიმილით ურჩია ლოლამ, თუმცა მერე, უწინდებურად მოეღუშა სახე და საწრუპში ჩაბერვით, ჭიქაში ჩარჩენილ წვენს გაუკეთა ბუშტუკები.
– ისე, რომელი ქალაქი იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი, სადაც კი ყოფილხართ? – ცალ-ცალკე მოვატარე მზერა ორივეს. პირველად პასუხი კალემ დამიბრუნა:
– ქალაქი არა, მაგრამ მათ შორის, სადაც ვყოფილვარ, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ავსტრიის პატარა სოფელი, ჰალშტატი იყო. თუკი ბათუმის გარდა კიდევ სადმე ვიცხოვრებდი, მხოლოდ იქ და სხვაგან არსად.
– კარგი რა, რა სოფელი? – ამჯერად ლოლა ალაპარაკდა. – ეგ ოთხმოც წელს გადაცილებულმა ხალხმა ინატროს, ვისაც ცალი ფეხი იქით აქვთ. აი, ჩემი ფავორიტი კი პარიზია, თავის ხმაურიანი ქუჩებით, ფეშენებელური ადგილებით, მოდით, ხელოვნებითა და თავაზიანი ფრანგი კაცებით. ამ ქალაქში ყველაფერია, რაც კი ქალმა შეიძლება ინატროს.
– პარიზში მეც ნამყოფი ვარ, ლოლიტა, – ვუთხარი ღიმილით. – თუმცა, ალბათ, იქაურობა ისე ვერ აღვიქვი, როგორც შენ და ზუსტად ამიტომ გამოვიქეცი უკან სამ დღეში.
– შენ საერთოდ ხმას ნუ იღებ! – ამჯერად მე გადმომწვდა. – გოგო რომ პარიზში წავა და იქედან ისე დაბრუნდება, ერთ კაცთან ერთადაც არ წავა პაემანზე, იმის ნორმალურობაში უკვე ეჭვი მეპარება.
– საფრანგეთში პაემანზე წასვლა უმეტესწილად იმას ნიშნავს, რომ დღის ბოლოს ამ ადამიანთან უნდა დაწვე კიდეც. – ვიმართლე თავი. ვამჩნევდი ოდნავ გაღიზიანებული იყო, თუმცა ვერ ვხვდებოდი რატომ.
– და მერე რა? რკინის ტრუსები გაცვია და გასაღები მამაშენისთვის გაქვს ჩაბარებული?
– ლოლა! -კალეს აწეულმა ხმამ, ლამის რესტორნის სტუმრების ხმაც გადაფარა და რამდენიმე ადამიანის ყურადღებას მივიქციეთ. ამიტომ ისევ ხმადაბლა გააგრძელა. – არ მესმის, რის გამო ეკამათები, თუკი ვინმესთან მოუნდება, უშენოდაც მიაგნებს მისი შარვლის ქამარს!
– ორივემ შეწყვიტეთ! – ჯერ კალე გავაჩუმე ჩემი შეკრული წარბებით, მერე კი ლოლას ჯერიც დადგა. კიდევ ერთხელ შევათვალიერე დამკვირვებლური მზერით. ისე არ გამოიყურებოდა, როგორც ყოველთვის. თვალის უპეები ჩაშავებული ჰქონდა, არც მაკიაჟი ესვა, მხოლოდ მოვარდისფრო საცხი გადაესვა ტუჩებზე და თმაც ზედმეტად ჩვეულებრივად, ცხენის კუდად ჰქონდა აკრული. ახლაც ისეთივე ლამაზი იყო, როგორც მუდამ, თუმცა ძალზე სადად და ეს არ ახასიათებდა.
– ლოლიტა, არ მეტყვი რა გჭირს? დღეს რაღაც შენს თავს არ ჰგავხარ...
– არაფერი არ მჭირს! – თითქოს შერცხვენილმა ჩაქინდრა თავი. – მაპატიე რაა, არ მინდოდა შენი წყენინება.
– ვიცი, რომ არ გინდოდა... უბრალოდ, მამაჩემი ჩემთვის მტკივნეული თემაა და შეეცადე, სხვა დროს ასეთ სულელურ საუბრებში აღარ ახსენო ხოლმე.
– ბოდიში, მარიტა, – ხმა გაუტყდა მას. მომეჩვენა, რომ თითებიც აუკანკალდა, რის გამოც მხარზე ხელი დავადე და გამამხნევებლად გავუღიმე. ოდნავ დამშვიდდა კიდეც.
ჩემი წვენის ჭიქა უკვე ბოლომდე მქონდა ჩაცლილი, როდესაც დარბაზში კიდევ ერთხელ შევნიშნე მიშო. რესტორნის ერთ-ერთ VIP-კლიენტს, პირადად მიაცილებდა დაჯავშნილ მაგიდამდე. ეს ახალგაზრდა და ლამაზი ქალი, ქალაქში ცნობილი და მდიდარი ბიზნესმენის ქვრივი იყო. არ გამომპარვია, როგორ აღტაცებით შსცქეროდა იგი მიშოს. ბართან რომ ჩაიარეს, წამით მიშოს მზერა დავიჭირე. ისეთი მაცდური ღიმილით შემომხედა და ისე ეშმაკურად ჩამიკრა თვალი, ნებისყოფა არ მეყო, თავი მაშინვე სხვა მხარეს მივატრიალე. მაშინვე შევამჩნიე ლოლას ჩაფიქრებული მზერა. ორივეს დეტექტივივით გვაკვირდებოდა, თითქოს დანაშაულის დასამტკიცებლად რამე სამხილს ეძებსო. ზუსტად ვიცოდი, ყველაფერი ზედმიწევნით ჰქონდა შემჩნეული, თუმცა არაფერს რომ არ ამბობდა, უკვე მაშინებდა. კარგად ვიცნობდი, აქამდე ათას კითხვას დამისვმდ, თუ რატომ შემომხედა მიშომ ასე.
“ლილიტა, რაღაც მოხდა ხომ?” – მივწერე მობილურზე, რადგან შეიძლებოდა კალესთან ერთად საუბარი არ მონდომებოდა და კვლავ სიტყვა “არაფრით” მოვეშორებინე თავიდან.
“ხომ გითხარი არა-მეთქი?” – ისე სწრაფად მომივიდა პასუხი, არ ველოდი. კიდევ კარგი, კალეს უამრავი საქმე ჰქონდა, თორემ ჩვენი მზერებიდან გამომდინარე, აუცილებლად შენიშნავდა, რომ მიმოწერა ერთმანეთთან გვქონდა გაბმული.
“ახლა ყოველგვარი პროტესტის გარეშე დგები და აივანზე გადიხარ. სიმართლეს იქ დაგაფქვევინებ.”
მეტად აღარაფერი მიმიწერია, არც შეტყობინების ლოდინში დამიკარგავს დრო. ჭიქაში წვენი ბოლომდე გამოვცალე, კალეს ვამიშნე, წავედით–მეთქი და პირდაპირ აივნისკენ წავედი. გზაში დარბაზიც მოვათვალიერე მალულად. მეფარიშვილი აღარსად ჩანდა, თუმცა მისი სუნამოს სურნელი, მსუბუქად ჯერ კიდევ ტრიალებდა ირგვლივ და სასიამოვნოდაც მაბრუებდა. 
ჩემი წამოსვლიდან ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ ლოლამ გამომაკითხა. დაბნეული სახე ჰქონდა. შეიძლება ითქვას ოდნავ შეშინებულიც კი. მის თავს ნამდვილად რაღაც უჩვეულო ხდებოდა.
– მოდი, ლოლიტა, მოდი, – ღიმილი მომადგა მის ბავშვივით დამფრთხალ სახეზე. – ხანდახან ყველას გვკბენენ სხვადასხვა წარმომავლობის ბზიკები და ახლა ის თქვი, შენ რომელმა მათგანმა გიკბინა, ასე უჟმურ ხასიათზე რომ ხარ?
ლოლა მდუმარედ მოუახლოვდა მოაჯირს. ცოტა ხანს ხედის თვალიერებით ირთობდა თავს. პასუხი ცოტა დაგვიანებით, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამიბრუნა:
– დამიჯერე, რაც ხდება, ბზიკის კბენაზე გაცილებით უფრო რთულია, მარიტა. ჯერ იყო და სამირას რომანტიკული გაუჩინარების გამო ვერ მოვედი აზრზე, ახლა კიდევ ეს...
– და ასეთი რა ხდება? – ინტერესად ვიქეცი.
– ის ხდება, რომ შენი უპასუხისმგებლო მეგობარი, თავის ახალ ფიტნეს-ინსტრუქტორთან ერთად დასალევად წაბრძანდა, გამოთვრა, თავდაცვა დაავიწყდა და ახლა ორსულადაა. – არც აცია, არც აცხელა, პირდაპირ მომახალა. გავშრი.
– მოიცა, მოიცა რა თქვი? ორსულად?! – მხოლოდ იმიტომ ჩავიკითხე, რომ დამეზუსტებინა, ხომ არ მომესმა-მეთქი.
– ზუსტადაც! – მოაჯირს იდაყვებით დაყრდნობოდა და სახე ხელის გულებში ჩაერგო. – ისე გვიან მივხვდი, უკვე აბორტიც დაგვიანებულია, თანაც ტყუპებს ველოდები, გესმის? ერთს კი არა, ორს, მარიტა, ორს! – ხელებში ჩარგული თავი ამოსწია და ორი თითი ცხვირწინ დამიტრიალა.
– ლოლიტა, ნუ მაგიჟებ! როგორ თუ აქამდე ვერ მიხვდი?! სხვა სიმპტომები თუ არა, მენო-პაუზა მაინც გექნებოდა!
– მქონდა კიდეც, – ლამის ამოიტირა მან, – უბრალოდ ბავშვობიდან არეული მაქვს ციკლი. ყოფილა შემთხვევა, თვეობით არ შევუწუხებივარ და მერე ჩვეულებრივად გამგრძელებია. ახლაც ამიტომ არ მივაქციე ყურადღება, სხვა სიმპტომები კი გუშინდელ ღამემდე არ მქონია.
– რა მოხდა გუშინ? -უკვე მღლიდა ის ფაქტი, რომ ამდენ კითხვას ვსვამდი და ალბათ მასაც, თუმცა ლოლას ყოველი სიტყვა ახალ შეკითხვას ბადებდა.
– მთელი ღამე უნიტაზთან მქონდა პაემანი. წყალიც კი არ შეირგო ორგანიზმმა, არადა ისეთი არაფერი მქონდა ნაჭამი, მსგავსი რეაქცია გამოეწვია. ძალიან შემეშინდა და დღეს დილით ექიმთან წავედი, მან კი ეს ამბავი მაცნობა. – დაასრულა თუ არა, სატირლად აუწყლიანდა თვალები, თუმცა ცრემლებს სიამაყით აჯობა და არ უტირია.
წარმოდგენა არ მქონდა რა მეთქვა. ცხოვრებაში პირველად ვიყავი მსგავს სიტუაციაში და აზრზეც ვერ მოვდიოდი, თუ რა სანუგეშებელი სიტყვების მოფიქრება შეიძლებოდა მისთვის. აღარც ლოლა ცდილობდა ჩემთან საუბარს. მისი გონება ათასგვარი საფიქრალით იყო გამოჭედილი, ამ ყველაფერს კი შიში მართავდა – შიში იმ პასუხისმგებლობისა, რომელიც სრულიად მოულოდნელად დააწვა მხრებზე და ბოლომდე უნდა ეზიდა.
– მამაშენმა იცის? – ვკითხე გაუბედავად. ვცდილობდი ყველა სიტყვა სწორად შემერჩია. ზუსტად ამის გამო აღარ დამისვამს შეკითხვები ბავშვის მამასთან დაკავშირებით.

– არა, ხომ გითხარი, მეც დღეს გავიგე. ისიც არ ვიცი, როგორი რეაქცია ექნება.
– თუ გინდა, რიოში წასვლას გადავდებ და შენთან დავრჩები, – შევთავაზე. – მამაშენსაც ერთად ვუთხრათ ეს ამბავი.
ლოლას ჯერ ჩაეღიმა, მერე კი თვალებში მადლიერება ჩაუდგა, ჩემკენ გადმოიხარა და ლოყაზე მაკოცა.
– ძალიან საყვარელი ხარ, მაგრამ ჩემ გამო შვებულებას არ ჩაგაშლივინებ. თან მინდა ეს მამაჩემს პირადად ვუთხრა, ასე უკეთესი იქნება.
– ჩემთან ერთად რომ წამოხვიდე? – მართალია არც ისე უსუსურად გამოიყურებოდა, თუმცა მაინც მიჭირდა ამ მდგომარეობაში მისი დატოვება. – შენც შვებულება აიღე და ერთად გავემგზავროთ. გულს გადააყოლებ, მერე კი, როცა ძალას მოიკრებ, მამაშენსაც ეტყვი სიმართლეს.
– არა, მარიტა, – მაშინვე გადააქნია თავი, ნოლანები ამდენ ადამიანს ერთად არ გაგვიშვებენ. შენ გარდა, კიდევ ერთი მიმტანია გათავისუფლებული და ამ სიას, სამირაც დაემატა, თან ჯერ ისიც არ ვიცი, ჩემს მდგომარეობაში ფრენა რამდენად მიზანშეწონილია.
გულში გამეღიმა. სულ რაღაც რამდენიმე საათი იყო, რაც ფეხმძიმობის შესახებ გაიგო და უკვე მისი დაცვის ინსტიქტი ჰქონდა გამომუშავებული. ვაღიარებ, აქამდე ვერასდროს წარმოვიდგენდი ლოლას დედის ამპლუაში. ვფიქრობდი, რომ ბავშვები ნამდვილად შცვლიდნენ უკეთესობისკენ.
– იუნგი გვიახლოვდება, – ფიქრებში ჩაძირული ლოლას ხმამ გამომაფხიზლა. – მგონი შენთან უნდა საუბარი.
– ლოლიტა, იცოდე არსად წახვიდე! – მკაცრად გავაფრთხილე იგი. მართალია იუნგი Imagine-ში ხშირად დადიოდა, მაგრამ ერთხელაც არ უცდია ჩემთან გამოლაპარაკება. ლოლა ურყევად იდგა იმ აზრზე, რომ იმ ამბების მერე საუბარს ერიდებოდა. კალე ამას ჩემდამი ინტერესის სიმცირეს აბრალებდა, სამირას კი ეს თემა ფეხებზე ეკიდა და არანაირ კომენტარს არ აკეთებდა.
– შეიძლება მთხოვოს, რომ მარტო დაგტოვოთ... უხერხულია. – მინდოდა მეთქვა, რაც არ უნდა გთხოვოს, რამე მიზეზი მოიფიქრე და დარჩი-მეთქი, თუმცა ვეღარ მოვასწარი.
– საღამო მშვიდობისა, გოგონებო, – ორივეს თავაზიანად მოგვესალმა, მაგრამ მზერა მხოლოდ ჩემკენ ჰქონდა მომართული.
– საღამო მშვიდობის, – სპეციალურად დაყენებული ღიმილით გაეპასუხა ლოლა, მე კი უბრალოდ თავი დავუკარი.
– ბოდიში საუბარს რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ლოლას, ერქოლე ეძებდა. – ამჯერად მასზე გადაიტანა მზერა. მივხვდი, ეს უბრალოდ ჩემთან მარტო დარჩენის მიზნით მოფიქრებული ტყუილი იყო. ხასიათი გამიფუჭდა. იუნგთან საუბარი საერთოდ არ მაინტერესებდა, ახლა ჩემი გონება მხოლოდ ლოლას ამბის ირგვლივ ტრიალებდა.
ლოლამ მზერით მომიბოდიშა, რომ წასვლა უწევდა. იუნგს სახეზე მოუთმენელობა ეტყობოდა, სურდა ლოლა რაც შეიძლება მალე მოშორებოდა აქაურობას.
– კარგი, წავალ გავიგებ რა უნდა ერქოლეს, – ღიმილით დაგვტოვა ლოლამ. ვიცოდი, იუნგს რისი თქმაც სურდა, მაგრამ ჩემთვის არაფერს წარმოადგენდა ამაზე საუბარი.
– რა ხანია შენთან განმარტოებით მინდა საუბარი, – მოაჯირს ორივე მკლავით დაყრდნობოდა იაპონელი, თან სადღაც შორს, უსასრულობაში იყურებოდა.
– უკვე ვხვდები, რაზეც გინდა დალაპარაკება, მაგრამ ვალდებული არ ხარ, რამე ამიხსნა.
– ჰო, არ ვარ ვალდებული, – თავი დამიქნია. – უბრალოდ მე მინდა ამის გაკეთება.
– შენი გადასაწყვეტია. თუ რამის თქმა გინდა, მოგისმენ.
– მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან ცუდად გამომივიდა შენთან იმ დღეს. წარმომიდგენია, რა შთაბეჭდილება დაგრჩებოდა ჩემზე... – არაფერი მითქვამს. უბრალოდ გავჩუმდი. ზოგჯერ დუმილი ბევრად უფრო მეტს ამბობდა, ვიდრე სიტყვები. – არც გამტყუნებ, – კვლავ განაგრძო. – დაინახე, როგორ გამოვდიოდი საპირფარეშოდან სხვა ქალთან ერთად, როცა მეორე დღეს შენ უნდა შეგხვედროდი.
– მისმინე, – დავიწყე ღიმილით. ვგრძნობდი ჩემთვის უკვე აღარ იყო გულსატკენი ეს თემა. – მართალია, ოდნავ უსიამოვნო იყო ის, რაც მოხდა, თუმცა შენს დადანაშაულებას არ ვაპირებ. ჩვენ შორის, მსუბუქი ფლირტის გარდა არაფერი ყოფილა და არც რამე მოვალეობა გაკისრია ჩემ წინაშე.
ამჯერად თვითონ გაჩუმდა. არ ვიცოდი, საითკენ ცდილობდა ამ საუბრის წაყვანას. ეტყობოდა, რომ დიალოგის გასაგრძელებად შესაფერისი სიტყვების მოძებნას ცდილობდა.
– ადამიანისთვის მეორეს შანსიის მიცემაზე, ზოგადად რა აზრის ხარ ხოლმე, მარიტა?
ჩემი ნახევარსაათიანი შესვენების დრო უკვე დასასრულს უახლოვდებოდა. პასუხი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამებრუნებინა, ამიტომ აღარც მე დავაყოვნე:
– მაპატიე, მაგრამ თუკი ჩვენი შეხვედრა საჭირო იყო, მაშინ შევხვდებოდით, როდესაც ეს დავგეგმეთ. გულწრფელად გეტყვი, აღარ მინდა ერთ მდინარეში მეორედ შევცურო, ამიტომ მოდი ისე დარჩეს, როგორც არის.
– ლანასთან რაც მოხდა, სულელური შეცდომა იყო, მარიტა.
– ჰოო? – აშკარად ვერ მოვიხიბლე მისი ნათქვამით და ეს სახეზეც შემეტყო. – და რატომ იყო სულელური შეცდომა? ლანა რა, ადამიანი არ არის? იქნებ ძალიან მოსწონხარ და ასე ახლოსაც ამიტომ მოგიშვა?
– მოდი, შენ თუ პირდაპირი ხარ, მეც პირდაპირი ვიქნები და გეტყვი, რომ ეგ გოგო, ერთი ფულზე მონადირე ძუკნაა. საპირფარეშოში შემომივარდა იმ იმედით, რომ დიდ თევზს დაიჭერდა, თუმცა... – აქ იუნგი გაჩერდა, ჰაერი ღრმად შეისუნთქა და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძო. – მოკლედ, არაფერი ხდება ჩვენს შორის. რაც იყო, იმ საპირფარეშოს კაბინაშივე დასრულდა და მეტად აღარც გამეორდება.
სხეულში ერთიანად დავლილმა სიბრაზემ, თვალების დახუჭვა მაიძულა. გამაღიზიანა იმის მოსმენამ, რომ საკუთარ თავს “დიდ თევზად” მოიხსენიებდა. მასში საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ნარცისი დავინახე, რომელიც ფიქრობდ, რადგან მდიდარი და ჭკვიანი იყო, დედამიწა მის ირგვლივ ტრიალებდა. იმედები საშინლად გამიცრუა.
– არ მაინტერესებს, რას აპირებ სამომავლოდ, – ამჯერად არა თავაზიანი, არამედ მკაცრი ხმით იყო ნათქვამი ჩემი თითოეული სიტყვა. – უბრალოდ ერთს ვიტყვი და ამით დავასრულებ. მისალმების გარდა არანაირი ურთიერთობა არ მსურს იმ ადამიანთან, რომელიც თავისი ახლო მეგობრების რესტორანში, მიმტანებთან კავდება ინტიმური ურთიერთობით და შემდეგ ამ მიმტანს ძუკნად მოიხსენიებს, საკუთარ თავს კი იმ თევზად, რომლის დასაჭერადაც ყველა ქალს ანკესი აქვს მომზადებული. – გაშრა, არ ელოდა ჩემგან ასეთ სიტყვებს. აივანი სწრაფი ნაბიჯებით დავტოვე. ვიგრძენი, რომ იუნგის მიმართ, ის მცირედი პატივისცემაც აღარ დამრჩენოდა, მით უფრო ინტერესი.
დღემ საკმაოდ უღიმღამოდ ჩაიარა. ერთადერთი სიამოვნება ჩემთვის, როიალთან ურთიერთობა იყო.
სამ დღეში უკვე რიოში ვიქნებოდი და შემაღლებული ადგილებიდან გადმოვხედავდი ქალაქის ულამაზეს ხედებს. ნივთების ჩალაგება იმავე საღამოს უნდა დამეწყო. მართალია ლოლას სიტუაცია და სამირას გაურკვეველი მდგომარეობა ცოტა არ იყოს ხინჯად მრჩებოდა გულში, თუმცა იმასაც ვაცნობიერებდი, რომ ჩემი ბათუმში დარჩენა ვერც ერთს წაადგებოდა რამეში და ვერც მეორეს.
სამუშაო დღის ბოლოს, ლოლას შეტყობინება გავუგზავნე. ვთხოვდი, როგორც კი მამამისს ახალ ამბავს ეტყოდა, მაშინვე გადმოერეკა და მოეყოლა, როგორ შევხდა იგი ამ ყველაფერს.
სახლამდე ავტობუსით მივედი. ბოლო პერიოდში, ყველაზე მეტად ვგრძნობდი ჩემი მანქანის დანაკლისს. მენატრებოდა ის დრო, როდესაც შინ კომფორტულად მოვდიოდი, საჭესაც თავად ვმართავდი და მაგნიტოფონშიც მხოლოდ ჩემი საყვარელი მუსიკები ისმოდა. ეს მუსიკები, ახლა ყურსასმენებში მქონდა ჩართული და მათი მოსმენის პარალელურად, სახლამდე ისე მივაღწიე, მართლაც ბოლო წამს გავიაზრე, უკვე ჩემი გაჩერება რომ იყო.
ძალიან მშიოდა და მაცივარში გემრიელი არაფერი მომეპოვებოდა. მარკეტში სამი სხვადასხვა სახეობის მზა საკვები და ჩემთვის საყვარელი ხილის ასორტიმენტიც დავამატე და ნაყიდი პროდუქციით დატვირთული, სავსე ქაღალდის პარკით შევედი ლიფტში. ის-ის იყო კარის დახურვის ღილაკისთვისაც უნდა დამეჭირა თითი, რომ დავინახე, როგორ მოდიოდა ლიფტისკენ მიშო. მასაც ჩემსავით, მარკეტში ნაყიდი პროდუქტები ეკავა ხელში, თან საკმაოდ დახვეწილ, სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილიყო. კარის დახურვას, სულ ერთი წამით შემოასწრო მეფარიშვილმა. დაბნეული ვიყავი, ლიფტის გაჩერების ღილაკზე თითის მიჭერაც კი არ მომაფიქრდა. მისი მოულოდნელი გამოჩენები სულს მიფორიაქებდა და ამავდროულად, მაბნევდა კიდეც.
– საღამო მშვიდობისა, – ისე უბრალო ღიმილით მომესალმა, თითქოს ჩვენი აქ შეხვედრა, თანაც ამ დროს,  ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყო.
– აქ რას აკეთებ, მიშო?
– იმას, რასაც შენ, ზემოთ ავდივარ. – არ ვიცოდი, რა მეფიქრა, მას კი სიამოვნებდა ჩემს სახეზე ამოკითხული დაბნეულობის ცქერა.
– უფრო ვრცელი პასუხი მჭირდება, მიშო.
– ნუ ღელავ, შენთან არ მოვდივარ. სულ ორჯერ გესტუმრე და ორივეჯერ ისე დამხვდი, ვეჭვობ, სტუმარ-მასპინძელი წაკითხული არ უნდა გქონდეს...
– შენ წარმოიდგინე, წაკითხული მაქვს.
– მართლა? – კარს ცალი მკლავით მიეყრდნო. – თუ გინდა, ჩემთან შევიდეთ და პოეზიაზე ვისაუბროთ, რას იტყვი?
– შენთან? – შუბლზეც კი დამეწერა, რომ ვერ მივხვდი რა იგულისხმა. ლიფტი გაჩერდა და კარი გაიღო. მიშომ პირველი მე გამატარა, შემდეგი თავადაც გამომყვა უკან. მეორედ გადამიარა სახეზე გაოცებამ, როდესაც მეფარიშვილი, ჩემს პირდაპირ მდებარე ბინის კარს მიადგა, გასაღების ასხმა ამოაძვრინა და იქედან ერთ-ერთი, საკეტს მოარგო. ხმის ამოღებაც ვერ მოვახერხე და ალბათ კიდევ დიდხანს იტრიალებდნენ გონებაში ქაოტურად მოძრავი, დაუსმელი კითხვები მიშოს რომ არ ამოეღო ხმა:
– ჰო, მარიტა, მართალია ის, რამაც ახლა თავში გაგიელვა, – კარის შუა ნაწილს, ცალი მკლავით მიყრდნობოდა იგი. – ეს ბინა, რამდენიმე დღის წინ ვიყიდე.
– რა?
– რა და, ახლა ოფიციალურად მეზობლები ვართ. როცა დავლაგდები, ვინმე კარგი ხელოსანიც მირჩიე, აბაზანაში ონკანია შესაკეთებელი.
– ერთი წამით, ერთი წამით, რა ონკანი? – იდუმალ ღიმილს ჩემი მკაცრად აზიდული წარბებით შევერკინე. – ეს ბინა მართლა იყიდე, თუ ხუმრობ?
– არა, არ ვხუმრობ, -უდანაშაულო ბავშვივით გადააქნია თავი. – შეგიძლია ამ დღეებში შემოხვიდე და ახალმოსახლეობა მომილოცო. გაითვალისწინე, ტორტები ხილით მიყვარს და სასმელებიდან, ნახევრად ტკბილ ღვინოს ვანიჭებ უპირატესობას.
– ხუმრობაა ეს ყველაფერი...
– არც ხუმრობაა და არც ფარული კამერა, – საკეტი გახსნა, კარი გააღო და ცოტა ხნით ზღურბლთანაც შედგა. – ორი თავი ხახვი თუ მიმაკლდება, შემოგირბენ და გესესხები ხოლმე. მშვიდობიანი ღამე, მარიტა...




***
სიბნელით შემოსაზღვრულო ოთახში საწოლზე ზღვის ვარსკვლავივით ვიყავი გაშლილი და ტელეფონში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა Vivo per lei მქონდა ჩართული. წინ ამდენი ხნის ნანატრი მოგზაურობა მელოდა, განწყობა კი მაინც არ მქონდა. თითქოს ალყაში ვიყავი მოქცეული სამი მხრიდან და სამივე ფრონტზე ერთობლივად მიწევდა ბრძოლა. ჯერ სამირა გაქრა უკვალოდ, ამას ლოლას ორსულობაც დაემატა, მესამე კი, მიშოს ჩემს მეზობლად გადმოსვლა იყო. ყველაზე ძალიან, მაინც ლოლას ამბავი არ მაძლევდა მოსვენებას. რამდენჯერაც ვიფიქრე ავდგები და თვითონ დავურეკავ-მეთქი, იმდენჯერვე გადავიფიქრე. მხოლოდ შეტყობინება გავუგზავნე, სადაც ვეკითხებოდი, თუ როგორ ჩაიარა ყველაფერმა. სამწუხაროდ პასუხი ჯერ არსად ჩანდა.
საწოლიდან ზლაზვნით წამოვდექი. არ მეძინებოდა. აივანზე გავედი. გარეთ ოდნავ გრილოდა და ძალიან მესიამოვნა. ქუჩაშიც ისეთი სიმშვიდე სუფევდა, აივანზე მდგომ სავარძელში ვეღარ გავჩერდი, ფეხზე წამოვდექი და ამჯერად მოაჯირს დაყრდნობილმა, ზემოდან გადმოვხედე ყველაფერს. თვალი მიშოს აივნისკენ გამექცა, რომელიც იმდენად ახლოს იყო ჩემთან, შემეძლო ერთი დიდი ნახტომითაც კი მოვხვედრილიყავი იქ.
ნაზად ფრიალებდა ფარდები. მიშოს კარი ღიად ჰქონდა დატოვებული. საინტერესო იყო ეძინა, თუ ჯერ კიდევ ჩემსავით ფხიზლობდა და თავის საყვარელ ლიმონიან წყალს მიირთმევდა, პიტნითა და ყინულით, თანაც ტელევიზორის წინ მოკალათებული. სიმშვიდეს მირღვევდა ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი, ჩემთან ამდენად ახლოს იყო და პირად სივრცეში მეჭრებოდა. სამსახურსა და საცხოვრებელ კორპუსში მასთან ასეთი სიახლოვე, თავს კუთხეში მიმწყვდეულად მაგრძნობინებდა, მაშინებდა, გონებას მიფორიაქებდა და ზოგჯერ ამ ქალაქიდან გაქცევის სურვილსაც მიღვიძებდა.
მეფარიშვილის აივანს თვალი ხვნეშით მოვაშორე. ამანაც ვერ მიშველა. მომაგონდა მისი კოცნა სანაპიროზე და ისიც, თუ როგორ ძლიერ მომინდა კოცნაში თავადაც ავყოლოდი. თავბრუს ხვევა ვიგრძენი. უკვე ვეღარც აივნიდან ყურება მამშვიდებდა და ვეღარც სუფთა ჰაერი. ვიფიქრე, იქნებ დაძინება კიდევ ერთხელ ვცადო-მეთქი და ოთახში დაბრუნებული, საწოლში სწრაფად შევხტი. აქაც არ მომასმენა მიშოს აჩრდილმა. მისი ქარვისფერი თვალები, უჩვეულოდ მაცდური ღიმილი და ღრმა, იდუმალი გამოხედვა, ახლაც ფილმის კადრებივით მედგა თვალწინ. ბოლომდე არც კი გამიაზრებია რას ვაკეთებდი, ისე წავიღე თითები ტუჩებისკენ და წარმოვიდგინე, თითქოს მათზე მიშოს თითები მეხებოდნენ. შემდეგ ყელს მოვეფერე, ლავიწის ძვლებიც მოვიარე თითის ბალიშებით და ხელი მუცლისკენაც ჩავასრიალე. ვაპირებდი ჩემი “მოგზაურობა” კიდევ უფრო ქვემოთ გამეგრძელებინა, როცა მოულოდნელად, თითქოს თავში მძიმე ურო ჩამცხესო, მუცელზე გადავტრიალდი და თითები მთელი ძალით მოვუჭირე ბალიშს. გამაოგნა საკუთარმა საქციელმა, განსაკუთრებით კი იმან, რომ მთელი სხეული ისე მიკანკალებდა, თითქოს ჩემი ყველა წარმოსახვა რეალური ყოფილიყო.
გონება კვლავაც აგრძელებდა წარმოსახვით სამყაროში ხეტიალს და ისევ მიშოს წარმოიდგენდა, ამჯერად ტანსაცმლის გარეშე. წარმოვიდგენდი, თუ როგორ მოიწევდა ჩემკენ, როგორ მკოცნიდა და როგორ მეფრქვეოდა მთელ კანზე მისი სასიამოვნოდ გრილი სურნელი.
“განსაცდელში”, თითქოს ბნელ დილეგში შემოჭრილი ერთადერთი სინათლის სხივივით მომევლინა ტელეფონის ზუზუნის ხმა. ლოლას სახელის ამოკითხვამ ჩემი ტვინი აფექტური მდგომარეობიდან გამოიყვანა.
– ლოლა, მთელი საღამოა შენს ზარს ველი. – ყურმილი ავიღე თუ არა, მოსალმებასაც არ დაველოდე ისე დავიწყე, თან საწოლიდანაც წამოვდექი.
– ვიცი, უბრალოდ საუბრის ხასიათზე არ ვიყავი, მარიტა. – სევდიანმა ხმამ მიმახვედრა, რომ საქმე არც თუ ისე კარგად იყო. – ახლაც უბრალოდ შევამოწმე, გეძინა თუ არა. შენ კორპუსთან ვარ ახლოს.
– ჩემს კორპუსთან ახლოს რას აკეთებ?
– მანქანით ვსეირნობ. თუ არ გეძინება, ჩაიცვი და ჩამოდი. ქუჩები ისეთი წყნარია, შენც გაგისწორდება.
ეს წინადადება ზუსტად ის იყო, რაც ჩემს სულს ახლა ისე ძალიან სჭირდებოდა, როგორც ფილტვებს ჟანგბადი. ვინმესთან ერთად ყოფნა და საუბარი, ერთადერთი გამოსავალი იყო იმ ფიქრების ჩასახშობად. ხუთ წუთში გავემზადე. ლოლას შეტყობინებას ველოდი, რომ ქვემოთ ჩავსულიყავი. ღია ფანჯრიდან ეზოში მანქანის შემოსვლის ხმა გავიგე. ზუსტად ვიცოდი, ეს ხმა ლოლას წითელ ჯიპს ეკუთვნოდა.
“ჩამოდი, უკვე ქვემოთ ვარ” – კიდევ ერთ დასტურად, მობილურზე შეტყობინებაც მომივიდა.
საათს დავხედე. უკვე ძალიან გვიანი იყო, თუმცა, ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ლოლას ხმა იმდენად სევდიანი იყო, ასეთ მომენტში მარტო ვერ დავტოვებდი. სადარბაზოში გამოსვლისა და ბინის ჩაკეტვის შემდეგ, რამდენიმე წამით მიშოს კარს გავუშტერე მზერა. ჯერ კიდევ არ მჯეროდა, რომ ჩემთან ამდენად ახლოს იყო. იმას კიდევ უფრო მეტად ვერ ვიჯერებდი, სიმდიდრესა და მაქსიმალურ კომფორტს ნაჩვევი ადამიანი რომ ასეთ პატარა, ერთოთახიან ბინაში ცხოვრებაზე იყო თანახმა. გონება ცდილობდა, ამ კითხვაზე პასუხს დიდად არ ჩაღრმავებოდა, რადგან სადღაც გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ეს პასუხი ძალიან შემაშინებდა.
ლოლას ავტომობილი პირდაპირ სადარბაზოს კართან მოეყენებინა. ჩამოწეული ფანჯრიდან, გარკვევით ჩანდა მისი უმეტყველო გამოხედვა, ჩამქრალი თვალები და შეჭმუხნილი წარბები.
სალონში უხმოდ ჩავჯექი და ლოლას გვერდულად გავხედე. სიტყვა არ დაუძრავს. მანქანის ჩამქრალი ძრავი დაქოქა და ეზოდან ისეთი სისწრაფით გავარდა, ღვედის შეკვრაც კი ძლივს მოვასწარი.
– ლოლიტა, ცოტა ფრთხილად. – ნერვულად დაჭიმული მკლავზე, სულ ოდნავ შევეხე.
– ნუ გეშინია, სწრაფად ტარებას არ ვაპირებ, – ნელ-ნელა სიჩქარემაც იკლო, როგორც კი წინადადება დაასრულა. ახალი ბულვარისკენ მივდიოდით. ქუჩები ზუსტად ისეთივე სასიამოვნო სიმშვიდეს მგვრიდა, როგორც ლოლამ აღმიწერა სატელეფონო საუბრისას. ჩამოწეული საქარე მინებიდან გაუჩერებლად შემორბოდა დაწმენდილი ჰაერის ოდნავ გრილი ნაკადი.
– ასეთი ცუდი რეაქცია ჰქონდა მამაშენს? საკუთარ თავს არ ჰგავხარ.
– როგორ უნდა ვგავდე საკუთარ თავს? – მწარედ ჩაეცინა. – მისგან ისეთი რამები მოვისმინე, გეფიცები, ათასჯერ მირჩივნა ჩემზე ხელი აეწია და ვეცემე. პირში წყალჩაგუბებულივით ვიჯექი და სიტყვასაც ვერ ვძრავდი.
– ასეთი რა გითხრა? – ვკითხე შეპარვით.
– მითხრა, შენთვის არასდროს არაფერი დამიკლია, მხოლოდ ის გევალებოდა თავში ტვინი გქონოდა და გონივრულად მოქცეულიყავი, მაგრამ ეგეც კი ვერ შეძელიო. მერე ისიც დაამატა, მაგ ბავშვებს ფინანსურად ყველანაირად მე უზრუნველვყოფ, ოღონდ არც ერთი არ დამენახოთ და ჩემს სიახლოვეს არ გამოჩნდეთო.
– დრო მიეცი რაა. დარწმუნებული ვარ, ცოტა ხნით გაბრაზებული იქნება, მაგრამ დროთა განმავლობაში გაუვლის.
– არა მგონია ასე იყოს, – ღრმად ამოიხვნეშა და ცალი ხელი მუცელზე მიიდო. – ამათ გვერდით მხოლოდ მე ვიქნები და სხვა არავინ.
– აქამდე არ გკითხე, ისედაც განერვიულებული იყავი, მაგრამ მართლა მაინტერესებს, ბავშვების მამასთან დალაპარაკებას არ აპირებ? საქმის კურსში არ ჩააყენებ?
– ჩავაყენებ, ოღონდ მაშინ, როცა ცხრა თვე გავა... კარგად არ ვიცნობ და არ ვიცი, როგორი ტიპია. შეიძლება ცუდად მიიღოს, ან შეიძლება იმდენად კარგად, რომ ოჯახობანას თამაში დამიწყოს და მაგის თავი არ მაქვს, ნერვების მოშლას ვერიდები.
– და იმ ცხრა თვის შემდეგ რომ ერთად ცხოვრება შემოგთავაზოს რას ეტყვი? – ვკითხე და პასუხის მოლოდინში საქარე მინიდან შემოვარდნილ, გრილი ჰაერის ნაკადს მივუშვირე სახე. თმა ხელზე სამაჯურის ნაცვლად შემოხვეული სამაგრით შევიკარი, მერე კი კვლავ ლოლასკენ გავატრიალე თავი.
– რა თქმა უნდა, უარს ვეტყვი, მარიტა. შენც კარგად იცი, რომ ოჯახურ ცხოვრებაზე გული მერევა. ზედმეტს თუ მოინდომებს, ერთ კარგ სილასაც მიიღებს ჩემგან, იმ ლამაზ სიფათში.
– შენი არ მესმის, - შეკავებული სიცილით გადავაქნიე თავი. - თუკი ოჯახურ ცხოვრებაზე გული გერევა, ფინანსურ დახმარებას მამაშენი დაგპირდა და იმ ტიპისგან არაფერი გინდა, მაშინ ამ ბავშვების შესახებ საერთოდ რატომ ეუბნები?
– იმიტომ, რომ ასე იქნება სამართლიანი, – სპიდომეტრზე სიჩქარე ოდნავ გაზარდა. – უსამართლობაა, როცა სადღაც შვილი გყავს, ბიოლოგიურად მის მამად ითვლები, შენ კი ამის შესახებ არაფერი იცი. დამიანეს ადგილას რომ წარმოვიდგენ თავს, სიმართლის დამალვის სურვილი მეკარგება.
– აჰა, ანუ დამიანე ჰქვია.
– ჰო.
– ლამაზი სახელია, – ეშმაკურად ჩავიცინე. – თვითონ როგორია?
– გარეგნულად თუ გაინტერესებს, საკმაოდ კარგად გამოიყურება. მისი სულიერი სამყაროთი არ დავინტერესებულვარ.
– ალბათ მისგანაც ისე წამოხვედი, რომ არაფერი აგიხსნია. – ვივარაუდე და გამართლდა კიდეც ჩემი ვარაუდი:
– ჰო, როგორც მუდამ ხდება ხოლმე, - შუბლზე ნერვულად მოისვა ხელი. - მერე სპორტ-დარბაზიც შევიცვალე და მისი ნომერიც დავბლოკე. ამის მერე აღარ მინახავს. – დაძაბული თემის მიუხედავად, ღამის ბულვარში სეირნობა მართლაც სასიამოვნო იყო. ლოლამ ოცდაოთხსაათიანი Drive  იპოვა, ჩვენთვის ორი ლატე იყიდა და პირდაპირ სალონში შემომაწოდა. მანქანა აღარ დაუძრავს. უბრალოდ ოთხივე მხარეს ჩამოსწია საქარე მინა, თავის მხარეს კარი ღიად დატოვა. სავარძლის საზურგე ისეთ ზომაზე დააყენა, რომ მასზე გემრიელად მიწოლა შესძლებოდა.
– მეც მაქვს ერთი სიახლე, – ყავას თავსახური მოვხადე და სული შევუბერე. – ოღონდ ძალიან გთხოვ, ზედმეტად ნუ აცანცარდები, როცა გეტყვი.
– გპირდები, რაც არ უნდა იყოს, ადეკვატურად მივიღებ, – გაეცინა. – ბოლოს და ბოლოს, მომავალი დედა ვარ და ცოტა უნდა დავსერიოზულდე.
ქაღალდის ჭიქიდან კოფეინი ფრთხილად მოვსვი. უცნაური იყო, სახლიდან რომ მიშოზე ფიქრებს გამოვექეცი და ახლაც მასზე მინდოდა საუბრი.
– ახალი კარის მეზობელი მყავს, – გვერდზე არც გამიხედავს ისე ავლაპარაკდი. – ჩემს პირდაპირ მდებარე ბინა გაიყიდა და აბა, თუ გამოიცნობ, მყიდველი ვინაა?
– არ მითხრა, რომ ლეო. – სახეზე შიშის ფერებმა გადაურბინეს ლოლას.
– არა, რა ლეო? ეგრე რომ იყოს, ასე მშვიდად ვიქნებოდი?
– აბა, ვინ?
– ვინ და მიშო. – ამჯერად მზერა გავუსწორე ჩემკენ მომართულ თვალებს. ლოლას წამიერმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. მერე ეს სერიოზული გამოხედვით ჩაანაცვლა, ბოლოს კი სიჩუმე ვეღარ შეინარჩუნა:

– ოდესმე მისი სახლი გინახავს? იმხელა სასახლის პატრონმა, ეგ რატომ ან რისთვის გააკეთა?
– არასდროს მინახავს მისი სახლი, ვერ გეტყვი.
– მარიტა, რაღაცას მიმალავ, – მაშინვე შემატყო. – ცუდად ნუ გამიგებ, მაგრამ მიშოს ფინანსურ დონეზე მდგომი ადამიანები, სახლებსა და ბინებს უფრო სხვანაირ უბნებში ყიდულობენ.
– ჰო, მესმის რასაც ამბობ და ნუ ღელავ, არ მწყინს. – ამოვიოხრე. ლოლას თვალებში იმდენს კითხვის ნიშანს ვხედავდი, გადავწყვიტე ამდენხნიანი დუმილი დამერღვია და ყველაფერი მომეყოლა, რაც ბოლო დროს ხდებოდა ჩემს თავს.
– მარიტა, თქვი რამე!
– ვიტყვი, მაგრამ შეიძლება არც დაიჯერო, რასაც ახლა მოგიყვები.
– სულ ერთია, გისმენ.
– გახსოვს ის დღე, მე და სამირა რომ შენთან ვიყავით და გითხარით, მგონი სახლში გაზქურა დამრჩა ანთებული, უნდა მივბრუნდე, შევამოწმო-მეთქი?
– მახსოვს, მერე? – ინტერესიანი თვალებით წრუპავდა თავის ლატეს.
– მერე ის, რომ სინამდვილეში მიშოს უნდა შევხვედროდი. მეორე ახალი ამბავი კი ისა, რომ იმ დღეს ერთმანეთს ვაკოცეთ... უფრო სწორად, თვითონ მაკოცა. – დავასრულე თუ არა წინადადება, იმ წამსვე მომესმა ხმამაღალი ხველა.
– მოიცა, თქვენ რა, ერთად ხართ და ამას მე ახლა ვიგებ? – სიტყვებში იმდენად ნაწყენი ტონი ჩააქსოვა, ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, ალბათ უზომოდ დამნაშავედა ვიგრძნობდი თავს.
– რა ერთად ვართ, ლოლიტა? ყველაზე პრობლემური, რაც ჩემს ცხოვრებაში მახსენდება, ეს მიშოსთან ურთიერთობაა. მხოლოდ ხმლებით არ გავკიდებივართ ერთმანეთს, თორემ ტოქსიკურობის ყველა დანარჩენი ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს.
– და ეგ კოცნა? როგორ გინდა დამარწმუნო, რომ ეგეც ტოქსიკური იყო?
– ეგ მე თვითონაც არ ვიცი, რა იყო. – თვალები დავხუჭე.
– მითხარი, კოცნისას ენა გამოიყენა?
– ლოლა!
– მითხარი-მეთქი!
– გამოიყენა ჰო, მერე?
–როგორი კოცნა იცის?
– ჯანდაბა, ახლა ნუ მანანებინებ, რომ ეს ამბავი გითხარი. – წარბშეკრულმა გავხედე. – მგონი ვიღაც დამპირდა, არ ვიცანცარებ და ყველაფერს ადეკვატურად მივიღებო.
– მაპატიე, მაგრამ როცა მაგას ვამბობდი, არ მეგონა ასეთ შოკისმომგვრელ ამბავს თუ მოვისმენდი. – თავი ღიმილით გადააქნია მან. – ჩვენი მიმტანი ლანა, კარგა ხანია ტყავიდან ძვრება, მიშომ რომ შეამჩნიოს. შენ კი ხელიც არ გაგინძრევია და ტიპი ისე დააბი, შენ უბანშიც კი აყიდინე ბინა
– ჯერ ერთი, არავინ დამიბამს. მერეც მეორე, საიდან მოიტანე ლანას რომ მიშო მოსწონს? არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩემი თვალით ვნახე, როგორ გამოდიოდა საპირფარეშოდან იუნგთან ერთად.
– იუნგის მას შემდეგ შეეტენა, რაც მიშოსთან ვერაფერს გახდა. ეგ გოგო მდიდარ და სიმპათიურ კაცებს უმიზნებს. უზრუნველი ცხოვრება უნდა, ბოლო მოდელის მანქანები, ძვირიანი ბეწვის ქურქები, ბრენდული ტანისამოსი. ჩვეულებრივ მოკვდავს ზედაც არ შეხედავს.
– არ მინდა მჯეროდეს, მაგრამ მაგ ადამიანზე უკვე ყველა ამას ამბობს.
– იმიტომ, რომ მართლა ასეა. – მდუმარებით მოცული ქუჩა მოათვალიერა. – ფული და მდიდრული ცხოვრება მართლაც სასიამოვნოა, მაგრამ ადამიანმა ცხოვრების მთავარ პრიორიტეტად ეს არ უნდა გაიხადოს. გაცილებით უფრო ფასეული რამებიც არსებობს, ვიდრე უსიცოცხლო, მწვანე ქაღალდებია.
– სწორედ მაგის გამო მიყვარხარ. – თავი ვერ შევიკავე და ლოყაზე ვაკოცე. – ბევრმა ფულმა და უზრუნველმა ცხოვრებამ, შენში ის უბრალოება ვერ მოკლა, რასაც ადამიანში ყველაზე მეტად ვაფასებ. – ლოლას სახეზე იმ წამსვე გაჩნდა სევდისფერი ღრუბლები. წარბებს შორის ორი ხაზიც გაუჩნდა და ყავის ჭიქის სპეციალურ სადგამში ჩადების შემდეგ, შუბლით საჭეს ჩამოეყრდნო.
– სანამ კიდევ შემაქებ, როგორც ღირსეულ პიროვნებას, გეტყვი, რომ დიმა სამსახურიდან აპირებს წასვლას. – უზარმაზარი სევდა იყო ჩაქსოვილი მის მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვაში. – მიზეზი, რა თქმა უნდა, მე ვარ.
– შენ? და რატომ?
– ჩემი ორსულობის შესახებ გაიგო. – ამჯერად თავაწეულმა მომიგო. – დღეს საღამოს კიდევ ერთხელ სცადა პაემანზე დავეპატიჟებინე და თავიდან მოშორების მიზნით, ყველაფერი მოვუყევი. ცოტა ხნით შოკირებული იდგა, მერე თქვა აქამდე კიდევ მქონდა რაღაცის იმედი, მაგრამ ვხვდები, რომ სულ ტყუილადო. ბოლოს ისიც დაამატა, შენს სიახლოვეს მუშაობას ვეღარ შევძლებო და როგორც კი ჩემს შემცვლელს იპოვნიან, მაშინვე წავალო.
– სერიოზულად? – ყურებს ვერ დავუჯერე, თან გულზე რაღაცამ მტკივნეულად მომიჭირა. – დიმიტრის კარიერა ამ რესტორანში იმდენად ბრწყინავდა, ბევრს შურდა კიდეც. ყველაფერს ასე ერთი ხელის მოსმით როგორ თმობს?
– ჰო, თმობს და ეს ჩემი ბრალია. - ამოთქვა ისეთი ხმით, საკუთარი თავისადმი მიმართულ აშკარა მრისხანებას რომ გამოხატავდა. – სექსი ისეთ კაცთან არ უნდა მქონოდა, ვისაც ვიცოდი, რომ ვუყვარდი. მე ერთხელ გავერთე და მოვრჩი, მის გონებაში კი ეს დიდხანს დაილექა და შედეგი სახეზეა – სამსახურიდან მიდის.
დანაშაულის გრძნობას მისი თვალები ტკივილით აევსო. იმდენად სენტიმენტალური მომეჩვენა, ჰორმონებისგან მომატებულ მგრძნობელობას დავაბრალე და თანაგრძნობა ჩახუტებით გამოვხატე. პატარა ბავშვს დაემსგავსა, თავი მხარზე ჩამომადო, ხელზე ხელი მომკიდა და ძალიან დიდხანს იყო ჩუმად. იმდენად დიდხანს, ეჭვიც კი შემეპარა ხომ არ სძინავს-მეთქი და ფრთხილად გადავხედე.
– მღვიძავს, ნუ ღელავ. – ალბათ ჩემს ფიქრებს თავადაც ჩასწვდა, რადგან მაშინვე გამომეხმაურა.
– ამაღამ ჩემთან დარჩი, მარტო ყოფნა არ მინდა.
– რატომ? გეშინია ახალი მეზობელი არ შემოგიძვრეს ლოგინში? – გვერდიდან მისი მოგუდული სიცილი მომესმა, თუმცა მწარედ ჩქმეტისგან, ამჯერად თავი შევიკავე.
– ნერვებს მიშლი, იცი?
– მარიტა...
– რა გინდა?
– ტოქსიკურად დაწყებულ ურთიერთობებს, ყოველთვის ბევრად უფრო ვნებიანი და მყარი გაგრძელება აქვთ ხოლმე. გირჩევ ყველაფერი დანარჩენი ფეხებზე დაიკიდო და ამ ვნებებში თავით გადაეშვა.
– ნუ აჭარბებ. – მისმა სიტყვებმა ისე ამაფორიაქა, ძლივს მოვახერხე ამ ფორიაქის, ჩემი ხმის ტემბრისგან გამოცალკევება. – მარტო ერთხელ ვაკოცე და არ მითქვამს, რომ ეს რამეს ნიშნავდა.
– გეყოფა თავის მოტყუება. მიშო მოსიარულე ცდუნებაა და ეს შენც კარგად იცი.
გავჩუმდი. აღარაფერი მითქვამს საპასუხოდ. არც მას ამოუღია ხმა. მდუმარება ჩვენ შორის ამჯერად უფრო დიდხანს გაგრძელდა. საბოლოოდ ამან, იმ შედეგამდე მიგვიყვანა, რომ კოფეინის მიღების მიუხედავად, მანქანის ღია სალონში, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ჩაგვეძინა ერთმანეთზე თავმიდებულებს. ჩვენი სიმყუდროვე მხოლოდ მაშინ დაირღვა, როდესაც სიცივემ ძალიან შეგვაწუხა და გამოფხიზლებულები, დაუყოვნებლივ დავადექით ჩემი უბნისკენ მიმავალ გზას.




***
ლოლა რომ მზადების პროცესს მორჩა და ჩემი ბინიდან, ჩემივე ტანსაცმელში გამოწყობილი წავიდა სამსახურში, გადავწყვიტე ლოგინში ნებივრობა ცოტა ხნით კიდევ გამეგრძელებინა და განწყობის შესაქმნელად, ჩემი რჩეული მუსიკებისგან შემდგარი YouTube-ალბომიც ჩავრთე.
მუსიკა კიდევ რამდენიმე საათით დამეხმარა ძილის შებრუნებაში და საბოლოოდ, ენერგიითა და სიცოცხლით სავსე წამოვდექი საწოლიდან. უკვე შუადღე იყო გადასული და ამ ხნის განმავლობაში, კარგადაც მომშივებოდა.
წყალი გადავივლე, თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში პირსახოცშემოხვეული, სველი თმით გავედი. ჯერ ჩემი გაკეთებული ცეზარი შევჭამე, დესერტად კი ხილის წვენი მივაყოლე, როდესაც ახალი შეტყობინება მოვიდა ჩემს მობილურზე. მიშო მწერდა, რომ ერქოლე, ერთ საათში ორივეს თავის კაბინეტში გვიბარებდა.
“მუშაობას ხუთზე ვიწყებ, ასე ადრიანად რა ხდება?” – მივწერე ნერვებმოშლილმა. საპასუხო შეტყობინებამ დაახლოებით ნახევარ წუთში მოაღწია ჩემამდე.
„არ ვიცი... მალე შენ წამოსაყვანად გამოვალ და მზად დამხვდი, ყოველგვარი ტაქსით წამოსვლის ხსენების, ან მსგავსი კონტრარგუმენტების გარეშე.“
უარი არ მითქვამს. ტაქსის გამოძახებას, მის ლოდინს და იმაზე ფიქრს, იქნებოდა თუ არა კონდინცირება გამოგზავნილ მანქანაში, მერჩივნა ისევ დირექტორის მომსახურების სერვისით მესარგებლა.
სატელეფონო მიმოწერიდან ორმოცი წუთის შემდეგ, უკვე მიშოს მანქანის მარჯვენა სავარძელზე მოკალათებული მივუყვებოდი რესტორნისკენ მიმავალ გზას. სალონში კვლავ ლიმონის არომატიზატორის სურნელი ტრიალებდა.
მთელი მგზავრობის განმავლობაში ირიბად ვგრძნობდი მეფარიშვილისგან წამოსულ სახიფათო სიგნალებს. თვითონაც გაოცებამდე მივყავდი ამ სიტუაციას –ადამიანი არაფერს აკეთებდა, არც კი საუბრობდა, თუმცა წამიერი გამოხედვებით იმდენ რამეს მეუბნებოდა და ისეთ მღელვარებას იწვევდა ჩემში. თავბედს ვიწყევლიდი რომ არ შევეწინააღმდეგე და ტაქსით წამოსვლა არ ვამჯობინე, მის მანქანაში ასე დაძაბულად ჯდომას.
განერვიულებულმა საქარე მინდა ოდნავ ჩამოვწიე და შიგნით შემოვარდნილი ჰაერი ისე ღრმად შევისუნთქე, თითქოს ხსნას სწორედ მისგან მოველოდი. მიშოს კოცნა მისი ყოველი დანახვისას მიდგებოდა თვალწინ და თითქოს ზუსტად ისევე მაგრძნობინებდა იმ ტუჩების სასიამოვნო სითბოს, როგორც მაშინ, როცა ეს რეალურად ხდებოდა.
– რაღაც უცნაურად გამოიყურები, – გვერდიდან რომ ხმა გავიგე, მაშინვე მოვწყდი ჩემს გონებაში, ტორნადოსავით ქაოტურად მოძრავ ფიქრებს.
– მაშინ, როდესაც სამსახურში დროზე ადრე გიძახებს უფროსი, თანაც სადილობის დროს, მიკვირს, გაცილებით უარესად რომ არ გამოვიყურები.
– ეს არ მიგულისხმია... უბრალოდ, რაღაც ძალიან ჩაფიქრებული ჩანხარ, – ეშმაკური ღიმილი წამითაც არ ტოვებდა მის ტუჩებს. – მგონი რაღაც სასიამოვნოზე ფიქრობდი და გაგაწყვეტინე, არა?
– რა გინდა, მიშო? რის მიღწევას ცდილობ?
– მინდა ყველა მამაკაცს, ვინც კი შენთან ფლირტს ეცდება, საკუთარი გულის კარნახით უშვებდე ჯანდაბაში და შენი გონება მხოლოდ ჩემზე ფიქრით იყოს დაკავებული. ძალიან ბევრი მინდა, მარიტა?
– გისმენ და მგონია ოდნავადაც არ გაქვს გააზრებული ის სიტყვები, რასაც ამბობ.
– მე კი არა, შენ თვითონ არ გაქვს გააზრებული ბევრი რამ. უკვე წლებია მტანჯავ და ამას უხმოდ ვიტან. მერე ისე ხდება, რომ შენგანაც ვგრძნობ რაღაც საპასუხოს, რაც მაიძულებს ბრძოლა დავიწყო და აქაც ჯიუტი თხასავით მეჭიდები რქებით.
– ისე ნუ გამოგყავს, თითქოს მე ვიყო რამეში დამნაშავე, – შევუბღვირე, რომ არ ეფიქრა, მართვის სადავეები მთლიანად მის ხელში გადავიდა. – ვინმე შენი შესაფერისი მოძებნე და ბრძოლაც არ დაგჭირდება, ისე ჩაგივარდება მკლავებში. ჩვენ ორნი ვერასდროს ვიქნებით ერთსა და იმავე ტალღაზე.
– იცი, რას გეტყვი? მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე ლამაზმა ქალებმაც რომ შემომთავაზონ საკუთარი თავი, თითსაც არავის დავაკარებ, თუ შენი პირიდან ერთხელ მაინც მოვისმენ, რომ ჩემთან გინდა.
– უკვე სასაცილო ხდება ეს ყველაფერი, – დავასრულე თუ არა წინადადება, მართლაც წამსკდა სიცილი. – მოდი და ნუ ჩათვლი, რომ გძინავს, როცა ამ სიტყვებს ის ადამიანი მეუბნება, ვისთანაც ყველაზე არანორმალური ურთიერთობა მაქვს, ჩემი ოცდაოთხწლიანი არსებობის მანძილზე.
– რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, ვერაფრით დამაჯერებ, რომ არ გიზიდავ. – მაცდურად გამომხედა.– -ასე რომ არ იყოს, ახლა მანქანაში ეგრე დაძაბული არ მეჯდებოდი. როცა გიყურებ, ისიც კი არ იცი, თვალები სად წაიღო. ამას ვერ ეწინააღმდეგები და ეს შენც მშვენივრად იცი.
– გააჩერე მანქანა!
– მანქანის გაჩერება რეალობას ვერ შეგიცვლის. – ჩემი მღელვარე ტონის მიუხედავად, საკმაოდ წყნარად მომიგო.
განა თავად ვერ ვხვდებოდი, რომ ახლა ბავშვურად ვიქცეოდი?! ვხვდებოდი, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო. მისი ხმა, მისი თვალები, გამოხედვა, სურნელიც კი , იმდენად ძლიერად მოქმედებდა და ისე მაჰიპნოზებდა, იმ მანქანაში გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის ფსიქოლოგიურ ტანჯვასთან ასოცირდებოდა. ყველაზე საშინელი იმის გაცნობიერება იყო, რომ გრძნობებს ვერაფრით ვერეოდი და ყოველი მცდელობა მათზე გამემარჯვა, იმით სრულდებოდა, რომ ყველაფერი გაცილებით უფრო ძლიერდებოდა და მყარად იდგამდა ფესვებს.
– მიშო, გააჩერე მანქანა, სერიოზულად გეუბნები!
– რა დღეში გაქვს ნერვები ახალგაზრდა გოგოს?
– შენ რომ ადამიანს გადაეკიდები, უკეთეს ნერვებზე პრეტენზია არც უნდა გქონდეს!
– ჰოდა, არც მაქვს, ისეთს გიღებ, როგორიც ხარ. - ირიბი ღიმილით გამომხედა, თან სვლა საგრძნობლად შეანელა. იქვე ახლოს, დიდი ჰიპერმარკეტის წინ, საკმაოდ მოზრდილი პარკინგი იყო. მიშომ სწორედ იქ შეიყვანა მანქანა, თავისუფალ ადგილას დააყენა და ძრავა გამორთო.
– აქ იჯექი და არსად წახვიდე. – წავიღე თუ არა ხელი ღვედის შესახსნელად, მაშინვე გამაჩერა. გაურკვევლობა ალბათ თვალებშიც კი აღმებეჭდა. თუკი ისევ აქ ყოფნა მომიწევდა, მაშინ რის გამო გააჩერა მანქანა?
– ვიჯდები თუ გადავალ, ჩემი გადასაწყვეტია. – ისევ წავიღე ხელი ღვედისკენ, მაგრამ ისევ გამაჩერა.
– გითხარი, იჯექი-მეთქი. – გამჭოლი მზერა მესროლა. – გადასვლით მე გადავალ და როცა დაწყნარდები, გზა გავაგრძელოთ.
წინააღმდეგობა აღარ გამიწევია. შევამჩნიე ოდნავ გაკვირვებული დარჩა ჩემი უსიტყვო მორჩილებით, თუმცა ეჭვი მაინც არ აუღია და დაპირებისამებრ გადავიდა მანქანიდან. დავიგულე თუ არა თავი მარტომ, ცოტა ხნით დაველოდე, როდის მოშორდებოდა მანქანას და ოდნავ გვერდზე გაიწეოდა. მაშინვე დრო ვიხელთე, მესაჭის სავარძელზე სწრაფად გადავჯექი, ძრავა ავამუშავე და ავტომობილი ისე სწრაფად მოვწყვიტე ადგილს, ინერციით უკან გადაქანებულმა, კეფა სავარძლის საზურგესაც კი მივარტყი.
გვერდითა ხედვის სარკიდან შევნიშნე როგორ გამომედევნა მიშო, როგორც კი სიტუაცია ბოლომდე აღიქვა, თუმცა თავისი „მარათონული სირბილი“ რამდენიმე წამში დაასრულა, რადგან მიხვდა, დაწევას ვეღარ მოახერხებდა.
კმაყოფილებისგან სახე გამებადრა, როცა აღმოვაჩინე, რომ მობილურიცა და საფულეც მანქანაში დაეტოვებინა და ვერც ტაქსის გამოძახებას შეძლებდა, რესტორნამდე მოსასვლელად. ამ მანქანის საჭესთან უკვე მეორედ ვიჯექი და იმდენად მეკომფორტულებოდა, ცხოვრების მიზნადაც კი დავისახე, რომ ფულს შევაგროვებდი და ოდესმე ასეთი საოცრების მეპატრონე თავადაც გავხდებოდი.
მობილურის სპეციალურ სადგამში დატოვებული მიშოს “აიფონი” ხელში ავიღე და მხიარულად შევათამაშე. უზარმაზარი ბრაზი მქონდა დაგროვებული მისი მფლობელის მიმართ, რადგან ყველაფერი ასპროცენტიანი სიმართლე იყო, რაც კი ცოტა ხნის წინ ისაუბრა. საკუთარ თავს ვამჩნევდი, რომ მართლა მქონდა მის მიმართ აუხსნელი მიზიდულობა. იმის წარმოდგენასაც კი სიამოვნების ზენიტში ავყავდი, როგორ მეფერებოდა, მკოცნიდა და როგორ მეხებოდა თავისი ლამაზი თითებით გაშლილ თმაზე.
დამთრგუნველი იყო იმის გააზრება, რომ ეს ადამიანი ჩემში ისეთ ვნებებს აღძრავდა, რაც აქამდე სხვამ ვერავინ შეძლო. სწორედ ამიტომ ვიყავი გაცეცხლებული და ზუსტად ამავე მიზეზით, სპეციალურად დავარღვიე ყველა მოძრაობის წესი, რაც კი შეიძლებოდა დამერღვია, რესტორნის შენობასთან მისვლამდე. ჯარიმების ფურცელი, რომელიც დღეს საღამოს მანქანის მეპატრონის სახელზე ამოიწერებოდა, ალბათ ზუსტად ისევე მოუწამლავდა ხასიათს, როგორც ჩემთვის ცდილობდა მოეწამლა.
მანქანიდან საკუთარი ნამოქმედარით ხასიათზე მოსული გადმოვედი და უკანა კარით მივაშურე უფროსის კაბინეტს.
კარზე ხმადაბლა, თანაც ზედიზედ სამჯერ მივაკაკუნე. შიგნით მყოფი ერქოლე, მაშინვე გამომეხმაურა და ინგლისურად დამიძახა შემოდიო. შიგნით მიშოს გარეშე შევაბიჯე და გორგოლაჭებიან, ყავისფერ სავარძელში მჯდომ უფროსს, გულითადად მივესალმე.
ერქოლე ჩემი დანახვისთანავე წამოდგა ფეხზე და მოსალმების ნიშნად ხელიც ჩამომართვა. მიუხედავად იმ თავაზიანი ღიმილისა, რომელიც თავიდანვე გადაეფინა სახეზე, მაინც შევატყვე გაკვირვება იმის გამო, რომ აქ მეფარიშვილის გარეშე ვიყავი შემოსული. ზუსტად ამიტომ, სანამ თავად მკითხავდა რამეს, გადავწყვიტე მოვლენებისთვის ოდნავ წინ გამესწრო და თავად მეპასუხა:
– მიშოც მალე შემოგვიერთდება. უბრალოდ თავისი მანქანა მეგობარ ქალს ათხოვა და ახლა ფეხით მოდის. საცაა მოაღწევს კიდეც.
– კარგი, მაშინ მანამდე დაჯექი, დაისვენე, – კაბინეტის მარცხენა მხარეს დადგმულ, ტყავის დივანზე მანიშნა მან. – ყავას დალევ თუ ჩაის?
– არც ერთი არ მინდა, მადლობა.
– გამაგრილებელი სასმელიც შემიძლია მოვატანინო. – ალტერნატიული ვარიანტი შემომთავაზა, თუმცა ამჯერადაც თავი გავაქნიე.
– არა, არ შეწუხდეთ. მართლა არაფერი მინდა.
– კარგი, მაშინ დაველოდოთ მიშოს მოსვლას. – თავისი ლეპტოპი გაუთიშავად დახურა და მთელი ყურადღება ჩემზე გადმოიტანა. – სიმართლე გითხრა, სათხოვარი მაქვს თქვენ ორთან, თანაც მეტად საპასუხისმგებლო.
– ჩვენ ორთან?
- ჰო, მარიტა, – მომიგო ისეთი ტონით, თითქოს წინასწარ მიხდიდა ბოდიშს იმის გამო, რაც უნდა ეთხოვა. – თქვენს შორის დაძაბულობას უკვე დიდი ხანია ვამჩნევ, მაგრამ პროფესიონალიზმი მოითხოვს პირადი ინტერესები გვერდზე გადავდოთ, როცა საქმე სამსახურს ეხება. იმ თხოვნაზე, რა თხოვნასაც ვგულისხმობ, მე და ჩემს ძმას ერთად გვინდოდა დალაპარაკება, თუმცა სასწრაფო საქმეზე მოუწია გასვლა.
ძალიან მაინტერესებდა რფ სურდათ ნოლანებს ჩვენგან, მაგრამ ვარფჩიე არაფერი მეკითხა და მიშოს დავლოდებოდი. ლოდინის პროცესი დიდხანს არ გაგრძელებულა. კარზე ხმადაბალი კაკუნი გაისმა და ოთახში მიშო შემოვიდა. დაძაბულობა ვიგრძენი. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ მის თვალებში მრისხანების ცეცხლს ვიხილავდი, თუმცა საერთო სალამის შემდეგ, გვერდზე ისე უდარდელად მომიჯდა, თითქოს აქაც არაფერიო. წამიერად, შეკავებული ღიმილიც შევნიშნე მის სახეზე. ალბათ ჩემი საქციელის გახსენებაზე ეცინებოდა.
– კარგია, უკვე ორივენი რომ აქ ხართ. – სანდომიანი ღიმილით გადმოგვხედა ერქოლემ, თან მაგიდაზე დადებული ნიუტონის ბურთები გააქანავა. – მარიტას არ ვიცი რამდენად, მაგრამ მიშოს უკვე აქვს ინფორმაცია, რომ დიმიტრი სამსახურიდან აპირებს წასვლას.
– მეც ვიცი. ლოლამ უკვე მითხრა ამის შესახებ.
– თუ ასეა, იმასაც მიხვდებით, რომ ამ პოზიციაზე ვინმე ახალი გვყავს მოსაძებნი. – მხოლოდ მე მიყურებდა საუბრისას ერქოლე.
– ვხვდებით, მაგრამ ახალმა შეფ-მზარეულმა გასაუბრება ჩვენთან უნდა გაიაროს?
– რა თქმა უნდა, არა, მარიტა, – გაეღიმა. – ეს გასაუბრებაზე ცოტათი მეტი იქნება და ძალიან მიხარია, შენი ბრაზილიაში მოგზაურობა, სწორედ ამ ეტაპს რომ დაემთხვა.
– და ეს რა შუაშია? – დიალოგს მიშოც შემოემატა.
– იმ შუაშია, რომ ადამიანი, რომელიც ამ რესტორნის შეფ-მზარეულად მინდა მოვიწვიო, ამჯერად რიო-დე-ჟანეიროშია და გეგმავს სხვადასხვა ქვეყნებში სინჯოს მუშაობა. ეროვნებით ესპანელია, უამრავ რესტორანში უმუშავია, თუმცა დიდხანს არსად ჩერდება. წარმოიდგინეთ, რა იდეალური იქნება, თუკი ცოტა ხნით მაინც იმუშავებს ჩვენთან. ამ სფეროში იმდენად ცნობილია, მთელი ელიტა ჩვენთან ივლის.
– ასეთი ვინ არის? – ერქოლეს აღტყინებულ საუბარს, თავისი სერიოზული ტონი დაუხვედრა მეფარიშვილმა.
– ესპანელი მზარეულია, დენიელ ლეისტერი.
– მსმენია, – გამეღიმა. – ჯერ მხოლოდ ოცდათორმეტი წლისაა და უკვე მეხუთე ჩემპიონატი მოიგო მსოფლიოს მზარეულთა შეჯიბრში.
– ზუსტად მასზე მაქვს საუბარი, – ფეხზე წამოდგა ერქოლე. – სანდო წყაროებისგან ვიცი, რომ ეგ ადამიანი, ერთი კვირის განმავლობაში იქნება რიო-დე-ჟანეიროში. რამდენიმე დღეში, ვახშამიც აქვს დაგეგმილი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში და სწორედ იქ უნდა მოხდეს ყველაფერი.
– კონკრეტულად? – მუხლებს მკლავებით დაყრდნობოდა მიშო.
– კონკრეტულად ის, რომ თქვენ ორმა, როგორმე იგი სწორედ ამ რესტორანში მუშაობაზე უნდა დაითანხმოთ. – მერე კვლავ მე გადმომხედა დამნაშავის მზერით და ოდნავშესამჩნევად გამიღიმა. – მარიტა, ვიცი, რომ იქ შვებულების გასატარებლად მიემგზავრები და შემეძლო მხოლოდ მიშოსთვის მეთხოვა, მაგრამ ლეისტერისნაირი ელიტის წარმომადგენლებისთვის, ბევრად უფრო კარგ ტონად ითვლება, თუ ასეთ მოლაპარაკებებს ქალიც დაესწრება. თანაც ეს მხოლოდ რამდენიმე საათს წაიღებს, შენი ერთკვირიანი შვებულებიდან. იმედია უარს არც ერთი არ მეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ უარისთვის არავინ დაგსჯით. პირიქით, მას ღირსეულად მივიღებ.
ჰიპერბოლად არ ჩამეთვლება, თუკი ვიტყვი, რომ ლამის ელდა მეცა ამ სიტყვების მოსმენისას. ბოლო პერიოდში ყველანაირად ვცდილობდი მიშოსგან თავი შორს დამეჭირა და ახლა კიდევ ერთხელ დამცინა ბედისწერამ. მართალია, მიშოს ინდოეთსა და იაპონიაში ვახლდი გიდად, თუმცა ახლანდელი სიტუაცია, რადიკალურად განსხვავდებოდა მაშინდელისგან. იმ პერიოდში, მეფარიშვილი ჩემთვის ის წურბელა იყო, რომელიც დროებით უნდა ამეტანა ჩემს სხეულზე, ჩემივე კეთილდღეობისთვის. ახლა ვითარება შეცვლილიყო და მას სახიფათო სახეობის მცენარედ ვთვლიდი, რომელიც თავისი ბზინვარებით იტყუებდა მწერს, რომ მოეჯადოვებინა და საბოლოოდ ჩაეყლაპა კიდეც.
– მისმინეთ, ერქოლე, – დავიწყე გაუბედავად და წამიერად გავხედე მიშოს, რომელიც ბედნიერად გამოიყურებოდა. – აქაურობას შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა. ფაქტობრივად პოლიტიკურ რუკაზეც კი არ ჩანს. რატომ გგონიათ, რომ ასეთ ცნობილ მზარეულს, აქ მოუნდება სამუშაოდ ჩამოსვლა, თუნდაც რამდენიმე თვით?
ველოდი უკმაყოფილოდ მაინც შეიშმუშნებოდა ამის მოსმენისას, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, პირიქით, თითქოს ზუსტად მათი გაგება სურდა.
– პირველ რიგში, იმაზე ნაკლები ანაზღაურება არ ექნება, რასაც სხვა რესტორნებში გამოიმუშავებდა, – დაიწყო ახსნა. – მეორეს მხრივ, საცხოვრებლის პრობლემა არ შეექმნება, რადგან სანამ იგი აქ იქნება, ჩემს ზღვისპირა სახლს დავუთმობ ამ ქალაქში და მესამე, თავადაც ძალიან უყვარს პატარა, წყნარი ქვეყნები და რამდენიმე ინტერვიუში ნათქვამიც აქვს, რომ სურს ასეთ ქვეყნებში მოგზაურობა. თუკი შესაფერისად მოვინდომებთ, ეს ადამიანი აუცილებლად ჩამოვა საქართველოში, ეს კი მნიშვნელოვნად გაზრდის რესტორნის შემოსავალს, მით უმეტეს, როცა ტურისტული სეზონია და ქალაქი სავსეა.
ხმა ვეღარ ამოვიღე. კითხვები უკვე აღარ მქონდა. გონება თხოვნაზე უარის თქმისკენ მომიწოდებდა, გული კიდევ მირჩევდა დავთანხმებულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემს ემოციურ ფონზე მოახდენდა გავლენას.
– მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, – შორიდან ჩამესმა გვერდით მჯდომი მეფარიშვილის ხმა. გაუცნობიერებლად გავიხედე მისკენ. ჩემკენ არ იყურებოდა, თუმცა მაინც ვამჩნევდი იმ შეფარულ კმაყოფილებას, მისი გამომეტყველება რომ ირეკლავდა. ერქოლეს ნასიამოვნები მზერა, მიშოდან, ჩემზე გადმოვიდა. ისე მიყურებდა, მხოლოდ დადებით პასუხს ელოდა.
რა უნდა მექნა? თავის დროზე ორივე ნოლანმა უპრობლემოდ მომიწერა ხელი ერთკვირიან შვებულებაზე, თანაც ყველაზე “ცხელ” ტურისტულ თვეში, ამიტომ სინდისის ხმა არ მაძლებდა საშუალებას მათთვის ამ პატარა თხოვნაზე უარი მეთქვა. დადებითი პასუხის თქმა სიკვდილივით მაშინებდა და მთელ ჩემს სულიერ სამყაროს თრგუნავდა, მაგრამ სხვა გზა აღარ მრჩებოდა.
– მეც თანახმა ვარ, ერქოლე. – ვცადე მტკიცედ მეთქვა, თუმცა ჩემს ხმას მაინც აკლდა სასურველი რიხი. მისმა კმაყოფილების ზენიტში მყოფმა გამომეტყველებამ, პოზიტივი მეც გადმომდო.
– ძალიან მიხარია, წინააღმდეგი რომ არცერთი არ ხართ. – სათითაოდ გაგვიღიმა ორივეს. – ბრაზილიამდე ბიზნეს-კლასით მგზავრობა და თქვენი საპრეზიდენტო ნომერში დაბინავება ჩემზე იყოს.
– საპრეზიდენტო ნომერი? – თვალები გამიფართოვდა. – ერქოლე, ეს ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მე გამომრიცხეთ.
– ნუ ღელავ, მარიტა, – თვალი ჩამიკრა მან. – რიოში ჩემს ბიძაშვილს აქვს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. დაწესებულების ოცპროცენტიანი მეწილე მეც ვარ, ამიტომ, ორივენი საპატიო სტუმრის სტატუსით ისარგებლებთ და ერთი თეთრის გადახდაც არ მოგიწევთ, როგორც თქვენ, ისე მე. – ვისმენდი ამ ყველაფერს და ჯერ კიდევ არ მეჯერა. არც ისე დიდი თანხა მქონდა შეგროვებული და შედარებით ბიუჯეტურ დასვენებას ვგეგმავდი, ახლა მეუბნებოდნენ, რომ მთელი ერთი კვირა, მეფურად დავისვენებდი, მდიდარი სპონსორის ხარჯზე. რა უნდა მეთქვა? მგონი არც ისე ცუდი იდეა იყო ამ წინადადებაზე დათანხმება.
ჩემი სამუშაო საათები უკვე იწყებოდა და მიშოსაც საქმისთვის უნდა მიეხედა. ერქოლემ კაბინეტიდან იმ სიტყვებით გამოგვაცილა, რომ საღამოს ისევ შევუვლიდით და ჩვენი საერთო მისიის ყველა მნიშვნელოვან დეტალზეც მაშინ ვისაუბრებდით. გარეთ გამოსულმა, ჰაერი ისე ღრმად შევისუნთქე, თითქოს მთელი ის პერიოდი, რაც კაბინეტში დავყავი, უჟანგბადოდ მქონოდა გატარებული. ვაპირებდი, პირდაპირ გასახდელისკენ წავსულიყავი თავის მოსაწესრიგებლად, მაგრამ მიშომ ხელზე ნაზად მომიჭირა ხელი და სახიფათოდ მომიახლოვდა. უცბად ძალიან მომინდა მის ტუჩებს შევხებოდი. ისე ხანგრძლივად, როგორიც იმ საღამოს, სანაპიროზე.
– რა ხდება, რატომ მაფერხებ? – თვალებით ხელზე ვანიშნე, რომელსაც ჯერ კიდევ არ მიშვებდა.
– სათხოვარი მაქვს შენთან.
– რა სათხოვარი? – ეჭვით ავხედე მის ეშმაკურად მომზირალ, ქარვისფერ თვალებს.
– იმ ცისფერი საცურაო კოსტიუმის წამოღება არ დაგავიწყდეს, რაც გოაზე გეცვა. დაუჯერებელი ხარ მასში! – ხმა ისეთი ვნებიანი გაუხდა, დამაფრთხალმა ხელი გავაშვებინე და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.
– შენს ადგილას, ასეთ კარგ ხასიათზე არ ვიქნებოდი. – შინაგანი მღელვარების მიუხედავად, ვცადე მტკიცე ხმა მქონოდა. – აქეთ რომ მოვდიოდი, მანქანით იმდენი მოძრაობის წესი დავარღვიე, დღეს საღამოს ალბათ ჯარიმების მთელი ნაკადი მოგივა.
– ნუთუ? – ამჯერად ორივე მაჯაზე ჩამავლო ხელი და კვლავ თავისკენ მიმიზიდა. – რა ცუდი გოგო ხარ, კომპენსაციის სახით რაღაც უნდა წავიღო შენგან.
– რა, ჯარიმების გადასახდელი თანხა?
– არა, უფრო უკეთესი, – მომიგო თუ არა, ჩემკენ დაიხარა და მაკოცა. კოცნა წამიერად გაგრძელდა და ბოლომდე იმის გააზრებაც ვერ მოვასწარი რა მოხდა, თუმცა მწველი ცეცხლი, რომელიც ჯერ კიდევ ჩაუქრობლად ეკიდა ჩემს ბაგეებს, მომენტით დაუკმაყოფილებლობისა და მისი უფრო დიდხანს გაგრძელების სურვილს მიჩენდა.
– მიშო, ეს... ეს უკვე სიგიჟეა... ხვდები, რას ვაკეთებთ? – ამჯერად ტონი ვეღარ დავიმორჩილე და ხმის კანკალით ამოვთქვი. მეფარიშვილს გაეღიმა, თუმცა მისი მზერა ირონიულის მაგივრად, მზესავით თბილი იყო.
– ვხვდები... რაც ხდება, თამაში ნამდვილად არ არის, მარიტა. – ქვედა ტუჩზე ცერა თითით მომეფერა. – არც ერთი ჩემი სიტყვა და მოქმედება არ აღიქვა თამაშად, რადგან ამიერიდან იმ გულწრფელობას გაჩვენებ, რაც აქამდე არასდროს მიჩვენებია. რიო-დე-ჟანეირო ყველაფერს რადიკალურად შეცვლის, ეს დაიმახსოვრე.
- რა უნდა შეცვალოს რიო-დე-ჟანეირომ, მიშო?
– უნდა დაგარწმუნოს, რომ დიდხანს ვერ დააიგონორებ იმას, რაც ჩვენ შორის ბოლო პერიოდში ხდება. – კიდევ ერთხელ ჩამხედა თვალებში თავისებური, მაცდუნებელი მზერით, მერე კი ლოყაზე, ტუჩთან ძალიან ახლოს შემეხო და სასიამოვნო შეგრძნებებით გაღიზიანებული დამტოვა მარტო. მინდოდა ბევრად უფრო შორსაც შეეტოპა, რადგან არც ამაზე ვიქნებოდი წინააღმდეგი.
საკუთარი თავი, იმ მომენტში ყველაზე უსუსურ არსებად წარმომედგინა, რომელიც მომხიბვლელმა დემონმა აცდუნა და სწორ გზაზე დასაბრუნებლად ყოველგვარი საშუალება მოუსპო.


***
ფიქრები იმის შესახებ, რომ პირველი კლასით მგზავრობა ნაკლებად დამღლიდა და რიო-დე-ჟანეიროში სიცოცხლით სავსე გამოვიდოდი აეროპორტის შენობიდან, მხოლოდ ილუზია ყოფილა და მეტი არაფერი. საქართველოდან ბრაზილიის მიმართულებით პირდაპირი რეისი არ ხორციელდებოდა, ჯერ სტამბოლში მოგვიწია გადაფრენა, შემდეგ იქედან ცამეტი საათი ვიფრინეთ სან-პაულოს მიმართულებით, ხოლო ამ ქალაქიდან უკვე მარტივად გადავფრინდით რიოში.
შორ მანძილზე ფრენების დროს, ბიზნეს-კლასის მზგავრებს ბევრად უფრო კომფორტულ მომსახურებას გვთავაზობდნენ, ვიდრე ახლო მანძილზე ფრენებისას, თუმცა დანიშნულების ადგილას ჩასვლისას, თავს მაინც იმდენად გამოფიტულად ვგრძნობდი, იმ დღეს ჩემს ნომერში ყოფნისა და ძილის გარდა საერთოდ არაფერი მიკეთებია.
იმ ესპანელ მზარეულს გულში მადლობასაც კი ვუხდიდი, რომ თავის ფეშენებელურ რესტორანში ვახშმობა მომდევნო საღამოსთვის ჰქონდა დაგეგმილი და ერთი დღე შემეძლო იმდენი დამესვენა, რამდენიც მინდოდა.
მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ერთად გავატარეთ, მიშოს ჩემთან ფიზიკური სიახლოვის მცდელობა ერთხელაც აღარ ჰქონია. სიტუაციას რომ ვაკვირდებოდი, ამას კიდევ ფიზიკური სიახლოვე მერჩივნა, რადგან ყოველ გამოხედვაში, მიმიკასა თუ სიტყვაში, რასაც ჩემდამი გაიმეტებდა, იმოდენა სურვილსა და ვნებას ვკითხულობდი, ყველაფრისთვის ცივი გონებით ყურება უკვე ძალიან მირთულდებოდა. ზუსტად ვიცოდი, ამას სპეციალურად არ აკეთებდა და გაუცნობიერებლად მოსდიოდა, თუმცა ფაქტი იყო იმ ზომამდე ვყავდი მიყვანილი, უკვე მისი დანახვაც მოჩვენებებით სავსე, ბნელი გვირაბივით მაშინებდა. გარეგნულაად არ ვიმჩნევდი, თუმცა შინაგანად ვიწვოდი. თორმეტსაათიანი კარგი გამოძინების შემდეგ, ჩემი ოთახის დიდ საწოლზე გაშლილი, მაღვიძარას ხმამ გამომაღვიძა. როუმინგი ბრაზილიაში წამოსვლამდე მქონდა გათიშული, ხოლო აქ ჩამოსვლისას, არც ადგილობრივი ნომერი ამეღო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩემთან სატელეფონო კავშირზე გამოსვლას ვერავინ შეძლებდა და ვერც ვერავინ შემაწუხებდა. თუკი ნოლანებს რამე დასჭირდებოდათ, მოუწევდათ მიშოს დაკავშირებოდნენ და მასთან ერკვიათ ყველანაირი მნიშვნელოვანი საქმე თუ დეტალი.
ჩვენი აქ ჩამოსვლის მთავარი გეგმა, დღეს საღამოს უნდა მოგვეყვანა სისრულეში. ვახშმისთვის შესაფერისი კაბა უკვე წინასწარ მქონდა მომზადებული. იგი წლების წინ, მარმარისში ყოფნისას ვიყიდე ერთ-ერთ ბრენდულ ბუტიკში და სრულიად ხელუხლებელი იყო.
რესტორანი, სადაც ჩვენი ვახშამი ჩაივლიდა, საკმაოდ ცნობილი, მდიდრული და სახელგანთქმული გახლდათ ამ ქალაქში. იგი წარმოადგენდა ადგილს, სადაც ალბათ ვერავინ გაბედავდა შესვლას, თუ მისი თვიური ანაზღაურება ოცი ათას დოლარს არ აღემატებოდა.
მოსამზადებლად დრო საკმარისზე მეტი მქონდა და გადავწყვიტე, საღამომდე დარჩენილი საათები ქალაქის თვალიერებაში გამეყვანა. ყველა ის ადგილი, რაც ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მოსანახულებელთა სიაში მქონდა შეტანილი. ყველაზე მეტად სიმაღლეებზე ასვლისა და ქალაქის ხედებისთვის გადმოხედვა მსურდა, მაგრამ ვიცოდი, დღის ამ მონაკვეთში იქ უზომოდ ბევრი ტურისტი იყრიდა თავს. ხმაური და დიდი რიგი დამხვდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, მსგავსი ადგილების მონახულება მომდევნო დღის ადრიანი დილისთვის გადამედო. სამაგიეროდ მოვინახულე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი „მარაკანას“ სტადიონი. სასტუმრო „კოპა-კაბანას“ სანაპიროზე მდებარეობდა, მაგრამ ფანჯრიდან სანაპიროს მაგივრად, ქალაქის ხედი ჩანდა. ამისთვის მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. რიო-დე-ჟანეიროში ყოფნისას, მაშინ, როდესაც გარეთ ამდენი საინტერესო რამ ხდებოდა, ნომერში ჯდომას სულაც არ ვაპირებდი და შესაბამისად, არც ამ ზედმეტად ჩვეულებრივი ხედის ყურება მომიწევდა.
წასვლა მარტომ გადავწყვიტე. გარეთ ტემპერატურა ორმოც გრადუსამდე აღწევდა, ამიტომ ჩემოდნიდან ყველაზე მოკლე შორტი ამოვარჩიე, რაც კი მომეპოვებოდა. თხელი, უმკლავო ზედატანი შევუხამე, თავზე ზუსტად მაისურის შეფერილობის, იისფერი კეპი მოვირგე და ჩემს ჭრელ ზურგჩანთაში საჭირო ნივთების ჩალაგების შემდეგ, ნომერიც დავტოვე. მიშო არც თავისი ოთახის კართან დამხვედრია და არც დერეფანში გადამყრია მოულოდნელად, როგორც ეს გოას სასტუმროში მოხდა. ქვემოთ ჩასული, უკვე გულშიც კი ვზეიმობდი, რომ ტერიტორია ნინძასავით შეუმჩნევლად დავტოვე, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი სიხარული ცოტათი ნაადრევი აღმოჩნდა. გასასვლელ კარამდე ნახევარი გზა მქონდა გავლილი, როდესაც მიმღებში, ერთ-ერთ სავარძელზე მოკალათებულ მეფარიშვილს მოვკარი თვალი, რომელიც ერთიანად თეთრ სამოსში იყო გამოწყობილი და გვერდს ვიღაც მულატი, დრედებიანი და ზედმეტად სექსუალური გოგონა უმშვენებდა. ეს უკანასკნელი, მიშოს თვალებს ისე შესციცინებდა, თითქოს დამსწრე საზოგადოების წინ, საქორწილო ფიცს ეუბნებაო და ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ მეტისმეტად იყო მისით დაინტერესებული.
შემამჩნია თუ არა, წამიც აღარ დაუყოვნებია, ისე დაემშვიდობა გვერდით მჯდომს და სავარძლიდან ფეხზე წამოდგა. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს სწორედ ჩემს მოსვლას ელოდა, რომ თავი დაეხსნა და მეც დროულად მოვევლინე მაშველ რგოლად. ვხედავდი, ჩემკენ მოდიოდა, თან მანიშნებდა შეჩერდიო. ერთ ადგილას დავდექი, ხელები ზურგჩანთის სალტებს მოვუჭირე და მანამ არ გამიშვია, სანამ მეფარიშვილი თითის გასაწვდენ მანძილზე არ მომიახლოვდა.
– მოხდა რამე?
– მეგონა, ჯერ კიდევ შენ ნომერში გეძინა... საით გაგიწევია?
– სასეირნოდ. საღამომდე დრო საკმაოდ მაქვს. – შეფარულად ჩამათვალიერა თავიდან ფეხებამდე. დაზუსტებით ვერ ვიტყვი, რა გაიფიქრა, თუმცა ის ნამდვილად ვიცი, რომ თვალებში რაღაც ვნებისმაგვარმა გაუელვა.
– საინტერესო რაღაც დავგეგმე დღეისთვის. იმედს ვიტოვებ, ჯიუტობას არ დაიწყებ და წამოხვალ.
– მიშო, თუკი ვერ ხვდები, გეტყვი, რომ მე აქ შენთან ერთად გასართობად არ ჩამოვსულვარ. – ვცადე პასიური აგრესიით დამეცვა თავი. – როგორც კი იმ ესპანელ მზარეულს შევხვდებით, პირველივე რეისით საქართველოში დაბრუნდები, მე კი ჩემ შვებულებას გავაგრძელებ. ახლა გამატარე, თუ შეიძლება.
– არ ვაპირებ სადმე წასვლას.
– ჰოო? შემთხვევით იმ გოგომ ხომ არ დაგიყოლია, ცოტა ხნის წინ განაბული თვალებით რომ გიყურებდა? – მეფარიშვილმა ცალი თვალით გახედა, შუა საუბარში მარტო დატოვებულ გოგონას, მერე კი კვლავ მე მომიბრუნდა.
– ეგ გოგო, ყველაზე ხშირად მონახულებად, ტურისტულ ადგილებზე მაძლევდა რჩევებს.
– აბა რაა, – ირონიულად ჩამეცინა. ვერ ვხვდებოდი, რატომ ვლაპარაკობდი ამდენს, თუმცა ფაქტი იყო კბილებს ენის დაკავება არ გამოსდიოდათ. – მხოლოდ ერთი დღეა, რაც აქ ჩამოხვედი და იმის მაგივრად, რომ საქმეზე იფიქრო, მაშინვე გოგოებს დაერიე. ამის მერე, კიდევ ჩემგან გიკვირს, რატომ მყავხარ შეყვანილი კონტაქტებში კაზანოვას სახელით.
– იაზრებ მაინც რაზე ბრაზობ? – აშკარად გააკვირვა ჩემმა რეაქციამ.
– იმაზე ვბრაზობ, რომ შიშველი ქალების გარდა თავში არაფერი გიტრიალებს! სხვათა შორის, სახეზე შევატყვე, რომ ყველაფერზეა თანახმა. მიდი, დროს ნუ კარგავ. – თავით გოგონასკენ ვანიშნე, რომელიც წამითაც არ გვაშორებდა ინტერესიან მზერას. – აბა, თქვენ იცით, კარგ გართობას გისურვებთ!
– მოიცა, მოიცა, – მაჯაში ხელი ღიმილით ჩავალო და შემაჩერა. მისი ქარვისფერი თვალები, უკვე დაუფარავად მზვერავდნენ. – ახლა შენ იეჭვიანე, თუ მომეჩვენა?
– უბრალოდ ის ვთქვი, რასაც ვფიქრობ. – ხელი სწრაფად გავაშვებინე. – ნუ იგონებ ისეთ რამებს, რაც თავად გინდა ხდებოდეს!
– ჰოდა, მინდა გითხრა, რომ ყველაფერი აბსურდია, რასაც ფიქრობ. – ჩემი სახე ხელის გულებში მოიქცია და თავისი შეხებით, თითქოს ცეცხლი მომიკიდა მთელ კანზე. –ცხოვრებაში ერთხელ, დაივიწყე ყველაფერი, რაც გვაკავშირებდა და რაც აქამდე გამოგვივლია. დაივიწყე ყოველი ჩხუბი, კამათი და ირონიული საუბრები, რაც მთელ ჩვენს ნაცნობობას გასდევს ფონად. უბრალოდ, ყველაფერი ნეგატიური იმ თვითმფრინავში დატოვე, რომლითაც აქ ჩამოვფრინდით და ეგ ნიღაბიც მოიხსენი, შენი რეალური გრძნობების დასაფარად რომ გიკეთია. – პირდაპირი გაგებით დამამუნჯა მიშოს სიტყვებმა და მისმა მელანქოლიურმა გამოხედვამ. იმდენად ვიყავი დაბნეული, უბრალოდ უხმოდ, უმეტყველო მზერით ვპასუხობდი ჩემკენ მომართულ სულში ჩამწვდომ მზერას და ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ასე, ცოტა ხანში კვლავ თვითონ რომ არ ალაპარაკებულიყო:
– სიჩუმის აღთქმა დადე? რატომ არაფერს ამბობ?
– მიზეზი არ მაქვს? ბოლო პერიოდში, შენი ყოველი სიტყვა და მოქმედება, უკვე ჩემი დალაგებული ცხოვრების არევისკენაა მიმართული.
– რომელი დალაგებული ცხოვრების? – ბაგეებზე მცირედმა ღიმილმა გადაურბინა. – რას ეძახი დალაგებულ ცხოვრებას, მარიტა? სადაც ვიღაც შეშლილი მანიაკი, მანქანაში გივარდება და გატერორებს, მერე კი შენი მოკვლის მცდელობაზეც არ იხევს უკან?
– ამას რატომ მახსენებ?
– რადგან გაითავისო, რომ მე არ ვარ ის, ვინც ცხოვრებას გირევს, პირიქით, მის დალაგებას ვცდილობ და შეწყვიტე ჩემთან ბრძოლა. – სახიდან თმაზე გადაინაცვლეს მისმა თითებმა და ლამის ჰიპნოზის თერაპიასავით იმოქმედეს. უკვე საშინლად მიჭირდა ამ ყველაფრისთვის გულგრილად ყურება. საკუთარ თავთანაც ვაღიარე, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩემი მიშოსადმი აგრესიის მიზეზი, არც თათას ამბავი იყო და არც ჩვენი დაძაბული ურთიერთობა. ჩემი ამგვარი დამოკიდებულება, უბრალოდ თავდაცვითი რეაქცია გახლდათ იმ მაგნიტური მიზიდულობის წინააღმდეგ, რომლითაც განუწყვეტლივ მექაჩებოდა. ვაანალიზებდი, რამდენად ბავშვურად ჩანდა ჩემგან ასეთი სიჯიუტე. თითოეული მოქმედება და სიტყვა, ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანის საქციელისგან ძალიან შორს იყო. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე პოზიციები რაღაც კუთხით მაინც დამეთმო და ამდენი წლის მანძილზე, პირველად შევხედე მიშოს წყენის, ირონიისა და ბრაზისგან სრულიად თავისუფალი მზერით.
– ანუ ყველაფერი ნეგატიური თვითმფრინავში დავტოვოთ, არა? – ერთი ნაბიჯით მოვშორდი და გულზე ხელებდაკრეფილმა, ეჭვით დაწვრილებული თვალებით ავხედე.
– ეს ორმხრივი სურვილი უნდა იყოს.
– მშვენიერია, მაშინ მომიწევს წარმოვიდგინო, რომ პირველად ამ სასტუმროში შეგხვდი და გულუბრყვილოდ დავთანხმდი შენს შემოთავაზებას, ქალაქის ერთად დათვალიერებაზე.
ირიბმა ღიმილმა გამოანათა მიშოს სახეზე. მისი ქარვისფერი თვალები წამითაც არ შორდებოდნენ ჩემს სახეს და რაც დრო გადიოდა, გაცილებით უფრო შეუძლებელს ხდიდნენ მზერის გასწორებას.
– და მაგ წარმოსახვაში, მე ტემპერამენტიანი, ბრაზილიელი მაჩო უნდა ვიყო, თავბრუდამხვევი გამოხედვით, თუ ჩემი იდენტობა შევინარჩუნო? – წამიერად სიცილი წამსკდა. ნაწილობრივ, დაძაბულობაც მომეხსნა და შედარებითი სიმსუბუქე ვიგრძენი.
– მოდი, იცი რა ვქვნათ? ბრაზილიელის ნაცვლად, ავსტრალიელი იყავი და რეიმონდი გერქვას
– რეიმონდი?
– ჰო, რეიმონდი, – ნიშნის მოგებით ავხედე. – იმ ბიჭის სახელი და ეროვნებაა, ვისთან ერთადაც გოაზე ვატარებდი დროს, იმ ღამით, როდესაც შენ, ეჭვიანი ქმარივით მიფეთქებდი ზარებით ტელეფონს
– მაგ შენს შოკოლადისფერ რეიმონდს, რამე სერიოზული რომ ეგრძნობინებინა, კოცნის სურვილი მაინც გაგიჩნდებოდა დამშვიდობებისას. – ჩემდა გასაკვირად, წარბიც არ შეტოკებია. – ტყუილად ცდილობ გამომიწვიო, არაფერი გამოგდის.
– სულაც არ მიცდია არავის გამოწვევა. ერთხელ და სამუდამოდ გაითავისე, რომ სამყარო შენ გარშემო არ ბრუნავს.
– მგონი ცოტა ხნის წინ, ზავის დადებას განვიხილავდით. – შემახსენა და ამით, ფაქტობრივად ენის წვერზეც შემაყინა ის სიტყვები, რაც შემდეგისთვის მქონდა მომზადებული.
– კარგი, კარგი, უბრალოდ ასე მალე ცოტათი რთულია ამის გათავისება... რაო, რას ამბობდი, დღეს რა დავგეგმეო?
– წამომყევი და ნახავ. ნულია შანსი იმისა, რომ ინანო.
– და იმ შენს რძიან შოკოლადს რას უპირებ? შუა ფლირტისას რომ გამოექეცი, გული ნაწილებად არ დაეფშვნება? – ჩავურტყი გესლიანად და წარბების თამაშით ვანიშნე ეულად მიტოვებული გოგონასკენ. მიშომ თავი სიცილით გადააქნია.
– რომ იცოდე, რძიანი შოკოლადი არ მიყვარს, შენ კი ნახევარი წუთიც ვერ ძლებ მწარე რეპლიკების გარეშე... – სასტუმროს სასიამოვნო სიგრილიდან გამოსულს, ძალზედ შემაწუხებელი მეჩვენა ის სიცხე, ქუჩაში მოხვედრილმა რომ ვიგრძენი. სუნთქვა გაუსაძლისი იყო.
– ცოტა ხანი გინდა და ტემპერატურას შეეჩვევი. – თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა მიშომ. ორივენი ერთად მივაბიჯებდით სასტუმროს უზარმაზარ საპარკინზე ზონაზე, სადაც რამდენიმე წამში შევძელი ნაცნობი პორშეს გამორჩევა და მეფარიშვილის გაკვირვებულმა შევხედე.
– მოიცა, მოიცა, შენი მანქანა ასე მალე როგორ ჩამოაყვანინე? ჯერ კიდევ გუშინ ჩამოვფრინდით რიოში.
– ჩემი არაა. დღეს დილით შევუკვეთე გაქირავების სერვისიდან ზუსტად იგივე მარკის ავტომობილი, მისი მართვა რომ არ გამიჭირდეს.
– კონდინციონერი თუა შიგნით?
– არის, ნუ ღელავ.
– კიდევ კარგი, - შვებით ამოვისუნთქე სიცხისგან შეწუხებულმა. – ასე რომ არ ყოფილიყო, ალბათ სალონში ყველაფრის გახდა მომიწევდა, რაც მაცვია.
– ეგ შენი პროვოკაციული სიტყვები, ინტიმური კომენტარების გაკეთებისკენ რომ მიბიძგებს ვერ ხვდები?
– ვხვდები, – თავისუფლად გავუსწორე მზერა. არ ვიცი საიდან, თუმცა იმ მომენტში, აუხსნელი სითამამე ვიპოვე და მანქანის კართან მისულ მეფარიშვილს, დასაშვებზე მეტად მივუახლოვდი. – უბრალოდ შენი ჯენტლმენობის დონეს ვამოწმებ.
– არ გირჩევ. ლომის ხახაში საკუთარი ნებით აღმოჩენა, არც ისე ჭკვიანურია.
– ჰოო? – უფრო მეტად მივუახლოვდი და მის გულ-მკერდს ორივე მკლავით დავებჯინე. – და ამ ისტორიაში ლომი შენ ხარ?
– ვინმე სხვა რომ იყო, ვიფიქრებდი, რომ ეს სიახლოვე მინიშნებაა, რომ კოცნის ინიციატივა ავიღო-მეთქი
– და ახლა რას ფიქრობ?
– იმას, რომ რასაც არ უნდა ხლართავდე, ეს უკვე ჩემს თავშეკავებაზე მოქმედებს, ამიტომ არანაირი იმპულსურობა შენი მხრიდან.
მიშოსთვის პასუხი არ გამიცია, მის გვერდით დავიკავე ადგილი. მძღოლის ადგილი, მიშომაც ზუსტად ჩემსავით უხმოდ შეავსო, თუმცა მისი თვალები და გამოხედვა, გაცილებით უფრო მეტს ამბობდნენ, ვიდრე ეს უბრალო სიტყვებს შეეძლოთ.
ქუჩაში ხალხის უწყვეტი ნაკადი მოძრაობდა, უმეტესად საცურაო კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილნი. ლამაზად გაშლილი პალმები, დახვეწილი არქიტექტურა და მხიარული სახეები, ჩემს განწყობასაც დადებითი ენერგიით მუხტავდნენ. ავტომობილის სალონში დაპირებული, სასიამოვნო სიგრილე იდგა. მიშო აუჩქარებლად მიუყვებოდა ნავიგატორზე მონიშნულ გზას, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა როდის მივაღწევდით, ან სად იყო ჩვენი დანიშნულების ადგილი.
გზაში საშინლად მომწყურდა. ზურგჩანთით წყლის ბოთლიც მქონდა წამოღებული, თუმცა უკვე გამთბარიყო, ამიტომ უკმაყოფილო სახით ჩავაბრუნე თავის ადგილას. არ გასულა ერთი წუთი, როცა ვიგრძენი, როგორ შეანელა სვლა მანქანამ და მარკეტის წინ გაჩერდა. სულ მალე უკან ცივი წყლით სავსე ბოთლით დაბრუნდა, გამიმიწოდა და სიხარულთან ერთად, გულში რაღაც უჩვეულო სითბო ჩამეღვარა. მადლობა თვალებით გადავუხადე, რაზეც მან ოდნავშესამჩნევი ღიმილით მიპასუხა და გზაც განვაგრძეთ. ყინულივით ცივმა წყალმა, მართლაც შესაბამისად გააგრილა ჩემი სხეული და ერთიანად გამომაცოცხლა. ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი. გავაცნობიერე, რომ ეს უკვე რიგით მეოთხე ქვეყანა იყო, რომელშიც მიშოსთან ერთად ვიყავი და უკვე სერიოზულად დავფიქრდი იმაზე, რომ რაღაც უხილავ ძალას, ჩვენი ერთმანეთთან დაკავშირების სურვილი კლავდა.
გზაში დაახლოებით ორმოცი წუთის განმავლობაში ვიყავით. მთელი ამ ხნის მანძილზე, საკმაოდ ცოტა ვისაუბრეთ. ვგრძნობდი, არ სურდა ბევრი ლაპარაკი, რადგან ყოველი მის მიერ წამოწყებული დიალოგი, ჩემდაუნებურად მიმყავდა შეფარული სარკაზმისა და აგრესიისკენ. ვერ ვიტყოდი, რომ ამას სპეციალურად ვაკეთებდი. უფრო სწორი იქნებოდა, თუ ჩემს ასეთ საქციელს უნებლიე რეაქციად მოვიხსენიებდი, რადგან მთელი ჩვენი ათწლიანი ნაცნობობის მანძილზე, სწორედ ეს სალაპარაკო ენა იყო, რასაც მიშოს მიმართ გამუდმებით ვიყენებდი ხოლმე.
დაბურულმინებიანი შენობის წინ მდებარე ავტოსადგომზე გავჩერდით. არ ვიცოდი სად ვიყავი, თუმცა კითხვების დასმა აღარ დამიწყია. შენობაში შესული მიშო, შუა ხნის, პილოტივით გამოწყობილ მამაკაცს მიესალმა პორტუგალიურ ენაზე. მალევე გავაცნობიერე, რომ ეს ადამიანი იყო კიდეც პილოტი, რადგან დერეფნის ბოლოს მდებარე დიდი ფანჯრიდან, მოწითალო ფერის ვერტმფრენი შევნიშნე, ასაფრენად გამზადებული რომ იდგა შენობის უკანა მხარეს.
– სერიოზულად? – გაოცებამდე ცოტაღა მაკლდა. – ამით ჩვენ უნდა გავისეირნოთ?
– რიოს ისეთი საოცარი ადგილმდებარეობა აქვს, ამ ყველაფრისთვის ზემოდან გადმოხედვა ნამდვილად ღირს. – მერე პილოტს მიუბრუნდა, კიდევ რაღაც უთხრა ჩემთვის გაუგებარ, პორტუგალიურ ენაზე და როგორც კი ეს უკანასკნელი თავის ქნევითა და ღიმილით გაგვეცალა, მაშინვე მომიტრიალდა.
– ვიცი, რომ სიმაღლის შიში არ გაქვს.
– მაგრამ აქამდე ვერტმფრენში არასდროს ვმჯდარვარ.
– რადან პირველია, სურვილიც უნდა ჩაიფიქრო.
– თუ ასეა, მოდი პიროვნულად გაძლიერებას ვინატრებ. ისეთ გაძლიერებას, რომ ნებისმიერი რთული სიტუაციიდან, თვითონვე შემეძლოს თავის დახსნა.
– სურვილი ხმამაღლა არ უნდა ჩაიფიქრო, არ იცოდი?
– ეგ ცრუ მორწმუნეობაა და მაგის ბავშვობის მერე აღარ მჯერა.
– ჩვენი წასვლის დროა. – თვალებით მანიშნა ვერმფრენისკენ მიშომ. პილოტს უკვე დაეკავებინა თავისი კუთვნილი ადგილი. ახალი გამოცდილებები მუდამ მაგნიტივით მიზიდავდნენ ხოლმე და ახლაც სწორედ ეს მიზიდულობის ძალა მექაჩებოდა.
მე და მიშო გვერდიგვერდ მოვთავსდით უკანა სავარძლებზე. ღია ვერტმფრენით უნდა გვეფრინა, რათა ზემოდან გადაშლილი ქალაქი ბევრად უფრო რეალურად აღგვექვა. პროპელერის ხმას რომ ნაკლებად შევეწუხებინეთ, ჩასხდომისთანავე გვთხოვეს სპეციალური ყურსასმენების გაკეთება. არც სიმაღლის მეშინოდა და უსაფრთხოების ქამრებიც გავაზღვევდა არასასურველი შედეგებისგან, თუმცა ღია საჰაერო ტრანსპორტით ფრენა, ოდნავ მაინც მძაბავდა. ამის გამო, მიშოს ხელს, ჩემი ხელით ზუსტად ისე გაუცნობიერებლად შევეხე, როგორც ავარიამდე ერთი წუთით ადრე მანქანაში. მივხვდი, რომ ჩაეღიმა. რამდენიმე წამის შემდეგ, თითები, ჩემს თითებში გადახლართა და ერთმანეთს გადაჭდობილი ჩვენი ხელები, თავის კალთაში მოათავსა.
– ნუ გეშინია, – ბეჭზე ნიკაპით დამეყრდნო, ცხვირის წვერი კი ყელზე შემახო. ამით კიდევ ერთხელ გადმოკვეთა სიახლოვის ზღვარი, თუმცა ამჯერადაც ვერ გამოვნახე ძალა, რომ თავიდან მომეშორებინა. – რამდენი წელი გავიდა, შენი სურნელი კი ისევ ისე მაბრუებს, როგორც გაცნობის პირველ დღეს.
– არ თქვა, რომ ჩვენი გაცნობის დღეც გახსოვს.
– ადამიანის გონება, ყველაზე მნიშვნელოვანს, ყველაზე რთულად ივიწყებს. – საპასუხოდ აღარაფერი მითქვამს. მოუმზადებელი მოსწავლესავით ვიბნეოდი მიშოს მიერ წარმოთქმულ ყოველ ისეთ წინადადებაზე, რომლითაც ჩემთვის რაღაცის მინიშნებას ცდილობდა. მიშო მალე გაიწია გვერდით და ავფრინდით კიდეც. რაც უფრო შორდებოდა ჩვენი ვერტმფრენი დედამიწას, მით უფრო დაკვირვებით ვათვალიერებდი ჩემს ქვემოთ გადაშლილ სანახაობას. ღია კარებებიდან შემოვარდნილი ქარის ნაკადი პირდაპირ სახეში მეცემოდა და თმებს მიფრიალებდა. მიშოს თითები, ჯერ კიდევ ჩემსაში იყო გადახლართული. მაშინაც კი, როდესაც პილოტმა, ათას შვიდასი მეტრის სიმაღლეზე აფრენის შესახებ გვაცნობა და ქალაქის თავზე, ზუსტად ამ სიმაღლით დაიწყო ფრენა, ჩვენი ხელები ჯერ კიდევ ერთმანეთს ეხებოდნენ.
საოცარი იყო ასეთი სიმაღლიდან დანახული რიო-დე-ჟანეირო. ქვემოთ ხელის გულივით მოჩანდა ყველა ის მთა, თუ შემაღლებული ადგილი, რომლებიც მოსანახულებელთა სიაში მქონდა შეტანილი. ლამაზი შენობები, კილომეტრებზე გადაჭიმული სანაპირო ზოლი და ლურჯად მოელვარე ცაში გაბნეული, ქათქათა ღრუბლები, იმდენად სასიამოვნო კონტრასტს ქმნიდნენ, ამ ზღაპრულ სანახაობას სუნთქვაშეკრული ვუმზერდი.
შიში, დაძაბულობა და ყველაფერი ამდაგვარი, სრულიად უკვალოდ გამქრალიყო გონებიდან. პილოტმა რამდენჯერმე ისიც შემოგვთავაზა, რომ თუკი სურვილი გვექნებოდა, შეგვეძლო, ვერტმფრენიდან გადაწეული ფეხებითაც გადაგვეღო ფოტო. ამის სურვილი არც ერთ ჩვენგანს არ გამოუთქვამს. შეიძლება, რაღაც დროის გასვლის შემდეგ, გულიც დამწყვეტოდა, რომ ეს კადრები სადმე არ აღვბეჭდე, თუმცა იმ მომენტში იმდენად რთულ ამოცანად მესახებოდა ამ გარემოსთვის თვალის მოწყვეტა, სელფის ჯოხის ჩანთიდან ამოღება თავში აზრად არ მომდიოდა. ღია ვერტმფრენში მჯდომს, ისეთი შეგრძნება მიჩნდებოდა, თითქოს ფრთაგაშლილი ფრინველი ვიყავი, რომელიც ღია ცაში მიფრინავდა და ზემოდან დასცქეროდა ყველაფერს, რაც მის ქვემოთ ხდებოდა.
– შთაბეჭდილების ქვეშ ხარ, არა? – მომესმა გვერდიდან მიშოს ხმა. აზრზე მოსულმა, თავი უმალ გავატრიალე მისი მიმართულებით. თვითონაც შემომხედა. მომეჩვენა, თითქოს ოდნავ ჩაეღიმა კიდეც.
– არ ვიცი, რა ვთქვა... ეს... რაღაც ლამაზი ზღაპარს ჰგავს. იმდენი ლამაზი ადგილი ვნახე, მაგრამ სამყარო მაინც არასდროს წყვეტს ჩემს გაოცებას.
– არც შეწყვეტს, – დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში. – იცი, რა მინდა ყველაზე მეტად?
– რა?
– მსოფლიოს თითოეული ქვეყნის მოვლა, სანამ ცოცხალი ვარ, – ფრთხილად წაეთამაშა ჩემი თმის დაბოლოებას. – მაგრამ მხოლოდ „მინდა“ საკმარისი არ არის, შენთან ერთად მინდა ამ ყველაფრის გაკეთება.
– რატომ, ექსკურსია-მძღოლად დაგჭირდები?
– მე ასე არ ვიტყოდი, – სახე იმდენად მომიახლოვა, კვლავ ჩვეული დაბნეულობა მეწვია. ხელი რომ ისევ ჩემს ხელზე ეკიდა, ეს ერთიორად მიმძაფრებდა ამ დაბნეულობის შეგრძნებას.
– აბა, რისთვის?
– იმისთვის, რომ მთელი სამყარო გაჩვენო და შენ ჯიუტ ტვინში სამუდამოდ ჩავწერო ჩემი სახელი.
– სამსახურში და სამეზობლოში უკვე შემომეჭერი. ახლა თამაშს ართულებ და ტვინსაც უმიზნებ, არა?
– ზუსტად ტვინში შემოძრომაა ყველაზე მეტად აზარტული.
– არანორმალური ხარ.
– თუ არანორმალური ვარ, მაშინ ახლა რასაც ვიზამ, ისიც მეპატიება. – ეშმაკურად ჩაეღიმა, სახე გაცილებით უფრო ახლოს მომიტანა და სულ მალე ვიგრძენი, რა ნაზად შემეხო ჯერ ზედა ტუჩზე, მერე ქვედაზე. ბოლოს ორივე მათგანი გააერთიანა და ზუსტად ისეთივე სურვილითა და ვნებით გაჯერებული კოცნით “დამასაჩუქრა”, როგორც პირველად. არ აინტერესებდა ის, რომ შეიძლებოდა პილოტს დავენახეთ. არ აინტერესებდა სად ვიყავით და რა სიტუაციაში. სიმართლე რომ ვთქვა, ეს მეც ფეხებზე მეკიდა. ვგრძნობდი, ამ ქვეყანაში თავს ვკარგავდი, საკუთარ “მე”-ს აღარ ვგავდი.
– ჩათვალე, ეს მხოლოდ დასაწყისია. – ვნებისგან ამღვრეული თვალებით ამოილაპარაკა, როგორც კი ჩემს ტუჩებს მოწყდა და მათზე თითის ბალიშებით დამიწყო მოფერება. – ნარკოტიკივით ხარ. თუ მამაკაცმა ერთხელ გაიგო შენი გემო, თავს ვეღარასდროს დაგანებებს.
– არ ვიცი, რის მიღწევას ცდილობ, მაგრამ ცეცხლს ეთამაშები, მიშო.
– დამწვრობის მიღება საერთოდ არ მაშინებს – მაცნობა მან თავდაჯერებით სავსე გამომეტყველებით და ისე განაგრძო ქვემოთ გადაშლილი საოცარი ქალაქის თვალიერება, ჩემკენ ერთხელაც აღარ გამოუხედავს. მხოლოდ ჩვენს ერთმანეთში გადახლართულ ხელებს არ იშორებდა კალთიდან და თითქოს არაფერიო, ისე მეფერებოდა ხელზე ცერა თითით.

***
სპეციალურად ვახშმისთვის შერჩეულ, წითელ კაბაში გამოწყობილი, დიდ სარკეში საკუთარ გამოსახულებას ვუმზერდი და ნარცისულადაც შევყოლოდი ამ პროცესს. აღარ ვგავდი ოცდაოთხი წლის გოგოს, ბავშვური ხასიათითა და გულჩვილი შინაგანი სამყაროთი. ამ კაბაში ნამდვილი ქალივით გამოვიყურებოდი, დიადი ამბიციებით, სექსუალურობითა და ვნებით გაჯერებული შარმით.
მომწონდა საკუთარი თავის ეს ვერსია. შეიძლება რაღაც ცვლილებებსაც ვამჩნევდი ჩემს პიროვნულობაში. ქაოტურ ფიქრებს გონებიდან ვერაფრით ვიშორებდი. მიშოს ტუჩების გემო, ჯერ კიდევ პირვანდელი ეფექტივით ჰქონდათ შემორჩენილი ჩემს ტუჩებს და ბევრად უფრო მეტის სურვილიც კლავდათ. სერიოზულად მაშინებდნენ ასეთი აზრები. ადრე პრობლემად მიშოს ინტიმურ სიზმრებს მივიჩნევდი, ახლა ვგრძნობდი, რომ თავად გაცილებით უფრო სახიფათო წ....ბში მიწევდა ცურვა. ფხიზელ გონებაზე მყოფიც კი, ათას ისეთ კადრს წარმოვიდგენდი, უხერხულობის გრძნობა ყელში მიჭერდა უხილავ ხელებს. საკუთარ თავს გამუდმებით ვუსვამდი კითხვას, რა იყო ეს? ვნება, დროებითი მიზიდულობა თუ გაცილებით უფრო ძლიერი და მყარი გრძნობა? პასუხი არ მქონდა, ან შეიძლება ოდნავ მაშინებდა კიდეც საბოლოო პასუხამდე მისვლა და საკუთარი თავისთვის აღიარებითი ჩვენების მიცემა.
სარკის წინ მდგომმა, ღრმად ამოვისუნთქე და კიდევ ერთხელ შევამოწმე რამდენად უხდებოდა ფეხზე მორგებული წითელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ჩემს ამავე ფერის კაბას. ყველაფერი იდეალურად იყო! თითქოს ორივე ერთი და იმავე დიზაინერის ხელით გახლდათ შექმნილი. საღამოს ექვსის ნახევარი სრულდებოდა. ოც წუთში რესტორანში უნდა ვყოფილიყავით.
ვერტმფრენის ტურის შემდეგ, საჭმელად წასვლისთვის დრო აღარ დაგრჩენია და არც სასტუმროში მიჭამია რამე, თუმცა რატომღაც შიმშილს მაინც ვერ ვგრძნობდი. ალბათ ჩემი ტვინი იმდენად იყო გადატვირთული სხვადასხვა ემოციურ საკითხებზე ფიქრით, სხვა რამის გააზრებისთვის დრო და სივრცე აღარ რჩებოდა.
გახსნილი ლეპტოპიდან ზარის ხმა მომესმა. ჩართული მხოლოდ ინსტაგრამის პლატფორმა მქონდა დატოვებული და მაშინვე მივხვდი, ზარი სწორედ იქედან რომ შემოდიოდა. ლოგინს მიახლოებული, ზედ ჩამოვჯექი და ლეპტოპის ეკრანი ჩემკენ მოვატრიალე. ლოლა მირეკავდა. როცა ვუპასუხე, მის გვერდით კალეც შევნიშნე. ძალიან გამიხარდა მათი დანახვა.
– ჩვენ თუ არ დაგირეკეთ, შენ ერთხელაც არ გაგახსენდეთ! – არანაირი მოსალმება, არანაირი მოკითხვა. წარბები ბრაზიანად შეეკრა ლოლას.
– დამნაშავე ვარ, ბოდიში, – პატიების ნიშნად ორივე ხელის გული ერთმანეთს მივატყუპე. – სად ხართ თქვენ ორნი ასე გვიან? მანდ უკვე თერთმეტის ნახევარია, არა?
– ,კაფეში ვართ, – ამჯერად კალეც ალაპარაკდა, თან უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა. – რაც შენ წახვედი, მას შემდეგ ხან სად დამათრევს და ხან სად. უკვე მგონია, რომ მე დავაორსულე.
– მოიცა, მოიცა, – ორივეს გაკვირვებულმა შევხედე. – შენც იცი ორსულობის ამბავი?
– ჩემდა სამწუხაროდ, კი. – გაეცინა კალეს, თუმცა გვერდიდან რომ თავში გაშლილი ხელი მოხვდა, მაშინვე გაჩუმდა.
– მალე ვაპირებ მთელ კოლექტივს ვუთხრა, – მაგიდას იდაყვით დაბჯენოდა ლოლა და მარწყვის კოქტეილით ნახევრად სავსე ჭიქაში, საწრუპს ზემოთ-ქვემოთ ათამაშებდა. – მინდოდა ერთი ადამიანი მაინც ყოფილიყო ისეთი, ვინც ამ მომენტში გაკვირვებისგან თვალებს არ გადმოკარკლავდა. თან, შენ და სამირაც არ ხართ და დანაკლისს ვივსებ.
– ჩემს ხარჯზე...
– რამე პრეტენზია გაქვს? – ეჭვით დაწვრილებული თვალებით შეხედა ლოლამ კალეს – მარტო იმის გამო უნდა დაფრინავდე ბედნიერებისგან, რომ აქ ერთად ვზივართ და ყველას შენი შეყვარებული ვგონივარ.
– მარიტა, მალე ჩამოდი რაა, – ლამის შემომევედრა კალე, თან იმდენად შესაბრალისი სახე მიიღო, გაცინებისგან თავი ძლივს შევიკავე. – ჩამოდი და გადაიბარე შენი მეგობარი, თავისი წყობიდან გამოსული ჰორმონებითა და მიზეზობით.
– უკვე ძალიან მენატრებით ორივენი, – ხელებით გულის ფორმა გავაკეთე და მათი გამოსახულება შიგნით ჩავსვი. – მხოლოდ ერთი კვირით ვარ წასული, დრო მალე გავა.
– რას აპირებთ, როდის მიდიხართ იმ ლანკასტერის, თუ ლეისტერის დასაკერად?
– წუთი წუთზე უნდა გავიდეთ, ლოლიტა. – ლეპტოპის ეკრანის მარჯვენა კუთხეში, საათს შევხედე. დრო ჯერ კიდევ მქონდა.
– ახლა უკვე გასაგებია, რატომ გამოიყურები ასე საუცხოოდ.
– მართლა კარგად გამოვიყურები?
– კარგად კი არა, შესამჩნევად კარგად, – აღტაცებით მომიგო ლოლამ, კალემ კი მოწონების ნიშნად ორივე ცერა თითი ასწია. – მაგ კაბას ძალიან უხდება ბოლოებში დატალღული თმა. ჰო მართლა, ასე ჩვენი დირექტორის დასაშტერებლად ხომ არ გამოეწყვე?
– ნუ აზვიადებ, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, – მაშინვე შევეპასუხე, თუმცა ყოველივე ეს, უნიჭო მოსწავლის თავის მართლებას ჰგავდა.
– ეგ ზღაპარი ვინმეს სხვას დააჯერე, – შუა თითი ირონიული ღიმილით ამიწია, მერე კი წამებში დაუსერიოზულდა სახე. – გაფრთხილებ, მარიტა, მაქედანაც თუ ისე ჩამოხვალ, რომ შენსა და მიშოს შორის არაფერი მოხდება, საბოლოოდ ჩავიქნევ შენზე ხელს და ხმას აღარასდროს გაგცემ!
– სისულელეს ნუ ამბობ!
– სულაც არაა სისულელე, – კოპები შეკრა მან. – ადამიანი შენ გამო ადგა და სასახლიდან ქოხში გადმოვიდა საცხოვრებლად! მეტი რაღა უნდა ქნას, ფეხის წვერებზე დამდგარმა გიცეკვოს სამაია?
– ვეთანხმები, – ჩემდა გასაკვირად, მხარი კალემაც აუბა. – თუ რამე სერიოზულისთვის ჯერ მზად არ ხარ, ეგ არაფერი, მაგრამ სიტუაცია რომ დაუყოვნებლივ დათბობას საჭიროებს, ეს აშკარაა.
– უკვე საერთო ძალებით მიტევთ, არა? საერთოდაც, ამაზე რატომ ვსაუბრობთ?
– იმიტომ, რომ ორივენი კარგად გიცნობთ და იმასაც ვხვდებით, რამდენად უსუსურია შენი წინააღმდეგობა, შენივე სურვილებთან მიმართებაში. – ამჯერად ლოლა გამოვიდა „სცენაზე“, მოპასუხის როლში. მეგობრებისთვის რამის თქმას, თემის დახურვა და საუბრის სხვა კუთხით წარმართვა ვამჯობინე. მიშო იმდენად ხშირად ფიგურირებდა ჩემს ფიქრებში, მის შესახებ საუბარი, უკვე მართლა მეტისმეტად ბევრი ემოცია იყო ჩემთვის.
– სამირას შესახებ ხომ არ ისმის რამე ახალი? – ლეპტოპი მუხლებზე გადმოვიდე. – რაც ტელეფონი გათიშა, მას შემდეგ ერთხელაც აღარ ჩაურთავს.
– სანამ ბრაზილიაში წახვიდოდით, მიშოს ვკითხე მის შესახებ, მაგრამ სულ ტყუილად. არც დემეტრესთანაა შესაძლებელი კონტაქტზე გასვლა.  – მხრები აიჩეჩა ლოლამ. – როგორც ჩანს, თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი.
– ის მაინც ვიცოდეთ, სად არიან...
– ვფიქრობ, სადაც არ უნდა იყვნენ, კარგად იქნებიან. – ეკრანზე კალეს გამამხნევებელი ღიმილი გამოისახა.

მეგობრებს მალე დავემშვიდობე, ლეპტოპი სწრაფად დავხურე და ფეხზე წამოვდექი. იმდენად დიდ, გაშლილ სივრცეში დავაბიჯებდი, თავი ძლევამოსილი სამეფო ოჯახის წარმომადგენელი მეგონა. საპრეზიდენტო ნომერს დიდი პლუსი ჰქონდა. მასში გაჩერებით, შთაბეჭდილება გრჩებოდა, თითქოს ერთი ლამაზი, უზარმაზარი ბინა იქირავე, სადაც ყველა კუთხე –სამზარეულო იქნებოდა ეს, სააბაზანო, საძინებელი თუ მისაღები, ერთმანეთისგან იზოლირებულ სივრცეში იყო თავმოყრილი.
სარკეში კიდევ ერთხელ შევხედე საკუთარ ანარეკლს. მომეჩვენა, რომ ტუჩსაცხი ოდნავ მკვეთრად მესვა, ამიტომ ხელსახოცით შეძლებისდაგვარად მოვიშორე ის, რაც ზედმეტად ჩავთვალე. ზუსტად ამ დროს, მისაღებიდან ოთახის ტელეფონის ხმა შემომესმა. აუჩქარებლად გავემართე ხმის მიმართულებით. დღეს სასტუმროში არც საუზმის სერვისით მესარგებლა და არც სადილის, ვიფიქრე მომსახურე პერსონალი ინტერესდებოდა, ხომ არ შევუკვეთავდი ვახშამს ნომერში. როცა სასტუმროს თანამშრომლის ნაცვლად, მიშოს ხმა გავიგე, ინგლისურიდან მომენტალურად გადავედი ქართულ ენაზე.
– გისმენ, მიშო.
– რას შვრები, უკვე მზად ხარ?
– ხუთი წუთი კიდევ დამჭირდება... შეგიძლია მანქანაში დამელოდო.
– იმედია ეს ნამდვილი ხუთი წუთია და არა, ქალების ხუთი წუთი. – ხმაზე შევატყვე იღიმოდა.
– დამშვიდდი, პუნქტუალურობა ჩემი საუკეთესო თვისებების სიაშია. – კავშირი ისე გავწყვიტე, მისგან პასუხს აღარ დავლოდებივარ. ასეთი სახის ვახშამზე, თანაც მსგავს მაღალი კლასის რესტორანში, ცხოვრებაში პირველად მივდიოდი და დიდად არც მსიამოვნებდა. ერთადერთი, რისი მიზეზითაც მართლა ღირდა მისვლა, ეს მრავალი წლის დაძველების ღვინოების ფართო ასორტიმენტი იყო და ამ სასმელის მოყვარულთათვის, იქაურობა მართლაც შეუცვლელ ადგილს წარმოადგენდა.
პატარა, კაბის შეფერილობის ხელჩანთაში საჭირო ნივთები ჩავაწყე და გამოვედი. ლიფტში შესული თავდაჯერებული იერით ამოვუდექი გვერდით ქვედა სართულისკენ მიმავალ მამაკაცს, ფარულად რომ ამათვალიერა თავიდან ფეხებამდე. მიშო დაპირებისამებრ, მანქანაში მელოდა, სასტუმროს საპარკინგე ზონაზე. ჩავჯექი თუ არა შიგნით, მაშინვე მიანება თავი ტელეფონს, ჯიბეში ჩაიდო და საჭეზე ხელებდაწყობილმა გამომხედა. პიჯაკი არ ეცვა, არც ჰალსტუხი ეკეთა, თუმცა მაინც კლასიკურ სამოსში იყო გადაწყვეტილი და შესამჩნევად მიმზიდველად გამოიყურებოდა. დაკვირვებით მათვალიერებდნენ მისი ქარვისფერი თვალები. ვცდილობდი, ეს მზერა არ შემემჩნია და ყურადღებაც სხვა რამისკენ მიმემართა, თუმცა როდესაც ვიგრძენი, რომ ამას ვერ ვახერხებდი, თავი შენელებული კადრივით გავაბრუნე მეფარიშვილისკენ.
– რა ხდება, არ მივდივართ? – მიშომ თვალი ამარიდა. რამდენიმე წამით ჩუმად იყო. მერე თავის მხარეს მანქანის კარი გამოაღო და მზერა კვლავ ჩემკენ მომართა.
– ადგილები გავცვალოთ. საჭესთან შენ დაჯექი/
– რატომ? – გაკვირვებული დამტოვა მისმა მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ და ეს არც დამიმალავს.
– იმიტომ, რომ ასეა საჭირო.
– მიშო!
– რისი მოსმენა გინდა, მარიტა? – ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა მის ბაგეებს. – ამ საღამოს ისე გამოიყურები, გამორიცხულია საჭეზე მოვახდინო კონცენტრირება. გადმოდი ჩემს სავარძელზე. – მისმა სიტყვებმა, ჩემს შიგნით მზის სხივებივით გაანათეს, თუმცა ემოციების გამომჟღავნებისგან ამჯერადაც თავი შევიკავე და მიშოს თხოვნას მხოლოდ თავის დაქნევით ვუპასუხე. სავარძლებზე ადგილები სწრაფად გავცვალეთ. ნავიგატორი მანქანაში იყო ჩამონტაჟებული და მასზე დანიშნულების ადგილიც მოენიშნა მიშოს. რესტორნამდე დაახლოებით ათი წუთის გზა გვქონდა გასავლელი. მანქანას ოდნავ სწრაფად ვატარებდი, თუმცა არც იმდენად, რომ პოლიციას დავეჯარიმებინეთ. მიშო ბოლომდე ჩაწეული საქარე მინიდან აკვირდებოდა გარემოს და თავს ჩემკენ არც კი აბრუნებდა. ისე იქცეოდა, თითქოს სასიკვდილო ცდუნებას გაურბისო, თუმცა მერე ფანჯარა ასწია, სავარძელში გასწორდა და იდუმალი, ირიბი მზერა შემავლო.
– ჯანდაბა, რა სუნთქვისშემკვრელი ხარ დღეს. – ამოთქვა მან, თანაც ისე მაცდურად დაბალი, ვნებიანი ხმით, ამაკანკალა.
– იმედია ამ კაბასაც არ დამიწვავ.
– გახდას აპირებ?
– რა გახდას?
– აბა, გიჟი კი არ ვარ, ტანზე გეცვას და ისე წაგიკიდო ცეცხლი. – გამეცინა. ჩემთან ერთად მასაც. მისი ხელი შიშველ მუხლზე შემეხო, მერე ნელ-ნელა ზემოთ ასრიალდა და სუნთქვა შემეკრა.
– მიშო, გეყოფა! – ამოვთქვი ძლივსგასაგონად. ნერვიულობისგან საჭეს იმდენად ძლიერად ვიყავი ჩაფრენილი, მისთვის გაშვებასაც ვერ ვახერხებდი, რომ მისი თითები მომეშორებინა. ან, შეიძლება არც მინდოდა ეს მექნა. – მიშო, რამეს დავეჯახებით!
– გადააყენე! – ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა.
– არ გინდა...
– გევედრები, ცოტა ხნით გადააყენე. – მუდარა ჩასდგომოდა ხმაშიც და გამოხედვაშიც. მესამედ თქმა აღარ დასჭირვებია. ორიენტაციადარღვეულმა მანქანა პირველივე გზად შემხვედრ ავტოსადგომზე გავაჩერე, ძრავა გამოვრთე და მიშოს თვალებს მზერა გავუსწორე. რამდენიმე წამის განმავლობაში ასე უხმოდ ვუყურებდით ერთმანეთს. შემდეგ თითქოს რაღაც უხილავმა ძალამ გვიბიძგაო, ერთდროულად წავიწიეთ ერთმანეთისკენ და სულ დავივიწყეთ ის, თუ რა საქმეზე მივდიოდით ცოტა ხნის წინ.
მიშოს ტუჩების გემო, ნორმალურად აზროვნების უნარს მიქვეითებდა. მის კალთაში მჯდომი, განუწყვეტლივ დავატარებდი თითებს, ღილებჩახსნილი პერანგიდან მაცდურად მომზირალ გულ-მკერდზე და კოცნაში ყველა შინაგან ემოციას ერთიანად ვაქსოვდი. მისი ხელები შეუჩერებლად დასრიალებდნენ ჩემს ტანზე, ყელზე, თმებშიც კი, სადაც ყველაზე მეტად მსიამოვნებდა მისი თითების შეგრძნება.
– ამის დედაც, ახლა ერქოლეც ფეხებზე , ტეოც და მათი ელიტური მზარეულიც! – სურვილმორეული ხმით წარმოთქვა მან, სანამ კვლავ ხარბად წაეტანებოდა ჩემს ტუჩებს.
– ორივეს დაგვითხოვენ სამსახურიდან..
– დრო უკვე ცოტა გვაქვს, არა? – თან მელაპარაკებოდა, თან შუალედებში კვლავ ჩემს ტუჩებსა და ყელში აგრძელებდა ცეცხლის ალივით მწველი კოცნების დატოვებას.
– ძალიან... შენი დაწყებული, შენვე დაასრულე, გთხოვ.
– ჯოჯოხეთურად რთულია.
– მიშო!
– კარგი, კარგი, ჩავთვალოთ, რომ ფილმი ყველაზე საინტერესო მომენტზე დაპაუზდა. – ოხვრით გადააგდო თავი სავარძლის საზურგეზე. – იმედია, შემდეგი ეპიზოდის სცენარის დაწერისთვისაც მალე მოვიცლი.
– ვაგვიანებთ! – ვუთხარი თუ არა, გრძნობების ქარიშხალში გადაშვებული, თავბრუდახვეული და თვალებზე ნახევრად ბინდგადაკრული დავუბრუნდი საკუთარ სავარძელს. რამდენიმე ღრმად ჩასუნთქვის შემდეგ, რაც თავის დამშვიდებას ემსახურებოდა, გაჩერებული მანქანაც დავძარი.
მიშომ კვლავ ფანჯარა გააღო და სიგარეტს მოუკიდა. ეს უკვე მორიგი შემთხვევა იყო, როდესაც მას მოწევის დროს ვხედავდი.
– თუ გაწუხებს, გადავაგდებ. – ვხვდებოდი, ჩემკენ სპეციალურად არ იყურებოდა და გულში მეღიმებოდა კიდეც ამის გამო.
– არა, მოწიე, მაგრამ როგორც ვიცი, აქტიური მწეველი არ ხარ. – მეფარიშვილის ტუჩებს ოდნავშესამჩნევი ღიმილი მოადგა.
– მხოლოდ მაშინ ვეწევი, როდესაც სიტუაცია ჭკუიდან მშლის. ასე ვთქვათ, დამშვიდებაში მეხმარება.
– ერთხელ მაშინაც შეგამჩნიე თამბაქოთი ხელში, როცა ლეოს ვესაუბრებოდი ჩვენი რესტორნის ავტოსადგომზე.
– მახსოვს, – ამჯერად მზერა გამისწორა და ისე მომიგო. – მაგ ღამით სიტუაციას ვაკვირდებოდი. თუკი ჩარევა გახდებოდა აუცილებელი, ჩავერეოდი.
– მაშინ ლეოს ვუთხარი, რომ ჩემი საყვარელი ხარ, – არც კი ვიცი რატომ, მაგრამ გადავწყვიტე ყველაფერი მეთქვა. – ვიფიქრე, ასე თავს დამანებებდა.
– ჰოო? – ეშმაკურად ჩაეცინა ჩემს ნათქვამზე. – შეგეძლო მეტი დამაჯერებლობისთვის დახმარებაც გეთხოვა. სიამოვნებით მოვირგებდი შენი საყვარლის როლს. ასე შეიძლებოდა ის ცეკვაც აგვერიდებინა თავიდან, იმ იაპონელ სამურაის რომ დაუტოვე სამახსოვროდ.
– კორპორატიულ საღამოს გულისხმობ? – ირიბად მომღიმარმა გავხედე მის სახეს, მერე კი ანთებული სიგარეტი გამოვართვი და ერთი ნაფაზი დავარტყი. ზუსტად ორ წამში, სანანებელიც გამიხდა ეს გადაწყვეტილება. კვამლის გადაყლაპვისას ისეთი ხველა ამივარდა, ვერაფრით გავჩერდი მანამ, სანამ საქარე მინა არ ჩამოვწიე და იქედან შემოვარდნილი ჰაერი ღრმად არ შევუშვი ფილტვებში.
– როგორც ჩანს პირველად ეწევი, – ანთებული ღერი სიცილით ჩამომართვა მიშომ. სულ მალე ჩემს შეკითხვასაც გაეპასუხა. – ჰო, კორპორატიულს ვგულისხმობ. ეგ ღამე ალბათ ყოველთვის ცუდად გამახსენდება.
– რატომ?
– იმიტომ, რომ სუნთქვა მიჭირდა, როდესაც მის მკლავებში გხედავდი. – საკმაოდ ღრმა ნაფაზი დაარტყა. – ერთ მომენტში იმდენად მოგიახლოვდა, ვიფიქრე გაკოცებდა კიდეც. მე კი ამ დროს, უბრალოდ ვიდექი და ვცდილობდი, იმ აზრებს არ დავეშალე ნაწილებად, რომ არაფრის გაკეთების უფლება არ მქონდა, გარდა დგომისა და შორიდან ყურებისა. – გულში რაღაც მძიმე საგნის ჩარტყმასავით იყო ჩემთვის ამ სიტყვების მოსმენა. იმ მომენტში, ალბათ ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ რამხელა ტკივილს იტევდა მისი გული, ჩემი ერთი, უბრალო ცეკვის გამო. ახლა, როცა მიშოს ვუსმენდი, ვხვდებოდი, რომ ადამიანები კიდევ უამრავ რამეს ვერ  ვამჩნევთ, რაც ჩვენს ცხვირწინ, ხელის გასაწვდენ მანძილზე ხდება. სამწუხაროდ, ასეთი გულახდილი საუბრებისთვის დიდი დრო არ გვქონია. ჩვენს წინ სამსართულიანი, ლამაზად განათებული და მეტად დახვეწილი ექსტერიერის მქონე შენობა აღმართულიყო. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ მხოლოდ ქალაქის ელიტური ნაწილისთვის იყო განკუთვნილი და უბრალო მოსახლეობა მის ღირებულებებს ვერასოდეს გაწვდებოდა. არ მიყვარდა ასეთი ადგილები. მართალია ზუსტად ამგვარ რესტორნებში მუშაობდნენ მსოფლიოში საუკეთესო მზარეულები, თუმცა გვერდით მოვლენად, კლიენტებით გადავსებული მაგიდები და ხალხმრავლობა მიმაჩნდა. მე მუდამ ისეთ მშვიდ ადგილებს ვამჯობინებდი სავახშმოდ, სადაც ხალხის სიმრავლე ნაკლებად შემაწუხებდა. ახლა აქ მხოლოდ საქმეზე ვიყავით და უნდა მომეთმინა ის, რომ ეს დაწესებულება, ჩემს გემოვნებაში არ ჯდებოდა.
რესტორნის ეზოში შესასვლელ დიდ კარს, ორი სპეციალურ უნიფორმაში გამოწყობილი, მაღალი, ჩაფსკვნილი მამაკაცი იცავდა. გამიკვირდა მათი იქ დანახვა. ზოგადად, დაცვის თანამშრომლები მუდამ რესტორნის შიგნით მონაცვლეობდნენ ხოლმე, მათი გარე პერიმეტრზე ხილვა კი მაფიქრებინებდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. გამოვრთე თუ არა ავტომობილის ძრავა, თითქოს სწორედ ამას ელოდნენო, ორივენი ერთდროულად დაიძრნენ ჩვენი მიმართულებით. აქამდე ეჭვი მეპარებოდა, ახლა უკვე დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ საქმე რაღაც ისეთში იყო, რაზეც ჯერ წარმოდგენა არ გვქონდა.
– იჯექი, მე გავარკვევ, – დავაპირე თუ არა ღვედის შეხსნა, მიშომ მაშინვე დამიჭირა გასახსნელისკენ წაღებული ხელი. – ჩვენს დასახვრეტად არავინ მოდის, ასეთი სახე ნუ გაქვს. – მის ნებას უხმოდ დავყევი და ასევე უხმოდ გავაყოლე მზერა სალონიდან გარეთ გადასულს. მანქანაში სიტყვები გარკვევით არ მესმოდა, თან ენაც არ ვიცოდი, თუმცა მიშოს უკმაყოფილო მზერას იმის გამოხატულებად ვთვლიდი, რომ დაცვის თანამშრომლებისგან რაღაც უსიამოვნო ინფორმაცია გაეგო. უკან დაბრუნებულმა მაცნობა, საქმე ცუდადააო.
– რა მოხდა, ასეთი რა გითხრეს? – კვლავ დაცვის სამსახურის წევრებს ვათვალიერებდი, ისე, თითქოს მათ მზერას შეეძლო ჩემს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა.
– რესტორანი დახურულია. მხოლოდ ორ ადამიანზეა დაჯავშნილი.
– მაგრამ ლეისტერი? – ვიკითხე მისი ნათქვამით გაოცებულმა. – აქ არ უნდა ყოფილიყო?
– ზუსტად მას აქვს დაჯავშნილი მთელი რესტორანი, სამი საათის განმავლობაში. – სავარძლის საზურგე დაადაბლა და მას ისე მიეყრდნო, ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. – როგორც გავიგე, მეგობარ ქალთან ერთად ვახშმობს. გეგმებში ცვლილებების შეტანა გვიწევს.
– და ერქოლემ ეს არ იცოდა, სანამ აქ გამოგვიშვებდა? – მეტად გამაღიზიანა შექმნილმა მდგომარეობამ. – სხვა გზა არ გვაქვს, ის სამი საათი უნდა მოვიცადოთ და როგორც კი გამოვა, დაველაპარაკოთ. – მიშოს სახეზე უმალ გამოისახა ღიმილი, რომელიც საბოლოოდ სიცილში გადაეზარდა.
– მარიტა, ვთქვი ქალთან ერთადაა-მეთქი. ასეთი შეხვედრების დიდი ნაწილი, სასტუმროს ნომერში რომანტიული ღამით ბოლოვდება. როგორ ფიქრობ, მსგავს სიტუაციაში ჩვენი შეთავაზების დეტალების განხილვა ადეკვატური იქნება? – გავჩუმდი. ვერაფერი ვთქვი, რადგან რასაც ამბობდა, ყველაფერში სრულებით მართალი იყო.
– ახლა რა უნდა ვქვნათ?
– ამაღამ არაფერი... ხვალისთვის მოვიფიქრებ რამეს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს უკვე შენი საფიქრალი აღარაა. უბრალოდ დატკბი აქაურობით, დანარჩენს თავად მივხედავ.
– ანუ მარტო გინდა განაგრძო. – ცოტა არ იყოს მეწყინა მისი სიტყვები და არც პროტესტის შეფარულად გამოხატვას მოვრიდებივარ. მიშომ გამომცდელი მზერა მესროლა.
– ეჭვი მეპარება ვიღაც მზარეულის დევნა გირჩევნია აქაურობის თვალიერებას. დამიჯერე, ხვალ საღამოს უკვე გადაჭრილი მექნება ეს პრობლემა და მხიარულებაში მეც შემოგიერთდები.
– მართლა აპირებ აქ, ჩემთან ერთად დარჩენას? – თავის შეკავება ვერ შევძელი და ღიმილი მაინც მომადგა. მსიამოვნებდა ის ფაქტი, რომ კიდევ რამდენიმე დღის გატარება მომიწევდა მასთან ერთად, უცხო ქვეყანასა და უცხო კონტინენტზე.
– ვაპირებ. კიდევ ერთ რეიმონდს, შენ ცხოვრებაში ვეღარ შევეგუები.
– ასეთი თავგადასავალი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მქონდა და უკვე ათას მეერთედ წამომაძახე.
– თუ არ გინდა, ეგ ათას მეორედაც მოხდეს, წამოდი, გავისეირნოთ.
– სად უნდა გავისეირნოთ? – გარემოს თვალი მოვატარე. დაცვის თანამშრომლები კვლავ უძრავი ცვილის ფიგურებივით იდგნენ უწინდელ ადგილას და რესტორნის შესასვლელ ჭიშკარს ისე იცავდნენ, როგორც მითიური გველეშაპი, უკვდავების ხის ვაშლს. – მე მეგონა, უკვე სასტუმროში ვაპირებდით დაბრუნებას.
– მინდა, ჩემი საყვარელი ადგილი გაჩვენო ამ ქალაქში. აქედან ძალიან ახლოსაა.
– მხოლოდ ორი დღეა, რაც აქ ხარ. საყვარელი ადგილის გაჩენა როგორ მოასწარი? – თავი უარყოფის ნიშნად გააქნია მიშომ. ჩანდა, ჩემს სიტყვებს არ ეთანხმებოდა.
– ორი თვე ვცხოვრობდი რიოში. ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ ერთი მინუსი ვუპოვე ამ ქალაქს.
– რა მინუსი?
– კრიმინალის დონეა საკმაოდ მაღალი. ამ საქმით დაკავებულთა ყველაზე დიდი ნაწილი, სამწუხაროდ არასრულწლოვანია.
– შენც მოგპარეს რამე? – გულწრფელად დავინტერესდი.
– ჰო, საფულე, მაგრამ ამაზე დიდად არ მიდარდია. ყველაფრის აღდგენა მოვახერხე.
– რამე უფრო ძვირფასი გედო შიგნით?
– კი, – მელანქოლიური გაუხდა ხმაცა და გამოხედვაც. – ფოტო მედო, სადაც დედაჩემს ვუჭერივართ ხელში მე და ჩემი ძმა. ყველაზე გამორჩეული კადრი იყო.
გული მომეწურა მის შემხედვარეს. გარეგნულად არ იმჩნევდა, თუმცა სევდა, რომელსაც მიშოს ქარვისფერი თვალები იტევდა, იმდენად დიდი იყო, მხოლოდ ჩემნაირად ადამიანს თუ შეეძლო მისი ბოლომდე გაგება. ადამიანს, რომელსაც მის მსგავსად ჰქონდა გამოცდილი მშობლის დაკარგვის სიმწარე.
მიშოს მიმართულებით ხელი ინსტიქტურად წავიღე და ფეხზე გამამხნევებლად დავადე. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გავიაზრე, რომ ეს გამომწვევ ნაბიჯს ჰგავდა და ამაში მისმა ამღვრეულმა მზერამაც დამარწმუნა. ხელი მაინც არ ამიღია. მინდოდა მიშოსთვის ხასიათი გამომეკეთებინა და ყურადღების სხვა რამეზე გადატანაში დავხმარებოდი.
– კარგი, მაჩვენე ის ადგილი. გადავწყვიტე დღეს ღამით, შენი სურვილების ასრულების ღამე იყოს.
– მსგავსი ღამეები კიდევ იქნება თუ ეს ერთადერთია? – ეჭვნარევი ღიმილით გადმომხედა მან. პირდაპირი გაგებით, სუნთქვას მიკრავდა მისი დაჟინებული მზერა. არ ვიცოდი, ყველაფერი ზუსტად როდის დაიწყო, მაგრამ გული მიგრძნობდა, ეს აქამდე უცხო შეგრძნებები, რევოლუციურად ამოაყირავებდა ჩემს ცხოვრებას. არ ვიცოდი, სიკეთეს მომიტანდა თუ უბედურების.
– ფეხით გავიდეთ თუ მანქანით? – რატომღაც თავი ავარიდე მისი შეკითხვისთვის პასუხის გაცემას. საბედნიეროდ, ისიც უსიტყვოდ მიხვდა ყველაფერს და ზედმეტად აღარ ჩამძიებია.
– ფეხით. ძალიან ახლოსაა აქედან. – არ ვიცოდი, სად მივდიოდით, ან რას აპირებდა. გზად მარკეტის კართან დალოდება მთხოვა, იქედან კი ღვინის ბოთლითა და ორი პლასტმასის ჭიქით ხელში გამოვიდა. გულში სიამოვნებისგან გამეღიმა. ღამე და უცხო ქალაქი, რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლთან ერთად, ჩემთვის მართლაც სასიამოვნო ნაზავს ქმნიდა და გულსაც რაღაც უჩვეულო სიხარულით მივსებდა. რამდენიმე ნაბიჯში, როდესაც მიშო ერთ ადგილას უძრავად შედგა და მთელი ტანით ჩემკენ მოტრიალდა, მივხვდი, უკვე დანიშნულების ადგილას ვიყავით. ჩვენს წინ, უზარმაზარი საცხოვრებელი კორპუსი აღმართულიყო, რომლის სართულთა რაოდენობას, მაშინაც კი ვერ დავითვლიდი, მთელი გულით რომ მომენდომებინა.
– ეს, ამ ქალაქში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი კორპუსია, რაც კი ოდესმე აუშენებიათ. – შენობას თვალი ააყოლა, მერე კი მე მომიბრუნდა. – მისი სახურავიდან ძალიან ლამაზი სანახაობაა, განსაკუთრებით ღამით. – ხმის ამოუღებლად ავყევი მიშოს წამოწყებას და თანხმობის ნიშნად, უბრალოდ თავი დავუქნიე.
შენობის ბოლო სართულამდე, სწრაფმავალი ლიფტის გამოყენებით ავედით, შემდეგ კი ლითონის ხვეული კიბით, სახურავისკენ მიმავალ საფეხურებს ავუყევით. დაძაბული ვიყავი. ასეთ განცალკევებულ ადგილას, მხოლოდ მიშოსთან ერთად ყოფნა უხერხულობას მიქმნიდა, მეორეს მხრივ კი, სწორედ ეს ინტიმური ატმოსფერო მომწონდა ყველაზე მეტად.
სიმაღლეზე ყოფნისგან გამოწვეული სიგრილე, მთელ სხეულზე სასიამოვნოდ მომედო. ჩემს თვალწინ, ხელის გულივით გადაიშალა ქალაქის პანორამა. ღამის სიბნელეში განათებული შენობები ასეთი სიმაღლის ფონზე, საკმაოდ სანახაობრივი მოვლენა იყო. ფეხზე მორგებული ქუსლიანი ფეხსაცმელი გავიხადე, იქვე დავტოვე და ინსტიქტურად წავედი მოაჯირის მიმართულებით. ვიგრძენი, როგორ გამომყვა უკან მიშო. მისმა სუნამოს სურნელმა, კვლავ სასიამოვნოდ დამახვია თავბრუ, როცა მომიახლოვდა და ჩემს გვერდით დადგა.
ღვინის ბოთლი და ჭიქები, დროებით მოაჯირზე შემოდო. მისი სიჩუმე, იმ წამს იმდენად მეტყველი იყო, ათას სიტყვასაც კი უდრიდა. სწორედ ეს მიმძაფრებდა სურვილს, კიდევ ერთხელ შემხებოდა. თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობსო, ვიგრძენი, როგორ შემეხო მისი მარცხენა ხელი თმაზე. საპირისპირო მხარეს გადამიწია, მეორე ხელი კი ჩემს მუცელზე გაასრიალა და ზურგიდან ისე ამეკრა, სხეულში გავრცელებულმა სიამოვნების ტალღებმა, თვალების დახუჭვამდეც კი მიმიყვანეს.
ყელზე მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი, მოზღვავებული ემოციებისგან მუშტი ძლიერად შევკარი და კანს ფრჩხილები გამეტებით ჩავაჭირე, რომ განცდილი შეგრძნებები სიტყვებად არ გადაქცეულიყო. ყელიდან მიშოს ტუჩები ნელ-ნელა ნიკაპზე გადაცოცდნენ, შემდეგ ლოყაზე, ბოლოს კი თვალის კუთხესთან გაჩერდნენ.
– ჩვენ ხომ დალევას ვაპირებდით? – ამოვთქვი ჩუმად, თუმცა ჩემი ხმა იმდენად უმწეოდ ჟღერდა, საერთოდ ვინანე სიტყვის დაძვრა.
– ჩუმად.
– მიშო...
– ხომ მითხარი, დღეს შენი სურვილების ასრულების ღამეაო? ჰოდა, მინდა, ტვინიდან ის აზრი გააქრო, რომ ჩემი ახლოს მოშვება დანაშაულია. – თავისკენ მიმატრიალა. ზუსტად ამ დროს შევეჩეხე იმ ქარვისფერ თვალებს,რომელშიც დაუცხრომელი ვნება რომ იკითხებოდა.
მაკოცა...
ეს კიდევ ერთხელ გააკეთა და მაგრძნობინა, რომ წინააღმდეგობის გაწევის ძალა არ მქონდა. სურვილებს დაუფარავად ავყევი. კოცნაზე კოცნით პასუხმა, მიშოს ქმედებები უფრო თამამი გახადა. აქამდე მისი ხელები მხოლოდ ჩემს წელზე დასრიალებდნენ, ახლა გაცილებით უფრო ქვემოთ გადაინაცვლეს და კაბის შიგნიდან, პირდაპირ თეძოების შესწავლაზე გადავიდნენ. რამდენიმე წამში კაბა ოსტატურად გადამაძრო. მის წინ ნახევრად შიშველი ვიდექი, მაგრამ სიამოვნებას იმდენად ვყავდი შეპყრობილი, სირცხვილს ოდნავადაც არ ვგრძნობდი. მიშომ რომ წელზე შემომისვა და ჩემთან ერთად ძირს ჩაიმუხლა, მეც გავაქტიურდი და კოცნის პროცესის შეუჩერებლად დავუწყე პერანგის ღილების შეხსნა.
წამითაც ვერ ვწყდებოდი მის ტუჩებს. ისეთ ნირვანაში გადავყავდი მათ სითბოსა და შეხებას, ალბათ რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო, გაჩერებისთვის რომ ძალა მეპოვნა. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ეს სასწაული მაინც მოხდა. ყურებში წლების წინ მოსმენილი ისტორია ჩამესმა მიშოზე და თათაზე. თვალწინ ამ უკანასკნელის სახე და გადაჭრილი ვენებიც დამიდგა. გულში მჩხვლეტავი ტკივილი ვიგრძენი. შეჩერება მთელი ჩემი არსებული და არარსებული ძალების ფასად დამიჯდა, მაგრამ ეს მაინც გავაკეთე, მის ტუჩებს მოვწყდი და ბიუსჰალტერის შესაკრავისკენ წაღებული მიშოს ხელები, სინათლის სიჩქარით მოვიშორე.
– გეყოფა! – მხოლოდ შიდა თეთრეულში გამოწყობილი, სასწრაფო წესით წამოვხტი ფეხზე. აქამდე არგანცდილი სირცხვილის გრძნობა, სწორედ იმ წამს მეწვია და მაშინვე ჩემს წითელ კაბას ვეცი, რომ შიშველი სხეული, რაც შეიძლებოდა მალე დამეფარა. –შენი არ ვიცი, მაგრამ მე, აქ ამისთვის არ ამოვსულვარ.
ხარბი მზერა აატარა მეფარიშვილმა ჩემს სხეულს. ისე მიყურებდა, წამით ვიფიქრე წინააღმდეგობას ფეხებზე დაიკიდებს და ძალას იხმარს-მეთქი. გარკვეული დროის შემდეგ წამოდგა, ზურგი მაქცია და ნახევრად გახდილი პერანგი ისე მოიშორა სხეულიდან, თითქოს სული ეხუთებაო. პირვანდელი ფიქრები მაშინვე უკუვაგდე.

მიშო კვლავ მოაჯირს მიუახლოვდა და მას ორივე ხელით დაეყრდნო. რამდენიმე წამის განმავლობაში ასე იდგა და სივრცეში იყურებოდა. მერე, როდესაც უკვე ჩაცმულ მდგომარეობაში დამიგულა, უკან მოტრიალდა და ჯიბიდან ამოღებული სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა.
– არც მე მომიყვანიხარ აქ ამისთვის, – წამით გამომხედა, თან კობრის გამოსახულებიანი სანთებელათი სიგარეტს მოუკიდა და პირველივე ჯერზე, ღრმა ნაფაზი გაუშვა ჰაერში. – არ დამიგეგმავს ასე, მაგრამ როცა დავიწყე, გაჩერება გახდა რთული.
გამშრალ ყელში, ნერწყვი გაჭირვებით გადავაგორე.
– ეს იგულისხმე არა, როცა თქვი, ყველაფერი შეიცვლებაო?
– რა ვიგულისხმე, მარიტა?
– ის, რომ სანამ საქართველოში დავბრუნდებოდით, ჩემთანაც გახვიდოდი ფინალში. –ნელ-ნელა მემატებოდა ხმაში სიმკაცრე და აღარ ვგავდი დაფასთან გასულ, დაბნეულ, მოსწავლეს. – თავბრუს დახვევაში რომ სპეციალისტი ხარ, ამაში არ გედავები, ცოტა ხნის წინ ლამის... კარგი, აღარ დავაბოლოვებ, ისედაც იცი გაგრძელება.
– ჩემი და თათას ისტორია გაგახსენდა, არა? – სწრაფად მომიახლოვდა მიშო და სიგარეტის ღერი ჩაუქრობლად მოისროლა მარცხენა მხარეს. – ამიტომ შეაჩერე ის, რაც ხდებოდა, ხომ?
გადავწყვიტე ამ შეკითხვაზე პასუხი არ გამეცა, რადგან ვთვლიდი, რომ რაც არ უნდა მეპასუხა, მაინც ძალზედ სულელურად გამოვჩნდებოდი.
– ძველ ნანგრევებზე, ახალ ურთიერთობას ვერ ავაშენებთ, მიშო, – ვთქვი გადაჭრით, თუმცა შინაგანად სული მატკინა ჩემს მიერ წარმოთქმულმა თითოეულმა სიტყვამ. –მოდი, უბრალოდ აქ გავჩერდეთ, კარგი?
– ანუ გავჩერდეთ, – თავზე ხელები ნერვიულად გადაისვა მან -შენი აზრით, ამ სიტყვებს იტყვი და ყველაფერი უცებ დალაგდება თავის ადგილას?
– ნუ აბუქებ. ზუსტად ვიცი, ერთ კვირაში ეს მომენტები აღარც გაგახსენდება. ბოლოს და ბოლოს, მილიონერთა თერაპიას მიმართე. რომელიმე ეგზოტიკური კუნძულის სასტუმროში, აუზში ნებივრობის დროს შეუკვეთე მცურავი საუზმე, სპა-სალონში ვულკანური ქვების მასაჟი გაიკეთე, ერთ-ორ ქალთან დაწექი და კარგად იქნები. ასე არ იქცევით მდიდრები?
მიშომ თავი რამდენჯერმე გადააქნია. ისე გამოიყურებოდა, თითქოს ჩემი ყოველი სიტყვა, საგულდაგულოდ ალესილი დანასავით ესობოდა მის გულს.
– თავი აბსურდული კლიშეებით გაქვს გამოტენილი. გგონია, ეგ შენი სულელური თერაპია დამეხმარება რამეში?! გგონია, ამით წაიშლება ის სიყვარული, რასაც შენ მიმართ ვგრძნობ?!
– რა? – ფეხზე მყარად დგომა გამიჭირდა. შეიძლება ბოლო პერიოდში დარწმუნებული ვიყავი, რომ მიშოს, როგორც ქალი ძალიან ვიზიდავდი და ვუნდოდი, თუმცა ასეთი სიღრმისეული სიტყვის ხსენებამ, პირდაპირი გაგებით გამაშეშა.
– რა და მიყვარხარ! – კიდევ ერთხელ, თანაც უფრო მტკიცე ხმით გამიმეორა მან. ~– წლების განმავლობაში ვცდილობდი, შენში რაღაც ისეთი აღმომეჩინა, რაც განმიზიდავდა და ინტერესს ჩამიკლავდა, მაგრამ ბედისწერაც კი დამცინოდა. ყოველი სიტყვით, ქმედებით და გამოხედვით, უფრო მეტად სასურველი ხდებოდი ჩემთვის.
– მიშო, როდის დაიწყო ეს ყველაფერი? – თვალის გასწორებაც კი მიჭირდა საუბრისას. განგების მადლობელი ვიყავი, რომ ჩემი აზრების კითხვა არ შეეძლო.
– ძალიან დიდი ხნის წინ, მარიტა. – ფრთხილად მომიახლოვდა, ნიკაპის ქვეშ ორი თითი ამომდო და მაიძულა მზერა გამესწორებინა. – უბრალოდ შენ არ გინდოდა ამის დანახვა.
– სირთულეებს მიქმნი, მიშო.
– ჩემი სიყვარული გიქმნის სირთულეებს? – ცერა თითით ქვედა ტუჩზე მომეფერა, მეორე ხელით კი თმა გადამიწია ყურს უკან. – კარგი, წარსულში შეცდომა დავუშვი, მაგრამ ამის გამო უკან არ დავიხევ. ვერ ვიქნები ის კაცი, რომელიც შორიდან უყურებს როგორ ცხოვრობს მისი საყვრელი ქალი მისგან შორს, სხვა კაცთან. ბოლო ამოსუნთქვამდე არ დავიღლები იმისთვის ბრძოლით, ვისაც ჩემთან უნდა და ამაში ხელს მხოლოდ სულელური პრინციპები უშლის.
იმდენად ახლოს იყო, კოცნისგან თავს ძლივს ვიკავებდი. მახეში უმწეო თევზივით ვიყავი გაბმული, თუმცა ამის აღიარების მეშინოდა.
– აქედან წასვლა მინდა, – ორი ნაბიჯით დავიხიე უკან, რომ მისი სიახლოვის ზემოქმედების დოზა შემემცირებინა. – ოღონდ მარტოს და არა შენთან ერთად.
– მიდი, მიდი, გაიქეცი, მაინტერესებს სადამდე ირბენ! ნუთუ მართლა ამაში ხედავ გამოსავალს?!
– აბა, რა არის გამოსავალი?! – უნებურად ვიფეთქე. – ყველაზე სასაცილო იცი რა მგონია? მთელი ეს პერიოდი, ჩემი თავი ჭკვიან ქალად მიმაჩნდა, რომელსაც რაციონალურად შეეძლო აზროვნება და განსჯა, თუმცა შენ ყველაფერი თავდაყირა დააყენე. უცხო ქვეყანაში, სამსახურში, საცხოვრებელ კორპუსში, ჩემს გონებაში, უკვე ყველგან შენ ხარ და ამხელა წნეხას ვეღარ ვუძლებ, გესმის? შეაჩერე ეს, მიშო, მეტი აღარ შემიძლია, შეაჩერე!
– და რატომ გინდა, რომ ეს შეწყდეს? – მთელი ის დრო, რაც ემოციებისგან დასაცლელად ხმამაღლა ვსაუბრობდი, სითბოთი სავსე მზერა არ მოუშორებია. ეს კიდევ უფრო მეტად მაგდებდა გამოუვალ მდგომარეობაში. მაყენებდა ისეთ სიტუაციაში, როგორშიც ცხოვრებაში არასდროს ვყოფილიყავი.
– როგორ თუ რატომ მინდა?! -შუბლზე ნერვიულად მივიჭირე  ორივე ხელი. – გგონია ყველაფერი ასე მარტივია? მითხარი, რაც აქამდე ხდებოდა, ერთ ღამეში გადავხარშოთ, ეზოიან სახლში გადავიდეთ საცხოვრებლად და მის უკან დიდი ყვავილების ბაღი გავაშენოთ? ეს გინდა?
– მგონი ციტრუსის ბაღი აჯობებს.
– მიშო, ნუ მაგიჟებ! – მისი აუხსნელი სიმშვიდე და თბილი გამოხედვა, თავს შეურაცხადად მაგრძნობინებდა. მიხვდა, რამდენად ცუდად ვიყავი ახლა ფსიქოლოგიურად. ალბათ, სწორედ ამიტომ მომიახლოვდა სიტყვის უთქმელად, ჩემკენ ორივე ხელი წამოიღო და ისე ჩამიხუტა გულში, როგორც ღამეული კოშმარისგან შეშინებული ბავშვი. სულ მალე, მისი ტუჩების შეხებაც ვიგრძენი საფეთქელზე. მიშოს ძლიერ მკლავებში მოქცეული, თავს დაცულად ვგრძნობდი, თუმცა ამავდროულად, ზუსტად იგი იყო, ვინც ყველაზე მეტად მაშინებდა. ეს ორი ურთიერთსაპირისპირო გრძნობა, საბოლოო ჯამში მე მაქცევდა ძლიერი წნეხის ქვეშ.
– ზოგჯერ სიტყვები საჭირო არც არის, უსიტყვოდაც გასაგებია ხოლმე ყველაფერი.
– რა არის გასაგები? – ვიკითხე კვლავ მის მკერდზე მიხუტებულმა. მერე გონსაც მოვეგე და თავი უმალვე გავითავისუფლე.
– რომ თავის დროზე სახლიც იქნება, ლამაზი ეზოც და ციტრუსის ბაღიც სახლის უკან, მანამდე კი... – აქ სიტყვა გაწყვიტა, ჯიბიდან მანქანის გასაღები ამოაძვრინა და იგი მე გამომიწოდა. – სასტუმროში დაბრუნდი, განმარტოვდი და ბევრი იფიქრე. მე ტაქსით წამოვალ. ხვალ საღამომდე, ნოლანების დავალების შესრულებით ვიქნები დაკავებული. შენ მანქანით ისეირნე, ქალაქი დაათვალიერე, აქაური გემრიელი კერძები გასინჯე და დამშვიდებულ გონებაზე გაიაზრე, რომ რაც იწყება, იმას ბიძგის მიცემა სჭირდება და არა ხალიჩის ქვეშ დამალვა.
– არც კი მჯერა, ახლა ამაზე რომ ვსაუბრობთ.
– არც მე მჯერა, შენგან სიძულვილის გარდა არაფერი რომ არ დამინახავს და ამის მიუხედავად მაინც ყოველთვის შენ მინდოდი.

სახურავის მოაჯირს გავხედე. მასზე ჯერ კიდევ ეულად იდო მიშოს მიერ ნაყიდი სასმელის ბოთლი. დალევა, აი რა მჭირდებოდა ამაღამ! ცხოვრებაში მართლაც რომ პირველად მქონდა სიტუაცია, როცა გონების დაბინდვამდე მსურდა დათრობა. მინდოდა, რაღაც დროით ყველაფერს გამოვთიშვოდი და ეს გამოთიშვა დამხმარებოდა დროებითი სიმშვიდის მოპოვებაში.
– ღვინო მე მიმაქვს! – განვუცხადე ისეთი ტონით, რომლითაც ნებართვას არც ვითხოვდი. პასუხისთვის არ დამიცდია, ისე დავტაცე ბოთლს ხელი და გულზე საიმედოდ მივიხუტე.
– ბევრს ნუ დალევ, მათრობელაა. – გაფრთხილება მომცა მიშომ.
– შენ ამაზე ბევრად უფრო ძლიერმოქმედი ხარ, მაგრამ როგორღაც გიძლებ... მორჩა, წავედი!
– გიშვებ, უბრალოდ იცოდე, რომ ეს დასასრული არაა.
არაფერი მითქვამს. საუბრის თავიც აღარ მქონდა. ერთადერთი, რაც გავაკეთე ის იყო, რომ ერთმანეთის გვერდიგვერდ მიწყობილი ჩემი ფეხსაცმელები ავიღე, ბოთლთან ერთად მივიხუტე გულზე და სახურავიდან ჩასასვლელი რკინის კარისკენ დავიძარი. იქამდე სულ რაღაც ორიოდე ნაბიჯი მაშორებდა, რომ კვლავ წამომეწია მეფარიშვილის სიტყვები:
– ჰო, მართლა, შენი შიდა თეთრეული ზუსტად ისეთი იყო, როგორზეც ჭკუას ვკარგავ. – ვნებას, ჟინს, სურვილს – ყველაფერს ერთად შეიცავდა მისი ხმა და უკვე ვინ მოთვლის, მერამდენედ დამახვია თავბრუ ემოციურმა ფონმა. – რას ატარებს ქალი ტანსაცმლის შიგნით, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რამდენად ვნებიანი პარტნიორია ინტიმურ ცხოვრებაში. ამ მხრივაც კი მაკარგვინებ ჭკუას!
– მშვიდობიანი ღამე, მიშო.
– ხვალ შევხვდებით, მარიტა... მანქანა ფრთხილად ატარე. დაიმახსოვრე, უკან ტაქსით მოგყვები და გაკვირდები.





***
დილით, ზუსტად ექვს საათზე ავდექი და პირდაპირ სანაპიროს მივაშურე. ძალიან მომწონდა დროის ამ მონაკვეთში ზღვაში ცურვა. გარშემო ხალხის ჭაჭანებაც არ იყო და ზღვის ტალღების მელოდიურ შრიალს, ირგვლივ ჩამოვარდნილი სიმშვიდეც მატებდა მიმზიდველობას.
წუხანდელ ნაბახუსევზე, ზღვის მარილიანი წყლის ჩემს კანზე შეგრძნება, მთლად ისეთი სასიამოვნო არ იყო, როგორც ჩვეულებრივ, თუმცა აზრების მობილიზებაში მაინც შესაფერის დახმარებას მიწევდა. ტალღებში მკლავებს შეუსვენებლად ვუსვამდი. ზოგჯერ ზღვის სიღრმეში ვყვინთავდი, როდესაც ვიღლებოდი, წყალზე დაწოლილი ვაგრძელებდი ცურვას და ასე გრძელდებოდა მანან, სანამ სანაპირო ზოლმა ნელ-ნელა დამსვენებლებით არ დაიწყო გავსება.
რომელი ეროვნებისა და რასის ხალხს აღარ გადააწყდებოდით აქ. იყვნენ როგორც აფრო-ამერიკელები, ასევე აზიის ხალხები და სლავები. სიმშვიდე, რომელმაც სანაპიროზე ყოფნის საწყის ეტაპზე მიმიზიდა, ახლა უკვალოდ გამქრალიყო. განმარტოებისთვის უკვე აღარც აქაურობა გამომადგებოდა და აღარც რიო-დე-ჟანეიროს რომელიმე სხვა ადგილი, რადგან დამსვენებელთა სიმრავლე, ამ წელს მართლაც რეკორდულ ნიშნულს აღწევდა.
ზღვიდან ამოსულმა, მარილიანი წყალი გარე საშხაპეში ჩამოვიბანე, ტანზე მოკლე, ლურჯი სარაფანი გადავიცვი და მზის მცხუნვარებისგან დამცავი ჩალისფერი ქუდით გავეცალე სანაპირო ზოლს.
თითქმის შუა ღამემდე ვიხეტიალე რიოს სხვადასხვა ადგილებში. მოსალოდნელი საუბრის შიშით, ქალაქის ის ადგილებიც მოვინახულე, რომლებიც საერთოდ არ იწვევდნენ ჩემში ინტერესს. მაქსიმალურად ვცდილობდი დრო გამეწელა, რომ სასტუმროში რაც შეიძლებოდა გვიან დავბრუნებულიყავი. ამ ქალაქში კრიმინალის დონის მატების შესახებ მქონდა ცნობები, ამიტომ ქუჩაში ღამით მარტო სეირნობამ ცოტათი შემაშინა.
მობილური ნომერში მქონდა დატოვებული, ამიტომ არც WF-ის დაჭერისა და ვინმესთან დარეკვის შანსი მქონდა. არადა, ისე მჭირდებოდა ახლა კალესთან საუბარი და მისი რჩევის მოსმენა, გავუბრაზდი კიდეც საკუთარ თავს, მობილურის დატოვების გამო.
ცხოვრებაში პირველად ვიყავი ასეთი გზააბნეული. ლოლასთვის რომ აზრი მეკითხა, დარწმუნებული ვარ მეტყოდა – ”ჯანდაბა მარიტა, ყველაფერს ასე რატომ ართულებო?!” და გულწრფელად რომ ვთქვა, მართლაც ვართულებდი. ეს ჩემთვის რაღაც ახალი იყო. ამას აღარ ერქვა ადამიანით უბრალო გატაცება, ან მისით აღფრთოვანება. ეს ვნებასთან და მიზიდულობასთან შერეული, რაღაც ძალიან დიდის მატარებელი გრძნობა იყო, რომელიც ნელ-ნელა უფრო და უფრო ძლიერდებოდა.
გამახსენდა ჩემი და მიშოს კინაღამ ფატალურად დასრულებული შემთხვევა საყინულის ოთახში. მომაგონდა ჩვენი ავარია, სადაც დაუფიქრებლად გადამეფარა წინ. გონებაში ამოტივტივდა აგრეთვე საერთო მოგზაურობის ცალკეული მომენტები, პირველი კოცნა ზღვის სანაპიროზე და ბოლოს, გუშინდელი გასეირნება ვერტმფრენით.
სასტუმრომდე მიშოს მანქანით მივედი, რომელიც, როგორც თვითონ წინა ღამით მითხრა, მთლიანად ჩემს განკარგულებაში იყო. ავტომობილის დაპარკინგებისას, იმდენად ვნერვიულობდი, საჭეზე დადებული ხელებიც კი ციებიანივით მიკანკალებდა. მართალია გვიან დავბრუნდი, თუმცა რატომღაც დარწმუნებული ვიყავი მიშოს არ ეძინა და ჩემს მოსვლას ელოდა. ავტოსადგომზე და სასტუმროს მიმღებში რომ არსად გადამყრია, ვიფიქრე ჩემი ინტუიცია ცდება-მეთქი. შვებაც კი ვიგრძენი ამის გამო, მაგრამ ავედი თუ არა ჩემს ნომერში, საწოლამდეც კი არ ვიყავი მისული, ისე ატყდა კარზე ძლიერი კაკუნი.

სახეზე ორივე ხელი ავიფარე. როგორც ჩანდა, დღეს ეს საუბარი ნამდვილად არ ამცდებოდა. დანამდვილებით ვიცოდი, ზღურბლის საპირისპირო მხარეს მიშო იდგა, მე კი წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა მეთქვა მისთვის.
კართან სიკვდილმისჯილივით მივედი და სახელური ხელოვნური სითამამით ჩამოვწიე. ზუსტად ასეთივე ხელოვნურად დაყენებული იყო ჩემი მტკიცე მზერა, როდესაც ნაცნობ, ქარვისფერ თვალებს გადავაწყდი. ერთდროულად უამრავი რამ ამოვიკითხე მათში, წყენაც, ბრაზიც და შვებაც, თუმცა ამ გრძნობებს, ყველაზე მეტად მაინც ბრაზი ჭარბობდა, ჩემი ამდენხნიანი გაუჩინარების გამო.
– ახლა არ თქვა, რომ შენს ოთახში გაიგონე, როგორ ვაღებდი ჩემი ნომრის კარს. – მისალმების გარეშე, პირდაპირ საუბარზე გადავედი. მინდოდა, კიდევ ცოტა ხნით გამეწელა დრო, სანამ სათქმელს იქამდე მიიყვანდა, სადამდე მისვლის ალბათობაც კი ტაქიკარდიულ შეტევას მმართებდა.
– მიმღების თანამშრომლები მყავდა გაფრთხილებული, როგორც კი შეგამჩნევდნენ, მაშინვე ეცნობებინათ შენი დაბრუნება. – მომიგო მკაცრად. მერე ოთახშიც შემოაბიჯა და ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაიკავა ადგილი საწოლის კიდეზე.
ეტყობოდა გადაღლილი იყო. თვალებში უძილობა და დატვირთული დღისგან მოგვრილი ძილიანობის შეგრძნება ეწერა. წესით, ასეთ სიტუაციაში მისთვის რბილი საწოლი, ბალიში და კარგად გამოძინება უნდა ყოფილიყო პრიორიტეტი. მიუხედავად ამისა, ახლა მაინც ჩემს ნომერში იჯდა და მოსალოდნელი საუბრის წინ, თვალებით ისე მზვერავდა, როგორც მტაცებელი გემრიელ საკბილოს.
– არაფერს იტყვი? – დუმილი რომ ძალზედ შემაწუხებელი გახდა, სწორედ მაშინ ამოიღო ხმა. ერთიანად დავიძაბე. მისგან შორს ვიდექი, თუმცა სიახლოვეს მაინც ისე ვგრძნობდი, თითქოს ხელის გასაწვდენ მანძილზე მჯდარიყო.
– ჩემგან თავის მართლების მოსმენა გინდა?
– გულუბრყვილოს როლს ნუ თამაშობ, მარიტა, – დაძაბულობა მისგანაც იგრძნობოდა, თუმცა მაინც საოცრად მშვიდი სახით მიმზერდა. – მთელი დღე არსად ჩანდი, დაკავშირებაც კი ვერ შევძელი. ნუთუ ასე ძალიან გეშინია ჩემი?
– არ მეშინია, – ვიცრუე. მეტი დამაჯერებლობისთვის, მივუახლოვდი და საწოლზე გვერდით ჩამოვუჯექი.
– კარგი ამბავი მაქვს შენთვის. სჯობს საუბარი ჯერ ამით დავიწყო.
– რა ამბავი?
– ის შენი თეთრბილეთიანი თაყვანისმცემელი გუშინ ღამით დააკავეს. – მომიგო სივრცეში გაყინული მზერით. მერე გვერდულად გამომხედა და როცა ჩემს მზერაში შვება დაინახა, მსუბუქი ღიმილი მოადგა ტუჩებზე.
– სერიოზულად ამბობ?
– ჰო, მეც დღეს დილით გავიგე. ჯერ არ ვიცი რამდენს მიუსჯიან, თუმცა ყველაზე ცოტა ათი წელი მაინც მოუწევს ციხეში Mein kampf-ის წერა.
– და ის საქმე, რისთვისაც აქ ჩამოვედით? – ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ჩემთვის ამაფორიაქებელ თემაზე, რაც შეიძლებოდა გვიან გადავსულიყავით.
– მოგვარებულია... დენიელ ლეისტერი ერთ თვეში საქართველოში იქნება და მთელი წლით იმუშავებს ჩვენს რესტორანში.
– მთელი წლით? – თვალები ორი ზომით დიდი გამიხდა. – მაგრამ მხოლოდ რამდენიმე თვით არ გვთხოვეს ნოლანებმა?
– კი, ასეა, მაგრამ რატომღაც მთელი წლით ითხოვა კონტრაქტის გაფორმება და ამის წინააღმდეგი არავინაა.
– ყოჩაღ, მართლაც კარგი ნამუშევარია! – გულწრფელად შევაქე. აღარ დამიწყია იმის გამოკითხვა, როგორ, ან რანაირად შეძლო ასეთი რამ. ცოტა უადგილოდ მომეჩვენა ასეთ სიტუაციაში მსგავსი კითხვების დასმა. მიშო ფეხზე წამოდგა და კეფაზე ორივე ხელი მოისვა. შევამჩნიე, ამ თემაზე საუბრის გავრცობა აღარ სურდა.
– ზღვარზე ყოფნა იცი რას ნიშნავს? – კვლავ მშვიდი, გაწონასწორებული მზერით მიყურებდა. ვხვდებოდი, თავს უკვე ვეღარაფრით დავიძვრენდი. სპაზმები ყელში მიჭერდნენ.
– მიშო...
– რა მიშო? – ეჭვით სავსე მზერა მესროლა. – გინდა, გავჩუმდე და აღარაფერი ვთქვა?
– უბრალოდ ახლა აქ არ უნდა იყო. – სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი. მიშოს სიმწრით გაეცინა.
– შეწყვიტე იმის თქმა, რა გავაკეთო და რა, არა. რატომღაც არ გინდა აღიარება, მაგრამ შენ ნამდვილად გჭირდება ის, რასაც მე განგაცდევინებ.
– და რას განმაცდევინებ? – გავაჟღერე თუ არა ეს შეკითხვა, მიშო იდუმალი მზერით წამოვიდა ჩემკენ, საწოლიდან ფეხზე წამომაყენა და ხელის გულზე ისე ნაზად შემახო ტუჩები, ჩემი სუნთქვა თავისდაუნებურად გამოვიდა მწყობრიდან.
– როცა გკოცნი, სხეული იმდენად გიდუნდება, მზად ხარ ნებისმიერი რამ გააკეთო, რასაც მოვისურვებ. – მითხრა თუ არა, ქვედა ტუჩზე ცერა თითით მომეფერა და ცალი ხელი, ჩემი კაბის ქვეშ შეასრიალა. – როცა შიშველ კანზე გეხები, ზუსტად ეგეთი კანკალი გეწყება და შენი სუნთქვის რიტმიც იცვლება.
– მიშო, გთხოვ, გაჩერდი, – განწირულივით შევევედრე, თუმცა ჩემს ამ მუდარას, შედეგი არ გამოუღია.
– საკმარისია, რომელიმე ინტიმურ ადგილას შეგეხო, რომ ნეტარებისგან თვალებს ხუჭავ და პულსი გიჟურად იწყებს ცემას. – ამჯერად უფრო ზემოთ აცოცდნენ მისი თითები და წელს ნაზად აუყვნენ. – შენს თითოეულ ემოციას ცხადად ვგრძნობ, რასაც ჩემთან ყოფნისას განიცდი. როდესაც ორ ადამიანს შორის ამხელა ვნებაა, წინააღმდეგობის გაწევა ყველაზე საცოდავი მცდელობაა, რაც კი შეიძლება თავში აზრად მოგივიდეს
არ ვიცი საიდან მოვიკრიბე საიმისოდ ძალა, რომ თავი გამეთავისუფლებინა, მაგრამ როგორღაც ეს მაინც შევძელი. ჩახუთულობა და ჟანგბადის უკმარისობა მტანჯავდა. ვიცოდი, ეს შეგრძნებები რეალურები არ იყვნენ და ჩემი ანერვიულებული ტვინი მაწვდიდა მირაჟის სახით, თუმცა ეს დიდად ვერ მეხმარებოდა უკეთ გახდომაში.
– გთხოვ, ტვინს ნუ მირევ, – ხმის ტონითაც და თვალებითაც, ორივეთი ერთდროულად ვემუდარებოდი. – ერთმანეთისთვის რა სისულელე აღარ გვაქვს გაკეთებული და ამის მერე მაინც გგონია, რომ ჩვენგან, როგორც წყვილისგან რამე გამოვა?
– შენი სიჯიუტე ხელს მიშლის მომავალზე სიტყვა დავძრა, მაგრამ იმაში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ არც ერთი ქალი, ჩემთან იმდენად ახლოს არ მომიშვია, რამდენადაც შენ. არც საყვარელი მანქანის გაფუჭება მიპატიებია უსიტყვოდ, არც სამოგზაუროდ მიტარებია, არც ყვავილები ჩამიბნევია ჩემ მიერ ჩაწნილ თმაში და არც ის მითქვამს, რომ მიყვარს! მე ეს სიტყვა სრულიად გააზრებულად ვთქვი, მარიტა. შენი უბრალოდ ყურებაც კი სურვილებს მიღვიძებს და ძალიან გთხოვ, ახლა იმ სისულელის მტკიცება არ დამიწყო, რომ ეს მხოლოდ ვნებაა, რაც დროთა განმავლობაში თავისით გაივლის. საკმაოდ სერიოზულ ასაკში ვარ იმისთვის, რომ ვნება და სიყვარული როგორმე ერთმანეთისგან განვასხვავო.
– მიშო, აღარ მინდა ამის მოსმენა... დღეს არა!
– მე კი იმის ყურება აღარ მინდა, როგორ კარგავ დროს უაზრო კატა-თაგვობანაში, როდესაც შეგვიძლია ყველა წამი გამოვიყენოთ. სიამოვნებით მივმართავდი ახლა დემეტრეს ტაქტიკას და სადმე მიყრუებულ ადგილას გადაგკარგავდი, მანამ, სანამ აზრზე არ მოხვიდოდი!
– ეგ რომ გექნა, ალბათ ყველა ნივთს გესროდი, რაც კი ხელში მომყვებოდა.
– მეც ზუსტად ეს მჭირდება, – ირიბი ღიმილი აირეკლა მაცდურად მომზირალ ქარვისფერ თვალებში. ყელში მოზრდილი ნერწყვი გადავაგორე. კვლავ ძალების მოკრება დამჭირდა, რომ მტკიცე მზერა დამებრუნებინა საპასუხოდ.
– რას ნიშნავს, ზუსტად ეგ გჭირდება?
– იმას, რომ მე გიჟური ვნებების ადამიანი ვარ, მარიტა, - სახიფათოდ შეამცირა მანძილი ჩვენ შორის და მარჯვენა ხელი თმებში შემიცურა. – მიყვარს, როდესაც ქალს არეულობა შემოაქვს, ყველაფერს ლეწავს, მთელ სამყაროს თავზე მამხობს. სიმშვიდეში ვიწყენ ხოლმე.
– შეშლილი ხარ!
– შეშლილი, რომელსაც წლებია შენ უნდიხარ!
ამღვრეულ, სურვილით სავსე მზერას, რომლითაც მიყურებდა, ჩემი თავშეკავება უკვე ვეღარ უმკლავდებოდა. გიჟურად, მეტიც – მანიაკალურად მიზიდავდა ეს ადამიანი და ახლა უკვე კარგად ვხვდებოდი, რასაც ვუფრთხოდი მთელი დღის განმავლობაში.
გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღე. საკუთარი თავისთვის შვების მისანიჭებლად, გონება ყოველგვარი ზედმეტი ფიქრისგან გამოვათავისუფლე, კეფაში ხელის ჩავლებით მიშო ჩემკენ მოვიზიდე და ისე დავეწაფე მის ტუჩებს, როგორც უდაბნოში დაკარგული ადამიანი, ცივ წყალს.
ვიგრძენი როგორ გააკვირვა ჩემმა ინიციატივამ, თუმცა ორი წამიც არ იყო გასული, კოცნაში თავადაც ამყვა. მთელი გრძნობით მკოცნიდა. ნელ-ნელა ვაანალიზებდი, როგორ მეცლებოდა ხელიდან თვითკონტროლის შესაძლებლობა და სურვილიც. მისი ტუჩების შეხება ლავიწსა და ყელზე, შეუბრალებლად მაკარგვინებდა საღად აზროვნების უნარს. საბოლოო აფეთქება მაინც ის იყო, როდესაც კაბა ბოლომდე გამხადა და ტუჩები იმ ადგილას შემახო, სადაც მისი ინტერესის ობიექტი – პატარა კოლიბრი მქონდა ამოსვირინგებული.
შიგნით თითქოს ყველაფერი ატომური ბომბივით აფეთქდა, გაცხელდა და ერთ დიდ ვულკანურ ლავად იქცა, რომელიც ირგვლივ ყველაფერს განადგურებას უქადდა. თუკი სადმე გულის სიღმეში პატარა ყოყმანის მარცვალი მაინც ღვიოდა, ისიც წამებში ჩაქრა. მიშოს მოქმედებებს მინდობილი, სრულიად მოდუნებული ვიყავი, თუმცა მალე მე ვიქეცი დომინანტად. თმებში თითებით ჩავაფრინდი, წელზე თამამად შემოვახტი, მისი ტუჩები მოწყურებულმა მოვძებნე და მთელი ჩემში არსებული ვნებით დავიწყე მათი დაგემოვნება.
კანით შევიგრძნობდი როგორ ხურდებოდა მეფარიშვილის სხეული თანდათანობით. მიშოს ყოველი შეხება, მუცლის ღრუში სასიამოვნო შეგრძნებებს მიღვიძებდა. უკვე აღარ არსებობდა ფაქტორი, რაც მაიძულებდა საკუთარი თავისთვის იმ სიამოვნების ეპიცენტრში ასვლისთვის შემეშალა ხელი, რასაც ეს ადამიანი მაგრძნობინებდა და არც შემიშლია.
თვითონაც ვერ გავიაზრე ისე სწრაფად მოხდა ყოველივე. მიშომ კოცნის პროცესის შეუჩერებლად, წელზე შემოსმული წამიყვანა საწოლისკენ ფრთხილად გადამაწვინა და რამდენიმე წამის განმავლობაში, თვალებში ჩამდგარი უზარმაზარი სურვილით მაკვირდებოდა. შემდეგ ლოგინზე ამოძვრა, ჩემკენ დაიხარა და ფეხის თითიდან დაწყებული, ყელის არეალით დამთავრებული, სხეულის თითოეული ნაწილი ხარბად დამიკოცნა.
თვალებზე ვარდისფერი ბინდი მეკვრებოდა ამდენი ემოციისგან. მოზღვავებული სურვილისგან ერთიანად ვკანკალებდი. ყველაფერს ნელ-ნელა აკეთებდა, გამომწვევად და მოზომილად, რომ რაც შეიძლებოდა დიდხანს ვეტანჯე და ზედაპირული აღგზნებით ვეწამებინე.
უკვე მოთმინებას ვკარგავდი. მუცელში თითქოს ცხელი წყალი დუღდა და წელს ქვემოთ ყველაფერი გიჟურად ფეთქავდა. მზად ვიყავი კიდევ ერთხელ ვქცეულიყავი დომინანტად, მაგრამ საბედნიეროდ ეს აღარ დამჭირდა, რადგან სანამ გეგმას სისრულეში მოვიყვანდი, ძლიერი ზეწოლაც ვიგრძენი ფეხებშუა და თავი ბალიშზე უღონოდ გადავაგდე.
თითოეული მომენტი უჩვეულოდ განსაკუთრებული იყო იმ ღამით. მიშოს არეული სუნთქვა კანზე მწველი ცეცხლივით მედებოდა. მისი ალერსი ისეთი შეგრძნებებით მავსებდა, მეგონა ამდენს ვეღარ გავუძლებდი და გონებას დავკარგავდი. მწველი ტუჩები, კვლავ მოწყურებული ეალერსებოდნენ ჩემსას, ისე, თითქოს ერთმანეთს პირველად ვკოცნიდით და სამუდამოდ ამ პოზიციაში გვსურდა დარჩენა.
იმღამინდელი მომენტებიდან სამი რამ არ დამავიწყდება არასდროს. პირველი –ქარვისფერ თვალებში ჩამდგარი თბილი მზერა, მეორე – სულისშემხუთველად ძლიერი შეგრძნებები და მესამე – ჩემს შიშველ მკერდზე უღონოდ მოსვენებული, ძალაგამოცლილი, თვალებზე ბინდგადაკრული მამაკაცის სიტყვები, რომლებიც ზუსტად ასე ჟღერდნენ:
– ეს ღამე კარგად დაიმახსოვრე, მარიტა. ამ ღამის შემდეგ, უკვე მართლა ნუღარასდროს მთხოვ ჩემი ცხოვრებიდან გაგიშვა . . .


*Mein kampf(გერმ:-ჩემი ბრძოლა) -ავტობიოგრაფიული ნაშრომი, რომელიც ადოლფ ჰიტლერმა, ციხეში ჯდომის პერიოდში დაწერა.


***
ფუმფულა ხალიჩაზე, პლედშემოხვეული, იოგას პოზაში ვიჯექი და ბოკალში ჩარჩენილ ღვინოს, ჩაფიქრებული სახით ვატრიალებდი შიგნით. რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, არეულ ლოგინში მიშოს ეძინა, ხოლო ჩვენი ტანსაცმელი აქა-იქ, უმისამართოდ იყო მიმოფანტული.
გონება ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ აანალიზებდა ცოტა ხნის წინ მომხდარს. ძილიც არ მეკარებოდა მთელი დღის გადაღლილს. სხეულზე ჯერ კიდევ მიშოს სურნელი მქონდა შერჩენილი და ეს, კიდევ უფრო მეტად მაგრძნობინებდა მის სიახლოვეს.
არ ვნანობდი.
ყველაფერი რომ თავზე ჩამომნგრეოდა, მაინც არასდროს ვინანებდი იმ წუთებს, რომელმაც ჩემში ასეთი ძლიერი შეგრძნებების გამოწვევა შეძლო. მახსენდებოდა მისი მზერა, მისი თვალები, რომლებიც თითოეული შემოხედვისას მაგრძნობინებდნენ, რამდენად მნიშვნელოვანი ვიყავი და აგრეთვე, მისი სინაზით განეიტრალებული ვნება.
მე და მიშოს თითქმის ნახევარი ცხოვრება ერთიმეორისადმი ნეგატივის ფრქვევაში გვქონდა გატარებული, მაგრამ რაც ამ ღამით მოხდა, სამუდამოდ ჩაიბეჭდებოდა ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებულ მოგონებათა სიაში. ეს იქნებოდა წუთები, რომელთაც ვერასოდეს დავივიწყებდი, მიუხედავად იმისა, როგორ წარიმართებოდა მოვლენები შემდგომში.
ბოკალი ბოლომდე გამოვცალე და წინ დადგმული ბოთლიდან კიდევ ერთხელ ჩამოვისხი. საათი ღამის პირველს უჩვენებდა, მაგრამ ჩემს თვალებს ჯერაც არ ეკარებოდათ ძილი. საწოლზე მწოლიარე მიშოს ცალი თვალით გავხედე. არ ვიცი, მთელი ეს პერიოდი რატომ მეგონა, რომ ეძინა. მაგრამ, როდესაც საწოლზე იდაყვით წამოწეული, ჩემკენ მომზირალი მამაკაცი დავინახე, თვალწინ კვლავ ის მომენტები დამიდგა, როგორ მეალერსებოდნენ მისი ხელები და ტუჩები მთელ სხეულზე.
– გაკვირდებოდი, – ერთი სიტყვით გასცა პასუხი ჩემს დაუსმელ შეკითხვას. –მაინტერესებდა შენ ქცევებში სინანულს თუ დავინახავდი.
– მთელი ეს დრო თავს იმძინარებდი?
– ასეთი ძლიერი ემოციური ფონის შემდეგ, დაძინება რთული იქნებოდა. – ფეხზე წამოდგა, საწოლთან ახლოს მიგდებული ჯინსი ამოიცვა, წელს ზემოთ კი შიშველი დარჩა და ხალიჩაზე ზუსტად ჩემს პირდაპირ დაჯდა. უხმოდ, თვალმოუშორებლად მიყურებდა. მზერა იმდენად სულში ჩამწვდომი ჰქონდა, თანაც ისეთი დამაბნეველი, სული კიდევ ერთხელ შემეხუთა. ისიც კი მაბნევდა, ჩემს წინ რომ მაისურის გარეშე იჯდა და თავისი მაცდური სხეულის დაფარვაზე არც კი ფიქრობდა.
– ღვინოს შენც დალევ? -ნახევრად სავსე ბოკალი გავუწოდე ყურადღების გადატანის მიზნით. მიშომაც უსიტყვოდ ჩამომართვა და ჩემთვის თვალმოუშორებლად გამოცალა ბოლომდე.
– მჭირდება იმის გაგონება, რომ არაფერს ნანობ. – მეტად სერიოზული ხმა ჰქონდა. ბოთლიდან კიდევ ერთხელ ჩამოისხა ღვინო. შემდეგ ბოკალი ცხვირთან მიიტანა, თვალდახუჭულმა არომატი ღრმად შეისუნთქა და ერთხელაც დალია ბოლო წვეთამდე.
კრინტიც არ დამიძრავს. ლამის გაბრუებული ვიჯექი მიშოს წინაშე და მინდოდა საუბრის გარეშე, მხოლოდ მისთვის მეყურებინა. მალე თვითონაც გააცნობიერა ხმის ამოღებას რომ არ ვაპირებდი, ირიბად ჩაეღიმა და თითები ნაზად ჩამოატარა ჩემს ყელს.
– მგონი ჯერაც ვერ გადახარშე, რა მოხდა ცოტა ხნის წინ.
– ცდები, – თავი გავაქნიე. – გადახარშვაში აქეთ-იქით მიმოფანტული ტანსაცმლის ყურება მეხმარება.
– აბა, ერთი თვალი გამისწორე, – ნიკაპის ქვეშ ორი თითი ამომდო და მაიძულა მისთვის თვალებში ჩამეხედა. – არ გინდა, ეგ პლედი მოიხსნა?
– გამორიცხულია! – მაშინვე გავაპროტესტე და ტანზე შემოხვეულ მატერიას ხელები ისე მაგრად მოვუჭირე, თითქოს ვინმე მართლა მიპირებდა მის წართმევას. შევატყვე, ჩემმა ასეთმა რეაქციამ უფრო მეტად გაამხიარულა, თუმცა პლედის მოხსნა მეორედ აღარ უთხოვია. ხალიჩაზე ზურგით გაწვა, თვალები დახუჭა და მუცელზე, ერთმანეთზე გადაჭდობილი თითები შემოიწყო. იმდენად მომხიბვლელი იყო იმ წამს, თვალიც კი ვერ მოვაშორე. როგორც ჩანდა, მაცდურ დემონს, რომელიც მიშოს პიროვნებაში სახლობდა, ჩემთანაც მიეღწია საწადელისთვის, თანაც ისე, რომ ამას უკვე ვეღარაფერს ვუშველიდი.
– შენმა სხეულმა იმდენი მაგრძნობინა, სიტყვები ალბათ არც არის საჭირო, – თვალების გაუხელლად ალაპარაკდა ის. – მაგრამ მაინც მინდა, მომხდარზე რამე კომენტარი გააკეთო, მარიტა.
– არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. – მხრები ავიჩეჩე. – შიშველი ისედაც ვარ, სადმე რომ როიალი იყოს, მივუჯდებოდი კიდეც და იმ შენს სიზმარს რეალობად გიქცევდი.
ხმამაღლა გაეცინა. ამდენი ხნის შემდეგ, პირველად გაახილა თვალები და თავისი ხელი, ჩემსაში გადახლართა.
– შენ თუ მაგას მართლა გააკეთებ, როიალს ათ წუთში გავაჩენ ამ ნომერში.
– კიდევ რა გინდა? – საპასუხო ღიმილით გავხედე, რაზეც წამსვე მივიღე ისეთი პასუხი, რამაც კიდევ ერთხელ შემიკრა სუნთქვა:
– მინდა ჩემი ცხოვრების ქალი იყო... შენი პრინციპების გარდა, ამაში ხელს არც არაფერი გვიშლის.
– მიშო...
– გისმენ, – უკვე წამომჯდარმა, პლედი ფრთხილად გადამიწია მარცხენა ბეჭზე და იქ, თავისი კოცნის კვალი დამიტოვა. გავარვარებული თითები, გამომწვევად შეცურდნენ მატერიის შიგნით, ჩემს ფეხს აუყვნენ, თეძოზე გადავიდნენ და ბოლოს იმ ადგილსაც მიაღწიეს, სადაც სვირინგი მქონდა დახატული.
– ტოკიოში ყოფნისას ახსენე, რომ არსებობდა ქალი, ვინც შენი არასდროს გახდებოდა.
– ჰო, მართალია... მერე?
– მითხარი, ვის გულისხმობდი მაშინ? – სიტყვების ერთმანეთზე გადაბმაც კი მიჭირდა, რადგან მიშოს ხელები, ჯერაც არ წყვეტდნენ ჩემს კანზე უმისამართოდ სრიალს. ამჯერად, აღარც პლედი მიფარავდა სხეულის სიშიშვლეს.
– რა ცნობისმოყვარე ხარ! – ცბიერად ჩაეცინა ჩემი ტუჩებისკენ დახრილს.
– ქალი და ცნობისმოყვარეობა განუყრელი მეგობრები არიან. – მიშოს თითები, ჩემს გაშლილ თმაში შეცურდნენ, თავისკენ მიმიზიდეს და მეტად ხანგრძლივი, მომთხოვნი კოცნით აარიდეს თავი პასუსხს. თავადაც ავყევი. პლედი უკვე იატაკზე ეგდო და სხეულს, მხოლოდ მკერდზე ჩამოშლილი გრძელი თმა მიფარავდა. მისი ხელები ნაზად ეფერებოდნენ ჩემს ზურგს. ტუჩები უფრო მეტად მირევდნენ ისედაც არეულ გონებას და საბოლოოდ მავიწყებდნენ იმ ათ წელს, რომელიც ჩვენს ურთიერთობაში, შავი ლაქასავით მოჩანდა, ვარდისფერ ფონზე.
– ეჭვიანობ მაგ ქალზე?
– არ მიყვარს ასეთი ინტრიგული შეკითხვები.
– იმიტომ, რომ ახლაც გაშინებს სიმართლის აღიარება. – მზვერავდნენ და თითქოს რენტგენულ სხივებში მატარებდნენ მისი თვალები. – მაგრამ არა მგონია, რამე სანერვიულო გქონდეს.
– ნერვიულობას ვერ დავარქმევდი იმას, რომ შენი წარსულის პატარა დეტალით დავინტერესდი. – ვეცადე ჩემი სიამაყე კლავ მოწოდების სიმაღლეზე დამეყენებინა.
– მე იმ ქალს, წარსულის პატარა დეტალს ვერ ვუწოდებდი, რადგან ჩემს აწმყოშიც დიდი ადგილი უჭირავს.

– გასაგებია. – გული ლამის პატარ-პატარა ნაწილებად დამიფლითა ამის მოსმენამ. თავი უსარგებლო, გამოყენებულ ნივთად ვიგრძენი, თუმცა მარიტა რისი მარიტა იქნებოდა ეს ყველაფერი გარეგნულად შეემჩნია? – ანუ დღემდე გაქვთ ურთიერთობა?
– კი, გვაქვს, – ღიმილით დამიმოწმა -ცოტა ხნის წინ, მასთან იდეალური ღამეც გავატარე, ამ ნომერში
– ამ ნომერში? ანუ?
– ახსნაში დროს რატომ მაკარგვინებ, მარიტა? – წელზე მკლავის მოხვევით გადამისვა კალთაში. – თავადაც ხომ მიხვდი, ჩემს გონებაში, შენ გარდა სხვა რომ არავინ ყოფილა?
ემოციებისგან ახურებულმა კანმა, სახეზე მისი თითების ნაზი შეხება აღიქვა. იმის გაანალიზება, რომ ტოკიოში, ჩემზე, როგორც მიუწვდომელ ქალზე ისე საუბრობდა, ტვინში სრულ ქაოსს მიჩენდა. ზედმეტი იყო ამდენი სიახლე ერთი დღისთვის. მიშოს პირიდან, ყოველი ახალი წინადადების გაგების შემდეგ, მთელი სხეული მთხოვდა მასთან სიახლოვეს. ეს უკვე აღარ იყო სურვილი, რომლის მოთოკვის ძალას საკუთარ თავში მოვიძიებდი. აღარც მე ვაპირებდი რამესთან შეწინააღმდეგებას. თუ ჩემი მისდამი დამოკიდებულება არასწორი იყო, მზად ვიყავი ყველა ის შეცდომა დამეშვა, რაც წამით მაინც მაგრძნობინებდა თავს ბედნიერად და თუ საჭირო გახდებოდა, ცეცხლშიც დავმწვარიყავი ამის გამო.
ტუჩებზე ღიმილი მომადგა. მალე ეს ღიმილი, სიცილში გადამეზარდა და მიშოს კალთაში მოკალათებულმა, პირველად შევხედე მის სახეს ყოველგვარი დაძაბულობისა და უხერხულობისგან თავისუფალი მზერით.
– რა გაცინებს? – მისი ბაგეებიც უნებურად გააპო ღიმილმა.
– არაფერი, უბრალოდ მახსენდება როგორი ურთიერთობიდან გადავედით იმ ეტაპზე, როცა ინტიმურ ატმოსფეროში ღვინოს ვსვამთ და კანზე ორივეს ერთმანეთის სურნელი გვაქვს შერჩენილი.
– მერე? – გამომცდელად მიმზერდა, მისი ხელები კი ჩემს სხეულზე ფერებას წამითაც არ წყვეტდნენ.
– მერე, თანახმა ვარ შევამოწმო იმ თეორიის სისწორე, რომ ტოქსიკურად დაწყებულ ურთიერთობებს, ყველაზე საინტერესო და მყარი გაგრძელება აქვს.
– კარგი, თეორიებით და თეზისებით შენ დაკავდი, მე კი მანამდე მომენტით დავტკბები. – სურვილით გაჯერებული ხმით ამოთქვა მიშომ. ხალიჩაზე ზურგით გადაწვენილს, ზემოდან მომექცა, მაჯები თავს ზემოთ გამიკავა და მანამ არ შეუწყვეტია ჩემი მოფერება, სანამ ჩვენმა ძალაგამოცლილმა, უღონო სხეულებმა, ერთმანეთზე მისვენებით არ იპოვეს ადგილი ტკბილი, სიმშვიდის მომგვრელი ძილისთვის.

***
რიოში გატარებული დღეები, ჩემი მოგზაურობის წიგნაკში ყველაზე დიდი, ოქროს ასოებით ჩაიწერა. ეს იყო დღეები, როდესაც ყოველი მომდევნო, წინაზე მეტად მაოცებდა და აქამდე შეუცნობელი ბედნიერება მოჰქონდა.
ამ უცხო კონტინენტზე, უცხო ქვეყანაში და უცხო მიწაზე, თითქოს თავიდან ვეცნობოდი იმასაც, ვისთანაც უკვე მრავალწლიანი ნაცნობობა მაკავშირებდა. მთვარის ბნელ მხარეს მაგონებდა ყოველივე ეს. ციური სხეულის ის ნაწილი, რომელსაც მზის შუქი არ სწვდებოდა და წყვდიადში რჩებოდა, ნელ-ნელა სინათლის სხივებით განათდა და ყველაზე ლამაზი, მიმზიდველი რამ გამოიტანა სააშკარაოზე.
მახარებდა ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი ვიყავი, იმ უზომოდ მცირე რაოდენობის ადამიანებს შორის, რომლებიც ნამდვილ მიშოს იცნობდნენ, ყოველგვარი ნიღბისა და მოჩვენებითი უდარდელობის გარეშე. ყველაფერი, რაც უწინ ხდებოდა, თითქოს თავისით ჩაიკეტა ერთ დიდ, ბნელ სკივრში და ჩვენმა ისტორიამ ახალი ფურცლების წერა დაიწყო. ფურცლების, სადაც ლამაზი წუთებისა და მზიანი დღეების გარდა ვერაფერს ამოიკითხავდით.
იმ სიახლეებზე, რაც ასე მოულოდნელად დამატყდა თავს, ჯერჯერობით არავისთან არ ვძრავდი სიტყვას. კალესთვისაც კი არ მითქვამს არაფერი. მინდოდა, ყოველი მომენტი მხოლოდ ჩემი ყოფილიყო და გულში მეცინებოდა კიდეც, ამაშიც რომ ეგოისტურ ბუნებას ვამჟღავნებდი.
ერთმა კვირამ თვალის დახამხამებაში გაირბინა. არც ისე ბევრი დრო მქონია ხელთ, ამდენად მოცულობითი ქალაქის ძირფესვიანად შესასწავლად. ვაღიარებ, ეს ვერც მოვახერხე, თუმცა მიშოს წყალობით, იმდენი მაინც შევძელი, რომ წამოსვლის წინა დღეს, ისეთი შეგრძნება მქონოდა, თითქოს აქ მრავალი წელი მეცხოვრა.
საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთები ადრიანი დილის რეისზე გვქონდა აღებული. რიოში უკვე ბოლო ღამეს ვატარებდით. უამრავ საუცხოო მოგონებას ვტოვებდი ამ ქალაქში. აქაურობას უკვე იმ ადგილად ვთვლიდი, სადაც ბოლომდე გამოვამჟღავნე რეალური მარიტა და სული ბოლომდე გავაშიშვლე მიშოს წინაშე, რომელიც უკვე ჩემს ნაწილად ქცეულიყო.
მომწონდა ის ფაქტი, რომ მასთან შემეძლო საკუთარი თავის ყველაზე ნამდვილი ვერსია ვყოფილიყავი და იმ კლასობრივ სხვაობას არ შევეშინებინე, ყოველთვის მთავარ პრობლემად რომ ითვლებოდა წყვილის ურთიერთობაში. ეს მას არ ადარდებდა. მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ის იყო, რაც გვქონდა და არა, ჩვენს საბანკო ანგარიშებს შორის არსებული შესამჩნევი სხვაობა.
საღამო იყო. მზის ჩასვლამდე სულ რამდენიმე წუთიღა რჩებოდა. ზღვის თბილ ტალღებში მცურავს, ზემოდან ფორთოხლისფერი ცა დამყურებდა, ხოლო ნაპირიდან, მიშო არ მაშორებდა მზერას. ყველაზე მეტად, სწორედ ეს მომწონდა მასში —ყოველთვის ისე მიყურებდა, თითქოს სამყაროში ერთადერთი ქალი ვიყავი.
ტალღებმა რომ ზომაში მოიმატეს, ვიგრძენი როგორ გადამღალა წყალში ყოფნამ. ნაპირს დაახლოებით ხუთი მეტრი მაშორებდა. ნახევარ გზაზე სუნთქვა თავისუფლად მეყოფოდა, ამიტომ, სწრაფად ჩავყვინთე და ცურვა ამჯერად წყლის ქვეშ განვაგრძე. წყალქვეშა სამყარო მართლაც გასაოცარი იყო, თუმცა ჰაერის მარაგის ამოწურვამ, იქ დიდხანს დარჩენის საშუალება არ მომცა. ზედაპირზე ამოსულს, მხედველობის ფოკუსში ცეცხლისფერი მზე მომხვდა, რომელიც ნელ-ნელა ეთხოვებოდა თავის ტახტრევანს და დროებით, ჰორიზონტის ხაზს მიღმა ემალებოდა დედამიწის ამ ნაწილს. მეტად ლამაზი იყო მთელი ეს სანახაობა. ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდა ზღვის არომატი და სანაპირო ქალაქებისთვის დამახასიათებელი ჰაერის სინოტივე. გული სიამოვნებისგან ფეთქავდა და ყოველ წამს, რაღაც, უჩვეულოდ განსაკუთრებულად აღიქვამდა. მზის ჩასვლაც გასაოცარ რამედ მიმაჩნდა ამ წამს, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კადრი ათასჯერ მაინც მქონდა ნანახი.
საბანაოდ ხალხით ნაკლებად დატვირთული ადგილი გვქონდა არჩეული, ამიტომ თავს ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობდი. იმ წამს მსურდა მიშოს კალთაში მოვკალათებულიყავი, თვალები დამეხუჭა და იმ შეგრძნებით დამეწყო ტკბობა, თუ როგორ დაასრიალებდა ჩემს თმაში თავის უნაკლო თითებს. ვაპირებდი კიდეც ამ ლამაზი წარმოსახვის რეალობად ქცევას, თუმცა ზუსტად იმ მომენტში, ნაპირიდან მანიშნა ცოტა ხნით კიდევ დავრჩენილიყავი და სულ მალე, წყალში შემოვიდა.
სწრაფი ცურვის წყალობით, ჩემამდე მოსასვლელად ათი წამიც არ დასჭირვებია. ჩამავალი მზის ფონზე, მის სხეულსა და სახეზე შერჩენილი წ’ყლის წვეთები კიდევ უფრო ლამაზი მეჩვენებოდნენ და სხვა მხარეს გახედვის ყოველგვარ სურვილს მიქრობდნენ.
– ამ საცურაო კოსტიუმში რომ გხედავ, ტვინი მიფეთქდება. – ნაზად გადაატარა ხელი იმ ადგილს, სადაც კოლიბრის სვირინგი მეხატა. მალე მისი მკლავის მოხვევაც ვიგრძენი წელზე და ჩემსა და მიშოს შორის მანძილიც საგრძნობლად შემცირდა.
– ასეთ კომპლიმენტებს სხვებსაც ეუბნებოდი, თუ საავტორო უფლებით უნდა ვიამაყო?
– წარსულში გიყვარს ქექვა? – როგორც ჩვეოდა, ოსტატურად შემომიტრიალა საუბარი.
– ვიცი, ჩემგან განსხვავებით, ძალიან მრავალფეროვანი წარსული გქონდა. მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დონეზე მაინტერესებს.
– შენგან განსხვავებით? – სათითაოდ ორივე თვალზე მაკოცა მან. – შეიძლება სერიოზული ურთიერთობა არავისთან გაგიბამს, მაგრამ ბოლო პერიოდში, ძალიან ბევრი ხელში ჩაგდების მსურველი დაგიგროვდა.
– მაგ სიაში, პირველი ალბათ ლეო იგულისხმე. – სპეციალურად მივადექი იმ თემას, რაც ყველაზე ძალიან მაინტერესებდა.
– ეგ ადამიანი, უკვე ცუდ მოგონებებში დარჩა, მარიტა. მისგან არანაირი საფრთხე აღარ გემუქრება.
– შესაძლოა, – მიშოს კისერზე მოხვეული ხელები გადავაჯვარედინე და უფრო მოხერხებულად რომ გვეცურა, ორივე ფეხით წელზე შემოვეხვიე. – მაგრამ დღემდე სიტყვას არ ძრავ იმ ღამით მომხდარზე. ეს გაურკვევლობა მაგიჟებს...
ირიბად ჩაეცინა.
– ნუ ღელავ, მისი ძვლების მთლიანობა არ დარღვეულა იმ ღამით.
– მე ის მაინტერესებს, ხელით თუ შეეხე? რამე ძალადობრივი ჩაიდინე?
– ოხ, მარიტა, მარიტა. – ოდნავი ღიმილით ჩამომიტარა ხელის გული ორივე ლოყაზე, თან ღრმად ამოიხვნეშა. – პატივს ვცემ ქალების პაცეფისტურ ბუნებას, მაგრამ არის სიტუაციები, სადაც პრიმიტიული მეთოდების გამოყენების სურვილი ყელში გიჭერს. მე მისნაირ ადამიანებს გაკვეთილს ვუტარებ. ისეთ გაკვეთილს, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ დაივიწყებენ
– მაგრამ...
– გთხოვ, მაგ თემაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. რაც უფრო მეტს ვფიქრობ იმაზე, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, მით უფრო ვიშლები ჭკუიდან.

დაასრულა თუ არა წინადადება, გავჩუმდი და ვცადე საკუთარი თავი მის ადგილას დამეყენებინა. დავფიქრდი, რას მოვიმოქმედებდი, თუკი მამაკაცი ვიქნებოდი, ჩემთვის საყვარელ ქალს კი ასეთი რამ შეემთხვეოდა. სრულიად შესაძლებელი იყო, მეც ზუსტად ამგვარი, ან ბევრად უფრო მწვავე რეაქცია მქონოდა, ამის გაცნობიერება კი მასზე გაბრაზების საშუალებას აღარ მაძლევდა.
მიშოს მცირე მანძილით მოვშორდი და წყალზე ზურგით გაწოლილმა განვაგრძე ცურვა. წამოწყებულ თემაზე კომენტარი აღარ გამიკეთებია. არ მსურდა, ეს ლამაზი მომენტები ნეგატიური თემებით დამებინძურებინა. მისი მოახლოვება რომ ვიგრძენი, თვალები წინასწარ დავხუჭე და გონებაში ყველაფერი სასიამოვნოსთვის გავათავისუფლე ადგილი. მიშოს ტუჩების ნაზმა შეხებამ მუცელში ის მოუსვენარი პეპლები გააღვიძა, რომლებიც ჩემთვის ძალიან კარგად იყვნენ ნაცნობი. რამდენიმე წამიც და უკვე თავის მკლავებში მოქცეულს მეალერსებოდა. ისეთი შეგრძნება მიჩნდებოდა, თითქოს ჩემი ყველაზე მგრძნობიარე ადგილები ზედმიწევნითი სიზუსტით იცოდა და თითოეული შეხებით თავს მაკარგვინებდა.
– ხვალ ამ დროს, აქ აღარ ვიქნებით, – ჩამავალი მზის სხივების ფონზე აბრჭყვიალებული მისი სახისთვის, თვალის გასწორება გამიჭირდა. – მითხარი, რა გეგმები გვაქვს საქართველოში დაბრუნების შემდეგ?
– გაინტერესებს ყველაფერი ისევ ისე იდეალურად იქნება თუ არა, როგორც ახლაა?
– დღეს უკვე იმდენი კითხვა შემომიბრუნე, ლამისაა ყელში ამომივიდეს და შემოგარტყა. – მიშო ირიბი ღიმილით შეხვდა ჩემს პატარა ნერვულ აფეთქებას, რამაც მეც გამამხიარულა.
– ცოტა ხნის წინ, ვიღაც ძალადობას გმობდა. ასე მალე რა შეიცვალა?
– თუ შეგეშინდა, საჩივარი შეიტანე ჩემს წინააღმდეგ. დამამძიმებელ გარემოებად ისიც მიამატე, რომ შენ მანქანაზე ვანდალური თავდასხმა განვახორციელე.
– არა, ეგ არ მაწყობს. – უარყოფის ნიშნად მაშინვე გააქნია თავი. მერე ყბის ძვალზე მომაწება ტუჩები და იქ საკმაო ხანსაც შეყოვნდა. – ციხეში შესაფერისად ვერ მოგხედავენ. მე უფრო კარგი სადამსჯელო აქტივობები მაქვს მოფიქრებული.
– მაგალითად? – ვამჩნევდი, რომ მისი სიტყვები, ნელ-ნელა და გამომწვევად მიიწევდა ინტიმური თემებისკენ, თუმცა შეწყვეტის ნაცვლად, წამახალისებელ ბიძგსაც კი ვაძლევდი.
– დარწმუნებული ხარ, რომ მაგის მოსმენა გინდა?
– მგონი ასეა.
– რომ იცოდე, ჩემი დევიზი საქმე ლაპარაკის ნაცვლადაა. – ამჯერად ზურგიდან შემომეხვივნენ მისი მკლავები, ხელის გულები კი მუცელზე ასრიალდნენ. – კარგი გოგო ხარ, რომ დამიჯერე და ეს საცურაო კოსტიუმი წამოიღე თან.
– შენთვის არ დამიჯერებია, უბრალოდ მე თვითონ მომწონს.
– ნუ მეჯიუტები, მარიტა.
– შენ კი, კითხვაზე მიპასუხე. – კვლავ უწინდელ თემას მივუბრუნდი. საუბრის სხვა კუთხით წარმართვით, იმ სასიამოვნო მღელვარების გადაფარვასაც შევძლებდი, მიშოს ამდენად თამამი შეხება რომ იწვევდა ჩემში.
– ანუ გაინტერესებს, რა იქნება საქართველოში დაბრუნების შემდეგ?
– შენეული ვერსიის მოსმენა მინდა.
სანამ რამეს იტყოდა, რამდენიმე წამით შეყოვნდა მიშო. ჩაფიქრებული სახე არ მიუღია, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ პასუხი უკვე მზად ჰქონდა, უბრალოდ იმას ფიქრობდა, ზუსტად რა სიტყვებით მოეტანა იგი ჩემამდე.
– საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ალბათ სამსახურში ყველა ზურგს უკან იჭორავებს დირექტორისა და პიანისტი გოგონას თავბრუდამხვევ სასიყვარულო ურთიერთობაზ. – ბოლო სამი სიტყვა ჩემს ყურთან ტუჩების მოტანით წარმოთქვა, რითაც თვალების უნებურად დახუჭვის “მსხვერპლიც” გამხადა.
მისი პირიდან წარმოთქმული ეს თითქოს უბრალო წინადადება, სასიამოვნო ჟრუანტელად გადაიქცა, მომიახლოვდა და მთელ სხეულზე ცხელ ტალღებად დამიარა. უჩვეულოდ მესიამოვნა ის ფაქტი, რომ მიშო ჩვენი კავშირის დამალვას არავისთან ცდილობდა და სამსახურშიც კი, სადაც კაცების დიდი ნაწილი ცდილობდა პირადი ცხოვრება ბნელ მხარეში მოექცია, იგი სრულ გულწრფელობას ამჯობინებდა.
– არასოდეს მეგონა, ოდესმე ამას თუ ვიტყოდი.
– რას? – სახეხე ჩამოყრილი სველი თმა ორი თითით გადამიწია.
– იმას, რომ ყველაზე მაგარი რამ ხარ, რაც კი ცხოვრებაში გადამხდენია და ვეცდები ეს ყოველდღიურად დაგიმტკიცო ჩემი შენდამი დამოკიდებულებით.
– შეგიძლია, აქედანვე დაიწყო მაგის კეთება. – სცადა ბოლომდე არ გამოეტანა სააშკარაოზე ის კმაყოფილება, მის თვალებში რომ აირეკლა ჩემი სიტყვების მოსმენისას.
– უკვე მოიფიქრე რა უნდა მთხოვო?
– მაგის მოსაფიქრებლად წინ მთელი ღამე მაქვს. – თვალის კუთხესთან შერჩენილი წყლის წვეთები კოცნით მომაშორა. მერე კვლავ სახეში შემომხედა, თავისებური, სულში ჩამწვდომი მზერით და სულ მალე, მეტად მაცდურად გაიკვლია გზა ჩემი ტუჩებისკენ.
უკიდეგანო ზღვაში ნახევრად ჩასვენებული მზე, ირგვლივ ყველაფერს ფორთოხლისფერ სიკაშკაშეს სძენდა. ნაპირისკენ დაძრული თბილი ტალღები, ნაზად მეჯახებოდნენ და მიშოს ხელების მსგავსად მეფერებოდნენ მთელ სხეულზე. სადღაც ახლოს, თოლიების ჭყივილიც ისმოდა...




***
რიოში გატარებულ ბოლო დღეებში, ერთი უცნაური ჩვევა დამჩემდა. მიშოს ყოველ მოძრაობას, მიმიკას, ღიმილსა თუ სიტყვას, ისე ვაკვირდებოდი, როგორც ორიგინალი ნახატების მოყვარული მყიდველი, საყვარელი მხატვრის მიერ შექმნილ ტილოს.
მისი ელემენტარული ჩვევებიც კი განსაკუთრებულად მელამაზებოდა. მიყვარდა იმის ყურება, როგორ ეხუტებოდა ბალიშს, როცა ეძინა, როგორ აწარმოებდა საქმიან მოლაპარაკებებს ტელეფონით, თავის უცხოელ ბიზნეს-პარტნიორებთან და როგორი დახვეწილი იყო ამ დროს მისი უცხოური აქცენტი. მომწონდა, როგორც მიყურებდა, მომწონდა მისი სუნთქვის მოსმენა, როცა ჩემს გვერდით იწვა, მომწონდა როგორ გამოდიოდა საშხაპედან წელს ზემოთ შიშველი და კიდევ უამრავი რამ, რაზეც ალბათ მხოლოდ იმიტომ მეფიქრებოდა ამდენი, რომ საქმე ჩემთვის მნიშვნელოვან პიროვნებას ეხებოდა.
აეროპორტის შენობის ერთ-ერთ მაღაზიაში მყიდულობდა საყვარელ ტკბილეულს, მე გარეთ, ჩემოდნებთან ვიდექი და მზერამოუშორებლად ვაკვირდებოდი მის ნებისმიერ მოძრაობას. ქალური ინტუიცია მკარნახობდა, რომ დახლთან მდგომი კონსულტანტი გოგონა ზედმეტად უღიმოდა შეძენილი პროდუქტების გატარებისას. სამაგიეროდ, გულში სასიამოვნოდ მეღვრებოდა ის ფაქტი, რომ მიშოსგან მხოლოდ ზედმეტად ჩვეულებრივ, საქმიან მზერას იღებდა საპასუხოდ.
– ესეც ასე, მგონი ყველაფერია და არაფერი გამომრჩა. – ფიქრებში გართულს, სხვადასხვა სასუსნავებით სავსე პარკით მომადგა, როგორც კი სალაროსთან ყველაფერს მორჩა. – კიდევ ხომ არ დაამატებდი რამეს?

– ხუმრობ? ეს მთელ კორპუსს ეყოფა.
– თუ კორპუსის მაცხოვრებლებზე ნაწილდება, ანუ წილი მეც მეკუთვნის.
– ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე იმ ფაქტს, რომ ჩემი კარის მეზობელი ხარ.
– მე კი ზედა მეზობლის ბავშვებს ვერ შევეჩვიე, ყოველ ღამით რომ თავზე მამხობენ მთელ ჭერს.
– მიშო, დაცალე ეგ ბინა. – სიბრალულნარევი ღიმილით ავხედე. – შენთვის ზედმეტად პატარა და არაკომფორტულია.
– ტიპური გათამამებული მაჟორი ნუ გამოგყავარ, რომელსაც ორმოცდაათ კვადრატულში კლაუსტროფობია ეწყება. – თავის ჩემოდანს ამოუწია ტარი და სასუსნავებით სავსე პარკი მე გამომიწოდა.
– ანუ მაინც არ აპირებ იმ ბინის დაცლას.
– ვაპირებ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მეზობლობიდან, ერთად ცხოვრების ეტაპზე გადავინაცვლებთ. – ხელი გადამხვია და გასასვლელისკენ მანიშნა. – ახლა, შენს ბარგს მე წავიღებ და ლოლას გაუარე, მაგრამ როგორც დამპირდი, ღამით აუცილებლად უნდა გამოეპარო.
– რის გაკეთებას გეგმავ?
– ის უნდა გაჩვენო, რაც აქამდე არავისთვის მიჩვენებია. – აქ, რამდენიმეწამიანი პაუზა გააკეთა მიშომ. – საიდუმლო სახლს ვგულისხმობ, სადაც სხვას არასდროს შეუდგამს ფეხი...




***
ლოლას საცხოვრებელ კორპუსთან მისული, ტაქსიდან სწრაფად გადმოვედი და სადარბაზოში შესული, პირდაპირ ლიფტში მოვთავსდი. როგორც სატელეფონო ზარიდან გავარკვიე, კალე ქალაქგარეთ იყო გასული და ბათუმში კიდევ ერთი დღე არ იქნებოდა. დღეს მხოლოდ ლოლას ნახვას შევძლებდი, რომელიც საეჭვოდ არ პასუხობდა ჩემს ზარებს.
ლიფტიდან გასული, ჩემთვის კარგად ნაცნობ კარს მივუახლოვდი და მასზე ზარი რამდენჯერმე დავრეკე. ვინაიდან დასვენების დღე ჰქონდა, დიდ იმედს ვიტოვებდი, რომ შინ დამხვდებოდა და უკან არ მომიწევდა გაბრუნება.
ჩემი ინტუიცია გამართლდა. არ გასულა ერთი წუთი, რომ ზღურბლის მეორე მხრიდან, ნაბიჯების ხმა მომესმა და სულ მალე, ლოლას გადაღლილი სახე და ჩაშავებული უპეები დავინახე. კარგად ნამდვილად არ გამოიყურებოდა. ერთი შეხედვითაც კი შესამჩნევი იყო, რომ საკუთარ თავს არ ჰგავდა. წონაში დაეკლო და არც მისი პიროვნებისთვის დამახასიათებელი, ენერგიის მომცემი სხივები ედგა თვალებში.

– ლოლიტა, კარგად ხარ? -ზღურბლს შეშინებულმა გადავაბიჯე და მაშინვე ტელეფონი მოვიმარჯვე. – სასწრაფოში ხომ არ დავრეკო?
– მოიცა, მარიტა, რა სასწრაფო? – გაეცინა და თავის დასუსტებული მკლავებით მომეხვია. – ძალიან მომენატრე... მითხარი, კარგი იყო ბრაზილია?
– ბრაზილია კარგი იყო, მაგრამ შენ რა გჭირს?
– რა მჭირს და ტოქსიკოზი. – ხელი შემიშვა და თვალები აატრიალა. – რაც არ უნდა ვჭამო, ყველაფერს უკან მაღებინებს. უკვე ანორექსიით დაავადებულ მოდელს ვგავარ.
– მერე? – უმალ მივყევი მისაღებისკენ წასულს, სადაც დივანზე, თხელი პლედი და ფერადი ბალიშები ჰქონდა მოწყობილი, ხმადაბლა დაწეული ტელევიზორის ფონზე. ოდნავ მოშორებით, ძაღლსაც ეძინა და ვივარაუდე, რომ ჩემს მოსვლამდე ლოლასაც ეძინა.
–არაფერი, – მოწყვეტით ჩაეშვა დივანში. – ექიმთან ვიყავი და ყველაფერი კარგად მიდის. მითხრა, სამი თვის მერე, დიდი ალბათობით ტოქსიკოზი მოგეხსნებაო. მანამდე, როგორმე უნდა გავუძლო.
შუბლზე ხელის გული მივადე. მიუხედავად იმისა, რომ სახეზე ოდნავ წითელი მეჩვენა, ტემპერატურა არ ჰქონდა. გვერდით მივუჯექი და წამით ტელევიზორის ეკრანს გავხედე, რომელზეც რაღაც კორეულენოვანი, მუსიკალური ვიდეო-რგოლი იყო გამოსახული.
– წარმომიდგენია, როგორ იქნებოდი ეს დღეები მარტო. – უფრო ჩემთვის აღვნიშნე, ვიდრე სხვის გასაგონად. დამნაშავედ ვიგრძენი თავი მის წინაშე. ლოლას გაეღიმა.
– მარტო არ ვყოფილვარ, დაწყნარდი. სანამ ქალაქგარეთ მოუწევდა გასვლა, კალე მაქცევდა ყურადღებას, გუშინ კი სამირაც დაბრუნდა თავისი რომანტიკული შვებულებიდან.
– სამირა დაბრუნდა?! – გაოგნებულმა, ტონს ისე ავუწიე, თავადაც ვერ გავაცნობიერე.
– როუმინგი რომ ჩართული გქონოდა, შენც გეცოდინებოდა. ყველაზე მაგარი ის არის, რომ თავისი დემეტრეც გამაცნო.
სერიოზულად ამბობ? – ღიმილი ვერ შევიკავე. როგორც ჩანდა, ძალზედ ბევრ მნიშვნელოვან მოვლენას დავკლებოდი ბრაზილიაში ყოფნის პერიოდში.

-ჰო, მეც ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ფაქტია, სადაც იყვნენ, იქედან დალაგებული ურთიერთობით ჩამოვიდნენ. ალბათ, ტელეფონების გამორთვამ და სამყაროსგან მოწყვეტამ უშველათ.
– და სად არის ახლა სამირა? მუშაობს დღეს?
– რესტორანი დაბადების დღის წვეულებისთვისაა დაჯავშნილი და დღეს ადრიანად ამთავრებს ცვლას. იქედან პირდაპირ ჩემთან წამოვა და შენც ნახავ. რაც ორსულობის ამბავი ვუთხარი, ისე მექცევა, თითქოს ბავშვების მამა თავად იყოს.
– უკვე იმდენი კითხვა მაქვს, რომელი ერთი დავსვა აღარ ვიცი. – დივნის საზურგეს ხვნეშით მივეყრდენი და თვალები დავხუჭე.
– მეც ბევრი კითხვა მაქვს იმასთან დაკავშირებით, რა ურთიერთობაა შენსა და ჩვენს დირექტორს შორის?
– შენ მგონი ტოქსიკოზი გქონდა. – გამეცინა.
– ეგ გრძნობა, ცნობისმოყვარეობას მაინც ვერ მიბლოკავს, ასე რომ პასუხების გასაცემად მოემზადე.
– კარგი, კარგი, – გავახილე თუ არა თვალები, დანებების ნიშნად, ორივე ხელის გული ავწიე. – ოღონდ დაველოდოთ, სანამ მესამე მუშკეტერიც მოვა. მანამდე ყავას მოვიდუღებ
– მე უცხიმო კაკაო გამიკეთე რაა. – მომაძახა სამზარეულოსკენ წასულს. – მგონი ერთადერთი ეგაა, რაზეც გული არ მერევა...
სამირამ დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დააკაკუნა ლოლას ბინის კარზე. ამ დროს, უკვე ტელევიზორის წინ მოკალათებულები ვუყურებდით რომელიღაც რომანტიკული ჟანრის ფილმს.
კარის გაღებისას, პირველივე წუთებში შევამჩნიე სამირას, კონკრეტული სახის ცვლილებები. პირველი ის, რომ მეც და ლოლაც თბილად მოგვიკითხა და გადაგვეხვია. მეორე უკვე ის ღიმილი გახლდათ, რასაც ადრე ძალზედ იშვიათად ვხედავდით მის სახეზე. მესამე კი თვალები იყო, რომელიც სიმშვიდესთან ერთად, ბედნიერებასაც ასხივებდა.
– დემეტრე პირდაპირ მიშოსთან გაიქცა, მე კი თქვენთან წამოვედი. – მისაღების ერთ-ერთ სავარძელზე დაიკავა ადგილი. – ბრაზილია მართლა ძალიან მოგხდომია, მარიტა.
– ბრაზილიაზე უფრო მეტად, მიშო. – ჩემს მაგივრად, ლოლამ გასცა პასუხი, რაზეც ტრადიციულად, შევუბღვირე.
– რისი მოსმენა გინდათ ჩემზე და მასზე?
– ყველაფრის, – ზუსტად ერთდროულად მიპასუხეს, რაზეც უნებურად წამსკდა სიცილი.
– მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ერთად ვართ. მეტს არაფერს დავამატებ.
– ცდები, კიდევ უამრავ რამეს დაამატებ. გამორიცხულია დამისხლტე. –თავდაჯერებული, მკაცრი ხმით მითხრა ლოლამ და ჩვენთან უფრო ახლოს გადმოჯდა.
უზომოდ ბევრი ვისაუბრეთ იმ საღამოს. გოგონებს ყველა ის აუცილებელი დეტალი ვუამბე, რისი მოსმენაც სურდათ, თუმცა პირადულები მაინც ჩემს გულში შწვინახე. შემდეგ უკვე სამირასა და დემეტრეს ამბების მოსმენაზე გადავედით და მსგავსი ხასიათის საუბრებში, ვერც კი გავიგეთ, ისე ჩამოგვაღამდა.
ლოლამ დარჩენა და გოგონების საღამოს მოწყობა შემოგვთავაზა, რაზეც მხოლოდ სამირასგან მიიღო თანხმობა. მე, შეთანხმებისამებრ, დღეს ღამით სრულიად სხვა ადგილას უნდა ვყოფილიყავი და სწორედ ამიტომ გავაქნიე თავი უარის ნიშნად.
– არა, მე ვერ დავრჩები, ამაღამ პატარა საქმე მაქვს.
– მაგ პატარა საქმეს, სახელიც უნდა ჰქონდეს. – ეჭვნარევი ღიმილით მიმზერდნენ სამირას თვალები.
– კი, აქვს... მგონი, ძალიან შეგიყვარდა ადამიანის სიტყვებზე ჩაძიება.
– ზოდიაქოთი რომ კირჩხიბი იყო, შენს ასეთ ჩაკეტილობას და უთქმელობას, ასტროლოგიას და პლანეტების განლაგებას მაინც დავაბრალებდი.
– კარგი, თავი დაანებე, – შეკავებული სიცილით გამომესარჩლა სამირა, მერე კი მთელი ტანით მომიბრუნდა. – ძალიან მიხარია, რაც გავიგე, მარიტა. მიშოს ბავშვობიდან ვიცნობ და აბსოლუტურად ყველაფერში მაქსიმალისტია. თუკი რამეს ხელს მოკიდებს, მას აუცილებლად უმაღლეს დონეზე ასრულებს. ზუსტად ვიცი, ურთიერთობაშიც ასე იქნება
– მეც ძალიან გამიხარდა შენი და დემეტრეს დაზავება. იმედია ბოლომდე ასე იქნებით.
– ჰო, იმედია... ფსიქოთერაპევტთან დავიწყე სიარული და თითქოს ჯადოქარიაო, ისეთ რამებს მეუბნება, თავს მუდამ უკეთესად მაგრძნობინებს. სიტყვიერად უფრო ეფექტურად მმკურნალობს, ვიდრე მედიკამენტებით.
– მოკლედ, ორივეს ცხოვრებაში ვიღაც არის, – უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა ყინვაში დარჩენილი ჩიტივით მობუზულმა ლოლამ. – უკვე დილანივით ვგრძნობ თავს, ჩარლის ანგელოზებიდან.
– მილიონი შანსი მაინც გქონდა, ვინმე გყოლოდა, თუ ეს მართლა გსურდა.
– მარიტას ვეთანხმები.
– ისე, ორსულად რომ არ ვიყო, ალბათ იმ ჩვენს ახალ შეფ-მზარეულსაც გავუსინჯავდი გემოს. ჯერ არ ჩამოსულა და უკვე სიგიჟემდე მაინტერესებს, რეალობაში როგორ გამოიყურება.
მაჯაზე შემოხვეულ მოწყობილობას დავხედე. თერთმეტი საათის შესრულებას სულ ცოტაღა უკლდა. დრო იყო წავსულიყავი.
ტაქსის გამოსაძახებლად ტელეფონი ამოვიღე. აქამდე უხმო რეჟიმზე მქონდა გადაყვანილი, ვერც იმ შეტყობინების ხმა გავიგე, რომელიც ჩემთვის ხუთი წუთის წინ
ჰქონდათ მოწერილი. გამომგზავნი მიშო იყო და მწერდა, რომ როდესაც წამოსვლას გადავწყვეტდი, ტაქსი არ გამომეძახა, რადგან თვითონ მელოდა მანქანით, ლოლას კორპუსთან. ტექსტის წაკითხვისთანავე, დივნიდან წამოვდექი და ფანჯარასთან მივირბინე. ეზოში მართლაც მოვკარი თვალი თეთრ პორშეს და პასუხად მხოლოდ ერთი სიტყვა –”ჩამოვდივარ” გავუგზავნე.
– რა მოხდა, ქვემოთ შენი პრინცის ცხენი აჭიხვინდა? – ლოლას არ გამორჩენია ჩემი აფორიაქება.
– გასასვლელი ვარ... ხვალ საღამოს გნახავთ, სამსახურში.
– რესტორანი ხვალაც დაჯავშნილია ნიშნობის წვეულებისთვის, შვიდი საათის შემდეგ. – გამომძახა სამირამ. – მუშაობას რომ მოვრჩებით, სადმე ქალაქგარეთ გავიდეთ, მხოლოდ ჩვენ სამნი. მეც მაქვს თქვენთვის ერთი მნიშვნელოვანი სიახლე.
– რა სიახლე? – ინტერესიანი თვალებით გადავიკიდე ჩანთა მარცხენა მხარზე. ლოლასაც ზუსტად ჩემნაირი ცნობისმოყვარე გამოხედვა.
– მაგას ხვალ გაიგებთ... წავალ, რამე საჭმელს ვიპოვი მაცივარში.
– კარგი მეც გავედი, უკვე მეჩქარება... ჭკვიანად იყავით.
– ჭკვიანად თვითონ იყავი, თორემ მალე ჩემსავით მოგიწევს ყოველი ჭამის შემდეგ, საპირფარეშოში სირბილი. – მხიარულად მომაძახა უკვე კართან მისულს და იმ წამს, დივანზე ამხტარ თავის გერმანულ ნაგაზს, თბილად მიეფერა დაცქვეტილ ყურებზე.
პირდაპირ ფეხით დავეშვი კიბეებზე, რადგან ლიფტის ლოდინი ცოტათი მეზარებოდა. სადარბაზოსთან ახლოს, კვლავ უძრავად იდგა მიშოს მანქანა, ხოლო თავად მას, შიგნით დაყენებული დაბურული მინების გამო მანამ ვერ ვხედავდი, სანამ გარეთ არ გადმოვიდა.
მისგან წამოსულმა გრილმა სურნელმა, კიდევ ერთხელ დამახვია თავბრუ. ისიც გავიაზრე, რომ ეს სურნელი, ყველაზე საყვარელი გამხდარიყო ჩემთვის და მის გარეშე არსებობა ნამდვილად აღარ მინდოდა.
– კონტროლის მოყვარული შეყვარებულივით იქცევი. – ვუთხარი, როგორც კი მივუახლოვდი და წვერწამოზრდილ ლოყაზე ვაკოცე. – იმ ეტაპზე მივედით, რომ თუკი სადმე გვიანობამდე მიწევს დარჩენა, თავად მაკითხავ?
– პირადი მძღოლი გემსახურება და მაინც უკმაყოფილო ხარ.
– უკმაყოფილო სულაც არ ვარ. – მის მომღიმარ მზერას ჩემი შევაგებე, თან სალონშიც მოვთავსდი. სულ მალე, მიშოც გვერდით მომიჯდა. – უბრალოდ მაინტერესებს, ეჭვიანი ან კონტროლიორი თუ ხარ.
– და შენ თუ ხარ? – ღვედი საკუთარი ხელით შემიკრა, მერე კი თვითონაც გადაიჭირა. – ალბათ არა... ადამიანს თუ ეს ორი თვისება ახასიათებს, ჯანსაღ ურთიერთობას ვერავისთან ააგებს. – მიშომ მანქანა დაძრა, იგი ეზოდან გაიყვანა და უპასუხოდ დატოვებულ შეკითხვასაც მხოლოდ მაშინ მოუბრუნდა:
– როცა მამაკაცი ქალს იყვარებს, მასზე შეიძლება ხშირად იეჭვიანოს, მაგრამ ამას ისე უნდა აკეთებდეს, რომ ეჭვიანობა შემაწუხებელი არავისთვის გახდეს.

– კარგი, მოდი ასეთი სცენა დავხატოთ. – ნახევარი ტანით მისკენ მივტრიალდი. – დავუშვათ კლუბში ერთად ვართ, მე კი ბევრი ალკოჰოლი მაქვს მიღებული. მერე რაღაც მივლის თავში, უცებ ვდგები, მაგიდაზე ავდივარ და გამომწვევად ვიწყებ ცეკვას. როგორი იქნება ამ დროს შენი რეაქცია? გაბრაზდები და ძირს ძალით ჩამომიყვან, თუ ჩემი ყურებით დატკბები?
– ძალიან ბევრ სერიალს უყურებ. – გაეცინა.
– მიპასუხე, მიშო.
– კარგი, კარგი... ანუ მაგიდაზე ადიხარ საცეკვაოდ და მეც იქ ვარ.
– ჰო.
– რა გაცვია ამ დროს?
– ჰმმ... მოკლე კაბა, ზომიერად ამოღებული მკერდით და ბოლომდე ამოღებული ზურგით. წარმოიდგინე?
– წარმოვიდგინე... ისე აღწერე, ალბათ გთხოვდი, ძირს ჩამოსულიყავი და სადმე განვმარტოვებულიყავით, ცოტა რომ მოგფერებოდი.
– დავუშვათ, შენი თხოვნა არ გავითვალისწინე.
– მაშინ ერთ პატარა პროვოკაციაზე წამოგაგებდი.
– მაინც?
– ვინმე გოგოს დავპატიჟებდი სასმელზე და მერე ვერავინ დაგასწრებდა იქედან ჩამოსვლას.
– რა პროვოკაციული ხარ.
– აღიარე, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებლად ჩამოხვიდოდი.
– კარგი, ვაღიარებ, – იმ ხელზე, რომელიც საჭეზე არ ედო, ჩემი მარცხენათი შევეხე და ჩვენი თითები ერთმანეთში ავხლართე. ღიმილით გამომხედა იმ წამს. თითქოს მზერით მითხრა ყველაფერი, რისი თქმაც სურდა და კვლავ გზისკენ გაიხედა.
რატომღაც მეგონა შორ მანძილზე ვიყავით წასასვლელები, თუმცა ჩვენი მგზავრობა, არც მეტი არც ნაკლები, ნახევარ საათს გაგრძელდა და ქალაქგარეთ მდებარე ერთ პატარა, წითელი აგურით ნაგებ, ეზოიან სახლთან შეწყდა.

შენობის მეოთხედ ნაწილს, სუროები და მასზე ამოსული ლამაზი ყვავილები ფარავდნენ. დანახვის პირველივე წამიდან მყუდროების შეგრძნება გამიჩინა ამ ადგილმა. ქალაქის ხმაურისა და მეზობელი სახლებისგან იზოლირებულს, მართლაც უჩვეულოდ განსაკუთრებული ხიბლი გააჩნდა. მისი მოვლილი ეზო და საგულდაგულოდ გაკრეჭილი გაზონი, იმაზე მეტყველებდნენ, რომ აქაურობა, ადამიანის ხელის მზრუნველობის დანაკლისს აშკარად არ განიცდიდა. მარცხენა მხარეს, გაზონის შუაგულში, ქვით მოპირკეთებული ფანჩატური იყო დადგმული, ხის მაგიდა-სკამებითა და მრგვალი მაგიდით. მისი დანახვისას, მაშინვე ვიფიქრე, თუ რამდენად სასიამოვნო იქნებოდა დილაობით აქ საუზმობა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ხასხასა სიმწვანეში იყო ჩაფლული.
– იმედია, ახლა მაინც დარწმუნდები, რომ პატარა სახლებზე ალერგია არ მაქვს. – ეზოს თვალიერებით გართულს, გვერდიდან მიშოს ხმა მომესმა. გარშემო კიდევ ერთხელ მიმოვიხედე. მესიამოვნა, რომ დღეს ისევ გავიგე რაღაც ისეთი, რაც აქამდე მის შესახებ არ ვიცოდი.
– კიდევ რა ფარული მხარე გაგაჩნია? -კითხვის ნიშნებით აივსო ჩემი თვალები. – ან, მდიდრების რომელ სტერეოტიპს ამსხვრევ?
– ალბათ შენს თეორიას, მცურავ საუზმეზე და ვულკანური ქვების მასაჟზე. – ირიბი ღიმილით მიმიზიდა თავისკენ და მხარზე ტუჩები ნაზად შემახო. – მართლა ფიქრობდი, რომ ეს სულელური პროცედურები დამეხმარებოდა, ჩვენ შორის მომხდარის დავიწყებაში?
პასუხისგან თავის არიდება გადავწყვიტე. აღარ მსურდა იმ სისულელეების გახსენება, რასაც საკუთარ გრძნობებისგან თავდასაცავად ვაკეთებდი.
– არ შევიდეთ? მაინტერესებს სახლი შიგნიდან როგორია.
– შევიდეთ. – შევატყვე მარტივად მიხვდა ჩემს ეშმაკობას, თუმცა ამაზე სპეციალურად არ დაუძრავს სიტყვა.
სახლის ინტერიერი ერთიანად ნათელ ფერებში იყო გადაწყვეტილი. მხოლოდ ის ავეჯი ეწყო, რაც საჭირო იყო. ყველაზე მეტად იმან მომხიბლა, რომ მისაღებს, ორივე მხარეს კედელში დატანებული, ხესავით დატოტვილი თაროები ამშვენებდნენ. მათ ნაწილზე წიგნები ეწყო, ნაწილზე დეკორატიული ნივთები, ნაწილზე ძველი ფირები, ხოლო ნაწილზეც, ჩარჩოში ჩასმული ფოტოები.
პირველად სწორედ ამ ფოტოებს მივუახლოვდი. რამდენიმე წამიანი თვალიერების შემდეგ, ერთ-ერთი ჩარჩო ხელშიც კი ავიღე. მასზე ახალგაზრდა, ჭრელ სარაფანში გამოწყობილი გოგონა იყო გამოსახული, რომელიც გაზონზე იჯდა, მის წინ კი, ორი ზუსტად ერთნაირად ჩაცმული ბავშვი, ერთმანეთს ჩახუტებულები უღიმოდნენ კამერას.
– ეს ფოტო მამამ გადაგვიღო. – მომესმა უკნიდან მიშოს ხმა, რომელიც უზარმაზარ ტკივილს მალავდა. – მარჯვენა მხარეს რომ ზის, ის მე ვარ.
– არც კი მჯერა, ერთ დროს ასეთი პატარაც რომ იყავი. – ფოტოთი ხელში მივტრიალდი მისკენ, თან კიდევ ერთხელ დავხედე ამ ბედნიერების ამსახველ კადრს. – დედაშენი მართლა საუცხოდ ლამაზი ყოფილა.
– მამა თურმე გიჟდებოდა მასზე. – საჩვენებელი თითით მიეფერა ჩარჩოს. –განსაკუთრებული ისტორია ჰქონდათ. მთელი ჩვენი ოჯახის მოგონებები, ამ სახლშია თავმოყრილი.
– მეგონა, აქ შენ გარდა არავინ იყო ნამყოფი.
– ასეცაა, – სურათი თავის ადგილას დააბრუნა და კვლავ მე მომიბრუნდა. – უბრალოდ, ყველა საერთო ფოტოს და ვიდეო-ჩანაწერს, ამ სახლში მოვუყარე თავი... ასე ვთქვათ, მოგონებების საწყობად ვაქციე.

– და ხშირად მოდიხარ ხოლმე აქ? -თვალის უპეებთან მომდგარ ცრემლებს, არაფრით მივეცი საშუალება საზღვარს გადმოსცდენოდნენ. ახლა ჩემი ემოციების დრო არ იყო. ამ სიტუაციაში, სხვისი ჭრილობისთვის უნდა ვყოფილიყავი სახვევი. ზუსტად ისე, როგორც მიშომ გააკეთა, როცა ჩემს ოჯახურ მდგომარეობაზე მოვუყევი, რიოში ყოფნისას.
– მეტნაკლებად ... ჩემზე კარგად მოქმედებს აქაურობა.
სურათებს თვალი მოვაშორე და ამჯერად შემდეგ თაროზე გადავინაცვლე. აქ უკვე ფირებისთვის იყო ადგილი დათმობილი. ჩემი ვარაუდით, მათზე ძველი, შავ-თეთრი ფილმები უნდა ყოფილიყო ჩაწერილი.
– სერიოზულად? ამათი საყურებელი მოწყობილობა გაქვს? – ერთ-ერთი მათგანი ავიღე და ხელში შევათამაშე. მასზე დაწებებულ თეთრ ლენტს, რომაული აღნიშვნის ოთხიანი ეწერა, რაც ბევრს ვერაფერს ამბობდა ამ ფირზე ჩაწერილი მასალის შესახებ.
– მაქვს, მაგრამ ეგ ფილმი კი არა, სხვა რამეა
– აბა რა არის? – ინტერესით გავხედე.
– დედაჩემი პატარა ვიდეოებს წერდა ორსულობის პერიოდში. – თაროს მოშორდა და დივნისკენ აიღო გეზი. – უნდოდა მე და ჩემს ძმას მაშინ გვენახა, როდესაც გავიზრდებოდით. მაგ ჩანაწერზე ოთხი თვის ფეხმძიმეა.
– ახლა გასაგებია რატომ აწერია ოთხიანი. – სევდიანად გამეღიმა, ფირი უწინდელ ადგილას დავაბრუნე და თავადაც დივნისკენ წავედი, რათა მის გვერდით დავმჯდარიყავი. – მაინტერესებს, მაგრამ არ გეტყვი მაჩვენე-მეთქი. ასეთი შინაარსის ვიდეოები რომ მამაჩემს ჩაეწერა, ძალიან გამიჭირდებოდა ემოციების გარეშე ყურება.
– ერთ დღეს აუცილებლად გაჩვენებ, მაგრამ ახლა არა, კარგი?
– როცა გინდა, – ჯერ ლოყაზე ვაკოცე ფრთხილად, შემდეგ კი, თავი მის რიტმულად აძგერებულ გულს ჩამოვადე. როგორც ჩვეოდა, ახლაც თმაზე დამიწყო ფერება. აუტანლად მესიამოვნა მისი თითების შეხება. თავი რომ ამაწევინა და ჩემს ტუჩებს შეეხო, უკვე მთლიანად გავთიშე გონება და ნირვანაში გადავეშვი. მოწყურებული მკოცნიდა, ისე, თითქოს თან მასთან ვიყავი, თან არც ვყოფნიდი. მიშოს ყოველ მოქმედებაში, შეუკავებელი სურვილი იგრძნობოდა და ამ სურვილის ტყვეობაში, საკუთარ თავთან ერთად მეც მაქცევდა.
– მიყვარს შენში ისე თვისებების აღმოჩენა, რაზეც აქამდე წარმოდგენა არ მქონდა. – პირდაპირ მის ტუჩებთან ამოვიჩურჩულე, როგორც კი ერთმანეთს მოვწყდით.
– ამჯერად რა თვისება აღმოაჩინე?
– ის, რომ შენთვის ყველა მოგონება ძვირფასია და მათ ძალიან უფრთხილდები. – მის სახეს, თითის ბალიშებით ვეფერებოდი და მზერას არ ვაშორებდი. – მთელი ეს სახლი, სწორედ ამის დასტურია.
– ერთ დღეს, ალბათ ჩვენი საერთო მოგონებებისთვისაც მოიძებნება ადგილი.
– სხვათა შორის, მოგონებების ნაწილი, აფრიკის, აზიის და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზეც გვაქვს გაბნეული. – თვალებით გავუღიმე.
– ის თუ გახსოვს, ტოკიოში რომ გითხარი, იტალიას მხოლოდ მაშინ მოვინახულებთ, როცა ჩემზე უგონოდ იქნები შეყვარებული-მეთქი?
– მახსოვს, – სიცილი წამსკდა. – გიპასუხე, იტალიაში ერთად წასვლა, ბედის წიგნში არ გვიწერია-მეთქი
– და ახლა რას ამბობს ეგ ბედის წიგნი? ჩავაგდებთ ტრევის შადრევანში მონეტას, თუ ვერა?
– ცდილობ ხმამაღლა მათქმევინო, რომ მიყვარხარ, არა? – ნახევარი წამიც არ დამჭირვებია მისი ფარულის ზრახვების გასაშიფრად.
– ქალურ ლოგიკას მართლა ვერაფერს გამოაპარებ.
– კარგი, მაშინ გიპასუხებ, რომ ბავშვობაში, ყველაზე საყვარელ შოკოლადს, ყველაზე განსაკუთრებული მომენტებისთვის ვინახავდი ხოლმე. სხვა რამებზეც ასე ვარ. – ამ სიტყვებზე, ირიბი ღიმილით დახარა თვალები მიშომ. როგორც ჩანდა, ბოლომდე გაეაზრებინა ჩემი ნათქვამის ძირითადი არსი.
– მივხვდი მაგ მეტაფორას... მაშინ იტალიის საელჩოში დავრეკავ და ვეტყვი, რომ განსაკუთრებულ მომენტს ველოდებით ჩამოსასვლელად.
ჩვენი ტუჩები ერთმანეთთან იმდენად ახლოს იყვნენ, ამჯერად მიშოს ინიციატივას აღარ დაველოდე და თავად ვაკოცე. მართალია სიტყვიერად ჯერ კიდევ ვდუმდი, თუმცა ჩემი ყოველი მოქმედებით ღიად ვაგრძნობინებდი, რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი ჩემს სამყაროში მის შემოშვებას. ვკოცნიდი მთელი გრძნობით და ვცდილობდი ასე მაინც გადამეცა ყოველივე ის, რასაც საკუთარ გულში უკვე ვეღარ ვატევდი. ვცდილობდი მეთქვა, რომ ერთადერთი იყო, რომ ყოველი მისი უბრალო ჩვევაც კი სიგიჟემდე მიყვარდა და თითოეულ წამს ვნანობდი, რაც კი მისდამი ჩემი გრძნობების უარყოფაში მქონდა გატარებული.
კოცნის პარალელურად რომ ხელები მომხვია და მუხლებზე გადამისვა, წამით მოვწყდი მის ტუჩებს და თვალებში შევხედე. წარმოუდგენლად დიდი სურვილი ამოვიკითხე მათში. სითბო, მოუთმენლობა და ვნება, მიშოს მზერაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ  და მეც ნათლად მახვედრებდნენ, თუ საითკენ მიდიოდა ეს საქმე.
– შენი სხეული, ისედაც სიტყვების გარეშე მეუბნება ყველაფერს. – ჩამესმა ის სიტყვები, რაც ერთხელ აქამდეც მქონდა მოსმენილი. გამეღიმა. როგორც ჩანდა, სათქმელი ზუსტად ისეთ ფორმით მიმეტანა მიშომდე, როგორც თავად მქონდა დაგეგმილი.
– კიდევ ბევრ რამეს გეტყვის, თუკი ყველა შენ მოგზაურობაში გიდად მე წამიყვან ხოლმე და არა ჩემს ყოფილ კოლეგებს.
– რატომ ასე კატეგორიულად? – გაეცინა, თან გამომცდელი მზერით შემათვალიერა.
– ყველა მარტოხელა იყო და ყველა შენზე გიჟდებოდა. თვალებში გულები ენთებოდათ, როცა შემოდიოდი.
– უინტერესო თემებზე გადავედით. მაგას მირჩევნია ის დამიმტკიცო, შენ რამდენად ძლიერ მოგწონვარ. – თქვა თუ არა ეს, თმაში თითები ზუსტად ისე შემიცურა, როგორც მიყვარდა და იმოდენა ვნებით დააცხრა ჩემს ტუჩებს, საუბრის ყოველგვარი სურვილი გამიქრო.

***
ამდენხნიანი შესვენების შემდეგ, მართლაც ძალზედ სასიამოვნო იყო სამსახურში დაბრუნება. შესვლისთანავე ვიგრძენი, თუ როგორ მომნატრებოდა აქაურობა და ჩემს სამუშაო ინსტრუმენტთან ურთიერთობა.
ჯერ კალესთან მივედია, მაგრამ სამწუხაროდ, ერთ წუთზე დიდხანს ვერ შევძელი მასთან გასაუბრება, რადგან რესტორანი იმდენად გადავსებულიყო ხალხით, ჩემთან სალაპარაკო დრო არ ჰქონდა. ჩემი სამუშაო დროც მალე იწყებოდა, ამიტომ გასახდელში შესულმა, ტანსაცმელი სწრაფად გამოვიცვალე და სასცენო მაკიაჟის გასაკეთებლად საპირფარეშოში გადავინაცვლე. იქ ლანა დამხვდა. ხელში სავარცხელი ეჭირა და დიდი სარკის წინ, თავისი გრძელი თმის ვარცხნით იყო დაკავებული. სიმართლე რომ ვთქვა, ახლა მარტო ყოფნა ბევრად მერჩივნა იქაურობის ვინმესთვის განაწილებას, თუმცა ლანას მაინც თბილად მივესალმე და მივუდექი თუ არა გვერდით, მაკიაჟის კეთება დავიწყე.
მისალმებაზე ისე უღიმღამოდ მიპასუხა, თავიდანვე მივხვდი, ჩემი აქ ყოფნა არც მისთვის იყო მთლად სასიამოვნო. როდესაც ამას ირონიული მზერაც დაერთო, ღიად გამოიკვეთა, რომ ეს სიტუაცია, უწყინარ უკმაყოფილებაზე გაცილებით უფრო ფართო მასშტაბებს იძენდა.
– ვამჩნევ, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ დიდს ზვიგენს დასდევ დასაჭერად. – ტუჩებზე უფერული საცხის თანაბრად გადანაწილებას ვცდილობდი, როდესაც გვერდიდან მისი ხმა მომესმა. კარგად ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, თუმცა ის ნამდვილად გავიაზრე, რომ სათქმელი მეტაფორულად იყო ნათქვამი.
– რას გულისხმობ, ლანა?
– თითქოს ვერ ხვდება. – ორმაგად უფრო დამცინავი იყო მისი ტონი.
– რომ ვხვდებოდე, კითხვას არც დაგისვამდი. – მოვრჩი თუ არა ტუჩსაცხის წასმას, იგი კვლავ ჩანთაში ჩავაბრუნე და ამჯერად სპილოსძვლისფერი პუდრი ამოვიღე.
– ჯერ იყო და კორპორატიულ საღამოზე, ნოლანების უცხოელ მეგობარს ეფლირტავებოდი. მერე უკვე ჩვენს დირექტორთან ერთად მიდიხარ რიოში და ვხედავ, დღეს მას მოჰყავხარ სამსახურში, თავისი მანქანით. ვერაფერს ვიტყვი, აშკარად ჭკვიანურად მოქმედებ. – სახეზე პუდრის თხელი ფენის დატანას შევუდექი და საკუთარ თავს ჩავაგონე, ამ პროვოკაციას არ ავყოლოდი.  როგორი ნერვებისმომშლელიც არ უნდა ყოფილიყო სიტუაცია.
– ასე როდის აქედან მელაპარაკები, ლანა? – ვკითხე რაც შემეძლო მშვიდად, მიუხედავად იმისა, რომ წარმოსახვითი სამყაროში, მისი თქმით თრევის სცენას მესამედ მაინც ვამეორებდი.
– მას შემდეგ გელაპარაკები, რაც შენი დაქალის კვალს გაჰყევი და გარშემო, ყველა სიმპათიური მამაკაცის საწოლში ამოყავი თავი, მიშოს ჩათვლით.
– სიტყვები შეარჩიე, გესმის?! – გამაფრთხილებლად გაიჟღერა ჩემმა ტონმა, თუმცა ამან ვერც მის სარკასტულ გამომეტყველებაზე მოახდინა გავლენა და არც მსგავსი დამცინავი საუბრის სურვილი გაქრობია.
– რა მოხდა, პატარა პრინცესას რამე ეწყინა? – თმა კოსად აიკრა და გვერდებზე ონკანის წყლით დასველებული ხელები გადაისვა. – ძალიან მაინტერესებს, რამდენად ნაწყენი დარჩები, როცა სანაგვეზე ისე მოგისვრიან, როგორც უსარგებლო ნივთს.
დასამშვიდებლად ღრმად ჩავისუნთქე და მერე ისევ ამოვისუნთქე. საკუთარ თავს ყველანაირად ვაძალებდი წყობილებიდან არ გამოვსულიყავი და მისი უტაქტო კომენტარებისთვის, ზრდილობის ფარგლებში მოქცეული უხეშობით მეპასუხა:
– სანაგვეზე უმეტესწილად იმათ ისვრიან, ვინც ამას თავისი ბინძური სულის გამო იმსახურებს. ჩემი ბრალი არ არის, თუკი იუნგმა შენთან ურთიერთობა გაწყვიტა, ამიტომ გონს მოდი, სანამ კიდევ წამოროშავ მორიგ სისულელეს.
ზიზღით სავსე მზერამ, რომელიც ლანასგან იმ მომენტში წამოვიდა, მაფიქრებინა, რომ ჩემი სიტყვები ზედმეტად მტკივნეულად შეეხო მის გულს.
– გგონია მიშო შენთან დიდხანს დარჩება? – ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა, როგორც კი ეს მკითხა. – ფიქრობ ისეთ მოსაწყენ, უუნარო და ჩვეულებრივ გოგოსთან გაჩერდება, როგორიც შენ ხარ? მაქსიმუმ კიდევ ორჯერ გიხმაროს და მერე შენი არსებობაც დაავიწყდება.
– გეყოფა!
– ჰო, ვიცი სიმართლე ცუდი მოსასმენია, მაგრამ ვინმემ აუცილებლად უნდა დაგანარცხოს ღრუბლებიდან, მიწაზე. – კვლავ გველის სისინივით ჩამესმა მისი ხმა და თავისი შხამიანი ნაკვალევი თითქმის მთელ სხეულში დამიტოვა. – მიშოსნაირ კაცს, შენნაირი საცოდავი არასდროს შეუყვარდება. *პატრიციებს და პლებეებს შორის ზღვარი, მხოლოდ რომის იმპერიის პრობლემა არაა, დღევანდელობაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. იმედია აქედან აზრს თავად გამოიტან.
– აღარ ვაპირებ შენი უაზრო საუბრის მოსმენას! – კოსმეტიკის ჩანთას ხელი დავავლე, რომ იქაურობას დროულად გავცვლოდი და რამე ისეთი არ ჩამედინა, რაც დამშვიდებულ გონებაზე აუცილებლად გამიხდებოდა სანანებელი.
– გაიქეცი, გაიქეცი, – ხმამაღლა გაეცინა ლანას. მისი ბოროტული სიცილი, სარკეში ისე საზარლად აირეკლა, ხორცშესხმულ ეშმაკსა მივამსგავსე. – ოღონდ სანამ წახვალ, ერთი რამ დაიმახსოვრე, შენი მოსაწყენი აურა რომ ყელში ამოუვა, მიშო აუცილებლად ჩემთან გამოიქცევა, გულის გადასაყოლებლად. შეგიძლია მშვიდად იყო, ბოლომდე ვასიამოვნებ და უარს არაფერზე ვეტყვი
ყველაფერი თავზე დამენგრა იმ მომენტში და მეც თითქოს ამ ნანგრევების ქვეშ მოვყევი. მოთმინების კედელი, რასაც მთელი ამ დროის განმავლობაში ვაშენებდი, ლანას ბოლო სიტყვებმა მთლიანად გაასწორეს მიწასთან და იქედან, ერთი აგურიც აღარ დატოვეს მთელი. გამწარებულმა, ვერც კი გავიაზრე, თუ როგორ გავიწიე მისკენ და როგორ ჩავავლე ხელი, ახლადგაკეთებულ თმაში. ერთი ხმამაღლა წამოიკივლა, თუმცა ამას არ შევუჩერებივარ. შემდეგ უკვე ფართხალსა და ხელების ქნევაზე გადავიდა, მაგრამ რაც მეტ მოძრაობას აკეთებდა, უფრო ძლიერად ვუჭერდი მის თმასაც, ამიტომ, საბოლოოდ გონებას მოუხმო და გაჩერება ამჯობინა.
– მარიტა, გამიშვი, ძალიან მტკივა! – უწინდელი ირონია, თითქოს უკვალოდ გამქრალიყო მისი ხმის ტონიდან.
-ძალიან ბევრჯერ გაგაფითხილე გაჩუმდი-მეთქი, ხომ ასე იყო?
– გთხოვ, გამიშვი....
– მეც გთხოვე, ლანა, აქამდე არ მიგეყვანე. – ლოყაზე ორი თითით ვუჩქმიტე და მისი ხვერწნა-მუდარისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, ისე შევაყუდე პირდაპირ თავით, მოშვებული ონკანის ქვეშ. საკუთარ “მე”-ს აღარ ვგავდი იმ მომენტში. გონებაში ჯერ კიდევ მიტრიალებდნენ ლანას მომწამვლელი სიტყვები და საშუალებას არ მაძლევდნენ შებრალების უნარი წამომეწია წინა პლანზე.
ჩემი “მსხვერპლის” ფართხალს და ყვირილს, ყურადღება მხოლოდ მაშინ მივაქციე, როდესაც თმა ერთიანად გაელუმპა. კოკისპირულ წვიმაში მოყოლილ, მწყემს გოგონას ჰგავდა აღნიშნულ მომენტში და ამის გააზრებისას, ჩავთვალე, რომ სასჯელი საკმარისი იყო. ხელი ისე შევუშვი, როგორც უკანასკნელ ნაგავს და უმალ დავწვდი ჩემს კოსმეტიკის ჩანთას. ამასობაში, ლანამაც შეძლო სულის მოთქმა და ისეთი გაოცებული თვალებით გამომხედა, ღიად მაგრძნობინა, თუ რამდენად არ მოელოდა ჩემგან ამგვარ საქციელს.
– ჭკუიდან შეიშალე, არა?! – მიკივლა ბოლო ხმაზე, თან მკლავში უხეშად მწვდა. – გგონია, ამას ასე დავტოვებ?
– რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ შენი კეთილდღეობისთვის სჯობს ხელი გამიშვა.
– ასე, არა? – ბოღმით აივსნენ მისი თვალები. – ვნახავ, როგორ მოგეწონება, ამ საქმეს რომ უფროსების კაბინეტში გავარჩევ და გავაგებინებ, რამდენად არანორმალური და ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანი ჰყავთ დასაქმებული რესტორანში!
– წარმატებებს გისურვებ. შედეგების შესახებ მეც მაცნობე. – მკაცრად მოვიშორე ჩემს მკლავში ჩავლებული ხელი და გასასვლელი კარისკენ წავედი.
გულზე დადებული მძიმე ლოდი, მარტო დარჩენისთანავე დაიფშვნა და ჰაერში ათას წვრილ ნაწილაკად გაიფანტა. უჩვეულო შვება ვიგრძენი. დამეუფლა შეგრძნება, თითქოს საპირფარეშოს დატოვებით, ის გაუწონასწორებელი მარიტაც მოვიშორე თავიდან, რომელიც ცოტა ხნის წინ ცოცხლობდა ჩემში და იქედან, საკუთარი თავის სრულიად ახალი ვერსია გამოვედი.
ასეთ მდგომარეობაში დაკვრას ვერაფრით შევძლებდი. გადავწყვიტე, გამოსვლის დროისთვის ოდნავ გადამეშორებინა და ცოტა ხნით ვერანდაზე ავსულიყავი, სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად. ეს გარკვეულწილად დამეხმარა კიდეც აფორიაქებული გონების დალაგებაში. ცუდი მხოლოდ ის იყო, რომ ჩემი დამშვიდებული ვერსია, უკვე საკუთარ თავზე გაბრაზებას იწყებდა ჩადენილის გამო. ვიცოდი, ეს ამბავი სერიოზული გარჩევების გარეშე არ ჩაივლიდა და აღნიშნულის გამო, ორმაგად უფრო მაღიზიანებდა ჩემი იმპულსური საქციელი.
დასავლეთიდან მონაქროლ თბილ ჰაერს, სახე თვალებდახუჭულმა მივუშვირე და ვეცადე წუთების წინ მომხდარი, დროებით მაინც ამომეშალა გონებიდან. მიზნის მიღწევაში, ბრაზილიაში გატარებულ დღეებზე ფიქრი დამეხმარა. ეს ალბათ ყველაზე სასიამოვნო მოგონებების კრებულიც კი იყო ჩემს ცხოვრებაში და აგრეთვე მომენტები, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე ისე ცხადად მემახსოვრებოდა, როგორც განვლილი დღე.
ყველაზე მეტად, მაინც ჩვენი ერთად გატარებული ღამები არ ამომდიოდა თავიდან. მიშოს შეხების გახსენებაც კი სიამოვნების ჟრუანტელად ედებოდა მთელ სხეულს და მეჩვენებოდა, რომ ამ გრძნობებს ჩემში ვეღარც დავატევდი. ფიქრებში გართულმა, გვიან გავიაზრე როგორ გავიდა თხუთმეტი წუთი. რესტორანში შემართებით მისული, ახლა უკვე დაკვრის ხასიათზეც აღარ ვიყავი, თუმცა სამსახური, სამსახური იყო და ვალდებული ვიყავი ჩემი მოვალეობა შემესრულებინა. უკნიდან, კარის ჭრიალის ხმა მომესმა. ახლა უკვე დაზუსტებით ვიცოდი, რომ უნდა წავსულიყავი, რადგან ვერანდის სხვასთან განაწილება, ჩემს პირად სივრცეში უხეშად შემოჭრასავით იყო, ამის ატანა კი არ შემეძლო. ფეხზე წამოსადგომად მომზადებულმა რომ უკან გავიხედე, მიშო შემრჩა ხელში. მისი დანახვისას, მაშინვე ეჭვი გამიჩნდა, რომ ყველაფერი იცოდა, რაც მოხდა. ეს მოსალოდნელიც იყო. ლანა არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებდა შანსს ხელიდან, მომხდარი რესტორნის სამივე უფროსის ყურამდე მისულიყო. მიშო აუჩქარებელი ნაბიჯებით მოვიდა ჩემამდე, გვერდით უხმოდ მომიჯდა და გამომცდელი მზერა მესროლა. აი, ახლა კი, უკვე დარწმუნებული ვიყავი ჩემი ვარაუდის სისწორეში, რომ იგი ყველაფრის საქმის კურსში იყო, მომხდართან დაკავშირებით.
– ვიცოდი, აქ იქნებოდი. – ჩემდა გასაკვირად, ხმაში არც ბრაზი ამომიკითხავს არც წყენა.
– რა მოხდა? უკვე მიჩივლეს ნოლანთა უზენაეს სასამართლოში და დაკითხვაზე მიბარებენ?
მიშოს ტუჩებს მსუბუქმა ღიმილმა გადაურბინა.
– ნუ ღელავ, არავინ გიბარებს. საჩივრის შემოტანის პროცესს მეც დავესწარი და მოსამართლეებს ვთხოვე, დამნაშავეს თავად გავწკეპლავ-მეთქი.
– კარგი რაა, მიშო.
– მოდი, ახლა სერიოზულად ვისაუბროთ, – ჩემი მარჯვენა ხელი, თავისაში მოიქცია მან. – რატომ მოიქეცი ასე? არ ჰგავდა ეს შენს საქციელს...
– მე რატომ მეკითხები? – მწარედ ჩამეცინა. – ლანა უკვე ისედაც დეტალებში გიამბობდა ყველაფერს.
– არ მაინტერესებს, რა თქვა მან. – მიშოს ტონში კატეგორიულობა ადვილი ამოსაცნობი იყო. – მე შენი ვერსიის მოსმენა მინდა, რადგან სწორედ ამ ვერსიას დავუჯერებ.
უჩვეულო სიამოვნება მომგვარა ამ სიტყვების მოსმენამ. მართლაც საოცარი შეგრძნება იყო იმის გააზრება, რომ მისი ჩემდამი ნდობა ასეთი უპირობო იყო და ამდენად იდგა მოწოდების სიმაღლეზე.
– გთხოვ, დეტალებს ნუ ჩაეძიები, კარგი? – ჩემს ხელზე მოჭერილი მისი ხელი, ტუჩებთან ახლოს მივიტანე და ფრთხილად შევეხე. – მხოლოდ იმას გეტყვი, რომ უმიზეზოდ არაფერი გამიკეთებია. აქვს ჩემს საქციელს თავისი ახსნა. – დუმილი ჩამოვარდა ჩვენს შორის, ამ პასუხის შემდეგ. ჩემს ერთ ნაწილს, მასთან გულახდილი საუბარი უნდოდა, ყველაფერ იმაზე, რაც მოხდა, თუმცა მეორე ნაწილი, თითოეული სიტყვისა და  მოქმედების გახსენებას სასტიკი საფრთხესავით გაურბოდა.
გვერდზე გავიხედე. მიშოს სახეს, უწინდელი სერიოზული გამომეტყველება დაჰკარგოდა და ზედმეტად მხიარულადაც კი გამოიყურებოდა.
– რატომ იღიმი? – მისი პოზიტივი წამებში გადმოედო ჩემს გუნება-განწყობილებას.
– უბრალოდ მაინტერესებს, თავი შამპუნით დაბანე თუ მხოლოდ წყალი გამოიყენე?
ხმამაღალი სიცილი წამსკდა. ჩემთან ერთად მასაც.
– კარგი რაა, ეს სახუმარო საერთოდ არაა.
– არ იდარდო, ერქოლე და ტეო არაფერზე გისაყვედურებენ. – დამამშვიდებლად გაიჟღერა მისმა ხმამ. – დაახლოებით ვხვდები ლანა რასაც გეტყოდა და როგორც გამოგიწვევდა. ამას მოვაგვარებ, გპირდები.
– ძალიან ჰყავხარ გულში ჩავარდნილი -ენა ვერ გავაჩუმე და მაინც აღვნიშნე. ამით ნაწილობრივ საკუთარი თავიც გავეცი და დაახლოებით მივახვედრე, რამაც მიბიძგა მსგავსი რეაქციისკენ. მიშომ ღრმად ამოიოხრა.
– მარიტა, შეიძლება ორივეს ცხოვრებაში კიდევ ბევრჯერ გამოჩნდნენ ადამიანები, ვისაც გაცილებით მეტი მოუნდებათ, ვიდრე უბრალოდ ნაცნობობაა. – ხელის გული სახეზე ჩამომიტარა მან. – ამ უსიამოვნო ფაქტს ერთმანეთისადმი ნდობით უნდა მოვერიოთ და არა ონკანის ქვეშ ადამიანების შეყუდებით.
– გენდობი, მიშო.
– ბოლომდე მაინც არა. სხვა შემთხვევაში, ასეთ იაფფასიან პროვოკაციას არ წამოეგებოდი.
თავი ჩავხარე. შეიძლება მართალიც კი იყო თავის სიტყვებში. შესაძლოა, სწორედ იმიტომ გავბრაზდი ასე, რომ ლანას ნათქვამში სიმართლის მარცვლები დავიჭირე და ეჭვება დამიწყეს ჭამა.
– არ ვიცი... დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, ჩვენი ბრაზილიური ზაფხული მაინც ყოველთვის მემახსოვრება.
– მე კი დაზუსტებით იმის თქმა შემიძლია, რომ მაგ მომენტებზე გაცილებით კარგი რამები გველოდება წინ. – ჯერ შუბლზე შემახო ბაგეები, მერე კი ტუჩებსაც მიადგა და კოცნის პროცესი იმდენ ხანს გაწელა, სანამ სურვილი ბოლომდე არ დაიკმაყოფილა. – ყურადღება არ მიაქციო რას იტყვიან შენ გასაბრაზებლად. უბრალოდ ჩემი ნდობა ისწავლე და მალე თვითონაც მიხვდები, რამდენად სულ ერთია სხვა, როცა გვერდით შენ ხარ.
მიშოს მხარს, თავი თვალებდახუჭულმა ჩამოვადე, თან პერანგის საყელოდან, ღრმად შევისუნთქე საყვარელი არომატი. აქედან უკვე ყელის არეალზე გადავინაცვლე და შევეხე თუ არა კანზე ტუჩებით, ვიგრძენი როგორ ნერვიულად აუტოკდა მასზე ლურჯად დამჩნეული კაპილარი.
– დღეს გვიან ღამემდე არ ვიქნები შინ. – ამოვიჩურჩულე პირდაპირ მის ყელთან. მიშოსგან წამოსული სურნელი იმდენად მაბრუებდა, მისგან მოწყვეტა წამითაც აღარ მინდოდა.
– რატომ, სადმე მიდიხარ?
– ქალაქგარეთ, ლოლასთან და სამირასთან ერთად. ჭკვიანად მოიქეცი და კარი არავის გაუღო, გესმის?
– ნუ მაიმუნობ! – ჩაეცინა. – არ გინდა, ჩემი მანქანა წაიყვანო?
– მაგას სერიოზულად მეკითხები?
– თუ ცისარტყელებს და ყვავილებს აღარ მიახატავ, მაშინ კი.
– პირობას ვდებ, ცივ ნიავს არ მივაკარებ. – სიხარულის ნაპერწკლებმა დაიწყეს ხტუნვა ჩემს თვალებში. მიშოს მანქანის მართვა იმდენად მეკომფორტულებოდა, გრძელ გზებზე მგზავრობის დროსაც კი არ დამღლიდა მისი საჭის ტრიალი.
– გასაღები აიღე. ჰოდა, კიდევ, შინ რომ იქნები მომწერე, შეიძლება შემოგიარო.
– შეიძლება შემომიარო?
– დავფიქრდები, თუკი რამე გამჭვირვალეს ჩაიცვამ და ისე დამხვდები.
მისმა მზერამ ლამის სული შემიხუთა. დღემდე ვერ ვხვდებოდი, როგორ შეეძლო ყოველგვარი შეხების გარეშე, მხოლოდ შემოხედვით გამოეწვია ჩემში ასეთი ძლიერი შეგრძნებები. ეს ოდნავ მაშინებდა კიდეც, თუმცა ამ შიშს, იმოდენა სიამოვნება ახლდა თან, ყველაფერ დანარჩენს უპრობლემოდ სწევდა უკანა პლანზე.
– გთხოვ, დამპირდი, რომ ტყუილი არასდროს გააფუჭებს ამ ურთიერთობას.
– მაგას ვერ დაგპირდები. – თავი კატეგორიული უარის ნიშნად გადააქნია მიშომ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ როდესაც ღრმად მოხუცებულობის ასაკში შეხვალ და მკითხავ, ახლაც ხომ ახალგაზრდულად გამოვიყურებიო, შენი სიმშვიდისთვის იძულებული ვიქნები მოგატყუო. – გაეღიმა მას, წამოდგა და ხელზე, ხელის მოკიდებით მეც წამომაყენა ფეხზე. – თუმცა მანამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. მანამდე მინდა მთელი მსოფლიო გაჩვენო.
– მართლა არაფერია იმაზე მაგარი, საყვარელ ადამიანთან ერთად დაბერდე და უამრავი სასიამოვნო მოგონება გქონდეს მასთან ერთად. ალბათ ერთ დროს, ყველაფერ ამას, სავარძლებში ხელჯოხით მსხდომნი გავიხსენებთ. – უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე, ვიდრე მიშოს გასაგონად და ვიგრძენი თუ არა მისი ტუჩების ჩემსაზე შეხება, კოცნაზე მთელი გრძნობითა და ემოციით ვუპასუხე...
*პატრიციები -მდიდარი, წარჩინებული ფენა რომის იმპერიაში. *პლებეები -ღარიბი, უუფლებო ადამიანების საერთო სახელწოდება ამავე იმპერიაში.
***
ბათუმიდან დაახლოებით ცხრამეტ კილომეტრში მდებარე “ჯოჭოს” ჩანჩქერზე წავედით. ადგილი სამირამ შეარჩია. ივე ტყეში, შეგვეძლო გვეპიკნიკა კიდეც და თან გვებანავა. გასვლამდე ნახევარი საათით ადრე, “ექსპედიციაში” წამსვლელთა რიცხვი ერთით გაიზარდა. ლოლას დაჟინებული თხოვნით, კალესაც მოუწია ჩართვა. მისი მოვალეობა იყო ლოლასთვის ლამაზი ფოტოების გადაღება. მე და კალე მიშოს მანქანაში მოვთავსდით, ხოლო სამირამ, ლოლას ჯიპის საჭესთან დაიკავა ადგილი. ლოლას მანქანა წინ მიგვიძღვოდა, ჩვენ კი აუჩქარებლად მივყვებოდით უკან. სამსახურში დალაპარაკება ვერ შევძელით, ახლა კი კარგი საშუალება გვეძლეოდა ეს გამოგვესწორებინა. მარტონიც ვიყავით და ეს ბევრად უფრო კომფორტულ ხდიდა სიტუაციას.
მაგნიტოფონში მუსიკები ხმადაბლა ჩავრთე და ტელეფონში ჩამძვრალ კალეს, ვაიძულე ჩემთვის მოექცია ყურადღება. ვამჩნევდი, ჩანჩქერზე წამოსვლის იდეით მთლად კმაყოფილიც არ იყო. როგორც თვითონ აღნიშნა, საღამოსთვის სრულიად სხვა გეგმები ჰქონდა.
– კალე, სახე გაასწორე, თორემ იცოდე მანქანიდან გადაგაგდებ. – გავხედე მკაცრად. რამდენიმე წამის განმავლობაში ველოდე კიდეც, როდის შეეცვლებოდა გამომეტყველება, თუმცა ეს რომ აღარ მოხდა, კონცენტრირება კვლავ საჭეზე მოვახდინე.
– კარგად დაიმახსოვრე, როგორც კი ეგ შენი შეშლილი დაქალი იმშობიარებს, მაშინვე მოვკლავ!
– რატომ, რა დაგიშავა? – ღიმილი მომგვარა მისმა ბავშვურმა სიბრაზემ.
– ბოლო პერიოდში, ჩემგან იმდენი რამ უნდება, თავი ლაშქრობიდან წამოყვანილი პირადი მონა მგონია. უკვე იმ ზღვარზე ვარ, რომ მეც სპარტაკივით ავჯანყდები.
– ნერვები დაიმშვიდე, ახალგაზრდა ხარ. რამე ვალერიანი მუსიკა ჩაგირთო?
– ვალერიანი მუსიკა რა არის?
– ანუ დამამშვიდებელი მელოდია.
– არაფერი მინდა, იმას ვუსმინოთ, რაც ჩართულია. – სწრაფად გააქნია თავი. - შენ ის მითხარი, ამ მანქანის მართვის უფლება როგორ მოიპოვე? ანუ, ახლა შენ და ჩვენი დირექტორი ერთმანეთს ხვდებით?
წამიერად გადავხედე. საჭესთან რომ ვჯდებოდი, დარწმუნებული ვიყავი, ამას მკითხავდა.
– დაიჯერებ თუ გეტყვი, ბოლომდე ჯერაც ვერ ვიაზრებ ამ ყველაფერს-მეთქი?
– სახეზეც გაწერია, რომ ღრუბლებში დაფარფატებ, – ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და მომიბრუნდა. – მაგრამ, ვფიქრობ დიდი მსხვერპლი უნდა გაიღო იმისთვის, ამ ურთიერთობამ რომ არ დაგტანჯოს.
– რა მსხვერპლს გულისხმობ? ან, რატომ უნდა დავიტანჯო?
– ცუდად ნუ გამიგებ, – მხარზე ხელით შემეხო კალე. – მიშო მდიდარია, სიმპათიური და უამრავ ადამიანთან უწევს ურთიერთობა. ბევრ ქალს ნამდვილად არ შეაჩერებს ის, რომ დაკავებული მამაკაცია და მასთან  მაინც ეცდება თავისას. თუ ასეთ დროს მომთმენი იქნები, ეჭვიანობის სცენებს არ მოუწყობ და აგრძნობინებ, რომ ბოლომდე ენდობი, თქვენს ურთიერთობას ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება პირვანდელი ჰარმონია.
ჩამაფიქრა მისმა სიტყვებმა. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ურთიერთობის ხარისხიანად აშენებისთვის, უპირველესი მასალა ნდობა იყო და იგივეს ვაპირებდი. მაგრამ გულზე მაინც ცუდად მხვდებოდა მესამე პირის გამოჩენის ალბათობის შესახებ საუბარიც კი.
– კალე, არის ჩემში რამე განსაკუთრებული? – გამომცდელი მზერით გავხედე.
ჩემმა შეკითხვამ დაუფარავი ღიმილი მოჰგვარა კალეს სახეს.
– ამას რატომ მეკითხები?
– უბრალოდ მიპასუხე, კარგი?
– კი, ბატონო, – მორჩილად დამეთანხმა. – მაშინ ასე გეტყვი. – საკუთარ თავს ისე რომ აღიქვამდე, როგორც სხვები, შეიძლება თავშიც კი აგვარდნოდა.
– კარგად იცი, გაზვიადებები როგორ არ მიყვარს.
– რომ ვიცი, ზუსტად ამიტომ არ ვაზვიადებ.
მისგან მოსმენილმა სიტყვებმა უსაზღვროდ გამახარად და მაიძულა გულწრფელად გამეღიმა. მართლაც მშვენიერი იყო, თუ სხვა იმაზე ბევრად უფრო დადებითად აღმიქვამდა, ვიდრე მე ვაფასებდი საკუთარ თავს. იქნებ დაბალი თვითშეფასების პრობლემასაც ვუჩიოდი? რომ ვფიქრობდი, ბოლომდე არც ეს იყო გამორიცხული.
მშვიდი, ლამაზი საღამო იდგა. ჩვენი მანქანები აუჩქარებლად მიდიოდნენ ერთ ზოლში. ზოგჯერ, როდესაც გზა თავისუფალი იყო, გვერდიგვერდაც ვდგებოდით და გასწრებაში ვეჯიბრებოდით. შემდეგ ესეც შევწყვიტეთ, რადგან კალემ პატარა “ლექცია” ჩაგვიტარა და გაგვახსენა, რომ ჩვენთან ერთად ფეხმძიმე ადამიანიც იმყოფებოდა. მაშინ, როდესაც უკვე ყველანი წყნარად მივუყვებოდით გზას და ვგეგმავდით ახლომდებარე მარკეტში, პიკნიკისთვის შეგვეძინა საჭირო პროდუქტები, ერთი უცნაური რაღაც მოხდა. ჩვენზე ოდნავ წინ წასულმა ლოლას მანქანამ, რატომღაც სრულიად მოულოდნელად ჩართო ციმციმა.
სვლა იმ წამსვე შევანელე. ვერ მივხვდი რა მოხდა, თუმცა გულმა აშკარად ცუდი მიგრძნო. შეშინებულმა, ჯიბისკენ ხელი წავიღე, რომ წინა მანქანაში მსხდომთაგან რომელიმესთვის მაინც დამერეკა. შევამჩნიე კალე უკვე რეკავდა. მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე ლოლას ნომერი იყო აკრებილი, მის მაგიგრად, სამირას აღელვებულმა ხმამ გაგვცა პასუხი:
– სამირა, რა ხდება თქვენთან? – დაძაბულობა კალეს ხმასაც შეეტყო. – უკან რატომ ბრუნდებით?
– ლოლა...
– რა სჭირს ლოლას?! – ამჯერად მე ჩავერთე საუბარში. გონებაში ათასმა საშინელმა ვერსიამ გამიელვა. არ მინდოდა ცუდზე მეფიქრა, ამიტომ თავიდან მოვიშორე ფიქრები.
– წარმოდგენა არ მაქვს. უეცრად ძლიერი ტკივილები დაეწყო, მერე თავბრუსხვევა ახსენა და რამდენიმე წამში გაითიშა კიდეც. – საუბრისას ხმა უკანკალებდა. – უკან ვბრუნდები და საავადმყოფოში მიმყავს. თქვენც გამომყევით.
– გონზე არ არის?
– არა კალე, არ არის! უამრავჯერ დავუძახე, მაგრამ პასუხს არ მცემს! – ლამის გული გამიჩერდა. შიში იმდენად ძლიერად მოედო ჩემს სხეულს, ხელები გამეყინა. ეჭვი შემეპარა, შევძლებდი თუ არა საერთოდ მანქანის მართვას. გარშემო ყოველი სიტყვა, შორიდან მომავალი მატარებლის სიგნალივით ჩამესმოდა და მისგან აზრი ვერ გამომქონდა.
– მარიტა, ჩემი არ გესმის? – მხარზე ხელი დამადო და ოდნავ შემარხია მან. – მარიტა!
– რა? რა მოხდა?
– გეუბნები თუ გინდა საჭესთან მე დავჯდები-მეთქი. საკუთარ თავს აღარ ჰგავხარ, სულ გაფითრდი.
არ გამიპროტესტებია. ჩემთვის ახლა საჭესთან ჯდომა ნიშნავდა, რომ ან ქალაქში შესვლამდე შევასკდებოდი რამეს, ან ქალაქში შესვლის შემდეგ მოვახდენდი ავარიას.
სალონში ადგილები რაც შეგვეძლო სწრაფად გადავცვალეთ და ჩვენს წინ წასულ, ლოლას წითელ ჯიპს დავედევნეთ. ძლიერი ემოციური ფონის გამო, ბევრი არაფერი დამმახსოვრებია, რაც ბათუმში შესვლამდე მოხდა. ჩემმა ტვინმა აღქმის უნარი მხოლოდ მაშინ დაიბრუნა, როდესაც დავინახე, როგორ მივარდა კალე კლინიკის წინ გაჩერებულ ლოლას ავტომობილთან, როგორ გადმოიყვანა იგი ხელში აყვანილი და როგორ შეირბინა შენობაში ჯერ კიდევ უგონოდ მყოფ პაციენტთან ერთად.
მე და სამირა რომ შიგნით შევყევით, თეთრხალათიანები ლოლას უკვე საკაცეზე აწვენდნენ. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა მოვასწარით, რომ შეიძლებოდა მისი ასეთ მდგომარეობა ფეხმძიმობის გართულებით იყო გამოწვეული.
გაყოლის ნება არც ერთს არ მოგვცეს. მიმღებში იმ სიტყვებით დაგვაკავეს, რომ, როგორც კი რამე სიახლე იქნებოდა, ექთანი ჩამოვიდოდა და ყველაფერზე პირადად გაგვესაუბრებოდა. მოსაცდელის სკამებზე ერთმანეთის გვერდიგვერდ, ზუსტად ისეთივე უმეტყველო სახეებით მივეწყვეთ, როგორც საყინულეში შელაგებული თევზები. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, ბოლომდე ჯერ კიდევ არ გვქონდა გააზრებული. იმაზე ფიქრიც კი მაშინებდა, რომ ეს შეიძლებოდა ჩვენი სულელური, საგზაო შეჯიბრის სავალალო შედეგი ყოფილიყო.
ჩემს გვერდით მჯდომ კალეს, ცალი თვალით გავხედე. ერთმანეთში გადაჭდობილი ხელები კალთაში ჰქონდა მოთავსებული, სახეზე კი ჩაფიქრებული გამომეტყველება აღბეჭდვოდა. სამირა თითებს ნერვიულად იმტვრევდა და შიგადაშიგ, ორივეს ერთდროულად გადმოგვხედავდა ხოლმე.
ლოლას საავადმყოფოში გადმოყვანიდან დაახლოებით ოცი წუთი იყო გასული, როდესაც კალე, სკამიდან ფეხზე წამოდგა და მიმღებში დაიწყო ბოლთის ცემა. უკვე ჭკუიდან გადავყავდი იმ ფაქტს, რომ ახალი ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდით და ამის გამო, ჩუმად ჯდომა უკვე აღემატებოდა ჩემს ძალებს.
– ვითომ ჩვენი შეჯიბრის გამო გახდა ცუდად? – ჯერ სამირას შევხედე, მერე კი კალესკენაც გავაპარე მზერა. პასუხის გაცემა, სწორედ მან აიღო საკუთარ თავზე:
– ასეც რომ იყოს, თავის დადანაშაულებას ნუ დაიწყებთ. ორსულად არც ერთი არ ყოფილხართ და არც ის იცით, რა არ არის ამ დროს ნებადართული.
– ნეტავ ბავშვებს რამე დაემართებათ? – შიშნარევი ხმით იკითხა სამირამ. პასუხი არც ერთ ჩვენგანს არ დაუბრუნებია. ეს ის სიტუაცია იყო, როცა არც “კი-ს” თქმა შეგვეძლო და არც – “არა-სი”.
ჯდომისგან რომ დავიღალე, აპარატთან მივედი და ცივი წყალი ჩამოვისხი. ჯერ კიდევ არ მჯეროდა, რაც მოხდა. ახლა წესით უკვე ტყეში, სუფთა ჰაერზე უნდა ვმსხდარიყავით.
ლიფტის კარი რომ სრიალით გაიხსნა, სამივემ ხმის მიმართულებით გავიხედეთ. მიმღებში გატარებული დაძაბული წუთების შემდეგ, როგორც იქნა ზუსტად ის მოხდა, რასაც ყველანი ასე სულმოუთქმელად ველოდით. ლიფტიდან თოვლისფერ ხალათში გამოწყობილი, თმაშევერცხლილი ქალი გამოვიდა კისერზე გადაკიდებული შავი ფერის ფონეიდოსკოპით. შეგვნიშნა თუ არა, მაშინვე ჩვენკენ გამოემართა.
– ლოლა მეფარიშვილთან ვართ. მდგომარეობა გვაინტერესებს. – კითხვის დასმა კალემ ითავა.
ექთანმა ხელში მოქცეულ ფურცლებს ჩახედა და ხმაც მხოლოდ ამის მერე ამოიღო:
– თქვენ პაციენტის მეუღლე ბრძანდებით?
– მეგობარი ვარ... როგორ არის?
– უკეთაა, ნუ ღელავთ, – თქვა თუ არა, მე და სამირამ შვებით ამოვისუნთქეთ. – ბავშვებიც კარგად არიან, უბრალოდ მათი შემდგომი, უპრობლემო განვითარებისთვის, მოგვიწევს ქალბატონ ლოლას ერთკვირიანი წოლითი რეჟიმი დავუნიშნოთ. თუ მუშაობს, დროებით ბიულეტენზე მოუწევს გასვლა.
– გონზე თუ მოვიდა? – კვლავ კალემ დასვა შეკითხვა.
– მოვიდა, თუმცა მნახველები არ დაიშვებიან.
– მაგრამ...
– არანაირი მაგრამ გოგონა! – მკაცრად აუწია მან წარბები სამირას. – დადგენილ წესებს ვერავის გამო ვერ გადავუხვევ. – დღეს საღამოს რაღაც ანალიზები გვაქვს გასაკეთებელი. თუ იქაც ყველაფერი კარგად იქნება, ხვალ დილით გავწერთ.
ამის მეტად, სიტყვაც აღარ დასცდენია ექთანს. ერთი ის გვამშვიდებდა, რომ ლოლას ტელეფონი თან ჰქონდა და ნებისმიერ დროს შეგვეძლო მასთან დაკავშირება.
ექთნისადმი მიმართულ სამირასა და კალეს გაბრაზებულ სახეებზე ოდნავ ჩამეღიმა და აპარატიდან კიდევ ერთი ჭიქა წყალი ჩამოვისხი. ლოლა და მისი ტყუპები თავს კარგად გრძნობდნენ, ჩვენ კი მეტი არაფერი გვინდოდა.
მათზე რომ ვფიქრობდი, გულში უჩვეულო სითბო მეღვრებოდა. ერთი სული მქონდა, როდის მოევლინებოდნენ ამ სამყაროს და როდის წავიყვანდი სასეირნოდ ორადგილიანი ეტლით.
– ცოტა ხნით დაისვენოს და მერე ვიდეო-ზარით დავურეკოთ.
– მაშინ აღარც ჩვენს აქ ყოფნას აქვს აზრი. – უკმაყოფილო სახით გამოეხმაურა ჩემს სიტყვებს სამირა. – ვეღარც პიკნიკზე წავალთ. ლოლამ რომ გაიგოს ეს მის გარეშე გავაკეთეთ, სამივეს სერიულ მკვლელს მოგვიგზავნის.
– პიკნიკი კარგი, მაგრამ მგონი შენ რაღაც გქონდა სათქმელი, სამირა. ჯერ კიდევ გუშინ ღამით დაიწყე ამაზე საუბარი.
– მახსოვს, მახსოვს, არ დამვიწყებია. – თვალებში ბედნიერების ნაპერწკლები აუთამაშდა.
– მერე? – ინტერესი კალესაც შეეტყო.
– არ ვიცი... ნამდვილად არ მეგონა, ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა თუ საავადმყოფოში მომიწევდა.
– იმედია, კარგი ამბავი მაინცაა. – დავლიე თუ არა წყალი, დაცლილი ერთჯერადი ჭიქა სანაგვეში ჩავაგდე და კვლავ მიმღების სკამზე ჩამოვჯექი. კალე და სამირაც გვერდით მომისხდნენ.
– მე და დემეტრეს გვეხება... კარგი ამბებია.
– აღარ იტყვი? – უკვე მოთმინება მეწურებოდა.
– კარგი, ვიტყვი, ვიტყვი. – ჯერ მე შემომხედა, მერე კი კალესკენ გაბრუნდა მომღიმარი სახით. – მოკლედ, სექტემბრის შუა რიცხვებში, მე და დემეტრემ ხელის მოწერა გადავწყვიტეთ. არანაირი ქორწილი და მსგავსი რამები. უბრალოდ ხელის მოწერის პატარა ცერემონიის დაგეგმვას ვფიქრობ და მინდა იმ დღეს, ორივენი ჩემს გვერდით იყოთ...






***
ამ წლის ზაფხული, მართლაც რომ იდეალური გამოდგა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველაზე იდეალურიც კი, რაც ჩემი ოცდაოთხწლიანი არსებობის მანძილზე მაგონდებოდა. ჩემ გარშემო, ყველაფერი იმდენად დაცლილი იყო უსიამოვნო, ნეგატიური მოვლენებისგან. ვიფიქრე, სიზმარი რომ იყოს, გამოფხიზლება არასდროს მომინდებოდა-მეთქი. დროის გასვლამ და ვითარების მოწესრიგებამ, დემეტრეს, სამირასა და მიშოს სამეული, კვლავ ერთ დიდ მუშტად შეკრა, რომლის დაშლაც უკვე არაფერს აღარ შეეძლო.
დემეტრეს ახლოს გაცნობისას, ხელში მიშოსგან რადიკალურად განსხვავებული, ბევრად უფრო ექსტროვერტი და უზომოდ მხიარული პიროვნება შემრჩა. ცოტათი გაკვირვებულიც ვიყავი, იმდენად ადვილად შემოვიდა კონტაქტში და ისე მალე დაამყარა ჩემთან მეგობრული კავშირი.
ერთი დიდი სიამოვნება იყო მისი და სამირას ერთად ყურება. დემეტრე თითქოს ის მალამო იყო, რომელიც ყოველ მის სულიერ ჭრილობას საამებლად ედებოდა და ტკივილის გარეშე ცხოვრების საშუალებას აძლევდა. იგი ჯადოსნური სახვევი იყო ნაწილებად დაფშვნილ გულზე.
ლოლა თანდათანობით ფორმაში დგებოდა და აღარც ის სირთულეები აწუხებდა, ორსულობის პირველ ტრიმესტრს რომ სდევდა თან. ოდნავ დასერიოზულებულიც მეჩვენებოდა, თუმცა მომენტებში მაინც იჩენდა ხოლმე თავს ძველი ლოლა.
რესტორანი Imagine ორმაგად დატვირთული გრაფიკით ამუშავდა, კულინარიის სამყაროში მეტად ცნობილი – დენიელ ლეისტერის შეფ-მზარეულად მოსვლის შემდეგ. მართალია, დიმიტრიზე ყველას გული გვწყდებოდა, თუმცა დენიელმა, თავისი უშუალო ხასიათით, კარგი იუმორითა და ყველასადმი გულთბილი დამოკიდებულებით, უმოკლეს დროში შეძლო მთელი კოლექტივისთვის თავის შეყვარება.
ზაფხულის დასასრულსა და შემოდგომის საწყის პერიოდში, ყველაზე განხილვადი სასაუბრო თემა, დემეტრესა და სამირას მომავალი ხელის მოწერის ცერემონია იყო. ორივენი ბავშვთა სახლში იყვნენ გაზრდილები და ნათესავები არ ჰყავდათ. ამიტომ ძალზედ ვიწრო წრეში, ოთხი ადამიანის მონაწილეობით გაიმართა. თითოეული ჩვენგანი ისე ველოდით ამ დღის დადგომას, როგორც წლის ყველაზე მასშტაბურ მოვლენას.
ცერემონია სექტემბრის შუა რიცხვებში უნდა გამართულიყო. მისი ორგანიზება წყვილმა ითავა. შემდგომი ალა-ფურშეტის მოწყობა ადგილმდებარეობა და ზოგადად ყველაფერი, ლოლამ და მიშომ აიღეს საკუთარ თავზე, როგორც ხელისმომკიდეებმა.
ბოლო მომენტამდე წვეულების ყველა დეტალს საიდუმლოდ ტოვებდნენ და არავისთან ძრავდნენ სიტყვას. მეც კი ვერ მოვახერხე მიშოსთვის რამე დეტალი მაინც დამეცდენინებინა, მიუხედავად იმისა, რომ ათასნაირი მეთოდით ვცადე სასურველი შედეგის მიღწევა.
განსაკუთრებული, რაც, უკვე განვლილი ზაფხულიდან მაგონდებოდა, ეს მიშოსთან გატარებული წუთები იყო. ალბათ ბოლომდე გახსნილად ვერასდროს შევძლებდი მეთქვა, რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე, ან რა ემოციებს იწვევდა მისი უბრალო შეხებაც კი. მხოლოდ გულმა იცოდა, როგორ მოუსვენრად ფეთქავდა მისი ალერსისას. ამ ადამიანის სუნთქვაც კი სიგიჟემდე მაბედნიერებდა.
ხელის მოწერამდე დარჩენილმა დღეებმა, თითქოს სინათლის სიჩქარით გაიფრინეს. გეგმის მიხედვით, სადღესასწაულო ცერემონია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში უნდა ჩატარებულიყო, საიდანაც ზღვის ყველაზე ლამაზი ხედები იშლებოდა. საბედნიეროდ, ცერემონიას თბილი ამინდი დაემთხვა. თვალების გახელისას, როცა საწოლში მწოლიარეს, ფარდებს შუა დატოვებულ სიცარიელეში შემოჭრილი, თბილი სხივები მომელამუნენ, მაშინვე დავიმუხტე იმ პოზიტივით, ასეთი სასიხარულო დღეებისთვის რომ იყო საჭირო.

ჩემს გვერდით მწოლიარე მიშოს გავხედე. ჯერ კიდევ უშფოთველად ეძინა და როგორც ჩანდა, გაღვიძებას დიდხანს არც გეგმავდა.
ხელის მოწერის ცერემონია თერთმეტის ნახევარზე იყო ჩანიშნული. წინ მხოლოდ ორი საათი გვქონდა. თუ არ ვიზარმაცებდით, ეს დრო სრულებით საკმარისი იქნებოდა ყველაფრის მოსასწრებად, ამიტომ მიშოსკენ სწრაფად გადავტრიალდი, მუცელზე გადავაჯექი და გასაღვიძებლად ყელზე დავუწყე კოცნა. შეიშმუშნა, თუმცა გაღვიძებით, მაინც არ გაღვიძებია. ეფექტის გასაძლიერებლად, ამჯერად მის ტუჩებზე გადავედი და ფაქიზად შევეხე ჯერ ზედა, ხოლო შემდეგ ქვედა ტუჩს. ვიგრძენი როგორ გაეღიმა. სულ რამდენიმე წამიც და უკვე ჩემს ზემოდან მოქცეული აგრძელებდა იმ „თამაშს“, რაც წუთის წინ მე წამოვიწყე.
მისი სხეულის უკეთ შეგრძნების მიზნით, მკლავებზე ხელები მჭიდროდ შემოვხვიე და მომენტით ბოლომდე დასატკბობად, გონებაში ყოველგვარი ფიქრი გავთიშე.

– მიშო, გეყოფა, ასე ვერასდროს ავდგებით საწოლიდან. – მოწყდა თუ არა ჩემს ტუჩებს, სუნთქვაგახშირებულმა ვცადე, შეჩერება. – ხუთი წუთით გვიანაც რომ მივიდეთ, ლოლა ორივეს დაგვანაწევრებს.
– ბოლო პერიოდში ყველაფერი ონლაინ-რეჟიმში გადადის და ამ ცერემონიასაც ონლაინ ხომ არ დავესწროთ? – ხელი ნაზად აატარა ჩემს ფეხს მან. – ოღონდ კამერა გავთიშოთ, თორემ უხერხულია.
– ბედი შენი, რომ ეს წინადადება ახლა მარტო მე მოვისმინე.
– დარწმუნებული ხარ, რომ მარტო შენ მოისმინე?
– რას გულისხმობ?
– არ ვიცი, ლოლა იმდენად იშვიათად გვტოვებს მარტო, შეიძლება ახლაც სადმე საწოლის ქვეშაა და ჩუმად გვისმენს.
– კარგი რა, მიშო, – სიცილით გავკარი მხარზე ხელი. – მის მდგომარეობაში მარტოობა უჭირთ ხოლმე. სულ უნდათ მათზე ვინმე ზრუნავდეს.
– მე იმის ინტერესი მკლავს, შენ როგორი იქნები მის მდგომარეობაში. – სახის ნაკვთებიდან, გზა ყელისკენ გაიკვლია და საბოლოოდ ლავიწის ძვალზე შემახო ტუჩები. – როცა ამაზე ვიწყებ ფიქრს, ფერად კაბებში წარმოგიდგენ ხოლმე, გვერდულად ჩაწნილი თმით და ყოველ დილით, საყიდელი პროდუქტების სიით ხელში, რომელსაც მე მიწვდი მსუნაგი სახით.
მიშოს სიტყვების ჩემს წარმოსახვებში გაცოცხლებამ, მთელი სხეული გამითბო. მართალია ქორწინება და ბავშვი, ჯერ ჩვენს გეგმების სიაში არ შედიიოდნენ, თუმცა იმის წარმოდგენა, რომ ერთ დღეს, დაუცველი და პაწაწინა არსება შემომხედავდა, გულს მიჩქარებდა
– არ მეგონა, ასეთ რამებზეც თუ ფიქრობდი ხოლმე.
– ჰო, ვფიქრობ და თუ მალე არ ავდგებით, ახლა რაზეც მეფიქრება იმასაც მოვიყვან სისრულეში...
მომზადების პროცესს ორივენი ერთობლივად შევუდექით. მიშო თავის ბინაში გავიდა და ნახევარ საათში იქედან გამზადებული დაბრუნდა. ჩემი არჩეული ნაცრისფერი სმოკინგი იმდენად უხდებოდაა, თვალი ვერ მოვწყვიტე. მე კი ჯერ მხოლოდ შხაპის მიღება მოვასწარი ამიტომ სწრაფად შევუდექი თავის მოწესრიგების პროცედურებს. მიშო სავარძელში მოკალათებული ადევნებდა თვალ-ყურს ჩემს დაჩქარებულ ტემპში მიმდინარე სამზადისს. უყურებდა, თუ როგორ ვარჩევდი შიდა თეთრეულს, როგორ ვიცვამდი კაბას, როგორ ვიტალღავდი თმას და როგორ ვირგებდი მაღალქუსლიან ფეხსაცმელს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თვალს არ მაშორებდა. მის ტუჩებზე გამკრთალი ღიმილი და თვალებში არეკლილი, მტაცებლური ჟინით სავსე გამოხედვა, საკუთარი თავის სარკეში დაკვირვების დროსაც კი მაფორიაქებდა.
ჯერი მაკიაჟის გაკეთებაზე რომ მიდგა, სავარძლიდან სწრაფად წამოდგა, ერთი მეტად ხანგრძლივი, სურვილით გაჯერებული კოცნა მისახსოვრა და კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა. გამიკვირდა მისი ასეთი მოულოდნელი საქციელი. გავხედე კიდეც კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით და დაუსმელ შეკითხვაზე, ასეთი პასუხი მივიღე:
– მარაგი წინასწარ შევივსე. გასვლის წინ რომ მეკოცნა, წუწუნს დაიწყებდი, ტუჩსაცხი რატომ მომაშორეო...
ხელის მოწერისთვის გამოყოფილი ადგილი, მართლაც ულამაზესი იყო ამ სეზონზე და ასეთ მშვენიერ ამინდში. სპეციალურად დაქირავებულ დიზაინერს, იდეალურად შეესრულებინა თავისი საქმე და იქაურობა ისე დახვეწილად ჰქონდა მორთული, გონებაში უმაღლესი ქულით შევაფასე.
ჰაერში შემოდგომის ფოთლების საამო სურნელი იყო გაბნეული. მზეც მხიარულად აცხუნებდა და თითქოს სპეციალურად ამ დღის გამო გვასაჩუქრებდა უხვად, თავისი თბილი სხივებით.
ხელის მოწერისთვის გამზადებული მაგიდა, თეთრი ორქიდეებით იყო გაფორმებული. ცოტათი ადრე მოვედით. რეგისტრატორი ჯერ კიდევ არ ჩანდა. არც დემეტრე და სამირა იყვნენ მოსულები. ადგილზე მხოლოდ ლოლა დაგვხვდა, რომელმაც ჩვენი გამოჩენაც კი ვერ შეამჩნია, რადგან ფოტოების გადაღებით იყო დაკავებული.
– როგორც იქნა, ვიღაც მაინც განოჩნდა ჰორიზონტის ხაზზე! – ფოტოს გადასაღებად აწეული ხელი, უმალ დაუშვა ძირს, როცა მის ობიექტივში ჩვენ მოვხვდით.
– დიდი ხანია აქ ხარ?
– არც მაინცდამაინც, – მომიგო თუ არა, მაშინვე გადაგვეხვია, ჯერ მე, შემდეგ კი მიშოს. დამკვირვებლური მზერა, სწორედ მასზე შეაჩერა. – თითქმის ერთ ფერში გვაცვია. მგონი სელფი უნდა გადავიღოთ, ჩემი ინსტაგრამისთვის
– სელფების გადაღება არ მიყვარს, ლოლა.
– არა უშავს, ჩემი ხათრით ამ ერთხელ უნდა შეიყვარო. – განუცხადა გადაჭრით და მაჯაში ხელის ჩავლებით, ისე მოულოდნელად წაიყვანა ყვავილებით გაფორმებული თაღისკენ, ხმის ამოღება აღარ დააცადა.
სიცილით გავაყოლე თვალი მიმავალთ. უკვე ვიცოდი ლოლას გადარეული ტვინი რასაც მოიმოქმედებდა და არც შევმცდარვარ. ამ მცირე დროის განმავლობაში იმდენი ფოტო გადაიღო, რასაც მე მთელი წლის განმავლობაშიც კი ვერ მოვასწრებდი. მიშოს ყველა ფოტოზე ტანჯული, მოთმინებადაკარგული გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ ეს სულაც არ აწუხებდა ლოლას.
კალე რომ გამოჩნდა, ლოლას ყურადღება ავტომატურად მისკენ გადაერთო და მე და მიშოსაც განმარტოების საშუალება მოგვეცა. მათგან ოდნავ მოშორებით გასულები, მოაჯირს დავეყრდენით და წინ გადაშლილ ზღვის ხედს გავხედეთ. ამაღლებულ განწყობაზე ვიყავი. ბედნიერებით მავსებდა თითოეული წუთი და მინდოდა ჩემი ეს განწყობა მთელ სამყაროს გადასდებოდა.
– მიდი, წარმოსახვა აამუშავე. – კარგად ნაცნობი, საყვარელი ხმა, ყურთან ძალიან ახლოს ჩამესმა. თვალებდახიჭულმა, ყელზე ცხვირი ნაზად შევახე. მისი სურნელი ის ნარკოტიკი იყო, რომლის მიღებაც ყოველდღიურად მესაჭიროებოდა, რომ თავი უფრო მშვიდად მეგრძნო.
– რისთვის უნდა ავამუშავო?
– მიდი, აამუშავე და შენი თავი ლამაზ, თეთრ კაბაში წარმოიდგინე. – ამჯერად უკნიდან დამიდგა, მკლავები კი მუცელზე მომხვია და ყურის ქვეშ ნაზად მაკოცა. ზუსტად იცოდა, სად მდებარეობდა ჩემს სხეულზე ყველაზე მგრძნობიარე ადგილები და ამას, მუდამ სათავისოდ იყენებდა ხოლმე. თხოვნა სახეზე მომდგარი ღიმილით, კითხვების გარეშე შევუსრულე და გონებაში პატარაძლის კაბაში გამოწყობილი საკუთარი თავი გავაცოცხლე,
– კარგი, უკვე წარმოვიდგინე, მერე?
– მერე ის, რომ როდესაც ამ კაბას ჩაიცვამ, სწორედ მაშინ დაიწყება ყველაზე კარგი და საინტერესო.
– ბევრისგან მსმენია, ქორწინების შემდეგ ქმრები მოსაწყენები ხდებიან და წყვილის ურთიერთობაც ჩვეულებრივ რუტინაში იძირებაო. – ჩემს მუცელზე შემოხვეულ მის მკლავებს, თითებით დავუწყე მოფერება. – როგორ ფიქრობ, მართალია?
– თუ გრძნობა ძლიერია, ყველაფერი პირიქითაა, მარიტა. ეს ურთიერთობა მაშინ უფრო იდეალური გახდება, როდესაც ჩემს სახლში, შენს პირად ნივთებს და ტანსაცმელს დავინახავ. როცა ერთ მაგიდასთან შევჭამთ, ერთ საწოლს გავიყოფთ და საშინელებათა ფილმების ყურებისას, ჩემი ჩახუტების გარეშე ვერ დაიძინებ. ბოლოს და ბოლოს, შენი ქმრის სტატუსი მაინც მომცემს საშუალებას მანქანა გიყიდო, თორემ სხვანაირად ამის უფლებას არ მაძლევ. – დამაატა ბოლოს სიცილით.
– არადა მე, ჩემი ძველი მანქანა მენატრება. რომ ვუფიქრდები, გვერდით  რომ არ მყოლოდი, იმ ავარიას ვერც გადავურჩებოდი.
– ნუღარ გაიხსენებ...
– ჩემს რაღაც ნაწილს მუდამ ემახსოვრება. – თავი უკან გადავწიე და მის მხარს ჩამოვადე. – შენნაირად ძალიან ცოტა თუ მოიქცეოდა ასეთ სიტუაციაში.
– ჩემნაირად, როგორ?
– საკუთარი თავის უკანა პლანზე გადაწევა და სხვის გადარჩენაზე ფიქრი, მაშინ, როდესაც სიკვდილს თვალებში უყურებ, მარტივი არაა.
– მარტივია, უბრალოდ გააჩნია სასწორზე ვისი სიცოცხლე დევს.
– ლეო აღარ დაბრუნდება, არა?
მიშომ ღრმად ამოიოხრა.
– მარიტა, წლების შემდეგ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მას ციხიდან გამოუშვებენ, მაგრამ მენდე, თმის ღერზეც ვერ შეგეხება. – ჯერ ბეჭზე მომეწებნენ მისი ტუჩები, შემდეგ კი ყელისკენ გადაინაცვლეს და ერთიანად ამავსეს სიმშვიდით. – მოდი, ამაზე არ იფიქრო და დღევანდელი დღით დატკბი, კარგი?
– კარგი. – ღიმილით დავუქნიე თავი, თან მისკენაც მივტრიალდი. ზოგადად, არასდროს მიყვარდა საჯაროდ სიყვარულის გამოხატვა. თუმცა იმ მომენტში, დანარჩენების იქვე ყოფნა არაფრად ჩავაგდე, ჩემს შიგნით დაგროვებული სურვილი ვერ შევაკავე და ვაკოცე. ჩემს მსგავსად მასაც არ  აინტერესებდა, შეგვამჩნევდა თუ არა გარშემო მყოფი საზოგადოება, ამიტომ კოცნაში სიამოვნებით ამყვა.
– და შენი ტუჩსაცხი?
– ნუ ღელავ, არ გადადის. – მივუგე სწრაფად და ზედმეტი დროის დაკარგვის გარეშე, კვლავ შუაში გაწყვეტილ, რომანტიკულ სცენას მივუბრუნდი...
დღის მთავარი გმირების გამოჩენას, ხმამაღალი აპლოდისმენტებითა და განსაკუთრებული ოვაციების თანხლებით შევხვდით. დემეტრე ყველა ქალისთვის საოცნებო პრინცივით გამოიყურებოდა, თავის თეთრ სმოკინგში, ხოლო სამირა ნამდვილი ზეციური ვარსკვლავივით ბრწყინავდა. 
მისი დახვეწილი დიზაინის, მოკლე კაბა, რომელიც თითქოს ნაპირისკენ წამოსული ზღვის ტალღების ქაფისგან იყო შეკერილი, თეთრი ლილიებითა და პატარა მზესუმზირებით გაწყობილი თაიგული ჰქონდა შეხამებული. იმავე სახეობის ყვავილები იყო გაბნეული სამირას ჩამოშლილ თმაში, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის, წელამდე ჰქონდა დაგრძელებული. წყვილის სილამაზისა და ბედნიერი სახეების შემხედვარეს, გული მტკიოდა, რომ ამ სიხარულის გამზიარებლები მხოლოდ ჩვენ ვიყავით და სხვა არავინ. მიმაჩნდა, რომ დემეტრეცა და სამირაც, ერთნაირად იმსახურებდნენ ოჯახები ჰყოლოდათ და ამ წუთებში, ნათესავები და ახლობლები მათი სიხარულის თანამონაწილენი ყოფილიყვნენ.
ცერემონია ყველა მნიშვნელოვანი წესის დაცვით ჩატარდა და საბოლოო ჯამში ულამაზესიც გამოვიდა. ხელის მოწერას მუსიკალურად აფორმებდა სპეციალურად დაქირავებული მევიოლინე გოგონა. ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი, აპარატურით ხელში დაიარებოდნენ აქეთ-იქით და ყველა დეტალს იღებდნენ.
ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური, მაინც საქორწინო ფიცის წარმოთქმის მომენტი იყო. მისი მოსმენა ყოველთვის განსაკუთრებულად მსიამოვნებდა, თუმცა სიტყვებმა, რომელიც სამირას ფიცში ეწერა, ლამის ცრემლებამდე მიმიყვანეს. იგი დაახლოებით ასეთი შინაარსისა იყო:
“ამ ფიცს შენ მაგივრადაც ვწერ, რომ თავიდანვე სიმბოლურად გამოვხატო, ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მუდამ ერთობლივი მსჯელობით მივიღებთ ხოლმე. კარგი, ვიტყუები. შენ მაგივრად იმიტომ ვწერ, რომ თვითონ არასდროს გამოგდიოდა გრძნობების სიტყვებად გადაქცევა. დამშვიდდი, საიდუმლო რომ გაგიმჟღავნე, ამისთვის ბოდიშს მოგვიანებით მოგიხდი, ახლა კი, შენის ნებართვით, უნდა განვაგრძო.
ჩვენი პირველი შეხვედრა, ისეთ ასაკს დაემთხვა, როდესაც ორივენი სათამაშოებით ხელში დავრბოდით და ცამდე ბედნიერები ვიყავით, თუ დღის ბოლოს, თავშესაფრის ზედამხედველები შოკოლადის კანფეტით დაგვაჯილდოვებდნენ. მახსოვს, რამდენჯერ გიჩუქნია შენი წილი კანფეტი ჩემთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ ტკბილეულის ჭამა მაბედნიერებდა. მახსოვს, როგორ მოვრბოდი შენთან სულელური სიზმრებისგან შეშინებული და როგორ მამშვიდებდი მზრუნველი ჩახუტებით. მახსოვს ის სუფთა, ბავშვური ღიმილი, რომლის დანახვა სულს მითბობდა. ალბათ გაიხსენებ, ერთხელ “ჩემი ვარდისფერი სათვალეც” კი გიწოდე და გულში, დღემდე მოგიხსენიებ ამ მეტსახელით.
გუშინდელი დღესვით მახსოვს ჩვენი პირველი კოცნა. იმ მომენტში, შენი მზერა ზუსტად ისეთი იყო, როგორზეც ნებისმიერი ქალი იოცნებებდა. ყოველი სიტყვითა და მოქმედებით, ძერწავდი ადამიანს, რომელსაც ყოველ წამის უფრო ძლიერად ვეჯაჭვებოდი. ერთხელ უკვე გავწყვიტე ეს ჯაჭვი. ერთხელ უკვე შევაბიჯე იმ სამყაროში, სადაც შენ არ იყავი და იქ დასარჩენად, ნებისყოფა დიდხანს არც მეყო. ვიცი, იდეალური არ ვარ, მაგრამ გპირდები, მუდამ ვეცდები ის ცხოვრებისეული საყრდენი გავხდე, რომელიც წაქცევის ნებას არ მოგცემს და თუ მაინც წაიქცევი, მაშინვე ფეხზე წამოგაყენებს. მთელი გულით მჯერა, რომ შენც იმავეს გააკეთებ ჩემთვის.
ვიცი, აუცილებლად მაპოვნინებ გასასვლელს, თუ ოდესმე მეგონება, რომ შავ ხვრელში მოვხვდი და ჩემთვის ყველაფერი დასრულდა. მჯერა გეყვარები, მიუხედავად იმისა, თუ ჩემდაუნებურად გაგაბრაზებ, ან გაწყენინებ. მჯერა, გონებაში ჩემ გარდა სხვისთვის ადგილი არასდროს გექნება. შენც დამიჯერე, რომ ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში არასდროს, არასდროს დადგება დღე, როდესაც ჩემს შენდამი მომართულ სითბოს, სიცივე შეცვლის. ეს არც გამომივა, რადგან სამყარომ, ყველაზე ღირებული საჩუქარი გამიკეთა შენი სახით და ეს საჩუქარი, ყოველდღიურად იგრძნობს ჩემგან, თუ რამდენად იღბლიანად ვთვლი თავს, ჩემს ცხოვრებაში მისი არსებობით...“
ფიცის ემოციურობამ ყველას მქუხარე აპლოდისმენტებისკენ გვიბიძგა, თუმცა ძალზედ მხიარული გამოვიდა უშუალოდ ხელის მოწერის მომენტიც. დემეტრემ, კითხვაზე –”თანახმა იყო თუ არა, ჭირსა და ლხინში ეერთგულა და მის გვერდით ყოფილიყო,” პასუხი დააყოვნა. სამირა იძულებული გახდა მხარზე ეჩქმიტა მისთვის და დაეჩქარებინა.
ცერემონიას ხანგრძლივი ფოტოსესია მოჰყვა. ლოლამ კვლავ მიშო გამოიჭირა და შემართებით ჩართო მობილურის წინა კამერა. დემეტრესა და სამირას, ფოტოგრაფი აძლევდათ მითითებს. რაც შემეხება მე, საერთო აჟიოტაჟს გამოვეყავი, დრო ვიხელთე და დანარჩენებისგან ოდნავ მოშორებით მდგომ კალეს, გვერდით ამოვუდექი.
– რა მოხდა, უკვე მოიწყინე? – მხარზე მკლავით დავეყრდენი, თან ლოყაზე ვაკოცე. –თუ უბრალოდ ფოტოების გადაღების პროცესი გღლის?
– შენთვის ოდესმე მითქვამს, რომ ასეთ ცერემონიებზე მუდამ გული მერეოდა? -პასუხის დაბრუნების ნაცვლად, რატომღაც კითხვა შემომიბრუნა მან.
– არა, პირველად მესმის.
– მაგრამ იმას დავამატებდი, რომ ამ ორის ყურებამ, მგონი აზრი შემაცვლევინა.
– ნუთუ? – ღიმილი ვერ შევიკავე მის სიტყვებზე და ხელის მოწერის მაგიდასთან, დანარჩენების გვერდით მდგომ მიშოს გავხედე. როგორც ჩანდა, უკვე დაესრულებინა საგვარეულო ფოტოსესია. – აზრი რა მიზეზით შეგეცვალა?
– არ ვიცი... იმდენად ნამდვილები და გულწრფელები არიან, თითქოს წარმოდგენა არ აქვთ, რა არის სიყალბე. – ჭიქიდან ოდნავ მოსვა მან შუშხუნა სითხე. – დღევანდელი წყვილების ფონზე, რომლებიც სოციალურ ქსელებში ბედნიერებისგან ბრწყინავენ, რეალობაში კი ტორნადოსავით არეული ურთიერთობა აქვთ, ძალიან მსიამოვნებს ასეთ გულწრფელ გრძნობებზე დაკვირვება.
– ორივემ დაიმსახურა ეს ბედნიერება.
– ჰო, ნამდვილად ასეა. – თავის დაქნევით დამიმოწმა, ცოტა ხანის შემდეგ კი მკითხა. –წვეულება სად იქნება, ჯერ კიდევ არავინ ვიცით, არა?
– მხოლოდ მიშომ და ლოლამ. – მივუგე იმედგაცრუებით. – ლამის ტყავიდან გამოვძვერი, მაგრამ წინასწარ ვერაფრის გარკვევა ვერ შევძელი.
– ლოლასგან არც მიკვირს, მაგრამ ჩვენი დირექტორის გამოსატეხად შეგეძლო კარგი სტრატეგია შეგემუშავებინა.
– არასწორად ფიქრობ. – თავი გავაქნიე და კვლავ მიშოს გავხედე. სწორედ იმ მომენტში, თავადაც გამომხედა, თუმცა ლოლამ საშუალება არ მისცა, დიდხანს ეყურებინა და კვლავ კამერისკენ მიატრიალებინა სახე.
– ანუ ეგეც კარგი კერკეტი კაკალია.
– იმაზე მეტად, ვიდრე წარმოიდგენ.
– პირველ რიგში, იმის გამო ეკუთვნის ჯილდო, რომ შენ გამო, იმ გადარეულს უძლებს. – სიცილით მოსვა თავისი ჭიქიდან კიდევ ერთხელ. – ან კამერა როგორ არ გადაეწვა, ან საერთოდ ტელეფონი? უკვე მემილიონე ფოტოს იღებს.
– კალე, რამდენიც არ უნდა უკბინო ლოლას სიტყვიერად, ზუსტად ვიცი, შენც ისევე ძალიან შეგაყვარა თავი, როგორც ჩვენ გვიყვარს.
– კარგი, კარგი, მაგას არც უარვყოფ, მაგრამ ხანდახან რომ მისი დახრჩობა მინდება, ესეც აშკარაა.
– გინდა თქვა, რომ ახლა მიშოსაც მისი დახრჩობის სურვილი კლავს, მაგრამ ჩემ გამო იტანს? – ეჭვნარევი ღიმილით მივუტრიალდი.
– შენ კარგად იცი, რომ დასავით მიყვარხარ, მარიტა. ძმების ეგოიზმს, თავისი დები არც ერთი კაცისთვის არ ემეტებათ ხოლმე, მაგრამ მიშო მართლა სწორი ცხოვრებისეული არჩევანია.
მესიამოვნა კალესგან ამ სიტყვების მოსმენა. იმიტომ, რომ მის აზრს, მართლაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი.
წამოწყებული საუბარი, სამირას ხმამ გავაწყვეტინა:
– მარიტა, კალე, აქეთ მოდით, ვალსის მუსიკა შევუკვეთეთ! – გვეძახდა ის.
საცეკვაო მოედანზე დემეტრემ გამიწვია. მართალია, ვალსი წესით წყვილს ერთად უნდა შეესრულებინა, თუმცა ხელის მოწერის ცერემონიის მსგავსად, ესეც კი არასტანდარტული იყო.
მიშომ და სამირამ, ჩვენგან ოდნავ მოშორებული ადგილი აირჩიეს საცეკვაოდ, ხოლო კალე და ლოლა ერთმანეთთან დაწყვილდნენ. ვიოლინოზე შესრულებული ნაზი მუსიკის ჰანგები, მალევე გაიფანტა ჩვენს შორის. ფოტოგრაფმა და ვიდეოგრაფმა კამერებით დაიწყეს ირგვლივ ტრიალი. მართალია სიტყვები არ მესმოდა, თუმცა პირის მოძრაობით შევამჩნიე, რომ მიშო და სამირა, ერთმანეთში რაღაცაზე მხიარულად საუბრობდნენ. მსიამოვნებდა მათი ყურება. ზოგადად მათი მეგობრობა მიყვარდა, რომელიც ყველაზე სუფთა და უანგარო იყო, რაც კი შეიძლებოდა ქალსა და მამაკაცს შორის ყოფილიყო.
– ყოველთვის იდეალურად ესმოდათ ერთმანეთის. – ფიქრებში გართულს რომ დემეტრეს ხმა მომესმა, სწორედ მაშინ გავიაზრე, მისი მზერაც მიშოსა და სამირასკენ რომ იყო მიმართული. – მათი ასეთი დამოკიდებულების ყურება, ბავშვობის წლებში მაბრუნებს. ცუდია, რომ უერთმანეთოდ ამდენი დრო დავკარგეთ.
– მთავარია ყველაფერი წარსულში დარჩა. – გამამხნევებელი ღიმილით ავხედე მის ბედნიერ სახეს.
– შენი და ლოლასი ძალიან მადლობელი ვარ, მარიტა.
– რისთვის?
– იმისთვის, რომ სამირას სწორედ მაშინ შეხვდით, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა თქვენნაირი კარგი მეგობრების გვერდში დგომა. – მადლიერება და სითბო, ერთობლივად იკითხებოდა დემეტრეს თვალებში. – თავისი ტრავმის დაძლევაში, დიდწილად თქვენც დაეხმარეთ.
– და შენ თვითონ როგორ გაუმკლავდი ამას? ძალა საიდან იპოვე? – ვეღარ მოვითმინე და ის შეკითხვები დავუსვი, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა.
დემეტრეს მტკივნეულად ჩაეღიმა.
– ვერ გეტყვი, რთული არ იყო-მეთქი, მაგრამ მაშინ იმას უნდა დავდგომოდი გვერდით, ვისაც ჩემზე მეტად უჭირდა. – წამით სამირასკენ გააპარა მზერა. – ვაღიარებ, დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემს რაღაც ნაწილს, უხარია კიდეც, რომ წარმოდგენა არ მაქვს, ეს ვინ ჩაიდინა.
– უხარია? – გავიკვირვე. – და რატომ?
– იმიტომ, რომ დაუფიქრებლად ვიქცეოდი მკვლელად. – თვალები დავხარე და ნიკაპით მის ბეჭს დავეყრდენი. იმის წარმოდგენაზეც კი გამაჟრჟოლა, რაც ცოტა ხნის წინ წარმოთქვა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ადამიანისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტვირთი, მკვლელის იარლიყით ცხოვრება იყო. განსაკუთრებით მაშინ, თუკი მკვლელობა, აფექტურ მდგომარეობაში იყო ჩადენილი და მის შინაგან პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.
– დემეტრე, ეს სამყარო შეიძლება ბინძური ჭაობია, მაგრამ არ მინდა მათ დაემსგავსო, ვინც ამ ჭაობში საკუთარი ნებით იძირება.
– მეტაფორები გყვარებია. – მსუბუქად ჩაეცინა.
– ჰო, და ის ხალხიც მიყვარს, ჩემს მეტაფორებს რომ სწორად იგებს.
ცოტა ხანს ღიმილით მიყურებდა თვალებში. შემდეგ დამატრიალა, ჩემი ხელები კისერზე შემოიხვია და შუბლზე ფრთხილად მაკოცა.
– მიშოსი უამრავ კაცს უნდა შურდეს, შენ გამო. როგორც კი გაგიცანი, მაშინვე მივხვდი, რა შეგამჩნია ისეთი, რის გამოც, ათი წლის განმავლობაში ვერ ამოგიგდო თავიდან.
– მოიცა, მოიცა, ანუ ყველაფერი თავიდანვე იცოდი? – გამომცდელად ავხედე. ცოტა არ იყოს გამიკვირდა. პირადი გრძნობების სხვისთვის გამჟღავნება, არ ჰგავდა მიშოს საქციელს, თუნდაც ეს მისი საუკეთესო მეგობარი ყოფილიყო.
დემეტრემ თავი დამიქნია.
- ჰო, ვიცოდი. ვიღაცისთვის მაინც უნდა ეთქვა, თორემ უკვე ჭკუიდან შეშლის ზღვარზე იდგა.
– კარგი, კარგი, ამას ნუ მეუბნები, თორემ თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
– ნუ გრძნობ, მარიტა. ყველაფრის ღირსი იყო, რასაც შენგან იღებდა. – სიცილით გახედა დემეტრემ მეგობარს. – იმის მაგივრად, რომ თავიდანვე ეგრძნობინებინა რამე, ვირივით იქცეოდა.
– მთლად ასეც არ ვიტყოდი. – სიცილში თავადაც ავყევი. – ჩემი დამოკიდებულების ფონზე, რთული იყო გულწრფელი საუბრის სურვილი გასჩენოდა.
– ეგ არ ვიცი, მაგრამ ჩემი ცოლი რომ მანიშნებს, შენთან ცეკვა მინდაო, ეგ აშკარაა. – თვალებით სამირასკენ მანიშნა. – რა ვქნა, უკვე ცოლია და მისი სიტყვა ჩემთვის კანონია.
– ახლა არ თქვა, ჩვენს ოჯახში მატრიარქატი იმეფებსო, მაინც არ დაგიჯერებ.
– სიტუაციას გააჩნია. – სიცილით აიჩეჩა მხრები. – თუკი კარგად მომეპყრობიან, გემრიელ კერძებს მომიმზადებენ და სიყვარულს არ მომაკლებენ, მუდამ მატრიარქატი იქნება. თუ უყურადღებოდ დავრჩები, მაშინ პატრიარქატს დავაბრუნებ.
– კაცები მართლა ბავშვებივით ხართ, იმ განსხვავებით, რომ წვერები ამოგდით...
ბოტანიკურ ბაღში დაყოფილი, სრული ორი საათის შემდეგ, უკვე დრო იყო საიდუმლო ადგილმდებარეობაზე გადაგვენაცვლა. გადამღებ გუნდთან ერთად, შემოდგომი გაჩერებისკენ ავიღეთ გეზი.
ალბათ წარმოსახვებში ისეთ ადგილს ველოდით, სადაც ლამაზი ხედები, მშვიდი ატმოსფერო და დახვეწილი დეკორატიული მორთულობა იქნებოდა. წესით ასეც უნდა ყოფილიყო, თუმცა რეალობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, როცა აღმოვაჩინეთ, რომ წვეულება არა ხმელეთზე, არამედ ღია ზღვაში, იახტაზე იყო. მიშოს და ლოლას არჩევანმა მართლაც სასიამოვნოდ გაოცებული დაგვტოვა. მესაჭე და გამცილებელი უკვე მზად იყვნენ მოვალეობის შესასრულებლად. მაგიდებზე ყინულით სავსე მომცრო სათლებში ჩაცივებული შამპანურის ბოთლები, ნაირნაირი ტკბილეული და მრავალი სახეობის კერძი მოჩანდა.
დიზაინერული გაფორმება ზუსტად ისეთი სადა და ნაზი შეერჩიათ, როგორიც, დღის მთავარი გმირების გემოვნებას შეესამაბებოდა. მიშოსა და ლოლას ზედმიწევნით ჰქონდათ გათვლილი თითოეული დეტალი. სამირას მათი იდეა ძალიან მოეწონა. დადებით ემოციებში ჩაფლულმა რომ უკნიდან, დემეტრეს ჩახუტება იგრძნო, თითები მის მკლავებს დაუსვა, ხოლო თავი მხარზე ჩამოადო და გადაკრიალებულ, ლურჯ ცას ახედა.
– კარგია, რომ მყავხართ, იცით? –სიყვარულით აელვარებული თვ ალები შემოგვანათა სამირამ. – აქამდე არასდროს მითქვამს, მაგრამ უზომოდ მიხარია, ჩემს ცხოვრებაში რომ არსებობთ, მიყვარხართ.
– დღეს თქვენი დღეა, ჩემო ბავშვებო, – ლოყაზე აკოცა ლოლამ სამირას, ხოლო დემეტრეს, ცალი ხელით აუჩეჩა თმები. – არანაირი სენტიმენტები და ცრემლები! ამაღამ ბოლომდე ვერთობით და ნასვამებს, ისედაც ყველას, ყველა გვეყვარება!
– იმ განსხვავებით, რომ მეზობლებს არავინ დაითვლის. – შესწორება შეიტანა კალემ, ლოლას სიტყვებში და ხელკავი გამოსდო. – შენ სულ ტყუილად გიხარია. ამაღამ, პირადად გაგაკონტროლებ, რომ წვეთიც არ დალიო!
– ჩემს ქმედებებზე აზრის გამოთქმის უფლება მოგეცი და აღარ მახსოვს?
– უფლება თავად მივანიჭე ჩემს თავს. თუ რამე მოხდება, ზუსტად ვიცი, მე ვიქნები ის უიღბლო, ვისაც წუწუნით დაურეკავ და შეეხვეწები რამე გიშველოს, ამიტომ წინასწარ ვიღებ ზომებს.
– მოკლედ, ყველა რომ თავის თავზე ფიქრობს რაა, – თვალები აატრიალა ლოლამ, მერე კი დანარჩენებს მოგვიბრუნდა. – კარგი, ახლა ყველანი ერთ ხაზზე ვეწყობით და ხმელეთის ვტოვებთ. თუ დალევით ვერ დავლევ, მუსუკალურად მაინც გაგიფორმებთ საღამოს...



***
სახლამდე რომ მივაღწიეთ, უკვე შუა ღამეს იყო გადაცილებული. ორივენი ძალიან ვიყავით დაღლილები, თუმცა სასიამოვნო შეგრძნებები, რაც იახტის წვეულებაზე გატარებულმა დაუვიწყარმა დრომ დაგვიტოვა, მაინც არ გვტოვებდნენ.
ჩემი ბინის კარი, რომელიც ორივე საკეტით საიმედოდ მქონდა ჩარაზული, მიშომ დიდი გაჭირვებით გააღო და შიგნით ხელში აყვანილი შემიყვანა. მხოლოდ რამდენიმე ჭიქა შამპანური მქონდა დალეული, მაგრამ იმდენად ვიყავი მოთენთილი, მუხლებში ძალა აღარ შემრჩენოდა, რომ ჩემი ფეხით მევლო.
ბინაში შუქები ყველა ოთახში იყო ჩამქვრალი. მხოლოდ სარკმლიდან შემოსული მთავარის შუქი ებრძოდა ღამეულ წყვდიადს, თუმცა იმდენად მკრთალად, გზის გაგნება ცოტათი ჭირდა. მიშოს მაინც ვთხოვე სინათლე არ აენთო. ვერასდროს ვიტანდი სიბნელის შემდეგ მკვეთრი შუქის დანახვას და ვიცოდი, ახლაც შემიქმნიდა დისკომფორტს. მისაღებიდან საძინებელში გადავინაცვლეთ. იქაურობა ბევრად უფრო მკვეთრად იყო განათებული, რადგან ქუჩის მხრიდან სინათლეები საკმაოდ კარგად შემოდიოდა. მიშომ ცალი ხელით თეთრეული აშალა და შიგნით ისე ფრთხილად ჩამაწვინა, თითქოს ტკბილი ძილით მეძინა და ჩემს გაღვიძებას ერიდებოდა. შემდეგ წამოდგა, საწოლის ბოლოში დამიჯდა და ქუსლიანი ფეხსაცმელი, საკუთარი ხელით გამხადა ორივე ფეხზე.
წამითაც ვერ ვაშორებდი თვალს, როდესაც ამ ყველაფერს აკეთებდა. არ ვიცოდი, ეს ჩემს სისხლში არსებული ალკოჰოლის გარკვეული დოზის გამო ხდებოდა თუ არა, მაგრამ ამ სცენის შემყურე, გული აჩქარებით მიცემდა. მონუსხული ვაკვირდებოდი მიშოს ყოველ მოძრაობას, ყოველ ჟესტსა თუ მიმიკას და ვხვდებოდი, რამდენად იყო მოდებული ეს ადამიანი, მთელ ჩემს შინაგან სამყაროს.
საწოლში უხმოდ წამოვიწიე და მის თვალებს მზერა გავუსწორე. ახლა ძილი ნამდვილად არ მინდოდა. ჩემს გონებას რაღაც დიდი სიგიჟის გაკეთების სურვილი კლავდა. რამე ისეთის, რაც ამ ღამეს უფრო განსაკუთრებულს გახდიდა, ვიდრე აქამდე იყო.
მუხლებში სისუსტეს ვგრძნობდი და სიარული ცოტათი მიჭირდა, მაგრამ თავს ძალა დავატანე და ლოგინიდან წამოდგომა მაინც დამოუკიდებლად მოვახერხე. მიშოს შეკითხვისთვის თუ სად მივდიოდი, პასუხი არ დამიბრუნებია. ამის ნაცვლად, კაბის ელვაშესაკრავი საკუთარი ხელით გავიხსენი, იგი სწრაფად მოვაშორე ჩემს სხეულს, თავად კაბა კი იატაკზე მოოვისროლე და შიდა თეთრეულში გამოწყობილი მივუახლოვდი ოთახიდან გასასვლელ კარს. უკან მხოლოდ ორი წამით მოვიხედე, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რათა მიშო მინიშნებას მიმხვდარიყო და უკან გამომყოლოდა.
მისაღების გავლით, იმ ოთახისკენ გავემართე, რომელიც მთლიანად როიალისთვის მქონდა დათმობილი. შიგადაშიგ უკანაც ვიყურებოდი. ღამის სიბნელეში ბუნდოვნად შევნიშნე, როგორ გაიხადა მიშომ თავისი პიჯაკი და როგორ დაუდევრად მოისროლა როიალის ოთახისკენ მიმავალ დერეფანში.
მის დაჟინებულ მზერას ცხადად ვგრძნობდი და გული გამალებით მიცემდა. მუცელში ჯერ კიდევ არგანცდილი სიამოვნება, თბილი წყალივით მეღვრებოდა და ენდორფინის საკმაოდ დიდი დოზითაც მავსებდა. ოთახში შესულმა, იქაურობას პატარა, ოქროსფრად მანათობელი სანათით მოვფინე ნათელი. ღამეულ წყვდიადში, მაშინვე გამოიკვეთა როიალი, კედელზე მიმაგრებული პატარა თაროები და მათ ქვემოთ მდგომ დივანზე, უწესრიგოდ მიყრილი ნოტები.
– მითხარი, რის გაკეთებას ცდილობ? – ხმაში ღიმილი შეპარვოდა მიშოს. პასუხი კვლავაც არ გამიცია. მისთვის თვალის მოუშორებლად, გამომწვევი მზერით წავიღე ხელები ზურგს უკან, ბიუსჰალტერის შესაკრავი შევიხსენი, იგი ნელ-ნელა მოვაშორე ჩემს მკერდს და იატაკზე მივუჩინე ადგილი.
შევამჩნიე, თუ როგორ დაეჭიმა მიშოს მთელი სხეული ამის დანახვისას. თვალებში იმოდენა ვნება ედგა, მათი ყურება უზარმაზარ ნეტარებას მგვრიდა და უარესი სიგიჟეებისკენ მიბიძგებდა. როიალის წინ სკამზე ჩამოვჯექი და კლავიშებს თითები გადავატარე. უკვე ზუსტად ვიცოდი, რა მელოდიასაც გავაჟღერებდი. სანამ დაკვრას დავიწყებდი, მანამდე მიშოს ხმა მომესმა:
– ჩემს ჭკუიდან გადაყვანას ცდილობ? – კიდევ უფრო მეტად მომიახლოვდა და ინსტრუმენტს ორივე მკლავით ჩამოეყრდნო. – ის შიშველი პიანისტი იქნები, ვინც მარტო ჩემთვის დაუკრავს?
– არა, უბრალოდ მინდა სიზმარი გიქციო რეალობად. – უტეხად შევხედე მის  ქარვისფერ თვალებს. – ზუსტად ასე იყო, არა? მე შიშველი ვუკრავდი როიალზე, შენ კი გვერდით მეჯექი და გაშლილ თმაზე მეფერებოდი.
– მაშინ კიდევ ბევრი რამ არ მოგიყევი, რაც მაგ სიზმარში ხდებოდა...
– შეგიძლია ახლა გაიმეორო ყოველი კადრი, – კვლავ განვაგრძობდი ცეცხლთან თამაშს და სიამოვნებას მგვრიდა ის მხურვალება, ამ თამაშისგან ვიღებდი. – ახალი რამებიც დაამატე, მეტი მრავალფეროვნებისთვის.
პასუხს აღარ დავლოდებივარ. ვიცოდი, რომ სიზმრის მთელ სცენარს რეალობაში გადმოიტანდა, კლავიშებს თითები შევახე და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მელოდიის Vivo per lei (იტალ:-მე ვცხოვრობ მისთვის) დაკვრა დავიწყე. მუსიკალურ საკრავთან “ურთიერთობაში”, მთელი გრძნობითა და ემოციით ვიყავი ჩართული, თუმცა ჩემი შიშველი სხეულის ყოველ წერტილზე, მის დაჟინებულ მზერას მაინც ცხადად ვგრძნობდი. მარტო მიშოს შეეძლო არ შემხებოდა, მაგრამ მზერით ათას შეხებაზე უფრო ემოციური და სულისშემხუთველი სიამოვნება მოენიჭებინა.
გვერდით რომ მომიჯდა, ოდნავ დავიბენი და ნოტებიც ამერია. მერე დავმშვიდდი. მიშომ ნელა წამოიღო ჩემკენ ხელი, სახეხე ჩამოყრილი თმა ორი თითით გადამიწია და მხარზე ტუჩები ნაზად შემახო.
– ეს მელოდია სპეციალურად სათაურის გამო აარჩიე? – გაჟღერდა თუ არა შეკითხვა, მისმა ტუჩებმა ყელზე გადაინაცვლეს და დაკვრის გაგრძელების შესაძლებლობა მომისპეს. კონცენტრირებას უკვე ვეღარაფერზე ვახდენდი. ჩემი გახშირებული სუნთქვის ხმა, ყურებში ექოსავით ჩამესმოდა, ხოლო სხეულზე მოძრავი მიშოს ხელები, სიამოვნების ზღვაში მძირავდნენ.
მისმა ბაგეებმა საფუძვლიანად მოიარეს მთელი ყელი, ნიკაპზე გადავიდნენ და ჩემს ტუჩებამდეც მოაღწიეს.  მოწოლილმა ვნებებმა, მიშოს პერანგის ღილების ერთმანეთის მიყოლებით დაწყვეტა მაიძულეს. როდესაც წელს ზემოთ გავაშიშვლე, მისი კანის სასიამოვნო მხურვალება, ბოლომდე შევიგრძენი საკუთარი კანით და საყვარელი სურნელი ღრმად შევისუნთქე.
გაუჩერებლად მკოცნიდა. ისე მეფერებოდა, ეტყობოდა, რამდენად სურდა ემოციებს საბოლოოდ შევეშალე ჭკუიდან. სკამიდან რომ წამომაყენა და წელზე შემომისვა, ოთახში მდგომი ერთადერთი, პატარა დივნის მიმართულებით დაიძრა. მასზე უწესრიგოდ დაყრილი ნოტები, ერთი ხელის მოსმით გადმოყარა იატაკზე. შემდეგ ზედ გადამაწვინა, ზემოდან მომექცა და ორივე მაჯა თავს ზემოთ გამიკავა.
– კიდევ რამდენი ფარული თვისება იმალება შენში, მარიტა? – მკითხა  სურვილისგან დახშული ხმით, იმ ადგილას მაკოცა, სადაც, კოლიბრი მქონდა ამოსვირინგებული. ეს ადგილი, ყველაზე მეტად უყვარდა ჩემს სხეულზე და თავადაც ხშირად აღნიშნავდა ხოლმე ამას.
– ამას წლები გვიჩვენებს.
– ცუდია, რომ საუკუნეები არ გვაქვს.
– უკვდავება გინდა? –ღიმილით შემოვხვიე ყელზე ორივე ხელი და ცხვირის წვერზე ტუჩები ოდნავ შევახე.
– მხოლოდ იმიტომ, რომ გავიგო, მოგინდებოდა თუ არა ჩემი მოკვლა, ასწლიანი თანაცხოვრების შემდეგ. – აღარაფერი უთქვამს. საუბრით, მხოლოდ მისი სხეული მესაუბრებოდა, თანაც დაუსრულებლად და უსიტყვოდ მაგრძნობინებდა ყველაფერს, რასაც მთელი ათი წლის განმავლობაში, ჩემგან მალულად ინახავდა მისი გული.
ერთიანად მოდუნებული და სასმელისგან მოთენთილი, მიშოს ყოველ მოქმედებას მაინც აქტიურად ვყვებოდი. იმის გააზრებაც კი სიგიჟემდე მსიამოვნედა, რომ  ერთადერთი იყო და ჩემმა სხეულმა, მხოლოდ მისი ალერსის გემო იცოდა. ენერგიისგან დაცლილებს, აღარც კი მახსოვს ზუსტად როდის ჩაგვეძინა. აღქმის უნარი მხოლოდ გამთენიისას, გამოღვიძებულზე დამიბრუნდა და ყურში სასიამოვნო მელოდიასავით ჩამესმა ღია ფანჯრიდან შემოსული, კოკისპირული წვიმისა და ჭექა-ქუხილის ერთმანეთში შერწყმული ხმები. სარკმლიდან სველი წიწვების გრილი, მომწარო სურნელი შემოდიოდა. ამ სურნელს რომ კოფეინის მძაფრი არომატი შეერია, დავინახე, თუ როგორ შემოაბიჯა წელს ზემოთ შიშველმა მიშომ ოთახში და როგორ დადგა ფანჯარასთან თავისი ყავის ჭიქით ხელში.
პლედი, რომელიც ზუსტად ვიცოდი მე არ დამიფარებია, მაშინვე გადავიძვრე და სხეულის დასაფარად ტანზე მჭიდროდ შემოვიხვიე. ჩემს ამ ქმედებაზე გვერდულად ჩაეღიმა. მუდამ მთხოვდა, მასთან დამევიწყებინა რას ნიშნავდა სიტყვა ”რიდი”. მიუხედავად ამისა, ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ვახერხებდი გათავისუფლებას და იმის გააზრებას, რომ ჩვენს ურთიერთობაში ასეთი თამამი ქცევები სრულიად ნორმალური იყო.
– შენში მაინცაა ცოტა მორცხვობა, – ყავის ჭიქიდან მოსვა მიშომ, თან გამომცდელი მზერა ამატარა მთელ სხეულზე. – იმედია, ამ ეტაპს მაშინ მაინც გადალახავ, როდესაც ჩემი ცოლი გახდები.
– ცოლი? – ტანზე შემოხვეული პლედის გამო, ზედმეტად ნელა მივუახლოვდი. მიშომ ორი თითით გადამიწია თმა ყურს უკან. მისი მზერა კვლავ სულში მიძვრებოდა და ცდილობდა ყველასთვის მიუვალი და მიუწვდომელი დაენახა.
– ამ სიტყვის ხსენებაზეც კი გაფითრდი.
– არა, უბრალოდ სულ რამდენიმე დღეა, რაც მსგავს თემებზე მიწყებ ხოლმე საუბარს. მანამდე ეს არასდროს მომხდარა.
– სულ ცოტაა დარჩენილი იქამდე, როცა მხოლოდ საუბარს არ დავჯერდები. – ჩემს პლედს ხელი მოჰკიდა, ნელი, გამომწვევი მოძრაობით შემომხსნა და მაჯაში ხელის ჩავლებით თავისკენ მიმიზიდა. სუნთქვა კვლავ ამერია.
– რა მოხდა, მხოლოდ გუშინ იყავი თამამი? მგონი ალკოჰოლი შენზე ისე მოქმედებს, როგორც ჩემს ფანტაზიებს აწყობს.
– შენი ფანტაზიები რომ საზღვრებს არ სცნობს, მაგას უკვე დიდი ხანია მივხვდი.
– იცი, რა სულისშემძვრელად ლამაზი ხარ ახლა? – ხელები ზურგზე ჩამომიტარა და წელამდე ჩასულმა, მკლავები მჭიდროდ შემომხვია. – ეს ნაზი კანი, მასზე გაბნეული სურნელი, ეს ტუჩები. ამ ქვეყნად ვერაფერი გამანადგურებს მათ გარეშე დარჩენის გარდა.
– დარწმუნებული ხარ? – მისი სიტყვებით ნასიამოვნებს, სახიდან ღიმილი არ მშორდებოდა. – თანაცხოვრებაში, მამაკაცებს, ქალების გაგება ხშირად უჭირთ ხოლმე.
– ვიცი, – ოდნავ შეეხო ჩემს ტუჩებს. – მაგრამ როცა მამაკაცი ცხოვრების ქალს ირჩევს, უნდა შეეგუოს, რომ მის ფილოსოფიას ბოლომდე ვერასდროს ჩაწვდება. საყვარელი ქალები იმისთვის არსებობენ, რომ ისინი გვიყვარდეს და არა იმიტომ, რომ მათი გაგება ყოველთვის შეგვეძლოს.
– დაუჯერებელია.
– რა არის დაუჯერებელი?
– ის, რომ ასეთი ხარ. – ინსტიქტურად წავიღე ორივე ხელისგული მისი სახისკენ. –მთელი ათი წელი, შენში ეგოისტ, დაუნდობელ და ცინიკურ ადამიანს ვხედავდი, რომლისგანაც თავი შორს უნდა დამეჭირა, მაგრამ როგორც ჩანს, მედალს მართლა ორი მხარე აქვს.
– სჯობს, წარსულს შევეშვათ. რამე უფრო საინტერესო თემაზე გადავიდეთ, მაგალითად აი ამაზე, – ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა, დაცვის სისტემა თითის ანაბეჭდით გახსნა და სულ რაღაც ორ წამში, მობილური ჩემკენაც მოატრიალა. ეკრანზე ფერად-ფერადი ყვავილების ბაღში დადგმული, ლამაზი, ორსართულიანი სახლის ფოტო იყო გამოსახული. მართალია ვერ ვხედავდი რა ხდებოდა მის შიგნით, თუმცა მხოლოდ ექსტერიერიც კი მყუდროდ გამოიყურებოდა.
– ეს რა არის? – კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით ავხედე.
– გახსოვს, იტალიაში რა შემთხვევაში წავალთ ერთად?
– მახსოვს, – თავის დაქნევითაც დავუმოწმე. – მაშინ, როცა შენზე უგონოდ ვიქნები შეყვარებული და ამას ხმამაღლაც მოისმენ ჩემგან.
– ადრე მითხარი, ყველაზე საყვარელ შოკოლადს, ყველაზე განსაკუთრებულ მომენტებში ვხსნიდი ხოლმეო, მაგრამ დამიჯერე, აქ ეს არ გჭირდება. – ცერა თითით, ტუჩებზე ნაზად მომეფერა. – სიტყვებზე ბევრად ფასეული, დამოკიდებულებაა, ამიტომ სულსწრაფობა გამოვიჩინე.
– რა სულსწრაფობას გულისხმობ? – ჯერ კიდევ ვერ მივმხვდარიყავი მისი ნათქვამის უკან დამალულ ქვეტექსტს.
– იმას ვგულისხმობ, რომ შეგიძლია მონეტა გაამზადო ტრევის შადრევნისთვის. ამ სახლში, შენთვის საოცნებო რომაულ არდადეგებს გავატარებთ . . .


***
ადამიანებს, მედლის მსგავსად ორი ორი მხარე გაგვაჩნია. აქედან ერთი ის იმიჯია, რომელსაც საზოგადოების დასანახად ვიქმნით, ხოლო მეორე – ჩვენი რეალური, სხვებისგან დაფარული სახე. ამით ადამიანები მთვარესაც ვგავართ. ციურ სხეულს, რომლის ნაწილიც ხშირად გვემალება და მხოლოდ იმ მხარეს გვაჩვენებს, რომელიც თავად სურს დავინახოთ.


დასასრული . . .



№1 სტუმარი Ana-maria

ისედაც ველოდი,რომ თქვენი ისტორია მომეწონებოდა,მაგრამ ეს ისტორია ყველაზე მაგარი იყო. ისე ლამაზად გადმოეცით მარტის და
მიშოს სიყვარულის ისტორია,გული დამწყდა რომ დასრულდა. კარგად იკითხებოდა და ძალიან საინტერესო იყო.მინდა ავღნიშნო,წარსულიდან მომავალში ისე უმტკივნეულოდ ვმოგზაურობდით, რომ საერთოდ არ იგრძნობოდა.
არ მინდოდა დასრულებულიყო და გაგრძელებულიყო,შვილიშვილებსაც მოვსწრებიდი და ა.შ. მოკლედ,ძალიან კარგი ისტორიაა და დაველოდები ახალ საოცარ ისტორიებს. წარმატებები ❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

ლამაზად წერთ❤️ ველოდებით ახალს

 


№3 სტუმარი Natia

Saocrebaa????

 


№4 სტუმარი ეთო

სულ უნდა წერო და წერო.ასეთი დიდი სიამოვნება არ უნდა მოგვაკლო, დანაშაულია ????საოცარი და საინტერესო წყვილი შექმენი.წარმატებები ჩემო კარგო და დიდი მადლობა ასეთი სიამოვნებისთვის, რაც ამ ისტორიის წაკითხვისას მივიღე.❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი თალო

შენი თითოეული ისტორია წაკითხული მაქვს და ყველას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.ამ ისტორიის პირველი თავი რომ დაავასრულე გადავწყვიტე შენი სხვა ნამუშევრებისთვისაც გადამევლო თვალი, თუმცა როგორც აღმოვაჩინე სწორედ ის ავტორი ყოფილხარ ვისი ისტორიაც ამ საიტზე პირველად წავიკითხე,უბრალოდ სახელი გქონდა შეცვლილი.ყოველთვის მომწონდა შენი წერის სტილი ყველაფერს დამაკმაყოფილებად ყვები და არც ზედმეტობის და არც ნაკლებობის განცდა მრჩება.
რაც შეეხება თვითონ ისტორიას,მარიტა ხომ კარგია და კარგია ორი აზრი არ არის ჯერ მარტო სახელის გამო მიყვარს.მაგრამ მიშოო?! მიშო არის არ ვიცი, უუუდიდესი იმედი მაქვს ნამდვილ ცხოვრებაშიც არიან ასეთი მომთმენი,მოსიყვარულე და ღირსეული ადამიანები.
მოკლედ მადლობელი ვარ შენი თითოეული ისტორიის და იმედი მაქვს მალე ახალი ისტორიით დაბრუნდები.
პ.ს შენს რამდენიმე ისტორია საიტიდან წაშლილია და რატომ?

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიკა

რა მაგარია.
მწ ველოდები უამრავ იატორიქს თქვენგან
ღმერთმა მოგცათ ნიჭი და რომ არ გამოოყენოთ დანაშაულია.დიდი მასლობა

 


№7 სტუმარი სტუმარი რუსკა

გული რომ დაგწყდება რომ დაამთავრე კითხვა ისეთია ეს ისტორია.ზუსტად ვიცი კიდევ ბევრჯერ გადავიკითხავ.მადლობა თქვენ ასეთი ლამაზი ისტორიიისთვის

 


№8 სტუმარი ის

ლამაზად წერთ,არაჩვეულებრივი ისტორიააა და ძალიან კარგი საკითხავი მაგრამ ეს სიტყვა "რათა" ძალიან ძალიან ბევრჯერ და არასაჭიროდ გაქვთ გამოყენებული. წარმატებები

 


№9 სტუმარი kati

ძალიან კარგი იყო.გული დამწყდა,რომ დასრულდა.

 


№10 სტუმარი გიული

ისევ თავიდან წავიკითხე,რა ლამაზად დაასრულეთ,ძალიან მომეწონა,მადლობა ამისთვის

 


№11 სტუმარი სტუმარი მარიამი

რა კარგი იყო❤️ არ მინდოდა დასრულებულიყო???? მადლობა❤️

 


№12 სტუმარი ვაჰჰოგანი

საოცარიაა!!! რეკომენდაციას ვუწევ!! მე ვიცნობ ანუბისის შემოქმედებას????????????????

 


№13 სტუმარი ნესტან

საოცრება იყო ძალიან მომეწონა ეს ორი სხვა განზომილებაში გვაგდებს ამათი სიყვარული ხომ საოცრებაა არ მინდოდა დაგესრულებინა კიდევ წავიკითხავდით ალბათ უსასრულოდ ისეთი სასიამოვნო ნაწარმოებია ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ♥️❤️❤️

 


№14  offline წევრი Mmarriamkk

ძალიან კარგი იყო❤️❤️ წარმატებები❤️❤️❤️

 


№15  offline წევრი TamoTi

ძალიან მომწეონა,სასწაული იყო♥️♥️ჯერ ძველები გადავიკითხე და მერე დავიწყე ეს♥️♥️მიყვარს ეს ორი ძალიან♥️
წარმატებები და კიდევ ბევრი ასეთი საოცრება შემოგვთავაზე რა♥️♥️

 


№16 სტუმარი ცირა

თქვნი სხვა ისტორიები სად ვნახო?❤️❤️❤️ ეს ძალიან მომეწონა და ვისიამოვნე.უღრმესი მადლობა თქვენ ამისთვის.❤️❤️

 


№17 სტუმარი სტუმარი თამთა

პირველად ვკითხულობ თქვენს ნაწარმოებს საოცრება და სასწაული იყო დასაწყისიდან ბოლო აბზაცამდე. ...საოცრად გამართული ინფორმაციული და დახვეწილი რომანია რომელიც აუცილებლად იმსახურებს წიგნად გამოცემას ჩემო კარგო.....თქვენისთანა ხელოვნები სულ უნდა წერდეთ ბევრს არ შეუძლია ასეთი საოცრების შექმნა

 


№18 სტუმარი სტუმარი მაიკო

საოცარი იყო.
თავდავიწყებით გადავეშვი ამ სიამოვნების მორევში!
დიდი მადლობა!

 


№19 სტუმარი სტუმარი ნენე

ძალიან,ძალიან კარგი იყო.ერთი ამოსუნთქვით იკითხება.მადლობა❤️❤️❤️

 


№20 სტუმარი სტუმარი ანა

საოცარი იყო. ისეთი რომ არ მინდოდა დამთავრებულიყო❤️

 


№21 სტუმარი სტუმარი ნინო

მართლა ძალიან მომეწონა????????????ყველას გირჩევთ წაკითხვას

 


№22 სტუმარი სტუმარი ნინა

კარგა ხანია ასეთი ემოციები არც ერთ ისტორიას არ გამოუწვევია.????????????????????????????????

 


№23 სტუმარი ნინო ფეიქრიშვილი

აი მართლა სასწაული იყო♥️

 


№24 სტუმარი სტუმარი სოფი

ძალიან კარგი ისტორიაა ემოციებით სავსე.მადლობა თქვენ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent