კიტის (თავი XII)
“კოშმარი, რომელშიც ვცხოვრობთ” ორ კვირას საავადმყოფოში ვიცხოვრეთ. იქვე ვჭამდით, ვსვამდით და 5 წუთის სავალზე, ნინოს დის სახლში ვათევდით ღამეს, რომ ადრიანად დავდგომოდით თავზე თეოდორს. საცხოვრებლად ყველანი იქ გადავედით, გარდა კიტისა. ტეო დღითიდღე უკეთ ხდებოდა. დილით, მას შემდეგ რაც ყველანი პაციენტს მოვინახულებდით, ნინო და ერეკლე სახლს მიაშურებდნენ, რომ უმცროსისთვის დაეხედათ, ნაშუადღევს კი კვლავ ჩვენთან ბრუნდებოდნენ. ერთი-ორჯერ კიტიც მოვიდა. ჩვენგან შეიტყო ტეოს ამბავი და იქამდე გაგვეცალა, სანამ ვკითხავდით, თავად რატომ არ შედიოდა მის მოსანახულებლად. უმცროსს დინა და დანარჩენები შვილივით უვლიდნენ, ამიტომ მასზე არ ვღელავდით. ორი კვირის თავზე შინ თეოდორთან ერთად დავბრუნდით. მართალია, სიარული უჭირდა და გამუდმებით გამაყუჩებლის ზემოქმედების ქვეშ იყო, მაგრამ მაინც შეგვეძლო გვეთქვა, რომ ყველაფერმა ჩაიარა. შინ სადილის დროს შევაბიჯეთ. ვერ ვიჯერებდი, რომ აქაურობა მომნატრებოდა. ამ სახლს, ნივთებს, ყველა კუთხესა თუ კუნჭულს ჩემთვისაც შეეძინა მნიშვნელობა. უკვე ყველაფერი ჩემს მოგონებებს ინახავდა. სახლში ვიყავი. დინას ათასნაირი კერძი მოემზადებინა. ტეოს მეგობრებიც იქ იყვნენ. იმდენი ადამიანი ირეოდა, აქაურობა მეჯლისს მომაგონებდა, თუმცა კი შესაფერისად არავის გვეცვა. თვალებით კიტის ვეძებდი. -ჩვენი ქალბატონი სად ბრძანდება? - იკითხა ერეკლემ მანამ, სანამ ყველანი მაგიდას მივუსხდებოდით. -კატერინასთან წავიდა, - თქვა დინამ სასხვათაშორისოდ და წინსაფარი დაიფერთხა, - მალე დაბრუნდება. ვიფიქრე, ამ ორმა კვირამ ძალიან გადამქანცა და რაღაც მომესმა მეთქი, მაგრამ ნინოს რომ წყალი გადასცდა და კინაღამ დაიხრჩო, მივხვდი, არაფერი მომჩვენებია. -სად წავიდა? - წამოიყვირა მან. -კატერინასთან, - აღელდა დინა, - მეგონა, იცოდით. ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ. ცხადია, ამაზე არავინ არაფერი იცოდა. -დინა, - მოჩვენებითი სიმშვიდით გაუღიმა ნინომ, - რა უნდა იქ კიტის? -მე .. არ ვიცი. ვხედავდი, ნინოს ჩხუბი არ უნდოდა. სინამდვილეში, ამ ორ კვირას ყველანი ძალიან დავექანცეთ. -დინა, - ამოიგმინა ერეკლემ, - ვიცი, კიტი როგორ გიყვარს .. ამიტომ, პირდაპირ გეტყვი. ყველაფერი უნდა თქვა, რაც იცი. ეს მნიშვნელოვანია. დინა სკამზე ჩამოჯდა. ფერი წასვლოდა. ვიცოდი, ღელავდა. არ უნდოდა კიტისთვის იმედები გაეცრუებინა. -იმ დღის შემდეგ, როცა ეს ამბავი მოხდა .. - ტეოსკენ გაიშვირა ხელი დინამ, - კიტი ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს, კატერინა გერლიანს სტუმრობს. რამდენიმე საათში კი უკან ბრუნდება. ამის მეტი, გეფიცებით, მე არაფერი ვიცი. ცხადია, ვხვდებოდი, კიტი დაკარგული ნივთების ამბავს ასე არ დატოვებდა. ჩვენს არყოფნაში კი საშუალება ჰქონდა, ყველაფერი ისე ეკეთებინა, როგორც საჭიროდ თვლიდა. ამიტომ, დინას ნათქვამი არ გამკვირვებია. -დედა, შენც ხომ ის გინდოდა, რომ მას დაახლოებოდა? - იკითხა მართამ და მე დავრწმუნდი, რომ ის მართლა ვერაფერს ხვდებოდა. არ ვიცი, ეს გულუბრყვილობით მოსდიოდა თუ იმას ხედავდა რისი დანახვაც სურდა, მაგრამ ფაქტი ერთი იყო. ხან და ხან ძალიან მინდოდა, მეც მისნაირი ვყოფილიყავი. ნინოს პასუხი არ გაუცია. -ალბათ, დაკარგული ნივთების ამბავიც გაირკვეოდა? - დინას მიუბრუნდა მართა, - იმ ქალს ქურდი თუ ისევ კიტი ჰგონია, ასე ხომ არ მიიღებდა საკუთარ სახლში, არა? ამაში მართალი იყო. ნინო პირდაფჩენილი იდგა და ქმარს მისჩერებოდა. -რა ჩაიფიქრა? - გადაულაპარაკა იესემ ტეოს, რომელიც ხელჯოხს დაყრდნობოდა და ახლა იმაზე ლამაზი იყო, ვიდრე ოდესმე. მეც სწორედ ეს მაინტერესებდა. იმ დღეს, კიტი სახლში გვიან დაბრუნდა. ბნელდებოდა, კარი რომ შემოაღო. თავი კვლავ მარტო ეგონა. გაუკვირდა, როცა ყველანი მის წინ ავისვეტეთ. თმა ოდნავ წამოზრდოდა და ძველებურად ლამაზი იყო. ყურს უკან გვირილა ჰქონდა ჩამაგრებული. თუმცა, რაღაც მაინც შეცვლილიყო მასში. რა .. ჯერ ვერ გამეგო. -არ ვიცოდი, თუ დღეს ბრუნდებოდით. - თქვა მან. მის სახეზე არანაირი ემოცია არ იკითხებოდა. უსიამო შეგრძნება დამეუფლა. გაუცხოებული მეჩვენა. -მივხვდით, რომ არ იცოდი. - მიუგო ნინომ და ტუჩზე იკბინა. ვხედავდი, თავს ებრძოდა. კიტისთან კამათი აღარ სურდა. იმ დღეს კარგი გაკვეთილი მიიღო. კიტის არაფერი უპასუხია. მხოლოდ ყველას თვალი გადაგვავლო ზედაპირულად და ულაპარაკოდ მიაშურა საკუთარ საძინებელს. -როგორ ვიფიქრე, რომ სახლში მისი მარტო დატოვება შემეძლო? - თავისთვის ჩაილაპარაკა ნინომ და სახეზე ხელები ჩამოისვა. ამ ორ კვირაში ლოყები შესამჩნევად ჩავარდნოდა. თვალებიც ჩასცვენოდა და უპეები ჩაშავებოდა. თითქოს, აღარც ენერგია ჰყოფნიდა ყველაფერთან გასამკლავებლად. დაძინებამდე, როცა ყველანი სასტუმრო ოთახში ვისხედით და ძველებურად, ლუკას ხუმრობებს ვისმენდით, კიბეზე კიტი დაეშვა. გვერდი ულაპარაკოდ აგვიარა და დინას სთხოვა, მისთვის თაფლი და პური გამოეტანა, რადგან სახლში გვიან დაბრუნებულს ვახშმობა ვერ მოესწრო. მე მეჩვენებოდა, რომ მისი ხმაც კი აღარ იყო მისეული. -კატერინა რას ამბობს დაკარგულ ნივთებზე? - მოჩვენებითი სიმშვიდით, სასხვათაშორისოდ გასძახა ნინომ კიტის და ტუჩები მაგრად მომუწა. -თქვენთან წერილი გამოგზავნა. არ იცოდა, თუ ყველანი საავადმყოფოში რჩებოდით, - დაიწყო კიტიმ ყველაზე გულგრილი ხმით, რაც კი ოდესმე ჩემს ყურებს სმენოდათ, - იწერება, რომ ნივთები მოახლემ მოიპარა და ბრალდებისთვის ბოდიშს იხდის. -მოახლემ? - სახე მოერყა ნინოს. -მოახლემ. შემეძლო დამეფიცა .. შემემეძლო გილიოტინაზე დამედო თავი, ანდაც ყულფში გამეყო იმის დასამტკიცებლად, რომ კიტი ტყუოდა და ამას აკეთებდა დაუფარავად. თითქოს, უნდოდა გვცოდნოდა, რომ ტყუოდა. ცხადია, მე არ ვიცოდი, მთელ ამ ისტორიაში სიცრუე რა ნაწილი იყო, თუმცა რაღაც რომ რიგზე არ იყო, ამას ყველანი ვხვდებოდით. -უცნაურია, - ერეკლეს შეხედა ნინომ. “ისეთი რამ გაქრა, რაც არავის სჭირდებოდა, თუ არა კიტის .. “ მომაგონდა მისი სიტყვები და კიდევ მეტად დავიბენი. -უცნაური რა არის, ქურდი მე რომ არ აღმოვჩნდი? - მისი ხმა ისეთი გულგრილი იყო, ისეთი ჩვეულებრივი .. როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა. -კიტი, გთხოვ. - ამოიოხრა ელენემ. -ყოველ შემთხვევაში, ოჯახის სახელს საფრთხე აღარ ემუქრება, - დინას მისთვის გამოწვდილი თაფლიანი კვერები გამოართვა და დედამისს მიუბრუნდა, - თუ ესტუმრები, თვითონ უკეთ აგიხსნის. -აუცილებლად .. ვესტუმრები. - ნინო ერეკლეს მისჩერებოდა დაბნეული და კიბეებზე მიმავალ უმცროსს თვალებით მიაცილებდა. ცხადია, უნდა გამერკვია რა ხდებოდა მის თავს. ვიმედოვნებდი, რომ მეორე დღეს, ჩვენს ნავსაყუდელში კიტის კვლავ შევხვდებოდი. ისე, როგორც აქამდე. გასულ ორ კვირას დაღი ჩემთვისაც დაესვა. დავქანცულიყავი და ძალა გამომცლოდა. იმ ღამით, როცა ჩავწექი და საბანი ცხვირამდე გადავიფარე, მივხვდი, შემეძლო, ამ საწოლისთვის ჩემი მეწოდებინა. ჭერს ვუღიმოდი და ვგრძნობდი, თვალები აღარ მემორჩილებოდნენ. ნაშუაღამევს, განწირულმა კივილმა გამმომაღვიძა. თითქოს, ამ სახლში ყვირილი ყოველდღიურობად უნდა ქცეულიყო, მე კი ჯერ ვერ შევგუებოდი, კანი საკმარისად ვერ გამესქელებინა. დარეტიანებული წამოვხტი, გული ამოვარდნას მქონდა. ოთახიდან სწრაფად გავვარდი და დერეფანში მართას შევეჯახე, ძილ-ბურანიდან ვერ გამორკვეულიყო და პერანგის ამარა გარბოდა იქით, საიდანაც ხმა ისმოდა. რამდენიმე წამში, ყველამ კიტის ოთახთან მოიყარა თავი. ქვედა სართულიდან ლაქიები და დამხმარე ქალები ამორბოდნენ. ერეკლემ კარი გაგიჟებულმა შეგლიჯა და კიტიმაც, თითქოს გამოფხიზლდაო, იმ წამსვე შეწყვიტა კივილი. ოთახის ცენტრში ფეხშიშველი იდგა და ჩვენ შემოგვცქეროდა. ლურჯი თვალები ამღვრეოდა და ჩასწითლებოდა. გული დამიმძიმდა. თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს, რომ ვეღარაფერი დამენახა. -მამა, რა დაგემართა? - ფრთხილად მიუახლოვდა ერეკლე, არ უნდოდა მეტად დაეფრთხო. კიტი უკან-უკან იხევდა, რომ არავინ მივკარებოდით, - როგორ შეგვაშინე, კიტი. ამასობაში, სიზმრიდან საბოლოოდ გამოერკვა. თვალები დაეწმინდა და თითქოს, მის მზერას აზრი დაუბრდა. ის გულგრილი გამომეტყველება მოეფინა სახეზე, მე რომ ასე მაფრთხობდა. -გამოფხიზლდა? - იკითხა დამხმარე დინამ, რომელსაც თავი კარში შემოეყო და შეშინებული გვაკვირდებოდა. ყველამ მას შევხედეთ. -ეს აქამდეც მომხდარა? - ჩვენი, ყველას აზრი გააჟღერა ნინომ და დინასკენ შებრუნდა. თითქოს, ეს ბოლო წვეთი იყო. არ ვიცოდი, მეტის ატანას შეძლებდა თუ არა. -იმ დღის შემდეგ, ყოველ ღამით, ერთსა და იმავე დროს. - კიტის შეხედა, თითქოს ბოდიშს უხდისო, - ერთხელ ჩემთანაც კი ეძინა, ვიფიქრე თუ მარტო არ იქნებოდა .. -რატომ არავინ გამაგებინა, რომ ყოველ ღამით ჩემი ქალიშვილი სახლში კივილით დარბის? - ნინოს მოთმინება ელეოდა. მისი ხმა ძალიან სუსტი იყო. -თვითონ აგვიკრძალა, ქალბატონო. - დინას გამოესარჩლა მრგვალთვალება ლაქია. ამასობაში, კიტი მთლად გამოფხიზლებულიყო და ადამიანური იერ-სახე დაბრუნებოდა. -თავი დაანებე, - დინა შეებრალა მას, - კოშმარებია, მეტი არაფერი. ელენე, რომელსაც საკუთარი პერანგის ფერი დასდებოდა, კიტის მივარდნოდა და შუბლს ტუჩებით უსინჯავდა. -მგონი, სიცხე გაქვს. - თქვა ბოლოს, საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა. -რა მოიგონე? - ხელები დემონსტრაციულად გაშალა უმცროსმა და უადგილოდ გაიღიმა, - აღარ დაიძინებთ? მე მხოლოდ ის მინდოდა, რამით დახმარება შემძლებოდა. მისი სახიდან ეს არაფრისმთქმელი გამომეტყველება გამექრო და ყველაფერი მისეული, რაც აღარსად ჩანდა, კიტისთვის დამებრუნებინა. ლუკას სიმშვიდისა შემშურდა. -ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, - უთხრა იესემ სანამ დავიშლებოდით და მე ძალიან მომინდა, მათთვის ყველა პრობლემის მოგვარება შემძლებოდა. 888 მეორე დღეს, ნინო მართლაც ეწვია კატერინა გერლიანს. ცხადია, არ ვიცოდი იქ რა მოხდა, თუმცა სახლში უჩვეულოდ კარგ განწყობაზე დაგვიბრუნდა. ცოტა ხანს, ერეკლეს ესეუბრა, ალბათ, ყველაფერი აუხსნა, შემდეგ კი მთელი დღე ღიღინსა და სტუმრების მიღება-გასტუმრებაში გაატარა. მისგან განსხვავებით, მე ხასიათზე არ ვიყავი. ველოდი, როდის მივაშურებდი მწვანე, სურნელოვან ველს, სადაც კიტი იჯირითებდა, მე კი - დავწერდი. თუმცა, იმ საღამოს კიტი არ გამოჩენილა. სახლში დაბრუნებულს, უმცროსი ეზოში დამხვდა. ბალახზე ფეხშიშველი დასეირნობდა და დროს ბოლტოსთან თამაშით კლავდა. მეჩვენებოდა, რომ მას არ ვიცნობდი. ის სიცარიელე კი, რომელსაც ჩემში დაესადგურებინა, ნელ-ნელა იზრდებოდა და მშთანთქავდა. ამოუხსნელ შიშს ვერაფერს ვუხერხებდი. თითქოს დამვიწყებოდა, მშვიდად როგორ უნდა მესუნთქა. იმ ღამითაც იგივე განმეორდა. კიტი ისევ ებრძოდა უხილავ აჩრდილებს. ჩვენც ისევ შევიკრიბეთ მის ოთახთან. ის, ისევ გამოფხიზლდა და ჩვენც, კვლავინდებურად საკუთარ საძინებლებს შევაფარეთ თავი. იმ განსხვავებით, რომ ძილი აღარ მომკარებია. შეხვედრის ადგილას, კიტი არც იმ დღეს გამოჩენილა. მესამე ღამეს, როცა ყველანი მივხვდით, რომ ვითარება კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა, ნინომ გადაწყვიტა სახლში მოძღვარი მოეყვანა. ”ამხელა სხეულს ტყიდან სამ საათს მოათრევდა. ვინ იცის რა დღეშია ახლა მისი გონება.” ამბობდა ის და ერეკლეს უმტკიცებდა, რომ მამა მელქისედეკთან საუბარი კიტის ძალიან წაადგებოდა. მართლაც, ნაშუადღევს მოძღვარი გვესტუმრა. გრძელი, ჟღალი წვერითა და დიდი, სათნო თვალებით. მის გარშემო მთლი ოჯახი თითის წვერებზე დაიარებოდა. მე მოშორებით ვიდექი და ყველაფერს ვაკვირდებოდი. ღმერთის არსებობისა, მაინც და მაინც არ მწამდა და ამის გამო თავს უხერხულად ვგრძნობდი. თითქოს შუბლზე მეწერა. არ მინდოდა, პირისპირ შევჩეხებოდი და მერჩივნა, ყველაფრისთვის შორიდან მეყურებინა. როცა ჩაის სმას მორჩნენ, მოძღვარმა კიტისთან ერთად ბაღში გასეირნება მოისურვა. -გგონია, რამეს ეტყვის? - ნინო ლოდინად გადაქცეულიყო და ერეკლეს მისჩერებოდა. -არა, - მკაცრი იყო მისი ხმა, - ასე არ მგონია. მართლაც, იმაზე მალე დაბრუნდნენ, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ხელი ჩავიქნიე. ვიცოდი, კიტი ხმას არ ამოიღებდა. ხან და ხან მეჩვენბოდა, რომ მას მე უკეთ ვიცნობდი, ვიდრე საკუთარი მშობლები. კიბეზე ავდიოდი, როცა კიჩოდან ხმა შემომესმა. -კიტი იტანჯება, ერეკლე, - ამბობდა მოძღვარი, - არაფერს ამბობს, მაგრამ ვხედავ, ტკივილს განიცდის. იმის მოსმენა აღარ მინდოდა, რასაც თვითონაც კარგად ვიცოდი. საკუთარ თავსა და ამ სამყაროზე გაბრაზებულმა კიბეები სწრაფად ავირბინე და ოთახს მივაშურე. აივანზე ვიჯექი. თბილი ნიავი უბერავდა. ბოლო რამდენიმე დღეს ისე დავეძაბე, ტოტის გაშრიალებაზეც შიში მიბყრობდა. მარადიული შეკითხვები, როგორიცაა - რატომ? რისთვის? კვლავ მტანჯავდნენ და ავი ძაღლივით ვიღრინებოდი. ხელში წყლით სავსე მათარა მეჭირა და ალმოდებულ სახეზე ცივ წვეთებს ვიპკურებდი, როცა ეზოში, ჩემი აივნის ქვეშ, მამა ლექისედეკი და თეოდორი ჩამოსხდნენ. გავყუჩდი. -ძალიან გტკივა? - ეკითხებოდა მოძღვარი და ჭრილობისკენ მიანიშნებდა. -არა, მამაო, - თავს აქნევდა ტეო, - თითქმის არაფერი მაწუხებს. მხოლოდ ჯირითი მეკრძალება. სინდისი მქენჯნიდა, მათ საუბარს ჩუმად რომ ვისმენდი და ის იყო წამოდგომას ვაპირებდი, რომ ტეომ მშვიდად იკითხა: -მამაო, კიტიმ რამე გითხრათ? -მითხრა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს და მის საფეთქლებზე დაბერილი ძარღვები სინამდვილეში არაფერს ნიშნავს. - გაიღიმა მან. ტეომ ხმამაღლა ამოიგმინა და თავი ჩახარა. -ვხედავ, საუბარი გინდა, თეოდორ, - კვლავ უღიმოდა მოძღვარი, - დამელაპარაკე. აქ სწორედ ამისთვის მოვედი. ტეო ცოტა ხანს ორჭოფობდა, მე კი საკუთარი სინდისი ცოცხლად მჭამდა. თუმცა, ჩემი ცნობისმოყვარეობა ჩემს სინდისზე ხმამაღალი აღმოჩნდა. -იმ დღეს, როცა ტყვია მომხვდა და დამფრთხალი ცხენები ადგილს მოსწყდნენ, - ხმადაბლა დაიწყო ტეომ, მე კი ადგილს მივეყინე და გავინაბე, - მე ცოტა ხანს ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა. ვიცი, ნადირობისას ასეთი რამ ხშირია, მაგრამ იმ წამს, ტკივილისგან გაბრუებულს, ფიქრის უნარი არ მქონდა. სისხლის გუბეში ვიწექი. ჩემი და, რა თქმა უნდა, ვითარებაში ჩემზე სწრაფად გაერკვა. ჭრილობას ჩემივე პერანგით მიხვევდა და გაუჩერებლად ლაქლაქებდა რაღაცას, - გაეცინა მას, - ვფიქრობდი, რომ ძალიან შეეშინდებოდა და მინდოდა, რამე სანუგეშო მეთქვა მისთვის. ხელი არ აჰკანკალებია, პერანგი ისე შემომიჭირა. ხედავდა, რაღაცის თქმას ვცდილობდი და მეუბნებოდა, ახლა სენტიმენტები არ დამიწყო, აქედან ძალიან სწრაფად გაგიყვან და მერე რამდენიც გინდა იმდენი ილაპარაკეო. ტეო ცოტა ხანს გაჩუმდა. მოძღვალი ლოდინად გადაქცეულიყო, მე კი, შემეძლო დამეფიცა, რომ სუნთქვა შევწყვიტე. -მე მაშინ კარგზე არაფერზე ვფიქრობდი, - კვლავ დაიწყო ტეომ, - რა უნდა მეფიქრა, უღრან ტყეში საკუთარი სისხლის გუბეში ვიწექი და ერთადერთი, ვინც გვერდით მყავდა ჩემი 18 წლის და იყო. კიტი ხომ გინახავთ, გალეულია, ქარმა რომ დაუბეროს თან წაიღებს, - კვლავ გაეღიმა მას, - არ ვიცი, რა უნდა მოეხერხებინა, ან თვითონ რატომ იყო ასე დარწმუნებული, რომ იქიდან ცოცხალს გამომიყვანდა. ან ცხენი უნდა ეპოვა, რომელზეც მართალია არ ვიცოდი, როგორ ამათრევდა, მაგრამ სულ არაობას ეს ჯობდა .. ან კიდევ დახმარება მოეყვანა საიდანმე. გამაფრთხილა, ასამდე დაითვალე და თვალი არ მოხუჭო, თორემ ჩემი ხელით დაგახრჩობო და სადღაც გაიქცა. არ ვიცი, რატომ ვუჯერებდი, მაგრამ ვითვლიდი და ვითვლიდი. ხელ-ფეხს ვერ ვგრძნობდი. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ტყვიამ ხერხემალი დამიზიანა. არ ვიცი, რამდენჯერ გავითიშე და გონს რამდენჯერ მოვედი, როცა როგორც იქნა, ფლოქვების ხმა გავიგონე. ჩემს დას ახალგაზრდა მეტყევესთვის მიეგნო და ჩემკენ მოაქანებდა. ცხენიდან ჩამოხტნენ. კიტი უხსნიდა, რომ მე ვერ ვმოძრაობდი და როგორმე ტრასამდე უნდა ჩავეყვანეთ. მახსოვს, ღრმად ამოვისუნთქე. ვფიქრობდი, ყველაფერი ცუდი უკან მოვიტოვეთ მეთქი. მეტყევე მომიახლოვდა, დარწმუნდა, რომ ხელ-ფეხს მართლაც ვერ ვამოძრავებდი. თავს უცნაურად დამტრიალებდა. იმ ადამიანს არ ჰგავდა, ვინც ჩვენს დახმარებას აპირებდა. პატარა ბიჭი იყო, მაგრამ ძლიერი, ჩემზე 1-2 წლით უფროსი თუ იქნებოდა, ან იქნებ არც, - ტეომ ამოიოხრა და სახე ხელებში ჩარგო, - კიტი უკვე ყველაფერს მიმხვდარიყო. ვხედავდი, ბრაზი სახეზე აწვებოდა და ერთ ადგილას ტოკავდა. მე იქამდე ვერაფერს მივხვდი, სანამ ჩემს უუნარობაში დარწმუნებული მეტყევე კიტის არ ეცა, მკლავებში არ მოიქცია და მიწაზე არ დაანარცხა. -რას ამბობ, თეოდორ! - აღმოხდა მოძღვარს. -წარმოიდგინე, მამაო, კიტის ასეთი შემთხვევა ცხოვრებაში ალბათ იმდენჯერ ჰქონია, რომ კაცებს ჩანაფიქრს სახეზე ატყობს. ამ დღემდე მეგონა, რომ ჩემი დები ვარდისფერ სამყაროში იზრდებოდნენ. მეგონა კიტისთვის ყველაზე დიდი გასაჭირი ის იყო, დართავდნენ თუ არა მშობლები ჯირითის ნებას. - თავი გააქნია მან, - სამ ძმასთან ერთად როცა იზრდები, თითქოს ასეთი რამისგან დაცული უნდა იყო. -ამისგან დაცული არავინაა, თეოდორ. -ამ ყველაფერს ვუყურებდი და მხოლოდ ის შემეძლო, რომ უცნაური ხმები ამომეშვა. ეგოიზმისგან დაბრმავებული ვოცნებობდი, იქნებ ახლა გავითიშო მეთქი. კიტი ხელიდან რამდენჯერმე დაუსხლტა, მაგრამ ვერაფერს გახდა. გვერდით იარაღი მედო და თუკი სამყაროში რამე წმინდა არსებობს, ყველაფერს ვევედრებოდი, რომ ხელში აღება შემძლებოდა. სახეში ძლიერად გაარტყა, ცხვირიდან სისხლიც მაშინ წასკდა. მე თვალები დავხუჭე, რომ აღარაფერი დამენახა. კიტი გამხდარია, მაგრამ მოხერხებული. ხელიდან ერთხელაც დაუსხლტა და როცა მეტყევემ კვლავ ძირს დაანარცხა, კიტიმ საფეთქელში ქვა ჩაარტყა, - უმცროსის მოძრაობა ხელით გაიმეორა ტეომ, - მაშინ, მხეცს ცოტა დრო დასჭირდა გონს მოსასვლელად და სწორედ იმ წამს, კიტიმ ჩემს იარაღს სტაცა ხელი, რომელიც გვერდით მედო და იმასაც ვერ ვახერხებდი, მისთვის გადამეგდო. მეტყევე დაფრთხა. შეშინდა. რაღაცას ეუბნებოდა, იარაღი დააგდე და თვალით ვეღარასდროს მნახავო. ისე მინდოდა, რომ მოეკლა მამაო ... ტეო გაჩუმდა. მე ვგრძნობდი, სახეს ცრემლები მისველებდნენ. -ესროლა, შვილო? -ესროლა, მამაო, - ამოიგმინა მან, - ორჯერ გაისროლა. ჯერ ერთ წვივში, მერე მეორეში. იქ მოატყა, სადაც დაუმიზნა. კაცი მთელი სხეულით მიწაზე გაერთხა. მანამ ვუყურებდით როგორ მიბობღავდა, სანამ თვალს არ მოეფარა. ქვეწარმავალს ჰგავდა. ხვლიკივით მიიკლაკნებოდა მიწაში. -შვილო ... -არა, მამაო, - ტეო მიხვდა, რის თქმასაც აპირებდა და თავი გააქნია, - ყოველ წამს იმას ვფიქრობ, რა მოხდებოდა, იმ დღეს კიტის ნაცვლად ჩემთან ერთად მართა ან ელენე რომ ყოფილიყვნენ. თავს ვერ დააღწევდნენ, მამაო, იმიტომ რომ ბინძური წესებით თამაში არ იციან. ჰგონიათ, სამყარო ამ გალავანთან მთავრდება და ყველას, ვისაც მათ ცხოვრებაში უშვებენ, ისეთივე წრფელი მიზნები აქვთ, როგორიც მათ. წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ხან და ხან ადამიანები ისეთები არ აღმოჩნდებიან, როგორებადაც თავს გვაჩვენებენ. ნინო ღმერთს მადლობას უხდის, იმისთვის, რომ იმ დღეს ტყეში მარტო არ ვიყავი და კიტიც თან მახლდა. ყოველთვის, როცა ამას ამბობს, მინდა მიწამ ჩამიტანოს. ტეო მართალს ამბობდა და ეს სიმართლე ისეთი ხმამაღალი იყო, ამის ატანა აღარ შემეძლო. -ყველაზე უარესი კი ის იყო, - სახეზე ხელები ჩამოისვა მან, - რომ როცა მეტყევე თვალს მიეფარა და კიტი კვლავ მე მომიბრუნდა, მახსოვს, მითხრა, ბოდიში, რომ ამის ყურება მოგიწიაო. ისე, თითქოს ეს ჩემთვის იყო დიდი რამე, მისთვის კი არაფერი, ერთი ჩვეულებრივი, მორიგი ორთაბრძოლა. სახეზე არაფერი ეწერა. ისე იქცეოდა, თითქოს ასეთი რამ მის ცხოვრებაში ყოველ დღე ხდება. თითქოს კარგად იცოდა, მხეცებს როგორ უნდა გამკლავებოდა. მას შემდეგ ვფიქრობ .. რამდენი რამ არ ვიცი მასზე. -შვილო, შენს ცხოვრებაში სამართალს ვერ აღადგენ, ეს საქმე ღმერთისაა. -არა, მამაო, - ეწინააღმდეგებოდა ტეო, - ეგ წესი აქ არ მოქმედებს. - ამოიოხრა მან, - სხვა არაფერი მახსოვს. გონს მაშინ მოვედი, როცა რამდენიმე მამაკაცი ეტლში მაწვენდა. როგორც გავიგე, კიტის ტრასამდე ზურგით ვუთრევივარ. -ძლიერი გოგოა ... -საქმე იმაში არ არის, რომ კიტი ძლიერია, საქმე იმაშია, რომ კიტის უწევს ძლიერი იყოს. ამაში დიდი განსხვავებაა. მისთვის სროლა მე არ მისწავლებია. არ ვიცი, ტყვიას მიზანში ჩემზე უკეთ როგორ არტყამს. - გაიღიმა მან, - მე კიდევ ორი და მყავს, რომლებიც მას არაფრით ჰგვანან და არ ვიცი, ისინი როგორ დავიცვა. -ყველას გასაკეთებელს, შენ ვერ გააკეთებ, შვილო. პატარები აღარ არიან, მალე მათზე მეუღლეები უზრუნებენ. -კიტი არ გათხოვდება, - საკუთარ სიტყვებში დარწმუნებული ჩანდა, - მე კიდევ, იმ ტყეში ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ყველაფერს ვასწავლი, რასაც მოისურვებს. იმ დღის შემდეგ, ვხედავ, თვალებში ვეღარ მიყურებს. რცხვენია, რომ ამ ყველაფერს შევესწარი. ამაზე არ საუბრობს. კოშმარები ტანჯავს და ამბობს, რომ გადასარევად არის. გადასარევად როგორ იქნება, როცა კარგად თავის სიცოცხლეში არ ყოფილა. -საშინელება გადაგიტანიათ, შვილო, - თავზე ხელი დაადო მოძღვარმა, - მაგრამ ეს იმის უფლებას არ გაძლევს, ამ ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნიო. ამბობ, იმ დღეს ჩემთან ერთად მართა და ელენე რომ ყოფილიყვნენ, თავს ვერ დაიძვრენდნენო. საქმე იმაშია, რომ მართა და ელენე ჩემს თვალწინ გაიზარდნენ. ისიც ვიცი, რომ სანადიროდ არამცთუ საკუთარი ნებით, ძალდატანებითაც არ წამოგყვებიან. ხელში თუ იარაღს დააჭერინებ, შუბლში გაირტყამენ. ეს შენც იცი. მგონია, მათზე დარდით ფუჭად მოცდები. ამ სახლში საფრთხე არ ემუქრებათ. უმცროსი კი .. - აქ ცოტა ხანს შეჩერდა მოძღვარი, - მასთან მისადგომი გზა მოძებნე, შვილო. საკუთარ თავს სისუსტის უფლებას არ აძლევს. მისნაირებისთვის კი სამყარო მეტად დაუნდობელია. -არ მისმენს, მამაო ... -ჰო და მოძებნე გზა, რომ მოგისმინოს. ამის თქმა იყო და გარეთ ერეკლე გამოვიდა. გაჩუმდნენ. ან კი, რაღა უნდა ეთქვათ. იმ წამს, მე ყველა ქალის ნაცვლად ვტიროდი, ვის სულსაც ფეხით თელავენ. მათთვის ვტიროდი, ვისაც ამ სამყაროში თავი დაცულად არასდროს უგრძვნია. მათთვისაც, ვინც საკუთარ თავს სისუსტის უფლებას არასდროს აძლევს. მე იმ ქალებისთვის ვტიროდი, ვინც არ იცის, რომ “ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეგიძლია, ნამდვილია.” * * * მეგობრებო. ქალებო. კარგად ვიყოთ, რა. პ.ს თქვენი წინათგრძნობები გამიზიარეთ, ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.