შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bleseed are The dead


6-06-2024, 10:06
ავტორი Chocolate from White Hell
ნანახია 648

დღეს ჩემი მეზობელი გარდაიცვალა.
ჩემი მეგობრის ბაბუა, რომელიც მთელ სამეგობროს გვიყვარდა.
რატომ?
იმიტომ რომ ყველაზე კეთილი, მშვიდი და სათნო ადამიანი იყო, ვინც მთელი ჩემი 25 წლის მანძილზე მინახავს, ან გამიცნია.

ტასია....
უფრო ზუსტად, ანასტასია...

კვირა დილით, განწირული ტირილის ხმამ, მთელი უბანი დაადუმა. ყველა ადგილზე გაიყინა და ერთად უყურებდნენ ხუთსართულიანი ბინის მეოთხე სართულს, რომლის ფანჯარა ღია იყო და სინათლიდან, სიბნელე გამოსჭვიოდა.
ღია ფანჯრიდან, სულისშემძვრელი ხმები გამოდიოდა.
ტასია იყო...
ის გლოვობდა ადამიანს, რომელიც მთელი გულით უყვარდა და, აღზარდა და აჩვენა გზა იმ ცხოვრებაში, სადაც ყველაზე დიდი და ბოროტი მტაცებლები, ადამიანები არსებობენ.

მეორე დღეს, მეგობრები პანაშვიდზე ავედით.
განადგურებული სახე ჰქონდა...ერთ წერტილს უყურებდა, თვალზე კი ცრემლი არ შრებოდა.
მზერა ალექსანდრე ბაბუასკენ ჰქონდა შეჩერებული, რომელიც რაღაც ყუთში იყო გამოკეტილი.

მე...
მე არ მჯეროდა, რომ სიცოცხლით სავსე და ღიმილის შვილს, ასეთ მდგომარეობაში ვუყურებდი.

ბევრი ხალხი ირეოდა.
უამრავი ყვავილი მოჰქონდათ, სხვადასხვა გაფორმებებით და დეკორაციებით.
ერთგვარი პატივსცემა იყო მათი მხრიდან, თუმცა ამას ტასია სხვაგვარად უყურებდა...:
-ტას...-მივუჯექი გვერდით, როდესაც რეალობაში დაბრუნდა და აწყლიანებული თვალებით მე შემომხედა.
-ლინდა...-ხმა უკანკალებდა. თითქოს ბოროტმა ჯადოქარმა, მისი ხმა წაიღო და სანაცვლოდ, დაჰპირდა რომ ბაბუას გააცოცხლებდა, მაგრამ სიტყვა არ შეასრულა. ბაბუა ისევ იქ იყო, ცივ და უხეშ მაცივარში, ხოლო ტასია ვერ საუბრობდა.
-აქ ვარ, ჩემო გოგო...შენთან ვარ.-ხელი ჩავკიდე. ვიგრძენი, თუ როგორ ძლიერად მომიჭირა ხელი. მეტკინა, მაგრამ მისი ტკივილი, არაფერი იყო ჩემსასთან შედარებით.
-ძალიან ცუდად ვარ და აი, აქ მტკივა.-გულზე ხელი მიიდო, ცრემლიანი თვალები შემომანათა და უარესად ატირდა.
-იტირე, ტას...იტირე. ამბობენ რომ ტირილი ამსუბუქებს ტკივილს.-გულის ამოვარდნამდე იტირა...სულ დამისველა მხარი.
თითქოს...
თითქოს ჩემს თავზე, წვიმა მოდიოდა, მაგრამ ცრემლების წვიმა იყო.
-ლინდა, მინდა რომ ყველანი წავიდნენ.-ჩუმად მითხრა.
-ისინი ალექსანდრე ბაბუას პატივის მისაგებად მოვიდნენ, ტას. არ შეიძლება ასე საუბარი.
-ყველანი ფარისევლები არიან. მათთვის სულერთია ბაბუა ცოცხალი იქნება, თუ მკვდარი. ხვალ აღარც ემახსოვრებათ.
-დამშვიდდი, არ გაიგონ. ძალიან შევრცხვებით.
-მინდა რომ გაიგონ, მაგრამ არ შემიძლია ამის ხმამაღლა თქმა.
-ჰო და გაჩუმდი...-უფრო ძლიერად ჩავიკარი გულში და სიჩუმის ხმაურს, ყური დავუგდეთ.

ხალხი მოსვლას არ წყვეტდა.
მოდიოდნენ და მოდიოდნენ...
ამასობაში, ტასიას ბებიაც გამოვიდა და ჩვენთან ერთად დაჯდა.

-ლინდა, გთხოვ, გავიდეთ.
-რატომ?
-არ მინდა რომ ბებიამ ასე დამინახოს. უფრო ინერვიულებს და ცოდოა.
-კარგი, წავიდეთ მაშინ.

მოსაღამოვდა კიდეც...ნელ-ნელა იკლებდა ხალხის რაოდენობა და მხოლოდ მეგობრები და ოჯახის წევრები ვრჩებოდით.

-ტასია...-გვესმის ხმა. თამრო ბებო იყო.
-ხო, ბე...რამე ხომ არ გინდა?
-რატომ არ იტირე ბაბუა?-იყო კითხვა და ტასია გაშეშდა.
-როგორ?-ხმაში დაძაბულობა, ბრაზი, წყენა და ყველაფერი უარყოფითი , ერთად გამოკრთა და ველოდი ყველაზე საშინელ მდგომარეობას. თავში ათასგვარად წარმოვიდგინე მათი დიალოგი და ის, თუ როგორ დავაწყნარებდი ტასიას.
-ეგრე არ გიყვარდა ბაბუა, რომ არ იტირე?
დუმდა ტასია... მხოლოდ ერთხელ შეხედა თამროს, თავი გააქნია და სახლიდან გავიდა.
სახლშიი კარგა ხანს არ მოსულა...
ვნერვიულობდი და მივწერე, თუმცა არაფერი მიპასუხა.
ამასობაში, ჩვენი სახლებში წასვლის დროც მოვიდა.

იმ ღამეს, ტასიაზე არაფერი გამიგია. ვიცოდი, რომ ყველაზე მეტად, ახლა მარტო ყოფნა სჭირდებოდა, ამიტომ ხელი არ შევუშალე.
ის თავად მოვიდოდა ჩემთან, როდესაც დამშვიდდებოდა და უფრო ცივი გონებით იქნებოდა.

მესამე დღეს, ტასიას ზარი მაღვიძებს:
-ლინდაკო, ხომ არ გაგაღვიძე?
-არა, ტას... უბრალოდ ვგორაობდი დათვივით.-ორივეს გაგვეცინა.
-ხომ მოხვალ დღეს?
-კი, აბა რას ვიზამ?! მოვწესრიგდები და გადმოვალ. ყავას შენთან დავლევ...ხომ დამალევინებ?-გახუმრება ვცადე და გამომივიდა კიდეც.
-სანაცვლოდ, თუ შოკოლადს არ მოიტან, წყალსაც არ დაგალევინებ.-ისევ გაგვეცინა.

მალევე მოვემზადე და ტასიასთან გადავედი.
ისევ იგივე სიტუაცია იყო...
ისევ ყვავილები, ხალხი და სამზარეულოს კუთხეში, ძლივა შევნიშნე ტასია.
-აი, ყავაც მზადაა.
-აი, შოკოლადებიც მოვიტანე.
-ის თხილიანია?
-მაშ! სხვას როგორ მოვიტანდი?
-ვერ მოიტანდი.-მკრთალად ჩაეღიმა.
-რა ხდება დღეს?
-არაფერი...მგალობლები მოდიან და მგონი გული უარესად გამიხდება.
-ამ კაპლებს შენ სვამ?-სამზარეულოს დახლისკენ გავიხედეზ სადაც ვალიდოლი, კორვალოლი და კატაბალახა იყო.-დაბერდი, ტას?
-ნეტავ მართლა დავბერებულიყავი.

სიჩუმემ დაისადგურა.
არასდროს მომწონდა ეს აუტანელი და მკვლელი სიჩუმე, მაგრამ ახლა ვერ ვფანტავდი. ბოლომდე გვჭამდა და არ გვეშვებოდა.

სულ მალე, მგალობლებიც მოვიდნენ.
პირველივე ბგერიდან, სისხლი გამეყინა.
ვიგრძენი, თუ როგორ შეწყვიტა გულმა ფეთქვა და როგორ უსმენდა იმ ჰანგებს, რომელიც გარდაცვლილს ეკუთვნოდა.
ტასია...?
ტასია ქვასავით იდგა კარებში და ბაბუამისის სხეულს დაჰყურებდა, რომელიც ისევ ცივ ყუთში იდო.
არ ვიცი მის თავში რა ტრიალებდა, მაგრამ ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ტკივილისგან, მთელი სული ეტანჯებოდა.
თავს იმაგრებდა, რომ თითქოს ძლიერია, თითქოს ყველაფრის გადატან შეუძლია, მაგრამ სინამდვილეში, მისი სული ათას პატარა ნაწილად იყო დაქუცმაცებული და ვერ ერთდებოდა.
უძლური იყო იმ სევდის მიმართ, რასაც ახლა განიცდიდა ყოველი უჯრედით.
მგალობლების ხმა, აასმაგებდა ტრაგედიის სიმძაფრეს.
მათი ხმები, სიკვდილის მელოდიას გალობდნენ...
იმ სიკვდილს უმღეროდნენ, რომელმაც ტასიას ბაბუა წაართვა.

კარგა ხანს გაგრძელდა ეს ყოველივე.
ბოლოს კი...
ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა ტასიამ, დაემხო იქვე ბაბუას თავთან და ტირილი დაიწყო.
მისვლა რომ დავაპირე, გავჩერდი.
მასთან თამრო მივიდა, თავზე ხელი გადაუსვა და უთხრა:
-სუ, ნუ ტირი, ბებია...მე შენ გეხუმრე, თორემ მართლა კი არ მითქვას.-ტასიამ უბრალოდ შეხედა თვალებში. ერთ ხანს უყურა...ისევ უნდოდა რომ რაღაცა ეთქვა, მაგრამ...
გაჩუმდა და უფრო მეტად ატირდა.

გვიან ღამით, ვიღაცები მოვიდნენ, რათა დაებანათ ბაბუა და მიეხედათ მისთვის.
ტასიამ მხოლოდ ახლა შეხედა პირველად მის გარდაცვლილ სხეულს და რომ არა მე, წაიქცეოდა.
ღრუბელივით თეთრი ფერის იყო და აქა-იქ, სილურჯეები ეტყობოდა.
ძალიან მშვიდი და მოდუნებული ჰქონდა სახე. თითქოს ამბობდა, რომ უკეთეს ადგილას წავიდა და კარგად იყო.
თითქოს, დაგვცინოდა კიდეც და სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ჩვენი მოთქმა-გოდება...

-გული მერევა, ლინდა.
-წამოდი, სამზარეულოში გავიდეთ. არ უყურო.
-დაინახე, როგორი თეთრია?
-დავინახე...
-როგორი მშვიდია, ეგ დაინახე?
-კი, დავინახე.
-ლინდა, ცრემლებიც დავინახე, გეფიცები.
-მჯერა, ტას...მჯერა.
-ტიროდა?
-იმედი მაქვს რომ არა.
-როგორ ფიქრობ, კარგად იქნება?
-რა თქმა უნდა. ის იმდენად კარგი იყო, ცუდად არასდროს იქნება, რადგან მის კეთილ სულს, ღმერთი აუცილებლად დაინახავს.
-მართლა მეუბნები?
-ხომ არ მოგატყუებ, ჰა?
-არ მომატყუებ.

მალევე მორჩნენ თავიანთ საქმიანობას და მთელი სახლი, ოდეკოლონის საშინელი სურნელით გაიჟღინთა.
ზალაში გავედით...
თავზე ეფარა თეთრი სუდარა.
ტასია ფრთხილად მივიდა, თითქოს არ უნდოდა რომ რამე სტკენოდა.
ცივ სხეულს, თეთრი საბანი გადახადა და თბილი ხელის გული, ლოყებზე შეაგება.

-ცივია, ლინდუ.-წყლიანი დიდრონი თვალები შემომანათა.
-ხო, ვიცი...
-როგორ გგონია, გრძნობს რამეს?
-არც კი ვიცი, ტას. შეიძლება გრძნობდეს კიდეც, მაგრამ იმდენად დაიღალა, რომ ახლა უბრალოდ ძილი ურჩევნია.
-ჩვენთან ყოფნას, ძილი ურჩევნია?
-კი...როცა ვიღლებით სამსახურისგან, ხომ გვინდა ძილი, არა?!
-გვინდა...
-ჰო და ეს ცხოვრებაც სამსახურია, მაგრამ აქედან, მხოლოდ მაშინ გაგდებენ, ან გათავისუფლებენ, როდესაც რაღაცა სჭირს შენს სულს.
-ბაბუას სულს, რამე სჭირს?
-დაიღალა, ტას...უბრალოდ დაიღალა და დასვენება ძალიან უნდა.
-ალბათ მართალი ხარ...

გაჩუმდა.
სახეზე ნელა ეფერებოდა და ცხელ ცრემლებს, ყინულივით ცივ ლოყებზე ანაზდად აფენდა.

მეოთხე დღეს, უკვე ასვენებდნენ ალექსანდრეს.
ასე მალე, მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტეს რომ თამროს არ ენერვიულა.
წინა დღეებთან შედარებით, ხალხი უფრო ბევრი იყო.
ბუზებივით ირეოდნენ და გამალებით საუბრობდნენ ყველაფერზე.
ტასიას ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდა ყველა, როდის ჩაივლიდა ეს ყველაფერი და მარტო დარჩებოდა თავის თავთან.
უკვე ვეღარ იტანდა ამ ყველაფერს და სახეზე მთელი ბოღმა და ბრაზი ემჩნეოდა.

.........
სამ საათზე, ალექსანდრე ბაბუამ სამუდამოდ დატოვა თავისი სახლი და ყველა მათგანი, ვინც უყვარდა..
სამ საათზე, მთელი ეზო ტიროდა და გლოვობდნენ ადამიანს, რომელზეც მხოლოდ კარგი შეიძლებოდა რომ მოგეგონებინა.
სამ საათზე, უკანასკნელად შეეხო ტასია ბაბუას, შუბლზე აკოცა და თან გაატანა ის სითბო, რაც გულში, მხოლოდ მისთვის ჰქონდა შენახული.

ოთხ საათზე, ალექსანდრე ბაბუა, სპეციალურად გათხრილ მიწაში ჩასვევს და ნელ-ნელა, უამრავი ქვით დაფარეს.
ოთხ საათზე, იგი სამუდამოდ გადავეცით ცივ სამარეს.

ხალხის ნაკადმა მალევე მოიკლო.
მხოლოდ მე და ტასია ვისხედით ცივ მიწაზე და ვუყურებდით ირგვლივ ამოსულ გვირილებს.

-ლინდა...
-გისმენ, ტას.
-ხომ კარგად იქნება?
-აუცილებლად იქნება, დამიჯერე.
-შესცივდება?
-კი, თუმცა ვერ იგრძნობს, რადგან ყველამ ჩვენი წილი სითბო გავატანეთ ქურქად.
სადაც არ უნდა იყოს, ყოველთვის გათბება და იგრძნობს ჩვენს სიყვარულს.
-მართლა იგრძნობს იმას, თუ როგორ მიყვარდა?
-რა თქმა უნდა!
-ამოვალ ხოლმე და მოვუყვები ჩემს ამბებს...ხომ გაეხარდება?
-ძალიან. დარწმუნებული ვარ, ახლახ გვიყურებს, მაგრამ გვემალება.
-დაგვემალოს, მაგრამ კარგად იყოს და თუ რამე დასჭირდეს, მითხრას.
-არ წავიდეთ?-თემის გადატანას ვეცადე.-უკვე გვიანდება.
-წავიდეთ, ჰო.

"მიყვარხარ, ბაბუ..."
ეს უჩურჩულა და მოკლე ბილიკს, ორივე ერთად გავუდექით, რომელსაც ცოცხლების სამყაროში მივყავდით.



დასასრული.



______________________
გამარჯობა...
საინტერესოა, როგორი ემოციების მომტანი იქნება ეს ისტორია თქვენთვის და იმის იმედიც მაქვს, რომ მოგეწონებათ)))

პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...))




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent