შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განთიადი (მეთერთმეტე თავი)


20-06-2024, 00:16
ავტორი დეკა
ნანახია 2 737

ეზოში გამოჩენილი მერსედესიდან, ჩქარი ნაბიჯით გადმოვიდა თედო.
-მიშველე გთხოვ.
სასოწარკვეთილებას შეეპყრო ქალის არსება, შიშისა და თხოვნის თვალები შეანათა, ახალმოსულს.
-სასწრაფოში დარეკილი გაქვს?
-კი, რომ გაისროლეს მაშინვე დავრეკე, მაგრამ აქ როდის ამოვლენ ეგენი?!
-მოდი წავიყვანოთ, შეძლებ დამეხმარო?
-კი, მალე რა.

უკანა სავარძელზე მოათავსეს ლუკა, ქალის კალთაში ედო თავი. გოგონას თლილი თითები, სისხლის ფრად იყო შეღებილი, მთელი ძალით აწვებოდა ნატყვიარს, ცდილობდა, სისხლის ყველა წვეთს გაფრთხილებოდა, არ ანებებდა ფუჭად დაქცევას.

სარკიდან გამოხედა თედომ, გული მოეწურა ქალის ნატანჯ სახეზე, თავის დანაშაულს კითხულობდა, დეკას გამომეტყველებაში.

სიჩქარეს არ უკლებდა თედო, ისე მიჰქროდა, თითქოს ძვირფასი ადამიანის სიცოცხლეს დარაჯობს, მის სუნთქვას ითვლის და ეშინია არ დაუგვიანოს, მიყვანაო.

ტიროდა ქალი, ერთადერთს დასტიროდა, ტკივილის ცრემლებით, მის პულსს უყურადებდა, გარინდული სმენით.

საკაცეზე გადაიყვანეს ლუკა, მეწამულისფრად შეფერილ თითებს, არ უშვებდა კაცის მტევანს გოგონა.

ის ხელი, ამდენჯერ ძლიერად რომ ჩასჭიდა ქალს, ახლა უღონოდ იყო, შიშის ზარი რეკავდა, დეკას გონებაში, მხოლოდ დაკარგვის შიშს ვერ მოერია, გულის კანკალით შეაცილა, სისხლგამოცლილი.

ცხვირწინ მოუხურეს, კარი. დარჩა გოგონა კარს აქეთ, ღონემიხდილი. მოეკეცა მუხლები, ძირს დაეცემოდა, რომ არა ძლიერი მკლავები საყრდენად. სკამზე ჩამოსვა თედომ გოგონა, აკანკალებული ხელით, გადაუწია, სისხლით დასველებული თმა.

-დაგეხმარები, აბაზანაში შევიდეთ, ჩამოიბანე ეს სისხლი.
-შენ, ალბათ კარგად გრძნობ თავს ხომ? ალბათ გიხარია, ის რომ იქაა ახლა.
საჩვენებელი თითი, კანკალით გაიშვირა საოპერაციოსკენ.
-რას ამბობ?! ადამიანის სიკვდილი როგორ გამიხარდება?!
-არვიცი, ისიც არ ვიცი, თქვენ რა ადამიანები ხართ საერთოდ, რა გიტრიალებთ, მაგ ბოროტებით გატენილ თავებში.
-დეკა, დამშვიდდი, ვერ მოვუსწარი, ხელის შესაშლელად მოვდიოდი, ვერ მოვასწარი.
-რატომ უშლიდი ხელს?! ხომ აღსრულდა თქვენი ნათქვამი, ბოლომდე ხომ ჩამომანგრიეთ, მეტი რა გინდათ ჩემგან?
ბუტბუტებდა ქალი, თითქოს მისი ნათქვამი არცააო, გონებას არ ეკითხრბოდა პირი, ისე ამბობდა სიტყვებს.

-კარგად იქნება, ოღონდ ნუ მიმადარებ რა იმათ, ხომ ხედავ, აქ ვარ. ბოდიშისთვის, მადლობისთვის, დახმარებისთვის. შენს გვერდით ვარ,ყველაფერს გავაკეთებ შენთვის. ყველა შენს სიტყვას ავიტან, ყველა გამოხედვას, ღირსი ვარ ვიცი.

-უშველი მას? რომ მოკვდეს გააცოცხლებთ?! რამე რომ მოუვიდეს რას იზავ მითხარი.

ვერ უპასუხა მამაკაცმა. წამოდგა დეკა, კედელს მიყრდნობილი ბარბაცით გაუყვა გზას საპირფარეშომდე. დიდი სარკის წინ მდგომი, ხედავდა საყვარელი მამაკაცის სისხლს მის სხეულზე. ფრჩხილებით დაუწყო კანიდან სისხლს მოშორება. სულ დაუწითლდა მკლავები, ფრჩხილების კვალი დაეტყო შიშველ მაჯებზე. ისტერიკაში იყო, სულ უცახცახებდა სხეული, თმას იგლეჯდა, ხელების კანკალით მიეყრდნო კედელს. მიადო შუბლი ცივ ბეტონს. ამოიცუნთქა ღრმად, მიბრუნდა ონკანისკენ და მოიწესრიგა თავი. თავის თავს შეხედა სარკეში, გაუსწორა ცრემლიანი მზერა ანარეკლს.

-არ მიმატოვებს, კარგად იქნება. რომ გაიღვიძებს ასე არ უნდა დავხვდე, არ უნდა ვანერვიულო.

ესაუბრებოდა თავის თავს, თითქოს დამჯერი ბავშვი იდგა მის წინ და არიგებდა ჭკუას.

მაღლა აიკეცა, ჩამოშლილი თმა. სახე დაიბანა და მტკიცე ნაბიჯით გავიდა დერეფანში.

თედო იჯდა, ხელებში ჩაერგო თავი.

-ბოდიში, შენი ბრალი არ იყო რაც მოხდა.
-მე მიხდი ბოდიშს? კიდევ აქეთ მეუბნები მაგას?!
-კი, შენ არ გისვრია, შენ რა შუაში იყავი?!
-და რაც გითხარი, აქამდე როგორც ვიქცეოდი, მაგას ჩემი ბოდიში ეყოფა დეკა?!
-შენ რომ აქ მომიყვანე, იქ სისხლის გუბეში რომ არ დაგვტოვე, უკვე ბოდიშიცაა და მადლობაც ღმერთისთვის ნათქვამი.

გაკვირვებისგან დადუმებული მამაკაცი, ქვემოდან უცქერდა, მყარად მდგომ ქალს.

რამხელა ღირსება დაჰქონდა, სუსტი მხრებით?!

რამხელა სიმტკიცეს ატევდა, ნაზ ხმაში?!

რამხელა სიყვარულს დაატარებდა, სულ ერთი ციცქნა გულით?!

და მაინც, რამხელა ღმერთი ჰყავდა სულში?! რამხელა იმედი და რწმენა, უფლისა.

-შეგიძლია დამარეკინო? მობილური ჩოხში დამრჩა.
-აიღე.
გამოუწოდა, ნომრის ასაკრეფად გამზადებული ტელეფონი.
აკრიფა ნაცნობი ნომერი, ქალმა.

-დემე, სად ხარ?
-დეკა შენ ხარ?! ახლაც მე მირეკავ გოგო?! შეირგე, შემთხვევით მარტო დატოვება და მშვიდი საათები.
როგორც ყოველთვის, მხიარულ ნოტაზე იყო, ყურმილს იქიდან, დემეტრე დაიაური.

-დემე მისმინე, საავადმყოფოში ვარ, მისამართს ჩაგიგდებ, დოდო დეიდას ნომერი არ ვიცი, ნიკოლა მასთანაა, თხოვე დაიტოვოს ცოტახნით. შენ მოდი რა.
-დეკა კარგად ხარ? ლუკა სადაა? ნუ მაგიჟებ, რა საავადმყოფო?!
-ლუკა დაჭრილია, საავადმყოფოში ვართ.
-მისამართი გამომიგზავნე, მოვდივარ.

შეშლილს გავდა დემეტრე. დეასთან ერთად იყო რესტორანში, დეკამ რომ დაურეკა. გიჟივით წამოვარდა ფეხზე და წასასვლელად მოემზადა.
-დეა, ლუკაა საავადმყოფოში, უნდა წავიდე, ბოდიში რა.
-რას მებოდიშები, მეც გამოგყვები, არ გინდა?!
-კი მინდა, დეკაც იქაა, მაგრამ თუ გინდა იყავი, ნუ იწვალებ ასე.
-წავედით.

ხელი ჩასჭიდა გოგონამ. დემეტრეს თვალი გაექცა გადახლართული თითებისკენ. ძალა მისცაო, თითქოს ამ უბრალო ქმედებამ. მთელი სისწრაფით მიაქროლებდა მანქანას, გამოგზავნილი მისამართისკენ.
საავადმყოფოს დერეფანი, როგორ გაიარა არ ახსოვს. დეკას დანახვისას, მასზე მოდებული სისხლის ლაქების აღქმისას, თითქოს გაჩერდა ყველაფერი.
-რა ხდება დეკა?!
-დემე, ლუკას ესროლეს იმ უღმერთოებმა.
-ვინ?!
-ჩემმა ყოფილმა მამამთილმა ესროლა.
-ახლა როგორაა?!
-შეყვანილი ყავთ, არვიცი.

შეცბა დემეტრე, გაცხარებული მიუბრუნდა თედოს.
-შენ, შენს გამო, თქვენს გამო ჩემი ძმა იქ წევს, რამე რომ მოუვიდეს, ყველას ერთად ამოგწყვიტავთ და საფლავსაც არ გაღირსებთ, დამტირებელს არ დაგიტოვებთ გვარში, თუ რამე დაემართება.
-დამშვიდდი დემეტრე.
მკლავზე დაექაჩა დეა.
-რა დამამშვიდებს, არაკაცულად აქ რომ ზის კიდევ, აქ რომ მენახება კიდევ.
-მან მოგვიყვანა, ის რომ არა, ალბათ ვერც მოვუსწრებდით დემე.
-ისინი რომ არა, არც იქნებოდანიქ ლუკა, თვენ ბიჭო რა ხალხი ხართ?

ხმას არ იღებდა თედო, გმირულად იტანდა, დამსახურებულსაც და ზედ დამატებულს, დაუმსახურებელს.

-რამე რომ მოუვიდეს, რა თქვა ექიმმა დეკა?!
ახლა გოგონას დააცქერდა ამღვრეული თვალებით.
-შემომხედე, დაიმახსოვრე, არ დაემართება არაფერი. ფიქრი არ გაბედო, არა თუ თქმა, ხომ გაიგე?! არ მიმატოვებს და არაფერი მოუვა იცოდე.
-ექიმი მოდის.

ზურგს უკან დეას ხმამ გააწყვეტინა საუბარი.

-როგორაა ექიმო?!
ექიმს მიუბრუნდა დემეტრე.
-ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა, გაუმართლა, რომ სისხლის ბანკში გვქონდა მისი სისხლის დონორი. ყველაფერი გავაკეთეთ რაც საჭირო იყო, ახლა უკვე მასზეა, მან უნდა იბრძოლოს გამოფხიზლებისთვის.
-ანუ?! რას ამბობთ, რომ შეიძლება ვერ გადარჩეს?
-ზუსტად ვერაფერს გეტყვით, რამდენიმე საათში უნდა გაიღვიძოს, თუ ეს მოხდება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. ყველა მაჩვენებელი, დავასტაბილურეთ, ახლა ყველაფერი მასზეა.
-მადლობა ექიმო, ვერ შევალ რომ ვნახო?
-შესვლა არ შეიძლება.
-ძალიან გთხოვთ, ან მხოლოდ დანახვაც მეყოფა.
სასოწარკვეთილება იკითხებოდა დეკას ცრემლჩამდგარ თვალებში. ვერ გაუძლო ექიმმა მის ტკივილს.
-მხოლოდ ორი წუთით, ექთნები დაგეხმარებიან ფორმის ჩაცმაში.
-უღრმესი მადლობა.
ესღა თქვა და ობლად ერთი წვეთი ცრემლი, მოსწყდა მის თვალებს.

ჩააცვეს სპეციალური ფორმა. ჩუმად შეაღო კარი გოგონამ, სადაც ყველაზე ძვირფასი ეგულებოდა.

ნელა მიუახლოვდა საწოლს, ჩაიმუხლა და მზერა შეავლო, მილებში გახვეულ სხეულს. გულში დანის ჩარტყმასავით იგრძნო ტკივილი, ვერ ეგუებოდა ასე უგონოდ მყოფს.

-გეხვეწები რა, აქ არა, ახლა არ დამტოვო. ძლივს ვისწავლე სუნთვა, ძლივს ცხოვრებაში გავიხარე, ახლა ნუ გამიკეთებ ამას. ნუ გამამწარებ ასე, მეყოფა რა, გეხვეწები მეყოფა, უშენობას ნუღა დამიმატებ.

ცხელ ცრემლებს აყოლებდა, მასზე უფრო მხურვალე სიტყვებს, ტკივილშერეულს. ხელის თითებზე კოცნიდა და მუდარასავით ამოდიოდა ხმა პირიდან.

-ხომ შემიყვარდი, ხომ გამომაცდევინე ესეც. ახლა მადროვე, ბოლომდე მაცადე შენთან ერთად არსებობა. თუ გიყვარვარ, თუ არ გინდა ცოცხლად მკვდარი გამიყოლო, არ გაბედო, ჩემგან წასვლა არ გაბედო ლუკა.

მუხლების კანკალით წამოდგა, დაცვარულ შუბლზე მიაკრო ტუჩები.

-გელოდები იცოდე, ყველაზე დიდ გრძნობას ვატევ ამ სიტყვებში ლუკა. მიყვარხარ და ნუ დამტოვებ უსიყვარულოს.

ძლივს გააღწია კარიდან, თითქოს რაღაც ნაწილს ტოვებდა კარს მიღმა. თითქოს სული გაეყო ორად, გული გაეხლიჩა და ნახევარი, იმ საწოლზე დატოვა, სადაც უგონოდ იწვა, მისთვის მხოლოდ ერთი.

-დემე, დარეკე დოდო დეიდასთან?
-კი კი, მაგაზეც ნუ ინერვიულებ, მოვაგვარე.
-შენ რომ არ მყავდე…
-ლალის არ დავურეკოთ?!
არ გააგრძელებინა მადლობის თქმა
გოგონას.
-მოვიდეს გონს და ვუთხრათ მერე.
-რომ არ გამოფხიზლდეს?!
-გაჩუმდი დემეტრე, ეგ არ გამაგონო, არ გაიმეორო. ლუკა არ დამტოვებს, არ დაგვტოვებს, ხომ იცნობ?!

დემეტრემ აღარაფერი უთხრა, შოკშია ჩავარდნილიო გაიფიქრა. აღარ აწვალა საუბრით მეტად. გულის სიღრმეში გაჩენილ წვას, უმკლავდებოდა შეძლებისდაგვარად. სიმწრისგან სტკიოდა ყველა ძვალი, ყველა ორგანო.

-დეა, მოდი რა.
-რაა?! რაიყო?!
-მოდი რა ჩემთან.
კედელთან მდგარ გოგონას მიუახლოვდა, წელში მოხრილმა, მხარზე ჩამოადი თავი და მთელი ძალით მოჰხვია მკლავები.
მანაც არ დააყოვნა, კისერზე შწმოხვია ხელები და ჩუმად ეჩურჩულებოდა.
-კარგად იქნება, აი ნახავ.
-არ შემიძლია, ჩემი ნაწილია, ვერ ვეგუები.
-არაფერია შესაგუებელი, რომ გაიღვიძებს ვეტყვი, ძალიან ბევრი დაგცინოს.
-მადლობა, რომ ჩემთან ხარ.
-ვფიქრობ იმ ეტაპზე ვართ, ერთმანეთთან, რომ უნდა ვიყოთ, ასეთ დროს.

დაიწია უკან მამაკაცმა, შუბლზე მიაკრო ტუჩები გოგონას, კვლავ ჩარგო თავი მის ყელში და ეცადა დამშვიდებოდა სუნთქვა.

დეკა, კუთხეში, იჯდა. მოეხსნა კისერზე დაკიდებული ჯვარი. ხელით დაეჭირა სახის წინ და ლოცუდობდა, ისე როგორც ეკუთვნით, ისე როგორც იმსახურებენ, ჩვენთვის გაჩენილი ადამიანები.

ღმერთს ავედრებდა, მის სიცოცხლეს.

არ დაუთმობდა სიკვდილს, ძლივს ახდენილ ნატვრას.

-ლუკა დემეტრაძესთან თქვენ ხართ?!

ექთნის ხმამ შეძრა თითქოს კედლები.

-დიახ ექიმო.
-გილოცავთ, მებრძოლი აღმოჩნდა ჩვენი პაციენტი.სიცოცხლესთან დაკავშირებული საშიშროება გადალახა.

ღრმა სუნთქვას ამოაყოლა, გულზე ლოდად დაწოლილი დარდი, ცოტა ხნის წინ, გულმხურვალედ მლოცველმა.

ჩუმი მადლობა შესწირა ღმერთს, ისეთი, რომელსაც მხოლოდ ის ისმენს.

ღრმად ამოისუნთქა, დემეტრემაც, უფრო მჭიდროდ მიიხუტა გვერდით მდგომი და შვების ღიმილმა გადაურბინა სახეზე.

-ძალიან გაუმართლა, პირველი დადებითი, სისხლის ჯგუფი აქვს. იშვიათობაა არაა და დროულად გადავუსხით.
-აუ ლუკაა სტანდარტულად რა, სისხლის ჯგუფიც დადებითი აქვს.

სიცილით ამოიფრუტუნა დემეტრემ, რაზეც მსუბუქად ჩაეცინა ყველა იქ მყოფს.

თედო, შვების ოხვრით წამოდგა სკამიდან. ისე გაეცალა მათ , რომ მისი არ ყოფნა არ ყოფილა შესამჩნევი.
მანქანაში ჩამჯდარმა საჭეს რამდენიმეჯერ დაარტყა შუბლი.

დაურრკეს ლალის, აცნობეს შვილის მდგომარეობა.

ღვთისმშობლის ხატთან დამხობილი, მადლობას სწირავდა უფალს. ამის შემდეგ წავიდა საავადმყოფოში, გულის კანკალს ვერ იწყნარებდა, თითქოს უმძიმესი ლოდი ეკიდა გულზე.

დერეფანს დაბუჟებული ფეხებით გაუყვა. თავდახრილი იდგა დეკა, თითქოს მან დააშავა, თითქოს ელოდა პასუხის მოთხოვნას.

-როგორ ხარ შვილო? შენც ხომ არ დაგიშავეს რამე?!
-მე, ჩემს გამო, ლუკა ასეა, მეკითხებით როგირ ვარ?!
-შენ ესროლე?
-არა, რა თქმა უნდა.
-აბა შენს გამო რატომ?!
-ის ხომ ჩემს გამო დაჭრეს, მე რომ არა, ვერ გადაეყრებოდა იმ ხალხს.
-ხვალ რომ იგივე მოხდეს, მის გამო, ტყვიას არ გადაუდგები?
-გადავუდგები.
მტკიცე იყო გოგონას მზერა. მსუბუქად გაეღიმა ლალის.
-ხედავ? თუ გადაწყვიტეთ ერთნი ყოფილიყავით, ერთმანეთის გამო უნდა აკეთოთ რაღაცრები, თუნდაც ასეთი. მე ამაყი ვარ ჩემი შვილით, მტკივა სულზე დასმული სისხლის ყველა წვეთი, მას რაც გადმოედინა, თუმცა ამაყი ვარ, საყვარელი ქალისთვის, ტყვია რომ არ ჩააგდო არაფრად.
-ლალუშ, შენ იქნებოდი სამასი არაგველის დედა, არა, ცხრა ძმა ხერხეულიძის. იქნებ ალუდას დედა იყავი ქეთელაურის?!
უკნიდან მოეხვია ქალს დემეტრე, გაეღიმა მსუბუქად, შვილობილის ცანცარზე.
-შენ სულ როგორ მაიმუნობ?!
-არა, რას ვმაიმუნობ ქალო, რაინდებს და მებრძოლებს გაზრდა ხომ უნდოდათ?! წინა ცხოვრებაში შენ გაზარდე ყველა ალბათ.
-ცანცარა ბავშვო.
-ეს დეაა, ჩემი დეა.
მიუთითა მის გვერდით მდგომ წითურ გოგონაზე.

ლამაზად შეფარკვლოდა ლოყები გოგონას. ბევრი გაეგო ამ ქალზე, დემეტრესგან. თუმცა დანახულმა და მოსმენილმა, გააოცა.

-სასიამოვნოა, დემეტრე ბევრს მიყვება თქვენზე.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა შვილო, აი მე საერთოდ აღარაფერს მიყვება.
მოჩვენებითი ბრაზით გადახედა ორი თავით მაღალ, შვილობილს.

გაეღიმა მასაც.

-არ შემიშვებენ, რომ ვნახო ლუკა?!
ძლივს ამოთქვა ეს კითხვა ქალმა, შვილის მდგომარეობის მოლოდინი, მისი დანახვა იმ საწოლზე, ყველაზე დიდი დარტყმა იქნებოდა. სიმწრით გაზრდილის მხარში ნასროლი ტყვია, მას მეტად ეწვოდა.

-ექიმი მოვა და შეგიყვანთ.
-ნიკოლა სადაა?! თქვენთან იყო? შეაშინებდნენ ბავშვს.
-არა, ჩემს ახლობლებს ჰყავთ, ცოტახნით ადრე წაიყვანეს.
-კიდევ კარგი.

ექიმმა შეიყვანა ლალი პალატაში. შესთავაზა დეკას, თუმცა მან მოისურვა, პირველი ლალი შესულიყო. არ დააყოვნა, შვილის ნახვა, ეჩქარებოდა ყველაზე მეტად.

-ლუკი, გტკივა დე?!
კარის შეღების თანავე დააცქერდა შვილს, ამღვრეული თვალებით. კათეტერიან ხელზე აკოცა.
-კარგი რა ლალიკო, არ მტკივა, არაფერი საერთოდ.
ჩუმი სიტყვებით ამოთქვა საწოლზე მწოლიარემ.
-არ გეტკინოს, ხომ იცი, შენ არ გეტკინოს მთავარია.
-არ მტკივა დედა, კარგად ვარ.
-ახლა გამაგებინეს, აქამდე არაფერი ვიცოდი.
-კარგადაც მოქცეულან, სადაა დეკა?! რამე ხომარ დაუშავეს იმ არაკაცებმა?!
-არა, გარეთაა, გიცდის, გავალ და შემოვა.
-როგორ შეეშინდებოდა.
-ადამიანს აღარ ჰგავს. ისეთი ნანერვიულებია, ისეთი შეშინებული.
-კიდე ვინაა აქ?!
-დემეტრე, მისი დეა და დეკა. რა ლამაზია დეა, დემეტრესთვის რომ მინდოდა სულ, ეგეთია.
-კი, კარგი გოგოა.
-გავალ მე, სხვა მნახველებიც გელოდებიან. მერე ვისაუბრებთ ჩვენ.
ეშმაკურად ჩაიღიმა ქალმა, შუბლი და სახე დაუკოცნა, ერთადერთს.

-შედი, გელოდება.
ნაზი ღიმილით გადმოხედა დეკას, პალატიდან გადმოსულმა.
-მადლობა.

პალატაში შესულს თვალებ დახუჭული დახვდა ლუკა. საწოლთან მისული, მოიხარა და ნაზად შეახო ბაგეები ლოყაზე, შემდეგ შუბლზე.
-როგორ ხარ?!
-უკეთესადაც ვყოფილვარ, უარესადაც დაჟე.
-ხომ არ გტკივა?!
-არა, შენ რა გჭირს?! როგორ გინერვიულია. მკლავებზე რა გაქვს?! იმათმა ხომ არ დაგიშავეს რამე?
-ლუკა, დამშვიდდი, ახლა გაღვიძებულის კვალობაზე, ზედმეტად ბევრი შეამჩნიე.
-მითხარი რა, რა გჭირს?!
-მე, სისხლიანი ვიყავი და დაბანისას მომივიდა ასე.
-ჩემო ლამაზო, შენი თვალებისთვის ღირს ყველაფერი.
-რამე რომ მოგსვლოდა?!
ესღა თქვა გოგონამ. მისცა ემოციებს გამოხატვის უფლება. ნაგროვებმა ცრემლებმაც არ დააყოვნეს.
-აქ ვარ, არაფერი მჭირს, შენთან ვარ, რაღატო ტირი?!
-ალბათ ეს შიში მეყოფა, მთელი ცხოვრება საზიდად.
-მთელი ცხოვრება, ჩემთან ერთად ბედნიერება უნდა ზიდო, შიში და ტკივილი დავამთავროთ რა.
-მეშინია ძალიან, კიდევ არაფერი გააკეთონ. პოლიციაში უნდა წავიდე.
-დავალაგებთ ყველაფერს, არ ინერვიულო, მოდი რა ჩემთან.

მეორე მხარეს მოუარა გოგონამ, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ჯანმრთელ მხარზე დაადო თავი.

-მიყვარხარ ლუკა.
სიამოვნებისგან მიეხუჭა თვალი მამაკაცს.

მზისგან გამომეტებულ სხივებს ჰგავდა, მოსმენილი.

სხეულს მოედო, სითბოდ.

სინათლედ ეფინებოდა, კაცის არსებობას.

მის გულის ცემას უსმენდა, მკერდზე დაყრდნობილი გოგონა.

ყველა ამოსუნთქვას ითვლიდა, ყველა ჩასუნთქვას უყურადებდა.

სადღაც, ცის კაბადონზე, ამოქარგულ ადამიანთა ბედს, სულს უდგამდა შემოქმედი. არავის უქადდა ცუდს, არავის წარმოიდგენდა ბოროტს, ყველა ანგელოზად მოვლენილმა, თავად აირჩია, ცუდიც და კარგიც.

იქ მაღლა, ცის კაბადონზე ამოქარგულ, ადამიანთა ბედს, თვითონ ადამიანი, უწერდა მომავალს. არ ივიწყებდნენ ზოგნი, ბოლოს რომ ღმერთის თვალები იქნებოდა, უკანასკნელი, რასაც დავინახავთ. ბევრმაც მიივიწყა და ცხოვრების, იმ ნაწილს შეალია თავი, სადაც, ხორცი სულზე მაღალი იყო, სადაც უფალს უცრუებდა იმ იმედს, ჯერ კიდევ ანგელოზად მყოზე რომ ამყარებდა.


პოლიციამ აიყვანა გელა გოგოჭური.
მისი მეზობელი ლევან თორდიაც.

ნანის განწირულმა კივილმა შეძრა გუდამაყარი.

-შვილის სიკვდილით გამწარებული, ღმერთს ვთხოვ, შავებში მენახე მთელი ცხოვრება დეკა. ჩემი წყევლა არ გაგახარებს, ყველა ძილის წინ, ჩემი წყევლა დაგიფრთხობს სიზმრებს. ერთადერთი მიზანი მაქვს, შენი ყველა
ბედნიერი წუთი უბედური გავხადო.

მოთქვამდა ქალი, შავი თავსაფარი ეჭირა ხელში. შვილის სულს აწრიალებდა მისი სიბოროტე. საფლავში ძვლებიც კი შეირხა, დედის ცოდვით დამძიმებულ სულზე, შვილს არ ჰქონია მოსვენება, იმ ქვეყნად.

სახლის კარი შეაღო თედომ. სისხლისფრად მოელვარე თვალები დაუხვდა, მუდამ ლაღად მოცინარი დეიდისგან.

-შე მოღალატე, შე არაკაცო, თორნიკე ამას გაგიკეთებდა?! მიგხარი ამისთვის გაგიმეტებდა ჩემი შვილი?!
-გეყოფა ნანი!

გუდამაყრის მთებში, ფრინველთა ფრთის შრიალი მოისმა. ცხოველივით დაიღრიალა თედომ.

-არ გამიბედო, არ გამიბედო ხმის გაცემა. არ გამიბედო იმის ფიქრი რომ ვარსებობ საერთოდ. არაკაცი ვარ კი, თქვენს სიტყვას რომ ავყევი, თქვენი ტყუილი, რომ მემართლებოდა, თქვენს უღირსობას, ღირსებას რომ ვაწერდი.
არაკაცი ვარ, იმ გოგოს გამწარებულ ცხოვრებას, ჩემი წილი სიმწარეც რომ დავუმატე.

მოწყვეტით დაეცა დივანზე კაცი. ზევიდან დაჰყურებდა, ავად მოელვარე თვქლებით ქალი.

-გავამწარებ იმ უბედურს, სიკვდილს ვანატრებ დღეც და ღამეც.
-გაბედე, მიდი გაბედე, სულ დავივიწყებ, ყველა შენი მოწოდებული ლუკმის გემოს. სულ დავივიწყებ ყველა იავნანას, ჩემთვის ნამღერს. არაკაცის ძმობა მაამაყეთ, საფლავში კიარა, აქ უნდა იყოს, მე უნდა ვკლავდე იმას.
-შენ საიდან დაასკვენი, ჩემი შვილის არაკაცობა?!
-შენი შვილის არაკაცობა, იმ 16 წლის გოგოსგან გავიგე, თქვენ რომ ასე გამალებით იცავთ მისგან, თქვენს გაზრდილ სატანას. დეკას თვალებშია, თქვენი შვილის არაკაცობა. მისი ძმაკაცი, ბავშვობის მეგობარია ყველაზე დიდი არაკაცობა, მეტი სიმართლე მინდა ნანი? მამამისია არაკაცი, ქალის წინ, ტყვიას რომ ისვრის, შეუიარაღებელს, გულში იარაღს, რომელი კაცი უმიზნებს?! ეგაა თქვენი სიმართლე, ეგ ხართ თქვენ. დეკას, შეხება გაუბედეთ მარტო, დავივიწყებ, ჩემს სახელსაც და გვარსაც, ისე გადაგივლით, როგორც, მტერს, შეუბრალებლად.

-შენ ვის ელაპარაკები?! როგორ მელაპარაკები საერთოდ?!
-ხომ იცოდი ნანი, იცოდი ცუდად ვიყავი, იცოდი ამდენი წელი, მკურნალობას, ფეხზე დადგომას შევალიე, იცოდი, შენზე კარგად ვინ იცოდა ჩემი მდგომარეობა?! ჩემს ფსიქიკას, ჩემს აზროვნებას ეგ უნდოდა კიდევ?! გამაგებინე, აქ რომ მიბარებდი, შურის საძიებლად, საერთოდ არ იფიქრე ჩემზე?!
-ჩემი შვილი მიწაში წევს, სხვაზე რაზე ვიფიქრო?!
-გულით გეუბნები, მეცოდები. სულით დაცემული ქალი ხარ დეიდა. შხამად გადამქცეოდეს ყველა ლუკმა ამ სახლში ნაჭამი. გაფრთხილებ, დეკას არ მიეკარო, მიცნობ შენ კარგად, იცი რა შემიძლია.
-რამე რომ შეგძლებოდა, შენი რძალი, სხვას არ აეტორღიალებოდა.
-ჩემი რძალი ის ქალია, ვინც ვერასდროს გახდები შენ. მისი ღირსების მისხალი რომ გქონოდა, მინიმუმ შეგეცოდებოდა, შენი არაადამიანი შვილის ხელში.
მივდივარ ნანი, და არ დაივიწყო, დეკა დასრულდა შენთვის, თუ გააგრძელებ, მე დაგიდგები პირველი წინ.

მშვიდი ნაბიჯით დატოვა სახლი თედომ. ის ტვირთი დატოვა, ბავშვობის მოგონებებით დახუნძლულ სახლში, რომელიც მხრებზე აჰკიდეს, ბოლო დროს.


შემოდგომისფერ თბილისს, ცის გაშლილი ველიდან, გადმოჰყურებდა კაშკაშა მზე.
შემოდგომისფრად შეღებილ ფიქრებს, სინათლეს სძენდა ნაზი გრძნობები.



№1 სტუმარი ნესტან

კარგია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა

 


№2 სტუმარი გიული

ძალიან კარგი იყო,ველოდები ახალ თავს

 


№3  offline წევრი დარინა

ღმერთო როგორი ღირსეულია ლალი ყველა დედა ლალისნაირი უნდა იყოს რომ მერრ ლუკასნაირი ზეაღმატებულო ადამიანი აღზარდოს, სული გამითბო ლალის იმ სიტყვება დრკას რომ უთხრა, ყველაზე მეტად იმსახურრბდა დრკა ასეთი ადამიანების ყოფნას მის ცხოვრებაში თითოს იმ ტანკვა წამების კომპენსაციაა რაც გამოიარა.

 


№4  offline წევრი დეკა

დარინა
ღმერთო როგორი ღირსეულია ლალი ყველა დედა ლალისნაირი უნდა იყოს რომ მერრ ლუკასნაირი ზეაღმატებულო ადამიანი აღზარდოს, სული გამითბო ლალის იმ სიტყვება დრკას რომ უთხრა, ყველაზე მეტად იმსახურრბდა დრკა ასეთი ადამიანების ყოფნას მის ცხოვრებაში თითოს იმ ტანკვა წამების კომპენსაციაა რაც გამოიარა.


მადლობა, შეფაზებისთვის. ????????

 


№5  offline წევრი დეკა

გიული
ძალიან კარგი იყო,ველოდები ახალ თავს


მადლობა<3

 


№6 სტუმარი სტუმარი გვანცა

ვეძებ ისტორიას გთხოვთ დამეხმარეთ. სიუჟეტი დაახლოვებით ასეთია გოგონა დაიწყებს მუშაობას მდიდარ ოჯახში ბავშვის ძიძად. შემდეგ ამ ბავშვის მამას გაუსაყვარლდება ფულის გამო ძმის დასახმარებლად. ამ კაცს ცოლი არ ყავს

 


№7 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან კარგი იყო,როდის იქნება ახალი თავი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent