წარსულიდან მომავლამდე
უჩვეულოდ აფორიაქებული იყო ქეთა ჩარკვიანი. ლოდინს ვერ იტანდა, ამიტომაც თავისი ღელვა ამას მიაწერა. თებერვლის ბოლო იყო. ქარიანი ღამე იდგა. მოკრიალებულ ცაზე მთვარე ისე უძრავად იყო, თითქოს ვიღაცას მიეხატა, მაგრამ ისე ბრდღვიალებდა, უწესრიგოდ მიმოფანტული ვარსკვლავები თითქოს უფრო გაფერმკრთალებულიყვნენ მის ფონზე. ქარი სტვენით უკრავდა უცნობი კომპოზიტორის არიას. ხეები თითქოს ვენურ ვალსს ცეკვავდნენ, ისე ნელა და დახვეწილად ირხეოდნენ. ტიტველ, მეჩხერ ტოტებში თავისუფლად ატანდა მთვარის სინათლე და ჩაშავებულ მიწას ეღვრებოდა ნათელ ლაქებად. ქეთა წამდაუწუმ ფანჯრიდან იყურებოდა. ღამის 3 საათი იყო. ბოლოს სანატრელი წამიც დადგა: მანქანის მკვეთრმა ხმამ გადაფარა ქარის სტვენა. არის, ჩამოვიდა! დათა მეტრეველი და ქეთა ჩარკვიანი ღრმა ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს. ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ. ქეთა პირველ კლასში რომ შეიყვანეს, დათა უკვე მეოთხე კლასში სწავლობდა. სკოლა ძალიან ახლოს ჰქონდათ, მაგრამ დათას მაინც ჯიუტად მიჰქონდა მისი ჩანთა. სკოლაში თუ ვინმე გააბრაზებდა ქეთას, აუცილებლად გაიგებდა დათას მუშტის გემოს. ქეთა პატარა, სუსტი აგებულების გოგო იყო, დათა კი - პირიქით, მაღალი და მხარ-ბეჭიანი. ფეხბურთი მოწონდა ძალიან, მაგრამ მამამ ჭიდაობაზე შეიყვანა, მაშინ რომ ძიუდოს ეძახდნენ რუსული გავლენით და ახლა ჯუდო რომ ჰქვია. საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდა, მაგრამ მერე გული აიცრუა. სკოლა რომ დაამთავრეს, ქეთამ ბიზნესის ადმინისტრირება აირჩია პროფესიად, დათა კი - ეკონომიურზე სწავლობდა უკვე, იმავე უნივერსიტეტში. დათას თავისზე 6 წლით უფროსი დაც ჰყავდა, რომელთანაც დიდად ვერ ნახულობდა საერთო ენას, მათ მხოლოდ და-ძმური სიყვარული აერთიანებდა. აი ქეთასთან კი, საათობით შეეძლო ელაპარაკა. სწორედ დათას ელოდებოდა ქეთა ასეთი გულისფანცქალით. წელიწადნახევარი ისე გავიდა, თვალით არ ენახა. სოცქსელებში კი კონტაქტობდნენ, მაგრამ ეს ვერ უვსებდა ვერცერთს მონატრებას. ქეთამ გიჟივით ჩაირბინა 2 სართული და ზარი დარეკა. კარი ლამაზი სახის, კარგად მოვლილმა ქალმა გაუღო. - ლიკა დეიდა, მოვიდნენ! - ყვირილით ახარა. - რა გაყვირებს, გოგო, - გაეცინა ლიკას - შემოდი. ხომ გითხარი, აქ დაელოდემეთქი. რაღას მირბოდი სახლში? - ხომ იცი, დედას არ უყვარს, გვიანობამდე რომ ვრჩები აქ. აწუხებო, - მეუბნება. - გადამრევს ეგ გოგო! - გადაიკისკისა ლიკამ. - ამდენი წელია მეზობლები ვართ, ვმეგობრობთ ოჯახებით და მაგას მაინც შეწუხება ელანდება. ერთხელ კარგად უნდა ვეჩხუბო! ლიკა დათას დედაა. მიუხედავად იმისა, რომ თვენახევრის წინ 50 წლის გახდა, 40 წელზე მეტს ვერ მისცემდით. საოცრად ლამაზი, დახვეწილი და მოვლილი გახლავთ. პატარა კი გათხოვდა, მაგრამ არც სწავლაზე უთქვამს უარი და არც შვილებისთვის დაუკლია ყურადღება. ქალების იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ყველაფერს რომ ასწრებენ და საკუთარი თავიც არ ავიწყდებათ. კარებიც გაიღო და მამა-შვილმა სახლში შემოაბიჯა. ლიკა ჩაეხუტა თავისზე ლამის 2 თავით მაღალ შვილს, დინჯად მოეფერა და ლოყაზე აკოცა. არ უყვარდა ლიკას ემოციების გამომჟღავნება. ქეთა მორჩილად ელოდა თავის რიგს. როგორც კი ლიკა მოშორდა შვილს, გაქანდა და კისერზე ჩამოეკიდა დათას, დაბლა დაქაჩა და ორივე ლოყა დაუკოცნა; - მომენატრე, აუტანელო - შესძახა ხმამაღლა და მერე მწარედ უჩქმიტა, როგორც იცოდახოლმე. - მეც მომენატრე, ქეთ. გოგო, მგონი გამაღლდი, არა? - გაეცინა მეტრეველს. - მიგასიკდილებ! - გაეცინა ქეთასაც. სულაც არ ითვლებოდა დაბალ გოგოდ, 172 იყო სიმაღლეში, მაგრამ მეტრეველის ფონზე პატარა ჩანდა. სულ ამაზე "ეღადავებოდა" მეტრეველი. ქეთასაც არ სწყინდა. - ახლა წავალ, თორემ დედაჩემი მომკლავს. ხვალ გნახავ გულიანად. - ისევ თითის წვერებზე აიწია და აკოცა დათას. შემდეგ ლიკას და ზაზას დაუქნია ხელი და კარებში გაუჩინარდა. ცუდად ეძინა ქეთას. შფოთავდა. რაღაც კოშმარი ესიზმრებოდა. თითქოს იცოდა, რომ სიზმარი იყო და ცდილობდა რამე დაემახსოვრებინა, მაგრამ ფილმის კადრებივით ქრებოდნენ ფაქტები. ბოლოს, სადღაც მწვანე თვალები დაინახა, მის საშველად მოიწევდნენ. - დათა! - იკივლა განწირული ხმით და გამოეღვიძა. თებერვლის სუსხიანი, მაგრამ მზიანი დილა იდგა. მზის სუსტი სხივები ყინვას ებრძოდნენ. იცოდნენ, რომ გამარჯვების შანსი ჯერ არ ჰქონდათ, მაგრამ არ ნებდებოდნენ. რამდენიმე დღეში გაზაფხული დადგებოდა და გამარჯვებაც ნელნელა მათ მხარეს გადაინაცვლებდა. ბეღურები აბუზულიყვნენ ხეზე და იმედიანად ელოდნენ გაზაფხულს. ვიღაც პატრიოტს საქართველოს დროშა გადმოეფინა აივნიდან, რომელსაც უმოწყალოდ აფრიალებდა ქარი მეორე მეზობლის თეთრეულთან სინქრონში. ჰაერში მოახლოებული გაზაფხულის და იმედების სურნელი ტრიალებდა. სულ რამდენიმე საათი ეძინა ქეთას. ძილიც არ ერქვა ამას. საშინელ ხასიათზე იყო. თავი უსკდებოდა. სამზარეულოდან მიქსერის მონოტონური ხმა ისმოდა. ქეთა მიხვდა, რომ ძილის გაგრძელება არ ეწერა, რადგან დღეს შაბათი იყო და ქალბატონი დედა ისვენებდა. ხოდა, ყველა დასვენების დღეს თავის ჰობს (კულინარიას) უთმობდა და ჭიას ახარებდა. ქეთას დედა - ლალი ერთ-ერთ მსხვილ უცხოურ კომპანიაში მთავარი ბუღალტერი ბრძანდებოდა, ამიტომაც საათივით ჰქონდა აწყობილი სამუშაო გრაფიკი. შაბათ-კვირას ისვენებდა. სხვა დღეებში თუ ცოტა მეტს იმუშავებდა, ან დღესასწაულზე მოუწევდა მუშაობა, დამატებით გასამრჯელოს იღებდა. თავისი საქმის პროფესიონალი იყო, 2 ათეულზე მეტი წლის გამოცდილებით. კარგად იცოდა საკუთარი თავის და შრომის ფასი და მეუღლეს სულ ამაზე ეჩხუბებოდა, საკუთარი თავის ფასი ისწავლეო, რადგანაც თამაზი მშვიდი, გულიანი და ალალი კაცი იყო და ბევრი სარგებლობდა ამით. თამაზიც იგივე კომპანიაში მუშაობდა ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე. ქეთა სამზარეულოში შევიდა და საყვედურით მიესალმა დედას: რა არის, რომ არ დამაძინე? გარბის სადმე ეგ ტორტი? - შუაღამემდე ნუ დაჯდებოდი მეტრეველებთან და გამოიძინებდი! - ნიშნის მოგებით აუწია წარბი ლალიმ. - კარგი რა, დედა, ხომ იცი, რომ დათა ჩამოფრინდა, არ უნდა მენახა? - ნეტა შენ რომ ერთგული მეგობარი ხარ მაგისი, ეგაც მასე იყოს! - ჩაიბუტბუტა ლალიმ. - დედა! რა ბზიკმა გიკბინა? თითქოს ახლა გაიგე, ჩემი და დათას მეგობრობა! რაღაც არ მომწონს შენი ლაპარაკი, მოხდა რამე? - მექალთანეა! ჯერჯერობით ერთადერთი გოგო ხარ, ვისთანაც არაფერი ჰქონია. ალბათ მამაშენის ეშინია! - გეყოფა, მართლა! - გაბრაზდა ქეთა. - ვეღარ გცნობ. შვილივით არ გიყვარდა დათა აქამდე? რაც თავი მახსოვს, ვმეგობრობთ, სულ ჩემ გვერდითაა. ხომ გახსოვს, რამდენი ბიჭი სცემა ჩემ გამო? - ძალიან გალამაზდი, დე! უშნო არასოდეს ყოფილხარ, მაგრამ ახლა საოცარი სილამაზის ხარ და მეშინია, რომ მექალთანის მკლავებში არ აღმოჩნდე. - შიში ედგა თვალებში ლალის. - ნუ გეშინია. არაფერი მემუქრება. - გაეცინა ქეთას. - შენც სუბიექტური გახდი, რაც ცოტა ასაკი მოგემატა. შენი შვილი ყველაზე ლამაზი გგონია. ლალიმ ამოიოხრა და კრემს მიუბრუნდა. ქეთა კი, გულის ფანცქალით ელოდებოდა მესიჯს და აი ისიც! "აღარ აპირებ ჩამოსვლას? გაცივდება ყველაფერი" - სწერდა დათა. სწრაფად გამოაღო კარი და ჩაირბინა კიბეები. ფრთხილად დარეკა ზარი. კარი დათამ გაუღო. - ოოო, დაგვდო პატივი ჩარკვიანების პრინცესამ! - არტისტულად აღაპყრო ხელები ზევით. - ნათიაც წუთი წუთზე მოვა. შენ თუ გადამატანინებ მას და მის ქმარს. - გრცხვენოდეს! საკუთარ დაზე ლაპარაკობ! - გაეღიმა ქეთას. - ქმარიც რომ თავისნაირი იპოვა - ისევ იცინოდა დათა. სიგიჟემდე უყვარდა და-ძმას ერთმანეთი, მაგრამ იმდენად განსხვავებული ხასიათი ჰქონდათ, თითქმის სულ კამათობდნენ. საუზმემ მშვიდად ჩაიარა. ნათიას ძალიან მონატრებოდა ძმა, ამიტომაც დღეს არ უკამათიათ. ქეთას ერთი სული ჰქონდა, მარტო დარჩენილიყო მეგობართან და გემრიელად ელაპარაკათ ყველა თემაზე. როგორც იქნა ეს დროც დადგა. ნათია წავიდა. ზაზაც გადიოდა. ლიკამ გამოუცხადა, მე ლალისთან ავალ, თქვენ იყავით თქვენ გემოზეო. ათას რამეზე ილაპარაკეს, მერე ფილმს უყურეს. ერთი პლედი მიიფარეს, როგორც იცოდნენ სულ. - სასიყვარულო ფრონტზე რა ხდება? - მოულოდნელად ჰკითხა დათამ. - ისევ ვიღაც სი@ებს პოულობ, ხომ? - არაფერი. ამ ეტაპზე არავინ არაა. სტაჟირებაზე ვარ და სამსახური უნდა ვნახო მერე. არ მინდოდა აქ ჩამოსვლა, მაგრამ ლალიმ და თაზომ თავი გაიგიჟეს, ეს ერთი შვილი გვყავხარ და მარტო უნდა დაგვტოვოო? არადა, ახლა უკვე უნდა ვმუშაობდე ბრიტანეთში. რისთვის გამიშვეს სასწავლებლად, თუ უკან უნდა დავებრუნებინე? - ე. ი. სამსახურს ეძებ? - ჩაფიქრდა დათა. - მე და ზაზა ვაპირებთ ჩვენი კომპანიის გაფართოებას და ახალი ფილეალის გახსნას. მენეჯერი დაგვჭირდება. დაასრულე სტაჟირება და დაიწყებ ჩვენთან. - ასე არ მინდა. აბა რისთვის ვისწავლე? - შორეული ნათესავივით ნუ მელაპარაკები, ქეთევან! - წარბი აწია დათამ. მერე გადაიხარა და მოწყვეტით აკოცა ლოყაზე. ქეთას თავბრუ დაეხვა. კიდურებში სისუსტე იგრძნო. - ფერი დაკარგე, ცუდად ხომ არ ხარ? - შეშფოთდა ბიჭი. - წუხელ ვერ დავიძინე და თავი მტკივა. ავალ ახლა სახლში. - მოიცადე, აგიყვან! - არა, არ მინდა. ეგრე ცუდადაც არ ვარ - სუსტად გაიღიმა ქეთამ. კარში გასვლისას მოტრიალდა და ჩაეხუტა დათას. - ძალიან მაკლდი, მართლა - თითქოს თავისთვის ჩურჩულებდა. დათა მშვიდად იღიმებოდა, მაგრამ ქეთამ შენიშნა, რომ გული გამალებით უცემდა. "ამანაც ვერ გამოიძინა და მაგიტომ" - გაიფიქრა თავისთვის და ნელა აუყვა კიბეებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.