მისი ქალიშვილი ( მეოთხე)
მისი ქალიშვილი #მისიქალიშვილი 4 სულ სხვანაირი ბიჭი იყო ლევანი. სხვა ბიჭებისგან განსხვავებით მასთან ურთიერთობა ადვილი იყო. არა, ადვილი კი არა_ კომფორტული. თითქოს გიყურებდა, გსწავლობდა და მერე ცხოვრებას გიადვილებდა საკუთარი არსებობით. მასთან ყველა თემაზე მორიდების გარეშე შემეძლო საუბარი, მათ შორის იმ ტაბუდადებულ თემებზეც, სხვა ბიჭებს სასაცილოდ რომ არ ჰყოფნიდათ. საჭირო დროს შეეძლო ყველაზე დროული რჩევები მოეცა, ანდა მიმხვდარიყო, რომ დუმილი და უბრალოდ გვერდით ყოფნა კონკრეტულ მომენტში ყველაზე კარგად მიწამლებდა. ისე მივეჯაჭვე ლევანს, როგორც ყველაზე ახლობელს და მნიშვნელოვანს. მაშინ როცა მე აღფრთოვანებული ვიყავი მისი გონიერებით, სიკეთით და ნიჭიერებით, სრულიად უცნაური და გასაოცარი დამოკიდებულება ჰქონდათ მისდამი მისივე საკუთარ ოჯახის წევრებს. ლევანი ქალაქის მაშინდელი ყველაზე მკაცრი და შეუვალი პროკურორის მეორე ვაჟი იყო. წესით, როგორც ნაბოლარას და ამდენად ბეჯით მოსწავლეს ოჯახის სიყვარულის უმთავრესი ნაწილი მას უნდა მიეღო, მაგრამ მასთან ყოველი სტუმრობისას ვამჩნევდი, როგორი ინდიფერენტული დამოკიდებულება ჰქონდათ მისი ოჯახის წევრებს. ყველაზე მეტად კი მისი სიმშვიდე მაოცებდა. საერთოდ არ ცდილობდა მათთვის თავის მოწონებას. თითქოს მშობლიურ სახლში თავადაც კი არ იმჩნევდა საკუთარ არსებობას. საკუთარი ძმაც კი, რომელიც სულ ორიოდე წლით იყო ლევანზე უფროსი, ისე ჩაგვივლიდა ხოლმე გვერდით, თითქოს უჩინრები ვყოფილიყავით. მერიდებოდა და ამაზე ვერაფერს ვეკითხებოდი, მაგრამ, რა თქმა უნდა ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავდი. ახსნას კი ვერაფრით ვუძებნიდი. იმ პერიოდში, როცა საქართველო ერთი მგლოვიარე ქალივით შავ ფერში გამოხვეული ცხოვრობდა, და ცისარტყელის პალიტრაზე არცერთ სხვა ფერს არ აღიარებდა, არ ვიცი პრაქტიკულობისთვის, თუ საკუთარი სერიოზული და იმხანად გაუცინარი იმიჯის სადემონსტრაციოდ, ლევანი ჩაბნელებულ ბრბოშიც ნათელი წერტილივით მოსჩანდა. მისი ჩაცმის სტილი, სრულებით განსხვავებული, ნათელი და როგორც ახლა ვხვდები, რამდენიმე ათეული წლით წინ იყო წასული მის თანამედროვეობაზე, ეს ფერადოვნება მაშინვე თვალშისაცემს ხდიდა მას. ამის გამოც არაერთხელ გამხდარა დამცირების და ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ჯიუტად და მედგრად არ იცვლიდა აზრს. ერთ დღეს მორიგი ორომტრიალიდან რომ მოვახერხეთ თავის დაღწევა და უბნის ბიჭები კარგა მანძილზე ჩამოვიტოვეთ, ქანცგაწყვეტილები მივეყარეთ სკვერში მდგარ გახუნებული გარემოსთვის შესაფერის გატეხილ სკამზე. _ გადავრჩით მგონი!_ ვუთხარი და მხიარულად გავხედე. მაგრამ მის სახეს ჩვეული იდუმალი ღიმილი არ ანათებდა. სევდიანი იჯდა და თითქოს დაღლილი. სულ რაღაც 16 წლის ბიჭი იყო. და ისე მოხრილიყო მხრებში, თითქოს მსოფლიოს სევდა ამძიმებდა. გახეთქილი წარბიდან სისხლი მოსდიოდა. ამას ვერც კი გრძნობდა. ჩანთიდან დაჭმუჭნული, ბებიაჩემის ნაქონი ცხვირსახოცი ამოვიღე და იქვე გატეხილი ონკანიდან მარადმდინარე წყალში დავასველე. _ შენი თქმით, წყლის რესურსი ამოწურვადია კორბენ!_ მისი გამხიარულება მინდოდა. _მაგრამ ეტყობა ეს საშიშროება ამ ქვეყანაში არ გვემუქრება! რაც თავი მახსოვს აქ სულ ასეთი ჩანჩქერია! სკუპებით გადმოვედი ონკანის ირგვლივ დაგუბებულ წუმპეში ბილიკად ჩადებულ დამტვრეულ აგურებზე. _ არა არ უწერია! აქ რა დააშრობს ასეთ მყაყე ჭაობებს, ლუ?!_ მიხვდი, რაღაც უფრო მნიშვნელოვანს გულისხმობდა, მაგრამ რას ეს ვეღარ გავიაზრე. გვერდით მივუჯექი და ცხვირსახოცი წარბზე დავადე. ლამაზი სახე ჰქონდა ლევანს. ჯერ ისევ დაჭორფლილი და ბავშვურად მოუხეშავი ნაკვთებით, მაგრამ მაინც საოცრად ლამაზი. მარტო მისი ხვეული, კულულა, ალისფერი თმა რად ღირდა, ანდაც მწვანე ბროლივით ბრჭყვიალა თვალები. მე, შავგვრემანს, ვინ იცის რამდენჯერ მითქვამსისთვის, რომ ამ სიფერადის გამო მშურდა მისი. _ სკოლას რომ დაამთავრებ რას აპირებ ლულუ?!_ ზოგჯერ სახელს მიორმაგებდა, ამბობდა, ასე ორმაგად გამოვხატავ, რომ მიყვარხარო. _ არ ვიცი! ვნახოთ!_ მე მართლა არ ვიცოდი, რას ვაპირებდი სკოლის შემდეგ, არადა სულ რამდენიმე წელიღა რჩებოდა._ ალბათ რასაც შენ! _ რასაც მე?_ გაეღიმა, მაგრამ არა დამცინავად. სხვანაირად, თბილად, მზრუნველად. _ წამომყვები ლუ? _ სად? _ ვკითხე სიცილით. მშიოდა და მეგონა იქვე სახაჭაპურეში მეპატიჟებოდა ჩვენი საყვარელი მაკარონიანი ფენოვანის საჭმელად. _ როცა სკოლას დავამთავრებ, თუ მთელი გადავრჩი!_ ცხვირსახოცი გამომართვა და ცივი მხრიდან დაიდო ნატკენზე._ ამ ქვეყნიდან წავალ! _ რა?_ შევცბი მე. ვერ წარმომედგინა ჩემი თავი კორბენის გარეშე._ სად წახვალ? _ სად და აქიდან ძალიან შორს წავალ! წავალ იქ, სადაც ნარინჯისფერი სვიტრი არ გახდება ადამიანის ცემის გამამართლებელი მიზეზი!_ უჩვეულოდ მტკიცე ხმა ჰქონდა. სულ ოდნავ ბრაზით და ბევრი იმედგაცრუებით სავსე. _ იქ წავალ, სადაც მე მე ვიქნები და არა ვიღაც სხვა გამოგონილი ადამიანი! შენ? წამოხვალ ლუ?_ ისე მკითხა, თითქოს ის ხავსი ვიყავი წყალწაღებული რომ ებღაუჭება. _ მაცოცხლე იქამდე რა!_ ხელი ავუქნიე მე. და მართლაც, თქვა და პირობა აასრულა. ის წავიდა. მე ვერ გავბედე. რადგან ახალი და უცნობი სამყარო მაშინებდა. აქ თავს ჩვეულად, საკუთარ თეფშზე ვგრძნობდი და ნაცნობი, მიჩვეული და ახლობელი ჭირი მერჩია უცნობს. წასვლიდან სულ მალე, დამირეკა. მთხოვა სოც. ქსელი გამეხსნა და ასე მეკონტაქტა მასთან. იმ დღის შემდეგ გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში L.J ჩემი იდუმალი მეგობარი, მრჩეველი და თანამოაზრე. _ მიყვარდა შენთან ერთად საყიდლებზე სიარული! _ მანქანა ერთ_ერთი სავაჭრო ცენტრის სადგომზე გააჩერა. _ მე არასდროს შემიმჩნევია ეგ! სულ ჩქარობდი, სულ ტელეფონს ჩაჰკირკიტებდი. მაშინ მჯეროდა, რომ სამსახურის ამბავი იყო!_ გამეცინა მე_ ახლა ვხვდები, რა ჭიაც გჭამდა! _ რას გულისხმობ?_ მოექუფრა სახე. _ შენს საყვარელს, სხვას რას? _ მისმინე, მოდი ვილაპარაკოთ! მითხარი, რა გაწამებს! მითხარი, შენი ნამდვილი მიზეზები და იქნებ შევძლო თავის მართლება! მაგრამ, გთხოვ რაღაც უაზრო ცილისწამებებს მოეშვი რა!_ არ ჰგავდა მისი სიტყვები იმ ადამიანის სიტყვებს, რომელსაც რაიმის გარკვევა სურდა. ვხვდებოდი, საერთოდაც არ უნდოდა იმ ქალზე საუბარი. _ საერთოდ არ მაინტერესებს იმ კაცის ცხოვრება, მით უფრო პირადული, ვისთანაც არაფერი მაკავშირებს! არც ეს უაზრო ცირკი მაინტერესებს, რის დადგმასაც აპირებ! არც მონაწილეობას მივიღებ ამ უაზრობაში! და საერთოდაც რა დარწმუნებული ხარ, რომ პირველივე შემხვედრს დახმარებას არ ვთხოვ?!_ ჩემს ბოლო სიტყვებზე მხიარულად გაეცინა. _ წამოდი ლუ!_ კარი გააღო და გადავიდა. თვალი მანქანის გასაღებისკენ გამექცა. დაიხარა და ნიშნისმოგებით გამიცინა. თან გასაღები ჯიბეში ჩაიდო._ აბა, ეგეთებს არ ვართ იცოდე! ნუ გავიწყდება, რომ ნენე ჩემს სახლშია! და მაინც იქ მოგიწევს დაბრუნება, მის გამო მაინც! _ ბავშვით მემუქრები?_ ზიზღით მომექცა სახე. _ არა გახსენებ! მაგრამ როგორც გინდა ისე გაიგე! სულ ერთია მაინც მხეცად მთვლი!_ მითხრა და ზურგი მაქცია. მანქანიდან გადმოვედი და მიმოვიხედე. სადგომი ცარიელი იყო. გაოცებულმა მხრები ავიჩეჩე. მომსახურე პერსონალის გარდა, კაციშვილი არ ჭაჭანებდა არც თავად მაღაზიაში. _საერთოდ თავად არ დავდივარ ხოლმე საყიდლებზე და , მით უმეტეს სხვაგან! მაგრამ იმ დღეს რატომღაც სწორედ იქ მომინდა შესვლა! როგორ ფიქრობ უცნაური არ არის ეს ლუ?_ საკიდებზე დაკიდულ საოცარ კაბებს ერთი მეორეს მიყოლებით იწუნებდა. _რომ დაგინახე, საკუთარ თავს არ დავუჯერე! არადა სად აღარ გეძებე ლუ, და მაინც სად იყავი?_ მკითხა და ინტერესით გამომხედა. _ საფრანგეთში! შენ რომ მიგატოვე, ვიცოდი უკვე ლევანი მელოდა იქ!_ გავუღიმე ბედნიერად. ტუჩი მოიკვნიტა ბრაზით. _ მისი გაცნობა როდისღა მოასწარი? სოც.ქსელით?_ თავი უარის ნიშნად გავუქნიე. _ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ! მასთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია!_ ისე შემობრუნდა, ვიფიქრე იქვე მიპირებდა მიხრჩობას. _ რას გულისხმობ?!_ მკითხა ხრინწიანი ხმით. _ იმას, რომ არასდროს მყვარებიხარ იასე! იმას რომ სულ გატყუებდი! გიყენებდი! მაგრამ მუდამ სხვა მიყვარდა! გასაგებია იასე?_ თავს ვერ ვიკავებდი, გიჟურად მსიამოვნებდა მის სახეზეც ისეთივე სასოწარკვეთას და ტკივილს რომ ვხედავდი, რასაც მაშინ საკუთარზე. _ დიდ შეცდომას უშვებ ლუ! და შედეგებიც მარტო საკუთარ თავს დააბრალე ახლა!_ რომელიღაც შავი კაბა ჩამოხსნა. მკლავში ხელი დამავლო და უხეშად წამიყვანა გამოსაცვლელისკენ. ხმას არ ვიღებდი, მივხვდი რაღაც ისეთ ზღვარს ვეხებოდი, საიდანაც უკან დაბრუნება გამიჭირდებოდა, მაგრამ მაინც რა ტკბილი კერძი იყო შურისძიება?! _ ჩაიცვი!_ მიბრძნა და ფარდიან ოთახში შემიყვანა. _ გადი აქიდან!_ ვუთხარი მშვიდად. _ გავიდე?_ გაეცინა მას. _რატომ გავიდე? რამე ისეთს ვნახავ, რაც არ მინახია აქამდე? რამით გამაოცებ? გახსოვს რა გიჟური სიყვარულით გვიყვარდა ერთმანეთი ლუ? ყველგან შეგვეძლო ერთმანეთის ალერსი, სადაც შანსი მოგვეცემოდა! როცა ამ მაღაზიას ვაპროექტებდი, იმ გასახდელების სივიწროვე მახსოვდა, ამიტომ აქ მეტი თავისუფლებაა ხედავ? პატარა დივანიც კი დგას მეტი კომფორტისთვის. ჩემდაუნებურად გამეღიმა ის სიგიჟეები რომ გამახსენდა, რასაც მასთან ამდენად ურცხვად და თამამად ვაკეთებდი ხოლმე. _ ხედავ? ყველაფერი გახსოვს! აღიარე, ჩემსავით, რამდენჯერ გესიზმრებოდა ის ყველაფერი? და შენ გინდა დამაჯერო, რომ მაშინაც და ახლაც სხვა კაცზე ფიქრობდი?! სულელი გგონივარ ლუ?_ მივიდა და იქვე მდგარ უზარმაზარ სავარძელს თავისუფლად მიეყრდნო. _ გაბედე ლუ! გაბედე და ერთი ნაბიჯი გადმოდგი! მიწვევდა მისი შემპარავი ხმა. ვიდექი და უხმოდ ვუყურებდი. ახლაც სწორედ ისეთ აღტაცებას ვგრძნობდი მისით, როგორც მაშინ. ან იქნებ უარესსაც კი, რადგან ახლა სიბრაზე ვნებას სახიფათო ცეცხლს უკიდებდა. საკუთარ თავს მის მუხლებზე მჯდარს ვხედავდი, და ეს წარმოსახვა საოცრად მომწონდა. ხელში მისი არჩეული რბილი ქსოვილის საოცარი კაბა მეჭირა. შუა ოთახში გახირულმა არ ვიცოდი საკუთარი თავის სად გადამემალა მისგან. ის კი იჯდა და ოდნავ დამცინავი ღიმილით მიყურებდა. ხელები სავარძლის სახელურებზე მხეცის კლანჭებივით ეწყო. გრძელ თითებს რიტმულად ათამაშებდა და იმ წამს ერთადერთი რაც მსურდა, სწორედ მისი თითები იყო. ჰაერი ჩავისუნთქე და მთელი ის მძაფრი ემოცია სხეულიდან მის ნაჩუქარ კაბასთან ერთად მოვისროლე. _ მძულხარ იასე! შენნაირი ნარცისისთვის რთული დასაჯერებელია, მაგრამ შენ მიმართ ინტერესს არ განვიცდი! როგორც კი შევძლებ ისევ მიგატოვებ! _ცოტა ხანს მიყურა, მერე ადგა, მომიახლოვდა და მშვიდად მითხრა. _ ყველაზე საშინელი ეგ ნაპერწკალია ლუ ახლა შენში რომ იწვის! რადგან სულ ოდნავი ნიავის დაბერვაზეც ხანძრად აენთება და მეშინია კიდეც, რომ მეც იგივე სიმხურვალით დამწვავს, როგორიც შენი ძლივს გაკონტროლებული სურვილია ახლა!_ ძირს დავარდნილი კაბა მომაწოდა და ოთახიდან გავიდა. იმ სავარძელში ჩავჯექი ძალაგამოცლილი. მუხლები მიკანკალებდა. ვხვდებოდი, უფსკრულის თავზე გაკიდულ თოკზე დავდიოდი იმ წამს და დაზღვევაც არ მეკეთა. თუ ამ თოკზე ფეხი დამიცდებოდა უძირო უფსკრულში გადავეშვებოდი და ამ ჯერად ლევანიც ვეღარ მიშველიდა. რადგან ნენე ახლა არა ჩემს მუცელში, არამედ მის სახლში იყო. ვხვდებოდი, სულ მალე უკან დასახევ ყველა გზას მომიჭრიდა ჩემი მტანჯველი. _სად ხარ აქამდე? დროზე მოდი კორბენ!_ ჩურჩულით ვთხოვე მას, ვისი იმედიც ყველაზე მეტად მქონდა, მაშინაც და ახლაც. და ვისაც ეს იმედი იოტისოდენადაც კი არასდროს გაუცრუებია ჩემთვის. კაბა ავიღე და მოვიზომე. გამეღიმა, იასე არასდროს ცდებოდა ჩემი სხეულის პარამეტრებში. კაბა იდეალურად, უნაოჭოდ მედგა ტანზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.